მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისიხი

18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს ისიხი მმარხველს

   წმინდა ისიხი ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში, დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღირსმა ისიხიმ მიატოვა სახლი და განმარტოვდა მაიონისის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.

   წმინდა ისიხის ანგელოზმა აუწყა რომ 30 დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.

   ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►