ფსიქოლოგიის ისტორია, XIII თავი, ნაწილი Iბ

13.1. ფსიქოლოგიური აზრი საქართველოში უზნაძემდე

      ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი) (1846-1908) დაიბადა თბილისში. 1863 წელს ჩაერიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტზე. მალე იგი ექცევა გამოჩენილი რუსი ფიზიოლოგის ი. სეჩენოვის გავლენის ქვეშ და გადადის პეტერბურგის სამედიცინოქირურგიულ აკადემიაში, სადაც სეჩენოვი ასწავლიდა. 1869 წელს წარჩინებით ამთავრებს აკადემიას, ორი წლის შემდეგ იცავს სადოქტორი დისერტაციას, კიდევ ორი წლის შემდეგ კი აკადემიის სტიპენდიით უცხოეთში მიემგზავრება ორწლიანი მივლინებით ცოდნის გასაღმავებლად. იგი მუშაობს ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებში და ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს გოლცის, ბერნარის, შარკოს და სხვათა ხელმძღვანელობით. 1877-1895 წლებში მუშაობს სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პროფესორად და ხელმძღვანელობს ფიზიოლოგიის კათედრას. თარხნიშვილის წასვლის შემდეგ ამ კათედრას პავლოვი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდა თავის წინამორბედს. თარხნიშვილი იყო მსოფლიოში ცნობილი მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის წევრი. ივანე თარხნიშვილი დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

      თარხნიშვილი იყო გამოჩენილი ფიზიოლოგი ექსპერიმენტატორი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილი აღმოჩენა, განსკუთრებით ბიოელექტრული ეფექტების სფეროში. ამავე დროს, თარხნიშვილი იყო ბუნებისმეტყველი თეორეტიკოსი, სიცოცხლის ფუნდამენტური პრობლემებით დაინტერესებული მოაზროვნე, რომელიც ძირფესვიანად აანალიზებდა ბიოლოგიური ორგანიზმის მიმართებას ფიზიკურთან და ფსიქიკურთან. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის ეს უკანასკნელი მომენტია მნიშვნელოვანი. თარხნიშვილის კვლევა-ძიება მოიცავდა ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე თემებს (ფსიქოფიზიოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები). იგი პრინციპულად სვამდა საკითხს ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის საზღვრებისა და მათი შესასწავლი დისციპლინების ურთიერთმიმართების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდოლოგიური ძიებისას თარხნიშვილი ავლენდა იმდროინდელი ფსიქოლოგიის მიღწევების ზედმიწევნით კარგ ცოდნას, ღრმა საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ განსწავლულობას.

      თარხნიშვილი იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც ფსიქოლოგია დამოუკიდებელ ექსპერიმენტულ დისციპლინად ყალიბდებოდა. ამ მეცნიერების სათავეებთან იდგა არა ერთი თვალსაჩინო ფიზიოლოგი (ბრედი, ვებერი, ჰელმჰოლცი, ჰერინგი და სხვები). მათ შორის იყო თარხნიშვილის მასწავლებელი სეჩენოვი, ავტორი ფსიქიკური რეგულაციის რეფლექსური კონცეფციისა და მომხრე იმისა, რომ ფსიქოლოგიაში კვლევის ობიექტური მეთოდები დანერგილიყო. თავად თარხნიშვილი თვლიდა, რომ ფსიქოლოგია, როგორც ემპირიული მეცნიერება სულიერი მოვლენების წარმოქმნისა და მიმდინარეობის შესახებ, უნდა გაემიჯნოს მეტაფიზიკას და კვლევა წარმართოს მისთვის სპეციფიკური ინტროსპექციის (სუბიექტური) და ექსპერიმენტის (ობიექტური) მეთოდების შეერთების გზით.

      საგულისხმოა, რომ კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობას თარხნიშვილი მხოლოდ თვითდაკვირვების ცნობილი სირთულეების გამო არ ხედავს. საქმე ის არის, რომ ინტროსპექცია მხოლოდ ცნობიერებაში შეღწევის საშუალებაა, ფსიქიკური სინამდვილე კი ცნობიერებით არ შემოიფარგლება. თარხნიშვილს თამამად შემოაქვს არაცნობიერი ფსიქიკურის კატეგორია. მისი გამოყენება აუცილებელია, რათა ფსიქიკური მოვლენების ანალიზისას დეტერმინაციის პრინციპი იქნეს შენარჩუნებული. სახელდობრ, თუ ფსიქიკური სინამდვილე ერთმანეთის განმსაზღვრელი მოვლენების უწყვეტი ჯაჭვია, მაშინ სულიერი მოვლენები, ცნობიერი ფორმის გარდა, არაცნობიერ ფორმაშიც უნდა არსებობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ცნობიერების შინაარსების ფრაგმენტების სახით იქნება წარმოდგენილი და გაუგებარი გახდება მათი წარმოქმნის ფაქტი. თუ ცნობიერ მოვლენას არ იწვევს მეორე ცნობიერი მოვლენა, მაშინ მის მიზეზად არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენი უნდა მივიჩნიოთ. ერთი სიტყვით, აქ მეორდება არაცნობიერის დასაბუთების ჯერ კიდევ ლაიბნიციდან მომდინარე არგუმენტაცია, რომელიც ე.წ. „უწყვეტობის პრინციპს“ უკავშირდება.

      თარხნიშვილი ამით არ კმაყოფილდება. მისი აზრით, არაცნობიერი ფსიქიკურის აღიარების გარეშე აუხსნელი დარჩება ფაქტების მთელი რიგი: 1. ფაქტი ჩვევისა, ანუ თავდაპირველად ცნობიერი მოქმედებისა, რომელიც გამეორებათა შედეგად გახდა ავტომატური, ცნობიერებას მოკლებული; 2. ფაქტი იდეომოტორული მოქმედებისა, რაც გულისხმობს იდეის მიერ ქცევის ავტომატურ გამოწვევას. 3. ფაქტი აზროვნების მიმდინარეობისა, როდესაც ცნობიერდება პროცესის მხოლოდ საწყისი და დამამთავრებელი პუნქტები. თარხნიშვილს მიაჩნდა, რომ აზროვნების პროცესის უდიდესი ნაწილი არაცნობიერად მიმდინარეობს. ეს მოსაზრება ცოტა ხანში ექსპერიმენტულად დადასტურდა ვიურცბურგის სკოლაში. თარხნიშვილი უშვებს, რომ ამგვარი ვითარება სხვა ფსიქიკური პროცესებისთვისაც არის დამახასიათებელი. ეს ერთგვარი განჭვრეტაა თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემებისა ფსიქიკურ სისტემებში ინფორმაციის არაცნობიერი გადამუშავების შესახებ. მისი მინიშნებები ფსიქიკური პროცესების არაცნობიერ დეტერმინაციასა და მიმდინარეობაზე თანხმობაშია ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალურ ტენდენციებთან. რად ღირს თუნდაც მტკიცება, რომ ფსიქოლოგიამ ჯერ კიდევ არ იცის რამდენად მდიდარია არაცნობიერის სფერო, მაგრამ უდავოა, რომ იგი ცნობიერ პროცესებზე გაცილებით ფართოა. არაცნობიერის არსებობასა და მის რეალურ ქმედითუნარიანობაზე განსაკუთრებით თვალნათლივ მეტყველებს შთაგონების ფენომენის სხვადასხვა გამოვლინება (კერძოდ პოსტჰიპნოტური შთაგონება), რომელთაც თარხნიშვილი საგანგებოდ შეისწავლიდა. ფსიქოანალიზი მთლიანად გაიზიარებდა ამ მოსაზრებებს. დასაფასებელი ის არის, რომ ქართველი მეცნიერი ამას ამტკიცებდა ცნობიერების ფსიქოლოგიის ბატონობის ხანაში, ანუ მაშინ, როცა ფსიქოლოგების აბსოლუტური უმრავლესობა ფსიქიკას ცნობიერებასთან აიგივებდა და არაცნობიერზე მხოლოდ ფიზიოლოგიურის მნიშვნელობით ლაპარაკობდა.

      თარხნიშვილის მოსაზრებები არაცნობიერის შესახებ არის არაცნობიერის თეორია. ცნობიერების მიმართება არაცნობიერთან, თვით არაცნობიერის ონტოლოგიური ბუნება, მისი არსებობის ფორმა არ არის ნათლად გარკვეული. ძნელი სათქმელია უშვებს თუ არა თარხნიშვილი ისეთი ფსიქიკური შინაარსის არსებობას, რომელიც საერთოდ მოკლებულია განცდის ნიშანს ე.ი. აბსოლუტურად არაცნობიერია. იგი საუბრობს ცნობიერების სხვადასხვა საფეხურებზე. უმაღლესი საფეხური თვითცნობიერება ანუ საკუთარი განცდების რეფლექსიის დონეა (ცნობიერების ცნობიერება); უმდაბლესი საფეხურის აღსანიშნავად თარხნიშვილი იყენებს მ. მანასეინას ტერმინს „сознавательность“ (ცნობიერებადობა) და მასში შეგრძნების ელემენტარულ უნარს გულისხმობს. ის არაცნობიერიდან ცნობიერში გარდამავალი საფეხურიც არის და, ამავე დროს, თითქოს არაცნობიერი ფენომენიც. „ჩვენ უნდა დაუშვათ ადამიანში არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენების სფერო, სფერო, რომელიც შეესატყვისება ცნობიერებადობის დაბალ საფეხურებს“, წერს თარხნიშვილი. ამ შემთხვევაში არაცნობიერად ითვლება ისეთი განცდადი შინაარსი, რომელიც ცნობიერების უმდაბლეს დონეს შეესაბამება, ანუ არ არის აბსოლუტურად არაცნობიერი. სხვა ადგილას თარხნიშვილი მსჯელობს იმაზე, რომ მძინარე ადამიანში, რომელსაც არა აქვს ცნობიერება და ნებისყოფა, „შეიძლება აღმოცენდეს მეტად მრავალფეროვანი და მეტად ნათელი, თუმცა ფრაგმენტული წარმოდგენები“. აქ პირდაპირ არის მითითებული არაცნობიერ განცდებზე, წარმოდგენებზე. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თარხნიშვილს არაცნობიერი სფერო საკმაოდ ფართოდ აქვს მოაზრებული. მასში შედის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც საერთოდ არ განიცდებიან და ფსიქიკური შინაარსები (შეგრძნებები, წარმოდგენები), რომლებიც რეფლექსიური ცნობიერების შუქით არ არიან განათებული. ცნობიერება გაგებულია როგორც გარკვეულ მომენტში მოცემული წარმოდგენების ერთობლიობა. ცნობიერების ყველა შინაარსი აიგება ფსიქიკური ელემენტებისაგან, ესენია შეგრძნება და გრძნობა. პირველადი და უმთავრესი მაინც შეგრძნებაა. გრძნობადი ტონი არის შეგრძნების თანმხლები მოვლენა და გამოხატავს შეგრძნების მიმართების ხასიათს ცნობიერების სხვა შინაარსებთან. ამიტომაც არის თარხნიშვილის ყურადღება ფოკუსირებული შეგრძნებებზე; შესაძლოა კიდევ იმიტომაც, რომ შეგრძნებები ფსიქოფიზიოლოგიური კვლევის ტრადიციულ ობიექტია.

      თარხნიშვილი განიხილავს შეგრძნებისა და გრძნობადი აღქმის საკვანძო საკითხებს ისე, როგორც ისინი იმ დროს იყვნენ ფორმულირებული. პირველ რიგში, ეს არის საკითხი იმ მიმართების შესახებ, რომელიც არსებობს ფიზიკური გამღიზიანებლის რაგვარობას, გრძნობის ორგანოს ანატომიურფიზიოლოგიურ თავისებურებასა და სათანადო შეგრძნების განცდის სპეციფიკას შორის. თარხნიშვილი იზიარებს გრძნობის ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონს და მის ჰელმჰოლცისეულ ინტერპრეტაციას ემხრობა, რომლის მიხედვით ანალიზატორის სპეციფიკური ენერგია თავის ტვინის სენსორულ ცენტრშია მოთავსებული. ამავე დროს, სპეციფიკური ენერგიის კანონს იგი მხოლოდ შეგრძნებათა მოდალობას უკავშირებს და არ ავრცელებს ინტრამოდალურ რომელობებზე, როგორც ამას იგივე ჰელმჰოლცი მოითხოვდა. განსხვავება ორი მოდალობის შეგრძნებას შორის (მაგ., მხედველობისა და ყნოსვის) მომქმედ გამღიზიანებელთა რაგვარობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმ ენერგიის სპეციფიკაზე, რომელსაც ნებისმიერი გამღიზიანებელი გამოათავისუფლებს სენსორული სისტემის ბოლო პუნქტში - სენსორულ ცენტრში. რაც შეეხება ინტრამოდალურ განსხვავებებს, მაგალითად ფერებს შორის განსხვავებას, ისინი მჭიდრო კავშირშია გარეგამღიზიანებლის თვისებასთან (ფერების შემთხვევაში ეთერის ტალღების რხევის სიხშირესთან). რაც შეეხება გამღიზიანებლისა და გრძნობის ორგანოს ურთიერთმიმართების საკითხს, აქ თარხნიშვილი საუბრობს გრძნობის ორგანოთა განვითარებაზე. იგი გულისხმობს გრძნობის ორგანოების სპეციალიზაციას, რომელიც გამღიზიანებლის თვისებებით არის განსაზღვრული. ეს სპეციალიზაცია ორი მიმართულებით ხორციელდება. ჯერ ერთი, სხვადასხვა ცხოველები გარკვეული გამღიზიანებლების მიმართ ხდებიან უფრო მგრძნობიარე, და მეორე, განსხვავებული გამღიზიანებლების მისაღებად სპეციალური ორგანოები ვითარდება (სინათლისთვის - თვალი, ბგერისთვის - ყური და ა.შ.). გამოდის რომ გამღიზიანებელსა და გრძნობის ორგანოს შორის გენეტიკურად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მიმართება არსებობს. მიუხედავად ამისა, თარხნიშვილი არა მხოლოდ ძალაში ტოვებს სპეციფიკური ენერგიის კანონს, არამედ მასთან შესაბამისობაში მყოფ ე.წ. სიმბოლოების თეორიასაც იზიარებს. ეს უკანასკნელი, უარყოფს რა შეგრძნებათა მსგავსებას მათ გამომწვევ გამღიზიანებლებთან, შესაძლებლად თვლის საგნებთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარებას იმის გამო, რომ საგნების პერცეპტული ხატი რეალური საგნების სიმბოლოა (იხ. თავი 6.1.).

      საინტერესო და თავისებურია თარხნიშვილის მიერ შეგრძნებების დაყოფა (კლასიფიკაცია) პროექციის ნიშნის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ საით არიან ისინი მიმართული - გარეთ, საგნებსა და მათ თვისებებზე (ობიექტური ნიშანი) თუ შიგნით - სხეულსა და მის მდგომარეობებზე (სუბიექტური ნიშანი). ობიექტურია მხედველობის, შეხების, სმენის, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებები. სუბიექტური - კუნთური, შიმშილის, წყურვილისა და საერთოდ ორგანული შეგრძნებები.

      შეგრძნებათა ობიექტური ნიშანი აუცილებელი პირობაა საგანთა ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობის განცდისთვის; იგი არის „მე“-სა და „არა მე“-ს გარჩევის პირველადი საფუძველი. ამ კუთხით გამორჩეულ როლს თამაშობს მხედველობა და შეხება. თარხნიშვილი სპეციალურად აანალიზებს შეგრძნების გარეთ პროეცირების მექანიზმს და ხაზს უსვამს იმ გამოცდილების მნიშვნელობას, რომელსაც ბავშვი შეხებითი შეგრძნების საშუალებით იძენს. შეხების შეგრძნება წარმოიქმნება იმ მოძრაობათა განხორციელებისას, როცა საგანი კანთან მოდის კონტაქტში. სხვა მოძრაობების შემთხვევაში ბავშვს მხოლოდ კუნთური შეგრძნება აქვს. ადარებს რა ერთმანეთს ამ შთაბეჭდილებებს, ბავშვს უჩნდება ბუნდოვანი გრძნობა იმისა, რომ შეხების განცდის წყარო თვითონ იგი, ან მისი მოძრაობა კი არ არის, არამედ რაღაც მის გარეთ მყოფი. „გრძნობის არც ერთი ორგანო არ იძლევა ისეთ მკაფიო განსხვავებას „მე“-სი „არა მეს“-გან, როგორც შეხება ... და, მაშასადამე, შეხება გვაძლევს პირველ მთავარ ელემენტებს თვითცნობიერების განვითარებისთვის და სივრცეში ორიენტაციისთვის“.

      სივრცის აღქმა, მისი საბოლოო ფორმით, აპრიორული, თანშობილი და გამოცდილებისეული, შეძენილი მომენტების ერთობლივი პროდუქტია. რაც შეეხება თანდაყოლილ იდეებს, მათ არსებობას თარხნიშვილი კატეგორიულად უარყოფს. ყოველგვარი ფსიქიკური შინაარსი შეგრძნებიდან აღმოცენდება, მაგრამ მასზე არ დაიყვანება. შეგრძნება მხოლოდ მასალაა. გონება მას გადაამუშავებს და გვაძლევს ცნებებს, იდეებს და ა.შ. ცნება იმ სახით, როგორითაც გონებაში არსებობს, შეგრძნებაზე არ დაიყვანება, თუმცა მის საფუძველზე წარმოიქმნება. იდეები გონების მოქმედების პროდუქტებია. გრძნობადი მასალა „პირველადი ბიძგია“, რომელიც დასაბამს აძლევს ჯერ წარმოდგენებს და შემდგომ ცნებებს. მაშასადამე, შეიძლება გამოიყოს შემეცნების პროცესის სამი დონე, რომელთაც შეგრძნება, წარმოდგენა და ცნება შეესაბამება.

      თარხნიშვილი ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიჯნაზე აწარმოებდა კვლევას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ფსიქოფიზიკური, უფრო ზუსტად კი ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემა, მისი განსჯის საგანი იყო. მეცხრამეტე საუკუნის არა ერთი გამოჩენილი ფიზიოლოგი იმ აზრამდე მივიდა, რომ აღნიშნული პრობლემა პრინციპულად გადაუჭრელია. თარხნიშვილს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ეს სირთულე. მისთვის ამოსავალია დებულება, რომ ფსიქიკური პროცესები წარმოიქმნებიან ფიზიოლოგიურიდან, ანუ ნერვულ სისტემაში მიმდინარე მატერიალური პროცესებიდან, მაგრამ მეცნიერებამ ამ ეტაპზე არ იცის, ეს როგორ ხდება. მან ვერ გადო ხიდი ფიზიოლოგიურსა და ფსიქიკურს შორის, რაც აუცილებელია ფსიქიკურის ასახსნელად. სხეულებრივ და სულიერ მოვლენებს შორის კავშირის არსი, მათი ერთიანობის ბუნება ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ეს დროებითი ვითარებაა. იგი აღმოიფხვრება ბუნების ფუნდამენტური კანონზომიერებების დადგენის, ემპირიული კვლევის ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ.

      თარხნიშვილი თავად იყო ასეთი კვლევების დიდი ენთუზიასტი. იგი წლების განმავლობაში შეისწავლიდა ფსიქოფიზიოლოგიის სხვადასხვა საკითხებს. ამ კვლევის შედეგები განზოგადებულია რამდენიმე სპეციალურ ნაშრომში, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნი „სული და სხეული“ (1904). იგი ამტკიცებს, რომ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთკავშირის შესწავლას „აქვს მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ადასტურებს რა სულისა და სხეულის ერთიანობას, ეს კავშირი დაედება საფუძვლად მართებულ და სასიკეთო მსოფლმხედველობას ადამიანის ორგანიზმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ“. ავტორს მოჰყავს უამრავი ფაქტობრივი მონაცემი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ფსიქიკური მოვლენები ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე (გულის მოქმედება და სისხლის მიმოქცევა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემები, ნივთიერებათა ცვლა და კუნთური მოძრაობა და სხვა). სხეულზე მოქმედ ფსიქიკურ ფაქტორთა რიგში ემოციონალურ ფაქტორებს, პირველ ყოვლისა აფექტებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. თარხნიშვილმა სპეციალურად იკვლია მუსიკის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე და დაადგინა, რომ მხიარული მუსიკა აძლიერებს კუნთების მუშაობას და პირიქით. სულისა და სხეულის მჭიდრო ურთიერთობის საუკეთესო ილუსტრაციად ნებელობითი პროცესები გამოდგება. ნებელობა მოქმედებს სხვადასხვა სომატურ პროცესზე მათი გაძლიერების ან შესუსტების მიმართულებით. თარხნიშვილი საგანგებოდ შეისწავლიდა ასეთ მოვლენებს და სპეციალურ ნაშრომში გააანალიზა გულისცემის ნებისმიერი დაჩქარების შემთხვევები. მაგრამ, ემოციურ-ვოლიტური პროცესები გამონაკლისი არ არის; ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე შესამჩნევ გავლენას ახდენს რაციონალური პროცესების ზემოქმედებაც, კერძოდ, გონებრივი შრომა.

      უაღრესად მრავალფეროვანია, აგრეთვე, საპირისპირო მიმართულების, ანუ სომატურის სულიერზე ზემოქმედების გამოვლინებები. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ორგანული პროცესების დარღვევა მკვეთრად უარყოფითად აისახება ფსიქიკურ ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, თარხნიშვილი ამტკიცებს, რომ მედიცინაში, ორგანულ მკურნალობასთან ერთად, უნდა დამკვიდრდეს ფსიქოლოგიური მეთოდიც. ფსიქოთერაპია ფართოდ უნდა დაინერგოს სამედიცინო პრაქტიკაში. სხვათა შორის, ამ საკითხზე იგი ჯერ კიდევ თავის სადოქტორო დისერტაციაში მსჯელობდა (1871): „ფსიქოლოგია, ფიზიოლოგიის მსგავსად, უნდა შედიოდეს სამედიცინო განათლების შემადგენლობაში, ვინაიდან მხოლოდ მისი საფუძვლების ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას ცნობიერად მივუდგეთ სულიერ დაავადებებს და მრავალრიცხოვან, ნაკლებად მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობებს, რომლებიც წამდაუწუმ გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში“. თუ გავითვალისწინებთ, როდის იყო ეს ნათქვამი და რა რთულად იმკვიდრებდა თავს ფსიქოლოგიური მკურნალობა ოფიციალურ სამედიცინო პრაქტიკაში, ნათელი გახდება, თუ რა შესაშური ალღო და გამჭრიახობა ჰქონდა ქართველ მეცნიერს.

      თარხნიშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა ქცევის ფსიქოფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხებს. იგი ქცევის ოთხ ნაირსახეობას გამოყოფს: 1. რეფლექტორული მოძრაობები, რომლებიც არ შეიცავენ ფსიქიკურ ელემენტს; 2. ემოციების გამომხატველი მოძრაობები; 3. იდეომოტორული აქტიობა და 4. ნებელობითი ქცევა. ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო ორი.

      ზემოთ, არაცნობიერი ფსიქიკურის დასაბუთების კონტექსტში, ნახსენები იყო ე.წ. იდეომოტორული მოქმედება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ლოტცესთან, კარპენტერთან და ჯეიმსთან ერთად, თარხნიშვილმა სერიოზული წვლილი შეიტანა ამ პრობლემატიკის დამუშავებაში, რაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორც ცნობილია, ტერმინი „იდეომოტორული აქტი“ იდეის, აზრის მიერ მოძრაობის უშუალო გამოწვევას აღნიშნავს. დაშვებულია, რომ გარკვეულ პირობებში იდეას, თუ მას ხელს სხვა იდეები არ უშლიან, შეუძლია პირდაპირ გადავიდეს მოტორიკაში. იდეომოტორიკა, ფაქტობრივად, განცდების არაცნობიერი გამოვლინებაა მოძრაობაში. მაგალითად, თუ ადამიანი ფიქრობს რაიმეზე, რაც მარცხნივ იმყოფება, მისი კიდურები, თავი ან თვალები სათანადო მოძრაობას ახორციელებენ. აქ მთავარი ის არის, რომ აღნიშნული აქტივობა არ არის შეგნებული ხასიათის და სუბიექტის მიერ საერთოდ გაუცნობიერებელია. სამაგიეროდ მას სხვები ამჩნევენ და შესაბამისი გამომწვევი იდეის „ამოკითხვას“ ახერხებენ. თარხნიშვილის აზრით, სწორედ ასეთია იმ მოვლენების რეალური მექანიზმი, რომლებსაც ადგილი აქვთ სპირიტულ სეანსებში. აქ, ისევე როგორც სხვა პარაფსიქოლოგიური ეფექტების შემთხვევაში (გულთმისნობა, მანძილზე აზრის გამოცნობა და ა. შ.), არაფერია ზებუნებრივი. ყველაფერი იდეომოტორული მოქმედების კანონზომიერებით აიხსნება. იდეომოტორიკის მექანიზმის გამოყენება პროდუქტულია, აგრეთვე, ჰიპნოზური და პოსტჰიპნოზური ეფექტების დახასიათებისას. ასეთ დასკვნებამდე მიდის თარხნიშვილი თავის ცნობილ წიგნში „ჰიპნოტიზმი, შთაგონება და აზრების წაკითხვა“ (1886). ამ ნაშრომის ღირსებებზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ იგი ითარგმნა და ორჯერ გამოიცა საფრანგეთში, რომელიც მაშინ ლიდერობდა ჰიპნოტიზმის მეცნიერული შესწავლის საქმეში. თარხნიშვილი საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერიც გახდა.

      ნებისმიერი მოქმედება და მასთან დაკავშირებული ნების თავისუფლების საკითხი თარხნიშვილის შემოქმედების ერთ-ერთ ლეიტმოტივს წარმოადგენს. ამ პრობლემატიკას იგი მთელი ცხოვრება ამუშავებდა, გარკვეულად ცვლიდა და აზუსტებდა თავის მოსაზრებებს. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოგვცა ნებისყოფის ფსიქოლოგიური პროცესის არსის განსაზღვრება, თუმცა მუდმივი ძიების პროცესში იყო და რამდენჯერმე სცადა ნებელობის დახასიათება სხვადასხვა კონტექსტში.

      თარხნიშვილი სეჩენოვის მიერ გამოზრდილი ფიზიოლოგი იყო. იგი, ნებელობითი პროცესების ანალიზისას, მიყვებოდა თავისი მასწავლებლის მიერ გაკვალულ გზას. სეჩენოვი მკაცრი ბუნებისმეტყველური პოზიციიდან უდგებოდა ნებისყოფის ცნებას და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ნებელობითი ქცევა ისევე დეტერმინირებულია, როგორც აქტივობის სხვა ფორმები. დანარჩენი მოქმედებების მსგავსად, ისიც რეფლექტორული ბუნებისაა, ხოლო „ნებელობის სპეციფიკას“ მის მიერ აღმოჩენილი ე.წ. „ცენტრალური შეკავების“ მექანიზმი გამოხატავს. ნებელობას, როგორც ადამიანის აქტივობის უმაღლეს ფორმას, აქვს თავისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური სუბსტრატი და რთულ რეფლექსს წარმოადგენს. შეკავება ქმნის იმის ილუზიას, რომ რეფლექტორული აქტი გარეზემოქმედებაზე არ არის დამოკიდებული. სინამდვილეში, ფსიქიკური ფენომენების, მაგალითად აზრის ორი მესამედი რეფლექსია, რომლის მამოძრავებელი ნაწილი შეკავებულია. ნების ძალა აიხსნება ცხოვრებისეული გამოცდილების პროცესში შეკავების ცენტრების ვარჯიშით. ამიტომ აღზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაშასადამე, ნებელობა ექვემდებარება მეცნიერულ-დეტერმინისტულ შესწავლას. ნებისყოფის, ისევე როგორც ყოველგვარი ქმედების მიზეზი ყოველთვის გარეგან გრძნობით აგზნებაშია, ამბობდა სეჩენოვი. ნებელობა გარემო პირობებით არის დეტერმინირებული და მასზე, როგორც რაიმე თავისუფალ და უპირობო ძალაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

      თარხნიშვილი თავისი მეცნიერული შემოქმედების პირველ ეტაპზე ძალიან უახლოვდება სეჩენოვის ამ თვალსაზრისს, მაგრამ არ იმეორებს მას. როგორც ფიზიოლოგი, ისიც მკაცრად დეტერმინისტულ პოზიაციაზე დგას. ნებისმიერი ქცევის უშუალო მიზეზი ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებია, მაგრამ ამ პროცესების აქტივაციისთვის საჭიროა „გარეგანი ბიძგი“, რომლის ფუნქციას გარეგამღიზიანებლები ასრულებენ. ისინი არიან ყოველგვარი აქტივობის პირველწყარო. ამრიგად, ავტორის თქმით, ნება არის ძალა, რომელსაც მიზანშეწონილი ქცევის სახეს აძლევს რეფლექტორული მექანიზმების რიგი და რომლის სათავე გარეგამღიზიანებელთა ზემოქმედებაშია.

      უნდა განვასხვავოთ რეფლექტორული და ნებელობითი მოქმედება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო რთულია და არ ხასიათდება უშუალო კავშირით გამღიზიანებელსა და რეაქციას შორის. იგი გაცნობიერებულია: „ნებელობა მხოლოდ იქაა, სადაც არსებობს ცნობიერება; ამიტომ ყველა არაცნობიერი მდგომარეობა ნების არ არსებობით ხასიათდება“. ავტორი ამბობს, რომ ნებელობითი მოქმედება მიზანშეწონილია და, როგორც ჩანს, მის მიზანმიმართულობას გულისხმობს. მაშასადამე, გამღიზიანებლის ზემოქმედება გაივლის ცნობიერებას, რაც მოქმედებას მიზანმიმართულ აქტივობად აქცევს. ნებელობითი ქცევის ასეთი დახასიათება მის ფსიქოლოგიურ დეტერმინირებულობაზე მიუთითებს. ფსიქიკური ფაქტორი აუცილებელია ნებელობითი ქცევის განხორციელებისთვის. ადამიანს აქვს მიზნის წარმოდგენა და მისკენ მიმართული ცნობიერი ტენდენცია, იმპულსი. ისინი ქცევის დეტრმინაციაში ჩართული ფსიქიკური ცვლადებია. ადამიანის ცნობიერებისთვის ეს იმპულსია ქცევის განმსაზღვრელი. სხვა, გენეტიკურად პირველად და უფრო მნიშვნელოვან მიზეზებს იგი ვერ აცნობიერებს და, აქედან გამომდინარე, ქცევას თავისი ცნობიერებიდან (ნებიდან) გამოყვანილად, ე.ი. როგორც თავისუფალს განიცდის.

      ცნობიერების გარდა, რომელიც თარხნიშვილის წარმოდგენათა ერთობლიობის მნიშვნელობით ესმის, იგი ისეთ ფსიქოლოგიურ დეტერმინანტზეც საუბრობს, როგორიც ხასიათია. „ადამიანის ქცევებს განსაზღვრავს მისი თანდაყოლილი ხასიათი, რაც მისი ორგანიზაციითაა გაპირობებული, მომქმედ წარმოდგენათა ჯამი და ადამიანზე მომქმედი გარე მოტივები; ამ აზრით, მისი ქცევები ზემომითითებული სამი მომენტის აუცილებელი შედეგია და, ამგვარად, აუცილებლობის კანონს ემორჩილება“. გარე მოტივები, ალბათ, ფიზიკური და სოციალური ფაქტორებია. ამრიგად, თარხნიშვილთან ქცევის დეტრმინაციის რთული სისტემა იკვეთება - აქტივობის პირველადი გარეგანი მიზეზები, მოძრაობის უშუალო ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზები (ცნობიერი შინაარსები, იმპულსები და ხასიათი). მთავარი ისაა, რომ ფსიქიკური ფაქტორი ამ სისტემის აუცილებელი ელემენტია. მისი ფუნქცია და წონა დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ ზოგადად, ასეთი სქემა დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისითაც სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება.

      ამ სქემის ფსიქოლოგიური მდგენელის დეტალიზაციამდე ერთი მომენტი უნდა აღინიშნოს. ეს სქემა „აუცილებლობის კანონს ექვემდებარება“ და თავისუფლებას გამორიცხავს. ასეთი პოზიცია გააჟღერა თარხნიშვილმა თბილისში წაკითხულ ლექციებში და, სხვათა შორის, რეცენზენტების, მაგალითად გ. წერეთლის დადებითი შეფასება დაიმსახურა. იგივე თვალსაზრისია წარმოდგენილი ადრინდელ შრომაში „ნერვული სისტემის როლი ცხოველთა მოძრაობაში“ (1872). მომდევნო პერიოდში ავტორი ცდილობდა რაღაც ადგილი მაინც მოენახა თავისუფლების ცნებისთვის ისე, რომ დეტერმინიზმის ფუნდამენტური პრინციპისთვის არ ეღალატა.

      თარხნიშვილი ღრმად არის ჩახედული ამ პრობლემაში. იგი უარყოფს მექანიციზმსაც და ვოლუნტარიზმსაც, რომელთაც თავისუფლების პრობლემის გადაწყვეტის ორ უკიდურეს ვარიანტად მიიჩნევს. მექანიციზმი ფსიქიკური ელემენტის შემოტანით დაიძლევა, მაგრამ იგივე ელემენტი, ერთი შეხედვით, ვოლუნტარიზმის საფრთხეს ქმნის. ფსიქიკური, როგორც მომქმედი ფაქტორი, აქტიობის გამომწვევი (მარეგულირებელი) ძალა, ქცევის თვითკმარ და არაფერზე დამოკიდებულ, საკუთარი თავით განსაზღვრულ მომენტად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ შემთხვევაში მეცნიერებისთვის დამღუპველ ინდეტერმინიზმის მორევში აღმოვჩნდებით. თარხნიშვილი აღნიშნულ საფრთხეებს აცნობიერებს და ამ პოზიციების დაბალანსების გზას ადგება, შუალედური თვალსაზრისისკენ ესწრაფვის. ამავე დროს, იგი ცდილობს დეტერმინიზმის მყარ ნიადაგს არ მოწყდეს და, ამიტომ, ქცევაში ფსიქიკური მომენტების შესახებ ძალიან ფრთხილად ლაპარაკობს. ასეთი მიდგომა ზოგჯერ იმდენად შორს მიდის, რომ ძნელი გასაგები ხდება, რას და როგორ აკეთებს ფსიქიკა საერთოდ და ცნობიერება - კერძოდ. ავტორი ყველგან ხაზგასმით აღნიშნავს ქცევის გარეგანი განსაზღვრულობის პრიორიტეტს. სიტყვა „დეტერმინაციასაც“ მხოლოდ გარეგანი მიზეზობრიობის მნიშვნელობით ხმარობს. ფსიქიკური მეორადი წარმოშობისაა და განსაზღვრულია გარეგანით. ძალიან ფართო მნიშვნელობით ეს, ალბათ, მართებულიცაა, მაგრამ, არ შეიძლება ამ თეზისის აბსოლუტიზაცია. თარხნიშვილი იქამდე მიდის, რომ მთლიანად უარყოფს თანდაყოლილი მომენტის მნიშვნელობას ფსიქიკური თვისებების წარმოქმნაში. იგი, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ დავახასიათოთ, სიტუაციონისტურ პოზიციაზე დგას, მაგრამ ასეთ უკიდურეს თვალსაზრისს ყველაზე რადიკალური სიტუაციონისტიც არ დაეთანხმება.

      ზემოთ დავწმუნდით, რომ თარხნიშვილი არა მხოლოდ პირდაპირ მიუთითებს ფსიქიკის რეგულატორულ ფუნქციაზე, არამედ ემპირიულადაც იკვლევს მას. მან დაადგინა, რომ ცნობიერ ნებას გულის მოქმედების შენელების უნარიც კი აქვს. ავტორის სიტყვებით, ნება აძლიერებს მიზანშეწონილ მოთხოვნილებებს და აკავებს ან სულაც ანეიტრალებს ნაკლებად მიზანშეწონილ ტენდენციებს; ნების საშუალებით ადამიანს ძალუძს თავისი შესაძლებლობების ამა თუ იმ მიმართულებით განვითარება. ცხადია, რომ თვითგანვითარების პირობად ჩათვლილ ნებას არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს და არ ემორჩილებოდეს გარეგანი ზემოქმედებების სტიქიას. ეს, თავის მხრივ, ნებას რეალურად მომქმედ, ავტონომიური ძალის მქონე მიზეზობრივ ფაქტორად აქცევს, რაც უკვე ვოლუნტარიზმია. ამის დაშვება თარხნიშვილისთვის მიუღებელია. ამიტომ, ნებისყოფის ქმედითუნარიანობის ყველა მოყვანილ მტკიცებასთან ერთად, იგი ნების შესაძლებლობების სერიოზულ შეზღუდულობაზეც საუბრობს. მოკლედ, აქ არ ჩანს თანმიმდევრული პოზიცია.

      მართალაც, რა არის ნებელობა - ავტონომიური ძალის მქონე, სასარგებლო და აუცილებელი ფსიქიკური ფუნქცია, თუ გარკვეული და მნიშვნელოვანი ფუნქციის არ მქონე, გარემო ფაქტორებით და ფიზიოლოგიური მექანიზმებით გაპირობებული ქცევის რეგულაციის დამატებითი რგოლი? პირველ ეტაპზე თარხნიშვილი, პრინციპში, ამ უკანსკნელ ვერსიას ემხრობოდა და ნების თავისუფლების განცდას უსარგებლო ილუზიას უწოდებდა. თვითცნობიერება უთუოდ ადასტურებს ამ განცდის არსებობას. ეს არის ფსიქოლოგიური საფუძველი იმის რწმენისა, რომ თავისუფალი ნება არსებობს. მაგრამ, სინამდვილეში, მისი მიზეზი ჩვენი თვითცნობიერების შეზღუდულობაა. ქცევის გამომწვევი მიზეზების რიგიდან ცნობიერება მხოლოდ ქცევის უშუალოდ წინმსწრებ იმპულსს აფიქსირებს და მას ჩვენი „მე“-ს ნებას უკავშირებს. ამიტომ, ჩნდება განცდა, რომ ეს იმპულსი თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს; სინამდვილეში რეალური მიზეზი პიროვნების გარეთაა. მოკლედ, თავისუფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს, თავისუფლების განცდა კი მხოლოდ ცნობიერების შეცდომაა.

      მოგვიანებით თარხნიშვილი ამ განცდის დადებით მნიშვნელობაზე - იწყებს საუბარს და, გარკვეული აზრით, თვით თავისუფლების რეალურობაზეც მიანიშნებს. თავისუფლება, მისი აზრით, ცნობიერების კანონია, აუცილებლობა - გონებისა. ცნობიერების მხრიდან დანახული ქცევა თავისუფლად გამოიყურება, გონების მხრიდან - დეტერმინირებულად. ცნობიერება თავისი განცდების იქით არ იყურება და თავისუფლებას ხედავს; შემმეცნებელი გონება კი ყველგან მიზეზობრივ კავშირებს აღმოაჩენს, მათ შორის ნებელობის სფეროშიც. ამიტომ ნება, გარკვეული აზრით, თავისუფალიც არის და დეტერმინირებულიც. ცხადია, რომ ეს მსჯელობა ნების თავისუფლების რეალურობას ვერ დაამტკიცებს. მის ლოგიკას, საბოლოოდ, თავისუფლების უარყოფამდე მივყავართ, ვინაიდან შემეცნებელი გონება მარტო იმას აღმოაჩენს, რაც სინამდვილეში არსებობს. ცნობიერებას რომ მართლაც თავისუფალი ნება მართავდეს, ამას გონებაც ცხადყოფდა. ფსიქიკური სფეროს დეტერმინირებულობას მეცნიერება იმიტომ უშვებს, რომ იქ მოვლენათა შორის კანონზომიერი კავშირები დასტურდება, იქ წესრიგია და არა ქაოსი, აუცილებლობა და არა შემთხვევითობა. ეს რომ არ იყოს, ფსიქოლოგია, როგორც პოზიტიური მეცნიერება, არც იარსებებდა. მოკლედ, თარხნიშვილის მიერ ცნობიერებისა და გონების დუალიზმის დაშვებით მოცემული პრობლემა არ წყდება.

      რაც შეეხება თავისუფლების განცდას, ის აუცილებელიც არის და სასარგებლოც. ავტორი არ იშურებს მის მიმართ ეპითეტებს და „მიწიერი ცხოვრების მშვენებასაც“ უწოდებს. ამ განცდაზე ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ბევრი თქმულა. საუკუნეების მანძილზე (დეკარტეს შემდეგ მაინც) მიდის ბჭობა იმის შესახებ, თუ როგორია მისი ბუნება და რას ნიშნავს იგი სინამდვილეში. უმეტესობის აზრით, ეს განცდა, თავისთავად, არაფერს ამბობს თავისუფლების შესახებ (ბ. სპინოზა, დ. ჰიუმი, პ. ჰოლბახი, ჯ.ს. მილი, ა. შოპენჰაუერი, ბ. რასელი, ბ. სკინერი, ჰ. ლეფკორტი და სხვა). ნაწილი თვლის, რომ ის ადასტურებს თავისუფლების რეალურ არსებობას (რ. დეკარტე, კ. ჰემპელი, კ. კემბელი, კ. როჯერსი და სხვა). ი. კანტს მიაჩნდა, რომ ამ განცდის ფაქტი საკმარისია თავისუფლების ემპირიული (და არა ტრანსცენდენტური) დასაბუთებისთვის. ბუნებისმეტყველი თარხნიშვილისთვის კი ასეთი ფენომენოლოგიური არგუმენტაცია (თავისუფლება რეალობაა, ვინაიდან განიცდება), ცოტა არ იყოს, კურიოზულად გამოიყურება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, რომელშიც ავტორი ამ საკითხზე მსჯელობს. მხედველობაში გვაქვს შთაგონების მოვლენები. საქმე ის არის, რომ სწორედ ე.წ. პოსტჰიპნოზური მოქმედება გვაწვდის ყველაზე სერიოზულ მტკიცებულებას ნების თავისუფლების ფენომენოლოგიური დასაბუთების წინააღმდეგ. ასეთ ქცევას, როგორც წესი, თან ახლავს იმის ცნობიერება, რომ იგი სუბიექტის თავისუფალი არჩევანის შედეგია, მაშინ, როდესაც რაიმე სახის თავისუფლებაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკიც ზედმეტია - ასეთი ქცევა წინასწარ არის დაპროგრამებული და აუცილებლობის წესით სრულდება.

      უნდა ვიფიქროთ, რომ როდესაც თარხნიშვილი თავისუფლებას „ფსიქიკურ რეალობას“ უწოდებს, ის არ ცდება, ვინაიდან გულისხმობს, რომ თავისუფლების განცდა ფსიქიკის (ცნობიერების) რეალობაა. ცნობიერებაში მართლაც რეალურად არსებობს შეცდომები, ილუზიები და ა.შ. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ფსიქიკის სფეროში თავისუფლება და ინდეტერმინიზმი სუფევს. ერთი სიტყვით, თუ გავითვალისწინებთ თარხნიშვილის შეხედულებათა მთელ სისტემას და მასში ნებელობის საკითხზე მოსაზრებების ცვალებადობას, შეიძლება დავასკვნათ, რომ თარხნიშვილს თავისუფლება ესმის, როგორც ცნობიერების შეცდომა, ილუზია. ამავე დროს, იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ერთ-ერთი ინტერპრეტატორის თქმით, თავისუფლების ცნობიერება თარხნიშვილთან „დადებით ილუზიას წარმოადგენს“ (ს. ავალიანი).

      თარხნიშვილმა მართებულად დაუშვა ფსიქიკური დეტერმინაციისა და რეგულაციის არსებობა, თუმცა ფიზიოლოგიურმა ორიენტაციამ საშუალება არ მისცა თამამად ესაუბრა ქცევის რეგულაციის ფსიქიკურ ასპექტზე. ფსიქიკურში მან ინდეტერმინიზმის საფრთხე დაინახა, მაგრამ ფსიქიკური ელემენტის არსებობა ქცევის სტრუქტურაში თავისთავად არ ნიშნავს თავისუფლების აღიარებას და ინდეტერმინიზმისკენ გზის გახსნას. აქ მთავარია არ დავუშვათ ფსიქიკურში თვითნებური ძალის, ჰომუნკულუსის (პატარა ადამიანის) არსებობა, რომელიც, როგორც ქცევის პირველმიზეზი, ჩვენში ზის და ავტონომიურად მართავს „სხეულის მანქანას“, თავად ფსიქიკურ პროცესებს. თავისუფალი, არაფერზე დამოკიდებული ნების წყარო ასეთი ჰომუნკულუსია და არა ფსიქიკური პროცესები, რომელთა რეგულატორული ფუნქცია ყოველგვარ ქცევაში და, მით უფრო ნებელობითში, აშკარაა; ქმედითობას და სარგებლიანობას მოკლებული ფსიქიკის საჭიროება არც არსებობს. თარხნიშვილის დროს უკვე მომწიფდა აზრი, რომ ფსიქიკური ფაქტორის გარეშე, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზმს ორიენტაცია მოახდინოს გარემოში და შეუსაბამოს მას თავისი საპასუხო რეაქციები, შეუძლებელია მიზანშეწონილი აქტივობის დახასიათება. ფსიქიკური ფაქტორი, ბიოლოგიურ ელემენტთან ერთად, განაპირობებს შეგუებით ქცევას. აქტივობის გართულებასთან ერთად რთულდება ფსიქიკური რეგულაციაც, რომელიც ნებელობითი ქცევის დონეზე თავის უმაღლეს საფეხურს აღწევს. სწორედ ფსიქიკური მექანიზმები განაპირობებენ ასეთი ქცევის თავისებურებას (მიზანშეწონილება, მიზანმიმართულობა, შეგნებულობა, განზრახულობა) და უზრუნველყოფენ ქცევის მთელ პროცესს დასაწყისიდან დასრულებამდე.

      გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის რეგულაციის თანამედროვე მოდელების ფარგლებში აქტიურად შეისწავლება კონკრეტული ფაქტორებისა თუ ცვალდების, პროცესებისა თუ ოპერაციების, უნარებისა თუ თვისებების ერთობლიობა და მათი ფუნქციონალური ურთიერთკავშირები. მათი არასრული ჩამონათვალიც შთამბეჭდავია: ეტალონები, ღირებულებები, მოლოდინები, ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტი, თვითშეფასება, პრეტენზიის დონე, შინაგანი სანქციები, უკუკავშირები, ატრიბუციების, თვითეფექტურობის, ვალენტობის, სუბიექტური ალბათობების მაჩვენებლები, ინსტრუმენტალობა, თვითკონტროლი, ძიება, სელექცია, შედარება, შეფასება, პროგრამირება, სანქციონირება, კორექცია, გადაწყვეტილების მიღების, თავდაცვის, თვითგანმტკიცებისა თუ სხვა სტრატეგიები და ა. შ. ყველა მათგანს რეალური შინაარსი და ფუნქცია აქვს ქცევის რეგულაციაში, რასაც საერთო სახელი - ნებელობა ეწოდებოდა. თანამდეროვე ფსიქოლოგიაში ხდება ამ კოგნიტურვოლიტური სტრუქტურებისა და პროცესების ტესტირება, კორექცია, ფორმირება, მოდელირება, პროგნოზირება. მათ სრულად მიეყენება ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებში არსებული პროცედურები. ეს გარემოება ძალიან ზღუდავს მათი დახასიათების შესაძლებლობას თავისუფლებისა და ინდეტერმინიზმის კატეგორიებით, რამდენადაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან კანონზომიერებისა და განსაზღვრულობის ცნებებთან. ხოლო თუ პროცესი (ქცევა) კანონზომიერია და განსაზღვრული, მაშინ რისგან, ვისგან ან რატომაა იგი თავისუფალი?!

      ფსიქოლოგიურმა მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს ადამიანის ქცევის რთული და სპეციფიკური (ნებელობითი) ფორმები. ფილოსოფიის პლანში შეიძლება და საჭიროც არის აუცილებლობასა და თავისუფლებაზე მსჯელობა, მაგრამ რეალური კვლევა მოითხოვს გარკვეულ პასუხს კითხვაზე, როგორ არის შესაძლებელი „თავისუფალი პროცესის“ მეცნიერული კვლევა?

      მეცნიერება ძნელად, მაგრამ განუხრელად მიიწევს წინ ქცევის ფსიქიკური რეგულაციის საიდუმლოების გახსნისკენ. თარხნიშვილის დროს ფსიქოლოგია მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ ძლიერი იყო მექანიცისტური, ვოლუნტარისტული და ვიტალისტური შეხედულებები. სწორედ მათგან გათავისუფლება და ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმის ახლებური გააზრება იყო ყველაზე დიდი ქართველი ფსიქოლოგის, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის მთავარი ამოცანა.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თარხნიშვილი, იმედაძე, ფსიქოლოგია, ცნობიერებადობა

ნახვა: 971

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters