ფსიქოლოგიის ისტორია, XI თავი, ნაწილი I

11.1. ჰუმანისტური ფსიქოლოგია

      XX საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკული ფსიქოლოგიის წამყვანი მიმდინარეობა უთუოდ ბიჰევიორიზმი იყო. გარკვეული გავლენით სარგებლობდა ფსიქოანალიზიც. 60-ანი წლებიდან მათ დაუპირისპირდა “მესამე ძალად” წოდებული ჰუმანისტური ფსიქოლოგია. მან ორგანიზაციულად გააერთიანა მკვლევარები, რომელთაც არ აკმაყოფილებდა პირველი ორი მიმდინარეობის ნატურალისტური, მექანიცისტური და რედუქციუნისტული ტენდენციები. ჰუმანისტური ფისიქოლოგია იმთავითვე არ იყო და არც ამჟამად არის ერთიანი თეორული სისტემა ან სკოლა. ამიტომაც, უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჰუმანისტურ მოძრაობაზე, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ მეცნიერულ-თეორიულ საკითხებზე, არამედ პრაქტიკის, სოციალურ ყოფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. ჰუმანისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მას სურს თავისუფალი, ჯანსაღი და ღირსეული ადამიანებით წარმოდგენილი საზოგადოების შექმნა. რაც შეეხება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კონცეპტუალურ სახეს, იგი მიეკუთვნება ფსიქოლოგიური აზროვნების იმ ნაკადს, რომელიც უპირისპირდება ბუნების მოვლენების შემსწავლელი დისციპლინების ყაიდაზე აგებულ ფსიქოლოგიას.

      ცნობილია, რომ უკვე XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებისთანავე, მისი განვითარება ორი, ერთმანეთის საწინააღდეგო მიმართულებით წარიმართა. ერთი, ვუნდტიდან მომდინარე უფრო ძლიერი ნაკადი, ბუნებისმეცნიერებათა კალაპოტში მიედინებოდა. აქ ფსიქოლოგია ექსპერიმენტულ მეთოდოლოგიაზე იყო დაფუძნებული. პარალელურად, ვუნდტის თანამედროვეებმა ბრენტანომ, ჰუსერლმა და დილთაიმ საფუძველი ჩაუყარეს ფსიქოლოგიის ალტენატულ, შეიძლება ითქვას, ჰუმანიტარულ გააზრებას, რის მეტამეცნიერულ საფუძველსაც სიცოცხლის ფილოსოფია, ფენომენოლოგია და ეგზისტენცილიზმი შეადგენდა. ასეთი ორიენტაციის მქონე ფსიქოლოგია, ამოდიოდა ცნობიერების და პიროვნების უნიკალური, ბუნების პროცესებზე დაუყვანადი თავისებურებებიდან (ინტენციონალობა, მთლიანობა, ობიექტურ ღირებულებებთან კავშირი და სხვა); მას დაუშვებლად მიაჩნდა ადამიანის ფსიქიკის შესწავლა იმ მეთოდებით, რომლებიც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების კვლევის პროცესში იყო აპრობირებული (იხ. 6.7.).

      ამრიგად, ფსიქოლოგიის ორი, დიამეტრულად განსხვავებული ვერსიის არსებობა თავიდანვე იყო დამახასიათებელი ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის და მთელ მის ისტორიას წითელ ხაზად გაჰყვა. გასული საუკუნის პირველ ნახევარში დომინირებულ ძალას აშკარად საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგია წარმოადგენდა. 50-ანი წლებიდან მოყოლებული, ჰუმანიტარული პარადიგმა ახალ ძალას იკრებს და საბოლოოდ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სახით ყალიბდება. იგი, როგორც ერთიანი მოძრაობა, მესემე ძალა მოიცავს აგრეთვე ეგზისტენციალურ და ფენომენოლიგიურ ფსიქოლოგიას. ეს მოძრაობა არ არის ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი (ეკლექტიკოსების ფრთა) შედარებით ზომიერ თვალსაზრისს იზიარებს და საბუნებისმეტყველო პარადიგმასთან გარკვეული კომპრომისების მომხრეა (გ. ოლპორტი, მასლოუ, როჯერსი, შ. ბიულერი, ჩაილდი, რიჩლაკი, პოპენი, რიქსი და სხვა); მეორე ნაწილი (ეგზისტენციალისტების ფრთა) კატეგორიულად უარყოფს ადამიანის სულიერი სამყაროს შესწავლისას ექსპერიმენტის, გაზომვის, სტატისტიკის და ბუნების კვლევაში დამკვიდრებული სხვა პროცედურების გამოყენების შესაძლებლობას და ამ სფეროში ერთადერთ რელევანტურ მეთოდოლოგიად ე.წ. ფენომენოლოგიურ, გაგებით ან ჰერმენევტიკულ მიდგომას მიიჩნევს (ბინსვანგერი, ბოსი, ბუგენტალი, მეი, ჯიორჯი, ბერელი, აანტესი და სხვა).

      მიუხედავად ამ განსხვავებებისა ჰუმანისტური მოძრაობის ყველა წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადამიანურ არსებობას თავისი უნიკალური ონტოლოგიური თავისებურებები აქვს. აქედან გამომდინარე, მასლოუს სიტყვებით, “მეცნიერების ის მოდელი, რომელიც ნაწარმოებია საგნების, ობიექტების, ცხოველების, პროცესების შესახებ მეცნიერებებიდან შეზღუდული და არაადეკვატური ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ინდივიდები”. მათთვის ერთნაირად მიუღებელია ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის არაჰუმანური და რედუქციონისტული მომენტები. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ასოციაციის პირველმა პრეზიდენტმა ჯეიმს ბუგენტალმა შემდეგნაირად გამოხატა ეს დამოკიდებულება: ჩვენ, ჰუმანისტი ფსიქოლოგები ვწუხვართ იმის გამო, რომ ფსიქოლოგია ადამიანს განიხილავს როგორც დიდ თეთრ ვირთხას (ბიჰევიორიზმი) ან ნელა მომუშავე კომპიუტერს (კოგნიტივიზმი). ჰუმანისტური ფსიქოლოგია უპირისპირდება აგრეთვე აკადემიურ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ელემენტარიზმს, რომელიც ვერ ითვალისწინებს შინაგანი გამოცდილების მთლიანობას. ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, წერს ამ მიმდინარეობის მთავარი ჟურნალის რედაქტორი თომას გრინინგი, ადამაინი არ მოიაზრება, როგორც ცოდნა-ჩვევების, კოგნიტური პროცესების, ცნობიერი თუ არაცნობიერი შინაარსების და სხვათა ჯამი, რომელიც შეისწავლება დეპერსონალიზებული ცდისპირების ე.წ. ობიექტური დაკვირვებების სტატისტიკური ანალიზით. ეს ყოველივე ჰუმანისტური ფსიქოლოგების მიერ განიხილება არა მხოლოდ როგორც არასაკმარისი, არამედ, როგორც შეცდომაში შემყვანი წყარო ჩვენი ცოდნისა ადამიანის შესახებ, ცოდნისა, რომელიც არ ავლენს ადამიანის შინაგანი ცხოვრების მთელს სისავსესა და სიმდიდრეს.

      წინანდელი ფსიქოლოგიის მიუღებლობა იმდენად შორს მიდიოდა, რომ ჰუმანისტური მოძრაობის ფორმირების პროცესში იმაზეც კამათობდნენ, გამოეყენებინათ თუ არა საერთოდ სიტყვა ფსიქოლოგია და ხომ არ აჯობებდა, ასოციაციის პერიოდული გამოცემისთვის “ადამიანის კვლევათა ჟურნალი” ეწოდებინათ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ შეწყნარებულ იქნა ტერმინი ჰუმანისტური ფსიქოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელს გ. ოლპორტმა გამოიყენა. შესაბამისი ჟურნალი დაარსდა 1961 წელს, ხოლო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკული ასოციაცია 1962 წელს შეიქმნა. 1970 წელს ის გადაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციად. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებლებმა (გ. ოლპორტი, მასლოუ, როჯერსი, მეი, ბუგენტალი, მესტაკესი) ჩამოაყალიბეს მათი საზოგადოების კრედო, რომელიც შეიცავს ოთხ პუნქტს: 1. ყურადღების გამახვილება პიროვნებაზე, როგორც განცდის უნარის მქონე ინდივიდზე და განცდაზე, როგორც ადამიანის შესწავლის პირველად ფენომენზე; 2. ადამიანის მექანიცისტური და რედუქციონისტური გაგების საპირისპიროდ, აქცენტის გაკეთება ისეთ, გამორჩეულად ადამიანურ თვისებებზე, როგორიცაა არჩევანი, შემოქმედებითობა, ღირებულებათა მიღება და თვითრეალიზაცია; 3. კვლევის მეთოდის არჩევა მისი საზრისიანობის მიხედვით; 4. ადამიანის ღირსებისა და ღირებულებების გათვალისწინება, ყოველ ადამიანში მოცემული სპეციფიკური ძალებისა და უნარების განვითარება. ამ თვალსაზრისში მთავარი პიროვნებაა, რომელიც პოულობს თავის თავს და უკავშირდება სხვა ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს.

      ჰუმანისტური ფსიქოლოგია დაფუძნებულია შემდეგ ძირითად დებულებებზე: ადამიანის მიერ სამყაროსა და თავის თავის განცდა მთავარი ფსიქოლოგიური რეალობაა; ადამიანი აქტიური, მიზანმიმართული, შემოქმედებითი არსებაა, პიროვნება, რომელიც, გარკვეული აზრით, თავისუფალია გარეგანი დეტერმინაციისაგან, ვინაიდან არჩევანს თავისი ნების მიხედვით აკეთებს. სინამდვილე ადამიანს საზრისებსა და ღირებულებებში გარდატეხილი სახით ეძლევა. ამასათან, ყოველი ინდივიდი უნიკალურია, ამიტომ, ერთეული შემთხვევების ანალიზი კანონიერიც არის და ნაყოფიერიც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე ქმნადობისა და არსებობის ერთიან პროცესია - ადამიანი ერთდროულად არის ის, რაც არის და ის, რისკენაც იგი მიისწრაფის. ადამიანი დაჯილდოებულია განვითარებისა და თვითრეალიზაციის თვისებით, რაც მისი ფსიქოლოგიური ბუნების არსებით მხარეს შეადგენს.

      გორდონ ბილარდ ოლპორტი (1897-1967) თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. აქ მიიღო ფსიქოლოგის დოქტორის წოდება 1922 წელს. მისი დისერტაცია პიროვნების თვისებებს მიეძღვნა, რომელთა შესწავლას იგი მთელი ცხოვრება განაგრძობდა. ამავე წელს ჰარვარდში მიღებული სტიპენდიის წყალობით ოლპორტი ევროპაში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას ბერლინში, ჰამბურგსა და კემბრიჯში ფსიქოლოგიის ისეთ მეტრებთან, როგორებიც იყვნენ ვერთჰაიმერი, კელერი, შტერნი და ვერნერი. ჰარვარდში დაბრუნებული ოლპორტი სიკვდილამდე ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იგი იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და აღიარებული ფსიქოლოგი, მრავალი ასოციაციისა თუ საზოგადოების წევრი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) პრეზიდენტი. ოლპორტს მიღებული ჰქონდა ამერიკის ფსიქოლოგიური ფონდისა და APA-ს ჯილდოები “მეცნიერებაში გამორჩეული წვლილისთვის”.

      ოლპორტი დარწმუნებულია, რომ ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი თვისება მისი უნიკალურობაა. “ინდივიდუალურობა, წერს იგი, არის ადამიანის ბუნების ძირითადი მახასიათებელი”. აქამდე ფსიქოლოგია ზოგადი კანონების დადგენაზე იყო მიმართული. ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკა მხოლოდ კონკრეტულ და ძალიან პიროვნულ ფორმაში არსებობს, ხოლო განზოგადოებული ადამიანის ფსიქიკა მითია და მეტი არაფერი. არ არსებობს ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთი კანონები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ყველა პიროვნებაზე. ამიტომ ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დაადგინოს თავისებური და უნიკალური პიროვნების სტუქტურა.

      ოლპორტი მიმართავს ვინდელბანდის მიერ შემოტანილ მეცნიერებათა დაყოფას ნომოთეტურად და იდეოგრაფიულად. ნომოთეტური მიდგომა ზოგადი კანონების დადგენაზეა ორიენტირებული, იდეოგრაფიული კი ერთეული მოვლენების შესწავლაზე. პიროვნების დასახასიათებლად სწორედ იდეოგრაფიულ მეთოდოლოგიას უნდა მივმართოთ. ტრადიციულად პიროვნების უნიკალურობას წარმოგვიდგენდნენ ესთეტიკურად განწყობილი ფილოსოფოსები, მოფილოსოფოსო მწერლები ან სხვა ხელოვანები. ოლპორტის აზრით, ფსიქოლოგიამ ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ხელოვნებისაგან, რათა მის მიერ მოცემული უნიკალური პიროვნების დახასიათება უსუსურად არ გამოიყურებოდეს ლიტერატურული აღწერების ფონზე. დადგა დრო, რომ შეიქმნას პიროვნების უნიკალურობის კვლევის ადეკვატური მეცნიერული მეთოდები. მათი გამოყენებით მიღებული შედეგები უნდა იყოს შემოწმებადი და გამოხატვადი, მათ უნდა ჰქონდეთ პროგნოსტული ძალა. ამასთანავე, ოლპორტი არ უარყოფს ისეთი კანონების დადგენის საჭიროებასაც, რომლებიც მრავალ ადამიაზე ვრცელდება. ასეთ კანონებს იგი “მიახლოებითს” უწოდებს, მათი დადგენის გზას კი ტესტური კვლევების სტატისტიკურ ანალიზში ხედავს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ენიჭება იდეოგრაფიულ კვლევას, დაშვებულია ნომოთეტური კვლევის კანონიერებაც, რაც ოლპორტის პოზიციას ამ საკითხში ეკლექტურ ხასიათს ანიჭებს.

      ეკლექტიზმი საერთოდ ოლპორტის თეორიული სისტემის ერთ-ერთი მთავარი დამახასათებელი ნიშანია. ოლპორტი, ალბათ, ყველაზე უფრო შეგნებული და თანმიმდევრული ეკლექტიკოსი იყო ფსიქოლოგიის ისტორიაში. თავის მსჯელობებში იგი თავისუფლად უხამებდა ერთმანეთს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფილოლოგიისა თუ თეოლოგიის სფეროდან აღებულ ცნებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტში ოლპორტი სათავეში ედგა დისციპლინათშორის მოძრაობას და დააფუძნა ე.წ. სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტი, სადაც ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და ანთროპოლოგების გაერთიანებული კვლევითი პროცესი მიმდინარეობდა. რაც მთავარია, ოლპორტი მომხრე იყო ფსიქოლოგიური კონცეფციების ინტეგრაციისა. ეს აისახა პლურალისტური მიდგომის, ან სისტემური ეკლექტიზმის პრინციპში. ამ პრინციპამდე ოლპორტი თანამედროვე ფსიქოლოგიაში შექმნილი მდგომარეობის საყურადღებო ანალიზის შედეგად მივიდა.

      ოლპორტის აზრით, ფსიქოლოგია პარტიკულარიზმის (განცალკევებულობის, გათიშულობის) სენითაა შეპყრობილი; არსებობს მრავალი თეორია, რომლებსაც ზოგადობის, ყოვლისმომცველობის პრეტენზია აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ფიქსირებული არიან ადამიანის ბუნების ერთ ან რამდენიმე გამორჩეულ ასპექტზე, რაც მკაცრად განსაზღვრავს კვლევის მიმართულებას. ამასთან, ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარი მიდგომის ჭეშმარიტებას ცნობს და უარყოფს ყველაფერს, რაც სხვა თეორეტიკოსებისთვისაა მნიშვნელოვანი.

      ყოველ თეორიას თავისი საფუძველი და გამართლება აქვს. S-R მოდელი სავსებით დამაკმაყოფილებელია იმ შემთხვევაში, თუ ყურადღება არ ექცევა საკუთარი ცნობიერების არსებობას; გარემოთი გაპირობებულობის თვალსაზრისი (ე.წ. ინვაირონმენტალიზმი) მისაღებია, თუ არაფერი ვიცით გენეტიკის არსებობის შესახებ; არაცნობიერის კონცეფცია მაშინაა საკმარისი, თუ დავივიწყებთ, რომ კონფლიქტების უმეტესობა მკაფიოდაა მოცემული ცნობიერებაში და ა.შ. გაუგებრობა მაშინ იწყება, როდესაც მკვლევარები იმის მტკიცებას იწყებენ, რომ მათ მიერ შერჩეული პარამეტრი ან მოდელი ადამიანის მთელ პიროვნებაზე ვრცელდება.

      ოლპორტის მიხედვით, ამ ცალმხრივობის დაძლევა და მეცნიერული მონიზმის მიღწევა ფსიქოლოგიაში არსებითად შეუძლებელია, ვინაიდან თეორიათა დაპირისპირება, საბოლოოდ, ფსიქოფიზიკურ მონიზმთან და დუალიზმთან, დეტერმინიზმთან და თავისულებასთან დაკაშირებული ანტინომიებიდან მომდინარეობს; აქ კი შეთანხმება პრინციპულად გამორიცხულია, ვინაიდან შესაძლებელია ამ საკითხებზე ერთნაირად დამაჯერებელი დადებითი და უარყოფითი მტკიცებების მოყვანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ერთიანი თეორიის შექმნის იდეაზე. ანარქიის მდგომარეობის დაძლევა ფსიქოლოგიური თეორიის სფეროში აუცილებელია, ოღონდ ეს ამოცანა უნდა გადაწყდეს არა პარტიკულარული თეორიების სინთეზის საშუალებით, რაც არარეალურია, არამედ სისტემური ეკლექტიზმის პრინციპის საფუძველზე. მისი საბოლოო მიზანია ყოვლისმომცველი თეორიის აგება, რომელიც ახსნის ადამიანის ბუნებას. უსისტემო ეკლექტიზმისაგან განსხვავებით, სისტემური ეკლექტიზმი შეგნებულად ცდილობს ფსიქოლოგიის ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტას. იგი გამოარჩევს და შეაკავშირებს იმას, რასაც მნიშნელოვნად მიიჩნევს ყოველ კონკრეტულ თეორიაში. სისტემური ეკლექტიზმი მიისწრაფის ადამიანის ბუნების ერთიანი მეტათეორიისკენ, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა სანდო მონაცემი - სუბიექტური და ობიექტური, ცნობიერი და არაცნობიერი, მექანისტური და ჰოლისტური, სოციალური და ინდივიდუალური. არც ერთი ვარაუდი ადამიანის ბუნების შესახებ არ უნდა იყოს უარყოფილი, თუ კი იგი მომდინარეობს კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან; აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გზით არის ის შეძენილი.

      ოლპორტის ფსიქოლოგიის საყდენი ცნება არის პიროვნება. მთელი ფსიქიკური ცხოვრება განიხილება პიროვნებასთან მიმართებაში, რადგან სწორედ პიროვნებაა ის ინსტანცია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ფსიქიკურ სამყაროს. ოლპორტი მიუთითებს, რომ ფსიქიკის ორგანიზაცია შეუძლებელია ორგანიზატორის გარეშე; შეგუება გულისხმობს იმას, ვინც ეგუება; მეხსიერება ვერ იარსებებს “მე”-ს დროში განფენილობის გარეშე; სწავლა პიროვნების შეცვლას ითვალისწინებს, ხოლო ცოდნა - თავის მატარებელს. ამიტომ გასაგებია, რომ ოლპორტი განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება პიროვნების ცნების განსაზღვრებას. თავის ერთ-ერთ ძირითად წიგნში, “პიროვნება: ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია” (1937), ოლპორტმა განიხილა და შვიდ კლასად დააჯგუფა პიროვნების ორმოცდაათზე მეტი განსაზღვრება. იგი შეეცადა ამოეკრიფა ამ განსაზღვრებების საუკეთესო ელემენტები და შემდეგ ფორმულირებამდე მივიდა: “პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკური სისტემების დინამიკური ორგანიზაცია, რომლებიც განსაზღვრავენ მის უნიკალურ შეგუებას გარემოსთან”. მოგვიანებით, თავის ყველაზე ცნობილ წიგნში “კანონზომიერება და განვითარება პიროვნებაში” (1961), მან ოდნავ დააზუსტა ეს განსაზღვრება და შეგუების ნაცვლად ქცევა და აზროვნება ჩაწერა. ამრიგად, ავტორის განსაზღვრებაში ნაგულისხმევია, რომ პიროვნება მუდმივად იცვლება (დინამიკური ორგანიზაცია), რომ პიროვნება გონებრივისა და სხეულებრივის გაუნაწევრებელი ერთიანობაა (ფსიქოფიზიკური ერთიანობა) და რომ მისი განუმეორებელი თავისებურებები განსაზღვრავენ ყოველგვარი სახის აქტივობას (ქცევა და აზროვნება). მრავალი ასპექტის მომცველი ეს გულდასმით შესრულებული განსაზღვრება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ფსიქოლოგიაში.

      ოლპორტი გამიჯნავს პიროვნების ცნებას ხასიათისა და ტემპერამენტის ცნებებისაგან. ხასიათი პიროვნებისა და მისი ქცევის ზნეობრივ შეფასებას გულისხმობს. კარგი ან ცუდი ხასიათი პიროვნების თვისებების სოციალურმორალური თვალსაზრისით მისაღებლობას აღნიშნავს. ტემპერამენტი გამოხატავს ინდივიდის ემოციური რეაგირების (ემოციების ინტენსიობა, აგზნებადობა და ა.შ.) ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ მხარეს. ტემპერამენტი ინდივიდის თანდაყოლილი ნიშანია; იგი გონებრივ შესაძლებლობებსა და ორგანიზმის ფიზიკურ კონსტიტუციასთან ერთად პიროვნების საშენი მასალაა.

      ანალიზის ძირითადი ერთეული, რომელმაც ნათელი უნდა გახადოს, თუ რატომ მოქმედებენ გარკვეულ სიტუაციებში ადამიანები ერთგვაროვნად და, ამავე დროს, ინდივიდუალურად და თავისებურად, ესაა ე.წ. პიროვნების ნიშანი ან თვისება (თრაიტ). თვისება არის “ნეიროფსიქიკური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მრავალი სტიმული ექვივალენტურად აქციოს; აგრეთვე, აღძრას და წარმართოს ადაპტაციური და ექსპრესიული ქცევის საკმარისად მდგრადი ფორმები”. პიროვნების თვისებათა მაგალითებია კომუნიკაბელურობა, აგრესიულობა, გულითადობა, სიხარბე, აკურატულობა, თავაზიანობა, მორიდებულობა და ა.შ. შეიძლება ასეც ითქვას, რომ თვისება გამოხატავს ადამიანის მიდრეკილებას ერთნაირად მოიქცეს სიტუაციების ფართო დიაპაზონში; ვთქვათ, თუ პიროვნება კომუნიკაბელურია, იგი სათანადოდ მოიქცევა სახლშიც, სამსახურშიც, ექსპედიციაშიც და ა.შ.

      განსაზღვრებიდან ჩანს, რომ თვისება ქცევას აღძრავს. მაშასადამე, ის დინამიკური ძალის მქონე მოტივაციური წარმონაქმნია. როგორც პიროვნების სტრუქტურის ელემენტი, თვისება მუდმივად ესწრაფის გამოვლენას; თუ ადამიანს, მაგალითად, ახასიათებს ისეთი პიროვნული თვისება, როგორიც კომუნიკაბელურობაა, იგი კონტაქტის მუდმივ ძიებაში იმყოფება. საკუთრივ მოტივებთან შედარებით, თვისება უფრო ფართო რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს. აღძვრასთან ერთად ის განსაზღვრავს ქცევის სახეს, მის რაგვარობას. ოლპორტი აღნიშნავს, რომ თვისება მოტივაციური, შემეცნებითი და საშემსრულებლო კომპონენტების ერთობლიობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვისებისა და ჩვევის ურთიერთმიმართების საკითხი. ორივე მათგანი მოქმედების შესრულების თავისებურებას განსაზღვრავს, მაგრამ თვისება ბევრად უფრო მოქნილი და ზოგადი ხასიათის წარმონაქმნია; იგი პასუხობს სიტუაციების გაცილებით ფართო წრეს და გამოიხატება მრავალი ჩვეული მოქმედების საშუალებით. მაგალითად, ბავშვს უმუშავდება ხელების დაბანის ჩვევა. დროთა განმავლობაში იგი ეჩვევა სხვა მოქმედებათა შესრულებასაც - ივარცხნის თმას, აწესრიგებს თავის ტანსაცმელს, მაგიდას და ა.შ. ამ ჩვევების ინტეგრაციის გზით ვღებულობთ ისეთ პიროვნულ თვისებას, როგორიც აკურატულობაა.

      ოლპორტი გამოყოფს პიროვნული თვისებების სამ სახეს: კარდინალური, ცენტრალური და მეორადი. ისინი გენერალიზაციისა და დომინირების ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. კარდინალური თვისება იმდენად განზოგადებულია, რომ თუ ის ადამიანში არსებობს, მის ყოველ ქცევას ასვამს დაღს. ესაა პიროვნების მთელი ცხოვრების წარმმართველი ვნება, რომელიც, ოლპორტის აზრით, ცოტას თუ ახასიათებს. მათ საილუსტრაციოდ ავტორი მიმართვს ისტორიული პირებისა და ლიტერატურული პერსონაჟების მაგალითებს, რომელთა სახელებიც საზოგადო სახელებად გადაიქცა; სადიზმი, მაზოხიზმი, შოვინიზმი, დონკიხოტობა, დონჟუანობა გარკვეული პიროვნებებისთვის დამახასიათებელი კარდინალური დისპოზიციების მაგალითებია. მათგან განსხვავებით, ცენტრალური თვისებები (სხვანაირად, პირადი დისპოზიციები) ყველას აქვს და ისინი პიროვნების მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს შეადგენენ. მათი შენიშვნა ადამიანში სიძნელეს არ წარმოადგენს. ოლპორტის გამოკვლევების მიხედვით, ადამიანებში ცენტრალურ თვისებათა რაოდენობა გასაოცრად მცირეა და საშუალოდ ხუთიდან ათამდე მერყეობს. მეორადი თვისებები გაცილებით ნაკლებად განზოგადებული, არცთუ მკაფიოდ გამოვლენილი და ნაკლებად ინფორმატულია პიროვნების დახასიათებისთვის. ისინი გამოხატავენ ადამიანების კონკრეტულ გემოვნებასა და მიდრეკილებებს, რაც უცხო თვალისთვის იოლი აღმოსაჩენი არ არის.

      პიროვნების თვისება (ნიშანი) ოლპორტის თეორიის ცენტრალური ცნებაა. მისი საკვანძო მნიშვნელობის გამო ამ კონცეფციას, ხშირად, თვისებების თეორიასაც უწოდებენ. ამასთანავე, ოლპორტს შემოაქვს ცნება პროპრიუმი, რომელიც უკავშირდება იმ იდეას, რომ პიროვნება არ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი თვისებების თუ დისპოზიციების ერთობლიობა, რომ პიროვნებაში მისი სტრუქტურული ელემენტების გამაერთიანებელი, მაორგანიზებელი პრინციპი მოქმედებს. პროპრიუმში შედის შინაგანი სამყაროს ის ნაწილი (ქცევები, თვისებები, ღირებულებები, მოტივები და სხვა), რომელიც პიროვნების მიერ ყველაზე მნიშვნელოვნად და ახლობლად განიცდება. გამოხატავს რა პიროვნების ცენტრს, პროპრიუმი, ფაქტობრივად, ისეთი ცნებების იდენტურია, როგორიცაა “მე” და “თვითონი”. ოლპორტი გამოყოფს პროპრიუმის შვიდ ასპექტს, რომლებიც პიროვნების ონტოგენეტური განვითარების სხადასხვა სტადიებზე გამოვლინდება. ესენია: საკუთარი სხეულის შეგრძნება, თვითიდენტიფიკაცია, თვითპატივისცემა, პიროვნების გაფართოება, “მე”-ს ხატი, რაციონალური თვითმართვა და პროპრიატული მისწრაფებები. პროპრიუმის ეს უკანასკნელი ასპექტი მოიცავს იმ მოტივებს, რომელთაც ადამიანი საკუთარ, პირად მისწრაფებად განიცდის და მათ საფუძველზე ისახავს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მიზნებს. ეს მოტივაციური სისტემა ამთლიანებს პიროვნებას.

      თავის შეხედულებას მოტივაციაზე ოლპორტი ფსიქოანალიზთან და ბიჰევიორიზმთან დაპირისპირებაში აყალიბებს. იგი სხვა თეორეტიკოსებზე მეტად უსვამს ხაზს ცნობიერი მოტივაციის მნიშვნელობას. ოლპორტი ამბობდა, რომ სიღრმის ფსიქოლოგია ზოგჯერ ზედმეტად “ღრმად თხრის”. იქ სადაც რეალურად მოქმედებენ ცნობიერი მოტივები, საჭირო აღარ არის აუცილებელი ჩაღრმავება არაცნობიერში. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს მთელი მოტივაციური სფეროს დაყვანას რამდენიმე ძირითად მოტივზე. მისი აზრით, არც ის არის სწორი, როდესაც მოტივების ფუნქციონირების ერთადერთ მექანიზმად წონასწორობის, ჰომეოსტაზის პრინციპი მოიაზრება; ადეკვატური შეხედულება მოტივაციაზე პლურალისტური უნდა იყოს. ეს გულისხმობს როგორც მოტივთა მრავლიანობის, ისე მათი წარმოქმნისა და ფუნქციონირების განმსაზღვრელი პრინციპების მრავალგვარობის აღიარებას.

      მოტივთა სულ ცოტა ორ სახეობაზე შეიძლება ლაპარაკი; ესენია: საჭიროების ან დეფიციტის მოტივები და უმაღლესი განვითარების მოტივები. ჰომეოსტაზის პრინციპი მხოლოდ პირველი სახის მოტივებს მიეყენება. ჰომეოსტაზის ფორმულაში ვერ ეტევა ადამიანის ჭეშმარიტად პიროვნული არსებობის მრავალი ფორმა - ახალი, სულ უფრო რთული მიზნების დასახვა, ახალი ინტერესებისა და ინიციატივების გაჩენა, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და ა.შ. მაღალი მოტივაციისთვის დამახასიათებელია დაძაბულობის ძიება, წონასწორობისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ოლპორტი მიუთითებს კრიტიკულ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, როდესაც მაღალი მოტივაცია დაბალს უპირისპირდება. ასეთ დროს, განსაკუთრებით დრამატულ ვითარებებში, ადამიანი ამჯობინებს დაიღუპოს, ვიდრე უღალატოს თავის “მე”ს. ოლპორტის ამ მოსაზრებებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის საერთო შეხედულება მოტივაციაზე.

      ბევრი თეორია აიგება რწმენაზე, რომ პიროვნებას თავისი წარსული განსაზღვრავს. ოლპორტის თანახმად, პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მის მოტივებსა და მიზნებში მოცემული ქმნადობისა და განვითარების პერსპექტივებია. ოლპორტი ფიქრობს, რომ პიროვნებისთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა მის მომავალს აქვს; ცნობილია მისი ფრაზა: “მითხარი, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ”. აქედან გამომდინარე, ისეთ კოგნიტურ ფენომენებს, როგორიცაა მიზანი, გეგმა, განზრახვა, მნიშვნელოვანი მოტივაციური როლი ენიჭება. სწორედ ისინი შეადგენენ “მე”-ს საკუთარ დინამიკურ ძალებს, რომლებსაც ფროიდი ყურადღების მიღმა ტოვებდა. იგი თვლიდა, რომ ინდივიდის მოტივაციური აღჭურვილობა უცვლელი ინსტინქტური მისწრაფებებისაგან შედგება.

      ოლპორტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარმოიქმნება და ფუნქციონირებს მეორადი, მაღალი მოტივები. აქ იგი მკვეთრად უპირისპირდება ნეობიჰევიორისტულ თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ყოველი ახალი აღმძვრელი წარმოიქმნება მაშინ, როცა მანამდე ნეიტრალური სტიმული რაიმე თანდაყოლილი, ორგანული მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესს დაუკავშირდება. ასეთ შემთხვევაში სტიმული იძენს ახალი ქცევის აღძვრის უნარს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ყველა მეორადი, მაღალი, სოციალური მოთხოვნილება არის მხოლოდ ორგანული მდგომარეობის დერივატი (პროდუქტი, წარმოებული), სიგნალი მის მიღმა მყოფი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა. ნეობიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ მეორადი მოთხოვნილებები ასრულებენ მხოლოდ იმ ფასადის როლს, რომელიც ფარავს მათ საფუძველში მყოფ თანდაყოლილ ორგანულ აღმძვრელებს. ადამიანს ჰგონია, რომ მას სამოქმედოდ მაღალი მოთხოვნილების შინაარსი აღძრავს, რეალურად კი ამას მის მიღმა არსებული ბიოლოგიური მოტივაცია აკეთებს.

      ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, ოლპორტი აყალიბებს მოტივთა ფუნქციონალური ავტონომიის კონცეფციას. მისი დედააზრი ასეთია: მოზდილი ადამიანის მაღალი მოტივები თავისთავადი და უსასრულოდ მრავალფეროვანი სისტემებია. ფუნქციონალური ავტონომიის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ახალი მოტივები ამოიზრდებიან წინამორბედი მოტივაციური სისტემებიდან, მაგრამ ფუნქციონალურად მათგან დამოუკიდებელი არიან. ქცევა, რომელიც თავდაპირველად აღმოცენდება რომელიმე პირველად მოთხოვნილებასთან დაკავშირებით, როგორც მისი დაკმაყოფილების მომსახურე აქტივობა, დროთა განმავლობაში კავშირს წყვეტს ამ საწყის მოტივთან და გადაიქცევა ფუნქციონალურად დამოუკიდებელ, თვითკმარ მოტივაციურ ერთეულად. ის, რაც მიზნის მიღწევის საშუალება იყო, თვითონ ხდება მიზანი; ობიექტები და მოქმედებები, რომლებიც ოდესღაც მხოლოდ რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინსტრუმენტები იყვნენ, თავად იქცევიან ინტერესის საგნად - იძენენ საკუთარ მოტივაციურ ძალას. მაგალითად, სუბიექტი თავდაპირველად ნადირობს საკვების მოპოვების მიზნით. მაგრამ, რატომ განაგრძობს ნადირობას იმის მერე, რაც გამოკვების პრობლემა მოხსნილია? თუ, როგორც ოლპორტი უწოდებს, “უცვლელი მოტივების თვალსაზრისზე” დავრჩებით, ანალიზი ისევ პრიმიტიულ მოტივებთან, ვთქვათ თანდაყოლილ აგრესიულ ტენდენციასთან მიგვიყვანს. ოლპორტი უარს ამბობს ასეთ ინტერპრეტაციაზე. მისი აზრით, როცა სუბიექტი პირველადი საბაზო მოტივაციის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას (ამ შემთხვევაში ნადირობას), ეს იმის გამო ხდება, რომ მას, უბრალოდ, მოსწონს, ეხალისება ეს საქმიანობა. ეს კი არსებითად ნიშნავს, რომ მოწიფული პიროვნების ქცევა არაა ფუნქციონალურად დამოკიდებული იმაზე, თუ რამ წარმართა იგი თავდაპირველად. მაშასადამე, პიროვნება, ფუნქციონალურად მაინც, არ არის პირდაპირ ამოზრდილი თავისი წარსულის ფესვებიდან.

      ნათელია, რომ ეს შეხედულება საფუძვლიანად განსხვავდება იმ თვალსაზრისისაგან, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ინდივიდის წარსულს, ადრეული პერიოდის ფიქსაციებსა თუ განსაზღვრულობას ენიჭება (ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი და სხვა). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის სერიოზული ანალიზის საგანი გახდა. ეს უთუოდ საინტერესო კონცეფცია მართლაც წარმოშობს გარკვეულ კითხვებს: შეიძლება თუ არა, რომ ყოველი აქტივობა, ხშირად გამეორების შემთხვევაში, გახდეს ავტონომიური მოტივაციის მატარებელი და რა შეზღუდვები არსებობს ამასთან დაკავშირებით? რაც მთავარია, როგორია მოტივების ავტონომიზაციის ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური მექანიზმი, საიდან მომდინარეობს მოტივის დინამიკური ძალა, თუ მისი კავშირი პირველად აღმძვრელებთან დაკარგულია? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი არ იქნა გაცემული. სპეციალისტების მართებული შეფასებით, ფუნქციონალური ავტონომიის კონცეფციის შესამჩნევი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ის, არსებითად, აღწერით მოდელად რჩება; ოლპორტი არსად მიუთითებს მოტივთა ავტონომიის მოვლენის საფუძვლადმდებარე ფსიქოლოგიურ პროცესსა თუ მექანიზმზე. ამის გამო ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის და რა ვითარებაშია მოსალოდნელი კონკრეტული ავტონომიური მოტივის წარმოშობა.

      რადგან სიტყვა წინასწარმეტყველებაზე ჩამოვარდა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო საკითხად იქცა და მრავალი გამოკვლევის ობიექტი გახდა ისიც, თუ რამდენადაა შესაძლებელი ინდივიდის ქცევის პროგნოზირება მისი პიროვნული თვისებების მიხედვით; რამდენად შეესატყვისება საზოგადოდ ერთმანეთს ქცევა და პიროვნების თვისება. ეს საკითხი, ინტენსიური კვლევის მიუხედავად, დახურულად ვერ ჩაითვლება და კვლავაც რჩება ე.წ. დისპოზიციონიზმისა და სიტუაციონიზმის დაპირისპირების საგნად. მაგრამ, ეს ხელს არ უშლის პიროვნების თეორიების შემსწავლელ სპეციალისტებს, აღიარონ ოლპორტის სისტემის ისეთი კონცეპტების მნიშვნელობა, როგორიცაა პიროვნების თვისება, ფუნქციონალური ავტონომია, პროპრიუმი და სხვა. მათი ნაყოფიერება მრავალგზის გამოვლინდა პერსონოლოგიურ კვლევებში.

      სხვა საკითხია, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ასეთი კვლევა. ეს საკითხი უკავშირდება ოლპორტის თეზისს პიროვნების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის თაობაზე, რომელიც იმდენად რადიკალურადაა ფორმულირებული, რომ, პრინციპში, გამორიცხავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში რაიმე ზოგადი კანონზომიერების ძიების შესაძლებლობას. უნდა ითქვას, რომ ოლპორტის თეორიული სისტემის ამ პუნქტმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ფსიქოლოგთა შორის, რომლებსაც კანონზომიერების დადგენისა და განზოგადების გარეშე მეცნიერული კვლევა ვერ წარმოუდგენიათ. ინდივიდუალობის შესწავლა ზოგადის აღმოჩენაზე უარის თქმას არ უნდა ნიშნავდეს. პიროვნების ფსიქოლოგიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინდივიდის უნიკალურობას პიროვნული თვისებების სხვადასხვა დონეების უნიკალური შეხამება ქმნის, ამასთან, ეს თვისებები ყველასთვის ერთნაირია. უფრო ზოგად პლანში ეს პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ა. ფრანგიშვილმა. მისი თქმით, “პერსონალისტური ფსიქოლოგია, რომელიც უარყოფს პიროვნების შესწავლას ზოგადი ფსიქოლოგიის ფარგლებში, აგებულია კერძოსა და ზოგადის მცდარ ანტითეზაზე ... ერთეული არ არსებობს სხვაგვარად, თუ არა იმ კავშირებში, რომელთაც მივყავართ ზოგადამდე. ზოგადი არსებობს მხოლოდ ერთეულში და ერთეულის წყალობით ... ზოგადი ფსიქოლოგიისა და პიროვნების ფსიქოლოგიის დაპირისპირება კარგავს ყოველგვარ აზრს - ზოგადი ფსიქოლოგია არის იმავე დროს პიროვნების, ინდივიდუალობის ფსიქოლოგია”.

      ოლპორტის თეორიულმა სისტემამ ბიძგი მისცა პერსონოლოგიაში პიროვნული თვისებების მიმართულების შექმნას. ამ ორიენტაციის ფარგლებში, რომელიც არ მიეკუთნება ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას და აგებულია საბუნებისმეტყველო პარადიგმაზე, მრავალი მკვლევარი მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ გამოჩენილი ფსიქოლოგები ჰანს იურგენ აიზენკი (1916-1997) და რაიმონდ ბერნარდ კეტელი (1905-1998)[1].

      ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპები ყველაზე სრულად და მკაფიოდ მასლოუს შეხედულებათა სისტემაში გამოვლინდა. აბრაჰამ მასლოუმ (19081970) დაიბადა ნიუ-იორკში, რუსეთიდან გადმოსახლებულ ებრაულ ოჯახში. მან კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსინის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენლის ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ (1934წ.) იგი ერთ ხანს მუშაობდა ნიუიორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში თორნდაიკის ხელმძღვანეობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის კოლეჯში გადავიდა. ნიუ-იორკში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მასლოუს ორიენტაციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. იმ პერიოდში ნიუ-იორკში მოღვაწეობდნენ ნაციზმს გარიდებული ბრწყინვალე ევროპელი სპეციალისტები: ადლერი, ბენედიქტი, ვერთჰაიმერი, კოფკა, ფრომი, ჰორნი, რომლებთანაც მასლოუს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. 1951-1968 წლებში იგი სათავეში ედგა ფსიქოლოგიის კათედრას ბრანდეისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ბოსტონის მახლობლად.

      მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი სოციალური ფაქტორების შესწავლას. როგორც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ემყარებოდა რწმენას, რომ ცხოველების შეწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, ვინაიდან ადამიანებიც ცხოველებს მიკუთვნებიან. მოგვიანებით მასლოუმ ისევე, როგორც ყველა მისმა თანამზრახველმა ჰუმანისტურმა ფსიქოლოგმა, კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ადამიანის ცხოველთან ან მანქანასთან ანალოგიას გულისხმობს. მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო ოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა ისეთი ადამიანური თვისებების შესწავლას, როგორიცაა დომინანტობა და თვითპატივისცემა. კვლევაში გაჩნდა და განმტკიცდა მოსაზრება, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვა. შემდგომში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, სახელდობრ, ჩინური სისტემით, დაოსიზმით. მასლოუს მიაჩნდა, რომ დასავლურ მეცნიერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ უნდა გამოვიყენოთ დაოსური ჩაურეველი შემეცნება, უშუალო გამოცდილების ჭვრეტა, მოძრაობა “უკან საგნებისკენ”, როგორც ამას ჰუსერლი მოითხოვდა; ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას, მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას; ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა, მთლიანად, წინასწარი შეფასებებისა და ვარაუდების გარეშე; მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში ანუ ექსპირიენტულად (განცდისეულად). ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა, როგორც იდეოგრაფიული შემეცნება უნიკალური, თავისებური პიროვნებისა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ამ ინდივიდუალური ფენომენოლოგიური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეტური კონსტრუქციების და მათი ექსპერიმენტული შემოწმების დროც. მაშასადამე, ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეხამებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ უშუალი სასიცოცხლო გამოცდილებასთან. საერთოდ კი მალოუს მიაჩნდა, რომ საჭიროა კონცენტრირება პრობლემებზე და არა მეთოდებზე. ყოველი მეთოდის ათვისება აჩენს სურვილს გამოიყენო იგი მისი რეალური შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა. “თუ თქვენ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვთ, ჩნდება ცდუნება, მოეპყრო ყველაფერს, როგორც ლურსმნებს”. უნდა შევისწავლოთ მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემები და არ შემოვიფარგლოთ იმით, რაც მისაწვდომია არსებული კვლევითი ტექნიკებისთვის.

      მოტივაციის კვლევისა და პიროვნების თეორიის განვითარებისას, კერძოდ, თვითაქტუალიზებული ადამიანების შესწავლისას, მასლოუ ამ მეთოდლოგიურ პოზიციაზე იდგა. თავდაპირველად თვითაქტუალიზებული პიროვნებების შესწავლა არ იყო ჩაფიქრებული ავტორის მიერ, როგორც მეცნიერული კვლევა. მას ბიძგი მისცა მასლოუს ინტერესმა, გაერკვია, თუ რითი განსხვავდებიან მისი სათაყვანებელი მასწავლებლები რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი სხვებისაგან. მასლოუს აღფრთოვანება ამ პიროვნებებით იმდენად დიდი იყო, რომ ექმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაც უფრო მეტს წარმოდგენენ, ვიდრე უბრალოდ ადამიანები. ამ საკითხზე ფიქრმა მიიყვანა მასლოუ რწმენამდე, რომ შესაძლებელია ამ ორი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნების ხატის განზოგადება და დაასკვნა, რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთა გარკვეულ ტიპთან - თვითაქტუალიზებულ პიროვნებებთან.

      ომის შემდგომ პერიოდში მასლოუ იწყებს თვითაქტუალიზებული პიროვნებების სისტემატურ კვლევას. კლინიკურ ანალიზთან ერთად, იგი იყენებდა ბიოგრაფიულ მეთოდსაც. შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანების სასიცოცხლო გზა (მაგ., ბ. სპინოზა, ა. ლინკოლნი, თ. ჯეფერსონი, უ. ჯეიმსი, ა. აინშტაინი, ე. რუზველტი, ო. ჰაქსლი, ა. შვეიცერი), მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს. მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყნარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, აღქმის სიცხოველე, ზეშთაგონებულობა, საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობა, ხასიათის დემოკრატიულობა, სიკეთისა და ბოროტების, მიზნისა და საშუალების გამიჯვნა, ფილოსოფიური იუმორის გრძნობა, შემოქმედებითობა და არაკონფორმულობა.

      ამ პიროვნული სტრუქტურის საყრდენ ღერძს თვითაქტუალიზაციის მოტივი წარმოადგენს. თვითაქტუალიზებული პიროვნების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოხდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია; მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტურით - წეროს ლექსები, თუ, რა თქმა უნდა, მას საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა სურს. “ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვნილებას შეიძლება ეწოდოს თვითაქტუალიზაცია”. ცხადია, ყველა ადამიანში ეს მოთხოვნილება განსხვავებულად ვლინდება. ერთს უნდა, რომ გახდეს იდეალური მშობელი, მეორე მიისწრაფვის სპორტული რეკორდებისკენ, მესამე მიმართულია შემოქმედებითი მწვერვალების დასაპყრობად... ინდივიდუალური სხვაობები აქ უთვალავია.

      მასლოუს მიხედვით, თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას, დაახლოებით 1-4% შეადგენენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ არის ასე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მასლოუ ცდილობს მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე. ავტორის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გამოვყოთ მოტივების, ან ე.წ. ბაზური მოთხოვნილებების ხუთი კლასი, რომლებიც დონეების მიხედვით არიან იერარქიზირებული. 1) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, ძილი და ა.შ.); 2) უსაფრთხოების მოთხოვნილებები (ტკივილის, შიშის, დისკომფორტის და ა.შ. არიდების მოთხოვნილებები, სტაბილური, ორგანიზებული და პროგნოზირებული ცხოვრების მოთხოვნილებები); 3) სოციალური კავშირებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები (მარტოობისა და გაუცხოების არიდების, სოციალური მიკუთვნებულობის, იდენტიფიკაციის, სითბოს, სიყვარულის მოთხოვნილებები); 4) აღიარების და დაფასების მოთხოვნილებები; აქ ორი ჯგუფი გამოიყოფა: ა) სიძლიერის, დომინირების, მიღწევის, შეჯიბრის, დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები და ბ) პატივისცემის, ყურადღების, დაფასების, აღიარების მოთხოვნილებები; 5) თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები (ადამიანის უნარ-შესაძლებლობების, პიროვნული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის მოთხოვნილებები).

      ამ მოთხოვნილებეთა გამოვლენის ფორმები ძალზე განსხვავებულია. მაგალითად, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება სხვადასხვა ადამიანში შეიძლება თავისებურად წარმოჩინდეს: ერთისთვის აუცილებელია გახდეს გამოჩენილი პოლიტიკოსი და მოიპოვოს თანამოქალაქეთა უმრავლესობის მოწონება, მეორისთვის კი შვილების მიერ მისი ავტორიტეტის აღიარებაც საკმარისია. ერთი მოთხოვნილების ფარგლებში ვარიაციათა ასეთივე ფართო დიაპაზონი არსებობს ე.წ. “მოტივების პირამიდის” ყველა დონეზე, მათ შორის პირველზეც კი (ანუ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში). თვითქატუალიზაციის მოთხოვნილებებზე ხომ უკვე ითქვა.

      მოთხოვნილებათა ეს ჯგუფები იერარქიულ რიგს ქმნიან. იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს - თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა; სუბიექტურად იგი ნაკლებ მომთხოვნად განიცდება. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ბიოლოგიურ და ფსიქიკურ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს ხდის და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. ოღონდ მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. თუ, მაგალითად, დეპრივირებულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ინდივიდის მთელი აქტივობა მათ დაკმაყოფილებაზეა მიმართული და სხვა მოთხოვნილებები ამ დროს მისთვის არც არსებობს. დაკმაყოფილების შემდეგ ამ მოთხოვნილებებს აქტუალურობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ექმნება იზრუნოს შემდგომი დონის, ანუ უსაფრთხოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე და ა.შ. მაშასადამე, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებმა მხოლოდ მაშინ შეიძლება განსაზღვრონ პიროვნების აქტივობა, თუ ყველა დანარჩენი მოთხოვნილება ასე თუ ისე დაკმაყოფილებულია. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ვითარება მიუღწეველია; მათი ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე, არამედ დაბალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მასლოუს ვარაუდით, შედარებით განვითარებულ საზოგადოებებშიც ადამიანები იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს 85%, უსაფრთხოების – 70%, ურთიერთობის – 50%, თვითპატივისცემის – 40% და თვითაქტუალიზაციის – 10%. ამიტომაც შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. საჭიროა აღინიშნოს, რომ მასლოუ ადასტურებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებების დაკმაყოფილების იერარქიული წესი ირღვევა და მაღალი მოთხოვნილებები ქცევის რეალური მოტივები ხდებიან დაბალი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის პირობებშიც. მაგრამ, ავტორის თქმით, ეს მხოლოდ ის გამონაკლისია, რომელიც საერთო წესს ადასტურებს.

      აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩამოყალიბებული სახით დაალაგა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში “მოტივაცია და პიროვნება” (1954). იგი შემდგომშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს თვითაქტუალიზაციის შესახებ; სახელდობრ, დაინტერესდა თვითაქტუალიზაციის განვითარების საკითხით. საქმე ისაა, რომ მასლოუს მიერ შესწავლილი თვითაქტუალიზებული პიროვნებები ძირითადად ასაკოვანი ხალხი იყო, რომელთათვისაც თვითაქტუალიზაცია მათი პიროვნული განვითარების შედეგს, საბოლოო მდგომარეობას წარმოადგენდა. მაგრამ, როგორ შეიძლება დახასიათდეს თვითაქტუალიზაციის კუთხით თუნდაც ეს პიროვნებები მათი ჩამოყალიბების მთელი პროცესის განმავლობაში? ნუთუ თვითაქტუალიზაციისთვის უცხოა დინამიკა, ქმნადობა?

      ამ საკითხის დამუშავების პროცესში მასლოუმ შეარბილა თავისი პოზიცია მოტივთა აქტუალიზაციის მკაცრი იერარქიულობის შესახებ. მან თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივ მომქმედი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს თვითაქტუალიზაცია შეადგენს. თვითაქტუალიზებულ პიროვნებებში ეს მოტივაცია ბატონობს, მაგრამ მისი ელემენტები ყველა ადამიანთან გვხვდება. ავტორი ასე აყალიბებს თავი მოსაზრებას: “თვითაქტუალიზაცია რამდენადმე განხორციელებულ ფაქტს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებთან წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობასთან იგი არსებობს იმედის, მისწრაფების, ლტოლვის, ბუნდოვნად სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწევლის სახით. თვითაქტუალიზაციის ღირებულებები რეალურად არსებობენ მაშინაც, როცა ისინი არაა აქტუალიზებული. ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს იმასაც, რაც ის არის და იმასაც, რისკენაც ის მიისწრაფის”.

      მასალოუს პოზიციის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა ფსიქოკონსულტაციური პრაქტიკის მონაცემებმა. იგი დარწმუნდა, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანში არსებობს მისწრაფება თვითაქტუალიზაციისკენ, უმრავლესობას კი, პრინციპში, შეუძლია თვითაქტუალიზაციისკენ გზის გამონახვა ან დამოუკიდებლად, ან ფსიქოკონსულტანტის დახმარებით. ამრიგად, თვითაქტუალიზია არაა მხოლოდ ერთეული პიროვნებების სასრული და მუდმივი მდგომარეობა. თვითაქტუალიზაციის პოტენციამ შეიძლება თავი იჩინოს ხანმოკლე ეპიზოდების, მდგომარეობების სახითაც. ამ კონტექსტში მასლოუ ლაპარკობს საზღვრულ განცდებზე. მათ დახასიათებას ავტორი შემდეგი სიტყვებით ცდილობს: ესაა ყველაზე შესანიშნავი განცდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები, მომენტი აღფრთოვანებისა, ნეტარებისა და ექსტაზისა. ეს შეიძლება მოხდეს სიყვარულში, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვის ან შემოქმედებითი აღტკინებისას. ამგვარ საზღვრულ განცდებში ადამიანი მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობებს და სწორედ მაშინ ხდება ადამიანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ესაა ჭეშმარიტი თვითაქტუალიზაციის ეპიზოდები. მაშასადამე, თვითაქტუალიზაცია მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრი არ ყოფილა. “ყოველი ადამიანი, ამბობს მასლოუ, ყოველ საზღვრულ განცდაში დროებით იძენს ბევრ იმ თვისებათაგანს, რომლებიც მე აღმოვაჩინე თვითაქტუალიზებულ პიროვნებებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი დამიანი, ხანმოკლე დროით მაინც, ხდება თვითაქტუალიზებული”.

      მიუხედავად ამისა, მასლოუს ძირითად ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთხელობრივი აქტი, გაბრწყინება, ეპიზოდი, არამედ თვითაქტუალიზაცია, როგორც ცხოვრების სტილი, როგორც სრულყოფილი, განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის საეტაპო წიგნში “ყოფიერების ფსიქოლოგიისკენ” (1962) იგი განსაკუთრებულ ყურადღებას პრობლემის ამ ასპექტზე ამახვილებს და მას მეტამოთხოვნილებების და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებში აღწერს. მასლოუ გამიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი (ე.წ. საბაზო მოტივაცია) ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციის დონემდე, ხოლო მეორე (ე.წ. მეტამოტივაცია) დამახასიათებელია თვითაქტუალიზაციის, ჭეშმარიტი არსებობის დონეზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ პიროვნებებს ყოველთვის აქვთ რაიმე მისია, როლი, მოწოდება, რომლის განხორციელებისთვის ზრუნვა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობად განიცდება. ეს მოწოდება ყოველთვის რომელიმე უმაღლეს ღირებულებასთან არის დაკავშირებული. მაშასადამე, მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ან, როგორც ავტორი უწოდებს, ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. მასლოუ 14 ასეთ ღირებულებას გამოყოფს, მათ შორის არის ჭეშმარიტება, სილამაზე, უნიკალურობა, სრულყოფილება, სამართლიანობა, წესრიგი, უბრალოება, დასრულებულობა, თვითკმარობა და სხვა. პრინციპში, აღნიშნავს მასლოუ, ეს ღირებულებები ან მეტამოთხოვნილებები ყველას აქვს, რადგან ისინი ადამიანის ბუნებას გამოხატავენ, მაგრამ ზოგიერთი ინდივიდები მათ არსებობას ვერც გრძნობენ, ხოლო ზოგიერთებისთვის ისინი ქცევის და ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორებია.

      ამრიგად, მეტამოთხოვნილებები ადამიანის ბუნების ნაწილს შეადგენენ. თანდაყოლილი ბიოლოგიური მოთხოვნილებების მსგავსად, ყველა ადამიანს იმთავითვე ახასიათებს ყოფიერების ღირებულბებისადმი სწრაფვა. “სავსებით გარკვეული და ემპირიული აზრით, ადამიანისთვის აუცილებელია იცხოვროს სილამაზეში და არა სიმახინჯეში, ისევე, როგორც აუცილებელია საკვები მშიერი კუჭისთვის ან დასვენება დაღლილი სხეულისთვის”. მეტამოტივები ინსტინქტოიდური ხასიათისაა. გარემოს, კულტურას შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს, ან შეაფერხოს მათი აქტუალიზაცია. ის ვითარება, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ ახერხებს ნამდვილი ყოფიერების დონეზე ასვლას და მეტამოტივირების რეალიზაციას, უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის გაპირობებული. ასეა თუ ისე, მეტამოთხოვნილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ, მასლოუს ტერმინოლოგიით, მეტაპათოლოგიებს. ასეთი მდგომარეობები, როგორებიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და სხვა, სწორედ ასეთი უმაღლესი დონის აშლილობების რიცხვს მიეკუთვნება.

      მასლოუს, პირველ ყოვლისა, ფსიქიკურად სრულყოფილი, ჯანსაღი ადამიანი აინტერესებს. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვნებაა. მას არ უნდა აწუხებდეს დაბალი რიგის მოთხოვნილებები. მასლოუს აზრით, თუ ადამიანში მუდმივად არის აქტუალიზებული სხვა ფუნდამენტური მოთხოვნილებები, იგი, ფაქტობრივად, ავადაა. ნათელია, რომ სიტყვა “ავადმყოფობა” აქ სპეციფიკური მნიშვნელობით იხმარება. ავადმყოფობა ამ შემთხვევაში ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერთმიმართების ჭრილშია განხილული. მსჯელობას ასეთი სახე აქვს: ვინაიდან ადამიანი “ავადაა” მისი ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო, ხოლო ბაზური მოტივების ფრუსტრაცია გაპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდის გარეთ არსებული ძალებით და პირობებით, მისი ავადმყოფობა საკუთრივ “საზოგადოების ავადმყოფობის” შედეგია. ჯანმრთელი საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წარმატებით ურთიერთთანამშრომლობა, თავისი პოტენციალის განვითარება და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება სხვათა თავისუფლების შეუზღუდავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეტამიზანი კარგი საზოგადოების შექმნაა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაციური და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს ოჯახი, განათლების სისტემა, ბიზნესი თუ პოლიტიკა.

      მასლოუ თვითონ იყო ჰუმანისტური რეფორმების გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომაც მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას უმაღლესი მოტივების შესაბამისად. მისი მიზანი ისეთი სამუშაო სიტუაციის შექმნა იყო, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა თვითაქტუალიზაცია და პიროვნული ზრდა. იმ რამდენიმე კორპორაციაში, სადაც მასლოუსეული პრინციპები დაინერგა, აღინიშნებოდა შესამჩნევი წარმატება მომსახურეთა პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და ბედნიერების ზრდის მხრივ. ამ შედეგებმა ცხადყო და დაადასტურა მასლოუს თეზისი, რომ პიროვნული ძალების გამოვლენის მაღალი დონე მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ვაღიარებთ თვითაქტუალიზაციის მოტივაციას ყველა ადამიანში და ხელს შევუწყობთ ამ მოტივაციის მაქსიმალურად სრულ რეალიზაციას.

      მასლოუ, ალბათ, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ყველაზე სერიოზული თეორეტიკოსია. მისი იდეები ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ფსიქოლოგიურ (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ) საზოგადოებრიობაში, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამ იდეებს ყველა იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოტივაციის იერარქიულმა მოდელმა, რომელიც მასლოუს შეხედულებათა ქვაკუთხედია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არის მოტივთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცდა. ამიტომ მკვლევარები შეეცადნენ მის განვითარებას. მაგალითად, მასლოუს მოტივთა კლასიკურ ხუთსაფეხურიან პირამიდას დაემატა აღიარების მოტივაციაზე დაშენებული შემეცნებითი და ესთეტიკური მოთხოვნილებების ორი დონე. მასლოუ თავის შრომებში ახსენებს კოგნიტურ და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს, როგორც მოტივაციის დამატებით ასპექტებს, მაგრამ ძირითადი მოტივაციის ჩამონათვალში ისინი არ შეჰყავს და თვითაქტუალიზაციის უმაღლეს მოტივაციაში აერთიანებს.

      ამავე დროს, მოთხოვნილებათა თანმიმდევრული აქტუალიზაციის პრინციპი, რომელზეც აღნიშნული მოდელია დაფუძნებული, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი შეფასებით, იგი არსებითად სწორად გამოხატავს საქმის ვითარებას და შეესაბამება ონტოგენეტური განვითარების მონაცემებს, რომლებიც ადასტურებენ მასლოუს მიერ დადგენილ თანმიმდევრობას. მართლაც, სულ პატარა ბავშვისთვის მთავარია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; შემდგომ სტადიაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოება. მომდევნო ეტაპზე დომინირებულ ადგილს სოციალური კონტაქტი და თვითშეფასება იკავებს. თვითაქტუალიზაცია თავს იჩენს მხოლოდ გარდამავალ ასაკში, სრულად კი უკვე მოზრდილობაში რეალიზდება. დომინანტურ იერარქიას ადასტურებენ ექსპერიმენტული მონაცემებიც, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ისინი იერარქიის ორ უმდაბლეს დონეს მოიცავენ. მაგალითად, დიდ ემპირიულ მასალაზეა ნაჩვენები, რომ ძირითად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა (შიმშილი, წყურვილი, გამოყოფის მოთხოვნილება და ა.შ.) დეპრივაციის შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად გაბატონებულ ადგილს იკავებენ ქცევასა და ცნობიერებაში. არსებითად იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. დაცულობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებამ, რასაც ადგილი ჰქონდა სტიქიური უბედურებების ზონებში, ფაქტობრივად დათრგუნა რიგში მასზე მაღლა მდგომი მოტივები. ეს დასკვნები არ ვრცელდება მასლოუს იერარქიის შემდგომ დონეებზე. მონაცემები, რომლებიც არსებობს, მაგალითად, სოციალური კონტაქტის მოთხოვნილებათა დეპრივაციასთან დაკავშირებით, არ იძლევა ანალოგიური ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას. ამიტომ, ავტორთა უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს მასლოუს მოდელის უნივერსალურობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებს? აქ თითქოს უნდა არსებობდეს დაეჭვების საფუძველი. შეიძლება უამრავი მაგალითის მოყვანა ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკის თუ სხვა სფეროებიდან, როდესაც აქ მოღვაწე პიროვნებები შთაგონებით ასრულებდნენ თავის მოწოდებას, ახორციელებდნენ სრულ თვითაქტუალიზაციას საოცარი გაჭირვებისა და მორალური თუ ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად. მართლაც, არსებობენ ადამიანები, რომელთა ღირებულებები და იდეალები იმდენად ძლიერია, რომ ისინი მზად არიან გადაიტანონ ტკივილი, შიმშილი, იზოლაცია, დამცირება და სიკვდილსაც კი გაუსწორონ თვალი.

      ეს კრიტიკული მოსაზრებები, პრინციპში, მართებულია და მათ მასლოუც უწევდა ანგარიშს. გვიანდელ შრომებში მან ერთგვარად შეარბილა იერარქიული მოდელი. კერძოდ, აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვნილებებია დაკმაყოფილებული. საზოგადოდ, სრული დაკმაყოფილება არ არის მაღალი დონის მოთხოვნილების გაჩენის აუცილებელი პირობა. ასევე, მოთხოვნილებათა განლაგება არ არის ფიქსირებული და ერთმნიშვნელოვნად ისეთი, როგორც სქემაზეა მოცემული. ასეთი იერარქია არსებობს, როგორც ყველაზე მდგრადი და გავრცელებული, მაგრამ სხვადასხვა ადამიანში იგი შესაძლოა ცვალებადობდეს მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. მაგალითად, ზოგიერთისთვის პრიორიტეტული შეიძლება იყოს აღიარების მოთხოვნილება და არა სიყვარულის, ან უფრო აინტერესებდეს პრესტიჟი, ვიდრე ინტიმური ურთიერთობები და ოჯახი. ერთი სიტყვით, მასლოუ გარკვეულ დათმობებზე წავიდა თავისი მოდელის უნივერსალურობის თვალსაზრისით. მაგრამ საკითხი, არსებითად, მაინც ღიად დარჩა. სწორია თუ არა მოტივების იერარქიის მოდელი პრინციპში? მასლოუს ბოლომდე ეჭვი არ ეპარებოდა მის მართებულობაში.

      კრიტიკული განსჯის საგანი გახდა თვითაქტუალიზაციის კონცეფციის სხვა ასპექტებიც. ყველაზე მეტი კრიტიკა წილად ხვდა მასლოუს მოსაზრებებს თვითაქტუალიზაციისა და მაღალი, მეტამოთხოვნილებების ე.წ. ინსტინქტოიდურობის შესახებ. მასლოუმ ისინი ადამიანის თანდაყოლილი ბუნების ნაწილად ჩათვალა. ვიტალური მოთხოვნილებების მსგავსად, ადამიანი იბადება ჩანერგილი ყოფიერების ღირებულებებით. გარემოს პირობები მხოლოდ მათი აქტუალიზაციის ხელშემწყობ ან დამაბრკოლებელ ფაქტორად არის წარმოდგენილი. ეს თვალსაზრისი ნამდვილად ბიოლოგისტურია; მასში იგნორირებულია სპეციფიკური ადამიანური მოტივაციის ქმნადობის, ფორმირების, გარემოსეული დეტერმინირებულობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. უნდა აღინიშნოს, რომ მასლოუს პოზიცია ერთგვარად ეხმაურება დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციობიოლოგიურ კონცეფციას, რომლის თანახმად ადამიანის მაღალი მოთხოვნილებები (მაგ., ეთიკური) ევოლუციის შედეგია და მის მემკვიდრულ ნიშან-თვისებას წარმოადგენენ. ცხოველთა სამყაროში ალტრუისტული ქცევა მოცემული სახეობისთვის სასარგებლო ფაქტორად გვევლინება. ამის გამო სათანადო (ალტრუისტული) მოტივაცია მტკიცდება და მემკვიდრეობით გადაეცემა. ამ შეხედულების ერთ-ერთი მთავარი შემქნელის, ედუარდ უილსონის თქმით, სოციობიოლოგიის არსი საერთოდ ქცევისა და კონკრეტულად, ადამიანის საზოგადოებრივი ქცევის გენეტიკური განსაზღვრულობის ჩვენებაშია. ამ კონტექსტში აუცილებელია ითქვას, რომ მეორადი მოტივაციის, მაღალი მოთხოვნილებების წარმოშობის პრობლემა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. საფიქრებელია, რომ აქ მართლაც არის გარკვეული თანდაყოლილი, მასლოუს ტერმინოლოგიით, ინსტინქტოიდური მომენტები. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა უმრავლესობა, განურჩევლად მათი თეორიული ორიენტაციისა, ემხრობა მაღალი მოტივაციის შეძენილობის, მისი უპირატესად სოციალური დეტერმინირებულობის თვალსაზრისს.

      ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი წამყვანი ფიგურაა კარლ როჯერსი (1902-1987). როჯერსი იზრდებოდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში მკაცრი პროტესტანტული და ფუნდამენტალისტული ტრადიციებით. იგი, თავდაპირველად, თეოლოგიას სწავლობდა ვისკონსინის უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომში ფსიქოლოგიით დაინტერესდა და სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამეცნიერო ხარისხი კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში 1931 წელს. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში ბავშვის ფსიქოლოგიის განხრით. 1940 წლიდან იწყება მისი აკადემიური კარიერა კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ვისკონსინის უნივერსიტეტებში. 1964 წლიდან როჯერსი გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბიჰევიორალური მეცნიერებების დასავლეთის ინსტიტუტში და ადამიანის შემსწავლელ ცენტრში. როჯერსი ძალიან ბევრს აკეთებდა თავისი ფსიქოთერაპიული სისტემის პოპულარიზაციისთვის. იგი ხშირად მოგზაურობდა, ატარებდა სემინარებსა და სეანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. 1989 წელს ამ მიზნით ეწვია თბილისს.

      როჯერსი, პირველ რიგში, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი იყო და მისი პერსონოლოგიური შეხედულებანი სწორედ ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა. როჯერსის თვალსაზრისის ცენტრალური ცნება “მე”-კონცეფციაა. ესაა ქცევისა და ცნობიერების თვითრეალიზაციის ძირეული მექანიზმი. “როდესაც ორგანიზმი გარკვეულ ძალისხმევას ახორციელებს თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მის მიერ განცდილ სამყაროში, ამ ძალისხმევის ფორმა თავსებადი უნდა იყოს “მე”-კონცეფციასთან”. ეს უკანსაკნელი შედგება “მე”-ს შეხედულებებისაგან თავისთავზე (თვითშეფასება) და იმაზე, თუ როგორი სურს მას იყოს (იდეალური “მე”). ჯანმრთელი, ნორმალური, მოწიფული და ჰარმონიული პიროვნების “მე”-კონცეფციაში ეს ელემენტები ურთიერთთავსებადად, როჯერსის ტერმინოლოგიით, კონგრუენტულად არიან ინტეგრირებული. “მე”-კონცეფციის დეზინტეგრაციის საშიშროება მაშინ იქმნება, როდესაც ხდება განსვლა თვითშეფასებასა და იდეალურ მე-ს შორის, თვითშეფასებასა და ადამიანის უშუალო და რეალურ ქცევით გამოცდილებას შორის. “მე”-კონცეფციის დეზინტეგრაცია ვლინდება თავის თავში დაურწმუნებლობის, შიშის, შფოთვის და სხვა განცდებში. დასაწყისში შეუმჩნეველი ეს განცდები თანდათან ძლიერი და შემაწუხებელი ხდება. ამ ვითარებიდან ნამდვილი გამოსავალი “მე”-კონცეფციის გადახალისებაში მდგომარეობს. მაგრამ პიროვნება, როგორც წესი, ცდილობს შეინარჩუნოს არსებული “მე”-კონცეფცია; იგი შესაძლებისდაგვარად ებრძვის დეზინტეგრაციულ პროცესებს და დაცვით მექანიზმებს მიმართავს.

      როჯერსი ორ ძირითად მექანიზმზე მიუთითებს: 1) რეალობის აღქმის დამახინჯება (მაგ., მიუხედავად მარცხისა და წარუმატებლობისა, ადამიანი მაინც მიიჩნევს, რომ ნიჭიერია და უბრალოდ, არ უმართლებს); 2) “მე”კონცეფციისთვის საფრთხის შემცველი გამოცდილების იგნორირება (მაგ., ადამიანი არ აცნობიერებს, თვალს ხუჭავს იმაზე, რომ იგი ბევრს ჭამს, ეწევა, უხეშობს, ფეთხუმია და ა.შ.). ამ მექანიზმებმა შეიძლება გარკვეულ ფარგლებში შეანელონ ან შეარბილონ დეზინტეგრაციული ტენდენციები, მაგრამ არსებითად საქმეს ვერ შველიან. პირიქით, უფსკრული “მე”-კონცეფციასა და რეალობას შორის სულ უფრო იზრდება, რასაც შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური დეზადაპტაცია და აშლილობა მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში უკვე ფსიქოთერაპევტის ჩარევა ხდება საჭირო. ამოცანა იმაშია, რომ ინდივიდს გამოუმუშავდეს საკუთარი თავის ახალი, რეალობის ადეკვატური ხატი, და ჩამოუყალიბდეს თავის შესაძლებლობათა შესატყვისი იდეალური მე.

      იმისათვის, რომ მივიღოთ უფრო მოქნილი მე-კონცეფცია, საჭიროა მოიხსნას ან მაქსიმალურად შესუსტდეს დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ამახინჯებენ “მე”-კონცეფციას. ეს გზას გაუხსნის პიროვნებაში არსებულ ჯანსაღ ძალას, მიმართულს მის განვითარებაზე და თვითგამოვლენაზე. “რაც არ უნდა ვუწოდოთ მას, ამბობს როჯერსი, ზრდის ტენდენცია, აღძრულობა თვითაქტუალიზაციისკენ თუ წინ მოძრაობის ტენდენცია, ესაა სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისწრაფება, რომელზეც დამოკიდებულია მთელი თერაპია. ესაა მთელ ორგანულ და ადამიანურ ცხოვრებაში ჩართული მისწრაფება გავრცელდეს, გაფართოვდეს, გახდეს დამოუკიდებელი, განვითარდეს, გამოავლინოს და აამოქმედოს ორგანიზმის ყველა შესაძლებლობა ისეთ დონემდე, რომ გაძლიერდეს ორგანიზმი ან “მე”. ყოველივე ეს პიროვნებაში ღრმა და მნიშვნელოვან ძვრებს გულისხმობს, რაც იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ფსიქოთერაპიული სეანსების დროს შექმნილია სათანადო ატმოსფერო და ურთიერთობები. სწორედ ამაზეა მიმართული ფსიქოთერაპიის ის სახე, რომელიც მტკიცედ არის დაკავშირებული როჯერსის სახელთან; მას არადირექტიული ან კლიენტზე ცენტრირებული თერაპია ეწოდება. ამგვარი თერაპია გულისხმობს თერაპევტის მიერ კლიენტისათვის თბილი და მიმღებლური ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც ეს უკანასკნელი სრულ ფსიქოლოგიურ დაცულობას და უსაფრთხოებას გრძნობს. თერაპევტი ამჟღავნებს კეთილმოსურნეობას, “უეჭველ დადებით დამოკიდებულებას”; გულწრფელი ინტერესით და ემპატიით ცდილობს სწვდეს მეორე ადამიანის შინაგან სამყაროს, დაინახოს ისე, როგორც ეს უკანასკნელი ხედავს მას. ასეთ სიტუაციაში იცვლება კლიენტის დამოკიდებულება თავის თავის მიმართ; იგი ხდება უფრო გულისხმიერი და მიმღებლური თავისი რეალური განცდებისა და თვისებების მიმართ; მას უჩნდება რწმენა თავის თავისა, უძლიერდება თვითკონტროლი და ავტონომიურობა; იგი უკეთესად ახერხებს თვითრეალიზაციას. ერთი სიტყვით, ხდება პიროვნული ზრდა, მე-კონცეფციის ჰარმონიზაცია და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. შედეგად ვიღებთ სრულყოფილად ფუნქციონირებად ინდივიდს, რომელსაც უნარი ექნება წარმატებით და უმტკივნეულოდ გაართვას თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს.

      თავისი ფსიქოთერაპიული საქმიანობის მეორე პერიოდში როჯერსის ინტერესმა გადაინაცვლა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიიდან ჯგუფურზე. 6070-იან წლებში, ბევრწილად როჯერსის გავლენით, ამერიკაში უაღრესად პოპულარული გახდა ე.წ. შეხვედრის ჯგუფები. როჯერსი თვლიდა, რომ პიროვნული ცვალებადობა, შინაგანი პოტენციალის ზრდა უფრო სწრაფად ხდება მცირე და ინტენსიურ ჯგუფებში.

      კლიენტზე ცენტრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიის ფარგლებს გასცდა და ადამიანურ ურთიერთობათა სხვა სახეებზეც გავრცელდა. საკმაოდ ბევრის მიერ შეწყნარებული და პრაქტიკულად რეალიზებული იქნა როჯერსის მიდგომის მთავარი პრინციპი, რომ გამაადვილებელი, ფასილიტაციური ფსიქოლოგიური კლიმატი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას ყოველგვარ სიტუაციაში, იქნება ეს თერაპევტისა და კლიენტის, მშობლისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის, ლიდერისა და ჯგუფის, ადმინისტრატორისა და თანამშრომლის თუ სხვა სახის ურთიერთობა. განსაკუთრებული გაქანება მოიპოვა ჰუმანისტურმა მიდგომამ განათლების სფეროში. როჯერსი აღიარებულია თანამედროეობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფსიქოთერაპევტად. იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხვეწდა ფსიქოთერაპიულ ტექნიკას, მაგრამ, როგორც მკვლევარი, არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ტექნიკის სრულყოფით და ცდილობდა მკაცრი ემპირიული მეთოდებით შეემოწმებინა თავისი მოდგომის მართებულობა. ამაში გამომჟღავნდა მისი მეთოდოლოგიური პოზიცია, რომელსაც ზემოთ ეკლექტიკური ვუწოდეთ. როჯერსი დასაშვებად, ზოგჯერ კი აუცილებლად მიიჩნევს ფენომენოლოგიური და ობიექტურ-პოზიტივისტური მეთოდოლოგიის შეთავსებას (იხ. თავი 6.7.).

      როჯერსი შემეცნების სამ გზას გამოყოფს. 1) შინაგანი, სუბიექტური გამოცდილება, რომელიც დამყარებულია ე.წ. ორგანიზმულ გრძნობაზე და შეადგენს შინაგანი ჰიპოთეზების ფორმულირების წყაროს; 2) ობიექტური შემეცნება, რომელიც არსებითად კლასიკურ საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიას გულისხმობს და 3) პიროვნებათშორისი ან ფენომენოლოგიური შემეცნება. ამ შემთხვევაში ემპატია მიმართულია სხვა ადამიანის სუბიექტური სამყაროს წვდომაზე, იმაზე, თუ რამდენად რელევანტურად შევდივართ მის ფენომენოლოგიურ ველში, მისი საზრისების სისტემაში. ამ გზით მოპოვებული ცოდნა აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია მისი განზოგადება და შემოწმება სავსებით ობიექტური (ექსპერიმენტული) პროცედურების მეშვეობით. ბიჰევიორიზმის ცალმხრიობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მხოლოდ მეორე სახის შემეცნებას სცნობდა. ქცევის ნამდვილი მეცნიერული შესწავლა კი სამივე სახის შემეცნებას გულისხმობს. როჯერს სჯერა, რომ სწორედ ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას (რომელსაც იგი ფენომენოლოგიურეგზისტენციალურს უწოდებს) შესწევს ამის უნარი. უფრო მეტიც, როჯერსი დარწმუნებულია, რომ ეს მიმდინარეობა მიგვიყვანს ისეთ თეორიულ დასკვნებამდე, რომლებიც გააოცებენ ტრადიციულ ფსიქოლოგებს, ვინაიდან იგი თავის თავში შეიცავს ახალი მეცნიერების სათავეებს; ეს იქნება მეცნიერება, რომელსაც არ შეეშინდება ხელი მოკიდოს პიროვნების პრობლემას და გამოიყენოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური შემეცნება.

      უნდა ითქვას, რომ ეს პრეტენზიები ნამდვილად გადაჭარბებულია. მიმდინარეობას, რომელსაც როჯერსი წარმოადგენს არც მაშინ, როდესაც ამას ამბობდა, და არც ახლა, ხუთი ათეული წლის მერე, არავინ გაუოცებია განსაკუთრებული მონაცემებით ან აღმოჩენებით, მით უფრო ახალი მეცნიერებით. როჯერსის პოზიცია დამაჯერებლად ჟღერს მხოლოდ ორთოდოქსალურ ბიჰევიორიზმთან მიმართებაში, რომელიც მართლაც იზღუდებოდა მხოლოდ გარედაკვირვებადი ცვლადების გაზომვით. მაგრამ განა იმ ფენომენების (მიზანი, საზრისი, განზრახვა, თვითაღქმა, თვითშეფასება და ა.შ.) მეცნიერული კვლევის ტრადიციას, რომლებიც პიროვნულ-მოტივაციურ სფეროს მიეკუთვნებიან, ფენომენოლოგიურმა და ეგზისტენციალურმა ფსიქოლოგიამ დაუდო სათავე? XX საუკუნის დასაწყისიდან ევროპულ ფსიქოლოგიაში ეს პრობლემატიკა ყოველთვის აქტუალური იყო. ორმოციანი წლებიდან კი ამ სფეროში უამრავი ექსპერიმენტული კვლევა განხორციელდა. ეს კვლევები ეხება მეკონცეფციის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მე-ს ხატი, იდეალური მე, თვითშეფასება, პრეტენზიის დონე, მოლოდინი, ფრუსტრაცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევები საბუნებისმეტყველო-პოზიტივისტური ორიენტაციით ხასიათდება, რომელიც ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალური მეცნიერული მსოფლმხედველობისთვის ანტაგონისტურია. ამრიგად, სუბიექტური, პიროვნულმოტივაციური ფენომენების კვლევას ტრადიციული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფარგლებში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ კვლევებს თავისი ლოგიკა და მეთოდოლოგია აქვს; ამიტომ, სინამდვილეს არ შეეფერება ის შეფასება, თითქოს მათ გზა გაუხსნა ფსიქოლოგიის ასპარესზე მესამე ძალის გამოჩენამ. ის გარემოება, რომ ამ ფენომენებს როჯერსი ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ ცვლადებს უწოდებს, თავისთავად არ აქცევს მათ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კუთვნილებად; საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რა არის საკუთრივ ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია.

      ჰუსერლის ფენომენოლოგიისა და ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართებაზე ჩვენ ზემოთ უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ (იხ. თავი 6.3.). ფსიქოლოგიურ კვლევაში ფენომენოლოგიური მეთოდის გამოყენება ნიშნავს ცნობიერების მოვლენათა განხილვას განცდებზე უშუალო დაკვირვების საფუძველზე, წინასწარი ვარაუდებისა და თეორიული სქემების გარეშე, რომელთაც შეუძლიათ დაამახინჯონ ფენომენოლოგიური გამოცდილება. ასეთი დაკვირვება შეიძლება ლაბორატორიულ პირობებშიც მიმდინარეობდეს და ე.წ. ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის სახე მიიღოს. ამ მეთოდს ფსიქოლოგიაში დიდი ისტორია აქვს.

      ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში ფენომენოლოგია ძირითად მეთოდად გვევლინება. განსხვავებით ტრადიციული ფსიქოლოგიისაგან, სადაც უპირატესად სხადასხვა ფსიქიკური პროცესების კვლევა მიმდინარეობდა, ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში ფენომენოლოგიური მეთოდი პიროვნების შესასწავლად გამოიყენება. მესამე ძალის წარმომადგენლები იქიდან ამოდიან, რომ პიროვნების გაგება მხოლოდ მისი საკუთარი თვალსაზრისიდან, მისი სუბიექტური გამოცდილებიდან შეიძლება. მთავარია გავიგოთ, როგორ განიცდის ადამიანი თავის თავს და სასიცოცხლო პრობლემებს. პიროვნების შემეცნების საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ემპატია-შთაგრძნობა, უშუალო შესვლა შინაგან სამყაროში, თანაგანცდა, ერთი სიტყვით ის, რასაც როჯერსი ფენომენოლოგიურ შემეცნებას უწოდებს. როჯერსისა და სხვა ეკლექტიკოსების მეთოდოლოგიური პოზიცია განსხვავებული მეთოდების შეუღლებაში მდგომარეობს; სხვების აზრით კი ფენომენოლოგია ჭეშმარიტი შემეცნების ერთადერთი იარაღია. ამგვარ ორიენტაციას ხშირად ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიას უწოდებენ. თუმცა, ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მთელი ჰუმანისტური ფსიქოლოგია ეგზისტენციალურია ისევე, როგორც ფენომენოლოგიური. ერთ-ერთი წამყვანი ეგზისტენციალური ფსიქოლოგის, შარლოტა ბიულერის შეფასებით, თუ ფენომენოლოგია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეთოდური საფუძველია, ეგზისტენციალური შეხედულებები მის ფილოსოფიურ ბაზისს ქმნიან. თუმცა, აქვე უნდა ვახსენოთ ისეთი სისტემებიც, როგორიცაა სიცოცხლის ფილოსოფია და პერსონოლოგია.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

[1] პერსონოლოგიის იმ მიმართულებაში, რომელიც პიროვნული ნიშნების ან თვისებების ფსიქოლოგიად იწოდება, არ არსებობს შეთანხმებული შეხედულება პიროვნების სრულყოფილი დახასათებისთვის საჭირო ნიშნების რაოდენობაზე. პიროვნების უნიკალური ნიშნების ღირებულების ხაზგასმით ოლპორტი, ფაქტობრივად, ნიშნების განუსაზღვრელი რაოდენობის აღიარებამდე მიდის. კეტელს, საერთო ნიშნების რაოდენობა თექვსმეტამდე დაჰყავს, აიზენკი კი სულაც სამი ნიშნით კმაყოფილდება. ბოლო ხანებში სულ უფრო მეტ ძალას იკრეფს ახალი მიდგომა, რომელიც ერთგვარ კომპრომისად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შეხედულების თანახმად, პიროვნების არსებითი დახასიათებისთვის აუცილებელი და საკმარისია ხუთი თვისება (ე.წ. “ხუთფაქტორიანი მოდელი”).

ტეგები: Qwelly, იმედაძე, მასლოუ, მიმდინარეობა, ოლპორტი, როჯერსი, ფსიქოლოგია

ნახვა: 3896

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters