ფსიქოლოგიის ისტორია, VII თავი, I ნაწილი

7.1. ზოგადი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება

  ფსიქოლოგიამ დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის სტატუსი უპირველესად მასში ექსპერიმენტული მეთოდის დამკვიდრების გზით მიიღო. საუბარი სწორედ დამკვიდრებაზეა, თორემ ექსპერიმენტს უკვე XVIII საუკუნიდან მოყოლებული, საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ფსიქიკური სამყაროს ამა თუ იმ მხარის შესწავლის მიზნით. ასეთ ცდებს ატარებდნენ ფიზიკოსები, ასტრონომები, ბიოლოგები, ექიმები, ერთი სიტყვით - ნატურალისტები. ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან იმხანად უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელებული საბუნებისმეტყველო აზროვნების წესი აღარ კმაყოფილდებოდა მხოლოდ მეტაფიზიკური მსჯელობებით და ყველგან ცოდნის მყარ, ემპირიულ საფუძველს ეძებდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ოფიციალური ფსიქოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ თავის “ემპირიულობას” და “ცდისეულობას” უსვამდა ხაზს, სინამდვილეში თითქმის მთლიანად “საწერი მაგიდის ფსიქოლოგიად” რჩებოდა. მისი დებულებები აბსტრაქტული თეორეტიზაციისა და უსისტემო თვითდაკვირვების შეზავების შედეგად იყო მიღებული.

  უფრო მეტიც, სწორედ ამ პერიოდში პრინციპულად დაისვა საკითხი ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, თანაც ისეთი ავტორიტეტის მიერ, როგორიც იყო ი. კანტი. მას მიაჩნდა, რომ სულის შესახებ მეცნიერების აგება ბუნებისმეცნიერებათა ყაიდაზე შეუძლებელია, ვინაიდან მას გაზომვად სიდიდეებთან არა აქვს საქმე, რაც გამორიცხავს მათემატიკის გამოყენებას. ამასთანავე, ფსიქოლოგია ვერ გამოიყენებს ექსპერიმენტს, “ვინაიდან აქ შინაგანი დაკვირვების მრავალფეროვნება შეიძლება მხოლოდ გონებრივად იქნეს დაყოფილი და ვერასდროს იქნება შენახული ისეთი განცალკევებული ელემენტების სახით, რომლებიც შემდგომში საჭიროებისამებრ შეიძლება შეერთდნენ; კიდევ უფრო ნაკლებად ექვემდებარება ჩვენ მიერ წინასწარ დაგეგმილ ცდებს სხვა მოაზროვნე სუბიექტი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დაკვირვება თავისთავად ცვლის და ამახინჯებს დასაკვირვებელი საგნის მდგომარეობას. ამიტომ მოძღვრება სულის შესახებ ვერასდროს გახდება რაიმე უფრო მეტი, ვიდრე ისტორიული მოძღვრება... შინაგანი გრძნობის, ანუ სულის ბუნების აღწერა, მაგრამ არა მეცნიერება სულის შესახებ”. ამრიგად, მათემატიკისა და ექსპერიმენტის გამოყენების სავარაუდო შეუძლებლობის გამო კანტი ფსიქოლოგიას საერთოდ ემპირიული მეცნიერების სისტემის გარეთ ტოვებს. ცოტა მოგვიანებით არსებითად ასეთივე განაჩენს გამოუტანს ფსიქოლოგიას პოზიტივიზმის ფუძემდებელი ოგიუსტ კონტი.

  მაგრამ იმ დროსაც იყვნენ მოაზროვნეები, რომელნიც სხვაგვარად ფიქრობდნენ. კანტამდე ნახევარი საუკუნით ადრე გერმანელი ფილოსოფოსი გ. გაგენი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ორი სახის ექსპერიმენტი: ფიზიკური და ფსიქოლოგიური. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ სიახლეა, ის მთელი სერიოზულობით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან უთუოდ წარმოადგენს, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დაკვირვების სანდო საფუძველს. ხოლო კონტის თანამედროვეები და თანამოაზრეები პოზიტივისტური ფილოსოფიის ჩამოყალიბების საქმეში ჯ. ს. მილი და ჰ. სპენსერი კატეგორიულად უარყოფდნენ კონტის ანტიფსიქოლოგიზმს და პირდაპირ მოუწოდებდნენ ფსიქოლოგიას, ხელი მოეკიდა სისტემატური ექსპერიმენტული კვლევისთვის. ჯ. ს. მილი ასე წერდა: “საჭიროა, დაკვირვების გამო უარი ვთქვათ ინტროსპექციაზე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ გონების ოპერაციები მათი გამოვლინებების მიხედვით, იმის მსგავსად, როგორც ვსწავლობთ ელექტრულ ოპერაციებს მათი შედეგების მიხედვით. უნდა მოვახდინოთ ადამიანების და ცხოველების მოქმედებაზე დაკვირვებების ექსპერიმენტული ვარირება, ხოლო დაკვირვების ხარვეზები ჰიპოთეზის საშუალებით შევავსოთ”.

  საკმაოდ მალე ფსიქოლოგიური კვლევა სწორედ ასეთი გახდა. ფსიქოლოგიური აზროვნების ლოგიკა სულ უფრო მეტად იხრებოდა ექსპერიმენტისკენ და ამ ტენდენციას კანტისა და კონტის აკრძალვები ვერ შეაჩერებდა. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა, როგორც ექსპერიმენტული დისციპლინა. ამით დასრულდა არასისტემატური, შემთხვევითი და არცთუ ყოველთვის სათანადოდ გააზრებული ექსპერიმენტირების ხანა ფსიქიკური მოვლენების სფეროში, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა.

  ცნობებს ფსიქოლოგიური ცდების შესახებ უძველეს დროში მივყავართ. თავი რომ დავანებოთ მონათხრობს ამოცანების (ან ტესტების) შესახებ, რომელთაც მიმართავდა საბიას დედოფალი მეფე სოლომონის სიბრძნის გამოსავლენად, პირველ შეტყობინებას ფსიქოლოგიური ცდის შესახებ გვაწვდის “ისტორიის მამა” ჰეროდოტე (ვს. ძვ.წ.), რომელიც აღწერს ეგვიპტელი ქურუმებისაგან გაგებულ ამბავს: ფარაონ ფსამეტიხს (ვIIს. ძვ.წ.) გაუჩნდა სურვილი, გაერკვია, თუ რომელი ხალხი იყო ყველაზე ძველი. ამის დასადგენად მან ორი ახალშობილი ბავშვი გადასცა მოსავლელად მწყემსს, რომელსაც კატეგორიულად აუკრძალა მათთან ლაპარაკი, უბრძანა ჰყოლოდა ისინი განცალკევებულ ქოხში, ანუ სრულ იზოლაციაში, და მიეყვანა მათთან მხოლოდ თხები, რომელთა რძითაც უნდა გამოეკვება. ასეთი “ექსპერიმენტული სიტუაციის” შექმნით ფსამეტიხს სურდა გაეგო, რომელ სიტყვას წარმოთქვამდენენ პირველად ბავშვები ტიტინის ხანის გასვლის შემდეგ. ორი წლის თავზე, ერთ დღეს, როდესაც მწყემსი შევიდა ქოხში, ხელებგაწვდენილმა ბავშვებმა მიირბინეს მასთან შეძახილებით “ბეკოს!”. მას მერე, რაც ეს მომდევნო დღეებშიც გამეორდა, ყველაფერი მოახსენეს ფარაონს. მან ბრძანა გაერკვიათ, რომელი ხალხი ხმარობს ამ სიტყვას და რა მნიშვნელობით. აღმოჩნდა, რომ სიტყვა “ბეკოს” გვხვდება ფრიგიულ ენაში და ნიშნავს “პურს”. აქედან ფარაონმა დაასკვნა, რომ უძველესი ხალხი წინა აზიაში მცხოვრები ფრიგიელებია და არა ეგვიპტელები, როგორც მისი ქურუმები ფიქრობდნენ.

  უფრო სანდო ცნობებს სხვა ანტიკური წყაროები შეიცავს. მაგალითად, პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ვინმე სოფისტ გიპიუსს თავი მოჰქონდა იმით, რომ შეეძლო 50 სახელის დახსომება ერთი წაკითხვით, რისი შემოწმებაც სათანადო ცდის ჩატარებას საჭიროებდა. ასევე მეხსიერების ექსპერიმენტულ კვლევას ეხება პირველი საუკუნის ცნობა, რომელსაც გვაწვდის რიტორი სენეკა, ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის მამა. მას შეეძლო 2000 სიტყვისა და 200 ლექსის ზუსტი აღდგენა მოსმენისთანავე. ეს მიღწევა მართლაც შთამბეჭდავია. ის გულისხმობს მნემონიკის ანუ “მეხსიერების ხელოვნების” აქტიურ გამოყენებას, რაც პრაქტიკული საჭიროებით აიხსნება: წარსულში, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალებათა შეზღუდულობის პირობებში, მეხსიერების ძალას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამგვარი ცდები შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. XვI საუკუნის ცნობილი ფრანგი ჰუმანისტი მარკ ანტონიუს მურეტი აღწერს, როგორ უკითხავდნენ ახალგაზრდა კორსიკელ სტუდენტს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლათინური, ბერძნული და “ბარბაროსული” წარმოშობის სახელების გრძელ სიას, რის შემდეგ მან უშეცდომოდ გაიმეორა ისინი არა მარტო იმავე თანმიმდევრობით, არამედ შებრუნებული თანმიმდევრობითაც; უფრო მეტიც, იგი ასახელებდა მხოლოდ რიგის კენტ წევრებს. მურეტი არ აზუსტებს სახელების რაოდენობას, მაგრამ შენიშნავს, რომ ის იმდენად დიდი იყო, რომ ცდის ბოლოს ყველა, ვინც სახელებს კითხულობდა, იწერდა ან უბრალოდ აკვირდებოდა ცდას, ძალიან დაიღალა. მნემონიკის გამოყენების ფაქტს ადასტურებს ის, რომ სხვა ახალგაზრდამ, რომელიც არ გამოირჩეოდა კარგი მეხსიერებით, კორსიკელთან ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, შეძლო 500 სიტყვაზე მეტის აღდგენა ნებისმიერი თანმიმდევრობით.

  ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ცხადია, მხოლოდ მეხსიერების სფეროში არ ტარდებოდა. სულ სხვა სფეროს მიეკუთვნება იეზუიტ ანასთასიუს კირხერის მიერ აღწერილი “ქათმის წარმოსახვის საუცხოო ცდა” (1646). ქათამს შეკრული ფეხებით ვათავსებთ იატაკზე. თავდაპირველად ის განთავისუფლებას ცდილობს, შემდეგ კი წყნარდება და ბედს ეგუება. ამ დროს ქათმის თვალის გაყოლებაზე იატაკზე ცარცით ვავლებთ ხაზს, რომელიც წააგავს ბაწარს. შემდეგ ვუხსნით ქათამს ფეხებს. განთავისუფლებული ქათამი აღარ ცდილობს გაქცევას და იმავე მდგომარეობაში რჩება. ამის მიზეზი, მამა კირხერის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა ქათმის ცხოველი ფანტაზია, რომელიც იატაკზე გავლებულ ხაზს თავის შემბოჭავ ბაწრად წარმოიდგენს. კირხერი იმასაც ამატებს, რომ ეს ცდა მრავალჯერ გაუმეორებია, რაც დამსწრეთა გაოცებას იწვევდა და დარწმუნებულია, რომ ეს მოვლენა სხვა ცხოველებთანაც აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენის გამოწვევა ხერხდება ყოველგვარი ფეხების შეკვრისა და ხაზის გავლების გარეშეც. ამისთვის საკმარისია ქათმის მოძრაობა იქამდე შევზღუდოთ, სანამ ის არ დაწყნარდება. აქ სინამდვილეში საქმე გვაქვს ჰიპნოზის გამოვლენასთან ცხოველებში. ისიც ცხადია, რომ “ქათმის წარმოსახვა” არაფერ შუაშია. ასეა თუ ისე, ესეც ნამდვილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მაგალითია.

  როგორც ითქვა, XVIII საუკუნიდან ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა გავრცელება დაიწყო. რაც მთავარია, ცდები წმინდა მეცნიერული მიზნებით ტარდება და, უპირატესად, ელემენტარულ ფსიქიკურ პროცესებს, კერძოდ, მხედველობით შეგრძნებებს ეხება. მაგალითად, ექსპერიმენტულად შეისწავლებოდა ე.წ. ბრმა წერტილის სიდიდე (ბერნული, სმისი, მესენბრუკი, კოვალო და სხვა), მხედველობის სიმახვილე ანუ მხედველობის უმცირესი კუთხე, რომელიც ჯერ კიდევ იძლევა საგანთა დანახვის შესაძლებლობას (გუკი, ბიუფონი, მაიერი, სმისი, ნოლე და სხვა), თანამიმდევრული კვალის ხანგრძლივობა (ზეგნერი, მესენბრუკი, დარსი, ტეტენსი და სხვა), მხედველობითი გამღიზიანებლების გარჩევის ზღურბლი (ბუგე).

  ამ ექსპერიმენტების საერთო მეთოდური პრინციპი შემდეგშია: იღებენ გარკვეულ გამღიზიანებელს და თანდათანობით ცვლიან მის ინტენსივობას წინასწარ გამიზნული ეფექტის მიღწევამდე, შემდეგ კი ადგენენ ამ ეფექტის გამომწვევი გამღიზიანებლის ზუსტ სიდიდეს. მაგალითად, მხედველობის ცენტრიდან თანდათან გადააადგილებენ ობიექტს იმ წერტილამდე, სადაც იგი უხილავი გახდება, შემდეგ კი ადგენენ მხედველობის კუთხეს. ამგვარი ექსპერიმენტები იმ მარტივი ფიზიკური ცდების ანალოგიურია, რომლითაც იზომება ფიზიკური მოვლენების ესა თუ ის თვისება. ვთქვათ, რომელიმე სითხის დუღილის ტემპერატურის გასარკვევად ეს სითხე მიჰყავთ დუღილამდე, შემდეგ კი ზომავენ მის ტემპერატურას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისთვის დამასახიათებელია შესასწავლი ფსიქიკური მოვლენებისა და მეთოდური ხერხების სიმარტივე, აგრეთვე ნაკლები სიზუსტე და სანდოობა, რაც, თავის მხრივ, ცდების გამეორებათა მცირე რიცხვითა და შედეგების სტატისტიკური დამუშავების დაბალი დონით აიხსნება.

  ამ მხრივ ფეხნერის ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტები უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ფსიქოფიზიკური ცდებისთვის დამახასიათებელია ის, რომ აქ გამოიყენება სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებული მეთოდიკა (იხ. თავი 5.2.). გარდა ამისა, ფსიქოფიზიკური კვლევისას ზუსტი და სანდო მონაცემების მისაღებად ცდები მრავალჯერ ტარდება [1], ხოლო შედეგების დამუშავება მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ხდება. აქედან გამომდინარე გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფსიქოფიზიკური კვლევის დანერგვა მოასწავებს ფსიქოლოგიის გადასვლას სხვა მეცნიერებათაგან ნასესხები მეთოდებისაგან საკუთარი ექსპერიმენტული პროცედურების გამოყენებაზე ანუ, არსებითად, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ფსიქოლოგიზაციასა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გადასვლას მეტ-ნაკლებად დილეტანტური და არაზუსტი ექსპერიმენტიდან მკაცრ და სანდო ექსპერიმენტულ კვლევაზე.

  ცნობიერების მოვლენათა ასეთ შესწავლას ისახავდა მიზნად ვილჰელმ ვუნდტი, როდესაც 1879 წელს ლაიფციგში პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია დააარსა. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, დასაბამი სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. თუმცა ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე წლით ადრე პატარა ლაბორატორიები მოაწყვეს უ. ჯეიმსმა ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში და გ.ე. მიულერმა გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში. მაგრამ, ვუნდტის ლაბორატორიისაგან განსხვავებით, მათ არ ჰყავდათ თანამშრომელთა შტატი. ისინი არა კვლევით, არამედ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ამოცანების (ლექციების მომზადება და თვალსაჩინო დემონსტრაციები) გადაწყვეტას ემსახურებოდნენ. ლაიფციგის ლაბორატორია მალე ინსტიტუტად გადაკეთდა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული პირები გადიოდნენ წვრთნას ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარებაში, ვუნდტის ხელმძღვანელობით ეწეოდნენ კვლევით მუშაობას. ვუნდტმა და მისმა თანამშრომლებმა შექმნეს არაერთი ახალი ხელსაწყო (მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ტაქისტოსკოპი). მაგრამ, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც, ლაბორატორიის ძირითად აღჭურვილობას ფიზიკური და ფიზიოლოგიური პროცესების გამზომი სხვადასხვაგვარი ქრონოგრაფები, ქრონოსკოპები, მეტრონომები და მსგავსი ხელსაწყოები შეადგენდა. ეს გარემოება თავისთავად მიანიშნებს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის საბუნებისმეტყველო, უპირატესად ფიზიოლოგიურ წარმომავლობაზე.

  ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევა მეთოდიკის თვალსაზრისით ექსპერიმენტულ ინტროსპექციას წარმოადგენდა. როგორც უკვე ითქვა, ვუნდტის აზრით ფსიქოლოგია არის მეცნიერება ცნობიერების მოვლენების შესახებ, რომლებზეც პირდაპირი და უშუალო დაკვირვება მხოლოდ ინტროსპექციის გზითაა შესაძლებელი. ფაქტობრივად, ექსპერიმენტი ვუნდტისთვის თვითდაკვირვების სისტემატიზაციის საშუალება იყო. იმისთვის, რომ თვითდაკვირვებამ ექსპერიმენტული პროცედურის სახე მიიღოს, იგი მოწესრიგებულ და კონტროლირებად პროცესად უნდა ვაქციოთ. ასეთი ექსპერიმენტული თვითდაკვირვება ოთხ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: - 1) ცდისპირს უნდა შეეძლოს თვითონ განსაზღვროს გამოსაკვლევი ფსიქიკური მოვლენის დაწყების მომენტი; 2) ცდისპირს უნდა შეეძლოს ამ ფენომენის მაქსიმალური ყურადღებით განცდა; 3) შესაძლებელი უნდა იყოს დაკვირვების მრავალჯერადი გამეორება და 4) შესაძლებელი უნდა იყოს მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაცია.

  ვუნდტის თანახმად, ექსპერიმენტი სწრაფმავალი ფსიქიკური პროცესების დაფიქსირებისა და გამეორების საშუალებას იძლევა, რაც ინტროსპექციისთვის მაქსიმალურად კარგ პირობებს ქმნის. ამასთანავე, საჭიროა, რომ ცდისპირიც გარკვეულად გავარჯიშებული იყოს თვითდაკვირვებაში. ვუნდტის ყველაზე ცნობილი და ერთგული მიმდევარი ტიჩენერი იმასაც კი ამბობდა, რომ ყოველი ფსიქოლოგიური ცდა ინტროსპექციის გაკვეთილს წარმოადგენსო. თუმცა თვითდაკვირვება ექსპერიმენტულ პირობებშიც კი ბევრ ობიექტურ და სუბიექტურ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ იგი ყოველთვის, ერთგვარად, არაზუსტი და არასრულია. მაშასადამე, საჭიროა მისი კონტროლირება, თვლიდა ვუნდტი. კონტროლის ასეთ საშუალებად განცდების თანმხლები ფიზიოლოგიური სიმპტომების (გულისცემა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვის სიხშირე, კუნთური დაძაბულობა, რეაქციის ხანგრძლივობა და სხვა) რეგისტრაცია გვევლინება. ამგვარად, ვუნდტის თანახმად, ნამდვილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი გულისხმობს თვითდაკვირვებასა და მისი ობიექტური კონტროლის შეხამებას. ინტროსპექციის გარეშე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი უბრალო ფიზიოლოგიურ ცდად იქცევა, ხოლო ფიზიოლოგიური მონაცემების რეგისტრაციის გარეშე - ის იქნება წინა ეპოქისთვის დამახასიათებელი უსისტემო თვითდაკვირვება.

  ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ბუნების შესახებ ვუნდტის შეხედულებამ პირდაპირ განსაზღვრა მის მიერ ექსპერიმენტის გამოყენების ფარგლები. ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება მთელი ფსიქიკური სინამდვილის შესასწავლად შეუძლებელია. მისი გამოყენება მართებულია მხოლოდ ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზე მყოფი, შედარებით მარტივი ფსიქიკური მოვლენების საკვლევად. რთული ფსიქიკური ფენომენები ექსპერიმენტულ შესწავლას არ ექვემდებარება, ვინაიდან ამ უკანასკნელთა ექსპერიმენტული კვლევისას შეუძლებელია ფსიქოლოგიური ექსპრიმენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნების დაცვა. ექსპერიმენტული ზემოქმედების შესაძლებლობა მოცემულია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს მყარი და ერთმნიშვნელოვანი კავშირი გამღიზიანებელსა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ასეთი რამ კი მხოლოდ ელემენტარული ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში გვხდება. ამიტომაცაა შესაძლებელი მათი ხელოვნური გამოწვევა, გამეორება, გამოვლენის პირობების ვარირება, ზუსტი დროითი ფიქსაცია, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ექსპერიმენტისთვის. რთული და ცენტრალური ფსიქიკური პროცესების (ფანტაზია, აზროვნება, ნებელობა, მაღალი გრძნობები და ა.შ.) შემთხვევაში ამ ლაბორატორიული პროცედურების შესრულება ან ძალიან შეზღუდულია, ანდა სულაც შეუძლებელი. ვუნდტი მათ შესწავლას სპეციალური დისციპლინის, ე.წ. ხალხთა ფსიქოლოგიის ფარგლებში ცდილობდა, რაც, ფაქტობრივად, კულტუროლოგიური მასალის ანალიზს ისახავს მიზნად.

  ვუნდტი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის სამ სახეს განასხვავებდა: შთაბეჭდილების, გამოსახულების და რეაქციის. პირველ შემთხვევაში მიიღება ინტროსპექციული მონაცემები გარკვეული გამღიზიანებლებით აღძრული შთაბეჭდილების შესახებ, მეორეში - განცდის თანმდევ გამომხატველ მოძრაობათა, ხოლო მესამეში - სამოძრაო თუ სიტყვიერი რეაგირების სიჩქარის შესახებ. შესაბამისად, მათი გამოყენების გზით განსხვავებული ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენები შეისწავლება.

  ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა გამოთვალეს, რომ ვუნდტის ინსტიტუტში შესრულებულ ექსპერიმენტულ კვლევათა ნახევარი ეძღვნებოდა შეგრძნებისა და აღქმის საკითხებს; დაახლოებით 17% - რეაქციის დროს; ყურადღების ელემენტარულ გამოვლინებებს, მარტივ გრძნობებს, წარმოდგენათა ასოციაციებს - 10-10% თითოეულს.

  შეგრძნებათა და აღქმის შესწავლა შთაბეჭდილების მეთოდით მიმდინარეობდა. შეგრძნებებიდან ყველაზე მეტი კვლევა შეეხო მხედველობის, შემდეგ სმენის (სკრიპჩური, კრიუგერი და სხვა) და შეხების (ბლიქსი, გოლდშაიდერი და სხვა) მოდალობებს. შესრულებული იყო რამდენიმე კლასიკური გამოკვლევა ყნოსვის (ცვადემაკერი) და გემოს (კიზოვი) სფეროში. აღქმასთან დაკავშირებული საკითხებიდან ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო სიდიდის აღქმას, დროის აღქმასა და ოპტიკურ ილუზიებს. 1889 წელს მარტიუსმა პირველად ექსპერიმენტულად გამოავლინა აღქმის ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიც კონსტანტობაა.

  აღნიშვნის ღირსია რეაქციის დროის ექსპერიმენტით ჩატარებული კვლევები. საქმე ისაა, რომ ვუნდტი მათზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ აქ იხსნებოდა გზა ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის ხანგრძლივობის გაზომვისა, ანუ, მაშინდელი გამოთქმით, ქრონომეტრირებისა. ფსიქოლოგიური კვლევის ამ განხრას ფსიქომეტრია ეწოდა (იხ. თავი 5.3.). მას, ფაქტობრივად, ფ. დონდერსმა ჩაუყარა საფუძველი, როცა განასხვავა ერთმანეთისაგან მარტივი და რთული რეაქციის დრო. პირველ შემთხვევაში ცდისპირი ერთ გამღიზიანებელზე ერთი რეაქციით პასუხობს. მეორე შემთხვევაში ამოცანა გართულებულია: ცდისპირმა უნდა უპასუხოს რამდენიმე გამღიზიანებლიდან ერთ-ერთს (განსხვავების რეაქცია) ან უპასუხოს რამდენიმე შესაძლო რეაქციიდან ერთ-ერთით (არჩევის რეაქცია). რთულ რეაქციას ბუნებრივია მეტი დრო ესაჭიროება; ამ დროით, ფაქტობრივად, იზომება ჩართული ფსიქიკური პროცესების ხანგრძლივობა. ვუნდტის თანამშრომელმა ლუდვიგ ლანგემ 1888 წელს აღმოაჩინა, რომ რეაქციის დრო იცვლება იმის მიხედვით, პროცესის რომელ მხარეზე, მოტორულზე თუ სენსორულზე, არის მიმართული ცდისპირი. ის ნაკლებია, როცა ცდისპირი მომზადებულია (განწყობილია) საპასუხო სამოძრაო რეაქციის სწრაფი შესრულებისთვის და არა სტიმულის სწრაფი აღქმისთვის. ეს განსხვავება, ვუნდტის აზრით, განპირობებულია იმით, რომ პირველ შემთხვევაში ხდება გამღიზიანებლის მხოლოდ პერცეფცია, ხოლო მეორეში - აპერცეფცია. სხვაობა ამ დროებს შორის (ე.წ. გამოკლების მეთოდი) იძლევა აპერცეფციისთვის საჭირო დროს. ეს მაჩვენებელი წამის მეათედის ტოლი აღმოჩნდა. ვუნდტი სულ უფრო ართულებდა ექსპერიმენტის სქემას, რთავდა მასში დამატებით აპერცეფციულ პროცესებს, რათა მათი ქრონომეტრირება მოეხდინა. მაგრამ, საბოლოოდ, ამ კვლევამ არ გაამართლა იმედი, არ გამოიღო სანდო და მდგრადი შედეგი.

  თვით ლ. ლანგე მის მიერ მიღებულ ეფექტს იმით ხსნიდა, რომ ექსპერიმენტში იქმნება ორი სახის განწყობა - მოტორული და სენსორული. მოტორულ განწყობას მზადყოფნაში მოჰყავს სამოძრაო სისტემა, რაც აადვილებს რეაქციას. ამის შემდეგ მოტორული განწყობის იდეა გამოყენებულ იქნა სხვა ფენომენების, კერძოდ სიმძიმეების აღქმის სფეროში გამოვლენილი ილუზიების ასახსნელად (მაგ., ე.წ. შარპანტიეს ილუზია, როცა სხვადასხვა სიდიდის, მაგრამ ერთნაირი სიმძიმის საგნები განსხვავებული წონის ობიექტებად განიცდება). ეს მოვლენა მიულერისა და შუმანის მიერ 1889 წელს ჩამოყალიბებული მოტორული განწყობის თეორიით იქნა ახსნილი. ამ თეორიის თანახმად, სიმძიმის ილუზიებს მოტორულ აპარატში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს. მოგვიანებით მოტორული განწყობის თეორიის საპირისპიროდ დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია, რომელიც ე.წ. ფიქსირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული მრავალნაირი ექსპერიმენტული მონაცემით იქნა განმტკიცებული (იხ. თავი 13.2.). ლ. ლანგეს გამოკვლევის ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან სათავე დაუდო განწყობის ფენომენის ექსპერიმენტულ შესწავლას.

  რეაქციის დროის ცდებში სტიმული სენსორულია, ხოლო რეაქცია - მოტორული. ასოციაციური ექსპერიმენტიც რეაგირების სისწრაფეზეა მიმართული, მაგრამ აქ სტიმულიც და რეაქციაც ვერბალური ხასიათისაა. პირველი, ვინც დაიწყო ვერბალური ასოციაციების ექსპერიმენტული შესწავლა, იყო ფრენისის ჰალტონი (1879). მან შეადგინა სიტყვების რიგი, რომელსაც რაიმეს აფარებდა და სიტყვებს ერთიმეორის მიყოლებით აჩენდა. ყოველი ახალი სიტყვის გამოჩენისას რთავდა წამზომს და გამორთავდა მაშინ, როცა ცნობიერებაში გაჩნდებოდა ამ სიტყვით გამოწვეული რაიმე წარმოდგენა. ჰალტონისთვის ასოციაციების სისწრაფეს გონებრივი პროცესების სისწრაფის მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მათი მეშვეობით ინდივიდუალური გონიერების გაზომვას ცდილობდა (იხ. თავი 7.2.). ვუნდტს, როგორც ცნობილია, ინდივიდუალური განსხვავებები არ აინტერესებდა. მაგრამ ჰალტონის ცდებით იგი ძალიან დაინტერესდა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ამ გზით შესაძლებელია ზოგად კანონზომიერებთა გამოვლენა. გარდა ამისა, ჰალტონის ცდები სრულად ეთანხმებოდა ექსპერიმენტული ინტროსპექციის სქემას - აქაც ხელოვნურად შექმნილ პირობებში სუბიექტი აკვირდება საკუთარ ცნობიერებაში მიმდინარე მოვლენებს. ვუნდტმა გაამარტივა და დახვეწა ასოციაციური ექსპერიმენტი. ამისთვის გამოიყენა ე.წ. გიპის ქრონოსკოპი, რომელსაც ცდისპირი გამორთავდა მაშინ, როდესაც სიტყვაგამღიზიანებლის საპასუხოდ მას ცნობიერებაში სიტყვა-რეაქცია უჩნდებოდა.

  ასოციაციის დრო განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა ასოციაცია. ცდების მონაცემების ანალიზმა და კლასიფიკაციამ სამი ტიპის ასოციაციური კავშირი გამოავლინა: 1) სიტყვიერი, რომელიც ცხოვრების პროცესში სიტყვათა შორის ჩამოყალიბებულ მდგრად კავშირებს გამოხატავს; 2) გარეგანი, ანუ შემთხვევითი ნიშნებით დამყარებული კავშირი და 3) შინაგანი, რომელიც დაფუძნებულია ლოგიკურ მიმართებებზე. ამ კვლევის რეალური მნიშვნელობა ისაა, რომ მან გზა გაუხსნა ასოციაციური მეთოდის გამოყენებას დიაგნოსტიკური ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში - კლინიკურში (კ. იუნგი), იურიდიულში (ა. ლურია) და სხვა.

  ყურადღების ფენომენებთან დაკავშირებული პრობლემებიდან ლაიფციგის ლაბორატორიაში განსაკუთრებით ინტენსიურად შეისწავლებოდა საკითხი ორი გამღიზიანებლის (მაგ., მხდველობითი და სმენითი) ერთდროული აღქმის კანონზომიერებათა შესახებ (ე.წ. კომპლიკაციის ცდები). საკმაოდ ბევრი გაკეთდა ყურადღების მოცულობის დასადგენად. ტაქისტოსკოპური ცდებით გაირკვა, რომ ის 4-6 მარტივი გამღიზიანებლის ტოლია. ვუნდტის რუსეთიდან ჩამოსულმა მოწაფემ ნიკოლოზ ლანგემ (1858-1921) ყოველმხრივ შეისწავლა მოვლენა, რომელსაც ყურადღების რხევა ეწოდა. ნ. ლანგემ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მოდალობის გამღიზიანებელის მიწოდებისას ცდისპირის აღქმის ინტენსივობა 2-4 წამის პერიოდულობით ირხევა (მატულობს და იკლებს). მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფენომენი ცენტრალური ბუნებისაა ანუ გამოწვეულია ყურადღების მოქმედების ტალღისებურობით და არა გრძნობის ორგანოში მიმდინარე პროცესების რითმულობით. სხვათა შორის, ვუდტის კიდევ ერთი გამოჩენილი მოწაფის, ჰ. მიუნსტენბერგის მონაცემების მიხედვით, რომლებიც უკვე სხვა, ფრაიბურგის ლაბორატორიაში იქნა მოპოვებული, ყურადღების რხევის პერიოდი უფრო ხანგრძლივია და უკავშირდება გამღიზიანებლის მოდალობას, რის საფუძველზე შემუშავდა ე.წ. პერიფერიული თეორია.

  მარტივი გრძნობების შესწავლა, ძირითადად, გამოსახულების მეთოდით მიმდინარეობდა და მიმართული იყო ვუნდტის ემოციების სამგანზომილებიანი თეორიის შემოწმებისკენ.

  ვუნდტის მიერ ორგანიზებული ექსპერიმენტული კვლევა ეხებოდა მარტივ ფსიქიკურ პროცესებს და მიმდინარეობდა ექსპერიმენტული ინტროსპექციის მეთოდოლოგიით. პირველი, ვინც დაარღვია ფსიქოლოგიური ექსპერიმენტული კვლევის ეს ტრადიცია, იყო გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ჰერმან ებინჰაუსი (1850-1909). მან ყველასაგან დამოუკიდებლად ხელი მოჰკიდა ნებისმიერი (განზრახული) მეხსიერების ექსპერიმენტულ შესწავლას, რომელსაც ვუნდტი მაღალ ფსიქიკურ პროცესებს აკუთვნებდა. ებინჰაუსმა აგრეთვე შეიმუშავა კვლევის მეთოდური პრინციპი, რომელშიც თვითდაკვირვება გათვალისწინებული არ იყო.

  ებინჰაუსი ფართო ინტერესებით გამოირჩეოდა. ჰალესა და ბერლინში იგი ეუფლებოდა ისტორიას, ფილოლოგიასა და ფილოსოფიას. ბოლოს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ედუარდ ჰარტმანის არაცნობიერის ფილოსოფიის შესახებ. მაგრამ მისი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებული არ იყო და იგი სამი წლით გაემგზავრა საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც ესწრებოდა ლექციებს და ეცნობოდა კულტურას. აქ ებინჰაუსი ინტერესდება ფსიქოლოგიით. პარიზის პატარა ბუკინისტურ მაღაზიაში იგი შემთხვევით წააწყდა ფეხნერის წიგნს “ფსიქოფიზიკის ელემენტები”, რომელმაც თავისი მკაცრი მათემატიკური მიდგომით მასზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. ფეხნერის მიერ შეგრძნებათა გაზომვამ დაარწმუნა ებინჰაუსი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული კვლევის პერსპექტიულობაში და დააფიქრა უმაღლესი პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობაზე. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა ფსიქიკის გაზომვისა და კანონებში გამოხატვის იდეა მეხსიერებაზე გამოეცადა. ამისთვის საჭირო იყო ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელშიც მოცემული იქნებოდა მეხსიერების საზომი ერთეული. ასეთ ერთეულად უაზრო მარცვალი იქნა მიჩნეული. ეს მართლაც უაღრესად ნაყოფიერი მიგნება აღმოჩნდა. შინაარსის მატარებელი ვერბალური ან არავერბალური მასალის გამოყენება ართულებს მეხსიერების გაზომვას, რადგანაც ის ყოველთვის ჩვენი ინდივიდუალური წარსულის გამოცდილებით არის გაჯერებული და, ამდენად, სხვადასხვა ასოციაციებითაა დატვირთული. ობიექტური გაზომვისთვის კი აუცილებელია, რომ მასალა ყველასთვის ერთნაირად ინდიფერენტული, ანუ ერთნაირად დამახსოვრებადი იყოს. ამის გათვალისწინებით უაზრო მარცვლების გამოყენება სავსებით მართებულია. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დასამახსოვრებელი მარცვლების ისე შერჩევა, რომ ისინი არ იწვევდნენ რაიმე სიტყვის ასოციაციას და თანაბრად უცხოები იყვნენ ყველა ცდისპირისთვის.

  ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა ებინჰაუსი, როცა შეადგინა 2300 მარცვალი (ორი თანხმოვანი და შუაში ხმოვანი), დაყო ისინი სერიებად და შეუდგა მეხსიერების კვლევას თავის თავზე, ორი ძირითადი მეთოდით: 1) დასწავლის მეთოდით, რაც გულისხმობს მარცვლების რიგის გამეორებას მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული უშეცდომო რეპროდუქცია; 2) ეკონომიის ან მომარაგების მეთოდით, რომელიც ადრე დასწავლილი და დავიწყებული მასალის გარკვეული ხნის მერე გამეორებაში მდგომარეობს. თავდაპირველი და ხელახალი დასწავლისთვის საჭირო გამეორების მაჩვენებლებს შორის სხვაობა იძლევა ე.წ. მომარაგების კოეფიციენტს. რაც უფრო მაღალია ამ კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფრო კარგად ყოფილა დასწავლილი მასალა ცდის პირველ ნაწილში. ამ მეთოდით ირკვევა, მაგალითად, რომ აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს. ერთხელ ნასწავლის ხელმეორედ სწავლა ყოველთვის უფრო ადვილია. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კანონზომიერებაა მათ შორის, რაც ებინჰაუსმა თავისი უპრეცედენტო კვლევის შედეგად დაადგინა. ეს, მართლაც, ტიტანური შრომა, სადაც ცდისპირი და ცდის ხელმძღვანელი ერთი ადამიანი იყო, რამდენიმე წელს გაგრძელდა და ყოველდღიურად უზარმაზარი მასალის დამახსოვრებასა და აღდგენას გულისხმობდა. მისი შედეგები ებინჰაუსმა ჩამოაყალიბა ეპოქალური მნიშვნელობის წიგნში - “მეხსიერების შესახებ” (1885). მასში დადგენილი კანონზომიერებანი დღესაც ზოგადი ფსიქოლოგიის ოქროს ფონდს შეადგენს.

  აღვნიშნოთ მხოლოდ უმთავრესი: ა) დადგენილ იქნა, რომ არსებობს სრულიად გარკვეული კავშირი მასალის მოცულობასა და დახსომების მსვლელობას შორის. მეხსიერების ერთჯერადი მოცულობა 6-8 მარცვლის ტოლი აღმოჩნდა; სწორედ ასეთი ოდენობის მასალის დახსომება შეუძლია ადამიანს ერთი გამეორებით. მასალის შემდგომი მატება აძნელებს დახსომებას, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად. თუ 6 მარცვლის დახსომებას 1 გამეორება ჰყოფნის, 12 მარცვალის დახსომებას ესაჭიროება არა 2 გამეორება, არამედ 10-12, 24 მარცვალს - 44 და ა.შ. მოგვიანებით ფუკომ ეს კანონზომიერება დახსომებისთვის საჭირო დროის მაჩვენელებს შეუფარდა და ჩამოაყალიბა კანონი, რომლის მიხედვით დახსომების დრო მასალის რაოდენობის კვადრატის პროპორციულად მატულობს. ბ) გაირკვა, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ადგილი უკავია დასახსომებელ ერთეულს რიგში. ცდისპირები უკეთესად იხსომებენ სერიის პირველ და ბოლო მარცვლებს. გ) აღმოჩნდა, რომ მრავალჯერადი გამეორებისას თითოეული გამეორების მნემური ღირებულება ტოლფასი არ არის. ის მით უფრო მცირეა, რაც უფრო დაშორებულია დასაწყისიდან. შესაბამისად, ყველაზე ეფექტურია პირველი გამეორება და პირიქით. დ) უკანასკნელი კანონზომიერება ვლინდება მაშინ, როცა გამეორებათა შორის დროის ინტერვალი ჩნდება. აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში დასასწავლად საჭირო გამეორებათა რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს, მით უფრო შესამჩნევად, რაც უდრო დიდია იგი (შემდგომ კვლევაში იოსტმა გაარკვია, რომ ინტერვალი აუცილებლად ოპტიმალური უნდა იყოს - არც ძალიან მცირე და არც ძალიან დიდი). ე) ჭარბ გამეორებას, მას მერე, რაც მასალა უშეცდომოდ არის აღდგენილი, მაინც აქვს დადებითი ეფექტი; აგრეთვე ექსპერიმეტულად პირველად გამოვლინდა მეხსიერების ვარჯიშებადობის დამადასტურებელი ფაქტები. ვ) დასწავლის კანონზომიერებებთან ერთად ამ კვლევაში შესწავლილ იქნა დავიწყების კანონზომიერებებიც. ძალიან განზოგადებული სახით დავიწყების ძირითადი კანონი შემდეგია: დავიწყება არის დროის ფუნქცია. უფრო კონკრეტულად კი შეიძლება ასეც ითქვას: რაც უფრო მეტი დრო გადის დასწავლის მომენტიდან, მით უფრო შორს მიდის დავიწყების პროცესი, თუმცა აბსოლუტური დავიწყება, ფაქტობრივად, არასოდეს მიიღწევა. დავიწყების პროცესის ხასიათს გამოხატავს ებინჰაუსის ე.წ. დავიწყების მრუდი, რომელიც აჩვენებს, რომ თავიდან დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია, შემდეგ კი საგრძნობლად კლებულობს და ბოლოს თითქმის აღარ იცვლება.

  დასწავლა და დავიწყება შემდგომშიც ინტენსიური ექსპერიმენტული კვლევის საგანი იყო. მიუხედავად ამისა, “თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგია ამ საკითხში არსებითად ჯერ კიდევ ებინჰაუსის პოზიციაზე დგას და მთელი მისი მუშაობა ამ უკანასკნელის შევსებისა და დაზუსტების მეტს არაფერს წარმოადგენს”. ეს სიტყვები დიმიტრი უზნაძემ ებინჰაუსის გამოკვლევებიდან ნახევარი საუკუნის მერე დაწერა. მეხსიერების ფსიქოლოგიის დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს ებინჰაუსის შრომის მნიშვნელობა.

  ფსიქოლოგიის ისტორიის პოზიციიდან ებინჰაუსის მეცნიერული მოღვაწეობის ღირებულება მხოლოდ მის მიერ დადგენილი კანონზომიერებებით არ ამოიწურება. ებინჰაუსმა, ვუნდტთან შედარებით, კვლევაში ორი პრინციპული სიახლე შეიტანა და ამით საგრძნობლად შეუწყო ხელი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შემდგომ განვითარებას. ჯერ ერთი, მან, არსებითად, საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტის ახალ სახეობას, რომელიც მაქსიმალურად იყო „გაწმენდილი” თვითდაკვირვებისაგან. შესაბამისად, ის უფრო აკმაყოფილებდა ობიექტური მეთოდის მოთხოვნებს. მართლაც, ამ ცდებში აღარ ფიქსირდებოდა სუბიექტის განცდები: ცდისპირს ევალებოდა არა საკუთარ განცდებზე დაკვირვება, არამედ მოქმედება. იგი გარკვეულ ამოცანას (მასალის დასწავლას ან აღდგენას) ასრულებდა, ხოლო ცდის ხელმძღვანელი აღრიცხავდა შედეგებს. საბოლოო ჯამში ხერხდებოდა რაიმე მოვლენასა (დამახსოვრებას ან დავიწყებას) და გარკვეულ ფაქტორს შორის (გამეორებათა სიხშირე ან დროში განაწილება, მასალის მოცულობა და ა.შ.) ობიექტურად არსებული დამოკიდებულების გარკვევა. აღმოჩენილი ფუნქციური კავშირი გამოისახება სათანადო გრაფიკით. ასეთი მეთოდური მიდგომა გავრცელდა ბევრ სფეროში, განსაკუთრებით კი მრავალრიცხოვან ბიჰევიორისტულ კვლევებში, სადაც შეისწავლებოდა ჩვევათა შემუშავების პროცესი ადამიანებთან თუ ცხოველებთან.

  ამრიგად, ებინჰაუსმა დაძლია ვუნდტის ექსპერიმენტის შეზღუდულობა. თვით უმკაცრესი ინტროსპექციონისტი ტიჩენერიც კი უაზრო მარცვლების გამოყენებას აფასებდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას არისტოტელეს შემდგომ ფსიქოლოგიაში. თუმცა ამ მეთოდით ჩატარებულ ცდებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ “ინტროსპექციის გაკვეთილს”, რასაც ტიჩენერი ყველა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისაგან მოითხოვდა.

  ებინჰაუსზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი აუარო ფსიქოლოგიაში მისი მოღვაწეობის სხვა მხარეებსაც, რომლებიც არაა დაკავშირებული ექსპერიმენტულ კვლევასთან. ორი მათგანი განსაკუთრებულად არის გამოსაყოფი. ერთი ეხება მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს “ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1902), რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ავტორის თხრობის ნათელმა და საინტერესო სტილმა. ბორინგის შეფასებით ებინჰაუსი იგივე იყო გერმანიისთვის, რაც ჯეიმსი ამერიკისთვის, როგორც იმ ერთადერთი ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკითხებოდა. მეორე მომენტი უკავშირდება ებინჰაუსის წარმატებულ ორგანიზაციულ-საგამომცემლო მოღვაწეობას. 1890 წელს არტურ კენიგთან ერთად მან დააფუძნა “ფსიქოლოგიისა და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის ჟურნალი”, რომელიც ვუნდტის სკოლისაგან დამოუკიდებელი გერმანელი მკვლევარების ბეჭდვითი ორგანო გახდა.

  დაბოლოს, აუცილებელია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ებინჰაუსმა პირველმა დაარღვია ვუნდტის მიერ დადებული ტაბუ მაღალი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტულ შესწავლაზე, თანაც გააკეთა ეს არა მხოლოდ მეხსიერების, არამედ აზროვნების მიმართაც. 1897 წელს ებინჰაუსმა შეიმუშავა ე.წ. დაუსრულებელი წინადადებების მეთოდი მოწაფეთა გონებრივი უნარების გასაზომად და ამით ექსპერიმენტი ინტელექტუალური პროცესების სფეროშიც შეიტანა.

  მეხსიერების კვლევის ებინჰაუსისეული მიდგომა აიტაცა გეორგ ელიას მიულერმა (1850-1934), რომელიც სამართლიანად ითვლება თავისი დროის გამოჩენილ ექსპერიმენტატორად. გიოტინგენში მის მიერ ჩამოყალიბებული ლაბორატორია თავისი მნიშვნელობით მეორე იყო გერმანიაში ვუნდტის ლაბორატორიის მერე. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ექსპერიმენტული მუშაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევები შესრულდა ფსიქოფიზიკის, მხედველობითი აღქმისა და მეხსიერების სფეროში. მიულერმა და მისმა თანამშრომლებმა (იოსტი, კალკინსი, ფუკო, შუმანი და სხვა) შექმნეს მეხსიერების კვლევის ახალი მეთოდები, დააზუსტეს ებინჰაუსის ზოგიერთი მონაცემი და გამოავლინეს ახალი კანონზომიერებანი. მაგალითად, მიულერმა აღმოაჩინა, რომ უაზრო მარცვლების მოგონება დამოკიდებულია არა მხოლოდ მარცვლების ან გამეორებათა რიცხვზე და მსგავს ფაქტორებზე, რომლებიც ებინჰაუსმა შეისწავლა, არამედ დიდწილად იმაზეც, თუ აქტიური დამახსოვრების რა ხერხებს მიმართავს ცდისპირი, ეს შეიძლება იყოს დაჯგუფება, რიტმი ან უაზრო მარცვლებისთვის გარკვეული მნიშვნელობის მინიჭებაც კი.

  რაც შეეხება აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევას, ამით ყველაზე მეტად სახელი გაითქვა ე.წ. ვიურცბურგის სკოლამ. ამ სკოლის ლიდერად ითვლება გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი ოსვალდ კიულპე (1862-1915). კიულპე ვუნდტის ასისტენტი იყო და მასთან თორმეტ წელს იმუშავა. 1894 წელს იგი დაინიშნა პროფესორად ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტებულ ლაბორატორიას. ვიურცბურგის სკოლას მიეკუთვნება მრავალი ცნობილი მეცნიერი: ნ. ახი, კ. ბიულერი, ო. ზელცი, ა. მაიერი, კ. მარბე, ა. მიშოტი, ა. მესერი, ჯ. ორტი, ჰ. უატი და სხვა. გასაკვირი არ არის, რომ ფსიქოლოგების ამ თანავარსკვლავედმა ნამდვილი გარღვევა მოახდინა მთლიანად ზოგად და, კერძოდ, აზროვნების ფსიქოლოგიაში.

  ლაიფციგში ყოფნისას კიულპემ დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც არ შეიცავდა თავს აზროვნების შესახებ. ეს გარემოება ნიშანდობლივია. კიულპე ამ წიგნში აყალიბებს თავის კრედოს - ილაპარაკოს მხოლოდ მეცნიერულ ფაქტებზე. ვინაიდან აზროვნება იმ დროს სრულებით არ იყო ექსპერიმენტულად შესწავლილი, მან არც ჩათვალა შესაძლებლად ელაპარაკა აზროვნების მეცნიერულ ფსიქოლოგიაზე. ყველაფერი, რაც მანამდე აზროვნების შესახებ იყო ცნობილი, ამოიწურებოდა ასოციაციონისტურ-სენსუალისტური შეხედულებით, რომლის თანახმად ფსიქიკის ერთადერთი საშენი მასალა არის შეგრძნებები და წარმოდგენები; შესაბამისად, ეგონათ, რომ აზროვნებაც ამ მასალითაა აგებული. არც აზროვნების პროცესი შეიცავს რაიმე სპეციფიკურს. აქაც, როგორც სხვაგან, ასოციაციის კანონები ბატონობს. ამ კანონების შესაბამისად აზროვნების პროცესში ხდება წარმოდგენების ურთიერთგაპირობება, კომბინირება, გაერთიანება. ცნება არის წარმოდგენათა ერთდროული ასოციაციის პროდუქტი, მსჯელობა - თანმიმდევრულის. კიულპემ და მისმა თანამშრომლებმა ეს შეხედულებანი ძირფესვიანად შეარყიეს.

  თავდაპირველად ვიურცბურგში იგივე თემატიკა მუშავდებოდა, რაც ლაიფციგში. მაგრამ მალე კვლევის მეთოდოლოგიაში სპეციფიკური ელემენტი გაჩნდა. ცდისპირებს, რომელთა როლში ლაბორატორიის წევრები გამოდიოდნენ, სთხოვდნენ არა მხოლოდ იმას, რომ ეთქვათ, რომელი საგანია უფრო მძიმე (ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტი), ან ერთ სიტყვაზე მეორეთი ეპასუხათ (ასოციაციური ექსპერიმენტი), არამედ აგრეთვე იმასაც, რომ აღედგინათ, თუ რა შინაარსები უჩნდებოდათ ცნობიერებაში, სანამ გამოიტანდნენ დასკვნას სიმძიმეზე ან წარმოთქვამდნენ სიტყვა-რეაქციას. ამდენად, კვლევამ სხვა შინაარსი მიიღო. აქამდე ინტერესის საგანი იყო რაიმე ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული განცდები. იგულისხმებოდა, რომ ეს განცდები შეიცავდნენ ინფორმაციას ცნობიერების იმ ელემენტების შესახებ, რომელთაგანაც შექმნილია ფსიქიკის სტრუქტურა. ვიურცბურგელებმა თავიანთ ექსპერიმენტებში თვითდაკვირვების მიმართულება შეცვალეს. ახლა ის წარიმართა თვით მოქმედების მიმდინარეობის განცდაზე. ეს მოქმედება განიხილებოდა, როგორც მსჯელობა, რაც, პრაქტიკულად, აზროვნების პროცესია.

  პირველი ასეთი გამოკვლევა 1901 წელს შეასრულა კარლ მარბემ (18691953), რომელშიც განხილული იყო წონათა შეფასების პროცესი ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტის ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ მსჯელობა ისე მიმდინარეობს, რომ ცდისპირმა არაფერი იცის მის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ცნობიერებაში არ დასტურდება ის თვალსაჩინო შინაარსები თუ წარმოდგენები, რომლებიდანაც ლოგიკის კანონების შესაბამისად გამომდინარეობს დასკვნები. გაგება, დასკვნა, წვდომა არ ნიშნავს სათანადო ხატის გაჩენას ცნობიერებაში. თვით დასკვნა არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული. ამავე დროს, ამ პროცესში თვითდაკვირვება ადასტურებს განცდებს, რომლებიც მოკლებულია ყოველგვარ სენსორულ შინაარსს. ამ განცდებს ცნობიერების მდგომარეობები ეწოდა. იგივე ვითარება აღინიშნა მაიერის და ორტის მიერ იმავე წელს შესრულებულ გამოკვლევაში, სადაც შეისწავლებოდა ასოციაციის ექსპერიმენტში აღმოცენებული განცდები.

  თანდათანობით ექსპერიმენტული პროცედურა ტექნიკურად გართულდა, დაიხვეწა და უშუალოდ აზროვნებაზე გახდა მიმართული. მაგალითად, ცდისპირს ოპტიკურად ეძლევა სიტყვა. მან უნდა მონახოს მოცემული სიტყვის თანაქვემდებარე სიტყვა - უფრო ზოგადი ან უფრო კერძო ცნება - ე.ი. ლოგიკური კავშირი დაამყაროს მათ შორის. ეს უკვე ნამდვილი აზროვნებაა. ამასთანავე, ცდისპირს ევალება ამ ამოცანის შესრულების პროცესში აღმოცენებული განცდების აღწერა. ხშირად ეს პროცესი იყოფოდა პერიოდებად ან ინტერვალებად (მოსამზადებელი პერიოდი, გამღიზიანებელი სიტყვის აღქმის, სიტყვა-რეაქციის ძიებისა და საპასუხო სიტყვის გამოვლენის პერიოდი). სხვადასხვა ცდაში ცდისპირების ყურადღება ხან ერთ პერიოდზეა მიპყრობილი, ხან მეორეზე. ამ გზით თანდათან გროვდებოდა სრული ინფორმაცია მთლიანად პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ ექსპერიმენტულ პროცედურას სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვების მეთოდი უწოდეს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ამ შემთხვევაში ექსპერიმენტული თვითდაკვირვება რეტროსპექტულია. ვიურცბურგელთა ამოსავალი დებულების თანახმად, აზროვნებასთან დაკავშირებულ განცდებზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. როგორც კიულპე წერდა, “შეუძლებელია ვიაზროვნოთ და თანაც ისე, რომ მთლიანად მივეცეთ ამ აზრებს, ჩავიძიროთ მათში და, ამავე დროს, დავაკვირდეთ მათ მიმდინარეობას - ფსიქიკის ასეთი გაყოფა ბოლომდე შეუძლებელია. ჯერ პირველი უნდა მოხდეს, შემდეგ მეორე”. ეს ნიშნავს, რომ ექსპერიმენტული ინტროსპექცია აზროვნების აქტში კი არ არის ჩართული, არამედ უშუალოდ მოჰყვება მას, ანუ ეს უკუხედვაა, მიმართული პროცესის ინერციაზე, უშუალო მოგონებაში არსებულ კვალზე.

  პირველსავე ცდებში გამოჩნდა, რომ სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც კი სრულიად არ მოითხოვს იმ საგნის თვალსაჩინო წარმოდგენას, რომელსაც ის აღნიშნავს. ხშირად დასტურდებოდა შემთხვევები, როცა გაგების ფაქტს (მნიშვნელობის, საზრისის, ცნების მოცემულობის განცდა) არ ახლდა სათანადო წარმოდგენა. შესაბამისად, გაკეთდა დასკვნა უხატო და უსიტყვო აზროვნების, ან სხვაგვარად, არათვალსაჩინო აზროვნების არსებობის შესახებ.

  ვიურცბურგის სკოლის კვლევების დაწყებიდან ძალიან მალე იმავე დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდა ორი ცნობილი მეცნიერი: ფრანგი ა. ბინე და ამერიკელი რ. ვუდვორთი. ბინე აზროვნების ასოციაციონისტურ გაგებას ებრძოდა და თავის კვლევაში ვიურცბურგელების ანალოგიური მონაცემები მიიღო (1903). ბინეს სიტყვებით, ხატი წიგნის გრავიურების მსგავსია; ისევე როგორც რამდენიმე ილუსტრაცია ვერ გაგვაგებინებს წიგნის შინაარსს, ხატიც ვერ მოგვცემს იმ შინაარსს, რომელიც იაზრება ხატის (წარმოდგენის) განცდისას. აზროვნება, საზოგადოდ, მწირია თვალსაჩინო შინაარსით, სამაგიეროდ, დატვირთულია განცდებით, რომლებსაც არ გააჩნიათ არც გრძნობადი რომელობა (მაგ., ფერი, ტონი და სხვა), არც ინტენსივობა. ისინი არც სურათებია და არც წარმოდგენები. ამ არათვალსაჩინო განცდების აღსანიშნავად ვიურცბურგის სკოლაში განსხვავებულ ცნებებს იყენებდნენ: ცოდნა (კიულპე), აზრი (მესერი), წმინდა აზრი (ბიულერი), ცნობიერობა (ახი).

  ვუდვორთი ამბობდა, რომ თვალსაჩინოება მხოლოდ აზრის „სამოსია” და გაშიშვლებულ აზრს ბოლომდე ხელეწიფება თავისი საქმის კეთება. ეს კი ნიშნავს, რომ სუბიექტმა უნდა გააცნობიეროს გარემოში არსებული მიმართებები და მიუსადაგოს მათ თავისი შეგუებითი ქცევა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის შეხედულებამ აზროვნების თვალსაჩინო-წარმოდგენითი ბუნების შესახებ სერიოზული დისკრედიტაცია განიცადა და მისი საწინააღმდეგო მოსაზრებები ერთდროულად გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში.

  და მაინც, დებულება, რომ აზროვნების პროცესის ძირითადი საშენი მასალა არათვალსაჩინო ფსიქიკური ფენომენებია და არა წარმოდგენები, პირველ რიგში და უმთავრესად ვიურცბურგის სკოლაში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტული გამოკვლევის განზოგადებაა. ეს დებულება შემდეგ ფაქტოლოგიურ საფუძველს ეყრდნობა: ბევრია ე.წ. წმინდა აზრის წარმოდგენის გარეშე მოცემულობის შემთხვევები. ხშირად აზრისა და ხატის შინაარსი სრულიად განსხვავებულია. ისეც ხდება, რომ წარმოდგენა და გაგება (ცოდნა) არ ემთხვევა ერთმანეთს დროში - ხან ერთი უსწრებს წინ, ხან - მეორე. იგივე ითქმის სინათლის ხარისხზეც - ან ერთია უფრო ნათელი, ან მეორე. გარდა ამისა, ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა სიტყვებით და, მაშასადამე, სხვადასხვა წარმოდგენებით შეიძლება გადმოიცეს. სწრაფი კითხვის ან ლაპარაკის დროს გვესმის აზრი, მაგრამ ცნობიერებაში თითოეული სიტყვის ხატი არ წარმოიქმნება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არსებობს მრავალი განყენებული შინაარსის მქონე სიტყვა (მაგ., მდგომარეობა, თვისება, არსი, აუცილებლობა, მიზეზობრიობა, უსასრულობა, მარადიულობა და ა.შ.), რომელთა შესაბამისი წარმოდგენები საერთოდ არ არსებობს; არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული იმის განცდაც, რომ ვიცით დიდი მოცულობისა და რთული შინაარსის მქონე მოძღვრება; ასეთი განცდის წარმოდგენა პრინციპულად შეუძლებელია.

  წმინდა ინტელექტუალურ არათვალსაჩინო განცდებთან ერთად, რომლებიც აზრის, ცოდნის მოცემულობას ადასტურებენ, გამოვლინდა აგრეთვე აზროვნების პროცესთან დაკავშირებული ემოციური ელფერის მქონე განცდებიც. ასეთია უკვე ნახსენები ცნობიერების მდგომარეობები. მაგალითად, სწორისა და მცდარის, ცნობის, შედარების, დარწმუნებულობის, ყოყმანის, ეჭვის, ძიების, მოლოდინის, მიმართულობისა და სხვა განცდები. ეს, მართლაც, თავისებური განცდებია, განსხვავებული როგორც არათვალსაჩინო განცდებისაგან, ისე ჩვეულებრივი ემოციებისაგან. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევადარებთ ეჭვის ან დარწმუნებულობის ცნობიერების მდგომარეობას რაიმე ცნების მნიშვნელობის წვდომის ან მეცნიერული თეორიის დედააზრის გაგების განცდას. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს აშკარად სხვადასხვა ბუნების განცდებია.

  აზროვნების სპეციფიკური არათვალსაჩინო ფსიქიკური შინაარსების დადგენასთან ერთად ვიურცბურგის სკოლაში წარმოებდა აზროვნების დინამიკის, მისი მიმდინარეობის კვლევა და ამ პროცესის მექანიზმის ძიება. აღნიშნულმა კვლევამ მეცნიერება გაამდიდრა სპეციფიკური, არაასოციაციური ცნებებითა და ფსიქიკური მექანიზმებით. სახელდობრ, უკვე უატის ცნობილ ადრინდელ კვლევაში ნათლად გამოჩნდა, რომ ე.წ. შეზღუდული ასოციაციის ექსპერიმენტებში აზროვნების პროცესი განსაზღვრულია ცდისპირის მიერ მიღებული ამოცანის თავისებურებით. ამ ექსპერიმენტებში ცდისპირმა სიტყვასტიმულის გაგონებისთანავე უნდა დაასახელოს მასთან გარკვეულ დამოკიდებულებაში მყოფი ცნება: უფრო ზოგადი ან უფრო კერძო, გვარეობითი ან სახეობითი და ა.შ. პარალელურად იზომება რეაქციის დრო. თანდათანობით, შემდგომი კვლევების პროცესში, “ამოცანა” ფუნდამენტურ ცნებად გადაიქცა. მიჩნეულ იქნა, რომ ამოცანის მიღება ინდივიდში წარმოქმნის მის გადაწყვეტაზე მიმართულობის მდგომარეობას, რომელიც წარმართავს სწორი პასუხის ძიების პროცესს. აზროვნება აღიწერება, როგორც ამოცანის გადაწყვეტის პროცესი. მას იწვევს ამოცანის (პრობლემის) სიტუაცია, ხოლო აგვირგვინებს ამოცანის გადაწყვეტა. ეს უკანასკნელი სუბიექტისთვის აქამდე უცნობი მიმართების მონახვაში, ახალი მნიშვნელობის წვდომაში მდგომარეობს. აზრის წვდომას, მნიშვნელობის გაგებას თავისებური შვების განცდა ახლავს, რომელსაც კარლ ბიულერმა (1907) აჰა-განცდა უწოდა. გაგება ნიშნავს ახალი აზრისთვის “ლოგიკური ადგილის მონახვას” იმ სფეროში, რომელსაც ეკუთვნის აზრში ნაგულისხმები ობიექტი ან მოვლენა. ამის შემდეგ აზროვნების პროცესი მთავრდება. აჰა-განცდა აზროვნების პროცესის დასრულებას გამოხატავს.

  ნარცის ახმა (1871-1946) აიტაცა და განავითარა იდეა აზროვნების პროცესის ამოცანით განსაზღვრულობის შესახებ. მან აღიარა, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ამოცანის წინაშე დგება, ან, უფრო ფართოდ, რაიმე მიზანს ისახავს, მის მოქმედებას განსაზღვრავს არა წარმოდგენების ან აზრების მონაცვლეობის ასოციაციური ტენდენცია, არამედ ამოცანიდან (მიზნიდან) გამომდინარე დეტერმინაციის ტენდენცია. ეს ტენდენცია განაპირობებს არა მხოლოდ აზროვნების, არამედ ყოველგვარი ნებელობითი მოქმედების მიზანმიმართულ და მოწესრიგებულ მიმდინარეობას. მაშასადამე, დეტერმინაციის ტენდენცია საკმაოდ ფართო ცნებაა; ის ეხება ნებელობითი მოქმედების ყველა სახეს, მათ შორის აზროვნებასაც. ამდენად, იგი ნებელობის მოქმედების მექანიზმს გამოხატავს.

  თავის კლასიკურ კვლევაში ახი შეეცადა გაეზომა დეტერმინაციის ტენდენციის, ანუ, მისი აზრით, ნებელობის ძალა. ექსპერიმენტის სქემა ასეთია: ცდისპირი მრავალჯერადი გამეორების გზით იზეპირებს უაზრო მარცვლების წყვილებისაგან (მაგ., დუს-ფალ, მენ-დიქ და ა.შ) შემდგარ მწკრივს. ამის შემდეგ მას ევალება თვითეული წყვილის პირველი მარცვლის გამოჩენისას (მაგ., დუს ან მენ) უპასუხოს არა წყვილის შესაბამისი წევრით, არამედ წარმოთქვას ეს მარცვალი შებრუნებულად (მაგ., სუდ ან ნემ) ან მოუნახოს მას რითმა (მაგ., დუს-მუს ან მენ-ბენ). პარალელურად იზომება დრო და ფიქსირდება შეცდომები. ახის აზრით, აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი ტენდენცია: ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენცია, რომელიც, ასოციაციის კანონების თანახმად, ამ სიტუაციაში უნდა გაუჩნდეს ინდივიდს, და დეტერმინაციის ტენდენცია, რომელიც ამოცანიდან (განზრახვიდან) მომდინარე ნებელობით აქტივობას გამოხატავს. იგულისხმება, რომ ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენციის ძალა განისაზღვრება მარცვლების წყვილების გამეორებათა რაოდენობით. ეს არის რეპროდუქციის კოეფიციენტი, რომელიც მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია გამეორებათა რიცხვი. ის გამოხატავს ნებისყოფის ძალის ასოციაციურ ექვივალენტს. ვთქვათ, ეს რიცხვი ასია. ეს ნიშნავს, რომ თუ დეტერმინაციის ტენდენციამ დაძლია რეპროდუქციის მოცემული ტენდენცია, მისი ძალა არანაკლებ ასის ტოლი ყოფილა (ნებისყოფის კოეფიციენტი).

  მოგვიანებით გაირკვა, რომ ასოციაციური ექვივალენტით ნებისყოფის გაზომვა ვერ ხერხდება, ვინაიდან ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენცია, რომელსაც დეტერმინაციის ტენდენცია უნდა დაუპირისპირდეს, თავისთავად და ავტომატურად არ წარმოიქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ მას წინ მრავალჯერადი გამეორება უძღვის. კ. ლევინმა სპეციალური ექსპერიმენტებით (1917) აჩვენა, რომ მისი წარმოქმნისთვის საჭიროა დამატებითი მოტივაციის გაჩენა, რეპროდუქციის განწყობის შემუშავება.

  რაც შეეხება დეტერმინაციის ტენდენციის ცნების საფუძველზე აგებულ თეორიულ მოდელს, იგი შეფასებულია, როგორც ტელეოლოგიური და მექანიცისტური. ტელეოლოგური იმიტომ, რომ ქცევის განმსაზღვრელი ძალა მიზნის ცნობიერებიდან გამოჰყავს, ხოლო მექანისტური იმდენად, რამდენადაც უშვებს მიზნის წარმოდგენის უშუალო ზემოქმედებას ფსიქიკურ შინაარსებზე და, მაშასადამე, სუბიექტის (პიროვნების) აქტივობას ზედმეტად ხდის. დეტერმინაციის ტენდენცია დამკვიდრდა ფსიქოლოგიაში სასარგებლო აღწერითი ცნების სახით, რომელიც ქცევის მოწესრიგებულობასა და მიზნისკენ მიმართულობას გამოხატავს. მაგრამ ფსიქიკური მოქმედების, მათ შორის აზროვნების პროცესის, ცნობიერი ამოცანიდან ან მიზნიდან მომდინარე ტენდენციით ახსნას შეიძლება სერიოზული გაუგებრობა მოჰყვეს. უკვე უატის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმის მერე, რაც ცდისპირი მიიღებს, შეგნებულად გაიაზრებს, შეიწყნარებს ამოცანას და მის შესრულებაზე გადავა, ამოცანის საბოლოო მიზანი ცნობიერების არიდან გადის, ყოველ შემთხვევაში, თვითდაკვირვება მის არსებობას აღარ ადასტურებს. ეს ვითარება გამოვლინდა ახის ცდებშიც. ამიტომ მან დაასკვნა, რომ მოქმედების პროცესში მიზნისა და განზრახვის გაცნობიერება თითქმის არ ხდება. დეტერმინაციის ტენდენცია კი პრაქტიკულად ყოველთვის არაცნობიერ დონეზე მოქმედებს. გამოდის, რომ მიზანი ცნობიერების გარეთაა და ისე განსაზღვრავს პროცესს. მაგრამ მიზანი, როცა ის მართლაც მიზანია, უთუოდ ცნობიერებაში უნდა იყოს. ხოლო ის, რაც მიზნის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ ცნობიერი არ არის, უკვე საკუთრივ მიზანი აღარაა, სხვა მოვლენაა. ახს კი რაიმე სახის შეხედულება აქტივობის რეგულაციის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ არ გააჩნია. ამიტომაც დეტერმინაციის ტენდენცია ამხსნელ ცნებად ვერ გამოდგება.

  აქ კიდევ ერთი რამ არის საყურადღებო. ახი, ფაქტობრივად, თვითდაკვირვების მონაცემებს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ცდისპირი ვერ აცნობიერებს აზროვნების პროცესს, თავისი აზრების ამა თუ იმ მიმართულების მიზეზს, ანუ თავისი აზროვნების მექანიზმს. გაუცნობიერებელი დეტერმინაციის ტენდენციების არსებობის ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებად ახი თვლიდა თავის ცდებს პოსტჰიპნოზური შთაგონების ტექნიკის გამოყენებით. მაგალითად, ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ ცდისპირს ეუბნებიან: შენ გაჩვენებენ ორ ბარათს, რომლებზეც ეწერება ორი რიცხვი. პირველი ბარათის ჩვენებისას უნდა დაასახელო ამ რიცხვების ჯამი, ხოლო მეორის ჩვენებისას - მათი სხვაობა. შემდეგ ჰიპნოზიდან გამოყვანილ ცდისპირს ეძლევა პირველი ბარათი რიცხვებით 7 და 3, რომელზე შეხედვისთანავე იგი პასუხობს - ათი; ხოლო მეორე ბარათს რიცხვებით 5 და 3 - მოჰყვება პასუხი ორი. კითხვაზე, თუ რატომ წარმოთქვა მან ეს რიცხვები, ცდისპირი მხოლოდ იმის კონსტატაციას ახერხებს, რომ მან სწორედ ამ სიტყვის წარმოთქმის დაუძლეველი სურვილი იგრძნო. მისი თვითდაკვირვება ამაზე მეტს არაფერს ამბობს. მაშასადამე, როგორც ამოცანის მიღება, ისე მისი შესრულება ცნობიერების მიღმა რჩება. ამრიგად, ირკვევა, რომ თვითდაკვირვება ვერ იჭერს აზროვნების პროცესის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს.

  მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა კვლევამ ინტროსპექციის შეზღუდულობა აშკარად გამოავლინა, ვიურცბურგელები რჩებოდნენ სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვების აპოლოგეტებად. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ინტროსპექციამ სწორედ ამ სკოლაში მიაღწია თავის ზენიტს. მისი მეშვეობით, მართლაც, მოპოვებულ იქნა საინტერესო მონაცემები, პირველ რიგში ცნობიერების არათვალსაჩინო შინაარსების აღმოჩენის კუთხით. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები არ დაადასტურეს ვიურცბურგელთა ოპონენტებმა ვუნდტისა და ტიჩენერის სკოლიდან. ჩაატარეს რა იგივე ცდები, მათ არ მიიღეს ისეთივე შედეგები. საფიქრებელია, რომ მონაცემთა განსხვავებულობა ძირითადად გამოწვეული იყო ცდისპირების არაერთგვაროვანი გამოცდილებით. საქმე ისაა, რომ ორივე სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ცდისპირთა გაწაფულობას თვითდაკვირვებაში. ცდისპირს უამრავ წინასწარ ცდაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რათა მისი ინტროსპექცია მომზადებულად ჩათვლილიყო. ექსპერიმენტებში, როგორც წესი, მონაწილეობდნენ ამ სკოლის თუ ფსიქოლოგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი სპეციალისტები. ბუნებრივია, რომ წინასწარ ცდებში მათ გამოუმუშავდებოდათ სწორედ იმის გაცნობიერების უნარი, რაც შეესაბამებოდა მათ თეორიულ შეხედულებებს. ექსპერიმენტში მათი მოქმედება (თვითდაკვირვება) ამგვარი განწყობით თუ ამოცანით იყო განპირობებული. ცდისპირები, ცხადია, ამას არ აცნობიერებდნენ, მაგრამ ეს უეჭველად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის შედეგს. გამოდის, რომ ერთნი აწყობილნი იყვნენ შეემჩნიათ თვალსაჩინო შინაარსები, მეორენი კი - არათვალსაჩინო. ამავე დროს, ორივე მხარე ამტკიცებდა ინტროსპექციული ექსპერიმენტის მისეული ვარიანტის სრულყოფილებას, თუმცა ვერ იძლეოდა თვითდაკვირვების მონაცემთა კონტროლის სარწმუნო ხერხს და ამ მეთოდის სანდოობის კრიტერიუმს.

  ვიურცბურგის სკოლა XX საუკუნის ათიანი წლების დასაწყისში წყვეტს თავის არსებობას. მან მთლიანად ამოწურა თავი თეორიულად და მეთოდურად. ამ მეცნიერულმა სკოლამ გაამდიდრა ფსიქოლოგია სრულიად ახალი მონაცემებით, აღმოაჩინა რა ცნობიერების არათვალსაჩინო შინაარსები და მაღალი ფსიქიკური პროცესების (აზროვნება, ნებელობა) ამოცანით ან მიზნით დეტერმინირებულობის მოვლენა. ეს მონაცემები საფუძველს აცლიდა იმ დროს ჯერ კიდევ ძალაში მყოფ ცნობიერების ასოციაციურ-სენსუალისტურ თვალსაზრისს.

  ვიურცბურგელები შესანიშნავი ექსპერიმენტატორები იყვნენ. მათ უმაღლეს დონეზე აიყვანეს ინტროსპექციული ექსპერიმენტის ტექნიკა და, ამავე დროს, თავისდაუნებურად გამოამზეურეს ამ მეთოდის ყველა მანკიერება. დისკუსიამ ინტროსპექციონისტ-ექსპერიმენტატორებს შორის მთლიანად ინტროსპექციული ფსიქოლოგიის კრიზისი გამოიწვია. სკეპტიციზმმა თვით ამ მიმართულების წარმომადგენლებიც შეიპყრო. ცნობილი ბელგიელი ფსიქოლოგი ალბერტ მიშოტი, რომელიც თავდაპირველად ვიურცბურგის სკოლის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ასეთ ინტროსპექციულ ექსპერიმენტებს მნიშვნელობა მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნებისთვის აქვთ; ის, რისი შემოწმება შეუძლებელია, ვერ იქნება განხილული როგორც მეცნიერული. ბუნებრივია, რომ სხვა ორიენტაციის მეცნიერთა შეფასება არანაკლებ მკაცრი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ეს ეხება იმ მკვლევარებს, რომელთაც ცხოველების ობიექტური მეთოდებით შესწავლის გამოცდილება ჰქონდათ. 1913 წელს გამოქვეყნდა ბიჰევიორიზმის მანიფესტად წოდებული ჯონ უოთსონის საყოველთაოდ ცნობილი წერილი, რომელიც ინტროსპექციით გაწბილებული ფსიქოლოგების ნაწილის გულისთქმას გამოხატავდა. თვითდაკვირვება, რომელიც ექსპერიმენტშია ჩართული, პრინციპულად ვერ მოგვცემს სანდო მონაცემებს. ამიტომ ექსპერიმენტში ისეთ მოვლენას უნდა დავაკვირდეთ, რომელიც ობიექტურად და, მაშასადამე, ყველასთვის ერთნაირად არის მოცემული. ასეთია, უოთსონის აზრით, ქცევა (იხ. თავი 9.1.).

  ეს მეთოდოლოგიური პოზიცია ზოოფსიქოლოგიური კვლევებით იყო შთაგონებული. საუკუნეების მიჯნაზე ცხოველთა ქცევის ექსპერიმენტულმა შესწავლამ უკვე საკმაოდ მოიკიდა ფეხი, განსაკუთრებით ამერიკაში. შემუშავდა კლასიკური მეთოდიკები: პრობლემური ყუთი (თორნდაიკი) და ლაბირინთი (სმოლი), რომელთა უამრავი ვარიაცია დღესაც გამოიყენება. შემდგომში ექსპერიმენტის ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწა (იხ. თავი 7.4.).

  მთავარი, რაც განასხვავებს ცხოველთა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ შესწავლას ისაა, რომ აქ ცდისპირს ვერ მისცემ ინსტრუქციას და ვერ გამოჰკითხავ ცდის მსვლელობაში აღმოცენებული განცდების შესახებ. ცხოველის ცდაში ჩასართველად ინსტრუქციის ნაცვლად გამოიყენება მისი საგანგებოდ აღმოცენებული ესა თუ ის ბუნებრივი მოთხოვნილება (მაგ., შიმშილი, ტკივილის არიდება და ა.შ.). განცდების ნაცვლად ფიქსირდება მოქმედებისა და შინაგანი ორგანოების გარკვეული პარამეტრები.

  ცხოველთა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევას გარკვეული უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, ცხოველთა ფსიქიკის მოვლენები გაცილებით მარტივია და, ამდენად, უფრო ადვილია მათი ექსპერიმენტული კვლევა. მეორეც, ცხოველებთან ექსპერიმენტის ჩატარებისას შესაძლებელია ცდის პირობების და ფაქტორების უფრო სრული და ზუსტი კონტროლი. დაბოლოს, ექსპერიმენტული ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ადამიანისას. ამიტომ მათთან შესაძლებელია ისეთი კვლევის წარმოება, რომელიც ინდივიდის მთელ სიცოცხლეს მოიცავს; უფრო მეტიც, რამდენიმე მომყოლი თაობის სიცოცხლეზე ვრცელდება. ასეთი კვლევების ჩატარება ადამიანებზე ან ძალზე გართულებულია, ანდა სულაც შეუძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში იმის გასარკვევად, დეტერმინირებულია თუ არა ნიჭიერება გენეტიკურად, მიმართეს ხელოვნური სელექციის მეთოდს. თეთრ თაგვებს ასწავლეს ლაბირინთის გავლა. ცხოველები ორ ჯგუფად გაყვეს: “ჭკვიანები”, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს, და “სულელები”, რომელთაც ლაბირინთის დასასწავლად ყველაზე მეტი დრო დასჭირდათ. თითოეული ჯგუფის შიგნით მოხდა ცხოველების შეჯვარება. შემდგომი თაობის ცხოველებზე იგივე პროცედურა ჩატარდა. აქაც ცხოველები ჯერ დაიყო დასწავლის უნარის მიხედვით და შემდეგ მოხდა მათი შეჯვარება ჯგუფის შიგნით. ასე გამეორდა ექვს თაობაში. შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ შესაძლებელია დასწავლისადმი გენეტიკური მიდრეკილების გაძლიერება ან შემცირება. “ჭკვიანი” ჯგუფის ცხოველების მაჩვენებელი ყოველ თაობაში საგრძნობლად მატულობდა, ხოლო “სულელთა” ჯგუფში დეგრადაციის გამოხატულმა ტენდენციამ იჩინა თავი. ცდის ბოლოს სხვადასხვა ჯგუფის ცხოველების შორის განსხვავება უნარების მიხედვით თავდაპირველთან შედარებით ძალიან გაიზარდა. ამის მსგავსი ცდის ჩატარებას ადამიანებზე, რომ არაფერი ვთქვათ ეთიკურ მხარეზე, სულ ცოტა 180 წელიწადი დასჭირდებოდა, თუ თაობას 30 წლით განვსაზღვრავთ. ამ უპირატესობათა გამო ექსპერიმენტები ცხოველებზე ტარდებოდა და ტარდება არა მხოლოდ თვით ცხოველთა ფსიქიკის საკვლევად, არამედ ადამიანის მსგავსი ფსიქიკური თვისებების შესასწავლად.

  პარალელურად ექსპერიმენტული მეთოდი გავრცელდა ბავშვებზე. პირველსავე ამერიკულ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 1883 წელს კლარკის უნივერსიტეტში დააარსა ვუნდტის მოწაფემ, ს. ჰოლმა, ცდები ბავშვებზეც ტარდებოდა. იგივე ხდებოდა ევროპაშიც. ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ავტორიტეტები, კერძოდ, ვ. ანრი, ე. კლაპარედი, ე. მოიმანი და სხვები, პედაგოგიკის რეფორმირების პერსპექტივას სწორედ ექსპერიმენტის დამკვიდრებას უკავშირებდნენ (იხ. თავი 7.3.). ცხადია, ბავშვთან ექსპერიმენტი ბევრ თავისებურებასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად წააგავს მასზე ჩატარებული ცდა მოზრდილზე განხორციელებულ ექსპერიმენტს. ცხოველისა არ იყოს, პატარა ბავშვს ვერ მისცემ ინსტრუქციას და ვერ მოსთხოვ ანგარიშს. მაგრამ მას ვერც ისე ამოქმედებ, როგორც ცხოველს, ვთქვათ, პრობლემურ ყუთში ან ლაბირინთში. ვ. შტერნი ბავშვის ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების სხვა სირთულეებსაც აღნიშნავს, კერძოდ, ესაა გაძნელებული კონტაქტი ბავშვსა და ცდის ხელმძღვანელს შორის, ბავშვის შედარებით სწრაფი დაღლა, განსაკუთრებით ერთგვაროვანი საქმიანობის დროს, ბავშვის ინტერესის სისუსტე ექსპერიმენტის პირობების მიმართ და მისი ყურადღების გაუთვალისწინებელი მერყეობა.

  ექსპერიმენტში ბავშვის ჩართვასა და მის აქტიურ მოქმედებასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად ა. ლაზურსკის მიერ 1910 წელს შემოთავაზებულ იქნა ე.წ. ბუნებრივი ექსპერიმენტის მეთოდი. ეს მეთოდი ცდის ისეთ ორგანიზაციას გულისხმობს, როდესაც ექსპერიმენტი ბავშვისთვის ბუნებრივ სიტუაციაში და ბუნებრივი ქცევის (თამაში, სწავლა და სხვა) ფარგლებში მიმდინარეობს. ლაბორატორიული ექსპერიმენტისაგან განსხვავებით, ცდისპირმა არც იცის, რომ იგი ცდის მონაწილეა. იგი თავის ჩვეულებრივ და მისაღებ საქიანობას ეწევა, რომლის შინაარსი და მსვლელობა (მაგ., გაკვეთილის მიმდინარეობის ესა თუ ის ასპექტი) კვლევითი ამოცანების შესაბამისად არის განსაზღვრული.

  როგორც ვხედავთ, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება ინტროსპექციასთან დაკავშირებული სირთულეების გამორიცხვის მიმართულებით წარიმართა. ამ მხრივ უკიდურესად რადიკალური პოზიცია ბიჰევიორისტებმა დაიკავეს. მათ საერთოდ უარი თქვეს ცნობიერების მოვლენების შესწავლაზე და მთლიანად ქცევის (უპირატესად, ცხოველების) კვლევას მიმართეს (იხ. თავი 8.). მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი რეაქცია ცნობიერების ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სირთულეებზე. ბიჰევიორიზმის პარალელურად გერმანიაში ჩამოყალიბდა ძლიერი სამეცნიერო მიმდინარეობა - გეშტალტფსიქოლოგია, რომელიც უფრო გაწონასწორებული პოზიციით გამოირჩევა. ეს გასაგებია, ვინაიდან კლასიკური გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადმა წარმომადგენლებმა მეცნიერული წვრთვნა ინტროსპექტული ექსპერიმენტული კვლევის წამყვან ლაბორატორიებში გაიარეს. მ. ვერთჰაიმერმა დისერტაცია დაიცვა ო. კიულპესთან ვიურცბურგში; ვ. კელერი და კ. კოფკა ბერლინში სწავლობდნენ კ. შტუმფთან, ხოლო დ. კაცი და ე. რუბინი გ.ე. მიულერის გიოტინგენის ლაბორატორიდან გამოვიდნენ.

  გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით, ქცევა და ცნობიერება ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ამდენად, უარის თქმა ცნობიერების შესწავლაზე დაუშვებელია. სხვა ამბავია, რომ მისი კვლევა ახლებურად უნდა წარიმართოს. გეშტალტფსიქოლოგია უარყოფს სტრუქტურული ფსიქოლოგიის ელემენტარიზმს და თავის თეორიულ სისტემას ფსიქიკური მთლიანობის პრიმატზე აფუძნებს (იხ. თავი 10.1.). რაც შეეხება კვლევის მეთოდურ მხარეს გეშტალტფსიქოლოგები, შეგნებული და გაწაფული ექსპერიმენტატორები, ე.წ. ფენომენოლოგიურ ორიენტაციას დაადგნენ, რაც მეტწილად მათი მასწავლებლების, განსაკუთრებით შტუმფის და გ.ე. მიულერის გავლენით აიხსნება. ეს მიდგომა გულისხმობს ცნობიერების ფენომენების, განცდების აღწერა-დახასიათებას ყოველგვარი წინასწარი თეორიული ვარაუდებისა თუ დაკვირვების სქემების გარეშე. პირველ რიგში ამით განსხვავდება იგი ტრადიციული თვითდაკვირვებისაგან. ეს უკანასკნელი ფენომენოლოგიურად ორიენტირებულმა მეცნიერებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ცნობიერების სამყაროს ცალმხრივად და ფრაგმენტარულად შეისწავლიდა. ვუნდტისა და ტიჩენერის ინტროსპექციულ ექსპერიმენტებში გავარჯიშებული დამკვირვებელი გარკვეული გამღიზიანებლის მიღებისას გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას ისე, რომ ცდილობს დაიყვანოს იგი ისეთ უმარტივეს მენტალურ ელემენტებამდე, როგორიცაა შეგრძნება, გრძნობა, წარმოდგენა; ამასთანავე, ცდილობს გაარკვიოს მათი თვისებები: რომელობა, ინტენსივობა, ხანიერება და სხვა. ერთი სიტყვით, ცდისპირი იმთავითვე ანალიზურად არის განწყობილი. ფენომენოლოგიური დაკვირვებისას კი არ უნდა არსებობდეს არავითარი წინასწარი განწყობა, რომელიც ეხება შთაბეჭდილებათა თვისებების ერთობლიობას. განსხვავება უფრო შორსაც მიდის. ანალზური ინტროსპექციის პასუხებიდან ცდილობენ მაქსიმალურად გამორიცხონ ობიექტები და მნიშვნელობები იმისთვის, რომ, როგორც ტიჩენერი ამბობდა, არ მოუვიდეთ ე.წ. “სტიმულის შეცდომა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ცდისპირი თვითდაკვირვების მონაცემების გადმოცემისას, ფაქტობრივად, აღწერს საგნებს, სტიმულებს და არა “წმინდა ცნობიერების მონაცემებს”. მაგალითად, თვითდაკვირვება მაშინაა თურმე ჭეშმარიტი, თუ ვილაპარაკებთ არა ლამპარზე, რომელიც ანათებს, არამედ მის მიერ გამოწვეულ შეგრძნებებზე, გრძნობებზე და წარმოდგენებზე. ცხადია, რომ ცნობიერების სამყარო, რომელსაც ამდაგვარი “დაკვირვება” წარმოაჩენს, საგნობრივი მნიშვნელობისაგან პრეპარირებულ და, მაშასადამე, არარეალურ, ხელოვნურ სამყაროდ დაიხატება. ცნობიერება თავის ბუნებრივ მოცემულობაში საგნობრივია. ცნობიერების არსებითი ნიშანი, როგორც ფენომენოლოგიური მიდგომის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფ. ბრენტანო აღნიშნავდა, არის ინტენციონალობა ანუ საგანზე მიმართულობა (იხ. თავი 6.3.). საგნობრივი მნიშვნელობა ფენომენოლოგიური დაკვირვების უცილებელი და არსებითი მომენტია.

  ფსიქიკური მოვლენების ფენომენოლოგიური აღწერის სისტემური და ეფექტური გამოყენების პირველ მაგალითებს XIX საუკუნის დასაწყისში ვხვდებით. ასეთია გოეთესა და პურკინიეს კვლევები მხედველობითი აღქმის სფეროში. შემდგომში, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე, ამ მეთოდს მიმართავდნენ ჰერინგი, შტუმფი, გ.ე. მიულერი, ფენდერი, რიბო და სხვა.

  XX საუკუნის დასაწყისში ფენომენოლოგიური კვლევა ახალ საფეხურზე აიყვანეს დ. კაცმა, რუბინმა და ვერთჰაიმერმა, ფერის, ფორმისა და მოძრაობის აღქმისადმი მიეძღვნილ ნაშრომებში. ამ კლასიკურ გამოკვლევებში განხორციელდა ლაბორატორიული ტექნიკისა და ფენომენოლოგიური აღწერის ორგანული შერწყმა, რასაც მოგვიანებით ექსპერიმენტული ფენომენოლოგიია ეწოდა. ის გულისხმობდა უშუალო გამოცდილების, განცდის ისეთ თავისებურებათა გამოვლენას, რომლებიც პირდაპირ არ განისაზღვრება ფიზიკური სტიმულების თვისებებით. ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიაში ამ მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, შესაძლებელი იყო აღქმის სფეროში. ასეთ ექსპერიმენტში ცდისპირს ევალებოდა “აღქმის საგნის” მაქსიმალურად ზუსტი აღწერა ყოველგვარი ასოციაციური კავშირებისა და მსჯელობების გარეშე (ამ საგნის ამა თუ იმ ცნებისადმი მიკუთვნებულობის შესახებ). ასეთი გზით აღმოჩენილ იქნა მრავალი საინტერესო მოვლენა მხედველობითი აღქმის სფეროში - კონსტანტობა, ფიგურა-ფონი, სხვადასხვა ილუზია და ა.შ.

  კლასიკურ ფსიქოლოგიაში ითვლებოდა, რომ მონოკულარული აღქმის თავისებურებები შეზღუდულია ბადურის თვისებებით; ფერიც და სიდიდეც თვალის ბადურის ფუნქციებია. მაგრამ ფენომენოლოგიურ თვალსაზრისს შეუძლია ფერის ფიზიკისა და ბადურის ფიზიოლოგიის უგულებელყოფა; მისი ამოსავალია მხოლოდ განცდის ფენომენოლოგიური მოცემულობა. ასეთმა მიდგომამ აჩვენა, რომ ფერის აღქმა ბევრად არის დამოკიდებული საგნობრივ ვითარებაზე. ამის შესაბამისად დავით კაცმა (1886-1953) სამი ტიპის ფერის არსებობა დაადასტურა: 1) ზედაპირის ანუ ორგანზომილებიანი ფერი. ესაა ჩვეულებრივ აღქმული საგნების ფერი; 2) სიღრმის, ანუ სამგანზომილებიანი ფერი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე ობიექტებს (ფერადი სითხე ჭურჭელში, შეფერილი აირი) და 3) სიბრტყის ფერი, რომელსაც უსაგნო ფერადი ბრტყელი სივრცის აღქმა იძლევა.

  თავის ცნობილ გამოკვლევაში (1911) დ. კაცმა დაამტკიცა, რომ ზედაპირის ფერი შეიძლება დაყვანილ იქნეს სიბრტყის ფერზე, თუკი მას შირმაში გაკეთებული პატარა ხვრელიდან შევხედავთ. ასეთ შემთხვევაში ფერს ეკარგება საგნობრიობა, დისტანციურობა და ტენდენცია განსხვავებული განათების პირობებში დარჩეს უცვლელი ანუ კონსტანტობა. ეს უკანასკნელი ფრიად მნიშვნელოვანი დასკვნა შემდეგი ცდიდან გაკეთდა: ცდისპირი ორ თეთრ მუყაოს დისკოს უყურებს; ერთი მათგანი ნათურასთან უფრო ახლოა და მეტად არის განათებული, მეორე უფრო მოშორებული და ნაკლებ განათებულია. აქ ფერის კონსტანტობის მოვლენა იჩენს თავს და ორივე დისკოს ფერი ერთნაირად - თეთრად აღიქმება. ექსპერიმენტის მომდევნო ნაწილში სიტუაცია იცვლება. ცდისპირი იმავე ფერებს უკვე უყურებს შირმის ნახვრეტიდან ისე, რომ ვეღარ ხედავს მთელ საგანს და შეიგრძნობს მხოლოდ უსაგნო სიბრტყის ფერს. ამ დროს ფერის კონსტანტობა ირღვევა: უკეთ განათებული ფერი თეთრად აღიქმება, ხოლო უარესად განათებული - რუხად.

  ამრიგად, დ. კაცის მიერ ფენომენოლოგიური ექსპერიმენტის გზით მოპოვებულმა ფაქტებმა სენსორული მასალის მონაცემებზე გამოააშკარავა აღქმის კონსტანტობის მოვლენაში საგნობრიობის პრიორიტეტი. ამავე მეთოდით და ამავე დროს შესრულებულ ედგარ რუბინის (1886-1951) კვლევაში კარგად გამოჩნდა ფიგურის (საგნობრიობის) უპირატესობა ფონთან შედარებით. მ. ვერთჰაიმერის ცდებმა კი აჩვენა, რომ მოძრაობის განცდა წარმოიქმნება მაშინაც, როცა ობიექტი სინამდვილეში არ მოძრაობს (ე.წ. Fფენომენი). ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის მიერ დადგენილი ეს ფაქტები საფუძველად დაედო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობას - გეშტალტფსიქოლოგიას (იხ. თავი 10.1.).

  მომდევნო პერიოდში ამ ფსიქოლოგიური მიმდინარეობის ფარგლებში მრავალი ექსპერიმენტული შრომა შესრულდა. ეს ნაშრომები, ძირითადად, შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს ეძღვნებოდა. ამავე სკოლაში ჩაისახა და შემდგომში დამოუკიდებელი მიმართულების სახე მიიღო ე.წ. ველის თეორიამ, რომელიც კურტ ლევინის სახელთან არის დაკავშირებული. ლევინი მოტივაციის ექსპერიმენტული შესწავლის ინიციატორია. მისმა თანამშრომლებმა ამ სფეროში ექსპერიმენტებით მრავალი კანონზომიერება აღმოაჩინეს (იხ. თავი 10.2.).

  ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შესანიშნავი მიღწევებით აღინიშნა კლასიკური ბიჰევიორიზმის და ნეობიჰევიორიზმის სხვადასხვა სკოლაში ჩატარებული კვლევები (იხ. თავი 9). განსაკუთრებით ეს დასწავლის კანონზომიერებათა დადგენას ეხება. ამერიკულ ფსიქოლოგიაში ეს პრობლემატიკა ექსპერიმენტული შესწავლის საგანი იყო ათწლეულების განმავლობაში. ამჟამად ამერიკულ და ევროპულ ზოგად ფსიქოლოგიაში დომინირებს მიმდინარეობა, რომელსაც კოგნიტივიზმი ეწოდება (იხ. თავი 12.1.). აქ წარმოებული კვლევა, ძირითადად, შემეცნებით პროცესებს შეეხება. ის ექსპერიმენტული, აპარატული და მათემატიკური ტექნიკის უმაღლესი დონით გამოირჩევა. ეს ყოველივე უკვე თანამედროვე ფსიქოლოგიის ანალიზის ჩარჩოებში უნდა იქნეს განიხილული.

7.2. დიფერენციალური ფსიქოლოგიის განვითარება

  ვუნდტიდან მომდინარე ფსიქოლოგია ორიენტირებული იყო ფსიქიკის ზოგადი კანონების დადგენაზე. ზოგად ფსიქოლოგიას არა განსხვავებული, არამედ საერთო აინტერესებდა, ხოლო ინდივიდუალური თავისებურებები განზოგადოების ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლებოდა. მაგრამ ამავე დროს, ასეთი მიდგომის პარალელურად გაჩნდა ინტერესი საერთოსაგან განსხვავებული, ინდივიდუალური და თავისებური ფსიქიკური თვისებების გარკვევისა და შესწავლის მიმართ. ამან, საბოლოოდ, ე.წ. დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა. როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიის ეს განხრა შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ განსხვავებებს, ამ განსხვავებათა მიზეზებს და მათი გამოაშკარავების საშუალებებს. ამ მიმართულებას, როგორც მეცნიერების დარგს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა ჰალტონმა.

  თავისთავად, ინტერესი ადამიანთა ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებათა დადგენისადმი საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და ის, პირველ ყოვლისა, წმინდა პრაქტიკული ამოცანებით იყო ნაკარნახევი. საჭირო იყო იმის შეძლებისდაგვარად ზუსტი შემოწმება, გააჩნიათ თუ არა ადამიანებს ამა თუ იმ საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-თვისებები. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში, ბაბილონში, გადამწერთა სკოლაში ხდებოდა სპეციალური უნარების დადგენა. ძველ ეგვიპტეში ქურუმობის ხელოვნების ასათვისებლად დაიშვებოდნენ მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი ინდივიდები, ვინც მკაცრ ტესტირებას გაივლიდა. სამი ათასი წლის წინ ჩინეთის იმპერიაში შემუშავებული იყო ერთგვარი დიაგნოსტიკური სისტემა სახელმწიფო მოხელეთა შერჩევისთვის, რომელიც გარკვეული ფსიქიკური თვისებების გამოვლენას გულისხმობდა. არსებობს იმის მოწმობა, რომ შაო ლინის მონასტერში გამოიყენებოდა ემოციურ-ნებელობითი მდგომარეობის, ვერბალურ-კოგნიტური და ფიზიკური უნარების, ზნეობრივი და სხვა პიროვნული თვისებების შემოწმების ორიგინალური სისტემა.

  ანტიკურ ხანაში ტესტირება სწავლების პროცესის აუცილებელ თანმდევ მომენტს წარმოადგენდა. მას მიმართავდენენ სწავლების პროცესის დაწყებამდეც, სახელდობრ, პითაგორა თავის სკოლაში იღებდა მოსწავლეებს, რომლებიც მკაცრ შერჩევას გაუძლებდნენ. მაგრამ ძირითადად, ტესტირება გამოიყენებოდა სწავლების ეფექტურობის გასარკვევად, ფიზიკური და ფსიქიკური ჩვევების დაუფლების დონის შესაფასებლად. ე.წ. სოკრატესეული მეთოდი თავისთავში მოიცავდა სწავლებასა და ტესტირებას (იხ. თავი 2.2.). სოკრატეს მოწაფე პლატონი სახელმწიფოს მოწყობაზე მსჯელობისას ამბობდა, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბუნებრივი უნარებით და ამიტომ სხვადასხვა საქმიანობისთვის არიან გამოსადეგნი. იგი გვთავაზობს მეომრებისა და სახელმწიფოს მმართველების შერჩევის პრინციპებს. ეს პრინციპები გულისხმობს მოღვაწეობის ამ სახეობისთვის აუცილებელ თვისებათა შემოწმების ტექნოლოგიას. ამისთვის, პლატონის აზრით, საჭიროა ადამიანები გამოსცადო ყველა ასაკში - ბავშვობაში, ყრმობასა და მოწიფულობაში. დააკვირდე, როგორ მოიქცევიან ისინი, როგორც საშიშ, ისე წყნარ, სასიამოვნო სიტუაციაში და გაარკვიო, შეძლებენ თუ არა ყველა ვითარებაში მოიქცნენ ზომიერად და ჰარმონიულად, მოუტანონ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა თავის თავსა და სახელმწიფოს. მხოლოდ ისინი, ვინც გაივლიან ამ შემოწმებას, შეიძლება დაინიშნონ მეომრებად და მმართველებად. ყოველივე ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდუალურ თვისებათა ტესტირება.

  ტესტირების გამოყენებით ამოცანასთან ერთად დღის წესრიგში დგებოდა ადამიანთა განსხვავებული ტიპების გამოყოფისა და კლასიფიკაციის თეორიული ამოცანა. პირველი ტიპოლოგიები პრაქტიკული გამოცდილებისა და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისის სინთეზით შემუშავდა. ასეთად უნდა მივიჩნიოთ, მაგალითად, “მედიცინის მამის”, ჰიპოკრატეს ტემპერამენტის თეორია, რომელიც ტექსტებით დადასტურებული პირველი ტიპოლოგიური სისტემაა. ჰიპოკრატე (460-370 ძვ.წ.) ამოდიოდა გავრცელებული ნატურფილოსოფიური შეხედულებიდან, რომ ბუნება საზოგადოდ და ადამიანის სხეული კერძოდ, შედგება ოთხი ელემენტისაგან (ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი), რომელთაც თავისი თვისებები ახასიათებთ (სითბო, სიმშრალე, სისველე, სიცივე). ორგანიზმში მათ შეესაბამება ოთხი სუბსტანცია ან სითხე ( უმოურს - ადამიანის ორგანიზმის წვენები). თავისი ჰუმორალური თვალსაზრისით ჰიპოკრატე არა მხოლოდ ავადმყოფობათა მიზეზების გაგებას ცდილობდა, არამედ ადამიანების თავისებურებათა გარკვევასაც, რასაც ტემპერამენტს უწოდებდა. ტემპერამენტის ტიპი გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ რომელი სითხე ჭარბობს ინდივიდში: თუ ეს არის სისხლი (Sanguis), მაშინ ტიპია სანგვინიკი, თუ ნაღველი (Chole) - ქოლერიკი, თუ ლორწო (Phlegma) - ფლეგმატიკი, ხოლო თუ შავი ნაღველი (Melaina chole) - მელანქოლიკი. ტემპერამენტების ეს სახელწოდებები დღემდე შემორჩა ფსიქოლოგიას, მაგრამ ჰიპოკრატეს მიდგომა წმინდა ფიზიოლოგიური იყო. იგი არ უკავშირებდა ტემპერამენტს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებას, უფრო ამა თუ იმ ტიპის ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე ამახვილებდა ყურადღებას და ცალკეული ორგანოების (მაგ., გული ან ღვიძლი) ტემპერამენტზეც კი ლაპარაკობდა.

  დროთა განმავლობაში გაჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ სავარაუდოდ როგორი ფსიქიკური თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლის ორგანიზმში ესა თუ ის სითხე ჭარბობს. აქედან აღმოცენდა სხვადასხვა ტიპის ტემპერამენტის ფსიქოლოგიური “პორტრეტები”. პირველი ასეთი დახასიათება ეკუთვნის ძველი რომის სახელგანთქმულ ექიმს, კლავდიუს გალენს (130-200). ახალ დროში იმანუილ კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798) ტემპერამენტის ტიპების ფსიქოლოგიური აღწერების სისტემატიზაცია მოახდინა და მას საბოლოო სახე მისცა, რომელიც ახლაც შენარჩუნებულია. სანგვინიკი ცოცხალია და მოძრავი, ხასიათდება უპირატესად დადებითი, სწრაფად ცვალებადი, არც თუ ღრმა ემოციებით. ქოლერიკი ენერგიული, ფიცხი, აფექტური ადამიანია, უპირატესად უარყოფითი და აგრესიული ელფერის, ინტენსიური გრძნობებით. ფლეგმატიკი მშვიდი, არააფექტური, ნელი, მტკიცე, უფრო დადებითი გრძნობების მქონე ადამიანია. მელანქოლიკი ზანტია, ღრმა და ხანგრძლივი ემოციებით, გულჩათხრობილი და პესიმისტური, უფრო ხშირად ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანია.

  მეორე, ე.წ. კონსტიტუციური მიდგომა, არა ორგანიზმის ჰუმორალურ ან ენდოკრინულ სისტემას, არამედ ინდივიდის ფიზიკურ კონსტიტუციას, აღნაგობას, სხეულის ცალკეული ნაწილებისა თუ ორგანოების განვითარების დონეს და ურთიერთმიმართებას აქცევს ყურადღებას და ამის მიხედვით ადგენს ადამიანთა ფსიქოლოგიურ ტიპოლოგიას. ასე ცნობილი იტალიელი სასამართლო ფსიქიატრი, კრიმინალისტიკაში ე.წ. ანთროპოლოგიური მიმდინარეობის ფუძემდებელი ჩეზარე ლომბროზო (1836-1909) თვლიდა, რომ არსებობს ადამიანის ტიპი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია დამნაშავეობისადმი. მას ახასიათებს გარკვეული ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვისებები, რომელთა გამო იგი დაბადებიდანვე ფატალურად განწირულია ჩაიდინოს დანაშაული. სხეულებრივ ნიშნებს მიეკუთვნება თავის ქალისა და სახის ასიმეტრიულობა, დამრეცი შუბლი, ჩაბრტყელებული ცხვირი, დიდი ყურები, უზარმაზარი ყბები, მაღალი ყვრიმალები, თვალების ვიწრო ჭრილი, ტკივილისადმი უგრძნობლობა და სხვა. დამნაშავის ტიპის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეადგენს გამწვავებული პატივმოყვარეობა, ცინიზმი, დანაშაულის გრძნობის, მონანიებისა და სინდისის ქეჯნის უქონლობა, აგრესიულობა, სისასტიკისადმი და ძალადობისადმი მიდრეკილება, შურისმაძიებლობა, ეგზალტირებულობა და სხვა. დამნაშავის ტიპი თავდაპირველად განიხილებოდა ერთგვარი ცხოველური ატავიზმის გამოვლინებად, რომელსაც არ ძალუძს შეეგუოს ცივილიზებული ყოფის ნორმებს. მოგვიანებით ადამიანის ეს ტიპი გაგებულ იქნა, როგორც ზნეობრივი პათოლოგიის ერთგვარი ფორმა. ნიშანდობლივია, რომ ტიპოლოგიისადმი კონსტიტუციური მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, გერმანელი ფსიქოპათოლოგი ერნსტ კრეჩმერიც (1888-1964) სხეულის მოწყობის გარკვეულ ტიპებს, სახელდობრ, პიკნიკურს, ასთენიკურსა და ათლეტურს ძირითადი ფსიქოზური აშლილობებისადმი მიდრეკილებას უკავშირებდა. ამერიკელი ფსიქოლოგის, უილიამ შელდონის (1898-1957) კლასიფიკაცია შედარებით უფრო რთულია და მრავალფეროვანი, მაგრამ არსებითად, ისიც აგრძელებს კონსტიტუციური ტიპოლოგიის ხაზს.

  ტიპოლოგიის კიდევ ერთი მიმართულება საერთოდ არ უკავშირებს ადამიანთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ორგანიზმის თანდაყოლილ მახასიათებლებს და მათ ძირითადად აღზრდის და სოციალური ცხოვრების შედეგად მიიჩნევს. ასე განიხილავდა ხასიათის ტიპებს არისტოტელე. ასევე ფიქრობდა მისი მეგობარი და მიმდევარი, თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი სწავლული თეოფრასტე (370-285 ძვ.წ.), რომელმაც, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ქარაქტეროლოგიას. ტრაქტატში “ხასიათები” თეოფრასტემ მოგვცა სხადასხვა ხასიათის ტიპების შესანიშნავი აღწერა. ავტორი არ ცდილობს დაახასიათოს პიროვნების ყველა თვისება, არამედ ისე გვაჩვენოს ხასიათი, რომ სწვდეს მის ყველაზე გამოკვეთილ ინდივიდუალურფსიქოლოგიურ თავისებურებას, გამოავლინოს მისი ერთი უმთავრესი ხასიათობრივი ნიშანი, რომელიც პიროვნებას ამა თუ იმ ტიპს მიაკუთვნებს. ასე გამოიყოფა ხასიათის 30 ტიპი: ეჭვიანი, პირმოთნე, ამაყი, პატივმოყვარე, ყბედი, ძუნწი და სხვა. ხასიათის ეს “მუდმივი ნიშნები” დახატულია იმის ანალიზის გზით, თუ როგორ იქცევა ადამიანი განსხვავებული სიტუაციების სერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ოცდასამი საუკუნის წინანდელი ათენის ცხოვრებიდან არის აღებული, თეოფრასტეს მიერ შექმნილი ქცევისა და ხასიათის ტიპები სავსებით შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ადამიანის დახასიათებისთვის.

  ხასიათის ტიპების ლიტერატურული პორტრეტების თეოფრასტეს მიერ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება ნახა ახალი დროის მოაზროვნეთა ნაშრომებში. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია ფრანგი მორალისტები: მიშელ დე მონტენი - “ცდები” (1580), ფრანსუა დე ლაროშფუკო - “მაქსიმები” (1665), ჟან დე ლაბრიუერი - “ჩვენი დროის ხასიათები და ზნე-ჩვეულებები” (1688). ამ დროის თვალსაჩინო მეცნიერთაგან უნდა გამოიყოს ცნობილი ესპანელი ექიმი ხუან უარტე (1530-1592), რომლის წიგნი “მეცნიერებებისადმი ნიჭიერების გამოკვლევა” შეიძლება მივიჩნიოთ პირველ შრომად, რომელიც სპეციალურად დიფერენციალური ფსიქოლოგიის საკითხებისადმი არის მიძღვნილი. უარტეს აინტერესებს ადამიანთა შორის არსებული ინდივიდუალურ განსხვავებათა დადგენა პროფესიული შერჩევის ამოცანების გადასაწყვეტად. ამ კონტექსტში იგი ოთხ ძირითად საკითხს სვამს: 1) როგორია იმ უნარების ბუნება, რომლებიც განაპირობებენ ამ თუ იმ საქმიანობისადმი ადამიანის მიდრეკილებას; 2) როგორი უნარები არსებობს საერთოდ; 3) ხელოვნების თუ მეცნიერების რა დარგები შეესაბამება თითოეულ უნარს; 4) რა ნიშნების მიხედვით შეიძლება შესაბამისი უნარის გამოვლენა.

  უარტე გამოყოფს ადამიანის მოღვაწეობის რამდენიმე სფეროს, კერძოდ მედიცინას, სამართალს, სამხედრო საქმეს, სახელმწიფოს მართვას, საეკლესიო-სასულიერო საქმიანობას. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს. უნარებს კი განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხი ნივთიერების თანაფარდობა ანუ ტემპერამენტი. ტემპერამენტის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია სხვადასხვა გარე გამოვლინების მიხედვით, მათ შორის ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, თმის სიმაგრე ან სიცილის თავისებურებები. უარტეს ეს წარმოდგენები დღევანდელი გადასახედიდან სერიოზულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ საკუთრივ ის იდეა, რომ არსებობს მყარი კავშირი შინაგან თვისებებსა და მათ გარეგან გამოხატულებებს შორის ფრიად პოპულარული აღმოჩნდა და, როგორც ზემოთ ვნახეთ, დიფერენციალურ ფსიქოლოგიაში კონსტიტუციურ თეორიებსა და შესაბამის ტიპოლოგიებს დაედო საფუძვლად. უარტე არ უარყოფს აღზრდისა და შრომის მნიშვნელობას ნიჭიერების ფორმირებაში, მაგრამ გადამწყვეტ როლს, ამ მხრივ, ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას აკისრებს.

  ინდივიდუალურ განსხვავებათა სისტემატურ ექსპერიმენტულ კვლევას საფუძველი დაუდო ასტრონომების მიერ აღმოჩენილმა ფაქტმა, რომ მათ დაკვირვებებს შორის არსებული განსხვავებები დამკვირვებელთა ინდივიდუალური თავისებურებებით არის განპირობებული. ზემოთ უკვე იყო საუბარი იმ გახმაურებულ ისტორიაზე, როდესაც გრინვიჩის ობსერვატორიის ხელმძღვანელმა სამსახურიდან დაითხოვა თავისი ასისტენტი, რომელიც არაზუსტად, გარკვეული დაგვიანებით აღრიცხავდა ციური სხეულების გასვლის მომენტს ტელესკოპის კოორდინატთა ბადეზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასტრონომი აღმოჩნდა უნებლიე “მსხვერპლი” თავისი შენელებული რეაქციისა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ ასტრონომების (ბესელი), ხოლო შემდეგ ფიზიოლოგების (დონდერსი, ექსნერი) მიერ ჩატარებული სპეციალური ექსპერიმენტული კვლევით დადასტურდა, რომ რეაქციის დროის მაჩვენებელი ყველას სხვადასხვა აქვს და ის ადამიანის ინდივიდუალურ-განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. ამიტომ მას პირადი განტოლება უწოდეს (იხ. თავი 5.3.).

  თუ ზოგადი ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ვუნდტი შეიძლება მივიჩნიოთ, კიდევ უფრო დიდი დარწმუნებით დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტესტოლოგიის შემქნელად ჰალტონი უნდა ჩაითვალოს. ფრენსის ჰალტონი (1822-1911) იყო გასაოცარი გონებრივი შესაძლებლობების მქონე, ბრწყინვალე და ორიგინალური სწავლული (ირიბი მონაცემებით გამოთვალეს, რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით 200-ს უდრიდა, რაც, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, არაჩვეულებრივად მაღალი მაჩვენებელია). ჰალტონი იყო პერი, შეძლებული ინგლისელი არისტოკრატი. მეცნიერება მისთვის არ იყო კეთილდღეობისა და შემოსავლის წყარო, არამედ თავისუფალი პროფესია, რომელიც მისი უაღრესად მრავალმხრივი შემეცნებითი ინტერესების რეალიზაციის საშუალებას იძლეოდა. ამიტომ იგი, არც თუ წარუმატებლად ცდიდა თავის ძალებს სხვადასხვა სფეროში: კრიმინალისტიკაში (მისი შექმნილია დაქტილოსკოპია), მეტეოროლოგიაში (მან ააგო ატმოსფეროს მდგომარეობის მონაცემების ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო), გამოიგონა ტელეტაიპი, პერისკოპი, იკვლევდა მოდას, გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას მოსახლეობის გარეგნობაზე, ლოცვის რეალურ ეფექტურობას და სხვა. მაგრამ, მაინც განსაკუთრებულია მისი წვლილი ფსიქოლოგიასა და სტატისტიკაში.

  ჰალტონის მეცნიერული კრედო ევოლუციონისტური შეხედულებების გავლენით ჩამოყალიბდა, რაც, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ის და დარვინი ბიძაშვილები იყვნენ. ჰალტონმა პირველ რიგში ბუნებრივი შერჩევისა და მასთან დაკავშირებული შეძენილი ადაპტური თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის იდეები გაიშინაგნა. ფსიქიკური ნიშნები, ინდივიდუალური თავისებურებები, სახელდობრ ნიჭი, ტალანტი, ჰალტონის აზრით, მემკვიდრეობით არის განსაზღვრული. ეს აზრია გატარებული ჰალტონის ნოვატორულ ნაშრომში “მემკვიდრეობითი გენია” (1869), რომელზეც დარვინმა თქვა, რომ ამაზე საინტერესო და ორიგინალური რამ არაფერი წაუკითხავს. ჰალტონი ამ აზრამდე მივიდა გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლის საშუალებით. შემდგომში მან საკითხის კვლევის ემპირიულ გზას მიმართა და ამ მიზნით ბევრ ცნობილ ინგლისელ მეცნიერს დაუგზავნა სპეციალური ანკეტები რითიც, ფაქტობრივად, დასაბამი მისცა ანკეტური მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგიაში. ცნობილ პიროვნებათა ნათესაური კავშირების შესწავლით იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ნიჭიერება დაკავშირებულია ნათესაობის ხარისხთან და ხასიათთან. ოთხი შვილიდან ერთს აქვს შანსი, ტალანტის მემკვიდრე გახდეს იმ სფეროში, სადაც გამოიჩინა თავი მისმა მშობელმა, მაგალითად, მეცნიერებაში, სპორტში, იურისპრუდენციაში და ა.შ. მთავარია მემკვიდრეობა - გარემო, აღზრდა მეორეხარისხოვანია. აქ მან პირველმა გამოიყენა ე.წ. ტყუპების მეთოდი და დაადასტურა მონოზიგოტური (ერთკვერცხუჯრედოვანი) ტყუპების დიდი ფსიქიკური მსგავსება. ყოველივე ეს განზოგადებულია წიგნში “ინგლისელი მეცნიერები” (1874) და “ადამიანის ნიჭიერებისა და მისი განვითარების გამოკვლევა” (1883). წიგნში “ბუნებრივი მემკვიდრეობა” (1889) ავტორი ნიჭის გენეტიკური განსაზღვრულობის დებულებიდან გენოტიპის ხელოვნური შეცვლის იდეაზე გადადის. ჰალტონს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმა დეგრადაციის გზაზეა: “აღარ არიან ანტიკური, სოკრატეს დონის ხალხიო” - ამბობდა იგი. ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ნიჭიერი ინდივიდების მიზანდასახული სელექციით. ამას უნდა ემსახურებოდეს სპეციალური დარგი, ე.წ. ევგენიკა. ჰალტონმა ევგენიკის ლაბორატორია და საზოგადოება დააარსა. ადამიანთა მოდგმა ისევე შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორც ძაღლებისა ან ცხენების ჯიში, რამდენიმე თაობაში შესაბამისი არჩევითი ქორწინებების გზით. ამისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს მატერიალური სტიმულების სისტემა, რათა წაახალისოს ქორწინება იმ პირებს შორის, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება.

  ბუნებრივია, რომ ჰალტონის წინაშე აქტუალურად დაისვა საკითხი ადამიანთა გონებრივი შესაძლებლობების ინდივიდუალურ განსხვავებულობათა გამოვლენისა თუ გაზომვის შესახებ. ჰალტონმა დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი მის გადაწყვეტას. ამ მიზნით მან შექმნა ტესტების სისტემა. მათი საშუალებით იზომებოდა შეგრძნებათა სიმახვილე, რეაქციის დრო, კუნთური ძალა და სხვა მარტივი სენსომოტორული თვისებები. ამისთვის მან გამოიგონა მრავალი ხელსაწყო. მაგალითად, “ჰალტონის საყვირი” სმენის ზღურბლის დასადგენად, “ჰალტონის სახაზავი” თვალზომის გამოსავლენად, ფოტომეტრი ფერების გარჩევის უნარის გასაზომად, წონებისა და სხვადასხვა ნივთიერებებით სავსე ბოთლების სისტემა, რომლითაც ხდებოდა შესაბამისად კუნთურ-კინესთეტიკური და ყნოსვით შეგრძნებათა შემოწმება, რეაქციის დროის გამზომი ქანქარა და სხვა.

  ჰალტონს მიაჩნდა, რომ მარტივი სენსომოტორული ფუნქციების გაზომვით შესაძლებელია ადამიანის ინტელექტის შეფასება. ამაში თავი იჩინა მისმა სენსუალისტურმა პოზიციამ - გრძნობის ორგანოები გარემოს შესახებ ცნობების ერთადერთი წყაროა და რაც მეტია მათი სიმახვილე, მით მეტი გასაქანი ეძლევა ინტელექტსა და გონებას. შესაბამისად, ნიჭიერ ინდივიდებს უფრო მახვილი შეგრძნებები აქვთ. ჰალტონმა ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმას, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის, იდიოტიზმის შემთხვევაში ირღვევა სითბოს, სიცივის, ტკივილის და სხვა შეგრძნებათა გარჩევის უნარი და დაასკვნა, რომ რაც უფრო მაღალია სენსორული გარჩევის უნარი, მით მეტია ინტელექტი.

  ჰალტონი არასენსორულ ფსიქიკურ უნარებსაც იკვლევდა. სხვა კონტექსტში უკვე ითქვა, რომ მან პირველმა გამოიგონა ასოციაციური მეთოდი და მისი საშუალებით შეისწავლა ასოციაციების სისწრაფე, რასაც გონებრივი პროცესების ტემპის და, მაშასადამე, ინტელექტუალობის მაჩვენებლად მიიჩნევდა (იხ. თავი 7.1.). მანვე სპეციალური კითხვების მეშვეობით იკვლია მეხსიერების წარმოდგენების აღმოცენების პროცესი. ამ პროცესის სისწრაფე და წარმოდგენების მრავალფეროვნება აგრეთვე ითვლებოდა გონებრივი ძალის მანიშნებლად. მიუხედავად ამისა, თავის ტესტების სისტემაში ჰალტონი ამ პარამეტრებს არ ზომავდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე იყო, ხოლო პრაქტიკული გამოყენებისთვის ტესტური პროცედურები მაქსიმალურად ხანმოკლე და მარტივი უნდა ყოფილიყო.

  ასეა თუ ისე, 1884 წელს ლონდონის მსოფლიო გამოფენაზე ჰალტონმა დააარსა ანთროპომეტრული ლაბორატორია, რომელშიც ყველას შეეძლო ზომა-წონასთან ერთად გაეზომა თავისი სენსორული და მოტორული უნარები. შემდგომში ეს ლაბორატორია გადაიტანეს ლონდონის სამხრეთ-კენსინგტონის მუზეუმში. სულ ლაბორატორიამ ექვსი წელი იმუშავა და ცხრა ათას ადამიანზე მეტი მონაცემის აკრეფა მოასწრო. მოგვიანებით ჰალტონმა შემოიღო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სისტემატური ანთროპოლოგიური გაზომვები. ინდივიდუალურ განსხვავებათა კვლევის ეს პროგრამები საკმაოდ ამბიციურ მიზანს ემსახურებოდა - მათ უნდა გაერკვია ინგლისის მოსახლეობის ადამიანური შესაძლებლობები და ერის ინტელექტუალური პოტენციალი. ამის საჭიროებას ჰალტონი სახელმწიფოსთვის პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაში ხედავდა, კერძოდ მრეწველობის, შეიარაღებული ძალებისა თუ კოლონიური პოლიტიკის სფეროში. ამით ჰალტონმა საფუძველი ჩაუყარა ტესტირებას, რომელსაც თავიდანვე პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა.

  ჰალტონის კიდევ ერთი დამსახურებაა მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების შემოტანა ინდივიდუალურ განსხვავებათა კვლევის პრაქტიკაში და, საზოგადოდ, ფსიქოლოგიაში. ჰალტონმა კარგად შეისწავლა ბელგიელი მათემატიკოსის, ადოლფ კეტლეს ნაშრომები. კეტლემ პირველმა გამოიყენა სტატისტკური მეთოდები ზოგიერთი ბიოლოგიური (მაგ., ადამიანის წონა ან სიმაღლე) და სოციალური (მაგ., ქორწინება ან თვითმკვლელობა) მოვლენების ანალიზისას და აჩვენა, რომ ისინი გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილებიან. სახელდობრ, მათ შესახებ სტატისტიკური მონაცემები ლაგდებიან ე.წ. ნორმალური განაწილების კანონის შესაბამისად - ყველაზე ხშირია საშუალო მნიშვნელობასთან ახლომყოფი სიდიდეები, და რაც უფრო მეტია გადახრა საშუალო სიდიდიდან, მით უფრო იშვიათია ასეთი სიდიდე. მაგალითად, საშუალო სიმაღლის ადამიანები ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს შეადგენენ. მაღლები და დაბლები მით უფრო იშვიათად გვხვდებიან, რაც უფრო მეტია მათი დაშორება ნორმიდან. ჰალტონმა მართებულად მიიჩნია, რომ გონებრივი უნარების შემთხვევაშიც საშუალო მაჩვენებლიდან გადახრის იგივე კანონზომიერება იჩენს თავს, ანუ რაც უფრო დიდია სისულელისა თუ ნიჭიერების ხარისხი და, მაშასადამე, ნორმიდან დაშორებულობა, მით უფრო იშვიათად გვხვდება ის. კვლევებმა ვარიაციული სტატისტიკის სფეროში ჰალტონი მიიყვანეს ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე კორელაციური მეთოდის აღმოჩენამდე. კორელაციური გაზომვა საშუალებას იძლევა გაირკვეს სხვადასხვა ტესტურ მონაცემს შორის კავშირის ხარისხი. გარდა ამისა, ის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური მეთოდის ე.წ. ფაქტორული ანალიზის საფუძველია. კორელაციური მეთოდი შემდგომში გააუმჯობესა ჰალტონის მოწაფემ, კარლ პირსონმა. მან შემოიღო კორელაციის გაზომვის ფორმულა, რომელიც დღემდე ნაყოფიერად გამოიყენება და, რომელსაც, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი ეწოდება.

  როგორც ვხედავთ, ერთი კაცისთვის ჰალტონმა ძალზე ბევრი გააკეთა. ყველაზე მთავარი, მაინც, ტესტების შემოღება იყო. ფსიქოლოგიური კვლევის ამ ხაზის გაგრძელება ჯეიმს კეტელის (1860-1944) სახელს უკავშირდება. კეტელი ვუნდტის ერთ-ერთი ამერიკელი მოწაფე იყო. მაგრამ უკვე ლაიფციგშივე მან კვლევის საკუთარი მიმართულება მონახა და დაიცვა დისერტაცია რეაქციის დროის ინდივიდუალურ განსხვავებებზე. შემდეგ იგი კემბრიჯში კითხულობდა ლექციებს და აქ ჰალტონის გავლენა განიცადა.

  ჰალტონმა დაწერა წინასიტყვაობა კეტელის ჯურნალ ინდ-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც პირველად იყო ნახმარი ტერმინი გონებრივი ტესტი. მერე იგი გაემგზავრა ამერიკაში, სადაც თავისი აქტიური სამეცნიერო და საორგანიზაციო მუშაობით დასაბამი მისცა მძლავრ ტესტოლოგიურ მოძრაობას. სტუდენტთა ინტელექტის გასაზომად ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მის მიერ ორგანიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში კეტელი, ჰალტონის მსგავსად, ძირითადად სენსომოტორულ ფუნქციებს ზომავდა (შეგრძნებათა მგრძნობიარობა, კუნთური ძალა, მოძრაობათა სისწრაფე, რეაქციის და ამოცნობის დრო, ბგერების დამახსოვრების მაჩვენებელი და სხვა). ობიექტურ მონაცემებზე ორიენტირებულ ამერიკაში, ასეთი ტესტების გამოყენება სხვებმაც დაიწყეს, რაც იმითიც იყო განპირობებული, რომ ეს პროცესები ადვილად იზომებოდნენ ობიექტური მეთოდებით. უფრო რთული ფუნქციების გაზომვა კი, იმჟამად, პრაქტიკულად განუხორციელებელ ამოცანად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში ტესტესტოლოგიამ მძლავრი მოძრაობის სახე მიიღო, მალე ცხადი გახდა გონებრივ შესაძლებლობათა დადგენის ამგვარი მეთოდოლოგიის სერიოზული ნაკლოვანება. ჯერ ერთი, ტესტების მონაცემები არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და, რაც მათავარია, არ შეესატყვისებოდა არც მასწავლებლების საექსპერტო შეფასებებს და არც აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებს. ამან, ბოლოს და ბოლოს, თვით კეტელიც დააეჭვა იმაში, მართლაც ზომავდა თუ არა მისი ტესტები ინტელექტს.

  იმავდროულად ევროპაში განსხვავებული მიდგომა იკიდებდა ფეხს. იქაც დაიწყო გონებრივი ტესტების შემუშავების პროცესი, მაგრამ ისინი თავიდანვე უფრო რთული კოგნიტური ფუნქციების შემოწმებას გულისხმობდნენ. მაგალითად, გამოჩენილი გერმანელი ფსიქიატრის ე. კრეპელინის ტესტებში (1895), რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების გამოსაკვლევად შეიქმნა, ძირითადად გამოიყენებოდა ელემენტარული მათემატიკური ოპერაციები და იზომებოდა დამახსოვრების, ყურადღების მდგრადობის, დაღლილობისადმი წინააღმდეგობის გაწევის და სხვა უნარები. მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევის ინიციატორმა ჰერმან ებინჰაუსმა 1897 წელს შექმნა ერთ-ერთი პირველი საკუთრივ ინტელექტუალური ტესტი. დათვლისა და მოგონების უნარებთან ერთად, ის ზომავდა დაუმთავრებელი წინადადების დასრულების გონებრივ უნარს. ამ დაუსრულებელი წინადადების ტესტის მონაცემები მაღალ კორელაციაში აღმოჩნდა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან.

  ნამდვილი გარღვევა გონებრივი ტესტების სფეროში გააკეთა გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ (1857-1911). მისი ინტელექტის სკალა კლასიკურია და საყოველთაოდ ცნობილი. ბინე აზროვნების ექსპერიმენტული კვლევის ერთ-ერთი პიონერია. ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მან სრულიად ახლებურ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი ამ სფეროს ზოგადფსიქოლოგიური შესწავლის საქმეში (იხ. თავი 7.1.). მას აინტერესებდა აგრეთვე აზროვნების ონტოგენეტური განვითარების პრობლემატიკაც. ამის გათვალისწინებით საფრანგეთის განათლების სამინისტრომ ბინეს დაავალა შეექმნა ისეთი სკალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა გონებაჩამორჩენილი ბავშვების გამოვლენა სპეციალური სკოლებისა და კლასებისთვის. 1905 წელს ბინემ ფსიქიატრ თეოდორ სიმონთან თანამშრომლობით შექმნა ტესტი, რომელიც ამოწმებდა ზოგადად ინტელექტის განვითარების დონეს სხვადასხვა ასაკის ბავშვებში. პრინციპული სიახლე ბინეს მიდგომაში იყო ის, რომ ჰალტონისა და კეტელისაგან განსხვავებით, იგი ზომავდა საკუთრივ კოგნიტურ ფუნქციებს: მეხსიერებას, ყურადღებას, წარმოსახვას და აზროვნებას ანუ მიხვედრილობას, რაც გარჩევის, გაგების და წვდომის ასპექტებს შეიცავდა.

  ტესტის შედგენის პროცედურა წმინდად ემპირიული იყო. თუკი ბავშვების 80-90% წყვეტს ამოცანების გარკვეულ სისტემას, მაშასადამე, ეს სისტემა შეესაბამება ამ ასაკის ბავშვების ინტელექტის საშუალო, ნორმალურ დონეს. ამოცანები განლაგებულია მზარდი სირთულის მიხედვით და ზომავენ 3-13 წლის ბავშვების ინტელექტს. ამ დროს დგინდება გონებრივი ასაკი. ესაა ის მაჩვენებელი, რომელსაც ბავშვი ღებულობს ინტელექტის სკალაზე. აღირიცხება აგრეთვე ქრონოლოგიური ასაკი, ანუ რეალურად რამდენი წლისაა ბავშვი. თუ ამ მაჩვენებლების სხვაობა დადებითია (+), მაშინ სახეზეა გონებრივი ნიჭიერება, თუ ეს მაჩვენებელი უარყოფითია (_), მაშინ გონებრივი ჩამორჩენა. ვ. შტერნმა 1911 წელს შემოიღო ე.წ. ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), რომელიც გამოხატავს გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკების შეფარდებას პროცენტებში. IQ კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით:

IQ = გა/ქა x 100%,

  სადაც გა - აღნიშნავს ბინე-სიმონის სკალით გამოვლენილ გონებრივ ასაკს, ხოლო ქა - ქრონოლოგიურ ასაკს. ნორმალურად ითვლება კოეფიციენტი 80%-დან 120%-მდე. ამ ზონის ქვევით არის ჩამორჩენა, ზევით კი - ნიჭიერება.

  ტესტების კონსტრუირებისას მრავალი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ინტელექტის ტესტებში მინიმალიზებულ იქნეს გამოცდილებისა და ცოდნის წვლილი ამოცანების გადაწყვეტაში. პასუხი უნდა გამოხატავდეს გონებრივ უნარს და არა ინფორმირებულობას (ცოდნა სპეციალური ტესტებით იზომება). მაგალითად, პრესტიჟულ სკოლებში მოსწავლეებმა შესაძლებელია მეტი იციან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან. ბინე ითვალისწინებდა ამას, მაგრამ ტესტების გამოყენების პირველ ეტაპზე ზოგჯერ ამ მოთხოვნის უგულებელყოფა ხდებოდა. ერთ ქვეყანაში გაკეთებულ ტესტს მექანიკურად თარგმნიდნენ და იყენებდნენ ისეთი კონტინგენტის დიაგნოსტიკისთვის, რომელსაც არ გააჩნდა აუცილებელი ინფორმაცია და ჩვევები ტესტური დავალებების სრულყოფილი გააზრებისთვის. მაგალითად, ოციან წლებში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში1 საბჭოთა კავშირში დაიწყეს ბავშვების მასობრივი ტესტირება.

  ამ სამუშაოს შედეგების განზოგადებამ გამოავლინა, რომ სოფლელი ბავშვების ინტელექტის დონე ნაკლებია ქალაქელებზე და რომ, საზოგადოდ, შეძლებული ოჯახების შვილებს ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ. ეს, თავისთავად არასწორი, ხოლო მუშურ-გლეხური სახელმწიფოსთვის - მით უფრო მიუღებელი შედეგი, გახდა საბაბი მწვავე იდეოლოგიური კამპანიისა, რეპრესიებისა და ქვეყანაში პედოლოგიის განადგურებისა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოყენებულ ტესტებში გაიპარა ისეთი შეკითხვები, რომლებიც ბავშვების ნაწილისთვის ძნელად გასაგები იყო. მაგალითად, ბინეს ტესტის ერთ-ერთ ამოცანაში ბავშვმა თანაბრად უნდა გაუყოს ექვსი ფორთოხალი დედას, მამას და თავის თავს. საკმაოდ ხშირად 8-9 წლის ბავშვებსაც კი უჭირდათ მისი გადაწყვეტა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვერ ყოფდნენ ექვსს სამზე, არამედ იმის გამო, რომ უბრალოდ არ იცოდნენ, რა იყო ფორთოხალი. მოშიმშილე რუსეთში ასეთი ბავშვები მრავლად იყვნენ.

  ბინეს მიაჩნდა, რომ თუ ეს პირობა შესრულებულია, ე.ი. თუ ტესტური მასალა ყველასთვის ერთნაირად ნაცნობი და გასაგებია, მაშინ გონიერი ბავშვი ყოველთვის უკეთ შეასრულებს დავალებას, ხოლო ამოცანების დიდი რაოდენობა შესაძლებელს გახდის გამოირიცხოს შემთხვევითობა. ამასთან, ბინე თვლიდა, რომ ინტელექტის დონე მუდმივია და არ არის დამოკიდებული ასაკზე, ანუ რომელ ასაკშიც არ უნდა ჩავატაროთ ტესტირება, კონკრეტული ბავშვის ინტელექტის მაჩვენებელი იქნება ერთნაირი სწავლებისა და აღზრდის პირობების თუ მთელი სოციალური გარემოს ცვალებადობის მიუხედავად. ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ ინტელექტი თანდაყოლილი უნარია და არ ცვალებადობს ცხოვრების განმავლობაში, თუმცა მიიმართება განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტაზე. ბინე-სიმონის სკალის სრულყოფის პროცესი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და მისი სამი ვარიანტი იქნა წარმოდგენილი (1905, 1908, 1911). ბინეს ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ საფრანგეთში სამოციან წლებამდე ეს ტესტები პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, ამერიკაში თავიდანვე გამოჩნდა რამდენიმე გადამუშავებული ვარიანტი, რომელთაგან საუკეთესოდაა მიჩნეული 1916 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ლუის ტურმანის ხელმძღვანელობით გაკეთებული მოდიფიკაცია, რომელიც ცნობილია სტენფორდ-ბინეს სკალის სახელწოდებით. ეს ტესტი დღესაც რჩება ინტელექტის გამზომ ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტად.

  ტესტოლოგიური მუშაობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გაიშალა ინდივიდუალურ თავისებურებათა კვლევის სფეროში, ახალ საკითხებს სვამდა. ასე, ინგლისელმა ფსიქოლოგმა ჩარლზ სპირმენმა (1863-1945) აღნიშნა, რომ თუ განსხვავებული უნარების (მაგ., მათემატიკური და ლინგვისტური უნარის) გამზომი ტესტებით მიღებული მონაცემები დადებით კორელაციაში არიან ერთმანეთთან ეს ნიშნავს, რომ ისინი ავლენენ გარკვეულ გენერალურ ფაქტორს, ანუ საერთო ინტელექტუალურ უნარს. ეს არის უნარი, რომელიც ანიჭებს ადამიანს უპირატესობას ყოველგვარ ინტელექტუალურ საქმიანობაში. ამავე დროს, ყოველგვარ ქცევაში გამოიყოფა ფაქტორი, რომელიც სპეციფიკურია მხოლოდ აქტივობის ამ კონკრეტული ფორმისთვის (მაგ., მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტისა ან ლიტერატურული შემოქმედებისთვის). ამდენად, სპირმენმა ორფაქტორიანი (საერთო და სპეციფიკური ფაქტორი) მოდელი წარმოადგინა. მას დაუპირისპირდა ე.წ. მულტიფაქტორული მიდგომა, რომლის მიხედვით არსებობენ განსხვავებული პირველადი უნარები და ლაპარაკი საერთო ფაქტორზე და, მაშასადამე, ერთიან ინტელექტზე უსაფუძვლოა. ამ მიდგომის დამცველების აზრით, არსებობს პირველადი გონებრივი უნარების ფართო სპექტრი ან ინტელექტის რამდენიმე დამოუკიდებელი ტიპი, მაგალითად, ლოგიკურ-მათემატიკური, ხატოვანი, სივრცითი, ლინგვისტური, მუსიკალური და ა.შ. (ლ. ტერსტოუნი, ჯ. გილფორდი და სხვა). დისკუსია ამ მიმართულებით დღესაც გრძელდება.

  როგორც აღინიშნა, ტერმინი “ინტელექტის კოეფიციენტი” და მისი გამოთვლის ფორმულა შემოიტანა ვილიამ შტერნმა (1871-1938). მასვე ეკუთვნის ტერმინი “დიფერენციალური ფსიქოლოგია” და მისი, როგორც ფსიქოლოგიის ცალკე დარგის პირველი საგანგებო მეთოდოლოგიური დასაბუთება. 1900 წელს გამოსულ წიგნში “ინდივიდუალურ განსხვავებათა ფსიქოლოგია” შტერნი აღნიშნავდა, რომ ბოლო დრომდე ფსიქოლოგია მიმართული იყო ზოგადისა და საერთოს ძიებაზე და თითქმის არ აქცევდა ყურადღებას იმ გასაოცარ მრავალფეროვნებას, რომელშიც ვლინდება ეს საერთო სხვადასხვა პიროვნებაში, ადამიანთა ტიპში, სხვადასხვა სქესში, მოსახლეობის განსხვავებულ ფენაში, ერში და ა.შ. მაგრამ მეცნიერების ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება “საერთო მიდგომიდან გამომდინარე”. არსებული ცალმხრივობის დასაძლევად ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაცნობიერდეს, რომ ფსიქიკურის ვარიაბილურობას და დიფერენციაციას ისეთივე უფლება აქვს, გახდეს მეცნიერული შესწავლის საგანი, როგორც ზოგადფსიქოლოგიურ ფაქტებსა და კანონზომიერებებს. განსხვავებულისა და თავისებურის მიმართ ერთგვარი ინტერესი გაჩნდა, წერდა შტერნი, მაგრამ ის უმეტესად მაინც ზოგადფსიქოლოგიური ანალიზის თანმდევ, არამთავარ პროდუქტად განიხილება. კვლევები, რომლებიც პირდაპირაა მიმართული განსხვავებულობათა შესწავლაზე, ჯერ კიდევ მცირეა და დიფერენციალური ფსიქოლოგიის ზოგადი ფსიქოლოგიისაგან ცნობიერი გამიჯვნის პროცესი მხოლოდ იწყება.

  წიგნში “დიფერენციალური ფსიქოლოგია” (1911) შტერნი საგანგებოდ განიხილავს კვლევის ამ მიმართულების წინამორბედებსა და ამასთან დაკავშირებულ ტერმინებს. მაგალითად, ეთოლოგია (როგორც ზნეობრივი ქცევის შესწავლა) და ქარაქტეროლოგია (როგორც ხასიათის ტიპების შესწავლა) ძალზე ვიწროა და ვერ ფარავს ინდივიდუალურ განსხვავებათა მთელ სპექტრს. ყოფითი აზროვნებისთვისაც კი ნათელია განსხვავება ხასიათსა და, თუნდაც, ინტელექტს შორის, რომლითაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავედებიან. სახელწოდება ინდივიდუალური ფსიქოლოგია, რომელსაც ხმარობდნენ ბინე, კრეპელინი და სხვები, მისაღებია, მაგრამ მას უკვე აქვს თავისი გამოყენების ტრადიცია სოციალური და ხალხთა ფსიქოლოგიის საპირისპიროდ, ე.ი. ის ეხება მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს. ხოლო, მეცნიერების დარგს, რომლის დაფუძნებაც შტერნს განუზრახავს, ინდივიდებს შორის არსებულ განსხვავებებთან ერთად უნდა შეისწავლიდეს ხალხებს, სქესებს, ასაკებს შორის განსხვავებებს, ანუ დიფერენციაციის პრობლემის მთელ წრეს. შტერნის მიხედვით, დიფერენციალურმა ფსიქოლოგიამ უნდა განიხილოს ყველა ეს სახესხვაობა და გამოავლინოს მათი გამომწვევი მიზეზები. აქ პირველ პლანზე გამოდის ურთულესი პრობლემა შინაგანი (მემკვიდრეობა, მიდრეკილება) და გარეგანი (გარემოს ზეგავლენა, აღზრდა, ეტალონები, ნორმები და ა.შ.) ფაქტორების შესახებ. მის გადაწყვეტას შტერნი უდგებოდა ე.წ. კონვერგენციის თეორიის მიხედვით, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებათა ჩამოყალიბებას შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგად განიხილავს.

  შტერნის მოსაზრებებმა დიდი გავლენა მოახდინა დიფერენციალური ფსიქოლოგიის დამკვიდრებაზე. ისინი ამჟამადაც ინარჩუნებენ აქტუალობას, რადგან დღესაც ზოგჯერ იჩენს თავს ტენდენცია წარმოაჩინონ დიფერენციალური ფსიქოლოგია მხოლოდ ყოველგვარი ფსიქოლოგიური კვლევის დიფერენციალურ ორიენტაციად და არა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ დარგად. არადა ფსიქოლოგიას, როგორც, შესაძლოა არც ერთ სხვა მეცნიერებას, ესაჭიროება იმის ცხადყოფა, რომ საერთოსთან ერთად საჭიროა და შესაძლებელი თავისებურის კვლევა, რომ ზოგადის კონკრეტული განხორციელება ყოველთვის შეიცავს ინდივიდუალობის მომენტს, რომ ინდივიდუალურ განსხვავებებში ვლინდება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ყველაზე ზოგადი კანონზომიერებები, რომ ინდივიდუალური თუ ჯგუფური ვარიაციულობა უნივერსალური ფენომენია და ადამიანური ქცევის არსებითი თვისება. ადამიანის დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები რეალური მოვლენებია, რომლებიც სტაბილურად იჩენენ თავს და ტიპოლოგიზაციასა და კლასიფიკაციას ექვემდებარებიან. მაგალითად, მათემატიკური ან მხატვრული ინეტელექტის ტიპის ადამიანი ამ თავის ინდივიდუალურ თავისებურებას მრავალი წლის განმავლობაში და სხვადასხვა სიტუაციაში ავლენს. იგივე ითქმის ტემპერამენტის (მაგალითად სანგვინიკი ან ფლეგმატიკი) თუ ხასიათის (მაგ., პუნქტუალური ან კომუნიკაბელური ადამიანი) ინდივიდუალურ-ტიპოლოგიურ გამოვლინებებზე.

  ამ სერიოზულ თეორიულ ინტერესებთან ერთად, დიფერენციალურ ფსიქოლოგიას, როგორც ფსიქოლოგიური კვლევის სპეციალურ დარგს, ასაზრდოებდა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინტერესიც. ადამიანთა ინდივიდუალურ თავისებურებათა გამოვლენა თავიდანვე სტიმულირებული იყო საზოგადოებრივი პრაქტიკის ამოცანებით, პირველ რიგში, პედაგოგიური და სამედიცინო კუთხით. როგორც ვნახეთ, ბინემ ტესტები შექმნა და გამოიყენა სკოლის მოსწავლეების, ხოლო კრეპელინმა სულით ავადმყოფთა დიფერენციაციისთვის. ძალიან მალე აქტუალური გახდა ტესტების გამოყენება საწარმოო და ზოგადად, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად. კერძოდ, ე.წ. ფსიქოტექნიკის ფარგლებში გაიშალა მუშაობა სამუშაო პერსონალის პროფშერჩევისა და პროფორიენტაციის მიმართულებით. ტერმინი “ფსიქოტექნიკა” შემოიღო შტერნმა, ხოლო ფსიქოტექნიკაში დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური იდეებისა და მეთოდების ყველაზე აქტიური დამნერგავი გახდა მიუნსტენბერგი.

  ჰიუგო მიუნსტენბერგი (1863-1916) უკვე საკმაოდ ცნობილი თეორეტიკოსი და ექსპერიმენტატორი იყო, როდესაც იგი 1892 წელს ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან ჰარვარდში მიიწვია ჯეიმსმა ლექციების პარალელური ლაბორატორიული სამუშაოს უზრუნველსაყოფად. მიუნსტენბერგმა, ზოგიერთი სხვა ევროპელი ფსიქოლოგისაგან განსხვავებით, ადვილად აუღო ალღო ამერიკული ცხოვრების წესს. მალე იგი თითქმის მთლიანად გადაერთო პრაქტიკულ საქმიანობაზე და გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთ გამოჩენილ ორგანიზატორად მოგვევლინა. მიუნსტენბერგი ამოდიოდა იქიდან, რომ ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანთა შორის უნდა აისახოს მათ პროფესიულ საქმიანობაშიც. ეს ნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის შესატყვისი და არაშესატყვისი პროფესიები. მსხვილი კორპორაციების დაკვეთით მიუნსტენბერგმა შექმნა მრავალი დიაგნოსტიკური მეთოდი მუშების და მომსახურე პერსონალის შესარჩევად. პროფესიული ვარგისიანობის ტესტები იქმნებოდა საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში ყველაზე წარმატებული სპეციალისტების გამოკვლევის საფუძველზე. ამ გზით ვლინდებოდა ის უნარ-თვისებები, რომელებიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისთვის, იქნებოდა ეს სენსომოტორული თუ კოგნიტური ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, ზოგადი, ხატოვანი თუ მანიპულაციური ინტელექტი.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »


[1] ფეხნერი მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცდების მრავალჯერად გამეორებას. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სიმძიმეების აწევასთან დაკავშირებული ცდების ორ სერიაში, რომელთაგანაც თითოეული 32 დღე გრძელდებოდა, სიმძიმეებოს აწევის რიცხვმა ყოველ სერიაში 24 57

ტეგები: Qwelly, ებინჰაუსი, ვუნდტი, იმედაძე, კიულპე, ლომბროზო, მიულერი, ფსიქოლოგია

ნახვა: 5343

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters