კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 7
ნაწილი II

      ეფექტურ თვისებრივ კვლევას რამდენიმე მახასიათებელი აქვს (Cresswell 1998: 20 – 2) და მათი დანახვა შესაძლებელია თვისებრივი კვლევის შეფასებისას. ეს მახასიათებლებია:

  • გამოკვლევაში მონაცემების მოსაპოვებლად ზუსტი და მრავალგვარი მეთოდი გამოიყენება.
  • გამოკვლევა თვისებრივი კვლევის ბუნებისა და დაშვებების ფარგლებში წარმოებს.
  • კვლევა-ძიება ძირითადი თვისებაა და ერთი ან მეტი ტრადიციის შესატყვისად შეიძლება, წარმოებდეს (მაგალითად, ბიოგრაფია, ეთნოგრაფია, ფენომენოლოგია, შემთხვევის შესწავლა, მონაცემებზე დაფუძნებული თეორია).
  • კვლევის პროექტი თემაზე ან პრობლემაზე ერთი ფოკუსით იწყება და არა - ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შესახებ ჰიპოთეზით, ან წინასწარი დაშვებით. ურთიერთმიმართება შეიძლება შემდგომში განვითარდეს, მაგრამ ეს ღია საკითხია.
  • განსაზღვრულია გადამოწმების კრიტერიუმები, ანგარიში იწერება ზუსტად და ზედმიწევნით.
  • დამაჯერებლობა საჭიროა იმდენად, რომ მკითხველს შეეძლოს აღწერილ სიტუაციაში თავის წარმოდგენა.
  • მონაცემების გაანალიზება სხვადასხვა დონეზე ხდება, ისინი მრავალშრიანია.
  • ნაწერი იტაცებს მკითხველს და, დამაჯერებლობისა და სიზუსტის ფონზე, სავსეა მოულოდნელი წვდომებით.

ეტაპი 1: საკვლევი ველის განსაზღვრა

      ბოგდანი და ბიკლენი (1992: 2) თვლიან, რომ კვლევის კითხვები თვისებრივ კვლევაში არ შემოიფარგლება მხოლოდ ცვლადების ოპერაციონალიზაციით, როგორც პოზიტივისტურ პარადიგმაში. პირიქით, კვლევის კითხვები in situ - ადგილზე ყალიბდება არსებული სიტუაციების პასუხად, ანუ თემას მთელი თავისი კომპლექსურობით ბუნებრივ გარემოში იკვლევენ. ველი, როგორც არსენო და ანდერსონი (Arsenault and Anderson 1998: 125) ამბობენ "თვისებრივ კვლევაში ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და უბრალოდ ფენომენის ადგილმდებარეობას აღნიშნავს”.

      ზოგიერთ თვისებრივ კვლევაში საკვლევი სფეროს შერჩევაზე გავლენას ახდენს კვლევის მიზნები, საჭიროება, კვლევისთვის ბიძგის მიმცემი, კვლევაში წამოწეული პრობლემა და კვლევის კითხვები და ქვეკითხვები. ზოგ თვისებრივ კვლევაში კი ეს ელემენტები შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდეს, რაც მკვლევარი გარკვეულ დროს თავად გაატარებს საკვლევ ველში.

ეტაპი 2: ეთიკური საკითხების მოგვარება

      დილი და მისი კოლეგები (Deyle et al. 1992: 623) გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ეთიკურ საკითხს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას კვლევაში:

      როგორ წარადგენს მკვლევარი საკუთარ თავს საკვლევ ველში? ვის წარუდგენს საკუთარ თავს? რამდენად ეთიკურად გამართლებულია სხვა ადამიანად თავის მოჩვენება იმ ცოდნის მისაღებად, რომელსაც სხვა გზით ვერ მიიღებდა და იმ ადგილებში მოსახვედრად, სადაც სხვა შემთხვევაში ვერ მოხვდებოდა ან ვერ დარჩებოდა?

      აქ რამდენიმე საკითხია. პირველია ინფორმირებული თანხმობის თემა (მონაწილეობისთვის და გახსნისთვის), უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილის თანხმობა (ასევე, იხილეთ Lecompte and Pressle 1993: 66). ამას სხვა მსჯელობამდე მივყავართ - ფარული თუ ღია კვლევა. ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი არგუმენტი ინფორმირებული თანხმობის სასარგებლოდ, თუმცა, რაც უფრო მეტი იციან მონაწილეებმა კვლევის შესახებ, მით ნაკლებად ბუნებრივად შეიძლება იქცეოდნენ (Lecompte and Pressle 1993: 108), ხოლო ბუნებრიობა, თავისთავად ცხადია, რომ ბუნებრივი პარადიგმის ძირითადი კრიტერიუმია.

      მიჩელი (1993) საუბრობს დილემაზე, რომელიც მკვლევრის წინაშე დგას: მან უნდა გადაწყვიტოს, ფარული კვლევა აწარმოოს, თუ ღია. ის ამბობს, რომ ინფორმირებული თანხმობის საკითხმა შეიძლება კვლევის კონკრეტული ფორმების არჩევამდე მიგვიყვანოს, ისეთი ფორმების, სადაც მკვლევრებს შეუძლიათ საკვლევი ფენომენის გაკონტროლება. ამით გამოირიცხება კვლევის სხვა სახეები, სადაც მონაწილეები მოქმედებენ ნაკლებად კონტროლირებულად, ნაკლებად პროგნოზირებულად და დადგენილი წესით, სადაც მათ დროთა განმავლობაში რეალურად შეუძლიათ კვლევაში ჩართვა, ან კვლევის დატოვება.

      ის ამტკიცებს, რომ რეალურ სოციალურ სამყაროში კვლევის მნიშვნელოვანი სფეროები ხელმიუწვდომელი იქნება, თუ ინფორმირებული თანხმობის მიღებას ვეცდებით, მაგალითად, საზოგადოების მარგინალური ჯგუფების, ან უპოვართა კვლევისას. თავად მონაწილეებისთვისაა უკეთესი კვლევის საიდუმლოდ შენახვა, ვინაიდან თუ ასე არ მოხდა, მაშინ შესაძლოა, მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულდეს და ის "მნიშვნელოვანი საიდუმლო" (Mitchell 1993: 54) საიდუმლოებად დარჩეს; ეს საზოგადოების და თავად მონაწილეების ლეგიტიმურ ინტერესებში შედის. მიჩელი საიდუმლოდ შენახვის სერიოზულ შემთხვევას აღწერს და ამტკიცებს, რომ ინფორმირებული თანხმობით მკვლევარმა შეიძლება თავი დაიძვრინოს ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ და შეჭიდულ ჯგუფებთან შეხვედრისგან, რომელთაც საზოგადოების თვალისგან სურთ თავის დაცვა. გასაიდუმლოება და ინფორმირებული თანხმობა საკამათო თემებია. ამიტომ მკვლევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ერთგულებენ და რა პასუხისმგებლობები აქვთ (Lecompte and Pressle 1993: 106), მაგალითად, რისი ცოდნის უფლება აქვს საზოგადოებას და რისი საიდუმლოდ დატოვების უფლება - ინდივიდს (Morrison 1993; De Laine 2000: 13).

      ლეკომტი და პრეისლი (1993) მიუთითებენ, რომ ფარული და ღია კვლევის საკითხთან ერთად, მონაწილისთვის რისკისა და მოწყვლადობის პრობლემებიც უნდა განიხილებოდეს. მონაწილისთვის რისკისა და ზიანის მიყენების ასარიდებლად გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო (პრინციპი "არ ავნო” - პრიმუმ ნონ ნოცერე). ბოგდანი და ბიკლენი (1992: 54) აფართოებენ განხილვის არეალს და მონაწილეთა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისა და ზიანის საკითხებიც შემოაქვთ. მოწყვლადობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას, როდესაც კვლევაში მონაწილეებს შეზღუდული აქვთ არჩევანის თავისუფლება, მაგალითად, ასაკის, ჯანმრთელობის, სოციალური შეზღუდვების, მათი ცხოვრების სტილის (მაგალითად, კრიმინალში მონაწილეობის), სოციალური მიუღებლობის და ჩაგვრის (მაგალითად, ძალადობის, ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლნი) გამო (Bogdan and Biklen 1992: 107). როგორც ავტორები ამბობენ, მონაწილეები იშვიათად არიან კვლევის ინიციატორები, ამიტომ მათი დაცვა მკვლევრის ვალდებულებაა. მკვლევრისა და კვლევის მონაწილეების ურთიერთობები იშვიათად არის სიმეტრიული ძალაუფლების მხრივ, ხშირად ხდება, რომ მეტი ძალაუფლების, ინფორმაციისა და რესურსების მქონენი იკვლევენ იმათ, ვინც მოკლებულია ამ ყველაფერს ან ფლობს, მაგრამ უფრო ნაკლები ოდენობით.

      ხშირად დაცვის სტანდარტულ მეთოდს კონფიდენციალობის გარანტია, ანუ მონაწილეების ნამდვილი სახელებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლების გაუმჟღავნებლობა წარმოადგენს. ბოგდანი და ბიკლენი (1992: 106) ამას ანონიმურობას ადარებენ, როდესაც ვინაობა იმიტომ არ მჟღავნდება, რომ მართლაც უცნობია. ამასთან, დგება ამოცნობისა და თვალის დევნების საკითხები. მონაწილეებმა შეიძლება თავად ამოიცნონ საკუთარი თავი კვლევის ანგარიშში, თუმცა სხვებმა ვერ შეძლონ ეს. ამას უკავშირდება მონაცემებისა და შედეგების კუთვნილების, გაცემული შედეგების კონტროლისა (ვის და როდის) და მონაწილის მიერ კვლევის შედეგებზე ვეტოს დადების უფლების განსაზღვრის საკითხები. პატრიკი (1973) ამ საკითხის უკიდურეს ვარიანტზე მიუთითებს: ის, როგორც მკვლევარი, გლაზგოს ბანდაში ყოფნისას თავად გახდა მკვლელობის მოწმე. დილემა ნათელია - პოლიციაში წასულიყო და განეცხადებინა მკვლელობის შესახებ (და ამით გამოეაშკარავებინა თავი და საფრთხეში ჩაეყენებინა საკუთარი სიცოცხლე), თუ გაჩუმებულიყო და ფარულ მკვლევრად დარჩენილიყო.

      ბოგდანი და ბილკენი (1992: 54) ამატებენ მონაწილეების, როგორც სუბიექტების, პატივისცემის საჭიროებას, რომლებიც არ არიან, უბრალოდ, საკვლევად მოსახმარი და შემდეგ გადასაყრელი ობიექტები. მასონი (Mason 2002: 41) თვლის, რომ მნიშვნელოვანია, მკვლევარმა გაითვალისწინოს ის ორგანიზაციები, პრაქტიკები და მხარეები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებული იყვნენ კვლევით ან განიცდიდნენ მის ზემოქმედებას და, ასევე, მხედველობაში მიიღოს ყველა დასმულ კითხვაზე პასუხების გავლენა კვლევის წარმოებაზე, ანგარიშის მომზადებასა და გავრცელებაზე. ეთიკის საკითხები მეორე და მეხუთე თავებში განვიხილეთ და მკითხველს ვურჩევთ, რომ მიმართოს ამ თავებს.

ეტაპი 3: შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

      იდეალურ ვარიანტში მკვლევარს ჯგუფის მთლიანად შესწავლა შეეძლებოდა. ასეთი შემთხვევა იყო გოფმანის (Goffman 1968) ნაშრომში "მთლიანი ინსტიტუტები", რომელიც ეხება საავადმყოფოებს, ციხეებს და პოლიციას. ანალოგიური გამოცდილება ჰქონდათ ანთროპოლოგებს, როდესაც ცალკეულ იზოლირებულ თემებს, ან ტომებს სწავლობდნენ. დღეს ეს იშვიათად არის შესაძლებელი, ვინაიდან ასეთი ჯგუფები აღარ არიან იზოლირებული, ან ჩაკეტილი. აქედან გამომდინარე, მკვლევარი შერჩევის საკითხის წინაშე დგება, ანუ, მან ისე უნდა შეარჩიოს ადამიანები, რომ ისინი უფრო ფართო ჯგუფს წარმოადგენდნენ (ნებისმიერად განსაზღვრულს). მკვლევარმა უნდა განსაზღვროს ის ჯგუფები, ვისთვისაც ადეკვატურია კვლევის კითხვები, კვლევისთვის მნიშვნელოვანი კონტექსტები, საჭირო დროის შუალედი და მისთვის საინტერესო მოსალოდნელი არტეფაქტები. სხვა სიტყვებით, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება ადამიანების შერჩევის, კონტექსტების, საკითხების, ვადების, არტეფაქტებისა და მონაცემების წყაროების თაობაზე.

      ზოგიერთი სახის კვლევაში შერჩევა დასაწყისშივე განსაზღვრულია, თუმცა შეიძლება მოხდეს შერჩევის კვდომის" გამო (მაგალითად, ადამიანები ტოვებენ კვლევას). ამას პრობლემურად მიიჩნევენ. ეთნოგრაფიული კვლევა ამას ბუნებრივ პროცესად აღიქვამს და არა - მოსაბეზრებლად. ადამიანები კვლევაში მოდიან და მიდიან. ეს გავლენას ახდენს არჩევანზე - ჩატარდეს ერთი სინქრონული კვლევა დროის ერთ მომენტში, თუ უპირატესობა მიენიჭოს დიაქრონულ კვლევას, როდესაც მოვლენებსა და ქცევებს დროთა განმავლობაში აკვირდებიან და სიტუაციებს უტოვებენ შეცვლის, განვითარებისა და წარმოქმნის შესაძლებლობას. ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებაში შერჩევა ცვალებადი და სიტუაციურია და არა - დასაწყისიდანვე განსაზღვრული. ის იცვლება და ვითარდება დროში. ვნახოთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს.

      ლეკომტი და პრეისლი (1993: 82 – 3) მიუთითებენ, რომ ეთნოგრაფიული მეთოდები სხვადასხვა მიზეზის გამო გამორიცხავენ სტატისტიკურ შერჩევას. ეს მიზეზებია:

  • უცნობია პოპულაციის მახასიათებლები;
  • ჯგუფში არ არის საზღვრების თვალსაჩინო მარკერები (კატეგორიები ან სტრატები);
  • განზოგადებადობა - სტატისტიკური მეთოდების მიზანი - არ წარმოადგენს ეთნოგრაფიული კვლევისF აუცილებელ მიზანს;
  • შერჩევაში შესაძლოა თანაბრად არ გადანაწილდეს მისი მახასიათებლები;
  • მთლიანი შერჩევის მახასიათებლების მხოლოდ ერთი ან ორი ჯგუფი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი;
  • მკვლევრებს შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეთ მთელ პოპულაციაზე;
  • შერჩევის ზოგიერთი წევრი შეიძლება არ იყოს იმ პოპულაციის წარმომადგენელი, რომლიდანაც განზრახული იყო შერჩევის აღება.

      აქედან გამომდინარე, საჭიროა სხვა ტიპის შერჩევები. კრიტერიუმზე დაფუძნებული შერჩევა მკვლევრისგან იმ თვისებების, ფაქტორებისა და მახასიათებლების, ანუ კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრას მოითხოვს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს კვლევაში. შესაბამისად, მკვლევრის ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ეს კრიტერიუმები წარმოდგენილი იყოს აღებულ შერჩევაში (სტრატიფიცირებული შერჩევის ეკვივალენტი). არსებობს შერჩევის სხვა ფორმებიც (განხილულია მეოთხე თავში), რომლებიც გამოსადეგია ეთნოგრაფიულ კვლევაში (Bogdan and Biklen 1992: 70; Lecompte and Pressle 1993: 69 – 83). ეს ფორმებია:

  • ხელმისაწვდომი შერჩევა: შესაძლებლობის შერჩევა, ხელმისაწვდომი ადამიანებიდან არჩევა.
  • კრიტიკული შემთხვევის შერჩევა: მაგალითად, ადამიანები, რომლებთანაც მკვლევრისთვის საინტერესო თემები ან მახასიათებლები მთელი სისრულით, ან მათი ქცევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმით ვლინდება. 
  • მახასიათებლის ნორმის იდენტიფიცირება: როდესაც დადგენილია მოცემული მახასიათებლის უკიდურესი გამოვლინებები და მათი საზღვრები.
  • ტიპური შემთხვევის შერჩევა: იდენტიფიცირდება თვისებების ან მახასიათებლების პროფილი, რომელიც ჩვეულია "საშუალო", ტიპური პიროვნებისთვის, ან შემთხვევისთვის და შერჩევას ახდენენ ამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, ან შემთხვევებისგან.
  • უნიკალური შემთხვევის შერჩევა: იდენტიფიცირდება ერთი ან მეტი კრიტერიუმის მიხედვით იშვიათი, განუმეორებელი, ან უცნაური შეთხვევები და მათგან ხდება შერჩევა. რა მახასიათებლებით და თვისებებითაც არ უნდა ჰგავდეს ინდივიდი სხვებს, ის ერთი ან რამდენიმე კონკრეტული თვისება ან მახასიათებელი მაინც გამოარჩევს მას.
  • რეპუტაციის შემთხვევის შერჩევა: კრიტიკული შემთხვევისა და უნიკალური შერჩევის ვარიანტი, როდესაც მკვლევარი შერჩევას ახდენს გარკვეული სფეროს ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე.
  • ზვავისებრი შერჩევა: სხვა რესპონდენტების მოზიდვა პირველი რესპონდენტის რჩევით და რეკომენდაციით.

      პატონი (1980) გამოყოფს შერჩევის რამდენიმე ტიპს, რომელიც გამოსადეგია ბუნებრივ კვლევაში, მათ შორისაა:

  • ექსტრემალური/დევიაციური შემთხვევების შერჩევა: უჩვეულო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ისეთი შემთხვევების აღება, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური, ან ნათლის მომფენი იყოს.
  • ზვავისებრი შერჩევა: როდესაც ერთი მონაწილე უზრუნველყოფს შემდგომ მონაწილეებთან წვდომას და ა.შ.
  • მაქსიმალური ცვალებადობის მქონე შერჩევა: მოწოდებულია უნიკალური ცვლილებების დიაპაზონის დასაფიქსირებლად; ეს ცვლილებები ხშირად იმის შედეგია, რომ ადამიანებს უწევთ განსხვავებულ პირობებთან შეგუება. გამოსადეგია, თუ კვლევა მიზნად ისახავს კონკრეტული ფენომენის, ან ფენომენების ცვალებადობის, დიაპაზონისა და პატერნების დადგენას (Goffman 2002: 74).
  • ინტენსიურობის მიხედვით შერჩევა: დამოკიდებულია იმაზე, თუ მკვლევრისთვის საინტერესო რომელი მახასიათებლები ჩანს, ან ვლინდება.
  • კრიტიკული შემთხვევების შერჩევა: შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა შემთხვევებშიც: თუ ინფორმაცია ჭეშმარიტია კრიტიკული შემთხვევებისთვის (მაგალითად, როდესაც ყველა ფაქტორი სახეზეა), მაშინ, მოსალოდნელია, რომ ის სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვისაც ჭეშმარიტი იქნება.
  • პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ან სენსიტიური შემთხვევების შერჩევა: ყურადღების მიპყრობა კონკრეტულ შემთხვევაზე.
  • ხელმისაწვდომი შერჩევა: მკვლევარს აზოგვინებს დროს, ფულსა და ნაკლებად დამყოლი მონაწილეების მოძებნაზე დახარჯულ ძალისხმევას.

      ამ ჩამონათვალს შეგვიძლია დავამატოთ მაილსისა და ჰუბერმანის მიერ დასახელებული შერჩევის ტიპები (1994: 28):

  • ჰომოგენური შერჩევა: ფოკუსირდება მსგავსი მახასიათებლების მქონე ჯგუფებზე.
  • თეორიული შერჩევა: გამოიყენება მონაცემებზე დაფუძნებულ თეორიაში, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, როდესაც მონაწილეებს არჩევენ მათი უნარის გამო, წვლილი შეიტანონ თეორიის შემუშავებაში.
  • დამადასტურებელი და უარმყოფელი შემთხვევები: ჰგავს ექსტრემალურ და დევიაციურ შემთხვევებს, რომელზეც პატონი (1980) მიუთითებს. გამოიყენება წესიდან გამონაკლისების მოსაძიებლად, რამაც შეიძლება, წესის მოდიფიკაციამდე მიგვიყვანოს.
  • შემთხვევითი მიზნობრივი შერჩევა: როდესაც პოტენციური შერჩევა ძალიან დიდია, შეიძლება უფრო მცირე მოცულობის ქვეშერჩევების გამოყენება და ამ დროს მაინც ნარჩუნდება გარკვეული განზოგადებადობა.
  • სტრატიფიცირებული მიზნობრივი შერჩევა: გამოიყენება ქვეჯგუფებისა და სტრატების იდენტიფიცირებისთვის.
  • კრიტერიუმის მიხედვით შერჩევა: ირჩევა ყველა, ვინც აკმაყოფილებს მოცემული ჯგუფის, ან კლასის წევრობის გარკვეულ დადგენილ კრიტერიუმს.
  • შესაძლებლობის შერჩევა: ასეთი შერჩევა მოულოდნელი მოვლენების, ინიციატივების, იდეების, თემების უპირატესობით სარგებლობს.

      მაილსი და ჰუბერმანი (1994) თვლიან, რომ ამ სტრატეგიების გამოყენება შეიძლება როგორც ცალ-ცალკე, ისე - კომბინირებული სახით და მათ ასე გამოყენებას ტრიანგულაციაში შეაქვს წვლილი.

      ქვემოთ შერჩევის ორ კატეგორიას განვიხილავთ: "პირველად ინფორმანტებს" და "მეორად ინფორმანტებს" (Morse 1994: 228) ანუ მათ, ვინც სრულიად აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს და მათ, ვინც ავსებენ ამ კრიტერიუმების შერჩევას.

      ლინკოლნი და გუბა (1985: 201 – 2) აღწერენ მნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც არსებობს ტრადიციული და ბუნებრივი კვლევის სქემებს შორის. ტრადიციული კვლევა მსგავსებების გამოვლენასა და განზოგადების მიღწევაზეა ორიენტირებული, ხოლო ბუნებრივი კვლევის მიზანი ინფორმაციულობაა - იმდენად მრავალფეროვანი წვრილმანების, დეტალების მოპოვება, რომ შესაძლებელი იყოს თითოეული შემთხვევის უნიკალობისა და ინდივიდუალობის წარმოჩენა. ბრალდებას, რომ ბუნებრივი კვლევა-ძიება, შერჩევის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს განზოგადებას, ავტორები პასუხობენ, რომ ეს გარდაუვალია, მაგრამ - ტრივიალური; ერთი სიტყვით, უმნიშვნელოა.

      შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ოდნავ უფრო რადიკალურ პოზიციას იკავებს პატონი (1980: 184) და ამბობს, რომ "თვისებრივ კვლევაში შერჩევის მოცულობისთვის წესები არ არსებობს ". შერჩევის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი ცოდნა სურს მკვლევარს, კვლევის მიზნებზე, რა იქნება გამოსადეგი, სანდო და რისი გაკეთებაა შესაძლებელი არსებული რესურსებით, მაგალითად, დრო, ფული, ადამიანები, მხარდაჭერა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გააზრების საგანია დამწყები მკვლევრისთვის.

      ეზი (Goffman 2002: 74) აქცენტს "თეორიული შერჩევის" ცნებაზე აკეთებს, რომელსაც გლასერი და სტრაუსი (1967) გვთავაზობენ, და ამბობს, რომ კვლევის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, თვისებრივი კვლევის დაწყებისას შეიძლება ყოველთვის ზუსტად არ იცოდნენ, თუ ვინ უნდა შეარჩიონ და შერჩევა ადგილზე, კვლევის წინსვლის პროცესშივე განისაზღვროს. თეორიული შერჩევა მონაცემებთან ერთად იწყება და შედეგად მიღებული სურათის შეფასების საფუძველზე მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით წავიდეს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი თეორიის განსავითარებლად (Glaser and Strauss 1967: 45). ამ საკითხს უფრო დეტალურად 23-ე თავში განვიხილავთ.

      ინდივიდებს და ჯგუფებს იმიტომ ირჩევენ, რომ მათ აქვთ პოტენციალი (ან იმედოვნებენ, რომ აქვთ), რაღაც ახალი შესძინონ განვითარებად თეორიას, ანუ მათ თეორიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით გამოარჩევენ. თეორიის განვითარებასთან ერთად, მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის მიმართოს მონაწილეობის სათხოვნელად. თეორიული შერჩევა არ ითხოვს პოპულაციის მახასიათებლების ცოდნას, ან ცნობილი პოპულაციის წინასწარ წარმოდგენას, ხოლო შერჩევის მოცულობა არ არის წინასწარ განსაზღვრული. შერჩევა მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც თეორიული გაჯერება (ქვემოთ არის განხილული) მიიღწევა.

      ეზის (2002: 74 – 5) მაგალითად მოაქვს საკუთარ შრომაში გამოყენებული თეორიული შერჩევა, რომელშიც უმუშევრობას იკვლევდა. მან განავითარა თეორია, რომ უმუშევარი ადამიანების მიერ განცდილი დისტრესის[1] დონეზე გავლენას ახდენდა ფინანსური დისტრესის დონე. დისტრესის დონის განსასაზღვრად მან ჩაატარა ინტერვიუები ვალის მქონე და არმქონე მცირე შემოსავლისა და დიდი შემოსავლის მქონე ჯგუფებთან. იგი აღნიშნავს, რომ დისტრესის დონეს იმდენად არ განაპირობებდა შემოსავლის აბსოლუტური ოდენობა, რამდენადაც შემოსავლისა და ვალის ურთიერთმიმართება.

      განათლების სფეროში თეორიული შერჩევის გამოყენების მაგალითი ასეთი შეიძლება იყოს: მორალური მდგომარეობის შესახებ მასწავლებლების ინტერვიუირებამ შეიძლება, მიგიყვანოთ თეორიამდე, რომ სკოლებში მასწავლებლის მორალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების ხელისშემშლელი ქცევა. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს იმ მასწავლებლების შერჩევა, რომლებსაც ბევრ ასეთ მოსწავლესთან უწევს მუშაობა ძნელად აღსაზრდელთა სკოლებში. ეს იქნება "კრიტიკული შემთხვევის შერჩევა". თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ასეთ გარემოში მომუშავე ზოგიერთ მასწავლებელს მყარი მორალური მდგომარეობა აქვს, კერძოდ, იმიტომ, რომ ისინი მოელიან ხელისშემშლელ ქცევას პრობლემური მოსწავლეებისგან და ამიტომ არ უკვირთ, ანდა არ აშინებთ ის; და კიდევ იმიტომ, რომ ამ სკოლების თანამშრომლები უდიდეს მხარდაჭერას უწევენ ერთმანეთს - ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს რთულ მოსწავლეებთან მუშაობა.

      ამრიგად, მკვლევრები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სკოლის ისეთ მასწავლებლებზე ფოკუსირდნენ, რომლებსაც შედარებით ნაკლები რაოდენობის პრობლემურ მოსწავლეებთან უწევთ მუშაობა. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ ამ მასწავლებლების მორალური მდგომარეობა გაცილებით უარესია. ის გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მასწავლებლები ბევრს ელიან მოსწავლის ქცევისგან და როდესაც გამოჩნდება ერთი ან ორი მოსწავლე, რომელიც არ ამართლებს ამ მოლოდინს, მასწავლებლების მორალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ზარალდება; და იმიტომაც, რომ ხელისშემშლელი ქცევა ამ სკოლებში მასწავლებლის სისუსტედ არის მიჩნეული და თითქმის არ არსებობს ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკა. შესაბამისად, დაიხვეწება მკვლევრის თეორია და ის ჩათვლის, რომ მასწავლებლის მორალურ მდგომარეობაზე მისივე მოლოდინი უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევა. ასე რომ, მკვლევარი იღებს მასწავლებლების "მაქსიმალური ვარიაციის შერჩევას" მთელ რიგ სკოლებში, რათა იკვლიოს, რა მიმართებაშია მოლოდინი და მორალური მდგომარეობა მოსწავლის ხელისშემშლელ ქცევასთან. ამ შემთხვევაში შერჩევა წარმოიქმნება კვლევის წინსვლასთან და თეორიის განვითარებასთან ერთად. სწორედ ეს არის თეორიული შერჩევა - "თვისებრივი კვლევის სამეფო გზა" (Flick 2004: 151). შაცმანმა და სტრაუსმა (Schatzman and Strauss 1973: 38 ff) გამოთქვეს მოსაზრება, რომ თეორიული შერჩევის შიგნით შერჩევა, შეიძლება, შეიცვალოს დროის, ადგილის, ინდივიდებისა და მოვლენების მიხედვით.

      ზემოთ აღწერილი პროცედურა თანხვდება გლასერისა და სტრაუსის (1967) მოსაზრებას, რომ შერჩევა მოიცავს მონაცემების უწყვეტად შეგროვებას მანამ, სანამ პრაქტიკული ფაქტორები (საზღვრები) არ შეწყვეტს მონაცემების მოგროვებას, ან თუ შემდგომი, დამატებითი მონაცემებით თეორიას ახალი აღარაფერი ემატება - "თეორიული გაჯერების" ეტაპი, როდესაც თეორია ირგებს ახალ მონაცემებს. თეორიულ გაჯერებას გლასერი და სტრაუსი (1967: 610) აღწერენ, როგორც მდგომარეობას, როდესაც "აღარ მოიპოვება დამატებითი მონაცემები, რომლითაც სოციოლოგი კატეგორიის თვისებებს განავითარებდა". მიუხედავად ამისა, მკვლევარი ფრთხილად უნდა იყოს, რომ თავიდან აირიდოს მონაცემების მოგროვების ნაადრევად შეწყვეტა. ძალიან იოლი იქნებოდა კვლევის შეწყვეტა შეზღუდული ოდენობის მონაცემებით, როდესაც შემდგომ შერჩევას და მონაცემების შეგროვებას რეალურად შეიძლებოდა თეორიის თავიდან ფორმულირებამდე მიეყვანა მკვლევარი.

      თეორიული შერჩევის გაგრძელებაა "ანალიტიკური ინდუქცია" - პროცესი, რომელიც ზნანიეცკიმ შემოგვთავაზა (Znaniecki 1934). ამ შემთხვევაში მკვლევარი თეორიით (რომელიც შეიძლება მონაცემებიდან წარმოქმნილიყო, როგორც ეს მონაცემებზე დაფუძნებულ თეორიაში ხდება) იწყებს და შემდეგ, თეორიის მტკიცე დაცვის უზრუნველსაყოფად, მიზანმიმართულად ეძებს დევიაციურ, ან წინააღმდეგობრივ შემთხვევებს. ეს თანხვდება პოპერის მოსაზრებას, რომ მყარი მეცნიერული თეორია ფალსიფიცირებადობის შემოწმებას უნდა უძლებდეს. ანალიტიკურ ინდუქციაში მკვლევარი განზრახ, მიზანმიმართულად ეძებს მონაცემებს, რომლებიც პოტენციურად შეძლებდა თეორიის ფალსიფიცირებას და ამით გააძლიერებდა საბოლოო თეორიას.

      ჩვენ ვთვლით, რომ თვისებრივ კვლევაში შერჩევა ყოველთვის ვერ იქნება წინასწარ "ერთხელ და სამუდამოდ" განსაზღვრული. შერჩევის პროცესი შესაძლოა, მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშის ეტაპებზე გაგრძელდეს. ამაში აისახება თვისებრივი კვლევის წრიული პროცესი, როდესაც მონაცემების შეგროვება, ანალიზი, ინტერპრეტაცია, ანგარიშის წარდგენა და შერჩევა აუცილებლად სწორხაზოვნად არ მისდევს ერთმანეთს. ეს ცვალებადი და მრავალჯერადი პროცესია. შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილება, იმთავითვე ანუ წინასწარ, არ მიიღება. შერჩევა შეიძლება გადაწყდეს, შეიცვალოს, გაიზარდოს და გაფართოვდეს კვლევის წინსვლასთან ერთად.

ეტაპი 4: როლის მორგება და კონტექსტში შესვლა

      აქ შედის საკვლევ ველში ყოფნის მიზეზის მოფიქრება, წვდომისა და ნებართვის საკითხები, როლისა და ლეგენდის შექმნა, გუშაგების მოძიება, რომლებიც მკვლევარს საკვლევ ჯგუფში შესვლაში დაეხმარებიან (იხილეთ Lecompte and Pressle 1993: 100 და 111). მკვლევრის წინაშე რთული ამოცანა დგას: ის ჯგუფის წევრიც უნდა იყოს და უნდა შეისწავლიდეს კიდეც მას, ამიტომ ფრთხილად არის მოსაფიქრებელი ის როლი, რომელიც მკვლევარს საშუალებას მისცემს, იყოს ორივე - მონაწილეცა და მკვლევარიც. ლეკომტი და პრეისლი (1993: 112) ამბობენ, რომ შესვლის უფლების უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესი ელემენტებია მკვლევრის მზაობა მოქნილი იყოს და მონაწილეთა ქცევისა და რეაქციებისადმი მგრძნობელობა. როგორც დე ლაინი (De Laine 2000: 41) შენიშნავს: "შესვლის უფლების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია საკვლევ გარემოში ადამიანებთან დაახლოების უნარი და მიმდინარე აქტივობებში მათთან ერთად მონაწილეობა".

      ვულფი (2004: 195 – 6) თვლის, რომ ველზე შესვლის უფლების მოპოვებისას ორ ფუნდამენტურ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:

  • როგორ შეუძლია მკვლევარს კონტაქტების დამყარება და ინფორმანტებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა?
  • როგორ შეუძლია მკვლევარს თავის იმგვარად წარმოჩენა, რომ ჰქონდეს კვლევის წარმოებისთვის საჭირო დრო, სივრცე და სოციალური ურთიერთობები?

      ფლიკი (1998: 57) აჯამებს ვულფის (2004) მიერ იდენტიფიცირებულ რამდენიმე საკითხს, რომელიც კვლევის წარმოების მიზნით ინსტიტუტებში შესვლას შეეხება.

  • კვლევა ყოველთვის არის სოციალურ სისტემაში შეჭრა და ჩარევა და ამიტომ არღვევს შესასწავლ სისტემას; შედეგად სისტემა რეაგირებს, ხშირად - დაცვითი რეაქციების სახით.
  • საკვლევ სოციალურ სისტემასა და კვლევით პროექტს შორის არსებობს ე. წ. "ორმხრივი გაუმჭვირვალობა", რომელიც არ მცირდება შესასწავლ სისტემასა და მკვლევარს შორის ინფორმაციის გაცვლით. ეს კი ართულებს სიტუაციას და, აქედან გამომდინარე, "იმუნურ რეაქციებსაც".
  • გარმოში შესვლისას ურთიერთგაგების მოპოვების ნაცვლად, სჯობს, თანხმობისთვის, როგორც პროცესისთვის, ბრძოლა.
  • ვინაიდან აუცილებელია მონაცემების შენახვის უფლებებზე შეთანხმება, ამან შეიძლება გაართულოს თანხმობის მიღწევა.
  • საკვლევი ველი მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი და გასაგები, როდესაც მკვლევარი შევა მასში.
  • კვლევითი პროექტი, ჩვეულებრივ, ვერაფერს სთავაზობს სოციალურ სისტემას. შესაბამისად, ბევრ ვერაფერ სარგებელს ან სერვისს დაჰპირდება მკვლევარი, თუმცა შეიძლება, მაინც არ არსებობდეს რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება სოციალურმა სისტემამ უარი უთხრას მკვლევარს.

      ურთიერთობების მართვის საკითხი მნიშვნელოვანია თვისებრივ კვლევაში. ხელმისაწვდომობის, გუშაგებისა და ინფორმატების საკითხები მეოთხე თავში განვიხილეთ. მკვლევარს უყურებენ, როგორც, ვიღაცას, ვისაც "არ აქვს ისტორია" (Wolff 2004: 198), "პროფესიონალ უცნობს" (Flick 1998: 99), ვინც უნდა მიიღონ, გაიცნონ და მაინც შეინარჩუნოს დისტანცია მათთან, ვისაც იკვლევს. ფაქტიურად, ფლიკი (1998: 60) მკვლევრისთვის ოთხ როლს გვთავაზობს: უცხო, სტუმარი, შინაური და ახალი წევრი. პირველი ორი არსებითად ინარჩუნებს გარეშე პირის როლს, ხოლო მესამე და მეოთხე ინსტიტუტის დანახვას წევრების თვალით, შიგნიდან ცდილობს. ამ ორი უკანასკნელი როლის განხორციელება ძნელდება, თუ საქმე სენსიტიურ თემებს შეეხება (იხილეთ თავი 5). ეს ტიპოლოგია თანხმობაში მოდის ოთხ როლთან, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, დამკვირვებლისთვის ასახელებენ ხოლმე, როგორც დიაგრამაზეა მოცემული.

     

      როლის შეთანხმება, ბალანსი და ნდობა მნიშვნელოვანი და რთული მისაღწევია. მაგალითად, თუ მკვლევარმა სკოლაში უნდა იმუშაოს, რა როლი უნდა აირჩიოს: მასწავლებლის, მკვლევრის, ინსპექტორის, მეგობრის, მენეჯერის, გარკვეული სერვისის (მაგალითად, ექსკურსიებისა და სხვა კულტურული აქტივობების) უზრუნველმყოფის, კონსულტანტის, სოციალური მუშაკის, რესურსების მიმწოდებლის, ბიბლიოთეკარის, დამლაგებლის, სკოლის გაჩერებაზე ან სასადილოში მომსახურე პერსონალის და ა. შ.? საქმე ისაა, რომ მან ის როლი უნდა აირჩიოს, რომელიც შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანთან წვდომის შესაძლებლობას მისცემს, ნეიტრალობას შეუნარჩუნებს (არ დადგება არავის მხარეს) და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემს.

      როლური კონფლიქტი, დაძაბულობა და გაურკვევლობა მოსალოდნელია თვისებრივ კვლევაში. მაგალითად, დე ლეინი (2002: 29) საუბრობს შესაძლო კონფლიქტზე მკვლევარს, როგორც ასეთს, თერაპევტსა და მეგობარს შორის. იგი მიუთითებს, რომ სხვადასხვა როლის წინასწარ დაგეგმვა იშვიათად არის შესაძლებელი და ის საველე სამუშაოს აუცილებელი ნაწილია, უქმნის რა მკვლევარს ეთიკურ და მორალურ პრობლემებს და მუდმივ მოლაპარაკებასა და მოგვარებას მოითხოვს.

      დროთა განმავლობაში როლები იცვლება. უოლფორდი (2001: 62) აღწერს ეტაპობრივ პროცესს, რომელშიც მკვლევრის როლი ხუთ ფაზას გადის: ახალმოსული, პირობით მიღებული, კატეგორიულად მიღებული, პიროვნულად მიღებული და გარდაუვალი მიგრანტი. იგი (2001: 71) თითქმის მოსალოდნელად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა როლში ყოფნა მკვლევარს არა მარტო სიტუაციასთან გამკლავების საკუთარ უნარში დააეჭვებს, არამედ მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს მიაყენებს, შფოთვასა და არაადეკვატურობის განცდას შეუქმნის. ეს განსაკუთრებით მწვავედ ჩანს, როდესაც მკვლევრებს ინფორმაციის დაფარვა და სხვადასხვა როლის შესრულება უწევთ, რათა მოიპოვონ წვდომა, შეინარჩუნონ ნეიტრალობა, პიროვნული რწმენებისა და ღირებულებების ერთგულნი დარჩნენ და გაუმკლავდნენ სიტუაციებს; ამასთან, უნდა მოიპოვონ ინფორმაცია სხვების შესახებ ისე, რომ არაფერი თქვან საკუთარ თავზე. უოლფორდი (2001) თვლის, რომ მკვლევარს, შეიძლება, როლების მოფიქრებისა და მანევრირების ძალიან მცირე შესაძლებლობა ჰქონდეს, ვინაიდან შეზღუდულია მათი მოლოდინებით, ვისაც იკვლევს.

      კიდევ ერთი რელევანტური საკითხია საკვლევ ველში შესვლის ვადები, რომელიც ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მკვლევრებმა მუშაობა შეძლონ სათანადო მომენტებში (მაგალითად, პროგრამის დაწყებამდე, დაწყებისას, მსვლელობისას და დასასრულს). საქმე უფრო შორს მიდის ეთნოგრაფისთვის, რომელმაც ჯერ ჯგუფში შესვლა უნდა უზრუნველყოს და მისი შესვლა-არ შესვლა შეიძლება ჩაცმულობას, ქცევის სტილს, პიროვნებას, ასაკს, კანის ფერს, ეთნიკურ კუთვნილებას, ემპათიასა და ჯგუფთან იდენტიფიკაციას, სამეტყველო ენას, აქცენტს, ჟარგონს, ჯგუფის საქმეებში ჩართულობისადმი მზაობას, ჯგუფის ქცევებისა და ღირებულებების მიღებას და ა. შ. უკავშირდებოდეს (იხილეთ გლაზგოს ბანდის პატრიკისეული (1973) მომხიბვლელი და წარმტაცი კვლევა). ამიტომ მკვლევარმა უნდა გააცნობიეროს "შთაბეჭდილების მართვის" მნიშვნელოვნება (Hammersley and Atkinson 1983: 78 ფფ). ფარულ კვლევაში ეს ფაქტორები კიდევ უფრო საგულისხმო ხდება, ვინაიდან ერთმა წაბორძიკებამ შეიძლება მთელი ლეგენდა ჩაშალოს (Patrick 1973).

      ლოფლენდი (1971) თვლის, რომ საკვლევ ველში მომუშავე მკვლევარმა უნდა აღიაროს და მოირგოს "მისაღები არაკომპეტენტურობის" როლი - იცოდეს როგორ დაიცვას ბალანსი შეჭრასა და განზე გადგომას შორის. ასეთი ბალანსირება მუდმივად მიმდინარე პროცესია. ჰამერსლი და ატკინსონი (1983: 97 – 9) ფიქრობენ, რომ მკვლევრებმა უნდა მოახერხონ "მარგინალობის მართვა": ისინი არიან ორგანიზაციაში, მაგრამ არ ეკუთვნიან მას. ავტორები ამბობენ, რომ "ეთნოგრაფი გონებრივად "ნაცნობობასა" და "უცნობობას" შორის უნდა ინარჩუნებდეს წონასწარობას, ხოლო სოციალურად - "უცნობსა" და "მეგობარს" შორის". ისინი იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე როლთან გამკლავებამ, განსაკუთრებით, "მარგინალობის მართვამ", შეიძლება "დაუცველობის მუდმივი შეგრძნება გააჩინოს" (Hammersley and Atkinson 1983: 100).

      როგორც მეხუთე თავში ვთქვით, წვდომისა და შესვლის უფლების მიღება პროცესის სახით უნდა განვიხილოთ (Walford 2001: 31), რომელიც დროში იშლება და არ ხდება ერთხელ და სრულად. უოლფორდი აღწერს სხვადასხვაგვარ მარცხს, შეფერხებასა და ცვლილებას, რაც ხდება, ან მოსალოდნელია თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად საკვლევ ველში შესვლის უფლების მოპოვებისას.

ეტაპი 5: ინფორმანტების პოვნა

      ინფორმანტების პოვნა გულისხმობს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს ცოდნა საკვლევი საზოგადოების, ან ჯგუფის შესახებ. აქ მკვლევარი რთულ სიტუაციაში ვარდება, ვინაიდან მან უნდა შეძლოს ძირითადი ინფორმანტების შეფასება და გადაწყვიტოს

  • ვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია;
  • ვინ არის კომპეტენტური ინფორმატებს შორის, რომ კომენტარები და შენიშვნები გამოთქვას;
  • ვინ არის სანდო;
  • რა სტატუსი აქვთ ინფორმანტებს;
  • რამდენად რეპრეზენტაციულები (გარკვეული ადამიანების, საკითხების, სიტუაციების, მოსაზრებების, სტატუსების, როლებისა თუ ჯგუფის) არიან ძირითადი ინფორმანტები;
  • როგორ უნდა მოიძებნონ ინფორმანტები სხვადასხვა გარემოში;
  • რეალურად იციან თუ არა ინფორმანტებმა სიტუაცია ახლოდან და ექსპერტული პოზიციიდან;
  • რამდენად ცენტრალური ადგილი უჭირავს ინფორმანტს ორგანიზაციაში ან სიტუაციაში (მაგალითად, ცენტრალური ან მარგინალური);
  • როგორ უნდა შეხვდეს მკვლევარი ინფორმატებს და როგორ უნდა შეარჩიოს ისინი;
  • რამდენად მნიშვნელოვანია გუშაგი ინფორმანტი სხვა ინფორმანტებთან მიმართებაში, უშვებს ადამიანებს კვლევაში, თუ კარს უკეტავს (Hammersley and Atkinson 1983: 73);
  • ურთიერთობა ინფორმანტსა და შესასწავლი ჯგუფის სხვა წევრებს შორის და მათი დამოკიდებულება სიტუაციიისადმი.

      ინფორმანტების არჩევა და მათთან ურთიერთობის დამყარება პრობლემურია. ლეკომტი და პრეისლი (1993: 95), მაგალითად, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ პირველი ინფორმანტები, შესაძლოა, თვითშერჩეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯგუფის მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ, დაბალი სტატუსი აქვთ და ამიტომ საკუთარი პრესტიჟის გაზრდას კვლევაში ჩართულობით ცდილობენ. ლინკოლნი და გუბა (1985: 252) გვასწავლიან, რომ მკვლევარი წინდახედულად უნდა მოიქცეს და ინფორმანტები, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ანგარებიანი მიზნები" აქვთ, ენის მიმტანებად კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიიღოს მათგან. ავტორები ამტკიცებენ, რომ მკვლევრები, რომლებიც გუშაგებთან მუშაობენ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების მუდმივ პროცესში არიან ჩართული.

      მორსი (Morse 1994: 228) ამბობს, რომ "კარგი" ინფორმანტი ის არის, ვისაც საკვლევი საკითხის შესახებ აუცილებელი ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება აქვს, შეუძლია ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფიქრება, აქვს პროექტში მონაწილეობის დრო, მზად არის ამისთვის და რეალურად შეუძლია სხვა ინფორმანტების მოზიდვა. ინფორმანტს, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, "პირველადი ინფორმანტი" ეწოდება. მორსი (1994) იმასაც ამბობს, რომ ინფორმანტს შეიძლება არ ჰქონდეს ყველა ეს თვისება, მაგრამ მაინც სასარგებლო იყოს კვლევისთვის. ასეთებს "მეორად ინფორმატებს" უწოდებენ და მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, რა დროს მიმართოს მათ.

ეტაპი 6: ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება

      ეს ეტაპი ისეთი ინტერპერსონალური და პრაქტიკული საკითხების მოგვარებას მოიცავს, როგორიცაა:

  • მონაწილეების ნდობის მოპოვება;
  • რაპორტის, ნდობის, სენსიტიურობისა და კეთილგონიერების ფორმირება;
  • ისეთ ადამიანებთან და საკითხებთან გამკლავება, რომლებსაც მკვლევარი არ ეთანხმება ან მიუღებლად მიაჩნია.
  • ყურადღებიანობა და ემპათიურობა;
  • თავშეკავებულობა;
  • საკვლევ ველში დარჩენის ხანგრძლივობის განსაზღვრა.

      სპაინდლერი და სპაინდლერი (Spindler and Spindler 1992: 65) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ეთნოგრაფიული ვალიდობა იმით მიიღწევა, რომ მკვლევარი საკმარისად დიდხანს რჩება ველში და ხედავს, რომ მოვლენები განმეორებადია და არა ერთჯერადი, ანუ აკვირდება მათ რეგულარობას.

      ლეკომტი და პრეისლი (1993: 89) თვლიან, რომ საველე სამუშაო, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ პირისპირ ტარდება, ისეთ პრობლემებსა და საკითხებს წამოჭრის, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია შორ მანძილზე წარმოებული კვლევებისთვის მათ რიცხვს მიეკუთვნება:

  • როგორ ეკონტაქტონ მონაწილეებს გასაგებად;
  • რა გავლენას ახდენს მონაწილეებზე და მკვლევარზე ერთმანეთში გამოწვეული ემოციები და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ;
  • რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მკვლევარსა და მონაწილეებს შორის არსებულმა მსგავსებებმა და განსხვავებებმა (მაგალითად, პიროვნული მახასიათებლები, ძალაუფლება, რესურსები) მხარეების ურთიერთობასა და კვლევის მიმდინარეობაზე.
  • მკვლევრის (როგორც მკვლევრის და როგორც თემის წევრის) პასუხისმგებლობები მონაწილეების წინაშე მაშინაც კი, როცა იგი თემში მცირე ხნით რჩება.
  • როგორ უნდა შენარჩუნდეს წონასწორობა თემის წინაშე პასუხისმგებლობებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

      ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობისა და რაპორტის შენარჩუნება (De Laine 2000: 41), ინტერესის გამოვლენა, კონფიდენციალობის უზრუნველყოფა (სადაც საჭიროა) და შეფასებებისგან თავის შეკავება. ამას ემატება გაურკვევლობის მოთმენის, ეჭვების გადამოწმების, დაუცველობის ატანის, სიტუაციასთან მორგების უნარები და მოქნილობა (De Laine 2000: 97). ეს თვისებები ვერ დარჩება მხოლოდ ფორმალური შეთანხმების ფარგლებში, ისინი ეფექტური თვისებრივი კვლევის მაცოცხლებელი ძალაა და თავად პროცესისთვის არის დამახასიათებელი.

ეტაპი 7: მონაცემების შეგროვება ადგილზე

      თვისებრივ მკვლევარს ინფორმაციის შესაგროვებლად სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება შეუძლია. არ არსებობს მონაცემების მოგროვებისთვის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების ერთადერთი რეცეპტი, არამედ აქ "მიზნისთვის შესატყვისობის" საკითხი დგება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეთნოგრაფი "მეთოდოლოგიური ყველაფრისმჭამელია"! ეს კი ასეა, მაგრამ მაინც არსებობს მონაცემების შესაგროვებელი ინსტრუმენტების რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვებზე მეტად გამოიყენება თვისებრივ კვლევაში. მკვლევარს შეუძლია გამოიყენოს საველე ჩანაწერები, მონაწილის დაკვირვება, საჟურნალო ჩანაწერები, ინტერვიუები, დღიურები, ცხოვრებისეული ისტორიები, არტეფაქტები, დოკუმენტები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები და ა. შ. ზოგიერთი მათგანის განხილვა ამ წიგნშია მიმოფანტული. ლინკოლნი და გუბა (1985: 199) ერთმანეთისგან განასხვავებენ "აბეზარ" (მაგალითად, ინტერვიუს, დაკვირვებას, არავერბალურ სამეტყველო ენას) და "არააბეზარ" მეთოდებს (მაგალითად, დოკუმენტებსა და ჩანაწერებს) იმის მიხედვით, ესწრება თუ არა მეორე ადამიანი მონაცემების შეგროვების პროცესს.

      საველე ჩანაწერები შეიძლება ადგილზეც გაკეთდეს და სიტუაციის გარეთაც. მათში მოცემულია დაკვირვების შედეგები. დაკვირვების თავისებურებები ეთნოგრაფიულ კვლევაში მეჩვიდმეტე თავშია განხილული. დაკვირვების ტექნიკის თანმხლები მეთოდებია ინტერვიუ, დოკუმენტების ანალიზი და ცხოვრებისეული ისტორიები. ეს მეთოდები, შესაბამისად, ცალ-ცალკეა განხილული მეშვიდე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე თავებში. თვისებრივ კვლევაში ფართოდ გამოიყენება ინტერვიუირების ერთ-ერთი ტექნიკა - ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, როდესაც კეთდება ზოგადი მონახაზი და საკმაოდ ღიაა იმისთვის, რომ გადაანაცვლონ, გადაუხვიონ და მეტად განავრცონ თემები, ჩართონ ახალი მიმართულებები და განაგრძონ ზონდირება. კარსპიქენი (Carspecken 1996: 159 – 60) აღწერს ასეთი ინტერვიუს ცვალებადობის დიაპაზონს: ინტერვიუერი ზომიერი წახალისებიდან, "არადირექტიული" მითითებებიდან, აქტიური მოსმენიდან, ნაკლები დასკვნების შემცველი პერიფრაზირებიდან მიდის ზომიერ და მეტი წილი დასკვნების შემცველ პერიფრაზირებამდე. მკვლევარს შეიძლება დაკვირვების პროცესში წამოჭრილი ზოგიერთი თემის მეტად შესწავლა ინტერვიუს გზით უნდოდეს. ბუნებრივ კვლევაში ინტერვიუს ვალიდობის წესებში შედის: პატიოსნება, რესპონდენტის დაინტერესებულობა, პასუხების სიღრმე და მრავალფეროვნება (Oppenheim 1992).

      ლინკოლნი და გუბა (1985: 268 – 70) ინტერვიუირების რამდენიმე მიზანს აღწერენ, მათ შორის: მოვლენების შესწავლა, პიროვნების გრძნობების, აქტივობების, მოტივაციების, საფიქრალის, მოთხოვნების გამოვლენა და ა. შ. ასევე, ორგანიზაციების, სტრუქტურების აღწერა-წარმოდგენა, წარსული გამოცდილების რეკონსტრუქცია; მომავლის დაგეგმვა-პროგნოზირება; მონაცემების შემოწმება, გაუმჯობესება და განვრცობა.

      გარდა ამისა, სილვერმენი (1993: 92 – 3) ამატებს, რომ ინტერვიუირება თვისებრივ კვლევაში გამოსადეგია: ფაქტების შესაგროვებლად; ფაქტებში დასარწმუნებლად; გრძნობებისა და მოტივების გამოსავლენად; მოქმედებების სტანდარტების შესახებ მოსაზრებების (რა შეიძლება, გაკეთდეს მოცემულ სიტუაციებში) მოსასმენად; მიმდინარე ან წარსული ქცევის შესასწავლად; მიზეზების დასადგენად და ასახსნელად.

      ლინკოლნი და გუბა (1985) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ინტერვიუს პროცესის დაგეგმვა, რაც მოიცავს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ინტერვიუს დაწყებას, მის ტემპსა და დროის განაწილებას, საუბრის დინამიკის შენარჩუნებას და ინტერვიუს დასასრულისკენ წაყვანას და მის საბოლოო დასრულებას. ცხადია, მნიშვნელოვანია ინტერვიუს რამდენიმე ეტაპის დეტალურად და ზედმიწევნით გააზრება. მაგალითად, დაგეგმვის ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს რაოდენობას (შეხვედრების რიცხვს თითოეულ პიროვნებასთან), ხანგრძლივობას, ვადებს, სიხშირეს, გარემოს/ადგილმდებარეობას, ერთ ინტერვიუზე დამსწრე ადამიანების რაოდენობას (მაგალითად, ინდივიდუალური თუ ჯგუფური ინტერვიუ) და რესპონდენტების სტილს (Lecompte and Pressle 1993: 177). განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაგალითად, რესპონდენტისთვის პასუხების გაცემა, წახალისება, ზონდირება, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, ახსნა, კრისტალიზაცია - ფორმის მიცემა, მაგალითების მოყვანა, შეჯამება, ცენზურისთვის თავის არიდება, მიღება. ანალიზის ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, მაგალითად (Lecompte and Pressle 1993: 195): აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა; მონაწილეების დაინტერესების დონე; კითხვისა და პასუხის სიცხადე; ინტერვიუერის სიზუსტე (და ამის გადმოცემა); როგორ უმკლავდება ინტერვიუერი საეჭვო პასუხებს (მაგალითად, შეთხზულ პასუხებს, სიცრუეს, პრეტენზიებს).

      თვისებრივი კვლევა შორდება წინასწარ სტრუქტურირებულ, სტანდარტიზებულ ფორმებს და თავისუფალ ან ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუზე გადადის (იხილეთ თავი 16), რაც რესპონდენტებს სამყაროს მათეული გაგების პროეცირების შესაძლებლობას აძლევს. ის მოქნილობის საშუალებას იძლევა და არ ზღუდავს მონაწილეებს საუბრის ფიქსირებული თანმიმდევრობით, აძლევს მათ წინასწარ გაუთვალისწინებელი თემების წამოჭრისა და განხილვის შესაძლებლობას (Denzin 1970ბ; Silverman 1993).

      ინტერვიუებთან ერთად, ლინკოლნი და გუბა (1985) განიხილავენ მონაცემების მიღებას ისეთი წყაროებიდან, რომლებშიც ადამიანი არ არის ჩართული, მათ შორის:

  • დოკუმენტები და ჩანაწერები (მაგალითად, საარქივო ან პირადი ჩანაწერები) იმით არის მიმზიდველი, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომია, ხშირად საკმაოდ იაფად იძლევა ფაქტობრივ მასალას. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება, იყოს არარეპრეზენტაციული და სელექციური, ობიექტურობას მოკლებული, უცნობი იყოს მათი ვალიდობა და, შესაძლოა, განზრახ შეჰყავდეს მკითხველი შეცდომაში (იხილეთ Finnegan 1996).
  • ნაკლებად შესამჩნევი ინფორმაციული ნარჩენები: აქ შედის არტეფაქტები, ფიზიკური კვალი და სხვადასხვაგვარი ჩანაწერი. მართალია, მათ ხშირად აქვთ ზედაპირული ვალიდობა, ისინი მარტივია, უშუალოდ მოცემული და ჩარევის გარეშეა მიღებული (და, შესაბამისად, შემცირებულია რეაქტიულობის პრობლემა), მაგრამ შესაძლოა, უკიდურესად დედუქციური, ლოგიკური მსჯელობის შედეგად მიღებული, ძნელად ასახსნელი იყოს და ისეთ ელემენტებს შეიცავდეს, რომელთა რელევანტურობაც ეჭვქვეშ დგას.

      თვისებრივი მონაცმების შეგროვება არ შემოიფარგლება რამდენიმე დასახელებული სტრატეგიით. მას ეკლექტიზმი და მიზნისთვის შესატყვისობა ახასიათებს. ეს არ ნიშნავს, რომ "ყველაფერი გამოდგება", არამედ - "გამოიყენე ის, რაც შესატყვისია" - და ეს ქმედითი რჩევაა. მასონი (2002: 33 – 4) მხარს უჭერს მეთოდების ინტეგრაციას რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ფენომენის სხვადასხვა ნაწილის ან ელემენტის შესწავლა მკვლევრის მიერ და რწმენა იმისა, რომ იცის, რა მიმართებაა მათ შორის;
  • პასუხების გაცემა კვლევის სხვადასხვა კითხვაზე;
  • სხვადასხვაგვარი პასუხის გაცემა ხედვის სხვადასხვა კუთხიდან კვლევის ერთ კითხვაზე;
  • მეტ-ნაკლებად ღრმა და ვრცელი ანალიზი;
  • ტრიანგულაცია (დასაბუთება) ერთი და იმავე ფენომენის შესახებ მოძიებული მონაცემებით.

      მასონი (2002: 35) ამტკიცებს, რომ ინტეგრაცია სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს. ის თვლის, რომ მკვლევარმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ურთიერთშემავსებელი, რათა გააერთიანოს, დააფუძნოს, დააგროვოს ისინი და ამით მთლიანი სურათი შექმნას. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია, მონაცემები ონტოლოგიურად ავსებდნენ ერთმანეთს, ანუ ეფუძნებოდნენ "სოციალური არსებისა და ფენომენის ბუნების შესახებ მსგავს, კომპლემენტარულ (ანუ ერთმანეთის შემავსებელ) ან ურთიერთშესადარებელ დაშვებებს". მასონი (2002: 36) ფიქრობს, რომ ინტეგრაცია ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით უნდა მოხდეს, ანუ მონაცემები ერთი და იგივე, უკიდურეს შემთხვევაში, კომპლემენტარული ეპისტემოლოგიებიდან უნდა მომდინარეობდეს; ის ამბობს, რომ მონაცემები "ეფუძნება მსგავს, ურთიერთშემავსებელ ან ურთიერთშესადარებელ დაშვებებს იმის შესახებ, თუ რისი დასაბუთებული მოცემა შეუძლია მტკიცებულებების ცოდნას". და ბოლოს, მასონი (2002: 36) ამტკიცებს, რომ ინტეგრაცია ახსნის დონეზე უნდა მოხდეს, რაშიც ის გულისხმობს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებიდან სხვადასხვა მეთოდით მიღებული მონაცემების გაერთიანება თანმიმდევრულ, დამაჯერებელ და სათანადო არგუმენტად.

ეტაპი 8: მონაცემების შეგროვება საკვლევი ველის გარეთ

      შესადარებლად და ფენომენის ასახსნელად მკვლევარმა შეიძლება სასარგებლოდ მიიჩნიოს იმ ჯგუფის ფარგლებს გარეთ გასვლა, რომელშიც ეს ფენომენი ვლინდება. ეს რომ რთული და მძიმე საკითხია, შემდეგ მაგალითში ჩანს: ორი მოსწავლე ძალიან აგრესიულად, ფიზიკურად ჩხუბობს. ერთი შეხედვით, ეს, უბრალოდ, ორი ადამიანის ჩხუბია; თუმცა ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია ამ ორი მოსწავლისთვის - ისინი მეზობლები არიან და დიდად მეგობრული ურთიერთობით არ გამოირჩევიან, ვინაიდან მათ ოჯახებს შორის დიდი ხნის უთანხმოებაა. ისინი ერთმანეთის მეზობლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასახლა, ვინაიდან გადაწყდა, რომ ერთად დაესახლებინათ ის ოჯახები, ვისაც უჭირდა ბინის ქირის გადახდა. ხელისფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შესაბამისად მიიღო, რომლის თანახმადაც, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი ჯგუფების ერთად ლოკალიზაციის შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა მიზანმიმართული ქმედებები და ინტერვენციები. ამით დაკმაყოფილდებოდა როგორც მთლიანად თემის, ისე, ცალკეული ინდივიდების საჭიროებები.

      აქ საკითხი ასე დგას: რამდენად უნდა დაშორდეს მკვლევარი მიკროგარემოს ამ სიტუაციაში გასარკვევად? ეს დაუზუსტებელი საკითხია, მაგრამ არ არის უმნიშვნელო განათლების სფეროში კვლევისთვის, ის საფუძვლად ედო რამდენიმე ნაშრომს, მაგალითად: (ა) ბოულსისა და გინტისის (Bowles and Gintis 1976) ცნობილ კვლევას, რომელიც კაპიტალისტური ამერიკის სკოლებს შეეხებოდა და სადაც ავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სკოლები ფარული პროგრამით ისეთი სხვადასხვაგვარი სამსახურებრივი კარიერისთვის ამზადებდნენ მოსწავლეებს, რომელიც არაეგალიტარული კაპიტალისტური სისტემისთვის იყო დამახასიათებელი; (ბ) თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კვლევას (Hurn 1978); (გ) პოლარდის (1985: 110) შრომას, რომელიც ეხება დაწყებითი სკოლის სოციალურ გარემოს, სადაც ყოველდღიური ინტერაქციები მოსწავლეებს ამზადებდა ინდივიდუალიზმის, კონკურენციის, მიღწევაზე ორიენტაციის, იერარქიებისა და თავდაჯერებულობისთვის, რაც ასე პოპულარობით სარგებლობს ფართო საზოგადოებაში; (დ) დელამონტის (1981) პროპაგანდას, რომ განათლების სფეროს თეორეტიკოსებმა სკოლების მსგავსი ინსტიტუტები კი არ უნდა იკვლიონ, არამედ მათგან განსხვავებული (მაგალითად, საავადმყოფოები და სხვა "ტოტალური" ინსტიტუტები), რათა უცნობი ნაცნობად აქციონ (ასევე, იხილეთ Eriskon 1973).

ეტაპი 9: მონაცემების ანალიზი

      მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის ორი თავი (22-ე და 23-ე) მთლიანად თვისებრივი მონაცემების ანალიზს ეძღვნება, თვისებრივი კვლევის 11-ეტაპიანი პროცესის მთლიანობის დაცვის მიზნით, რამდენიმე წინასწარი შენიშვნა მაინც უნდა გავაკეთოთ. მონაცემების ანალიზი მოიცავს ორგანიზებას, რაოდენობრივ შეფასებასა და ახსნას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მონაცემებში შინაარსის ჩადება სიტუაციის, შემჩნეული პატერნების, თემების, კატეგორიებისა და კანონზომიერებების განმსაზღვრელი მონაწილისეული ტერმინებით. თვისებრივ კვლევაში მონაცემების ანალიზი, ჩვეულებისამებრ, მათი შეგროვების პროცესშივე იწყება. ეს რამდენიმე მოსაზრებით ხდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

      პრაქტიკულ ჭრილში თუ შევხედავთ, თვისებრივი მონაცემები სწრაფად აღწევს უზარმაზარ რაოდენობას, უფრო ადრეულიანალიზი კი ამცირებს მონაცემებით გადატვირთულობის პრობლემას, ვინაიდან ამ დროს ხდება შემდგომი ფოკუსირებისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების გადარჩევა. მაილსი და ჰუბერმენი (1984) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მონაცემების ზუსტად წარმოჩენა რედუქციისა და შერჩევის მნიშვნელოვანი ელემენტია. პარლეტისა და ჰამილტონის მიხედვით (Parlett and Hamilton 1976), "თანდათანობითი ფოკუსირება" მაშინ იწყება, როდესაც მკვლევარი მონაცემების შეგროვებისას ხედვის ფართო კუთხეს იღებს და შემდეგ მათი გამოხშირვით, დახარისხებით, გადახედვითა და გააზრებით ნათელი ხდება სიტუაციის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ამ პროცესის შედეგად მიღებული მონაცემები შემდგომი ფოკუსირების საყრდენად გამოიყენება. ეს პროცესი ძაბრისებრია - ფართოდან ვიწროსკენ.

      თეორიულ ჭრილში თვისებრივი კვლევის ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ანალიზი მონაცემების შეგროვების დაწყებისთანავე იწყება, ასე რომ, უკვე შესაძლებელი ხდება თეორიის გენერაცია (LeComple and Pressle 1993: 238). ლეკომტი და პრეისლი (1993: 237 – 53) თვლიან, რომ მკვლევრებმა საკვლევი ფენომენის ძირითადი კონტურები უნდა მოხაზონ. შემდეგ უნდა გადაახარისხონ, დააჯგუფონ მონაცემები, რათა ერთიანი ლოგიკური სურათი დაინახონ (მაგალითად, წერილობით შეაჯამონ ნანახი). ამის შემდეგ გულდასმით უნდა დაანაწევრონ საველე ჩანაწერები, შეუთავსონ ერთმანეთს, დაუპირისპირონ, გადააჯგუფონ, შეადარონ და მოაწესრიგონ არსებული ჩანაწერები. აქ მიზანია გადანაცვლება აღწერიდან ახსნისკენ და თეორიის გენერაციისკენ.

      მეტი სიცხადისთვის მონაცემების ანალიზი შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ შვიდნაბიჯიან პროცესად, რომელიც ქვემოთ არის მოცემული:

  1. ნაბიჯი: მონაცემების ანალიზის ერთეულების დადგენა და ამ ერთეულების მსგავსებისა და განსხვავების ჩვენება;
  2. ნაბიჯი: "სფეროების ანალიზი";
  3. ნაბიჯი: სფეროებს შორის ურთიერთმიმართებისა და კავშირის დადგენა;
  4. ნაბიჯი: სპეკულაციური დასკვნების გაკეთება;
  5. ნაბიჯი: შეჯამება;
  6. ნაბიჯი: ნეგატიური და გამონაკლისი შემთხვევების მოძიება;
  7. ნაბიჯი: თეორიის გენერაცია.

ნაბიჯი 1: მონაცემების ანალიზის ერთეულების დადგენა და ამ ერთეულების მსგავსებისა და განსხვავების ჩვენება. აქ კრიტერიუმია, რომ ანალიზის თითოეული ერთეული (კატეგორია - კონცეპტუალური, რეალური, კლასიფიკაციის ელემენტი, კლასტერი, საკითხი) შეძლებისდაგვარად დისკრეტული იყოს და, ამასთანავე, მთლიანობასაც ინარჩუნებდეს, ანუ ყოველი ერთეული ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული და კონტექსტს ან სხვა მონაცემებს დამახინჯებულად არ უნდა წარმოადგენდეს. ანალიზის ერთეულების შექმნა მონაცემებისთვის კოდების მინიჭებით არის შესაძლებელი (Miles and Huberman 1984), რაც "უნიფიკაციის" პროცესს ჰგავს (Lincoln and Guba 1985: 203).

ნაბიჯი 2: "სფეროების ანალიზი". სფეროების ანალიზი დებულებებისა და ერთეულების ურთიერთდაკავშირებულ კლასტერებად, თემებად და პატერნებად დაჯგუფებას მოიცავს; სფერო ის კატეგორიაა, რომელიც რამდენიმე სხვა კატეგორიას აერთიანებს. სფეროების ანალიზს დეტალურად 23-ე თავში განვიხილავთ.

ნაბიჯი 3: სფეროებს შორის ურთიერთმიმართებებისა და კავშირების დადგენა. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ შენარჩუნდეს მონაცემების სიმდიდრე და "კონტექსტით დაფუძნებულობა". კავშირების პოვნა დამადასტურებელი შემთხვევების იდენტიფიცირებით არის შესაძლებელი, რაც "საფუძვლად მდებარე ასოციაციებისა" (Lecompte and Pressle 1993: 246) და მონაცემთა ქვეჯგუფებს შორის კავშირების მოძიებით ხორციელდება.

ნაბიჯი 4: სპეკულაციური დასკვნების გაკეთება. ეს მნიშვნელოვანი საფეხურია, ვინაიდან ამ დროს კვლევა აღწერიდან დასკვნაზე გადადის. მტკიცებულებების საფუძველზე მკვლევარმა გარკვეული ახსნების პოსტულირება უნდა მოახდინოს მოცემული სიტუაციისთვის, ზოგიერთი ძირითადი ელემენტისა და, სავარაუდოდ, მათი მიზეზებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზების გენერაციის ან სამუშაო ჰიპოთეზების წამოყენების პროცესია, რასაც თეორიის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი.

ნაბიჯი 5: შეჯამება. მკვლევარი უკვე დადგენილი ძირითადი თვისებების, საკითხების, ცნებების, კონსტრუქტებისა და იდეების შეჯამების მონახაზს წერს. შეჯამებაზე უფრო დაწვრილებით 23-ე თავში ვისაუბრებთ.

ნაბიჯი 6: ნეგატიური და განსხვავებული შემთხვევების მოძიება. თეორიის გენერაციისას მნიშვნელოვანია არა მარტო დამადასტურებელი შემთხვევების მოძიება, არამედ საწინააღმდეგო შემთხვევების მნიშვნელობის შეფასებაც. ლეკომტი და პრეისლი (1993: 270) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ვინაიდან მონაცემების ინტერპრეტაცია თავად მონაცემებსვე ეფუძნება, შედეგები ვერ ახერხებს საწყისი ჰიპოთეზების მხარდაჭერას, არც უარიყოფა და არც საეჭვოდ ითვლება. ამიტომ თავად ჰიპოთეზა უნდა შეიცვალოს ისე, რომ მოერგოს ამ მონაცემებს. პრობლემების გადაწყვეტის თანდათანობით პროცესს ერიკსონი (1992: 208) ერთნოგრაფიული კვლევისა და მონაცემების ანალიზის ერთ-ერთ ძირითად ასპექტად მიიჩნევს. ლეკომტი და პრეისლი (1993: 250 – 1) ნეგატიურ შემთხვევას განმარტავენ, როგორც ნიმუშს, რომელიც ეწინააღმდეგება ან უარყოფს არსებულ სამუშაო ჰიპოთეზას, წესს ან ახსნას. ასეთი შემთხვევა პოზიტივისტი მკვლევრის ნულოვანი ჰიპოთეზის ეკვივალენტია თვისებრივ კვლევაში. განვითარების პროცესში მყოფი თეორია უფრო ძლიერდება და მყარდება, თუ ნეგატიურ შემთხვევას უმკლავდება, ვინაიდან ეს შემთხვევა აწესებს თეორიის საზღვრებს, ახდენს მის მოდიფიცირებას და განსაზღვრავს თეორიის გამოყენების პარამეტრებს.

      განსხვავებული შემთხვევა იმდენად წესიდან გამონაკლისი არ არის (როგორც ნეგატიური შემთხვევა), რამდენადაც წესის ვარიანტი (Lecompte and Pressle 1993: 251). განსხვავებულ შემთხვევას კონსტრუქტის, წესის ან წამოყენებული ჰიპოთეზის მოდიფიკაციამდე ან შემუშავებამდე მივყავართ. მკვლევარმა ისეთი შემთხვევები უნდა მოძებნოს და გააანალიზოს, რომლებსაც წესი, კონსტრუქტი ან ახსნა ვერ მიუდგება, ან რომელთაც მათ ვერ მოვარგებთ, ანუ ეს შემთხვევები არც გამონაკლისია და არც საწინააღმდეგო, ისინი, უბრალოდ, ერთმანეთისგან განსხვავდება!

ნაბიჯი 7: თეორიის გენერაცია. თეორია მონაცემებიდან მომდინარეობს, მას საფუძველი მონაცემებში აქვს და მათგან წარმოიქმნება. როგორც ლინკოლნი და გუბა (1985: 205) ამტკიცებენ, მონაცემებზე დაფუძნებული თეორია უნდა ერგებოდეს საკვლევ სიტუაციას. დაფუძნებული თეორია ინტერაქციული პროცესია, რომელიც მონაცემებსა და თეორიას შორის მოძრაობს მანამ, სანამ თეორია არ მოერგება მონაცემებს. ამით ირღვევა ტრადიციული კვლევის უმეტესობისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნება (Flick 1998: 41, 43), რომლის დროსაც ყალიბდება ჰიპოთეზები, მიიღება გადაწყვეტილება შერჩევის შესახებ, გროვდება მონაცემები და ანალიზდება. ჰიპოთეზები ან დასტურდება, ან - არა. დაფუძნებულ თეორიაში მიღებულია წრიული და ცვალებადი პროცესი, როდესაც თეორია მონაცემების მიხედვით იცვლება და წამოჭრილი საკითხების საკვლევად მეტი და მეტი მონაცემების მოპოვებას ცდილობს (თეორიული შერჩევა).

      ლინკოლნი და გუბა (1985: 354 – 5) მოუწოდებენ მკვლევარს, რომ მონაცემების ანალიზისას და ინტერპრეტირებისას რამდენიმე საკითხი ახსოვდეს, მათ შორის:

  • მონაცემებით გადატვირთვა;
  • მხოლოდ პირველი შთაბეჭდილების მიხედვით მოქმედების პრობლემა;
  • ადამიანებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მაგალითად, რამდენად რეპრეზენტაციულია ისინი და საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები და მონაცემები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდა, შეიძლება, მნიშვნელოვანი ყოფილიყო);
  • საფრთხე, რომელსაც ქმნის მხოლოდ დამადასტურებელი და არა საწინააღმდეგო შემთხვევების ძებნა;
  • მონაცემების სანდოობა და თანმიმდევრულობა და რწმენა, რომ შეიძლება ამ მონაცემების შედეგში შეტანა.

      ეს მნიშვნელოვანი საკითხებია კვლევაში სანდოობის, დამაჯერებლობისა და ვალიდობის პრობლემების მოგვარებისას (იხილეთ სანდოობისა და ვალიდობის განხილვა მეხუთე თავში). ამ მიდგომის არსი, რომ თეორია მონაცემებიდან მომდინარეობს და მათ ეფუძნება, არ რჩება კრიტიკის გარეშე. მაგალითად, სილვერმენს (1993: 47) მიაჩნია, რომ ის ვერ ახერხებს იმ იმპლიციტური თეორიების გათვალისწინებას, რომლებიც კვლევის ადრეულ ეტაპებზე წარმართავს კვლევას (ანუ მონაცემები თეორიისგან თავისუფალი, ანუ სრულიად ნეიტრალური კი არ არის, არამედ გაჟღენთილია თეორიით); ასევე, თვლის, რომ მას შეიძლება, კარგად ეხერხებოდეს კატეგორიზაცია აუცილებელი ახსნითი პოტენციალის გარეშე. ეს გაფრთხილებააა, რომელიც, ალბათ, თვისებრივ კვლევაში რეფლექსიის პროცესშია გამოსაყენებელი.

ეტაპი 10: საკვლევი ველის დატოვება

      კვლევის დასასრულს გადასაწყვეტია, როგორ დავამთავროთ კვლევა, როგორ გამოვიდეთ აღებული როლებიდან, როგორ შევწყვიტოთ კვლევის პროცესში აწყობილი ურთიერთობები (და უნდა შევწყვიტოთ თუ არა საერთოდ) და როგორ გამოვიდეთ ველიდან ისე, რომ, შეძლებისდაგვარად, მინიმალურად დაზარალდეს ჯგუფი ან სიტუაცია (Lecompte and Pressle 1993: 101). დე ლეინი (2000: 142) შენიშნავს, რომ შეიძლება, ზოგიერთ მონაწილეს კვლევის შემდეგაც უნდოდეს ურთიერთობის შენარჩუნება და უარმა მათში იმედგაცრუების, ექსპლუატაციის, ღალატის განცდაც კი გამოიწვიოს. მკვლევარმა უნდა გაიაზროს წასვლის შემდგომი ეფექტები და იზრუნოს, რომ არავინ დატოვოს გულნატკენი კვლევის დასრულების შემდეგ, მაშინაც კი, როცა შეუძლებელია დადგენა, ნახეს თუ არა მათ რაღაც სარგებელი კვლევიდან.

ეტაპი 11: წერილობითი ანგარიში

      კვლევით ლიტერატურაში შეინიშნება კვლევის ჩატარებიდან კვლევის წარდგენისკენ გადანაცვლება. ხშირად ხდება, რომ ბუნებრივი კვლევის წერილობითი სახით წარდგენის მთავარი საშუალება შემთხვევის შესწავლაა (იხილეთ თავი 11), რომლის "ნდობის ღირსად ყოფნა" (Lincoln and Guba 1985: 189) განისაზღვრება ტერმინებით: დამაჯერებლობა, გადატანა, სანდოობა და დადასტურება. ეს თემები მეექვსე თავში განვიხილეთ. შემთხვევის შესწავლა იმ მხრივ არის გამოსადეგი, რომ ეთნოგრაფიული კვლევისთვის სასარგებლო გაჯერებულ აღწერებს იძლევა და შეუძლია დააფიქსიროს და მკითხველს გადასცეს, რას ნიშნავს სიტუაციაში ყოფნა (გვ. 214). როგორც ლინკოლნი და გუბა (1985: 359) ამბობენ, შემთხვევის შესწავლა იდეალური ინსტრუმენტია -ემურ კვლევა-ძიებაში. ის იმ ნაგულისხმევი ცოდნის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ავტორი და მკითხველი დებენ ნაშრომში. შემთხვევის შესწავლა ამ ცოდნაზევე აიგება და, ამგვარად, სერიოზულად უყურებს კვლევაში "ადამიანის, როგორც ინსტრუმენტის" მკვლევრისა და მონაწილეებისეულ ცნებას, მიუთითებს რა მათ ურთიერთქმედებაზე.

      ლინკოლნი და გუბა (1985: 365 – 6) შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით წარდგენისთვის რამდენიმე მითითებას იძლევიან:

  • წერილობითი ნაშრომი არაფორმალური, ბუნებრივი უნდა იყოს, რათა გადმოსცეს არაფორმალურობა და ბუნებრიობა.
  • რამდენადაც შესაძლებელია, ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები. გამონაკლისს შეადგენს ნაშრომის ის ნაწილები, სადაც თვალნათლივ არის მოცემული ინტერპრეტაცია, შეფასება და დასკვნა.
  • ნაშრომის კონტურების მოხაზვისას უმჯობესია, საჭიროზე მეტი დაიწეროს, ვიდრე დააკლდეს რამე.
  • ანგარიშის წერის ეთიკურ წესებს სათანადო პატივი უნდა მიეგოს, მაგალითად, ანონიმურობას და ამოუცნობლობას.
  • შემთხვევის შესწავლის წერილობით წარდგენისას იმდენად ნათლად უნდა იყოს მოცემული მონაცემები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომი, რომ მკითხველმა შეძლოს სანდოობის, ვალიდობისა და დასკვნების გადამოწმება.
  • უნდა განისაზღვროს ნაშრომის დასრულების კონკრეტული თარიღი.

      სპრადლი (1979) ეთნოგრაფიული კვლევის წერილობითი ნაშრომის სახით გაფორმების ცხრა პრაქტიკულ ნაბიჯს გვთავაზობს:

  1. შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია;
  2. შეარჩიეთ თეზისი;
  3. ჩამოწერეთ თემები და გააკეთეთ ეთნოგრაფიული კვლევის გეგმა;
  4. მოხაზეთ გეგმის თითოეული ნაწილის უხეში, ზოგადი კონტურები;
  5. გადასინჯეთ გეგმა და გაუკეთეთ ქვესათაურები;
  6. შეასწორეთ თქვენივე რედაქტირებული მონახაზი;
  7. დაწერეთ შესავალი და დასკვნა;
  8. წაიკითხეთ მონაცემები და ანგარიში მაგალითების მოსაძებნად;
  9. დაწერეთ საბოლოო ვარიანტი.

      ცხადია, რომ შემთხვევის შესწავლის წერილობით გადმოცემისას ბევრი სხვა ასპექტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. მათზე მეთერთმეტე თავში ვისაუბრებთ.

     

კრიტიკული ეთნოგრაფია

      კრიტიკული ეთნოგრაფია ეთნოგრაფიის განვითარებადი შტოა, რომელიც პირველ თავში განხილულ კრიტიკულ პარადიგმას თანხვდება. აქ წარმოებს თვისებრივი, ანთროპოლოგიური, მონაწილის, დამკვირვებელზე დაფუძნებული კვლევა და მისი თეორიული საფუძველი კრიტიკულ თეორიაში ძევს (Quantz 1992: 448; Carspecken 1996). როგორც პირველ თავში ითქვა, ეს პარადიგმა დაინტერესებულია, რომ საზოგადოებაში არსებული ჩაგვრისა და უთანასწორობის პირობებში, გაიზარდოს ინდივიდებისა და ჯგუფების უფლებამოსილება კოლექტიური ემანსიპირების იდეის წარმოჩენით. ამ თვალსაზრისით, კვლევა იმთავითვე პოლიტიკური წამოწყებაა. ქარსპეკენი (1996: 4 ff) კრიტიკური ეთნოგრაფიის რამდენიმე ძირითად წანამძღვარს ასახელებს:

  • კვლევა და აზროვნება ძალაუფლებითი ურთიერთობებით არის გაშუალებული;
  • ეს ძალაუფლებითი ურთიერთობები კონკრეტულ სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში ხორციელდება;
  • ფაქტები და ღირებულებები განუყოფელია ერთმანეთისგან;
  • ურთიერთობები საგნებსა და ცნებებს შორის დენადია და წარმოების სოციალური ურთიერთობებით არის გაშუალებული;
  • სამეტყველო ენას ცენტრალური ადგილი უკავია აღქმაში;
  • საზოგადოების გარკვეული ჯგუფები სხვებზე უფრო ძლიერია;
  • უთანასწორობა და ჩაგვრა წარმოებისა და მოხმარების კაპიტალისტური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია;
  • იდეოლოგიური დომინაცია ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ჩაგრული ჯგუფები საკუთარ მდგომარეობას გარდაუვლად, ბუნებრივად ან აუცილებლად მიიჩნევენ;
  • ჩაგვრის ფორმები ერთმანეთს აშუალებენ და ამიტომ ერთად უნდა განიხილებოდეს (მაგალითად, რასა, გენდერი, კლასი).

      ქუანცი (Quantz 1992: 473 – 4) ამტკიცებს, რომ კვლევაში უცილობლად მოიაზრება გარკვეული ღირებულებები, ამიტომ ის გარკვეულ ინტერესებს ემსახურება. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მომუშავე მკვლევრებმა უნდა გამოიკვლიონ ეს ინტერესები და მონაწილეები ემანსიპაციისკენ და თავისუფლებისკენ წაიყვანონ. ამგვარად, კვლევის ფოკუსი და მიზანი სულით ხორცამდე პოლიტიკურია და ეხება ძალაუფლებას, დომინირებას, ხმის უფლებასა და უფლებამოსილებას. კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ის კულტურები, ჯგუფები და ინდივიდები, რომლებსაც შეისწავლიან, ძალაუფლებისა და ინტერესების კონტექსტებში იმყოფებიან. ეს კონტექსტებია საკვლევი, მათი ლეგიტიმურობაა გასარკვევი და თავად კვლევის საფუძვლად მდებარე ღირებულებებია გამოსავლენი. კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მაღალია რეფლექსიურობის დონე. ეთნოგრაფიის სხვა ფორმებისგან კრიტიკული ეთნოგრაფია იმით განსხვავდება, რომ ის საზოგადოებაში ლეგიტიმურობის, ძალაუფლების და ღირებულებების შესახებ სვამს კითხვებს და წინა პლანზე სწევს დომინირებასა და ჩაგვრას.

როგორ მუშაობს კრიტიკული ეთნოგრაფი?

      ქარსპეკენი და ეიფლი (Carspecken and Apple 1992: 512 – 14) და ქარსპეკენი (1996: 41 – 2) კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ხუთ ეტაპს გამოყოფენ. ეს ეტაპები ქვემოთ არის აღწერილი.

ეტაპი 1: პირველადი "მონოლოგური" ჩანაწერები

      ამ ეტაპზე მკვლევრები - მონაწილე დამკვირვებლები - შედარებით პასიურები და შეუმჩნევლები არიან. მათი ამოცანა ობიექტური მონაცემების მოპოვებაა. ეს "მონოლოგური" პროცესია იმ მხრივ, რომ მკვლევარი მხოლოდ თავისთვის აკეთებს ჩანაწერებს. ლინკოლნი და გუბა (1985) თვლიან, რომ ამ ეტაპზე ვალიდობის შემოწმება მოცავს:

  • ჩაწერისთვის სხვადასხვაგვარი მოწყობილობისა და სხვადასხვა დამკვირვებლის გამოყენებას;
  • დაკვირვების მოქნილი განრიგის გამოყენებას მიკერძოებულობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
  • სიტუაციაში ხანგრძლივად დარჩენას ჰოთორნის ეფექტის დაძლევის მიზნით;
  • დასკვნების ნაკლებად შემცველი ტერმინოლოგიისა და აღწერების გამოყენებას;
  • კოლეგებთან გასაუბრების გამოყენებას;
  • რესპონდენტის მიერ ვალიდაციის გამოყენებას.

      ეხმიანება რა ვალიდობის შესახებ ჰაბერმასისეულ (1979; 1982; 1994) ნაშრომს, ვალიდობა მოიაზრებს სიმართლეს (ნათქვამის უტყუარობა), ლეგიტიმურობას (ნათქვამის სისწორესა და შესატყვისობას), გაგებას (ნათქვამი გასაგებია) და გულწრფელობას (მთქმელის განზრახვები). ქარსპეკენი (1996: 104 – 5) ითვალისწინებს ამას, როდესაც ობიექტური ვალიდობის შესახებ დასკვნის რამდენიმე კატეგორიას გვთავაზობს: აქტი გასაგები, სოციალურად ლეგიტიმური და შესატყვისია; აქტიორს კონკრეტული იდენტობა და განზრახვები ან გრძნობები აქვს, როდესაც მოქმედება ხორციელდება; აღიარებული და გათვალისწინებულია ობიექტური, კონტექსტუალური ფაქტორები.

ეტაპი 2: წინასწარი რეკონსტრუქციული ანალიზი

      რეკონსტრუქციული ანალიზი ცდილობს, გამოავლინოს სიტუაციის მნიშვნელობის ან აბსტრაქციების ის მდგენლები, რომლებსაც მონაწილეები თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევენ. ასეთი ანალიზი ღირებულებათა სისტემების, ნორმებისა და ძირითადი ცნებების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, რომლებიც მას საფუძვლად უდევს და რომლებიც მართავენ სიტუაციებს. ქარსპეკენი (1996: 42) ფიქრობს, რომ მკვლევარი უბრუნდება I ეტაპზე გაკეთებულ პირველად ჩანაწერებს ურთიერთქმედების პატერნების, ძალაუფლებითი ურთიერთობების, როლების, მოვლენების მიმდევრობის და სიტუაციებისთვის მინიჭებული მნიშვნელობების შესასწავლად. ის აცხადებს, რომ ამ ეტაპს "რეკონსტრუქციულად" აქცევენ ის კულტურული თემები, სოციალური და სისტემის ფაქტორები, რომელთა შესახებ თავად მონაწილეები, ჩვეულებისამებრ, არ საუბრობენ ხოლმე და, ფაქტიურად, ხდება მათი რეკონსტრუქცია და გარკვევით წარმოჩენა - შეუმჩნეველ დისკურსად იქცევა. ამ ეტაპზე აბსტრაქციის უფრო მაღალ დონეზე გადანაცვლებისას შესაძლებელია კოდირების უფრო მაღალი დონის გამოყენება (იხილეთ კოდირების განხილვა ამ თავში).

      კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ქარსპეკენი (1996: 141) ამ ეტაპზე ვალიდობის უზრუნველყოფის რამდენიმე გზას აღწერს:

  • თავად სუბიექტებთან ინტერვიუებისა და ჯგუფური დისკუსიების გამოყენება;
  • რეკონსტრუქციების ჯგუფის წევრებთან გადამოწმება, რათა გათანაბრდეს ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართება;
  • კოლეგებთან გასაუბრების გამოყენება (წყვილს სთხოვენ, გადახედოს მონაცემებს და თქვას, მკვლევარი ძალიან სელექციური ხომ არ იყო, მაგალითად, ინდივიდების, მონაცემების ან დასკვნების მიმართ) რეკონსტრუქციებში მიკერძოებულობის ან ჩავარდნების გადასამოწმებლად;
  • ველში ხანგრძლივად ყოფნა, რათა მკვლევარმა უკეთ შეძლოს შინაურის, ჯგუფის წევრის თვალთახედვის წვდომა;
  • "უკუანალიზის" გამოყენება - პირველადი მონაცემებიდან ამოკრეფილ მონაცემებში თემებისა და სეგმენტების გადამოწმება, მათი პირველად მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • ნეგატიური შემთხვევების ანალიზის გამოყენება.

ეტაპი 3: მონაცემების დიალოგური მოგროვება

      ამ ეტაპზე მონაცემების მოპოვება მონაწილეებთან საუბრით ხდება და მათთანვე განიხილება (Carspecken and Apple 1992). ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი არაბუნებრივია იმ მხრივ, რომ მონაწილეებს სთხოვენ, დაფიქრდნენ საკუთარ სიტუაციებზე, გარემოებებსა და ცხოვრებაზე და წამოაყენონ თეორიები მათ შესახებ. ეს გადამწყვეტი ეტაპია, ვინაიდან მონაწილეებს ხმის უფლებას აძლევს, ხოლო კვლევას დემოკრატიულობას სძენს. შესაძლოა, ამ ეტაპზე ახალი მონაცემები გაჩნდეს, რაც წინა ორი ეტაპისთვის გამოწვევაა და საეჭვოს ხდის მანამდე მიღებულ სურათს.

      კვლევის ამ ეტაპზე მონაწილეების მეტი სუბიექტურობის უზრუნველსაყოფად ქარპსეკენი (1996: 164 – 5) ვალიდობის გადამოწმების რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს, მაგალითად: ჩაწერილი ინტერვიუების შეთანხმებულობის შემოწმებას, განმეორებით ინტერვიუებს მონაწილეებთან, მიმდინარე მოვლენის ან მომხდარი მოვლენის შესახებ მონაწილის ნათქვამისა და დაკვირვების შედეგების ურთიერთშედარებას, ინტერვიუირებისას მიმართულების მომცემი კითხვებისთვის თავის არიდებას, კოლეგასთან გასაუბრების გამოყენებას, რესპონდენტების მიერ ვალიდაციას, თხოვნას, რომ მონაწილეებმა ბუნებრივი კონტექსტების აღწერისას თავიანთი ტერმინები გამოიყენონ და განმარტონ ისინი.

ეტაპი 4: სისტემური მიმართებების აღმოჩენა

      ამ ეტაპზე დგინდება საკვლევი ჯგუფის მიმართება სხვა ფაქტორებთან, რომელთანაც უწევს მას შეჯახება, მაგალითად, ლოკალური ადგილმდებარეობა, ლოკალური თემის ჯგუფები, რომლებიც კულტურულ პროდუქტს ქმნიან. ქარპსეკენი (1996: 202) აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვალიდობის შემოწმება მოიცავს წინა ეტაპების მოთხოვნების დაცვას, მკვლევრის ანალიზისა და მონაწილეებისა და სხვა მკვლევრების მიერ მოწოდებული კომენტარების ურთიერთშედარებას, კოლეგასთან გასაუბრებას და რესპონდენტის მიერ ვალიდაციის გამოყენებას.

ეტაპი 5: სისტემური მიმართებების გამოყენება მიღებული შედეგების ასახსნელად

      ამ ეტაპზე ხდება მიღებული შედეგების შესწავლა და ახსნა მაკროსოციალური თეორიების ჭრილში (Carspecken 1996: 202). ნაწილობრივ, ეს არის კვლევის შედეგებისა და სოციალური თეორიის ურთიერთშედარების და შედეგების თეორიისთვის მორგების პროცესი.

      ამრიგად, კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მოძრაობის მიმართულება ასეთია: სიტუაციის აღწერა, გაგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და შეცვლა. ეს შეესაბამება იდეოლოგიის კრიტიკის ეტაპებს, რომელიც პირველ თავშია წარმოდგენილი:

  1. ეტაპი: არსებული სიტუაციის აღწერა – ჰერმენევტიკული პროცესი;
  2. ეტაპი: იმ მიზეზების წვდომა, რომლებმაც შექმნა არსებული სიტუაცია;
  3. ეტაპი: სიტუაციის შეცვლის გეგმა;
  4. ეტაპი: ახალი სიტუაციის მიღწევის შეფასება.

     

ეთნოგრაფიულ და ბუნებრივ მიდგომებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა

      ეთნოგრაფიულ და ბუნებრივ მიდგომებში რამდენიმე სირთულე არსებობს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კვლევის სანდოობასა და ვალიდობაზე. მათ რიცხვში შედის:

  1. სიტუაციის დეფინიცია: მონაწილეებს სთხოვენ სიტუაციის მათეული დეფინიციის მოცემას, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი განსაზღვრება. ისინი შეიძლება "მცდარად პატიოსანნი" იყვნენ (არაფერი იცოდნენ "რეალური" სიტუაციის შესახებ), განზრახ ამახინჯებდნენ, ან მცდარად წარმოაჩენდნენ სიტუაციას, ან უკიდურესად სელექციურნი იყვნენ. სანდოობისა და ვალიდობის ეს საკითხები წიგნის მეექვსე თავშია განხილული (იხილეთ ტრიანგულაციის განხილვა).
  2. სანდოობა: ჰოთორნის ეფექტი - მკვლევრის ყოფნა სიტუაციაში განაპირობებს მის შეცვლას, რადგან მონაწილეებს შეიძლება, სურდეთ, მკვლევარს თავი აარიდონ, მიმართულება მისცენ ან უარყონ, მასზე ზემოქმედება იქონიონ, ან შთაბეჭდილება მოახდინონ. ეს საკითხებიც მეექვსე თავშია განხილული. რეაქტიულობის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება გულდასმით მოლაპარაკებით, ველში საკმარისად ხანგრძლივად ყოფნითა და მკვლევრის მიერ საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად სწორად წარდგენით.
  3. ანგელოზის ეფექტი: როდესაც სიტუაციის ან მონაწილეების შესახებ არსებული ან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით შეიძლება მონაცემების შემდგომი მოგროვება სელექციური გახდეს, ანდა ამ ინფორმაციის არსებობამ შემდგომში სიტუაციის კონკრეტულ ჭრილში ხედვამდე მიგვიყვანოს (თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების[2] ეკვივალენტი კვლევაში). ეს სანდოობის საკითხია და მისი მოგვარება შესაძლებელია ფართო, ტრიანგულირებული მონაცემთა ბაზის გამოყენებითა და გარეშე დამკვირვებლის დახმარებით. შარავანდედის ეფექტი, ჩვეულებრივ, გულისხმობს, რომ მკვლევარს სწამს მონაწილეების გულკეთილობა და სულგრძელობა (მონაწილეები შარავანდედით არიან მოსილნი!) და, შესაბამისად, მათი ქცევის უარყოფითი მხარე თუ პიროვნული ნაკლი უარიყოფა ან უყურადღებოდ რჩება. ამის საპირისპიროა, ეშმაკის ეფექტი, როცა მკვლევარს სწამს, რომ მონაწილეები ცუდი, უვარგისი ადამიანები არიან (ეშმაკის რქები ადგათ თავზე!) და უარყოფს ან უყურადღებოდ ტოვებს მათ დადებით მხარეებს.
  4. ინტერპრეტაციული მეთოდოლოგიის იმპლიციტური კონსერვატიზმი. კვლევის ეს ტიპი, კრიტიკული ეთნოგრაფიის გამოკლებით, მონაწილეებსა და დამხმარეებს მათი სტატუს კვოთი იღებს. ის მათ წარსულსა და აწმყოზე ფოკუსირდება და არა მომავალზე.
  5. არსებობს ნაცნობზე ფოკუსირების სირთულე. მონაწილეები (და, შესაძლოა, მკვლევრებიც) იმდენად ახლოს არიან სიტუაციასთან, რომ უარყოფენ მის ნამდვილად არსებულ, ხშირად ნაგულისხმევ, ასპექტებს. შესაბამისად, დგება ნაცნობის უცნობად გადაქცევის ამოცანა. დელამონტი (1981) თვლის, რომ ნაცნობის უცნობად გადაქცევა შეიძლება:
    1. ერთი საკითხის უჩვეულო მაგალითების შესწავლით (მაგალითად, ატიპური კლასები, სასკოლო ცხრილები ან სტრუქტურა);
    2. სხვა კულტურებიდან აღებული მაგალითების შესწავლით;
    3. იმ სხვა სიტუაციების შესწავლით, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდნენ საკვლევ სიტუაციას (მაგალითად, სკოლების შესწავლისას შეიძლება გამოსადეგი იყოს ისეთი, გარკვეულწილად, მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ორგანიზაციების ნახვა, როგორიცაა საავადმყოფო ან ციხე).
  6. შესასწავლი სიტუაციების ღიაობითა და მრავალფეროვნებით. ჰამერსლი (1993) ამბობს, რომ სპეციფიკურ კონტექსტებსა და სიტუაციებზე ფოკუსირებით შესაძლოა ზედმეტად გამოკვეთილი აღმოჩნდეს კონტექსტებსა და სიტუაციებს შორის განსხვავებები და არა მათ შორის არსებული უფრო მეტი მსგავსება, მათი საერთო ნიშნები. იგი ამტკიცებს, რომ მკვლევრები კანონზომიერებებსაც ისევე უნდა აცნობიერებდნენ, როგორ განსხვავებებს.
  7. უფრო ფართო სოციალური კონტექსტისა და შეზღუდვების უარყოფით. ისეთი სიტუაციების შესწავლისას, სადაც ხაზგასმულია მათი სიტუაციით შეზღუდულობა, შეიძლება უარყოფილ იქნას უფრო ფართო დინებები და კონტექსტები - კვლევის მიკროდონე საზღვრების დაწესების რისკის წინაშე დგას, რაც გამორიცხავს მაკროდონის მნიშვნელოვან ფაქტორებს. ფართო მაკროკონტექსტები ვერ გამოირიცხება კონკრეტული სიტუაციებიდან.
  8. განზოგადების საკითხი. თუ სიტუაციები უნიკალური და არაგანზოგადებადია, როგორც მრავალი ბუნებრივი პრინციპი ამბობს, როგორ უნდა გადაწყდეს განზოგადების საკითხი? რა კონტექსტებისთვის იქნება მიღებული შედეგები გამოსადეგი? რა როლი აქვს და როგორია რეპლიკაციის კვლევები?
  9. როგორ უნდა დაიწეროს მრავალჯერადი რეალობა და ახსნა? როგორ მიიღწევაა რეპრეზენტაციული ხედვა? რა ხდება მაშინ, როდესაც მკვლევარი ისეთ რაღაცეებს ხედავს, რაც მონაწილეებს არ დაუნახავთ?
  10. ვის ეკუთვნის მონაცემები, ანგარიში, და ვინ აკონტროლებს მათ გაცემას?

      ამრიგად, ბუნებრივი და ეთნოგრაფიული კვლევები განათლების სფეროში მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემური კვლევის მეთოდების ერთიანობაა. ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი სტილის ეს კვლევები ფართოდ არის გავრცელებული და თანდათან მატულობს მათი გამოყენება.


[1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: მედიცინაში ამ ტერმინით აღნიშნავენ მდგომარეობას, როდესაც ადმიანს არ შეუძლია სტრესთან შეგუება

[2] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: შესატყვისი ინგლისური ტერმინია "self-fulfiling prophecy", რომელიც ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველება, ვარაუდი თავად იწვევს შესრულებას, რადგან მის დაჯერებასა და ქცევას შორის კავშირია.

ტეგები: Qwelly, კვლევა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 5720

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters