ქალბატონი, რომელიც ჩემთან მიღებაზე მოვიდა, ეჭვობდა, რომ მის 16 წლის ვაჟს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ჰქონდა. საუბრის დროს იგი აშკარად ცდილობდა, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოეჩინა; ჯერ სკამზე ისე დაჯდა, რომ მისი შესიებული ლოყა თვალშისაცემი არ ყოფილიყო (თან ამის გამო ბოდიში მოიხადა – დღეს დილით კბილი ამოვიღეო), მერე საკუთარი თავის ქებას მოჰყვა და აღნიშნა, რომ ერთობ დიდბუნებოვანი დედა იყო. სამაგიეროდ, ქალი მეუღლის მიმართ საკმაოდ კრიტიკულ შენიშვნებს და საყვედურებს გამოთქვამდა; მერე კი, როცა საუბარი შვილს შეეხო, მათი ოჯახური ცხოვრების შემდეგი დეტალები გამოვლინდა: აღმოჩნდა, რომ ბიჭის დედ-მამას წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ რაკი საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს უწევდნენ, განქორწინება არც უფიქრიათ. დედა ხშირად დიდხნობით მოგზაურობდა და შვილიც თან დაჰყავდა, რომელსაც ამ დროს თანხმლების როლი ჰქონდა მიჩენილი. ისინი მდიდრულ სასტუმროებში ცხოვრობდნენ და მაშინაც კი ერთ ოთახში ეძინათ, როდესაც ბიჭი გარდამავალ ასაკს გადასცდა. ამ საკმაოდ მომხიბვლელ ქალს ძალიან სიამოვნებდა, როცა ხედავდა, რომ ბიჭი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა დედას, რომელიც მისი თანდასწრებით იხდიდა ან იცვამდა ტანსაცმელს. ქალი გრძნობდა, რომ ბიჭი საშინლად შემცბარი იყო, მაგრამ რაკი სურდა, რომ შვილს იგი გაეღმერთებინა, ამიტომ თავისი საქციელი მართებულად მიაჩნდა. ბიჭს თავსმოხვეული როლი გათავისებული ჰქონდა, მაგრამ საკმარისი იყო, თავისი ნებით ემოქმედა, რომ დედა საყვედურებით ავსებდა. ერთხელ, როცა ბიჭმა სასტუმროს რესტორანში დამოუკიდებლად რაღაც შეუკვეთა, დედამ იგი მიმტანის თვალწინ შეახურა და გააფრთხილა, ასე აღარასოდეს მოქცეულიყო. ამრიგად, ქალს ბიჭი იმისთვის სჭირდებოდა, რომ იგი გაეღმერთებინა; მის ხელში შვილი თითქოს რაღაც სათამაშოდ ქცეულიყო, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. დედის წყალობით ბიჭს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, რადგან ქალი შვილს მამის წინააღმდეგ განაწყობდა და საშინლად ეჭვიანობდა, თუკი იგი მამის მიმართ გარკვეულ ყურადღებას გამოიჩენდა. მამა, თავის მხრივ, გრძნობდა, რომ შვილს ნელ-ნელა კარგავდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რადგან დედას მასთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა: იგი შვილთან უმეტეს დროს ატარებდა, მამა კი ბიჭს იშვიათად ხედავდა. ამასთან, მამას არ სურდა, შვილი დედის წინააღმდეგ განეწყო და თავის მხარეზე ისე გადაეყვანა; ბიჭი კი ფიქრობდა, მამა ასე იმიტომ იქცევა, რომ არ ვუყვარვარო. მისი აზრით, მამა ასეთი საქციელით აღიარებდა თავის დანაშაულს დედის წინაშე და ამიტომ დედა მართალი იყო, როდესაც ბიჭს ეუბნებოდა – ხომ ხედავ, მე რა ძალიან მიყვარხარ, მამაშენი კი არაფრად გაგდებსო.

      ამრიგად, როგორც უკვე ვთქვით, ქალი ბიჭს მთლიანად საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა და ვერ ხვდებოდა, რა დიდ დანაშაულს სჩადიოდა მის წინაშე. ქალი ქმარზე შურისძიებას ცდილობდა იმ იმედგაცრუების გამო, რასაც ქორწინების შემდეგ გრძნობდა და რაშიც იგი მხოლოდ ქმარს ადანაშაულებდა; მან ხომ ცოლს მთელი ამ ხნის განმავლობაში «სახარბიელო ვერაფერი შესთავაზა».

      დედისერთა მომხიბვლელ გოგონას ერთობ რთულ ოჯახურ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რადგან დედმამას ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. პატივმოყვარე დედა შვილს ბოროტად იყენებდა და ოთხი წლის ასაკიდან აიძულებდა, საბავშვო ტანსაცმლის ჩვენებებზე – პოდიუმზე გამოსულიყო. ამ დროს დედა იქვე მახლობლად იჯდა და ბავშვის თითოეულ ნაბიჯს თვალყურს ადევნებდა. გოგონა მუდმივად შიშს განიცდიდა, რადგან იცოდა, რომ დედას მისი არც ერთი მოძრაობა არ გამოეპარებოდა და, როგორც თავად ამბობდა, თავისი ცივი და მკაცრი მზერით შვილის ყოველ «შეცდომას» აღნუსხავდა. თუ ქალს გოგონას გამოსვლა მოეწონებოდა, მას ყველას დასანახად ნაზად კოცნიდა და აქებდა; ამ დროს გარშემომყოფნი დედობრივი სიყვარულის გულისამაჩუყებელი გამოვლინების მოწმენი ხდებოდნენ. მაგრამ, თუ გოგონა პოდიუმზე გამოსვლის დროს რაიმე შეცდომას დაუშვებდა, დედა მას სახლში წაიყვანდა, კარგად შეახურებდა და მერე დიდხანს ავარჯიშებდა, თან ბავშვს მკაცრად აფრთხილებდა – იცოდე, ასეთი შეცდომა აღარ გაიმეოროო.

      გოგონა ნელ-ნელა მიხვდა, რომ დედის სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებდა, თუ მის მოთხოვნებს უსიტყვოდ შეასრულებდა და იმედს არ გაუცრუებდა; მერე მისთვის ასევე ცხადი გახდა, რომ დედა მის გარეგნობას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სხვა ბავშვების შურიანი და თან აღტაცებული მზერა, რომელსაც იგი მუდმივად გრძნობდა, გოგონასთვის ვერაფერი ნუგეში იყო. მოგვიანებით იგი ცნობილი მოდელი გახდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ნელ-ნელა სიბერის შიშმა შეიპყრო, რადგან გოგონას ცხოვრების არსი, თვითშეფასების განცდა თუ მამაკაცებთან ურთიერთობა მისი სხეულის მომხიბვლელობას ემყარებოდა. აქედან გამომდინარე, იგი არ უჩიოდა «თავგადასავლების» ნაკლებობას, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა, რადგან გაურკვეველ გრძნობებს აყოლილი გოგონა ისევ და ისევ დიდ სიყვარულზე ოცნებობდა. იგი ფიქრობდა: 30 წელს რომ გადასცდებოდა, მისთვის ცხოვრება აზრს დაკარგავდა. გოგონას მძიმე დეპრესია ეწყებოდა, წონაში ოდნავ მაინც თუ მოიმატებდა. მის წონას დედა მკაცრად აკონტროლებდა და დაუნდობლად შეახსენებდა, რომ მისი საბაზრო ღირებულება ნელ-ნელა ეცემოდა. იგი ცდილობდა, გოგონას ურთიერთობა შეძლებულ მამაკაცებთან ჰქონოდა, და, მდიდარი სასიძოს მოლოდინში, თავადაც იმედს არ კარგავდა, რომ სიბერეში მასაც უზრუნველი ცხოვრება ექნებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც გოგონამ თავის მოკვლა სცადა, დედამ ფსიქოთერაპევტს მიმართა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ლამაზი ფასადის მიღმა, რომელსაც ბევრი შურის თვალით შეჰყურებდა, ერთი საცოდავი არსება იმალებოდა.

      ცნობილია, რომ გოგონას მსგავს ბედს ამ პროფესიის ბევრი ადამიანი იზიარებს.

      ქალბატონი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ისტერიის ნიშნები ჰქონდა, ცდილობდა, ქმარი მთლიანად საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია. ქალის მშობლების ოჯახშიც ასე ხდებოდა: იქ მამას ყველა აგდებით უყურებდა, რადგან უცნაურ კაცად მიაჩნდათ, თუმცა კი ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფდა. საერთო ჯამში იგი ყველასთვის მაინც «quantité negligeable»[20] იყო. ქალსაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ქმრისადმი, რომელიც მისთვის უმთავრესად გამორჩენის წყარო იყო. მასში ამ აზრის განმტკიცებას ყველანაირად ხელს უწყობდა საკუთარი დედა, რომელთანაც ქალი უმეტეს დროს ატარებდა, ქმარს კი ანგარიშს საერთოდ არ უწევდა. სიდედრი ხშირად აკრიტიკებდა სიძეს, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილი «უკეთეს ქმარს იმსახურებდა». სიძე მასწავლებლად მუშაობდა, საზოგადოებაში «მყარი» მდგომარეობა ეკავა და სიბერეში პენსიითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა; მაგრამ, რაკი მისი გამდიდრების არავითარი იმედი არ არსებობდა, დედა ქალიშვილს აგულიანებდა, რაც შეიძლება, მეტი ფული დაეცინცლა ქმრისათვის, რათა მომავალი უზრუნველეყო. ქალი გართობას და დროსტარებას არ იკლებდა, ქმარი მიგდებული ჰყავდა და შვილის ყოლაზეც უარს აცხადებდა. მისი თქმით, ქმარი იმითაც ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რომ შეეძლო ასეთი მომხიბვლელი და სასურველი არსება ჰყოლოდა გვერდით. პირველ ხანებში ქმარი შემწყნარებლურად უყურებდა ქალის ჭირვეულ ხასიათს, იმედოვნებდა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ იგი შეიცვლებოდა. მაგრამ დრო გადიოდა და ქალი არ იცვლებოდა, დედას ვერა და ვერ შორდებოდა და მისი ქალიშვილის როლიდან ვერ გამოდიოდა, ცოლი კი საერთოდ არ ეთქმოდა, რადგან ქმართან არაფერი აკავშირებდა; მათ შორის სრული გაუცხოება მომხდარიყო. მერე კი, როდესაც ქმარმა სხვა ქალი გაიჩინა, ცოლმა ყველაფერში დაუყოვნებლივ ქმარი დაადანაშაულა და სალაპარაკოდ მხოლოდ მისი ღალატის ფაქტი გაიხადა. მას აზრადაც არ მოსვლია, თავის საქციელზე დაფიქრებულიყო და საკუთარი თავიც განეკითხა. ასეთ შემთხვევაში იგი ქმარს დაელაპარაკებოდა, შესაძლოა, ცოლ-ქმარს გაეგო ერთმანეთისთვის და აღედგინა ურთიერთობა; მაგრამ ამგვარი რეალობა ქალისგან დიდ ძალისხმევას და საკუთარი დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ქალს დედის ოჯახის წეს-ჩვეულებები და შეხედულებები იმდენად ჰქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მხოლოდ მასთან მიმართებაში ახდენდა.

      ცნობილია, რომ ისტერიული პიროვნებები ძნელად ახერხებენ ადრე არსებული ურთიერთობების გაწყვეტას. ამის დასტურად, ოდნავ ვრცლად, კიდევ ერთ შემთხვევას მოვიყვან:

      ქ-ნი პ. ერთადერთი ქალიშვილი იყო მშობლებისა, რომლებსაც ერთმანეთში ძალზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა ცნობილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ოჯახში საშინელი თავნება და მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა და, როგორც ქმარს, ნამდვილი დესპოტი ეთქმოდა. გოგონას დედაც ისეთი ოჯახიდან იყო, სადაც მამაკაცები პატრიარქალურ საზოგადოებაში დაწესებული უპირატესი უფლებებით სარგებლობდნენ. ამრიგად, იგი მეშჩანური «კრუხის» ტიპის ქალად ჩამოყალიბდა; ამასთან, საშინლად ჯიუტი ადამიანიც იყო – ებღაუჭებოდა მამის ოჯახიდან გამოყოლილ შეხედულებებს და ცხოვრებაზე თუ ადამიანებზე საკუთრი აზრის გამოთქმა არასოდეს უცდია. მას არავითარი თავდაჯერება არ გააჩნდა და დღენიადაგ «სხვების სამყაროში» ცხოვრობდა. ამ სამყაროში მისთვის პრობლემები არ არსებობდა, რადგან ქალმა ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ «სხვები».

      იგი აღფრთოვანებული იყო თავისი ცნობილი და წარმატებული ქმრით და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მისთვის ჰქონდა მინდობილი («ეს ხომ შენ უკეთ გესმის», «ამაში სავსებით გეთანხმები», – ეუბნებოდა იგი ქმარს და, მართლაც, როგორც სანიმუშო მეუღლეს, განა შეეძლო მისგან განსხვავებული აზრი ჰქონოდა?!). რაკი ქალი მთლიანად ქმარს მორჩილებდა, ბუნებრივია, იგი ვერ განვითარდა როგორც პიროვნება და ცოლქმრულ ცხოვრებაშიც ვერ შეიძინა საჭირო გამოცდილება, რაც ქმარს ნაკლებად ანაღვლებდა. ის იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მორჩილი და მზრუნველი ცოლი ჰყავდა, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქმრის პიროვნებით, თავს ევლებოდა და ყოველნაირად ანებივრებდა მას. მაგრამ რაკი ცოლი დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდა და ქმრის გარეშე არსებობა აღარ შეეძლო, ქალმა მეუღლის თვალში მიმზიდველობა ნელ-ნელა დაკარგა და ამ უკანასკნელმა მალე სხვა ქალებთან გააბა ურთიერთობა. ცოლმა ეს გაიგო, მაგრამ განქორწინება არც უცდია, რადგან იცოდა, რომ დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებდა. თავის მხრივ, სახლიდან წასვლა არც ქმარს აძლევდა ხელს, რადგან იგი დროს მაინც თავის ნებაზე ატარებდა, ოფიციალურად კი ოჯახი ჰქონდა, რომლის მიტოვებაც მის რეპუტაციაზე არასახარბიელოდ იმოქმედებდა. ამ სიტუაციაში ცოლი სრულიად უმწეო აღმოჩნდა; სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, პირველ ხანებში ქმარს საშინელ სცენებს უწყობდა და საყვედურებით ავსებდა, რაც ამ უკანასკნელს კიდევ უფრო აღიზიანებდა. იმედდაკარგული ქალი ამასობაში შვილის გულის მოგებას ცდილობდა, პატარა ბავშვს თავის დარდს და წუხილს უზიარებდა, მერე იმასაც მიაღწია, რომ გოგონამ მამას დედის თვალით დაუწყო ყურება და მასში «ბოროტი ადამიანი» დაინახა. ეს კი საშინელება იყო ბავშვისთვის, რადგან მან ახლა უკვე იცოდა, თუ რა «სასტიკები არიან კაცები». გოგონას, ბუნებრივია, დედის მხარე ეჭირა, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყო, უვლიდა და ანებივრებდა შვილს; ფიცხი და გაუწონასწორებელი მამა კი შვილისათვის ვერ იცლიდა, რადგან გამუდმებით მოგზაურობდა და ოჯახში იშვიათად ჩნდებოდა.

      ამასობაში გოგონა გაიზარდა, მშვენიერი ქალიშვილი დადგა და თავისი სილამაზით მამის ყურადღებაც მიიპყრო, რომელიც შვილს გარეგნობას უქებდა და აშკარად დედაზე წინ აყენებდა. ამ სიტუაციაში შვილი თავს ძალზე უხერხულად გრძნობდა, რადგან მამამ იგი დედის მეტოქედ აქცია, დედა კი ის ადამიანი იყო, რომლის მხარდაჭერაც მას გამუდმებით სჭირდებოდა. ბავშვს, ერთი მხრივ, სიამოვნებდა მამასთან ურთიერთობა, რომლის წყალობითაც იგი ახლა თვითშეფასების სრულიად ახალ გრძნობას ეზიარა, მეორე მხრივ კი, დედის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა. ქალიშვილი ხედავდა, რომ დედა ქმრის ნებისმიერ მოთხოვნას მორჩილად ასრულებდა, ქმარი კი მას არაფრად აგდებდა და გასართობად წასვლას ან ქალაქში გასეირნებას მხოლოდ შვილს სთავაზობდა. მიუხედავად ამისა, გოგონა ამ დროს ქვეცნობიერად თითქოს საკუთარ გამარჯვებასაც ზეიმობდა; იგი კმაყოფილი იყო, რომ მამა დაისაკუთრა და დედას აჯობა. ახლა მას მხოლოდ ის აშინებდა, დედის სიყვარული არ დაეკარგა, რადგან, მეშჩანური აზრების მიუხედავად, იგი მისთვის მაინც დედად რჩებოდა – შვილზე გამუდმებით ზრუნავდა და გოგონას თავისი ალერსიანი, მოსიყვარულე დედის იმედი ყოველთვის შეიძლებოდა ჰქონოდა.

      ამ საპირისპირო გრძნობების ურთიერთჭიდილში გოგონა საკუთარ თავს აწყდებოდა. მამა მისთვის იმ «დიდ სამყაროს» წარმოადგენდა, რომლის ცხოვრების წესი მას გაურკვეველ მოლოდინს აღუძრავდა. მან ისიც იცოდა, რომ მოკრძალებული დედა ასეთ ცხოვრებას ვერასოდეს შეეგუებოდა – მას ხომ შიში იპყრობდა იმ სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი თავს ვერასოდეს დაიმკვიდრებდა და რომელმაც ქმარი წაართვა.

      მერე და მერე საქმე უფრო გართულდა, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად არ გაყრილან. მამა საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავიდა, გოგონა კი დედასთან დარჩა. თუმცა მამის წასვლასთან ერთად, მას ახლა ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, თითქოს ის «დიდი სამყარო» მისთვის სადღაც შთაინთქა. შვილი უფრო დაუახლოვდა დედას, რომელიც თავისი ცხოვრების აზრს მხოლოდ ქალიშვილში ხედავდა. იგი ანებივრებდა შვილს, თან სინდისზე აგდებდა მას და საყვედურობდა, როდესაც გოგონა სადმე მიდიოდა, დედას მარტო ტოვებდა და საკუთარ ცხოვრებას თავადვე განაგებდა. დედა კი ამ დროს თავისი საქციელით ისევ და ისევ ქმრის მიმართ ჩადენილ შეცდომას იმეორებდა.

      რაკი მამამ იმედები გაუცრუა, ახლა გოგონა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გამოეყენებინა დედა. ამით იგი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ქვეცნობიერად მამასთან ახდენდა და მისი დაკარგვის გამო შურს დედაზე იძიებდა, ტანჯავდა და აწვალებდა მას. ამრიგად, თავისი ცხოვრების წესით, ორივე ქალი ისევ იმ ძველ ურთიერთობებს იმეორებდა, ოღონდ ახლა როლები შეცვლილიყო და მამის როლს უკვე შვილი ასრულებდა. გოგონა მამასავით აკრიტიკებდა და საყვედურობდა დედას, თან ყველანაირად იყენებდა მას – მისი წყალობით საკმაოდ ნებიერად ცხოვრობდა და მის უკმაყოფილებას არად აგდებდა; დედა, თავის მხრივ, იძულებული იყო, აეტანა შვილის უზნეო საქციელი, რადგან მისი დაკარგვისა ეშინოდა.
მამა გოგონას თავისთან, დიდ ქალაქში, იშვიათად, მაგრამ მაინც მიიწვევდა ხოლმე. იგი ძალიან ამაყობდა
შვილის სილამაზით, მასთან ერთად სეირნობდა ქუჩაში და კმაყოფილებით ხედავდა, როგორი ინტერესით აყოლებდნენ გოგონას თვალს მამაკაცები. ხანმოკლე სტუმრობის დროს მამა შვილს მეტისმეტად ანებივრებდა: დაჰყავდა მდიდრულ რესტორნებში და ოპერაში, ყიდულობდა ძვირფას ტანსაცმელს და სამკაულებს. მას სურდა, ქალიშვილს დაენახა, თუ რა ბრწყინვალედ ცხოვრობდა, მაშინ როცა მიტოვებულ ცოლ-შვილს მისი გამოგზავნილი ფულით თავი ძლივს გაჰქონდა. მამის ასეთი ცხოვრება კი გოგონას თვალწინ ხანმოკლე დროით გაიელვებდა და სწრაფადვე ქრებოდა – მამა მას ისევ შინ, დედასთან აბრუნებდა, სადაც გაურკვეველი დროით უნდა დალოდებოდა, ხელახლა როდის გაიკიაფებდა უზრუნველი ცხოვრების ბრწყინვალება. მანამდე კი გოგონას დედის მეშჩანური სამყარო უნდა აეტანა, სადაც მის ახალ ტანსაცმელს, სამკაულებს ყოველგვარი ღირებულება დაკარგული ჰქონდა.

      მერე და მერე გოგონას ისეთი პრეტენზიები გაუჩნდა, საკუთარი მცდელობით ვერასდროს რომ ვერ შეისრულებდა. ეს პრეტენზიები მას ცხოვრების მიმართ ჰქონდა და, კაცმა რომ თქვას, მათი გამოთქმა არც ეკრძალებოდა. დიახ, გოგონას ამაში ნამდვილად ვერ გაამტყუნებდი, რადგან მამას, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შეეძლო ამ პრეტენზიების დაკმაყოფილება, თუ შვილის მიმართ მეტ მზრუნველობას გამოიჩენდა. ცხადია, მაშინ გოგონას ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. დედა მას ყველანაირად ხელს უწყობდა, მისი გულის მოგებას ცდილობდა, რათა შვილს არ მიეტოვებინა და მთლად მარტო არ დარჩენილიყო. ამასთან, დედა სულაც არ იყო დაინტერესებული, რომ შვილს ესწავლა, განათლება მიეღო და რაიმე საქმისთვის მოეკიდა ხელი, რადგან ეს მათ თანაცხოვრებას დაემუქრებოდა. მამა ამასთან დაკავშირებით ასეთი აზრისა იყო: «ჩემს შვილს არ სჭირდება მუშაობა». შვილების მიმართ ასეთ მოსაზრებას ხშირად ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატებას საკუთარი ძალისხმევით მიაღწიეს. ისინი ამაყობენ ამ წარმატებით და ფიქრობენ, რომ «შეუძლიათ თავს უფლება მისცენ და საკუთარი ქალიშვილები არ გაუშვან სამუშაოდ, რადგან მათ არა აქვთ ფულის შოვნის საჭიროება». ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ თვალსაზრისს მათი შვილებისათვის.

      თავად გოგონა დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა და არც რაიმე საქმიანობისადმი ჰქონდა განსაკუთრებული მიდრეკილება. ახლა იგი მშობლებზე შურს იმით იძიებდა, რომ მთლად მათზე დამოკიდებული რჩებოდა. საკუთარ განწყობას ის დაახლოებით ასე გამოხატავდა: «რაკი თქვენი საქციელით ცხოვრება ისე გამირთულეთ, რომ აღარ ვიცი, რა ვიღონო, ახლა კეთილი ინებეთ და სამომავლოდ მაინც იზრუნეთ ჩემზე!» ეს იმას ჰგავს, ერთმა ბიჭმა რატომღაც ნიშნის მოგებით რომ თქვა: «ახია მამაჩემზე, ხელები რომ მეყინება, რატომ არ მიყიდა ხელთათმანები?» ცხადია, ასეთი პირქუში იუმორის მიღმა ხშირად უიმედობა და სასოწარკვეთა იმალება.

      ასეთ პირობებში გაიზარდა ქ-ნი პ. როგორც ვთქვით, იგი მომხიბვლელი და პრეტენზიული ქალიშვილი დადგა; გემოვნებით იცვამდა, მამასავით ამპარტავანი იყო, ოღონდ მისი სილაღე და გერგილიანობა არ გამოჰყოლოდა. გოგონამ არ იცოდა შრომის ფასი და მძინარე მზეთუნახავივით მუდმივად თავის მხსნელ პრინცს ელოდა, პრინცი კი არსად სჩანდა, რადგან გოგონას მაღალ საზოგადოებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ჩვეულებრივი მამაკაცები კი «სახარბიელოს ვერაფერს სთავაზობდნენ». ბოლოს და ბოლოს, ეს სილამაზით გამორჩეული, ამაყი, პრეტენზიული და თავდაჯერებული გოგონა ისევ იმ პატარა, უმწეო და დედის კალთაზე გამობმულ არსებად დარჩა, რომელსაც სურდა ეს უსუსურობა ამპარტავნული ქცევით შეენიღბა. ასე და ამრიგად, იგი «მაღალი წრიდან» გამოსულ, ოდნავ მეოცნებე ახალგაზრდა ქალის შთაბეჭდილებას ახდენდა, ცხოვრებისეულ საკითხებში კარგად რომ ერკვეოდა.

      ამ ცხოვრებისეულ სივრცეში ყოფნისას გოგონას ნელ-ნელა შიში იპყრობდა. დედის დახმარების გარეშე იგი სრულიად უმწეო იყო და ქუჩაში მარტო ვერ გადიოდა. მერე და მერე შიშის ნევროზი საგანგაშო სიმპტომატიკით გამოვლინდა და სომატურადაც იჩინა თავი. გოგონას აჩქარებული გულისცემა და პირღებინების შეგრძნება ჰქონდა, მერე უძილობაც დასჩემდა. დედა შვილს ექიმებთან დაატარებდა და მკურნალობის ანგარიშებს მამას უგზავნიდა, რომელმაც მათ გადახდაზე მალე უარი განაცხადა. გოგონას აშინებდა რეალობა, არ სურდა საკუთარი თავი საქმეში გამოეცადა და რაიმე გადაწყვეტილებები მიეღო.

      გოგონა შიშს შეეპყრო, რადგან არ იცოდა, როგორ მოეწყო საკუთარი ცხოვრება, როგორც ეთქვა უარი თავის ბავშვურ, უმწიფარ ქცევებზე. მერე მან ეს ყველაფერი იმ შიშებზე გადაიტანა, რომლებიც ახლა თითქოს მის მაგიერ იხდიდნენ ბოდიშს, რომ გოგონამ სწორედ მათთან გამკლავება ვერ შეძლო: ის ხომ ავად იყო! შიშის ნევროზი ახლა იმაში ვლინდებოდა, რომ მისთვის ერთადერთი საყრდენი დედა გამხდარიყო, რომელიც შვილსა და გარესამყაროს შორის კედელივით იყო აღმართული და «იცავდა» მას.

      დედა ცდილობდა, შვილს არ ეგრძნო იმ მოთხოვნების შედეგად გამოწვეული იმედგაცრუება, რომლებსაც იგი ცხოვრებას წაუყენებდა. ამ მოთხოვნებს გოგონა ოცნებებში წარმოსახავდა, მაგრამ თავად ძალა და უნარი არ გააჩნდა მათ განსახორციელებლად. იგი მშობლებზე შურისძიებას ცდილობდა, ახლა კი «ლეგიტიმური», საპატიო მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ გარიდებოდა ყველაფერს, რაც მისთვის არასასიამოვნო და არასასურველი იყო. როგორც ვხედავთ, ეს შემთხვევა ერთობ გამარტივებულად და მოკლედ აღვწერეთ, მაგრამ ისტერიის ხელშეწმყობი გარემოს პირობებში, ყველა შესაძლებელი ვარიანტის გათვალისწინებით, ამ ვითარებაშიც დავინახავთ იმ დამახასიათებელ ნიშნებს, რომელთა შეჯამებაც ერთხელ კიდევ მოგვიხდება.

      ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობლებს შორის გამწვავებული ურთიერთობის დროს ბავშვი, თან დედისერთა, მისი ასაკისთვის სრულიად შეუსაბამო პირობებში აღმოჩნდა. ამ დროს არ ხდება ბავშვის მიზანდასახული აღზრდა, მას არ გააჩნია თავისი სქესის სანიმუშო ორიენტირი; ბავშვის გარშემო არსებობს სამყარო, რომელიც ნაკლებად უქმნის ჯანსაღი ორიენტირების შესაძლებლობებს. პაციენტი დროგამოშვებით ერთ-ერთ მშობელზეა დამოკიდებული და არა აქვს გარკვეული პროფესია; იგი თავის მომავალთან დაკავშირებით, წარმოსახვაში გამოუხმობს მაცდურ მოლოდინებს, რის გამოც საკუთარი თავის წარუმატებელ იდენტიფიკაციას ახდენს. გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო კონკრეტულად «სინამდვილე». ეს «სინამდვილე» ბრწყინვალე ცხოვრების მოყვარული, ხელგაშლილი მამის სამყარო იყო, თუ ეს იყო სამყარო მორჩილი, მოსიყვარულე და დღენიადაგ შვილზე მზრუნველი დედისა? როგორი უნდა ყოფილიყო თავად გოგონა? რა უნდა გამოსულიყო მისგან? მაღალი საზოგადოების ქალი? ჰო, მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინა ეს? ან, იქნებ, დედა უნდა გამხდარიყო მისთვის მისაბაძი მაგალითი? მაგრამ მაშინ ხომ იგი ყოველგვარ ხიბლს მოკლებული და მოსაწყენი ადამიანი იქნებოდა?! მერე რაღა უნდა ექნა, დედა რომ მოუკვდებოდა და სრულიად მარტო დარჩებოდა? გოგონას ამის წარმოდგენაც კი უჭირდა, და, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ქცევებით სტანჯავდა და ყოველნაირად იყენებდა მშობელს, მაინც ცდილობდა, მის მიმართ ალერსიანი ყოფილიყო, რათა დიდხანს ჰყოლოდა გვერდით. ამრიგად, ორივე ქალს გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა: მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ, უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეეძლოთ, ამიტომ ისინი ვერასოდეს დააღწევდნენ თავს ამ მოჯადოებულ წრეს. მოწიფულ ადამიანებად გადაქცევას ისინი მხოლოდ მათი დამცავი ნევროზის წყალობით თუ შეძლებდნენ. ის დაეხმარებოდა, გადაედგათ ცხოვრებაში ის სწორი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც მათ ასე აშინებდათ. შვილის ავადმყოფობა გახდა საგანგაშო სიგნალი დედისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა საღი განსჯის უნარი. იგი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ულრიკეს მშობლებს უკვე ჰყავდათ ორი ქალიშვილი, როდესაც მესამე გოგონა გაუჩნდათ. რაკი მშობლებს ძალიან უნდოდათ ბიჭის დაბადება, იმედგაცრუებულნი, მას ბიჭივით ზრდიდნენ, «ულის»[21]ეძახდნენ, ბიჭის ტანსაცმელს აცმევდნენ და თმას მოკლედ კრეჭდნენ; თან საკუთარ თავსაც და ბავშვსაც მუდმივად შთააგონებდნენ, რომ იგი ბიჭს ჰგავდა. გოგონასაც სიამოვნებდა ამის მოსმენა. მერე და მერე კი საქმე იქამდე მივიდა, რომ მან მართლა ბიჭად წარმოიდგინა თავი, ქცევებითაც და მიხრა-მოხრითაც ბიჭებს ბაძავდა, მხოლოდ მათთან თამაშობდა და ძალიან ეამაყებოდა, თუ ვინმე ეტყოდა, ისეთი ყოჩაღი ხარ, ნებისმიერ ბიჭს მოერევიო. გარდამავალ ასაკში ულრიკე საშინლად შეწუხდა, როდესაც იგრძნო, რომ მასში მეორადმა სასქესო ნიშნებმა იჩინა თავი; მერე კი მისგან ის გოგონა დადგა, ბიჭური ხიბლით რომ გამოირჩევიან ხოლმე, მალე მამაკაცების ყურადღებაც მიიპყრო. რაკი იგი აქამდე ყოველთვის მხოლოდ ბიჭებთან მეგობრობდა, ერთხელ ნაცნობ მამაკაცს მიამიტურად სასეირნოდ გაჰყვა. რაოდენ დიდი იყო გოგონას აღშფოთება, როდესაც კაცმა ისეთი რამ შესთავაზა, რასაც იგი სრულიად არ მოელოდა, მერე კი, შეძრწუნებული, გამოექცა მას.

      ულრიკეს მამა თავის ქალიშვილებს აღმერთებდა. თავად იგი ერთ-ერთი ის «გამომგონებელთაგანი» იყო, რომელიც თავის «დიდ» გამოგონებაზე ამყარებდა მთელ იმედებს. ოჯახი გამუდმებით ელოდა მის წარმატებას; ამასთან, ყველანი თანაუგრძნობდნენ საბრალო ნიჭიერ მამას, რომელიც ვერა და ვერ ეღირსა აღიარებას.

      ულრიკე სკოლის წარმოდგენებში მონაწილეობდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. ახლა, როცა გოგონას სამსახიობო ნიჭი აღმოაჩნდა, მამამ გადაწყვიტა, საკუთარი პატივმოყვარეობა შვილის ხარჯზე დაეკმაყოფილებინა – მისი სურვილით გადაწყდა, რომ ულრიკე მსახიობი გამოსულიყო. გოგონამ თეატრალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა; მალე, მისდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მართლაც, შესთავაზეს პირველი დიდი როლი, რომელიც მან უფრო იმის გამო მიიღო, რომ მის შესრულებას ულრიკესნაირი გარეგნობის მსახიობი სჭირდებოდა, და მის ნიჭიერებასთან არ იყო დაკავშირებული. ამიტომ გოგონასთვის ეს პირველი და უკანასკნელი როლი გამოდგა. ულრიკეს მამა თეატრებსა და სააგენტოებში მუდმივად გზავნიდა გოგონას ფოტოებს, წერილებს და მათში ქება-დიდებით მოიხსენიებდა მის სამსახიობო ნიჭს. გოგონა რამდენჯერმე, მართლაც, გამოიძახეს გასაუბრებაზე; მაგრამ იქ მისული ულრიკე თავს ორმაგად უხერხულად გრძნობდა: ცალკე მამის წინასწარი ქების, ცალკე კი ამ ქებით გამოწვეული მოლოდინის გამო; საბოლოოდ იგი, ყოველ ჯერზე, ხელმოცარული რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სამსახიობო კარიერაზე ოცნება არ შეუწყვეტია, პარალელურად სხვა სამსახურის ძებნას მაინც შეუდგა. აღმოჩნდა, რომ მან საფუძვლიანად არც ერთი საქმე არ იცოდა, ამიტომ სამსახურიდან ან მალევე ითხოვდნენ, ანდა გამოსაცდელ ვადას აძლევდნენ. 25 წლის ასაკში ულრიკემ ფსიქოთერაპიული მკურნალობა დაიწყო, რადგან მტანჯველი შიშით იყო შეპყრობილი (აგორაფობია). გოგონა სახლიდან მარტო ვერ გამოდიოდა, შრომის უნარი სავსებით დაკარგა, რაც მისი სრული უმწეობის დამადასტურებელი იყო.

      ეს შემთხვევა, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მეტყველებს, თუ რა ძნელად პოულობს ცხოვრებაში ქალი თავის ადგილს. ამასთან, იგი ნათელყოფს, რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი, როდესაც იძულებულია, შეასრულოს მშობლების სურვილი, მაშინ როცა საამისოდ საჭირო მონაცემები არ გააჩნია.

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

ტეგები: Qwelly, განცდები, მაგალითები, ფსიქოლოგია, შიში

ნახვა: 185

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters