ირვინგ გოფმანი თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან სოციოლოგადაა აღიარებული რადგან მან მნიშვნელოვანი თეორიული ბაზა შექმნა ინდივიდთა შორის ურთიეთობების ახსნის, სოციალური ინტერაქციისა და "მე"-ს სოციალური კონსტრუქციის სფეროში. მოცემულ რეფერატში განვიხილავ მის ნაშრომს "თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში", სადაც აღწერილია გოფმანის დრამატურგიული მიდგომა ყოველდღიურობისადმი.
თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში 1957 წელს გამოიცა და მასში ავტორმა აღწერა ის ექვსი დრამატურგიული პრინციპი, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ესენია: შესრულება, გუნდები, რეგიონები და რეგიონალური ქცევა, წინააღმდეგობრივი როლები, ხასიათის (სახის) გარეთ არსებული კომუნიკაცია და შთაბეჭდილებათა მართვა. ნაშრომში გოფმანი იყენებს დრამატურგიულ ტერმინოლოგიას და დასაწყისშივე გვთავაზობს იმ ძირითად ცნებათა დეფინიციას, რომლებსაც ის განიხილავს ზემოთ აღნიშნული შრომის ფარგლებში.
გოფმანთან "შესრულება", ანუ, პერფორმანსი, არის ინდივიდის ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ინდივიდზე(ინდივიდებზე) შთაბეჭდილების მოსახდენად. ადამიანები შესრულებით ფარავენ თავიანთ ნამდვილ სახეს და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა პერფორმანსის დადგმით ბევრ სახეს, ნიღაბს იქმნიან. მაგალითად, ინდივიდი ოჯახში შვილის, დედის და ა. შ. როლს ირგებენ, უნივერსიტეტში და სამსახურში უფრო ფორმალური ხასიათის როლებს ვხვდებით, სამეგობროში კი - ყველა ამისგან განსხვავებულს. ყველა ამ სიტუაციაში ამ ინდივიდის მიმართ განსხვავებული მოლოდინებია და ინდივიდიც მოსალოდნელი სცენარის მიხედვით მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ შესრულება ადამიანს აქცევს მსახიობად, რომელიც ასრულებს სპექტაკლს და რომელსაც აფასებს აუდიტორია.
იმის გამო, რომ ადამიანი შეიძლება მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო როლს თანაშობდეს, შემსრულებლისთვის სასარგებლოა აუდიტორიიდან იმ პირების გარიცხვა, რომლებმაც იგი სხვა და შეუსაბამო პრეზენტაციაზე ნახეს, ამიტომ, მნიშვნელობას იძენს აუდიტორიების დაცალკევების საკითხი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სიტუაცია, რომ თუ მამაკაცი, რომელიც სუფრასთან მეუღლეების სადღეგრძელოს განსაკუთრებული სითბოთი ამბობს და დიდ ორატორულ ნიჭს იყენებს იმისთვის, რომ ხოტბა შეასხას თავის მეუღლეს და გამოხატოს პატივისცემა მისდამი, უნდა მოერიდოს, რომ სუფრის წევრებმა არ ნახონ როგორ აგინებს ის თავის ასე ნაქებ მეუღლეს საყიდლებზე სიარულისას, ან სახლში მთვრალი მისვლის შემდეგ როგორ აყენებს მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, თუ მოძღვარი მრევლს ამბიონიდან ყველა ადამიანის სიყვარულისკენ, გაუკიცხავობისკენ და შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს, უნდა შეეცადოს, მრევლმა არ დაინახოს თუ როგორ მისდევს ის საცემრად, მაგალითად, სექსუალური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ადამიანს. შესრულებაზე საუბრისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ცხოვრებისეული როლის თამაშისას ინდივიდი მოითხოვს დამკვირვებლისგან, სერიოზულად მიიღონ მათ თვალწინ შექმნილი სახე. დამკვირვებლებს სთხოვენ დაიჯერონ, რომ პერსონაჟი, რომელსაც აკვირდებიან, ნამდვილად ფლობს გამოვლენილ თვისებებს.
იმისათვის, რომ შესრულება წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა, რომ შემსრულებელმა შესაბამისი გარეგნული სახე შეიქმნას. ეს გარე სახე, ძირითადად, არის გარკვეული სტერეოტიპული მოლოდინი, რომელიც აუდიტორიას აქვს შემსრულებლის მიმართ. გოფმანი ამბობს, რომ ხშირად ხდება ამ მოქმედებათა განზრახ დრამატიზირება და იდიალიზირება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ადამიანი, რომელიც შავებით იმოსება და ასე ცდილობს წარმოაჩინოს თავისი მწუხარება გარდაცვლილის მიმართ. აქ შეიძლება განვიხილოთ როგორც უშუალოდ "ჭირისუფალი", რომლის ვალდებულებაცაა იყოს მწუხარე და ატაროს შავი, სამგლოვიარო ტანსაცმელი, ასევე სამძიმარზე მისული ადამიანებიც, რომლებიც ირგებენ რა უბედურების მოზიარე ადამიანის როლს, ცდილობენ სამძიმარზე მხიარული, ნათელი ფერების ტანისამოსით არ მივიდნენ. არის აგრეთვე შემთხვევები, როდესაც მომარხულე ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება დახურული და მუქი ტანსაცმელი ატარონ და სერიოზული გამომეტყველება ჰქონდეთ. ამ დროს ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ყოველგვარი "მოლხენისაგან" თავის შეკავებას, სუფრასთან მოკრძალებით სხედან და ურთიერთობებშიც ცდილობენ მშვიდი ტონი შეინარჩუნონ. ამით ისინი ცდილობენ შეიქმნან მორწმუნის გარეგნული სახე და ამ სახით წარუდგნენ აუდიტორიას.
არის შემთხვევები, როდესაც შესრულებას არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდი, არამედ ინდივიდთა ჯგუფი წარმოადგენს, ამ დროს საქმე გვაქვს გუნდურ შესრულებასთან. შესრულების გუნდად გოფმანი მოიაზრებს იმ ინდივიდების ნებისმიერ შემადგენლობას, რომლებიც თანამშრომლობენ კონკრეტული სამუშაოს ფარგლებში. გუნდური მუშაობის დროს მის ნებისმიერ წევრს შეულია თავისი შეუსაბამო ქცევით ზიანი მიაყენოს ან სულაც ჩაშალოს შესრულება. მიუხედავად ამ რისკისა გუნდის წევრები იძულებულნი არიან ერთმანეთს ენდონ, ისინი "განდობილები" არიან და თითოეულს იმედი აქვს, რომ სხვები მოიქცევიან ისე, რომ გუნდის წინა პლანი არ შეილახოს. მაგალითად, როდესაც სტუდენტების ჯგუფი აკეთებს ჯგუფურ პრეზენტაციას ისინი იძულებულნი არიან დაიჯერონ, რომ ჯგუფის სხვა წევრები თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად შეასრულებენ და რომ მათი მოუმზადებლობა ჯგუფს საფრთხეს არ შეუქმნის წარმატებულად წარადგინოს პრეზენტაცია. თუ პრეზენტაციის მზადების პროცესში (კულისებში) რაიმე ისეთი მოხდა რაც იმ წარმოდგენას, რომ ჯგუფი კომპეტენტური/კეთილსინდისიერია, საფრთხეს უქმნის, ჯგუფის თითოეული წევრი იმედოვნებს, რომ ეს ინფორმაცია წინა პლანზე ვერ მოხვდება და დანარჩენი წევრები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამის მაგალითია როდესაც სტუდენტები, რომლებსაც ეველებათ კვლევის მომზადება რომელიმე სალექციო კურსის ფარგლებში, ვერ მოახერხებენ მთლიანად დაასრულონ საველე სამუშაოები და გადაწყვეტენ, რომ რამდენიმე ანკეტა "გააყალბონ"-თავად შეავსონ. იმისათვის, რომ შესრულებამ წარმატებულად ჩაიაროს ეს ფაქტი შესრულების წინა ხაზზე არ უნდა მოხვდეს, ამისთვის კი თითოეული წევრის მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.
ერთსა და იმავე გუნდურ შესრულებაში მონაწილე პიროვნებებს შორის, ჩვეულებრივ, ფამილარული ურთიერთობები მყარდება, თუმცა ეს ურთიერთობა მხოლოდ აუდიტორიის არყოფნისას მჟღავნდება. ის ფაქტი, რომ გუნდის წევრები ერთსა და იმავე წარმოდგენაში თამაშობენ, როგორც წესი, მაღლა წევს ჯგუფის სოლიდარობას და არაფორმალურ კავშირებს. თანაშემსრულებლებმა იციან, რომ მათ ერთმანეთთან დასამალი არ აქვთ რადგან არიან საერთო კულისებში და გაერთიანებულნი არიან საერთო აუდიტორიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა აუდიტორიის თანდასწრებით ისინი ამ ფამილარობას არ გამოხატავენ. მაგალითად, თუ ერთსა და იმავე დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლები ძალიან ახლო მეგობრები არიან, უცხო პირების თანდასწრებით ისინი ერთმანეთს მაინც ფორმალურად მიმართავენ და არ გამოიყენებენ ლაპარაკის ისეთ მანერას ან იმ კნინობით სახელებს, რომლებსაც საერთო მეგობრების წრეში, არაფორმალურ გარემოში გამოიყენებდნენ.
გუნდებს გააჩნიათ საიდუმლოებები, რომლებიც გამოყოფენ მას აუდიტორიისგან. გოფმანი აღწერს ბნელ, სტრატეგიულ და შიდა საიდუმლოებებს. ბნელი საიდუმლოებების გამჟღავნება ძალიან არასასურველი და ფაქტობრივად დამანგრეველია გუნდისათვის. მაგალითი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც საკონდიტრო საწარმო არასამარხვო პროდუქციაზე სამარხვო პროდუქტის იარლიყს აწებებს, რომ მარხვის პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელმა არ დაიკლოს. ასეთი ინფორმაციის მყიდველამდე მიღწევა სრული კრახი იქნება კომპანიისთვის, რადგან ეს მათ რეპუტაციასა და გაყიდვების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეამცირებს, სწორედ ამიტომ ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ბნელი საიდუმლო.
სტრატეგიული საიდუმლოებები არის ის ფატქები, რომლებიც გუნდის საქმიანობას ეხება. მათი წინა პლანზე გამოსვლა გუნდის წარმოდგენისთვის საშიში არ არის, თუმცა საიდუმლოდ დარჩენა საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის. სტრატეგიული საიდუმლოს მაგალითია საკონდიტრო საწარმოს მიერ გამოყენებული საიდუმლო ინგრედიენტი ნამცხვრისთვის, ან მისი მომზადების სპეციფიკური წესი.
შინაგანი საიდუმლოებები კი ყველაზე ნაკლები სიმწვავის მქონე საიდუმლოებებია. ეს არის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება გუნდის წევრების ამოცნობა. შიდა საიდუმლოებები არის ერთმანეთის როლების შესახებ ინფორმაცია ან ის, თუ რა ხდება კულისებში.
ზემოთ აღნიშნული სამი ტიპის საიდუმლო, თავის მხრივ, შეიძლება გაერთიანდეს მინდობილ ან თავისუფალ საიდუმლოებებად. მინდობილი არის საიდუმლო, როდესაც ის ჯგუფის წევრების ნებით არის განდობილი ამა თუ იმ პირთან და ეს პირი ვალდებულია არ გაამხილოს ის. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ადვოკატისა და მისი კლიენტის ურთიერთობა, რომლის დროსაც ადვოკატი ვალდებულია ბოლომდე ითამაშოს კლიენტთან ერთად მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და არავითარ შემთხვევაში არ წამოსცდეს ისეთი რამ, რაც კლიენტისგან იცის, მაგრამ კლიენტის, როგორც უდანაშაულოს სახით წარსადგენად შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.
თავისუფალი საიდუმლოებები კი შემთხვევით, დაუგეგმავად ვრცელდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც უცხო პირი შეაღწევს "კულისებში" და განზრახულად თუ შემთხვევით გაიგებს გუნდის საიდუმლოს. ამ შემთხვევაში მას არ აქვს ვალდებულება, არ გაამხილოს მიღებული ინფორმაცია, ეს კი საფრთხის ქვეშ აყენებს წარმოდგენას. სწორედ ამიტომ თავისუფალი საიდუმლოებებისგან თავდაცვა გუნდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
გუნდის საიდუმლოებებთან წვდომა შეიძლება ჰქონდეთ "მოჩვენებითი როლების" მატარებლებს - ინფორმატორებსა და "ჩამშვებებს", ასევე, გუნდისთვის მომუშავე სპეციალისტებსა და მასწავლებელ სპეციალისტებს. ინფორმატორები არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად, წინასწარ განზრახულად არიან ჩანერგილი გუნდში და მათი მისიაა გუნდის საიდუმლოებების გატანა. ჩამშვებები კი ისეთი ადამიანია, რომელიც გუნდის ჩვეულებრივ წევრად ითვლებოდა მაგრამ ფინანსური დაინტერესების ან რაიმე სხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა გუნდისთვის ღალატი და საიდუმლოებების გაცემა. ინფორმატორის პერსონაჟი ხშირად არის გამოყენებული ფილმებში, სადაც აღწერილია როგორ ცდილობს პოლიცია რომელიმე კრიმინალურ დაჯგუფებაში თავისი ინფორმანტის ჩანერგვას ინფორმაციის მოსაპოვებლად და პირიქით, პოპულარულია "ჩამშვების" პერსონაჟიც, როდესაც კრიმინალური დაჯგუფებები შეუთანხმდებიან და მოისყიდიან პოლიციის რომელიმე წევრს.
საიდუმლოებები ცნობილია იმ სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც გუნდისთვის მუშაობენ. ისინი განდობილი მესაიდუმლოები არიან რამდენადაც მათ მოეთხოვებათ საიდუმლოდ შეინახონ ის ინფორმაცია, რომელიც გუნდისთვის მუშაობის პროცესში მოიპოვეს. ასეთი სპეციალისტების მაგალითია იურისტები, რომლებიც მუშაობენ რომელიმე კომპანიისთვის და რომლებმაც იციან კომპანიის დარღვევების შესახებ მაგრამ ვალდებულები არიან ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახონ. იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც ამა თუ იმ გუნდისთვის მუშაობენ, გოფმანი გამოყოფს მასწავლებელ სპეციალისტებს, რომლებიც ეხმარებიან გუნდის წევრებს შესრულების დადგმაში და ახელოვნებენ წარმოდგენის შესრულებაში. მასწავლებელ სპეციალისტებად შეიძლება განვიხილოთ პიარ მენეჯერები ან კიდევ ფსიქოლოგები, რომლებიც მნიშვნელოვანი წარდგენების დროს შემსრულებლებისთვის წინასწარ გაწერენ ყოველ სიტყვასა და მოქმედებას, ავარჯიშებენ მათ სხეულის ენის ეფექტურად გამოყენებაში, სათანადო ტონის შერჩევაში და ა. შ.
როდესაც ორი გუნდი ერთმანეთის წინაშე ურთიერთქმედების მიზნით წარდგება, თითოეული ცდილობს ქმედების ის ხაზი გაატაროს, რომელსაც მისი გუნდი უჭერს მხარს. ისინი ცდილობენ ისეთი შეხედულება შექმნან მასზე და აგრეთვე მეორე გუნდზეც, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. იმაში დასარწმუნებლად, რომ კომუნიკაცია დადგენილ კალაპოტშია მოქცეული, თითოეული გუნდი მზადაა, ტაქტიანად და უსიტყვოდ დაეხმაროს მეორე გუნდს იმ შთაბეჭდილების შექმნაში, რასაც ეს უკანასკნელი ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ მათ გათავისებული აქვთ თამაშის პირობები და იციან, რომ სწორი შესრულებისთვის ორივე მხარის წარმატებული შესრულებაა აუცილებელი.
არსებობს ოფიციალურად მხარდაჭერილ შთაბეჭდილებასთან შეუთავსებელი ინფორმაციის გადამცემი საშუალებები, იგივე, ხასიათის მიღმა კომუნიკაციები. გოფმანი განიხილავს მათ და ასეთებად ასახელებს არდამსწრეთა განსჯას, სცენურ საუბარს, გუნდურ შეთანხმებასა და ცვლილებების გამომწვევ ქმედებებს.
არდამსწრეთა განსჯა ის პრაქტიკაა, რომელსაც გუნდის წევრები ძალიან ხშირად მიმართავენ. ეს არის აუდიტორიის ან კიდევ თანამშრომელი გუნდის დაცინვა კულისებში. მაგალითად, მასწავლებლები მშობელთა კრებაზე შეიძლება ძალიან თავაზიანები და თავდაჭერილები იყვნენ და შვილების შესახებ ინფორმაცია მშობლებამდე ტაქტიანად მიიტანონ მაგრამ კრების დასრულების შემდეგ მასწავლებელთა ოთახში უხეშად მოიხსენიონ ისინი და დასცინონ როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, რომლებსაც შვილებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. არდამსწრეთა განსჯას, როგორც წესი, აქვს ის ეფექტი, რომ გუნდის წევრების სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ ამტკიცებს, რამდენადაც აგრძნობინებს მათ, რომ ერთი და იგივე დამოკიდებულებები და შეფასებები აქვთ გარეშე პირთა მიმართ.
სცენური საუბრების დროს გუნდის წევრები ღიად განიხილავენ საკუთარ როლებს. ეს განხილვა აუცილებლად კულისებში ეწყობა და მის დროს განიხილება წარმოდგენის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, რეაქცია, რომელიც ჰქონდა აუდიტორიას. ამის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც მეგობრები გადაწყვეტენ ერთ-ერთი მეგობრისათვის საიდუმლოდ მოაწყონ დაბადების დღის წვეულება, იმ დრომდე კი ყველა მათი მოქმედება იმ მეგობრის მისამართით წინასწარ განსაზღვრულია და ერთ კონკრეტულ სცენარს მისდევს. ამ დროს ისინი აკვირდებიან ერთმანეთის წარმოდგენებს იმ მეგობართან მიმართებაში, ვისთვისაც იმართება ეს სპექტაკლი და სწავლობენ მის რეაქციებს მათ შესრულებებზე. ამის შედეგად დაბადებისდღე მოახლოვებული მეგობრის არყოფნის პერიოდში მათ შეიძლება განიხილონ თუ რა ჟღერდა დამაჯერებლად ან არადამაჯერებლად წარმოდგენაში, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე მათ მეგობარს და რა უნდა გამოასწორონ სამომავლოდ.
გუნდურ შეთანხმებაში მოიაზრება ის შიდა საქმეები, რომლებიც მხოლოდ გუნდის წევრებისთვის არის გასაგები და მიუწვდომელია აუდიტორიისთვის. გუნდურ შეთანხმებად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი ჟესტი, მიმიკა ან მოქმედება, რომელიც მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის ცნობილი (რომელსაც შეიძლება ადამიანთა სხვა ჯგუფისთვის სრულიად სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს ან საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა) და მას ეს ჯგუფი თავისი წარმოდგენის წარმატებისთვის, წინასწარ დადგენილი გარე სახის შენარჩუნებისთვის იყენებს. ასეთი გუნდური შეთანხმების მაგალითია ბანკში ოპერატორის წინასწარ შეთანხმებული მოქმედება დაცვის სამსახურთან, რითიც ეს უკანასკნელნი ხვდებიან, რომ სიტუაციაში ჩარევაა საჭირო.
არაფორმალური სახის კომუნიკაციებში ბოლო, რასაც გოფმანი განიხილავს არის ცვლილებების გამომწვევი ქმედებები. ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ მიმდინარეობს წარმატებულად და სასურველი შთაბეჭდილების შექმნა ვერ ხერხდება. ამ დროს უშუალო წარმდგენს (სპიკერს) აქვს ორი არჩევანი: სიცილი ან თვითმხილება. თუმცა ეს წარმდგენისთვის არასახარბიელო სიტუაციას ქმნის და გადამწყვეტი აუდიტორიის დამოკიდებულება - ტაქტი ხდება, რომელსაც უფრო კონკრეტულად ქვემოთ განვიხილავ. ცვლილებების გამომწვევ ქმედებად გოფმანი განიხილავს არა მხოლოდ ცალკეული შემსრულებლის ქცევას, არამედ მისი იმ თანაგუნდელის ქმედებასაც, რომელიც ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილია და რომ შეიძლება ამას უშუალო შემსრულებელი ვერც ხვდებოდეს. ამ დროს ის გუნდური შეთანხმების რომელიმე ჯესტით ან ფრაზით ცდილობს შემსრულებელს მიაწოდოს ინფორმაცია აუცილებელი ცვლილების შესახებ. მაგალითად, ფეხბურთის მწვრთნელი თუ დაინახავს, რომ მისი ტაქტიკა არ მუშაობს და სხვა მეთოდზე გადასვლაა საჭირო, მან შეიძლება გუნდის რომელიმე წევრს გუნდური შეთანხმებით დადგენილი რომელიმე ჟესტით ანიშნოს ეს და ასე მოახერხოს სიტუაციის შეცვლა. ან კიდევ თუ გუნდის ერთი წევრი გააანალიზებს, რომ სასურველ შთაბეჭდილებას მისი გუნდის სხვა წევრი აუდიტორიაზე ვერ ახდენს, მან შეიძლება მსუბუქად ჩახველებით მიიქციოს თანაგუნდელის ყურადღება და სთხოვოს მას საუბრის მოგვიანებით გაგრძელება გადაუდებელი საქმის გამო.
იმისათვის, რომ შემსრულებელმა სასურველი შთაბეჭდილება მიიღოს ის უნდა დაეუფლოს შთაბეჭდილების მართვის ხელოვნებას, რომლის პირველ პრინციპად გოფმანი ასახელებს აუდიტორიის არდაშვებას კულისებში. ეს ძალიან მნიშნელოვანია რადგან იქ არის დაუმუშავებელი ინფორმაცია, რომელსაც არ აქვს ისეთი ფორმა, რომელიც წინა ფონზე სასურველი სახის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შემდეგი პრინციპია დაიმალოს ყველანაირი არასასურველი ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ, ანუ, არ გავრცელდეს ცნობები მათი საწინააღმდეგო როლების ან როლთან შეუსაბამო გამოცდილებების შესახებ. ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ შემსრულებლები მაქსიმალურად შეეცადნონ უნებლიე ჟესტების, დაუდევრობებისა და "უდროო შეჭრების" აღკვეთას. ამისთვის მათ ძლიერი თვითკონტროლი და ზოგადად სიტუაციის კონტროლი ესაჭიროებათ.
შთაბეჭდილების მართვის ხელოვნებაზე საუბრისას გოფმანი ასევე განიხილავს იმ მიდგომებს, რომელთა საშუალებითაც ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეებისაგან დაცვა შეიძლება. ამ მიდგომებიდან პირველი დრამატურგიული ლოიალურობაა. აქ შედის ჯგუფის ძლიერი შიდასოლიდარობის ჩამოყალიბება და აუდიტორიის პერიოდული ცვლა. ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაწესებულებები. ისინი სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ აამაღლონ მათთან მომუშავე ადამიანებში გუნდისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა. მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ, ასევე, აუდიტორიის ცვლასაც. მაგალითად, საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თუ რამდენიმე თვე ერთ უბანში პატულირებენ, გარკვეული დროის შემდეგ მათ აუცილებლად უცვლიან უბანს. ეს შემსრულებელსა და პუბლიკას შორის ურთიერთობის ოფიციალურობის ფარგლებში შენარჩუნებას უწყობს ხელს და არ უშვებს მათ შორის იმ დონემდე ფამილარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შესრულების მოთხოვნილ სტანდარტს.
შემდეგი მიდგომა არის დრამატურგიული დისციპლინა, რაც გულისხმობს მოქმედების წესების გათავისებასა და ძლიერ თვითკონტროლს გუნდის წევრების მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რადგან შესრულებისთვის გადამწყვეტია, რომ გუნდის თითოეულმა მონაწილემ კარგად დაისწავლოს თავისი როლი, გაითვალისწინოს სხვისი როლები და მუდმივად აკონტროლოს საკუთარი თავი შესრულებისას. სწორედ ამის გამო დიდი ყურადღება ექცევა გუნდის შემადგებლობასა და წევრთა რაოდენობას. მიჩნეულია, რომ რაც უფრო დიდია გუნდი იმის რისკი, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს, უფრო იზრდება. ერთი შეხედვით გამოსავლად შეიძლება მივიჩნიოთ გუნდის წევრების შეზღუდვა მაგრამ გოფმანი აღნიშნავს, რომ ეს გზა ყველა შემთხვევაში არ იქნება მართებული რადგან ზოგიერთი წარმოდგენა ბევრ შემსრულებელს მოითხოვს. ამიტომ გადამწყვეტი მაინც გუნდის წევრების პროფესიონალიზმი და გუნდისადმი ერთგულება ხდება.
მესამე მიდგომად კი გოფმანი დრამატურგიულ წინდახედულობას ასახელებს. აქ შედის შესაფერისი აუდიტორიის შერჩევა და ადგილმდებარეობის ხასიათი. ავტორი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს საუბარს ტაქტზე და ტაქტზე ტაქტთან მიმართებაში.
აუდიტორიის სწორად შერჩევა შესრულების წარმატების ერთ-ერთი პირობაა. შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის რაც ერთი აუდიტორიისთვის მისაღებია, მეორისთვის შეიძლება შეუფერებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას ახალშობილთათვის განკუთვნილი ახალი პროდუქტის გასაცნობი ღონისძიებების დაგეგმვა სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ პროდუქტის პრეზენტაცია ექიმების აუდიტორიისთვის პროფესიული, კონკრეტული უნდა იყოს, მშობლებისათვის კი განსხვავებული - ნაკლებად სპეციფიკური ტერმინებით ახსნილი.
მნიშვნელობა ენიჭება შესრულების ადგილმდებარეობასაც. ბუნებრივი დეკორაცია, ანუ, ის გარემო სადაც შემსრულებლებს წარმოდგენის გამართვა მოუწევთ ხშირად სცენარზეც ავლენს ზეგავლენას. ამ დროს შემსრულებლის წინდახედულობა საჭიროა იმისთვის, რომ სწორად განისაზღვროს როლების გარემოსთან ადაპაციის შესაძლებლობა და წინასწარ იქნეს გათვალისწინებული ის შესაძლო გავლენა, რაც შეიძლება გარემომ მოახდინოს.
გოფმანთან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტაქტის ცნებასაც. ეს ეხება ორივეს - როგორც შემსრულებლის, ისე აუდიტორიის ტაქტს. თუ ადამიანი კაფეში შევა და შეკვეთის მიცემისას მასთან მივა ძველი ნაცნობი, რომელთაც დროის გატარებაც მისთვის სასიამოვნო არ არის, მას შეუძლია უთხრას მას, რომ სასწრაფო საქმის გამო არ შეუძლია კაფეში გაჩერება. მისი მხრიდან ეს იქნება ტაქტის გამოხატულება მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაქტი ტაქტთან მიმართებაში, როდესაც ის, ვისთან ერთად ყოფნაც არ მოისურვებს ყურადღებას არ გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ მათი საუბრის შემდეგ წყვეტს მისი ნაცნობი მენიუს თვალიერებას და ემზადება წასასვლელად, ან, მაგალითად, იმას, რომ მიმტანი უკვე შეკვეთის ასაღებადაა მისული.
გოფმანის მიხედვით ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნი შეიძლება ნაყოფიერად იქნეს შესწავლილი შთაბეჭდილების მართვის თვალსაზრისით. ამ დროს მნიშვნელოვანი ხდება როლებზე დაკვირვება და რეაქციები მოულოდნელი, არაადეკვატური ჩართვებისას. ამ მოსაზრების უკეთ გამოსახატავად გოფმანს შემოაქვს ტერმინი დრამატურგიული პერსპექტივა, რომელსაც ის განიხილავს მანამდე არსებულ ტექნიკურ, პოლიტიკურ, სტრუქტურულ და კულტურულ პერსპექტივებთან მიმართებაში. მისი თქმით ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნის ტექნიკური, პოლიტიკური, სტრუქტურული თუ კულტურული ხასიათისთვის დრამატურგიული მიდგომა გამოსადეგია რადგან მისი მიმართება განსაზღვროს სოციალური როლები, მოლოდინები, აუდიტორია და დეკორაცია და ამის საშუალებით შეეცადოს სასურველი შთაბეჭდილების შექმნას თითოეული მათგანისთვის მომგებიანი და ნაყოფიერია.
საბოლოო ჯამში გოფმანის ძირითადი ინტერესი ამ ნაშრომის ფარგლებში შეიძლება შეჯამდეს, როგორც "იმ მოვლენების სტრუქტურა სოციალურ ცხოვრებაში, რომლებიც ცოცხლდებიან, როდესაც პიროვნებები უშუალოდ, ფიზიკურად იმყოფებიან ერთმანეთის წინაშე. ამ სტრუქტურის გადამწყვეტ ფაქტორს სიტუაციის რაიმე ერთი დეფინიციის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამასთან, ეს მხარდაჭერა გამოხატული უნდა იყოს და ეს გამოხატვა მრავალი პოტენციური დარღვევისა და განხეთქილების მიუხედავად უნდა შედგეს. " ეს გულისხმობს ზემოთჩამოთვლილ ყველა ფაქტორს: როლებს, შემსრულებლებს, სცენას, კულისებს, აუდიტორიას, დეკორაციას და შთაბეჭდილებას, რომელიც თამაშის შედეგად უნდა შეიქმნას. გოფმანის ეს ნაშრომი არის საშუალება დადგინდეს სპექტაკლზე თამაშის წესები - თუ ინდივიდს მსახიობთა გუნდის წევრად განვიხილავთ და ასევე აუდიტორიისთვის ეტიკეტი - თუ ინდივიდი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისზე შთაბეჭდილების მოსახდენადაც კონტორლდენა წინა ფონი და იმალება კულისები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს ამ ორივე სიტუაციაში ყოფნა უწევთ და ეს წიგნიც, ვფიქრობ, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გარშემო არსებული სიტუაციისა და საკუთარი ქცევების უკეთ გაანალიზების საშუალებას აძლევს მკითხველს.
ლიკა ოქროპირიძე
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი
მომზადდა კურსისთვის "ყოველდღურობის ანთროპოლოგია"
2014-2015 წლის შემოდგომის სემესტრი
ტეგები: Qwelly, ილიაუნი, ირვინგ_გოფმანი, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2024.
საათი: 5:40am
0 კომენტარი
0 მოწონება
The development process that is led by players has kept the majority players content and even seen old content come back. A few days ago, Old School RuneScape announced the return of Bounty Hunter, a popular PvP game mode that was deleted a couple of years back. OSRS gold announced details on their official website with the information for the 10th Birthday event. The event will be played right away, and will run through March 15. So, players who…
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
6. Evaluating Recruits’ Potential
Attribute Analysis: Look beyond star ratings and evaluate individual attributes that align with your system’s needs. Consider how well a recruit's skills fit into your offensive and defensive strategies.
Potential Ratings: Assess potential ratings to determine how much a player could improve over their college career. Players with high potential may take time to develop but can be worth the investment.
Position Needs: Prioritize recruits who…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Structure of ‘Discovering Aeternum’
The Discovering Aeternum series is divided into three distinct phases: Arrive, Survive, and Thrive. Each phase is meticulously crafted to guide players through their journey in Aeternum, providing essential knowledge and strategies at every step.
1. Arrive: Laying the Foundation
The first phase, Arrive, is all about grounding new players in the strange and mysterious world of Aeternum. The first two episodes, titled Arrive and Azoth,…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
As the mists of time part and the echoes of nostalgia resound once more, World of Warcraft aficionados eagerly anticipate the arrival of Cataclysm Classic, a journey back to a pivotal moment in Azeroth's history. With the unveiling of the launch schedule, players are primed to embark on a new adventure, braving the remade landscapes of a world forever changed by the cataclysmic return of Deathwing.
Weeks after the release of the pre-expansion patch, which introduced a…
გაგრძელება© 2024 George. •