ფსიქოლოგიის ისტორია, II თავი, II ნაწილი

2.2. კლასიკური პერიოდის ფსიქოლოგიური შეხედულებები

      პირველი სწავლულები, ვინც რადიკალურად შემოაბრუნა ფილოსოფიური აზრი გარესამყაროს მოწყობიდან შინაგანი სამყაროს გაშუქებისკენ, ალბათ, სოფისტები იყვნენ. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების შეფასებით, ამ ფილოსოფიური სკოლის ყველაზე6 სახელგანთქმული წარმომადგენელი - პროტაგორა (480-410 ძვ.წ.) შეიძლება ჩაითვალოს სუბიექტურის ცნების აღმომჩენად. თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფსიქოლოგიისთვის, თავისთავად ცხადია. პროტაგორას სუბიექტივიზმი ნათლად გამოვლინდა მის საყოველთაოდ ცნობილ გამონათქვამში: „ადამიანი არის საზომი ყველა საგნისა: არსებულებისა, რომ ისინი არსებობენ და არარსებულებისა, რომ ისინი არ არსებობენ”. ამდენად, მთავარია არა ობიექტური სინამდვილე, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს მას სუბიექტი. არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ობიექტური ღირებულებები. ყველაფერი შეფარდებითია და დამოკიდებულია კონკრეტული ინდივიდის მდგომარეობასა და უნარზე. საზომი ინდივიდუალურია: ერთისთვის საგანი მძიმეა, მეორისთვის - მსუბუქი, ერთისთვის - ლამაზი, მეორისთვის - უშნო; იგივე ითქმის მორალურ შეფასებებზე, სიკეთისა და ბოროტების ცნებებზე. „ავადმყოფობა არის ბოროტება მომაკვდავისთვის, მაგრამ სიკეთეა დაკრძალვისთვის საჭირო ნივთების გამყიდველისთვის და მესაფლავისთვის”. შეფასება ერთი და იმავე ინდივიდის ფარგლებშიც ცვალებადობს, რასაც მისი მდგომარეობა განაპირობებს: მარცხენა ფეხზე ამდგარი კაცი ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს, მარჯვენაზე - ნათელში. მაშასადამე, ყოველგვარი შემეცნება - თეორიული, ესთეტიკური თუ ეთიკური, პირობითია და სუბიექტური. ამ თვალსაზრისს რელატივიზმი ეწოდება.

      ბუნებრივია, რომ სოფისტების ინტერესების ცენტრში შემმეცნებელი სუბიექტი ექცევა, პირველ რიგში კი მისი აღქმის, აზროვნებისა და მეტყველების უნარები. ბერძნულ ფილოსოფიაში პროტაგორამ გადადგა პირველი ნაბიჯები დასკვნის ხერხების სისტემატიზაციის მიმართულებით. სხვა სოფისტების მიერ საკმაოდ დეტალურად განიხილებოდა ლოგიკური მსჯელობის ხერხები. სოფისტები ცნობილი იყვნენ, როგორც უბადლო მოკამათეები და ორატორული ხელოვნების პროფესიონალი მასწავლებლები. ამიტომ ბუნებრივია, რომ ენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა მათი კვლევის საგანი გახდა. პროტაგორა შეისწავლიდა სიტყვათცვალებადობის კატეგორიებს და წინადადების სინტაქსს, სხვები - კავშირებს, სინონიმებს და ა.შ. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სოფისტმა გორგიამ (480-380 ძვ.წ.) მკაფიოდ დააყენა საკითხი სიტყვის, აზრისა და აღქმული საგნის ურთიერთმიმართების შესახებ. როგორ შეიძლება რაიმე გადმოვცეთ ენის მეშვეობით, კითხულობს იგი, თუ მის ბგერებს არაფერი აქვს საერთო იმ საგანთან, რომელსაც ისინი აღნიშნავენ? (თანამედროვე ფსიქოლინგვისტიკაში ეს საკითხი სახელდების პრობლემატიკის ფარგლებში შეისწავლება). რაც შეეხება შეგრძნებებს, გრძნობად აღქმას, მის მნიშვნელობაზე პროტაგორას ასეთი გამონათქვამიც მიუთითებს: „გრძნობათა (ანუ შეგრძნებათა - ი.ი.) გარეშე არავის სული არ არსებობს”. საგანი ისეთია, როგორიც აღქმას აღუბეჭდავს სუბიექტის სულში. თავად სული, როგორც ცნება, აერთიანებს სხვადასხვა ფსიქიკურ მდგომარეობებს (გრძნობები, სურვილები, შეგრძნებები) და მთლიანად მათზე დაიყვანება. ამ მდგომარეობათა მიღმა არ არსებობს რაიმე სულიერი სუბსტანცია.

      ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით სულიერი სფეროს ასეთ დახასიათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სოფისტებმა, სახელდობრ კი პროტაგორამ, პირველი ნამდვილი სენსუალისტური შეხედულება წარმოადგინეს. ამ ტერმინით აღნიშნული მოძღვრების მიხედვით, ფსიქიკური ცხოვრების საფუძველი გრძნობადი შთაბეჭდილებებია. პროტაგორასთან შეგრძნების (გრძნობადი აღქმის) პრიორიტეტი, სხვა სულიერ უნარებთან შედარებით საკმაოდ ნათლად არის გამოხატული. ამდენად, იგი წინაპარია ბერკლის, ჰიუმისა და შემდგომდროინდელი ემპირიული ფსიქოლოგიის, კერძოდ, ასოციაციონიზმის სენსუალიზმისა. კიდევ შორს რომ წავიდეთ, პროტაგორას მოძღვრება ვუნდტის, სტრუქტურალიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სისტემების წინამორბედადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ამ სისტემებში აქცენტი ცნობიერების თვალსაჩინო-წარმოდგენით შინაარსებზე კეთდება. მათ ბატონობას ფსიქოლოგიაში წერტილი მხოლოდ ვიურცბურგის სკოლამ (XX საუკუნის დასაწყისი) დაუსვა. ასე რომ, აღნიშნულმა თეზისმა ფსიქოლოგიის ისტორიაში არა პირდაპირი, მაგრამ ფრიად შორსმიმავალი გავლენა იქონია.

      სოფისტების შემდეგი თვალსაზრისი სულის არასუბსტანციურობას ეხება. შინაგანი სამყარო ცნობიერების ფენომენების ერთობლიობაა - ეს დებულება, ლოკიდან დაწყებული, მთელი ემპირიული ფსიქოლოგიის გავლითა და ვუნდტისა და ბრენტანოს ჩათვლით, უპირისპირდება დეკარტე-ლაიბნიცის სულის სუბსტანციონალობის თეზისს და ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძირეულ თეორიულ-მეთოდოლოგიურ კოლიზიას ქმნის (იხ. თავი 4.1.).

      სოფისტების მსგავსად, სოკრატეს (470-399 ძვ.წ.) ფილოსოფიური ინტერესი ადამიანზეა მიმართული, მაგრამ არა იმდენად მის შინაგან, სულიერ სამყაროზე, რამდენადაც მის ზნეობრივ ქმედებაზე. სოკრატე მეცნიერული ეთიკის დამაარსებელია. სოკრატეს მიერ სული განიხილება, როგორც ზნეობრივი ქმედების და არა უბრალოდ სხეულის აქტიობის საფუძველი, რასაც ადრინდელი ფილოსოფოსები ამტკიცებდენენ (ჰერაკლიტე, დემოკრიტე და სხვა). სული ინდივიდის ფსიქიკური თვისებაა. მისი ძირითადი ნიშანია გონიერება, რაც ადამიანს ზნეობრივი იდეალების შესაბამისი ქმედების განხორციელების საშუალებას აძლევს. ადამიანი არა იმდენად ბუნების, რამდენადაც მორალურ კანონებს ემორჩილება. თავად სოკრატეს სიცოცხლეც და სიკვდილიც ამ ზნეობრივი იდეალების განხორციელებაა. ათენისთვის პირნათლად მოღვაწე სოკრატეს ღმერთებისადმი უპატივისმცემლობასა და ახალგაზრდობის გარყვნაში დასდეს ბრალი. კანონმორჩილებისა და წესრიგის მოქადაგე ფილოსოფოსმა ღირსეულად მიიღო სასიკვდილო განაჩენი, უარყო საპყრობილედან გაქცევის წინადადებები და თავად მიიღო საწამლავი.

      ამავე დროს, სოკრატე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოფისტების სუბიექტივიზმსა და რელატივიზმს, რაც მათ მიერ აბსოლუტურ და ყველასთვის სავალდებულო ჭეშმარიტებათა უარყოფაში მდგომარეობს. სოფისტები დიდი შემართებით ამტკიცებდნენ ამას. სოკრატე აჩვენებს, რომ ამ მტკიცებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ზოგადი მნიშვნელობის მქონეა, ანუ ყველასთვის სავალდებულოა. ეს კი თავისი თავის უარყოფის ტოლფასია. მართლაც, ვთქვათ, ყოველგვარი აზრი თანაბრად მართებულია. მაშინ თვით ამ მტკიცების საწინააღმდეგო აზრიც მართებული ყოფილა, და, შესაბამისად, პროტაგორას თვალსაზრისი - მცდარი. ამრიგად, სოფისტების შეხედულება გადაულახავ შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს. მაგრამ ამ შემთხვევაში სოკრატე იმდენად მსჯელობის ლოგიკურ სიმწყობრეზე არ ზრუნავს, რამდენადაც ეთიკური პრინციპებისა და შესაბამისი ზნეობრივი ქცევის მართებულობის დამტკიცებაზე. თუ ყველაფრის საზომი ადამიანია, მაშინ ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე და ზნეობაზე შეფარდებითია. თავის გნოსეოლოგიურ და ეთიკურ შეხედულებებში სოკრატე იქიდან ამოდიოდა, რომ ყოველგვარ ცოდნაში, მისი შეფარდებითობის მიუხედავად, არსებობს უცვლელი და საყოველთაო ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც ყველასთვის საერთოა. თუ ეთიკის ნორმები არ შეიცავს ყველასთვის სავალდებულო და არაფარდობით ჭეშმარიტებას, თითოეულს შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც მოესურვება და თავისი ქმედება სავსებით გამართლებულად მიიჩნიოს. საზოგადოებას მისი გაკიცხვისა და დასჯის უფლება არ ექნება, რასაც სრული ქაოსი და, საბოლოოდ, მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს, ცივილიზაციის ნგრევა მოჰყვება.

      ჭეშმარიტება და ცოდნა ცნებების სახითაა მოცემული. ეს ეხება ყველა სფეროს, მათ შორის მორალს. ქმედების შეფასება ზნეობრიობის თვალსაზრისით გულისხმობს იმის ცოდნას, თუ რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. აქედან გამომდინარე, ზნეობა უშუალო კავშირშია ცნებასთან, გარკვეული ნორმების ცოდნასთან და მის შესაბამისად მოქმედებასთან. თუ ადამიანმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს საფრთხის პირობებში და მოქმედებს ამ ცოდნის შესაბამისად, იგი შეიძლება მამაცად ჩაითვალოს. თუკი კაცი ბოროტად მოქმედებს, ამის მიზეზი, სოკრატეს აზრით, ისაა, რომ მან არ იცის, რა არის ნამდვილი სიკეთე. ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანს სათანადო ცოდნა უნდა მივცეთ, ვაჩვენოთ განსხვავება კარგსა და ცუდს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასოთ მისი საქციელი. ცოდნა უკვე თავისთავად სიკეთეა. ზნეობასთან მიმართებაში ცოდნა სამი სიკეთის წყაროა, ესენია: ა) ზომიერება – ცოდნა, როგორ მოვთოკოთ ვნებები; ბ) სიმამაცე - ცოდნა, როგორ დავძლიოთ ხიფათი; გ) სამართლიანობა – ცოდნა, როგორ დავიცვათ ღვთიური და ადამიანური კანონები;

      ამავე კონტექსტში დაისმის აუცილებლობისა და თავისუფლების საკითხი. ანტიკური ხანის ავტორები ამ საკითხის განხილვისას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოქმედების გამომწვევი შინაგანი მიზეზების (ჩვენ ვიტყოდით, მოტივების) ფსიქოლოგიურ და ზნეობრივ ხასიათს. დაბალი, გრძნობადი მისწრაფებებისადმი დამორჩილება არის ადამიანისთვის უკადრისი მონობა, ხოლო უნივერსალური გონის მიერ შთაგონებული ნორმებისადმი ცნობიერი დამორჩილება ნამდვილი თავისუფლებაა. თუმცა, ამ დამორჩილებიდან ღირსეული და კეთილი საქციელი ისეთივე აუცილებლობით გამომდინარეობს, როგორც უაზრო ვნებებისადმი დამორჩილებიდან - ცუდი და უგუნური ქმედება. სოკრატეს მიხედვით, დაბალი აუცილებლობიდან მაღალზე, ანუ გონიერ თავისუფლებაზე გადასვლა ჭეშმარიტი ცოდნით არის გაპირობებული. ყველა აუცილებლად ეძებს თავისთვის სიკეთეს, მაგრამ არ იცის, რაშია ეს სიკეთე. ვინც ეს ნამდვილად იცის, მას ჭეშმარიტი სიკეთე სურს და კიდეც აღწევს ამას. ახორციელებს კიდეც. უცოდინარი კი, პირიქით, მიიჩნევს რა ცრუ სიკეთეს, როგორც ჭეშმარიტს მიემართება მისკენ და აუცილებლად ცდება, ცუდ საქმეებს ჩადის. ნამდვილი „ცოდნით ცუდს არავინ ჩაიდენს” - ამბობს სოკრატე.

      ყოველივე ეს ფუჭი და შეუძლებელი იქნება, თუ არ იარსებებს საყოველთაო, ზოგად ცნებებში გამოხატული, აბსოლუტური ჭეშმარიტებები. ჭეშმარიტება ობიექტურად არსებობს, თუმცა მის შესახებ ცოდნის მატარებელი თვით სუბიექტია. ის დაბადებიდან არის მოცემული ყოველ ადამიანში, მაგრამ სულში გაუცნობიერებელი ჩანასახის ფორმით არსებობს; მას განვითარება ესაჭიროება. ჩვენში მთვლემარე ცოდნა აქტუალური უნდა გახდეს. აქედან მომდინარეობს ცნობილი თეზისი: „შეიცან თავი შენი”. საკუთარი თავის შემეცნებაში სოკრატე საკუთარ განცდებზე დაკვირვებას (ანუ თვითდაკვირვებას) არ გულისხმობს. ამიტომ იგი არ უნდა მივიჩნიოთ შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ძირითადი მეთოდის - ინტროსპექციის აღმომჩენად. თუ ცოდნა თავდაპირველად არაცნობიერად არის მოცემული, მას უშუალოდ ვერც დავაკვირდებით (ცნობიერებისა და არაცნობიერის ცნებებს სოკრატე, ცხადია, არ იცნობდა). საკუთარი თავის შეცნობაში სოკრატე გულისხმობს სხვადასხვა ქმედებების, მორალური შეფასებებისა და ნორმების ანალიზსა და გააზრებას. მაგრამ ამ ამოცანის შესრულება ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს. თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობის დანიშნულებას სოკრატე სწორედ იმაში ხედავს, რომ დახმარება გაუწიოს ადამიანებს ამ ცოდნის აღმოჩენაში, აქტუალიზაციასა და ფორმირებაში. მოხდენილი და დროული კითხვების დასმით იგი მოსაუბრის აზრს საჭირო მიმართულებით წარმართავდა და, საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტ აზრამდე მიჰყავდა; სოკრატესთან დიალოგის შედეგად, ბუნდოვანი წარმოდგენები იცვლებოდა განსასჯელი თემების (სიკეთე, სამართლიანობა, სათნოება და ა.შ.) მკაფიო და გამართული გაგებით. კითხვა-პასუხის გზით ნამდვილ ცოდნამდე მისვლის ამ მეთოდს დიალექტიკა ან სოკრატისეული საუბარი ეწოდა. თვითონ სოკრატე თავის საქმიანობას ხუმრობით „მაიევტიკას” ანუ ბებიაქალობის ხელოვნებასაც არქმევდა, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ მოკამათეს ეხმარებოდა, საკუთარი სულიდან ეშვა ჭეშმარიტება. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების შეფასებით, ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი მცდელობა ევრისტიული და პრობლემური სწავლების მეთოდის შემუშავებისა, ვინაიდან აქ მოსწავლის წინაშე მართლაც დაისმის პრობლემა და მისახვედრებელი კითხვების წყების საშუალებით იგი სწორ პასუხამდე მიჰყავთ - ნაცვლად მზამზარეულ ჭეშმარიტებათა მიწოდებისა.

      სოკრატემ საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას სულიერი სამყაროს გაგებაში. ეს მიმართულება გააგრძელა და გააღრმავა ანტიკური ხანის ერთ-ერთმა უდიდესმა ფილოსოფოსმა პლატონმა.

      პლატონის (427-347 ძვ.წ.) ნამდვილი სახელი არისტოკლე იყო. პლატონი (პლატოს - ფართო) მისთვის არაჩვეულებრივად ფართო მხარბეჭისთვის დაურქმევიათ. პლატონი დაიბადა ათენში, მდიდარ არისტოკრატულ ოჯახში. მან მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო და მრავალმხრივი განათლება. განსაკუთრებით გატაცებული იყო პოეზიით. ოცი წლისა სასწავლებლად მიაბარეს სოკრატეს, რამაც განსაზღვრა მისი, როგორც მომავალი ფილოსოფოსის, ორიენტაცია. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონი იწყებს მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში თავისი მეცნიერული ცოდნის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში პლატონი სამჯერ ესტუმრა სიცილიას, სადაც ცდილობდა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გატარებას. ეს მისია სრულიად წარუმატებელი გამოდგა, ერთხელ კი კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა - რაღაცაზე განრისხებულმა სირაკუზელმა ტირანმა დიონისემ პლატონი მონად გაყიდა, საიდანაც მეგობრებმა გამოისყიდეს. 40 წლის პლატონი ათენში ბრუნდება და აარსებს თავის სახელგანთქმულ სასწავლებელს - აკადემიას, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. პლატონის თხზულებები ძირითადად დიალოგების ფორმაშია დაწერილი და აზრის სიღრმის გარდა უდავო ლიტერატურული ღირსებებითაც გამოირჩევა.

      პლატონის ფსიქოლოგიური შეხედულებები ერთიან, მწყობრ სისტემას არ ქმნის, თუმცა მის დიალოგებში გაბნეულია მრავალი მოსაზრება ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ თემასთან დაკავშირებით.

      პლატონის პოზიცია სულის რაობის, მისი ზოგადი ბუნების თაობაზე, არსებითად, მეტაფიზიკურია და ეიდოსების („იდეების”) შესახებ მისი ცნობილი თეორიის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. პლატონის თანახმად, ნამდვილი არსებობა, ყოფიერება აქვს მხოლოდ საგანთა არასხეულებრივ „ფორმებს”, „სახეებს” ანუ „იდეებს”. იდეები უხილავია, უცვლელი და მუდმივი; ისინი წარმოადგენენ საგანთა არსს, მათ სრულყოფილ ნიმუშებს, ერთგვარ ეტალონებს ან, როგორც თვითონ უწოდებს, „პროტოტიპებს”. იდეების საპირისპიროდ, მატერიას არა აქვს საგნობრივი გარკვეულობა; იგი, თავისთავად, უფორმოა და ამორფული. იდეასთან შეერთების გზით მატერია შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერ საგნად ან მოვლენად. გრძნობადი სინამდვილე იდეებისა და მატერიის ასეთი გაერთიანებით ჩნდება. ამ პროცესში იდეას უდავო პრიორიტეტი ენიჭება. მატერიას კონკრეტულ საგნად მასში ამ საგნის პროტოტიპის (იდეის) ჩართვა აქცევს. პირიქით, იდეასთან განშორება ამ საგანს სპობს. გრძნობადი სამყარო მხოლოდ იდეების სამყაროს ასლია. მისი საგნები სივრცესა და დროშია მოცემული და, ამდენად, წარმავალია და შეფარდებითი. ყველა ბუნებრივი საგანი, ან ადამიანის მიერ შექმნილი ნივთი, ყოველი არსება, თვისება, ყოფიერების უმთავრესი ღირებულებები - ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება, სამართლიანობა არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობს მისი შესაბამისი იდეა. იდეის არსებობა რეალურია და ობიექტური (პლატონი ობიექტური იდეალიზმის ფუძემდებელია); იდეები ქმნიან თავიანთ სამყაროს, რომელიც ჩვენთვის უხილავია. ადამიანს შეუძლია გონების საშუალებით (გონებაჭვრეტით) სწვდეს იდეათა სამყაროს, როგორც ეს თვით პლატონმა გააკეთა, მაგრამ მისი სრული შეცნობა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

      ფსიქოლოგიისთვის მთავარია იმის გარკვევა, თუ რა არის სული. პლატონის ფილოსოფიურ სისტემაში ეს საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია და არაერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციებს წარმოშობს, განსაკუთრებით სულისა და იდეის ცნებათა მიმართების კუთხით. სულის ძირითადი მახასიათებლები ასეთია: ის არის ერთგვარი საწყისი, რომელიც აშუალებს იდეებისა და გრძნობადი საგნების მიმართებას. ეს, როგორც ჩანს, იმაში ვლინდება, რომ სული შეიმეცნებს იდეებს და მათ შესახებ ცოდნის ერთადერთი მატარებელია. პლატონის მიხედვით, არსებობს ე.წ. „მსოფლიო სული”, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს. ადამიანის სული ენათესავება მსოფლიო სულს, მისგან მომდინარეობს, მისი ნაწილია. სული სხეულამდე არსებობს, რომელიც მის გარეშე არც არის სხეული ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელობით; იგი უფორმო ორგანული მატერიაა. მატერია-სხეული თავის გარკვეულობას მასში სულის ჩასახლების შედეგად იძენს. ამაშია სულის პრინციპული მსგავსება იდეასთან, ისინი ერთნაირ ფუნქციას ასრულებენ - შეუერთდნენ მატერიას და აქციონ იგი გრძნობადი სამყაროს მოვლენად (შესაბამისად, ეს იქნება სულიერი სხეული ან უსულო ნივთი). ვიდრე ეს მოხდება, სული ზეციურ სამყაროში იმყოფება იდეებთან ერთად და მათ უშუალოდ აკვირდება (შეიმეცნებს). ამით ის მოიპოვებს ჭეშმარიტ ცოდნას, რადგან იდეები განასახიერებენ საგანთა გვაროვნულ არსს, მათ ზოგად ცნებებს. სული, თავის მხრივ, სხეულის არსია და, როგორც ასეთი, ღვთაებრივია, არამატერიალურია, უცვლელია, წარუვალია, უკვდავია. ამის საპირისპიროდ, სხეული მიწიერია, ცვალებადი, ხრწნადი და მოკვდავი. სიკვდილი სულთან დაშორების შედეგია. სხეული უსულოდ ნადგურდება, ისევე როგორც საგანი - უიდეოდ.

      ბევრი მსგავსების მიუხედავად, სული არ არის იდეა (ეიდოსი), თუნდაც იმიტომ, რომ ის ჯერ აკვირდება იდეებს, შეიმეცნებს მათ, ხოლო სხეულში მოხვედრისას ამ ცოდნას აღადგენს (ქვემოთ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ). გამოდის, რომ იდეები სულის შინაარსს შეადგენენ; იდეასა და სულს შორის მიმართება ისეთივეა, როგორც შესამეცნებელსა და შემმეცნებელს შორის. ამავე დროს, ორივე მეტაფიზიკური სამკვიდროს წარმომადგენლები არიან. სხეულში მოხვედრილი სულის აქტივობა სხვადასხვა ფსიქიკური ფენომენის სახით იჩენს თავს. მეცნიერული ფსიქოლოგიის გულისყური მათკენ არის მიმართული.

      სხეული სულის დროებითი სადგურია, მისი საპყრობილეა. სხეულის მიმართ უდავო პრიორიტეტის მიუხედავად, სული ამ უკანასკნელის ზემოქმედებას განიცდის. სული იდეების სამყაროშია თავისუფალ და ლაღ მდგომარეობაში. მაგრამ ცოცხალი ორგანიზმი, ბოლოს და ბოლოს, სხეულისა და სულის ერთიანობაა. ამიტომ ოპტიმალური ვითარებაა, როცა მათ შორის შესატყვისობა არსებობს. სხეულისა და სულის განვითარებაში წონასწორობა უნდა იყოს შენარჩუნებული, რათა მათ შორის თანაზომიერება არსებობდეს.

      სხეულისა და სულის ურთიერთკავშირი ყველაზე მკაფიოდ იჩენს თავს პლატონის მიერ სულის ნაწილებისა და სხეულთან მათი მიმართების საკითხის დამუშავებისას. პლატონის მიხედვით, სულს სამი ნაწილი აქვს. პირველი გონიერი სულია და მოთავსებულია თავში; მეორე კეთილშობილ სწრაფვებს მოიცავს და მკერდის არეში იმყოფება; მესამე ბრმა ვნებებსა და სურვილებს გამოხატავს და მუცელშია განთავსებული. ეს უკანასკნელი სულის ყველაზე უგუნური და უმართავი ნაწილია. ის საერთოა ადამიანისა და ცხოველისთვის. სულის ამ ნაწილში ისეთი სურვილები წარმოიქმნება, რომელთაც დღეს ვიტალურ, ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს ვუწოდებთ: შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა და სხვა. როგორც ჩანს, სწორედ მათთან დაკავშირებულ განცდებსა და სხეულებრივ პროცესებზე დაკვირვებამ განაპირობა პლატონის მიერ სულის ამ ნაწილის განთავსება დიაფრაგმის ქვევით. მკერდში არსებული სულის გამოვლინებებია ენერგიულობა, სიმამაცე, ჟინი, მიზანსწრაფვა და ა.შ. ისეთ ემოციებზე დაკვირევება, როგორიცაა შიში, სიბრაზე, აღტაცება და სხვა, ნათლად ავლენს მათ კავშირს სუნთქვის სიხშირესა და გულისცემის რიტმზე, რაც, სავარაუდოდ, სულის ამ ნაწილის გულმკერდის არეში ლოკალიზაციის მიზეზი გახდა. თავი სხეულის უმთავრესი ნაწილია და გამოყოფილია ტანიდან, სადაც სულის ირაციონალური ნაწილები იმყოფება; ამასთან, ის ზემოთ არის და, ამდენად, ყველაზე ახლოს ზეცასთან, საიდანაც მომდინარეობს რაციონალური უკვდავი სული. როგორც ვხედავთ, სხეულში სულის სხვადასხვა ნაწილების ლოკალიზაციის პრინციპები განსხვავებულია. ზოგი მათგანი ემპირიულ ფაქტებს ეფუძნება - ასეთებია, მაგალითად, სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების კავშირის დამადასტურებელი მონაცემები, ზოგი ეფუძნება მეტაფიზიკურ დაშვებებს - ასეთია, ვთქვათ, მარადიულ იდეათა სამყაროსთან სიახლოვე, ზოგიც ეთიკურ მოსაზრებებს - იმ სულიერ ძალას ან თვისებას, რომელიც მეტად ფასეულია, სხეულის უფრო საპატიო ადგილი ეთმობა.

      მოქმედების ზნეობრივი შეფასების პრინციპი განმსაზღვრელია, აგრეთვე, სულის რაციონალური და ირაციონალური ნაწილების ურთიერთმიმართების საკითხის განხილვისას. აქ პლატონი შედარებებსა და ალეგორიებს მიმართავს. ერთ დიალოგში („ფედროს”) სულის სტრუქტურა გამოხატულია საომარი ეტლის სახით, რომელშიც ორი ცხენია შებმული - შავი და თეთრი. შავი ცხენი ირაციონალური სულის ვნებით ნაწილს განასახიერებს. ის არ ემორჩილება ბრძანებებს და მუდმივ კონტროლს საჭიროებს, ვინაიდან სულ ცდილობს ეტლის გადატრიალებას ან უფსკრულში გადაჩეხვას. თეთრი ცხენი ირაციონალური სულის კეთილშობილ-სწრაფვით ნაწილს გამოხატავს. ის ძირითადად სწორად მოძრაობს, მაგრამ ყოველთვის თვინიერი არ არის და მაინც მოითხოვს მუდმივ კონტროლს. სულის გონიერი ნაწილი გაიგივებულია მეეტლესთან, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას და მართავს ცხენებს. ამრიგად, სულის სტრუქტურა ეთიკური თვალასაზრისით კარგი და ცუდი ნაწილების ერთობლიობად განიხილება.

      სხვა დიალოგში („სახელმწიფო”), სული შედარებულია ცხვრის ფარასთან, რომელსაც მწყემსი და ძაღლი პატრონობენ. ვნებითი სული უაზრო ცხვრების მსგავსია. ამ ცხვრებს ბრმა სურვილები ამოძრავებს და შეიძლება ისეთ ხიფათს გადაეყარონ, რომ დაიღუპონ. სულის სწრაფვით ნაწილს ძაღლი განასახიერებს. მისი მოქმედება პრინციპში სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მწყემსს ანუ გონიერ სულს ემორჩილება.

      ამრიგად, რაციონალური სულის პრიორიტეტი ირაციონალური სულის ნაწილების მიმართ აშკარაა; გონიერი და ზნეობრივი მოქმედება მხოლოდ მისგან მომდინარეობს. ამასთან, იდეალურ ვარიანტში სულის ნაწილებს შორის ჰარმონიული კავშირი უნდა იყოს, რომელსაც უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოები და სისხლი. სამწუხაროდ, რეალური ადამიანის სულში ამგვარი ჰარმონია იშვიათობაა. აქ უფრო მეტად სულის სხვადასხვა ნაწილების კონფლიქტს ვხვდებით. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ერთხმად მიუთითებენ ამ მდგომარეობის მსგავსებაზე იმასთან, რაც ფსიქოანალიზშია აღწერილი. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ფროიდის ძირითადი იდეები პლატონის მიერ იყო შემზადებული. ეს, ცოტა არ იყოს, გაზვიადებული შეფასებაა, მაგრამ თავისი საფუძველი აქვს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გავეცნობით პლატონის შეხედულებას სიზმრების შესახებ, რომელშიც, არსებითად, ძილში მიმდინარე სულიერი ცხოვრების კოლიზიებია აღწერილი.

      ძილისთვის დამახასიათებელია სხეულის მოწყვეტა გარეგანი გავლენებისაგან. ძილის დროს, როგორც დახუჭული თვალია მოწყვეტილი სინათლეს, ასევე სულია თავის თავში ჩაკეტილი, ამბობს პლატონი. მიუხედავად ამისა, ძილში გარემოდან სრული იზოლაცია არ ხდება და, რაც მთავარია, შენარჩუნებულია სულის შინაგანი მოძრაობა. სიზმარი, პლატონის მიხედვით, უკავშირდება სულის ყველაზე დაბალი, ლტოლვითი ნაწილის აქტივობას. ლაპარაკობს რა სიზმრის მორალურ სახეზე, ავტორი მას იმ სურვილების გამოხატულებად მიიჩნევს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ღვიძილში დათრგუნულია (ფსიქოანალიზთან მსგავსება აქ თვალში საცემია. იხ. თავი 8.1.). ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ადამიანის მოვალეობაა წინ აღუდგეს დაბალი სურვილების თვითნებობას. გამოდის, რომ კარგი კაცი სიზმარში ხედავს იმას, რასაც ცუდი სიფხიზლისას აკეთებს.

      ასეა თუ ისე, ცხადია, რომ სიზმარი უნებურად მიმდინარე სულიერი პროცესია. ასეთივეა შეგრძნებაც, რომელიც თავისთავად აღმოცენდება გრძნობის ორგანოზე საგნის ზემოქმედებისას. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ საგანიც და გრძნობის ორგანოც, როგორც სხეულის ნაწილი, ერთი და იმავე მატერიალური ელემენტებისაგან შედგება. გრძნობის ორგანოში საგნით გამოწვეული მოძრაობა აღწევს სულამდე და იწვევს შეგრძნებას. შეგრძნების ხასიათი დამოკიდებულია სხეულში მიმდინარე მოძრაობის რაგვარობაზე. პლატონი საკმაოდ დეტალურად აღწერს მხედველობის, სმენის, გემოს, ყნოსვის და ე.წ. საერთო შეგრძნებებს (საერთო შეგრძნება, შეხების გარდა, იძლევა სითბო-სიცივის, რბილ-მაგარის, მძიმე-მსუბუქისა და გლუვხორკლიანის გარჩევის შესაძლებლობას). შეგრძნებათა მოდალობების პლატონისეულ დახასიათებაში შეიძლება მოინახოს კიდეც ზოგი რამ საყურადღებო, მაგრამ მთლიანობაში, თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, ის არცთუ ღირებულია. საილუსტრაციოდ საკმარისი იქნება, გავეცნოთ მხედველობის შეგრძნების დახასიათებას. მას იწვევს საგნებიდან მომდინარე განსხვავებული სიდიდის ნაწილაკების თვალზე ზემოქმედება. ამასთან, კონკრეტული ფერის შეგრძნება დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ნაწილაკებისა და თვალის გუგის სიდიდის ურთიერთმიმართებაზე და, მეორე მხრივ, თვით ნაწილაკების ურთიერთზემოქმედებაზე. მაგალითად, გუგის ტოლი სიდიდის ნაწილაკები არ შეიგრძნობა, მასზე დიდი ნაწილაკები თეთრად განიცდება, ხოლო მცირე - შავად. რუხი ფერი თეთრისა და შავის შესატყვისი ნაწილაკების შერევის შედეგია; წითელი ფერი ღია ყვითლისა და რუხის ნარევია, მწვანე - წითლისა და შავის და ა.შ.

      საზოგადოდ, გრძნობად მონაცემებს (შეგრძნებებს) პლატონი ცოდნის სანდო წყაროდ არ მიიჩნევს. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი შემდეგი დაკვირვება: თუ მარჯვენა ხელს ჩავყოფთ ჭურჭელში, სადაც ცივი წყალია, მარცხენას ისეთში, სადაც ცხელი წყალია, ხოლო შემდეგ ორივე ხელს ჩავყოფთ ჭურჭელში, სადაც ასხია ნელთბილი წყალი, მარჯვენა ხელი სითბოს იგრძნობს, ხოლო მარცხენა - სიგრილეს. ამით პლატონი აჩვენებს, რომ ჩვენი შეგრძნების მონაცემები შეფარდებითია. ეს გარემოება გვაიძულებს გავიდეთ არასანდო შეგრძნებათა მიღმა და წარვიმართოთ ტემპერატურის ჭეშმარიტი იდეისკენ, რომელიც რეალურია, მუდმივი და არ ცვალებადობს გრძნობის ორგანოების მიერ განცდილი ტემპერატურის შესაბამისად.

      იდეის წვდომა გრძნობადი აღქმით არ შეიძლება. იდეას მხოლოდ გონება სწვდება და ცნებებით გამოხატავს. გრძნობადი აღქმა მხოლოდ საბაბია, გარეგანი სტიმულია იდეის შემეცნებისთვის. მაგრამ შემეცნების მთელი ეს პროცესი სხვა არაფერია, თუ არა მოგონება. რეალურ და ჭეშმარიტ ცოდნას სული ზეციურ სამყაროში იღებს იდეათა პირისპირ ჭვრეტისას. ადამიანის სხეულში ჩასახლების შემდეგ სულს ადაპტაცია ესაჭიროება, ის შეცბუნებას (ჩვენ ვიტყოდით, სტრესს) განიცდის და ამ ცოდნას ივიწყებს. ამით აიხსნება, რომ პატარა ბავშვის სულში ცოდნა აქტუალურად არ არის წარმოდგენილი, თუმცა პოტენციურად იქ იმყოფება. აქედან გამომდინარე, შემეცნების პროცესი არსებითად მოგონების პროცესია, გონებაში იმთავითვე, გაუცნობიერებლად მოცემული ცოდნის გაცნობიერების პროცესი.

      მოგონება მეხსიერების ფუნქციის გამოვლინებაა. აქედან იკვეთება მეხსიერების განსაკუთრებული როლი შემეცნების პროცესში. თვითონ მეხსიერებაში ცოდნა ისევე შემოინახება, როგორც „ცვილზე ინახება ბეჭდის კვალი”, ამბობს პლატონი. მაგრამ გასარჩევია მეხსიერება, როგორც გრძნობადი აღქმის პასიური შემონახვა (რაც ცხოველსაც ახასიათებს) და მოგონება, როგორც აქტიური პროცესი, რომელიც ნამდვილი ადამიანური შემეცნების საფუძველია. როგორც ითქვა, მოგონების წყალობით, ცოდნა ლატენტური (გაუცნობიერებელი) მდგომარეობიდან მანიფესტურ (ცნობიერ) მდგომარეობაში გადადის. ამ პროცესს პლატონი ანამნეზისს უწოდებს. ის დაწვრილებით არის აღწერილი დიალოგში „მენონი”, სადაც ავტორი უჩვენებს, როგორ აქტუალიზდება ყმაწვილი მონის სულში მათემატიკის ცოდნა, რომელიც პოტენციურად მასში მანამდეც არსებობდა, მაგრამ გაცნობიერებული სახე მხოლოდ სპეციალური საუბრის შედეგად მიიღო.

      მიუხედავად ამისა, პლატონი თვლის, რომ მეხსიერება შემეცნების პროცესის მხოლოდ შუა ეტაპია, რომელიც გრძნობად აღქმას მოჰყვება. შემეცნების დამაგვირგვინებელი და, მაშასადამე, მთავარი კოგნიტური პროცესი აზროვნებაა. აზროვნება ცნებებით ოპერირებს და მეტყველების ფორმაში მიმდინარეობს. აზროვნება ამჩნევს შეუსაბამობას აღქმაში და, გრძნობად მონაცემებზე დაყრდნობით, მსჯელობის გზით მიდის ზოგად ცნებამდე. ეს პროცესი პლატონთან დიალექტიკის ტერმინით არის აღნიშნული და განიხილება დიალოგის სახით, რომელსაც მოაზროვნე სუბიექტი შინაგნად აწარმოებს უხილავ მოსაუბრესთან. „აზროვნებისას სული მსჯელობს ისე, რომ ეკითხება და პასუხობს, უარყოფს და უმტკიცებს რასმე თავის თავს”. აქ ცხადად იკვეთება პარალელი მისი მასწავლებლის, სოკრატეს საუბრის მეთოდთან. მაგრამ, ვინაიდან ეს დიალოგი შინაგან პლანში ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ პლატონმა მეცნიერული აზროვნების ისტორიაში პირველად დასვა საკითხი შინაგანი მეტყველების შესახებ, საკითხი, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე გენეტიკურ და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. და მაინც, აზროვნების, როგორც შემეცნებითი ფსიქიკური პროცესის რეალური მნიშვნელობისა და ფუნქციის გარკვევა პლატონის სისტემაში საკმაოდ რთულია. აქ პრინციპული ხასიათის წინააღმდეგობა იჩენს თავს. არ არის ნათელი, რა უნდა აღმოაჩინოს აზროვნებამ, ან რა ახალი ცოდნა მოიპოვოს, თუ მთელი ჭეშმარიტი ცოდნა უკვე მანამდეა მოცემული სულში და მხოლოდ აღდგენას საჭიროებს. აღდგენა, ანუ მოგონება კი მეხსიერების საქმეა. მაშინ გაუგებარი ხდება არა მხოლოდ ის, თუ რატომ არის აზროვნება უმაღლესი კოგნიტური ფუნქცია, არამედ საერთოდ მისი დანიშნულება.

      პლატონი თავადაც აღიარებს, რომ ლოგიკური აზროვნება ვერ მოგვცემს საგნის შესახებ ნამდვილ ცოდნას, ვინაიდან ეყრდნობა გარემოდან მომდინარე ცნობებს, რომლებიც რეალურად ვერ ჩაითვლება. ავტორი ამ ვითარებას ალეგორიულ ფორმაში გადმოგვცემს, როცა ჩვენს ცხოვრებას გამოქვაბულში გამომწყვდეული ტუსაღების ყოფას ადარებს. ისინი ხედავენ მხოლოდ გარეთ მოძრავი ადამიანების, საგნებისა და საკუთარი თავის ჩრდილებს გამოქვაბულის კედელზე, შემდეგ კი ამ არასრულყოფილი ასლების მიხედვით ცდილობენ შეიქმნან რეალური სამყაროს სურათი. ამ პირობებში ყველაზე სრულყოფილი აზროვნებაც უძლურია გადაწყვიტოს ეს ამოცანა. მაგრამ, განაგრძობს პლატონი, ადამიანს მაინც აქვს საშუალება დაეუფლოს ჭეშმარიტ ცოდნას, მივიდეს საგანთა არსამდე. ამას ემსახურება აზროვნების უმაღლესი ფორმა - „მიხვედრა”. ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში მას უწოდეს ლათინური ტერმინი „ინტუიცია”. მას ახასიათებს უშუალობა და აქვს უცაბედი წვდომის ხასიათი. XX საუკუნის ფსიქოლოგიაში ამ მოვლენის აღსანიშნავად შემოიღეს ტერმინი „ინსაიტი” (იხ. თავი 10.1.). მაგრამ, როგორი მსგავსებაც არ უნდა იყოს პლატონის მიერ აღწერილ ინტუიციურ აზროვნებასა და ინსაიტს შორის, ისინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც პროცესუალური, ისე შინაარსეული თვალსაზრისით. პლატონისეული უცაბედი მიხვედრა, პრინციპში, არ არის ახლის წვდომა; იგი უკვე არსებული ცოდნის გაცნობიერებაა. ნამდვილი აზროვნება კი ყოველთვის ახალი ამოცანის გადაწყვეტაა. ძველი ცოდნის აქტუალიზაცია და რეპროდუქცია მეხსიერებაა და არა აზროვნება. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პლატონის შემეცნების თეორია არ გვაძლევს ამ ორი კოგნიტური ფსიქიკური პროცესის განსხვავების მკაფიო და სანდო კრიტერიუმებს. აზროვნება, ფაქტობრივად, იმას აკეთებს, რაც მეხსიერების ფუნქციაა.

      პლატონი რაციონალისტია. მისთვის პირველ პლანზე ადამიანის გონიერი საწყისი დგას, ხოლო ემოციების როლსა და მნიშვნელობას არც თუ მაღალ შეფასებას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, იგი კატეგორიულად უარყოფს ჰედონისტურ შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ცხოვრების უმაღლესი ღირებულება სიამოვნების მიღებაა. ერთ-ერთ დიალოგში („ფილები”) ერთობ მეტყველ პასაჟს ვპოულობთ ამის თაობაზე. ავტორი ამბობს: „სიამოვნებას არ ეკუთვნის პირველობა სულის თვისებებს შორის, რამდენიც გინდა ამტკიცოს ეს ყველა ხარმა, ცხენმა თუ სხვა ცხოველმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ თვითონ ისინი სულ სიამოვნების ძიებაში არიან”. ადამიანის სულის სტრუქტურაში წამყვანი გონიერი სულია. რაც შეეხება სიამოვნება-უსიამოვნებას, ეს სულის სტუქტურული ნაწილებისა და, აგრეთვე, სხეულისა და სულის ჰარმონიული ან არაჰარმონიული მდგომარეობის გამომხატველია. შესაბამისად, გამოიყოფა სხეულებრივი და სულიერი გრძნობები. სულიერ გრძნობებში შედის დაბალი (ირაციონალურ სულთან დაკავშირებული) და მაღალი (რაციონალურ სულთან დაკავშირებული) გრძნობები. სიამოვნება, რომლის საფუძველია ცოდნა, უმაღლესი სიამოვნებაა.

      პლატონი პირველი დიდი ნატივისტია. სულიერი ცხოვრების ანალიზისას იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას თანდაყოლილ ასპექტებს ანიჭებს. ეს ნათლად გამოიხატა მის თვალსაზრისში სწავლისა და აღზრდის შესახებ. ორივე მათგანს პლატონი დიდ ყურადღებას უთმობს. განათლების, სწავლისა და სწავლების საკითხი მას, როგორც პროფესიონალ პედაგოგს (აკადემიის ხელმძღვანელს) აინტერესებს. ამ საკითხს პლატონი, ცხადია, შემეცნების საკუთარ თეორიასთან მიმართებაში განიხილავს. ცოდნა, ამბობს იგი, არ შეიძლება ჩაიდოს სულში ისევე, როგორც ორნამენტი უკეთდება ნივთს. გამომდინარე იქიდან, რომ ცოდნა თავიდანვე სულში იმყოფება, სწავლება ისეთი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მის აქტუალიზაციას, ეხმარება მოსწავლეს რაც შეიძლება მოკლე და სწორი გზით მივიდეს მასში ჩანერგილი ცნების ჩამოყალიბებამდე.

      პლატონს აღზრდის პროცესიც პრაქტიკული, კერძოდ, სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით აინტერესებს. სახელმწიფოში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული მისი წევრების ფუნქციები. ეს ფუნქციები სამ მთავარ წოდებას შორის ნაწილდება, ესენია: დემოსი ანუ ხალხი (მიწათმოქმედები, ხელოსნები, ვაჭრები), მეომრები (მცველები) და მმართველები. ადამიანების წოდებებად დანაწილება იმ უნარების და თვისებების მიხედვით უნდა ხდებოდეს, რომლითაც ისინი იბადებიან. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბუნებრივი მონაცემების გამოვლენაზე რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, ხოლო შემდეგ ხელი შეუწყოს მათ მაქსიმალურ სრულყოფას იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც სახელმწიფოში ამ ადამიანების მომავალი სტატუსით არის განსაზღვრული. თანამედროვე ტერმონოლოგიით, პლატონი მკაფიოდ აყენებს პროფშერჩევისა და პროფმომზადების ამოცანას. მაგალითად, სამხედრო პირები საგანგებოდ უნდა იყვნენ შერჩეული და აღზრდილი. მცველი უნდა იყოს გულადი, ფიზიკურად ძლიერი, გონიერი, გამახვილებული გრძნობის და ფიცხი ხასიათის. ამ თანდაყოლილი თვისებების განვითარება მთელ რიგ აღმზრდელობით ღონისძიებებს ითვალისწინებს. მათ შორის უპირატესია ტანვარჯიში (სხეულის სრულყოფისთვის) და ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა (სულის აღზრდისთვის). უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ზემოქმედება (ინფორმაცია), რომელიც დააქვეითებს მომავალი მეომრის სიმამაცეს და ამასთან, მიეცეს ისეთი საკითხავი, საყურებელი თუ მოსასმენი, რაც ხელს შეუწყობს მასში გონიერებისა და სამართლიანობის განვითარებას.

      პლატონი დიფერენციალური ფსიქოლოგიის საკითხებსაც ეხება. მისი აზრით, ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მამაკაცებზე სუსტები არიან, შეუძლიათ ისეთივე საზოგადოებრივი დავალებების შესრულება, რაც მამაკაცებს. აქედან გამომდინარე, სათანადო სათნოების ჩამოყალიბებისთვის ქალებისთვისაც აუცილებელია ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდა. ქალებს აქვთ უნარი, იყვნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ სახელმწიფოს მმართველებიც. პლატონის ეს მოსაზრებები ერთობ მოუთბობს გულს თანამედროვე ფემინისტებს და იმათაც დააინტერესებს, ვინც სერიოზულად იკვლევს გენდერის ფსიქოლოგიის საკითხებს.

      არისტოტელე (384-322 ძვ.წ.) დაიბადა ქალაქ სტაგირში, ჩრდილოეთ საბერძნეთში. ბავშვობა გაატარა მაკედონიაში, სადაც მამამისი მეფის კარის ექიმად მსახურობდა. მამამ მისცა არისტოტელეს პირველადი საექიმო და საბუნებისმეტყველო განათლება. ჩვიდმეტი წლისა არისტოტელე ჩადის ათენში და ირიცხება პლატონის სახელგანთქმულ აკადემიაში. აქ იგი ოც წელს დაჰყოფს, ჯერ მოწაფედ, შემდეგ კი მასწავლებლად. პლატონის სიკვდილის მერე არისტოტელე ათენიდან მიდის და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს. ერთხანს იგი მაკედონიაშია და ასწავლის ახალგაზრდა ალექსანდრეს. 335 წელს არისტოტელე ბრუნდება ათენში, სადაც აარსებს სკოლა-ლიცეუმს. აქ მისი სახელი, როგორც გამოჩენილი სწავლულისა, მწვერვალს აღწევს. მიუხედავად ამისა, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ათენში ანტიმაკედონური განწყობილების მომძლავრების გამო, არისტოტელე იძულებული ხდება დატოვოს ათენი. იგი გადასცემს ლიცეუმის მართვას თავის ყველაზე ერთგულ და გამოჩენილ მიმდევარს, თეოფრასტეს და სახლდება დედამისის სამშობლოში, კუნძულ ევბეიზე. არისტოტელე გარდაიცვალა კუჭის დაავადებით, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდა.

      არისტოტელე არა მხოლოდ ძველბერძნული მეცნიერების კორიფედ, არამედ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ არის მიჩნეული. მან განმსაზღვრელი, ფუძემდებლური წვლილი შეიტანა ცოდნის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. განუზომელია მისი ღვაწლი ფსიქოლოგიაშიც. მოსაზრებები ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ საკითხზე გაბნეულია არისტოტელეს ნაწარმოებებში მეტაფიზიკის, ლოგიკის, ბიოლოგიის, ეთიკის, ესთეტიკის შესახებ. მაგრამ ძირითადია არისტოტელეს ტრაქტატი „პერი ფსიქე” ანუ „სულის შესახებ”. დასავლურ ცივილიზაციაში ესაა პირველი წმინდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა. მასში გადმოცემულია წინარე ავტორების შეხედულებები ფსიქიკური რეალობის შესახებ, რომლებზეც რიგ შემთხვევებში, არაფერი გვეცოდინებოდა. სწორედ მათი საფუძვლიანი კრიტიკული განხილვის, საკუთარი დაკვირვებებისა და ანალიზის საფუძველზე არისტოტელემ შექმნა ფაქტობრივად პირველი მწყობრი ფსიქოლოგიური სისტემა. მასში დამუშავებული საკითხების კომპლექსი დღემდე რჩება ე.წ. ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითად შინაარსად: სულის რაობა და სულის სახეები (ანუ, დღევანდელი გაგებით, ფსიქოლოგიის საგანი); სულის გამოვლინებები ან თვისებები - შეგრძნება, წარმოსახვა, მეხსიერება, აზროვნება, გრძნობები, სურვილები, ნებისყოფა (ანუ ფსიქიკური პროცესები), და ბოლოს, ხასიათი (ანუ პიროვნების თვისებები). ამ და სხვა ე.წ. მცირე ფსიქოლოგიურ თხზულებებში („შეგრძნების შესახებ” „მეხსიერების შესახებ”, „სიზმრების შესახებ”) და ბიოლოგიურ ტრაქტატში - („ცხოველთა ნაწილების შესახებ”), განხილულია ისეთი თემებიც, რომლებიც ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზე იმყოფება: ძილი და ღვიძილი, სიცოცხლის ხანგრძლიობა, მისი ეტაპები ან პერიოდები, სიცოცხლე და სიკვდილი, კვება და მოძრაობა. ის გარემოება, რომ არისტოტელე მათ სულის მოქმედების სფეროს მიაკუთვნებს, ადასტურებს, რომ მისთვის სავსებით მისაღები იყო ბიოლოგისტური ორიენტაცია. ეს არც არის გასაკვირი მკვლევარისაგან, ვისაც „ორგანულის აღმომჩენს” უწოდებენ; ყოველ შემთხვევაში, ზოოლოგიის ფუძემდებლად აღიარებული არისტოტელე იმდენად მჭიდროდ აკავშირებს სიცოცხლისა და სულის (პსყცჰე) ცნებებს, რომ ფაქტობრივად აიგივებს მათ.

      სხეულს ცოცხალ არსებად სული აქცევს. სხვა შემთხვევაში იგი უბრალო მატერიალური ნივთი იქნებოდა. ამდენად, სული ცოცხალი სხეულის არსია, ანუ ის, რის გარეშეც სხეული არ არის ის, რაც არის. სხეულისა და სულის მიმართების პრობლემა პლატონთან, როგორც ზემოთ ვნახეთ, საგნისა და იდეის მიმართების ანალოგიით არის გადაწყვეტილი. საგანი (მათ შორის ცოცხალი სხეული), იქმნება მატერიის გაერთიანებით მის მიღმა სამყაროში არსებულ იდეებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, საგნების არსი, მათ არქეტიპები ანუ „პირველსახეებია”. არისტოტელე მკაცრად ილაშქრებს ასეთი გაგების წინააღმდეგ. იდეა (ეიდოსი) საგნის არსია და როგორ შეიძლება, რომ არსი და ის, რისი არსიც არის, ცალ-ცალკე არსებობდნენ? ამიტომ არისტოტელე საგნობრივ ბუნებას განიხილავს ერთმანეთისაგან იმთავითვე დაუშორებელი მატერიისა და ეიდოსის ანუ ფორმის ერთობლიობად. მატერია არის სუბსტანცია, ანუ ის მასალა, რისგანაც საგანი შედგება; ფორმა საგნის არსია, მისი რაობაა, ანუ ის არის, რასაც საგანი წარმოადგენს, რატომაც და რისთვისაც საგანი არსებობს. აქ ფორმის ცნება ჩვეულებრივი მნიშვნელობით არ იხმარება. ფორმა საგნის უბრალო გარეგანი მოყვანილობა ან რაიმეს შინაარსის გარეგამოვლინება კი არ არის, არამედ აქტიური საწყისი, საგნის დანიშნულება, მისი ფუნქცია და „მიზანია”. სხვანაირად, მატერია არის მხოლოდ პოტენცია, შესაძლებლობა, ფორმა კი აქტიურობა, ნამდვილობა. იგი უსახურ და პასიურ მატერიას ანიჭებს გარკვეულობას, სახეს, ანუ აქცევს არსებულად. ქმნადობის, განხორციელების ამ პროცესის აღსანიშნავად არისტოტელეს შემოაქვს უმნიშვნელოვანესი ცნება ენტელექია. მატერია უფორმოდ წმინდა პოტენციაა, ის არაფერია, თუმცა, ამავე დროს, შეიძლება გახდეს ყველაფერი. იგი ისეთივეა, როგორიც გამდნარი მეტალი, რომელსაც ჯერ არ მიუღია გარკვეული ფორმა, მაგრამ მისგან ცულის ჩამოსხმაც შეიძლება და მახვილისაც. ამ რომელიმე ფორმიდან გამომდინარე, ის კონკრეტული მიზნის მატარებელი გახდება.

      აღწერილ კონსტრუქციას არისტოტელე პირდაპირ იყენებს სხეულისა და სულის მიმართების პრობლემის ანალიზისას. სული სხეულის ფორმაა; მაშასადამე, ის ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. სულისა და ორგანული სხეულის ურთიერთობა თვალისა და მხედველობის ურთიერთობის ანალოგიურია. თვალი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამბობს ავტორი, მისი სული მხედველობა იქნებოდა. მხედველობა ხომ თვალის არსია. თუ თვალმა მხედველობა დაკარგა, ის ისპობა, როგორც ორგანო. იგივე ითქმის მთლიანად სხეულის შესახებაც. იგი მხოლოდ მაშინაა ორგანიზმი, როდესაც ახორციელებს თავის ფუნქციას - სიცოცხლეს; ხოლო სიცოცხლის, როგორც შესაძლებლობის განხორციელება (ენტელექია), სულზეა დამოკიდებული. მაშასადამე, სრულიად უეჭველია, რომ არ შეიძლება სულის გათიშვა სხეულისაგან. სხეული და სული ერთიანობაში შეადგენს ცოცხალ არსებას. უფრო ზუსტად, სული აქცევს მატერიას ცოცხალ ორგანიზმად. სიცოცხლის ყოველი გამოვლინების სპეციფიკა მასთან დაკავშირებული სულის სპეციფიკის ნიშნით არის აღბეჭდილი. ცოცხალი არსება ისეთია, როგორიცაა მისი სული. მართალია ცოცხალი არსება სხეულისა და სულის მთლიანობაა, მაგრამ psyche-ს მაინც აღმატებული მნიშვნელობა აქვს.

      არისტოტელე სიცოცხლის სამ მთავარ ფორმას გამოყოფს: მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს. ისინი იერარქიას ქმნიან. მცენარეები ყველაზე პრიმიტიული არსებებია, ადამიანები - ყველაზე რთული. შესაბამისად, განიხილება სულის სამი სახე, რომლებიც მისი განვითარების სამ დონეს ქმნიან. უდაბლეს საფეხურს მცენარეული ანუ ვეგეტატიური სული შეადგენს. მისი წყალობით ორგანიზმი ახორციელებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს, ესენია: კვება, ზრდა, გამრავლება. შემდეგ საფეხურზე ცხოველებისთვის დამახასიათებელი შემგრძნობი სული იმყოფება. სულის უმაღლესი ფორმაა მოაზროვნე სული, ე.წ. „ნუსი” (გონი), რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა სპეციფიკური.

      ვეგეტაციურ სულთან დაკავშირებული ფუნქციები დანარჩენ ორ მაღალ დონეზეცაა, რადგან მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ცხოველური სული ატარებს ვეგეტაციურის ნიშნებს და, ამასთან, მგრძნობელობის უნარიც აქვს. მოაზროვნე სული ორივეს მოიცავს. სულის ყოველი შემდგომი საფეხური წინა საფეხურის უნარებს შეიცავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ცხოველში ორი სახის სული (ვეგეტაციური და შემგრძნობი) ერთი მეორის გვერდით არსებობს. ცხოველის სულში მოხსნილი სახით შენახულია ვეგეტაციური სული, ისევე როგორც ადამიანის სულში - შემგრძნობი და ვეგეტაციური სული. ავტორის თქმით, აქ ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც უსულო საგნების, თუნდაც გეომეტრიული ფიგურების შემთხვევაში. ყოველ მომდევნოში შესაძლებლობის სახით მოცემულია წინამორბედი; მაგალითად, ოთხკუთხედი პოტენციურად შეიცავს სამკუთხედს ისევე, როგორც შეგრძნების უნარი - ვეგეტაციურს.

      ამგვარად, ყოველგვარ ცოცხალ არსებაში ერთი და მხოლოდ ერთი სული არსებობს. ის ერთიანია და განუყოფელი. მას არა აქვს ნაწილები, როგორც თუნდაც პლატონი ფიქრობდა, მაგრამ შემგრძნობი და მოაზროვნე სული შეიცავს წინარე სულის ნიშნებს. ვეგეტაციური სული არის, ასე ვთქვათ, „სული - მინიმუმი”, რომელიც უთუოდ ახლავს ყოველ ორგანიზმს. ამავე დროს, იგი არ არის საკმარისი უფრო მაღალი დონის არსებებისთვის, სადაც სხვა უნარები იჩენს თავს. ბუნება კი, არისტოტელეს ბრძნული შენიშვნისა არ იყოს, ტყუილ-უბრალოდ არაფერს ქმნის. შემგრძნობი სულის გამართლება ის არის, რომ მოძრავი სხეულისთვის შეგრძნების უნარია აუცილებელი. ამ უნარის გარეშე იგი დაიღუპება. ვერც ადამიანი განახორციელებს თავის ზნეობრივ-სოციალურ ფუნქციას გონების გარეშე.

      ამის შემდეგ არისტოტელე იწყებს სულის თითოეული სახეობის ანალიზს, რაც, არსებითად, მათი ძირითადი უნარებისა თუ თვისებების დახასიათებაში მდგომარეობს. ამასთან, ყველგან გატარებულია პრინციპი - ყოველი სულიერი მოქმედების კვლევა მისი შესატყვისი ობიექტის შესწავლით უნდა იწყებოდეს: ვეგეტაციურისა - საჭმლის, შეგრძნებისა - შესაგრძნობი ობიექტით, აზროვნებისა - აზროვნების საგნით. სულის მოქმედების საგანი იმიტომ უნდა მოინახოს, რომ მის გარეშე თვითონ სულიც არ არსებობს; სული მხოლოდ ორგანიზმის მოქმედებაში მჟღავნდება, რაც უთუოდ გულისხმობს რაიმე საგნისადმი მიმართებას.

      ვეგეტაციური სულის დახასიათებისას გამოიყოფა მისი სამი მხარე: ის, რაც იკვებება, რითაც იკვებება და რაც კვებავს. მკვებავი არის პირველი სული. ის, რაც იკვებება და რაც სულის მატარებელია, არის სხეული, ხოლო რითაც იკვებება, ეს საკვებია. არისტოტელე საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს კვების „ფიზიოლოგიას” და გამოთქვამს ზოგიერთ საინტერესო მოსაზრებას. ამავე დროს აღნიშნავს, რომ ეს საკითხი უფრო სრულად შემდგომში უნდა გაშუქდეს. არისტოტელეს ინტერპრეტატორების აზრით, მას სპეციალური ტრაქტატი უნდა ჰქონოდა ამ თემაზე.

      საკუთრივ ვეგეტაციური სულის რაგვარობის შესახებ ავტორი ძალიან ცოტას ლაპარაკობს. კერძოდ იმას, რომ ვეგეტაციური სული სიცოცხლის საწყისია, რომ ის კვებავს სხეულს. უფრო ამომწურავი დახასიათება მოცემული არ არის. ამ სახის სულის წმინდა ფსიქოლოგიურ რაობას არისტოტელე არ აღწერს, რაც ჩვენთვის უფრო გასაგები უნდა იყოს, ვიდრე მისი თანამედროვეებისთვის. საქმე ისაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ვეგეტაციური სული არც არის ფსიქოლოგიური კვლევის საგანი, ის ბიოლოგიური მოვლენაა. არისტოტელესეული ფსიქოლოგიისთვის მისი მნიშვნელობა იმით ამოიწურება, რომ საძირკველია ყოველი შემდეგი საფეხურის სულისთვის. კვება, ზრდა, გამრავლება სიცოცხლის მახასიათებლებია, ხოლო სიცოცხლე სულიერებასთან არის გაიგივებული. თანამედროვე მეცნიერების თანახმად, ცოცხალი და სულიერი (ფსიქიკური) იდენტური არ არის. ყოველი ფსიქიკური ცოცხალია, მაგრამ ყოველი ცოცხალი არაა ფსიქიკური. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია, მაგრამ მათ არა აქვთ ფსიქიკა, რომელიც პირველად მხოლოდ ცხოველებში იჩენს თავს და ე.წ. მგრძნობელობით (ანუ, არსებითად, შეგრძნებით) ხასიათდება. ეს შეხედულება შეიძლება მივიღოთ ან არა, მაგრამ ამ ანალიზის ფარგლებში მთავარი ის კი არ არის, თუ ორგანული ევოლუციის რომელ საფეხურს მივაწერთ ფსიქიკას, არამედ ის, რომ დღეს არსებითად სხვაგვარად დგას საკითხი - ფსიქიკა ცოცხალი ბუნების განვითარების რომელიღაც შედარებით მაღალ საფეხურზე იჩენს თავს. არისტოტელესთვის კი სიცოცხლე სულია, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას აქვს. თანამედროვე წარმოდგენებით ბუნება სამ დიდ კლასად იყოფა: არაორგანულად, ორგანულად და ფსიქიკურად, არისტოტელესთან იგი მხოლოდ ორ ჯგუფს მოიცავს - არაორგანულს და სულიერს ანუ ორგანულს.

      როგორც აღინიშნა, სულის მეორე სახეობას არისტოტელე შემგრძნობ სულს უწოდებს. მაგრამ სულის ამ ფორმის ბუნება არ ამოიწურება იმით, რომ ვეგეტაციური სულის უნარებს ემატება კიდევ ერთი - შეგრძნების უნარი. ანალიზიდან ჩანს, რომ სინამდვილეში მეორე დონის სული სხვა ფსიქიკური უნარებითაც ხასიათდება. არისტოტელე პირდაპირ ამბობს, რომ „ვისაც შეგრძნება აქვს, ექნება აგრეთვე სიამოვნებისა და ტანჯვის განცდის უნარი და, მაშასადამე, ეცოდინება, თუ რა არის სასიამოვნო მოვლენა და რა - უსიამოვნო. ვინც ამას ფლობს, მას სურვილიც ექნება, ვინაიდან სიამოვნება იგივე სწრაფვაა”. ავტორი აქ აშკარად მიუთითებს ემოციურ და მოტივაციურ პროცესებზე, თუმცა მათ მკაფიოდ ვერ მიჯნავს ერთმანეთისაგან. შემდგომ ირკვევა, რომ სულის მოცემულ ფორმას მეხსიერებისა და წარმოსახვის უნარიც ახასიათებს. მათი ანალიზისას დავრწმუნდებით, რომ აღნიშნული ფსიქიკური პროცესები არისტოტელესთან ცხოველური სულის ყოველგვარ გამოვლინებას მიეწერება, თუმცა ზოგიერთი ფორმა მხოლოდ უმაღლესი დონის, გონიერი ადამიანური სულის სპეციფიკას წარმოადგენს. მაშინ რატომ უწოდებს ავტორი სულის მეორე სახეობას შემგრძნობ სულს? აქ ერთი რამ არის საფიქრებელი: არისტოტელე ინტუიციურად მართებულად ხვდება, რომ სწორედ შეგრძნების უნარი ქმნის თვისობრივ ფსიქოლოგიურ განსხვავებას მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებს შორის, ხოლო სულის აღნიშნული თვისებები მეორადია შეგრძნებასთან მიმართებაში. მართლაც, როგორ შეიძლება რაიმე გაიხსენო ან წარმოისახო, თუ მანამდე, შეგრძნების უნარის მეშვეობით არ შემოვიდა გარკვეული მასალა, ე.წ. გრძნობადი შინაარსი?

      ამგვარად, სულის მეორე სახეობასთან დაკავშირებულ ფსიქიკური უნართვისებების კომპლექსში გამორჩეული ადგილი შეგრძნებას უკავია. ის არის მათი წინაპირობა და მთელი შემეცნების პროცესის სათავე. ამიტომ სულის შესახებ ტრაქტატის ავტორი მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

      შეგრძნება არის განცდა. ის წარმოიქმნება გარე ზემოქმედებით გრძნობის ორგანოზე, რომელიც გადაეცემა სულს. საბოლოო ჯამში, შეიგრძნობს სული გრძნობის ორგანოს მეშვეობით. ამ პროცესის სათავე საგნებშია, გარედან მოქმედ აგენტებში. ამრიგად, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, შეგრძნების სრულყოფილი შესწავლა გულისხმობს ფიზიკური გამღიზიანებლის ბუნების გარკვევას, ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების გარკვევას და შეგრძნების განცდისეულ რომელობათა დახასიათებას. ქვემოთ ვნახავთ, რომ ბუნებისმეტყველებამ შეგრძნების ინტენსიური კვლევა XIX საუკუნეში სწორედ ამ სქემით დაიწყო. არსებითად ამავე სქემას მიყვებოდა არისტოტელე ორ ათასწლეულზე მეტი ხნის წინ! გამღიზიანებლების ფიზიკური (ოპტიკური, აკუსტიკური თუ სხვა) ბუნებისა და გრძნობის ორგანოს ანატომიურ-ფიზიოლოგიური მოწყობილობის არისტოტელესეული წარმოდგენები თანამედროვე მეცნიერებისთვის არაა საინტერესო, რასაც ვერ ვიტყვით იმ მოსაზრებებზე, რომლებიც შეგრძნების ფსიქოლოგიურ მხარეს ეხება. აქ მხოლოდ იმ ძირითად მომენტებზე შევჩერდებით, რომლებიც ამჟამინდელი გადასახედიდანაც საყურადღებოა.

      როგორც აღინიშნა, შეგრძნება სათანადო ორგანოზე გამღიზიანებლის ზემოქმედებას გულისხმობს. მაგრამ, როგორია ამ ზემოქმედების ბუნება? ეს ხომ არ ნიშნავს მატერიალური ობიექტის შეღწევას გრძნობის ორგანოში? პირდაპირი მნიშვნელობით, ობიექტი ორგანიზმში კვების შემთხვევაში შედის. შეგრძნება კი სულის განსახვავებული, ვეგეტაციურზე უფრო მაღალი დონის თვისებაა. მიჯნავს რა ერთმანეთისაგან მატერიასა და ფორმას, არისტოტელე ამ საკითხის მოხდენილ გადაწყვეტას პოულობს: „შეგრძნება არის შესაგრძნობი საგნის ფორმის მიღება მისი მატერიის გარეშე”. გრძნობის ორგანო ისევე განიცდის საგნის ზემოქმედებას, როგორც ცვილი იღებს ბეჭდის გამოსახულებას მისი მასალის - ოქროს ან სპილენძის გარეშე. ეს, ცხადია, ვერ მოხდება, თუ გრძნობის ორგანოს არ გააჩნია უნარი მატერიისა და ფორმის გამიჯვნისა და ფორმის ცალკე შეთვისებისა, ან მოკლედ, შეგრძნებითი უნარი. ობიექტის ზემოქმედების შედეგად შეგრძნების აქტში ეს პოტენცია სინამდვილედ (შეგრძნების განცდად) გადაიქცევა. აქ მიმართება ისეთივეა, როგორც შეშის, წვისა და ცეცხლის შემთხვევაში. შეშას წვის უნარი აქვს, რომლის რეალიზაციისთვის მასზე ცეცხლის ზემოქმედებაა საჭირო.

      შემდეგ არისტოტელე სვამს საკითხს, თუ როგორ მოქმედებს გრძნობის ორგანოზე საგანი - უშუალოდ თუ გაშუალებულად? იგი აპრიორულად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შეუძლებელია, ობიექტი უშუალოდ მოქმედებდეს გრძნობის ორგანოზე და იწვევდეს შეგრძნებას (თვალს რომ საგანი მივადოთ, ვერაფერს დავინახავთ). ამიტომ ყველა შეგრძნებისას არსებობს გამაშუალებელი გარემო, მედიუმი, რომელიც საგანს ორგანოსთან აკავშირებს. მხედველობის, სმენისა და ყნოსვის შემთხვევაში, ეს არის ჰაერი და წყალი, გემოსა და შეხების შემთხვევაში - ენა და ხორცი. მედიუმს საგნებიდან გადმოაქვს მოძრაობა და გადასცემს მას გრძნობის ორგანოს, რომელშიც ეს მოძრაობა გრძელდება რამდენადმე შეცვლილი სახით. მაგალითად, ფერი ამოძრავებს გამჭირვალე შუალედურ გარემოს (ჰაერს) და ამით მოძრაობაში მოჰყავს თვალი. მაგრამ რა ხდება შემდეგ, სად წარმოიქმნება საბოლოო ჯამში შეგრძნება - თვალში თუ სადმე სხვაგან? არისტოტელეს მიხედვით, შეგრძნება, ისევე როგორც ყველა სხვა განცდა თუ სულიერი პროცესი, აღმოცენდება სულის ცენტრალურ ორგანოში. გრძნობის ორგანო, მაგალითად, თვალი, მხოლოდ მოძრაობის მიმღებია; აქედან ის მიემართება გულისკენ, რომელიც სულის ცენტრალური ორგანოა. მართალია, თვითონ სული არამატერიალურია, მაგრამ სხეულში არსებობს მისი მოძრაობის გადამტანი ორგანული ეთეროვანი ნივთიერება, ე.წ. პნევმა, რომელიც სისხლთანაა შერეული და მისი მიმოქცევის საშუალებით უკავშირდება გრძნობის ორგანოებს.

      ამ საერთო მექანიზმით მოქმედებს ხუთი გრძნობის ორგანო. შესაბამისად, გამოიყოფა ხუთი სახის შეგრძნება: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. ეს უკანასკნელი ძირეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის აქვს ყველა ცხოველურ ორგანიზმს. ეს გამოწვეულია შეხების მჭიდრო კავშირით კვებასთან (კვება საკვებთან შეხებას გულისხმობს). შეხება და მისი ერთგვარი გაგრძელება - გემო, ბიოლოგიურად უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ეს მოსაზრებები ეთანხმება თანამედროვე შედარებითი ფსიქოლოგიის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა შეგრძნების მოდალობები გამოიყო თავდაპირველი საერთო მგრძნობელობიდან და ამ რიგში ყველაზე ადრეული შეხება და გემოა.

      შეხების შეგრძნების შიგნით გამოიყოფა მისი ქვესახეები: თბილი - ცივი, მშრალი - ნოტიო, მაგარი - რბილი და სხვა. დღეს ზოგი მათგანი შეგრძნების ცალკე მოდალობად არის მიჩნეული, ზოგი კი - შეხების შეგრძნების რომელობად. ასეა თუ ისე, არისტოტელე გამოკვეთს შეგრძნების შიგნით არსებულ რომელობით განსხვავებებს და მათ ე.წ. „საპირისპირო თვისებების” (თანამედროვე ტერმინოლოგიით, კონტრასტული წყვილების) სახით წარმოგვიდგენს. გემოში ესენია: ტკბილი - მწარე, ტკბილი - ცხიმოვანი, მწარე - მლაშე, მჟავე - მწკლარტე; სმენაში უნდა გავარჩიოთ არა მარტო მაღალი და დაბალი, არამედ ძლიერი და სუსტი, რბილი და ტლანქი და ა.შ. ცხადია, არც ფერების სიმრავლე დარჩენია მკვლევარს უყურადღებოდ. შავთეთრის დაპირისპირების გარდა იგი ლაპარაკობს ფერების მეტ-ნაკლებ სიმუქეზე, სიმაძღრეზე და სხვა. არისტოტელემ ისიც შეამჩნია, რომ გარკვეულ რომელობათა ერთმანეთში შერევა ახალ რომელობას წარმოშობს. იგი აღწერს ფერთა შერევისა და გემოების შერევის რამდენიმე მაგალითს.

      რაკი შეგრძნებათა ზოგად თვისებებზე ვსაუბრობთ, მიზანშეწონილი იქნება იმ საკითხსაც შევეხოთ, რომლის ემპირიული კვლევიდანაც ფაქტობრივად დაიწყო ექსპერიმენტული ფსიქოლოგია XIX საუკუნეში. მხედველობაში გვაქვს შეგრძნების ზღურბლებისა და საზოგადოდ ფსიქოფიზიკის პრობლემატიკა, რომელიც ძველმა ბერძენმა გენიოსმა სავსებით ნათლად დასვა. შეგრძნება ვერ აღმოცენდება კონკრეტული ობიექტის გრძნობის ორგანოზე ზემოქმედების გარეშე. მაგრამ, განა ყოველთვის ჩნდება შეგრძნება ობიექტის ზემოქმედებისას? არისტოტელეს პასუხი ამ კითხვაზე წარმოადგენს ზღურბლის შესახებ მოძღვრების ძირითად დებულებას: შეგრძნება ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამღიზიანებელი გარკვეული საშუალო ძალით მოქმედებს გრძნობის ორგანოზე. მეტისმეტად სუსტი გამღიზიანებელი არ იწვევს შეგრძნებას, ზედმეტად ძლიერი კი გრძნობის ორგანოს აზიანებს. ზომაზე დიდი ინტენსიობა აიძულებს გრძნობის ორგანოს ფორმასთან ერთად საგნის მასალაც მიიღოს, ანუ, ფაქტობრივად, შეასრულოს ვეგეტაციური ფუნქცია, რაც მისთვის არაბუნებრივია და ორგანო ზიანდება. ქვედა ზღურბლის შესახებ კი არისტოტელე აღნიშნავს, რომ თვალს ბუნებრივად აქვს მხედველობის უნარი, მაგრამ მან შეიძლება ეს უნარი ვერ გამოავლინოს, ვინაიდან „ფერი ძალიან ცუდია”, ე.ი. სუსტია. შეხებასთან დაკავშირებით კი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენ ყოველგვარ შეხებას ვერ შევიგრძნობთ, მაგალითად, ჰაერის შეხებას. მაგრამ შეხებისთვის გადაჭარბებულიც არ არის საწვდომი, მაგალითად ის, რაც არღვევს თვით ორგანოს. აქ არისტოტელე, ფაქტობრივად, ზღურბლქვედა და ზღურბლზედა გამღიზიანებლებზე ლაპარაკობს.

      მკვლევარის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია შეგრძნების ისეთი ზოგადი თვისებაც, როგორიც ადაპტაციაა. ორგანო რომ გამღიზიანებელს უნდა შეეგუოს, მისთვის ფაქტია. ამ ფაქტის ახსნას იგი მართებულად ეძებს ორგანოს აგებულებაში, თუმცა, ფიზიოლოგიური ცოდნის შეზღუდულობის გამო, მისი მსჯელობა ამ მიმართულებით ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილოდ ჟღერს.

      შეგრძნებებზე მსჯელობისას არისტოტელე მიდის ფუნდამენტური მნიშვნელობის პრობლემებამდე, რაც სცილდება საკუთრივ შეგრძნების ფსიქოლოგიის ფარგლებს. პირველ რიგში ეს არის აღქმის პრობლემა. ავტორი ხედავს, რომ გრძნობადი შემეცნება არ ამოიწურება იმ ცნობებით, რასაც ხუთი გრძნობის ორგანო გვაწვდის. ყველა მათგანი საგნის ამა თუ იმ, თავისთვის სპეციფიკურ თვისებას აფიქსირებს (ფერი, გემო და სხვა). მაგრამ, როგორ ხდება ე.წ. ზოგადი თვისებების აღქმა, ისეთების, როგორიცაა მოძრაობა, უძრაობა, ფორმა, სიდიდე, ერთიანობა? ეს თვისებები არც ერთ ცალკეულ გრძნობის ორგანოს არ ახასიათებს. არ არსებობს რაიმე სხვა, მეექვსე გრძნობის ორგანო, რომელიც მათ შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის. ბუნებრივად დგება საკითხი, თუ როგორ მიიღება სხვადასხვა შეგრძნებიდან საგნების ზოგადი თვისებების, ან თვით საგნის, როგორც ასეთის, მთლიანი განცდა. თუ გავიხსენებთ, რამდენ ხანს და რა რთული გზით მიდიოდა ფსიქოლოგია ცალკეული შეგრძნებებიდან საგნის აღქმის მთლიანი ხატის პრობლემის გადაჭრამდე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არისტოტელემ აღქმის რეალური მექანიზმი ვერ გაარკვია. იგი მიუთითებს სულის ცენტრალურ ორგანოზე და ერთგვარ „საერთო მგრძნობელობაზე”, რომელიც „კიდეც აზროვნებს და კიდეც შეიგრძნობს” და სინამდვილის აღქმის შესაძლებლობას ქმნის. ერთი სიტყვით, არისტოტელე გრძნობს განსხვავებას შეგრძნებასა და აღქმას შორის, თუმცა მათ გასამიჯნად სპეციალური ტერმინი არ შემოაქვს. მიუხედავად ამისა, აღქმის პრობლემის მხოლოდ დასმაც არისტოტელეს დიდი დამსახურებაა, მით უმეტეს, რომ მოაზროვნე ინტუიციურად მიხვდა: შეგრძნებას რაღაც ინტელექტუალური ძალა უნდა დაემატოს, რათა მოხდეს მთლიანი საგნის აღქმა.

      არსებითად იგივე ითქმის ცნობიერების პრობლემაზეც, რომელიც არისტოტელეს წინაშე შეგრძნებათა კვლევის პროცესში დადგა. იგი მკაფიოდ ხედავს ცნობიერების არსებობის ფაქტს (თანამედროვე მნიშვნელობით): ჩვენ არა მხოლოდ შევიგრძნობთ რასმე, არამედ ვგრძნობთ კიდეც, რომ შევიგრძნობთ. ჩვენთვის ერთდროულად არის მოცემული შეგრძნების ობიექტიც და თვით შეგრძნების აქტიც. არისტოტელე მსჯელობს იმაზე, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი. მისი აზრით, შეგრძნებას თვითონვე რომ არ შესძლებოდა თავისი თავის გაცნობიერება, უნდა არსებულიყო რაღაც მეორე რიგის შეგრძნება, რომელსაც, ასევე, ან თავისი თავი უნდა შეეგრძნო (ანუ გაეცნობიერებინა), ან რაღაც მესამე რიგის შეგრძნება გაჩენილიყო, რომელიც მას გააცნობიერებდა. მაშასადამე, მივიღებდით შეგრძნებათა უსასრულო რიგს, რომლის ბოლოს მაინც მოგვიწევდა ისეთი შეგრძნების დაშვება, რომელიც თავის თავს გააცნობიერებდა და ამ რიგს დაასრულებდა. აქედან გამომდინარე, „თვითცნობიერების” უნარი პირველივე რიგის შეგრძნებას უნდა მიეწეროს. ყოველ შეგრძნებაში მოცემულია საკუთარი თავის გაცნობიერების უნარი. ქვემოთ დავინახავთ, რომ არისტოტელეს შემოქმედების ერთ-ერთმა უდიდესმა თაყვანისმცემელმა და მცოდნემ, ფ. ბრენტანომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ყველა ფსიქიკურ აქტს მიაწერა როგორც გარე სამყაროს, ისე საკუთარი თავის „ხილვის” თვისება და ამით ცნობიერების უნივერსალური ფსიქოლოგიური დახასიათება მოგვცა (იხ. თავი 6.3).

      სამყაროს თვალსაჩინო ასახვის შემდგომი საფეხური, ფანტაზია წარმოდგენის და წარმოსახვის სახით არის მოცემული. ძველ მოაზროვნეებში არისტოტელე ალბათ პირველი იყო, ვინც მისი საგანგებო დახასიათება სცადა. ფანტაზია მოჰყვება აღქმას და მას ეფუძნება. ისიც საგნის ან მისი თვისების თვალსაჩინო სურათს გვაძლევს, ოღონდ ამ შემთხვევაში ობიექტი სუბიექტზე უშუალოდ არ ზემოქმედებს. უფრო მეტიც, ეს ობიექტი შესაძლებელია რეალურად საერთოდ არ არსებობდეს. აქედან ჩანს, რომ „შეგრძნება - აღქმის” მსგავსად, ტერმინი „ფანტაზია” არ არის სათანადოდ დიფერენცირებული; იგი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე წარმოსახვის ან წარმოდგენის ცნება დღევანდელი გაგებით და ორივეს ერთდროულად მოიცავს. ეს ართულებს ავტორის აზრის გაგებას, რადგან ფანტაზიაზე მსჯელობისას, იგი ზოგან ერთს გულისხმობს, ზოგან მეორეს, ზოგჯერ კიდევ სულ სხვა რაიმეს.

      ასეა თუ ისე, იქ, სადაც საუბარია საგნის ხატზე, რომელიც შეგრძნებებთან უშუალო კავშირში იმყოფება, საქმე გვაქვს გრძნობად „ფანტაზიასთან”, ანუ წარმოდგენასთან. წარმოდგენა, პრინციპში, შეიძლება ყოველგვარი მოდალობის შეგრძნებიდან მომდინარეობდეს, მაგრამ უპირატესობა მხედველობით შეგრძნებებს ენიჭება, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ხატები მართლაც მხედველობითია. გასაკვირი არ არის, რომ ტერმინ „ფანტაზიის” ძირი ბერძნულად სიტყვა „სინათლიდან” მომდინარეობს. ასეთი ფანტაზია, არისტოტელეს მიხედვით, ყველა ცხოველს აქვს, ვინაიდან ვისაც შეგრძნება ახასიათებს, უთუოდ აქვს ფანტაზიაც. ფანტაზიის როლი იმდენად დიდია, რომ ის მხოლოდ ცხოველებს კი არ უწევს გონების მაგივრობას, არამედ ზოგჯერ ადამიანებსაც, კერძოდ მაშინ, როდესაც მათ გონება ეკარგებათ აფექტების, ავადმყოფობისა ან ძილის გამო. სხვათა შორის, ძილში სიზმრისეული ფანტაზიის გასაოცარი და არარეალური ხასიათი ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ფანტაზიის ხატები მხოლოდ შეგრძნებების ასლებით, გამეორებებით ანუ წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. ფანტაზია ისეთ თვალსაჩინო სურათებსაც გვაძლევს, რომელთა საფუძველში სათანადო საგნობრივი რეალობა არ დგას, ანუ იმას, რასაც ამჟამად წარმოსახვის ხატებს ვუწოდებთ. ამაზე მიანიშნებს ერთ-ერთი პასაჟიც სულის შესახებ ტრაქტატიდან, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ ფანტაზიის მოქმედების დროს ჩვენ ისეთივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც რაიმე საშიში ან სანუკვარი სურათის დათვალიერებისას, ე.ი. ჩვენ ვიცით ფანტაზიის ხატის ობიექტური არარსებულობა.

      ამ მიმართულებით არისტოტელე მსჯელობას არ ავითარებს და უფრო მეტად იმის გარკვევა აინტერესებს, თუ საიდან მომდინარეობს ფანტაზიის (ფართო გაგებით) შეცდომები. ფანტაზია შემეცნების აუცილებელი საფეხურია. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ის საფუძველს უქმნის თვით რაციონალურ შემეცნებას, სადაც უზოგადესი და საბოლოო ჭეშმარიტებები დგინდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვით წარმოდგენის ხატი აუცილებლად ჭეშმარიტების შემცველია, რომ ის არასდროს არ ცდება. პირიქით, ფანტაზია საკმაოდ ხშირად არის შეცდომის წყარო, მაშინაც კი, როცა იგი შეგრძნებებს ემყარება; შეგრძნებები კი ყოველთვის ნამდვილ, უეჭველ ცნობებს გვაწვდიან. ავტორი პირდაპირ ამბობს - „შეგრძნებები ყოველთვის ჭეშმარიტია, წარმოდგენების უმრავლესობა კი მცდარი”. აქ იგი ერთგვარ წინააღმდეგობაში ექცევა. შესაბამისი ანალიზი გვარწმუნებს, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში არისტოტელე შეგრძნებაში „საერთო მგრძნობელობას” გულისხმობს, რომელიც აღიქვამს ე.წ. საერთო ნიშნებს,

      მაგალითად მოძრაობასა და სიდიდეს; ყველაზე მეტი შეცდომები კი სწორედ მათი შეგრძნების (აღქმის) დროს გვხვდება. ფერის, სუნის, გემოს, ანუ სპეციფიკური თვისებების განცდისას (შეგრძნებისას) ილუზიები იშვიათია, სამაგიეროდ, ზოგადი ნიშნების შემთხვევაში ისინი მრავლადაა. ყველაზე მეტად სივრცის, დროისა და მსგავსება-განსხვავების ილუზიებია გავრცელებული. არისტოტელე ასეთი ილუზორული აღქმის მაგალითსაც კი აღწერს, როდესაც „მზე შეიძლება მოგვეჩვენოს ერთი ტერფის სიდიდის მქონედ, თუმცა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ის დედამიწაზე უფრო დიდია”. საყოველთაოდ ცნობილია ე.წ. „არისტოტელეს ილუზია”, როდესაც ერთი ობიექტის შეგრძნება გადაჯვარედინებული საშუალო და საჩვენებელი თითების მეშვეობით ორი ობიექტის განცდას იძლევა. სამაგიეროდ, მხედველობა გვიდასტურებს, რომ ობიექტი მხოლოდ ერთია. ამდენად, მოცემული განცდის ილუზიად ცნობა აღქმაში შეგრძნებათა თანამონაწილეობას გულისხმობს.

      შეგრძნება-აღქმით მიღებული შთაბეჭდილებები ინახება ცენტრალურ ორგანოში, რაც უკვე მეხსიერებაა. მეხსიერება სამი სახისაა: მარტივი ან დაბალი მეხსიერება ყველა ცხოველთან გვხვდება და შთაბეჭდილების ასლების სახით მოცემული წარმოდგენების უბრალო შენახვას გულისხმობს. მეხსიერების უფრო მაღალ დონეზე ხდება წარმოდგენების წარსულისადმი მიკუთვნება. ეს ფორმა მხოლოდ იმ ცხოველებთან გვხვდება, რომელთაც აქვთ დროის აღქმის უნარი. უმაღლესი დონის მეხსიერება ადამიანის პრეროგატივაა, ვინაიდან იგი მსჯელობას გულისხმობს. ამ დროს ხდება შემონახულის აქტიური აღდგენის, მოგონების პროცესი. ეს კი ნიშნავს მოსაგონარის მოძიებას, შემონახულთან მის გაიგივებას, სხვა წარმოდგენებისაგან გამიჯვნას, ერთი სიტყვით, გარკვეულ გონებრივ მუშაობას - მსჯელობას. იმისთვის, რომ ადამიანმა რაიმე მოიგონოს, საჭიროა ამჟამად მოცემული შთაბეჭდილება ერთგვარად დაუკავშირდეს უკვე არსებულ წარმოდგენას. ახლანდელი სულიერი ფაქტები ძველს მაგონებს, ვინაიდან მათი შესაბამისი საგნები ერთმანეთის მსგავსია, ან პირიქით - ერთმანეთის კონტრასტულებია, ან ოდესღაც ერთდროულად ან ერთმანეთის გვერდით იყვნენ მოცემული. ორი ათასი წლის შემდეგ ამ მოვლენას ასოციაცია დაარქვეს და იგი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ცხოვრების უმთავრეს ამხსნელ მექანიზმად მოიაზრებოდა (იხ. თავი 4). ამრიგად, მეხსიერების პროცესის დახასიათებისას არისტოტელემ ფაქტობრივად მიაგნო ასოციაციის ფსიქოლოგიურ მექანიზმს და გამოყო ასოციაციის ოთხი სახე, რომლებმაც ასოციაციურ ფსიქოლოგიაში კანონების სახე მიიღო. ესენია: დროში ან სივრცეში მეზობლობის, მსგავსებისა და კონტრასტის კანონები.

      შემეცნებითი პროცესების მწვერვალი აზროვნებაა. არისტოტელე დიდ ადგილს უთმობს აზროვნების პრობლემატიკის განხილვას თავის გნოსეოლოგიურ, ლოგიკურ და ფსიქოლოგიურ ნაშრომებში. მათში ჩამოყალიბებულმა მოსაზრებებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ პრობლემატიკის დამუშავების შემდგომი განვითარება. აქვე აღსანიშნავია, რომ აზროვნებაზე არისტოტელესეულ შეხედულებებში ყველაზე მეტია ბუნდოვანება, გვხვდება წინააღმდეგობებიც, რაც მრავალი განსხვავებული ინტერპრეტაციის წყარო გახდა როგორც ფილოსოფიის, ისე ფსიქოლოგიის ისტორიაში.

      დავიწყოთ იმით, თუ რა მიმართებაა შეგრძნება-აღქმას, წარმოდგენასა და აზროვნებას შორის. ყველაზე მარტივი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი შემეცნების საფეხურებია. გარკვეული აზრით, არისტოტელეც ასე ფიქრობს. იგი პირდაპირ ამბობს, რომ „ვისაც შეგრძნება არა აქვს, ის ვერც ვერაფერს შეისწავლის და ვერც გაიგებს”. წარმოდგენები შეგრძნება-აღქმის შედეგად იქმნება, ხოლო „სული არასოდეს აზროვნებს წარმოდგენების გარეშე”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეგრძნებები უშუალოდაა სხეულთან დაკავშირებული (შეგრძნების ორგანოებით), მაშინ თითქოს აშკარა უნდა იყოს აზროვნების კავშირიც სხეულთან. მაგრამ არისტოტელე ბევრგან ამბობს, რომ სულის მოაზროვნე ნაწილი არ არის სხეულთან დაკავშირებული, რომ გონება თავისუფალია ყველაფრისაგან და, პირველ რიგში, სხეულისაგან. უფრო მეტიც, გონება (ე.წ. ნუსი) სხეულის გარეშეც არსებობს. როგორ უნდა გავიგოთ ეს ყოველივე?

      თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, აზროვნება ზოგადსა და არსებითს სწვდება, ხოლო შეგრძნება-აღქმა და წარმოდგენა, როგორც აღქმულის ასლი, ყოველთვის კონკრეტულს ეხება. ნამდვილი აზროვნება მხოლოდ ცნებებით (ე.ი. ზოგადით) ოპერირებს და მსჯელობისა და დასკვნის საშუალებით კიდევ უფრო ღრმა და ფართო ცოდნამდე მიდის, ზოგადის (ცნების) აღქმა კი შეუძლებელია. მაშინ რაღა საჭიროა აზროვნებისთვის გრძნობადი აღქმა და საერთოდ, საიდან მოდის ცოდნა? სწორედ ამ პუნქტში ემიჯნება ერთმანეთს ე.წ. ემპირიზმისა და რაციონალიზმის პოზიციები. პირველის მიხედვით, ზოგადის წვდომა კონკრეტულ-საგნობრივი სინამდვილის გრძნობადი მონაცემების განზოგადების შედეგად ხდება. მეორის მიხედვით, გრძნობადი მონაცემები საუკეთესო შემთხვევაში სტიმულატორის როლს ასრულებენ გონებაში იმთავითვე (აპრიორულად) მოცემული ცოდნის (ზოგადი იდეების) აქტუალიზაციისთვის.

      ფილოსოფიის, სახელდობრ შემეცნების თეორიის თვალსაზრისები იმდენად მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ფილოსოფიის წიაღში შექმნილ ფსიქოლოგიის სახეს, რომ, ახალი დროიდან მოყოლებული, ფსიქოლოგიის განვითარება, არსებითად, ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის პაექრობად იყო გადაქცეული. ამაში ჩვენ მომდევნო თავებში დავრწმუნდებით. არისტოტელე კი მერყეობს ემპირიზმსა და რაციონალიზმს შორის. ზოგან ამბობს, რომ ზოგადს ინდუქციის საშუალებით ვწვდებით, ე.ი. ემპირიული გამოცდილებიდან მომდინარე კერძო შემთხვევების განზოგადებით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მრავალი ერთეული ცხოველის აღქმის საშუალებით მივიდეთ ცოცხალის ზოგად წარმოდგენამდე (ცნებამდე). ეს ერთგვარი გარდამავალი საფეხურია გრძნობადი შემეცნებიდან აზროვნებამდე ან აზროვნების ე.წ. დაბალ ფორმამდე, რომელიც უფრო ვარაუდების სახით არის მოცემული და არ შეიცავს კატეგორიულ და უეჭველ მტკიცებებს რაიმეს შესახებ. ემპირიულ-ინდუქციური გზით მიღებული „შეხედულებები” არ არის სარწმუნო. აზროვნების მაღალი ფორმები კი ყოველთვის გულისხმობს სარწმუნო მტკიცებას. მათი უმაღლესი გამოვლინება, ე.წ. დედუქციური აზროვნება, მოიცავს არა მხოლოდ ზოგადს, არამედ აუცილებელსაც; მას მივყავართ საბოლოო ჭეშმარიტებამდე, მოვლენების საფუძვლებისა და მეცნიერების უმაღლესი პრინციპების გაგებამდე, რაც შეუძლებელია ინტუიციური წვდომის გარეშე.

      სწორედ ინტუიციასთან მიმართებაში იჩენს თავს მთელი ძალით არისტოტელეს ფსიქოლოგიის რაციონალისტური ჟღერადობა. აქ ძირითადია ცოდნის თანდაყოლილობის, აზროვნების სხეულისაგან დამოუკიდებლობისა და გონიერი სულის მარადიულობის თეზისები. ეს დებულებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მცენარეული და ცხოველური სული უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულთან და მასთან ერთად სწყვეტს არსებობას. რამდენად შეიძლება ამავეს თქმა გონიერ სულზე? აქაც რომ ასე იყოს, მასში არსებული ცოდნა ადამიანის სიკვდილთან ერთად უნდა ქრებოდეს. მაგრამ არისტოტელეს მთელი გამოცდილება, მისი პედაგოგიური და მეცნიერული საქმიანობა უდავოდ მეტყველებდა იმაზე, რომ შეუძლებელია ადამიანის არსებობა კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის გარეშე. ინდივიდმა შეიძლება თავად შექმნას ან აღმოაჩინოს ახალი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მას გარედან ეძლევა სხვების გამოცდილება (ცოდნა). საკითხავია, როგორ, რა გზებით ეუფლება ადამიანი სხვის მიერ მოპოვებულ ცოდნას?

      არისტოტელეს მასწავლებელი პლატონი და ამ უკანასკნელის მასწავლებელი სოკრატე ფიქრობდნენ, რომ ცოდნა იმთავითვე არსებობს ადამიანის სულში, ხოლო სწავლა (მის სხვადასხვა გამოვლინებაში) მხოლოდ ამ თანდაყოლილი ცოდნის აქტუალიზაციას ემსახურება. შემეცნება მოგონებააო, ამბობდა პლატონი. იმდროინდელ მეცნიერებას არ შეეძლო სათანადოდ გაეაზრებინა ინდივიდს მიღმა მოცემული ცოდნის (იდეების) არსებობის ფორმა, ონტოლოგიური სტატუსი. იგი ვერც მისი შეთვისების ფაქტს ხსნიდა. დასწავლის, ინტერიორიზაციისა და თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილი სხვა მექანიზმები და კანონზომიერებები იმ ეპოქაში გააზრებული არ ჰქონდათ. ამიტომ შეხედულება ცოდნის თანდაყოლილობის თაობაზე სავსებით ბუნებრივად გამოიყურებოდა. გასაგებია, რომ არისტოტელეც ამ შეხედულებას იზიარებს. მოაზროვნე სულის ერთი ნაწილი (ე.წ. ნუსი) „საყოველთაო გონის” სახით არსებობს, როგორც განსაკუთრებული ზეგრძნობადი (მეტაფიზიკური) არსი. მასში ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ინახება მისი გონიერი სული და, ამდენად, მთელი ის გამოცდილება, რაც კაცობრიობამ დააგროვა. ნუსი შედის ახალშობილის სხეულში და ვეგეტაციურ და შემგრძნობ სულთან ერთიანობას ქმნის. მაშასადამე, ადამიანი თავიდანვე აღჭურვილია ცოდნით, ოღონდ ეს არის პოტენციური, არაცნობიერი ცოდნა. მიხვედრა (ამჟამინდელი „ინტელექტუალური ინტუიცია”), როგორც აქტიური სააზროვნო პროცესი, მის აქტუალიზაციას ახდენს და, რიგ შემთხვევებში, ინდივიდის მიერ მოპოვებულ ჭეშმარიტებებს ამატებს. მთელი ეს ცოდნა სიცოცხლის დასრულების შემდეგ უერთდება მარადიულ თვითჭვრეტაში მყოფ ნუსს, რის შედეგადაც, როგორც „საყოველთაო გონი” (ახლა ვიტყოდით - კულტურა), მუდმივად მდიდრდება და ივსება. ამდენად, ყოველი შემდგომი თაობა უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყებს თავის გონებრივ მოღვაწეობას. ამ გაგებით არის მოაზროვნე სული უკვდავი და მარადიული, სხეულისაგან დამოუკიდებელი და თანდაყოლილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აზრის საგნები, იდეების სახით, გონებაში, პოტენციურად არსებობს, მაგრამ აზროვნების პროცესის დაწყებამდე გონება „იმავე მდგომარეობაშია, როგორც საწერი დაფა, რომელზეც ჯერ არაფერი დაწერილა გამომჟღავნებული სახით”. არისტოტელეს ეს პასაჟი არ ნიშნავს, რომ გონების შინაარსები (აზრები, იდეები) მხოლოდ გრძნობადი მონაცემებიდან მომდინარეობს და მათ გარეშე გონიერი სული არის ტაბულა რაზა (სუფთა დაფა), როგორც ამას ზოგიერთი ინტერპრეტატორი ფიქრობს (ბორინგი). სინამდვილეში, არისტოტელეს მოძღვრებაში ემპირისტული და რაციონალისტური მომენტები თანაარსებობს.

      აზროვნების დაბალი და მაღალი დონეების გარდა, არისტოტელე გამოყოფს თეორიულ და პრაქტიკულ გონებას. ისინი განსხვავდებიან როგორც ფუნქციით, ისე შინაარსით, საგნით. თეორიული გონების დანიშნულება ცოდნის მოპოვებაა, ცოდნისა არსებითის შესახებ. მისი მუშაობა თავისუფალია ყოვეგვარი გარეგანი მომენტისაგან და შეზღუდულია მხოლოდ ლოგიკის კანონებით. ამიტომ თეორიული აზროვნება მეცნიერების საფუძველია. პრაქტიკული აზროვნება ქმედების მართვას ემსახურება. შესაბამისად, ის შეიმეცნებს მოქმედების პრინციპებსა და ხერხებს. თეორიული აზროვნება პრაქტიკულზე უფრო მაღლა დგას; მათ შორის მიმართება ისეთივეა, როგორიც ფილოსოფიურ-მეცნიერულ ცოდნა-მოღვაწეობასა და ყოფით-პრაქტიკულ გამოცდილება-მოქმედებას შორის. ნებელობის განხილვისას ამ საკითხს კვლავაც შევეხებით.

      არისტოტელე არ იფარგლება შემეცნებითი პროცესებით და სულიერების ემოციურ მხარესაც განიხილავს. მისი არაერთი დაკვირვება აქაც არაჩვეულებრივი სიმახვილით გამოირჩევა. გრძნობა ახლავს ორგანიზმის ყოველგვარი ფუნქციის მოქმედებას, როგორც სულიერის, ისე სხეულებრივის. თუ ფუნქციონირება ნორმალურად მიმდინარეობს, მას სიამოვნება ახლავს, თუ არა - უსიამოვნება. ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მიმდინარე ყოველგვარი აქტივობა უკვე თავისთავად სასიამოვნოა; სიამოვნება ფუნქციონირებას ხელს უწყობს და ახანგრძლივებს. უსიამოვნება ფუნქციის დარღვევისა და სათანადო აქტივობის შეფერხების შესახებ გვამცნობს და ხელს უშლის მის ამგვარი სახით გაგრძელებას (ჩვენ ვიტყოდით, რომ გრძნობას აქვს სასიგნალო და რეგულატორული ფუნქცია). ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმის აქტივობას მხოლოდ ემოციები მართავს. გონებას შეუძლია გრძნობაც გააცნობიეროს და მოქმედებაც საჭირო მიმართულებით წარმართოს. როცა ეს ასე ხდება, მაშინ გრძნობები მხოლოდ გონიერი მოქმედების ემოციურ ფონს ქმნის.

      გრძნობებს გარკვეული თვისებები აქვთ. ისინი შეიძლება იყვნენ ძლიერი ან სუსტი (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ინტენსივობა); შეიძლება არსებობდნენ „შერეული გრძნობები”, რომლებიც მოიცავენ როგორც სიამოვნებას, ისე უსიამოვნებას (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ამბივალენტობა). თუმცა, საბოლოოდ, შერეულ გრძნობაში მაინც ან სიამოვნება ჭარბობს, ან უსიამოვნება, რაც, ზოგადად, ამგვარი გრძნობების სწორი აღწერაა.

      არისტოტელე ყურადღებას აქცევს გრძნობების კავშირს სხეულებრივ პროცესებთან, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ფსიქოლოგია. ამასთან, ემოციებისთვის სპეციფიკური სხეულებრივი პროცესების, ანუ ემოციების ფიზიოლოგიის შესახებ არისტოტელესეული წარმოდგენა იმდროინდელი ცოდნის დაბალი დონით არის შეზღუდული და ორგანიზმის (განსაკუთრებით, სისხლის) ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება (მაგ., გულმოსულობა არის სისხლის დუღილი გულის გარშემო, ხოლო შიში - შინაგანი მხურვალების შემცირება და ა.შ.).

      სხეულებრივი პროცესები განსაკუთრებით აფექტების დროს აქტიურდება. ჩვეულებრივი გრძნობებისაგან განსხვავებით, აფექტი არის ყველაზე ძლიერი და მკვეთრად გამოხატული ემოციური მდგომარეობა. იგი ნაკლებად ან სულ არ ექვემდებარება რაციონალურ კონტროლს; ამავე დროს, თითქმის ყოველთვის იწვევს სპონტანურ აქტივობას ან განზრახული მოქმედების შეცვლას, რის გამოც დიდ რისკს შეიცავს ადამიანის ქცევის მიზანშეწონილების კუთხით. შეფასებითი თვალსაზრისით, აფექტი არც დადებითი მოვლენაა და არც უარყოფითი. ადამიანს აფექტებისთვის არ განსჯიან - არც აძაგებენ, არც აქებენ. არისტოტელეს აფექტების დათრგუნვა მართებულად არ მიაჩნია. მათ გარეშე არ არსებობს სრულფასოვანი ცხოვრება, შეუძლებელია გმირული ქმედება და ხელოვნებით ტკბობა. აქ მთავარი ის არის, რომ აფექტის ძალა შეესატყვისებოდეს მის გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებს.

      ასეა თუ ისე, აფექტი პოტენციური საფრთხის შემცველი, „ტანჯვითი” მდგომარეობაა. მან შეიძლება გადაახვევინოს ადამიანს გონიერი მოქმედების გზიდან. ამიტომ ემოციური სფეროს რეგულაცია აქტუალური ამოცანაა. როცა აფექტი მოქმედებს, მასთან გამკლავება ძნელია, მაგრამ შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, დაგროვილი ემოციური დაძაბულობისაგან განწმენდა, რათა აფექტი არ აღმოცენდეს. ასეთი პრევენციის, განმუხტვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ხელოვნება გვევლინება. ხელოვნების ესთეტიკურ ზემოქმედებას მივყავართ კათარზისამდე, ანუ განწმენდამდე. არისტოტელე ავითარებს კათარზისის თეორიას. თვით ცნება „კათარზისი” მან ჰიპოკრატესაგან ისესხა, რომლისთვისაც ავადმყოფობა ორგანიზმში მავნე სითხეების დაგროვების შედეგი იყო; შესაბამისად, მკურნალობა ითვალისწინებდა ამ სითხეების ორგანიზმიდან გამოყვანას, ანუ განწმენდას. არისტოტელეს მიხედვით, აფექტის კათარზისი ხდება ხელოვნების ნაწარმოებით აღძრული განცდის მეშვეობით. მაგალითად, მუსიკა ზემოქმედებს ადამიანზე და იწვევს მის თავისებურ განწმენდას, ანუ ანიჭებს მას „ტკბობასთან დაკავშირებულ შვებას”. განსაკუთრებით ეფექტურია ამ მხრივ დრამატული ხელოვნება. „ტრაგედია თანაგრძნობისა და შიშის გზით ახდენს აფექტისაგან განწმენდას”. თეატრალური წარმოდგენის ხილვისას მაყურებელი საკუთარ თავს პერსონაჟებთან აიგივებს, ხარობს და დარდობს მათთან ერთად, განიცდის მათ პრობლემებს. კათარზისია, როდესაც, გმირთან თანაგანცდის გამო, პიესით გამოწვეული სიხარულისა თუ დარდის ცრემლები ამცირებს ადამიანის ემოციურ დაძაბულობას. შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელესთან პირველად გაიჟღერა მკაფიოდ აზრმა ხელოვნების ფსიქოთერაპიული მნიშვნელობის შესახებ.

      არისტოტელე მრავალ ემოციურ მდგომარეობას აღწერს: სურვილი (მისწრაფება), რისხვა, ბრაზი, შიში, გულადობა, გულშემატკივრობა, შური, სიძულვილი, სიყვარული, დარდი. მისი დაკვირვებები ამ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესოა, ზოგან კი ზედმიწევნით ზუსტი. მათზე აქ არ შევჩერდებით; მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ემოციების სიაში სურვილი-მისწრაფებაა მოთავსებული. ეს გარემოება ფრიად ნიშანდობლივია, და იმაზე მიუთითებს, რომ მკლევარი ემოციურ და მოტივაციურ პროცესებს არ ანსხვავებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, სულიერ მოვლენათა ამ ორი კლასის სისტემატური და მკაფიო გამიჯვნა, ფაქტობრივად, მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა. ასეა თუ ისე, არისტოტელე ითვალისწინებს მისწრაფებების, სურვილების, ლტოლვების (ანუ მოტივაციური ტენდენციების) როლს ქცევის შესახებ თავის ფსიქოლოგიურ შეხედულებებში.

      ქცევა სულში მიმდინარე პროცესების გარეგამოვლინებაა და მოძრაობის სახით ხორციელდება. ამიტომ არისტოტელე ხშირად ქცევასა და მოძრაობაზე სინონიმური მნიშვნელობით ლაპარაკობს. იგი აღნიშნავს, რომ მოძრაობის (ქცევის) საწყისი მისწრაფებაა. მისწრაფების გარეშე შეუძლებელია მოძრაობის განხორციელება. თავის მხრივ, მისწრაფება-სურვილის აღმოცენების წინაპირობა შეგრძნებაა. „სადაც არის შეგრძნება, იქ არის სიამოვნება და უსიამოვნება, ხოლო, სადაც ეს არის, იქ არის ვნებაც” (იგულისხმება მისწრაფება). მაშასადამე, შეგრძნებიდან ქცევამდე სულიერი პროცესების უწყვეტი ჯაჭვია. ქცევის საწყის მიზეზს თუ ჩავეძიებით, იგი შეგრძნებით იქნება გამოწვეული (ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია იტყოდა, ქცევა არის რეაქცია სტიმულზე). თუ ქცევის უშუალო მიზეზით დავინტერესდებით, ვნახავთ, რომ იგი მისწრაფებით აღიძვრება. ცხოველებთან სურვილი ყოველთვის პირდაპირ იწვევს ქცევას; ზოგჯერ ადამიანთანაც ასე ხდება, მაგრამ არა ყოველთვის. არისტოტელე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თავშეკავებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რაიმეს გაკეთების სურვილი და მისწრაფება, მაგრამ არ აკეთებენ ამას, ვინაიდან მიჰყვებიან არა სურვილს, არამედ გონების კარნახს. ნებელობის უნარი სწორედ ამაში ვლინდება. უნებლიე ქცევის დროს მისწრაფებას უშუალოდ მოჰყვება მოძრაობა. ნებელობითი ქცევის შემთხვევაში სურვილს დაერთვის გონება, რომელიც უკარნახებს მისწრაფებას ასეთ თუ ისეთ მოძრაობას. არისტოტელესთვის ცხადია, რომ მხოლოდ გონება, მისწრაფების გარეშე, ვერ აამოძრავებს სხეულს. ნებელობა ის უნარია, რომელიც მიმართავს მისწრაფებას გონების კარნახის შესაბამისად. ამიტომ სადაც არ არის გონება (ცხოველი, მცირეწლოვანი ბავშვი, შეშლილი), იქ არ არის ნებისყოფაც.

      მაგრამ რა გონებაზეა საუბარი? ცხადია, პრაქტიკულზე. ზემოთ უკვე აღინიშნა პრაქტიკული და თეორიული აზროვნების განსხვავება. ამ უკანასკნელის ფუნქცია შემეცნებაა, ხოლო პირველისა - პრაქტიკული მოქმედების მომსახურება. პრაქტიკული გონება არკვევს მიზნის საკითხს - რამდენად მიღწევადია იგი ადამიანისთვის, და განსაზღვრავს ამ მიზანზე მიმართული ქცევის შედეგების ავკარგიანობას. ნებისყოფა შეფასებასა და არჩევანს ემყარება, რაც აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია. ამგვარად, ნებელობით ქცევას ორი სულიერი უნარი განსაზღვრავს: მისწრაფება და გონება. ამავე დროს, აშკარაა გონების პრიორიტეტი. მისწრაფება ყველგანაა, სადაც არის მოძრაობა (ქცევა), მაგრამ ნებელობით ქცევად მას გონება აყალიბებს. ნებისყოფის სპეციფიკას მოტივაციური პროცესების თავისებურება კი არ ქმნის, არამედ ქცევაში აზროვნების მონაწილეობა. მაშასადამე, არისტოტელე ნებელობის ინტელექტუალისტურ გაგებას გვთავაზობს.

      აფექტები წარმავალი სულიერი მდგომარეობებია. მათ უპირისპირდება ხასიათი, როგორც ადამიანის თვისებების მდგრადი სისტემა. ხასიათი გამოხატავს ცალკეული ადამიანის თავისებურებას, მის ზნეობრივ სახეს, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს (ჩვენ ვიტყოდით: ხასიათი არის ნებისყოფის დისპოზიცია და საფუძველი). ხასიათი (ზნეობრიობა) არ არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. იგი ცვალებადობს ასაკის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, პროფესიისა და სხვა ცხოვრებისეულ ვითარებათა შესაბამისად. ხასიათი ცხოვრების პროცესში ყალიბდება. სოკრატესა და პლატონისაგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანები არაზნეობრივად იმის გამო იქცევიან, რომ არ იციან, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, არისტოტელეს მიაჩნია, რომ სიკეთისა და ბოროტების ცოდნა საჭიროა, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ ადამიანი ხშირად ხვდებოდეს რთულ სიტუაციებში, სადაც ამა თუ იმ ზნეობრივი თვისების გამოვლენა სჭირდება. მაშინ ხდება ადამიანი გულადი, კეთილშობილი და სხვა. მან არათუ უბრალოდ ისწავლა, რა არის კარგი, არამედ, აგრეთვე ჩვევა ჩამოუყალიბდა, რომ სათანადოდ მოიქცეს რთულ სიტუაციებში (თანამედროვე ფსიქოლოგია იტყოდა, რომ ხასიათობრივი თვისებების გამომუშავება, დასწავლა-ფორმირება აქტიური ქმედების საშუალებით ხდება).

      არისტოტელემ ხასიათის გარკვეული ტიპების აღწერაც მოგვცა, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით გაითქვა სახელი მისმა საყვარელმა მოსწავლემ, თეოფრასტემ, რომელმაც სპეციალურ ტრაქტატში ხასიათის ტიპების შესანიშნავი ლიტერატურული პორტრეტები დახატა. ამ დახასიათებებში ადამიანის ერთი რომელიმე თვისებაა წინ წამოწეული (მაგ., ამპარტავნობა, მლიქვნელობა, სიმხდალე, სიძუნწე და სხვა). ეს პიროვნული ნიშან-თვისება ვლინდება პერსონაჟის სხვადასხვა ქმედებაში, რომელსაც იგი განსხვავებულ სიტუაციებში ახორციელებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელე და მისი სკოლა ქარაქტეროლოგიის სათავეებთანაც იდგა (იხ. თავი 7.2.).

      როგორც ითქვა, ხასიათი, რომელიც ზნეობრიობის კუთხით ფასდება, ადამიანის შეძენილი თვისებაა. საჭიროა ბავშვობიდანვე საგანგებო ზრუნვა მის აღზრდაზე, რაც სიკეთესა და ბოროტებაში გათვითცნობიერებასა და ზნეობრივ ქცევაში ვარჯიშს გულისხმობს. ასეთი ზემოქმედება ყველაზე ეფექტური ჭაბუკობის ასაკშია. საზოგადოდ კი, არისტოტელე ბავშვობას სამ პერიოდად ყოფს: 7 წლამდე, 7-დან 14-მდე და 14-დან 21-მდე. ეს პერიოდიზაცია, არსებითად, დამყარებულია ავტორის თვალსაზრისზე სულის სამი ფორმის შესახებ. პირველ პერიოდში უმთავრესია ვეგეტაციური სულის ჩამოყალიბება; ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას, ჰიგიენას, დღის რეჟიმს. ცხოველური სული მოტორული და ფსიქიკური უნარებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, მეორე პერიოდში ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის მოქნილობის განვითარებას, ასევე შეგრძნებების, ფანტაზიის, მეხსიერების გავარჯიშებას. ამგვარად, სულის განვითარების იდეა არისტოტელესთან რეალიზებულია არა მხოლოდ ფილოგენეზში, არამედ ონტოგენეზშიც (სულის განვითარების სამი პერიოდი ბავშვობაში). ამასთან, პირველი გარკვეულად განსაზღვრავს მეორეს, რაც მონახაზად შეიძლება იქნეს მოაზრებული ფსიქოლოგიაში ე.წ. ბიოგენეტიკური თვალსაზრისისა (რომ ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს (იხ. თავი 7.3.).

      ჩვეულებრივი სულიერი ცხოვრების გარდა, არსებობს სულიერი მოვლენების ისეთი სფერო, სადაც განცდების აღმოცენება და მიმდინარეობა განსხვავებულია. არისტოტელე ყურადღებას აქცევს იმასაც, რასაც თანამედროვე ფსიქოლოგია ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებს. ამ მდგომარეობებიდან არისტოტელე საგანგებოდ ჩერდება სიზმრების ფენომენის დახასიათებაზე. სიზმრები წარმოდგენებია, რომლებიც ძილის დროს აღმოცენდება, თუმცა არსებობს უსიზმრო ძილიც. ძილი სხეულის მდგომარეობაა და ორგანიზმის დასვენებას ემსახურება. ძილი, ფიზიოლოგიურად, ტვინისა და გულის ურთიერთქმედების შედეგია. ტვინი ორგანიზმის ტემპერატურის დამწევი ორგანოა. როდესაც მისგან წამოსული სიგრილე აღწევს სულის ცენტრალურ ორგანომდე - გულამდე, მისი მოქმედება იზღუდება და ორგანიზმი იძინებს. ეს იწვევს შეგრძნებათა აქტივობის მკვეთრ შესუსტებას. მას იყენებენ შედარებით სუსტი წარმოდგენები, რომლებიც, ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში ითრგუნებიან აქტუალურ ამოცანებთან დაკავშირებული უფრო ძლიერი წარმოდგენებით. ეს სუსტი წარმოდგენები აქტუალიზდება და სიზმრის სახით გამოვლინდება. ისინი ქაოტურად მოძრაობენ, ეჯახებიან ერთმანეთს, იცვლებიან, ერთიანდებიან და შედეგად წარმოქმნიან მრავალფეროვან შინაარსებს. სიზმრისეული ხედვების უცნაურობისა ან უაზრობის მიუხედავად, სიზმარში ნანახი სინამდვილედ განიცდება, ვინაიდან ძილში გონების კრიტიკულობა დაქვეითებულია. ამავე დროს მთლიანად არ არის გაწყვეტილი კავშირი გარე სამყაროსთანაც. სიზმრის შინაარსში ზოგჯერ თავისებურად აისახება „მთვლემარე” გარე შეგრძნებათა მასალა. მაგალითად, სუსტი ხმა შეიძლება მეხის ხმად იქნეს განცდილი, ოდნავ მოტკბო სისველე ტუჩებზე თაფლის გემოდ და ა.შ. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ შეგრძნებას სხვები არ უწევენ მეტოქეობას და მისი ზემოქმედებაც გადაჭარბებულად განიცდება.

      ძველ საბერძნეთში გავრცელებული შეხედულებებისაგან განსხვავებით, არისტოტელე სიზმრებს რაიმე ზნეობრივ ან წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას არ მიაწერს. მართალია სიზმარმა შეიძლება გვამცნოს მოახლოებული ავადმყოფობა, მაგრამ აქ არაფერია ზებუნებრივი ან ღვთაებრივი. უბრალოდ, ავადმყოფობა თანდათანობით ვითარდება და დაწყებით სტადიაზე არა აქვს ღვიძილის ცნობიერებისთვის შესამჩნევი სიმპტომები. სამაგიეროდ ძილში, გარეგამღიზიანებელთა უმოქმედობის პირობებში, უმნიშვნელო პათოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული განცდებიც სიზმრის შინაარსში აისახება. შეძლება ითქვას, რომ სიზმარი გვატყობინებს იმას, რაც ჯერ კიდევ არ იცის ღვიძილის ცნობიერებამ. მაგრამ ეს მაინც იშვითობაა და შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, სიზმრები წარმოდგენების შემთხვევითი კომბინაციებია. ეს შეხედულება საკმოდ ჰგავს თანამედროვე კოგნიტივისტურ წარმოდგენებს და არსებითად განსხვავდება ფსიქოანალიზური თვალსაზრისისაგან, რომელიც გარკვეულად ენათესავება პლატონის მოსაზრებებს სიზმრის შესახებ.

      ადვილი შესამჩნევია, რომ არისტოტელეს მსჯელობები სიზმრის შესახებ თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ემპირისტული, შეიძლება ითქვას, ბუნებისმეტყველური სულისკვეთებით. სიზმარი განიხილება, როგორც ფსიქიკური ფენომენი, განცდა, რომელიც დაკავშირებულია სხეულებრივ მდგომარეობასთან, კერძოდ, ძილთან. ამავე პოზიციიდან უდგება იგი შეგრძნებებს, ფანტაზიას, მეხსიერებას, აფექტებს, მოკლედ, სულიერი მოვლენების უმრავლესობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ არისტოტელეს ფსიქოლოგიური მოძღვრების შეფასებისას თითქმის ყველა მკვლევარი ხაზს უსვამს მის აშკარად ემპირისტულ ხასიათს. ზოგი კი, უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ არისტოტელე ემპირიული ფსიქოლოგიის შემქმნელია. ამგვარი შეფასება თითქოს ეწინააღმდეგება ფსიქოლოგიის ისტორიის ტრადიციულ პერიოდიზაციას, სადაც ემპირიული ფსიქოლოგია ახალი დროის ფილოსოფიას უკავშირდება, ხოლო ყველა მანამდე არსებული შეხედულება მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახელწოდებით ერთიანდება. ეს, არსებითად, მართებული შეფასებაა, მაგრამ, ჯერ ერთი, იგი სწორად უნდა გავიგოთ და მეორე, გავითვალისწინოთ ისეთი თეორიული სისტემების არსებობაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ თავსდება მოცემულ სქემაში; ისინი თითქოს შეუთავსებელს ითავსებენ, მეტაფიზიკური და ემპირიული ფსიქოლოგიის ნიშნებს ერთდროულად ატარებენ (იხ. თავი 4.1. 4.2.).

      მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ხანაში ყველაზე თვალსაჩინო გამონაკლისი აღნიშნული სქემიდან უთუოდ არისტოტელეს სისტემაა. მას ვერ მივიჩნევთ ცალსახად მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიად. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია ნათლად გავიაზროთ, რას ნიშნავს მეტაფიზიკური ფსიქოლოგია. ტერმინი „მეტაფიზიკა”, სხვათა შორის, სწორედ არისტოტელეს თხზულებათა სისტემატიზაციის დროს იქნა შემოტანილი ანდრონი როდოსელის მიერ. მან ასე უწოდა არისტოტელეს ტრაქტატების წყებას კონკრეტული საგნების პირველწყაროსა და უმაღლესი მიზეზის შესახებ ანუ იმას, რასაც თვით არისტოტელე „პირველ ფილოსოფიას” უწოდებდა. „მეორე ფილოსოფიისაგან” განსხვავებით, რომელიც ბუნების მოვლენებს ეხება, „პირველი ფილოსოფია” განიხილავს ყოფიერებას თავისთავად, მატერიისა და ფორმის კონკრეტული გაერთიანების გარეშე. მას შემდეგ „მეტაფიზიკა” ეწოდება სწავლებას ემპირიული სინამდვილის ზეგრძნობადი, ე.ი. ცდისეული შემეცნებისთვის მიუღწეველი და მხოლოდ გონებაჭვრეტით მისაწვდომი პრინციპებისა და საწყისების შესახებ. მეტაფიზიკა - ესე იგი, „ფიზიკის” ანუ ბუნების ზემორე.

      ანტიკურ ფსიქოლოგიაში სული გაგებულია, როგორც უშუალოდ მოცემული სხეულებრივი და „საკუთრივ სულიერი” (ფსიქიკური) პროცესების არსი და საწყისი მიზეზი. თავად სული კი ამ სინამდვილეს არ ეკუთვნის და მის გარეთ არსებობს. ეს არაემპირიული სული შეიძლება მატერიალურადაც იქნეს გაგებული და იდეალურადაც. დემოკრიტეს ატომების სამყარო, არსებითად, ისევე დაუკვირვებადი (უხილავი), შეუმეცნებადი და მარადიულია, როგორც პლატონის იდეების სამყარო. მაშასადამე, ანტიკური ფსიქოლოგია, არსებითად, მეტაფიზიკურია. ძველი ბერძენი მოაზროვნეები, არისტოტელემდე და მის შემდეგაც, შეძლებისდაგვარად შეისწავლიდნენ სულიერების ემპირიულ ფორმებს, სულიერ ფენომენებს (შეგრძნებას, აზროვნებას, გრძნობას და ა.შ.), მაგრამ ყველგან, ამ მოვლენებს მიღმაც და მათ საფუძველშიც, იგულისხმებოდა არადაკვირვებადი, სუბსტანციური სული, რომელსაც უნდა აეხსნა მათი თვისებები და მოქმედების წესი, ხოლო თვითონ პრინციპულად აუხსნელი რჩებოდა.

      როგორც ზემოთ დავრწმუნდით, არისტოტელეს მიერ გამოყოფილი სულის პირველი ორი ფორმა, ვეგეტაციური და შემგრძნობი სული, საკუთარი ემპირიული მოცემულობით ხასიათდება. მათი შემეცნება დაკვირვების მონაცემების ანალიზის გზით ხორციელდება; ის ავლენს მათ თვისებებს, ასევე კავშირებს გარესამყაროსეულ, სხეულებრივ და ფსიქიკურ მოვლენებს შორის და არ საჭიროებს მათ მიღმა არსებული საწყისებისა და ძალების მოშველიებას. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია არისტოტელეს მითითება იმაზე, რომ სულიერ მოვლენებს, ვთქვათ, ემოციურ განცდებს, ორი ტიპის მკვლევარი ესაჭიროება - ბუნებისმეტყველი და დიალექტიკოსი. „დიალექტიკოსი ბრაზს განსაზღვრავს, როგორც შეურაცხყოფის საპასუხო მოქმედებას ან რაიმე ამგვარს. ბუნებისმეტყველი კი მას განსაზღვრავს, როგორც სისხლისა და სითბოს ჩქროლვას გულის არეში”. ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ბუნებისმეტყველება ამ შემთხვევაში სულიერი მოვლენის (ემოციის) ბიოლოგიური მექანიზმის დადგენას ნიშნავს, ხოლო დიალექტიკა - ფსიქოლოგიურის, ანუ იმის გაგებას, თუ რით არის მოტივირებული სათანადო ქმედება და რა ფუნქციას ასრულებს ესა თუ ის განცდა (ფსიქიკური პროცესი). მეტაფიზიკური მსჯელობები აქ საჭირო არ არის. სულის ანალიზის ამ დონეზე ტერმინი „სული” ზოგადი ცნების მნიშვნელობით იხმარება, რომელიც მოიცავს ზოგიერთ ბიოლოგიურ და ფსიქიკურ ფუნქციას (შეგრძნება, აღქმა, ფანტაზია, მეხსიერება, ემოცია-მისწრაფება) არსებითად ისევე, როგორც ფსიქიკის ზოგადი ცნება დღევანდელი გაგებით. არისტოტელეს ფსიქოლოგიის ემპირისტული მიმართულობა მის შეცდომებშიც იჩენს თავს. მაგალითად, არისტოტელე არ მიიჩნევდა ტვინს ფსიქიკის ორგანოდ, თანაც, არა გონებაჭვრეტითი მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ მის მიერვე დადგენილი ფაქტიდან, რომ ტვინის ჰემისფეროების ზედაპირს არ გააჩნია მგრძნობელობა.

      განსხვავებული ვითარებაა გონიერი სულის შემთხვევაში. მისი ერთი მხარე, სახელდობრ პრაქტიკული გონება, ისეთივე ემპირიული მეთოდოლოგიით შეისწავლება, როგორითაც სულის სხვა ფორმები. ხოლო გონების იმ მხარეს, რომელიც თეორიულ აზროვნებას განსაზღვრავს და შეიცავს ცოდნას ზოგადისა და პირველსაფუძვლების შესახებ, არისტოტელე მეტაფიზიკურად ახასიათებს - ეს არის ნუსი, თვითკმარი „ფორმის ფორმა”, თვითშემეცნებადი, სხეულისაგან განცალკევებული, მარადიული და ღვთაებრივი. არისტოტელემ ვერ დაძლია პრობლემა ცოდნის ზოგადობისა და საყოველთაობის შესახებ. ყველა სულიერ პროცესს (ფუნქციას) მის გარეთ რაიმე ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს. გრძნობად შემეცნებას თუ ემოციურ განცდას ეს ობიექტი რეალობაში ეძლევა კონკრეტული საგნების სახით. თეორიული აზროვნება ზოგადზეა მიმართული, რომელიც ემპირიულ სინამდვილეში არ არის მოცემული. ამდენად, საჭირო ხდება მის გარეთ, მეტაფიზიკურ სამყაროში გასვლა. იქ არსებული ცოდნა თეორიულ გონებაში აპრიორულად არის მოცემული, ნუსი თავიდანვეა დაპროგრამებული. ამგვარად, არისტოტელეს პოზიცია გაორებულია; მის ფსიქოლოგიურ სისტემაში სულიერი მოვლენების უმეტესობა სავსებით ბუნებისმეტყველურად და ემპირისტულად არის გაგებული, ნაწილი კი აშკარად მეტაფიზიკურად და ირაციონალურად.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, არისტოტელე, იმედაძე, პლატონი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია

ნახვა: 4259

გამოხმაურებები!

საუკუნეებმა გადაიარეს, მთებმა და ზღვებმა ადგილი იცვალეს და მაინც ანტიკურ აზროვნებას ვეპოტინებით, რას ვიზამთ - კლასიკა უკვდავია. )) 

Kakha said:

ყველა ანტიკურზე ატრიალებს თავის წიგნებს )) ტრენდია ასეთი

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters