ეთნიკური წინარწმენა და დისკრიმინაცია ევროპაში

ანდრეას ზიკი
ბილეფილდის უნივერსიტეტი

თომას ფ. პეტიგრიუ
კალიფორნიის უნივერსიტეტი

ულრიხ ვაგნერი
ფილიპის უნივერსიტეტი

      ეს სტატია წარმოადგენს ევროპაში წინარწმენისა და დისკრიმინაციის კვლევის შესავალს. პირველ რიგში, ჩვენ ჩამოვთვლით ევროპული პერსპექტივის გამორჩეულ მახასიათებლებს და გავაკეთებთ ევროპის იმიგრაციისა და ეთნიკური ჯგუფების მოკლე მონახაზს. ევროპა მრავალკულტურული საზოგადოება გახდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრი და კონტინენტის პოლიტიკა ხშირად არ ასახავს ამ ემპირიულ ფაქტს. იმიგრანტებისადმი მიმართული წინარწმენა და დისკრიმინაცია ფართოდ გავრცელებული ფენომენია მთელ ევროპაში. რამდენიმე კროს-ევროპული კვლევა მხარს უჭერს ამ დასკვნას, თუმცა, თეორიებით გამყარებული კვლევები ევროპაში წინარწმენისა და დისკრიმინაციის შესახებ მაინც იშვიათია. კროს-ევროპული კვლევები შეისწავლის წინარწმენისა და დისკრიმინაციის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს და ცდილობს, გამოავლინოს ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ახსნის ეთნიკური ჯგუფების უგულებელყოფისადმი ინდივიდუალურ მზაობას. აქ მოყვანილია ევროპის უახლესი კვლევების მოკლე მონახაზი. გთავაზობთ როგორც მნიშვნელოვან კროს-ეროვნულ პერსპექტივებს, ასევე, შედარებებს შეერთებულ შტატებში რასობრივი წინარწმენისა და დისკრიმინაციის უფრო ფართოდ შესწავლილ მაგალითებთან.

რატომ ამახვილებს ეს გამოცემა ყურადღებას ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე ევროპაში?

      მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობებს, არაერთხელ დაადასტურეს ეთნიკური ურთიერთობების დამოკიდებულება საზოგადოებრივ კონტექსტზე (Trickett, Watts, & Birman, 1994). ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში ჩრდილოეთ ამერიკის საკითხები დომინირებს, განსაკუთრებით, შავკანიან-თეთრკანიანთა ურთიერთობების უნიკალური შემთხვევა. წინამდებარე გამოცემა ამ პრობლემას ევროპის მასშტაბით ჯგუფთაშორის ურთიერთობებში წინარწმენისა და დისკრიმინაციის მრავალფეროვანი კვლევებით უპირისპირდება.

      რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ევროპაზე? პირველი, როგორც ამ გამოცემის სტატიებიც მეტყველებს, ბოლო წლების განმავლობაში მთელ კონტინენტზე ერთბაშად დაგროვდა ჯგუფთაშორისი ურთიერთობების კვლევები. ეს ლიტერატურა არ ყოფილა ფართოდ ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ ამერიკის სოციალური მეცნიერებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცემა მნიშვნელოვან კვლევით ლიტერატურას უფრო ფართოდ ცნობილსა და ხელმისაწვდომს გახდის.

      მეორე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის აშკარა მსგავსება უფრო ზედაპირულია და მათ შორის დიდი განსხვავებები არსებობს. ევროპულ ეთნიკურ კვლევებზე ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ ერთი კულტურული კონტექსტიდან მეორეზე გადასვლას ნიშნავს, ის, აგრეთვე, წარმოაჩენს სრულიად განსხვავებულ ისტორიულ წარსულს, რომელიც გავლენას ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელ დებატებზეც კი ახდენს. ევროპას კოლონიზაციის უფრო ხანგრძლივი და დიდი ისტორია ჰქონდა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებში იყო მონობა – ევროპისთვის უცნობი ფენომენი შუა საუკუნეების შემდეგ. გარდა ამისა, ევროპაში არასდროს ყოფილა სამოქალაქო უფლებების ისეთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომელსაც, ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ედგებოდნენ სათავეში, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო 1960-იან წლებში. ამის ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ევროპის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც წესი, ძალიან შეზღუდული პოლიტიკური გავლენა აქვთ (ERCOMER, 1997).

      უფრო მეტიც, მე-20 საუკუნის ევროპამ ორი საშინელი ომი გადაიტანა თავის ტერიტორიაზე, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სრული განახლება მოჰყვა. ამგვარად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ომის დასასრული, აღმოსავლეთის ბლოკისა და დასავლეთის ნატოს კოალიციის პოლარიზაცია და ევროპული თანამეგობრობის (დღევანდელი ევროკავშირი) ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრა ეროვნებათშორისი ურთიერთობები და დაადგინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მილიონობით არა ევროპელის მიგრაციის კონტექსტი. კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ ჰოლოკოსტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეთნიკური ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპაში, განსაკუთრებით კი – გერმანიაში.

      სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს კონტინენტებს შორის. კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, ევროპის ქვეყნები მაინც არ თვლიან საკუთარ თავს მიგრაციულ ქვეყნად. მრავალი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, იმიგრაციას ახალ მოვლენად მიიჩნევს და იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რეალურად საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა იმიგრაცია. ეს ფაქტი გვეხმარება, ავხსნათ ევროპული ეროვნებების ხშირად უსაფუძვლო კატეგორიზაცია. აქედან გამომდინარე, 1960-იანი და 1970-იანი წლების იმიგრანტების შვილები და შვილიშვილები ჯერ კიდევ ხშირად მიიჩნევიან უცხოელებად. ეს აღქმა გავლენას ახდენს მოქალაქეობის პოლიტიკაზე (Martiniello, 1995). ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, იმიგრანტების და მათი შთამომავლობის უმრავლესობა მაშინაც კი არ იღებს მოქალაქეობას, თუ ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ამ ქვეყანაში. სხვა სახელმწიფოებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, იმიგრანტების მესამე თაობას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, მაინც ხშირად მიიჩნევენ უცხოელებად.

      მესამე, ევროპის ნაწილები გაერთიანებულია ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ჰეტეროგენულია; როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, არსებობს გარკვეული დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ფონის ცვლადები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის.[1]

ცხრილი 1. შერჩეული დემოგრაფიული ფაქტები და შეფასებები ევროპაში კეთილდღეობისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ


შენიშვნა. (a) Eurostat-ის შეფასებით; (b) დროებითი; (c) 2002, Eurostat; (d) ეკონომიკური საქმიანობის საზომი; განისაზღვრება, როგორც ყველა წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას გამოკლებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც გამოყენებულია მათი შექმნისას. მშპ-ს მოცულობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის სტანდარტების (PPS) მიხედვით, გამოსახული ევროკავშირის (U-27) საშუალოსთან შედარებით, რომელიც 100-ის ტოლია. თუ ქვეყნის ინდექსი 100-ზე მაღალია, ამ ქვეყნის მშპ ერთ სულზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალია და პირიქით. ძირითადი მონაცემები გამოხატულია PPS-ში, რომელიც არის ერთიანი ვალუტა, გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონეებში განსხვავებებს და საშუალებას იძლევა, ქვეყნებს შორის მშპ-ს აზრიანი შედარებები გავაკეთოთ; (e) პროგნოზი; (f) წყვეტა სერიაში; (g) იმ ადამიანთა წილი, რომელთა გათანაბრებული შემოსავალი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, რომელიც წარმოადგენს ეროვნული მედიანური გათანაბრებული შემოსავლის 60%-ს (სოციალური ტრანსფერების შემდეგ) (Eurostat-ის მონაცემები); (h) Eurostat-ის შეფასებით; (i) ევრობარომეტრი 62.1, 2004; (j) საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდი, კვლევა 2003; სკალაზე 1 "ძალიან უკმაყოფილოდან" 10 "ძალიან კმაყოფილამდე" საკუთარი საცხოვრებელი სტანდარტის საშუალო მნიშვნელობა (იხილეთ აგრეთვე საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდი, 2004); (k) 2002.

      გარდა ამისა, ევროკავშირს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მკვეთრად განსხვავებული მმართველობის სტრუქტურები აქვს. გასაკვირი არ არის, რომ ევროპას ჯერ კიდევ არ აქვს საყოველთაოდ მიღებული საერთო იდენტობა. ეროვნული იდენტობები კვლავინდებურად მტკიცეა. კერძოდ, ძირითადი იდენტობა არის ბერძენი, შვედი, ირლანდიელი ან ფრანგი – არა ევროპელი. ამ რეგიონული იდენტიფიკაციის ერთი შედეგია ჯგუფებს შორის შედარება. როგორც წესი, ევროპელები საკუთარ თავს არა მხოლოდ არაევროპელებისაგან გამოარჩევენ, როგორც აშშ-ს მოქალაქეები გამოარჩევენ საკუთარ თავს არამოქალაქეებისაგან, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ადარებენ თავს (Breakwell & Lyons, 1996). ამდენად, რეგიონალიზაციისა და დიფერენცირების გავლენას ეთნიკურ ურთიერთობებზე აქ უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში – გარდა ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურესი სამხრეთისა.

      ამ ბევრი მიზეზის გამოა, რომ ევროპაში ეთნიკური ურთიერთობების კვლევები გვაძლევს სოციალური კონტექსტების მრავალფეროვნებას, რომლებიც ამოწმებს, თუ რამდენად აყალიბებს საზოგადოებრივი პროცესები ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების სოციალურ-ფსიქოლოგიურ პროცესებს (ასევე იხილეთ Pettigrew, Wagner, & Christ, იბეჭდება). სანამ ცალკეული სტატიების განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ დავახასიათოთ იმიგრაცია ევროპაში.

იმიგრაცია და ემიგრაცია ევროპაში

      მილიონობით ახალი იმიგრანტისთვის ევროპა მულტიკულტურული სივრცე გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში დაიწყო მნიშვნელოვანი შრომითი მიგრაცია მისი ყოფილი კოლონებიდან, ისევე, როგორც შიდა მიგრაცია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. 1950-იან და 1960-იან წლებში სწრაფად განვითარებადი ევროპა მილიონობით "მოწვეული მუშით" აივსო. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეწყვიტეს ამ მუშახელის დაქირავება 1970-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, იმიგრანტები მაინც მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ (Jackson, Brown, & Kirby, 1998). 1970-იან წლებში სამხრეთ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო მნიშვნელოვანი საიმიგრაციო ნაკადები, როდესაც მიგრანტები დასავლეთ ევროპაში იოლად ვეღარ აღწევდნენ.

      მსოფლიოს იმიგრანტების უმეტესობა ევროპაში (დაახლოებით 56 მილიონი), აზიაში (50 მილიონი) და ჩრდილოეთ ამერიკაში (42 მილიონი) ცხოვრობს (გაერო, 2002, იხილეთ ასევე ცხრილი 1 მიგრაციის რაოდენობისთვის). 1990 წლის შემდეგ ევროპის ყველა ქვეყანას, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და ისლანდიის გარდა, ჰქონდა უფრო მეტი იმიგრაცია, ვიდრე ემიგრაცია. ევროპაში რთულია სრულყოფილი ეთნიკური მონაცემების მოპოვება ოფიციალური სტატისტიკისა და ეთნიკური განმარტებების განსხვავებულობის გამო. მაგალითად, რუმინეთიდან და რუსეთიდან გადმოსახლებული გერმანული წარმოშობის ადამიანები არ ითვლებიან იმიგრანტებად გერმანიაში (Zick, Wagner, van Dick, & Petzel, 2001). მიუხედავად ამისა, Eurostat-მა, ევროკომისიის სტატისტიკის სამსახურმა, გამოთვალა, რომ 2001 წელს გერმანიას ჰქონდა იმიგრაციის ყველაზე მაღალი დონე როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან (879 217), ისე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან (564 669), მას მოსდევდა ესპანეთი (414 772 / 343 960), დიდი ბრიტანეთი (372 206 / 209 234), იტალია (226 968 / 182 034), ნიდერლანდები (133 404 / 72 095) და ევროკავშირის არა-წევრი შვეიცარია (122 494 / 80 079). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ალბათ, გაცილებით ნაკლებია მიგრაცია, თუმცა, იმ ქვეყნებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ შევიდნენ ევროკავშირში, შეიძლება, ახლა უფრო მაღალია მიგრაციის დონე.

      არაევროპელი იმიგრანტების საშუალო რაოდენობა – კონტინენტის საერთო მოსახლეობის 5% – შეიძლება, მცირედ მოგვეჩვენოს ისეთ მულტიკულტურულ საზოგადოებებთან შედარებით, როგორიცაა კანადა, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ან, თუნდაც, რუანდა (იხილეთ Dovidio & Esses, 2001). მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (O.E.C.D.; 2003) ცნობით, ევროკავშირში მიგრანტების წლიური შემოდინება (1 310 600) აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების (849 800), კანადის (227 200), ავსტრალიის (92 300) და ახალი ზელანდიის (38 300) მიგრანტების შემოდინების მაჩვენებელს, ერთად აღებულს.

      თუმცა, იმიგრაციის სურათში სრულად გასარკვევად, ემიგრაციაც უნდა გავითვალისწინოთ. O.E.C.D. აღნიშნავს, რომ ემიგრაციის სიხშირე საკმაოდ მაღალია გერმანიაში (562 400), შვეიცარიაში (55 800), ავსტრიაში (44 400), ბელგიაში (35 600). ცხრილი 2 გვაძლევს ეროვნული იმიგრაციისა და ემიგრაციის რაოდენობათა შედარების საშუალებას.

ცხრილი 2. მოსახლეობის რაოდენობა და მიგრაციის მაჩვენებლები კონტინენტზე ათასობებში და მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა


შენიშვნა. 1990-1995 და 1995-2000 წლების წლიური საშუალო; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო მონაცემები (2002).

      გარდა პირველი თაობის იმიგრანტებისა, ევროპაში ახლა იმიგრანტების მილიონობით შთამომავალი ცხოვრობს და მილიონობით ევროპელი გადაკვეთს ევროკავშირის ღია საზღვრებს. განსხვავებული ჯგუფების ფართო სპექტრი – თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები, ლეგალური და არალეგალური მუშები, დროებითი მაცხოვრებლები, ტურისტები, საერთაშორისო სტუდენტები, გადმოსახლებულები, მეორე და მესამე თაობის იმიგრანტების შთამომავლები და მრავალი სხვა – შეადგენენ თანამედროვე ევროპას. ეს სურათი კიდევ უფრო მრავალკულტურული გახდა 2004 წელს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნის, მალტისა და კვიპროსის შესვლით. მრავალფეროვნება კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ევროკავშირი კვლავ გაფართოვდება.

საზოგადოების რეაქცია და კროს-ევროპული კვლევები

      ევროპა მრავალგვარი გზით გამოეხმაურა ამ მძაფრ ცვლილებას, დაწყებული სრული მიღებით და დასრულებული წინარწმენით, დისკრიმინაციითა და ძალადობით (Pettigrew, 1998a, 1998b; Pettigrew et al., 1998). მედია, სამთავრობო ინსტიტუციები და სოციალურ მეცნიერებათა კვლევები, ყველა აღნიშნავს უმცირესობათა მძიმე და უწყვეტ დისკრიმინაციას ევროპაში. იმიგრანტები წინარწმენისა და დისკრიმინაციის კონკრეტული სამიზნეები არიან (Wagner, Christ, & Heitmeyer, იბეჭდება). განსაკუთრებით ეკონომიკური რეცესიის დროს, დასავლეთ ევროპაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ხშირად უცხოელ მუშებს ადანაშაულებდნენ. და თითქმის არავინ აღიარებს, რომ სწორედ იმიგრაციამ გახადა შესაძლებელი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური აღდგენა ომის შემდგომ.

      არასდროს არსებულა ერთიანი ევროპული საიმიგრაციო პრაქტიკა (Noiriel, 1994). და მართლაც, ტერმინი "მოწვეული მუშა" გულისხმობს დროებით, დაბალ-სტატუსიან პოზიციას საზოგადოებაში. კვლევები დოკუმენტურად ადასტურებს ამ პოლიტიკის უწყვეტ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. ევრობარომეტრმა 48 აჩვენა, რომ 1997 წელს ევროკავშირის მცხოვრებ ევროპელთა 45% ფიქრობდა, რომ "ძალიან ბევრი" უცხოელი ცხოვრობს მათ ქვეყანაში (საბერძნეთი 71%, ბელგია 60%, იტალია, 53%, გერმანია 52%, ავსტრია 50%, საფრანგეთი 46%, დანია 46%, დიდი ბრიტანეთი 42%, ჰოლანდია 40 %, შვედეთი 38%, ლუქსემბურგი 33%, პორტუგალია 28%, ესპანეთი 20%, ირლანდია 19% და ფინეთი 10%). 2002 წელს, ევრობარომეტრმა 57 აჩვენა, რომ მოსახლეობის 15%-ის აზრით, იმიგრანტების ეთნიკური დისკრიმინაცია არაა გაუმართლებელი (Marsh & Sahin-Dikmen, 2003). ევროპის სოციალურმა კვლევამ 2002 წელს დაადასტურა, რომ ეთნიკური წინარწმენა და დისკრიმინაცია ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ამავე კვლევაში გამოვლინდა მკვეთრი განსხვავებები ევროპის ქვეყნებს შორის. სურათი 1 გვიჩვენებს საშუალო შეფასებას მოსაზრებისა, რომ "იმიგრანტები [სამშობლოს] უარეს ან უკეთეს ადგილად გადააქცევენ" 11 პუნქტიან სკალაზე.

      ეს გამოკითხვები ერთჯერადია და შეზღუდულია იმით, რომ გვთავაზობს მოსაზრებების მხოლოდ იმწუთობრივ სურათს. წინარწმენისა და დისკრიმინაციის ლონგიტუდური კვლევები საჭიროა, მაგრამ ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს. ევროპაში წინარწმენის შესახებ არსებული მონაცემების უმეტესობა მიღებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საზომისა და სამიზნე ჯგუფების გამოყენებით ჩატარებული დაუკავშირებელი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევებიდან. წინარწმენის კროს-ევროპული კვლევები, როგორიცაა ევროკავშირის ევრობარომეტრი და ევროპის სოციალური კვლევა, შედარებით ახალია. უმეტესწილად, მათ აკლია თეორიული ჩარჩოები კულტურათშორისი შედარებისთვის. შესაბამისად, უნიკალური ევროპული მონაცემები მხოლოდ ახლა ჩნდება.

      როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპის კროს-ეროვნული კვლევაც აჩვენებს, რომ საჭიროა წინასწარრწმენისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოხატულების გათვალისწინება. კერძოდ, ბოლოდროინდელ ნაშრომებს მოძველებული და თანამედროვე რასიზმის განსხვავება ასაზრდოებს (MacMaster, 2001; Pettigrew et al., 1998). 1988 წლის ევრობარომეტრის 30 გამოყენებით პეტიგრიუმ და მირტენსმა (1995) შეიმუშავეს წინარწმენის ორი სხვადასხვა საზომი. აშკარა წინარწმენების სკალა ორი კომპონენტისგან შედგება – ერთია საფრთხის და უარყოფის ფაქტორი (მაგ., "დასავლეთ ინდოელები იკავებენ ბრიტანელების წილ სამუშაო ადგილებს."), მეორეა ინტიმური სიახლოვის ფაქტორი (მაგ., "მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ თურქი, რომელსაც ჩემი მსგავსი ეკონომიკური ფონი აქვს, ჩემი ოჯახის წევრზე დაქორწინდება.").


სურ. 1. საშუალო დათანხმება პუნქტზე "იმიგრანტები გადააქცევენ (რესპონდენტთა ქვეყანას) უარეს ან უკეთეს ადგილად" ევროპის სოციალურ კვლევაში 2002 წელს (0 = უარესი ადგილი, 10 = უკეთესი ადგილი).

      ამდენად, დაუფარავი წინარწმენა არის უფრო ტრადიციული ფორმის – ახლო, მძაფრი და პირდაპირი. პირიქით, ფარული წინარწმენა თანამედროვე ფორმაა – შორეული, მშვიდი და არაპირდაპირი. ეს ახალი ფორმა უკვე კარგადაა შესწავლილი და გადამოწმებული მთელ დასავლურ სამყაროში. ფარული წინარწმენის სკალას აქვს სამი კომპონენტი, რომლებიც, თითქოსდა, არ არის აშკარად რასისტული. პირველია ტრადიციული ღირებულებების ფაქტორი (მაგ., "აქ მცხოვრები აზიელები ასწავლიან შვილებს ღირებულებებსა და უნარებს, რომლებიც განსხვავდება საფრანგეთში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარებისაგან."). მეორე კომპონენტი გარე ჯგუფის შეხედულებებს წარმოგვიდგენს, როგორც შიდა ჯგუფისგან კულტურულად უკიდურესად განსხვავებულს. ფარული სკალის საბოლოო კომპონენტი გულისხმობს გარე ჯგუფის თანაგრძნობასა და მისით აღფრთოვანებაზე უარის თქმას. გაითვალისწინეთ, რომ ეს კომპონენტი ამოწმებს დადებითი ემოციების უარყოფას და არა უარყოფითი ემოციების – შიში, შური, სიძულვილი – გამოხატვას, რომლებიც დაკავშირებულია აშკარა წინარწმენასთან. მკვლევრებმა წარმატებით გამოიყენეს ეს ორი სკალა და მოახდინეს მათი ადაპტირება მრავალფეროვან ევროპულ ერებსა და ჯგუფებს შორის სიტუაციებში – მათ შორის, ავსტრალია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (Arcuri & Boca, 1999; Hamberger & Hewstone, 1997; Hightower, 1997; Pedersen & Walker, 1997; Pettigrew, 1997; Pettigrew et al., 1998; Rattazzi & Volpato, 2001; Rise, Haugen, Klinger, & Bierbrauer, 2000; Rueda & Navas, 1996; Six & Wolfradt, 2000; Vala, Brito, & Lopes, 1999; Villano, 1999; Volpato & Rattazzi, 2000; Wagner & Zick, 1995; Zick et al., 2001). ამ გამოცემის რამდენიმე სტატიაში გამოყენებულია დაუფარავი და ფარული წინარწმენის ეს სკალები.

      ევროპული ნაშრომების კიდევ ერთი ძირითადი თემა ეხება კავშირებს წინარწმენის სოციალურ სტრუქტურულ, პოლიტიკურ და ინდივიდუალურ დეტერმინანტებს შორის (Wagner et al., იბეჭდება). ეს კვლევები ეხება იმიგრაციის მიერ გამოწვეულ პოტენციურ საფრთხეს და ამ აღქმული საფრთხის შედეგად მიღებულ წინარწმენას. მაგალითად, ჰელომ, შეპერსმა და მეროვემ (2002) გააანალიზეს რელიგიური და მორალური პლურალიზმის კროს-ეროვნული კვლევის მონაცემები ევროპის 11 ქვეყანაში. მათი ანალიზი აჩვენებს, რომ უნგრეთში ეთნიკური წინარწმენა ყველაზე მაღალია (საშუალო = 3.94; მაქსიმუმი = 7), მას მოსდევს პოლონეთი (3.56), იტალია (3.22) და ბელგია (3.11). უფრო საინტერესოა მათი დასკვნები განათლებისა და წინარწმენის კავშირთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევებით არაერთხელ დადგინდა, რომ ნაკლებად განათლებულები უფრო გამოირჩევიან წინარწმენებით (Wagner & Zick, 1995). მიუხედავად ამისა, ეს კვლევები აჩვენებს, რომ განათლების გავლენა შედარებით სუსტია აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიულ სისტემებში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ხანგრძლივ დემოკრატიულ სისტემებში (იხილეთ Coenders & Scheepers, 2003; და Hjerm, 2001 შედეგების შესადარებლად საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის პროგრამასთან – ISSP.). გარდა ამისა, რაც უფრო რელიგიური და ჰეტეროგენულია ქვეყანა, მით მცირეა განსხვავებები განათლებაში ჯგუფებს შორის. არც უმუშევრობის დონე და არც სხვა ეროვნების მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი ახდენდა გავლენას განათლებასა და წინარწმენას შორის დამოკიდებულებაზე. ეს შედეგები ცხადჰყოფს, რომ კროს-კულტურული განსხვავებები ტოლერანტული ღირებულებების გადაცემაში ნაწილობრივ ხსნის განათლების ეფექტებს წინარწმენაზე.

      კიონდერსი და შეპერსი (1998) აღნიშნავენ ეთნიკური კონკურენციის თეორიის მნიშვნელობას. ნავარაუდევია, რომ აღქმული ეთნიკური კონკურენცია შემდეგ დადებითად დაუკავშირდება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მზარდ რაოდენობას, რომლებსაც ერთი და იგივე შეზღუდული რესურსების გამო აქვთ კონკურენცია, ან შეზღუდული რესურსების მცირე რაოდენობას, რომელთა გამო ერთი და იმავე რაოდენობის ხალხს აქვს კონკურენცია. ამ თეორიის მიხედვით, შეზღუდული რესურსების შედარებით სტაბილური დონის დროსაც კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა შეიძლება, გამოიწვიონ საფრთხის აღქმა. ეთნიკური კონკურენციის თეორია, მისი ჰიპოთეზით, რომ წინარწმენა არის რეალური ჯგუფური კონფლიქტების პირდაპირი გამოვლინება, საკმაოდ პოპულარულია ევროპის პოლიტიკურ დებატებში.

      კუნოვიჩმა (2002, 2004) შეამოწმა ჯგუფური საფრთხის თეორიის დაშვება, რომ სოციალური სტრუქტურის ცვლადების გავლენა უფრო ძლიერია იმ ქვეყნებში, სადაც მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა და უფრო ცუდი ეკონომიკური პირობები. ამის კონკურენტი ჰიპოთეზის თანახმად კი სოციალური სტრუქტურის ცვლადების გავლენა უფრო სუსტია იმ ქვეყნებში, რომლებში მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა და უფრო ცუდი ეკონომიკური პირობები. კუნოვიჩმა ხელახლა გააანალიზა ISSP 1995 წლის მონაცემები და გამოიყენა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის 17 ქვეყნის, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის, ოკეანიისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების მონაცემები. ინდივიდუალური რესპონდენტებისთვის მან შეიმუშავა იმიგრანტებისკენ მიმართული წინარწმენის სკალა და გაზომა სოციალური ლოკაციის ისეთი ცვლადები, როგორიცაა შრომის ბაზარზე პოზიცია, განათლება და შემოსავლები. ქვეყნის დონეზე, მან შემოიღო იმიგრანტთა ფარდობითი ჯგუფის ზომის ინდექსი და გააკონტროლა ეკონომიკური პირობების მიხედვით. კუნოვიჩმა აჩვენა, რომ სოციალური სტრუქტურის ცვლადებს, გარდა სიღარიბისა, უფრო ძლიერი გავლენა აქვთ წინარწმენაზე დასავლეთ ევროპაში, ვიდრე აღმოსავლეთში. ჯგუფური საფრთხის თეორიის თანახმად, ქვეყნებში, რომლებშიც მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა, წინარწმენა მეტი უნდა იყოს. მაგრამ თუ ქვეყნის დონის სხვა ცვლადებიც შედის ანალიზში, იმიგრანტი მოსახლეობის რაოდენობის ეფექტი ქრება. საფრთხის თეორიის საპირისპიროდ, ცუდი ეკონომიკური პირობების მქონე ქვეყნებში იმიგრანტი მოსახლეობას რაოდენობის ეფექტები მნიშვნელოვნად დაბალია. ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმიგრანტების რაოდენობა, ან მათი თანაფარდობა. უფრო მეტიც, მძიმე ეკონომიკურ პირობებს ბევრად უფრო ძლიერი ეფექტი აქვს წინარწმენაზე აღმოსავლეთ ევროპაში, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.

      შემდგომი კვლევა გვეხმარება საფრთხის თეორიის ამ აშკარა ფალსიფიკაციის ახსნაში. უახლეს კვლევებში, 1996 წლის გერმანიის ზოგადი სოციალური გამოკითხვის გამოყენებით გაზომეს იმიგრანტთა რეალური წილი პატარა რაიონებში, იმიგრანტთა აღქმული წილი, აღქმული საფრთხე იმიგრანტების მხრიდან და დამოკიდებულებები იმიგრანტების მიმართ (Semyonov, Raijman, Tov, & Schmidt, 2004). ურთიერთდამოკიდებულება არ აღმოჩენილა იმიგრანტთა ფაქტობრივ წილსა და აღქმულ საფრთხეს, ან იმიგრანტების საწინააღმდეგო დამოკიდებულებას შორის. მაგრამ იმიგრანტთა აღქმული წილი კორელაციაში იყო ორივესთან, აღქმულ საფრთხესთანაც და იმიგრანტების საწინააღმდეგო დამოკიდებულებასთანაც. გასაკვირია, მაგრამ იმიგრანტების ფაქტობრივი პროცენტული წილი და აღქმული პროცენტული წილი თითქმის არ უკავშირდება ერთმანეთს. გაითვალისწინეთ, რომ საფრთხე, როგორც სოციოლოგიური თეორია ამტკიცებს, მედიატორია აღქმულ წილსა და წინარწმენას შორის. მაგრამ იმიგრანტთა სწორედ აღქმული – და არა რეალური – წილი არის საფრთხისა და იმიგრანტების საწინააღმდეგო მოსაზრებების მთავარი პრედიქტორი.

      იმიგრანტი მოსახლეობის უფრო დიდ წილს, კონტაქტების გაზრდის გზით, წინარწმენის შემცირებაც კი შეუძლია. მაგალითად, ვაგნერმა, ქრაისტმა, პეტიგრიუმ, ენდვულფმა (2006) აჩვენეს, რომ გერმანულ რაიონში უცხოელი მოსახლეობის უფრო დიდი წილი იწვევს ჯგუფებს შორის კონტაქტების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდას. ეს ჯგუფთაშორისი კონტაქტი კი, თავის მხრივ, ამცირებს ეთნიკური გარე ჯგუფების უარყოფას. მსგავსი შედეგები წარმოადგინეს ჰამბერგერმა და ჰიუსტონმა (1997) და პეტიგრიუმ (1997), რომელთაც გვაჩვენეს, რომ ევროპული გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე, ახლო მეგობრების ყოლა სხვა კულტურული ჯგუფიდან ამცირებს დომინანტური ჯგუფის წევრების წინარწმენებს. მაკლარენმაც (2003) აღმოაჩინა თავის კროს-ევროპულ კვლევაში, რომ კონტაქტი და აღქმული ჯგუფური საფრთხე წინასწარმეტყველებს წინარწმენას ევროპაში.

      მეორე კროს-ევროპული კვლევა, საფრთხის როლის გარდა, სოციალურ იდენტობასაც ეხება. რამდენიმე ევროპული კვლევა მიუთითებს, რომ ძლიერი ეროვნული იდენტობის მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად აქვთ წინარწმენის და დისკრიმინაციის მიდრეკილება (Billiet, Maddens, & Beerten, 2003; Kirch, Kirch, Pettai, & Tuisk, 1997; Maddens, Billiet & Beerten, 2000; Triandafyllidou, 2000; Verkuyten & Hagendoorn, 1998; Weiss, 2003). მაგრამ იდენტიფიკაციის სხვა ფორმები ეხება ჯგუფებს შორის მიღებას. ამდენად, იმ რესპონდენტებს, რომლებიც თავს ევროპელად "გრძნობენ" და ხშირად ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორც ევროპელზე, უფრო ნაკლები წინარწმენები აქვთ იმიგრანტების წინააღმდეგ (Becker, Wagner, & Christ, 2007). უფრო მეტიც, უნივერსალისტური იდენტიფიკაცია, რომელიც გულისხმობს გამოკითხულთა მიერ სიამაყის გამოხატვას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებით, უკავშირდება იმიგრანტთა მეტად მიღებას (Heyder & Schmidt, 2002).

      ხშირად გამეორებული დასკვნა, რომ ადამიანები, რომლებსაც მაღალი იდენტიფიკაცია აქვთ თავიანთი ერის მიმართ, მეტად გამოხატავენ წინარწმენას სხვა ეროვნების ადამიანთა წინააღმდეგ, მჭიდროდ უკავშირდება სოციალური იდენტობის თეორიას (Tajfel & Turner, 1979). ჯგუფებს შორის ურთიერთობის ეს ყველაზე ცნობილი ევროპული თეორია განსაზღვრავს წინარწმენას და დისკრიმინაციას, როგორც ჯგუფებს შორის დიფერენციაციის პროცესებს. ამ ძირითად ნაშრომებთან ერთად, რამდენიმე შემდეგი სტატია იკვლევს ამ საკითხს.

მოცემული ჟურნალი

      მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ტარდება სპეციალური კვლევები იმიგრაციაზე, წინარწმენა და დისკრიმინაცია ამ ახალი უმცირესობებით არ შემოიფარგლება. მემარჯვენე აქტიურობაც ევროპაში ანტისემიტიზმის ზრდას უკავშირდება. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ასევე, აშკარაა მზარდი მტრულობა მუსლიმების მიმართ (Allen & Nielsen, 2002). ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა გავრცელებული წინარწმენები ისეთი არაეთნიკური უმცირესობების მიმართ, როგორებიცაა უსახლკაროები, უნარშეზღუდულები, ჰომოსექსუალები, შიდსით დაავადებულები, ბოშები და სხვა ჯგუფები. ბევრი ცვალებადი პროცესი – მიგრაცია, პოლიტიკური ცვლილებები, ევროპის გაერთიანების პროცესი და ეთნიკური და სოციალური უმცირესობების შესახებ გავრცელებული ნეგატიური მოსაზრებები – ხაზს უსვამს წინარწმენის და დისკრიმინაციის სოციალური კონტექსტის მნიშვნელობას. ეს მძაფრი ცვლილებები მოითხოვს ყურადღების გაზრდას წინარწმენისა და დისკრიმინაციის მაკრო და მიკრო ფაქტორების კავშირზე. სწორედ ეს თვალსაზრისი აკავშირებს ამ ჟურნალის სტატიებს.

      ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნის შესვლით ახალი პერსპექტივები და კითხვები წამოიჭრება. აღმოსავლეთში ძალიან იშვიათია ჯგუფებს შორის წინარწმენისა და დისკრიმინაციის კვლევები. ეროვნული იდენტობის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით საინტერესოა. მოულოდნელ გარდაქმნას და ძველი პოლიტიკური სისტემის ახლით შეცვლას უნდა მოჰყვეს შედეგები, როგორც დომინანტური საზოგადოების მიერ თვით-გამორკვევის, ისე უმცირესობათა მიმართ მისი დამოკიდებულების სფეროში. ადრეული კვლევები ვარაუდობს, რომ ძლიერი ეროვნული იდენტობა მჭიდროდ უკავშირდება ეთნიკური უმცირესობებისადმი წინარწმენასა და დისკრიმინაციას. კიდევ ერთი აქცენტი შეეხება უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მომატებას – მოვლენა, რომელიც მთელ ევროპაში შეინიშნება 1990-იანი წლებიდან. ეთნიკური უმცირესობების მიმართ ღია მტრობამ შოკში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი. ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და ნიდერლანდებშიც კი, ყველგან იზრდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და მას-მედიის ყურადღება უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისადმი. ეს პოლიტიკური მოძრაობა, აშკარად, ახდენს გავლენას ევროპული წინარწმენებისა და დისკრიმინაციის ანალიზზე.

      შემდეგი სტატიები დეტალურად წარმოაჩინს, რომ ეთნიკური და სოციალური ჯგუფების უარყოფა სახიფათოდ მაღალ დონეებს უახლოვდება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში. ყველა სტატია ეხება ემპირიულ დასკვნებს მთელ ევროპაში და კროს-ეროვნულ შედარებებს. ეს კვლევები აჩვენებს როგორც თანმიმდევრულ ფორმებს, ისე საინტერესო განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები ამოწმებს განსხვავებებს ტრადიციულ წინარწმენებს, როგორიცაა ანტისემიტიზმი, და ახალი იმიგრანტების და სხვა სამიზნე ჯგუფების მიმართ წინარწმენებს შორის. ეს საშუალებას იძლევა, შევადაროთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის წინარწმენები, აგრეთვე, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ადგილებს შორის არსებული განსხვავებები. ავტორები წარმოადგენენ სოციალური მეცნიერებების სამ დისციპლინას – პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია. ამგვარად, ეს ჟურნალი გვთავაზობს მრავალფეროვან პერსპექტივებს, თეორიული მიდგომებსა და ანალიზის დონეებს.

      ჟურნალი წინარწმენისა და დისკრიმინაციის "ექსტრემალური პოლუსების" თვალის გადავლებით იწყება. კვლევის შედეგებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ბელგიელები საშუალოდ უფრო მეტ წინარწმენას, რასიზმსა და მემარჯვენე მოსაზრებებს გამოხატავენ, ვიდრე ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების მოსახლეობა. ბელგიის მეზობელი, ჰოლანდია, პირიქით, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ევროპული ქვეყანა, რომელსაც ხანგრძლივი ლიბერალური იმიგრაციისა და ინტეგრაციის ისტორია აქვს. ბილიე და დე ვიტე (2008) დეტალურად განიხილავენ რასიზმს ფლანდრიაში (ბელგია). ისინი აღნიშნავენ, რომ კროს-ევროპული კვლევების მიხედვით, ბელგია იმიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე ქვეყანაა. თუმცა, იმიგრანტების მიმართ ბელგიის ეს დამოკიდებულება ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური იყო, წინა თაობაში მემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე ფლანდრიული Vlaams Blok-ის პოლიტიკური მოძრაობის მხარდაჭერა გაიზარდა. სტატიაში განხილულია ამ გასაოცარი განსხვავების ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები. ბილიე და დე ვიტე აჩვენებენ, რომ წინარწმენა მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ მოძრაობებთან და პოლიტიკურ აზროვნებასთან ბელგიაში. საარჩევნო და გამოკითხვის შედეგების მათ მიერ გაკეთებული ანალიზი ხაზს უსვამს განსხვავებას დამოკიდებულების მიმართულებასა და დამოკიდებულების ძალას შორის, სტრუქტურულ ცვლილებებს საზოგადოებაში და ისეთი პრობლემების გაჩენას, როგორიცაა "კრიმინალის შიში".

      კიონდერსმა, ლუბერსმა, შეპერსმა და ვერკუიტენმა (2008) კრიტიკულად განიხილეს ნიდერლანდების ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების გავრცელებული რეპუტაცია. მათ შეადარეს ჰოლანდიური საზოგადოებრივი აზრი მათი მეზობლებისას და გამოიყენეს დაუფარავ და ფარულ წინარწმენას შორის არსებული განსხვავება. ავტორები ამტკიცებენ, რომ ჰოლანდიელების ტოლერანტობის ნორმა გამომდინარეობდა საუკუნეების მანძილზე არსებული მისი გამორჩეული პოლიტიკური სისტემიდან. ჰოლანდიის ისტორიის მანძილზე, ცალკეულმა თემებმა შეინარჩუნა მაღალი დონის ავტონომია და განცალკევება, მაგრამ მათი ელიტა დათმობებზე მიდიოდა და თანამშრომლობდა. ავტორები განიხილავენ ამ სისტემის წარმოქმნის სხვადასხვა ისტორიულ და სოციოლოგიურ ახსნას; ისინი ფსიქოლოგიურ დატვირთვას სძენენ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ანალიზს. კიონდერსი, ლუბერსი, შეპერსი და ვერკუიტენი (2008) თვლიან, რომ მულტიკულტურალიზმის გავლენას, პოლიტკორექტულობასა და სოციალურ დომინანტობას შეუძლია, ახსნას ქვეყანაში დაუფარავი წინარწმენის დაბალი დონე, ისევე, როგორც ფარული წინარწმენის მაღალი დონე.

      მომდევნო სტატიაში განხილულია პოსტკოლონიური ქვეყნის კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი ეთნიკური წინარწმენის შემთხვევები. ვალას, ლოპესის და ლიმას სტატია (2008) ყურადღებას ამახვილებს აფრიკელების წინააღმდეგ წინარწმენაზე პორტუგალიაში. მართალია, აფრიკელები მთელ ევროკავშირში არიან განაწილებულნი, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ყველაზე დიდი რაოდენობით პორტუგალიაში ჩადიოდნენ. ვალა და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ პორტუგალიის კონკრეტული კოლონიური ისტორიის გამო, აქ შემუშავდა ლუსო-ტროპიკალიზმის სოციალური ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ უწყობს ხელს ეროვნულ იდენტობასა და დაუფარავ წინარწმენას შორის არსებული ტრადიციული კავშირის დასუსტებას, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანაში შეიმჩნევა. როგორც ჩანს, ლუსო-ტროპიკალიზმი ეწინააღმდეგება დაუფარავი წინარწმენის გამოხატვას. თუმცა, მათი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად ლუსო-ტროპიკალიზმისა, პორტუგალიელები გამოხატავენ იმ კულტურული განსხვავებების ფარულ უარყოფით შეფასებებს, რომლებიც იმიგრანტებს მიეწერებათ.

      თამი და სხვები (2008) ყურადღებას უთმობენ ჩრდილოეთ ირლანდიის ტრაგიკულ ძალადობრივ კონფლიქტსა და მისი გადაჭრის საშუალებებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში იდენტიფიკაცია "კათოლიკე" და "პროტესტანტი" არის ჯგუფებს შორის წარმართული პროცესი და იმდენადვეა პოლიტიკური და ეთნიკური, რამდენადაც რელიგიური. მათი სტატია ეხება ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გადავლახოთ ასეთი ძალადობრივი სექტანტური კონფლიქტები. მათი კვლევა წარმოადგენს ჯგუფებს შორის პატიებას, ჯგუფებს შორის ემოციების ცვლილებებს, ინფრაჰუმანიზაციას, ემპათიის ზრდას და ნდობას, როგორც ჯგუფებს შორის მიკერძოების შემცირების საშუალებებს. შედეგები განიხილება მათი მნიშვნელობის თვალსაზრისით ჩრდილოეთ ირლანდიის პოსტკონფლიქტური შერიგების ეტაპზე.

      მინესკუ, ჰაგენდორნი და პოპი (2008) ამ განხილვას დასავლეთ ევროპის მიღმა ავრცობენ, მათი ბოლო კვლევის შედეგები შეეხება როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ხალხების ეთნიკურ წინარწმენებს რუსეთის ფედერაციის 10 რესპუბლიკაში; ისინი ზომავდნენ რუსების და რესპუბლიკის მოსახელე ხალხების იდენტიფიკაციას თავიანთი ეთნიკური ჯგუფის, თავიანთი რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ, ისევე, როგორც ამ იდენტიფიკაციის ეფექტებს ჯგუფებს შორის სტერეოტიპებზე. ისინი აჩვენებენ, რომ ჩართულობის სხვადასხვა დონეზე იდენტიფიკაცია განსხვავებულად აისახება შიდა და გარე ჯგუფების მიმართ დადებით/უარყოფით სტერეოტიპებზე. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჯგუფური სტერეოტიპები დადებითად უკავშირდება ყველა სახის იდენტიფიკაციას, გარე ჯგუფური სტერეოტიპები უარყოფითი ხდება მაღალი ეთნიკური იდენტიფიკაციის დროს და უფრო დადებითი – რესპუბლიკური და ფედერალური იდენტიფიკაციის დროს. ავტორები გვთავაზობენ ჯგუფებს შორის დიფერენციაციის მოდელს, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ იდენტიფიკაციას ჩართულობის სხვადასხვა დონეზე.

      შეგვიძლია თუ არა, განვაზოგადოთ მოცემული ეთნიკური ჯგუფების შესახებ დასკვნები სხვა სოციალურ ჯგუფებზე ევროპაში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, წინარწმენისა და დისკრიმინაციის სამიზნე ჯგუფებია? მომდევნო ორი სტატია ყურადღებას უთმობს წინარწმენის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ევროპაში. გასული შვიდი ათეული წლის სოციალურ-ფსიქოლოგიური ლიტერატურის შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ წინარწმენები ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია. პირველი სტატია, ვერნერ ბერგმანის ავტორობით (2008), იკვლევს თანამედროვე ანტისემიტიზმს. ის წარმოადგენს შედარებით მონაცემებს და ევროპული აზრის ისტორიას ებრაელების შესახებ. იზიარებს რა სოციალური იდენტობის დაშვებებს ჯგუფთაშორისი პროცესების შესახებ (Tajfel & Turner, 1979), ბერგმანი მიიჩნევს, რომ ევროპული ანტისემიტიზმი, როგორც ამჟამად, ისე ისტორიულად, მჭიდროდ უკავშირდება ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხებსა და კრიზისებს. ებრაელების მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად განისაზღვრება კულტურული განსხვავებულობის კონკრეტული გამოცდილებით, ან შეზღუდული რესურსების გამო კონფლიქტებით, არამედ ეროვნული თვით-შეგნებისათვის შექმნილი აღქმული საფრთხით, რაც იწვევს იმ შესაბამისი წინარწმენების აქცენტირებას, რომლებიც ებრაელების, როგორც ამაში დამნაშავეების, კატეგორიზებას ახდენს.

      ზიკი და სხვები (2008) წარმოადგენენ საკუთარ ინტერდისციპლინურ მიდგომას ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომის მიმართ. სინდრომი შედგება მრავალი ტიპის წინარწმენებისგან: რასიზმი, სექსიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ახალმოსულთა წინააღმდეგობა (მაგ., განსაკუთრებული უფლებები ძველ მოსახლეთათვის). ჯერ-ჯერობით ჩატარებულია ალბათობის სამი კვლევა და სამ-ტალღიანი პანელური კვლევა. ავტორთა ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ წინარწმენები უკავშირდება ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომს, რომელიც ემყარება უთანასწორობის განზოგადებულ იდეოლოგიას. კროს-სექციური და ლონგიტუდური ალბათობის კვლევის მონაცემების მიხედვით გერმანიაში, ზიკი და სხვები აჩვენებენ, რომ ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომი არსებობს. გარდა ამისა, იგივე პრედიქტორები, როგორიცაა მემარჯვენე ავტორიტარიზმი და ფარდობითი დეპრივაცია, გამოიწვევს გაუფასურების სინდრომს გარე ჯგუფებში და ეს გაუფასურება გავლენას ახდენს იმავე დისკრიმინაციული ქცევის განზრახვაზე.

      დანარჩენი სტატიები ეთნიკურ წინარწმენასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს შეისწავლის. პირველ რიგში, შეისწავლება ფარდობითი დეპრივაციის გავლენა. მომდევნო სტატიაში გაანალიზებულია წინარწმენების კვლევის მთავარი კითხვა: როდის მოქმედებენ ცალკეული პირები და ჯგუფები წინარწმენების შესაბამისად?

      პეტიგრიუ და სხვები (2008) აანალიზებენ ფარდობით დეპრივაციასა და ეთნიკურ წინარწმენას შორის კავშირს. ისინი იყენებენ როგორც მაკრო, ისე მიკრო მონაცემებს სამი ევროპული კვლევიდან. პეტიგრიუმ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ფარდობითი დეპრივაციის ინდივიდუალური (IRD) და ჯგუფური (GRD) ფორმები. შემდეგ ისინი აჩვენებენ, რომ GRD პირდაპირ და დადებითადაა დაკავშირებული წინარწმენასთან, IRD კი არა. უფრო მეტიც, GRD-ი ახდენს წინარწმენაზე IRD-ის ეფექტების მედიაციას. ამგვარად, ინდივიდუალური ფარდობითი დეპრივაცია წინარწმენაზე გავლენას ახდენს მხოლოდ მისი ტენდენციით, გაზარდოს ჯგუფური ფარდობითი დეპრივაციის განცდა. ამასთანავე, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ნაწილობრივ კვლავ GRD-ია მედიატორი სოციალური კლასისა და წინარწმენის იდენტობის პრედიქტორთა ეფექტებს შორის.

      წინარწმენის კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია გარე ჯგუფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებისა და ქცევების კავშირი. ვაგნერმა, ქრაისტმა და პეტიგრიუმ (2008) გააანალიზეს რეპრეზენტატული გამოკითხვისა და პანელის მონაცემები გერმანიაში, რომ დაედგინათ კავშირი წინარწმენასა და დისკრიმინაციას შორის. ისინი ლონგიტუდური მონაცემების საფუძველზე გვაჩვენებენ, რომ წინარწმენა მნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებს, როგორც იმას, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან კონტაქტს გაურბიან, ასევე, იმას, რომ გარე ჯგუფის წევრების მიმართ აგრესიული ქცევის განზრახვები აქვთ. გარდა ამისა, წინარწმენის გავლენა ქცევაზე მნიშვნელოვანი რჩება მას შემდეგაც კი, რაც კორელაციაში მყოფ სხვა ცვლადებს გავაკონტროლებთ. და ბოლოს, მათი მონაცემებიდან ჩანს, რომ ჯგუფთაშორისი კონტაქტი და ჯგუფთაშორისი საფრთხე გავლენას ახდენს ეთნიკური გარე ჯგუფების მიმართ ქცევის განზრახვებზე და რომ კონტაქტისა და საფრთხის გავლენა ნაწილობრივ მაინც არის გაშუალებული ჯგუფებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებით. ამით ავტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ წინარწმენა არის ჯგუფთაშორისი ქცევის მნიშვნელოვანი პრედიქტორი.

      შემაჯამებელ თავში, რომლის ავტორიც არის სტივენი (2008), თავმოყრილია ამ ჟურნალის სტატიები და განხილულია ოლპორტის (1954) წინარწმენის სხვადასხვა მიზეზები ლინზის მოდელის პერსპექტივიდან. ლინზის მოდელი განმარტავს, რომ წინარწმენაზე გავლენას ახდენს ისტორიული, სოციო-კულტურული, სიტუაციური და პიროვნული ფაქტორები. სტივენი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ამ ჟურნალის სტატიები შეისწავლის მრავალ ცვლადს ოლპორტის ლინზის მოდელის სხვადასხვა დონეზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს უფრო შედარებითი და მრავალდონიანი კვლევები. ის მოითხოვს ყოვლისმომცველ თეორიებს, რომლებიც შეძლებს სხვადასხვა დონის ანალიზის შედეგების ინტეგრირებას და გაითვალისწინებს სხვადასხვა კულტურული ფონის გავლენას წინარწმენის ცნობილ მიზეზებზე. სტივენი ვარაუდობს, რომ სოციალური მეცნიერებები ყველა საშუალებას უნდა იყენებდეს ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სრულყოფილი მიმოხილვის მისაღებად ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ეს მიღწევა, მისი აზრით, საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ პრაქტიკული ინტერვენციის პროგრამები რასიზმის, წინარწმენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად საბრძოლველად.

      რომ შევაჯამოთ, ეს ჟურნალი, ინტერდისციპლინური თვალსაზრისით, წინარწმენის ამომწურავ მიმოხილვას უზრუნველყოფს ევროპაში. ყველა წარმოდგენილი სტატია ეფუძნება გამოკითხვის მონაცემებს, ბევრი მათგანი დიდ რეპრეზენტატულ შერჩევაზეა ჩატარებული. ამ სახის მონაცემები საშუალებას გვაძლევს, განვაზოგადოთ იმ პოპულაციებზე, რომლიდანაც ისინია აღებული, რითაც შესაძლებლობა გვეძლევა, სამეცნიერო დასკვნები გავაკეთოთ ჯგუფებს შორის სიტუაციების შესახებ მთელ ქვეყანაში. სხვა მონაცემები, რომლებიც ეფუძნება სტუდენტთა შერჩევას, ძალზე შეზღუდულია ამ მხრივ. მეორე მხრივ, წინარწმენილი დამოკიდებულების შესაბამისი მიზეზობრივი გავლენის შემოწმების ვარაუდები და წინარწმენის შედეგების გაანალიზება, მაგალითად, დისკრიმინაციული ქცევის, ხშირად არ არის ხოლმე ძალიან რთული ამ კროს-სექციური გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე: კორელაციური მონაცემები გვაძლევს ინფორმაციას ინდივიდთა წინარწმენების გარკვეული წინაპირობებისა და შედეგების კოვარიაციის შესახებ, თუმცა, როგორც წესი, არ გვაძლევს იმის შემოწმების საშუალებას, რა არის მიზეზი და რა არის შედეგი. გამონაკლისს წარმოადგენს ლონგიტუდური მონაცემების ანალიზი, როგორც ნაჩვენებია ვაგნერის და სხვების მიერ (იბეჭდება). მეორე მხრივ, კოვარიაცია ასევე წინაპირობაა მიზეზობრიობისა, რაც ნიშნავს, რომ თუ წინარწმენის შესაბამისი პრედიქტორებისა და შედეგების ჰიპოთეზა ვერ დადასტურდება კორელაციური მონაცემების საფუძველზე, ეს იქნება ჰიპოთეზის აშკარა ფალსიფიკაცია. ამდენად, აქ წარმოდგენილი მონაცემები უკიდურესად ღირებულია საერთაშორისო შედარების პერსპექტივისთვის, თუმცა, მომავალში მათ უნდა დაემატოს ალტერნატიულ მეთოდებზე, როგორიცაა ექსპერიმენტები, დაფუძნებული დამატებითი კვლევები, რომლებიც შეამოწმებს მიზეზობრივ ურთიერთობებს, და ასევე, თვისებრივი კვლევის მეთოდები სუბიექტური და კულტურით განპირობებული ჯგუფთაშორისი ურთიერთობების უკეთ გასაგებად.

      ერთ ჟურნალს არ შეუძლია, მოაგვაროს წინარწმენისა და დისკრიმინაციული ქცევის სირთულეები. თუმცა, აქ წარმოდგენილი სტატიები ნამდვილად არკვევს, რომელი პრედიქტორები და თეორიებია მნიშვნელოვანი. ეს სტატიები ააშკარავებს ინდივიდუალური და კონტექსტუალური ფაქტორების ურთიერთქმედების მნიშვნელობას. და გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, ევროპული მოვლენები შევადაროთ ჩრდილოეთ ამერიკის მოცულობით კვლევით ლიტერატურას წინარწმენისა და დისკრიმინაციის შესახებ.

      ევროპაში ამჟამად მიმდინარეობს ჯგუფებს შორის სწრაფი ცვლილებების ხანგრძლივი პროცესი. ამ მძაფრ გარდაქმნებზე რეაგირება მოიცავს როგორც წინარწმენას, დისკრიმინაციასა და ძალადობას, ისე მიღებასა და კულტურულ გამდიდრებას. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა იმსახურებს ინტენსიურ სოციალურ სამეცნიერო კვლევას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ და წვლილი შევიტანოთ კონტინენტის მომავალ ჰარმონიასა და სოციალურ სამართლიანობაში.

სტატიის მთარგმნელი: ქეთევან თოდაძე

ლიტერატურა: Zick A., Pettigrew T.F. & Wagner U. (2008). Ethnic Prejudice and Discrimination in Europe. Journal of Social Issues, 64 (2): 233–251


[1] - რამდენიმე დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებელი ხელმისაწვდომია Eurostat-ის, ევროკომისიის სტატისტიკის სამსახურის, საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდის და OECD-ის მონაცემებიდან (იხილეთ აგრეთვე Atkinson, Cantillon, marlie & Nolan, 2002). ევროპის მოქალაქეების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლად ხელმისაწვდომი კვლევებია ევრობარომეტრი (ევროკომისიის), ევროპის საზოგადოების საყოფაცხოვრებო პანელის (Eurostat), ევროპის ღირებულებათა შესწავლის და ევროპის სოციალური კვლევის.

ტეგები: 2008, Birman, ERCOMER, Pettigrew, Trickett, Wagner, Watts, Zick, articles, discrimination, მეტი...europe, prejudice, qwelly, research, society, sociology, ანდრეას_ზიკი, დისკრიმინაცია, დისკრიმინაცია_ევროპაში, ეთნიკური_წინარწმენა, თომას_პეტიგრიუ, სოციოლოგია, სტატიები, ულრიხ_ვაგნერი, ქეთევან_თოდაძე, ქველი, წინარწმენა

ნახვა: 1496

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters