კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 11

რა არის შემთხვევის შესწავლა?

      შემთხვევის შესწავლა არის კონკრეტული მაგალითი, რომელიც ხშირად უფრო ზოგადი პრინციპის საილუსტრაციოდაა მოწოდებული (Nisbet and Watt 1984: 72). ეს არის „კონკრეტული მაგალითის მოქმედებაში შესწავლა“ (Adelman et al. 1980). ერთი შემთხვევა შემოსაზღვრული სისტემაა, მაგალითად, ბავშვი, ჯგუფი, კლასი, სკოლა, თემი. ის რეალურ გარემოში, რეალური ადამიანების უნიკალურ მაგალითს იძლევა, რომელიც მკითხველს იდეებისა და მოსაზრებების უკეთ გაგების საშუალებას აძლევს, ვიდრე აბსტრაქტული თეორიების ან პრინციპების უბრალოდ მიწოდება. ფაქტობრივად, შემთხვევის შესწავლის საშუალებით მკითხველმა შეიძლება გაიგოს, როგორ ერგება ერთმანეთს იდეები და აბსტრაქტული პრინციპები (Watt 1984: 72 – 3). შემთხვევის შესწავლას ისეთ სიტუაციებში შეუძლია წვდომა, რომლებიც ყოველთვის არ ექვემდებარება რაოდენობრივ ანალიზს. როგორც რობსონი (2002: 183) შენიშნავს, შემთხვევის შესწავლა ახდენს ანალიტურ და არა - სტატისტიკურ განზოგადებას, ანუ, მისი გამოყენებით იქმნება თეორია, რომელიც მკვლევრებს სხვა მსგავსი შემთხვევების, ფენომენების ან სიტუაციების გაგებაში გაუწევს დახმარებას.

      შემთხვევის შესწავლაში შესაძლებელია მიზეზისა და შედეგის დადგენა. ფაქტობრივად, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა შედეგებზე რეალურ კონტექსტში დაკვირვება და აღიარება. ხოლო კონტექსტი, როგორც მიზეზების, ისე შედეგების მძლავრი დეტერმინანტია. როგორც ნისბეტი და ვატი (1984: 78) აღნიშნავენს, მთლიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. სტურმენი (Sturman 1999: 103) ამტკიცებს, რომ შემთხვევის შესწავლის გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ ადამიანთა სისტემები მთლიანობით, ანუ ინტეგრირებულობით ხასიათდებიან, ნიშნების თავისუფალ კავშირს არ წარმოადგენენ და ეს მთლიანობა სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. გარდა ამისა, კონტექსტები უნიკალური და დანამიკურია, შესაბამისად, შემთხვევის შესწავლა მოვლენების რთული დინამიკური და განვითარებადი ურთიერთქმედებების, ადამიანთა ურთიერთობებისა და სხვა ფაქტორების უნიკალურ, განუმეორებელ მაგალითს კიდეც იკვლევს და კიდეც - წარმოადგენს. ჰიჩკოკი და ჰაგისი (1995: 316) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ შემთხვევის შესწავლა ნაკლებად გამოირჩევა იმ მეთოდოლოგიებით, რომელსაც ის იყენებს, სამაგიეროდ, მეტად გამოირჩევა კვლევის სუბიექტით/ობიექტით (თუმცა, როგორც ქვემოთ მივუთითებთ, ხშირია შემთხვევის შესწავლისა და ინტერპრეტაციული მეთოდოლოგიების თანხვედრა). ჰიჩკოკი და ჰაგისი (1995: 322), ასევე, თვლიან, რომ შემთხვევის შესწავლის მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც მკვლევარი ნაკლებად აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს. მათ მიაჩნიათ, რომ შემთხვევის შესწავლა შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა:

  • დაინტერესებულია შემთხვევასთან დაკავშირებული მოვლენების მრავალფეროვანი და ხატოვანი აღწერით;
  • ქრონოლოგიურად მოგვითხრობს შემთხვევასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ;
  • შერწყმულად გადმოსცემს მოვლენების აღწერასა და ანალიზის;
  • ყურადღებას ამახვილებს ცალკეულ აქტორებზე, ან აქტორთა ჯგუფებზე და მოვლენების მათეული აღქმის გაგებას ცდილობს;
  • გამოკვეთს შემთხვევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მოვლენებს;
  • მკვლევარი მთლიანად ჩართულია შემთხვევაში;
  • ანგარიშის წერისას შემთხვევის მრავალფეროვნების, სიმდიდრის გადმოცემას ცდილობენ.

      შემთხვევის შესწავლა ხორცილედება დროით, გეოგრაფიულ, ორგანიზაციულ, ინსტიტუციურ და სხვა კონტექსტებში, რომელიც მის ირგვლივ საზღვრების დაწესების საშუალებას იძლევა. მათი განსაზღვრა შესაძლებელია მათში ჩართული ადამიანებისა და ჯგუფების მახასიათებლებზე მითითებით და, ასევე, მონაწილეთა როლებისა და ფუნქციების მეშვეობით (Hitchkock and Hughes 1995: 319).

      შემთხვევის შესწავლას:

  • ექნება დროის მახასიათებლები, რომლებიც მისი ბუნების განსაზღვრაში დაგვეხმარება;
  • აქვს გეოგრაფიული პარამეტრები, რომლებიც მისი განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს;
  • ექნება საზღვრები, რომელიც მისი განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს;
  • განვსაზღვრავთ ინდივიდით, რომელიც დროის კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ კონტექსტში იმყოფება;
  • განვსაზღვრავთ ჯგუფის მახასიათებლებით;
  • განვსაზღვრავთ როლით ან ფუნქციით;
  • შეიძლება ფორმა მისცეს ორგანიზაციულმა ან ინსტიტუციურმა გარემოებებმა.

      შემთხვევის შესწავლა ცდილობს აღწეროს, „როგორია“ კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში ყოფნა, როგორია ახლოდან დანახული რეალობა, ვრცლად გადმოგვცეს (Girtz 1973ბ) მონაწილეების კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული რეალური გამოცდილება, აზრები და გრძნობები. მასში შემთხვევაზე ან ფენომენზე მისსავე რეალურ კონტექსტში დაკვირვება მოიაზრება და, ჩვეულებრივ, მრავალგვარი მონაცემი გამოიყენება (Robson 2002: 178). ეს არის აღწერითი და დეტალური მეთოდი, რომელსაც ვიწრო ფოკუსი აქვს და სუბიექტური და ობიექტური მონაცემების კომბინირებას ახდენს (Dyer 1995: 48 – 9). შემთხვევის შესწავლაში მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები და სიტუაციები თავად ლაპარაკობდნენ საკუთარი თავის შესახებ და არ ხდება მათი ინტენსიური ინტერპრეტაცია და შეფასება. ამ თვალსაზრისით, შემთხვევის შესწავლა სატელევიოზიო დოკუმენტალისტიკას უახლოვდება.

      ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევის შესწავლა არასისტემური, ან მხოლოდ ილუსტრაციულია. მისთვის მონაცემები სისტემატურად და სკურპულოზურად გროვდება. ნისბეტი და ვატი (1984: 91) შემთხვევის შესწავლით დაკავებულ მკვლევრებს განსაკუთრებით ურჩევენ, რომ ერიდონ:

  • ჟურნალისტობას: შემთხვევის ყველაზე თვალშისაცემი ნიშნების ამორჩევას და შედეგად - მთელი სურათის დარღვევას შედარებით სენსაციური ასპექტების გამოკვეთის ფასად;
  • შერჩევით მოწოდებას: კონკრეტული დასკვნის ზურგის გამამაგრებელი მხოლოდ ერთი მტკიცებულების არჩევა და ამით მთლიანი შემთხვევის მცდარად ინტერპრეტირება;
  • გამარტივებულ სტილს: დაბალი დონის და ბანალური ილუსტრაციების დონეზე დაშვება, რაც შორსაა სიღრმისეული, სკურპულოზური ანალიზისგან. აქ შეიძლება გავიხსენოთ სტეიკის (Stake 1978) ირონიული კომენტარი, რომ „ჩვენი ალბომები სავსეა მსხვილი კადრებითა და კიდევ მსხვილი კადრებით“ - ამით იმის თქმა უნდა, რომ ზოგიერთი შემთხვევის შესწავლა გამოირჩევა ტენდენციურობით, აზვიადებს დეტალებს და ამით აზარალებს ერთიან სურათს;
  • პომპეზურობას: ელემენტარული დონის მონაცემებზე დაყრდნობით ან ენაწყლიანობით დასრულებული თეორიების გამოყვანის ან ფორმულირების მცდელობა;
  • სირბილეს: რესპონდენტის მოსაზრებების უპირობოდ, კითხვის დაუსმელად მიღება ან შემთხვევის შესწავლის მხოლოდ იმ ასპექტების ამორჩევა, რომლებსაც ადამიანები დაეთანხმებიან და არა იმ ასპექტებისა, რომელთაც ისინი შეიძლება არ დაეთანხმონ.

      შემთხვევის შესწავლაზე დაყრდნობით შესაძლებელია თეორიული მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ, კვლევის და ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებათა სხვა ფორმების მსგავსად, ამ მოსაზრებებს თვალსაჩინო ემპირიული საბუთები უნდა ამყარებდეს. ამისათვის შემთხვევის შესწავლაში განზოგადების საკითხის გარკვევაა საჭირო. განზოგადებამ შეიძლება სხავადასხვა ფორმა მიიღოს, მაგალითად:

  • ერთი კონკრეტული მაგალითიდან იმ შემთხვევების კლასზე, რომელსაც ეს მაგალითი წარმოადგენს (მაგალითად, სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები სწავლობენ, შეიძლება შემთხვევის შესწავლის მაგალითი იყოს, რომელშიც სხვა ასეთივე სკოლების მნიშვნელოვანი თვისებები იკვეთება);
  • ერთი ცალკეული შემთხვევის მახასიათებლებიდან კლასების ერთობლიობაზე, რომელთაც ასეთივე მახასიათებლები აქვთ;
  • შემთხვევის ერთი ცალკეული მახასიათებლიდან სრულ შემთხვევის მახასიათებლებზე.

      საიმონი (1996) ამტკიცებს, რომ შემთხვევის შესწავლისას ექვსი პარადოქსი უნდა იქნას განხილული. მან უნდა:

  • უარი თქვას დიქოტომიაზე სუბიექტური-ობიექტური და ყველა მონაწილე თანასწორად განიხილოს;
  • დაინახოს და აღიაროს ის წვლილი, რომელიც განათლების ხედვის ახალ ფორმებში რეალურად კრეატულმა გამოცდილებამ შეიძლება შეიტანოს;
  • ხედვის განსხვავებული გზები ცოდნის მიღების ახალ საშუალებებად მიიჩნიოს;
  • შეძლოს შემოქმედთან მიახლოვება;
  • გაითავისუფლოს გონება ტრადიციული ანალიზისგან;
  • მიიღოს ეს პარადოქსები და ადამიანებისადმი ინტერესები ყველა სხვა ინტერესზე წინ დააყენოს.

      შემთხვევის შესწავლის რამდენიმე ტიპი არსებობს. ინი (Yin 1984) შედეგების მიხედვით სამ ასეთ ტიპს განასხვავებს: ძიებითი (როგორც პილოტური კვლევა სხვა კვლევებისთვის, ან კვლევის კითხვებისათვის), აღწერითი (თხრობითი ანგარიშები) და ახსნითი (თეორიების შემოწმება). ძიებითი შემთხვევის შესწავლა, როგორც პილოტური კვლევა, შეიძლება იმ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებისთვის იქნას გამოყენებული, რომლებიც უფრო ფართომასშტაბიანი გამოკითხვებით, ექსპერიმენტებით, ან სხვა ფორმის კვლევით მოწმდება. ადელმანი და მისი კოლეგები (1980) გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ შემთხვევის შესწავლა არ უნდა გამოვიყენოთ სხვა კვლევის, მაგალითად, ექსპერიმენტის ან გამოკითხვის წინასწარ კვლევად, თუმცა, შემთხვევის შესწავლა თავისთავად არის კვლევის მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური მეთოდი.

      ინის კლასიფიკაცია თანხვდება მერიამის (Merriam 1988) კლასიფიკაციას, რომელიც, ასევე, სამ ტიპს განასხვავებს: აღწერითი (თხრობითი/ნარატიული ანგარიშები), ინტერპრეტაციული (საწყისი დაშვებების შემოწმების მიზნით ინდუქციური გზით კონცეპტუალური კატეგორიების შემუშავება) და შეფასებითი (ახსნა და შეფასება). მერიამი (1988) შემთხვევის შესწავლის ოთხ ძირითად სფეროს ან სახეობასაც გამოყოფს: ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური. ეხმიანება რა სტენჰაუზს (Stenhouse 1985) სტრუმენი (1999: 107) შემთხვევის შესწავლის ოთხ სახეობას განასხვავებს: ეთნოგრაფიული შემთხვევის შესწავლა - ერთი ცალკეული სიღრმისეული კვლევა; პრაქტიკული კვლევის შემთხვევის შესწავლა; შეფასებითი შემთხვევის შესწავლა; შემთხვევის შესწავლა განათლების სფეროში. სტეიკი (1994) შემთხვევის შესწავლის სამ ძირითად ტიპს ასახელებს: შინაგანი შემთხვევის შესწავლა (კვლევები, რომლებიც კონკრეტული შემთხვევის გასაგებად ხორციელდება); ინსტრუმენტული შემთხვევის შესწავლა (კონკრეტული შემთხვევის კვლევა მოცემულ საკითხში ან თეორიაში გასარკვევად); კოლექტიური შემთხვევის შესწავლა (ინდივიდების ჯგუფის შესწავლა, რომელიც უფრო სრული სურათის დანახვას ემსახურება). ვინაიდან შემთხვევის შესწავლა დაწვრილებით დეტალებს იძლევა, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა, ნაკლებად დეტალიზებული - ხშირად მსხვილმასშტაბიანი - კვლევების დამხმარე მეთოდად. ამ თვალსაზრისით, შემთხვევის შესწავლის მასალებმა მაკროპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის, შერწყმის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ ადამიანის ფაქტორის შემცველი მძლავრი მონაცემები შეიძლება მოგვცეს. ამის მაგალითებს შემდეგი შრომები წარმოადგენენ: Ball (1990), Bowe et al. (1992) და Ball (1994ა). ორივე სპეციფიკურ სკოლებზე სამთავრობო პოლიტიკის ზემოქმედება.

      რობსონს (2002: 181 – 2) მიაჩნია, რომ შეიძლება გამოიყოს ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლა, ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლების ერთობლიობა, სოციალური ჯგუფის შესწავლა, ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესწავლა, მოვლენების, როლებისა და ურთიერთობების შესწავლა. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი შემთხვევის შესწავლის მეთოდში აისახება. რობსონი (2002) დამატებით განასხვავებს კრიტიკული შემთხვევის შესწავლასა და ექსტრემალური ან უნიკალური შემთხვევის შესწავლას. მისი თქმით, კრიტიკული შემთხვევის შესწავლაა:

      როცა თქვენი თეორიული გაგებით არსებობს ნათელი, ერთმნიშვნელოვანად განსხაზღვრული და არატრივიალური გარემოებები, სადაც მოსალოდნელ შედეგებს წააწყდებით. ისეთი შემთხვევის პოვნას, რომელიც თანხვდება და აჩვენებს იმას, რაც უკვე ნაწინასწარმეტყველები იყო, ცოდნისთვისა და წვდომისთვის ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია.
(Robson 2002: 182)

      კრიტიკული შემთხვევის შესწავლას შეგვიძლია დავამატოთ, რომ საკვლევ საკითხს შეიძლება უფრო სრულად ან უფრო გამოკვეთილად ჰქონდეს მკვლევრისთვის საინტერესო ყველა, ან თითქმის ყველა მახასიათებელი ან ნიშანი, ვიდრე „ნორმალურ“ ვითარებაში, მაგალითად, სტუდენტის ხელის შემშლელი ქცევის შემთხვევის შესწავლა შეიძლება ძალიან ხელშემშლელ კლასში მიმდინარეობდეს, სადაც ძალზე პრობლემური ბავშვები სწავლობენ და არა - ისეთ კლასში, სადაც არც ისე შესამჩნევია ასეთი პრობლემა.

      ამის საპირისპიროდ, რობსონი (2002: 182) ამტკიცებს, რომ ექსტრემალური და უნიკალური შემთხვევა შეიძლება ღირებულ „საცდელ სტენდს“ იძლეოდეს. ის ამბობს, რომ ექსტრემალურ შემთხვევებში შედის სიტუაცია, რომელიც „თუ აქ მუშაობს, ყველგან იმუშავებს“, ან გარემოებების იდეალური ნაკრების არჩევა, რომელშიც ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენამდე ახალი მიდგომის ან პროექტის გამოცდამ შეიძლება მისი მუშაობის შესახებ უფრო მეტი და სრული ცოდნა მოგვიტანოს (მაგალითად, კვლევა და განვითარების მოდელი).

      შემთხვევის შესწავლას რამდენიმე ცნობილი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს, რომლებიც შეჯამებულია 11.1 ჩანართში (Adelman et al. 1984) და 11.2 (Nisbet and Watt 1984).

ჩანართი 11.1
შემთხვევის შესწავლის შესაძლო უპირატესობები

  • პარადოქსულია, მაგრამ შემთხვევის შესწავლის მონაცემები „ძლიერია რეალობაში“, სამაგიეროდ - ძნელად დასალაგებელია. ამის საპირისპიროდ, სხვა კვლევის მონაცემები ხშირად „სუსტია რეალობაში“, მაგრამ სწრაფად შეიძლება მათი მოწესრიგება. რეალობაში ასეთი სიძლიერე მოდის იქიდან, რომ შემთხვევის შესწავლა მყარად დგას მიწაზე, თანხვდება მკითხველის გამოცდილებას და ამით, განზოგადების „ბუნებრივ“ საფუძველს უზრუნველყოფს.
  • შემთხვევის შესწავლა კონკრეტული შემთხვევის ან შემთხვევიდან კლასზე განზოგადების საშუალებას იძლევა. მისი უცნაური სიძლიერე შემთხვევის, როგორც ასეთის, ნიუანსებისადმი და კომპლექსურობისადმი ყურადღებაში ძევს.
  • შემთხვევის შესწავლა აღიარებს სოციალური ჭეშმარიტებების კომპლექსურობასა და „ჩართულობას“. სოციალური სიტუაციების გულმოდგინე განხილვით შემთხვევის შესწავლას შეუძლია მონაწილეთა მოსაზრებებს შორის არსებული კონფლიქტების, ან განსვლების გასაოცრად და მნიშვნელოვნად წარმოდგენა. საუკეთესო შემთხვევის შესწავლას ალტერნატიული ინტერპრეტაციებისთვის გარკვეული მხარდაჭერის შეთავაზება ხელეწიფება.
  • შემთხვევის შესწავლას, როგორც პროდუქტს, შეუძლია აღწერითი მასალის არქივის შექმნა. ეს არქივი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება იმისათვის, რომ შემდგომ ხელახალი ინტერპრეტაცია გახდეს შესაძლებელი. საგანმანათლებლო მიზნებისა და გარემო პირობების მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის პირობებში მკვლევრებისთვის და მომხმარებლებისთვის აშკარად უფრო ღირებულია ჩვენი წყაროსგან განსხვავებული წყაროს ქონა.
  • შემთხვევის შესწავლა „მოქმედებისკენ გადადგმული ნაბიჯია“. ის თავისი მნიშვნელოვანი წვლილით შედის მოქმედების სამყაროში. მისი წყალობით მიღებული ახალი ცოდნა შეიძლება პირდაპირ აიხსნას და პრაქტიკაში დაინერგოს თანამშრომლების ან თვით-განვითარებისათვის, ინსტიტუტებში უკუკავშირისთვის და ფორმირებადი შეფასებისთვის, ასევე, განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში იქნას გამოყენებული.
  • შემთხვევის შესწავლა კვლევის ან შეფასების მასალას საზოგადოებას მისთვის უფრო ხელმისაწვდომი სახით აწვდის, ვიდრე კვლევის ანგარიშის სხვა ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღირსებას მას მოცულობა ანიჭებს. პრეზენტაციის სამეტყველო ენა, ტრადიციული კვლევის ანგარიშის ენასთან შედარებით ნაკლებ ეზოთერულია, ნაკლებ საიდუმლოებით მოცული და სპეციალიზებულ ინტერპრეტაციაზე დამოკიდებული. შემთხვევის შესწავლა შეიძლება რამდენიმე აუდიტორიისთვის იყოს განკუთვნილი. მასში შემცირებულია მკითხველის დამოკიდებულება გამოუთქმელ იმპლიციტურ დაშვებებზე და ხელმისაწვდომს ხდის თავად კვლევის პროცესს. მაშასადამე, შემთხვევის შესწავლას გადაწყვეტილების მიღების პროცესის (და თავად ცოდნის) „დემოკრატიზაციაში“ შეუძლია წვლილის შეტანა. საუკეთესო შემთხვევაში, ის მკითხველს კვლევის პრაქტიკული გამოყენების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას უტოვებს.

წყარო: ადაპტირებულია Adelman et al. 1980


ჩანართი 11.2
შემთხვევის შესწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები

      ძლიერი მხარეები

  • შედეგები გაცილებით ადვილად ესმის ფართო აუდიტორიას (არააკადემიური სფეროს წარმომადგენლების ჩათვლით), ვინაიდან ისინი ხშირად ყოველდღიური, არაპროფესიული სამეტყველო ენით არის მოცემული;
  • იმთავითვე გასაგებია; ის საკუთარი თავის შესახებ თავად მეტყველებს;
  • უნიკალურ მახასიათებლებს აფიქსირებს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგებოდა დიდი მოცულობის მქონე მონაცემებში (მაგალითად, გამოკითხვებში). ეს უნიკალური თვისებები შეიძლება სიტუაციის გაგების გასაღები იყოს. ძლიერია რეალობაში;
  • იძლევა სხვა მსგავს სიტუაციებში და შემთხვევებში წვდომის საშუალებას და ამით სხვა მსგავსი შემთხვევების ინტერპრეტაციას ეხმარება;
  • მისი ჩატარება ცალკეულ მკვლევარს შეუძლია. არ არის აუცილებელი კვლევითი ჯგუფის ყოლა;
  • შეიძლება მოულოდნელ მოვლენებსა და არაკონტროლირებად ცვლადებს მოიცავდეს და მოაზრებდეს;

      სისუსტეები

  • შეიძლება ვერ მოხერხდეს შედეგების განზოგადება იმ შემთხვევების გარდა, როცა სხვა მკითხველები/მკვლევრები მათი გამოყენების გზებს ხედავენ.
  • არ არის იოლი მათი გადამოწმება, შესაბამისად, შეიძლება სელექციური, მიკერძოებული, პირადი და სუბიექტური იყოს.
  • რეფლექსიურობის საკითხის მოსაგვარებლად განხორცილებული მცდელობების მიუხედავად, დამკვირვებლის მიკერძოებულობისკენაა მიდრეკილი.

წყარო: Nisnet and Watt 1984


      შაგნესის და მისი კოლეგების (Shaughness et al. 2003: 290 – 9) მოსაზრებით, შემთხვევის შესწავლა ხშირად მოკლებულია ძლიერ კონტროლს, ჩარევები იშვიათად ექვემდებარება სისტემატურ კონტროლს და გარეგანი ცვლადების კონტროლიც უმნიშვნელოა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ართულებს შემთხვევის შესწავლის საფუძველზე მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებზე დასკვნების გაკეთებას და ზოგიერთი შემთხვევის შესწავლა მიკერძოებულობის რისკსაც შეიცავს, რადგან თერაპევტი ერთდროულად მონაწილეცაა და დამკვირვებელიც და, როგორც დამკვირვებელმა, შეიძლება გააზვიადოს ან დააკნინოს შემთხვევა. მათ, ასევე, მიაჩნიათ, რომ შემთხვევის შესწავლა შეიძლება იმპრესიონისტული, სუბიექტური იყოს და (მონაწილის ან დამკვირვებლის) თვითანგარიში მიკერძოებული გამოვიდეს. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ მიკერძოებულობა შეიძლება მაშინ იქცეს პრობლემად, თუ შემთხვევის შესწავლა ინდივიდის მეხსიერებას ეყრდნობა.

      დაიერი (Dyer 1995: 50 – 2) შენიშნავს, რომ შემთხვევის შესწავლის კითხვისას უნდა გვახსოვდეს, რომ შერჩევის პროცესმა უკვე ჩაიარა და მხოლოდ ავტორმა იცის, თუ რა შეირჩა და რა გამოირიცხა და - რა კრიტერიუმებით. ფაქტობრივად, თავად მონაწილეებმა შეიძლება არც იცოდნენ, როგორი შერჩევა განხორციელდა. დაიერის (1995: 48 – 9) დაკვირვებით, შემთხვევის შესწავლა აერთიანებს ცოდნასა და დასკვნას და ხშირად ძნელია ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მკვლევარმა კარგად უნდა გამოკვეთოს, ამ ორი მახასიათებლიდან რომელზეა შემთხვევის შესწავლის მონაცემები.

      ზემოთ განხორციელებული ანალიზიდან ცხადია, რომ შემთხვევის შესწავლა ხშირად კვლევის ინტერპრეტაციულ ტრადიციას მიჰყვება - სიტუაციის მონაწილის თვალით ხედვას და არა - რაოდენობრივ პარადიგმას, თუმცა, აუცილებელი არ არის, რომ ეს ყოველთვის ასე იყოს. ინტერპრეტაციული პარადიგმისადმი სიმპათიის გამო შემთხვევის შესწავლა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მაგალითად, სმითი (1991: 375) ამტკიცებს, რომ შემთხვევის შესწავლა ცოდნის მოპოვების არა მარტო ლოგიკურად ყველაზე სუსტი მეთოდია, არამედ ინდივიდუალური შემთხვევების, კარიერებისა და თემების შესწავლა წარსულის საკითხიცაა. ამიტომ, მათი მოდელები და კანონები ისტორიული კვლევის ფოკუსს უნდა წარმოადგენდნენ.

      ეს ცრურწმენა და იდეოლოგიაა და არა - კრიტიკა, მაგრამ რესპექტაბელობისა და ლეგიტიმურობის პრობლემაზე მიანიშნებს, რომელიც შემთხვევის შესწავლამ გარკვეულ აკადემიურ წრეებში უნდა მოიპოვოს. კვლევის სხვა მეთოდების მსგავსად, შემთხვევის შესწავლამ სანდოობა და ვალიდობა უნდა წარმოაჩინოს. სიტუაციების უნიკალობის პირობებში ეს შეიძლება რთული იყოს, იმთავითვე არ თანხვდებოდეს სხვა შემთხვევის შესწავლას, ან ვერ შეძლოს პოზიტივისტური თვალსაზრისით სანდოობის დემონსტრირება. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის შესაწავლა არ ხასიათდება სანდოობის ამ ფორმით, ამ მეთოდის გამოყენებისას მაინც ჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი პასუხგასაცემი კითხვები როგორიცაა, მაგალითად (Adelman et al. 1980; Nisbet and Watt 1984; Hitchkock and Hughes 1995):

  • ზუსტად რა არის შემთხვევა?
  • როგორ ხდება შემთხვევების იდენტიფიცირება და არჩევა?
  • რა სახის შემთხვევის შესწავლასთან გვაქვს საქმე (რა მიზანი აქვს მას)?
  • რა არის სანდო მტკიცებულება?
  • რა არის ობიექტური მტკიცებულება?
  • რას ნიშნავს სათანადო შერჩევის პროცესი დიდი რაოდენობით მიღებული მონაცემებიდან საბოლოო მონაცემების ამორჩევისთვის?
  • როგორია სამართლიანი, სრული და სკურპულოზური ანგარიში?
  • რა ვითარებაშია გამართლებული გამონაკლისი შემთხვევის (ან კრიტიკული მოვლენის - იხილეთ დაკვირვების განხილვა, თავი 18) აღება?
  • როგორი შერჩევაა ყველაზე შესატყვისი?
  • რამდენად საჭიროა ტრიანგულაცია და როგორ მოხდება ეს?
  • ვალიდაციის რა პროცესები ხორციელდება შემთხვევის შესწავლაში?
  • როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი უნიკალობასა და განზოგადებადობას შორის?
  • რა ფორმის წერილობითი ანგარიში შეესატყვისება შემთხვევის შესწავლას ყველაზე მეტად?
  • რა ეთიკური საკითხები დგება შემთხვევის შესწავლისას?

      შემთხვევის შესწავლით კვლევის ძირითადი საკითხი ინფორმაციის შერჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სასარგებლოა ტიპური, რეპრეზენტაციული ხდომილობების ჩაწერა, მკვლევრს ყოველთვის არ სჭირდება რეპრეზენტაციულობის კრიტერიუმის დაკმაყოფილება. შეიძლება ისეთი იშვიათი, არარეპრეზენტაციული, მაგრამ კრიტიკული შემთხვევები ან მოვლენები მოხდეს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ შემთხვევის გასაგებად. მაგალითად, სუბიექტმა კონკრეტული ქცევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ განახორციელოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ქცევა მარტო იმიტომ არ გამოირიცხოს და გადაიხაზოს, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა. ზოგჯერ შეიძლება ერთეული მოვლენები მოხდეს, რომლებსაც პიროვნების, ან სიტუაციის გაგებაში უზარმაზარი სინათლე შეაქვთ (იხილეთ კრიტიკული შემთხვევების განხილვა, თავი 18). ის სიტუაციის გაგების გასაღები შეიძლება იყოს (Flanagan 1949).

      მაგალითად, ფსიქოლოგიური შემთხვევის შესწავლა ბავშვზე ძალადობის ერთ კონკრეტულ მაგალითზე შეიძლება განხორციელდეს, რომელიც მოზრდილი ადამიანის ცხოვრების ადრეულ პერიოდში მოხდა, მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ამ მოზრდილის გაგების საყრდენი წერტილია. ბავშვმა შეიძლება ერთადერთი კომენტარი გააკეთოს, რომელიც სრულ ფრუსტრაციაზე და მასწავლებლის შიშზე მიუთითებდეს და ის იმდენად მნიშნველოვანია, რომ არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ვინაიდან არ აინტერესებს ხდომილობების სიხშირეები, შემთხვევის შესწავლაში რაოდენობა შეიძლება თვისებრიობამ და ინტენსივობამ ჩაანაცვლონ და ერთმანეთისგან ქცევის მნიშვნელოვანი ცოტა და უმნიშნველო ბევრი შემთხვევა გამიჯნონ. სწორედ მნიშვნელოვნებაა და არა - სიხშირე შემთხვევის შესწავლის ძირითადი მახასიათებელი, რაც მკვლევარს სიტუაციებისა და ადამიანების რეალური დინამიკის წვდომას სთავაზობს.

შემთხვევის შესწავლის სახეების მაგალითები

      იმ ექსპერიმენტატორისგან განსხვავებით, რომელიც ცვლადებით მანიპულირებს მათი მიზეზობრივი მნიშვნელოვნების დასადგენად, ანდა გამოკითხვის იმ ავტორისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანთა დიდ, რეპრეზენტაციულ შერჩევებს სტანდარტიზებულ კითხვებს უსვამს, შემთხვევის შესწავლით დაკავებული მკვლევარი, როგორც წესი, ცალკეული ერთეულის მახასიათებლებს აკვირდება, იქნება ეს ბავშვი, ჯგუფი, კლასი, სკოლა თუ თემი. ასეთი დაკვირვების მიზანი იმ მრავალგვარი ფენომენების ღრმად წვდომა და ინტენსიურად გაანალიზებაა, რომლებიც შესასწავლი ერთეულის ცხოვრების ციკლს ქმნიან (იმ პოპულაციის შესახებ განზოგადების შესაძლებლობით, რომელსაც ეს ერთეული მიეკუთვნება).

      მკვლევართა სტატისტიკურ-ექსპერიმენტული პარადიგმისადმი ანტიპათიამ შემთხვევის შესწავლის კვლევაში ბუმი გამოიწვია. დამნაშავეთა (Pატრიცკ 1973), გარიცხულთა (Pარკერ 1974), ნარკოტიკების მომხმარებელთა (Yოუნგ 1971) და სკოლების (Kინგ 1979) კვლევები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებასა და განათლების სფეროში კვლევაში შემთხვევის შესწავლის ფართოდ გამოყენებაზე მოწმობენ. ასეთი ფართო გამოყენება ორივენაირი - რაოდენობრივი და თვისებრივი - მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების მრავალფეროვანი ტექნიკების ფართო დიაპაზონით ხასიათდება. რა პრობლემაც არ უნდა იყოს და როგორი მიდგომაც არ უნდა იყოს არჩეული, შემთხვევის შესწავლაში მაინც დაკვირვების მეთოდი ფიგურირებს.

      11.3 ჩანართში წარმოდგენილია დაკვირვების გამოყენებით კვლევის ტიპოლოგია, რომლის საფუძველზეც შევარჩიეთ ჩვენი ექვსი მაგალითი.

      აკერის კვლევა (Acker 1990) ეთნოგრაფიული ანგარიშია, რომელიც მონაწილის დაკვირვების რამდენიმე ასეულსაათიანი მასალებს ეყრდნობა, ხოლო ბოლტონის (Boulton 1992) კვლევა პირიქით - უკიდურესად სტრუქტურირებულ, არამონაწილის დაკვირვებას ეფუძნება, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. უაილდისა და მისი კოლეგების (Wild et al. 1992) კვლევაში გამოყენებულია მონაწილის დაკვირვება და თავისუფალი სტრუქტურის მქონე ინტერვიუები, რომლებიც შედეგად მარტივი სიხშირეების დათვლას იძლევა. კომპიუტერებთან გამკლავების ბლიზისა და კოჰენისეულ (Blease and Cohen 1990) კვლევაში უკიდურესად სტრუქტურირებული დაკვირვების ცხრილებია გამოყენებული. მათ არამონაწილე დამკვირვებლები, სპეციალურად, საკლასო მეცადინეობებში კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ ზუსტი რაოდენობრივი მონაცემების მისაღებად აწარმოებდნენ. დაკვირვება დაწყებითი კლასების ლონგიტუდური კვლევის ნაწილი იყო და, შედეგად, მოსწავლეების მიერ კომპიუტერული პროგრამების გამოყენებისას ინდივიდუალური ქცევისა და ჯგუფის ურთიერთქმედებების ტიპური პროფილები მიიღეს. ანტონსენის (Antonsen 1988) კვლევა მოიცავდა ფსიქიატრიულ განყოფილებაში მყოფი ერთი ბავშვის ფსიქოთერაპიის პროცესს და იყენებდა არასტრუქტურირებულ დაკვირვებას ფსიქიატრიული კლინიკის ხელოვნურ გარემოში. ეს კვლევა თერაპევტის არადირექტიული მიდგომის მაგალითია. დაბოლოს, ჰუტონის (Houghton 1991) კვლევაში სტრუქტურირებული ტესტების მასალებიდან აღებული მონაცემები და ფოკუსირებული ინტერვიუები გამოიყენეს მათთან, ვისაც ეს უცხოელი სტუდენტი ეკონტაქტებოდა. შემთხვევის შესწავლის დასახელებული მაგალითები ერთად კარგად წარმოაჩენენ შემთხვევის შესწავლის ტიპებსა და დიაპაზონს.

ჩანართი 11.3
დაკვირვების გამოყენებით კვლევის ტიპოლოგია


      დაკვირვების ორი ძირითადი ტიპი არსებობს - მონაწილის და არამონაწილის დაკვირვება. პირველის შემთხვევაში დამკვირვებლები თავად არიან იმ აქტივობებით დაკავებულნი, რის დაკვირვებასაც აპირებდნენ. ხშირად მათი „საფარველი“ იმდენად სრულყოფილია, რომ სხვა მონაწილეებივით, უბრალოდ, ჯგუფის წევრები არიან. მაგალითად, პატრიკის შემთხვევაში (1973), რომელიც გლაზგოში დაიბადა და გაიზარდა, მისი, როგორც მკვლევრის, ოთხთვიანი საქმიანობა გლაზგოს ბანდაში სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა, ასეთი სრული ანონიმურობის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ასე მაგალითად, ცენტრალური ლივერპულის მოზარდების პარკერისეულ (1974) კვლევაში საზოგადოდ იყო ცნობილი, რომ მკვლევარი უნივერსიტეტში მუშაობდა. დღის განმავლობაში ქუჩის ყოჩებთან ერთად „ხეტიალითა“ და ღამღამობით პაბებში სიარულით, პარკერმა სწრაფად მოახერხა ისეთი საერთო აზრის შექმნა, რომ მისი იქ ყოფნით არაფერი შავდებოდა - „ყველაფერი რიგზე იყო“. მისივე სიტყვებით: მკვლევარი „მსმელი, შინაური კაცი იყო“ - სანდო ადამიანი, თუ საქმე კანონის დარღვევაზე გაჩუმებას შეეხებოდა.

      შენიღბვა არ არის მონაწილის დაკვირვების აუცილებელი წინაპირობა. სკოლის ბოლო ორი კლასის და მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, უილისი (ჭილლის 1977) მუშათა კლასის წარმომადგენელი ვაჟების მცირე ჯგუფის ინტენსიურ კვლევას აწარმოებდა. იგი სკოლის ყველა საგნის მეცადინეობებს ესწრებოდა „არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც კლასის წევრი“ და საკვლევი ჯგუფის წევრ თითოეულ ვაჟთან ერთად ცოტა ხანი წარმოებაშიც მუშაობდა.

      მეორე მხრივ, არამონაწილე დამკვირვებლები ჯგუფის აქტივობებისადმი გულგრილნი რჩებიან და თავს იკავებენ ჯგუფის წევრობისგან, რაც არც ისე ძნელი აღმოჩნდა კინგისთვის (1979) - მოზრდილი დამკვირვებლისთვის - პატარების კლასში. კინგი (1979) იხსენებს, რამდენად მყარად დაიმკვიდრა არამონაწილის სტატუსი ბავშვებთან, სწარგად გაარკვია რა, რომ ისინი ნებისმიერ მოზრდილს სხვა მასწავლებლად ან მის შემცვლელად აღიქვამდნენ. აქედან გამომდინარე, მას შეეძლო სოციალური მანძილის შენარჩუნება, მიზანმიმართულად იკავებდა თავს უშუალო ინტერესის გამოხატვისგან და თვალებით კონტაქტსაც ერიდებოდა.

      არამონაწილე დამკვირვებლის როლის საუკეთესო ილუსტრაციაა მდგომარეობა, როდესაც მკვლევარი თავისთვის ზის საკლასო ოთახის ბოლოში და დასაკვირვებელი კატეგორიების წინასწარ მომზადებული სტრუქტურირებული ჩამონათვალის მიხედვით, ყოველ სამ წამში ერთხელ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ვერბალური ურთიერთქმედების კოდირებას ახდენს.

      მკვლევრის გამოყენებული დაკვირვების ტიპი ხშირად უკავშირდება იმ გარემოს ტიპს, რომელშიც კვლევა ხორციელდება. 11. 3 ჩანართში წარმოდგენილია გარემო პირობების კონტინუუმი კონსულტანტის და თერაპევტის კლინიკების „ხელოვნური“ გარემოცვიდან (5 და 6 უჯრედები) სასკოლო კლასების, თანამშრომელთა ოთახებისა და სათამაშო მოედნების „ბუნებრივ“ გარემოცვამდე (1 და 2 უჯრედები). ვინაიდან ჩვენი კონტინუუმი მხოლოდ თავისუფალი მონახაზია, შეგვიძლია საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტისა და კომპიუტერის გამოყენების კვლევები (3 და 4 უჯრედები) სადღაც შუაში, „ხელოვნურსა“ და „ბუნებრივს“ შორის მოვათავსოთ.

      მიუხედავად იმისა, რომ 11. 3 ჩანართში მოცემული შემთხვევის შესწავლის თითოეული მაგალითი თეორიულად შეიძლება მონაწილის ან არამონაწილის დაკვირვებით განხორციელდეს, ფაქტორების მთელი რიგი განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული ტიპის გარემოში დაკვირვების ერთ-ერთი სტრატეგია დომინირებდეს. ბეილი (1994: 247) ხსნის, რომ მკვლევარს, რომელსაც ფარული კვლევის წარმოება სურს, გაუჭირდება, თუ ბუნებრივ გარემოში მონაწილესავით არ მოიქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არის ის იქ? ამიტომ, ბევრ ბუნებრივ გარემოში მკვლევარი მონაწილეც იქნება. საპირისპირო ვითარებაა ლაბორატორიულ ან ხელოვნურ გარემოში, სადაც შეიძლება არამონაწილის დაკვირვების (მაგალითად, ვიდეო ჩანაწერით) წარმოება.

      იმის თქმა გვინდა, რომ მასწავლებლების მუშაობის არასტრუქტურირებული, ეთნოგრაფიული ანგარიში (1 უჯრედი) სკოლის ბუნებრივ სასწავლო გარემოში დაკვირვების ყველაზე ტიპური მეთოდია. ანალოგიურად, ჩვევებისა და პიროვნების შესწავლის სტრუქტურირებული საშუალებების გამოყენება, როგორც ეს ბ-ნი ჩონგის (6 უჯრედი) შესწავლისას მოხდა, კონსულტანტის სამუშაო კაბინეტის ხელოვნურ გარემოში კვლევისადმი გავრცელებული მიდგომაა.

      რატომ მონაწილის დაკვირვება?

      შუცი ამბობს (შცჰუტზ 1962), რომ ნატურალისტი მეცნიერი სწავლობს ველს, რომელიც არაფერს ნიშნავს მასში არსებული მოლეკულებისთვის, ატომებისა და ელექტრონებისთვის. ამის საპირისპიროდ, შესწავლის საგანი იმ სამყაროში, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწე მკვლევარს აინტერესებს, ადამიანებისგან შედგება და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებისთვის. სამყარო სუბიექტურად არის სტრუქტურირებული და მასში მცხოვრებთათვის კონკრეტული მნიშვნელობები აქვს. განათლების სფეროში მოღვაწე მკვლევრის ამოცანა ხშირად საერთო მნიშვნელობების ტერმინებით იმ საშუალებების ახსნა, რომლითაც იქმნება და არსებობას ინარჩუნებს მოწესრიგებული სოციალური სამყარო. როგორ იყენებს მკვლევარი დაკვირვების მექანიზმებს ამ ამოცანის შესრულებისას? ბეილი (1994: 243 – 4) მონაწილის დაკვირვების რამდენიმე განუყოფელ უპირატესობას ასახელებს:

  • დაკვირვებას უპირატესობა ენიჭება ექსპერიმენტებთან და გამოკითხვებთან შედარებით მაშინ, როდესაც არავერბალური ქცევის შესახებ უნდა აიკრიფოს მონაცემები;
  • დაკვირვებისას მკვლევრებს მიმდინარე ქცევის ბუნებრივ ვითარებაში დანახვის და მისი თვალსაჩინო მახასიათებლების ჩაწერის შესაძლებლობა აქვთ;
  • ვინაიდან შემთხვევის შესწავლის დაკვირვებები დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარეობს, მკვლევრებს გაცილებით ახლო და არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლიათ მათთან, ვისაც აკვირდებიან, ზოგადად, უფრო ბუნებრივ გარემოში, ვიდრე ეს ექსპერიმენტების და გამოკითხვების შემთხვევაშია;
  • შემთხვევის შესწავლის დაკვირვებები ნაკლებად რეაქტიულია, ვიდრე - მონაცემების შეგროვების სხვა მეთოდები. მაგალითად, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში და გამოკითხვებში, რომლებიც სტურუქტურირებულ კითვებზე მიღებულ ვერბალურ პასუხებზეა დამოკიდებული, სწორედ ის მონაცემები შეიძლება აღმოჩნდეს მიკერძოებული, რომლის შესწავლასაც ცდილობს მკვლევრი.

დაკვირვების შედეგების ჩაწერა

თითქმის ექვსასსაათიანი დაკვირვების პროცესში დაახლოებით ნახევარი მილიონი სიტყვით ოცდათორმეტი რვეული გავავსე
(Kინგ 1979)

      დაკვირვების შედეგების ჩაწერა ხშირად აფიქრებთ გამოუცელ მკვლევრებს, რომლებიც შემთხვევის შესწავლას კიდებენ ხელს. რამდენი უნდა ჩაიწეროს? რა ფორმით უნდა ჩაიწეროს? რა უნდა უქნან უამრავ ჩაწერილ მონაცემს?

      ლოფლენდი (Lოფლანდ 1971) საველე ჩანაწერების წარმოებისთვის რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვთავაზობს:

  • დაკვირვების დასრულების შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაწერეთ, რადგან მალე ჯერ ინფორმაციის მცირე ნაწილი დაგავიწდებათ, დროის განმავლობაში კი - მეტი. დროსთან ერთად სწრაფად იზრდება დავიწყებულის მოცულობა;
  • ივარჯიშეთ ჩანაწერების სწრაფად წარმოებაში და შეეჩვიეთ აზრს, რომ, რამდენადაც ირონიულად უნდა მოგეჩვენოთ, საველე ჩანაწერების წარმოებამ იმდენივე დრო შეიძლება წაიღოს, რამდენსაც რეალურ დაკვირვებას უთმობთ;
  • მისაღები მეთოდია აუდიოჩანაწერის გაკეთებაა და არა - ხელით ჩაწერა (თუ ამას მოახერხებთ), სამაგიეროდ, წერა აზროვნების სტიმულირებას ახდენს.
  • საველე ჩანაწერების კომპიუტერზე აკრეფვა გაცილებით სჯობს ხელით წერას, რადგან ეს მეთოდი უფრო სწრაფია და წასაკითხად ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩანაწერების რამდენიმე ვარიანტს აკეთებთ;
  • სასურველია საველე ჩანაწერების, სულ მცირე, ორი ასლის გაკეთება. ორიგინალი ინახება, როგორც თავდაპირველი წყარო, რომელსაც შეგიძლიათ მიუბრუნდეთ საჭიროების შემთხვევაში, ხოლო დანარჩენი ასლები შეგიძლიათ დაჭრათ, გადაალაგოთ და ხელახლა გადაწეროთ;
  • ჩანაწერები იმდენად სრული უნდა იყოს, რომ რამდენიმე თვის შემდეგაც შეძლოს მკვლევარმა ნებისმიერი აღწერილი მოვლენის თვალსაჩინო და ხატოვანი სურათის დანახვა. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ მკვლევარმა ყოველი ერთსაათიანი დაკვირვებისთვის, სულ მცირე, ორი გვერდი (ერთიანი შუალედით) მაინც უნდა ჩაწეროს.

      ლოფლენდის (1971) მიერ რეკომენდებული და კინგის (1979) და უოლკოტის (ჭოლცოტტ 1973) მიერ თავიანთ ეთნოგრაფიულ ანგარიშებში რეალურად გამოყენებული რეკომენდაციები ჩანაწერების წარმოებისთვის არასტრუქტურირებული დაკვირვების ბუნებიდან მომდინარეობს. უოლკოტი (1973) აღიარებს, რომ ჩანაწერების წარმოება დაეხმარა უკიდურეს მოწყენილობასთან გამკლავებაში, რომელიც ზოგჯერ დაუსრულებელ ყოველდღიურ შეხვედრებზე ეუფლებოდა, რაც სკოლის დირექტორის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს შეადგენს. თუმცა, ხანხადან მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ უოლკოტი (1973) ძლივს ასწრებდა ჩაწერას და მხოლოდ ზედაპირულ, ნაჩქარევ ჩანაწერებს აკეთებდა, რომელთაც მოგვიანებით სრული სახით წერდა. ერთ-ერთი სასარგებლო რჩევა, რომელსაც ეს გამოცდილი ეთნოგრაფი გვაძლევს, ნამდვილად ყურადსაღებია: არასოდეს განაახლოთ დაკვირვება მანამ, ვიდრე წინა დაკვირვების ჩანაწერებს არ დაასრულებთ. ახალს ვერაფერს მიიღებთ, თუ სიტუაციაში უბრალო დამკირვებელი იქნებით. სანამ ჯერ კიდევ დასაწერი გაქვთ ერთი ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები, აზრი არა აქვს კლასში ან სკოლაში დაბრუნებას და მოვლენების ერთი ჯგუფის გავლენის უფრო მოგვიანებით მომხდარი მოვლენებით გამოწვეული გავლენით გადაფარვას. ფაქტობრივად, როდის უნდა ჩაიწეროს მონაცემები იმ პრაქტიკული პრობლემებიდან ერთ-ერთია, რაც უოლკერმა (1980) გამოჰყო და 11. 4. ჩანართშია წარმოდგენილი.

ჩანართი 11.4
შემთხვევის შესწავლა და არჩევის პრობლემები

      შემთხვევის შესწავლის დაწყებისას მკვლევრის წინაშე მდგარ პრობლემათა შორის არის არჩევის პრობლემა. ქვემოთ მოცემული კითხვები მიუთითებს ზოგიერთ იმ დაბრკოლებაზე, რომელიც მკვლევარს შეიძლება ამ თვალსაზრისით შეხვდეს:

  • როგორ უნდა მიხვიდეთ საწყისი იდეიდან სამუშაო ფორმატამდე (იდეიდან კონკრეტულ, გამოყენებად მონაცემებამდე)?
  • რას კარგავთ პროცესში?
  • შედეგად რა არასასურველი პრობლემები გიჩნდებათ?
  • როგორ იპოვით თქვენი საქემისათვის საუკეთესო მდებარეობის ადგილს?
  • როგორ აღმოაჩენთ, დაადგენთ და მიუდგებით ძირითად ინფორმანტებს?
  • ის, თუ როგორ ხედავენ ისინი, ქმნის კონტექსტს, რომელშიც თვენ ხედავთ მათ. როგორ შეგიძლიათ ასეთ სოციალურ სირთულესთან გამკლავება?
  • როგორ ჩაიწერთ მტკიცებულებებს? როდის? რამდენს?
  • როგორ შეინახავთ და დაახარისხებთYმათ?
  • რა დროს დაუთმობთ იმაზე ფიქრსა და რეფლექციას, თუ რას აკეთებთ?
  • რა მომენტში გაუმჟღავნებთ თქვენს სუბიექტს, რას აკეთებთ?
  • პირველი ვინ ნახავს ანგარიშს?

წყარო: ადაპტირებულია Walker 1980


შემთხვევის შესწავლის დაგეგმვა

      შემთხვევის შესწავლის დაგეგმვისას მკვლევრისთვის სასარგებლო იქნება რამდენიმე საკითხის განხილვა (მაგალითად, Adelman et al. 1980):

  • შემთხვევის კონკრეტულ გარემო პირობებში შედის: კონკრეტული მონაწილეების შესაძლო დაკარგვა, რაც თან სდევს მონაწილეობას; მონაცემების კუთვნილების და გაცემის შესახებ შეთანხმება;
  • კვლევის წარმოებაში შედის: პირველადი და მეორადი წყაროების გამოყენება; მონაცემების შემოწმების შესაძლებლობა; ტრიანგულაცია (კოლეგების მიერ შედეგების განხილვის, რესპონდენტების მიერ ვალიდაციისა და რეფლექსურობის ჩათვლით); მონაცემების შეგროვების მეთოდები ინტერპრეტაციული პარადიგმის ფარგლებში - შემთხვევის შესწავლა მონაცემების შეგროვების გარკვეული მეთოდებისკენ იხრება, როგორიცაა, მაგალითად, ნახევრად სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული ინტერვიუები, თხრობითი ფორმით წარმოდგენილი ანგარიშები და დოკუმენტები, დღიურები, ასევე, შესაძლებელია ტესტები და არა - სხვა მეთოდები, მაგალითად, გამოკითხვები და ექსპერიმენტები. ნისბეტი და უატი (1984) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ინტერვიუების გამოყენებისას შეიძლება ჭკვიანური იყოს უფრო ასაკოვანი ადამიანების მოგვიანებით ინტერვიუირება და არა დასაწყისშივე. დისკუსიის დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ რომ გამოიყენოთ, მკვლევარი ინტერვიუს ჩატარებამდე უკვე სიტუაციის საერთო სურათის ნაწილი უნდა იყოს. დაბოლოს, კვლევის წარმოება მონაცემების ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში, თეორიის გენერირებას და ანგარიშის დაწერას მოიაზრებს. ნისბეტი და უატი (1984) თვლიან, რომ მნიშვნელოვანია დასკვნებისა და მტკიცებულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, არსებითი მტკიცებულებები ძირითად ტექსტში უნდა იყოს მოცემული და ილუსტრაცია ანალიზითა და განზოგადებით უნდა ბალანსირდებოდეს;
  • კვლევის შედეგები (მონაწილეებისთვის). აქ შეიძლება შედიოდეს კვლევის გაანონიმურება მონაწილეების დაცვის მიზნით, თუმცა ასეთმა გაანონიმურებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ შემთხვევის შესწავლის ძირითადი მიზანი განზოგადებაა და არა - უნიკალური შემთხვევის აღწერა, ანუ, ეს შემთხვევის შესწავლის ცენტრალურ მახასიათებელს შეიძლება დაუპირისპირდეს. ანგარიშის გაანონიმურებამ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელივით იმოქმედოს. ადელმენი და მისი კოლეგები (1980) მიიჩნევენ, რომ დამახინჯება, რომელიც ასეთ გაანონიმურებას ახლავს - შემთხვევა ამოუცნობი გახდა - კვლევის გასაჯაროებისაგან თავის დაცვისათვის ძალიან მაღალი ფასია.

      ნისბეტი და უატი (1984: 78) შემთხვევის შესწავლის განხორციელების სამ ძირითად ეტაპს გამოყოფენ. ვინაიდან შემთხვევის შესწავლა განვითარებადი სიტუაციების დინამიკას ასახავს, სასურველია ძალიან ფართო ფოკუსით დაწყება, შერჩევითობისა და წინასწარი მსჯელობების გარეშე. შემდგომი ფოკუსის თანდათანობით დავიწროება შექმნის ვიწრო, კონკრეტული ფოკუსის, ანუ შემდგომი კვლევისთვის და მონაცემების შეგროვებისთვის ძირითადი ფოკუსის გამოკვეთის შესაძლებლობას. მესამე ეტაპზე მზადდება ინტერპრეტაციის მონახაზი, რომელიც საბოლოო ფორმის მიღებამდე რესპონდენტთან უნდა გადამოწმდეს. ნისბეტი და უატი (1984: 79) არ გვირჩევენ შემთხვევის შესწავლისას ჰიპოთეზის ძალიან ადრეულ ეტაპზე ფორმულირებას. მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მონაცემების ღიად, თავისუფლად მოგროვება. რესპონდენტის მიერ ვალიდაცია შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მან მოცემული საკითხის გამოხატვის უკეთესი გზა შეიძლება შემოგთავაზოთ, ან რაიმეს დამატება ან დაზუსტება სურდეს.

      თუმცა, რესპონდენტის მიერ ვალიდაცია გარკვეულ რისკს უკავშირდება, რადგან ის შეიძლება არ დაეთანხმობს ინტერპრეტაციას. ნისბეტი და უატი (1984: 81) ვეტოს უფლების თაობაზე შეთანხმების საჭიროებაზე მიუთითებენ. ისინი, ასევე გვირჩევენ, რომ მკვლევარი დაპირდეს რესპონდენტს, რომ ის ანგარიშის იმ ნაწილებს ნახავს, რომელიც პირადად მას ეხება (კონფიდენციალობის დაცვის მექანიზმები შემთხვევის შესწავლაში, მაგალითად, სხვების კონფიდენციალობის). მკვლევარმა უნდა მიიღოს რესპონდენტის მიერ მიცემული ყველა შეთავაზება და პასუხი და, სადაც შესაძლებელია, შეცვალოს ანგარიში. მკვლევრისა და რესპონდენტის უთანხმოების შემთხვევაში, მკვლევარი უნდა შეპირდეს რესპონდენტს, რომ ის ანგარიშთან ერთად რესპონდენტის კომენტარებსა და კრიტიკულ შენიშვნებსაც გამოაქვეყნებს.

      სტურმენი (1997) კონტინუუმზე ალაგებს იმ მონაცემების შეგროვების ბუნებას, ტიპებსა და ანალიზის ტექნიკებს, რომლებიც შემთხვევის შესწავლაში გამოიყენება. ეს შეჯამებულია 11.5 ჩანართში.

ჩანართი 11.5
მონაცემების მოგროვების კონტინუუმი, ტიპები და ანალიზი შემთხვევის შესწავლაში

წყარო: ადაპტირებულია Sturman 1997


      ერთ პოლუსზე არასტრუქტურირებული, ტიპური თვისებრივი მონაცემები გვაქვს, ხოლო მეორეზე - სტრუქტურირებული რაოდენობრივი მონაცემები. მკვლევრებმა, რომლებიც შემთხვევის შესწავლას იყენებენ, უნდა გადაწყვიტონ, მონაცემების შეგროვების რა მეთოდებს, რა ტიპის მონაცემებს და ანალიზის რომელ ტექნიკებს გამოიყენებენ.

შემთხვევის შესწავლის წერილობით წარდგენა

      შემთხვევის შესწავლის დაწერისას მკვლევარი ორი ცნების - „მიზნისთვის შესატყვისობის“ და „აუდიტორიისთვის შესატყვისობის“ - ერთგული რჩება. რობსონი (2002: 512 – 13) შემთხვევის შესწავლის წერილობითი დალაგების ექვს ფორმას გვთავაზობს:

  • მომლოდინე სტრუქტურის შემთხვევაში მკვლევარი ანგარიშის დასაწყისში (მაგალითად, აბსტრაქტში) ძირითად შედეგებს წარმოადგენს და დანარჩენ ანგარიშს მტკიცებულებებს, ანალიზს, ახსნებს, დასაბუთებასა (მაგალითად, რა შეირჩა და რა - არა, რა დასკვნები გაკეთდა, რა ალტერნატიული ახსნები უარყვეს) და მსჯელობას უთმობს, რომელსაც მთლიან სურათამდე ან დასკვნამდე მივყავართ.
  • ნარატიულ ანგარიშში თხრობითი ანგარიშია წარმოდგენილი, რომელშიც ჩართულია სათანადო გრაფიკები, ცხრილები, წამოჭრილი საკითხები, ანალიზი და დასკვნები.
  • შედარების სტრუქტურაში ერთი და იგივე შემთხვევა ორი ან მეტი ხედვის კუთხიდან არის შესწავლილი (მაგალითად, ახსნითი, აღწერითი, თეორიული), რათა ან შემთხვევის მდიდარი, ყოველმხრივი ახსნა მოგვცეს მკვლევრმა, ან მკითხველს საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ მან თავად შეაფასოს, რომელი ახსნები, აღწერები ან თეორიები შეესატყვისება ყველაზე მეტად მოპოვებულ მონაცემებს.
  • ქრონოლოგიურ სტრუქტურაში ორგანიზების პრინციპად მარტივი თანმიმდევრობა, ანუ, ქრონოლოგია გამოიყენება, შესაბამისად, არა მარტო მიზეზებისა და შედეგების განხილვაა შესაძლებელი, არამედ - განვითარებადი ამბისთვის თვალის მიდევნებაც. რობსონის (2002) კომენტარს შეგვიძლია დავამატოთ, რომ ქრონოლოგია შეიძლება ისე დაიყოს ნაწილებად, როგორც მოსახერხებელი იქნება (მაგალითად, ძირითადი მოვლენები ან დროის ძირითადი პერიოდები) და ჩაერთვება კომენტარები, ინტერპრეტაციები, ახსნები და შეჯამებები მოვლენების განვითარებასთან ერთად წამოჭრილ საკითხებზე (მაგალითად, ეთნოგრაფიულ კვლევაში „შენიშვნების კეთების“ მსგავსად). ქრონოლოგია მაორგანიზებელი პრინციპია, მაგრამ ქრონოლოგიური განვითარების ყოველ ეტაპზე სხვადასხვაგვარი შინაარსია მოცემული.
  • თეორიის წარმომქმნელი სტრუქტურაა, როდესაც სტრუქტურა თეორიული კონსტრუქტების დალაგების ლოგიკას მიყვება. აქ რობსონი (2002) გვთავაზობს, რომ შემთხვევის შესწავლის ყოველი შემდეგი ნაწილი „თეორიულ ფორმულირებას“ უნდა მატებდეს რაიმეს, წარმოადგენდეს მას ან მისი მდგენელი იყოს, მსჯელობის ჯაჭვის რგოლი უნდა იყოს და საბოლოოდ ერთიანი თეორიული ფორმულირებისაკენ მივყავდეთ.
  • არათანმიმდევრულ სტრუქტურაში თანმიდევრობა, მაგალითად, ქრონოლოგიური, საკითხის, მოვლენის, თეორიის მიხედვით, უმნიშვნელოა. რობსონს (2002) მიაჩნია, რომ ეს მიდგომა მკითხველის ურთულებს იმის გაგებას, თუ რომელი სფეროებია მნიშვნელოვანი და რომელი - უმნიშვნელო, ანდა, გამოტოვებულია რამე თუ - არა. ეს ავტორის კაპრიზებს უქმნის საფრთხეს.

      ზოგიერთი შემთხვევის შესწავლა მხოლოდ ერთ სიტუაციას მოიცავს - ერთ ბავშვს, ერთ სოციალურ ჯგუფს, ერთ კლასს, ერთ სკოლას. ასეთ შემთხვევაში ზემოთ დასახელებული ყველა სტრუქტურა შეიძლება გამოუსადეგარი იყოს. ზოგი შემთხვევის შესწავლა მოვლენების განვითარებას საჭიროებს, ზოგი - „ერთი კადრის“ პრინციპით მუშაობს (მაგალითად, რამდენიმე სკოლა, კლასი ან ჯგუფი დროის კონკრეტულ მომენტში). პირველ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ქრონოლოგიის დაცვა, ხოლო მეორეში ასეთი ქრონოლოგია, შესაძლოა, შეუსაბამო იყოს. ზოგი შემთხვევის შესწავლა ორ ძირითად ნაწილად არის გაყოფილი (მაგალითად, ჭილლის 1977): მონაცემების წარდგენა და შემდეგ ანალიზი/ინტერპრეტაცია/ახსნა.

დასკვნა

      სხვადასხვა სტრატეგია, რომელიც საგანმანათლებლო გარემოში შემთხვევის შესწავლის ექვსი მაგალითით დავასურათეთ, გვაფიქრებინებს, რომ მონაწილის დაკვირვება ყველაზე კარგი ზოგადი ტერმინია, რომელიც მეთოდოლოგიურ მიდგომას აღწერს და არა - ერთ კონკრეტულ მეთოდს.1 ჩვენმა მაგალითებმა გვაჩვენა, რომ კონკრეტული შერჩევის რეპრეზენტაციულობა ხშირად მკვლევრისთვის ხელმისაწვდომ დაკვირვების სტრატეგიას უკავშირდება. ზოგადად, რაც მეტია შერჩევის ზომა, მით რეპრეზენტაციულია ის და მით მეტია ალბათობა, რომ დამკვირვებლის როლი მონაწილეობას უახლოვდება.

ტეგები: Qwelly, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, შემთხვევა

ნახვა: 2577

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters