Authoritarian_conscience, Erich_Fromm, qwelly, sociology, ავტორიტარიზმი, ავტორიტარული_სინდისი, ერიხ_ფრომი, ლტოლვა_თავისუფლებისაგან, მე–იდეალი, მორალის_გენეალოგია, ნიცშე, სინდისი, სოციოლოგია, სტატიები

      ავტორიტარული სინდისი არის ხმა ინტერიორიზებული გარეშე ავტორიტეტისა, მშობლების, სახელმწიფოს ან სხვა ვისმე ავტორიტეტისა, ვინც კი აღმოჩნდება ავტორიტეტი ამ თუ იმ კულტურაში. თუკი ავტორიტეტებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება გარეგნული რჩება, თუკი ის პრობლემის ეთიკურ მხარეს არ ეხება, მაშინ საეჭვოა, სინდისის შესახებ ლაპარაკი შეიძლებოდეს. ასეთი ქცევა უბრალოდ მომენტის მოთხოვნებს ექვემდებარება, დასჯის შიშითა და დაჯილდოების იმედით რეგულირდება. იგი ყოველთვის იქნება დამოკიდებული მოცემული ავტორიტეტების შთამბეჭდავ ძლიერებაზე, მათს გათვითცნობიერებულობასა და დასჯა–დაჯილდოების მოჩვენებით თუ რეალურ უნარზე. ძალიან ხშირად განცდა, რომელსაც ადამიანები მათი სინდისის მიერ წარმოშობილ დანაშაულის გრძნობად აღიქვამენ, ფაქტობრივად არის შიში ამგვარი ავტორიტეტების წინაშე. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები ასეთ გარემოებებში შიშს განიცდიან და არა დანაშაულის გრძნობას. ხოლო ისეთი ავტორიტეტები, როგორებიცაა მშობლები, ეკლესია, სახელმწიფო, საზოგადოებრივი აზრი, სინდისის მიერ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აღიქმებიან როგორც ეთიკური და მორალური კანონმდებლები, რომელთა კანონებსა და სანქციებს ადამიანი ინტერიორიზაციის შედეგად ითვისებს. გარეშე ავტორიტეტის კანონები და სანქციები თითქოსდა ადამიანური მე–ს ნაწილად იქცევიან, და ამ მე–ს გარეთ არსებული რაღაცის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ნაცვლად ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას მის შიგნით არსებული რაღაცის წინაშე: თავისი სინდისის წინაშე. სინდისი ქცევის უფრო ეფექტურ რეგულატორს წარმოადგენს, ვიდრე შიში გარეშე ძალების წინაშე, ვინაიდან, თუ ადამიანს ძალუძს თავი აარიდოს უკანასკნელთ, მას არ ძალუძს, გაექცეს საკუთარ თავს და, მაშასადამე, ინტერიორიზებულ ავტორიტეტს, რომელიც მისი მე–ს ნაწილად იქცა. ავტორიტარული სინდისი ისაა, რასაც ფროიდმა ზე–მე უწოდა, მაგრამ, როგორც მე მოგვიანებით დავამტკიცებ, ეს ოდენ სინდისის ფორმაა ან, შესაძლოა, პირველადი სტადიაა სინდისის განვითარებაში.

      მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული სინდისი განსხვავდება დასჯის შიშისა და დაჯილდოების იმედისაგან იმ შემთხვევაში, როცა ავტორიტეტისადმი დამოკიდებულება უკვე ინტერიორიზებული გახდა, იგი მაინც მცირედ განსხვავდება მათგან სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში. მათი ყველაზე არსებითი მსგავსება იმაშია, რომ ავტორიტარული სინდისის ზრახვები თვით ადამიანის ფასეულობითი მსჯელობებით კი არ განისაზღვრება, არამედ ოდენ იმ ფაქტით, რომ ყველა მისი ბრძანება და აკრძალვა ავტორიტეტის მიერაა დაწესებული. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნორმები კარგი აღმოჩნდეს, და მაშინ სინდისი კეთილი საქმეების საქმნელად აღძრავს ადამიანს. მიუხედავად ამისა, ეს ნორმები სინდისის ნორმებად მათი სიკარგის გამო კი არ იქცევიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ავტორიტეტის მიერ არიან დადგენილი. თუ ეს ცუდი ნორმებია, ისინი მაინც ხდებიან სინდისის ნორმები. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ჰიტლერის მიერ გამოცხადებული იდეებისა, როცა ადამიანური ბუნებისათვის უცხო ქმედებებს ჩადიოდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სინდისიერად იქცეოდნენ.

      მაგრამ იმის მიუხედავადაც კი, რომ ავტორიტეტისადმი დამოკიდებულების ხასიათი ინტერიორიზებული ხდება, ეს ინტერიორიზაცია იმდენად სრულად არ უნდა ჩაითვალოს, რომ სინდისი გარეშე ავტორიტეტებისგან გამოიყოს. სინდისის ამგვარი სრული გამოყოფა, რომელზე დაკვირვებაც აკვიატებული ნევროზების დროს შეიძლება, უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი; ჩვეულებრივ ავტორიტარული სინდისის მქონე ადამიანი მიჯაჭვულია გარეშე ავტორიტეტებზე და მათს ინტერიორიზებულ ანარეკლზე. ფაქტობრივად მათ შორის მუდმივად ხდება ურთიერთქმედება. გარეშე ავტორიტეტების არსებობა, რომელთა მიმართ ადამიანი მოწიწებით შიშს განიცდის, ინტერიორიზებული ავტორიტეტის – სინდისის – მუდმივად მკვებავ წყაროს წარმოადგენს. რეალობაში ავტორიტეტების არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. თუკი ადამიანს არ ექნება საფუძველი ეშინოდეს მათი, ავტორიტარული სინდისი დასუსტდება და ძალას დაკარგავს. იმავდროულად სინდისი ადამიანში ჩამოყალიბებულ გარეშე ავტორიტეტების ხაზე ახდენს გავლენას. ეს იმითაა განპირობებული, რომ სინდისის ამგვარი სახეობა ყოველთვის გულისხმობს ადამიანში აღტაცების, რაიმე იდეალის მოთხოვნილებას,[1]სწრაფვას გარკვეული სრულყოფილებისაკენ, და სრულყოფილების ეს ხატი გარეშე ავტორიტეტებზე პროეცირდება, რის შედეგადაც გარეშე ავტორიტეტი სინდისის "იდეალური" ასპექტით შეფერილი აღმოჩნდება ხოლმე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის წარმოდგენები ავტორიტეტის თვისებებზე განსხვავდება ამ ავტორიტეტის რეალური თვისებებისაგან; ადამიანის წარმოდგენაში ეს თვისებები სულ უფრო და უფრო იდეალური ხდება და, ამგვარად, სულ უფრო მეტად ემსახურება რეინტერიორიზაციას.[2]

      ინტერიორიზაციისა და გარეშე ავტორიტეტის "იდეალიზებული" ხატის ურთიერთქმედებას ხშირად მივყავართ ავტორიტეტის ხასიათის იდეალურობის მტკიცე რწმენამდე, ამის საწინააღმდეგო ემპირიული ფაქტების თვალსაჩინოების მიუხედავად.

      ავტორიტარული სინდისი თავის შინაარსს ავტორიტეტის ბრძანებებითა და აკრძალვით კვებავს, ავტორიტარული სინდისის ძალა წარმოიშობა ავტორიტეტის წინაშე შიშის ან მისით აღტაცების ემოციებისგან. ავტორიტარული სინდისის შემთხვევაში სუფთა სინდისი იმის გაცნობიერებას წარმოადგენს, რომ ავტორიტეტი (გარეშე თუ ინტერიორიზებული) კმაყოფილია შენით; დამნაშავე სინდისი კი – ავტორიტეტის უკმაყოფილების გაცნობიერებას. სუფთა ავტორიტარული სინდისის ადამიანი უზრუნველყოფილია კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გრძნობით, ვინაიდან ამგვარი სინდისი ავტორიტეტის მოწონებასა და მასთან საკმაო სიახლოვეს გულისხმობს. დამნაშავე სინდისი შიშსა და არასაიმედობას ბადებს, რადგან ავტორიტეტის ნების საწინააღმდეგო ქმედებები დასჯის საფრთხესა და – რაც ყველაზე უარესია – მოკვეთის საფრთხეს შეიცავს. ზემოთქმულის გასაგებად ავტორიტარული პიროვნების ხასიათის აღნაგობა უნდა გავიხსენოთ. ავტორიტარული პიროვნება შინაგანი უსაფრთხოების გრძნობას ავტორიტეტის სიმბიოტურ ნაწილად ქცევის მეშვეობით მოიპოვებს, ავტორიტეტისა, რომელიც ადამიანზე უფრო დიდად და უკეთეს რამედ აღიქმება. საკუთარი მთლიანობის ხარჯზე ამ ავტორიტეტის ნაწილად ქცეულ ადამიანს ეჩვენება, რომ იგი ამ ავტორიტეტის ძალების ნაწილს იძენს. თავდაჯერებულობისა და თვითგამორკვევის მისეული გრძნობები ურთიერთკავშირშია ამ სიმბიოზთან. ავტორიტეტისაგან მოკვეთილობა სიცარიელეში აღმოჩენის, არარსებობის საშინელების დათმენის ტოლფასია. ავტორიტარული ხასიათისათვის ყველაზე საშინელი სასჯელი ნაკლებ საშინელია, ვიდრე ავტორიტეტისაგან მოწყვეტა. ადამიანის დასჯისას ავტორიტეტი მაინც მასთან კავშირში რჩება და, თუკი ადამიანმა "შესცოდა", მაშინ სასჯელი მისთვის ავტორიტეტის ზრუნვის გამოხატულებას წარმოადგენს. დასჯის შემდეგ ცოდვა გამოსყიდულია და უსაფრთხოება – აღდგენილი.

      იმის საბუთად, რომ ყველაზე მეტად ადამიანს მოკვეთილობისა ეშინია, შეიძლება ბიბლიური ამბავი მოვიყვანოთ კაენის დანაშაულსა და მის დასჯაზე. ყოველგვარი საბაბის გარეშე ღმერთმა ყველაზე უარესი რამ გაუკეთა კაენს, რაც კი შეიძლება უქნა ადამიანს, რომლის სიცოცხლე წარმოუდგენელია ავტორიტეტის მოწონების გარეშე. ღმერთმა არ მიიღო კაენის მიერ შეწირული მსხვერპლი და ამით თვით იგიც უარყო. მოკვეთილობა აუტანელი იყო კაენისათვის და მან მოკლა თავისი მოწინააღმდეგე, რომელმაც მოაკლო კაენს ის, რის გარეშეც მას გაძლება არ შეეძლო. რა სასჯელი მიიღო ამისთვის კაენმა? ღმერთს არ მოუკლავს იგი, არც რაიმე ზიანი მიუყენებია. უბრალოდ ღმერთმა კაენის მოკვლა აუკრძალა ვისმე (მასზე აღბეჭდილი იყო ნიშანი, რომელიც ამაზე მეტყველებდა). კაენის სასჯელი მოკვეთა იყო, რის შედეგადაც კაენი გახდა უცხო თავის ახლობელთა შორის. კაენისათვის ეს ჭეშმარიტად საშინელი სასჯელი იყო, რომელმაც იგი აიძულა, ეთქვა: "უფრო დიდია ჩემი სასჯელი, ვიდრე ატანა შეიძლება".

      წინა აბზაცებში ავტორიტარული სინდისის ფორმალურ სტრუქტურაზე ვმსჯელობდით. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ სუფთა სინდისი წარმოადგენს იმის გაცნობიერებას, რომ ავტორიტეტები (გარეშე და ინტერიორიზებული) კმაყოფილნი არიან ადამიანით, ხოლო დამნაშავე სინდისი – ავტორიტეტების უკმაყოფილების გაცნობიერებაა. ახლა კი, მოდით, განვიხილოთ საკითხი, თუ რა შინაარსის მომცველია სუფთა და დამნაშავე ავტორიტარული სინდისი. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ავტორიტეტის მიერ ნაკარნახევი პოზიტიური ნორმების ნებისმერი დარღვევა დაუმორჩილებლობას წარმოადგენს და, შესაბამისად, დამნაშავეობას გულისხმობს (იმისდა მიუხედავად, კარგია თუ ცუდი ეს ნორმები თავისთავად), ნორმების ამგვარი დარღვევა ნებისმიერ ავტორიტარულ სიტუაციაში ფასდება როგორც დანაშაული. ამის პირველი და ყველაზე მკაფიო მაგალითი არის ბუნტი ავტორიტეტის მიერ დადგენილი წესრიგის წინააღმდეგ. დაუმორჩილებლობა "ყველაზე საშინელი ცოდვაა", დამჯერობა კი – მთავარი ზნეობრივი ღირსება. დამჯერობა გულისხმობს ავტორიტეტის უფლებას, გასცეს ბრძანებები, დააჯილდოვოს და დასაჯოს თავისი შეხედულებისდა მიხედვით. ავტორიტეტისადმი მორჩილება არა მარტო მისი ძლიერებისა და ძალაუფლების წინაშე შიშს ეფუძნება, არამედ მისი მორალური უპირატესობისა და სიმართლის რწმენას. ყოველგვარი კრიტიკის აკრძალვა უზრუნველყოფს პატივისცემას ავტორიტეტისადმი, რომელმაც შეიძლება მოწყალება გაიღოს და განმარტოს თავისი ბრძანებები და აკრძალვები, ჯილდოები და სასჯელები ან თავი შეიკავოს ამისგან; ინდივიდს კი არანაირი უფლება არა აქვს, დაუსვას მას კითხვები და, მითუმეტეს, გააკრიტიკოს ავტორიტეტის ქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი ავტორიტეტის კრიტიკისთვის საფუძველს პოულობს, ამაში თვით ამ საფუძვლის მპოვნელი ინდივიდია დამნაშავე. ხოლო ამ ინდივიდის დამნაშავეობის საბუთს წარმოადგენს თვით ფაქტი იმისა, რომ მან ავტორიტეტის გაკრიტიკრბა გაბედა.

      ავტორიტეტის უპირატესობის აღიარებას გარკვეული აკრძალვების გაჩენა მოჰყვება. ამ აკრძალვათაგან უმთავრებია ტაბუ თანასწორობის გრძნობაზე ან ოდესმე ავტორიტეტის თანასწორად გახდომის უნარზე, ვინაიდან ეს მისი უპირატესობისა და უნიკალობის აღიარებას ეწინააღმდეგება. ადამისა და ევას ჭეშმარიტი ცოდვა, როგორც მე უკვე აღვნიშნე, იყო მათი მცდელობა, ღმერთს დამსგავსებოდნენ, რის გამოც მათ სასჯელი – ედემის ბაღიდან განდევნა – იწვნიეს.[3]

      ავტორიტარული სისტემის პირობებში ავტორიტეტი თავისი ქვეშევრდომების მდგომარეობისაგან პრინციპულად განსხვავებულ მდგომარეობაშია. იგი ყველა სხვათათვის მიუწვდომელი თვისებების მფლობელია: უსაზღვრო ძალაუფლებისა, სიბრძნისა, ძალისა. როგორც არ უნდა იყოს ავტორიტეტის პრეროგატივები, იქნება ის სამყაროს მბრძანებელი თუ ბედის მიერ მოვლენილი ერთადერთი ბელადი, პრინციპული უთანასწორობა მასა და ნებისმიერ მის ქვეშევრდომს შორის წარმოადგენს ავტორიტარული სინდისის ძირითად დოგმატს. ამაში მდგომარეობს ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი ავტორიტეტის უნიკალობისა, მისი პრივილეგიისა, იყოს ერთადერთი, ვინც არაა ვალდებული, დაემორჩილოს სხვის ნებას, არამედ თავად მბრძანებლობს; ვინც წარმოადგენს არა საშუალებას, არამედ თვითმიზანს; ვინც ქმნილება კი არ არის, არამედ თავადაა შემოქმედი. ავტორიტარული ორიენტაციისას ნების გამოხატვა და შემოქმედება მარტოოდენ ავტორიტეტის პრივილეგიებია. ისინი, ვინც მას ექვემდებარება, ოდენ საშუალებას წარმოადგენენ მისი მიზნების მისაღწევად და, შესაბამისად, ისინი მის საკუთრებას წარმოადგენენ, რომლითაც იგი თავისი შეხედულებისამებრ სარგებლობს. თუკი ინდივიდი შემოქმედების მცდელობას ახორციელებს, რითაც უარს ამბობს ქმნილებად, ნივთად ყოფნაზე შემოქმედების განზრახვით, ამ შემთხვევაში იგი ეჭვის ქვეშ აყენებს ავტორიტეტის უზენაეს ძალაუფლებას.

      მაგრამ ადამიანს არასოდეს შენელებია სწრაფვა აღმშენებლობისა და შემოქმედებისაკენ, ვინაიდან აღმშენებლობა და ნაყოფიერება წარმოადგენენ ძალის, თავისუფლებისა და ბედნიერების იმ წყაროებს, რომელთა ამოძირკვა არანაირ აკრძალვებს არ ძალუძთ. მაგრამ ავტორიტარული სისტემის პირობებში იმ ზომით, რა ზომითაც ადამიანი მის მიმართ ტრანსცენდენტურ ძალებზე თავის დამოკიდებულებას გრძნობს, თვით მისივე ნაყოფიერება, მისივე ნებელობა აიძულებენ მას, განიცადოს დანაშაულის გრძნობა. ბაბილონის გოდოლის მშენებლობები იმისათვის დაისაჯნენ, რომ ერთიანი ადამიანური ძალისხმევით ცდილობდნენ, აეგოთ კოშკი, რომელიც ცას მისწვდებოდა. პრომეთე იმისთვის იყო კლდეზე მიჯაჭვული, რომ ადამიანებს ცეცხლის მოპოვების საიდუმლო გაუმხელია, ცეცხლისა, რომელიც ნაყოფიერების სიმბოლოა. ლუთერმა და კალვინმა ადამიანის სიამაყე საკუთარი სიდიადისა და ძალის გამო ქედმაღლობის ცოდვად გამოაცხადეს. პოლიტიკოსი–დიქტატორები განუწყვეტლივ ჩაგვჩიჩინებდნენ დანაშაულებრივ ინდივიდუალიზმზე. ადამიანი ცდილობდა, მსხვერპლშეწირვებით მოემადლიერებინა ღმერთები, აძლევდა რა მათ საუკეთესოს თავისი მოსავლიდან ან ჯოგიდან. წინადაცვეთა არის კიდევ ერთი ცდა უზენაესი ძალის მომადლიერებისა; ნაწილი ფალოსისა, რომელიც სიმბოლურად მამაკაცის შემოქმედებით ძალას გამოხატავს, მსხვერპლად ეწირება ღმერთს იმისათვის, რათა ადამიანს შეეძლოს, ამ ძალით სარგებლობის უფლება მოიპოვოს. მაგრამ მსხვერპლშეწირვები ადამიანის მიერ ნაყოფიერებაზე უზენაესი ძალების მონოპოლიის აღიარების ერთადერთი გამოხატულება როდია. ვინაიდან იგი დარწმუნებულია, რომ საკუთარ ძალასა და ნებაზე დაყრდნობა ნიშნავს ამხედრებას ავტორიტეტის პრივილეგიის წინააღმდეგ, იყოს ერთადერთი შემოქმედი, და ადამიანის უარისთქმას იმაზე, რომ იყოს ამ შემოქმედის "ნივთი", ამიტომ იგი თრგუნავს თვის საკუთარ ძალებს დანაშაულის გრძნობით. თავის მხრივ, დანაშაულის გრძნობა ასუსტებს ადამიანს, შობს მასში უნებისყოფობას, ამწვავებს დათრგუნულობის გრძნობას; აი, როგორია საფასური "შემოქმედებისა და აღმშენებლობის" მცდელობისათვის.

      ყურადღება უნდა მიექცეს პარადოქსულ ფაქტს, რომ ავტორიტარული დამნაშავე სინდისი არის ძალის, დამოუკიდებლობის, სიამაყისა და ნაყოფიერების გამოხატვის შედეგი, ხოლო ავტორიტარული სუფთა სინდისი – მორჩილების, დამოკიდებულების, უძლურების, ცოდვილობისა. წმ. პავლემ, ავგუსტინემ, ლუთერმა და კალვინმა მოგვცეს სუფთა სინდისის ძალიან მკაფიო აღწერა. საკუთარი უძლურების აღიარება, თავის დამდაბლება, საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება – აი, სათნოების მახასიათებლები. თავისთავად დამნაშავე სინდისის ქონა სათნოების ნიშნად აღიქმება, რადგანაც დამნაშავე სინდისი გულისხმობს ადამიანის "შიშსა და მოწიწებას" ავტორიტეტის წინაშე. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიტარული დამნაშავე სინდისი, როგორც ირკვევა, საფუძვლად უდევს "სუფთა" სინდისს, ხოლო "სუფთა" სინდისი მის მფლობელში უნდა იწვევდეს დანაშაულის გრძნობას.

      ავტორიტეტის ინტერიორიზაცია ორგვარია: პირველი სახეობა გულისხმობს, რომ ადამიანი ავტორიტეტს მორჩილებს (ეს შემთხვევა ჩვენ წინა აბზაცებში განვიხილეთ); მეორე – რომ ადამიანი ავტორიტეტის როლს თავის თავზე იღებს და საკუთარ თავს ასეთივე სიმკაცრითა და დაუნდობლობით ეპყრობა. ამგვარად, ადამიანი არა მარტო დამჯერი მონა ხდება, არამედ მკაცრი ზედამხედველიც, რომელიც საკუთარ თავს ისე ექცევა, როგორც მონას. ეს მეორე სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორიტარული სინდისის ფსიქოლოგიური მექანიზმის გასაგებად. ავტორიტარულ ხასიათში მეტ–ნაკლებად დათრგუნული ნაყოფიერების შემთხვევაში სადიზმისა და დესტრუქტიულობის გარკვეული ნიშნების განვითარება შეინიშნება.[4]

      ამგვარი დესტრუქტიულობა თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავის თავზე იღებს ავტორიტეტის როლს და საკუთარ თავს ისე ეპყრობა, როგორც თავის მონას. ზე–მეს–ს ანალიზისას ფროიდმა მისი დესტრუქტიული ელემენტები აღწერა და მისი აღწერილობა დასტურდებოდა სხვა მკვლევართა კლინიკური მონაცემებით. აქ მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მტკიცებიდან ამოვალთ: მივიჩნევთ აგრესიულობის ფესვად, უმთავრესად, ფრუსტრაციას ინსტინქტების სფეროში, როგორც ამას ფროიდი აღიარებდა თავის ადრეულ ნაშრომებში, თუ "სიკვდილის ინსტინქტს", როგორც ამას ისევ ფროიდი აღიარებდა, მაგრამ მოგვიანებით. არსებითია ის, რომ ავტორიტარული სინდისი ადამიანის დესტრუქტიულობით იკვებება, რომელიც მის საკუთარ მე–ზეა მიმართული და, ამგვარად, დესტრუქტიულ მისწრაფებებს საშუალება ეძლევათ, სათნოების ნიღაბს ამოფარებულებმა იმოქმედონ. ფსიქოანალიზის გამოკვლევებმა, განსაკუთრებით აკვიატებული მდგომარეობების სფეროში, გამოარკვიეს, სიმკაცრისა და დესტრუქტიულობის რა დონით ხასიათდება ზოგჯერ სინდისი და როგორ აძლევს იგი გამოსავალს სიძულვილის შეტევებს, რომლებსაც თვით ადამიანისაკენ წარმართავს ხოლმე. ფროიდმა პრაქტიკული დასაბუთება გაუკეთა ნიცშეს თეორიულ თეზისს იმის თაობაზე, რომ თავისუფლებისაგან შეკავებამ ადამიანის ინსტინქტები მიმართა "უკან, თვით ადამიანის წინააღმდეგ. მტრობა, დაუნდობლობა, დევნის, თავდასხმის, ცვლილების, ნგრევის სიხარული – ყველაფერი ეს თვით ინსტიქტების მფლობელის წინააღმდეგაა მიმართული: ასეთია "არასუფთა სინდისის" წარმომავლობა".[5]

      რელიგიური და პოლიტიკური სისტემების უმეტესი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა დროს არსებობდნენ კაცობრიობის განვითარების ისტორიის განმავლობაში, ავტორიტარული სინდისის მაგალითად გამოდგებოდა. ვინაიდან ამ თვალსაზრისით მე "თავისუფლებისაგან ლტოლვაში" ვაანალიზებდიპროტესტანტიზმსა და ფაშიზმს, აქ აღარ მოვიყვან ისტორიულ მაგალითებს და ავტორიტარული სინდისის ოდენ რამდენიმე ასპექტის განხილვით შემოვიფარგლები, რომლებიც ჩვენს კულტურაში მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში შეინიშნება.

      მკითხველი შეიძლება გააკვირვოს იმან, რომ მე ტერმინს "ავტორიტარული სინდისი" ჩვენი კულტურის მიმართ ვიყენებ. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ იმას, რომ ავტორიტარული განწყობა მხოლოდ ავტორიტარულ არადემოკრატიულ კულტურებს ახასიათებთ. მაგრამ ეს მტკიცება რამდენადმე არასათანადოდ აფასებს ავტორიტარული ელემენტების ძალას, განსაკუთრებით ანონიმური ავტორიტეტის როლს, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თანამედროვე ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზე.[6]

      ფსიქოანალიტიკური საუბრიდან შეიძლება საკმაო რაოდენობის ცნობის მიღება საშუალო კლასის წარმომადგენლებში ავტორიტარული სინდისის გამოსაკვლევად. აქ მშობელთა ავტორიტეტი და საშუალება, რომლითაც შვილები უმკლავდებიან მას, ნევროზების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ირკვევა, რომ ბევრი პაციენტი საერთოდ უძლურია, თუნდაც რაიმე ფორმით გააკრიტიკოს მშობლები; სხვები კი, აკრიტიკებდნენ რა ზოგიერთ მომენტს, კრიტიკის გარეშე ტოვებდნენ თვისებებს, რომელთა გამო თავად იტანჯებოდნენ; არიან ისეთებიც, რომლებიც თავს დამნაშავედ გრძნობენ და შფოთავენ, როგორც კი რომელიმე მშობლის მიმართ დასაბუთებულ კრიტიკას ან რისხვას გამოხატავდნენ. ხშირია შემთხვევები, როცა რისხვის ან გაკიცხვის გამომწვევი ინციდენტების გამოსაძიებლად ფსიქოანალიტიკოსის დიდი მუშაობა არის საჭირო.[7]

      კიდევ უფრო მოუხელთებელია დანაშაულის გრძნობა, რომელიც მშობლების მხრიდან უკმაყოფილების მტკივნეულად განცდის შედეგად გაჩნდა. ზოგჯერ ბავშვს დანაშაულის გრძნობა უჩნდება ცრუ რწმენის გამო, თითქოს მას არასაკმარისად უყვარს მშობლები, განსაკუთრებით როცა მშობლები მისი გრძნობების თავიანთ თავზე კონცენტრირებას ცდილობენ.. ზოგჯერ დანაშაულის გრძნობა მშობელთა იმედების გაწბილების შიშის გამო ჩნდება. უკანასკნელი მაგალითი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ავტორიტარულ ოჯახში მშობელთა განწყობის ერთ–ერთ გადამწყვეტ ელემენტზე მიუთითებს. მიუხედავად მრავალი საუკუნისა, რომელიც ძველი რომის ხანას აშორებს თანამედროვე საზოგადოებას, აგრეთვე ოჯახური ურთიერთობების იმდროინდელ და თანამედროვე პრინციპთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავებისა, ამჟამად ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული თვალსაზრისი, რომ ბავშვები ამქვეყნად მხოლოდ იმისათვის ჩნდებიან, რათა მშობლებს ასიამოვნონ და მათ ცხოვრებაში მომხდარი იმედგაცრუების კომპენსირება მოახდინონ. სოფოკლეს "ანტიგონეში" შეიძლება ამგვარი განწყობის კლასიკური მაგალითი ვიპოვოთ. ამ ნაწარმოებში კრეონი წარმოთქვამს თავის ცნობილ მონოლოგს მშობლის ავტორიტეტის თაობაზე:

ჰო, აგრე, შვილო, საჭიროა გულში გემარხოს,
რომ მამის აზრი ყველაფერზე წინ დააყენო.
აი, რად უნდათ ხოლმე მშობლებს, რომ თავის სახლში
მუდამ დამჯერი და ერთგული ჰყავდეთ შვილები.
მტერს ბოროტებით მიუზღავენ ისინი მუდამ,
ხოლო მეგობარს პატივს სცემენ, ვით მათი მამა.
ხოლო იმათზე, ვინც ურგები შვილები შობა,
სხვა რა უნდა ვთქვა უფრო მეტი, თუ არა ის, რომ
ჭირად უშვიათ თავისთვის და მტრისთვის საცინრად.[8]

      ჩვენს ავტორიტარულ კულტურაშიც შეიძება დაიძებნოს ისეთი შემთხვევები, როცა მშობლებს სურთ, რომ შვილებმა მშობლების აუხდენელი ჩანაფიქრები განახორციელონ და რომ ისინი ყველაფერში "დამჯერებად" იყოლიონ. თუ მშობლებს თავიანთ საქმიანობაში ბედი არ სწყალობთ, მაშინ ისინი მთელ თავის იმედებს შვილზე ამყარებენ, იმედოვნებენ რა, რომ იგი წარმატებას მიაღწევს და ამით მშობლებს დააკმაყოფილებს. თუკი მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, მაშინ თითოეული მათგანი შვილში ხედავს იმას, ვინც ყოველ მათგანს სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობას აუნაზღაურებს. თუკი ისინი უძლურნი აღმოჩნდნენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებაში, მაშინ სურთ, თავიანთ შვილებზე ბატონობით მოიპოვონ დაკმაყოფილება. და მაშინაც კი, როცა შვილები სავსებით პასუხობენ მშობლების ყველა მოლოდინსა და მოთხოვნას, ისინი მაინც გრძნობენ თავს დამნაშავედ მშობლების წინაშე, მათ წამდაუწუმ ეჩვენებათ, რომ მათი ძალისხმევა არასაკმარისია და რომ ამით ისინი იმედებს უცრუებენ თავიანთ მშობლებს.

      ბავშვის დანაშაულის გრძნობის განსაკუთრებით ძნელადმოსახელთებელ ფორმას წარმოადგენს მშობლებთან მსგავსების უქონლობით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა. მებატონე მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები ისეთივე ტემპერამენტული იყვნენ, როგორებიც თავად არიან, მათნაირი ხასიათი ჰქონდეთ. მამაქოლერიკს არ მოეწონება ფლეგმატიკი ვაჟიშვილის სინაზე და ფიქრიანობა. პრაქტიკული მიზეზების მიღწევით დაინტერესებული მამა გაკიცხავს მეცნიერებით დაინტერესებული ვაჟიშვილის იდეებსა და თეორიულ ვარაუდებს, და პირიქით. თუ მამა მესაკუთრული განწყობის მატარებელია, მაშინ იგი მისგან განსხვავებულ ვაჟიშვილს არასრულფასოვნად მიიჩნევს, ხოლო ვაჟი, თავის მხრივ, თავს დამნაშავედ თვლის და საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევს იმის გამო, რომ თავისი მამისაგან განსხვავდება. ვაჟი ეცდება, ისეთი გახდეს, როგორიც მამამისს უნდა, რომ იყოს; ამით იგი თვითონვე აფერხებს საკუთარ განვითარებას და მამის სრულ ასლად გარდაიქმნება. ვინაიდან იგი თვლის, რომ თავის მამას უნდა ჰგავდეს, წარუმატებლობა მასში დამნაშავე სინდისის ჩამოყალიბებას იწვევს. ვაჟს, რომელიც ცდილობს, გათავისუფლდეს ვალდებულების შესახებ ამგვარი ცნებებისაგან და თავისთავადი გახდეს, ხშირად იმდენად მძიმე ტვირთად აწევს დანაშაულის ეს გრძნობა მის მიერ "ჩადენილის" გამო, რომ ძალებს მანამ კარგავს ხოლმე, სანამ სანატრელ თავისუფლებას მიაღწევს. მისი ტვირთი ასეთი მძიმე იმიტომაც არის, რომ ბრძოლა უწევს არა მარტო თავისი მშობლების მოთხოვნებთან, მოლოდინებთან, ბრალდებებთან და იმედგაცრუებასთან, არამედ თანამედროვე საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ მთელ კულტურასთანაც, რომელიც მშობლებისადმი აუცილებელ მორჩილებას გულისხმობს. თუმცა ზემოთქმული მართებულის ავტორიტარული ოჯახის მისამართით, მას, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ამერიკულ, განსაკუთრებით ქალაქურ, ოჯახთან, რომელშიც ჩვენ ავტორიტარული განწყობის არც ბევრ აშკარა გამოვლენას ვპოულობთ. მიუხედავად ამისა, ჩემს მიერ აღწერილი სურათი არსებით ხაზებში სწორია თანამედროვე ამერიკული ოჯახის მიმართაც. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ანონიმურ ავტორიტეტთან, რომელიც უშუალოდ ბრძანებების სახით კი არ ვლინდება, არამედ ემოციურად დამუხტული მოლოდინების სახით. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თავიანთ თავს ავტორიტეტებად არ თვლიან, ისინი მაინც არიან ბაზრის ანონიმური ავტორიტეტის წარმომადგენლები და შვილისაგან ბაზრის იმ სტანდარტებისადმი სრულ შესაბამისობას მოითხოვენ, რომელთაც თავად ექვემდებარებიან.

      ირაციონალურ ავტორიტეტზე დამოკიდებულება წარმოშობს დანაშაულის გრძნობასა და ამ ავტორიტეტის გულის მოგების ვალდებულებას, მაგრამ ეს კავშირი უკუხასიათსაც ატარებს: დანაშაულის გრძნობა, თავის მხრივ, განამტკიცებს ამ დამოკიდებულებას. დანაშაულის გრძნობამ დაამტკიცა თავისი უნარი, იყოს დამოკიდებულების ფორმირებისა და განმტკიცების ეფექტური საშუალება, და სწორედ ესაა ავტორიტარული ეთიკის ერთ–ერთი სოციალური ფუნქცია მთელი ისტორიის მანძილზე. ავტორიტეტი, ვითარცა კანონმდებელი, ყველა მისადმი დაქვემდებარებულ ადამიანს აიძულებს, თავი დამნაშავედ იგრძნონ თავიანთ მრავალრიცხოვან და გარდაუვალ დანაშაულობათა გამო. ავტორიტეტის წინაშე ჩადენილ დანაშაულობათა გამო ბრალეულობა, ამდენად, წარმოშობს ცოდვების, დანაშაულის გრძნობის, ამ ცოდვათა გამოსყიდვის მოთხოვნილების უსასრულო ჯაჭვს, რომელმაც ადამიანი იმ სამარცხვინო ბოძს მიაკრა, ავტორიტარული სტრუქტურის სიმბოლოს რომ წარმოადგენს. ხოლო მადლიერება მიტევების გამო უფრო სასურველია, ვიდრე ავტორიტეტის მოთხოვნებისადმი კრიტიკულობა. დანაშაულის გრძნობასა და დამოკიდებულებას შორის არსებული სწორედ ეს ურთიერთქმედება განამტკიცებს და ძალას მატებს ავტორიტარულ ურთიერთობებს. ირაციონალურ ავტორიტეტზე დამოკიდებულება დაქვემდებარებულ ადამიანში ნებისყოფის შესუსტებას იწვევს, და, ამავდროულად, ის, რაც ნებისყოფას აშეშებს, დამოკიდებულებას აძლიერებს. ამდაგვარად, ჩვენ თვალი გავადევნეთ იმას, თუ როგორ წარმოიქმნება ეს პარადოქსული გამოუვალი მდგომარეობა.

      მართლაც, ბავშვის ნების დათრგუნვის ყველაზე ეფექტური საშუალება მასში დანაშაულის გრძნობის გაღვივებაა. ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე ამის მიღწევა იმით შეიძლება, რომ აიძულო ბავშვი, თავისი სექსუალური მოთხოვნილებები აღიქვას როგორც რაღაც "ცუდი". ვინაიდან ბავშვს არ ძალუძს თავის შეკავება სექსუალური მოთხოვნილებებისაგან, დანაშაულის გრძნობის აღძვრის ეს საშუალება, როგორც წესი, წაუგებელი აღმოჩნდება ხოლმე. რაკი მშობლები, და საზოგადოებაც მათი სახით, სექსსა და დანაშაულს ერთ მუდმივ ასოციაციაში აკავშირებს ერთმანეთთან, ამიტომ დანაშაულის გრძნობაც იმავე ძალით იზრდება, რა ძალითაც მატულობს სექსუალური იმპულსები. ამგვარადვე შეიძლება "მორალური მოსაზრებებით" სხვა ფიზიკური ფუნქციების დათრგუნვაც. თუკი ბავშვს არ შეუძლია ისე მოისტუმროს საჭიროება, როგორც მისგან ითხოვენ, თუკი იგი მოთხოვნის შესაბამისად ვერ იცავს სისუფთავეს, თუკი იგი ვერ ჭამს ისე, როგორც ითხოვენ, – იგი ცუდია. ხუთი ან ექვსი წლის ასაკში ბავშვს დანაშაულის ყოვლის შთანთქმელი გრძნობა ეუფლება, რომელსაც იწვევს კონფლიქტი მის ბუნებრივ მოთხოვნილებებსა და მშობლების მხრიდან უკანასკნელთა მორალურ შეფასებას შორის, კონფლიქტი, რომელიც შემდგომში დანაშაულის ამ გრძნობის მუდმივი წყარო ხდება.

      ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებდით იმაზე, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა აღზრდის ლიბერალური და "პროგრესული" სისტემების გაჩენასთან ერთად, მაგრამ ამ სისტემებმა ეს იმედები არ გაამართლეს. უბრალოდ აშკარა ავტორიტეტი შეცვლილ იქნა ანონიმურით, აშკარა ბრძანება – "მეცნიერულად" დასაბუთებული ბრძანებით, ფრაზა "ამას ნუ გააკეთებ" შეიცვალა ფრაზით "შენ არ მოგეწონება ამის გაკეთება". ფაქტობრივად, ანონიმური ავტორიტეტი მრავალი თვალსაზრისით უფრო დამთრგუნველიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე აშკარა ავტორიტეტი. ბავშვი მეტად ვეღარ აცნობიერებს, რომ იმართება, მშობლებიც კი ვერ აცნობიერებენ, რომ მბრძანებლობენ, ბავშვს არ ძალუძს, წინააღმდეგობა გასწიოს და ამით საკუთარ თავში დამოუკიდებლობის გრძნობა განავითაროს. მას მეცნიერების, საღი აზრის სახელით და თანამშრომლობის მიზნით იყოლიებენ და აჯერებენ, აკეთოს ან არ აკეთოს რაიმე, – ვინღა აღუდგება ასეთ ობიექტურსა და სანდო წყაროებს?

      როცა ბავშვის ნება დათრგუნულია, მისი დანაშაულის გრძნობის განმტკიცება სხვა საშუალებითაც ხორციელდება. იგი ბუნდოვნად აცნობიერებს თავის დამოკიდებულებასა და დამარცხებას, და ბავშვმა ყოველივე ამის მიმართ გარკვეული პოზიცია უნდა გამოიმუშავოს. ბავშვს ხომ არ შეუძლია, არ ეცადოს, ახსნას ის განცდები, რომლებიც ტკივილს აყენებენ ან აბნევენ მას. რაციონალიზაცია, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ისეთივეა, როგორც ინდიელ მიუკარებელს ან ქრისტიან მარტვილს გააჩნია, – მისი მარცხი და სისუსტე "განმარტავს" ყველა ცოდვისთვის მიღებულ სასჯელს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ფაქტი ინტერპრეტირდება როგორც საკუთარი ბრალეულობის საბუთი, ხოლო ამის რწმენა, თავის მხრივ, აძლიერებს დანაშაულის გრძნობას, რომლის ფორმირება მოხდა ზოგადად კულტურის ფასეულობათა სისტემებისა და, კერძოდ, მშობლების პრესინგის შედეგად.

      ბავშვის ბუნებრივი საპასუხო რეაქცია მშობლების ავტორიტეტის საპასუხო რეაქცია მშობლების ავტორიტეტის ზემოქმედებაზე იქნება პროტესტი, რომელიც, ფროიდის გაგებით, წარმოადგენს "ოიდიპოსის კომპლექსს". ფროიდი თვლიდა, რომ, მაგალითად, პატარა ბიჭუნა დედისადმი თავისი სექსუალური სწრაფვის გამო თავისი მამის მეტოქე ხდება და მისი ნევროტული განვითარება ამ მეტოქეობით გამოწვეული შფოთვის აღმოფხვრის შეუძლებლობაში მდგომარეობს. ბავშვსა და მშობლების ავტორიტეტს შორის კონფლიქტზე, ასევე ბავშვის მიერ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის შეუძლებლობაზე მითითებით, ფროიდმა ნევროზის უცნობი მიზეზები გამოააშკარავა; მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი პირველ რიგში სექსუალურ ნიადაგზე კი არ აღმოცენდება, არამედ ჩნდება როგორც ბავშვის საპასუხო რეაქცია მშობლების ავტორიტეტის დამთრგუნველ ზემოქმედებაზე, რომელიც თავისი არსით პატრიარქალური საზოგადოების "წარმომადგენელია".

      ვინაიდან საზოგადოებრივ ავტორიტეტსაც და მშობელთა ავტორიტეტსაც მიზნადა აქვთ ბავშვის ნების, ინდივიდუალურობისა და დამოუკიდებლობის დათრგუნვა, იგი (ბავშვი) ამ ზემოქმედების შესაწყვეტად ებმება ბრძოლაში ავტორიტეტთან, რომელიც მშობლების სახითაა წარმოდგენილი, ბრძოლაში დათრგუნულობისაგან გათავისუფლებისათვის, იმისათვის, რომ თავისთავადობა მოიპოვოს, სრულუფლებიანი ადამიანი გახდეს და არა მართული რობოტი. ზოგი ბავშვისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად გამართული ეს ბრძოლა მეტადაა წარმატებული, ზოგისთვის – ნაკლებად, მაგრამ ოდენ მცირედნი იმარჯვებდნენ. ამ ბრძოლაში მიღებული ემოციური, ფსიქოლოგიური და ფსიქიური ტრავმების გამოვლენა ნებისმიერი ნევროზის მიზეზებში შეიძლება. ისინი წარმოქმნიან სინდრომს, რომლის ყველაზე ძირითადი ნიშნებია: სისუსტე ან ინდივიდუალობისა და სპონტანურობის უქონლობა; მე–ს სისუსტე და რეალური მე–ს ფსევდო–მე–თი ჩანაცვლება, რომელიც აჩლუნგებს საკუთარი თავისადმი კუთვნილების გრძნობას და ამ გრძნობას ცვლის საკუთარი თავის იმის ჯამად აღქმით, რასაც შენგან სხვები ელიან; ავტონომიის ჰეტერონომიით ჩანაცვლება; გაურკვევლობა ან, გ.ს. სალივენის თანახმად, ყველა პიროვნებათაშორისი ურთიერთობის პარატოქსიკური ხასიათი. საკუთარი თავის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში ნაწვნევი დამარცხების ყველაზე სერიოზულ სიმპტომს დამნაშავე სინდისი წარმოადგენს. თუ ავტორიტარული ძალებისაგან გაქცევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ეს წარუმატებლობა ადამიანს სუფთა სინდისის მოპოვება ოდენ მორჩილებაში დაბრუნებით შეიძლება.

ავტორი: ერიხ ფრომი
მთარგმნელი: ლაშა ბერაია


[1] ამას ხაზს უვსამდა ფროიდი მე–იდეალის თავის ადრეულ კონცეფციაში.

[2] სინდისისა და ავტორიტეტის ურთიერთობის პრობლემას მე უფრო დაწვრილებით განვიხილავ წიგნში "Studien über Autoritaer und Familie", გამოც. M.Horkheimer. Paris, 1934

[3] ის იდეა, რომ ადამიანი შექმნილი იყო "ღვთის ხატად", წინააღმდეგობაში მოდის ძველი აღთქმის ამ ნაწილის ავტორიტარულ სტრუქტურასთან და, ფაქტობრივად, წარმოადგენს დიამეტულად საპირისპირო თვალსაზრისს, რომლის გარშემოც განვითარდა ოუდეოქრისტიანული რელიგია, განსაკუთრებით მისი მისტიკური წარმომადგენლების სახით.

[4] ფ. ნიცშე. მორალის გენეალოგია, II.16.

[5] იქვე.

[6] დემოკრატიულ საზოგადოებაში ანონიმური ავტორიტეტის მოვლენის ანალიზი იხ. წიგნში "ლტოლვა თავისუფლებისაგან", თ. 5, ნაწ. 3.

[7] ამ მოვლენის კლასიკურ მაგალითად გამოდგება ფრანც კაფკას წერილი თავისი მამისადმი, რომელშიც შვილი ცდილობს, მამის წინაშე შიშის მიზეზები ახსნას.

[8] სოფოკლე, ანტიგონე, მესამე ეპისოდიონი. – იხ. სოფოკლე, თებეს ტრაგედიები, თარგმანი გიორგი ხომერიკისა, თბ., 1988, გვ. 229–230.

ტეგები: Qwelly, ავტორიტარიზმი, ერიხ_ფრომი, მორალი, ნიცშე, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 1074

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters