ფსიქოლოგიის ისტორია, VIII თავი, II ნაწილი

8.2. პოსტფროიდიზმი

      სიღრმის ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიური აზრის გარკვეული მიმართულება, ყოველთვის საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და განსხვავებულ მიმდინარეობებს აერთიანებდა. მას, პრინციპში, მიეკუთნება ყველა, ვინც ადამიანის ქცევის გაგებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას არაცნობიერ, ინდივიდის “სიღრმიდან” მომდინარე ტენდენციებს ანიჭებს. ამავე დროს, ამ ტენდენციების ბუნება და მოქმედების მექანიზმი ხშირად ძალზე განსხვავებულად არის გაგებული. ეს ვითარება უკვე ე.წ. კლასიკურ სიღრმის ფსიქოლოგიაში გვხვდება, რომელიც ფროიდის, ადლერის და იუნგის სისტემებს აერთიანებს. ყველა მათგანს თავისი მიმდევრები ჰყავს, მაგრამ ცენტრალურ მოძღვრებად უთუოდ ფროიდის ფსიქოანალიზი რჩება. სწორედ მასთან მიმართებაში ახდენდა და ახდენს თვითგამორკვევას ყველა, ვინც ასე თუ ისე ცნობს და იყენებს ფსიქოანალიტიკურ მეთოდს.

      პოსტფროიდისტულ პერიოდში ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი სამი პოზიცია დასტურდება. მათ თავისი წარმომადგენლები ჰყავთ, ესენია: 1) ორთოდოქსალური ფროიდიზმის მიმდევრები; მათ, ძირითადად მიეკუთნებიან მსოფლიო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში გაერთიანებული პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც გამორჩეული სიმტკიცითა და სიმკაცრით იცავენ ფროიდის მოძღვრების სიწმინდეს. 2) რეფორმატორი ფსიქოანალიტიკოსები; მათი ამოსავალი წერტილი ფროიდის თეორიაა, თუმცა ისინი არ ეთანხმებიან მისი მოძღვრების ზოგიერთ პრინციპულ დებულებას და ცდილობენ ფსიქოანალიზის კონცეპტუალური სისტემის მეტ-ნაკლებად სერიოზულ რეფორმირებას. 3) მკვლევარები, რომლებიც თავიდან ფსიქოანალიზის პოზიციებზე იდგნენ, მაგრამ საბოლოოდ იმდენად დაშორდნენ პირველწყაროს, რომ ამჟამად დამოუკიდებელი მიმდინარეობის წარმომადგენლებადაც შეიძლება ჩაითვალონ. აქ შესაძლებელია დავასახელოთ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიცაა ლ. ბინსვანგერი, მ. ბოსი, ჟ. ლაკანი, ჰ. მარკუზე, რ. მეი, პ. რიკერი, ვ. ფრანკლი და სხვა. მათი შეხედულებები, არსებითად, სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემებისა (ფენომენოლოგია, ეგზისტენციალიზმი, სტრუქტურალიზმი, მარქსიზმი) და ფსიქოანალიზის დაკავშირების ან სინთეზის შედეგია. აქვე უნდა დავასახელოთ თვალსაჩინო ფსიქოთერაპევტები ა. ბეკი, ა. ელისი, ე. ბერნი, ფ. პერლსი და სხვა, რომლებმაც ფსიქოანალიზის გავლით, საკუთარი ფსიქოთერაპიული სისტემები შექმნეს (კოგნიტური თერაპია, რაციონალურ-ემოტიური თერაპია, ტრანსაქციული ანალიზი, გეშტალტთერაპია).

      რეფორმისტულ ფსიქოანალიზში, ჩვეულებრივ, ორი დიდი მიმართულება გამოიყოფა: ეგო-ფსიქოლოგია და ნეოფროიდიზმი. ეგო-ფსიქოლოგიისთვის საზოგადოდ დამახასიათებელია ეგოს როლის წინ წამოწევა, მისი განხილვა არა იდისა და სუპერ-ეგოს უბრალო მარიონეტად, არამედ შედარებით ან სავსებით დამოუკიდებელ წარმონაქმნად, რომელიც აქტიურად არეგულირებს ურთიერთობას განსხვავებულ შინაგან ტენდენციებსა და გარემოს შორის. მე-ს აქვს განვითარების თავისი გზა და ლოგიკა, საკუთარი სტრუქტურები, რომლებიც თავდაცვას და ადაპტაციას ემსახურებიან. ეგო-ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებებში მე-ს ფუნქციონირების ცალკეული ასპექტებია წინ წამოწეული.

      ზიგმუნდ ფროიდის შვილის, ანა ფროიდის (1895-1982) შემოქმედების ერთერთ მთავარ თემას “მე”-ს დაცვითი მექანიზმები წარმოადგენდა. ზ. ფროიდი ინსტინქტური ლტოლვებისაგან დაცვის ერთ უმთავრეს მექანიზმზე საუბრობდა - ეს იყო განდევნა. 1936 წელს გამოსულ წიგნში, “მე და დაცვითი მექანიზმები”, ანა ფროიდმა პირველად განიხილა მთელი რიგი დაცვითი მექანიზმი, მნიშვნელოვნად შეავსო ფსიქოანალიზის კონცეპტუალური სისტემა.

      ეგო-ფსიქოლოგიის მეორე ხაზს 1939 წელს გამოქვეყნებული წერილით, “მე-ს ფსიქოლოგია და ადაპტაციის პრობლემა”, ჰაინც ჰარტმანმა (1894-1970) დაუდო სათავე. თუ ფროიდი მხოლოდ იმის კონსტატაციით კმაყოფილდება, რომ ეგო რეალობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ჰარტმანი დაწვრილებით განიხილავს იმ ფუნქციებს, რომელთა მეშვეობითაც გარემოსთან ურთიერთობა მყარდება. ესაა ე.წ. მეორადი ფუნქციები: აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება, მოტორიკა; ერთი სიტყვით, ის რაც ტრადიციული ზოგადი ფსიქოლოგიის საგანს შეადგენს.

      სოციალურ გარემოსთან ადაპტაციას პირველ რიგში ხაზს უსვამს ერიკ ერიქსონი (1902-1990). მან ფსიქოანალიზი ანა ფროიდის ხელმძღვანელობით შეისწავლა ვენაში. ამერიკაში გადასახლების შემდეგ ეწეოდა ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკას და ასწავლიდა ჰარვარდის, იელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში. ერიქსონის აზრით, სოციალურ გარემოში ადამიანის ქცევის ძირითადი ნიშანი ფსიქოსოციალური იდენტურობაა, რომელიც სუბიექტურად განიცდება, როგორც მუდმივი იგივეობა თავის თავთან. ამის საფუძველია “მე”-ს მთლიანობითი ხატი, რომელიც, მიუხედავად ასაკობრივი ცვალებადობისა, ყოველთვის ინარჩუნებს ერთი და იმავე მე-სთან მიკუთვნებულობის ნიშანს.

      იდენტურობის ჩამოყალიბების პროცესი პიროვნების ფორმირების პროცესია, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. ამიტომ ეგო-ფსიქოლოგიის ამ ვარიანტისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია აქცენტი მე-ს ონტოგენეტური განვითარების საკითხზე. ერიქსონის აზრით, ფროიდის მიერ აღწერილ ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიებთან ერთად, როცა ხდება ლტოლვის მიმართულების გადანაცვლება აუტოეროტიზმიდან გარე ობიექტისაკენ, არსებობს, აგრეთვე, - “მე”-ს განვითარების ის სტადიები, რომელთა მსვლელობაში ინდივიდი აყალიბებს ძირითად ორიენტაციებს საკუთარი თავისა და სოციალური გარემოს მიმართ. ფროიდისაგან განსხვავებით, ერიქსონი ამტკიცებს, რომ პიროვნების ქმნადობის პროცესი არ მთავრდება გარდამავალ ასაკში; იგი გრძელდება მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

      პიროვნების ფორმირების თვალსაზრისით, გარდამავალ (მოზარდობის) ასაკს ერიქსონის კონცეფციაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ პერიოდში მოზარდები სინჯავენ სხვადასხვა სოციალურ როლებს და “მე”-ს ხატებს, რათა მონახონ და მოირგონ ისეთი, რომელიც მეტად შეეფერება მათ შინაგან ბუნებას. ერიქსონის მიერ შემოღებული ტერმინი, მოზარდობის იდენტურობის კრიზისი გამოხატავს იდენტურობის ძიებასთან დაკავშირებულ კოლიზიებს. ეს კრიზისი, შესაძლოა, ყველაზე მწვავეა, მაგრამ არა ერთადერთი. ერიქსონის მიხედვით, ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განვითარების რვა ფსიქოსოციალურ სტადიას გაივლის. თითოეული მათგანი შეიცავს კონფლიქტს ან კრიზისს. კრიზისი აუცილებლად წარმოიქმნება, რადგან სოციალური და ფიზიკური გარემო ყველა სტადიაზე - ახალი ამოცანების წინაშე აყენებს ინდივიდს; მათი გადაწყვეტა ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია ინდივიდის გადასვლისათვის განვითარების ახალ დონეზე. კრიზისის დაძლევა უთუოდ მოხდება, ოღონდ ადაპტური ან არაადაპტური გზით. რეალური პროგრესი, ცხადია, მხოლოდ პირველს უკავშირდება. თუ კრიზისი ნეგატიურად არის გადაწყვეტილი, ვითარების გამოსწორება შესაძლებელია შემდგომ სტადიაზე ადაპტური გადაწყვეტის გამონახვით. ამიტომ, ოპტიმისტური პერსპექტივა განვითარების ყველა სტადიაზეა შენარჩუნებული. ყველა სტადიაზე არსებობს ცნობიერი კონტროლისა და კორექციის შესაძლებლობა. აქ მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ სტადიების გავლის აუცილებლობა და მათი თანმიმდევრობა გენეტიკურად არის დაპროგრამებული. ერიქსონის განვითარების ეპიგენეტიკური მოდელის თანახმად, ფსიქოსოციალური სტადიები პიროვნების გეგმის დროში გაშლაა; განვითარება ამ მხრივ მომწიფების პროცესს ემსგავსება; მომწიფებით დეტერმინირებული პროცესი კი უნივერსალურ ხასიათს ატარებს და ყველა კულტურაში ერთნაირად მიმდინარეობს. ერიქსონი, ცხადია, აცნობიერებდა კულტურათა შორის განსხვავებულობის მნიშვნელობას და იკვლევდა კიდეც სტადიების გავლის თავისებურებებს სხვადასხვა კულტურაში, მაგრამ მას უბრალოდ მიაჩნდა, რომ ადამიანის ფორმირების პროცესი ყველა კულტურაში პრინციპულად მსგავსი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს. ყველამ უნდა დაძლიოს პატარა ბავშვის უსუსურობა, მისცეს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ცოდნაჩვევები, გამოუმუშაოს სოციალური თანაცხოვრების წესები; ყველგან წარმოიქმნება იდენტურობის მიღწევის, შემდგომი თაობის გაზრდისა და სიკდილისათვის თვალის გასწორების პრობლემა. შესაბამისი ამოცანები ყველა კულტურაში დგება, ვინაიდან თვით კულტურა ევოლუციური პროცესის ნაწილია.

      პირველ სტადიაზე (ძუძუს ხანა, დაბადებიდან 1 წლამდე) კრიზისი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ უკმაყოფილებს მომვლელი პირი (ძირითადად ესაა მშობელი) ბავშვს მთავარ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. შესაბამისად, ვითარდება ან ბაზისური ნდობა გარემოსადმი ან უნდობლობა. ნდობა-უნდობლობის კონფლიქტის წარმატებული დაძლევის შედეგად შეიძინება ისეთი დადებითი ფსიქოსოციალური თვისება ან საბაზისო ძალა, როგორიცაა იმედი.

      მეორე სტადიაზე (ადრეული ბავშვობა, 1-3 წელი) კრიზისი ვითარდება ტუალეტთან მიჩვევისა და სისუფთავის ჩვევების გამომუშავების გარშემო. იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში მშობლები (დახმარება ან მკაცრი კონტროლი), ბავშვს უვითარდება ავტონომიურობა ან სირცხვილი და დაურწმუნებლობა. ამ სტადიის შედეგად შეძენილი საბაზისო ძალა ნებისყოფაა.

      მესამე სტადიაზე (სკოლამდელი ასაკი, 3-6 წელი) კრიზისის პრობლემა სოციალიზაციაში მდგომარეობს. ბავშმა უნდა გაითავისოს საზოგადოებაში მიღებული ნორმები და შეუფარდოს მათ თავისი აქტივობა. შედეგად ყალიბდება ინიციატივა ან დანაშაულის განცდა. ინიციატივას თან სდევს მიზანდასახულების გამომუშავება.

      მეოთხე სტადიაზე (პირველი სასკოლო ასაკი, 6-12 წელი) ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს სერიოზული საქმის კეთების, სწავლის, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს შრომისმოყვარეობის ან არასრულყოფილების ფორმირება. შრომისმოყვარეობა კომპეტენტურობის საწინდარია.

      მეხუთე სტადიაზე (მოზარდობა, 12-20 წელი) კრიზისის მთავარი თემებია თანატოლებთან ურთიერთობა, პროფესიისა და ცხოვრების შემდგომი გზის არჩევა. აქ გადამწყვეტი ხდება თავისი მე-ს, თავისი უნარების ადეკვატური გაცნობიერება, წარსული გამოცდილებისა და მომავალი მიზნების ინტეგრაცია პიროვნების სტრუქტურაში. ამ გზაზე წარმატების შემთხვევაში ვითარდება თვითიდენტურობა, წარუმატებლობის შემთხვევაში - აღრეული იდენტურობა. სტადიის დადებითი თვისება ერთგულებაა.

      მეექვსე სტადიაზე (ადრეული მოწიფულობა, 20-35 წელი) კრიზისი სხვა ადამიანებთან, უპირატესად საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ახალი ურთიერთობების დამყარებას და ოჯახის შექმნას უკავშირდება. წარმატებული გამოცდილება ამ სარბიელზე ავტონომიურობას აჩენს, წარუმატებელი - იზოლაციას. სტადიის დადებითი თვისება სიყვარულია.

      მეშვიდე სტადიაზე (მოწიფულობა, 35-65 წელი) ადამიანის საზრუნავი ისაა, რომ შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი აქტიურობა და შემოქმედებითობა მოღვაწეობის ყველა სფეროში (ინტიმური კავშირი, შვილების აღზრდა, პროფესიული საქმიანობა და ა.შ.). თუ ეს მოხერხდა, ვიღებთ პროდუქტიულობას, თუ არა - სტაგნაციას. სტადიის დადებითი თვისებაა ზრუნვა.

      მერვე სტადიაზე (სიბერე, 65 წლის შემდეგ) ადამიანი ხანდაზმულობის კრიზისში შედის. მან უნდა შეაჯამოს თავისი ცხოვრება, როგორც მთლიანობა, რომელშიც მან განახორციელა თავისი თავი. ამ შემთხვევაში მას არ აშინებს სიკვდილის გარდაუვალობა, რადგან ხედავს თავის გაგრძელებას შთამომავლობასა და შემოქმედებით წარმატებებში. იგი ხდება ინტეგრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასოწარკვეთილება იპყრობს. ამ სტადიაზე გამომუშავებული საბაზისო ძალა სიბრძნეა.

      საერთოდ, ეგო-ფსიქოლოგია უფრო კლასიკური ფსიქოანალიზის დამატებას და განვითარებას წარმოადგენს. ნეოფროიდიზმი ბევრად უფრო კრიტიკულია ფროიდის თეორიის დებულებების მიმართ და რადიკალურია მათი ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ეს მიმდინარეობა წარმოიქმნა ამერიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში; მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ე. ფრომი, კ. ჰორნი და ჰ. სალივანი. ნეოფროიდისტები უარყოფენ ფროიდის ბიოლოგიზმს, ადამიანის წარმოდგენას ისეთ არსებად, რომელსაც მართავს ფილოგენეზიდან მომდინარე ინსტინქტური ძალები. ცდილობენ რა მონახონ ერთიანობა ადამიანის ბუნებრივ და სოციალურ საწყისებს შორის, ისინი პრიორიტეტს მაინც საზოგადოებრივ ფაქტორებს ანიჭებენ. შეიძლება ითქვას, რომ ნეოფროიდიზმში ფსიქოანალიზის შეხედულებების სოციალიზაცია მოხდა; ძირითად საკითხად იქცა სოციალური პროცესები და მათი როლი პიროვნების ქცევისა და ხასიათის ფორმირებაში; დაიწყო და კვლავაც გრძელდება ფროიდის თვალსაზრისის დესექსულიზაცია. გამოყოფილია პირველადი მოტივაციის ისეთი სახეები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ლიბიდოსთან, ეროსთან და თანატოსთან. ეს მოტივები ან თავადაა სოციალური ბუნებისა, ან ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება. სოციალური გარემოს იმანენტურ მანკიერებათა გამო ეს ურთიერთქმედება ძირეული, ამოსავალი კონფლიქტის შემცველია. ადამიანის ხასიათი და ქცევითი სტრატეგიები ამ კონფლიქტის ნაყოფია; მათ დაცვითი ფუნქცია აქვთ. ხასიათისა და დაცვითი აქტივობის მრავალი ფორმის ყოვლისმომცველი დახასიათებით ნეოფროიდისტები საკმაოდ შორს წავიდნენ ფროიდისაგან.

      ამავე დროს, ნეოფროიდისტები გაგებით ეკიდებიან თანამედროვე ფსიქოანალიზში გავრცელებულ მოწოდებას - უკან ფროიდისკენ, რადგან მათ არასდროს გაუწყვეტიათ ორგანული კავშირი ფროიდის მოძღვრებასთან და ამას თავადაც აღნიშნავენ. როგორც სიღრმის ყოველგვარ ფსიქოლოგიაში, ნეოფროიდიზმშიც შენარჩუნებულია არაცნობიერის პრიორიტეტი: ამოსავალი მოტივაციური ძალები, კონფლიქტის წყარო და მისი დაძლევის გზები (მექანიზმები) არაცნობიერია; ასევე შენარჩუნებულია ცნობიერებისა და არაცნობიერის დაპირისპირების ფროიდისეული სქემა - ცნობიერება წინააღმდეგობას უწევს არაცნობიერ იმპულსებს და განდევნის მათ. მკურნალობა არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერებას უკავშირდება; ამისთვის, გარკვეულ ნოვაციებთან ერთად, გამოიყენება ფსიქოანალიზის ტრადიციული ხერხები. მართალია, ნეოფროიდიზმში უფრო ხშირად ლაპარაკია არა ნევროტულ სიმპტომებზე, არამედ ნევროტულ ხასიათზე, მაგრამ აქაც შენარჩუნებულია ფროიდის თეზისი ნორმასა და პათოლოგიაში მოქმედი მექანიზმების იდენტურობის შესახებ. ეს პრინციპი საერთოდ ფსიქოანალიზის ქვაკუთხედია, ვინაიდან მისი მტკიცე დაცვის გარეშე იგი ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის სტატუსს დაკარგავს.

      აღნიშნული თავისებურებები ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა ნეოფროიდიზმის გამოჩენილი თეორეტიკოსის ერიჰ ფრომის (1900-1980) შემოქმედებაში. ფრომი დაიბადა გერმანიაში. ფილოსოფიური და ფსიქოანალიტიკური განათლების მიღების შემდეგ ერთხანს მუშაობდა ფრანკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტში, სადაც მოქმედებდა ერთერთი ძლიერი სოციოლოგიური სკოლა. 1933 წელს ფრომი გადასახლდა ამერიკაში. იგი ეწეოდა ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკას და, ამავე დროს, მოღვაწეობდა კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებში. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეხიკოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტს, იყო ნიუ იორკის აკადემიის წევრი. ფსიქოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, თეოლოგიის საკითხებზე შექმნილმა შრომებმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

      ფრომის შემოქმედების ცენტრში ფსიქიკური და სოციალური ფაქტორების ურთიერთობის საკითხია. თავის კონცეფციაში იგი ცდილობს გააერთიანოს ფროიდისა და მარქსის შეხედულებები. ამგვარი გაერთანების საფუძველი იყო ფრომის რწმენა, რომ “სოციალური და კულტურული ფონის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სწორად გავიგოთ ფსიქოლოგიური პრობლემები; მაგრამ, ზუსტად ასევე, შეუძლებელია სოციალური მოვლენების გაგება იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორ მოქმედებს მათ საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმები”. რაკი ფრომს უდიდეს ფსიქოლოგად ფროიდი მიაჩნდა, ხოლო უდიდეს სოციალურ ფილოსოფოსად - მარქსი, ბუნებრივია, რომ არჩევანი სწორედ მათზე შეჩერდა. ფრომი თვლიდა, რომ მარქსმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, თუ როგორ გადადის ეკონომიკური ბაზისი იდეოლოგიურ ზედნაშენში. მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსება, ფრომის აზრით, შესაძლებელია ფსიქოანალიზის საშუალებით. ამ მიზნით მას შემოაქვს სოციალური ხასიათის ცნება. იგი უნდა გაიმიჯნოს ინდივიდუალური ხასიათისაგან. სოციალურ ხასიათში განსაზღვრულია ამა თუ იმ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურით გაპირობებული ადამიანთა ქცევისა და აზროვნების საერთო წესი. იგი წარმართავს ამ საზოგადოების წევრთა ენერგიას საჭირო მიმართულებით, აიძულებს მათ, იმოქმედონ და იფიქრონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ამ კოლტურისთვის დამახასიათებელი იდეები და იდეალები. მაგრამ საზოგადოება განსაზღვრავს იმასაც, თუ რა გრძნობები და აზრებია დასაშვები ინდივიდების ცნობიერებაში. მაშასადამე, არსებობს როგორც სოციალური ხასიათი, ისე სოციალური არაცნობიერი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ისეთ შინაარსებს, რომლებიც განდევნილია საზოგადოების წევრთა უდიდესი ნაწილის ცნობიერებიდან. ეს შინაარსები თუ ტენდენციები ეხება იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ამ საზოგადოებაში არსებობს და, რომელთა გაცნობიერებამ შეიძლება დაარღვიოს ინდივიდისა და, შესაბამისად, მთელი საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება (ფრომის თქმით, საზოგადოება არაფერია, თუ არა ინდივიდების ერთიანობა). ამიტომ, საზოგადოების მკურნალობა, ფრომის მიხედვით, მისი წევრების მკურნალობას ნიშნავს. ეს ამოცანა კი ფსიქოანალიზმა უნდა შეასრულოს.

      ფრომისთვის, ისევე როგორც ყველა ფსიქოანალიტიკოსისთვის, არაცნობიერი საყრდენი ცნებაა. ფრომის შეფასებით, ფროიდის სხვა დიდ აღმოჩნებს შორის (ოიდიპოსის კომპლექსი, სიკვდილის ინსტინქტი, ინფანტილური სექსუალობა და სხვა) არაცნობიერი ყველაზე ფუნდამენტურია. უბედურება ის არის, რომ მას იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს - მისი რეალური სიდიადე და მნიშვნელობა ერთგვარად გააფერმკრთალა ფროიდის ბიოლოგისტურ-მექანიცისტურმა თვალსაზრისმა. არაცნობიერი არ არის ბნელი ინსტინქტური ძალების სათარეშო ასპარეზი, მანკიერებათა თავშესაფარი. მის შინაარსს შეადგენს, როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვები და მისწრაფებები. ამავე დროს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არაცნობიერის სფერო მხოლოდ ირაციონალურ ემოციურ-მოტივაციურ შინაარსებს შეიცავს. რაციონალური იდეები და რწმენები მასში ბევრად მეტია, ვიდრე ცნობიერებაში. საქმე ისაა, რომ ჩვენი ცნობიერების რაციონალური შინაარსები თითქმის არ შეიცავს ჭეშმარიტებებს - ეს არის არასწორი ინფორმაციის, ცრურწმენების, ამოჩემებების, რაციონალიზაციებისა და სხვა მსგავსი შინაარსების ნაზავი. აზროვნების პროცესში ილუზიების ეს სამყარო თითქოს ლოგიკისა და სანდოობის პრინციპების თანახმად ორგანიზდება. ითვლება, რომ ცნობიერების აღნიშნული დონე რეალობას ასახავს და ჩვენი ცხოვრება ამ სურათის მიხედვით იგეგმება. მაგრამ სინამდვილეში ეს სურათი სრულებითაც არ შეესაბამება რეალობას. სწორედ ამიტომ იგი არ ითრგუნება; პირიქით, ითრგუნება და განიდევნება ჭეშმარიტი ცოდნა. აქედან გამომდინარე, კითხვაზე, რა არის არაცნობიერი, ფრომი პასუხობს: “ირაციონალური ვნებების გარდა, ესაა თითქმის მთელი ჩვენი ცოდნა რეალობის შესახებ”. ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება, მაგრამ ვთრგუნავთ მას; არსებობს არაცნობიერი ცოდნა, რომლის გაცნობიერებაც ცხოვრებას უაღრესად დაამძიმებდა და სახიფათოდ აქცევდა. ამიტომ ადამიანის ენერგიის დიდი ნაწილი იმაზე იხარჯება, რომ დაუმალოს საკუთარ თავს ის, რაც იცის.

      მაინც რა შეადგენს ამ ესოდენ ძნელად მისაღები და სუბიექტურად გასაიდუმლოებული ცოდნის შინაარსს? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძიოთ ფრომის შეხედულებაში ეგზისტენციალური წინააღმდეგობების შესახებ. ფრომის თანახმად, ცხოველი გარემოსთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იმყოფება, რასაც შეგუების ინსტინქტური მექანიზმები განაპირობებს. ადამიანთან ინსტინქტების როლი პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. სამაგიეროდ მას აღმოუცენდა ახალი თვისებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია თვითცნობიერება, გონება და წარმოსახვა. ამ უნარების განვითარებით დაირღვა ცხოველის არსებობისთვის დამახასიათებელი ჰარმონია; ადამიანი გახდა ნორმიდან გადახვევა, ანომალია, ბუნების ახირება. მისი არსებობა სავსეა წინააღმდეგობებით: ადამიანი ბუნების ნაწილია, ემორჩილება მის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, იგი მუდმივად გადის ბუნების სამყაროს ფარგლებს გარეთ, ტრანსცედენტირებს; იგი თავისთვადია და, ამასთან ერთად, მთელის ნაწილიცაა; იგი მოკვდავია, იცის ამის შესახებ და ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობების სრულ განხორციელებას მისთვის განკუთვნილი მოკლე დროის განმავლობაში; ადამიანი მარტოსულია, თავს ერთჯერად და თავისთავად არსებად განიცდის, მაგრამ ვერ იტანს მარტოობას. მისი ბედნიერება სხვებთან კავშირში, მის თანამედროვე, წარსულ და მომავალ თაობებთან თანაზიარებაშია. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს ყველაფერი, მაგრამ საკუთარი არსებობა მისთვის აუცილებლად გააზრებული უნდა იყოს. ფრომის თქმით, ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომლისათვისაც მისი არსებობა პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს. ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს გვერდს ვერ აუვლი. ადამიანის არსი ამ ფუნდამენტურ წინააღმდეგობებშია მოცემული და ყოველი სიცოცხლე მათზე ინდივიდუალურ პასუხს წამოადგენს.

      ამრიგად, ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს ის გარემოება ქმნის, რომ გაწყვეტილია ადამიანის კავშირი ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. ადამიანს აქვს უნარი ამ ვითარების გაცნობიერებისა, მაგრამ ეს ცოდნა წინააღმდეგობათა გარდაუვალობის გამო, მეტად მძიმე და მტკივნეულია. ამიტომ, ის ან განდევნილია ცნობიერებიდან, ან შენიღბული და რაციონალიზირებულია.

      ეგზისტენციალური წინააღმდეგობები აისახება არა მხოლოდ და არა იმდენად რაციონალურ, რამდენადაც ემოციონალურ-მოტივაციურ ფორმაში. ეგზისტენციალური კონფლიქტი წარმოშობს მუდმივი გაუწონასწორებლობის მდგომარეობას; ესაა წყარო ადამიანური აქტივობის დინამიკისა. ადამიანს ცხოველისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებებიც გააჩნია, მაგრამ მათი დაკმაყოფილება სრულყოფილი ადამიანური არსებობისათვის საკმარისი არ არის. ფრომი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქიკის გაგება უნდა ემყარებოდეს იმ მოთხოვნილებების ანალიზს, რომლებიც ეგზისტენციის პრობლემებიდან მომდინარეობს. ეს პრობლემები კი მისგან მოქმედებას მოითხოვენ; ადამიანმა უნდა დაძლიოს უსუსურობა, განკერძოებულობა, დაკარგულობა, ე.ი. უპასუხოს ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს. ასეთ პასუხად შეიძლება მოგვევლინოს როგორც სიყვარული, მისწრაფება თავისუფლებისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სამართლიანობისკენ, ისე სიძულვილი, სადიზმი, დესტრუქტულობა, ნარცისიზმი და სხვა. ყოველივე ეს ეგზისტენციალური წინააღმდეგობებიდან ნაწარმოები მოთხოვნილებების გამოვლენაა და ადამიანის ხასიათში მჟღავნდება. ფრომი მათ ხასიათში ფესვგადგმულ ვნებებსაც უწოდებს. საერთოდ, ხასიათისა და მოთხოვნილების ცნებები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ხასიათი განისაზღვრება, როგორც ყველა არაინსინქტური მისწრაფების “შედარებით მდგრადი სისტემა, რომლითაც ადამიანი მიმართებას ამყარებს ბუნებრივ და ადამიანურ სამყაროსთან”. ინდივიდებს შორის განსხვავებებს განსაზღვრავს ის, თუ რა ეგზისტენციალური მოთხოვნილებებია გაბატონებული მათ ხასიათში.

      ხასიათში მოცემულია ინდივიდისთვის ტიპური აღქმის, განცდისა და ქცევის სურათი. ადამიანში ხასიათი ენაცვლება დაკარგულ ინსტინქტებს და ინსტინქტისმსგავსად მოქმედებს. ხასიათის შესაბამისი რეაქციები პიროვნებისთვის მისაღები და ბუნებრივია. ხასიათი კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი ქცევის მოდელია. მისი წყალობით ადამიანი თანმიმდევრულად მოქმედებს და თავისუფლდება მძიმე ტვირთისაგან მუდმივად მიიღოს ახალი და გააზრებული გადაწყვეტილებები; შესაბამისი მისწრაფებებიც უპირატესად გაუცნობიერებელია. ინდივიდუალურხასიათობრივი განსხვავებები ადამიანებს შორის გაპირობებულია მშობლების პიროვნული თვისებებით, ფსიქიკური და მატერიალური პირობებით, რომლებშიც იზრდება ბავშვი, აგრეთვე მისი კონსტიტუციისა და ტემპერამენტის თავისებურებებით.

      მიუხედავად იმისა, რომ ხასიათი ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებზე ინდივიდუალურ პასუხია, მასში აუცილებლად არის მოცემული ნიშნები, რომლებიც საერთოა საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფისთვის (თემი, ერი, კლასი). ეს კი უკვე სოციალური ხასიათია, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. იგი სხვადასხვა ქარაქტეროლოგიური სტრუქტურის ბირთვს წარმოადგენს; ესაა ნიმუში, ნორმა, რომელსაც ინდივიდი აღზრდის, სოციალიზაციის პროცესში ითვისებს. ფრომი სოციალური ხასიათის შემდეგ ტიპებს გამოჰყოფს: რეცეფციული, ექსპლოატატორული, დამგროვებელი, საბაზრო, პროდუქტიული.

      რეცეფციული (პასიური) ხასიათის ადამიანს მიაჩნია, რომ ყოველივე მატერიალური თუ სულიერი სიკეთე და სიამოვნება გარედან, სხვა ადამიანებისაგან მიიღება. ამიტომ, იგი ძლიერაა დამოკიდებული სხვებზე, მოკლებულია სერიოზული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისა და მოქმედების უნარს. არის მიმნდობი, პასიური, სენტიმენტალური.

      ექსპლოატატორული ტიპიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გარედან მოდის, მაგრამ არ სჯერა იმისა, რომ სხვებისაგან რაიმეს საჩუქრად მიღება შეიძლება; სასურველი უნდა მოიპოვო ძალით ან ეშმაკობით. იგი იდეებს კი არ ქმნის, არამედ სესხულობს ან იპარავს. წართმეული შექმნილს ურჩევნია, ექსპლუატაციას უწევს ყველას, ვისგანაც რაიმეს გამორჩენა შეუძლია. ესაა ძლიერი, თვითდარწმუნებული, საკუთარი ღირსების მქონე პიროვნება. ამავე დროს მტრულად განწყობილი, ცინიკური, ეჭვიანი და შურიანი.

      დამგროვებელი ორიენტაციის ადამიანს არ სჯერა, რომ გარედან რაიმე ახალს მიიღებს, ამიტომ საჭიროა არსებულის შენახვა და ეკონომია. მისი დევიზია: მაქსიმალური მოხვეჭა და მინიმალური გაცემა – ჩემი ჩემია – შენი შენია. ესაა ხარბი, პედანტური, აკურატული, ჯიუტი, არადამთმობი ადამიანი.

      საბაზრო ტიპი თანამედროვე საბაზრო საზოგადოების პროდუქტია. ასეთი ადამიანისთვის მთავარია თუ რა სასაქონლო, გასაყიდი ღირებულება აქვს მას. მთავარია რომ მასზე, როგორც დაქირავების ობიექტზე, მოთხოვნა იყოს. ინდივიდუალობას, უნიკალობას ადამიანებში ფასი დაკარგული აქვს, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ ვინ გაიმარჯვებს საბაზრო კონკურენციაში. ასეთი ადამიანის დევიზია: “მე ისა ვარ, რასაც ინებებთ”. ასეთი პიროვნება ცარიელია, არა აქვს მდგრადი შეხედულებები, მისი განწყობები ცვალებადია და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი.

      აღწერილი ხასიათის ოთხი ტიპი არაპროდუქტიულ ორიენტაციას მიეკუთვნება. მათ უპირისპირდება პროდუქტიული ხასიათი. ეს უკანასკნელი, ფრომის აზრით, ადამიანის განვითარების საბოლოო მიზანია. იგი არის დამოუკიდებელი, პატიოსანი, წყნარი, მოსიყვარულე, კრეატიული და სოციალურად სასარგებლო. მისთვის დამახასიათებელია მომართულობა საკუთარი ბუნებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციაზე. ესაა აქტიური და შემომქმედი პიროვნება. სხვებისადმი ინტერესის, პატივისცემის, სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობებით სავსე, იგი, ამავე დროს, რეალისტურად, კრიტიკულად და ნაყოფიერად მოაზროვნეცაა.

      ყოველი ინდივიდუალური ხასიათი სოციალურისა და ბუნებრივის სინთეზია. ამასთან, ბუნებრივი გაგებულია არა იმდენად ბიოლოგიურად, რამდენადაც ეგზისტენციალურად.

      ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების ისტორია იწყება იქიდან, რომ იგი გამოდის ცხოველური მდგომარეობიდან, რითაც კარგავს ერთიანობას ბუნებასთან და იძენს თავისუფლებას. თავისუფლების საკითხს ფრომი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან, მისი აზრით, ადამიანური არსებობა და თავისუფლება თავიდანვე განუყოფელია. თავდაპირველად თავისუფლება შეზღუდულია. ისტორიის ადრეულ საფეხურებზე ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული გვართან, თემთან. იგი სრულიად იკმაყოფილებს მოყვასთან კავშირის, სხვასთან გაერთიანების წარმმართველ მოთხოვნილებას. ამასთან, სხვასთან ურთიერთობა არ დაიყვანება ფიზიკურ კონტაქტზე. აქ მთავარია ერთიანობა საზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებთან, ნორმებთან, იდეალებთან. ადამიანი შეიძლება სხვებთან ერთად ცხოვრობდეს და მარტო იყოს, ვინაიდან იგი გაუცხოებულია საზოგადოების სულიერი სამყაროსაგან. პირველყოფილ საზოგადოებაში ასეთი გაუცხოებისაგან მას მითოლოგია და მაგია იცავს. შუა საუკუნეები ფრომის მიერ შეფასებულია სოლიდარობისა და უსაფრთხოების ხანად; ადამიანის თავისუფლება შეზღუდულია მკაცრი სოციალური იერარქიით, მაგრამ ეს წესრიგი მასში დაცულობისა და გულდაჯერებულობის განცდას იწვევს; ამას რელიგიაც აძლიერებს. რენესანსის ეპოქაში საზოგადოების სტრუქტურა იცვლება, ირღვევა ტრადიციული კავშირები, წინა პლანზე წამოიწევს სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვების ჟინი; ქრება სოლიდარობა, ძლიერდება ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი. ადამიანი ხდება უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, მაგრამ, ამავე დროს, იზოლირებულიც. სწორედ ასეთი იზოლირების შედეგად იჩენს თავს დაურწმუნებლობა, დაუცველობა, შიში, მარტოობა. კაპიტალიზმსა და თანამედროვე საზოგადოებაში ეს პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდა. ადამიანის მდგომარეობა აუტანელი გახდა. მას აღარ სურს თავისუფლება, რომლისაც ეშინია. ეს არის ნეგატიური თავისუფლება ანუ თავისუფლება რაიმესაგან, ამ შემთხვევაში ტრადიციული კავშირებისაგან, ერთიანობისაგან, დაცულობისაგან. ადამიანი ცდილობს გაექცეს ასეთ თავისუფლებას და ამისთვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს მიმართავს.

      უმწეობის და მარტოობის დაძლევა ორი გზით შეიძლება. ერთ გზას მივყავართ პოზიტიური თავისუფლებისკენ, ესაა თავისუფლება რაიმესკენ. ადამიანს შეუძლია სპონტანურად დაუკავშირდეს სამყაროს სიყვარულისა და შრომის საშუალებით, თავისი უნარებისა და შესაძლებლობების სრული გამოვლინებით. ამ გზით მას შეუძლია დაიბრუნოს ერთიანობა სხვა ადამიანებთან, სამყაროსთან და თავის თავთან ისე, რომ უარი არ თქვას დამოუკიდებლობაზე და “მე”-ს მთლიანობაზე. მეორე გზა - ესაა გზა უკან, უარის თქმა თავისუფლებაზე იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას მარტოობა. ეს არის გაქცევა აუტანელი სიტუაციიდან. მას იძულებითი ხასიათი აქვს და დაკავშირებულია ინდივიდუალობისა და “მე”-ს მთლიანობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვასთან. მას არ მივყავართ ბედნიერებასთან; იგი ამცირებს შფოთს, აქცევს ცხოვრებას ასატანად, მაგრამ პრობლემის არსებით გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.

      ფრომი თავისუფლებისაგან გაქცევის სამ ძირითად მექანიზმს გამოყოფს: ავტორიტარიზმი, დესტრუქტივიზმი და ავტომატური კონფორმიზმი. ავტორიტარიზმი მოიცავს სადიზმსა და მაზოხიზმს. მაზოხისტური პიროვნებისთვის დამახასიათებელია უსუსურობის, უბადრუკობის, ნაკლოვანების გრძნობები. ასეთი ადამიანი მიდრეკილია დააკნინოს თავისი თავი, დაექვემდებაროს რაიმეს ან ვინმეს. მაზოხისტური ტენდენციების უკიდურესი გამოვლენაა საკუთარი თავისადმი ვნების, სულიერი ან ფიზიკური ტკივილის მიყენების სურვილი. სადისტურ მისწრაფებებსაც მრავალი სახე აქვს: სხვისი დათრგუნვა, მორჩილებაში ყოლა, ყოველგვარი ექსპლოატაცია და ბოლოს, სხვისთვის ზიანისა და ტანჯვის მიყენება. სადიზმი და მაზოხიზმი ე.წ. სიმბიოზური განწყობის რეალიზაციაა. სიმბიოზი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არის ისეთი კავშირი ინდივიდებს შორის, როცა ორივე მხარე კარგავს “მე”-ს მთლიანობას და სრული ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობაში ექცევა. სადისტსაც და მაზოხისტსაც ერთნაირად ესაჭიროება სხვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი იმორჩილებს, მეორე კი ექვემდებარება. პირველი არის სიმბიოზის აქტიური ფორმა, მეორე - პასიური. ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში ადამიანი მტკიცედ უკავშირდება სხვას და ინდივიდუალობისა და თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე თავს აღწევს იზოლირებულობასა და მარტოობას.

      დესტრუქტივიზმი განსხვავდება ავტორიტარიზმისაგან, რადგან მისი მიზანი სიმბიოზი კი არ არის, არამედ ყოველგვარი ობიექტის განადგურება, რომელთანაც ინდივიდი მიმართებას ამყარებს. განადგურებას ექვემდებარებიან როგორც სხვა ადამიანები, ისე მატერიალური თუ სულიერი ფასეულობები. ამით ხდება უმწეობისა და უძლურების გრძნობის დაძლევა. სადიზმის შემთხვევაში ადამიანი ძალას სხვისი დამორჩილების წყალობით იძენს, ხოლო დესტრუქტივიზმის დროს გარე საშიშროების მოშორების, ლიკვიდაციის საშუალებით.

      გაუცხოებისა და მარტოობის დაძლევის ყველაზე გავრცელებული ხერხი ავტომატური კონფორმიზმია. ამ შემთხვევაში ადამიანი მთლიანად ისეთი ხდება, როგორც სხვები. ინდივიდი კარგავს თავისთავადობას, გადაიქცევა ავტომატად. განსხვავება საკუთარ “მე”-სა და გარემოცვას შორის იშლება; ამასთან ერთად კი ქრება მარტოობისა და უსუსურობის შიში. კონფორმიზმი წააგავს მიმიკრიის მექანიზმს, როცა ცხოველი საფრთხის სიტუაციაში შეფერილობას იცვლის და ისე ემსგავსება გარემოს, რომ მისგან აღარ გაირჩევა. თავის “მე”-ზე უარის თქმით ადამიანი გადაიქცევა მილიონების მსგავს რობოტად და აღარ განიცდის მარტოობასა და შფოთს, მაგრამ ეს თავისი პიროვნების დაკარგვის ფასად უჯდება.

      როგორც ითქვა, გაუცხოების გადალახვა, სამყაროსთან და სხვებთან ერთიანობის მიღწევა ამ ნეგატიური შედეგების გარეშეც არის შესაძლებელი. ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს პოზიტიურ თავისუფლებას, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა ბევრად უფრო რთულია; ამიტომ უმრავლესობა თავისუფლებისაგან გაქცევას ამჯობინებს. მიუხედავად ამისა, ეს გზა არსებობს და იგი თავისი თვითონის შესაძლებლობების სრულ და შეუზღუდავ გაშლასა და განხორციელებაში, სპონტანურ შემოქმედებით საქმიანობასა და სიყვარულში მდგომარეობს. ადამიანური არსებობის პრობლემის ნამდვილი გადაწყვეტა სიყვარულშია. “სიყვარული ადამიანში მოქმედი ძალაა, რომელიც მას სხვებთან აერთიანებს; სიყვარული ეხმარება ადამიანს იმაში, რომ გადალახოს მარტოობისა და გაუცხოების გრძნობა და, ამავე დროს, დარჩეს უცვლელი, შეინარჩუნოს თავისი მთლიანობა”. ასეთი სიყვარული არსებითად განსხვავდება ფსიქოლოგიური სიმბიოზისაგან. განიხილავს რა სიყვარულის სხვადასხვა ფორმებს (და-ძმური ანუ მოყვასის, დედობრივი, ეროტიული, საკუთარი თავის, ღმერთის), ფრომი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ არის უბრალოდ ფსიქიკური, სულიერი მდგომარეობა; სიყვარული მოქმედებაა, აქტივობაა და ამიტომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ეგზისტენციალური პრობლემების ჭეშმარიტი გადაწყვეტის საქმეში.

      ნამდვილი სიყვარული ადვილი არ არის. თავისი თავის რეალიზაცია სიყვარულსა და შემოქმედებით შრომაში ცოტას თუ შეუძლია. ცხოვრების ასეთი სტილი და შესაბამისი ხასიათი იშვიათობაა. პოზიტიური თავისუფლების მიღწევა უდიდეს თავდადებას და სიმტკიცეს მოითხოვს. ამ მხრივ ფსიქოანალიზს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, ვინაიდან იგი, პირველ რიგში, ხასიათის კორექციაა. ერთადერთი, რასაც შეუძლია შეარბილოს ან სულ მოსპოს ის ბოროტება, რაც ხასიათში გამჯდარ დამანგრეველ, ავტორიტარულ თუ კონფორმულ ტენდენციებშია, არის შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება, ადამიანის უნარის განვითარება, პროდუქტიულად გამოიყენოს თავისი ძალები.

      ადამიანის ბუნებისთვის იმთავითვე დამახასიათებელია მისწრაფება ბედნიერებისკენ, სიყვარულისკენ, თავისუფლებისკენ, სხვებთან ურთიერთობისკენ. ეს ყოველივე ისევე გამომდინარეობს ადამიანის არსიდან, როგორც დამანგრეველი ტენდენციები. ადამიანის ბუნება თავისთავად არ არის არც კეთილი, არც ბოროტი. ადამიანის ბუნებას მისი არსებობის პირობებიდან გამომდინარე წინააღმდეგობები შეადგენს. ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებთან დაკავშირებული იმანენტური კონფლიქტი აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტას, რომელიც, პრინციპში, ორი სახის შეიძლება იყოს: რეგრესული ან პროგრესული. პირველი, საბოლოო ჯამში, “მე”-ს განადგურებაა და, ამდენად, ბოროტებად უნდა ჩაითვალოს. მეორე “მე”-ს შესაძლებლობების მაქსიმალური თვითრეალიზაციაა და, ამდენად, სიკეთე. ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, როგორც ფრომი უწოდებს თავის მოძღვრებას, მხარში უნდა ამოუდგეს ადამიანს, რათა იგი სწორედ ამ გზას დაადგეს.

      ფრომს მტკიცედ სჯერა ფსიქოანალიტიკური მეთოდისა. მისი გამოყენებით პრინციპულად ორი სხვადასხვა მიზანის მიღწევა შეიძლება, ესენია სოციალური ადაპტაცია და სულის განკურნება. პირველ შემთხვევაში თერაპია ნევროტული სიმპტომების მოხსნაში მდგომარეობს. გასული საუკუნის დასაწყისში პაციენტები მიმართავდნენ ფსიქოანალიტიკოსს, ვინაიდან მათ აწუხებდათ მოტორიკის, სენსორიკის, სეკრეციისა და სხვა ფუნქციების დარღვევები. ეს დარღვევები მათ ხელს უშლიდა, შეესრულებინათ ის როლები, რომლებსაც საზოგადოება ჰკარნახობდა. ანალიტიკური მკურნალობა სოციალურ შეგუებას ემსახურებოდა. მსგავსი სიმპტომების მქონე ავადმყოფები, ცხადია, დღესაც არიან, მაგრამ ისინი უმცირესობას შეადგენენ. ახალი პაციენტები, ჩვეულებრივი მნიშვნელობით, ავადმყოფებად ვერც ჩაითვლებიან; მათი საზოგადოებრივი ფუნქციონირება ნორმალურია, მაგრამ ისინი ლაპარაკობენ ერთგვარ შინაგან სიკვდილზე, გარკვევით არც იციან, რა აწუხებთ. ადამიანები უჩივიან უძილობას, დათრგუნულობას; ოჯახურ ცხოვრებას მათთვის ბედნიერება არ მოაქვს, ხოლო სამსახურს - კმაყოფილება და სიხარული. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს სირთულეები მათი ძირეული, სიღრმისეული პრობლემის - გაუცხოების გამოვლენის ფორმებია. ჰუმანისტური ფსიქოანალიზი ამ ვითარების გაგებასა და გამოსწორებას ემსახურება. მკურნალობის მიზანი ამ შემთხვევაში იმდენად შეგუებაში კი არ მდგომარეობს, რამდენადაც ადამიანის შესაძლებლობების ოპტიმალურ განვითარებასა და ინდივიდუალურობის მაქსიმალურ რეალიზაციაში. სულის განკურნება ავადმყოფობისა და ნორმის ისეთ კონცეფციას გულისხმობს, რომელიც უპირატესობას აძლევს არა საზოგადოების მოთხოვნებს, არამედ ინდივიდის ღირებულებებს და მოთხოვნილებებს.

      საქმე ისაა, რომ პიროვნების განვითარებისა და საზოგადოების ფუნქციონირების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ის, ვინც ნორმალურად არის მიჩნეული ადაპტირებულობის ნიშნის მიხედვით, შეიძლება ნევროტიკზე ნაკლებად ჯანმრთელი აღმოჩნდეს ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით. კარგი შეგუება ხშირად საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმის ხარჯზე მიიღწევა; ადამიანი ხდება ისეთი, როგორსაც საზოგადოება მოითხოვს, ამიტომაც კარგავს ინდივიდუალურობას და უშუალობას. ამის საწინააღმდეგოდ, ნევროტიკი შეიძლება ისეთ ადამიანად წარმოვიდგინოთ, რომელიც იბრძვის თავისი პიროვნების შესანარჩუნებლად. მარცხის შემთხვევაში, პიროვნების შემოქმედებითი თვითრეალიზაციის ნაცვლად, იგი გამოსავალს პოულობს ნევროტულ გამოვლინებებში ან ფანტაზიის სამყაროში. მაგრამ, ადამიანური ღირებულებების კუთხით, იგი ნაკლებად არის დასახიჩრებული, ვიდრე ის “ნომალური”, რომელმაც საერთოდ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა. საზოგადოდ, ფრომს მიაჩნია რომ ადამიანთა დაყოფა ნორმალურებად და ნევროტიკებად მართებული არ არის. ნევროტულ ადამიანთან პრინციპულად იმავე მოვლენებს ვხვდებით, რასაც ჩვეულებრივ ადამიანთან, ოღონდ ნევროტიკთან მათ უფრო გამოკვეთილი, მძაფრი და გაცნობიერებული ხასიათი აქვს; ნორმალური ადამიანები ვერც აცნობიერებენ თავისი არსებობის ძირეულ პრობლემებს.

      ამ პოზიციაზე დგას კარენ ჰორნიც (1885-1952). განსხვავება ნევროტულ და ჯანმრთელ ადამიანს შორის მხოლოდ რაოდენობრივია. ეს დებულება გამოთქმულია მის საპროგრამო წიგნში, “ჩვენი დროის ნევროტული პიროვნება” (1937). აქ ჰორნიმ თავი მოუყარა მოსაზრებებს, რომლებიც გაუჩნდა ხანგრძლივი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის დროს გერმანიაში და ამერიკაში, სადაც იგი 1932 წელს გადასახლდა. აქ ჰორნი მუშაობდა ჩიკაგოსა და ნიუ-იურკის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტებში, ხოლო 1941 წელს დააარსა ამერიკის ფსიქოანალიზის ინსტიტუტი, რომელსაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. ფრომის მსგავსად, ჰორნი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ახალი სოციალური ვითარების შესაბამისად უნდა შეიცვალოს ფსიქოანალიზის თვალსაზრისი ნევროზის ბუნებისა და მკურნალობის თაობაზე. მისი აზრით, ნევროტულ სიმპტომებზე აქცენტის ნაცვლად, საჭიროა იქიდან ამოვიდეთ, რომ “ამ ფსიქიკურ აშლილობათა ნამდვილი მიზეზი ხასიათის დარღვევაში მდგომარეობს და რომ ნევროტული ხასიათის სტრუქტურის გამოვლენისა და კორექციის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ნევროზის მკურნალობას”. რაც შეეხება ხასიათს, იგი სოციალური ფაქტორებით არის განსაზღვრული. ჰორნი გადაჭრით ამბობს უარს ფროიდის ბიოლოგისტურ ორიენტაციაზე და სოციალურად ორიენტირებული ფსიქოანალიზის განვითარებას ცდილობს. პიროვნების, მისი ხასიათის ჩამოყალიბება ადრეულ ბავშვობაში იწყება, მაგრამ შესაძლებელია ძალიან გვიან დასრულდეს. ადამიანი, გარკვეულად, მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება. ჰორნი უარს ამბობს ფიქსირებულ ფსიქოსექსუალურ სტადიებზე; მისი აზრით, განვითარება არ მიმდინარეობს უნივერსალური, ბიოლოგიურად განსაზღვრული სტადიების შესაბამისად; ამიტომ ხასიათის ფორმირება მთლიანად გარემოს ფაქტორზეა დამოკიდებული. აქ, ძირითადად, ოჯახური ფაქტორები იგულისხმება; უფრო ფართო კონტექსტში კი - კულტურული და სოციალური ფაქტორები.

      ჰორნის თეორიის საყრდენ ცნებას ძირეული შფოთი წარმოადგენს. ესაა მარტოობისა და უსუსურობის განცდა, რომელსაც ინდივიდში პოტენციურად მტრული გარემო იწვევს. ის აღმოცენდება სოციალური გარემოს ზეგავლენით, კერძოდ კი მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობის იმ არასასურველი ფორმების შედეგად, რომლებიც ადრეული ასაკიდან იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს სიყვარულის, გაგების, შემწყნარებლობის დეფიციტი ან გადაჭარბებული მეურვეობა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეზღუდვა, ერთ-ერთი შვილისთვის უპირატესობის მინიჭება და ა.შ. ამას ჰორნი მთავარ ბოროტებას უწოდებს. შფოთი, როგორც ძირეული მოტივაციური ძალა, წარმოშობს სიყვარულისა და ურთიერთობის სურვილს, რომლის უკანაც უსაფრთხოების მოთხოვნილება დგას. ჰორნის თანახმად, ადამიანის აქტივობას ორი მთავარი მისწრაფება განსაზღვრავს: უსაფრთხოებისა და სურვილების დაკმაყოფილებისა. ისინი შეუთავსებელი ტენდენციებია, ვინაიდან სურვილების შეუზღუდავი დაკმაყოფილება აუცილებლად გამოიწვევს დაგმობას ან დასჯას საზოგადოების მხრიდან, რაც რეალურად ემუქრება უსაფრთხოებას.

      ჰორნი საგანგებოდ განიხილავს იმას, თუ როგორ აღწევს თავს კონფლიქტურ ვითარებას ნევროტული ადამიანი. იგი აღნიშნავს, რომ ნევროტიკი კი არ მართავს თავის მისწრაფებებს, არამედ პირიქით, მისწრფებები მართავენ მას. კონფლიქტური ტენდენციების არაცნობიერობა და შეუთავსებლობა შეუძლებელს ხდის მათ შორის გაწონასწორებული არჩევანის გაკეთებას. ამიტომ ნევროტული პიროვნება მიმართავს კონფლიქტის დაძლევის არარაციონალურ გზას ან ქცევით სტრატეგიას. თუ ეს სტრატეგია ფიქსირდება, იგი ხასიათობრივი თვისების ან, ავტორის ტერმინით, ნევროტული მიდრეკილების სახეს იღებს.

      ჰორნი 10 ასეთ ნევროტულ მიდრეკილებას გამოყოფს: მიდრეკილება გყავდეს ხელმძღვანელი პარტნიორი, მიდრეკილება აღტაცების ობიექტად ყოფნისადმი, ძალაუფლებისადმი, პატივმოყვარეობისადმი, სხვების ექსპლოატირებისადმი და ა.შ. ნევროტულ მიდრეკილებებს გარკვეული საერთო თვისებები აქვს. ისინი არაცნობიერია. ადამიანს არ ესმის, რამდენადაა ამ ტენდენციებით შეპყრობილი და რამდენად განსაზღვრავენ ისინი მის ცხოვრებას. კიდევ უფრო ნაკლებად ცნობიერდება, თუ რატომ აქვს ამ ტენდენციებს მასზე ზემოქმედების ასეთი ძალა. ნევროტულ მიდრეკილებებს აკვიატებული ხასიათი აქვთ; ისინი არ წარმართავენ ადამიანს განსხვავებული მიზნების შერჩევისკენ და მას რიგიდულს ხდიან. და ბოლოს, ნევროტული მიდრეკილებები არარეალისტური და პრინციპულად დაუკმაყოფილებელი ხასიათისაა, ხოლო მათი ფრუსტრაცია აუცილებლად იწვევს ძლიერი შფოთვის რეაქციას.

      წიგნში “ჩვენი შინაგანი კონფლიქტები” (1945) ავტორი აერთიანებს ყველა ამ მიდრეკილებას თუ რეაგირების ტიპს დაცვითი ქცევის სამ გლობალურ სტრატეგიაში: 1) მოძრაობა ადამიანებისკენ 2) მოძრაობა ადამიანებისაგან და 3) მოძრაობა ადამიანების წინააღმდეგ. თუ ნორმაში ეს ტენდენციები ასე თუ ისე თანაარსებობენ და აწონასწორებენ ერთმანეთს, ნევროზში ისინი მთლიანად ურთიერთგამომრიცხავი ხდებიან და ერთ-ერთი მათგანი იკავებს გაბატონებულ ადგილს. ამის შედეგად, შფოთვა, რომლის შემცირებასაც თითქოს უნდა ემსახურებოდეს ქცევის ეს სტრატეგია, კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან სხვა სტრატეგიების შესაბამისი მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება. საბოლოოდ, ნევროტიკი ექცევა მანკიერ ნევროტულ წრეში - ცდილობს შეამციროს შფოთვა იმ ხერხით, რომელსაც ამ უკანასკნელის გაძლიერებისაკენ მივყავართ.

      აღნიშნული სამი ქცევითი სტრატეგიის შესაბამისად გამოიყოფა ნევროტული პიროვნების (ხასიათის) სამი ტიპი: 1) დამთმობი 2) განდგომილი და 3) აგრესიული. დამთმობი ტიპი მიისწრაფის ადამიანებისკენ, რომლებიც მასზე დომინირებენ, უყვართ იგი და იცავენ მას; განდგომილი ტიპი ერიდება ადამიანებს, უყვარს მარტოობა, არის დამოუკიდებელი და თვითკმარი; აგრესიული (მტრული) ტიპი მიმართულია სხვა ადამიანებთან დაპირისპირებისკენ, მას იზიდავს ძალაუფლება, პრესტიჟი, დომინირება. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ, ჰორნის თვალსაზრისით, განსხვავება ნევროზით შეპყრობილ და ნორმალურ პიროვნებას შორის მხოლოდ რაოდენობრივი სახისაა; წინააღმდეგობა კონფლიქტურ ტენდენციებს შორის ნევროტიკთან ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანთან.

      თავის ბოლო წიგნში, “ნევროზი და პიროვნების განვითარება” (1950), ჰორნი მსჯელობს ნევროტული და ნორმალური პიროვნების განვითარების საკითხებზე. ნორმალური განვითარება რეალური “მე”-ს თვითრეალიზაციას ნიშნავს. ძირეულ შფოთთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ნევროტული პიროვნება იმუშავებს იდეალიზირებულ “მე”-ს არაადეკვატური, გადაჭარბებული თვითშეფასებით. ფსიქოთერაპიული მუშაობის მიზანი პაციენტის რეალურ მე-სთან დაბრუნებაში მდგომარეობს. ადამიანმა უნდა მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ის არის - ყველა ნაკლოვანებითა და შეზღუდულობით. ამისთვის საჭიროა შფოთვის შემცირება იმ დონემდე, რომ ადამიანმა შეძლოს ნევროტული სტრატეგიების გარეშე ცხოვრება. ამას ემსახურება ჰორნის მიერ საკმაოდ მოდერნიზებული ფსიქოანალიზი, რომლისთვისაც, ფროიდის ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, დამახასიათებელია უფრო მეტი ორიენტირებულობა აწმყოზე (და არა წარსულზე) და სტრუქტურაზე (და არა გენეზისზე).

      ჰორნი უარყოფს ფროიდის პანსექსუალიზმს და ლიბიდოს თეორიას, ეჭვი შეაქვს ოიდიპოსის კომპლექსისა და სიკვდილის ინსტინქტის არსებობაში, ასევე იდის, ეგოსა და სუპერ-ეგოს ცნებების მართებულობაში და ა.შ. მიუხედავად ამისა, იგი ძალზე მაღალ შეაფასებას აძლევს ფროიდის მიძღვრებას და მიაჩნია, რომ საჭიროა არა მისი უარყოფა, არამედ სრულყოფა. ამასთან დაკავშირებით ჰორნი თვლის, რომ მის კონცეფციას აქვს ფსიქოანალიზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, ესენია: შეხედულებათა გარკვეული სისტემა არაცნობიერი პროცესების როლისა და გამოვლენის ფორმების შესახებ და, აგრეთვე, გარკვეული თერაპიული პროცედურების სისტემა, რომლითაც ეს პროცესები ცნობიერდება.

      ბევრად უფრო პრობლემატურია ფროიდიზმისადმი ჰარი სტეკ სალივანის (1892-1945) შეხედულებათა სისტემის მიკუთვნება. სალივანი ამერიკის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ფსიქიატრი იყო. იგი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამკურნალო-კლინიკურ, სამეცნიერო-კვლევით და სალექციოპედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა დაწესებულებებსა და ქალაქებში (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ტაუსონი). სალივანი გამოირჩეოდა იშვიათი დამოუკიდებლობით და კრიტიკულობით ორთოდოქსალური ფსიქოანალიზის მიმართ. ამასთან, სულიერი მოვლენების განხილვისას, იგი ცოდნის სხვადასხვა დარგის სინთეზის მომხრე იყო. მისი თვალსაზრისი ჩამოყალიბდა გარკვეული ფსიქონევროლოგიური (უ. უატი), კულტურულ-ანთროპოლოგიური (ე. სეპირი, რ. ბენედიქტი) და სოციოლოგიური (ჯ. მიდი) მოსაზრებების გავლენით. რაც შეეხება ფსიქოლოგიას, აქ, ფსიქოანალიზთან ერთად, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ველის თეორია (კ. ლევინი) და სოციალური ბიჰევიორიზმი (ლ. კორტელი). სალივანს ზოგჯერ ამ უკანასკნელი მიმართულების წარმომადგენლადაც თვლიან. ამის საფუძველს ალბათ ის გარემოება იძლევა, რომ ნეობიჰევიორისტების მსგავსად სალივანი ცდილობდა, აეგო ფსიქოლოგია ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მსგავსად. ასეა თუ ისე, ფსიქოლოგიის ისტორიაში სალივანი მაინც ნეოფროიდიზმის წარმომდგენელთა შორის განიხილება, ვინაიდან მისთვის ამოსავალი იყო შეხედულება არაცნობიერი ფსიქიკის სამალავში მოთავსებული მოტივაციური ძალების შესახებ.

      ამ ძალების მასაზრდოებელი წყარო, სალივანის თანახმად, ინსტინქტური ლტოლვები კი არა, ინტერპერსონალური ურთიერთობებია. ადამიანის მთელი ცხოვრება პიროვნებათშორის ურთიერთობებში მიმდინარეობს. პიროვნება მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ყალიბდება და ვლინდება. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს რეალური ან წარმოსახვითი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის ჩართულია ადამიანის ქცევაში. ამ აზრით, ადამიანის მთელი ფსიქიკური წყობა ინტერპერსონალური ხასიათისაა. უფრო მეტიც, სალივანი განსაზღვრავს პიროვნებას, როგორც “განმეორებადი პიროვნებათშორისი სიტუაციების შედარებით მდგრად მოდელს, რომლებიც ახასიათებს ადამიანის ცხოვრებას”. ეს ნიშნავს, რომ ობიექტური კვლევის საგანი ინდივიდები კი არ უნდა იყვნენ, არამედ “პიროვნებათშორის ველებში მიმდინარე მოვლენები და მოქმედებები”. ის რაც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას, მოთავსებულია მასში კი არა, პიროვნებადშორის ველში. აშკარაა, რომ ეს მსჯელობა ლევინის ველის თეორიასთან სრულ შესაბამისობაში იმყოფება (იხ. 10.2.).

      ინტერპერსონალურ ურთიერთობაში ინდივიდი დაბადებიდანვე შედის. უკვე ახალდაბადებულ ბავშვს უჩნდება ორი ძირითადი ინტერპერსონალური მისწრაფება: დედის (მომვლელის) ალერსის, სითბოს მიღების მოთხოვნილება და შფოთის, წუხილის არიდების ტენდენცია. ეს სოციალური მოტივაცია იმთავითვე თანაარსებობს და თანამოქმედებს ბიოლოგიურ მოტივაციასთან. სითბოს და ალერსის მიღების სწრაფვა ჩართულია ბიოლოგიურ მოტივაციაში იმდენად, რამდენადაც კვებითი, ტემპერატურული თუ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სხვა ადამიანის მზრუნველობა და თანამონაწილეობა. რაც შეეხება შფოთს ის გადაეცემა ბავშვს დედისაგან (ან სხვა უახლოესი პირისაგან), როცა იგი არაკეთილგანწყობილია, შეწუხებულია ან გაბრაზებულია. ეს ვითარება, სალივანის მიერ, დაფიქსირებულია შფოთის თეორემაში, რომლის თანახმად შფოთის დაძაბულობა მომვლელ პირში ინდუცირებას უკეთებს შფოთს ჩვილ ბავშვში. შფოთი მძიმედ მოქმედებს კვებით ან სხვა ორგანიზმულ პროცესებზე და, საბოლოოდ, ბავშვის ჯანმრთელობაზე. მოგვიანებით ის შესაძლოა უარყოფითად აისახოს პიროვნებათშორის ურთიერთობებზეც.

      შფოთის არიდების მოთხოვნილება აიძულებს ბავშვს, ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რას იწონებენ უფროსები და რას - არა. ამ შეფასებების გავლენით ურთიერთობის პროცესში ყალიბდება “მე”-სისტემა, რომელშიც პერსონიფიკაციის გარკვეული სახეა მოცემული. პერსონიფიკაციის ტერმინით აღინიშნება ის წარმოდგენები თავის თავის და სხვების შესახებ, რომელთა პირველადი ფორმები უკვე ადრეულ ბავშვობაშია მოცემული. ისინი შეიძლება იყვნენ ადეკვატური და არაადეკვატური. “მე”-სისტემის სტრუქტურა თავის თავის პერსონიფიკაციებს შეიცავს. ისინი სამი სახისაა: კარგი-”მე”, ცუდი-”მე” და არა-”მე”. იმის მიხედვით, რომელი - კარგი თუ ცუდი “მე”-ს სტრუქტურა დომინირებს “მე”-სისტემაში, ინდივიდი განსხვავებულად რეაგირებს მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების ფრუსტრაციაზე. ცუდი “მე”-ს იდენტიფიკაციისას სუბიექტი თავის თავს ამტყუნებს, ხოლო კარგი “მე”-ს შემთხვევაში სხვაზე გადაბრალებას ახდენს. “მე”-სისტემის ჩამოყალიბება საკმაოდ ადრეულ ასაკში (12-18 თვე) იწყება ცნობიერების მონაწილეობის გარეშე. საბოლოო სტაბილიზაციას იგი აღწევს გვიანი ყრმობის ეტაპზე, რომელიც პიროვნების განვითარების ბოლო სტადიად განიხილება (სალივანის მიხედვით, მოწიფულობამდე პიროვნება ექვს სტადიას გაივლის). “მე”-სისტემა, როგორც წესი, ნაკლებად ექვემდებარება კრიტიკას და მეტ-ნაკლებად უცლელი სახით თან გაჰყვება ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მის შესაცვლელად, არც თუ იშვიათად, საგანგებო ფსიქოთერაპიული ჩარევა ხდება საჭირო.

      ინტერპერსონალური ურთიერთობები, ცხადია, ყოველთვის ჰარმონიული და უკონფლიქტო ვერ იქნება. შფოთი სოციალური ცხოვრების მოუცილებელი მომენტია. ამ ვითარებასთან შეგუების პროცესში პიროვნებაში ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი წარმოიქმნება. მისი მოქმედების გამოვლინებაა, როცა ადამიანი თითქოს ვერ ამჩნევს იმას, რაც ეწინააღმდეგება “მე”-სისტემას და იწვევს შინაგან დისკომფორტს. ეს მოვლენა სალივანის კონცეფციაში შერჩევითი ყურადღების ან დისოციაციის სახელწოდებით აღინიშნება. ფსიქოთერაპიის მთავარი დანიშნულება, მისი აზრით, მდგომარეობს ისეთი თავდაცვითი მექანიზმების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალურ გარემოსთან ჰარმონიულ შეგუებას. ამ მიზნით გამოიყენება ფსიქიატრიული ინტერვიუს მეთოდი, რომელიც გულისხმობს პაციენტთან კონტაქტის პროცესში აქტიურ ზემოქმედებას ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე.

      სოციალური გარემო, რომელსაც სალივანი კლინიკაში ქმნიდა პერსონალის სპეციალური შერჩევის, სწავლების, პაციენტების თანაცხოვრების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით და ფსიქოთერაპიული სეანსების დროს თავისი გამორჩეული ემპატიური უნარის მეშვეობით, საოცარ თერაპიულ ეფექტებს იწვევდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სალივანის წარმატებები შიზოფრენიის მკურნალობის საქმეში. სალივანმა ამ მიმართულებით გააფართოვა ფსიქოანალიზი. მან პირველმა გაავრცელა ფსიქოანალიტიკური მიდგომა ფსიქოზებზე. ფროიდს ფსიქოზები ესმოდა, როგორც კონფლიქტი ინდივიდსა და გარე სამყაროს შორის, რის შედეგადაც ადამიანი გარემოსაგან პირს იბრუნებს. ნევროზი კი ინტრაფსიქიკურ აშლილობად არის წარმოდგენილი; ის იდის, ეგოსა და სუპერ-ეგოს სტრუქტურებს შორის კონფლიქტის შედეგია. ვინაიდან გარე სამყარო სხვა ადამიანებისაგან შედგება, ძირითადი კონფლიქტი ინდივიდსა და მის სოციალურ გარემოს შორის წარმოიქმნება. სალივანი თვლის, რომ ეს ერთნაირად მართებულია როგორც ფსიქოზის, ისე ნევროზის შემთხვევაში, რადგან ინტრაფსიქიკური კონფლიქტები თავდაპირველად პიროვნებათშორისი კონფლიქტებია და განვითარების პროცესში პიროვნულ სტრუქტურებში ინტერნალიზდება. სალივანი უფრო შორსაც მიდის და მიიჩნევს, რომ პიროვნება, როგორც არსი, როგორც პირადი ინდივიდუალობა, ილუზიაა, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ თავისთავად, ავტონომიურად და ინდივიდუალურად. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმდენად პიროვნებაზე, რამდენადაც ინტერპერსონალურ სიტუაციებზე. ამგვარი მიდგომა, ცხადია, ვრცელდება შიზოფრენიაზეც. ყურადღების ცენტრში აქაც სოციალური სიტუაცია უნდა იყოს და არა ავადმყოფი ინდივიდუუმი. თავის ამოცანას სალივანი იმაში ხედავს, რომ დაეხმაროს შიზოფრენიით დაავადებულს, ჰარმონიულად “ჩაეწეროს” სოციალურ გარემოცვაში. ამ დაავადებისას რეალურ ცხოვრებასთან შეგუებისთვის საჭირო ფუნქციები არ არის მოშლილი და სამუდამოდ დაკარგული; ისინი მხოლოდ დათრგუნულია და ეს დათრგუნვა ინდივიდისთვის რეალობისაგან გაქცევის საშუალებას წარმოადგენს. ამოცანა ავადმყოფის სოციალური რეალობისკენ შემობრუნება და დათრგუნვის მოხსნაა. წამყვანი ფსიქოანალიტიკოსების შეფასებით, სალივანი, თავისი ინტერპერსონალური ფსიქიატრიის მოდელის ფარგლებში, შიზოფრენიის მკურნალობისას დინამიკური ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენების უზარმაზარ გამოცდილებას ფლობდა.

      თუ სალივანმა ფსიქოანალიზი ფსიქოზებზე გაავრცელა, ჰაინც კოხუტი (1913-1981) შეეცადა ფსიქოანალიზი ისეთ პაციენტებთან გამოეყენებინა, რომლებიც უჩიოდნენ შინაგან დეზინტეგრაციასა და სიცარიელეს. მათ შორის იგი ხშირად ხვდებოდა სასაზღვრო მდგომარეობებში მყოფ პირებს და ნარცისიზმის კომპლექსით შეპყრობილ ინდივიდებს.

      ფსიქოანალიზის გამოყენების სფერომ მოიცვა არა მარტო სხვადასხვა ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, არამედ ორგანული პათოლოგიებიც, უფრო ფართოდ - ფსიქიკურისა და სხეულებრივის ურთიერთობა. ფსიქოანალიზის ფარგლებში წარმოიშვა სხეულზე ორიენტირებული და ფსიქოსომატური მიდგომა. მისი ამოსავალი წერტილი არის თეზისი სულისა და სხეულის ერთიანობისა და განუყოფლობის შესახებ. ორგანიზმული პროცესები ფსიქოფიზიოლოგიური ბუნების პროცესებია. ამიტომ მათი ერთ-ერთი მხარის ცვლილება, ასე თუ ისე, იწვევს მთლიანობითი ხასიათის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ცვლილებებს. აქედან გამიმდინარე, ფსიქოანალიზის პროცესში შესაძლებელია მოძრაობა როგორც სხეულიდან სულისკენ, ასევე ფსიქიკიდან სომისკენ.

      პირველი მიმართულების იდეოლოგი ვილჰელმ რაიხი (1897-1957) იყო. მისი საერთო ორიენტაცია ასე გამოიხატება - ფსიქიკური სრულფასოვნებისა და სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია სხეულის ბუნებრივი და თავისუფალი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ადრინდელ შრომებში რაიხი აქცენტს აკეთებს ხასიათის საკითხზე და მას ფსიქოლოგიური ან პიროვნული ჯავშნის ცნებას უკავშირებს. ხასიათი პიროვნებისთვის ფსიქოლოგიური ჯავშნის ფუნქციას ასრულებს; იცავს მას მრავალრიცხოვანი ინსტინქტური, უპირატესად სექსუალური იმპულსებისაგან. ხასიათში მოცემული თავდაცვითი რეაქციები მჟღავნდება შესაბამისი მიმიკის, ჟესტების, პოზების სახით. ემოციების დათრგუნვის უნივერსალურ მექანიზმს კუნთური რიგიდულობა ანუ კუნთური ჯავშანი წარმოადგენს. ამ კუნთური დაცვითი რეაქციების შემცირება ან მოხსნა, ფსიქოლოგიური მასალის ანალიზთან ერთად, თერაპიის პროცესში ათავისუფლებს ლიბიდოზულ ენერგიას და შესაბამის ემოციებს, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იყო ბლოკირებული კუნთური ჯავშნით.

      ფრანც ალექსანდერი (1891-1964) ფსიქოანალიტიკური მკურნალობის იმ მიმართულების სათავეში იყო, რომელიც ორგანულ დაავადებებზე ფსიქიკური ფაქტორის გავლენას იკვლევდა. 1932 წელს ჩიკაგოს ცნობილ ფსიქოანალიზის ინსტიტუტში მან შექმნა ლაბორატორია, სადაც პირველად დაიწყო ფსიქოსომატური პრობლემების შესწავლა ფსიქოანალიზზე დაყრდნობით. ამ კვლევების შედეგად აღიწერა განსხვავებული ტიპის პიროვნებებისათვის დამახასიათებელი კონფლიქტური მოდელები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია გარკვეული სახის დაავადებებთან. მან გამოყო ელემენტარული მოტივაციური ძალების სამი ვექტორი: მიღებისა და გაერთიანების, განდევნისა და დახარჯვა-განადგურებისა, შენახვისა და დაგროვების სურვილი. ამ არაცნობიერი ტენდენციების კონფლიქტი მათ ბლოკირებას იწვევს. ეს ვითარება კომპენსირდება სპეციფიკური ფსიქოფიზიოლოგიური ან ვეგეტატიური რეაქციებით, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ განსაზღვრული ორგანული დაავადების (წყლული, ჰიპერტონია, ასტმა და სხვა) ეტიოლოგიური ფაქტორი ხდება.

      ფსიქოანალიზის საგნობრივი ველის გაფართოების კიდევ ერთი მიმართულება ბავშვის ფსიქოანალიზია. ბავშვისადმი ინტერესი, პრინციპში, კლასიკური ფსიქოანალიზიდან მომდინარეობს. ფროიდის მიხედვით, ძირითად კომპლექსებს სწორედ ბავშვობაში ეყრება საფუძველი. მაგრამ უშუალოდ ბავშვთან ფსიქოანალიტიკურ მუშაობას ოცდაათიან წლებში მოჰკიდეს ხელი. აქ თავიდანვე ორი მიმათულება გამოიკვეთა - მელანი კლაინის (1882-1960) და ანა ფროიდის. მათი სკოლები ერთმანეთს უპირისპირდება მთელ რიგ სერიოზულ საკითხებში, რომლებიც ეხება როგორც ფსიქოანალიტიკური თეორიის, ასევე პრაქტიკისა და ტექნიკის მნიშვნელოვან ასპექტებს.

      რაც შეეხება საზოგადოდ პრაქტიკას, იგი პოსტფროიდულ ეპოქაშიც ფსიქოანალიზის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად რჩება. არსებითად უცვლელია მისი, როგორც ფსიქოთერაპიული მეთოდის ძირეული პრინციპებიც. ესენია სხვადასხვა ტექნიკების საშუალებით (ასოციაციების, სიზმრების, შეცდომითი მოქმედებების ინტერპრეტაცია) არაცნობიერი მასალის ცნობიერებაში ამოტანა და ტრანსფერი - გადაუწყვეტელი კომპლექსებისა და კონფლიქტების ანალიტიკოსზე გადატანა, ანუ პირველსაწყისი ნევროზის შეცვლა გადატანის ნევროზით. ბოლო ეტაპზე ხდება უკვე ინტერპრეტირებული და ტრანსფერის საშუალებით თავიდან განცდილი ფსიქიკური და ქცევითი შინაარსების დამუშავება, მათთვის უარყოფითი მუხტის მოხსნა, ერთი სიტყვით, გამეორებითი გადატანის ნევროზის პრობლემების გადაწყვეტა.

      თერაპევტის ობიექტური და მიუკერძოებელი დამოკიდებულება ხელს უწყობს ყველა ამ პროცესის ეფექტურ წარმართვას. ზ. ფროიდი ანალიტიკოსს ცარიელ ეკრანს ადარებდა, რომელზეც პაციენტი თავისი განცდებისა და როლების პროეცირებას ახდენს. პოსტფროიდისტულ პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ანალიტიკოსი არ შეიძლება იყოს და ვერც იქნება ცარიელი ეკრანი აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციით. როგორც კონკრეტული პიროვნება, იგი რეაგირებს პაციენტზე, ემოციურად ჩართულია მის პრობლემებში, რასაც ფსიქოანალიზში კონტრგადატანა ეწოდება. თანამედროვე ფსიქოანალიზში მაინც ისეთია, რომ ანალიტიკოსის პიროვნების როლი სულ უფრო მეტ წონას იძენს.

      საკამათოა ფსიქოანალიტიკურ მეთოდთან დაკავშირებული ისეთი საკითხი, როგორიცაა მკურნალობის ხანგრძლიობა. ტრადიციული შეხედულებით ითვლება, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ანალიზის კურსი, მით მეტია განკურნების ალბათობა. თანამედროვე ფსიქოანალიზში მკურნალობის კურსის ხანგრძლიობის შემცირებისა და მისი ზუსტი დროითი რეგლამენტაციის პრაქტიკა უკვე ფართოდაა გავრცელებული.

      კვლევისა და მსჯელობის საგანს კლინიკური ფსიქოანალიზის სხვა მომენტებიც წარმოადგენს. საქმე ეხება გარკვეული პრინციპებისა და ტექნიკების ერთგვარ მოდერნიზაციას. ეს პოსტფროიდისტული მოძრაობის ერთი ასპექტია. მეორე ასპექტი, როგორც აღინიშნა, ფსიქოანალიზის გამოყენების სფეროს გაფართოებაში მდგომარეობს - ფსიქოზები, სასაზღვრო მდგომარეობები, ფსიქოსომატიკა, ბავშვის ანალიზი. ორივე ეს ასპექტი უფრო პრაქტიკას ეხება. მესამე ასპექტი საკუთრივ კონცეფციის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, როგორც დავრწმუნდით, მრავალი ახალი ცნება, იდეა თუ შეხედულება გაჩნდა, მაგრამ ძირითადად თეორიული აზრის ორ მიმართულებაზე შეიძლება ლაპარაკი. ერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ფსიქიკურ ცხოვრებაში “მე”-ს როლისა და მნიშვნელობის გაზრდა-გაფართოებას; აქცენტი კეთდება “მე”-ს ავტონომიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცესებისა და მექანიზმების დახასიათებაზე (ეგო-ფსიქოლოგია). მეორე შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება არაცნობიერი და ცნობიერი ფსიქიკის სოციალურ-კულტურულ გაპირობებულობას ექცევა (ნეოფროიდიზმი).

      ფსიქოანალიზსა და აკადემიურ ფსიქოლოგიას შორის თავიდანვე საკმაოდ რთული ურთიერთობა დამყარდა. საკუთრივ ფროიდი მკაცრად უარყოფითად აფასებდა ტრადიციული ფსიქოლოგიის მიღწევებს და შესაძლებლობებს. არც მოპირდაპირე მხარე იჩენდა ნაკლებ კრიტიკულობას და სკეპტიციზმს. როგორც ზემოთ ვნახეთ, აკადემიურ ფსიქოლოგიაში გამოთქმულია საფუძვლიანი შენიშვნები ფსიქოანალიზის და საერთოდ სიღრმის ფსიქოლოგიის მიმართ მათი მონაცემების სანდოობის, კონცეფციების ვალიდობისა და შემოწმებადობის კუთხით. ეს შენიშვნები, არსებითად, პოსტფროიდისტულ სისტემებზეც ვრცელდება.

      უფრო რთულადაა ვითარება თვით ფსიქოანალიზის ფარგლებში, სადაც თითქმის არ არსებობს შეთანხმებული საკითხი. თუ სპეციალისტები აკადემიური ფსიქოლოგიის წრეებიდან, როგორც წესი, უბრალოდ მიუთითებენ ფსიქოანალიტიკური დებულებების დაბალ სანდოობასა და ვერიფიკაციის სირთულეებზე, თვით ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები საკმაოდ მძაფრად აკრიტიკებენ ერთმანეთის სისტემებს (როგორც დეტალებში, ისე მთლიანად) და ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეფციებს ქმნიან. ამ ვითარებამ უკვე კლასიკურ სიღრმის ფსიქოლოგიაში იჩინა თავი; საკმარისია გავიხსენოთ აზრთა სხვადასხვაობა ფროიდს, იუნგს და ადლერს შორის. ამ უთანხმოებებისა და კონცეპტუალური სიჭრელის უპირველესი მიზეზი ემპირიული მასალისა და თეორიის ურთიერთმიმართების თავისებურებაში მდგომარეობს. თეორიის აგებისას ყოველი ფსიქოანალიტიკოსი თავის თერაპიულ გამოცდილებას ეყრდნობა. მაგრამ კლინიკური სამუშაოს ეს მონაცემები იმთავითვე ინტერპრეტაციას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, უკვე მიღებულ თეორიულ მოსაზრებებს ეფუძნება. ვიღებთ შეკრულ წრეს. შედეგად, ერთსა და იმავე მოქმედებას, გამონათქვამს თუ წარმოდგენას განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება; და ეს მაშინ, როცა პროცედურული თვალსაზრისით ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ძირეული პრინციპები ყველგან ერთნაირია (ასოციაციების, სიზმრების, შეცდომითი მოქმედებების ანალიზი, ტრანსფერი).

      საქმე ისაა, რომ სინამდვილეში ფსიქოანალიტიკური ტექნიკა თეორიისაგან განცალკევებულად არ არსებობს. მაგალითად, სიზმრების გაშიფრვა, ინტერპრეტაცია ყოველგვარი ფსიქოანალიზის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ სიზმრის წაკითხვა აბსოლუტურად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა შეხედულება აქვს ავტორს სიზმარზე, ფსიქიკაში მის ადგილსა და როლზე და, საერთოდ, არაცნობიერი სფეროს შინაარსეულ და სტრუქტურულ მხარეებზე. ასეთივე შეუთანხმებლობაა სხვა საკითხებშიც. ავიღოთ თუნდაც საკითხი აქტივობის ძირეული მამოძრავებელი ძალების შესახებ. ფროიდი ლაპარაკობს ლიბიდოზე, სიცოცხლისა და სიკვდილის ინსნინქტებზე; იუნგისთვის ლიბიდო სასიცოცხლო ენერგიის ეკვივალენტური ცნებაა; ადლერი მთავარ აღმძვრელ ძალად არასრულყოფილების განცდას მიიჩნევს; ეგო-ფსიქოლოგიაში მე-ს ლიბიდოსაგან განსხვავებული ავტონომიური ძალა მიეწერება; ფრომი მიუთითებს ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებთან დაკავშირებულ მისწრაფებებზე: სიყვარული, თავისუფლება, დესტრუქტივიზმი, ავტორიტარიზმი; ჰორნი ამოდის ძირეული შფოთიდან და მას უსაფრთხოებისა და სურვილების დაკმაყოფილების მოთხოვნილებებს უკავშირებს; სალივანი წამყვან მისწრაფებებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ხედავს და ამოსავალ მოტივაციად თბილი ურთიერთობებისა და წუხილის არიდების ტენდენციებს მიიჩნევს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც ამ საკვანძო საკითხის გარშემო, რომლის ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტა მთლიანად განსაზღვრავს ფსიქანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის ხასიათს.

      როგორ უნდა განვსაჯოთ, რომელი თვალსაზრისია ჭეშმარიტი? ფროიდის და პოსტფროიდისტული ეპოქის ყველა ავტორი ხომ თავისი ანალიტიკური პრაქტიკიდან ამოდის და ამტკიცებს, რომ სწორედ მან დაარწმუნა იგი ამა თუ იმ მოტივაციური ტენდენციის პირველადობასა და პრიორიტეტულობაში. მაშასადამე, საქმე მეთოდში ყოფილა. საგულისხმოა ამ მხრივ ფრომის შეფასება. “მართალია, წერს იგი, ფსიქოანალიზმა ვერ მიაღწია იმ იდეალს, რომლისკენაც მრავალი წელი მიისწრაფოდა აკადემიური ფსიქოლოგია; ასეთი იდეალი ზუსტი ექსპერიმენტული მეთოდების პირდაპირი გამოყენება იყო. მიუხედავად ამისა, იგი, არსებითად, ემპირიულ მეთოდს წარმოადგენს; ესაა მეთოდი, რომელიც ადამიანის შინაგანი ცენზურის მიერ შეკავებული აზრების, სიზმრებისა და ფანტაზიის გულმოდგინე დაკვირვებას ეფუძნება. მხოლოდ არაცნობიერ ძალებზე დამყარებულ ფსიქოლოგიას შეუძლია შეაღწიოს იმ საფარველს მიღმა, რასაც შეცდომაში შემყვანი რაციონალიზაცია ქმნის. ამგვარ რაციონალიზაციას როგორც ცალკეული ადამიანების, ისევე მთელი საზოგადოებების ანალიზისას ვხვდებით”. მაგრამ საქმეც ისაა, რომ არაცნობიერში შეღწევისას ყველა ფსიქანალიტიკოსი თავის აღმოჩენებს აკეთებს და ერთმანეთის გამომრიცხავ კონცეფციას ქმნის. ამ ვითარებაში ჭეშმარიტების კრიტერიუმად თითქოს თერაპიის ეფექტურობა უნდა მოგვევლინოს. მაგრამ არც აქაა გამოსავალი, ვინაიდან ყველა საკუთარი თეორიის პრაქტიკულ ნაყოფიერებაზე მოუთითებს, ხოლო რამდენადმე სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს.

      პოსტფროიდისტული პერიოდის შეხედულებათა მრავალფეროვნება შეიძლება ფსიქოანალიზის სასიცოცხლო ძალის გამოვლინებადაც შეფასდეს და მისი დასუსტების მაჩვენებლადაც. ამ შეხედულებათა სინთეზი ახალ, ერთიან თეორიულ სისტემაში ამჟამად ნაკლებ შესაძლებლად გამოიყურება და ამის გაკეთება არავის უცდია. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ამ მიმდინარეობის მომავალი, ეჭვგარეშეა რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური აზრის, არამედ მთელი დასავლური კულტურის დღევანდელ სახეზე.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, ერიქსონი, იმედაძე, სალივანი, ფროიდი, ფროიდიზმი, ფრომი, ფსიქოლოგია, ჰორნი

ნახვა: 2286

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters