კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XI

      პოზიტივისტური და ინტერპრეტაციული პარადიგმები, არსებითად, ერთი და იგივე ფენომენის გაგებას ერთმანეთისგან განსხვავებული გზებით ცდილობს. პოზიტივიზმი ობიექტურობას, გაზომვას, პროგნოზირებას, კონტროლირებას, მოდელების შექმნას, ქცევის კანონებისა და წესების აგებას და მიზეზშედეგობრიობის დადგენას ესწრაფის, ხოლო ინტერპრეტაციული პარადიგმა _ სამყაროს აქტიორებისეული ტერმინებით გაგებასა და ინტერპრეტაციას. პირველისთვის მნიშვნელოვანია ფენომენი, რომელსაც აკვირდებიან, მეორისთვის _ ამ ფენომენის მიერ მინიჭებული მნიშვნელობები და ინტერპრეტაციები. ამ უკანასკნელს, ეხმიანება რა გიდენსს (1976), ჰაბერმასი (1984: 109 – 110) "ორმაგ ჰერმენევტიკას" უწოდებს, როდესაც ადამიანები უკვე ინტერპრეტირებული სამყაროს ინტერპრეტაციასა და მასში ოპერირებას ესწრაფიან. ფორმირების პროცესში მყოფნი განათლების სფეროს კვლევისადმი მიდგომას განათლების სფეროში კრიტიკული კვლევის პარადიგმას უწოდებენ. ის ნაკლულად მიიჩნევს მანამდე არსებულ ორ პარადიგმას, რადგან ისინი არასრულად ხსნიან სოციალურ ქცევას, ვინაიდან უარყოფენ განათლების სფეროში წარმოებული კვლევის უმეტესობის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტს. პოზიტივისტური და ინტერპრეტაციული პარადიგმები გადატვირთულია ტექნიკური და ჰერმენევტიკული ცოდნით (Gage 1989). განათლების სფეროში კრიტიკული კვლევის პარადიგმა ჰაბერმასის ადრეული შრომის მძლავრი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, მასზე შედარებით ნაკლები გავლენა მოახდინეს ჰაბერმასის წინამორბედებმა ფრანკფურტის სკოლიდან; მათ შორის აღსანიშნავია ადორნო (Adorno), მარკუსი (Marcuse), ჰორკჰეიმერი (Horkheimer) და ფრომი (Fromm). ამ სკოლისთვის დამახასიათებელია მიზნობრივად პოლიტიკური მიმართულება _ ეგალიტარულ საზოგადოებაში ინდივიდებისა და ჯგუფების ემანსიპაცია.

      კრიტიკული თეორია თვალნათლივ დირექტიული და ნორმატიულია და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რას უნდა მოიცავდეს ქცევა სოციალური დემოკრატიის პირობებში (Fაყ 1987; Morrison 1995ა). მისი მიზანია არა, უბრალოდ, საზოგადოებისა და ქცევის ახსნა, არამედ ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც მისი ყველა წევრის თანასწორობასა და დემოკრატიას ეფუძნება. მისი მიზანი მხოლოდ სიტუაციებისა და ფენომენების გაგება კი არ არის, არამედ მათი შეცვლაც; კერძოდ, ის უუფლებოთა ემანსიპაციისკენ, უთანასწორობის აღმოფხვრისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების ხელშეწყობისკენ ისწრაფის.

      ამ მიმართულებით კრიტიკული თეორია "მცდარი" ანუ "ფრაგმენტული" ცნობიერების (Eagleton 1991) იდენტიფიცირებას ახდენს, რომელმაც ინდივიდი ან სოციალური ჯგუფი ფარდობით უუფლებობამდე და უმწეობამდე ან, პირიქით, ძალაუფლებამდე მიიყვანა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამის კანონიერებას. ის რეპრესიის, ხმის უფლების, იდეოლოგიის, ძალაუფლების, მონაწილეობის, რეპრეზენტაციის, ჩართულობისა და ინტერესების საკითხებს კანონიერებისა და თანასწორობის ჭრილში განიხილავს. ამასთან, ამტკიცებს, რომ ქცევის დიდი ნაწილი (კვლევითი ქცევის ჩათვლით) კონკრეტული უკანონო/არალეგიტიმური, დომინანტური და რეპრესიული ფაქტორების შედეგია; უკანონო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი საერთო, საზოგადო ინტერესის სასარგებლოდ არ მოქმედებს _ ერთი პიროვნების ან ჯგუფის თავისუფლება და ძალა მეორის თავისუფლებისა და ძალის ფასად მიიღწევა. ამგვარად, კრიტიკული თეორია კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედი ინტერესების გამოვლენას და მათი კანონიერების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს, ანუ, ადგენს, თუ რამდენად კანონიერად ემსახურებიან ისინი თანასწორობასა და დემოკრატიას. თეორიის ინტენცია ტრანსფორმაციულია: ის საზოგადოებისა და ინდივიდების სოციალურ დემოკრატიად ტრანსფორმაციას ესწრაფვის. ამ თვალსაზრისით, განათლების სფეროში კრიტიკული კვლევის მეტწილად პრაქტიკული მიზანია, აღმოფხვრას უკანონო ძალაუფლების განხორციელება და ზემოქმედება, შექმნას უფრო სამართლიანი ეგალიტარული საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი და კოლექტივი თავისუფალი იქნება. ამგვარად, აქ არ არის ძნელი მარქსიზმის ხაზის დანახვა. კრიტიკული თეორიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მკვლევარი არ უნდა იყოს იდეოლოგიურად ან პოლიტიკურად ნეიტრალური.

      კრიტიკულ თეორიას და კრიტიკულ განათლების კვლევას თავიანთი რეალური პროგრამები აქვს, მაგალითად, შესწავლა და სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება: როგორ ინარჩუნებენ, ან როგორ ამცირებენ უთანასწორობას სკოლები; ცოდნის და სასწავლო გეგმის სოციალური სტრუქტურა _ ვინ განსაზღვრავს ღირებულ ცოდნას, რა იდეოლოგიურ ინტერესებს ემსახურება ეს და როგორ მეორდება მასში საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა; როგორ წარმოიქმნება და რეპროდუცირდება ძალაუფლება განათლების მეშვეობით; ვის ინტერესებს ემსახურება განათლების სისტემა და რამდენად კანონიერია ეს ინტერესები (მაგალითად, მდიდარი, თეთრკანიანი, საშუალო ფენის მამაკაცების და არა _ ღარიბი, ფერადკანიანი ქალების).

      კვლევისთვის კრიტიკული თეორიის მნიშვნელობა განუზომელია, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ სოციალური კვლევის დიდი ნაწილი შედარებით ტრივიალურია, რადგან ის იღებს კვლევის მოცემულ პროგრამას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს მას. საქმეს კვლევის დაფინანსების საკითხიც ართულებს, რაც კვლევის სპონსორობის პოლიტიკურ განზომილებას უსვამს ხაზს (განხილულია ქვემოთ) (Norric 1990). კრიტიკული თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ პოზიტივისტური და ინტერპრეტაციული პარადიგმები არსებითად ტექნიკურია და არსებული სიტუაციის გაგებასა და უფრო ეფექტურად ქცევას ესწრაფვიან და არა მის შესახებ კითხვების დასმასა და ტრანსფორმაციას.

      ჰაბერმასი (1972) ინტერესების სამმაგ კონცეპტუალიზაციას გვთავაზობს, რომელიც წინამდებარე თავში განხილულ კვლევის სამივე პარადიგმას მოიცავს. მისი აზრით, ცოდნა და, შესაბამისად, კვლევით მიღებული ცოდნაც, სხვადასხვა ინტერესს ემსახურება. იგი ამტკიცებს, რომ ინტერესებს სოციალური სტრუქტურა ქმნის და ეს ინტერესები "ცოდნის დამწესებელია, ვინაიდან აყალიბებს და განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლოს ცოდნის ობიექტებად და სახეობებად. ინტერესებს იდეოლოგიური ფუნქცია აქვს (Morrison 1995ა), მაგალითად, "ტექნიკური ინტერესის" (განხილულია ქვემოთ) შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ უუფლებონი ასეთებადვე დარჩნენ თავიანთ უუფლებო და უმწეო სიტუაციაში, ანუ, განმტკიცდეს და შენარჩუნდეს მათი სტატუს კვო. "ემანსიპატორული ინტერესი" (განხილულია ქვემოთ) საფრთხის ქვეშ აყენებს ამ სტატუს კვოს. ამ პოზიციის მიხედვით, ცოდნა და კვლევით მიღებული ცოდნა არ არის ნეიტრალური (ასევე, იხ. Munnheim 1936). იმას, თუ რა ჩაითვლება ღირებულ ცოდნად, ამ ცოდნის დამცველების სოციალური და პოზიციური უფლებამოსილება განაპირობებს. შესწავლის ობიექტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის კავშირი პარადიგმებისა და და პარადიგმის ჩანაცვლების კუნისეულ (1962) ცნებებს ეხმიანება, რომლებშიც ცოდნის სფერო ან პარადიგმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ ის მტკიცებულებად გამოდგება და თუ "ავტორიტეტებს" უპყრიათ ხელთ. ცოდნა და ცოდნის განსაზღვრება კონკრეტული პარადიგმით მომუშავე მეცნიერთა წრის ინტერესებს ასახავს. ჰაბერმასი (1972) ღირებული ცოდნის განსაზღვრებასა და წვდომის ფორმებს სამი კოგნიტური ინტერესის ირგვლივ აგებს:

  • პროგნოზი და კონტროლი;
  • გაგება და ინტერპრეტაცია;
  • ემანსიპაცია და თავისუფლება.

      იგი მათ, შესაბამისად, "ტექნიკურ", "პრაქტიკულ" და "ემანსიპატორულ" ინტერესებს უწოდებს. ტექნიკური ინტერესი ახასიათებს ზემოთ განხილულ მეცნიერულ, პოზიტივისტურ მეთოდს, რომელშიც ხაზგასმულია ქცევის კანონები, წესები, პროგნოზი, კონტროლი და კვლევის ობიექტების პასიურობა, ხოლო შედეგად ინსტრუმენტული ცოდნა მიიღება. პრაქტიკული ინტერესი, მეცნიერული მეთოდის პოზიტივიზმის შერბილებული ვერსია, თვისებრივი მიდგომების (მაგალითად, სიმბოლური ინტერაქციონიზმის) განხილვისას იქნა წარმოჩენილი, როდესაც ზემოთ ჰერმენევტიკულ, ინტერპრეტაციულ მეთოდოლოგიებზე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში კვლევის მეთოდოლოგიები "მეტყველი და მოქმედი სუბიექტების" (Habermas 1974: 8) კომუნიკაციის დაზუსტებას, გაგებასა და ინტერპრეტაციას ესწრაფიან.

      ჰერმენევტიკა ურთიერთქმედებასა და სამეტყველო ენაზე ფოკუსირდება. ის სიტუაციების მონაწილეთა თვალით დანახვასა და ამგვარად წვდომას ცდილობს, ეხმიანება რა ვერსტეჰენ ვებერისეულ მიდგომებს და ეფუძნება მოსაზრებას, რომ რეალობა სოციალურად არის აგებული (Berger and Luckmann 1967). ჰაბერმასი (1988: 12), ფაქტობრივად, მიიჩნევს, რომ სოციოლოგია სოციალურ ფაქტებს მათი კულტურული მნიშვნელოვნების გათვალისწინებით და როგორც სოციალურად განპირობებულს, ისე უნდა შეისწავლიდეს. ჰერმენევტიკა მოიცავს, მოცემული სიტუაციის ფარგლებში, ურთიერთქმედებაში მყოფი სხვა აქტორების მნიშვნელობების ჩაჭერას და მათი განზრახვების გამოვლენასა და რეკონსტრუირებას. ასეთი წამოწყება სოციალურ კონტექსტში მნიშვნელობის ანალიზს მოიცავს (Held 1980). გადამერი (Gadamer 1975: 273) ამტკიცებს, რომ ჰერმენევტიკული მეცნიერება (მაგალითად, თვისებრივი მიდგომები) მონაწილეთა ჰორიზონტების შერწყმას მოიცავს. აქ მნიშვნელოვანია მნიშვნელობები/შინაარსები და არა _ ფენომენები.

      ემანსიპატორული ინტერესი წინა ორ პარადიგმას მოიცავს. ის მოითხოვს ამ პარადიგმების არსებობას, მაგრამ უფრო შორსაც მიდის (Habermas 1972: 211). ის ორიენტირებულია პრაქსისზე _ ქმედებაზე, რომელიც ემანსიპაციის მიზნის გაცნობიერებაზე აიგება (Kინცჰელოე 1991: 177). ეს ინტერესი ორი პარალელური მიმართულებით ხორციელდება: უფლებამოსილების მოქმედების დემონსტრირება და სოციალური სამართლიანობის დამყარება, ვინაიდან დომინირება და რეპრესია ინდივიდის სრულ ეგზისტენციალურ რეალიზაციასა და სოციალურ თავისუფლებებს უშლის ხელს (Habermas 1979: 14). ამ ცოდნის მაფორმირებელი ინტერესის და, ფაქტობრივად, თავად კრიტიკული თეორიის ამოცანაა არათავისუფალი ქცევის დათრგუნული, განდევნილი და ჩაშვებული დეტერმინანტების ცნობიერების აღდგენა, მისი საბოლოოდ გაქრობის პერსპექტივით (Habermas 1984: 194 – 195).

      ამრიგად, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჰაბერმასის ადრეულ შრომაში კვლევის სამგვარი სტილის კონცეპტუალიზაციაა ნაცადი: მეცნიერული, პოზიტივისტური და ინტერპრეტაციული სტილის. კრიტიკულ თეორიას საკუთარი არა მარტო პროგრამა, არამედ კვლევის მეთოდოლოგიაც აქვს, კერძოდ, იდეოლოგიის კრიტიკა და პრაქტიკის კვლევა. რაც შეეხება იდეოლოგიის კრიტიკას, მიღებულია იდეოლოგიის კონკრეტული ხედვა, როგორც განზოგადებადი ინტერესების დათრგუნვა (Habermas 1976: 113), რომელშიც სისტემები, ჯგუფები და ინდივიდები რაციონალურად გაუმართლებლად მოქმედებენ, რადგან მათი მოქმედების ძალა სხვა ჯგუფების უფლებამოსილების წართმევას ეყრდნობა, ანუ, შეუძლებელია მათი ქცევის პრინციპების განზოგადება.

      კონკრეტული დომინანტური ჯგუფისგან მომდინარე იდეოლოგია _ ღირებულებები და პრაქტიკები _ ის საშუალებაა, რომლითაც ძალაუფლების მქონე ჯგუფები, უუფლებო ჯგუფების ხარჯზე, თავიანთი კონკრეტული სექტორული ინტერესების წინ წამოწევასა და დაკანონებას ახდენენ. იდეოლოგიის კრიტიკა განათლების მრავალ სფეროში ავლენს იდეოლოგიის მუშაობას და საზოგადო სიკეთის საფარველის ქვეშ დაკანონებული ინტრესების მოქმედებას. იდეოლოგიის კრიტიკის ამოცანაა დაკანონებული შეფარული ინტერესების დღის სინათლეზე გამოტანა, რაც შეიძლება ცნობიერად ან სრულიად გაუცნობიერებლად მოხდეს; ასევე, მონაწილეთათვის იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება, რომ ისინი საკუთარი ქცევით ინარჩუნებდნენ და კიდევ უფრო ამყარებდნენ სისტემას, რომელიც მათ უუფლებოდ ან უმწეოდ ამყოფებს (Geuss 1981), ანუ, თრგუნავს ზოგად ინტერესს. სიტუაციების ახსნები, შესაძლოა, "ნატურალური", თავისთავად ნაგულისხმევი ახსნებისგან განსხვავებული იყოს, რომლებიც, შესაძლოა, მონაწილეებმა შემოგვთავაზონ ან მიიღონ. სიტუაციები პრობლემურია და არა _ ნატურალური (Carr and Kemmis 1986). ისინი შედეგები ან პროცესებია, რომლებშიც დაცულია და დათრგუნულია ინტერესები და უფლებამოსილებები და იდეოლოგიის ერთ-ერთი ამოცანაა, აჩვენოს ეს (Grundy 1987). იდეოლოგიის კრიტიკა ავლენს მოქმედ ინტერესებს, რომლებიც, თავის მხრივ, რეფლექსიის პრაქტიკითაა განპირობებული (Morrison 1995ა; 1995ბ; 1996ა). ჰაბერმასის (1972: 230) აზრით, რეფლექსიის პრაქტიკის გამოყენებით იდეოლოგიის კრიტიკა ოთხ ეტაპად შეიძლება განხორციელდეს:

  1. I ეტაპი: არსებული სიტუაციის აღწერა და ინტერპრეტაცია _ ჰერმენევტიკული საქმიანობა, რომლითაც იდენტიფიცირდება მიმდინარე სიტუაცია და მისი მნიშვნელობა (ინტერპრეტაციული პარადიგმის ვერსტეჰენ მიდგომებს ეხმიანება).
  2. II ეტაპი: იმ მიზეზების ძიება, რატომ არის არსებული სიტუაცია სწორედ ისეთი, როგორიც არის _ სიტუაციის მიზეზები და მიზნები და მათი კანონიერების/ლეგიტიმურობის შეფასება, სიტუაციაში მოქმედი ინტერესებისა და იდეოლოგიების ანალიზის ჩათვლით, მათი ძალა და კანონიერება (ორივე _ მიკრო და მაკროსოციოლოგიური თვალსაზრისით). ჰაბერმასის (1972) ადრეულ ნაშრომში ეს ფსიქოანალიზს დარდება, როგორც "პაციენტების" მიერ განდევნილი, დამახინჯებული და დამთრგუნველი მდგომარეობების, გამოცდილებებისა და ფაქტორების გაცნობიერების საშუალებას, რომლებიც აბრკოლებენ მათ, სრულად და ზუსტად გაიგონ თავიანთი მდგომარეობა, სიტუაციები და ქცევა. ასეთ ექსპოზიციასა და შესწავლას, თავის მხრივ, განმათავისუფლებელი და ემანსიპატორული ფუნქცია ექნება. აქ კრიტიკა ინდივიდებსა და ჯგუფებს უჩვენებს, თუ როგორაა შესაძლებელი მათი მოსაზრებებისა და საქმიანობების იდეოლოგიურად დამახინჯება, რაც შედეგად ისეთ სოციალურ წყობას ანუ სიტუაციას ინარჩუნებს და ამყარებს, რომელიც დემოკრატიული თავისუფლების, ინტერესებისა და უფლებამოსილების მინიჭების საწინააღმდეგოდ მოქმედებს (ასევე, იხ. Carr and Kemmis 1986: 138 – 139).
  3. III ეტაპი: სიტუაციის შეცვლის პროგრამა – ეგალიტარული საზოგადოებისკენ მოძრაობისთვის;
  4. IV ეტაპი: პრაქტიკაში სიტუაციის მიღწევის შეფასება.

      ჰაბერმასის მიერ შემოთვაზებული ეტაპები განათლების სფეროში სმითისეული (Smith 1989) ეტაპების პარალელურია, რომელიც, ასევე, ოთხეტაპიან პროცესზე საუბრობს:

  • აღწერა (რას ვაკეთებ?);
  • ინფორმაცია (რას ნიშნავს ეს?);
  • კონფრონტაცია (როგორ მოხდა, რომ ეს მომეწონა?);
  • რეკონსტრუქცია (როგორ შემიძლია ამის განსხვავებულად გაკეთება?).

      შეგვიძლია ვნახოთ, რომ იდეოლოგიის კრიტიკას ორი მხარე აქვს _ რეფლექსიური ანუ თეორიული და პრაქტიკული. რეფლექსიის გარეშე ის არაფრის მომცველია და პრაქტიკის გარეშე _ ცარიელი.

      ვინაიდან იდეოლოგია, უბრალოდ თეორია არ არის, არამედ უშუალოდ ზემოქმედებს პრაქტიკაზე (Eagleton 1991), კრიტიკული თეორია მძლავ პრაქტიკულ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც პრაქტიკის კვლევაში გამოიხატება (Callawaert 1999). პაქტიკის კვლევა (განხილულია მე-14 თავში), როგორც სახელწოდება მიგვითითებს, წარმოადგენს კვლევას, რომელიც ზემოქმედებს პრაქტიკაზე და მასზე ფოკუსირდება. პრაქტიკოსის, მაგალითად, სკოლაში მასწავლებლების, მონაწილე დამკვირვებლების და სასწავლო გეგმის შემქმნელების კვლევაში ჩართვით მოქმედების კვლევა პრაქტიკის კონტექსტების _ ადგილმდებარეობის, იდეოლოგიურის, ისტორიულის _ მნიშვნელოვნებას აღიარებს. გარდა ამისა, ის თანხმდება უფლებამოსილების შესახებ მათთან, ვინც მოქმედებს ამ კონტექსტებში და კვლევისა და პრაქტიკის მამოძრავებელია. ამ თვალსაზრისით, ამტკიცებენ, რომ პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვნად ემანსიპატორული და უფლებამოსილების მიმნიჭებელია, ვინაიდან ის პრაქტიკოსებს "ხმის ამოღების" (Carr and Kemmis 1986; Grundy 1987), გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის და საკუთარი გარემოსა და პროფესიული ცხოვრების გაკონტროლების უფლებებს აძლევს. სხვა საკითხია, უფლებამოსილების მინიჭების მტკიცებები მართლაც ისეთი მძლავრია თუ არა, როგორც ამას მათი მხარდამჭერები ამტკიცებენ, თუმცა პრაქტიკის კვლევისთვის ის შედარებით სუსტი შეიძლება იყოს, როდესაც განათლებაში განსახორციელებელი ცვლილებების პირისპირ აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში პრაქტიკის კვლევა, შესაძლოა, არსებულ პრაქტიკაში ჩარევით უფრო მეტად იყოს დაინტერესებული, რათა უზრუნველყოფილ იქნას დაგეგმილი ცვლილების ეფექტურად და შედეგიანად განხორციელება.

      მორისონის (1995ა) თვალსაზრისით, ტრანსფორმაციისა და უფლებამოსილების მინიჭების პრაქტიკული განზრახვის გამო, შესაძლებელია და უნდა მოხდეს კიდეც კრიტიკული თეორიის განხილვა და, ალბათ, ემპირიულად შემოწმება. მაგალითად, შეიძლება, შემოწმდეს კრიტიკული თეორიის პრეტენზია უფლებამოსილების მინიჭებასა და შესაძლებლობების გაფართოებაზე. ფაქტობრივად, ადრეული ნაშრომებისგან განსხვავებით, უფრო გვიანდელ შრომაში ჰაბერმასი (1990) აღიარებს ამას. იგი "საპირისპირო მაგალითების" (გვ. 6) მოძიების, "კრიტიკული შემოწმების" (გვ. 7) და ემპირიული ვერიფიკაციის (გვ. 117) საჭიროებას ემხრობა. იგი აღიარებს, რომ მის მოსაზრებებს მხოლოდ "ჰიპოთეტური სტატუსი" (გვ. 32) აქვს, რომელიც კონკრეტული სპეციფიკური შემთხვევებით უნდა შემოწმდეს (გვ. 9). მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კრიტიკული თეორიის ეფექტურობა შემოწმდება, თუ შეფასდება: მისი თეორიის შედეგად რამდენად რეალიზებულია თანასწორობა, თავისუფლება, დემოკრატია, ემანსიპაცია, უფლებამოსილების მინიჭება; რამდენად შეიცვალა პრაქტიკა; რამდენად შეუძლიათ მისი თეორიის მიმდევრებს თავიანთი ქმედების დამკვიდრება და დაცვა; რამდენად გაარღვია მისმა თეორიამ ინსტრუმენტული რაციონალურობის ბარიერები. ცხადია, რომ მისი თეორიების ოპერაციონალიზაცია და შემოწმება (ანუ ემპირიული კვლევა-ძიება) ძირითადი ვალდებულებაა, რაც თავად ჰაბერმასს არ გაუკეთებია. ამ თვალსაზრისით, კრიტიკული თეორია, თეორია, რომელიც პრაქტიკული ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იბრძვის, მხოლოდ პასიური მჭვრეტელის პოზიციაში დარჩენის რისკის ქვეშაა.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1701

ბლოგ პოსტები

MMOexp: Aside from added believable grass textures

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 12:20pm 0 კომენტარი

Premier Accordance carelessness and added top clubs administer some of the best able across crews in the world, acquiescent for advanced an ideal affray aboveboard that gets trampled ceremony in and ceremony out. In the past, FIFA has emulated this to an able degree, presenting ageold pitches that rarely get scrutinized from the normal, away angle during gameplay.



Aside from added believable grass textures, FC 24 has acknowledging pitches with alive afflicted states. Slide tackles… გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters