რა არის სოციალური ფსიქოლოგია?

psychology, qwelly, social, social_animal, social_psychology, ანა_მაყაშვილი, ელიოტ_არონსონი, ესმა_ბერიკიშვილი, ნინო_ჯავახიშვილი, სოციალური ფსიქოლოგია, სოციალური_ცხოველი, ფსიქოლოგია, ქეთევან_თოდაძე, ქველი

წიგნიდან: სოციალური ცხოველი

      რამდენადაც ვიცით, არისტოტელე იყო პირველი სერიოზული მოაზროვნე, ვინც სოციალური ზეგავლენისა და დარწმუნების რამდენიმე ძირეული პრინციპი ჩამოაყალიბა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან თქვა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანამდე ეს არავის შეემჩნია. მეტიც, იმის შანსიცაა, რომ ის არ იყო პირველი ადამინი, ვისაც ამ განაცხადის ჭეშმარიტება გააოცებდა და ამავე დროს, მისი ტრივიალობა და დაუსაბუთებლობა საგონებელში ჩააგდებდა. მართალია, ადამიანები უდავოდ სოციალური ცხოველები არიან, მაგრამ იგივე ითქმის სხვა არსებებზე, ჭიანჭველებითა და ფუტკრებით დაწყებული, მაიმუნებითა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. მაშ, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები "სოციალური ცხოველები" არიან? მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდეთ:

      კოლეჯის სტუდენტი, სახელად სემი, თავის ოთხ ამხანაგთან ერთად, ტელევიზორში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უსმენს. სემი მოხიბლული ჩანს. ეს კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებზე მეტად მისი გულწრფელობის გამო მოსწონს. წინასაარჩევნო სიტყვის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი სტუდენტი დაჟინებით ამბობს, რომ კანდიდატმა იმედი გაუცრუა, რომ მისი აზრით, ის სრული გაიძვერაა და რომ უპირატესობას ოპოზიციურ კანდიდატს ანიჭებს. ამ სტუდენტს დანარჩენებიც მყისვე ეთანხმებიან. სემი დაბნეული ჩანს და ცოტა არ იყოს, შეწუხებულიც. ბოლოს, ამხანაგებს ლუღლუღით ეუბნება: "როგორც ჩანს, მთლად ისეთი გულწრფელიც არ არის, როგორსაც მოველოდი."

      მეორე კლასის მასწავლებელი დაფასთან დგას და კითხულობს: "რამდენი იქნება ექვსის, ცხრის, ოთხისა და თერთმეტის ჯამი?" გოგონა მესამე რიგიდან ერთხანს დაბნეულად ჩაფიქრდება, ცოტას იყოყმანებს, ხელს წინდახედულად ასწევს და როცა საპასუხოდ მოუხმობენ, ხმადაბლა იტყვის: "ოცდაათი?" მასწავლებელი თავს უკრავს, უღიმის, "ყოჩაღ, ქეროლ," – ეუბნება, და შუბლზე ოქროსფერ ვარსკვლავს აკრავს. შემდეგ მასწავლებელი კლასს ახალ შეკითხვას უსვამს: "რამდენი იქნება შვიდის, ოთხის, რვის, სამისა და ათის ჯამი?" წამს არ კარგავს, ისე წამოხტება ფეხზე ქეროლი და წამოიყვირებს: "ოცდათორმეტი!"

      4 წლის ბიჭს დაბადების დღეზე სათამაშო დოლს ჩუქნიან. რამდენიმე წუთი ზედ ხელებს ატყაპუნებს, შემდეგ გვერდზე გადადებს და რამდენიმე კვირის მანძილზე ბეჯითად იგნორირებას უკეთებს. ერთ დღესაც, ბიჭუნას მეგობარი ესტუმრება, დოლს ხელს დასტაცებს და ის-ისაა, მასზე დაკვრა უნდა დაიწყოს, რომ ნივთის ახალგაზრდა "მფლობელი" მეგობარს დოლს გამოგლეჯს და თავად იწყებს დაკვრას, გეგონება, მისი ყველაზე საყვარელი სათამაშო ყოფილიყოს.

      10 წლის გოგონა ხარბად მიირთმევს კონკრეტული ფირმის ხორბლის ხრატუნებს, თანაც დღეში ორ ჯამს, იმიტომ რომ, ოლიმპიადის ჩემპიონი ტანვარჯიშში ამ პროდუქტს რეკომენდაციას უწევს და მინიშნებას აკეთებს, რომ მისი ათლეტური გმირობა, ნაწილობრივ, სწორედ აი, ამ ბრენდის ხრატუნების დამსახურებაა.

      მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მონტანას პატარა ქალაქში აქვს გატარებული, არასდროს ჰქონია რეალურ შავკანიანებთან რეალური კონტაქტი, მაგრამ მან "იცის", რომ ეს უკანასკნელნი უჭკუო, ზარმაცი და მოჭარბებული სექსუალური მადის მქონე ხალხია.

      ჩარლი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. ამას წინათ, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. უწინ საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. მართალია, ბავშვები სკოლაში თავაზიანად ექცევიან, მაგრამ მაინცდამაინც მეგობრულად – არა. თავს მარტო გრძნობს, საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და ჰგონია, რომ შეუხედავია. ერთ დღესაც, ლანჩის დროს, მაგიდასთან მდედრობითი სქესის ორ თანაკლასელთან ერთად აღმოჩნდება. ერთ-ერთი მათგანი თბილია, მომხიბლავი, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე. ჩარლი მას აღმერთებს და მასზე ბევრიც უოცნებია. რამდენიმე კვირაა, რაც მასთან დალაპარაკების შანსს ნატრობს. მეორე ახალგაზრდა ქალბატონი ასეთივე მიმზიდველი ნამდვილად არ არის. ჩარლი სიცოცხლით სავსე ოცნების ქალს იგნორირებას უკეთებს და მის კომპანიონთან სერიოზულ ლაპარაკს აბამს.

      კოლეჯის სტუდენტი, სახელად დები, მეგობარი ბიჭისგან, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო, წერილს იღებს. წერილში ბიჭი მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ აუწყებს. მართალია, დები ყოველთვის ამაყობდა, რომ სულ ფორმაში იყო და გონივრულადაც იკვებებოდა, მაგრამ უარყოფამ მის კვების რაციონზე იმოქმედა და ახლა შაბათ-კვირებზე მთელ კოლოფ კრემიან ორცხობილებს, ჩიტის რძეს, შოკოლადებსა და ჯემიან ფუნთუშებს შეექცევა. გარდა ამისა, საინჟინრო ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული სტუდენტია, მაგრამ ახლა გამოთვლითი მათემატიკის გამოცდაზე იჭრება, არადა ამ გამოცდაზე, ჩვეულებრივ, კარგ ქულას მიიღებდა.

      ვიეტნამის ომის დროს, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობდა, რაც უნივერსიტეტის კამპუსებში საკმაოდ ჩვეული მოვლენა გახლდათ ჩვენი ისტორიის ამ შეჭირვებული პერიოდისათვის. სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ოჰაიოს ეროვნულმა დაცვამ, რომელსაც კამპუსში მშვიდობის დამყარება ევალებოდა, ცეცხლი გახსნა, რასაც ოთხი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიის შემდეგ, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ამტკიცებდა, დაღუპული სტუდენტები სიკვდილს იმსახურებდნენო. ამ ქალბატონმა ეს განცხადება იმის მიუხედავად გააკეთა, რომ კარგად იცოდა: მსხვერპლიდან სულ ცოტა ორი სტუდენტი დემონსტრანტი არ იყო, არამედ სროლის დროს კამპუსის მიდამოებში მშვიადობიანად სეირნობდა. მართლაც, ქალბატონი არ დამცხრალა და ასეთი რამეც თქვა: "ყველა, ვინც კენტისნაირი ქალაქის ქუჩებში გრძელი თმით, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ფეხშიშველი გაივლის, დახვრეტის ღირსია."

      როცა რელიგიურმა წინამძღოლმა, ჯიმ ჯოუნსმა[1] განგაშის ზარი ჩამოკრა, გაიანას სახალხო ტაძრის 900 წევრი მის წინაშე მოგროვდა. მან იცოდა, რომ კონგრესის საგამოძიებო მისიის ზოგიერთი წევრი მოკლული იყო და რომ ჯოუნსტაუნის სიწმინდე და იზოლაცია მალე შეიბღალებოდა. ჯოუნსმა განაცხადა, რომ მათი სიკვდილის დრო დადგა. კასრებში საწამლავი დაამზადეს და პროტესტის, ყვირილისა თუ წინააღმდეგობის გამწევი ქცევების მხოლოდ მეჩხერად, აქა-იქ წარმოქმნილ კერებს შორის, დედებმა და მამებმა ჩვილებსა და ბავშვებს ფატალური მიქსტურა დაალევინეს, თავდაც დალიეს, ძირს დაწვნენ და ერთმანეთის მკლავში მკლავგაყრილები სიკვდილის ლოდინს შეუდგნენ.

      1999 წლის 20 აპრილს, კოლორადოს შტატის ქალაქ ლითლტონში მდებარე კოლუმბინის სკოლის კორიდორებსა და საკლასო ოთახებში თოფის სროლის ხმა გაისმა. ცეცხლსასროლი იარაღებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით შეიარაღებულმა ორმა გაშმაგებულმა მოსწავლემ მასწავლებელი და რამდენიმე თანატოლი სკოლის მოსწავლე მოკლა. შემდეგ კი თოფები საკუთარი თავებისკენ მიიშვირეს. როცა სროლისგან დამდგარი კვამლი გადაიწმინდა, აღმოჩნდა, რომ 15 ადამიანი იყო დაღუპული (მათ შორის თავად მსროლელები), 23 – ჰოსპიტალიზებული და მრავალი – მძიმედ დაჭრილი.

      მერი ახლახან 9 წლის გახდა. დაბადების დღეზე სათამაშო სამზარეულოს კომპლექტს ჩუქნიან, "თავისი პატარა ღუმელით". მშობლები ამ საჩუქარს იმიტომ ირჩევენ, რომ მერი კულინარიულ ამბებში ძალიან დაინტერესებული ჩანს და დედიკოს მაგიდის გაწყობაში, კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებაში მუდამ ეხმარება. "რა გასაოცარია, არა?!" – ამბობს მერის მამა. – "სულ რაღაც ცხრა წლისაა და უკვე დიასახლისის საქმეები აინტერესებს! პატარა გოგონებს ალბათ დიასახლისობის გენები აქვთ. ამ ფემინისტებმა კიდევ თვითონაც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ."

      ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჯორჯ ვუდსი აფრიკელი ამერიკელია. როცა 1940-იან წლებში, მასაჩუსეტსში ერთად ვიზრდებოდით, საკუთარი თავი "ფერადკანიან ბიჭად" მიაჩნდა და თვლიდა, რომ თავისი თეთრკანიანი მეგობრები მასზე უპირატესნი იყვნენ. ამ განცდისათვის ბლომად მიზეზი ჰქონდა. იმ გარემოებამ, რომ თეთრკანიანები მას, როგორც მათზე ქვემდგომს ეპყრობოდნენ, ჯორჯზე, ცხადია, პირდაპირი გავლენა იქონია. იმხანად, თავის შექცევა მას რადიოთი შეეძლო – შეეძლო, ჩაერთო რადიო და ესმინა Amos ‘n’ Andy-სთვის, საოცრად პოპულარული რადიო-შოუსათვის, რომელშიც შავკანიანი ზრადასრული ადამიანები წარმოჩენილნი იყვნენ, როგორც მიამიტი ბავშვები, სულელები, ზარმაცები, უწიგნურები და ერთგვარად საყვარელი, არცთუ არამეგობრული, მოშინაურებული ცხოველები. შავკანიან პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი მსახიობები ანსახიერებდნენ. ფილმებში ჯორჯს შეეძლო, ენახა სტერეოტიპიზირებული "ფერადკანიანი ადამიანი", ხშირად მძღოლის ან რაიმე სხვა მოსამსახურის ტიპის როლში. სტანდარტულ სიუჟეტში ფერადკანიანი კაცი თეთრკანიან გმირს რაიმე მოჯადოებულ სახლში გაჰყვებოდა, იქ უცნაურ და ავისმომასწავებელ ხმაურს გაიგონებდნენ; კამერა ამ დროს უმალ ფერადკანიანი კაცის სახეს მიუახლოვდებოდა, ამ უკანასკნელს კი თვალები შიშისგან ჰქონდა გაფართოებული, წამოიყვირებდა, "ფეხებო, არ მიმტყუნოთ!", და კარში რეტიანივით გავარდებოდა, თან ისე, რომ კარს არც კი გააღებდა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რას განიცდიდა ჯორჯი, როცა ამ ფილმებს თავისი თეთრკანიანი მეგობრების კომპანიაში უყურებდა.

      რაღაცები იცვლება. მაგალითად, მართალია, დისკრიმინაცია და უსამართლობა დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ ჯორჯ ვუდის შვილიშვილები, რომლებიც 21-ე საუკუნეში ირზდებიან, იმ ტკივილს დღეს აღარ შეხვდებიან, ჯორჯს რაც აქვს განცდილი. მას-მედია შავკანიანებს ექსკლუზიურად ქვეშევდრომებისა და მომსახურეების როლებში დღეს აღარ წარმოგვიდგენს. მე-20 საუკუნის ბოლოსკენ, აფრიკული ამერიკის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესის და ენთუზიაზმის კვალდაკვალ, სიამაყის განცდაც აღმოცენდა – სიამაყე იმით, რომ შავკანიანი ხარ. ხოლო 2008 წელს, პროგრესის კულმინაცია ბარაკ ობამას არჩევა იყო – პირველი აფრიკელი ამერიკელი პრეზიდენტის. საზოგადოებას დღეს ჯორჯის შვილიშვილებზე განსხვავებული გავლენა აქვს, ვიდრე ჯორჯზე ჰქონდა.

      მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ყველა ცვლილება წრფივი, ჰუმანისტური მიმართულების მქონეა. 1936 წლის 30 აგვისტოს, ესპანური ცივი ომის დროს, ერთმა თვითმფრინავმა მადრიდი დაბომბა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. მსოფლიო სერიოზულ შოკში ჩააგდო იდეამ, რომ ასეთ დასახლებულ ქალაქზე იერიში ჰაერიდან იქნა მიტანილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზეთები სარედაქციო წერილებში მოქალაქეთა ზოგად შიშსა და აღშფოთებას ახმოვანებდნენ. სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, აშშ-ს თვითმფრინავებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბები ჩაყარეს. 200,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მრავალი ათასი მძიმედ დაშავდა. მომხდარიდან მალევე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 4.5 პროცენტი თვლიდა, რომ ასეთი იარაღი არ უნდა გამოყენებულიყო და რაც ყველაზე გასაოცარია, 22.7 პროცენტის აზრით, კიდევ უფრო მეტი უნდა გამოყენებულიყო იქამდე, ვიდრე იაპონიას კაპიტულაციის შანსი ექნებოდა. აშკარაა, რომ ამ 9 წლის მანძილზე რაღაც მოხდა – რაღაც ისეთი, რამაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა.

განსაზღვრება

      რა არის სოციალური ფსიქოლოგია? მრავალი განსაზღვრება შეიძლება, მოვიტანოთ. თუმცა, მათი ჩამოთვლის ნაცვლად, შესაძლოა, უფრო ინფორმატიული იყოს, თავად საგანს რომ მივცეთ დარგის განსაზღვრის საშუალება. წინა გვერდებზე წარმოდგენილი ყველა მაგალითი სწორედ სოციოფსიქოლოგიური სიტუაციების ილუსტრაციაა. რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ეს სიტუაციები, ყველა მათგანი ერთ საერთო ფაქტორს შეიცავს: სოციალურ ზეგავლენას. სემის მეგობრების აზრმა პრეზიდენტობის კანდიდატის ღირსებათა შესახებ სემის მსჯელობაზე (ან ყოველ შემთხვევაში, ამ მსჯელობასთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებაზე) მოახდინა გავლენა. მასწავლებლისგან წამოსულმა ჯილდომ გაკვეთილზე ქეროლის პასუხების სისწრაფესა და ენთუზიაზმზე იქონია გავლენა. 4 წლის ბიჭუნა თავისი სათამაშო დოლით მეგობრის ინტერესის უნებლიე გავლენის შედეგად მოიხიბლა. რაც შეეხება ხორბლის ხრატუნების მოყვარულ 10 წლის გოგონაზე ოლიმპიური ათლეტის ზეგავლენას, ეს გავლენა უკვე სრულებით არ იყო უნებლიე; პირიქით, ეს განზრახ იყო იმგვარად მოფიქრებული, რომ გოგონას მშობლები დაერწმუბინა და შვილისათვის სწორედ ამ კონკრეტული ბრენდის ხრატუნები შეეძინათ. მონტანას მაღაზიის მეპატრონე კი შავკანიანებზე არასახარბიელო სტერეოტიპით როდი დაიბადა. აშკარაა, რომ ეს სტერეოტიპი თავში ვიღაცამ ჩაუდო. დების მოჭარბებული კვება და სუსტი აკადემიური მოსწრება იმასთან იყო კავშირში, რომ გოგონა მეგობარმა ბიჭმა უარყო. ხოლო ჩარლის მიერ თავისი ოცნების ქალის იგნორირებას დიდი ალბათობით იმავე უარყოფის შიშთან აქვს საქმე და დაკავშირებულია საკუთარი თავის შესახებ ბოლოიდროინდელ განცდებსა თუ წარმოდგენებთან და ნახევრად გააზრებულ ვარაუდთან, რომ შანსი იმისა, უარყოფა ამ ორი ახალგაზრდა ქალბატონიდან სწორედ მისი ოცნების ქალიდან წამოსულიყო, უფრო შეესაბამებოდა რეალობას. უარყოფას კი, როგორც დების ქცევა მიგვანიშნებს, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. შესაძლოა, რომ სწორედ უარყოფასა და დამცირებას ეთამაშა კოლუმბინის სკოლის აგრესიულ მკლველობებში როლი. ხოლო, ის, თუ როგორ მივიდა ოჰაიოს, კენტის სკოლის მასწავლებელი ღრმა რწმენამდე, რომ უდანაშაულო ადამიანები სიკვდილს იმსახურებდნენ, ძალიან საინტერესო და შემაშფოთებელი საკითხია. ამ ეტაპზე, მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ მასწავლებლის ამ რწმენაზე უნივერსიტეტის ტრაგიკულ მოვლენებში თავისივე არაპირდაპირმა თანამონაწილეობამ იქონია გავლენა. კიდევ უფრო მწვავე კითხვები იბადება ჯოუნსტაუნისა და კოლუმბინის ამბების გარშემო: რამ შეიძლება, მშობლები იქამდე მიიყვანოს, რომ შვილებს საწამლავი დაალევინონ და შემდეგ საკუთარი სიცოცხლეც მოისწრაფონ? რამ შეიძლება, თინეიჯერებს საკუთარი კლასელების მოკვლისკენ უბიძგოს? განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს რთული კითხვებია, რომლებზეც გარკვეული პასუხების გაცემას ამ ტექსტში, გზადაგზა შევეცდები.

      მერის და მის სათამაშო სამზარეულო კომპლექტს რომ მივუბრუნდეთ, დასკვნის გამოტანა ალბათ არ გაგვიჭირდება და მერის მამის თქმის არ იყოს, ვიტყვით, რომ "დიასახლისობა" გენეტიკურია. თუმცა, გაცილებით რეალურია, სულ პატარა ასაკიდანვე მერი დაეჯილდოვებინათ და წაექეზებინათ ყოველ ჯერზე, როცა კი გოგონა ისეთი ტრადიციულად ფემინური რაღაცების მიმართ გამოხატავდა დაინტერესებას, როგორიცაა სამზარეულოში ტრიალი, კერვა და თოჯინები. მისი წაქეზების ხარისხი, ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე, ვთქვათ, ფეხბურთის, ბოქსის ან ქიმიის მიმართ რომ გამოეხატა ინტერესი. აგრეთვე, გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ მერის პატარა ძმა "დიასახლისობისადმი" ინტერესში რომ შეემჩნიათ, მას სათამაშო სამზარეულო კომპლექტს დაბადების დღეზე არ აჩუქებდნენ. ასევე, როგორც ახალგზარდა ჯორჯ ვუდის შემთხვევაში, რომელიც თავის თანატოლებზე ქვემდგომად აღიქვამდა თავს, მერის მე-ხატის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მას-მედიას ექნებოდა შეტანილი, იმ მას-მედიას, რომელიც ქალებს უფრო ტრადიციულად "ქალურ" როლებში წარმოაჩენდა: დიასახლისის, მდივნის, ექთნისა და სკოლის მასწავლებლის როლებში. თუ ახალგზარდა ჯორჯ ვუდს მისსავე შვილიშვილებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ უმცირესობის წარმომადგენელთა მე-ხატები შეიძლება, შეიცვალონ და რომ ამ ცვლილებებს შეუძლიათ, ერთი მხრივ, გავლენა იქონიონ მას-მედიასა და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებებში (attitudes) მიმდინარე ცვლილებებზე, მეორე მხრივ კი, მას-მედიის ცვლილებების გავლენის ქვეშ თავად მოექცნენ. ნათქვამის კარგ ილუსტრაციას ამერიკელთა მოსაზრებები წარმოადგენს 1945 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

      ცნება, რომელსაც წინა აბზაცში შევეხეთ, სოციალური ზეგავლენაა. და სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ სოციალური ფსიქოლოგიის სამუშაო განსაზღვრება: ზეგავლენები, რომლებსაც ადამიანები ახდენენ სხვათა რწმენებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. ამ განსაზღვრების საშუალებით, შევეცდებით, გავიგოთ ბევრი ის ფენომენი, რომელიც ზემოთ განხილულ მაგალითებში იქნა აღწერილი. როგორ ექცევიან ადამიანები გავლენის ქვეშ? რატომ იღებენ ისინი გავლენას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისთვის სჭირდებათ ამ გავლენის მიღება? რა არის ის ცვლადები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტურობას? ეს ზეგავლენა სამუდამო ეფექტის მატარებელია თუ მხოლოდ დროებითია? რა ცვლადები ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტების მუდმივობას? შესაძლებელია, ერთი და იგივე პრინციპები გამოვიყენოთ კენტის სკოლის მასწავლებლისა და იმ ბავშვის მიმართ, ამა თუ იმ სათამაშოს რომ ანიჭებს უპირატესობას? როგორ ხდება, რომ ერთ ადამიანს მეორე მოსწონს? ერთი და იმავე პროცესების შედეგია, რატომაც ჩვენი ახალი სპორტული მანქანა ან ხორბლის ხრატუნები მოგვწონს? როგორ უმუშავდება ადამიანს წინასწარგანწყობები (Prejudices) ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფების მიმართ? ეს პროცესი მოწონების პროცესის მსგავსია (ანუ მისი შებრუნებული ვერსიაა) თუ სულ სხვა ფსიქოლოგიური მექანიზმებია მასში ჩართული?

      ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ტიპის საკითხები აინტერესებს. ეს კი იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც ადამიანები, სხვა ადამიანებთან ინტერაქციაში დიდ დროს ვატარებთ – ვიღებთ მათგან გავლენას, ვახდენთ მათზე გავლენას, აღვფრთოვანდებით მათით, თავს ვიქცევთ და ვსევდიანდებით მათ გარემოცვაში, ვბრაზობთ მათზე. ამგვარად, ბუნებრივია, რომ სოციალური ქცევის შესახებ ერთგვარი ჰიპოთეზები გვიყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ყველა ჩვენგანი, სამოყვარულო დონეზე, სოციალური ფსიქოლოგები ვართ. მოყვარული სოციალური ფსიქოლოგების უმეტესობა თავიანთ ჰიპოთეზებს ამოწმებს კიდეც, თუმცა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ამდენად, მსგავს "შემოწმებებს" ფრთხილი მეცნიერული კვლევისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და მიუკერძოებლობა აკლია. საინტერესოა, რომ ხშირად, სამეცნიერო კვლევის შედეგები იდენტურია იმისა, რაც ადამიანთა უმეტესობამ "ისედაც იცის", რომ "ასეა". ეს არცაა გასაკვირი. კონვენციური სიბრძნე ხშირად გამჭრიახ დაკვირვებებს ეფუძნება – დაკვირვებებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო.

უცნაური სრულებით არ იქნება, თუ ამ წიგნში მოტანილ ექსპერიმენტთა შედეგების გაცნობისას, რაღაც მომენტებში გაიფიქრებთ: "ეს ხომ ისედაც ცალსახაა?! რად უნდოდა ახლა ამის "აღმოჩენას" დროის და ფულის ხარჯვა?" ექსპერიმენტებს რამდენიმე მიზეზის გამო მივამართავთ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ხშირად გაკვირვებას საერთოდ არ იწვევს. პირველ ყოვლისა, ყველა ჩვენგანი მგრძნობიარენი ვართ რეტროსპექტული წინასწარმეტყველების (hindsight bias) მიმართ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ჩვენს ტენდენციას, გადაჭარბებულად შევაფასოთ ჩვენივე წინასწარმეტყველების ძალა იმ პირობებში, როცა მოცემული მოვლენის შედეგი წინასწარ ვიცით. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როცა არჩევნების მომდევნო დღეს ხალხს ეკითხებიან, როგორ ფიქრობდით, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდაო, თითქმის ყველა აწ უკვე გამარჯვებულს ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინა დღეს მათი წინასწარმეტყველება ასეთი ზუსტი ნამდვილად არ იქნებოდა. ამავენაირად, ექსპერიმენტის შედეგიც ყოველთვის უფრო მოსალოდნელი ჩანს მას მერე, რაც შედეგები ხელში გვიჭირავს, ვიდრე მანამდე – შედეგების წინასწარმეტყველება ჩვენთვის რეტროსპექტული წინასწარმეტყველების დახმარების გარეშე რომ ეთხოვათ.

გარდა ამისა, კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია (რაც უნდა, ცალსახად ცხადი იყოს შედეგები), რადგან ბევრი რამ, რაც "ვიცით", რომ "ასეა", ფრთხილი გამოკვლევის შემდეგ სულ სხვაგვარად აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, გონივრულია ვარაუდი, რომ ადამიანები, რომელთაც გარკვეული ქცევისათვის მკაცრი დასჯით ემუქრებიან, თანდათანობით ამ ქცევას მოიძულებენ. მაგრამ თუ ამ ვარაუდს ემპირიულად შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ ის არასწორია. ადამიანებს, რომელთაც ზომიერი დასჯით ემუქრებიან, აკრძალული ქცევის მიმართ ანტიპათია უმუშავდებათ, ხოლო მათ, ვისაც მკაცრად ემუქრებიან, აკრძალული ქცევისადმი, სულ მცირე, პატარა სიმპათია მაინც უვითარდებათ. ან კიდევ: უმეტესობა ჩვენგანმა გამოცდილებით ვიცით, რომ თუ ყურს მოვკრავთ, რომ ვინმე ჩვენს ზურგს უკან ჩვენზე რაიმე სასიამოვნოს ამბობს, ეს ადამიანი, დიდი ალბათობით, მოგვეწონება, თან ისე, რომ მის შესახებ შეიძლება, სხვა არაფერი ვიცოდეთ. ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ამავე დროს, მართალია ისიც, რომ ეს ადამიანი მაშინაც მოგვეწონება, როცა ჩვენს მიერ ყურმოკრული მისი კომენტარები ყველაფერია, სასიამოვნოს გარდა. ამ ფენომენეზე მომდევნო თავებში უფრო დეტალურად იქნება ლაპარაკი.

სოციალური ქცევის გაგების გზაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ყველაზე მოყვარულ სოციალურ ფსიქოლოგებთან შედარებითაც კი, გაცილებით დიდი უპირატესობა გვაქვს. მოყვარულების მსგავსად, პროფესიონალებიც ხშირად ფრთხილი დაკვირვებით ვიწყებთ, მაგრამ ჩვენ საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. ადამიანების ქცევებზე დასაკვირვებლად, ჩვენთვის არაა აუცილებელი, დაველოდოთ, როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩვენ თავად შეგვიძლია მოვახდინოთ ეს მოვლენები. სხვა სიტყვებით, სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელშიც უამრავი ადამიანი გარკვეული მოვლენების სამიზნე ხდება (მაგალითად, მკაცრი დასჯის ან ზომიერი დასჯის; სასიამოვნო კომენტარის გაგონების ან სასიამოვნოსა და უსიამოვნოს კომბინაციის გაგონების სამიზნე). თანაც, ასეთი რამეების გაკეთება ჩვენ იმგვარ სიტუაციებში შეგვიძლია, სადაც კონკრეტული საკვლევი მოვლენების გარდა, სხვა ყველაფერი უცვლელია. შესაბამისად, პროფესიონალ სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, გაცილებით ზუსტი და მრავალრიცხოვანი მონაცემიდან გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ეს მოყვარული სოციალური ფსიქოლოგებისთვისაა ხელმისწავდომი. ამ უკანასკნელთ შეზღუდვები აქვთ, რადგან იძულებულები არიან, იმ მოვლენებს დააკვირდნენ, რომლებიც შემთხვევითად და ისეთ კომპლექსურ გარემოებებში აღმოცენდება, სადაც ერთდროულად ბევრი რამ ხდება.

ამ წიგნში წარმოდგენილი თითქმის ყველა მონაცემი ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკითხველმა (1) გაიგოს, რას ნიშნავს ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში და (2) გაიგოს ის უპირატესობები, ნაკლოვანებები, ეთიკური პრობლემები, სასიამოვნო აღელვება, თავისტკივილები და გულისტკივილები, რაც ამ თავგადასავალთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული მეთოდის გააზრება მნიშვნელოვანია, ეს ამ წიგნში წარმოდგენილი პრაქტიკული მასალის გასაგებად არსებითი არ გახლავთ. ამდენად, "სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება", ამ წიგნის სულ ბოლო თავია. როგორც მკითხველმა, შეგიძლიათ, ამ თავს ყურადღებით შეავლოთ თვალი, ვიდრე კითხვას გააგრძელებდეთ (მით უფრო, თუ გირჩევნიათ, რომ ტექნიკური ნიუანსები იქამდე გაიგოთ, სანამ პრაქტიკულ მასალაში გადაეშვებოდეთ) ანდა ამ წიგნში მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე მიუბრუნდეთ – როცა კი იგრძნობთ, რომ ინტერესი საკმარისად აღგეძრათ.

ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან.

სოციალური ფსიქოლოგი იმგვარ სოციალურ სიტუაციებს სწავლობს, რომლებიც ადამიანების ქცევაზე ახდენენ გავლენას. ხანდახან, ეს ბუნებრივი სიტუაციები იმხელა წნეხის სახეს იღებს და ადამიანებში ისეთ ქცევებს იწვევს, რომლებიც ადვილად შეიძლება, პათოლოგიურ ქცევებად კლასიფიცირდეს. როცა "ადამიანებს" ვახსენებ, ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, ადამიანური ქცევის შესახებ ჩვენს ცოდნას არ ამდიდრებს ის გარემოება, რომ ამგვარი ქცევის ავტორებს უმალ ფსიქოპათების იარლიყს ვაკრავთ. ბევრად უფრო გონივრულია, ჯერ სიტუაციის ბუნება და ის პროცესები გავიგოთ, რომლებიც ქცევის წარმოქმნას ედო საფუძვლად. ჰოდა, არონსონის პირველ კანონსაც მივადექით:

ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან.

საილუსტრაციოდ, ოჰაიოს სკოლის მასწავლებელი ავიღოთ, რომელიც ამტკიცებდა, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი სიკვდილს იმსახურებდაო. არა მგონია, ეს ქალბატონი ერთადერთი ადამიანი ყოფილიყო ასეთი რწმენით, და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამგვარი რწმენა გააჩნია, თავისუფლად შეიძლება, შეშლილი იყოს, მე მაინც ეჭვი მეპარება. მეტიც, ვეჭვობ, რომ ამ ხალხის ფსიქოპათებად მონათვლამ მოცემული ფენომენის გაგებაში რაიმე მხრივ წინ წაგვწიოს. ასე, მაგალითად, კენტის უნივერსიტეტის მკლელობის შემდეგ, ჭორები დაირხა – დაღუპული გოგონები მაინც ორსულად იყვნენ და სიკვდილი მათთვის მადლი იყოო, ხოლო ოთხივე გარდაცვლილ სტუდენტზე ამბობდნენ, ისეთი ბინძურები და ტილიანები იყვნენ, რომ მორგის თანამშრომლებს ცხედრების დათვალიერების დროს გულისრევა დაეწყოთო. ეს ჭორები, ცხადია, თავიდან ბოლომდე მცდარი იყო, მაგრამ ჯეიმს მიჩენერის[2] თანახმად, ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ნუთუ ეს ადამიანები, ვისაც ამ ჭორების სჯეროდა და ვინც ამას ავრცელებდა, ყველანი გიჟები იყვნენ? მოგვიანებით, ამ წიგნში, ჩვენ განვიხილავთ იმ პროცესებს, რომლებიც სწორედ ამგვარ ქცევებს იწვევენ და რომლებისადმიც, შესაბამის სოციოფსიქოლოგიურ პირობებში, უმეტესობა ჩვენგანი მგრძნობიარეები ვართ.

ჩემი ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, ელენ ბერსჩეიდი (Ellen Berscheid) დააკვირდა, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, უსიამოვნო ქცევის ასახსნელად ქცევის ავტორს იარლიყი მიაწებონ ("გიჟი", "სადისტი" ან ნებისმიერი მსგავსი რამ) და ამის საშუალებით ეს ადამიანი დანარჩენებისგან, ანუ "ჩვენგან, კარგი ხალხისგან", გარიყონ. ასე, უსიამოვნო ქცევის შესახებ წუხილი აღარ დაგვჭირდება, რადგან მას აღარავითარი საქმე აღარ ექნება ჩვენთან, წესიერ ხალხთან. ბერსჩეიდის თანახმად, საფრთხე, რომელსაც ასეთი აზროვნება შეიცავს, ისაა, რომ მიდრეკილს გვხდის, თვითკმაყოფილებაში გადავეშვათ და უსიამოვნო ქცევის წარმომქმნელი სიტუაციური წნეხებისადმი ჩვენს საკუთარ სენსიტიურობაზე არ ვიღელვოთ; ამ ვითარებას კი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის სწორხაზოვან მიდგომამდე მივყავრთ. კერძოდ, ამგვარ სწორხაზოვან გადაწყვეტას, შესაძლოა, გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტების შემუშავება მოჰყვეს, რომელთაც იმის დასადგენად გამოვიყენებთ, თუ ვინ არის მატყუარა, ვინ არის სადისტი, ვინ – გარყვნილი და ვინ კიდევ მანიაკი. ამგვარად, სოციალურმა ქმედებამ, შესაძლოა, ამ ხალხის ამოცნობისა და მათი შესაბამის ინსტიტუციებში განთავსების სახე მიიღოს. ცხადია, მე იმას არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ფსიქოზი არ არსებობს ან რომ ფსიქოზური დარღვევების მქონენი არასდროს უნდა იყვნენ ინსტიტუციონალიზებულნი. არც იმას ვამბობ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და ერთსა და იმავე ინტენსიურ სოციალურ წნეხებზე ზუსტად ერთნაირად გიჟურად რეაგირებს. მე ვამბობ, რომ – როგორც ზემოთაც აღვნიშნე – ზოგ სიტუაციურ ცვლადს შესწევს ძალა, ჩვენს, "ნორმალური" ზრდასრული ადამიანების, საკმაოდ დიდ ნაწილს ძალიან არასანდომიანი ქცევებისკენ გვიბიძგოს. უმნიშვნელოვანესია, ვეცადოთ და გავიგოთ, რა არის ის ცვლადები და პროცესები, რომლებიც უსიამოვნო ან დესტრუქციულ ქცევებს წარმოშობს.

ალბათ, აქ მაგალითი დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ ციხე. წარმოიდგინეთ ციხის მცველები. როგორები არიან? დიდი შანსია, ხალხის უმეტესობამ ციხის მცველები უხეშ, ტლანქ და გულქვა ადამიანებად წარმოიდგინოს. ზოგმა შეიძლება, ეს ხალხი ბოროტ, სადისტ ტირანებადაც კი წარმოიდგინოს. ხალხმა, ვინც სამყაროს შესახებ ამგვარ დისპოზიციურ შეხედულებებს ატარებს, შესაძლოა, იფიქროს, რომ ადამინები იმიტომ ხდებიან ციხის მცველები, რომ საკუთარი სიბოროტის გამოყენების შანსი მიეცეთ და თან ისე, რომ ამისათვის არ დაისაჯონ. ახლა წარმოიდგინეთ პატიმრები. როგორები არიან? მეამბოხეები და ურჩები? მორჩილები? არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა ხატები გვაქვს თავში, მთავარი აქ ისაა, რომ ეს ხატები ჩვენში არსებობს და უმეტესობა ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ პატიმრები და ციხის მცველები ხასიათითა და პიროვნული თვისებებით ჩვენგან საკმაოდ განსხვავდებიან.

შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ შესაძლოა, საკითხი გაცილებით რთულადაც იდგეს. დრამატულ ექსპერიმენტში, ფილიპ ზიმბარდომ (Philip George Zimbardo), კოლეგებთან ერთად, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის სიმულაცია მოაწყო. ამ "ციხეში" მან ნორმალური, ზრდასრული, სტაბილური, გონიერი ახალგაზრდა კაცების ჯგუფი მიიყვანა. ააგდო მონეტა და ბიჭების ნახევარს ციხის მცველების როლი მიანიჭა, ნახევარს კი პატიმრებისა. რამდენიმე დღის მანძილზე ისინი სწორედ ამ როლებში ცხოვრობდნენ. რა მოხდა? მოდით, თავად ზიმბარდოს სიტყვებით გავიგოთ:

სულ რაღაც ექვსი დღის თავზე, იძულებულნი გავხდით, ჩვენი ინსცენირებული ციხე დაგვეხურა, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შემაშფოთებელი იყო. ჩვენთვის და ცდის პირთა უმეტესობისთვის უკვე გაუგებარი იყო, სად მთავრდებოდა მათი რეალური სახე და სად იწყებოდა როლები. უმრავლესობა ნამდვილ "პატიმრებად" და "ციხის მცველებად" იქცა და აღარ ჰქონდა უნარი, როლურ თამაშსა და მე-ს შორის მკაფიო დიფერენცირება მოეხდინა. მათი ქცევის, აზროვნებისა და გრძნობების თითქმის ყველა ასპექტში დრამატული ცვლილებების მოწმენი გავხდით. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ პატიმრობის გამოცდილებამ გაანადგურა (დროებითად) ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ესწავლათ; ადამიანური ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მე-ხატები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ადამიანური ბუნების ყველაზე მახინჯი, ყველაზე სულმდაბალი, პათოლოგიური მხარე ზედაპირზე ამოტივტივდა. თავზარი დაგვეცა, როცა ვხედავდით, როგორ ეპყრობოდა ზოგიერთი ბიჭი ("მცველები") დანარჩენ ბიჭებს, როგორც ცხოველებს, და თან ამ სისასტიკით სიამოვნებას იღებდა, მაშინ როცა დანარჩენი ბიჭები ("პატიმრები") მონურ, დეჰუმანიზებულ რობოტებად იქცნენ, რომლებიც მხოლოდ გაქცევაზე, ინდივიდუალურ თვითგადარჩენასა და მცველებისადმი დაგროვილ სიძულვილზე ფიქრობდნენ.

სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება

პირველად, კოლეჯში[3] სწავლისას, სოციალური ფსიქოლოგიით იმიტომ დავინტერესდი, რომ ის ადამიანის ყველაზე საინტერესო ასპექტებს შეისწავლიდა: სიყვარულს, სიძულვილს, აგრესიას, ალტრუიზმს, წინასწარგანწყობებს, სოციალურ გავლენას, კონფორმიზმს და სხვა. იმ დროისათვის ნაკლებად მაინტერსებდა, როგორ მოიპოვეს მთელი ეს ცოდნა. მხოლოდ მინდოდა, მცოდნოდა ყველაფერი, რაც ცნობილი იყო. უკვე მაგისტრატურაში ჩაბარების შემდეგ უცებ მივხვდი, რომ ამ ცოდნის შეძენაზე მეტი შემეძლოო გამეკეთებინა – თავად შემეძლო ცოდნის წარმოქმნა. ამით, ჩემს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა – სოციალური ფსიქოლოგიის სამეცნიერო სამყარო. ვისწავლე, როგორ დამესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები და ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად. ამით მცირედი წვლილი შემეძლო შემეტანა იმ ცოდნის დაგროვებაში, რომელსაც სტუდენტობის დროს ვიღებდი. მას შემდეგ, მთელი გატაცებით ვარ ჩართული ამ საქმეში.

ამ თავის მიზანი არაა, რომ თქვენ მეცნიერად გადაგაქციოთ. ჩემი განზრახვა ნაკლებად ამბიციურია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამ თავის მიზანი გახლავთ, გაგიუმჯობესოთ მეცნიერული აზროვნების უნარი იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც თქვენს საკუთარ სოციალურ სამყაროში ხდება. ყველთვის ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება საჭიროა. თუმცა, ამას ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოსდევს. ახლავე მაგალითით აგიხსნით, რას ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ჟურნალი The New Yorker, რომელშიც წავიკითხე ჯეიმს კუნენის ბრწყინვალე და ძალზედ ინფორმაციული სტატია ჩვენს ციხეებში არსებული კოლეჯის დონის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. კუნენი ენთუზიაზმით წერდა მათი ეფექტურობის შესახებ. შემდეგ იგი აკრიტიკებდა კონგრესის უმრავლესობის მიერ ამ პროგრამების წინააღმდეგ გალაშქრების ფაქტს, რომელებიც მათ უაზრო ხარჯად და კრიმინალების განებივრებად მიიჩნევდნენ.

კუნენის სტატია შეიცავს რამდენიმე მსჯავრდებულის საინტერესო ისტორიას, რომლებმაც ციხეში ყოფნისას გაიარეს კოლეჯის პროგრამა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ ნაყოფიერი ცხოვრება დაიწყეს. ეს ისტორიები ძალზე გულისამაჩუყებელია. როგორც მეცნიერს, მომინდა, გამეგო, თუ არსებობს რამე სისტემატური მონაცემები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებდი ამ პროგრამის შედეგიანობის შეფასებას. დიახ, არსებობს. კუნენი წერს, რომ 1991 წელს ნიუ იორკის შტატის კორექციული სამსახურის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც, გათავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ რეციდივის შემთხვევები 20%-ით ნაკლებია იმ ნასამართლევთა შორის, რომლებმაც ციხეში ყოფნისას ერთი წლის ან მეტის განმავლობაში უმაღლესი განათლება მიიღეს.

შთამბეჭდავად ჟღერს, არა? ახლა, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. როგორც მეცნიერმა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვა: იყვნენ თუ არა ის პატიმრები, რომლებმაც გაიარეს უმაღლესი განათლების პროგრამა, დანარჩენი პატიმრების მსგავსნი ამ პროგრამის გავლამდე? იქნებ საქმე იმაშია, რომ პატიმრები, რომლებმაც აირჩიეს ეს პროგრამა და ერთი წელი ისწავლეს, თავიდანვე განსხვავებულნი (ვთქვათ, მოტივაციით, უნარით, ჭკუით, განათლებით, გონებრივი სიჯანსაღით და ა.შ.) იყვნენ იმათგან, ვისაც არ აურჩევია ეს პროგრამა? ახლავე უნდა დავამატო, რომ ეს არაა ზედმეტი ჩაძიება; თუ ისინი თავიდანვე განსხვავებული იყვნენ პატიმართა საერთო ერთობლიობისაგან, მაშინ მოსალოდნელია (შესაძლებელია), მათ რეციდივის ნაკლები დონე გამოევლინათ სასწავლო კურსის გავლის გარეშეც. თუ საქმის არსი ამაშია, მაშინ პროგრამას არ გამოუწვევია რეციდივის შემცირება.

როდესაც კუნინის სტატიას ვკითხულობდი, ჩემი ერთი ნაწილი – ლიბერალურ/ჰუმანისტური – აღფრთოვანებული იყო ამ კვლევის შედეგებით; ეს ხომ შესანიშნავია, არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები, რომ პატიმართა განათლებას შედეგი მოაქვს. მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი, მეცნიერი, სკეპტიკურად განწყობილი რჩებოდა. ამიტომ მოსდევს იმედგაცრუებები სამყაროს მეცნიერის თვალით დანახვას. სამაგიეროდ, ეს გვაძლევს საშუალებას, ხორბალი ჩენჩოსგან გამოვარჩიოთ და, როგორც დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, მოვითხოვოთ ინოვაციური პროგრამების სათანადოდ შეფასება. ამგვარად შესაძლებელი გახდება, დავადგინოთ, ათასობით შესაძლო პროგრამიდან რომელი გვიღირს დროის, ენერგიის და ფულის ხარჯვად. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბევრ შემთხვევაში ძალიან ძნელია სათანადო ექსპერიმენტის ჩატარება – როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ.

რა არის სამეცნიერო მეთოდი?

სამეცნიერო მეთოდი – იქნება ის გამოყენებული ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში თუ სოციალურ ფსიქოლოგიაში – საუკეთესო გზაა, რომ ჩვენ, ადამიანებმა დავიკმაყოფილოთ ცოდნის წყურვილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სამეცნიერო მეთოდს ვიყენებთ სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს შორის კანონზომიერებების აღმოსაჩენად, იქნება ეს ქიმიური ნივთიერებები, პლანეტები, ადამიანთა მიკერძოებული დამოკიდებულებების, თუ სიყვარულის გამომწვევი მიზეზები. სამეცნიერო პროცესის პირველი ეტაპია დაკვირვება. ფიზიკაში მარტივი დაკვირვება ამგვარად ხორციელდება: ჩემს შვილიშვილს სათამაშო მანქანაში უდევს რეზინის ბურთი; თუ იგი მანქანას წინ გასწევს, ბურთი უკან გაგორდება. (სინამდვილეში, ბურთი უკან არ მიგორავს, ასე მხოლოდ გვეჩვენება.) თუ იგი უცებ გააჩერებს მანქანას, ბურთი მანქანის წინა მხარისკენ გაგორდება. სოციალურ ფსიქოლოგიაში მარტივი დაკვირვება შემდეგნაირია: დავუშვათ, მიმტანი ვარ და მაგიდებს ვემსახურები, თუ კარგ ხასიათზე ვარ და ვუღიმი მომხმარებლებს, ჩემი გასამრჯელო უფრო მეტი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და არ ვიღიმები.

შემდეგი ეტაპია იმის მიხვედრა, რატომ ხდება ეს. ეს მიხვედრა იქნება ჩვენი პირველი მცდელობა იმ "კანონზომიერი დამოკიდებულების" აღმოსაჩენად, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. მესამე ეტაპია ამ მიხვედრის ფორმულირება შემოწმებადი ჰიპოთეზის სახით. საბოლოო ეტაპი იქნება ექსპერიმენტის (ან ექსპერიმენტების სერიის) სქემა/დიზაინი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ამ ჰიპოთეზას. თუ კარგად მოფიქრებულმა და კარგად შესრულებულმა ექსპერიმენტებმა არ დაადასტურა ჰიპოთეზა, მასზე უარს ვამბობთ. როგორც ჩემი საყვარელი ფიზიკოსი, რიჩარდ ფეინმანი ამბობს: "არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მშვენიერია ვარაუდი, ან რამდენად ჭკვიანია მისი ავტორი, ან რამდენად ცნობილია იგი. თუ ექსპერიმენტი არ ადასტურებს ვარაუდს, მაშინ ვარაუდი მცდარია. სულ ესაა." ჩემი აზრით, ამაშია მეცნიერების მთელი არსიც და მისი ხიბლიც. მეცნიერებაში არ არსებობს ხელშეუხებელი ჭეშმარიტებები.

მეცნიერება და ხელოვნება. ჩემი აზრით, მეცნიერებაში ძალიან ბევრი ადგილი უკავია ხელოვნებას. მჯერა, რომ ეს ორი პროცესი, ხელოვნება და მეცნიერება განსხვავებულია, მაგრამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა პაველ სემიონოვმა (Pavel Semonov) ბევრი იმუშავა ამ განსხვავების განსასაზღვრად. სემიონოვის თანახმად, ჩვენ, როგორც მეცნიერები, ვაკვირდებით გარემოს და ვცდილობთ მის ორგანიზებას გონივრულად და შინაარსიანად. როგორც ხელოვანები, ჩვენ, გარდავქმნით არსებულ გარემოს, სრულიად ახალი რამის შესაქმნელად. ამ დაკვირვებას დავუმატებდი, რომ კარგი ექსპერიმენტი ხშირად მოითხოვს უნარების კომბინაციას ორივე ამ სფეროდან. როგორც ექსპერიმენტატორები, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხელოვნებას მეცნიერების გასამდიდრებლად. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეს სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებს შეესაბამება.

რატომაა მეცნიერების და ხელოვნების ამგვარი შერწყმა განსაკუთრებით სოციალური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი? ამ შეკითხვის სრული პასუხი ამ თავის განმავლობაში გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სოციალური ფსიქოლოგია არ შეისწავლის მენზურაში მოთავსებული ქიმიური ნივთიერებების ქცევას, ან რეზინის ბურთების მოძრაობას სათამაშო მანქანებში; ჩვენ ვსწავლობთ ჭკვიან, ცნობისმოყვარე და რთული ბუნების მქონე ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს სოციალურ სამყაროში ატარებენ. იმის თქმაც კი აღარაა საჭირო, რომ ექსპერიმენტატორთა მსგავსად, ჩვენი ექსპერიმენტის ცდის პირებსაც აქვთ საკუთარი აზრები და თეორიები, იმის შესახებ, თუ რა იწვევს მათ საკუთარ გრძნობებსა და ქცევას, ისევე, როგორც გარშემომყოფი ადამიანების გრძნობებსა და ქცევას. ეს არ ჰგავს ქიმიურ ნივთიერებებზე, ლაბორატორიის ცხოველებზე, ან თუნდაც, არასოციალურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების პროცესს.

ის ფაქტი, რომ ჩვენ სოციალურად რთული ბუნების მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე, გარკვეულწილად განაპირობებს სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც ექსპერიმენტული კვლევების თემის, მომხიბვლელობას. ამავე დროს, ეს სიტუაცია მოითხოვს ექსპერიმენტებში ხელოვნების შეტანას, რაც ექსპერიმენტატორს მისცემს შესაძლებლობას, ვალიდური და სანდო შედეგები მიიღოს. ამ თავში, შევეცდებით, აღვწეროთ, ზუსტად როგორ ხდება ეს.

ვარაუდებიდან ექსპერიმენტამდე

მერვე თავში აღვწერე დამაბნეველი ფენომენი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ წავაწყდი: ჯონ ფ. კენედის პრეზიდენტობის დროს მისი პიროვნული პოპულარობა უცებ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კოლოსალური მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა. კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც კენედის შეცდომას "ღორების ყურის ფიასკო"[4] მოჰყვა, სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონდათ კენედი, ვიდრე ამ ინციდენტამდე. მეც, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, განმაცვიფრა ამან. როგორ შეიძლება, უფრო მეტად მოგწონდეს ადამიანი, როცა მან ასეთი რამ ჩაიდინა? როგორც მეცნიერმა, ვივარაუდე, რას შეიძლება, გამოეწვია ასეთი ცვლილება. ჩემი ვარაუდი ასეთი იყო, კენედი მანამდე აღიქმებოდა თითქმის სრულყოფილ პიროვნებად, ამ შეცდომის დაშვებამ კი ის უფრო ადამიანური გახადა, ამიტომ ჩვეულაბრივმა ადამიანებმა მასთან უფრო მეტი სიახლოვე იგრძნეს. საინტერესო დაშვებაა, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

"ღორების ყურის ფიასკოს" დროს ბევრი სხვა რამ ხდებოდა, ამიტომ შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ვარაუდი ზუსტია. როგორ უნდა გაგვერკვია ეს? შეიძლება, უბრალოდ გვეკითხა ამ ადამიანებისთვის, რატომ მოსწონდათ კენედი ახლა უფრო მეტად, ვიდრე წინა კვირაში. ეს ძალიან იოლი გასაკეთებელი ჩანს. სამწუხაროდ, ეს არაა ადვილი. წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან, რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, ან რატომ ეცვლებათ ხოლმე შეხედულებები; ამგვარად, ასეთ რთულ სიტუაციაში, უბრალოდ ჰკითხო ადამიანებს, ახსნან საკუთარი ქცევა, სანდო შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ამიტომ ატარებენ ექსპერიმენტებს სოციალური ფსიქოლოგები. მაგრამ, როგორ შევძლებთ ექსპერიმენტის ჩატარებას ჯონ ფ. კენედის პოპულარობაზე? ვერ შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი იმ ფენომენზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მოვლენას და არა ამ ფენომენის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე. თანაც, რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებდა არა კონკრეტული მოვლენა, არამედ თავად ფენომენი: ზრდის თუ არა შეცდომის დაშვება თითქმის სრულყოფილი ადამიანის პოპულარობას?

ამ უფრო ზოგად კითხვაზე საპასუხოდ საჭიროა გავცდეთ იმ მოვლენის ფარგლებს, რომელმაც წარმოშვა ჩვენი ვარაუდები. მე და ჩემმა კოლეგებმა დავგეგმეთ ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვეკონტროლებინა გარეშე ცვლადები და შეგვემოწმებინა შეცდომის გავლენა მიმზიდველობაზე ნაკლებად რთულ სიტუაციაში – ისეთში, სადაც გავაკონტროლებდით როგორც შეცდომის ზუსტ სახეს, ისე მისი ჩამდენი ადამიანის ტიპს. ასეთ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ "თითქმის სრულყოფილი" ადამიანები უფრო მიმზიდველნი ხდებიან შეცდომის დაშვების შემდეგ, ხოლო "ჩვეულებრივი" ადამიანები ნაკლებ მიმზიდველნი ხდებიან იდენტური შეცდომის დაშვების შემდეგ.

ექსპერიმენტის დიზაინი. როგორც ზემოთ ვთქვი, ექსპერიმენტატორს კონტროლის მისაღწევად სჭირდება, რომ საკუთარი იდეები რეალური სამყაროს აურზაურიდან ლაბორატორიის უფრო სტერილურ ფარგლებში გადმოიტანოს. როგორც წესი, ეს გულისხმობს ისეთი სიტუაციის მოფიქრებას, რომელიც ნაკლებად ჰგავს რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომელზე დაკვირვებითაც გაჩნდა იდეა. ხშირად ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს სწორედ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ადამიანთა ურთიერთქმედების არარეალისტური, გამოგონილი იმიტაციაა და არაფრით ასახავს რეალურ სამყაროს. რამდენად სწორია ეს კრიტიკა?

ამ კითხვაზე საპასუხოდ, უმჯობესი იქნება, დეტალებში ჩაღრმავებით განვიხილოთ ერთ-ერთი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ვნახოთ მისი უპირატესობა და ნაკლი, და განვიხილოთ ის ალტერნატიული და უფრო რეალისტური გზაც, რომელიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა იმავე საკითხის შესასწავლად.

ინიციაციის ექსპერიმენტი, რომელიც ჯადსონ მილსთან თანამშრომლობით ჩავატარე, შესანიშნავად შეესაბამება ჩვენს მიზანს, იმიტომ, რომ ის ლაბორატორიის ბევრ უპირატესობასა თუ ნაკლს შეიცავს. მკითხველმა, შეიძლება, გაიხსენოს, რომ მილსის და ჩემი ვარაუდით, ადამიანებს მოეწონებათ ისეთი საგნები, რომელთათვისაც ძალისხმევა გაწიეს. მაშინ ჩვენ მოვიფიქრეთ და ჩავატარეთ ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელშიც ვაჩვენეთ, რომ როდესაც ადამიანები დიდ ძალისხმევას იყენებდნენ (ინიციაციის მკაცრი პროცედურა) ჯგუფის წევრად გახდომისათვის, მაშინ მათ მეტად მოსწონდათ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო ადვილად გახდნენ ჯგუფის წევრები. აი, როგორ ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი.

"ამ კვლევაში ცდის პირები იყვნენ კოლეჯის სტუდენტი გოგონები, სულ 63, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს სექსის ფსიქოლოგიის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური ტესტი ჩაუტარდა. კვლევის დასაწყისში ავუხსენი, რომ უნდა შემესწავლა "ჯგუფური დისკუსიის პროცესის დინამიკა". ვთქვი, რომ დისკუსიის თემა მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის, ეს თემა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ სექსი ბევრ ადამიანს აინტერესებს, მე კი მინდოდა ბევრი ცდის პირცდის პირი მყოლოდა. მე აგრეთვე ავუხსენი, რომ თემად სექსის არჩევამ დაბრკოლებაც შემიქმნა: კერძოდ, ბევრ ადამიანს მორცხვობის გამო უჭირდა ჯგუფში სექსზე მსჯელობა. დისკუსიის მსვლელობისას, ნებისმიერ დაბრკოლებას შეეძლო შედეგების ანულირება. ამიტომ, დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ცდის პირცდის პირებს არ გაუჭირდებოდათ სექსის შესახებ მსჯელობა. როდესაც ცდის პირებს ვკითხე, თითოეულმა მათგანმა დამიდასტურა, რომ არ გაუჭირდებოდა. ასეთი დაწვრილებითი ინსტრუქცია საჭირო იყო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მოსამზადებლად. მკთხველმა უნდა შენიშნოს, რომ ექსპერიმენტატორის ნათქვამი იოლად დასაჯერებელს ხდის შემდგომ მასალას.

ამ დრომდე ყველა მონაწილეს ერთნაირი ინსტრუქცია ჰქონდა. ახლა უკვე დრო იყო, რომ ადამიანები განსხვავებულ ექსპერიმენტულ პირობებში ჩაგვეყენებინა – ექსპერიმენტატორების აზრით, ამ განსხვავებებს ჰქონდა მნიშვნელობა.

ცდის პირები შემთხვევითი შერჩევით გადავანაწილეთ სამი სხვადასხვა პირობის დასაცავად: 1) მათ ერთ მესამედს მკაცრი ინიციაცია უნდა გაევლო, 2) ერთ მესამედს ზომიერი ინიციაცია ექნებოდა, 3) ერთი მესამედი ინიციაციის პროცესს საერთოდ არ გაივლიდა. ინიციაციის გარეშე მიღების შემთხვევაში ცდის პირებს უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ მათ უკვე შეეძლოთ, შეერთებოდნენ სადისკუსიო ჯგუფს. ზომიერი და მკაცრი ინიციაციის შემთხვევაში კი მე ვეუბნებოდი თითოეულ ცდის პირს, რომ იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ის შეძლებდა ღიად საუბარს სექსზე, მე შემოვიღე ტესტი სიმორცხვეზე, რომლის გავლასაც ვთხოვდი მას. ეს ტესტი იყო ინიციაციის პროცესი. მკაცრი ინიციაციისთვის ტესტი ძალიან რთული იყო. ცდის პირს უნდა დაეზეპირებინა 12 უხამსი სიტყვა და თანამედროვე რომანებიდან აღებული 2 ნაწყვეტი სქესობრივი აქტივობის დეტალური აღწერით. ზომიერი ინიციაციის შემთხვევაში ცდის პირებს სექსთან დაკავშირებული სიტყვების დაზეპირება მოეთხოვებოდათ მხოლოდ, მაგრამ ეს სიტყვები არ იყო უხამსი.

ეს სამი პირობა, რომლის მიხედვითაც გავანაწილეთ ცდის პირები, კვლევის დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს. მკვლევრის მიერ ექსპერიმენტის დაგეგმვის და ჩატარების მიზანია, დაადგინოს, გავლენას მოახდენს თუ არა ცდის პირების რეაქციაზე ის, რაც მათ შეემთხვევათ. ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა, დამოუკიდებელი ცვლადი, ანუ ინიციაციის სიმკაცრე, გამოიწვევდა თუ არა სისტემატურ განსხვავებებს ცდის პირთა ქცევაში. ის ცდის პირები, რომლებმაც მკაცრი ინიციაცია გაიარეს, განსხვავებულად მოიქცეოდნენ თუ არა იმათგან, ვინც ზომიერი ინიციაცია გაიარა ან საერთოდ არ გაუვლია ინიციაცია?

მაგრამ განსხვავებულად მოქცევა რას ნიშნავს? ინიციაციის შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოვასმენინეთ იმ ჯგუფის დისკუსია, რომელსაც იგი ეს-ესაა შეუერთდა. მასალის შინაარსის კონტროლისათვის აუდიოჩანაწერი გამოვიყენეთ; თუმცა, ცდიპირებს სჯეროდათ, რომ ცოცხალ საუბარს უსმენდნენ. ამგვარად, ყველა ცდის პირი, მიუხედავად იმისა, მკაცრი ინიციაცია გაიარა, ზომიერი, თუ საერთოდ არ გაუვლია, ერთსა და იმავე დისკუსიას ისმენდა. ჯგუფის დისკუსია, რამდენადაც შესაძლებელია, მოსაწყენი იყო; ბლუყუნით და გაურკვევლად აანალიზებდნენ უმდაბლესი ცხოველების მეორეულ სქესობრივ ნიშნებს – ჩიტების ბუმბულის შეფერილობის ცვლილებას, ობობების შესაწყვილებელ ცეკვას და ა. შ. ჩანაწერში იყო ხანგრძლივი პაუზები, ჰმ-ები და მდა-ები, შეწყვეტინებები, დაუსრულებელი წინადადებები და სხვა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დისკუსია მოსაწყენი გამოსულიყო.

დისკუსიის ბოლოს შემოვიტანე შეფასების სკალები და ცდის პირს ვთხოვე, შეეფასებინა, რამდენად საინტერესო და ღირებული იყო დისკუსია. ამას ეწოდება დამოკიდებული ცვლადი, რადგან რეაქცია, ჩვენი ვარაუდის თანახმად, "დამოკიდებულია" იმ კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებზე, რომლებშიც მონაწილეა ჩაყენებული. დამოკიდებული ცვლადი არის ის, რასაც ექსპერიმენტატორი ზომავს იმისათვის, რომ შეაფასოს დამოუკიდებელი ცვლადის გავლენა. მოკლედ, დამოუკიდებელი ცვლადი არის მიზეზი, დამოკიდებული ცვლადი კი – შედეგი.

შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა: ის გოგონები, რომლებმაც გაიარეს ზომიერი ინიციაცია, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, თვლიდნენ, რომ დისკუსია მოსაწყენი იყო. ისინი კი, ვინც რთული პროცესი გაიარა ჯგუფში მოსახვედრად, ამბობდნენ, რომ დისკუსია ძალიან საინტერესო იყო. როგორც გახსოვთ, ყველა სტუდენტმა ზუსტად ერთი და იგივე დისკუსია შეაფასა."

ამ ექსპერიმენტის დიზაინი და ჩატარება შრომატევადი პროცესი იყო. მილსმა და მე ასობით საათი მოვანდომეთ მის დაგეგმვას, დამაჯერებელი სიტუაციის შექმნას, სცენარის დაწერას ჯგუფის დისკუსიის აუდიოჩანაწერისთვის, მსახიობების რეპეტიციას, რომლებსაც ჯგუფის წევრების როლი უნდა შეესრულებინათ, ინიციაციის პროცედურების და საზომი ინსტრუმენტების შედგენას, მოხალისე ცდის პირების შეკრებას, პროცედურის პილოტირებას, ექსპერიმენტის ჩატარებას, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის ახსნას თითოეული ცდის პირისათვის (ტყუილის მიზეზის, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, და სხვა). ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მკაცრი ინიციაციის პროცესს გადიან ჯგუფში მისაღებად, ბევრად უფრო მოსწონთ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია აქვთ გავლილი, ან საერთოდ არ გაუვლიათ ინიციაცია.

ამის გასაკეთებლად უფრო მარტივი გზაც უნდა არსებობდეს! არსებობს კიდევაც. მკითხველი, ალბათ, შენიშნავდა, რომ არსებობს დიდი მსგავსება მილსის და ჩემს მიერ მოფიქრებულ პროცედურასა და ინიციაციის სხვა პროცედურებს შორის, რომლებსაც პრიმიტიული ტომები იყენებდნენ, ან ზოგიერთი კოლეჯის საძმოები, ან ზოგიერთი ექსკლუზიური კლუბი ან ორგანიზაცია. მაშინ, რატომ არ გამოვიყენეთ რეალური, ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც უფრო ადვილი შესასწავლიცაა და გაცილებით უფრო რეალისტურიც? მოდით, განვიხილოთ უპირატესობები. რეალური ინიციაციები, შესაძლოა, იყოს უფრო მკაცრი (ე. ი. უფრო მეტი გავლენა ექნება წევრებზე); არ მოგვიწევდა ამდენი ფიქრი დიზაინზე, რომელიც ჯგუფის წევრთათვის დამარწმუნებელი იქნებოდა; სოციალურ ურთიერთობებში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ჩართული, ვიდრე ჩვენს აუდიოჩანაწერში; არ დადგებოდა ეთიკური პრობლემა, რომელსაც მეცნიერების სახელით ტყუილის თქმა იწვევს; და ბოლოს, ყველაფრის მიღწევა გაცილებით უფრო მცირე დროში შეიძლებოდა, ვიდრე ამ ექსპერიმენტს დასჭირდა.

ამგვარად, როდესაც ზედაპირულად ვუყურებთ ბუნებრივი სიტუაციის უპირატესობებს, ჩანს, თითქოს მილსი და მე ძალიან გავიადვილებდით ამოცანას, თუ უკვე არსებულ საძმოებს შევისწავლიდით. აი, როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. შევაფასებდით თითოეული ჯგუფის ინიციაციის სიმკაცრეს და შემდეგ გამოვკითხავდით მის წევრებს, რათა დაგვეგინა, რამდენად მოსწონთ მათ საკუთარი ჯგუფი. თუ იმ წევრებს, რომლებსაც ინიციაციის მკაცრი პროცედურა ჰქონდათ გავლილი, საკუთარი საძმოები უფრო მეტად მოსწონდათ, ვიდრე საძმოს იმ წევრებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია ჰქონდათ გავლილი, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, ჰიპოთეზა დადასტურებული იქნებოდა. იქნებოდა კი? მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რატომ იწუხებენ თავს ადამიანები და ატარებენ ექსპერიმენტებს.

თუ ადამიანებს გამოვკითხავთ და ვთხოვთ, დაგვისახელონ ლაბორატორიული ექსპერიმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დიდი უმრავლესობა იტყვის "კონტროლს". ექსპერიმენტების უპირატესობა იმაშია, რომ მათ შეუძლიათ გარემოს და ცვლადების კონტროლი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად შეისწავლონ თითოეული ცვლადის გავლენა. ჩვენი ჰიპოთეზის ლაბორატორიაში შემოწმებით მილსმა და მე უამრავი გარეგანი ფაქტორის ცვალებადობა ავიცილეთ თავიდან. ყველა მკაცრი ინიციაცია თანაბარი სირთულის იყო; პირობების შედარება გაგვიჭირდებოდა, თუ მკაცრი ინიციაციების მქონე რამდენიმე საძმოს ავირჩევდით. გარდა ამისა, ჯგუფის დისკუსია იდენტური იყო ყველა ცდის პირისთვის; რეალურ სამყაროში კი საძმოს წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული საძმოების შეფასება მოუწევდათ. დავუშვათ, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ განსხვავება მკაცრი და ზომიერი ინიციაციების მქონე საძმოთა შორის, საიდან გვეცოდინება, რომ ეს მართლა ინიციაციის გამოა და არა ერთმანეთის მოწონების განსხვავებული ხარისხის გამო, რომელიც ჯგუფის წევრებში უკვე არსებობდა? ექსპერიმენტში ერთადერთი განსხვავება იყო ინიციაციის სიმკაცრე, ამიტომ, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი განსხვავება ამ პროცედურის გამო მოხდა.

შემთხვევითი განაწილების მნიშვნელობა

კონტროლი არის ლაბორატორიული ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი ასპექტი, მაგრამ ის არაა მთავარი უპირატესობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ცდის პირები შემთხვევითად არიან განაწილებული სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ცდის პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, შეხვდეს კვლევის ნებისმიერ პირობა. გადამწყვეტი განსხვავება ექსპერიმენტულ მეთოდსა და არაექსპერიმენტულ მიდგომებს შორის არის ცდის პირთა შემთხვევითი განაწილება პირობების მიხედვით. ადამიანთა შემთხვევითი განაწილების უპირატესობა კი შემდეგში მდგომარეობს: თეორიულად, ყველა ის ცვლადი, რომელთა ზუსტი გაკონტროლება არ ხერხდება, შემთხვევითადაა განაწილებული პირობებს შორის. ეს ნიშნავს, რომ უკიდურესად მცირეა ალბათობა, რომ ამ ცვლადებმა შედეგებზე სისტემატური გავლენა იქონიოს.

ამის უკეთ გაგებაში მაგალითი დაგვეხმარება: დავუშვათ, მეცნიერი ხართ და გაქვთ ჰიპოთეზა, რომ მამაკაცებს მეტად აბედნიერებს ჭკვიან ქალზე ქორწინება. როგორ შეამოწმებთ ამ ჰიპოთეზას? დავუშვათ, იპოვეთ 1000 კაცი, რომლებიც ჭკვიან ქალებზე არიან დაქორწინებული, და კიდევ 1000 კაცი, რომლებსაც არც-ისე-ჭკვიანი ცოლები ჰყავთ, დავუშვათ, ყევლა მათგანს შეავსებინეთ "ბედნიერების" გასაზომი კითხვარი. ჰოი, საოცრებავ, თქვენ დაადგინეთ, რომ ჭკვიან ქალებზე დაქორწინებული მამაკაცები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ნაკლებად ჭკვიან ქალებზე დაქორწინებულნი. ნიშნავს ეს, რომ მამაკაცებს ჭკვიან ქალზე დაქორწინება აბედნიერებს? არა. იქნებ, ბედნიერი მამაკაცები უფრო თბილი, კარგი ხასიათის მქონე და უპრეტენზიონი არიან და ამიტომ, ჭკვიანი ქალები ასეთ მამაკაცებს ეძებენ საქმროებად. აქედან გამომდინარეობს, რომ ბედნიერება მიზეზია, რომლის გამოც ჭკვიან ქალებზე ქორწინდებიან. პრობლემა ამით არ მთავრდება. ისიც შეიძლება, რომ არსებობდეს რაიმე მესამე ფაქტორი, რომელიც იწვევს ბედნიერებასაც და ჭკვიან ქალზე დაქორწინებასაც. ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ფული: შესაძლებელია, სიმდიდრე ეხმარება მამაკაცებს ბედნიერებაში და ამავდოულად, სიმდიდრე იზიდავს ჭკვიან ქალებს. თუ ასეა, მაშინ არცერთი მიზეზობრივი კავშირი არ შეესაბამება სიმართლეს. არც ბედნიერება იწვევს ჭკვიან ქალებზე დაქორწინებას და არც ჭკვიან ქალებზე დაქორწინება იწვევს ბედნიერებას.

პრობლემა კიდევ უფრო რთულია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება იყოს მესამე ფაქტორი. ბედნიერების კვლევის შემთხვევაში ეს ფაქტორი შეიძლება იყოს სიმდიდრე; ისეც შეიძლება მოხდეს, რომ პიროვნების ჩამოყალიბებულობა იწვევს მამაკაცებში ბედნიერებას და ის, ასევე, იზიდავს ჭკვიან ქალებს; ასეთ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს სოციალური მდგომარეობა, სპორტული მონაცემები, ძალაუფლება, პოპულარობა, სწორად შერჩეული კბილის პასტის ხმარება, კარგად ჩაცმა და სხვა ათასობით თვისება, რომელთა შესახებ საბრალო მკვლევარს წარმოდგენა არ ექნება და ვერც გათვალისწინებას შეძლებს. მაგრამ, თუ მკვლევარი ჩაატარებს ექსპერიმენტს, მას შეუძლია, შემთხვევითად გაანაწილოს ცდის პირები სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. მართალია, ეს პროცედურა არ გამორიცხავს ზემოთ ჩამოთვლილ ცვლადებს (ფული, სოციალური მდგომარეობა, სპორტული შესაძლებლობები და სხვა), მაგრამ ანეიტრალებს მათ ამ მონაცემების შემთხვევითად განაწილებით სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ესე იგი, თუ ცდის პირებს შემთხვევითად შევახვედრებთ რომელიმე ექსპერიმენტულ პირობას, დაახლოებით იმდენივე მდიდარი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სოციალურად გამორჩეული ადგილის მქონე მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სპორტსმენი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში. ამგვარად, თუ აღმოვაჩინეთ განსხვავება ექსპერიმენტულ პირობებს შორის, ეს არ იქნება რომელიმე ცალკეული თვისების ინდივიდუალური განსხვავებებით გამოწვეული, რადგან თითოეული ამ თვისების განაწილება თანაბარია (ან თითქმის თანაბარია) ყველა პირობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჭკვიან ქალებსა და მათ ბედნიერ ქმრებზე აქ მოცემული მაგალითის შემოწმება, ალბათ, შეუძლებელია ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. მაგრამ, მოდით, ფანტაზია მოვიშველიოთ, როგორ გავაკეთებდით ამას, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება 50 მამაკაცი, რომელთაგან 25-ს შემთხვევით შევახვედრებთ ჭკვიან ცოლებს, 25-ს კი ნაკლებად ჭკვიან ცოლებს. რამდენიმე თვის შემდეგ დავბრუნდებით და ჩავატარებთ ბედნიერების გასაზომ კითხვარს. თუ ის კაცები, რომლებსაც ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, უფრო ბედნიერები იქნებიან, ვიდრე კაცები, რომლებსაც ნაკლებად ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, ჩვენ გვეცოდინება, რა არის მათი ბედნიერების მიზეზი – ესეც ასე! ესე იგი, მათი ბედნიერება ვერ მიეწერება სოციალურ მდგომარეობას, გარეგნობას, ფულს ან ძალაუფლებას; ესენი შემთხვევითად განაწილდა ექსპერიმენტულ პირობებს შორის. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვიქნებით, რომ ბედნიერებაში განსხვავება მათი ცოლების თვისებებმა გამოიწვია.

ვიმეორებ, რომ ეს მაგალითი წმინდა წყლის ფანტაზიაა. სოციალურმა ფსიქოლოგებმა არც კი უნდა სცადონ ადამიანთა დაქორწინება სამეცნიერო მიზნებისათვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევამოწმებთ უამრავ მნიშვნელოვან და საჭირო მოვლენას კონტროლირებად ლაბორატორიულ პირობებში. ეს წიგნი სავსეა მსგავსი მაგალითებით. ამ მაგალითებიდან ერთ-ერთის საფუძველზე ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს ექსპერიმენტულ მეთოდს. მე-6 თავში ვწერდი, რომ არსებობს კორელაცია ბავშვების მიერ ტელევიზიით ძალადობის ყურების ხანგრძლივობასა და მათ მიერ პრობლემის აგრესიული მეთოდებით გადაჭრის ტენდენციას შორის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აგრესიის ყურება ტელევიზორში ბავშვებში აგრესიულობას იწვევს? არაა აუცილებელი. თუმცა, შესაძლებელია. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ აგრესიულ ბავშვებს ურჩევნიათ აგრესიის ყურება და ისინი ასეთივე აგრესიულები დარჩებიან, მთელი დღე რომ მხოლოდ Sesame Street [5]ვაყურებინოთ. თუმცა, როგორც უკვე ვნახეთ, რამდენიმე ექსპერიმენტატორმა დაადასტურა, რომ ძალადობის ყურება ზრდის ძალადობას. როგორ? მათ შემთხვევითად გაანაწილეს ბავშვები სიტუაციებში, რომლებშიც ისინი უყურებდნენ ტელესერიალის ნაწყვეტს ძალადობის ეპიზოდით – ამ ეპიზოდში ადამიანები 25 წუთის განმავლობაში სცემენ, კლავენ, აუპატიურებენ, ურტყამენ ერთმანეთს. როგორც საკონტროლო ჯგუფი, ბავშვების ნაწილი შემთხვევითად გაანაწილეს სიტუაციაში, რომელშიც ისინი იმავე ხანგრძლივობის სპორტულ შეჯიბრს უყურებდნენ ტელევიზორში. გადამწყვეტია: თითოეული ბავშვისთვის არსებობდა თანაბარი შესაძლებლობა, რომ მას შეარჩევდნენ ძალადობრივი ან არაძალადობრივი ვიდეოჩანაწერის საყურებლად; აქედან გამომდინარე, ბავშვების ხასიათებს შორის განსხვავება ამ ექსპერიმენტში განეიტრალებული იყო. ექსპერიმენტში აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც უყურეს ძალადობრივ ვიდეოს, შემდეგ უფრო მეტი აგრესია გამოავლინეს, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ძალადობას შეუძლია ძალადობის გამოწვევა.

ალბათ, გახსოვთ, რომ სწორედ ეს პრობლემა იდგა ციხეში არსებული კოლეჯის პროგრამების შეფასებისას, რომელიც ამ თავის დასაწყისში აღვწერეთ: ის პატიმრები, რომლებიც პროგრამის გავლას ირჩევდნენ, სავარაუდოდ, ბევრი თვისებით განსხვავდებოდნენ იმ პატიმრებისგან, რომლებსაც ეს პროგრამა არ აურჩევიათ. ამიტომ, არაფრის მომცემი იყო მათი შემდგომი რეციდივის შედარება დანარჩენი პატიმრების გამოვლენილ რეციდივთან. ასეთი შედარება ცალმხრივი იქნება, ის პროგრამას უფრო ეფექტურად წარმოგვიჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? ერთ-ერთი მეთოდია, საჭირო რაოდენობაზე ორჯერ მეტი მსურველის შეკრება. შემდეგ მათ ნახევარს შემთხვევითად შევარჩევთ პროგრამის გასავლელად, მეორე ნახევარს კი – საკონტროლო ჯგუფად გამოვიყენებთ. თუ შერჩევა ნამდვილად შემთხვევითია, ამ ორ ჯგუფს შორის რეციდივის რაოდენობათა შედარება მოგვცემს საჭირო მონაცემებს.

ახლა ინიციაციის ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ. ჩვენ რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა და აღმოგვეჩინა, რომ მკაცრი ინიციაციის მქონე საძმოებში წევრებს უფრო მეტად მოსწონთ ერთმანეთი, ვიდრე ზომიერი ინიციაციის მქონე საძმოების წევრებს, ამით დადასტურდებოდა, რომ ინიციაციის სიმკაცრესა და საძმოს წევრების მიერ ერთმანეთის მოწონებას შორის დადებითი კორელაციაა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მკაცრია ინიციაცია, საძმოს მით უფრო მეტ წევრს მოსწონს ერთმანეთი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალი კორელაცია აღმოჩნდება ამ ორ ცვლადს შორის, მხოლოდ ამ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ მაინც ვერ დავასკვნით, იწვევს თუ არა მკაცრი ინიციაცია ჯგუფის მოწონებას. ამ გამოკითხვიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ ეს ორი ფაქტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან.

შესაძლებელია, დადებითი კორელაცია მკაცრ ინიციაციასა და საძმოს სხვა წევრების მოწონებას შორის იმიტომ კი არ არსებობდეს, რომ მკაცრი ინიციაცია იწვევს ჯგუფის მეტად მოწონებას, არამედ ზუსტად საპირისპირო მიზეზის გამო. შეიძლება, ჯგუფის მაღალი მიმზიდველობა იწვევდეს მკაცრ ინიციაციას. თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ძალიან სასურველად მიიჩნევენ, ისინი შეეცდებიან ელიტური ჯგუფის შენარჩუნებას. ამის გამო, მათ, შეიძლება, მკაცრი ინიციაცია შემოიღონ, რის შედეგადაც ჯგუფში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებსაც ამის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. მხოლოდ კითხვარის მონაცემებით ვერ დავასკვნით, რომ ეს ახსნა მცდარია და რომ მკაცრი ინიციაცია ნამდვილად იწვევს მოწონებას. მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს, ავირჩიოთ ამ ახსნათაგან რომელიმე, რადგან მონაცემები არაფერს გვეუბნება მიზეზის და შედეგის შესახებ. უფრო მეტიც, როგორც წინა მაგალითში ვნახეთ, შესაძლებელია, მესამე ცვლადიც არსებობდეს, რომელიც იწვევს ორივეს, მკაცრ ინიციაციასაც და მოწონებასაც. ვინმეს მოუნდება მკაცრი ინიციაციის ჩატარება ან გავლა? როგორ არა, ხომ არსებობენ ადამიანები ძლიერი სადო-მაზოხისტური ტენდენციებით. ასეთ ადამიანებს ინიციაციის გავლის გამო კი არ მოეწონებათ ერთმანეთი, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთის მსგავსთ აქვთ ტენდენცია, ერთმანეთი მოსწონდეთ. ეს, შეიძლება, უცნაურ ახსნად მოგვეჩვენოს, მაგრამ სავსებით ლოგიკურია. მკვლევრისთვის ყველაზე უარესი ისაა, რომ უამრავი სხვა ახსნაც იარსებებს, რომლებიც მას აზრადაც კი არ მოუვა. ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც ემყარება ექსპერიმენტულ პირობებში შემთხვევითად განაწილების ტექნიკას, ერთი ხელის მოსმით გამორიცხავს ყველა მათგანს. ამ ექსპერიმენტში სადო-მაზოხისტებს ექნებათ ზუსტად ერთნაირი შესაძლებლობა, მოხვდნენ ისეთ პირობებში, სადაც ინიციაციის გარეშე მიიღებენ ჯგუფში, ან ისეთში, სადაც მკაცრი ინიციაციით მიიღებენ. სამწუხაროდ, რეალურ სიტუაციაში ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს ყველა მათგანს, თვითონ აირჩიონ მკაცრი ინიციაციის პირობა, რაც კვლევის შედეგებს გაურკვეველს გახდის.

ექსპერიმენტების სირთულეები სოციალურ ფსიქოლოგიაში

კონტროლი თუ გავლენა. ექსპერიმენტების სამყაროში ყველაფერი ასე ადვილად არ გვარდება. არსებობს ძალზედ რეალური პრობლემები, რომლებიც ექსპერიმენტებთანაა დაკავშირებული. უკვე ვახსენე, რომ ექსპერიმენტის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა კონტროლი, მაგრამ სრული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია, როცა ცდის პირები ადამიანები არიან. ამიტომაა, რომ ბევრ ფსიქოლოგს ვირთხებზე ექსპერიმენტების ჩატარება ურჩევნია ადამიანზე ექსპერიმენტის ჩატარებას. ამ დროს, მკვლევარს შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკონტროლოს ცდის პირების დაბადებიდან ექსპერიმენტის დასრულებამდე: კლიმატი, კვება, ვარჯიში, დანარჩენ ცდის პირებთან შეხვედრა, ტრავმული გამოცდილებები და ა.შ. სოციალურ ფსიქოლოგებს ცდის პირი ადამიანები გალიებში ვერ ეყოლებათ გასაკონტროლებლად. ცდის პირს მოსწონს, რომ მასაც ვირთხასავით არ ამწყვდევენ გალიაში, მაგრამ მეცნიერებისთვის ნაკლებად ზუსტი შედეგების მომტანია.

კონტროლს კიდევ უფრო ამცირებს ის ფაქტი, რომ ადამიანები ურიცხვი ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ აღწერონ, რას აკეთებენ ადამიანები. ამაში იგულისხმება, რომ ადამიანთა უმრავლესობა უმეტესწილად აკეთებს ამას მოცემულ პირობებში. რამდენადაც ჩვენს შედეგებში ყოველთვის მოცემულია არაგაზომვადი ინდივიდუალური განსხვავებები, ჩვენი დასკვნები ყველა ადამიანის შესახებ არ იქნება ზუსტი. განსხვავებები დამოკიდებულებებში, ღირებულებებში, პიროვნულ თვისებებში და გამოცდილებებში გავლენას ახდენს იმაზე, როგორ მოიქცევიან ადამიანები ექსპერიმენტის დროს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტის სიტუაციის გაკონტროლება, ერთი და იგივე სიტუაცია მაინც სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე.

გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ მოვახერხებთ და ექსპერიმენტს ისე გავაკონტროლებთ, რომ ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე გავლენა მივიღოთ, ჩნდება რეალური რისკი, რომ სიტუაცია იმდენად სტერილური გამოვა, რომ ცდის პირი მას სერიოზულად არ აღიქვამს. სიტყვა სტერილურს ორი მნიშვნელობა აქვს: 1) უნაყოფო და 2) არაეფექტური. ექსპერიმენტატორი უნდა ეცადოს, რომ მიაღწიოს რაც შეიძლება სტერილურ სიტუაციას, მაგრამ ისე, რომ არ გახადოს ეს სიტუაცია ცდის პირისთვის უნაყოფო და უსიცოცხლო. ცდის პირებს თუ არ აინტერესებთ ექსპერიმენტში მიმდინარე მოვლენები, მათი რეაგირება სპონტანური იქნება და, შესაბამისად, ჩვენი შედეგებიც უმნიშვნელო. ამგვარად, კონტროლის გარდა, საჭიროა, რომ ექსპერიმენტს გავლენაც ჰქონდეს ცდის პირებზე. მათ სერიოზულად უნდა აღიქვან ექსპერიმენტი და ჩაერთონ მასში. სხვაგვარად ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მათ ქცევაზე. სოციალური ფსიქოლოგებისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ეს ორი გადამწყვეტი ფაქტორი, გავლენა და კონტროლი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს: ერთი თუ იზრდება, მეორე მცირდება ხოლმე. ექსპერიმენტატორები დილემის წინაშე დგებიან, როგორ გაზარდონ გავლენა ცდის პირებზე ისე, რომ არ დაკარგონ სიტუაციაზე კონტროლი. ამ დილემის გადასაჭრელად შემოქმედებითობა და გამომგონებლობაა საჭირო, რომ ექსპერიმენტული სიტუაციის სწორი დიზაინი მოხერხდეს. ამას მივყავართ რეალიზმის პრობლემამდე.

რეალიზმი. ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენეთ, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ხელოვნურია და "რეალობის" მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს. რას ვგულისხმობთ რეალურში? რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტული მეთოდის შესახებ ტრაქტატის წერისას მერილ კარლსმიტი (Merrill Carlsmith) და მე ვცდილობდით, გვეპოვა რეალურის ზუსტი განსაზღვრება. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ექსპერიმენტი ორი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს რეალისტური: თუ ექსპერიმენტი გავლენას ახდენს ცდის პირებზე, აიძულებს მათ სერიოზულად აღიქვან სიტუაცია და ჩაერთონ პროცედურებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივაღწიეთ ექსპერიმენტულ რეალიზმს. ამისგან სავსებით განსხვავებულია საკითხი, რამდენად ჰგავს ლაბორატორიული ექსპერიმენტი იმ მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხდება რეალურ სამყაროში. კარლსმიტმა და მე ამას ცხოვრებისეული რეალიზმი ვუწოდეთ. ხშირად, ექსპერიმენტული და ცხოვრებისეული რეალიზმის ერთმანეთისგან განსხვავება უჭირთ და ექსპერიმენტებს ხელოვნურობის გამო მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ისინი რეალურ სამყაროს არ გავს.

ამ ორ რეალიზმს შორის განსხვავება კარგად ჩანს შემდეგი კვლევის მაგალითში, როელშიც მაღალია ექსპერიმენტული რეალიზმი, მაგრამ დაბალია ცხოვრებისეული. გავიხსენოთ სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი, რომელიც მეორე თავშია აღწერილი. მასში თითოეულ ცდის პირს თხოვდნენ ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა მეორე ოთახში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც ელექტრულ აპარატზე იყო მიერთებული. ახლა გავიხსენოთ, რამდენად ხშირად გვთხოვენ მსგავს რამეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არარეალისტურია, მაგრამ მხოლოდ ცხოვრებისეული გაგებით. ჰქონდა თუ არა ამ პროცედურას ექსპერიმენტული რეალიზმი? ამაში იგულისხმება, აღიქვამდნენ თუ არა ცდის პირები სიტუაციას სერიოზულად, ახდენდა თუ არა მათზე გავლენას, იყო თუ არა ეს იმ წუთში მათი რეალური ცხოვრების ნაწილი? იქნებ ისინი მხოლოდ თამაშობდნენ და სერიოზულად არ იღებდნენ ამას? მილგრემი წერს, რომ მისი ცდის პირები ძალიან დაძაბულები იყვნენ და დისკომფორტს განიცდიდნენ. აი, მილგრემისავე აღწერილობა, როგორ გამოიყურებოდა ცდის პირი:

"ვაკვირდებოდი ხანში შესულ და გაწონასწორებულ ბიზნესმენს, რომელიც თავდაჯერებული ღიმილით შემოვიდა ლაბორატორიაში. ოც წუთში ის განადგურდა, კანკალი აუვარდა და ენა დაება, ნერვული შოკის პირას იყო მისული. ის გამუდმებით ისრესდა ყურის ბიბილოებს და თითებს იფშვნეტდა. უცებ შუბლზე სილა იტკიცა და წაილუღლუღა: "ო, ღმერთო! შევწყვიტოთ!". და მაინც, ის აგრძელებდა ექსპერიმენტს და ემორჩილებოდა ექსპერიმენტატორის თითოეულ სიტყვას ექსპერიმენტის დასრულებამდე".

ეს არ ჰგავს არარეალისტურ სიტუაციაში მყოფი ადამიანის ქცევას. ყველაფერი, რაც მილგრემის ცდის პირებს ემართებოდათ, რეალური იყო , მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამეები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხდება. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ექსპერიმენტების შედეგები საკმაოდ ზუსტი მინიშნებაა იმაზე, როგორ მოიქცეოდნენ ადამიანები, მსგავსი მოვლენები რომ რეალურ სამყაროში ხდებოდეს.

ტყუილი. ექსპერიმენტული რეალიზმის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მის მისაღწევად კი საუკეთესო მეთოდია ისეთი დიზაინის მოფიქრება, რომელიც საინტერესო იქნება ყველა ცდის პირისთვის. ამავდროულად, ხშირად საჭიროა კვლევის ჭეშმარიტი მიზნის დამალვა. რა საჭიროა დამალვა?

ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენე, რომ ყველა ადამიანი მოყვარული სოციალური ფსიქოლოგია იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი სოციალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდმივად ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს იმ მოვლენების შესახებ, რაც ჩვენს სოციალურ სამყაროში ხდება. მათ შორის, ადამიანების შესახებაც, რომლებიც ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირები არიან. ვინაიდან, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საუკეთესო გამოსავლის პოვნას, მათ რომ სცოდნოდათ, რის მიღწევას ვცდილობთ, მათი ქცევა მუდამ იქნებოდა ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისი, ჩვენ კი გვინდა ვნახოთ, როგორ იქცევიან ისინი ბუნებრივ და ჩვეულ სიტუაციაში. ამ მიზნით ვცდილობთ, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი დავუმალოთ ცდის პირებს და ვინაიდან თითქმის ყოველთვის გვაქვს საქმე ძალიან ჭკვიან ადამიანებთან, ეს არაა ადვილი. თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნაა ექსპერიმენტების უმრავლესობისთვის, თუ ვალიდური და სანდო მონაცემების მიღება გვსურს.

ეს მოთხოვნა სოციალურ ფსიქოლოგს ფილმის რეჟისორის მდგომარეობაში აყენებს, მან უნდა მოამზადოს სცენა მოქმედებისთვის, მაგრამ არ უნდა უთხრას მსახიობს, რა რისთვის კეთდება. ასეთ პირობებს გამოგონილ ამბავს ვუწოდებთ და მისი საშუალებით ვზრდით ექსპერიმენტის რეალიზმს, ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ცდის პირი ბუნებრივად იქცევა და არ იცის, მისი ქცევის რომელ ასპექტს შევისწავლით. მაგალითად, არონსონ-მილსის ინიციაციის კვლევაში ცდის პირებს ვეუბნებოდით, რომ მათ უნდა გაევლოთ ტესტი სიმორცხვეზე, რათა მიგვეღო სექსის ფსიქოლოგიის განმხილველი ჯგუფის წევრებად. ეს იყო გამოგონილი ისტორია. ეს სრული სიცრუე იყო. სინამდვილეში, მათ უნდა გაევლოთ ინიციაცია, რათა გვენახა, რა გავლენა ექნებოდა ამას მათ მიერ ჯგუფის მოწონებაზე. ცდის პირებს კვლევის დაწყებამდე რომ სცოდნოდათ მისი მიზანი, შედეგები ჩვენთვის სრულიად უსარგებლო იქნებოდა. ამ საკითხის შემსწავლელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ, როდესაც ცდის პირებმა იციან ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის შესახებ, ისინი ბუნებრივად არ იქცევიან. ისინი ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინონ, ან "დაეხმარონ" ექსპერიმენტატორს იმ შედეგის მიღებაში, რაც ცდის პირების აზრით, მას სურს. ამ ქცევათაგან ორივე კატასტროფულია ექსპერიმენტატორისთვის. ექსპერიმენტატორს შეუძლია გაუქროს ცდის პირს მისთვის დახმარების გაწევის სურვილი, მაგრამ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის სურვილის გაქრობა უფრო რთულია. ადამიანთა უმრავლესობას არ სურს, რომ მათ სუსტებად, არანორმალურებად, კონფორმისტებად, არამიმზიდველებად, სულელებად ან შეშლილებად მიიჩნევდნენ. ამგვარად, თუ შესაძლებლობა გვექნება მივხვდეთ, რას იკვლევს ექსპერიმენტატორი, ადამიანთა უმრავლესობა შეეცდება საკუთარი თავი კარგად ან ნორმალურად წარმოაჩინოს. მაგალითად, კონკრეტულად ამ ფენომენის შესასწავლად დადგმულ ექსპერიმენტში, ვუთხარით ცდის პირებს, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი მიანიშნებდა მათ კარგ პიროვნულ თვისებებზე. ამის შემდეგ, ისინი გაცილებით უფრო ხშირად იღებდნენ ამ შედეგს, ვიდრე მაშინ, როცა ვუთხარით, რომ ეს უარყოფით თვისებას ნიშნავდა. ეს ქცევა ადვილად გასაგებია, მაგრამ ის ხელს უშლის ექსპერიმენტატორს სწორი შედეგის მიღებაში. ამ მიზეზის გამო, ექსპერიმენტატორებს ხშირად სჭირდებათ, რომ ტყუილი უთხრან ცდის პირებს და არ გააგებინონ ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი.

უფრო მკაფიო სურათისთვის, შევხედოთ სოლომონ აშის კლასიკურ ექსპერიმენტს კონფორმიზმის შესახებ. გავიხსენოთ, რომ ამ კვლევაში სტუდენტს დაავალეს შეედარებინა რამდენიმე სხვადასხვა ზომის ხაზი ერთმანეთისთვის. დავალება მარტივი იყო, მაგრამ სხვა სტუდენტებმა (რომლებიც სინამდვილეში ექსპერიმენტატორის მოკავშირეები იყვნენ) წინასწარგანზრახვით არასწორად უპასუხეს. ამ სიტუაციაში, ცდის პირების დიდი ნაწილი ემორჩილებოდა ნაგულისხმევ ჯგუფურ გავლენას და თვითონაც არასწორად პასუხობდა. რასაკვირველია, ეს ექსპერიმენტი ტყუილზეა აგებული. ცდის პირები თვლიდნენ, რომ აღქმის ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, მაგრამ სინამდვილეში კვლევა კონფორმულობას შეისწავლიდა. აუცილებელი იყო თუ არა ტყული? ვფიქრობ, კი. მოდით, წარმოვიდგინოთ ეს ექსპერიმენტი ტყულის გარეშე: თქვენ ექსპერიმენტის ცდის პირი ხართ და ექსპერიმენტატორი გეუბნებათ, "მე ვიკვლევ, გამოიჩენთ თუ არა კონფორმულობას და დაემორჩილებით თუ არა ჯგუფის ზეწოლას." შემდეგ კი მოსდევს ზემოთხსენებული ექსპერიმენტის პროცედურა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ იქნებით კონფორმული. ვფიქრობ, რომ არავინ იქნება კონფორმული ამ სიტუაციაში, რადგან კონფორმულობა სუსტ და არამიმზიდველ ქცევად ითვლება. რა უნდა დაასკვნას ექსპერიმენტატორმა აქედან? - რომ ადმიანები არაკონფორმისტები არიან? ამგვარი დასკვნა მცდარი იქნება. ასეთი ექსპერიმენტი არაფერში გამოგვადგება.

გავიხსენოთ მილგრემის ექსპერიმენტი მორჩილების შესახებ. მან აღმოაჩინა, რომ მის ექსპერიმენტში მონაწილე მოქალაქეთა დაახლოებით 65 პროცენტი მზად იყო, დამორჩილებოდა ექსპერიმენტატორის ნათქვამს და მეორე ადამიანისთვის ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა. და მაინც, ყოველწლიურად, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვუხსნი ამ ექსპერიმენტის სიტუაციას და ვეკითხები, თვითონ ისინი დაემორჩილებოდნენ თუ არა ექსპერიმენტატორის ბრძანებას, მხოლოდ 1 პროცენტი ამბობს, რომ დაემორჩილებოდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩემი სტუდენტები უკეთესები არიან, ვიდრე მილგრემის ცდის პირები? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისინი მუდამ ცდილობენ, უკეთესად წარმოადგინონ თავი. ამგვარად, მილგრემს რომ ტყუილი არ გამოეყენებინა, მისი შედეგები სრულიად განსხვავებული გამოვიდოდა და არ ასახავდა ადამიანთა ქცევას რეალურ სიტუაციაში. თუ ადამიანებს საშუალებას მივცემთ, რომ მოიცადონ, დაფიქრდნენ და გამოიცნონ, როგორია საუკეთესო საქციელი მოცემულ სიტუაციაში, იმის სურათს კი არ მივიღებთ, როგორები არიან ადამიანები, არამედ იმისას, როგორები სურთ მათ, რომ იყვნენ.

ეთიკური პრობლემები

ტყუილი შეიძლება იყოს საუკეთესო (და ალბათ, ერთადერთი) გზა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, როგორ მოიქცევიან ადამიანები რთულ და მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგრამ ის ნამდვილად აჩენს სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს. ასეთი პრობლემა, ძირითადად, სამია.

1. უბრალოდ, არაეთიკურია ადამიანების მოტყუება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა უოთერგეიტის[6] შემდგომ პერიოდში, როდესაც გამომჟღავნდა, რომ სამთავრობო სამსახურები უკანონოდ უსმენდნენ მოქალაქეების საუბრებს; რომ პრეზიდენტები ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველ ხალხს; რომ პრეზიდენტის უშუალო ხელქვეითები იყენებდნენ ბინძურ მეთოდებს, ყალბ წერილებს, გაყალბებულ დოკუმენტებს და ა. შ. როგორ შეუძლია სოციალურ მეცნიერებას, გაამართლოს ტყუილის დამატება მთელი ამ არსებული სიყალბისადმი?

2. ამგვარ ტყუილს ხშირად მივყავართ პირად ცხოვრებაში ჩარევამდე. როდესაც ცდის პირებმა არ იციან, რას სწავლობს სინამდვილეში ექსპერიმენტატორი, ისინი ვერ მისცემენ ინფორმირებულ თანხმობას. მაგალითად, ზოგიერთი ცდის პირი არაფრით დათანხმდებოდა აშის ექსპერიმენტში მონაწილეობას, წინასწარ რომ სცოდნოდა, რომ აში მათ კონფორმულობის მიდრეკილებას შეისწავლიდა და არა აღქმას.

3. ექსპერიმენტის პროცედურები ხშირად გულისხმობს უსიამოვნო გამოცდილებას, როგორიცაა ტკივილი, მოწყენილობა, შფოთვა და სხვა.

აქვე უნდა დავამატო, რომ ეთიკური პრობლემები მაშინაც ჩნდება, როცა ტყუილი არაა გამოყენებული და ექსპერიმენტიც არაა რამენაირად ექსტრემალური. ყველაზე უფრო კეთილშობილურ პროცედურებსაც კი შეუძლია ზოგიერთ ცდის პირზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომელსაც წინასწარ ვერაფრით გავთვლიდით – თვით ყველაზე ყურადღებიან და მზრუნველ ექსპერიმენტატორებსაც ემართებათ ხოლმე ასეთი რამ. განვიხილოთ ექსპერიმენტების სერია, რომელიც რობინ დოუსმა, ჯინ მაკტავიშმა და ჰარიეტ შეკლიმ (Robyn Dawes, Jeanne McTavish, Harriet Shaklee) განახორციელეს. ისინი "სოციალურ დილემებს" იკვლევდნენ, როდესაც ცდის პირებმა უნდა გადაწყვიტონ, თანამშრომლობა ურჩევნიათ, თუ "დეზერტირობა". თუ ყველა ითანამშრომლებს, ფინანსურად ისარგებლებს ყველა; მაგრამ თუ ერთმა ან რამდენიმე მათგანმა მაინც თქვა უარი თანამშრომლობაზე, ისინი მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ისინი კი, ვინც თანამშრომლობა აირჩია, დიდ ფინანსურ დანაკარგს განიცდიან. პასუხები ანონიმურია და ანონიმური რჩება მთელი კვლევის განმავლობაში. თამაშის წესებს უხსნიან ყველა მონაწილეს ექსპერიმენტის დასაწყისშივე. აქ ტყუილი არ გამოიყენება. მთელი სცენარი, ერთი შეხედვით, უწყინარია.

ერთი ექსპერიმენტული სესიიდან 24 საათის გასვლის შემდეგ ხნიერმა მამაკაცმა დაურეკა ექსპერიმენტატორს. ის ერთადერთი დეზერტირი იყო თავისი ჯგუფიდან, რომელმაც 190$ მოიგო. მას უნდოდა, რომ მოგებული ფული დაებრუნებინა და დანარჩენი მონაწილეებისთვის გაეყო (რომლებმაც თანამშრომლობა არჩიეს და თითოეულმა მხოლოდ 1$ მოიგო). საუბარში გამოირკვა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა საკუთარი სიხარბის გამო, რომ მთელი ღამე არ ეძინა და ა.შ. ასეთივე ექსპერიმენტის შემდეგ ერთი ქალი, რომელმაც თანამშრომლობა აირჩია, ხოლო ყველა დანარჩენმა – დეზერტირობა, ამბობდა, რომ აქამდე ძალიან გულუბრყვილო იყო და ახლა ისწავლა, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება.

მიუხედავად გულდასმით დაგეგმვისა, ექსპერიმენტები მაინც ახდენენ ცდის პირებზე ძლიერ გავლენას, რომლის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. მე განზრახ ავირჩიე დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტები, რადგან მათში ტყუილი არ არის და ამიტომ ეთიკის კოდექსს არ არღვევს. რასაც ვამბობ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი: არცერთ ეთიკის კოდექსს არ შეუძლია ყველა პრობლემის წინასწარ განსაზღვრა, განსაკუთრებით ეს ეხება პრობლემებს, როდესაც ცდის პირები რაიმე უსიამოვნოს იგებენ საკუთარი თავის ან სხვების შესახებ.

სოციალურ ფსიქოლოგებს ექსპერიმენტების ჩატარების ეთიკური მხარე სწორედ იმიტომ აწუხებთ ასე ძალიან, რომ მათი სამუშაო ეთიკურ დილემაზეა აგებული. ახლავე აგიხსნით: ეს დილემა ემყარება ორ საპირისპირო ღირებულებას, რომლებსაც სოციალურ ფსიქოლოგთა უმრავლესობა იყენებს. ერთ მხარესაა თავისუფალი სამეცნიერო კვლევის ღირებულება, ხოლო მეორე მხარეს – ადამიანური ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ეს დილემა რეალურად არსებობს და შეუძლებელია მისი უგულებელყოფა. არ შეიძლება, დავიცვათ მხოლოდ ადამიანთა ღირსება, ან მხოლოდ სამეცნიერო მიზნები. სოციალური ფსიქოლოგები ამ პრობლემას აწყდებიან ყოველთვის, როცა გეგმავენ და ატარებენ ექსპერიმენტს. არ არსებობს კონკრეტული და უნივერსალური წესები, რომლებიც ყველა ექსპერიმენტის შემთხვევაში გამოდგება.

ცხადია, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტული ტექნიკა მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სხვები. ძირითადად, ექსპერიმენტები, რომლებიც ტყუილზეა აგებული, ყველაზე პრობლემურია, რადგან თვით ტყუილის აქტია გასაკიცხი, მაშინაც კი, როცა ტყუილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნებს ემსახურება. პროცედურები, რომლებიც იწვევს ტკივილს, შერცხვენას, დანაშაულის განცდას ან სხვა მძაფრ გრძნობებს, აშკარად იწვევს ეთიკურ პრობლემებს.

უფრო ფაქიზი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება, როცა ცდის პირები საკუთარ თავში აღმოაჩენენ თვისებას, რომელიც არაა სასიამოვნო და პოზიტიური. გაიხსენეთ ცდის პირების გამოცდილება დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტიდან. სოლომონ აშის ბევრმა ცდის პირმაც ექსპერიმენტიდან გაიგო, რომ კონფორმულები არიან ჯგუფის გავლენისადმი. ჩვენს საკუთარ ექსპერიმენტში (არონსონი და მეთი) ბევრმა ცდის პირმა შეიტყო, რომ კარტის თამაშისას მოწინააღმდეგის მოტყუება შეუძლიათ. მილგრემის ცდის პირებმა გაიგეს, რომ დაემორჩილებიან ავტორიტეტს მაშინაც კი, თუ ეს მორჩილება სხვა ადამიანებს ზიანს მოუტანს.

შეიძლება, ვიკამათოთ, ამგვარი აღმოჩენები ცდის პირებისთვის თერაპიული ან საგანმანათლებლო სარგებლობის მომტანია თუ არა. ბევრმა ცდის პირმა თავადაც ჩათვალა ასე, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ამ პროცედურებს. სხვა რომ არაფერი, საიდან უნდა ვიცოდეთ ექსპერიმენტის დაწყებამდე, რომ მის შედეგებს თერაპიული დანიშნულება ექნება? ნებისმიერი მეცნიერისთვის ზედმეტი ამპარტავნობა იქნება, თუ ის გადაწყვეტს, რომ შეუძლია თერაპიული ჩარევა ადამიანების ცხოვრებაში მათი წინასწარი თანხმობის გარეშე.

თუ ამ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მიზნები ამართლებს საშუალებებს? ეს საკამათოა. ზოგი ამტკიცებს, რომ რაც არ უნდა იყოს მეცნიერების მიზნები და მიღწევები, ისინი არაფრად ღირს, თუ ადამიანს ვატყუებთ, ან დისკომფორტს ვუქმნით. ამის საპირისპიროდ, სხვები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფსიქოლოგების აღმოჩენები მთელ კაცობრიობას დიდ სარგებლობას მოუტანს, ამიტომ, ამ შედეგების მიღება თითქმის ნებისმიერ ფასად ღირს.

ჩემი საკუთარი პოზიცია სადღაც ამათ შორისაა. მჯერა, რომ სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ცდის პირების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მუდამ დაცული უნდა იყოს. თითოეული კონკრეტული ექსპერიმენტის დაგეგმვისას, როცა მისი ეთიკურობა უნდა შევაფასოთ, ჩემი აზრით, მართებულია დანახარჯი-სარგებლობის ანალიზის გაკეთება. ესე იგი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ექსპერიმენტს და რამდენი ზიანი მიადგებათ ცდის პირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერების და საზოგადოების სარგებლობა უნდა შევადაროთ ცდის პირებისთვის მიყენებულ ზიანს და ეს შეფარდება მივიღოთ მხედველობაში დასკვნის მიღებისას. სამწუხაროდ, ამგვარი შედარება ძნელი გასაკეთებელია, რადგან ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულები ვერც სარგებლობის და ვერც ზიანის თაობაზე, სანამ ექსპერიმენტი არ ჩატარდება.

წარმოვიდგინოთ მორჩილების შესახებ ექსპერიმენტი. თავიდანვე უეჭველი იყო, რომ რთული პროცედურა იქნებოდა. მაგრამ, მილგრემს ვერაფრით ეცოდინებოდა, ზუსტად რამდენად რთული, ვიდრე ექსპერიმენტს არ დაიწყებდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი იყო; მან ბევრი რამ გაგვაგებინა ადამიანის ქცევაზე; საბოლოო ჯამში, მე მოხარული ვარ, რომ მილგრემმა გადაწყვიტა მისი ჩატარება. თუმცა, ამ საკითხში ყველა არ მეთანხმება. ეს ექსპერიმენტი ჩატარებისთანავე გააკრიტიკეს ეთიკური მოსაზრებების გამო, პოპულარულმა პრესამაც და სერიოზულმა მეცნიერებმაც. ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სტენლი მილგრემმა საიდუმლოდ გამანდო – სევდიანად და მწარედ – რომ, მისი აზრით, კრიტიკის ეს ტალღა მის ექსპერიმენტში გამოყენებული პროცედურის კი არა, მისი მიღებული შედეგების გამო აგორდა. ეს საინტერესო საკითხია: ახსენებდნენ თუ არა კრიტიკოსები მილგრემის ექსპერიმენტის ეთიკურ პრობლემას, არცერთ მის ცდის პირს ზომიერზე მეტი ინტენსივობის შოკი რომ არ გამოეყენებინა? ათიოდე წლის შემდეგ ლეონარდ ბიკმანმა და მეთიუ ზარანტონელომ (Leonard Bickman, Matthew Zarantonrllo) აღმოაჩინეს, რომ მილგრემის მიხვედრა ზუსტი იყო. მათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც 100 ადამიანს სთხოვეს, წაეკითხათ მილგრემის ექსპერიმენტის პროცედურის აღწერა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც უთხრეს, რომ მილგრემის ცდის პირთა მაღალი პროცენტული რაოდენობა დაემორჩილა ექსპერიმენტატორს, გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანად შეაფასეს ეს პროცედურა (და, შესაბამისად, ნაკლებად ეთიკურად), ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთაც უთხრეს, რომ ექსპერიმენტატორს თითქმის არავინ დაემორჩილა. საზოგადოდ, ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ექსპერიმენტის ეთიკა ნაკლებად პრობლემატურად ჩაითვლება, როცა მისი შედეგები რამე სასიამოვნოს გვეუბნება ადამიანის ბუნების შესახებ, ვიდრე როცა რამე ისეთს ვიგებთ, რის გაგებაც არ გვინდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევები მხოლოდ სასიამოვნო ამბების აღმოჩენით უნდა შემოიფარგლოს! მილგრემის მორჩილების ექსპერიმენტი ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია. მჯერა, რომ როდესაც მეცნიერი იკვლევს, რამდენად შეუძლია ადამიანს სხვისთვის ზიანის მიყენება ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილების პირობებში, ამის გაკეთება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

საბოლოო ჯამში, სოციალური ფსიქოლოგის გადაწყვეტილება, ჩაატაროს თუ არა რაიმე კონკრეტული ექსპერიმენტი, დამოკიდებულია ამ ექსპერიმენტის პოტენციური ზიანის და სარგებლობის შეფასებაზე. როდესაც ჩემს სტუდენტებს გადასაწყვეტი აქვთ, ჩაატარონ თუ არა ექსპერიმენტი, ვურჩევ, გაითვალისწინონ ეს ხუთი რჩევა.

1. თუ შესაძლებელია, თავი უნდა ავარიდოთ პროცედურებს, რომლებიც იწვევს ძლიერ ტკივილს ან ინტენსიურ დისკომფორტს. ზოგიერთი ჰიპოთეზის შემოწმება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

2. ექსპერიმენტატორებმა უნდა მისცენ ცდის პირებს რეალური საშუალება, შეწყვიტონ ექსპერიმენტი, თუ მათი დისკომფორტი ძალიან ძლიერია.

3. ექსპერიმენტატორებმა უნდა მოიფიქრონ, არსებობს თუ არა ტყუილის თავიდან არიდების საშუალება. თუ რაიმე სხვა პროცედურის მოფიქრება შესაძლებელია, ტყუილზე უარი უნდა თქვან.

4. ექსპერიმენტატორებმა ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დიდი დრო უნდა დაუთმონ თითოეულ ცდის პირს, დაწვრილებით აუხსნან მას ექსპერიმენტის დეტალები, მისი ნამდვილი მიზანი, ტყუილის და დისკომფორტის მიზეზები და ასე შემდეგ. კვლევის შემდგომი ინტერვიუს დროს მათ უნდა დაიცვან ცდის პირების ღირსება, არ აგრძნობინონ მათ თავი სულელად ან გულუბრყვილოდ, რადგან ტყუილი დაიჯერეს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ცდის პირები კარგ განწყობაზე რჩებიან – მოსწონთ საკუთარი თავი და საკუთარი როლი ექსპერიმენტში. ამას მიაღწევს ნებისმიერი ექსპერიმენტატორი, რომელიც დახარჯავს დროს და ენერგიას იმისთვის, რომ გულწრფელად გადაუხადოს მადლობა თითოეულ ცდის პირს (ინფორმაციის მიწოდებით და პატივისცემის გამოხატვით) ექსპერიმენტში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის.

5. ბოლოს, ექსპერიმენტატორმა არ უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომელშიც ტყუილი და დისკომფორტი "უმიზნოდ და უმიზეზოდაა" გამოყენებული. ექსპერიმენტატორი ლაბორატორიაში შესვლამდე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ექსპერიმენტი კარგად მოფიქრებული და ღირებულია – ის ეძებს პასუხს მნიშვნელოვან შეკითხვაზე და ამას აკეთებს გულდასმით და კარგად ორგანიზებულად.

სოციალურ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტატორები ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცდის პირების საჭიროებების მიმართ. ბევრი ექსპერიმენტი შეიცავს ისეთ პროცედურებს, რომლებიც გარკვეულ დისკომფორტს გულისხმობს, ამ პროცედურების უმრავლესობაში არსებობს ცდის პირების დამცავი საშუალებებიც. დავუბრუნდეთ ისევ ექსპერიმენტს მორჩილებაზე, რადგან მისი მონაწილეების აზრით, ის ამ წიგნში აღწერილ პროცედურათაგან ყველაზე უფრო სტრესულია. აშკარაა, რომ მილგრემი ბევრს მუშაობდა, რომ ცდის პირთათვის აეხსნა ექსპერიმენტის შინაარსი და ის მათთვის საინტერესო და სასარგებლო გაეხადა. ისიც ნათელია, რომ მისმა ძალისხმევამ საკმაო წარმატება მოუტანა: ექსპერიმენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცდის პირთა 84 პროცენტი ამბობდა, რომ მოხარული იყო ექპსერიმენტში რომ მიიღო მონაწილეობა; 15 პროცენტი ნეიტრალურად იყო განწყობილი; მხოლოდ ერთი პროცენტი აცხადებდა, რომ ნანობდა ექსპერიმენტში მონაწილეობას (თუმცა, ამ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მეხუთე თავში კოგნიტური დისონანსის განხილვისას ვნახეთ, რომ ადამიანები ხშირად ამართლებენ საკუთარ ქცევას უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების შეცვლით). უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები შემდეგ კვლევაშია: ექსპერიმენტის პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის ფსიქიატრმა გამოკითხა შემთხვევითად შერჩეული ცდის პირები და საზიანო შედეგების ფაქტები ვერ აღმოაჩინა. ცდის პირთა ტიპური პასუხი იყო, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ჭკუის სასწავლებელი და გამოცდილების გამამდიდრებელი იყო.

ჩვენი ვალი ცდის პირთა მიმართ. ამ თავში განვიხილე ექსპერიმენტული მეთოდის უპირატესობები და ვაჩვენე, რამდენად რთული და პრობლემურია ლაბორატორიული ექსპერიმენტის დიზაინი სოციალურ ფსიქოლოგიაში. ამას გარდა, გაგიზიარეთ ის აღფრთოვანებაც, რასაც განვიცდი სირთულეების დაძლევისას, ვიმსჯელეთ ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზებზე და მათთვის ექსპერიმენტის მიზნის ახსნის საჭიროებაზე. წიგნის პირველ რვა თავში აღწერილი ცოდნა, ინფორმაცია და ვარაუდები ადამიანის სოციალური ქცევის შესახებ ემყარება ამ თავში განხილულ ტექნიკასა და პროცედურებს. ისინი, ასევე, ემყარება ათიათასობით ადამიანის თანამშრომლობას, რომლებმაც ნება დაგვრთეს, შეგვესწავლა მათი ქცევა ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან ძალიან ვართ დავალებული. ჩვენ მიერ ადამიანის ბუნების მთელი თავისი სირთულით ამოცნობა დამოკიდებულია ქცევის შესასწავლი ტექნიკის გამოგონებაზე, რომელიც კარგად იქნება გაკონტროლებული და იმოქმედებს იმ ადამიანთა ღირსების შელახვის გარეშე, რომლებიც ხელს გვიწყობენ ამ ცოდნის მიღებაში, როგორც ექსპერიმენტის ცდის პირები.

რა მოხდება, თუ ჩვენს აღმოჩენებს არასწორად გამოიყენებენ?

არსებობს კიდევ ერთი, დამატებითი ეთიკური მოსაზრება: მეცნიერის მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ აღმოჩენაზე. ამ წიგნში განვიხილავდი დარწმუნებისთვის საჭირო რამდენიმე პირობას. მეხუთე თავში განვიხილე თვითშთაგონების რამდენიმე ტექნიკა, შემდეგ თავებში კი ვიმსჯელე ამ ტექნიკების გამოყენებასა და შედეგებზე. თვითშთაგონება ძალიან ძლიერია, რადგან დარწმუნების ობიექტმა არასოდეს იცის, რა არის მისი მიზეზი. ისინი იჯერებენ, რომ რაღაც ფაქტი ჭეშმარიტია, არა იმიტომ, რომ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერმა[7], ან ტ. ს. ელიოტმა, ან "მხარბეჭიანმა" ჯომ დაარწმუნა მის ჭეშმარიტებაში, არამედ იმიტომ, რომ თავად დაარწმუნეს საკუთარი თავი. ამას გარდა, მათ ხშირად ისიც არ იციან, რატომ ან როგორ დაიჯერეს ეს. ამის გამოა ეს ფენომენი არა მხოლოდ ძლიერი, არამედ შიშისმომგვრელიც. როდესაც ვიცი, რატომ დავიჯერე X, შედარებით თავისუფლად შემიძლია შევიცვალო აზრი, მაგრამ თუ მხოლოდდამხოლოდ ის ვიცი, რომ X ჭეშმარიტებაა და მეტი არაფერი, მე უფრო მეტად ვეჭიდები ამ რწმენას, გადამარწმუნებელი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი.

ჩემ მიერ აღწერილი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ადამიანები ვაიძულოთ, გაიხეხონ კბილები, შეწყვიტონ უმცროსების დამცირება, შეამცირონ ტკივილი, ან შეიყვარონ მეზობლები. ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს შედეგები კარგია, მაგრამ ისინი მანიპულაციურია. იგივე მექანიზმები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ვაიძულოთ ადამიანები, იყიდონ გარკვეული მარკის კბილის პასტა, ან ხმა მისცენ გარკვეულ პოლიტიკურ კანდიდატს. ჩვენს ეპოქაში, როდესაც მრავლად არიან პოლიტტექნოლოგები, პროპაგანდისტები, ვაჭრები, ამორალური არ არის სოციალური გავლენის მძლავრი ტექნიკის გამოყენება?

ამ წიგნის მკითხველმა უკვე იცის, რომ, როგორც რეალურ სამყაროში მცხოვრებ რეალურ ადამიანს, ბევრი ღირებულება მაქვს და არც ვმალავ მათ. ისინი თვალსაჩინოდაა გამოფენილი. მაგალითად, მინდა ფანატიზმის და ბოროტების მოსპობა. ძალაუფლება რომ მქონდეს, ყველაზე ჰუმანურ და ეფექტურ მეთოდებს გამოვიყენებდი ამ მიზნის მისაღწევად, რაც კი გამაჩნია. ისიც ვიცი, რომ თუ ეს მეთოდები განვითარდება, სხვებსაც შეეძლებათ მათი გამოყენება ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებსაც მე არ ვეთანხმები. ეს ძალიან მადარდებს. ისიც ვიცი, რომ თქვენ, შეიძლება, არ იზიარებდეთ ჩემს ღირებულებებს. ამიტომ, თუ თქვენც აღიარებთ ამ ტექნიკის სიძლიერეს, უნდა გაწუხებდეთ ეს.

ამავე დროს, ახლავე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ ამ ფურცლებზე აღწერილი ფენომენები სრულებითაც არაა ახალი. სოციალური ფსიქოლოგი არ ყოფილა ის, ვინც მისტერ ლანდრი მარლბოროს ანკესზე წამოაგო, ან ვინც სარეკლამო მიზნებისთვის ფასდაკლების სისტემა გამოიგონა; არც ის ყოფილა სოციალური ფსიქოლოგი, ვინც ლეიტენანტი კელი აიძულა, ვიეტნამელი მოქალაქეების უმიზნო ხოცვა-ჟლეტა გაემართლებინა. მათ თვითონ, დაუხმარებლადაც მოახერხეს ეს. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ, გაიგონ ეს ფენომენები და უამრავი სხვა, რომლებიც ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში – ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, დედამიწაზე მცხოვრებმა პირველმა ორმა ადამიანმა რომ დაიწყო ურთიერთობა. ამ ფენომენების გაგებით სოციალური ფსიქოლოგები შეძლებენ, დაეხმარონ ადამიანებს პროცესების და მათი მოსალოდნელი შედეგების გაგებაში; შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ ადამიანებმა თავად თქვან უარი გარკვეული ქცევების შესრულებაზე, თუ თვითონ გადაწყვეტენ, რომ ეს ქცევები დისფუნქციურია.

მხოლოდ იმ ფაქტის ცოდნა, რომ ის ფენომენები, რომლებსაც ჩვენ, სოციალური ფსიქოლოგები ვიკვლევთ, არაა ჩვენი შექმნილი, მორალური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ხშირად, სწორედ ჩვენი სამუშაო სძენს ფორმას ამ ფენომენებს და გადააქცევს მათ კარგად სტრუქტურირებულ და ადვილად გამოსაყენებელ ტექნიკად. ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ტექნიკას დახვეწს და გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის. დემაგოგის მიერ ამ ტექნიკის გამოყენებას შეუძლია, ჩვენი საზოგადოება ორუელისეულ[8] კოშმარად აქციოს. არ ვაპირებ, რომ ზოგადად სოციალურ ფსიქოლოგთა პასუხისმგებლობებზე ვიქადაგო. ყველაზე კარგად ჩემი საკუთარი პასუხისმგებლობა მაქვს გაცნობიერებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ვალია, გააგებინონ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება და ყურადღებით იყვნენ, რომ არ მოხდეს მათი ბოროტად გამოყენება; მე კი ვაგრძელებ კვლევას, რომ მეტი გავიგოთ საკუთარი თავის, როგორც სოციალური ცხოველის შესახებ – როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიქცევით, რა იწვევს ჩვენში აგრესიას, რა იწვევს სიყვარულს. გულახდილად ვამბობ, რომ უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი საქმე ვერ წარმომიდგენია.


[1] ჯიმ ჯოუნსი (1931–1978) იყო სახალხო ტაძრის დამაარსებელი და ლიდერი. ჯოუნსტაუნი (ასევე, ცნობილი, როგორც სახალხო ტაძრის სამეურნეო პროექტი) კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე სუვერენულ შტატ გაიანაში შექმნილი თემური დასახლება გახლდათ, რომელიც ასევე, ჯოუნსმა დააარსა. როგორც ჯოუნსტაუნის, ისე სახალხო ტაძრის კონცეფცია სოციალისტურ იდეალებს ეფუძნებოდა; ჯოუნსს უნდოდა, სამყაროსაგან იზოლირებული, "წმინდათაწმინდა" სივრცე შეექმნა. და მართლაც – როგორც ნამდვილ კომუნისტურ სახელმწიფოებში, სახალხო ტაძრის წევრებს ჯოუნსტაუნიდან გასვლა ეკრძალებოდათ. 1978 წელს იქ მომხდარი ინციდენტი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თვითმკვლელობა ჯგუფურ თვითმკვლელობათა შორის. ხოლო 2011 წლის 11 სექტემბრამდე, ის, აგრეთვე, მიიჩნეოდა არა ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიღებულ მშვიდობიან მოქალაქეთა ყველაზე მასობრივ დანაკარგად ამერიკის ისტორიაში (აქ და შემდგომ: მოცემული აღნიშვნით გაკეთებული კომენტარები ეკუთვნის მთარგმნელს).

[2] ჯეიმს ალბერტ მიჩენერი (James Albert Michener; 1907 – 1997) – ამერიკელი მწერალი, რომელიც 40-ზე მეტი წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი საგას ჟანრშია, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი თაობის ცხოვრების შესახებ ჰყვება და რეალური ისტორიული ფატქტებითაა გაჯერებული.

[3] რედაქტორის შენიშვნა: კოლეჯი იგივეა, რაც უმაღლესი განათლების საბაკალავრო დონე.

[4] სამხედრო ოპერაცია 1960 წელს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ კუბაში ფიდელ კასტროს მთავრობის დასამხობად წამოიწყო.

[5] რედაქტორის შენიშვნა: პოპულარული საბავშვო ამერიკული სერიალი.

[6] რედაქტორის შენიშვნა: უოთერგეითი არის დემოკრატების ეროვნული სათაო ოფისი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, აშშ. მასთანაა დაკავშირებული მეოცე საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკური სკანდალი, რასაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა მოყვა თან.

[7] ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი (1904–1967), ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი (ქ. თ.)

[8] რედაქტორის შენიშვნა: ჯორჯ ორუელი, ცნობილი ამერიკელი მწერალი.

ლიტერატურა: ელიოტ არონსონი, "სოციალური ცხოველი" (I და IX თავები), მთარგმნ.: ქეთევან თოდაძე, ანა მაყაშვილი, ესმა ბერიკიშვილი. რედ.: ნინო ჯავახიშვილი

ტეგები: Qwelly, ელიოტ_არონსონი, სოციალური, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 4290

გამოხმაურებები!

წიგნი სრულად იხილეთ ელექტრონული წიგნების კატალოგში.

არა, მე მსგავსი გენიოსების კლასს არ მივეკუთვნები, წინასწარცნობით რომ გამოირჩევიან :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters