თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა მარინი (მარიამი)

25 თებერვალს (ძვ. სტ 12 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ, იგივე მარინის ხსენების დღეს!

წმინდა მარიამი-მარინი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში წმინდა მარიამ-მარინი და ღირსი ევგენი მისი მამა (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). ის ცოლის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მის ასულს არ უნდოდა და ეძნელებოდა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელში გამოეწყო და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დაემკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.

     "ძმა" მარინი ძალიან წარმატებული იყო სიკეთის ქმნაში სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამს მამა მოუკვდა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ლოცვა და ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განდევნის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.

     ერთხელ, მარინი მონასტრის სხვა ძმებთან ერთად ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე სასტუმროში გაატარეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა "ბერ მარინს" და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა "შეცოდებული ძმა". ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.

     სამი წლის გასვლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული "ძმა" სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დასთანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ძალიან მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და "ბერიც" მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.

     წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს სამი წლის შემდეგ. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.

     ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►