კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 6
ნაწილი I

      ვალიდობისა და სანდოობის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ვერასოდეს ხერხდება ვალიდობისა და სანდოობისთვის საფრთხეების სრულად არიდება, შესაძლებელი მხოლოდ მათი შემცირებაა, თუ ამ საკითხს ყურადღება მთელი კვლევის მანძილზე მიექცევა.

      ამ თავში ვალიდობა და სანდოობა განხილულია რაოდენობრივ და თვისებრივ, ანუ ბუნებრივ კვლევაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ტერმინების მიყენება შესაძლებელია ორივე ტიპის კვლევისათვის, თუმცა ისინი განსხვავებულად გვარდება თითოეულ მათგანში. ბოლოს მოცემულია ვალიდობისა და სანდოობის მიღწევის გზები მონაცემების შეგროვების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებისას. აქვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ კვლევაში სანდოობა არის ვალიდობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა; სანდოობა არის ვალიდობის აუცილებელი წინაპირობა და ვალიდობა შეიძლება იყოს სანდოობის საკმარისი, მაგრამ არა - აუცილებელი პირობა. ბროკ-უტნი (Brock-Utne 1996 612) ამტკიცებს, რომ ფართოდ გავრცელებული მოსაზრება სანდოობის მხოლოდ რაოდენობრივი კვლევისადმი კუთვნილებაზე, უარსაყოფია და ეს თავი აჩვენებს მისი ნააზრევის მნიშვნელოვნებას.

ვალიდობის განსაზღვრება

      ვალიდობა ეფექტური კვლევის მნიშვნელოვანი გასაღებია. თუ კვლევა არავალიდურია, მაშინ მას არავითარი ღირებულება არ აქვს. ამგვარად, ვალიდობას მოითხოვს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი, ბუნებრივი კვლევა.

      თუ ვალიდობის ადრინდელი ვარიანტები ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ კონკრეტული ინსტრუმენტი მართლაც ზომავს იმას, რის გაზომვასაც მიზნად ისახავს, შედარებით გვიანდელმა ვალიდობამ მრავალი ფორმა მიიღო. მაგალითად, თვისებრივ მონაცემებში ვალიდობის მიღწევა შესაძლებელია გულწრფელი, ღრმა, მდიდარი და მოცულობითი მონაცემებით; ასევე, შერჩეული მონაწილეებით, ტრიანგულაციის ხარისხით, მკვლევრის მიუკერძოებლობითა და ობიექტურობით (ჭინტერ 2000). რაოდენობრივი მონაცემების ვალიდობა შეიძლება გაუმჯობესდეს სწორი შერჩევით, სათანადო ინსტრუმენტების გამოყენებითა და მონაცემების დამუშავებისთვის გამოყენებული ადეკვატური სტატისტიკური მეთოდებით. შეუძლებელია, რომ კვლევა 100 პროცენტით ვალიდური იყოს, ეს პერფექციონისტის ოპტიმიზმია. რაოდენობრივი კვლევა მოიცავს სტანდარტული შეცდომის საზომს, რომელიც იმთავითვე ჩადებულია მასში და გასათვალისწინებელია. თვისებრივი მონაცემების ტენდენციურობის ხარისხში თავისი წვლილი შეაქვს რესპონდენტების სუბიექტურობას, მათ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებსა და ხედვის კუთხეებს. შესაბამისად, ვალიდობა ფარდობითი და არა აბსოლუტური მდგომარეობა, უნდა შეფასდეს მისი არსებობის ხარისხი (Gronlund 1981). აქედან გამომდინარე, საუკეთესო შემთხვევაში, არავალიდურობის მინიმუმამდე დაყვანას და ვალიდობის მაქსიმიზაციას ვცდილობთ.

      არსებობს ვალიდობის რამდენიმე განხვავებული სახეობა.

  • შინაარსის ვალიდობა;
  • კრიტერიუმის ვალიდობა;
  • კონსტრუქტის ვალიდობა;
  • შინაგანი ვალიდობა;
  • გარეგანი ვალიდობა;
  • ანალოგიის ვალიდობა;
  • თვალსაჩინო ვალიდობა;
  • მსაჯულთა ვალიდობა;
  • პროგნოსტული ვალიდობა;
  • სისტემური ვალიდობა;
  • კატალიზის ვალიდობა;
  • ეკოლოგიური ვალიდობა;
  • კულტურული ვალიდობა;
  • დესკრიპტული ვალიდობა;
  • ინტერპრეტაციული ვალიდობა;
  • თეორიული ვალიდობა;
  • შეფასებითი ვალიდობა.

      ამ თავში ჩვენი მიზანი არ არის ყველა ამ სახეობის ვალიდობის სიღრმისეული განხილვა. განვიხილავთ მხოლოდ ძირითად ტიპებს. დავასაბუთებთ, რომ ზოგიერთი მათგანის მიღწევა უფრო მოსახერხებელია რაოდენობრივ მეთოდოლოგიებში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს არ არის ერთადერთი ხერხი. ფაქტობრივად, ვალიდობა განათლების სფეროში ყველა ტიპის კვლევის ქვაკუთხედია. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ვალიდობა სხვადასხვა კვლევით ტრადიციაში მართლაც ამ ტრადიციების შესატყვისი იყოს. აბსურდი იქნება კვლევის არავალიდურად გამოცხადება, თუ არაფერი გაკეთებულა კონკრეტული ტიპის ვალიდობის მისაღწევად, მაგალითად, განზოგადება, განმეორება და კონტროლი. შესაბამისად, მკვლევარმა ვალიდობის შესახებ მსჯელობა იმ პარადიგმაში უნდა ჩართოს, რომელსაც კვლევაში იყენებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კვლევა პარადიგმაზე უნდა იყოს მიბმული, რაც სტაგნაციისა და კონსერვატიზმის პირდაპირი რეცეპტია. მიუხედავად ამისა, ვალიდობა უნდა თანხვდებოდეს მის წანამძღვრებსა და პოზიტივისტური კვლევა პოზიტივისტური პრინციპების ერთგული უნდა იყოს, მაგალითად, როგორიცაა:

  • კონტროლირებადობა;
  • განმეორებადობა;
  • პროგნოზირებადობა;
  • კანონებისა და ზოგადი დებულებების მიღება ქცევის შესახებ;
  • კონტექსტისგან თავისუფლება;
  • კვლევის ფრაგმენტიზაცია და ატომიზაცია;
  • დაკვირვებადობა.

ამის საპირისპიროდ, ბუნებრივ კვლევას რამდენიმე პრინციპი აქვს (Lincoln and Guba 1985; Bogdan and Biklen 1992):

  • ბუნებრივი გარემო მონაცემების უპირველესი წყაროა;
  • მნიშვნელოვანია კონტექსტზე მიბმულობა და "გაჯერებული აღწერა"[1]
  • მონაცემები სოციალურად სიტუაციურია და სოციალურად და კულტურულად დატვირთული;
  • მკვლევარი საკვლევი სამყაროს ნაწილია;
  • ვინაიდან ჩვენ უკვე ინტერპრეტირებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ორმაგი ჰერმენევტული ძალისხმევაა (Giddens 1979) აუცილებელი იმის გასაგებად, თუ როგორ ესმით სამყარო სხვებს. პარადოქსია, რომ ადამიანის ცხოვრების გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ინსტრუმენტი მეორე ადამიანია (Lave and Kvale 1995: 220), მაგრამ მისი ყველა ფორმა ადამიანური შეცდომის რისკის შემცველია.
  • კვლევა ჰოლიზმით უნდა ხასიათდებოდეს;
  • კვლევის მთავარი ინსტრუმენტი მკვლევარია და არა - კვლევის მეთოდი;
  • მონაცემები აღწერითია;
  • პროცესი უფრო აინტერესებთ, ვიდრე, უბრალოდ, შედეგები;
  • მონაცემების გაანალიზება ინდუქციურად ხდება და არა აპრიორული კატეგორიების გამოყენებით;
  • მონაცემები რესპონდენტების ტერმინებით არის წარმოდგენილი და არა - მკვლევრების;
  • სიტუაციის ხედვა და მოწოდება უნდა ხდებოდეს მასში ჩართული მონაწილეების თვალით, მათივე პოზიციიდან, (Geertz 1974);
  • რესპონდენტის მხრიდან ვალიდაცია მნიშვნელოვანია;
  • არსებითია მნიშვნელობისა და განზრახვის წვდომა.

ფაქტიურად, მაქსველი (1992) ამტკიცებს, რომ თვისებრივი მკვლევრები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მუშაობისას პოზიტივიზმის ჩარჩოში არ აღმოჩნდნენ იმ მოთხოვნით, რომ კვლევას ჰქონდეს მიმდინარე, პროგნოსტული, კონვერგენციული, კრიტერიუმის, შინაგანი და გარეგანი ვალიდობა. ქვემოთ მოცემული დისკუსია აჩვენებს, რომ ასე არ უნდა იყოს. გუბასთან და ლინკოლთან (1989) ერთად მას მოჰყავს არგუმენტები იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ თვისებრივ კვლევაში ვალიდობის პოზიტივისტური ცნება აუთენტურობის ცნებამ უნდა ჩაანაცვლოს. მაქსველი (1992) ეხმიანება მიშლერს (1990) და ამბობს, რომ თვისებრივ კვლევაში "გაგება" უფრო შესატყვისი ტერმინია, ვიდრე "ვალიდობა". ჩვენ, როგორც მკვლევრები, იმ სამყაროს ნაწილი ვართ, რომელსაც ვიკვლევთ და, მასთან მიმართებით, არ შეგვიძლია სრულიად ობიექტური ვიყოთ; შესაბამისად, სხვა ადამიანების მოსაზრებები ისეთივე ვალიდურია, როგორც ჩვენი საკუთარი და კვლევის ამოცანა ამის გამოვლენაა. ამრიგად, ვალიდობა ებმის ახსნებს და არა - მონაცემებს ან მეთოდებს (Hammersley and Atkinson 1983); ეს ის მნიშვნელობაა, რომელსაც ცდის პირები ანიჭებენ მონაცემებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებულ საგულისხმო დასკვნებს. "ერთგულება" (Blumenfeld-Jones 1995) მკვლევრისგან მოითხოვს, რომ შეძლებისდაგვარად პატიოსანი იყოს კვლევის მონაწილეების თვითაღწერის მიმართ.

ამტკიცებდნენ (Aგარ 1993), რომ თვისებრივი მონაცემების მოგროვებისას ინდივიდების ინტენსიური პიროვნული ჩართულობა და სიღრმისეული პასუხები უზრუნველყოფს ვალიდობისა და სანდოობის საკმარის ხარისხს. ეს მტკიცება უარყვეს ჰამერსლიმ (1992: 144) და სილვერმენმა (1993: 153), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არასაკმარისი საფუძველია ვალიდობისა და სანდოობისთვის და დაინტერესებულ პიროვნებებს არ აქვთ პრივილეგირებული პოზიცია ინტერპრეტაციისას. (ცხადია, არც აქტორები არიან "კულტურული ნარკომანები", რომელთაც სოციოლოგისგან ან მკვლევრისგან სჭირდებათ თქმა, რა ხდება "სინამდვილეში"!) სილვერმენი (1993) ამტკიცებს, რომ თუ ჟურნალისტიკისთვის ოპერატიულობა და აუთენტურობაა საინტერესო, ეთნოგრაფიას ვალიდობისა და სანდოობის უფრო მკაცრი ცნება უნდა ჰქონდეს. ეს იმაზე შორს წასვლას გულისხმობს, ვიდრე მონაცემების უბრალოდ შეგროვებაა იმისთვის, რომ ფენომენის წინასწარ წარმოდგენილ ან იდეალურ კონცეფციას ერგებოდეს, ან იმიტომ, რომ ისინი საოცრად საინტერესოა (Fielding and Fielding 1986). არჩეული მონაცემები შერჩევის, მონაცემების სრული ერთობლიობის და ველის რეპრეზენტაციული უნდა იყოს, ანუ უნდა ჰქონდეს შინაარსის, კონსტრუქტის და ანალოგიის ვალიდობა.

ჰამერსლი (1992: 50-1) თვლის, რომ თვისებრივ კვლევაში ვალიდობა შედეგებისადმი ნდობას ანაცვლებს. ასევე, თვლის, რომ ვინაიდან რეალობა დამოუკიდებელია მკვლევრების მიერ მისთვის წაყენებული მოთხოვნებისგან, ჩვენი ახსნები ამ რეალობის მხოლოდ რეპრეზენტაციები იქნება და არა მისი რეპროდუქციები.

მაქსველი (1992) ხუთი სახის ვალიდობის მომხრეა თვისებრივ მეთოდებში, რომლებიც "გაგების" მისეულ ცნებას იკვლევენ.

  • დესკრიპტული ვალიდობა (ახსნის ფაქტობრივი სიზუსტე; ის, რომ ახსნა არ არის ხელოვნური, შერჩევითი ან დამახინჯებული): ამ კუთხით, ვალიდობა მოიცავს სანდოობას, რაც ენათესავება კვლევაში "მართლის თქმის" ბლუმენფილდ-ჯონსისეულ (1995) ცნებას - იმის თქმა, რაც რეალურად მოხდა (ფაქტობრივი ობიექტური მასალა).
  • ინტერპრეტაციული ვალიდობა (კვლევის უნარი, სიტყვებსა და ტერმინებში ამოიცნოს ის მნიშვნელობები, ინტერპრეტაციები, რასაც თავად მონაწილეები/ცდის პირები ანიჭებენ სიტუაციებს, მოვლენებს, ანუ მონაცემებს და ის სურვილები (ან ზრახვები), რაც მათ ამოძრავებთ): ეს ენათესავება "ერთგულების" ბლუმენფილდ-ჯონსისეულ (1995) ცნებას, ანუ იმას, თუ რას ნიშნავს ის (ვალიდობა) კვლევაში მონაწილე პიროვნებისთვის ან ჯგუფისთვის (სუბიექტურად მნიშვნელოვანი). ინტერპრეტაციულ ვალიდობას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ანალოგი ექსპერიმენტულ/პოზიტივისტურ მეთოდოლოგიებში.
  • თეორიული ვალიდობა (თეორიული კონსტრუქტები, რომელიც მკვლევარს შეაქვს კვლევაში, მათ შორის კვლევის მონაწილეთა კუთვნილიც): თეორია აქ ახსნას ნიშნავს. თეორიული ვალიდობით ირკვევა, რამდენად ხსნის კვლევა ფენომენს. ამ კუთხით, ის ენათესავება კონსტრუქტულ ვალიდობას (რომელიც ქვემოთ არის განხილული). თეორიულ ვალიდობაში კონსტრუქტები ყველა მონაწილისათვის საერთო უნდა იყოს.
  • განზოგადებადობა (მოსაზრება, რომ შექმნილი თეორია სხვა მსგავსი სიტუაციების გასაგებადაც უნდა გამოდგეს): გულისხმობს კონკრეტული ჯგუფების ან თემების, სიტუაციების ან გარემოებების შიგნით (შინაგანი ვალიდობა) და სხვა თემების, სიტუაციების ან გარემოებების მიმართ (გარეგანი ვალიდობა) სწორად განზოგადებას. ამ შემთხვევაში შინაგანი ვალიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - გარეგანი.
  • შეფასებითი ვალიდობა (საკვლევი სუბიექტისადმი შეფასებითი, განსჯითი და არა - აღწერითი, ახსნითი ან ინტერპრეტაციული ჩარჩოს მიყენება) - ნათელია, რომ ეს იმ კრიტიკულ-თეორიულ პოზიციას ეხმიანება, რომელშიც შესაძლებელია მკვლევრის საკუთარი შეფასებითი სისტემის შეტანა.

გარეგანი და შინაგანი ვალიდობის მიღწევა ორივე ტიპის მეთოდებში, თვისებრივშიც და რაოდენობრივშიც არის შესაძლებელი.

შინაგანი ვალიდობა

შინაგანი ვალიდობა ცდილობს აჩვენოს, რომ კვლევით მიღებული კონკრეტული მოვლენის, საკითხისა თუ მონაცემების ერთობლიობის ახსნა რეალურად შეიძლება დაეყრდნოს მონაცემებს. გარკვეულწილად ეს სიზუსტეს უკავშირდება, რაც რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევას შეიძლება ეხებოდეს. მონაცემები ზუსტად უნდა აღწერდეს საკვლევ ფენომენს.

ეთნოგრაფიულ კვლევაში შინაგანი ვალიდობა რამდენიმე გზით მიიღწევა (LeCompte and Preissle 1993: 338):

  • ორიგინალთან მიახლოებული დესკრიპტორების გამოყენებით;
  • რამდენიმე მკვლევრის გამოყენებით;
  • მონაწილე მკვლევრების გამოყენებით;
  • მონაცემების წყვილში გადამოწმების გამოყენებით;
  • მონაცემების ჩაწერის, შენახვისა და მოძებნის მექანიკური საშუალებების გამოყენებით.

ეთნოგრაფიულ, თვისებრივ კვლევაში შინაგანი ვალიდობის რამდენიმე ძირითადი სახე გამოიყოფა (LeCompte and Preissle 1993: 323-4):

  • მონაცემების სანდობა;
  • მონაცემების აუთენტურობა (კვლევის უნარი, წარმოადგინოს მონაწილის თვალით დანახული სიტუაცია);
  • მონაცემების დამაჯერებლობა;
  • კვლევის სქემის სიმყარე;
  • მონაცემების მოსალოდნელობა;
  • მონაცემების შემოწმებადობა;
  • მონაცემების საიმედოობა;
  • მონაცემების დამოწმებადობა.

ლეკომტი და პრეისლე (1993) დეტალურად განიხილავენ აუთენტურობის საკითხს და თვლიან, რომ:

  • სამართლიანობა: სიტუაციებში არსებული მრავალჯერადი რეალობები და ამ სიტუაციების ახსნა სრულად და დაბალანსებულად უნდა წარმოჩნდეს.
  • ონტოლოგიური აუთენტურობა: კვლევამ უნდა მოგვცეს სიტუაციის ახლებური და უფრო დახვეწილი გაგება, მაგალითად, ნაცნობის უცნობად ქცევა, მკვლევრის "კულტურული სიბრმავის" შემცირების მნიშვნელოვანი მახასიათებელი, პრობლემა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მონაწილის როლიდან დამკვირვებლის როლში გადასვლისას (Brock-Utne 1996: 610).
  • საგანმანათლებლო აუთენტურობა: კვლევამ ამ გაგების ახლებური ხედვა და შეფასება უნდა წარმოქმნას.
  • კატალიტური აუთენტურობა: კვლევა ქმედების კონკრეტულ მიმართულებებს წარმოქმნის.
  • ტაქტიკური აუთენტურობა: კვლევამ სარგებელი უნდა მოუტანოს ყველას, ვინც ჩართულია მასში - "კარგი დამოკიდებულების" ეთიკური საკითხი.

ჰამერსლი (1992: 71) თვლის, რომ თვისებრივი მონაცემების შინაგანი ვალიდობისთვის საჭიროა ყურადღება მიექცეს:

  • მოსალოდნელობასა და დამაჯერებლობას;
  • საჭირო მტკიცებულებების რაგვარობასა და რაოდენობას (იმდენად, რამდენადაც, რაც უფრო მასშტაბურია კვლევის დასკვნები, მით მეტად დამაჯერებელი მტკიცებულებებია საჭირო);
  • კვლევიდან გაკეთებული დასკვნების რაგვარობის სიცხადე (მაგალითად, განმარტებითი, აღწერითი, ახსნითი, თეორიის მაფორმირებელი);

ლინკოლნი და გუბა (1985: 219, 301) ფიქრობენ, რომ ბუნებრივ კვლევა-ძიებაში
დამაჯერებლობის მიღწევა შეიძლება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:

  • ველზე ხანგრძლივად ყოფნა;
  • მუდმივი დაკვირვება: ფოკუსში მოქცეული მოვლენის მახასიათებლების რელევანტურობის დასადგენად;
  • ტრიანგულაცია: მეთოდების, წყაროების, მკვლევრებისა და თეორიების;
  • კვლევის შემდგომი ინტერვიუ კოლეგასთან: მკვლევრისა და დაუინტერესებელი კოლეგის შეხვედრა, რომელიც ჯვარედინ დაკითხვას ჰგავს და მიზნად ისახავს პატიოსნების და სამუშაო ჰიპოთეზების შემოწმებასა და კვლევის შემდგომი ეტაპების იდენტიფიცირებას.
  • ნეგატიური შემთხვევის ანალიზი: ისეთი თეორიის ფორმირების მიზნით, რომელიც ყველა შემთხვევას ერგება; ასევე, შემდგომში ჰიპოთეზების გადასინჯვის მიზნით.
  • წევრების გადამოწმება: რესპონდენტის მიერ ვალიდაცია, მიზანმიმართულების შეფასება, ფაქტობრივი შეცდომების გასწორება, რესპონდენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებელობის ან ინფორმაციის ჩაწერის შეთავაზება; შეჯამება და ანალიზის ადეკვატურობის შემოწმება.

მაშინ, როცა პოზიტივისტურ კვლევაში ისტორია და განვითარება კვლევის ვალიდობის საფრთხეებად აღიქმება, ეთნოგრაფიული კვლევა უბრალოდ უშვებს, რომ ეს ასე მოხდება. ეთნოგრაფიული კვლევა უშვებს დროში ცვლილებას - ის მისი განუყოფელი ნაწილია. ეთნოგრაფიულ კვლევაში შინაგანი ვალიდობა დამკვირვებლის ეფექტის შემცირებითაც მიიღწევა. ეფექტს ამცირებს ის, რომ დამკვირვებლები ბევრნი არიან და იმდენად დიდხანს რჩებიან სიტუაციაში, რომ მათი იქ ყოფნა უკვე ჩვეულებრივად აღიქმება. გარდა ამისა, ინფორმაციის

გარკვევა და გასაგები ფორმით შენახვა ეთნოგრაფს შეუძლია მოვლენებისა და სიტუაციების სხვადასხვაგვარი ახსნის გამორიცხვით.

გარეგანი ვალიდობა

გარეგანი ვალიდობა ეხება იმას, თუ რამდენად განზოგადებადია მიღებული მონაცემები ფართო პოპულაციაზე, შემთხვევებზე ან სიტუაციებზე. განზოგადებადობის საკითხი პრობლემურია. პოზიტივისტი მკვლევრებისთვის განზოგადებადობა აუცილებელი პირობაა, თუმცა ბუნებრივ კვლევაში ეს საკითხი მოისუსტებს. ერთი სკოლისთვის კონტექსტის ცვლადების ჩამოშორების შემდეგ განზოგადებადობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, მაშინ, როცა მეორესთვის განზოგადება, რომელიც ბევრს არაფერს ამბობს კონტექსტის შესახებ, ნაკლებ სასარგებლოა და არც ადამიანის ქცევის შესახებ ეთქმის ბევრი (Schofield 1990). პოზიტივისტებისთვის ცვლადები უნდა გამოიყოს და გაკონტროლდეს, ხოლო შერჩევა შემთხვევითი უნდა იყოს, ეთნოგრაფებისთვის კი ადამიანის ქცევა უსასრულოდ კომპლექსური, არარედუცირებადი, სოციალურად სიტუაციური და უნიკალურია.

ბუნებრივ კვლევაში განზოგადება განიმარტება, როგორც შედარება და გადატანა (Lincoln and Guba 1985; Eisenhart and Howe 1992: 647). ეს ავტორები თვლიან, რომ შესაძლებელია სიტუაციის - მონაწილეებისა და გარემოს ტიპურობის შეფასება, შესაძლო შესადარებელი ჯგუფების გამოყოფა და ჩვენება, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას მონაცემები სხვადასხვა გარემოებებსა და კულტურებში (ასევე, იხილეთ LeCompte and Preissle 1993: 348). სკოფილდი (Schofield 1990: 200) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თვისებრივ კვლევაში მნიშვნელოვანია მკაფიო, დეტალური და სიღრმისეული აღწერის მოცემა, რათა სხვებმა შეაფასონ, თუ რამდენად განზოგადდება ერთი კვლევიდან მიღებული შედეგები სხვა სიტუაციებზე, ანუ, შედარებისა და გადატანის შეწყვილებული საკითხების მოგვარება. თვისებრივი კვლევა, ფაქტიურად, შეიძლება განზოგადდეს (Schofield 1990; 209) ტიპური კვლევის შესწავლით (იმისთვის, რომ სხვა სიტუაციებისთვისაც გამოიყენებოდეს გადატანის საკითხი: LeCompte and Preissle 1993: 324) და კვლევა სხვადასხვა ადგილზე განხორციელდეს (მაგალითისთვის იხილეთ Miles and Huberman 1984), თუმცა საკამათო შეიძლება იყოს ის, რომ ეს არაპოზიტივისტურ კვლევაში გარკვეული ოდენობის პოზიტივიზმის შეტანაა. ლინკოლნი და გუბა (1985: 316) ამასთან დაკავშირებით თვისებრივ მკვლევარს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ გადატანის მაჩვენებლის უზრუნველყოფა არ არის მკვლევრის ამოცანა. ისინი თვლიან, რომ მკვლევრებმა საკმარისად მდიდარი მონაცემები უნდა მიაწოდონ კვლევის მკითხველებსა და მომხმარებლებს, რომ მათ თავად განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა გადატანა. ამ მხრივ, ის გაჯერებულ აღწერას საჭიროებს.

ბოგდანი და ბიკლენი (Bogdan and Biklen 1992: 45) ამტკიცებენ, რომ თვისებრივ კვლევაში შესაძლებელია განზოგადებადობის უზრუნველყოფა, თუ ის პოზიტივისტურ მეთოდოლოგიებში გამოყენებისგან განსხვავებულად არის აგებული. ავტორების აზრით, პოზიტივისტი მკვლევრები ზოგადი სოციალური პროცესების შესახებ უნივერსალური დებულებების მიღებით უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე იმით, რომ ახსნან, თუ რამდენად განსხვავდება სოციალური სიტუაციები (მაგალითად, სკოლები და კლასები) ერთმანეთისგან. ბოგდანსა და ბიკლენს (1992) ის კი არ აინტერესებთ, მათი შედეგები, ყველაზე ფართო გაგებით, განზოგადდება თუ არა, არამედ ის გარემოები, ადამიანები და სიტუაციები, რომლებზეც შესაძლოა განზოგადებადი იყოს ეს შედეგები.

ბუნებრივ კვლევაში გარეგან ვალიდობას რამდენიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს (Lincoln and Guba 1985: 189, 300):

  • არჩევის ეფექტები: როდესაც არჩეული კონსტრუქტები რეალურად მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის რელევანტურია.
  • გარემოს ეფექტები: როდესაც შედეგები დიდწილად კონტექსტის ფუნქციას წარმოადგენს.
  • ისტორიის ეფექტები: როდესაც სიტუაციები უნიკალური ვითარებების შედეგად შეიქმნა და, მაშასადამე, არაშედარებითია.
  • კონსტრუქტის ეფექტები: როდესაც გამოყენებული კონსტრუქტები კონკრეტული ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი.

შინაარსის ვალიდობა

ვალიდობის ამ ფორმის საჩვენებლად ინსტრუმენტმა უნდა აჩვენოს, რომ ის პატიოსნად და ამომწურავად ფარავს იმ სფეროს ან საკითხებს, რომელთა დაფარვასაც ისახავდა მიზნად. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თითოეული საკითხი სრულად მოგვარდეს იმიტომ, რომ დრო არ არის საკმარისი, ან მონაწილეებს, მაგალითად, გრძელი კითხვარის ბოლომდე შესავსებად არასაკმარისი მოტივაცია აქვთ. ასეთ შემთხვევაში მკვლევარი უნდა დარწმუნდეს, რომ ძირითადი საკვლევი საკითხის ელემენტები კვლევისთვის საინტერესო უფრო ფართო საკითხის სამართლიანი რეპრეზენტაციაა (და მისი შეწონვა) და კვლევისთვის არჩეული ელემენტები ღრმად და ვრცლად არის ნაკვლევი. რეპრეზენტაციულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დებულებების ყურადღებით შერჩევა. მაგალითად, თუ მკვლევარს უნდოდა ენახა, თუ როგორ გამოთქვამდა სტუდენტების ჯგუფი 1000 სიტყვას ფრანგულად და გამოთქმის ტესტისთვის მხოლოდ 50 სიტყვის შერჩევა გადაწყვიტა, ეს ტესტი იმ 1000 სიტყვის რეპრეზენტაციული უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, ისე, რომ ტესტში ჩართულიყო სიტყვების გამოთქმის ყველა შესაძლო წესი, ან ტესტით დაფარულიყო გამოთქმის ყველა შესაძლო შეცდომა იმ თანაფარდობით, როგორც იმ 1000 სიტყვაში შეგვხვდებოდა.

კონსტრუქტის ვალიდობა

კონსტრუქტი აბსტრაქტულია. ეს განასხვავებს მას ვალიდობის აქამდე განხილული ტიპებისგან, რომლებსაც რეალობასთან, განსაზღვრულ შინაარსთან, ჰქონდათ შეხება. ამ ტიპის ვალიდობის შემთხვევაში თანხმობა უნდა მიიღწეოდეს კონსტრუქტის "ოპერაციონალიზებული" ფორმების თაობაზე, სადაც გარკვევით უნდა იყოს ნათქვამი, თუ რას ვგულისხმობთ ამ კონსტრუქტის გამოყენებისას. აქედან გამომდინარე, ვალიდობის ამ ფორმაში მნიშვნელოვანია კონსტრუქტის დანაწევრებულად, გასაგებად წარმოდგენა, ან ის, თანხვდება თუ არა კონსტრუქტის მკვლევრისეული ხედვა მის იმ ზოგადად მიღებულ გაგებას<, მაგალითად, ვთქვათ, მკვლევარს ბავშვის ინტელექტის შეფასება სურს (მაგალითისთვის დავუშვათ, რომ ეს ერთი თვისებაა). მან უნდა თქვას, რომ ინტელექტში გულისხმობს ფანქრის გათლის უნარის გამოვლენას. ინტელექტის რამდენად მისაღები კონსტრუქტია ეს? სხვა არაფერია ინტელექტი (მაგალითად, ის, რაც ინტელექტის ტესტში მაღალი ქულით გამოიხატება)?

კონსტრუქტის ვალიდობის დასადგენად მკვლევარმა უნდა უზრუნველყოს, რომ კონკრეტული საკითხის მისეული კონსტრუქტი თანხვდება ისეთივე ფუძისეული საკითხების, მაგალითად, ინტელექტის, კრეატულობის, შფოთვის, მოტივაციის სხვა კონსტრუქტებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მოცემული საკითხის სხვა საზომებთან კორელაციებით, ან კონსტრუქტის დაფუძნებით ლიტერატურის ფართო მიმოხილვაზე, საიდანაც ის იღებს ამ კონსტრუქტის შინაარსს (ანუ თეორიას იმის შესახებ, თუ რა არის კონსტრუქტი) და მის მდგენელებს. კონსტრუქტის ვალიდობის ჩვენება არა მარტო რელევანტურ ლიტერატურაში მოცემულ კონსტრუქტთა თანხვედრას ნიშნავს, არამედ საპირისპირო მაგალითების მოძიებასაც, რამაც, შეიძლება, მკვლევრის კონსტრუქტის ფალსიფიცირება მოახდინოს. როდესაც დამადასტურებელი და უარმყოფელი მტკიცებულებები დაბალანსებულია, მკვლევარს უკვე შეუძლია აჩვენოს კონსტრუქტის ვალიდობა და წამოაყენოს პირობები გამოყენებული კონსტრუქტის რაგვარობაზე. კონსტრუქტის ურთიერთსწინააღმდეგო ინტერპრეტაციების შემთხვევაში მკვლევარს მოუწევს კონფლიქტური სიტუაციის არსებობის აღიარება და იმ ინტერპრეტაციაზე მითითება, რომელსაც გამოიყენებს.

თვისებრივ/ეთნოგრაფიულ კვლევაში კონსტრუქტის ვალიდობა უნდა აჩვენებდეს, რომ კატეგორიებს, რომელსაც მკვლევარი იყენებს, თავად მონაწილეებისთვის აქვს აზრი/მნიშვნელობა (Eisenhart and Howe 1992: 648), ანუ მათში ასახულია ის, თუ მონაწილეები რეალურად როგორ განიცდიან და აგებენ სიტუაციებს კვლევაში; ის, რომ ისინი სიტუაციას აქტორების თვალით ხედავენ.

კემპბელი და ფისკე (1959), ბროკ-უტნე (1996) და კუპერი და შინდლერი (2001) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ კონსტრუქტის ვალიდობა კონვერგენტული და დისკრიმინანტული ტექნიკებით მიიღწევა. კონვერგენტული ტექნიკა გულისხმობს, რომ სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც ერთსა და იმავე კონსტრუქტს იკვლევს, შედარებით მაღალ ინტერკორელაციებს უნდა აჩვენებდეს, ხოლო დისკრიმინაციული მოიაზრებს, რომ სხვადასხვა კონსტრუქტისთვის მსგავსი მეთოდების გამოყენებამ შედარებით დაბალი ინტერკორელაციები უნდა მოგვცეს, ანუ საკვლევი კონსტრუქტი განსხვავდება სხვა პოტენციურად მსგავსი კონსტრუქტებისგან. ასეთი დისკრიმინაციული ვალიდობის მიღება ფაქტორული ანალიზითაც შეიძლება, რომელიც ერთად აჯგუფებს მსგავს საკითხებს და გამოყოფს მათ სხვებისგან.

ეკოლოგიური ვალიდობა

რაოდენობრივ, პოზიტივისტურ კვლევაში ხშირად ხდება შექმნილ გარემოში ცვლადების იზოლირება, გაკონტროლება და მანიპულირება. თვისებრივი, ბუნებრივი კვლევის ფუნდამენტურ დაშვებას წარმოადგენს ის, რომ მკვლევარი მიზანმიმართულად არ ცდილობს ცვლადებით ან მდგომარეობით მანიპულირებას და სიტუაციები ბუნებრივად წარმოიქმნება. აქ მიზანს სოციალური სიტუაციების რეალობების მათივე ტერმინებით, მათ ბუნებრივ ან ტრადიციულ გარემოში ზედმიწევნით აღწერა წარმოადგენს. განათლების სფეროში ეკოლოგიური ვალიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, როდესაც იკვლევენ, თუ რეალურად როგორ ხორციელდება პოლიტიკა საკლასო ითახში. სკოლებში (Brock-Utne 1996; 617). ეკოლოგიური ვალიდობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში შეძლებისდაგვარად ბევრი მახასიათებელი და ფაქტორი იყოს ჩართული და შესწავლილი. აქ სირთულე ისაა, რომ რაც უფრო მეტი მახასიათებელია ჩართული და აღწერილი, მით უფრო რთულია კვლევის ძირითადი ეთიკური პრინციპების - თვალის მიუდევნებლობის, ანონიმურობის და არაიდენტიფიცირების დაცვა.

კულტურის ვალიდობა

ვალიდობის ტიპს, რომელიც ეკოლოგიურ ვალიდობას უკავშირდება, კულტურულ ვალიდობას უწოდებენ (Morgan 1999). ეს საკითხი, განსაკუთრებით, კროსკულტურულ, ინტერკულტურულ და შედარებით კვლევებში დგება, როცა კვლევაში მონაწილეთა კულტურისთვის შესატყვისი კვლევა იგეგმება და მკვლევარი და მონაწილე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან. კულტურული ვალიდობა განისაზღვრება, როგორც "ხარისხი, რომლითაც კვლევა შეესატყისება იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც ის უნდა განხორციელდეს" (Joy 2003: 1). მორგანი (1999) თვლის, რომ კულტურული ვალიდობა კვლევის ყველა სტადიას შეეხება და გავლენას ახდენს მის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და გავრცელებაზე. მასში მოიაზრება მონაწილეების, კულტურებისა და ვითარებების სენსიტიურობის ხარისხი. მორგანი (2005) წერს, რომ:

კულტურულ ვალიდობას თან სდევს მათი კულტურული ღირებულებების აღიარება, ვისაც იკვლევენ. ეს შეიძლება მოიცავდეს: სამიზნე კულტურის შესაძლო განსხვავებული დამოკიდებულების გაგებას კვლევისადმი; იმ გამორჩეული ტერმინების იდენტიფიცირებასა და გაგებას, რომლებიც სამიზნე კულტურაში გამოიყენება; სამიზნე ენის შესახებ სათანადო ლიტერატურის გადახედვას; კვლევის ისეთი ინსტრუმენტების არჩევას, რომელიც მისაღებია სამიზნე ჯგუფებისთვის; მონაცემების ინტერპრეტაციებისა და თარგმანების გადამოწმებას მათთან, ვისთვისაც სამიზნე ჯგუფის ენა მშობლიურია; მკვლევრის ცოდნას, რომ ადამიანები საკუთარი კულტურული ფილტრებით ოპერირებენ.
(Morgan 2005: 1)

ჯოი (2003: 1) წარმოგვიდგენს თორმეტ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც შეიძლება გაუჩნდეთ მკვლევრებს განსხვავებულ კულტურულ კონტექსტებში, რათა უზრუნველყონ კვლევის კულტურული სამართლიანობა და კულტურული სენსიტიურობა:

  • გასაგები და მნიშვნელოვანია თუ არა კვლევის კითხვა სამიზნე ჯგუფისთვის?
  • არის თუ არა მკვლევარი ის პიროვნება, ვინც უნდა ჩაატაროს ეს კვლევა, ანუ შეესატყვისება თუ არა მისი პიროვნება განსახორციელებელ კვლევას?
  • შეესატყვისება თუ არა ის თეორიები, რომელსაც კვლევა ეყრდნობა, სამიზნე ჯგუფს?
  • როგორ განიხილავენ სამიზნე კულტურის წარმომადგენელი მკვლევრები მოცემული კვლევის კითხვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათი მეთოდებისა და შედეგების ჩათვლით)?
  • შესატყვისი გუშაგები და ინფორმანტები შეირჩა?
  • ეთიკური და ადეკვატურია თუ არა კვლევის სქემა და ინსტრუმენტები სამიზნე კულტურის სტანდარტების მიხედვით?
  • როგორ განსაზღვრავენ კვლევის ძირითად ტერმინებს სამიზნე კულტურის წარმომადგენლები?
  • კულტურისთვის შესატყვისად ითარგმნა თუ არა დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია?
  • მიიღებს თუ არა პოტენციურ სარგებელს სამიზნე კულტურა კვლევის მოსალოდნელი შედეგებით?
  • მოიცავს თუ არა კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია სამიზნე კულტურის წარმომადგენლების მოსაზრებებსა და თვალსაზრისებს?
  • ხელმისაწვდომია თუ არა კვლევის შედეგები სამიზნე კულტურის წარმომადგენლებისთვის, რათა გადახედონ და თავიანთი კომენტარები დაურთონ?
  • სწორად და სამართლიანად აცნობს თუ არა მკვლევარი შედეგებს მათივე კულტურულ კონტექსტში იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეკუთვნიან სამიზნე კულტურას?

კატალიიზის[2] ვალიდობა

კატალიტური ვალიდობა მოიცავს კრიტიკული თეორიის პარადიგმას, რომელიც პირველ თავში განვიხილეთ. ნეიტრალურად რომ ვთქვათ, კატალიტური ვალიდობა მხოლოდ იმის უზრუნველყოფას ცდილობს, რომ კვლევას ქმედებისკენ მივყავდეთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რადგან კატალიტური ვალიდობის საკითხი მრავლისმომცველია. ის, კრიტიკული თეორიის მსგავსად, პროგრამას გვთავაზობს. ლაზერი (Lather 1986, 1991), კინჩელო და მაკლარენი (Kincheloe and McLaren 1994) თვლიან, რომ კატალიტური ვალიდობის პროგრამაა დაეხმაროს მონაწილეებს საკუთარი სამყაროს გაგებაში მათი ტრანსფორმირების მიზნით. პროგრამა აშკარად პოლიტიკურია, რადგან კატალიტური ვალიდობა საჭიროდ ხდის გამომჟღავნდეს, სიტუაციის ვისეული განსაზღვრებებია გამოყენებული მოცემულ სიტუაციაში. ლინკოლნი და გუბა (1996) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ კვლევა "სამართლიანობის" კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მარტო კვლევის მონაწილეების ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს, არამედ მონაწილეთა უფლებამოსილებაც. ამ მხრივ, კვლევა შეიძლება ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს (ინოვაციები და ახალი მიმართულებები) და რა შესაძლოა, რომ იყოს (იდეალური, შესაძლო მომავალი) (Schofield 1990: 209).

კატალიტური ვალიდობა, ფემინისტური კვლევის მთავარი მახასიათებელი, აშერის (1996) თვალსაზრისით, მთელ კვლევაზე უნდა ვრცელდებოდეს. ის საჭიროებს: მონაწილეთა სოლიდარობას; კვლევის უნარს, ხელი შეუწყოს ემანსიპაციას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მხოლოდ ეგალიტარულ და დემოკრატიულ საზოგადოებაში (Masschelein 1991); იმ დამახინჯებების, იდეოლოგიური დეფორმაციებისა და შეზღუდვების გამოვლენას, რომელიც არსებობს კვლევაში, ურთიერთობასა და სოციალურ სტრუქტურებში (ასევე, იხილეთ LeCompte and Preissle 1993). ამტკიცებენ (Mishler 1990; Scheurich 1996), რომ ვალიდობა აღარ არის ისტორიულ კონტექსტს მოკლებული მოცემულობა, არამედ საკამათოა და ფიქრობენ, რომ ვალიდური კვლევის განსაზღვრება აკადემიური წრეების ავტორიტეტებთან უნდა ვეძიოთ. ლაზერისთვის (1986) აუცილებელია, რომ კვლევა ემანსიპაციური იყოს და კვლევის მონაწილეთა შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურებოდეს. ამასთან, მას მიაჩნია, რომ კატალიტური ვალიდობა, "კონსაენტიზაციის[3]" ფრეირესეული (Freire 1970) ცნების მსგავსად, მონაწილეებს იმის ძალას უნდა აძლევდეს, რომ გააცნობიერონ და შეცვალონ თავიანთი ჩაგრული მდგომარეობა.

ვალიდობა, როგორც ამბობენ (Scheurich 1996), სხვა არაფერია, თუ არა ნიღაბი, რომელიც აწესრიგებს და აწესებს კვლევის მისაღებ საზღვრებს ავტორიტეტული კვლევითი საზოგადოებისთვის. საუბრები ვალიდობის შესახებ სინამდვილეში ღირებული ცოდნის განსაზღვრის უფლებამოსილების შესახებ საუბრებია.

ის, თუ რამდენად გამართლებულია მტკიცება, რომ მკვლევრებს ასეთი იდეოლოგიური მისწრაფებები უნდა ჰქონდეთ, ალბათ, საკამათოა, თუმცა ამ სფეროს ყურადღების მიღმა დატოვება, დაუდევრობითა და უგულებელყოფით უთანასწორობის შენარჩუნებაა. კატალიტური ვალიდობა ადასტურებს, რომ კვლევის პროცესში ეთიკას ცენტრალური ადგილი უჭირავს და ამისთვის საჭიროა, რომ მკვლევრებმა გაარკვიონ, ვისი ან რისი ერთგულნი არიან და რა პასუხისმგებლობები და თვითდაინტერესება აქვთ (Surgess 1989).

სოციალური შედეგების ვალიდობა

კატალიტურ ვალიდობას ნაწილობრივ უკავშირდება სოციალური შედეგების ვალიდობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მონაცემების (კვლევის შედეგების) გამოყენების გზები შეესაბამება კვლევის შესაძლებლობებს ან მიზნებს, ანუ კვლევის შედეგები არ სცილდება კვლევის შესაძლებლობებს, პრაქტიკული შედეგები კი ლეგიტიმურია და შესრულებული. ნათელია, რომ ვინაიდან კვლევა საყოველთაო კუთვნილებაა, მკვლევარი მცირედ ან საერთოდ ვერ აკონტროლებს მის გამოყენებას. თუმცა, და ეს ხშირად პოლიტიკური საკითხია, კვლევა არ უნდა გამოიყენონ ისე, როგორც არ იყო განზრახული მისი გამოყენება, მაგალითად, მონაცემებზე მითითებით ამტკიცონ რაღაც, რისი მტკიცებაც ამ კვლევის მონაცემების შესაძლებლობებს სცილდება; არ შეიძლება კვლევის სახელით იმგვარად მოქმედება, რასაც არ უზრუნველყოფს ის (მაგალითად, კვლევის გამოყენება არალეგიტიმური ცოდნის მხარდასაჭერად); დაუშვებელია კვლევის გამოყენება მიუღებელი ფორმებით (მაგალითად, შერჩევით, დამახინჯებით) არალეგიტიმური გაცხადებების გასაკეთებლად, რისთვისაც იყენებენ კვლევას; არც წინასწარ შეთანხმებული გზებით კვლევის გამოუყენლობაა დასაშვები და არც უმოქმედობით გამოწვეული შეცდომების ჩადენა.

სოციალური შედეგების ვალიდობის ნათელი მაგალითია მაფორმირებელი შეფასება. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად გააუმჯობესეს სტუდენტებმა თავიანთი შედეგები უკუკავშირის მიღების შედეგად; შესაბამისად, თუ სტუდენტები გასაუმჯობესებლად არასაკმარის უკუკავშირს იღებენ, ან თუ მათ არ შეუძლიათ უკუკავშირის შედეგად გაუმჯობესება, მაშინ მაფორმირებელი შეფასება სოციალური შედეგების მცირე ვალიდობით ხასიათდება.

კრიტერიუმის ვალიდობა

ვალიდობის ეს ფორმა ერთი კონკრეტული ინსტრუმენტით მიღებული შედეგების სხვა გარეგან კრიტერიუმთან დაკავშირებას ცდილობს. ამ ტიპის ვალიდობა ორ ძირითად ფორმას აერთიანებს: პრედიქტულ ვალიდობას და ანალოგიის ვალიდობას.

პრედიქტული ვალიდობა მიღწეულია, თუ კვლევის პირველ და შემდეგ ეტაპზე მოღებული მონაცემები მჭიდრო ურთიერთკავშირშია. მაგალითად, თუ 16 წლის ასაკში ჩაბარებულ გამოცდაზე მიღებული შედეგები ზუსტად ეფარდება 18 წლის ასაკში იმავე სტუდენტების მიერ მიღებულ შედეგებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველმა გამოცდამ ძლიერი პრედიქტული ვალიდობა აჩვენა.

ამ თემის ვარიაციას ანალოგიის ვალიდობის ცნებაში ვხვდებით. ვალიდობის ამ ფორმის საჩვენებლად ერთი ინსტრუმენტით მოპოვებული მონაცემები მჭიდროდ უნდა კორელირებდეს სხვა ინსტრუმენტით მიღებულ მონაცემებთან. მაგალითად, დავუშვათ, გადაწყვიტეს სტუდენტების მიერ პრობლემების გადაჭრის უნარის კვლევა. მკვლევარი შეიძლება პრობლემაზე მუშაობისას დააკვირდეს სტუდენტს, გამოიკითხოს, როგორ უმკლავდება პრობლემას, ან სთხოვოს, დაწეროს, როგორ გადაჭრა პრობლემა. ამ შემთხვევაში მკვლევარს მონაცემების შეგროვების სამი ინსტრუმენტი აქვს - დაკვირვება, ინტერვიუ და დოკუმენტი. თუ სამივე გზით მიღებული შედეგები თანხვდება ერთმანეთს და, მოცემული კრიტერიუმის მიხედვით, სტუდენტი პრობლემის გადაჭრის კარგ უნარს ავლენს, მაშინ მკვლევარი უფრო მეტი დარწმუნებით (ვალიდობა) იტყვის, რომ სტუდენტი კარგად ართმევს თავს პრობლემის გადაწყვეტას, ვიდრე იტყოდა, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის გამოყენებით რომ მისულიყო იმავე დასკვნამდე.

ანალოგიის ვალიდობა ძირითადი კონცეფციით (ანუ მეორე საზომთან თანხვედრით) ძალიან ჰგავს თავის მეწყვილეს - პრედიქტულ ვალიდობას. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ კონკურენტულ ვალიდობაში არ არის დროის მომენტი; თანხვედრის დემონსტრირება სხვა ინსტრუმენტთან ერთად, ერთდროულად არის შესაძლებელი.

ანალოგიის ვალიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეწყვილეა ტრიანგულაცია, რომელიც, როგორც შემდგომში ვნახავთ, სანდოობასაც უკავშირდება.

ტრიანგულაცია

ტრიანგულაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის ქცევის რომელიმე ასპექტის შესწავლისას მონაცემების შეგროვების ორი ან მეტი მეთოდის გამოყენება. რამდენიმე მეთოდის გამოყენება ანუ მრავალმეთოდიანი მიდგომა, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, უპირისპირდება გავრცელებულ, მაგრამ ზოგადად უფრო მოწყვლად ერთმეთოდიან მიდგომას, რომელიც ასე ახასიათებს კვლევის უმრავლესობას სოციალურ მეცნიერებებში. ორიგინალურ სათანადო ლიტერატურაში გავრცელებული აზრით, ტრიანგულაცია არის ფიზიკური გაზომვის ტექნიკა: მაგალითად, საზღვაო ნავიგატორები, სამხედრო სტრატეგები და ტოპოგრაფები იყენებენ (ან იყენებდნენ) რამდენიმე ლოკაციურ მარკერს ერთი კონკრეტული წერტილის, ან სამიზნის ადგილმდებარეობის ზუსტად განსასაზღვრად. ანალოგიურად, ტრიანგულაციის ტექნიკა სოციალურ მეცნიერებაში ცდილობს, მონიშნოს, ან უფრო სრულად ახსნას ადამიანის ქცევის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა მისი ერთზე მეტი ხედვის კუთხიდან - მრავალმხრივი შესწავლით, რისთვისაც იყენებს ორივე მონაცემს - რაოდენობრივსა და თვისებრივს. ტრიანგულაცია ანალოგიის ვალიდობის ჩვენების მძლავრი საშუალებაა, განსაკუთრებით, თვისებრივ კვლევაში (Campbell and Fiske 1959).

სოციალურ კვლევაში მრავალმეთოდიანი მიდგომის გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ორ მათგანს განვიხილავთ. პირველი: რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ქიმია და ფიზიკა, მხოლოდ დაკვირვებით, როგორც წესი, შესაძლებელია არჩეული ფენომენის შესახებ საკმარისი და არაორაზროვანი ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ შეზღუდულ ხედვას გვაძლევს ადამიანის ქცევისა და იმ სიტუაციების კომპლექსურობისას, რომელშიც ისინი ურთიერთქმედებენ. აღინიშნა, რომ ვინაიდან კვლევის მეთოდები ფილტრებივით მოქმედებენ, რომლითაც გარემო შერჩევითად განიცდება, გამოცდილების სამყაროს წარმოდგენისას ისინი არასოდესაა აბსტრაქტული ან ნეიტრალური (Smith 1975). შესაბამისად, მხოლოდ ერთ მეთოდზე დაყრდნობამ შეიძლება ტენდენციური გახადოს ან დაამახინჯოს რეალობის იმ კონკრეტული ნაწილის მკვლევრისეული სურათი, რომელსაც იკვლევს. მკვლევარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მიღებული მონაცემები მათი მოგროვების ერთი კონკრეტული მეთოდის უბრალო არტეფაქტები არ არის (Lin 1976). ასეთი თავდაჯერების მიღწევა შესაძლებელია, რამდენადაც ვსაუბრობთ ნომოთეტურ კვლევაზე, როდესაც მონაცემების შეგროვების სხვადასხვა მეთოდით არსებითად ერთსა და იმავე შედეგებს ვიღებთ. (როდესაც ინტერპრეტაციულ კვლევაში ტრიანგულაცია სხვადასხვა აქტორის თვალთახედვის შესასწავლად გამოიყენება, იგივე მეთოდი, მაგალითად, ანგარიშები, ბუნებრივად მოგვცემს განსხვავებულ მონაცემებს).

გარდა ამისა, რაც უფრო მეტი მეთოდი უპირისპირდება ერთმანეთს, მკვლევარს მით მეტად დარწმუნებული შეუძლია, რომ იყოს. თუ, მაგალითად, კითხვარით მიღებული შედეგები შეესატყვისება იმავე ფენომენის დაკვირვებით შესწავლის შედეგებს, მკვლევარი უფრო დარწმუნებული იქნება თავის შედეგებში. ან, უფრო ექსტრემალური სიტუაცია: როდესაც მკაცრად გაწერილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგები მეორდება, ვთქვათ, როლური გათამაშების სავარჯიშოში, მკვლევარი გაცილებით მეტად თვითდაჯერებული იქნება. თუ შედეგები მეთოდის არტეფაქტებია, მაშინ კონტრასტული მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ალბათობას, რომ ნებისმიერი თავსებადი შედეგი მეთოდების მსგავსებას მიეწეროს (Lin 1976).

ახლა მეორე უპირატესობა: ზოგიერთმა თეორეტიკოსმა მკვეთრად გააკრიტიკა სოციალურ მეცნიერებებში კვლევა-ძიების არსებული მეთოდების შეზღუდული გამოყენება. მაგალითად, ერთ-ერთი ავტორი წერს:

მეთოდოლოგიური შეზღუდულობისა თუ ეთნოცენტრიზმის გამო მრავალ კვლევაში კონკრეტულ მეთოდს ან ტექნიკას იყენებენ. მეთოდოლოგები ხშირად კონკრეტული სასურველი მეთოდების წინ წამოწევით არიან დაკავებული იმიტომ, რომ ან მხოლოდ ისინი იციან, ან ჰგონიათ, რომ ეს მეთოდები ყველა სხვა მეთოდზე უკეთესია.
(Smith 1975)

ამტკიცებენ, რომ ტრიანგულაციის ტექნიკის გამოყენება, "მეთოდზე მიბმულობის" პრობლემის, როგორც მას უწოდეს, დაძლევაში დაგვეხმარება. გორარდმა და ტეილორმა (2004), ფაქტიურად, აჩვენეს თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების კომბინირების ღირებულება.

რამდენიმე მეთოდის არჩევისას ტრიანგულაციაში შესაძლებელია ან ნორმატიული, ან ინტერპეტაციული ტექნიკის გამოყენება; ან მეთოდების ორივე მიდგომიდან აღება და მათი კომბინირება.

ლინკოლნი და გუბა (1985: 315) უკან, ბუნებრივ კვლევასთან გვაბრუნებენ და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ტრიანგულაცია ჩაფიქრებულია, როგორც მონაცემების გადამოწმება, თუმცა წევრების მიერ აგებული მონაცემების გადასამოწმებლად წევრების გადამოწმება და დამაჯერებლობის ელემენტები უნდა გამოვიყენოთ.

ტრიანგულაციის ტიპები და მათი მახასიათებლები

ახლახანს ვნახეთ, რომ ტრიანგულაცია, ერთმეთოდიანი მიდგომისგან განსხვავებით, პრობლემისადმი მრავალმეთოდიანი მიდგომით ხასიათდება. თუმცა, დენზინმა (Denzin 1970ბ) გააფართოვა ტრიანგულაციის ცნება, მან შემოიტანა მრავალმეთოდიანი კვლევის სხვა რამდენიმე ტიპი და მათ "მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია" უწოდა:

  • დროის ტრიანგულაცია: ამ ტიპის ტრიანგულაცია ერთჯერადი და დროში განმეორებადი სქემის გამოყენებით ცდილობს ცვლილების და პროცესის ფაქტორების გათვალისწინებას. კირკი და მილერი (Kirk and Miller 1986) თვლიან, რომ დიაქრონული სანდოობა ცდილობს, მიაღწიოს დაკვირვებების სტაბილობას სხვადასხვა დროს, ხოლო სინქრონული სანდოობა - ერთდროულად მოპოვებული მონაცემების მსგავსებას.
  • სივრცის ტრიანგულაცია: ეს ტიპი ერთსა და იმავე ქვეყანაში ან სუბკულტურაში ჩატარებული კვლევების შეზღუდულობის დაძლევას კროსკულტურული ტექნიკების გამოყენებით ცდილობს.
  • ტრიანგულაციის კომბინირებული დონეები: ეს ტიპი ანალიზის ერთზე მეტ დონეს იყენებს სოციალურ მეცნიერებაში გამოყენებული სამი ძირითადი დონიდან: ინდივიდუალური, ინტერაქციული (ჯგუფები) და კოლექტიური (ორგანიზაციული, კულტურული ან საზოგადოებრივი).
  • თეორიული ტრიანგულაცია: ეს ტიპი ალტერნატიულ ან საპირისპირო თეორიებს ეყრდნობა და არ იყენებს მხოლოდ ერთ პერსპექტივას.
  • მკვლევრის ტრიანგულაცია: აქ ერთზე მეტი დამკვირვებელია ჩართული, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მონაცემებს.
  • მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია: ამ ტიპის ტრიანგულაციაში ან ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში, ან - სხვადასხვა მეთოდი ერთი და იგივე ობიექტის შესწავლისას.

სოციალურ მეცნიერებებში მრავალი კვლევა მხოლოდ ერთჯერადად ტარდება და ამით ყურადღების მიღმა ტოვებს სოციალური ცვლილებისა და პროცესის გავლენებს. დროის ტრიანგულაცია როგორღაც ასწორებს ამ ჩავარდნებს კროსსექციური და ლონგიტუდური მიდგომების გამოყენებით. კროს-სექციურ კვლევებში მონაცემებს დროის ერთ მომენტში აგროვებენ; ლონგიტუდურ კვლევებში დროის სხვადასხვა მომენტში ერთი და იგივე ჯგუფიდან იღებენ მონაცემებს. ამასთან დაკავშირებით, პანელის და ტენდენციის კვლევებიც შეგვიძლია ვახსენოთ. პანელის კვლევაში ერთმანეთს ადარებენ ერთი და იმავე ინდივიდებისგან ერთი და იმავე საზომებით სხვადასხვა დროს მიღებულ მონაცემებს, ხოლო ტრენდის კვლევისას არჩეული პროცესების დროში უწყვეტად შესწავლა ხდება. თითოეული ამ მეთოდის სისუსტე შეიძლება შემცირდეს მოცემული პრობლემისადმი კომბინირებული მიდგომის გამოყენებით.

სივრცის ტრიანგულაცია ერთ კულტურაში ან სუბკულტურაში წარმოებული კვლევის შეზღუდვების დაძლევას ცდილობს. როგორც სმითი (1975) ამბობს, "ქცევის შემსწავლელი მეცნიერებები არა მარტო კულტურით არის შეზღუდული, არამედ - სუბკულტურითაც. ბევრი სამეცნიერო ნაშრომი ჯერ კიდევ ისეა დაწერილი, თითქოს აღმოჩენილია ბაზისური პრინციპები, რომლებშიც გადმოცემულია ჭეშმარიტება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ადგილისა და დროისთვის". კროსკულტურული კვლევა შეიძლება მოიცავდეს თეორიების შემოწმებას სხვადასხვა კულტურაში, როგორც მოხდა პიაჟესეულ და ფროიდისეულ ფსიქოლოგიაში; ან შეიძლება სხვადასხვა პოპულაციას შორის განსხვავებებს რამდენიმე განსხვავებული საზომი ინსტრუმენტით ზომავდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კულტურულ ვალიდობაზე.

სოციალურ მეცნიერებს კვლევისას აინტერესებთ ინდივიდი, ჯგუფი და საზოგადოება. ეს აისახება ანალიზის სამ დონეში, რომელსაც მკვლევრები მუშაობისას იყენებენ. ისინი, ვინც კრიტიკულად უყურებენ დღევანდელი კვლევების დიდ ნაწილს, ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ კვლევაში მცდარად არის გამოყენებული ანალიზის დონე. მაგალითად, გამოყენებულია ინდივიდუალური დონე მაშინ, როცა ეს საზოგადოებრივი დონე უნდა იყოს; ან ერთი დონით იზღუდება, როდესაც უფრო საინტერესო და მრავლისმთქმელი სურათის მიღება იქნებოდა შესაძლებელი ერთზე მეტი დონის გამოყენებით. სმითი (1975) განავრცობს ანალიზს და შვიდ შესაძლო დონეს გამოყოფს: აგრეგაციულ, ანუ ინდივიდუალურ დონეს და ექვს დონეს, რომლებიც უფრო გლობალურია იმით, რომ "ახასიათებს კოლექტივს, როგორც მთლიანს და ის არ გამოჰყავს დაგროვილი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან" (Smith 1975). ეს ექვსი დონეა:

  • ჯგუფის ანალიზი: ინდივიდებისა და ჯგუფების ურთიერთქმედების პატერნები;
  • ანალიზის ორგანიზაციული ერთეულები: ერთეულები, რომლებიც ისეთი თვისებებით ხასიათდებიან, რომლებიც არ აქვთ მის შემქმნელ ინდივიდებს;
  • ინსტიტუციური ანალიზი: ურთიერთობები საზოგადოების სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ოჯახურ ინსტიტუტებში და მათ შორის;
  • ეკოლოგიური ანალიზი: დაინტერესებულია სივრცითი ახსნით;
  • კულტურული ანალიზი: აინტერესებს კულტურის ნორმები, ღირებულებები, პრაქტიკები, ტრადიციები და იდეოლოგიები;
  • საზოგადოებრივი ანალიზი: ისეთ დიდმასშტაბიან ფაქტორებს ეხება, როგორიცაა ურბანიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, განათლება, კეთილდღეობა და ა. შ.

სადაც შესაძლებელია, უპირატესობა ენიჭება კვლევებს, რომლებშიც ანალიზის რამდენიმე დონე გამოიყენება. ზოგჯერ მკვლევრები საკითხის კვლევას იწყებენ ერთი კონკრეტული თეორიისადმი ან თეორიული ორიენტაციისადმი ერთგულების გამო, საწინააღმდეგო თეორიების გამოსარიცხად. სმითი (1975) კი გვირჩევს, რომ კვლევა საპირისპირო თეორიების შესამოწმებლად გამოვიყენოთ.

მკვლევრის ტრიანგულაცია კვლევის გარემოში ერთზე მეტი დამკვირვებლის (ან მონაწილის) გამოყენებას გულისხმობს. თავისთვის მომუშავე დამკვირვებლებსა და მონაწილეებს დაკვირვების წარმოების საკუთარი სტილი აქვთ და ეს მიღებულ მონაცემებზე აისახება. შესაბამისად, ორი ან მეტი დამკვირვებლის ან მონაწილის ფრთხილმა გამოყენებამ შეიძლება უფრო ვალიდური და სანდო მონაცემები მოგვცეს (Smith 1975), მკვლევრებს შორის განსვლის შემოწმება მინიმალურ განსვლას, ანუ სანდოობას იძლევა.

ამ მხრივ, ტრიანგულაციის ცნება ერთმანეთთან აკავშირებს სანდოობისა და ვალიდობის საკითხებს. ჩვენ უკვე განვიხილეთ მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია. დენზინი (1970ბ) თავის ტიპოლოგიაში ტრიანგულაციის ორ კატეგორიას გამოყოფს: "მეთოდს შიდა" და "მეთოდებს შორის". მეთოდს შიდა ტრიანგულაცია შეეხება კვლევის გამეორებას, როგორც სანდოობის შემოწმებას და თეორიის დადასტურებას. მეთოდებს შორის ტრიანგულაცია კი გულისხმობს დასახული მიზნის მისაღწევად ერთზე მეტი მეთოდის გამოყენებას. როგორც ვალიდობის შემოწმება, მეთოდებს შორის მიდგომა მოიცავს ერთი სამიზნის დამოუკიდებელი საზომების კონვერგენციის ცნებას (Campbell and Fiske 1959).

დენზინის ტიპოლოგიის ექვსი კატეგორიიდან განათლების სფეროში კვლევისას ხშირად გამოიყენება ოთხი: დროის ტრიანგულაცია ლონგიტუდური და ერთჯერადი კვლევებით; სივრცის ტრიანგულაცია, როგორც ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც იკვლევენ სკოლებს რეგიონში ან ქვეყანაში; მკვლევრის ტრიანგულაცია, როდესაც ერთსა და იმავე საკლასო ფენომენს ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი აფასებს; მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია. ამ ოთხიდან ყველაზე ხშირად მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია გამოიყენება, რომელსაც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტის შემოთავაზება შეუძლია.

ტრიანგულაციის ტექნიკა მაშინ არის გამოსადეგი, როდესაც განათლების სფეროში კვლევის შედეგების უფრო მეტად ჰოლისტური ხედვისკენ ისწრაფიან (მაგალითად, სკოლის ეფექტურობის კვლევა (Mortimore et al. (1988)) ან, როდესაც საჭიროა რთული ფენომენების ახსნა. ტრიანგულაცია სასარგებლოა, როცა დადგენილი, მიღებული მიდგომა შეზღუდულ და ხშირად დამახინჯებულ სურათს იძლევა. დაბოლოს, ტრიანგულაცია შეიძლება გამოსადეგი ტექნიკა იყოს, როდესაც მკვლევარი შემთხვევის ანუ რთული ფენომენის კონკრეტული მაგალითის შესწავლით არის დაკავებული (Adelman et al. 1980).

ტრიანგულაციასაც ჰყავს კრიტიკოსები. მაგალითად, სილვერმენი (1985) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტრიანგულაციის ცნება არსით პოზიტივისტურია და ეს ყველაზე ნათლად მონაცემების ტრიანგულაციაში ჩანს, ვინაიდან მიჩნეულია, რომ მონაცემების რამდენიმე წყარო (ანალოგიის ვალიდობა) უკეთესია, ვიდრე ერთი წყარო ან ინსტრუმენტი. დაშვება, რომ ცალკეული ერთეული ყოველთვის შეიძლება ერთ ჯერზე მეტად გაიზომოს, არღვევს განვითარების, ფლუიდურობის, უნიკალურობისა და სპეციფიკურობის ინტერპრეტაციის პრინციპებს (Denzin 1997: 320). გარდა ამისა, პეტონი (Patton 1980) თვლის, რომ გქონდეს მონაცემების რამდენიმე წყარო, განსაკუთრებით, თვისებრივი მონაცემებისთვის, არ უზრუნველყოფს კონსისტენტურობას, ან განმეორებადობას. ფილდინგი და ფილდინგი (Fielding and Fielding 1986) ამტკიცებენ, რომ მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია აუცილებლობით არ ზრდის ვალიდობას, არ ამცირებს მიკერძოებულობას, ან აქცევს კვლევას ობიექტურად.

მკვლევრის ტრიანგულაციასთან დაკავშირებით, ლინკოლნისა და გუბას (1985: 307) მტკიცებით, არასწორია დაშვება, რომ ერთი მკვლევარი მხარს დაუჭერს მეორეს და არც გამართლებულია, განსაკუთრებით თვისებრივ, რეფლექსიურ კვლევაში. ავტორები თავიანთი ინტერესის სფეროში თეორიასა და მეთოდოლოგიურ ტრიანგულაციას რთავენ და ამტკიცებენ, რომ თეორიის ძიება და მეთოდოლოგიური ტრიანგულაცია ეპისტემოლოგიურად არათანმიმდევრულია და ემპირიულად ცარიელი (ასევე, იხილეთ Patton 1980). ამტკიცებენ, რომ ორი თეორია ვერასოდეს მოგვცემს საკვლევი ფენომენის საკმარისად სრულ ახსნას. ეს ბასრი და გესლიანი კრიტიკაა, მაგრამ დენზინიც ასევე გესლიანად პასუხობს (1997).

ვალიდობის მიღწევა

ძალიან ადვილია, რომ კვლევა არავალიდურად იქცეს; ის ვერაგი და მავნებელია, რადგან კვლევის ყოველ ეტაპზე შეიძლება შემოიპაროს. არავალიდობის აღმოფხვრის მცდელობა არსებითია, თუ მკვლევარს სურს, რომ დარწმუნებული იყოს კვლევის გეგმის, მონაცემების მიღების, მათი დამუშავებისა და ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შემდგომი შეფასების მდგენელებში.

დიზაინის ეტაპზე ვალიდობისადმი საფრთხის შემცირება შემდეგი საშუალებებითაა შესაძლებელი:

  • სათანადო ვადების დაწესებით;
  • ჩასატარებელი კვლევისთვის საჭირო ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფით;
  • კვლევის კითხვებზე პასუხების გასაცემად სათანადო მეთოდოლოგიის არჩევით;
  • საჭირო ტიპის მონაცემების შეგროვებისთვის სათანადო ინსტრუმენტების არჩევით;
  • სათანადო შერჩევის გამოყენებით (მაგალითად, ისეთი შერჩევის, რომელიც რეპრეზენტაციულია, არც ძალიან პატარაა და არც - ძალიან დიდი);
  • შინაგანი, გარეგანი, შინაარსის, ანალოგიის და კონსტრუქტის ვალიდობის ჩვენებითა და კონსტრუქტების სამართლიანად "ოპერაციონალიზებით";
  • სანდოობის სტაბილობის ტერმინებით უზრუნველყოფით (კონსისტენტურობა, ეკვივალენტური ფორმები, ტესტის მასალების ანალიზი შუაზე გახლეჩვით);
  • კვლევის კითხვებზე პასუხების გასაცემად სათანადო საკითხების არჩევით;
  • სათანადო ინსტრუმენტების შექმნითა და გამოყენებით, რომლებიც, უზრუნველყოფენ ზუსტი, რეპრეზენტაციული, რელევანტური და ამომწურავი მონაცემების მიღებას (King et al. 1987); ტექსტის კითხვადობის სათანადო დონის უზრუნველყოფა; ინსტრუქციებში, ტერმინებსა და კითხვებში ნებისმიერი ორაზროვნებისთვის, ბუნდოვნებისთვის თავის არიდება; ისეთი ინსტრუმენების გამოყენება, რომლებსაც საკვლევი საკითხების კომპლექსურობა არ გამოეპარებათ; შთამაგონებელი და მიმანიშნებელი კითხვებისთვის თავის არიდება; ტესტის სირთულის სათანადო დონის უზრუნველყოფა, მაგალითად, არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი; ტესტში დისკრიმინაციულობის დაბალი მაჩვენებლის მქონე დებულებებისთვის თავის არიდება; ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი ინსტრუმენტების შექმნისთვის თავის არიდება; თითოეული საკითხში ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა დებულებების ჩართვისთვის თავის არიდება.
  • მკვლევრის ან მკვლევართა გუნდის მიკერძოებულად არჩევისთვის თავის არიდებით (მაგალითად, მკვლევრის არჩევა იმიტომ, რომ შინაურია ან იმიტომ, რომ უცხოა).

არავალიდობა ან მიკერძოებულობა კვლევაში მონაცემების შეგროვების ეტაპზე რამდენიმე სფეროში შეიძლება შეიპაროს. ამის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია:

  • ჰოთორნის ეფექტის[4] შემცირებით.
  • რეაქტიულობის ეფექტის შემცირებით: რესპონდენტები განსხვავებულად იქცევიან, როდესაც მათ იკვლევენ, ან ახალ სიტუაციაში ხვდებიან, მაგალითად, ინტერვიუს სიტუაციაში - ჩვენ ვიჭრებით ადამიანების ცხოვრებაში იმით, რომ ვიკვლევთ მათ (Lave and Kvale 1995: 226);
  • რესპონდენტების მიერ კვლევის დატოვების სიხშირის შემცირების მცდელობით;
  • ზომების მიღებით კითხვარების დაუბრუნებლობის თავიდან ასაცილებლად;
  • პრეტესტებსა და პოსტტესტებს შორის ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი ინტერვალებისთვის თავის არიდებით;
  • სანდოობის უზრუნველყოფით შემფასებელთა შორის;
  • საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების სამართლიანი შეთანხმებულობით;
  • მონაცემების შეგროვების ან ტესტების ადმინისტრირების სტანდარტული პროცედურების უზრუნველყოფით;
  • რესპონდენტების მოტივაციაზე დაყრდნობით;
  • რესპონდენტების სამუშაო ადგილთან ინსტრუმენტების მორგებით და სხვა სიტუაციური ფაქტორების გათვალისწინებით (მაგალითად, ჯანმრთელობა, გარემო, ხმაური, საფრთხე, სხვა დისტრაქტორები);
  • მკვლევართან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით (განსაკუთრებით, ინტერვიუს სიტუაციაში), მაგალითად, მკვლევრის დამოკიდებულება, სქესი, რასა, ასაკი, პიროვნება, ჩაცმულობა, კომენტარები, პასუხები, კითხვის დასმის ტექნიკა, ქცევა, სტილი და არავერბალური კომუნიკაცია.

მონაცემების ანალიზის ეტაპზე რამდენიმე სფეროა, სადაც შეიმჩნევა არავალიდობა, რისი მინინუმამდე დაყვანა შესაძლებელია:

  • რესპონდენტების მიერ ვალიდაციის გამოყენებით;
  • მონაცემების სუბიექტური ინტერპრეტაციისთვის (მაგალითად, ნიშნების დაწერისას ზედმეტი გულუხვობა ან სიძუნწე) ანუ შედეგების სტანდარტიზაციისა და გასაშუალოების არქონისთვის თავის არიდებით;
  • ჰალოს ეფექტის შემცირებით, როდესაც მკვლევრის მსჯელობაზე გავლენას ახდენს ის, რომ იცნობს კვლევაში ჩართულ პიროვნებას ან ამ პიროვნების შესახებ სხვა მონაცემებიც აქვს;
  • მონაცემების დონის შესაბამისი სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით (მაგალითად, ინტერვალების სკალისთვის განკუთვნილი ტექნიკების გამოყენება რიგის სკალის მონაცემებისთვის, ან არასწორი სტატისტიკების გამოყენება მონაცემების ტიპის, ზომის, სირთულის, სენსიტიურობის მიხედვით);
  • მოჩვენებითი კორელაციებისა და გარეშე ფაქტორების ამოცნობით, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ მონაცემებზე (ანუ გვირაბული მხედველობა[5]);
  • თვისებრივი მონაცემების უხარისხო, მწირი კოდირებისთვის თავის არიდებით; );
  • იმაზე მეტი დასკვნებისა და განზოგადებების გაკეთებისთვის თავის არიდებით, ვიდრე ამის საშუალებას მონაცემები იძლევა;
  • კორელაციებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაიგივებისთვის თავის არიდებით;
  • მონაცემების სელექციურად გამოყენებისთვის თავის არიდებით;
  • მონაცემების არასამართლიანად დაჯგუფებისთვის თავის არიდებით (განსაკუთრებით, სიხშირეთა ცხრილების);
  • მონაცემების არასამართლიანი ტელესკოპირებისთვის (მონაცემების გაუფასურება) თავის არიდებით;
  • I და II გვარის შეცდომებისთვის თავის არიდებით.

I გვარის შეცდომა მაშინ ხდება, როდესაც მკვლევარი უარყოფს ნულოვან ჰიპოთეზას, როცა ის სინამდვილეში ჭეშმარიტია (უდანაშაულო ადამიანის გასამართლების მსგავსად: Mitchell and Jolley 1988: 121); ასეთ შეცდომასთან გამკლავება უფრო მკაცრი მნიშვნელობის დონის (მაგალითად, P< 0.01 და არა P< 0.05) დაწესებით არის შესაძლებელი. II გვარის შეცდომასთან გვაქვს საქმე, როდესაც ნულოვან ჰიპოთეზას ვიღებთ მაშინ, როცა ის სინამდვილეში არ არის ჭეშმარიტი (დამნაშავე ადამიანის უდანაშაულოდ ცნობის მსგავსად: Mitchell and Jolley 1988: 121). ბორუჰი (Boruck 1997: 211) თვლის, რომ II გვარის შეცდომა იმ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ, თუ: ექსპერიმენტულ ჩარევაზე რეაქციის საზომი არასაკმარისად ვალიდურია; ექსპერიმენტული ჩარევის საზომი არასაკმარისად რელევანტურია; ექსპერიმენტის სტატისტიკური სიმძლავრე ძალიან დაბალია; ექსპერიმენტული ჩარევისთვის სათანადო პოპულაცია არ არის არჩეული.

II გვარის შეცდომასთან გამკლავება შესაძლებელია მნიშვნელობის დონის დაწევით (მაგალითად, P< 20 ან P< 30 ნაცვლად იმისა, რომ P< 0.05). ცხადია, რომ, რაც უფრო მცირდება I გვარის შეცდომის დაშვების შანსი, მით უფრო მატულობს II გვარის შეცდომის დაშვების ალბათობა და პირიქით. თვისებრივ მონაცემებში მაშინ ხდება I გვარის შეცდომა, როცა უჯერებენ დებულებას და ის სინამდვილეში არ არის მართალი, ხოლო II გვარის შეცდომასთან გვაქვს საქმე, თუ დებულება უარიყოფა მაშინ, როცა ის სინამდვილეში მართალია.

მონაცემების წარმოდგენის ეტაპზე არავალიდობა რამდენიმენაირად შეიძლება გამოვლინდეს. ამის მინინუმამდე დასაყვანად მკვლევარმა ისეთი ზომები უნდა მიიღოს, როგორიცაა, მაგალითად:

  • თავი აარიდოს მონაცემების სელექციურად და არარეპრეზენტაციულად გამოყენებას, მაგალითად, დადებითის ხაზგასმას და უარყოფითის უარყოფას ან უყურადღებოდ დატოვებას;
  • მიუთითოს: კვლევის კონტექსტსა და პარამეტრებზე, რომელშიც ხდებოდა მონაცემების შეგროვება და ექსპერიმენტული ზემოქმედება; ნდობის დონეზე, რაც შედეგების აღწერაში შეიძლება გაკეთდეს; მონაცემების კონტექსტისგან დამოუკიდებლობაზე, ან კონტექსტით განსაზღვრულობაზე (ანუ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია შედეგების განზოგადება);
  • ისე წარმოადგინოს მონაცემები, რომ ზუსტად ის თქვას, რასაც მონაცემები ამბობენ;
  • მხოლოდ ის ამტკიცოს, რისი მტკიცების საშულაებასაც იძლევა მონაცემები;
  • თავი აარიდოს მონაცემების არაზუსტად, მცდარად წარმოდგენას (ანუ ტექნიკური ან ორთოგრაფიული შეცდომებით);
  • უზრუნველყოს, რომ კვლევის კითხვები პასუხგაცემულია; კვლევის შედეგები არც ძალიან მალე და არც ძალიან დაგვიანებით გამოაქვეყნოს.

არავალიდობის გამოვლენის შემდეგ მკვლევარს შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გატარება და მისი შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაყვანა კვლევის ყველა სფეროში.

შენიშვნები:

[1] ანთროპოლოგ კლიფორდ გერცის ტერმინია, რომელიც მოვლენების ამომწურავ აღწერას ნიშნავს მათი გაგების მიზნით.

[2]შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: კატალიზის ვალიდობა შედარებით ახალი ტერმინია და კრიტიკული სოციალური მეცნიერების სფეროს განეკუთვნება. ის ნიშნავს, რომ მკვლევარი უბიძგებს მათ, ვისაც ის სწავლობს, უკეთ გააცნობიერონ საკუთარი სიტუაცია მისი შეცვლის მიზნით.

[3]შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: პაულო ფრეირის ეს ტერმინი ნიშნავს კრიტიკული ცნობიერების ზრდას

[4]Hawthorne effect – რადგან იციან, რომ აკვირდებიან, ცდის პირების მიერ ნაჩვენები შედეგები იცვლება. (მთარგმნელის შენიშვნა).

[5]შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: გვირაბული მხედველობა ვითარდება მაშინ, როცა პერიფერიული მხედველობაა დაზიანებული და შესაბამისად, ადამიანი შეზღუდულად ხედავს

ტეგები: Qwelly, ვალიდობა, კვლევის_მეთოდები, სანდოობა, სოციოლოგია

ნახვა: 12298

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Qwelly World

free counters