კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 16
ნაწილი I

შესავალი

      კვლევაში ინტერვიუს გამოყენება განსხვავებული ხედვის შემოტანას ნიშნავს, სადაც კვლევის სუბიექტები მანიპულირებად არსებებად, ხოლო მონაცემები ინდივიდებისგან მოწყვეტილად კი არ არიან განხილულნი, არამედ ცოდნა ადამიანებს შორის, ხშირად საუბრის მეშვეობით, შექმნილ ფენომენადაა მიჩნეული (Kvale 1996: 11). როგორც კვეილი შენიშნავს (1996: 14), ინტერვიუ - ინტერ-ვიეწ - ორ ან მეტ ადამიანს შორის ორივე (ან მეტი) მხარისთვის საინტერესო თემაზე მოსაზრებების ურთიერთგაცვლის პროცესია. ის ცოდნის შექმნისთვის ადამიანთა ურთიერთქმედებას მიიჩნევს არსებითად და ყურადღებას ამახვილებს კვლევის მონაცემების სოციალური სიტუაციებით განპირობებულობაზე. როგორც მეორე თავში ვთქვით, ცოდნა მონაწილეებს შორის შექმნილ ფენომენად უნდა მივიჩნიოთ, ეს მონაცემების გენერირებაა (შექმნა) და არა - მიღება (Laing 1967: 53). ინტერვიუ, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ სუბიექტური ან ობიექტური, ის ინტერსუბიექტურია (Laing 1967: 66). ინტერვიუ მონაწილეებს, იქნება ეს რესპოდენტი თუ ინტერვიუერი, საშუალებას აძლევს, თავიანთი სამყაროს შესახებ მათეული ინტერპრეტაციებით ისაუბრონ და სიტუაციებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან. ამ თვალსაზრისით, ინტერვიუს არ აინტერესებს მხოლოდ უბრალოდ ცხოვრების შესახებ მონაცემების მოგროვება. ის თავად არის ცხოვრების ნაწილი, ადამიანის ცხოვრებაში მისი ჩართულობა გარდაუვალია.

      ინტერვიუ მონაცემების შეგროვების მოქნილი ინსტრუმენტია, რომელიც მულტი-სენსორული არხების გამოყენების საშუალებას იძლევა: ვერბალური, არავერბალური, მეტყველებითი და სმენითი. შესაძლებელია ინტერვიუს მსვლელობის გაკონტროლება, თუმცა ამ კონტროლის პირობებშიც კი, სპონტანურობისთვის მაინც რჩება ადგილი; ინტერვიუერს არა მარტო სრული/დასრულებული პასუხების მიღება შეუძლია, არამედ - ღრმა და კომპლექსურ თემებზე პასუხებისაც. ერთი სიტყვით, ინტერვიუ მკვლევარის მძლავრი იარაღია. მეორე მხრივ, მკვლევარს, რომელიც ინტერვიუს იყენებს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს: ინტერვიუს დიდი დრო მიაქვს; ის მოწყვლადია ინტერვიუერის მიკერძოებულობისადმი; ინტერვიუერთან რესპოდენტი შეიძლება უხერხულად გრძნობდეს თავს; რესპოდენტის გადაღლამ შეიძლება ხელი შეუშალოს ინტერვიუს; შეიძლება გაძნელდეს ანონიმურობის დაცვა. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ზოგიერთს ამ თავში განვიხილავთ.

      ინტერვიუ არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური საუბარი (Dyer 1995: 56 – 8). მაგალითად, ყოველდღიური საუბრისგან განსხვავებით, მას კონკრეტული მიზანი აქვს, ხშირად მოიცავს კითხვებს, რომელთაც ინტერვიუერი სვამს. მხოლოდ ინტერვიუერს შეუძლია არცოდნის გამოვლენა (და არა - რესპოდენტს). პასუხები შეძლებისდაგვარად ნათელი და ხშირად დეტალური უნდა იყოს. ინტერვიუ მოწყობილია და არა - ბუნებრივად მიმდინარე სიტუაცია, რაც განასხვავებს მას ყოველდღიური საუბრისაგან. მაშასადამე, მკვლევარის მოვალეობაა, ინტერვიუს პროცესში განსხვავებული „თამაშის წესები“ დააწესოს და შეასრულოს.

ინტერვიუს კონცეფციები

      კიტვუდი (Kitwood 1977) ინტერვიუს სამ კონცეფციას ადარებს ერთმანეთს. პირველი კონცეფციის მიხედვით, ინტერვიუ ინფორმაციის გადაცემის მძლავრი საშუალებაა. ის წერს:

      თუ ინტერვიუერი კარგად უძღვება საქმეს (ამყარებს რაპორტს, მისაღები ფორმით სვამს კითხვებს და ა. შ.) და თუ რესპოდენტი გულწრფელი და საკმარისად მოტივირებულია, მაშინ ზუსტი მონაცემების მიღება სავსებით შესაძლებელია. ცხადია, ნებისმიერი სახის მიკერძოებამ შეიძლება იჩინოს თავი ამ სიტუაციაში, მაგრამ გაწაფულ ინტერვიუერს შეუძლია ამის დიდი ნაწილის აღმოფხვრა. ამ კონცეფციის ყველაზე მკვეთრად გამოხატული პოზიცია თანხვდება ფსიქომეტრიკოსთა პოზიციას, რომელთაც, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ არსებობს პიროვნების შედარებით უცვლელი, მყარი „ბირთვი“, რომლის შესახებ ინფორმაციას პიროვნება გარკვეულ პირობებში მოგვცემს. ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ტყუილი ან სოციალურად სასურველი პასუხების გაცემის ტენდენცია, სადაც შესაძლებელია, უნდა აღმოიფხვრას.
(Kitwood 1977)

      ინტერვიუს ასეთი ხედვა, როგორც ჩანს, ფართოდაა გავრცელებული.

      ინტერვიუს მეორე კონცეფციის თანახმად, ესაა ურთიერთქმედება (ტრანსაქცია), რომელიც ყველა შემთხვევაში მიკერძოებულია და საჭიროა ამის გაცნობიერება და გაკონტროლება. კიტვუდი (1977) განმარტვს, რომ „ინტერვიუს თითოეული მონაწილე სიტუაციას განსხვავებულად განსაზღვრავს. ამ ფაქტთან გამკლავების საუკეთესო გზა კვლევის დიზაინში კონტროლის ელემენტების შეტანაა, მაგალითად, ინტერვიუერების აყვანა, რომელთაც განსხვავებული მიკერძოებები ექნებათ.“ ინტერვიუ შესანიშნავად გაიგება მოტივაციის თეორიის ჭრილში, რომელიც აღიარებს ადამიანის ქცევის წარმმართველი მთელი რიგი არარაციონალური ფაქტორების არსებობას (ემოციები, არაცნობიერი მოთხოვნილებები და ინტერპერსონალური გავლენები). კიტვუდი (1977) მიუთითებს, რომ ინტერვიუს შესახებ ეს ორივე მოსაზრება ინტერპერსონალური ურთიერთქმედების თანდაყოლილ თვისებებს ითვალისწინებს და მათ „სანდო კვლევის პოტენციურ დაბრკოლებებად მიიჩნევს, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას, გაკონტროლდეს ან, სულ მცირე, რამენაირად - შეიზღუდოს“.

      ინტერვიუს მესამე კონცეფციის თანახმად, ეს არის ურთიერთობა, რომელსაც აუცილებლად ბევრი რამ აქვს საერთო ყოველდღიურ ცხოვრებასთან (მაგალითისთვის იხილეთ ჩანართი 16. 1). კიტვუდი (1977) მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების მიხედვით, საჭიროა არა მიკერძოების აღმოფხვრის ტექნიკის, არამედ ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების თეორიის გამოყენება, რომელიც ინტერვიუს რელევანტურ ნიშნებს ითვალისწინებს. ეს შეიძლება მოიცავდეს როლურ თამაშს, სტერეოტიპების ფორმირებას, აღქმასა და გაგებას. როგორც უოლფორდი (2001: 90) შენიშნავს, „ინტერვიუერი და რესპოდენტი ერთობლივად აგებენ ინტერვიუს“. ინტერვიუ სოციალური გამოცდილებაა და არა უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა და კარგი იქნება, თუ მკლევრებს, ინტერვიუს წარმოებისას, ეს ყოველთვის ემახსოვრებათ.

---------------

ჩანართი 16.1.
ეთნოგრაფი ინტერვიუერის თვისებები

      ნდობა
ინტერვიუერსა და რესპოდენტს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობა, რომელიც კვლევის ფარგლებს სცილდება და ხელს უწყობს მეგობრული კავშირების დამყარებას, ერთად ყოფნის განცდის ჩამოყალიბებას და პირად ეგოზე მაღლა მდგომი საერთო მიზნისკენ ერთობლივ სწრაფვას.

      ცნობისმოყვარეობა
უნდა არსებობდეს ცოდნის სურვილი, ადამიანების თვალით დანახული ფაქტებისა და მათი მოსაზრებების ცოდნის, მათი ისტორიების მოსმენისა და გრძნობების აღმოჩენის სურვილი. ეს მოტივაციის აღმძვრელი ძალაა და ამ ძალით ანთებული მკვლევარი წარმატებული ინტერვიუს დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ბევრ სირთულეს შეეჭიდება და დასძლევს.

      ბუნებრიობა
როგორც დაკვირვების შემთხვევაში უნდა იყოს მკვლევარი თითქმის შეუმჩნეველი, რათა მოვლენები სწორად დაინახოს (ისე, როგორც არის, სხვების თანდასწრების და მოქმედების გავლენებისგან თავისუფალი), ისე ინტერვიუს მიზანიც იმის მიღებაა რასაც რესპონდენტები გულწრფელად და ინტერვიუერისაგან შეუფერადებლად ფიქრობენ.

წყარო: ადაპტირებულია Woods 1986

---------------

      ამ უკანასკნელი მოსაზრების ერთ-ერთი დიდი დამცველია ქიქორელი (Cicourel 1964). ის ინტერვიუს სიტუაციის ხუთ აუცილებელ თვისებას გამოყოფს, რომლებიც, როგორც წესი, პრობლემურად მიიჩნევა:

  • არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად განსხვავებულია სხვადასხვა ინტერვიუში. ეს ფაქტორებია: ურთიერთნდობა, სოციალური დისტანცია და ინტერვიუერის კონტროლი.
  • თუ კითხვები ძალიან ღრმაა, რესპოდენტმა შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი და თავის არიდების ტაქტიკას მიმართოს.
  • ორივეს - ინტერვიუერსაც და რესპოდენტსაც შეუძლია მართოს, რა თქვას და რა - არა და თავისთვის დაიტოვოს ის, რისი თქმაც შეეძლო.
  • ბევრი შინაარსი, რომელიც ერთისთვის სრულიად გასაგებია, მეორესთვის შეიძლება შედარებით გაუგებარი იყოს, მაშინაც კი, როდესაც რეალური კომუნიკაციის სურვილი არსებობს.
  • აქ შეუძლებელია ურთიერთობის ყველა ასპექტის რაციონალურად გაკონტროლება, როგორც ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშია შესაძლებელი.

      ამ თვალსაზრისის მომხრეთა პოზიციის თანახმად უმნიშვნელოა, თუ რამდენად დაიცავენ ინტერვიუერები სისტემატურობას და ობიექტურობას. ყოველდღიური ცხოვრების ზემოქმედება მათ მიერ წამოწყებული ნებისმიერი ინტერპერსონალური ტრანსაქციის ნაწილი იქნება. კიტვუდი ასკვნის (1977):

გამოსავალი შეძლებისდაგვარად ექსპლიციტური თეორიის ქონაა, რომელიც მხედვლობაში მიიღებდა სხვადასხვა ფაქტორებს. მათთვის, ვინც ასე ფიქრობს, არ არსებობს ზოგადად, კარგი და ცუდი ინტერვიუ. არსებობს უბრალოდ სოციალური ურთიერთობები. სიკარგე და სიცუდე უფრო პრედიკატებია, ვიდრე თეორიები რომლის ფარგლებშიც ფენომენები აიხსნება.
(Kitwood 1977)

      ბარკერი და ჯონსონი (Barker and Johnson 1998: 230) ამტკიცებენ, რომ ინტერვიუ გარკვეული მედიუმია კულტურული ფორმების შესახებ ცოდნის დადგენისა და ჩვენებისათვის, ისევე, როგორც კითხვები, რომლებიც შორს არიან ნეიტრალურობისგან, ყველა მონაწილის კულტურული რეპერტუარით იმართებიან და მიუთითებენ, თუ როგორ ესმით ადამიანებს თავიანთი სოციალური სამყარო და როგორ ესმით ერთმანეთის.[1]

ინტერვიუს მიზნები

      ცხოვრების ფართო კონტექსტში ინტერვიუს ბევრი და მრავაფეროვანი მიზანი
აქვს, მაგალითად:

  • პიროვნების შეფასება გარკვეული თვალსაზრისით;
  • თანამშრომლის შერჩევა ან დაწინაურება;
  • თერაპიული ცვლილებების ეფექტი, როგორც ეს ფსიქიატრიულ ინტერვიუში ხდება;
  • ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და შემოწმება;
  • მონაცემების შეგროვება, როგორც ეს გამოკითხვებსა და ექსპერიმენტულ სიტუაციებში ხდება.
  • რესპონდენტების მოსაზრებების შერჩევა, როგორც წინასწარ/მოსამზადებელ ინტერვიუებში.

      მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ დასახელებულ სიტუაციაში შეიძლება იცვლებოდეს ინტერვიუერისა და რესპოდენტის როლები და განსხვავებული იყოს მასში მონაწილეობის მოტივაცია, მათი საერთო მახასიათებელი ინფორმაციის მაძიებელ და მიმწოდებელ მხარეებს შორის მიმდინარე ურთიერთქმედებაა (ტრანსაქცია).

      როგორც კვლევის დამოუკიდებელი, თავისთავადი ტექნიკა, ინტერვიუ სამ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც კვლევის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების ძირითადი წყარო. როგორც ტუკმენი (Tuckman 1972) აღწერს:

ვინაიდან ხელმისწვდომს ხდის იმას, რაც „პიროვნებას თავში აქვს“, [ის] შესაძლებელს ხდის იმის შეფასებას, თუ რა იცის ადამიანმა (ცოდნა ან ინფორმაცია), რა მოსწონს ან არ მოსწონს (ღირებულებები და პრიორიტეტები) და რას ფიქრობს (დამოკიდებულებები და რწმენები).
(Tuckman 1982)

      მეორე - მისი გამოყენება ჰიპოთეზის შესამოწმებლად ან ახალი ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბებლად შეგვიძლია; ასევე, ცვლადებისა და მიმართებების დადგენაში დამხმარე, ამხსნელ ინსტრუმენტად. მესამე - ინტერვიუ შეიძლება კვლევაში სხვა მეთოდებთან ერთად გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით, კერლინგერი (1970) აღნიშნავს, რომ ის შეგვიძლია, მაგალითად, მოულოდენელი შედეგების გასარჩევად ან ასახსნელად, სხვა მეთოდების გადასამოწმებლად ან რესპოდენტების მოტივაციის და მათი სწორედ ასეთი და არა სხვაგვარი პასუხების მიზეზების სიღრმისეული შესწავლისთვის გამოვიყენოთ.

      ვინაიდან ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ინტერვიუ გვაინტერესებს, როგორც კვლევის მეთოდი და ტექნიკა, ამიტომ მას მხოლოდ სპეციფიკური კვლევის ინსტრუმენტის რანგში განხილვით. ამ თვალსაზრისით, ინტერვიუ შეიძლება იყოს: ფორმალური, როდესაც რესპოდენტს კონკრეტულ კითხვებს უსვამენ და პასუხებს სტანდარტიზებულ ფორმაში იწერენ; ნაკლებად ფორმალური, როდესაც ინტერვიუერს შეუძლია კითხვების თანმიმდევრობისა და ფორმულირების ცვლა, მათი ახსნა და დამატებითი კითხვების დასმა; სრულიად არაფორმალური, როდესაც ინტერვიუერს შეიძლება მხოლოდ ძირითადი განსახილველი საკითხების სია ჰქონდეს, რომლებზეც საუბრის ფორმატით მსჯელობენ, წინასწარ მომზადებული კითხვების გარეშე. ამის გარდა არსებობს არადირექტიული ინტერვიუ, რომელშიც ინტერვიუერს მეორე ხარისხოვანი როლი აქვს.

      კვლევითი ინტერვიუ შეიძლება განისაზღვროს, როგორც „კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად ინტერვიუერის მიერ წამოწყებული ორი ადამიანის საუბარი, რომელსაც ინტერვიუერი კვლევის აღწერის, წინასწარმეტყველების ან ახსნის მიზნებით განსაზღვრული შინაარსისკენ მიმართავს“ (Cannell and Kahn 1968). ეს უჩვეულო მეთოდია იმით, რომ მონაცემებს ინდივიდებს შორის უშუალო ვერბალური ურთიერთქმედების მეშვეობით აგროვებს. ამ თვალსაზრისით, ის განსხვავდება კითხვარისგან, სადაც რესპოდენტს მიწოდებულ კითხვებზე თავისი პასუხების ამა თუ იმ სახით ჩაწერა მოეთხოვება.

      ვინაიდან ინტერვიუს მაინც აქვს რაღაც საერთო თვითადმინისტრირებად კითხვართან, მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. გარკვეული კუთხით, თითოეულს, მეორესთან შედარებით, თავისი უპირატესობა აქვს. კითხვარის უპირატესობა ისაა, რომ ანონიმურობის გამო უფრო სანდო შეიძლება იყოს, რესპონდენტის გულწრფელობას იწვევს, ინტერვიუსთან შედარებით უფრო ეკონომიურია დროისა და ფულის თვალსაზრისით, შესაძლებელია მისი ფოსტით გაგზავნა. მეორე მხრივ, კითხვარის სუსტი მხარეებია ის, რომ ხშირად გაგზავნილი კითხვარების ძალიან მცირე პროცენტი ბრუნდება უკან, ინტერვიუერს არ შეუძლია უპასუხოს კითხვებს ინტერვიუს მიზნისა და ნებისმიერი გაუგებრობების შესახებ, რომელიც შეექმნება რესპოდენტს, ეს კი ხშირად ხდება, რადგან ერთსა და იმავე კითხვებს სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. თუ მხოლოდ დახურული კითხვები გამოიყენება, მაშინ კითხვარს ის ნაკლი ექნება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. თუ მხოლოდ ღია კითხვები გამოიყენება, მაშინ რესპოდენტებმა, ამა თუ იმ მიზეზით, შეიძლება არ მოისურვონ პასუხების დაწერა. კითხვარები, ასევე, პრობლემებს უქმნიან წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს; კითხვარები ხშირად ნაჩქარევად ივსება, ხოლო ინტერვიუ შეიძლება რესპოდენტისთვის შესატყვისი ტემპით ჩატარდეს.

      ჩანართში 16. 2 წარმოდგენილია ინტერვიუსა და კითხვარის თვისებების შედარებითი ჩამონათვალი. უკვე აღინიშნა, რომ ინტერვიუში უშუალო, პირდაპირი ურთიერთქმედება კვლევის ამ ტექნიკის უპირატესობის წყაროც არის და ნაკლისაც (Borg 1963). ერთი უპირატესობა, მაგალითად, ისაა, რომ ის, მონაცემების შეგროვების სხვა მეთოდებთან შედარებით, უფრო ღრმად ჩაწვდომის საშუალებას გვაძლევს. მეორე მხრივ, ნაკლი შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერვიუს სუბიექტურობის ტენდენცია და ინტერვიუერის მიკერძოებულობა.

---------------

ჩანართი 16. 2.
ინტერვიუსა და კითხვარის თვისებების შედარებითი ჩამონათვალი

წყარო: Tuckman 1972

---------------

      ოპენჰეიმს (1992: 81 – 2) მიაჩნია, რომ ინტერვიუს შემთხვევაში მიღებული პასუხების წილი უფრო მეტია, ვიდრე კითხვარებში, რადგან რესპოდენტები უფრო ჩართულები არიან და, მაშასადამე - მოტივირებულიც. მათ მეტის თქმის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე აღნიშნულია ხოლმე კითხვარის თანმხლებ წერილში და კითხვარებზე უკეთ უმკლავდებიან უფრო რთულ და ღია კითხვებს.

ინტერვიუს ტიპები

      ხშირად ინტერვიუს ტიპების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ ადამიანს რა მოცულობის ლიტერატურა აქვს წაკითხული! მაგალითად, ლეკომტი და პრეისლი (1993) ექვს ტიპს ასახელებენ, ესენია: სტანდარტიზებული, სიღრმისეული, ეთნოგრაფიული, ელიტური და ცხოვრების ისტორიის ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფები. ბოგდანი და ბიკლენი (1992) ამ ჩამონათვალს ამატებენ ნახევრად სტრუქტურირებულსა და ჯგუფურ ინტერვიუებს. ლინკოლნი და გუბა (1985), თავის მხრივ, ამატებენ სტრუქტურირებულ ინტერვიუს, ხოლო ოპენჰეიმი (1992: 65) - კვლევით ინტერვიუს.

      პატონი (Patton 1980: 206) ინტერვიუს ოთხ ტიპს გამოყოფს: არაფორმალური საუბარი, დაგეგმილი ინტერვიუს მიდგომები, სტანდარტიზებული ღია ინტერვიუ და დახურული რაოდენობრივი ინტერვიუ. პატონი ამ ოთხ ტიპს ნათლად და ზუსტად აღწერს (იხილეთ ჩანართი 16. 3).

---------------

ჩანართი 16.3.
სხვადასხვა ტიპის ინტერვიუს ძლიერი და სუსტი მხარეები

წყარო: Patton 1980: 206

---------------

      როგორ უნდა გაიგოს მკვლევარმა ეს სხვადასხვა ტიპი? კვეილი (1996: 126 – 7) სხვადასხვა ტიპის ინტერვიუს რამდენიმე კონტინუუმზე ათავსებს და ამტკიცებს, რომ ინტერვიუები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიზნის თვალსაჩინოებით, სტრუქტურირებულობის ხარისხით, რამდენადაა კვლევითი ან ჰიპოთეზის შემოწმებაზე მიმართული, აღწერა სურს თუ ინტერპრეტაცია, უფრო მეტად კოგნიტურ სფეროზეა ორიენტირებული თუ - ემოციებზე. როგორც ჩანს, ძირითად განსხვავებას ინტერვიუს სტრუქტურირებულობის ხარისხი ქმნის, რომელიც თავად ასახავს ინტერვიუს მიზნებს, მაგალითად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული რაოდენობის რესპოდენტების გრძნობების გენერირება ან კონკრეტული თემის მიმართ უნიკალური, ალტერნატიული ემოციების დაფიქსირება. ლინკოლნისა და გუბას (1985: 269) აზრით, სტრუქტურიებული ინტერვიუ მაშინაა სასარგებლო, როდესაც მკვლევრებმა იციან, რაზე არა აქვთ წარმოდგენა/რა არ იციან და ისეთი კითხვების ფორმულირება შეუძლიათ, რომელთა საშუალებითაც სასურველ ინფორმაციას მიიღებენ. ხოლო არასტრუქტურირებული ინტერვიუ მაშინ გამოდგება, როდესაც მკვლევრებმა არ იციან, რა იმალება მათი ცოდნის მიღმა და ამიტომ ამის თქმას რესპოდენტებს მიანდობენ!

      აქ „მიზანთან შესატყვისობის“ საკითხი დგას: რაც უფრო მეტად სურს მკვლევარს სხვადასხვა ადამიანის ან სიტუაციის შესადარებლად საჭირო ინფორმაციის მიღება, მით მეტად სტანდარტიზებული და რაოდენობრვია მისი ინტერვიუ. რაც უდრო მეტად სურს უნიკალური, არასტანდარტიზებული, პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ინდივიდები სამყაროს, მით მეტად იხრება მკვლევარი თვისებრივი, თავისუფალი, არასტრუქტურირებული ინტერვიუსკენ. ფაქტობრივად, ეს ასეა არა მარტო ინტერვიუს, არამედ მისი წერილობითი ანალოგის - კითხვარის შემთხვევაშიც. ოპენჰეიმი (1992: 86) მიუთითებს, რომ სტანდარტიზაცია სტიმულის ეკვივალენტობას უნდა ეხებოდეს, ანუ, ყველა რესპოდენტმა ინტერვიუს კითხვა ერთნაირად უნდა გაიგოს და არ უნდა ჩაანაცვლოს სიტყვები იმის გამო, რომ ზოგიერთ რესპოდენტს უჭირს მოცემულის გაგება ან კონკრეტული კითხვები განსხვავებულად და, სავარაუდოდ, არასწორად გაშიფროს. (იქვე დასძენს, რომ როგორც კი კითხვის ფორმულირება შეიცვლება, როგორი მცირეც უნდა იყოს, ის, ფაქტობრივად, სხვა კითხვად იქცევა!)

      ოპენჰეიმს (1992: 65) მიაჩნია, რომ კვლევითი ინტერვიუები განსაკუთრებით ევრისტიკული უნდა იყოს და მიზნად ფაქტებისა და რაოდენობების მოგროვებას კი არა, ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას უნდა ისახავდეს. ის აღნიშნავს, რომ ინტერვიუ ხშირად ემოციურად დატვირთულ თემებს ეხება და ამიტომ, ინტერვიუერისგან ინტერვიუს სიტუაციასთან გამკლავებისა და მართვის უნარებს მოითხოვს. რესპოდენტებმა თავისუფლად და ემოციურად უნდა შეძლოს საუბარი - საკუთარი გამოცდილების პირდაპირ, ხატოვნად, სიღრმისეულად, აუთენტურად და გულწრფელად გადმოცემა.

      მორისონი (1993: 34 – 6) ინტერვიუების დასახარისხებლად ხუთ სხვადასხვა განზომილებას იყენებს. პირველის ერთ ბოლოში რიცხვები, სტატისტიკები, ობიექტური ფაქტები და რაოდენობრივი მონაცემებია, ხოლო მეორე ბოლოში - საუბრების ტრანსკრიპტები, კომენტარები, სუბიექტური ანგარიშები, ძირითადად სიტყვიერი, თვისებრივი მონაცემები.

      მეორე განზომილების ერთ ბოლოშია დახურული და კითხვები მრავალი არჩევითი პასუხებით, სადაც რესპოდენტმა უკვე მოცემული, წინასწარ განსაზღვრული ვარიანტებიდან ის ვარიანტი უნდა აირჩიოს, რომელიც მის სათქმელს ყველაზე ზუსტად გამოხატავს. მეორე ბოლოში თავსდება უფრო ღია კითხვები, რომლებიც არ საჭიროებენ პასუხების ნუსხიდან შესატყვისის არჩევას - რესპოდენტებს თავისებურად და თავისი სიტყვებით შეუძლიათ პასუხების გაცემა, ანუ კვლევა ითვალისწინებს მონაწილეების ხედვასა და პასუხებს.

      მესამე კონტინუუმის ერთ ბოლოში პასუხების გაზომვის, მათი სხვადასხვა ნაკრების ერთმანეთთან შედარების და პასუხების კორელირების სურვილი დგას იმის გასარკვევად, თუ რამდენმა ადამიანმა თქვა ეს, ან რამდენმა მათგანმა მიანიჭა ამ კონკრეტულ დებულებას ასეთი და ასეთი რანგი. მეორე ბოლოში კონკრეტული სიტუაციის, პიროვნების ან პროგრამის უნიკალურობის/განუმეორებლობის გაგების (რა განასხვავებს მას სხვებისგან), ანუ სიტუაციის ან პასუხის ხარისხის, თვისების ჩაწერის სურვილი დგას.

      მეოთხე განზომილების ერთი ბოლოში რიცხვებისა და შეთავაზებული სავარაუდო პასუხების კატეგორიების ფორმალობისა და სიზუსტის სურვილია, როცა მკვლევარმა წინასწარ იცის, რას ეძებს. მეორე ბოლო - უფრო დამყოლი, არაფორმალურია, როცა შედარებით ბუნდოვანი და განუსაზღვრელია, ის, რასაც ეძებენ - ამას მხოლოდ მას შემდეგ გავარკვევთ, როცა აღმოვაჩენთ! მკვლევარი შედის სიტუაციაში და იმაზე რეაგირებს, რაც ხდება.

      მეხუთე კონტინუუმის ერთი ბოლო მიღებულ პასუხებში, მოსაზრებებში და ა. შ. რეგულარობების პოვნის მცდელობაა, რაც მიზნად მიღებული მონაცემების განზოგადებას და მიმდინარე პროცესის აღწერას ისახავს. მეორე ბოლო უნიკალურობის, პასუხის თვისებრიობის, სიტუაციის კომპლექსურობის წვდომისა და აღწერის მცდელობაა; კიდევ იმის გაგების მცდელობა, თუ რატომ თქვეს რესპოდენტებმა ის, რაც თქვეს და ეს ყველფერი რესპოდენტების სიტყვებით არის გადმოცემული.

      წარმოდგენილი ხუთი კონტინუუმის პოლუსები შემდეგნაირად შეგვიძლია
დავაჯგუფოთ:

      მარცხენა სვეტი გაცილებით ფორმალურია და უმცირესი დეტალების ჩათვლით წინასწარ არის დაგეგმილი, ხოლო მარჯვენა - ნაკლებად ფორმალურია და წვრილმანები მხოლოდ მას შემდეგ იჩენს თავს, როცა მკვლევარი ადგილზეა. მარცხენა სვეტში მოცემული ინტერვიუები წინასწარ აწონ-დაწონილია, ანუ, კვლევის დაწყებამდე ზუსტად უნდა იყოს ცნობილი კითხვების ყველა სავარაუდო პასუხი და კატეგორია. ეს, ჩვეულებრივ, მასალის გამოსაცდელად და დასახვეწად პილოტურ კვლევას მოითხოვს. როდესაც ასეა ყველა წვრილმანი დაგეგმილი, მონაცემების ანალიზი შედარებით იოლია, რადგან მონაცემების გასაანალიზებელი კატეგორიები უკვე ცნობილია და ანალიზიც სწრაფად ხდება.

      მარჯვენა სვეტში წარმოდგენილი ინტერვიუები უფრო დასასრულისკენ იგეგმება, ანუ, უფრო სწრაფად იწყება კვლევა და გროვდება მონაცემები, ვინაიდან საჭირო არ არის კატეგორიების წინასწარ შემუშავება, ისინი მხოლოდ მონაცემების შეგროვების დასრულების შემდეგ გამოვლინდება. თუმცა, კვლევის პროცესში გაჩენილი საკითხების გამოსავლენად და საბოლოო შედეგების მისაღებად მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვნად მეტ დროს მოითხოვს.

      კვეილი (1996: 30) გამოყოფს თვისებრივი ინტერვიუს ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის:

  • მონაწილეების ცხოვრებისეული სამყაროს ძირითადი ნიშნების გამოვლენა, გაგება და ინტერპრეტირება;
  • ბუნებრივი სამეტყველო ენის გამოყენება თვისებრივი ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასაგებად;
  • მონაწილეების ცხოვრებისეული სამყაროს დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოვლენა და შესწავლა;
  • ახალი მონაცემებისა და ფენომენებისადმი მიზანმიმართული ღიაობა. უარის თქმა ზედმეტ სტრუქტურირებულობაზე;
  • კონკრეტულ იდეებსა და თემებზე ფოკუსირება, ანუ მიმართულების არჩევა, თუმცა ძალიან სტრუქტურირებულობისთვის თავის არიდება;
  • მონაწილეთა საარსებო/ყოფითი სიტუაციებისთვის ჩვეული ბუნდოვანებისა და წინააღმდეგობრიობის მიღება, თუ ეს მონაწილეები გულწრფელად ასე ბუნდოვანად და წინააღმდეგობრივად აღიქვამენ იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფებიან;
  • იმ ფაქტის მიღება, რომ ინტერვიუმ თავად მონაწილეები შეიძლება შეცვალოს და ახლებურად გაააზრებინოს საკუთარი გამოცდილება;
  • ინტერვიუ განიხილება, როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობა ყველა იმ თვისებით, რაც ასეთ ურთიერთობას გააჩნია;
  • ინტერვიუს ყველა მონაწილისთვის ეს დადებითი და ახლის მიმცემი გამოცდილებაა.

      ზემოთ განხილული სხვადასხვა ტიპის ინტერვიუდან შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ტიპის ინტერვიუ, რომელიც კვლევის ინსტრუმენტად გამოიყენება, ესენია: სტრუქტურირებული, არასტრუქტურირებული, არადირექტიული და ფოკუსირებული ინტერვიუები. სტრუქტურირებული ინტერვიუს შინაარსი და პროცედურები წინასწარ არის დადგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ კითხვების თანმიმდევრობა და ფორმულირება განსაზღვრულია და ინტერვიუერს მასში, პრაქტიკულად, თითქმის არავითარი ცვლილების შეტანის უფლება არა აქვს. თუ ინტერვიუერს ცვლილების შეტანის რაღაც თავისუფლება მაინც აქვს, ესეც წინასწარაა განსაზღვრული. მაშასადამე, ასეთი ინტერვიუ შეგვიძლია დახურულ სიტუაციად მივიჩნიოთ. ამ მხრივ, სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს არასტრუქტურირებული ინტერვიუს შემთხვევაში - ეს არის ღია, თავისუფალი და მოქნილი სიტუაცია. როგორ კერლინგერი (1970) აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინტერვიუს დროს დასმული კითხვები კვლევის მიზნითაა განსაზღვრული, მათი შინაარსი, თანმიმდევრობა და ფორმულირება მთლიანად ინტერვიუერის ხელშია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არასტრუქტურირებული ინტერვიუ უფრო შემთხვევითი საქმეა მასაც, თავისებურად, გულმოდგინე დაგეგმვა სჭირდება.

      არადირექტიული ინტერვიუ, როგორც კვლევის ტექნიკა, თერაპიული ანუ ფსიქიატრიული ინტერვიუდან მომდინარებს. მისი ძირითადი თვისებაა მინიმალური მითითებები და კონტროლი ინტერვიუერის მხრიდან, ასევე, რესპოდენტის პრაქტიკულად სრული თავისუფლება, იმდენად შეუბოჭავად და სპონტანურად გამოხატოს საკუთარი გრძნობები, რამდენადაც სურს ან შეუძლია. მოსერი და კალტონი (1977: 297) ამტკიცებენ, რომ საჭიროა რესპოდენტების წახალისება, რომ ილაპარაკონ საკვლევი თემის (მაგალითად, საკუთარი თავის შესახებ) შესახებ და თავად წაიყვანონ ინტერვიუ, რომელსაც მხოლოდ მცირე ოდენობის წინასწარ განსაზღვრული კითხვები ან ჩარჩო აქვს. ინტერვიუერმა ხელი უნდა შეუწყოს და დაეხმაროს რეპოდენტს საუბარში, აუცილებლობის შემთხვევაში სიზუსტისკენ მოუწოდოს, მოთხოვოს ახსნა, საუბარი ინტერპრეტაციებისკენ, პერიფრაზირებისა და შეჯამებისკენ მიმართოს და ამავე დროს, ნაამბობი გადაამოწმოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თემა რთული და ბუნდოვანია.

      ინტერვიუს სიტუაციაში ინტერვიუერის მხრიდან უფრო მეტი კონტროლის შემოტანას ფოკუსირებულ ინტერვიუმდე მივყავართ. მისი განმასხვავებელი ნიშანია კონკრეტული მოცემული სიტუაციის შესახებ, რომელშიც რესპოდენტი იმყოფებოდა და ინტერვიუერს ჯერ კიდევ ინტერვიუმდე ჰქონდა გაანალიზებული, რესპოდენტის სუბიექტურ პასუხებზე თუ ფოკუსირება. ამგვარად, ინტერვიუერს შეუძლია ინტერვიუთი მიღებული მონაცემების ინტერვიუმდე ჩამოყალიბებული ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან უარსაყოფად გამოყენება. როგორც მერტონი და კენდელი (Merton and Kendall 1946) ხსნიან:

ჩვეულებრივი სიღრმისეული ინტერვიუს დროს მკვლევარს შეუძლია ინფორმანტებს თავიანთი გამოცდილების გაზიარება სთხოვოს. თუმცა, ფოკუსირებულ ინტერვიუში, საჭიროების შემთხვევაში, ინტერვიუერს შეუძლია უფრო მეტად აქტიური იყოს: უფრო ღიად და გასაგებად უთხრას რესპოდენტს, თუ რა სახის პასუხების მოსმენა სურს მისგან ან თავად მიაწოდოს წინასწარ გამზადებული სავარაუდო პასუხები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის შედეგად, როგორც წესი, ინფორმანტების მხრიდან კონკრეტული პასუხები მიიღება.
(Merton and Kendall 1946)

      შემდეგ თავში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ არადირექტიულ და ფოკუსირებულ ინტერვიუებს.

კვლევის პროცედურების დაგეგმვა ინტერვიუს გამოყენებით

      კვეილი (1996: 88) ინტერვიუს გამოყენებით კვლევის შვიდ ეტაპს აღწერს, რომელიც ამ ტიპის კვლევის დასაგეგმად შეიძლება გამოვიყენოთ. ეს ეტაპებია: თემის განსაზღვრა, დაგეგმვა, ინტერვიუს ჩატარება, ტრანსკრიპტის მომზადება, ანალიზი, გადამოწმება და ანგარიშის დაწერა. ქვემოთ სწორედ ამ თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ ინტერვიუს მეთოდს.

თემის განსაზღვრა

      ინტერვიუს მოსამზადებელ ეტაპზე კვლევის მიზანი უნდა განისაზღვროს. ამის გაკეთება კვლევის თეორიული საფუძვლის, ზოგადი მიზნების, პრაქტიკული ღირებულებისა და ინტერვიუს მეთოდის არჩევის მიზეზების მოხაზვით შეიძლება. ამას მოჰყვება კვლევის ზოგადი მიზნების უფრო დეტალური და კონკრეტული ამოცანების სახით ჩამოყალიბება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან კვლევის კითხვებზე გასაცემი პასუხებისთვის სათანადო სახის მონაცემების მიღება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ამოცანები ყურადღებით გვექნება ჩამოყალიბებული.

დაგეგმვა

      შემდეგ მოდის თავად ინტერვიუს დაგეგმვა. აქ შედის კვლევის ამოცანების კითხვებად ფორმულირება, რომლებიც ინტერვიუს ძირითად ღერძს შექმნის. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ კითხვები ადეკვატურად ასახავდეს იმას, რის აღმოჩენასაც ცდილობს მკვლევარი. ამას, ჩვეულებრივ, კვლევისთვის საჭირო ცვლადების ჩამოწერით იწყებენ. როგორც ერთ-ერთი ავტორი ამბობს, „ინტერვიუს კითხვების ფორმულირებისას პირველი ნაბიჯი ცვლადების სახელდებაა. თქვენი ცვლადები სწორედ ისაა, რის გაზომვასაც ცდილობთ. ისინი გეტყვიან, საიდან უნდა დაიწყოთ“ (Tuckman 1972).

      რეალური ინტერვიუს კითხვების მომზადებამდე, სასურველია, გარკვეული დრო კითხვის ფორმატსა და პასუხის ფორმის მოფიქრებას დაეთმოს. კითხვის ფორმატის არჩევა, მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • ინტერვიუს ამოცანები;
  • განსახილველი თემის ბუნება;
  • რა აინტერესებს ინტერვიუერს - ფაქტები, მოსაზრებები თუ დამოკიდებულებები;
  • სურს თუ არა მკვლევარს კონკრეტულობა ან სიღრმე.
  • რესპონდენტის განათლების დონე;
  • რა სახის ინფორმაციის მიღებას მოელის მკვლევარი;
  • ესაჭიროება თუ არა სტრუქტურირება რესპონდენტის აზრებს; რესპონდენტის მოტივაციის დონის შეფასება;
  • თავად ინტერვიუერს რამდენად კარგად ესმის რესპონდენტის სიტუაცია;
  • რესპონდენტთან რა სახის ურთიერთობის დამყარებას შეიძლება მოელოდეს ინტერვიუერი.

      თუ ამ საკითხებზე წინასწარ იფიქრებს, მკვლევარი შეძლებს გადაწყვიტოს, როგორი კითხვები გამოიყენოს: ღია და/ან დახურული, პირდაპირი და/ან არაპირდაპირი, კონკრეტული და/ან ზოგადი და ა. შ.

ინტერვიუს დაგეგმვა

      კვლევითი ინტერვიუს გეგმის შედგენისას სამი სახის დებულებებს იყენებენ (იხილეთ Kerlinger 1970). პირველი, „ფიქსირებული ალტერნატივები“ რესპოდენტს ორი ან მეტი ვარიანტიდან არჩევის საშუალებას აძლევს. ყველაზე ხშირად დიქოტომიური დებულებები გამოიყენება, რომელიც პასუხების მხოლო ორ ვარიანტს სთავაზობს, მაგალითად, „დიახ-არა“ და „ვეთანხმები-არ ვეთანხმები“. ზოგჯერ გამოიყენება მესამე ვარიანტიც, როგორიცაა „არ გადამიწყვეტია“ და „არ ვიცი“.

      კერლინგერი (1970) ფიქსირებული ალტერნატივების დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფს. მათი დადებითი მხარეა, მაგალითად, გაზომვისას მეტი ერთგვაროვნება და, მაშასადამე, მეტი სანდოობაც, რადგან რესპოდენტმა თავიანთი პასუხები შეთავაზებულ ვარიანტებს უნდა მოარგონ, რაც გაცილებით ამარტივებს კოდირებას.

      უარყოფით მხარეებია, მაგალითად, ზედაპირულობა; იმ რესპოდენტების გაღიზიანება, ვინც ვერ მოახერხებს თავისი პასუხის შეთავაზებულ ვარიანტებზე მორგებას; შეუფერებელი პასუხების ფორსირების შესაძლებლობა იმიტომ, რომ არჩეული ვარიანტი, შესაძლოა, პასუხის არცოდნას ფარავდეს, ან რესპოდენტმა შეიძლება ისეთი ვარიანტი აირჩიოს, რომელიც ზუსტად არ ასახავს რეალურად არსებულ ფაქტებს. თუმცა, ეს დაძლევადი პრობლემაა, თუ დებულებები ყურადღებით დაიწერება, შერეული იქნება ღია კითხვებთან და ინტერვიუს მსვლელობისას ინტერვიუერი დამაზუსტებელ შეკითხვებს დასვამს.

      მეორე - „ღია დებულებები“, კერლინგერისეული ლაკონური განმარტებით, რესპოდენტის პასუხებისთვის ათვლის წერტილს უზრუნველყოფს, მაგრამ მინიმალურად ზღუდავს პასუხებსა და მათი გამოხატვის ფორმას“. რესპოდენტის პასუხებს მხოლოდ კითხვის თემა განსაზღვრავს, რომელიც საკვლევი პრობლემითაა განპირობებული; პასუხების შინაარსის ან პასუხის გაცემის ფორმის თვალსაზრისით, სხვა არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

მაგალითი: როგორი ტელეგადაცემების ყურება გირჩევნიათ?

      ღია კითხვებს მთელი რიგი უპირატესობები აქვთ: პირველ რიგში, აღსანიშნავია მათი მოქნილობა; ინტერვიუერს ისეთი კითხვების დასმის საშუალება ეძლევა, რომ მას, სურვილის შემთხვევაში, მეტი სიღრმეების წვდომა და/ან ყველა გაუგებარი, ბუნდოვანი საკითხის გარკვევა შეუძლია; ინტერვიუერს რესპოდენტის ცოდნის საზღვრების დადგენის საშუალებას აძლევს; ხელს უწყობს თანამშრომლობისა და რაპორტის დამყარებას; ინტერვიუერს რესპოდენტის რწმენის რეალურად შემოწმების შესაძლებლობას აძლევს. ღია სიტუაციებმა შეიძლება მოულოდნელი და წინასწარ გაუთვლელი პასუხები მოიტანოს, რამაც ისეთი მიმართებებისა და ჰიპოთეზებისკენ უბიძგოს მკვლევარს, რომლებზეც მანამდე არ უფიქრია. ღია კითხვის კონკრეტული სახეობა „ძაბრისებრი“ კითხვაა, რაზეც ადრე უკვე ვისაუბრეთ. გავიხსენოთ, რომ ეს ტექნიკა უფრო ზოგადი კითხვით ან დებულებით იწყება და შემდეგ უფრო კონკრეტულ კითხვამდე ვიწროვდება. კერლინგერი (1970) სირსისა და მისი კოლეგების (Sears et al. 1957) კვლევიდან იღებს ამის მაგალითს:

რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ტირის. ზოგი დედა ფიქრობს, რომ თუ ბავშვი ყოველ ატირებაზე ხელში აიყვანე - უეჭველდ, გააფუჭებ. სხვებს მიაჩნიათ, რომ ბავშვი დიდხანს არ უნდა ატირო. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოიქცეთ ღამით?
(Sears et al. 1957)

      მესამე, „სკალა“, როგორც უკვე ვნახეთ, ვერბალური დებულებების ნაკრებია, რომელსაც რესპოდენტი გარკვეული ხარისხის დათანხმებით ან არდათანხმებით პასუხობს. ყოველი პასუხი ფიქსირებული ვარიანტების მქონე სკალაზე აღინიშნება. ამ ტექნიკის ღია კითხვებთან ერთად გამოყენება შედარებით ახალი პრაქტიკაა და ნიშნავს, რომ სკალაზე მინიჭებული ქულები ღია კითხვებით მიღებული პასუხებით შეიძლება გადამოწმდეს.

      ამ შემთხვევაში შესაძლებელია სკალის რომელიმე სახეობის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულების სკალა, რანჟირება, რეიტინგის სკალა და ა. შ. ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.

      ინტერვიუსთვის კითხვების ფორმულირებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს: (Arksey and Knight 1999: 93 – 5):

  • გამოყენებულ ლექსიკას (შეეცადეთ მარტივი იყოს);
  • ცრურწმენების შემცველი ენის გამოყენებას;
  • ბუნდოვანებასა და უზუსტობას;
  • მიმართულების მიმცემ კითხვებს (გადასაწყვეტია, გამართლებულია თუ არა მათი გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში);
  • რამდენიმე კითხვის შემცველ კითხვებს (ერთ ჯერზე რამდენიმე რამის კითხვას);
  • კითხვებს, რომლებიც რაღაც დაშვებებს მოიაზრებენ (მაგალითად, სამსახურში მანქანით დადიხართ?);
  • ჰიპოთეტურს ან სპეკულაციურ კითხვებს;
  • სენსიტიურ ან პირად კითხვებს (გადაწყვიტეთ, დასვათ თუ არა);
  • დაშვებას, რომ რესპოდენტს აქვს ის ცოდნა/ინფორმაცია, რასაც სთხოვთ;
  • გახსენებას (რამდენად ადვილია ან ძნელი რესპოდენტისთვის იმის გახსენება, რასაც სთხოვთ).

კითხვის ფორმატი

      ახლა ინტერვიუსთან ასოცირებული კითხვების სახეებსა და პასუხის ფორმებზე ვისაუბროთ:. პირველ რიგში, განსახილველია კითხვის ფორმატი: რა ფრაზებით უნდა ჩამოვაყალიბოთ კითხვა ან როგორ უნდა დავალაგოთ ფრაზები (იხილეთ Wilson 1996)? ტუკმენი (1972) ოთხ ასეთ ფორმატს ასახელებს. კითხვები, მაგალითად, შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით ჩამოყალიბებული. ასე მაგალითად, ინტერვიუერმა შეიძლება ჰკითხოს მასწავლებელს, მოსწონს თუ არა სწავლება. ეს პირდაპირი კითხვა იქნება. ამის საპირისპიროდ, ინტერვიუერმა შეიძლება არაპირდაპირი მიდგომა აირჩიოს და ზოგადად განათლების სისტემის და სკოლების ფუნქციონირების მიმართულებების შესახებ რესპოდენტის მოსაზრებით დაინტერესდეს. ამ კითხვაზე მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, ის შეძლებს დაასკვნას, რას ფიქრობს მასწავლებელი თავის სამსახურზე. ტუკმენი (1972) განმარტავს, რომ ვინაიდან კითხვების მიზანი ნაკლებად ნათელია, არაპირდაპირი მიდგომით უფრო მეტადაა შესაძლებელი გულწრფელი და ღია პასუხების მიღება.

      არსებობს ისეთი კითხვებიც, რომლებიც ზოგად ან კონკრეტულ საკითხებს შეეხება. როდესაც ბავშვებს ვეკითხებით, რას ფიქრობენ მასწავლებლების გამოყენებულ სწავლების მეთოდებზე, ეს ზოგადი ანუ არასპეფიციკური კითხვა იქნება; ხოლო თუ მათ ვკითხავთ, რას ფიქრობენ ისინი თავიანთ მასწავლებელზე, როგორც მასწავლებელზე, მაშინ ეს კონკრეტული (სპეფიციკური) კითხვა იქნება. ასევე, არსებობს კითხვების რიგი, რომელიც ძაბრის პრინციპით მუშაობისას გამოიყენება და ზოგადიდან კერძოსკენ ინაცვლებს. ტუკმენი (1972) წერს: „კონკრეტულმა კითხვებმა, პირდაპირი კითხვების მსგავსად, რესპოდენტი შეიძლება უფრო ფრთხილი ან ჩაკეტილი გახადოს და მან ნაკლებად გულწრფელი პასუხები მოგვცეს. ზოგად კითხვებს შეიძლება შემოვლითი გზით მივყავდეთ სასურველ ინფორმაციამდე, მაგრამ ეს ნაკლებად საგანგაშო იყოს რესპოდენტისთვის“.

      კითხვების კიდევ ერთი დიფერენციაციაა კითხვები, რომლებიც ფაქტობრივ პასუხებს მოითხოვენ და კითხვები, რომელთა პასუხებიც მოსაზრებებს გამოხატავენ. თუ ადამიანებს ვეკითხებით, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ეს ფაქტობრივი კითხვაა, ხოლო თუ ვკითხავთ, რას ფიქრობენ ისინი არსებული მთავრობის საგარეო პოლიტიკის შესახებ, მაშინ „მოსაზრების კითხვასთან“ გვექნება საქმე. თუმცა, ორივე ტიპის კითხვამ შეიძლება იმაზე ნაკლები ინფორმაცია მოგცეს, ვიდრე სინამდვილეშია: პირველი ყოველთვის არ იძლევა ფაქტობრივ პასუხებს და არც მეორე გულწრფელ მოსაზრებებს. ორივე შემთხვევაში, თუ კითხვებს ფრთხილად და ყურადღებით შევადგენთ , უზუსტობა და მიკერძოებულობა შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ.

      კითხვების დახარისხების რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად (Spradley 1979; Patton 1980):

  • აღწერითი კითხვები;
  • კითხვები გამოცდილების შესახებ;
  • კითხვები ქცევის შესახებ;
  • კითხვები ცოდნის შესახებ;
  • კონსტრუქტის მაფორმირებელი კითხვები;
  • საკონტრასტო/კონტრასტული კითხვები (როდესაც რესპოდენტს ორი რაღაცის შედარება მოეთხოვება);
  • კითხვები გრძნობების შესახებ;
  • სენსორული კითხვები (კითხვები შეგრძნებების შესახებ);
  • კითხვები კონტექსტის შესახებ;
  • დემოგრაფიული კითხვები.

      ზემოთ ჩამოთვლილი სახეები კითხვების შინაარსს შეეხება. კვეილი (1996: 133 – 5) გვთავაზობს ჩამონათვალს, რომელსაც პროცესის კითხვები შეიძლება ვუწოდოთ. ეს კითხვებია, რომლებიც:

  • წარადგენენ თემას ან ინტერვიუს;
  • ანვითარებენ თემას ან იდეას;
  • მეტად აზუსტებენ ინფორმაციას ან პასუხს;
  • რესპოდენტს დაკონკრეტებასა და მაგალითების მოტანას სთხოვენ;
  • პირდაპირ ითხოვენ ინფორმაციას;
  • არაპირდაპირ ითხოვენ ინფორმაციას;
  • რესპოდენტის პასუხების ინტერპრეტაციას ახდენენ.

      იმასაც აღვნიშნავთ, რომ რესპოდენტებს შეიძლება ერთი და იგივე რამ ან კითხვის სახით მივაწოდოთ ან - დებულების. ამ შემთხვევაში პასუხიც შესაბამისი ფორმით უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად:

პასუხის ფორმა

      ვინაიდან კითხვის დასმის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ბუნებრივია, რომ მათზე პასუხების გაცემის გზებიც სხვადასხვაგვარია. ამ ქვეთავში პასუხის სხვადასხვა ფორმებს განვიხილვთ. ტუკმენი (1972), საერთო ჯამში, შვიდ ასეთ ფორმას გვთავაზობს.

      პირველია არასტრუქტურირებული პასუხი, რომელიც რესპოდენტს საკუთარი მოსაზრების შესაბამისი პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს, ე.ი. - რაც მოესურვება.

მაგალითი: რატომ არ ჩააბარეთ უნივერსიტეტში?

      ამის საპირისპიროდ, სტრუქტურირებული პასუხი რამენაირად შეზღუდავდა
მათ.

მაგალითი: შეგიძლიათ დამისახელოთ ორი მიზეზი, რის გამოც არ ჩააბარეთ უნივერსიტეტში?

      მართალია ინტერვიუერი ნაკლებად აკონტროლებს არასტრუქტურირებულ პასუხს, მაგრამ არსებობს გარანტია იმისა, რომ რესპოდენტებს სრული პასუხების მოსაცემად აბსოლუტური თავისუფლება ექნებათ, ისეთ პასუხებს გაგვცემენ, როგორიც თავად სურთ და არავინ შეზღუდავს მათ დასმული კითხვის თავისებურებით. არასტრუქტურირებული პასუხის ძირითადი ნაკლი მისი რაოდენობრივად გამოსახვის საკითხია. ასეთი პასუხებით მიღებული მონაცემების კოდირება და დათვლა უფრო რთულია, ვიდრე - სტრუქტურირებული პასუხებით მიღებულის.

      შესავსები/ჩასაწერი პასუხები რესპოდენტისგან პასუხის ჩამოყალიბებას გულისხმობს და არა - არჩევას, თუმცა ეს პასუხი ხშირად ერთი სიტყვით ან ფრაზით შემოიფარგლება ხოლმე.

      მაგალითი: ამჟამად რას საქმიანობთ?

ან

      რამდენი ხანია, რაც ამ მისამართზე ცხოვრობთ?

      შესავსები/ჩასაწერი და არასტრუქტურირებული პასუხები ერთმანეთისგან ხარისხით განსხვავდება.

      ცხრილის ფორმის პასუხები შესავსებ/ჩასაწერ პასუხებს ჰგავს, მაგრამ უფრო სტრუქტურირებულია - შეიძლება ითხოვდეს სიტყვებს, რიცხვებს ან ფრაზებს, მაგალითად:

      ამგვარად, ეს კომპლექსური ინფორმაციის ჩაწერის მოსახერებელი და კომპაქტური საშუალებაა.

      სკალირებული პასუხი გრადაციის მიხედვითაა სტრუქტურირებული. რესპოდენტებს შეთავაზებული ვარიანტებიდან მოცემულ დებულებაზე პასუხის ჩაწერა მოეთხოვება.

      ტუკმენი (1972) ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ არასტრუქტურირებული პასუხებისგან განსხვავებით (რომლებიც მონაცემებად მათი გამოყენებისათვის ჯერ კოდირებას საჭიროებენ), სკალირებული პასუხები გამოყენებისა და ანალიზისთვის მზა მონაცემების სახით იკრიბება.

      რანჟირების პასუხები გვაქვს, როდესაც რესპოდენტს სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის ან დებულებებისთვის, კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით, რანგების მინიჭება მოეთხოვება.

      რანჟირებული მონაცემების გაანალიზება შესაძლებელია ყველა რესპოდენტის მიერ მინიჭებული რანგების შეკრებით, რითაც მოცემული ალტერნატივების ჯამურ რანჟირებას მივიღებთ.

      პასუხების საკონტროლო ნუსხა/ჩამონათვალი რესპოდენტის მიერ შეთავაზებული პასუხების ვარიანტებიდან ერთის არჩევას მოითხოვს. ასეთ ჩამონათვალში არ არის მოცემული კონტინუუმზე დალაგებული დებულებები, პასუხები სახელდებით კატეგორიებს წარმოადგენენ.

      ასეთი პასუხი უფრო ნაკლებ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე ზემოთ განხილული სხვა სახის პასუხები.

      და ბოლოს, კატეგორიული პასუხი, რომელიც ჩამონათვალს ჰგავს, მაგრამ უფრო მარტივია, რადგან რესპოდენტს მხოლოდ ორ ალტერნატივას სთავაზობს.

      რესპოდენტების ერთნაირი პასუხების დაჯამებით სახელდების სკალის მონაცემებს მივიღებთ.

      ზოგადად, პასუხის ფორმის არჩევას საკვლევი ინფორმაციის სახე და მისი მიღების საშუალებები განაპირობებენ. პასუხების ფორმის არჩევის პარალელურად მონაცემების ანალიზის ფორმებიც უნდა შეირჩეს, რათა ინტერვიუერი დარწმუნებული იყოს, რომ მონაცემები მის მიზნებს უპასუხებენ და ანალიზიც სათანადოდ მომზადებული ექნება. ჩანართში 16. 4 შეჯამებულია პასუხების ფორმებისა და მონაცემების ტიპების ურთიერთმიმართება.

---------------

ჩანართი 16. 4.
პასუხის ფორმის შერჩევა

წყარო: Tuckman 1972

---------------

      მას შემდეგ, რაც გასაზომი ან შესასწავლი ცვლადები განისაზღვრება, შესაძლებელი ხდება მათი ამსახველი კითხვების ფორმულირება. თუ, მაგალითად, ერთ-ერთი ცვლადი სოციალური განათლების ახალი პროექტია, რომელიც ბოლო დროს გამოსცადეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 15 წლის მოსწავლეებზე, ერთ-ერთი შესაძლო კითხვა ასეთი იქნება: „ფიქრობთ, პროექტმა იმოქმედა მოსწავლეებზე?“ ან ნაკლებად პირდაპირ: „ფიქრობთ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი ან ძალიან მცირე პასუხისმგებლობა დააკისრეს?“ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ კითხვარში კითხვის დასმისა და პასუხების რამდენიმე ფორმის გამოყენება შეგიძლიათ. საბოლოო შედეგი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული - კვლევის ამოცანებზე და ა. შ.

      როდესაც ინტერვიუ საველე კვლევის ნაწილია, რომელშიც გარკვეული რაოდენობის გავარჯიშებული ინტერვიუერი მონაწილეობს, ცხადია, აუციელებელია სათანადო ინსტრუქციების მიცემა როგორც რესპოდენტებისთვის, ისე - ინტერვიუერებისთვის.

      ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუსთვის კითხვების ფორმულირებისას, ასევე, განხილულ უნდა იქნას მინიშნება/მოსინჯვა და ჩაძიება/ჩაღრმავება (Mორრისონ 1993: 66). მინიშნებები/მოსინჯვა ინტერვიუერს თემებში ან კითხვებში გარკვევის საშუალებას აძლევს, ჩაძიება/ჩაღრმავება კი - რესპოდენტებს პასუხების გავრცობის, დაზუსტების ან შეფასების შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით რესპოდენტებისგან შეგვიძლია მივიღოთ უაღრესად მრავალფეროვანი, ღრმა და გულწფელი პასუხები, რაც წარმატებული ინტერვიუს დამახასიათებელი ნიშნებია (ასევე, იხილეთ Patton 1980: 238). ჩაძიება/ჩაღმავება შეიძლება მოვახდინოთ, უბრალოდ, „რატომ“ კითხვებით, კითხვის გამეორებით, პასუხის კითხვის ტონის გამეორებით, ინტერესისა და გაგების დემონსტრირებით, დაზუსტებაზე მინიშნებით ან შემდგომი ახსნა-განმარტების მოთხოვნით ან, უბრალოდ - სიჩუმით.

      ამგვარად, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს გეგმა (სადაც დაწერილია თემები და ღია კითხვები, მაგრამ კითხვების კონკრეტული თანმიმდევრობა და ფორმულირება თითოეული რესპოდენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია) შეიძლება მოიცავდეს:

  • განსახილველ თემას;
  • თითოეული თემის შესახებ დასასმელ შესაძლო კონკრეტულ კითხვებს;
  • თითოეულ თემაში განსახილველ საკითხებს, შესაძლო პასუხებითურთ;
  • თითოეული თემისთვის, საკითხისა და კითხვისთვის განკუთვნილ მოსინჯვასა და ჩაღრმავებას.

      ეს თავი არასრული იქნება, თუ კითხვის ტიპებზე საუბრისას არაფერს ვიტყვით შერჩევაზე, ვინაიდან ინტერვიუს დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვინ იქნება რესპოდენტი, ვითვის არის განკუთვნილი ინტერვიუერის კითხვები. დამწყები მკვლევარები ხშირად კითხულობენ: „რამდენი ინტერვიუ მჭირდება?“ და ამაში გულისხმობენ ადამიანთა რაოდენობასაც და თითოეულთან ჩასატარებელი ინტერვიუების რიცხვსაც. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კვეილის (1996: 101) რჩევას, რომელიც ჩვენსას ეხმიანება: ინტერვიუ იმდენ ადამიანთან უნდა ჩატარდეს, რამდენიც საძიებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად იქნება საჭირო. არ არსებობს მარტივი წესი ან/და მზა რეცეპტი, ვინაიდან რესპოდენტთა რაოდენობა ინტერვიუს მიზანზეა დამოკიდებული, მაგალითად, არის თუ არა ინტერვიუს მიზანი განზოგადება, სიღრმისეული, ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება თუ პასუხების გარკვეული დიაპაზონის მიღება. შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით გირჩევთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ წიგნის მეოთხე თავს. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ინტერვიუერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შერჩეული რესპოდენტები მას საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან, ანუ მათ აქვთ ეს ინფორმაცია.

     

ტეგები: Qwelly, ინტერვიუ, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 6080

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters