ფსიქოლოგიის ისტორია, I თავი, II ნაწილი

1.4. მეცნიერების განვითარების მოდელები და ფსიქოლოგია

      ბუნებრივად იბადება შეკითხვა - როგორ მიესადაგება მეცნიერების განვითარების განხილული შეხედულებები ფსიქოლოგიას, მის ისტორიას და არსებულ მდგომარეობას. ეს საკითხი ერთ-ერთი ურთულესია ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიაში. აქ ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად თუ შევეხებით მას, ვინაიდან მისი სიღრმივი განხილვა აუცილებლად მოითხოვს იმის ცოდნას, თუ როგორ იცვლებოდა ფსიქოლოგიური შეხედულებები, რით ხასიათდება ისინი და რა მიმართებაა მათ შორის. მაშასადამე, აქ უკვე გვესაჭიროება ის ცოდნა, რომელიც წინამდებარე წიგნმა, როგორც სახელმძღვანელომ, უნდა მისცეს მკითხველს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ზოგადი მოსაზრებით - შემოვიფარგლებით.

      ფსიქოლოგია არ გამოიყურება, როგორც პარადიგმატული მეცნიერება კუნისეული გაგებით. მასში ვერ ნახავთ საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებათა სისტემას შესასწავლი რეალობის რაობისა და ბუნების შესახებ, ასევე კვლევის მეთოდოლოგიური და მეთოდური პრინციპების შესახებ: იმაზე, თუ რომელი ცნებები და კატეგორიებია ძირეული და როგორია მათი შინაარსი, რა ფაქტობრივი მონაცემები და ემპირია უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, როგორ უნდა აღიწეროს და აიხსნას იგი, რა სახით უნდა გამოვიყენოთ არსებული ცოდნა პრაქტიკაში. არსებობს მრავალი შეხედულება (თეორია, მიმდინარეობა, ინტერპრეტაციული ტრადიცია), რომელთა ფარგლებში ეს ძირეული საკითხები სხვადასხვაგვარად, ხშირად ძალზე განსხვავებულად განიხილება. რაც საგულისხმოა, ეს სურათი, მეტ-ნაკლებად, მთელი ფსიქოლოგიის ისტორიისთვისაა დამახასიათებელი. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიამ დამოუკიდებელი მეცნიერების სტატუსი მოიპოვა, მისი ასეთი მდგომარეობა საგანგებოდ იქნა გაცნობიერებული და მას „ფსიქოლოგიის კრიზისი“ ეწოდა (კ. ბიულერი). გამოდის, რომ ფსიქოლოგია დასაბამიდან განუწყვეტელ კრიზისში იმყოფება, თუკი კრიზისის სიმპტომად ერთიანი (პარადიგმატული) ფსიქოლოგიის არარსებობაა მიჩნეული. დღეს ფსიქოლოგიური მეცნიერება არის რამდენიმე მსხვილი სამეცნიერო მიმდინარეობის ერთობლიობა, რომლებიც, უმეტესად, საკმაოდ შორს არიან ერთმანეთისაგან იმის გაგებაში, თუ რა და როგორ უნდა შეისწავლებოდეს.

      ეს მოცემულობა გააზრებასა და ახსნას მოითხოვს ფსიქოლოგიის მეთოდოლოგებისაგან და საზოგადოდ მეცნიერებათმცოდნეთაგან. რატომ შეიქმნა ფსიქოლოგიაში ეს ვითარება, ხომ არ არის იგი გამონაკლისი, და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ; თუ არა - მეცნიერების განვითარების რა კანონზომიერებანი მოქმედებს ამ შემთხვევაში?

      ყველაზე ხშირად კუნის მოდელის გამოყენებით ცდილობენ საკითხის გაანალიზებას[1]. ამ თვალსაზრისით სამი მიდგომა გამოიყოფა. ერთის თანახმად, ფსიქოლოგია პარადიგმამდელი მეცნიერებაა. საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისი მეცნიერული კვლევის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ მასში ჯერ არ ჩამოყალიბებულა. სხვათა შორის, თავად კუნს მიაჩნდა, რომ სოციო-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, მათ შორის ფსიქოლოგია, პარადიგმამდელნი არიან და მათ არ მიესადაგება პარადიგმისა და ნორმალური მეცნიერების ცნებები. ფაქტია, რომ კუნის შეხედულება ბუნებისმეტყველების, ძირითადად ფიზიკის განვითარების ანალიზის შედეგად შეიქმნა. საკითხავია, თუ რამდენად შეიძლება მათი გავრცელება სოციოჰუმანიტარულ მეცნიერებებზე? ნუთუ ესოდენ წარმატებული და უდიდესი ტრადიციების მქონე ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა თუ სხვა, არიან უმწიფარი, დაბალგანვითარებული დისციპლინები, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ პარადიგმით განსაზღვრული ნორმალური მეცნიერების დონემდე? ეს ძნელად დასაჯერებლია ფსიქოლოგიის მიმართაც, რომელსაც უნიკალური პოზიცია უკავია მეცნიერებათა სისტემაში, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. იგი არც ცალსახად საბუნებისმეტყველო და არც სოციო-ჰუმანიტარული დისციპლინაა.

      მეორე მიდგომის მიხედვით, ფსიქოლოგია მულტიპარადიგმული მეცნიერებაა; იგი პარალელურად მოქმედი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პარადიგმების არსებობით ხასიათდება. მესამე მიდგომა ფსიქოლოგიას მიიჩნევს არაპარადიგმულ მეცნიერებად, რომელიც საკუთარი გზით ვითარდება და ვერ აღიწერება კუნის ბუნებისმეტყველებაზე დაფუძნებული მოდელით. მაგრამ შესაძლებელია კი საზოგადოდ მეცნიერების შენობის აგება იმ წესების გარეშე, რომელთა მეშვეობით ცოდნა მოიპოვება, მისი ჭეშმარიტების შემოწმება ხდება და რომელთაც პარადიგმა იძლევა?

      ნათელია, რომ როდესაც ფსიქოლოგიის მულტიპარადიგმულობაზე ლაპარაკობენ, პარადიგმის კუნისეული გაგება აღარ აქვთ მხედველობაში, ვინაიდან ეს უკანასკნელი პარადიგმათა თანაარსებობას გამორიცხავდა. საზოგადოდ, პარადიგმის ცნებამ მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. 1980-იანი წლების დასაწყისში პარადიგმის 35-მდე გაგება დაფიქსირდა; დღეს ეს რიცხვი ბევრად მეტი იქნება. ფსიქოლოგიაში, უმრავლეს შემთხვევაში, პარადიგმებად მიიჩნევენ დიდ ფსიქოლოგიურ თეორებს (სუპერთეორიებს), როგორებიცაა ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი და ა.შ. ყოველი მათგანი ფსიქოლოგიური რეალობის საკუთარ სურათს და მისი შესწავლის თავისებურ წესებს გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ადეკვატური იქნებოდა გვესარგებლა ლაკატოშის ან ფეირაბანდის მოდელით და გველაპარაკა „სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების“ ან „ალტერნატული თეორიების“ ერთდროულ არსებობაზე ფსიქოლოგიაში. მაგრამ საქმე ისაა, თუ რამდენად შეიძლება მათ ალტერნატული ვუწოდოთ. როგორც მკითხველი შედგომში წიგნის გაცნობისას დარწმუნდება, ისინი ერთი და იმავე ფაქტოლოგიურ საფუძველზე არაა აგებული და სხვადასხვა მოვლენებს ხსნიან. მიუხედავად მათი ზოგადფსიქოლოგიური პრეტენზიებისა, არც ერთი მათგანი არ მოიცავს ფსიქოლოგიის ემპირიის მთელ სივრცეს.

      აქამდე ჩვენი მეცნიერება მართლაც იყო გატაცებული ასეთი ერთიანი ფსიქოლოგიური თეორიის შექმნის იდეით. ფსიქოლოგიის მეთოდოლოგები სულ უფრო ხშირად და კატეგორიულად გამოთქვამენ ეჭვს ასეთი თეორიის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში. ფსიქიკური უკიდურესად რთული მოვლენაა, ამიტომ თანამდროვე ეტაპზე ამომწურავი თეორიის შექმნა შეუძლებელია. იმაზეც კი მიუთითებენ, რომ ასეთი ყოვლისმომცველი კონცეფცია არც ერთ მეცნიერებაში არ არსებობს, მათ შორის არც ფიზიკაში. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიის თანამედროვე მეთოდოლოგიაში ჩამოყალიბდა ე.წ. ლიბერალური თვალსაზრისი, რომელიც არსებულ მდგომარეობას ნორმალურად მიიჩნევს, დაახლოებით ისევე, როგორც ნორმალურია მრავალპარტიული პარლამენტი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს საწინააღმდეგო, ე.წ. ინტეგრაციული პოზიციაც.

      ასეა თუ ისე, ადვილი დასანახია, რომ ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით დგება საკითხი ფსიქოლოგიური თეორიების უთანაზომობის (შეუსატყვისობის) შესახებ. უფრო მეტიც, საკითხი შეიძლება დაისვას საზოგადოდ ფსიქოლოგიური ცოდნის მემკვიდრულობის თაობაზე, რამდენადაც კონკრეტული მეცნიერული კვლევა, როგორც წესი, რაიმე თეორიის საფუძველზე და მის ფარგლებში მიმდინარეობს. მართლაც, საკითხავია, რამდენად აისახება ადრე მოპოვებული ცოდნა დღევანდელ ფსიქოლოგიაში, თუნდაც იმ სუპერთეორიებში, რომელებიც ამჟამად დომინირებენ ფსიქოლოგიური მეცნიერების რუკაზე. აქ აუცილებელია, გავმიჯნოთ ის ცოდნა (ფაქტები), რომელიც მოპოვებულია გარკვეული კონცეპტუალური სისტემის ვარაუდების საფუძველზე და უშუალოდ ემსახურება ამ თეორიის დასაბუთებას, იმ ცოდნისგან (ფაქტებისგან), რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლია მათი საფუძველმდებარე მეთოდოლოგიურ-თეორიული ორიენტაციისგან. პირველი რიგის ფაქტების კუმულაციური ეფექტურობა ნაკლებია, ანუ ხშირია მათი უგულებელყოფა სხვა თეორიული ორიენტაციის წარმომადგენელთა მიერ. მაგალითად, ფაქტები, რომელთაც ფსიქოანალიზი უდავოდ მიიჩნევს, დიდ ეჭვს ან სრულ მიუღებლობას იწვევს სხვადასხვა არაფსიქოანალიტიკოს მკვლევარებში (ვთქვათ, არსებობს კი ე.წ. „ოიდიპოსის კომპლექსი“ ან „სიკვდილის ინსტინქტი“?! იხ. თავი 8). მეორე რიგის ფაქტების კუმულაციური ეფექტურობა მეტია. მათ, ასე ვთქვათ, საყოველთაო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საეჭვოა, მოინახოს რომელიმე ფსიქოლოგიური მიმართულების წარმომადგენელი, რომელიც უარყოფს ფსიქიკის დამოკიდებულებას ტვინზე, ან აღქმის კონსტანტობას, განწყობის არსებობას, ადამიანების ტიპოლოგიურ მრავალფეროვნებას და ა.შ.

      არსებითად იგივე ითქმის ზოგიერთი ფსიქოლოგიური კანონის მიმართაც, რომელიც აღიარებულია ყველა ფსიქოლოგის მიერ (მაგ., ფსიქოფიზიკის, გეშტალტიზაციის, ხიკის, იერქს-დოდსონის კანონები, ებინჰაუსის დასწავლა-დავიწყების კანონები, აზროვნების განვითარების ზოგადი კანონები და ა.შ.). თუმცა ერთია უკვე გამოვლენილი ფაქტებისა და კანონზომიერებათა აღიარება, ხოლო მეორე - ამ ცოდნის გამოყენება თუ ასახვა თეორიულ სისტემაში, ან თუნდაც რაიმე ადგილის მიჩენა მისთვის „პარადიგმატულ“ კონცეფციაში. მაგალითად, ე.წ. „ჰუმანისტური ფსიქოლოგია“ 1960-იანი წლებიდან გამოვიდა ფსიქოლოგიური მეცნიერების ასპარეზზე იმ პრეტენზიით, რომ იგი მესამე ძალაა ფსიქოლოგიაში - ფსიქოანალიზთან და ბიჰევიორიზმთან ერთად; იგი აკადემიურ ფსიქოლოგიაში მოპოვებულ ცოდნას თითქმის სულ უგულებელყოფს. მისი თეორიული ინტერესი ცხოვრების საზრისის, პიროვნებისა და მისი თავისუფლების, თვითგანხორციელების საკითხებზე იქნა ფოკუსირებული (იხ. თავი 11). სხვაგან და სხვათა მიერ მოპოვებული ფსიქოლოგიური ცოდნის მიმართ უაღრესად დახურულია ფსიქოანალიზიც.

      ამ თვალსაზრისით უფრო ღიაა ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი. აღსანიშნავია მათი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ფსიქოანალიზის მონაცემების ათვისებაზე. მეტიც, ჩანს მათ მიერ ფსიქოანალიზის ზოგიერთი თეორიული იდეის ასიმილაციის მცდელობაც. საზოგადოდ, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ხდება თეორიათა ინტეგრაციის ტენდენცია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფსიქოლოგიური სისტემები იყო და რჩება სახელმწიფოებად სახელმწიფოში (ანუ ფსიქოლოგიაში) - საკუთარი საზღვრებით, წესებით, კანონებით, ღირებულებებით, მსოფლმხედველობით, ტრადიციებით. ისტორიულად ისინი უპირატესად პაექრობის რეჟიმში იყვნენ. ურთიერთგაგება, მით უფრო თანამშრომლობა, ერთობ გართულებული იყო.

      გავიხსენოთ თუნდაც თბილისის 1978 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო ურთიერთობა არაცნობიერის ორ უმნიშვნელოვანეს კონცეფციას - ფსიქოანალიზსა და განწყობის თეორიას - შორის. სამწუხაროდ, დიალოგი ვერ შედგა. ფსიქოანალიტიკოსები ლაპარაკობდნენ კომპლექსებზე, ასოციაციებზე, დაცვით მექანიზმებზე, ტრანსფერზე, ლიბიდოზე, მოკლედ, ფროიდის სისტემის ცნებებზე; „განწყობისტები“ მსჯელობდნენ უშუალობის პრინციპზე, გაწყობის ფაქტორებზე, განწყობის ტიპებზე, ფიქსაციაზე, ფუნქციონალურ ტენდენციაზე და უზნაძის თეორიის სხვა ელემენტებზე. საერთო ენა და ინტერესი ვერ გამოინახა.

      ამჟამად დაპირისპირების მუხტმა საგრძნობლად იკლო. წინ წამოიწია იმის გაგებამ, რომ ფსიქოლოგიის ასეთი „მულტიპარადიგმული“ მდგომარეობა სერიოზულ მეთოდოლოგიურ ანალიზს საჭიროებს. აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. ერთიანი ფსიქოლოგიის არარსებობა მისი თავისებურებებითაა გაპირობებული, კერძოდ იმით, რომ ფსიქოლოგიის საგანი უკიდურესად რთულია და მრავალგანზომილებიანი. თითოეული დიდი თეორიის მიღმა ფსიქიკური რეალობის ერთ-ერთი წახნაგი თუ განზომილებაა მოცემული. ფსიქიკური სინამდვილის თითოეული მხარე სათანადო კატეგორიებით ხასიათდება. დიდი თეორიული სისტემები ერთ-ერთ მათგანზე ამახვილებენ ყურადღებას და აქცევენ ცენტრალურად: ბიჰევიორიზმი ქცევაზეა კონცენტრირებული, ფსიქოანალიზი - არაცნობიერზე, კოგნიტივიზმი - ცნობიერებასა და შემეცნებაზე, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური ფსიქოლოგია - პიროვნებაზე და ა.შ. ფსიქოლოგიურმა შემეცნებამ ყველა მათგანი უნდა მოიცვას. ამიტომ ცალკეულ მიმდინარეობათა პრეტენზია ზოგადფსიქოლოგიურობაზე წააგავს დაბრმავებულ ადამიანს, რომელმაც სპილოს ხორთუმზე მოჰკიდა ხელი და ამტკიცებს, რომ სპილო ხორთუმია. ფსიქიკური სინამდვილის ყველა მხარის და ასპექტის გაერთიანება მთლიანი არაწინააღმდეგობრივი თეორიული სისტემის ფარგლებში უკიდურესად რთული ამოცანაა, მაგრამ არა პრინციპულად გადაუჭრელი. ყოველ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტისკენ სწრაფვა აუცილებელია. ასე ფიქრობენ ე.წ. ინტეგრაციული მეთოდოლოგიის დამცველები.

      ამ მხრივ საინტერესო ბაზისი იქნებოდა დიდი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. ეს უკანასკნელი თავის ახსნის ველში მოიცავს ყველა მოდალობის განცდებს, ქცევას, არაცნობიერს, ცნობიერებას, პიროვნებას, ნებელობას, ტიპოლოგიას, განვითარებას და სხვა ძირეულ კატეგორიებს. საზოგადოდ, საქმეს ის ართულებს, რომ დიდი თეორიები ამ კატეგორიებში განსხვავებულ შინაარსს მოიაზრებენ. ამიტომაც მათი გაერთიანება, როგორც წესი, ეკლექტიკური, არადამაჯერებელი და არასიცოცხლისუნარიანი შენაერთების სახეს იღებს. „ფსიქოანალიზური ბიჰევიორიზმი“, „კოგნიტური ბიჰევიორიზმი“, „ჰუმანისტური ფსიქოანალიზი“, „ფროიდომარქსიზმი“ და სხვა უფრო თეორია-მონსტრებს წააგავს, მსგავსად ისეთი მითოლოგიური ფიგურებისა, როგორიცაა სფინქსი, კენტავრი, ქალთევზა და ა.შ. ამდენად, ინტეგრაციის ამოცანა სათანადო ინტეგრაციული მეთოდოლოგიის გამომუშავებას მოითხოვს. პირველნი, ვინც ამას სათანადო ყურადღება მიაქცია, იყვნენ ვუდვორთი და ოლპორტი.

      გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგიაში ემპირიული და თეორიული ცოდნის ინტეგრაცია თავისთავადაც, ბუნებრივადაც მიმდინარეობს. ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოების უმეტესობაში არსებითად ერთი და იგივე ფაქტები და კანონზომიერებანი ფიგურირებს. იშლება საზღვრები თეორიებს შორის. სულ უფრო იშვიათად შეხვდები ფსიქოლოგს, რომელიც თავს მიიჩნევდეს (და რეალურად იყოს) „წმინდა“ ბიჰევიორისტად, კოგნიტივისტად, ჰუმანისტად და ა.შ. უმეტესობა ფსიქიკურ რეალობაზე კომპლექსური შეხედულებიდან ამოდის და გაითავისებს სხვადასხვა კონცეფციის ელემენტებს. ისინიც, ვინც თავს გარკვეული თეორიის მიმდევრად მიიჩნევენ, რეალურ კვლევაში ბევრად უფრო ფართო პერსპექტივით მოქმედებენ და წარმატებით იყენებენ სხვა კონცეფციებში გამომუშავებულ ცოდნას.

      ინტეგრირების ამ ბუნებრივმა და სტიქიურმა პროცესებმა არ უნდა დაჩრდილოს ინტეგრაციული მეთოდოლოგიის შექმნის ამოცანა. იგი გულისხმობს ფსიქოლოგიის საგნობრივი ველის დაზუსტებას, ძირითადი კატეგორიების გამოყოფას, მათი შინაარსის მრავალმნიშვნელოვნობის მინიმიზაციას და მთლიან სისტემაში ჰარმონიული გაერთიანების პრინციპების გამომუშავებას. უმთავრესი კი ისაა, რომ ეს მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს ფსიქოლოგიის საგნის თავისებურებებს. მეცნიერების საგანი განსაზღვრავს მეთოდოლოგიას და არა პირიქით. ფსიქოლოგიამ, როგორც დამოუკიდებელმა მეცნიერებამ, საბოლოოდ უნდა დაძლიოს ფილოსოფიის დიქტატი და მეთოდოლოგია თავისი საგნის ბუნებას შეუფარდოს. ფსიქიკის ორგვარი (ბიო-სოციალური) ბუნების გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ ამგვარი რეალობის შესწავლა უნიკალურ მეთოდოლოგიას უნდა დაეყდნოს - ისეთს, რომელშიც შეხამებული იქნება საბუნებისმეტყველო და სოციოჰუმანიტარული მეცნიერების ნიშნები. სწორედ ამის გამოძახილია, რომ დღევენდელ მეთოდოლოგიაში ფსიქოლოგიის პარადიგმატული დაყოფის ხაზი უფრო ხშირად გაჰყავთ არა დიდ თეორიებს შორის, არამედ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ პარადიგმებს შორის. აქ თავს იჩენს ე.წ. „ორგვარი ფსიქოლოგიის“ პრობლემა, რომელსაც ჩვენი მეცნიერების სათავეებთან მივყავართ (იხ. თავი 6).

      განხეთქილება ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ ვარიანტებს შორის არა იმდენად საკვლევი საკითხების ჩამონათვალს ეხება, რამდენადაც კვლევის მეთოდოლოგიურ პრინციპებს. ერთი დეტერმინიზმს აღიარებს, მეორე - თავისუფლებას; ერთი ზოგად კანონზომიერებათა აღმოჩენაზეა მიმართული, მეორე - ინდივიდუალურისა და უნიკალურის დახასიათებაზე; ერთი გაზომვისა და ექსპერიმენტირების გამოყენებით წარმართულ კვლევას მიმართავს, მეორე - ემპათიის, შთაგრძნობის, ინტერპრეტაციის პროცედურებს... მათი შერიგება ერთიანი თეორიული სისტემის ჩარჩოებში უფრო რთულია, ვიდრე ამა თუ იმ თეორიის ძირითადი საკვლევი თემების ინტეგრირება. მაგალითად, ძნელად წარმოსადგენია, როგორ უნდა დადგინდეს იმის კანონები, რაც ინდეტერმინირებულია ანუ არაფრით არ არის განსაზღვრული?!

      მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიამ უნდა გამოიმუშაოს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ადეკვატური იქნება მისი საგნის პრინციპული ორსახოვნების, ფსიქიკის ბიო-სოციალური ბუნებისა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური მეცნიერებაც ორსახოვანია - იგი საბუნებისმეტყველო ტიპის დისციპლინაცაა და ჰუმანიტარულიც. დროა ვაღიაროთ, რომ ფსიქოლოგიის ორივე ეს პარადიგმატული ვერსია კანონიერია და გადავიდეთ ისეთი მეთოდოლოგიური სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც თითოეულს თავის ადგილს მიუჩენს ერთიანი ფსიქოლოგიური მეცნიერების სისტემაში. შეიძლება, მაგალითად, ეს პარადიგმები აკადემიურ და გამოყენებით ფსიქოლოგიას შევუფარდოთ; საბუნებისმეტყველო მიდგომა აკადემიურ-ფუნდამენტურ კვლევას დავუკავშიროთ, რამდენადაც იგი ზოგად კანონზომიერებათა და მათი განმსაზღვრელი (მადეტერმინირებელი) ფაქტორების გარკვევას გულისხმობს. ჰუმანიტარული მიდგომა დავუკავშიროთ პრაქტიკას, რამდენადაც იგი მიმართულია კონკრეტულ-უნიკალური შემთხვევების ანალიზზე და იყენებს ჰერემენევტიკულ, ინტერპრეტაციულ, შთაგრძნობით-ემპათიკურ პროცედურებს. ასეთი პოზიციის მეთოდოლოგიური პრინციპის დონემდე აყვანის საფუძვლიანობაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ რეალურად „თეორეტიკოსების“ უმრავლესობა საბუნებისმეტყველო პარადიგმას ემხრობა, ხოლო „პრაქტიკოსებისა“ - ჰუმანიტარულს.

1.5. მეცნიერების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

      მეცნიერული ცოდნის დეტერმინაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მეცნიერების მეთოდოლოგიაში. მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიის, ისტორიის გააზრება იმ ფაქტორების გარკვევის გარეშე, რომლებიც ამოძრავებენ და განსაზღვრავენ მეცნიერულ კვლევა-ძიებას, წარმოუდგენელია. ამ საკითხის მიმართ რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთერთი უმნიშვნელოვანესია ინტერნალურ-ექსტერნალური დიქოტომია. ინტერნალური თვალსაზრისის თანახმად, მეცნიერების განვითარებას აქვს სრულიად გამოკვეთილი საკუთარი ლოგიკა; რა, რის მერე და რატომ უნდა იქნას აღმოჩენილი ან გააზრებული - ამას თვით მეცნიერების საგანი, შესასწავლი რეალობის ბუნება განაპირობებს. ამდენად, კონკრეტული სფეროს შემსწავლელი ყოველი მეცნიერება შინაგნად ატარებს იმის „პროგრამას“, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემეცნების პროცესი, როგორ განვითარდეს. მეცნიერება რაციონალური საქმიანობაა და ამიტომ შინაგანი ლოგიკით იმართება. მისი განვითარების მამოძრავებელი და მიმართულების მიმცემი ძალები შემეცნებითი, კოგნიტური ბუნებისაა (ა. კიორე და სხვანი).

      ექსტერნალიზმი, პირიქით, გადამწყვეტ მნიშვნელობას გარეგან, საზოგადოებრივი წარმოშობის ფაქტორებს ანიჭებს - ისეთებს, როგორებიცაა ეკონომიკა, იდეოლოგია, სახელმწიფოებრივი მოწყობა, პოლიტიკა, რელიგია და ა.შ. (ჯ. ბერნალი და სხვა).

      საზოგადოდ, შინაგანისა და გარეგანის დიქოტომია თავს იჩენს ყველგან, სადაც რაიმე მოვლენის ან პროცესის გენეზისის მამოძრავებელი ძალების შესახებ მსჯელობენ. ანალოგიურად, ფსიქიკური ონტოგენეზის მამოძრავებელი ძალების განხილვისას ბიოგენურ და სოციოგენურ თვალსაზრისებზე მიუთითებენ. პირველში ფსიქიკური განვითარების შინაგანი დეტერმინაციაა ხაზგასმული, მეორეში - გარეგანი. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ონტოგენეზს ორივე განსაზღვრავს. ასევეა მეცნიერების განვითარების შემთხვევაში. გამოთქმულია ე.წ. სინთეზური თვალსაზრისი, რომლის თანახმად მეცნიერების გენეზისი (აღმოცენება) სოციალურ-ეკონომიკური, ანუ გარეგანი ფაქტორების გადამწყვეტი ზეგავლენით ხდება. სამაგიეროდ, შემდგომ, როცა, ასე ვთქვათ, მეცნიერება ფეხზე დადგება, მისი განვითარება უკვე საკუთარი ლოგიკით, ე.ი. შინაგნად არის გაპირობებული. გარეგანი ახდენს გავლენას - აჩქარებს ან ანელებს პროცესებს, თუმცა განმსაზღვრელი მაინც შინაგანი ფაქტორი რჩება. ასეთი შედარებაცაა აღწერილი - ჯინი რომ ბოთლიდან ამოვიდეს, გარეგანი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ მერე იგი „თავის ჭკუაზე დადის“ და სხვა ძალას აღარ ემორჩილება.

      მეცნიერების გენეზისი დიდწილად საზოგადოებრივი პრაქტიკის საჭიროებებით იყო განსაზღვრული: გეომეტრიისა - მიწის გაზომვის აუცილებლობით, ასტრონომიისა - ნავიგაციის მოთხოვნებით, გეოგრაფიისა - დედამიწის აღწერის საჭიროებით და ა.შ. მაგრამ აქაც არ შეიძლება შინაგანის, მაგალითად ადამიანთა შემეცნებითი მოტივაციის, ცნობისმოყვარეობის უგულებელყოფა. საფიქრებელია, რომ ფსიქოლოგიური ცოდნის საწყისები, უპირატესად, ამაში უნდა ვეძებოთ. არც მეცნიერების შემდგომი განვითარება უნდა იყოს ასე დაშორებული გარეგანი ფაქტორებისაგან. მათი მონაწილეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მასტიმულირებელი ან დამაბრკოლებელი გარემოს შექმნით. ყოველ შემთხვევაში, ჰუმანიტარული ცოდნა უაღრესად სენზიტურია კულტურული და პიროვნული ფაქტორების მიმართ. მრავალ შემთხვევაში ისინი შინაარსეულად განაპირობებენ სოციალურ-ჰუმანიტარული რიგის დისიპლინებში გამოთქმულ მოსაზრებებს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

      ნათელია, რომ ინტერნალური მიდგომის თვალსაზრისით დანახული მეცნიერება ერთობ რაციონალურ საქმიანობად გამოიყურება. რაკი მეცნიერების განვითარება საკუთარ ლოგიკას ემორჩილება, მეცნიერული საქმიანობა რაციონალურად ორგანიზებულ პროცესად წარმოგვიდგება. გარკვეული აზრით, ეს ასეცაა. არსებობს ემპირიული ცოდნის სანდოობის კრიტერიუმები და შესაბამისი პროცედურები; არსებობს მეტ-ნაკლებად შეთანხმებული კრიტერიუმები თეორიების შეფასების, მეცნიერულ და არამეცნიერულ შეხედულებათა გამიჯვნისა და ა.შ. უკიდურესად გამარტივებული ფორმით ემპირიული მეცნიერული კვლევის პროცესი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: თეორია აყენებს გარკვეული ჰიპოთეზებს, რომლებიც საფუძვლად ედება ემპირიული კვლევის პროცესს; ამ პროცესში ხდება ახალი ფაქტების გამოვლენა; ისინი ავსებენ თეორიას, თეორია ახდენს მათ ინტერპრეტაციას, რის შედეგადაც თვითონ ვითარდება, წარმოშობს ახალ ვარაუდებს, რომლებიც კვლავ მოწმდება ემპირიულად და ა.შ.

      მიუხედავად ამისა, მეცნიერების ისტორია მოწმობს, რომ რიგ შემთხვევაში მის განვითარებაში არარაციონალური ფაქტორებიც, ან სრულიად გაუთვალისწინებელი მომენტებიც მონაწილეობს. თეორიის კონსტრუირებისას, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგებში, დიდ მნიშვნელობას იძენს პიროვნულ-ფსიქოლოგიური, მსოფლმხედველობრივიდეოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და სხვა ფაქტორები. ასევე, ფაქტების მოპოვება ყოველთვის წინასწარ გამოთქმული ჰიპოთეზების შემოწმების დაგეგმილი კვლევითი პროცესის შედეგად არ ხდება. მეცნიერების ისტორიაში უხვადაა ე.წ. „შემთხვევითი აღმოჩენების“ მაგალითები.

      ერთხელ, ლაბორატორიიდან გასვლისას, ვ. რენტგენს დაავიწყდა, გამოერთო აპარატი, სანამ თავსახურს დააფარებდა. უკვე კართან მდგარი შებრუნდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რიგზეა და დაინახა, რომ აპარატის წინ მოთავსებული ბარიუმის ეკრანი განათდა. ასე იქნა აღმოჩენილი რენტგენის სხივები. ა. ბეკერელმა შემთხვევით დადო კარადაში შავ ქაღალდში შეხვეული ფოტოფირფიტა ურანის მადნის ნატეხის გვერდით. ეს ფირფიტა დაშუქდა. ასე აღმოაჩინეს რადიოაქტივობა. ერთხელ, როცა ა. ფლემინგი ბაქტერიალურ კულტურას ზრდიდა, მასში შემთხვევით მოხვდა ობი და ეს კულტურა მოკვდა. ფლემინგი მიხვდა, რომ ობი კლავს ბაქტერიებს. ასე აღმოაჩინეს პენიცილინი. პავლოვი იკვლევდა ნერწყვის გამოყოფის პროცესს ჭამის დროს და შემთხვევით შეამჩნია, რომ ძაღლს ნერწყვის გამოყოფა ეწყება უკვე ჭამის დაწყების მაუწყებელი ზარის დარეკვისას. ასე იქნა აღმოჩენილი კლასიკური პირობითი რეფლექსი. მაგალითი ფსიქოლოგიური კვლევიდან: ერთ საღამოს ლაბორატორიაში მომუშავე უდიდეს ბიჰევიორისტს, ბ. სკინერს შემოაკლდა ე.წ. „კვებითი ბურთულები“, რომლითაც ხდებოდა ცხოველის სწორი პასუხების განმტკიცება ექსპერიმენტულ ყუთში. მანამადე გამოყენებული მეთოდიკით ყველა სწორი რეაქცია გამტკიცდებოდა. მოცემულ სიტუაციაში, რადგან საკვები ბურთულები საკმარისი არ იყო, სკინერმა გადაწყვიტა, განემტკიცებინა ყოველი მეორე სწორი პასუხი. გამოირკვა ერთი შეხედვით პარადოქსული რამ - ასეთ პირობებში დასწავლის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართა. ასე აღმოაჩინა ნაწილობრივი განმტკიცების რეჟიმის ეფექტი. ასეთი მაგალითების სიუხვემ არ უნდა მიგვიყვანოს შემთხვევითობის მნიშვნელობის გადაჭარბებამდე (როგორც ზოგჯერ ხდება) და დაჩრდილოს ის უეჭველი გარემოება, რომ შემთხვევა ეხმარება მხოლოდ იმას, ვინც ამისთვის მზადაა. შემთხვევითობის კარნახს ის გაიგონებს, ვინც საკითხში სერიოზულადაა ჩახედული.

      მეცნიერული საქმიანობის გამაპირობებელი არარაციონალური ფაქტორების დახასიათებას პერსონალისტურ და კონტექსტურ (ნატურალისტურ) მიდგომებთან მივყავართ. პერსონალისტური თვალსაზრისი ისტორიაში, და, სახელდობრ, მეცნიერების ისტორიაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ცალკეული დიდი პიროვნებების როლს. თუ არა ისინი, ისტორიული (მეცნიერული) მოვლენები არ მოხდებოდა. მეცნიერება იმიტომ წავიდა იმ გზით, რომლითაც წავიდა, რომ მასში მოღვაწეობდენენ ნიუტონი, დარვინი, ფროიდი და სხვანი. მათ გარეშე მეცნიერება სხვაგვარი იქნებოდა.

      საპირისპიროს ამტკიცებს კონტექსტური თვალსაზრისი, რომლის მიხედვით პროგრესი და მეცნიერული ისტორიის ცვალებადობა დამოკიდებულია არა პიროვნებებზე, არამედ ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების განვითარების საერთო დონეზე, მის კულტურულ კონტექსტზე. საზოგადოება მზად უნდა იყოს მეცნიერული იდეების აღსაქმელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი მეცნიერული იდეების ავტორი შეიძლება კოცონზეც დაიწვას. ამ პოზიციის თანახმად, მაგალითად, ჩ. დარვინი რომ მანამ გარდაცვლილიყო, სანამ გამოაქვეყნებდა თავის ეპოქალურ წიგნს, რომელშიც გადმოცემულია ევოლუციის თეორია, ბიოლოგიისა და მთლიანად მეცნიერული აზრის განვითარება განსხვავებული მიმართულებით არ წავიდოდა. გამოჩნდებოდა სხვა მეცნიერი, რომელიც შესთავაზებდა სამეცნიერო საზოგადოებას ევოლუციურ თვალსაზრისს (შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული ფორმულირებით), რადგანაც იმ დროის ინტელექტუალური ატმოსფერო ხელს უწყობდა ადამიანის წარმოშობაზე ახალი შეხედულების აღმოცენებას. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ერთ-ერთ ნატურალისტს მართლაც ჰქონდა უკვე მომზადებული მონახაზი ევოლუციური კონცეფციისა, რომელიც არსებითად არ განსხვავდებოდა დარვინის თეორიისაგან.

      ამ თვალსაზრისს ამყარებს მრავალი მაგალითი მეცნიერების ისტორიიდან - მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელთა ავტორებს მოგვიანებით დიდ მეცნიერთა სახელი მიენიჭათ, შეუმჩნეველი დარჩა და მხოლოდ შემდგომ ეპოქაში მოხდა მათი აღიარება (ე.წ. „ნაადრევი აღმოჩენები“); ან კიდევ, რატომ ხდება ერთი და იმავეს აღმოჩენა რამდენიმე პირის მიერ დროის მცირე მონაკვეთში? სწორედ იმიტომ, რომ ასეთია ეპოქის ობიექტური მოთხოვნა. მაგალითად, 1900 წელს ერთდროულად სამმა მკვლევარმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაიმეორა გ. მენდელის კვლევა, 35 წლის წინ ჩატარებული, რომელმაც გენეტიკის კანონები დაადგინა და რომელსაც მანამდე არავინ ყურადღებას არ აქცევდა. კონკრეტული პიროვნება, მეცნიერი თავისი ეპოქის შვილია, მისი ინტელექტუალური კლიმატით საზრდოობს; ახალ სიტყვას მეცნიერებაში ვერ გაიგონებენ, თუ ამისთვის საზოგადოებრივ ცნობიერებაში არ არსებობს სათანადო ნიადაგი, თუ იგი არ მოამზადა წინარე იდეებმა, საერთო პროგრესმა კულტურისა, რომლის ნაწილიცაა მეცნიერება. კონტექსტური მიდგომის არსი იმაშია, რომ „დრო ქმნის ადამიანს, და არა ადამიანი - დროს“. კონტექსტი, დროის სულიერი ატმოსფერო - აი რა განაპირობებს მეცნიერული აზრის მსვლელობას. დიდი პიროვნებები (მეცნიერები) აჩქარებენ პროგრესს, მაგრამ იგი, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება, რადგან ამას მოითხოვს საკვლევი საგნის ლოგიკა და მის გარეშემო არსებული ინტელექტუალური კლიმატი. ამ უკანასკნელის აღსანიშნავად ჰეგელის მერე იხმარება ტერმინი „ეპოქის სული“ (ძეიტგეისტ). აქ, გარდა სოციოკულტურული ფონისა, იგულისხმება მეცნიერების განვითარების საერთო დონე. ამ მხრივ ფსიქოლოგია უნიკალურ მდგომარეობაშია. მართლაც, ძნელია, მოინახოს სხვა მეცნიერება, რომელზეც ესოდენ დიდ გავლენას ახდენდა და ახდენს სხვა მეცნიერებანი, თანაც როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული. თავის მხრივ, მრავალი მეცნიერება იყენებს ფსიქოლოგიის მონაცემებს. დისციპლინათშორისი კავშირების ეს სიუხვე ფსიქოლოგიის საგნის (ფსიქიკის) ზემოთ აღნიშნული ორსახოვნებით არის გაპირობებული, მისი ბიო-სოციალურობით. შესაბამისად, ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო დისციპლინაცაა, სოციალურიც და ჰუმანიტარულიც. ამ გარემოებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა მეცნიერებათმცოდნეებს და ფილოსოფოსებს, რომლებიც მეცნიერებათა სისტემატიზაციის, მეცნიერებათა კლასიფიკაციის საკითხზე მუშაობდნენ.

      მოცემული საკითხის სერიოზული შესწავლა პირველი პოზიტივისტების დროიდან იწყება და დღესაც მიმდინარეობს. ამ საკითხს აქ ვერ ჩავუღრმავდებით. ვიტყვით მხოლოდ, რომ ყველაზე ძნელი ამოცანა მეცნიერებათა სისტემაში ფსიქოლოგიისთვის ადგილის მიჩენა აღმოჩნდა. თანამედროვე კლასიფიკაციებში გაცნობიერებულია ფსიქოლოგიური მეცნიერების განსაკუთრებულობა. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლასიფიკაციაში (ბ. კედროვი) მეცნიერებანი განლაგებულია სამკუთხედის ფერდებზე, რომლის წვეროებში მოთავსებულია ბუნებისმეტყველება, ფილოსოფია და საზოგადოებათმცოდნეობა. ამ სისტემაში ადგილი ყველა სახის მეცნიერებას მოენახა (ფიზიკო-ქიმიურს, დედამიწისა და კოსმოსის შემსწავლელს, საინჟინროს, ბიოლოგიურს, სამედიცინოს, მათემატიკურს, ფილოსოფიურს, სოციალურს, ჰუმანიტარულს და ა.შ.), ფსიქოლოგიის გარდა. ეს უკანასკნელი სამკუთხედის ცენტრში იქნა განთავსებული. ეს გამორჩეული ადგილი მას ძალზე კარგად მოერგო, რადგანაც აღმოჩნდა, რომ იგი პრაქტიკულად ყველა ძირითად მეცნიერებასთან არის დაკავშირებული და უმრავლეს შემთხვევაში მათთან მომიჯნავე დარგებს ქმნის (ფსიქოფარმაკოლოგია, ფსიქოფიზიოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ზოოფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, განათლების, იურიდიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური, საიჟინრო, სამედიცინო, ფილოსოფიური, მათემატიკური ფსიქოლოგია და ასეთი 100-ზე მეტი დარგი). დისციპლინათშორისი კავშირების სიმრავლის მხრივ ფსიქოლოგია ნამდვილად გამორჩეული მეცნიერებაა და ბევრი მეთოდოლოგი ამაში ხედავს მისი მომავალი განვითარების მთავარ წყაროს.

      სხვა მეცნიერებებთან კავშირი ფსიქოლოგიას ისტორიულად მოსდევს. ცნობილია ფსიქოლოგიაზე სხვა მეცნიერებათა გავლენის სამგვარი ფორმა. ერთ შემთხვევაში რომელიმე მეცნიერების ფარგლებში ხდებოდა ფსიქიკური მოვლენების შესახებ მონაცემების დაგროვება. მაგალითად, ფიზიოლოგიაში შეისწავლებოდა შეგრძნებათა და აღქმის კანონზომიერებანი (იხ. თავი 5.1.), ლინგვისტიკაში - ენისა და მეტყველების პრობლემატიკა, სოციოლოგიაეთნოგრაფიაში - პირველყოფილი აზროვნება; ასტრონომებმა დაიწყეს რეაქციის დროის კვლევა (იხ. თავი 5.3. და ა.შ.). მეორე შემთხვევაში ფსიქოლოგია იყენებდა სხვა მეცნიერებაში დამკვიდრებულ მეთოდებს. მაგალითად, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამამთავარმა ვ. ვუნდტმა ექსპერიმენტული მეთოდი გადმოიღო შეგრძნების ორგანოთა ფიზიოლოგიიდან, ფსიქოფიზიკიდან და ფსიქომეტრიიდან (იხ. თავი 7.1.), ცდისეული მასალის დამუშავების სტატისტიკური მეთოდები გადმოტანილია მათემატიკიდან და ა.შ. მესამე შემთხვევაში ხდებოდა სხვაგან შემუშავებული მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენება. მაგალითად, მექანიკის განვითარებამ XVII-XVIII საუკუნეებში განაპირობა ცხოველთა და, ნაწილობრივ, ადამიანის ქცევის დეკარტესეული მექანიკური მოდელის გავრცელება (იხ. თავი 4.1.); ბიძგი მისცა დ. ჰერტლის მექანიკურ ასოციაციონიზმს (იხ. თავი 4.2), ჯ. მილის მენტალურ ფიზიკას (იხ. თავი 4.3.); ბიოლოგიაში შემუშავებული ბიოგენეტიკური კანონი ენერგიულად აითვისა განვითარების ფსიქოლოგიამ (იხ. თავი 7.3.); ფიზიკური ველის დინამიკის პრინციპები სერიოზულად აისახა გეშტალტფსიქოლოგიურ თეორიაში (იხ. თავი 10.1), ხოლო გეომეტრიის ნაწილის, ტოპოლოგიის პრინციპები - ველის თეორიაზე (იხ. თავი 10.2); თანამედროვე კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ თავისი მეთოდოლოგია დააფუძნა ინფორმატიკიდან ნასესხებ კოპიუტერულ მეტაფორებზე (იხ. თავი 12.1.) და ა.შ.

      ფსიქოლოგიაში კანონიერია არა მხოლოდ ზოგადი მეთოდოლოგიური პრინციპების, არამედ აგრეთვე სხვა მეცნიერებებში შემუშავებულ კანონზომიერებათა და თეორიულ განზოგადებათა გამოყენება. მთავარია, რომ ეს არ ხდებოდეს ფსიქოლოგიური შემეცნების სპეციფიკის, საკუთრივ ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა და ახსნითი პრინციპების დაკარგვის ან უგულებელყოფის ხარჯზე. ფსიქოლოგია არ უნდა დაექვემდებაროს სხვა მეცნიერებას, არ უნდა მოხდეს მისი რედუქცია. რედუქციონიზმი ნიშნავს ფსიქიკურის ახსნას არაფსიქიკურით, ფსიქიკურის დაყვანას სხვა მეცნიერების კანონზომიერებებზე.

      ფსიქოლოგიაში რედუქციონიზმის რამდენიმე სახეობაა ცნობილი. ფსიქოლოგიის ისტორია სავსეა რედუქციონიზმის მაგალითებით. ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიაზე ბიოლოგიისა და სოციოლოგიის კანონებს ავრცელებდნენ. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ ფსიქიკის ორსახოვან, ბიო-სოციალურ ბუნებას. ხშირად საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ფსიქოლოგიას სულ უარს ეუბნებოდნენ დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების სტატუსზე, რამდენადაც მისი შესასწავლი სფერო სავსებით შეიძლებოდა გადანაწილებულიყო ბიოლოგიასა და სოციოლოგიაზე. ასე ფიქრობდა, მაგალითად, პოზიტივიზმის ფუძემდებელი ო. კონტი. საბჭოთა ფსიქოლოგიას, რომლის ნაწილიც იყო ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, სულ სცილასა (ბიოლოგიზმი) და ქარიბდას (სოციოლოგიზმი) შორის მოძრაობა უწევდა. ერთი მხრივ, მას აიძულებდნენ თავისი მუშაობა პავლოვის ფიზიოლოგიის საფუძვლზე წარემართა, მეორე მხრივ, მოითხოვდნენ, რომ ოდნავადაც არ ასცდენოდა ისტორიული მატერიალიზმის დოგმებს, რომელთაგან ძირეულია დებულება, რომ ბაზისი (წარმოებითი ურთიერთობები) განსაზღვრავს ზედნაშენს (ცნობიერებას).

      ნათელია, რომ ამგვარი რედუქციონიზმი, რომელიც ან სულ აუქმებს ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას, ან უკიდურესად ზღუდავს მის შესაძლებლობებს, ფსიქოლოგების მწავავე რეაქციას იწვევდა და იწვევს. რედუქციონიზმი ფსიქოლოგების ერთგვარ კომპლექსადაც იქცა. ფსიქოლოგიის მთელ ისტორიას გასდევს ე. შპრანგერის მიერ კატეგორიულად ფორმულირებული პოზიცია - „ფსიქიკური აიხსნას ფსიქიკურითვე“. კ. იუნგი წერდა: „ჩემი რჩევა იქნებოდა - შევიზღუდოთ ფსიქოლოგიური სფეროთი, მის საფუძვლადმდებარე ბიოლოგიური პროცესების შესახებ რაიმე დაშვებათა გარეშე“. ფსიქიკის ბიო-სოციალური დეტერმინირებულობა არ ნიშნავს იმას, რომ მას, როგორც თავისებურ რეალობას, არა აქვს საკუთარი კანონზომიერებანი, ხოლო ფსიქოლოგიას - სხვა მეცნიერული დისციპლინებისაგან დამოუკიდებელი ახსნითი პოტენციალი და თეორიული სისტემები, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება ფსიქიკური მოვლენების ახსნა.

      მეორე მხრივ, თანამედროვე ფსქოლოგიის მეთოდოლოგიაში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ფსიქიკურის ფსიქიკურითვე ამომწურავი ახსნა ვერ მოხერხდება, რადგან ფსიქიკურის, როგორც უმაღლესი დონის, ურთულესი ბუნების მქონე რეალობის კანონზომიერებანი სხვა დონის კანონზომიერებებზეა დაფუძნებული. ყველა მეცნიერება, მოვლენათა ახსნისას, ასე თუ ისე სცილდება თავის საზღვრებს. ქიმია ფიზიკის კანონებს მიმართავს, ბიოლოგია - ფიზიკისა და ქიმიისა და ა.შ. გენეტიკა ბიოლოგიის სფეროა, მაგრამ მემკვიდრეობის სიღრმივი მექანიზმების გახსნა დნმ-ს ფიზიკო-ქიმიური სტრუქტურის საფუძველზე მოხერხდა და ამას ბიოლოგებში რედუქციონიზმის კომპლექსი არ გაუჩენია.

      ფსიქოლოგიის ზოგ კვლევით სფეროში იგი დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება. ასეთებია, მაგალითად, შეგრძნებათა ან ემოციების სფერო. აქ ფსიქოლოგია აუცილებლად მიმართავს ბიოლოგიას (ფიზიოლოგიას) და წარმატებით იყენებს მის მონაცემებსა და კანონზომიერებებს. თანამედროვე კოგნიტივიზმი ხომ უკვე წარმოუდგენელია ნეიროფსიქოლოგიური მოდელების გარეშე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ რედუქციონიზმის საკითხი, რომელიც ძირეულადაა დაკავშირებული ფსიქოლოგიური კანონზომიერებისა და ფსიქოლოგიური ახსნის სპეციფიკის ურთულეს პრობლემებთან, იყო და რჩება მეთოდოლოგიური კვლევისა და პოლემიკის საგნად. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ რედუქციონიზმი, ანუ შესასწავლი სისტემის ფარგლებს გარეთ გასვლა მისი ახსნისას, ალბათ აუცილებელია მეცნიერებაში და, მაშასადამე, ფსიქოლოგიაშიც, რამდენადაც ეს არის ახსნის გაღრმავებისა და ნამდვილ მეცნიერულ დონეზე ასვლის საფუძველი. ყოველ შემთხვევაში, ასეა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროში, ხოლო ფსიქოლოგია, ნაწილობრივ მაინც, ამ სფეროს მიეკუთვნება.

      მეცნიერების ისტორია კარგად იცნობს რედუქციონიზმის შებრუნებულ ტენდენციასაც - ესაა ფსიქოლოგიზმი. ამ შემთხვევაში იგულისხმება სხვა მეცნიერებათა დაყვანა ფსიქოლოგიაზე. ამ ტენდენციის ადრეული გამოვლინებებიდან აღსანიშნავია გამოჩენილი ფილოსოფოსისა და ლოგიკოსის, ჯ.ს. მილის მიდგომა ლოგიკისადმი. ეს უკანასკნელი, მისი აზრით, უნდა ეფუძნებოდეს ფსიქოლოგიას, რამდენადაც აზროვნების ფორმალური კანონები (რომელთაც ლოგიკა ადგენს) ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე აზროვნების ცოცხალი პროცესებისაგან დაუშორებელია და, საბოლოოდ, ფსიქოლოგიური, კერძოდ, ასოციაციის კანონზომიერებებით აიხსნება. ეს მიდგომა სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებზეც ვრცელდებოდა (იხ. თავი 4.3.). ფსიქოლოგიზმი სოციოლოგიაში აქამდე დამკვიდრებული ტენდენციაა. იგი დამახასიათებელია სოციოლოგიის კლასიკოსებისთვის (რ. ტარდი, ლ. უორდი, გ. ზიმელი, პ. სოროკინი, მ. მიდი და სხვა). მაგალითად, რ. ტარდი მიიჩნევდა, რომ საზოგადოებაში მოქმედი ძირითადი კანონი გამეორებადობაა, რომელიც ადამიანთა მიმბაძველობის თვისებას ეყრდნობა, ხოლო მიბაძვა, არსებითად, ფსიქოლოგიური თვისებაა. გამოჩენილ თანამედროვე სოციოლოგს, თ. პარსონსაც მიაჩნია, რომ სოციალური ფსიქოლოგია ადამიანის შესახებ მეცნიერებათა ფუნდამენტია.

      საზოგადოდ, ფსიქოლოგიასთან მიმართებაში ეს აზრი მკაფიოდ ჩამოაყალიბა ვ. ვუნდტმა, რომელიც დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების სათავეებთან იდგა. მეცნიერებათა მისეულ კლასიფიკაციაში ფსიქოლოგიას იგივე პოზიცია უკავია, რაც ფიზიკას - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. გონის მეცნიერებათა (ასე უწოდებდნენ მაშინ ჰუმანიტარულ დარგებს) შორის კავშირი იმის საფუძველზე მყარდება, რომ ყველა მათგანის საგანი (მეურნეობა, ზნეობა, სამართალი, ენა, ხელოვნება და სხვა) უშუალო კავშირშია სულიერ პროცესებთან. ამიტომ მათგან არ შეიძლება გამოირიცხოს ის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ამ პროცესების უშუალო მოცემულობას ცნობიერებაში; ეს არის ფსიქოლოგია - გონისმეცნიერებათა საფუძველმდებარე ცოდნის სფერო. თითქმის იმავეს ამბობდა დამოუკიდებელი ფსიქოლოგიის კიდევ ერთი თავკაცი - ვ. დილთაი (იხ. თავი 6.7.) და ბევრი სხვა.

      კიდევ უფრო შორს მიდიან მოაზროვნეები, რომლებიც ფსიქოლოგიის მნიშვნელობას გნოსეოლოგიის ასპექტით განიხილავენ. უკვე ვუნდტმა დასვა ასე საკითხი - ფსიქიკის (ცნობიერების) მონაცემების გარეშე შემეცნება საზოგადოდ წარმოუდგენელია, ცნობიერების გარეშე სინამდვილესთან მისასვლელი გზა მეცნიერებას არ გააჩნია, ხოლო ცნობიერება (ვუნდტის ტერმინოლოგიით - „უშუალო გამოცდილება“) ფსიქოლოგიის კვლევის საგანია. მაშასადამე, ყველა მეცნიერება დამოკიდებულია ფსიქოლოგიაზე, რამდენადაც მის მასალას იყენებს.

      ვუნდტისაგან, რომელიც დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების დაფუძნებაზე ზრუნავდა, ასეთი ფსიქოლოგიზმი გასაკვირი არაა. მაგრამ როდესაც არსებითად იმავეს ამტკიცებს XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, რომელსაც წმინდა ფილოსოფიური ინტერესი ამოძრავებს - მხედველობაში გვყავს ბ. რასელი - ასეთი მიდგომა სხვა წონას და ჟღერადობას იძენს. რასელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თუკი შეიძლება წარმოვიდგინოთ ყოვლისმომცველი, საფუძველმდებარე მეცნიერება (მსგავსად მეტაფიზიკისა, რომელიც შეეცდება მოახერხოს მატერიალური და სულიერი სამყაროს ერთიანი გააზრება), იგი, საკვანძო პუნქტში, უფრო ფსიქოლოგიას დაემსგავსება. მის მიმართ ფიზიკა წარმოებული დისციპლინა იქნება. ამავე დროს, ყველა მეცნიერება აღმოჩნდება ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული, რადგან სწორედ ფსიქოლოგიის გამგებლობაშია სამყაროს ძირითადი ქსოვილი და ერთადერთი პირველადი მოცემულობა - შეგრძნებები და მათი ასლები. „შესაბამისად, ფსიქოლოგია არის ყოველი ემპირიული მეცნიერების არსებითი შემადგენელი ნაწილი“.

      ფსიქოლოგიზმს სამართლიანად ებრძვიან ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, სოციოლოგები და სხვა ჰუმანიტარები, რამდენადაც იგი კონკრეტულ მეცნიერებათა საგნობრივ ველში იჭრება და მათ თვითმყოფადობას უქმნის საფრთხეს. ფსიქოლოგია უნდა ეხმარებოდეს მათ და არ ენაცვლებოდეს. ამავე დროს, თუ ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიის მეცნიერებათმცოდნეობითი და გნოსეოლოგიური მნიშვნელობის კუთხით იქნება გააზრებული, იგი, რედუქციონიზმისა არ იყოს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფით კონტექსტში ვერ იქნება შეფასებული.

      ზემოთ, პერსონალისტური თვალსაზრისის დახასიათებისას, ითქვა, რომ უმართებულოა მეცნიერების განვითარების მთელი პროცესის განსაზღვრა მხოლოდ პერსონალური ფაქტორით, დიდ მეცნიერთა ნებითა თუ უნარით. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტორი სულ არ მონაწილეობს მეცნიერების დეტერმინაციაში; მონაწილეობს და ერთობ მნიშვნელოვნადაც. კვლევა-ძიებას აწარმოებენ მეცნიერები, ცოცხალი ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული განათლება, მსოფლხედვა, ინტერესები, მისწრაფებები, აზროვნების თავისებურება, ნიჭი, ხასიათი, ეროვნება, საზოგადოებრივი სტატუსი, ახლობელთა წრე, სოციალურ ურთიერთობათა ქსელი და სხვა. ყოველივე ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული კვალი დააჩნიოს მეცნიერულ შემოქმედებას. სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ამ გარემოებებს შეისწავლის მეცნიერების სოციოლოგია და მეცნიერების ფსიქოლოგია. ამ უკანასკნელს ბოლო დროს ცალკე დარგად გამოეყო მეცნიერების სოციალური ფსიქოლოგია.

      მეცნიერების ფსიქოლოგიის ფარგლებში კვლევა მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს. აქ მხოლოდ მივუთითებთ რამდენიმე მათგანზე. ერთმა მეცნიერებათმცოდნემ თქვა: „სწორედ ფიზიკოსები და არა ფიზიკა ხსნის ფიზიკურ მოვლენებს“ (ტულმინი). მართლაც, მეცნიერული კვლევის პროცესი ეფუძნება მეცნიერთა ინდივიდუალურ აზროვნებას, რომელიც ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ბუნებრივია, რომ მეცნიერების ფსიქოლოგიამ, პირველ რიგში, მეცნიერთა აზროვნების თავისებურებათა გარკვევა განიზრახა. იგულისხმებოდა, რომ დიდ მეცნიერებს განსაკუთრებული ინტელექტუალური უნარები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ინტელექტის გამზომი ინსტრუმენტი (ტესტი) სწორედ ამ საკითხის გასარკვევად შეიქმნა ჰალტონის მიერ (იხ. თავი 7.2.). ასეთი კვლევა დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით, რაც წინა კვლევების შედეგების განზოგადებას მოჰყვა. აქ შემდეგი სურათი გამოიკვეთა - გამოჩენილ მეცნიერთათვის საშუალოდ დამახასიათებელია არა ძალზე მაღალი, არამედ ზომიერად მაღალი ინტელექტი. ამავე დროს, არ არის ერთმნიშვნელოვანი კავშირი მეცნიერებაში წარმატებასა და ტესტით გაზომვად ინტელექტის დონეს შორის. ამიტომ შემდგომში კვლევითმა ინტერესმა გადაინაცვალა ზოგადი ინტელექტუალური კოეფიციენტის გარკვევიდან მეცნიერთათვის დამახასიათებელი ინტელექტის სპეციფიკურ თავისებურებათა ძიებაზე. მაგალითად, ინტელექტის ცნობილმა მკვლევარმა, ინტელექტის კომპლექსური მოდელის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯ. გილფორდმა გამოკვეთა ინტელექტის 24 მახასიათებელი, რომელთაც კავშირი აქვთ მეცნიერულ შემოქმედებასთან. ისინი სამ კლასად დაიყო: აზროვნების სისწრაფე, მოქნილობა და ორიგინალობა. დადასტურდა, რომ ეს მახასიათებლები მართლაც კავშირშია მეცნიერთა შემოქმედებით პოტენციალთან. გამოვლინდა მეცნიერთა ინტელექტის სხვა თავისებურებანიც, მაგალითად ის, რომ არსებობს გარკვეული სპეციფიკა განსხვავებულ მეცნიერებათა წარმომადგენლების აზროვნების სტილში. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგებს (შედარებით ფიზიკოსებთან, ქიმიკოსებთან, ბიოლოგებთან და სოციოლოგებთან) ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენების კუთხით (ანუ ყველაზე უკეთესია მათი სიტყვიერი მსჯელობის ლოგიკა და სიტყვიერი მსჯელობის გააზრების ხარისხი, რაც, შესაძლოა, პროფესიული განათლების მიღებისას ფორმალური ლოგიკის შესწავლითაცაა გაპირობებული).

      და მაინც, არც ამგვარი კვლევის შედეგები იძლევა რაიმეს დაბეჯითებით მტკიცების უფლებას. ზოგადი ინტელექტისა არ იყოს, შემოქმედებით უნართა ტესტებით მიღებული მაჩვენებელი სულაც არ არის მეცნიერებაში წარმატებულობის გარანტია. ამისთვის, ინტელექტის საერთო ძალისა და შემოქმედებითობის გარდა, პიროვნების სხვა მახასიათებლებიცაა საჭირო. ასეთების რიგში უპირველესია ნებელობით-მოტივაციური თვისებები. უკვე ჰალტონის მოწაფემ, კ. კოკსმა გამოავლინა მეცნიერებაში წარმატების ისეთი წინაპირობები, როგორიცაა ძლიერი ხასიათი, საკუთარ უნარებში დარწმუნებულობა, ძლიერი და მდგრადი მოტივაცია. ამ მოტივაციის შინაარსი განსხვავებულია. ა. როის საეტაპო ნაშრომში ასახულია 64 ცნობილი ფიზიკოსის, ბიოლოგის, ფსიქოლოგისა და ანთროპოლოგის ყოველმხრივი შესწავლა; ამან კი მხოლოდ რამდენიმე საერთო თავისებურება გამოავლინა - დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, უდიდესი ინტერესი კვლევითი საქმიანობისადმი და სწრაფვა შემოქმედებითი წარმატებისკენ. მეცნიერის მოტივაციური პროფილი, შემეცნებით მოტივაციასთან ერთად, განისაზღვრება მიღწევის მაღალი მოტივაციის დონითაც, რაც სავსებით ბუნებრივია. ეს ცნება რ. მაკლელანდმა შემოიტანა და მანვე დაადასტურა, რომ მეცნიერებისთვის ეს მოტივაცია სრულიად აუცილებელია წარმატების მისაღწევად. თითქმის ყველა დიდი მეცნიერი იყო თვითდაჯერებული, წარმატებისკენ და აღიარებისკენ მიმართული პიროვნება. მერტონი გამოჩენილ მეცნიერთა ქცევის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ „თითქმის ყველა, ვინც დაიმკვიდრა ადგილი მეცნიერების პანთეონში - ნიუტონი, დეკარტე, პასკალი ან ჰიუგენსი, ლისტერი, ფარადეი და სხვანი - შემჩნეული იყო პრიორიტეტისა და საჯარო აღიარების მიღწევის დაჟინებულ მცდელობებში“. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნიუტონმა, გულქვა და ქედმაღალმა ადანმიანმა, რომელიც, აღიარების მიღწევის ნიადაგზე, თავისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ მეცნიერს გადაემტერა და მათ მეცნიერულ იდეებსაც უარყოფდა.

      საზოგადოდ, ცუდი ზნე და მძიმე ხასიათი დიდ მეცნიერებში არცთუ იშვიათობაა. მეცნიერთა პიროვნულ თვისებებზე საუბრისას არც ამ გარემოების უგულებელყოფა შეიძლება. უკვე ფ. ბეკონი ამბობდა, რომ მეცნიერები ხშირად უყურებენ სამყაროს ყველა ადამიანური ვნებით დაბინდული თვალებით. თანამედროვე მეცნიერებათმცოდნეობა და მეცნიერების ფსიქოლოგია ცდილობს, დახატოს მეცნიერებისა და მეცნიერთა არაიდეალიზებული, რეალური სურათი.

      ბუნებრივია, რომ გამოკვლევებმა დიდი მეცნიერებისთვის დამახასიათებელ ნებელობით თვისებებს შორის გამოავლინა უდიდესი შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა, რომლის გარეშე რაიმე ღირებულის მიღწევა მეცნიერებაში წარმოუდგენელია.

      მეცნიერის პიროვნული თვისებების თავისებურებათა კვლევას უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა. დიდი გავლენა იქონია პერსონოლოგიის კლასიკოსის, რ. კეტელის კვლევებმა, რომელმაც ჩაატარა მეცნიერთა პიროვნული თვისებების ფაქტორული ანალიზი ბიოგრაფიული მონაცემებისა და ტესტირების საფუძველზე. მისი მონაცემებით, „მეცნიერთათვის დახასიათებელია გამოკვეთილი „შიზოთიმია“, ანუ განდგომილება, შინაგან სამყაროზე კონცენტრირებულობა, გულჩათხრობილობა, სერიოზულობა, ღრმა ფიქრებში წასვლის მიდრეკილება, აგრეთვე თვითშეკავება (ინტერპერსონალური, ინტროვერსიული ხასიათი), ზოგადი ინტელექტის საკმაოდ მაღალი დონე, სკეპტიციზმი და კრიტიკულობა, საკუთარი „მე“-ს საშუალოზე მაღალი ძალა და ემოციური სტაბილობა, დომინირების ძლიერი მისწრაფება და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის ტენდენცია.

      კეტელის განზოგადებით, მეცნიერი თავის არსით ინტროვერტია, შინაგანი სამყაროსკენ მიმართული ადამიანი. სხვა მკვლევარებმაც გამოავლინეს მეცნიერთა მრავალრიცხოვანი პიროვნული თვისებები. რომელია მათგან წამყვანი, რომელი ქმნის მეცნიერისთვის ტიპური პიროვნული სტრუქტურის ღერძს - საკამათო საკითხია. ასეთ ღერძად სახელდება ღირებულებები (რ. კეტელი), თავისუფლება და დამუკიდებლობა (ჯ. გილმორი), თვითაქტუალუზაცია (ა. მასლოუ) და ა.შ.

      პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიც მრავლადაა გამოვლენილი. მათ შორის, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ნონკონფორმულობა. ნაჩვენებია, რომ მეცნიერები, სხვა კატეგორიის ადამიანებთან შედარებით, სხვისი აზრისადმი დაქვემდებარების, ანუ კონფორმულობის ყველაზე ნაკლებ ტენდენციას ავლენენ.

      საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ახლაც პოპულარულია კვლევა-ძიება მეცნიერთა განსხვავებული ტიპების გამოსავლენად. მეცნიერთა არაერთი ტიპოლოგიაა შექმნილი: ინტუიცივისტები და ლოგიკოსები; რომანტიკოსები და კლასიკოსები - პირველები ახალი იდეების გენერატორები არიან, მეორენი ამ იდეების შემმოწმებლები; მსგავსი შინაარსისაა მეცნიერთა დაყოფა ასიმილატორებად და მკვლევარებად, ან კიდევ ადაპტორებად და ნოვატორებად. ამოწმებენ რა არსებულ იდეებს, პირველები უფრო მიმართული არიან ამოცანების სტანდარტულ გადაწყვეტაზე, სისტემატიზაციასა და კლასიფიკაციაზე; ხოლო მეორენი ხასიათდებიან, როგორც „ბუნტისთავები“, რომლებიც ანგრევენ დოგმებს, სტერეოტიპებს და მოაქვთ სიახლე. მათი კოგნიტური სტილი გამოირჩევა ორიგინალობით. ამის გამოსავლენად სპეციალური ტესტიც შეიქმნა.

      ცნობილი მათემატიკოსი, დ. პოია ამბობდა: „მე ვარ პირველხარისხოვანი მათემატიკოსი მეორე ხარიხისა„. გულისხმობდა: მე არა ვარ ნოვატორი (მათემატიკაში მნიშვნელოვანი ახალი შედეგები არ მიმიღია), მაგრამ ვარ საუკეთესო ადაპტორიო (მართლაც, მათემატიკის შინაგანი, ღრმა კანონზომიერებანი და ძირეული ცნებები მან ყველაზე კარგად იცოდა, ყველაზე კარგად ჭვრეტდა).

      პერსონალური ფაქტორი, მეცნიერის უნიკალური უნარები, მიდრეკილებები, თვითგრძნობა, გამოცდილება და სხვა, მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მიერ კვლევის ამა თუ იმ სახეობის, პრობლემისა და თემის შერჩევას. როგორც ამტკიცებენ ბიოგრაფები, ფორმალური ლოგიკის ერთერთი შემქმნელი, ჯ.ს. მილი, იმიტომ ჩაუღრმავდა ამ მეცნიერებას, რომ მასში იპოვა თავისი უკარება და „მშრალი ფორმალიზმებისადმი“ მიდრეკილი ხასიათის შესატყვისი ფსიქოლოგიური კომფორტი. ფსიქოლოგებიდან შეიძლება გავიხსენოთ ცნობილი ნეოფროიდისტი ჰ. სალივანი, რომელმაც ფსიქოანალიზი ფსიქოზების, კერძოდ შიზოფრენიის კვლევას მიუსადაგა (იხ. თავი 8.2.). „უქმნიდა რა იდეალურ გარემოს შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს, სალივანი იმავდროულად ქმნიდა სამყაროს, რომელშიც თავადვე შეეძლო ეცხოვრა საკუთარი თვითშეფასებისთვის საფრთხის გარეშე“.

      პიროვნულის გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერის მიერ კვლევის საგნისა და საშუალებათა შერჩევით. იგი ვრცელდება თვით მეცნიერული ცოდნის აგების პროცესზეც. ეს განსაკუთრებით ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის არის დამახასიათებელი. ამ დარგებში ძალზე ხშირია, როცა მეცნიერი თითქოს „საკუთარი თავიდან გამომდინარე“ აგებს მეცნიერულ შეხედულებას ან თეორიას; იგი დიდწილად ეყრდნობა პირადი სასიცოცხლო სამყაროს რეფლექსიას, ახდენს თვითანალიზის შედეგების განზოგადებას და ამ ყველაფერს საყოველთაო მეცნიერული ცოდნის სახით წარმოადგენს. ამიტომაა, რომ ასეთ მეცნიერებებში მიღებული ახალი ცოდნა ხშირად ატარებს მეცნიერის პიროვნულ თავისებურებათა და ინდივიდუალური გამოცდილების ანაბეჭდს. არსებობს თვალსაზრისი, რომ „ადამიანის ბუნების შესახებ თეორიები ობიექტური რეალობის კი არა, მათი ავტორების ფსიქოლოგიურ თავისებურებათა გამოხატულებას წარმოადგენენ“ (ედისონი). „როცა ვინმე იწყებს მსჯელობას კულტურისა თუ კაცობრიობის პრობლემებზე, უნდა ვიცოდეთ, თუ მაინც რას წარმოადგენს ეს ადამიანი. რამეთუ რაც უფრო ზოგადია პრობლემა, მით უფრო მეტად ჩააქსოვს მის განხილვაში თავის საკუთარ, ძალიან პირადულ ფსიქოლოგიას„ (კ. იუნგი). ხოლო ერთ-ერთი პირველი, ვინც მეცნიერების (საზოგადოდ ჭეშმარიტების) პიროვნულ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, ფ. ნიცშე იყო. მისი ერთ-ერთი წიგნის სათაურია: „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური„.

      ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა ისიც კი შენიშნეს, რომ სწორედ ფსიქოლოგიაში, სხვა მეცნიერებებთან შედარებით, ცოდნის სისტემა ყველაზე მეტად ასახავს მისი ავტორების პიროვნულ თავისებურებებს. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ კ. როჯერსმა, ვერ მონახა რა სითბო მშობლების მხრიდან, სხვისი პრობლემებისადმი მგრძნობიარობა თავის ფსიქოთერაპიულ შეხედულებათა ქვაკუთხედად აქცია (იხ. თავი 11.1). ა. ადლერი ავადმყოფური, რაქიტული ბავშვი იყო. ამის გარდა იგი იტანჯებოდა თავის უფროს ძმასთან ეჭვიანი პაექრობით. ებრძოდა რა თავის ფიზიკურ სისუსტეს, პატარა ადლერი დარბოდა და თამაშობდა უბნის იმ ბავშვებთან, რომლებთანაც პოულობდა თანასწორობისა და თვითპატივისცემის განცდას, რასაც მოკლებული იყო ოჯახში. ყოველივე ეს აშკარად აისახა ადლერის შეხედულებებში პიროვნების არასრულყოფილებაზე, მის კომპენსაციაზე, სოციალურ გრძნობაზე, დაბადების რიგითობაზე (იხ. თავი 8.1.). ვ. ფრანკლი ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებულმა გამოცდილებამ დაარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია სიცოცხლეს ჰქონდეს საზრისი. ამის გარეშე შეუძლებელია ტანჯვის გადატანა და ნორმალური, სრულფასოვანი არსებობა. ეს მოსაზრება მისი თეორიული და ფსიქოთერაპიული სისტემის ქვაკუთხედი გახდა (იხ. თავი 11.2.). ფროიდის სისტემა ხომ საჩვენებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აისახება პიროვნული მომენტები თეორიისა და პრაქტიკის შინაარსზე. მისი სისტემის მრავალი კომპონენტი (ოიდიპოსის კომპლექსი, სიკვდილის ინსტინქტი, ტრანსფერი და სხვა) სწორედ პირადი გამოცდილების ნიადაგზე წარმოიქმნა (იხ. თავი 8.1.).

      ფსიქოთერაპიული თეორიების გადმოცემა, როგორც წესი, იწყება ამ თეორიის შემქმნელის პიროვნებაზე და მის ცხოვრებაზე მონათხრობით. ეს არაა შემთხვევითი, რამდენადაც იმის გაგება თუ, როგორ წარმოიქმნა კონკრეტული შეხედულება ადამიანის სულიერი ტანჯვის შესახებ, შესაძლებელია მხოლოდ მოცემული ფსიქოთერაპიული მოძღვრების ავტორის ცხოვრების გათვალისწინებით. უდიდესი ფსიქოთერაპევტების ბიოგრაფიების ანალიზი მოწმობს, რომ მათი ცხოვრების პერიპეტიები პირდაპირ კავშირშია სისტემის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან. ფროიდზე, ადლერზე, როჯერსზე და ფრანკლზე უკვე ითქვა. მაგრამ ზოგადფსიქოლოგიური თეორიების ავტორების ბიოგრაფიებიც მიანიშნებს, თუ რა კონტექსტში ქმნიდა ადამიანი თავის შეხედულებას ფსიქიკაზე; სად არის თეორიის თავისებურებათა, ან, თუნდაც, თეორიის ნაკლოვანებათა სათავე. საკმარისია ორი მაგალითი. ზოოლოგმა ჟან პიაჟემ თავისი ინტელექტის თეორია ჰომეოსტაზური (ბიოლოგიური წონასწორობის) მოდელის საფუძველზე ააგო (ინტელექტი გაგებულია, როგორც ადაპტაციის, ანუ ინდივიდსა და გარემოს შორის დინამიკური წონასწორობის შენარჩუნების ფუნქციონალური ორგანო); საბაზო განათლებით ქიმიკოსმა ჯო გილფორდმა შექმნა ინტელექტის სამგანზომილებიანი მოდელი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ანალოგიები მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემასთან.

      ძალიან საინტერესოა კონკრეტული ენის, მშობლიური ენის ზეგავლენა მეცნიერის აზროვნებასა და მის თეორიაზე. ცნობილია სეპირისა და უორფის ნაშრომი, რომელშიც, ვ. ჰუმბოლდტის ენათმეცნიერული თეორიის გამოყენებით, ამტკიცებენ, რომ ნიუტონის მექანიკა და ნიუტონის მსოფლმხედველობა სწორედ ინგლისურენოვან გარემოში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ასევე ჩანს ქართული ენის შინაგანი ბუნების გავლენა განწყობის თეორიაზე (ალ. ფრანგიშვილი, ზ. ვახანია).

1.6. სამეცნიერო სკოლა

      მეცნიერთა ინდივიდუალურ-პიროვნულ თავისებურებათა მნიშვნელობის წარმოჩენამ არ უნდა დაჩრდილოს ის უეჭველი გარემოება, რომ მეცნიერება, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ეტაპზე მაინც, უპირატესად კოლექტიური საქმიანობაა. მეცნიერული ჯგუფების პრობლემატიკა: ჯგუფური ატმოსფერო, ურთიერთობათა თუ ლიდერობის სტილი და ა.შ., ინტენსიურად შეისწავლება მეცნიერების სოციალურ ფსიქოლოგიაში.

      ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით საინტერესოა მეცნიერთა ისეთი კოოპერაციის ანალიზი, როგორიცაა სამეცნიერო სკოლა. აღინიშნება, რომ „სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლის გამოჩენა, მათი შემდგომი დაცემა და სხვებით შეცვლა ფსიქოლოგიის ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი ნიშანია“ (დ. შულცი, ს. შულცი). მას მერე, რაც ფსიქოლოგიამ დამოუკიდებელი მეცნიერების სტატუსით დაიწყო განვითარება, მისი ისტორია თავის საკვანძო მომენტებში, შეიძლება დახასიათდეს მეცნიერული სკოლების კონკურენციისა და ცვალებადობის ისტორიად.

      სამეცნიერო სკოლის ცნების შინაარსი ორი ტერმინის „სამეცნიერო“ და „სკოლა“ მნიშვნელობათა გადაკვეთიდან გამომდინარეობს. იგი აერთიანებს მეცნიერული მოღვაწეობის შემეცნებით, კვლევით და საგანმანათლებლოპედაგოგიურ ასპექტებს. სამეცნიერო სკოლა არის მეცნიერთა ისეთი გაერთიანება, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ურთიერთობა და შემეცნება, მეცნიერული ძიება და კვლევითი ოსტატობის სწავლება, ახალი იდეების წარმოქმნა და მათი შენახვა-დაცვა. მაშასადამე, სამეცნიერო სკოლა სამეცნიერო მოღვაწეობის ორგანიზაციის ისეთი სპეციფიკური ფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია შემეცნებისა და ცოდნის გადაცემის პროცესები. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო სკოლებში, როგორც წესი, ერთ-ერთი მომენტია წინ წამოწეული - საგანმანათლებლო ან კვლევითი. შესაბამისად გამოიყოფა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც ამზადებს მომავალ მკვლევარებს გარკვეულ იდეურ-თეორიულ ან ექსპერიმენტულ ტრადიციაში ჩართვის გზით. იგი სამეცნიერო სკოლის პირველი ისტორიული ფორმაა (პითაგორას, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს და ა.შ. სკოლები). შემდგომში ასეთი სკოლები ძირითადად უნივერსიტეტებთან ყალიბდებოდა გამოჩენილი მეცნიერის გარშემო, რომელიც მოწაფეებს გადასცემდა თავის გამოცდილებას. ასეთ სკოლას კლასიკურსაც უწოდებენ.

      სამეცნიერო სკოლის მეორე და ძირითადი ფორმაა სკოლა - კვლევითი კოლექტივი. ეს არის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ლიდერის (სკოლის მეთაურის) ხელმძღვანელობით ერთად ამუშავებს მის მიერ შემოთავაზებულ კვლევით პროგრამას. მართალია, ასეთი სკოლის მთავარი ფუნქცია კვლევითია, მაგრამ იგი გარკვეულწილად ითავსებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც, თანაც ამ ფუნქციას, ლიდერის გარდა, სკოლის უფროსი და გამოცდილი წევრებიც ახორციელებენ. კვლევითი სკოლის პროდუქტიულობის განმსაზღვრელია კვლევითი პროგრამის მეცნიერული ღირებულება. სკოლის შიგნით კვლევით კოლექტივში ყალიბდება ამ სკოლისთვის სპეციფიკური პიროვნებათშორისი ურთიერთობები, ნორმები, სტანდარტები. ეს ყოველივე დამოკიდებულია სკოლის ლიდერის ორგანიზაციულ და პიროვნულ უნართვისებებზე.

      სკოლის ლიდერები დიდი მეცნიერები არიან, რომლებიც ყველასთვის მისწავდომ ცოდნასთან ერთად, ე.წ. „პიროვნული ცოდნის“ (როგორც მ. პოლანი უწოდებს) მქონენი არიან. პიროვნული ცოდნა არის არა მხოლოდ გარკვეულ, აშკარად ფორმულირებულ მტკიცებათა, ცნებებში გამოხატულ დებულებათა ერთობლიობა, არამედ აგრეთვე კვლევაში ჩართული ინდივიდის განცდებიც. ეს გამოუვლენელი, იმპლიციტური, თვით პიროვნებისთვისაც მიუწვდომელი ცოდნაა, რომელიც არ ექვემდებარება არათუ ფორმალიზაციას, არამედ ენობრივ გამოხატულებასაც კი; ესაა მეცნიერის ოსტატობა, რომელიც აისახება კვლევით-პრაქტიკულ ჩვევებში, დაკვირვებისა და მსჯელობის სტილში, ლოგიკური და ინტუიციური აზროვნების კულტურაში. შეუძლებელია მისი მთლიანი ექსპლიცირება და სახელმძღვანელოებსა თუ ინსტრუქციებში გადმოცემა. პიროვნული ცოდნა პირადი კონტაქტებისას გადადის „ხელიდან ხელში“, მკვლევართა უშუალო ურთიერთობათა იმ ველში, რომელსაც აყალიბებს სკოლის ლიდერი. კვლევითი ამოცანის გარდა, კვლევითი სკოლის წინაშე დგას მიღებული შედეგების სამეცნიერო საზოგადოებისთვის მიწოდებისა და ამ საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკისაგან დაცვის ამოცანები.

      გამოყოფენ, აგრეთვე, სკოლის კიდევ ერთ სახეობას - სკოლა მიმართულება. იგი იქმნება გარკვეული ტრადიციის დამკვიდრებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ მეცნიერებსა და კოლექტივს. ეს უკვე აღარაა სკოლა, რომელიც კონცენტრირებულია ერთი ლიდერისა და მისი პროგრამის გარშემო. მისი მასშტაბი აღემატება კონკრეტულ კვლევით კოლექტივს და აერთიანებს მკვლევარებსა და მეცნიერთა ჯგუფებს საერთო მეთოდოლოგიური და ზოგადთეორიული პრინციპების გარშემო. ფსიქოლოგიაში ასეთი სკოლა-მიმართულების მაგალითებად მოიხსენიება ასოციაციონიზმი, ბიჰევიორიზმი, ნეობიჰევიორიზმი, ნეოფროიდიზმი, ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ა.შ. ისინი ნამდვილად არიან მიმართულებები ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში, თუმცა, რამდენად გამართლებულია მათი სკოლებად მიჩნევა, ეს შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს. ფაქტია, რომ მათში ჩართულია მეთოდოლოგიურად მსგავსი, მაგრამ შინაარსეულად განსხვავებული თეორიული პროგრამები და ზოგჯერ ამ პროგრამების განმახორციელებელი მეცნიერთა ჯგუფი (კვლევითი სამეცნიერო სკოლა). მაგალითად, ნეობიჰევიორისტულ მიმართულებას რამდენიმე სამეცნიერო სკოლა ავითარებდა, რომელთაგან განსაკუთრებით ძლიერი კოლექტივები მუშაობდნენ კ. ჰალისა და ე. ტოლმენის მეთაურობით (იხ. თავი 9.2.). სამეცნიერო სკოლის სახელწოდებას ყველაზე უფრო სწორედ ასეთი სკოლები იმსახურებენ.

      ფსიქოლოგიაში კვლევითი სკოლის ტიპური მაგალითია ვუნდტის სკოლა. მისი ფორმირება, კადრების მომზადებისა და შერჩევის კუთხით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ვუნდტი ლაიფციგში გადავიდა სამუშაოდ. ამ დროისთვის მას უკვე ჩამოყალებებული ჰქონდა თეორიული პროგრამა, რომელიც გარკვეული ფსიქიკური ფენომენების ექსპერიმენტულ შესწავლას ითვალისწინებდა. ამ პროგრამის რეალიზაცია დაიწყო მის მიერ მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ლაბორატორიის გახსნისთანავე. კვლევა-ძიებას ვუნდტის უშუალო ხელმძღვანელობით მისი მოწაფეები ეწეოდნენ. ბევრი მათგანი შემდგომში დამოუკიდებელი სკოლების ლიდერები გახდნენ (იხ. თავი 6.1 და 7.1).

      ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვუნდტი, სწავლობდა დიმიტრი უზნაძე. მართალია, ამ დროისთვის ვუნდტს უკვე დასრულებული ჰქონდა თავისი პროგრამის ექსპერიმენტული ნაწილი და „ხალხთა ფსიქოლოგიის„ წერით იყო დაკავებული, აქ მაინც სუფევდა ექსპერიმენტული სულისკვეთება, რაც უზნაძემ მყარად გაითავისა. სამშობლოში დაბრუნებული უზნაძე მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსების მერე იწყებს ფსიქოლოგიაში მუშაობას. იმ დროისთვის ის საქართველოში ერთადერთი ფსიქოლოგია და თავის თავზე იღებს ქვეყანაში ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანიზაციის საქმეს. უპირველესი ამოცანა კადრების მომზადებაა. აქ თავს იჩენს უზნაძის, როგორც პედაგოგის გამორჩეული თვისებები. თავდაპირველად უზნაძის სკოლა წმინდა საგამანათლებლო ხასიათს ატარებს. მართალია, უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიური ლაბორატორია, მაგრამ იგი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის, ცდების დემონსტრაციისა და მომავალი ფსიქოლოგების ექსპერიმენტში დაოსტატების საქმეს ემსახურება.

      შემდგომში ლაბორატორია კვლევით ფუნქციას იძენს. დაარსებიდან ხუთიოდე წლის მერე უზნაძე აქ იწყებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხის ექსპერიმენტულ შესწავლას (მნიშვნელობის წვდომა, სახელდება, სასკოლო ინტერესები, ცნების ფორმირება). პარალელურად იწყება ორიგინალური თეორიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. გამოიკვეთა თეორიის საკვანძო ცნება - განწყობა. ექსპერიმენტულ ტრადიციაზე აღზრდილი უზნაძის წინაშე დაისვა ამ ფენომენის ემპირიული შესწავლის და შესაბამისი ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის შექმნის ამოცანა. ამ ამოცანის გადაწყვეტის საქმეში 1927 წლიდან უზნაძე უკვე რთავს თავის მოწაფეებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წელს უზნაძემ დააარსა „ქართული საფსიქოლოგიო საზოგადოება“, შეიძლება ითქვას, რომ უზნაძის კვლევითი სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების ათვლის წერტილად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს. სამი წლის მერე ქვეყნდება უზნაძის პირველი ექსპერიმენტული გამოკვლევა განწყობის ფსიქოლოგიაში. ამიერიდან სკოლას უკვე აქვს გაცხადებული კვლევითი პროგრამა, რომლის რეალიზაციაში აქტიურად ერთვებიან უზნაძის თანამშრომლები. მათი უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრასა და ლაბორატორიაში მუშაობს. 1941 წელს დაფუძნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სადაც უზნაძემ თავიდანვე გახსნა ფსიქოლოგიის სექტორი. იგი ორ წელიწადში ფსიქოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამიერიდან სკოლის კვლევითი ცენტრი ინსტიტუტი ხდება.

      სწორედ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არსებობა უნდა მივიჩნიოთ უზნაძის სკოლის დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. საქმე ისაა, რომ უზნაძე გარდაიცვალა შემოქმედებითი აქტივობის ზენიტში. მისი განწყობის თეორია არ იყო დასრულებული, ის სწორედ მაშინ გავიდა განვითარების ახალ ეტაპზე. სკოლის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში ფართო კვლევითი საქმიანობა იყო გაშლილი სხვადასხვა მიმართულებით. მიმართულებებს უკვე სახელმოხვეჭილი და ავტორიტეტული მეცნიერები ედგნენ სათავეში. ამიტომ განწყობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო პროგრამის დამუშავება უზნაძის წასვლის მერეც გაგრძელდა. ულიდეროდ დარჩენილი სკოლა არ დაშლილა. ინსტიტუტი და უნივერსიტეტის კათედრა განაგრძობდა განწყობის ფსიქოლოგიის განვითარებას. სკოლის კონსოლიდაციას იმანაც შეუწყო ხელი, რომ უზნაძის გარდაცვალების შემდეგ, 1950-1960-იან წლებში დაიწყო ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაზე იდეოლოგიურად მოტივირებული შემოტევა. განწყობის თეორიას, მარქსისტული მატერიალიზმის სიწმინდის დაცვის მიზნით, უტევდნენ როგორც ქართველი, ისე რუსი მუშაკები. გაიმართა ცხარე დისკუსიები, რომლებშიც უზნაძის სკოლის არსებობის საკითხი წყდებოდა. საერთო საფრთხემ კიდევ უფრო შეადუღაბა ქართველი ფსიქოლოგები. საბოლოოდ, განწყობის თეორია და მის დამუშავებაზე ორიენტირებული სამეცნიერო სკოლა გადარჩა. მეტიც, სწორედ 1970-1980-იან წლებში მიაღწია ქართულმა ფსიქოლოგიამ ყველაზე მეტ აღიარებას როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საზღვარგარეთ.

      სკოლის დაშლა 1990-იანი წლების დასაწისიდან დაიწყო. ამაში გადამწყვეტი როლი ექსტერნალურმა ფაქტორებმა ითამაშა - უმძიმესმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა. ყოფით პრობლემებში ჩაძირული მეცნიერები, პრაქტიკულად დაფინანსების გარეშე დარჩენილი ინსტიტუტი, ომები, შიშისა და უიმედობის ატმოსფერო - ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის პირობებს ნამდვილად არ ქმნიდა. ფსიქოლოგთა უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკულ საქმიანობაზე გადაერთო, რომლის მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

      სამეცნიერო სკოლები იბადებიან, ვითარდებიან და კვდებიან. მაგრამ ისინი მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიის ისტორიაში იმკვიდრებენ ადგილს, რადგანაც მეტ-ნაკლებ კვალს ტოვებენ მეცნიერების განვითარებაზე. მათ შემდეგ რჩება თეორია და მეცნიერული ტრადიცია. ასეა უზნაძის სკოლის შემთხვევაშიც. დარწმუნებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ განწყობის ფსიქოლოგიის, როგორც თეორიული სისტემის განვითარების რესურსი სულაც არ არის ამოწურული და რამდენიმე ერთგული მიმდევარი მეცნიერი მას ამჟამადაც ჰყავს.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

--------------------------

[1] არსებობს სხვაგვარი ანალიზიც. ცნობილი თანამედროვე ამერიკელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსი ჰეგენჰანი ფსიქოლოგიის მეცნიერულობის შესახებ ლიტერატურაში გამოთქმულ ოთხ სხვადასხვა თვალსაზრისს გამოკვეთს: 1. ფსიქოლოგია არ არის მეცნიერება, ვინაიდან მისი საგანი იმდენად სუბიექტურია, რომ არ ექვემდებარება მეცნიერულ კვლევას; 2. ფსიქოლოგია ჯერ არ არის სრულყოფილი მეცნიერება, მაგრამ შეუძლია და უნდა გახდეს ასეთი; 3. ფსიქოლოგია მხოლოდ ნაწილობრივ არის მეცნიერება; 4.Fფსიქოლოგია არის მეცნიერული დისციპლინა, რომელიც იყენებს მეცნიერულ მეთოდოლოგიას.

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, იმედაძე, მეცნიერება, მოდელები, ფსიქოლოგია

ნახვა: 2272

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters