დამატებითი მოსაზრებები ერთგულების შიშის შესახებ

      ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შიზოიდურ, «გახლეჩილ» ადამიანში მის ემოციურ შთაბეჭდილებებს, ინსტინქტებსა და რეაქციებს შორის ურთიერთკავშირი, გარკვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს განსხვავებული განცდებისა და პიროვნული შრეების ინტეგრაციას ერთ მთლიან ემოციად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოწიფულობის ის განსხვავებული ხარისხი, რომელიც არსებობს შიზოიდის გონებასა და გრძნობას, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის; ემოციური პროცესები და გონებრივი გამოცდილება თითქოს მოწყვეტილია ერთმანეთისაგან და მათი შერწყმა ერთიან განცდად არ ხდება. შიზოიდური პიროვნება სამყაროში ორიენტაციას ადრეული ასაკიდან გონებისა და გრძნობის ორგანოებით აღქმის საშუალებით ახდენდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა; ამიტომ მისთვის უცნობია გრძნობებისა და განცდების ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რადგან იგი მხოლოდ მათი გამოხატვის წანამძღვრებს – აფექტებს იცნობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ შიზოიდური პიროვნების ემოციურ პალიტრაზე, შავ-თეთრის გარდა, სხვა ფერები არ არსებობს.

      ადამიანებთან სიახლოვის შიში რომ აიცილოს თავიდან, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. ავტარკიისადმი სწრაფვისა და ადამიანთაგან თავის დაღწევის ამგვარი მცდელობები ნიშნავს საკუთარი თავის გარშემო დამცავი წრის შემოვლებას და უპირობოდ უკავშირდება მის მზარდ ეგოცენტრულობას, რომლის გამოც იგი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები შიშს განიცდიან, რადგან ამას მარტოობა და იზოლაცია უწყობს ხელს. შიზოიდურ პიროვნებას აუტანელი შიში, უპირველეს ყოვლისა, იმის გაფიქრებაზე იპყრობს, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. ამ შიშში აირეკლება ასევე განცდა იმისა, რომ ის «სხვებისაგან განსხვავებული» და დაუცველია ამქვეყნად. ერთ-ერთმა ასეთმა პაციენტმა ერთხელ თქვა: «ჩემთვის ერთადერთ რეალობას შიში წარმოადგენს». დამახასიათებელია, რომ იგი თავის ამ განცდას აღწერდა არა როგორც შიშს რაიმე განსაზღვრულისა და კონკრეტულის წინაშე; ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ მთლიანად შიშის ტყვეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტმა განაცხადა: «მე არ ვიცი, რა არის შიში; ჩემში, ალბათ, არის რაღაც შიშისმაგვარი, მაგრამ ეს შიში არაა ჩემს «მე»-ში. «ეს პაციენტი» სრულ დისტანცირებას ახდენდა საკუთარი შიშისაგან და ასეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს შიში მის ცნობიერებაში, საერთოდ, აღარ არსებობდა. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა არამყარი და ცვალებადია შიზოიდის ამგვარი მდგომარეობა და რა ადვილად შეიძლება წალეკოს დაუძლეველმა შიშმა ადამიანის «მე».

      შიშის ვინმესთვის გაზიარება შიზოიდს უმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ არასოდეს ჰყოფნის საამისო გამბედაობა, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ თავს ვინმეს ჩაუგდებს ხელში; შესაძლოა, იგი გიჟადაც შერაცხონ, თუ თავის უმწეობასა და სისუსტეს მთლიანად გამოავლენს. ამ დროს შიში, შეიძლება, ისე გაძლიერდეს, რომ მისი ატანა შეუძლებელი გახდეს. იგი მთელი ძალით ამოხეთქავს, გამოიწვევს ფსიქოზს და ეს შიშისაგან თავდახსნის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა იქნება. შიზოიდი ადამიანი «კარგავს ჭკუას» და, თავის გადარჩენის მიზნით, ირეალურ სამყაროში ეძებს ხსნას, სადაც თავს ნორმალურად გრძნობს; გარესამყარო მას ამ დროს სნეული ეჩვენება, რაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც იყოს.

      ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებას საკუთარი შიში გარესამყაროს ობიექტებზე გადააქვს, როდესაც მათი დაძლევა და თავიდან მოშორება ადვილად შეუძლია; მაგრამ შინაგან შიშს ადამიანი მაინც ვერსად გაექცევა.

      მზარდ აუტიზმთან ერთად, შიზოიდური ადამიანი თანდათან კარგავს ინტერესს გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ. ამას «ობიექტის დაკარგვის» პროცესს უწოდებენ, თავად შიზოიდური პიროვნება კი მას «სამყაროს დაღუპვის» განცდას ადარებს. როდესაც ადამიანს გარესამყაროში ემოციური თანამონაწილეობა აღარ აინტერესებს და საკუთარ თავში იკეტება, მისთვის ეს სამყარო «იღუპება», პარტახდება, არარაობად იქცევა და ნადგურდება. მსგავს ცხოვრებისეულ განცდებს ხშირად შიზოიდურ პიროვნებათა სიზმრებიც გამოხატავს, მაგალითად:

      «ვზივარ უზარმაზარ დისკზე, რომელიც ეშმაკის ბორბალს ჰგავს; ის უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს; თავს ძლივს ვიკავებ, რომ მისი კიდისაკენ არ გადავქანდე, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდები მას და შეიძლება ყოველ წამს სიცარიელეში გადავეშვა».

      ან კიდევ ერთი მაგალითი:

      «თვალუწვდენელ ქვიშის უდაბნოში დგას ციხე-სიმაგრე, რომელსაც ბეტონის კედლებში რამდენიმე სათვალთვალო ჭუჭრუტანა აქვს ჩატანებული; ციხე-სიმაგრეში დიდძალი იარაღი და რამდენიმე წლის სურსათის მარაგი ინახება. მე აქ მარტოდმარტო ვცხოვრობ».

      ალბათ, ძნელია, ამაზე უფრო ზუსტად აღწერო იმ ადამიანის განცდა, რომელიც სიმარტოვის, ადამიანებისაგან განდგომის, შიშისაგან თავდაცვის და ავტარკიის სურვილითაა შეპყრობილი.

      «თოვლით დაფარული უკაცრიელი ლანდშაფტი; უკან რამდენიმე მოღრეცილი ხე მოჩანს. თოვლზე თბილი წყლით სავსე პატარა აბაზანა დგას; საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ».

      ეს სიზმარი ნახა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც შემდეგ თავისი ცხოვრებაც გაიხსენა:

      ის ნაბოლარა შვილი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მამის დაბრუნების შემდეგ დაიბადა. იმის გამო, რომ მამას თავში ჰქონდა მიღებული ჭრილობა, ადვილად ღიზიანდებოდა და ხშირად ბობოქრობდა. რა თქმა უნდა, მას აღარ შეეძლო კარ-მიდამოს მოვლა-პატრონობა. დედა მას მზრუნველობას არ აკლებდა, მერე მან კარ-მიდამოს მოვლაც საკუთარ თავზე აიღო და შვილის აღზრდას ძალიან ცოტა დროს უთმობდა. ყმაწვილის სიზმარი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას სწორედ ის სითბო აკლდა, თბილი წყლით სავსე აბაზანა რომ განასახიერებდა. ბიჭი მარტოსული იყო; ამიტომ დაახლოებით 12 წლის ასაკში შეეცადა, რამენაირად შეეგრძნო დედის სიახლოვე და ასეთი რამ მოიფიქრა: საღამოობით, როდესაც იგი უკვე ლოგინში იწვა, დედა, ჩვეულებისამებრ, ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და უკრავდა. ბიჭმა მოიფიქრა და ერთ-ერთ კლავიშს მავთულით ნათურიანი ბატარეა მიაბა, რომელიც შემდეგ თავის საწოლზე მიამაგრა. ყოველ ჯერზე, როგორც კი დედა ამ კლავიშს შეეხებოდა, ნათურა ინთებოდა.

      მსგავსი ფსიქოდინამიური მოვლენები ხშირად ხდება ხოლმე ტექნიკური გამოგონების მიზეზი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ქვეცნობიერად ცდილობენ, შეივსონ ბავშვობისდროინდელი განცდების ხარვეზი. აღწერილი შემთხვევა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს გამოხატავს.

      შეუძლებელია «შიზოიდურ სამყაროში ყოფნის» იმაზე უფრო ზუსტად აღწერა, ვიდრე ამას მსგავსი სიზმრები წარმოგვიდგენს. როგორც ჩანს, ამგვარი განწყობა უცხო არ იყო მაქსიმ გორკისათვის, რომელსაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ლუკმა-პურის საშოვნელად ადრე დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. ერთხელ, ტოლსტოისთან სტუმრობისას, გორკიმ მას თავისი სიზმარი უამბო: რუსული ზამთრის თვალუწვდენელ ტრამალზე მან დაინახა, როგორ მოემართებოდნენ თოვლზე მისკენ ცარიელი ჩექმები, მხოლოდ ჩექმები. ალბათ, ძნელია სიმარტოვის ამაზე უფრო მოკლედ და სხარტად აღწერა.

      როდესაც ადამიანი სამყაროს განუდგება და საკუთარ თავში იკეტება, მას ეს სამყარო ფეხქვეშ ეცლება და იპყრობს საშინელი შიში, რომელიც აბსოლუტურ «სიცარიელეში ვარდნის» ან «ეშმაკის ბორბალზე ტრიალის» დროს განცდილ შიშს წააგავს. შიშზე წარმოდგენები და სიზმრები შიზოიდურ ადამიანებს ხშირად აპოკალიფსური, სამყაროსეული კატასტროფების სახით ევლინებათ. ვინც ცდილობს, საკუთარ თავს, რაც შეიძლება, მაგრად ჩაეჭიდოს, მას ემუქრება საფრთხე – სამყარო ფეხქვეშ გამოეცალოს და საბოლოოდ წილად მარტოსული ცხოვრება ერგოს.

      კიდევ რამდენიმე მაგალითით აღვწერთ იმ შედეგებს, რაც ადამიანებთან სიახლოვის შიშს და «საკუთარი ღერძის გარშემო» ზღვარგადასულ ბრუნვას მოჰყვება ხოლმე. ამ შიშის შედეგად გაჩენილი იჭვნეული სიფრთხილე შიზოიდურ პიროვნებას იმით ემუქრება, რომ ის საკუთარ თავთან მიმართებაში სულ უფრო ავადმყოფურ სახეს მიიღებს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, როგორც ხალხში ამბობენ, «მიწის ქვეშ რა ხდება» ან «ბალახი რას ჩურჩულებს». ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში რაღაც საფრთხეს ხედავენ და მათში თვით ყველაზე უწყინარი შენიშვნაც კი შემაშფოთებელ ეჭვებს იწვევს.

      ერთხელ ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა: მისაღებ ოთახში ერთ-ერთ სურათს კედელზე ადგილი შევუცვალე. შიზოიდმა პაციენტმა ეს მაშინვე საკუთარ თავთან დააკავშირა და იფიქრა, თითქოს ამით მასზე ტესტის ჩატარება დავაპირე, რათა გამეგო, ამ ცვლილებაზე რა რეაქცია ექნებოდა.

      ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ შიზოიდურ ადამიანებს თითქმის პარანოიდული განცდები აქვთ საკუთარ თავთან მიმართებაში; ამასთან, გამახვილებული ემოციური სიფრთხილით გამოირჩევიან და გარესამყაროში მომხდარ ისეთ ცვლილებებსაც კი ამჩნევენ, რასაც ნორმალური ადამიანი, საერთოდ, ყურადღებას არ აქცევს. სამყაროსთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები თითქმის ყოველთვის საკუთარი, გამახვილებული ემოციებით ხელმძღვანელობენ.

      იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც ფსიქოთერაპიული სეანსის დროს ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. იმავე პაციენტმა იფიქრა, რომ მე სპეციალურად ვარეკინებდი ვიღაცას, რათა გამეგო, რა რეაქცია ექნებოდა მას ასეთ დისკომფორტზე.

      ამრიგად, შიზოიდი ადამიანი გარესამყაროში მომხდარ თითქმის ყველა მოვლენას საკუთარ თავს უკავშირებს, რაც აზრადაც არ მოუვა ადამიანს, რომელსაც ადამიანებთან მეტი კონტაქტი და ურთიერთობა აქვს. ამ დროს შიზოიდურ პიროვნებას ნელ-ნელა შეიპყრობს ადამიანებთან ურთიერთობის ავადმყოფური შიში და ისეთი მანიაკალური წარმოსახვა, რომელიც, შესაძლოა, «შეშლილობის» მთელ სისტემად ჩამოყალიბდეს, შემდგომ კი მისი კორექცია ვეღარ მოხერხდეს. შიზოიდი პიროვნებისთვის გარესამყაროში აღარ არსებობს აღარავინ და აღარაფერი, რაც იდუმალად თავად მასთან არ არის დაკავშირებული და რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ეძლევა; მერე კი ეს თავის დასაბუთებას მოითხოვს.

      ამ მდგომარეობას შიზოიდი ძალიან მტანჯველად და შემაშფოთებლად განიცდის, რადგან ამ დროს კარგავს არა მხოლოდ ყოველგვარ უშუალობას, არამედ თითქმის ყოველთვის მზად არის, მოულოდნელობებისა და ვითარსი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად. შიზოიდი ადამიანი ძალიან ხშირად გამოყოფს ხოლმე თავის საცეცებს გარესამყაროსკენ და, თუ ვინმე მიუახლოვდება, მაშინვე სასწრაფოდ შემალავს.

      ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც თავის პროფესიაში ხელი მოეცარა და საქმეში მერეც არ სწყალობდა ბედი, გიჟურად აიკვიატა, რომ უიღბლო იყო. მას სურდა, სოციალურად წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ საკუთარი თავისადმი რწმენა დაკარგული ჰქონდა და ამ საკითხში ოჯახის წევრებისგანაც ვერ გრძნობდა მხარდაჭერას. ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ აკვიატებული სურვილი ამოძრავებდა, სხვებზე «უკეთესი» გამოჩენილიყო და «დიდ სიმაღლეებს» შესწვდომოდა. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ყმაწვილი მამის კვალს გაჰყვებოდა და საკუთარ ადგილ-მამულს უპატრონებდა იმ პრინციპით, რომ პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს, ანუ ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ახალგაზრდა კაცი კი დიდად პატივმოყვარე იყო და ყოველნაირად ცდილობდა, ახლობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ამის გამო ის ნებისმიერ მარცხს განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა, რადგან მისი წარუმატებლობა ადასტურებდა, რომ ოჯახის წევრები მის წინაშე მართლები იყვნენ.

      ჩვენ მანამდეც ბევრჯერ შევეცადეთ, ეს გარემოებები შეგვესწავლა და მისი აკვიატებული წარმოსახვის მიზეზი ზუსტად აგვეხსნა რეალობასთან მიმართებაში. მაგრამ, როცა ახალგაზრდა კაცმა ზემოაღნიშნული მარცხი განიცადა, იგი კვლავ მანიაკალურმა აზრებმა შეიპყრო.

      ერთხელ ის კლინიკაში დათრგუნული მოვიდა და აღშფოთებულმა გამომწვევად გვითხრა: «ამჯერად ვეღარ დამარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დღეს სადგურზე ვიღაც კაცი შემხვდა; მას ჩამოძენძილი კოსტუმი ეცვა, რომელიც ზუსტად ჰგავდა ჩემს საუკეთესო კოსტუმს. განა მას ამით ჩემთვის იმის თქმა არ უნდოდა, რომ მე ერთი ხელმოცარული და უიღბლო კაცი ვარ?»

      ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პაციენტის მიერ საკუთარი არასრულფასოვნების მანიაკალურ განცდასთან; აქვე იმასაც ვხედავთ, რა მყიფე საზღვარი არსებობს ცრურწმენებსა და აკვიატებულ წარმოსახვას შორის. ამასთან, გარკვეულწილად უნდა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ცრურწმენა, შესაძლოა, გახდეს აკვიატებული აზრების გამომწვევი პირველმიზეზი. ჩვენც ასევე ემოციურად, ჯიუტად ჩავჭიდებივართ ხოლმე ცრურწმენებს, მაგრამ ამავე დროს არ გაგვაჩნია იმის მზაობა, რომ საფუძვლიანად გადავამოწმოთ მათი კავშირი რეალობასთან, თორემ, ალბათ, შევძლებდით იმის გაგებას, ასე რატომ ეჭიდებოდა ეს პაციენტი თავის მანიაკალურ წარმოსახვას. მსგავსი აკვიატებული აზრები საკუთარ თავზე ჩვენც აშკარად გამოგვიცდია, როდესაც, სულიერად დათრგუნულებს, გაუცნობიერებელი შიში ან თვითბრალდების გრძნობა დაგვუფლებია. მაგალითად, მესამე რაიხის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის და ხელისუფლების წინააღმდეგ ხშირად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მოიერიშე რაზმელებისა და «ესესელების» დანახვაზე აკვიატებული დევნის შიში იპყრობდათ, რადგან მათში საშინელ მტერს ხედავდნენ. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საკმარისი იყო, ისინი ვინმეს დაესმინა ან ყურმოკვრით გაეგოთ მათი განწყობის შესახებ, და მაშინვე საკონცენტრაციო ბანაკში უკრავდნენ თავს.

      სიმარტოვე და იზოლაცია, ისევე როგორც რეალური საფრთხის წინაშე უმწეობის შეგრძნება, ხელს უწყობს ავადმყოფურად აკვიატებული რეაქციების გამოვლინებას. უცხო გარემოში მყოფი ადამიანი, ღამით უჩვეულო ხმაურის გაგონებაზე, ადვილად განეწყობა საიმისოდ, რომ ეს ხმაური არამართებული, აკვიატებული მიზეზით ახსნას, მით უფრო, თუ იგი ამ დროს სულიერად დათრგუნულია ანდა შიშის და თვითბრალდების გრძნობით არის შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში, სადაც იგი თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობს, მას ამგვარი შეგრძნებები არა აქვს. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებების აკვიატებული რეაქციები ჩვენ წინაშე ისევ და ისევ მათთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წამოჭრის: ეს არის საზოგადოებისაგან იზოლაცია და ადამიანების მხრივ თანადგომის არარსებობა. თუმცა მაგალითები იმასაც მოწმობს, რომ ძალიან მყიფეა ზღვარი ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანს შორის, რადგან იმ რეაქციებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ავადმყოფებში ვხედავთ, საგანგებო სიტუაციებში თავადაც გამოვავლენთ ხოლმე. დაავადებულ ადამიანებში კი ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი დიდხანს იმყოფებიან საგანგებო სიტუაციებში და თავდაცვის მიზნით გამოიმუშავებენ ამგვარ «ავადმყოფურ» რეაქციებს.

      აქ მოვიყვანთ კიდევ ერთი პაციენტის მაგალითს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის დამთრგუნველი სურვილი ავადმყოფურ აკვიატებად გადაექცა:

      ოცდაათიოდე წლის მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარესამყაროსთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, ერთ-ერთ კონცერტზე ვიღაც ახალგაზრდა კაცის გვერდით აღმოჩნდა; რაკი მის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა იგრძნო, გვერდიდან მალულად უთვალთვალებდა და გრძნობდა, როგორ უძლიერდებოდა მასთან კონტაქტისა და გამოლაპარაკების სურვილი. იმის გამო, რომ ამ კაცს გარესამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა, იგი თავდაპირველად შეიპყრო შიშმა, რომელმაც მხოლოდ ააფორიაქა, მაგრამ მალე პანიკაში ჩააგდო, რადგან მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცი ფერად-ფერად წრეებს ასხივებდა და ამ წრეებით მის ალყაში მოქცევას და ხელში ჩაგდებას ლამობდა; მერე იგრძნო, რომ ცივმა ოფლმა დაასხა და თავს საკონცერტო დარბაზიდან გაქცევით უშველა.

      გარდა იმისა, რომ ამ კაცს ადამიანებთან ურთიერთობისა და მათთან სიახლოვის დამთრგუნველი სურვილები სტანჯავდა, იგი აშკარად განიცდიდა ახალგაზრდა ყმაწვილისადმი სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ რაკი ამის გამჟღავნება თავად ვერ გაბედა, ამ ლტოლვის პროეცირება ისე მოახდინა, თითქოს იგი ამ ახალგაზრდისაგან მოდიოდა. აქაც რეალური სიტუაციის «გადატანა» მოხდა, რადგან შინაგანმა შიშმა საფრთხის სახე მიიღო და გარეთ გადაინაცვლა, რასაც ამ კაცმა თავი მხოლოდ გაქცევით დააღწია.

      როდესაც შიზოიდურ ადამიანს შინაგანი სამყაროსა და გარემოს მიმართ ეჭვისა და დაუცველობის გრძნობა უჩნდება, იგი ცდილობს, გარკვეული «ცხოვრებისეული ტექნიკა» შეიმუშაოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თავი ყველაფრისაგან შორს დაიჭიროს, ხელშეუხებელი და შეუვალი გახდეს, ყოველთვის ობიექტური იყოს, ადამიანებთან ახლო ურთიერთობას ერიდოს, მათთან შედარებით უპირატესობა იგრძნოს და მისი წონასწორობიდან გამოყვანა ვერაფერმა შეძლოს; მაგრამ შიზოიდი პიროვნება ამით სინამდვილეში ვერაფერს აღწევს. ამ დროს იგი, შესაძლოა, ყველას განუდგეს, ამპარტავანი, უკარება, საშინლად გულცივი და ხისტი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი თავდაცვითი საშუალებებითაც გარესამყაროზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, იგი თავის გრძნობებს მოულოდნელი, გააფთრებული აგრესიით გამოხატავს, რაც ზემოთ უკვე აღვწერეთ. ამ დროს შესაფერისმა გარემომ შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს შიზოიდურ პიროვნებას, თუ გარშემომყოფნი მისი საქციელის გამომწვევ მიზეზებს გაიაზრებენ და მიხვდებიან, რით არის გამოწვეული მისი ეს მძიმე მდგომარეობა.

      შიზოიდურ პიროვნებათა მკურნალობის დროს ისეთ ზღვრულ სიტუაციებსაც ვხვდებით, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებს საფრთხეებს, ადამიანის არსებობას რომ ემუქრება. სწორედ ამ შემთხვევებიდან უნდა ვისწავლოთ, რა არის ადამიანისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რამდენად ემუქრება მის განვითარებას ოჯახური და სოციალური ფაქტორები, და, საერთოდ, დავადგინოთ ყველა გამომწვევი მიზეზი, რომელთა აღმოფხვრაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გენიალური ადამიანების არსებობას ხშირად ასეთი ცხოვრებისეული სივრცე განსაზღვრავს. მათი გრძნობები იმდენად ამოუცნობი და დაფარულია, რომ ხშირად ძნელია იმ მყიფე საზღვრის დადგენა, რომელიც გადის გენიალობასა და ფსიქოზს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ შიზოიდური სიმპტომების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. თუ შევეცდებით, შიზოიდური პიროვნებების თვისებები თანმიმდევრობით დავადგინოთ (ჯერ კიდევ სრულიად ჯანმრთელებიდან და მსუბუქად დაავადებულებიდან, მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მისულ პაციენტებამდე), მივიღებთ შემდეგ სურათს: ნაკლებად კონტაქტურები, ზემგრძნობიარენი, მარტოსულები, ორიგინალურები, ცხოვრებისგან გარიყულები, ბერბიჭები, ახირებულები, აუტსაიდერები, ასოციალურები, კრიმინალები, ფსიქოპათები. მათ შორის არცთუ იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები.

      გენიალურ ადამიანზე გარესამყაროსაგან განდგომა და მარტოსული ცხოვრება სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ტრადიციებზე, ანგარიში არ გაუწიოს ისეთ გარემოებებს, რომლებსაც უზრუნველყოფილი, ტრადიციების ერთგული ადამიანები, ჩვეულებრივ, ან ვერ ხედავენ, ან მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ. სახიფათო სიტუაციას გენიალური ადამიანი იმ შეგნებამდე მიჰყავს, რომ მას უნარი შესწევს, გადააბიჯოს იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები მორიდებით გვერდს უვლიან. თუ შიზოიდური პიროვნება მთლად არ არის დაცლილი ემოციებისაგან და მხოლოდ კრძალვით ცდილობს მათ დამალვას, მაშინ ის გამორჩეულად მგრძნობიარე ადამიანის თვისებებს ავლენს და ვერ იტანს ერთფეროვნებას, ზედაპირულობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიზოიდურ პიროვნებას მწირი ემოციური სამყარო აქვს, იგი ნაკლებად გამოავლენს საკუთრივ ადამიანურ თვისებებს.

      რელიგიასთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები უმთავრესად სკეპტიკოსები ან ცინიკოსები არიან, მახვილგონივრულად მსჯელობენ რწმენის «უაზრობაზე», კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ რიტუალების, ტრადიციებისა და ყოველგვარი ფორმალობის მიმართ; ისინი ცდილობენ, საერთოდ, ფხიზელი თვალით შეხედონ ყველაფერს, რასაც «იდუმალების» იერი დაჰკრავს, ახსნან ის «აუხსნელი» მოვლენები, რის შესაძლებლობასაც მათ უმთავრესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საკმაოდ ხშირად სთავაზობენ. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებები უმეტესად რაციონალისტები არიან, რომლებსაც განცდების გამოსახატავად აუცილებელი ორგანო არ გააჩნიათ, ამიტომ მათთან კამათი ამასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია.

      მაგრამ შიზოიდების ამგვარი განწყობა რელიგიისა და რწმენის მიმართ ისე ჩანს, თითქოს იგი მათი იმედგაცრუებისათვის საჭირო, გაუცნობიერებელ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ისინი გაბედულად აცხადებენ უარს რწმენაზე, რათა იმედგაცრუებულები არ დარჩნენ; მალულად კი მაინც იმ «მტკიცებულების» მოლოდინში არიან, რომელიც მათ რწმენას აზიარებდა. შიზოიდური პიროვნებები ხშირად ნიჰილისტურად და დესტრუქციულად არიან განწყობილი და ეშმაკისეულ ნეტარებას გრძნობენ, როდესაც ახერხებენ, სხვებს რწმენაზე ხელი ააღებინონ. მაგრამ სხვა ადამიანების თავიანთ რწმენაზე მოქცევის სურვილი ისევ და ისევ ეჭვებს იწვევს: ხომ არ ეშინიათ მათ საკუთარ ურწმუნოებასთან მარტო დარჩენისა?! მძიმედ დაავადებული შიზოიდები მორწმუნეები ვერ გახდებიან, რადგან მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უსაფრთხოდ და არ განუცდიათ სიყვარული. ამიტომ ისინი ათეიზმისკენ იხრებიან ან ხშირად საკუთარ თავს ყველაფრის საზომად მიიჩნევენ: ამან კი მათში, შესაძლოა, მანიაკალური ზესთამჩენობის გრძნობა აღძრას და საკუთარი თავის გაღმერთებამდე მიიყვანოს. ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გარესამყაროს მიმართ საკუთარი ინტერესის უგულებელყოფა და ამ ინტერესის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება შიზოიდურ პიროვნებას ისეთ ძალას და მნიშვნელობას სძენს, რომელიც მთლიანად მოიცავს მის ცნობიერებას; თუმცა ზოგიერთი მათგანი რელიგიურობის განცდაში იმ უსაფრთხოებას ეძებს და პოულობს კიდეც, რომელიც მას არასოდეს განუცდია. მაგრამ ეს არ არის ღმერთისადმი პიროვნულად მიმართული, მოსიყვარულე და უმანკო რწმენა; ეს უფრო ის ზეპიროვნული, შეუცნობელი გრძნობაა, რომელსაც შიზოიდური პიროვნება პირობითად თავისუფალი ინდივიდის ღირსებას უპირისპირებს, ხოლო როგორც ადამიანი, ცნობიერებას იმ ჰუმანური ვალდებულებით აღუდგება წინ, რომელიც თავად აკისრია. ეთიკას და მორალს შიზოიდური პიროვნება ერთგვარად ეჭვის თვალით უყურებს. ის არაფრად დაგიდევთ ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი გადაჭარბებულია და მათ გამო ადამიანი თვითბრალდების გრძნობას განიცდის, მაშინ როცა თავად შიზოიდურ პიროვნებას, საერთოდ, ნაკლებად გააჩნია ეს გრძნობა. რაკი იგი ადამიანებთან კონტაქტს გაურბის, სოციალურ გარემოს ვერ ესადაგება და თვითგადარჩენის ეგოცენტრისტული ინტერესებით ცხოვრობს, შესაბამისად, შიზოიდური პიროვნება მხოლოდ იმას მიიჩნევს მართებულად, რაც მისთვის ხელსაყრელია; ამიტომ მას შეუძლია განივითაროს «მბრძანებლის მორალი», რომელიც მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება...

      შიზოიდური პიროვნება სიძულვილს განიცდის «სუსტი» ადამიანების მიმართ, რომელთაც მორალური მოსაზრებები ამოძრავებთ. შიზოიდს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ დამოუკიდებლობას ლაჩრობისა და სიმხდალის გამო კარგავენ. მისი აზრით, ძლიერი პიროვნება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, ერთადერთ პრინციპს აღიარებს, რომლის თანახმადაც, «ძლიერი ადამიანი სიმარტოვეშიც ყველაზე ძლიერია». ამ პრინციპში ვლინდება მისი შესაძლებლობებიც და საფრთხეებიც.

      მხოლოდ ძლიერ ადამიანს გააჩნია ძალა, ღირებულებად აქციოს საკუთარი გამორჩეულობა; სწორედ ესა აქვს წიგნის ამ თავს ეპიგრაფად წამძღვარებული. შედარებით სუსტი და უმწეო ადამიანი განუდგება გარესამყაროს, ცდილობს, პირადი ცხოვრება მოიწყოს და წონასწორობა ისე შეინარჩუნოს, რომ სხვა ადამიანები არ დასჭირდეს; ამ მიზანს იგი ხანდახან მხოლოდ ცხოველების ან საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღწევს. ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული, შიზოიდური პიროვნებები ხშირად დესტრუქციული, დამანგრეველი ქმედებებით გამოირჩევიან, ასოციალურები ხდებიან და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, თავიანთი მიზნებისათვის შეუძლიათ სხვა ადამიანების გამოყენება.

      შიზოიდური მშობლები და აღმზრდელები ბავშვის მიმართ ნაკლებ სითბოსა და მზრუნველობას ავლენენ, მასთან არავითარი სიახლოვე არ აკავშირებთ და ადეკვატურად ვერ აღიქვამენ მის გრძნობებსა და განცდებს, ამასთან ეწინააღმდეგებიან ან ირონიულად ეკიდებიან მის ყოველ სურვილს და ემოციას. ასეთი მშობლები ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავენ და, რაკი მას აკვირდებიან კიდეც და მისი ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივებსაც იცნობენ, აიძულებენ, ადრეულ ასაკშივე მიეცეს თვითრეფლექსიას. ამ დროს ბავშვი ახლობლების გარემოცვაში საშინელ გულგრილობას გრძნობს და ითრგუნება მათი მოულოდნელი და მისთვის გაუგებარი რეაქციების გამო; ამრიგად, იგი თითქოს გამუდმებით განგაშის მოლოდინში იმყოფება. ამ ადამიანებისგან ბავშვი ვერ შეიგრძნობს სიყვარულს, ამიტომ მათდამი სიახლოვესაც ვერ გრძნობს.

      მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობლები და აღმზრდელები ბავშვს თავდაპირველად ალერსიანად და სიყვარულით ექცევიან, მაგრამ მოგვიანებით კეთილგანწყობას დამცინავი ირონიის სახეს აძლევენ. ეს ბავშვს საშუალებას არ აძლევს, შეიგრძნოს, რომ მისი სიყვარული ახლობლებისადმი რაღაცას ნიშნავს, რადგან იცის, რომ მის გრძნობას სერიოზულად არავინ აღიქვამს («წარმოგიდგენიათ, ჩემს პატარა ვაჟბატონს უეცრად სიყვარულმა წამოუარა!» «ჩემს პატარა ქალბატონს, ეტყობა, უნდა რაღაც დამცინცლოს, რადგან დღეს მეტისმეტად ალერსიანია»).

      საკუთარი პიროვნული სტრუქტურიდან გამომდინარე, შიზოიდები ხშირად ისეთ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ადამიანებთან მჭიდრო კონტრაქტს არ მოითხოვს, ამიტომ მათი ინტერესების სფეროს ზოგადთეორიული და ზუსტი მეცნიერებები შეადგენს. შიზოიდებს შორის ხშირად გვხვდებიან ასტრონომები, მათემატიკოსები, ინჟინრები. მეცნიერული კვლევისას მათ ადამიანებთან ურთიერთობა უშუალოდ არ უხდებათ, მათთან ფსიქოლოგიური ტესტირების მეთოდით, მიკროსკოპით ან რენტგენის აპარატის მეშვეობით ურთიერთობენ; პათანატომებს კი, საერთოდ, მიცვალებულებთან აქვთ საქმე. მათი სულიერი სფერო ადვილად გადაიქცევა ხოლმე ფიზიოლოგიური რეფლექსების თავმოყრის ადგილად, რის საფუძველზეც, შოპენჰაუერის მსგავსად, შეუძლიათ თქვან: «უფალო ღმერთო, თუ სადმე არსებობ, იხსენი ჩემი სული, თუკი ასეთი გამაჩნია». შიზოიდების ფსიქოლოგიაში ხშირად შეინიშნება რაღაცის აღმოჩენისა და ამოცნობის სურვილი, ამიტომ, როგორც ექიმები, ისინი უფრო მკვლევრები არიან, ვიდრე პრაქტიკოსი მკურნალები, და ხშირად განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ფსიქიატრიისა თუ მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართ. როგორც თეოლოგები, შიზოიდური პიროვნებები უფრო რელიგიური მეცნიერებებით ინტერესდებიან, ვიდრე ეკლესიის მსახურის პრაქტიკული საქმიანობით. შიზოიდები ხშირად ზურგს შეაქცევენ ხოლმე ადამიანებს და ცხოვრებას ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების სამყაროში იწყებენ, მერე ამ სამყაროს მგრძნობიარე მიკროსკოპის ან ტელესკოპის საშუალებით მიკრო და მაკროსკოპულად იკვლევენ.

      ადვილი წარმოსადგენია, რა დიდ საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ მეცნიერული კვლევის შედეგად მოპოვებული ცოდნა ისეთი შიზოიდი მეცნიერის ხელში აღმოჩნდება, რომელიც გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას, ცხოვრებას აუტიზმით დაავადებული ადამიანის თვალით უყურებს და თან საკუთარი იდეების რეალურად განხორციელებას ცდილობს; როგორც ითქვა, შიზოიდები გარკვეული სფეროების მიმართ იჩენენ ნიჭსა და მიდრეკილებებს; ისინი პროფესიას იმ მოტივით ირჩევენ, რომ მათ, სახელდობრ, ამ სფეროში შეუძლიათ დაეუფლონ სუბიექტური გრძნობებისაგან თავისუფალ, საიმედო ცოდნას. ფილოსოფოსების რანგში შიზოიდები ხშირად ცხოვრებას მოწყვეტილი, აბსტრაქტულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უპირატესობას ზოგადთეორიულ აზროვნებას ანიჭებენ და არა პრაქტიკულ საქმიანობას.

      პოლიტიკის სფეროში შიზოიდური პიროვნებები ზოგ შემთხვევაში რევოლუციური და ანარქისტული იდეების მგზნებარე მომხრეები არიან, ზოგჯერ კი უკიდურესად რეაქციული და რადიკალური თვალსაზრისების დამცველებად გვევლინებიან. შიზოიდებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკის მიმართ ინტერესს არ იჩენენ – «პოლიტიკა მათ არ ეხებათ». მათივე სოლიფსისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ აინტერესებთ საზოგადოება, როგორი სახისაც უნდა იყოს იგი.

      შიზოიდურ პიროვნებებს უმთავრესად აბსტრაქტული, უსაგნო ხელოვნება იტაცებთ. ისინი ცდილობენ, ამ სფეროში მთელი იდუმალებით, სიმბოლურად გამოხატონ საკუთარი რთული შინაგანი გრძნობები და განცდები. მათ შორის ხშირად გვხვდებიან მკაცრი კრიტიკოსები, სატირიკოსები და კარიკატურისტები. მათი უჩვეულო სტილი ხშირად თავნებობით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისებს, მაგრამ ამასთან ორიგინალურიც არის და, ზოგ შემთხვევაში, მომავლის წინასწარმეტყველების ნიშნებსაც შეიცავს. რაკი ეს ადამიანები საზოგადოებას განუდგებიან, მის აზრს ანგარიშს არ უწევენ და მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს გამოხატავენ, ამიტომ შეუძლიათ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობების შექმნას შეუწყონ ხელი. შიზოიდური პიროვნებები ხშირად შეიგრძნობენ არსებულ გარემოებათა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, ყურადღებას ამახვილებენ სხვებისთვის შეუმჩნეველ მოვლენებზე და ისეთ სიტუაციებში გამოიჩენენ ხოლმე თავს, რომლებსაც სხვები ან ვერ აღიქვამენ, ან, საერთოდ, გაურბიან. ამიტომ შიზოიდურ პიროვნებათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები საშუალებას გვაძლევენ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის ბუნებას. ასეთი შიზოიდების საყოველთაო აღიარება მათივე სიცოცხლეში იშვიათად ხდება.

      პროფესიულ საქმიანობას შიზოიდი პიროვნებები არცთუ დიდი გულისყურით ეკიდებიან, რადგან მათთვის, ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, რა იქნება მათი საარსებო წყარო. ისინი საკუთარი პროფესიის მიღმა ცხოვრობენ და მათი ინტერესების სფერო უმთავრესად გართობითა და სასიამოვნო გატაცებებით შემოიფარგლება. შიზოიდი პიროვნებები ხშირად სიამოვნებით ჰკიდებენ ხელს ისეთ სამუშაოს, რომელიც მარტოობას მოითხოვს და არ საჭიროებს ადამიანებთან კონტაქტს. ისინი, არცთუ იშვიათად, გატაცებულნი არიან ცხოველებით, მცენარეებით, მინერალებით. მათ ასევე მოსწონთ ელექტრიკოსის, ტრანსპორტის მუშაკისა და სხვა ისეთი პროფესიები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ქვეცნობიერად და სიმბოლურად, ასე ვთქვათ – ზოგადად, დაიკმაყოფილონ ადამიანებთან კონტაქტისა თუ ურთიერთობის მოთხოვნილება. უფრო დიდი მასშტაბის შიზოიდურ პიროვნებებს შეუძლიათ გახდნენ დიდი გარდაქმნების მოთავეები და ინიციატორები, რადგან ისინი სკეპტიკურად აღიქვამენ ადამიანის ყოფას და მოვლენებს ინფერნალურად განიცდიან; მარტოობისთვის განწირულ შიზოიდურ პიროვნებებს საკუთარი თავი იმ ზღვრულ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომლის გაცნობიერებასაც ვეღარ ახერხებენ.

      ასაკთან ერთად, შიზოიდური პიროვნება სულ უფრო მარტოსული ხდება და მეტ უცნაურობებს ავლენს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მეტი გონიერებითაც გამოირჩევა. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, შიზოიდური პიროვნებები სხვებზე ადვილად ეგუებიან დაბერების პროცესს და სიმარტოვეს უკეთ იტანენ, რადგან დამოუკიდებლობას და იზოლაციას შეჩვეულნი არიან. ისინი ადრევე ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც შეუძლიათ ისე იცხოვრონ, რომ არ ჰქონდეთ კავშირი ადამიანებთან; ამასთან, მათ არც სიკვდილი აშინებთ და ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე, მხნედ აღიქვამენ მას, როგორც ფაქტს. რაკი შიზოიდური პიროვნებები გარესამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობით დიდად არ იწუხებენ თავს, ამიტომ დასათმობი და დასაკარგიც ბევრი არაფერი აქვთ; ისინი განსაკუთრებულ სიახლოვეს არავის, თვით საკუთარი თავის წინაშეც არ გრძნობენ, ამიტომ უფრო იოლად შეელევიან ხოლმე ყველას და ყველაფერს.

      შიზოიდური პიროვნების პოზიტიურ თვისებებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, გაბედული ქმედებები საკუთარი თავის მიმართ, მისი, როგორც ინდივიდუუმის, ავტონომია. შიზოიდურ პიროვნებას უნარი შესწევს, გულგრილად, ობიექტურად დააკვირდეს ფაქტებს და კრიტიკულად, მიუკერძოებლად შეაფასოს ისინი. ამასთან, ჰყოფნის გამბედაობა, მოვლენები ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვას; ეს ყველაფერი კი მისი ხასიათის სიძლიერეზე მეტყველებს.

      შიზოიდი ადამიანები ტრადიციებითა და დოგმებით არ იზღუდავენ დამოუკიდებლობას, თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ მანამ, სანამ ყველაფერს კარგად არ გადაამოწმებენ და არ გაიაზრებენ; ვერ იტანენ ვერავითარ სენტიმენტალობას, გაურკვევლობას და გრძნობებით კეკლუცობას; ნათლად, უკომპრომისოდ იცავენ თავის პრინციპებს და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ; მათ ირონიულ და სატირულ, მახვილ მზერას არ გამოეპარება სხვა ადამიანების სისუსტეები, ამიტომ ძალიან ძნელია შიზოიდების მოტყუება. ისინი ადამიანებთან ურთიერთობისას ხშირად «უგერგილოდ» გამოიყურებიან, რადგან ვერ იტანენ არაგულწრფელობას და სიყალბეს. შიზოიდები დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველგვარი ილუზიების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება; მათ სურთ საკუთარი ბედ-იღბალი თავადვე განკარგონ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეებრძოლონ ბედისწერას, რადგან ადამიანი მათთვის საკუთარი ბედის მჭედელია.

      აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის შიზოიდური ადამიანები, რომლებსაც აშკარად გამოხატული შიზოიდური სტრუქტურა აქვთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხან, შესაბამისად – თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მათ ადამიანებისაგან განდგომა და დამოუკიდებლობა საკუთარ მონაპოვრად მიაჩნიათ, მაგრამ ამავე დროს სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ, რომლებისთვისაც მათი შეუპოვრობა ძნელი ასატანია. ასეთ ადამიანებს მრავლად ვხვდებით; მათ შორის არიან ასევე ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც სხვებზე მბრძანებლობენ და ადამიანებს ანგარიშგაუწევლად იყენებენ საკუთარი მიზნებისათვის.

      აქაც და შემდგომაც, ცალკეული სტრუქტურული ტიპის «პოზიტიურ» წარმომადგენლებს ძალიან მოკლედ რომ აღვწერთ, ამის მიზეზი შემდეგია: ოთხი პიროვნული სტრუქტურის პრინციპული ხასიათის თვისებები ყველაზე თვალნათლივ მათი უკიდურესი ფორმების აღწერისას გამოვლინდება, რადგან ასეთ შემთხვევებში ყოველი სტრუქტურა, სავარაუდოდ, განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს. იმედია, ამის გამო არავინ განგვსჯის.

      შიზოიდური ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, თვითგადარჩენისა და ავტარკიისაკენ სწრაფვის დროს, მოპირდაპირე სქესისადმი ერთგულების საკითხი კი არ უგულებელყოს, არამედ თავისი განვითარების პროცესში მისი ინტეგრირება მოახდინოს; ეს მას თავიდან ააცილებს «საკუთარი ღერძის გარშემო» ცალმხრივად ზღვარგადასულ ტრიალსა და ავადმყოფურ იზოლაციაში მოქცევას, რაც პიროვნებას ადამიანური ურთიერთობების სფეროდან, საერთოდ, გამორიცხავდა.

      «ცუდია, როდესაც ადამიანი მარტოა», რადგან ურთიერთობების გარეშე იგი ძალიან ადვილად ხდება კაცთმოძულე. წიგნის უკანასკნელ თავში დავინახავთ, რომ ოთხივე პიროვნული სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ მიდრეკილება, შეიცნონ ნებისმიერი საპირისპირო ტიპის მიმზიდველობა. ამაში მინდა დავინახოთ ადამიანის ქვეცნობიერი სწრაფვა იმისაკენ, რომ მოახერხოს საკუთარი თავის შევსება და გათავისუფლდეს ავადმყოფური ცალმხრიობისაგან. ამიტომ უმართებულო იქნება, თუ ამ ოთხი მთავარი იმპულსიდან რომელიმე მათგანს გამოვრიცხავთ და უგულებელვყოფთ მასთან დაკავშირებულ შიშის ფაქტორს.

      «მე»-საკენ გაბედული შემობრუნება და საკუთარი პიროვნების დავიწყების მამაცური მცდელობა იმის წინაპირობაა, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს მისთვის აგრერიგად სახიფათო სიმარტოვეს; მას ამ დროს ეძლევა შესაძლებლობა, ადამიანების კეთილგანწყობა და ურთიერთობა მიიჩნიოს არა ტვირთად, ბორკილად და საფრთხედ, არამედ შეიგრძნოს იგი, როგორც შინაგანი ღირებულება, გრძნობებისა და განცდების ერთობლივი განვითარება და საკუთარი, შეზღუდული «მე»-ს განვრცობა პარტნიორის მეშვეობით.

დამატებითი მოსაზრებები პიროვნებად ჩამოყალიბების შიშის შესახებ

      მაგალითებმა დაგვანახა, როგორ გამოიყურება შიში და როგორ ხდება მისი დაძლევა დეპრესიული პიროვნებების მიერ. შიშის მეორე მთავარ ფორმას «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» ანუ საკუთარი არსებობის წინაშე შიში წარმოადგენს, რაც უშუალოდ «დაკარგვის» და «მარტო დარჩენის» შიშთან არის დაკავშირებული. ამრიგად, დეპრესიული პიროვნების შიში განსხვავდება შიზოიდის შიშისაგან, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე და მათდამი ერთგულება იწვევს. როდესაც ადამიანი არ ცდილობს პიროვნებად ჩამოყალიბებას ანუ ინდივიდუაციას, იგი საკუთარ თავს რაღაც ძალიან არსებითზე ეუბნება უარს და მას ცხოვრების ობიექტად აქცევს. როგორც ჩანს, დეპრესიული ადამიანები დანაშაულის გრძნობის მიმართ იმის გამო იჩენენ მზაობას, რომ არ სურთ დაუპირისპირდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სრულყოფილ პიროვნებებად იქცნენ. შევეცადოთ, განვაზოგადოთ დეპრესიული პიროვნების სურათი. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ინდივიდუაციის პროცესზე და ამაში საკუთარი თავისადმი მეტისმეტ ერთგულებას ხედავს, ამის ზოგადი შედეგი ის არის, რომ ამ დროს ნებისმიერი სხვა ადამიანის გადაჭარბებული შეფასება ხდება, ხოლო თავად დეპრესიული პიროვნება, შესაბამისად, ღირებულებას კარგავს. საკუთარი «მე»-ს ამგვარი უარყოფის დადებით მხარეს, უპირველეს ყოვლისა, დეპრესიული პიროვნების ისეთი თვისებები წარმოადგენს, როგორიცაა თანაგრძნობა და თანაგანცდა. იგი ყოველთვის სხვა ადამიანზე, მის მდგომარეობასა და ინტერესებზე ფიქრობს და მასთან იდენტიფიკაციას ახდენს. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო ღრმად ჩასწვდეს მეორე ადამიანის ბუნებას და «საკუთარი თავი გადაიტანოს სხვაში», რაც, ერთი შეხედვით, ერთობ პოზიტიურ თვისებას წარმოადგენს. მაგრამ დეპრესიული პიროვნება მერე თითქოს ვეღარ ახერხებს იდენტიფიკაციის ამ პროცესიდან გამოსვლას და საკუთარ თავს ვეღარ უბრუნდება. ამით იგი მთლიანად კარგავს საკუთარ თვითობას და, შესაძლოა, მეორე ადამიანის ექოდ გადაიქცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული მცნება: «გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი», მას არასწორად ესმის და ასე მოიაზრებს:

      «გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარ თავზე მეტად». დეპრესიული პიროვნებების ამგვარ განწყობას სხვა ადამიანები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ამიტომ დეპრესიული ადამიანის მოლოდინი, რომ სხვებიც მასავით გულისხმიერებას, მგრძნობიარობას და თანადგომას გამოიჩენენ, ცხოვრებაში იშვიათად მართლდება. მას გამოცდილება, პირიქით, უჩვენებს, რომ სხვები უფრო თამამები და ეგოისტურები არიან, და ამით მეტ წარმატებას აღწევენ. სწორედ ამ დროს იქმნება კრიტიკული მდგომარეობა; ჩვენ უკვე აღვწერეთ, ადამიანმა როგორ აქციოს საკუთარი გაჭირვება სათნოებად, როგორ აამაღლოს თავისი საქციელი იდეოლოგიამდე, რათა შურს მოერიოს და ამის წყალობით მორალური უპირატესობა აღიქვას, როგორც ნუგეში; რადგან დიდი ღირსებაა, სხვაში უშურველად აღიარო ის, რასაც საკუთარ თავს უკრძალავ ან რისი მიღწევაც თავად არ შეგიძლია; მით უფრო, რომ ასეთი საქციელი შეესაბამება კოლექტიურ და რელიგიურ იდეალებს, რომლებსაც ქრისტიანულ მოძღვრებაში ვხვდებით.

      დეპრესიული ადამიანის იდეოლოგია, ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად, ძნელად ექვემდებარება გადამოწმებას. იგი უკვე იმის გამო ვერ ამბობს უარს ამ იდეოლოგიაზე, რომ ძალიან ძვირად დაუჯდა თვითაღკვეთა და შურის დაძლევა, თან მორალურ კმაყოფილებასაც განიცდის ამის გამო; და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი თავად ხომ ვეღარ ჩაიდენს იმას, რასაც სხვებში ასე უარყოფს და განსჯის! ამას ემატება ისიც, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ არ იცის, როგორ ჩაერთოს გარესამყაროსთან და ადამიანებთან უამრავ ახალ ურთიერთობაში, რადგან საამისოდ ცხოვრებისეული ალღო აკლია, ეს კი მას კვლავ ძველი გზით მიაქანებს. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი სულ უფრო და უფრო იხლართება საკუთარი იდეოლოგიის ქსელში, რომელიც მისთვის არანაირად წარმოადგენს ხსნას, რადგან მან ამ დროს ისეთი სისუსტე უნდა გადალახოს, რომელსაც შიში ჰქვია. როგორც გოეთეს ზემოთ მოყვანილი ცოტატა გვამცნობს, ჭეშმარიტი სუბლიმაციის უნარი იშვიათად თუ არსებობს. ამ იდეოლოგიის მქონე თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი ვერ გათავისუფლდება შურისაგან, რადგან იგი მუდმივად შეიგრძნობს ამ ცხოვრების «უსამართლობის» სიმწარეს.

      ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მთელი რიგი ისეთი ჩვეულებრივი, უმნიშვნელო შემთხვევები, როცა დეპრესიული პიროვნების ქცევა ნევროზის სახით გამოვლინდება და მასზე ღრმა კვალს ტოვებს. მაგრამ დროული ყურადღების შემთხვევაში, ამას შეიძლება ეშველოს. მაგალითად, თუ დეპრესიულ პიროვნებას სტუმრები ჰყავს, ან თავად იმყოფება სტუმრად, მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ ის აგებს პასუხს სტუმრების გართობაზე, და, თუ სტუმრობა სათანადოდ არ ჩაივლის, არასრულფასოვნების ან დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ამ დროს თავად მის საქციელს სილაღე და უშუალობა აკლია და აზრად არ მოსდის, რომ სტუმრების გართობაში სხვებმაც უნდა შეიტანონ წვლილი; მან არ იცის, რომ ამ დროს ადამიანი შეიძლება თავს «ბედნიერად» გრძნობდეს, და, ამრიგად, მთელ პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში საკუთარ თავზე იღებს. ასეთ მტანჯველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი პაციენტი იმ დროს, როდესაც მეგობრებს უცხო ადამიანს აცნობდა. ის მეტისმეტად დაძაბული იყო და ეშინოდა, ვაითუ მის მეგობრებს ახლად გაცნობილი ადამიანი არ მოსწონებოდათ, ან მისი მეგობრებით ეს უკანასკნელი დარჩენილიყო უკმაყოფილო. ეს პიროვნება ვერც კონცერტზე ყოფნისას განიცდიდა სიამოვნებას, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, შემსრულებელთან, მეორე მხრივ კი – მაყურებელთან ახდენდა. მას ორმაგი შიში ეუფლებოდა იმის გამო, რომ ან შემსრულებელი ვერ გაამართლებდა მაყურებლის მოლოდინს და მას იმედს გაუცრუებდა, ან თავად შემსრულებელი დარჩებოდა უკმაყოფილო იმით, რომ მაყურებელმა იგი მქუხარე ტაშით არ დააჯილდოვა.

      ამრიგად, პაციენტი არასოდეს განასახიერებდა საკუთარ თავს და მუდმივად შუალედურ პოზიციაში იდგა სხვა ადამიანებს შორის. იგი ამ დროს, გაუცნობიერებლად, ისევ და ისევ ადრინდელ სიტუაციებს იმეორებდა, როდესაც მხოლოდ გარშემომყოფთა განწყობას იზიარებდა და მათ წინაშე კმაყოფილებას გამოხატავდა. პაციენტი ამ დროს ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, რათა თავი ოდნავ მაინც დაცულად ეგრძნო და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა ის სიყვარული, რომელსაც ამ ადამიანებისაგან გრძნობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპრესიული პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ამ შემთხვევაში მოჩვენებითია და დიდად განსხვავდება შიზოიდური ადამიანისაგან. რაკი ეს უკანასკნელი ადამიანებთან არ კონტაქტობს, მათთან ნებისმიერი ურთიერთობა მის აღელვებას და აგრესიას იწვევს; დეპრესიული პიროვნების ურთიერთობა კი მეორე ადამიანთან მუდამ მოჩვენებითია; იგი ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ამ დროს განდიდების მანიით კი არ არის შეპყრობილი, არამედ მას საკუთარი სუსტი «მე» აიძულებს, თავისი ცხოვრების ნაცვლად, უმთავრესად სხვისი ცხოვრებით იცხოვროს.

      ალბათ, ისიც გასაგებია, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დაიცვას საკუთარი «მე»-ს მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნებისაგან, რასაც იგი ქვეცნობიერად განიცდის და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია; სხვაგვარად, იგი ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს და, შესაძლოა, ყველაფერმა ამან სომატურ სიმპტომებში იჩინოს თავი. ასეთ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, თუ მათ რაიმე ავადმყოფობას აღმოუჩენენ და საავადმყოფოში მოხვდებიან; ამ დროს, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც მიეცემათ უფლება, რომ სხვებისგან იგრძნონ მზრუნველობა და არავისზე აღარ იდარდონ. ახლა მათ უკვე აღარ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და აღარ განიცდიან, რომ ავად გახდნენ და «საკუთარი თავი უარყვეს».

      იმის გამო, რომ დეპრესიული პიროვნება არ არსებობს როგორც «დამოუკიდებელი სუბიექტი», მასში შური და უმწეობა წარმოშობს სიძულვილს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სხვებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს. დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან განთავისუფლება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდობიანი და უპრეტენზიო საქციელისათვის შესაბამის იდეოლოგიას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ სიმშვიდეს მოიპოვებს; მაგრამ ეს ისევ ის სახიფათო სიმშვიდეა, რომლის მიღმაც კვლავ ფარული აფექტების დაგროვება ხდება.

      სახიფათოა ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გამარტივებულად ახდენს ადამიანის რომელიმე მთავარი იმპულსის აბსოლუტიზაციას და არ ცდილობს სხვა იმპულსების გათვალისწინებას; ამით იგი უფრო დამაჯერებლად ახდენს ადამიანების იზოლაციას. ადამიანის სულს, მის ქვეცნობიერს, გააჩნია თვისება, ყურადღება ცალმხრივობებზე გადაიტანოს; ეს კი ანტინომიურ ძალებს შორის არსებულ, იმ აგრერიგად ნაყოფიერ დაძაბულობას უქმნის საფრთხეს, რასაც ცხოვრება ჰქვია; ოღონდ ამის გაცნობიერება ჩვენი სიზმრების, არასწორი ქმედებების, პარტნიორებთან ურთიერთობების და, უპირველეს ყოვლისა, შიშის წყალობით ხდება. ასე, მაგალითად, მეტისმეტად თავმდაბალ და მშვიდობიან ადამიანს სხვაზე გადააქვს ის სიზმრები, რომლებშიც დათრგუნული განწყობა უკიდურესი სახით გამოვლინდება. მაგრამ ეს არის მინიშნება იმაზე, რისი ინტეგრაციაც მას საკუთარ თავში უნდა მოეხდინა. მსგავსი დამატებითი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა, პარტნიორის შერჩევის დროსაც არსებობდეს, რადგან ადამიანს ხშირად იზიდავს და ხიბლავს თავისი საპირისპირო ტიპი; იგი ვარაუდობს, რომ მასთან ურთიერთობის დროს ისწავლის იმას, რისი უნარიც ცხოვრებაში თავად არ გააჩნია, ახლა კი ასეთი შანსი მას, ასე თუ ისე, ეძლევა.

      მთავარი ადამიანური იმპულსების განხილვის დროს, ჩვენ კვლავ ვხვდებით მოწმე იმისა, რომ ადამიანის ვერგანცდილი თუ დათრგუნული იმპულსი შინაგანად ან გარეგნულად მაინც გამოვლინდება. ზოგიერთ სიტუაციაში ან პარტნიორთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, დეპრესიულ ადამიანს არ ეყოს გამბედაობა, რომ საკუთარი თავი სუბიექტად წარმოაჩინოს; ეს კი გადაუჭრელ კონფლიქტს გამოიწვევს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც დეპრესიული პიროვნების შემწყნარებლობა თავის ზღვარს აღწევს, რის შედეგადაც მას ათასგვარი საქციელის ჩადენა შეუძლია. გამორიცხული არ არის, რომ დეპრესიულ ადამიანში დაგუბებულმა აფექტებმა ჯებირი გაარღვიოს და გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს. ამ დროს ჩვენი პიროვნების არაინტეგრირებული ნაწილი თითქოს გამოცალკევდება და არქაული ფორმით გამოვლინდება; ეს იმ ახალგაზრდა ქალის მაგალითზე დავინახეთ, რომელიც ჭამის და ქურდობის მანიით იყო შეპყრობილი.

      დეპრესიული სტრუქტურის მქონე პიროვნებებს შორის არსებობენ სავსებით ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც სუსტი დეპრესიის ნიშნებს გამოავლენენ, მაგრამ მძიმე და უმძიმესი დეპრესიის შემთხვევებიც არცთუ იშვიათად გვხვდება. ამის შედეგად მივიღებთ დეპრესიული თვისებების შემდეგ კლასიფიკაციას: კონტემპლაცია (დაკვირვება), გონებით ჭვრეტა, მშვიდი ინტროვერტულობა, თავმდაბლობა, მორიდებულობა, მოთხოვნებისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დამუხრუჭება, სიმყუდროვის განცდის სურვილი, რეცეფციული პასიურობა, პასიური მოლოდინი (ბედნიერი და საამური ცხოვრების მოლოდინი), უიმედობა, დეპრესია, მელანქოლია. ამ ჩამონათვლის ბოლოს, არცთუ იშვიათად, დგას ხოლმე თვითმკვლელობა, სრული აპათია, გულგრილობა. ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს ადამიანი მხოლოდ დროებით გრძნობს შვებას და ეხსნება დეპრესია. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მძიმე სულიერი დაავადებაა და არ ჰგავს შიზოიდებისთვის დამახასიათებელ სულიერ მდგომარეობას, რაც მოწმობს, რომ ორივე დაავადების გენეზისი ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე იწყება; დეპრესიული, დამუხრუჭებული და მანიაკალური, ზეაღტაცებული ფაზების ურთიერთმონაცვლე პროცესები (მწუხარებიდან – აღფრთოვანებამდე) მთლიანად წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრებისეულ სივრცეს. მანიაკალურ ფაზაში გარკვეულ დროით აღარ არსებობს არავითარი დამუხრუჭება და აკრძალვა; დეპრესიული პიროვნება ამ დროს უჩვეულოდ აღტკინებული და მხიარულია, ყიდულობს უამრავ ნივთს, იღებს ვალებს და აღსავსეა ოპტიმიზმით, რის შემდეგაც იწყება დეპრესიის ფაზა; მხიარული განწყობა ქრება და პაციენტი კვლავ აპათიაში ვარდება. როდესაც ხდება გარკვეული რიტმული მონაცვლეობა პაციენტის ზეაწეულ განწყობასა და დათრგუნულ მდგომარეობას შორის, მის ცხოვრებაში იმედიანი გამონათების წუთებს განსაკუთრებით მკვეთრად ცვლის უიმედო სასოწარკვეთა, მაშინ როცა მელანქოლიის დროს მხოლოდ უიმედობა არსებობს.

      დეპრესიული პიროვნებები ხშირად რელიგიურები არიან. რელიგიაში მათ ყველაზე მეტად ტანჯვისგან თავდახსნისა და მიმტევებლობის იდეა იზიდავთ. ტანჯვას და სევდას ისინი ხშირად მიჰყავს საყოველთაო ერთობის მისტიკურ განცდამდე, რასაც ისინი მედიტაციის გზით აღწევენ. გარდა ქრისტიანული რელიგიისა, რომელსაც, როგორც რწმენას, ისინი მორჩილებით ეზიარებიან, დეპრესიული პიროვნებები ხშირად მიმართავენ ბუდიზმს და სიამოვნებით იზიარებენ ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომის მისეულ იდეას. ამ ადამიანებს იზიდავთ რწმენის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც პიროვნებას თავდავიწყებისა და თვითაღკვეთისკენ მოუწოდებს. მათ სწამთ, რომ, მართალია, ამქვეყნიური ცხოვრება ვერ მოიწყეს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმქვეყნად იპოვიან ბედნიერებას და, რაც უფრო მეტად დაიმცირებენ ან დაამცირებინებენ სხვას თავს, იმქვეყნად მით უფრო ამაღლდებიან. იმქვეყნად სამართლიანობისა და ბედნიერების ზიარება თავდადებას და თვითაღკვეთას მოითხოვს, მაგალითად, ახალგაზრდების მძიმე მუშაობა მომვლელებად და ადამიანის ზრუნვასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები. დეპრესიული ადამიანები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარ რწმენაში მომხდარ ცვლილებებს, რაც გამოწვეულია თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებით. დეპრესიულ პიროვნებას რწმენა აძლევს ცხოვრების აზრს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებების ცალმხრივად, რაციონალურად დადასტურებული ფაქტები არყევენ ამ რწმენას, რადგან ისინი ცდილობენ რელიგიური გრძნობები ხან ფსიქოლოგიურ და მეტაფიზიკურ მოვლენებს «დაუკავშირონ», ხანაც წმინდა წარმოსახვითი აზროვნებით ახსნან. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ ეს მეცნიერებები, თავიანთი გამოთვლითი და კაუზალური მეთოდებით, ჩვენი ცხოვრების და სამყაროს მხოლოდ ერთ გარკვეულ ასპექტს შეიმეცნებენ; დეპრესიულ ადამიანს ასევე არ ესმის, რომ მეცნიერება, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბუნებასთან ბრძოლა შეადგენს, ადრე თუ გვიან, საკუთარ ხლართებში გაებმება. ამის ნიშნები კი უკვე შეიმჩნევა.

      ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც აქვს მიდრეკილება დეპრესიისადმი, შესაძლოა, თავისი რელიგიურობით ღრმა შინაგანი სულიერება მოიპოვოს, რასაც იგი, არცთუ იშვიათად, მისტიკურ სამყაროში გადაჰყავს. სიკვდილს იგი უყურებს, როგორც ტანჯვისგან ხსნას და ამ დროს სიკვდილისადმი მორჩილებას ყველაზე ხშირად გამოხატავს.

      «დაე, აღსრულდეს ნება შენი», – ეს სიტყვები მისთვის ბედისადმი მორჩილებას ნიშნავს და მასზე დიდი ძალა აქვს. დეპრესიული ადამიანი ბედისადმი სრულ შემგუებლურ განწყობას ყველაზე ხშირად amor fati-ს მნიშვნელობით გამოავლენს. იგი თავის ბედ-იღბალს მხოლოდ საკუთარ დანაშაულს უკავშირებს, მზადაა, გამოისყიდოს ყოველგვარი დანაშაული და ადვილად გახდეს იმ ადამიანის მსხვერპლი, ვინც მის ამ თვისებას ბოროტად გამოიყენებს.

      ზნეობის სფეროში მიღებული წესებისა და აკრძალვების მნიშვნელობა მას სიტყვა-სიტყვით ესმის; ამის გამო დეპრესიული ადამიანი საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც აძლიერებს მასში თვითბრალდების გრძნობას. თვითაღკვეთით, ცხოვრებისგან განდგომით და თავის მსხვერპლად მოტანით იგი ცდილობს, გაექცეს გარესამყაროს და მასთან შეხლა-შემოხლას. როგორც ყოველთვის, ჩვენი სიცოცხლე ამ შემთხვევაშიც ბეწვის ხიდია, რომელზეც ადამიანმა გულწრფელობიდან სიყალბემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. შედარებით ნაკლებად დეპრესიული პიროვნებები სანიმუშო მშობლები და აღმზრდელები არიან და ადამიანებთან ურთიერთობას კარგად ახერხებენ. ისინი გრძნობენ ბავშვის განწყობას და ცდილობენ გაუგონ მას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და «დაკარგვის შიშის» გამო, მათ შეუძლიათ, ბავშვი ძალიან მიიჩვიონ, მეტისმეტ მზრუნველობას იჩენენ მის მიმართ, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება. ამასთან, ისინი ბავშვთან ხშირად ვერ იცავენ საჭირო დისტანციას, არათანმიმდევრულები არიან და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ სიმკაცრესაც ვერ იჩენენ; მათი ლმობიერება კი ბავშვს მხოლოდ ვნებს. თანაც ეს ადამიანები მას არავითარ მითითებებს არ აძლევენ, რადგან მისი სიყვარულის დაკარგვისა ეშინიათ. დეპრესიული ადამიანის მერყევი ხასიათი ნებისმიერი ურთიერთობისას ვლინდება. დედებს, რომლებსაც უიღბლო ბავშვობა ჰქონდათ, ხშირად აქვთ ასეთი განწყობა და ამბობენ: «მინდა, ჩემი შვილი უკეთეს პირობებში გაიზარდოს». ამის გამო ისინი თავიანთ შვილებს დათვურ სამსახურს უწევენ.

      დეპრესიულ პიროვნებებს ისეთი საქმიანობა მოსწონთ, როდესაც ვინმეზე ზრუნავენ, ვინმეს ეხმარებიან ან რაიმე სამსახურს უწევენ. ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ თავი, ადამიანების მიმართ მოთმინება და გულისხმიერება გამოიჩინონ და, ამრიგად, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. მათ შორის ხშირად გვხვდებიან ექიმები და ფსიქოთერაპევტები, რადგან ეს პროფესიები აძლევს მათ შესაძლებლობას, თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინონ ადამიანების მიმართ. დეპრესიული პიროვნებები მოთმინებით გამოირჩევიან და, კარგი მებაღის მსგავსად, ლოდინის უნარი გააჩნიათ. ექიმის, ღვთისმსახურის ან პედაგოგის პროფესიის არჩევის დროს ისინი თავიანთი მოწოდებით ხელმძღვანელობენ და არა სახელის, ფინანსური კეთილდღეობის ან რაიმე გამორჩენის გამო. მათთვის ახლობელია აგრეთვე მეტყევის და მომსახურების სფეროს თანამშრომლის საქმიანობა, რომელიც ასევე ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება.

      დეპრესიული ადამიანების სტრუქტურული სპეციფიკა სიზმრებში გამოვლინდება; სიზმრებში ადამიანის იმედგაცრუება და გარესამყაროსგან განდგომა განსაკუთრებით ხშირად ჭამის პრობლემებს უკავშირდება. დეპრესიული პიროვნებები ვერ ბედავენ საჭმელზე უარისთქმას. ისინი სიზმარში მიდიან გაშლილ სუფრასთან, მაგრამ იქ მათთვის ან ადგილი აღარ არის, ან ყველაფერი უკვე შეჭმულია. ასეთ სიტუაციებში დეპრესიული ადამიანის განცდები შეიძლება «ტანტალოსის ტანჯვას» შევადაროთ. ჭამის პრობლემა იმაშიც გამოიხატება, რომ სიზმარი იწყება სურვილით და იმპულსით, რომელსაც გზად აუცილებლად წინააღმდეგობა გადაეღობება. სიზმარში მყოფი ადამიანი ვერასოდეს აღწევს მიზანს. ვისაც შეთავაზებულის აღების უფლება არა აქვს, მას ისღა დარჩენია, საკუთარი სურვილების შესრულებას დაელოდოს. ეს ქმნის ფონს სამოთხისეული სიზმრების სივრცისათვის, რომელშიც ადამიანს მისთვის სასურველი ყველაფერი მიერთმევა. ასე ხდება დეპრესიულ პიროვნებაში სურვილისა და პასიური მოთხოვნების ურთიერთდაპირისპირება. დეპრესიულ პიროვნებას ასევე შეიძლება დაესიზმროს მეკობრეები და ავაზაკები, რომლებიც მას თავს ესხმიან. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც დეპრესიული პიროვნება ათვალსაჩინოებს საკუთარ გამოდევნილ განცდებსა და აზრებს ყაჩაღობისა და ქურდობის მიმართ, რაც მისთვის არაჯანსაღი და მიუღებელია. დეპრესიის დაწყებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც საკუთარი თავის ან სხვის მიმართ მოთხოვნების წაყენებას ეხება. ამ საკითხმა დეპრესიული ადამიანის სიზმარში შეიძლება, მაგალითად, შემდეგი სახე მიიღოს:

      «მამასთან ერთად ვმოგზაურობ მთებში. ციცაბო ბილიკით მივდივართ. ზურგზე ჩანთა მაქვს აკიდებული; მის ბარგს და ქურთუკსაც მე მივათრევ».

      დეპრესიულად განწყობილი, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანისათვის ამ დროს დამახასიათებელია გულისხმიერება და მზაობა, რათა მოყვასს დახმარების ხელი გაუწოდოს და მისი მდგომარეობა გაიზიაროს. ასეთ პიროვნებას შენდობის უნარი გააჩნია, მას შეუძლია დაელოდოს სიტუაციის მომწიფებას და თან ოდნავი ეგოიზმით გამოირჩევა. მისი ურთიერთობები ადამიანებთან ემოციებს ემყარება, თავმდაბალი და უპრეტენზიოა მათ მიმართ, მისთვის ხელსაყრელ პირობებზე ადვილად შეუძლია უარისთქმა. ცხოვრება დეპრესიულ პიროვნებას, პირიქით, მძიმე ეჩვენება, მაგრამ შეუძლია მდგომარეობა იუმორის მეშვეობით გააწონასწოროს და თქვას: «იუმორის დროს ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იცინის». დეპრესიული ადამიანი ხშირად ღრმად ღვთისმოსავია, თუმცა ამ დროს ყოველთვის ეკლესიური არ არის; ეს უფრო ცხოვრებისეული ღვთისმოსაობაა. მას სწამს, რომ ადამიანის ბედი ღმერთის ხელშია, და, ამასთან, მოსალოდნელ საფრთხეებსაც ხედავს. მაგრამ ცხოვრებაზე ხელის აღება არ სჩვევია, რადგან უყვარს იგი. მისი ყველაზე მთავარი სათნოება თმენისა და გაძლების უნარია. დეპრესიული პიროვნება, ალბათ, მოიწონებდა შპიტელერის აზრს, რომელსაც იგი თავის ნაწარმოებში, «პრომეთე და ეპიმეთევსი» გამოთქვამს: «მოკრძალებით შეაფასე საკუთარი თავი». ამით დეპრესიული პიროვნება ცდილობს, ჩრდილში იდგეს, ამიტომ მისი «აღმოჩენაა» საჭირო; ის ხშირად ღრმა და დამდგარ წყალს მოგვაგონებს. დეპრესიული პიროვნების ყველაზე მშვენიერ თვისებებს გულისხმიერება და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება წარმოადგენს; მიღწეულ წარმატებას იგი ნაკლებად მიაწერს საკუთარ ნიჭსა და უნარს, მას ღვთის წყალობად მიიჩნევს და «მორჩილებით» ცხოვრობს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.

დამატებითი მოსაზრებები ცვლილებების წინაშე შიშის შესახებ

      შეიძლება ითქვას, რომ ჩვევები ჩვენი აკვიატებული აზრებისა და ქცევების დასაწყისზე მიგვანიშნებენ; დილით ადგომა, ჩაცმა თუ სხვა «სასურველი ჩვევები» ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება, მათი შესრულების დროს გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობს და ადვილად ღიზიანდება, თუ ამაში რაიმე უშლის ხელს. მაგრამ ეს ჩვევები ჩვენში არავითარ დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, ამიტომ მათ აკვიატებასაც ვერ დავარქმევთ. ჩვევები ადამიანს დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით უყალიბდება და მათი შეცვლა ან უგულებელყოფა შეუძლია, თუ ამას მოინდომებს ან მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვევებს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ჩვენს სოციალურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში; ისინი იმ წესრიგსა და ქცევის წესებს გვთავაზობენ, ყველანი ერთნაირად რომ ვიცავთ. აკვიატებულ აზრებსა და ქცევებზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში თავისდაუნებურად ისეთ საქციელს ჩადის, რაც მას უაზრობად მიაჩნია.

      ჩვენ ხისტ აღმზრდელობით მეთოდებსაც გავეცანით და დავინახეთ, რომ მეტისმეტად ავტორიტარულმა და პრინციპულმა აღზრდამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარების პროცესში ობსესიური თვისებების გამოვლინებას შეუწყოს ხელი, მით უფრო, თუ ამ მეთოდების გამოყენებას ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ. როდესაც მშობლები ბავშვის არასასურველი ქცევის დათრგუნვას ცდილობენ, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ბავშვს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილება გაუჩნდეს და როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ შეუწყნარებლობა და დიქტატორულ-დოგმატური ჩვევები გამოავლინოს. ობსესიური ადამიანი პერფექციონიზმს სადღაც მაინც გამოავლენს და მისმა ქმედებამ ამ დროს, შესაძლოა, უმართებულო და არასასურველი სახე მიიღოს. ობსესიურ პიროვნებას სამყარო ყოველთვის ისეთად წარმოუდგენია, როგორსაც იგი თავის წარმოსახვაში ხედავს. რა ძალითაც იგი საკუთარ თავში თავდაპირველი ცხოვრებისეული საწყისის ჩახშობას შეეცდება, იმავე სიძლიერით გამოვლინდება ეს მცდელობა აკვიატებად; რადგან მხოლოდ «ქაოსზე» და მის მართვაზე მიმართული წესები და კანონები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს. აი, მაგალითად, კედელზე გვერდულად დაკიდებულმა სურათმა შეიძლება უკვე გააღიზიანოს კაცი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ამ დროს დარღვეულია ის წესი და კანონი, რომლის თანახმადაც სურათები უნდა დაიკიდოს.

      «ნორმიდან» ნებისმიერი ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა შემდეგ საფრთხეებს გულისხმობს: თუ სურათებს ყოველთვის გვერდულად დაკიდებენ, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ხომ შეიძლება უწესრიგობამ მოიცვას ყველაფერი და კონტროლის სადავეები დაიკარგოს?! ობსესიური ადამიანების ზოგიერთი ქცევის წესი უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, დათრგუნული განწყობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, ისინი წვრილმანებზე ძალიან რეაგირებენ და ზოგჯერ სწორედ ეს წვრილმანი ხდება მათი «დასასრულის დასაწყისი». სისტემურობის სულ მცირე დარღვევის და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დათრგუნულმა გრძნობებმა მთელი ძალით ამოხეთქონ და იმ თოვლის გუნდასავით აგორდნენ, გამოდევნილი იმპულსების ზვავს რომ იწვევს.

      გეოლოგებს ეკუთვნით ერთი პარადოქსული მოსაზრება, რომელიც ნათელს გახდის ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს: ადამიანი ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა, როდესაც მთის ქანებს თხრის; მაგრამ გათხრის დროს, შესაძლოა, «ქანის ძარღვი» დააზიანოს; ამიტომ გეოლოგების რჩევაა, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და «ძლიერად არ დავკრათ» წერაქვი მთის ქანს. ობსესიურ ადამიანს სწორედ ამ სიფრთხილის დაცვა უჭირს. პერფექციონიზმი აიძულებს, ისევ და ისევ დიდი სიზუსტით აღიქვას მოვლენები. ასეთი სიზუსტე აუცილებელია ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ფუნქციონირება ან მშენებლობის სტაბილურობა და სანდოობა. მაგრამ, რამდენადაც ეს სიზუსტე საჭიროა ასეთ სფეროებში, იმდენად ზღუდავს იგი შემოქმედებით აზროვნებას. მხოლოდ ობსესიურ ადამიანს შეუძლია სერიოზულად იკამათოს იმაზე, რამდენი ანგელოზი მოთავსდება ნემსის წვერზე. ობსესიური აზროვნება ადვილად შეიჭრება ტვინის სტერილურ ნეირონებში, ადგილს აღარ უტოვებს თავისუფალ შემოქმედებით ძალებს და მათი დამუხრუჭების მიზეზი ხდება. ობსესიურ პიროვნებას აუცილებლად მიაჩნია სავარაუდო შეცდომებისა თუ მცდარი ნაბიჯებისაგან თავის დაცვა; იგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს რაიმე საქმეში კორექტივების შეტანას და შეცდომების გასწორებას, რაც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს. ამის გამო ობსესიურ ადამიანებს გამუდმებით ემუქრებათ ის, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს და თვალსაზრისებს ad absurdum მიიყვანენ, თუმცა ამ დროს ცდილობენ, ისინი აბსოლუტურად გაამარტივონ და მნიშვნელოვანი გახადონ. მაგრამ, თუ მათ ამ ქმედებას უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ობსესიური ადამიანები ამით, შესაძლოა, ცხოვრებისეულ კანონს აღასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული, სანუკვარი აზრების წყალობით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევენ, ამით შესაძლებელი ხდება მათი რეალურად და ქმედითად შესწორება და შეჯერება, ეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომ განვითარებას და სტერილური მდგომარეობიდან გამოყვანას. ობსესიური ფრაზა «quod dixi, dixi», ანუ «რაც ერთხელ ვთქვი, ვთქვი, და აღარ გადავთქვამ!» გამორიცხავს შემდგომში განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ობსესიური პიროვნების შინაგან განწყობას კარგად გამოხატავს ექსპერიმენტული ფსიქოლოგის ფრაზა: «ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ვზომავთ, მაგრამ, რასაც ვზომავთ, ზუსტად ვზომავთ».

      ობსესიური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგება «კიდევ ერთხელ გადამოწმების აუცილებლობა»; მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, გაზის სახელური ნამდვილად გადაკეტა თუ არა, ან წასვლის წინ ოთახის კარი ღია ხომ არ დარჩა. ამ დროს, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ობსესიურ პიროვნებაში თავი იჩინოს მძიმე აკვიატების სინდრომებმა, რომლებიც შემდგომში თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ამ აკვიატებებსაც ობსესიური ადამიანი ისე განიცდის, როგორც მის არსებობაში შეჭრილ «რაღაც უცხო ძალას», რომელიც მის დათრგუნვას ცდილობს და რომლის გამოც მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. როგორც კი ობსესიური ადამიანი ამ იძულებითი, აკვიატებული ქმედებების შესრულებაზე უარს იტყვის, მას უმალ გაურკვეველი შიში და მოუსვენრობა შეიპყრობს.

      ობსესიურ ადამიანს ასევე ჩვევად აქვს, თავისთავს და სხვებს დაუმტკიცოს საკუთარი აკვიატებული აზრებისა და ქცევების რაციონალურობა და გონივრულად წარმოაჩინოს ისინი; ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობს, რა უძლურია იგი ამ არაბუნებრივი საქციელის წინაშე და როგორ არ შეუძლია წინ აღუდგეს მას, თუმცა ამის აღიარება არ სურს. როდესაც ვიღაც მისთვის უცხო ტუალეტში უნიტაზზე ქაღალდს აფენს, იქიდან გამოსვლისას კარის სახელურს იდაყვით აღებს და ამას ინფექციის საფრთხეს უკავშირებს, ეს ნამდვილად მისი შეგრძნებების გაზვიადების შედეგია, მაგრამ ამგვარი საქციელი, შესაძლოა, ინფექციის შიშში გადაიზარდოს, რის შედეგადაც ობსესიურ ადამიანს ყველგან ბაქტერიები ელანდება; ამით იგი საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეს ნელ-ნელა, უფრო და უფრო შემოსაზღვრავს და ამცირებს.

      ამ ადამიანის შველა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იგი გააცნობიერებს თავისი აკვიატებების კონკრეტულ მიზეზებს, მერე კი მოახდენს საშიში და ამის გამო უგულებელყოფილი ცოცხალი იმპულსების ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში საქმე ობსესიური ადამიანის აგრესიულ და აფექტურ სექსუალურ იმპულსებს ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, ობსესიურ ადამიანს ხანგრძლივად უხდება თავის დაცვა მისთვის საძულველი იმპულსებისაგან, ამიტომ, შესაძლოა, იგი ამით უშუალოდ არ იყოს დაკავებული. ეს გარემოება ნათელს ჰფენს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ფანატიკურად იბრძვიან რაღაცის წინააღმდეგ: უმანკოებისათვის მებრძოლი ფანატიკოსი ყველგან სექსუალურ პრობლემებს ხედავს და გამუდმებით «ბილწ სექსუალობას» კიცხავს, თუმცა ამას «ზნეობრივი მოტივით» ხსნის. ასეთი რამ საერთოდ სჩვევია ობსესიურ ადამიანს, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უფრო ეთქმის, ვიდრე სიკეთის გულშემატკივარი.

      ობსესიური სტრუქტურით გამორჩეული ერთი პიროვნება საათობით იჯდა ჩანჩქერის წინ და აღტაცებით შეჰყურებდა იმას, რისი უნარიც თავად არ გააჩნდა – ეს იყო ჩანჩქერის ვარდნა და წყლის ნაკადის მოძრაობა. ამ დროს მას იმის შიში არ ჰქონდა, რომ წყლის ვარდნას უეცრად რაღაც შეაჩერებდა და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ბუნებრივია, წარმავლობის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომები ობსესიურ პიროვნებებში დროსთან და ფულთან დამოკიდებულებაშიც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, წარმავლობასთან ერთად, ჩვენში იმის უნარსაც ძლიერად შევიგრძნობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მუდმივობისა და უსაფრთხოების ჩვენეული ილუზიის ძალა; მე ვიცი, როგორ განვკარგო საკუთარი დრო და ფული, რადგან ეს მხოლოდ ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ივო ანდრიჩი თავის რომანში «ფროილაინ» შესანიშნავად აღწერს ობსესიური პიროვნების ტრაგიკულ ბედს.

      შემზარავია ამერიკის დამკრძალავი ბიუროების მიერ შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც, წარმავლობისა და სიკვდილის სრული უგულებელყოფა ხდება. აქ მიცვალებულებს ისე ოსტატურად რთავენ და ალამაზებენ, რომ ისინი ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ საქმეში კიდევ უფრო შორს მიდიან ის შეძლებული ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან თავიანთი მიცვალებულების გასაყინად, იმ იმედით, რომ, მეცნიერების განვითარების შედეგად, მომავალში შესაძლებელი გახდება მათი გალხობა და გაცოცხლება. მაგრამ უკვდავება ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც სიკვდილის შესახებ არაფერი უწყის?! საერთოდ, სიკვდილთან, მათ შორის საკუთართან, თანამონაწილეობა ადამიანის თვისებაა და მხოლოდ ამის წყალობით შეიგრძნობს იგი თავს ნამდვილ ადამიანად.

      ახლა გვინდა, ობსესიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები ცხოვრების არსებით სფეროებთან მიმართებაში განვიხილოთ; რელიგიური თვალსაზრისით, ისინი დოგმატური და ორთოდოქსალური აზროვნების ადამიანები არიან და «სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი» შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. მამა ღმერთი მათ ხშირად მკაცრ და შურისმაძიებელ მსაჯულად წარმოუდგენიათ, რომელსაც ყველა პატრიარქალური თვისება ახასიათებს და უცილობელ რწმენას და მორჩილებას მოითხოვს. მაგრამ ობსესიური პიროვნებები უფრო ხშირად ცრურწმენებისა და მაგიური წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან; მათთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რწმენა. ცოდვების ფულით გამოსყიდვისა და ინდულგენციებით ვაჭრობა სწორედ ობსესიური ადამიანის ტვინიდან წამოსული იდეა უნდა იყოს. ლოცვების წაკითხვითა და რიტუალების შესრულებით ისინი უბრალოდ წესებს ემორჩილებიან და მათი გრძნობები ამ დროს ვერ სწვდებიან სულის შინაგან სიღრმეებს.

      ნიკოლაი ლესკოვი მოთხრობაში «სკომოროხი პამფალონი» შთამბეჭდავად აღწერს ობსესიური ადამიანის პერფექციონისტულ ღვთისმოსაობას და მას უბრალო «სკომოროხის» ადამიანურ თვისებებს უპირისპირებს.

      ობსესიური პიროვნებები ყოველთვის ზუსტად იცავენ ინსტიტუციონალურ წესებს თუ პრინციპებს და მექანიკურად, უაზროდ ასრულებენ მათ. რაც უფრო მეტად აცნობიერებენ შიშისგან თავდაცვის მნიშვნელობას, მით უფრო შეურიგებლები არიან ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ამ თავდაცვას საფრთხე შეექმნება. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ობსესიურ პიროვნებებს ყველაფერი აბსოლუტის რანგში აჰყავთ, მათ რწმენას გამუდმებით საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი საკუთარ თავს შეკითხვების დასმისა და ეჭვების გამოთქმის უფლებას არ აძლევენ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მათ შორის სასტიკი რელიგიური ომები; ამით უნდა იყოს გამოწვეული მათი ახალ-ახალი მცდელობებიც – ჩაახშონ და მოსპონ ადამიანში ყოველგვარი ეჭვი, თუმცა დაგუბებულმა გრძნობებმა, შესაძლოა, მკრეხელური აზრების სახით გადმოხეთქოს. ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკლესია ბოროტად იყენებს რელიგიას და ცდილობს, მორწმუნეებს შიშისა და დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს. ამით იგი ხელს უწყობს ადამიანებში ობსესიური სიმპტომების განვითარებას, რასაც რელიგიური ხასიათის ხშირი ნევროზები ადასტურებს. დღესდღეობით აშკარად შეინიშნება ადამიანების მცდელობა, გათავისუფლდნენ ეკლესიის მეურვეობისაგან და თავი დაიცვან მისი გავლენისაგან.

      ობსესიური პიროვნებები ხშირად კრიზისს განიცდიან, როდესაც მათი მკაცრი პრინციპები, თვალსაზრისები და თეორიები ახალ მიღწევებს, ცოდნას და პროგრესს უპირისპირდება, რაც მათ ორიენტაციას საფრთხეს უქმნის, საკუთარი აზროვნების წესზე უარისთქმას აიძულებს და მათ უსაფრთხოებას ან ქონებას ემუქრება.

      ობსესიური პიროვნებები, როგორც წესი, საიმედო, თანმიმდევრული და კარგი მშობლები არიან; მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამასთან, საკუთარი ფასეულობების დაცვას და ცხოვრებაში გატარებას ცდილობენ. მაგრამ ობსესიური თვისებების გართულებასთან ერთად, ისინი უკიდურეს სიჯიუტეს ავლენენ. ცნობილია მათი გამონათქვამები: «სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი შეიცვლება»; «ამის უფლებას ბავშვობაში ჩვენც არ გვაძლევდნენ»; «თუ ასეთი რამ ერთხელ კიდევ განმეორდა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება!» და ა.შ.

      ობსესიური პიროვნებები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ასაკს და ხასიათს, ყველა თვალსაზრისით, უზღუდავენ მას სამოქმედო სივრცეს, და ამ საკითხებზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი მთავარი პრინციპები გამოიხატება ფრაზით: «ვინც ტყუილს ერთხელ იტყვის, მას აღარავინ დაუჯერებს». ისინი ხშირად იმეორებენ სიტყვებს: «მორჩა და გათავდა!» ობსესიური პიროვნებები თავიანთ «არას» პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკუთარი თვალსაზრისის გატარებას ახსნა-განმარტების გარეშე ცდილობენ, და ამ დროს ყოველგვარ წინააღმდეგობას გამორიცხავენ. ისინი ბავშვის აღზრდის პროცესში მისგან ბრმა მორჩილებას მოითხოვენ და შთააგონებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელია; ამასთან, ბავშვს სულ მცირე გადაცდომასაც ხშირად შეახსენებენ და მისდამი შეურიგებლები არიან; ხოლო ბავშვს, რომელიც უფროსებისაგან პატიებას დიდხანს ვერ ეღირსა, სასჯელის წინაშე შიშისა და დანაშაულის გრძნობა უძლიერდება.

      ობსესიური პიროვნებები ძალიან ადრეულ ასაკში უწესებენ ბავშვს ქცევის ნორმებს; მათი აზრით, თუ მას თავის ნებაზე მიუშვებენ, ეს ცუდად იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს გამოცდა, რომლის დროსაც იგი გამოავლენს მისი ასაკისთვის სახიფათო თვისებებს; ამასთან, ბავშვს უყენებენ უამრავ მოთხოვნას, რომელთა სრულყოფილად შესრულება მას ძალიან ადრეულ ასაკში ევალება. ეს მოთხოვნები დაკავშირებულია უაზრო, პუნქტუალურ ქმედებებთან და წესრიგის პედანტურად დაცვასთან; მაგალითად, ბავშვისგან მოითხოვენ, რომ «მან ყველაფერი შეჭამოს, რასაც თეფშზე დაუდებენ». ამ დროს ბავშვს არა აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს და თქვას, რის და რამდენის ჭამა სურს. თუ იგი თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მაინც გამოიჩენს, მშობლები მასში მომავალ «მეამბოხეს» ხედავენ და ცდილობენ ბავშვში ეს «უკეთურება» დროულად აღმოფხვრან. მეტისმეტი მოთხოვნა, რომ «ბავშვმა ყველაფერი ადრევე უნდა ისწავლოს», მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. ბავშვმა იცის, რომ მშობლების სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ კარგად და წესიერად მოიქცევა; ესეც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ იგი პატივმოყვარე ან გულგატეხილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. შიში და მეტისმეტი მოთხოვნები ბავშვის ექსპანსიურ და აგრესიულ, უპირველეს ყოვლისა კი, მის სექსუალურ იმპულსებს ამუხრუჭებს. ადრეულ ასაკში იგი ჯერ ვერ მართავს თავის მოტორულ მოძრაობებს, რის გამოც, თავისდაუნებურად, ნივთებს აფუჭებს, ამტვრევს. ამ დროს მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვმა ასეთი საქციელი განგებ ჩაიდინა და მის ამ «განზრახვას» რაღაც დამანგრეველ თვისებას მიაწერენ. ასეთი მოპყრობის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარ სხეულს გადააბრალოს და მისდამი ნდობა დაკარგოს, რაც სამომავლოდ მის ტლანქ, მოუხეშავ და «დონდლო» მოძრაობებში გამოვლინდება. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე გავეცანით. ამგვარი აღზრდის მეთოდი ბავშვს ძირშივე უსპობს ყოველგვარი განვითარების უნარს, მშობლებს კი, უკეთეს შემთხვევაში, ლაღად აღმართული, ტოტებგაშლილი ხის ნაცვლად, მიწაზე გართხმული, ხვიარა მცენარე შერჩებათ ხელში. ობსესიური მშობლების მიზანს უფრო ბავშვის გაწვრთნა შეადგენს და არა მისი აღზრდა; ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად მარიონეტებად ყალიბდებიან. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს იჩენს მშობლების სადისტური თვისებები. ისინი ცდილობენ, ბავშვი შეურაცხყონ, მკაცრად დასაჯონ და მორჩილებას მიაჩვიონ, რათა თავიანთი ძალა აგრძნობინონ. ბავშვის «კუთხეში დაყენება» და ცემა-ტყეპა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს, სკოლაში და ოჯახში დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. «ბოდიშის მოხდა» და «პატიების თხოვნაც» («ასე აღარასოდეს მოვიქცევი») იმ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომლებიც ლახავს ბავშვის პიროვნულ ღირსებას, რადგან მისგან ამ დროს ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვს.

      აღზრდის შეზღუდული მეთოდი ობსესიურ მშობლებს არ აძლევს საშუალებას, შვილები თავისუფალი ბავშვობით უზრუნველყონ, რომელიც თავად არ ღირსებიათ. ასეთი მშობლები განუხრელად იცავენ იმ ტრადიციას, რომელიც მათი აღზრდის საფუძველს შეადგენდა და მათივე საშინელი ტანჯვის მიზეზი იყო. ამის გამო ობსესიურ მშობლებს მწვავე კონფლიქტი აქვთ ახალგაზრდა თაობასთან, რადგან საკუთარი წეს-ჩვეულებების დათმობა არ სურთ. ეს ადამიანები კვლავაც განაგრძობენ «ნაცადი» მეთოდების გამოყენებას და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება წინ მიდის და თაობები იცვლება. ძველსა და ახალს შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ობსესიური ადამიანების აზრით, ახალგაზრდობას მათ თავიანთი ძალა და უპირატესობა შემდგომშიც უნდა დაუმტკიცონ; ამასთან, საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ თავს რაღაც ცოდვებს შეუნდობენ. და, რაკი თავს აბსოლუტურ ავტორიტეტებად მიიჩნევენ, ცდილობენ, ახალგაზრდებზე უცდომელი ადამიანების შთაბეჭდილება მოახდინონ.

      ობსესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მწირი და უფერული სიზმრები ესიზმრებათ. ამასთან, ისინი ძნელად იმახსოვრებენ მათ, ისევე როგორც საერთოდ ძალიან უჭირთ სულის ღრმა და ქვეცნობიერი შრეების წვდომა.

      ისინი სიზმრების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ და «ქაფს» უწოდებენ. ობსესიური პიროვნებების სიზმრებში ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო ტექნიკური და მექანიკური პროცესები ცვლის; ეს სიზმრები ნათელყოფს, რა შორს დგანან ობსესიური ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანური, ფიზიკური და ბუნებრივი მოვლენებისაგან. მათი სიზმრები ხშირად საჩოთირო, ანალური შინაარსისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების აკვიატებული ქცევები მათსავე ჰიგიენურ აღზრდას უკავშირდება. ობსესიური ადამიანების დამუხრუჭებული აგრესია სიზმრებში ბუნებრივი კატასტროფების სახით ვლინდება (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ჯებირის გარღვევა და ა.შ.); ხშირად გვხვდება იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის, ასევე ჩადენილი დანაშაულის თემატიკა, რომელიც ერთსა და იმავე სიზმარში წამოიჭრება.

      ნაწილობრივ ობსესიური სტრუქტურის მქონე პიროვნებებს, ზემოხსენებულის გარდა, ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც ადამიანისაგან მოითხოვს სიზუსტეს, საიმედოობას. ამ პროფესიების ადამიანები უფრო მტკიცე ნებისყოფით, საფუძვლიანობით და მოთმინებით გამოირჩევიან, ვიდრე ინიციატივით, მოქნილი აზროვნებითა და შემოქმედებითი თავისუფლებით. ობსესიური ადამიანები გამორჩეულად სანდო პროფესიონალები არიან, თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან და, ზომიერი ობსესიური თვისებების შემთხვევაში, დიდ წარმატებებს აღწევენ; ამასთან, სასურველია, ისეთ საქმიანობას მიჰყონ ხელი, რომელიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპროვიზაციისაგან გაათავისუფლებს.

      ობსესიური პიროვნებები უმთავრესად პედანტი, საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას მშვენივრად აცნობიერებენ. მათ შორის ვხვდებით ხელოსნებს, რომელთა ხელობაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ობსესიური პიროვნებები ხშირად მუშაობენ ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებად, იურისტებად, ფინანსისტებად, პედაგოგებად და სასულიერო პირებად; ისინი თანმიმდევრულად უძღვებიან ნებისმიერ გეგმურ სამუშაოს; ამ დროს ძალიან ძნელია დადგენა, სად გადის მათი პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ზღვარი. მაგალითად, ერთი მხრივ, შევხვდებით პასუხისმგებლობით აღსავსე, ჭეშმარიტების მაძიებელ მსაჯულს, მეორე მხრივ კი – პედანტ მოსამართლეს, რომელიც კანონს ჩაჰკირკიტებს და სიტყვა-სიტყვით განმარტავს. მისთვის დანაშაული დანაშაულია, ამიტომ არ აინტერესებს მისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივაცია; მისი აზრით, ამის ცოდნა შეარყევს სისტემის საფუძვლებს. ამრიგად, სისტემა მოსამართლეს არა მხოლოდ ძალაუფლებას ანიჭებს, არამედ განაჩენის გამოტანის დროს შინაგან სინდისსაც უხშობს.

      სასულიერო პირი, შესაძლოა, მრევლისთვის სანიმუშო სულიერი მამაც იყოს და, იმავდროულად, ზნეობის დაუღალავი მქადაგებელიც, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთის ტანჯვით ემუქრება, მათში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავს.

      ობსესიური ადამიანები ინტერესს ძირითადად ისტორიის მიმართ იჩენენ; გარდა საკუთრივ ისტორიისა, ისინი შეისწავლიან ხელოვნების, მედიცინის, ფილოსოფიისა და სხვათა ისტორიას; მათთვის ახლობელია გარდასული მოვლენები, ე.ი. ის, რამაც უკვე ჩაიარა, რაც დროის მდინარებას აღარ ემორჩილება და ამიტომ დროის მიღმა არსებობს. ობსესურ ადამიანებს ასევე იზიდავთ არქეოლოგია, ანტიკური ისტორია და გამოყენებითი დარგები; მათ შორის ვხვდებით ძველი პერიოდების შემსწავლელ ფილოლოგებს და პრეისტორიული ხანით დაინტერესებულ ისტორიკოსებს.

      ობსესიურ პიროვნებებს განსაკუთრებით პოლიტიკა იზიდავთ. მათი ძალაუფლების მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სფეროში შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თვისებების რეალიზაცია ლეგიტიმურად მოახდინონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ობსესიური პიროვნება კონსერვატორული ბუნებით გამოირჩევა; იგი მზადაა, თავის პარტიას თუ არსებულ რეჟიმს ერთგულად ემსახუროს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი აზრით, ყველაფერი «ძველი» უკვე ნაცადი და გამოცდილია. ობსესიური პიროვნებისთვის მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება და ექსპერიმენტები.

      გასაგები მიზეზების გამო, ობსესიურ პიროვნებას, ასაკთან ერთად, უძლიერდება მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცნობილია, რომ, ღრმა ცხოვრებისეული ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანს საერთოდ აქვს მიდრეკილება, შეინარჩუნოს ის, რაც მას ჯერჯერობით გააჩნია, და ამ გზით შეაჩეროს დროის მდინარება. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა, შესაძლოა, თავისი განწყობა მეტად უჩვეულო ქცევებით გამოხატოს. მას სურს, თავისი ძალაუფლება და პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალშიც შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ასაკის გამო აღარ შესწევს ძალა, კვლავაც იბრძოლოს მისთვის საძულველი სიახლეებისა და ახალგაზრდული წამოწყებების წინააღმდეგ. ობსესიურ პიროვნებას სიბერესთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს, რადგან აქამდე თუ იგი მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაზე და საკუთარი სურვილით მოქმედებდა, ახლა იმას უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვას და გათავისუფლდეს მისგან. იგი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შეუცვლელია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალები ელევა, იპოქონდრულ მდგომარეობაში ვარდება, თვითდაკვირვებას აწარმოებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ფანატიზმამდე მიჰყავს. იმის გამო, რომ ობსესიური პიროვნება მხოლოდ პოზიციების დათმობასა და ჩვეულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვერ აცნობიერებს დაბერების «სიკეთეს», რომელიც მას მოვალეობებისაგან ათავისუფლებს და შესაძლებლობას აძლევს, შეურიგდეს იმას, რაც ახლა მის თავს ხდება.

      შესაძლოა, მეტისმეტმა სიჯიუტემ ობსესიური ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით მტანჯველი გახადოს; რაკი იგი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს, ამიტომ ხშირად სიკვდილთან სასტიკ ბრძოლაში ჩაებმება ხოლმე.

      ობსესიური ადამიანები ზოგჯერ სწორედ სიბერეში აღწევენ პატრიარქალურ დიდებას და პატივისცემას და საკუთარი ფასეულობების სიმბოლოებიც კი ხდებიან. ამ დროს მათთვის სიკვდილი ბუნების კანონია, რის გამოც მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. სიკვდილი ის უკანასკნელი რეალობაა, რომლის წინაშეც, როცა ამის დრო დადგება, ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს და ღირსეული სიმშვიდით მიიღოს იგი. ობსესიური ადამიანები დროულად აგვარებენ თავიანთ საქმეებს და წინასწარ ადგენენ ანდერძს. ზოგი მათგანი, ანდერძში ჩაწერილი მითითებებით, ცდილობს საკუთარი ძალაუფლება სიკვდილის შემდეგაც აგრძნობინოს ადამიანებს. თუ ობსესიურ პიროვნებას საღი განსჯის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს, მაშინ იგი ცოცხალ გვამს ემსგავსება. გამოდევნილი სიკვდილის შიშს მასში ზედმეტი ნივთების შეგროვების სურვილი ჩაანაცვლებს. იგი გადასაგდებად ვერც ერთ ნივთს ვერ ელევა და გაურბის ყველაფერს, რაც მას წარმავლობას და დასასრულს შეახსენებს.

      ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის გზა, რომელსაც ნაწილობრივ ობსესიური ადამიანი დაავადების უკიდურეს გამოვლინებამდე გაივლის. ამ დროს ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:

      ძლიერი ხასიათის, ქმედითი ობსესიური ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მოვალეობის გრძნობით, ჩამოყალიბდება პატივმოყვარე, ჯიუტ, მოწუწუნე და ახირებულ პედანტად. იგი ხშირად ძალაუფლებისმოყვარული დესპოტისა და ავტოკრატის თვისებებით გამოირჩევა, რომელიც, აკვიატებული აზრებისა და ქცევების წყალობით, სრულად გამოავლენს ობსესიური დაავადების ყველა თავისებურებას. ბოლო ადგილს ამ გზაზე კატატონიით შეპყრობილი ადამიანი დაიკავებს.

      სუსტი ხასიათის, არაქმედითი ობსესიური ადამიანი შემგუებლობით, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ცხოვრების წინაშე შიშით გამოირჩევა. ეს არის ეჭვიანი, მოყოყმანე, წუწუნა, მლიქვნელი, მშიშარა პედანტი და ასკეტი იპოქონდრიკი. ამ გზის ბოლოს მძიმე ობსესიით შეპყრობილი ადამიანები დგანან.

      ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ობსესიურ ნიშნებს გამოავლენს, გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, ამტანობით და მოვალეობის გრძნობით; ამასთან, იგი მიზანსწრაფული და გამრჯეა. ვინაიდან ეს ადამიანი შორსმიმავალ მიზნებზეა ორიენტირებული, მას აღარ აინტერესებს მიღწეული წარმატებები და ამ წარმატებებით ტკბობა; თანმიმდევრული ხასიათის, სიყოჩაღისა და დაჟინებულობის წყალობით, მას რეალობის აღქმის უტყუარი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რაც შესაძლებლობას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს. როგორც წმინდა ადამიანური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით, ამ პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს: სიდარბაისლე, კორექტულობა, სანდოობა, ხასიათის სიმტკიცე და ჰიგიენურობა; გრძნობებს ერთობ თავდაჭერილად გამოხატავს, თუმცა თანადგომისა და დახმარების უტყუარი უნარით გამოირჩევა; ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვს და ადვილად არ გადაუხვევს ერთხელ დასახულ მიზანს; ახასიათებს საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, იცავს საკუთარ თვალსაზრისს, გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და ცდილობს, ობიექტური იყოს. რაინჰოლდ შნაიდერი თავის წიგნში «ფილიპ II» სწორედ ამ მასშტაბის, ძლიერი ტიპის ადამიანს აღწერს. მაგრამ ზომიერი ობსესიური თვისებების მქონე პიროვნებები საკუთარ თავს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათთვის საჭირო მუდმივობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მეტისმეტად ცალმხრივ მიმართულებას აძლევენ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ აღიარებული უნდა იყოს მათი შესაძლებლობების მუდმივობა. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ცხოვრების გარდაქმნის მზაობასთან მისი საპირისპირო იმპულსის ინტეგრაციასაც მოახდენდნენ და გაბედულად აღიარებდნენ იმას, რისგანაც თავს იცავენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმავლობის გრძნობას გააცნობიერებდნენ. ამ ტიპის ობსესიურმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ მათ მხოლოდ სურვილები როდი უნდა ამოძრავებდეთ, მოვლენების ზემოქმედება საკუთარ თავზეც უნდა იწვნიონ. მთლიანად ხალხის წინაშე კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – მათ აღმშენებლობის ტრადიცია უნდა შეინარჩუნონ. გარკვეული აზრით, ისინი «საზოგადოების ბურჯებს» წარმოადგენენ, თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვის პატივმოყვარე მიზნებს განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებად არ გადააქცევენ და მათზე უფრო ქმედით, საპირისპირო ძალებთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან.

დამატებითი მოსაზრებები აუცილებლობის წინაშე შიშის შესახებ

      ისტერიული პიროვნებები ფსევდორეალობაში ცხოვრობენ და ეს მათთან დაკავშირებულ ყველა სფეროში წარმოვაჩინეთ. მათ მთავარ პრობლემას «რეალობა» წარმოადგენს, რომელსაც ისინი საკუთარი «როლების» შესრულებით ირიდებენ თავიდან ამ რეალობიდან გაქცევის დროს.

      რელიგია მათთვის, პრაგმატულობიდან გამომდინარე, რწმენის ხასიათს იღებს, ამიტომ არასოდეს ვიცით, ასეთ ადამიანს ეკლესია სჭირდება თუ არა. ამ შემთხვევაში, ისტერიული პიროვნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვითარსი სინამდვილე და გარეგნული ფორმების დაცვა; მისთვის სანუკვარია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი მონანიებისა და აღსარების გზით გამოისყიდის ყველა ცოდვას და ახალშობილივით უცოდველი გახდება. იგი უფალს სიამოვნებით მიიჩნევს კეთილ მამად, რომელსაც ის განსაკუთრებით უყვარს, და ეს სიყვარული ოდესმე რაღაცაში აუცილებლად იჩენს თავს. ამ ადამიანების დარწმუნება ძალიან ადვილად შეიძლება დაპირებით, რომ ისინი აუცილებლად განიკურნებიან და ამისათვის არავითარი ძალისხმევა არ დასჭირდებათ. ამის გამო, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე რელიგიურ სექტებში: ფსიქოთერაპიული პაციენტები სიამოვნებით თანხმდებიან ჰიპნოზით მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ყველა სიძნელეს საკუთარი ძალისხმევის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადალახავენ.

      ეთიკის საკითხებისადმი ისტერიულ პიროვნებებს ასეთივე გაურკვეველი განწყობა აქვთ. ისინი მზად არიან, ყველაფერი ვიღაცას ან რაღაცას დაუკავშირონ და «განტევების ვაცად» გამოაცხადონ, ოღონდ თავი არაფერში დაიდანაშაულონ. მათ არ გააჩნიათ თვითშეფასებისა და თვითკრიტიკის გრძნობა, რის გამოც კრიტიკული სიტუაციიდან იშვიათად გამოაქვთ გონივრული დასკვნები.

      ისტერიული პიროვნებები, საბოლოო ჯამში, მაინც იმ ზოგადადამიანური თვისებების მატარებლები არიან, რომლებიც ჩვენ ყველას, რაღაცა ზომით, გვახასიათებს, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა გაიაროს ბავშვობისდროინდელი განვითარების ეტაპები, მისთვის დამახასიათებელი მიზნებითა და შიშებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ ნაკლს, ვიცით, როგორ ხდება ჩვენი დანაშაულის სხვებზე პროეცირება განტვირთვის მიზნით – თვით იმ საზოგადოებაშიც კი, სადაც მსგავსი პროეცირება დიდად სახიფათოა.

      ასეთი პროეცირებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია «მტრის ხატის» შექმნა; ამ დროს ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მტერი იმისთვის უნდა გამოიგონოს, რომ ამით საკუთარი დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლდეს. ერები, რელიგიური გაერთიანებები და რასები, როგორც წესი, იმის პროეცირებას ახდენენ, რისი დანახვაც საკუთარ თავში არ სურთ; უზნეო ხელისუფალთა ხელში კი პროექციისადმი ადამიანის ამგვარი მზაობა, შესაძლოა, პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნით იქნეს გამოყენებული. ასეთი სახიფათო პროექციები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, ფსიქოდინამიურ ფონს ქმნის ომების, რასობრივი სიძულვილისა და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. დამთრგუნველი და დანაშაულებრივი წარსულისგან გათავისუფლება საყოველთაო ადამიანური მოთხოვნილებაა. დეპრესიული პიროვნებისაგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, ისტერიული პიროვნება ცდილობს, საკუთარი დანაშაული დაივიწყოს ან საერთოდ უარყოს. შეიძლება დაგვაფიქროს გერმანული ენის თავისებურებამ, რომელიც ერთი და იმავე სიტყვით («Vergehen»), დროის თვალსაზრისით «რაღაცის შეწყვეტას», «გაქრობას» აღნიშნავს, ხოლო ზნეობის თვალსაზრისით – «გადაცდომას» ან «დანაშაულს». ჰოდა, ისმის კითხვა: ქრება კი დროთა განმავლობაში ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის გრძნობა? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ჩვენთვის ერთობ მომგებიანი იქნებოდა.

      მშობლებისა და აღმზრდელების როლში ნაწილობრივ ისტერიული ადამიანები აღფრთოვანებას იწვევენ. მათ შთაგონების დიდი ძალა გააჩნიათ, ამიტომ შეუძლიათ ბავშვი დაარწმუნონ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ღირს, რადგან იგი მშვენიერია. ეს ადამიანები თავიანთ გრძნობებს უფრო სპონტანურად ავლენენ, ვიდრე ზომიერად. შვილები ასეთი მშობლებით ამაყობენ და მათ მიმართ აღტაცებას ვერ მალავენ. ამ ადამიანების სახლში ყოველთვის «სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო» სუფევს; ამის გამო ბევრს შურს მათი, რა თქმა უნდა, იმ დრომდე, ვიდრე მიხვდებიან, რა განწყობა იმალება ამის მიღმა. ისტერიული ადამიანების მეტისმეტად რთული სტრუქტურა იმაში იჩენს ხოლმე თავს, რომ ისინი აღზრდის პროცესში ზომიერებას ვერ იცავენ. მათ საქციელში «განებივრება» და რაიმეს «აკრძალვა» ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ბავშვს ხშირად უჭირს ორიენტირება; მან არასოდეს იცის ზუსტად, რას მოიმოქმედებენ მშობლები, რადგან ამ დროს მათი საქციელი წუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული და ნაკლებად უკავშირდება ობიექტურ ფაქტებს. ამგვარი «მარტის ამინდის» განწყობა დამაბნევლად და ქაოტურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მასში ხშირად ცრუ მოლოდინებს აღძრავს. თუ მშობლებმა ბავშვს იმედი გაუცრუეს, დანაპირევი არ შეუსრულეს და მოითხოვენ, რომ რაღაცაზე უარი განაცხადოს, მას გაურკვეველ დაპირებებს აძლევენ და მისი ყურადღება შორეულ მომავალზე გადააქვთ, როდესაც ეუბნებიან: «აი, რომ გაიზრდები, მაშინ...» – ამით ცდილობენ, ბავშვს რაღაცაზე ძალით ათქმევინონ უარი, ნაცვლად იმისა, რომ საქმის ვითარება აუხსნან და თავისი საქციელის აუცილებლობა დაუსაბუთონ. ეს ბავშვში აჩენს იმ სახიფათო მოლოდინს, რომ მას სასწაულებრივი მომავალი ელის, რომელსაც ოდესღაც აღსრულება უწერია. ასე უწყობენ მშობლები ხელს ბავშვის ილუზორულ სურვილებსა და წარმოდგენებს, ნაცვლად იმისა, რომ რეალობასთან დააახლოვონ.

      ამრიგად, ისინი ბავშვის ცხოვრებას სწორად არ წარმართავენ და მას მცირე გამოცდილებასაც არ აძლევენ, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ იგი მოგვიანებით საკუთარი თავით და ცხოვრებით იმედგაცრუებული დარჩეს. შვილები ასეთ მშობლებზე ძალიან მიჯაჭვულნი არიან, მაშინ როდესაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვი ერთი ხელის მოსმით მოიშორონ თავიდან, თუ ფიქრობენ, რომ იგი მძიმე ტვირთად აწვება ან გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. თუ ბავშვი ცდილობს, მშობლებს საკუთარი აზრები გაუზიაროს, ისინი კი მას ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდნენ, როდესაც სიყვარულს ეფიცებოდნენ. ისტერიული მშობლები ვერ იტანენ და პირად შეურაცხყოფად იღებენ კრიტიკას ბავშვის მხრივ. ისინი, პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის გამო, ძნელად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს ობსესიური ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ამას ძალაუფლებასა და პერფექციონიზმზე პრეტენზიის მიზეზით არიდებს თავს. თუ ბავშვი ისტერიულ მშობლებს საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ანგარიშს არ უწევენ მას, მშობლები არასოდეს მიდიან დათმობაზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ შვილისთვის მხოლოდ სიკეთე სურთ და ამისათვის დიდი მსხვერპლიც გაიღეს. შედეგად ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს საკუთარი უმადურობის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მშობლების თანაგრძნობით კმაყოფილი დარჩენილიყო.

      სახიფათოა ასევე ისტერიული ადამიანების სურვილი, საკუთარი შვილები «თითით საჩვენებელ ბავშვებად» აღზარდონ. მათი აზრით, შვილებმა მშობლებს იმედი არ უნდა გაუცრუონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ამიტომ შვილები მხოლოდ მშობლების სახელსა და დიდებაზე უნდა ზრუნავდნენ. საერთოდ, ამ დროს მშობლების მხრივ არსებობს დიდი საფრთხე, რომ შვილს რაღაც როლის შესრულებას დააკისრებენ; ჯერ ერთი, მშობლები ბავშვს ბოროტად იყენებენ, რათა საკუთარი პრეტენზია წარმოაჩინონ, მეორეც, ბავშვმა ახლა მათ თავიანთი განუხორციელებელი ოცნებები უნდა შეუსრულოს. აქ მანეკენის მაგალითი უნდა გავიხსენოთ.

      პოლიტიკაში ისტერიული პიროვნებები ხშირად ლიბერალური და რევოლუციური პარტიების წევრები არიან, რადგან, სენსაციების სიყვარულით თუ გაურკვეველი მომავლის გამო, ასეთსავე გაურკვეველ უკმაყოფილებას და მოლოდინებს გამოხატავენ. შიზოიდებთან შედარებით, ისტერიული ადამიანები მკაცრნი და თანმიმდევრულნი არიან, ხშირად გულუბრყვილოდ სჯერათ პროგრესის, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის «ახალი» და «სხვაგვარია». ამ მხრივ, ისინი ობსესიური ადამიანის აშკარა ანტიპოდს წარმოადგენენ, რომელიც ყველაფერ ძველს, როგორც უკვე «ცნობილსა» და «ნაცადს», ისე ებღაუჭება. ისტერიული პიროვნებები თავგამოდებული, გულმხურვალე პოლიტიკოსები და ორატორები არიან, რომლებსაც მხოლოდ დაპირებები ეხერხებათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეასრულონ წინამძღოლის როლი, ეძებონ ახალი გზები და წარმართონ მოვლენები, ვიდრე სულ პატარა შრომა მაინც გასწიონ საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ისტერიულ პიროვნებებს ადვილად შეუძლიათ ადამიანების ცდუნება, თავიანთი ამომრჩევლების სურვილების ამოცნობა და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: «apres moi le déluge» – «ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა». სრულიადაც არ ადარდებთ, რა მოჰყვება შემდეგ მათ მოქმედებებს. ისტერიული ადამიანები ყველანაირ რისკზე მიდიან, დამარცხების შემთხვევაში კი ყოველთვის ფეხზე დგებიან.

      საზოგადოებაში ისტერიული ადამიანები იმ პროფესიებში არიან წარმატებულნი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს. ისინი მოხერხებულნი არიან და სიტუაციაზე სწრაფად რეაგირებენ, ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებენ, მათთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ და, იმავდროულად, თავიანთი პატივმოყვარეობისა თუ სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ. ისტერიულ ადამიანებს ნებისმიერი საქმე ეხერხებათ და ყველგან შეუძლიათ გამოიჩინონ თავი; ცდილობენ ჰქონდეთ წოდებები და მაღალი თანამდებობები, რომლებსაც სიმბოლოების მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ამ წოდებებთან და თანამდებობებთან ახდენენ, მაგრამ, ობსესიური ადამიანის მსგავსად, წოდებისა და თანამდებობის წინაშე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს მათთვის მხოლოდ შესაძლებლობაა საკუთარი ბრწყინვალე პიროვნების წარმოსაჩენად. ისტერიულ ადამიანებს ორდენები და ტიტულები სწორედ ამიტომ ხიბლავთ; ისინი წარმატებით მუშაობენ ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას და აკმაყოფილებს «საზოგადოებაში მათი ყოფნის» მოთხოვნილებას. ისტერიულ ადამიანებს შორის გვხვდებიან ენამჭევრი ვაჭრები და შთამაგონებელი გამყიდველები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ნიჭით – მუშტარს ჩაწოლილი საქონელი ხელსაყრელ ფასებში «შეასაღონ», ანდა ის მყიდველი, რომელსაც მხოლოდ ჰალსტუხის შეძენა უნდოდა, თავიდან ფეხებამდე შემოსილი გაუშვან მაღაზიიდან.

      ისტერიული ადამიანები ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი მომხიბვლელობა, ფიზიკური უპირატესობა, მოხერხებულობა და სპონტანური მიზანდასახულობა, სადაც საქმე ეხება იმპროვიზაციას, სიურპრიზებს და მოულოდნელ გამარჯვებებს. მათ იზიდავთ ნებისმიერი პროფესია, რომელიც «დიდ სამყაროში» ცხოვრების იმედებს აღუძრავს, ან თუნდაც რაიმეთი დაკავშირებულია ამ სამყაროსთან. ასეთები არიან ფოტომოდელები, მანეკენები და ბიზნესმენები. მათ ასევე იზიდავთ ოქრომჭედლის, დიზაინერის ან სასტუმროს თანამშრომლის საქმიანობა. ისტერიულ პიროვნებას ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკითხის საქმიანი მხარე, ამიტომ თავად საქმის წარმატება მთლიანად იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთვისაც ეს საქმე კეთდება. ნიჭიერ ისტერიულ პიროვნებას შეუძლია თავისი გუნება-განწყობა, ხასიათის თვისებები, სურვილები, წარმოსახვის უნარი და სიხარული ხელოვნების დონეზე, უპირველეს ყოვლისა კი, მსახიობის ან მოცეკვავის როლში წარმოაჩინოს.

      სიბერე და სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ის უცილობელი და უკანასკნელი რეალობაა, რომელსაც მუდმივად ვერ გაიხანგრძლივებ. ისტერიული პიროვნებები, რომლებსაც არ სჩვევიათ რეალობის აღქმა და აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა, ცდილობენ, ამ რეალობაზეც, რაც შეიძლება, დიდხანს დახუჭონ თვალი. ისინი არ უარყოფენ, რომ სიბერე და სიკვდილი არსებობს, მაგრამ არსებობს უფრო მეტად სხვებისთვის, ვიდრე კონკრეტულად მათთვის. ამიტომ ისტერიული ადამიანები ცდილობენ, დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობის ილუზია, და სწამდეთ მათ წინაშე მუდმივად არსებული, იმედიანი მომავლისა. ეს ადამიანები განსაკუთრებით წარმატებულად იყენებენ იმ მეთოდებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც მათ ხანგრძლივ ახალგაზრდობას ჰპირდება; მათ უმთავრესად ის მოძღვრებები იზიდავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.

      ისტერიული პიროვნებები საკუთარი სიკვდილის ფაქტს გამორიცხავენ და ამას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ არ ჩქარობენ ანდერძის დაწერას, არ აწესრიგებენ თავიანთ საქმეებს და სიკვდილის შემდეგ ქაოსს ტოვებენ. ისინი, სიკვდილის მოახლოების შიშით, არცთუ იშვიათად, თითქოს, სრულიად სხვა ადამიანებად გარდაიქმნებიან და არაბუნებრივად იქცევიან. მათ საქციელზე გვახსენდება გამოთქმა: «ახალგაზრდა მეძავი სიბერეში პირმოთნე ხდებაო», და ვხვდებით, რომ ისინი ამ დროს რაღაც გამორჩენას მოელიან; ამიტომ ამ ადამიანების ასეთი უეცარი გარდაქმნა ნამდვილად ეჭვს იწვევს. ისტერიულ პიროვნებებს ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი ღირსეულად უნდა ბერდებოდეს; სამაგიეროდ, შესწევთ უნარი, საკუთარი წარსული გაიცისკროვნონ და მოგონებებით იცხოვრონ. ამასთან, ეს წარსული, სურვილისამებრ, გადაასხვაფერონ, მის შუაგულში იტრიალონ და მთავარი როლი შეასრულონ. ზოგი მათგანი იმასაც ახერხებს, რომ სიკვდილი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, ცხოვრების სცენიდან ჩამოსვლა შთამბეჭდავ სანახაობად გადააქციოს და ამ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი შეასრულოს.

      ისტერიული პიროვნება უპირატესობას ანიჭებს ხელოვნების დარგებს და, რასაც ამ სფეროში ქმნის, უდავოდ დაამჩნევს ხოლმე კვალს; დროდადრო ავლენს მიდრეკილებას გაურკვეველი ექსჰიბიციონიზმისადმი; საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით, წერს წერილებს და თავის ავტობიოგრაფიას; მრავალფეროვნება, ორიგინალობა და სიცოცხლის ხალისი ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს განეკუთვნება; საქმის ფორმალური ნაწილი მისთვის ხშირად არცთუ ისე მნიშვნელოვანია; მას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ჰალუცინაციებისადმი, რომლებშიც იმალება ის საფრთხე, რომ ისტერიული პიროვნება მათ ჯანსაღ, ცხოვრებისეულ მიმართულებას კი არ აძლევს, არამედ თავისი ოცნებებისა და სურვილების სამყაროში შეუხმობს, რაც მას სულ უფრო აშორებს რეალობას. ამ დროს მხოლოდ ხელოვანს შეუძლია გამოიჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი.

      ისტერიული პიროვნებების სიზმრები მათი სტრუქტურისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ პრობლემას წარმოადგენს და ხშირად სურვილების აღსრულების გულუბრყვილო ფორმით ვლინდება. ეს სიზმრები თავისთავად ილუზორულია; მათში რეალურად არსებული კანონები არ მოქმედებს, მოქმედება იქ ზღაპრული ხდომილებების სახით წარმოჩინდება და პრობლემების გადაჭრა უჩვეულოდ ხდება; მაგალითად, უკიდურესი საფრთხის დროს ადამიანს შეიძლება ფრთები გამოესხას და გაფრინდეს, რადგან ჯადოსნური თვისებები გააჩნია; ან ამ დროს სადღაც სიღრმიდან ზედაპირზე ამოიჭრება deus ex machina და იხსნის სიტუაციას. შიში სიზმარში ხანდახან ისე თრგუნავს ადამიანს, რომ იგი უეცრად უფსკრულის პირას აღმოჩნდება, რაც გვახსენებს სურათს – «მხედარი ბოდენზეეს თავზე». ისტერიული ადამიანები ხშირად ფერად, ცოცხალი ხდომილებებით აღსავსე, გრძელ სიზმრებს ხედავენ, რომლებიც მოგვიანებით კარგად ახსოვთ. დამახასიათებელია ისიც, რომ რთული სიზმრის ახსნას, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სიზმრის მნახველის ნაცვლად, სხვა ადამიანი კისრულობს.

      ახლა შევეცდები, წარმოვადგინო ისტერიული პიროვნებების წრე; იგი იწყება ნაწილობრივ ისტერიული, ჯანმრთელი ადამიანით და მთავრდება იმ სტრუქტურული ტიპით, რომელიც ხასიათდება სუსტი და მძიმე ფსიქიური აშლილობით. ეს წრე დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება: ქმედითი, იმპულსური, ხაზგასმით პატივმოყვარე და თავკერძა ადამიანები;

      ისტერიული ტიპები, რომელთაც აქვთ საკუთარი პიროვნების აღიარების ნარცისისეული მოთხოვნა და მოვლენების შუაგულში ყოფნის სურვილი; მეტისმეტად პატივმოყვარე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამავე წრეში შედიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ «ოჯახურ რომანთან» მიახლოებული ურთიერთობა, ერთი მხრივ, მამასა და ქალიშვილს, მეორე მხრივ კი – დედასა და ვაჟიშვილს შორის; ვითარსი ისტერიული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მორგებულ როლებს, რეალობიდან გაქცევისა და ავანტიურისტული ქმედებების გასათამაშებლად იყენებენ. არიან ასევე მარადიული «წიწკვები», ყმაწვილკაცები, კაცთმოძულე ქალები და ქალთმოძულე მამაკაცები. ეს უკანასკნელები უარს ამბობენ საკუთარ სქესზე და ხშირად ჰომოსექსუალები ხდებიან. ეს წრე მოიცავს ასევე «დასაჭურისებულ», დესტრუქციულ ქალებს, რომლებიც აშკარა სიძულვილს გამოხატავენ მამაკაცებისადმი, და დონ-ჟუანის ტიპის მამაკაცებს, რომელთაც ქალების მიმართ შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ. ისინი ქმნიან მძიმე ისტერიული დაავადებების სურათს, რომელიც ფობიებით, ფსიქიკური და სომატური სიმპტომატიკით გამოვლინდება, თუმცა ამის დადგენა თვალნათლივ ვერ ხერხდება, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (დამბლის ნიშნები).

      ნაწილობრივ ისტერიული ტიპის ჯანმრთელ ადამიანს უყვარს რისკი, ხალისით ასრულებს თავის საქმეს, ყოველთვის მზადაა სიახლეების მისაღებად, მოქნილი, ხალისიანი და ხშირადმომხიბვლელია. ეხერხება იმპროვიზაცია, სიამოვნებით ატარებს ცდებს, კარგი თანამეინახეა და არ სჩვევია მოწყენილობა; მის გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება. უყვარს ახალი საქმეების წამოწყება და დიდ იმედებს ამყარებს ცხოვრებაზე. ასეთი ისტერიული ტიპი ნებისმიერი საქმის დასაწყისში დიდ შესაძლებლობებს და ხიბლს ხედავს, რასაც წიგნის ამ თავში წამძღვარებული სიტყვებიც გამოხატავს. ამ ტიპის ისტერიული ადამიანი, თავისი ქმედითი ხასიათის წყალობით, არღვევს ტრადიციებს და ძველ, დახავსებულ ნორმებს, ფლობს შთაგონების ძალას და იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი მომხიბვლელობა. იგი არაფერს აღიქვამს სერიოზულად, გარდა, ალბათ, საკუთარი თავისა, რადგან გაცნობიერებული აქვს ცხოვრების უმთავრესი მოვლენების პირობითობა. ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს «იმპულსების გამოვლინება» და «რაღაცის ამოქმედება» წარმოადგენს და არა დაგეგმილი საქმის ხანგრძლივად და მოთმინებით განხორციელება. მაგრამ სწორედ თავისი დაუთმენლობის, ცნობისმოყვარეობისა და წარსულისადმი ზერელე დამოკიდებულების წყალობით, შესწევს უნარი, დაინახოს და შეიცნოს ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავენ სხვა ტიპის ადამიანები.

      ამრიგად, ისტერიული ადამიანი თავდაჯერებით და მამაცურად უყურებს ცხოვრებას, რომელიც მისთვის ნაირფერი თავგადასავლებითაა სავსე. ცხოვრების არსი მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ სურს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ქმედითი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს.

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

ტეგები: Qwelly, რიმანი, ფსიქოლოგია, შიში

ნახვა: 115

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters