ხელოვნების ფსიქოლოგიის რაობა და მისი ძირითადი ამოცანები

xelovneba, fsiqologia, xelovnebis fsiqologia, art, art psychology, psychology, psychology of art, qwelly, კულტურა, რუსუდან_მირცხულავა, ფროიდი, ფსიქოლოგია, ხელოვნება, ხელოვნების ფსიქოლოგია

      თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგია კულტუროლოგიურ კვლევათა სპექტრში ერთიანდება, როგორც მისი ერთიანი სტრუქტურის შემადგენელი კომპონენტი და როგორც კერძო კულტუროლოგიური დისციპლინა.

      თანამედროვე კულტუროლოგია ეფუძნება ფილოსოფიური, სოციალური, ონთოლოგიური, ფსიქოლოგიური, ესთეტიკური და საზოგადოდ, ჰუმანიტარული პრინციპების სინთეზს, რაც თავად კულტურის ფენომენის არაერთგვაროვნებითა და სირთულით, მულტიმოდალობითა და პოლიმორფულობით აიხსნება.

      ხელოვნების ფსიქოლოგიის თეორიული თუ მეთოდოლოგიური პრინცი პების განხილვამდე უნდა განისაზღვროს ზოგადად კულტურისა და კულტუროლოგიის რაობა. ტერმინი "კულტურა" XVIII საუკუნის ევროპაში შემოვიდა ხმარებაში; ტერმინი მხოლოდ სოციალური ეთიკის წესებსა თუ პიროვნების თვითსრულყოფის პრობლემატიკას უკავშირდებოდა და ჰუმანისტური აღზრდა - განათლების კონტექსტში გამოიყენებოდა. თანამედროვე გაგებით, კულტურა კაცობრიობის მიერ მისი არსებობის მანძილზე შემუშავებული ობიექტების, მოდელების, ეტალონებისა და პარადიგმების ერთიანობაა. ჰერმენევტიკას კულტურა ესმის, როგორც ცივილიზაციის ან კაცობრიობის გლობალური ისტორიული გამოცდილება. როგორც შემოქმედებასთან დაკავშირებული რეფლექსური მოდელი ან კაცობრიობის თვითშეცნობა, თვითასახვა შემოქმედების პროცესში. ასევე, როგორც ადამიანური რესურსების რეალიზება და გარე სამყაროში პროეცირება; ადამიანური შესაძლებლობების "გარეთ გატანა" და გასაგნება. მკვლევარები კულტურას ისეთ უნივერსალურ თუ ეთნიკურ სოციალურფსიქოლოგიურ ფენომენებზე აფუძნებენ, როგორიცაა ტრადიცია, ჩვევა, სამართალი, კოგნიტური მოდელი, პიროვნული ნიშანი და სხვ. შესაბამისად, კულტურის ინტერპრეტაცია განსხვავებული (ისტორიული, ეთნიკური, პიროვნული) დისპოზიციების საფუძველზე ხდება შესაძლებელი.

      თეორიული და მეთოდოლოგური პრინცი პების მიხედვით, ხელოვნების ფსიქოლოგია სოციო-ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიასა და ჰერმენევტიკასთან კავშირდება. როგორც სოციალურფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, ასევე ხელოვნების ფსიქოლოგიის შესწავლის ობიექტს კულტურის პროდუქტი შეადგენს; ხელოვნების ფსიქოლოგიის შემთხვევაში ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია. ასევე, ეს დისცი პლინები შეისწავლიან კულტურის ავტორს (შემოქმედს, კრეატორს) და კულტურის მომხმარებელს ან მიმღებს (რეცი პიენტს). ხელოვნების ფსიქოლოგიის შემთხვევაში - ხელოვნების კრეატორსა და რეციპიენტს. ამას გარდა, ხელოვნების ფსიქოლოგიასა და სოციო-ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში შეისწავლება ინდივიდთა შორის სოციო-კულტურულო კავშირები, მიმართებები, ინტენციები და რეფლექსიები; მათ შორის იდენტიფიკაციური, ასიმილაციური თუ კორელაციური პროცესები. ხელოვნების ფსიქოლოგიაში შეისწავლება მიმართება კონკრეტულად ხელოვნებასა და აუდიტორიას შორის. თანამედროვე ჰერმენევტიკა, როგორც კულტურული ტექსტის აზრისა და მნიშვნელობის გაგება - ინტერპრეტაციის ხელოვნება, აქტიურად ურთიერთქმედებს და თანამშრომლობს არა მხოლოდ ხელოვნების ფსიქოლოგიასთან, არამედ სოციალურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოფიზილოგასთანაც. ხელოვნების გაგებისა და ინტერპრეტაციის პროცესში ხელოვნების ფსიქოლოგია ხელმძღვანელობს ინდივიდუალური და კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენებით; სწორედ მათ საფუძველზე ცდილობს კულტურული ტექსტის აღწერას, ახსნასა და გაგებას.

      ასევე, ხელოვნების ფსიქოლოგია მიმართებაშია ანთროპოლოგიურ-კულტუროლოგიურ სემანტიკასთან, რომელიც კულტურის სემანტიკური, ნიშნობრივი კომუნიკატივების კვლევასა და ინტერპრეტაციას ემსახურება. მათ შორის იკვლევს კულტურული ტექსტის აზრისა და მნიშვნელობის საკითხებს, კულტურულ პატერნებს, ნორმატივებსა და მატრიცებს. ხელოვმენის ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, ანთროპოლოგიურ - კულტუროლოგიური სემანტიკა კულტურის მართვის, რეგულაციისა და ორგანიზების სტრატეგიების შესწავლასა და კულტურის დიფერენცირება-სისტემატიზირებაზეც არის ორიენტირებული.

      სახელწოდება "ფსიქოლოგია" მეცნიერების ინტერესის ფოკუსსა და კვლევის ობიექტს ააშკარავებს: - ეს ფსიქეა ანუ როგორც კონკრეტული ადამიანის შინაგანი, ფსიქოლოგიური თავისებურებები და კანონზომიერებები, ასევე საკაცობრიო, ზოგადი მენტალობა. (ძვ. ბერძნ. "ფსიქე" - სული, "ლოგოს" - სწავლება, მოძღვრება, მეცნიერება)[1].

      ფსიქოლოგიის ამოსავალი წერტილი ადამიანია - ადამიანია ის ბაზისი და ფუნდამენტი, რომლისგანაც ამოდის ფსიქოლოგი და რომელსაც მუდმივად უბრუნდება. "სულის მეცნიერებისთვის" არსობრივადაა დამახასიათებელი ანთროპოცენტრიზმი ანუ ფოკუსირება ადამიანის ფსიქიკურ სიღრმეებზე; მის განცდებსა და აზრებზე, სურვილებსა და შიშებზე, წარმოსახვასა და აზროვნებაზე... როგორც პიროვნულ ფსიქო-ბიოგრაფიაზე, ასევე მთელი კაცობრიობის მენტალურსულიერ საცავზე. შესაბამისად, ხელოვნება და კულტურა ფსიქოლოგიის მიერ განიხილება არა მისი სუბიექტისგან აბსტრაჰირებაგანყენებით, არამედ მასთან კავშირში და, უფრო სწორედ, მისგან გამომდინარე. ხელოვნების სუბიექტში იგულისხმება როგორც ავტორიშემოქმედი (კრეატორი ან ინდუქტორი)[2]. ასევე აღმქმელი-ამსახველიც (რეციპიენტი)[3].

      ფსიქოლოგიის ხელოვნებით დაინტერესების მთავარ და ძირითად მოტივად, სტიმულად ისევ ადამიანი რჩება; ხელოვნება ადამიანისა და მისი შინაგანი, ფარულ-ლატენტური რაობის, უხილავი სიღრმისა თუ სიმაღლის უშუალო და პირდაპირ ანარეკლად, ემანაციადაა განხილული! ასე იქცა ხელოვნება ფსიქიკური რეალობისა და მისი მფლობელი ადამიანის კვლევის საშუალებად, მეთოდად თუ "ინსტრუმენტად". ხელოვნებისა და საზოგადოდ, კულტურის პრიზმიდან ფსიქოლოგიამ სცადა გამოკვეთილად და მკაფიოდ დაენახა მისი შემქმნელი და აგრეთვე მისი ადრესატიც, კრეატორი და რეციპიენტიც[4]. იქ, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიური კვლევისას უძლური რჩებოდა ვერბალურცნებითი აპარატი და ლოგიკური აზროვნება, გამოყენებულ იქნა ხელოვნების სიმბოლურ-ხატოვანი ენა. ფსიქოლოგია "უფრო შორს წავიდა" და მიმართა მითოლოგიას, ფოლკლორს, როგორც კულტურის ზოგად ფუნდამენტს, რათა მათში მოეძია ადამიანისა და კაცობრიობის ფსიქოლოგიური ძირები.

      საკუთრივ ხელოვნებას ფსიქოლოგია შეისწავლის (როდესაც მისი ინტერესის ობიექტი სწორედ ხელოვნება ხდება) არა როგორც "თვითკმარ" ობიექტურ ღირებულებას, არამედ როგორც დაკავშირებულს ადამიანთან და გარკვეულ ფსიქო-სოციალურ პროცესებთან. ფსიქოლოგიური მეცნიერების ინტერესების სფეროს სცილდება ობიექტურ-საგნობრივი მნიშვნელობისა და ღირებულების საკითხები; ესთეტიკური ღირებულებისა და მისი შეფასების მიმართ ფსიქოლოგიას სპიციფიკური "ინდიფერენტობაც" გამოარჩევს.

      ყოველი შესაძლო სახის (პროფესიული თუ არაპროფესიული, მოზრდილთა თუ არასრულწლოვანთა და ა. შ.) შემოქმედების მიმართ განურჩეველი და გამთანაბრებელი დამოკიდებულება მათ შორის ზღვარის მოშლისა და აღრევის მიზეზად შეიძლება იქცეს. ესთეტიკური ღირებულების საკითხის უგულვებელყოფამ ფსიქოლოგიური კვლევის ობიექტად შესაძლოა მხატვრული შემოქმედების ყოველი სახე და ფორმა აქციოს. უფრო მეტიც, აღნიშნული პოზიციიდან, "დაბალი" მხატვრული ღირებულების ან "ნედლი" მასალა შეიძლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიც გახდეს, მის საფუძვლად არსებული მენტალურ-სულიერი ფენომენების გამჭვირვალობისა და თავისებური "ღიაობის" გამო. არაპროფესიული ხელოვნებისადმი ინტერესი (და აგრეთვე მისი სტილის, ხერხების, მანერის იმიტაცია) თვით პროფესიული, აკადემიური ხელოვნებისთვისაც დამახასიათებელია, რის მთავარ მიზეზადაც "ხალხური" შემოქმედების განსაკუთრებული უშუალობა და გულწრფელობა სახელდება[5].

      ვ. დილთაი ფსიქოლოგიას გამორჩეულ, უნიკალურ ფუნქციას აკისრებდა, აღიარებდა რა მას ჰუმანიტარულ დისციპლინათა ზოგად მეთოდოლოგიად. ასევე, ო. კიულპეს მიხედვით, ესთეტიკა მის საფუძვლად არსებულ ფსიქოლოგიასთან საწყისეულ, იმანენტურ და განუყოფელ კავშირში იმყოფება. ლ. ვიგოტსკი, ლიპსთან ერთად მიიჩნევს, რომ ესთეტიკა გამოყენებითი ფსიქოლოგიის კერძო დისციპლინაა და ხელოვნების ესთეტიკური განხილვა სოციალურსა და ფსიქოლოგიურ ექსპლიკაცია-ახსნას უცილობლად გულისხმობს. ავტორი დასძენს, რომ მხატვრული ნაწარმოები ესთეტიკურ ნიშანთა ერთობლიობაა, რომელთა ანალიზი იმთავითვე საჭიროებს ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენებას. ასევე, კ. იუნგი ესთეტიკას ფსიქოლოგიის კერძო დისციპლინად მიიჩნევდა, ხოლო კულტურის კვლევებს მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკურსის ჩარჩოებში მოიაზრებდა.

      დესკრიპცია - აღწერისა და ექსპლიკაცია - ახსნის მეცნიერულ ამოცანათა გამთლიანებით ფსიქოლოგიას, მართლაც, უნიკალური როლი ეკისრება კულტუროლოგიურ კვლევათა სპექტრში. ხელოვნების თეორიისგან განსხვავებით, ფსიქოლოგია მიმართულია არა მხოლოდ საკვლევი ფენომენის აღწერისკენ, მისი სტილისტური, მანერული, სტრუქტურული თუ ისტორიული მახასიათებლების შესწავლისკენ, არამედ ასევე ფსიქო-სოციალური (ზოგადკულტურული, ისტორიული თუ ეთნიკური) დეტერმინანტების (მიზეზების, მოტივების, სტიმულებისა და იმპულსების) კვლევისკენაც. ფსიქოლოგიის ამოცანას შეადგენს არა მხოლოდ აღწერითი (კითხვა - "როგორ?" ), არამედ ასევე ახსნითი (კითხვა - "რატომ?") პრობლემების გააზრება და კაუზალურ, მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა მოძიება[6]. მაგალითისთვის, მხატვრული ტილოს (ვთქვათ, სანდრო ბოტიჩელის "გაზაფხული" ან დავით კაკაბაძის "დედა") არა მხოლოდ ფსიქოლოგიური აღწერა-დახასიათება და მისი სიმბოლურ-ხატოვანი ენის ამოკითხვა, არამედ ტილოს საფუძვლად არსებული, განმსაზღვრელი კანონზომიერებების გამოვლენაც (ავტორის მოტივაცია, ფსიქოლოგიური "კოდი" - ინფორმაცია და სხვ.).

      ხელოვნების ფსიქოლოგიური კვლევა რამდენიმე ძირითად ამოცანას ითვალისწინებს, როგორიცაა:

      1. ხელოვნების ფსიქო-სოციალურ დეტერმინანტთა და ფუნდამენტურ-ესთეტიკურ ფენომენთა კვლევა, ესთეტიკურსა და ფსიქო-სოციალურ ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა მოძიება, ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების ახსნა-ექსპლიკაცია (პრობლემა "რატომ"); კერძოდ, რატომ იქმნება ხელოვნების ნაწარმოები, რას წარმოადგენს შემოქმედების იმპულსი თუ სტიმული, რომელი ფსიქო-სოციალური კანონზომიერებები მოქმედებენ მხატვრული ხატის აგების პროცესში, რა შეადგენს ხელოვნებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიურ რაობას და სხვ.

      2. ხელოვნების ფსიქოლოგიური ანალიზი (პრობლემა "როგორ"); მხატვრული ნაწარმოების ფსიქოლოგიური აღწერა- დესკრიპცია,ავტორის ფსიქოლოგიური თავისებურებების ნაწარმოებში ასახვის როგორობის გაშუქება, წარმოდგენილი სიმბოლოებისა და, საზოგადოდ, მხატვრული მეთოდების, სტილის, მანერის ფსიქოლოგიური გააზრება და გარკვეულ ფსიქო-სოციალურ მოვლენებსა და კანონზომიერებებთან მათი მიმართების შესწავლა.

      3. ავტორის (კრეატორ-ინდუქტორის) ფსიქოლოგიური კვლევა; "ვინ" დგას ნაწარმოების უკან, როგორ ხასიათდება შემოქმედის ფსიქოლოგიური თავისებურებანი, რა პიროვნული ნიშნები აყალიბებს შემოქმედს, რა სახით აისახება ავტორის ფსიქოლოგია მის ქმნილებებში, რა კავშირშია ავტორი მისი შემოქმედების მახასიათებლებთან და სხვა.

      ზემოთ განხილული საკითხები ე. წ. კრეატიული ანუ შემოქმედების ფსიქოლოგიის ძირეულ პრობლემებს შეადგენს.

      4. რეცეპციის ანუ ხელოვნების აღქმის, ავტორისა და მისი აუდიტორიის მიმართების შესწავლა დაMმხატვრული კომუნიკაციის საკითხთა კვლევა. კერძოდ, ისეთ საკითხთა გაშუქება, როგორიცაა: რატომ და როგორ ახდენს (ან არ ახდენს) ზემოქმედებას მხატვრული ნაწარმოები, როგორია ესთეტიკური რეაქციის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ასევე, ისეთ ფუნდამენტურ ესთეტიკურ ფენომენთა ანალიზი, როგორიცაა: ემპათია, კათარზისი, ინსაითი, ტელე და სხვ. აღნიშნული საკითხებით ე. წ. რეცეპციული (ესთეტიკური აღქმის) ფსიქოლოგიაა დაინტერესებული. კრეაციული და რეცეპციული ფსიქოლოგია ხელოვნების ფსიქოლოგიის ორ მთავარ განშტოებას წარმოადგენს.

      5. ხელოვნების ცალკეული დარგების უტილიზაცია-გამოყენება კონკრეტული ფსიქო-თერაპიული მიზნებისა და ამოცანებისთვის.Aარტთერაპიული (ანუ ხელოვნების დარგებთან დაკავშირებული ფსიქოთერაპიული) მეთოდების გამდიდრება და სრულყოფა, მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების აქტიური ჩართვა ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქო-პროფილაქტიკის, თრენინგისა თუ ფსიქო-თერაპიის პროცესში. თანამედროვე არტ-თერაპიაში გამოიყოფა ისეთი ქვე-დარგები, როგორიცაა: მუსიკა-თერაპია, სახვითი ხელოვნებით თერაპია, ცეკვით თერაპია, ფსიქო-დრამა (დრამატული ხელოვნებით თერაპია), ნიღბებით თერაპია, წარმოსახვითი სავარჯიშოებით (იმაგინაციით) თერაპია და სხვა. ხშირად გამოიყენება კომპლექსური მეთოდებიც, რომლებიც მთელი მხატვრული არსენალის აქტიურ ჩართვას გულისხმობს თერაპიულ პროცესში.

      რა თქმა უნდა, ხელოვნების ფსიქოლოგიის ამოცანები არაა იზოლირებული; ეს უკანასკნელნი არსებით კავშირში იმყოფებიან და ურთიერთისგან გამომდინარეობენ. ყოველი ცალკეული ამოცანა იმ მთლიან სისტემაშია ჩართული, რომლის მოაზრებაც მხოლოდ ზოგადი, ერთიანი თეორიისა და კონცეპციის პრეროგატივაა.

      ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართება ესთეტიკური ფენომენების მეცნიერული კვლევით არ ამოიწურება; აღნიშნული მიმართება არაერთგვაროვანია და მრავალმხრივი[7]. უფრო მეტიც, ზღვარი ხელოვნებასა და ფსიქოლოგიას შორის, არც თუ იშვიათად, ეფემერულიც ხდება; მოარულ შეხედულებად იქცა, რომ ყოველი ხელოვანი იმავდროულად ფსიქოლოგია, რომ ყოველი მხატვრული ნიმუში და კულტურული ტექსტი გარკვეული ფსიქოლოგიური ინფორმაციის მატარებელია. არ აზვიადებდა ზ. ფროიდი, როდესაც თავის დიდ მასწავლებლებად სოფოკლეს, შექსპირსა და დოსტოევსკის ასახელებდა. ეს ინტელექტუალის მიერ კულტურისადმი ხარკის მოხდის ელეგანტური ჟესტი კი არ იყო, არამედ - საკუთარი იდეების წყაროსა და მძლავრი სტიმულის გულწრფელი და დაუფარავი აღიარება.

      ხელოვნების მიერ გაკვალულ გზაზე მავალი მეცნიერება უხვად საზრდოობს მხატვრული აზროვნების პროცესში შობილი იდეებითა და წარმოდგენებით, რათა მათი მეცნიერული დამუშავების გზით ახალსა და აქტუალურ ფსიქოლოგიურ (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ) კანონზომიერებებს წვდეს. ხელოვნებაც, თავის მხრივ, ღიაა ფსიქოლოგიური და, საზოგადოდ, ჰუმანიტარული ინფორმაციის მიმართ და მიუხედავად "მშრალი" მეცნიერული დისპოზიციის (პოზიტივისტური აზროვნების სტილის) ოპონირებისა, მას მუდმივად (ცნობიერად თუ არაცნობიერად) ასახავს და ირეკლავს.

      აღინიშნება განსაკუთრებული, ერთი შეხედვით, პარადოქსული შემთხვევები, როდესაც ხელოვნება გარკვეული ფსიქოლოგიური თეორიის ან ფსიქიკური კანონზომიერების აშკარა ილუსტრაციას ახდენს. ფსიქოლოგიისადმი ასეთი მძაფრი ინტერესი შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით აიხსნას; ახალი, ზოგჯერ პიკანტურ-ინტიმური და სკანდალური თემებით მანიპულირების მოტივით, ასევე ხელოვანის "მონუსხვით" პოპულარული თეორიის მიერ. მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ხელოვნებისა და მეცნიერების (და მით უფრო, ჰუმანიტარული მეცნიერების) ევოლუციის, ისტორიული განვითარების საერთო გზაა, საზოგადოდ, საკაცობრიო სულიერების მთლიანობა, რომელიც ერთისა და იმავე აქტუალური და მტკივნეული, მწვავე თემების ასახვასაც უკავშირდება. ასახვა სპეციფიკური და თავისთავადი ფორმებით ხდება; მეცნიერება ცნებითი აპარატითა და ლოგიკური აზროვნებით ოპერირებს, ხოლო ხელოვნება აფექტურად დამუხტულ, სიმბოლურ-ხატოვან ენას მიმართავს.

      ხელოვნებამ განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტი ზ. ფროიდის თეორიისგან, "ფსიქოანალიზისგან" მიიღო; კრეატულმა იმპულსმა ხელოვნების ყოველი დარგი მოიცვა. ასეთი განსაკუთრებული ზემოქმედების მთავარი მიზეზი ფროიდის ენის მეტაფორულობას, ინტიმობას და, რაც მთავარია, მისტიური და თანაც ინსტინქტური "საიდუმლოს" გააშკარავების ზეამოცანას უკავშირდება; ზ. ფროიდის თეორია პოზიტივიზმის მიერ ხელოვნების ქმნილებად, საშინელებათა ჟანრის რომანად ანდა თავად ავტორის აღსარებად, მის აუტო-ფსიქოანალიზად შეირაცხა.Mმაგრამ ფაქტია, რომ "მკაცრი" მეცნიერების მიერ ირონიზირებულმა თეორიამ არა მხოლოდ კულტურასა და ხელოვნებაზე, არამედ თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების ცნობიერებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა[8].

      ლიტერატურამ, სახვითმა ხელოვნებამ, თეატრმა, კინომ, მუსიკამ, ქორეოგრაფიამ - ხელოვნების უკლებლივ ყველა დარგმა საკუთარი, სპეციფიკური ენით ააჟღერა ფროიდის არა თუ იდეები, არამედ თეორიაც მთლიანობაში. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა და ნაშრომის შესავალი ნაწილის ფარგლებს გასცდებოდა. ამიტომაც აქ მხოლოდ ორ მკაფიო მაგალითზე შევჩერდებით; ა. ჰიჩკოკის კინოფილმზე "ფსიქო" და ა. შონბერგის ოპერაზე "ბედნიერი ხელი".

      ხელოვნების ორივე ნიმუში არა მხოლოდ ეფუძნება ზ. ფროიდის თეორიას, არამედ მის მხატვრულ ილუსტრირებასაც ახდენს, ერთ შემთხვევაში, კინოენის და, მეორე შემთხვევაში, მუსიკალური ენის მხატვრული ხერხების გამოყენებით. კინომ და მუსიკამ განზოგადებული სიმბოლოს სახით ასახა ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემა - დაუძლეველი წინააღმდეგობა ცნობიერ-გონით და არაცნობიერ-ინსტინქტურ საწყისებს შორის, მხატვრულად დაამუშავა მეცნიერული ტერმინები, როგორიცაა ლიბიდო (ა. შონბერგთან ეს უკანასკნელი პროტაგონისტის ბეჭებზე შემომჯდარი სასტიკი და მუდმივად მომთხოვნი ცხოველის სახითაა წარმოდგენილი),ოიდიპოს კომპლექსი (ა. ჰიჩკოკთან მის შემზარავ მეტაფორად შვილის ენით ამეტყველებული დედის გვამი იქცა), სუბლიმაცია (შონბერგთან მისი მეტაფორაა პროტაგონისტის ტალანტი-ხელის შეხებით ყოველივეს კეთილშობილ ოქროდ ქცევისა), ეროტულ-თანატური არაცნობიერი (ჰიჩკოკის ფილმში მას პირქუში ციხე-სიმაგრე განასახიერებს; სახლი, როგორც მოჩვენებათა საცავი, ერთდროულად ჩვეული და უცხოც, ერთგვარი სახლი-ხაფანგი). (აღნიშნული ტერმინების განხილვა იხილეთ აქ: "ხელოვნების ფსიქოლოგიის წანამძღვრები").

      ცალკე ანალიზს იმსახურებს "არაფსიქოლოგიური ხელოვნების" შესაძლებლობის საკითხი; რამდენად რეალურია ფსიქოლოგიისგან ნეიტრალური ხელოვნების არსებობა, რომელიც სრულიად გამორიცხავდა ფსიქოლოგიურ მიდგომასა და შინაგანი, ლატენტურფარული, "ამოსაკითხი" (და თანაც, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური) ინფორმაციის არსებობას. ასეთად შეიძლება განვიხილოთ რეალისტურ-დოკუმენტური ხელოვნება (ფოტოგრაფიის ან ქრონიკის მსგავსი), რომელიც ავტორისგან განყენებასა და რეალობის ობიექტურ ასახვას ცდილობს. მაგრამ რამდენად "ანონიმურია" ან "უავტორო" ამგვარი ხელოვნება? რამდენად შეუძლია ავტორს (მისი პიროვნული თუ კოლექტიური ფსიქიკით) საკუთარი ქმნილებისგან განყენება? რამდენადაა შესაძლებელი, არსებობდეს "უპიროვნო" და სრულად ობიექტური ხედვა? გავრცელებული და საკმაოდ არგუმენტირებული შეხედულების მიხედვით, ავტორი, როგორც აქტიური სუბიექტი პროდუქტის სტრუქტურაში ყოველთვის (გამონაკლისის გარეშე) ჩაერთვის და მისგან განუყოფელი ხდება. თვით იმ განსაკუთრებულ შემთხვევაშიც, როდესაც შემოქმედების ავანსცენაზე ზეპიროვნული არაცნობიერი (კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები) გამოდის. (იხ. "ოტო რანკისა და ჰერბერტ მარკუზეს ხელოვნების ფსიქოლოგია").

      "არაფსიქოლოგიური" ან "ფსიქოლოგიისგან დაცლილი" ხელოვნების კვლევა შესაძლოა, განსაკუთრებლად მნიშვნელოვანიც გახდეს, რადგანაც მოჩვენებითი ობიექტურობა და ინდიფერენტობა ფუნდამენტურ ფსიქოლოგიურ პროცესებს მეტ სიმკვეთრესა და სიმძაფრეს ანიჭებს. აღნიშნული "პარადოქსი" უდევს საფუძვლად პიროვნების კვლევის ე. წ. "პროექციულ მეთოდებს", რომლებშიც პიროვნება უნებურად, მისთვის "ნეიტრალურ" და "გარეშე" მასალაზე პიროვნული თავისებურებების პროეცირებას ან გადატანას ახდენს; ასე მაგალითად, "თემატური აპერცეპციის ტესტში" ნახატის (მაგალითად, მოსაუბრე ქალისა და მამაკაცის სურათის) უბრალო აღწერისას ცდისპირი რეალურად არა ნახატზე, არამედ საკუთარ პიროვნებაზე, პიროვნულ პრობლემებსა და მახასიათებლებზე საუბრობს; პიროვნული ფსიქოლოგიური ნიშნებისა და თავისებურებების შესაბამისად ნახატი მხოლოდ გარკვეული, კონკრეტული რაკურსიდან აღიქმება. (ქალისა და მამაკაცის საუბარსა და მოქმედებაში ცდისპირი იმ შინაარსსა და მნიშვნელობას დებს, რომელიც მისთვის პიროვნულად აქტუალურია და რომელიც მის განწყობებსა და ფსიქოლოგიურ გამოცდილებას შეესაბამება. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, აგრესია, მორჩილება, ინტერესი, საქმიანი კავშირი, ვნება და სხვა)[9].

      თანამედროვე ინტერდისცი პლინარულ კულტუროლოგიურ კვლევათა სპექტრში ხელოვნების ფსიქოლოგიას საკუთარი, სრულიად გამორჩეული ფუნქცია თუ დანიშნულება გამოარჩევს. წინამდებარე ნაშრომი ხელოვნების ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარეობების გაშუქებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი თეორიები, ფსიქოლოგიური კანონზომიერებები და ფენომენები ხელს შეუწყობს ხელოვნებისა და კულტურის კვლევების გამდიდრებას მნიშვნელოვანი (და ზოგჯერ აუცილებელი) ინფორმაციითა და ასევე თანამედროვე მეცნიერული მეთოდიკით. დახმარებას გაუწევს ესთეტიკური მოვლენების როგორც თეორიულ შესწავლას, ასევე კონკრეტულ პრაქტიკულ მხატვრულ ამოცანათა გადაწყვეტასაც.

რუსუდან მირცხულავა
გამომცემლობა "კენტავრი", თბილისი, 2010

გაგრძელება →


1. ანტიკურ მითოლოგიაში მშვენიერი ფსიქეა ("სულიკო") ამურმა, სიყვარულის ღმერთმა ამბორით გააცოცხლა და უკვდავების ნიშნად პეპლის ფრთებით დაასაჩუქრა. ბერძნულ პარადიგმაში აისახა როგორც ერთეული სულის მარადიულობის წყურვილი, ასევე სიყვარულის მაცოცხლებელი ძალისადმი რწმენა და უკვდავების სულის დინამიკასთან დაკავშირება (ფრთები, ფრენა, სიმსუბუქე, დინამიკა).

2. ინდუქტორი _ იდეის, განცდის, ლტოლვის, განწყობის გადამცემი ან გამცემი.

3. რეცი პიენტი _ ინდუქციის მიმღები ან ადრესატი. რეცეპცია _ აღქმა.

4. პიროვნების კვლევებსა და ფსიქოდიაგნოსტირებაში ფართოდ გამოიყენება ხელოვნების დარგებიც.Aასე მაგალითად, თემატური და თავისუფალი ნახატი იმთავითვე შეიცავს ფსიქოდიაგნოსტიკურ ინფორმაციას, არის რა ავტორთან და მის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული. შესაბამისად, ხელოვნების ნიმუშით მისი ავტორი შეისწავლება.

5. "სიურეალისტური მანიფესტის" ლოზუნგად სწორედ ახალი ხელოვნების უშუალო ხედვისკენ მობრუნება იქცა. შესაბამისად, იდეალად აღიარეს არასრულწლოვანთა _ გონებითა და ცოდნით შეურყვნელ, უმანკო ბავშვებისა და, უფრო მეტიც, ფსიქიატრიული პაციენტების ან სრულიად არაორდინარული, ჩვეულებრიობისა და სტანდარტულობის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი "შეშლილების" შემოქმედება.

6. ფსიქოანალიზმა ხელოვნებისა და, საზოგადოდ, კულტურის დეტერმინანტად არაცნობიერი, ინსტინქტური ბიოლოგიური ძალები (ეროსი და თანატოსი ან სექსი და აგრესია) აღიარა.

7. ფუნდამენტურ ესთეტიკურ ფენომენებად, ტრადიციულად, მიიჩნევა კათარზისი, ემპათია, ინსაითი, ტელე და სხვ., რომელთა არა მხოლოდ თეორიულ კვლევას, არამედ პრაქტიკულ-თერაპიულ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების ფსიქოლოგიაში.

8. თუკი ფოტოგრაფიის სუბიექტურობაზე დღეს აღარავინ დაობს (ფოტოგრაფია ხელოვნების დარგად აღიარეს და შესაბამისად, მასში ავტორისეული ხედვა დააფიქსირეს), დოკუმენტური მასალის, ქრონიკის, მედია-ნიუსების საკითხი მაინც ღიად რჩება. არის ანგარიშგასაწევი შეხედულება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რეალობის ასახვა რაკურსულობასთანაა დაკავშირებული და თავისი არსით სუბიექტურია. მედიის მრავალფეროვნება (თუნდაც ტელეარხების სიმრავლე) აღნიშნული შეხედულების არგუმენტად იქცევა, რადგანაც მათში ერთი და იგივე მასალა (რეალური ფაქტი), იდეოლოგიური და პოლიტიკური პოზიციის შესაბამისად, სრულიად განსხვავებულ რაკურსში წარმოჩინდება. იგივე შეიძლება ითქვას მატეანეებსა და სახელმძღვანელოებში ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებითაც, რადგანაც ამ შემთხვევაშიც კი, ობიექტური რეალობის ასახვა მის ამსახველ სუბიექტსა და მის პოზიციას (განწყობებს) უკავშირდება და შეესაბამება.

9. მიურეის "თემატური აპერცეპციის ტესტი" პიროვნების კვლევის პროექციული მეთოდებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ტესტი ცალკეული ბარათებისგან შედგება, რომლებზედაც სხვადასხვა შინაარსის ნახატებია წარმოდგენილი, მაგალითად: მოსაუბრე ქალი და მამაკაცი, ვაჟი ფანჯარასთან, ბიჭუნა ვიოლინოთი და სხვ. ტესტის შესრულება აღნიშნული ნახატების გაგება-ინტერპრეტაციას გულისხმობს; უნდა აღიწეროს და აიხსნას, თუ რა ხდება თითოეულ ნახატზე.Nნახატები არაერთმნიშვნელოვანია და მათი გაგება პიროვნებისთვის დამახასიათებელი ფსიქიკური თავისებურებებიდან გამომდინარე ხდება. შესაბამისად, ნახატის აღწერისას პიროვნება, რეალურად, საკუთარ თავზე საუბრობს.

წიგნიდან: "ხელოვნების ფსიქოლოგია"

ტეგები: Qwelly, კულტუროლოგია, მირცხულავა, ფსიქოლოგია, ქველი, ხელოვნება

ნახვა: 3259

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters