ფსიქოლოგიის ისტორია, XII თავი, ნაწილი II

12.2. ქცევითი კოგნიტივიზმის ფსიქოლოგიური სისტემები

      კოგნიტივიზმის, როგორც შემეცნების ფსიქოლოგიის ძალიან მოკლე და ზოგადი დახასიათების შემდეგ, ცოტა უფრო ფართოდ განვიხილოთ ქცევის ზოგიერთი კოგნიტივისტური კონცეფცია. აქ გვერდეს ვერ ავუვლით ჟ. პიაჟეს გიგანტურ ფიგურას, რომლის „გენეტიკური ფსიქოლოგია“ შემეცნებითი სტრუქტურების განვითარებას შეისწავლის. შინაარსის მიხედვით ჟენევის სკოლაში მიმდინარე კვლევა კოგნიტური ფსიქოლოგიაა, თუმცა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, იგი საგრძნობლად განსხვავდება ამერიკული კოგნიტივიზმისაგან და გაცილებით ადრეც დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ნაისერი სინანულით აღნიშნავს, რომ პიაჟეს შრომებმა ნეობიჰევიორიზმის ბატონობის დროს ვერ მოიპოვა ფართო აღიარება. ეს მხოლოდ მას მერე მოხდა, რაც კოგნიტივიზმი წამყვან მიმდინარეობად დამკვიდრდა ფსიქოლოგიაში. მან ხელახლა აღმოაჩინა და სათანადოდ შეაფასა პიაჟეს შემოქმედება. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ პიაჟე იყო პირველი ევროპელი ფსიქოლოგი, რომელმაც 1961 წელს მიიღო ამერიკის ასოციაციის პრესტიჟული ჯილდო „მეცნიერებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის“.

      ჟან პიაჟე (1896-1980) გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგია. მისი უმდიდრესი მეცნიერული შემოქმედება შეიცავს შრომებს ბიოლოგიაში, ლოგიკაში, ეპისტემოლოგიაში. საკუთრივ ფსიქოლოგიაში მისი ინტერესები საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრს აერთიანებს. მიუხედავად ამისა, პიაჟემ დატოვა შეხედულებათა ერთიანი, მწყობრი სისტემა, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა გენეტიკური ფსიქოლოგიის ან ჟენევის სკოლის სახელწოდებით.

      პიაჟე დაიბადა შვეიცარიაში, ნევშტალის უნივერსიტეტის კომუნაში. ამავე უნივერსიტეტში მიიღო განათლება ბიოლოგიის სპეციალობით. მისი პირველი მეცნიერული კვლევები მოლუსკების ქცევის შესწავლას ეძღვნებოდა. ძალიან მალე პიაჟე მთლიანად გადაერთო ფილოსოფიურ-შემეცნებით, ხოლო შემდეგ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. 1921 წელს - კლაპარედი რუსოს სახელობის ინსტიტუტში ლაბორატორიის ხემძღვანელად იწვევს ჯერ სრულიად ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერს - პიაჟეს. იგი იწყებს ფართო კვლევა-ძიებას ბავშვის კოგნიტური პროცესების სფეროში, რომელიც, საბოლოოდ, მას საქვეყნო აღიარებას მოუტანს.

      პიაჟეს ბიოლოგიურმა ორიენტაციამ თავი იჩინა პირველივე გნოსეოლოგიური ხასიათის შრომაში „გამოკვლევები“ (1918). აქ იგი შეეცადა დაესაბუთებინა, რომ ბიოლოგიას ძალუძს თავისი წვლილი შეიტანოს კლასიკური ეპისტემოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა ბიოლოგიის მონაცემების უშუალო გადატანით შემეცნების თეორიაში, არამედ მათ შორის შუალედური რგოლების აგების გზით. როგორც პიაჟეს შეხედულებების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, ეს ადგილი უნდა დაიკავოს განვითარების ფსიქოლოგიამ და გენეტიკურმა ეპისტემოლოგიამ. ეს უკანასკნელი პიაჟეს მიერ გაგებულია, როგორც მეცნიერება ცოდნის სხვადასხვა სახეების, ცნებების, შემეცნებითი სტრუქტურების ფორმირების მექანიზმების შესახებ. იგი ეყრდნობა განვითარების ფსიქოლგიის, აგრეთვე ლოგიკისა და მათემატიკის მონაცემებს. 1955 წელს ჟენევაში პიაჟემ დაარსა გენეტიკური ეპისტემოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. ბიოლოგიასთან კავშირი თავს იჩენს პიაჟეს კონცეფციის ბევრ დებულებაში. თავის მეცნიერულ ავტობიოგრაფიაში იგი აღნიშნავს, რომ პრობლემების უმრავლესობას მაინც ბიოლოგის თვალით უყურებდა. იმავე შრომაში პიაჟე თავის მასწავლებლებად ასახელებს პ. ჟანეს ფსიქოლოგიაში გენეტიკური იდეების აქტიურ გამტარებელს და ე. კლაპარედს - ევროპული ფუქციონალიზმის გამოჩენილ წარმომადგენელს. მათი გავლენა ნათლად აისახა პიაჟეს მეცნიერულ შემოქმედებაში, რომლისთვისაც განსაკუთრებით დამახასათებელია წინამორბედი ფსიქოლოგიის მთავარ მონაცემთა ერთიან სისტემაში გააზრების ტენდენცია.

      პიაჟე გამოყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც უნდა ითვალისწინებდეს ფსიქიკური სამყაროს ყოველგვარი კვლევა. მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური მოვლენების გაგება აუცილებლად ნიშნავს მათი როლის, ფუნქციის დადგენას შეგუების პროცესში; ამასთან, ფსიქიკის ანალიზი გულისხმობს მასში სხვადასხვა სახის სტრუქტურების (სქემების, ოპერაციების) გამოვლენას. მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ ამ სტრუქტურების ბუნებისა და მოქმედების წესის გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია მათი ჩამოყალიბებისა და განვითარების კანონზომიერებანი. ამდენად, გენეტიკური მიდგომა ფსიქოლოგიური შემეცნების ძირეულ მეთოდოლოგიურ პრინციპად გვევლინება. პიაჟე მიჯნავს ფსიქოლოგიური კვლევის ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ასპექტებს; საკუთარ მიდგომას სტრუქტურულ-გენეტიკურს უწოდებს და მას ისეთ შეხედულებებს უპირისპირებს, სადაც აქცენტი კეთდება გენეზისზე და იგნორირებულია სტრუქტურა ან პირიქით, შეისწავლება სტრუქტურა მისი განვითარების კანონზომიერებათა ჩვენების გარეშე. პირველი სახის კვლევებს, პიაჟეს აზრით, მიეკუთნება ძველი ასოციაციონისტური თეორიები და დასწავლის თანამედროვე ბიჰევიორისტული მოდელები; მეორეს - ფენომენოლოგია და გეშტალტფსიქოლოგია. ეს უკანასკნელი პიაჟეს განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ გეშტალტფსიქოლოგიამ დაიწყო შემეცნებითი ფსიქიკური სტრუქტურების აქტიური ემპირიული შესწავლა. თვითონ პიაჟეს ყველაზე მეტად ეს აინტერესებდა ფსიქოლოგიაში. აღნიშნავდა რა გეშტალტთეორიის უდიდეს დამსახურებას, პიაჟე არ ეთანხმებოდა მას გეშტალტურობის პრინციპის უნივერსალიზაციაში და იმაში, რომ გეშტალტი განიხილებოდა, როგორც „მარადიული“ ფორმა, რომელიც განვითარებას არ ექვემდებარება. პიაჟემ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ბევრი გეშტალტური თვისება, მაგალითად აღქმის კონსტანტობა, ასაკობრივად ცვალებადი ფენომენია.

      პიაჟე ვერც ბიჰევიორიზმს აუვლიდა გვერდს, რადგან მისი რწმენით, ფსიქიკური სტრუქტურების ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე ლაპარაკი მხოლოდ ქცევის პროცესთან მიმართებაში იძენს აზრს. ამასთანავე, პიაჟეს არ აკმაყოფილებდა ქცევის ბიჰევიორისტული გაგება აქტივობის შინაგანი, შემეცნებითი პლანის გარეშე, ვინაიდან მისი ინტერესი სწორედ ამ უკანასკნელისკენ იყო მიმართული. ქცევა მოტორულისა და მენტალურის ერთიანობაა; შინაგანი, ფსიქიკური მომენტის გარეშე ქცევის აზრის გაგება საერთოდ შეუძლებელია. ბიჰევიორიზმის ფორმულა S-R არაადეკვატურია, ვინაიდან გარკვეულ სტიმულზე რეაგირებისთვის ორგანიზმს უნდა ჰქონდეს გარკვეული სენზიტიურობა მის მიმართ, ანუ მიდრეკილება, თვისება, უპასუხოს მას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმს უკვე მოეპოვება გარკვეული სტრუქტურა, რომელშიც მოცემული სტიმული ჩაერთვება, ასიმილირდება. აქედან გამომდინარე, პიაჟე გვთავაზობს სქემას S-(AT)-R სადაც (AT) ნიშნავს სტიმულის (S) ასიმილაციას სტრუქტურაში (T). ქვემოთ ვნახავთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიაჟეს კონცეფციაში ასიმილაციის ცნებას. აქ კი მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ, ნეობიჰევიორიზმისაგან განსხვავებით, პიაჟეს მხედველობაში აქვს არა ფენომენოლოგიურ მოცემულობას მოკლებული შუალედური ცვლადები, ჰიპოთეტური კონსტრუქტები, არამედ რეალური ფსიქიკური მოვლენები, შემეცნებითი სტრუქტურები, რომლებიც ქცევაში არიან ჩართული და მის განუყოფელ ელემენტს შეადგენენ.

      პიაჟეს თანახმად, ყოველგვარი ქცევა არის ადაპტაცია. ინდივიდი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ წარმოიქმნება მოთხოვნილება, ანუ ირღვევა წონასწორობა ორგანიზმსა და გარემოს შორის. ცოცხალი სისტემის აქტივობა, საზოგადოდ, მიმართულია ამ წონასწორობის აღდგენისკენ. ქცევა გარემოსა და სუბიექტს შორის ურთირთქმედების, ურთირთგაცვლის ერთ-ერთი სახეობაა. ფიზიოლოგიური პროცესებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მატერიალური ხასიათი აქვთ და სხეულთა შინაგან ცვალებადობას გულისხმობენ, ქცევა არ წარმოადგენს სხეულისა და გარემოს მატერიალურ ურთიერთშეღწევას; იგი ფუნქციონალური ბუნებისაა. ფუნქციონალური ქცევა რთული ტრაექტორიით ხასიათდება. სუბიექტი დიდი მანძილით შორდება ობიექტს სივრცეში (აღქმა) და დროში (მეხსიერება). ასე გაგებული ქცევა ყოველთვის ორ ასპექტს მოიცავს - აფექტურს და კოგნიტურს. პირველი ქცევის ენერგეტიკას უზრუნველყოფს, მეორე განსაზღვრავს მის ფორმას, სტრუქტურას, ანუ იმ კონკრეტულ გზებს, რომლებითაც ხდება სუბიექტისა და ობიექტის დაკავშირება. აღქმის, სენსომოტორული ჩვევების, გაგებისა თუ მსჯელობის აქტების ფუნქცია გარემოსა და ორგანიზმს შორის ურთიერთობის სტრუქტურირებაში მდგომარეობს. პიაჟეს კვლევის ძირითად საგანს სწორედ ქცევის სტრუქტურულ-კოგნიტური ასპექტი შეადგენს. მაგრამ ყურადღების გარეშე არც ქცევის აფექტური მხარე რჩება. შემეცნებითი სტრუქტურების ფუნქციონირების მექანიზმებზე მსჯელობისას ავტორი საგანგებოდ მიუთითებს, რომ ყოველ მათგანს აქვს საკუთარი მოტივაცია ანუ ემოციურ-ვოლიტური კომპონენტი. ყოველი სტრუქტურა მამოძრავებელ ძალას შეიცავს. ინტელექტუალური სტრუქტურების შემთხვევაში ესაა სპეციფიკური შემეცნებითი მოთხოვნილებები, რომლებიც, თავის მხრივ, სენსორული მოთხოვნილებებიდან ვითარდება. თვალს, პიაჟეს თქმით, ისევე ესაჭიროება მხედველობითი გამღიზიანებელი, როგორც სხეულის ქსოვილებს კვება. სენსორული მოთხოვნილებების განვითარების შედეგად ჩნდება ყურადღების (ორიენტაციის), შემდგომ კი შემეცნების მოთხოვნილებები. საბოლოოდ, ქცევის ანალიზს პიაჟე ფუნდამენტურ დასკვნამდე მიჰყავს; კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ საერთოდ არ შეიძლება გონების გამოცალკევება გრძნობისაგან. „აფექტი და ინტელექტი ყოველგვარი ადამიანური ქცევის ორ ურთირთშემავსებელ ასპექტს შეადგენს“.

      კოგნიტურ და ემოციურ სფეროთა ერთიანობა ყველაზე მკაფიოდ იჩენს თავს ნებელობითი ქცევის დახასიათებისას. პიაჟეს მიხედვით, ნებელობის პრობლემის არსი იმაშია, რომ თავდაპირველად უფრო სუსტი ტენდენცია გაბატონდება ძლიერზე და წარმართავს ქცევას. ამ ფენომენის ასახსნელად, პიაჟეს აზრით, არ არის საჭირო პიროვნებაში არსებული რაიმე დამატებითი ძალის დაშვება. ნებელობის სფეროში ყველაფერი ინტელექტუალური ოპერაციების ანალოგიურად ხორციელდება, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ ემოციურ ოპერაციებზე. ისინი დაკავშირებულია ღირებულებათა შემონახვასა და კოორდინაციასთან, ხოლო ინტელექტუალური ოპერაციები - მიმართებათა შემონახვასა და კოორდინაციასთან.

      როგორ ხორციელდება ნებელობის აქტი? პიაჟე აქ პირველ რიგში ღირებულებათა შემონახვის პრინციპზე მიუთითებს. აფექტური ბუნების ღირებულებები ისევე შემოინახება, როგორც აზრი ინტელექტუალურ ოპერაციებში, რაც საფუძვლად ედება ლოგიკურ თანმიმდევრობას. მორალი აფექტურ ღირებულებათა შემონახვის მექანიზმია. გქონდეს ნებელობა, ნიშნავს გაგაჩნდეს ღირებულებათა პერმანენტული სკალა. თუკი იგი არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ნებელობითი კონფლიქტი გადავჭრათ აქტუალური ემოციური მდგომარეობის რეალური ღირებულებებისადმი დაქვემდებარების გზით, ანუ დეცენტრაციის მექანიზმის მეშვეობით. დეცენტრაცია პიაჟეს მოძღვრების ერთერთი ცენტრალური ცნებაა და გამოიყენება სოციალიზაციის, კოგნიტური და მორალური განვითარების ანალიზისას. იგი წარმოადგენს ინდივიდის ამჟამინდელი პოზიიციის, ცნების, შეხედულების შეცვლას სხვა ვითარებებთან და პოზიციებთან შეპირისპირებისა და ინტეგრაციის გზით.

      პიაჟე განიხილავს ნებელობითი ქცევის მაგალითს, როდესაც მუშაობის თავდაპირველად სუსტი ტენდენცია გაბატონდება ყველა სიტუაციურ ტენდენციაზე, რაც სათანადო ქცევის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. როგორ მოხდა ამ ტენდენციის გაძლიერება? დეცენტრაციის საშუალებით - პასუხობს პიაჟე. დასაწყისში ჩვენ სიტუაციური სურვილების ტყვეობაში ვიმყოფებით. ამ მდგომარეობის დაძლევა ორი გზით არის შესაძლებელი: წარსულის აღდგენით და მომავლის წარმოდგენით, რაც განაპირობებს აქტუალური ღირებულების (სურვილის) დაქვემდებარებას უფრო დიდ ღირებულებათა სკალისადმი, ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანის, საქმის ღირებულებისადმი. იმ მომენტიდან, როცა ძალთა კონფიგურაცია იცვლება და მე ვიწყებ მოქმედებას ჩემი ჩვეულებრივი ღირებულებათა სკალის შესაბამისად (ე.ი. იქიდან მოყოლებული, როდესაც ჩემი აქტუალური სურვილი ჩაერთვება ღირებულებათა პერმანენტულ სკალაში), კონფლიქტი გადაწყვეტილია; ადრინდელი ძლიერი სურვილი სუსტდება და ექვემდებარება ტენდენციას, რომელიც დასაწყისში უფრო სუსტი იყო.

      როგორც ითქვა, პიაჟე გამოყოფს ემოციურ და ინტელექტუალურ ოპერაციებს. ინტელექტის საკითხი პიაჟეს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ინტელექტი არ განიხილება სხვა კოგნიტური პროცესებისაგან მოწყვეტით. ინტელექტი, უფრო დაბალი დონის კოგნიტურ-მოტორული სტრუქტურების მსგავსად (აღქმა, ჩვევა, სენსომოტორიკა, მეხსიერება), შეგუების, წონასწორობის მიღწევის საშუალებაა. „ერთი-მეორის ზემოთ განლაგებულ ამ სტრუქტურათა თანმიმდევრობა ისეთი რიგის სახით უნდა განიხილებოდეს, რომელიც ევოლუციის კანონების მიხედვით აიგება. ყოველი სტრუქტურა უზრუნველყოფს იმ პროცესების უფრო მდგრად და ფართოდ გავრცელებად წონასწორობას, რომლებიც წინა სტრუქტურაში აღმოცენდნენ. ინტელექტი სხვა არაფერია, თუ არა გვაროვნული სახელწოდება, რომლითაც აღინიშნება კოგნიტური სტრუქტურების ორგანიზაციისა ან წონასწორობის უმაღლესი ფორმები“.

      ინტელექტი, როგორც ყოველგვარი მოქმედება, ადაპტაციაა. ამიტომ, მისი უფრო დეტალური დახასიათება საჭიროებს გარკვეული შეხედულების ჩამოყალიბებას ზოგადად ადაპტაციაზე. პიაჟეს თანახმად, ყოველგვარი ადაპტაცია, ბიოლოგიური იქნება ის თუ ფსიქიკური, გულისხმობს ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესის განხორციელებას: ასიმილაციას და აკომოდაციას. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ასიმილაცია არის გარეგანი ელემენტების ინტეგრაცია ორგანიზმის განვითარებად ან უკვე ჩამოყალიბებულ სტრუქტურებში. ფიზიოლოგიურად ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი გარედან იღებს გარკვეულ ნივთიერებებს და გადაამუშავებს მათ თავისი სტრუქტურის შესაბამისად. ასიმილაციას, ასეთი ფართო გაგებით, ადგილი აქვს ქცევის შემთხვევაშიც. ეს ეხება როგორც პერცეპტულ, ასევე ინტელექტუალურ და სხვა ქცევებს. ასიმილაცია არის ახალი ობიექტის, პრობლემური სიტუაციის ჩართვა უკვე არსებულ ქცევით სქემაში. რაც შეეხება აკომოდაციას, იგი არის აღნიშნული სქემის შეცვლა ახალი ვითარების შესაბამისად, მასთან უკეთ შეგუების მიზნით. ყოველგვარი ადაპტაცია, მათ შორის კოგნიტურიც, ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესების გაწონასწორებული მიმდინარეობაა. სწორედ მათი ერთიანობა განაპირობებს წონასწორობას ორგანიზმსა და გარემოს შორის, რისკენაც ყოველგვარი ცოცხალი სისტემა მიისწრაფის. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სრული წონასწორობის დამყარება არსებითად შეუძლებელია, ვინაიდან ორგანიზმი მუდმივად განიცდის შიდა ან გარე სტიმულებისა და პროცესების ზემოქმედებას. ამიტომ მთავარია არა წონასწორობა, როგორც ასეთი, არამედ გაწონასწორების პროცესი. თვით წონასწორობა, რომლისკენაც მიისწრაფის ყოველგვარი ცოცხალი სისტემა, არ უნდა გავაიგივოთ სიმშვიდესთან ან უძრაობასთან. წონასწორობა, წერს პიაჟე, უნდა გავიგოთ „როგორც კომპენსაცია, რომელიც ხოციელდება სუბიექტის მოქმედების საშუალებით გარეგან პერტურბაციაზე საპასუხოდ და, არავითარ შემთხვევაში, როგორც სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფი ძალების ბალანსი“. რაც უფრო მყარია წონასწორობა, მით მეტ აქტივობას მოთხოვს იგი სუბიექტისაგან, მით უფრო აქტიური და გაწონასწორებულია ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესები. ეს გარემოება ფრიად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი გათვალისწინებით პიაჟე უპირისპირდება ქცევის ადაპტაციურ, ჰომეოსტაზურ მოდელებს, რომელთათვისაც ქცევის ანალიზის ათვლის წერტილი წონასწორობის, ბალანსის, უძრაობის მდგომარეობაა. ისინი ვერ უძლებენ სერიოზულ კრიტიკას, როდესაც საკითხი ადამიანის ქცევის სპეციფიკას ეხება.

      ყოველი ქცევა, რომელიც კოგნიტური პროცესების მეშვეობით ხორციელდება, ერთგვარად ათავისუფლებს ორგანიზმს აქ და ამჟამად მოცემულ, უშუალოდ მომქმედ გარემოსთან მიჯაჭვულობისაგან. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება ადაპტაციური ურთიერთობის დამყარება სივრცეში დაშორებულ ობიექტებთან, მომავლის წინასწარმეტყველება და წარსულის აღდგენა. ინტელექტის როლი ამ მხრივ განსაკუთრებულია. მხოლოდ მას შესწევს უნარი გაითვალისწინოს მოქმედების ადაპტურობისთვის აუცილებელი ყველა გარემოება. „მხოლოდ იგი მიილტვის ტოტალური წონასწორობისკენ, ესწრაფვის იმას, რომ სინამდვილის მთელი ერთობლიობის ასიმილაცია და მასში მოქმედების აკომოდირება მოახდინოს, მოქმედების, რომელსაც იგი ათავისუფლებს იმთავითვე არსებულ „აქ და ამჟამად“ მოცემულობაზე მონური დაქვემდებარებულობისაგან“. ინტელექტით უზრუნველყოფილი მოქმედება ყველაზე რთული, ყოვლისმომცველი და მოქნილი ქცევაა.

      ყოველგვარი ფსიქიკური, მათ შორის ინტელექტუალური ქცევა, წარმოიქმნება გარეგანი, მატერიალური მოქმედებიდან. მენტალური მოქმედების უმარტივესი სტრუქტურა არის სქემა. სქემები ორი ტიპისაა: სენსომოტორული და კოგნიტური. ოპერაცია კოგნიტური სქემის ერთგვარი სახეა, რომელიც გონებრივი განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიქმნება და, საბოლოოდ, ინტელექტუალური აქტივობის ძირითად ელემენტად იქცევა. ოპერაციები ინტერიორიზირებული ე.ი. გაშინაგნებული გარეგანი მოქმედებებია (მაგ., შეკრება შეიძლება შესრულდეს ჯერ მატერიალურ საგნებზე, შემდეგ კი გონებაში). მაგრამ ყოველგვარი ინტერიორიზირებული გონებრივი მოქმედება, რომელიც საგნობრივი მოქმედებიდან არის წარმოქმნილი, ჯერ კიდევ არ არის ოპერაცია. იმისთვის, რომ იგი საკუთრივ ოპერაციად იქცეს, მან უნდა შეიძინოს გარკვეული ნიშან-თვისებები. ოპერაციებს პირველ რიგში ის გარემოება გამოარჩევს, რომ ისინი შექცევადნი არიან; ოპერაცია ფაქტობრივად რაიმეს გონებრივი გარდაქმნაა, რადგან ამ დროს ობიექტი ან პროცესი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ამიტომ ყველა ოპერაციისთვის უნდა არსებობდეს საწინააღმდეგო, სიმეტრიული ოპერაცია, რომელიც აღადგენს ამოსავალ მდგომარეობას (მაგ., შეკრების ოპერაციის საპირისპიროა გამოკლება). გარდა ამისა, მოქმედება მაშინ არის ოპერაცია, თუ იგი კოორდინირებულია სხვა ოპერაციებთან, იმათთან, რომლებთანაც მოძრავ მთლიანობით სტრუქტურებს ქმნის. იზოლირებული ოპერაცია გონებრივი ამოცანის სრულყოფილ გადაწყვეტას ვერ მოგვცემს. მაგალითად, არითმეტიკული ან გრამატიკული წესი აზრს მხოლოდ სათანადო მათემატიკურ ან ენობრივ სისტემაში იძენს. ასევეა ცალკეული სივრცითი ან დროითი მიმართებების წვდომის შემთხვევაშიც. არსებითად იგივე ითქმის ემოციურ ოპერაციებზეც, რომლებიც, როგორც ზემოთ დავინახეთ, მხოლოდ ღირებულებათა მუდმივ სისტემასთან მიმართებაში იძენენ ნებელობითი აქტის წარმართვის უნარს.

      ოციან წლებში პიაჟემ დაიწყო ბავშვის აზროვნების გენეზისის ემპირიული შესწავლა. კვლევის მეთოდიკური პრინციპების განსაზღვრისას პიაჟე უარს ამბობს გონებრივი კოეფიციენტების ტესტური დადგენის, მისი აზრით, უნაყოფო პრაქტიკაზე და მიმართავს კლინიკური ან თავისუფალი საუბრის მეთოდს. ასეთი საუბრისას ბავშვს ეძლევა მის სპონტანურ გამონათქვამებთან მაქსიმალურად დაახლოებული კითხვები. მაგალითად, რა ამოძრავებს ცაში ღრუბლებს, მდინარეში წყალს, ქარის დროს ჰაერს? რატომ იძირება პატარა ქვა და დაცურავს დიდი ნავი? რატომ არ ვარდება დაბლა მზე, მთვარე ან ვარსკვლავები? საიდან ჩნდება სიზმრები? და ა.შ. ბავშვის მსჯელობებში, გამონათქვამებში პიაჟე ეძებს იმას, რაც არსებითად განასხვავებს მისი აზროვნების წესს მოზრდილისაგან. თავდაპირველად ასეთ ძირითად თვისებად პიაჟეს ბავშვის ეგოცენტრიზმი მიაჩნდა. პატარა ბავშვი საკუთარი დახშული სამყაროს ცენტრია. იგი უკიდურესად ეგოისტურია და ახასიათებს ბიოლოგიური ეგოიზმი, რაც თავს იჩენს ორგანული მოთხოვნილებებისა და თამაშის გამოკვეთილ პრიორიტეტში. იგი მოკლებულია ობიექტურობას და კრიტიკულობას საკუთარი თავის მიმართ. ეგოცენტრიზმი თვალსაჩინოდ ვლინდება ბავშვის მეტყველებაში. ეგოცენტრული მეტყველება ესაა მეტყველება თავისთავთან და მეტყველება თავისთავისთვის; მას არა აქვს ურთიერთობის და გაგებინების ფუნქცია; იგი უფრო ბავშვის განცდისა და მოქმედების თანმხლებ მომენტს, მათ ილუსტრაციას წარმოადგენს. ბავშვის აზროვნებას სხვა თვისებებიც ახასიათებს, ესენია: ანიმიზმი - საგნების სულიერი თვისებებით აღჭურვა; არტიფიციალიზმი - ბუნების მოვლენების ადამიანის მიერ შექმნილად მიჩნევა; მაგია - სიტყვებისა და ჟესტებისათვის საგნებზე ზემოქმედების უნარის მიწერა და სხვა.

      ოცდაათიან წლებში პიაჟე მკვეთრად ცვლის თავის მიდგომას ინტელექტის ონტოგენეტური განვითარების საკითხის მიმართ. ინტელექტის განვითარება ახლა უკვე განიხილება როგორც გონებრივი სტრუქტურების თანმიმდევრული ცვალებადობის პროცესი. შესაბამისად, გამოიყოფა ინტელექტის განვითარების ოთხი სტადია. პირველი - სენსომოტორული ინტელექტის სტადია. იგი გრძელდება დაბადაბიდან 1,5-2 წლამდე. ესაა პერცეპტული და პრაქტიკული მოქმედებების პლანში მიმდინარე რეაქციების ხანა; იგი ამზადებს ეტაპს, როდესაც აქტივობა საკუთრივ გონებრივი მოქმედებებით, ანუ შინაგან პლანში იწარმოებს. ამ დროს ინტელექტი თავისი განვითარების მეორე სტადიაზე გადადის, რომელიც 7-8 წლამდე გრძელდება და ოპერაციამდელი სტადია ეწოდება. მართალია ამ სტადიაზე უკვე მოხდა გარეგანი მოქმედებიდან შინაგან მოქმედებაზე გადასვლა, მაგრამ ეს მოქმედება ჯერ კიდევ არ არის ინტელექტუალური ოპერაცია, ვინაიდან მას არა აქვს შექცევადობის თვისება. პიაჟემ ეს მრავალრიცხოვანი გონებამახვილური ექსპერიმენტების საშუალებით დაადგინა. მაგალითად, თუ უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვს ვთხოვთ გადაასხას სითხე დაბალი და ფართო ჭურჭლიდან მაღალ და ვიწრო ჭურჭელში, იგი გვეტყვის, რომ სითხის რაოდენობა გაიზარდა. ამ შემთხვევაში ბავშვს არ შეუძლია გონებაში შეაბრუნოს გადასხმის მოქმედება. იგი იმყოფება უშუალოდ დანახულის შთაბეჭდილების ქვეშ: ვინაიდან მაღალყელიან ჭურჭერლში სითხის დონემ აიწია, მაშასადამე, მისი რაოდენობა მეტია. სკოლამდელი ბავშვის აზროვნება, პიაჟეს თქმით, თვალსაჩინოა. შვიდი წლიდან მოყოლებული, ბავშვები ამგვარ შეცდომებს აღარ უშვებენ, მათი გონებრივი მოქმედებები შექცევადობის თვისებას იძენენ, რაც კონკრეტული ოპერაციების პერიოდის დაწყებას მოასწავებს. ბავშვი ასრულებს გონებრივ ოპერაციებს, თუმცა, როგორც წესი, ეყრდნობა კონკრეტულ მასალას. ეს არ ნიშნავს, რომ მას მოქმედება მხოლოდ ამჟამად მოცემული საგნებით შეუძლია, მაგრამ მისი ინტელექტის ძირითადი ინტენცია სწორედ ასეთია. 11 წლიდან ბავშვი გადადის ფორმალური ოპერაციების სტადიაზე, რომელიც სრულდება 15 წლისთვის. ბავშვს უკვე შეუძლია ფორმალურად განსაზღვროს ცნებები, რომლებსაც მანამდეც იყენებდა, მაგრამ ვერ განსაზღვრავდა. ჩნდება გონებრივი მოქმედების აბსტრაქტულ პლანში წარმართვის უნარი, რაც ჰიპოთეტურ გამონათქვამებზე დაყრდნობით ხდება.

      პიაჟეს და მისი თანამშრომლების მრავალწლიანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ „სტადიები ყოველთვის უცვლელი თანმიმდევრობით აღმოცენდება, რასაც იმის დაშვებამდე მივყავართ, რომ აქ გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორი მოქმედებს, ისეთი, როგორიცაა მომწიფება“. გარემოს, კერძოდ, პედაგოგიურ ზემოქმედებას, შეუძლია ერთგვარად დააჩქაროს ან შეცვალოს სპონტანური განვითარების პროცესი, მაგრამ მას არსებითად ვერ შეცვლის. აქედან გამომდინარე, პიაჟე ერთმნიშვნელოვნად წყვეტს სწავლებისა და განვითარების ურთიერთმიმართების პრობლემას, რომელიც - უმნიშვნელოვანესია პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. სასწავლო პროცესის ორგანიზაციას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვრავდეს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების დონე. ამგვარი პოზიცია სრულებითაც არ არის საყოველთაოდ მიღებული. დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრებას იცავს ბრუნერი. იგი საერთოდ უარყოფს კავშირს განვითარებასა და სწავლებას შორის, მიაჩნია რა, რომ პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვს ვასწავლოთ ყველაფერი, რაც გვინდა; მთავარია მოინახოს მასალის მიწოდების საჭირო ფორმა. ამ პოლუსებს შორის არის თვალსაზრისი (ვიგოტსკი, უზნაძე და სხვა), რომლის თანახმად სწავლების სირთულის დონე გარკვეულად წინ უნდა უსწრებდეს განვითარების აქტუალურ დონეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება იგი განვითარების მამოძრავებელი ფაქტორი.

      პიაჟე დამსახურებულად ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ იდიდეს ფსიქოლოგად. მის გავლენას განვითარების ფსიქოლოგიაზე ადარებენ შექსპირის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე. მიუხედავად ამისა, ინტელექტის სტადიების კონცეფცია მრავალი ასპექტით გახდა კრიტიკული განხილვის საგანი, თუმცა ნიშანდობლივია, რომ თვითონ კრიტიკოსებს შორისაც არ არსებობს თანხმობა პიაჟეს უმდიდრესი მეცნიერული შემოქმედების შეფასებაში. ზოგი მისი სისტემის თეორიულ ნაწილს თვლის საკამათოდ, ზოგი მეთოდურს, ზოგიც კი ფაქტოლოგიურს. ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, პიაჟეს შეხედულებებთან დაკავშირებით უცნაური მდგომარეობა შეიქმნა; ერთი მხრივ, ინტელექტის განვითარების ვერც ერთი თანამედროვე მკვლევარი ვერ ასცდება იმას, რომ არ დაიმოწმოს პიაჟეს მიერ მოპოვებული ფაქტები და მათი ახსნა. მეორე მხრივ, პიაჟეს არავინ ეთანხმება. ეს შეფასება გარკვეულად ასახავს საქმის ვითარებას, თუმცა მისი ბოლო პასაჟი უდავო გადაჭარბებაა.

      მართლაც, არსებობს გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადამიანის კოგნიტური განვითარება ყველგან, ყველა კულტურაში ისე მიმდინარეობს, როგორც ეს პიაჟემ დაადგინა. ამასთანავე, არის საწინააღმდეგო მონაცემებიც. მაგალითად, ბრუნერის მიერ ჩატარებულმა „პიაჟეს ფენომენების“ კროსკულტურულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა კულტურებში. ამიტომ მან ჩათვალა, რომ პიაჟეს ფენომენები უნდა განიხილებოდეს ბავშვის მიერ გარკვეული მოთხოვნების შეთვისების კონტექსტში. ეს არის მოთხოვნები, რომლებსაც საზოგადოება უყენებს ბავშვს იმის შესაბამისად, თუ განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება იგი. კროსკულტურული კვლევების ისეთ განზოგადებასაც ვხვდებით, რომლის თანახმად სტადიების თანმიმდევრობა უნივერსალურია, ხოლო მათი გავლის ტემპი სოციალურ-კულტურული ფაქტორების მიხედვით ცვალებადობს.

      ბევრი გამოკვლევა ჩატარდა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზუსტად ადგენს პიაჟეს მიერ გამოყენებული მეთოდური აპარატი ამა თუ იმ სტადიის ასაკობრივ ჩარჩოებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა პიაჟეს ამოცანების იმგვარი გადასხვაფერება, რომ ისინი 2-3 წლით უმცროსმა ბავშვებმა ამოხსნეს, ანუ იმ ბავშვებმა, რომლებიც, პიაჟეს მიხედვით, უფრო ადრეულ სტადიაზე იმყოფებოდნენ. ისიც ნაჩვენებია, რომ ბავშვის წარუმატებლობა პიაჟეს ამოცანების შესრულებისას შეიძლება გაპირობებული იყოს მისი სხვა ფუნქციების, კერძოდ ყურადღებისა და მეხსიერების განვითარების ჩამორჩენილობით. საზოგადოდ, პიაჟეს ექსპერიმენტების ტოტალური გადამოწმების შემდეგ, ბევრმა მკვლევარმა ჩათვალა, რომ ისინი ძალზე „რთულებია“. როცა იგივე უნარები სხვა, ბავშვის ინტელექტისთვის უფრო მისაწვდომი ამოცანებით შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ მონაცემები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ამას პიაჟე ვარაუდობდა.

      უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მაინც ღიად რჩება, ვინაიდან, პიაჟეს მომხრეთა აზრით, სწორედ კრიტიკოსები ცდებიან, როცა ბავშვებს მათი ინტელექტის რეალური განვითარების დონესთან შედარებით ბევრად ადვილ ამოცანებს აძლევენ. ეს თემა რომ დავასრულოთ, მოვუსმინოთ პიაჟეს შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარს, ფლეიველს. პიაჟეს ემპირიული მონაცემების კრიტიკული შეფასების შემდეგ იგი საკმაოდ ფრთხილად შენიშნავს, რომ პატარა ბავშვებს, ალბათ, მეტი შეუძლიათ, ვიდრე ამას პიაჟე ფიქრობდა, ხოლო მოზარდებსა და მოზრდილებს - უფრო ნაკლებიო.

      პიაჟეს სისტემის სხვა ასპექტების მიმართაც არის გამოთქმული სერიოზული შენიშვნები. მათზე აღარ შევჩერდებით. პიაჟეს მიერ შესრულებული გრანდიოზული სამუშაო, ცხადია, ვერ იქნებოდა იდეალური; სირთულეებისა და შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. მაგრამ, როგორც ამ მოძღვრების დამცველნი ამტკიცებენ, კრიტიკა საკმარისად არ ითვალისწინებს პიაჟეს მეთოდოლოგიური მიზნების, მეთოდური მიდგომებისა და თეორიული შეხედულებების თავისებურებას. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ავტორი, ხანგრძლივი კვლევის პროცესში, ამა თუ იმ საკითხზე თვალსაზრისს იცვლიდა. ამიტომ მის უამრავ პუბლიკაციაში წარმოდგენილი მოსაზრებების სრულყოფილი და ადეკვატური ანალიზი მეტად რთულია.

      აღსანიშნავია, რომ თვითონ პიაჟე საერთოდ არ პასუხობდა თავისი მისამართით გამოთქმული კრიტიკას. ერთადერთი ავტორი, რომელსაც მან სპეციალური წერილით უპასუხა, იყო ვიგოტსკი. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ახლაც ბევრს მსჯელობენ ამ მეცნიერთა პოზიციების ურთირთმიმართებაზე. მათ თვალსაზრისებს შორის მართლაც არსებობს როგორც მსგავსება, ისე განსხვავება. ზემოთ უკვე აღინიშნა მათი შეხედულებების სხვადასხვაობა სწავლისა და განვითარების პროცესების ურთიერთმიმართების პრობლემასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, პიაჟეს მიხედვით, განვითარება წინ უსწრებს სწავლას; ეს უკანასკნელი შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს განვითარებისთვის, ვინაიდან ბავშვი ვერ ეჩვევა დამოუკიდებელ აზროვნებას. ვიგოტსკისთვის პირიქით, სწავლა, როგორც სოციალური მოვლენა, წინ უსწებს და აპირობებს განვითარებას.

      ადამიანის ფსიქიკის ქმნადობისა და განვითარების საქმეში სოციალური ფაქტორების აბსოლუტური პრიორიტეტი ვიგოტსკის შეხედულებათა ქვაკუთხედია. პიაჟე, ცხადია, არ უარყოფს სოციალური ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ წამყვან როლს ფსიქიკურ განვითარებაში მომწიფების ბუნებრივ და სპონტანურ პროცესებს ანიჭებს. ერთ შემთხვევაში აქცენტი ფსიქიკის გარეგან დეტერმინაციაზე კეთდება, მეორეში - შინაგანზე.

      მოცემული დიქოტომიის კონტექსტში გასაგები ხდება იმ დისკუსიის არსი, რომელიც გაიმართა პიაჟესა და ვიგოტსკის შორის ეგოცენტრული მეტყველების საკითხთან დაკავშირებით. ეგოცენტული მეტყველების სტადიაზე ბავშვი არავის მიმართავს, ლაპარაკობს თავის თავთან ისე, თითქოს ხმამაღლა ფიქრობდეს. პიაჟეს თანახმად, ეგოცენტრული მეტყველება ბავშვის აზროვნების აუტიზმის, ეგოცენტრიზმის გამოვლენაა. მას უკიდურესად უჭირს სხვის პოზიციაზე დადგომა და, მით უმეტს, თავისი პოზიციის შეცვლა სხვისი პოზიციის გათვალისწინებით. ეგოცენტრიზმი „დეცენტრაციის უკმარისობაა; ეს არის საკუთარი გონებრივი პერსპექტივის შეცვლის შეუძლებლობა როგორც სოციალურ, ისე სხვა ურთიერთობაში“. პიაჟე თვლის, რომ კოგნიტური განვითარების კუთხით ეგოცენტრულ მეტყველებას, არსებითად, პოზიტიური ფუნქცია არ გააჩნია; როგორც შუალედური რგოლი, იგი მხოლოდ სათანადო გამოცდილებით უზრუნველყოფს ბავშვს და გზას უხსნის სოციოცენტრულ, ანუ ურთიერთობაზე მიმართულ მეტყველებას (მიმართულება შიგნიდან - გარეთ).

      ვიგოტსკის მიხედვით, მეტყველების განვითარების ვექტორს საწინააღმდეგო მიმართულება აქვს. ბავშვის (ისევე როგორც მოზრდილის) მეტყველება იმთავითვე სოციალური ბუნებისაა და ურთიერთობას ემსახურება. შემდეგ იგი გაივლის ეგოცენტრულ საფეხურს, რომელიც თან სდევს ბავშვის აქტივობას და მის დაგეგმვასა და მართვას ემსახურება, ე.ი. ის სრულიად გარკვეული პოზიტიური ფუნქციის მატარებელია. ამ შუალედური სტადიის გავლით, საბოლოოდ, ბავშვი მიდის შინაგან მეტყველებამდე და აზროვნებამდე (მოძრაობა გარედან - შიგნით).

      ვიგოტსკი ორიგინალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის ავტორია, რომელმაც, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, მსოფლიო ფსიქოლოგთა ყურადღება მიიპყრო. ამაში, შესაძლოა, გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ ვიგოტსკის თეორიით ისეთი დიდი ავტორიტეტი დაინტერესდა, როგორიც პიაჟე იყო. ყოველ შემთხვევაში, ლიტერატურაში მათი თვალსაზრისები ხშირად ერთ კონტექსტში განიხილება.

      ლევ ვიგოტსკის (1896-1934) კონცეფციის ყველაზე გავრცელებული სახელწოდება ფსიქიკის კულტურულ-ისტორიული თეორიაა. ზოგჯერ მას უწოდებენ ადამიანის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების საზოგადოებრივისტორიული წარმოშობის თეორიასაც. ამ შეხედულების ცენტრში მართლაც დგას საკითხი ადამიანის სპეციფიკური ფუნქციების წარმოქმნის შესახებ. ვიგოტსკის ემპირიული კვლევის მეთოდოლოგიაც ამ ფუნქციების ფორმირებას უკავშირდებოდა. ვოგოტსკი ცდილობდა განეხილა ფსიქიკის განვითარება ყველა სახის გენეზისის (ონტოგენეზი, ფილოგენეზი, ანთროპოგენეზი) კუთხით. ეს ფსიქოლოგიური სისტემა არსებითად კოგნიტური ფუნქციების გენეზისს ეხება. ამიტომ სავსებით ლოგიკურია მისი დახასიათება მოცემულ თავში.

      ვიგოტსკის თანახმად, ადამიანის ფსიქიკის ქვედა ფენას, რომელიც მის ცხოველურ წარმოშობაზე მიანიშნებს, შეადგენენ ე.წ. ნატურალური, დაბალი, ანუ უნებლიე პროცესები (სენსომოტორული, მნემური და სხვა). ადამიანისთვის სპეციფიკური, უმაღლესი ფსიქიკური პროცესები (ნებისმიერი ყურადღება, ნებისმიერი მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება და ა.შ.) მათგან არსებითად განსხვავდება. ამ განსხვავებას, პირველ ყოვლისა, უმაღლესი ფსიქიკური პროცესების ნებისმიერობა განაპირობებს. ნატურალურ პროცესებს ადამიანი ვერ აკონტროლებს, ხოლო უმაღლესი ფსიქიკური პროცესები მისი ცნობიერების მართვას ექვემდებარება. რეგულაციის ამგვარი სახე მათი გაშუალებული ხასიათიდან გამომდინარეობს და ხორციელდება კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში შექმნილი ნიშნების ან ნიშანთა სისტემის მეშვეობით. ესენია ენა, დამწერლობა, დათვლის სისტემა და სხვა. ნიშანი კოგნიტური და, საზოგადოდ, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების საშუალებად გვევლინება. ნიშნები ქმნიან დამატებით კავშირებს სტიმულსა და რეაქციას შორის (როგორც ქცევით, ისე გონებრივ სფეროში), რაც პროცესის დაუფლების, მისი შეგნებული გამოყენების საფუძველია. ნატურალური, უშუალო ფსიქიკური პროცესები S-R სქემით გამოიხატება; უმაღლესი ფსიქიკური პროცესების სქემაში ამ ორ წევრს შორის მიმართება ნიშნით არის გაშუალებული.

      ცხადია რომ ნიშნებს თვითონ ბავშვები არ იგონებენ; მათი შეთვისება უფროსებთან ურთიერთობის პროცესში ხდება. ამდენად, ნიშანი თავიდან გარეგან პლანში, ურთიეთობის პროცესში ჩნდება, ხოლო შემდგომ გადადის შინაგან, ცნობიერების პლანში: „ბავშვის კულტურული განვითარების ისტორიაში ყოველი ფუნქცია ორ პლანში იჩენს თავს, ჯერ სოციალურში, შემდგომ ფსიქიკურში; ჯერ ადამიანთა შორის, როგორც ინტერფსიქოლოგიური კატეგორია, ხოლო შემდეგ ბავშვის შინაგან სამყაროში, როგორც ინტრაფსიქოლოგიური კატეგორია“. ერთი სიტყვით, ხდება ნიშანთა ინტერიორიზაცია, რაც ბავშვის ფსიქიკის განვითარების ძირითადი მექანიზმია.

      ვიგოტსკის თეორია არ გახდა რუსული საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთადერთი და წამყვანი კონცეფცია. მას დაუპირისპირდნენ ე.წ. ქმედების თეორიის წარმომადგენლები, როგორც სერგეი რუბინშტეინის (1889-1960), ისე ალექსეი ლეონტიევის (1903-1979) სკოლებიდან. უკიდურესად განზოგადებული სახით, კულტურულ-ისტორიული და ქმედების თეორიების განსხვავების დედააზრი შემდეგზე დაიყვანება: პირველში რეალიზებულია ბიბლიაში მოცემული ფორმულა - „პირველად იყო სიტყვა“, ხოლო მეორეში ფორმულა, რომელიც, ჩვეულებრივ, გოეთეს მიეწერება - „პირველად იყო საქმე“.

      სინამდვილეში სიტყვა და საქმე სულაც არ უპირისპირდება ერთმანეთს, გენეტიკური თვალსაზრისით კი მჭიდრო ურთიერთკავშირშიც იმყოფება: ბავშვები და საზოგადოდ ადამიანები, ენას ურთიერთობის პროცესში ითვისებენ, გარემოსთან გრძნობად-პრაქტიკული კონტაქტების საფუძველზე; ამ პროცესის კვალდაკვალ სიტყვა, მეტყველება, ენა სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს პრაქტიკულ, პერცეპტულ, სააზროვნო და სხვა სახის ქმედების შემდგომ განვითარებაზე და, საზოგადოდ, ადამიანის მთელ აქტივობაზე. ამავე დროს, ამოსავალი პრაქტიკული ქმედების პრიორიტეტი ყოველთვის ძალაში რჩება. ქმედების თეორიის დამცველნი ამტკიცებენ, რომ მათ სწორედ ასე ესმით საქმის ვითარება. ალტერნატული, „არაქმედებითი“ თვალსაზრისის მიხედვით, ადამიანისა და მისი ფსიქიკის განვითარების ძირითად „მაწარმოებელი მიზეზი“ (ვიგოტსკი) არის ნიშანი, სიტყვა, სიმბოლო და ა.შ.

      სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით ფსიქოლოგიაში ამ თვალსაზრისს ავითარებდნენ კ. გოლშტაინი, ა. გელბი, გ. ჰედი, ე. კასირერი, პიაჟე მისი შემოქმედების დასაწყისში და ვიგოტსკი. ამ უკანასკნელის კონცეფცია სათანადო ანგარიშს არ უწევს იმას, რომ თვით მეტყველება ურთიერთობის პროცესში განხორციელებული, ამოსავალი სენსორულ-პრაქტიკული ქმედების საფუძველზე შეითვისება. მეტყველება ქმედებასთან ურთიერთკავშირში და მის კონტექსტში წარმოადგენს მომქმედ ძალას. ამის გარეშე ის იქცევა ადამიანის ფსიქიკური განვითარების თვითკმარ ფაქტორად. ქმედების თეორიის წარმომადგენელთა აზრით, მეტყველების ანალიზი კულტურულ-ისტორიული თეორიის პოზიციებიდან სწორედ ამ მიმართულებით მიემართებოდა.

      მთავარი მაინც ის არის, რომ ვიგოტსკის კონცეფცია, არსებითად, ფსიქიკური ფუნქციების თეორიად, ანუ ფსიქიკური პროცესების ფსიქოლოგიად რჩება. საქმე ისაა, რომ ფსიქიკის ყოველგვარი გარეგანი დეტერმინაცია, მათ შორის ნიშნებითაც, ყოველთვის შინაგანით, სუბიექტურით არის გაშუალებული. „სუბიექტი წარმოადგენს ყველა ფსიქიკური პროცესის, მდგომარეობის და თვისების, ცნობიერებისა და არაცნობიერის განვითარების საერთო და ერთიან საფუძველს... ამდენად, სწორედ სუბიექტის მთლიანობაა ობიექტური საფუძველი მისი ყველა ფსიქიკური პროცესის, მდგომარეობისა თუ თვისების მთლიანობისა და სისტემურობისა“. ვიგოტსკის თეორიული სისტემა, როგორც უზნაძე იტყოდა, რეალურად არის უსუბიექტო ფსიქოლოგია.

      ეს შენიშვნა კიდევ უფრო სამართლიანად გამოიყურება განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციებიდან, თუ გავითვალისწინებთ მის ამოსავალ დებულებას ქცევის (გნებავთ ქმედების) და ცნობიერების პროცესების არა ნიშნებით (ვიგოტსკი), არამედ სუბიექტის მთლიანობითი მდგომარეობით, განწყობით გაშუალების შესახებ (იხ. 13.2.).

      დავუბრუნდეთ უკვე ნახსენებ კოგნიტივისტურ ორიენტაციას სოციალურ ფსიქოლოგიაში. ზემოთ აღინიშნა, რომ იგი, არსებითად, ადამიანური ქცევის ზოგადი კონცეფციაა. მის საფუძველს სწორედ ზოგადფსიქოლოგიური თეორია, სახელდობრ, გეშტალტფსიქოლოგია წარმოადგენს. სოციალურმა კოგნიტივისტებმა, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი თვალსაჩინო ავტორები, როგორიცაა ჰაიდერი, ფესტინგერი, აბელსონი, როზენბერგი, არონსონი, ოსგუდი, ტანენბაუმი, აში, კრეჩი, კრაჩფილდი და სხვები, აითვისეს გეშტალტფსიქოლოგიის ძირეული იდეები და ცნებები - იზომორფიზმი, ხატი, კარგი ფიგურის დომინირება, პრეგნანტობა და ა.შ. ხატის ცნებასთან დაკავშირებული კოგნიტური სტრუქტურების ორგანიზაციის იდეასთან ერთად, კოგნიტივიზმი ეყრდნობოდა მოტივაციის ცნებასაც, რაც ლევინის ველის თეორიის უშუალო გავლენით მოხდა. ლევინის მიერ შესწავლილი ვალენტობა, კონფლიქტი, დასრულებულობისკენ სწრაფვა და დაძაბულობა ქცევითი კოგნიტივიზმის, კერძოდ კი ე.წ. კოგნიტური თავსებადობის, როგორც მოტივაციური თეორიების, საყრდენ წერტილად იქცა. მხოლოდ ცოდნა, ინფორმაცია არაა საკმარისი ფაქტორი სოციალური ქცევის გასაგებად. ყველა ქცევის მსგავსად, სოციალურ ქცევასაც ინიციაცია, აღძვრა ესაჭიროება. ასეთი მოტივაციური ფაქტორი კი კოგნიტურ სფეროში აღმოცენებული პროცესის შედეგია. ამდენად, მოტივაციური ფაქტორი მეორად, კოგნიტური სფეროდან გამომდინარე ქცევის დეტერმინანტად გვევლინება.

      სოციალურფსიქოლოგიური კოგნიტივიზმი არ ამოიწურება კოგნიტური თავსებადობის თეორიებით, მაგრამ, არსებითად, სწორედ ისინი განსაზღვრავენ მის სახეს. კოგნიტური თავსებადობის რამდენიმე თეორიული მოდელი არსებობს. მათ შორის გამოყოფენ ჰაიდერის, ნიუკომის, ოსგუდტანენბაუმის და ფესტინგერის თეორიებს. როგორც საერთოდ კოგნიტივისტური თვალსაზრისისთვის, ისე მათთვისაც ძირეულია თეზისი კოგნიციის, შემეცნებითი პროცესებისა და სტრუქტურების პრიორიტეტის შესახებ ქცევის (სახელდობრ კი სოციალური ქცევის) დეტერმინაციაში. ბიჰევიორიზმის საწინააღმდეგოდ, გამოთქმულია რწმენა, რომ ქცევა, საბოლოო ჯამში, - ადამიანის შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს და მის ორგანიზაციას შემეცნებითი პროცესი ახორციელებს. გამოცდილების ორგანიზაციის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სახის იდეები, რწმენები, მოლოდინები, განწყობები. ისინი სოციალური ქცევის რეგულატორებია. ქცევა ხატების, წარმოდგენების, ცნებების, ე.ი. განსხვავებული კოგნიტურ-მენტალური მოვლენების ორგანიზაციის შედეგია.

      თავსებადობის თეორიებისთვის სპეციფიკურია შემდეგი თეზისი: ყოველგვარი კოგნიტური სტრუქტურა თავისი ბუნებით ისეთია, რომ უნდა იმყოფებოდეს ბალანსურ, ჰარმონიულ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში. ამგვარი მდგომარეობის ყოველგვარი დარღვევა აღძრავს საწყისი ანუ ოპტიმალური მდგომარეობის აღდგენის ტენდენციას. ადამიანის ქცევა მიმართულია იმაზე, რომ მისი კოგნიტური სტრუქტურები მაქსიმალურად იყვნენ გაწონასწორებული. თავსებადობის ამ ძირითად იდეაზე დაყრდნობით, დროის საკმაოდ მცირე შუალედში, 50-60-იან წლებში, რამდენიმე თეორიული მოდელი შეიქმნა. მათ ეწოდათ ბალანსის, კონგრუენტობის, სიმეტრიისა და დისონანსის თეორიები. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს და, ამიტომ, სწორედ მის ძირითად დებულებებზე შევაჩერებთ ყურადღებას.

      კოგნიტური დისონანსის თეორის ავტორმა ლეონ ფესტინგერმა (1919-1989) სადოქტორო დისერტაცია ლევინის ხელმძღვანელობით დაიცვა აიოვას უნივერსიტეტში. იყო ლევინის ასისტენტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფური დინამიკის ცენტრში. 1947-1968 წლებში მუშაობდა მიჩიგანის, მინესოტასა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. 1968 წლიდან სიკვდილამდე იყო სოციალური კვლევების ახალი სკოლის პროფესორი ნიუ-იორკში. სარგებლობდა დიდი პოპულარობით, როგორც მკვლევარი და როგორც ლექტორი. მისი ყველაზე ცნობილი მოწაფეებია: ე. არონსონი, ფ. ზიმბარდო, ს. შეხტერი.

      როგორც თავსებადობის თეორიების სახეობა, კოგნიტური დისონანსის თეორია ამოდის იმ დებულებიდან, რომ კოგნიტური ელემენტები მიისწრაფიან იყვნენ თავსებად და კონსისტენსურ მიმართებაში ერთმანეთთან. არათავსებადი ანუ დისონანსური მდგომარეობა უსიამოვნოა და იწვევს მისგან თავის დაღწევის ტენდენციას. დისონანსის რედუქცია შეიძლება მოხდეს ცნობიერებაში კონსონანსური ელემენტების გაზრდის (დამატების) ან თვით დისონანსში მყოფი ელემენტების შეცვლის გზით, რათა ისინი უფრო თავსებადნი გახდნენ. ფესტინგერს მოჰყავს მაგალითი, რომელიც მრავალი ავტორის მიერ გამეორების გამო, ცოტა არ იყოს, „გაცვდა“, მაგრამ კვლავაც საკმაოდ დამაჯერებელია, როგორც ამ თეორიის დედააზრის თვალსაჩინო ილუსტრაცია. თუ მწეველმა ადამიანმა იცის, რომ მოწევა მავნეა ან, უფრო კონკრეტულად, იწვევს კიბოს, იგი იმყოფება დისონანსის მდგომარეობაში. ერთი კოგნიტური ელემენტი - „მე ვეწევი“ შეუთავსებელია მეორესთან - „მოწევა იწვევს კიბოს“. ნათელია, რომ ამ დისონანსის მოხსნის ყველაზე ეფექტური საშუალება მოწევაზე ხელის აღებაა. მაგრამ, ისიც ცნობილია, რაოდენ ძნელია ამის გაკეთება. ამიტომ ადამიანი, უმეტესწილად, ამჯობინებს ზემოქმედება მოახდინოს მეორე კოგნიტურ ელემენტზე. საამისოდ ბევრი გზა არსებობს: 1) შეიძლება შევასუსტოთ მოწევასა და დაავადებას შორის არსებული კავშირი (მონაცემების უმრავლესობა მიღებულია კლინიკაში, ექსპერიმენტულად; შესაბამისად, არ გამოხატავს რეალურ მდგომარეობას); 2) შესაძლებელია საკუთარი თავის ასოცირება სხვა მწეველებთან (ბაბუაჩემი ბავშვობიდან ეწეოდა და ასი წელი იცოცხლა); 3) შეიძლება დაირწმუნო თავი, რომ ფილტრი ბევრად ამცირებს სიგარეტის მავნებლობას; 4) შესაძლოა გაზარდო მოწევის ჰედონისტური ღირებულება (უმჯობესია კაცმა შედარებით ხანმოკლე, მაგრამ სიამოვნებით აღსავსე სიცოცხლე განვლოს); 5) შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ მოწევაზე უარის თქმა გასუქებას გამოიწვევს, რაც ასევე მავნეა ჯანმრთელობისთვის. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ჩვენი ცხოვრება სავსეა ასეთი მაგალითებით. ფსიქიკა მართლაც ამდაგვარად მუშაობს, რაც გარკვეულ „ყოფით დამარწმუნებლობას“ მატებს ფესტინგერის შეხედულებას. ყოველ შემთხვევაში, იგი ბევრად უფრო ეკოლოგიურად ვალიდურია, ვიდრე იგივე ნაისერის კოგნიტური ფსიქოლოგია. თანაც, ამის გამო სულაც არ მცირდება ფესტინგერის თეორიის მეცნიერული სიმკაცრე და სიზუსტე. კოგნიტური დისონანსის თეორია აგებულია საფუძვლიან მეცნიერულ დებულებებზე და განტკიცებულია მრავალფეროვანი და სარწმუნო ექსპერიმენტული მასალით.

      კოგნიტური დისონანსის, როგორც ქცევის თეორიის სულისკვეთებას კარგად გამოხატავს შემდეგი ნაწყვეტი ფესტინგერის ერთ-ერთი მთავარი შრომიდან: „დისონანსი, ანუ წინააღმდეგობრივი ურთიერთობის არსებობა კოგნიციებს შორის, თავისთავად წარმოადგენს მოტივაციურ ფაქტორს. „კოგნიციის“ ტერმინის ქვეშ მე ვგულისხმობ ყოველგვარ ცოდნას, თვალსაზრისს ან რწმენას, რომელიც ეხება გარემოცვას ან ვინმეს ქცევას. კოგნიტური დისონანსი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საწყისი პირობა, რომელიც იწვევს დისონანსის შემცირებაზე მიმართულ აქტივობას, ისევე, როგორც შიმშილს მივყავართ შიმშილის დაკმაყოფილებაზე მიმართული ქცევისკენ. ეს მოტივაცია ძალიან განსხვავდება იმისაგან, რასთანაც ჩვეულებრივ საქმე აქვთ ფსიქოლოგებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი არაჩვეულებრივად ძლიერი აღმძვრელი ფაქტორია“.

      ახლა საჭიროა განისაზღვროს ძირითადი ტერმინები. კოგნიტური დისონანსი აღმოცენდება კოგნიტურ ელემენტებს შორის. კოგნიტურ ელემენტებს მიეკუთვნება ის ცოდნა, რომელიც ადამიანს აქვს თავისი თავის, თავისი ქცევისა და თავისი გარემოცვის შესახებ. მაშასადამე, კოგნიტური ელემენტი ცოდნაა, ცოდნა ძალიან ფართო გაგებით, ვინაიდან ამ ტერმინით ისეთი რაიმეც აღინიშნება, რაც, თითქოს, არაა ცოდნა. მაგალითად, უნდა ჩაითვალოს თუ არა თვალსაზრისი ცოდნად? ფესტინგერი ასე მსჯელობს: ადამიანი არ გაიზიარებს თვალსაზრისს, სანამ არ ირწმუნებს მის ჭეშმარიტებას; ამიტომ, ფსიქოლოგიურად, თვალსაზრისი არ განსხვავდება ცოდნისაგან. იგივე ითქმის რწმენის, ღირებულებისა და სოციალური განწყობების მიმართ. ისინი, ცხადია, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ, ძირითადი განსაზღვრების თანახმად, ყველა მათგანი კოგნიციაა და მათ შორის შეიძლება კონსონანსური და დისონანსური ურთიერთობები დამყარდეს. კოგნიტურ ელემენტებს შორის შესაძლებელია არარელევანტური მიმართებაც არსებობდეს. ამ შემთხვევაში მათ, უბრალოდ, არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან.

      განსაზღვრების თანახმად, ორი ელემენტი დისონანსურ ურთიერთობაში იმყოფება, თუ ერთი ელემენტის უარყოფა გამომდინარეობს მეორიდან. ფესტინგერი გამოყოფს დისონანსის გამომწვევ ოთხი სახის ვითარებას: 1) ლოგიკური შეუთავსებლობა; 2) შეუთავსებლობა კულტურულ ნორმებთან; 3) მოცემული კოგნიტური ელემენტის შეუთავსებლობა კოგნიციათა უფრო ფართო სისტემასთან; 4) შეუთავსებლობა წარსულ გამოცდილებასთან. შესაძლებელია თითოეული მათგანის ილუსტრაცია ყოფით მაგალითებზე. 1) დავუშვათ, ადამიანს სჯერა, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია და, იმავდროულად, სჯერა იმისიც, რომ იგი, როგორც ადამიანი, იცხოვრებს მუდამ. აქ ერთი კოგნიცია ლოგიკური თვალსაზრისით მეორეს გამორიცხავს; 2) თუ ადამიანს ოფიციალურ ბანკეტზე ხელიდან უსხლტება ქათმის ნაჭერი, იმის ცოდნა, თუ რა ემართება, დისონანსშია იმასთან, რაც მან იცის ოფიციალური სადილის ეტიკეტის შესახებ. სხვა კულტურაში ეს კოგნიციები შეიძლება სულაც არ იყოს დისონანსური; 3) თუ ადამიანი, რომელიც თავს ყოველთვის დემოკრატიული პარტიის მომხრედ თვლიდა, მაგრამ კონკრეტულ არჩევნებში ხმას რესპუბლიკელთა კანდიდატს აძლევს, დისონანსს უნდა განიცდიდეს; 4) თუ ადამიანი წვიმის ქვეშ დგას და ქოლგის არქონის მიუხედავად, იმედოვნებს რომ არ დასველდება, ეს ორი კოგნიცია დისონანსურ ურთიერთობაში იქნება, რადგან მან გამოცდილებით იცის, რომ წვიმა ასველებს ადამიანს. მაგრამ, თუ ისეთ კაცს წარმოვიდგენთ, რომელსაც წვიმა საერთოდ არ უნახავს, მას დისონანსი არ შეექმნება.

      ასე წარმოიქმნება დისონანსი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს მისი შემცირების ან სრული მოსპობის ტენდენციას. ფსიქოლოგიურად ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან დისონანსი სწორედ ამიტომ გვევლინება აქტივობის მოტივაციურ ფაქტორად. ამასთან არის დაკავშირებული შემდგომი დებულებაც - დისონანსის შემცირების მისწრაფება დისონანსის სიდიდის ფუნქციაა. თავად დისონანსის სიდიდე კი დამოკიდებულია კოგნიტური ელემენტების სუბიექტურ მნიშვნელობაზე, ღირებულებაზე. ფესტინგერის თეორიში განხილულია დისონანსის შემცირების ან მოხსნის რამდენიმე ხერხი, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მიმართავენ ადამიანები. ესენია: ა) ქცევითი კოგნიტური ელემენტების შეცვლა. თუ, ვთქვათ, წინააღმდეგობაში მოვიდა გარემოსა და ქცევის შესატყვისი კოგნიციები, ყველაზე უბრალო და ეფექტური გამოსავალი თვით ქცევისა და მასთან დაკავშირებული კოგნიციის შეცლაა. მაგალითად, თუ მავანი წავიდა პიკნიკზე და დაინახა, რომ გაწვიმდა, მას შეუძლია სახლში დაბრუნდეს. ადამიანების ნაწილი თავს ანებებს მოწევას, როცა მიხვდება, რომ ეს ვნებს მათ ჯანმრთელობას; ბ) ქცევითი კოგნიციის შეცვლის მსგავსად, შესაძლებელია გარემოსთან დაკავშირებული კოგნიციის შეცვლა, თუმცა ეს გაცილებით უფრო რთული საქმეა; გ) როცა შეუძლებელია რომელიმე დისონანსური ელემენტის შეცვლა, დისონანსის შემცირება ხდება ახალი კოგნიტური ელემენტების დამატებით. თუ ადამიანი თავს ვერ ანებებს მოწევას, მას საშუალება აქვს შეამციროს დისონანსი ახალი კონსონანსური ელემენტების შემოყვანის გზით. იგი სელექტიური ხდება ინფორმაციის მიმართ; აქტიურად ეძებს კონსონანსურ ცოდნას და ერიდება დისონანსურ ინფორმაციას. ხალისით ეცნობა მასალებს, სადაც მოცემულია იმ შეხედულების კრიტიკა, რომ მოწევა მავნებელია და, პირიქით, გადაჭარბებულად კრიტიკულია ან სულაც გაურბის იმ მასალების კითხვას, სადაც საპირისპირო მტკიცდება.

      ფესტინგერის კოგნიტური დისონანსის თეორია ფრიად სარწმუნო ფაქტოლოგიას ეფუძნება და დებულებების მწყობრ სისტემას ქმნის. ის ნათელი და მარტივია, თუმცა, საკმაოდ ნათელი ჰიპოთეზების მიუხედავად, ამ თეორიაზე დაყრდნობით ყოველთვის ვერ ხერხდება დისონანსის არსებობის უტყუარი დადასტურება. კრიტიკოსები ისეთ სიტუაციებსაც განიხილავენ, სადაც დისონანსი სახეზეა, მაგრამ არ არსებობს არც ლოგიკური შეუსაბამობა, არც კულტურული ნორმების აშკარა დარღვევა და არც დისონანსის გამომწვევი სხვა ვითარება. მაშასადამე, ისეთი სიტუაციების ცოდნა, რომელშიც დისონანსი შეიძლება წარმოიქმნეს, ყოველთვის არ არის საკმარისი დისონანსის რეალური აღმოცენების პროგნოზირებისთვის. ფესტინგერის მოდელზე დაყრდნობით ძნელია იმის პროგნოზირებაც, თუ კონკრეტულ შემთხვევაში დისონანსის რედუქციის რომელი სტრატეგია იქნება გამოყენებული. ამის წინასწარმეტყველებას ის გარემოება ართულებს, რომ ინდივიდები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შეუთავსებლობის მიმართ მგრძნობელობით, მისი აღმოჩენისა და ატანის შესაძლებლობით. ეს პიროვნული მახასიათებლები ფესტინგერის თეორიაში არ არის გათვალისწინებული. იგივე ითქმის ინდივიდის სიტუაციაში ეგოჩართულობის დონეზეც, ანუ იმაზე, თუ რამდენად იღებს იგი პასუხისმგებლობას მოცემულ ვითარებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე. სპეციალურმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ პასუხიმგებლობის ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, იარსებებს თუ არა კოგნიტურ ელემენტებს შორის დისონანსური ან კონსონანსური ურთიერთობა. დისონანსის წარმოქმნის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ დისონანსის, როგორც განრიდების ტენდენციის შემცველ უსიამოვნო მდგომარეობას, ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ კოგნიტურ ელემენტებს შორის დიდი განსვლაა; მცირე განსვლა სასიამოვნოც კი არის.

      აღნიშნული შენიშვნები კერძო ხასიათისაა და, უმთავრესად, ფესტინგერის თეორიას ეხება. ამასთან ერთად საჭიროა გამოითქვას ზოგიერთი კრიტიკული მოსაზრება მთელი ამ მიმდინარეობის მიმართ. საქმე ისაა, რომ თავსებადობის ყველა თეორია ჰომეოსტაზის პრინციპზე დაფუძნებული კონცეფციაა. მართალია მათში ლაპარაკია არა ფიზიოლოგიური, არამედ კოგნიტური წონასწორობის აღდგენაზე, მაგრამ ზოგადი ხასიათის კრიტიკული შეფასება, რომელიც საზოგადოდ ჰომეოსტატურ პრინციპს ეხება, მართებულია ამ მიმდინარეობის მიმართაც. როგორც ზემოთ ვნახეთ, პერსონოლოგიური და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა (ოლპორტი, მასლოუ, როჯერსი) ნათლად აჩვენეს, რომ პიროვნება მოქმედებს არა მხოლოდ წონასწორობის აღდგენის, არამედ პირიქით, დაძაბულობის გაზრდის მიზნითაც.

      ახლა კი მოკლედ განვიხილოთ ქცევის კოგნიტივისტური თეორიის მეორე კლასიკური ვარიანტი, რომელიც ჯორჯ მილერმა, იუჯინ გალანტერმა (1924-2016) და კარლ პრიბრამმა (1919-2015) ჩამოაყალიბეს თავის საეტაპო წიგნში „ქცევის გეგმები და სტრუქტურები“ (1960).

      ამ წიგნმა იმთავითვე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. მასში ჩამოყალიბებული მოდელი საკმაო ხანს ქცევის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონცეფციად რჩებოდა. ის, ფაქტობრივად, ჩაენაცვლა ნეობიჰევიორისტულ თეორიებს. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მას ზოგჯერ „კოგნიტურ ბიჰევიორიზმსაც“ უწოდებენ, თუმცა ამგვარი კვალიფიკაცია არ უნდა იყოს მართებული, რადგან მოდელი კოგნიტივიზმის აშკარა ნიშნებს ატარებს. ეს ავტორთა მიერ დასახული მთავარი მიზნიდანაც ჩანს: გარკვეულ იქნეს, თუ როგორ შეიძლება შეივსოს ვაკუუმი შემეცნებასა და ქცევას შორის. ცხადია, რომ ასეთი მიზანი ბიჰევიორისტული აზროვნების ყოველგვარი გამოვლინებისთვის უცხოა.

      მოცემულ თეორიულ მოდელში ცნობიერების (შემეცნებითი სტრუქტურების) ორი ერთეული გამოიყოფა - გეგმა და ხატი. სწორედ მათი ურთიერთობის შედეგად წარმოიქმნება ის მოვლენა, რომელსაც ქცევა ეწოდება. პრობლემა, თუ როგორ აღმოცენდება ქცევა გეგმიდან და ხატიდან, წითელ ზოლად გასდევს მთელ ნაშრომს. ავტორებისთვის ანალოგია კომპიუტერსა და ცოცხალ არსებას (ადამიანს) შორის სავსებით მისაღებია და სასურველიც. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ორგანიზმისთვის გეგმა ის არის, რაც პროგრამა გამოთვლითი მანქანისთვის და რომ გეგმა ყველგან შეიძლება შეიცვალოს ტერმინით პროგრამა. ამრიგად, ცნობიერება გეგმის მეშვეობით ალგორითმულ ფუნქციას ასრულებს (ოპერაციათა თანმიმდევრობის კონტროლი). ამასთანავე, ცნობიერებას ქცევასთან მიმართებაში ინფორმაციული ასპექტიც აქვს. ეს ასპექტი ხატის ცნებაშია ფიქსირებული. „ხატი - ესაა ორგანიზმის მიერ დაგროვილი და ორგანიზებული მთელი ცოდნა საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც იგი არსებობს“. ხატი შეიცავს ყველაფერს, რაც ორგანიზმმა შეიძინა - შეფასებებს, ცნებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც მან ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშავა და ა.შ.

      ქცევის აღწერა-დახასიათება მისი სტრუქტურის დადგენას გულისხმობს. ამისთვის კი საჭიროა გამოიყოს ანალიზის ერთეული, ის ელემენტარული პროცესი, რომელიც ათვლის წერტილად გამოდგება. ასეთ ერთეულად მიჩნეულია უკუკავშირის პრინციპზე დაფუძნებული ელემენტარული აქტი, რომელიც T-O-T-E სიმბოლოთია აღნიშნული; თ (ტესტ) - შემოწმება, O (ოპერატე) ოპერაცია, ე (ეხიტ) - შედეგი. ყოველგვარი აქტივობა აღიძვრება რეალურ და სასურველ ქცევას შორის არსებული შეუსატყვისობით. პირველი ტესტი ამ შეუსატყვისობას ავლენს. ოპერაცია მიმართულია შეუსატყვისობის (განსვლის) აღმოსაფხვრელად. ოპერაციამ უნდა შეცვალოს სიტუაცია. მოხდა თუ არა ეს და, თუ მოხდა, რამდენად წარმატებულად, ამას შემდგომი შემოწმება (ტესტირება) გამოავლენს. თუ შეუსატყვისობა კვლავ არსებობს, ოპერაცია ხელმეორედ შესრულდება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ტესტირება შესატყვისობას არ დაადასტურებს. ამდენად, არსებობს უკუკავშირი მოქმედების შედეგსა და შემოწმების ფაზას შორის. მთელი სქემის საკვანძო მომენტი სწორედ ესაა. მოცემულ თეორიულ მოდელში ქცევის ანალიზის ერთეულის განხილვა ე.წ. კიბერნეტიკული ჰიპოთეზის საფუძველზე ხდება. ამ ჰიპოთეზის თანახმად, კომპიუტერული თუ ნერვული სისტემის აგების ძირითადი ელემენტი უკუკავშირის რკალია.

      T-O-T-E სქემა არ არის თვითმიზანი. ის მხოლოდ ანალიზის ერთეულია და მან, საბოლოოდ, ყველა მეტნაკლებად რთული ქცევის განხილვის საშუალება უნდა მოგვცეს. ამისთვის ადამიანის რთული ქცევა აღიწერება T-O-T-Eს პრინციპით მომქმედი კომპლექსური გეგმების იერარქიების სახით. ამასთან ერთად დახასიათებულია გეგმების კონსტრუირება-ფორმირების ეტაპები და კანონზომიერებები, ასევე გეგმის სტრუქტურული თვისებები, მაგალითად, მოცულობა, დეტალიზაცია, მოქნილობა და სხვა. ეს ყოველივე, გეგმის რეალიზაციის კონტროლის უკუკავშირის მექანიზმთან ერთად, ქცევის განხორციელების მეტნაკლებად სრულ სურათს გვაძლევს.

      ამრიგად, მილერ-გალანტერ-პრიბრამის კონცეფციის საყრდენი ცნება არის გეგმა. როგორც ითქვა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ცოდნასთან (ხატი) და, ამდენად, არის ხიდი ცოდნასა და ქცევას შორის; შემეცნებას (კოგნიციას) და აქტივობას შორის არსებული ვაკუუმი სწორედ მან უნდა ამოავსოს. წარმოდგენილი თვალსაზრისის ეს ცენტრალური პუნქტი გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ისმის კითხვა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ქცევის უშუალოდ ცოდნიდან გამოყვანა. ასეთი რამ ნაკლებ სავარაუდოა, იმიტომ, რომ ცოდნა, თავისთავად, აქტივობის დინამიკურ წყაროს არ შეიცავს და მოტივაციური ძალა არ გააჩნია. ამ მხრივ არც გეგმას აქვს რაიმე უპირატესობა, რამდენადაც, განმარტების თანახმად, ის მხოლოდ მოქმედებათა თანმიმდევრობას, ანუ ქცევის ოპერაციულ მხარეს განსაზღვრავს. ქცევის მოტივაციური მხარე, ის, თუ რისთვის და რატომ ხორციელდება აქტივობა, გეგმაში არ არის პირდაპირ მოცემული. არა და, აქტივობის აღძვრა, მიზანმიმართულება, მისი სუბიექტური საზრისი და ღირებულება ის აუცილებელი მომენტებია, რომელთა გარეშე ქცევა, როგორც მოვლენა, არ არსებობს. ქცევის ამ ასპექტებს სპეციალური მოტივაციური პროცესები განსაზღვრავენ. მოცემულ მოდელში არაფერია ნათქვამი ამ პროცესების თავისებურებებსა და მათ გეგმასთან კავშირზე. მილერ-გალანტერ-პრიბრამის მოდელი შემოიფარგლება ქცევის შესრულების ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული კოგნიტური მექანიზმის პრინციპების ჩვენებით. ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია, მაგრამ, მაინც ღიად რჩება საკითხი, თუ რა ამოქმედებს ამ მექანიზმს, რატომ და რისთვის სრულდება T-O-T-E სქემით აღწერილი მოქმედება, თუნდაც მისი პირველი ტესტირების აქტი. ამ დანაკლისს ნაწილობრივ მაინც ავსებს ბელგიელი მეცნიერის ჟოზეფ ნიუტენის (1909-1988) ქცევითი დინამიკის მიმართებითი თეორია. იგი აკრიტიკებს T-O-T-E კონცეფციის ავტორებს გადაჭარბებული კიბერნეტიკულკომპიუტერული მიდგომისთვის. კომპიუტერული მოდელების დამუშავებისას საჭირო არ არის გამოთვლითი მანქანის მოქმედების ენერგეტიკული წყაროს საკითხზე მსჯელობა. ადამიანის ქცევის განხილვა კი შეუძლებელია იმის გარკვევის გარეშე, თუ საიდან მომდინარეობს მისი დინამიზმი, რა მოტივაციურ ფორმებში ყალიბდება იგი და როგორ სახეს იღებს სხვადასხვა სიტუაციაში. მიუხედავად ამისა, ნიუტენი ჭეშმარიტ კოგნიტივისტად რჩება. ადამიანის ქცევაში კოგნიტურ პროცესებს განმსაზღვრელი ფუნქცია აკისრია, თუმცა ეს ფუნქცია, მისი აზრით, მოტივაციურ პროცესებთან მიმართებაში ხორციელდება. თავის მხრივ, მოტივაციური პროცესები აქტივობის აღძვრასა და მისთვის მიმართულების მიცემას უზრუნველყოფენ.

      მოტივაციური თეორიისთვის გადამწყვეტია საკითხი, თუ საიდან მომდინარეობს აქტივობის დინამიზმი. ნიუტენი უარყოფს თვალსაზრისს, რომლის თანახმად ქცევის დინამიზმი ჰომეოსტაზის, წონასწორობის მდგომარეობაშია ჩადებული. დანაკლისი, თავისთავად, ვერ აღძრავს ქცევას, ისევე, როგორც საწვავის უქონლობა ვერ გახდება მანქანის ამოძრავების მიზეზი. დეფიციტი აქტივობის წყაროა იმ თანდაყოლილი დინამიზმის გამო, რომლითაც ორგანიზმი დანაკლისის დაძლევას ცდილობს. აქტივობა არ იწყება და არც მთავრდება დეფიციტის გაჩენასა და შევსებასთან ერთად. მოსვენების, უმოქმედობის მდგომარეობა, რასაც ჰომეოსტაზის პრინციპი გულისხმობს, არ არსებობს; ცოცხალი ორგანიზმი მუდმივი აქტივობით ხასიათდება, რომლის წყარო საკუთარ თავშია მოცემული.

      ამრიგად, დაშვებულია ამოსავალი ან ძირეული დინამიზმის არსებობა, რომელიც ინდივიდი-გარემოს ორგანულ კავშირს ითვალისწინებს. როგორც მცენარეები საჭიროებენ ნიადაგს თავისი თანდაყოლილი პოტენციალის გამოსავლენად, ასევე აუცილებელია ცხოველური ორგანიზმისთვის გარემო, რათა მოახდინოს თავისი ძირეული დინამიზმის რეალიზაცია. გარემო მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე კულტურულ ობიექტებს. მოტივაციის პროცესი ამ ძირეული დინამიზმის დიფერენცირების, შემდგომი ქცევითი კონკრეტიზაციისა და ფოკუსირების პროცესია. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი მოთხოვნილება, რომელიც უკავშირდება ადამიანის ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და სოციალურ ფუნქციონირებას. ასე ყალიბდება ამოსავალი, ზოგადი მოტივაციური ორიენტაციები. მათი შემდგომი კოგნიტური დამუშავების შედეგად წარმოიქმნება ე.წ. კოგნიტურ-მოტივაციური სტრუქტურები - მიზნები და გეგემები. ისინი ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ, დინამიკურ ტენდენციასთან ერთად შეიცავენ გამოცდილებისეულ მონაცემებს სამოქმედო და კოგნიტური სქემების სახით.

      ამდენად, ნიუტენის მოდელში დახასიათებულია ქცევის მოტივაციურდინამიკური ასპექტი, რომელიც თავსებადობის კოგნიტივისტურ თეორიებთან შედარებით, გაცილებით მართებულად და მრავალმხრივ არის გაშუქებული. გარდა ამისა, გააზრებულია ქცევის რეგულაციის მექანიზმიც, რომელიც ისეთი კოგნიტურ-მოტივაციური სტრუქტურების მეშვეობით ყალიბდება, როგორიცაა მიზანი და გეგმა. ამ მხრივ ნიუტენი მილერ-გალანტერ-პრიბრამზე შორს მიდის; იგი არ შემოიფარგლება კოგნიტურ-მოტივაციური სტრუქტურების ფუნქციის ჩვენებით და აანალიზებს მათი ქმნადობისა და ფორმირების კანონზომიერებებსაც.

      თანამედროვე ქცევითი კოგნიტივიზმის ერთ-ერთი განშტოება სოციალურ-კოგნიტური მიმართულებაა. ამჟამინდელ აკადემიურ ფსიქოლოგიაში, რომლის დიდი ნაწილი კოგნიტივისტური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ეს თვალსაზრისი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარულია. როგორც თეორიული სისტემა, ის ჯერ კიდევ ვითარდება და სერიოზული კვლევითი პროგრამების სტიმულირებას ახდენს. ამ მიმართულების წამყვანი ფიგურებია ჯ. როტერი, ა. ბანდურა და უ. მიშელი.

      ჯულიან ბერნარდ როტერი (1916-2014) თავდაპირველად ქიმიას ეუფლებოდა, მაგრამ ადლერთან ნაცნობობამ იგი საბოლოოდ ფსიქოლოგიასთან მიიყვანა. ომის დროს სამხედრო ფსიქოლოგი იყო. შემდგომში მუშაობდა ოჰაიოსა და კონექტიკუტის უნივერსიტეტებში.

      როტერი ცდილობს ახსნას, რატომ და როგორ ხორციელდება ესა თუ ის ქცევა კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში. მოცემულ ვითარებაში ქცევის წინასწარმეტყველებისთვის მისი პოტენციალის დადგენაა საჭირო. ქცევის პოტენციალის ცნება არ არის ახალი. რეაქციის პოტენციალზე ჯერ კიდევ კ. ჰალი ლაპარაკობდა; ის ამ რეაქციის დასწავლილობის (ჩვევის) და აქტუალური მოთხოვნილების (დრაივის) ფუნქციის სახით იყო წარმოდგენილი (იხ. 9.2.). ქცევის პროგნოზის ან პოტენციალის როტერის ფორმულაში არსებითად გათვალისწინებულია ჰალის ფორმულის შემადგენელი ცვლადები. ამავე დროს, როტერი საკმაოდ შორდება ქცევის დახასიათების მკაცრად ბიჰევიორისტულ პრინციპებს. ქცევის კატეგორიას მაქსიმალურად ფართო კონტექსტში განიხილავს, და გულისხმობს როგორც მოტორულ, ისე კოგნიტურ, ვერბალურ და ემოციურ აქტივობას. გარდა ამისა, როტერი ლაპარაკობს არა რეაქციებთან დაკავშირებულ კონკრეტულ სტიმულებზე, არამედ ფართოდ გაგებულ და მრავალფეროვან სოციალურ სიტუაციებსა და კონტექსტებზე. ეს ნიშნავს, რომ ერთ და იმავე ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ნათელია, რომ ყვირილს სტადიონის და ეკლესიის სიტუაციაში ერთნაირი პოტენციალი ვერ ექნება.

      ქცევა მხოლოდ სიტუაციით არ განისაზღვრება. როტერი, ისევე როგორც სოციალურ-კოგნიტური თვალსაზრისის ბევრი მომხრე, ინტერაქციონალისტურ პოზიციაზე დგას. ყოველგვარი ქცევა გარემოსეული და პიროვნებისეული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ამიტომ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული ქცევის პოტენციალის როტერისეული ფორმულა ორი შინაგანი ცვლადის ფუნქციაა, ესენია: სუბიექტური ალბათობა ან მოლოდინი, რომ კონკრეტულ ქცევას რაიმე სახის განმტკიცება მოჰყვება და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის ეს განმტკიცება. განმტკიცების ბიჰევიორისტულ ტერმინოლოგიას თუ არ ვიხმართ, ქცევის პროგნოზირება (პოტენციალი) დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია სუბიექტისთვის დასახული მიზნის მიღწევა მოცემულ სიტუაციაში ამ ქცევის გზით, და რა ღირებულება გააჩნია მისთვის ამ მიზანსა და შესაბამის მოთხოვნილებას. პირველი მომენტი ქცევისა და პიროვნების კოგნიტურ (შემეცნებით) მხარესთანაა დაკავშირებული, მეორე - მოტივაციურთან. პროგნოზირებისთვის მოლოდინის მაჩვენებლის ცოდნაც არის საჭირო და ღირებულებისაც. ეს ცვლადები ერთმანეთს ცალსახად არ განსაზღვრავენ; სავსებით შესაძლებელია, ადამიანი დარწმუნებული იყოს, რომ ქცევა წარმატებით დასრულდება, მაგრამ სულაც არ ეჩვენებოდეს მისი განხორციელება მნიშვნელოვნად, ან პირიქით. საბოლოოდ, ქცევის პროგნოზირების ძირითადი ფორმულა შემდეგ სახეს იღებს: Pg =F (eR & vR). სადაც Pg - ქცევის პოტენციალია, eR - განმტკიცების მოლოდინი, vR - განმტკიცების ღირებულება. მოგვიანებით, პროგნოზირების საერთო ფორმულაში როტერმა ამ ცვლადებს ცოტა უფრო კონკრეტული სახე მისცა, მაგრამ ფაქტიური შინაარსი უცლელი დარჩა: ადამიანი ირჩევს ისეთ მიზნებს, რომელთა მიღწევა მტკიცდება რაც შეიძლება დიდი ალბათობით, ხოლო თვით განმტკიცებას მაქსიმალური სუბიექტური ღირებულება აქვს.

      როტერი სერიოზულ ყურადღებას აქცევს ქცევის სუბიექტური ღირებულების განმსაზღვრელი მოთხოვნილებების საკითხს და ამ მოთხოვნილებათა შემდეგ სახეებს გამოყოფს: ფიზიოლოგიური, კონფორტის, აღიარების, დაცულობის, დომინირების, დამოუკიდებლობისა და სიყვარულის მოთხოვნილებები. გარკვეულად კლასიფიცირებულია მოლოდინებიც. ქცევის შესაძლო წარმატებულობის შესახებ მოლოდინები ორ ჯგუფს ქმნიან: ესაა ე.წ. სპეციფიკური მოლოდინები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციებს უკავშირდებიან და ე.წ. გენერალიზებული მოლოდინები, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების შედეგიანობის განზოგადებას წარმოადგენენ.

      გენერალიზებული მოლოდინების მიხედვით შესაძლებელია პიროვნებათაშორის განსხვავებულობებზე მსჯელობა. როტერმა სახელი გაითქვა ე.წ. კონტროლის ლოკუსის აღმოჩენითა და შესწავლით. ეს უკანასკნელი გამოხატავს პიროვნების განზოგადებულ მოლოდინს იმის თაობაზე, თუ სად მდებარეობს მოქმედების წარმატება-წარუმატებლობის მიზეზი - გარეთ თუ შიგნით. ადამიანები ექსტერნალური ლოკუსით ქცევის შედეგებს მათგან დამოუკიდებელ ძალებსა თუ ვითარებებს მიაწერენ. ინტერნალური ლოკუსის მქონე პირები მოქმედების გამსაზღვრელად თავის თავს მიიჩნევენ და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას თვითონ იღებენ. ლოკუსის კონტროლის ტიპის გამოსავლენად როტერმა სპეციალური დიაგნოსტიკური მეთოდიკა შექმნა. მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა იმის გარკვევას, თუ რა კავშირი არსებობს ლოკუსის კონტროლსა და ადამიანის აქტივობის სხვადასხვა გამოვლინებებს შორის. დადგენილად ითვლება, რომ თავის თავში დარწმუნებული ინტერნალები, საზოგადოდ, უფრო ადაპტირებულები, ნაყოფიერები, აქტიურები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე გარეშე ძალებსა თუ ბედს მინდობილი ექსტერნალები.

      კონტროლის ლოკუსი, ისევე როგორც ყოველგვარი მოლოდინი, ცხოვრებისეული გამოცდილების პროცესში ყალიბდება, ე.ი. სოციალური დასწავლის შედეგია. უფრო მეტიც, მოლოდინი იმთავითვე გულისხმობს საკუთრივ მოქმედების დასწავლის ამა თუ იმ დონეს. მოლოდინი ქცევის წარმატებულობის შესახებ სიტუაციის გარდა, უთუოდ იმასაც ითვალისწინებს, თუ როგორაა დაუფლებული ინდივიდი კონკრეტულ მოქმედებებს. ადამიანი, რომელმაც არ იცის ჩინური, ვერ ალაპარაკდება ჩინურად. აქ მნიშვნელობა არა აქვს არც მის დარწმუნებულობას, რომ ამისთვის აუცილებლად დაჯილდოვდება და არც ამ ჯილდოს დიდ სუბიექტურ ღირებულებას. ამრიგად, ჰალის ფორმულისა არ იყოს, თუ ჩვევის ძალა, ანუ დასწავლის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ქცევის წარმატებასთან დაკავშირებული მოლოდინი და შესაბამისი ქცევის პოტენციალიც ნულის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარეობს ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც როტერის სისტემაში დასწავლას ენიჭება. შემთხვევითი არ არის, რომ თავის კონცეფციას როტერი სოციალური დასწავლის თეორიას უწოდებს.

      ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგი, სან-ფრანცისკოს სტენფორდის უნივესიტეტის პროფესორი, სოციალურ-კოგნიტური მიმართულების მთავარი თეორეტიოსი ალბერტ ბანდურა (1925-) შენიშნავს, რომ ეს თეორია ადეკვატურია იმ სოციალური ქცევების წინასწარმეტყველებისთვის, რომლებიც უკვე დასწავლილია. ამავე დროს, როტერის ყურადღების მიღმა რჩება თვით სოციალური ქცევების დაუფლების მექანიზმი. ამ საკითხში როტერი დასწავლის ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის მონაცემებსა და კანონზომიერებებს ეყრდნობა. ბანდურას აზრით, საკითხი ამით არ ამოიწურება და აქ ახალ გარემოებათა გათვალისწინებაა საჭირო.

      ბანდურას მიაჩნია, რომ გამოცდილების შეძენა, ამა თუ იმ სოციალურ სიტუაციასთან დაკავშირებული ქცევის ფორმირება, აუცილებლობით არ გულისხმობს ინდივიდის მიერ ამ მოქმედების შესრულებას და მის განმტკიცებას (როგორც, მაგალითად, სკინერი ასაბუთებს). ადამიანს შეუძლია ისწავლოს სხვათა მოქმედების დაკვირვებითაც. ყოველდღიური ცხოვრება ადასტურებს, რომ გამოცდილების შეძენის ამ გზას ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მივმართავთ, რაც დახარჯული ძალებისა და დროის დიდ ეკონომიას იძლევა. რიგ შემთხვევაში სხვის შეცდომებზე სწავლა ბევრ სირთულესა და ხიფათს გვარიდებს თავიდან.

      სხვა ინდივიდის (მოდელის) მოქმედებაზე დაკვირვებით ამ მოქმედების შეთვისების პროცესს ბანდურა მოდელირებას უწოდებს. ეს პროცესი მრავალი ექსპერიმენტით იქნა შესწავლილი. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ გამოკვლევაში ბავშვები აკვირდებოდნენ მოზრდილი ადამიანის სხვადასხვაგვარ მოქმედებებს (აგრესიულს და არააგრესიულს) თოჯინის მიმართ. ისინი ვინც აგრესიას აკვირდებოდნენ, შემდგომში ბევრად უფრო აგრესიულად ეპყრობოდნენ თოჯინას, ვიდრე ისინი, ვინც არააგრესიულ ქცევას ადევნებდნენ თვალყურს, ან სულ არ ჰქონდათ მოდელზე დაკვირვების გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ქცევის მოდელირება მაშინაც ხდებოდა, როცა ბავშვები უთვალთვალებდნენ არა ცოცხალი მოდელის მოქმედებას, არამედ მის სატელევიზიო ჩანაწერს. ასეთი დასწავლისთვის, პრინციპში, არ არის აუცილებელი არც მოდელის და არც მოსწავლის ქცევის განმტკიცება. თუმცა ირკვევა, რომ მოდელის ქცევის იმიტირების ალბათობა მკვეთრად იზრდება მაშინ, თუ მოდელის ქცევა ჯილდოვდება; ეს თითქმის არ ხდება, როდესაც იგი ისჯება. მაშასადამე, ქცევის შეთვისებისა და განხორციელებისთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ არაპირდაპირ განმტკიცებასაც, ანუ სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებას. მოდელირების ეფექტურობაზე გავლენას ახდენს, აგრეთვე, მოდელის ისეთი თვისებები, როგორიცაა ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი, კომპეტენტურობა და სხვა.

      ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის დებულება არაპირდაპირი განმტკიცების შესახებ, მოდელის ქცევის შედეგებზე მიღებული ინფორმაციის კოგნიტურ გადამუშავებას გულისხმობს. მოდელირებით დასწავლის მთელი პროცესიც, არსებითად, კოგნიტურ პროცესადაა წარმოდგენილი. მასში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყურადღებას (მოდელის ქცევის მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა) და მეხსიერებას (მოდელის ქცევის შესახებ ინფორმაციის შემონახვა ხატოვანი ან ვერბალური კოდირების საშუალებით).

      სოციალური ქცევის შეთვისება უპირატესად მოდელირების პროცესების მეშვეობით ხდება. მაგრამ იმისთვის, რომ მოქმედება პრაქტიკაში განხორციელდეს, მარტო მისი დასწავლა საკმარისი არ არის; აუცილებელია იმის რწმენაც, რომ დასწავლილი მოქმედება ეფექტურად იქნება გამოყენებული. ქცევის რეგულაციის ამ მომენტს ბანდურას კონცეფციაში თვითეფექტურობა ეწოდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიეწერება.

      თვითეფექტურობა არის ადამიანის ცნობიერი წარმოდგენა კონკრეტულ სიტუაციაში წარმატებით მოქმედების უნარის შესახებ. ადამიანები მართლაც სხვადასხვაგვარად ფიქრობენ, გრძნობენ და მოქმედებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად კომპეტენტურად თვლიან თავს გარკვეულ ამოცანებთან და ვითარებებთან მიმართებაში. ინდივიდის მიერ თვითკომპეტენტურობის შეფასება ცვალებადობს ქცევის სახის, მისი სირთულისა და სიტუაციის შესაბამისად. სხვა ფაქტორებთან ერთად, თვითეფექტურობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქცევის შესრულების გადაწყვეტილებას, შეუპოვრობას ამ აქტივობის განხორციელებისას, მის წარმატებულობას და ამასთან დაკავშირებულ ემოციებს - სტრესს, შფოთვას, დეპრესიას, სიამაყეს და სხვა. თვითეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ადაპტირებულობისა და ცხოველქმედების მაღალ დონეს და, საბოლოოდ, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

      ამრიგად, თვითეფექტურობა გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოგნიტური მექანიზმია. მის ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ინდივიდის მიერ ამა თუ იმ მოქმედების წარმატებით შესრულების პირადი გამოცდილება. შესრულების შედეგიანობა განსაზღვრავს თვითეფექტურობას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული იყო ამოცანა, რა ძალისხმევა დასჭირდა მის გადაჭრას და როგორი იყო გარედან მიღებული დახმარება. მაგალითად, რთული ინტელექტუალური ამოცანის გადაწყვეტა ან ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება უფრო მეტად შეუწყობს ხელს თვითეფექტურობის ზრდას, მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამოცანა, თუ მისი გადაწყვეტის ხერხი ვინმემ გვიკარნახა, მაშინ დადებითი შედეგი არ გააუმჯობესებს ამ სფეროში თვითეფექტურობის განცდსდას. თვითეფექტურობის მოლოდინი შეიძლება გამომუშავდეს არა მხოლოდ ინდივიდის უშუალო გამოცდილებით, არამედ სხვა ადამიანების მოქმედებაზე დაკვირვების გზითაც. ასეთ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება წარმოიქმნას იმის მოლოდინი ან რწმენა, რომ ეს მოქმედება სავსებით შესრულებადია. თუმცა, ამისთვის, მოდელის უნარშესაძლებლობები დაახლოებით მაინც უნდა შეესაბამებოდეს ინდივიდის ანალოგიურ მონაცემებს. და ბოლოს, თვითეფექტურობაზე საგრძნობ გავლენას ახდენს ფიზიოლოგიური და ემოციური მდგომარეობები. ეს სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ჯერ ერთი, მაღალი აღგზნებულობა ხშირად ობიექტურად აუარესებს ამოცანის შესრულებას და შესაბამის თვითეფექტურობის განცდას; მეორე, კარგი გუნება-განწყობილება თავისთავად ამაღლებს თვითეფექტურობას და მესამე - ისეთი მოქმედებების შესრულებისას, რომლებიც ძალას და გამძლეობას გულისხმობენ, თანმდევი დაღლილობა, სისუსტე ან ტკივილი ადამიანების მიერ განიხილება, როგორც დაბალი ფიზიკური ეფექტურობის ნიშანი. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში თვითეფექტურობის გაზრდა იწვევს ქცევის რეალური ეფექტურობის მატებას და არასასურველი ქცევის მოდიფიკაციას. ამდენად, ბანდურას მიერ თვითეფექტურობა განიხილება, როგორც საზოგადოდ ქცევის კორექციის, კერძოდ კი, ფსიქოთერაპიული რეგულაციის ძირითადი კოგნიტური მექანიზმი. ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა, განსაკუთრებით შიშისა და შფოთვის ფენომენების მოხსნასთან დაკავშირებით.

      ბანდურა აღნიშნავს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოქმედებისთვის საჭირო ჩვევები და თვითეფექტურობის საკმარისი დონე, მაგრამ არ ჰქონდეს მისი შესრულების სურვილი ან აუცილებელი მატერიალური ან ფინანსური რესურსები. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება აქტივობის მოტივაციურ ფაქტორს, მეორეში - სიტუაციურს. საზოგადოდ, ბანდურას მიაჩნია, რომ ქცევა, პიროვნება და გარემო ერთმანეთს განსაზღვრავენ; ეს არის ურთიერთდეტერმინიზმის ან რეციპროკული დეტერმინიზმის პრინციპი. ქცევა ცვლის გარემოსაც და პიროვნებასაც; ამავე დროს, მათი მუდმივი ზემოქმედებითაა განსაზღვრული. ადამიანი გარესინამდვილის გავლენას განიცდის, მაგრამ, ამასთანავე, თვითონ ირჩევს ქცევის ხერხებს; იგი ერთდროულად სიტუაციაზე რეაგირებს და თვითონაც ქმნის მას. ადამიანი ირჩევს სიტუაციებს და ასევე ყალიბდება მათი გავლენით; ადამიანი გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ქცევაზე და, ამასთანავე, სხვა პიროვნებათა გავლენით თავადაც ყალიბდება.

      პიროვნებასთან დაკავშირებულ ცვლადებს - გამოცდილებას, თვითეფექტურობას და მოტივაციას - ბანდურა, უპირატესად, კოგნიტური თვალსაზრისით განიხილავს. მართლაც, დასწავლა შემეცნებითი სტრუქტურების ფორმაში მოცემული კომპეტენტურობაა; თვითეფექტურობა გაგებულია, როგორც ცნობიერი წარმოდგენა ან მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე. იგივე ითქმის ადამიანურ მოტივაციაზე, რომლის დიდი ნაწილი, ავტორის რწმენით, კოგნიტური პროცესების წყალობით წარმოიქმნება.

      მოტივაციაზე მსჯელობისას ბანდურა აღნიშნავს, რომ ქცევას, დიდწილად, მისი შედეგი განსაზღვრავს. ამასთან, შედეგით მოქმედების განსაზღვრა ხდება არა ავტომატურად და უშუალოდ, არამედ ე.წ. კოგნიტური მოტივატორების მეშვეობით. ესენია მოლოდინები ქცევის შედეგების შესახებ, ანუ პროგნოზირებული შედეგი. ეს მოლოდინები, როგორც ქცევის მოტივატორები, კოგნიტური პროცესების საშუალებით გამომუშავდება. ისინი დაკავშირებული არიან მრავალფეროვან ფიზიკურ (საკვები, ტკივილი, სენსორული შთაბეჭდილებები და სხვა) თუ სოციალურ (შეფასება, სტატუსი, ძალაუფლება და სხვა) სტიმულებთან. ადამიანის მოტივაციაში მთავარი მაინც ისაა, რომ მოქმედება უშუალო განმტკიცების გარეშე ხორციელდება; იგი მომავალი შედეგების მიღწევაზეა მიმართული. ადამიანებს შეუძლიათ მომავალი მიღწევებისა თუ დანაკარგების წინასწარმეტყველება. ამის საშუალებას მათ აძლევთ იმ შინაგანი სტანდარტების არსებობა, რომლითაც ფასდება საკუთარი და სხვისი ქცევები. ამ სტანდარტების სისტემის შესაბამისად ხდება მიზნის დასახვა და იმ განმტკიცებების განსაზღვრა, რომლებიც ქცევებს მოჰყვება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ე.წ. თვითგანმტკიცებას ენიჭება; სწორედ ის არის აქტივობის საყრდენი მაშინ, როდესაც ქცევა ხანგრძლივია და არ მოეპოვება გარეგანი განმამტკიცებლები. თვითშეფასების ასეთი გამოვლინებებით, როგორიცაა, ვთქვათ, თვითშექება, სიამაყე, თვითკრიტიკა და დანაშაულის განცდა, ჩვენ შეგვიძლია წავიხალისოთ ან დავისაჯოთ თავი; აქ მნიშვნელოვანია, თუ რა პიროვნული სტანდარტების შესაბამისად ვმოქმედებთ. არსებითად, სწორედ ეს არის ადამიანისთვის ესოდენ დამახასიათებელი თვითრეგულაციის უნარი. ისეთი კოგნიტური მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა მოლოდინები, სტანდარტები და თვითგანმტკიცება, სუბიექტს შეუძლია თვითონ დაისახოს სამომავლო მიზნები და აკონტროლოს მათი განხორციელების პროცესი. ადამიანური მოტივაციის არსი, ბანდურას აზრით, ამაში მდგომარეობს.

      ბანდურას მიერ აღწერილი თვითრეგულაციის მექანიზმი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რამდენადაც ის გვევლინება თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველაზე არგუმენტირებულ პასუხად დეტერმინაციათავისუფლების დილემაზე. როგორც აღინიშნა, ბანდურა გვთავაზობს ე.წ. რეციპროკული დეტერმინიზმის მოდელს, რომლის თანახმად პიროვნება, ქცევა და სიტუაცია ურთიერთზემოქმედი აგენტების სამკუთხედის სახით არის წარმოდგენილი. ქცევაზე მოქმედებს პიროვნება და სიტუაცია, მაგრამ ისიც ზეგავლენას ახდენს ორივე მათგანზე. თვითრეგულაციის პრობლემის კონტექსტში მთავარია პიროვნების ქცევაზე ზემოქმედების ამსახველი მიმართება. ბანდურას მიხედვით, პიროვნება, ძირითადად, კოგნიტური სტრუქტურებისა და მათ შორის არსებული კავშირების სისტემის სახით აღიწერება. ამ სისტემაში სრულიად კანონზომიერი, დეტერმინირებული პროცესები მიმდინარეობს.

      ბანდურას მიხედვით, ქცევის თვითრეგულაციის პროცესს ფაქტორების მთელი რიგი განსაზღვრავს. მათი ერთი ნაწილი იმ ორიენტირებს ქმნის, რასაც გარემოსა და ქცევის შეფასება ეფუძნება. ცენტრალური ადგილი აქ სტანდარტებს უკავია. სტანდარტი დასწავლის შედეგია; ის იქმნება როგორც პირდაპირი (საკუთარი ქმედების), ისე ირიბი (სხის ქცევაზე დაკვირვების, მოდელირების) გამოცდილების გზით. ავტორიტეტული უფროსების დარიგებით მოზარდი იგებს პატიოსნებისა და სიკეთის ღირებულებას; სხვებზე დაკვირვებით ხვდება, რა არის კარგი და რა - ცუდი სხვებისა და საკუთარ ქცევაში; თავისი მოქმედების წყალობით წვდება გარე ზემოქმედების სასიამოვნო და მტკივნეულ მხარეებს. ყველა ეს სტანდარტი სუბიექტურია, ვინაიდან ახალი ინფომაცია უკვე მოცემულ ცოდნას უკავშირდება და ინდივიდუალურად გადამუშავდება.

      თვითკონტროლის ფაქტორების მეორე წყებას კონკრეტული ფსიქიკური უნარები და პროცესები შეადგენს. მათი საშუალებით ქცევის გაკონტროლება ხდება. თვითდაკვირვების უნარის გამოყენებით ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ საკუთარი ქცევის სხვადასხვა მხარეს (ხარისხი, რაოდენობა, ორგინალურობა, თანმიმდევრულობა და ა.შ.), ვმსჯელობთ მისი ღირებულების შესახებ, ვადარებთ გარკვეულ ნიმუშებს, სტანდარტებს, ნორმებს, ვარკვევთ ჩვენი ქცევის მიზეზებს - გარეგანი ვითარებითაა ის გაპირობებული თუ შინაგანი ძალებით (ე.წ. ატრიბუცია). ამ უპირატესად კოგნიტური უნარების გარდა, ქცევის კონტროლი გარკვეულ დადებით და უარყოფით ემოციებსაც ითვალისწინებს; ესაა აქტიური რეაქცია საკუთარ თავზე, რომელიც სტანდარტებთან ქცევის შესაბამისობის მაჩვენებელია, მაგალითად, კმაყოფილება ან უკმაყოფილება თავისი თავით. ამრიგად, მოდელში განიხილება თვითრეგულაციაში ჩართული პროცესების სამი სახე: თვითდაკვირვება, აზროვნება და ემოციური რეაგირება.

      სტანდარტების ჩამოყალიბებისა და მათთან ქცევის შეუსაბამობის დადასტურების შემდეგ, დგება სათანადო ზომების მიღების დრო. ბანდურა ამას სანქციებს უწოდებს. იგი გამოყოფს საზოგადოებრივ სანქციებს და საკუთარ, შინაგან სანქციებს. თვითრეგულაცია ამ უკანასკნელს უკავშირდება და ორ ძირითად მექანიზმს მოიცავს. პირველია ე.წ. შერჩევითი ჩართვა. ბანდურას რწმენით, ადამიანში არ არის ჰომუნკულუსის სახით მოცემული რაიმე შინაგანი მაკონტროლებელი ინსტანცია (აგენტი), რომელიც, თავისი კრიტერიუმების შესაბამისად, ავტომატურად ახდენს ქცევის სანქციონირებას ან ბლოკირებას. სინამდვილეში ეს კრიტერიუმები (სტანდარტები) ~მე~სისტემაშია მოცემული, რომელიც „თავის თავში შეიცავს კოგნიტურ სტრუქტურებსა და აღქმის ქვეფუნქციებს, ქცევის შეფასებებსა და რეგულაციებს, და თან ისე, რომ არ წარმოადგენს ფსიქიკურ აგენტს, რომელიც აკონტროლებს მოქმედებას“. ქცევის შერჩევითი ჩართვა-გამორთვის მექანიზმი მუდამ აქტიურია და მოქმედებს თვითშეფასების სტანდარტებისა და სიტუაციის მონაცემების შესაბამისად. ერთ სიტუაციაში ადამიანმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ქცევა ეწინააღმდეგება მის სტანდარტებს, ვნებს სხვა ადამიანებს; ასეთ შემთხვევაში ქცევა შეიცვლება. სხვა სიტუაციაში, თუ ადამიანი თვლის, რომ იგივე ქცევა არ ბღალავს ვინმეს ინტერესებს და მისაღებია მისი სტანდარტებისთვის, განაგრძობს ამ ქცევის შესრულებას.

      თვითრეგულაციის მეორე მექანიზმს ბანდურა შინაგანი კონტროლის გამორთვას უწოდებს. ამ დროს ადამიანმა შეიძლება განახორციელოს საზოგადოებრივი და მორალური თვალსაზრისით დასაგმობი ქცევები. ეს მექანიზმი, უპირატესად, ორჭოფულ ვითარებებში იჩენს თავს და გვეხმარება შევამციროთ ან სულ ავირიდოთ პასუხისმგებლობა, გავამართლოთ ის კონკრეტული მოქმედება, რომელიც, საზოგადოდ, მიუღებელია ჩვენი სტანდარტების თვალსაზრისით. შინაგანი კონტროლის გამორთვის სხადასხვა ხერხი არსებობს. 1) ქცევის ახლებური განსაზღვრება. ამ შემთხვევაში ადამიანი თავისი მოქმედების მორალურ გამართლებას პოულობს (მკვლელობის ჩადენა შესაძლებელია, თუ ამას სამშობლოს დაცვის აუცილებლობა მოითხოვს), ან მიმართავს გამამართლებელ შედარებას (ნაცისტები ჰოლოკოსტის მხეცობას „ევროპის გასუფთავებას“ უწოდებდნენ, ქილერები მკვლელობას „კონტრაქტის შესრულებას“ არქმევენ). 2) პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრება (გადაბრალება) ან განაწევრება. ამ შემთხვევაში ადამიანი უარს ამბობს აღიაროს კავშირი თავის მოქმედებასა და მის შედეგს შორის. გადაბრალების დროს ხდება პასუხისმგებობის სხვაზე გადაცემა (ნაცისტები თავს იმართლებდნენ იმით, რომ მხოლოდ მეთაურების ბრძანებებს ასრულებდნენ, ხოლო მოძალადეები იმით, რომ მსხვერპლი მათ პროვოცირებას ახდენდა თავისი სექსუალური გარეგნობით ან სუსტ წინააღმდეგობას უწევდა); განაწევრებისას პასუხისმგებლობა ისეთი რაოდენობის ადამიანებზე ვრცელდება, რომ რეალურად აღარავინ რჩება პასუხისმგებელი (ასეთია პოლიტიკა - ამბობენ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელეები; ან - ამას ყველა აკეთებს). 3) ქცევის უარყოფითი შედეგების გაბუნდოვნება, დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტაცია (მამა ამართლებს შვილის ცემას იმით, რომ იგი არ არის ისე ნაბეგვი, როგორც იმსახურებს ან იმით, რომ ეს ბავშვის აღზრდას უწყობს ხელს; ბომბდამშენის მფრინავი ამბობს, რომ მან უბრალოდ ღილაკს დააჭირა ხელი, ბომბები კი ღრუბლებში გაუჩინარდნენ). 4) მსხვერპლის დეჰუმანიზაცია (თეთრი რასის წარმომადგენლები მათ მოწინააღმდეგე ზანგებს ან ინდიელებს ხშირად არც თვლიდნენ ადამიანებად; შესაბამისად, არც დანაშაულის გრძნობა ჰქონდათ მათი მოკვლის გამო).

      როგორც ვხედავთ, დასწავლისა, მოტივაციის და თვითრეგულაციის შემთხვევაში ხაზგასმულია კოგნიტური პროცესების როლი. სწორედ ეს მომენტი - ქცევის კოგნიტური რეგულაცია, განსაკუთრებით დამახასიათებელია ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიისთვის. ამიტომ, ის ქცევითი კოგნიტივიზმის ერთ-ერთ ვარიანტად უნდა იქნეს მიჩნეული. თუმცა, თავდაპირველად, დასწავლაზე აქცენტის გამო, ის ბიჰევიორისტული მიმდინარეობის განშტოებად განიხილებოდა, კერძოდ, ნეო-ნეობიჰევიორიზმად ან სოციალურ ბიჰევიორიზმად. თანდათან ბანდურას კონცეფციაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გონებრივ, შინაგან ფსიქიკურ პროცესებს. ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპის შესაბამისად, ქცევა შინაგანი და გარეგანი ფაქტორების მუდმივი ურთიერთზემოქმედების შედეგის სახით იქნა წარმოდგენილი. აქცენტი გაკეთდა ცნობიერ თვითეფექტურობაზე და ცნობიერ თვითრეგულაციაზე. ეს კი უკვე ნიშნავდა ბიჰევიორიზმისაგან ფაქტობრივ გამიჯვნას. რამდენიც არ უნდა ვზარდოთ „ნეო“ წინსართების რაოდენობა, ცნობიერებით ესოდენ გაჯერებული თვალსაზრისი მაინც ვერ ჩაითვლება ბიჰევიორისტულად. ბიჰევიორიზმთან სოციალურ-კოგნიტურ მიდგომას ის აკავშირებს, რომ აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შეთვისებას, დასწავლას და განმტკიცებას სოციალურ სიტუაციებში; აგრეთვე ისიც, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ზუსტ ემპირიულ კვლევაზე და მკაცრად კონტროლირებულ მონაცემებზე.

      სწორედ აქ გადის მთავარი წყალგამყოფი ფსიქოანალიზსა და სოციალურ-კოგნიტურ თეორიას შორის. ბანდურა აკრიტიკებს ფსიქოანალიზს იმის გამო, რომ ის ეფუძნება ისეთ ცნებებს, რომელთა ექსპერიმენტული შემოწმება შეუძლებელია. მას მიაჩნია, რომ ემპირიულმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს იმ ტიპის არაცნობიერი ძალები, რომლებიც აღიარებულია ფსიქოდინამიკურ შეხედულებაში. საერთოდ, სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში არაცნობიერის ნაცვლად ხაზგასმულია ცნობიერი შემეცნებითი პროცესების მნიშვნელობა; უარყოფილია, აგრეთვე, ფსიქოანალიზისთვის დამახასიათებელი დისპოზიციონიზმი - ხასიათის ტიპები, რომელთა ფორმირება, აუცილებელი ბუნებრივი სტადიების გავლით, ბავშვობაში ხდება. ამის ნაცვლად, ხაზგასმულია ქცევის სიტუაციური და კოგნიტური სპეციფიკა და ის, რომ ქცევა აწმყოში მოქმედი ძალებითა და მექანიზმებით იმართება.

      ფსიქოლოგიის თეორიების შემსწავლელი სპეციალისტების მიერ სოციალურ-კოგნიტური შეხედულება თანამედროვე აკადემიურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და სერიოზულ კონცეფციად არის შეფასებული. მასში მოცემული ახალი თეორიული კონსტრუქციები სანდო ემპირიულ საფუძველზეა აშენებული; ამავე დროს გათვალისწინებულია სხვა ფსიქოლოგიური სისტემების პოზიტიური მონაცემები და გადადგმულია ნაბიჯები მათი ცალმხრივობის დასაძლევად. ცნობიერების როლის წინ წამოწევა, მოდელირებით გამოცდილების შეძენის კანონზომიერებათა დადგენა, აქტივობის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთქმედების მაქსიმალური გათვალისწინება, ამ შეხედულების საკმაოდ მიმზიდველი ასპექტებია. მაგრამ რამდენად ორგანულად ერთიანდება მისი სხვადასხვა მომენტები არაწინააღმდეგობრივ თეორიულ სისტემად, ეს კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, ავტორიტეტული ექსპერტები თვლიან, რომ სოციალურკოგნიტური თეორია უფრო იდეებისა და ცნებების ნარევს წარმოადგენს, ვიდრე ერთიან, მთლიანობით თეორიას. აღნიშნული იდეების და ცნებების ნაწილი ამ თეორიის უნიკალურ წვლილს განაპირობებს, დანარჩენები სხვა თეორიებიდანაა ნასესხები. ეს თეორია „უფრო ზოგადი ორიენტაციაა და არა დაწვრილებით დამუშავებული შეხედულება ურთიერთკავშირების სისტემის შესახებ“ (ლ. პერვინი და ო. ჯონი). ეს, თუ შეიძლება ითქვას, თეორიული სისტემის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებია. მაგრამ სირთულეები თავს იჩენს, აგრეთვე, თეორიის შემადგენელი ცნებების და კონცეპტების შინაარსის გააზრებისას. პირველ რიგში აქ უნდა აღინიშნოს შეხედულება მოტივაციაზე.

      მოტივაციის პროცესის ანალიზი ბანდურასთან, მთლიანად კოგნიტური სტრუქტურებისა (მოლოდინი, სტანდარტი, მიზანი) და მათი მიმართებების დახასიათებით ამოიწურება. საკუთრივ მოტივაციის სპეციფიკა არ ჩანს და ის, არსებითად, კოგნიტური პროცესის სახეს იღებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე შეხედულებების თანახმად, კოგნიტური, მოტივაციური და ემოციონალური პროცესები ურთიერგაჯერებული და ურთიერთდაკავშირებული პროცესებია; რიგ შემთხვევაში ეს კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ ისინი ერთიანი ფსიქიკური ფენომენის ასპექტებად გვევლინებიან. მაგალითისთვის ატიტუდის სამკომპონენტიანი სტრუქტურის მოდელიც იკმარებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური სინამდვილის ამ სამი კლასის მოვლენებს სპეციფიკური სტუქტურულ-ფუნქციონალური თავისებურებები არ გააჩნია. მოტივაციამ უნდა აღძრას ქცევა, ხოლო კოგნიციამ წარმართოს. მოტივაციის პროცესში ამ ფუნქციების გაერთიანება და გარკვეული ინტეგრალური, კოგნიტურ-მოტივაციური წარმონაქმნების პროდუცირება ხდება. გავიხსენოთ, როგორაა გაანალიზებული „მოტივაციის კოგნიტური გადამუშავების პროცესი“ ნიუტენთან. ამ პროცესის პროდუქტები კონკრეტული მიზნები და გეგმებია. მიზანზე ბანდურაც ლაპარაკობს, მაგრამ ისე, თითქოს ეს უკანასკნელი შემეცნებით სფეროს განეკუთნება; მიზანი წარმოდგენაა, ანუ როგორც ა. ელისი იტყოდა, „ცივი კოგნიციაა“. ქცევის წარმართველ ძალად რომ გადაიქცეს, მისმა მოტივაციურმა „ტემპერატურამ“ უნდა მოიმატოს, იგი დინამიზმის წყაროს უნდა დაუკავშირდეს. ბანდურა, ფაქტობრივად, არაფერს ამბობს ქცევის აღმძვრელ მოტივაციურ სისტემაზე, რომლის გააზრების გარეშე სრულყოფილი ზოგადფსიქოლოგიური თეორიის დაფუძნება წარმოუდგენელია. სანამ ეს არ გაკეთებულა, აუხსნელი რჩება ძირითადი საკითხი - საიდან მომდინარეობს აქტივობა. ბანდურასთვის მიუღებელია ფროიდის პასუხი, მაგრამ ვერც თვითონ ამბობს რაიმე დამარწმუნებელს.

      უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მოტივაციის პრობლემა როტერის მიერ უფრო დამაკმაყოფილებლად არის გაანალიზებული. როტერთან ქცევის პოტენციალის განმსაზღვრელი „განმტკიცების ღირებულება“ ცალსახად უკავშირდება რაიმე მოთხოვნილებას და მიუთითებს სუბიექტისთვის მისი დაკმაყოფილების მნიშვნელობაზე. აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ სოციალურ-კოგნიტურ კონცეფციაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკური სინამდვილის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ასპექტი; საქმე ეხება არაცნობიერს. მოტივაციის გარდა, ბანდურა ამ საკითხშიც უპირისპირდება ფროიდს და უარყოფს არაცნობიერის ფსიქოანალიზურ გაგებას. ეს, შესაძლოა, მართებულიც იყოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბანდურა არანაირ ალტერნატივას არ გვთავაზობს. სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში ამ მხრივ დიდი თეთრი ლაქაა. არა და, დღეს უკვე ძნელია მოინახოს სერიოზული თეორეტიკოსი, ვინც ქცევის ორგანიზაციასა და რეგულაციაში არაცნობიერი პროცესების ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს. ერთია მხოლოდ, რომ არაცნობიერ მექანიზმებს ზოგ შეხედულებაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ზოგში - ნაკლები. საზოგადოდ, ნათელია, რომ ფსიქოლოგიური რეალობის მთელი სივრცის დასაფარავად ზოგადფსიქოლოგიურმა კონცეფციამ არაცნობიერის სფეროც უნდა მოიცვას. ამავე დროს, როგორც დ. უზნაძე მოითხოვდა, არაცნობიერი უნდა დახასიათდეს არა ნეგატიურად - როგორც იგივე ფსიქიკა ცნობიერების გარეშე, არამედ პოზიტიურად, არსებობის სპეციფიკური ფორმისა და ფუნქციის ჩვენებით. განხილულ თეორიულ სისტემას, ამ მხრივ, ჯერ კიდევ, ბევრი რამ აკლია.

      აქამდე განხილული სისტემების ავტორებს, მათი მკაფიო კოგნიტივისტური ორიენტაციის გარდა, საგულდაგულოდ ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევებისადმი ერთგულებაც აერთიანებდა. ყველა მათგანი ისე ადგენდა და აზუსტებდა ცნებებს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი ემპირიული შემოწმება კონტროლირებად პირობებში. ამდენად, მათი სამუშაო უფრო აკადემიური ფსიქოლოგიის ჩარჩოებში წარმოებდა. ამავე დროს, კოგნიტური მიმდინარეობის ფარგლებში თავიდანვე გამოირჩეოდნენ მკვლევარები, რომლებიც კლინიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე მუშაობდნენ. ისინი თეორიულ პრინციპებს ფსიქოთერაპიულ მონაცემებზე დაყრდნობით აყალიბებდნენ და ფსიქოკორექციულ პრაქტიკაში აფუძნებდნენ. სადღეისოდ არსებობს ფსიქოთერაპიული სისტემების მრავალი სახეობა, რომელთა თეორიულ ბაზას, არსებითად, კოგნიტური ფსიქოლოგია შეადგენს.

      ამ ორიენტაციის ფსიქოლოგებში ყველაზე გავლენიანი თეორეტიკოსი, ალბათ, ჯორჯ კელია (1905-1966). კელიმ მრავალმხრივი განათლება მიიღო ამერიკასა და ინგლისში (ფიზიკა-მათემატიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია). საბოლოოდ კი ფსიქოლოგად ჩამოყალიბდა და დისერტაციაც ამ სფეროში დაიცვა აიოვას უნივერსისტეტში. ომის დროს ემსახურებოდა სამოქალაქო რეისების მფრინავების გადამზადების საქმეს. ომის შემდგომ ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი „პიროვნების კონსტრუქტების ფსიქოლოგია“, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ფართო ფსიქოლოგიური საზოგადოებრიობის ყურადღება. მასში დამუშავემული პიროვნული კონსტრუქტების თეორია საყოველთაოდ არის ცნობილი.

      კელი პიროვნების ფსიქოლოგიის სფეროში კოგნიტივისტური მიდგომის ერთ-ერთი პიონერია. მისთვის შემეცნებითი მხარე ადამიანში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პიროვნება მეცნიერ-მკვლევარის ანალოგად არის გაგებული. მეცნიერის მსგავსად, ადამიანი აანალიზებს სხვადასხვა ვითარებას, აყალიბებს მათ შესახებ გარკვეულ შეხედულებებს და, ამის საფუძველზე, წინასწარ განჭვრეტს მომავალ მოვლენებს. აქედან გამომდინარეობს ადამიანის ბუნების ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი: ერთი ის, რომ იგი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოცვაზე, არამედ აქტიურად ქმნის ამ უკანასკნელის შესახებ თავის წარმოდგენას, მის ფსიქიკურ რეპრეზენტაციას და მეორე, რომ იგი ძირითადად მომავალზეა ორიენტირებული. პიროვნების არც ერთ მკვლევართან (ალბათ ოლპორტის გარდა) ადამიანის მომავალზე ორიენტირებულობა (ე.წ. პროსპექტულობა) არ არის ისე ხაზგასმული, როგორც კელის სისტემაში. ადამიანს მომავალი აწუხებს, მომავალი ხიბლავს და არა წარსული; იგი ყოველთვის ცდილობს მომავალში შეიხედოს აწმყოს ფანჯრიდან, ამბობს კელი. ეს არსებითად განასხვავებს მის შეხედულებებს ფსიქოანალიზისაგან, სადაც აქცენტი წარსულზე კეთდება.

      მოვლენების აღსაწერად და ასახსნელად მეცნიერები თეორიულ კონსტრუქციებს მიმართავენ. ამის მსგავსად, ადამიანებიც ქმნიან და იყენებენ კოგნიტურ ანუ აზროვნებით სტრუქტურებს - ე.წ. კონსტრუქტებს, რათა მოახდინონ მოვლენებისა და ვითარებების კატეგორიზაცია, ინტერპრეტაცია და პროგნოზირება. აკვირდებიან რა მოვლენებს, ადამიანები აფიქსირებენ მათში მსგავს და კონტრასტულ მხარეებს, ისეთებს, როგორიცაა კარგი-ცუდი, მაღალი-დაბალი, მაგარი-რბილი, წყნარი-აღელვებული, კეთილი-ბოროტი და მრავალი სხვა. ეს პიროვნული კონსტრუქტების მაგალითებია, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები აფასებენ და აწესრიგებენ თავის ცხოვრებისეულ სამყაროს. პიროვნება არის კონსტრუქტების სისტემა.

      პიროვნული კონსტრუქტი კელის თეორიის ძირითადი ცნებაა. მასში კონსტრუქტების განსხვავებული სახეები განიხილება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი პიროვნებისთვის (ცენტრალური და პერიფერიული კონსტრუქტები), მოვლენების რამდენად ფართო წრეს მოიცავენ (გამოყენების დიაპაზონი), რამდენად ექვემდებარებიან სიტყვიერ ფორმულირებას (ვერბალური და არავერბალური კონსტუქტები), რამდენად ექვემდებარებიან შეცვლას (შეღწევადობა-შეუღწევადობა) და ა.შ. ადამიანები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდებიან, თუ რა სახის და რა რაოდენობის კონსრუქტებს იყენებენ ქცევაში, რამდენად რთულია კონსტრუქტების სისტემის ორგანიზაცია და რამდენად მოქნილია სისტემა გაფართოებისა და ცვალებადობის თვალსაზრისით. ამის მიხედვით ყველა ადამიანის კონსტრუქტების სისტემა უნიკალურია.

      როცა კონსტრუქტების სისტემა ვეღარ ახდენს მოვლენების ეფექტურ პროგნოზირებას, საჭირო ხდება მისი შეცვლა. ასეთი სიტუაცია მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანი ახალ ან უცხო მოვლენებს ხვდება, ისეთებს, რომლებიც ან არაა ასახული მის კონსტრუქტებში ან მათ ეწინააღმდეგება. ამ დროს ხდება ახალი კონსტრუქტების შექმნა ან უკვე არსებულის შინაარსის გაფართოება. ეს უკანასკნელი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია ამა თუ იმ პიროვნების კონსტრუქტების შეღწევადობის დონე. ეს პარამეტრი აღნიშნავს კონსტრუქტების თვისებას, მოახდინოს ახალი ინფორმაციის ასიმილაცია და, შესაბამისად, გარკვეულად შეცვალოს თავისი სტრუქტურა. შეღწევადობის დაქვეითება ადამიანის ფსიქოლოგიური რიგიდულობის გამოხატულებად ითვლება.

      კონსტრუქტების სისტემა ქცევის რეგულაციას ემსახურება. ამიტომ, ამ სისტემის ფუნქციონირების დეფექტი ქცევის დარღვევას იწვევს. პათოლოგიური ქცევისას ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს კონსტრუქტების შინაარსი და სტრუქტურა, თუმცა ის ვერ უზრუნველყოფს სწორ წინასწარმეტყველებას და ქცევის მიზნის მიღწევას. პოზიტიური ცვლილებების პროცესის არსი კონსტრუქტების კოგნიტური სისტემის რეკონსტრუქციაში, მის განვითარებასა და გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გულისხმობდეს სისტემაში ახალი კონსტრუქტების შემოტანას, მეორეში - ძველი კონსტრუქტების მოსპობას; ზოგჯერ საჭიროა კონსტრუქტების შინაარსის გაფართოება ან, პირიქით, შევიწროვება, შეღწევადობის გაზრდა და ა.შ. ამ მიზნების მისაღწევად კელიმ შექმნა ფსიქოთერაპიული სისტემა, რომელიც ფიქსირებული როლების თერაპიის სახელითაა ცნობილი. კელის ეკუთვნის, აგრეთვე, პიროვნული კონსტრუქტების დიაგნოსტირების ცნობილი მეთოდიკა - როლური კონსტრუქტების რეპერტუარული ტესტი.

      სამწუხაროდ კელის თეორიაში ღიად არის დატოვებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავენ კონსტრუქტების შინაარსსა და სტრუქტურას, მათ ადაპტურ ან არაადაპტურ (ავადმყოფურ) თვისებებს. კონსტრუქტების სისტემაში არსებული ამა თუ იმ დეფექტის წარმომავლობა ახსნას მოითხოვს, რის გარეშეც ძნელია გაირკვეს, თუ სად უნდა ვეძებოთ ავადმყოფობის ფუნდამენტური მიზეზები (ორგანიზმში თუ გარემოში) და, შესაბამისად, გამოვიმუშაოთ მისი პრევენციისა და მკურნალობის ადეკვატური სტრატეგია.

      აარონ ბეკის (1921) მოდელიც კლინიკური ფსიქოლოგიის ნიადაგზეა შექმნილი. ის, პირველ ყოვლისა, ფსიქიკური დარღვევის მექანიზმის გარკვევასა და შესაბამისი თერაპიის შემუშავებას ემსახურება. ეს ყოველივე კოგნიტური ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ბეკის მიხედვით, ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის საკვანძო მომენტი ინფორმაციის გადაუშავებაშია. სპეციალური ფსიქიკური ფუნქციონალური აპარატი უზრუნველყოფს გარემოდან ინფორმაციის მიღებას, მის სინთეზირებას და, ამის საფუძველზე, მოქმედების დაგეგმვას. ეს ფუნქციონალური აპარატი, კოგნიტივიზმის სულისკვეთების შესაბამისად, გააზრებულია როგორც კომპიუტერული პროგრამის ანალოგი. პროგრამა განსაზღვრავს შემოსული ინფორმაციის სახეს, მისი გადამუშავების ხერხებს და, აქედან გამომდინარე, პასუხებს. პათოლოგიური პროცესის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებაგადამუშავებისას, აზროვნება ტენდენციური ხდება და შეცდომების წყაროდ იქცევა. ბეკი კოგნიტური შეცდომების თუ დამახინჯებების საკმაოდ გრძელ სიას ადგენს. ამ სიაში შედის: უსაფუძვლო დასკვნები - ესაა დასკვნები, რომელიც კეთდება მტკიცებულობების უქონლობისა და, შესაძლოა, რეალობასთან სრული შეუსაბამობის პირობებში. მაგალითად, მომუშავე დედა, რომელიც მძიმე სამუშაო დღის ბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ „იგი ძალიან ცუდი დედაა“. შერჩევითი აბსტრაქცია - სიტუაციის კონცეპტუალიზაცია კონტექსტიდან ამოღებული დეტალის მიხედვით, რაც ხდება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის იგნორირების ფონზე. მაგალითად, ყმაწვილი, რომელიც ხმაურიან წვეულებაზე ეჭვიანობას იწყებს იმის გამო, რომ მისმა შეყვარებულმა გოგონამ თავი სხვისკენ მიაბრუნა, რათა უკეთ გაეგონა მისი ნათქვამი. ზეგენერალიზაცია - ზედმეტად ფართო და გაუმართლებელი განზოგადება ერთი ან რამდენიმე იზოლირებული შემთხვევის საფუძველზე. მაგალითად, ქალი, რომელიც იმედის გამაცრუებელი პაემანის მერე ასკვნის, რომ „ყველა მამაკაცი ერთნაირია. მე ყოველთვის უარყოფილი ვიქნები“. პერსონალიზაცია - მოვლენების ინტერპრეტაცია პიროვნული მნიშვნელობის თვალსაზრისით, საკუთარ თავთან მიმართებაში. მაგალითად, დეპრესიული ნევროტიკი გამვლელის მოღუშული სახის დანახვაზე ფიქრობს: „მას მე ვეზიზღები“. გადაჭარბება ან დაკნინება - რაიმე მოვლენის შედეგების გაზვიადება ან მისი მნიშვნელობის აშკარა შემცირება. გადაჭარბების მაგალითია სტუდენტი, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ აუცილებლად ჩაიჭრება, თუ ოდნავ მაინც ინერვიულებს გამოცდაზე; დაკნინების მაგალითია, როცა ადამიანი უკურნებელი სენით შეპყრობილ დედაზე ამბობს, რომ იგი „ოდნავ გაციებულია“. დიქოტომიური აზროვნება - მოვლენების შეფასება უკიდურეს კატეგორიებში (შავ-თეთრი, ან-ან), მაქსიმალიზმის ნიშნით აღბეჭდილი აზროვნება. მაგალითად, სტუდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ამ საგანს აუცილებლად ფრიადზე არ ჩააბარებს, იგი უიღბლო და ხელმოცარული კაცი ყოფილა. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

      პათოლოგიის შემთხვევაში კოგნიტური დამახინჯება იმ თემების მიმართულებით წარიმართება, საითაც კოგნიტური ძვრა მოხდა. მაგალითად, დეპრესიის დროს ასეთია დამარცხებისა და უსუსურობის თემა, შფოთვისას - ხიფათისა და ა.შ. ამდენად, ყველა ფსიქიკურ პათოლოგიას აქვს სპეციფიკური პროგრამა ან სქემა. ბეკის კოგნიტური სქემის ცნება კელის პიროვნული კონსტრუქტის ცნების ანალოგიურია და გულისხმობს გამოცდილებისა და ქცევის მაორგანიზებელ კოგნიტურ სტრუქტურას. ეს არის შედარებით მდგრადი კოგნიტური მოდელი, რომელიც ადამიანების განწყობების საშუალებით მოქმედებს ინფორმაციის სელექციისა და სინთეზირების პროცესებზე. თავისთავად სქემა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად ან პათოლოგიურად; მაგრამ იგი შეიძლება იყოს ადაპტური ან არაადაპტური. ამ არაადაპტურობას ყოველთვის თავისებური სახე აქვს. შფოთვისას აქტივირდება გადარჩენის პროგრამა - ინფორმაციული ნაკადიდან სუბიექტი ირჩევს ხიფათის შემცველ სიგნალებს და თრგუნავს უსაფრთხოების სიგნალებს. აქტივობაში ეს გამოვლინდება იმით, რომ ინდივიდი განერიდება ყოველ ობიექტურად ნეიტრალურ სიგნალს, რომელსაც იგი შეცდომით საფრთხის მნიშვნელობას მიაწერს. დეპრესიის პროგრამა მოიცავს სამ მომენტს ანუ ე.წ. დეპრესიის კოგნიტურ ტრიადას: ესენია ნეგატიური წარმოდგენა თავის თავზე, როგორც წარუმატებელ და უმაქნის ადამიანზე, ნეგატიური წარმოდგენა სამყაროზე, როგორც მტრულსა და მაფრუსტრირებელზე და ნეგატიური წაროდგენა მომავალზე, როგორც შავბნელსა და უპერსპექტივოზე. ამგვარი კოგნიცია იწვევს ყოველდღიური სირთულეების გაზვიადებას და მათ განცდას ნამდვილ უბედურებად.

      დეპრესიისა და სხვა ნეგატიური კოგნიტური სქემები გამოწვეულია წარუმატებელი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებით. ეს გამოცდილება ზედ ედება უკვე არსებულ დეპრესიულ სქემას, რომელიც ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე ფორმირდება და ინდივიდში მიდრეკილების სახით ვლინდება. უფრო მეტიც, არსებობს სრულიად, გარკვეული მემკვიდრული მიდრეკილებაც დეპრესიისა და სხვა დარღვევების მიმართ. საზოგადოდ სულიერი დარღვევები ბეკის მიერ განიხილება, როგორც ევოლუციური და ბიოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება განვითარებისა და გარემოს ფაქტორებთან. ყველა შემთხვევაში ნეგატიური კოგნიტური სქემა დამყარებულია მცდარ ვარაუდებზე, გაზვიადებულია და ძალიან ძნელად, ან სულ არ ექვემდებარება თვითრეგულაციას. ამიტომ ის დასარეგულირებლად საჭირო ხდება კოგნიტური ფსიქოთერაპევტის დახმარება. კოგნიტური თერაპიის მიზანი ინფორმაციის გადამუშავებაში არსებული დარღვევის გამოსწორება და აზროვნების ტენდენციურობის აღმოფხვრაა. ბეკისეული ფსიქოთერაპიის სტრატეგია მიმართულია პარტნიორობაზე თერაპევტსა და პაციენტს შორის, რათა ამ უკანასკნელმა თავისი კოგნიტური შეცდომების რაციონალიზაცია მოახდინოს. ამისთვის მიმართავენ სოკრატესეულ დიალოგს; საუბარი მიმდინარეობს საგანგებოდ შერჩეული კითხვების დახმარებით, რაც ემსახურება პრობლემის შესწავლას, პაციენტის აზრებისა და წარმოდგენების იდენტიფიკაციას, იმის გაგებას, თუ რა მნიშვნელობას დებს იგი სიტუაციებსა და მოვლენებში; ასევე, არაადეკვატური კოგნიციის შედეგების პროგნოზირებას. შემდგომში, როცა თერაპევტის დახმარებით პაციენტი აღმოაჩენს საკუთარი კოგნიციის მცდარობას, მრავალრიცხოვანი კოგნიტური და ქცევითი ტექნიკის საშუალებით იგი ახალ გამოცდილებას შეიძენს და, საბოლოოდ, აყალიბებს რეალისტურ კოგნიციას.

      ალბერტ ელისი (1913-2007), რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის ავტორი, აგრეთვე ცდილობს შეცვალოს დამახინჯებული, ირაციონალური კოგნიციები რეალისტური, ადაპტური კოგნიციებით. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ავტორი კოგნიტურ და ემოციურ სფეროებს შორის მჭიდრო კავშირის დაშვებიდან ამოდის. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ქცევის ანალიზი უმთავრესად კოგნიტურ-აფექტური და კოგნიტურ-მოტივაციური წარმონაქმნების საშუალებით წარმოებს. ელისი ამ კავშირის იდეას სხვადასხვაგვარად ავითარებს. ჯერ ერთი, იგი გამოყოფს ფსიქიკის ერთეულს, რომელშიც ეს კავშირი რეალურად ხორციელდება და რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს ქცევის ხასიათს. ამ ერთეულს ქმნის რაციონალური და ირაციონალური განწყობები თუ რწმენები. რაციონალური განწყობების სისტემა ნორმალურ ადამიანებში ფუნქციონირებს. ეს სისტემა პოტენციურ, შესაძლებელ ქცევებს გულისხმობს; კერძოდ, მოვლენების ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების სურვილს იმ უპირატესობათა გამო, რაც ასეთ განვითარებასთან არის დაკავშირებული. იგი არ ეუფლება ინდივიდს მთლიანად ან დიდი ხნით და არ აფერხებს სხვა მიზნების განხორციელებას. ირაციონალური განწყობები ხისტ კოგნიტურ-ემოციურ კავშირებს გამოხატავენ. მათ აქვთ მკაცრი მოთხოვნის ხასიათი; აქედან გამომდინარე, ისინი, როგორც წესი, რეალობის მიმართ არაადეკვატურნი არიან. ავადმყოფური ქცევა ირაციონალურ განწყობებს თუ რწმენებს უკავშირდება.

      კოგნიტურ-ემოციური კავშირების გააზრების კიდევ ერთ ვარიანტს წარმოადგენს შეხედულება ცივი, თბილი და ცხელი კოგნიციების შესახებ, სადაც კოგნიციების ტემპერატურა მათთან დაკავშირებული გრძნობების ინტენსივობას გამოხატავს. მაგალითად, იმ მამაკაცის კოგნიცია, ვისი ცოლიც გაბრაზებულია, შეიძლება სამი სახის ტემპერატურული რეჟიმით გამოიხატოს: ერთია ცივი - „მე ვხედავ, რომ ჩემი ცოლი ფიცხია“; მეორე თბილი - „მე არ მომწონს მისი სიფიცხე და მაღიზიანებს მისი ქცევა“, ხოლო მესამე ცხელი - „მე სრულიად ვერ ვიტან მის საქციელს, იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებს. რაში მჭირდება ასეთი, ნამდვილად მოვკლავ!“.

      დაბოლოს, როგორც ფსიქოთერაპევტი, ელისი მიიჩნევს, რომ კოგნიტური სფეროს შეცვლა დაკავშირებულია ემოციური სფეროს შეცვლასთან. შესაბამისად, კოგნიტური სფეროს მკურნალობა ემოციური სფეროს მკურნალობას გულისხმობს და, საბოლოო ჯამში, ქცევისას.

      ირაციონალური რწმენების რაოდენობა, პრინციპში, უსასრულოა, მაგრამ ელისი მაინც გამოყოფს რამდენიმეს, რომლებიც, მისი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად უქმნიან პრობლემებს პაციენტებს. ასეთია, მაგალითად რწმენა, რომ ყველა უბედურება გარედან არის თავსმოხვეული; მოზრდილი ადამიანისთვის სრულიად აუცილებელია, რომ მისი ყოველი ქმედება სხვებისთვის მოსაწონი იყოს; ბედნიერებისკენ მიმავალი გზა დინების მიყოლა და არაფრის კეთებაა; კატასტროფაა, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურს; ის, რამაც ერთხელ ძლიერ იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე, ყოველთვის იმოქმედებს მასზე; უნდა ყველაფერი იცოდე, შეგეძლოს, გესმოდეს და ყველაფერში აღწევდე წარმატებას და ა.შ.

      ელისის მიხედვით, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა გამოავლინოს ირაციონალური განწყობები, გაამახვილოს მათზე პაციენტის ყურადღება, მიიღოს აუცილებელი ზომები მათ შესაცვლელად და ადეკვატური, რაციონალური კოგნიციის ჩამოსაყალიბებლად; შემდეგი ამოცანაა დადებითი ცვლილებების განმტკიცება. თერაპია გულისხმობს განსხვავებული მეთოდების გამოყენებას კოგნიტურ, ემოციურ და ქცევით დონეზე. ამ მიზნით პაციენტს სხვადასხვა დავალებებს აძლევენ და სთხოვენ შეასრულოს გარკვეული მოქმედებები; მიმართავენ ლოგიკურ არგუმენტაციას, დარწმუნებას, იუმორს, დაცინვასაც კი. ამის მიღწევა უკვე ფსიქოთერაპიული ტექნიკის საკითხია, ტექნიკისა, რომელიც კოგნიტური მიმდინარეობის ფარგლებში დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, ბანდურა, ბეკი, ვიგოტსკი, იმედაძე, კოგნიტური, მილერი, პიაჟე, პრიბრამი, ფსიქოლოგია

ნახვა: 3219

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters