ინტერვიუს ჩატარება, ტრანსკრიპტის გაკეთება, ანალიზი, შემოწმება და ანგარიშის დაწერა

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 16
ნაწილი II

ინტერვიუს ჩატარება

      შემდეგი ეტაპია ინტერვიუს მომზადება და ჩატარება. როდესაც თავად ინტერიუერები არიან კვლევის ინიციატორები, ისინი ზუსტად არჩევენ თავიანთ რესპოდენტებს. როდესაც ინტერვიუერებს ქირაობენ, მათ, სავარაუდოდ, აძლევენ იმ პირების სიას, რომელთაც უნდა დაუკავშირდნენ. ტუკმენი (1972) მოკლედ მიმოიხილავს პროცედურებს, რომლებიც თავად ინტერვიუს პროცესში ხორციელდება. ის წერს, რომ ინტერვიუერმა რესპოდენტს უნდა გააცნოს ინტერვიუს ბუნება ან მიზანი, იყოს გულწრფელი, მაგრამ არა - მიკერძოებული, უნდა ეცადოს, რომ მონაწილეს თავი უსაფრთხოდ აგრძნობინოს, გაუადვილოს ლაპარაკი, აუხსნას, თუ როგორ მიმდინარებს ინტერვიუ (რა ხდება და რა როგორ, ინტერვიუს სტრუქტურა და ორგანიზაცია) და როგორ შეიძლება პასუხების ჩაწერა (და ამის ნებართვის აღება). ამასთან, ინტერვიუს მსვლელობისას უნდა დააკვირდეს ყველა ამ პროცესს. ინტერვიუს დროს არ უნდა გამოვლინდეს ინტერვიუერის მიკერძოებულობა და ღირებულებები, მან, ასევე, თავი უნდა აარიდოს შეფასებებსა და საყვედურებს. ინტერვიუერმა უნდა წარმართოს და მიმართულება მისცეს რესპონდენტებს, თუ ისინი გაურბიან თემას, მაგრამ ეს ზომიერებისა და ზრდილობის ფარგლებში უნდა გააკეთოს.

      არსებითი მნიშვნელობა აქვს, სულ გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ ინტერვიუ სოციალური, პიროვნებათშორისი ურთიერთობაა და არა - უბრალოდ მონაცემების შეგროვება. კეილის (1996: 125) მიაჩნია, რომ ინტერვიუ ურთიერთქმედების დაუწერელ სცენარს მიჰყვება, წესებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ იჩენენ თავს, როცა საქმე დარღვევასთან გვაქვს. მაშასადამე, ინტერვიუერმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს ფრთხილი და სენსიტიური ინერვიუს ჩასატარებლად. კვეილი (1996: 147) იქვე დასძენს, რომ ვინაიდან მკვლევარი კვლევის ინსტრუმენტია, კარგი ინტერვიუერი საკვლევი თემის მცოდნეცაა და ურთიერთობებისა და კომუნიკაციების ექსპერტიც. მას სათანდო ატმოსფეროს შექმნა მოუწევს, სადაც მონაწილე თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და თავისუფლად ილაპარაკებს. ეს რამდენიმე დონეზე ხდება.

      მაგალითად, საჭიროა ინტერვიუს კოგნიტური ასპექტის მოგვარება: უზრუნველყოფა და დარწმუნება იმაში, რომ ინტერვიუერმა საკმარისად იცის საკვლევი თემა იმისათვის, რომ ინტერვიუ ინფორმირებულობის ატმოსფეროში ჩაატაროს და არ დააფრთხოს რესპონდენტი, თუ მას საკმარისი ცოდნა არ აქვს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვების ინტერვიუირების შემთხვევაში, - აღნიშნავენ საიმონსი (1982) და ლუისი (1992), რომლებიც მიუთითებენ, რომ ბავშვები იტყვიან ნებისმიერ რამეს, მაგრამ არ იქნებიან ჩუმად (ანუ იტყვიან რამეს და არა - არაფერს) და ამით შეამცირებენ მონაცემების მოსალოდნელ სანდოობას. ინტერვიუერი ფხიზლად უნდა იყოს და ახსოვდეს, რომ რესპოდენტები ყოველთვის არ არიან ისეთები, როგორებიც ჩანან. ისინი შეიძლება მცდარ ინფორმაციას იძლეოდნენ, იტყუებოდნენ, თავს არიდებდნენ თემებს, მოჰქონდეთ და წინ წევდნენ თავიანთვის სასურველ თემებს (Walford 2001: 91), ქულებს იწერდნენ და ბოროტი განზრახვა ჰქონდეთ.

      ასევე მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეთიკის ნორმები და უზრუნველვყოთ, მაგალითად, ინფორმირებული თანხმობა, რესპონდენტების კეთილდღეობა და ზიანის თავიდან არიდება (ინტერვიუმ კი არ უნდა ავნოს რესპონდენტს, არამედ, სარგებელი უნდა მოუტანოს მას). ეთიკის საკითხებს შორის, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, თუ რა ჩაითვლება მონაცემად, მაგალითად, ხშირად ხდება, რომ აუდიო ჩამწერის ან კამერის გამორთვის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე ნამდვილი „მარგალიტები“, ან ადამიანებს „ისე“ უნდათ ხოლმე რაღაცის თქმა. ასეთი ინფორმაციის სტატუსი წინასწარ, ინტერვიუს დაწყებამდე უნდა დაზუსტდეს. ინტერვიუირების ეთიკურ ასპექტებს ამ თავში მოგვიანებით განვიხილავთ.

      ამას გარდა, ყურადღება უნდა მიექცეს ინტერვიუს ინტერპერსონალურ, ინტერაქციულ, კომუნიკაციურ და ემოციურ ასპექტებს. მაგალითად, ინტერვიუერი და რესპოდენტი არავერბალურად, სახის გამომეტყველებებითა და სხეულის პოზით ურთიერთობენ. ისეთი წვრილმანი, როგორიც ჯდომისას პოზის შეცვლაა, იმ მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს, რასაც მკვლევარი მოისურვებს, იქნება ეს რისხვა, მოწყენილობა, დათანხმება, არდათანხმება და ა. შ. ინტერვიუირებისას ინტერვიუერი „აქტიური მოსმენის“ ერთგული უნდა დარჩეს.

      გარდა ამისა, ინტერვიუერის პასუხისმგებლობა რესპოდენტთან კარგი რაპორტის დამყარება და შენარჩუნებაა. ამაში მოიაზრება, რომ ინტერვიუერი უნდა იყოს ზრდილობიანი, არ უნდა აფრთხობდეს რესპონდენტს, გარკვეული ზომით მეგობრული და პიროვნებაზე ორიენტირებული, მაგრამ არა - ძალიან ასერტიული. ასევე, აქ შედის რესპოდენტის პატივისცემა, მაგალითად, ზოგ მათგანს შეიძლება უნდოდეს ან არ უნდოდეს, რომ სახელით, გვარით ან წოდებით მიმართონ; ჩაცმულობა - ძალიან თავისუფალი სტილის ჩაცმულობა შეიძლება არ იწვევდეს ნდობას. რაპორტისთვის, ასევე, საჭიროა რესპოდენტისთვის გასაგებად, ზუსტად და დადებითად ინტერვიუს მიზნის, სავარაუდო ხანგრძლივობის, ხასიათის, მიმდინარეობისა და შინაარსის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობის მიცემა; მისი ნებისმიერი ემოციისადმი სენსიტიურობა; გაღიზიანების, კრიტიკის ან მოუთმენლობის ნებისმიერი გამოვლინებისგან თავის შეკავება და ინტერვიუს შემდეგ რესპოდენტის იმაზე უკეთეს ხასიათზე დაყენება (ყოველ შემთხვევაში უარესზე არა), ვიდრე ინტერვიუს დაწყებამდე იყო. ამისათვის საჭიროა, რომ ინტერვიუერმა რესპოდენტის ადგილზე წარმოიდგინოს საკუთარი თავი და იგრძნოს, რას ნიშნავს რესპოდენტის სკამზე ჯდომა. რაპორტი არ ნიშნავს რესპოდენტის „მოწონებას“ (Dyer 1995: 62); ის სიტუაციის სენსიტიურად და პროფესიულად მართვას ნიშნავს.

      ინტერვიუერის პასუხისმგებლობაში სიტუაციის დინამიკის განხილვაც შედის, მაგალითად, როგორ მიდის საუბარი, რამდენად მოტივირებულია რესპოდენტი, რომ საკუთარ აზრებზე, გრძნობებსა და გამოცდილებაზე ისაუბროს, როგორ დაიძლიოს ინტერვიუს დროს (სადაც, ჩვეულებრივ, ინტერვიუერი განსაზღვრავს ინტერვიუს სიტუაციას, თემას, ქცევას, დაწყებას, მსვლელობასა და დასრულებას) ძალთა ასიმეტრიის პრობლემები (Kvale 1996: 126). როგორც კვეილი აღნიშნავს, ინტერვიუ, ჩვეულებრივ, არ არის ორი თანასწორი მონაწილის ურთიერთგაგება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუ ვითარდებოდეს, რაც , ინტერვიუერმა უნდა განსაზღვროს, მაგალითად, იმით, რომ ზუსტად თქვას, რისი მიღება უნდა; ის კითხვები დასვას, რომელიც საჭირო მონაცემებს მისცემს; ინტერვიუს პროცესში რესპოდენტისთვის სათანადო ვერბალური და არავერბალური უკუკავშირის მიცემა. დინამიკის საკითხებში ისიც კი შედის, თუ როდის უნდა გაჩუმდეს ინტერვიუერი (Kvale 1996: 135).

      უაიტმა (Whyte 1982) ინტერვიუერის „დირექტიულობა“ 6-ქულიან სკალაზე განათავსა, სადაც 1 = მცირედ დირექტიული და 6 = ძალიან დირექტიული:

  1. წახალისების მანიშნებლების გამოყენება;
  2. ინფორმანტის გამონათქვამების ასახვა;
  3. ინფორმანტის ბოლო გამონათქვამის დაზუსტება;
  4. ინფორმანტის ბოლოს წინა გამონათქვამის დაზუსტება;
  5. ინფორმანტის მიერ ინტერვიუში ადრე გამოთქმული იდეის დაზუსტება;
  6. ახალი თემის შემოტანა.

      ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვიუერი არ უნდა იყოს ძალიან დირექტიული ან არასაკმარისად დირექტიული. სინამდვილეში, კონფრონტაციის სიტუაციაში შეიძლება გაცილებით მეტად სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება იყოს შესაძლებელი, ვიდრე - არაკონფრონტაციულში. ამასთან, შეიძლება კვლევის ინტერესებში შედიოდეს, რომ ინტერვიუ უკიდურესად გაკონტროლებული იყოს, რაც შემდგომში გააიოლებს მონაცემების ანალიზს. მაგალითად, თუ ანალიზის ეტაპზე პასუხების კატეგორიზირება და კლასიფიცირებაა საჭირო, მაშინ ინტერვიუერისთვის, შესაძლოა, სასარგებლო იყოს, რომ ინტერვიუს პროცესში დააზუსტოს მნიშვნელობები და მათი კლასიფიციკაციაც კი შესთავაზოს რესპოდენტს (იხილეთ Kvale 1996: 130).

      პატონის (1980: 210) აზრით, მნიშვნელოვანია რესპოდენტის მოტივაციის შენარჩუნება, შესაბამისად, ინტერვიუერმა არ უნდა დაუშვას რესპოდენტის მოწყენილობა, ამისათვის, მაგალითად, მინიმალური რაოდენობის დემოგრაფიული და კონტექსტის შესახებ კითხვები დასვას. ინტერპერსონალური და ინტერაქციული ელემენტების საკითხი კიდევ უფრო შორს მიდის და მოსაუბრეთა სამეტყველო ენას შეეხება, მაგალითად, იმას, რომ მკვლევარის აკადემიური ენა ინტერვიუერის ყოფით, მისთვის გასაგებ და არასალიტერატურო სამეტყველო ენას უნდა შეესაბამებოდეს, რათა მდიდარი აღწერები და აუთენტური მონაცემები იქნას მიღებული. პატონი (1980: 225) ხაზს უსვამს სიზუსტეს კითხვების დასმისას და მისი აზრით, ამაში იგულისხმება, რომ ინტერვიუერმა უნდა გაარკვიოს, რა ტერმინებს იყენებენ რესპოდენტები მოცემულ თემაზე საუბრისას, რა ტერმინებით ესაუბრებიან ერთმანეთს და თავი აარიდოს აკადემიურ/სამეცნიერო ჟარგონს. აქ საქმე მხოლოდ იმას კი არ ეხება, რომ ინტერვიუერის ენა გასაგები უნდა იყოს რესპოდენტებისთვის, არამედ იმასაც, რომ ის ბუნებრივად უნდა ეწყრმოდეს მათ კონტექსტს და მისი ნაწილი გახდეს. ისე, რომ რესპოდენტები თავს კომფორტულად გრძნობდნენ.

      კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ და ვთქვათ, რომ ინტერვიუზე გავლენას მოახდენს ინტერვიუერისა და რესპოდენტის ასაკი, სქესი, რასა, კლასი, ჩაცმულობა და მეტყველება. ბეილი (1994: 183) აღნიშნავს, რომ ბევრი ინტერვიუერი საშუალო კლასის, ოფისში დასაქმებული ქალბატონია და მათ რესპოდენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ არც ერთი ზემოთ დასახელებული მახასიათებელი. ბეილი (1994: 189 – 2) აღნიშნავს, რომ ქალი ინტერვიუერები უფრო გულწრფელ პასუხებს იღებენ, ვიდრე - მამაკაცები; იმასაც ამბობს, რომ თეთრკანიანი ინტერვიუერის შავკანიან რესპოდენტთან მუშაობის შედეგები განსხვავდება იმ შედეგებისგან, როცა ორივე - ინტერვიუერიც და რესპოდენტიც - შავკანიანია. ამასთან, ის ამბობს, რომ უმჯობესია ისეთი ინტერვიუერების აყვანა, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან ან თავი უნდა შეიკავონ ჩაცმულობაში კონტრკულტურის ელემეტების (მაგალითად, ბეჭდების, ლითონის აქსესუარების) ხმარებისაგან (გვ. 185), ვინაიდან ამით შეიძლება ინტერვიუ მიკერძოებული გახადონ. ამის სანაცვლოდ, ინტერვიუერების ჩაცმულობა ნაკლებად თვალში საცემი და უფრო მოკრძალებული უნდა იყოს, და შეესაბამებოდეს მოლოდინს, რომელიც რესპოდენტებს ინტერვიუერის გარეგნობის შესახებ აქვთ, ასევე, ინტერვიუერის გარეგნულმა იერმა ეჭვიც არ უნდა აღძრას მისი როლის ლეგიტიმურობაზე. აქ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები შეიძლება ელოდნენ, რომ მათი ინტერვიუერი მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანი იქნება, ამიტომ უფრო მოსალოდნელია, რომ მათთან ინტერვიუ უფრო მაღალი სტატუსის მქონე ინტერვიუერებს ანდონ. ეს საკითხი დაწვრილებითაა განხილული წიგნის მეხუთე თავში.

      ასევე, გასააზრებელია ინტერვიუს კითხვების თანმიმდევრობა და ფორმულირება, მაგალითად, იმის უზრუნველყოფა, რომ უფრო მატივი და ნაკლებად დამაფრთხობელი, არაწინააღმდეგობრივი კითხვები ინტერვიუს დასაწყისში დაისვას, რათა რესპოდენტებმა თავი მშვიდად იგრძნონ (იხილეთ Patton 1980: 210 – 11). ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ „რა“ კითხვები წინ უძღვოდეს უფრო ღრმა და რთულ „როგორ“ და „რატომ“ კითხვებს, თუმცა, როგორც პატონი (1980: 211) გვახსენებს, ცოდნის შესახებ, ანუ „რა“ ტიპის კითხვებმაც შეიძლება შეაშინოს რესპოდენტი. ინტერვიუერის კითხვები სწორხაზოვანი და მოკლე უნდა იყოს, თუმცა ასეთი არ უნდა იყოს მათზე პასუხები (Kvale 1996: 132). ინტერვიუერმა რეპოდენტისთვის დასასმელი კითხვების ტიპიც უნდა გაიაზროს და განსაზღვროს. ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

      ინტერვიუს პროცესში რამდენიმე პრობლემა წამოიჭრება, რომელთა განჭვრეტა და, სავარაუდოდ, აღკვეთაც შესაძელებელია, რაც ინტერვიუს კომფორტულად წაყვანის საშუალებას იძლევა, მაგალითად (იხილეთ Field and Morse 1989):

  • გარედან ხელის შემშლელი ფაქტორების არიდება (მაგალითად, ტელეფონის ზარები, კარზე დაკაკუნება და ა. შ.);
  • ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლების შემცირება;
  • ინტერვიუერებსა და რესპოდენტებში „სცენის შიშის“ მინიმუმამდე დაყვანა;
  • უხერხული და უადგილო კითხვების დასმისაგან თავის შეკავება;
  • თემიდან თემაზე გადახტომა;
  • რჩევების მიცემა და მოსაზრებების გამოთქმა (და არა - აქტიური მოსმენა);
  • ინტერვიუს ძალიან ადრე შეჯამება ან ძალიან სწრაფად დასრულება;
  • ძალიან ზედაპირულობა;
  • სენსიტიურ საკითხებთან გამკლავება (მაგალითად, სამართლებრივი, პიროვნული, ემოციური). არკსი და ნაიტი (Arskey and Knight 1999:53) მიიჩნევენ, რომ ინტერვიუერი უნდა
  • დაინტერესებული ჩანდეს;
  • სტრუქტურირებული ინტერვიუს შემთხვევაში მიჰყვებოდეს გეგმას;
  • არ მიანიშნებს რესპონდენტს მისი პასუხების მოწონების შესახებ;
  • მზად იყოსკითხვების გამეორებისთვის, თუ ამას რესპოდენტი ითხოვს;
  • მზად იყოს შემდეგ კითხვაზე გაღიზიანების გარეშე გადასასვლელად, თუ რესპოდენტი ამბობს, რომ არ სურს ან არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა;
  • დარწმუნდეს, რომ ესმის პასუხი. აუცილებლობის შემთხვევაში, გადაამოწმოს (მაგალითად, „სწორად გავიგე, რომ იმის თქმა გინდოდათ, თითქოს . . . “);
  • როდესაც რესპოდენტის მიერ მოცემული პასუხი არაადეკვატურია, მაგრამ ინტერვიუერი გრძნობს, რომ მას უფრო მეტი აქვს სათქმელი, მადლობა გადაუხადოს რესპოდენტს და დააყოლოს: „...და შეგიძლიათ მითხრათ...“,;
  • აცადოს რესპოდენტს პასუხის გაცემა (მის ნაცვლად არ დაიწყოს პასუხის გაცემა).

      ზემოთ აღნიშნულის გარდა, არსებობს ინტერვიუს ჩაწერის საკითხი. მაგალითად, აუდიოჩამწერი შეიძლება არ იყოს თვალში საცემი, მაგრამ შეზღუდოს რესპოდენტი. ვიდეოჩანაწერით უფრო ზუსტი მონაცემების მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ აშკარა ზედამხედველობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს რესპოდენტი. მერტონი და მისი კოლეგები (1956) „მაგარი რაღაცეების“ ჩაწერაზე საუბრობენ. რესპოდენტები შეიძლება ნაკლებად დაფრთხნენ, თუ ინტერვიუს ჩასაწერად ინტერვიუერი არავითარ მექანიკურ საშუალებას არ გამოიყენებს და მონაცემების სანდოობა მხოლოდ მისი მეხსიერების იმედზე რჩება. ალტერნატიული გზაა ინტერვიუს მსვლელობის დროს პასუხების ჩაწერა, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან დამაფრთხობელი აღმოჩნდეს ზოგი რესპოდენტისთვის. საქმე ისაა, რომ ეს გარიგებაა მაქსიმალურად ბევრი მონაცემის მოპოვებასა და ისეთი საშიში გარემოს შექმნას შორის, რომელიც ინტერვიუს შესაძლებლობების გამოყენებას დააბრკოლებს.

      ამ სიტუაციაში შეიძლება ითქვას, რომ ინტერვიუ, როგორც სოციალური მოვლენა, უნდა ითვალისწინებდეს უამრავ სხვა, სავარაუდოდ, არაკოგნიტურ, ყოველდღიური ქცევის შემადგენელ ფაქტორს. შესაბამისად, „იდეალური“ ინტერვიუ რამდენიმე „ხარისხის კრიტერიუმს“ უნდა აკმაყოფილებდეს (Kvale 1996: 145):

  • რესპოდენტის პასუხების სპონტანურობის, სიმდიდრის, სპეციფიკურობისა და რელევანტურობის ხარისხი;
  • რაც უფრო მოკლეა ინტერვიუერის კითხვები და რაც უფრო გრძელია რესპოდენტის პასუხები, მით უკეთესი;
  • რამდენად მიჰყვება ინტერვიუერი და აზუსტებს პასუხების შესაბამისი ასპექტების მნიშვნელობებს;
  • იდეალური ინტერვიუ მეტწილად ინტერპრეტირდება ინტერვიუს როცესში;
  • ინტერვიუერი რესპოდენტის პასუხების საკუთარი ინტერპრეტაციების გადამოწმებას ინტერვიუს პროცესშივე ცდილობს;
  • ინტერვიუ „თვით-გადმოცემადია“ - ეს არის საკუთარი თავის შესახებ ამბავი (ამბავი საკუთარ ამბავზე) და დამატებით აღწერასა და ახსნას პრაქტიკულად არ საჭიროებს.

      ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან ინტერვიუს მიცემაზე (Bailey 1994; 186 – 7; Cooper and Schindler 2001: 301), მაგალითად, შეიძლება:

  • არ ასახელებდნენ უარის მიზეზს;
  • მტრულად იყვნენ განწყობილი, რადგან ინტერვიუს საკუთარ სამყაროში შეჭრად აღიქვამდნენ;
  • ანტიავტორიტარული გრძნობებით იყვნენ განმსჭვალული;
  • მიაჩნდეთ, რომ გამოკითხვები დროის გაფლანგვაა;
  • უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ;
  • მომენტალურად უარყოფითად განეწყონ ინტერვიუერის მიმართ;
  • მოიმიზეზონ ზედმეტად დაკავებულობა;
  • თავს უხერხულად ან უმეცრად გრძნობდნენ;
  • არ მოსწონდეთ საკვლევი თემა;
  • ეშინოდეთ კვლევაში მონაწილეობის შედეგების;
  • თავს არაადეკვატურად გრძნობდნენ, ან გრძნობდნენ, რომ არ იციან სწორი პასუხი.

      ამ ფაქტორების დაძლევა ინტერვიუერის საქმეა, თუმცა, იქვე უნდა აცნობიერებდეს რესპოდენტის ქმედების სრულ კანონიერებას და ამ შემთხვევაში აღარ უნდა სცადოს ინტერვიუს ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ მან ინტერვიუ დადებით, სასიამოვნო და სასარგებლო გამოცდილებად აქციოს და მონაწილეები კვლევისთვის მათი წვლილის ღირებულებასა და თემის მნიშვნელოვნებაში დაარწმუნოს. თუ რესპოდენტი და ინტერვიუერი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან (მაგალითად, სქესით, ასაკით, ეთნიკური მიკუთვნებულობით, რასით, სოციალური სტატუსით, კლასით), მაშინ სასურველია, სხვა ინტერვიუერმა სცადოს ინტერვიუს ჩატარება.

      აქამდე ვუშვებდით, რომ ინტერვიუს მხოლოდ ერთი ინტერვიუერი ატარებს. არსებობს არგუმენტი ინტერვიუზე ერთზე მეტი ინტერვიუერის დასწრების სასარგებლოდ; არა მარტო იმიტომ, რომ ჩაიწეროს ან იმას დააკვირდეს, რაც მეორე, რესპოდენტით დაკავებულ ინტერვიუერს შეიძლება გამოეპაროს (და ეს როლები ინტერვიუს დროს ნათლად უნდა ეცნობოს და განემარტოს რესპოდენტს), არამედ იმიტომაც, რომ ერთობლივად წაიყვანონ ინტერვიუ. ერთობლივი ინტერვიუ ორგვარი შეიძლება იყოს: ჯვარედინი გადამოწმება და ერთმანეთის შევსება, რაც უფრო სრულსა და სანდოს ხდის ჩანაწერს. ის, ასევე, საშუალებას იძლევა, რომ ერთი ინტერვიუერი დააკვირდეს არავერბალურ მახასიათებლებს, როგორიცაა, მაგალითად, ძალაუფლებისა და სტატუსის მანიშნებლები და სოციალური დინამიკა; ასევე, თუ ინტერვიუს ერთზე მეტი რესპოდენტი ესწრება, ის აკვირდება რესპოდენტებს შორის ურთიერთობას, მაგალითად, როგორ ამხნევებენ, ზემოქმედებენ, ავსებენ, ეთანხმებიან და არ ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას და ა. შ.

      მეორე მხრივ, ერთზე მეტი ინტერვიუერის მუშაობას თავისი სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, ორი ინტერვიუერის როლი შეიძლება გაუგებარი იყოს რესპოდენტებისთვის (ინტერვიუერის საქმეა, რომ გააგებინოს) ან აშინებდეს ერთზე მეტი ინტერვიუერის თანდასწრება. მკვლევარმა გულდასმით უნდა აწონ-დაწონოს ერთზე მეტი ინტერვიუერის ყოლის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვროს მათი როლები.

      ჩანართში 16.5 მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ინტერვიუერი ინტერვიუს მსვლელობისას.

      ინტერვიუერები გულისხმიერებით უნდა ეკიდებოდნენ ინტერვიუზე საკუთარ გავლენას. მაგალითად (Cooper and Schindler 2001: 307), მათ შეიძლება; ვერ შეძლონ თანამშრომლობის უზრუნველყოფა ან პროცედურების დაცვა, შეუფერებელი გარემო შექმნან (ფიზიკური, კოგნიტური, პიროვნებათშორისი), რესპოდენტებზე ზედმეტი გავლენა ან ზეწოლა მოახდინონ ან სელექციურად ჩაიწერონ მონაცემები. სანდოობის საკითხები წიგნის მეექვსე თავშია განხილული.

------------

ჩანართი 16.5.
ინტერვიუს ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები

  • ინტერვიუ ინტერპერსონალური პროცესია;
  • ერიდეთ ფრაზას „მინდა ვიცოდე. . .“; რესპოდენტი პატივს გდებთ და დაკითხვაზე არ არის;
  • როგორ უნდა მიჰყვეთ კითხვებს/პასუხებს;
  • როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ადამიანებმა თემიდან არ გადაუხვიონ და ინტერვიუ გაგრძელდეს;
  • როგორ გამოვხატოთ პატივისცემა;
  • ჯგუფური ინტერვიუს შემთხვევაში, როგორ უნდა გაანაწილოთ ყურადღება, როგორც ინტერვიუერმა და ყველა რესპოდენტს მისცეთ სიტყვა - ყველას ჰქოდეს საკუთარი აზრის გამოთქმის შანსი;
  • ჯგუფური ინტერვიუს დროს ყველას სთხოვთ თუ არა, რომ დასმულ კითხვას უპასუხონ?
  • თუ ერთზე მეტი ინტერვიუერია, რა როლს ასრულებს „მდუმარე“ ინტერვიური; იცის თუ არა რესპოდენტმა მათი როლების შესახებ?
  • ვინ ვის უყურებს;
  • თუ საათზე დახედვა გჭირდებათ, ამას დანარჩენების გასაგონად ხმამაღალი კომენტარიც მიაყოლეთ;
  • შეეცადეთ, რომ არ ჩაიხედოთ ინტერვიუს გეგმაში. თუ მაინც გჭირდებათ ამის გაკეთება, მაშინ დანარჩენების გასაგონად ხმამაღალი კომენტარი გააკეთეთ (მაგალითად, „ნება მიბოძეთ, შევამოწმო, ყველა საკითხი გავიარეთ თუ არა, რაც მინდოდა“);
  • ერიდეთ საწერი კალმის მუქარის იარაღად გამოყენებას, რესპოდენტზე კალმით მინიშნებას;
  • გაიაზრეთ თქვენი არავერბალური კომუნიკაცია, თვალების კონტაქტი, შფოთვის ნიშნები, პატივისცემის გამოხატვა;
  • აცადეთ ადამიანებს ფიქრი - არ დაარღვიოთ სიჩუმე;
  • რამდენიმე ინტერვიუერის შემხვევაში, როგორ უნდა გადასცეს სიტყვა ერთმა ინტერვიუერმა მეორეს და მეორემ - მესამეს;
  • როგორ მივცეთ რესპოდენტს უკუკავშირი და გამოვხატოთ თანხმობა;
  • უნდა ჩაიწეროთ თუ არა პასუხები - როგორ მიიღებს ამას რესპოდენტი?
  • საკუთარი თავი რესპოდენტის ადგილას წარმოიდგინეთ, მის ტყავში იგრძნენით თავი;
  • რა შედეგი მოჰყვება თვალების კონტაქტის დაკარგვას ან მის ხანგრძლივად გამოყენებას?
  • იფიქრეთ თქვენი სხეულის პოზაზე - არც ძალიან უკან გადაიხაროთ და არც ზედმეტად გამოხატოთ მუქარა;
  • რა ინტერპრეტაცია უნდა მისცეთ და როგორ უნდა გაუმკლავდეთ სიჩუმეს/დუმილს;
  • თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, რომ რესპონდენტის მიღმა არ იხედებოდეთ;
  • შეეცადეთ, რომ სიტყვა არ შეაწყვეტინოთ რესპოდენტს;
  • ერიდეთ რესპოდენტის პასუხების შეფასებას და განკიცხვას;
  • ინტერვიუერმა უნდა შეაჯამოს და გამოკვეთოს საკითხები და მათზე ააგოს ინტერვიუ - ეს რესპოდენტისადმი პატივისცემის გამოხატვაა;
  • როგორ მივანიშნოთ ადამიანებს, რომ მიიღებთ იმას, რასაც გეუბნებიან და როგორ ავარიდოთ თავი მათ განსჯას;
  • აკონტროლეთ დრო - ინტერვიუ არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, რომ მოსაწყენი გახდეს;
  • ინტერვიუს ბოლოს რესპოდენტებს მიეცით რაიმე კომენტარის დამატების საშუალება და მადლობა გადაუხადეთ ყველას;
  • დაგეგმეთ, როგორ გადასცემთ კითხვებს შემდეგ ინტერვიუერს;
  • როგორ განვალაგოთ სკამები და მაგიდები. გაქვთ თუ არა მაგიდები: ისინი ბარიერს შექმნიან თუ დაცვის ფუნქცია ექნებათ?
  • განსაზღვრეთ, ვინ აკონტროლებს მონაცემებს და როდის გადადის მონაცემებზე კონტროლი რესპოდენტიდან ინტერვიუერზე;
  • რა უნდა მოუხერხოთ „ისე“, „არაჩანაწერითვის“ მოწოდებულ ინფორმაციას;
  • „მართეთ“ ინტერვიუ, საქმის კურსში იყოლიეთ რესპოდენტი - რა ხდება და საით მიდის სიტუაცია;
  • ცვალეთ თქვენი ხმის ტონი/სიმაღლე და ინტონაცია;
  • ერიდეთ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, იყავით ნეიტრალური;
  • ვინ უფრო მეტს მუშაობს - ინტერვიუერი თუ რესპოდენტი?
  • ვინ უფრო მეტს საუბრობს - ინტერვიუერი თუ რესპოდენტი?
  • თუ სიტუაციაში ერთზე მეტი ინტერვიუერია, როგორ მოვახერხოთ, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს;
  • იფიქრეთ მინიშნებებსა და შეხსენებებზე;
  • როგორ მოვიქცეთ ადამიანებთან, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ?
  • გაითვალისწინეთ სოციალური (და ფიზიკური) მანძილი ინტერვიუერსა და რესპოდენტს (რესპოდენტებს) შორის;
  • გაიაზრეთ, როგორ უნდა განლაგდეს ავეჯი წრიულად, ოვალურად, სწორ ხაზზე თუ რაიმე სხვა?
  • გააკეთეთ შესავალი, რომლითაც რესპოდენტისთვის ნათელი გახდება, როგორ წარიმართება ინტერვიუ და როგორ შეუძლია მას პასუხების გაცემა (მაგალითად, ლაპარაკის დაწყება);
  • დარწმუნდით, რომ დროდადრო აჯამებთ და აყალიბებთ მიმდინარე საკითხებს;
  • როგორ მოვიქცეთ რესპოდენტებთან, რომლებმაც თქვენზე მეტი იციან განსახილველი თემის შესახებ?
  • რა სიტუაცია გაქვთ: მამაკაცი ინტერვიუერები და ქალი რესპოდენტები თუ პირიქით (იფიქრეთ ინტერვიუერისა და რესპოდენტის ასაკზე, სქესზე, რასობრივ კუთვნილებაზე და ა. შ.)?
  • რესპოდენტებს პერიოდულად მიეცით უკუკავშირი;
  • რას აკეთებს ინტერვიუ ისეთს, რასაც კითხვარით ვერ მოვახერხებდით?
  • თუ სტატუსები განსხვავებულია, ნუ ეცდებით ინტერვიუს პროცესში მათ შეცვლას;
  • დაგეგმეთ, რას მოიმოქმედებთ, თუ რესპოდენტი თავისკენ მიიტრიალებს მაგიდას და შეეცდება, რომ თავად იყოს ინტერვიუერი;
  • დაგეგმეთ, რას მოიმოიქმედებთ აგრესიულ ან გაბრაზებულ რესპოდენტთან;
  • დაგეგმეთ, რას მოიმოქმედებთ, თუ ძალაუფლების მქონე რესპოდენტები არ პასუხობენ თქვენს შეკითხვებს. იქნებ, უნდა თქვათ, რომ კარგად ვერ გაიგეთ და დაზუსტება სთხოვოთ, ანუ, რომ ეს თქვენი ბრალია;
  • ძალიან კარგად მომზადებული იყავით; ისე, რომ არ დაგჭირდეთ გეგმაში ჩახედვა;
  • კარგად უნდა იცოდეთ თემა;
  • თუ ადამიანები სწრაფად ლაპარაკობენ, შეეცადეთ, შეანელებინოთ ტემპი;
  • თქვენი, როგორც ინტერვიუერის პასუხისმგებლობაა, ინტერვიუს სათანადოდ წარმართვა.

------------

      მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუერმა რესპოდენტს აუხსნას ინტერვიუს მიზანი, მასშტაბი, ხასიათი და მიმდინარეობა, როგორ გამოიყენებენ მონაცემებს, ეთიკური საკითხები, ინტერვიუს სავარაუდო ხანგრძლივობა, ანუ, სრულად აუხსნას „თამაშის წესები“ ისე, რომ რესპოდენტს აღარ დარჩეს ეჭვები იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ინტერვიუს დროს ან მისი დასრულების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუერმა რესპოდენტს სათანადოდ და სრულად წარუდგინოს თავი (პირადობის მოწმობის ჩვენებითაც კი). ინტერვიუერმა სათანადოდ უნდა შეამზადოს სიტუაცია, მაგალითად, თქვას, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები, ზოგი საკითხი შეიძლება ღრმა იყოს, მაგრამ ეს არ არის გამოცდა, რომ რესპონდენტის მხრიდან დასაშვებია კითხვების დასმა და ინტერვიუს შეწყვეტა, გარკვევით აიღოს ინტერვიუს ჩაწერის უფლება. ინტერვიუს მსვლელობისას, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რესპოდენტმა უფრო მეტი ილაპარაკოს, ვიდრე ინტერვიუერმა; ინტერვიუერმა ყურადღებით მოუსმინოს და დაანახოს რესპოდენტს, რომ ყურადღებით უსმენს; ინტერვიუერმა აჩვენოს, რომ სიამოვნებს და მშვიდად გრძნობს თავის ინტერვიუს სიტუაციაში.

ტრანსკრიპტის გაკეთება

      ტრანსკრიპტის გაკეთება ინტერვიუს გადამწყვეტი ეტაპია, რადგან ამ დროს შეიძლება მასობრივად დაიკარგოს მონაცემები, დაირღვეს და შემცირდეს მათი სირთულე. ყველგან ვამბობდით, რომ ინტერვიუ სოციალური ურთიერთქმედებაა და არა - უბრალოდ მონაცემების შეგროვების პროცესი. ტრანსკრიპტის გაკეთების პრობლემა ისაა, რომ ის მხოლოდ მონაცემების ჩაწერაა და არა - სოციალური ურთიერთქმედების. ფაქტობრივად, ეს პრობლემა შეიძლება მონაცემების შეგროვების ეტაპზე დაწყებულიყო, მაგალითად, აუდიოჩანაწერი შერჩევით გაკეთდა, მასში გაიცხრილა მნიშვნელოვანი კონტექსტუალური ინფორმაცია, უარყოფილი იქნა ინტერვიუს ვიზუალური და არავერბალური ასპექტები (Mishler 1986). სინამდვილეში არავერბალური კომუნიკაცია უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე - ვერბალური. მორისონი (1993: 63) აღწერს ავტოკრატული დირექტორის შემთხვევას, რომელიც კოლეგიალობისა და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ღირებულებების ღირსებებზე საუბრისას თავს გამალებით აქეთ-იქით აქნევდა და ხელის მოძრაობით თითქოს თავიდან იშორებდა თემას და საუბრის შეწყვეტაზე მიანიშნებდა. აუდიო ჩანაწერის ვიდეო ჩანაწერით შეცვლა უფრო მდიდარ მასალას და არავერბალური კომუნიკაციის დაფიქსირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამის ანალიზს ძალიან დიდი დრო მიაქვს.

      ტრანსკრიპტში გარდაუვალია ორიგინალური ურთიერთქმედების მონაცემების დაკარგვა. ეს პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება, როდესაც ტრანსკრიპტის გაკეთებისას ერთი ტიპის წესების სისტემა (ზეპირი და ინტერპეტსონალური) მეორე, მისგან ძალზე განსხვავებულ სისტემად გარდაიქმნება (წერილობითი ენა). როგორც კვეილი (1996: 166) ამბობს, პრეფიქსი „ტრანს“ მგდომარეობის ანუ ფორმის ცვლილებაზე მიუთითებს, შესაბამისად, ტრანსკრიპტი ინფორმაციის შერჩევითი ტრანსფორმაციაა. მაშასადამე, არარეალისტური იქნება იმის მტკიცება, რომ ტრანსკრიპტში მონაცემები ინტერპრეტირებული არ არის. როგორ კვეილი (1996: 167) შენიშნავს, ტრანსკრიპტი შეიძლება გაუმჭვირვალე ეკრანად იქცეს მკვლევარსა და ორიგინალურ ცოცხალ ინტერვიუს შორის.

      აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, არსებობდეს ერთადერთი „სწორი“ ტრანსკრიპტი. აქ საკითხი ასე დგას: რამდენად და როგორ გამოადგება ტრანსკრიპტი კვლევას. ტრანსკრიპტები დაცლილია კონტექსტისგან, მოწყვეტილია დროსა და სივრცეს, სიტუაციის დინამიკას, ცოცხალ ფორმას და წყაროს სოციალურ, ინტერაქციულ, დინამიკურ და ფლუიდურ განზომილებებს; ერთი სიტყვით, გაყინულია.

      არ არის აუციელებლი, რომ ტრანსკრიპტში სიტყვები ისეთივე მყარი და ერთმნიშვნელოვანი იყოს, როგორიც ინტერვიუს სოციალურ გარემოში იყო. სქორიჩის (Scheurich 1995: 240) აზრით, სანდოობის მიღწევის ტრადიციული პროცედურებიც კი არაადეკვატურია აქ - კითხვების, ინტერვიუერის, რესპოდენტის, დროისა და ადგილის უცვლელად შენარჩუნება არ არის სტაბილური და ცალსახა მონაცემების გარანტი. მიშლერის (1991: 260) აზრით, მონაცემები და სამეტყველო ენასა და მნიშვნელობებს შორი მიმართება კონტექსტუალურია, კონტექსტითაა განსაზღვრული; ისინი არასტაბილურია, ცვალდებადი და უსასრულო ინტერპრეტაციას ექვემდებარება.

      ჩვენ ტრანსკრიპტების წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ მხოლოდ ვაფრთხილებთ მკვლევრებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ტრანსკრიპტში არის ყველაფერი, რაც ინტერვიუს დროს მოხდა. მკლევარს სხვადასხვა სახის ინფორმაციის აუდიო ჩანაწერის გაკეთება შეიძლება მოუხდეს, მაგალითად:

  • რა ითქვა;
  • მოსაუბრის (მოსაუბრეების) ხმის ტონი (მაგალითად, უხეში, სანდომიანი, წამახალისებელი);
  • ხმის მოდულაცია (მაგალითად, აწევა-დაწევა, კითხვის ინტონაცია თუ დებულება, ხმის დაწევა თუ პაუზა, შემაჯამებელი თუ ძიებითი ტონი, საუბრის მიმართულების წამოწყება და დასრულება);
  • მოსაუბრის მიერ გაკეთებული აქცენტები;
  • პაუზები (ხანმოკლედან ხანგრძლივამდე) და დუმილი (ხანმოკლედან ხანგრძლივამდე);
  • შეწყვეტინებები;
  • მოსაუბრის (მოსაუბრეთა) გუნება-განწყობილება (მაგალითად, აგზნებული, გაბრაზებული, დამთმობი, მოწყენილი, ენთუზიასტური, მონდომებული, ბედნიერი, უკმაყოფილო);
  • საუბრის ტემპი (ნელიდან სწრაფამდე, ნაჩქარევიდან აუჩქარებლამდე, მერყევიდან თავდაჯერებულობამდე);
  • რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ერთდროულად;
  • მოსაუბრე უწყვეტად ლაპარაკობს თუ მოკლე ფრაზებით;
  • ვინ ვის ელაპარაკება;
  • გაურკვეველი მეტყველება;
  • სხვა მოვლენები, რომლებიც ინტერვიუს პარალელურად ხდებოდა და ახსენდება მკვლევარს.

      თუ ვიდეოჩანაწერის ტრანსკრიპტი გვაქვს, მაშინ ეს მკვლევარს, აუდიო ჩანაწერში აღნიშნული ყველა მახასიათებლის გარდა, დამატებით არავერბალური კომუნიკაციის განხილვის საშუალებას აძლევს. საქმე ისაა, რომ ხშირად უმართებულოა ტრანსკრიპტში მხოლოდ ნათქვამი სიტყვების შეტანა. მნიშვნელოვანია სხვა მონაცემებიც. ცხადია, როგორც კი მონაცემები ჩაიწერება, უკვე ინტრპრეტაციასთან გვაქვს საქმე (რას ნიშნავს გრძელი პაუზა? მოკლე? მართლა გახარებული იყო რესპოდენტი, თუ უბრალოდ თავს აჩვენებდა? რამ განაპირობა ასეთი და ასეთი კითხვა ან პასუხი? რატომ ატირდა რესპოდენტი მოულოდნელად?). როგორც კვეილი (1996: 183) აღნიშნავს, ინტერვიუერი უბრალოდ კი არ აგროვებს რესპოდენტების გამონათქვამებს, არამედ ისინი, სინამდვილეში, მათი თანაავტორები არიან.

ანალიზი

      მას შემდეგ, რაც მონაცემები შეგროვდება, მკვლევარი შემდეგ ეტაპზე გადადის და ეს არის მონაცემების ანალიზი, რაც ხშირად მათი გარკვეული ფორმით კოდირებას ან ქულების მინიჭებას გულისხმობს. თვისებრივი მონაცემების შემთხვევაში ანალიზი თითქმის უცილობლად ინტერპრეტაციულია, ამიტომ მონაცემთა ანალიზი ნამდვილად არ არის არსებულის სრული და ზუსტი წარმოდგენა (როგორც რაოდენობრივ, პოზიტივისტურ ტრადიციაში), არამედ მკვლევრისა და კონტექსტისგან დაცლილი მონაცემების უფრო ასახვითი (რეფლექსიური), რეაქციული ურთიერთქმედებაა, რაც, იმთავითვე, სოციალური ურთიერთქმედების უკვე ინტერპრეტირებული ვერსიაა. მონაცემთა ანალიზისას დიდ ძალისხმევას მოითხოვს წონასწორობის შენარჩუნება, ერთი მხრივ, ინტერვიუს მთლიანობის შენარჩუნებასა და, მეორე მხრივ, გაანალიზების მიზნით მონაცემების დანაწევრებისა და ფრაგმენტაციის (მათი შემადგენელ ელმენტებად დაშლის და ამით მთლიანის სინერგიის დაკარგვისკენ) საჭიროებას შორის. ინტერვიუს სიტუაციაში კი ხშირად მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. მონაცემთა ანალიზში რამდენიმე ეტაპის გამოყოფა შეიძლება, მაგალითად:

  • მნიშვნელობების ბუნებრივი ერთეულების შექმნა;
  • მნიშვნელობების ამ ერთეულების დაჯგუფება, დახარისხება და მოწესრიგება;
  • ინტერვიუს შინაარსის აღსაწერად ნაამბობის დალაგება (ნარატივის სტრუქტურირება);
  • ინტერვიუს მონაცემების ინტერპრეტაცია.

      არსებობს შედარებით ზოგადი ეტაპები. მაილსი და ჰაბერმანი (Miles and Huberman 1994) ტრანკრიპტის და ინტერვიუს მონაცემებიდან აზრის გამოტანის თორმეტ ტაქტიკას გვთავაზობენ:

  • ხდომილობის (იდეების, თემების, მონაცემის, სიტყვების) სიხშირეების დათვლა;
  • ტენდენციებისა და თემების (გეშტალტების) გამოყოფა, რომლებიც შეიძლება განმეორებადი თემებიდან და მიზეზებიდან ან ახსნებიდან და კონსტრუქტებიდან მომდინარეობდნენ;
  • დამაჯერებლობის გათვალისწინება: მონაცემებში საღი აზრის დაჭერა, დასკვის გასაკეთებლად ცოდნაზე დამყარებული ინტუიციის გამოყენება;
  • დაჯგუფება: ცალკეული ერთეულების კატეგორიებად, ტიპებად, ქცევებად და კლასებად გაერთიანება;
  • მეტაფორების გამოყენება: ფიგურალური და კონოტაციული და არა - სიტყვასიტყვითი და დენოტაციული - ენის გამოყენება, მონაცემების გაცოცხლება და ამით მონაცემების რედუქცია, ტენდენცების გამოკვეთა და მონაცემების თეორიასთან დაკავშირება;
  • ცვლადების გახლეჩვა იდეების დამუშავების, დიფერენცირებისა და „გაშლის“ მიზნით, ანუ, მონაცემთა ინტეგრაციისა და საზღვრების წაშლისთვის თავის არიდება;
  • კონკრეტულის ზოგადში გაერთიანება, „მუდმივი შედარების“ გლასერისეული (1978) ცნების მსგავსად (იხილეთ ამ წიგნის მეექვსე თავი) - ძირითადი ცნებების გამოკვეთა;
  • ფაქტორების გამოყოფა: დიდი რაოდენობით ცვლადების მცირე რაოდენობის (ხშირად) არადაკვირვებად ჰიპოთეტურ ცვლადებში გაერთიანება;
  • ცვლადებს შორის მიმართებების გამოვლენა და დაფიქსირება;
  • შუალედური ცვლადების აღმოჩენა: სხვა ცვლადების მოძებნა, რომლებიც, როგორც ჩანს, „აბრკოლებენ“ ცვლადებს შორის მოსალოდნელი მყარი კავშირის ახსნას;
  • ემპირიული მტკიცებულებების ლოგიკური ჯაჭვის აგება: მიზეზშედეგობრიობის შემჩნევა და დასკვნების გაკეთება;
  • კონცეპტუალური/თეორიული თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა: ფენომენების ასახსნელად მეტაფორებიდან კონსტრუქტებზე და ბოლოს თეორიებზე გადანაცვლება.

      მონაცემთა ასეთი ანალიზი კერძოდან ზოგადისკენ გადანაცვლების სასარგებლო, თუმცა, ალბათ, პოზიტივისტური ელფერის მიდგომაა. მაილსისა და ჰაბერმანის (1994) შემოთავაზებული ტაქტიკების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ისინი ინტერვიუში მიღებული პასუხების კოდირებას, ნაწილობრივ, მონაცემების რედუქციით ებმის, როდესაც, ჩვეულებისამებრ, გადატვირთული თვისებრივი მონაცემების შემცირება ხდება.

      კერლინგერის (1970) განმარტებით, კოდირება ანალიზის მიზნით კითხვებზე პასუხებისა და რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უფრო სკეციფიკურ, კონკრეტულ კატეგორიებად გარდაქმნაა. როგორც ვნახეთ, ბევრი კითხვა წინასწარაა კოდირებული, ანუ ყოველი პასუხი უშუალოდ და პირდაპირ, ობიექტურად შეიძლება გამოისახოს ქულით. წინასწარ კოდირებული კითხვების მაგალითია რეიტინგის სკალები და პასუხების ჩამონათვალი. კოდირება მონაცემთა ნაკრებისთვის კატეგორიის, “სამარკო ნიშნის” მინიჭებაა, რომელიც ან წინასწარ არის განსაზღვრული, ან მიღებული მონაცემების შესაბამისად შეირჩევა.

      კოდირების საკითხს დაწვრილებით წიგნის 23-ე თავში განვიხილავთ.

      კონტენტ ანალიზი კითხვასა და შეფასებას მოიცავს. ბრენერი და მისი კოლეგები (Brenner et al. 1985) ღია კითხვებით მიღებული მონაცემების კონტენტ ანალიზის ცამეტ ეტაპს აღწერენ:

  1. ბრიფინგი: პრობლემისა და მისი კონტექსტის დაწვრილებით გაცნობა;
  2. შერჩევა: სამიზნე შერჩევებში შემავალი ადამიანების შერჩევა (იხილეთ თავი 4);
  3. ასოცირება: სხვა, უკვე შესრულებულ სამუშაოსთან;
  4. ჰიპოთეზების ჩამოყალიბება;
  5. ჰიპოთეზების შემოწმება;
  6. შეგროვილ მონაცემებში ყველა არსებული მიმნიშნებლის მოძიება;
  7. კატეგორიზაცია: რომლის დროსაც კატეგორიები და მათი დასახელებები კვლევის მიზანს უნდა ასახავდნენ; ისინი ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი უნდა იყოს;
  8. ინკუბაცია: მონაცემების გააზრება და ინტერპრეტაციებისა და მნიშვნელობების ფორმირება;
  9. სინთეზი: კოდირების საფუძვლების მიმოხილვა და გამოკვეთილი ტენდენციებისა და თემების იდენტიფიცირება;
  10. გაცხრილვა: მონაცემების იმგვარად გააზრება, ამოჭრა და ხელახალი ინტერპრეტაციაც კი, რომ შესაძლებელი იყოს მათი გასაგებად და გამართულად დაწერა;
  11. ინტერპრეტაცია: მონაცემებისთვის აზრის მიცემა;
  12. დაწერა: ხდომილობის გასაგებად აღწერა; გრძნობების მიმართულებისა და ინტენციურობის დასაბუთება; გაცნობიერება იმისა, თუ რა არ ითქვა და რა ითქვა (დუმილის შემთხვევები); მკითხველისთვის და რესპოდენტისთვის დუმილზე მითითება (Brenner et al. 1985: 140 – 3);
  13. ხელახლა გააზრება.

      ბრენერისა და მისი კოლეგების (1985: 144) აზრით, ეს პროცესი მკვლევრებისგან 13 ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, ესენია:

  1. კვლევის მოკლე აღწერის სრულად გაგება;
  2. კვლევის პროექტთან შერჩევის შესატყვისობის შეფასება;
  3. მოცემულ პრობლემასთან დაკავშირეული საკუთარი გამოცდილების გახსენება, წარსულში მინიშნებების ძიება;
  4. შემოწმებადი ჰიპოთეზების, როგორც კონტენტ ანალიზის საფუძვლის, ჩამოყალიბება (ავტორები ამას „ცნებების სახელმძღვანელოს” უწოდებენ);
  5. ჰიპოთეზების შემოწმება ინტერვიუს და ანალიზის მთელი პროცესის მანძილზე;
  6. მონაცემების ფარგლებში დარჩენა მთელი კვლევის მანძილზე;
  7. „ცნებების სახელმძღვანელოში” მონაცემების კატეგორიებად გაერთიანება, დასახელებებისა და კოდების შექმნა;
  8. დაწერამდე მონაცემების გააზრება და „გადახარშვა“;
  9. ძირითადი ცნებების ძიების პროცესში „ცნებების სახელმძღვანელოში” შეტანილი მონაცემების სინთეზი;
  10. მონაცემების ამორჩევა, სელექციურობა აუცილებელია, რადგან შეუძლებელია რაც მოხდა ყოველივე იმის აღწერა;
  11. მონაცემების ინტერპრეტაცია, მათი მნიშვნელობებისა და აზრის გაგება;
  12. ანგარიშის დაწერა;
  13. მასალის ხელახალი გააზრება და დაწერა: მიაღწია თუ არა კვლევამ დასახულ მიზნებს?

      ჰიჩნერი (Hycner 1985) ინტერვიუს მონაცემების ფენომენოლოგიური ანალიზისას შესასრულებელ პროცედურებს აღწერს. წიგნის პირველ თავში ვნახეთ, რომ ფენომენოლოგები უშუალო გამოცდილების შესწავლის მომხრენი არიან, რომელსაც თავისთავადი ღირებულება აქვს და ქცევას გამოცდილების ფენომენით განპირობებულად მიიჩნევენ და არა - რაიმე გარეგანი, ობიექტური ან ფიზიკურად აღწერილი რეალობით. ჰიჩნერი (1985) მიუთითებს, რომ ფენომენოლოგები კვლევის მეთოდების კონკრეტულ ეტაპებზე ფოკუსირებას ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან ეჭვობენ, რომ ამით ძალიან დაკონრეტებული და მატერიალური თვისებებით აღიჭურვებიან. თუმცა, ჰიჩნერის დასახელებული ეტაპები მონაცემების ანალიზის ისეთ გზას გვთავაზობს, რომელიც ამ ეჭვს ამცირებს. როგორც თავად ავტორი ამბობს, მისი სახელმძღვანელო პრინციპები „ფსიქოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ფენომენოლოგიური კვლევის წლობით სწავლების გამოცდილებასა და იმის მცდელობაზე აიგო, რომ მართალი ყოფილიყო ინტერვიუს მონაცემების ფენომენისადმი და თან კონკრეტული მიმართულებაც მიეცა“ (Hycner 1985). საბოლოო ჯამში, შემდეგი 15 სახელმძღვანელო პრინციპი შემოგვთავაზა:

  • ტრანსკრიპტის გაკეთება: ინტერვიუს ჩანაწერის ტრანსკრიპტის გაკეთება, არა მხოლოდ პირდაპირი ნათქვამების ჩანიშვნა, არამედ არავერბალური და პარალინგვისტური კომუნიკაციისაც;
  • ფრჩხილებში ჩასმა და ფენომენოლოგიური რედუქცია: ჰიჩნერისთვის ეს ნიშნავს „მკვლევარისეული, შეძლებისდაგვარად ბევრი მნიშვნელობისა და ინტერპრეტაციის გამორიცხვას (ფრჩხილებში ჩასმა) და განუმეორებელი (უნიკალური) ინდივიდის, რომლისგანაც ინტერვიუ ავიღეთ, სამყაროში შესვლას“ (Hycner 1985). ამგვარად, მკვლევარი ინტერვიუერის ნათქვამის გაგებას იწყებს და არა იმისას, რის თქმასაც მისგან მოელის.
  • ინტერვიუს მოსმენა ერთიანი წარმოდგენის შესაქმნელად: აქ იგულისხმება მთლიანი ჩანაწერის რამდენჯერმე მოსმენა და ტრანსკრიპტის რამდენჯერმე გადაკითხვა, მოგვიანებით შექმნილი მნიშვნელობის კონკრეტული ერთეულებისა და თემების კონტექსტის გასაგებად.
  • ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: აქ შედის მონაწილის ნაგულისხმები აზრის დასადგენად ვერბალური და არავერბალური ჟესტების დეტალური და სკრუპულოზური შესწავლა. „ეს არის მონაწილის ნათქვამის კრისტალიზაცია და განხილვა და კვლავ... მისი, რაც შეიძლება მეტი, პირდაპირი ნათქვამის გამოყენებით“ (Hycner 1985). (ჰიჩნერის მაგალითისთვის იხილეთ ჩანართი 16. 6. ეს არის გაოცებისა და თრთოლვის ამსახველი ტრანსკრიპტის მეორე გვერდი. წინა გვერდზე მონაწილე საუბრობდა შემთხვევაზე, რომლის მიხედვითაც თავად და მისმა მეგობარმა გოგონამ შვებულება მთაში გაატარეს. მოცემული სცენა გაოცების საწყის ემოციას აღწერს).
  • კვლევის კითხვის შესატყვისი აზრის ერთეულების აღწერა: ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების გამოკვეთის შემდეგ, ისინი კვლევის კითხვის შესატყვისი აზრის ერთეულებამდე დაიყვანება. ჰიჩნერის კვლევის შემთხვევაში, საწყისი 18 ერთეული (იხილეთ ჩანართი 16. 6) კვლევის კითხვის შესატყვისი აზრის 13 ერთეულზეა დაყვანილი (იხილეთ ჩანართი 16. 7).
  • რელევანტური (შესატყვისი) აზრის გადასამოწმებლად დამოუკიდებელი შემფასებლების გავარჯიშება: შედეგების გადამოწმება შესაძლებელია იმ მკვლევართა გამოყენებით, რომლებიც ზემოთ აღწერილ პროცესებში არ მონაწილეობდნენ. ასეთი ტიპის კვლევაში გამოცდილ სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილებიდან ჰიჩნერი იმაზეც მიუთითებს, რომ მიღებულ შედეგებს შორის იშვიათად, მაგრამ მაინც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი განსვლა.

------------

ჩანართი 16.6
ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა

------------

ჩანართი 16. 7
შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულები

------------

  • ზედმეტი აზრების ამოკლება: ამ ეტაპზე მკვლევარი ამოწმებს შესატყვისი მნიშვნელობების ჩამონათვალს და შლის მათ, რომლებიც აშკარად ზედმეტია დანარჩენებთან შედარებით.
  • შესატყვისი აზრის ერთეულების დაჯგუფება: მკვლევარი ცდილობს, დაადგინოს, შესატყვისი აზრის ერთეულები ბუნებრივად ხომ არ ჯგუფდებიან; ხომ არ არის რაიმე საერთო თემა ან არსი, რომელიც აერთიანებს შესატყვისი აზრის სხვადასხვა ცალკეულ ერთეულს. ჩანართში 16. 8 ასეთი დაჯგუფების მაგალითია მოცემული.

------------

ჩანართი 16.8
შესატყვისი მნიშვნელობის ჯგუფები

------------

  • აზრის ჯგუფებიდან თემების განსაზღვრა: მკვლევარი აზრის ყველა ჯგუფს სწავლობს, რათა დაადგინოს, ხომ არ არის ყველა ამ ჯგუფის არსის გამომხატველი რაიმე ერთი (ან მეტი) ცენტრალური თემა (თემები).
  • თითოეული ცალკეული ინტერვიუს შეჯამების დაწერა: ჰიჩნერის (1985) მიაჩნია, რომ ამ დროს სასარგებლოა ინტერვიუების ტრანსკრიპტებთან დაბრუნება და ინტერვიუს შეჯამებაში მონაცემებიდან ამოღებული თემების ჩართვა.
  • შეჯამებითა და თემებით რესპონდენტთან დაბრუნება და მეორე ინტერვიუს ჩატარება: ეს არის გადამოწმება, თუ რამდენად სწორად და სრულად იქნა გაგებული პირველი ინტერვიუს არსი.
  • თემებისა და შეჯამების მოდიფიცირება: მეორე ინტერვიუთი მოპოვებული ახალი მონაცემებით აღჭურვილი მკვლევარი ყველა მონაცემს მთლიანობაში განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის ან ამატებს თემებს.
  • ყველა ინტერვიუსთვის საერთო ანუ ზოგადი და უნიკალური თემები გამოყოფა: ახლა მკვლევარი ინტერვიუთა უმეტესობისთვის საერთო თემებს და ინდივიდუალურ ვარიაციებს ეძებს. პირველი ნაბიჯი იმის ნახვაა, არსებობს თუ არა თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემა, ხოლო მეორე - არის თუ არა მხოლოდ ერთი ინტერვიუსთვის დამახასიათებელი ან ინტერვიუთა უმცირესობისთვის სპეციფიკური თემები.
  • თემების კონტექსტუალიზება: ამ დროს სასარგებლოა თემების იმ კონტექსტში ან გარემოში დაბრუნება, საიდანაც წარმოიქმნა ისინი;
  • კრებითი (კომპოზიტური) შეჯამება: ჰიჩნერი (1985) სასარგებლოდ მიიჩნევს ყველა ინტერვიუს კრებითი შეჯამების დაწერას, სადაც ზუსტად და უშეცდომოდ იქნება გადმოცემული საკვლევი ფენომენის არსი. „ასეთი კრებით შეჯამებაში, ზოგადად, ‚სამყარო‘ აღწერილია ისე, როგორც მონაწილეები განიცდიან მას. ასეთი შეჯამების ბოლოს მკვლევარს შეიძლება მნიშველოვან ინდივიდუალურ განსხვავებებზეც სურდეს რამდენიმე სიტყვის თქმა“ (Hycner 1985).

      ამ პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები დაწვრილებით ჰიჩნერის (1985) სტატიის მეორე ნაწილშია განხილული.

გადამოწმება

      წიგნის მეხუთე თავში დაწვრილებითაა განხილული ინტერვიუთი მოპოვებული მონაცემების სანდოობის, ვალიდობისა და განზოგადებადობის საკითხები, ამიტომ მათ აქ აღარ გავიმეორებთ. გირჩევთ, მეხუთე თავის მხოლოდ ამ ნაწილს კი არ გადახედოთ, არამედ მთელ თავს. კვეილი (1996: 237) ამბობს, რომ ინტერვიუთი ჩატარებული კვლევის ვალიდაცია, ამ თავის დასაწყისში დასახელებულ, შვიდივე ეტაპზე უნდა მოხდეს. მაგალითად:

  • კვლევას მყარი თეორიული საფუძველი უნდა ჰქონდეს და უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი ასეთ თეორიასა და კვლევის კითხვებს შორის;
  • კვლევის დიზაინის ყველა ასპექტი სანდო ან სარწმუნო და მყარი უნდა იყოს;
  • მონაცემები ზუსტი, სანდო და ვალიდური უნდა იყოს (თანმიმდევრულობისა და სანდოობის გადამოწმებით);
  • ზეპირი მონაცემების წერილობითი სახით წარმოდგენისას უცვლელი უნდა დარჩეს ინტერვიუს სიტუაციის ძირითადი მახასიათებლები;
  • მონაცემთა ანალიზი მონაცემების სისწორეს უნდა აჩვენებდეს;
  • ვალიდაციის პროცედურები შესაბამისი უნდა იყოს და დროულად უნდა იქნას გამოყენებული;
  • ანგარიში მიუკერძოებლად უნდა იყოს დაწერილი და ეს მკითხველებმა უნდა დაინახონ.

      მთავარია, რომ არ არსებობს ვალიდობის ერთი კონკრეტული კანონი. სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს მიზნისთვის შესატყვისობის უზრუნველყოფა ეთიკური კვლევის ჩარჩოში, სადაც სხვადასხვა სახის ინტერვიუთი ჩატარებული (მაგალითად, სტრუქტურირებული-არასტრუქტურირებული, თვისებრივი-რაოდენობრივი, განზოგადებადი-უნიკალური, აღწერითი-კვლევითი, პოზიტივისტური-ეთნოგრაფიული, წინასწარ დაგეგმილი-რეაქციული) კვლევისთვის სხვადასხვაგვარი ვალიდობის საკითხი წამოიჭრება.

ანგარიშის დაწერა

      ანგარიშის ფორმას, გარკვეულწილად, ინტერვიუს ბუნება განაპირობებს. მაგალითად, სტანდარტიზებული, სტრუქტურირებული ინტერვიუ შეიძლება რაოდენობრივ მონაცემებს იძლეოდეს, რომელიც კომპაქტურად ცხრილებითა და გრაფიკებით შეიძლება გადმოვცეთ, ხოლო თვისებრივი, სიტყვიერი, ღია კითხვებით მიმდინარე ინტერვიუ სიტყვიერ ანგარიშებს მოგვცემს, რომელიც გაცილებით მეტ ადგილს დაიკავებს.

      კვეილი (1996: 263 – 6) ანგარიშის რამდენიმე ნაწილს გვთავაზობს:

  • შესავალი, სადაც წარმოდგენილია ძირითადი თემები და შინაარსები;
  • მეთოდოლოგიისა და მეთოდების მიმოხილვა (დიზაინით დაწყებული და ინტერვიუირებით დასრულებული, ტრანსკრიპტის მომზადება და ანალიზი);
  • შედეგები (მონაცემთა ანალიზი, ინტერპრეტაცია და დასაბუთება);
  • განხილვა.

      თუ ანგარიში დიდწილად რიცხობრივია, მაშინ გრაფიკები და ცხრილები გამოგადგებათ. თუ ინტერვიუ სიტყვებით უფრო კარგად არის გადმოცემული, ვიდრე რიცხვებით, მაშინ მკვლევარს კონკრეტული ციტატების ტექსტში ჩართვია მოუწევს. ამასთან დაკავშირებით, კვეილს (1996: 266) მიაჩნია, რომ პირდაპირი ნათქვამები ანუ ციტატები ჩართული უნდა იყოს და ძირითად ტექსტს უკავშირდებოდეს, თუმცა, მასთან ბალანსს ინარჩუნებდეს, უნდა ერგებოდეს კონტექსტს და თან ახლდეს კომენტარები და ინტერპრეტაცია. მონაცემი უნდა იყოს განსაკუთრებით ზუსტი, სასარგებლო და „საუკეთესო“ („მარგალიტები“!), მითითებული უნდა იყოს, როგორ მოხდა მისი რედაქტირება და ანგარიშის ბუნებრივ წერილობით სტრუქტურაში ჩართვა.

ტეგები: Qwelly, ინტერვიუ, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, ტრანსკრიპტი

ნახვა: 5543

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters