საქართველოს ისტორია

საქართველოს ისტორია

საქართველოს ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ჯგუფი შექმნილია იმ მიზნით, რომ ვისაუბროთ საქართველოს ისტორიაზე.

აფხაზები და აფხაზეთი

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ნაშრომი
"აფხაზები და აფხაზეთი"

Qwelly, აფხაზეთი, ისტორია, მარიამ ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორია, ქველი

      გამოქვეყნებულია 1990 წელს. ის დღესაც ინარჩუნებს სამეცნიერო და საზოგადოებრივ აქტუალობას, თანამედროვე მკითხველისთვისაც საინტერესოდ წარმოაჩენს აღნიშნულ საკითხს, საფუძვლიანად მიმოიხილავს არსებული წყაროებსა და, ასევე, სამეცნიერო მოსაზრებებს სამეცნიერო პრობლემის ირგვლივ.

      ქალბატონი მარიამი ნაშრომში მიზნად ისახავს ტერმინ "აფხაზებისა" და "აფხაზეთის" მნიშვნელობის წარმოჩენას სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვაენოვან წერილობით წყაროებში.

      ნაშრომის დასაწყისში ავტორი განიხილავს კოლხეთისა და, სახელდობრ, აფხაზეთის ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობის საკითხს ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულიდან მოყოლებული, მის კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში არსებობას. ის საგანგებო ყურადღებას უთმობს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილებისა და აბაზგების გამოჩენის თუ ჩამოსახლების საკითხს ძირითადად უცხოური წყაროების მიხედვით, აბაზგების (იგივე აფხაზების) ეთნიკური წარმომავლობის ბუნდოვნებას, ასევე იმას, რომ VIII საუკუნეში ჩამოყალიბებული აფხაზეთის სამთვრო და შემდეგ აფხაზეთის სამეფო ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის მანძილზე აფხაზეთი სახელმწიფოებრივად, კულტურულად და რელიგიურად ქართულ სივრცეში შედიოდა.

      ავტორი განიხილავს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე XV საუკუნიდან ჩრდილოკავკასიელი მთიელი მოსახლეობის (ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხის) ჩამოწოლისა და მათ ადგილობრივი მოსახლეობაზე გაბატონების პროცესს, რაც XVII საუკუნიდან, აფხაზეთის სამთვაროს ჩამოყალიბების შემდეგ გაღრმავდა და მოგვიანებით ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის შევიწროება-გამოდევნა გამოიწვია. ამ მოვლენების დროს ეკონომიკურად და კულტურულად ჩამორჩა მხარე, შეირყვნა ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობა, გავრცელდა წარმართობის ელემენტები. დროთა განმავლობაში ჩამოსახლებულ ჩრდილოკავკასიელ მოსახლეობაზე (რომელთაც "აფსუებს" უწოდებენ) არასწორად მიეკუთვნა მკვიდრთა ეთნიკური სახელი "აფხაზი".

      ავტორი ნაშრომის ბოლოს საუბრობს XIX-XX საუკუნეებში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე: აფხაზური ანბანის ჯერ ქართული, შემდეგ კი რუსული ანბანის მიხედვით შედგენის შესახებ, მეფის რუსეთის იმპერიული დემოგრაფიული პოლიტიკის, დღევანდელ აფხაზებად წოდებული ხალხის ქართველებისაგან სოციალურ-კულტურულად გათიშვის პოლიტიკის შესახებ, აფხაზი ბოლშევიკების მცდელობებზე _ აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოეყოთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ უმრავლესობას მკვიდრი ქართველობა შეადგენდა.

      საბჭოთა პერიოდში ამ მწვავე საკითხის ობიექტურად განხილვასა და ქართველი, რუსულენოვანი და ინგლისურენოვნი მკითხველისათვის გასაგებად წარმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უმეტეს აფხაზეთის 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. ავტორმა ამ ნაშრომში ფაქტიურად უარყო სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი და რუსი ისტორიკოსების შეხედულებები, თითქოს თანამედროვე აფხაზები აფხაზეთის უძველესი მოსახლეობის ჩამომავლები იყვნენ და ეს მხარე საქართველოსგან მოწყვეტით არსებობდა. მან იქვე ისიც აღნიშნა, რომ ქართველებისთვისაც და იმ ხანებში აფხაზებად წოდებული მოსახლეობისთვისაც აფხაზეთი სამშობლოს წარმოადგენდა.

      დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფია დიდ ყურადღებას აქცევს აფხაზეთის მოსახლეობის წარმომავლობისა და განვითარების საკითხებს, მრავალი სამეცნიერო საკითხი იქნა გამოკვლეული და საზოგადოებისათვის გაცნობილი, მაგრამ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დასახელებული ნაშრომი დღსაც ინარჩუნებს აქტუალობას, მრავალი საკითხი სათანადო სიღრმითაა განხილული, რითაც მკაფიო წარმოდგენას აძლევს ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველებს...

იხილეთ წიგნი:

აფხაზები და აფხაზეთი