ფსიქოლოგიის ისტორია, VII თავი, IV ნაწილი

7.5. სამედიცინო ფსიქოლოგიის განვითარება [1]

      სამედიცინო ფსიქოლოგია რამდენიმე ფსიქოლოგიური დარგის ერთობლიობაა. აქ განხილული იქნება მისი ორი მთავარი განშტოების, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოთერაპიის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან გასულის საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც ამ დისციპლინის თანამედროვე სახის ჩამოყალიბება დაიწყო. დავიწყოთ ფსიქოპათოლოგიის ისტორიით.

      კაცობრიობის სულიერ ცხოვრებას ყოველთვის ახლდა ფსიქიკური დარღვევები. რამდენადაც ცნობილია, ყველა დასავლურ თუ აღმოსავლურ დიდ კულტურას ერთი და იგივე ფსიქოპათოლოგიური ფენომენები ახასიათებს. მათი გამოვლენის ფორმები და შინაარსი ცვალებადობდა ეპოქის სულისკვეთების, სოციალური გარემოსა და იდეოლოგიის თავისებურებათა შესაბამისად, მაგრამ, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ავადმყოფობა არსებითად იგივე რჩებოდა. ისტორიულ პლანში, ფორმისა და შინაარსის ცვალებადობის თვალსაზრისით, გამორჩეულია ნევროზები; მაგალითად, ისტერიის იმ დრამატულ გამოვლინებებს, რომელთა შესწავლითაც ფაქტობრივად დაიწყო ნევროზების კვლევა, დღეს უკვე იშვიათად ვხვდებით. შეიცვალა ფსიქოზების შინაარსიც. საკუთარი თავის ცხოველებად წარმოდგენის, ალქაჯების ან დემონების ბრძანებებისადმი დაქვემდებარების ნაცვლად, ბოდვის შინაარსი უკავშირდება ტექნიკური ცივილიზაციის ელემენტებს, უცხოპლანეტელებს თუ პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს.

      ისტორიულად ცვალებადობდა საზოგადოების დამოკიდებულებაც სულით დაავადებულთა მიმართ. საფიქრებელია, რომ დედამიწის პრეისტორიული მოსახლეობა ისევე ეპყრობოდა სულით ავადმყოფებს, როგორც დღევანდელი პრიმიტიული ხალხები: აგრესიული და სახიფათო ავადმყოფები ითვლებოდნენ ავი სულების მიერ შეპყრობილებად, მათ ძალიან მკაცრად ექცეოდნენ, სცემდნენ და აგდებდნენ. უწყინარი და მშვიდი ავადმყოფები ზოგჯერ ღმერთების მიერ მონიშნულებადაც ითვლებოდნენ, მათ უვლიდნენ და ხშირად ეთაყვანებოდნენ კიდეც. უკვე უძველესი დროიდან სულიერ დაავადებებს შორის ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ეპილეფსია ახდენდა. უეცარი გულყრა, ყვირილი, კონვულსიები, დუჟი, ჰალუცინაციები და ხილვები კარგად ესადაგებოდა ზებუნებრივ ახსნას: მრისხანე ძალა, ღვთაება ძირს აგდებს ადამიანს და თან აჯილდოებს გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების უნარით. ამ „წმინდა დაავადებით„ შეპყრობილნი გამორჩეულ ადამიანებად მიაჩნდათ. პრიმიტიულ ხალხებში მათ ანდობდნენ ბელადის, შამანის, ჯადოქარ-ექიმბაშის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. სულით ავადმყოფები სხვადასხვა კულტურაში არც თუ იშვიათად იწვევდნენ ერთგვარ თრთოლვას, მათ ქედს უხრიდნენ როგორც წმინდანებს, რომელთა პირითაც ლაპარაკობენ ღმერთები. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, წარსულში სულით დაავადებულთა განსაკუთრებულობა უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა და მათი მდგომარეობა ორმაგად მძიმე იყო: ისინი ავადმყოფობითაც და სოციალური მიუღებლობითაც იტანჯებოდნენ.

      სულიერი აშლილობების შესახებ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ძვ.წ. 2000 წ. მცხოვრები ისრაელის მეფე საული იმდენად ღრმა სევდის შეტევებით იტანჯებოდა, რომ თავის მსახურს სთხოვდა მოეკლა იგი (სუიციდონალური დეპრესია). ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ბოდვა იმით გამოიხატებოდა, რომ მას თავი მგლად წარმოედგინა და ოთხზე დადიოდა. პრეტას მეფის გონებადაბინდული ქალიშვილები ტყე-ღრე დახეტიალობდნენ, ბალხს ძოვდნენ და თავი ძროხებად მოჰქონდათ. ბერძენი გმირი აიაქსი თავს დაესხა ცხვრის ფარას, ვინაიდან მტრებად მოეჩვენა. ასეთი მაგალითები მრავლადაა. ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორ ხსნიდნენ ჩვენი შორეული წინაპრები ამ არანორმალურ გამოვლინებებს და როგორ ცდილობდნენ მათ გამოსწორებას.

      ფსიქოპათოლოგიის ისტორია ამ კუთხით სამი სახის მიდგომას იცნობს: 1. მაგიური თვალსაზრისი ყოველგვარ დარღვევას ბუნებაში და ადამიანში, რისი უშუალო მიზეზიც არ ჩანს, იდუმალი ზებუნებრივი ძალების მოქმედების შედეგად მიიჩნევს; 2. ორგანული თვალსაზრისი ჯანმრთელობას და ავადმყოფობას ფიზიკურ-სხეულებრივ ტერმინებში ხსნის და 3. ფსიქოლოგიური თვალსაზრისი ფსიქიკური დაავადების მიზეზებს ფსიქიკაშივე ეძებს. ფსიქიატრიული თუ ფსიქოპათოლოგიური აზრის პროგრესი აისახებოდა პირველ თვალსაზრისზე თანდათანობით უარის თქმასა და დანარჩენი ორის გაძლიერებასა და დაახლოებაში.

      ფსიქიკური დაავადების ბუნებისა და მისი მკურნალობის პრინციპების გააზრების ისტორიულად საწყისი ფორმა მაგიური თვალსაზრისია. შინაგანი სნეულება და გონებააშლილობა ავი სულების, დემონური ძალების მოქმედების შედეგია. ეს ბოროტი ჯადოქრები (მაგია - ბერძნულად ჯადოქრობაა) სხეულიდან სულს განდევნიან, მასში თვითონ სახლდებიან ან ავადმყოფობას ათავსებენ. ავადმყოფობა მაშინ გაივლის, როცა ბოროტი ძალები თავის მავნე ზემოქმედებას შეწყვეტენ. ძველი დროის მედიცინა ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. შეიძლება დემონებს უბრალოდ გზა გავუხსნათ ორგანიზმიდან გამოსასვლელად (ანთროპოლოგიური მონაცემებით, ქვის ხანის ადამიანები თავიანთი ტომის წევრებს ზოგჯერ სპეციალურ ხვრელებს უკეთებდნენ თავის ქალაში). მაგრამ დემონების კეთილ ნებაზე დანდობა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელი ხდება ხვეწნა, მუდარა, მოთაფვლა, თაყვანისცემა, დამუქრება, დაშინება, დასჯა - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სულიერზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება. ამას ემსახურება, პრინციპში, შამანებისა თუ ქურუმების რიტუალები, შელოცვები, მსხვერპლშეწირვები და ა.შ. ამ ზომებს ზოგჯერ მართლა მოჰქონდა შვება, რაც მათი ფსიქოთერაპიული ეფექტურობით აიხსნება. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

      ასეთი მაგიურ-რელიგიური მიდგომა დამახასიათებელია, როგორც პრეისტორიული ხანისთვის, ისე უძველესი ცივილიზაციებისთვის (ეგვიპტე, მესოპოტამია, ინდოეთი, ჩინეთი, სპარსეთი, იუდეა და სხვა). აქ არა მხოლოდ იცნობენ სხვადასხვა სულიერ აშლილობას, არამედ სპეციფიკურადაც უდგებიან მათ. მაგალითად, ასირიელი მეფის ხამურაპის კანონების კოდექსი შეიცავს მკაფიო მითითებებს ეპილეფსიის ნიშნებზე, ხოლო ბაბილონის დემონების პანთეონში ამ დაავადებას თავის სპეციფიკური დემონი ჰყავს - სიგიჟის დემონი სახელად იდტა. ძველ ეგვიპტეში გამოავლინეს ემოციონალური დარღვევის ის ტიპი, რომელსაც მოგვიანებით ბერძნებმა ისტერია უწოდეს. მას ქალურ დაავადებად თვლიდნენ და მის სამკურნალოდ, ისევე როგორც შემდგომდროინდელი დიდი ექიმები ჰიპოკრატე და გალენი, საშვილოსნოს შეპკურებას მიმართავდნენ. ამას აკეთებდნენ საგანგებო სპეციალიზაციის მქონე ქურუმი-მედიკოსები. არსებული წყარობიდან ირკვევა, რომ ასეთი სპეციალიზაცია ძველ ინდოეთშიც არსებობდა - რვა სახის დაავადებაზე საგანგებოდ დახელოვნებულ მკურნალთა შორის იყვნენ სულით ავადმყოფობათა სპეციალისტებიც.

      ის გარემოება, რომ ძველ ეგვიპტეში ისტერიას საშვილოსნოს გადაადგილებით ხსნიდნენ და მკურნალობასაც მას უკავშირებდნენ, მიუთითებს იმაზე, რომ ნერვულ-ფსიქიკური აშლილობებისადმი დემონური თვალსაზრისის ფარგლებშიც თავს იჩენდა სხვა მიდგომები, კერძოდ ორგანული. განსაკუთრებით ეს ითქმის ძველ საბერძნეთზე, სადაც ქურუმების გავლენა არ იყო იმდენად დიდი, როგორც სხვა ცივილიზაციებში; რელიგია ისე არ დომინირებდა, როგორც ეგვიპტესა თუ ბაბილონში. აქ გაბატონებული პოზიცია მეცნიერულმა და ფილოსოფიურმა აზრმა დაიკავა. კლასიკურ ბერძნულ ეპოქაში ნორმად გადაიქცა მოვლენების არა მითოლოგიური, არამედ რაციონალური და მატერიალისტური ახსნა. ეს, ცხადია, სულიერი აშლილობების გააზრებაზეც აისახა. „ისტორიის მამა„ ჰეროდოტე არა ერთხელ შეხებია სულიერი დაავადებების თემას, მაგრამ თითქმის არასდროს მიუმართავს ტელეოლოგიური ახსნისთვის. მაგალითად, იგი აღწერს სპარტას მეფის კლეომენის სიგიჟეს, რომელიც ხალხს სახეში ჯოხებს ესროდა. ამისთვის მას ბორკილები დაადეს, მაგრამ კლეომენმა მოახერხა მუქარის გზით გამოერთმია მცველისთვის მახვილი, რომლითაც მუცელი დაისერა და მოკვდა. კლეომენის უბედურების მიზეზი, აღნიშნავს ჰეროდოტე, გაუზავებელი ღვინის უზომო სმა იყო. მაშასადამე, სულიერი სნეულება მატერიალური ფაქტორით არის ახსნილი. ჰეროდოტე პირდაპირ ამბობს: „სულს არ შეუძლია იყოს ჯანმრთელი, თუ სხეული ავადაა„. იგივეს იმეორებს ქსენოფონტე: „ყველაფერს - გულმავიწყობას, სულმოკლეობას, უკმაყოფილებას, შეშლილობას შეიძლება სხეულის სისუსტე იწვევდეს„.

      დაისვა საკითხი იმის შესახებაც, თუ სხეულის რომელი ნაწილია განსაკუთრებით დაკავშირებული სულიერ აშლილობასთან. ეს საკითხი, ცხადია, სულის სხეულებრივი ლოკალიზაციის ზოგადი პრობლემის კონტექსტში განიხილებოდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უძველესი შეხედულება ფსიქიკურ თვისებებს დიაფრაგმას უკავშირებდა. მაგრამ, დიაფრაგმით აზროვნების იდეა, როგორც ჩანს არ გამოდგა დამაჯერებელი და მის ნაცვლად ბერძენმა ექიმებმა და ფილოსოფოსებმა შემოგვთავაზეს ორგანიზმის სხვა ნაწილები, კერძოდ გული და ტვინი. პირველი, ვინც ტვინისმიერი მიდგომა გაახმოვანა, ალბათ პითაგორა იყო. მისი მოწაფე ალკმეონ კროტონელი (VI ძვ. წ.), რომელიც ჰიპოკრატემდე ძველი საბერძნეთის ყველაზე განთქმული ექიმი იყო, შეეცადა ამ იდეის ანატომიური დასაბუთებისთვის მიეკვლია. იგი ეძებდა „არხებს„ (ნერვებს), რომელთა საშუალებითაც სმენითი ან მხედველობითი შთაბეჭდილება ტვინამდე მიდის. ტვინი გამოყოფს აზრებს ისევე, როგორც საცრემლე ჯირკვალი ცრემლს. საერთოდ კი, შინაგანი სეკრეციის შესწავლამ იგი ჰუმორალურ ჰიპოთეზამდე მიიყვანა, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა (როგორც ჩანს სულიერიც) ორგანიზმის შემადგენელი სითხეების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.

      ეს მოსაზრებები საფუძვლად დაედო „მედიცინის მამის“, ჰიპოკრატეს (460-377 ძვ.წ.) სწავლებას. მან ჩამოყალიბებული სახე მისცა ჰუმორალურ თეორიას. ორგანიზმში ოთხი ძირითადი სითხე არსებობს: სისხლი, ლორწო, ნაღველი, შავი ნაღველი. ისინი ორგანიზმის მდგომარეობას ისევე განსაზღვრავენ, როგორც მათი შესაბამისი სტიქიები (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) ბუნებისას. როცა სტიქიები წონასწორობაში იმყოფებიან, ბუნებაში ყველაფერი რიგზეა. ასევე, როდესაც ორგანიზმის სითხეები სწორი თანაფარდოფით არიან შერეული, რასაც კრაზა ეწოდება, ადამიანი ჯანმრთელია; სითხეთა არასწორი თანაფარდობა კი (ე.წ. დისკრაზია) ავადმყოფობის მიზეზი ხდება. გამოჯანმრთელება დისკრაზიის კრაზად გადაქცევის გზით ხორციელდება. ამისთვის გამოიყენება წამლები და პროცედურები, რომლებიც ორგანიზმის სითხეების სისტემას აბალანსებენ: სისხლის გამოშვება, სასაქმებელი, პირღებინება. სულიერი აშლილობებისას ხშირად გამოიყენებოდა შხამას ნაყენი.

      სულიერი მდგომარეობების გამომწვევი ორგანო არის ტვინი. „უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინიდან და მხოლოდ ტვინიდან აღმოცენდება როგორც ნეტარება, სიხარული, სიცილი, ხუმრობა, ასევე ტანჯვა, ნაღველი, ტკივილი, ტირილი ... მისგან ვგიჟდებით, გვაბოდებს, გვიპყრობს შფოთვა და შიში, ღამითაც და დღისითაც„. ამრიგად, ფსიქიკური დაავადებები ტვინს უკავშირდება, უფრო ზუსტად, მისი მოქმედების აშლილობას. მიზეზი, როგორც ყველა სხვა დაავადების შემთხვევაში, სითხეების დისბალანსია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სითხითაა გაჟღენთილი ტვინი და, შესაბამისად, როგორ მდგომარეობაშია ის - ცივი, ცხელი, მშრალი თუ სველი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მაგალითად, ვიღებთ წყნარი გონებააშლილობის სურათს; ტვინის ზომაზე მეტი სიმშრალე კი იწვევს აგზნებულ დ აგრესიულ ქცევას. პირველს მელანქოლია ეწოდება, მეორეს - მანია. თუმცა, ტერმინი „მელანქოლია„ ჰიპოკრატეს სკოლაში აღნიშნავს არა მხოლოდ ფსიქიკური დარღვევის გარკვეულ სახეს (დეპრესიული განცდები, შიში, შფოთვა, დათრგუნულობა, უკონტაქტობა და ა.შ.), არამედ ჰუმორალური კონსტიტუციის, ანუ ტემპერამენტის გარკვეულ ტიპსაც (იხ. თავი 7.2). გარდა ამისა, ჰიპოკრატე კარგად იცნობდა ეპილეფსიას, რომელსაც სპეციალური ტრაქტატი მიუძღვნა და ფსიქოპათიებს, მოსაზღვრე მდგომარეობებს (გაუწონასწორებულობა, გულჩათხრობილობა და ა.შ), რომლებიც, მისივე გაგებით, არ უნდა ჩაითვალოს გამოკვეთილ სულიერ დაავადებად. მანვე შემოიტანა ხმარებაში ტერმინი ისტერია.

      ამრიგად, ჰიპოკრატეს სკოლაში წარმოდგენილია ფსიქიკური დაავადებების ცერებრალურ-ჰუმორალური თვალსაზრისი. ფსიქოზების ეტიოლოგიაზე უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნის ჰიპოკრატეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს გარემო (კლიმატი, წლის დრო, წყლის შემადგენლობა და ა.შ.) სომატურ (ჰუმორალური ბალანსი) და ფსიქიკურ (ტემპერამენტი) კონსტიტუციაზე, საბოლოო ანგარიშით კი ჯანმრთელობაზე. გავრცელებული შეფასებით, ჰიპოკრატეს სწავლება კონცენტრირებულია სხეულებრივ და ფსიქიკურ დაავადებათა გარეგანი ეტიოლოგიური ფაქტორების გამოვლენაზე. ეს მართალაც ასეა, მაგრამ ჰიპოკრატეს და მის მიმდევრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც მემკვიდრეობის ფაქტორი, თუმცა მას ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, როგორც ეს ამჟამად ხდება. ტრაქტატში „წმინდა დაავადების შესახებ„ ჰიპოკრატე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ფლეგმატიკისაგან მართლაც ფლეგმატიკი იბადება, ნაღვლიანისაგან - ნაღვლიანი, ჭლექიანისაგან - ჭლექიანი და ა.შ, მაშინ რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეპილეფსიაც არ გადავა მამიდან ან დედიდან რომელიმე შვილზე. უფრო ადრე პითაგორამ თქვა, რომ „ჩვენ მიდრეკილნი ვართ სათნოებისკენ და ბიწიერებისკენ, ისევე, როგორც ჯანმრთელობისკენ და ავადმყოფობისკენ, და ეს უფრო დამოკიდებულია ჩვენს მშობლებზე და ჩვენი სხეულის შემადგენლობაზე, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავზე„.

      პირველი ფსიქიატრიული ტრაქტატი, რომელშიც სისტემატიზირებული სახით არის მოცემული ცნობები სულიერი დაავადების სახეებისა და მათი მკურნალობის ხერხების შესახებ ეკუთვნის სწავლულს ძველი რომიდან ავლუს კორნელიუს ცელსს (1 ს. ჩვ.წ.). იგი არ იყო პრაქტიკოსი ექიმი, მაგრამ ფლობდა ენციკლოპედიურ ცოდნას ყველა დარგში, მათ შორის მედიცინაში. მთავარი მის მოძღვრებაში არის სულით ავადმყოფების მკაფიო დაყოფა მშვიდ და აგზნებულ, ძალადობისკენ მიდრეკილ ავადმყოფებად. ასევე, მითითება ამ უკანასკნელთა მიმართ მკაცრი ზომების გატარების შესახებ. ისინი ჯაჭვებით უნდა გვყავდეს დაბმული, სრულიად ბნელ, იზოლირებულ ოთახში, ნახევრად მშიერ მდგომარეობაში - „ასეთია გიჟის ხვედრი„.

      ცელსის თანამედროვე რომაელი ექიმი არეტეი უშუალოდ მკურნალობდა და შეისწავლიდა სულით ავადმყოფებს. მან გაარკვია, რომ მელანქოლიური და მანიაკალური მდგომარეობები მეორდება და ერთმანეთს ენაცვლება, ხოლო ამ ავადმყოფურ პერიოდებს შორის არსებობს ნათელი შუალედები. არეტეიმ პირველად აღწერა პიროვნების სრული დაშლის შემთხვევა და დაადგინა, რომ ინტელექტის დაქვეითება ყველა სულით ავადმყოფს არ აღენიშნება. არეტეი ფსიქიკური დაავადების წარმოქმნის ჰუმორალურ კონცეფციას უჭერდა მხარს, მაგრამ სომატური გენეზისის გარდა განიხილავდა წმინდა ფსიქოლოგიურ ეტიოლოგიასაც. იგი მიუთითებდა, რომ მელანქოლია, ანუ სულის დათრგუნული მდგომარეობა, რომელიც რაიმე აზრზეა (ბოდვით იდეაზე) კონცენტრირებული, შეიძლება მატერიალური ან სხეულებრივი მიზეზით კი არ იყოს გამოწვეული, არამედ რაიმე სულიერი მღელვარებით. მოკლედ, არეტეისთან წარმოდგენილია ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ელემენტიც, თუმცა, როგორც მთელ ბერძნულ-რომაულ ფსიქიატრიასა და ფსიქოპათოლოგიაში, აქაც დომინირებს ორგანული პარადიგმა.

      ამ მხრივ გამონაკლისს მარკუს ტულიუს ციცერონი (106-43 ძვ.წ.) წარმოადგენს. მან მედიცინის საკითხებზე არა ერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ყურადღება გაამახვილა ფსიქიკური მდგომარეობის როლზე სხეულებრივი და, განსაკუთრებით, სულიერი დაავადებების აღმოცენებაში (ამიტომ ზოგჯერ მას პირველ ფსიქოსომატოლოგადაც მოიხსენიებენ). სულიერ დარღვევებზე. ციცერონი არ ეთანხმება ჰიპოკრატეს იმაში, რომ მელანქოლიის მიზეზი მხოლოდ შავი ნაღველის მოჭარბებაა. უფრო დიდი მნიშვნელობა, მისი აზრით, წმინდა ფსიქიკურ, ემოციურ ფაქტორებს აქვს, ისეთებს როგორიცაა დარდი, რისხვა, შიში და სხვა.

      თავისი დროის ყველზე განათლებული რომაელი ექიმი სორანი (93-138 ჩვ.წ.) ჰიპოკრატეს ხაზს მიყვებოდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სულით ავადმყოფთა მიმართ მკაცრი მეთოდების გამოყენებას. სიბნელე, ამბობდა იგი, აღიზიანებს ადამიანს და უფრო მეტად აბინდებს გონებას, რომელსაც სწორედ განათება ესაჭიროება; რაც შეეხება შიმშილს, იგი ავადმყოფს სასიკვდილო საშიშროების წინაშე აყენებს და ხელს უშლის სხვა მეთოდების, მაგალითად ფიზიკური ვარჯიშების გამოყენებას. ვინც სულით დაავადებულს გარეულ ცხოველს ადარებს და უნდა სული ამოხადოს შიმშილითა და წყურვილით, თავად არის გიჟი. ჯაჭვები ასახიჩრებენ ავადმყოფებს, ამიტომ მიზანშეწონილია ხელით დავაკავოთ ისინი. სორანი მომხრე იყო ფიზიკური და ფარმაკოლოგიური მეთოდების მინიმიზაციისა და უპირატესობას ანიჭებდა მოწესრიგებულ რეჟიმს, სასიამოვნო საქმიანობას, მეგობრულ, თბილ ატმოსფეროს. ერთი სიტყვით, პრაქტიკული ფსიქიატრიის თვალსაზრისით, სორანი თავისი რბილი მიდგომით დაუპირისპირდა ცელსის მკაცრ მიდგომას.

      ეს ორი მიდგომა თანაარსებობდა მომდევნო ისტორიულ ეპოქებში. ადრეულ შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით არაბულ კულტურაში, ვხვდებით ფსიქიკური დარღვევებისადმი ჰუმანური მიდგომის მაგალითებს. არაბებმა ვIII-IX საუკუნეებში გახსნეს პირველი თავშესაფრები სულით დაავადებულთათვის (ფესო, ბაღდადი, ქაირო, დამასკო). რამდენადაც არაბები თვლიდნენ, რომ ფსიქიკური აშლილობა ღვთიური გავლენის გამოძახილია და არა ეშმაკისეული ხრიკებისა, ამდენად ამ ჰოსპიტლებში პაციენტებისადმი კეთილმოსურნე და მზრუნველი დამოკიდებულება იყო გავრცელებული. შესაძლოა, იგივე ხდებოდა პირველ ქრისტიანულ სამონასტრო ჰოსპიტლებში, მაგალითად ბენედიქტელებთან, სადაც ქრისტიანული გულმოწყალების ატმოსფერო სუფევდა. შემდგომ პერიოდში, დემონური თვალსაზრისის აღორძინებასთან ერთად, ფსიქიკური აშლილობა ეშმაკის ცდუნებასთან გააიგივეს და, შესაბამისად, მკურნალობაც ბნელი ძალების განდევნით (ე.წ. ეკზარცისი) შემოიფარგლა. ამ ძალებთან ურთიერთობისას კი დელიკატურობა არ იყო რეკომენდებული. ისჯებოდა არა ავადმყოფი, არამედ მასში ჩასახლებული უწმინდური არსება, რომლისთვისაც მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეექმნათ, რათა მას ადამიანი დაეტოვებინა.

      ასეთმა დამოკიდებულებამ თავის აპოთეოზს „კუდიანებზე ნადირობის„ ავად სახსენებელ პერიოდში მიაღწია (XIV-XVI ს.). მთელ დასავლეთ ევროპაში გიზგიზებდა კოცონები, სადაც დაიწვა ასობით ათასი სატანით შეპყრობილი ქალი და ბავშვი. იყო სოფლები, სადაც არ დარჩა არც ერთი ქალი. უბედურები უმეტეს წილად აღიარებდნენ თავის კავშირს (ძალიან ხშირად ეროტიული ხასიათის) ეშმაკთან, ნაწილობრივ, „დაკითხვის„ ულმობელი ხერხების გამო, რომელსაც ინკვიზიცია მიმართავდა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ თავად სჯეროდათ ამისა. ეს მათ ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს. აქ იყვნენ ისტერიული ქალები, საკუთარი თავის დადანაშაულების ტენდენციის მქონე დეპრესიული ავადმყოფები, დევნის ბოდვით შეპყრობილი ფსიქოტიკები და სხვა. უდავოა, რომ აქ მოქმედებდა მასობრივი შთაგონების მექანიზმები, რამაც გზა გაუხსნა სადო-მაზოხისტური ხასიათის „ფსიქიკურ ეპიდემიას„.

      მიუხედავად ამ კოშმარისა, სწორედ მოცემულ პერიოდში იხსნება პირველი სპეციალური დაწესებულებები, სადაც ათავსებენ სულით ავადმყოფებს. ისინი ჯერ ვალენსიაში გაიხსნა (1409), ხოლო შემდეგ ესპანეთის სხვა ქალაქებში. XVI საუკუნეში ასეთი დაწესებულებები ფუნქციონირებას იწყებს გერმანიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, საფრანგეთში. ცოტა უფრო ადრე ლონდონში ამოქმედდა ჰოსპიტალი ბედლამი, რომელიც საზარელი ადგილის სიმბოლო გახდა. ეს თავშესაფრები სამკურნალო ფუნქციას არ ასრულებდნენ. ისინი მხოლოდ ავადმყოფების იზოლაციას ემსახურებოდა და ნამდვილ საპყრობილეებს წარმოადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავე პატიმრებს ასე არაადამიანურად ალბათ იშვიათად ეპყრობოდნენ. და მაინც, ასეთი დაწესებულებების გახსნა წინ გადაგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი ალტერნატივა ხშირად წამება და დაწვა იყო, მეორეც იმიტომ, რომ მათი რეორგანიზაცია გზას უხსნიდა ნამდვილ ფსიქიატრიას. ამისთვის სულიერი აშლილობებისადმი მიდგომის ძირეული რეფორმირება იყო საჭირო. რადიკალური ნაბიჯები ამ მიმართულებით მხოლოდ XVIII საუკუნეში გადაიდგა. მანამდე არც ფსიქიკურ დაავადებათა ბუნების გარკვევის, არც მათი კლასიფიკაციისა თუ მკურნალობის კუთხით ბევრი არაფერი გაკეთებულა.

      ფსიქოტიკების მიჩნევა ავადმყოფებად, რომელთაც ესაჭიროებათ სათანადო მოპყრობა და მკურნალობა, რეფორმატორული მოძრაობის არსს გამოხატავს. ეს პროცესი პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყო რამდენიმე მოწინავე ქვეყანაში და განმანათლებლობის ინტელექტუალური კლიმატის გამოხატულებას წარმოადგენდა. იტალიაში რეფორმები წამოიწყო ვინჩენცო ჩიორუჯიმ (1759-1820), გერმანიაში იოჰან გოთფრიდ ლარგენმანმა (1768-1832), ინგლისში უილიამ ტიუკმა (1732-1822), ამერიკაში ბენჟამენ რაშმა (1745-1813).

      ყველაზე ცნობილ რეფორმატორად ითვლება ფრანგი ექიმი ფილიპე პინელი (1745-1826). იგი სტუდენტობიდანვე ეზიარა თავისი ეპოქის მოწინავე ფილოსოფიურ და სოციალურ იდეებს. 1792 წელს პინელი დიდი ენთუზიაზმით ჩაუდგა სათავეში სამთავრობო კომისიას, რომელსაც უნდა შეექმნა სამედიცინო ხასიათის ფსიქიატრიული დაწესებულებები. მან მოხსნა ჯაჭვები ავადმყოფებს, გააუმჯობესა გარემო, დააწესა რეჟიმური და სამკურნალო პროცედურები. გარდა იმისა, რომ ყოველივე ეს დადებითად აისახა ავადმყოფების მდგომარეობაზე, გაჩნდა შესაძლებლობა ფსიქოზების ნამდვილ სურათზე დაკვირვებისა, რომელიც არ იყო სახეშეცვლილი არაადამიანური მოპყრობით გამოწვეული გაბოროტებითა თუ შიშით.

      ეს დაკვირვებები საფუძვლად დაედო ფსიქიკური დაავადებების პინელისეულ კლასიფიკაციას. მან გამოყო დაავადებათა ხუთი ჯგუფი: მანია, მანია ბოდვის გარეშე, მელანქოლია, ჭკუასუსტობა, იდიოტიზმი. ამ კლასიფიკაციის პრინციპი პათოფსიქოლოგიურია, ვინაიდან ავადმყოფობებს ერთმანეთისაგან განასხვავებს დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების რაგვარობა (ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ემოციური და ნებელობითი სფერო) და დარღვევის მოცულობა. მაგალითად, მანია მელანქოლიისაგან აზრითი კომპონენტის თავისებურებით განსხვავდება - ერთის ბოდვა გავრცელებულია მთელ გარემოცვაზე, მეორისა შეზღუდულია რაიმე საგნით ან საგანთა ჯგუფით. ორივე ამ დაავადებას აქვს სპეციფიკური ემოციურნებელობითი ნიშანი. ეს ნიშანი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, მაგალითად მანიების შემთხვევაში, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ აზრითი კომპონენტი (ბოდვა), მაგრამ მაინც მანიად რჩებოდეს. თავის მხრივ, ჭკუასუსტობა და იდიოტიზმი სწორედ ინტელექტუალური ელემენტის მოცულობით განისაზღვრება. ამ დარღვევათა მიზეზები ორი სახისაა: განმაწყობელი და მწარმოებელი. პირველთა შორის მოიაზრება მემკვიდრეობა და არასწორი აღზრდა. მეორეთა შორის კი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თავის ტრავმა, ციება, მენსტრუალური ციკლის უცაბედი დარღვევა, ლოთობა და ა.შ. მაგრამ ფსიქიკური აშლილობის ყველაზე ხშირი მიზეზი მორალური ტრავმაა. ეს მოსაზრებები გადმოცემულია პინელის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებში: „ტრაქტატი სულით დაავადებულთა შესახებ„ (1801).

      რეფორმატორ ფილიპე პინელის ყველაზე გამოჩენილი მოწაფემ ჟანეტიენ-დომენიკ ესკიროლმა (1772-1840) თავისი მასწავლებელი შეცვალა სალპეტრიერის ცნობილ კლინიკაში, რომელიც მალე ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისა და შესწავლის ევროპული მნიშვნელობის ცენტრი გახდა. მან გააგრძელა პინელის ხაზი, როგორც თვალსაჩინო პრაქტიკოსმა და ფსიქიატრიული საქმის ორგანიზატორმა და როგორც თეორეტიკოსმა. მან ოდნავ გააფართოვა და დააზუსტა პინელის კლასიფიკაცია. მოგვცა იდიოტიზმის პირველი მკაფიო აღწერა. ამასთან აღნიშნა, რომ ყოველგვარი გონებრივი ჩამორჩენა არ უნდა ჩაითვალოს იდიოტიზმად, ვინაიდან ინტელექტის დაქვეითება ზოგჯერ ინდივიდის თავის თავში მეტისმეტი ჩაღრმავებულობითაა გამოწვეული, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ადეკვატურად გაიაზროს მოცემული საკითხი. ესკიროლმა პირველმა გამიჯნა ერთმენეთისაგან ჰალუცინაცია (ეს ტერმინი მას ეკუთვნის) და ილუზია. ერთ შემთხვევაში ადამიანს ეჩვენება, რომ აღიქვამს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში ამჟამად მასზე არ ზემოქმედებს, ხოლო მეორეში შემცდარად აღიქვამს იმას, რაც რელურად ზემოქმედებს მის გრძნობის ორგანოზე. ესკიროლმა შემოიტანა აგრეთვე რემისიის და ინტერმისიის ცნებები, დაადგინა სომატური სიმპტომების მნიშვნელობა ფსიქოზების დროს; მან დაუდო საფუძველი პროგრესული დამბლის შესწავლას. ყოველივე ეს გადმოცემულია ესკიროლის ორტომიან კლასიკურ თხზულებაში „სულიერი დაავადებები„ (1838), რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამაგიდო წიგნად იქცა ყველასთვის ვისაც ფსიქიკური აშლილობები აინტერესებდა.

      ესკიროლი, ცხადია, გვერდს ვერ აუქცევდა ფსიქოზების ეტიოლოგიის პრობლემას. აქ მისი მიდგომა უფრო ფსიქოლოგიურია. სალპეტრიერში შესწავლილი შემთხვევების დიდ ნაწილში სულიერი დარღვევის მიზეზად იგი ფსიქო-ემოციურ ფაქტორს მიიჩნევს (ოჯახური უსიამოვნებანი, წარუმატებელი სიყვარული, შიში, ეჭვიანობა და ა.შ.). შედარებით მცირე წილი მოდის მემკვიდრეობასა და წმინდა სომატურ მიზეზებზე (მეან-გინეკოლოგიური პროცესები, ციება, სიფილისი და ა.შ.). ფსიქოლოგიური მიდგომა კიდევ უფრო გამოკვეთილ ხასიათს იღებს XIX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა მკვლევარებთან, ე.წ. „ფსიქიკოსებთან„. მათ დაუპირისპირდნენ ისინი, ვინც ფსიქოზების აღმოცენებაში სომატოგენურ ფაქტორებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მეცნიერების ისტორიაში ეს კოლიზია „ფსიქიკოსებისა და სომატიკოსების ბრძოლის„ სახელით შევიდა.

      ფსიქიკოსებში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს რამდენიმე სახელი. ქრონოლოგიურად პირველი, ალბათ, გერმანელი ექიმი იოჰან ქრისტიან რაილია (1759-1813). იგი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ სულიერი აშლილობა თავისი არსით ფსიქოლოგიური მოვლენაა და, ამიტომაც, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით უნდა განიკურნოს. რაილმა შეიმუშავა ფსიქოლოგიური მკურნალობის გარკვეული მეთოდები და სისტემატური სახით გადმოსცა ისინი სპეციალურ შრომაში (1803). ეს, ალბათ ერთ-ერთი პირველი ტრაქტატია ფსიქოთერაპიაში.

      ახალი ნაბიჯი ფსიქოლოგიის მიმართულებით გადადგა თავისი ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე ორიგინალურმა მკვლევარმა, ესკიროლის მოწაფემ ჟაკ-ჟოზე მორო დე ტურმა (1804-1884). მას მიაჩნდა, რომ ფსიქიკური დაავადება ინდივიდის ერთი ორგანოს (ტვინი) ან სისტემის (ნერვული სისტემა) დაზიანების შედეგი კი არ არის, არამედ მთელი პიროვნების დაშლის გამოვლინებაა. იგი ცდილობდა გაეგო მთლიანი პიროვნების სატკივარი, გამოეაშკარავებინა სულიერი აშლილობის უხილავი ფსიქოლოგიური სურათი. ვინაიდან იმდროინდელი ემპირიული ფსიქოლოგია სულიერებაში შეღწევის ერთადერთ გზად თვითდაკვირვებას ცნობდა, ამიტომ მოროც კოლეგებს ამ მეთოდის გამოყენებისკენ მოუწოდებდა. იმისთვის, რომ გაიგო რა არის ტკივილი, უნდა თვითონ განიცადო იგი; ასევე საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იქონიო იტროსპექტული ცნობები ბოდვის, დეპრესიის თუ ცნობიერების სხვა ფსიქოტური მდგომარეობის შესახებ. ამ უჩვეულო მდგომარეობების გამოსაწვევად მან მიმართა ჰაშიშს. „ხელოვნური სიგიჟის„ ამ მეთოდის გამოყენებით რაილმა კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ერთერთი ფუძემდებლის სახელი მოიპოვა და გზა გაუხსნა კვლევის იმ მიმართულებას, რომელიც ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების შესასწავლად ნარკოტიკებს იყენებს.

      იდეას, რომ ცნობიერების ყველა შეცვლილი მდგომარეობა ნათესაური ბუნებისაა მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, თავისთავად მივყავართ დასკვნამდე, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჯანმრთელობას შორის არ არის პრინციპული განსხვავება (დღევანდელი ე.წ. ანტიფსიქიატრიის მთავარი თეზისი). ამიტომ ბუნებრივია, რომ მორომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო წერა მოსაზღვრე მდგომარეობების შესახებ. მოროს ზოგადად აინტერესებდა, თუ როგორაა მოცემული ირაციონალური ყოველდღიური რაციონალობის ფარგლებში. ამიტომ, ისიც ბუნებრივია, რომ მან თავისი ყურადღება სიზმრებისკენ მიმართა.

      მორო, ალბათ, პირველი იყო ვინც პირდაპირ მიუთითა, რომ სიზმრებში შეიძლება ფსიქიკური დარღვევების გაგების გასაღები მოინახოს. სიზმრები, არსებითად, ჰალუცინაციებია, ბოდვის ანალოგებია, ამიტომ ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემაკავშირებელი რგოლი ნორმალურ და არანორმალურ მდგომარეობებს შორის. სიზმარი არის ნორმალური ადამიანის დროებითი და ხანმოკლე ფსიქოპათოლოგია, გიჟი კი ცხადში ხედავს სიზმრებს. სიზმრებში, როდესაც ადამიანი გამორთულია გარემოსთან აქტიური ურთიერთობის პროცესიდან, თავისუფალ გამოხატულებას ჰპოულობს შინაგანი, სუბიექტური, ირაციონალური ძალები. ადამიანი ფსიქოზებშიც მოწყვეტილია რეალობას და თავის შინაგან სამყაროშია ჩაკეტილი. იგი ხედავს და წარმოიდგენს იმას, რაც თავად სურს და არა იმას, რაც სინამდვილეშია. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ამ შეხედულების ზოგიერთი მომენტი საკმაოდ წააგავს ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას.

      მკვლევარისთვის, რომელიც ასე აახლოვებს ნორმალური ფსიქიკის შეცვლილ მდგომარეობას პათოლოგიურთან, ბუნებრივი უნდა ყოფილიყო გარკვეული მიმართებების დამყარება გენიალობასა და სიგიჟეს შორის. ამგვარი მიმართულების მოსაზრებები ფსიქოპათოლოგიის ისტორიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. მოროს მიხედვით, ფსიქიკის ამ ორი სტატუსის მსგავსება განპირობებულია აზროვნების პროცესის უაღრესად დიდი ინტენსივობით. ამან შეიძლება გენიალობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ, თუ ინტელექტუალური ფუნქცია დარღვეულია, მისი ჰიპერაქტიურობა სიგიჟის სურათს მოგვცემს.

      გერმანულ ფსიქოპათოლოგიაში და ფსიქიატრიაში ფსიქოლოგიურმა მიდგომამ მორალურ-რელიგიური მოძრაობის ხასიათი მიიღო. მისი სულისჩამდგმელი იყო გამოჩენილი ფსიქიატრი იოჰან ქრისტიან ჰაინროტი (1773-1843). სულიერი დაავადება მას ცოდვის გამოვლინებად მიაჩნდა, რომლის საუკეთესო თერაპია სუფთა სინდისია. ჰაინროტმა ფსიქიკური მოვლენების სამი დონე გამოყო. დაბალ დონეს ინსტინქტური ძალები და გრძნობები შეადგენენ; მათი მიზანი სიამოვნებაა. მეორე დონე - „ეგო„, ინტელექტის გამოყენებით ფუნქციონირებს. „ეგო„ მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული. მისი ძირითადი მიზანია გარე სამყაროსაგან დაცვა. უმაღლესი დონე, ანუ, ჰაინროტის ტერმინოლოგიით, „ზე ჩვენ„, ეგოდან ვითარდება. ის უპირისპირდება საკუთარ თავზე მიმართული ეგოს მისწრაფებებს. გამოხატავს რა სინდისს ადამიანში, „ზე ჩვენ„ ყველასთან არ არის სათანადოდ განვითარებული. სინდისის ხმა ზოგან ძლიერია, ზოგან სუსტი; ის ეგოიზმისა და გონიერების მუდმივი კონფლიქტის გამოძახილია. ფსიქიკური ავადმყოფობის წყარო ეგოს სინდისთან კონფლიქტია. შესაბამისად, განკურნების გზა ამ კონფლიქტის მინიმიზაციაა.

      ადვილი დასანახია, რომ ჰაინროტის მიერ მოცემული ფსიქიკის დონეების დახასიათება, მათი ურთიერთმიმართება და სახელწოდებებიც კი დიდად წააგავს პიროვნების სტრუქტურის მოდელს (იდი, ეგო, სუპერ ეგო), რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ჩამოაყალიბა ფროიდმა (იხ. თავი 8.1.). თუ გავითვალისწინებთ ფსიქოანალიზის გავლენას ფსიქოპათოლოგიასა და ფსიქიატრიაზე, გასაგები გახდება ინტერესი ჰაინროტის ფიგურის მიმართ. ამგვარ ინტერესს ამყარებს ის გარემოება, რომ ჰაინროტი თანამედროვე ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. მას ეკუთვნის ტერმინი ფსიქოსომატიკა და მკაფიოდ გამოხატული თვალსაზრისი ფსიქიკური ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ სხეულებრივი დარღვევების პათოგენეზში. ჰაინროტი ამ შემთხვევაშიც იქიდან ამოდის, რომ ადამიანი არის „ნებაზე მიშვებული არსება„, დაჯილდოებული მოქმედების თვისუფლების უნარით, რომელმაც შეიძლება წაიყვანოს იგი როგორც თვითშენახვისკენ, ისე თვითგანადგურებისკენ. კეთილსა და ბოროტს შორის მოქცეულ ადამიანს უძნელდება არჩევანის გაკეთება და იტანჯება სინდისის ქენჯნით. ვინაიდან სული და სხეული ერთი არსის ორ ასპექტს წარმოადგენს, სულიერი კონფლიქტი არ შეიძლება არ აისახოს სხეულზე. ჰაინროტი ხატოვნად აღწერს ამ ვითარებას: „მუცლის ღრუს ორგანოებს თავისი ტანჯვის ისტორიის გადმოცემა რომ შეეძლოთ, გაგვაკვირვებდა იმის გაგება, თუ რა ძალით შეუძლია სულს მისი კუთვნილი სხეულის განადგურება. წყობიდან საბოლოოდ გამოსული საჭმლის მომნელებელი სისტემის ისტორიაში, ისევე როგორც ღვიძლისა და ელენთის დარღვეულ ქსოვილებში, საუღლე ვენის, ან დაავადებული საშვილოსნოსა და საკვერცხეების ავადმყოფობის ისტორიებში ჩვენ აღმოვაჩენთ ხანგძლივი, მანკიერი ცხოვრების დამადასტურებელ ნიშნებს, რომლებიც წარუშლელ ასოებად აღიბეჭდნენ ადამიანისთვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი ორგანოების სტრუქტურაში„.

      ჰაინროტი დიდი პატივისცემით სარგებლობდა მეცნიერთა შორის. მის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სულიერი კონფლიქტი იწვევს სომატურ დაავადებებს, ზრდილობიანი ინტერესით უსმენდნენ, მაგრამ, როცა ცდილობდა დაემტკიცებინა ყველა დაავადების ცოდვილი ცხოვრებიდან წარმომავლობა, საზოგადოება ამას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვით აღიქვამდა. ისე გამოდიოდა, რომ ვისაც სინდისი სუფთა ჰქონდა შეეძლო წყნარად ეძინა და არ ენაღვლა თავის ჯანმრთელობაზე. ჰაინროტს უყურებდნენ, როგორც რელიგიურ მორალისტს, რომელსაც დაავიწყდა, თუ რა დროში ცხოვრობს. მაგრამ, ჰაინროტის იდეების ფსიქონალიზთან კავშირსაც რომ თავი დავანებოთ, დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ სწორედ ჰაინროტმა შემოიტანა მედიცინაში ის პრინციპები, რომლებიც ფსიქოსომატიკის არსებით მხარეს გამოხატავენ. საჭირო იყო ამ პრინციპების დანახვა რელიგიურ-მორალისტური ბურუსის მიღმა და მათი დაკონკრეტება რეალური მექანიზმების დონეზე. აქამდე მეცნიერება საკმაოდ გვიან მივიდა, თუმცა სხვა „ფსიქიკოსებმა„ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია კარლ ვილჰელმ იდელერი (1795-1860) და ფრიდრიხ ედუარდ ბენეკე (1798-1858).

      როგორც ვხედავთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ლოგიკამ მკვლევარები ფსიქოსომატიკამდე მიიყვანა (ანუ იმის მტკიცებამდე, რომ ფსიქიკური ფაქტორი განაპირობებს არა მხოლოდ სულიერ, არამედ სხეულებრივ პათოლოგიებსაც). ორგანული თვალსაზრისიც, თავის უკიდურეს გამოხატულებაში, იმ დაშვებამდე მივიდა, რომ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციონალური სისტემის დაზიანება შეიძლება ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გახდეს. ასე ფიქრობდა „სომატიკოსების„ ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მაქსიმილიან იაკობი (1775-1858). იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქოზური სიმპტომატიკა მხოლოდ ტვინთან არ არის დაკავშირებული, ის შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის სხვა რგოლების, სისხლძარღვების, ძვლოვან-კუნთური, საჭმლის მომნელებელი, გამრავლებისა თუ სხვა სისტემის პათოლოგიამ. იაკობის პოზიციას სრულად გამოხატავს აფორიზმი: „სულიერი დაავადებები არსებითად მთელი ორგანიზმის დაავადებებია„. ნათელია, რომ ეს პოზიცია აზვიადებს შინაგანი ორგანოების დაზიანების მნიშვნელობას და აკნინებს თავის ტვინის როლს ფსიქიკური დაავადებების წარმოქმნაში.

      ამ მიდგომას დაუპირისპირდნენ ნეიროფსიქიატრიული მიმართულების მკვლევარები, მათ შორის ცნობილი გერმანელი მკვლევარი ალბერტ ცელერი (1804-1877), რომელიც ნორმალურ და არანორმალურ ფსიქიკურ ფუნქციონირებას ცალსახად უკავშირებდა ტვინს და აუცილებლად თვლიდა სულით ავადმყოფთა ტვინის პათანატომიურ შესწავლას. განსაკუთრებული წვლილი ამ თვალსაზრისის დამკვიდრებაში მიუძღვის გამოჩენილ მკვლევარსა და მკურნალს ვილჰელმ გრიზინგერს (1817-1868). მისი ეპოქალური თხზულება „ფსიქიკურ დაავადებათა პათოლოგია და თერაპია„ (1845) ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. გრიზინგერი ამტკიცებდა, რომ სულიერი დაავადებების შესწავლა უნდა იწყებოდეს იმ კონკრეტული ორგანოს დადგენიდან, რომლის დაზიანებაც განაპირობებს აღნიშნულ დაავადებებს. ფიზიოლოგიური და პათოლოგიური გამოკვლევები უჩვენებს, რომ ასეთი მხოლოდ ტვინი შეიძლება იყოს. „ფსიქიატრია ფსიქოლოგიის გარეშე„ უნდა ეყრდნობოდეს ტვინის სტრუქტურებისა და იქ მიმდინარე პროცესების ცოდნას. ამ პროცესებს კი, იმდროინდელი ფიზიოლოგიის მონაცემებით, რეფლექსური მექანიზმი უდევს საფუძვლად (იხ. თავი 5.1.).

      გრიზინგერმა დასრულებული სახე მისცა „ერთიანი ენდოგენური ფსიქოზის„ კონცეფციას, რომლის ძირითადი დებულებები მისმა მასწავლებელმა ცელერმა გამოთქვა. ამ შეხედულების თანახმად, ყოველი ფსიქოზი წარმოადგენს ერთიან ავადმყოფურ პროცესს, რომელიც იწყება აფექტური სფეროს აშლილობით (პირველადი პროცესები) და სრულდება ნებელობითი და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევით (მეორადი პროცესები). მანია, მელანქოლია, ბოდვა და ჭკუასუსტობა ერთი დაავადების განვითარების სხვადასხვა ეტაპებად განიხილება. გრიზინგერს მიაჩნდა, რომ მის ხელთ არსებული პათანატომიური მონაცემები ამ თვალსაზრისს ამტკიცებდა. პირველი ჯგუფის ფსიქოტური მდგომარეობების დროს ტვინში იშვიათად აღინიშნება სუსტი და შექცევადი ხასიათის მქონე პათოლოგიური ცვლილებები. მეორე ჯგუფის მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ავადმყოფობის დამასრულებელ სტადიაზე, პათოლოგიური ცვლილებები ღრმა და შეუქცევად ხასიათს იღებს. შესაბამისად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სულიერი დაავადების ბოლომდე განკურნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის პირველადი ანომალური პროცესების დონეზე მიმდინარეობს (იპოქონდრია, მელანქოლია, მანიაკალური მდგომარეობა და ა.შ.). მეორადი პროცესები გამოიხატება ბოდვის, მთლიანი დეზორიენტაციის, იდიოტიზმისა და კრეტინიზმის სახით და სრულდება საერთო დამბლით.

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტვინის ანატომიურმა, ფიზიოლოგიურმა, ჰისტოლოგიურმა და ა.შ. კვლევამ ახალი მონაცემებით გაამდიდრა ფსიქოზების ეტიოლოგიის ორგანული თვალსაზრისი, უფრო ზუსტად, მისი ნეიროფსიქიატრიული მიმართულება. თავისი დროის წამყვანი ნევროლოგი და ჰისტოპათოლოგი თეოდორ მაინერტი (1833-1892) სულიერი აშლილობების მიზეზს ტვინის პათოლოგიაში ხედავდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ტვინის სისხლმომარაგების ნაკლებობა აგზნების მდგომარეობას იწვევს, ხოლო მისი სიჭარბე - დეპრესიას. ფსიქიკური ფუნქციების ცენტრების აღმოჩენა და მთლიანად ლოკალიზაციონისტური თვალსაზრისი ასევე ამყარებდა ფსიქოზების ეტიოლოგიის ცერებრალურ მოდელს (იხ. თავი 5.1.). მაინერტის მოწაფემ კარლ ვერნიკემ (1848-1905) სახელი გაითქვა მეტყველების ცენტრის აღმოჩენით, თუმცა ფსიქოპათოლოგიის თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სხვა აღმოჩენებიც, სახელდობრ ის, რომ თავის ტვინის ორგანული დაზიანება იწვევს არა მთლიანად მეხსიერების ფუნქციის მოშლას, არამედ მისი ერთ-ერთი ფორმის - ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვას. ასე გახდა შესაძლებელი ტვინის ორგანულ დაზიანებასთან დაკავშირებული ფსიქოზების გამიჯვნა ფუნქციონალურისაგან. დიდია ვერნიკეს დამსახურება ისეთი მენტალური დარღვევების შესწავლაში, როგორიცაა ტვინის ქსოვილების დაბერების შედეგად გამოწვეული (სენილური) აშლილობები და ტოქსიკური (კერძოდ ალკოჰოლური) ფსიქოზი.

      ეს უკანასკნელი, თავისი გავრცელებულობის გამო, ადრეც იწვევდა ინტერესს. ის გარმოება, რომ ქიმიური ნივთიერებები აზიანებს ნერვულ სუბსტრატს და სულიერი აშლილობის მიზეზი ხდება, ორგანული თვალსაზრისისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ მონაცემს შეადგენს. ეს მონაცემი კიდევ უფრო გაამყარა ბენედიქტ ავგუსტ მორელმა (1807-1872), როცა ის განიხილა თავისი ცნობილი დეგენერაციის ან მემკვიდრეობითი გადაშენების კონცეფციის კუთხით. საინტერესოა, რომ თუ დარვინი მემკვიდრეობას ევოლუციის ანუ პროგრესის სამსახურში აყენებდა, მორელი მას დეგენერაციის ანუ რეგრესის მექანიზმად მოიაზრებდა. მორელს მიაჩნდა, რომ სხვადასხვა ბიოსოციალურმა ფაქტორმა (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ინფექციური დაავადებები, მავნე პროფესიული გარემო და ა.შ.) შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდის ფიზიკური და ფსიქიკური დეგენერაცია, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის და ძლიერდება. პირველ თაობაში ეს შეიძლება აისახოს მხოლოდ ნერვულ ტემპერამენტზე (გაღიზიანებადობა, ჭირვეულობა, თავდაუჭერელი ხასიათი და სხვა); მეორე თაობაში ეს ნიშნები ძლიერდება, აღინიშნება სისხლის ჩაქცევისა და ნევროზების (ეპილეფსია, ისტერია, იპოქონდრია) შემთხვევები; მესამე თაობაში სულიერი დაავადებებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება გამოკვეთილ ხასიათს იღებს; მეოთხე თაობა უკვე სრულიად დეგენერირდება, როგორც მორალურად და ინტელექტუალურად, ისე ფიზიკურად. შემდგომ თაობებში დემენტურობა (ჭკუასუსტობა) ისეთ ხარისხს აღწევს, რომ ოჯახი არსებობას წყვეტს. მორელმა აღწერა გადაშენების გზაზე მყოფი ინდივიდები და აჩვენა, რომ თანდაყოლილი დეგენერაციის ნიშნები ვლინდებოდა საკმაოდ ადრე, პუბერტატში. ამ დაავადებას მან უწოდა ნაადრევი ჭკუასოსტობა (დემენცე პრეცოცე) და დაამკვიდრა ცნება, რომელიც შემდგომში ნოზოლოგიის საფუძველი გახდა.

      თავის ტვინის პათოლოგია შეიძლება ინფექციური წარმოშობისაც იყოს. ორგანული თვალსაზრისის დიდ წარმატებად ითვლება პროგრესული დამბლის გამომწვევი მიზეზის დადგენა. პროგრესული დამბლა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სნეულებად ითვლებოდა (ფსიქიატრიული პაციენტების დაახლოებით 10%). ის მჟღავნდებოდა სერიოზულ მოტორულ და ფსიქიკურ დარღვევებში (შესამჩნევი ჭკუასუსტობა, ბოდვა ან მძიმე იპოქონდრიული დეპრესია), რაც რამდენიმე წელიწადში პაციენტის სიკვდილით მთავრდებოდა. ამ დაავადებას მთელი საუკუნე ებრძოდნენ და სწავლობდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოითქვა ვარაუდი, რომ ის სიფილისთან არის დაკავშირებული. საუკუნის მიწურულს ეს ვარაუდი ექსპერიმენტულად დადასტურდა ცნობილი ვენელი ფსიქიატრისა და ნერვოპათოლოგის რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგის (1840-1902) მიერ (პროგრესული დამბლით დაავადებულებს შეუყვანეს სიფილიტური წყლულიდან აღებული ჩირქი, მაგრამ მათ არ განუვითარდათ მეორადი სიფილისის ნიშნები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი უკვე იყვნენ ინფიცირებულნი). შემდგომში ავადმყოფების ტვინში აღმოაჩინეს მკრთალი სპიროქეტა და მალე იპოვეს ინფექციასთან ბრძოლის მეთოდიც (ციება და მაღალი სიცხე კლავს სპიროქეტას, ამიტომ ავადმყოფებს ასნეულებდნენ მალარიით, რასაც მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესება ან სრული გამოჯანმრთელება მოსდევდა). ახლა ინფექციასთან ბრძოლის ბევრად ეფექტური საშუალებები არსებობს (მაგ., ანტიბიოტიკები), მაგრამ მალარიით მკურნალობა ისტორიაში შევიდა, როგორც მედიცინის მიერ ფსიქიკურ დაავადებაზე თვალსაჩინო გამარჯვების ფაქტი.

      არსებითად ორგანულ თვალსაზრისზე იდგა ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიაში ემილ კრეპელინი (1856-1926). იგი სწავლობდა ვიურცბურგსა და ლაიფციგში, სადაც ვუნდტის მიერ დაირწა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის აკვანი. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ეტაპზე (ჰაიდლბერგში) კრეპელინიც გატაცებული იყო ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლით, მაგრამ ვუნდტისაგან განსხვავებით, მას თავიდანვე აინტერესებდა ნორმიდან გადახრის შემთხვევები და მათ გამოსაწვევად ექსპერიმენტებში იყენებდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ასეთი გზით იკვლევდა იგი გონებრივ მოქმედებას, მეხსიერებას, ყურადღებას. მათი ფუნქციონირების ნაყოფიერების დასადგენად კრეპელინმა შექმნა ფსიქოლოგიური ტესტების ერთ-ერთი პირველი ვერსია იგი პარალელურად შეისწვლიდა ტოქსიკური მდგომარეობების ნეიროფიზიოლოგიურ ასპექტებს. შემდგომში, ვუნდტის რჩევით, მან მთელი ყურადღება კლინიკურ ფსიქიატრიულ კვლევაზე გადაიტანა, რაც გულისხმობდა ფსიქოპათოლოგიური ფენომენების დინამიკის შესწავლას, სხვადასხვა სიმპტომების გარკვეულ ფსიქიკურ დაავადებასთან (ნოზოლოგიასთან) დაკავშირებას და ამ დაავადებათა კლასიფიკაციას. მიუნხენში, სადაც კრეპელინი კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, კოლოსალური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. მისი შედეგია კრეპელინის საყოველთაოდ ცნობილი ფსიქიკური დარღვევების კლასიფიკაცია, რომელმაც ეპოქა შექმნა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო იმ კლასიფიკაციას, რომელიც დღეს არის მიღებული. კრეპელინმა ერთ ჯგუფში გააერთიანა სხვადასხვაგვარი აშლილობები, რომელთაც მორელის მიერ შერჩეული სახელწოდება „ნაადრევი ჭკუასუსტობა„ მიაკუთვნა. ფაქტობრივად, აქ შედიოდა ფსიქიკური დარღვევების ის ფორმები, რომელთა უმეტესობაც ამჟამად შიზოფრენიის ტერმინის ქვეშ ერთიანდება. მათგან გაიმიჯნა ე.წ. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია ღრმა დეპრესიის, უკიდურესად აგზნებული და სრულიად წყნარი მდგომარეობის პერიოდული მონაცვლეობა. მთავარი ის არის, რომ ამ შემთხვევაში არ ვითარდება სპეციფიკური ჭკუასუსტობა და შესაბამისი მკურნალობით მდგომარეობა შეიძლება მთლიანად გამოსწორდეს. პირველი ჯგუფის დაავადებათა შემთხვევაში პროგნოზი ფატალურია. კლასიფიკაცია მოიცავს სხვა სახის ფსიქიკურ დარღვევებსაც (მაგ., ეპილეფსია, ისტერია, ფსიქოპათია, ინფექციური ფსიქოზები, სიბერით თუ თავის ტვინის სხვადასხვა ტრავმით გამოწვეული აშლილობები და სხვა). მათზე აქ, ცხადია, ვერ შევჩერდებით. მთავარია წარმოვადგინოთ პრინციპი, რომელიც კლასიფიკაციას უდევს საფუძვლად და კრეპელინის კონცეფციის მთელ იდეოლოგიას გამოხატავს: „სულიერი დაავადება არის კანონზომიერი ბიოლოგიური პროცესი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე სახეობად. თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული ეტიოლოგია, დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ნიშნები, ტიპური მიმდინარეობა, პათოანატომიური საფუძველი და თვით ამ პროცესის არსთან მჭიდროდ დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული გამოსავალი„.

      კრეპელინის კლასიფიკაცია არ იყო უნაკლო და ბუნებრივია, რომ თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ამ კრიტიკის შედეგად მან გარკვეული ცვლილებები განიცადა, და საბოლოოდ, ახალ, თანამედროვე კლასიფიკაციაში გადაიზარდა. კრეპალინის კლასიფიაკაციის ისტორიული როლი

      უდიდესია. ფსიქოპათოლოგიაში ფსიქიკურ დარღვევათა ფორმების კლასიფიცირების ამოცანა უძველესი დროიდან იდგა. კლასიფიკაცია, თავისთავად, ემპირიული მასალის მოწესრიგებაზე მიმართული ანალიტიკური პროცესია, მაგრამ მას, თეორიულთან ერთად, უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თუ ტაქსონომია სწორია, მაშინ ერთად დაჯგუფებულ პათოფსიქოლოგიურ მდგომარეობებს მსგავსი მიზეზები ექნებათ, ასევე ერთნაირი იქნება მათი პროგნოზი და მკურნალობა. რაც უფრო კარგია კლასიფიკაცია, მით უფრო ზუსტია დიაგნოსტიკა და ეფექტურია მკურნალობა. კრეპელინის კლასიფიკაცია ეპოქალური მნიშვნელობის სისტემა იყო, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მთელ ფსიქოპათოლოგიასა და ფსიქიატრიაზე.

      მიუხედავად ამისა, კრეპელინის სწავლებას, ზოგადად, არაერთგვაროვნად აფასებენ, რაც განპირობებულია მკვლევართა პოზიციით. ისინი, ვინც უკიდურეს ორგანულ, ნევროლოგიურ თვალსაზრისს იზიარებენ (მაგ., მაინერტის და ვერნიკეს სკოლები), კრეპელინს იმას საყვედურობენ, რომ მისი ფსიქოპათოლოგია არის „უტვინო„, ტვინის გარეშე, ვინაიდან მთელი აქცენტი გადატანილი აქვს კლინიკურ ფაქტებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს პათანატომიურ მონაცემებს. კრეპელინი მართლაც ერიდებოდა გამოეთქვა დაუსაბუთებელი ჰიპოთეზები ფსიქიკური დაავადებების ნერვულ სუბსტრატთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამ დაავადებათა პათოგენეზის ორგანულ ბუნებაში. ეს საფუძველს აძლევს ფსიქოლოგიურ თვალსაზრისზე მდგომ ანალიტიკოსებს შეაფასონ კრეპელინის მოღვაწეობა, როგორც ანტიფსიქოლოგიური, ნეიროფიზიოლოგიური მიდგომის კულმინაცია (ფ. ალექსანდერი).

      გამოჩენილმა შვეიცარელმა ფსიქიატრმა ეუგენიო ბლოილერმა (18591939) ფსიქოზის დახასიათებაში სწორედ ფსიქოლოგიურ მომენტებს გაუსვა ხაზი. მან არსებითად გადაახალისა შეხედულება იმ სულიერ დარღვევებზე, რომლებიც კრეპელინის მიერ „ნაადრევი ჭკუასუსტობის„ ჯგუფში იყო გაერთიანებული. ბლოილერმა მათ „შიზოფრენიული ჯგუფის დაავადებანი„ უწოდა. შიზოფრენია ბერძნულად გათიშულობას ნიშნავს და მიუთითებს ამ დაავადების ძირეულ ნიშანზე – ფსიქიკურ ფუნქციათა სფეროებს შორის გახლეჩაზე, დისოციაციაზე და ამით გამოწვეულ პირვნების მთლიანობის დარღვევაზე. შიზოფრენიის სხვა სპეციფიკურ ნიშნებს შორის დასახელებულია ასოციაციური კავშირების დარღვევით გამოწვეული აზროვნების თავისებური აშლა, აფექტური სფეროს დარღვევა მის სრულ გაფხვიერებამდე; აგრეთვე, გარე სამყაროსთან კონტაქტის დაკარგვა, შინაგანი განცდების სამყაროში ჩაკეტვა და მათზე ფოკუსირება, რასაც აუტიზმი ეწოდა (სხვათა შორის ბლოილერი ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სხვა ტერმინების ავტორიცაა, მაგ., ამბივალენტობა). ე.წ. მეორეულ (არასპეციფიკურ) სიმპტომებს მიეკუთვნება ბოდვა, ჰალუცინაცია, კატატონია და თვით დემენციაც. ამრიგად, ჭკუასუსტობა აღარაა მიჩნეული ამ ჯგუფის დაავადებათა აუცილებელ შედეგად.

      საზოგადოდ კი, შიზოფრენიას ცვალებადი და არაერთგვაროვანი კლინიკური სურათი აქვს: ნორმიდან მცირე გადახვევით დაწყებული და დამთავრებული აზროვნებისა და პიროვნების სრული დაშლით. შიზოფრენიის ძირეული სიმპტომები გამოწვეულია ჯერ კიდევ უცნობი ორგანული მიზეზებით, მაგრამ მეორეული სიმპტომები, უპირატესად, ფსიქოგენური ფაქტორებითაა პირობადებული, მათ შორის ადამიანის ფსიქოკონსტიტუციური თვისებებით, ფსიქოსექსუალური კომპლექსებით და ა. შ. ამიტომ, ბლოილერს მიაჩნდა, რომ სიმპტომატოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური საშუალება ფსიქოანალიზია. ფსიქიატრიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბლოილერის მიერ შიზოფრენიის ამგვარი გააზრება შეესაბამებოდა ეპოქის მოთხოვნებს. „XX საუკუნის დასაწყისისთვის ფსიქიური აშლილობანი უკვე განისაზღვრა დაავადებებად, რომელთაც სჭირდებოდა სამედიცინო და სოციალური მეთოდებით მკურნალობა. ცივილიზებულ სამყაროში იგი გამოვიდა თავშესაფრებიდან, ბედლამებიდან და საჭირო გახდა „მცირე ფსიქიატრიის„ სახით ყოველდღიური ცხოვრების სფეროში შესვლა, როგორც ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სომატური დაავადებების შემთხვევაში„ (შ. და ა. გამყრელიძე). ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა ამ კონტექსტში უდავოა.

***

      ახლა მოკლედ ფსიქოთერაპიის ისტორიაზე შევჩერდეთ. როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიური ცოდნის განვითარების იმ ეტაპს, როცა ფსიქიკად მიჩნეული იყო მეტაფიზიკური რეალობა _ სული, მეტაფიზიკური ფსიქოლოგია ეწოდება. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ამ ეტაპს ხშირად აღწერენ, როგორც არამეცნიერული ცნობიერების მრავალსაუკუნოვან შეცდომას, მაგრამ ფსიქოთერაპიისთვის ამ პერიოდის ასეთი ცალსახა შეფასება მართებული არაა.

      მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიას თავისი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ჰქონდა და აქვს დღესაც – სხვადასხვა სახის შემლოცველები, ნათელმხილველები თუ სექტები, რომლებსაც ადამიანის გამოჯანმრთელების პრეტენზია აქვთ, მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის მოდელებს ეყრდნობიან. მეტაფიზიკური „თეორიის“ მოხსნის შემდეგ ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც მეტაფიზიკურ პარადიგმაში აღმოცენდა ათეული საუკუნეების წინ, საკმაოდ პროდუქტიულია ხოლმე თანამედროვე ფსიქოთერაპიისთვის, მათი პოტენციალი ბოლომდე გახსნილი არც არის.

      პირველყოფილ კულტურებში და დღესაც სულის გაგებას ყველგან ერთი საერთო აქვს - სული მიჩნეულია სხეულისა და ყველაფერ სხეულებრივისაგან დამოუკიდებელ რეალობად, სადაც არ მოქმედებს ბუნების (ბერძნ. - პჰისის) კანონები - სივრცის, დროის, ენერგიის, კაუზალობის, სიცოცხლისა და სიკვდილის. შესაბამისად, ამ რეალობას მეტაფიზიკურს უწოდებენ (ბერძნ. მეტა ტა პჰისის – ფიზიკის, ბუნების იქითა, ზედა).

      რელიგიის ისტორიის პირველი სტადიის აღსანიშნად ტერმინი „ანიმიზმი“ (ლათ. ანიმა, ანიმუს-იდან, რაც სამშვინველს და სულს ნიშნავს) მეცნიერებაში ედუარდ ბერნეტ ტეილორმა (1832-1917) დაამკვიდრა. იგი ანიმიზმს, ანუ სულთა არსებობის რწმენას თვლიდა „რელიგიურობის მინიმუმად“. ანიმიზმი გულისხმობს, რომ გასულიერებულია ყველაფერი, განსაკუთრებით ის, რასაც ცვლილების უნარი აქვს - ადამიანი, მისი სხეულის ნაწილები, ცხოველები, მცენარეები, გეოგრაფიული ადგილები, ბუნების ძალები თუ ციური სხეულები.

      საყურადღებო სურათს ქმნის სხვადასხვა ენაში არსებული „სულის“ ომონიმები (ერთი სიტყვით, სხვადასხვა მნიშვნელობის აღნიშვნა). ბევრგან სული და ჩრდილი ერთი სიტყვით აღინიშნება, რადგან ითვლება, რომ ადამიანის სული მის ჩრდილშიცაა (მაგ., ამერიკელი ინდიელების ბასუტუს ტომში მიაჩნიათ, რომ თუ ნიანგმა კბილები ჩაასო მდინარის პირას მიმავალი ადამიანის ჩრდილს, იგი ადამიანსაც ჩაითრევს). ამ წარმოდგენების ფონზე დამღუპველად ითვლება ჩრდილის დაკარგვა. ცნობილია ევროპულ და აღმოსავლურ ენებში დაფიქსირებული კავშირი (მათ შორის, ომონიმია) სულსა და სუნთქვას შორის (შეადარეთ სულის და სუნთქვის აღმნიშვნელი სიტყვები ინგლისურ და რუსულ ენებში; ასევე - ქართულშიც, სადაც „სუნთქვის“ სინონიმებია „სულის კვეთა“ და „სულთქმა“). სუნთქვასთან სულის დაკავშირება ბუნებრივია, რამდენადაც სუნთქვა სიცოცხლის, ანუ სულიერობის ნიშანია.

      ყველა ტიპის რელიგიური კულტურა მიიჩნევს, რომ სხეულში სულის ჩასახლება აძლევს სხეულს სიცოცხლეს. შესაბამისად, მიაჩნდათ, რომ სიკვდილი სხეულისაგან სულის სამუდამო წასვლაა. სულის დროებით წასვლად ითვლება ავადმყოფობა. ავადმყოფობის ეს ზოგადი დიაგნოზი მდგომარეობის გართულებისას დაკონკრეტებას მოითხოვს - უნდა დადგინდეს ჯერ ის, თუ რომელმა სულმა მიატოვა სხეული და შემდეგ ის, თუ სად არის ამჟამად იგი (ფართოდ არის გავრცელებული რწმენა, რომ ერთ არსებაში სხვადასხვა სულია – სიცოცხლის, საფლავის თავზე მოტრიალე, ჩრდილის, ანარეკლის და ა.შ.). ავადმყოფობასთან და მის დიაგნოზთან კავშირშია სიზმარი და მისი გააზრება. სიზმარს, ავადმყოფობას და სიკვდილს ერთი მიზეზი აქვს – სულის წასვლა სხეულიდან. სიზმარს თითქმის ყველა არქაული კულტურა მიიჩნევს სხეულიდან სულის დროებით გასვლად. თუ დიდხანს არ დაბრუნდა ძილის დროს წასული სული, ადამიანი შეიძლება დაავადდეს ან დაიღუპოს.

      სხეულს სული ტოვებს ტრანსის მდგომარეობაშიც, რაც ანიმისტური აზროვნებისთვის არსებითად არ განსხვავდება ძილისაგან. ტრანსში სხეულიდან გამოსული სულის მოგზაურობის თემა ხშირად გვხვდება სხვადასხვა ხალხის მითოლოგიასა და ფოლკლორში, რაც მიუთითებს ამ წარმოდგენის არქაულობაზე. მოსაზრებიდან, რომ სულებს სიზმრის ან მოჩვენების სახით ხედავს ადამიანი, ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ სულს აქვს იერი. ანიმისტურ კულტურაში ითვლება, რომ სხეულისაგან გათავისუფლებული სული ისევ სხეულის იერს იღებს და სწორედ ამის წყალობით არის ცნობადი. ამდენად, სული ამქვეყნიური გარეგნული ნიშნების მატარებელი არის იმ ქვეყნად.

      სული არამარტო ამქვეყნიური ფიზიკური თვისებებით ხასიათდება, არამედ ურთიერთობებითაც. იმქვეყნად ამქვეყნიური ურთიერთობების გაგრძელების იდეა უდევს საფუძვლად ჩვეულებას, რომ მიცვალებულს საფლავში ჩაატანონ საგნები, რომელსაც იგი ამქვეყნად ხმარობდა. მიცვალებულისთვის სხვა ადამიანების მსხვერპლად შეწირვაც დაკავშირებულია რწმენასთან, რომ შეწირულთა სულები მიცვალებულთან ისეთივე ურთიერთობას გააგრძელებენ, რაც ამქვეყნად ჰქონდათ. ამიტომ, მსხვერპლად იწირებოდნენ მიცვალებულის მსახურები, მონები, ცოლები. ანიმისტური ცნობიერება ცხოველზე ხშირად ისევე მსჯელობს, როგორც ადამიანზე, რისი რადიკალური გამოვლენაც არის ტოტემიზმი. ხშირად ისევე, როგორც ცნობილ ადამიანს მიეწერება ხოლმე გვარის დაწყება, წინაპრად მოიაზრება ცხოველი, უფრო ზუსტად - ცხოველის სული. ეს ტოტემისტური დამოკიდებულება შემდეგ ცხოველის გაღმერთების საფუძველი ხდება, რისი ელემენტიც არის თითქმის ყველა რელიგიაში.

      განხილულ მასალაში ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რითაც განსხვავდება სულის ცნება ანიმისტურ კულტურაში გვიანდელთან შედარებით. ერთ-ერთ ამგვარ განსხვავებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ანიმისტური ცნობიერებისთვის სული ისევე არის მოცემული ემპირიულ გამოცდილებაში, როგორც ნებისმიერი სხვა რეალობა, იგი დაკვირვებადია, კერძოდ - მას ხედავენ სიზმრებში და ჰალუცინაციებში. ამიტომ სულს მიეწერება ის ნიშნები, რითაც ხასიათდება სიზმრისეული რეალობა – მოვლენების განვითარება ზებუნებრივი წესით. ზოგიერთი მკვლევარი (ე. ტეილორი) ამ საერთო ფსიქოლოგიური საფუძვლით ხსნის იმას, რომ სულის შესახებ წარმოდგენები არსებთად ერთნაირია ერთმანეთისაგან იზოლირებულ განსხვავებულ კულტურებში.

      ანიმისტური მსოფლმხედველობიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა ცხოვრების სტრატეგია - სხეულთა სამყაროსთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისთვის ადამიანს უნდა მოეხდინა გავლენა სულთა სამყაროზე, რომელიც შემდეგ შეცვლიდა ფიზიკურ სინამდვილეს. ამ გზით ცდილობდა ადამიანი მიეღო მისთვის სასურველი ამინდი, ნაყოფიერი ნადირობა ან მოსავალი. ამავე გზით ებრძოდა იგი დაავადებებს და სიკვდილსაც კი. მეტაფიზიკური სინამდვილის ასეთი დაკავშირება პრაქტიკულ პრობლემებთან უკვე გულისხმობდა, რომ უნდა შექმნილიყო სულთა სამყაროსთან ურთიერთობის „ტექნოლოგია“ და მისი შემსრულებლის სოციალური ინსტიტუტი. ამგვარი ინსტიტუტი შეიქმნა. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვა სახელი ჰქონდა - ჯადოქარი, მაგი, შამანი, მკურნალი და ა.შ. მსჯელობის გაადვილებისთვის მას შამანი ვუწოდოთ, რადგან ამ პრაქტიკის სახელად დღეს დამკვიდრებულია ტერმინი „შამანიზმი“ (გვიანდელ კულტურებში მეტაფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთობა ღვთისმსახურების ფუნქცია გახდა).

      შამანიზმი მოიცავს ექსტაზის არქაულ ტექნიკას, ამასთანავე - მისტიკას, მაგიას და რელიგიურ მითოლოგიას (თუმცა, რომელიმე კონკრეტულ რელიგიას შამანიზმი არ განეკუთვნება). შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს, როგორც ექიმბაში, და, ამავ დროს, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. ფსიქოთერაპიის თვალით თუ შევხედავთ, სავარაუდოა, რომ შემთხვევითი არ უნდა იყოს სასწაულმოქმედის და მკურნალის ერთ პიროვნებაში გაერთიანება - სასწაული აჩენს რწმენას, რომელიც სჭირდება ფსიქოთერაპიულ მკურნალობას. შამანი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობის, თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - მკურნალობა, წარმოდგენილია, როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. ავადმყოფობის სულს შამანი ედავება, ეჩხუბება, აშინებს, შეულოცავს და ა.შ. ითვლება, რომ ამ გზით შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობის სულებს („ბატონებს“) და უბრუნებს პატრონს, რაც ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელებას იწვევს. ასე თვლის შამანიც და პაციენტიც. ამ თვალსაზრისს ორივე მათგანში აყალიბებდა მითოლოგია. მითოლოგიის ერთიანობის მიუხედავად შამანსა და პაციენტს შორის არის განსხვავება - შამანის მონათხრობიდან გამომდინარე ავადმყოფი გულისხმობს, რომ შამანი იბრძვის მისი სულისთვის, ხოლო ტრანსში მყოფი შამანი უშუალოდ ხედავს და განიცდის ამ „ბრძოლას“.

      ყველა ექიმბაში, ან ყველა მაგი შამანი არაა. შამანს თავის სპეციალიზაცია აქვს. „შამანი არის სპეციალისტი ტრანსისა, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცაში ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში“ (ელიადე). შამანიზმი უფრო მისტიკური ფენომენია, ვიდრე რელიგიური, რომელიც ბევრ რელიგიაშია მოცემული ექსტატური კულტურის სახით. შამანურ საზოგადოებაში ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევა ღმერთებთან შეხვედრად არის მიჩნეული. ბევრგან ადამიანი შამანად ხდება მეხის დაცემის შემდეგ. ექსტატური გამოცდილების ქვეშ იგულისხმება შთამბეჭდავი სიზმრების, ტრანსის, ჰალიცუნაციების და სხვა ამგვარის გამოცდლება. შამანად გახდომის კანდიდატი ავადმყოფური ახალგაზრდაა, მაგრამ შამანად გახდომის შემდეგ ავადმყოფურობა ქრება. როგორც წესი, შამანური პრაქტიკა ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას (ანუ - შამანის პაციენტი თვით შამანიცაა, რასაც ასე ხშირად ვხვდებით ფსიქოთერაპიის ისტორიაში). შამანები ჰყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთესად გრძნობენ თავს. როცა რაიმე მიზეზით მათ ამ პრაქტიკის საშუალება არა აქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ.

      თავისებურია შამანის ღმერთებთან ურთიერთობა. დღევანდელი შამანიც კი საკუთარ თავს ღმერთის ტოლად განიცდის. შამანის „სითამამე“ ღმერთებთან, ალბათ, იმ იდეით იხსნება, რომ შამანურ მითოლოგიაში შამანობა ღმერთისაგან იღებს სათავეს.

      სულთა სამყაროში მოგზაურობა შამანური პრაქტიკის ზოგადი ელემენტია. არის მკურნალობის კონკრეტული ფორმებიც. ესკიმოსებთან სულის დაკარგვასთან ერთად ავადმყოფობის მიზეზად მიჩნეულია ტაბუს (აბორტის გაკეთება, მოხარშული ხორცის ჭამა და ა.შ.) დარღვევა. ამიტომ სულის ძებნასთან ერთად შამანის სამკურნალო პროცედურებში შედის ჯგუფური აღსარება (რაც ასე პოპულარულია გვიანდელ რელიგიებსა და ფსიქოთერაპიაში). „დიაგნოზს“, რომლიდანაც შემდეგ გამომდინარეობს მკურნალობა, სვამს შამანი. იგი სპეციალური ბალახების, ცეკვის და სხვა ტექნოლოგიების გამოყებენით ვარდება ტრანსში და აღმოცენებული ხილვა მას ჰკარნახობს ავადმყოფობის „მიზეზს“.

      მკურნალობა შამანურ კულტურაში უშუალოდ გამომდინარეობს ავადმყოფობის გაგებიდან. ავადმყოფობის, ისევე როგორც სიკვდილის მიზეზი, სულიერი ბუნებისაა. მტრის, მეტოქის ან ცხოველის სულმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაავადება. ადამიანის სულის მატარებლად ითვლება მისი გამოსახულება, ჩრდილი, თმის კულული და ა.შ. ყოველივე ეს შამანის ინსტრუმენტად შეიძლება გადაიქცეს იმ პროცედურებში, რომელიც წააგავს იმ პროცედურებს, რასაც დღეს ჰიპნოზის ტექნიკას ვეძახით.

      ნარკოჰიპნოზს გვახსენებს ის, რომ შამანიზმის პრაქტიკაში დიდ ადგილს იკავებს ტრანსის ინტოქსიკაციით გამოწვევა. ყოველ შემთხვევაში, ირანი იცნობდა კანაფის კვამლით ექსტაზში შესვლის პრაქტიკას. ასევე ცნობილი იყო მათთვის ექსტაზი ღვინით თრობისაგან. ექსტაზის მიღწევის უძველესი საშუალებები იყო მარხვა, ყურადღების კონცენტრაცია, ცეკვა დაცემამდე და სხვა ამგვარი.

      შორეული აღმოსავლეთის ფსიქოფიზიკური ვარჯიშების უამრავი სისტემა არსებობს. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა განსხვავებებიც ბევრია. რამდენიმე რელიგიამ მსოფლიო რელიგიის მასშტაბს მიაღწია, ხოლო მათში ჩართული ფსიქოფიზიკურ ვარჯიშთა სისტემები მსოფლიო კულტურის საკუთრებად იქცა (რამაც განაპირობა მათი ელემენტების გაჩენა ფსიქოთერაპიის პრაქტიკაში).

      ფართოდ არის გავრცელებული სიტყვა „დაოს“ გამოყენება მეთოდის, საშუალების და გზის აღსანიშნავად. ამ საშუალების მიზანს წარმოადგენდა არამარტო სულის, არამედ სხეულის უკვდავება. უკვდავების მაძიებელთა მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ვეგეტარიანელობა. დაოსისტებისთვის უკვდავების მეორე მნიშვნელოვანი პირობა იყო სულის განმტკიცება, რაც მიიღწევა ჰაერის შერწყმით ესენციასთან „ცზინ“. ამის მიღწევის საშუალებაა სუნთქვის ვარჯიშები, მოძრაობითი ვარჯიშები და, ხანდახან, წამლები და მასაჟები. დაოსიზმიდან იღებს სათავეს სიგუნის პრაქტიკა.

      „ცი“-ს („ჩი“-ს) ყველასთვის მისაღები განმარტება არ არსებობს. ზოგი ელექტრულ ენერგიად მიიჩნევს, ზოგი - მაგნიტურად, ზოგი-სითბოსად. ვიწროა ციგუნის გაგება, როგორც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების ან მედიტაციის სისტემისა. ადამიანის ენერგია ზეცის და მიწის ენერგიის გავლენის ქვეშაა, ამიტომ ბუნებრივი გზების, ანუ „დაოს“ ცოდნა აუცილებელია. ადამიანური „ცი“-ს ცირკულაციის ნორმალიზაციას ემსახურება აკუპუნქტურა, აკუპრესურა, მედიტაცია, ციგუნის ვარჯიშები და ბალახებით მკურნალობა. ამავე მიზანს ემსახურება საბრძოლო ხელოვნების დაუფლება (რის მაგალითსაც იძლევა შაოლინის მონასტერი).

      III საუკუნიდან ჩინელებმა აღმოაჩინეს მოძრაობების თერაპიული ეფექტი. დაახლოებით ჩვ.წ. 60-იანი წლებიდან ჩინელებმა გაიცნეს ინდური ბუდიზმი. ინდური ვარიანტი უფრო რელიგიური იყო და შემეცნების და წვდომის, ანუ ბუდას მდგომარეობის შექმნის მიზნებს ისახავდა. ინდუიზმი ინდოეთის ხალხების სულიერი ცხოვრების სისტემაა, რომლის საფუძველია სანსკრიტული კულტურა, და მოიცავს მეცნიერულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ-მითოლოგიურ, ესთეტიკურ, სოციოლოგიურ, სამართლებრივ თუ ეთიკურ ცოდნას და ნორმებს. ვედები (რაც მეცნიერებებს ნიშნავს) ძველინდური ლიტერატურის ძეგლია, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში შეიქმნა არიულ ტომებში. მითოლოგიურ-ფსიქოლოგიური პარალელების შემცველ ნაწილებს უპანიშადები ეწოდება. უპანიშადებს ეფუძნება ინდოეთის ფსიქოლოგიური პრაქტიკა. ინდუიზმი ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს შეცვალა ვედურმა ბრაჰმანიზმმა. ინდუიზმი აღორძინდა ახალ დროში და გააერთიანა სხვადასხვა ინდური რელიგიური წარმოდგენები. ადრეული ეტაპი ინდუისტური მითოლოგიის ასახულია „მაჰაბჰარატასა“ და „რამაიანაში“.

      ინდუისტურ მითოლოგიაში წამყვანი მოტივია მაგიური ძალა, რომელიც ასკეტიზმით მიიღწევა. სხეულის „მოკვდინება“ (ტაპასი) ყველა სურვილის შესრულების, ქვეყნის შექმნისა თუ დანგრევის საშუალებას იძლევა. ჭეშმარიტება ინდური ფილოსოფიისთვის იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ფასეულია გათავისუფლება, დამოუკიდებლობა ჭეშმარიტების წვდომის შედეგად. გათავისუფლება გულისხმობს ფსიქოლოგიურ სიკვდილს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და უპირობო არსებობის ფორმით ყოფნას. პიროვნება არაა საბოლოო ელემენტი, ის მხოლოდ განცდების სინთეზია, რომელიც წაიშლება გასხივოსნებისას. თავისუფლების მიღწევის შემდეგ პიროვნების საჭიროება მოხსნილია. თავისუფლების მიღწევაში დიდი როლი აქვს იოგას ტექნიკას.

      ითვლება, რომ ტერმინ „იოგა“-ს ეტიმოლოგია წარმოდგება ზმნა „იუჯ“ის ძირიდან, რაც ნიშნავს „ერთად შეკვრას“, „მარხვას“, „შეერთებას“. ზოგადად „იოგათი“ აღინიშნება ნებისმიერი ასკეტური ტექნიკა და მედიტაციის მეთოდი. იოგას სხვადასხვა სკოლები სხვადასხვა მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. მათ შორის „კლასიკურად“ ითვლება პატანჯალის „იოგასუტრა“. ასევე არსებობს არასისტემური მეთოდები, არაბრაჰმანული (ბუდისტური, ჯანაისტური) იოგა და ა.შ. ინდოეთის ფილოსოფიური სისტემები განსხვავდება ევროპულისაგან - ისინი, ძირითადად, ადამიანის სულიერ გამოცდილებას აღწერენ. ამ ფილოსოფიურ სისტემებში უხვადაა რჩევები ასკეტიზმის და ჭვრეტის ტექნიკაზე.

      როგორც ფსიქოტექნიკა, ასევე ფილოსოფია ინდოეთისთვის ღირებულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ადამიანის ფსიქიკის განთავისუფლება ტანჯვისაგან. ნებისმიერი ადამიანური გამოცდილება ტანჯვითაა განპირობებული (ტანჯვა ინდური ტექსტებში ყველა უარყოფით ემოციას გულისხმობს). „სხეული ტანჯვაა, რადგან იგი ტანჯვის ჭურჭელია; გრძნობის ორგანოები, გრძნობის ობიექტები, შეგრძნებები - ტანჯვაა, რადგან წარმოადგენენ გზას ტანჯვისკენ; თვით სიამოვნებაც კი ტანჯვაა, რადგან მას ტანჯვა მოსდევს“ - ნათქვამია „სანკჰია-სუტრები“-ს კომენტარებში. ტანჯულია ყველაფერი, რაც დროში არსებობს - ღმერთიდან მწერამდე. ადამიანს, განსხვავებით ღმერთებისა და სხვა ცოცხალი არსებებისაგან, შეუძლია დაძლიოს თავის მდგომარეობა, დაძლიოს კარმა და მოსპოს ტანჯვა - ეს, ინდოეთის ყველა ფილოსოფიური და მისტიკური მიმდინარეობისთვის საერთო რწმენა გამორიცხავს პესიმიზმს და სასოწარკვეთას. სკოლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მხოლოდ არჩეული გზით - ტანჯვისაგან გათავისუფლება ზოგჯერ მიიღწევა ცოდნის შეძენით (მაგ., ვედანტის და სანკჰიას მოძღვრებებში), ზოგჯერ - ფსიქოტექნიკური საშუალებებით (იოგასა და ბუდისტურ სკოლათა უმრავლესობაში).

      იოგა ძირითადად ვითარდებოდა ინდუიზმისა და ბუდიზმის ფარგლებში, თუმცა თვით არ წარმოადგენდა რელიგიურ სისტემას. მისი მიზანია დაიმორჩილოს ცნობიერების ხუთივე მდგომარეობა - სწორი და მცდარი შემეცნება, ძილი, ქვეცნობიერი, წარმოსახვა და მეხსერება. პატანჯალის იოგას 8 საფეხურიანი სისტემა მოწოდებულია შეაჩეროს ცნობიერების ყველა ფორმის მუშაობა და მოახდინოს უმაღლესი ფსიქოფიზიკური ინტეგრაცია. სწორი პოზის და სხეულის წონასწორობა, კუნთების, შინაგანი ორგანოების და სუნთქვის კონტროლი შევიდა ჰათჰა იოგაში. იოგას ბოლო საფეხურს, „სამეფო იოგას“ ეწოდება რაჯა-იოგა და მიზნად ისახავს ყურადღების, წარმოსახვის და სხვა ცნობიერების ფუნქციების ჩამოშორებას გარე საგნებიდან და საკუთარ თავზე კონცენტრაციას.

      ბუდიზმი - რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებაა, ერთ-ერთი (დროში – იუდაიზმის პარალელურად აღმოცენებული) მსოფლიო რელიგიაა, რომელმაც გავლენა იქონია უფრო გვიანდელ ქრისტიანობასა და ისლამზე. ბუდიზმი ყალიბდება ძვ.წ. 6-7 საუკუნეში. მისი დამფუძნებელი არის ინდოელი - პრინცი სიდჰარტა გაუტამა. ეს რეალური პიროვნება ცხოვრობდა ჩრდილოეთ ინდოეთში.

      სიდჰართჰასთან ძირითადია მოძღვრება გარდასახვის, ნირვანას და მისი მიღწევის გზების შესახებ. პირველივე ასწლეულებში ბუდიზმი 18 სკოლად დაიყო. I საუკუნის ბოლოს ყალიბდება ორი ძირითადი სკოლა: ჰანაიანა („მცირე წრე“) და მაჰაიანა („დიდი წრე“). ჰანაიანა გადარჩენის ინდივიდუალური გზაა, მაჰაიანა - სხვების სამსახური. ბუდიზმი აგებულია „ოთხ უმაღლეს ჭეშმარიტებაზე“ - არსებობს ტანჯვა, მისი მიზეზი, განთავისუფლება და მისი მიღწევის გზა. ტანჯვა მოიცავს ყველა უსიამოვნო ემოციას, რაც სურვილების არსებობითაა განპირობებული. განთავისულება, იგივე ნირვანა, გარე სამყაროსთან პიროვნების ურთიერთობის გაწყვეტაა. არსებობს მისი მიღწევის „რვა გზა“: სწორი 1) აზროვნება, 2) მეტყველება, 3) მოქმედება, 4)შემეცნება, 5) ცხოვრება, 6) შრომა, 7) გახსენება და თვითდისციპლინა, 8)კონცენტრაცია. ამ გზების მიღწევას უზრუნველყოფს ეთიკური ნორმების და ფსიქოფიზიკური ვარჯიშების სისტემა. ამ უკანასკნელში ერთიანდება ინდური იოგას, ჩინური დაოსიზმის და ძველი მაგიური რიტუალების ელემენტები. ნირვანა („ჩაქრობა“) ბუდიზმში და ჯანაიზმში სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, როცა დაძლეულია მიწიერი სურვილები და ვნებები, სრული სიმშვიდეა არსებობისა და დროის გარეშე. იგი არის ტანჯვების მიღმა გასვლა, სანსარასეული (სანსარა - პიროვნებისა და სულის გარდაქმნების ტანჯვის მომგვრელი უსასრულო პროცესი) გარდაქმნების შეწყვეტა. იგი ცნობიერების უმაღლესი ფორმაა, სანსარას საწინააღმდეგო, ბუდად ქცევის პირობა, რაც მარტო ადამიანს შეუძლია. მასზე რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია, გარდა იმისა, რომ ეს არის თავისუფლების, სიმშვიდის და ნეტარების მდგომარეობა. ბუდიზმი თვლის, რომ ნირვანა შეიძლება სიცოცხლეშიც იყოს მიღწეული, რადგან ზემოხსენებული პირობების დაცვით შეიძლება ცოცხალი ადამიანის სულიც გათავისუფლდეს სანსარასაგან (ანუ განცდათა მონაცვლეობისაგან და სამყაროს ცვალებადობის განცდისაგან).

      ბუდიზმი გასცილდა ინდოეთის საზღვრებს. ჩინეთში ბუდიზმი შეერწყა ლაო-ცზის მოძღვრებას (დაოსიზმს) და ჩამოყალიბდა ჩან-ბუდიზმად. იაპონიაში _ ჩინეთიდან გადავიდა და მიიღო ძენ-ბუდიზმის სახე. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ბუდიზმი, განსაკუთრებით - მისი ფსიქოტექნიკა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ძენში სატორის (ნირვანას) მდგომარეობის შექმნის ძირითადი ფსიქოტექნიკური ინსტრუმენტია კოანი (იაპონურად - გამოცანა; ჩინურში „გუნან“-ი). წერილობით დადასტურებულია 2 000-მდე კოანი. კოანში ისმის პარადოქსული კითხვა, რომლის ლოგიკური გადაჭრა შეუძლებელია. კლასიკური მაგალითი: „ორი ხელის ხმა არის ტაში; რა არის ერთი ხელის ხმა?“. მოწაფის კითხვა: „რა არის ძენი?“. მასწავლებლის პასუხი: „ცეცხლზე დადგმული მდუღარე ზეთი“. მოწაფის კითხვა: „არსებობს თუ არა დებულება, რომელიც არც ჭეშმარიტია და არც მცდარი?“. მოძღვრის პასუხი: „თეთრ ღრუბელში სიმახინჯის ნასახი არაა“ და ა.შ. ძენის მოძღვარი ყველგან ცდილობს მოსწავლეს აგრძნობინოს კითხვის აბსურდულობა პასუხის აბსურდით. ცნობიერების ლოგიკით ეს პასუხი გაუგებარია. დროთა განმავლობაში, როცა მოწაფე უკუაგდებს ლოგიკას, იგი შეიძლება დაეუფლოს კოანის გაგებას, ცნობიერების გასხივოსნების მძაფრ განცდას ანალიტიკური ლოგიკის გარეშე. ეს განცდა არის სატორი (იაპონურად - გაღვიძება, გასხივოსნება), რომელშიც მოხსნილია ნებისმიერი დაპირისპირება, მათ შორის - ადამიანსა და სამყაროს შორის.

      ანიმისტურ და შორეული აღმოსავლეთის ფსიქოტექნიკურ კულტურებს ადრეც ჰქონდათ და ამჟამადაც აქვთ გავლენა ფსიქოთერაპიული მეთოდების არსენალის ჩამოყალიბებაზე. შამანური ტრანსი დღეს გაგებულია როგორც ჰიპნოზური მდგომარეობა, ინდური იოგა – როგორც აუტოჰიპნოზი. ამ ლოგიკით სუგესტიის, ბიჰევიორიზმის, გეშტალტ-თერაპიის თუ ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდებში სხვადასხვა სახით გაჩნდა არქაული ტექნიკის ელემენტები. ჩინურ-იაპონური ვარჯიშების ელემენტები ჭარბადაა ფსიქოლოგიური ტრენინგების სხვადასხვა ვარიანტში. თეორიულ კონსტრუქციებშიც ჩანს ზემოხსენებული პრაქტიკების პირდაპირი თუ ირიბი კვალი. ჰიპნოზის ტექნიკამ ემპირიული საფუძველი ჩაუყარა არაცნობიერი ფსიქიკურის ფსიქოანალიტიკურ თეორიებს. სულის გათავისუფლების აღმოსავლური იდეის გავლენის ნიშნებს ატარებს პიროვნების სპონტანურობისა და თვითრეალიზაციის იდეა ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიაში. ძველი პრაქტიკის ევროპაში შემოსვლის გზა სუგესტიაზე (შთაგონებაზე) გადიოდა.

      შთაგონებას ფხიზელ თუ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოველთვის იყენებდნენ არამარტო შამანები და ქურუმები, არამედ ბელადები, მხედართმთავრები, მკურნალები თუ მისტიფიკატორები. იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვისაც.

      ძვ.წ. XVI საუკუნით დათარიღებულ ებერსის პაპირუსში 900-მდე სამკურნალო საშუალებაა აღწერილი. მათ შორის დიდი ადგილი უკავია შელოცვებს, „რომლებიც უნდა წარმოითქვას მკაფიოდ და, რაც შეიძლება, ხშირად დაავადებულ ადგილზე წამლის დადებასთან ერთად“. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ყველა მკურნალობას თან უნდა ახლდეს შელოცვები. მიდგომა, რომ წამალთან ერთად სიტყვაც საჭიროა, ძველი მედიცინის საერთო პრინციპია. ბერძნულ ტაძარში, რომელიც აგებული იყო მკურნალი ღმერთის ასკლეპიუსის პატივსაცემად, იყო სპეციალური ოთახი - აბატონი. რელიგიური რიტუალების შემდეგ ადამიანები შედიოდნენ აბატონში, ხელოვნური ძილით, ე.წ. ინკუბაციით (ჰიპნოზით) იძინებდნენ და ძილში ესმოდათ „ასკლეპიუსის ხმა“, რაც განკურნებას იწვევდა. ტრანსის გამოყენებას სამკურნალო მიზნით ხშირად ვხვდებით შამანურ, ანტიკურ და ევროპულ წარმართულ კულტურებში. ტრანსის გარეშე, ფხიზელ მდგომარეობაში შთაგონებით განკურნება კიდევ უფრო ხშირია (მაგ., სვეტონიუსის და ტაციტის გადმოცემით, მეფე პიროსი და იმპერატორი ვესპასიანე მკურნალობდნენ მარჯვენა ფეხის დიდი თითის შეხებით). შთაგონების ანუ სუგესტიის („სუგესტიო“ - ლათინურად შთაგონებაა) ტექნოლოგია უხსოვარი დროიდან არსებობს. ევროპელების მიერ შთაგონების გაცნობიერება და მასში ბუნებრივი კანონების ძიება უკავშირდება მესმერის სახელს.

      მესმერიზმის საფუძვლების შემზადება დაიწყო უკვე მაშინ, როცა აღორძინების ეპოქაში ევროპაში გაძლიერდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ. ორი საუკუნის გასვლის შემდეგ ავსტრიაში დაიბადა ფრანც ანტონ მესმერი (1734-1815). ახალგაზრდობაში ძალზე მორიდებულმა ადამიანმა, მდიდარი ცოლის შერთვის შემდეგ, ხელგაშლილი და მრავალფეროვანი ცხოვრება დაიწყო. იგი გატაცებული იყო მუსიკით, მეცნიერებებით, მედიცინით. ენციკლოპედიურ განათლებასთან ერთად სამი დიპლომი ჰქონდა - მედიცინის, სამართლის და ფილოსოფიის დოქტორის. 1766 წელს გახდა ვენის უნივერსიტეტის დოქტორი დისერტაციისთვის „ვარსკვლავებისა და პლანეტების, როგორც მკურნალი ძალების გავლენის შესახებ“.

      მესმერი პრაქტიკოსი ექიმიც იყო. ისევე, როგორც პარაცელსი, იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს. შედეგად, მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით მთავრდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ მისი ხელის რამოდენიმეჯერ გატარება სხეულის გასწვრივ („პასები“). მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

      მესმერის მეთოდიკაში მხოლოდ არავერბალური ხერხები იყო - პასები, მუხლებით პაციენტის მუხლების შებოჭვა, შუშის ჯოხით შეხება (ამგვარ შეხებებს მესმერმა რაპორტი უწოდა; მოგვინებით ჰიპნოტიზმში ეს ცნება შემოვიდა ფსიქიკური კავშირის აღსანიშნავად), პაციენტების წინ დადგმული „ბაკე“ (ჭურჭელი რომელშიც იყო წყალი, შუშის ნაჭრები, ქვები, რკინის ნახერხი და მავთულები) ცხოველურ მაგნეტიზმით – იქიდან მაგნეტიზმი მავთულებით გადაეცემოდა ბაკეს გარშემო შემომსხდარ პაციენტებს, რომლებსაც მავთულების ბოლოები ეკავათ ხელში; ამასთანავე მესმერისტები „დამაგნიტებულ“ წყალს ბოთლებით აგზავნიდნენ ევროპის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ პაციენტებთან. ყველა ამ ხერხით მკურნალობის შედეგი ისეთივე იყო, როგორც მესმერთან უშაულო კონტაქტის დროს - ავადმყოფი იკურნებოდა.

      მესმერის თავბრუდამხვევი წარმატების მქონე პრაქტიკა ეფუძნებოდა მესმერის იდეას, რომ მაგნიტურ ძალას ფლობს მისი სხეული. მესმერი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა არის პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგი, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ _ ცხოველური მაგნეტიზმის დიდი კონცენტრაციის მქონე მაგნეტიზიორმა პასებით უნდა მოახდინოს პაციენტის სხეულში მაგნიტური ფლუიდების იმგვარი ჰარმონიული გადანაწილება, როგორიც არის მთელ სამყაროში.

      მესმერმა თავის კონცეფცია 1774 წელს წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას, რომელშიც მონაწილეობდნენ ლავუაზიე, ფრანკლინი, ბაილი და იმ დროის სხვა ცნობილი მეცნიერები. კომისიამ იმდროინდელი აპარატურით ეძება მაგნეტიზმი მესმერში და როცა მისი კვალიც კი ვერ იპოვა, მესმერი გამოაცხადა შარლატანად, ხოლო მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა მხოლოდ... პაციენტის წარმოსახვას. ეს, ფაქტობრივად, იყო ფსიქოთერაპიული ეფექტის პირველი ფსიქოლოგიური ახსნა. კომისიის მკაცრმა კრიტიკამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც გარიყა მესმერი. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა.

      მესმერის შემდეგ მესმერიზმს აგრძელებდა მის მიმდევართა მცირე ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი იყო შოსტენიე დე პიუნსეგიური, რომელმაც 1818 წელს აღმოაჩინა მესმერული ტრანსის ღრმა, კერძოდ, სომნამბულური სტადია. მანვე აღმოაჩინა, რომ ტრანსს იწვევს არამარტო შეხება, არამედ სიტყვაც, შთაგონებაც, რაც უკვე ვეღარ თავსდებოდა მესმერიზმის თეორიაში.

      მესმერის მიმდევრებს შორის იყო შარლ ლაფონტენიც, ცნობილი მეიგავეს შვილი. ის ხშირად მართავდა მაგნიტურ სეანსებს ელიტარული საზოგადოების სალონურ შეკრებებზე (ეს სეანსები, რომლის მიზანი იყო შეუცნობელის შემეცნება, ექსპერიმენტული ჰიპნოზის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ). ერთ-ერთ ამგვარ სეანსს დაესწრო ინგლისელი ქირურგი ბრეიდი.

      ტკივილგამაყუჩებლები ჯერ არ იყო აღმოჩენილი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ქირურგიას. ამ ფონზე დაინტერესდა ჯეიმს ბრეიდი (1795-1860) მესმერული ტრანსით, მისი ანესთეზიური და თერაპიული ეფექტებით. 1843 წელს ბრეიდმა გამოსცა წიგნი „ნეიროჰიპნოლოგია“. მესმერული ტრანსის აღსანიშნად ბრეიდმა შემოიტანა ცნება ჰიპნოზი, რაც ბერძნულად ძილს ნიშნავს. ტერმინი უკვე მიგვითითებს, რომ ბრეიდი ჰიპნოზს ძილის ფორმად განიხილავდა. მის არსებით ნიშნად მიაჩნდა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს ახასიათებს „მონოიდეიზმი“ – მის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი იდეაა. ბრეიდი ჰიპნოზს იყენებდა ისტერიული დამბლის თუ გულყრის პირობებშიც. კონცეფციის გარდა ბრეიდმა სიახლე შემოიტანა ჰიპნოტიზაციის მეთოდშიც - პაციენტებს აძინებდა თვალის ფიქსაციით რაიმე ბრჭყვიალა წერტილზე. ბრეიდმა ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია, რომ ადამიანები განსხვავდებიან მგრძნობელობით ჰიპნოტიზაციის მიმართ - ჰიპნობელურობით; შეამჩნია ისიც, რომ ჰიპნოზის სიღრმე სხვადასხვანაირია როგორც სხვადასხვა ადამიანთან, ასევე - ერთ ადამიანთან ერთი სეანსის განმავლობაში და ა.შ.

      XIX საუკუნის 70-იანი წლებში ცნობილი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი ჟან მარტენ შარკო (1825-1893) შეიყვანეს კომისიაში, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მეტალოთერაპიის ეფექტურობა ტრანსის პირობებში. კომისიაში მუშაობის დროს შარკო დაინტერესდა ჰიპნოზის ფენომენით, რადგან ნახა, რომ ისტერიის მრავალი სიმპტომის პროვოცირებაც და მოხსნაც შეიძლება ჰიპნოზში. ამის გამო შარკოს მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი ხელოვნურად გამოწვეული ისტერიული ნევროზია. „მსგავსის მსგავსით“ დაძლევის პრინციპით პარიზის სალპეტრიერის კლინიკაში შარკომ დაიწყო ისტერიით დაავადებულებთან ჰიპნოზის გამოყენება.

      შარკომ თავისი დიდი ავტორიტეტით ავტორიტეტი მოუპოვა ჰიპნოზის მეთოდს. მისი გავლენით ჰიპნოზს იყენებდნენ ისეთი მეცნიერები, როგორიც იყვნენ პოლ რიჟე, ჟილ დე ლა ტურეტი, პიერ ჟანე, შარლ ფერე, ალფრედ ბინე, ჟოზეფ ბაბინსკი და სხვები. შარკომ ბევრი მეთოდიკური სიახლე შეიტანა ჰიპნოტიზაციის ტექნიკაში (მაგ., შოკური მეთოდი), გამოჰყო ჰიპნოტიზაციის სტადიები (კატალეფსია, ლეთარგია, სომნამბულიზმი), ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ ჰიპნოზს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაცნობიერის ცნებისა და ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაში. ასევე, შარკოს ავტორიტეტმა განაპირობა დამოკიდებულება ჰიპნოზის, როგორც პათოლოგიური მდგომარეობის მიმართ.

      პარიზის კლინიკაში ჰიპნოზით შარკოს დაინტერესების პარალელურად ჰიპნოზის მიმართ ინტერესი ჩნდება საფრანგეთის მეორე ქალაქში – ნანსიში, სადაც სამოციან წლებში ჰიპნოზის კვლევა დაიწყო ექიმმა ა. ლიებომ (18231904). იგი სიტყვიერი შთაგონების ტექნიკას იყენებდა. ოთხმოციანი წლებიდან ამ მიმართულებით კვლევას სათავეში ჩაუდგა ნანსის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის ხელმძღვანელი იპოლიტ ბერნჰეიმი (1837-1919). მას მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი არის პაციენტის მიერ ჰიპნოტიზიორის შთაგონების უკრიტიკოდ მიღების შედეგი. ნანსელების ფორმულა იყო: „ჰიპნოზი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შთაგონება“. ამ პოზიციიდან გამომდინარეობდა, რომ ჰიპნოზი ადამიანის ნორმალური ფსიქიკური მექანიზმების მოქმედების შედეგია და არ არის მართებული მისი განხილვა ხელოვნურ ნევროზად. ბერნჰეიმის (ნანსის სკოლის) თვალსაზრისი ფსიქოლოგიურად ითვლებოდა, ხოლო შარკოსი (სალპეტრიერის სკოლის) _ ფიზიოლოგიურად. ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე პარიზში 1889 წელს. მასში მონაწილეობდნენ აგრეთვე ლიებო, დეჟერინი, ჟანე, ფორელი, ფროიდი, ბეხტერევი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები. კონგრესზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნანსის სკოლამ, ანუ ჰიპნოზის გაიგივებამ შთაგონებასთან.

      აღნიშნულმა პროცესებმა ინგლისსა და საფრანგეთის გარდა ჰიპნოზის მიმართ სხვა ქვეყნებშიც გააღვივა ინტერესი. შვედმა ოტო ვეტერსტრანდმა გამოაქვეყნა წიგნი „ჰიპნოტიზმი და მისი გამოყენება მედიცინაში“, სადაც განხილულია სომატურ დაავადებათა (გულის და კუჭის დაავადებები, ასტმა) ჰიპნოზით მკურნალობის საკითხები და პირველად არის განხილული ქრონიკული ალკოჰოლოზმის მკურნალობის პერსპექტივა. დიდი წვლილი შეიტანეს ჰიპნოტიზმის განვითარებაში გერმანელმა ექიმებმა ლევენფელდმა და მოლმა. ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიოლოგმა ვ. დანილევსკიმ მრავალრიცხოვან ექსპერიმენტებით იკვლია ჰიპნოზი ცხოველებთან და ეცადა დაესაბუთებინა მისი მსგავსება ადამიანის ჰიპნოზურ მდგომარეობასთან, რაც ეჭვქვეშ აყენებდა როგორც სალპეტრიერის, ისე ნანსის კონცეფციებს, რადგან ცხოველებს, სავარაუდოა, რომ არც ისტერია აქვთ და არც შთამაგონებელი სიტყვა ესმით. ჰიპნოზის შესწავლასა და გამოყენებაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა ფიზიოლოგებმა ვ. ბეხტერევმა (1857-1927) და ი. პავლოვმა (1849-1936).

      სალპეტრიერისა და ნანსის კლინიკებში ჰიპნოზს დაეუფლა ისტერიით დაინტერესებული ფროიდი, ვინაიდან იმ დროისთვის ჰიპნოზი იყო ნევროზების მკურნალობის გავრცელებული მეთოდი. მოგვიანებით ფროიდმა ნევროზების მკურნალობის საკუთარი სისტემა შექმნა და მისი მეთოდის წინამორბედი _ ჰიპნოზი კატეგორიულად უარყო (იხ. თავი 8.1.). ფსიქოანალიზის დიდ პოპულარობასთან ერთად მისი ფუძემდებლის განწყობილება გადაედო მსოფლიოს მეცნიერებს და მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე აკადემიურ წრეებში ჰიპნოზი დავიწყებას მიეცა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ფსიქოანალიზის იდეოლოგიურად მიუღებლობის გამო, ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდად ისევ ჰიპნოსუგესტია რჩებოდა.

      1955 წელს ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის გადაწყვეტილებით ინგლისში მოხდა ჰიპნოზის სრული რეაბილიტაცია. ამავე წელს საფრანგეთში გამოიცა მედიკო-ქირურგიული ენციკლოპედია, სადაც ჰიპნოზს ცალკე თავი მიეძღვნა. 1958 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ოფიციალურად ჩართო ჰიპნოზი სამედიცინო თერაპიაში. 1965 წელს პარიზში ჩატარდა ჰიპნოზის III საერთაშორისო კონგრესი. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, სამედიცინო პრაქტიკაში დღეს ჰიპნოზს მაინც გაცილებით იშვიათად იყენებენ, ვიდრე იყენებდნენ მის „ოქროს ხანაში“ - შარკოსა და ბერნჰეიმის დროს.

      ჰიპნოზმა და ნანსის სკოლაში მის თაობაზე წამოყენებულმა კონცეფციამ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ყურადღება გადაიტანა შთაგონებასა და მის ეფექტებზე. შთაგონების ქვეშ იგულისხმება ადამიანზე ვერბალური და არავერბალური ინფორმაციით ზემოქმედება, რომლის გაზიარებას ლოგიკური აუცილებლობით მოსდევს გარკვეული ცვლილებები ამ ადამიანის ფსიქიკაში, კერძოდ - მისი კოგნიციის, მოტივაციის, ემოციური მდგომარეობის ან ქცევის შეცვლა. შთაგონების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ შთამაგონებელი ინფორმაცია აღიქმება კრიტიკის გარეშე. განასხვავებენ შთაგონებას ბუნებრივ ძილში, ჰიპნოტურ მდგომარეობაში, მედიტაციაში (თვითშთაგონება), ჯგუფურ და მედიასთან ურთიერთობებში (კონფორმულობა, რეკლამა) და ა.შ.

      განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პოსტჰიპნოზური შთაგონების ფენომენმა. პოსტჰიპნოზური შთაგონება გახდა, ზოგადად, არაცნობიერი ფსიქიკურის და, განსაკუთრებით _ არაცნობიერი მოტივის არსებობის ემპირიული დასაბუთება. ჰიპნოზის იმ ფენომენებიდან, რომელიც შთაგონებით მიიღება, ფართოდ ცნობილია ფაქტები, რომელშიც თვალსაჩინოდ მტკიცდება ფსიქოსომატური კავშირის არსებობა. ცნობილია ჰიპნოტური შთაგონებით ადამიანის პულსის, გულისცემის, სუნთქვის, ჯირკვლების სეკრეციის თუ სხვა სომატური პროცესების რეგულაციის ფაქტები. ყველა მათგანი მიუთითებს, რომ სომატური პროცესები დაკავშირებული არის ფსიქიკასთან (თანაც, არაცნობიერ ფსიქიკასთან) და იმართება მის მიერ.

      ფსიქოთერაპიის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ნარკოფსიქოთერაპიაში ნარკოტიკული ნივთიერებები, უმეტესწილად, ბარბიტურატები გამოიყენება. თუმცა ნარკოფსიქოთერაპიის ისტორია არაა დაკავშირებული სუგესტიასთან, ავტორების დიდი ნაწილი ნარკოფსიქოთერაპიას მიიჩნევეს ნარკოტიკულ ძილში წარმოებულ შთაგონებად. 1922 წელს შილდერმა და შემდეგ სხვა ფსიქოანალიტიკოსებმა ნარკოტიკული ნივთიერებები გამოიყენეს ფსიქოანალიტიკური მკურნალობის გაადვილებისთვის, ვინაიდან ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ კარგავს საკუთარი თავის კონტროლს და გულახდილია. 1936 წელს ჰორსლიმ შემოიტანა ტერმინი „ნარკოანალიზი“ და იგი ანალიტიკური ფსიქოთერაპიის მოდიფიკაციად განიხილა. ჰორსლი თვლიდა, რომ ნარკოანალიზი ამცირებს ფსიქოანალიტიკურ თერაპიაზე დახარჯულ დროს.

      ყველაზე ფართო გამოყენება ნარკოფსიქოთერპიამ ჰპოვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ნარკოანალიზი გამოიყენებოდა ამერიკელ და ინგლისელ ჯარისკაცებთან ისტერიული დარღვევების, შიშისა და შფოთვის შემცირებისთვის. კონტაქტისა და ემოციების გამონთავისუფლების გამო პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა ნარკოკატარსისი _ ემოციური განმუხტვა ნარკოტიკული ტრანსის პირობებში. მოგვიანებით დასავლეთში გახშირდა ნარკოანალიზი, ნარკოსინთეზი, „ამითალის ინტერვიუ“, როგორც ექსპრეს-ფსიქოანალიზის მეთოდები.

      ნანსელი აფთიაქარი ემილ კუე (1857-1926) დაკვირვებული კაცი იყო. შეამჩნია, რომ წამლის მოქმედება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ თვისებებზე არაა დამოკიდებული, რომ იმასაც აქვს მნიშვნელობა, ამ წამლით გამოჯანმრთელების სჯერა თუ არა ადამიანს. დაკვირვებების საფუძველზე კუემ შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა „ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა“. 1910 წლიდან იგი ხსნის ფსიქოთერაპიულ კლინიკას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობს.

      უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალო თვითშთაგონების მეთოდის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვა მკვლევარებიც, მათ შორის ცნობილი ქართველი ფიზიოლოგი ივანე თარხნიშვილი (თარხანოვი). ამ მეთოდს ყველაზე ინტენსიურად იყენებდნენ 20-იან წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი შესუსტდა. კუეს მეთოდმა უფრო დიდი გავლენა იქონია ფსიქოთერაპიის ისტორიაზე, ვიდრე პაციენტებზე. არათუ აუტოსუგესტიის მეთოდებზე, არამედ ჰეტეროსუგესტიაზეც და ბიჰევიორისტულ ფსიქოთერაპიაზეც კი მოახდინა გავლენა კუეს მემკვიდრეობამ.

      კუეს მიაჩნდა, რომ დაავადების ძირითადი მიზეზი არის ავადმყოფური წარმოსახვა, რომელშიც ვლინდება არაცნობიერი „იდ“-ი. წარმოსახვის ძალა კუემ მთის მდინარეს შეადარა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. წარმოსახვის სტიქია აჩენს ავადმყოფობასაც. გამოჯანმრთელების პირობად კუე მიიჩნევდასულიერ წონასწორობას, რაც სწორი წარმოდგენებით მიიღწევა. სწორი, ჯანმრთელობისთვის საჭირო წარმოდგენების გამომუშავება, კუეს თვალსაზრისით, შესაძლებელია ბეჯითი ვარჯიშით (სწორედ ეს იდეა იყო მისაღები ბიჰევიორიზმისთვის). კუეს კონცეფციაში ჩანს ფროიდის მოძღვრების ძლიერი გავლენა მიუხედავად იმისა, რომ მისი მეთოდიკა არ გულისხმობს ანალიტიკურ პროცედურას.

      სამკურნალო წარმოდგენები, რომლებსაც კუემ უწოდა თვითშეფასების ფორმულები, თავისი ფორმით ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. ფორმულა უნდა იყოს მარტივი და არ უნდა ჰქონდეს იძულებითი ხასიათი. მაგალითად, სწორი ფორმულაა „მე კარგად ვარ“ და არა - „მე უნდა/მინდა ვიყო კარგად“. რაც უფრო უბრალო, ხატოვანი იქნება ფორმულა, მით უფრო მაღალი იქნება მისი სამკურნალო ეფექტი. თვითშთაგონებას არ უნდა ახლდეს ნებისყოფის ძალისხმევა და ამ ძალისხმევის განცდა.

      ჩიკაგოელმა ექიმმა ედმუნდ ჯეკობსონმა თავისი მეთოდი წარუდგინა სამედიცინო საზოგადოებას 1908 წელს, ანუ დაახლოებით 10 წლის შემდეგ კუეს მეთოდის გაჩენის შემდეგ და 10 წლით ადრე, შულცის მეთოდის გაჩენამდე.

      ჯეკობსონი ამოდიოდა იმ ცნობილი ფაქტიდან, რომ ემოციურ დაძაბულობას თან ახლავს განივზოლიანი კუნთების დაძაბულობა, დამშვიდებას - მათი რელაქსაცია. მან შეამჩნია, რომ სხვადასხვა ტიპის ემოციურ დაძაბულობას შეესაბამება გარკვეული ტიპის კუნთების დაძაბვა. მაგალითად, დეპრესიას თან სდევს სასუნთქი მუსკულატურის დაძაბულობა, შიშს - არტიკულაციის და ფონაციის კუნთების დაძაბულობა და ა.შ.

      ჯეკობსონს მიაჩნდა, რომ თუ მიზანმიმართული თვითშთაგონებით ადამიანი მოადუნებს კუნთების გარკვეულ ჯგუფს („დიფერენცირებული რელაქსაცია“), შესაძლებელია შერჩევით მოხდეს უარყოფითი ემოციების რეგულაცია. ჯეკობსონი თვლიდა, რომ ტვინის ყოველი ნაწილი ფუნქციონირებს პერიფერიულ ნეირომუსკულატურ აპარატთან კავშირში. იქმნება ცერებრონეირომუსკულარული წრე. მიზანმიმართული რელაქსაცია მოქმედებს როგორც პერიფერიაზე, ისე ცენტრზე. რელაქსაციის ქვეშ ჯეკობსონი გულისხმობდა არამარტო კუნთურ რელაქსაციას, არამედ ყველაფერს, რაც დაძაბულობას უპირისპირდება. აქაც მკურნალობა იწყება საუბრით, სადაც პაციენტს განემარტება რელაქსაციის მექანიზმები და ფსიქოლოგიური შედეგები. შემდეგ, მოდის პროცედურები, რომელშიც პირობითად სამი ეტაპი გამოიყოფა.

      აუტოგენური ვარჯიში არის თვითშთაგონება რელაქსაციის მდგომარეობაში (პირველი საფეხური) ან აუტოჰიპნოზში. იგი თვითშთაგონების მეთოდების ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტია. მას თვითონ აქვს ვარიანტების დიდი რაოდენობა. ამ მეთოდის ავტორია იოჰან ჰენრიჰ შულცი (1884 -1970), ტერმინი „აუტოგენური ვარჯიში“-ც მას ეკუთვნის. შულცი სწავლობდა პოზნანში, გიოტინგენში და ბრესლაუში. ფრანკფურტში ფსიქოლოგიის ინსტიტუტში იგი კითხულობდა ლექციებს ფსიქოთერაპიაში, თუმცა თვითონ პროფესიით დერმატოლოგი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მან მიიღო ნევროპათოლოგის დიპლომი და გახდა დრეზდენის მახლობლად არსებული სანატორიუმის მთავარი ექიმი. 1924 წლიდან შულცი ბერლინში გადავიდა, სადაც შექმნა თავისი 400-ზე მეტი შრომა, მათ შორის - ძირითადია მონოგრაფია „აუტოგენური ვარჯიში - ყურადღებიანი თვითმოდუნება“ (1932). განსაკუთრებით ფართო გავრცელება ამ მეთოდმა ჰპოვა გერმანიაში, აშშ-ში და კანადაში. ორიგინალური კონცეფტუალური ბაზა შულცის მეთოდს არა აქვს. იგი ეყრდნობა ემოციების ნერვული და კუნთური კომპონენტების კვლევას, კუესა და ჯეკობსონის იდეებს და პრაქტიკას, ნანსის სკოლის ჰიპნოთერაპევტების და რაციონალური ფსიქოთერაპიის პრაქტიკას. მის სისტემაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იოგამ, რომელსაც შულცმა ჩამოაცილა მისტიკური ინტერპრეტაცია და ევროპული კულტურისთვის მისაღებ (მეცნიერულ) ფორმაში ჩამოაყალიბა, რაც მის ყველაზე დიდ დამსახურებად ითვლება.

      სუგესტური ფსიქოთერაპიის პარალელურად დაიბადა მისი ანტიპოდი – რაციონალური ფსიქოთერაპია. წიგნი, სადაც გადმოცემული იყო რაციონალური ფსიქოთერაპიის პრინციპები – „ფსიქონევროზები და მათი მკურნალობა“ – გამოქვეყნდა 1912 წელს. მისი ავტორი იყო შვეიცარიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი და გამოჩენილი ფსიქოთერაპევტი პოლ დიუბუა (1848-1918), რომელსაც მიაჩნდა, რომ ფსიქიკური დარღვევების მიზეზია რაციონალიზმის დეფიციტი. ამიტომ მკურნალობა მდგომარეობდა კრიტიკულობის, ანალიზის, მსჯელობისა და დასკვნის ლოგიკური ჩვევების გამომუშავებაში. შემოტანილი იქნა ცნება „დაავადების შინაგანი სურათი“. დიუბუა მიზნად ისახავდა პაციენტში ამ სურათის ჩამოყალიბებას ლოგიკური კანონების საფუძველზე. ლოგიკური კანონების პაციენტში „გადატანისთვის“ დიუბუა, ძირითადად, იყენებდა დირექტიულ სტილს და მიმართავდა რჩევას, დარწმუნებას, განმარტებას, ასევე სოკრატესეულ დიალოგსაც. მოგვიანებით სტილისტური ცვლილებები შეიტანეს პროცედურაში, რამაც პროცესი მიუახლოვა სწავლებას და გაჩნდა ტერმინი ფსიქოგოგიკა (კრონფელდი), რომელიც პაციენტს ასწავლის დაავადების რაციონალური სურათის ჩამოყალიბებას. რაციონალური ფსიქოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც. ამ უკანასკნელში რაციონალურ მეთოდებს ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდები ემატება. რაციონალურმა ფსიქოთერაპიამ, როგორც დამოუკიდებელმა სკოლამ, ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი ადგილი ფსიქოთერაპიაში, მაგრამ რაციონალური ელემენტი მეტ-ნაკლები ხარისხით თითქმის ყველა იმ მეთოდში შევიდა, სადაც თერაპიის წამყვანი ფორმა არის საუბარი (გვიანდელი ფსიქოანალიზი და ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, ჰუმანისტური ფსიქოთერაპია და ა.შ.). საზოგადოდ კი, რაციონალური ფსიქოთერაპია მის საფუძვლადმდებარე პრინციპების მიხედვით ფსიქოთერაპიის კოგნიტურ მიმართულებას მიეკუთვნება და მის ერთ-ერთ მთავარ წინამორბედად უნდა ჩაითვალოს.

      დიუბუას დაუპირისპირდა მისი მეგობარი და კოლეგა, სალპეტრიერის კლინიკის პროფესორი ჟოზეფ დეჟერინი (1849-1917). მისთვის მიუღებელი იყო დიუბუას უკიდურესი რაციონალიზმი. გარკვეული ცოდნის მიცემასა და ჭკუის სწავლებაზე დაყვანილი სულიერი თერაპია არაეფექტურია. მსჯელობასა და დარწმუნებას ნევროტიკის სულიერი მდგომარეობის შეცვლა რომ შეეძლოს, მას ფსიქოთერაპია არც დასჭირდებოდა, ვინაიდან ამ ყველაფერს მორალისტების, სულიერი მოძღვრებისა თუ ფილოსოფოსების თხზულებებში მონახავდა. მსჯელობა და იდეა, თავისთავად, არ არის სამკურნალო საშუალება. იგი ასეთად იქცევა მხოლოდ მაშინ, თუ ამ იდეის მისაღებად საჭირო ემოციურ ძვრას იწვევს. „მსჯელობასა და პაციენტის მიერ ამ მსჯელობის აღქმას შორის არის ელემენტი ... ესაა გრძნობა, განწყობილება. სწორედ გრძნობა ქმნის ნდობის ატმოსფეროს, რომლის გარეშე ... ყოველგვარი ფსიქოთერაპია შეუძლებელია“. თუ ასეთი ემოციური ფონი არსებობს, მაშინ თერაპევტის მიერ პაციენტის უბრალო მოსმენასაც სამკურნალო ეფექტი ექნება. საზოგადოდ კი, ფსიქოთერაპიაში მთავარია პაციენტის ექიმისადმი ნდობა და მათი ემოციური ურთიერთქმედება. თბილი, ნდობის გამომწვევი ატმოსფეროს შექნა აუცილებელ პირობად მიაჩნდა თავისი „სამყაროსხედვითი“ თერაპიისთვის გერმანელ ექიმს მარცინოვსკისაც (1909). იგი ცდილობდა პაციენტში ჩამოეყალიბებინა სამყაროს ისეთი ხედვა, როდესაც პიროვნება იგრძნობდა თავს სამყაროს ნაწილად, და გააცნობიერებდა თავის ინდივიდუალობასა და თვითღირებულებას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან მიმართებაში. დეჟერინისა და მარცინოვსკის ფსიქოთერაპიულ მეთოდებში შეიძლება ბევრი საერთოს მონახვა ჰუმანისტურ და ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიასთან.

      ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რომ სუგესტიურმა ფსიქოთერაპიამ ფსიქოანალიზის ფორმირებაზეც მოახდინა გავლენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ XIX და XX საუკუნეების გასაყარზე გამოიკვეთა განსხვავებული ფსიქოთერაპიული მიდგომები, რომლებიც შესაბამის ფსიქოლოგიურ თეორიებს დაეფუძნენ და უმთავრეს ფსიქოთერაპიულ სისტემებად ჩამოყალიბდნენ (იხ. თავი 7, 8, 10, 11).

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია


[1] ქვეთავი დაწერილია რ. საყვარელიძესთან ერთად.

ტეგები: Qwelly, იმედაძე, მედიცინა, ფსიქოლოგია, ჰიპოკრატე

ნახვა: 2994

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters