ივნისი

ივნისი

თვენი

ივნისის თვის წმინდათა ცხოვრება

მოწამე აკვილინა

26 ივნისს (ძვ. სტ. 13 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე აკვილინას

მოწამე აკვილინა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

      ღმრთისმოძულე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ერთ ფინიკიელ მართლმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა აკვილინა. მშობლებმა, სიყრმის ასაკიდან ქრისტეს სიყვარულით, მისი მოძღვრების შემეცნებით და ცხოვრებაში აღსრულებით აღზარდეს შვილი. აკვილინას უყვარდა უფალი და იცოდა რა მისი მოწყალება და ნეტარება, გულწრფელად დარდობდა მეგობრებზე და თანატოლებზე, რომლებიც არ აღიარებდნენ მაცხოვრის მეუფებას. ერთხელაც აკვილა დაასმინეს - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას და ტრადიციების დარღვევას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: "სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!" აკვილინამ უპასუხა: "ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!"

      წამება ენითაღუწერელი სისასტიკით გრძელდებოდა. უფლისთვის სიკვილად განმზადებულს, ცხელი, გავარვარებული შაუმფურები ყურებში გაუყარეს და თავი გაუხვრიტეს. გულწასული დაეცა მიწაზე 12 წლის ყრმა. მწამებელმა ესეც არ იკმარა, მისი ქალაქგარეთ გატანა და ძაღლებისთვის საჯიჯგნად დაგდება ბრძანა, მაგრამ უფალი თავის მოყვარულს არსად მიატოვებს. ღამით, უფლის ანგელოზი გამოეცხადა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა მისი სნეულებანი, წამოაყენა და უთხრა: "წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!" ამის მხილველმა გოგონამ, ღმერთს მადლობა შესწირა, აღივსო უფლის სიძლიერის მხილველი გამბედაობით, მიეახლა ვოლუსიანეს სასახლის კარზე და შიშით თავზარი დასცა, რადგან მკვდარი ეგონათ და ახლა ცოცხალს ხედავდნენ მას. მსახურები მოიხმო და უბრძანა დაემალათ წმინდა აკვილინა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►