ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია / Psychology

ჯგუფი შემდგარი და მომავალი ფსიქოლოგებისთვის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგები ფროიდი, იუნგი, ადლერი, როჯერსი

და სხვები.

სტრესის დონის კვლევა

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში

ქეთევან ასკილაშვილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში

ანოტაცია

      ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად გვიწევს უამრავ სტრესულ სიტუაციასთან შეხვედრა, გამკლავება და ადაპტაცია. თითოეული ადამიანის მთავარ მიზანს წარმოადგენს ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სტრესთან ეფექტურად გამკლავება, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ახლავს სტრესული მოვლენის ხანგრძლივი დროით მოქმედებას. თითოეული პიროვნება ინდივიდუალურია და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს სტრესთან გამკლავებისთვის.

      ნაშრომი ეხება სტრესის დონის კვლევას, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებებს ექსტრემალურ სიტუაციაში.

      ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს სტრესის დონის დადგენა ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიცაა მასობრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, „COVID-19“-ის პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანი უდიდესი სტრესის ქვეშ მოაქცია.

შესავალი

      ადამიანის გრძნობები დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება: შიშს შეიძლება სიმშვიდე ანაცვლებდეს, სევდას-სიხარული, ბრაზს-გაკვირვება და ა.შ თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი გრძნობის არსებობის შესახებ, რომელიც „ფონად გასდევს“ ადამიანის ყველა განცდას და ხშირად ერთგვარ ხმაურსაც ადარებენ მას (Sapolsky,1994). სწორედ ამ გრძნობას, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უწოდებენ სტრესს. ეს ცნება ფსიქოლოგიაში შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ (Hans Selye) და აღნიშნავს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პასუხს გარემოდან მიღებულ ექსტრემულ სტიმულაციებზე.

      სტრესს იწვევს მრავალი ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი ცხოვრების მაღალი ტემპი, კონკურენცია, ძალადობა, ტერორიზმის შიში, ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა: მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა და ა.შ სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახური ვითარებები, მაგ: საყვარელი ადამიანების სიკვდილი ან ავადმყოფობა, ასევე გაყრა და ოჯახური ძალადობა.

      ბოლო პერიოდში მსოფლიო მოიცვა „COVID-19”-ის პანდემიამ და ეს გახდა დიდი სტრესორი მოსახლეობის ფართო მასებისთვის.

კვლევის ჰიპოთეზა: განსხვავებული ასაკისა და სქესის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად იტანენ სტრესს, ასევე, სტრესის საერთო დონე სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებში განსხვავებულია. ვფიქრობ, მსოფლიოში არსებული ჯანმრთელობის კრიზისი ახდენს გავლენას ადამიანთა სტრესის დონეზე და იწვევს მის გაზრდას არსებული სიტუაციის საფუძველზე. საინტერესოა, ნამდვილად ასეა თუ არა.

კვლევის მიზანი: დამედგინა სტრესის ზოგადი დონე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და შემესწავლა სტრესსა და დეპრესიას შორის კავშირი.

კვლევის ამოცანები:

  1. საკითხის ირგვლივ თეორიული მასალების მოძიება;
  2. სტრესსა და დეპრესიას შორის კავშირის დადგენა;
  3. სტრესის დონის განსაზღვრა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით(სქესი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი).

გამოყენებული მეთოდები: კვლევისათვის გამოვიყენე სტრესის დონის საკვლევი კითხვარი, რომლის ავტორები არიან ლ.ლემიური, რ.ტესსიერი და ფილიონი (Lemur-Tessier-Fillion) და კ. გოლდბერგის (Ivan K. Goldberg) დეპრესიის შესაფასებელი ტესტი.

იხილეთ ნაშრომი:

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში