ფსიქოლოგიის ისტორია, XI თავი, ნაწილი II

11.2. ეგზისტენციალური ფსიქოლოგია

      ჰუმანისტური ფსიქოლოგია უმთავრესად ფენომენოლოგიურ და ეგზისტენციალურ მეთოდოლოგიას ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, ფორმალურად მაინც, ჰუმანისტური მოძრაობის ფარგლებში, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის სახით, ცალკე მიმართულება გამოიყოფა. როგორც ცნობილია, ეგზისტენციალიზმში თავად ადამიანის საკუთარი ხედვა, თვალსაზრისი ხდება საზოგადოდ მსოფლხედველობის ათვლის წერტილი. სამყაროს სურათი არ არის ადამიანის მიმართ ტრანსცენდენტური, თავისთავად არსებული და რაციონალურად შემეცნებადი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების რიგი ან ერთობლიობა. სამყაროს სურათი ისე უნდა დაიხატოს, როგორც ადამიანისთვის არის მოცემული; იგი ინდივიდუალური ცნობიერების შინაარსად არსებობის სამყაროა. პიროვნულ სამყაროს იმ ღირებულებებისა და საზრისების სტრუქტურა წარმოადგენს, რომელშიც ადამიანი არსებობს (ეხისტენტია-ლათინურად არსებობაა) და მოქმედებს. ყოველგვარი მოვლენა სამყაროში არსებობს იმდენად და იმდაგვარად, როგორც მას აცნობიერებს, აფასებს და ეპყრობა სუბიექტი.

      ეგზისტენციალური აზროვნების წინამორბედებად ითვლება სორენ კირკეგორი, ედმუნდ ჰუსერლი და მარტინ ჰაიდეგერი, ხოლო საკუთრივ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებად - კარლ იასპერსი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ, გაბრიელ მარსელი, მორის მერლო-პონტი, ნიკოლა აბელიანო, მარტინ ბუბერი, პაულ ტილიხი, მიგელ დე უნამონო.

      ადამიანზე ორიენტირებულმა ამ ფილოსოფიამ ღრმა კვალი დააჩნია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობას და პირდაპირი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის პრინციპებისა და თემების გააზრებაზე. ამ პრინციპებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: 1) ყოველი ადამიანი განუმეორებელია; უნიკალურია როგორც მისი შინაგანი სამყარო, ასევე მის მიერ გარე სამყაროს აღქმა და შეფასება; უნიკალურია ადამიანის რეაგირებაც ამ სამყაროზე (იდეოგრაფიული პრინციპი); 2) ადამიანი, პიროვნება არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც მისი შემადგენელი ფუნქციებისა ან ელემენტების უბრალო ერთობლიობა. პიროვნების სუბიექტური, ფენომენალური სამყარო უნდა განიხილებოდეს მთლიანობითი და არა ფრაგმენტული თვალსაზრისით (ჰოლისტური პრინციპი). ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის საბოლოო მიზანია ადამიანის ცხოვრებაში იმ ძირითადი თემის, ტენდენციისა თუ ძალის პოვნა, რომელიც ერთგვარი გასაღები იქნება პიროვნების არსებობის უნიკალურობისა და მთლიანობის გასაგებად. რაც შეეხება ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის მთავარ თემებს, ესენია: ა) ცხოვრების საზრისი და უსაზრისობა, ბ) თავისუფლება, არჩევანი, პასუხისმგებლობა, გ) შფოთვა, შიში, აპათია, სასოწარკვეთა, ეჭვი, იმედი, რწმენა, დ) ადამიანური ურთიერთობები, მარტოობა, გაუცხოება, სიყვარული, ზრუნვა, ერთგულება.

      ჰუმანისტური მოძრაობის (მესამე ძალის) წარმომადგენლებს ბევრი რამ იზიდავს ეგზისტენციალიზმში; პირველ რიგში ის, რომ ამ ფილოსოფიური სისტემის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ადამიანი მისი არსებობისთვის დამახასიათებელი ყველა პრობლემით და კონფლიქტით. ისინი დაკავშირებული არიან არსებობის ფინალობასთან, სიცოცხლის საზრისის უქონლობასთან ან დაკარგვასთან, ადამიანის თვითგამოხატვის შესაძლებლობათა შეუზღუდულობასთან და სხვა. ყოველივე ეს უკმაყოფილების, დაურწმუნებლობის, შფოთვის, ეგზისტენციალური შიშის, სასოწარკვეთილების და, შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობის წყარო ხდება. თავის ძირითად დანიშნულებას ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ამ ვითარების გამოსწორებაში, სხვა ადამიანის სუბიექტური სამყაროს სირთულეების მოხსნაში, მის ჰარმონიზაციაში ხედავს. ამიტომ გასაგებია, რომ ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფსიქოთერაპევტებია, რომლებიც უფრო ინდივიდუალური ცნობიერების პრობლემების აღწერით და გაგებით არიან დაინტერესებული, ვიდრე ზოგადი კანონზომიერებებისა და კონცეფციების დადგენით. ამ სულისკვეთებით მუშაობენ მრავალრიცხოვანი ეგზისტენციალისტი ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები სხვადსხვა ქვეყანაში. მათი მოსაზრებები ფსიქოპათოლოგიური და ფსიქოთერაპიული პროცესების მიმართ ფრიად განსხვავებულია. ფსიქოთერაპია ამ შემთხვევაში იდეოგრაფიული კვლევის გზას წარმოადგენს. სწორედ ამას გულისხმობს რ. მეი, როცა აღნიშნავს, რომ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ორიგინალური თეორიული სისტემა ან სკოლა კი არ არის, არამედ ერთგვარი დამოკიდებულება, პოზიცია თეორიის მიმართ.

      ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში ორი მიმართულება გამოიყოფა - ევროპული და ამერიკული. ყველაზე ცნობილი ამერიკელი ეგზისტენციალისტი ფსიქოლოგი როლო მეი (1909-1994) თავიდანვე ფსიქოკონსულტაციაზე ან ფსიქოთერაპიაზე იყო ორიენტირებული. როგორც ჭეშმარიტი ეგზისტენციალისტი, მეი ადამიანად ყოფნის, არსებობის ცენტრალურ მომენტად მის თავისუფლებას მიიჩნევს. მაგრამ თავისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან როგორც საზოგადოების, ისე, პირველ რიგში, საკუთარი თავის, თავისი ცხოვრებისა და ბედის მიმართ. ჯანმრთელ ადამიანებს არ ეშინიათ თვალი გაუსწორონ ცხოვრების პერსპექტივებს, აფასებენ და უფრთხილდებიან თავისუფლებას, პატიოსნები არიან საკუთარი თავის და სხვების წინაშე. ისინი აცნობიერებენ ცხოვრების სასრულობას, მაგრამ ყოფნით გამბედაობა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. არის ხალხი, რომლებსაც არ ძალუძთ ზიდონ თავისუფლების ტვირთი, აიღონ თავზე ვალდებულება საკუთარი ბედის წინაშე, თმობენ თავისუფლებას, გაურბიან არჩევანს, იმუშავებენ არაადეკვატურ თვითშეფასებას და უყალიბდებათ საკუთარი თავის უმნიშვნელობისა და სამყაროსაგან გაუცხოების განცდა.

      მეი ეთანხმება ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში მიღებულ მოსაზრებას, რომ იზოლირებულობა, სხვებისაგან და საკუთარი თავისაგან გაუცხოება დამახასიათებელია ყველასთვის, ვინც დღევანდელ დასავლურ საზოგადოებაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ადამიანები მეტ-ნაკლებად მწვავედ განიცდიან ამ მდგომარეობას. განსხვავებულია არა მარტო შესაბამისი განცდების ინტენსივობა, არამედ რომელობაც. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა ეგზისტენციალური განცდების დახასიათებას, როგორც დადებითების (მზრუნველობა, სიყვარული), ისე უარყოფითების (სიკვდილის შიში, შფოთვა, დანაშაული, აპათია და სხვა).

      ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც მეის მიერ ჩატარებულ შფოთვის საფუძვლიან ანალიზს ხვდა. შფოთვა მეის მიხედვით არის „ადამიანის მიერ იმ ღირებულებებისადმი წარმოქმნილი საფრთხის გაცნობიერება, რომელთაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი, როგორც პიროვნების არსებობისთვის”. საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ არსებობას (სიკვდილი და თავისუფლება) ან რაიმე სხვა ღირებულებას (სიყვარული, ურთიერთობა, პრესტიჟი და ა.შ.). მაგრამ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება არსებობის საზრისის დაკარგვას. განიხილება ორი სახის შფოთვა, ნორმალური და ნევროტული. ნორმალურ შფოთვას ვერავინ გაექცევა; იგი თან ახლავს ძველ ღირებულებათა უარყოფის ან გადახალისების პროცესს, რაც ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნების ზრდასთან და განვითარებასთან, ამდენად ეს ნორმალური მდგომარეობაა. თუ შფოთვა საფრთხის პროპორციულია, მასთან სავსებით შესაძლებელია გამკლავება ცნობიერების დონეზე. მაგრამ, თუ შფოთვა საფრთხის მიმართ პროპორციული არ არის, იგი ნევროტულ სახეს იძენს და მწვავე კონფლიქტის წყარო ხდება. მისი სათავეა რაიმე ღირებულებისთვის არაადეკვატურად დიდი მნიშვნელობის მინიჭება და დოგმის, კერპის რანგში აყვანა. ამ ღირებულებაზე უარის თქმამ შეიძლება არსებობის საზრისის დაკარგვის საფრთხე შექმნას და ნევროტული ბუნების ეგზისტენციალური შფოთვა გამოიწვიოს. ნევროზისკენ მივყავართ სიცარიელისა და აპათიის განცდასაც, რომელიც თან სდევს გაუცხოებას. სიცარიელე და აპათია აბრკოლებს აქტიურ ცხოვრებას, ჩნდება ნევროტული სიმპტომები, რომლებიც ავიწროებენ და ამახინჯებენ პიროვნების ფენომენოლოგიურ სამყაროს და თრგუნავენ შინაგანი თავისუფლების გრძნობას. შინაგნად არათავისუფალი ადამიანი თავის გარშემო იქმნის ისეთ რეალობას, სადაც მას არ ესაჭიროება არჩევანის გაკეთება, ვალდებულებების აღება. ნევროტული სიმპტომები თავისუფლების და, შესაბამისად, პასუხისმგებლობისაგან გაქცევის მიმნიშნებელია, იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანი არ იყენებს თავის შესაძლებლობებს. ფსიქოთერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს თავისუფლების მოპოვებაში, რათა მათ გააცნობიერონ და გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. როდესაც პაციენტი უფრო თავისუფალი ხდება, მისი ნევროტული სიმპტომები, როგორც წესი, ქრება, ნევროტული შფოთვა ადგილს უთმობს ნორმალურს. მაგრამ ეს მხოლოდ თანმხლები ეფექტებია იმ მთავარი მიზნისა, რაც პაციენტის მიერ სრულფასოვანი არსებობისკენ მიმავალი გზის აჩევაში მდგომარეობს. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? როლო მეი, ეგზიტენციალისტი ფსიქოთერაპევტების უმეტესობის მსგავსად, არ ზრუნავს სპეციალური ტექნიკებისა და მეთოდების შემუშავებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ემპატიას ენიჭება, რომელიც მეის თქმით, კონსულტირების პროცესის გასაღებს წარმოადგენს. აქ ყოველივე თავისუფალი საუბრის რეჟიმში, ურთირეთმიმღებლურ ატმოსფეროში ხდება, უაღრესად ფაქიზად, პიროვნების ავტონომიაში ჩარევის გარეშე. ფსიქოთერაპევტი მხოლოდ რბილად უბიძგებს პაციენტს იმისკენ, რომ მან თავის თავზე მუშაობა დაიწყოს და ამით მიაღწიოს გარე და შინაგანი სამყაროს ადეკვატურ და უკეთეს გაგებას; საბოლოო ჯამში, იგი უნდა გახდეს ის, რაც არის, დაიბრუნოს თავისუფლება და პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

      ადვილი შესამჩნევია, რომ ყოველივე ეს საკმაოდ ახლოს არის როჯერსიანულ მიდგომასთან, სახელდობრ, ფსიქოთერაპიის, როგორც ისეთი ადამიანური კონტაქტის გაგებასთან, სადაც იქმნება რბილი, სანდო ურთიერთობა კლიენტთან, სადაც ხორციელდება კლიენტის შინაგანი შემოქმედებითი პოტენციალის აქტუალიზაცია და, შესაბამისად, მისი პიროვნული ზრდა. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, არის განსხვავებებიც, რაც მეის გაცნობიერებული აქვს. იგი აღნიშნავს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიული ურთიერთობის შედარებით ხანგრძლიობას, ფსიქოთერაპევტის მეტ აქტიურობას და იმასაც, რომ როჯერსის თვალსაზრისი უფრო ოპტიმისტურია. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას ადამიანის არსებობის უარყოფით მხარეებზე, სასიცოცხლო კრიზისების ტრაგედიაზე და ა.შ. ეს ბუნებრივიცაა; ამაში მჟღავნდება ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის თავისებურება.

      კრიტიკოსების აზრით, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, ისე როგორც იგი მეისთან არის მოცემული, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც საქმე გვაქვს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებსაც თავისი არსებობის უაზრობა აშფოთებთ. ასეთი კლიენტები მართლაც მრავლად ჰყავს ეგზისტენციალისტ ფსიქოლოგს; იგი არადირექტიულად, მაგრამ მაინც არწმუნებს თავის კლიენტებს იმაში, რომ ყველაფერი მათ ხელშია და მათ თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. ასეთი ზემოქმედების სარგებლიანობა ფრიად საეჭვოა რეალურად ავადმყოფი ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სწორედ იმიტომ მივიდნენ სამკურნალოდ, რომ მხოლოდ ნებელობის დაძაბვით არ შეუძლიათ მოერიონ აკვიატებულ მოქმედებებს თუ შემაწუხებელ ფსიქოსომატურ აშლილობებს. მეტიც, ასეთმა ზემოქმედებამ შეიძლება ნევროტული სიმპტომების გაძლიერებაც გამოიწვიოს.

      როლო მეისა და სხვა ეგზისტენციალისტ-ანალიტიკოსებისაგან განსხვავებით ვიქტორ ფრანკლი (1905-1997), ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის (ფროიდის და ადლერის შემდეგ) დამაარსებელი, ევროპული ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოთერაპიის ტექნიკას. მის სახელს უკავშირდება მკურნალობის ორი ახალი პრინციპი ან მეთოდი: დერეფლექსია და პარადოქსული ინტენცია. დერეფლექსიის მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ აღიკვეთოს თავის სირთულეებზე გაუთავებელი ფიქრი, გადაჭარბებული თვითკონტროლი. მთელმა რიგმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ერთობ მნიშვნელოვანი მომენტია; მაგალითად, გამოვლინდა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს რეალურ კომპლექსებზე მეტად ის აზრი თრგუნავს, რომ მათ კომპლექსები აქვთ. პარადოქსული ინტენციის მეთოდი გულისხმობს თერაპევტის მიერ კლიენტის მომართვას სწორედ იმის გასაკეთებლად, რასაც იგი გაურბის. ამასთან, რიგ შემთხვევებში აქტიურად გამოიყენება იუმორი, რომელსაც ფრანკლი ადამიანის თავისუფლების ერთერთ ფორმად მიიჩნევს.

      ფრანკლის თეორიული შეხედულების თანახმად, პიროვნების არსებობის მამოძრავებელ ძალად გვევლინება საკუთარი არსებობის საზრისის ძიების ტენდენცია. ადამიანური არსებობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურად, თუ მასში არსებობს საზრისი. ასეთი საზრისის არ არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ეგზისტენციალური ვაკუუმი, რომელმაც შეიძლება ე.წ. ნოოგენური ნევროზის სახე მიიღოს.ფრანკლის, როგორც ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტის ინტერესი მიმართულია ამ ახალი ტიპის ნევროზებისკენ, რომლებიც დასავლური სამყაროს მახასიათებლები გახდნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიკურად, მით მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეგზისტენციალურ ვაკუუმში იმყოფება. ესაა ადამიანები ინტერესების, ინიციატივის, ცხოვრების საზრისის გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით ისინი ჯანმრთელები არიან, რაც ფსიქოთერაპევტებს აყენებს არა კლინიკური სიმპტომების, არამედ ადამიანური პრობლემების წინაშე; ისეთი პრობლემების წინაშე, რომლებიც აქამდე სასულიერო პირების კომპეტენციაში შედიოდა. საზრისის ძიება არ არის პათოლოგია; იგი ჭეშმარიტად ადამიანური არსებობის უპირველესი ნიშანია. ეს უფრო სულიერი დისტრესია, ვიდრე ფსიქიკური დაავადება. მაგრამ ადამიანს ამ შემთხვევაშიც სჭირდება დახმარება. ფსიქოთერაპევტი, ამბობს ფრანკლი, ადამიანს საზრისს ვერ „ჩაუნერგავს”, მაგრამ მის ძიებაში, მის დანახვაში დაეხმარება.

      ფრანკლის მიდგომას ლოგოთერაპია, ანუ ცხოვრების საზრისის მოპოვებაზე მიმართული თერაპია ეწოდება. ცხოვრების საზრისი ყოველ ადამიანს თავისი აქვს. იგი უნდა აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას იმ მიზანთა შესრულებაზე, რომლებშიც მისი ცხოვრების საზრისი რეალიზდება. ნევროზის შემთხვევაში ადამიანი ან ვერ ხედავს საზრისის მქონე მიზნებს, ან მცდარად განსაზღვრავს მათ, ან ცდილობს ერთი მიზნის მიღწევას მეორის ხარჯზე. ფრანკლი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს საყოველთაოდ გამორჩეული ცხოვრების საზრისი; ეს იგივეა, რომ გროსმაისტერს დაუსვა კითხვა: „რომელი სვლაა ჭადრაკში ყველაზე კარგი?”. საზრისი ყოველთვის უნიკალურია; იგი კონკრეტული პიროვნებისა და კონკრეტული ვითარების გადაკვეთაზე წარმოიქმნება. საზრისი აუცილებლად რაიმე ღირებულებას უკავშირდება. ღირებულებებს ფრანკლი სამ ჯგუფად ყოფს: შემოქმედების ღირებულებები (პირველ ყოვლისა შრომა), განცდის ღირებულებები (ერთერთი უმთავრესია სიყვარული) და დამოუკიდებლობის ღირებულებები. ეს რიგი გამოხატავს სამ ძირითად გზას, რომლითაც ადამიანს ცხოვრების საზრისის პოვნა შეუძლია. საზრისი მიიღწევა, ჯერ ერთი, ადამიანის ქმედებით, მოღვაწეობით, ფართოდ გაგებული შემოქმედებით, ანუ გარკვეული ამოცანების შესრულებით, რაიმე საქმის კეთებით; მეორე – ადამიანი საზრისს ნახულობს სხვების მიმართ მზრუნველობაში, სხვა ადამიანების სიყვარულში. დაბოლოს, ადამიანი პოულობს საზრისს მკაფიოდ გაცნობიერებული პოზიციის გამომუშავებით სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისა და, საზოგადოდ, თავისი ბედის მიმართ.

      თვით სიკვდილშიც შეიძლება მოინახოს საზრისი და მაშინ მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად იცვლება. ასევეა ტანჯვის შემთხვევაშიც. ფრანკლს მოჰყავდა ერთი მაგალითი თავისი პრაქტიკიდან, როდესაც მასთან კონსულტაციაზე მოვიდა მოხუცი ექიმი, მძიმე დეპრესიით შეპყრობილი უსაყვარლესი მეუღლის გარდაცვალების გამო. ფრანკლი მალე მიხვდა, რომ ჩვეულებრივი ფსიქოთერაპია აქ უძლური იქნებოდა და შემდეგი კითხვით მიმართა პაციენტს: „რა იქნებოდა ექიმო, თქვენ რომ მომკვდარიყავით პირველი და თქვენი ცოლი დარჩენილიყო ცოცხალი?” „ო, იგი ძალიან დაიტანჯებოდა” - უპასუხა მან. ხედავთ, განაგრძო ფრანკლმა, რა ფასად დაუჯდებოდა თქვენ მეუღლეს ეს და თქვენ იქნებოდით მისი ტანჯვის მიზეზი. მაგრამ ახლა თქვენ იხდით იმის საზღაურს, რომ დარჩით ცოცხალი და დასტირით მას. პაციენტმა არაფერი უპასუხა, ხელი ჩამოართვა ფსიქოთერაპევტს და ჩუმად წავიდა. ტანჯვა უკვე აღარ განიცდება ტანჯვად, როცა მოინახება მისი საზრისი, თუნდაც ეს იყოს თავგანწირვის საზრისი. მოცემულ შემთხვევაში ფრანკლმა მოახერხა შეეცვალა პაციენტის დამოკიდებულება თავისი ბედის მიმართ, მან დაინახა თავისი ტანჯვის საზრისი. ესაა სწორედ ლოგოთერაპიის ძირეული პრინციპი – ადამიანისთვის უმთავრესია არა სიამოვნების მიღება ან ტკივილის არიდება, არამედ, საკუთარი ცხოვრების საზრისის დანახვა.ამიტომ, ადამიანი მზადაა დაიტანჯოს კიდეც, თუ კი ამ ტანჯვას აქვს აზრი.

      ფრანკლი ადამიანის არსებაში სამ ფენას განიხილავს: ბიოლოგიურს, ფსიქიკურს და ნოეტურს ანუ გონითს. სწორედ ამ უმაღლეს განზომილებაშია თავმოყრილი საზრისები და ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვედა დონეების როლს პიროვნული აქტივობის დეტერმინაციაში. ამიტომ ავტორი თავის თვალსაზრისს სიმაღლის ფსიქოლოგიად მიიჩნევს და, გასაგები ლოგიკით, განასხვავებს მას სიღრმის ფსიქოლოგიისაგან. მისი შეფასებით ლოგოთერაპია ადამიანის არსებობის მწვერვალისკენ არის მიმართული, ხოლო ფსიქოანალიზი ადამიანის ბუნების უფსკრულებში იხედება.

      რადგან ადამიანს გონითი განზომილებაც აქვს, იგი მეტია, ვიდრე ფსიქიკა. ადამიანი გარკვეულად თავისუფალია საკუთარი ფსიქიკური მოცემულობისაგან, მით უმეტეს გარემოსა და მემკვიდრეობისაგან. ამას უკავშირდება მისი ორი ფუნდამენტური უნარი თვითტრანსცენდენციისა (საკუთარ ფარგლებს გარეთ გასვლა) და თვითგანრიდებისა (პოზიციის დაკავება გარე ვითარებისა და თავის თავის მიმართ). ზემოთ აღნიშნული ორი ფსიქოთერაპიული ხერხის ეფექტურობა, ფრანკლის აზრით, ამ უნარების გამოყენებას ეფუძნება.

      აღნიშვნის ღირსია ის, რომ ფრანკლის თეორიული და ფსიქოთერაპიული იდეების ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მისმა პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ. ფრანკლმა, როგორც ებრაელმა, სამი წელი დაჰყო სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათ შორის ოსვენციმსა და დახაუში, სადაც რამდენჯერმე სასწაულით გადაურჩა სიკვდილს (გაზის კამერაში, ავადმყოფობისაგან თუ უჭმელობისაგან). თავდაპირველად იგი გაამწესეს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ადამიანების მიზანდასახული განადგურება არ ხდებოდა და პატიმრებს ერთმანთთან ურთიერთობა შეეძლოთ. ფრანკლმა, იქ მყოფ კოლეგა ფსიქიატრებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა ფსიქოლოგიურ სამსახურს – ბევრს გაუადვილა საზარელ პირობებთან ადაპტაცია და ბევრი გადაარჩინა თვითმკვლელობას. ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანების სასოწარკვეთილებასთან იყო დაკავშირებული. საჭირო იყო ადამიანებში ცხოვრების გაგრძელების ნების აღძვრა. მაგრამ, ტანჯვის გადატანის ვაჟკაცობა თუ პიროვნული კაპიტულაცია დამოკიდებული იყო იმაზე, ჰქონდა თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების საზრისის რწმენა. საზრის დაკარგული სიცოცხლე საკონცენტაციო ბანაკის პირობებში დიდ ხანს არც გრძელდებოდა. ფრანკლი აღნიშნავს, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე ფსიქოთერაპიული სამუშაოს დევიზად ნიცშეს შემდეგი სიტყვები გამოდგება: „ვინც იცის „რისთვის” უნდა იცხოვროს, გადალახავს ყოველგვარ „როგორს”.

      მეისა და ფრანკლთან ერთად, ყველაზე გამოჩენილ ეგზისტენციალისტ ფსიქოთერაპევტებს მიეკუთნებიან შვეიცარიელი ფსიქიატრები ლუდვიგ ბინსვანგერი და მედარდ ბოსი, რომელთა შეხედულებები ეგზისტენციალური ანალიზის სახელითაა ცნობილი; ასევე იგორ კარუზო - პერსონალისტური ფსიქოთერაპიის ავტორი; იტალიელი რობერტო ასანჯიოლი - ფსიქოსინთეზის შემქმნელი; ინგლისელი ფსიქიატრი რობერტ ლაინგი, ანტიფსიქიატრიის ერთერთი ლიდერი; საფრანგეთში მოღვაწე იუჯინ მინკოვსკი; ამერიკაში - ჯეიმს ბუგენტალი, ამადეო ჯიორჯი და სხვა. ყველა ეს ავტორი საკუთარი გზით მივიდა ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ თვალსაზრისამდე და, ამავე დროს, გამოკვეთილი ინდივიდუალურობა შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანის ფსიქოთერაპიული პრაქტიკა იმ მთავარ დებულებას ეყრდნობა, რომ ადამიანი თავის შესაძლებლობათა საფუძველზე და ღირებულებათა საკუთარი არჩვანის გზით, თვითონ ქმნის თავისი არსებობის პროექტს, ცხოვრების წესს. ნამდვილი ანუ აუტენტური არსებობა - ესაა გაცნობიერებული, ნებითი, პიროვნულ გადაწყვეტილებასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული არსებობა. მხოლოდ ამ უკანასკნელს მიეწერება თავისუფლების ნიშანი. არანამდვილი არსებობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დაკარგული აქვს თავისი ცნობიერებისა და ნების საშუალებით ცხოვრების სამყაროს კონსტრუირების უნარი; იგი გარბის პრობლემებისაგან, თავისუფლებისაგან და ა.შ. ამიტომ ყველა ეგზისტენციალისტი ფსიქოთერაპევტი თუ კონსულტანტი ცდილობს შეაღწიოს პაციენტის შინაგან სამყაროში, განიცადოს ის, რასაც პაციენტი განიცდის და, შემდგომ, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში, ჭეშმარიტი მიზნისა და საზრისის პოვნაში, ერთი სიტყვით, საკუთარი თავის განხორციელებაში.

      ბევრი მსაგავსების მიუხედავად, ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია სხვადასხვა მიმდინარეობებია. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პოზიცია „პოტენციალისტურია”. ამ ტერმინით აღნიშნავს ფრანკლი იმ შეხედულებას, რომლის თანახმად, ის რაც აღმოცენდება განვითარების მსვლელობაში, ჩანერგილია ორგანიზმში დაბადებიდან და რეალიზდება სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში. პოტენციალურად მოცემულის განვითარება ორგანიზმისა და პიროვნების ერთადერთი ნამდვილი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ძირეული მოტივაციური ტენდენციების სახით ვლინდება.

      პონტენციალიზმის საპირისპირო, ეგზისტენციალური პოზიცია ყველაზე მკაფიოდ და მოკლედ გამოთქვა ჟან პოლ სარტრმა (1905-1980) თავის ცნობილ თეზისში: „არსებობა წინ უსწრებს არსს”. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანში არ არსებობს არავითარი წინასწარ მოცემული ბუნება ან არსი. ცხოვრების ყოველ მომენტში ადამიანი თვითონ საზღვრავს, როგორი იქნება და საითკენ განვითარდება. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს და „არის მხოლოდ ის, რასაც თავის თავისაგან აკეთებს”. შეიძლება ითქვას, რომ ეს თეზისი ეგზისტენციალიზმის და, შესაბამისად, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის კვინტესენციაა. ეგზისტენციალიზმი ფაქტობრივად უარყოფს, ან ყურადღების მიღმა ტოვებს თანდაყოლილ და შეძენილ დისპოზიციებს, ტენდენციებს, ორიენტაციებს, პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ქმედებას წინ უსწრებენ და განაპირობებენ. ერთადერთი, რაც განსაზღვრავს იმას, რას მოიმოქმდებს ან განიცდის ადამიანი, არის აქ და ამჟამად გაკეთებული მისი არჩევანი. პიროვნება თვითონვე „აპროექტებს” საკუთარ თავს და საკუთარ არსებობას. თვითქმნადობის, თვითშემოქმედების მომენტი ეგზისტენციალური აზროვნების ქვაკუთხედია. ჰუმანისტური ფსიქოლოგებიც აღნიშნავენ ამ მომენტს, მაგრამ არ ახდენენ მის აბსოლუტიზაციას. მასლოუ, მაგალითად, მიუთითებს, რომ ეგზისტენციალისტების აზრით, „თვითობა”, „მე” არის ის, რაც „იქმნება იმ მუდმივი (და ნებისმიერი) არჩევანით, რომელსაც პიროვნება ახორციელებს, თანაც ისე, თითქოს მას შეუძლია საკუთარი თავისაგან გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ეს უკიდურესობაა, რომელიც - პირდაპირ ეწინააღმდეგება გენეტიკური და კონსტიტუციური ფსიქოლოგიის მიერ მოპოვებულ მონაცემებს და ცოტა სულელურადაც ჟღერს”.

ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია განსხვავდება აგრეთვე ადამიანის ბუნების ზნეობრივი სახის გაგებაში. ეს მკაფიოდ გამოჩნდა როჯერსისა და მეის დისკუსიაში. როჯერსი ამტკიცებდა, რომ ადამიანისთვის იმთავითვე დამახასიათებელია სიკეთე, ხოლო ბოროტება მის ბუნებაში გარედან, გარემოდან არის შემოტანილი. მეის მიაჩნია, რომ ბოროტება საერთოდ აუხსნელი დარჩება, თუ ადამიანის ბუნებაში მხოლოდ სიკეთეა მოცემული. ეგზისტენციალური მიდგომის მიხედვით, ადამიანი არ არის იმთავითვე მიდრეკილი არც სიკეთისა და არც ბოროტების მიმართ; იგი ორივესადმი ღიაა; თავად ირჩევს ერთ-ერთს და, ამდენად, ორივეს შემქნელად გვევლინება. ფრანკლიც დაახლოებით ასე ფიქრობს, აკრიტიკებს რა მასლოუს თვითქატუალიზაციის თანდაყოლილობის მოსაზრებას, იგი ამტკიცებს, რომ ჩვენში ჩადებულია შესაძლებლობა ვაკეთოთ კარგიც და საძაგელიც. რომელი შესაძლებლობის აქტუალიზაციას და რეალიზაციას მოახდენს ადამიანი, ეს მისი არჩევანისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის საქმეა.

      თეორიის გაგება შეიძლება არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ რას ამტკიცებს იგი, არამედ იმისიც, თუ რას უპირისპირდება, უარყოფს იგი. უკვე ითქვა, რომ ჰუმანისტური ფსიქოლოგია, როგორც მესამე ძალა, უპირისპირდება ბიჰევიორიზმს და ფსიქოანალიზს. მაგრამ ამ სამი მიმდინარეობის ურთიერთმიმართება მაინც სპეციფიკურია. თუ ბიჰევიორიზმსა და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას შორის ხიდის გადება არსებითად ვერ ხერხდება, ფსიქოანალიზის შემთხვევაში ეს ფაქტობრივად უკვე გაკეთებულია. არსებობს აშკარად გარდამავალი, ინტეგრაციული ხასიათის თეორიული სისტემები, ისეთები, როგორიცაა ჰუმანისტური ფსიქოანალიზი (ფრომი) ან ეგზისტენციალური ანალიზი (ბინსვანგერი, ბოსი). მათ სინთეტურ ხასიათზე თავად სახელწოდებები მეტყველებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით კი მისი ეგზისტენციალური ფრთის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ერთ დროს ფსიქოანალიტიკური მოძრაობის რომელიმე მიმართულებასთან იყო დაკავშირებული. ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან მათ უმრავლესობას ფსიქოთერაპევტები შეადგენენ, ხოლო ფსიქოანალიზი იყო და არის სერიოზული ავტორიტეტი, რომელსაც ვერც ერთი ფსიქოთერაპევტი გვერდს ვერ აუვლის, თუნდაც მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვით. მაგალითად, ბინსვანგერი იუნგთან სწავლობდა და ბოლომდე მეგობრობდა ფროიდთან; ფრანკლის მასწავლებლები იყვნენ ფროიდი და ადლერი, ბოსისა - ჯონსი, რაიხი, ჰორნი; მეიმ ფსიქოანალიტიკური წვრთნა ადლერთან გაიარა და ა.შ. მოგვიანებით ისინი თანდათანობით დაუახლოვდნენ ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ იდეებს და შედარებით დაშორდნენ ფსიქოანალიზს, თუმცა მასთან კავშირი მთლიანად და საბოლოოდ არ გაუწყვეტიათ. ფსიქოანალიზის უდიდეს დამსახურებაზე ფენომენოლოგიურეგზისტენციალური ორიენტაციის ყველა მეცნიერი ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, გამოთქმულია უამრავი შენიშვნა, რომელიც ფსიქოანალიზის სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ყველაზე მწვავე კრიტიკა ფსიქოანალიზის მეთოდოლოგიაზეა მიმართული. ეს უკანასკნელი ისევე, როგორც ბიჰევიორიზმი, ე.წ. სციენტისტურ ან დეტერმინისტულ-საბუნებისმეტყველო პარადიგმაზე დგას, რის გამოც ხასიათდება რედუქციონიზმით, ნატურალიზმით და მექანიციზმით.

      ჰუმანისტური ფსიქოლოგებისთვის ფსიქოანალიზის ტექნიკაც მიუღებელია, ვინაიდან ეს უკანასკნელი პაციენტს თავს ახვევს მკაცრად გარკვეული სქემებიდან გამომდინარე ინტერპრეტაციებს; ეს, რასაკვირველია, პრინციპულად ეწინააღმდეგება ფენომენოლოგიური მეთოდის სულისკვეთებას, რომლისთვისაც მთავარი სწორედ პიროვნებისა და მისი პრობლემების ყოველგვარი წინასწარი სქემებისა და თვალასაზრისებისაგან თავისუფალი წვდომა-გაგებაა.

      არსებითი ხასიათისაა შენიშვნები ფსიქოანალიზის მოტივაციის კონცეფციის მიმართ. პირველ რიგში საქმე ეხება ამოსავალი ლტოლვების ჰომეოსტატურ ხასიათს. დაძაბულობის რედუქციისკენ სწრაფვის გამოცხადება ადამიანის მოტივაციის ერთადერთ მექანიზმად (რაც, სხვათა შორის, ერთნაირად არის დამახასიათებელი როგორც ბიჰევიორიზმის, ისე ფსიქოანალიზისთვის) პიროვნების ჭეშმარიტი ბუნების გაუგებრობის, მისი პრიმიტივიზაციის და ბიოლოგიზაციის ტოლფასია. არავინ უარყოფს იმას, რომ ადამიანს გააჩნია დაძაბულობის მოხსნისა და წონასწორობის აღდგენის პრინციპით განსაზღვრული მოთხოვნილებები. მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი მოტივაციის ფარგლებში არსებობს, იგი მხოლოდ ამჟამინდელი უსიამოვნებისა და დისკომფორტის არიდებაზე ზრუნავს; აქედან გამომდინარე, ვერ ემსახურება შორს მიმავალ მიზნებსა და მაღალ ფასეულობებს. ნორმალური და ჯანსაღი პიროვნება კი პირველ რიგში მიმართულია თვითგანხორციელებისკენ და საზრისულ-ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისკენ. ამ გზაზე იგი არ ერიდება სირთულეებს, ენერგიის ხარჯვას, დისკომფორტს. იგი ცდილობს გამოხატოს საკუთარი თავი სულ უფრო რთულ, ახალ და საინტერესო ვითარებებში. ამრიგად, პიროვნება თვითონ არღვევს წონასწორობას, არ გაურბის დაძაბულობას; იგი უფრო მეტად დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებისკენ მიისწრაფის, ვიდრე მისი შემცირებასა და მოხსნისაკენ (ოლპორტი, მასლოუ).

      მოცემულ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მაინც ისაა, თუ როგორ შეაქვს ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ მიმდინარეობას თავისი შემეცნების არეში არაცნობიერი; ფსიქოანალიზი ხომ პირველ რიგში არაცნობიერის შემსწავლელი მოძღვრება და მეთოდია. პიროვნების შესწავლა, მით უმეტეს ფსიქოთერაპია, ცნობიერების ანალიზით არ ამოიწურება და ვერც მისით შემოიფარგლება. ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალური ორიენტაციის ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს ეს კარგად ესმით. სათანადოდ არის შეფასებული ფროიდის ღვაწლიც, რომელმაც, მეის თქმით, არაცნობიერის „მძლავრი” სფეროს აღმოჩენით ადამიანის ბუნებას სიღრმე მიანიჭა. მიუხედავად ამის, არაცნობიერის ბუნების გაგებაში ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებითი სახის განსხვავებაა.

      ფსიქოანალიზის მიხედვით, დინამიკური არაცნობიერი მოვლენები აბსოლუტურად მიუწვდომელია პირდაპირი აღქმისთვის როგორც საკუთარ მეში, ასევე სხვაში. ისინი უშუალოდ არ გვეძლევიან; შესაძლებელია მხოლოდ მათი გამოვლენა და რეკონსტრუირება ისეთი მასალის ანალიზით, როგორიცაა სიზმრები, მცდარი მოქმედებები ან თავისუფალი ასოციაციები. ფენომენოლოგიური მიდგომის თანახმად კი არაცნობიერი შინაარსების ფიქსაცია და აღწერა შესაძლებელია უშუალო გამოცდილების საზღვრებში. იგი ცდილობს დაადასტუროს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე ცნობიერების ფარგლებიდან გასვლის გარეშე. ამდენად, იგი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას: მან არაცნობიერი უნდა აღმოაჩინოს ფენომენოლოგიური კვლევის გზით, ანუ მონახოს არაცნობიერი ცნობიერებაში.

      თეორიულ პლანში ეს ამოცანა ასე წყდება: ცნობიერების ინტენციონალური შინაარსების გარდა არსებობს შინაარსები, რომლებიც ყურადღების საგნად არ ქცეულა, რომლებიც ჯერ-ჯერობით შეუმჩნეველნი არიან. სწორედ ეს შეუმჩნეველი შინაარსები წარმოადგენს იმას, რასაც არაცნობიერი ეწოდება. პრაქტიკულ პლანში ეს ნიშნავს, რომ პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის ემპატიურ ურთიერთობაში ფენომენოლოგიური წვდომის გზით ხდება იმის დადგენა, რასაც პაციენტი სათანადოდ ვერ აცნობიერებდა და რაც ხელს უშლიდა მის თვითგანხორციელებას. საფიქრებელია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შინაარსების მიმართ, რომელთაც ფროიდი წინაცნობიერს უწოდებდა; ისინი ცნობიერების ფოკუსის მიღმა, გარკვეულ ფონურ ჰორიზონტში იმყოფებიან და ამდენად, პოტენციურად გაცნობიერებადი არიან. მათი შემოტანა ნათელი ცნობიერების ველში მართლაც შესაძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ადგილი აქვს მხოლოდ ცნობიერების პერიფერიული, მკრთალი და ბუნდოვანი შინაარსების შემჩნევას და გამოაშკარავებას. მაგრამ, რაც შეეხება არაცნობიერის კატეგორიის თეორიულ გააზრებას, აქ ჩვენ საქმე გვაქვს არაცნობიერი ფსიქიკის ცნობიერების ჩარჩოებში დასაბუთების მცდელობასთან, რაც სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ი. ბჟალავა სამართლიანად შენიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ ცნობიერების ფარგლებია გაფართოებული, იგი შეიცავს როგორც არაცნობიერს, ისე ცნობიერ ფსიქიკურს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ასე გაგებულ ცნობიერებაში მოთავსებულია შეუმჩნეველი და შემჩნეული ფსიქიკური, მაგრამ როგორია კავშირი მათ შორის, ეს საიდუმლოდ არის დაფარული. თუ შეუმჩნეველ ფსიქიკურს კავშირი არა აქვს გაწყვეტილი ცნობიერ ფსიქიკურთან, რატომ უნდა ჩაითვალოს ის არაცნობიერად? არსებითად, ფენომენოლოგიური მიდგომა არაცნობიერი სფეროს მიმართ ცნობიერების ინტენსივობის, განათების ხარისხის მეტ-ნაკლებობაზე მითითებით ამოიწურება. ამიტომ, ფსიქოანალიტიკოსთა აზრით, ეს პოზიცია არაცნობიერი ფსიქიკურის დასაბუთებას კი არა, მისი უარყოფაა.

      საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიღრმის ფსიქოლოგიის ძირითადი ავტორები არც თუ დიდ ინტერესს იჩენდნენ ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური კვლევების მიმართ. რაც შეეხება ნეოფროიდიზმს და თანამედროვე ფსიქოანალიზს, აქ ვითარება ერთგვარად შეიცვალა. ისინი ანგარიშს უწევენ ფილოსოფიური და მეცნიერული აზრის ამ მიმართულების პოპულარობას და ცდილობენ შეუხამონ თავიანთ თვალსაზრისს ამ სისტემის ზოგიერთი ელემენტი; მაგრამ, საერთოდ, მაინც მიიჩნევენ, რომ მან ბევრი ვერაფერი შესძინა ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას. რაც შეეხება ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიას, როგორც თეორიულ სისტემას, ფსიქოანალიტიკოსებს შორის უფრო გავრცელებულია შეხედულება, რომ მას არა აქვს მყარი კოორდინატები, მისი მონაცემები შეუმოწმებადია, ხოლო ენა - ლიტერატურული, ამიტომ ძნელია მისი მეცნიერული ღირებულების გამოვლენა და შეფასება.

      ასეთივეა დამოკიდებულება მის მიმართ აკადემიურ ფსიქოლოგიაშიც, რომელიც, უპირატესად, სციენტისტურ-საბუნებისმეტყველო კვლევის გზას მიჰყვება. ზემოთ ნახსენებ დისკუსიაზე როჯერსსა და სკინერს შორის, ამ უკანასკნელმა ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება როჯერსის და, მაშასადამე, საერთოდ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმართ (იხ. თავი 9.3.). მას მიაჩნია, რომ კვლევის ფიქსაცია ფენომენოლოგიური სამყაროს ინდივიდუალურ და უნიკალურ ასპექტებზე არსებითად გამორიცხავს განმეორებადი მონაცემების მიღებას, მათ ურთიერთდაკავშირებას და, აქედან გამომდინარე, ზოგადი კანონზომიერებების დადგენას. ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ადამიანთა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი აქტივობის წინასწარმეტყველება, დაგეგმვა და რეგულაცია. ცივილიზაცია კი ამის გარეშე ვერ იარსებებს.

      უაღრესად მკაცრია პიაჟეს პოზიციაც. მას მიაჩნია, რომ ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია ფილოსოფიური დოქტრინის ნაწილია და მეცნიერული ფსიქოლოგიის საფუძვლად ვერ გამოდგება. ფენომენოლოგიას მან უწოდა პარამეცნიერული ფილოსოფია, რომლის მთელი სააზროვნო ბაგაჟი დაიყვანება იმ თეორიების კრიტიკაზე, რომლებიც თვით ფსიქოლოგებმა უკვე უარყვეს და წმინდა სპეკულატიურ მსჯელობებზე. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აკადემიურ ფსიქოლოგიაში ბოლო ხნებამდე საკმაოდ კრიტიკულად აფასებდნენ ფსიქოლოგიის ასპარეზზე გამოსული მესამე ძალის შესაძლებლობებს ყოველგვარი მეცნიერებისთვის აუცილებელი ნიშნების სიზუსტის, შემოწმებადობის, სანდოობის, დასაბუთებულობის ნაკლებობის ან არქონის გამო (ჰ. აიზენკი, ზ. კოხი და სხვა). ამდაგვარად მომართულ მუშაობას ზოგჯერ „პოეტურ ძიებებსაც” კი უწოდებენ.

      ასეთ პოზიციას გადაჭარბებული რადიკალიზმის და შეუწყნარებლობის მიუხედავად, გარკვეული გამართლება აქვს. მართლაც, ფსიქოლოგიის დეჰუმანიზაციასთან ბრძოლის საბაბით, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურმა მიმდინარეობამ ფაქტობრივად უარყო ბევრი ისეთი რამ, რაც ტრადიციული მეცნიერული კვლევის საფუძველს წარმოადგენდა. ძნელი წაროსადგენია, რა კოორდინატებზე შეიძლება იყოს აგებული რაიმე ემპირიული კვლევის პროგრამა, ან საერთოდ რა სახე უნდა ჰქონდეს ცოდნის სისტემას, თუ არ არსებობს დეტერმინიზმი, მიზეზობრიობა, განმეორადობა; თუ უგულვებელყოფილია ზოგადი კანონების დადგენის, ობიექტური გაზომვის, წინასწარმეტყველების შესაძლებლობა. ნებით თუ უნებლიეთ, ეს რაციონალური შემეცნების გზიდან გადახვევას და ირაციონალურ-ინტუიციური შემეცნების პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს .[1]

      საბოლოოდ უნდა ითქვას შემდეგი. ჰუმანისტური ფსიქოლოგია, როგორც მესამე ძალა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ფსიქოლოგიური მეცნიერების ასპარეზზე გამოვიდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია მისი შეფასება ისტორიულ პერსპექტივაში. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობამ აქცენტი გააკეთა ცნობიერებაზე, ნორმაზე, პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე, შემოქმედებითობაზე. ამით მან უდავოდ შეუწყო ხელი იმ ერთგავარი ცალმხრივობის აღმოფხვრას, რაც ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის გავლენით, დამახასიათებელი იყო ამერიკული ფსიქოლოგიისთვის. იგი ახლაც მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება თანამედროვე ფსიქოლოგიაში მექანიცისტური თვალსაზრისის ამა თუ იმ გამოვლინებასთან დაკავშირებით.

      ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური მიდგომა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ფსიქოანალიზის რეალური ალტერნატივა გახდა ფსიქოთერაპიის სფეროში. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის გავლენით ახალი და საინტერესო ტენდენციები გაჩნდა განათლების სფეროშიც. მთლიანობის, აუტენტურობის, კრეატულობის იდეების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ჰუმანისტური პედაგოგიკა და პედაგოგიური ფსიქოლოგია; დაიწყო მოტივების იერარქიული მოდელისა და კლიენტზე ცენტრირებული მიდგომის რეალიზაცია საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რამაც გავლენა მოახდინა მართვის, პერსონალის კონსულტირებისა და ატესტირების ტექნოლოგიასა და პოლიტიკაზე.

      ერთი სიტყვით, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ შესამჩნევი წვლილი შეიტანა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებაში და, უფრო ფართოდ, საზოგადოების მოწყობის საქმეში. მან უდავოდ მოახდინა გარკვეული გავლენა ამერიკულ კულტურაზე. მაგალითად, ხშირად აღნიშნავენ, რომ როჯერსის მიდგომა, რომლის მიხედვითაც კლიენტებს ეპყრობიან როგორც თანასწორუფლებიან პირებს, რომელთაც აქვთ „გამოჯამრთელების” შინაგანი უნარი და არ არიან დამოკიდებული ავტორიტეტული ადამიანის ან ექსპერტის სიბრძნეზე, კარგად ესადაგება ამერიკულ დემოკრატიულ ტრადიციას. სხვათა შორის, როჯერსი თვითონ აღიარებდა, რომ ამერიკულ კულტურაზე ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი გავლენის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ზეგავლენის მოხდენა ფსიქოლოგიური აზრის ძირეულ მიმართულებაზე. ეს, ალბათ, კანონზომიერიცაა. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თომას ლიხის შეფასებით, გრძნობისა და ინტუიციის კულტივირებამ ჰუმანისტური ფსიქოლოგია კვლავ მიიყვანა მეცნიერული რევოლუციის რომანტიკულ უარყოფამდე, თუმცა მას არ ეყო გულწრფელობა, რომ ეს ეღიარებინა. ჰუმანისტურ ფსიქოლოგებს, როჯერსისა და მასლოუს ჩათვლით, თავი ყოველ- თვის მეცნიერებათ მიაჩნდათ, მაგრამ არ აღიარებდნენ იმ ღრმა კონფლიქტს, რომელიც არსებობს ბუნებრივი კანონისა და დეტერმინიზმისადმი მეცნიერების ერთგულებასა და ადამიანის მიზნისა და თავისუფლებისადმი ერთგულებას შორის. „ჰუმანისტურმა ფსიქოლოგებმა მხოლოდ უსაფუძვლო პროტესტი შემოგვთავაზეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ მართლაც საჭირო იყო სარჩელის წარდგენა ადამიანის საბუნებისმეტყველო-მეცნიერული, რედუქციონისტური გაგებისადმი, იგი სხვა, უფრო გონივრულ წყაროს უნდა დამყარებოდა” (თ. ლიხი). ფსიქოლოგიის ისტორიკოსები და მეთოდოლოგები საკმაოდ ერთსულოვანი არიან იმაში, რომ ჰუმანისტური ფსიქოლოგია თავისი არსებობის საკმაო ხნის მანძილზე ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მეცნიერულ სისტემად თავისი ერთიანი თეორიული და მეთოდოლოგიური პრინციპებით. ამ პრინციპების ნაწილი საკმაოდ ბუნდოვანია, ხოლო მათ შორის კავშირი - პირობითი.

      ამ შეფასებებს, ალბათ, სერიოზული საფუძველი აქვთ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ფსიქოლოგია იყო და რჩება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მსოფლმხედველობის საერთო ინტერესის საგნად, ეს მიმდინარეობა, როგორც ჰუმანიტარული პარადიგმის განსახიერება, ფსიქოლოგიური მეცნიერების განუყოფელ ნაწილად უნდა განვიხილოთ. ამასთან, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია თავის წვლილს შეიტანს მომავალი ერთიანი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

[1] ეგზისტენციალიზმის ირაციონალიზმი ეჭვსაგარეშეა. ადამიანის ეგზისტენცია არ შეიძლება აიხსნას მეცნიერების მიერ. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარი (მაგ., რ. მუსი), ეგზისტენიციალიზმს აფასებს მეცნიერული ფსიქოლოგიის ოპოზიციურ მოძღვრებად, თუმცა იგი შეიცავს უამრავ ტერმინს და ცნებას, რომელთა გარეშე ფსიქოლოგიის წარმოდგენა შეუძლებელია. მკაფიოდ გამოხატულ ანტისციენტისტურ პოზიციას აფიქსირებენ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წამყვანი ფიგურები, როგორებიცაა ბინსვანგერი, ბოსი, ბუგენტალი, მეი და სხვა.

ტეგები: Qwelly, ეგზისტენცია, იმედაძე, მიმდინარეობა, ფრანკლი, ფსიქოლოგია

ნახვა: 4162

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters