ჯგუფური ინტერვიუ, ინტერვიუ ბავშვებთან, ფოკუს ჯგუფი და სატელეფონო ინტერვიუ

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 16
ნაწილი III

ჯგუფური ინტერვიუ

      ინტერვიუს მეთოდოლოგიის ფარგლებში ერთ-ერთი ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებით მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ჯგუფური ინტერვიუა. უატსი და ებატი (Watts and Ebbutt 1987), მაგალითად, ჯგუფური ინტერვიუს, როგორც განათლების სფეროში მონაცემების შეგროვების საშუალების, უპირატესობებსა და ნაკლოვან მხარეებს განიხილავენ. მათ მიერ დასახელებულ უპირატესობათა რიცხვში შედის დისკუსიის წამოწყების შესაძლებლობა და ამით ფართო დიაპაზონის მონაცემთა მოპოვება. ისინი მიუთითებენ, რომ „ასეთი ინტერვიუ სასარგებლოა . . . როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკვეული დროის მანძილზე ან საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობს, ანდა მაშინ, როცა ჯგუფში მნიშვნელოვანია, იცოდნენ, თუ რას ამბობენ ჯგუფის დანარჩენი წევრები“ (Watts and Ebbutt 1987). ჯგუფურ ინტერვიუს გაცილებით მეტი ინფორმაციის მოცემა შეუძლია, ვიდრე - ინდივიდუალურს. ბოგდანი და ბიკლენი (1992: 100) ამატებენ, რომ ჯგუფური ინტერვიუები შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ იდეების მოსაძიებლად, რომელზეც შემდგომში ინდივიდუალური ინტერვიუები ჩატარდება. მათ პრაქტიკული და ორგანიზაციული უპირატესობებიც აქვთ. დასახული მიზნისთვის მასწავლებლებს, მინიმალური ძალისხმევით, უკვე არსებული ჯგუფების გამოყენება შეუძლიათ. ჯგუფური ინტერვიუები ხშირად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე - ინდივიდუალური და ამიტომ დროც იზოგება. ასევე, მათ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანების ან სხვადასხვა კოლექტივის წარმომადგენელთა შეკრება შეუძლიათ.

      არკსისა და ნაიტის (Arskey and Knight 1999: 76) აზრით, ერთზე მეტი ინტერვიუერის ყოლა ორი სახის პროცესს უკავშირდება - ჯვარედინ გადამოწმებასა და ერთმანეთის ნათქვამების შევსებას, რაც უფრო სრულ და სანდო ჩანაწერს მოგვცემს. იმის ნახვა და გამოვლენაც შესაძლებელია, თუ როგორ უდგანან მონაწილეები ერთმანეთს მხარში, ზემოქმედებენ, ავსებენ, ეთანხმებიან და არ ეთანხმებიან ერთმანეთს და რა ურთიერთობები აქვთ. მეორე მხრივ, ერთი რესპოდენტი შეიძლება მეორეზე (სხვებზე) დომინანტური იყოს (განსკუთრებით მაშინ, თუ ერთი რესპოდენტი მამაკაცია და მეორე - ქალი: Arskey and Knight 1999: 76). გარდა ამისა, არკსი და ნაიტი მიიჩნევენ, რომ ინტერვიუს პროცესში შეიძლება ანტაგონიზმმა იჩინოს თავი, ადამიანები შეიძლება გაჩუმდნენ სხვების თანდასწრებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სხვები მათი კოლეგები არიან ან თემაა სენსიტიური. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ გულწრფელი, პირადი პასუხების გაცემის ნაცვლად, რესპოდენტებს შეიძლება უფრო ფორმალური, „საზოგადოებისთვის ღია ხაზით“ კომუნიკაცია შევთავაზოთ და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მონაწილეები წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული ინფორმაციის გაუცემლობაზე. უატსი და ებატი (1987) აღნიშნავენ, რომ ჯგუფური ინტერვიუ ნაკლებად სასარგებლოა პიროვნულ თემებზე საუბრისას ან ისეთ ვითარებაში, სადაც მკვლევარს ჯგუფის მხოლოდ ერთ კონკრეტულ წევრთან აქვს შემდგომი დამაზუსტებელი კითხვები. როგორც ისინი ამბობენ, „ჯგუფის დინამიკა ვერ მოგვცემს ასეთ მონაცემებს“ (Watts and Ebbutt 1987). ჯგუფურმა ინტერვიუმ შეიძლება „ჯგუფური აზროვნება“ გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, ჯგუფის სხვა წევრების თანდასწრებით საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავი შეაკავებინოს განსხვავებული აზრის მქონე ინდივიდებს. ლიუსი (Lewis 1992) ჯგუფური ინტერვიუს პასუხების კოდირების პრობლემასაც ეხება. ამ თემის უფრო დაწვრილებით განხილვისა და მასში ჩართული პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგი ნაშრომები: Simons (1982), Hედგეს (1985), Watts and Ebbutt (1987), Breakwell (1990), Spencer and Flin (1990), Lewis (1992) და Arskey and Knight (1999).

      ჯგუფური ინტერვიუს რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი, მაგალითად:

  • ჯგუფური ინტერვიუს პროცესში, როგორც ინტერვიუერმა, როგორ უნდა გადაანაწილოთ ყურადღება და მოისმინოთ რესპოდენტების პასუხები; ამასთან, ყველა რესპოდენტს მისცეთ ლაპარაკისა საშუალება;
  • ჯგუფური ინტერვიუს სიტუაციაში ყველას სთხოვთ, რომ გიპასუხონ კითხვაზე?
  • როგორ მოექეცეთ მათ, ვინც ძალიან ჩუმია, ხმაურიანია, მხოლოდ თვითონ ლაპარაკობს, კამათობს და არ ეთანხმება სხვებს?
  • რა მოხდება, თუ ადამიანები გაგიბრაზდებიან ან ერთმანეთს გააბრაზებენ?
  • როგორ მოახერხებთ ზრდილობიანი ფორმით ადამიანების დაწყნარებას ან გაჩუმებას;
  • როგორ მოუვლით იმ ფაქტს, რომ ადამიანები მეტ-ნაკლებად ენაწყლიანები არიან?
  • როგორ მოახერხებთ, რომ რესპოდენტებმა რიგ-რიგობით ილაპარაკონ (თუ შეეფერება სიტუაციას)?
  • დაუსვამთ თუ არა კითხვებს დასახელებულ პირებს?
  • როგორ უნდა გიპასუხონ ადამიანებმა ძალდაუტანებლად?
  • რა უნდა მოუხერხოთ ერთსა და იმავე კითხვაზე მიღებულ სრულიად განსხვავებულ პასუხებს?
  • რატომ შეკრიბეთ ეს კონკრეტული პირები?
  • გინდათ, რომ რესპოდენტებმა კონკრეტული თანმიმდევრობით გიპასუხონ?
  • რას მოიმოქმედებთ, თუ ჯგუფურ ინტერვიუზე მეტად გამოცდილები ყოველთვის პირველები გაგცემენ პასუხს?
  • როგორც ინტრვიუერი, ყურადღებით იყავით, რომ ჯგუფში შეამჩნიოთ ისინი, ვისაც რაღაცის თქმა სურს.

      კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯგუფური ინტერვიუს დროს ანალიზის ერთეული მთელი ჯგუფის მოსაზრებაა და არა - ცალკეული წევრების. გვაინტერესებს კოლექტიური ჯგუფური პასუხი მაშინაც კი, თუ მთელი რიგი პასუხებისა განსხვავებულია. ამით მიიღწევა ის, რომ ჯგუფის არც ერთი წევრი არ არის უსამართლოდ მარგინალიზებული, დადანაშაულებული ან განდევნილი განსხვევბული აზრის გამო.

      ჯგუფური ინტერვიუ მაშინაც გამოსადეგია, როდესაც ბავშვებთან გვიწევს მუშაობა; ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი.

ინტერვიუ ბავშვებთან

      მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების სამყარო მათივე თვალით დავინახოთ და არა - მოზრდილის თვალით. ბავშვები განსხვვადებიან მოზრდილებისგან კოგნიტური და მეტყველების განვითარებით, ყურადღებითა და კონცენტრაციის თავისებურებებით, გახსენების უნარით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, იმით, თუ რას აღიქვამენ მნიშვნელოვნად, სტატუსითა და უფლებებით (Arskey and Knight 1999: 116), - ეს ყველაფერი ზემოქმედებს ინტერვიუზე. არკსი და ნაიტი (1999: 116 – 18) მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია: ბავშვების ნდობის მოპოვება, რათა სწრაფად იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად; მწვავედ რეაგირებისგან თავის შეკავება (მაგალითად, თუ ბავშვს ყურადღება გაეფანტა); ინტერვიუსთვის უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობის სახის მიცემა; მარტივი და ბავშვის ენის გამოყენება; მისი ასაკისთვის შესაფერისი კითხვების დასმა; „აქ და ამჟამად“ კონტექსტის შენარჩუნება; ძალიან პატარებთან (მაგალითად, 5 წელზე პატარებთან) „რატომ“, „როდის“ და „როგორ“ კითხვებისგან თავის შეკავება; დარწმუნება იმაში, რომ ბავშვებს (ხშირად უფროსი ასაკის ბავშვებს) ესმით აბსტრაქტული კითხვები; მოსაფიქრებელი დროის მიცემა და ინტერვიუს დროს მეთოდებისა და აქტივობების (მაგალითად, ხატვა, თამაში, წერა, ლაპარაკი, თამაშები, ნახატების, გაზეთების, სათამაშოების ან ფოტოსურათების გამოყენება) კომბინირება.

      ბავშვებთან ჯგუფური ინტერვიუ იმიტომ შეიძლება იყოს სასარგებლო, რომ ჯგუფურ ურთიერთქმდებას უწყობს ხელს და არ მოითხოვს უბრალოდ უფროსის კითხვებზე პასუხების გაცემას. ჯგუფური ინტერვიუ ბავშვისთვის შეიძლება ნაკლებად შემაშინებელი იყოს, ვიდრე - ინდივიდუალური. ედერისა და ფინგერსონის (Eder and Fingerson 2003: 34) აზრით, ბავშვების ინტერვიუირებისას მნიშვნელოვნად მოქმედებს უფლებებისა და სტატუსის დინამიკა. მათ ცოტა რამ თუ აქვთ მოზრდილებთან საერთო.

      მეიოლი (Mayall 1999) გვთავაზობს, რომ ბავშვები „უმცირესობა ჯგუფად“ განვიხილოთ, იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლება და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. თუ ეს ასეა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ხმის უფლება და ინტერვიუს გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ჯგუფური ინტერვიუ ისეთი გარემოა, რომელიც შეძლებისდაგვარად ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ ვითარებაში ტარდება. ედერი და ფინგერსონი (2003: 45) აღნიშნავენ ბავშვების ჯგუფში მაღალი სტატუსის მქონე ბავშვის ინტერვიუერად გამოყენების წარმატებულ შემთხვევებს.

      ბავშვების ჯგუფური ინტერვიუირება მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთი გამოიწვიონ და ისე ჩაერთონ ინტერვიუში, როგორც პირისპირ (უფროსი - ბავშვი ინტერვიუს შემთხვევაში) ვერ შეძლებდნენ და ილაპარაკონ ბუნებრივად, როგორც ერთმანეთს ელაპარაკებიან ხოლმე. მაგალითად, ლუისმა (1992) აღმოაჩინა, რომ ჯგუფური ინტერვიუს შემთხვევაში 10 წლის ბავშვები უკეთ იგებდნენ, რა პრობლემები ჰქონდათ სწავლაში და რა უჭირდათ ყველაზე მეტად. ეს მიიღწეოდა იმით, რომ კამათობდნენ და განიხილავდნენ ერთმანეთის იდეებს და ერთმანეთს განსახილველად ახალ მოსაზრებებს სთავაზობდნენ. გარდა ამისა, თუ ინტერვიუ უფრო რუტინული, ყოველდღიური აქტივობის შემადგენელი ნაწილია, ის ნაკლებად ხელოვნური ხდება, რადგან შეიძლება თამაშს (მაგალითად, თოჯინებისა და სურათების გამოყენებით) დაემსგავსოს. მაგალითად, „აჩვენე და თქვი“ თამაშის ან ჯგუფური დისკუსიის ნაწილი შეიძლება იყოს. მთავარია, ინტერვიუ რაც შეიძლება არაფორმალური გახდეს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ უკეთესია ფორმალურ ჩარჩოებში მოქცეული სესია, რათა ბავშვებს სიტუაციის მნიშვნელოვნების განცდა ჰქონდეთ და დადებითად განეწყონ. ერთნაირად ღირებულია არაფორმალური და ფორმალური ინტერვიუ, თუმცა პირველი უფრო პატარებთან არის რეკომენდებული, მეორე - უფროსი ასაკის ბავშვებთან.

      მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ინტერვიუ ბევრი ბავშვისთვის შეიძლება ძალიან სასურველი იყოს, ინდივიდუალური ინტერვიუც არანაკლებ ღირებულია. მაგალითად, ედერი და ფინგერსონი (2003: 43 – 4) ინდივიდუალური ინტერვიუს მნიშვნელობას და ღირებულებას მოზარდებთან მიმართებაში განიხილავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სენსიტიურ თემებს შეეხება, მაგალითად, ურთიერთობებს, ოჯახს, სხეულთან დაკავშირებულ საკითხებს, სექსუალობას და სიყვარულს. ისინი განიხილავენ მაგალითებს, რომლებშიც განსხვავებული შედეგები მიიღეს ერთი და იგივე თემაზე ერთსა და იმავე ინდივიდებთან ჩატარებულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერვიუებში. ინდივიდები უფრო ღირებულად პირისპირ საუბარს მიიჩნევდნენ.

      ბავშვებთან ინტერვიუში, ერთი ტიპის პასუხების თავიდან ასაცილებლად, ჯობია ღია კითხვები გამოვიყენოთ. მეორე სტრატეგიაა პროექციის ტექნიკის გამოყენება, როდესაც პირდაპირი კითხვების დასმის ნაცვლად, ინტერვიუერს შეუძლია ბავშვებს სურათი ან სურათების ნაკრები აჩვენოს და შემდეგ პასუხების გაცემა სთხოვოს. ნაჩვენებ სურათზე ბავშვმა შეიძლება ჯერ მასზე გამოსახული პერსონაჟის რასობრივ კუთვნილებას მიაქციოს ყურადღება და შემდეგ მის სქესს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისთვის რასა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - სქესი. ამით თავს ვარიდებთ პირდაპირ კითხვას და შეიძლება შევამციროთ მიკერძოებული პასუხის ალბათობა, რაც იმით იქნებოდა გამოწვეული, რომ რესპოდენტი კითხვაში დაიწყებდა ინტერვიუერისთვის სასურველი პასუხის მინიშნებების ძიებას. პროექციის სხვა ტექნიკებია თოჯინების ან მარიონეტების, ფოტოსურათების ან კონკრეტული სცენების გამოყენება, რომელზეც რესპოდენტი კომენტარებს გააკეთებს (მაგალითად, რა ხდება? რა უნდა გვექნა?) და ტექნიკა „აბა, გამოიცანი ვინ“ (Wragg 2002: 157) (რომელსაც ადამიანები კონკრეტულ აღწერილობას არგებენ).

      თუმცა, საიმონსი (1992), ლუისი (1992), ბეილი (1994: 447 - 9) და ბრიქუელი (2000: 245 – 6) ბავშვების ინტრვიუირების სირთულეებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრობენ:

  • ადვილია ბავშვების ყურადღების გაფანტვა (მაგალითად, ზოგ ინტერვიუერს სათამაშოები ან სურათები აქვს და ამით იქცევს ბავშვების ყურადღებას);
  • ეცადეთ, რომ ბავშვებმა მკვლევარი ავტორიტეტულ ფიგურად არ აღიქვან (მაგალითად, მასწავლებლად, მშობელად ან მაღალი პოზიციის მქონე მოზრდილად);
  • გაიგეთ, რას გულისხმობენ ბავშვები და რას ამბობენ (განსაკუთრებით ძალიან პატარების შემთხვევაში);
  • მოკლე დროში ბევრი ინფორმაცია მოაგროვეთ, ბავშვების ყურადღების ხანგრძლივობა შეზღუდულია;
  • გაარკვიეთ რეალურად რას ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები და არა ის, თუ, მათი აზრით, რისი მოსმენა უნდა მკვლევარს;
  • ეცადეთ, რომ ინტერვიუს სიტუაცია ბავშვმა გამოცდად ან შემოწმებად არ აღიქვას;
  • შეინარჩუნეთ ინტერვიუს რელევანტურობა;
  • დაძლიეთ უმცროსი ასაკის ბავშვებში უფროსთან შეწინააღმდეგების და თავის გამოჩენის სურვილის არქონა;
  • ინტერვიუში ჩართეთ უთქმელი და მერყევი ბავშვები;
  • ბავშვების მასწავლებელი გარეთ გაუშვით;
  • მიაქციეთ ყურადღება და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც ამბობს რაღაცას და მერე მაშინვე ამბობს, რომ, ნეტა, არ ეთქვა ეს;
  • ბავშვებისგან მართალი, გულწრფელი პასუხები მიიღეთ და არა უბრალოდ ინტერვიუს სიტუაციაზე გაცემული პასუხები;
  • გასცდით ინსტიტუციურ, დირექტორისთვის განკუთვნილ ან „მოსალოდნელ“ პასუხებს;
  • შეეცადეთ, ბავშვები თემის ფარგლებში დარჩნენ;
  • ერიდეთ, რომ ბავშვებმა უკიდურესი ან დესტრუქციული პოზიცია დაიკავონ ერთმანეთის მოსაზრებების მიმართ;
  • გამოიყენეთ სათანადო სამეტყველო ენა;
  • ეცადეთ, რომ ინტერვიუ „ტვინის გამბურღველი“არ იყოს;
  • გაითვალისწინეთ ბავშვების სუსტი მეხსიერება;
  • ერიდეთ, რომ ბავშვები ძალიან არ კონცენტრირდნენ კონკრეტულ მახასიათებლებზე ან სიტუაციებზე;
  • ერიდეთ სიტუაციებს, რომლებშიც ბავშვი ყველაფერზე „კის“ იტყვის („მდუმარე თანხმობა“), მაგალითად, „კი/არა“ ტიპის კითხვებისთვის თავის არიდებით და ღია კითხვებისთვის უპირატესობის მინიჭებით;
  • გაითვალისწინეთ სიტუაციები, რომლებშიც ბავშვი ნებისმიერ რამეს იტყვის, ოღონდ გასიამოვნოთ;
  • დაძლიეთ ზოგიერთი ბავშვისთვის დამახასიათებელი ტენდენცია, თქვას „არ ვიცი“, მხრები აიჩეჩოს და ისევ დადუმდეს;
  • დაძლიეთ პრობლემა, რომ ზოგიერთი ბავშვი ნებისმიერ რამეს იტყვის, ოღონდ არ იგრძნოს, რომ „არ აქვს“ პასუხი;
  • გაითვალისწინეთ საუბარში დომინანტური ბავშვების პრობლემა;
  • შეეცადეთ, რომ ბავშვებმა მეგობრების წინაშე ძალიან დაუცველად არ იგრძნონ თავი;
  • ეცადეთ, რომ ბავშვებმა უხერხულად არ იგრძნონ თავი ან არ შეშინდნენ (ამის მოგვარება, სავარაუდოდ, ბავშვების მეგობრების ჯგუფში მოთავსებით შეიძლება).
  • შეეცადეთ ბავშვებმა არ იცრუონ.

      ცხადია, რომ ეს პრობლემები მარტო ბავშვებს არ ეხება. ისინი უფროსების ჯგუფური ინტერვიუს შემთხვევაშიც მართებულია. ჯგუფური ინტერვიუ მართვას და ოთახის ისე მოწყობას მოითხოვს, რომ ყველა ყველას ხედავდეს. ჯგუფის ზომა ასევე მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მცირე ჯგუფის შემთხვევაში, ინტერვიუს მთელი ტვირთი ცალკეულ ინდივიდებზე გადადის, ძალიან დიდი ჯგუფი კი ნაწევრდება და ფოკუსი იკარგება. ლუისი (1992) მიუთითებს, რომ ექვსი-შვიდი მონაწილე ოპტიმალური ზომაა, თუმცა, უმცროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ჯგუფი უფრო მცირე შეიძლება იყოს. ინტერვიუს ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წუთს და სასარგებლო იქნება ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მნიშვნელოვანია მარტივი სამეტყველო ენა, ყოველგვარი ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გარეშე (მაგალითად, მეტაფორებისთვის თავის არიდება).

ფოკუს ჯგუფები

      დღეს განათლების სფეროს კვლევაში ნელ-ნელა იზრდება ფოკუს ჯგუფების, როგორც ჯგუფური ინტერვიუს, ერთ-ერთი ფორმის გამოყენებაც, თუმცა არც ისე ინტენსიურად, როგორც მაგალითად, ბიზნესისა და პოლიტიკურ წრეებში. ფოკუს ჯგუფები ჯგუფური ინტერვიუს ფორმაა, თუმცა, არა ინტერვიუერსა და ჯგუფს შორის გამართული კითხვა-პასუხის თვალსაზრისით, არამედ - ჯგუფურ ურთიერთქმედების, რომელიც მკვლევარის მიერ შეთავაზებულ თემას განიხილავს (Morgan 1988: 9) და ინდივიდუალურ მოსაზრებას კი არ გვაძლევს, არამედ - კოლექტიურს. მაშასადამე, მონაწილეები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და არა - ინტერვიუერთან. მათ შეუძლიათ მოსაზრებების გამოთქმა და ძირითადად თავიანთი განრიგით (არა მკვლევრის) მუშაობა. სწორედ ჯგუფის ურთიერთქმედების (ინტერაქციის) შედეგად გროვდება მონაცემები. ფოკუს ჯგუფი ხელოვნური, შექმნილი გარემოა, სადაც კონკრეტული თემის ან საკითხის განსახილველად სპეციალურად არჩეული სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და ჯგუფური ურთიერთქმედება მონაცემებსა და შედეგებს იძლევა. ეს ხელოვნურობა ფოკუს ჯგუფის სიძლიერეცაა და სისუსტეც: მიუხედავად იმისა, რომ არაბუნებრივი გარემოა, ძალზე ფოკუსირებულია კონკრეტულ საკითხზე და ამიტომ ისეთ მიგნებებს იძლევა, როგორსაც პირდაპირი ინტერვიუთი ალბათ ვერ მივიღებდით. ფოკუს ჯგუფი ეკონომიურია დროის თვალსაზრისით - დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით მონაცემები გროვდება, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ინფორმაცია მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე რაოდენობის ადამიანებთან ინდივიდუალური ინტერვიუების ჩატარების შემთხვევაში მიღებული (Morgan 1988: 19).

      ფოკუს ჯგუფები (Krueger 1988; Morgan 1988; Bailey 1994: 192 – 3; Robson 2002: 284 – 5) გამოდგება შემდეგი მიზნებისათვის:

  • კონკრეტულ საინტერესო სფეროზე ორიენტირებისთვის;
  • შემდგომი ინტერვიუებისთვის და/ან კითხვარებისთვის თემების, საკითხებისა და გეგმების შემუშავებისათვის;
  • ჯგუფისგან მიღებულ მიგნებებსა და მონაცემებზე აგებული ჰიპოთეზების ჩამოყალიბებისათვის;
  • პოპულაციის სხვადასხვა ქვეჯგუფების მონაცემების გაერთიანებისა და შეფასებისთვის;
  • თვისებრივი მონაცემების მოგროვებისთვის;
  • მონაცემების სწრაფად და იაფად შეგროვებისთვის;
  • დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და მოსაზრებების შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის;
  • იმისათვის, რომ მონაწილეებს საკუთარი სიტყვებით საუბრის შესაძლებლობა მიეცეთ;
  • ჯგუფების (და არა - ინდივიდების) წასახალისებლად ხმამაღლა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები;
  • წერა-კითხვის უცოდინარი მონაწილეების წასახალისებლად;
  • საკითხების უფრო კარგად შესწავლისთვის , ვიდრე ეს გამოკითხვაში მოხერხდებოდა;
  • უკვე ჩატარებული კვლევებიდან უკუკავშირის მისაღებად.

      ფოკუსი ჯგუფები შეიძლება სასარგებლო იყოს ინტერვიუს, კითხვარის, დაკვირვებისა და ა. შ. უფრო ტრადიციულ ფორმებთან ტრიანგულაციისათვის (გაერთიანებისათვის). ფოკუს ჯგუფების ჩატარებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი:

  • ერთ თემაზე ჩასატარებელი ფოკუს ჯგუფების რაოდენობის განსაზღვრა (ერთი ჯგუფი არ არის საკმარისი, ვინაიდან ასე მკვლევარი ვერ გაიგებს, მიღებული შედეგი უნიკალურია და მხოლოდ ამ ჯგუფს ახასიათებს თუ არა);
  • ჯგუფის წევრების რაოდენობის განსაზღვრა (ძალიან ცოტა მონაწილის შემთხვევაში ჯგუფის შიდა დინამიკა არათანაზომიერი იქნება, ხოლო ძალიან დიდი ჯგუფის მართვა ძნელია). მორგანს (1988: 43) მიაჩნია, რომ ფოკუს ჯგუფისთვის ოპტიმალური რაოდენობა 4-დან 12-მდე მონაწილეა.
  • მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ სურვილის შემთხვევაში შეხვედრას აღარ დაესწრონ. მორგანს (1988: 44) მიაჩნია, რომ ჯგუფისთვის რეალურად საჭიროზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტი მონაწილე უნდა შეირჩეს.
  • მონაწილეები ყურადღებით უნდა შეირჩეს იმ პრინციპით, რომ ყოველ მათგანს მოთხოვნის შესაბამისი მახასიათებელი ჰქონდეს, ან ჯგუფს ჰქონდეს მოცემულ სფეროში ერთგვაროვანი გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსიას ფოკუსი დაეკარგება ან არარეპრეზენტაციული გახდება. შერჩევა წარმატებული ფოკუს ჯგუფის მთავარი გასაღებია.
  • დარწმუნებული უნდა იყო, რომ მონაწილეებს რაღაც აქვთ სათქმელი და ლაპარაკისთვის საკმარისად კომფორტულად გრძნობენ თავს.
  • შეხვედრების ისე წარმართვა, რომ დაბალანსებული იყოს დირექტიულობა და განსახილველი თემიდან გადახვევა, ანუ შეხვედრა თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა გასცდეს თემას.

      ბავშვებთან ზემოთ განხილული ჯგუფური ინტერვიუსგან განსხვავებით, ფოკუს ჯგუფები უფრო წარმატებით მუშაობს, თუ ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს, ვიდრე მაშინ, როცა ჯგუფი მეგობრებისგან შედგება; ცხადია, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც მეგობრობა ჯგუფის დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხია (მაგალითად, როდესაც ჯგუფში მეგობრებისთვის ჩვეული სასაუბრო თემა განიხილება).

      ცხადია, ფოკუს ჯგუფებსაც აქვს თავისი ნაკლი. მაგალითად, ისინი, ძირითადად, არ იძლევიან რიცხობრივ, დათვლად ან განზოგადებად მონაცემებს; შეიძლება რთული იყოს ფოკუს ჯგუფით მოპოვებული მონაცემების ლაკონური ანალიზი; მცირეა მონაწილეთა რაოდენობა; უფრო ნაკლებ ინფორმაციას იძლევიან, ვიდრე გამოკითხვები; ჯგუფური დინამიკის შედეგად ზოგი მონაწილე შეძლება გაირიყოს, ზოგი კი - დომინირებდეს დისკუსიაში (მაგალითად, სტატუსებში განსხვავებამ შეიძლება გავლენა იქონიოს); შეიძლება შეზღუდული იყოს განხილული თემების რაოდენობა; შესაძლებელია შიდა ჯგუფური უთანხმოებისა და კონფლიქტების წარმოქმნაც კი; უთქმელ წევრებს შეიძლება ხმის უფლება წაერთვათ; მონაცემები, საერთო ჯამში, შეიძლება ნაკლებად სანდო იყოს.

      მიუხედავად იმისა, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს, ფოკუს ჯგუფები, როგორც ჯგუფური ინტერვიუს ცალკეული სახე, ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული საგანმანათლებლო წრეში ისე, როგორც სხვა სფეროებში. ფოკუს ჯგუფები მკვლევრის მხრიდან ოსტატურ ფასილიტაციასა და მართვას საჭიროებენ.

არადირექტიული ინტერვიუ და ფოკუსირებული ინტერვიუ

      არადირექტიული ინტერვიუ ფსიქიატრიული და თერაპიული პრაქტიკიდან მოდის და ისეთ სიტუაციაში ტარდება , რომელშიც თავად რესპოდენტები არიან შეხვედრის ინიციატორები, ისინი განსაზღვავენ ურთიერთქმედების მიმართულებასა და დამოკიდებულებებს. ასეთი სიტუაცია სტრუქტურირებული ინტერვიუს სრულიად საპირისპიროა, სადაც, როგორც უკვე ვნახეთ, ინტერვიუერის დომინანტური როლი „ვალდებულებების ასიმეტრიულობაში იჩენს თავს“ (Kitwood 1977). დადგენილია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნიკაა, ვინაიდან რესპოდენტის უფრო სიღრმისეულ დამოკიდებულებებამდე და აღქმებამდე აღწევს და თან თავისუფალია ინტერვიუერის მიკერძოებულობისგან. ამ თავში მოკლედ განვიხილავთ თერაპიული ინტერვიუს მახასიათებლებს და შემდეგ სოციალური და განათლების მეცნიერებებში მისი, როგორც კვლევის ინსტრუმენტის, სარგებლიანობაზე ვისაუბრებთ.

      დღეს მიიჩნევენ, რომ არადირექტიული ინტერვიუ ფროიდის ნოვატორული შრომებიდან და მისი წინამორბედი ანალიტიკოსებიდან მოდის. ფროიდის ბაზისური აღმოჩენა იყო, რომ თუ თერაპევტი გარკვეულ პირობებს შექმნის და პაციენტებს თავიანთი პრობლემების შესახებ კონკრეტული ფორმით საუბრის საშუალებას მისცემს, ქცევა შეიძლება სხვადასხვაგვარად შეიცვლოს. შექმნილი ტექნიკა პაციენტებისგან უკიდურესად პირადი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა ისე, რომ გაზრდილიყო მათი თვითცნობიერება და გაუმჯობესებულიყო თვითანალიზის უნარი. ასე ისინი უკეთ შეძლებდნენენ საკუთარი თავისთვის დახმარებას. როგორც მაჯი (Madge 1965) შენიშნავს, ამ ტექნიკებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ინტერვიუირების თანამედროვე ტექნიკებზე, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც უფრო ღრმად ჩადიან პიროვნების სამყაროში და ნაკლებ რაოდენობრივია.

      დღეისათვის თერაპიული ინტერვიუს ყველაზე გამორჩეული დამცველი კარლ როჯერსია. მან განსხვავებულ ვითარებებში გადაამოწმა თერაპიული ინტერვიუს ეფექტურობა. საკუთარი კლინიკური კვლევების ანალიზზე დაყრდნობით, მან გამოყო თერაპიული პროცესისთვის დამახასიათებელი ეტაპები, რომელთაგანაც პირველია კლიენტის გადაწყვეტილება, დახმარებისთვის სხვას მიმართოს. კლიენტს ხვდება კონსულტანტი, რომელიც მეგობრული და ღია, მაგრამ არა - დიდაქტიკურია. შემდეგი ეტაპი იწყება მაშინ, როცა კლიენტი საკუთარი მტრული, კრიტიკული და დესტრუქციული გრძნობების გამოხატვას იწყებს. კონსულტანტი ამას იღებს, აღიარებს და აზუსტებს. შემდგომში ეს ანტაგონისტური იმპულსები, გამონაკლისების გარეშე, იხარჯება და ადგილს უთმობს პოზიტიური გრძნობების პირველ გამოხატულებას. კონსულტანტი ანალოგიურად იღებს მათ მანამ, სანამ უეცარი და სპონტანური „ინსაიტი და თვითწვდომა არ დაეუფლება“ (Rogers 1942) კლიენტს. ინსაიტთან ერთად მოდის ქცევის შესაძლო მიმართულებების ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების იმპულსი. პრაქტიკული ტერმინებით რომ ვთქვთ, კლიენტი კონსულტანტზე დამოკიდებულებისგან ითავისუფლებს თავს.

      როჯერსი (1945) ასახელებს ინტერვიუერის რამდენიმე თვისებას, რომელსაც ის არსებითად მიიჩნევს: ინტერვიუერი თავის საქმიანობას მიმღებლობასა და ნებადართულობაზე აგებს; ის აღიარებს, რომ თავად კლიენტია პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც ის იმყოფება; ინტერვიუერი საშუალებას აძლევს კლიენტებს, რომ მათ თავისებურად და თავისი სიტყვებით ახსნან პრობლემა; ინტერვიუერი არაფერს აკეთებს ისეთს, რაც კლიენტის დაცვის მექანიზმებს აამუშავებდა.

      ასეთია თერაპიულ გარემოში არადირექტიული ინტერვიუს ძირითადი მახასიათებლები. მაგრამ, რა სარგებელი აქვს მას, როგორც უბრალოდ კვლევის ტექნიკას სოციალურ და განათლების სფეროში? თერაპიული ინტერვიუ ხასიათდება მთელი რიგი ნიშნებით, რომლებიც შეიძლება სრულიად არაადეკვატური იყოს სხვა გარემოში: მაგალითად, როგორც ვნახეთ, ინტერვიუს ინიციატორი რესპოდენტია, რომელსაც გარკვეული სიმპტომისგან თავის დაღწევა სურს; ინტერვიუერი, ძირითადად, დახმარების წყაროა და არა - ინფორმაციის შემქმნელი; კონკრეტული ინტერვიუ თერპიული გამოცდილების ნაწილია; ინტერვიუს მიზანი პიროვნების ქცევისა და შინაგანი ცხოვრების შეცვლაა და მისი წარმატებულობა ამით განისაზღვრება; განსახილველი თემების თვალსაზრისით, არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

      მკვლევარს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს და რაც თერაპიულ კონტექსტში უპირატესობად ითვლება, იმავე ტექნიკის კვლევის მიზნებისთვის გამოყენებისას შეიძლება დაბრკოლებად იქცეს მაშინაც კი, თუ მკვლევარი დადებითადაა განწყობილი არადირექტიული ინტერვიუს მიმართ. როგორც მაჯი (1965) წერს, იზრდება მათი რიცხვი, ვისაც

სურს, რომ არადირექტიულ ტექნიკაში მაღალი ხარისხიც შეინარჩუნოს და ეკონომიური და საკმაოდ ზუსტი მეთოდი შექმნას. ეს იმიტომ, რომ ჰქონდეს გარკვეული შედეგი და არა უბრალოდ განკურნებული სულების რაზმი.
(Madge 1965)

      ამის ერთ-ერთი მცდელობა შეგვიძლია მოვიძიოთ მერტონისა და კენდელის (1946) პროგრამაში, სადაც მათ ფოკუსირებული ინტერვიუ შექმნეს. ამ ტექნიკაში, არადირექტიულობის პრინციპის დაცვის ფონზე, ინტერვიური მეტად აკონტროლებს დასმული კითხვების სახეებს და დისკუსიის შემოფარგვლას რესპოდენტის გამოცდილების გარკვეული ასპექტებით ცდილობს.

      ფოკუსირებული ინტერვიუ რამდენიმე ასპექტით განსხვავდება კვლევითი ინტერვიუს სხვა ტიპებისგან, რომელთა შორისაც მერტონი და კენდელი (1946) შემდეგს ასახელებენ:

  • ცნობილია, რომ რესპოდენტები გარკვეულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, მაგალითად, მათ შეიძლება უყურეს კონკრეტულ ტელეგადაცემას, ნახეს ფილმი, წაიკითხეს წიგნი ან სტატია, ან სოციალური სიტუაციის მონაწილენი გახდნენ.
  • კონტენტ ანალიზის გამოყენებით წინასწარ ანალიზდება სიტუაციის ის ელემენტები, რომლებსაც მკვლევარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამგვარად, მას აქვს ამ გამორჩეული ელემენტების მნიშვნელობისა და ეფექტების შესახებ ჰიპოთეზები.
  • ამ ანალიზის საფუძველზე მკვლევარი ინტერვიუს გზამკვლევს გეგმავს. მასში მოცემულია კვლევის ძირითადი სფეროები და ჰიპოთეზები, რომლებიც განსაზღვრავენ მოსაპოვებელი მონაცემების რაგვარობასა და რელევანტურობას.
  • თავად ინტერვიუ იმ ადამიანების სუბიექტურ გამოცდილებებზეა ფოკუსირებული, ვინც მკვლევრისთვის საინტერესო სიტუაციაში იმყოფებოდა. მათი პასუხები მკვლევარს ჰიპოთეზების ვალიდობის შემოწმების საშუალებასაც აძლევს და ამ სიტუაციაზე მოსალოდნელი რეაქციების დადგენისაც. ასევე, ხელს უწყობს ახალი ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას.

      აქედან ნათელი ხდება, რომ ფოკუსირებული ინტერვიუს განმასხვავებელი ნიშანი მკვლევრის მიერ იმ სიტუაციის წინასწარი ანალიზია, რომელშიც სუბიექტები უკვე იმყოფებოდნენ. მერტონი და კენდელი ამ პროცედურის უპირატესობებს დამაჯერებლად აყალიბებენ:

სიტუაციის წინასწარი ცოდნა აშკარად ამცირებს მკვლევრის წინაშე მდგარ ამოცანას, ვინაიდან ინტერვიუს მსვლელობისას არ დგას სიტუაციის ობიექტური ბუნების დადგენის საჭიროება. წინასწარი კონტენტ ანალიზით აღჭურვილ მკვლევარს სწრაფად შეუძლია შემთხვევის შესახებ ობიექტური ფაქტებისა და სიტუაციის სუბიექტური განსაზღვრებების ერთმანეთისგან გარჩევა. ამგვარად, ის მომზადებულია „სელექციური პასუხებისთვის“. როდესაც ობიექტური სიტუაციის ცოდნით აღჭურვილ ინტერვიუერს შეუძლია სიმბოლური ან ფუნქციური დუმილის, „დამახინჯებების“, თავის არიდებების ან ბლოკირების ამოცნობა, ის უფრო მომზადებულია არის ყოველივე ამის მნიშვნელობების გამოსაკვლევად.
(Merton and Kendel 1946)

      იმის მოსაპოვებლად, რასაც მერტონი და კენდელი (1946) „მნიშვნელოვან მონაცემებს“ უწოდებენ, ინტერვიუერებმა მიმდინარე ინტერვიუს უწყვეტი შეფასების უნარები უნდა განივითარონ. ამისათვის მათ დაადგინეს კრიტერიუმები, რომლითაც პროდუქტული და არაპროდუქტული ინტერვიუს ერთმანეთისგან განსხვავება შეიძლება. ამ კრიტერიუმების მოკლე ჩამონათვალი ქვემოთ არის წარმოდგენილი:

  • არადირექტიულობა: ინტერვიუერი მინიმალურად უნდა მართავდეს სიტუაციას;
  • კონკრეტულობა: სიტუაციის რესპოდენტებისეული განსაზღვრებები სრული და კონკრეტული უნდა იყოს;
  • დიაპაზონი და დაფარვის არე: ინტერვიუმ მაქსიმალური უნდა გახადოს რესპონდენტის მხრიდან მოგონებების სტიმულირება და გაცემული პასუხები. 
  • სიღრმე და პიროვნული კონტექსტი: ინტერვიუმ უნდა გამოავლინოს რესპოდენტების პასუხების აფექტური და ღირებულებითი მნიშვნელობები, რათა განსაზღვროს, მოცემულ გამოცდილებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, თუ - პერიფერიული. მან რელევანტური პიროვნული კონტექსტი, იდიოსინკრეზული ასოციაციები, რწმენები და იდეები უნდა გამოავლინოს.

სატალეფონო ინტერვიუ

      უკვე დიდი ხანია, რაც სატელეფონო ინტერვიუ მონაცემების შეგროვების მნიშვნელოვან მეთოდად აღიარეს და ეს გამოკითხვებში გავრცელებული პრაქტიკაა; თუმცა, როგორც არკსი და ნაიტი (1999: 79) განმარტავენ, სატელეფონო ინტერვიუ არ აღიქმება ინტერვიუდ, ვინაიდან ორივე მხარე მოკლებულია კომუნიკაციის რამდენიმე არხს და პოზიტიური ურთიერთობის (მაგალითად, არავერბალურის) დამყარების შესაძლებლობას. ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. დიკერი და ჯილბერტი (Dicker and Gillbert 1988), ნიასი (Nias 1991), ოპენჰეიმი (1992), ბორგი და გალი (1996), შაჰნესი და მისი კოლეგები (Shaughnessy et al. 2003) და შაი (Shuy 2003) სატელეფონო ინტერვიუს რამდენიმე მიმზიდველ მხარეზე მიუთითებენ:

  • ზოგჯერ ის უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე პირისპირ ინტერვიუ;
  • მკვლევრებს უფრო ფართოდ გაფანტული პოპულაციიდან აძლევს რესპოდენტების არჩევის საშუალებას, ვიდრე მოგზაურობითა და რესპოდენტებთან შეხვედრის შემთხვევაში შეირჩეოდა;
  • არ სჭირდება მგზავრობის ხარჯი;
  • განსაკუთრებით გამოსადეგია მოკლე გამოკითხვებში;
  • უკეთაა დაცული რესპოდენტების ანონიმურობა, ვიდრე პირისპირ ინტერვიუს შემთხვევაში;
  • გამოსადეგია სტრუქტურირებულ კითხვარზე პასუხების სწრაფად მისაღებად;
  • უფრო მარტივია მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი, ვინაიდან ინტერვიუები ცენტრალიზებულად ტარდება. მეტია გარანტია, რომ ინტერვიუერი სათანადოდ ჩაატარებს ინტერვიუს;
  • შემცირებულია ინტერვიუერის ეფექტი;
  • ინტერვიუს პროცედურა უფრო მეტად ერთგვაროვანია, ხოლო კითხვები - უფრო სტანდარტიზებული;
  • ინტერვიუერი უფრო მეტად აკონტროლებს ინტერვიუს;
  • მიღებული შედეგები რაოდენობრივია;
  • უფრო სწრაფად ტარდება, ვიდრე პირისპირ ინტერვიუ იმიტომ, რომ რესპოდენტები, ჩვეულებისამებრ, სულ ბევრი, 15-წუთიანი სატელეფონო საუბრისთვის არიან მზად;
  • დარეკვის ხარჯები იმდენად მცირეა, რომ შესაძლებელია რამდენჯერმე დარეკვა და ამით სანდოობისა და კონტაქტის გაუმჯობესება;
  • ბევრ ჯგუფთან, განსაკუთრებით დაკავებულ, საქმიან ადამიანებთან მათთვის მოსახერხებელ დროს შეიძლება დაკავშირება, ვიდრე ეს მათთან მისვლის საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი;
  • უფრო უსაფრთხოა მათი ჩატარება, რადგან, მაგალითად, არ მოითხოვს საშიშ ადგილებში, საფრთხის შემცველ დასახლებებში სიარულს;
  • მათი გამოყენება სენსიტიური მონაცემების შესაგროვებლად შეიძლება, ვინაიდან უხერხული, შეურაცხმყოფელი ან რთული თემების შესახებ პირისპირ დასმული კითხვები საფრთხის შემცველად შეიძლება აღიქმებოდეს, რაც გამორიცხულია ამ შემთხვევაში;
  • არ არის დამოკიდებული რესპოდენტის წერა-კითხვის უნარზე (როგორც, მაგალითად, კითხვარები);
  • ტელეფონით დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ნაკლები ზეწოლა ხორციელდება რესპოდენტზე და, ჩვეულებრივ, ინტერვიუერი ასრულებს საუბარს და არა - რესპოდენტი;
  • მიღებული პასუხების წილი უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, კითხვარებში.

      ცხადია, ეს საკითხი არც ისე მარტივია, როგორც ამტკიცებენ, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც სატელეფონო ინტერვიუს უკავშირდება, მაგალითად (ასევე, იხილეთ თავი 6);

  • ძალიან ადვილია, რომ რესპოდენტმა უბრალოდ დაკიდოს ყურმილი;
  • მონაწილეობის მოტივაცია შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე პირისპირ ინტერვიუში;
  • შეიძლება ჰქონდეს შერჩევის პრობლემა, ვინაიდან ან ყველას არ აქვს ტელეფონი (და ეს ხშირად დაბალი შემოსავლის შინამეურნეობებია, ალბათ, სწორედ ის ხალხი, ვინც მკვლევრის სამიზნეს წარმოადგენს), ან უბრალოდ არ ესმის (მაგალითად, ხანშიშესული ადამიანები, ისინი, ვისთვისაც ინტერვიუერების ენა უცხო ენაა და ვისაც სმენის სირთულეები აქვს);
  • ნაკლები პასუხები მიიღება დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას;
  • სატელეფონო ინტერვიუს სტანდარტიზებულმა ფორმატმა შეიძლება ხელი შეუშალოს ან სიღრმისეული პასუხების მოცემას;
  • ზოგ ადამიანს არ უყვარს ტელეფონი, რაც ზოგჯერ ფობიად ყალიბდება და შეუძლებელს ხდის მისგან პასუხების მიღებას ან კვლევაში მონაწილეობას. რესპოდენტებმა შეიძლება არ გაამჟღავნონ ინფორმაცია, რადგან არ იყვნენ (მიუხედავად დაპირებებისა) კონფიდენციალობაში დარწმუნებული;
  • რესპოდენტებს შეიძლება არ სურდეთ ტელეფონზე საუბრისთვის დიდი დროის დახარჯვა, ამიტომ სატელეფონო ინტერვიები უფრო ხანმოკლეა ხოლმე, ვიდრე ინტერვიუს სხვა ფორმები;
  • ყურადღების კონცენტრაცია პირისპირ ინტერვიუსგან განსხვავებულია ;
  • ინტერვიუერი უნდა იყოს ფხიზლად, ფოკუსირებული, ძალიან ყურადღებით უნდა მოუსმინოს და უპასუხოს რესპონდენტს. ეს ძალიან დამღლელია;
  • კითხვები დახურული, ფიქსირებული და მარტივია;
  • შეზღუდულია კითხვის კომპლექსურობა (არ არის რეკომენდებული რთული ქვეწყობილი წინადადებების გამოყენება);
  • სავარაუდო პასუხების კატეგორიები ძალიან მარტივი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რესპოენტებს დაავიწყდებათ, რა თქვეს;
  • ბევრი რესპოდენტის (ოპენჰეიმის მიხედვით (1992: 97), 25 პროცენტამდე) ტელეფონის ნომერი არ იქნება სატელეფონო ცნობარში;
  • რესპოდენტებმა შეიძლება არ გაამჟღავნონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მოიტყუონ, რადგან არავერბალური ქცევა, რომელიც ხშირად თან ახლავს ამას, ინტერვიუერის მხედველობის მიღმა რჩება;
  • ხშირად, არავერბალური მანიშნებლების გარეშე უფრო ძნელია სრულიად უცხო ადამიანთან ტელეფონით ურთიერთობა, ვიდრე - პირისპირ;
  • რესპოდენტები ბუნებრივად ეჭვიანები არიან (მაგალითად, ეჭვის თვალით უყურებენ, თუ ვიღაც რეკავს და მათთვის რაღაც პროდუქტის მიყიდვას ცდილობს);
  • ზოგი რესპოდენტი გრძნობს, რომ სატელეფონო ინტერვიუ კითხვების დასმისა და ინტერვიუერის მიერ განოთქმული მოსაზრების უარყოფის ნაკლებ საშუალებას აძლევს მას;
  • რესპოდენტს შეიძლება რაიმემ ყურადღება გაუფანტოს (მაგალითად, ჩართულმა ტელევიზორმა, ბავშვის ტირილმა, ძაღლის ყეფამ, სხვების იქ ყოფნამ);
  • ინტერვიუს დროს რთულია პასუხების ჩანიშნვნა ან ჩაწერა.

      მიუხედავად ზემოთ თქმულისა, საიკსი და ჰოინვილი (Sykes and Hoinville 1985) და, ასევე, ბორგი და გალი (1996) მიიჩნევენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ თითქმის იმავე პროპორციით წვდება ბევრ სამიზნე პოპულაციას, როგორითაც „სტანდარტული“ ინტერვიუ, ანუ, პასუხების დაახლოებით იმდენივე წილს იღებს და „სტანდარტული“ ინტერვიუს მონაცემებთან შედარებად (თანაზომიერ) ინფორმაციას იძლევა. ეს ხშირად მხოლოდ მისი ხარჯის ნაწილის ფასად ხდება. პასუხების მიღების მაჩვენებელის საკითხი შემდეგ ავტორებთანაა განხილული: Weisberg et al. (1996: 122) და Shuy (2003: 181), რომლებიც ამბობენ, რომ სატელეფონო ინტერვიუებს ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ.

      ჰარვის (1988), ოპენჰეიმისა (1992) და მილერის (1995) აზრით: პირველი - ზედმიწევნით უნდა დაიგეგმოს სატელეფონო ინტერვიუს დრო და ხანგრძლიობა (ჩვეულებრივ, ის უფრო მოკლე და სწრაფია, ვიდრე პირისპირ ინტერვიუ); ინტერვიუს დროის შესათანხმებლად შეიძლება საჭირო იყოს რესპოდენტთან წინასწარ დარეკვა. მეორე - ინტერვიუერს მომზადებული უნდა ჰქონდეს ზუსტი მინიშნებები და ჩაძიებები, ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის დახურული და ნაკლებად კომპლექსური კითხვები იმ შემთხვევისთვის, თუ რესპონდენტი დადუმდება. მესამე - თუ მისი შესაძლებლობები გაცნობიერებულია, მაშინ ინტერვიუსთვის მომზადება სჭირდება ორივეს - ინტერვიუერსაც და რესპონდენტსაც. მეოთხე - შერჩევა დეტალურადაა გასააზრებელი და მოსაფიქრებელი, მაგალითად, შემთხვევითი რიცხვები იქნება გამოყენებული თუ რაიმე ფორმის სტრატიფიცირებული შერჩევა. თუმცა, ზოგადად, „სტანდარტულ“ ინტერვიუსთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ზუსტად ისევე ეხება სატელეფონო ინტერვიუს (ასევე, იხილეთ თავი 4).

      ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში სატელეფონო ინტერვიუზე ბევრად უფრო მოხერხებული შეიძლება პირისპირ ინტერვიუ იყოს (Weisberg et al. 1996: 122; Shuy 2003: 179 – 82):

  • ინტერვიუერს რთული საკითხების ან სენსიტიური კითხვების დამატება სურს;
  • ბუნებრივ კონტექსტში უფრო მეტი სიზუსტე შეიძლება მივიღოთ;
  • უფრო ღრმა და თვით-გენერირებული პასუხებია საჭირო (ანუ სადაც კითხვა არ აწესებს პასუხის ჩარჩოებს);
  • საკითხებს დაკონკრეტება და მიყოლა, ღრმა რეფლექსია და, შესაბამისად, მეტი დრო სჭირდება;
  • როდესაც ინტერვიუერისა და რესპოდენტის უფლება-მოსილებების მეტად გათანაბრება სურთ;
  • როდესაც ასაკოვანი, სმენა-დაქვეითებული ადამიანებისა და უცხოელების (ვისთვისაც ინტერვიუს წარმოების ენა არ არის მშობლიური) ინტერვიუირება იგეგმება.

      სატელეფონო ინტერვიუების შემთხვევაში ხშირია გარე მომსახურების გამოყენებაც, რასაც თავისი უპირატესობებიც აქვს და ნაკლიც. ერთი მხრივ, ამით მკვლევარი თავისუფლდება დამატებითი დატვირთვისგან არა მარტო გამონთავისუფლებული დროის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ 15 წუთიანი სატელეფონო ინტერვიუ შეიძლება უფრო დამღლელი იყოს, ვიდრე იმავე ხანგრძლიობის პირისპირ ინტერვიუ, სადაც უფრო მეტი სოციალური და არავერბალური ურთიერთქმედებაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, გარე მომსახურებით განხორციელებულ სატელეფონო კვლევაში უზრუნველყოფილია ინტერვიუს პროცესის, კითხვების შინაარსისა და პასუხების შეტანის სტანდარტიზაცია; ასევე, შემოწმებულია, რომ ინტერვიუები ნამდვილად ჩატარდა და პასუხები არ არის გაყალბებული.

      სატელეფონო ინტერვიუს ჩატარებისას მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხებისთვის ყურადღების მიქცევა და განხილვა:

  • ექნებათ თუ არა ადამიანებს ის ინფორმაცია, რომელით გჭირდება? ვის უნდა ელაპარაკოთ ტელეფონზე? თუ ზარზე მოპასუხე თქვენთვის გამოსადეგი რესპოდენტი არ არის, მაშინ ვინმე სხვას უნდა დაელაპარაკოთ.
  • საჭიროა ინტერვიუს გეგმის პილოტირება, ინტერვიუერთა მომზადება და გავარჯიშება, რთული/სენსიტიური/გამაღიზიანებელი/პირადი, საყოყმანო და ადვილად საპასუხებელი კითხვების გამოვლენა; ასევე, იმ კითხვების განსაზღვრა, რომელთაც ახსნა-განმარტებები დასჭირდება.
  • რამდენიმე კითხვისთვის ერთი და იგივე, მარტივი სავარაუდო პასუხების კატეგორიები შეარჩიეთ. ასე რესპოდენტი იოლად დაიმახსოვრებს მათ და იოლად გიპასუხებთ.
  • თუ რაიმე სახის პირადი ინფორმაცია გჭირდებათ, საფრთხის შეგრძნების შესამცირებლად, შესაბამისი კითხვები ინტერვიუს ბოლოსთვის შემოინახეთ.
  • შეეცადეთ, რესპოდენტს არ დაუსვათ 35 კითხვაზე მეტი და არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში. სასურველია, 10 წუთში ჩაეტიოთ.
  • ინტერვიუს დაწყებამდე რესპოდენტთან გაარკვიეთ, აქვს თუ არა დრო პასუხების გასაცემად და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია (ანუ, არიან თუ არა შესატყვისი რესპოდენტები). თუ ისინი არ არიან სათანადო რესპოდენტები, მაშინ ჰკითხეთ, არის თუ არა ვინმე იქვე, ვინც აკმაყოფილებს ინტერვიუერის მოთხოვნებს და შეუძლია პასუხების გაცემა, ან შეეცადეთ ხელმეორედ დარეკვაზე შეუთანხმდეთ იმ დროისთვის, როცა სათანადო ადამიანი ხელმისაწვომი იქნება. ყველაზე შესატყვის პიროვნებასთან ითხოვეთ საუბარი.
  • ილაპარაკეთ მარტივი ენით და თემასთან დაკავშირებით, ერიდეთ ჟარგონსა და დამაბნეველ ფრაზებს.
  • ხმის მიხედვით უნდა შეძლოთ რესპოდენტის სქესის განსაზღვრა, ანუ არ უნდა გჭირდებოთ ამის კითხვა.
  • სავარაუდო პასუხების მარტივი კატეგორიები გამოიყენეთ (მაგალითად, 10 ქულის გადანაწილება, „ძალიან ვეთანხმები“-„ძალიან არ ვეთანმები“, 1-დან 5- მდე სკალა და ა. შ.).
  • პირდაპირი პირადული კითხვების ნაცვლად (იმ გამონაკლილის გარდა, როცა დარწმუნებული ხართ პასუხში), მაგალითად, ასაკის ან შემოსავლის შესახებ, ჰკითხეთ ჯგუფების შესახებ, მაგალითად, რომელ ასაკობრივ ჯგუფს (და ჩამოუთვალეთ ასაკობრივი ჯგუფები) ან რა შემოსავლის მქონეთა ჯგუფს (და ჩამოუთვალეთ) მიეკუთვნებიან.

      სატელეფონო ინტერვიუ სასარგებლოა, მაგრამ გამოცდილება სჭირდება.

ეთიკური საკითხები ინტერვიუს ჩატარების პროცესში

      ინტერვიუს ეთიკური განზომილება აქვს. ის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას ეხება და ადამიანების მდგომარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ აქ სამი ეთიკური საკითხის - ინფორმირებული თანხმობის, კონფიდენციალობისა და ინტერვიუს შედეგების- გამოყოფა შეიძლება, მაინც საჭიროა ამ თემის გავრცობა, ვინაიდან თითოეული ეს საკითხი ნამდვილად არ არის უპრობლემო (Kვალე 1996: 111 – 20). მაგალითად, ვინ უნდა მოგვცეს ინფორმირებული თანხმობა (მაგალითად, მონაწილეებმა, მათმა უფროსებმა), ვისთვის და რისთვის? რამდენი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ვის? როგორ განისაზღვრება პირადი და საზოგადოებისთვის კუთვნილი კანონიერი ცოდნა? როგორ შეიძლება დაეხმაროს ან, პირიქით, ავნოს კვლევამ რესპოდენტებს? შედის თუ არა ინტერვიუერის მოვალეობებში კვლევის მონაცემების გამოყენების შესაძლო საზიანო შედეგები, თუ უკანონოდ აიღებს ხელში ინტერვიუს მართვის სადავეებს?

      ძნელია მოუქნელ და მყარ ეთიკურ წესებზე საუბარი, ვინაიდან თავისთავად ცხადია, რომ ეთიკური საკითხები საკამათოა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ეთიკის შესახებ ზოგიერთი კითხვა წამოიჭრას, რომელზე პასუხებიც ინტერვიუს დაწყებამდე უნდა იყოს ცნობილი:

  • რესპოდენტისგან მიღებულია თუ არა ინფორმირებული თანხმობა?
  • ეს წერილობით გაკეთდა თუ ზეპირად?
  • კვლევამდე რა მოცულობის ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ რესპოდენტებს?
  • როგორ უნდა მიაწოდოთ რესპოდენტებს ადეკვატური ინფორმაცია, თუ ინტერვიუ კვლევითია?
  • განემარტათ თუ არა მონაწილეებს კვლევის შესაძლო შედეგები?
  • გარანტირებულია თუ არა, რომ კვლევა არ ავნებს მონაწილეებს (და სხვებს)?
  • რამდენად გადაწონის კვლევით მიღებული პოტენციური სარგებელი მის მიერ მიყენებულ პოტენციურ ზიანს და რამდენად ამართლებს ეს კვლევას?
  • რა სარგებელს მოუტანს კვლევა მონაწილეებს?
  • ვინ ისარგებლებს კვლევით?
  • იღებს თუ არა რესპოდენტი იმდენს, რამდენსაც კვლევაში გასცემს?
  • გარანტირებულია თუ არა კონფიდენციალობა, ანონიმურობა, ამოუცნობლობა უნდა შეინიღბოს თუ არა მონაწილეთა ვინაობა?
  • ინტერვიუს პროცესში როგორ ხდება მონაცემების დაცვა(Data Protection Act 1984)?
  • ვის მიუწვდება ხელი მონაცემებზე?
  • რა გაკეთდა იმისათვის, რომ ინტერვიუ სათანადოდ და უსაფრთხოდ ჩატარდეს?
  • როგორ გადამოწმდება მონაცემები და ტრანსკრიპტები და ვინ გააკეთებს ამას?
  • ვინ ნახავს კვლევის შედეგებს? დაიფარება თუ არა კვლევის რომელიმე ნაწილი? ვის ეკუთვნის მონაცემები? რა მომენტში გადადის მონაცემებზე საკუთრების უფლება რესპოდენტიდან ინტერვიუერზე? აქვთ თუ არა რესპოდენტებს ვეტოს დადების უფლება იმაზე, რაც ქვეყნდება? ვის უნდა მიუწვდებოდეს ხელი სენსიტიურ მონაცემებზე (მაგალითად, უნდა გაიცეს თუ არა ბავშვზე ძალადობის ან ნარკოტიკების მიღების შესახებ სენსიტიური ინფორმაცია მშობლის ან პოლიციის თანხმობის გარეშე)?
  • რამდენად უნდა დომინირებდეს მკვლევარის საკუთარი გეგმები და მოსაზრებები? რა მოხდება, თუ მკვლევარი რესპოდენტისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას გააკეთებს? უნდა გააგებინონ თუ არა ეს რესპოდენტებს მაშინაც კი, თუ მათ ინტერპრეტაცია არ უთხოვიათ?

      ეს ჩამონათვალი არავითარ შემთხვევაში არ არის სრული და მარტო კვლევითი ინტერვიუსთვის არ არის განკუთვნილი, თუმცა, კარგად ერგება ამ სიტუაციას. ეთიკური საკითხების შესახებ დაწვრილებითი მსჯელობა ამ წიგნის მეორე თავშია მოცემული.

      ინტერვიუს შემთხვევაში ინტერვიუერის უსაფრთხოების საკითხიც მოსაგვარებელია. მაგალითად, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ ინტერვიუერს ვინმე ახლდეს, დაიბაროს, სად მიდის, წაიყვანოს მეგობარი, აჩვენოს საიდენტიფიკაციო ბარათი, იქონიოს მობილური ტელეფონი, შეისწავლოს მიდამო, იცოდეს, როგორ მოექცეს ავ ძაღლებს, გამოიყენოს ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი. უდავოდ სამწუხარო ბრალდებებია საზოგადოების მიმართ, რომ ეს საკითხები მოსაგვარებელია, მაგრამ, ეს ასეა.

ტეგები: Qwelly, გამოკითხვა, ინტერვიუ, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, ფოკუს_ჯგუფი

ნახვა: 2202

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters