ფსიქოლოგიის ისტორია, VI თავი, III ნაწილი

6.6. ჰორმული ფსიქოლოგია

      ჰორმული ფსიქოლოგია ინსტინქტთეორიის სახესხვაობაა, რომელიც შექმნა ინგლისელ-ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ მაკ-დაუგოლმა (1871-1938). მან ინგლისსა და გერმანიაში მიიღო ჰუმანიტარული და სამედიცინო განათლება. ერთხანს მუშაობდა ლონდონში ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში, 1904 წლიდან კი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც კითხულობდა მენტალური ფილოსოფიის კურსს. 1908 წელს გამოიცა მისი წიგნი „შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში”, რომელიც სოციალური ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად არის მიჩნეული. შემდეგ წიგნში „ფსიქოლოგია: ქცევის შესწავლა” (1912), მან ჩამოყალიბებული სახე მისცა ჰორმული ფსიქოლოგიის სისტემას. 1920 წელს გადასახლდა აშშ-ში, სადაც შეცვალა მიუნსტენბერგი ჰარვარდში. შვიდი წლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში ფსიქოლოგიის ფაკულტეტს დიუკის უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კაროლინაში. წიგნში „ჯგუფური ფსიქოლოგია” განიხილა ინდივიდუალური ფსიქიკა ნაციონალურ-კულტურულ ჭრილში.

      მაკ-დაუგოლი ფსიქოლოგიის ამოცანას ხედავს ქცევის შესწავლაში, რათა შესაძლებელი გახდეს მისი რეგულირება და ცვალებადი გარემოებებისადმი შეგუება. ქცევის აღძვრასა და წარმართვას უზრუნველყოფს სპეციალური ფსიქიკური სისტემა ან მექანიზმი, რომლის სტრუქტურა და ფუნქცია ფსიქოლოგიამ უნდა გამოიკვლიოს. ამ მექანიზმში გამოიყოფა ორი ასპექტი: მოტივაციური და საშემსრულებლო, ან სხვაგვარად, ენერგეტიკული და შემეცნებითი. ამ მექანიზმის ბუნების გასარკვევად მაკ-დაუგოლმა მიმართა ინსტინქტის ცნებას, რომელიც, ევოლუციური იდეების გავლენით, არც თუ იშვიათად გამოიყენებოდა ქცევის დახასიათებისას. ჯეიმსი, მაგალითად, ინსტინქტში დაუსწავლელი (თანდაყოლილი) მოქმედების საშუალებით გარკვეული სასარგებლო შედეგის მიღწევის უნარს ხედავდა. თუ ჯეიმსისთვის ინსტინქტი ქცევის ერთ-ერთი მექანიზმია, მაკ-დაუგოლთან ის ყოველგვარი აქტივობის ძირეული ამხსნელი პრინციპის სახეს იღებს. ინსტინქტში მოცემულია ყველაფერი, რაც ქცევას ესაჭიროება. პირველ ყოვლისა, ეს არის ენერგეტიკა, იმპულსი, მისი ტერმინოლოგიით „ჰორმე” (ბერძნული სიტყვიდან ჰორმე, რაც გარკვეული მიზნისკენ მისწრაფებას ნიშნავს). მიზნისკენ სწრაფვა ცოცხალის ფუნდამენტური ნიშანია და ერთნაირად ახასიათებს ცხოველისა და ადამიანის ქცევას. ის არის ორგანიზმის ბუნებაში ჩანერგილი თანდაყოლილი სასიცოცხლო ანუ ვიტალური ენერგიის გამოხატულება, რომელიც ინსტინქტში რეალიზდება. ყოველი ქცევა, ამბობს ავტორი, „ტელეოლოგიურია, მიზანმიმართულია, ორიენტირებულია დასახული მიზნობრივი მდგომარეობის მისაღწევად”. აქედან გამომდინარე, თავის თეორიულ სისტემას უწოდებს ჰორმულს და ტელეოლოგიურს.

      ჰორმული ენერგიის „მარაგი”, ისევე როგორც მისი განაწილებისა და „განმუხტვის” გზები, მოცემულია ინსტინქტში. ამიტომ ეს უკანასკნელი გააზრებულია რთული წარმონაქმნის სახით, რომელიც სამ, ერთმანეთის მიმყოლ პროცესს მოიცავს: 1) სელექციური აღქმა, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზმის სპეციფიკური მდგომარეობიდან, მიდრეკილების მაგვარად (მაგ., საკვები ობიექტების უფრო ადვილი აღმოჩენა შიმშილის დროს); 2) შესაბამისი ემოციური იმპულსი (ინსტინქტის ბირთვი); 3) მიზნის მიღწევაზე მიმართული საშემსრულებლო აქტივობა (მაგ., გაქცევა შიშის დროს). სხვა სიტყვებით: „ინსტინქტური ქცევის ყოველი ნიმუში მოიცავს ცოდნას რაიმეს შესახებ (ობიექტი), მისადმი დამოკიდებულებას და მისკენ მისწრაფებას ან მისგან განრიდებას”. ამგვარად, ინსტინქტს, როგორც ქცევისადმი მიდრეკილებას, დისპოზიციას აქვს ემოციურ-მოტივაციური, კოგნიტური და მოტორული ასპექტი. ამა თუ იმ ინსტინქტის კოგნიტური და მოტორული კომპონენტი შეიძლება ცვალებადობდეს ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით, მაგრამ ემოციურ-მოტივაციური ბირთვი ყოველთვის უცვლელი რჩება. ამიტომ ყველა ინსტინქტს შეესაბამება თავისი ემოცია, რომელიც მასთან განუყრელ ერთიანობას ქმნის.

      თავდაპირველად მაკ-დაუგოლმა გამოყო ადამიანის ინსტინქტ-ემოციის 12 წყვილი: 1) ბრძოლის ინსტინქტი (ბრაზი); 2) გაქცევის ინსტინქტი (შიში და თვითშენახვის გრძნობა); 3) გვარის გაგრძელების ინსტინქტი (სქესობრივი გრძნობა, ეჭვიანობა და ქალური სიმორცხვე); 4) კვებითი ინსტინქტი (შიმშილი); 5) მშობლიური ინსტინქტი (სინაზე); 6) ცნობისმოყვარეობის ინსტინქტი (გაკვირვება); 7) ჯოგური ინსტინქტი (მიკუთვნებულობის გრძნობა); 8) მიუღებლობის ინსტინქტი (ზიზღი); 9) მოპოვების ინსტინქტი (საკუთრების გრძნობა); 10) შენების ინსტინქტი (შემოქმედების გრძნობა); 11) თვითდამკვიდრების ინსტინქტი (აღმაფრენა); 12) თვითდამცირების ინსტინქტი (უხერხულობის გრძნობა).

      ინსტინქტის ცნება ერთგვარ უხერხულობას უქმნიდა თავად მაკ-დაუგოლს, რადგან მისი შეხედულების ისეთი წაკითხვის საშუალებას იძლეოდა, თითქოს ქცევა ყოველთვის და მხოლოდ თანდაყოლილი ემოციურ-მოტივაციური დისპოზიციებით არის განსაზღვრული. ამიტომ, გვიანდელ ნაშრომებში, ქცევის ემოციურ-მოტივაციური საფუძვლის აღსანიშნავად, მან გამოიყენა ტერმინი მიდრეკილება. თავისი არსით ის შეესაბამება პოტენციურ მოთხოვნილებას, ანუ ისეთ დისპოზიციას, რომელიც აქტუალიზაციის შემთხვევაში ტენდენციის, მისწრაფების ან ლტოლვის სახით ვლინდება. საბოლოოდ, მაკ-დაუგოლმა გამოყო 18 მიდრეკილება: 1) საკვების მოპოვება, საკვების ძიება და - შენახვა. 2) ზიზღი, მავნე ნივთიერებებისაგან განრიდება; 3) სექსუალობა, არშიყობა და საქორწინო ურთიერთობა; 4) შიში, გაქცევა ან დამალვა სახიფათო და ტკივილის მომგვრელი ზემოქმედებისაგან; 5) ცნობისმოყვარეობა, უცნობი ადგილებისა და საგნების გამოკვლევა; 6) მფარველობა და მშობლიური ზრუნვა, პატარების გამოკვება და დაცვა; 7) ურთიერთობა, თანასწორებს შორის ყოფნა და კონტაქტის ძიება; 8) თვითდამკვიდრება, დომინირება და ლიდერობა, თავის გამოჩენა; 9) დაქვემდებარებულობა, დათმობა, მორჩილება ძლიერისადმი; 10) რისხვა. გაბრაზება და ძალისმიერი მოცილება იმისა, რაც სხვა მიდრეკილებებს აბრკოლებს; 11) დახმარების მოხმობა, აქტიური მოწოდება საშველად, როცა ჩვენი ძალისხმევა წარუმატებლად მთავრდება; 12) შექმნა, თავშესაფრისა და შრომის იარაღის კეთება; 13) მომპოვებლობა, ყოველივე იმის მოპოვება, ფლობა და დაცვა, რაც სასარგებლოა და მიმზიდველი; 14) სიცილი, სხვა ადამიანების ნაკლოვანებებისა და წარუმატებლობის დაცინვა; 15) კომფორტი, დისკომფორტის მოხსნა ან არიდება; 16) დასვენება და ძილი, უძრაობისკენ, განტვირთვისკენ და ძილისკენ მიდრეკილება დაღლილობის დროს; 17) მაწანწალობა, გადაადგილება ახალ შთაბეჭდილებათა ძიებაში; 18) პრიმიტიულ მიდრეკილებათა ჯგუფი, რომლებიც ემსახურებიან სხეულებრივ პროცესებს, ისეთებს, როგორიცაა ხველა, ცემინება, სუნთქვა, დეფეკაცია და ა.შ.

      რაც შეეხება ქცევის საშემსრულებლო ასპექტს, მის აღსანიშნავად მაკდაუგოლმა გამოიყენა ტერმინი უნარი. შესაბამისად, გამოიყო შემეცნებითი და მოტორული უნარები, თუმცა ეს დაყოფა ერთგვარად პირობითია, რადგან, მაკდაუგოლის აზრით, ყოველ შემეცნებით უნარს აქვს ბუნებრივი გამოხატულება გარკვეული რეაქციების სახით, ხოლო ყოველი სამოძრაო უნარის საორიენტაციო ნაწილში ჩართულია გრძნობადი შთაბეჭდილებები და კოგნიტური სტრუქტურები.

      შესაბამისად, დაკონკრეტდა ინსტინქტის ცნებაც. იგი აღნიშნავს მხოლოდ თანდაყოლილ, ფიქსირებულ კავშირს ერთ-ერთ მიდრეკილებასა და შესაბამის უნარს შორის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველებშიც კი ეს კავშირი სხვადასხვა დიაპაზონში ცვალებადობს გარემო პირობების გავლენით. ქცევის ინსტინქტური, თანდაყოლილი საწყისი ფატალურად არ განსაზღვრავს ქცევას და ადგილს უტოვებს ადაპტაციურ პროცესს, რაც მიდრეკილებისა და უნარის ახალი კავშირების შეძენაში მდგომარეობს. ამაში ჩანს ფსიქიკური ცხოვრების განვითარების უმთავრესი პრინციპი. ცხოველისაგან განსხვავებით, ადამიანთან კავშირი მიდრეკილებასა და უნარს შორის, ჩვეულებრივ, არ არის ფიქსირებული - ერთი მიდრეკილება უკავშირდება სხვადასხვა უნარებს და პირიქით, ერთი უნარი ემსახურება განსხვავებულ მიდრეკილებებს. როგორც მიდრეკილებები, ისე უნარები შეიძლება გაერთიანდნენ მეტ-ნაკლებად ფართო კომპლექსებში ან სისტემებში. გართულების კიდევ ერთი ხაზი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარების უმაღლეს დონეზე, მიდრეკილებათა საფუძველზე, აღმოცენდება სპეციფიკურად ადამიანური ემოციურ-მოტივაციური წარმონაქმნები - მოტივები და განზრახვები. მათი აღმოცენება და ფუნქციონირება ცნობიერების პლანში მიმდინარეობს.

      ყოველ მიდრეკილებაში (მისწრაფებაში) „ჩაწერილია” ობიექტები, რომლებზეც ის არის მიმართული. ამ ობიექტების დანაკლისი უარყოფით გრძნობას იწვევს, ხოლო მათი მოპოვება - დადებითს. აქედან გამომდინარე, მაკ-დაუგოლი თვლის, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ გრძნობის ორ პირველად და ძირეულ ფორმაზე, ესენია სიამოვნება-უსიამოვნება ან კმაყოფილებაუკმაყოფილება. ეს გრძნობები, ასე თუ ისე, ყველა მისწრაფებას ერთვიან და მათი რეალიზაციის წარმატება-წარუმატებლობაზე მიანიშნებენ.

      ორგანიზმის შემეცნებითი ფუნქციების განვითარების კვალდაკვალ ეს გრძნობებიც ვითარდება. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ შემეცნება ერთდროულად სწვდება ობიექტებისა და სიტუაციების სხვადასხვა ასპექტებს და, ამასთანავე, განჭვრიტავს შესაძლო ემოციურ მდგომარეობას. ეს ქმნის რამდენიმე მისწრაფების ერთდროული აქტუალიზაციის საშუალებას და, ასევე, ფაქტობრივი და განჭვრეტილი წარმატება-წარუმატებლობის გაერთიანების შესაძლებლობას. შედეგად, კოგნიტურად საკმარისად განვითარებულ ცოცხალ ორგანიზმს არა მხოლოდ უბრალო სიამოვნება-უსიამოვნების, არამედ ისეთი გრძნობებიც უვითარდება, რომლებშიც გაერთიანებულია დადებითი და უარყოფითი რომელობა. წარმოიქმნება რთული გრძნობები: სევდა, შფოთვა, მონანიება და სხვა. განვითარების პროცესში ისინი ერთიანდებიან კიდევ უფრო რთულ ემოციურ მდგომარეობებში: ადამიანი განიცდის ტკბილ სევდას, ტანჯვით შეფერილ სიხარულს, იმედისა და შფოთვის უცნაურ შეხამებას.

      ყველა ამ შემთხვევაში ძალაში რჩება გრძნობის სპეციფიკური ნიშანი - იგი წარმოიქმნება იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებით ან წარუმატებლად ხორციელდება მისწრაფება. გრძნობა მიზანზე მიმართული აქტივობის პროცესის ან შედეგის თანმხლებია. მაკ-დაუგოლი ფიქრობს, რომ ასეთი გრძნობები უნდა განვასხვავოთ საკუთრივ ემოციებისაგან. მეცნიერებაში ეს ცნებები არ არის სათანადოდ გამიჯნული, არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი თვალსაზრისი იმაზე, თუ რა პროცესების შედეგად წარმოიქმნება ისინი და როგორია მათი ბუნება. იგი ცდილობს მეტი გარკვეულობა შეიტანოს ამ საკითხში და განასხვაოს გრძნობა და ემოცია „მათი ფუნქციონალური კავშირის მიხედვით მიზანმიმართულ აქტივობასთან, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ და მიჰყვებიან, ვინაიდან ეს კავშირი ორივე შემთხვევაში არსებითად განსხვავებულია”.

      მაკ-დაუგოლის მიხედვით, ნამდვილი ემოციები წინ უსწრებენ წარმატებას ან წარუმატებლობას და მათზე არ არიან დამოკიდებული. ისინი წარმოიქმნებიან მისწრაფებათა აქტუალიზაციასთან ერთად და მათ თავისებურ ემოციურ შეფერილობას ქმნიან. ამით თითოეული მოქმედი ან განჭვრეტილი მისწრაფება საკუთარ თვისებრიობას იძენს, რაც სპეციფიკურად განასხვავებს მას სხვა ტენდენციისაგან. აქ მნიშვნელობა არა აქვს, წარმატებულია მისი რეალიზაცია თუ არა. ამდენად, ყველა სპეციფიკურ მისწრაფებას საკუთარი ემოციური თვისებრიობა აქვს. ამ სპეციფიკური განცდის ძირი იმ ორგანულ კომპლექსებსა და შესაბამის შეგრძნებებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც თან ერთვიან, აადვილებენ და აძლიერებენ სხეულებრივ აქტივობას. მაკ-დაუგოლი არ იღებს მთლიანად ჯეიმს-ლანგეს თეორიას, მაგრამ მიიჩნევს რომ „სხეულებრივი ორგანიზაციის ყოველი ასეთი სისტემა ორგანიზმის განცდებში აისახება და ამით ყოველ სპეციფიკურ მისწრაფებას თავისებურ განმასხვავებელ თვისებას ანიჭებს - ერთ-ერთი პირველადი ემოციის თვისებას”. მოკლედ, ემოცია განსაზღვრავს მისწრაფების გრძნობად რაგვარობას და შედის ინსტინქტის ან მიდრეკილების ე.წ. ემოციურ ბირთვში.

      საზოგადოდ, ემოცია-გრძნობა იმის მაჩვენებელია, თუ რაზეა მიმართული აქტივობა (მიზანი) და რამდენად არის ეს მიზანი მიღწეული. მაკ-დაუგოლი გამოყოფს კიდევ ერთ ფსიქიკურ წარმონაქმნს, რომელიც, ემოციაგრძნობისაგან განსხვავებით, მიზანთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მისი მიღწევის საშუალებებთან. მას გემოვნება ეწოდება. ჩამოყალიბებული გემოვნება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზებით და ხერხებით იქნება რეალიზებული მიზანი.

      ემოცია-გრძნობებისა და გემოვნების ერთობლიობა, ავტორის თანახმად, წარმოქმნის პიროვნების სამი ქვესტრუქტურიდან ერთ-ერთს, კერძოდ ხასიათს. რაც უფრო ორგანიზებულია გრძნობა-გემოვნების სისტემა, მით უფრო მთლიანია პიროვნება, მით უფრო მტკიცეა მისი ხასიათი. პიროვნების მეორე კომპონენტის სახით გამოყოფილია ინტელექტი. ინტელექტი არის უნარების ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ მიდრეკილებებს ემსახურება და პიროვნებაში ხასიათისაგან შედარებით დამოუკიდებელ ქვესისტემას ქმნის. პიროვნების მესამე კომპონენტია ტემპერამენტი. ის ძლიერ არის დამოკიდებული სხეულის ქიმიურ შემადგენლობაზე, რაც ნერვული სისტემის მდგრადობაზე აისახება. ტემპერამენტი განსაზღვრავს პიროვნების ექსპრესიულობას და, თავისი თანდაყოლილი ბიოლოგიური დეტერმინირებულობის მიუხედავად, გარკვეულწილად ექვემდებარება აღზრდას.

      მაკ-დაუგოლის სისტემა მრავალი მხრივაა საინტერესო. მისი ბევრი შეხედულება დღესაც იქცევს მკვლევართა ყურადღებას, განსაკუთრებით მოტივაციის ფსიქოლოგიის სფეროში. ამასთან, მათში სათუო მომენტებიცაა. პირველ რიგში ეს ინსტინქტების სიას ეხება. არ არის ნათელი, რის საფუძველზე გამოიყო სწორედ ეს ინსტინქტები და არა სხვა, რატომ ამდენი და არა მეტი ან ნაკლები. ამასთან, ზოგიერთი ინსტინქტი ისეა დახასიათებული, რომ ძნელი გასარჩევია სხვა ინსტინქტისაგან. მაგალითად, მაწანწალობა, რომელიც შთაბეჭდილებების ძიებაში გადაადგილებად განიმარტება, სავსებით შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ცნობისმოყვარეობის ნაირსახეობა, რომლის შინაარსი უცნობი ადგილებისა და საგნების გამოკვლევას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, მაკ-დაუგოლის შეხედულებები საკმაოდ პოპულარული იყო როგორც ფსიქოლოგიაში, ისე მომიჯნავე დისციპლინებში, მაგალითად, სოციოლოგიაში ან პოლიტოლოგიაში, სადაც ყოველთვის არსებობდა ერთგვარი სწრაფვა საზოგადოებრივი მოვლენების დაკავშირებისა ადამიანთა ფსიქიკურ თვისებებთან თუ ტენდენციებთან. თავის სოციალურ ფსიქოლოგიაში მაკ-დაუგოლი შეეცადა, პირველადი ინსტინქტებიდან გამოეყვანა ძირეული სოციალური ინსტიტუტები (მაგ., ოჯახი, ვაჭრობა) და პროცესები (მაგ., ომები). ამ მხრივ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ჯოგურ ინსტინქტს, რომელიც ადამიანთა ერთად ყოფნას განაპირობებს. მისი მოქმედების შედეგად არის მიჩნეული ისეთი სოციალური პროცესები, როგორიცაა ქალაქების წარმოქმნა და ზრდა, ადამიანთა სხვადასხვა სახის თავყრილობები, შრომისა და დასვენების კოლექტიური ხასიათი და ა.შ. გარდა იმისა, რომ ძირითადი საზოგადოებრივი მოვლენების ინსტინქტებიდან გამოყვანა ბევრად უფრო სერიოზულ დასაბუთებას მოითხოვს, ახსნის ასეთი მეთოდოლოგია თავის თავში შეიცავს ტავტოლოგიური მსჯელობის საფრთხეს. მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი სქემა: ომები იწყება აგრესიულობის ინსტინქტის მოქმედების გამო, მაგრამ საიდან ვიცით, რომ აგრესიულობის ინსტინქტი არსებობს? იქიდან, რომ ადამიანები ხშირად ომობენ.

      თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში, რომლის სათავეებთანაც დგას მაკ-დაუგოლი, არ არის მიღებული ადამიანის ქცევის ინსტინქტებიდან გამოყვანა. ყველაზე მეტ პროტესტს ამ ცნებასთან მყარად ასოცირებული თანდაყოლილობის იდეა იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ მაკ-დაუგოლი თავადაც აცნობიერებდა ამ გარემოებას და მიდრეკილების ცნების შემოტანით ცდილობდა შეერბილებინა სოციალური ქცევის ბიოლოგიურ დეტერმინირებულობასთან დაკავშირებული სირთულეები. მიუხედავად ამისა, ევოლუციურ შეხედულებებს და მათთან დაკავშირებულ თეზისს ქცევითი დისპოზიციების (ინსტინქტებისა და მიდრეკილებების) მეტნაკლები თანდაყოლილობის შესახებ იგი არასდროს უარყოფდა. ეს პოზიცია სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ფსიქოლოგიური აზრის მძლავრ ნაკადთან, რომელსაც ევოლუციურ ფსიქოლოგიას ან სოციოგენეტიკას უწოდებენ. ამ თეორიული ორიენტაციის თანახმად, პროსოციალური, ზნეობრივი ქცევის ზოგიერთ მოდელს, ნაწილობრივ მემკვიდრული საფუძველი აქვს, რომელიც შემდგომში ტრადიციითა და აღზრდით განმტკიცდება. ადამიანის საზოგადოებრივი და ზნეობრივი ქცევა განიხილება, როგორც მემკვიდრულისა და შეძენილის, გენეტიკურისა და სოციალურ-კულტურულის ერთდროული მოქმედების შედეგი. კონკრეტული კვლევებით დგინდება ფსიქიკური მოქმედების ევოლუციურ-გენეტიკური მექანიზმები.

      მაკ-დაუგოლის მომდევნო ხანის სოციალური ფსიქოლოგია უმეტესწილად უპირისპირდება გენეტიკურ-დისპოზიციურ მიდგომას და აქცენტს ქცევის შეძენილ და სოციალურად განმტკიცებულ მექანიზმებსა და დისპოზიციებზე აკეთებს. მაგრამ, როგორც არ უნდა ხასიათდებოდეს სოციალური ფსიქოლოგიის მიერ გამოკვლეული ქცევითი დისპოზიციები (ე.წ. ატიტუდები ანუ სოციალური განწყობები), მათ ისეთივე შემადგენლობა აქვთ, რაც მაკდაუგოლის მიერ დახასიათებულ ინსტინქტებსა და მიდრეკილებებს; ისინიც იმავე ემოციური, კოგნიტური და ქცევითი კომპონენტებისაგან შედგება (ატიტუდის ე.წ. სამკომპონენტიანი მოდელი). როგორც ჩანს, აქტივობის მიზანშეწონილი წარმართვისთვის ყოველგვარ ქცევით დისპოზიციას ისეთი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, როგორიც მაკ-დაუგოლმა თითქმის ასი წლის წინ ივარაუდა და რაც ამ თვალსაჩინო მკვლევარის დიდ გამჭრიახობაზე მეტყველებს.

6.7. აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია

      ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების პირველი თეორიული სისტემების ანალიზი სრული არ იქნება, თუ არ განვიხილავთ დილთაისა და შპრანგერის შეხედულებებს. მათ ფსიქოლოგიური აზროვნება სხვა მიმართულებით წარმართეს. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად აქედან მიეცა დასაბამი ფსიქოლოგიის არასაბუნებისმეტყველო, „ჰუმანიტარულ” გააზრებას, რომლის ფარგლებში XX საუკუნეში შეიქმნა და დღესაც ვითარდება რამდენიმე სერიოზული მეცნიერული მიმდინარეობა.

      ვილჰელმ დილთაიმ (1833-1911) გერმანელი პროფესორის ტიპური ცხოვრების გზა გაიარა. იგი დაიბადა 1833 წელს პასტორის ოჯახში. სწავლობდა ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ასწავლიდა ბაზელში, კელნში, ბრესლაუში. 1882 წლიდან მოღვაწეობდა ბერლინში და აქვე გარდაიცვალა. თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები არსებითად გადმოსცა წიგნში: „იდეები აღწერითი და დამანაწევრებელი ფსიქოლოგიის შესახებ” (1894).

      ვილჰელმ დილთაი ე.წ. სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი საფუძვლები, არსებითად, არისტოტელეს შექმნილია. შემდეგ ისინი რენესანსის ჰუმანისტებმა განავითარეს (განსაკუთრებით, ნიკოლოზ კუზელმა, ერაზმ როტერდამელმა და იაკობ ბიოემემ), შემდეგ - ლაიბნიცმა, თუმცა საკუთრივ სიცოცხლის ფილოსოფია ფ. ნიცშეს დაფუძნებულია. შემდეგ იგი ფილოსოფიაში განავითარეს ვ. დილთაიმ და, განსაკუთრებით, ა. ბერგსონმა; ბიოლოგიაში - ვიტალისტებმა (განსაკუთრებით, ჰ. დრიშმა და პ. ტეიერ დე შარდენმა); ფსიქოლოგიაში - კ. გ. იუნგმა და ნაწილობრივ, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ. საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის წარმომადგენლები იყვნენ კ. კაპანელი და დ. უზნაძე. სიცოცხლის ფილოსოფია, განსხვავებით მატერიალიზმისაგან და განსხვავებით იდეალიზმისაგან, პირველსაწყისად არც მატერიას მიიჩნევს და არც იდეას. იგი შუალედური პოზიციის დაკავებას ცდილობს და პირველსაწყისად თვით სიცოცხლის მისწრაფებას მიიჩნევს, რომელიც არსებობის სხვადასხვა საფეხურებზე სხვადასხვა სახით ვლინდება. მთელი სამყარო - ესაა განუწყვეტელი ქმნადობა, რაც პირველადი სასიცოცხლო მისწრაფების (სულის) თვითგანფენაა, ანუ დაფარული და კონცენტრირებული პოტენციის აქტუალიზაციაა. ყოველ ცოცხალს იმთავითვე ჩანერგილი აქვს ამ ძირეული და საყოველთაო მისწრაფების მცირე წილი და სწორედ ამითაა განპირობებული როგორც მთელი ბუნების, ისე ცალკეული ინდივიდის ქცევის მიზანშეწონილება. ცხადია, ამ პოსტულატის სათავეა არისტოტელესეული ცნება „ენტელექია” (იხ. თავი 2.2.)

      სიცოცხლის ფილოსოფიის კვლევის მთავარი მიმართულებებია: სუბიექტობიექტის გათიშულობის დაძლევა - სასიცოცხლო მისწრაფებაში მათი პირველადი ერთიანობის პოსტულირებით (მაგ., უზნაძისეული „ბიოსფერო“); შემეცნებაში უპირველესი მნიშვნელობის მინიჭება ინტუიციური წვდომისთვის და ინტუიციის კანონზომიერებათა გამოკვლევა; ბიოლოგიაში - სიცოცხლის ევოლუციის ისეთი თეორიის აგება, რომელიც მატერიალისტურ დარვინიზმს უარყოფს; ფსიქოლოგიაში - არაცნობიერისა და მის გამოვლინებათა შესწავლა.

      სიცოცხლის ფილოსოფიის გავლენით ფსიქოლოგიაში დამკვიდრდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნება - ყოველგვარი ადაპტაციურ-ჰომეოსტაზური თეორიების უარმყოფელი: დაუოკებელი მისწრაფება წონასწორობის მდგომარეობის დარღვევისა და საზღვრების გადალახვისკენ, საკუთარი არსის მეტად და მეტად განფენისკენ, ტრანსცენდენტირება (ქართულად - მიღმასწრაფება), რაც იმთავითვეა მეტ-ნაკლებად ჩანერგილი თვითეულ ადამიანში, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა მთელ სახეობებში. ეს მისწრაფება ხშირად თვითშენახვის უძლიერეს ინსტინქტსაც კი სძლევს და არათუ შეგუების საწინააღმდეგო ქცევის, არამედ, ადამიანის დონეზე, ზოგჯერ თვით სიცოცხლის გაწირვის მიზეზიც კი ხდება. ამ ცნებას სხვადასხვა ტერმინი და სახესხვაობა აქვს, მაგრამ არსებითი შინაარსი ერთიდაიგივეა: ბერგსონისეული ლან ვიტალ (სასიცოცხლო მისწრაფება, ძალა ანუ ენერგია); იუნგისეული „ლიბიდო - სასიცოცხლო ენერგია“ (ფროიდისეული ვიწროსექსუალური ცნებისგან განსხვავებით) და „ინდივიდუაცია - მისწრაფება თვითობისკენ“ (იხ. თავი 8.1); მაკ-დაუგოლის „ჰორმე“ ანუ „მიზნისკენ მისწრაფება“ - სასიცოცხლო ანუ ვიტალური ენერგიის გამოვლინება, რაც ინსტინქტშია განხორციელებული (იხ. თავი 6.6.); უზნაძისეული „ფუნქციონალური ტენდენცია“ (იხ. თავი 13..2.); ნიუტენისეული „თანდაყოლილი დინამიზმი“ (იხ. თავი 12.2.); ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნება, მაგალითად, „მისწრაფება თვითაქტუალიზაციისკენ“ ანუ „შინაგანი ზრდის მოთხოვნილება“ (იხ. თავი 11.1) და სხვა.

      ამრიგად, ფილოსოფიის ეს მიმდინარეობა სიცოცხლის ცნებიდან ამოდის და მას საკმაოდ ფართო დიაპაზონში განიხილავს - ბიოლოგიური არსებობის ფორმიდან ადამიანურ ფორმამდე. დილთაის სწორედ ეს უკანსაკნელი აინტერესებს. მისთვის სიცოცხლე შინაგან გამოცდილებაში, ანუ განცდაშია მოცემული. განცდა კი, თავის მხრივ, გონის სამყაროსთან, ანუ გონის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომ ფილოსოფია „სულიერი სიცოცხლიდან ამოდის და გონიერ სიცოცხლეს სწვდება”.

      დილთაის ინტერესთა ცენტრში გონითი ან ისტორიულ-საზოგადოებრივი სამყაროს რაობა, მისი არსებობის წესი, ფორმები და მათი შემეცნების საშუალებებია. ამ კონტექსტში მთავარ ამოცანად ისახება საბუნებისმეტყველო და ე.წ. გონისმეცნიერებათა გამიჯვნისა და სპეციფიკის ჩვენების საკითხი. სწორედ გონისმეცნიერებათა (იგივე ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივ მეცნიერებათა) დასაბუთების საჭიროებამ მიმართა დილთაის ინტერესი ფსიქოლოგიისკენ. თუ ბუნების მეცნიერებებს ის აერთიანებს, რომ ბუნების მოვლენებს სწავლობენ, გონისმეცნიერებებში შემავალ დისციპლინებს, ისეთებს, როგორებიცაა ისტორია, ეთიკა, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, იურისპრუდენცია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვა, აერთიანებს ის, რომ მათი კვლევის სპეციფიკური საგანი (მეურნეობა, სამართალი, ხელოვნება, მეცნიერება, მორალი და ა.შ.), ადამიანთა გონითი მოღვაწეობის შედეგია. მათი წყარო ადამიანის სულიერ აქტივობაშია. „ფსიქიკური ფაქტები მათი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და ამიტომ მათი განხილვა შეუძლებელია ფსიქოლოგიური ანალიზის გარეშე”. აქედან გამომდინარე, გონისმეცნიერებათა საფუძველს, მათ ზოგად მეთოდოლოგიას სწორედ ფსიქოლოგია წარმოადგენს. დილთაი ასე ამბობს: ფსიქოლოგია გონისმეცნიერებათა საფუძველია, ისევე როგორც მათემატიკაა ბუნებიმეცნიერებათა საფუძველი.

      აქ მთავარია, თუ როგორი ფსიქოლოგია იგულისხმება. რომელ ფსიქოლოგიას შეუძლია აიღოს თავის თავზე ამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია? დილთაი დარწმუნებულია, რომ იმჟამად გაბატონებული აკადემიური ფსიქოლოგია ამას ვერ შეძლებს. ეს არის არსებითად სტრუქტურული ფსიქოლოგია - ელემენტარისტული, ასოციაციონისტური, ბუნებისმეტყველური. დილთაი ვუნდტის თანამედროვეა. იგი იმ დროს მოღვაწეობდა, როდესაც ფსიქოლოგიაში ვუნდტის შეხედულებები იყო გაბატონებული, თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ დილთაი მთლიანად უარყოფს ვუნდტს. ქვემოთ დავინახავთ, რომ ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტში მისი პოზიცია ემთხვევა ვუნდტისას. და მაინც, დილთაი მკაცრად აკრიტიკებს ძველ ფსიქოლოგიას და ცდილობს ახლის ჩამოყალიბებას, ისეთისას, რომელიც გონისმეცნიერებათა მეთოდოლოგიის როლს შეასრულებს. ძველი ფსიქოლოგია, რომელსაც დილთაი „ახსნითს” უწოდებს, ამას ვერ შეძლებს, ვინაიდან ის ბუნებისმეტყველების პრინციპებზეა დამყარებული. ბუნებისმეცნიერებებს საქმე აქვთ გარეგანი ცდით, შეგრძნებათა გზით მიღებულ ცალკეულ ფაქტებთან და მოვლენებთან, რომელთა შორის, დილთაის აზრით, თავისთავად არავითარი შინაგანი კავშირი არ არის. ამ იზოლირებული ელემენტებისაგან შემდგარი მასალის მოწესრიგება ხდება სპეციალური ჰიპოთეზებისა და ჩვენს მიერ შექმნილი კონსტრუქციების მეშვეობით, რასაც „ახსნას” უწოდებენ. მაგალითად, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ჩვენ მიერ შექმნილი კონსტრუქციაა. ჰიუმის მსგავსად, დილთაი ფიქრობს, რომ რეალურად, მიზეზობრიობა არ არსებობს. გარეგან ცდაში მხოლოდ ისაა მოცემული, რომ ერთი მოვლენა მეორეს მოსდევს და არა ის, რომ ერთი მეორეს იწვევს. რაც უფრო ხშირად ხდება ეს, მით უფრო ძლიერდება ჩვენი ვარაუდი, რომ მათ შორის კაუზალური კავშირი არსებობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიზეზობრიობა მაინც მხოლოდ გონების კონსტრუქციად რჩება. ყოველივე ეს ვრცელდება ე.წ. ახსნით ფსიქოლოგიაზე, ვინაიდან ისიც იმავე მეთოდოლოგიურ პრინციპზეა აგებული. ფსიქიკური რეალობის ახსნა გულისხმობს ცნობიერების მოვლენებში შეზღუდული რაოდენობის ელემენტების გამოყოფას და შემდეგ, ჰიპოთეზების წამოყენების გზით (ასოციაცია, შერწყმა, აპერცეფცია და ა.შ.), მათგან გაერთიანებული კომპლექსების კონსტრუირებას. კვლევის ეს გზა პრინციპულად მიუღებელია გონისმეცნიერებისთვის, და, მითუმეტეს ფსიქოლოგიისთვის. „ბუნების შემეცნებისას დაკავშირებული კომპლექსები დგინდება ჰიპოთეზების მეშვეობით, ფსიქოლოგიაში კი სწორედ ეს კომპლექსებია პირველადი და განცდაში მუდმივად მოცემული: სიცოცხლე ყველგან მხოლოდ დაკავშირებული კომპლექსების სახით არსებობს”. ფსიქოლოგიური ფაქტები იმთავითვე დაკავშირებული მთლიანობების, შინაგან ცდაში მოცემული საზრისიანი კავშირების სახით გვეძლევა. მათი დანახვისთვის, წვდომისთვის სრულებით არ არის საჭირო ელემენტების სინთეზი ჰიპოთეზების საშუალებით. ეს კავშირები, მთლიანობები ჰიპოთეზებიდან არ გამოიყვანება, ხელოვნურად არ კონსტრუირდება. ისინი უშუალოდ განიცდება. ფსიქოლოგს ესაჭიროება ამ განცდების აღწერა და ანალიზი. ფსიქოლოგიამ კი არ უნდა ახსნას, არამედ უნდა ჩასწვდეს სულიერ მთლიანობებს, აღწეროს მათი უშუალო მოცემულობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაანაწევროს ისინი. ამიტომ არის გამოტანილი დილთაის მთავარი ფსიქოლოგიური თხზულების სათაურში სიტყვები აღწერითი და დამანაწევრებელი.

      დანაწევრება, ანალიზი, სტრუქტურას გვიხატავს. ფსიქიკური მოვლენები განსხვავებული სირთულის მთლიანი სტრუქტურებია. ფსიქიკურისთვის დამახასიათებელი მთლიანობისა და სტრუქტურულობის მითითებით, დილთაი გეშტალტის ცნებას მიუახლოვდა. ერთი მთლიანი სტრუქტურა უფრო რთული მთლიანობის შემადგენლობაში შედის. ყოველი მთლიანობა განიხილება უფრო ფართო კონტექსტში, უფრო დიდ მთლიანობაში. ადამიანს თავისი სულიერი ცხოვრების მთლიანობის, ანუ „მე”-ს განცდაც აქვს. „სწორედ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ მთლიანი კავშირის ცნობიერებით, შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ თითოეული მდგომარეობა, ცალკეული ჟესტი და ცალკეული მოქმედება”.

      იმას, რაც დროის რომელიმე მოცემულ მომენტში შემოდის ჩვენი ცნობიერების არეალში, ცნობიერების მდგომარეობა ეწოდება. ადამიანის „მე” თავის თავს ამ მდგომარებათა ცვალებადობაში პოულობს, ხოლო მათი ერთიანობა პიროვნების იდენტურობის ცნობიერების სახით გვეძლევა. ცნობიერების მდგომარეობები ერთმანეთს იწვევენ. მაგალითად, ზიზღის გრძნობა იწვევს განრიდების ტენდენციას. ცნობიერების მდგომარეობები ერთი მეორეს მიჰყვება, მისდევს. მაგრამ ამ პროცესს ისეთი სახე არა აქვს, როგორც, ვთქვათ, რიგში ჩამწკრივებული ჯარისკაცების მსვლელობას, რომელთა შორის ყოველთვის რაღაც შუალედი არსებობს. ცნობიერების მდგომარეობებს შორის შუალედი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ღვიძილის ცნობიერება უწყვეტია. ცნობიერების მდგომარეობები მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს. აქ ადვილი დასანახია მსგავსება ცნობიერების ნაკადის ჯეიმსისეულ ანალიზთან.

      როგორც არ უნდა დახასიათდეს ეს სტრუქტურირებული მთლიანობები და მათ შორის არსებული მიმართებები, მთავარია, რომ ისინი უშუალოდ განიცდება, ჩვენი შინაგანი მზერის წინაშეა. ამიტომ ფსიქოლოგიას საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაახასიათოს განცდები და მათი კავშირები, ანუ აღწეროს ისინი. აქ იკვეთება დილთაის ფსიქოლოგიის საკვანძო პრობლემა, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა შეისწავლებოდეს ფსიქიკური სინამდვილე. როგორც ვნახეთ, ავტორი აღწერით ფსიქოლოგიაზე ლაპარაკობს და მას ახსნით (საბუნებისმეტყველო) ფსიქოლოგიას უპირისპირებს. მაგრამ, სინამდვილეში, ახსნა და აღწერა არაა ერთმანეთის ოპოზიციური. მეცნიერება ერთსაც გულისხმობს და მეორესაც. ნორმალური კვლევის პროცესი ბუნებისმეტყველებაში იწყება მოვლენის აღწერით, ანუ მისი შეძლებისდაგვარად ზუსტი რეგისტრაცია-დახასიათებით, გრძელდება ანალიზით ანუ დილთაისეული „დანაწევრებით” და მთავრდება მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევით ან კანონების დადგენით, რომელთაც ის ემორჩილება, ე.ი. ახსნით. დილთაისთან ფსიქიკის სფეროში აღწერის ცნება მიუთითებს განცდისეული კავშირების უშუალო მოცემულობაზე და მათი პირდაპირი ასახვის შესაძლებლობაზე, მაგრამ ფსიქიკურის შემეცნება აღწერით ვერ დასრულდება. ფსიქოლოგიურმა კვლევამ შემდგომი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ნაბიჯი ახსნა ვერ იქნება, ვინაიდან ის, დილთაის მიხედვით, კაუზალური კავშირების ჰიპოთეტურ მტკიცებას ნიშნავს და, ამდენად, ბუნებისმეცნიერებათა პრეროგატივაა. ამიტომ „არაახსნითმა ფსიქოლოგიამ”, ისევე როგორც ყველა გონისმეცნიერებამ, უნდა მიმართოს მოვლენის არსის წვდომას, მის გაგებას. დილთაი პირდაპირ ამბობს: „ჩვენ ბუნებას ვხსნით, ხოლო სულიერ ცხოვრებას ვწვდებით”. ფსიქოლოგიური კვლევის მიზანი განცდების რეალური მნიშვნელობის წვდომა და სულიერი კავშირების საზრისის დანახვაა პიროვნების მთლიანობიდან.

      დილთაისთვის გონისმეცნიერებათა ასპარეზი გაგების მეთოდოლოგიის ასპარეზია. როდესაც საქმე კულტურის (გონითი ცხოვრების) ამა თუ იმ ფენომენის (ნაწარმოების, გამონათქვამის, დებულების, ნორმის და ა.შ) გაგებას ეხება, დილთაი ჰერმენევტიკის მეთოდს მიმართავს, რომელიც გულისხმობს მის განმარტებას, ინტერპრეტაციას. ყოველგვარი გაგების პირობა არის გამგებისა და გასაგების მსგავსება, ნათესაობა. ადამიანების ბუნება ზოგადია, საერთოა. დილთაის აზრით, ადამიანთა ეს ერთობა ქმნის მათი ურთიერთგაგების შესაძლებლობას. ეს ხდება მაშინ, როცა გვსურს ვწვდეთ სხვისი სულიერი მოღვაწეობის ნაყოფს, ვთქვათ ნაწარმოებს, რომელიც კულტურის კუთვნილება გახდა და მაშინაც, როცა გვწადია სხვა ადამიანის სულიერი-განცდითი სამყაროს გაგება. ფსიქოლოგიისთვის ეს უკანასკნელია მნიშვნელოვანი.

      დილთაის თანახმად, სხვა ადამიანის შინაგანი ცხოვრების წვდომა მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვახდენთ საკუთარი განცდების გადატანას, ტრანსპონირებას მის ფსიქიკურ სამყაროში. ადამიანთა ბუნების არსებითი იგივეობის გამო ჩვენ შეგვიძლია სხვის სულში შთაგრძნობა, მის გამოსახულებაში ჩვენი განცდების გაცოცხლება, „მე-ს კვლავ პოვნა შენში”. ნათელია, რომ ეს არ არის მთლად ლოგიკური, რაციონალური პროცესი. დილთაი ამას საგანგებოდ აღნიშნავს: „ყოველ გაგებაში არის რაღაც ირაციონალური, ისევე როგორც თავად სიცოცხლეში. გაგება არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ლოგიკური მოქმედებების ფორმით”. ამით განსხვავდება დილთაის ტრანსპოზიციის თეორია იმ შეხედულებებისაგან, რომლებიც სხვა ადამიანთა - ფსიქიკაზე დაკვირვების ან გაგების შესახებ არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილია ანალოგიით დასკვნის თეორია. ამ კონცეფციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს თვითდაკვირვების გამოცდილებით მიღებული ცოდნა სულიერი მოვლენებისა და მათი სხეულებრივი გამოვლინებების შესახებ. როდესაც სხვა ადამიანში ამა თუ იმ სხეულებრივ ცვლილებას ვხედავთ, დავასკვნით, რომ ის დაახლოებით იმავეს განიცდის, რასაც ჩვენ განვიცდიდით ანალოგიური სხეულებრივი მდგომარეობის შემთხვევაში. მაშასადამე, სხვის ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვება, არსებითად, რაციონალურ ნიადაგზე ხერხდება.

      ეს განსხვავება არ ხსნის პრინციპულ სირთულეს, რომელიც სხვის ფსიქიკაზე დაკვირვების შესაძლებლობის ყველა მსგავს გააზრებას ახლავს. ამ ლოგიკით სხვისი სულიერი სამყაროს შესწავლის მცდელობა უაზრობამდე მიდის, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ სხვაში მხოლოდ იმის გაგება შეგვიძლია, რაც თვითდაკვირვებიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია. უფრო მეტიც, ამ შეხედულებისა და ე.წ. შთაგრძნობის თეორიის მიხედვით, რომლის ნაირსახეობაცაა დილთაის ტრანსპოზიციის კონცეფცია, სხვისი „მე”-ს არამცთუ გაგება, არამედ, ფაქტობრივად, თვით მისი არსებობაც ეჭვის ქვეშ დგება. დილთაის ერთ-ერთი ინტერპრეტატორის შენიშვნით, „კვლავგანცდა დილთაისთან ემყარება გასაგებისა და გამგების იგივეობას. „სხვა” ჩემი სხვაგვარად ორგანიზებული შესაძლებლობებია და ამ შესაძლებლობათა აქტუალიზებით მე შემიძლია გავიგო სხვა. მაშასადამე, სხვაში მე გავიგებ ჩემს თავს და ამიტომ სხვა სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს ჩემი „მე” და მისი სხვა პერსპექტივაში მოცემული ანარეკლები” (გ. ცინცაძე).

      თავის დროზე მაქს შელერმა (1874-1928) განმარტა, რომ ეს სირთულეები მომდინარეობს ორი, წინასწარ უკრიტიკოდ მიღებული ფუძემდებლური თეზისიდან: 1) სულიერი მოვლენებიდან პირველადად მხოლოდ საკუთარი განცდები გვეძლევა; 2) პირველადად გვეძლევა აგრეთვე ცნობები სხვა ადამიანთა სხეულებრივ ცვლილებათა შესახებ, ხოლო მათ სულიერ ცხოვრებას მეორადად, ამ სხეულებრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვწვდებით. შელერი ასაბუთებს, რომ საქმის ნამდვილი ვითარება სრულიად სხვაგვარად წარმოჩინდება, თუ მას წმინდა ფენომენოლოგიურად გავაანალიზებთ, ანუ ისე, როგორც ის რეალურად არის, ყოველგვარი წინასწარი თეორიული ვარაუდების გარეშე. სხვისი სულიერი შინაარსები ისევე პირველადად და უშუალოდ გვეძლევა, როგორც საკუთარი. „არაფერია იმაზე ნათელი, ამბობს შელერი, რომ ჩვენ ვიაზრებთ როგორც ჩვენს აზრებს, ისე სხვების აზრებს, შეგვიძლია განვიცადოთ როგორც საკუთარი გრძნობები, ისე სხვათა გრძნობებიც. განა ამის შესახებ ყოველდღიურად არ ვლაპარაკობთ? განა მუდამ არ აღვნიშნავთ, მაგალითად, ჩვენი საკუთარი აზრების განსხვავებას იმ აზრებისაგან, რომლებიც ან სადმე ამოგვიკითხავს და ან ვინმესგან მოგვისმენია?”. აქ, ცხადია, იგულისხმება ცნობიერების შინაარსები და არა აქტები. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ჩემი აზროვნების აქტია, მაგრამ თვით აზრი შეიძლება სხვისი იყოს. შელერის ეს ანალიზი მნიშვნელოვანია, რამდენადაც დილთაის ტრანსპოზიციის თეორიის სირთულეთა ნიველირებას ახდენს. ტრანსპოზიცია (შთაგრძნობა, პროექცია) სხვისი „მე”-ს არსებობას ეჭვის ქვეშ აღარ დააყენებს, თუ ამოვალთ იქიდან, რომ ადამიანი არ არის თავის თავში ჩაკეტილი, რომ მას საკუთარ განცდებთან ერთად სხვისი განცდებიც უშუალოდ ეძლევა.

      როგორც არ უნდა იყოს წარმოდგენილი დილთაისთან გაგების მეთოდი, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ორი სახის ან ორი ტიპის ფსიქოლოგია მის სისტემაში, არსებითად, არის არა ახსნითი და აღწერითი, არამედ ახსნითი და გაგებითი ფსიქოლოგია. სწორედ გაგებითი ფსიქოლოგიაა გონის მეცნიერებათა საერთო საფუძველი. დილთაის აზრით, მხოლოდ ასეთ ახალ ფსიქოლოგიას და არა ტრადიციულ ახსნით, საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგიას შეუძლია გახდეს ჰუმანიტარული მეცნიერების დასაყრდენი, მისი ორიენტირი და ზოგადი მეთოდოლოგია. ასეთია გაგებითი ფსიქოლოგიის ზოგადმეცნიერული ფუნქცია. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახლებურად აგებული ფსიქოლოგია ხსნის ტრადიციული ფსიქოლოგიის სირთულეებს, რომელთა გამოც ამ უკანასკნელის, როგორც მეცნიერების პოტენცია და რეალური შესაძლებლობანი შეზღუდულია. რად ღირს თუნდაც ის, რომ დიდი მოაზროვნეების, პოეტებისა თუ მწერლების ნაწარმოებები გაცილებით უკეთ წარმოგვიდგენენ ადამიანთა სულიერ სამყაროს, ვიდრე ახსნითი ფსიქოლოგიის საუკეთესო ნიმუშები. დილთაის მიაჩნია, რომ „ჰამლეტში”, „მაკბეტსა” თუ „ლირში” მეტი ფსიქოლოგიაა, ვიდრე ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში. მწერალთა ქმნილებები მართლაც შეიცავენ ფსიქიკური ცხოვრების ინტუიციური წვდომის განსაცვიფრებელ მაგალითებს, სულიერი მოძრაობის აღწერისა და განხილვის უბადლო ნიმუშებს, მაგრამ ყოველივე ეს მოცემულია ინტუიციურ დონეზე, პოეტური სიმბოლოების, გენიალური ხედვების სახით და არა ცნებითად და სისტემატურად, რის გარეშეც მოვლენის მეცნიერული შესწავლა შეუძლებელია. თავის მხრივ, ახსნით ფსიქოლოგიას არ შესწევს უნარი, წარმოადგინოს ადამიანის სულიერი სამყარო მთელი თავისი სიღრმითა და სიმდიდრით. დილთაის რწმენით, სწორედ აღწერითი (ანუ გაგებითი) ფსიქოლოგია იქნებოდა ის მეცნიერება, რომელიც „შეძლებდა თავისი აღწერის ბადეში მოექცია ის, რასაც ამ პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები უფრო მეტად შეიცავენ, ვიდრე ამჟამინდელი მოძღვრებანი სულის შესახებ; ეს იქნებოდა ფსიქოლოგია, რომელიც ავგუსტინეს, პასკალისა და ლიხტენბერგის აზრებს - ცალმხრივი მკვეთრი გაშუქების გამო ესოდენ შთამბეჭდავთ - საყოველთაო მნიშვნელობის მქონე კავშირში მოიყვანს და აქცევს ადამიანის ცოდნისთვის სასარგებლოდ”.

      დილთაის სისტემა მრავალმხრივ არის საინტერესო. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე. დილთაი ამტკიცებდა, რომ საჭიროა ახალი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც არ იქნება ახსნითი (ჰიპოთეტური მექანიზმები სულიერი სამყაროს შესახებ) და კონსტრუქციული (ფსიქიკურ მთლიანობათა აგება ელემენტების შეზღუდული რაოდენობიდან). პირველი პოსტულატი მეცნიერთა იმ მცირე ნაწილმა გაიზიარა, ვინც თვითონ უპირისპირებდა ახსნას გაგებას და სულის კვლევაში ამ უკანასკნელს ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ფსიქოლოგების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ახსნა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის ჰიპოთეტური კონსტრუქციების შექმნა, მეცნიერების და ე.ი. ფსიქოლოგიის განუყოფელი შემადგენელია. აქედან გამომდინარე, ისინი ეკამათებოდნენ დილთაის (ებინჰაუსი, მიუნსტენბერგი და სხვა). ხოლო დილთაის მეორე პოსტულატმა, ანუ ძველი ფსიქოლოგიის ელემენტარიზმის მიუღებლობამ სხვა ფსიქოლოგების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. დილთაიმ ერთ-ერთმა პირველმა მიიტანა იერიში ვუნდტისეული და, ზოგადად, სტრუქტურული ფსიქოლოგიის ატომიზმზე და ამით წინასწარ განჭვრიტა XX საუკუნის მთლიანობის ფსიქოლოგიის (გეშტალტფსიქოლოგია, ლაიფციგის სკოლა) ძირითადი მეთოდოლოგიური წანამძღვრები, რომლებიც ამჟამად საყოვეთაოდაა აღიარებული და დამკვიდრებული.

      როდესაც დილთაი ახსნით ფსიქოლოგიას უპირისპირდებოდა, იგი პირველ რიგში გულისხმობდა ვუნდტს, რომელიც განასახიერებდა აკადემიურ ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერთა პოზიციებს შორის არა მხოლოდ არსებითი განსხვავება, არამედ თვალსაჩინო მსგავსებაცაა და, თანაც, დილთაისთვის პრიციპულ საკითხში იმის თაობაზე, თუ მეცნიერებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ფსიქოლოგია. უნდა ითქვას, რომ ეს გარემოება დილთაის შეუმჩნეველი დარჩა, რაც, ალბათ, თვით ვუნდტის შეხედულების არასაკმარისი თანმიმდევრულობით უნდა აიხსნას. საზოგადოდ, ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი მეცნიერული ფსიქოლოგიის მშენებლობის პირველივე (ვუნდტისეულ) პროგრამაში ვერ გამოინახა შეჯერებული და არაწინააღმდეგობრივი თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ როგორია მისი მეცნიერული სტატუსი, რა ადგილი უკავია მას მეცნიერებათა კლასიფიკაციაში. ფიზიოლოგიიდან წამოსულ ვუნდტს ფსიქოლოგიაც ბუნებისმეტყველურად ესმოდა. ყოველ შემთხვევაში, თავისი საეტაპო წიგნის, „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის” დასაწყისშივე იგი წერდა, რომ „ეს ნაშრომი არის ახალი მეცნიერების შექმნის მცდელობა, რომელშიც ფსიქიკური მოვლენები ექსპერიმენტული შესწავლის ობიექტი იქნება”. ამასთანავე, იგი თავიდანვე მიჯნავდა ფიზიოლოგიურ და ხალხთა ფსიქოლოგიას. ამ უკანასკნელს ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღი - ექსპერიმენტი არ მიეყენება და მისი საგანიც ბუნების მოვლენების მიღმაა: „მაღალი ფსიქიკური პროცესები ისეთი ძალებია, რომლებიც მართავენ ისტორიასა და საზოგადოებას. ამდენად, ისინი მოითხოვენ მეცნიერულ ანალიზს, რომელიც გონისმეცნიერებათა კომპეტენციას განეკუთვნება”. საბოლოოდ, თავის ძირითად მეთოდოლოგიურ ნაშრომში „ფილოსოფიის შესავალი”, ვუნდტმა ჩამოაყალიბა შეხედულება მეცნიერებათა კლასიფიკაციის შესახებ, რომლის მიხედვით ფსიქოლოგია ცალსახად მოთავსდა გონისმეცნიერებათა შორის, და არა მხოლოდ მოთავსდა, არამედ გამორჩეული ადგილიც დაიკავა: „ვინაიდან გონისმეცნიერებათა ურთიერთკავშირის საფუძვლად გვევლინება მათი საერთო დამოკიდებულება სულიერ პროცესებსა და მოვლენებზე, ბუნებრივია, რომ ამ მეცნიერებებიდან ვერ გამოვრიცხავთ ცოდნის იმ დარგს, რომელიც თვით ამ პროცესების უშუალოდ ცნობიერებაში მოცემულ თვისებებს შეისწავლის. ეს დარგი ფსიქოლოგიაა”.

      ამ თვალსაზრისის სისუსტე აშკარაა - ორი სახის ფსიქოლოგიის არსებობის დაშვება გამორიცხავს მთელი ფსიქოლოგიის მოთავსებას გონისმეცნიერებათა კლასში, ვინაიდან ფიზიოლოგიური ანუ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია უთუოდ ბუნებისმეტყველურია. ფსიქოლოგიის ისტორიაში ვუნდტი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის სახელით შევიდა, თუმცა, როგორც ირკვევა, შემოქმედების მეორე ეტაპზე მისმა ინტერესებმა მკვეთრად შეიცვალა მიმართულება ჰუმანიტარიისკენ და ფსიქოლოგიის მეცნიერების სტატუსიც ამის შესაბამისად განისაზღვრა. ასეა თუ ისე, ადვილი დასანახია, რომ ვუნდტისა და დილთაის პოზიცია ამ შემთხვევაში პრაქტიკულად იდენტურია. ფსიქოლოგიას ორივე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიური საფუძვლის ფუნქციას მიაწერს. ასეთი პოზიცია ფსიქოლოგიზმის სახელით არის ცნობილი. ფსიქოლოგიზმისთვის დამახასიათებელია არაფსიქიკური (ლოგიკური, სოციალური, რელიგიური, კულტურული და სხვა) მოვლენების ფსიქოლოგიური მონაცემების საფუძველზე ახსნის ტენდენცია. ის ერთნაირად მიუღებელია როგორც შესატყვისი დისციპლინებისთვის, ისე საკუთრივ ფსიქოლოგიისთვის: ფსიქოლოგიზმი არის ფსიქოლოგიის შეჭრა იმ სფეროებში, სადაც ფსიქოლოგიის კომპეტენცია არ ვრცელდება. არ არსებობს გზა წმინდა ფსიქიკური სუბიექტურობიდან ზეინდივიდუალური, გონითი კავშირებისკენ. დილთაის მიხედვით, ფსიქოლოგია განცდის მნიშვნელობას სწვდება, მაგრამ განა შეიძლება ინდივიდუალური განცდიდან გონითი მოვლენების (ხელოვნება, ეკონომიკა, სამართალი და ა.შ.) არსის გაგება?

      დილთაის მოწაფის, ლაიფციგის, ბერლინისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტების პროფესორის ედუარდ შპრანგერის (1882-1963) შეხედულება უფრო თანმიმდევრულია. შპრანგერი არ მიაწერს ფსიქოლოგიას განსაკუთრებულ მეთოდოლოგიურ ფუნქციას სხვა მეცნიერებებთან მიმართებაში. იგი კულტურის მოვლენებს ობიექტური გონის გამოვლინებად თვლის და სუბიექტური სულის მოვლენებსაც გონით სამყაროსთან მიმართებაში განიხილავს. „ობიექტურ გონში” იგულისხმება ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურის სინამდვილე მთელი თავისი ობიექტური შინაარსით. საკუთრივ ფსიქოლოგიური მეცნიერების დახასიათებისას შპრანგერი, არსებითად, დილთაის ხაზს მიჰყვება, რომლის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევს, რომ მან „ფსიქოლოგია გაათავისუფლა ბუნებისმეტყველური აზროვნების ტყვეობიდან”. სწორედ საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგიას უპირისპირებს იგი გონისმეცნიერებათა ჯგუფში შემავალ ნამდვილ ანუ გაგებით ფსიქოლოგიას (ტერმინი მისია).

      არსებითია, რომ გაგება შპრანგერს დილთაისაგან განსხვავებულად ესმის. გაგება არ ნიშნავს შემეცნების ობიექტში, მათ შორის ცნობიერებაში შეღწევას, მასში შთაგრძნობას. გაგების აქტი გაპირობებულია მიზეზებით, რომლებიც ცნობიერების გარეთ მდებარეობენ. განცდას განცდიდანვე ვერ გაიგებ, მაშინაც კი, როცა მისი ყველა შინაგანი კავშირი უშუალოდ გვეძლევა. შეიძლება ასეც გვეთქვა: „თავისთავად აღებული წარმოდგენები, გრძნობები და სურვილები უაზრო მასალაა”. სუბიექტის განცდის (საზოგადოდ ფსიქიკურის) გაგება გულისხმობს მის ჩართვას ობიექტური მოვლენების უფრო ფართო წრეში, მათთან დაკავშირებას. ობიექტური მოვლენები კი ორად იყოფა: 1) სხეულები (ბუნება) და 2) მნიშვნელობები და ღირებულებები (გონი, კულტურა). გაგება მხოლოდ იმისი შეიძლება, რასაც საზრისი გააჩნია. ასეთია გონითი მოვლენები. როდესაც ჩვენ, ამბობს ავტორი, განვიხილავთ წიგნს (ე.ი. რაღაც მატერიის ნაწილს) როგორც ყიდვა-გაყიდვის საგანს, ამით მას ვრთავთ სამეურნეო საზრისულ კავშირებში; შემეცნების ნაწარმოებად განხილვისას მას ვრთავთ სამეცნიერო კავშირში; თუ ყურადღებას ვაქცევთ წიგნის გაფორმებას - ესთეტიკურ კავშირში. ჩვენს ცნობიერებაში არსებობენ სხვადასხვა განწყობები, რომელთაგანაც გამომდინარეობენ ეს საზრისები და ყოველი ასეთი საზრისული მიმართულება საგანგებო კანონსა და წესს შეესაბამება. ამდენად, გონის სამყაროში არსებობენ მუდმივი საზრისული მიმართულებები და ღირებულებათა იერარქია. ნაშრომში „სიცოცხლის ფორმები” (1914) შპრანგერი ამტკიცებს, რომ ფსიქოლოგიამ უნდა გაიგოს ინდივიდუალური სულიერი სტრუქტურის მიმართება ობიექტური გონის სტრუქტურასთან. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ადამიანთა ღირებულებითი ორიენტაციის ძირითადი ტიპების შესწავლას. ამ ორიენტაციებს შპრანგერმა სიცოცხლის ფორმები უწოდა და მის საფუძვლად ამა თუ იმ ობიექტურ ღირებულებაზე პიროვნების მიმართულობა ჩათვალა.

      ექვსი ძირითადი ღირებულების შესაბამისად შპრანგერი განასახვავებს ადამიანთა ექვს ტიპს: 1) თეორიული ადამიანი ყველაზე მეტად შემეცნებით არის გატაცებული. მისთვის მთავარი ღირებულება ჭეშმარიტებაა. იგი შემეცნების განწყობით მოქმედებს მაშინაც, როცა საქმე აქვს ცხოვრების სხვა, შემეცნებასთან ნაკლებად დაკავშირებულ მოვლენებთან: იგი ცდილობს ყველაფერი ცნებებამდე ან ფორმულებამდე დაიყვანოს; 2) ესთეტიკური ადამიანისთვის უმაღლესი და აქტუალური ღირებულება მშვენიერება, ხელოვნებაა. იგი ნაკლებად არის მიდრეკილი ცნებებსა და ფორმულებში განსახიერებული აბსტრაქტული აზროვნებისკენ და უპირატესობას ანიჭებს თვალსაჩინო ჭვრეტას, გრძნობადი შინაარსებით ოპერირებას და ესთეტიკურ შეფასებას; 3) ეკონომიკური ადამიანი პირველ პლანზე ეკონომიკურ ღირებულებას, მატერიალურ კეთილდღეობას აყენებს. მან იცის ამის ფასი, გონებაში ყოველთვის ანგარიშობს და ყველაფერს უტილიტარული თვალსაზრისით უდგება. მეცნიერებაც და ხელოვნებაც განიხილება უპირატესად მატერიალური სარგებლიანობის კუთხით; 4) პოლიტიკური ადამიანისთვის უმაღლესი ღირებულება ძალაუფლებაა. თავისი მოქმედებითა და მისწრაფებით იგი ბატონობაზეა ორიენტირებული. 5) სოციალური ადამიანისთვის ბატონობა კი არა, სხვების სამსახურია ის სფერო, სადაც განსაკუთრებული ხალისით მოქმედებს. მას იმდენად მბრძანებლობა კი არ აინტერესებს, რამდენადაც სოლიდარობა და თანამშრომლობა. სოციალურობა სწორედ თანამშრომლობის ორგანიზაციაა და პრინციპულად განსხვავდება პოლიტიკისაგან, როგორც ძალაუფლების ორგანიზაციისაგან; 6) რელიგიური ადამიანისთვის მთავარი ღირებულება, რომელიც აზრსა და მიმართულებას აძლევს მთელ მის ქცევას, არის უმაღლესი საზრისის, სიმართლის, პირველსაწყისის ძიება. იგი ამას უმაღლეს სულიერ ძალაში ან ღმერთში პოულობს, მაგრამ ეს ხდება არა უბრალო შემეცნების, არამედ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობის მეშვეობით, რაც რელიგიის ენაზე ნიშნავს გამოცხადებას, ზეშთაგონებას.

      საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ყოველ ცალკეულ ადამიანში ჩანერგილია მიდრეკილება ღირებულებათა ყველა შესაძლო სფეროსადმი, რამდენადაც ისინი გონის სამყაროს უნივერსალურ, ზოგად მიმართულებებს გამოხატავენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანთა კონკრეტული ტიპის შემთხვევაში უპირატესობა ერთ გარკვეულ სფეროს ეკუთვნის, რომელიც ინდივიდუალური სულიერი სამყაროს ცენტრია და მეტ-ნაკლებად ახშობს სხვა ღირებულებით განწყობებს. ამ „ზოგადი და მარადიული” ორიენტაციების გამოყოფასთან ერთად, გაგებითმა ფსიქოლოგიამ, როგორც გონისმეცნიერებამ, უნდა გაითვალისწინოს გონის ცხოვრების სხვა ასპექტებიც, მაგალითად, გონის ისტორიული განვითარების ასპექტი და გამოყოს ადამიანის ისტორიული ტიპები ეპოქების მიხედვით. გაგებითი ფსიქოლოგიის სპეციალურმა განხრამ, ისტორიულმა ფსიქოლოგიამ უნდა გაიგოს თითოეული ისტორიული ეპოქის ადამიანის სულიერი მოწყობის სპეციფიკა. ამავე მეცნიერების ფარგლებში უნდა დამუშავდეს ადამიანთა ჯგუფების ფსიქოლოგია, სადაც შევა ნაციონალური ტიპებისა და წოდებების ფსიქოლოგია. ეს უკანასკნელი იგივე კლასების ფსიქოლოგიაა, მაგალითად გლეხის, მუშისა და ა.შ. ამ მიმართულებით კვლევის შემდგომი კონკრეტიზაციაა პროფესიათა ფსიქოლოგია. გონის ფსიქოლოგიის თვალსაწიერში შედის აგრეთვე სქესის ფსიქოლოგია. სქესი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქციის გამოვლინება. ქალიც და მამაკაციც არიან „კულტურულად გაპირობებული ტიპები”, რომლებიც ყველა ეპოქაში განსხვავებულია. დაბოლოს, გამოიყოფა ასაკობრივი ჭრილი და მისი შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგია. ბავშვი ცხოვრობს თავის ბავშვურ სინამდვილეში, რომელიც, თავის მხრივ, ურთულესად არის დაკავშირებული მოზრდილების გონით სამყაროსთან. თავად შპრანგერმა სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა ყრმობის ფსიქოლოგიას.

      დასასრულ უნდა ითქვას, რომ დილთაის აღწერითმა და შპრანგერის გაგებითმა ფსიქოლოგიამ მკაფიოდ და მკვეთრად დააფიქსირა ფსიქოლოგიის ორად გაყოფის ჯერ კიდევ ვუნდტიდან მომდინარე პრინციპი. ფსიქოლოგიის შემდგომი დაქუცმაცების ტენდენცია მალე იმდენად შემაშფოთებელი გახდა, რომ იგი ფსიქოლოგიის კრიზისად მოინათლა. ეს ტერმინი პირველად კარლ ბიულერმა იხმარა იმავე სახელწოდების საეტაპო ნაშრომში (1927), სადაც დაადასტურა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერება გაიხლიჩა სულ ცოტა სამ ნაწილად: ცნობიერების ინტროსპექტულ ფსიქოლოგიად, ობიექტივისტურბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიად და გონისმეცნიერულ-გაგებით ფსიქოლოგიად. ეს მიმდინარეობები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან მეთოდოლოგიითა და მსოფლმხედველობით, საკვლევი საგნითა და კვლევის პრინციპებით, რომ ფსიქოლოგიის როგორც ერთიანი დისციპლინის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. მიუხედავად ამ კონსტანტაციისა, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ბიულერი მაინც მოცემული თეორიული სისტემების ხელოვნურ სინთეზში ხედავს.

      საკითხის ასეთ გადაწყვეტას სპეციალისტების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან ეს, არსებითად, შეუთავსებელთა შეთავსებას მოითხოვდა. ფსიქოლოგიური მეცნიერების სფეროში განსვლამ საბუნებისმეტყველო-ახსნითექსპერიმენტულსა და გონისმეცნიერულ-გაგებით-შთაგრძნობითს შორის იმდენად პრინციპული და სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ ძნელი წარმოსადგენი ჩანდა ამ ალტერნატივების შესაბამისი თეორიული სისტემების ჰარმონიული გაერთიანება. ამ დიქოტომიებს დაემატა ბადენის ნეოკანტიანური სკოლის ლიდერის, ვ. ვინდელბანდის მიერ მეცნიერებათა დაყოფა ნომოთეტურად და იდეოგრაფიულად. პირველები აფიქსირებენ რეგულარულ მოვლენებს და ადგენენ მათ ზოგად კანონებს. მეორენი მიმართული არიან ერთეული მოვლენებისა და შემთხვევების შესწავლაზე მათ განუმეორებელ თავისებურებაში. ბუნებისმეცნიერებანი ნომოთეტური არიან, ისტორია და საერთოდ გონისმეცნიერებანი - იდეოგრაფიული. ჰ. რიკერტი, ვინდელბანდის მიმდევარი, არსებითად იგივე პოზიციაზე დგას: ბუნებისმეტყველება ახდენს გენერალიზაციას, ისტორია-ჰუმანიტარია კი ინდივიდუალიზაციას. თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ფსიქოლოგიას ამ დიქოტომიის გათვალისწინებაც მოუხდა, ვინაიდან ის ძალიან ავტორიტეტულმა მეთოდოლოგებმა წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათთვის ფსიქოლოგიის ადგილი ამგვარ დაყოფაში პრინციპული საკითხი იყო: რიკერტის გადმოცემით, ვინდელბანდი იმიტომ წავიდა მეცნიერებათა ახლებურ დაყოფაზე, რომ ვერ მოახერხა ფსიქოლოგიის ცალსახა მიკუთვნება ბუნების ან გონისმეცნიერებებისთვის. ნომოთეტურ-იდეოგრაფიულ დიქოტომიაში კი მან ფსიქოლოგია ერთმნიშვნელოვნად მოათავსა ნომოთეტურ კლასში. ისევე მოიქცა რიკერტიც.

      ამრიგად, XX საუკუნის დამდეგისთვის მეცნიერები და ფილოსოფოსები შეთანხმდნენ, რომ ფსიქოლოგია სრულფასოვან, დამოუკიდებელ მეცნიერებად უნდა ეღიარებინათ. მიუხედავად ამისა, იყო აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ რა ტიპის მეცნიერებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო ფსიქოლოგია, რა სახის რეალობას შეისწავლიდა და როგორი მეთოდოლოგიურ-მეთოდური პრინციპებით იხელმძღვანელებდა. გამოიკვეთა ორგვარი ფსიქოლოგიის იდეა. ერთი ტიპის ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა, რაც ნიშნავს, რომ ის ადგენს ზოგად კანონებს (მათ შორის მიზეზობრივს), იყენებს ჰიპოთეტურ კონსტრუქციებს, რომლებსაც ამოწმებს ზუსტი კვლევითი პროცედურებით (ექსპერიმენტი, გაზომვა, სტატისტიკა და ა.შ.). მაშასადამე, ამ ტიპის ფსიქოლოგია არის საბუნებისმეტყველო, ნომოთეტური და ახსნითი. წამყვანი სპეციალისტების უმეტესობა ამ პოზიციაზე დადგა (ნ. ახი, ა. ბინე, ჯ. დიუი, ჰ. ებინჰაუსი, ჯ. ენჯელი, ო. კიულპე, კ. მარბე, ა. მესერი, ჰ. მიუნსტენბერგი, პ. ჟანე თ. რიბო, ე. ტიჩენერი, თ. ციჰენი, უ. ჯეიმსი და სხვა), ცოტა მოგვიანებით მათ მიუერთდნენ კლასიკური ბიჰევიორიზმისა და გეშტალტფსიქოლოგიის წარმომადგენლები. მეორე სახის ფსიქოლოგია გონისმეცნიერულია მთელი იმ შინაარსით, რაც დილთაიმ და შპრანგერმა ჩამოაყალიბეს - ჰუმანიტარული, გაგებითი, იდეოგრაფიული. ამ თვალსაზრისის მომხრეთა შორის, ამ ავტორების გარდა, იყვნენ ლ. ბინსვანგერი, მ. შელერი, დ. შტრაუსი, კ. შტუმფი, ე. ჰუსერლი და სხვა ფილოსოფოსები ან ფილოსოფიურად განწყობილი მკვლევარები.

      აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გავლენიანმა მეცნიერმა თავიდანვე პლურალისტური პოზიცია დაიკავა. მათ შორის და პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ ვუნდტი. მიუხედავად ბოლო პერიოდში გამოთქმული შეხედულებისა ფსიქოლოგიის გონისმეცნიერულობის შესახებ, იგი ბოლომდე რჩებოდა ექსპერიმენტატორად, მუშაობდა ლაბორატორიაში და ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც ორი სახის - ფიზიოლოგიური და ხალხთა ფსიქოლოგიის ავტორი. მათ შორის არსებული საგნობრივი და მეთოდური განსხვავების მიუხედავად, ვუნდტისთვის ორივე ახსნითი, ზოგადი კანონების დამდგენი დისციპლინა იყო. ფსიქოლოგია, როგორიც არ უნდა იყოს იგი, სწავლობს ზოგადს და არა ერთეულსა და უნიკალურს. ამ თვისების გამო ასრულებს ხალხთა ფსიქოლოგია ფუძემდებლური დისციპლინის ფუნქციას კულტურის ცალკეული და განსაკუთრებული მოვლენების აღმწერი დარგების მიმართ.

      აქ, ამ პუნქტში გადის საზღვარი ვუნდტისა და შტერნის პოზიციას შორის. შტერნი საზოგადოდ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ურთიერთგამომრიცხაობის თვალსაზრისით განეხილათ ისეთი ოპოზიციები, როგორებიცაა ახსნა და გაგება, ნომოთეტური და იდეოგრაფიული. მეცნიერებაში საერთოდ, და რაც მთავარია, ფსიქოლოგიაში, არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება. ფსიქოლოგია, ბუნებისმეცნიერებათა მსგავსად, ზოგადსა და კანონზომიერს ეძებს, თუმცა მისი კანონები განსხვავდება საყოველთაო მნიშვნელობის მქონე ფიზიკის კანონებისაგან; ისინი უფრო წესებია, რომელთაც „ყოველგვარი პირობის გარეშე კი არა აქვთ ძალა, არამედ მხოლოდ შესაძლონი არიან”. ასოციაციის, ფსიქოფიზიკის, მეხსიერებისა და სხვა კანონები, არსებითად, ასეთი წესებია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას თავისი საკვლევი მოვლენები მიზეზობრიობის, მიზნობრიობისა და გენეზისის კატეგორიების გამოყენებით (გენეზისური ახსნისას მოვლენა განიხილება, როგორც განვითარების ერთ-ერთი კანონზომიერი ფაზა სხვა ფაზებთან მიმართებაში).

      შტერნი პერსონოლოგიური ფილოსოფიისა და პერსონალისტური ფსიქოლოგიური სისტემების ავტორია. მისთვის ახსნა კანონზომიერების ძიებაა, ხოლო გაგება საზრისის ძიებას ნიშნავს. რაკი პიროვნება (პერსონა), ისევე როგორც საზოგადოებისა და კულტურის სხვა ფენომენები, აზრიანი მნიშვნელობის მატარებელია, ამიტომ აუცილებელია მისი გაგება. მაგალითად, სხვის მიერ ნათქვამი სიტყვა „გაიგება”, როგორც მნიშვნელობის მქონე კომუნიკაციის საშუალება. გაგება კიდევ მეტ ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას იძენს, როცა სიტყვები მოსაუბრის განზრახვებსა და ინტერესებს გვიმჟღავნებენ, პიროვნების მთლიანობის წვდომაში გვეხმარება. ამგვარად, შტერნის მიხედვით, ფსიქოლოგიური კვლევა ახსნაც არის და გაგებაც. ფსიქოლოგია კანონებსაც უნდა ეძებდეს და სააზრისსაც. რაც მთავარია, ორივე ეს ამოცანა ერთიანი ფსიქოლოგიური მეცნიერების საქმეა და არა „ახსნითი” და „გაგებითი” ფსიქოლოგიებისა, რომლებიც დილთაის, შპრანგერს და მათ მიმდევრებს დამოუკიდებელ დისციპლინებად წარმოუდგენიათ.

      ასევე არ შეიძლება ფსიქოლოგიაში ზოგადის (ნომოთეტურის) და ინდივიდუალურის (იდეოგრაფიულის) დაპირისპირება. ორივე ეს მიდგომა მართებულია და არ გამორიცხავს ერთმანეთს. შტერნი იმასაც ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ და ე.წ. „დამატებითობის პრინციპის” მიხედვით არიან დაკავშირებული. ბუნებისმეტყველება ადამიანს განიხილავს ზოგადი კანონების ერთეული გამოვლინების სახით. კულტურასთან მიმართებაში ადამიანი ინდივიდუალობაა. ნომოთეტურისა და იდეოგრაფიულის დიქოტომია მეცნიერებათა გამიჯვნის საფუძველად არ გამოდგება, როგორც ეს ვინდელბანდსა და რიკერტს წარმოედგინათ. „ეს უფრო თვალსაზრისია და არა კვლევის სფერო. საკმაოდ ხშირად ერთი და იმავე პრობლემის გადაჭრისას ხდება მათი ურთიერთქმედება, ზოგჯერ გაერთიანებაც კი”. ასეა, მაგალითად, მედიცინაში. თუ საქმე ეხება დაავადების აღმოცენება-მიმდინარეობისა და მკურნალობის კანონებს, მედიცინა ნომოთეტური დარგია. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კი ნიშნავს ერთეული შემთხვევის შესწავლას, რომელიც, მიუხედავად თავისი მიმდინარეობის ტიპურობისა, განუმეორებელია და განსაკუთრებული. „დიაგნოზი, ამბობს შტერნი, იდეოგრაფიული შემეცნებაა; თერაპია - ინდივიდუალიზირებული მოქმედება. მედიკოსი, რომელიც პატიგრაფიას ატარებს, თავისი ორიენტაციით ძალიან ახლოა ინდივიდუალობის წმინდა ისტორიულ (იდეოგრაფიულ) შემეცნებასთან”. შტერნი მოუწოდებს ფსიქოლოგიას, ასეთივე გზით იაროს და მოიპოვოს პიროვნების ინდივიდუალობის იდეოგრაფიული კვლევის უფლება. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ეს სურვილები ეკუთვნის დიფერენციალური ფსიქოლოგიის, ანუ ინდივიდუალურ განსხვავებათა შემსწავლელი დარგის ერთ-ერთ ფუძემდებელს (იხ. თავი 7.2.).

      პლურალისტური თვალსაზრისის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს ცნობილი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსისა და ფსიქოპათოლოგის კარლ იასპერსის (1882-1969) პოზიციაც. მასზე იგი მყარად იდგა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ პერიოდში, როდესაც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის პროფესორად, ხოლო ფსიქიატრიულ კლინიკაში ასისტენტად მუშაობდა. ამ პერიოდში დაიწერა მისი ცნობილი წიგნი „ზოგადი ფსიქოპათოლოგია” (1913), სადაც ნაცადია მრავალი ფსიქიატრიული ცნების დაზუსტება და ახლებური გააზრება. იასპერსი ამტკიცებს, რომ სულის შესწავლის სფეროში თანაარსებობს ახსნისა და გაგების (შთაგრძნობის, ემპათიური წვდომის, ინტერპრეტაციის) მეთოდოლოგია. შესაბამისად, ერთიანი მეცნიერების (ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის) ფარგლებში მოცემულია როგორც ობიექტური (ემპირიული), ისე სუბიექტური (ფენომენოლოგიური) ფსიქოლოგია. ეს კი არსებითად იგივეა, რაც ახსნითი და გაგებითი ფსიქოლოგია. პირველი ადგენს ფსიქიკურ მოვლენათა მიზეზებს და, ამდენად, გადის ფენომენოლოგიის ფარგლებს გარეთ, „მიმართავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ცნობიერების მიღმა არსებული დისპოზიციები, მიდრეკილებები, სულიერი კონსტიტუცია და არაცნობიერი მექანიზმები”. მოკლედ, იასპერსის აზრით, ფსიქოლოგიაში კაუზალური კავშირების ძიებას უთუოდ ჩავყავართ ფსიქიკური ცხოვრების ცნობიერების მიღმა არსებულ საფუძვლებში. რაც შეეხება გაგებით ფსიქოლოგიას, იგი ყოველთვის რჩება ცნობიერების ფარგლებში და თავდება იქ, სადაც თავდება ცნობიერება. ეკლექტური მიდგომის კონტექსტში მთავარი ის არის, რომ ორივე მათგანი სავსებით კანონიერია.

      არა მხოლოდ პლურალიზმის, არამედ აგრეთვე ეკლექტიზმის პოზიციაზე იდგა რ. ვუდვორთი (იხ. თავი 6.5.). იგი „ფსიქოლოგიური სკოლის” ტერმინის გამოყენებაზეც უარს ამბობდა, ვინაიდან მის უკან ხედავდა ამა თუ იმ თეორიული სისტემის დომინირების პრეტენზიას, რაც დაუშვებლად მიაჩნდა. მეცნიერული კვლევა ისეთი რთული და მრავალფეროვანი სფეროს შემსწავლელი დარგი, როგორიც ფსიქოლოგიაა, გახსნილი უნდა იყოს განსხვავებული თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომისთვის, მიისწრაფოდეს ყოველივე საუკეთესოს სინთეზირებისკენ, რაც მათში არის. ეს, ცხადია, პირველ რიგში ორგვარი ფსიქოლოგიის დაპირისპირებას ეხება.

      ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარება ორგვარი ფსიქოლოგიის განხეთქილების ნიშნით წარიმართა. გაჩნდა ახალი მიმდინარეობები და კვლევითი პროცესის ახალი ფიგურანტები, მაგრამ მხარეთა დაყოფა არსებითად იგივე დარჩა - ორი შეურიგებელი ბანაკი და მათ შორის კომპრომისული პოზიცია. ეს უკანასკნელი ყველაზე თანმიმდევრულად წარმოდგენილია გ. ოლპორტთან, რომლის ე.წ. სისტემურმა ეკლექტიზმმა დახვეწა და გააღმავა ვუდვორთისა და შტერნის მეთოდოლოგიური პოზიცია (იხ. თავი 11.1.). ნაკლებ თანმიმდევრულია სხვა გვიანდელი „ეკლექტიკოსების” შეხედულებები. ისინი უშვებენ ორივე ტიპის ფსიქოლოგიას, მაგრამ აშკარა უპირატესობას ერთ-ერთს ანიჭებენ. მაგალითად, ე. ბორინგი თავის ეკლექტიზმში აშკარა უპირატესობას საბუნებისმეტყველო მიდგომას ანიჭებდა, ხოლო ა. მასლოუ და კ. როჯერსი - ჰუმანიტარულს. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გაგებითი ფსიქოლოგიის ნიშა დაიკავა ჰუმანისტურმა და, განსაკუთრებით, ეგზისტენციალურმა ფსიქოლოგიამ (რ. ასანჯიოლი, ლ. ბინსვანგერი, მ. ბოსი, ჯ. ბუგენტალი, ი. მინკოვსკი, რ. მეი, ვ. ფრანკლი და სხვა). საბუნებისმეტყველო პარადიგმის თანმიმდევრულ და უკომპრომისო გამტარებლელთა სია მრავალ გამოჩენილ მკვლევარს აერთიანებს. ისინი XX საუკუნის ფსიქოლოგიის ელიტას შეადგენენ: ჰ. აიზენკი, ა. ბანდურა, ჯ. ბრუნერი, ლ. ვიგოტსკი, ვ. კელერი, რ. კეტელი, კ. ლევინი, ჯ. მილერი, ჰ. მიურეი, უ. ნაისერი, ჟ. ნიუტენი, ჟ. პიაჟე, ჯ. როტერი, ბ. სკინერი, დ. უზნაძე, პ. ჟანე, კ. ჰალი და ბევრი სხვა. რაც შეხეება ზ. ფროიდს, მისი ცალსახა მიკუთვნება რომელიმე ბანაკისადმი რთულია. ფსიქოანალიზის თეორიაში იგი საბუნებისმეტყველო და დეტერმინისტულ თვალსაზრისს იცავდა, მაგრამ პრაქტიკული ფსიქოანალიზი, როგორც კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, ემპირიული მეცნიერების აღიარებული სტანდარტებისაგან საკმაოდ შორს იდგა და უფრო გაგებით-ჰერმენევტიკული პროცედურის ხასიათი ჰქონდა.

      საერთო ორიენტაცია საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიაზე არ გამორიცხავს არსებითი ხასიათის განსხვავებებს ამ ორიენტაციის წარმომადგენელთა თეორიულ შეხედულებებში, რაც აისახა ფსიქოლოგიის ძირითად მიმდინარეობათა სახელწოდებებში (ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი და ა.შ.). მათი წარმომავლობა უკავშირდება დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების საწყისი ეტაპის თეორიულ და კვლევით პროგრამებს. მაგალითად, გეშტალტფსიქოლოგიამ ის იდეები განავითარა, რომლებიც ინტენციონალურ-ფენომენოლოგიურ მიმართულებაში იყო მოცემული. ბიჰევიორიზმის შთაგონების წყარო გახდა ანტისტრუქტურალიზმი. ის შეამზადა ფუნქციონალიზმმა, ჰორმულმა ფსიქოლოგიამ და ზოოფსიქოლოგიამ. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია, არსებითად, იმ კვლევითი პროგრამების განახლებული ვარიანტია, რომლებიც პირველ ექსპერიმენტულ ლაბორატორიებში განხორციელდა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების სფეროში (ებინჰაუსი, გ.ე. მილერი, ვიურცბურგის სკოლა და სხვა). დღევანდელი პიროვნების ფსიქოლოგიის კონცეპტუალური სახე ძნელად წარმოსადგენია პირველი პერსონოლოგების (შტერნი, ჯეიმსი, ჰალტონი, ბინე და სხვა) თეორიული წარმოდგენებისა და ტესტოლოგიური კვლევების გარეშე. ფსიქოანალიზი ნაკლებად იყო განსაზღვრული ადრინდელი ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციებით და უფრო მეტად სამედიცინო ფსიქოლოგიაში არსებული შეხედულებებითა და მასალებით საზრდოობდა.

      ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის ფსიქოლოგიის განვითარების ძირითადი მიმართულება დიდწილად იმ თეორიულმა და ემპირიულმა კვლევებმა განსაზღვრა, რომლებიც განხორციელდა მეცნიერული ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომდევნო განხილვის საგანი გახდება ფსიქოლოგიის ზოგიერთი დარგის ისტორიული განვითარება იმ პერიოდამდე, როცა ეს დარგები თანამედროვე სახით ჩამოყალიბდნენ.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, აღწერა, გაგება, დილთაი, იმედაძე, ფსიქოლოგია, შპრანგერი

ნახვა: 1417

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters