Qwelly2024-03-28T08:52:50ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakhahttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/3820723462?profile=RESIZE_180x180&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/group/psychology/forum/topic/listForContributor?user=3flbzmfzti4h8&feed=yes&xn_auth=noსტრესის დონის კვლევაtag:www.qwelly.com,2020-09-05:6506411:Topic:14279942020-09-05T12:03:14.347ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში

ქეთევან ასკილაშვილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

ანოტაცია

ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად…

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში

ქეთევან ასკილაშვილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

ანოტაცია

ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად გვიწევს უამრავ სტრესულ სიტუაციასთან შეხვედრა, გამკლავება და ადაპტაცია. თითოეული ადამიანის მთავარ მიზანს წარმოადგენს ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სტრესთან ეფექტურად გამკლავება, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ახლავს სტრესული მოვლენის ხანგრძლივი დროით მოქმედებას. თითოეული პიროვნება ინდივიდუალურია და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს სტრესთან გამკლავებისთვის.

ნაშრომი ეხება სტრესის დონის კვლევას, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებებს ექსტრემალურ სიტუაციაში.

ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს სტრესის დონის დადგენა ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიცაა მასობრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, „COVID-19“-ის პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანი უდიდესი სტრესის ქვეშ მოაქცია.

შესავალი

ადამიანის გრძნობები დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება: შიშს შეიძლება სიმშვიდე ანაცვლებდეს, სევდას-სიხარული, ბრაზს-გაკვირვება და ა.შ თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი გრძნობის არსებობის შესახებ, რომელიც „ფონად გასდევს“ ადამიანის ყველა განცდას და ხშირად ერთგვარ ხმაურსაც ადარებენ მას (Sapolsky,1994). სწორედ ამ გრძნობას, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უწოდებენ სტრესს. ეს ცნება ფსიქოლოგიაში შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ (Hans Selye) და აღნიშნავს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პასუხს გარემოდან მიღებულ ექსტრემულ სტიმულაციებზე.

სტრესს იწვევს მრავალი ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი ცხოვრების მაღალი ტემპი, კონკურენცია, ძალადობა, ტერორიზმის შიში, ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა: მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა და ა.შ სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახური ვითარებები, მაგ: საყვარელი ადამიანების სიკვდილი ან ავადმყოფობა, ასევე გაყრა და ოჯახური ძალადობა.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მოიცვა „COVID-19”-ის პანდემიამ და ეს გახდა დიდი სტრესორი მოსახლეობის ფართო მასებისთვის.

კვლევის ჰიპოთეზა: განსხვავებული ასაკისა და სქესის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად იტანენ სტრესს, ასევე, სტრესის საერთო დონე სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებში განსხვავებულია. ვფიქრობ, მსოფლიოში არსებული ჯანმრთელობის კრიზისი ახდენს გავლენას ადამიანთა სტრესის დონეზე და იწვევს მის გაზრდას არსებული სიტუაციის საფუძველზე. საინტერესოა, ნამდვილად ასეა თუ არა.

კვლევის მიზანი: დამედგინა სტრესის ზოგადი დონე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და შემესწავლა სტრესსა და დეპრესიას შორის კავშირი.

კვლევის ამოცანები:

საკითხის ირგვლივ თეორიული მასალების მოძიება;

სტრესსა და დეპრესიას შორის კავშირის დადგენა;

სტრესის დონის განსაზღვრა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით(სქესი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი).

გამოყენებული მეთოდები: კვლევისათვის გამოვიყენე სტრესის დონის საკვლევი კითხვარი, რომლის ავტორები არიან ლ.ლემიური, რ.ტესსიერი და ფილიონი (Lemur-Tessier-Fillion) და კ. გოლდბერგის (Ivan K. Goldberg) დეპრესიის შესაფასებელი ტესტი.

იხილეთ ნაშრომი:

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაში

რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეშიtag:www.qwelly.com,2019-05-18:6506411:Topic:13885072019-05-18T04:42:57.410ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ჯონ პ. კოტერი - რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეში

ლიდერობა განსხვავდება მენეჯმენტისგან, მაგრამ იმიტომ არა, ადამიანთა უმრავლესობა რომ ფიქრობს. ლიდერობაში არაფერია მისტიკური. მას არაფერი აქვს საერთო “ქარიზმასთან” ან სხვა…

ჯონ პ. კოტერი - რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეში

ლიდერობა განსხვავდება მენეჯმენტისგან, მაგრამ იმიტომ არა, ადამიანთა უმრავლესობა რომ ფიქრობს. ლიდერობაში არაფერია მისტიკური. მას არაფერი აქვს საერთო “ქარიზმასთან” ან სხვა ეგზოტიკურ პიროვნულ ნიშნებთან. ეს არ არის რჩეული ადამიანების ხვედრი, ლიდერობა არც სჯობს მენეჯმენტს და არც ანაცვლებს მას.

მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი მოქმედების ორ სხვადასხვა და ურთიერთშემავსებელ სისტემას წარმოადგენს. ორივეს თავისი ფუნქცია და დამახასიათებელი აქტივობათა სისტემა აქვს და რთულს და ცვალებად ბიზნესგარემოში წარმატების მისაღწევად ორივე აუცილებელია.

ამერიკული კორპორაციების უმრავლესობას უფრო მართავენ ვიდრე უძღვებიან. მათ თავისივე რესურსის განვითარება სჭირდებათ ლიდერობის გასავარჯიშებლად. წარმატებული კორპორაციები არ ელოდებიან, რომ ლიდერები თვითონ მიაკითხავენ მათ. ისინი აქტიურად ეძებენ პოტენციურ ლიდერში და გამოცდილებას სთავაზობენ, რომელიც მათი პოტენციალის განვითარებას დაეხმარება. მართლაც, გულდასმით შერჩევის, გამოზრდისა და წახალისების პირობებში ასეულობით ადამიანს შეუძლია ბიზნესორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ლიდერული როლის შესრულება.

გაძღოლის უნარის გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რომ ძლიერ ლიდერობას სუსტი მენეჯმენტის პირობებში ზოგჯერ უარესი შედეგიც კი მოაქვს, ვიდრე პირიქით. მთავარ გამოწვევა ძლიერი ლიდერობისა და ძლიერი მენეჯმენტის კომბინირება და მათი ერთმანეთის დასაბალანსებლად გამოყენებაა.

ცხადია, ყველა თანაბრად კარგი გამძღოლი და მმართველი ვერ იქნება. ზოგიერთ ადამიანს ბრწყინვალე მენეჯერად, მაგრამ არა – ლიდერად, ჩამოყალიბების უნარი და შესაძლებლობა აქვს, სხვებს დიდებული ლიდერული პოტენციალი აქვთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ძალიან უჭირთ, რომ ძლიერი მენეჯერები გახდნენ. ჭკვიანი კომპანიები ორივენაირ თანამშრომლებს აფასებენ და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ისინი გუნდის წევრებად აქციონ.

როდესაც საქმე აღმასრულებელის მომზადებას ეხება, კომპანიები სწორად უგულებელყოფენ თანამედროვე ლიტერატურას, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს არ შეუძლიათ ერთდროულად მართვაცა და გაძღოლაც. როგორც კი ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებას დაინახავენ, კომპანიებს შეუძლიათ საუკეთესო ადამიანები გამოზარდონ, რათა მათ ორივე შეძლონ.

განსხვავება მენეჯმენტსა და ლიდერობას შორის

მენეჯმენტი სირთულესთან გამკლავებას გულისხმობს. მისი მეთოდები და პროცედურები, დიდწილად, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე – დიდი კომპანიების

აღმოცენებაზე – პასუხია. კარგი მენეჯმენტის გარეშე კომპლექსურ საწარმოებსა და კომპანიებში შეიძლება ისეთი ქაოსი წარმოიქმნას, რომ საფრთხე შეექმნას მათ არსებობას. კარგ მენეჯმენტს წესრიგი და მუდმივობა შემოაქვს კომპანიების საქმიანობის ისეთ ძირითად ასპექტებში, როგორიც წარმოებული პროდუქტების ხარისხი და რენტაბელობაა.

ამის საპირისპიროდ, ლიდერობა ცვლილებასთან გამკლავებაა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ის ასეთი მნიშვნელოვანი უკანასკნელ წლებში, ის არის, რომ ბიზნესგარემო მეტად კონკურენტული და არასტაბილური გახდა. სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილება, მზარდი საერთაშორისო კონკურენცია, ბაზრების დერეგულაცია, მსხვილი კაპიტალის მქონე ინდუსტრიების დიდი შესაძლებლობები, ნავთობის არასტაბილური კარტელი, უსარგებლო ფასიანი ქაღალდების მფლობელნი, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ კომპანიის აქციებს საკონტროლო პაკეტის მისაღებად და სამუშაო ძალის დემოგრაფიული კონფიგურაციის ცვლილება, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ფაქტორისა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ გადალაგება/ცვლილებაში. შედეგი კი არის ის, რომ, რასაც გუშინ აკეთებდნენ, ან იგივე საქმის 5%-ით უკეთ კეთება უკვე აღარ წარმოადგენს წარმატების ფორმულას. ამ ახალ გარემოში გადასარჩენად და ეფექტური კონკურენციის გასაწევად უფრო და უფრო გარდაუვალი ხდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება. მეტი ცვლილება კი ყოველთვის მეტ ლიდერობას მოითხოვს.

განვიხილოთ მარტივი სამხედრო ანალოგია: მშვიდობის დროს ჯარი, როგორც წესი, წარმატებით ფუნქციონირებს და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით კარგი ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ხარჯზე, თუ ეს

ტოპმენეჯმენტში თავმოყრილ კარგ ლიდერობასთან არის შეწყვილებული; თუმცა ომიანობის დროს იერარქიის ყველა დონეზე ჩნდება კომპეტენტური ლიდერის საჭიროება. ჯერჯერობით არავის მოუფიქრებია, როგორ უნდა იმართოს ეფექტურად ადამიანები ბრძოლის დროს. მათ ლიდერი უნდა გაუძღვეს წინ.

ეს ორი განსხვავებული ფუნქცია – კომპლექსურობასთან და ცვლილებასთან გამკლავება – განსაზღვრავს მენეჯმენტისა და ლიდერობისთვის დამახასიათებელ აქტივობებს. ქმედებათა თითოეული სისტემა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ქმნის ადამიანებისა და ურთიერთობების ქსელებს, რომლებსაც დაგეგმილის შესრულება შეუძლიათ და შემდეგ იმის უზრუნველყოფას ცდილობენ, რომ ადამიანებმა მართლაც იმუშაონ და საქმე გააკეთონ, თუმცა თითოეული მათგანი ამ სამ ამოცანას განსხვავებულად ასრულებს.

კომპანიები კომპლექსურობას, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმვითა და ბიუჯეტირებით მართავენ, ანუ სამომავლოდ სახავენ ამოცანებსა ან მიზნებს (როგორც წესი, შემდეგი თვისთვის ან წლისთვის), დეტალურად გეგმავენ და აღწერენ ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ნაბიჯებს და შემდეგ რესურსებს ანაწილებენ გეგმის განსახორციელებლად. ამის საპირისპიროდ, ორგანიზაციის კონსტრუქციული ცვლილებისკენ გაძღოლა მიმართულების განსაზღვრით, ანუ სამომავლო ხედვის განვითარებით (ამ დროს ხშირად შორეულ მომავალზეა საუბარი) იწყება. ამასთან, განისაზღვრება ცვლილებისთვის საჭირო სტრატეგიები, რომლებიც ორგანიზაციას სასურველი ხედვისკენ მიმართავენ.

მენეჯმენტი გეგმას ახორციელებს ორგანიზებითა და კადრების შერჩევით, რაც ორგანიზაციული სტრუქტურის აწყობასა და გეგმის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო სამუშაო ადგილების შექმნას, კვალიფიცირებული ინდივიდების მიღებას, ამ ადამიანებისთვის გეგმის გაცნობას, გეგმის განხორციელებისთვის პასუხისმგებლობების დელეგირებასა და განხორციელების მონიტორინგის სისტემის შექმნას გულისხმობს. ამის საპირისპიროდ, ეკვივალენტური ლიდერული აქტივობა ადამიანების დარაზმვაა. ეს ნიშნავს ახალი მიმართულების იმ ადამიანებისთვის გაცნობას, რომლებსაც შეუძლია კოალიციების შექმნა, ესმით ახლებური ხედვა და მზად არიან მის მისაღწევად.

დაბოლოს, მენეჯმენტი გეგმის განხორციელებას გაკონტროლებითა და პრობლემების მოგვარებით უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს გეგმასთან მიმართებით მიღწეული შედეგების დეტალურ, ფორმალურ და არაფორმალურ მონიტორინგს, რომლისთვისაც გამოიყენება ანგარიშები, შეხვედრები და სხვა საშუალებები, გადახრების იდენტიფიცირება და შემდეგ გამოვლენილი/არსებული პრობლემების მოგვარების დაგეგმვა და ორგანიზება. ამისგან განსხვავებით, სასურველი ხედვის რეალიზაცია ლიდერობისგან მოტივირებასა და შთაგონებას მოითხოვს ანუ ცვლილების გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებების მიუხედავად, ადამიანები სასურველი მიმართულებით უნდა განაგრძობდნენ მოძრაობას, რაც ბაზისურ, მაგრამ ხშირად გამოუყენებელ ადამიანურ მოთხოვნილებებზე, ღირებულებებსა და ემოციებზე აპელირებით მიიღწევა.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული დასახელებული აქტივობა, რათა უკეთ დავინახოთ, რა უნარ-ჩვევები სჭირდებათ ლიდერებს.

მიმართულების დასახვა — დაგეგმვა და ბიუჯეტირება

ვინაიდან ლიდერის ფუნქცია ცვლილების წამოწყება და განხორციელებაა, ამ ცვლილების მიმართულების განსაზღვრა ლიდერობის ფუნდამენტია. მიმართულების განსაზღვრა არასოდეს არის იგივე, რაც დაგეგმვა ანდა გრძელვადიანი დაგეგმვაც კი. ეს ორი ხშირად ერთმანეთში ერევათ. დაგეგმვა მენეჯმენტის პროცესია, რომელიც თავისი ბუნებით დედუქციურია და თანმიმდევრული შედეგების და არა – ცვლილების მისაღებადაა მოწოდებული. მიმართულების განსაზღვრა უფრო ინდუქციური საქმიანობაა. ლიდერები თავს უყრიან მრავალფეროვან მონაცემებს და მათში პატერნებს, ურთიერთმიმართებებსა და კავშირებს ეძებენ, რომლებიც არსებული ვითარების ასახსნელად დაეხმარებათ. უფრო მეტიც, ლიდერობის ასპექტი – მიმართულების განსაზღვრა – არ გულისხმობს გეგმის შემუშავებას. მისი დანიშნულება ხედვისა და სტრატეგიების შექმნა-განვითარებაა. ეს ბიზნესს, ტექნოლოგიასა თუ კორპორაციულ კულტურას იმ თვალსაზრისით აღწერს, თუ როგორი უნდა გახდეს ის ხანგრძლივი დროის შემდეგ და ამ მიზნის მიღწევის შესაძლებელ და დასაშვებ გზასაც მკაფიოდ აყალიბებს.

ხედვის შესახებ დისკუსიათა უმრავლესობას მისტიკურობის ტენდენცია ახასიათებს. ამიტომ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ხედვა/კონცეფცია რაღაც არაბუნებრივია, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავებს, ყველაზე ნიჭიერებსაც კი, არასოდეს ექნებათ. მაგრამ სინამდვილეში კარგი ბიზნესმიმართულების განვითარებაში არაფერია მაგიური და ჯადოსნური. ეს ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების რთული და ზოგჯერ დამღლელი პროცესია. ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ხედვა აქვთ, სულაც არ არიან ჯადოქრები. ისინი შორსმჭვრეტელი მოაზროვნეები არიან, რომლებიც რისკის პასუხისმგებლობას იღებენ.

არ არის აუცილებელი, რომ ხედვა და სტრატეგია აბსოლუტურად ინოვაციური იყოს. ფაქტობრივად, ზოგიერთი საუკეთესო მათგანი ნამდვილად არ არის ასეთი. ეფექტური ბიზნესხედვები საშუალო დონისაა და, როგორც წესი, კარგად ნაცნობი იდეებისგან შედგება. იდეების კონკრეტული კომბინაცია ან პატერნი შეიძლება ახალი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ასეც კი არ ხდება.

მაგალითად, როცა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენ კარლზონმა თავისი ხედვის შესახებ განაცხადა, რომელიც სკანდინავიური ავიახაზების სისტემის[6] მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად გადაქცევას გულისხმობდა მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობდა ბიზნესიდან გამომდინარე. კარლზონს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მანამდე არ იცოდნენ ავიაბიზნესში. ბიზნესმოგზაურები უფრო რეგულარულად დაფრინავენ, ვიდრე ბაზრის სხვა სეგმენტის წარმომადგენლები და მზად არიან, მაღალი საფასურის გადასახდელად. ამგვარად, ბიზნესმომხმარებლებზე ფოკუსირება ავიაკომპანიას მაღალ ნიხრს, სტაბილურ ბიზნესსა და მნიშვნელოვან ზრდას სთავაზობს; მაგრამ ბიზნესის ამ დარგში, რომელიც ბიუროკრატიით უფროა ცნობილი, ვიდრე ახალი ხედვებით, არც ერთ კომპანიას არ შეუწყვილებია ეს იდეები და არ დაუსახავს მიზნად მათი განხორციელება. სკანდინავიური ავიახაზების სისტემამ გააკეთა ეს და გაამართლა.

ხედვისთვის ორიგინალობა კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის, თუ რამდენად კარგად ემსახურება ის მნიშვნელოვანი მხარეების – მომხმარებლების, მეწილეებისა და თანამშრომლების – ინტერესებს და რამდენად ადვილია მისი რეალისტურ კონკურენტუნარიან სტრატეგიად გარდაქმნა. ცუდი ხედვა მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარეების

ლეგიტიმური მოთხოვნებისა და უფლებების უყურადღებოდ დატოვების ტენდენციით ხასიათდება, მაგალითად, მომხმარებლებს ან მეწილეებს არ აქცევს ყურადღებას და თანამშრომლებს ანიჭებს უპირატესობას; ანდა სტრატეგიულად სუსტი და დაუსაბუთებელია. როცა კომპანია, რომელიც ბიზნესის მოცემულ სფეროში ყოველთვის სუსტი კონკურენტი იყო, მოულოდნელად წამყვან პოზიციის დაკავებაზე იწყებს საუბარს, ეს აუხდენელი ოცნებაა და არა – ხედვა.

კორპორაციებს, რომლებსაც ზედმეტად მართავენ და ნაკლებად უძღვებიან, ყველაზე ხშირად ის ეშლებათ, რომ მიმართულებისა და მზარდ კონკურენტულ და დინამიკურ ბიზნესგარემოში ადაპტაციის უნარის უქონლობის პირობებში გრძელვადიან გეგმარებას პანაცეად მიიჩნევენ; თუმცა ამგვარი მიდგომა მიმართულების განსაზღვრის არსის მცდარ ინტერპრეტაციას გულისხმობს და ვერასოდეს გაამართლებს.

გრძელვადიანი დაგეგმვა ყოველთვის მოითხოვს დროს. ნებისმიერ მომენტში, როცა რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება, გეგმები თავიდან უნდა გადაეწყოს. დინამიკურ ბიზნესგარემოში მოულოდნელობა ხშირად ჩვეულებრივი რამაა. ამიტომ გრძელვადიანი დაგეგმვა უაღრესად რთულია. სწორედ ამიტომ ყველაზე წარმატებული კორპორაციები შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდს გეგმავენ წინასწარ. ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანი “გრძელვადიან დაგეგმვას” ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც კი ეწინააღმდეგება.

მიმართულების გარეშე კომპანიაში მოკლევადიანი დაგეგმვაც კი შეიძლება შავ ხვრელად იქცეს, რომელიც უამრავ დროსა და ენერგიას შთანთქავს. ხედვისა და სტრატეგიის გარეშე იქნება თუ

არა, დაგეგმვის პროცესისთვის შეზღუდვების დაწესება ან მისი მართვა, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საჭიროებს გარკვეულ გეგმას. ამ ვითარებაში გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის გეგმის შემუშავების პროცესი უსასრულოდ შეიძლება გაიწელოს, გაცილებით მნიშვნელოვან აქტივობებს წაართვას დრო და ყურადღება და, საბოლოოდ, მაინც ვერ უზრუნველყოს მკაფიო მიმართულება, რომელიც ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია კომპანიისთვის. გარკვეული დროის შემდეგ მენეჯერები აუცილებლად გახდებიან ცინიკურები და დაგეგმვის პროცესი უაღრესად პოლიტიზირებულ თამაშად იქცევა.

დაგეგმვა ამართლებს, როდესაც ის მიმართულების განსაზღვრის შემავსებელ საშუალებას წარმოადგენს და არა – ჩამნაცვლებელს. კომპეტენტური დაგეგმვის პროცესი რეალობის გადამოწმების სასარგებლო იარაღია მიმართულების განსაზღვრის დროს. ანალოგიურად, კომპეტენტური მიმართულების განსაზღვრის პროცესი უზრუნველყოფს ფოკუსს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი ხდება საქმიანობის რეალისტურად დაგეგმვა. ის გვეხმარება ნათლად დავინახოთ, დაგეგმვის როგორი პროცესია საჭირო და როგორი – არარელევანტური.

ადამიანების დარაზმვა — ორგანიზება და კადრების შერჩევა

თანამედროვე ორგანიზაციების ცენტრალური მახასიათებელია ურთიერთდამოკიდებულება, როცა არაფერი არ არის სრულიად ავტონომიური და თანამშრომელთა უმრავლესობა მიბმულია ბევრ სხვა კოლეგაზე, ტექნოლოგიაზე, მართვის სისტემებსა და იერარქიაზე. ეს კავშირები განსაკუთრებულ გამოწვევად იქცევა, როდესაც ორგანიზაციები შეცვლას ცდილობენ. თუ ბევრი

ადამიანი არ გამწკრივდება და ერთდროულად ერთი და იმავე მიმართულებით არ იმოძრავებს, წაიბორძიკებენ და ერთმანეთს ხელს შეუშლიან. აღმასრულებლებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ ნასწავლი მენეჯმენტის მიმართულებით და ბევრი არაფერი იციან ლიდერობის შესახებ, ადამიანების ერთი მიმართულებით ამოძრავება ორგანიზაციულ პრობლემად მიაჩნიათ, თუმცა ის, რასაც აღმასრულებლები აკეთებენ, ადამიანების ორგანიზება კი არა, მათი დარაზმვაა.

მენეჯერები “აორგანიზებენ” ადამიანთა სისტემების შექმნას, რათა შესაძლებელი გახდეს დასახული გეგმების მაქსიმალურად და შეძლებისდაგვარად ზუსტად და ეფექტურად განხორციელება. ეს, როგორც წესი, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. კომპანიამ უნდა შეარჩიოს სამუშაო პოზიციების სტრუქტურა და ანგარიშგების ურთიერთობები, ეს პოზიციები შესაბამისი ადამიანებით დააკომპლექტოს, საჭიროების შემთხვევაში დაატრენინგოს კიდეც, თანამშრომლებს გააცნოს გეგმა და განსაზღვროს უფლებამოსილების დელეგირების ფარგლები. გეგმის შესრულებისთვის ეკონომიკური წამახალისებლებიც მოსაფიქრებელია და მის განხორციელებაზე მონიტორინგის სისტემაც. ეს ორგანიზაციული მსჯელობა ძალიან ჰგავს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს – საქმე ეხება კონკრეტულ კონტექსტში ჩატევასა და მორგებას.

დარაზმვა განსხვავებული ამოცანაა. ის კომუნიკაციების გამოწვევა უფროა, ვიდრე – დიზაინის პრობლემა. დარაზმვა გაცილებით მეტ ადამიანთან საუბარს გულისხმობს, ვიდრე ორგანიზება. სამიზნე პოპულაცია შეიძლება მხოლოდ მენეჯერს დაქვემდებარებულებს კი არ მოიცავდეს, არამედ ორგანიზაციის სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებს, კოლეგებსა და თანამშრომლებს, მომწოდებლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მომხმარებლებსაც

კი. ამ დროს რელევანტურია ნებისმიერი, ვისაც კი ხედვისა და სტრატეგიის დანერგვაში დახმარება ან ხელის შეშლა შეუძლია.

ადამიანებისთვის ალტერნატიული მომავლის ხედვის ახსნა-განმარტება სრულიად სხვა მასშტაბის კომუნიკაციების გამოწვევაა, ვიდრე მოკლევადიანი გეგმის შესასრულებლად მათი ორგანიზება. მათ შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როდესაც მწვრთნელი ფეხბურთის გუნდისთვის, ერთ შემთხვევაში, ორსამი მომავალი თამაშის აღწერას ცდილობს და, მეორე შემთხვევაში, თამაშისადმი სრულიად ახალ მიდგომას უხსნის, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში უნდა გამოიყენონ.

უხვსიტყვიანი ტექსტი იქნება თუ რამდენიმე მინიშნება, მიუხედავად კარგად გაგებისა, აუცილებელი არაა მიიღონ ეს შეტყობინებები. ლიდერობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სანდოობაა, ანუ ის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ მიწოდებული შეტყობინება. ამას ბევრი რამ განაპირობებს: იმ ადამიანის წარსული გამოცდილება, რომელსაც შეტყობინება მიაქვს თანამშრომლებამდე; შეტყობინების შინაარსი; რამდენად კარგად იცნობენ და რამდენად ენდობიან იმ ადამიანს, ვინც შეტყობინების მაცნედ ევლინება თანამშრომლებს; სიტყვისა და საქმის შესაბამისობა.

დაბოლოს, დარაზმვას, გარკვეულწილად, გაძლიერება (უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება) მოჰყვება, რასაც ორგანიზაცია იშვიათად ახერხებს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც უჭირთ ორგანიზაციებს ბაზრის ან ტექნოლოგიების სწრაფ ცვლილებასთან ადაპტირება, ის არის, რომ ამ კომპანიებში ძალიან ბევრი ადამიანი შედარებით უსუსურად

გრძნობს თავს. მათ საკუთარი გამოცდილებიდან დაისწავლეს, რომ თუნდაც სწორად აღიქვამდნენ მნიშვნელოვან გარეგან ცვლილებებს და შემდეგ სათანადოდ იწყებდნენ მოქმედებას, მაინც უმწეონი არიან მათ წინაშე, ვინც უფრო მაღალ საფეხურზე დგას და არ მოსწონს მათი ნამოქმედარი. გაკიცხვამ და სასჯელმა მრავალგვარი ფორმა შეიძლება მიიღოს: “ეს ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება,” “ამის საშუალება არ გვაქვს”, ან “ხმა ჩაიწყვიტე და ის აკეთე, რასაც გეუბნებიან.”

დარაზმვა ამ პრობლემას სძლევს ადამიანების, სულ მცირე, ორგვარად გაძლიერებით. პირველი: როდესაც მთელ ორგანიზაციას ნათელი წარმოდგენა აქვს მიმართულებაზე, ქვედა რგოლის თანამშრომლები მოქმედების წამოწყებისას მეტად დაცულნი იქნებიან. როცა მათი ქცევა კომპანიის ხედვის მსგავსი იქნება, ზემდგომებს გაუჭირდებათ მათი გაკიცხვა. მეორე: ვინაიდან ყველას ერთი მიზანი აქვს, ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ერთი პიროვნების ინიციატივა დაიბლოკება, როცა ის მეორის ინიციატივასთან იქნება კონფლიქტში.

ადამიანების მოტივირება — კონტროლი და პრობლემების გადაწყვეტა

ვინაიდან ცვლილება ლიდერობის ფუნქციაა, ენერგიულობა მნიშვნელოვანია გარდაუვალი დაბრკოლებების დასაძლევად, რომლებიც ცვლილებას ეღობება წინ. როგორც მიმართულების განსაზღვრით მოძრაობის მართებული გზა იდენტიფიცირდება და ეფექტური დარაზმვა ადამიანებს ამ გზაზე აყენებს, სათანადო მოტივირება უზრუნველყოფს რომ მათ დაბრკოლებების დასაძლევად საკმარისი ენერგია ჰქონდეთ.

მენეჯმენტის ლოგიკის მიხედვით, კონტროლის მექანიზმები მოიაზრებს სისტემის ქცევისა და გეგმის ურთიერთშედარებას და გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში ზომების მიღებასაც. მაგალითად, კარგად მართულ ქარხანაში ეს ნიშნავს იმას, რომ დაგეგმვის პროცესი ხარისხის გონივრულ მიზნებს აწესებს, ორგანიზების პროცესი ისეთ ორგანიზაციას ქმნის, რომელსაც შეუძლია ამ მიზნების მიღწევა, ხოლო კონტროლის პროცესი უზრუნველყოფს, რომ ხარისხში ჩავარდნების გამოვლენას 30 ან 60 დღე კი არ დასჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ დაფიქსირდება და გამოსწორდება.

სწორედ იმის გამო, რომ კონტროლი მენეჯმენტის ცენტრალური ნაწილია, მოტივირებული, ან ინსპირირებული ქცევა თითქმის უმნიშვნელოა. მენეჯერული პროცესები მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს რისკებისგან და წარუმატებლობისგან. ეს ნიშნავს, რომ ვერ იქნება უჩვეულო მოვლენებზე დამოკიდებული, ან ძნელად მისაღწევი. სისტემებისა და სტრუქტურების მთელი იდეა და მიზანი ისაა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივად იქცევიან, რუტინული, ყოველდღიური სამუშაოს წარმატებით შესრულებაში დაეხმაროს. ამაში არაფერია გასაოცარი, თუმცა სწორედ ეს არის მენეჯმენტი.

ლიდერობა განსხვავებულია. გრანდიოზული ხედვის მიღწევას ყოველთვის სჭირდება ენერგიის ამოფრქვევა. ადამიანებს მოტივაცია და შთაგონება ენერგიით ავსებს და ამას ბაზისური მოთხოვნილების დაკმაყოფილებით, მიკუთვნებულობის განცდით, აღიარებით, თვითპატივისცემით, საკუთარი ცხოვრების კონტროლის განცდითა და იდეალებთან შესაბამისობაში ყოფნის უნარით აღწევს და არა – საჭირო მიმართულებით ხელის კვრით, როგორც ამას კონტროლის მექანიზმი აკეთებს. ასეთი გრძნობები ადამიანების სულის სიღრმემდე აღწევს და მკვეთრ რეაქციას იწვევს.

კარგი ლიდერები სხვადასხვანაირად ახერხებენ ადამიანების მოტივირებას. უპირველეს ყოვლისა ის ორგანიზაციის ხედვის აღწერისას, აუდიტორიის ღირებულებებს გამოკვეთენ. ეს შესასრულებელ სამუშაოს მნიშვნელოვნად აქცევს. გარდა ამისა, ლიდერები რეგულარულად რთავენ ადამიანებს ორგანიზაციის ხედვის მიღწევის შესახებ დისკუსიებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ან ამ პროცესის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე რელევანტურია მოცემული ინდივიდისათვის). ეს ადამიანებს კონტროლის განცდას უქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამოტივაციო ტექნიკაა თანამშრომლის მხარდაჭერა, როდესაც იგი ორგანიზაციის ხედვის გააზრებას ქოუჩინგის, უკუკავშირისა და მოდელირების მეშვეობით ცდილობს და ამით ადამიანებს პროფესიულ ზრდასა და თვითშეფასების გამდიდრებაში ეხმარება. დაბოლოს, კარგი ლიდერები აღიარებენ და აჯილდოვებენ წარმატებას, რომელიც ადამიანებს მხოლოდ მიღწევისა და რეალიზაციის განცდას კი არ ანიჭებს, არამედ მათზე მზრუნველი ორგანიზაციისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნებასაც. როდესაც ეს ყველაფერი შესრულებულია, მუშაობა მოტივაციის მომცემი ხდება.

რაც მეტად ახასიათებს ცვლილება ბიზნესგარემოს, მით მეტად უნდა მოახდინონ ლიდერებმა ადამიანების მოტივირება იმისათვის, რომ გახდნენ ლიდერები. როდესაც ეს სქემა მუშაობს, ლიდერობის რეპროდუქცია/კვლავწარმოება მთელი ორგანიზაციის მასშტაბით ხდება. შესაბამისად, ადამიანებს რამდენიმე ლიდერის როლის შესრულება უწევთ ორგანიზაციულ იერარქიაში. ეს უაღრესად ღირებულია, ვინაიდან ნებისმიერ კომპლექსურ ბიზნესში ცვლილებასთან გამკლავება მრავალგვარი ადამიანების ინიციატივებს მოითხოვს. ამაზე ნაკლები უბრალოდ არ გაამართლებს.

ცხადია, არ არის აუცილებელი, რომ ბევრი წყაროდან მომდინარე ლიდერობა ერთმანეთს თანხვდებოდეს. პირიქით, ძალიან ადვილია, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. რამდენიმე ლიდერული როლის ურთიერთშეთავსების პირობებში მუშაობისთვის ადამიანების ქმედებების კოორდინირება გულდასმით უნდა ხორციელდებოდეს ისეთი მექანიზმებით, რომლებიც განსხვავდება ტრადიციული მენეჯერული როლების კოორდინირებისთვის განკუთვნილი მექანიზმებისგან.

არაფორმალური ურთიერთობების ძლიერი ქსელები, რომლებიც ჩვეულია ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის კომპანიებისთვის, დიდწილად, ისევე ეხმარება ლიდერული აქტივობების კოორდინირებას, როგორც ფორმალური სტრუქტურა – მენეჯერული აქტივობებისას. მათ შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ არაფორმალურ ქსელებს არარუტინულ აქტივობებთან და ცვლილების თანმხლებ კოორდინირების მასშტაბურ მოთხოვნებთან გამკლავება შეუძლია. კომუნიკაციის არხების მრავალრიცხოვნება და ნდობა ამ არხებით დაკავშირებულ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას იძლევა. როდესაც როლური კონფლიქტი ჩნდება, იგივე ურთიერთობები ეხმარება ადამიანებს მის მოგვარებაში. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დიალოგისა და აკომოდაციის პროცესში ურთიერთდაკავშირებული და თავსებადი ხედვები შეიძლება გაჩნდეს. ყველაფერს გაცილებით მეტი კომუნიკაცია სჭირდება, ვიდრე მენეჯერული როლების კოორდინირება, თუმცა ფორმალური სტრუქტურისგან განსხვავებით, ძლიერ არაფორმალურ ქსელებს ამის მოგვარება შეუძლია.

გარკვეული სახის არაფორმალური ურთიერთობები ყველა კორპორაციაში არსებობს, მაგრამ

ხშირად ეს ქსელები ან ძალიან სუსტია, ანუ ზოგიერთს მჭიდრო კავშირი აქვთ, ზოგიერთს კი – არა, ანდა უაღრესად ფრაგმენტირებულია, მაგალითად, ძლიერი ქსელია მარკეტინგისა და R & D-ის ჯგუფებში, მაგრამ არა – ამ ორ დეპარტამენტს შორის. ამგვარი ქსელებისგან მოსალოდნელი არაა ლიდერული ინიციატივების სათანადო მხარდაჭერა. ფაქტობრივად, არაფორმალური ქსელები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს, მათი შექმნა ძირითადი ლიდერული ინიციატივის უპირველესი მიზანი იქნებოდა.

ლიდერობის კულტურის შექმნა

ბიზნესში წარმატების მიღწევისთვის ლიდერობის მზარდი მნიშვნელობის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობის გამოცდილება სამუშაო ადგილზე, როგორც ჩანს, ხელს უშლის ლიდერობისთვის საჭირო თვისებების განვითარებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კომპანია მაინც ახერხებს გამორჩეული ლიდერი-მენეჯერების გამოზრდას. ლიდერობის პოტენციალის მქონეთა მოზიდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. თანაბრად მნიშვნელოვანია მათი კარიერის პატერნების მართვა. ინდივიდებს, რომლებიც ეფექტურნი არიან მასშტაბური ლიდერის როლში, ხშირად მსგავსი კარიერული გამოცდილება აქვთ.

ყველაზე ტიპური და დიდი გამოცდილება, ალბათ, კარიერის გარიჟრაჟზე გამოჩენილი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 20-30 წლის ასაკში ლიდერებს თითქმის ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, რომ რეალურად სცადონ გაძღოლა, გარისკონ და ტრიუმფიდან და წარუმატებლობიდან ერთნაირად ისწავლონ. ამგვარად სწავლას, არსებითი მნიშვნელობა აქვს

მრავალფეროვანი ლიდერული უნარებისა და ხედვის განვითარებისთვის. ასეთი შესაძლებლობები ლიდერობის სირთულეების შესახებაც ბევრ რამეს ასწავლის მათ და ცვლილების განხორციელების პოტენციალის შესახებაც, რომელიც ლიდერობას ახლავს.

კარიერის შემდგომ ეტაპებზეც ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რაც თვალთახედვისა და გამოცდილების გაფართოებისკენ უბიძგებს. ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან სამსახურეობრივ პოზიციებზე ეფექტური ლიდერობის მაგალითს იძლევიან, ამ პოზიციების დაკავებამდე ყოველთვის აქვთ იმ ვიწრო ბაზის მიღმა გასვლისა და გაზრდის შანსი, რომელიც დამახასიათებელია მენეჯერული კარიერის უმრავლესობისთვის. ეს, როგორც წესი, კარიერიდან გადახვევის, ან მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი დავალებების შესასრულებლად ადრეული დაწინაურების შედეგია. ზოგჯერ სხვა ისეთი საშუალებები ამართლებს, როგორიცაა სპეციალური დავალებები, ან ზოგადი მენეჯმენტის ხანგრძლივი კურსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფართო ცოდნა, რომელსაც ასე იძენს ადამიანი, როგორც ჩანს, ლიდერობის ყველა ასპექტისთვის გამოსადეგია. ასევე სასარგებლოა ურთიერთობების ქსელი, რომელსაც ადამიანები იძენენ როგორც კომპანიის შიგნით, ისე – მის გარეთ. როდესაც მეტ ადამიანს ეძლევა ამგვარი შესაძლებლობა, მათ შორის დამყარებულ ურთიერთობებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ძლიერი არაფორმალური სქელების ფორმირებაში, რაც ასე საჭიროა ლიდერული ინიციატივების მხარდასაჭერად.

კორპორაციები, რომლებიც საშუალოზე უკეთესად ართმევენ თავს ლიდერების განვითარების საქმეს, შედარებით ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობების შექმნაზე აკეთებენ აქცენტს. ბევრ ბიზნესში გასაღებს დეცენტრალიზაცია

წარმოადგენს. ამას იმთავითვე, თავისი ბუნებიდან და განსაზღვრებიდან გამომდინარე, გადააქვს პასუხისმგებლობა ორგანიზაციის შედარებით ქვედა რგოლებზე. ეს მეთოდი წარმატებულად გამოიყენეს Johnson & Johnson-მა, 3M-მა, Hewlett-Packard-მა, General Electric-მა და ბევრმა სხვა კარგად ნაცნობმა კომპანიამ. ზოგიერთმა ამ კომპანიათაგანმა შეძლებისდაგვარად ბევრი მცირე მოცულობის სტრუქტურული ერთეული შექმნა, რათა ქვედა რგოლის ზოგადი მენეჯმენტის გამოწვევებით აღსავსე ბევრი პოზიცია ჰქონოდა.

ეს ბიზნესები ზოგჯერ გამოწვევების შემცველ დამატებით შესაძლებლობებს იმითაც ქმნიან, რომ ზრდის გაძლიერებას ახალი პროდუქტებითა და სერვისებით უწყობენ ხელს. 3M-ს წლების განმავლობაში ჰქონდა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავლების, სულ მცირე, 25% უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილ პროდუქტებს უნდა მოეტანა. ეს სტიმულს აძლევს ახალ და მცირემასშტაბიან წამოწყებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ასეულობით შესაძლებლობის შემოწმებისა და ახალგაზრდების ლიდერობის პოტენციალის გაფართოების საშუალებას იძლევა.

ასეთი გამოცდილებები, ფაქტობრივად, თავისთავად ამზადებს ადამიანებს მცირე და საშუალო მოცულობის ლიდერული საქმიანობებისთვის, მაგრამ ადამიანების მნიშვნელოვანი ლიდერული პოზიციებისთვის განვითარება გაცილებით მეტ მუშაობას მოითხოვს უფროსი აღმასრულებლებისგან და ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს შრომა დამწყები, ლიდერობის ბრწყინვალე პოტენციალის მქონე ადამიანების აღმოჩენის მცდელობითა და იმის იდენტიფიცირებით იწყება, რაც მათი შესაძლებლობების გაფართოებისა და განვითარებისთვისაა საჭირო.

კვლავ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში არაფერია ჯადოსნური. მეთოდები, რომლებსაც წარმატებული კომპანიები იყენებენ, საოცრად მარტივი და სწორხაზოვანია. ისინი გზას უთმობენ ახალგაზრდა თანამშრომლებსა და ორგანიზაციის სტრუქტურის ქვედა რგოლებში დასაქმებულ ადამიანებს, რათა ზედა რგოლის მენეჯმენტმა შეამჩნიოს ისინი. უფროსი მენეჯერები თვითონ წყვეტენ, ვის აქვს პოტენციალი და რა მიმართულებით საჭიროებენ ისინი განვითარებას. აღმასრულებლები წინასწარ დასკვნებსაც განიხილავენ, რათა უფრო ზუსტად იმსჯელონ და გულდასმით მიიღონ გადაწყვეტილებები.

მას შემდეგ, რაც კარგად იციან, ვის აქვს მნიშვნელოვანი ლიდერული პოტენციალი და რა უნარების განვითარება სჭირდება მას, ამ კომპანიების აღმასრულებლები განვითარების დაგეგმვას უთმობენ დროს. ზოგჯერ ეს თანამშრომლების ფორმალური დაწინაურების გეგმის ნაწილია, ზოგჯერ კი – დიდი პოტენციალის განვითარების პროცესის. ხშირად ამას უფრო არაფორმალური სახე აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი მდგენელი, როგორც ჩანს, იმის ჭკვიანურად შეფასებაა, თუ განვითარების რა შესაძლებლობები შეესატყვისება თითოეული კანდიდატის საჭიროებებს.

ამ აქტივობებში მონაწილეობისთვის მენეჯერების წასახალისებლად კარგად მართული ბიზნესები აღიარებენ და აჯილდოებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმატებულად ავითარებენ ლიდერებს. ეს წახალისება იშვიათად იღებს ფორმალური კომპენსაციის ან ბონუსის სახეს და ეს იმის გამო, რომ რთულია ამგვარი მიღწევის ზუსტად გაზომვა; თუმცა ეს ერთ-ერთი ფაქტორია დასაწინაურებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყველაზე ზედა დონეებს ეხება და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა. როდესაც ითქმება, რომ მომავალში

დაწინაურება, გარკვეული ხარისხით, ლიდერების გამოზრდის უნარზე იქნება დამოკიდებული, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეუძლებელია ლიდერობის განვითარება, მაინც პოულობენ გზებს ამის გასაკეთებლად.

ამგვარი სტრატეგიები ხელს უწყობს ისეთი კორპორაციული კულტურის დამკვიდრებას, რომელშიც ადამიანები ძლიერ ლიდერობას აფასებენ და მის შესაქმნელად ძალისხმევას არ იშურებენ. ისევე გვჭირდება მეტი ადამიანი თანამედროვე კომპლექსურ ორგანიზაციებში ლიდერობის უზრუნველსაყოფად, როგორც ისეთი კორპორაციული კულტურების გასავითარებლად, რომლის წიაღშიც შეიქმნება ლიდერობა. ლიდერზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ინსტიტუციონალიზაცია, ლიდერობის საბოლოო აქტს წარმოადგენს.

პირველად 1990 წლის მაისში გამოქვეყნდა. რეპრინტი R0111F

იდეა მოკლედ

ლიდერობის შესახებ ყველაზე მავნე და ზიანის მომტანი ნახევრად სიმართლე ის არის, რომ ლიდერობას მხოლოდ ქარიზმა და ხედვა სჭირდება, რომელიც ან გაქვს, ან — არა. რეალურად კი, რომ ლიდერობის უნარები არ არის თანდაყოლილი და შესაძლებელია მათი შეძენა და დახვეწა, თუმცა, უპირველესს ყოვლისა, კარგად უნდა დაინახოთ, რითი განსხვავდება ეს უნარები მენეჯმენტის უნარებისგან.

მენეჯმენტი კომპლექსურობასთან გამკლავებას გულისხმობს, მას სიტუაციაში წესრიგი და პროგნოზირებადობა შემოაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. წარმატების მისაღწევად კომპანიებს ცვლილებასთან ადაპტირება უნდა შეეძლოთ. შესაბამისად, ლიდერობა სწრაფ ცვლილებასთან გამკლავების სწავლას შეეხება. როგორ გამოიხატება ეს განსხვავებები?

მენეჯმენტი დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას მოიცავს, ლიდერობა — მიმართულების მიცემას.

მენეჯმენტი ორგანიზებასა და კადრების შერჩევას გულისხმობს, ლიდერობა — ადამიანების შემართვას და ორგანიზებას.

მენეჯმენტი კონტროლსა და პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს, ლიდერობა — მოტივაციას.

იდეა პრაქტიკაში

ორივე — მენეჯმენტი და ლიდერობა — მოიცავს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა არის გასაკეთებელი, დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად ადამიანთა ქსელების ჩამოყალიბებას და საქმის რეალურად გაკეთების უზრუნველყოფას. მათი სამუშაო ურთიერთშემავსებელია, მაგრამ მოქმედებათა თითოეული სისტემა განსხვავებულად უდგება დასახული ამოცანების განხორციელებას.

დაგეგმვა და ბიუჯეტირება — მიმართულების განსაზღვრა. მენეჯმენტის მიზანი

პროგნოზირებადობა — თანმიმდევრული შედეგებია. ლიდერობის ფუნქციას ამ ცვლილების მიმართულების მიცემა წარმოადგენს და, მაშასადამე, არსებითი მნიშვნელობა აქვს სამუშაოსთვის. ამ სამუშაოში არაფერია მისტიკური, მაგრამ გაცილებით ინდუქციურია, ვიდრე დაგეგმვა და ბიუჯეტირება. ის მოიცავს პატერნებისა და ურთიერთობების ძიებას და შედეგად არ იძლევა დეტალურად გაწერილ გეგმებს. ამის ნაცვლად, მიმართულების დასახვის შედეგს ხედვისა და ამ ხედვის რეალიზაციის ზოგადი სტრატეგია წარმოადგენს.

მაგალითი: კარგად განვითარებულ ინდუსტრიებში მომატებული კონკურენცია, როგორც წესი, აფერხებს ზრდას, მაგრამ American Express-ში ლუ გერსტნერმა დინამიკური წარმოების ხედვის წარმატებით განვითარებით ეს ტენდენცია დაარღვია.

ახალი მიმართულება, რომელიც მან დაამკვიდრა, უბრალოდ ყურადღების მიქცევის სქემას კი არ წარმოადგენდა, არამედ ბაზრისა და კონკურენტული ძალების შესახებ ფუნდამენტური კითხვების დასმის შედეგი იყო.

ორგანიზება და დაკომპლექტება — ადამიანების შემართვა. მენეჯერები ერთმანეთისთვის შესაბამის ადამიანებსა და სამუშაო პოზიციებს ეძებენ. ეს არსებითად დიზაინის პრობლემაა და ისეთი სისტემების შექმნას გულისხმობს, რომელიც გეგმების ზედმიწევნითა და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხებათ ლიდერებს, მათ ადამიანებსა და ხედვას შორის თავსებადობის მიგნება აინტერესებთ. ეს კომუნიკაციის პრობლემა უფროა და კომპანიასა და მის გარეთ ბევრ ისეთ ადამიანთან კონტაქტს გულისხმობს, რომლებსაც, უპირველეს ყოვლისა სჯერათ ალტერნატიული მომავლის და შემდეგ საზიარო ხედვაზე დაყრდნობით, თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას.

აქტივობების გაკონტროლება და პრობლემების გადაწყვეტა — მოტივირება და შთაგონება. მენეჯმენტი ადამიანებისთვის ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესრულების გაიოლებისკენ ისწრაფვის, თუმცა ვინაიდან ცვლილების თანმხლები ბარიერების დასაძლევად არსებითი მნიშვნელობა აქვს დიდ ენერგიას, ლიდერები ცდილობენ, რომ ადამიანების ყველაზე ღრმა შრეებს ჩაწვდნენ მათში მიკუთვნებულობის, იდეალიზმისა და თვითპატივისცემის შეგრძნების გაღვივებით.

მაგალითი: Procter & Gamble-ის ქაღალდის წარმოების განყოფილებაში რიჩარდ ნიკოლოსმა პასუხისმგებლობა ქვედა რგოლებში ახლად ფორმირებულ სამუშაო ჯგუფებზე გადაიტანა და ამით გამოკვეთა შეტყობინება „თითოეული ჩვენგანი ლიდერია“. ასე დამკვიდრდა სამეწარმეო დამოკიდებულება და მოგებამაც იმატა.

ადამიანების დარაზმვა: ჩაკ ტროუბრიჯი და ბობ კრენდელი Eastman Kodak-ში

Eastman Kodak-ი ასლების გადაღების ბიზნესში 1970-იანი წლების დასაწყისში მოვიდა, ტექნიკურად დახვეწილ მოწყობილობებზე იყო კონცენტრირებული და მისი მოწყობილობა საშუალოდ დაახლოებით 60000 დოლარად გაიყიდა. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესს თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ხარჯიც ბევრი იყო, მოგების მიღება გართულდა და თითქმის ყველა მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი. 1984 წელს კოდაკს 40 მილიონი დოლარის აღჭურვილობის ჩამოწერა მოუწია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობამ იცოდა არსებული პრობლემების შესახებ, მაგრამ არ

ეთანხმებოდნენ მათ შემოთავაზებულ გზებს. ამიტომ ასლების გადამღები ახალი პროდუქტების ჯგუფის, რომელიც 1984 წელს შეიქმნა, გენერალური დირექტორი ჩაკ ტროუბრიჯი ამ ჯგუფის თითქმის ყველა წევრს სათითაოდ შეხვდა. იგი Kodak-ში დასაქმებულ ყველა იმ ადამიანსაც ხვდებოდა, ვინც რამენაირად შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ასლების გადაღების ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვან და გადამწყვეტ სფეროს საინჟინრო და საწარმოო ორგანიზაცია წარმოადგენდა, რომელსაც ბობ კრენდელი ხელმძღვანელობდა.

ინჟინერიისა და წარმოების ტროუბრიჯისა და კრენდელისეული ხედვა მარტივი იყო — გამხდარიყვნენ მსოფლიო კლასის მწარმოებელი და ნაკლებად ბიუროკრატიული და მეტად დეცენტრალიზებული ორგანიზაცია შეექმნათ. მიუხედავად სიმარტივისა, გართულდა ამ შეტყობინების ადამიანებამდე მიტანა, რადგან ის რადიკალურად განსხვავდებოდა მანამდე არსებული კურსისგან არა მხოლოდ ასლების გადამღები ჯგუფისთვის, არამედ კომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობისთვის. ამიტომ კრენდელმა ათეულობით ხერხი მოიგონა ახალი მიმართულების ნათლად წარმოსაჩენად, ხალხის შემოსაკრებად და ამ მიმართულებით წარსამართად. ეს იყო ყოველკვირეული შეხვედრები დაქვემდებარებულ 12 ადამიანთან; ყოველთვიური „ასლის პროდუქტების ფორუმები“, რომლის დროსაც თითოეული დეპარტამენტის სხვადასხვა თანამშრომელს ჯგუფურად ხვდებოდა; ბოლო პერიოდში მომხდარი გაუმჯობესებისა და უკეთესი შედეგების მისაღებად განსახორციელებელი ახალი პროექტების განხილვები და ყოველკვარტალური „დეპარტამენტის მდგომარეობის“ შეხვედრები, როდესაც მენეჯერები საკუთარი დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ხვდებოდნენ.

კრენდელი და ყველა, ვინც კი მასთან ანგარიშვალდებული იყო, თვეში ერთხელ ორგანიზაციის ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელ 80-100 ადამიანსაც უნდა შეხვედროდა მათთვის სასურველი და აქტუალური ნებისმიერი საკითხის განსახილველად. ყველაზე დიდ მომწოდებელთან — Kodak Apparatus Division-თან, რომელიც დიზაინსა და წარმოებაში გამოყენებული ნაწილების მესამედით უზრუნველყოფდა კომპანიას — ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და გასათანაბრებლად, ის და მისი მენეჯერები ამ ჯგუფის ტოპმენეჯმენტს ყოველ ხუთშბათს ლანჩზე ხვდებოდა. მოგვიანებით მან მოიგონა შეხვედრების ფორმატი, რომელსაც „ბიზნესშეხვედრები“ უწოდა და რომელზეც მისი მენეჯერები ყოველ ჯერზე 12-20 ადამიანს ხვდებოდნენ ისეთი კონკრეტული საკითხების განსახილველად, როგორიცაა აღჭურვილობა ან ძირითადი სამუშაო განრიგი. ამ შეხვედრების მიზანი იყო, რომ კომპანიაში დასაქმებული 1 500-ვე თანამშრომელიდან თითოეული წელიწადში ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ამ ფოკუსირებულ ბიზნესშეხვედრაზე.

ტროუბრიჯმა და კრენდელმა თავიანთი მიზნისთვის წერილობითი კომუნიკაციაც გამოიყენეს. თანამშრომლებს თვეში ერთხელ 4-8-გვერდიანი „ასლის პროდუქტების ჟურნალი“ ეგზავნებოდათ. პროგრამამ სახელად „დიალოგის წერილები“ თანამშრომლებს კრენდელისთვისა და მისი მენეჯერებისთვის კითხვების ანონიმურად დასმის საშუალება და პასუხის მიღების გარანტია მისცა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო და მძლავრი წერილობითი კომუნიკაციის საშუალებას დიაგრამები და გრაფიკები წარმოადგენდა. მთავარ დერეფანში, კაფეტერიის სიახლოვეს გაკრული ეს უშველებელი დიაგრამები ცხადად და თვალსაჩინოდ ასახავდნენ თითოეული პროდუქტის ხარისხს, ღირებულებასა და მიღებულ შედეგებს და ეს ყველაფერი ძნელად მისაღწევ მიზნებთან შესაბამისობით იზომებოდა. ამ დიაგრამების ასობით

მცირე ზომის ვერსია საწარმოს მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული და სხვადასხვა კონკრეტული სამუშაო ჯგუფისთვის განკუთვნილ ინფორმაციას შეიცავდა პროდუქციის ხარისხისა და ფასების შესახებ.

დარაზმვის ამ ინტენსიურმა პროცესმა ექვსი თვის განმავლობაში გამოიღო შედეგი და კიდევ უფრო შესამჩნევი ერთი წლის შემდეგ გახდა. მიღწეულმა წარმატებებმა მთავარი შეტყობინება მეტად სანდოდ წარმოაჩინა და მეტი ადამიანი მოიზიდა. 1984-დან 1988 წლამდე პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი ხაზის ხარისხი თითქმის გაასმაგდა. წუნის მაჩვენებელი ყოველ ერთეულზე შემდგომი სამი წლის განმავლობაში 30-დან 0.3-მდე შემცირდა, ხოლო ერთ-ერთი სხვა პროდუქტის ღირებულება თითქმის 24%-ით შემცირდა. თუ 1985 წელს პროდუქტის დროულად მიწოდების მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, 1987 წლისთვის 95%-ს მიაღწია. 1984-დან 1988 წლამდე აღჭურვილობის დონე 50%-ზე მეტით შემცირდა, თუმცა წარმოებული პროდუქტის მოცულობა გაიზარდა. პროდუქტიულობის მაჩვენებელი კი საწარმოში დასაქმებულ თითოეულ ადამიანზე გაორმაგდა 1985-1988 წლებში.

მიმართულების განსაზღვრა: ლუ გერსტნერი American Express-ში

როდესაც ლუ გერსტნერი 1979 წელს American Express-ის მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისების (TRS) მიმართულების პრეზიდენტი გახდა, ეს განყოფილება კომპანიის 130-წლიან ისტორიაში უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა. ასეულობით ბანკი უკვე სთავაზობდა მომხმარებელს საკრედიტო ბარათებს ან გეგმავდა შეთავაზებას Visa და MasterCard-ის

მეშვეობით, რომლებიც კონკურენციას გაუწევდნენ American Express-ის ბარათს. ასევე, ოცზე მეტი კომპანია უერთდებოდა სამოგზაურო ჩეკების ბიზნესს, რომელიც საფინანსო მომსახურებას სთავაზობდა კლიენტებს. ბაზარზე ასეთი მზარდი კონკურენცია, როგორც წესი, ამცირებს მარჟას და ზღუდავს ზრდას.

…მაგრამ გერსტნერი ასე არ ფიქრობდა. American Express-ში მისვლამდე მან ხუთი წელიწადი იმუშავა TRS-ის კონსულტანტად. აანალიზებდა წამგებიან სამოგზაურო განყოფილებას და მზარდი კონკურენციის საბარათო ოპერაციებს. გერსტნერი და მისი გუნდი ფუნდამენტურ შეკითხვებს სვამდნენ ეკონომიკის, ბაზრისა და კონკურენციის შესახებ და საფუძვლიანად შეისწავლეს ბიზნესი. ამ პროცესში მან TRS-ის იმგვარი ხედვის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნებოდა დიდი ინდუსტრიის 130 წლის კომპანიის ისტორიაში.

გერსტნერი ფიქრობდა, რომ მიუხედავად ასეულობით ბანკის მხრიდან Visa და MasterCard-ის შემოტანით გაწეული მძლავრი კონკურენციისა, TRS-ს ჰქონდა პოტენციალი, დინამიკურ და მზარდ კომპანიად ჩამოყალიბებულიყო. მისთვის წარმატების გასაღებს გლობალურ ბაზარზე და, უფრო კონკრეტულად, American Express-ის შედარებით შეძლებულ მომხმარებლებზე ფოკუსირება წარმოადგენდა, რომლებსაც American Express, ტრადიციულად, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობდა. ამ ბაზრის შემდგომი სეგმენტაციით, ახალი პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრის აგრესიული განვითარებით და ინვესტირებით პროდუქტიულობის გაზრდისა და ფასების შესამცირებლად, TRS-ს შეეძლო საუკეთესო სერვისის მიწოდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საკმარისად დისკრეციული შემოსავალი ჰქონდათ, რათა უფრო მეტი მომსახურება შეეძინათ TRS-სგან.

დანიშვნიდან ერთი კვირის განმავლობაში გერსტნერმა ის ადამიანები შეკრიბა, რომლებიც ბარათების განყოფილებას ამუშავებდნენ და ბიზნესის წარმართვის ყველა პრინციპის შესახებ გამოჰკითხა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ორი ფართოდ გავრცელებული მოცემულობა იმის შესახებ, რომ განყოფილებას მხოლოდ ერთი პროდუქტი — მწვანე ბარათი — უნდა ჰქონოდა და შეზღუდული იყო ამ პროდუქტის ზრდისა და ინოვაციის მიმართულებით განვითარება.

გერსტნერმა სწრაფადვე დაიწყო სამეწარმეო კულტურის განვითარებაზე ზრუნვა, იმ ადამიანების დაქირავება და დატრენინგება, რომლებიც წარმატებას მიაღწევდნენ ამ მიმართულებით და ნათლად აღუწერა მათ ზოგადი მიმართულება. ის და მისი მენეჯერები აჯილდოვებდნენ გონივრულ რისკიან წამოწყებებს. მეწარმეობის გასაიოლებლად მათ მოშალეს უსარგებლო ბიუროკრატია, განაახლეს თანამშრომლების დაქირავების სტანდარტები და შექმნეს TRS-ის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შესაბამისი პოტენციალის ახალგაზრდებს სპეციალურ სწავლებას, გამდიდრებულ გამოცდილებასა და უმაღლეს მენეჯმენტში დასაქმებულ ადამიანებთან უჩვეულოდ ინტენსიურ კომუნიკაციას სთავაზობდა. TRS-ის თანამშრომლებს შორის გარისკვის წახალისების მიზნით გერსტნერმა დანერგა პრაქტიკა, რომელსაც „ბრწყინვალე შემსრულებელთა“ პროგრამა უწოდა და რომლის მიზანსაც კლიენტებისთვის შეთავაზებული მართლაც გამორჩეული მომსახურების აღიარება და დაჯილდოვება წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციული ხედვის ცენტრალურ პრინციპი იყო.

ამ წახალისებამ კომპანია სწრაფად მიიყვანა ახალ ბაზრებამდე, პროდუქტებამდე და

სერვისებამდე. TRS მკვეთრად და ეფექტურად გაფართოვდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 1988 წლისთვის ამექსის ბარათებს უკვე 29 სხვადასხვა ვალუტით უშვებდნენ (როცა 10 წლით ადრე ეს რიცხვი 11-ს შეადგენდა). გარდა ამისა, განყოფილება მკვეთრად ფოკუსირდა ბაზრის ორ სეგმენტზე, რომელსაც ისტორიულად ნაკლები ყურადღება ექცეოდა — კოლეჯის სტუდენტებსა და ქალებზე. 1981 წელს TRS-მა გააერთიანა საბანკო ბარათისა და სამოგზაურო მომსახურების შესაძლებლობები და კორპორატიულ კლიენტებს სამოგზაურო ხარჯების მონიტორინგისა და კონტროლის უნიფიცირებული სისტემა შესთავაზა. 1988 წლისთვის ამექსი მეხუთე უდიდესი პირდაპირი საფოსტო გზავნილების მეშვეობით საბითუმო გამყიდველად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სხვა ახალი პროდუქტებისა და სერვისების რიცხვში შედიოდა 90-დღიანი დაზღვევა ამექსის ბარათით გაკეთებულ ყველა შენაძენზე, პლატინის ამექსის ბარათი და „ოპტიმას“ სახელწოდებით ცნობილი განახლებადი საკრედიტო ბარათი. 1988 წელს კომპანიამ გადახდებისთვის ვიზუალური გამოსახულების გადამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებაც დაიწყო, რითაც ყოველთვიური ანგარიშგების უფრო მოხერხებული სისტემა შესთავაზა მომხმარებლებს და გადახდის ღირებულებაც 25%-ით შეამცირა.

ამ სიახლეების დანერგვის შედეგად TRS-ის სუფთა მოგება 1978-დან 1987 წლამდე არნახულად, 500%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა მოგებამ დაახლოებით 18% შეადგინა. ბიზნესმა განვითარებითა და მიღწეული წარმატებით ბევრ ე. წ. მაღალ ტექნოლოგიურ/სწრაფად მზარდ კომპანიას გადაუსწრო. 1988 წელს საკუთარი კაპიტალის 28%-იანი რენტაბელობით მან ყველაზე ნელა მზარდ, მაგრამ უაღრესად მოგებიან ბიზნესებსაც აჯობა.

ადამიანების მოტივირება: რიჩარდ ნიკოლოსი Procter & Gamble-ში

დაფუძნებიდან დაახლოებით ოც წელიწადში, 1956 წელს, Procter & Gamble-ის ქაღალდის პროდუქტების განყოფილებას ბევრი ვერ უწევდა კონკურენციას მაღალი ხარისხის, გონივრული ფასებისა და კარგად შეფუთული სამომხმარებლო პროდუქციის გამო, თუმცა 1970-იანი წლების ბოლოს შეიცვალა განყოფილების პოზიცია ბაზარზე და ახლებურმა კონკურენციამ დიდი ზიანი მიაყენა P&G-ს. მაგალითად, წარმოების ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვის ერთჯერადი საფენების საბაზრო წილი 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან 1984 წლამდე 75%-დან 51%-მდე შემცირდა.

იმ წელს ქაღალდის პროდუქტების მიმართულებით ასოცირებული გენერალური მენეჯერის პოზიციაზე რიჩარდ ნიკოლოსი დაინიშნა, რომელიც მანამდე სამი წლის განმავლობაში P&G-ის უფრო მცირე და სწრაფად განვითარებად უალკოჰოლო სასმელების ბიზნესში მუშაობდა. მას უაღრესად ბიუროკრატიული და ცენტრალიზებული ორგანიზაცია დახვდა, რომელიც შიდა ფუნქციონირების მიზნებითა და პროექტებით იყო გადატვირთული. მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია ბაზრის რაოდენობრივი კვლევით იყო მოპოვებული. ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ადამიანები პრემიებს იღებდნენ ხარჯების ეკონომიისთვის, სარეკლამო განყოფილებაში დასაქმებული ადამიანები მოცულობასა და წილზე იყვნენ ფოკუსირებულნი, ხოლო სხვა ორი ჯგუფი თითქმის საომარ მდგომარეობაში იყო ერთმანეთთან.

1984 წლის ზაფხულის მიწურულს მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ ნიკოლოსი ოქტომბერში ქაღალდის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებდა, თუმცა

აგვისტოში ის უკვე არაოფიციალურად მართავდა განყოფილებას. მან მუშაობის დაწყებისთანავე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაბალფასიანი პროდუქციის წარმოების მცდელობის ნაცვლად, განყოფილება უფრო კრეატიული და ბაზარზე ორიენტირებული უნდა გამხდარიყო. მოგვიანებით ნიკოლოსმა აღნიშნა: „ძალიან ცხადად და გარკვევით უნდა მეთქვა, რომ თამაშის წესები შეიცვალა.“

ახალი მიმართულება გაცილებით მკვეთრ აქცენტს აკეთებდა გუნდურ მუშაობასა და ლიდერის მნიშვნელობაზე. ნიკოლოსმა დაამკვიდრა სტრატეგია, რომელიც განყოფილებისა და მისი ცალკეული პროდუქტების სამართავად ჯგუფების გამოყენებას გულისხმობდა. ოქტომბერში ის და მისი გუნდი საკუთარ თავს ქაღალდის პროდუქტების განყოფილების „საბჭოს“ უწოდებდა და ყოველთვიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ყოველკვირეულად. ძირითადი ბრენდული ჯგუფების (როგორიც იყო საფენები, ქაღალდის ხელსახოცები და პირსახოცები) სამართავად ნოემბერში „კატეგორიის გუნდები“ დააფუძნეს და პასუხისმგებლობა მათ გადააბარეს.

დეკემბერში ნიკოლოსი დაინტერესდა და უშუალოდ ჩაერთო რამდენიმე კონკრეტულ აქტივობაში. ის სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა და კრეატიული ადამიანებიც გაიცნო. საფენების მიმართულების მარკეტინგის მენეჯერს სთხოვა, რომ ანგარიში უშუალოდ მისთვის ჩაებარებინა და ამით ერთი რგოლი გააუქმა იერარქიაში. იგი იმ ადამიანებს უფრო მეტს ესაუბრებოდა, ვინც ახალი პროდუქტების განვითარების პროექტებზე მუშაობდნენ.

1985 წლის იანვარში საბჭომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ განაცხადა,

რომელშიც კატეგორიების გუნდების გარდა, სრულიად ახალი ბიზნესგუნდებიც შედიოდნენ. გაზაფხულისთვის საბჭო უკვე მზად იყო მნიშვნელოვანი ღონისძიების დასაგეგმად, რომლის ძირითადი მიზანი ქაღალდის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ახლებური ხედვის მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გაცნობა იყო. 1985 წლის 4 ივნისს ქაღალდის პროდუქტების ცინცინატის განყოფილების ადგილობრივი პერსონალი და, ასევე, გაყიდვებისა და ქაღალდის მწარმოებელი ქარხნის მენეჯერები, მთლიანობაში რამდენიმე ათასი ადამიანი — ადგილობრივ კულტურულ ცენტრში შეიკრიბა. ნიკოლოსიმ და საბჭოს სხვა წევრებმა თავიანთი ხედვა „თითოეული ჩვენგანი ლიდერია” გააცნეს მათ. გაკეთდა ღონისძიების ვიდეოჩანაწერი და რედაქტირებული ვერსია გაყიდვების ყველა ოფისსა და ქარხანას გაეგზავნა, რათა კომპანიის ყველა თანამშრომელს ენახა.

ყველა ამ აქტივობამ თავისი წვლილი შეიტანა სამეწარმეო გარემოს შექმნაში, რომელშიც ადამიანებს მიეცათ ახალი ხედვის გააზრების მოტივაცია. ინოვაციათა უმეტესობა ახალი პროდუქტების შემქმნელებისგან წამოვიდა. Ultra Pampers ბაზარზე პირველად 1985 წლის თებერვალში გამოჩნდა და Pampers-ის პროდუქტების მთლიანი ხაზის საბაზრო წილის 58% დაიკავა, რომელიც მანამდე 40%-ს შეადგენდა. რაც შეეხება რენტაბელობას, წაუგებადობის ზღვრიდან სრულიად დადებითისკენ შეიცვალა. გარდა ამისა, 1987 წელს Luvs Delux-ის ბავშვის საფენების შემოტანიდან სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მთლიანი ბრენდის საბაზრო წილი 150%-ით გაიზარდა.

თანამშრომლების სხვა ინიციატივები უფრო ფუნქციონირების სფეროსკენ იყო მიმართული და ზოგიერთი მათგანი იერარქიის ქვედა რგოლებიდან მომდინარეობდა. 1986 წლის გაზაფხულზე

ახალი ორგანიზაციული კულტურით შთაგონებულმა რამდენიმე განყოფილების მდივანმა ქსელი შექმნა. ასოციაციამ ტრენინგის, ჯილდოების, აღიარებისა და „მომავლის მდივნის“ ქვეკომიტეტები დააარსა. ბევრი კოლეგის ემოციასა და სენტიმენტებს გამოხატავდა ქაღალდის პროდუქტების წარმოების განყოფილების ერთ-ერთი მდივნის ნათქვამი: „ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი განყოფილების ახალი მიმართულებით განვითარებაში.“

1988 წლის დასასრულს ქაღალდის პროდუქტების განყოფილების შემოსავალი 40%-ით გაიზარდა, ვიდრე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში იყო. მოგებამ 68%-ს მიაღწია და ეს იმის მიუხედავად, რომ კონკურენცია კვლავ უფრო და უფრო მძაფრდებოდა.

ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზიtag:www.qwelly.com,2019-04-04:6506411:Topic:13821302019-04-04T17:35:22.076ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

საკითხი განწყობის და ფსიქოანალიზის თეორიათა ურთიერთმიმართების შესახებ პრინციპულია პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე არაცნობიერის კონცეფციას წარმოადგენს, ფსიქოლოგია კი სულაც არ არის განებივრებული არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა…

საკითხი განწყობის და ფსიქოანალიზის თეორიათა ურთიერთმიმართების შესახებ პრინციპულია პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე არაცნობიერის კონცეფციას წარმოადგენს, ფსიქოლოგია კი სულაც არ არის განებივრებული არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად შეხედულებათა კონტექსტში, რომელთა თანახმად, «არაცნობიერი ფსიქიკური განცდა არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს არც თვით ფსიქიკური განცდანი არიან საკმარისნი იმისათვის, რომ მათი მიმდინარეობა ჩვენთვის გასაგები გავხადოთ» [14; 160]. ეს არც ფიზიოლოგიურ ფაქტებს შეუძლია. ფსიქიკურის დეტერმინაცია ე. წ. ბიოსფერულ რეალობაში ხდება, რომელსაც შემდგომში ავტორი განწყობას დაარქმევს.

მოგვიანებით 1936 წელს ტრაქტატში «ძილი და სიზმარი» უზნაძე უკვე საფუძვლიანად იხილავს ფროიდის კონცეფციას და გამოთქვამს პრინციპულ მოსაზრებას მის შესახებ, რომელიც შემდგომ გამოკვლევებშიც ძალაში რჩება. ფროიდის მიხედვით, ამბობს უზნაძე, არაცნობიერი ფსიქიკის არე თავისი შინაარსით არ განსხვავდება ცნობიერისაგან. იგი ისეთსავე განცდებს შეიცავს, როგორც ცნობიერი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ინდივიდმა მათ შესახებ არაფერი იცის. მაგრამ მაშინ არაცნობიერის ცნება ახალს არაფერს გვაძლევს, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, შენიღბულია თუ არა მისი შინაარსი, როგორც ეს მაგალითად სიზმარში ხდება, იგი არსებითად იმავე მნიშვნელობათა მატარებელია, რაც ცნობიერება. ეს ფსიქიკური მოვლენები «უკვე მანამ არსებობენ დამთავრებული სახით, სანამ სიზმარში თავის რეალიზაციას მოახერხებდნენ. მაგრამ მაშინ რაღა აზრი ექნებოდა მათს სიზმრის ცნობიერებაში აქტივაციას? არა, იგინი როგორც განცდები კი არ განაგრძობენ არსებობას, როგორც წარმოდგენები, აზრები, სურვილები ან აფექტები, არამედ როგორც მათი ფუნქციონალური ტენდენციის აქტივაციის მზაობა, როგორც სუბიექტის განწყობა მათი მიმართულებით განცდების წარმოშობისა» [12; 58].

აქ ფაქტიურად ერთად არის მოცემული ნეგატიური და პოზიტიური შეხედულება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასებისათვის. უზნაძეს მიაჩნია, რომ ფროიდის ცნება არ გამოდგება ცნობიერი შინაარსების აღმოცენებისა და მიმდინარეობის გასაგებად, რადგან იგი შემდგარია განცდადობას მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური (ცნობიერი) ფენომენებისაგან (აზრები, სურვილები, აფექტები), ხოლო განცდით (თუნდაც არაცნობიერით) განცდის ახსნა არ შეიძლება. ამისათვის უნდა მოინახოს სულ სხვა კატეგორიის და ხასიათის ცნება და რეალობა.

თავის გვიანდელ შრომებში უზნაძე კვლავ უბრუნდება ფროიდის კონცეფციის განხილვას, ოღონდ, უკვე არა სიზმრის ფენომენთან დაკავშირებით, არამედ ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ დროისათვის უზნაძემ შეცვალა თავისი პოზიცია განწყობის ფსიქიკურობის მიმართ. ახლა იგი (განწყობა) არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად იქნა ჩათვლილი და ცალსახად მიეწერა ფროიდის მიერ ნაგულისხმევი არაცნობიერის ჩამნაცვლებლის როლი. ავტორის აზრით, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნება საზოგადოდ ზედმეტია და უნდა შეიცვალოს განწყობით. «განწყობა შეუძლებელია წარმოადგენდეს სუბიექტის ცნობიერების ცალკე აქტს, იგი მხოლოდ მოდუსია მისი, როგორც მთელის მდგომარეობისა. ამიტომ სავსებით ბუნებრივია ჩავთვალოთ, რომ თუ ჩვენში მართლაც მიმდინარეობს რაიმე არაცნობიერად, ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი განწყობა უნდა იყოს» [18; 285].

უზნაძის მიხედვით ფროიდის მოძღვრების ყველაზე სუსტი ადგილი ის არის, რომ მასში არაცნობიერი დახასიათებულია მხოლოდ ნეგატიურად – როგორც ცნობიერების უარყოფა. ფროიდის არაცნობიერი იგივე ცნობიერი განცდებია, რომლებიც განიდევნენ ცნობიერებიდან და ახლა ცნობიერებას მოკლებული განცდის ფორმაში იმყოფებიან. ასეთი არაცნობიერი ისეთივე ცნობიერი ფსიქიკაა, მინუს განცდა. მათი შინაგანი ბუნება და სტრუქტურა იგივეობრივია. ფროიდის თეორიის ძირითად ნაკლს უზნაძე ასე ახასიათებს: «რომ მოხერხდებოდეს, არაცნობიერის ცნების განთავისუფლება ცნობიერი ცხოვრებისათვის ჩვეული ფსიქიკური შინაარსისაგან, რომ მოხერხდებოდეს მათთვის სხვა უფრო შესაფერისი შინაარსის მოძებნა, მაშინ ხელთ გვექნებოდა იარაღი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას უფრო ღრმად ჩავწვდომოდით საქმის ნამდვილ ვითარებას» [17; 45]. განწყობა სწორედ ასეთ ცნებად არის მიჩნეული. იგი საფუძვლად ედება ყოველ ცნობიერ შინაარსს, რჩება რა ამასთან ყოველთვის არაცნობიერი. განწყობა ფსიქიკის განვითარების ადრეული საფეხურია, რომელიც ლოგიკურად და ფაქტობრივად წინ უსწრებს ცნობიერებას. არაცნობიერის ფსიქოანალიტიკური გაგება მეცნიერებას პოზიტიურს არაფერს აძლევს. იგი ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკაა, ე. ი. ცნობიერება მისი წარმოქმნის პირობაა, ამიტომ ცნობიერების განვითარებას იგი ვერ აგვიხსნის.

მიუხედავად ამ თეორიული წუნისა, ფსიქოანალიზს უეჭველი პრაქტიკული მიღწევები აქვს. უზნაძის აზრით, წარმატებული მკურნალობისას ფროიდი მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც განსაზღვრავს ნევროტული სიმპტომების წარმოქმნას. მაგრამ დაავადების ჭეშმარიტ მექანიზმს ის ვერ ხედავდა და ახასიათებდა მას მხოლოდ უარყოფითად, როგორც განდევნილ არაცნობიერ განცდებს.

სინამდვილეში ფსიქოანალიზურ თერაპიას საქმე აქვს განწყობასთან, ვინაიდან სწორედ ის არის რეალური არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი.

ასეთია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება. მას, როგორც ითქვა, აქვს როგორც კრიტიკული, ისე პოზიტიური ნაწილი. ერთი მხრივ ნაჩვენებია არაცნობიერის ფროიდისეული გაგების უმართებულობა; მეორე მხრივ მითითებულია ცნებაზე, რომელიც მას უნდა ჩაენაცვლოს. ამდენად, აქ ორი მომენტი უნდა გაირჩეს: ერთი, რამდენად ზუსტი და სამართლიანია ფროიდის უზნაძისეული კრიტიკა, და მეორე, რამდენად მიზანშეწონილია და ნაყოფიერი განწყობის მოაზრება ფსიქოანალიტიკური არაცნობიერის ალტერნატივად.

უნდა ითქვას, რომ უზნაძისეული ეს შეფასება ქართულ ფსიქოლოგიაში ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, ვ. კაკაბაძე ფსიქონალიზისადმი მიძღვნილ მრავალ ნაშრომში იმ აზრს იცავს, რომ ფროიდი, მართალია, ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ არსებობას, მაგრამ მისი ყოფიერების ფორმის თაობაზე, მისი ონტოლოგიური სახის შესახებ არაფერი იცის. ფროიდის მიხედვით არაცნობიერი პროცესების შინაგანი ბუნებისა და მდგომარეობის შესახებ საერთოდ შეუძლებელია გარკვეული და სანდო ცნობის მიღება. ფროიდი მართლაც არაერთგან მიუთითებს, რომ «წარმოდგენა, რომელიც მოცემულ მომენტში ცნობიერია, მომდევნო წამს აღარ არის ასეთი, მაგრამ შეუძლია ისევ გახდეს ცნობიერი გარკვეულ, ადვილად მისაღწევ პირობებში. როგორი იყო იგი შუალედურ პერიოდში, ჩვენ არ ვიცით; შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო დაფარული» [30; 185]. ან «არაცნობიერს ჩვენ ვუწოდებთ ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობის თაობაზე ჩვენ უნდა დავუშვათ, რადგანაც მის შესახებ ვასკვნით შედეგებიდან გამომდინარე ისე, რომ არაფერი ვიცით მის შესახებ» [31; 343]. თუ ეს ასეა, თვლის კაკაბაძე, მაშინ არ უნდა იყოს მართებული ფროიდის არაცნობიერის ცნების უზნაძისეული ინტერპრეტაცია. რა შინაარსი და სტრუქტურა აქვს არაცნობიერს და საზოგადოდ არის თუ არა ის ფსიქიკური, უცნობია. ფროიდი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ არაცნობიერი ჩვენთვის გაუგებარი რეალობაა, რომ მისი არსებობის ფორმის წარმოდგენა შეუძლებელია, ხოლო ფსიქოანალიზის ავტორის მიერ ხშირად ხმარებული გამონათქვამები, როგორიცაა: «არაცნობიერი წარმოდგენა»,

«არაცნობიერი აფექტი», «არაცნობიერი სურვილი» და სხვა, ფროიდისავე თქმით, მხოლოდ «გამონათქვამის უწყინარი დაუდევრობაა».

კაკაბაძე თავის მტკიცებებში ძალიან შორს მიდის. არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის დაშვება ფსიქოანალიზის ამოსავალი წერტილია. სხვა ამბავია, რომ ფროიდი ხშირად ერიდება ამ რეალობის პოზიტიურ, შინაარსობრივ დახასიათებას. მოყვანილი ამონაწერები სწორედ ამაზე მეტყველებს. მაგრამ ისინი, ამავე დროს, ფროიდის მეცნიერულ კეთილსინდისიერებასაც ადასტურებენ, რადგანაც არაცნობიერი, მისივე რწმენით, მაინც ჰიპოთეტური ცნებაა; როგორც თეორეტიკოსი, კაკაბაძე უარყოფს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილის არსებობის შესაძლებლობას. ამიტომ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსი, იგი განსაკუთრებით სენზიტიურია ფროიდის ყოველგვარი გამონათქვამის მიმართ, რომელიც არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნების შეუცნობადობას ეხება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ფროიდის ტექსტები ხშირად იძლევა განსხვავებული წაკითხვის საშუალებას, და, საზოგადოდაც, მის მიერ არაცნობიერის ბუნების გააზრება სიცხადითა და თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა.

მართლაც, ერთი მხრივ, ფროიდი აღნიშნავს არაცნობიერი პროცესის მიუწვდომლობას. ცნობიერებიდან გასული შინაარსები ხდება ლატენტური, ცნობიერებისთვის უცნობი და უცხო. მათ შესახებ მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ «ისინი გახდნენ არაცნობიერნი, თუკი საერთოდ ვიქნებოდით დარწმუნებულნი, რომ ლატენტურ მდგომარეობაში ისინი აგრეთვე ფსიქიკურნი არიან» [31; 343]. ფროიდი აქ არაჩვეულებრივად ფრთხილობს და იმასაც კი ვერ ამბობს დარწმუნებით, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური; მას ეჭვი შეაქვს თავისი თეორიის ფუძემდებლურ თეზისში, რომელიც არაერთგზის დაბეჯითებით გამოუთქვამს. მეორე მხრივ, ფროიდთან მოცემულია დადებითი მსჯელობების რიგი არაცნობიერის ფორმებისა და თვისებების შესახებ. იგი გამოყოფს ორი სახის არაცნობიერს: ე. წ. «წინაცნობიერი», რომელიც მჭიდრო კავშირშია ცნობიერებასთან, ადვილად გადის და შემოდის მასში, და «საკუთრივ არაცნობიერი», რომლის ამგვარი ტრანსფორმაცია ან შედარებით გაძნელებულია, ან სულაც შეუძლებელი. ბოლო პერიოდში ფროიდმა უფრო დააკონკრეტა თვალსაზრისი და ცნობიერებასთან მიმართებაში ოთხი სახის არაცნობიერზე მიუთითა. ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი, არქაული და საკუთრივ არაცნობიერი. უკანასკნელი აუცილებლად და ყოველთვის არაცნობიერია. დანარჩენები ამა თუ იმ კავშირში იმყოფებიან ცნობიერებასთან. მათი გენეზისის თავისებურება იმაშია, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და უკანვე დაბრუნების უნარი აქვთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ არაცნობიერის სწორედ ამ სახეობათა მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკული დებულება, რომლის თანახმად ფროიდის არაცნობიერის ცნება უვარგისია ცნობიერების გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. არაცნობიერი, რომლის წარმოქმნა ცნობიერებაზეა დამოკიდებული, მართლა არ გამოდგება ცნობიერების აღმოცენების წინაპირობად. სამაგიეროდ ე. წ. «საკუთრივ არაცნობიერის» მიმართ ეს შენიშვნა ვერ გავრცელდება.

ამ უკანასკნელის მიმართ იმის თქმაც ძნელია, თითქოს ის შედგება ჩვეულებრივი ცნობიერი პროცესებისაგან, რომელთაც მხოლოდ განცდობა აკლია. არის რა «იდ»-ის არსებობის ფორმა, არაცნობიერის ეს სახე პრინციპულად უპირისპირდება ცნობიერებას, რომელიც მე-შია მოთავსებული. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს (იგი წინ უსწრებს და განსაზღვრავს ცნობიერებას), ისე მათ ბუნებას (შინაარსს და მოქმედების პრინციპებს). სამაგიეროდ, ცნობიერებიდან წარმოებული არაცნობიერი სულ სხვაგვარად ხასიათდება. ყოველ შემთხვევაში ცნობიერებასთან მისი დაპირისპირება გაცილებით ნაკლებ კატეგორიულია და, შესაძლებელია, სულაც არ არსებობდეს. სწორედ ასეთ არაცნობიერს ახასიათებს ფროიდი, როდესაც ამბობს, რომ «ზოგიერთ ლატენტურ მდგომარეობათა მიმართ ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვამტკიცოთ, რომ ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ცნობიერებისაგან, რომ მოკლებულნი არიან ცნობიერებას» [28; 127].

აზრი სრულიად ნათელია. არაცნობიერის გარკვეული სახეობა მხოლოდ იმით განსხვავდება ცნობიერებისაგან, რომ არ განიცდება, ცნობიერების მიერ არ აღიქმება. მაშასადამე, ფროიდი მართლაც ლაპარაკობს ისეთ არაცნობიერზე, რომელიც თვისებრივად არ განსხვავდება ცნობიერი ფსიქიკური შინაარსებისაგან. უზნაძე არაცნობიერის სწორედ ასეთი გაგების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, უზნაძეს ფსიქოანალიზის შეფასება ფაქტობრივად მხოლოდ ე. წ. «რეპრესირებულ არაცნობიერს» ეხება და არა მთლიანად არაცნობიერის სფეროს, რომელიც არ დაიყვანება ამ უკანასკნელზე.

ეს ვითარება შეამჩნია ი. ბჟალავამაც. მან დაადასტურა, რომ ფროიდის მოძღვრებაში ისეთი არაცნობიერის არსებობაც არის დაშვებული, რომელიც არ ყოფილა განდევნილი. მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამ დაშვებამ არ ჰპოვა განვითარება ფროიდის ნააზრევში და ამიტომაც სავსებით ეთანხმება არაცნობიერის ფსიქოანალიზური კონცეფციის უზნაძისეულ შეფასებას [2].

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავის გვიანდელ შრომებში ფროიდმა განსაკუთრებული ყურადღება არაცნობიერის სწორედ ამ სფეროს მიაპყრო, ცდილობდა რა საკუთრივ არაცნობიერი განეხილა, მისი სიტყვებით, არა იმდენად როგორც «ფსიქიკის თვისება», არამედ როგორც «სულის არე». ეს არე, რომელსაც «იდი» ან «იგი» ეწოდა, განსხვავდება ორი დანარჩენი არესაგან («ეგო» და «სუპერეგო») მოქმედების პრინციპებითაც და არაცნობიერთან მიმართებითაც. «იდი» მთლიანად და აუცილებლად არაცნობიერია.

«იგი»-ში გაბატონებული თვისება არაცნობიერია. «იგი» და არაცნობიერი შინაგანად ისევე ეკუთვნის ერთმანეთს, როგორადაც «მე» და «წინაცნობიერი» [20; 501]. «იდი» არაცნობიერი ფსიქიკის გენეტიკურად პირველადი ფორმაა პერსონის და მისი ფსიქიკური აპარატის განვითარების თვალსაზრისით. «მე» იდიდან შეიქმნა. ევოლუციის პროცესში გარემოსთან შეგუების ზეგავლენით გარკვეული შინაარსები გარდაიქმნა წინაცნობიერად და მოთავსდა «მე»-ში, რომელიც მათ საჭიროებისამებრ აცნობიერებდა. «იდი»-ს სახით მოცემული გენეტიკურად პირველადი ფორმა არაცნობიერისა არის ფსიქიკური ენერგეტიკა, პირველადი ლტოლვები, რომლებიც ფილოგენეზის, ონტოგენეზის თუ აქტუალგენეზის თვალსაზრისით ყოველგვარ ფსიქიკურ სტრუქტურასა და აქტს განაპირობებენ. ამ არაცნობიერი ფსიქიკური სამყაროს არსებობისა და მოქმედების წესზე დარწმუნებით ბევრი არაფრის თქმაა შესაძლებელი, მაგრამ დაშვებები შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ფსიქიკური ენერგეტიკა ისეთი ფუნდამენტური დაშვებაა, რომელიც ფსიქოლოგიის ბუნებისმეტყველური დაფუძნების ფროიდისეულ მცდელობას გამოხატავს. ფსიქიკურ ენერგეტიკას თავისი ფესვები ფსიქოფიზიკურ პროცესებში აქვს გადგმული. ამიტომ «იდი»-ს სფერო დაკავშირებულია სომატურ პროცესებთან, საიდანაც იძენს აღძვრით მუხტს და მათ ფსიქიკურ ფორმას აძლევს. «იდი»-ს არაცნობიერი პროცესები აკავშირებენ სომატურ და ფსიქიკურ პროცესებს, მაგრამ თუ რა სუბსტრატში ხორციელდება მათი დაკავშირება ან როგორია პირველადი არაცნობიერი პროცესის ონტოლოგიური სტატუსი, ამის გარკვევისაგან ფროიდი თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია – ეს არაცნობიერი სფერო თავისი ბუნებით არსებითად განსხვავდება როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი ფსიქიკის იმ სახეობათაგან, რომლებიც ცნობილია ტრადიციული ფსიქოლოგიისათვის[42].

ფროიდი არა მხოლოდ უშვებს არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სფეროს არსებობას, არამედ ვარაუდების სისტემასაც აყალიბებს, ქმნის მიკროთეორიას მისი მოქმედების თავისებურებათა შესახებ. განსხვავებით წინაცნობიერისაგან ან განდევნილი არაცნობიერისაგან, რომლებიც სპონტანურად ან სათანადო პირობებში შედარებით ადვილად გადაინაცვლებენ ცნობიერებაში, «იდ»-ის მუდმივი ფენა ნაკლებ მოძრავია და შებოჭილია არაცნობიერის ფარგლებით. ამ საზღვრებში მოთავსებული ფსიქიკური სამყარო რადიკალურად განსხვავდება ყოველივე იმისაგან, რაც ჩვეულებრივ «მე»-ს ფსიქიკას მიეწერება. აქ სხვა კანონზომიერება და ლოგიკა მოქმედებს. ეს არის ირაციონალური ენერგეტიკული წარმონაქმნების უსისტემო მოძრაობის სფერო, სადაც მხოლოდ სიამოვნების პრინციპია გაბატონებული. მისთვის უცხოა ყოველგვარი შეფასება, სიკეთე, ბოროტება, მორალი; ასევე არ მოქმედებს აქ აზროვნების და ლოგიკის კანონები, იგი უგრძნობია შეუსაბამობათა და წინააღმდეგობათა მიმართ. საწინააღმდეგო ძალები თავისუფლად თანაარსებობენ და სრულიად წარმოუდგენელ კომბინაციებს ქმნიან. აქ არ არსებობს დროულობა; «იდ»-ის არაცნობიერი შინაარსები ვირტუალურად უკვდავნია. ისინი ყოველთვის ისე მოქმედებენ, თითქოს ახლა წარმოიქმნენ. მათ არ იციან წარსული და მომავალი. დრო გაჩერებულია, ხოლო აქტუალურად მოცემული სურათი სრული განუკითხაობისა და ქაოსის მდგომარეობად გვევლინება. ერთი სიტყვით, ფსიქიკური ცხოვრების ცნობილი კანონზომიერებანი «იდ»-ში არ მოქმედებს. უფრო მეტიც, აქ მოცემული ვითარება მათ ანტიპოდად გამოდგება. მართლაც, ფსიქიკა ხომ იმისათვის და ისეა ორგანიზებული, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიცოცხლის შენარჩუნებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნა და ფაქტორი და ინდივიდმა მისი მეშვეობით მიზანშეწონილად იმოქმედოს. იდისმიერი ლტოლვების სახით მოცემული არაცნობიერი ფსიქიკა შეგუებაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. თუკი ასეთი ფსიქიკა მართლაც არსებობს, იგი ფსიქიკის ყველა სხვა სახისაგან პრინციპულად განსხვავდება. ჩვენი ანალიზისათვის კი მთავარი ისაა, რომ ფროიდს ამგვარი არაცნობიერი დაშვებული აქვს და იგი მართლაც ვერ აღიწერება, როგორც ცნობიერების ნიშანს მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი.

ამრიგად, ერთგვარი, თუმცა, არცთუ ყოველთვის ნათელი და ცალსახა თვალსაზრისი არაცნობიერი ფსიქიკური ფორმებისა და მათი თავისებურებების შესახებ ფსიქოანალიზს, რა თქმა უნდა, მოეპოვება. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ფსიქოანალიზში სულ არაა მოცემული რაიმე შეხედულება არაცნობიერის ბუნების არსებობის ფორმის შესახებ, უმართებულოა. ამგვარი შეფასების საფუძველს შეადგენს თეორიულ-მეთოდოლოგიური პოზიცია, რომლის თანახმად არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის დადასტურება საერთოდ შეუძლებელია მისი უშუალოდ დაუკვირვებადობის გამო [6][25]. ვერავინ, ცხადია, და ვერც ფროიდი ვერ იტყვის რაიმეს არაცნობიერის არსებობის ფორმაზე, იმაზე, თუ როგორია იგი თავისთავად, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ფროიდს მართლაც არაერთგზის აქვს აღნიშნული არაცნობიერის არადაკვირვებადობა. არაცნობიერი ფსიქიკურის ონტოლოგიური ბუნების წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, ამ გარემოებიდან მომდინარეობს. ფროიდს ისიც ნათლად ესმოდა, რომ მისი წარმოდგენები სინამდვილის ამ სფეროს შესახებ არსებითად ჰიპოთეტური ხასიათისაა. მაგრამ ასეთი წარმოდგენები მას ჰქონდა და ისინი სულაც არ იყო მიღებული თავისუფალი გონებაჭვრეტის შედეგად; ისინი სავსებით გარკვეულ ემპირიულ საფუძველს ემყარებოდნენ. კლინიკური პრაქტიკა ფროიდს აძლევდა იმის რწმენას, რომ თუნდაც არაპირდაპირი გზით იგი არაცნობიერს სწვდებოდა. ფროიდი ამტკიცებდა, რომ არსებობს ფაქტები, რომლებიც უშუალოდ მიგვანიშნებენ არაცნობიერის არსებობაზე; არაცნობიერი ფსიქიკურის კატეგორია მეცნიერებაში პირველ რიგში გარკვეული ემპირიის ახსნისა და გააზრების მოთხოვნითაა შემოტანილი.

ამრიგად, ანალიზი გვაჩვენებს, რომ ფროიდის კონცეფციაში, მიუხედავად ერთგვარი ბუნდოვანებისა, გათვალისწინებულია არაცნობიერის ისეთი სახე, რომელიც აღიწერება იმავე კატეგორიებით, რაც ცნობიერი ფსიქიკური აქტები. ასეთი «არაცნობიერის ubw სისტემას აქვს იგივე თავისებურება, რაც ცნობიერის bw სისტემას» [28; 132]. უზნაძის შეფასება ამგვარ არაცნობიერს ეხება. მაგრამ ფროიდის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აგრეთვე სხვაგვარ არაცნობიერს უკავია. ეს არის ე. წ. საკუთრივ არაცნობიერი, რომლის ავტორისეული დახასიათება გამორიცხავს რაიმე პარალელს მას და ცნობიერებას შორის. ეს ჰიპოთეტური არაცნობიერი სფერო, რომელიც არსებითად პირველადი ლტოლვების სამყაროს წარმოადგენს, გააზრებულია როგორც ფსიქიკა, რომელსაც ფენომენალური ფსიქიკისაგან სრულიად განსხვავებული თავისებურებანი აქვს. და თუმცა ამის შესახებ ფროიდი ბევრს არაფერს გვეუბნება, ფსიქოანალიზში არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სახის არსებობის უგულვებელყოფა დაუშვებელია. ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება ამდაგვარ არაცნობიერზე ვერ გავრცელდება.

როგორც ითქვა, უზნაძე არ შემოიფარგლა ფროიდთან არაცნობიერის «უარყოფითი ცნების» კრიტიკით, არამედ გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი «დადებითი შინაარსის ცნებით», ანუ განწყობით უნდა შეიცვალოს. ის, რასაც ფსიქოანალიზი არაცნობიერი ფსიქიკურის სფეროს უწოდებს, განწყობის სფეროა; არაცნობიერად მხოლოდ განწყობები არსებობს. ამიტომ უფრო ფართო კონტექსტში უზნაძე იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი საერთოდ ზედმეტი ცნებაა და იგი განწყობით უნდა შეიცვალოს. თუ რამეა მოცემული არაცნობიერად, ეს განწყობაა. როგორც ჩანს, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სახელდობრ ის, რომ რეფლექსიური ცნობიერების გარეშე არსებული მოვლენების წრე მხოლოდ განწყობებით არ შემოიფარგლება. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ არსებობს ფსიქიკური შინაარსები და აქტები ცნობიერების მიღმა, რომლებიც არ წარმოადგენენ განწყობას. არსებობს განცდა მინუს ცნობიერება. ასეთია ცხოველის ფსიქიკა; ცხოველებს აქვთ შეგრძნებები, მოთხოვნილებები, წარმოდგენები, ერთი სიტყვით სხვადასხვა განცდები, მაგრამ მათ არა აქვთ ცნობიერება. ასეთი ცნობიერების გარეშე მოცემული ფსიქიკა ადამიანსაც აქვს და იგი თვით უზნაძის თეორიულ სისტემაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ე. წ. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე; ქცევის რეგულაცია ამ შემთხვევაში მიმდინარეობს იმ განცდებზე დაყრდნობით, რომელთა ობიექტივირება (გაცნობიერება) არ ხდება. აშკარაა, რომ ასეთი ფსიქიკა არ არის ცნობიერი, მაგრამ იგი არც განწყობაა, ვინაიდან, თეორიის თანახმად, თავად აღმოცენდება სათანადო განწყობის საფუძველზე. მაშასადამე, განწყობის ცნების შინაარსი არ ფარავს არაცნობიერი მოვლენების სფეროს; არაცნობიერი, როგორც ჩანს, ზედმეტი ცნება არ უნდა იყოს. სხვა საკითხია, რა მიმართებაშია ეს არაგანწყობისეული არაცნობიერი ფროიდის სისტემაში ნაგულისხმევი არაცნობიერის სახეობებთან. იქნებ შესაძლებელია აქ ე. წ. «წინაცნობიერთან» ერთგვარი პარალელის გავლება. ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას საჭიროებს.

ქართველი ფსიქოლოგების უმრავლესობამ გაიზიარა ასეთი მიდგომა. თავისებური პოზიცია დაიკავა შეროზიამ [36]. იგი ცდილობს შეარიგოს ერთმანეთთან ფროიდისა და უზნაძის თვალსაზრისები და ასეთი გზით «არაცნობიერის სრული თეორია მოგვცეს». ამ ამოცანას ავტორი ერთობ მარტივად სწყვეტს. იგი უბრალოდ არაცნობიერის სფეროში ორ ქვესტრუქტურას გამოყოფს. ერთი უზნაძისეული არაცნობიერი ანუ პირველადი განწყობაა. განწყობა იმთავითვე და აუცილებლად არაცნობიერია და ამასთან ყოველგვარი ფსიქიკური აქტივობის საფუძველია. მეორე ფროიდისეული არაცნობიერია, რომელსაც შეადგენენ ცნობიერების მიერ «გადამუშავებული», «ჩვეულებრივი არაცნობიერი განცდები»: სურვილები, მოტივები, წარმოდგენები, აზრები და ყოველგვარი ფიქსირებული განწყობები. ისინი არ არიან არც პრინციპულად არაცნობიერნი და არც რაიმე ფსიქიკურის საფუძველი, არამედ თვითონ ეყრდნობიან აქტუალურ განწყობას. ამავე დროს, როგორც ინდივიდის გამოცდილების გამოხატულება, ეს არაცნობიერი მოვლენები განწყობის რეალიზაციის ხელშემწყობ ან ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება. ამრიგად, არსებობს განწყობის სახით «ცნობიერებამდელი არაცნობიერი». იგი წარმოადგენს პიროვნების მთლიან მოდიფიკაციას და ამდენად, ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. როგორც ფსიქიკის სახეობა, იგი გენეტიკურად და ფუნქციონალურად წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ განცდებს. ამავე დროს დაშვებულია ფსიქიკის ისეთი არაცნობიერი ფორმაც, რომელიც ცნობიერებამოკლებული განცდებისაგან შედგება. ერთი სიტყვით, არაცნობიერის სფეროს არ მოიცავს განწყობა, არამედ მასში შედის არაცნობიერი ფსიქიკური განცდებიც, რომელთა არსებობას, როგორც ვიცით, უზნაძე კატეგორიულად უარყოფდა.

რის საფუძველზე ამტკიცებს ამას შეროზია? სამწუხაროდ, რაიმე საგანგებო თეორიულ არგუმენტაციას მის შრომებში ვერ ვხვდებით. როგორც ჩანს, ავტორს უბრალოდ მიაჩნია, რომ როგორც განწყობის, ისე არაცნობიერი განცდების ფენომენი დადასტურებულია სათანადო ფაქტოლოგიით, რომელიც აქვს შესაბამისად განწყობის ფსიქოლოგიას და ფსიქოანალიზს.

ფსიქოანალიზთან მიმართებაში ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰიპნოზისა და სიზმრის მოვლენები. ფროიდი მართლაც ხაზს უსვამდა ჰიპნოზის მნიშვნელობას ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკაში. იგი იმასაც კი ამბობს, რომ პოსტჰიპნოთიური ჩაგონების ცდებმა თვალნათლივ უჩვენა არაცნობიერის არსებობა და მისი ფუნქციონირების წესი [37]. ფროიდი ფიქრობდა, რომ ჰიპნოზურად ჩაგონებული მიზანი გადადის არაცნობიერ ფსიქიკურში და იქიდან, ვითარცა ცნობიერებას მოკლებული განზრახვა, განაპირობებს პოსტჰიპნოზურ მოქმედებას.

ამ საკითხში შეროზია ფროიდს ეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, იგი აქტიურად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ არავითარი ფაქტი, მათ შორის ჰიპნოზურიც, არ გვაძლევს პირდაპირ ცნობას არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის შესახებ. ჰიპნოზის ფაქტი აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ჩაგონებული შინაარსი არ არის ცნობიერი; მაგრამ როგორი ბუნებისაა მიღებული არაცნობიერი მდგომარეობა – ფსიქიკურია იგი თუ ფიზიოლოგიური, ამაზე არაფერს ამბობს. მისი ასეთი თუ ისეთი გააზრება დამოკიდებულია წინასწარ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე იმის თაობაზე, თუ უშუალოდ ფსიქიკური საიდან მომდინარეობს – ისევ ფსიქიკურიდან თუ ნერვული სისტემის მოქმედებიდან. ჰიპნოზის მოვლენა პირდაპირ ვერ გვითვალისწინებს იმას, არსებობს თუ არა არაცნობიერი ფსიქიკა და როგორია მისი თავისებურებანი. არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები [5][6].

შეროზია უარყოფს ამ პოზიციას და მხარს უჭერს ფროიდს იმაში, რომ ჰიპნოზის ფაქტი ამტკიცებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას. პოსტჰიპნოზური ეფექტები ჩაგონებული ფსიქიკური ამოცანით არის გაპირობებული, მაგრამ ირკვევა, რომ შეროზია მაინც უკმაყოფილოა ჰიპნოზის ფსიქოანალიზური გააზრებით და ამის მიზეზია არაცნობიერის ფროიდისეული გაგება. უფრო მეტიც, «საკითხი არაცნობიერი ფსიქიკის ონტოლოგიური სტატუსის შესახებ ფროიდთან – ამბობს შეროზია – ღიად უნდა ჩაითვალოს» [36; 122].

შეროზიას მოსაზრებებს აკლია თანმიმდევრულობა. თუ ჰიპნოზის ფაქტი მართლაც ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, მაშინ ის არაცნობიერის ონტოლოგიასაც გვითვალისწინებს. შეროზია ფროიდისეულ არაცნობიერ განცდებს ცნობს და განწყობასთან ერთად არაცნობიერის მთლიან სტრუქტურაში შეჰყავს, ხოლო ფროიდისთვის ჰიპნოზი სწორედ ასეთი არაცნობიერი ფსიქიკის მამტკიცებელი არგუმენტი იყო. მაინც რატომღა უნდა ჩაითვალოს ღიად ფსიქოანალიზში საკითხი არაცნობიერის ონტოლოგიური გარკვეულობის შესახებ? შესაძლოა, შეროზია ფიქრობს, რომ ჰიპნოზით მიღებული მდგომარეობის აღსაწერად ფროიდის არაცნობიერი არ გამოდგება; პოსჰიპნოზურ მოქმედებას არაცნობიერი მიზანი კი არა, განწყობა წარმართავს. ასეთი გაგება კანონიერია. მაგრამ ის გარემოება, რომ ჰიპნოზის მოვლენაზე დაყრდნობით ფროიდი და უზნაძე არაცნობიერის არსებითად განსხვავებულ ფორმებზე ლაპარაკობენ, იმაზე მეტყველებს, რომ ჰიპნოზი თავისთავად არ გვაძლევს ფაქტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს შექმნილი მდგომარეობის ბუნებაზე. მაშასადამე, ჰიპნოზის მოვლენა ვერც იმას გაგვირკვევს, უნდა ჩაენაცვლოს თუ არა განწყობა არაცნობიერ განცდას და ვერც იმას, საჭიროა თუ არა ორივე მათგანის შენარჩუნება, როგორც ამას შეროზია გვთავაზობს.

ჰიპნოზის ფენომენი ყოველთვის იპყრობდა არაცნობიერით დაინტერესებული მკვლევარების ყურადღებას. გამონაკლისი არც უზნაძე და მისი სკოლა ყოფილა. სწორედ ჰიპნოზში ფორმირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული ცდები გახდა მთავარი ემპირიული არგუმენტი განწყობის არაცნობიერობის სასარგებლოდ. პირველად 1936 წელს ჩატარებული ეს ცდები მართლაც ამტკიცებს იმას, რომ «განწყობა ცნობიერების მოცემულობის გარეშე მოქმედებს და რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად უნდა ჩაითვალოს» [15; 104]. სამწუხაროდ, მიღებული ექსპერიმენტული ფაქტი არაფერს ამბობს არაცნობიერი ფიქსირებული განწყობის ონტოლოგიური სახის შესახებ. მას რომ ეს შეძლებოდა, საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მაშინვე იქნებოდა გადაწყვეტილი. არადა, ამ გამოკვლევიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზნაძე იმ პოზიციაზე იდგა, რომ არაცნობიერი ფსიქიკური არ არსებობს, ხოლო განწყობა ფიზიკურის და ფსიქიკურის გამაშუალებელი სინამდვილის ახალ სფეროს მიეკუთვნება. სხვა რომ არაფერი იყოს, ეს გარემოება ამტკიცებს იმას, რომ ჰიპნოზის ფაქტები არაცნობიერის ბუნებაზე მხოლოდ ჰიპოთეტური დებულებების გამოთქმის საშუალებას იძლევიან. ორმოციანი წლების ბოლოს, როცა უზნაძემ განწყობა არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია, მის მიერ თვალსაზრისის შეცვლა ჰიპნოზის თუ სხვა რაიმე ახალი ექსპერიმენტული ფაქტების გავლენით არ მომხდარა[43]. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მკვლევარებს, რომლებიც უზნაძის თავდაპირველ პოზიციას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ დინამიკური მდგომარეობა, რომელიც მედიუმში პოსტჰიპნოზური ჩაგონების შედეგად იქმნება, არც წმინდა ფიზიკური ცვლილებაა და არც წმინდა ფსიქიკური პროცესი [22]. ეს სავსებით ლოგიკურად გამომდინარეობს ისევ და ისევ წინასწარ მიღებული თეორიული დაშვებებიდან, რომ ჰიპნოზში განწყობა იქმნება, ხოლო ის არც ცალსახად ფიზიოლოგიურია და არც ცალსახად ფსიქიკური.

პოსტჰიპნოზური ჩაგონების ფაქტები მართლაც არ ააშკარავებს არაცნობიერის ონტოლოგიურ სახეს. მაგრამ მაინც ჰიპნოზში განწყობის ფიქსაციის ცდები ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, იმაზე, რომ ფიქსირებული განწყობა ცნობიერების ჩვეულებრივი ფსიქიკური შინაარსებისაგან განსხვავებული მოვლენა უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც დაექვემდებარებოდა პოსტჰიპნოზურ ამნეზიას და ილუზორულ განცდასაც ვერ გამოიწვევდა. აქედან შორს მიმავალი დასკვნა კეთდება: «თუ ფროიდის არაცნობიერი იმას გულისხმობს, რაც პოსტჰიპნოზურ მოვლენაში იჩენს თავს, მაშინ ექსპერიმენტულად დასაბუთებულ დებულებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ფიქსირებული განწყობა ასრულებს იმის დანიშნულებას, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს» [2; 55]. ბჟალავას ეს ანალიზი მართლაც საინტერესოა, მაგრამ დებულება, რომ ფიქსირებული განწყობა ისაა, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს, ექსპერიმენტულად დასაბუთებულად მაინც ვერ ჩაითვლება. ამ ცდებიდან მარტო ის ჩანს, რომ ფიქსირებულ განწყობას «არსებობის საკუთარი ფორმა» აქვს, რომელიც განსხვავდება არაცნობიერი წარმოდგენისაგან, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს. მაგრამ არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ არაცნობიერი სფერო მთლიანად მხოლოდ განწყობებისაგან შედგება. საკითხები, რომელთაც უზნაძის და ფროიდის შეხედულებათა ურთიერთშეპირისპირება ბადებს, პრინციპულია. დესკრიფციის საზღვრების დადგენას ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიის საგნის დადგენამდე მივყავართ. უშუალო ცოდნა მართლაც მხოლოდ დაკვირვებადი, განცდადი ფსიქიკის შესახებ არსებობს. ამიტომ კითხვა არაგანცდადი განცდის შესახებ პრობლემურია. ფროიდი, როგორც ვიცით, ასეთ შესაძლებლობას უშვებდა, უზნაძე – არა. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაცნობიერის ონტოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებიც. ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხი კითხვებზე, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური წმინდა თეორიული, ჰიპოთეტური კონსტრუქტი, თუნდაც ისეთი, როგორც დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის არსებული სავარაუდო კავშირის აღმნიშვნელი ე. წ. შუალედური ცვლადებია? ან იქნებ ეს ცნება მხოლოდ ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური საჭიროებით იქნა შემოტანილი? ან, შესაძლოა, მისი დამკვიდრება მეცნიერებაში ფაქტების პირდაპირი კარნახით მოხდა? თუ ასეა, რა ფაქტებია ეს, და ჩანს თუ არა მათში არაცნობიერის ნამდვილი ბუნება?

უნდა ვიფიქროთ, რომ თვით არაცნობიერი ფსიქიკა, როგორც მოვლენა, არც ყოფით და არც ექსპერიმენტულ ფაქტში ვერ დასტურდება, რადგან თუ მან ხილული, დაკვირვებადი სახე მიიღო, იგი ცნობიერებად, ანუ სხვაგვარ ფსიქიკად მოგვევლინება. ასეა იმ ჰიპოთეტური რეალობის შემთხვევაშიც, რომელსაც უზნაძემ განწყობა უწოდა. არის თუ არა ის არაცნობიერი ფსიქიკის ერთადერთი შესაძლო ფორმა, ესეც ვარაუდია. რომელ ფაქტში ჩანს ეს? – არცერთში. ასევე, ჩვენ არ ვიცით, რა ემართება ცნობიერებიდან განდევნილ შინაარსს. განა ფროიდმა სადმე ნახა მისი ფსიქიკურობა? ასეთი კითხვები უსასრულოდ დაისმის, რადგან მათზე ფაქტებით არ პასუხობენ: რა სახით ინახება გამოცდილება, რა ფორმით არის მოცემული აქტუალურად მოქმედი მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, რომელიც არ განიცდება და სხვა. როდესაც ჩვენ ყოველივე ამის ასახსნელად ფიქსირებული განწყობის ცნებას ვიშველიებთ, ესეც ხომ ჰიპოთეზაა. ფიქსირებული განწყობა, როგორც საზოგადოდ განწყობა და არაცნობიერი – ვარაუდია. მისი ჭეშმარიტი ონტოლოგია უცნობია, თორემ ეს ცნება დღემდე არ იქნებოდა პოლემიკის საგანი [34].

ამრიგად, «არაცნობიერი ფსიქიკური არ აღიქმება უშუალოდ ისე, როგორც აღიქმება ცნობიერი ფსიქიკური პროცესები. იგი ჰიპოთეტური ხასიათის ცნებაა» [34; 98]. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ემპირიული საფუძველი არ გააჩნია და საერთოდ არ უკავშირდება ფაქტებს. ცნობილია, რომ აზრი არაცნობიერი რეალობის არსებობის შესახებ მეცნიერებაში ორი გზით შემოვიდა. ერთ შემთხვევაში იგი გარკვეული ფილოსოფიური და ზოგადმეთოდოლოგიური პრობლემების ნათელსაყოფად გამოიყენებოდა (უწყვეტობის პრინციპი, ფსიქოფიზიკური პრობლემა, ცნობიერების წარმოშობისა და განვითარების დილემა); მეორე შემთხვევაში არაცნობიერის დაშვების იდეამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც მხოლოდ ფიზიოლოგიური კანონზომიერებებით ვერ ხსნიდნენ სულიერი ცხოვრების მთელ რიგ ფაქტებს. ეს ემპირიკა სრულფასოვნად აქვს სისტემატიზებული და გადმოცემული შ. ჩხარტიშვილს [22]. აქ შედის, როგორც არაცნობიერთან «ტრადიციულად» დაკავშირებული ფაქტოლოგია (სიზმრები, ჰიპნოზი), აგრეთვე ცნობიერების კოგნიტური, ემოციური და ვოლიტური სფეროს მრავალრიცხოვანი მოვლენა. ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ უნდა არსებობდეს რეალობის არაცნობიერი ფსიქიკური სფერო, რომელიც გასაგებს გახდის ამ ფენომენების აღმოცენებისა და მოქმედების თავისებურებებს. ზოგი ფაქტი ამ მხრივ ნაკლებ ინფორმატულია, ზოგიც – მეტად. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, ბოლო ხანს მოპოვებული მონაცემები «არაყურადღებულ შეგრძნებებთან» დაკავშირებით [4]. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტები არც ერთ შემთხვევაში არ ცხადყოფს რეალობის ამ სფეროს ნამდვილ ონტოლოგიურ ბუნებას, განსხვავებით ფიზიოლოგიისგან და ცნობიერებისგან.

ნათქვამი მთლიანად ეხება ფსიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებულ ფაქტოლოგიასაც. ცნობილია, რომ თვით განწყობის ფსიქოლოგიის ავტორმა არაცნობიერის ონტოლოგიის ორი პარადიგმა ჩამოაყალიბა. ერთ შემთხვევაში განწყობა არაცნობიერ და არაფსიქიკურ რეალობად არის მოაზრებული. «ესაა სინამდვილის ჯერ კიდევ უცნობი არე», «სინამდვილის ჯერ კიდევ მიუკვლეველი სფერო». მას პირველად ბიოსფეროს თვალსაზრისის ავტორმა მიაკვლია და ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთქმედების ხიდად წარმოგვიდგინა. განწყობის (არაცნობიერის) ცნება ამ შემთხვევაში ფსიქოფიზიკური პრობლემის გადაჭრის მიზნითაა შემოტანილი. შემდგომში უზნაძემ უფრო დახვეწა და დააკონკრეტა თავისი პოზიცია. მან დასვა ე. წ. უშუალობის პრინციპის დაძლევის მეთოდოლოგიური ამოცანა. როგორც მთლიანი მდგომარეობის – განწყობის სახით თეორიაში შემოყვანილი იქნა სუბიექტი, პიროვნება, რომელიც აშუალებს «გარემო – ცნობიერებისა» და «ცნობიერება – ცნობიერების» ურთიერთმიმართებებს. თეორიის კონსტრუირება აქ უკვე სუბიექტისმიერი პოზიციიდან ხდება. ამავე დროს უზნაძე ცდილობს მიზანშეწონილების პრობლემის გადაჭრასაც. განწყობა სუბიექტის ისეთი მთლიანი მდგომარეობაა, რომელშიც გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც ქცევის მიზანშეწონილი წარმართვისთვისაა საჭირო. განწყობა (არაცნობიერი) ამ შემთხვევაშიც გაგებულია როგორც «თავისებური რეალობა, რომელიც უსწრებს კერძოულს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს და მათზე არ დაიყვანება» [13; 25]. სიცოცხლის მიწურულს უზნაძემ ძირფესვიანად შეცვალა ეს პოზიცია. მან დაუშვა არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა და განწყობა ასეთ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია. არგუმენტაცია აქაც მეთოდოლოგიას უკავშირდება. კერძოდ, უზნაძის წინაშე აქტუალურად დაისვა ფსიქიკის განვითარების პრობლემა. განწყობა ჩათვლილ იქნა ფსიქიკის გენეტიკურად პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ ფსიქიკას. ამასთან, ვინაიდან ზემოთ დასახელებული მეთოდოლოგიური ამოცანებიც ძალაშია დარჩენილი, განწყობა ცალსახად არაცნობიერ მოვლენად რჩება, ფენომენად, რომელიც «არავითარ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების შინაარსად არ ჩაითვლება» [17; 43].

ჩვენი ანალიზის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ განწყობის ონტოლოგიურ ბუნებაზე უზნაძის შეხედულებათა ცვლილება ახალი მეთოდოლოგიური ამოცანების გადაჭრის საჭიროებით იყო ნაკარნახევი. ეს ცვლილებები არ ეფუძნებოდა განწყობის ემპირიული კვლევის შედეგებს. განწყობის ძირითადი ემპირიული კანონზმიერებანი უკვე 30-იან წლებში დადგინდა, ხოლო განწყობის ონტოლოგიური ბუნების ძირფესვიანი გადახედვა და მისი ფსიქიკურ ფენომენად აღიარება 40-იანი წლების ბოლოს მოხდა. მაშასადამე, იგი ფაქტებით არ იყო ნაკარნახევი. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, იგი დიდი ხნის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი.

უკანასკნელი თვალსაზრისი განწყობის ფსიქიკურობის შესახებ უზნაძის მიმდევრების დიდმა ნაწილმა გაიზიარა. მაგრამ იყო და არის სხვა შეხედულებებიც. მაგალითად, შ. ჩხარტიშვილი უფრო დ. უზნაძის პირველი თვალსაზრისისაკენ იხრება, მაგრამ ცდილობს მის რედაქტირებას ონტოლოგიური მონიზმის პოზიციიდან [22]. პიროვნების სუბსტრატი უმაღლესად ორგანიზებული მატერიაა, რომელიც ვერ იქნება დაყვანილი მხოლოდ ნერვულ მოქმედებაზე. ეს პროცესი ფსიქიკას წარმოქმნის და ფსიქიკითვეა გაჟღენთილი. იგი ფსიქიკის თვისების მქონე უმაღლესი მატერიალური პროცესია და ამ აზრით შეიძლება პირველად ფსიქიკის მოვლენადაც იქნეს კვალიფიცირებული. განწყობა ისეთი ფსიქიკური ფენომენია, რომელიც იმავდროულად ფიზიოლოგიურიცაა. იგი, ასე ვთქვათ, პირველადი ფსიქოფიზიკურად დაუნაწევრებელი რეალობაა. ერთი სიტყვით, განწყობა ფსიქოფიზიკური ბუნების მოვლენაა. აქაც, როგორც ვხედავთ, განწყობის ონტოლოგიური ბუნება გარკვეული მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან არის გააზრებული.

იგივე ითქმის ა. ბოჭორიშვილის შესახებ, რომელიც განწყობის ონტოლოგიური ბუნების საკითხს არაცნობიერი ფსიქიკის შეუძლებლობის მისეულ მრწამსთან შესაბამისობაში განიხილავს [1]. ვ. კაკაბაძეც უარყოფს არაცნობიერ ფსიქიკას. მარქსიზმიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური დიალექტიკური ნახტომის გზით უშუალოდ გამოიყვანება «განსაკუთრებულად ორგანიზებული მატერიიდან». განწყობა კი, როგორც ფსიქიკური აქტივობის უშუალო არაცნობიერი საფუძველი, სინამდვილის «ჯერ კიდევ უცნობ ფიზიოლოგიურ ასპექტად» არის წარმოდგენილი [6; 99].

ბოლოს, არსებობს განწყობის ონტოლოგიური რაობის ისეთი გააზრებაც, რომლის თანახმად განწყობა არა მხოლოდ არაცნობიერ ფსიქიკას, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ცნობიერი ფსიქიკის სფეროსაც მიეკუთვნება. შ. ნადირაშვილი ამოდის წინასწარ მიღებული მოსაზრებიდან, რომ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენის არსებითი ნიშანი მის გაცნობიერებადობაში მდგომარეობს. განწყობის ფსიქიკურობის კრიტერიუმი ის არის, რომ იგი შეიძლება უშუალოდ მიეცეს სუბიექტს «მე»-ს ნაწილად, «მე»-ს მდგომარეობად იქცეს, ანუ გაცნობიერდეს [7ა; 107-108]. არსებობს რადიკალურად საპირისპირო აზრიც: განწყობა სწორედ იმიტომ არის თავისებური ფსიქიკური ფენომენი, რომ გაუცნობიერებადია; განწყობა სუბიექტისმიერია და არა სუბიექტური. სუბიექტს იგი უშუალოდ არ ეძლევა ცნობიერების კერძო განცდის (წარმოდგენა, აზრი, ემოცია... და ა. შ.) სახით, ხოლო «ამგვარ განცდათა გარდა, სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია». [17; 45]. ამიტომ განწყობა ცნობიერებისაგან განსხვავებული, ყოველთვის არაცნობიერ ფორმაში მოცემული ფსიქიკაა [26].

ჩვენი ამოცანა არაა ამ თვალსაზრისების ანალიზი. მხოლოდ იმას დავადასტურებთ, რომ ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. განწყობა გაგებულია, როგორც ახალი ონტოლოგიური რეალობა, როგორც მატერიალური, ფიზიოლოგიური პროცესი, როგორც არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე და როგორც ცნობიერი მოვლენა. ყოველი გაგება არგუმენტირებულია არა ფაქტებით, რომლებიც განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში ყველასთვის ერთნაირია, არამედ ამოსავალი მსოფლმხედველობრივი, მეთოდოლოგიური თუ თეორიული მოსაზრებებით. შეხედულება განწყობის (არაცნობიერის) ბუნების შესახებ ამის გავლენით ფორმირდება.

ამ ფონზე საკითხი ფროიდისეული არაცნობიერის განწყობით შეცვლის შესახებ რთულდება. მართლაც, ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში არ არის ერთგვაროვანი, იგი არაცნობიერი ფსიქიკის სულ მცირე ორ, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულ სახესხვაობას მოიცავს. მეორე მხრივ, არც განწყობის ონტოლოგიური სტატუსის მიმართ არსებობს შეთანხმებული პოზიცია. ასეთ ვითარებაში არც ისე ადვილია იმის გარკვევა, თუ რომელ არაცნობიერს როგორი განწყობა შეიძლება ჩაენაცვლოს და რატომ. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის მეტათეორიული პრინციპები და ამოცანები, რომელთა გამოც ეს ცნებები იქნა ფორმულირებული, და ის ფუნქცია, რომელიც თეორიაში მიეწერება არაცნობიერ სფეროს, აგრეთვე თვით თეორიათა მასშტაბი და მიყენების არე. ერთი სიტყვით, არაცნობიერის ცნება უნდა განვიხილოთ არა თავისთავად, არამედ მოცემულ თეორიათა მთელს კონტექსტში. მაშასადამე, პირველ ყოვლისა, ამ თეორიათა ურთიერთმიმართება არის გასარკვევი.

დავიწყოთ იმით, თუ რა მასშტაბის კონცეფციებს მიეკუთვნება ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია. ცნობილია, რომ განასხვავებენ მცირე და დიდ თეორიებს. პირველი კერძო, ცალკეულ პროცესებს ეხება. მეორეს გაცილებით დიდი მოცულობა და ზოგადობა ახასიათებს. ისინი მთელი ქცევის და არა ცალკეული ასპექტების დახასიათებაზე არიან ორიენტირებულნი. დიდ თეორიებში, თავის მხრივ, კონცეფციების ორი სახე გაირჩევა – ესენია პიროვნების თეორიები და ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიები. უკანასკნელნი ყველა სახის თუ დონის ქცევაზე ვრცელდება, ვინც უნდა იყოს მისი სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი). ამასთან მათში განიხილება ქცევის სტრუქტურის ყველა ასპექტი – დინამიკური, საშემსრულებლო-ოპერაციული თუ სემანტიკური; გარდა ამისა, დახასიათებულია ყველა ფაქტორი, რომელიც მოტივაციის, გამოცდილების თუ სიტუაციის მხრიდან განსაზღვრავს მიზანშეწონილი ქცევის აღძვრას და მიმდინარეობას. რაც მთავარია, ქცევის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში გააზრებულია ქცევის რეგულაციაში ამ ფაქტორთა თანამონაწილეობის წესი, ე. ი. მოცემულია მიზანშეწონილი ქცევის ზოგადფსიქოლოგიური მექანიზმი.

პიროვნების თეორია მხოლოდ ადამიანის ქცევას ეხება; გარკვეული შეზღუდვები აქაც არის. პიროვნების თეორიაში ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის მოტივაციურ ასპექტს. აქტივობის სიტუაციური და საშემსრულებლო ასპექტი ან მთლიანად უგულვებელყოფილია (როგორც მაგალითად, ფროიდის თეორიაშია), ან ძლიერ შეზღუდულადაა წარმოდგენილი. ქცევის ფაქტორების მაინტეგრირებელი მექანიზმი, როგორც წესი, არ არის რეფლექსირებადი. პიროვნების თეორიების სპეციალისტები ამ განსხვავებებს ყურადღებას არ აქცევენ და მიაჩნიათ, რომ «ყველა ქცევის ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით» [32; 33]. ამ თეზისის მართებულობა სათუოა და რიგ შემთხვევებში სერიოზულ უხერხულობასაც ქმნის. მაგალითად, პიროვნების თეორიად ინათლება კონცეფცია, რომელიც თეთრი ვირთხების ქცევის შესწავლის შედეგად შეიქმნა (ბიჰევიორიზმი) და სადაც პიროვნების ცნება საერთოდ ფიქციად არის გამოცხადებული (სკინერი).

პიროვნების თეორია უფრო ვიწროა. აქ, ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის გაგებული პიროვნება. მაგალითისთვის ოლპორტის ცნობილი განსაზღვრებებიც კმარა.

მისი ორი პირველი განსაზღვრება ასეთია: «პიროვნება ის არის, რაც კონკრეტული აქტების უკან ძევს და ინდივიდის შიგნით იმყოფება» და «პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკური სისტემების დინამიკური ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს გარემოსთან მის უნიკალურ შეგუებას» [38; 48]. რომ არ ვიცოდეთ, რომ ოლპორტი პიროვნებას მხოლოდ ადამიანთან აკავშირებდა, ამ განსაზღვრებებში ცხოველებიც მოექცეოდა. მხოლოდ გვიანდელ განსაზღვრებაში, სადაც ძალზე ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვა «შეგუება» შეიცვალა სიტყვებით «ქცევა» და «აზროვნება» [39] ნათლად გამოჩნდა, რომ პიროვნება მოაზროვნე სუბიექტი ანუ ადამიანი ყოფილა (თუმცა დაზუსტება აქაც საჭიროა, ვინაიდან აზროვნების პრიმიტიული ფორმა უმაღლესი ცხოველებისთვისაც არ არის უცხო).

საკითხი იმ ჭრილშიც შეიძლება დაისვას, თუ რომელი კატეგორიაა უფრო ზოგადი – ქცევა თუ პიროვნება. თუ სუბიექტი და პიროვნება სინონიმებია, მაშინ საკითხი ქათმისა და კვერცხის დილემას დაემსგავსება, ვინაიდან ქცევა და მისი სუბიექტი განუყოფელია. სუბიექტი (ავტორი) ყველა ქცევას ჰყავს. ამიტომ მის როლში შეიძლება გამოვიდეს ცხოველი და ადამიანი, თოთო ბავშვი და იდიოტი. მაგრამ, არის კი ქცევის ყველა ეს სუბიექტი პიროვნება? თუ პიროვნება მხოლოდ ადამიანია და თანაც არა ყოველგვარი ადამიანი, მაშინ მისი ქცევაც სპეციფიკური ნიშნების მქონე იქნება, რაც სწორედ პიროვნების თეორიამ უნდა დაახასიათოს და არა ქცევის ზოგადფსიქოლოგიურმა კონცეფციამ. ამიტომ, დებულება რომ ქცევის ყველა ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით, მხოლოდ პირველ ნაწილშია მართებული და ისიც იმ გაგებით, რომ ქცევის ზოგადი თეორია შეიძლება შეიცავდეს პიროვნების თეორიასაც. იმისთვის, რომ იგი მართლაც გახდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია, საგანგებო სამუშაოა ჩასატარებელი. ეს იმით არის ნაკარნახევი, რომ პიროვნების ჭეშმარიტი თეორია უნდა პასუხობდეს კონკრეტულ კითხვებს, და შეიცავდეს სათანადო თემებთან დაკავშირებულ «მიკროთეორიებს». ზოგადი თეორიის შექმნისას ამას ზოგჯერ სათანადო ყურადღება არ ექცევა და საჭირო ხდება მისი «მიყვანა» სათანადო კონდიციამდე.

ჰიელისა და ზიგლერის მიხედვით პიროვნების ნამდვილი თეორია უნდა შეიცავდეს მოსაზრებებს ექვსი საკითხის თუ თემის გარშემო, რომლებიც გამოხატავენ მის შინაარსს და მიყენების არეს. ესაა: 1) პიროვნების სტრუქტურა 2) მოტივაცია 3) პიროვნების განვითარება 4) ფსიქოპათოლოგია 5) ფსიქიკური ჯანმრთელობა და 6) პიროვნების შეცვლა ფსიქოთერაპიული ზემოქმედების გზით [32].

ფროიდის მოძღვრება პიროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო თეორიაა. იგი შეიცავს პასუხს თითოეულ ამ საკითხზე. უზნაძის თეორიის კვალიფიცირება ამ მხრივ უფრო რთულია. იგი პირველ რიგში ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. მას აქვს ასეთი რანგის კონცეფციის ყველა ნიშანი. განწყობის თეორია მოწოდებულია გადაჭრას მასშტაბური მეთოდოლოგიური ამოცანები. იგი რელევანტურია ქცევის ყოველგვარი გამოვლენის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას და რა დონისა თუ სახისაა იგი. განწყობის თეორია მიმართულია მიზანშეწონილი ქცევის უნივერსალური მექანიზმის გამოვლენასა და შესწავლაზე. ამიტომ მასში გათვალისწინებულია ყველა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს ქცევის დეტერმინაციაში. ამავე დროს, როგორც უნივერსალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია, განწყობის თეორია შეიცავს მოძღვრებას ადამიანის ფსიქიკისა თუ ქცევის თავისებურებათა და კანონზომირებათა შესახებაც.

აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ უზნაძის სკოლაში არსებობს ისეთი თვალსაზრისიც, რომლის თანახმად განწყობის თეორია მხოლოდ პიროვნების თეორიაა. მაგალითად, ა. ბოჭორიშვილი და მისი ზოგიერთი მიმდევარი ფიქრობს, რომ «განწყობაზე მხოლოდ იქ უნდა ვილაპარაკოთ, სადაც პიროვნება გვეგულება» და, მაშასადამე, «განწყობის ფსიქოლოგია, როგორც პიროვნების ფსიქოლოგია, შესაძლებელია მხოლოდ როგორც ადამიანის ფსიქოლოგია» [1; 292-293]. პიროვნება კი მხოლოდ იქ არის, სადაც ცნობიერებაა. ამ მტკიცებათა რეალური წყარო ავტორის მიერ არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის კატეგორიული მიუღებლობაა. ამიტომ იგი ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ სისტემას, მათ შორის განწყობის თეორიასაც, ცნობიერებიდან იწყებს და პიროვნების თეორიად ნათლავს. საკითხავია ოღონდ, არსებობს თუ არა ამისათვის საკმაო საფუძველი. ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრით მიღებულ მდგომარეობაზე მსჯელობა საზოგადოდ კანონიერია, მაგრამ იგი სცილდება ფსიქოლოგიის ჩარჩოებს, ვინაიდან არც მოთხოვნილება და არც სიტუაცია არ არის ფსიქოლოგიური კატეგორია. «ცხოველის (და მცენარის) მიზანშეწონილი ქცევა და ყოველივე მასთან დაკავშირებული ბიოლოგიის პრობლემაა და არა ფსიქოლოგიისა» [1; 293].

საფიქრებელია, რომ ყოველივე თქმული სერიოზულ გაუგებრობას ქმნის. რატომ არის მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილების გარემოს ასახვა არაფსიქიკური მოვლენა? ვინ თქვა, რომ მცენარე ქცევას ახორციელებს, ხოლო ცხოველის ქცევის მიზანშეწონილობის პრობლემა მხოლოდ ბიოლოგიის კომპენტენციაა? განა ქცევის, თუნდაც ცხოველის ქცევის, განხორციელებაში ფსიქიკა არ მონაწილეობს? ან იქნებ ცხოველს საერთოდ არ აქვს ფსიქიკა, განცდა და იგი მხოლოდ ავტომატია. მაშინ მართალი ყოფილა მალბრანში, როცა ამტკიცებდა, რომ შეიძლება გულარხეინად ვაწამოთ ძაღლი და არ მივაქციოთ ყურადღება მის წკმუტუნს, რადგან ეს მხოლოდ ცუდად გაზეთილი მექანიზმის ჭრიალია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე მოცემული პოზიცია დაუსაბუთებელი დარჩება. სხვა თუ არაფერი, თუკი იგი შევიწყნარეთ, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღმა დარჩება არა მხოლოდ განწყობის ფსიქოლოგია, რომელიც ცალსახად ქცევის მიზანშეწონილობის თეორიაა, არამედ აგრეთვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებები: ბიჰევიორიზმი და ნეობიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია და ტოპოლოგიური ფსიქოლოგია, ფუნქციონალური და გენეტიკური ფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი და ქმედების თეორია, აგრეთვე ფსიქოლოგიის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებანი.

განწყობის ფსიქოლოგია მხოლოდ პიროვნების თეორია არ არის. ის პირველ ყოვლისა ქცევის სუბიექტის, ქცევის აქტორის ფსიქოლოგიაა. ამ როლში კი შეიძლება მოგვევლინოს ყოველი ცოცხალი არსება, ცხოველიც და ადამიანიც. თვით ადამიანის ფსიქიკური აქტივობაც სხვადასხვა დონეებზე მიმდინარეობს. ამიტომ ყველა მისი ქცევა პიროვნების აქტორობით არ სრულდება. ამ გაგებით ადამიანის ფსიქოლოგიაც არ არის ყოველთვის პიროვნების ფსიქოლოგია. განწყობის ფსიქოლოგია მოიცავს ფსიქიკური აქტივობის ყველა დონეს (მაგალითად, იმპულსური – ნებელობითი, განწყობის – ობიექტივაციის, ინდივიდის – სუბიექტის – პიროვნების), ამიტომ მართებულადაა მიჩნეული ქცევის ზოგად თეორიად. მაგრამ ითვალისწინებს რა პიროვნების აქტივობის დონესაც, იგი პიროვნების თეორიაცაა. ამავე დროს, ჩვენი აზრით, იგი შეიცავს გარკვეულ მოსაზრებათა სისტემას იმ საკითხებისა თუ თემების გარშემო, რომელთაც, როგორც აღინიშნა, უნდა მოიცავდეს პიროვნების სრული თეორია. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ფროიდის და უზნაძის კონცეფციების, როგორც პიროვნების თეორიების შედარება შესაძლებელი და საინტერესო გახდება, თუმცა ამისათვის საგანგებო, რთული სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ იმაში გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პიროვნების თეორიის შემადგენელი თემები მართლაც არის წარმოდგენილი განწყობის ფსიქოლოგიაში.

1. საკითხი პიროვნების სტრუქტურის ანუ ადამიანის ქცევის სტაბილური ასპექტების შესახებ განწყობის ფსიქოლოგიაში რამდენიმე კუთხით არის განხილული. პირველ ყოვლისა ფიქსირებული ან ე. წ. დისპოზიციური განწყობის სახით გამოყოფილია პიროვნების სტრუქტურის მთავარი ერთეული, აქტივობის ძირითადი საშენი ბლოკი [8][15]. ის გარემოება, რომ ფიქსირებული განწყობები განსხვავდება პიროვნული წონით, გენეზისით, სიმყარით, ფუნქციით, რეალიზაციის ხარისხითაც კი, შესაძლებლობას ქმნის, გავავლოთ პარალელი არა მხოლოდ პიროვნების ე. წ. დისპოზიციური თეორიების ისეთ ცნებებთან, როგორიცაა სხვადასხვა სახის პიროვნული თვისება, ინდივიდუალური დისპოზიცია, ფაქტორი თუ სხვა, არამედ ფსიქოანალიზის ისეთ ცნებასთანაც, როგორიცაა კომპლექსი.

პიროვნების სტრუქტურა შეიძლება აღიწეროს პიროვნების ტიპის კონცეფციით. განწყობის ფსიქოლოგიაში მოცემულია ასეთი კონცეფცია; იგი პიროვნების ფორმალურ-დინამიკურ მახასიათებლებს ეხება. თუკი იგი მყარად დაუკავშირდება პიროვნების შინაარსეულ მახასიათებლებს, შესაძლებელი გახდება ფსიქოანალიზურ ტიპოლოგიასთან მისი მიმართების განხილვაც. და ბოლოს, განწყობის ფსიქოლოგიაში შემუშავებულია თვალსაზრისი განწყობისა და ადამიანის ფსიქიკური აქტივობის იერარქიული დონეების შესახებ [7ბ], რომელიც არ უნდა იყოს სავსებით ჰეტეროგენული ფროიდის პიროვნების სამდონიანი მოდელის მიმართ.

2. რაც შეეხება მოტივაციას, ამ თემაზე საკუთარი აზრი არა მხოლოდ პიროვნების თეორიას, არამედ ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას უნდა მოეპოვებოდეს. გამონაკლისი არც განწყობის ფსიქოლოგიაა. უზნაძეს და მის მიმდევრებს ამ მხრივ არაერთი ორიგინალური მოსაზრება აქვთ გამოთქმული. ზოგი მათგანი მოთხოვნილებათა კლასიფიკაციას ეხება. გამოყოფილია სხვადასხვა სახის მოთხოვნილებები: დაბალი (ვიტალური) და მაღალი (მე-ს ეთიკური, ესთეტიკური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები) [15]; აგრეთვე ბიოგენური, ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები [21]. ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ე.წ. სუბსატანციონალური და ფუნქციონალური მოთხოვნილებების კონცეპტუალიზაცია. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები რაიმე საგნით კმაყოფილდება, ხოლო ფუნქციონალური – საკუთრივ აქტივობით. ისინი კვებავენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა თამაში, გართობა, ესთეტიკური ტკბობა, შემოქმედება, ნაწილობრივ სწავლა და სხვა [15][16]. ჩვენი ანალიზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფუნქციონალური ტენდენციის კონსტრუქტის გამოყენებით არის გააზრებული განწყობის თეორიაში ისეთი «ფსიქოანალიზური თემები», როგორიცაა სიზმარი და კომპლექსი [12].

მოთხოვნილება აქტივობის აღძვრას ემსახურება, ხოლო მოტივი გამოხატავს იმ ღირებულებას, რომელიც კონკრეტულ ქცევას აქვს პიროვნებისთვის. ამიტომ მოტივი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. უზნაძის და მისი მიმდევრების მიერ გამოთქმულია მრავალი საყურადღებო მოსაზრება, რომლებიც ეხება სხვადასხვა მოტივაციური წარმონაქმნების (მიზანი, გეგმა, მოტივი, ატიტუდი და სხვა) ბუნებასა თუ ფუნქციონირების წესს; აგრეთვე თვით მოტივაციის პროცესის ფუნქციას და დინამიკას (ქცევის აღძვრა, მიმართულება, გადაწყვეტილების მომზადება, მოთხოვნილებათა თანამოქმედება და ა. შ.) [15][21][24].

ჩხარტიშვილის აზრით, ძირითადი წინააღმდეგობა ფროიდსა და უზნაძის თეორიებს შორის წარმოიქმნება არა განწყობის ცნებასთან მიმართებაში, არამედ ქცევის მთავარ აღმძვრელ ფაქტორთან დაკავშირებით. ფროიდისთვის ეს არის სექსუალური ლტოლვები, ხოლო უზნაძის მიხედვით ამ «მთავარი ძალის ფუნქციას ასრულებს აქტივობის მოთხოვნილება, რომელიც დიფერენცირდება რა ფუნქციონალური სტრუქტურის შესაბამისად, შესატყვის სიტუაციაში განსაზღვრავს ადეკვატური განწყობის ფორმირებასა და რეალიზაციას» [35; 108].

ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ ფსიქოანალიზი მოტივაციის ჰომეოსტატურ, დახურულ მოდელს გვთავაზობს. განწყობის თეორიაში კი მოტივაციის ღია მოდელია გათვალისწინებული, რომელიც არ ეფუძნება წონასწორობის პრინციპს. «წონასწორობის ცნება, ამბობს უზნაძე, არ შეიძლება ამოსავალი ცნება იყოს ჩვენთვის, რაკი, ჩვენი რწმენით, ცოცხალი ორგანიზმი არსებითად ყოველთვის ერთგვარს დინამიკურ სისტემას წარმოადგენს. ბუნებრივი მდგომარეობა ცოცხალი ორგანიზმისა არის არა წონასწორობა გარემოსთან და უძრაობა, არამედ პირიქით, მოძრაობა, აქტივობა» [19; 88]. ამ პრინციპულ პოზიციას სხვა მკვლევარებიც იზიარებენ [21] [24]. ყველაზე შორს ამ მხრივ ა. ალხაზიშვილი წავიდა. მან აჩვენა, რომ ე. წ. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები ყოველთვის დახურული, ჰომეოსტატური სისტემებია; ხოლო იმ ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც სპეციფიკურად ადამიანურ ფუნქციებში იღებენ სათავეს, ღიაობის პოტენციალი აქვთ [23]. სპეციფიკურად ადამიანური მოთხოვნილებების ღია ხასიათი ვლინდება მათ მუდმივობაში, არაციკლურობაში, დაკმაყოფილების ფიქსირებული დონის უქონლობაში, განვითარების, ზრდის და რეალიზაციის სულ უფრო მაღალი დონეებისაკენ სწრაფვაში. თქმა არ უნდა, რომ ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიაში გამოთქმული მოსაზრებები თვალსაჩინოდ უპირისპირდება ფსიქოანალიზს და უახლოვდება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პოზიციას.

3. ადამიანის ონტოგენეტიკური განვითარების საკითხს უზნაძის სკოლა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. უზნაძეს ეკუთვნის ე. წ. «კოინცინდენციის თეორია», რომელიც განვითარების მამოძრავებელი ძალებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართებას ითვალისწინებს. ამ კონცეფციის თანახმად შინაგანი, თანდაყოლილი და გარეგანი, შეძენილი ფაქტორები იმთავითვე გულისხმობს და გარკვეულად მოიცავს ერთმანეთს. განვითარება ამ ამოსავალი ერთიანობის საფუძველზე ხდება. პოტენციური თანდაყოლილი ძალა თუ უნარი იმთავითვე თავის დამაკმაყოფილებელ გარემოსა და გამღიზიანებელს გულისხმობს. ამიტომ განვითარების წარმართვა (აღზრდა) ონტოგენეზის ყველა ეტაპზე მომწიფებული ფსიქოფიზიკური ძალებისთვის შესატყვისი «ასაკობრივი გარემოს» ორგანიზაციაში მდგომარეობს. «ასაკობრივ გარემოთა» კანონზომიერ ცვალებადობაზეა დამყარებული ბავშვის განვითარების უზნაძისეული პერიოდიზაცია [11][16]. ამ საკითხში უზნაძის პოზიცია მკაფიოდ ინტერაქციონისტულია, მაშინ, როდესაც ფროიდი უკიდურესი კონსტიტუციონალიზმის პოზიციაზე დგას [33].

თუ ფროიდის მიერ აღწერილი ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები ფაქტიურად მოტივაციური სფეროს (ლიბიდოს) ჩამოყალიბების პროცესს ასახავს, უზნაძე ადამიანის განვითარების ფაქტორთა უფრო ფართო სპექტრს განიხილავს; ამა თუ იმ ასაკობრივი პერიოდის ხასიათი განისაზღვრება როგორც მოტივაციური, ისე ფუნქციონალური სფეროებით. ამასთან, რაც მთავარია, ფროიდისგან განსხვავებით, განვითარების პროცესის მიმდინარეობა არ არის ფატალურად განსაზღვრული ფსიქიკური ენერგეტიკის ფორმირების არსებითად ინსტინქტური, თანდაყოლილი კანონზომიერებებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით განწყობის, როგორც შინაგანისა და გარეგანის გამაერთიანებელი მექანიზმის ონტოგენეტური ცვალებადობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.

4. უზნაძემ შექმნა განწყობის ფსიქოპათოლოგია. მისი მოძღვრების თანახმად ფსიქიკური დაავადების არსი პიროვნების მთლიანობითი სტრუქტურის დარღვევაში უნდა ვეძიოთ. თეორიის მიხედვით ეს სტრუქტურა პირველ ყოვლისა განწყობაშია რეპრეზენტირებული. ამიტომ, რაკიღა, როგორც ფსიქოზების, ისე ნევროზების დროს «ქცევის მკვეთრად გამოვლენილი გადახრის ან გამრუდების სხვადასხვა ფორმას ვხვდებით», «ამ პათოლოგიურ შემთხვევებში, განწყობის მოქმედების უეჭველად ამდენივე განსხვავებულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე» [15; 113]. უზნაძის სკოლაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა იმის გამოსავლენად, თუ როგორ იცვლება განწყობის ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლები განსხვავებული ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში. ამ მონაცემებს გარკვეული დიაგნისტიკური ღირებულება მიეწერება.

5. განწყობა მიზანშეწონილი ქცევის, ე. ი. ნორმალური ადაპტაციის მექანიზმია. მისი გარკვეული მხარეების თუ ნიშნების პათოლოგიური ცვლილება არღვევს ოპტიმალური შეგუების შესაძლებლობას, რაც დაავადების ამა თუ იმ ფორმაში ვლინდება. მაგალითად, ფსიქასთენიის დროს ეს დარწმუნებულობის სისუსტეა, რომელიც განწყობის დიფერენცირებულობის უკმარისობით არის გამოწვეული, ხოლო ისტერიის შემთხვევაში აქტიური წარმოდგენით გაშუალებული განწყობის შექმნის სიძნელეში მჟღავნდება [17]. მაგრამ საფიქრებელია, რომ თუ განწყობის მექანიზმის დეფექტი დაავადებაში ვლინდება, გამოჯანსაღების პროცესიც უნდა აისახოს განწყობის მოქმედების სფეროში; კერძოდ, «განწყობის მოქმედების ტიპი ნორმალურს უნდა დაუახლოვდეს. პათოლოგიური განწყობის ექსპერიმენტული შესწავლის პროცესში სწორედ ამ ფაქტმა იჩინა თავი: «ყველგან, სადაც ავადმყოფი გაუმჯობესების გზას ადგებოდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მართლა გაჯანსაღების შესახებ შეიძლებოდა ლაპარაკი, ხშირად იქაც, სადაც იგი დროებით მაინც კარგად გრძნობდა თავს, მისი განწყობის ტიპი თვალსაჩინოდ იცვლებოდა და გარკვევით იმას უახლოვდებოდა, რაც ამ სუბიექტისათვის, როგორც გარკვეული ხასიათის პატრონისათვის, ჯანმრთელობის დროს იყო ან უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი» [15; 117]. ამრიგად, ჯანმრთელობა ქცევის მიზანშეწონილობის ხარისხის მაჩვენებელია. ამ პუნქტში უზნაძისა და ფროიდის პოზიცია არსებითად იდენტურია. ფროიდისთვისაც პიროვნების ჯანმრთელობის და მოწიფულობის საზომი იყო პროდუქტიული მუშაობის და ნორმალური სოციალური ურთიერთობის უნარი.

ასეთია ის ხუთი სფერო, რომელსაც უნდა მოიცავდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია. განწყობის ფსიქოლოგიაში, როგორც ვნახეთ, ისინი გათვალისწინებულია. პოზიცია ყველგან მეტნაკლებად გამოკვეთილია. რაც შეეხება მეექვსე თემას – ფსიქოთერაპიას, აქ საქმე უფრო რთულადაა და ამაზე ქვემოთ ვიტყვით. აქ კი აუცილებელია აღინიშნოს, რომ განხილულ საკითხთა უმრავლესობა ფროიდისა და უზნაძის მიერ განსხვავებულად არის დასმული და განხილული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სისტემების შექმნისას ისინი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ, თერაპიულ და პრაქტიკულ ამოცანებს ისახავდნენ. უზნაძე უაღრესად მასშტაბური პრობლემების წინაშე იდგა. ფსიქოფიზიკურის საკითხის, სუბიექტის, მიზანშეწონილობის პრობლემებთან შერკინებამ მის თეორიას აშკარად ზოგადფსიქოლოგიური ხასიათი შესძინა. განწყობის კატეგორია პირველ ყოვლისა ამ მეთოდოლოგიური პრობლემების გააზრებას ემსახურება. ამავე დროს, სპეციფიკურად ადამიანურ ფაქტორებზე აგებული განწყობა, რომელიც ობიექტივაციის მექანიზმს იყენებს, სხვადასხვაგვარი ფიქსირებული განწყობები, რომელნიც პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებასა და რესურსებს გამოხატავენ, ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ ამ თეორიით აიხსნას საკუთრივ ადამიანური ქცევის თავისებურებები, პიროვნების ჩამოყალიბების და ცვალებადობის კანონზომიერებანი. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის ფარგლებში უზნაძემ დაიწყო ადამიანის, პიროვნების თეორიის შექმნა. ეს საქმე განაგრძეს მისმა მიმდევრებმა. თეორიის დახვეწა-განვითარება ამ მიმართულებით ამჟამადაც მიმდინარეობს.

ამ კონტექსტში უაღრესად საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს განწყობის ფსიქოლოგიის შედარება პიროვნების სხვა თეორიებთან, იმათთანაც, რომლებიც ზოგადფსიქოლოგიური სისტემის ფარგლებში იმყოფებიან და იმათთანაც, რომლებიც იმთავითვე პიროვნების თეორიის სახით იყვნენ ფორმირებული[44].

ფროიდის თეორია ამ უკანასკნელთა რიგს მიეკუთვნება, ამიტომ მასში ვერ მოვიძიებთ იმ მდიდარ შინაარსს, რომელსაც გამოხატავს განწყობა, როგორც ყოველგვარი ქცევის უნიკალური მექანიზმი. განწყობის ცნების ადგილი ფროიდის თეორიაში არ ჩანს და არც არის შევსებული. ფსიქოანალიზში არაცნობიერის ცნება იმისთვის და ისეა ფორმირებული, რომ იგი პირველ რიგში ფსიქოთერაპიული პრაქტიკისთვის იყოს სასარგებლო, მოსახერხებელი. ყოველ შემთხვევაში ასეთია ე. წ. «განდევნილი არაცნობიერი» რომლის ცნობიერებიდან გასვლის და შემდეგ მობრუნების პროცესი ფროიდს უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე «საკუთრივ არაცნობიერის» ონტოლოგიური ბუნება. ფსიქოანალზური მეთოდი ამ ფაქტიურ ვითარებას ეხება. ამიტომაც ცნობიერებიდან გასული და შემოსული შინაარსი ერთი და იმავე ფსიქიკური მოვლენების სახით არის წარმოდგენილი. უზნაძეც ამას საყვედურობდა ფროიდს: ცნობიერების გარეშე არსებულ ფსიქიკურს სხვაგვარი ბუნება აქვსო და განწყობის სახით მისი თავისებურებების გათვალისწინება სცადა. ახლა თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ «არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნება არც ყოფილა ფროიდის შესწავლის საგანი» [2; 51], არც ისე ნათელია, როგორ უნდა შედარდეს ერთმანეთს ფროიდის არაცნობიერი და განწყობა ამ უკანასკნელით მისი ჩანაცვლების თვალსაზრისით. არადა, ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასების მეორე ნაწილი სწორედ ამას გულისხმობს.

მართლაც, არაცნობიერის ცნება ორივე ავტორს დასჭირდა, მაგრამ მისი დამუშავება სხვადასხვა მოსაზრებით მოხდა და განსხვავებული მეთოდოლოგიით წარიმართა. უზნაძის წინაშე იდგა ფილოსოფიური ფსიქოლოგიის ძირეული პრობლემები, ხოლო მათ გადასაჭრელად ექსპერიმენტულად კონცეპტუალიზებული სინამდვილე (განწყობა) შეისწავლებოდა. ფროიდი, როგორც ექიმი, თავიდანვე ფსიქოთერაპიის ინტერესით იყო შეპყრობილი და კლინიკური დაკვირვების მეთოდს იყენებდა. შესაბამისად, არაცნობიერის ცნებამ არსებითად განსხვავებული ხასიათი და შინაარსი შეიძინა. ეს ცნებები თავის შინაარსს თეორიის მთელი კონტექსტიდან იძენს და მათი მექანიკური ურთიერთჩანაცვლება სხვა თუ არაფერი, არანაყოფიერი იქნება. ფროიდის განდევნილი არაცნობიერის ცნება პრინციპულად არ გამოდგება უშუალობის პოსტულატის დასაძლევად, ქცევის მიზანშეწონილობის გასაგებად ან ფსიქიკის გენეზისის პრობლემის გასაანალიზებლად. თუმცა თუნდაც ამ ბოლო პრობლემის მიმართ ფროიდისავე «საკუთრივ არაცნობიერის» ცნება შესაძლებელია არც ისე ჰეტეროგენული აღმოჩნდეს. ამავე დროს, განწყობის ცნებასაც გაუჭირდება პირდაპირ გახდეს კლინიკური პრაქტიკის ან ფსიქოთერაპიის საფუძველი. განწყობის ფსიქოლოგიისთვის, თუკი იგი პიროვნების თეორიის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას, ეს ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სამწუხაროდ, აქამდე ამ მიმართულებით საგანგებო და სისტემატური მუშაობა არ წარმართულა. პოლიტიკურ-იდეოლოგიური გარემო, რომელშიც ბოლო წლებამდე განწყობის ფსიქოლოგიას უხდებოდა ფორმირება, საერთოდ არ იყო ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის ხელშემწყობი, არადა, ყოველი დიდი ფსიქოლოგიური თეორიის ნაყოფიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ის არის, შექმნილა თუ არა მის ბაზაზე ფსიქოთერაპიული კონცეფცია და რამდენად ეფექტურია მასზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიას ზრდის დიდი პოტენციალი უეჭველად აქვს. მაგრამ ჯერჯერობით მას ამ ასპექტით ვერ შევადარებთ ფსიქოანალიზს, რომელშიც არა მხოლოდ დაავადებისა და მკურნალობის მექანიზმების თეორიაა, არამედ მოცემულია მკურნალობის მეთოდებისა და ტექნიკების სისტემა.

სადღეისოდ ჩვენს ხელთაა ერთადერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გააზრებული ნევროზის აღმოცენებისა და განკურნების პროცესი განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. იგი ეკუთვნის საქართველოში სამედიცინო ფსიქოლოგიის ფუძემდებელს, ი. ბჟალავას [2]. ბჟალავა არ გვაძლევს მითითებებს რაიმე კონკრეტულ მეთოდებსა თუ ტექნიკებზე, რომელთაც განწყობისეული ფსიქოთერაპია შეიძლება ეწოდოს. იგი უბრალოდ ცდილობს, გაიაზროს დაავადებისა და გამოჯანმრთელების იდეოლოგია განწყობის საფუძველზე და ფსიქოანალიზთან შეპირისპირებით. იგი სპეციალურად აღნიშნავს, რომ მის ანალიზში მოცემულია იმ პროცესის აღწერა, რომელსაც ფსიქოანალიზში უწოდებენ «არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად»; ამასთან ერთად, უზნაძესთან სრულ შესაბამისობაში ამტკიცებს, რომ ცნობიერების შინაარსი იდევნება, მაგრამ რჩება განწყობა და ესაა ის, რაც ფროიდის მოძღვრებაში «კომპლექსის» სახელით აღინიშნება.

ბჟალავა განიხილავს კრეჩმერის მიერ აღწერილ კლინიკურ შემთხვევას. ახალგაზრდა ქალმა იგრძნო ახლობელი ყმაწვილისადმი ნორმალური სქესობრივი ლტოლვა. ოჯახური ნორმებისა და საერთო მორალური პრინციპების ზეგავლენით იგი ცდილობს ეს არ გაამჟღავნოს. თავშეკავება იწვევს გაფითრება-გაწითლების უნებლიე რეაქციებს, რომლებსაც იგი თავისი დაფარული სურვილის გამოვლინებად მიიჩნევს. ეს აძლიერებს გამჟღავნებასთან დაკავშირებულ შიშს. ქალიშვილი ებრძვის თავს, ერიდება საზოგადოებაში ყოფნას, მაგრამ სიმპტომი პირიქით, ძლიერდება და ბოლოს ტრანსფორმირდება ილუზორულ განცდაში იმისა, რომ მას მუცელში ჰყავს გველი, რომლის თავი საყლაპავს ებჯინება.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ ახასიათებს ამ ვითარებას ავტორი განწყობის ფსიქოლოგიის ენაზე. სქესობრივმა მოთხოვნილებამ მონახა თავისი ობიექტი (სიტუაცია) და ამ ფაქტორების საფუძველზე შეიქმნა აქტუალური განწყობა. ვუწოდოთ მას პირობითად სქესობრივი ქცევის განწყობა. მოცემულ ფაქტორთა ხშირ შეხვედრას მოჰყვა განწყობის უნებლიე ფიქსაცია. ამ ფიქსირებულ განწყობას ეწინააღმდეგება აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული და გაფიქსირებული განწყობა, რომელიც სქესობრივ მორალთანაა დაკავშირებული. ამ ორი განწყობის კონფლიქტის შედეგად ცნობიერებაში ჩნდება კონტრასტული განცდები. ირღვევა ცნობიერ მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირი. ძლიერდება იმპულსების ბრძოლა, რაც აღრმავებს განცდებს შორის კონფლიქტს. თავს იჩენს ერთმანეთის გამომრიცხავი შინაარსები და ამბივალენტური ტენდენციების მოქმედება. ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ეს განწყობის ექსპერიმენტებიდან ჩანს, ცნობიერების შინაარსების ილუზორული ინტერპრეტაცია ადგილს უთმობს ადეკვატურ აღქმას. მაგრამ ავადმყოფობის შემთხვევაში რეალობის პრინციპს ძალა დაკარგული აქვს, ამიტომ გრძელდება ინფორმაციის მცდარი გადამუშავება. ავადმყოფი ვერ ახერხებს ფიქსირებული განწყობის შეცვლას. იგი ძველი, პათოლოგიურად ტრანსფორმირებული განწყობის ტყვეობაში რჩება და შთაბეჭდილებათა მცდარ ასიმილაციას, ე. ი. ცნობიერების თვალსაჩინო შინაარსების შერწყმასა და იდენტიფიკაციას ახდენს. ამ პათოლოგიურად შეცვლილი განწყობის ნიადაგზე ხდება შთაბეჭდილებათა ისეთი შეერთება, რასაც კონტამინაცია ეწოდება.

განწყობის პათოლოგიური შეცვლა გამოიხატება იმაში, რომ იგი ინერტული ხდება. ავადმყოფი უძლურია, თავისი ნებით შეცვალოს იგი, წინ აღუდგეს მის რეალიზაციას. ექიმის ფსიქოთერაპიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ამაში პაციენტს. ავადმყოფობის წყაროდ ქცეული ფიქსირებული განწყობა უნდა მოისპოს, აღმოიფხვრას; მას ნიადაგი უნდა გამოეცალოს და ცნობიერების მონაწილეობით «საწინააღმდეგო განწყობა» შემუშავდეს. ამისათვის აუცილებელია ფსიქოთერაპიის პროცესი, რომელიც გააანალიზებს ავადმყოფობის გამომწვევი ფიქსირებული განწყობის ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს, რასაც მოჰყვება შეგნება იმისა, თუ რამ განაპირობა ავადმყოფური სიმპტომების აღმოცენება. ამ ობიექტივირებული ცოდნის საფუძველზე ვაღწევთ სიმპტომების გაცნობიერებას და სიმპტომების წყაროდ ქცეული განწყობის შეცვლას ცნობიერების, ე. ი. ობიექტივაციის დონეზე შემუშავებული განწყობით. ამას კი ავადმყოფი განკურნებისაკენ მიჰყავს. განკურნება ნიშნავს არა მოთხოვნილების მოსპობას, არამედ მისი რეალიზაციის ნორმალური საფუძვლის მონახვას. ობიექტივაციის დონეზე უნდა შეიქმნას ახალი განწყობა, რომელიც ამ მოთხოვნილებას ისეთ არხში წარმართავს, რომ არ დაუპირისპირებს მას სხვა განწყობებს. «ასე გვეხატება ჩვენ, დაასკვნის ავტორი, პროცესის მიმდინარეობა, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსები უწოდებენ არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად. ამ პროცესს, ჩვენი აზრით, საფუძვლად უდევს ობიექტივირებული ცოდნა» [2; 68].

ადვილი დასანახია, რომ ბჟალავა თანმიმდევრულად მიჰყვება იმ ხაზს, რომელიც დასახა უზნაძემ. ფსიქოანალიზური ფსიქოთერაპია გასააზრებელია განწყობისეულ ფსიქოთერაპიად. უზნაძის თქმით, ფსიქოანალიზური პრაქტიკა ნაყოფიერია იმიტომ, რომ «ფროიდი მკურნალობის პროცესში ხშირად მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც მნიშვნელოვნად აპირობებდა დაავადების პროცესს» [18; 285]. ეს რაღაც არის არა ცნობიერებიდან განდევნილი განცდა (კომპლექსი), არამედ განწყობა. მაშასადამე, დაავადების მიზეზიც და განკურნების გზაც განწყობაში უნდა ვეძიოთ. განწყობის თეორიისათვის ეს დებულება სავსებით ლოგიკური და სამართლიანია. სხვა ამბავია, როგორ უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია კონკრეტული ფსიქოთერაპიის ვითარებაში. ამისთვის მრავალი საკითხია დასაზუსტებელი და დასამუშავებელი. ეს ბჟალავას ანალიზიდანაც ჩანს. იგი არ გვაჩვენებს იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გავიგოთ დაავადება და როგორ ჩავატაროთ მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, ამის პრეტენზია ავტორს არცა აქვს. სამაგიეროდ, განწყობისეულ ფსიქოთერპიასთან დაკავშირებული საკითხების გამოსაკვეთად მოცემული ანალიზი ფრიად სასარგებლოა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მიმართულია უპირატესად ფსიქიკური დარღვევის აღმოცენების და მიმდინარეობის შინაარსობრივ მხარეზე. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის ფსიქოანალიზურ და განწყობისეულ ფსიქოპათოლოგიებს შორის ურთიერთმიმართების დამყარებას. ეს პრინციპული ვითარებაა. საქმე ისა, რომ ორივე მიდგომა ავადმყოფობის მიზეზს ცნობიერების მიღმა არსებულ სფეროში ეძებს. მაგრამ ფსიქოანალიზი იქ არსებულ შინაარსებზე ლაპარაკობს, ხოლო განწყობისეული ფსიქოპათოლოგია ტრადიციულად ორიენტირებულია განწყობის ფორმალურ-დინამიკურ ნიშნებზე. სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დახასიათებისას იზომება ფიქსირებული განწყობის ცნობილი დინამიკური მახასიათებლები. ამ მონაცემებს უთუოდ აქვთ გარკვეული პრაქტიკული მნიშნეველობა. მაგრამ ფსიქოთერაპიის პროცესში პირველ პლანზე გამოდის პაციენტის პრობლემების გაგება, მტკივნეული შინაარსების გამოვლენა და ანალიზი. მართალია, გააჩნია, რა სახისაა დარღვევა, მაგრამ მაინც მრავალი ნევროზის შემთხვევაში (თუნდაც დღეს ესოდენ გავრცელებული ლოგონევროზებისას) განწყობის დინამიკური მხარის ცვლილებათა შესახებ მონაცემებს უფრო დამატებითი ინფორმაციის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს (თუკი ასეთი ცვლილებები საერთოდ მომხდარა). ყოველ შემთხვევაში მხოლოდ აგზნებადობის, სტატიკურობა-დინამიკურობის, სტაბილობის, ვარიაბელობის და მსგავს ტერმინებში ვერც გადახრის არსის, ბუნების გაგებაა შესაძლებელი და ვერც მისი კორეგირება.

ეს გაცნობიერებული აქვს ბჟალავას, რასაც მისი მსჯელობა ადასტურებს, მაგრამ, როგორც განწყობისეული ფსიქოპათოლოგიის, ე. ი. ფორმალურ-დინამიკური მიდგომის თვალსაჩინო წარმომადგენელი, იგი ბოლომდე არ ამბობს უარს განწყობის მეთოდების ფორმალურ-დინამიკურ ასპექტზე, ალბათ, სავსებით მართებულადაც. მოცემულ შემთხვევაში ბჟალავა აღნიშნავს, რომ განწყობის პათოლოგიური ტრანსფორმაცია მის ინერტულობაში, შეცვლისადმი დაუქვემდებარებლობაში გამოიხატება. ავადმყოფი პათოლოგიური განწყობის ტყვეობაშია, იგი თვითონ ვერ ცვლის მას, ვერ გადადის ადეკვატურ განწყობაზე და ამიტომაც საჭიროებს ფსიქოთერაპევტის დახმარებას.

ამასთან დაკავშირებით დგება ერთი პრინციპული საკითხი: რომელი განწყობა აქვთ მხედველობაში, როდესაც ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლების, ამ შემთხვევაში ინერტულობის გამოვლინებაზეა ლაპარაკი – ის კონკრეტული არარეალიზებული განწყობა, რომელმაც სიმპტომები გამოიწვია, თუ ყველა ის ფიქსირებული განწყობები, რომლებიც ქმნიან პიროვნების სტრუქტურას. სხვანაირად რომ ვთქვათ, იცვლება ერთი პათოგენური განწყობა თუ მთლიანად პიროვნება. მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არ ჩანს. ტექსტში ყურადღება პათოგენური განწყობის დაუძლევლობასა და გაძლიერებაზეა გამახვილებული, რაც მისივე ინერტულობით აიხსნება. მაშასადამე, საქმე მისი დინამიკის ცვლილებაში ყოფილა. მაგრამ თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ნათელი არ არის როგორ დავუშვებთ ისეთი ვითარების შესაძლებლობას, როდესაც განწყობის ფორმალურ-დინამიკური მხარის დეფექტი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ფიქსირებულ განწყობაზე ვრცელდება და პიროვნების დანარჩენ განწყობებს არ მოიცავს. როდესაც ვახდენთ რაიმე ფსიქოპათოლოგიით შეპყრობილი სუბიექტის განწყობის ფიქსირებული განწყობის მეთოდით გამოკვლევას, ეს მონაცემი მის ყველა სხვა განწყობაზე ვრცელდება. იგულისხმება, რომ იცვლება პიროვნების განწყობის ტიპი და არა ეს ერთი კონკრეტული განწყობა. ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ინერტულობის ნიშანი ამ ადამიანის ყველა განწყობისათვის იქნება დამახასიათებელი. მაშასადამე, მისი ყველა განწყობა იქნება პათოლოგიურად შეცვლილი და მაშინ კითხვის ქვეშ დგება მოცემულ ანალიზში შემოთავაზებული მკურნალობის პრინციპი, რომელიც ერთი (პათოგენური განწყობის) მეორეთი (ადეკვატურით) ჩანაცვლებას გულისხმობს. ჩანაცვლება რეალურად თითქმის შეუძლებელი რამ იქნება, რადგან ყველა განწყობა ინერტულია. ეს თუნდაც მოხერხდეს, ახალი განწყობა იგივე პათოგენური ფორმალურდინამიკური თვისებების მქონე აღმოჩნდება და ძალიან მალე ახალი ნევროზის წყარო გახდება. ერთი სიტყვით, დინამიზმის (მაგალითად ინერტულობის) დარღვევის გამო ყოველი განწყობა (რა შინაარსისაც უნდა იყოს იგი), რომელიც რამდენადმე დომინირებულ ადგილს დაიჭერს პიროვნების სტრუქტურაში, თანდათანობით აუცილებლად პათოგენური გახდება.

ბჟალავა მიისწრაფვის მაქსიმალურად გამოიყენოს განწყობის ფსიქოლოგიაში დამუშავებული ცნებით-კონცეპტუალური აპარატი. ეს ეხება კონტრასტ-ასიმილაციის ცნებასაც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისთვის. ამასთან, ავტორი ცდილობს, ეს მექანიზმი შინაარსეულ მასალას მიუყენოს. ეტყობა, ეს არც ისე ადვილია; ასეა, ყოველ შემთხვევაში, რაოდენობრივ მასალასთან შედარებით (მხედველობაში გვაქვს დიდი-პატარა ბურთები), სადაც ნათელია, რა რისი საწინააღმდეგოა ან კონტრასტული. კერძოდ, ცხოვრებისეული ვითარებების, მოთხოვნილებების ან თუნდაც ემოციური განცდების მიმართ, რასთანაც საქმე აქვს ფსიქოთერაპიას, ამის თქმა ძნელზე ძნელია, ზოგჯერ კი – პრაქტიკულად შეუძლებელი. არადა, თუ განწყობის შინაარსს ვეძებთ, სწორედ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში.

მაგალითში მოცემულ ფსიქოთერაპიულ სიტუაციაში ამ მხრივ ბევრი რამაა ბუნდოვანი და გაუგებარი. დავიწყოთ თუნდაც პათოგენური განწყობის შინაარსეული დახასიათებით. აქ პირველ რიგში ქცევის რაგვარობაა გასარკვევი, რომლის საფუძველიც ეს განწყობაა. მოყვანილ ანალიზში ეს არ არის გაკეთებული, ამის გარეშე კი განწყობის შინაარსზე რეალურად რაიმე წარმოდგენას ვერ შევიქმნით. ამიტომ ცოტაოდენი გარკვეულობის შესატანად ჩვენ თავად ვუწოდეთ მას, შესაძლოა, არცთუ საუკეთესოდ, «სქესობრივი ქცევის განწყობა». ამ განწყობის შინაარსზეა დამოკიდებული მთელი პათოგენური სიტუაციის წარმოქმნა-გაშლის პროცესი. იგი შინაარსეულად უპირისპირდება ფიქსირებულ განწყობას, რომელიც სექსუალური ქცევის გარკვეულ აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამ შინაარსის ფრუსტრაციის შედეგად ჩნდება ე. წ. «კონტრასტული განცდები», რაც, როგორც ჩანს, ვლინდება როგორც გარკვეული ემოციების, ისე სომატურ გამოვლინებათა ილუზორულ გაძლიერებაში. ამავე განწყობის დინამიკური მხარის დეფექტის, კერძოდ, ინერტულობის გამო ვერ ხერხდება მისი შეცვლა და როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტებშია – ადეკვატურ მოქმედებაზე და განწყობაზე გადასვლა. მთავარი საკითხი, რომელიც ასეთი ინტერპრეტაციისას დგება, ეხება იმას, თუ რა მოქმედება და განწყობა უნდა იქნას ამ სიტუაციაში მიჩნეული ადეკვატურად. თავისთავად სულაც არ არის ნათელი ის, თუ სუბიექტი ამ ორი კონფლიქტური განწყობიდან რომელს უნდა დაექვემდებაროს, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ეს ეგზისტენციური სიტუაცია. აქედან გამომდინარე, გარკვევით არ ჩანს, თუ რა უნდა ურჩიოს განწყობისეულმა ფსიქოთერაპევტმა, თუკი პაციენტი მასთან იმ სტადიაზე მოხვდა, როცა ჯერ კიდევ შედარებით ადვილია არჩევანის გაკეთება ერთ-ერთი განწყობის სასარგებლოდ. მართლაც, პათოგენური სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა: სექსუალურ ქცევას თუ მის აკრძალვას? ანალიზში ნაგულისხმევი პასუხი უკანასკნელს ემხრობა.

მაგრამ გავყვეთ ანალიზს. ვითარება სულ უფრო მძიმდება. პათოგენური ფიქსირებული განწყობა განაგრძობს თავის დამანგრეველ მოქმედებას. «შთაბეჭდილებათა მცდარი ასიმილაციის» შედეგად წარმოიქმნება სიმპტომი – «მუცელში მყოფი გველის თავის საყლაპავთან მიბჯენის» განცდა. ბუნებრივად დგება საკითხი, როგორია კავშირი ამ განცდისა და ფიქსირებული განწყობის შინაარსებს შორის. ერთი რამ ცხადია, კავშირი არავითარ შემთხვევაში არაა ისეთივე პირდაპირი და ლოგიკურად გასაგები, როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტული ილუზიების დროს. აქ ძნელი მისახვედრია, რა კანონზომიერებით უკავშირდება ერთმანეთს განწყობა და მის ნიადაგზე წარმოქმნილი ფსიქოსომატური ფენომენი. გაუგებარია, რატომ გარდაიქმნა გაწითლების სიმპტომი მოცემულ შინაარსად და უფრო მეტიც, საზოგადოდ რატომ და როგორ ჩნდება სექსუალური ქცევის განწყობასთან დაკავშირებით ან, თუნდაც, მასთან ბრძოლის შედეგად ორგანიზმის შიგნით გველის ყოლის განცდა. განწყობასა და ილუზიურ განცდას შორის პირდაპირი შინაარსეული კავშირი, როგორც ეს განწყობის ცდებშია, აქ არ ჩანს. კავშირის გამოსავლენად სპეციალური სამუშაო არის ჩასატარებელი. ამისათვის საჭიროა პიროვნების ხასიათობრივი თავისებურების, მისი შინაგანი სამყაროს და გარემოცვის ღრმა შესწავლა და ამ მონაცემების ურთიერთმიმართებაში მოყვანა. მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი შევიქმნათ წარმოდგენა იმ განწყობის შინაარსეულ მხარეზე, რომელმაც გამოიწვია ასეთი უცნაური შინაარსის განცდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასე იქცევა ფსიქოანალიზი; სპეციალური მეთოდებით ხდება პიროვნების მოტივების, გამოცდილების, სოციალური ურთიერთობების ფაქიზი ანალიზი, რომლის საფუძველზეც გამოითქმება ვარაუდი ავადმყოფური განცდების თუ სიმპტომების და მათ გამომწვევ ფსიქიკურ შინაარსებთან კავშირის შესახებ. განწყობის ფსიქოლოგიაში არ შემუშავებულა თეორიული მიდგომა და პრაქტიკული მეთოდი შინაარსეული ფსიქიკური მასალის ანალიზისთვის. კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტის მარტივ და ნათელ კონსტრუქციას აქ ბევრი რამით დასჭირდება შევსება სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სისტემებიდან, მათ შორის – ფსიქოანალიზიდან.

ამრიგად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემუშავების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა განწყობის შინაარსის გასარკვევი მეთოდოლოგიის უქონლობა. ერთი შეხედვით აქ დიდი პრობლემა არ უნდა არსებობდეს: განწყობა ქცევის მექანიზმია, ქცევისადმი მზაობაა; რაც განწყობაშია მოცემული, ის ვლინდება აქტივობაში. მაშასადამე, განწყობის შინაარსს მისით შეპირობებული აქტივობის შინაარსი შეადგენს. ეს უეჭველად ასეა. მაგრამ აქვე ჩნდება სირთულეები. საქმე ის არის, რომ თვით ქცევა, როგორც განწყობის შინაარსი, უაღრესად რთული სტრუქტურის მქონე ფენომენია. იგი მოიცავს და აერთიანებს მრავალ პროცესსა და წარმონაქმნს: მოთხოვნილებებს, მიზნებს, გეგმებს, განზრახვებს, მოტივებს, მოქმედებებს, ოპერაციებს, ემოციურ და სხეულებრივ გამოვლინებებს. ყველა მათგანი ქცევის სტრუქტურის ელემენტია. ამავე დროს, იმის გამო, რომ ქცევას განწყობა განსაზღვრავს, იგი (ქცევა) არის განწყობის შინაარსიც. ფსიქოთერაპიის დროს განწყობის მთელი უმდიდრესი შინაარსიდან საჭიროა ავირჩიოთ ის, რაც არსებითად არის დაკავშირებული დაავადებასთან. ბჟალავას ანალიზში ვითარება ამ მხრივ შეძლებისდაგვარად გამარტივებულია; გამოყოფილია ე. წ. «პათოლოგიური მოთხოვნილება»[45]. მის საფუძველზე აღმოცენებული განწყობის შინაარსს თავად ეს მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილება-ფრუსტრაციის პროცესში აღმოცენებული განცდები შეადგენს. განწყობის ფიქსაცია იმ შინაარსის ფიქსაციაა, რომელმაც, ასე ვთქვათ, «კომპლექსის» სახე მიიღო. აქედან გამომდინარე, ბჟალავა თამამად უპირისპირებს ერთმანეთს კომპლექსის და განწყობის ცნებებს და პირველს მეორით ცვლის.

უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ბჟალავა მიჰყვება ტრადიციულ სქემას, რომელიც უზნაძის სკოლაში განწყობის შინაარსის გარკვევისას გამოიყენება. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში გამოყოფენ მოთხოვნილებას, რომელსაც განწყობით წარმართული ქცევა აკმაყოფილებს. იგულისხმება, რომ განწყობის შინაარსს მის მიერ გამოწვეული ქცევის მოთხოვნილებისეული, ან უფრო სწორად, ინტენციური მხარე განსაზღვრავს. რაზეც მიმართულია ქცევა, იმ შინაარსისაა სათანადო განწყობაც. მაგრამ მოთხოვნილების შინაარსით დახასიათებული განწყობა ძნელად თუ შეენაცვლება იმას, რაც ფსიქოანალიზში კომპლექსის სახითაა ცნობილი. მაშინაც კი, თუ სიმარტივისათვის არატიპურ, მხოლოდ ერთი მოთხოვნილებით აღძრულ აქტივობას განვიხილავთ, კომპლექსი არა მთლიანად ქცევას, არამედ მხოლოდ მის ნაწილს ან მხარეს შეეხება, იმას, რომელიც ტრავმატული შეიქმნა. კომპლექსი აფექტურად შეფერილი წარმოდგენა, ან, უზნაძის თქმით, «იდეოაფექტური მოტორული სისტემაა», რომელიც ქცევის ერთ-ერთი სეგმენტს დაუკავშირდა და შემდეგ რეპრესირებულ იქნა. ტრავმის მიღება, ცხადია, ქცევის პროცესში ხდება; მაგრამ კომპლექსის სახით იდევნება არა მთელი ქცევა თავისი ინტენციით, არამედ მხოლოდ ტრავმასთან დაკავშირებული მისი ერთ-ერთი, ზოგჯერ საკმაოდ მცირე ნაწილი. ამრიგად, კომპლექსის შინაარსი არ ფარავს და არ ემთხვევა ქცევის ინტენციურ შინაარსს, უფრო მეტიც, თვით კომპლექსი და მის მიერ გამოწვეული სიმპტომები შესაძლებელია შინაარსით ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული რამდენიმე ქცევის (და ე. ი. განწყობის) მიმდინარეობის პროცესში ჩამოყალიბდეს. ფროიდი საგანგებოდ აღნიშნავდა ამ გარემოებას, რადგან იგი აუცილებლად უნდა იქნას გათვალიწინებული კომპლექსის რეალური შინაარსისა და სიმპტომის გენეზისის დადგენისას.

მოვიყვანთ ერთ მაგალითს ფროიდის პრაქტიკიდან. პაციენტ ქალს აწუხებს ტიკი, ერთგვარი ტკაცუნის ხმა, რომელსაც იგი გამოსცემს თავისდაუნებურად აგზნებისას ან სულაც უმიზეზოდ. ეს ტიკი წარმოიქმნა როგორც შედეგი ორი განცდისა, რომლებიც აღმოცენდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მაგრამ გააჩნდათ საერთო ნიშანი: იმ მომენტში ჩუმად ყოფნის საჭიროება. სწორედ ამ ხმამ მისდაუნებურად დაარღვია სიჩუმე ერთ შემთხვევაში, როდესაც ქალის ავადმყოფმა შვილმა როგორც იქნა ჩაიძინა და მეორეჯერ, როდესაც ეტლით მგზავრობისას ავდარში იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა სიჩუმე, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაეფრთხო ცხენები. რა თქმა უნდა, ბავშვის მოვლა და მგზავრობა სხვადასხვა ინტენციური შინაარსის ქცევებია და მათი განწყობებიც განსხვავებული შინაარსისაა. მათი რეალიზაციის პროცესში წარმოიქმნა საერთო-ტექნიკური ამოცანა და სათანადო განცდა, რომლის ტრავმატიზაციამ დატოვა გარკვეული სიმპტომი. ქცევის ამ მონაკვეთს, სადაც კომპლექსი წარმოიქმნა, საკუთარი, ქცევის განწყობისაგან განსხვავებული განწყობა ვერ ექნებოდა, რადგანაც განწყობა მთლიანი ქცევის რელევანტური მექანიზმია; ყველა ოპერაციას, განცდას თუ პროცესს, რომელიც ჩართულია ქცევაში, თავისი განწყობა, ცხადია, არ გააჩნია. მაგრამ მაშინ, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულია ორი განსხვავებული ქცევის განწყობა, ისმის საკითხი, რომელი ქცევის და რა შინაარსის განწყობამ მიიღო კომპლექსის სახე, დაფიქსირდა და გახდა ავადმყოფური სიმპტომის საფუძველი? ეს საკითხი კანონიერია იმ შემთხვევაში, თუკი განწყობისა და კომპლექსის შინაარსები გაიგივებულია ერთმანეთთან. მართლაც, თუ განხილულ მაგალითში ორივე განწყობა გაფიქსირდა, მაშინ ორი კომპლექსი უნდა არსებობდეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ხოლო თუკი ამ ერთი კომპლექსის რეალური შინაარსიდან ამოვალთ, მისი შესატყვისი ფიქსირებული განწყობის მონახვა გახდება შეუძლებელი, რადგან ორივე შემთხვევაში ფაქტობრივად გაფიქსირდა არა მთელი განწყობა, არამედ მხოლოდ მისი მცირე მონაკვეთი.

ფროიდისთვის ამ შემთხვევის ანალიზი უფრო ადვილია. იგი არ ზრუნავს იმაზე, რომ დაადგინოს აქტივობის დიდი ერთეულის, ქცევის შინაარსი და კმაყოფილდება კონკრეტული განცდის (წარმოდგენის, ემოციის) შინაარსით. ამ მასშტაბში ლაპარაკობს იგი ტრავმაზე, განდევნაზე, კომპლექსზე, კონვერსიაზე და გაცნობიერებაზე, როგორც განკურნების საშუალებაზე. განწყობის თეორია ისეა კონსტრუირებული, რომ მოითხოვს კონკრეტული განცდის ანალიზს მთელი ქცევის და სათანადო განწყობის კონტექსტში. ეს ასეა, ვინაიდან, როგორც ითქვა, განწყობის თეორიის თანახმად, ქცევის პროცესში აღმოცენებულ ცალკეულ განცდებს თავისი საკუთარი განწყობა არ გააჩნია.

როგორც ჩანს, საკითხი იმის შესახებ, თუ რა შინაარსებთან და როგორ უნდა იმუშაოს განწყობისეულად ორიენტირებულმა ფსიქოთერაპევტმა და აგრეთვე ის, თუ როგორი უნდა იყოს მისი მიმართება ფსიქოანალიზის ცნებებსა და პრაქტიკასთან, სერიოზულ დამუშავებას მოითხოვს. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის მტკიცება, რომ კომპლექსი სინამდვილეში განწყობაა, ხოლო ფროიდის ფსიქოთერაპიის წარმატებები კი – იმის შედეგი, რომ ფროიდი როგორღაც ახერხებდა ამ განწყობასთან დაკავშირებას.

აღვწეროთ კიდევ ერთი მაგალითი ფროიდის პრაქტიკიდან, რომელიც კარგად აჩვენებს იმას, რომ სწორედ ემოციური შინაარსებია ის ფსიქიკური მასალა, რითაც ოპერირებს ფსიქოანალიზი. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ბრეიერის ცნობილ პაციენტს ანას აწუხებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ანა ძლიერი წყურვილის მიუხედავად ვერაფერს ვერ სვამდა. მას ჰქონდა ჰიდროფობია. როგორც ანალიზით გამოირკვა, ამის მიზეზი იყო ზიზღის გრძნობა, რომელიც ოდესღაც დაეუფლა მას, როდესაც დაინახა, როგორ თქვლეფდა მისი კომპანიონი ქალის ძაღლი წყალს პირდაპირ ჭიქიდან. ჰიპნოზში მოხდა ამ განცდის განმეორება, რასაც მოჰყვა კათარზისი და სიმპტომის მოხსნა.

ამრიგად, სიმპტომი გაგებულია, როგორც აფექტური განცდებისა ან აფექტური ტრავმების ნარჩენი კვალი ან სიმბოლო. აღწერილ მაგალითში მოხდა პათოგენული აფექტების შეკავება. «ნაწილობრივ ეს აფექტები დარჩნენ როგორც სულიერი ცხოვრების მუდმივი დაძაბულობის დამამძიმებელი წყარო; ნაწილობრივ მათ გადაინაცვლეს უცნაურ სხეულებრივ ინერვაციებსა და შეკავებებში, რომლებიც ამ შემთხვევის სხეულებრივ სიმპტომებს წარმოადგენენ» [29; 155]. კათარზისმა განმუხტა აფექტური დაძაბულობა და მოხსნა ისტერიული კონვერსია.

ამ შემთხვევის ინტერპრეტაცია ქცევის (მოთხოვნილების) შესაბამისი განწყობის შინაარსის ტერმინებში არ არის ადვილი. ძნელი სათქმელია, რა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა ანას ქცევა მოცემულ სიტუაციაში და, მაშასადამე, რა განწყობის შინაარსი იქნა რეპრესირებული და ფიქსირებული. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძიება ამ მიმართულებით მაინც უნაყოფო იქნება ფსიქოთერაპიისთვის, ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ ტრამვა ზიზღის განცდასთან არის დაკავშირებული, განცდასთან, რომელიც აქტივობის პროცესში შემთხვევით წარმოქმნილი ვითარების გამო გაჩნდა და თვით ამ ქცევის (განწყობის) შინაარსთან არსებით კავშირში არ ყოფილა. ამის გამო რა საჭიროა საერთოდ იმის გარკვევა, თუ რა ქცევას ასრულებდა ანა, როდესაც შევიდა კომპანიონი ქალის ოთახში და მოულოდნელად შეესწრო პათოგენურ სცენას? ერთი სიტყვით, აქედან ჩანს, რომ «მოლარული» ქცევის და შესაბამისი განწყობის შინაარსი ხშირად არ ემთხვევა კომპლექსის ფაქტობრივ «მოლეკულარულ» შინაარსს, რომლითაც ფსიქოანალიზი ოპერირებს. მოყვანილ შემთხვევაშიც კომპლექსის შინაარსი, რომელიც თავისთავად ეჭვს არ იწვევს, შეიძლება დავუკავშიროთ ქცევაში ჩართულ რაიმე «მიკროგანწყობას», თუნდაც კომპანიონი ქალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველ განწყობას. თუმცა, ეს იქნება ძალდატანება განწყობის და ქცევის შესაბამისობის ძირეულ პრინციპზე და ქცევის პოლიგანწყობისეულ რეგულაციასთან დაკავშირებული მთელ რიგ საკითხებს წარმოშობს[46].

და მაინც, განწყობის ფსიქოლოგიის ფარგლებში ასეთი თეორიული სვლა სავსებით წარმოსადგენია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მთელი ტრავმატული ვითარება და კომპლექსის შინაარსი ხასიათდება უკიდურესად სპეციფიკური ფსიქოანალიზური ცნებების კონსტრუქციების თუ მექანიზმების საშუალებით? ასეთი შინაარსები ხომ საერთოდ უცხოა განწყობის ფსიქოლოგიისათვის. ამიტომ, ფსიქოთერაპიის პროცესში მათი შესაბამისი განწყობების (შესაძლებელიც რომ იყოს ასეთების მოაზრება) ძიებას საერთოდ არავინ დაიწყებს. მაგალითად გამოდგება თუნდაც ფროიდის მიერ აღწერილი «პატარა ჰანსის» ან «ადამიანი მგლებთან» ცნობილი შემთხვევები, სადაც ნევროტული კომპლექსის შინაარსი ოიდიპოსის და კასტრაციის კომპლექსების ენით აღიწერება. ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი, რომელიც განწყობისა და კომპლექსის იდენტურობის აზრს იზიარებს. კომპლექსის ფსიქოანალიზური შინაარსის შესაბამისი განწყობის არსებობას იგი ალბათ ვერ დაუშვებს, რადგან ასეთი შინაარსები მისთვის სულ არ არსებობს. მაგრამ მაშინ მას უნდა შეეძლოს, ზუსტად მიუთითოს იმ განწყობის შინაარსზე, რომლის ფრუსტრაციამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ პატარა ჰანსს ქუჩაში ცხენის კბენისა ეშინია და ჩაატაროს ისეთი პროცედურები, რომ ეს შიში გაქრეს, როგორც ეს ფროიდმა გააკეთა.

შესაძლებელია კი ამის გაკეთება საზოგადოდ? ძნელი სათქმელია. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ფროიდი, როგორც ფსიქოთრაპევტი, განცდებზე მუშაობდა. არაცნობიერის გაგებაც ისეთი შეიმუშავა, რომ ეს საქმე გაადვილებულიყო. განწყობის ცნების შინაარსი ბევრად უფრო ფართოა და ფსიქოანალიზის სისტემაში არ ეტევა. საზოგადოდ, იმის მცდელობა, რომ აუცილებლად შეიცვალოს ფსიქოანალიზური ცნებები განწყობისეულით, თუნდაც კომპლექსისა – განწყობით, არაპროდუქციულად გამოიყურება. ასეთი რამ არც ერთ თეორიას არ არგებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად განსხვავებულ კონცეპტუალურ სისტემებთან გვაქვს საქმე. განწყობის თეორია ვერ შეითვისებს ფროიდის შეხედულებებს ლტოლვაზე, ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, პიროვნების სტრუქტურაზე, დაავადებისა და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე. ასევე ფსიქოანალიზისთვის ყოველთვის უცხო იქნება ქცევის მიზანშეწონილების განწყობისეული ახსნის, სუბიექტის მთლიანობის, ქცევის ფაქტორების ერთიანობის, ფუნქციონალური ტენდენციის, ობიექტივაციის, განწყობის ფიქსაციის და სხვა უზნაძისეული კონსტრუქციები. განწყობის ფსიქოლოგია ვერ მოერგება ფსიქოანალიზს. მან საკუთარი ფსიქოთერაპია უნდა შექმნას, ვინაიდან ფსიქოანალიზი ისე უდგება დაავადების აღმოცენებას და მკურნალობას, როგორც ეს მხოლოდ მასთან შეიძლება იყოს მოაზრებული. ამასთან ერთად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის ქმნადობის პორცესში არ უნდა დაიკარგოს არც ერთი სასარგებლო იდეა და პრაქტიკული ხერხი ფსიქოანალიზიდან თუ სხვა ფსიქოთერაპიული სისტემიდან. ამ სფეროში იმდენი ითქვა და გაკეთდა თეორიისა თუ პრაქტიკის მხრივ, რომ პრინციპულად ახლის გამოგონება ძნელია. არსებული გამოცდილება კი თამამად უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ფსიქოთერაპიული სისტემები, როგორც კონცეპტუალური, ისე მეთოდური თვალსაზრისით უაღრესად მრავალფეროვანია. საჭიროა განწყობისეული ფსიქოთერაპიის კვალიფიცირება თუნდაც იმ მხრივ, თუ რა სახის ფსიქოთერპიულ სისტემებს უახლოვდება იგი და რომლებს უპირისპირდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი განწყობისეული ფსიქოთერაპიის გააზრების გზაზე. ეს მომგებიანი იქნება ზღვა გამოცდილებიდან ჩვენთვის სასარგებლო მიდგომებისა და მეთოდების შესარჩევად. საფუძველი ასეთი ანალიზისთვის არსებობს, რადგან მეტ-ნაკლებად ცნობილია განწყობის ფსიქოლოგიის მიმართება სერიოზული ფსიქოთერაპიული სისტემების ქვემდებარე ზოგად თეორიებთან. განწყობის თეორიას აქვს მათთან გადამკვეთი პოზიციები, რაც შესაბამის ფსიქოთერაპიებთან კომუნიკაციისთვის ნაყოფიერი საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ მხრივ, ცხადია, ჩვენთვის სერიოზული ინტერესის საგანია ფსიქოანალიზი, სიღრმის ფსიქოლოგიის სხვა სისტემები (კ. იუნგი, ა. ადლერი) და ნეოფროიდიზმი. აქ განწყობის ფსიქოლოგიასთან გადაკვეთის წერტილი პირველ რიგში არაცნობიერის სფეროა, რადგანაც ფსიქოთერაპიის ეს სისტემები (მათ შორის განწყობისეულიც), არაცნობიერ შინაარსებზე მხოლოდ მათი ცნობიერებაში ან ქცევაში გამოვლენის მიხედვით მსჯელობს. ამიტომ განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემთხვევაშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცნობიერებასთან მათი კონფლიქტის დარეგულირების გზები (ე. წ. დაცვითი მექანიზმები), არაცნობიერი შინაარსების გამოვლენის ხერხები (ასოციაციები, სიზმრები, გადატანა და სხვ.) და არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერება-დარეგულირების პროცედურები (კათარზისი, ჩაგონება, მანიპულაცია, აბსტინენცია და ა შ.), ერთგვარი მოდიფიკაციით.

საინტერესოა აგრეთვე ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, რადგან «ფიზიკური ქცევა», როგორც მთელი ქცევის ერთ-ერთი განუყოფელი მხარე, ყოველთვის იმყოფება განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაწიერში. განწყობის ფსიქოლოგია პირდაპირ არის დაინტერესებული ჩვევებისა და ჩვეულებების ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებებით, რომლებიც ფიქსირებული განწყობის მექანიზმს ემყარება. განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე ვერსიებში ოპერაციული სისტემები განწყობის ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრება [7ა][22][24].

ამიტომ ისინი შესაძლებელია მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განვიხილოთ როგორც განწყობის შექმნის, ისე მისი კორექციის პროცესში.

ინტერესს იწვევს რაციონალური თერაპიაც, ვინაიდან კოგნიტურ პროცესებსა და განწყობას შორის ურთიერთმიმართების საკითხს განწყობის ფსიქოლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია (ობიექტივაციის ცნება და პროცესი).

არ უნდა გამოგვრჩეს არც ფენომენოლოგიური ტრადიცია და არც აუტოტრენინგი, რადგანაც ამ შემთხვევაში ემოციური და სხეულებრივი პროცესების რეგულაცია ხდება. ხოლო განწყობის თეორიაში ეს პროცესები განწყობის უშუალო გამოვლინებადაა მიჩნეული. თავის მხრივ სხეულიდან მომდინარე ინფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობის დეტერმინაციაზე. ამიტომ «სხეულთან მუშაობის» თერაპიული ეფექტურობა სავსებით ესადაგება განწყობისეულ პარადიგმას [10]. განწყობა, როგორც «მთლიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა», უშუალოდ გადის ორგანიზმულ პროცესებზე და როგორც უკვე დადასტურდა, შეიძლება გახდეს ფსიქოსომატური პათოლოგიის განვითარების საფუძველი [3]. ლიტერატურაში უკვე შემჩნეული და ობიექტივირებულია პარალელები, რომლებიც აგრეთვე გეშტალტთერაპიულ და განწყობისეულ სისტემებს შორის არსებობს [9].

განწყობისეულ ფსიქოთერაპიას შეუძლია თამამად გამოიყენოს ამ სისტემებში შემუშავებული დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნაჩვენები იქნება მათი ადეკვატურობა განწყობის შინაარსის გამოვლენისა და კორექციის ამოცანებისადმი. ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი, რადგანაც განწყობის შინაარსი რეალურად აქტივობის ყველა მხარეს მოიცავს, ხოლო განწყობა, როგორც ახსნითი მოდელი ფსიქოლოგიაში, ერთერთი ყველაზე უფრო მთლიანობითი და ინტეგრალურია. ამიტომ განწყობისეული მიდგომისთვის აქტივობის არც ერთი ასპექტი არ არის უცხო. მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ განწყობისეული ფსიქოთერაპია განწირულია იყოს ეკლექტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ სხვა სისტემების პროცედურებს აერთიანებს? ეს ალბათ ასეც იქნებოდა, განწყობა რომ მხოლოდ ახსნითი კონსტრუქტი ყოფილიყო. იგი ამავე დროს რეალურად არსებული მოვლენაა, რომელსაც თავისი მოცემულობისა და მოქმედების წესი აქვს. ამ ფენომენის პათოგენურობის დადასტურება და მისი მოდიფიკაცია – ეს არის განწყობისეული ფსიქოთერაპიის უპირველესი ამოცანა და იგი მხოლოდ განწყობის ზოგადი თეორიის გათვალისწინებით შეიძლება გადაიჭრას. ამ მიმართულებით აწარმოებდა კვლევას ი. ბჟალავა. არსებითად, ამ გზით მიდიან ის ერთეული მკვლევარებიც, რომელნიც დღეს ამ საკითხს შეისწავლიან [27].

პათოლოგიური პროცესი ფსიქიკის სფეროში და, შესაძლოა, მთელი ორგანიზმის მასშტაბითაც, შესაძლებელია გაგებულ იქნას, როგორც განწყობათა ინტერაქციის შედეგად აღმოცენებული მოვლენა. ბჟალავას მიერ მოყვანილ მაგალითში ეს კარგად ჩანს. დაშვებულია, რომ ავადმყოფობა აღმოცენდა განწყობათა დაპირისპირების გამო. ძლიერ განწყობათა არათავსებადობა პიროვნების დეზინტეგრაციას იწვევს; პათოლოგიური პროცესი არათავსებად განწყობათა თანამოქმედების შედეგია. ავადმყოფობის ასეთი კონცეფცია აღძრავს გარკვეულ საკითხებს. პრაქტიკულ პლანში საქმე ეხება განწყობათა შინაარსის გარკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს. კერძოდ, აუცილებელია იმის გარკვევა, ამ მხრივ აქვს თუ არა განწყობის ფსიქოლოგიას სპეციფიკური სადიაგნოსტიკო ხერხები – სხვა სისტემების რომელი მეთოდებია ყურადღების ღირსი და საჭიროა თუ არა ახალი მეთოდების შექმნა. თეორიულ პლანში დგება საკითხი მრავალგანწყობისეული მდგომარეობის დახასიათებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, თეორიის მიხედვით ყველა კერძო შემთხვევაში სუბიექტი იმყოფება ერთი კონკრეტული აქტუალური განწყობის მოდუსში; მეორე მხრივ, რეალური აქტივობის, მათ შორის პათოგენური პროცესის სრულყოფილ დახასიათებას აუცილებლობით მივყავართ ერთდროულად არსებული აქტუალური (პირველადი თუ გააქტიურებული ფიქსირებული) განწყობების კონფლიქტური ან სინერგიული მოქმედების აღიარებამდე. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი თითქმის დაუმუშავებელია [24].

რაც შეეხება კორექციის პრობლემას, მისი განხილვა განწყობისეული მიდგომის საფუძველზე ნიშნავს განწყობის მოვლენის თერაპიულ ამოცანასთან შესაბამისობაში მოყვანას. მაგრამ რა უნდა ვიგულისხმოთ ამ შესაბამისობაში, ეს არც თუ ისე ადვილი სათქმელია. აქ ძირითადი სირთულე იმის ჩვენებაშია, თუ რომელი განწყობაა პათოლოგიური პროცესის წყარო და რომელი განწყობა მიგვიყვანს განკურნებამდე. ბჟალავას მიერ განხილულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ამის შესახებ ძნელია. ჩარევა კორექციის მიზნით აზრს იძენს იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეულია გარკვეულობა ამ საკითხში. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს საქმე მოგვარებულია. დგება შემდგომი ამოცანა – მოინახოს და განხორციელდეს მკურნალობის პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება განწყობის პათოლოგიური გავლენის მოსახსნელად. აქ სამი სახის სტრატეგია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

1) მუშაობა უშუალოდ პათოლოგიურ განწყობაზე ან განწყობებზე, მათი შესუსტების, მოსპობის ან მოდიფიკაციის მიზნით.

2) მუშაობა უშუალოდ იმ განწყობაზე ან განწყობებზე, რომლებიც უნდა ჩაენაცვლონ პათოგენურ განწყობას. აქ ვითარებისდა მიხედვით აქცენტი გაკეთდება ან პიროვნების არსებული განწყობების გაძლიერების ან სულაც ახალი ადეკვატური განწყობის შექმნაზე.

3) მუშაობა, რომელიც გარკვეული დოზით მოიცავს წინა ორ სტრატეგიას და მეტ-ნაკლებად ორივე მიზანს ემსახურება.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სავარაუდო სქემაა. მასში გათვალისწინებულ ვარიანტებს დეტალური ანალიზი ესაჭიროება. დასაფიქრებელია თუნდაც ის, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს განწყობის მოდიფიკაცია ერთი განწყობის ფარგლებში; სად არის ის მიჯნა, რომლის მერე შინაარსობრივი და დინამიკური მხარის ტრანსფორმაციას უკვე ახალი განწყობის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. საზოგადოდ კი, ეს ვარიანტები განხილული უნდა იქნას განწყობის ფიქსაციისა და ჩაქრობის კანონზომიერებებთან შესაბამისობაში. სერიოზული სირთულე ისაა მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში დინამიკურთან ერთად განწყობის შინაარსეული მხარეც არის გასათვალისწინებელი.

ცხადია, თითოეული ეს სტრატეგია განსხვავებულ ტაქტიკას გულისხმობს. განწყობისეულ ფსიქოთერაპიას მოუწევს გარკვეულობის შეტანა იმაში, თუ რომელ შემთხვევაში რა თერაპიული ხერხების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი. ამ მიმართულებით ფართო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზება არის საჭირო. ჩვენი ანალიზის ფარგლებში კი მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ალბათ ფსიქოანალიზური ტექნიკების უმრავლესობა ძირითადად პირველ სტრატეგიასთან არის დაკავშირებული.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემაtag:www.qwelly.com,2019-03-30:6506411:Topic:13807432019-03-30T10:41:25.744ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი…

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ.

ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას ... საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ გადაწყდება არაცნობიერის პრობლემა როგორც ფსიქოლოგიური საკითხი, უნდა გადაწყდეს იგი როგორც საკუთრივ ფსიქოლოგიის საკითხი» [8; 339-340]. ეს საკითხი ვიგოტსკისთან განიხილება იმ კუთხით, რომ ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკას, როგორც რთულ, მთლიანობით ფსიქოფიზიოლოგიურ პროცესს, «რომელიც სრულებით არ იფარება მისი ცნობიერი ნაწილით და, ამდენად ... ფსიქოლოგიაში სავსებით კანონიერია ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიურად არაცნობიერზე: არაცნობიერი არის პოტენციურადცნობიერი» [7; 146]. ამის მერე დგება საკითხი, შეუძლია თუ არა მოვლენას, რომელსაც აქვს ფსიქიკურის ყველა თვისება, იმის გარდა, რომ არ არის ცნობიერი განცდა, უშუალოდ გამოიწვიოს მოქმედება, როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა? ვიგოტსკის პასუხი უარყოფითია, რამდენადაც ეს არც ცნობიერ ფსიქიკურ მოვლენას ძალუძს. «ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქიკურ მოვლენებს მიეწერება მოქმედება, საუბარია იმაზე, რომ მოქმედება გამოიწვია მთლიანმა ფსიქოფიზიკურად ერთიანმა პროცესმა და არა მისმა ერთმა მხარემ. ამგვარად, უკვე თვით არაცნობიერის ხასიათი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იგი გავლენას ახდენს ცნობიერ პროცესებზე და ქცევაზე, მოითხოვს მის აღიარებას ფსიქოფიზიკურ მოვლენად» [იქვე].

უზნაძე აუცილებლად დაადასტურებდა, რომ არაცნობიერი არის ფსიქოფიზიკური მთლიანობა (განწყობის მთლიანობითი ბუნება) და, როგორც ასეთი, განაპირობებს ცნობიერ პროცესებსა და ქცევას (განწყობა როგორც განცდისა და აქტივობის საფუძველი). მაგრამ უზნაძესთან ეს დებულებები ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია, რომლის «სისტემამაწარმოებელი ფაქტორი» არის «განწყობის» ტერმინით აღნიშნული არაცნობიერი მოვლენა. შეხედულებათა ეს სისტემა მოიცავს არაცნობიერის (განწყობის) ონტოლოგიურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრეს. მასში დამუშავებულია კონკრეტული საკითხები მოცემული კატეგორიის მიმართებათა შესახებ ცნობიერების (ობიექტივაციის), ქცევისა და პიროვნების (სუბიექტის) კატეგორიებთან. ერთი სიტყვით, განწყობის თეორიაში მოცემულია არაცნობიერის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია. არაფერი მსგავსი ვიგოტსკისთან არ გვხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შეხედულებათა სისტემა არ შეიცავს არაცნობიერის თეორიას.

რუბინშტეინის შეხედულებები არაცნობიერის შესახებ უფრო კონკრეტულია, ვიდრე ვიგოტსკისა, მაგრამ არც ისინი ადიან სპეციალური თეორიის დონემდე. აფიქსირებს რა თავის პრინციპულ პოზიციას, რომ «ფსიქიკურის არსებობა არ შემოიფარგლება მისი მოცემულობით ცნობიერებაში» [12; 9], რუბინშტეინი პირდაპირ მითითებს იმ რეალობაზე, რომელიც, მისი აზრით, აისახება არაცნობიერის ცნებაში: ესაა «განცდა, რომელშიც არ არის გაცნობიერებული მისი გამომწვევი საგანი» [12; 8]. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვითარება ისე კი არ უნდა წამოვიდგინოთ, თითქოს ჩვენ «არ ვიცით», «არ ვგრძნობთ» განცდას (რაც, ავტორის შეხედულებით, წინააღმდეგობრივი და უაზრო რამაა); გაუცნობიერებელია არა თვით განცდა, როგორც ასეთი, არამედ ის, რასაც იგი მიეკუთვნება. მაგალითად, ემოციის არაცნობიერობა გამოვლინდება მიკუთვნების არარსებობაში იმ საგნისა თუ პირის მიმართ, რომელმაც იგი გამოიწვია. აქვე კეთდება პირდაპირი მითითება განწყობილებაზე, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ცნობიერების კონტროლის გარეშე, ანუ არაცნობიერად. მოკლედ, თუ მე თავს ცუდ ხასიათზე ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, რითაა იგი გამოწვეული, მოცემული მდგომარეობა, კვალიფიცირდება როგორც არაცნობიერი. ამგვარი არაცნობიერი განცდის არსებობის რეალურობა «როგორც ფსიქიკური ფაქტისა მის ქმედითობაში, ქცევის პროცესში რეალურ მონაწილეობაში მდგომარეობს» [13; 277].

ის, რომ ასეთი განცდები მართლაც არსებობს, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ შეიძლება თუ არა მათი მიჩნევა არაცნობიერად – ეს კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების უმრავლესობა ასეთ მოსაზრებას არ გაიზიარებდა. ასე მოიქცეოდნენ, მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსები თავად ფროიდის მეთაურობით. იგი არაცნობიერის ასეთ გაგებას ცნობიერებაში არაცნობიერის ძიების უნაყოფო მცდელობად მიიჩნევდა. ასეთებია ყველა მითითება ცნობიერების დაბალ საფეხურებზე, სუსტ ან ბუნდოვან წარმოდგენებსა და განცდებზე, როგორც არაცნობიერ ფენომენებზე. თავის მიზეზში გარკვეულობას მოკლებული ემოცია სწორედ ცნობიერების სფეროში მყოფი განცდის მაგალითია. იგი არ არის არაცნობიერი, რამდენადაც მის შესახებ ადამიანმა «იცის» თავისი უშუალო გამოცდილებიდან, «გრძნობს» მას. ფროიდის თანახმად «არაცნობიერი წარმოდგენა არის ისეთი წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ რომლის არსებობა უნდა დაუშვათ გარეშე ნიშანთვისებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე» [15; 43]. ჩვენს მიერ შემჩნეული წარმოდგენა (ანუ განცდა), თუნდაც უმიზეზო, ცნობიერების ფენომენია.

საფიქრებელია, რომ უზნაძის კომენტარი რუბინშტეინის მსჯელობაზე მსგავსი იქნებოდა. მაგრამ მის და ფროიდის პოზიციებს შორის არსებითი განსხვავებაა, რომელიც თვით განწყობის თეორიის ავტორის მიერ იქნა რეფლექსირებული. არაცნობიერი – ეს არის რაღაც ფსიქიკური, რომელიც განცდას არ წარმოადგენს. უზნაძისთვის, ისევე როგორც რუბინშტეინისთვის, სიტყვათშეთანხმება «არაცნობიერი განცდა» წინააღმდეგობრივია და უაზრო, მაშინ როდესაც ფროიდი დარწმუნებით ლაპარაკობს არაცნობიერ წარმოდგენებზე, აზრებზე, გრძნობებზე, მისწრაფებებზე, მიზნებზე, განზრახვებზე, ერთი სიტყვით – განცდებზე. მისთვის არაცნობიერი ჩვეულებრივი განცდაა ცნობიერების ფარგლებს გარეთ განდევნილი, სხვაგვარად ესაა განცდა მინუს ცნობიერება – ასე ახასიათებს ფროიდის თვალსაზრისს უზნაძე და მიიჩნევს მას მიუღებლად, ვინაიდან «ჩვენი წარმოდგენები და აზრები, ჩვენი გრძნობები და ემოციები, ჩვენი ნებელობის აქტები ფსიქიკური ცხოვრების შინაარსს წარმოადგენენ და, ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანთან ეს ფსიქიკური პროცესები იჩენს თავს, მათ როგორც წესი ცნობიერება ახლავთ თან ... და ამდაგვარ განცდათა გარდა სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია» [3; 45].

განწყობის თეორიის ავტორმა რამდენიმე ნაშრომში გამოხატა თავისი დამოკიდებულება არაცნობიერის ფროიდისეული გაგების მიმართ. მისი აზრით, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში მოიცავს მხოლოდ რეპრესირებულ შინაარსებს, რომელთა ბუნება და სტრუქტურა ცნობიერების ანალოგიური შინაარსების იდენტურია. ეს იგივე განცდებია, რომელთა შესახებ ინდივიდმა არაფერი უწყის. რამდენადაც განცდა იმიტომაცაა განცდა, რომ თავის შესახებ გვამცნობს (ე.ი. ცნობიერდება), ამდენად არაცნობიერი ფსიქიკური შინაარსები შეუძლებელი რამაა. მაგრამ ისინი რომც შესაძლებელი იყვნენ, არაცნობიერის ასეთი გაგება უსარგებლოა უზნაძისთვის ყველაზე საინტერესო საკითხის გადასაჭრელად, კერძოდ ფსიქიკის განვითარების საკითხისა. განწყობის თეორიისთვის ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტისას «ჩვენ უნდა დავუშვათ ფსიქიკის რაღაცნაირი ფორმის არსებობა, რომელიც არ ემთხვევა მისი არსებობის ცნობიერ ფორმას და, საფიქრებელია, წინ უსწრებს მას» [14; 6]. გასაგებია, რომ რაკი რეპრესირებული არაცნობიერის პირველწყარო ცნობიერებაა, ფსიქიკური ორგანიზაციის საძიებელ პირველად ფორმად იგი ვერც ლოგიკურად გამოდგება და ვერც ფაქტობრივად.

უზნაძე არაცნობიერს განწყობასთან აიგივებს და იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი ზედმეტი ცნებაა და რომ იგი სავსებით შეიძლება ჩაინაცვლოს მეტი გარკვეულობის მქონე განწყობის ცნებით. ამასთან, თავისი თეორია უზნაძეს მოჰყავს მიმართებაში მხოლოდ ფსიქოანალიზთან, ვინაიდან ვერ ხედავს უფრო სერიოზულ სწავლებას მსოფლიო მეცნიერებაში არაცნობიერის შესახებ. მიუხედავად ამისა, ფროიდის მიერ არაცნობიერის გაგება არ შეიძლება გავიზიაროთ, რამდენადაც 1. გაიგივებულია რა რეპრესირებულ ფსიქიკასთან იგი მეორადია ცნობიერების მიმართ და ვერ გამოდგება ფსიქიკის განვითარების ფაქტის დასაბუთებისთვის და 2. იგი გულისხმობს ისეთ განცდებს, რომლებიც არსებობენ და მოქმედებენ ცნობიერების ველის მიღმა, რაც უზნაძის გაგებით ნონსენსია.

ორივე ეს დებულება შეიძლება დავის საგანი გახდეს. საქმე ისაა, რომ ფსიქოანალიზში არაცნობიერის სფერო არ შემოიფარგლება ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკით. ბოლო ნაშრომებში ფროიდი მიუთითებს კიდეც არაცნობიერის სხვადასხვა ფუნქციონალურ გამოვლინებაზე, ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი [10]. ფსიქიკის უკანასკნელი ფორმა ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. დანარჩენები ცნობიერებასთან სხვადასხვაგვარ ურთიერთობაში იმყოფებიან. მათი გენეზისის თავისებურება ისაა, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და მასში უკან დაბრუნების თვისებას ინარჩუნებენ. სწორედ ამგვარი არაცნობიერის მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკა, რომლის მიხედვით ფროიდის არაცნობიერის ცნება არ გამოდგება ფსიქიკის გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. მართლაც, ცნობიერებიდან წარმოქმნილი არაცნობიერი ფსიქიკა ვერ იქნება ცნობიერების წარმოქმნის პირობა. სამაგიეროდ ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერზე» ეს შენიშვნა არ ვრცელდება – იგი «იმთავითვე არაცნობიერია». მის მიმართ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იგი ჩვეულებრივი ფსიქიკური ცხოვრებაა, რომელიც უბრალოდ არ არის განათებული ცნობიერების შუქით. «იდ»-ის ფორმით არაცნობიერი პრინციპულად უპირისპირდება «ეგო»-ს ფსიქიკას. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს («იგი» ფსიქიკის უძველესი ფორმაა და წინ უსწრებს ცნობიერებას და «მე»-ს, რომლებიც მისგან გამოიზრდებიან), ისე ბუნებას (შინაარსი, მოქმედების პრინციპები და ა.შ.). ამ უკანასკნელი თვალსაზრისით ისინი სრული ანტიპოდები არიან. საკმარისია გავიხსენოთ, რომ არაცნობიერი «იდ»-ის მთავარი პრინციპი შეგუება კი არა, სიამოვნებაა. თუ ასეთი ფსიქიკა, ფსიქოანალიზის მტკიცებისა არ იყოს, მართლაც არსებობს, იგი პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური ცხოვრების ყველა სხვა სახისაგან. ჩვენი ანალიზისთვის საკმარისია აღინიშნოს, რომ ფროიდი უშვებდა არაცნობიერი ფსიქიკის ამგვარი ნაირსახეობის არსებობას და რომ იგი, სინამდვილეში, შეუძლებელია აღიწეროს, როგორც ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი ან ცნობიერების ნიშანს მოკლებული განცდა. არაცნობიერის სფერო ამ ფსიქიკური შინაარსებით არ შემოიფარგლება, მაგრამ მათი არსებობა ფსიქოანალიზში დაშვებულია.

სწორედ ეს ვერ შეიწყნარა უზნაძემ. განწყობის თეორიის ავტორი ამოდიოდა იქიდან, რომ «ყოველი ცალკე განცდის ფაქტი უკვე იმით, რომ იგი განცდაა, სუბიექტისთვის იმთავითვე ცნობადია: იგი არა მარტო ობიექტურად არსებობს, როგორც ფაქტი, არამედ სუბიექტმაც იცის, რომ ის არსებობს. უფრო მარტივად რომ გამოვთქვათ: განცდა არა მარტო ფაქტია, არამედ იგი უთუოდ ცნობიერების ფაქტიცაა» [2; 21]. ამ თვალსაზრისის გაშლილი კრიტიკული ანალიზი ჩვენ სხვაგან გავაკეთეთ [1]. იგი მოცემულია ამავე წიგნში. აქ მხოლოდ ყველაზე ძირითად მომენტებს აღვნიშნავთ.

განწყობის თეორიამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ბოლო ეტაპზე თეორიის ავტორმა საფუძვლიანად დაიწყო ფსიქიკური ცხოვრების ცნობიერი და არაცნობიერი დონეების ურთიერთმიმართების საკითხის კვლევა ე.წ. «ობიექტივაციის კონცეფციის» ფარგლებში. უზნაძე შემოქმედებითი ცხოვრების ზენიტში გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ამ თეორიული მოდელის დამუშავების დასრულება. მოცემული ანალიზის კონტექსტში საკვანძო მომენტია განწყობის არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად აღიარება. მანამდე განწყობა განიხილებოდა ფიზიკურისა და ფსიქიკურის გაშუალების მეთოდოლოგიური ამოცანიდან გამომდინარე (ე.წ. «უშუალობის პოსტულატი») და მიიჩნეოდა არაცნობიერ, მაგრამ ფსიქოფიზიკურად ნეიტრალურ სინამდვილედ.

განხილული განვითარების პრინციპის თვალსაზრისით იგი გაგებულ იქნა ფსიქიკის განვითარების პირველ საფეხურად, რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ფსიქიკურ აქტივობას, ქცევას და განცდას. ამასთან, რადგანაც «თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა, მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობიერებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს» [2; 104]. კიდევ უფრო გარკვევით: «თავისთავად ცხადია, რომ მთლიან-პიროვნული მდგომარეობა არ აისახება სუბიექტის ცნობიერებაში მისი ცალკეული დამოუკიდებელი განცდის სახით» [4; 285]. ეს ეხება ყველა პროცესსა და განცდებს, ისეთ «მთლიანობითსაც», როგორიც ემოციებია. ამრიგად, უზნაძესთვის განწყობის არაცნობიერობა უბრალოდ რეფლესიური ცნობიერების გარეშე (ე.ი. არაობიექტივირებულ) არსებობას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ იგი არ არის კოგნიტური, ემოციური ან ვოლიტური «კერძოული ფსიქიკური ფაქტი».

იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ცნობილი პროცესებისა და განცდების კავშირი ცნობიერებასთან, საჭიროა მივმართოთ უზნაძის შეხედულებებს ფსიქიკური ცხოვრების ორი დონის შესახებ. მეორე დონე – ესაა ე.წ. «ობიექტივაციის პლანი», ანუ პიროვნების ცნობიერი კოგნიტური და ნებელობითი აქტივობა. ამ ტიპურ ადამიანურ დონეზე აქტივობა მაშინ ადის, როცა პირველი დონის იმპულსური ქცევის რეალიზაციის პროცესში წინააღმდეგობები და სირთულეები წარმოიქმნება. მათ გარეშე პრაქტიკული ქცევის ცალკეული აქტები და მათთან დაკავშირებული პერცეპტული, მოტივაციური, ემოციური და სხვა განცდები გამუდმებით ცვლის ერთმანეთს ავტომატურად, სუბიექტის რაიმე ჩარევის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი არ ცნობიერდება.

ფსიქიკის აქტივობა ობიექტივაციის დროს პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ «თავს ძალა დაატანოს და ხელახლა განიცადოს ისევ ის, რაზედაც იგი შეჩერდება» [4; 303]. ობიექტივაცია, როგორც შეჩერება განმეორებითი განცდისთვის, საჭიროა იმისთვის, რათა თვით განცდა და მისი ობიექტი ჩვენი მე-ს კუთვნილება გახდეს, ანუ გახდეს რეფლექსირებული, გაცნობიერებული. აქტივობის სპეციფიკურად ადამიანურ დონეზე ხდება საკუთარი მე-ს და ქცევის ობიექტივაცია. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე სპეციფიკურია ცხოველისთვის, თუმცა ადამიანიც ხშირად მოქმედებს იმპულსური ქცევის პლანში, ანუ გაუცნობიერებლად.

უზნაძის თანახმად, ქცევის ორივე დონეს საფუძვლად უდევს სპეციალური მარეგულირებელი მექანიზმი – განწყობა, რომელიც განაპირობებს მათ მიზანშეწონილ განხორციელებას. განწყობა არაცნობიერი ფსიქიკის სფეროს მიეკუთვნება. მაგრამ არის არსებითი განსხვავება განწყობასა და არაცნობიერ ფსიქიკას შორის, რომლის ფორმაშიც მიმდინარეობს იმპულსური ქცევა. ისინი არც შეიძლება ლოგიკურად იყვნენ იდენტური, რადგანაც განწყობა წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ქცევას (ფსიქიკურ აქტივობას), მათ შორის ისეთსაც, რომელიც ცნობიერების სინათლის გარეშე ხორციელდება. არსებითად კი განწყობის შემთხვევაში საქმე გვაქვს არაფენომენალურ არაცნობიერთან, ხოლო იმპულსური დონის ფსიქიკური აქტივობის შემთხვევაში – არარეფლექსირებულ, არაცნობიერ განცდებთან. ამ განცდების თავისებურებანი და კონკრეტული მახასიათებლები შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ქცევის სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, ზრდასრული ადამიანი ჯანსაღი თუ ავადმყოფი ფსიქიკით). მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა არაცნობიერი განცდების ნაირსახეობა.

მაშასადამე, არაცნობიერ განცდებზე ლაპარაკი არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ცხოველთა ფსიქიკური ცხოვრება მხოლოდ ასეთი განცდებისაგან შედგება. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებაც ხშირად ასეთ ფორმაში წარიმართება. იმპულსური აქტივობა მოიცავს განზრახული კონტროლის გარეშე ან ავტომატურად მიმდინარე უნებლიე ფსიქიკურ პროცესებს. იგი არ გამორიცხავს პარალელურად განხორციელებულ ცნობიერ აქტივობას. ქუჩაში სიარულისას გარემოში ორიენტაციას ვახდენთ აღქმის ხატების მეშვეობით და ვმოქმედებთ მიზანშეწონილად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება ამ დროს, შესაძლოა, დაკავებული იყოს სულ სხვა შინაარსებით – ჩვენ შეიძლება რაიმეზე ვფიქრობდეთ ან რაიმეს ვიხსენებდეთ. ამ შემთხვევაში აღქმის ხატები ცნობიერების გარეშე აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ საკმარისია გაჩნდეს საჭიროება, აღქმის პროცესი გადაინაცვლებს ცნობიერების ველში და დაკვირვების ხასიათს მიიღებს, ხოლო თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, სიტუაციის სათანადო მონაკვეთების ასახვაში ჩაერთვება უმაღლესი კოგნიტური ფუნქციები. როგორც კი ცნობიერდება თავად განცდები და მათი შინაარსი აქტივობა გადადის მეორე, ობიექტივაციის თუ ნებელობითი აქტივობის დონეზე. საქმეში ერთვება ისეთი ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა ყურადღება და აზროვნება, რომლებიც მხოლოდ ცნობიერების პლანში ხორციელდება. ობიექტივაციით ინიცირებული თეორიული აქტივობა მოწოდებულია გამოავლინოს შეფერხების მიზეზები იმპულსურ ქცევაში, ხოლო ნებელობა პრაქტიკული ქცევის შემდგომ განხორციელებას უზრუნველყოფს. მოცემულ კონტექსტში მთავარი მაინც ისაა, რომ ყოველივე ეს ცნობიერების შუქით არის განათებული.

ამგვარად, განცდილი ფსიქიკა შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი. ცნობიერების მქონე ცოცხალ არსებას შეუძლია თავისი განცდების და მათი შინაარსის გაცნობიერება. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური ცხოვრება წარმოგვიდგება სამი ფორმისა თუ საფეხურის სახით: 1) არაფენომენალური ფსიქიკა (განწყობა); 2) გაუცნობიერებელი განცდები და ფსიქიკური პროცესები; 3) ცნობიერება. მაშასადამე, უზნაძის თეორიაში, თუ მისი ლოგიკური განვითარების პერსპექტივაში ვიმსჯელებთ, შეიძლება ვილაპარაკოთ არაცნობიერის ორ სახეობაზე: განწყობა და მის საფუძველზე აღმოცენებული არაცნობიერი ფსიქიკა. განწყობა არ ფარავს არაცნობიერის მთელ არეს. განწყობის ცნება მთლიანად არ ენაცვლება არაცნობიერის ცნებას. ამიტომ, მიუხედავად უზნაძის მტკიცებისა, არაცნობიერის ცნება არ არის ზედმეტი ცნება.

განწყობის თეორიის შეფასებისას რუბინშტეინის სკოლის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ «განწყობის თეორიის დამუშავების დროს გამოყენებულ იქნა იგივე მეთოდოლოგიური პრინციპები, რომლებიც საბჭოთა ფსიქოლოგიაში მიიჩნევა წამყვანად, – ესაა განვითარების პრინციპი და ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი» [6; 178]. მართლაც, განწყობა უმჭიდროეს კავშირშია ქცევასთან. მეტიც, უზნაძის თანახმად, «განწყობა ადამიანის ქცევაში უთუოდ უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელზეც ეს ქცევა აიგება» [3; 190]. ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი რუბინშტეინთან ცნობიერებისა და ქცევის ერთიანობის სახეს იღებს. ასეთივე წარმატებით უზნაძეს შეეძლო ჩამოეყალიბებინა არაცნობიერისა და ქცევის კავშირის, უფრო მეტიც – ერთიანობის პრინციპი, რადგანაც ქცევის ფსიქიკური რეგულაციის საბოლოო და ძირეულ მექანიზმად განწყობას, ანუ არაცნობიერ მოვლენას მიიჩნევდა. აქედან, ამ ძირიდან, რომელშიც არსებითად აქტივობის გარეგანი და შინაგანი პირობებია გაერთიანებული, აღმოცენდება კონკრეტული ქცევა, თავისი ცნობიერი კომპონენტით. ცნობიერება და ქცევა მეორადია არაცნობიერი ფსიქიკურის (განწყობის) მიმართ. ასე მიაჩნდა უზნაძეს. ამიტომ მისი კონცეფცია არის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, რომელიც აგებულია შემდეგი თანმიმდევრობით განლაგებულ ოთხ ფუძემდებლურ კატეგორიაზე: არაცნობიერი-ქცევა-ცნობიერება-პიროვნება. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის სისტემები, არსებითად, სამი უკანასკნელით შემოიფარგლება. ამიტომ, როცა უზნაძე საუბრობს იმაზე, რომ «ცნობიერი პროცესები სრულიადაც არ ამოწურავენ ფსიქიკის მთელ შინაარსს. მაშასადამე, აუცილებელი ხდება ვცნოთ არსებობა ისეთი პროცესებისაც, რომელნიც, ასე ვთქვათ, ცნობიერების გარეშე მიმდინარეობენ» [3; 46], ეს იმავეს არ ნიშნავს, რასაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის ზემომოყვანილი მსგავსი გამონათქვამები. საქმე ისაა, რომ უზნაძე ამ ცნობიერების გარეშე მიმდინარე პროცესების კონცეპტუალიზაციას ახდენს განწყობის ცნებით და ამტკიცებს, რომ ქცევისა და ცნობიერების ყოველი აქტი შემზადებულია და გაპირობებული არაცნობიერი განწყობით.

არაფერ მსგავსს არ გულისხმობს ვიგოტსკის სისტემა, რომელშიც განწყობის ცნება სულ არაა ნახსენები. საკითხი ქცევისა და განწყობის კატეგორიათა ურთიერთმიმართების შესახებ სერიოზულად განიხილება ა. ლეონტიევის სკოლაში. აქ ჩამოყალიბებულია შეხედულება ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თაობაზე [5] და სხვ. რამდენადმე სხვაგვარად არის საქმე რუბინშტეინის შემთხვევაში. საკითხს განწყობის შესახებ იგი განიხილავს მის მიერ დამუშავებული მეთოდოლოგიური პრინციპის კონტექსტში, რომლის მიხედვით ქცევის დეტერმინაცია გარეგანი მიზეზებით შინაგანი პირობებითაა გაშუალებული. სწორედ ამ შინაგან პირობებს განეკუთვნება განწყობაც. ამიტომ განწყობის მიმართ ქცევის პრიმატი «არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რაიმე აბსოლუტური», რადგანაც «მაინც ყოველი ქცევის მიმდინარეობისას ... ყოველი მოქმედება ხვდება უკვე ჩამოყალიბებულ განწყობას, ისე რომ ფუნქციონალურად განწყობა არის ხოლმე პირველადი, ხოლო ქცევა მეორადი. და ეს მართალია. მაგრამ, მაინც, გენეტიკურად და პრინციპულად, მოქმედება, ურთიერთობა და გამოცდილება პირველადია, განწყობა კი – მეორადი. გარეგანი მოქმედებს შინაგანის მეშვეობით, თუმცა თვით შინაგანი ყალიბდება გარეგანი ზემოქმედებების შედეგად, გარეგან სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში» [11; 92].

განწყობის თეორიის თვალსაზრისით მოცემული პოზიცია მეტწილად მისაღებია, თუმცა საჭიროა სიცხადის შეტანა ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თეზისში. იგი სავსებით მართებულია განწყობის ფაქტორების მიმართ. მართლაც, ადამიანის მოთხოვნილებები (განსაკუთრებით ე.წ. «მაღალი») და საცხოვრებელი გარემო (სიტუაცია) «კულტურული წარმოშობისაა», და მაშასადამე, ადამიანის ქცევის შედეგს წარმოადგენს. ამდენად, განწყობა შეიძლება მივიჩნიოთ მეორადად ქცევის მიმართ, თუ მხედველობაში გვექნება ანთროპოგენეზი, სოციოგენეზი და ონტოგენეზი. მაგრამ ფილოგენეტიკურად, თუკი განწყობა სიცოცხლის პრინციპია, ქცევის ფუძემდებლური მექანიზმია, როგორც ამტკიცებდა უზნაძე, იგი არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვნად მეორადი მოვლენა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ჯერ წარმოქმნას მოვლენა, პროცესი (ქცევა) და მხოლოდ ამის მერე აღმოცენდეს მისი განხორციელების მექანიზმი. განწყობა ქცევის არსებითი მხარეა. ყველაზე პრიმიტიული ქცევაც კი იმთავითვე გულისხმობს განწყობისეულ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, ადვილია დავრწმუნდეთ, რომ განწყობისა და ქცევის ურთიერთმიმართების საკითხის განხილვა ფილოგენეტიკური განვითარების კუთხით, კვერცხისა და ქათმის დილემის იერს იძენს. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ ნათქვამი ეხება მხოლოდ ე.წ. «პირველად განწყობას». რაც შეეხება ე.წ. «ფიქსირებულ განწყობას», ფართო გაგებით იგი განმეორებათა შედეგია, ანუ გარკვეული აქტივობის შედეგი, და ამდენად, პრინციპულად მეორადი. საზოგადოდ კი სრულიად მისაღებად გამოიყურება ვ. ზინჩენკოს შემდეგი ფორმულირება: «საგნობრივი ქმედება ისევე არის განწყობის პროდუქტი, როგორც მისი ფორმირების პირობა» [9; 145].

იცავენ რა განწყობის პირველადობის თეზისს, უზნაძე და მისი მიმდევრები, არსებითად, ამტკიცებენ იმას, რომ ფსიქიკური მოქმედება მისი არაცნობიერი ფორმით იწყება. ალბათ ძნელი უარსაყოფია მოსაზრება, რომ არაცნობიერი ფსიქიკა წინ უძღვის მის ცნობიერ ნაირსახეობას. განვითარების პრინციპი და გენეტიკური მეთოდი, როგორც ვიგოტსკის და რუბინშტეინის სისტემების მეთოდოლოგიური საფუძველი, მოითხოვს ყურადღება მიექცეს ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ადრეულ საფეხურს, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს ცნობიერი. სწორედ ასე მოიქცა უზნაძე, როცა განწყობა განჭვრიტა ფსიქიკური მოქმედების ორგანიზაციის პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და ამზადებს ცნობიერ ფსიქიკურ ქმედებას. ეს მართებულია არა მარტო ფილოგენეტიკური, ისტორიული და ონტოგენეტიკური განვითარების მიმართ, არამედ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ე.წ. აქტუალგენეზის მიმართაც. აქტუალგენეზის დონეზე ცნობიერი ფსიქიკა უერთდება ქცევის ფსიქიკურ რეგულაციას იმ პრობლემათა დასაძლევად, რომელთაც ვერ გაუმკლავდა პირველადი განწყობისეული მექანიზმი. ამაშია ობიექტივაციის მოდელის დედააზრი. ცნობიერება ავსებს ამ მექანიზმს მიზანშეწონილი ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელი ახალი, მანამდე ასახვის გარეშე დარჩენილი შინაარსით.

ამრიგად, ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპს და განვითარების პრინციპს არა მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკის კონსტატაციამდე მივყავართ, არამედ არაცნობიერის გაშლილი თეორიის შექმნამდეც, რომელშიც გახსნილია ფსიქიკის ამ სფეროს ბუნება და ფუნქციები.

თავი რომ მოვუყაროთ ძირითადს, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერების სრული თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემის არსებობას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის თეორიებში მხოლოდ აღიარებულია ასეთი რეალობის არსებობა, მაგრამ არ არის რეფლექსირებული მისი ბუნება, სტრუქტურული და ფუნქციონალური მახასიათებლები. მათგან განსხვავებით ზ. ფროიდისა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური სისტემები არაცნობიერის სპეციალური თეორიების სტატუსს იმსახურებენ. უზნაძე ფიქრობდა, რომ არაცნობიერი ფსიქიკურის სფერო ამოიწურება განწყობის მოვლენებით. ამასთან, იგი ადარებდა თავის თვალსაზრისს ფროიდის არაცნობიერის კონცეფციას. ეს უკანასკნელი მიუღებლად მიაჩნდა, ვინაიდან მასში მხოლოდ ცნობიერებიდან განდევნილი არაცნობიერი განცდებზეა ლაპარაკი. ეს შეფასება არ არის ზუსტი, რამდენადაც ფროიდი რეპრესირებულ არაცნობიერთან ერთად ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერს» უშვებდა, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერებასა და ქცევას, და ამ თვალსაზრისით, ემსგავსება განწყობას. გარდა ამისა, არ არის გამართლებული არაცნობიერი განცდის კატეგორიული უარყოფა. ამ უკანასკნელის არსებობა ფაქტია; ცხოველისა და პატარა ბავშვის ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად არაცნობიერი განცდებითაა წარმოდგენილი. მოზრდილი ადამიანის იმპულსური ქცევებიც არაცნობიერი განცდებით წარიმართება, რომელთაც, თავის მხრივ, არაგანცდადი განწყობა უდევს საფუძვლად. ამრიგად, ფსიქიკის სრული მოდელი განწყობის თეორიაში ასეთ სახეს იღებს: არაფენომენალური განწყობა – არაცნობიერი განცდა – ცნობიერება. ხოლო, როგორც ჭეშმარიტად ზოგადფსიქოლოგიური თეორია იგი ოთხ ფუნდამენტურ კატეგორიაზეა აგებული: არაცნობიერი, ქცევა, ცნობიერება და პიროვნება, მაშინ როდესაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის კონცეფციები, არსებითად, ბოლო სამით შემოიფარგლება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნებაtag:www.qwelly.com,2019-03-27:6506411:Topic:13803242019-03-27T16:19:25.139ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნებაა – ასეთი ფრაზის ხილვა თითქოს ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია მკვლევართან, რომელმაც, უზნაძის მსგავსად, სახელი არაცნობიერი სფეროს შესწავლით გაითქვა. არა და სწორედ უზნაძის ძირითადი, შემაჯამებელი ნაშრომის ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ფრაზითაა დასათაურებული. აქ ავტორი გვეუბნება, რომ «არაცნობიერის ცნება უკუგდებულ უნდა იქნას და მის ნაცვლად პოზიტიური შინაარსის მქონე ცნება, სახელდობრ, განწყობის ცნება იქნეს შემოღებული» [10; 46].…

არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნებაა – ასეთი ფრაზის ხილვა თითქოს ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია მკვლევართან, რომელმაც, უზნაძის მსგავსად, სახელი არაცნობიერი სფეროს შესწავლით გაითქვა. არა და სწორედ უზნაძის ძირითადი, შემაჯამებელი ნაშრომის ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ფრაზითაა დასათაურებული. აქ ავტორი გვეუბნება, რომ «არაცნობიერის ცნება უკუგდებულ უნდა იქნას და მის ნაცვლად პოზიტიური შინაარსის მქონე ცნება, სახელდობრ, განწყობის ცნება იქნეს შემოღებული» [10; 46]. ეს დებულება გამოხატავს ავტორის პრინციპულ პოზიციას, პოზიციას, რომელიც მისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე გამოიკვეთა[34]. საქმე იმაშია, რომ სიცოცხლის მიწურულს (ყოველ შემთხვევაში, 1947 წლიდან მაინც) უზნაძემ ძირეული ცვლილება შეიტანა თავის თეორიულ სისტემაში. მან დაუშვა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობა, ხოლო განწყობა ისეთ ფსიქიკურ მოვლენად აღიარა, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ ფსიქიკურს, განსაზღვრავს მის წარმოქმნასა და მიმდინარეობას, თვითონ კი ყოველთვის რჩება ცნობიერების მიღმა, ანუ არაცნობიერია. მანამდე უზნაძე თვლიდა, რომ არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენა საზოგადოდ არ არსებობს. «ფსიქოლოგიის საგანი ფსიქიკური ფენომენები, ან განცდებია», ხოლო «განცდა არა მარტო ფაქტია, არამედ იგი უთუოდ ცნობიერების ფაქტიცაა» [9; 21). ამ განცდათა მიმდინარეობის ასახსნელად ფსიქიკურის ფარგლებს გარეთ, ერთგვარ «ქვეფსიქიკურ არეში» გასვლაა საჭირო, რომელსაც თავდაპირველად «ბიოსფერო» ეწოდა [8]. 30-40-იან წლებში ეს თეორიულ კონსტრუქცია დაიხვეწა და დაკონკრეტდა. ფსიქიკური აქტივობის გამომწვევმა რეალობამ «განწყობის» სახელწოდება მიიღო; დამუშავდა მისი ექსპერიმენტული შესწავლის მეთოდოლოგია. ემპირიულად გაირკვა განწყობის ძირეული მახასიათებლები, რომელთა შორის არაცნობიერობა ერთ-ერთი უპირველესია. განწყობა არ არის კერძო ფსიქიკური ფენომენი (განცდა); იგი სუბიექტის სპეციფიკური მთლიანობითი მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, «ცნობიერების ფენომენს არ წარმოადგენს» [9; 601]. მოკლედ, განწყობა არაცნობიერია და, ამდენად, არაფსიქიკურიც, ვინაიდან ფსიქიკა = განცდა = ცნობიერება.

თეორიული სისტემის ცენტრალური ცნების შინაარსის შეცვლა აუცილებლად საჭიროებს სისტემის ზოგიერთი ელემენტის შეცვლას, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდნენ ძირითადი კატეგორიის ახლებურ მნიშვნელობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ განწყობის არაფსიქიკურობის თეზისმა კარდინალური ტრანსფორმაცია განიცადა, განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაშიც უნდა ჩატარებულიყო ასეთი სამუშაო. იგი დაიწყო კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი[35]. დებულება განწყობის ფსიქიკურობის შესახებ საჭიროებდა იმ კონსტრუქციის შეცვლას, რომელიც საწინააღმდეგო დებულებას ამართლებდა. კერძოდ, დებულებას იმის შესახებ, რომ ფსიქიკური სფერო სხვადასხვა განცდების სამკვიდროა, «ხოლო მათთვის ყველასათვის ცნობიერებაა დამახასიათებელი: შემეცნება ისე როგორც გრძნობაცა და ნებელობაც ცნობიერ მოვლენათა კატეგორიებს შეადგენენ. ამ თვალსაზრისით, ფსიქიკა და ცნობიერება ერთმანეთს ფარავენ: ფსიქიკური ყველგან ცნობიერია და ის, რაც ცნობიერია, ფსიქიკურია» [10; 6].

აქ მთავარია იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ცნობიერების ქვეშ. უზნაძე ბოლომდე იცავდა თვალსაზრისს, რომელზეც თავისი შემოქმედების დასაწყისშივე იდგა. მის მიხედვით, ფსიქიკური უთუოდ განცდაა, «მაგრამ ყოველგვარი განცდის ფაქტი უკვე იმით, რომ იგი განცდაა, სუბიექტისთვის იმთავითვე ცნობადია: იგი არა მარტო ობიექტურად არსებობს, როგორც ფაქტი, არამედ სუბიექტმაც იცის, რომ ის არსებობს ... რაღაც თავისებური, იმთავითვე მზამზარეულად მოცემული, პირველადი ფაქტი ფსიქიკური ფენომენების არსებობის ცოდნისა უეჭველად უნდა იქნეს ნაგულისხმევი» [9; 21]. ასეთ ცნობიერებას პირველადი, პრიმარული, უშუალო, ურეფლექსიო, ატრიბუტული ცნობიერება ეწოდება. ფსიქიკის ძირითადი ნიშანი, თვისება (ატრიბუტი) განცდადობა ანუ ე.წ. ცნობიერებადობაა. ეს თვალსაზრისი ყველაზე ნათლად ფ. ბრენტანომ ჩამოაყალიბა [16]. როგორც ჩანს, უზნაძე ამ შეხედულებას იზიარებს, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილში მაინც, სადაც ფსიქიკური აქტის მიერ თავისი თავის ჭვრეტაზე ანუ უშუალო ცნობიერებაზეა საუბარი.

ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არ არის ის ცნობიერება, რომელსაც ჩვეულებრივ გულისხმობენ ხოლმე, ანუ ჯერ კიდევ ჯ. ლოკის მიერ გამოყოფილი, თვითდაკვირვების საფუძვლადმდებარე რეფლექსიური ცნობიერება. ის, რომ უზნაძე ცნობიერების ამ ფორმებს (დონეებს) ერთმანეთისაგან არჩევს, ნათლად გამოჩნდა მას მერე, რაც მან ობიექტივაციის კონცეფციას ჩამოყალიბებული სახე მისცა. აქ პირდაპირ არის დახასიათებული «ცნობიერების მოქმედების ორი, არსებითად განსხვავებული პლანი – «იმპულსური» და «გაშუალებული» [10; 133]. ერთ შემთხვევაში ფსიქიკური აქტები, შინაარსები შეუჩერებლად მისდევს ერთმანეთს. ამასთან, შესაბამისი განცდები საკმარისი სიცხადით აისახება ცნობიერებაში, რათა მათ სიგნალების როლი შეასრულონ ქცევის პროცესში მომდევნო ნაბიჯების სტიმულაციისთვის. მეორე შემთხვევაში ცნობიერების ამ პირველად შინაარსებზე საგანგებოდ მიიმართება ყურადღება (რეფლექსიური ცნობიერება), ხოლო შემდგომში ამ შინაარსების თეორიული დამუშავება (მეორადი ასახვა) ხდება უმაღლესი კოგნიტური ფუნქციონირების დონეზე. ეს შემეცნებითი აქტივობა, ცხადია, ცნობიერების უფრო მაღალ დონეს მოითხოვს, ვიდრე ის ცნობიერება, რომელიც ახლავს იმპულსურ აქტივობას, და რომელიც, უფრო მეტად, ცხოველისთვისაა სპეციფიკური.

«შენიშვნების რვეულში» ვხდებით 1944 წელს გაკეთებულ ჩანაწერს, რომელიც ეხება ობიექტივაციის შესაძლებლობის საკითხს განწყობის ფსიქოლოგიის ფარგლებში. აქ ყველაფერი ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ობიექტივაცია განწყობის პლანში მიმდინარე ქცევის შეფერხებაა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფსიქიკური შინაარსის ფაქტორი. «რადგანაც ფსიქიკური განცდაა ე.ი. რადგანაც იგი ცნობიერია – პირველადი მნიშვნელობით – ახლა ცნობიერება თავისკენ მიიმართება, და ობიექტივაციის დაბადებაც ამაში უნდა ვჭვრიტოთ. მე აქ იმის თქმა მინდა, რომ რადგანაც ფსიქიკური შინაარსი ცნობიერია, იგი თავის თავში შეიცავს იმთავითვე ობიექტივაციის შესაძლებლობას, შესაძლებლობას იმისას, რომ იგი თვითონ გადაიქცეს ხელახალი (მეორადი) ცნობიერების საგნად» [12 ა; 89].

ეს ჩანაწერი ბევრი რამითაა საინტერესო. ჯერ ერთი, იგი გვიდასტურებს, რომ ფსიქიკა უზნაძესთან ორგვარი მნიშვნელობით არის ცნობიერი: პირველი მნიშვნელობით ეს მის განცდადობას ნიშნავს, ხოლო მეორით – რეფლექტორულობას (ობიექტივირებულობას), ე.ი. დაშვებულია პირველადი და მეორადი ცნობიერება. ამავე დროს, იგი იმასაც გვითვალისწინებს, თუ საზოგადოდ რისთვის არის საჭირო პირველადი ცნობიერების დაშვება. იმისთვის, რათა რეფლექსია, ანუ ფსიქიკურ შინაარსზე «უკან მიმართვა» მოხდეს, საჭიროა, რომ ეს შინაარსი რაღაცნაირად მანამდე იყოს ფსიქიკურად მოცემული, მის შესახებ რაღაც შეტყობინება არსებობდეს, რათა რეფლექსიურ ცნობიერებას შესაძლებლობა მიეცეს იგი თავის საგნად გაიხადოს. ეს მართლაც საჭიროა, რასაც ადასტურებს მრავალი ფაქტი ადამიანის ცნობიერი ცხოვრებიდან, რომელთა გაგება-გააზრება მათ აღმოცენებამდე ერთგვარი ფსიქიკური მოცემულობის დაშვებას მოითხოვს [14]. მაგრამ მთავარი ისაა, რა არის ეს პირველადი მოცემულობა – არაცნობიერი ფსიქიკური, თუ ე.წ. ატრიბუტული (უშუალო) ცნობიერება. თუ ეს უკანასკნელი ნამდვილი ცნობიერებაა, რაღა საჭიროა მისი ხელმეორე გაცნობიერება? მკვლევართა აბსოლუტური უმეტესობა არ უშვებს ასეთი ცნობიერების არსებობას და არც მისი ბუნების დახასიათებაზე ზრუნავს. ცნობიერება, როგორც გარკვეულობის შეტანა საგნობრივ ვითარებაში, საკუთარ განცდებსა და მოქმედებებში, რაც სუბიექტის შერაცხადობას განსაზღვრავს, მხოლოდ ერთია. იგი შეიძლება სხვადასხვა დონისა იყოს (მაგალითად, ნათელი ან ბუნდოვანი ცნობიერება), მაგრამ ცნობიერებაში აღნიშნული დონეების დადასტურება არ ნიშნავს მათ იგივეობას რეფლექსიურ და უშუალო ცნობიერებასთან. უშუალო ცნობიერება არ წარმოადგენს ბუნდოვან ცნობიერებას, როგორც ჰერბარტს მიაჩნია [2]. იგი, საზოგადოდ, რეფლექსიური ცნობიერების წინაპირობაა და, ამდენად, მისი არსებობა ბუნდოვან ცნობიერებამდეც იგულისხმება. უშუალო ცნობიერება ისაა, რასაც თანამედროვე ფსიქოლოგია არაცნობიერს უწოდებს.

უმრავლესობისაგან განსხვავებით, შ. ჩხარტიშვილი გრძნობს ამ საკითხის მნიშვნელობას განწყობის ფსიქოლოგიისთვის (თუმცა არსად არ მიუთითებს უზნაძეზე და კრიტიკის ადრესატად მეორე ქართველი მკვლევარი ჰყავს არჩეული, რომელიც დაბეჯითებით და საგანგებოდ ასაბუთებდა ატრიბუტული ცნობიერების დაშვების აუცილებლობას, სახელდობრ, ა. ბოჭორიშვილი). ჩხარტიშვილი სპეციალურად აანალიზებს პრობლემას და დამაჯერებლად უჩვენებს, რომ ცნობიერების მთლიანი სტრუქტურა უშუალო ანუ ატრიბუტულ ცნობიერებას არ შეიცავს. ეს სტრუქტურა არის ერთიანობა სამი კომპონენტისა: თვით ფსიქიკური აქტის, მისი სუბიექტისა და ობიექტის. ფენომენოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა აქტები, მაგალითად, აზროვნება, მეხსიერება და წარმოსახვა, ხშირად ისე გადადის ერთმანეთში, რომ სუბიექტი ამას ვერც ამჩნევს[36]. ეს არ მოხდებოდა, ისინი რომ მართლაც ატრიბუტულ ცნობიერებას გაეშუქებინა. არსებითად იგივე ითქმის თვით სუბიექტის გაცნობიერების შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ცნობიერება მთლიანად არის მიმართული რაიმე შინაარსზე (მაგალითად, ინტენსიური აზროვნების პროცესში) და სულ ვერ «ხედავს» სუბიექტს. ერთიანი ატრიბუტული ცნობიერება, თუ ის მართლაც არსებობს, ასეთ პროცესს «უსუბიექტოდ» არ დატოვებდა. «მაგრამ, ფსიქიკურ მოვლენებს, რომ მართლაც ჰქონოდა ასეთი ბუნება, თავისი საკუთარი, შინაგანი ცხოვრება, ისინი მაინც დარჩებოდნენ არაცნობიერნი მანამ, სანამ რეფლექსიური ცნობიერების სუბიექტი მათ თავის ობიექტად არ გაიხდიდა. მათ ეცოდინებოდათ თავის თავის შესახებ, მაგრამ მათ შესახებ ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა, სანამ ისინი ჩვენი ცნობიერების შინაარსებად არ იქცეოდნენ» [14; 185].

მოკლედ, ატრიბუტული ცნობიერების არსებობის დამტკიცება ფენომენოლოგიური ანალიზის გზით ფაქტობრივად შეუძლებელია. რჩება თეორიული ანალიზი. ამ შემთხვევაში ატრიბუტული ცნობიერების ცნება, არსებითად, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნების ნაცვლად გამოიყენება; იგი ზოგიერთ ისეთ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც არაცნობიერის ცნების შემოტანა ხდება საჭირო. კერძოდ, «მასში იგულისხმება ფსიქიკურის პირველადი მოცემულობა, რომლის შემდეგ რეფლექსიურ ცნობიერებას შესაძლებლობა ეძლევა იგი თავის საგნად გაიხადოს» [14; 185]. ცნობიერი აქტივობის მიზანშეწონილი ხასიათის ასახსნელად, მართლაც აუცილებელი ხდება ცნობიერების მიღმა და ცნობიერებამდე არსებულ ფსიქიკურ სინამდვილეში გასვლა და არაცნობიერი ფსიქიკურის დაშვება, სწორედ არაცნობიერისა და არა უშუალო, ატრიბუტული ცნობიერებისა, რომელიც მას თითქოს ენაცვლება. უშუალო ცნობიერების ცნების დაშვება საჭიროა მხოლოდ იქ, სადაც უარყოფილია არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა და ფსიქიკა ცნობიერებასთან არის გაიგივებული.

ახლა შევეცადოთ ზემოთ ნათქვამის დაკავშირებას განწყობის თეორიასთან. როგორც უკვე აღინიშნა, ამ თეორიის ცენტრალურმა ცნებამ, განწყობამ, ცნობიერებისა და არაცნობიერის კატეგორიებთან მიმართებაში არსებითი ხასიათის ცვლილებები განიცადა. განწყობა ითვლებოდა არაფსიქიკურად და ჩაითვალა ფსიქიკურად; არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა უარყოფილი იყო და მოხდა მისი აღიარება. ამავე დროს, არ შეიცვალა თეზისი, რომ ფსიქიკა ცნობიერების იდენტურია (უშუალო ცნობიერების მნიშვნელობით). შეიძლება ითქვას, რომ უზნაძის პოზიცია პირველ (არაფსიქიკური განწყობის) პერიოდში იყო არასწორი, მაგრამ ლოგიკურად თანმიმდევრული. მეორე (ფსიქიკური განწყობის) პერიოდში, იგი დაუახლოვდა სინამდვილეს, მაგრამ დაშორდა ლოგიკას. ეს ერთგვარი პარადოქსი მარტივად აიხსნება. უზნაძემ ვერ მოასწრო სისტემის მთელი კონსტრუქციის გადაკეთება. უშუალო ცნობიერების ცნება ლოგიკურად აუცილებელი იყო არაცნობიერი ფსიქიკურის უარყოფის პირობებში. მაგრამ თეორიის განვითარების ბოლო ეტაპზე ეს ცნება არათუ ზედმეტი, არამედ ლოგიკურად შეუთავსებელიც გახდა არაცნობიერი განწყობის ფსიქიკურობისა და, საზოგადოდ, არაცნობიერი ფსიქიკურის დაშვებასთან.

სისტემის დახვეწის კვალდაკვალ, უზნაძე უთუოდ მივიდოდა უშუალო ცნობიერების უარყოფამდე და მაშინ თეორიული კონსტრუქცია შემდეგ სახეს მიიღებდა: ფსიქიკა, ფსიქიკური ცხოვრება სხვადასხვა ფორმით, ანუ განვითარების სხვადასხვა სტადიით არის წარმოდგენილი. მისი პირველი სტადია წინ უსწრებს და განსაზღვრავს განცდად ფსიქიკას, როგორც ფილოგენეზის, ისე ონტოგენეზისა და აქტუალგენეზის თვალსაზრისით. ყოველგვარ ფსიქიკურ აქტივობას, ქცევასა თუ განცდას, წინ უსწრებს ფსიქიკური მდგომარეობა – განწყობა. იგი «არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს» [9; 104]. რამდენადაც სუბიექტმა «ამ განწყობის არსებობის შესახებ არაფერი იცის, იგი არ შეიძლება მისი ცნობიერების შინაარსს წარმოადგენდეს. ანდა რაც იგივეა, არ შეიძლება ჩაითვალოს კერძო ფსიქიკურ ფაქტად. იგი – ეს განწყობა – უდავოდ უნდა გვესმოდეს, როგორც თვით სუბიექტის, როგორც მთელის მდგომარეობა» [11; 282] ამასთან, «თავისთავად ცხადია, რომ მთლიანპიროვნული მდგომარეობა არ აისახება სუბიექტის ცნობიერებაში მისი დამოუკიდებელი განცდების სახით» [11; 285]. ეს ეხება ყოველგვარ ფსიქიკურ პროცესს თუ განცდას, თუნდაც ისეთ მთლიანობითს, როგორიც ემოციაა. ამრიგად, განწყობის არაცნობიერობა უზნაძისთვის არა უბრალოდ რეფლექსიური ცნობიერების გარეშე (ობიექტივაციამდელ) არსებობას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ იგი არ არის შემეცნებითი, ემოციური თუ ვოლიტური «კერძო ფსიქიკური ფაქტი»[37].

როგორია ფსიქიკური ცხოვრების ამ ცნობილი შინაარსების, განცდების, პროცესების მიმართება ცნობიერებასთან? ამის გასარკვევად უნდა მივმართოთ უზნაძის შეხედულებას ფსიქიკური ცხოვრების ორი დონის შესახებ. ამ შეხედულების თანახმად, ფსიქიკური აქტივობა, არსებითად, ორ პლანში მიმდინარეობს. პირველს, ავტორი, უფრო ხშირად, განწყობის პლანს უწოდებს. ეს სახელწოდება არ უნდა იყოს მთლად ზუსტი, ვინაიდან განწყობა ყველა დონის აქტივობას ესაჭიროება. ამიტომ უმჯობესია, ვთქვათ «იმპულსური აქტივობის დონე». თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება «განწყობის პლანი» კარგად გამოხატავს ამ დონის აქტივობის ერთ-ერთ არსებით ნიშანს, სახელდობრ იმას, რომ იგი არაცნობიერად მიმდინარეობს (განწყობა ხომ არაცნობიერია). ამასთან, განწყობა არაცნობიერია არაფენომენალურობის მნიშვნელობით. იმპულსური აქტივობაც არაცნობიერია, მაგრამ აქ განცდების ასპარეზია, განცდებისა, რომლებიც არაა რეფლექსირებული. ამ განცდების თავისებურებანი სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ ვინაა აქტივობის სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, მოზრდილი ადამიანი დარღვეული თუ ნორმალური ფსიქიკით). თუმცა, ყველა შემთხვევაში, ისინი განცდების ნაირსახეობას მიეკუთვნება. მოკლედ, არაცნობიერ განცდებზე საუბარი არათუ შეიძლება, აუცილებელიცაა. ცხოველის ფსიქიკური ცხოვრება მხოლოდ ასეთი განცდებისაგან შედგება. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებაც, საკმაოდ ხშირად, ამ ფორმით ხორციელდება. იმპულსური აქტივობა მოიცავს უნებლიე, შეგნებული კონტროლის გარეშე ან ავტომატურ რეჟიმში მიმდინარე მოტორულ და ფსიქიკურ პროცესებს. იგი არ გამორიცხავს პარალელურად მიმდინარე ცნობიერ აქტივობას. ქუჩაში სიარულისას გარემოში ორიენტაციას აღქმის ხატების საშუალებით ვახდენთ და მიზანშეწონილად ვმოქმედებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ცნობიერება სულ სხვა შინაარსებითაა დაკავებული – ჩვენ შეიძლება რაიმეზე ვფიქრობდეთ, რაიმეს ვიხსენებდეთ, ვინმესთან ვსაუბრობდეთ და ა.შ. აღქმის ხატები, ამ შემთხვევაში, არაცნობიერი განცდებია. ისინი თავის საქმეს ცნობიერების გარეშე აკეთებენ. მაგრამ საკმარისია, გაჩნდეს საჭიროება და აღქმის პროცესი ცნობიერების პლანში გადმოინაცვლებს, დაკვირვების ხასიათს შეიძენს, ხოლო თუ არც ამან იკმარა, სიტუაციის მონაცემები მაღალი კოგნიტური ფუნქციების საშუალებით დამუშავდება.

როგორც კი თვით ამ განცდების ან მათი შინაარსის გაცნობიერება დაიწყება, აქტივობა გადადის მეორე, ობიექტივაციის ან ნებელობითი აქტივობის დონეზე. ობიექტივაციის დროს ადამიანი აფერხებს თავის პრაქტიკულ აქტივობას და განცდათა დინებას, «მაგრამ არა იმისთვის, რომ სრულიად შეწყვიტოს თავისი მოქმედება, არამედ იმისთვის, რომ თავს ძალა დაატანოს და ხელახლა განიცადოს ის, რაზედაც იგი შეჩერდა» [11; 303]. აქ ჩაერთვება ისეთი ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა ყურადღება და აზროვნება, რომლებიც მხოლოდ ცნობიერების პლანში შეიძლება წარიმართონ. ობიექტივაციის შედეგად ინიციირებული თეორიული აქტივობა იმპულსური ქცევის შეფერხების მიზეზებს არკვევს, ხოლო ნებელობა პრაქტიკული აქტივობის პროცესის გაგრძელებას უზრუნველყოფს. ჩვენს კონტექსტში მთავარი ის არის, რომ ყოველივე ეს ცნობიერების შუქზე მიმდინარეობს.

ამრიგად, განცდადი ფსიქიკა შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი. არსებას, რომელსაც ცნობიერება აქვს, შეუძლია გააცნობიეროს თავისი განცდები და მათი შინაარსი. ამ შემთხვევაში ფსიქიკური ცხოვრება სამი ფორმით ან საფეხურით წარმოგვიდგება: 1) არაფენომენალური ფსიქიკა (განწყობა); 2) გაუცნობიერებელი განცდები და ფსიქიკური პროცესები; 3) ცნობიერება. მაშასადამე, უზნაძის თეორიაში, თუ მისი ლოგიკური განვითარების პერსპექტივაში ვიმსჯელებთ, არსებითად, ორი სახის არაცნობიერი შეიძლება იქნეს მოაზრებული: განწყობა და მის საფუძველზე აღმოცენებული გაუცნობიერებელი ფსიქიკა. განწყობა არ ავსებს არაცნობიერი სინამდვილის მთელ არეს. განწყობის ცნება არაცნობიერს მთლიანად ვერ ჩაენაცვლება. აქედან გამომდინარე, არაცნობიერის ცნება ზედმეტი არ არის. ასეთია პრინციპული პასუხი წერილის სათაურში გამოტანილ კითხვაზე.

ამით, ალბათ, შეგვეძლო დაგვესრულებინა, მაგრამ რამდენიმე საკითხზე შეჩერება მაინც მიზანშეწონილად მიგვაჩნია. როგორც უკვე აღინიშნა, უზნაძემ თვითონ ვერ მოასწრო ზემოთ აღწერილ თეორიულ კონსტრუქციამდე მისვლა. ბუნებრივია, აქ რჩება ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა, საჭიროა მათი ობიექტივირება. პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რამდენად დასაბუთებულია განწყობისთვის ფსიქიკურობის ნიშნის მიწერა. ამ საკითხთან დაკავშირებით პოსტუზნაძისეული პერიოდის განწყობის ფსიქოლოგიაში სამი მიდგომა გამოიკვეთა. უმეტესობამ გაიზიარა თეორიის ავტორის ბოლო ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და მიიჩნია, რომ განწყობა არა თუ ფსიქიკურია, არამედ, ზოგ შემთხვევებში, ცნობიერიც [3][15]. მაგრამ, იყვნენ და არიან უზნაძის ადრინდელი პოზიციის მომხრეებიც, რომლის მიხედვით, განწყობა არის «თავისებური რეალობა, რომელიც წინ უსწრებს კერძოულს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს და მათზე არ დაიყვანება ... მისი ბუნება და მიმდინარეობა იმდენად სპეციფიკურია, რომ მის შესასწავლად არც ფსიქიკურის ჩვეულებრივი ცნებები და კანონზომიერებები გამოდგება და არც ფიზიოლოგიურის» [5; 24-25]. ეს პოზიცია 1941 წელს იქნა ფორმულირებული და იგი, არსებითად, ბიოსფერული თვალსაზრისის გაგრძელებაა. ბიოსფერული განწყობა ახალ, ფსიქოფიზიკურად ნეიტრალურ რეალობას მიეკუთვნება, რომელშიც მოხსნილია ფიზიკურის (ფიზიოლოგიურის) და ფსიქიკურის დაპირისპირება. ამიტომ განწყობის თეორიას შეუძლია დაძლიოს ე.წ. «უშუალობის პოსტულატიდან» გამომდინარე სირთულე და გააშუალოს მიმართება როგორც ფიზიკურსა და ფსიქიკურს, ისე თვითონ ფსიქიკურ მოვლენებს შორის. განწყობის ფსიქიკურობის შემთხვევაში იგი ასეთ ფუნქციას ვერ იტვირთავს, ანუ თეორია ვერ გადაწყვეტს იმ ძირეულ მეთოდოლოგიურ ამოცანას, რომლის გადასაჭრელადაც იყო ჩაფიქრებული. წინააღმდეგობა განწყობის ფსიქიკურობის თეზისსა და უშუალობის პოსტულატის დაძლევის მოთხოვნებს შორის თვალშისაცემია. გამაშუალებელი რგოლი არაფსიქიკური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ უშუალობის პრინციპის ტყვეობაში ვრჩებით.

უზნაძეს აუცილებლად მოუწევდა ამ წინააღმდეგობის დაძლევა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ეძებდა გამოსავალს. ამ მიზნით მან ახალი ტერმინიც მოსინჯა – ჰოლოტაქსისი. შენიშვნების რვეულის ერთ-ერთი ჩანაწერი ეხება ფსიქიკის გენეზისის საკითხს. ცხოველის აქტივობის სქემა ასეა წარმოდგენილი: რაიმე მოთხოვნილებით აღძრული ცხოველი ამყარებს ურთიერთობას გარემოსთან. შედეგად «აღმოცენდება გარკვეული ჰოლოტაქსისური ცვლილება (განწყობა), რომელიც თავს იჩენს მასში, პირველ რიგში, ორგანიზმში გარკვეული ცვლილების სახით ... და, ასე ვთქვათ, ფსიქიკაში სათანადო გრძნობის (ემოციის) სახით ... ეს ცვლილებები ჰოლოტაქსისური ეფექტის ნიადაგზე აღმოცენებული მოვლენებია» [12 ბ; 83-84]. ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1947 წელს, ანუ მაშინ, როდესაც დაიწერა უზნაძის შემაჯამებელი ნაშრომი «განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები», რომელშიც გამოითქვა ახალი თვალსაზრისი განწყობის ფსიქიკურობასთან დაკავშირებით.

ტერმინი «ჰოლოტაქსისი» განწყობასთან მიმართებაში უზნაძემ გამოიყენა ამავე წელს გამოქვეყნებულ წერილში «ენის შინაფორმა». ავტორი აქ ცდილობს, დაასაბუთოს დებულება, რომ ენის თავისებურებანი სუბიექტის განწყობიდან გამომდინარეობს.

«უნდა გვახსოვდეს ოღონდ, რომ განწყობა არავითარ შემთხვევაში წმინდა სუბიექტურ მდგომარეობას არ წარმოადგენს, პირიქით, იგი სპეციფიკური მთლიანობითი ასახვაა, სიტუაციის სწორედ ობიექტური ვითარების ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჰოლოტაქსისური პროცესია, რომელშიც სუბიექტი, შეიძლება ითქვას, პირველად ეხება ობიექტს და აღიქვამს მას თავის არსში» [6; 183]. ამ შემთხვევაში განწყობა, როგორც ჰოლოტაქსისური მდგომარეობა (პროცესი) უკვე ადამიანის სპეციფიკური (სამეტყველო) აქტივობის განმსაზღვრელად გვევლინება. მაშასადამე, იგი ცხოველისა და ადამიანის ქცევის უნივერსალური, ყველაზე ფუნდამენტური და გენეტიკურად პირველადი მექანიზმია. მაგრამ, როგორია მისი ონტოლოგიური ბუნება, არის თუ არა იგი ფსიქიკური? მოცემულ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ კითხვაზე პასუხს ენიჭება.

ტერმინს «ჰოლოტაქსისი» ორი მდგენელი აქვს. ერთი (ჰოლო) – ამ მდგომარეობის მთლიანობით ხასიათზე მიუთითებს. განწყობისეული მდგომარეობისთვის, უზნაძის მიხედვით, მთლიანობა ერთ-ერთი ძირეული ნიშანია. მეორე ასეთი ნიშანი მისი არაცნობიერობაა. ტაქსისი რომ არაცნობიერია, ეს ცხადია. მაგრამ, არის რა ორგანიზმის (უმარტივესი ცხოველები და მცენარეები) მიმართული მოძრაობა ცალსახად მოქმედი სტიმულის გავლენით, იგი მიჩნეულია ცოცხალი ორგანიზმის შეგუების ფსიქიკამდელ ფორმად და, ჩვეულებრივ, ფიზიკური და ქიმიური პროცესებით აიხსნება [17] [20]. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ჟ. ლიობი, ე.წ. ტროპიზმების კონცეფციის ავტორი (ტროპიზმი ტაქსისის ანალოგიური მოვლენაა). ლიობი, როგორც ცნობილია, ზოოფსიქოლოგიაში მექანიცისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო და ამტკიცებდა, რომ ცხოველები (ყოველ შემთხვევაში, მათი მარტივი ნაირსახეობები), ქიმიური მანქანებია და ტროპიზმების მექანიზმით მოქმედებენ. ტროპიზმი ავტომატური და იძულებითი რეაქციაა გამღიზიანებელზე და, როგორც ასეთი, არ მოითხოვს ფსიქიკური პროცესების ტერმინებში ახსნას. ამავე დროს, ეს არის უნივერსალური ადაპტური რეაქცია და ვრცელდება არა მარტო პრიმიტიულ ორგანიზმებზე, არამედ მცენარეებზეც. მაგრამ ჯერ კიდევ გ. ჯენკინსმა აჩვენა, რომ თვით უმარტივესების ქცევის ახსნაც კი შეუძლებელია მხოლოდ ტროპიზმების (ტაქსისების) საშუალებით. მან უმარტივესებშიც აღმოაჩინა დასწავლის ელემენტარული ფორმები, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდა ფსიქიკის «ობიექტურ კრიტერიუმად» [2]. უფრო მეტიც, შემდგომ კვლევებში დადასტურდა, რომ უმარტივესებისთვის ე.წ. ასოციაციური დასწავლაც არ არის უცხო[38].

ამრიგად, ყველაზე პრიმიტიული ცხოველური ორგანიზმები რეაგირებენ ისეთ ბიოლოგიურად ნეიტრალურ (აბიოტურ) გამღიზიანებლებზე, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ნივთიერებათა გაცვლის პროცესში. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ან მათი თვისებების სიგნალების როლს თამაშობენ. ამას ეწოდება მგრძნობელობა, შეგრძნება. საკმაოდ გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, სწორედ ესაა ე.წ. სენსორული ფსიქიკის ანუ ფსიქიკური ცხოვრების პირველი და ყველაზე პრიმიტიული საფეხური [18][19]. აქვე ვხვდებით ფსიქიკის ისეთ ფილოგენეტურად ადრეულ ნიშნებს, როგორიცაა მოძრაობის (ქცევის) ორიენტირება (დადებითი ან უარყოფითი ტაქსისი) და თვით ქცევის ადაპტური შეცვლა ინდივიდუალური გამოცდილების შედეგად (დასწავლის ელემენტარული ფორმები).

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უზნაძის ეს კვლევა-ძიება მიმდინარეობდა ცნობიერების პარადიგმის შეცვლის (არაცნობიერი ფსიქიკისა და განწყობის ფსიქიკურობის დაშვების) პირობებში. აქედან გამომდინარე, უზნაძე ეძებდა ტერმინს, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა ფსიქიკასთან, ვიდრე პრინციპულად არაფსიქიკური ბიოსფერო და გამოხატავდა სიცოცხლისა და სულიერების მიჯნაზე მყოფ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა ფსიქიკური ცხოვრების ფილოგენეტური ძირია, მისგან გამომდინარეობს მოქმედებაც და განცდაც. უზნაძის მიხედვით, ფსიქიკის ეს პირველადი გამოვლინებები ერთგვარი ჰოლოტაქსისური პროცესის ან ეფექტის (განწყობის) ნიადაგზე აღმოცენდება. ქცევითი (ლოკომოცია), ორგანიზმული (ფსიქოფიზიოლოგია და გამომხატველობა) თუ განცდისეული (შეგრძნება და გრძნობა) ცვლილებები მაინც მეორადი წარმოშობის, მთლიანი ფსიქიკური მდგომარეობიდან აღმოცენებული ფენომენებია. ეს ნიშნავს, რომ ფსიქიკა იწყება განწყობიდან და არა მგრძნობელობიდან (განცდიდან). ჰოლოტაქსისი ისეთი მდგომარეობაა, საიდანაც იწყება ფსიქიკური პროცესის ორგანულისაგან გამოდიფერენცირება. შესაძლებელია, ეს გამოდიფერენცირება მასში არცაა ბოლომდე მიყვანილი.

ჰოლოტაქსისის ტერმინის შემოტანა ალბათ იმანაც განაპირობა, რომ იგი იდეოლოგიურად უფრო ნეიტრალური იყო, ვიდრე ბიოსფერო. ამ უკანასკნელის ვიტალისტურობასა და იდეალისტურობასთან დაკავშირებული პირველი «გაფრთხილება» უზნაძემ ჯერ კიდევ 1933 წელს მიიღო. მხედველობაში გვაქვს ა. ფრანგიშვილის წერილი «იდეალიზმის ერთი სისტემის შესახებ ფსიქოლოგიაში» [13]. თუ რამდენად სახიფათო იყო იმ დროს საბჭოთა ქვეყანაში ასეთი იდეოლოგიური ბრალდებები, კარგადაა ცნობილი. უზნაძემ უთუოდ გაითვალისწინა ეს ვითარება. საზოგადოდ კი, ვერსია იმის შესახებ, რომ უზნაძის მიერ ცნობიერების პარადიგმის შეცვლა დიდწილად სწორედ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო მოტივირებული, არც თუ უსაფუძვლოა[39]. ამავე დროს, ტერმინი ჰოლოტაქსისი მაინც საკმაოდ ბიოლოგისტურად ჟღერს. საფიქრებელია, რომ სწორედ ამიტომ აღარ ფიგურირებს იგი უზნაძის ბოლო პუბლიკაციებში.

ამრიგად, უზნაძის თანახმად, განწყობა ფსიქიკის ყველაზე ადრეული საფეხურია; ფსიქიკური ცხოვრება განწყობით იწყება. ეს მოსაზრება ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში უფრო მეტად იქნა არგუმენტირებული და კონკრეტიზირებული იმ მკვლევარების მიერ, ვინც ფსიქიკის საწყისებით ინტერესდებოდა [3][4]. მთავარი საკითხი მაინც ფილოგენეტურ პლანში განწყობისა (ბიოსფეროს, ჰოლოტაქსისის) და განცდის ურთიერთმიმართების გარკვევაა. საქმე ისაა, რომ ფსიქოლოგიაში, მათ შორის განწყობის ფსიქოლოგიაშიც, ფსიქიკის აღმოცენებას, პირველ ყოვლისა, მის სასიგნალო ფუნქციას უკავშირებენ. ეს ფუნქცია კი მგრძნობელობას, ანუ განცდის არსებობას გულისხმობს. ფსიქიკა განცდის მეშვეობით აგებინებს ცოცხალ არსებას, როგორ უნდა წარიმართოს მისი აქტივობის რეგულაცია ისეთ ვითარებაში, სადაც რეგულაციის მხოლოდ ბიოლოგიური მექანიზმები საკმარისი აღარაა. მეორე მხრივ, განწყობა არაფენომენალური ფსიქიკური მოვლენაა; მეტიც, ფსიქიკური ფენომენები (განცდები) მის საფუძველზე წარმოიქმნება. მაშინ საკითხავია, რისთვის და როგორ აღმოცენდა დამატებითი ფსიქიკური რგოლი (განწყობა), რომელიც თვითონ სასიგნალო როლს არ ასრულებს, მაგრამ განსაზღვრავს ამ ფუნქციის მქონე ფსიქიკას. ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი არ ჩანს.

გაურკვევლობა კიდევ უფრო მატულობს, როცა საკითხი თვით განწყობის წარმოქმნის შესახებ დაისმის. მართლაც, განწყობის აღმოცენებას მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრა განაპირობებს. ისინი მოქმედ ფაქტორებად იმ შემთხვევაში იქცევიან, თუ ინდივიდს მათი არსებობის შესახებ ცნობა აქვს. ეს შეტყობინება კი შესაბამისი სენსორული და ვოლიტურ-ემოციური განცდების გზით მიიღება. გამოდის, რომ განცდა განწყობას უნდა უსწრებდეს წინ, რათა ეს უკანასკნელი აღმოცენდეს[40]. ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკითხი იმის თაობაზე, საიდან იღებს ფსიქიკური ცხოვრება სათავეს – განწყობიდან თუ განცდიდან – სერიოზული წინააღმდეგობების ბადეში ეხვევა. ასეთი დაპირისპირება, შესაძლოა, თავისთავად არც იყოს მართებული, მაგრამ იგი ლოგიკური შედეგია დებულებისა, რომელსაც განწყობის თეორიის ავტორი უაღრესად პრინციპულად მიიჩნევდა თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე. მისი მტკიცებით «თავისთავად ცხადია, რომ მთლიან პიროვნული მდგომარეობა არ აისახება სუბიექტის ცნობიერებაში მისი დამოუკიდებელი განცდების სახით» [11; 285].

განწყობისა და განცდის ურთიერთმიმართების გარკვევა ფილოგენეტურ კონტექსტში დ. რამიშვილმა სცადა. ფსიქიკის, როგორც ახალი კანონზომიერების მქონე რეალობის დასაბამს რამიშვილი იმაში ხედავს, რომ ცოცხალი არსებები საგნებთან ურთიერთობაში სელექციურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ცვლიან აქტივობას საგნების სარგებლიანობა-მავნებლობის მიხედვით და ამის შესაბამისად რეაგირებენ საგნობრივ სინამდვილეზე. ეს, არსებითად, იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკა საგნის ცნობის ფაქტიდან იწყება. ამისათვის ინდივიდში მოცემული უნდა იყოს ობიექტის კანონზომიერება (ობიექტური მომენტი), რომელიც, მოთხოვნილებასთან და ორგანიზმის შესაძლებლობებთან ერთად (სუბიექტური მომენტი), ქმნის სამოქმედო მზაობისა და მობილიზაციის მდგომარეობას – განწყობას. მაგრამ განწყობას, როგორც ინდივიდის ყოველგვარი აქტივობის პირობასა და განმსაზღვრელ მექანიზმს, გარემოსთან უშუალო კონტაქტის დამყარების საკუთარი საშუალებები არა აქვს.

«ასეთი კონტაქტის დამყარება აკისრია პერცეფციას და განცდის სხვა სახეებს. პერცეპტულმა მასალამ, მიღებულმა გარკვეული განწყობის საფუძველზე, უნდა ასახოს სიტუაციის კონკრეტული პირობები. მაგრამ განვითარების ამ ადრეულ საფეხურზე ცოცხალ არსებას არც გააჩნია გამოდიფერენცირებული და წინ წამოწეული პერცეფციის საგნობრივი შინაარსი, როგორც ამას ცნობიერების დონეზე აქვს ადგილი. განწყობის პირველი გამოვლენა განცდაში ხდება სუბიექტის ისეთი მდგომარეობის სახით, რომელშიც ასახულია მისი დამოკიდებულება გარკვეული ობიექტისადმი. სწორედ ამ საფუძველზე ხდება საგნის ცნობა ცხოველის მიერ და სწორედ ამდენად ამ დამოკიდებულებაში პერცეპტული მასალის მონაწილეობაც არის ჩართული» [4; 55]. განწყობის ამ პირველ ასახვას განცდაში ემოცია ეწოდება. ემოციაში, როგორც დამოკიდებულებაში, მოცემულია სუბიექტის გარემოსთან შეხვედრის პირველი შედეგი. ფილოგენეზის უდაბლეს საფეხურზე ემოციას არა აქვს გამოკვეთილი ფენომენოლოგიური სახე. აქ უნდა ვისაუბროთ არა იმდენად ემოციაზე, როგორც ჩამოყალიბებულ განცდაზე, არამედ «აქტუალიზებულ სუბიექტურ მდგომარეობაზე». «ემოცია არის ცოცხალი არსების ცნობირებამდელი ფსიქიკური პასუხი ობიექტის ზემოქმედებაზე ... ეს დამოკიდებულებრივი და, ამდენად, ემოციისებური მდგომარეობა არის ფსიქიკის კანონზომიერების გამოვლინების პირველი და აუცილებელი სახე» [4; 56].

ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ გარკვეულობის სასურველი დონე ვერც მოცემული ანალიზის შემთხვევაში მიიღწევა. რამიშვილი ლაპარაკობს განცდის ყველაზე პრიმიტიულ და ადრინდელ ფორმაზე, «ემოციისებრ მდგომარეობაზე», რომელსაც ემოციის ნიშნებიც აქვს (იგი დამოკიდებულებას გამოხატავს) და შეგრძნებისაც (საგნობრივ შინაარსს ასახავს). ფსიქიკის საწყის საფეხურზე კოგნიტური და ემოციურ-ვოლიტური სფერო მართლაც არ უნდა იყოს განცდისეულად გამოდიფერენცირებული. თუმცა, ეს ფენომენოლოგიური ძიებანი უდაბლეს ცხოველებში ნათელს ვერ ჰფენს იმას, განწყობიდან იწყება ფსიქიკა თუ განცდიდან და როგორია, საზოგადოდ, მათ შორის მიმართება. ერთი შეხედვით, პასუხი თითქოს გვაქვს: განცდები განწყობისეული მექანიზმის გარემოსთან კონტაქტის საშუალებებია. ამასთანავე, რამიშვილი იმეორებს უზნაძის თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ემოცია განწყობის პირველი განცდისეული გამოვლინებაა. მაშასადამე, განწყობა წინ უსწრებს და განსაზღვრავს განცდისეულ ფსიქიკას. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ სინამდვილეში კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: როგორ იქმნება განწყობა იმ მონაცემების გარეშე, რომლებიც მხოლოდ განცდის საშუალებით ეძლევა აქტივობის სუბიექტს? როგორ აღმოცენდება პირველი ფსიქიკური ფაქტი – განწყობა, როგორც მზაობა, ორიენტირებულობა გარკვეულ აქტივობაზე, თუ წინასწარ, განცდისეულად (შეგრძნება-გრძნობის სახით) არ აისახა სიგნალები მისი «ობიექტური» და «სუბიექტური» მომენტების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ორაზროვნება აქ თითქმის ყველგანაა, მაგალითად, ზემოთ მოყვანილი გამონათქვამები, რომ ემოცია ორგანიზმის ცნობიერებამდელი ფსიქიკური პასუხია გარემოს ზემოქმედებაზე და რომ იგი ფსიქიკის კანონზომიერების გამოვლინების პირველი და აუცილებელი სახეა. განა უზნაძის თეორიის მიხედვით, პირველი ცნობიერებამდელი პასუხი განწყობა არ არის? ან, განა ამ კონცეფციის თანახმად, ფსიქიკის ყველაზე ფუნდამენტური და პირველადი კანონზომიერება განწყობის მექანიზმის სახით არ არსებობს? ეს კანონზომიერება არაფენომენალური ფსიქიკის სფეროშია მოცემული. ემოცია კი განცდაა. აქედან გამომდინარე, როდესაც განცდის კანონზომიერება ფსიქიკის პირველად კანონზომიერებად მოიხსენიება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფსიქიკა განცდიდან იწყება? აღნიშნული დებულება შეიძლება მართებულიც იყოს, მაგრამ რამდენად ესადაგება იგი განწყობის თეორიის ავტორის პოზიციას, რომლის მიხედვით ფსიქიკის სათავე განწყობაა.

მოცემული ანალიზის ფარგლებში საინტერესოა გაირკვეს, თუ როგორ ახასიათებს უზნაძე საზოგადოდ ცხოველის ფსიქიკას, კერძოდ, მის განცდებს. უნდა ითქვას, რომ უზნაძეს ყოველთვის მხედველობაში ჰქონდა ცხოველისა და ადამიანის ფსიქიკის განსხვავებულობა. ეს განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა ბოლო პერიოდში, როდესაც შეიქმნა ობიექტივაციის თეორია, გაჩნდა შეხედულება აქტივობის ორი დონის შესახებ, ხოლო განწყობის ცნების შემოტანის საჭიროება ფსიქიკის განვითარების მეთოდოლოგიური ამოცანის გადაჭრას დაუკავშირდა. ცხოველის აქტივობა ყოველთვის პირველ დონეზე მიმდინარეობს. ამიტომ აქ აღმოცენებული განცდები ობიექტივაციამდელ ფსიქიკას ახასიათებს. ობიექტივაციის პლანში განცდები სპეციფიკურ სახეს იღებს. «ადამიანის განვითარების საფეხურზე – ობიექტივაციის ბაზაზე – ახალი განცდები აღმოცენდება, განცდები, რომელთაც ცხოველთან ჩვენ ვერ ვადასტურებთ. ამ განცდათა შორის პირველ რიგში ობიექტივირებული წარმოდგენა ან იდეა უნდა ვიგულისხმოთ» [10; 153]. წარმოდგენები ცხოველებსაც აქვთ, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ისინი სიზმრებს ხედავენ. ეს წარმოდგენები ინდივიდუალურ-ხატოვანი ხასიათისაა და აღქმის უშუალო გაგრძელებად გვევლინება. ნამდვილი, ასე ვთქვათ, «წმინდა წარმოდგენა», ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სწორედ ესაა. ადამიანს ასეთი წარმოდგენები ცხადშიც აქვს. მაგალითად, ოცნების ხატის გაცდა, რომელსაც ზოგჯერ «ცხადში სიზმარს» უწოდებენ. არსებობს სხვაგვარი წარმოდგენაც. იგი ობიექტივაციის პლანში წარმოიქმნება აზროვნების პროცესთან წარმოდგენის დაკავშირების გზით. წმინდა წარმოდგენა ივსება «ინტელექტუალური დანამატით» და მიიღება განზოგადებული წარმოდგენა. იგი, არსებითად, წარმოდგენა კი არა – იდეაა. ფენომენოლოგიურად იდეა წარმოდგენისაგან ზოგადობით განსხვავდება, ხოლო გენეზისის მხრივ – იმით, რომ მისი წარმოქმნა მხოლოდ ობიექტივაციის ნიადაგზეა შესაძლებელი.

არსებითად იგივე ითქმის აღქმის შესახებაც. «ადამიანის აღქმას უწოდებენ «კატეგორიალურს». «მაგრამ აღქმა წმინდად არაა კატეგორიალური. აღქმა ინდივიდუალურია და, მაშ, მისი დასახელება არ შეიძლება, რადგან ყოველი დასახელება განზოგადებაა. ასეთია ცხოველის აღქმა და ესაა აღქმა ნამდვილად. ადამიანის შემთხვევაში ამას ემატება ობიექტივაცია და აზროვნების აქტი. აქედან აღქმა «კატეგორიალური» ხდება» [12 ბ; 92]. ერთი სიტყვით, ცხოველს აქვს აღქმა და წარმოდგენა, მაგრამ სხვაგვარი, ვიდრე ადამიანს. «ცხოველს არ შეიძლება ჰქონდეს ჩვენთვის ცნობილი ფსიქიკური პროცესები, როგორც ისეთი აქტები, რომლებიც თავის საგანს გულისხმობს და მაშასადამე, მჭიდროდ არის დაკავშირებული აზროვნებასთან, რომელიც ცხოველს ფაქტიურად არა აქვს» [11; 295].

თავის ბოლო ნაშრომში უზნაძე საგანგებოდ აანალიზებს ამ საკითხს. აღსანიშნავია, რომ ეს ანალიზი ეხება მხოლოდ შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს და არ მოიცავს ემოციურ და ვოლიტურ სფეროსთან დაკავშირებულ პროცესებსა და განცდებს. ცხოველს არა აქვს ყურადღება, რომელიც ობიექტივირებულ განცდაზე ცნობიერების მიმართვას გულისხმობს. თუმცა, ცხოველი არც წმინდა რეფლექტორული არსებაა; მისი რეაგირება არ დაიყვანება საორიენტაციო რეფლექსებზე, რასაც პავლოვი ამტკიცებდა. ცხოველის რეაქციები განწყობის საფუძველზე აიგება.

ცხოველს არა აქვს ნამდვილი «მნემური წარმოდგენები». ამ განცდის დახასიათება გულისხმობს, რომ იგი არა მხოლოდ წარსულის რაიმე შინაარსს გვაწვდის, არამედ იმის ცნობიერების მატარებელიცაა, რომ ეს შინაარსი წარსულიდანაა და თანაც, როგორც წესი, გარკვეული წარსულიდან. მეხსიერება, რომელიც შეიცავს აზრს იმის შესახებ, რაც გვახსოვს, ვერ იარსებებს ცხოველებთან.

უზნაძის ეს დებულება სავსებით მართებულია, თუმცა ისიც ნათელია, რომ ცხოველებს მეხსიერების ფუნქცია აქვთ, რასაც დასწავლის ფაქტები ადასტურებს. სიზმრების წარმოდგენებიც წარსული აღქმების შემონახვასა და აღდგენას გულისხმობს, თუნდაც იმ ზოგადობას მოკლებული, ინდივიდუალური წარმოდგენებისა, რომლებიც ზემოთ «ნამდვილ წარმოდგენებად» იქნა ცნობილი და გაიმიჯნა იდეებისაგან. ეს უკანასკნელნი, ამ ანალიზის კონტექსტში, ალბათ, «მნემურ წარმოდგენებად» მოინათლებოდნენ.

რაც შეეხება აზროვნებას, უზნაძე, როგორც ჩანს, უშვებს ცხოველის მიერ ასეთი უნარის გამოვლენის პრინციპულ შესაძლებლობას. მაგრამ ეს დასტურდება მხოლოდ სპეციალურ ექსპერიმენტულ პირობებში. ბუნებრივ პირობებში კი, უზნაძის რწმენით, ასეთი ფაქტები არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, არც უნდა იქნას დაშვებული ცხოველთან ისეთი პროცესების არსებობა, რომლებიც ადამიანთან აზროვნების სახელით არის ცნობილი. ამ არგუმენტაციის დამარწმუნებლობასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული ეჭვი გაჩნდეს, როგორც ფაქტობრივი, ისე თეორიული თვალსაზრისით (ბუნებრივ პირობებში უმაღლეს ცხოველებს ისევე სჭირდებათ აზროვნება, როგორც არაბუნებრივში. ამიტომ, შეძლებისამებრ, ისევე იქცევიან, როგორც ექსპერიმენტულ სიტუაციაში. გარდა ამისა, რაიმე არსებისადმი ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მიწერა არ არის დაკავშირებული იმასთან, ეს პროცესი ცდის სიტუაციაში აღმოცენდა, თუ ბუნებრივში). მაგრამ, ჩვენი მიზანი მხოლოდ უზნაძის პოზიციის ჩვენებაა. ის კი ასეა ფორმულირებული: «თუ უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველს, როგორც ასეთს, თავისი ცხოვრების ბუნებრივ პირობებში აზროვნება არ ესაჭიროება, და მაშასადამე, არც აქვს, მაშინ თავისთავად ნათელი ხდება, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს არც სხვა ფსიქიკური ფუნქციები, რომელთა ჩვეულებრივი აქტივობა აზროვნების მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ასე, მაგალითად აღქმის ფუნქცია, თავისი ნამდვილი მნიშვნელობით, გულისხმობს არა მარტო ფუნქციის, არამედ მისი საგნის შესახებ აზრის არსებობასაც» [11; 293].

აქ კვლავ ვუბრუნდებით ყველაზე რთულ საკითხს, საკითხს აღქმის ისეთ ფუნქციად დახასიათებისა, რომელიც პირველადია ფსიქიკური ცხოვრების გენეზისის თვალსაზრისით და რომლის განხილვაც ამ კუთხით განწყობის თეორიაში ნამდვილ პრობლემად გადაიქცა. ეს პრობლემა განზოგადებული სახით განწყობის აღმოცენების ფსიქიკური წინაპირობების დაშვება-არდაშვებას უკავშირდება. საზოგადოდ, როგორც ცხოველთან, ისე ადამიანთან განწყობის აღმოცენების აუცილებელი პირველი ორი პირობის (მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების სიტუაციის) გარდა, უზნაძის მიერ განიხილება «მესამე წანამძღვარიც: აღქმის პრიმიტიული საფეხური, რომელიც აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ ყოველგვარი განწყობის აღმოცენებისას» [11; 288]. ეს უკანასკნელი, არსებითად, იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს სიტუაციის ფსიქიკური ასახვა[41]. აღქმა გარემოს შესახებ ცნობებს გვაწვდის. იგი, როგორც ფსიქიკური აქტი, სხვადასხვა სირთულისაა. განვითარების უმაღლეს (ობიექტივაციის) დონეზე «მიმდინარეობს გართულებული აღქმისა და წარმოდგენის აქტებიც, ე.ი. მის ნიადაგზე სწარმოებს დაკვირვება და მოგონება, რომელნიც განწყობის საფუძველზე უშუალოდ აღმოცენებული აღქმისა და მეხსიერების ადამიანურ ფორმებს წარმოადგენენ» [7;5]. ამდენად, მეხსიერება და აღქმა განიხილება, როგორც ფსიქიკური პროცესი და როგორც განცდა. პირველ შემთხვევაში განვითარების მწვერვალია მოგონება და დაკვირვება, ხოლო მეორე შემთხვევაში – იდეა და საგნობრივი, კატეგორიზირებული აღქმა.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან გამოდის, რომ ასეთი აღქმა ცხოველს არა აქვს, ვინაიდან ის მხოლოდ აზროვნების საფუძველზე ყალიბდება. თუმცა, უზნაძე იქვე ამატებს, რომ ასეთი ინდივიდუალური და პრეკატეგორიალური აღქმა არის სწორედ «ნამდვილი აღქმა», რაც, თუ მსჯელობის მთელ ლოგიკას გავითვალისწინებთ, ძნელი გასაგები ხდება. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი «პრიმიტიული აღქმა» სავსებით საკმარისია განწყობის საფუძველზე წარმოებული ცხოველის აქტივობის მიზანშეწონილი განხორციელებისთვის.

თვით განწყობის აღმოცენების საკითხთან დაკავშირებით უზნაძეს კიდევ უფრო პრიმიტიული აღქმის დაშვება უწევს. აღქმა, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდით, მეორადი, განწყობიდან ნაწარმოები ფსიქიკური ფაქტია. ახლა მსჯელობა იწყება განწყობის მიმართ პირველად მოვლენაზე. იგი უზრუნველყოფს სიტუაციის პირველად ასახვას სუბიექტში, რის გარეშე განწყობა ვერ წარმოიქმნება. ეს ეხება ყოველგვარი ცოცხალი არსების განწყობას. საქმე ისაა, რომ უზნაძე იმ ვითარებასაც აანალიზებს, როდესაც აღქმა მიზანდასახული აქტის (დაკვირვების) სახეს იღებს. ასეთ აღქმას, ვინაიდან იგი დამოუკიდებელ ქცევად გვევლინება, საკუთარი განწყობა ესაჭიროება – «სუბიექტში ამ აღქმის განწყობა უნდა აღმოცენდეს» [11; 275]. მაგრამ ეს არაა ტიპური შემთხვევა. ცხოველთან აღქმა არ არის დამოუკიდებელი პროცესი; იგი დამხმარე აქტის როლს თამაშობს და საკუთარი განწყობა არ გააჩნია. ასევეა ადამიანის იმპულსური ქცევის დროსაც. ამ შემთხვევაში აღქმის აქტები რაღაც სხვა ქცევასა და განწყობას ემსახურება, მაგრამ ამ განწყობის შესაქმნელად სუბიექტში წინასწარ სიტუაცია უნდა აისახოს, რაც აღქმის გარეშე ვერ მოხდება. მაშასადამე, «აღქმა უნდა გვესმოდეს, ერთი მხრივ, როგორც მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს განწყობის აქტს, ხოლო მეორე მხრივ – როგორც განცდა, რომელიც თან სდევს მას» [11; 275]. შესაძლოა, ავტორს აქ იმის თქმა სურს, რომ ეს განწყობამდელი მდგომარეობა (აღქმა) განცდა არ არის. მაგრამ ტექსტის ანალიზი ამ დაშვებას არ ადასტურებს. უზნაძე ამტკიცებს, რომ ასეთი, განწყობის წინმსწრები სიტუაციის ასახვა სრულყოფილ და დასრულებულ აღქმას არ წარმოადგენს. იგი ამ შემთხვევაში აღქმას ბრჭყალებში სვამს და მის აღსანიშნავად სხვა ტერმინს, «შემჩნევას» ან «შეგრძნებას» იყენებს.

მთავარი კითხვა იმას ეხება, არის თუ არა ის ფსიქიკური მოვლენა ან, უფრო კონკრეტულად, არის თუ არა იგი განცდა.

უზნაძე ცდილობს, დახატოს ამ მდგომარეობის ფენომენოლოგიური სურათი. იგი მიუთითებს იმ ვითარებაზე, რომელიც ძილის დროს გრძნობის ორგანოებზე გამღიზიანებლის ზემოქმედების დროს წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში გამღიზიანებელზე რეაგირებს არა გარემოსგან გამოთიშული სუბიექტი, არამედ თვით გრძნობის ორგანო. «მაგრამ როცა ჩვენ ვიღვიძებთ, მაგალითად, რაიმე გარე შთაბეჭდილების, ვთქვათ, ძლიერი სმენითი გამღიზიანებლის ზემოქმედებით, ხდება ხოლმე, რომ დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ არა ვართ საბოლოოდ გამოფხიზლებული, ჩვენ არ განვიცდით ამ შთაბეჭდილებას, როგორც რაღაც ისეთს, რაც გარედან მოქმედებს ჩვენზე; ჩვენ მას განვიცდით უფრო, როგორც ჩვენი სმენითი ორგანოს მდგომარეობას, როგორც ხმაურს ყურში, და არა, როგორც ბგერას, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროდან მოდის, როგორც, ვთქვათ, აბობოქრებული ზღვის ხმაური» [11; 276]. როგორც ვხედავთ, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს მდგომარეობა სპეციფიკური განცდა ყოფილა, რომელსაც განსაკუთრებული სენსორულ-სუბიექტური მახასიათებლები აქვს და პრაქტიკულად მოკლებულია საგნობრივ-პერცეპტულ შინაარსს. ამასთან, ეს განცდა მხოლოდ ძილიდან გამოსვლის მომენტისთვის არ არის დამახასიათებელი. ფაქტობრივად ამ მდგომარეობით (განცდით) იწყება ყველა ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის ადამიანის, ყოველი აღქმა – აქვე შენიშნავს უზნაძე.

ამრიგად, ერთგვარი შეგრძნებითი მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს და განაპირობებს არაფენომენალურ განწყობას, განცდადი ბუნების ფსიქიკური მოვლენა ყოფილა. შენიშვნების რვეულის 1947 წლის ერთ-ერთ უკანასკნელ ჩანაწერში თითქმის იგივე აზრი მეორდება: ქცევას წინ უსწრებს განწყობა და არა ფსიქიკა პირველადი ცნობიერების, ანუ განცდის მნიშვნელობით. მაგრამ ეს მხოლოდ განსაზღვრული აზრითაა სწორი, მიუთითებს უზნაძე, ვინაიდან შეგრძნება, როგორც ფსიქიკური ფაქტი, არსებობს განწყობის გარეშე და განწყობამდე. თუ კი საქმის ვითარებას გენეტიკური ასპექტით შევხედავთ, მაშინ იმის მტკიცებამდე მივალთ, რომ ფსიქიკა ყველაზე პრიმიტიული განცდით, შეგრძნებით იწყება. იგი აუცილებელი პირობაა მიზანშეწონილი ქცევის განწყობისეული მექანიზმის აღმოცენებისთვის. ფსიქიკური ცხოვრების (განცდის) ყველა სხვა ფორმა კი მეორადი, განწყობიდან ნაწარმოები მოვლენაა. ეს დებულება ნაკლებად ესადაგება განწყობის თეორიის სულისკვეთებას და უზნაძის სხვა გამონათქვამებს, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, თუმცა იგი გამომდინარეობს უზნაძის იმ ტექსტების ანალიზიდან, რომლებიც აღქმის ფუნქციას და მის განწყობასთან მიმართებას ეხება. საზოგადოდ კი უზნაძე მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ გენეზისის ყველა ფორმის შემთხვევაში (ფილოგენეზი, ონტოგენეზი და აქტუალგენეზი) ფსიქიკური ცხოვრება განწყობიდან იწყება. სავსებით შესაძლებელია, რომ განწყობის წარმოქმნის პირობების, ანუ აღქმის პარადოქსის სხვაგვარმა გააზრებამ უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური სისტემისთვის უფრო მისაღებ დებულებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ ეს უკვე სხვა გამოკვლევის თემაა.

ამრიგად, მოკლე დასკვნის სახით შეიძლება შემდეგი ითქვას: რეალურად უზნაძის თეორიაში თავიდანვე ცნობიერების ორი ცნება იყო მოცემული – პირველადი (უშუალო, ატრიბუტული) და მეორადი (რეფლექსიური) ცნობიერება. პირველადი ცნობიერების ცნება, არსებითად, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნების ფუნქციას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც უზნაძემ ეს უკანასკნელი თეორიაში შემოიტანა და განწყობა არაცნობიერ ფსიქიკურ ფაქტად გამოაცხადა, პირველადი ცნობიერების ცნება ზედმეტი გახდა. უზნაძემ ვერ მოასწრო მისი ამოღება თეორიიდან, მაგრამ სისტემის განვითარების ლოგიკა ამას გვკარნახობს. ამასთან, პირველად ცნობიერებაზე უარის თქმა სულაც არ ნიშნავს არაცნობიერის ცნების განწყობის ცნებით შეცვლას. უზნაძის თანახმად, განწყობა არაფენომენალური ფსიქიკური რეალობაა. არსებობს ფენომენალური ფსიქიკაც (განცდები), რომელიც არ არის ცნობიერი (რეფლექსიური ცნობიერების მნიშვნელობით). მაშასადამე, განწყობა არ ფარავს არაცნობიერი ფსიქიკურის ცნების მთელ შინაარსს. ეს უკანასკნელი შეიცავს როგორც არაგანცდად განწყობებს, ისე გაუცნობიერებელ განცდებს.

მოცემული კონსტრუქციიდან გამომდინარეობს, რომ განწყობა აუცილებლად წინ უსწრებს განცდას როგორც ფილოგენეზში, ისე აქტუალგენეზში. ამ ორივე შემთხვევის ანალიზი გარკვეულ სირთულეებს წარმოაჩენს. ფილოგენეზის შემთხვევაში ეჭვის ქვეშ დგება ფსიქიკის სასიგნალო ფუნქცია. ჩვეულებრივ, ამ უკანასკნელით ამართლებენ ფსიქიკის აღმოცენებას ფილოგენეზში, ხოლო მის განხორციელებას ე.წ. «მგრძნობელობის», ანუ განცდის გაჩენას უკავშირებენ. თუ იქიდან ამოვალთ, რომ ფილოგენეზში ფსიქიკა განწყობით იწყება, გასარკვევი იქნება, ერთი მხრივ, როგორ ასრულებს ამ ფუნქციას არაფენომენალური განწყობა და, მეორე მხრივ, როგორ და რისთვის აღმოცენდება განცდადი ფსიქიკა.

სირთულეები ჩნდება აქტუალგენეზის გააზრების დროსაც. აქ ვდგებით ე.წ. «აღქმის პარადოქსის» წინაშე, რომელიც საკუთრივ განწყობის წარმოქმნის საკითხს უკავშირდება: განწყობის შესაქმნელად აუცილებელია სიტუაციის აღქმა (ანუ განცდა), რომელიც, თავის მხრივ, სათანადო განწყობის არსებობას საჭიროებს. ამ დილემის გადაწყვეტის სარწმუნო ვარიანტი განწყობის თეორიაში ჯერჯერობით ვერ მოინახა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თითქოს ასეთი ალტერნატივის წინაშე ვდგებით: ან უარი უნდა ვთქვათ სქემაზე განწყობა – გაუცნობიერებელი ფსიქიკა – ცნობიერება (თუმცა, გაუგებარია, რით უნდა შეიცვალოს იგი), ან მოვნახოთ ზემოთ დასმული საკითხების დამარწმუნებელი ახსნა. ეს გულისხმობს ფილოგენეზის ისეთ სურათის მოცემას, სადაც ფსიქიკის აღმოცენება განცდის გარეშე იქნება მოაზრებული, და მოინახება რეალური გამოსავალი «აღქმის პარადოქსიდან». კვლევა-ძიება ორივე მიმართულებით დიდად შეუწყობს ხელს განწყობის თეორიის შემდგომ განვითარებას.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ობიექტივაცია, განწყობა და ქცევაtag:www.qwelly.com,2019-03-25:6506411:Topic:13799392019-03-25T15:31:40.952ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

დიმიტრი უზნაძემ ნებელობის საკუთარი კონცეფციის პირველი ვარიანტი «ზოგად ფსიქოლოგიაში» წარმოადგინა 1940 წელს. ეს შეხედულება უზნაძის ფსიქოლოგიური შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, იგი არ არის თავისუფალი ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისაგან. ორმოციანი წლების განმავლობაში უზნაძე განუწყვეტლივ მუშაობდა ამ კონცეფციის დასახვეწად, რაზეც მეტყველებს მისი «შენიშვნების რვეული» [7]. აქ არაერთი ჩანაწერია, რომელიც…

დიმიტრი უზნაძემ ნებელობის საკუთარი კონცეფციის პირველი ვარიანტი «ზოგად ფსიქოლოგიაში» წარმოადგინა 1940 წელს. ეს შეხედულება უზნაძის ფსიქოლოგიური შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, იგი არ არის თავისუფალი ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისაგან. ორმოციანი წლების განმავლობაში უზნაძე განუწყვეტლივ მუშაობდა ამ კონცეფციის დასახვეწად, რაზეც მეტყველებს მისი «შენიშვნების რვეული» [7]. აქ არაერთი ჩანაწერია, რომელიც ქცევისა და ნებელობის საკითხებს ეხება. ბოლო, განმაზოგადებელ ნაშრომებში უზნაძე შეეცადა ნებელობის ფუნქცია თავისი ობიექტივაციის კონცეფციის ჭრილში განეხილა [5][6].

თუ ამ კონცეფციას ცნობიერების კი არა, ქცევის კატეგორიის კუთხით შევხედავთ, მასში არსებითად სამი სახეობის ქცევას აღმოვაჩენთ. პირველი, განწყობის პლანში მიმდინარე აქტივობა, ფაქტობრივად, იმპულსური ქცევაა. საკუთრივ ობიექტივაციის პლანში კი ორი სახის ქცევას ვხვდებით. უშუალოდ ობიექტივაციის აქტს თეორიული ქცევა მოჰყვება. მისი საშუალებით პიროვნება არკვევს იმპულსური ქცევის შეფერხების მიზეზებს. როგორც იმპულსურს, ისე თეორიულ ქცევას თავისი განწყობა უდევს საფუძვლად. შემდგომი ქცევა შემაფერხებელი ვითარების გამოსწორებასა და საწყისი მიზნის განხორციელებაზეა მიმართული. ეს ქცევა არსებითად ნებელობითია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ქვემდებარე განწყობის შექმნა ნებელობით აქტს საჭიროებს.

შევჩერდეთ ჯერ-ჯერობით ამ უკანასკნელზე და დავსვათ შეკითხვა: რა საჭიროა ამ შემთხვევაში ნებისყოფის ცნების გამოყენება? უზნაძესთან ასეთ პასუხს ვნახულობთ: შეფერხებამ და ობიექტივაციის აქტმა დაანგრია იმპულსური ქცევის განწყობა. მის ნაცვლად შეიქმნა თეორიული ქცევის განწყობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე შესრულებულმა თეორიულმა ქცევამ გაარკვია შეფერხების მიზეზი. ახლა დადგა ამ მიზეზის აღმოფხვრისა და ამოსავალი ქცევის პრაქტიკული განხორციელების ამოცანა, რომლის გადაწყვეტა სათანადო განწყობას მოითხოვს. ასეთი «განწყობა, ასე ვთქვათ, იდეურ პლანში, უკვე მონახულია» [5; 164]. მაგრამ ეს არის «ნაგულისხმევი განწყობა», რომელსაც რეალური მოქმედების გამოწვევა არ შეუძლია. ამიტომ პიროვნება მიმართავს ნებელობის უნარს, რომელსაც შესწევს ძალა ეს «წარმოსახული მოქმედების განწყობა აქტუალურ განწყობად გადააქციოს» [6; 323].

«ზოგად ფსიქოლოგიაში», სადაც გაშლილი სახითაა წარმოდგენილი უზნაძის შეხედულება ნებელობაზე, არ არის საუბარი იმაზე, თუ რა განწყობის საფუძველზე მიმდინარეობს ფსიქიკური პროცესი ნებელობის მოსამზადებელ პერიოდში. ეს პროცესი მიმართულია პიროვნებისთვის მისაღები და მიზანშეწონილი ქცევის მონახვაზე, რომელსაც «ამტკიცებს» ნებელობის სპეციფიკის გამომხატველი გადაწყვეტილების აქტი. ამ აქტში იქმნება ახალი განწყობა, რომელიც ნებელობითი ქცევის შესრულებას განაპირობებს. ბოლო ნაშრომებში უზნაძე თითქოს აზუსტებს ამ მოდელს იმით, რომ ობიექტივაციის პლანში მიმდინარე ნებელობის მოსამზადებელ პერიოდს, თეორიული განწყობის სახით, თავის განწყობისეულ საფუძველს უფარდებს. გარდა ამისა, ნებელობას მიაწერს მოსამზადებელ პერიოდში (იდეურ პლანში) მონახული განწყობის აქტუალიზაციის ფუნქციას.

უნდა ითქვას, რომ ამ დაზუსტებებს უფრო მეტი გაუგებრობა შემოაქვს, ვიდრე სიცხადე. თეორიულ განწყობაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თეორიულ განწყობასა და ქცევაზე დაყვანა იმისა, რაც გადაწყვეტილებამდე (ნებელობის აქტამდე) ხდება, სრულყოფილად და ზუსტად არ გამოხატავს მთელი მოსამზადებელი პერიოდის შინაარსს, რომელსაც, თვითონ ავტორი, მოტივაციას უწოდებს [4]. წმინდა თეორიული, აზროვნებითი აქტივობა ამ პერიოდის მხოლოდ პირველ ნაწილს თუ მოიცავს. რაც შეეხება დებულებას, რომ ამ პერიოდში შემუშავდება რაღაც არაქმედითუნარიანი განწყობა, რომელსაც სიცოცხლეს შთაბერავს ნებელობა, იგი დასაბუთებული არ არის. ამის გაკეთება, ალბათ, შეუძლებელიცაა. საქმე ისაა, რომ განწყობა ამ შემთხვევაში ბრჭყალებში არ არის ჩასმული. მაშასადამე, აქ ისეთი განწყობაა ნაგულისხმევი, რომელსაც თეორია სულ არ ითვალისწინებს. ის არც ინაქტურ ფორმაში შენახული ფიქსირებული განწყობაა და არც აქტუალური განწყობა. იგი არც ე.წ. «გადავადებული განწყობაა! « [1], ვინაიდან არც მისი გადავადების აზრი ჩანს (დამაბრკოლებელი ვითარება ხომ უკვე გაირკვა) და არც მისი რეალიზაციისთვის ნებელობის ჩარევის აუცილებლობა. ამიტომ, საფიქრებელია, რომ იგი არც არის განწყობა. ნებელობის აქტის წინა პერიოდი ამზადებს არა საკუთრივ განწყობის რაღაც არასრულყოფილ და არასიცოცხლისუნარიან ნიმუშს, არამედ ფაქტორებს, რომლებსაც ეს აქტი ერთად კრავს ახალი განწყობის სახით.

სურათი კიდევ უფრო გართულდება, თუ გავითვალისწინებთ აზროვნების ისეთ ნიშანს, როგორიც მისი აქტიურობაა. უზნაძე საგანგებოდ აანალიზებს აზროვნების პროცესის მიზანშეწონილ და აქტიურ ხასიათს და აღნიშნავს, რომ «პიროვნება პირველივე ნაბიჯებიდან იღებს მასში თავისი მიზნებით მონაწილეობას და ბოლომდე აქტიურად წარმართავს მას. ასეთი აქტივობა შეიძლება მხოლოდ ნებელობის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევას ახასიათებდეს, თორემ სხვა ფსიქიკური პროცესების მიმართ ამას ვერ ვიტყვით» [4; 444-445]. აზროვნების განსაკუთრებულობა მართლაც მჟღავნდება იმაში, რომ სხვა ფსიქიკური პროცესებისაგან განსხვავებით, მას უნებლიე ფორმა არ გააჩნია. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ, თუ აზროვნება ქცევის სახეობაა (თეორიული ქცევა), ეს ქცევა ნებელობითია და მას ასეთი ქცევის ყველა აუცილებელი ნიშან-თვისება უნდა ახასიათებდეს. აქედან გამომდინარე, საკუთრივ თეორიული ქცევის შესრულებამდე წარმატებით უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მომზადებისა და თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესები, რომლებიც დაგვირგვინდება სათანადო თეორიული განწყობის შექმნით. ისიც მივიღოთ მხედველობაში, რომ თეორიული ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი პერიოდი თვითონაც უნდა შეიცავდეს თეორიულ ქცევას და ა.შ. უსასრულოდ. ამიტომ მთელი ამ თეორიული კონსტრუქციის გამართულობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.

მოცემული თეორიული მოდელის სირთულეები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება რეალური ქცევის ანალიზისას. განვიხილოთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ვიგრძენი წყურვილი და მივედი მაგიდასთან, სადაც მინერალური წყალი მეგულება. დაუფიქრებლად ავიღე იქვე მყოფი გასახსნელი, მაგრამ ბოთლის თავსახური ვერ მოვხსენი. დავაკვირდი და გავარკვიე, რომ გასახსნელი თავსახურის მიმართ ზუსტად არ მქონდა მომარჯვებული. მის შემდეგ ხელად განვახორციელე ზუსტი მოძრაობა, გავხსენი ბოთლი, დავლიე წყალი და მოვიკალი წყურვილი. აქტივობა დასრულდა. მას, შესაძლოა, წუთიც არ დასჭირვებია. ახლა საკითხავია, ამ პატარა ეპიზოდში ერთი ქცევა შესრულდა თუ სამი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ მაინც არსებითად განსხვავებული? შესაბამისად, ერთი განწყობის ფორმირება-რეალიზაცია მოხდა, თუ სამისა? პირველი პასუხი რომ უფრო მართებულად გამოიყურება, ძნელი დასანახი არ არის. მაშ, რატომ უნდა ვიფიქროთ სხვანაირად? როგორც ჩანს, იმ ორი თეორიული დაშვების გამო, რომელთა ემპირიული ვალიდურობა ერთობ სათუოა.

პირველი დაშვების თანახმად, თვითმომსახურების ტიპური იმპულსური ქცევა (წყლის დალევა), მასში მიკროსკოპული შეფერხების გამო, სახეს იცვლის და ნებელობით ქცევად გარდაიქმნება. მისი სხვაგვარი კვალიფიკაცია შეუძლებელია, ვინაიდან შეფერხების მიზეზის გამოსწორებასა და საბოლოო მიზნის რეალიზაციაზე მიმართული ქცევის (მესამე ქცევა) განწყობისეული მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ ნებელობის დახმარებით არის შესაძლებელი. იგულისხმება, რომ სხვანაირად თეორიული ქცევის მომყოლი პრაქტიკული ქცევის გაგრძელება და დასრულება ვერ მოხერხდება. უზნაძე სპეციალურად აღნიშნავს, რომ «სუბიექტმა ეს ნაგულისხმები განწყობა აქტუალურ განწყობად უნდა გადააქციოს და უშუალოდ მისი რეალიზაცია უნდა მოახდინოს და არა იმ განწყობისა, რომელიც მან მოქმედი ობიექტივაციის აქტში შეაჩერა» [6; 323]. ნებელობა არააქტუალურ განწყობას აქტუალურად აქცევს, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ძალას აძლევს, ენერგიით ამარაგებს დამასრულებელ პრაქტიკულ ქცევას. აქ აუცილებლად ჩნდება შეკითხვა: რატომ გახდა საჭირო ამ ქცევისთვის ახალი ენერგეტიკული წყაროს მოძიება ნებელობის სახით? განა ამოსავალი მოტივაცია, რომელიც თავიდან აღძრავდა ქცევას, სადმე გაქრა? ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ნუთუ შეიძლება იმის დაშვება, რომ ბოთლის გაღებასთან დაკავშირებული უმნიშვნელო ტექნიკური სირთულეების გამო ინდივიდს გაუქრა წყლის დალევის სურვილი და ქცევის დასრულებისთვის ნებელობის ამოქმედება გახდა საჭირო? ალბათ არა. მიახლოების გრადიენტის ეფექტის გათვალისწინებით, ამოსავალი მოთხოვნილება არა თუ გაქრებოდა, გაძლიერდებოდა კიდეც. თუ ასეა, მას სავსებით შესწევს უნარი, დარჩეს სათანადო განწყობის მოტივაციურ ფაქტორად და დაასრულოს ქცევა. ამრიგად, პირველი დაშვება უნდა უარვყოთ და ვივარაუდოთ, რომ ობიექტივაციის აქტისა და მის შედეგად აღმოცენებული თეორიული აქტივობის შემდეგ ინდივიდი უბრუნდება ზუსტად იმავე ქცევას, რომელიც შეწყვიტა ობიექტივაციის აქტმა.

მაგრამ წყდება კი ეს ქცევა სინამდვილეში? აქ მეორე დაშვებასთან მივდივართ, რომლის მიხედვით პრაქტიკული ქცევის შეფერხების მიზეზის გასარკვევად აღმოცენებულ კოგნიტურ აქტივობას უთუოდ დამოუკიდებელი ქცევის სტატუსი აქვს, ამ უკანასკნელს კი ყველა თავისი ატრიბუტი: საკუთარი ენერგეტიკული წყარო – «თეორიული მოთხოვნილება», «პრობლემური სიტუაცია» და მათ საფუძველზე შექმნილი «თეორიული ქცევის განწყობა». ამ მსჯელობის სათავე იმის მტკიცებაშია, რომ აზროვნება და თეორიული მოთხოვნილება აუცილებელ კავშირში არიან, პირველი მეორის გარეშე არ არსებობს.

ობიექტივაციის პლანში წარმართული გონებრივი აქტივობის ასეთმა გააზრებამ შ. ჩხარტიშვილის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. მისი აზრით, ქცევითი რეალობის ამგვარ ინტერპრეტაციას ლოგიკურად მივყავართ დასკვნებამდე, რომელთა გაზიარება შეუძლებელია, სახელდობრ: 1) ადამიანი აზროვნებს მხოლოდ მაშინ, თუ იგი თეორიული მოთხოვნილებითაა აღძრული და არც ერთ სხვა მოთხოვნილებას, რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს ის, არ ძალუძს შექმნას განწყობა, რომელიც აზროვნების აქტებს მოემსახურება; 2) აზროვნებისა და პრაქტიკული მოქმედების აქტები ერთი და იმავე ქცევის შემადგენლობაში ვერ შევლენ; 3) ფილოგენეზსა და ონტოგენეზში თეორიული მოთხოვნილება ყოველთვის და აუცილებლად წინ უსწრებს აზროვნების პროცესს [12]. მაგრამ, შეიძლება კი დამარწმუნებლად იმის დამტკიცება, რომ ობიექტივაციის შემთხვევაში წყდება ამოსავალი ქცევა და სუბიექტი გადაერთვება ახალ ქცევაზე? ამოვიდეთ ზემოთმოყვანილი მაგალითიდან. რეალურად შემდეგს ვაკვირდებით: ქცევის რომელიღაც უბანზე გაჩნდა დაბრკოლება და აქტივობის ქსოვილში ახალი პროცესები ჩაერთო. რისთვის? ცხადია იმისთვის, რომ გართულებულ პირობებში ამ ქცევის რეგულაცია უფრო მაღალ დონეზე წარმართულიყო. არ იქნება სწორი იმის მტკიცება, რომ ქცევის სიტუაციურ ან ინსტრუმენტულ ბლოკში წარმოქმნილი პრობლემების გამო ქცევას ეკარგება მოტივი და მიზანი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ახალ აქტებს (გონებრივი პროცესები) დაეკარგება თავისი რეალური დანიშნულება. ისინი ხომ სწორედ ამ მოტივსა და მიზანს ემსახურებიან. აქტივობაში მათი ჩართვის გამო სუბიექტი არ გადის ამოსავალი ქცევის სივრციდან. იმისთვის, რათა ვილაპარაკოთ ერთი ქცევის მეორით შეცვლაზე, აქტივობას ახალი საზრისი უნდა გაუჩნდეს, მან ახალი სუბიექტური ღირებულება (მოტივი) უნდა შეიძინოს. ჩვენს შემთხვევაში სუბიექტი, საბოლოო ჯამში, ერთი და იმავე ქცევის პრობლემებს წყვეტს. მას თავისთავად არ აინტერესებს უეცრად წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემა, მას არა აქვს მოთხოვნილება, ჩასწვდეს შეფერხების ბუნებას (ნორმალურ ადამიანში ბოთლის გაუხსნელობის პრობლემა თეორიულ ინტერესს არ უნდა იწვევდეს). პირიქით, ხშირად ქცევაში შეფერხებები აღძრავს არა ინტერესს (რომლის გარეშე თეორიული მოთხოვნილების დახასიათება შეუძლებელია), არამედ მკაფიოდ გამოხატულ უარყოფით ემოციებს. ფენომენოლოგია ამას აშკარად გვიდასტურებს. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ სუბიექტი ახალ, შემეცნებით ინტერესთან დაკავშირებულ თეორიულ ქცევას კი არ იწყებს, არამედ მიისწრაფის იმავე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ამ მოთხოვნილების წყაროდან იკვებება ქცევაში ახალჩართული ყველა ფსიქიკური ფუნქცია, უნარ-ჩვევა, ცოდნა-გამოცდილება, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება.

თუ პრობლემას ზოგად პლანში განვიხილავთ, აუცილებელი გახდება იმის აღიარება, რომ ქცევაში მაღალი კოგნიტური პროცესების ჩართვა თავისთავად არ ნიშნავს ახალი ქცევის დაწყებას. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდში აღმოცენდება ძლიერი თეორიული მოტივაცია, თუ მისი ინტერესი მიიმართება თვით ინტელექტუალურ ამოცანაზე, ან მისი გაწყვეტის პროცესზე. აქ უნდა გავიხსენოთ უკვე XX საუკუნის დასაწყისში ჰ. მაიერის მიერ გამოთქმული ძალზე საყურადღებო თვალსაზრისი, რომელიც მიჯნავს ე.წ. «მსჯელობით» და «ემოციურ» აზროვნებას. ამ უკანასკნელის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ აქ «შემეცნებითი პროცესი დაჩრდილულია, გადაწეულია უკანა პლანზე, არ არის იდენტიფიცირებული, როგორც ასეთი, ყურადღება ფოკუსირებულია პრაქტიკულ მიზანზე, რომლისთვისაც შემეცნება მხოლოდ თანმდევი საშუალებაა» [11; 126]. ამასთანავე, «ემოციური აზროვნება» იმავე ლოგიკურ პროცესებს იყენებს, როლებსაც «მსჯელობითი აზროვნება». ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ აზროვნებითი აქტები სხვადასხვაგვარადაა მოტივირებული. მაიერის მიერ შემჩნეული ეს განსხვავება კარგად გამოიხატება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დღეს დამკვიდრებული ტერმინოლოგიით. მაიერის ანალიზი იმითაც არის საყურადღებო, რომ «იგი აქარწყლებს ინტელექტუალისტურ ცრურწმენას, თითქოს აზროვნებაში პირველხარისხოვან როლს ყოველთვის შემეცნებითი ინტერესი თამაშობს» [11; 129].

ზემოთმოყვანილ თვალსაზრისამდე უზნაძე, როგორც ჩანს, ობიექტივაციის პლანში მიმდინარე თეორიული აქტივობის სპეციფიკის ჩვენების ამოცანამ მიიყვანა. «ზოგად ფსიქოლოგიაში» აზროვნების პროცესის ანალიზი ამ «ინტელექტუალისტური ცრურწმენის» გარეშე ხორციელდება. აქ უზნაძე საუბრობს «გაკვირვების განცდაზე», «გაკვირვების გრძნობაზე», ანუ აზროვნების საწყის ეტაპთან დაკავშირებულ ემოციაზე. ავტორი მიიჩნევს, რომ მართალია, გაკვირვება საფუძვლად უდევს აზროვნებას, მაგრამ იგი არ არის მისი ძირითადი წყარო. «იგი მხოლოდ მეორადი პროცესია, რომელიც უფრო ღრმად მდებარე იმპულსს ეყრდნობა. აზროვნების ძირითად სტიმულს, რასაკვირველია, მოთხოვნილება წარმოადგენს» [4; 441]. ყოველ აქტივობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი აღძრავს; გაკვირვება, როგორც ყოველგვარი გრძნობა, პირველადი მოტივაციის მიმართ მეორადი ფსიქიკური მოვლენაა, რომელიც გამოხატავს ინდივიდის დამოკიდებულებას მოთხოვნილების დაკმაყოფილების (განწყობის რეალიზაციის) მიმდინარეობის მიმართ, კერძოდ მისი დაბრკოლების მიმართ. ვინაიდან აზროვნების ფუნქცია პრაქტიკის ნიადაგზე აღმოცენდა და მის ინტერესებს ემსახურება, მას, გენეტიკურად მაინც, ვიტალურ მოთხოვნილებათა ინტერესი ამოძრავებს. მაგრამ ადამიანის დონეზე ჩნდება უამრავი სრულიად ახალი მოთხოვნილება, რომლის მსგავსი ცხოველებთან არ გვხდება. «აზროვნების მოქმედების იმპულსს ყოველი მათგანი შეიძლება დაედვას საფუძვლად. ოღონდ გადამწყვეტი როლი აქ იმას აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება პიროვნებისთვის» [4; 441]. როგორც ვხედავთ, აქ უზნაძე საერთოდ არ ლაპარაკობს აზროვნებისთვის აუცილებელ და სპეციფიკურ მოთხოვნილებაზე. აზროვნების აღძვრა შეიძლება როგორც ვიტალური, ისე საზოგადოებრივი ხასიათის მოთხოვნილებით, მთავარია, მას დიდი მოტივაციური წონა ჰქონდეს. ხოლო გაკვირვება მოტივაციურ ფაქტორად არც განიხილება. შემდგომში, ობიქტივაციის კონცეფციის დამუშავების კვალდაკვალ, ეს პოზიცია სერიოზულად შეიცვალა. გაკვირვებამ მოტივაციური მნიშვნელობა შეიძინა და, არსებითად, თეორიულ მოთხოვნილებას გაუთანაბრდა. ეს უკანასკნელი კი ობიექტივაციის პლანში მიმდინარე აქტივობის, ანუ აზროვნების აუცილებელ პირობად გადაიქცა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – საკმაოდ წინააღმდეგობრივი და «ეკოლოგიურად არავალიდური» თეორიული კონსტრუქცია. ყველაფერთან ერთად, იგი იმასაც გულისხმობს, რომ ობიექტივაციის დონეზე მარტო თეორიული, უფრო კონკრეტულად კი, სააზროვნო ქცევა ხორციელდება.

თუ ობიექტივიციის დონეზე მიმდინარე აქტივობას ქცევის ფსიქოლოგიის პოზიციიდან შევხედავთ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ ამა თუ იმ ქცევაში ერთეული თეორიული (კოგნიტური) აქტების ჩართვა მთელ ქცევას თეორიულ-შემეცნებითად ვერ აქცევს. ხომ ფაქტია, რომ თეორიული ამოცანის გადაჭრისას წამდაუწუმ გვიწევს პრაქტიკული აქტების გამოყენება? განა ამიტომ ქცევას თეორიულის სტატუსი ეკარგება? არა, ის რჩება თეორიულ ქცევად, შემეცნებით-კვლევით საქმიანობად, ვინაიდან მისი ინტენციონალურ-შინაარსეული მხარე, ამოსავალი მოტივაცია და საბოლოო მიზანი თეორიული ხასიათისაა. საზოგადოდ, როცა ვცდილობთ დავახასიათოთ თეორიული ქცევის არსობრივი მხარე, მუდმივად უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ რეალურ ქცევაში, ფაქტობრივად, ვერ მოინახება შემთხვევა, როცა იგი დაკომპლექტებულია მხოლოდ მოტორულ-პრაქტიკული ან მენტალურთეორიული აქტებით. რეალური ქცევა, მისი ზუსტი აღწერა-დახასიათება – აი რა უნდა იყოს ანალიზის საფუძველი. სწორედ ეს აკლია ობიექტივაციის წარმოდგენილ მოდელს.

ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ობიექტივაციის ყოველი აქტი თეორიულ მოთხოვნილებას წარმოქმნის, ყოველ შემთხვევაში ისეთი ძალისას, როგორიც საჭიროა ძველი განწყობის დასანგრევად და ახალი, თეორიული განწყობის აღმოსაცენებლად. მაშასადამე, განწყობათა ასეთი მონაცვლეობისთვის უბრალოდ არ არსებობს აუცილებელი მოტივაციური საფუძველი. მაგრამ მოსაზრება ობიექტივაციის პროცესში განწყობათა და შესატყვის ქცევათა მუდმივი ცვლის შესახებ იმის რწმენასაც გულისხმობს, რომ ამოსავალ განწყობას თვითონ არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ქცევაში აღმოცენებულ სირთულეებს და, ამიტომ, სიტუაციისადმი უფრო ადეკვატური განწყობით უნდა შეიცვალოს. ეს რწმენა ეფუძნება განწყობის სტრუქტურის სტატიკურ მოდელს, რომლის თანახმად განწყობის სტრუქტურის ყოველგვარი ცვლილება აუცილებლად იწვევს ამ განწყობის შეცვლას. მსჯელობა ასე აიგება: თუ ძველი განწყობა შეძლებდა სიტუაციის სათანადო დონეზე ასახვას, ობიექტივაციის საჭიროება არც გაჩნდებოდა. რამდენადაც ასეთი «განწყობისეული ასახვა» არ ხდება, სიტუაციის უფრო ხარისხიან ასახვაზე მიმართული გონებრივი აქტივობის საფუძვლად პრაქტიკული ქცევის განწყობა ვერ გამოდგება. იგი თეორიული განწყობით უნდა შეიცვალოს [3].

ამ მოდელს ახლაც ჰყავს თავისი მომხრეები, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი. ჩხარტიშვილმა მას ე.წ. «განწყობის დინამიკური სტრუქტურის მოდელი» დაუპირისპირა [9][12]. სტატიკურ მოდელს აზრი აქვს, თუკი სიტუაცია მთლიანად აისახება განწყობაში ქცევის დაწყებამდე და მის დასრულებულ სტრუქტურას ქმნის. მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ასე არ ხდება, ვინაიდან წარმოუდგენელია წინასწარ, აქტივობის დაწყებამდე, განწყობაში სიტუაციის ყველა მონაკვეთის დროით-სივრცითი, თუ სხვა პარამეტრების ასახვა და წინასწარ განჭვრეტა. მრავალი მათგანი მხოლოდ ქცევის მსვლელობაში, მომენტურად, მოვლენების შემთხვევითი შეხვედრების შედეგად იჩენს თავს. მიზანშეწონილი ქცევის ყველა აქტი კი სიტუაციასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. ამიტომ ინფორმაცია სიტუაციის მიმდინარე მომენტების შესახებ მუდმივად შემოდის განწყობის სტრუქტურაში ე.წ. «სიტუაციური ხატების» საშუალებით. ისინი აკონკრეტებენ განწყობის სტრუქტურას, რომელიც ქცევის დაწყებამდე არსებობს, ე.წ. «სიტუაციური გეგმის» სახით. ამდენად, განწყობას «მიმდინარე სტრუქტურა» აქვს; იგი დინამიკური წარმონაქმნია, რომელიც მუდმივად ცვალებადობს «ძირითადი კარკასის» შიგნით, რაც არ ნიშნავს ერთი განწყობის მეორით შეცვლას. ჩხარტიშვილი მხოლოდ სიტუაციურ ფაქტორთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეეხო, მაგრამ განწყობის სტრუქტურის მუდმივ რეორგანიზაციას მისი მოტივაციური და ოპერაციული ფაქტორებიც განაპირობებს, რაზეც სხვაგან საგანგებოდ გავამახვილეთ ყურადღება [10].

აქ მთავარია ხაზი გაესვას იმას, რომ განწყობაში წინასწარ ვერ იქნება ასახული ყველა ვითარება და კოლიზია, რომელიც ქცევის პროცესში წარმოიქმნება. ქცევის მსვლელობაში ხდება განწყობის სტრუქტურის მუდმივი კორეგირება, სირთულის წარმოქმნისას მასში ჩაერთვება ახალი სენსომოტორული და ფსიქიკური პროცესები, მათ შორის აზროვნება; იგეგმება დამატებითი მოქმედებები და ოპერაციები ამ სირთულის დასაძლევად. ეს ყველაფერი ხდება ერთი და იმავე ქცევისა და განწყობის ფარგლებში.

თუ ჩვენ გვსურს ქცევის ფსიქოლოგიის ენაზე ვილაპარაკოთ, მაშინ ზუსტი ქცევითი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ ობიექტივაციის დონეზე განხორციელებულ აქტივობას. აქ საჭიროა მაქსიმალური სიზუსტე გამოვიჩინოთ ქცევების აღწერა-დახასიათებაში. ჯერ ერთი, უნდა შევთანხმდეთ, რომ რეალურ ქცევაში საქმე გვაქვს პრაქტიკული და თეორიული აქტივობის მუდმივ ცვალებადობასთან, რაც სულაც არ მოითხოვს ქცევისა და განწყობის ფორმების კალეიდოსკოპურ ცვალებადობას (ასეთი რამ იგულისხმება განწყობის სტრუქტურის სტატიკურ მოდელზე დამყარებულ ობიექტივაციის კონცეფციაში). უფრო მეტიც, ერთიან ქცევაში პრაქტიკული და თეორიული აქტები ხშირად პარალელურად მიმდინარეობს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გავაანალიზებთ რეალურ ქცევას და არა თეორიული მოდელის საჭიროებისთვის მოძებნილ შემთხვევებს. ამ მომენტში, როცა ეს კონკრეტული აზრი კომპიუტერში გადამაქვს, ჩემი აქტივობა ერთდროულად პრაქტიკულ და თეორიულ (ობიექტივაციის) პლანში მიმდინარეობს, ერთიანი განწყობის საფუძველზე; მე ერთ ქცევას ვახორციელებ. ანდა, განა ცოტაა შემთხვევა, როცა ქცევაში გაჩენილ ტექნიკურ პრობლემას ქცევის შეუწყვეტლად ვაანალიზებთ? მაგალითად, მანქანით მივდივართ და თან ვფიქრობთ, თუ სადაა უკეთესი მისი გაჩერება. ნუთუ აქ რამდენიმე ქცევასა და განწყობაზე უნდა ვსაუბრობდეთ? ამგვარი მაგალითები უამრავია. ამიტომ გარკვევით უნდა ითქვას, რომ ყველა ასეთი ქცევის რეგულირება რთულად სტრუქტურირებული განწყობის საფუძველზე ხდება, რომელიც ერთიანი ქცევის მიზანშეწონილი შესრულებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ფუნქციონალური სისტემების მზაობას მოიცავს.

საზოგადოდ, ობიექტივაცია გვევლინება არა მხოლოდ როგორც დისკრეტული აქტი (როგორც უზნაძის ცნობილ მაგალითებშია), არამედ როგორც საკმაოდ მყარი მდგომარეობა, რომელიც მთელ ქცევას გასდევს; მეტ-ნაკლებად რთული ქცევების განხორციელება ხშირად მუდმივი ობიექტივაციის რეჟიმს მოითხოვს: ადამიანი სულ ფხიზლადაა, აკონტროლებს თავის საქმიანობას, აცნობიერებს ვითარებას (ასე ვიქცევით უცხო, არასტანდარტულ, სარისკო და ა.შ. სიტუაციებში). ცხადია, ასეთ ქცევას ვერ ვუწოდებთ თეორიულს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სულ ობიექტივაციის პლანში მიმდინარეობს. ობიექტივაციის კლასიკური მოდელი კი ამას მოითხოვს. არსებითად ასეთივე სურათი იხატება შ. ნადირაშვილის მოდელშიც. აქ განწყობის ფორმირებისა და მოქმედების სამ დონეს – ინდივიდის, სუბიექტისა და პიროვნების დონეებს შეესაბამება ქცევის სამი სახე: იმპულსური, თეორიული და ნებელობითი [1][3].

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტივაციის შედეგად აღმოცენებული თეორიული აქტივობა შეიძლება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი თეორიული ქცევის სახითაც. ეს მაშინ ხდება, როცა იმდენად ძლიერი შემეცნებითი მოტივაცია აქტუალიზდება, რომ იგი ანგრევს ან გადაავადებს წინმსწრებ განწყობას და ახალი, თეორიული ქცევის განწყობას ედება საფუძვლად. თუმცა, გაცილებით ხშირად, ობიექტივაციის აქტის მომყოლი თეორიული აქტივობა იმავე ქცევის კალაპოტში მიმდინარეობს, რომლის პრობლემების გადაწყვეტასაც ემსახურება. ამ შემთხვევაში შესაბამის გონებრივ აქტებს (დაკვირვება, დამახსოვრება, მოგონება, გააზრება, ანგარიში, შეფასება, ანალიზი, სინთეზი, განყენება, წარმოსახვა და სხვა) ქცევაში შემავალ მოქმედებათა და ოპერაციების სტატუსი აქვთ და, როგორც ასეთებს, საკუთარი განწყობა არ გააჩნია. თეორიული მოქმედებები და ოპერაციები იგეგმება და ხორციელდება რთული ობიექტივირებული ქცევის განწყობის ნიადაგზე, რომლის სტრუქტურაში თეორიული და პრაქტიკული მოქმედებები ერთმანეთშია გადახლართული. ობიექტივაციით გამოწვეული ცვლილებები დინამიკური სტრუქტურის მქონე ერთიანი განწყობის შიგნით მიმდინარეობს. ქცევის პროცესში გაჩენილი სირთულეები და პრობლემები წყდება «სიტუაციური გეგმის» კორექციის, ანუ მასში დამატებითი თეორიული მოქმედებებისა და ოპერაციების ჩართვის გზით. ამ თეორიული აქტივობის შედეგები აისახება იმავე განწყობაში, რომელიც უფრო კონკრეტიზირებული და ადეკვატური ხდება. ეს, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, იმავე განწყობისეულ საფუძველზე დაიგეგმოს და შესრულდეს ზოგიერთი პრაქტიკული მოქმედება და ოპერაცია შეფერხების აღმოსაფხვრელად. ამის მერე ქცევა გრძელდება საბოლოო მიზნის მიმართულებით, როგორც ეს თავიდანვე იყო დაპროგრამებული განწყობაში.

თუ გვსურს ობიექტივაციის პლანში წარმართული აქტივობის ზუსტი ქცევითი კვალიფიკაცია, უნდა შევთანხმდეთ ქცევის სახეების ერთმანეთისაგან გარჩევის პრინციპებზეც. ეს შეადგენს ქცევის ზოგადი თეორიის აღწერითი ნაწილის პრობლემატიკას, რომელსაც განწყობის სკოლაში ყოველთვის სერიოზული ყურადღება ექცეოდა. თვითონ უზნაძემ შექმნა ქცევის ფორმების ისეთი კლასიფიკაცია, რომელიც უნიკალურია მსოფლიო ფსიქოლოგიაში. აქ ქცევები ერთმანეთისაგან გამოიყოფა და ჯგუფდება აქტივობის მოტივაციური შინაარსის, ანუ შესაბამისი მოთხოვნილებების მიხედვით; ქცევის სახელწოდება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რაზეა მიმართული აქტივობა, რა საზრისის მატარებელია იგი. ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან მოხმარება-მომსახურება და თამაში, სწავლა და ესთეტიური ტკბობა, მხატვრული შემოქმედება და შრომა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, როცა იგი შემეცნებითი ინტერესით არის მოტივირებული, «გონებრივი შრომის» სახეს იღებს, თუმცა იმისთვის, რომ აქტივობა სწორედ შრომად იქნას ცნობილი და არა სხვა სახის თეორიულ ქცევად, იგი ამავე დროს, «ობიექტური ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნის განზრახვით» უნდა წარმოებდეს. თუ იგი მხოლოდ ინტელექტუალური მოთხოვნილებით, ცოდნის წყურვილით არის აღძრული, რომლის დასაკმაყოფილებლად სუბიექტი უბრალოდ სხვადასხვა არხებიდან, ინფორმაციას მოიპოვებს, მაშინ მოხმარების ტიპის ქცევასთან, სახელდობრ, «ცნობისმოყვარეობასთან» გვაქვს საქმე. უზნაძე მოხმარებასა და ცნობისმოყვარეობას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს.

«სპეციფიკური ამ უკანასკნელისთვის მხოლოდ ისაა, რომ აქ წამყვანი როლი არა ფიზიკურს, არამედ ფსიქიკურს, კერძოდ ინტელექტუალურ აქტებს აქვს დაკისრებული. ამ მიზეზის გამო არ იქნება მართებული, ცნობისმოყვარეობის განზრახვით გაერთიანებული აქტები მოხმარების ჩვეულებრივ სახეობათა (ჭამა, სმა, სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება) ხაზზე მოვათავსოთ; უფრო სწორი იქნება, თუ მათ ქცევის ცალკე ფორმად ვაღიარებთ, რომელიც ტიპოლოგიურად მოხმარების ქცევის ანალოგიურ ფორმას წარმოადგენს» [8; 420]. როგორც ვხედავთ, აქტივობის «ფიზიკურ» (ოპერაციულ) მხარეს, მის რაგვარობას ამ შემთხვევაში დამატებითი დისკრიმინაციული ნიშნის სტატუსი ენიჭება. იგი საშუალებას იძლევა, ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით გამოყოფილი ქცევის ფორმების შიგნით მოხდეს აქტივობის სახეების დიფერენციაცია, მაგალითად, ერთმანეთისგან გაირჩეს ფიზიკური და გონებრივი შრომა, ანდა გაიმიჯნოს ტიპოლოგიურად მსგავსი ქცევის ფორმები, მაგალითად მოხმარება და ცნობისმოყვარეობა.

უზნაძესთან სხვა კლასიფიკაციასაც ვხდებით, სადაც სწორედ ქცევის საშემსრულებლო-ოპერაციული მხარე, უფრო ზუსტად, მისი სირთულის დონე გამოდის პირველ პლანზე. აქტივობის იმპულსურ, თეორიულ და ნებელობით ქცევებად დაყოფა ამ პრინციპის მიხედვით ხდება. აღსანიშნავია, რომ ნაცადია ამ ორი კლასიფიკაციური პრინციპის გაერთიანებაც [3]. ამ შემთხვევაში ქცევის ინტროგენურ-ექსტროგენური ფორმების ჰორიზონტალურ განზომილებას ემატება აქტივობის სამი დონის ვერტიკალური განზომილება. ასეთი მიდგომა საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება, თუმცა ამ მიდგომის ფარგლებში შექმნილ სქემებში ვხვდებით ხარვეზებსაც. აქ მხოლოდ ერთს აღვნიშნავთ – ესაა ცნობისმოყვარეობის მოთავსება უმდაბლეს, ინდივიდის, ანუ იმპულსური ქცევის დონეზე. ადვილია დავრწმუნდეთ, რომ ქცევის ეს ფორმა სულაც არ არის იმპულსური. ამას თუნდაც უზნაძის მიერ მოყვანილი ცნობისმოყვარეობის გამოვლინების მაგალითები მოწმობს: გაზეთის კითხვა ახალი ამბების გასაგებად, მეცნიერული ლიტერატურის გაცნობა რაიმე საკითხზე ზუსტი ცნობების მისაღებად, ან თუნდაც სხვებისადმი მიმართვა საინტერესო ინფორმაციის მისაღებად და ა.შ. განა მართებულია მათი იმპულსურ, ე.ი. არაცნობიერად მიმდინარე ქცევად მიჩნევა?

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უზნაძის მიხედვით, იმპულსურ და ნებელობით ქცევებს არა ფსიქიკური რეგულაციის სხვადასხვა დონე, არამედ მოტივაციური კრიტერიუმი (აღმძვრელი მოთხოვნილების სახეობა) განასხვავებს. აქ შეიძლება მოყვანილ იქნას უზნაძის გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ «ნებელობის შემთხვევაში აქტუალური მოთხოვნილების იმპულსი კი არ არის მოქმედების თუ ქცევის წყარო, არამედ სულ სხვა რამ, რაც შეიძლება ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მას» [4; 179]. უზნაძის აზრით, ნებელობის ფსიქოლოგიის საკვანძო საკითხი მართლაც ისაა, თუ რომელი წყაროდან იღებს ნებელობა მოქმედების ენერგიას. ეს საკითხი სხვაგან განვიხილეთ და ჩვენი შეხედულებაც გამოვთქვით [10]. ამ კონტექსტში კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას უზნაძე ნებელობითი ქცევის ე.წ. მაღალ (ეთიკურ, ესთეტიკურ და ინტელექტუალურ) მოთხოვნილებებთან დაკავშირებაში ხედავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ნებელობითი და არც სხვა, უფრო დაბალი დონის ქცევის (თუნდაც იმპულსურის) მიბმა რაიმე სახის მოთხოვნილებაზე არ არის მართებული. აქ ამ პოზიციის ვრცელ დასაბუთებაზე არ შევჩერდებით, უბრალოდ უზნაძის ერთ ჩანაწერზე მივუთითებთ, სადაც ვითარება ძალზე საინტერესო და, ჩვენი აზრით, სწორი რაკურსით არის განხილული. შენიშვნების რვეულში ასეთ ანალიზს ვხვდებით: ემოცია შეიცავს ლტოლვის ტენდენციას და იმპულსური ქცევაც ამ იმპულსითაა მოტივირებული (მაგალითად, შეგვეშინდა და გავიქეცით). ნებელობითი ქცევა ემოციური იმპულსების შემაკავშირებელი და კოგნიტურად განსაზღვრული ქცევაა. «რასაკვირველია, შესაძლებელია ე.წ. მაღალ ემოციებსაც ჰქონდეთ, და აქვთ კიდეც ასეთივე იმპულსი; და მაშინ მათაც შეუძლიათ ქცევის განსაზღვრა. ცხადია, ეს ქცევაც იმპულსური იქნება. მაშასადამე, არაა გამორიცხული ზნეობრივი ემოციებიდან გამომდინარე იმპულსური ქცევის არსებობა: შეიძლება ზნეობრივადაც იქცეოდე იმპულსურად! იგივე ითქმის, განსაკუთრებით, რელიგიური ქცევის შესახებ და აგრეთვე, მეტად თუ ნაკლებად, ესთეტიკურისა და ინტელექტუალურის შესახებაც» [7ბ; 54].

ასევე ვერ მივიჩნევთ გონებრივ შრომად სუბიექტის ისეთ აქტივობას, რომლის მიზანიც გონების მხოლოდ გავარჯიშება ან თვითდამკვიდრებაა (მაგალითად კროსვორდის ამოხსნა, ვიქტორინაში მონაწილეობა). უზნაძის კლასიფიკაციის მიხედვით ეს ქცევა ინტელექტუალურ გართობას უნდა მივაკუთვნოთ.

ამრიგად, უზნაძე სავსებით მართებულად ამტკიცებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, დაბალია თუ მაღალი მოთხოვნილება (ემოციებზე აქ შესაბამისი ლტოლვების, მოთხოვნილებების მნიშვნელობით არის საუბარი) ქცევა მაინც იმპულსურია, თუ იგი უშუალოდ ამ იმპულსს მიჰყვება და არაცნობიერად მიმდინარეობს. ნებელობითი ქცევა მაშინ იწყება, როცა წარმოიქმნება მოტივაციური კონფლიქტი და პიროვნება დაპირისპირებულ ტენდენციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანის, ღირებულის გარკვევის წინაშე დგება. მოტივაციური კონფლიქტი ქცევის მოტივაციური საფუძვლის მოშლას და შესაბამისი განწყობის ლიკვიდაციას ნიშნავს. ამის შემდგომ იწყება ნებელობითი პროცესი, რომელიც ახალი ქცევის მონახვასა და შეწყნარებაში მდგომარეობს. ცხადია, ყოველივე ეს ობიექტივაციის დონეზე გაიშლება.

ობიექტივაციის ინიციაციას არა მარტო ქცევის მოტივაციურ, არამედ ოპერაციულ სფეროში წარმოქმნილი პრობლემებიც ახდენენ. პირველ შემთხვევაში პასუხი გასაცემია შეკითხვაზე, თუ რა და რისთვის უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორეში – როგორ უნდა გაკეთდეს ის, რაც სუბიექტის მიერ შეწყნარებულია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემები წყდება. ეს «ფსიქიკური სამუშაო» კოგნიტური ფუნქციების საშუალებით ხორციელდება. ამის აუცილებლობა შეიძლება ქცევის პროცესშიც გაჩნდეს და მის დაწყებამდეც. ორივე შემთხვევაში იგი კონკრეტული ქცევის მოტივისა და მიზნის რეალიზაციას ემსახურება და ბიოგენური, ფსიქოგენური თუ სოციოგენური მოთხოვნილებით არის აღძრული. თუ ეს «ფსიქიკური სამუშაო» თეორიული ფსიქოგენური მოთხოვნილებით არის მოტივირებული, იგი დამოუკიდებელი ქცევის სახეს იღებს. უმეტესწილად კი მას ჩართული მოქმედებებისა და ოპერაციების სტატუსი აქვს და შესაბამისი ქცევის განწყობით იმართება. ეს ქცევა თეორიული არ არის; უმჯობესია მას გაცნობიერებული ან ობიექტივირებული ქცევა ვუწოდოთ. თუ ქცევებს ფსიქიკური რეგულაციის იერარქიის მიხედვით დავალაგებთ, ამ კლასში შემავალი ქცევები სირთულის მეორე დონეზე განლაგდება, იმპულსურსა და ნებელობითს შორის.

ადვილია დავრწმუნდეთ, რომ, პრინციპში, მოტივაციურ-ინტენციური კრიტერიუმით გამოყოფილი ქცევის არაერთი ფორმა შეიძლება სამივე დონეზე ხორციელდებოდეს. ავიღოთ, მაგალითად, თვითმომსახურება. იგი არ არის ერთმნიშვნელოვნად იმპულსური, როგორც სხვათა შორის, უზნაძე მიიჩნევს (გაუგებარია, რატომ უნდა ემსახურებოდე საკუთარ თავს მხოლოდ არაცნობიერად?). ამ ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის საჭიროება მას გაცნობიერებულ, ობიექტივირებულ ქცევად გარდაქმნის, ხოლო თუ პიროვნების მხრიდან ამ ქცევის სანქციონირება გახდება საჭირო, იგი ნებელობითი ქცევის სახეს მიიღებს.

დასასრულ, მცირე ისტორიული ექსკურსის სახით აღვნიშნავთ, რომ უკვე ე. კლაპარედი მკაფიოდ განასხვავებდა აქტივობის დეზადაპტაციით, ქცევის შეფერხებით აღმოცენებულ ცნობიერების პროცესებს (რომლებიც მიმართული არიან მიზნის განხორციელების ხერხების, საშუალებებისა და პირობების საკითხების გადაწყვეტაზე) იმათგან, რომლებიც თვით სუბიექტისთვის მისაღები მიზნის გამოვლენას ემსახურება. ეს პროცესები განსხვავდება არა მარტო იმით, თუ რა ვითარება იწვევს მათ, არამედ საკუთრივ ფსიქოლოგიური შინაარსითაც. მათ შორის განსხვავება ისევე დიდია, როგორც ამოცანის გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების მიღებას შორის. ერთ შემთხვევაში პროცესი უპირატესად კოგნიტურია, მეორეში – მოტივაციური, ან, სხვაგვარად, შესაბამისად – გონებრივი და ნებელობითი, როგორც თვით კლაპარედი ამბობს [13]. ჩვენი ანალიზის კონტექსტში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კლაპარედის მიერ ფორმულირებული «გაცნობიერების კანონიც». ამ კანონის თანახმად, ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ინდივიდის ადაპტაცია აღარ მიმდინარეობს ავტომატურად (არაცნობიერად), როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და ინდივიდი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი; მაშინ აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება «ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით».

მსგავსი იდეა ცოტა ადრე გამოთქვა ვ. შტერნმა, როცა საუბრობდა გარემოსა და პიროვნების კონვერგენციის პროცესის შეფერხებაზე. ცნობიერება სამყაროსთან პიროვნების კონფლიქტის მანიშნებელია, მისი პროდუქტი და დაძლევის საშუალებაა [2]. შტერნი «ობიექტივაციის» ტერმინსაც კი ხმარობს. ა. ვიემენიც კონფლიქტს განიხილავს, როგორც «მენტალობის სტიმულს», ხოლო ჯ. დიუი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ამბობდა: იქ, სადაც მხოლოდ ისეთი საგნებია, რომლებიც ინდივიდის წინაშე არავითარ პრობლემებს არ აყენებენ, ცნობიერებაც არ ფუნქციონირებსო (სხვა საკითხია, თუ რამდენად მართებულია ამგვარი თვალსაზრისის გავრცელება ობიექტივაციის ყველა შემთხვევაზე [1]). ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ უზნაძის ობიექტივაციის თეორია ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. მისი იდეური წანამძღვრების ანალიზს სპეციალური გამოკვლევა ესაჭიროება. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ არსებითად გაცნობიერების პროცესის ანალიზიდან წამოსულმა ამ შეხედულებამ უზნაძესთან ერთგვარად ინტელექტალისტური ჟღერადობა შეიძინა. ობიექტივაცია, როგორც აქტივობა, არ ნიშნავს მხოლოდ აზროვნებას და, თანაც, მაინცადამაინც თეორიული ქცევის რანგში მიმდინარე ქმედებას.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზეtag:www.qwelly.com,2019-03-23:6506411:Topic:13791682019-03-23T10:55:45.567ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ქცევის აღწერითი და ახსნითი მოდელები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს დაუწერელი კანონია ქცევის ყოველი გამართული თეორიისთვის. ხარვეზები ამ საქმეში ბევრი გაუგებრობის, წინააღმდეგობის თუ, საზოგადოდ, თეორიის არასწორი მიმართულებით განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. გარკვეულწილად ასე მოხდა განწყობის თეორიაში. დ. უზნაძე ამოდიოდა არა მხოლოდ ე. წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელიდან», როგორც მას შ. ჩხარტიშვილმა უწოდა, არამედ აგრეთვე, «ქცევის…

ქცევის აღწერითი და ახსნითი მოდელები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს დაუწერელი კანონია ქცევის ყოველი გამართული თეორიისთვის. ხარვეზები ამ საქმეში ბევრი გაუგებრობის, წინააღმდეგობის თუ, საზოგადოდ, თეორიის არასწორი მიმართულებით განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. გარკვეულწილად ასე მოხდა განწყობის თეორიაში. დ. უზნაძე ამოდიოდა არა მხოლოდ ე. წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელიდან», როგორც მას შ. ჩხარტიშვილმა უწოდა, არამედ აგრეთვე, «ქცევის დისკრეტული მოდელიდანაც». პირველი ქცევის დეტერმინაციას, მისი მექანიზმის ფუნქციონირებას ეხება და ამდენად თეორიის ახსნით ნაწილს განეკუთვნება. მეორე ეხება ემპირიულად მიმდინარე დაკვირვებად აქტივობის პროცესს. ანალიზს ექვემდებარება ამ აქტივობის «გრძნობადი ქსოვილი» მასში რაიმე აზრისა და მნიშვნელობის მქონე მონაკვეთებისა თუ ნაწილების გამოყოფის მიზნით.

უზნაძე აქტივობას დიდ მორალურ ერთეულებად ყოფს და მათ ქცევას უწოდებს. ეს სავსებით მართებული მიდგომაა, თუ იგი ე. წ. «მოლეკულარულ» თვალსაზრისთან იქნება დაპირისპირებული. განწყობა მოაზრებულია ამ დიდი ერთეულის ანუ ქცევის დეტერმინაციის ფუნდამენტურ მექანიზმად. ქცევა განწყობის გარეშე ვერ განხორციელდება. განწყობა განიხილება იმ ქცევასთან ერთობლიობაში, რომელსაც იგი ემსახურება. განწყობა წარმოიქმნება ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველსაყოფად. ესაა მისი ფუნქცია.

ეს უზნაძის განწყობის თეორიის ამოსავალი დებულებებია, რომლებზეც ამ კონცეფციის მიმდევრებს შორის არავინ დავობს. ამავე დროს, დგება საკითხი არა მხოლოდ აქტივობის დიდი ერთეულების (ანუ ქცევის) შესახებ, არამედ თვით ქცევის საშენი მასალის, ასე ვთქვათ, «მოლეკულების» და «ატომების» შესახებაც. აშკარაა, რომ ქცევა, როგორც მთლიანობა, მრავალი განსხვავებული სახის ფსიქიკური და სხეულებრივი მოვლენებისაგან და პროცესებისაგან აიგება. ისინი, თავის მხრივ, აქტივობის სხვადასხვა მონაკვეთებს შეადგენენ, რომელთა თანმიმდევრულ განხორციელებას ქცევის საბოლოო მიზნამდე მივყავართ. უზნაძეს არ დაუტოვებია ჩამოყალიბებული თვალსაზრისი ქცევის სტრუქტურის შესახებ. მის მიმდევრებში კი აზრი სერიოზულად გაიყო, როგორც თვით ქცევის მდგენელების აღწერითი მახასიათებლების (მაგალითად, ვერაფრით ვერ გაირკვა მოქმედების ქცევისაგან განმასხვავებელი ნიშნები), ისე მათი განწყობასთან მიმართების საკითხში [14][16][17][20]. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქცევის თეორიის აღწერით ნაწილში მიმდინარე ამ კვლევის შედეგები არ აისახა განწყობისეული მექანიზმის დახასიათებაზე ანუ თეორიის ახსნით ნაწილზე. თეორიის მიმდევართა აბსოლუტური უმრავლესობა, ჩხარტიშვილის რამდენიმე მოსწავლის გარდა, განაგრძობდა დგომას განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელის პოზიციებზე. ეს ეხება იმ ახალ მიმართულებასაც, რომელსაც «განწყობის ანთროპული თეორია» ეწოდა [6].

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ უზნაძე უაღრესად სერიოზულად ეკიდებოდა აღწერითი თეორიის კიდევ ერთ საკითს. მხედველობაში გვაქვს აქტივობის დიდი ერთეულების ანუ ქცევების ერთმანეთისაგან გარჩევის საკითხი. მან შექმნა ფსიქოლოგიაში უნიკალური ქცევათა კლასიფიკაციის სისტემა. იგი ძალზე საინტერესოა, შეიცავს მრავალ ორიგინალურ და ნაყოფიერ იდეას, მაგრამ მის ფარგლებში მაინც ვერ ხერხდება ქცევების ავტონომიური, დამოუკიდებელი ფორმების მკაფიო და დამაჯერებელი დისკრიმინაცია თეორიულად ნათელი და პრაქტიკულად ხელმოსაკიდი პრინციპებისა და კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს კლასიფიკაცია ჯერაც რჩება ამგვარი მცდელობის საუკეთესო ნიმუშად, რაც უთუოდ საკითხის უკიდურეს სირთულეზე მიანიშნებს.

აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელი, რომელზეც განწყობის თეორიის კლასიკური ვარიანტია დაფუძნებული, ამოდის შემდეგი მოსაზრებებიდან: 1. აქტივობის პროცესი არის ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობა; 2. ქცევის გარეგან და შინაგან გარემოებათა ოდნავი ცვლილება იწვევს აქტივობის შინაარსის ისეთ ტრანსფორმაციას, რომ იგი ახალი ქცევის სახეს იღებს; 3. არ არსებობს არსებითი განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ესა თუ ის ფსიქიკური პროცესი (ფუნქცია) ქცევის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს.

ამის შესაბამისად აქტივობის ახსნითი მოდელი შემდეგ სახეს იღებს: 1. ყველა ქცევას აუცილებლად საკუთარი, ექსკლუზიური განწყობა ემსახურება, რომელიც მკაფიოდ არის დიფერენცირებული წინარე განწყობიდან. 2. ყოველი სიახლე ქცევაში (მეტადრე მისი შემაფერხებელი) იწვევს მიმდინარე ქცევის შეწყვეტას, კვალიფიცირდება ახალი ქცევის დაწყების წინაპირობად და უკავშირდება შესაბამისი ახალი განწყობისეული მექანიზმის შექმნას; 3. სავსებით გამართლებულია სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია და სხვა) რელევანტურ განწყობათა შესახებ ლაპარაკი.

ამ ორი მოდელის გამთლიანება ქცევის ერთიან კონცეფციაში გვაძლევს ე. წ. «განწყობის სტატიკურ-დისკრეტულ მოდელს» [2].

1. როგორც ითქვა, აქტივობის აღწერის დისკრეტული მოდელის პირველი ნიშანი ისაა, რომ პროცესი მკაფიოდ განცალკევებულ ქცევით ერთეულებად იყოფა. მაგრამ აქტივობის პროცესისთვის დამახასიათებელია მუდმივი ტრანსფორმაცია და უწყვეტობა. მას უფრო ნაკადთან (ცნობიერების ნაკადის მსგავსად) ანალოგია ესადაგება და არა ჯაჭვისა თუ ჯარისკაცთა რიგის დისკრეტულ სურათთან. აქტივობის შინაარსი ყოველთვის მეტ-ნაკლებად ცვალებადობს მოტივაციური, ოპერაციული, სიტუაციური პირობების დინამიკის შესაბამისად, ისე რომ ხშირად ძნელია, გამოყო მასში რაიმე მყარი და სხვებისაგან ნათლად გამორჩეული ქცევითი პატერნები. მაშინაც, როცა ეს ასე თუ ისე ხერხდება და აქტივობა გარკვეულ მომენტში მკვეთრად იცვლის მიმართულებას, რაც ახალი ქცევის დაწყებად შეიძლება მივიჩნიოთ, იგი მაინც ამჟღავნებს კავშირს წინარე აქტივობასთან. ცნობიერებისა არ იყოს, რეალური აქტივობა არასდროს არაა იმდენად შეზღუდული აწმყოთი, რომ მასში სულ არ იყოს მინიშნება იმაზე, რაც მას წინ უძღოდა. აქტივობის ყოველი ახალადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ინტენსივობის, ტონუსის, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები მოტორული თუ მენტალური აქტებისაგან. ამიტომ ქცევებად წოდებულ ერთეულებს შორის საზღვრები ერთობ პირობითია, ზოგჯერ კი სულაც წაშლილი. არც თუ იშვიათად, ერთი ქცევა მეორის წიაღში აღმოცენდება და აქტივობის ერთიანი ნაკადის სახით მასთან ერთად მიმდინარეობს. ასეთ აქტივობას ორი და მეტი ფოკუსი აქვს. მისი დახასიათება ავტონომიური ქცევების უბრალო კონგლომერატის სახით ნაკლებად ნაყოფიერია. ძალიან ხშირად ქცევები იმდენადაა ერთმანეთში გადახლართული, რომ უპრიანია ვილაპარაკოთ მათ ანსამბლებზე ან, უფრო ზუსტად, კომპლექსურ აქტივობაზე, რომელიც ერთიან რთულ ინტენციონალურ შინაარსს ქმნის და არ იშლება მის შემადგენელ «დამოუკიდებელ ქცევებად».

გამოვიყენოთ უზნაძის ცნობილი მაგალითი, რომელიც მან მოტივზე თავისი შეხედულების საილუსტრაციოდ აღწერა. მეცნიერი ალტერნატივის წინაშეა, წავიდეს საინტერესო კონცერტზე, თუ დარჩეს სახლში სამუშაოდ. აქ ორი ღირებულება (და შესაბამისი ქცევა) უპირისპირდება ერთმანეთს: ესთეტიკური სიამოვნება და საქმის საჭიროება. მეცნიერი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას მეტი სუბიექტური ღირებულება (ანუ უფრო ძლიერი მოტივი) აღმოაჩნდა. ამასობაში ტელეფონით ატყობინებენ, რომ კონცერტზე იქნება პიროვნება, რომელთან შეხვედრა მისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. გარკვეული ყოყმანის შემდეგ იგი კონცერტზე წასვლას გადაწყვეტს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? უზნაძის ანალიზი ასეთია: ადამიანი ძველ ქცევას კი არ დაუბრუნდა, არამედ ახალი ქცევის შესრულების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კონცერტზე წასვლის აქტივობა არცაა ქცევა, როგორც ასეთი. ის მხოლოდ ე. წ. «ფიზიკური ქცევაა», ხოლო «ფსიქოლოგიურ ქცევად» მას აქცევს გარკვეული მოთხოვნილება, მიზანი, რომელსაც იგი უკავშირდება. კონცერტზე წასვლა ესთეტიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვა ქცევაა, გასართობად – მეორე, ხოლო ახალი ნაწარმოების გასაცნობად – მესამე და ა. შ. «წინა გადაწყვეტილების აქტით – წერს უზნაძე – მე უარვყავი «ესთეტიკური სიამოვნების მიზნით კონცერტზე წასვლა»; ახლა კი, როდესაც ნაცნობის ნახვის მოტივი გამიჩნდა, ძველი გადაწყვეტილება კი არ შემიცვლია: მე მხოლოდ ფიზიკურად იმავე ქცევის შესრულება გადავწყვიტე, რომელიც უარვყავი (კონცერტზე წასვლა), თორემ ფსიქოლოგიურად სრულიად ახალი ქცევის შესრულება ვამჯობინე, სახელდობრ, «კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შეხვედრის მიზნით». ხომ ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სულ სხვა ქცევაა, ვიდრე კონცერტზე წასვლა ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით» [9; 212].

ეს მართლაც ასეა. მაგრამ საკითხავია, რატომ უნდა დავუპირისპიროთ ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს? კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შესახვედრად სულაც არ გამორიცხავს ესთეტიკური სიამოვნების მიღებასაც. პირიქით, თუ უფრო ზუსტად გავაანალიზებთ რეალობას, ცხადი უნდა იყოს, რომ რაკიღა სამუშაოს მაინც მოსცდა, ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და კონცერტსაც მოუსმენს. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილი ფსიქოლოგიური აზრი კომპლექსური აქტივობის განხორციელებაშია. კონცერტზე წასვლის კომპლექსურ აქტივობაში მოცემულია ორი მიზან-მოთხოვნილება. სახლში მუშაობას ამჯერად უპირისპირდება აქტივობა ასეთი შინაარსით – წავიდეს კონცერტზე, რათა დატკბეს მუსიკით და ამავე დროს განახორციელოს საქმიანი შეხვედრა. მისი ორივე მდგენელი ინტეგრირებულია ახალ მთლიანობაში, რომელიც ვეღარ აღიწერება «დისკრეტული მოდელის» ენაზე, როგორც ორი ქცევის უბრალო ჯამი. ეს კომპლექსური აქტივობა საკუთარი მოტივის მატარებელია, რომელიც სუბიექტისთვის მის ერთიან ღირებულებას გამოხატავს. მისი ღირებულება სწორედ ამიტომ აღემატება სამუშაოსთან დაკავშირებული ქცევის ღირებულებას, თორემ ცალკ-ცალკე ვერც ერთი ეს მიზანმოთხოვნილება ვერ გადასწონიდა მუშაობის საჭიროებას.

აღნიშნული კომპლექსური აქტივობა ახალი «ქცევითი რეალობაა», რომლისთვისაც ადგილის მიჩენა ქცევათა უზნაძისეულ კლასიფიკაციაში უბრალოდ შეუძლებელია. მართლაც, რომელ ქცევათა კლასში უნდა შევიყვანოთ იგი? მოთხოვნილების კრიტერიუმით თუ ვიხელმძღვანელებთ – ვერც ერთში, ვინაიდან აქ აქტივობის აღძვრა მინიმუმ ორი მოთხოვნილებით ხდება, ანუ ქცევა პოლიმოტივირებულია. უზნაძის კლასიფიკაცია ამოდის მოთხოვნილების, განწყობისა და ქცევის შესატყვისობის პრინციპიდან. ეს ნიშნავს, რომ ქცევის ფსიქოლოგიური ბუნება და სახელწოდება მისი აღმძვრელი ერთადერთი მოთხოვნილების თავისებურებებითაა გაპირობებული, ანუ იგი მონომოტივირების პრინციპს ეყრდნობა. აღწერილ ქცევით რეალობას კი აქვს თავისი პოლიმოტივაციური სტრუქტურა და ერთიანი განწყობისეული მექანიზმი. ამ აქტივობის გააზრება ორი და მეტი ქცევის ერთდროული განხორციელების სახით, მაშინ როდესაც ამოსავალ პრინციპად ქცევისა და განწყობის ცალსახა შესატყვისობის პრინციპია აღიარებული, მრავალი ერთდროულად რეალიზებადი აქტუალური (პირველადი და არა ფიქსირებული) განწყობის დაშვებამდე მიგვიყვანს. ასეთი რამ კი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ყველაზე ფუნდამენტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

პოლიმოტივაციის მოვლენა უაღრესად ფართოდ არის გავრცელებული და შეიძლება ითქვას ტიპურიცაა რთული ადამიანური აქტივობისთვის. მის გასათვალისწინებლად ქცევის სრულფასოვან აღწერით და ახსნით მოდელებზე ლაპარაკი ზედმეტია. საქმე ისაა, რომ ქცევის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ძალებისა და დროის ეკონომია. პოლიმოტივაცია ამ პრინციპის პირდაპირი და აშკარა გამოვლინებაა. რაც უფრო ეკონომიურად იხარჯება ფსიქოფიზიკური რესურსები და დრო, მით უფრო ეფექტურია აქტივობა. ამ კრიტერიუმით პოლიმოტივირებული აქტივობა, ცხადია, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მონომოტივირებული, ვინაიდან იგი თავს უყრის და აერთიანებს პიროვნების მრავალფეროვან ინტერესებს. გარდა ამისა, პოლიმოტივირებული აქტივობა ხშირად უფრო ნაყოფიერიცაა, რამდენადაც მას მრავალრიცხოვანი აღმძვრელებიდან მომდინარე შედარებით ძლიერი დინამიკური მუხტი ახასიათებს. ხოლო ქცევის შედეგიანობისა და მოტივაციის ძალის ურთიერთკავშირი კარგადაა ცნობილი. ასეთი აქტივობა, აგრეთვე, უფრო გამძლეა სხვადასხვა დაბრკოლებათა მიმართ. ისიც საყურადღებოა, რომ მონომოტივირებულ ქმედებასთან შედარებით მისი გაგრძელების შესაძლებლობა გაცილებით მეტია; ერთი მოთხოვნილების ენერგეტიკა შეიძლება მალე გამოილიოს, ხოლო პოლიმოტივაციური სისტემა დროში უფრო მდგრადია. გარდა ამ დინამიკური ასპექტისა, არსებობს ღირებულებითი ასპექტიც: მდიდარი მოტივაციური შინაარსის აქტივობა მეტი პიროვნული წონისაა და მეტი ქცევითი კმაყოფილების მომტანია. მასში, არცთუ იშვიათად, შეთანხმებულია სასიამოვნო და სასარგებლო. და კიდევ: მრავალ ქცევაში უბრალოდ შეუძლებელია ერთადერთი მოთხოვნილების შესაბამისი მოტივაციის გამოკვეთა. ასეთია, მაგალითად, ბავშვის სასწავლო მეცადინეობა, რომელშიც უფრო ხშირად თანაბრად მნიშვნელოვანია ფუნქციონალური ტენდენციის, თვითდამკვიდრების, პრესტიჟის, ხათრისა და სხვა სოციალური მდგენელები.

მიუხედავად ამისა, პოლიმოტივაციის მოვლენა ემპირიულად ძალზე ცუდად არის შესწავლილი, ხოლო თეორიულად თითქმის არ არის გააზრებული. როგორც ითქვა, ჩვეულებრივ ქცევის დახასიათება ქვემდებარე მოთხოვნილების მიხედვით ხდება, ანუ როგორიცაა მოთხოვნილება, ისეთია ქცევა: შიმშილს – ჭამა შეესაბამება, ესთეტიკურ მოთხოვნილებას – მუსიკის მოსმენა ან გამოფენის ნახვა, ინტელექტუალურ ინტერესს – თეორიული ქცევა და ა. შ. ქცევის ფორმები მათთვის სპეციფიკური მოთხოვნილებების მიხედვით გამოიყოფა.

ქცევის ბუნება, რა თქმა უნდა, გაპირობებულია მის საფუძველში არსებული მოთხოვნილებებით. მაგრამ ქცევის კონკრეტული ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია არა მხოლოდ მოტივაციური, არამედ სიტუაციური და ინსტრუმენტული ფაქტორებითაც. გარდა ამისა, ქცევასთან შესატყვისობის თვალსაზრისით თვით მოთხოვნილებებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვიტალური მოთხოვნილებები, უმეტესად, საკუთარ ქცევით პატერნებს ქმნის. ამავე დროს, არსებობს მოთხოვნილებები, უპირატესად ფსიქოგენური და სოციოგენური, რომლებზეც არც არის «მიმაგრებული» შესატყვისი ქცევის ფორმა. კავშირი მათსა და ქმედებას შორის არ არის ისეთივე ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი, როგორც ეს სასიცოცხლო მოთხოვნილებათა შემთხვევაშია. ისინი რეალიზდებიან სხვადასხვა შინაარსის აქტივობაში. მაგალითად, წარმატების მიღწევის მოთხოვნილება კმაყოფილდება წარმატების მიღწევით ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებულ ქცევებში. იგი არ წარმოქმნის «წარმატების მიღწევის» დამოუკიდებელ ქცევას. ასეთივე ბუნებას ავლენენ სხვა ტიპური ადამიანური მოთხოვნილებები: პრესტიჟის, აფილაციის, დომინირების, ძალაუფლების, სიცოცხლის საზრისის ძიების, თვითქატუალიზაციისა და სხვა. პრესტიჟის მოთხოვნილება შეიძლება მრავალი სახის სოციალური აქტივობით დაკმაყოფილდეს, თვითაქტუალიზაცია კი სხვადასხვა მიზნის მიღწევის პროცესში ხორციელდება. ამგვარი, ჭეშმარიტად ადამიანური მოთხოვნილებები შეადგენს პიროვნების ძირეულ და მუდმივმოქმედ ტენდენციებს, რომლებიც განუწყვეტლივ რეალიზდებიან ხან ერთ, ხან მეორე ქცევაში. ამიტომ ისინი, როგორც წესი, თანაარსებობენ სხვადასხვა მოთხოვნილებებთან და მათთან ერთად ქმნიან კონკრეტული აქტივობის აღმძვრელების რთულ პოლიმოტივაციურ ანსამბლებს. აღნიშნული მოთხოვნილებები ინტენსიურად შეისწავლება მოტივაციის ფსიქოლოგიაში, მაგრამ მათი ეს არსებითი თავისებურება მხედველობის გარეშეა დარჩენილი, რაც ფსიქოლოგიაში ქცევის აღწერითი თეორიის საერთო ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

პოლიმოტივაციის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს მაინც, ალბათ, ის შემთხვევები ქმნის, როცა ქცევას ერთდროულად აღძრავენ ე. წ. ფუნქციუნალური და სუბსტანციური მოთხოვნილებები. უზნაძის თანახმად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები საკუთრივ აქტივობის პროცესს, ფუნქციონირებას უკავშირდება, სუბსტანციური კი – საგნებსა და მოვლენებს. ყოველი მეტ-ნაკლებად გაშლილი ქცევის განხორციელებაში განსხვავებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები მონაწილეობს. ყველა მათგანის პროცესუალური მხარე შესაბამისი ფუნქციონალური ტენდენციით ვლინდება. ამიტომ ამა თუ იმ ქცევის სუბსტანციურ მოტივაციას, როგორც წესი, თან ახლავს და ზურგს უმაგრებს მეტ-ნაკლები ძალის ფუნქციონალური მოტივაცია.

პრინციპულად პოლიმოტივირებულ ქცევებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი სახის კოლექტიური ქცევები, რომლებიც სხვა ამოცანასთან ერთად ურთიერთობის აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც გულისხმობენ. ასეთივე ტიპისაა გართობასთან, დასვენებასთან, სხვადასხვა გატაცებებთან დაკავშირებული მრავალი ქცევა. მაგალითად დავასახელოთ სპორტული ნადირობა, რომელიც ფუქციონალურ-სამოძრაო, ბუნებასთან ურთიერთობის, მოსაპოვებელი პროდუქტის ღირებულებასთან დაკავშირებულ და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ერთია, როცა მოთხოვნილებები საერთო ძალებით აღძრავს ერთიან ქცევას (მაგალითად, იგივე ნადირობა) და მეორე, როცა სიმულტანურად აქტუალიზებული მოთხოვნილებები მათ დაკმაყოფილებაზე მიმართულ სპეციალურ მოქმედებათა სისტემას უკეთებს მობილიზებას. ეს უკანასკნელი შედგენილი (ჩხარტიშვილის ტერმინით – ინტეგრირებული) აქტივობის სახით წარმოგვიდგება. მაგალითად, კონცერტზე მიმავალ ადამიანს გზაში ხვდება კოლეგა და ისინი იწყებენ კამათს ორივესთვის საინტერესო მეცნიერული პრობლემის გარშემო. იმავდროულად გაცხარებული ადამიანი იწყებს სიგარეტის მოწევას. ამ შემთხვევაში კონცერტზე წასვლის ისედაც პოლიმოტივირებულ აქტივობას ემატება ახალი მოტივაციური შინაარსები, რომლებიც მისი კომპლექსურობის ხარისხს კიდევ უფრო მაღლა სწევენ.

საჭიროა ასეთი შემთხვევების საგანგებო ანალიზი, როდესაც აქტივობის რამდენიმე ინტენციონალური ხაზი ერთმანეთშია გადახლართული და სიმულტანური კვანძების სახითაა მოცემული. დამოუკიდებელ ქცევებად წოდებული პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და ერთმანეთშია ჩართული. თუ რეალური აქტივობის აღწერა გვსურს, უნდა გავითვალისწინოთ ის ერთობ გავრცელებული გარემოება, რომ ერთი ქცევის განხორციელების პროცესში ადამიანს ხშირად უჩნდება სხვა მიზნების და ამოცანების რეალიზაციის შესაძლებლობა. დროისა და რესურსების ეკონომიის ხსენებული ძირეული პრინციპის შესაბამისად ადამიანი, როგორც წესი, იყენებს ამ შესაძლებლობას. ამისთვის ორი პირობაა საჭირო. ან ერთი ქცევის შესრულების მსვლელობაში დროებით დგება შედარებითი უმოქმედობის პერიოდი, ან კიდევ ერთი ქცევის მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება მოქმედებათა და ოპერაციების მცირე რაოდენობის მეშვეობით. ეს ათავისუფლებს ფუნქციების ნაწილს და ისინი სხვა ინტენციონალური ხაზისკენ მიიმართება. უფრო საფუძვლიანად ეს საკითხი სხვაგან გვაქვს გაშუქებული [16].

მოცემული წერილის კონტექსტში მთავარი ისაა, რომ აღწერილი რთული, კომპლექსური აქტივობა ურთიერთთან კოორდინირებული, ზოგან კი სულაც გაერთიანებული ქცევითი ამოცანების ერთობლიობად წარმოგვიდგება და არა მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობად. როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ეს უკანასკნელი სურათი იხატება აქტივობის დისკრეტული მოდელის მიერ. განწყობის ახსნითი მოდელისაგან იგი მოითხოვს რთულ აქტივობაში შემავალი ყველა ქცევისთვის საკუთარი, სხვებისაგან განსხვავებული განწყობის დაშვებას. ამის სანაცვლოდ, თუ აქტივობის დახასიათების არადისკრეტული (შესაძლებელია ვიხმაროთ ტერმინი «კონტინუალური» [2]) მოდელიდან ამოვალთ და უზნაძის თეორიით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ პოლიმოტივირებული აქტივობის მიზანშეწონილი განხორციელების მექანიზმად ყველა აუცილებელი ფაქტორის (მათ შორის მოტივაციურის) გათვალისწინებით შექმნილი (ან გამოდიფერენცირებული) განწყობის ერთიანი, მთლიანობითი მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ.

2. აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელის მეორე ნიშანი ისაა, რომ აქტივობის ყოველი ტრანსფორმაცია ახალი ქცევის დაწყებად მოიაზრება, ხოლო შესაბამისი განწყობის სტატიკური ახსნითი მოდელი ამ ახალ ქცევას ახალ გაწყობას უფარდებს. სინამდვილეში ქცევის მსვლელობის პროცესში აქტუალური სიტუაცია მუდმივად ცვალებადობს, სუბიექტი გარემოდან წამოსულ ახალ და ახალ შთაბეჭდილებებს იღებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იცვლება მისი აქტივობის შინაარსი, რომ იცვლება მისი ქცევა.

განწყობის დინამიკური მოდელის ავტორი ჩხარტიშვილი მხოლოდ განწყობის სიტუაციური ფაქტორის ცვალებადობას შეეხო. უყურადღებოდ დარჩა მოტივაციურ ფაქტორში მიმდინარე დინამიკური პროცესები. ქცევის აღწერითი თეორიის ეს ასპექტი იმდენად ცუდადაა დამუშავებული, რომ ის სულ არ იქნა მხედველობაში მიღებული ქცევის განწყობისეული მექანიზმის პროცესუალური ტრანსფორმაციის გააზრებისას. არადა ქცევის სრულყოფილი დახასიათება შეუძლებელია იმის გათვალისწინების გარეშე, რომ აქტივობის პროცესში მის აღმძვრელ პოლიმოტივაციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს. ეს კი სერიოზულად აისახება აქტივობის დინამიკურ და ღირებულებით ასპექტებზე, ხოლო საბოლოოდ – ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველმყოფელი მექანიზმის ფუნქციონირებაზე, რომელიც თეორიის ახსნით ნაწილში განიხილება.

ქცევის სუბიექტური ღირებულების შეცვლა ხდება აქტივობის საწყის ეტაპზევე, უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ეს გამოვლენილ იქნა ლ. ფესტინგრის მიერ, რომელმაც აჩვენა, რომ კოგნიტური დისონანსის მექანიზმის წყალობით არჩეული ქცევის სუბიექტური ღირებულება მატულობს [23]. ამავე მიმართულებით ხდება ცვლილება აქტივობის დამამთავრებელ ფაზაზეც. ეს ვლინდება მოვლენებში, რომლებიც «მოტივაციური გრადიენტის» ან «მიახლოების გრადიენტის» სახელითაა ცნობილი [18]. აქტივობის მსვლელობაში მისი სუბიექტური ღირებულების გაზრდას იწვევს მოტივაციური ფუნდამენტის გამდიდრებაც მასში ახალი მოთხოვნილებების აქტუალიზაციისა და ჩართვის მეშვეობით. საპირისპიროც ხდება – მოთხოვნილებათა სისტემა «ღარიბდება», კარგავს რა თავისი შემადგენლობის ნაწილს. მაგალითად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომლებიც ხშირად შედიან სხვადასხვა მოტივაციურ ანსამბლებში, აქტივობის განმავლობაში სუსტდება და, შესაძლოა, მთლიანად დაკმაყოფილდეს. ამის შედეგია, რომ იმავე მიმართულებით ფუნქციონირება არათუ აღარ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნილებას, არამედ გადაიქცევა ყოველგვარ პროცესუალურ მიმზიდველობას მოკლებულ ძნელ საქმიანობად. აქტივობის პროცესში ფუნქციონალურ თუ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ხშირად იმდენად ცვლის ქცევის სუბიექტურ ღირებულებას, რომ იგი შეიძლება შეწყდეს და სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი არ წყვეტს ქცევას შუა გზაზე და ის ბოლომდე მიჰყავს. პიროვნება არ იმყოფება მოტივაციურ სისტემაში მომხდარი ავტომატური ცვლილებების, მოთხოვნილებისეული ძალების მექანიკის ტყვეობაში. მას აქვს უნარი, გააკონტროლოს და კორექცია გაუკეთოს ამ პროცესს. ამაში პოულობს თავის გამოვლინებას ნებელობითი ან პიროვნული დონის თვითრეგულაცია.

მოკლედ, დინამიკური ცვლილებები ხდება აქტივობის პროცესში როგორც სიტუაციის მხრიდან, ისე მოტივაციის მხრიდანაც. მთავარი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს არ ნიშნავს მიმდინარე აქტივობის შინაარსეულ გადახალისებას, ერთი ქცევის შეწყვეტას, ახალი ქცევის დაწყებას და შესაბამის განწყობათა შეცვლას. ადამიანი, რომელიც მიდის სასეირნოდ და, ამავე დროს, სახლისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების საყიდლად, პოლიმოტივირებულ კომპლექსურ აქტივობას ახორციელებს. მას ერთიანი განწყობა ასაზრდოებს, რომლის რეალიზაციის პროცესში ფიზიკური და სოციალური სიტუაცია სულ ცვალებადობს: ხან სად მოუწევს შესვლა, ხან ვისთან ურთიერთობა. ყოველივე ეს წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული განწყობის ე. წ. ობიექტური ფაქტორში და, შესაბამისად, განწყობის საწყის სტრუქტურაში. იგივე ითქმის ე. წ. სუბიექტურ ფაქტორზეც. მას, როგორც პოლიმოტივაციურ სისტემას, შეიძლება მოაკლდეს მდგენელი (მაგალითად, დაღლილობის მიზეზით დასუსტებული ფუნქციონალური ტენდენცია), ან მოემატოს (გზად გაახსენდეს დამატებით რაიმე საყიდელი, ან მოსწყურდეს და წყალი დალიოს). ყველა შემთხვევაში არა გვაქვს საფუძველი ვილაპარაკოთ განწყობათა განუწყვეტელ ცვალებადობაზე. ტრანსფორმაცია ერთიანი განწყობის სტრუქტურაში ხდება. ამაშია დინამიკური მოდელის საკვანძო პრინციპი.

დისკრეტულ-სტატიკური მოდელის მიხედვით განწყობა აქტივობის დაწყებამდე მთლიანად არის სტრუქტურირებული ქცევის ყველა მონაკვეთის მიზანშეწონილი განხორციელების უზრუნველსაყოფად. არადა, სეირნობის ქცევა კი არა, მისთვის მომზადების პროცესიც კი ვერ იქნება თავიდანვე სიტუაციის მხრიდან მთლიანად განსაზღვრული. უზნაძის ცნობილ მაგალითებს მივმართოთ: ის, რომ სასეირნოდ განწყობილმა ადამიანმა მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფეხსაცმელი მოირგო, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის ჩაცმასთან დაკავშირებული სიტუაციის უბანი აქტივობის მსვლელობაში (და არა მის დასაწყისში) არ იქნა სათანადოდ ასახული განწყობაში. იგივე ითქმის კარის დაკეტვაზეც, რომელიც შეფერხდა სხვა გასაღების მორგების შეუძლებლობის გამო. აქაც მოხდება სიტუაციის უფრო ადეკვატური ასახვა, რასაც, შესაძლოა, უფრო რთული კოგნიტური აქტივობა დასჭირდეს. ოღონდაც ეს ყველაფერი ერთი კომპლექსური აქტივობის ფარგლებში მოხდება, ერთი და იმავე ქცევის ფსიქოლოგიურ სივრცეში. სტატიკური მოდელი ამ მაგალითების ანალიზისას მოტივაციური ფაქტორის ცვლილებაზეც მიუთითებს; კერძოდ, შეფერხების შედეგად ჩნდება ახალი მოტივაცია – შემეცნების მოთხოვნილება. ამდენად, აქტივობის ფორმა (კოგნიტური პროცესები) და შინაარსი (შემეცნებითი მოტივაცია) თეორიული ქცევის ხასიათს იღებს. შესაბამისად ყალიბდება თეორიული ქცევის განწყობა, რომელიც ენაცვლება შეწყვეტილი პრაქტიკული ქცევის დანგრეულ განწყობას.

ასეთი ინტერპრეტაციის ეკოლოგიური არავალიდურობა არაერთხელ იქნა ნაჩვენები [4][5][13][21]. ჯერ ერთი საიდან ჩანს, რომ აღმოცენდა ახალი, თეორიული მოტივაცია? ვინ თქვა, რომ ფეხსაცმლის ჩაუცმელობის ყოფითი პრობლემა შემეცნებით ინტერესს აღძრავს? თუმცა ასეც რომ იყოს, ეს უკანასკნელი მხოლოდ დამატებითი მდგენელი გახდება სასეირნოდ წასვლის კომპლექსური აქტივობისა, დაუკავშირდება რა მის ერთ მცირე მონაკვეთს და მალევე ამოწურავს თავს, როგორც პოლიმოტივაციური სისტემის კომპონენტი. ქცევის შეწყვეტაზე, მის ნაცვლად ახალი ქცევის დაწყებაზე და შემდეგ ისევ ამ ქცევასთან მობრუნებაზე ლაპარაკი, როგორც ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი აკეთებს, არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ მცდარი და მავნე განწყობის თეორიისთვის. აქტივობის ამგვარი აღწერა და ახსნა ქცევათა და განწყობათა გაუთავებელი წყვეტა-დანგრევის, ფორმირება-აღდგენის სურათს ხატავს, რომელშიც ყოველგვარი გარკვეულობა იკარგება. მართლაც, აქტივობაში, ჩვეულებრივ, რაღაც შეფერხება ხდება. პრაქტიკულ-თეორიულ-პრაქტიკული ქცევების და შესაბამის განწყობათა მონაცვლეობა რომ ამის კვალობაზე მიმდინარეობდეს, ერთი რთული ქცევა ასობით განწყობის რეალიზაციის შედეგად წარმოგვიდგება.

3. განხილული მაგალითები სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მესამე ნიშნის ილუსტრაციადაც გამოდგება. იგი უშვებს კერძო ფსიქიკური პროცესებისთვის ქცევის სტატუსის მინიჭებას და ლაპარაკობს მათ შესატყვის განწყობებზე. ამ მოდელის დამცველთა ბევრ ნაშრომში, დაწყებული თვით უზნაძიდან და მისი სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელებიდან, დამთავრებული ე. წ. «ანთროპული თეორიის» მიმდევრებით, შეხვდებით მრავალ გამონათქვამსა და მსჯელობას აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, წარმოსახვის, გრძნობის ... შესაბამის განწყობაზე. შორს წასვლა არაა საჭირო. განწყობის თეორიის კლასიკური ექსპერიმენტების ანალიზისას, სულ დიდ-პატარა ობიექტების აღქმის განწყობაზეა საუბარი. იქ გამოვლენილი განწყობა – აღქმის განწყობაა. ობიექტივაციის კონცეფციაშიც აზროვნებას საკუთარი განწყობა აქვს მიჩენილი. აზროვნების პროცესს აზროვნების განწყობა წარმართავს. სხვა პროცესების შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა.

ეს მართებული იქნებოდა, ქცევა და ფსიქიკური პროცესი თანაფარდი ცნებები რომ ყოფილიყო. განწყობა ქცევის რელევანტური ცნებაა, მისი მიზანშეწონილი განხორციელების ფსიქიკური მექანიზმია. ეს პირველ ყოვლისა მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ნიშნავს. ამიტომ განწყობის აღმოცენება-ფორმირება საკუთარი მოტივაციისა და მისი შესაბამისი სიტუაციის საფუძველზე ხდება. მოთხოვნილებას კი მხოლოდ ქცევა აკმაყოფილებს და არა მისი რომელიმე ნაწილი, კომპონენტი თუ შემადგენელი პროცესი. ქცევის სტრუქტურულ ელემენტებს საკუთარი, ექსკლუზიური მოტივაცია არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ქცევის სტატუსი ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ქცევის შემადგენელ მოქმედებებსა და ოპერაციებს თავ-თავისი განწყობები არა აქვს და მთლიანი ქცევის განწყობით იმართება.

გამართული ქცევის თეორია ამას უნდა ითვალისწინებდეს. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორმა ქცევის სტრუქტურის საკითხი სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა. ამაზე იგი არ მსჯელობს, ხოლო იმ გამონაკლის შემთხვევებში, სადაც ეს ხდება, ბევრი გაუგებრობა იჩენს თავს. მაგალითისთვის მოვიყვანთ ამონარიდს, რომელშიც ყველაზე გაშლილად არის მოცემული მსჯელობა ქცევის სტრუქტურის შესახებ. «მუშაობის გათავებისას ჩემში სასეირნოდ წასვლის მოთხოვნილება გაჩნდა. რასაკვირველია, ეს მოთხოვნილება თავისთავად, როგორც მოთხოვნილება სასეირნოდ წასვლისა, ძლიერ ზოგადის, საკმარისად განყენებული შინაარსის მოთხოვნილებად უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ მოცემულ პირობებში იგი დაქვემდებარებულ მოთხოვნილებათა მთელ იერარქიას შეიცავს, მაგალ., შესაფერისად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილებას, ოთახის წესრიგში დატოვების (ღუმელის გამოთიშვის, კარების დაკეტვის... ) მოთხოვნილებას. და როდესაც ამ მოთხოვნილებათა მქონე სუბიექტი შესატყვისი სიტუაციის წინაშე დადგება, მასში ყოველს კერძო შემთხვევაში გარკვეული გ ა ნ წ ყ ო ბ ა ჩნდება ან იღვიძებს, და მისი ქცევა ამ განწყობის მიხედვით მიმდინარეობს.

ჩვენს მაგალითში, მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, სუბიექტის ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევას – ღუმელის გამორთვას, გასაღების მოძებნას, ოთახის დაკეტვას – ყოველს ცალკე შემთხვევაში შესატყვისი განწყობა უსწრებდა წინ, რომელიც შემდეგ ამ ქცევის მიმდინარეობას განსაზღვრავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ქცევის ფსიქიკური, კერძოდ – პერცეპტული კომპონენტები, ვთქვათ, კარადის კარის აღქმა, ღუმელის, გასაღების, კლიტის და სხვ. აღქმა» [8; 149]. ამ განცდებს განსაზღვრავდა კარადის გაღების, ოთახის კარის დაკეტვის და ა. შ. განწყობები (?!).

პირველ რიგში თვალში საცემია, რომ ავტორი აღწერს რთულ აქტივობას უფრო მცირე ზომის, ურთირთდაქვემდებარებული, გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებული აქტების ერთობლიობის სახით, რაც, თავისთავად, სავსებით გამართლებულია. გასარკვევია ოღონდ, რას წარმოადგენენ ეს აქტები ფსიქოლოგიურად? უზნაძის ანალიზის მიხედვით ისინი ხასიათდებიან, როგორც ერთმანეთთან კავშირსა და სუბორდინაციაში მყოფი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევები. როგორც ასეთებს მათ უნდა ჰქონდეთ ქცევის ყველა ატრიბუტი – საკუთარი მოტივაცია თავისი სიტუაციით და საკუთარი განწყობა. საკითხი იმაშია, რამდენად მართებულია საქმის ვითარების ამგვარი ინტერპრეტაცია? რამდენად ადეკვატურია, ეკოლოგიურად ვალიდურია, მაგალითად ისეთ მოთხოვნილებებზე (ქცევებზე, განწყობებზე) საუბარი, როგორიცაა სინათლის გამორთვისა თუ კარის დაკეტვის მოთხოვნილება? მათ არსებობას არ გვიდასტურებს არც შინაგანი გამოცდილება და არც თეორიის ლოგიკა. განცდაში ასეთი აქტების შესატყვის მოთხოვნილებებს ვერ მოვნახავთ. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება შეესაბამებოდეს, საბოლოო მიზნის ქვემდებარე ე. წ. «შუალედური მიზნებია», რომელნიც ძირეული მოტივაციის საფუძველზე წარმოიქმნებიან. მაშასადამე, საქმე ემპირიულ ფაქტებში კი არა, თეორიული დაშვების ლოგიკაშია, კერძოდ დებულებაში, რომ რთული ქცევის ერთეულები თავადაც ქცევებია, უფრო მცირე ზომის, მაგრამ ნამდვილი ქცევები (?!). ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მეტნაკლებად რთული ქცევის ყველა მდგენელს ქცევის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და დავუშვათ შესაბამისი მოთხოვნილებებისა და განწყობების ურიცხვი რაოდენობა. მაგალითად, «სასეირნოდ ჩაცმის» ქცევა დასრულებული აქტების მთელი რიგისაგან შედგება (პერანგის, კოსტუმის, ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმა). თუ თანმიმდევრულნი ვიქნებით, ისინიც ქცევებად უნდა განვიხილოთ და, ესე იგი, დავუშვათ შესაბამის მოთხოვნილებათა (პერანგისა თუ ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმის) და განწყობათა არსებობა. უფრო მეტიც, ვინაიდან ამ «ქცევებსაც» თავისი მიკროსტრუქტურა აქვს, აუცილებლად გაჩნდება ქცევა (მოთხოვნილება, განწყობა) ღილების ან ზონარის შეკვრისა და სხვა. ამდენად, საბოლოო ჯამში, ყოველი ელემენტარული მოტორული და მენტალური პროცესი, რომლებისგანაც აიგება აქტივობა, საკუთარი განწყობის მქონე ცალკეულ ქცევად მოგვევლინება.

როგორი ფანტასტიკურიც არ უნდა ჩანდეს, სწორედ ასეთი სურათი იხატება, როცა არ არის სათანადოდ დამუშავებული აქტივობის თეორიის აღწერითი ნაწილი და კერძოდ მისი საკვანძო მომენტი – ქცევის სტრუქტურის (შემადგენლობის) საკითხი. ფსიქიკური პროცესები და ცალკეული განცდები ქცევის შემადგენელი ელემენტების – მოქმედებებისა და ოპერაციების – საშენი მასალაა. ამიტომ მათ არც საკუთარი მოტივაცია გააჩნიათ და, მითუმეტეს – საკუთარი განწყობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია პირველად და არა ფიქსირებულ განწყობაზე. პირველადი განწყობა აქტივობის «მოლარული» ერთეულის (ქცევის) რელევანტური ცნებაა, ფიქსირებული – «მოლეკულარულის» (მოქმედებაოპერაციის). მოქმედება-ოპერაციები იმდენად ეფუძნება ფიქსირებულ განწყობებს, რამდენადაც ჩვეულნი, ავტომატიზირებული არიან. მთელი ქცევის ფიქსირება არ ხდება. თუ გამოცდილება ფიქსირებული განწყობების სახით ინახება, მაშინ არ შეიძლება წარმოიქმნეს ისეთი განწყობა, რომელშიც არ იქნება ჩართული ადრე ფიქსირებულ განწყობათა რაღაც ნაკრები. მაგრამ თავისი მთლიანი აგებულებით განწყობა განახლებულია და საფუძვლად ედება სრულიად ახალ ქცევას – თუნდაც მხოლოდ ადრე ფიქსირებული განწყობებისაგან იყოს აგებული [21; 25-26]. ჩხარტიშვილისთვის ეს გარემოება პირველადი და ფიქსირებული განწყობების პრინციპული განსხვავებულობის ერთერთი მაჩვენებელია. მას მოჰყავს სხვა განმასხვავებელი ნიშნებიც, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ფიქსირებული განწყობის განწყობისეულ ბუნებას [13][21].

ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ეს მოსაზრებები უბრალოდ იგნორირებული იყო, მათ შორის ე. წ. «ანთროპული თეორიის» ფარგლებშიც. სულ ახლახანს გამოჩნდა ძალზე საფუძვლიანი გამოკვლევა რომელშიც, როგორც იქნა, აღიარებულია ჩხარტიშვილის არგუმენტაციის სერიოზულობა [2]. ამავე დროს, მისი ავტორი ცდილობს, შეინარჩუნოს ფიქსირებული განწყობის ცნება. ეს სავსებით გასაგებია, თუ ჩვენი განზრახვაა განწყობის თეორიას შევუნარჩუნოთ ფიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებული ექსპერიმენტული საფუძველი და არ ვმოქმედებთ უბრალოდ «განწყობის თეორიის ტრადიციიდან და ამ ტერმინის დამკვიდრებულობიდან გამომდინარე» [2; 103].

ამასთან, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ფიქსირებული განწყობის განწყობისეულობის დამტკიცების გულისთვის განწყობისთვის ისეთი ნიშნების უბრალო მექანიკური ჩამოცილება, როგორიცაა მისი «მთლიანობა» და «დინამიკურობა», თეორიის არსობლივი შეცვლის რეალურ საფრთხეს შეიცავს. ყოველ შემთხვევაში ამას სერიოზული დასაბუთება ესაჭიროება, თუნდაც ე.წ. «უშუალობის პოსტულატთან» მიმართებაში. განწყობის ცნების შემოტანის მეთოდოლოგიური აზრი, უზნაძის მიხედვით, ისაა, რომ მან უნდა შეავსოს ანალიზის ორწევრიანი სქემა; ეს, თავის მხრივ, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი განწყობა მთლიანი ინდივიდის მდგომარეობას გამოხატავს და არა მისი რაიმე ნაწილისა ან «ცაკლეული არის». ასეთი «განწყობა», უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად, ვერც ჩაითვლება განწყობად. საჭიროა იმის ნათელყოფაც, საიდან იძენს პირველადი განწყობა ფიქსირებულისაგან არსებითად განსხვავებულ თვისებებს [2; 102], თუ მისი მდგენელები მხოლოდ გააქტიურებული ფიქსირებული განწყობებია, თუნდაც სპეციფიკურად «განლაგებულ-მოგეზილი» [2; 115]. შეგვეძლო გვევარაუდა, რომ აქტუალური განწყობის თვისებები ემერჯენტული ხასიათისაა, ე. ი. ახალია და არსებითად განსხვავებული ნაწილების (ანუ ფიქსირებული განწყობების) თვისებებისაგან. მაგრამ ასეც რომ იყოს, ფიქსირებული განწყობა მითუმეტეს ვერ გამოდგება აქტუალური განწყობის მოდელად, ისევე როგორც შეგრძნების თვისებები ვერ გამოდგება აღქმის გეშტალტის თვისებების გასარკვევად. ნაწილიდან მთლიანს ვერ გაიგებ.

თუმცა, როგორც ჩანს, აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის ამგვარი მიმართება არ იგულისხმება. ამაზე მეტყველებს, ავტორის მიერ აქვე ისეთი ვითარების საგანგებო განხილვა, როდესაც მთლიანობის ერთ-ერთი მდგენელი ფიქსირებული განწყობა ხდება წამყვანი. ამ შემთხვევაში აქტუალური განწყობის მოქმედების წესი და თვისებები თითქმის ემთხვევა კონკრეტული ფიქსირებული განწყობის კანონზომიერებებსა და თვისებებს. ასეა, მაგალითად, გააზრებული ვითარება განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში. ასე გამოდის, რომ არ ყოფილა არსებითი განსხვავება აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის?! მაგრამ მაშინ საკითხავია, თუ ფიქსირებული განწყობა «ცალკეული მოდალობის მდგომარეობაა» [2; 103], როგორ უნდა ნათელყოს მისმა ექსპერიმენტულმა შესწავლამ ინდივიდის მთლიანობითი მდგომარეობის ანუ აქტუალური განწყობის ბუნება?

სიცხადეს ამ და სხვა საკითხებში, ალბათ, შემდგომი კვლევა შეიტანს. მაგრამ აქვე დგება საკითხი აქტივობის სტრუქტურის პრობლემატიკის კონტექსტში. სახელდობრ, რამდენად პროდუქტიულად შეიძლება ფიქსირებული განწყობის ცნების გამოყენება აქტივობის აღწერითი მოდელის ფარგლებში. ყველა მოქმედებას, ოპერაციას, უმცირეს მოტორულ ან მენტალურ აქტს თავისი ფიქსირებული განწყობა დაუქვემდებაროთ, რაც ალბათ, საბოლოოდ, უაზრობამდე მოგვიყვანს, თუ აქტივობის გარკვეულ ერთეულებს ან მონაკვეთებს შევუფარდოთ რეგულაციის ეს მექანიზმი? ხოლო თუ ასეა, რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ? საკითხი არ არის არც ტრივიალური, არც მარტივი. თუ თეორია გვინდა, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებს, იმაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რის ფიქსირებულ განწყობაზე ვლაპარაკობთ: სასეირნოდ წასვლის, პერანგის ჩაცმის თუ ღილების შეკვრისა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას რომ, განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ამოდის მოსაზრებიდან თითქოს ქცევის შემადგენელი ელემენტები (მოქმედებები და ოპერაციები) თავისი საკუთარი განწყობებით იმართებიან. იგი დაძლეულ უნდა იქნეს, თუ გვსურს მივიღოთ თეორია, რომელიც: 1) რეალური აქტივობის ადექვატურია და 2) შინაგანად არაწინააღმდეგობრივია. აქამდე უპირატესად პირველ მომენტს ვუსვამდით ხაზს. ახალა ყურადღებას მეორე მომენტზე მივმართავთ.

აქ რამდენიმე საკითხი მოითხოვს განხილვას. ამჟამად მხოლოდ ერთზე შევჩერდებით, სახელდობრ, იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც განწყობის ფაქტორების მოქმედების განწყობითვე უზრუნველყოფას ეხება. ეს წინააღმდეგობა თვითონ უზნაძემ შეამჩნია და მას «აღქმის პარადოქსი ეწოდა». მისი არსი კარგადაა ცნობილი: განწყობის შექმნა სიტუაციის აღქმას საჭიროებს, ხოლო აღქმას, როგორც ფსიქიკურ პროცესს ან განცდას, თავადვე ესაჭიროება საფუძვლადმდებარე განწყობა, და ასე უსასრულოდ...

აღსანიშნავია, რომ უზნაძემ ეს წინააღმდეგობა მხოლოდ განწყობის სიტუაციურ ფაქტორთან მიმართებაში გააცნობიერა. თუმცა უნდა ითქვას, რომ არანაკლები საფუძველი არსებობს მოცემული ლოგიკის გავრცელებისა განწყობის მოტივაციური ფაქტორის მიმართაც. მოთხოვნილებაც ფსიქიკური პროცესია, განცდაა და აღქმის მსგავსად მასაც ესაჭიროება ქვემდებარე განწყობა[28]. მაშასადამე, პრობლემა უფრო ფართოდ უნდა დაისვას განწყობის ყველა ფაქტორთან დაკავშირებით და, საზოგადოდ, განცდისა თუ ფსიქიკური პროცესის განწყობასთან ურთიერთმიმართებისა და შესაბამისობის საკითხის ზოგად კონტექსტში უნდა გადაწყდეს.

უზნაძე, როგორც ითქვა, მხოლოდ სიტუაციური ფაქტორის აღქმისეული მოცემულობის შესახებ საუბრობს. დილემის მისეული გადაწყვეტა ცნობილია: განწყობას წინ უსწრებს არა აღქმა, როგორც დასრულებული პროცესი, საგნობრივი განცდა, არამედ აღქმის უნარის პირველი, პრიმიტიული საფეხური, ე. წ. «შემჩნევა» ან «შეგრძნება». ეს უკანასკნელი არ საჭიროებს სპეციალურ განწყობას, მაშინ როდესად «აღქმა შესაფერისი გაწყობის გარეშე არ არსებობს» [10; 30]. მოკლედ, განწყობის აღმოცენებას წინ უსწრებს გარკვეული «უგანწყობო მდგომარეობა», რომლის საფუძველზე იქმნება საკუთრივ განწყობა.

ასეთი ფსიქიკური მოვლენის დაშვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს უზნაძე ალბათ გრძნობდა. ერთი მხრივ, მართალია, ეს «შემჩნევა» თუ «შეგრძნება» ხასიათდება, როგორც რაღაც ისეთი, რაც სუბიექტის (პიროვნების) მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, არა როგორც გარედან მოსული შთაბეჭდილება, არამედ განცდა ჩვენი გრძნობის ორგანოს მდგომარეობისა (მაგალითად, ხმაური ყურში) [11; 276]; მაგრამ იგი მაინც განცდაა, ფსიქიკური ფენომენია[29] და, როგორც ასეთი, თითქოს, განწყობის ნიადაგზე უნდა აღმოცენდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, განწყობის თეორიის ამოსავალი მეთოდოლოგიური პრინციპებისა და საფუძვლების თანახმად, ყოველი ფსიქიკური მოვლენა განწყობითაა გაშუალებული. «გაშუალების პრინციპი» ამ თეორიული სისტემის ქვაკუთხედია, რომლითაც იგი უპირისპირდება «უშუალობის პოსტულატზე» დამყარებულ მთელს წინანდელ ფსიქოლოგიას.

ეს თავსატეხი უზნაძეს, როგორც ჩანს, საკმაოდ აწუხებდა. ნიშანდობლივია ამ მხრივ, რომ მოცემულ დილემასთან დაკავშირებით, თავის უკანასკნელ ნაშრომში, მან ტექსტის ორი ვარიანტი დატოვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას არ აკმაყოფილებდა არგუმენტაციის ფორმულირებები და, შესაძლოა, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული დილემის გადაწყვეტის მართებულობაში. კიდევ უფრო ნათლად ჩანს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ეჭვები და ვარაუდები უზნაძის შენიშვნების რვეულებში, რომლებშიც რამდენიმე ჩანაწერი უშუალოდ ეხება მოცემულ საკითხს. ამ მასალის შესწავლა გვარწმუნებს, რომ განწყობის კონცეფციის ავტორი აქტიურად ეძებდა გამოსავალს მოცემული თეორიული წინააღმდეგობიდან და ამ პროცესში არ ერიდებოდა საკმაოდ გაბედულ დაშვებებს, ისეთებსაც, რომლებიც არყევდნენ მთელი თეორიული სისტემის მეთოდოლოგიურ ფუნდამენტს. ასეთია, პირველ რიგში, უკვე აღნიშნული შუალობის პრინციპი.

1945 წლის 15 იანვარს გაკეთებულ ჩანაწერს ეწოდება: «უშუალობის პოსტულატის მართებულობის ფარგლები». მასში ვკითხულობთ: «არ იქნება სწორი, თუ ვიფიქრებთ, რომ სუბიექტში არაფერი ჩნდება გარემოს ზემოქმედების შედეგად მისი შუალობის გარეშე, რომ ყველაფერი სუბიექტის განწყობი თაა გაშუალებული. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტს არა აქვს არავითარი საჭიროება და მოთხოვნილება გარემოსთან ურთიერთობის დამყარებისა ან არა აქვს ამის შესაძლებლობა... შესაძლოა, გარემო მაინც მოქმედებდეს მასზე და უშუალო ეფექტს იწვევდეს მის ფსიქიკაში ან მის ორგანიზმში, ან მის სომატიკაში. ამ ეფექტს ყველგან რეფლექსები ან რეფლექსოიდური ეფექტი შეიძლება ვუწოდოთ. ასეთი იქნება: შეგრძნება – შემეცნების სფეროში, სიამოვნება უსიამოვნება – ემოციონალურ სფეროში და რეფლექსები – მოტორულ სფეროში» [12ბ; 61]. ძველი ფსიქოლოგია შესაძლოა არც კი ცდებოდა, განაგრძობს იქვე უზნაძე, როცა შეგრძნებას, გრძნობას და რეფლექსს ფსიქიკის ელემენტარულ შინაარსებად სცნობდა. მაგრამ ეს იმ აზრითაა მართებული, რომ ისინი მხოლოდ მასალას წარმოადგენენ, საიდანაც აიგება კონკრეტული განცდები, რომელთა აღმოცენება სუბიექტში შესაბამისი განწყობის არსებობაზეა დამოკიდებული.

ეს ჩანაწერი პირველი მონახაზია იმ თვალსაზრისისა, რომელიც 1950 წლის უზნაძის ბოლო ნაშრომში არის მოცემული აღქმის პარადოქსთან დაკავშირებით. აქ ვხედავთ, რომ პირველ ხანებში ავტორი უფრო ფართო კონტექსტში აანალიზებდა ვითარებას და, ასე ვთქვათ, უგანწყობო ფსიქიკურ მდგომარეობებს ან «ფსიქიკურ რეფლექსებს» [12ბ; 65] უკავშირებს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ მოტორულ და, რაც მთავარია, ემოციურ პროცესებსაც. ეს, პრინციპში, იმის საწინდარია, რომ განწყობის ობიექტური ფაქტორის განწყობისეული უზრუნველყოფის პრობლემა და მისი გადაწყვეტა სუბიექტურ ფაქტორზეც გავრცელდეს. რაც შეეხება თვით პრობლემას, როგორც ზემოთ ითქვა, ლოგიკურად, «მოთხოვნილების პარადოქსი» ისევე კანონიერია, როგორც აღქმისა. ხოლო თუ განვიხილავთ ამ პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული, «რეფლექსოიდური» ვარიანტის ექსტრაპოლაციის შესაძლებლობას მოტივაციურ ფაქტორზე, საჭიროა ხიდის გადება ემოციასა და მოთხოვნილებას შორის. უზნაძემ სერიოზულად იზრუნა ამაზე თავისი მრავალრიცხოვანი ჩანაწერებით შენიშვნების რვეულში. აქ იგი სხვადასხვა კუთხით აანალიზებს საკითხს მოთხოვნილების (მოტივაციის) ემოციონალური ბუნების შესახებ. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორის ეს მოსაზრებები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგანი. ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე თვალშისაცემ მომენტებს აღვნიშნავთ.

უზნაძეს მიაჩნია, რომ სიამოვნება-უსიამოვნება გრძნობადი ტონის სახით სხვა განცდების აუცილებელი თანმხლები მომენტია. პირველ რიგში ეს «მოთხოვნილება-იმპულსს» ეხება, რომელშიც შედის ტენდენცია, სწრაფვა, ერთგვარი ობიექტური შინაარსი და სიამოვნება-უსიამოვნების ტონი [12ბ; 63-4]. ამავე დროს ნათქვამია, რომ «გრძნობა მოთხოვნილების დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის სპეციფიკური განცდაა. ამიტომ სიამოვნება კმაყოფილებაა, უსიამოვნება – უკმაყოფილება» [12ა; 82]. უფრო მეტიც, გარემოს «ზემოქმედება სუბიექტის ორგანიზმში ყოველთვის რაიმე ფიზიოლოგიურ ეფექტს იწვევს პირდაპირ უშუალოდ, რეფლექსურად. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა – სასარგებლო თუ მავნებელი – ცნობიერებაში სიამოვნება-უსიამოვნების სახით გვეძლევა... იგი მოთხოვნილების დახასიათებაა: ემოციურია მოთხოვნილება [12ა; 82-83]. აქედან გამომდინარე «ჩვეულებრივი, ნორმალური ემოცია ჩვენი ყოველდღიური ქცევის ორგანიზაციის საწყისს წარმოადგენს» [12ბ; 64], მაშასადამე, იგი აუცილებელი ფაქტორია ქცევისა და განწყობისა.

უზნაძის მოყვანილი გამონათქვამები ემოციის მოტივაციური და, ამავე დროს, რეფლექსური ბუნების შესახებ შემდეგი მსჯელობის საშუალებას იძლევა: განწყობის შესაქმნელად საჭირო სუბიექტური ფაქტორი მოცემულია სიამოვნება-უსიამოვნების რეფლექსური მდგომარეობის სახით, რომელიც ისევე, როგორც სიტუაციის ამსახავი შეგრძნება, განწყობისეული გაშუალების გარეშე ჩნდება. განწყობის წინმსწრები ფაქტორების – მოთხოვნილებისა და სიტუაციის – ფსიქიკური რეპრეზენტაცია რეფლექსოიდური მდგომარეობის სახით ხდება.

მაგრამ საქმე ისაა, რამდენად შორს შეიძლება წასვლა უგანწყობო ფსიქიკური მდგომარეობების ან განცდების (შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება პრიმიტიული, მაგრამ განცდაა) დაშვებაში, ისე, რომ არ შეირყეს უზნაძის თეორიის ფუძემდებლური პრინციპი ფსიქიკური მოვლენების განწყობით და, მაშასადამე, მთლიანი ინდივიდით გაშუალების შესახებ?

შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება შესაბამისი ფსიქიკური პროცესების შედეგად წარმოქმნილი განცდებია. უზნაძის აზრით, მთავარი აქ ამ პროცესებისა და განცდების რაგვარობა კი არ არის, არამედ ის გარემოება, რომ ისინი უშუალოდ აღმოცენდებიან გარეგანი თუ შინაგანი სტიმულაციის საფუძველზე და, ამდენად, რეფლექტორული ბუნებისანი არიან. განწყობის თეორიის ავტორის ანალიზის თანახმად «მთელი კლასიკური ფსიქოლოგია – არა მარტო ბიჰევიორისტული, არამედ ემპირიული სუბიექტური ფსიქოლოგიაც – რამდენადაც იგი სწორედ ასეთს უშუალო კავშირს გულისხმობს იმ მოვლენათა შორის, რომელთაც სწავლობს, ერთი სიტყვით, რამდენადაც იგი უშუალობის პრინციპს ეყრდნობა, არსებითად რეფლექსოლოგიად უნდა ჩაითვალოს» [7; 20]. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი ფსიქოლოგია, ვინაიდან «თუ ჩვენი მოტორული თუ ფსიქიკური პროცესები მათზე მოქმედი სტიმულების უშუალო პასუხს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ სინამდვილესთან ურთიერთობას სუბიექტი კი არა, მისი ფსიქიკა, ან კერძოდ, მისი მოტორიკა ამყარებს, რომ ჩვენი ქცევა თუ განცდა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე ჩნდება და, მაშასადამე, მათზე მოქმედი სტიმულებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება. უშუალობის პოსტულატი შესაძლებლობას უსპობს კლასიკურ ფსიქოლოგიას, ადამიანის ქცევის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრულობის იდეას თავი დააღწიოს» (იქვე). უზნაძის რწმენით, განწყობითი გაშუალების პრინციპის შემოტანით ახალი განწყობის ფსიქოლოგია თავს აღწევს კლასიკური ფსიქოლოგიის ამ «საბედისწერო შეცდომას» და რეფლექსოლოგიად გადაქცევის საფრთხეს.

თუ გაშუალების პოზიციაზე ვდგებით, მაშინ ამ პრინციპს უნივერსალური ხასიათი უნდა მიენიჭოს, ის უნდა გავრცელდეს სულიერი ცხოვრების ყველა მოვლენაზე, ფსიქიკურ პროცესსა თუ განცდაზე. გამონაკლისების დაშვება ზოგიერთი კოგნიტური ან ემოციურ-მოტივაციური ფენომენისთვის მთელს თეორიულ კონსტრუქციას სიმწყობრესა და ლოგიკურობას აკარგვინებს. მართლაც, არ არის ნათელი, რატომ არ საჭიროებს განწყობას შეგრძნება და გრძნობა? მხოლოდ იმის თქმა, რომ ისინი პრიმიტიული პროცესები და განცდებია, არ არის დამაჯერებელი. ანდა რაში მდგომარეობს მათი პრიმიტიულობა? შესაძლოა გენეტიკურად ისინი მართლაც წინ უსწრებენ შედარებით რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს და, გარკვეული აზრით, მათ მასალადაც გვევლინებოდნენ, მაგრამ თავისი ფუნქციის მიხედვით ისინი სულაც არ გამოიყურებიან პრიმიტიულად. გავიხსენოთ, რომ ისინი განწყობის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის ფსიქიკური რეპრეზენტაციის ფორმად გვევლინებიან. ეს ნიშნავს, რომ სწორედ მათ შემოაქვთ განწყობაში ინფორმაცია ქცევის გარეგანი და შინაგანი პირობების შესახებ, ისინი განსაზღვრავენ, რის მიმართ (სიტუაცია) და რატომ (მოთხოვნილება) ჩნდება ინდივიდის მზაობის მდგომარეობა კონკრეტული აქტივობისთვის. ასეთი სერიოზული ფუნქციით დატვირთულ ფსიქიკურ მოვლენას თუ არ ესაჭიროება გაშუალება, მაშინ სწორი ყოფილა უშუალობის პოსტულატზე მდგომი კლასიკური მოძღვრება და მთელი ფსიქოლოგია მართლაც რეფლექსოლოგია ყოფილა.

შესაძლოა ამიტომაც, ეს მოსაზრება სამუშაო ჰიპოთეზად დარჩა. დასაბეჭდად გამზადებულ ტექსტში უზნაძემ თავი შეიკავა გაშუალების პრინციპის ასეთი შევიწროვებისაგან და მხოლოდ შეგრძნების (შემჩნევის) რეფლექსოიდურობის დადასტურებით დაკმაყოფილდა. ეს უკანასკნელი გაგებულ იქნა, როგორც «გრძნობის ორგანოზე გამღიზიანებლის ზემოქმედების ერთგვარი პირველადი ეფექტი, რომელიც ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული, გარე სამყაროში ლოკალიზებული ობიექტური გამღიზიანებლის ნამდვილ, დასრულებულ აღქმად» [11; 276]. ამის გამო იგი წინ უძღვის ნამდვილ აღქმასა და განწყობას და თავისი განხორციელებისთვის სპეციალურ განწყობისეულ მექანიზმს არ საჭიროებს.

ტექსტის მეორე ვარიანტში მსჯელობა ქცევის ფსიქოლოგიის ტერმინებში მიმდინარეობს და, ამიტომ, მოცემული ანალიზისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ის იწყება დებულებით, რომელსაც მთელი მსჯელობა არასწორი მიმართულებით მიჰყავს: «რისამე აღქმა არ წარმოადგენს უფრო ნაკლებ სრულსა და დამოუკიდებელ აქტივობას, ვიდრე ყოველგვარი სხვა ქცევა» [11; 328]. მაშასადამე, აღქმა დამოუკიდებელი ქცევა ყოფილა, ხოლო თუ ასეა, მას უნდა ჰქონდეს თავისი მოთხოვნილებაც და განწყობაც. მსჯელობა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება – დასტურდება შესაფერისი მოტივაციის არსებობა («აღქმის მოთხოვნილება», აღქმის «მიზანი», «ამოცანა», «ინტერესი») და შესატყვისი განწყობა, ურომლისოდაც არავითარი დამოუკიდებელი ქცევა არ არსებობს. აქედან ლოგიკურად მივდივართ დილემამდე: «აღქმის ფაქტის აღმოცენებამდე, სუბიექტს პირველ რიგში მოცემული ობიექტის აღქმის განწყობა უნდა გაუჩნდეს, სხვაგვარად ეს აღქმა ამ სუბიექტთან არ განხორციელდება» (იქვე), ხოლო განწყობას, თავის მხრივ, სიტუაციის აღქმა უნდა უსწრებდეს წინ. უზნაძის აზრით, მოცემული წინააღმდეგობიდან გამოსავალი იმაშია, რომ დავუშვათ ორი სახის აღქმა: ერთ შემთხვევაში აღქმა «სუბიექტის წინაშე არსებულ სრულიად დამოუკიდებელ ამოცანას წარმოადგენს» [11; 329]; მეორე შემთხვევაში საკმარისია შევამჩნიოთ ობიექტი, რომ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდეთ. «სხვანაირად შეუძლებელიცაა, რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტს აღქმის ობიექტი დამოუკიდებელად კი არ აინტერესებს, არამედ როგორც მხოლოდ მომენტი გარკვეული მოქმედების პროცესში – ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა ხორციელდება» (იქვე). ასეთი «აღქმა» მხოლოდ ქცევის ძირითადი მიზნის მიმართ დაქვემდებარებულ აქტად გვევლინება და, ამდენად, დამოუკიდებელ განწყობას არ საჭიროებს.

მთავარი აქ აღქმის პროცესის დამოუკიდებელ ქცევად მიჩნევის მომენტია. ეს თეზისი სტატიკურ-დისკრეტული მოდელის უკვე აღნიშნული მესამე ნიშნიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, უარყოფილია განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის; ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი ქცევის სტატუსი აქვს მინიჭებული. აღქმაც ფსიქიკური პროცესია და, ამდენად – დამოუკიდებელი ქცევა. ფუნქციის მიხედვით აღქმა სიტუაციის ფსიქიკურ ასახვას ემსახურება. მაგრამ, საზოგადოდ, რა უნდა ვიგულისხმოთ ქცევის (განწყობის) სიტუაციის აღქმაში? ეს საკვანძო საკითხია, რომელზეც ნათელი პასუხი ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან არ ჩანს. საზოგადოდ, როგორ შეიძლება გავიგოთ სიტუაციის აღქმა სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მიხედვით?

უნდა გაირჩეს სიტუაციის ფსიქიკური მოცემულობის ფორმები და მათი მიმართება განწყობასა და ქცევასთან. სიტუაცია გარემოს ის ნაწილია, სადაც შესაძლებელია ქცევის მოტივაციური ძალების რეალიზაცია. მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია კოგნიტური აქტივობის ორ დონეზე ხორციელდება. შესაბამისად, გაიმოიყოფა «აქტუალური» ან «აღქმული» სიტუაცია და «წარმოსახული» ან «აზრითი» სიტუაცია. განცდის ამ რაგვარობათა მიღმა გარკვეული ფსიქიკური პროცესები იგულისხმება. პირველ შემთხვევაში საკვანძო როლს პერცეფცია თამაშობს, მეორეში – აზროვნება, წარმოდგენა, წარმოსახვა. ქცევის დაბალ სახეობებს (იმპულსურს) სიტუაციის მოცემულობის პირველი ფორმა შეესაბამება; ქცევის მაღალ (ობიექტივირებულ) სახეობებს – მეორე. თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ამ განსხვავებათა პირობითობა: საბოლოო ჯამში, ყოველგვარი იმპულსური ქცევა, ცხოველთან და ადამიანთან, შეიცავს პროგნოსტიკის გარკვეულ ელემენტს, ხოლო, თავის მხრივ, ყოველი ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევა აუცილებლობით ეყრდნობა აქტუალურად აღქმული სიტუაციის მონაცემებს [16].

როგორ უნდა გავიგოთ განწყობისა და ქცევის მიმართ აღქმული სიტუაციის წინასწარ მოცემულობის საკითხი? სიტუაცია მოიცავს ყველაფერ იმას, რაც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების და ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების პირობაა. ესაა თვით მოთხოვნილების საგანი, ქცევის წარმართვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური პირობები, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებები. მოკლედ, იგი მრავალი ობიექტის აღქმას ითვალისწინებს. როგორც წესი, ეს ობიექტები აღქმის ერთჯერად აქტში არაა მოცემული. სიტუაციის საგნობრივი შემადგენლობა და კონფიგურაცია მუდმივად იცვლება ქცევის მიმდინარეობის კვალდაკვალ. თუ არ იქნა წესიერად აღქმული გარემოს გარკვეული უბანი (მონაკვეთი), მასში ზუსტი და საჭირო მოქმედებისა თუ ოპერაციების შესრულება შეუძლებელი იქნება და ვერც მიზანშეწონილი ქცევა განხორციელდება. ამდენად, უნდა ვილაპარაკოთ არა სიტუაციის აღქმაზე, როგორც ერთჯერად ხდომილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს განწყობის ფორმირებას და ქცევის შესრულებას, არამედ ქცევის მთელ გაყოლებაზე წარმოებულ აღქმის მუდმივ პროცესზე. აღქმის პროცესის ხანგრძლივობა და სირთულე დამოკიდებულია ქცევის შესაბამის პარამეტრებზე. პერცეპტული ინფორმაცია სიტუაციის შესახებ ნაკადისებურად შემოდის ე. წ. «სტიმულაციური ხატების» სახით (ჩხარტიშვილის ტერმინოლოგიით).

ყოველ სტიმულაციურ ხატში ის გარემო პირობებია აღბეჭდილი, რომლებშიც ამჟამად იშლება ქცევა, ხორციელდება ესა თუ ის მოქმედება და შესაფერისი ოპერაციები. თითოეული სტიმულაციური ხატი სიტუაციის აღქმის უწყვეტი პროცესის კერძო აქტის შედეგია. ამ აქტის სტრუქტურა უთუოდ მოიცავს სათანადო სენსორულ ინფორმაციას (მონაცემებს), რომლებიც ორგანიზდება გარკვეულ პერცეპტულ ხატად. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ გარემოს შესახებ ეს შეგრძნებისეული მონაცემები წამის მეათედების განმავლობაში რჩება სათანადო «სენსორულ რეგისტრში». საკითხი იმას ეხება, რამდენად შეიძლება «შეგრძნებისა თუ შემჩნევის» ეს «რეფლექტორული» პროცესი განვიხილოთ ისეთ აქტად, რომელიც წინ უსწრებს განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულ ნამდვილ აღქმას. ამ საკითხის აზრიანობა და მნიშვნელობა განწყობის თეორიისთვის დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, აქვს თუ არა აღქმას სპეციალური განწყობისეული საფუძველი. თუკი აღმოჩნდება, რომ აღქმის ფსიქიკურ პროცესს საკუთარი გაწყობა არ გააჩნია, და ის, სხვა პროცესების მსგავსად, ქცევის განწყობით იმართება, მაშინ სიტუაციის ამსახველი უგანწყობო შეგრძნება-შემჩნევის ძიებას აზრი დაეკარგება, ვინაიდან ე. წ. «აღქმის პარადოქსიც» აღარ იარსებებს[30].

ამ საკითხში ჩაღრმავებისას უთუოდ წავაწყდებით უზნაძის გამონათქვამებს, რომ აღქმა ასრულებს «მხოლოდ დაქვემდებარებულ, სპეციალურად გაუცნობიერებელ როლს მის გარეთ არსებული ძირითადი მიზნის მიღწევაში» [11; 329] და რომ სუბიექტის მიზანია არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა სრულდება. უზნაძე ამ სიტყვებით შეგრძნებას ახასიათებს, სინამდვილეში კი ისინი ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს საკუთრივ აღქმის ფსიქიკურ პროცესს. გამღიზიანებლის ზემოქმედებით გამოწვეული სენსორული პროცესი აღქმის მთლიანი პროცესის ნაწილი და პირობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველი უგანწყობო რეფლექსია, ხოლო მეორე საკუთარი განწყობის ნიადაგზე აგებული დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევა. ფსიქიკური პროცესის ცნება ქცევის ცნებასთან მიმართებაში, პრინციპში, დაქვემდებარებული და ვიწრო მნიშვნელობის მქონეა. ქცევა აიგება ფსიქიკური პროცესებისაგან და არა პირიქით.

აღქმა ფსიქიკური პროცესია და ეს დებულება მასზეც ვრცელდება. იგი დაქვემდებარებული, ქცევის სტრუქტურის ერთეულების (მოქმედებების და ოპერაციების) მომსახურე აქტივობაა. ამიტომ აღქმა სხვა მოტორული და ფსიქიკური პროცესების მსგავსად[31] (მაგალითად, ყურადღება, მეხსიერება და სხვა) მონაწილეობს ქცევის ცოცხალი ქსოვილის ქმნადობაში. იგი ამ ქცევის განწყობით იკვებება და იმართება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც აღქმას არ გააჩნია საკუთარი, მიმდინარე ქცევისაგან განსხვავებული სპეციალური აქტუალური განწყობა, ეს უკანასკნელი, ცხადია, არც შეგრძნება-შემჩნევას ექნება. ამით დღის წესრიგიდან იხსნება ე. წ. «აღქმის დილემა». უზნაძის სკოლაში მისი გადაწყვეტის გზების ძიებაზე ძალზე ბევრი დრო და ინტელექტუალური რესურსი დაიხარჯა. დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ ესაა განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელის ნიადაგზე წარმოქმნილი ცრუ პრობლემა. ამ არაადეკვატურ მოდელზე უარის თქმა თავისთავად აქრობს სიტუაციის აღქმის დილემასაც.

მაგალითად, მუშაობის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტე. ყველა მომდევნო მოქმედება-ოპერაციის შესრულება (ჩაცმა, ბინის დაკეტვა თუ სხვა), აღქმის პროცესს გულისხმობს, რომელიც სასეირნოდ წასვლის ქცევის განწყობის ფონზე იშლება. ეს ქცევა უზნაძის ქცევათა კლასიფიკაციის მიხედვით თვითმომსახურების (ან იქნებ გართობის?!) ქცევათა ჯგუფს მიეკუთვნება. ცხადია, მასში სხვა ფსიქიკური პროცესებიცაა ჩართული: რომ ჩაიცვა ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, უნდა გახსოვდეს, სადაა ისინი შენახული; რომ გადაწყვიტო მარცხენა-მარჯვენა ფეხსაცმლის ან კარის გასაღების «პრობლემა» (უზნაძის ცნობილი მაგალითებიდან), ყურადღება, აზროვნება და, წარმოდგენაც დაგჭირდება. თუმცა არსად ფსიქიკური პროცესის შესაბამისი, სპეციალური (მეხსიერების, აზროვნების და ა.შ.) აქტუალური განწყობა არ აღმოცენდება და ყველაფერი იმავე ქცევის განწყობის მოქმედების ფარგლებში წარიმართება. იგივე ითქმის აღქმაზეც. აღქმა სიტუაციის ცვალებადობას მიჰყვება (უნდა აღიქვა ტანსაცმელი, კარები და ა. შ.). მას შეაქვს ინფორმაცია ქცევის განწყობის დინამიკური სტრუქტურაში და ამავე განწყობით იმართება.

ახალა ვნახოთ რა ხდება, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, შესაბამისად, ახალი ქცევის განწყობის ამოცანა დგება. განწყობის დინამიკური მოდელის თანახმად ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ვილაპარაკოთ ამჟამინდელი განწყობის დიფერენციაციაზე, რომელიც ახალ მოტივაციურ და სიტუაციურ ვითარებებს ითვალისწინებს. განწყობის ამ გადასტრუქტურებისთვის საჭირო ინფორმაცია თვით ძველი განწყობის მოქმედების ფონზე შემოდის ფსიქიკაში. დაახლოებით ასე აქვს წარმოდგენილი საქმის ვითარება ამ მოდელის დაზუსტებასა და განვითარებაზე მიმართული ერთობ საყურადღებო ნაშრომის ავტორს ზ. ვახანიას [2]. მისი აზრით: «ცოცხალი სულიერის ნამდვილი ქცევა არ დაიყვანება დისკრეტული

ერთეულების (ცალკეული ქცევების) თანმიმდევრობაზე; ერთი ქცევის გამოყოფა მეორისაგან და მათ შორის მკაფიო საზღვრის გავლება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია გავიგოთ, ზუსტად სად და როდის იწყება და როდის მთავრდება ესა თუ ის ქცევა. სინამდვილეში საქმე გვაქვს აქტივობის განუწყვეტელ ნაკადთან, რომელიც განწყობით იმართება. ეს განწყობა ებრიოგენეზში ისახება თანდაყოლილი ფუნქციონალური აქტივობის «გამოღვიძების» შედეგად. ეს უკანასკნელი «გარემოდან მიღებული შეგრძნების ზეგავლენით, დასაბამს აძლევს იმ პირველად აქტუალურ განწყობას, რომელიც სულდგმულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობს ქმნადობა-განვითარება-დიფერენცირებას, თან მართავს ქცევას, აგრეთვე ყველა შინაგან განცდას, მათ შორის აღქმასაც, რომელიც, ქცევასთან ერთად, უკუზემოქმედებას ახდენს განწყობაზე და იწვევს მის შემდგომ დიფერენცირებას» [2; 100].

ჩვენი ანალიზის კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ შეგრძნებაც და აღქმაც მუდმივმოქმედი განწყობის მექანიზმს ეყრდნობა. აღქმა ყოველთვის მიმდინარე აქტივობის განწყობით რეგულირდება და მის შემდგომ დიფერენცირებაში მონაწილეობს. არც ის იწვევს ეჭვს, რომ განწყობა სულ ცვალებადობს. ეს დინამიკური მოდელის საკვანძო პუნქტია.

სხვა საკითხია იმ აქტივობის დახასიათება, რომელიც დინამიკური სტრუქტურის მქონე განწყობით იმართება. დისკრეტული მოდელი დიახაც მკაფიოდ განცალკევებული ქცევითი ერთეულების თანმიმდევრობის სურათს გვიხატავს, რის არაადექვატურობაზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. ქცევებს შორის საზღვრები ხშირად წაშლილია, ახალი ქცევა წინარესთან ორგანულადაა დაკავშირებული, თანაც როგორც ფორმალურ-დინამიკური, ისე შინაარსეული თვალსაზრისით. მეტიც, არც თუ იშვიათად, ქცევები ერთმანეთშია შეზრდილი. სახეზეა «კომპლექსური

აქტივობა», რომელსაც მრავალმოთხოვნილებისეული ერთიანი ენერგეტიკული საფუძველი და რთული ინტენციონალური შინაარსი აქვს. ეს გარკვეული ქცევითი გეშტალტია, რომელიც დამოუკიდებელი ქცევითი ერთეულების უბრალო ჯამზე არ დაიყვანება. მოკლედ, დინამიკური თვალსაზრისის გადმოსახედიდან აქტივობის სურათი ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ხატავს.

მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე უკიდურესობაში გადაჭრის საფრთხე. აქტივობის ნაკადისებურობა-უწყვეტობის დინამიკურმა დახასიათებამ არ უნდა დაჩრდილოს აქტივობის შინაარსეული მხარის ცვალებადობის ემპირიულად მოცემული მნიშვნელოვანი მომენტი.

როდესაც უ. ჯეიმსს ცნობიერების დახასიათებისას თავისი ნაკადის მეტაფორა შემოჰქონდა, იგი ხაზს უსვამდა ორ მომენტს: ელემენტარისტული მიდგომის უნაყოფობას (მდინარეს ვერ დაჭრი და ელემენტების თანმიმდევრობად ვერ წარმოადგენ) და ცნობიერების უწყვეტობას (იმას, რომ ყველა ახალი შინაარსი წინარესთან არის დაკავშირებული). ამასთან, იგი არასდროს არ ამცირებდა ცნობიერების ფაქტებს შორის არსებულ შინაარსეულ-საზრისულ განსხვავებათა მნიშვნელობას. განცდების ინტენციონალური სხვადასხვაობა არც ჯეიმსს და არც სხვას დაუყენებია ეჭვის ქვეშ. განცდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც თვისებრივად (კოგნიტური, ვოლიტური, ემოციური), ისე საგნობრივად (ანუ რაზეა მიმართული).

არსებითად იგივე ითქმის აქტივობის ნაკადის შესახებაც. აქაც შეიძლება ვილაპარაკოთ თვისებრივ და ინტენციონალურ განსხვავებებზე. პირველის მაგალითია ის განსხვავება, რომელიც არსებობს, მაგალითად, თეორიულ და პრაქტიკულ ქცევას შორის. ეს განსხვავება არსებობს და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის რეალური ქცევა, უმეტესად, შედგება ორივე ტიპის მოქმედებებისაგან (მოტორული და მენტალური). ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ერთ-ერთი თვისების მეტ-ნაკლებობაზე ვილაპარაკოთ. ეს აუცილებლად ქმნის პირობითობის მომენტს ამგვარი დაყოფისას, მაგრამ ამ სირთულეს ვერ გავექცევით, ვინაიდან აღსაწერი რეალობაა თავად რთული. სხვათა შორის, მსგავსი სირთულე ცნობიერების დახასიათების დროსაც წარმოიქმნება. ცნობიერების თითქმის ყველა შინაარსი თვისებრივად განსხვავებული ფსიქიკური მოვლენების ერთობლიობად წარმოგვიდგება და დღეს უკვე საყოველთაოდაა აღიარებული ცნობიერების მოვლენათა კლასიკური კანტიანური კლასიფიკაციის (ე. წ. «სულის ტრიქოტომიის») პირობითობა. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ატიტუდის სამკომპონენტიანობის თეზისი, განსაკუთრებით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, სულ კოგნიტურ-ემოციურ, კოგნიტურ-მოტივაციურ, ემოციურ-მოტივაციურ და ა. შ. წარმონაქმნებზეა საუბარი [15][16][19][22][24]. არ არსებობს უმოტივაციო შემეცნება, ან კიდევ მოტივაცია აბსოლუტურად დაცლილი კოგნიციისაგან და გრძნობისაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ვსაუბრობთ ცალკე კოგნიტურ პროცესებზე, ემოციურზე და ა. შ.

რაც შეეხება ინტენციონალურ განსხვავებებს, ისინი იმდენად თვალსაჩინოა, რომ სპეციალურ ილუსტრაციას არ საჭიროებს. თუ თვისებრივი განსხვავებები ძირითადად ქცევის ოპერაციულ მხარეს ეხება, ამ შემთხვევაში პირველ პლანზე მოტივაციის შინაარსი გამოდის. როცა ეს განსხვავება არსებითი ხასიათისაა, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, როცა იგი სულ სხვა სემანტიკის, საზრისის მატარებელი ხდება, ჩვენ ვადასტურებთ აქტივობის მუდმივ ნაკადში ახალი შინაარსის მქონე მონაკვეთის გაჩენას და მას ახალ ქცევას ვუწოდებთ[32].

განწყობის კლასიკური (სტატიკური) მოდელი დაიწყებს აქ ქცევის შესაბამისი განწყობის ფაქტორების აღმოცენების განწყობისეული მექანიზმის გამოკვლევას და ამ პროცესში მივა აღქმის პარადოქსამდე თუ უგანწყობო რეფლექსებამდე. დინამიკური მოდელის მიხედვით, შემდგომი ქცევის განწყობის ფაქტორები (სუბიექტურიც და ობიექტურიც) წინარე ქცევის განწყობის მოქმედების ფონზე აღმოცენდება და «განახლებულ განწყობას» ედება საფუძვლად. მაგალითად, გასეირნების მოთხოვნილებამ თავი იჩინა ფსიქიკაში (ცნობიერებაში), როცა ჯერ კიდევ სხვა, კერძოდ მუშაობასთან დაკავშირებული მოტივაცია და შესაბამისი განწყობა მართავდა აქტივობას. გასეირნების (დასვენების) მოთხოვნილება, შეიძლება ითქვას, თავისი ანტაგონისტი მოთხოვნილებითა და განწყობით აღძრულ-წარმართული ქცევის, კერძოდ მუშაობის მიმდინარეობის პროცესში იკრებდა ძალას, სანამ იმდენად ინტენსიური არ გახდა, რომ სუბიექტი აქტივობის ხასიათის შეცვლის ამოცანის წინაშე დააყენა. ამ შემთხვევაში ერთი ქცევის მეორისაგან გამოყოფა და მათ შორის საზღვრის გავლება რთული არაა. მუშაობასა და სეირნობას (დასვენებას) შორის განსხვავება სავსებით ნათელია. სტატიკური მოდელი იტყოდა, რომ ამ შემთხვევაში ძველი განწყობა ქრება და იქმნება ახალი განწყობა. დინამიკური მოდელის მიხედვით აქ ხდება მუდმივმოქმედი განწყობითი მექანიზმის არსებითი გადასტრუქტურება, მისი შინაარსეული მხარის ტრანსფორმაცია[33]. ოღონდ, როგორც არ უნდა იყოს, ამ განწყობის სუბიექტური ფაქტორი იმთავითვე არსებობს და მისი გამომუშავებისთვის რაიმე საგანგებო აქტივობა (და შესაბამისი სპეციალური განწყობა) არ არის საჭირო.

იგივე ითქმის ობიექტურ ფაქტორზეც. შედარებით მარტივი ქცევის ანალიზისას ეს კარგად ჩანს. ვთქვათ, მუშაობის პროცესში წყურვილმა შემაწუხა. ვწყვეტ მუშაობას, მივდივარ მაგიდასთან, სადაც ბორჯომი მეგულება და ვიკმაყოფილებ გააქტიურებულ მოთხოვნილებას. თუ წყლის დალევის განწყობის შექმნა გულისხმობს წყურვილის (მოტივაცია) შეხვედრას მაგიდაზე მდგარი მინერალური წყლის ხატთან (სიტუაცია), უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს უკანასკნელი ამ ქცევის განწყობამდეა მოცემული. წინარე ანალიზით გამოვრიცხეთ, რომ ამისთვის აღქმის სპეციალური განწყობა იქმნება, რომელიც წინ უძღვის საკუთრივ წყლის დალევის ქცევის განწყობას; ამიტომ გვრჩება ერთი გზა – მივიჩნიოთ, რომ ჯერ კიდევ მუშაობის განწყობის მოდუსში მყოფმა სუბიექტმა არა მხოლოდ თვით წყურვილი განიცადა, არამედ მისი დამაკმაყოფილებელი საგანიც აღიქვა. რამდენადაც ახალი ქცევისთვის (განწყობისთვის) საჭირო ორივე ფაქტორი სახეზე იყო, სუბიექტმა შეწყვიტა მუშაობა (წინარე ქცევა) და დაიწყო ზრუნვა იმაზე, რათა მოეკლა წყურვილი (ახალი ქცევა). რადგანაც არ არსებობს უგანწყობო მდგომარეობა და არც აღქმის სპეციალური განწყობა, «ახალი განწყობის» სიტუაციის აღქმა წინა განწყობის მოქმედების პროცესში განხორციელებულა.

ეს ასეა იმპულსურ ქცევაში, ვინაიდან მხოლოდ ასეთი ქცევა იწყება სიტუაციის აღქმით. აღქმული სახით იმპულსური ქცევის განწყობის სიტუაციური ფაქტორია მოცემული. მხოლოდ ასეთი ქცევის გაწყობის აღმოცენებას შეიძლება უსწრებდეს წინ სიტუაციის აღქმისთვის საჭირო განწყობა, თუნდაც ჰიპოთეტურად. მაშასადამე, აუცილებელია ითქვას, რომ ე. წ. აღქმის პარადოქსის შესახებ, საზოგადოდ, მარტო იმპულსური ქცევის ანალიზის შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი.

უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე გვაქვს არა იმპულსურ, არამედ ობიექტივირებულ ქცევასთან. ამ შემთხვევაში განწყობის მაფორმირებელი სიტუაცია მოცემულია არა აღქმის, არამედ წარმოსახულ, იდეურ ფორმაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც თავი უნდა შევიკავოთ წარმოსახვისა თუ აზროვნების განწყობათა დაშვებისაგან. როგორც უკვე ითქვა, ქცევის შემადგენელი ფსიქიკური პროცესები თვით ქცევის აქტუალური განწყობით იმართება, თუმცა, შეიძლება, ფიქსირებულ განწყობათა ძლიერ გავლენას განიცდიდეს.

ამრიგად, განწყობის სტრუქტურის დინამიკურ მოდელს, როგორც ახსნით კონცეფციას, უნდა შეესაბამებოდეს სათანადო მოდელი აქტივობის აღწერისა. იგი იმით განსხვავდება ე. წ. დისკრეტული მოდელისაგან, რომ არ მოითხოვს ახალი ქცევის სტატუსი მიანიჭოს აქტივობის მოტივაციური თუ სიტუაციური შინაარსის ყოველგვარ ცვალებადობას. ადამიანის ქცევის მოტივაციურ საფუძველს, როგორც წესი, პოლიმოთხოვნილებისეული ხასიათი აქვს. ამ სისტემით აღძრული «კომპლექსური აქტივობის» პროცესში ხდება მრავალი ცვლილება, რომელიც აისახება ქცევის დინამიკაზე და სემანტიკაზე. გარკვეულ მომენტში ცვლილება შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ აქტივობის ინტენციონალური შინაარსი არსებითად შეიცვალოს, ახალი მიზნისკენ წარიმართოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალი ქცევის დაწყებაზე. დინამიკური მოდელისთვის მთავარია აქტივობისა და, შესაბამისად, განწყობის უწყვეტობის პოსტულატი. ამიტომ, სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის საპირისპიროდ, უნდა ვისაუბროთ მუდმივმოქმედი განწყობის შინაარსობრივ ტრანსფორმაციებზე და არა ერთი განწყობის მოქმედების შეწყვეტასა და მეორე განწყობის აღმოცენებაზე.

სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისი, არსებითად, ვერ ხედავს განსხვავებას ქცევასა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ამიტომ მისი დამცველები ხშირად საუბრობენ აღქმის, აზროვნების და სხვა განწყობაზე. დინამიკური მოდელი ფსიქიკურ პროცესს ქცევის შემადგენელ ერთეულად მიიჩნევს, ხოლო აქტუალურ განწყობას – მხოლოდ ქცევის რელევანტურ მექანიზმად (თუმცა განწყობა ძლიერ გავლენას ახდენს ხოლმე ფსიქიკურ პროცესებზეც, ზოგჯერ ძირეულადაც ცვლის ხოლმე მათ). ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ქცევა აიხსნას დინამიკური სტრუქტურის მქონე ერთიანი განწყობის საშუალებით, რომლითაც იმართება ყველა ფსიქოფიზიკური მოქმედება და პროცესი.

დინამიკური მოდელი, აგრეთვე, თავიდან გვაცილებს თეორიულ პრობლემებს, რომლებიც სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის ნიადაგზე წარმოიქმნება. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ე. წ. «აღქმის პარადოქსი», რომელსაც ექვს ათეულ წელზე მეტია, წარუმატებლად ებრძვის განწყობის ფსიქოლოგია. ამ დილემასთან დაკავშირებული შინაარსი დაზუსტებას საჭიროებს – გარკვეული მიმართულებით იგი უნდა შევიწროვდეს, სხვა მიმართულებით კი გაფართოვდეს. აღქმის პარადოქსის მიყენების არეალი უნდა შეიზღუდოს იმპულსური ქცევით, ვინაიდან ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევის განწყობა ეფუძნება არა აღქმულ, არამედ «წარმოსახულ ან იდეურ» სიტუაციას. მეორე მხრივ, ლოგიკა მოითხოვს მოცემული დილემა გავრცელდეს განწყობის შინაგან, მოტივაციურ ფაქტორზეც, რამდენადაც ისიც ფსიქიკური პროცესი და განცდაა და, სტატიკური მოდელის თანახმად, საკუთარ განწყობას საჭიროებს.

ანალიზი ცხადყოფს, რომ ესაა ცრუ პრობლემა. მისი ფესვები იმ დებულებაშია, რომ ფსიქიკურ პროცესს თავისი განწყობა ასაზრდოებს. თუ ამოვალთ იქიდან, რომ სიტუაციის ამსახველი აღქმის ფსიქიკური პროცესი იმ განწყობით იმართება, რომელიც ამ მომენტში განსაზღვრავს ქცევის მიზანშეწონილებას, პრობლემაც მოიხსნება. სანამ აქტივობა სხვა მიმართულებას შეიძენს, სიტუაციის აღქმას მიმდინარე ანუ «ძველი ქცევის» განწყობა განაპირობებს. ასეთნაირად აღქმული სიტუაციისა და ახლად გააქტიურებული მოტივაციის შესაბამისად, განწყობა ტრანსფორმირდება და აქტივობას ახალი მიზნისკენ წაიყვანს. იგივე ითქმის მოტივაციურ ფაქტორზე, რომლის აქტივაციაც წინარე განწყობის მოქმედების ფონზე ხორციელდება. არც სიტუაციის აღქმას და არც მოტივაციის განცდას დამატებითი, საკუთარი განწყობა არ ესაჭიროება.

სიტუაციის აღქმას, როგორც ყოველგვარ პერცეპტულ პროცესს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი სენსორული საფუძველი; მას, ასე ვთქვათ, «წინ უსწრებს» შეგრძნება, ან უზნაძეს თქმით «შემჩნევა». მაგრამ, ვინაიდან, თვით აღქმაც არ იმართება სპეციფიკური «აღქმის განწყობით», შეგრძნების რეფლექსურობის ანუ უგანწყობობის მტკიცებას აზრი ეკარგება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებtag:www.qwelly.com,2019-03-19:6506411:Topic:13778592019-03-19T10:42:12.380ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

პოლემიკური წერილი

«ფსიქოლოგიის» XXII ტომში, რომელიც პროფესორ შალვა ჩხარტიშვილისადმი არის მიძღვნილი, დაბეჭდილია დიმიტრი ნადირაშვილის წერილი: «ნებელობის ფენომენი განწყობის თეორიის პოზიციებიდან». ამ კრებულში მისი განთავსება სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან შ. ჩხარტიშვილი ნებისყოფის თვალსაჩინო და აღიარებული მკვლევარი იყო. დ. ნადირაშვილი დასაწყისში ერთი წინადადებით ადასტურებს ამას, თუმცა შემდგომში აღარსად…

პოლემიკური წერილი

«ფსიქოლოგიის» XXII ტომში, რომელიც პროფესორ შალვა ჩხარტიშვილისადმი არის მიძღვნილი, დაბეჭდილია დიმიტრი ნადირაშვილის წერილი: «ნებელობის ფენომენი განწყობის თეორიის პოზიციებიდან». ამ კრებულში მისი განთავსება სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან შ. ჩხარტიშვილი ნებისყოფის თვალსაჩინო და აღიარებული მკვლევარი იყო. დ. ნადირაშვილი დასაწყისში ერთი წინადადებით ადასტურებს ამას, თუმცა შემდგომში აღარსად ახსენებს შ. ჩხარტიშვილს. ამიტომ მკითხველისთვის გაურკვეველი რჩება მისი დამოკიდებულება მისი შეხედულების მიმართ. ამას კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ დ. ნადირაშვილი, რომელიც ბოლო ხანს დაინტერესდა ნებისყოფის მოვლენის კვლევით [9], თავის წერილში ნებისყოფის თეორიის საკვანძო პრობლემების განხილვას პირდება მკითხველს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ისინი სათანადო დონეზე არ არიან დამუშავებული. ამ ზოგად შეფასებაში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ავტორს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ფსიქოლოგიაში ამ პრობლემატიკის დამუშავების საერთო დაბალი დონის ფონზე, დ. უზნაძის სკოლა სწორედაც რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული პოზიციების ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მით უფრო, რომ ნებისყოფის ნაყოფიერ თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევას ჩვენში სამოცდაათი წლის ისტორია მაინც აქვს. ნებისყოფის ფსიქოლოგიურ ბუნებასთან დაკავშირებით არსებობს ორი მკაფიოდ გამოხატული თვალსაზრისი – დ. უზნაძის [15] და შ. ჩხარტიშვილის [17]. მათ აქვთ საერთო ამოსავალი წერტილი (აქტუალური მოთხოვნილებებით ნებელობითი ქცევის აღძვრის შეუძლებლობის შესახებ), მაგრამ ძირითადი ცნებებისა და საკითხების გააზრება საკმაოდ განსხვავებულია.

სამწუხაროდ დ. ნადირაშვილმა საჭიროდ არ მიიჩნია ამ უაღრესად საინტერესო შეხედულებების ანალიზი და ნებისყოფის პრობლემის დამუშავების არასაკმარისი დონის უბრალო კონსტატაციით შემოიფარგლა [24]. ამასთან, მან ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირა ერთმანეთს ნებისყოფისა და განწყობის თეორიები, ხოლო ამ უკანასკნელის განვითარების დონე მასში სოციალურ-ფსიქოლოგიური ელემენტის არსებობა-არარსებობას. უზნაძისეულ პერიოდში სოციალური განწყობების კვლევა არ მიმდინარეობდა. იგი გაიშალა შ. ნადირაშვილის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს დ. ნადირაშვილის განზრახვა იმაშია, რომ ამ კვლევის მონაცემების გათვალისწინებით შეავსოს ნებისყოფის ფსიქოლოგიის «თეთრი ლაქები». იგი ასე წერს: «ნებელობის შესწავლა შეუძლებელია სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური განწყობების, ცნობიერებისა და ობიექტივაციის, პიროვნების ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინების გარეშე, რომელთა კვლევა დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ში აკრძალული იყო, ამიტომაც დღეს განწყობის თეორიაში არსებული ცარიელი ფურცლები შევსებას საჭიროებს» [10; 184]. როგორც წერილის სხვა ნაწილებში, რომელთაც მოგვიანებით შევეხებით, აქაც ბევრი რამ მოითხოვს დაზუსტებას და დასაბუთებას. მაგალითად, რატომ თვლის ავტორი ნებისყოფის ზოგადფსიქოლოგიურ პრობლემას არსებითად სოციალურ-ფსიქოლოგიურად? ან რის საფუძველზე ფიქრობს, რომ სხვა ქართველი მკვლევარები, თურმე მათ დროს აკრძალული ცნობიერების, ობიექტივაციის თუ პიროვნების ფსიქოლოგიის მონაცემების გარეშე აგებდნენ ნებისყოფის კონცეფციას? ანდა ვინა თქვა, რომ მათი კვლევა აკრძალული იყო?

თავი და თავი ამ უზუსტობებისა მაინც ის არის, რომ ავტორი არ გვეუბნება გარკვევით, რას ემხრობა და რას არა ნებისყოფის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიებში (დ. უზნაძე, შ. ჩხარტიშვილი), სადაც სოციალური ფსიქოლოგიის მონაცემები არ ყოფილა გამოყენებული.

«პრობლემის კვლევის ფოკუსშია მოსაქცევი, ამბობს იგი, ის ფაქტი, რომ ნებელობითი ქცევა იმპულსურისაგან განსხვავებით პროსპექტულია, მომავალზეა ორიენტირებული. მოთხოვნილების იმპულსი არ წარმოადგენს ქცევის აღმძვრელ ინსტანციას. ნებელობითი ქცევა ადამიანის პიროვნული აქტივობის შედეგია, რომელიც უპირისპირდება, სჯობნის იმპულსის მოთხოვნილებასა და ძალას» [იქვე].

ეს ყველაფერი კარგადაა ცნობილი და მრავალჯერ ნათქვამი დ. უზნაძის, შ. ჩხარტიშვილისა და მათი მიმდევრების მიერ. ნებისყოფა რომ პროსპექტული ფუნქციაა ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. სხვა ამბავია დებულება, რომ ნებელობითი ქცევა მოთხოვნილების იმპულსით არ არის აღძრული. დ. უზნაძის შემდეგ იგი ამოსავალი გახდა ქართველი ფსიქოლოგების აბსოლუტური უმრავლესობისთვის (მათ შორის შ. ჩხარტიშვილისთვის) და, ამავე დროს, ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობის სათავეც. საქმე ისაა, რომ თუ აქტუალურ მოთხოვნილებაზე უარს ვამბობთ, მის სანაცვლოდ სხვა აღმძვრელი ძალა უნდა მოინახოს. დ. უზნაძე ასეთს არ უშვებს და ისევ ე.წ. «მე-ს მაღალ მოთხოვნილებებს» უბრუნდება. შ. ჩხარტიშვილი ბოლომდე მიჰყვება მოცემულ თეზისს და ადამიანში განსხვავებული ენერგეტიკული სისტემის დაშვებამდე მიდის. პიროვნებაში მეორე ენერგეტიკული წყაროს, ავტონომიური ძალის დაშვება ვოლუნტარიზმის აშკარა საფრთხის შემცველია. საიდან ჩნდება ეს ძალა და როგორია მისი მოქმედების კანონზომიერებანი? ან იქნებ ასეთები არც არსებობს და ნებელობითი ქცევა პიროვნების თავისუფალი ან თვითნებური თვითგამორკვევის შედეგია? სამწუხაროდ დ. ნადირაშვილი არ აანალიზებს ამ პრობლემურ საკითხებს და გაუგებარი რჩება რა მოსაზრებას ემხრობა იგი. შესაძლოა მას ორიგინალური პოზიცია აქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს, იგი ჩვენში არსებულ სხვა თვალსაზრისებთან უნდა შეჯერდეს, სხვანაირად მისი ნოვაციების გაგება და შეწყნარება გაჭირდება.

თუმცა, გავყვეთ წერილის ტექსტს. «იმპულსური ქცევა ბიოლოგიური სფეროდანაც შეიძლება იყოს აღძრული და სოციალურიდანაც» [იქვე], გვეუბნება ავტორი. როგორც ჩანს მას მიაჩნია, რომ ეს ახალი დებულებაა. ამაში სერიოზული გარკვევაა საჭირო. ის რომ იმპულსურ ქცევას ვიტალურის გარდა სხვა სახის მოთხოვნილებებიც შეიძლება აღძრავდნენ აღნიშნავდა დ. უზნაძეც და შ. ჩხარტიშვილიც. დ. უზნაძე პირდაპირ ამბობს, რომ მაღალ მოთხოვნილებებზე (ემოციებზე) დამყარებული ზნეობრივი, ინტელექტუალური და ესთეტიკური ქცევაც შეიძლება იყოს იმპულსური [16; 54]; შ. ჩხარტიშვილი გამოჰყოფს ბიოგენურ, ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებების ჯგუფს და თითოეულის მიერ მოტივირებულ ქცევას იმპულსურად განიხილავს [18]. ამრიგად, იმპულსური ქცევის სოციალური მოტივირება არ წარმოადგენს საიდუმლოს იმათთვისაც, ვისაც სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები საგანგებოდ არ უკვლევია. მაშ რა სიახლე შემოაქვს ჩვენს ავტორს? რა და ე.წ. «მოთხოვნა». ის ფიგურირებსო ადამიანთა სოციალურ თანაცხოვრებაში, ხოლო ბიოლოგიურ სფეროში – მოთხოვნილება. «მოთხოვნა – ესაა სოციალური გავლენა, რომელიც განიცდება როგორც სოციალურ გარემოში არსებული ტენდენცია. ის ინდივიდს გარკვეული ქცევისაკენ უბიძგებს» [10; 185]. ადამიანი ადვილად ემორჩილება ამგვარ ტენდენციებს.

«ამიტომ მოთხოვნისადმი დაყოლას ნებელობით ქცევად ვერ მივიჩნევთ. თუმცა ამგვარი სოციალური მოთხოვნა შეიძლება ცხოვრებაში ბიოლოგიურ მოთხოვნილებას დაუპირისპირდეს» [იქვე].

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პასაჟების მნიშვნელობის წვდომა ფრიად გაძნელებულია. ერთადერთი, რაც ნათელია ისაა, რომ მოთხოვნა ბიოლოგიური მოთხოვნილება არ არის. თუმცა, ამას არც არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ. ამავე დროს, გაუგებარი რჩება რას წარმოადგენს მოთხოვნა, როგორც მოტივაციური ცვლადი. მართალია დ. ნადირაშვილი ლაპარაკობს მოთხოვნაზე, როგორც გარემოში არსებულ ტენდენციაზე, მაგრამ ეს ალბათ, მექანიკური უზუსტობაა, თორემ ინდივიდის გარეთ რომ ტენდენციები არ არსებობენ ეს ნათელი უნდა იყოს. გარედან მომდინარე ზეწოლა მხოლოდ მაშინ ხდება მოტივაციური ცვლადი, როცა ის შინაგანში ნახავს გამოძახილს, ასე თუ ისე მისაღები იქნება მთლიანი მოტივაციური სისტემისთვის (მოთხოვნილებები, ღირებულებები, პიროვნული თვისებები და სხვა). წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქტივობას ვერ გამოიწვევს, ან შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტიც კი მოგვცეს (მაგ., ნონკოფორმისტის შემთხვევაში). ხოლო თუ კი მოთხოვნა შინაგანი ტენდენციაა, რომელიც ქცევისკენ უბიძგებს, რატომ არ არის ის მოთხოვნილება ან მისი ფუნქციონალური ექვივალენტი? ან იქნებ ავტორს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილებების გარდა სხვა სახის მოთხოვნილება არც არსებობს. თუ ასეა, მაშინ ეს დებულება მკაფიოდ, ნათლად და, რაც მთავარია, დასაბუთებულად უნდა ითქვას, თორემ ისე საეჭვოა მან მომხრეები იპოვოს. სტატიის ტექსტის მიხედვით ვითარება ასე გამოიყურება: ერთი მხრივ ნათქვამია, რომ მოთხოვნილება ბიოლოგიის სფეროდანაა, ხოლო სოციალურში მოთხოვნილებები კი არა – მოთხოვნები ფიგურირებენ. ეს უკანასკნელნი ტენდენციებს წარმოადგენენ და აქტივობას აღძრავენ, ანუ ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც მოთხოვნილებები. ამიტომაც, მათდამი დამორჩილება იმპულსურ ქცევას გვაძლევს და არა ნებელობითს.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით მკითხველს ბევრი კითხვა აღმოუცენდება, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: რატომ მიაჩნია ავტორს, რომ სოციალური სფეროს მხოლოდ მოთხოვნები, ანუ საჭიროებები და იძულებები («მე უნდა») უკავშირდება. ასე რომ იყოს, სოციალური ურთიერთობები მხოლოდ უმძიმესი ტვირთი იქნებოდა პიროვნებისთვის. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. სოციალურ ცხოვრებაში მოცემულია აგრეთვე სურვილები, ლტოლვები, მისწრაფებები ანუ «მე მინდები».

საზოგადოდ, საფიქრებელია, რომ ე.წ. «მოთხოვნა» ის არის, რასაც დ. უზნაძე მე-ს მორალურ მოთხოვნილებებს, ხოლო შ. ჩხარტიშვილი – სოციოგენურ მოთხოვნილებებს უწოდებს. ქცევის ასეთი აღმძვრელების არსებობა, ცხადია, სიახლეს არ წარმოადგენს, ისევე როგორც ის გარემოება, რომ ისინი ზოგჯერ უპირისპირდებიან ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ეს მომენტი ავტორს განსაკუთრებით აინტერესებს, ვინაიდან სურს დაგვარწმუნოს, რომ მაშინაც, როცა ქცევა სოციალურ მოთხოვნას (თუ მოთხოვნილებას ?!) მიჰყვება ის იმპულსურია, ნებელობის გარეშე სრულდება. საკითხავია ოღონდ, ვის დარწმუნებას ცდილობს იგი? ყოველ შემთხვევაში არა შ. ჩხარტიშვილის მომხრეებისა, რომლებიც იმ აზრზე დგანან, რომ ყოველგვარი მოთხოვნილებით აღძრული ქცევა იმპულსურია და არა ნებელობითი. ამ საკითხში დ. ნადირაშვილი ფაქტობრივად იზიარებს შ. ჩხარტიშვილის თვალსაზრისს, თუმცა ამას არ აღიარებს.

როგორც სათაურიდან ჩანს, დ. ნადირაშვილის მთავარი საზრუნავი ნებისყოფის მოვლენის განწყობის თეორიიდან და თანაც მისი დღევანდელი პოზიციიდან გააზრებაა. ასეთად, როგორც ჩანს, იგი მხოლოდ შ. ნადირაშვილის თვალსაზრისს მიიჩნევს[25]. წერილში მსჯელობა შემდეგნაირად ვითარდება: ნებელობითი ქცევა პიროვნული ფასეულობების სისტემის მოცემულობას გულისხმობს. ეს ფასეულობები სუბიექტში «პიროვნული განწყობების» (ანუ ფიქსირებული დისპოზიციური განწყობების სახით არსებობენ). აქედან გამომდინარე «ნებელობითი ქცევა ესაა პიროვნული განწყობებიდან ერთ-ერთის ცნობიერად ამორჩევა, პრიორიტეტის მინიჭება და ქცევაში განხორციელება» [10; 186].

პიროვნული ფასეულობების არარსებობის შემთხვევაში ქცევა შინაგანი მოთხოვნილებებისა ან სოციუმის მოთხოვნების კარნახით წარიმართება, ანუ იგი იმპულსურია. მაგრამ ფასეულობის ანუ პიროვნული განწყობის არსებობა, თავისთავად, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქცევა კვალიფიკაცირებული იქნას, როგორც ნებელობითი. თუ განწყობა, თავისი ინტენსივობის გამო, გაბატონებული გახდა და ქცევა თავისკენ წარმართა, ასეთი აქტივობა ნებელობითად ვერ ჩაითვლება. სხვა ამბავია, როცა განწყობის ინტენსივობის დონე არ აძლევს მას საშუალებას დომინირებული მდგომარეობა დაიკავოს. მას სხვა განწყობები (ტენდენციები) უპირისპირდებიან, «ადამიანი ყოყმანის ვითარებაში აღმოჩნდება. ყოყმანის დაძლევა პიროვნების აქტიური ჩარევის საფუძველზე ხდება შესაძლებელი» [იქვე]. თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე პიროვნება გარკვეულ განწყობას ანიჭებს პრიორიტეტს. მაგრამ რა არის ფსიქოლოგიურად უპირატესობის მინიჭება? დ. ნადირაშვილის აზრით ესაა რთული პროცესი, რომელშიც წარმმართველ როლს ე.წ. პოზიციური აზროვნება თამაშობს. იგი არკვევს ამა თუ იმ განწყობის მიმართებას პიროვნების განწყობათა სისტემასთან (ე.წ. განწყობათა მტევანთან) და ერთ-ერთი განწყობა აქტუალურ მდგომარეობაში გადაჰყავს. ამაშია მოტივაციის პროცესის არსი. «მოტივაცია ინტელექტუალური პროცესია, რომელიც შინაგანი ტენდენციებიდან რომელიმეს ანიჭებს უპირატესობას. ის, თუ რა განწყობა დაედება ქცევას საფუძვლად, ამ ეტაპზე გარკვეული არ არის. ამ საკითხს საბოლოოდ პიროვნება წყვეტს. პიროვნება იღებს პასუხისმგებლობას განსახორციელებელი ქცევის შესახებ» [10; 187].

მოკლედ, პიროვნულ განწყობებს გააქტიურება ესაჭიროება. ამას ემსახურება ინტელექტუალური პროცესი, რომელსაც მოტივაცია ეწოდება. თუ პიროვნული განწყობა თავისით გააქტიურდა და შესაბამისი აქტივობა გამოიწვია იგი იმპულსური იქნება. ნებელობითი ქცევის განხორციელებისთვის არც მოტივაციით უპირატესობამინიჭებული განწყობის არსებობაა საკმარისი. საჭიროა კიდევ პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რაც მისი თავისუფლების გამოხატულებას წარმოადგენს. თავისუფლების საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით. აქ განვიხილოთ ნებელობითი ქცევის წარმოქმნის მოცემული მოდელი. მისი განწყობისეულობა, როგორც ჩანს, იმაშია, რომ ძირითადი ცვლადი, მოტივაციური პროცესის ერთეული არის ე.წ. «პიროვნული განწყობები».

მივყვეთ თანმიმდევრულად. დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ნებელობის ძირითადი პრობლემა მისი ენერგეტიკული წყაროს, აღმძვრელი ძალის განსაზღვრაშია. დ. ნადირაშვილის პოზიცია ერთი შეხედვით ასეთია – ნებელობითი ქცევის ენერგეტიკა შესაბამისი პიროვნული განწყობიდან (ან განწყობებიდან) მომდინარეობს, რამდენადაც, საბოლოოდ, სწორედ ის ედება საფუძვლად ნებელობითი ქცევის განხორციელებას. არც ბიოლოგიური მოთხოვნილებები და არც ე.წ. სოციალური მოთხოვნები (ანუ სხვა სახის მოთხოვნილებები), როგორც ზემოთაც ითქვა, ნებელობითი ქცევის «მოტივად» არ ჩაითვლება. მათზე დაფუძნებული ქცევა ცალსახად იმპულსურია.

«იმპულსური ქცევისაგან განსხვავებით, ნებელობითი ქცევა ერთი მხრივ, პიროვნული განწყობას უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ, მასზე ფოკუსირებას, ამორჩევას და ქცევაში განხორციელებას ახდენს» [10; 186]. მაშასადამე, ნებელობითი ქცევისთვის აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, რომ არსებობდეს პიროვნული განწყობა. მეორე პირობა ისაა, რომ უნდა მოხდეს მისთვის პრიორიტეტის მინიჭება (ამორჩევა ანუ მოტივაციის პროცესი). მაგრამ, ვინაიდან აქ ჯერ კიდევ არაა გამზადებული ქცევის განწყობა, აუცილებელია კიდევ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამორჩეულ განწყობას სულს ჩაჰბერავს, გაააქტიურებს და მოქმედების რეალურ საფუძვლად გადააქცევს.

პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს ისაა, რომ იმპულსური და ნებელობითი ქცევა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ხასიათდება. იმპულსური ქცევა თავის კვალიფიკაციას იმის მიხედვით იღებს, რომ იგი აღძრულია მოთხოვნილებით. ე.ი. აქ მუშაობს მხოლოდ აქტივობის დინამიკური საწყისის რაგვარობის კრიტერიუმი (ენერგეტიკული პარადიგმა). ნებელობის შემთხვევაში ამ კრიტერიუმს ემატება ის გარემოება, თუ რამდენად და როგორ არის ცნობიერებაში დამუშავებული ქცევის მოტივაციური საწყისი, პიროვნული განწყობა (რეგულაციური პარადიგმა).

ისმის კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში ქცევის ამ სახეების გამიჯვნა ერთმანეთისგან. არა და, სწორედ ეს ამოცანაა პრიორიტეტული ავტორისთვის. დავუშვათ და ქცევა სრულდება რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, მაგრამ ე.წ. «მოსამზადებელ პერიოდში» მან გაიარა მოტივაციისა და გადაწყვეტილების ფაზები [15]. რა ქცევასთან გვექნება საქმე ამ შემთხვევაში? სწორედ ასეთია ჩვენი ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი. დ. უზნაძის ცნობილი მაგალითი განვიხილოთ: კონცერტზე წასვლა მინდა ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, მაგრამ სასწრაფო სამუშაო სახლში დარჩენისკენ მიბიძგებს. იწყება მოტივაციის რთული პროცესი. ვთქვათ, ესთეტიკურმა მოთხოვნილებამ იძალა და გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მივიღე. ენერგეტიკული კრიტერიუმის მიხედვით ეს ქცევა იმპულსურია, რამდენადაც აქტუალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ამავე დროს, ვინაიდან მისი განწყობა ობიექტივაციის დონეზეა დამუშავებული და პიროვნების მიერ შეწყნარებული იგი ნებელობითად უნდა მივიჩნიოთ.

კიდევ ერთი მაგალითი უზნაძიდან. იგი საგანგებოდ განიხილავს შემთხვევას, როცა ქცევა თითქოს აქტუალურ სასიცოცხლო მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, და მაინც ნებელობითია. მწყურია, მაგრამ წყალი მხოლოდ მას მერე დავლიე, როცა გავიაზრე, რომ ის მინერალურია და არ მავნებს. აშკარად სახეზეა აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თუმცა დ. უზნაძის ანალიზით ეს ქცევა მაინც არაა იმპულსური. ამაში იგი აბსოლუტურად მართალია. ობიექტივაციის პლანში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ბიოგენურ მოთხოვნილებასა და შესაბამის ქცევას ეხებოდეს. ასეთ აქტივობასაც პიროვნება წარმართავს და არა იმპულსურ ქცევასთან დაკავშირებული ინდივიდი.

დ. ნადირაშვილის კონსტრუქციის მიხედვით ამ ქცევის კვალიფიკაციაც გაჭირდება. ქცევა აშკარად ბიოლოგიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მისი ენერგიით საზრდოობს, რაც გამორიცხავს მის ნებელობითად მიჩნევას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი განწყობა ობიექტივაციის პლანშია შემუშავებული.

სხვათა შორის, ამასთან მიახლოებულ სიტუაციას განიხილავს თავად დ. ნადირაშვილი: ერთ-ერთი ფილმის დასიცხული უარყოფითი გმირები ურცხვად შიშვლდებიან და ისე გრილდებიან ტბაში, ხოლო დადებითი გმირები ტანზე გაუხდელად შედიან წყალში. ამით «ბიოლოგიურ მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებენ და სოციალურ მოთხოვნასაც უწევენ ანგარიშს. ამგვარი ქცევა პიროვნული ფასეულობებიდან მომდინარე განწყობის არჩევა და რეალობაში განხორციელებაა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან ჰგავს ნებელობით ქცევას. ეს აქტივობა ნებელობად ვერ ჩაითვლება, რადგან ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება» [10; 185].

დ. ნადირაშვილის ანალიზი არაა სრულყოფილი, რაც სწორი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. იგი უკრიტიკოდ მიჰყვება თეზისს, რომ ნებელობითი ქცევა გამორიცხულია აღძრული იყოს მოთხოვნილებით, მით უფრო ბიოლოგიურით. ამის გამო იგი ცალმხრივად და უზუსტოდ აფასებს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ქცევა ამ შემთხვევაში პოლიმოტივირებულია, ანუ დინამიზირებული სულ ცოტა ორი აღმძვრელით. ეს ვითარება ხშირად გვხდება, როგორც იმპულსური, ისე ნებელობით ქცევის დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოტივაციის პროცესში ისეთი ქცევის გამონახვა ხდება, რომელიც ერთდროულად პიროვნული დონის ტენდენციასაც დააკმაყოფილებს და ბიოლოგიურისაც, ანუ ის მოთხოვნილებითაც იკვებება. რადგანაც სწორედ პიროვნება აკეთებს შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილების დაკმაყოფილების თაობაზე – ეს ქცევა ნებელობითია. მისი პოლიმოტივაციურ-ენერგეტიკული სისტემისა და სათანადო განწყობის შექმნა ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე თვითრეგულაციის პროცესების შედეგია.

იგივე ხდება დ. უზნაძის წყლის დალევის მაგალითშიც. მსგავსი ვითარებაა კონცერტისა და სამუშაოს მაგალითშიც. უზნაძისეულ ვერსიაში იქ მოქმედება ასე ვითარდება: სუბიექტი ჯერ სახლში დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ მალე გადაწყვეტილებას შეცვლის, ვინაიდან გაიგებს, რომ კონცერტზე იქნება პირი, ვისთანაც შეხვედრა მისთვის მნიშვნელოვანია. რა მოხდა? შეიქმნა პოლიმოტივაციური სტრუქტურა, რომლის ღირებულებამ ალტერნატული ქცევის ღირებულება გადასწონა. ეს ქცევა ნებელობითია, თუმცა მის დინამიზაციაში უთუოდ მონაწილეობს აქტუალური ესთეტიკური მოთხოვნილებაც. ასე რომ აქტუალური (თუნდაც ბიოლოგიური) მოთხოვნილების ქცევის მოტივაციურ სტრუქტურაში ჩართვა მას ავტომატურად არც იმპულსურად ხდის და არც ნებელობითის სტატუსს უკარგავს, როგორც ამას დ. ნადირაშვილი ფიქრობს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს – დ. ნადირაშვილი ხვდება, რომ ნებელობითი ქცევის ცალსახა დაკავშირება რაიმე მოტივაციურ ძალასთან არაა ევრისტიული. მაგრამ რატომღაც აღარ ავრცელებს ამ სწორ მიდგომას იმპულსურ ქცევაზე. ყოველ შემთხვეაში ამ მიმართულებით ავტორის ძიების შედეგი ასეთი დებულებაა:

«ჩვენ გამოვყავით სოციალური ქცევის ფორმა, რომელიც მოთხოვნად მიიჩნევა» [იქვე]. უნდა ვიფიქროთ ეს ქცევა შუალედურია ცალსახად ბიოლოგიურად მოტივირებულ იმპულსურ ქცევასა და პრინციპულად არამოთხოვნილებისეულ ნებელობით ქცევას შორის. მაგრამ მისი ნამდვილი სტატუსი მაინც ძალიან ბუნდოვანია, პირველ რიგში იმის გამო, რომ არ არის გარკვეული მოთხოვნისა და მოთხოვნილების ცნებათა მიმართება. ტექსტიდან ისე ჩანს თითქოს მოთხოვნა არსებითად მოთხოვნილების მსგავსად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს «მოთხოვნა» დამატებითი «უცნობია», რაც ისედაც არ აკლია ქცევის თეორიას. გარკვევით არც ის არის ნათქვამი, თუ რითი განსხვავდება ამგვარი «სოციალური ქცევა» იპულსურისაგან. თუ მარტო იმით, რომ უკანასკნელი მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების ნიადაგზე აიგება, ეს რეალობის იგნორაცია იქნება, რამდენადაც იმპულსური სოციალური ქცევა არსებობს და ჩვეულებრივი რამაა; ან იქნებ იმით, რომ იმპულსური ქცევა არაცნობიერად ხორციელდება, ხოლო «მოთხოვნითი» ცნობიერად? არც ეს იქნება მართებული, რადგანაც მოთხოვნაზე რეაგირება არაცნობიერადაც (უნებურად) შეიძლება (მაგ., ბავშვი). საზოგადოდ კი ის გარემოება, რომ მკითხველს ამ ვარაუდების გამოთქმა უწევს ავტორის მიერ საკითხის დამუშავების არასათანადო დონეზე მეტყველებს.

საკითხში გასარკვევად საჭიროა ავტორისთვის ამოსავალი ტრიადის (ინდივიდი-სუბიექტი-პიროვნება), შესაბამისი ტრიადის მონახვა იმპულსურობა-ნებელობითობის განასერში. აუცილებელია მოინახოს შუა რგოლი ქცევის ამ სახეობებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივობის რეალური პროცესის დახასიათებას ვერ შევძლებთ (რისკენაც ისწრაფის დ. ნადირაშვილი და რაც დასაფასებელია). წერილის ტექსტის მიხედვით სუბიექტის აქტივობა გამოიხატება ტერმინით «ინტელექტუალური ქცევა» (იგივეა, რაც შ. ნადირაშვილის «თეორიული ქცევა») [11]. ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე ასეთი თვალსაზრისის გაზიარება შეუძლებელია, ვინაიდან ინტელექტუალური (თეორიული) ქცევა, კლასიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით, ვერ მოთავსდება იმპულსურსა და ნებელობითს შორის, რამდენადაც არ მიეკუთვნება ამავე განზომილებას. თეორიული ქცევა უპირისპირდება პრაქტიკულს და არა იმპულსურს ან ნებელობითს. შრომა, მაგალითად, ნებელობითი ქცევაა რეგულაციის დონის თვალსაზრისით; მასში ჩართული ფუნქციებისა და პროდუქტის (მიზნის) თვალსაზრისით კი იგი ან თეორიულია, ინტელქტუალურია (მაგ., მეცნიერის შრომა) ან პრაქტიკული (მაგ., მეშახტის შრომა). უმეტეს წილად კი ობიექტივაციის პლანში მიმდინარე ქცევა შერეულია, იგი მოტორიკასაც საჭიროებს და კოგნიციასაც (მათ შორის ინტელექტს). თუ იგი მოტივაციის პროცესის ფონზე მიმდინარეობს – მაშინ ის ნებელობითია. მაგრამ ამის გარეშეც, თუ ქცევის განხორციელების პროცესი ცნობიერად კონტროლდება, მას იმპულსური აღარ ეთქმის. ადამიანი, რომელიც სუფრაზე ხალისიანად დროს ატარებს, კერძებსაც მიირთმევს და სადღეგრძელოებსაც წარმოსთქვამს, ანუ ბიოლოგიურადაც ფუნქციონირებს და ინტელექტუალურადაც. დ. ნადირაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამგვარი ქცევის ადეკვატური დახასიათების საშუალებას არ იძლევა. თავისი ბიოლოგიური კომპონენტის გამო იგი იმპულსურად უნდა შეირაცხოს, ხოლო აზრითი კომპონენტის გამო – თეორიულად. სინამდვილეში ის არც იმპულსურია და, მით უფრო არც – ინტელექტუალური. ესაა ცნობიერი ან ობიექტივირებული ქცევის ნაირსახეობა, რომელიც რეგულაციის საშუალო დონეზეა იმპულსურსა და ნებელობითს შორის [6].

თეორიული მოდელი, რომელიც ზუსტად არ აღწერს რეალობას, ვერც მის სწორ ახსნას მოგვცემს. განწყობის თეორია ქცევის ახსნითი სისტემაა. დ. ნადირაშვილის წერილის ინტენცია ნებელობითი ქცევა განწყობის თეორიის დღევანდელი პოზიციებიდან დახასიათებაში მდგომარეობს. ასეთად, ეტყობა, იგი მხოლოდ განწყობის სტატიკურ სტრუქტურაზე დამყარებულ სამდონოვან მოდელს მიიჩნევს. ეს მოდელი ფაქტობრივად გამორიცხავს განწყობის სტრუქტურის ცვალებადობას ქცევის მიმდინარეობის პროცესში. განწყობის სტრუქტურაში ყოველი ახალი მომენტის ჩართვის ფაქტი (ვთქვათ აზროვნებისა) გაგებულია, როგორც მიმდინარე ქცევის განწყობის შეცვლა ახალი განწყობით, რაც თავისთავად, სხვა ქცევის ფორმაზე გადასვლასაც ნიშნავს.

დ. ნადირაშვილის წერილში ვითარება ასეა წარმოდგენილი: ხორციელდება რაიმე პრაქტიკული იმპულსური ქცევა. ის შეფერხდა. ეს გარემოება «აღძრავს ობიექტივაციის საჭიროებას, რათა გაცნობიერდეს წინააღმდეგობა, მოინახოს შემაფერხებელი მიზეზი, განხორციელდეს გააზრებული მიზანშეწონილი ქცევა. ინტელექტუალური ქცევის განწყობა შემდეგი ფაქტორების საფუძველზე აღმოცენდება – 1. გაურკვეველი სიტუაცია; II. გარკვევის მოთხოვნილება; III. ოპერაციული შესაძლებლობები; ერთობლიობაში ყალიბდება ინტელექტუალური ქცევის განწყობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ქცევის შემაფერხებელი მიზეზის გარკვევა. ამ ცოდნის შეტანა შეფერხებული ქცევის განწყობაში სუბიექტს საშუალებას აძლევს გადაჭრას კონფლიქტი და შეასრულოს მიზანშეწონილი ქცევა» [10; 187].

როგორც ვხედავთ დ. ნადირაშვილი განწყობის სტატიკური სტრუქტურის მოდელით ხელმძღვანელობს. თავი დავანებოთ «გაურკვეველი სიტუაციისა» და «გარკვევის მოთხოვნილების» არც თუ გარკვეულ ტერმინებს (უფრო მართებულია ალბათ, «პრობლემური სიტუაცია» და «შემეცნების მოთხოვნილება» [11]; მთავარი მაინც ისაა, თუ რამდენად შეგვიძლია მივუყენოთ ეს მოდელი მეორე დონეზე განხორციელებულ ყოველგვარ აქტივობას? აქ სერიოზული სირთულეები წარმოიქმნება და რაზედაც არაერთხელ იქნა მითითებული [1][6][7][19][20] და სხვა. განწყობის სტატიკური მოდელის მიმართ პრეტენზიები ბოლო ხანს სულ უფრო მეტად ცნობიერდება და მკვლევარებს თეორიის ახლებური გააზრებისკენ მიმართავს [3][8][14]. გამოთქმულ შეფასებებსა და არგუმენტაციას პასუხი უსათუოდ ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკამ შეიძლება «კრიტიკულ მასას» მიაღწიოს, რომლის მერე დაიწყება ამ მოდელის უარყოფის შეუქცევადი პროცესი. განწყობის ფსიქოლოგიაში დღეს არსებულ ვითარებაში გასარკვევად, ფრიად სასარგებლო იქნება, თუ კი ასეთი განწყობის თეორიით დაინტერესებული ავტორი, როგორც დ. ნადირაშვილია, გამოეხმაურება ამ მოწოდებას!

მოცემულ კონტექსტში მეტის თქმა უადგილოა. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სტატიკური მოდელი ძალზე ართულებს განწყობის თეორიის ენაზე ქცევის აღწერისა და ახსნის რეალური სურათის წარმოდგენის საქმეს. საილუსტრაციოდ აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული ვითარების გარკვევით დავკმაყოფილდეთ. ვთქვათ განსხვავებით უზნაძის მაგალითებისაგან, მიმდინარე პრაქტიკული ქცევა არ წყდება, თუმცა მასში პრობლემებმა იჩინა თავი. პრობლემების ხასიათი ისეთია, რომ მათი გადაწყვეტა აუცილებელია მიზანშეწონილი ქცევისთვის. სუბიექტი აცნობიერებს, ობიექტივაციას უკეთებს ამას და იწყებს ფიქრს (აზროვნებას) იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტოს ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემები. ვითარების სპეციფიკა ისაა, რომ იგი პარალელურად განაგრძობს ამ ქცევის განხორციელებას. პირველი და მეორე დონის ქცევებისა და შესაბამისი განწყობების მონაცვლეობას, როგორც ამას სტატიკური მოდელი გვიხატავს, ადგილი არა აქვს. მსგავსი რამ რეალურ აქტივობაში მეტად გავრცელებულია.

ხშირია, როცა ქცევას ისე ვიწყებთ, რომ ბოლომდე არც კი გვაქვს გააზრებული მისი საშემსრულებლო ასპექტები და მათ პრაქტიკული აქტივობის მსვლელობაში ვამუშავებთ. შეიძლება სირთულე სიტუაციურად, მოულოდნელად აღმოცენდეს და ჩვენ მის გადალახვაზე ვიზრუნოთ ქცევის შეუწყვეტლად. მაგალითად, მანქანა მიგვყავს და თან ვფიქრობთ სად დავაყენოთ იგი. დინამიკური მოდელისთვის აქ არავითარი სირთულე არ არსებობს: მოცემულია ერთი ქცევა თავისი აქტუალური განწყობით, რომელშიც ჩართულია როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული აქტები. ეს უკანასკნელნი თეორიული ქცევა კი არა, მოქმედებები ან ოპერაციებია და, როგორც ასეთნი, საკუთარ განწყობას არ საჭიროებენ. სტატიკური მოდელი მოითხოვს, რომ ეს აზროვნებითი აქტივობა დამოუკიდებელ ქცევად იქნას მიჩნეული, თავისი განწყობით და ამ უკანასკნელისთვის აუცილებელი ფაქტორებით. მაშინაც, თუ ასეთები მოინახება (რაც ძალიან საეჭვოა, თუნდაც მოტივაციურ ფაქტორთან მიმართებაში – ძნელია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ მანქანის პარკინგის საკითხის გადაწყვეტისას ნორმალური ადამიანი თეორიულ მოთხოვნილებას, ინტერესს განიცდის), გადასაჭრელი იქნება მიმდინარე პრაქტიკული ქცევის მოქმედი აქტუალური (სიტუაციური) განწყობისა და იმავდროულად მოქმედი თეორიული ქცევის განწყობის მიმართების პრობლემა. უეჭველია, რომ იგი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით განწყობის მთლიანპიროვნულობის თეზისის გათვალისწინებით. საინტერესოა, აგრეთვე, საზოგადოდ, რა სახისა და დონის ქცევად თუ ქცევებად მონათლავს ამ აქტივობას განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელი?

მესამე, ანუ პიროვნული დონის სიტუაციური განწყობის ფაქტორებად დასახელებულია: I – სოციალური მოთხოვნა; II – სოციუმის თანხმობა ან უთანხმოება; III – სოციალური ქცევისთვის საჭირო მორალურ-ზნეობრივი, პროფესიული და სხვა ოპერაციული შესაძლებლობები.

სოციალური განწყობა ამ სამი ფაქტორის მოქმედების შედეგად იქმნება. მთავარი აქ ისაა, რომ ნებელობითი ქცევა სწორედ ამ დონეზე იშლება. პიროვნების დონეზე შექმნილი განწყობა ნებელობითი ქცევის განწყობაა. თუ ასეა, მაშინ როგორღა შეიძლება იყოს ამ განწყობის შინაგანი ფაქტორი «სოციალური მოთხოვნა», რომელსაც ცალსახად უკავშირდება არანებელობითი ბუნების მქონე «სოციალური ქცევის ფორმა, რომელიც მოთხოვნად მიიჩნევა» [10; 185]. აი ავტორის მაგალითიც: «ტოტალიტარულ ქვეყნებში, პარტიულ შეკრებაზე ხშირად არავინ გამოდის მმართველი რეჟიმის კრიტიკით, თუმცა დამსწრეებს ბევრი რამე აქვთ საპროტესტოდ სათქმელი. ამგვარ სიტუაციაში სიჩუმის შენარჩუნებას ნებელობას ვერ მივაწერთ. ესაა სოციალური მოთხოვნის გათვალისწინება. ასეთი ქცევა საკუთარ იმპულსებს თრგუნავს, უპირისპირდება, მაგრამ ნებელობით აქტად მაინც არ მიიჩნევა» [იქვე]. ამავე დროს აშკარაა, რომ აღწერილი ქცევა ზედმიწევნით ზუსტად ხასიათდება პიროვნების დონის განწყობის მოდელით და, მაშასადამე, ნებელობითად უნდა იქნას განხილული. წინააღმდეგობა თვალში საცემია – ბოლოს და ბოლოს, რომელი ქცევის განწყობის შინაგანი ფაქტორია ეს გაურკვეველი მოტივაციური ბუნების მქონე წარმონაქმნი – სოციალური მოთხოვნა – მოთხოვნითი ქცევისა თუ ნებელობითის?

პროდუქტიულად არც ის დებულება გამოიყურება, რომ მოტივაცია ინტელექტუალური პროცესია. ეს თეზისი საერთოდ არ არის დასაბუთებული და სახტად ტოვებს იმ მკითხველს, რომელიც აქამდე შემეცნებითი, ემოციური და მოტივაციური ფსიქიკური პროცესების გამიჯვნას იყო ჩვეული. ვინაიდან დ. ნადირაშვილი არ იმოწმებს სხვა ავტორს, საფიქრებელია, რომ ეს მისი საკუთარი იდეაა. ძნელი სათქმელია რა მოსაზრება უდევს მას საფუძვლად. ყოველ შემთხვევაში წერილის კონტექსტიდან იგი არ გამომდინარეობს, სადაც მსჯელობა ასე ვითარდება: მოტივაციის არსი ისაა, რომ სუბიექტი ახერხებს არსებული განწყობებიდან რომელიმეს აქტუალურ მდგომარეობაში გადაყვანას; ამისთვის იგი ერთ-ერთ პიროვნულ განწყობას «მოაქცევს ფსიქიკური აქტივობის ფოკუსში» და თავისი «ზოგადი ორიენტაციების საფუძველზე ანიჭებს მას უპირატესობას»; ყოველივე ეს «ხშირად ხანგრძლივი ფსიქიკური აქტივობის საფუძველზე სრულდება», რომელიც «ინტელექტუალური პროცესია» [10; 187].

საიდან გამომდინარეობს ეს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეუძლია აზროვნებას, საკუთარ ფოკუსში მოქცევით, რომელიმე განწყობა აქტუალურ მდგომარეობაში გადაიყვანოს და სხვებზე უპირატესობა მიანიჭოს. ამისთვის ხომ ძალაა საჭირო; ამიტომაც ითვლება ეს პროცესი ვოლიტურად. მარტო აზროვნებისთვის ეს მართლაც გასაოცარი «ფოკუსი» იქნებოდა. ამა თუ იმ ქცევის უპირატესობის გამოვლენა, «აწონვა» ღირებულებების სასწორზე ხდება. ე.წ. «პოზიციური აზროვნების» [12] დროს არჩევანი გაკეთებულია და აზროვნება მის გამართლებაზე ზრუნავს რაციონალური საშუალებებით (იმიტომაცაა ის აზროვნება). არჩევანი, როგორც ნებელობითი პროცესის ნაწილი, როგორც ნებისყოფის პერიოდი, სხვა ბუნებისაა. ამ შემთხვევაში ქცევის ღირებულება კი არ უნდა დაამტკიცო ან გაიგო – უნდა იგრძნო, განიცადო. აქ გადამწყვეტია ემოციურ-მოტივაციური პროცესი, თუმცა მას უდავოდ აქვს სოლიდური კოგნიტური კომპონენტიც. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია უკვე კარგა ხანია ასეთ პროცესებს, მასში მონაწილე ფსიქიკურ წარმონაქმნებს კოგნიტურ-მოტივაციურს უწოდებს და საკმაოდ დახვეწილადაც აანალიზებს [21][22].

მოტივაცია ნამდვილად რთული პროცესია, რომელსაც მრავალი კომპონენტი აქვს, მათ შორის კოგნიტური (ინტელექტუალური). მაგრამ, თუ მაინცა და მაინც უკიდურესი კოგნიტივიზმის პოზიციებზე არ ვდგავართ, იგი რჩება სპეციფიკურ და სხვაზე დაუყვანად ფსიქიკურ პროცესად, თუმცა კოგნიტურ ფსიქოლოგიაშიც კი არ ხდება ინტელექტისა და მოტივაციის სრული გაიგივება [20]. განწყობის ფსიქოლოგიაში, დ. უზნაძიდან მოყოლებული, მოტივაცია ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი პერიოდის ინტელექტუალური ეტაპის მომდევნო, დამოუკიდებელ ეტაპად (პროცესად) მიიჩნევა [10]. ძალიან სერიოზული დასაბუთების გარეშე საწინააღმდეგოს მტკიცება ნებელობის განწყობისეული თეორიის განვითარებად ვერ ჩაითვლება.

დასასრულ, ორიოდე სიტყვა ნების თავისუფლების შესახებ. წერილში არაა მოცემული არც ამ საკითხის გარშემო განწყობის ფსიქოლოგიაში არსებული მოსაზრებების ანალიზი [2][5][11][13][15] [17] და არც საკუთარი პოზიციის დასაბუთება. უბრალოდ განცხადებულია, რომ ნებელობა, კერძოდ გადაწყვეტილება არის პიროვნების თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ასპარეზი[26], რაც არაერთხელ გამოთქმულა აზროვნების ისტორიაში, ისევე როგორც საწინააღმდეგო – დეტერმინისტული მოსაზრებაც. მაგრამ ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს, რამდენად გამომდინარეობს ერთი ან მეორე განწყობის თეორიიდან. დ. უზნაძის მოსაზრება მაინც რომ გაეთვალსწინებინა ჩვენს ავტორს, იქნებ არ მოხვდებოდა ინდეტერმინიზმის სრულ ტყვეობაში. აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს შემდეგი პასაჟი: «ნებელობითი ქცევის არსებითი თავისებურება ისაა, რომ იგი არ ემორჩილება მოვლენათა მიზეზშედეგობრივ კანონზომიერებებს, იგი არც ასოციაციური კანონების საფუძველზე ხორციელდება და არც ლოგიკური გამომდინარეობის პროცესია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანი თავისუფალი არსებაა. გადაწყვეტილების მიღება აუცილებლობით არ ხასიათდება. იგი, პიროვნების თავისებურებათა გათვალისწინებით, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც მოცემულ მომენტში მის მიზნებსა და ამოცანებს შეესატყვისება და მომავალი ვითარების შექმნას ედება საფუძვლად ... პიროვნება საკუთარი ქცევის თავისუფლად ამომრჩევია. განწყობათა მრავალფეროვნებიდან პიროვნებას ნებისმიერის ფოკუსში მოქცევა და ამორჩევა ხელეწიფება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს პიროვნება – არსებობს ნების თავისუფლებაც» [10; 186-187].

ეს, რომ ამას ნიშნავდეს, არც თავისუფლების პრობლემა იარსებებდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანს უნარი აქვს გადაწყვეტილება მიიღოს, არამედ ის, არის თუ არა არჩევანი და გადაწყვეტილება რაიმეთი პირობადებული, ეყრდნობა თუ არა იგი რაიმე საფუძველს. თუ არა – მაშინ ეს უბრალოდ თვითნებობაა (რასაც სხვათა შორის ქართული ხალხური ფსიქოლოგიური გონი არანორმალურობად მიიჩნევს – «გიჟი თავისუფალია») ან რაღაც ზებუნებრივი. თუ კი – მაშინ ეს ერთი მოვლენის მეორით განსაზღვრულობაა, ანუ აუცილებლობისა და არა თავისუფლების სფერო.

მართლაც გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებს დ. ნადირაშვილი, რომ თავისუფალი ნებელობითი ქცევა არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება, არც კაუზალურს, არც იმპლიკაციურს და საზოგადოდ აუცილებლობის და განსაზღვრულობის კატეგორიებთან არაფერი აქვს საერთო. უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარ კატეგორიულ და დაუსაბუთებელ მტკიცებებს ლოგიკურად მივყავართ ისეთ დებულებებამდე, რომელთაც, საფიქრებელია, თვითონაც არ მიიღებს. კერძოდ ასეთი – ვითარება, რომელიც აუცილებელი არაა – შემთხვევითია (გამოდის, რომ ნებელობითი ქცევა შემთხვევითი ყოფილა?!); ან ასეთი – მოვლენა, რომელიც კანონზომიერებას არ ემორჩილება ანუ სხვა რეალურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს – მისტიკურია (გამოდის, რომ ნებისყოფის ფსიქოლოგია მისტიკის სფერო ყოფილა?!).

თუ დ. ნადირაშვილს ასე აქვს წარმოდგენილი ნებელობითი ქცევა (და ნებისყოფის ფუნქცია) საკამათო არც არაფერია გვაქვს, რამდენადაც მაშინ იგი უბრალოდ მეცნიერების ფარგლებიდან გადის.

ხელოვნებასაც და თეოლოგიასაც აქვთ თავისი კანონიერი ინტერესები ადამიანური ქცევის საიდუმლოებათა წვდომის თვალსაზრისით. სხვათა შორის არსებითად იგივე პოზიციაზე დგას ეგზისტენციალური თვალსაზრისიც, რომელმაც ძალუმად შემოაღწია ქართულ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზრში და რომელსაც, დიდი ალბათობით, ჩვენი ავტორიც ემხრობა. ეგზისტენციალიზმის მიხედვით, თავისუფლება, როგორც ადამიანის კონსტიტუტური ნიშანი, მას კანონზომიერების, მიზეზისა და საფუძვლის გარეშე ტოვებს (სარტრი), ხოლო შემეცნებას საშინელ ალტერნატივას უყენებს: ან ადამიანი როგორც კვლევის საგანი – ან ადამიანი, როგორც თავისუფლება (იასპერსი) [4].

რა თქმა უნდა, ყველა «თავისუფალია» აირჩიოს მსოფლმხედველობრივი პოზიცია. მაგრამ, ამავე დროს, ისიც უნდა იყოს გაცნობიერებული, რომ მეთოდოლოგიური პოზიცია არსებითად განსაზღვრავს ფსიქოლოგიური თეორიის სახეს. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიების დაპირისპირების კონტექსტში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აქ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ერთდროულად თავისუფლების ანუ ინდეტერმინიზმის და განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციებზე დგომა ერთმანეთთან შეუთავსებელია, ვინაიდან ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად მიეკუთვნება საბუნებისმეტყველო ტიპის ფსიქოლოგიურ სისტემებს. იგი იზიარებს ფსიქოლოგიის ამ ვერსიის ყველა არსებით ნიშანს. მას აქვს გამოხატული დეტერმინისტული სულისკვეთება, მიმართულია ზოგადი კანონზომიერებების დადგენასა და ახსნაზე; მისი ძირითადი ინტენცია არის ფსიქიკური აქტივობის ფუნდამენტური მექანიზმის (განწყობის) გამოვლენა და დახასიათება მკაცრი ექსპერიმენტული და გაზომვითი პროცედურების მეშვეობით. ამ განწყობისეული მექანიზმის ფორმირება-ფუნქციონირების კანონების ცოდნა პრინციპულ შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ფსიქიკური და ქცევითი გამოვლინებების წინასწარმეტყველებისა და მართვისა. ყოველივე ეს რადიკალურად განსხვავდება ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიის ინდეტერმინისტურ-იდეოგრაფიული პარადიგმისაგან [5].

დ. უზნაძის მკაფიო დეტერმინისტულ-ნომოთეტური პოზიცია იმაში ვლინდება, რომ მეცნიერების ძირითად ამოცანად მოვლენების ახსნა, ანუ მათი მიზეზების გარკვევაა დასახული. ქცევა «მთლიანად მიზეზობრივ რკალშია ჩართული: მიზეზ-შედეგის ჯაჭვი აქ არსად წყდება ... ქცევა განწყობით არის უშუალოდ განსაზღვრული: იგი არის მისი აღმოცენების უშუალო მიზეზი» [15; 89]. თავად განწყობის ფორმირებაც შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით დეტერმინირებული პროცესია. ეს ეხება ყოველგვარი ქცევის განწყობას, მათ შორის ნებელობითისას. ამავე დროს, დ. უზნაძე კარგად ხედავს ბუნების მეცნიერებებში მიღებული მექანიკური კაუზალობის პრინციპის ფსიქოლოგიის სფეროში პირდაპირ გადმოტანასთან დაკავშირებულ სირთულეებს და აქ დეტერმინაციის სპეციფიკური სახის არსებობასაც უშვებს [5].

თუ «ნებელობა თავისუფალი პიროვნული ქცევის მამოძრავებელი ძალაა» [10; 188][27], რომელსაც ადამიანი, «მე» თვითნებურად იყენებს მოთხოვნილებების დასათრგუნად, აქტუალური განწყობების შესაქმნელად თუ დისპოზიციურის გასააქტიურებლად, მაშინ საერთოდ რაღა საჭიროა განწყობა თავისი ფაქტორებით, აღმოცენებისა და შეცვლის კანონებით; ე.წ. თავისუფალი ნება თავის საქმეს მათ გარეშეც მშვენივრად მოაგვარებს, აქტივობასაც აღძრავს და წარმართავს, ქცევის საფუძველიც იქნება და მექანიზმიც. ვოლუნტარისტულ კონცეფციებს განწყობის ტიპის დეტერმინისტული კონსტრუქციები არ ესაჭიროება.

საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ თავისუფლების თავის თავად ძალიან მომხიბლავი ცნება განწყობის ფსიქოლოგიის სისტემაში მისაღები გახდება, თუ მას მოენახება ისეთი მნიშვნელობა, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა მეცნიერებისაგან მოუცილებელ კანონზომიერების (დეტერმინაციის) კატეგორიასთან. რაც მთავარია, თეორიულად იქნება დასაბუთებული და პრაქტიკულად ნაჩვენები, თუ როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი ანუ ინდეტერმინირებული პროცესის მეცნიერული კვლევა. ამის გარეშე ყოველგვარი დეკლარაციული განცხადებები ნებელობითი ქცევის თავისუფლების შესახებ ფუჭი და მეცნიერულ ღირებულებას მოკლებული დარჩება. თავისუფლების ურთულესი პრობლემა, რომელმაც ბევრი გენიოსი დააჩოქა, ასეთ «თავისუფალ» მოპყრობას არავის პატიობს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მისასალმებელია, რომ ნებელობის თეორიის მკვლევართა მცირე ჯგუფს ახალი წევრი შეემატა. კარგი იქნება თუ იგი ამ მიმართულებით განაგრძობს მუშაობას. პირველმა მცდელობამ, ბუნებრივია, ბევრი კითხვა აღძრა, რომელთა შესახებ ცოტაოდენი ზემოთ ვიმსჯელეთ, ბოლოს კი დაწურული ფორმით წარმოვადგენთ:

არსებობს თუ არა ბიოლოგიურის გარდა სხვა სახის მოთხოვნილებები და თუ არა რატომ?

რატომ არის ბიოგენური და ფსიქოგენური მოთხოვნილებებით აღძრული ქცევა აუცილებლად იმპულსური, მაშინაც თუ მან მოტივაციის პროცესი გაიარა და მისი რეგულაცია ობიექტივაციის პლანში მიმდინარეობს?

რას წარმოადგენს «სოციალური მოთხოვნა», როგორც მოტივაციური ცვლადი, რითი განსხვავდება იგი, ვთქვათ, სოციოგენური მოთხოვნილებებისაგან?

რა ბუნებისაა სოციალური მოთხოვნით აღძრული ე.წ. «სოციალური ქცევის ფორმა», იმპულსურია, ნებელობითი თუ კიდევ სხვა რამ? რის საფუძველზეა მიჩნეული, რომ მეორე დონის, ანუ იმპულსურსა ნებელობით დონეებს შორის ქცევები აუცილებლად ინტელექტუალურია (თეორიულია)?

რითი მტკიცდება, რომ ქცევის შეფერხებისას დამატებითი კოგნიტური პროცესების ჩართვა აუცილებლად ახალი (თეორიული) განწყობის შექმნას საჭიროებს, როგორც ამას ე.წ. «განწყობის სტატიკური სტრუქტურის» მოდელი ითვალისწინებს?

რომელი განწყობა წარმართავს ნებელობით ქცევას, აქტუალიზებული ფიქსირებული «პიროვნული განწყობა», თუ ახალი სიტუაციური განწყობა, რომლის სუბიექტური ფაქტორია «სოციალური მოთხოვნა», ხოლო ობიექტური – «სოციუმის თანხმობა ან უთანხმოება»?

რატომაა მოტივაციური პროცესი ინტელექტუალური, არსებობს თუ არა საკუთრივ მოტივაცია, როგორც სპეციფიკური ფსიქიკური მოვლენა?

როგორ შეიძლება ნებელობითი ქცევის მეცნიერული შესწავლა, თუ ის არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება, არც კაუზალურს, არც იმპლიკაციურს და, საზოგადოდ, აუცილებლობის და განსაზღვრულობის კატეგორიებთან არაფერი აქვს საერთო?

როგორ უკავშირდება თავისუფლების კატეგორია განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას, თუ ეს უკანასკნელი დეტერმინისტულ-ნომოთეტურ-ექსპერიმენტულ პარადიგმას ეფუძნება?

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

დამატებითი მოსაზრებები შიშების შესახებtag:www.qwelly.com,2019-01-20:6506411:Topic:13524682019-01-20T12:30:04.257ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

დამატებითი მოსაზრებები ერთგულების შიშის შესახებ

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შიზოიდურ, «გახლეჩილ» ადამიანში მის ემოციურ შთაბეჭდილებებს, ინსტინქტებსა და რეაქციებს შორის ურთიერთკავშირი, გარკვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს…

დამატებითი მოსაზრებები ერთგულების შიშის შესახებ

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შიზოიდურ, «გახლეჩილ» ადამიანში მის ემოციურ შთაბეჭდილებებს, ინსტინქტებსა და რეაქციებს შორის ურთიერთკავშირი, გარკვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს განსხვავებული განცდებისა და პიროვნული შრეების ინტეგრაციას ერთ მთლიან ემოციად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოწიფულობის ის განსხვავებული ხარისხი, რომელიც არსებობს შიზოიდის გონებასა და გრძნობას, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის; ემოციური პროცესები და გონებრივი გამოცდილება თითქოს მოწყვეტილია ერთმანეთისაგან და მათი შერწყმა ერთიან განცდად არ ხდება. შიზოიდური პიროვნება სამყაროში ორიენტაციას ადრეული ასაკიდან გონებისა და გრძნობის ორგანოებით აღქმის საშუალებით ახდენდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა; ამიტომ მისთვის უცნობია გრძნობებისა და განცდების ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რადგან იგი მხოლოდ მათი გამოხატვის წანამძღვრებს – აფექტებს იცნობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ შიზოიდური პიროვნების ემოციურ პალიტრაზე, შავ-თეთრის გარდა, სხვა ფერები არ არსებობს.

ადამიანებთან სიახლოვის შიში რომ აიცილოს თავიდან, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. ავტარკიისადმი სწრაფვისა და ადამიანთაგან თავის დაღწევის ამგვარი მცდელობები ნიშნავს საკუთარი თავის გარშემო დამცავი წრის შემოვლებას და უპირობოდ უკავშირდება მის მზარდ ეგოცენტრულობას, რომლის გამოც იგი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები შიშს განიცდიან, რადგან ამას მარტოობა და იზოლაცია უწყობს ხელს. შიზოიდურ პიროვნებას აუტანელი შიში, უპირველეს ყოვლისა, იმის გაფიქრებაზე იპყრობს, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. ამ შიშში აირეკლება ასევე განცდა იმისა, რომ ის «სხვებისაგან განსხვავებული» და დაუცველია ამქვეყნად. ერთ-ერთმა ასეთმა პაციენტმა ერთხელ თქვა: «ჩემთვის ერთადერთ რეალობას შიში წარმოადგენს». დამახასიათებელია, რომ იგი თავის ამ განცდას აღწერდა არა როგორც შიშს რაიმე განსაზღვრულისა და კონკრეტულის წინაშე; ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ მთლიანად შიშის ტყვეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტმა განაცხადა: «მე არ ვიცი, რა არის შიში; ჩემში, ალბათ, არის რაღაც შიშისმაგვარი, მაგრამ ეს შიში არაა ჩემს «მე»-ში. «ეს პაციენტი» სრულ დისტანცირებას ახდენდა საკუთარი შიშისაგან და ასეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს შიში მის ცნობიერებაში, საერთოდ, აღარ არსებობდა. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა არამყარი და ცვალებადია შიზოიდის ამგვარი მდგომარეობა და რა ადვილად შეიძლება წალეკოს დაუძლეველმა შიშმა ადამიანის «მე».

შიშის ვინმესთვის გაზიარება შიზოიდს უმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ არასოდეს ჰყოფნის საამისო გამბედაობა, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ თავს ვინმეს ჩაუგდებს ხელში; შესაძლოა, იგი გიჟადაც შერაცხონ, თუ თავის უმწეობასა და სისუსტეს მთლიანად გამოავლენს. ამ დროს შიში, შეიძლება, ისე გაძლიერდეს, რომ მისი ატანა შეუძლებელი გახდეს. იგი მთელი ძალით ამოხეთქავს, გამოიწვევს ფსიქოზს და ეს შიშისაგან თავდახსნის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა იქნება. შიზოიდი ადამიანი «კარგავს ჭკუას» და, თავის გადარჩენის მიზნით, ირეალურ სამყაროში ეძებს ხსნას, სადაც თავს ნორმალურად გრძნობს; გარესამყარო მას ამ დროს სნეული ეჩვენება, რაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც იყოს.

ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებას საკუთარი შიში გარესამყაროს ობიექტებზე გადააქვს, როდესაც მათი დაძლევა და თავიდან მოშორება ადვილად შეუძლია; მაგრამ შინაგან შიშს ადამიანი მაინც ვერსად გაექცევა.

მზარდ აუტიზმთან ერთად, შიზოიდური ადამიანი თანდათან კარგავს ინტერესს გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ. ამას «ობიექტის დაკარგვის» პროცესს უწოდებენ, თავად შიზოიდური პიროვნება კი მას «სამყაროს დაღუპვის» განცდას ადარებს. როდესაც ადამიანს გარესამყაროში ემოციური თანამონაწილეობა აღარ აინტერესებს და საკუთარ თავში იკეტება, მისთვის ეს სამყარო «იღუპება», პარტახდება, არარაობად იქცევა და ნადგურდება. მსგავს ცხოვრებისეულ განცდებს ხშირად შიზოიდურ პიროვნებათა სიზმრებიც გამოხატავს, მაგალითად:

«ვზივარ უზარმაზარ დისკზე, რომელიც ეშმაკის ბორბალს ჰგავს; ის უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს; თავს ძლივს ვიკავებ, რომ მისი კიდისაკენ არ გადავქანდე, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდები მას და შეიძლება ყოველ წამს სიცარიელეში გადავეშვა».

ან კიდევ ერთი მაგალითი:

«თვალუწვდენელ ქვიშის უდაბნოში დგას ციხე-სიმაგრე, რომელსაც ბეტონის კედლებში რამდენიმე სათვალთვალო ჭუჭრუტანა აქვს ჩატანებული; ციხე-სიმაგრეში დიდძალი იარაღი და რამდენიმე წლის სურსათის მარაგი ინახება. მე აქ მარტოდმარტო ვცხოვრობ».

ალბათ, ძნელია, ამაზე უფრო ზუსტად აღწერო იმ ადამიანის განცდა, რომელიც სიმარტოვის, ადამიანებისაგან განდგომის, შიშისაგან თავდაცვის და ავტარკიის სურვილითაა შეპყრობილი.

«თოვლით დაფარული უკაცრიელი ლანდშაფტი; უკან რამდენიმე მოღრეცილი ხე მოჩანს. თოვლზე თბილი წყლით სავსე პატარა აბაზანა დგას; საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ».

ეს სიზმარი ნახა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც შემდეგ თავისი ცხოვრებაც გაიხსენა:

ის ნაბოლარა შვილი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მამის დაბრუნების შემდეგ დაიბადა. იმის გამო, რომ მამას თავში ჰქონდა მიღებული ჭრილობა, ადვილად ღიზიანდებოდა და ხშირად ბობოქრობდა. რა თქმა უნდა, მას აღარ შეეძლო კარ-მიდამოს მოვლა-პატრონობა. დედა მას მზრუნველობას არ აკლებდა, მერე მან კარ-მიდამოს მოვლაც საკუთარ თავზე აიღო და შვილის აღზრდას ძალიან ცოტა დროს უთმობდა. ყმაწვილის სიზმარი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას სწორედ ის სითბო აკლდა, თბილი წყლით სავსე აბაზანა რომ განასახიერებდა. ბიჭი მარტოსული იყო; ამიტომ დაახლოებით 12 წლის ასაკში შეეცადა, რამენაირად შეეგრძნო დედის სიახლოვე და ასეთი რამ მოიფიქრა: საღამოობით, როდესაც იგი უკვე ლოგინში იწვა, დედა, ჩვეულებისამებრ, ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და უკრავდა. ბიჭმა მოიფიქრა და ერთ-ერთ კლავიშს მავთულით ნათურიანი ბატარეა მიაბა, რომელიც შემდეგ თავის საწოლზე მიამაგრა. ყოველ ჯერზე, როგორც კი დედა ამ კლავიშს შეეხებოდა, ნათურა ინთებოდა.

მსგავსი ფსიქოდინამიური მოვლენები ხშირად ხდება ხოლმე ტექნიკური გამოგონების მიზეზი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ქვეცნობიერად ცდილობენ, შეივსონ ბავშვობისდროინდელი განცდების ხარვეზი. აღწერილი შემთხვევა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს გამოხატავს.

შეუძლებელია «შიზოიდურ სამყაროში ყოფნის» იმაზე უფრო ზუსტად აღწერა, ვიდრე ამას მსგავსი სიზმრები წარმოგვიდგენს. როგორც ჩანს, ამგვარი განწყობა უცხო არ იყო მაქსიმ გორკისათვის, რომელსაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ლუკმა-პურის საშოვნელად ადრე დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. ერთხელ, ტოლსტოისთან სტუმრობისას, გორკიმ მას თავისი სიზმარი უამბო: რუსული ზამთრის თვალუწვდენელ ტრამალზე მან დაინახა, როგორ მოემართებოდნენ თოვლზე მისკენ ცარიელი ჩექმები, მხოლოდ ჩექმები. ალბათ, ძნელია სიმარტოვის ამაზე უფრო მოკლედ და სხარტად აღწერა.

როდესაც ადამიანი სამყაროს განუდგება და საკუთარ თავში იკეტება, მას ეს სამყარო ფეხქვეშ ეცლება და იპყრობს საშინელი შიში, რომელიც აბსოლუტურ «სიცარიელეში ვარდნის» ან «ეშმაკის ბორბალზე ტრიალის» დროს განცდილ შიშს წააგავს. შიშზე წარმოდგენები და სიზმრები შიზოიდურ ადამიანებს ხშირად აპოკალიფსური, სამყაროსეული კატასტროფების სახით ევლინებათ. ვინც ცდილობს, საკუთარ თავს, რაც შეიძლება, მაგრად ჩაეჭიდოს, მას ემუქრება საფრთხე – სამყარო ფეხქვეშ გამოეცალოს და საბოლოოდ წილად მარტოსული ცხოვრება ერგოს.

კიდევ რამდენიმე მაგალითით აღვწერთ იმ შედეგებს, რაც ადამიანებთან სიახლოვის შიშს და «საკუთარი ღერძის გარშემო» ზღვარგადასულ ბრუნვას მოჰყვება ხოლმე. ამ შიშის შედეგად გაჩენილი იჭვნეული სიფრთხილე შიზოიდურ პიროვნებას იმით ემუქრება, რომ ის საკუთარ თავთან მიმართებაში სულ უფრო ავადმყოფურ სახეს მიიღებს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, როგორც ხალხში ამბობენ, «მიწის ქვეშ რა ხდება» ან «ბალახი რას ჩურჩულებს». ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში რაღაც საფრთხეს ხედავენ და მათში თვით ყველაზე უწყინარი შენიშვნაც კი შემაშფოთებელ ეჭვებს იწვევს.

ერთხელ ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა: მისაღებ ოთახში ერთ-ერთ სურათს კედელზე ადგილი შევუცვალე. შიზოიდმა პაციენტმა ეს მაშინვე საკუთარ თავთან დააკავშირა და იფიქრა, თითქოს ამით მასზე ტესტის ჩატარება დავაპირე, რათა გამეგო, ამ ცვლილებაზე რა რეაქცია ექნებოდა.

ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ შიზოიდურ ადამიანებს თითქმის პარანოიდული განცდები აქვთ საკუთარ თავთან მიმართებაში; ამასთან, გამახვილებული ემოციური სიფრთხილით გამოირჩევიან და გარესამყაროში მომხდარ ისეთ ცვლილებებსაც კი ამჩნევენ, რასაც ნორმალური ადამიანი, საერთოდ, ყურადღებას არ აქცევს. სამყაროსთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები თითქმის ყოველთვის საკუთარი, გამახვილებული ემოციებით ხელმძღვანელობენ.

იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც ფსიქოთერაპიული სეანსის დროს ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. იმავე პაციენტმა იფიქრა, რომ მე სპეციალურად ვარეკინებდი ვიღაცას, რათა გამეგო, რა რეაქცია ექნებოდა მას ასეთ დისკომფორტზე.

ამრიგად, შიზოიდი ადამიანი გარესამყაროში მომხდარ თითქმის ყველა მოვლენას საკუთარ თავს უკავშირებს, რაც აზრადაც არ მოუვა ადამიანს, რომელსაც ადამიანებთან მეტი კონტაქტი და ურთიერთობა აქვს. ამ დროს შიზოიდურ პიროვნებას ნელ-ნელა შეიპყრობს ადამიანებთან ურთიერთობის ავადმყოფური შიში და ისეთი მანიაკალური წარმოსახვა, რომელიც, შესაძლოა, «შეშლილობის» მთელ სისტემად ჩამოყალიბდეს, შემდგომ კი მისი კორექცია ვეღარ მოხერხდეს. შიზოიდი პიროვნებისთვის გარესამყაროში აღარ არსებობს აღარავინ და აღარაფერი, რაც იდუმალად თავად მასთან არ არის დაკავშირებული და რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ეძლევა; მერე კი ეს თავის დასაბუთებას მოითხოვს.

ამ მდგომარეობას შიზოიდი ძალიან მტანჯველად და შემაშფოთებლად განიცდის, რადგან ამ დროს კარგავს არა მხოლოდ ყოველგვარ უშუალობას, არამედ თითქმის ყოველთვის მზად არის, მოულოდნელობებისა და ვითარსი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად. შიზოიდი ადამიანი ძალიან ხშირად გამოყოფს ხოლმე თავის საცეცებს გარესამყაროსკენ და, თუ ვინმე მიუახლოვდება, მაშინვე სასწრაფოდ შემალავს.

ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც თავის პროფესიაში ხელი მოეცარა და საქმეში მერეც არ სწყალობდა ბედი, გიჟურად აიკვიატა, რომ უიღბლო იყო. მას სურდა, სოციალურად წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ საკუთარი თავისადმი რწმენა დაკარგული ჰქონდა და ამ საკითხში ოჯახის წევრებისგანაც ვერ გრძნობდა მხარდაჭერას. ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ აკვიატებული სურვილი ამოძრავებდა, სხვებზე «უკეთესი» გამოჩენილიყო და «დიდ სიმაღლეებს» შესწვდომოდა. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ყმაწვილი მამის კვალს გაჰყვებოდა და საკუთარ ადგილ-მამულს უპატრონებდა იმ პრინციპით, რომ პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს, ანუ ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ახალგაზრდა კაცი კი დიდად პატივმოყვარე იყო და ყოველნაირად ცდილობდა, ახლობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ამის გამო ის ნებისმიერ მარცხს განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა, რადგან მისი წარუმატებლობა ადასტურებდა, რომ ოჯახის წევრები მის წინაშე მართლები იყვნენ.

ჩვენ მანამდეც ბევრჯერ შევეცადეთ, ეს გარემოებები შეგვესწავლა და მისი აკვიატებული წარმოსახვის მიზეზი ზუსტად აგვეხსნა რეალობასთან მიმართებაში. მაგრამ, როცა ახალგაზრდა კაცმა ზემოაღნიშნული მარცხი განიცადა, იგი კვლავ მანიაკალურმა აზრებმა შეიპყრო.

ერთხელ ის კლინიკაში დათრგუნული მოვიდა და აღშფოთებულმა გამომწვევად გვითხრა: «ამჯერად ვეღარ დამარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დღეს სადგურზე ვიღაც კაცი შემხვდა; მას ჩამოძენძილი კოსტუმი ეცვა, რომელიც ზუსტად ჰგავდა ჩემს საუკეთესო კოსტუმს. განა მას ამით ჩემთვის იმის თქმა არ უნდოდა, რომ მე ერთი ხელმოცარული და უიღბლო კაცი ვარ?»

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პაციენტის მიერ საკუთარი არასრულფასოვნების მანიაკალურ განცდასთან; აქვე იმასაც ვხედავთ, რა მყიფე საზღვარი არსებობს ცრურწმენებსა და აკვიატებულ წარმოსახვას შორის. ამასთან, გარკვეულწილად უნდა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ცრურწმენა, შესაძლოა, გახდეს აკვიატებული აზრების გამომწვევი პირველმიზეზი. ჩვენც ასევე ემოციურად, ჯიუტად ჩავჭიდებივართ ხოლმე ცრურწმენებს, მაგრამ ამავე დროს არ გაგვაჩნია იმის მზაობა, რომ საფუძვლიანად გადავამოწმოთ მათი კავშირი რეალობასთან, თორემ, ალბათ, შევძლებდით იმის გაგებას, ასე რატომ ეჭიდებოდა ეს პაციენტი თავის მანიაკალურ წარმოსახვას. მსგავსი აკვიატებული აზრები საკუთარ თავზე ჩვენც აშკარად გამოგვიცდია, როდესაც, სულიერად დათრგუნულებს, გაუცნობიერებელი შიში ან თვითბრალდების გრძნობა დაგვუფლებია. მაგალითად, მესამე რაიხის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის და ხელისუფლების წინააღმდეგ ხშირად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მოიერიშე რაზმელებისა და «ესესელების» დანახვაზე აკვიატებული დევნის შიში იპყრობდათ, რადგან მათში საშინელ მტერს ხედავდნენ. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საკმარისი იყო, ისინი ვინმეს დაესმინა ან ყურმოკვრით გაეგოთ მათი განწყობის შესახებ, და მაშინვე საკონცენტრაციო ბანაკში უკრავდნენ თავს.

სიმარტოვე და იზოლაცია, ისევე როგორც რეალური საფრთხის წინაშე უმწეობის შეგრძნება, ხელს უწყობს ავადმყოფურად აკვიატებული რეაქციების გამოვლინებას. უცხო გარემოში მყოფი ადამიანი, ღამით უჩვეულო ხმაურის გაგონებაზე, ადვილად განეწყობა საიმისოდ, რომ ეს ხმაური არამართებული, აკვიატებული მიზეზით ახსნას, მით უფრო, თუ იგი ამ დროს სულიერად დათრგუნულია ანდა შიშის და თვითბრალდების გრძნობით არის შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში, სადაც იგი თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობს, მას ამგვარი შეგრძნებები არა აქვს. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებების აკვიატებული რეაქციები ჩვენ წინაშე ისევ და ისევ მათთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წამოჭრის: ეს არის საზოგადოებისაგან იზოლაცია და ადამიანების მხრივ თანადგომის არარსებობა. თუმცა მაგალითები იმასაც მოწმობს, რომ ძალიან მყიფეა ზღვარი ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანს შორის, რადგან იმ რეაქციებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ავადმყოფებში ვხედავთ, საგანგებო სიტუაციებში თავადაც გამოვავლენთ ხოლმე. დაავადებულ ადამიანებში კი ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი დიდხანს იმყოფებიან საგანგებო სიტუაციებში და თავდაცვის მიზნით გამოიმუშავებენ ამგვარ «ავადმყოფურ» რეაქციებს.

აქ მოვიყვანთ კიდევ ერთი პაციენტის მაგალითს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის დამთრგუნველი სურვილი ავადმყოფურ აკვიატებად გადაექცა:

ოცდაათიოდე წლის მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარესამყაროსთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, ერთ-ერთ კონცერტზე ვიღაც ახალგაზრდა კაცის გვერდით აღმოჩნდა; რაკი მის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა იგრძნო, გვერდიდან მალულად უთვალთვალებდა და გრძნობდა, როგორ უძლიერდებოდა მასთან კონტაქტისა და გამოლაპარაკების სურვილი. იმის გამო, რომ ამ კაცს გარესამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა, იგი თავდაპირველად შეიპყრო შიშმა, რომელმაც მხოლოდ ააფორიაქა, მაგრამ მალე პანიკაში ჩააგდო, რადგან მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცი ფერად-ფერად წრეებს ასხივებდა და ამ წრეებით მის ალყაში მოქცევას და ხელში ჩაგდებას ლამობდა; მერე იგრძნო, რომ ცივმა ოფლმა დაასხა და თავს საკონცერტო დარბაზიდან გაქცევით უშველა.

გარდა იმისა, რომ ამ კაცს ადამიანებთან ურთიერთობისა და მათთან სიახლოვის დამთრგუნველი სურვილები სტანჯავდა, იგი აშკარად განიცდიდა ახალგაზრდა ყმაწვილისადმი სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ რაკი ამის გამჟღავნება თავად ვერ გაბედა, ამ ლტოლვის პროეცირება ისე მოახდინა, თითქოს იგი ამ ახალგაზრდისაგან მოდიოდა. აქაც რეალური სიტუაციის «გადატანა» მოხდა, რადგან შინაგანმა შიშმა საფრთხის სახე მიიღო და გარეთ გადაინაცვლა, რასაც ამ კაცმა თავი მხოლოდ გაქცევით დააღწია.

როდესაც შიზოიდურ ადამიანს შინაგანი სამყაროსა და გარემოს მიმართ ეჭვისა და დაუცველობის გრძნობა უჩნდება, იგი ცდილობს, გარკვეული «ცხოვრებისეული ტექნიკა» შეიმუშაოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თავი ყველაფრისაგან შორს დაიჭიროს, ხელშეუხებელი და შეუვალი გახდეს, ყოველთვის ობიექტური იყოს, ადამიანებთან ახლო ურთიერთობას ერიდოს, მათთან შედარებით უპირატესობა იგრძნოს და მისი წონასწორობიდან გამოყვანა ვერაფერმა შეძლოს; მაგრამ შიზოიდი პიროვნება ამით სინამდვილეში ვერაფერს აღწევს. ამ დროს იგი, შესაძლოა, ყველას განუდგეს, ამპარტავანი, უკარება, საშინლად გულცივი და ხისტი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი თავდაცვითი საშუალებებითაც გარესამყაროზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, იგი თავის გრძნობებს მოულოდნელი, გააფთრებული აგრესიით გამოხატავს, რაც ზემოთ უკვე აღვწერეთ. ამ დროს შესაფერისმა გარემომ შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს შიზოიდურ პიროვნებას, თუ გარშემომყოფნი მისი საქციელის გამომწვევ მიზეზებს გაიაზრებენ და მიხვდებიან, რით არის გამოწვეული მისი ეს მძიმე მდგომარეობა.

შიზოიდურ პიროვნებათა მკურნალობის დროს ისეთ ზღვრულ სიტუაციებსაც ვხვდებით, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებს საფრთხეებს, ადამიანის არსებობას რომ ემუქრება. სწორედ ამ შემთხვევებიდან უნდა ვისწავლოთ, რა არის ადამიანისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რამდენად ემუქრება მის განვითარებას ოჯახური და სოციალური ფაქტორები, და, საერთოდ, დავადგინოთ ყველა გამომწვევი მიზეზი, რომელთა აღმოფხვრაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გენიალური ადამიანების არსებობას ხშირად ასეთი ცხოვრებისეული სივრცე განსაზღვრავს. მათი გრძნობები იმდენად ამოუცნობი და დაფარულია, რომ ხშირად ძნელია იმ მყიფე საზღვრის დადგენა, რომელიც გადის გენიალობასა და ფსიქოზს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ შიზოიდური სიმპტომების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. თუ შევეცდებით, შიზოიდური პიროვნებების თვისებები თანმიმდევრობით დავადგინოთ (ჯერ კიდევ სრულიად ჯანმრთელებიდან და მსუბუქად დაავადებულებიდან, მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მისულ პაციენტებამდე), მივიღებთ შემდეგ სურათს: ნაკლებად კონტაქტურები, ზემგრძნობიარენი, მარტოსულები, ორიგინალურები, ცხოვრებისგან გარიყულები, ბერბიჭები, ახირებულები, აუტსაიდერები, ასოციალურები, კრიმინალები, ფსიქოპათები. მათ შორის არცთუ იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები.

გენიალურ ადამიანზე გარესამყაროსაგან განდგომა და მარტოსული ცხოვრება სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ტრადიციებზე, ანგარიში არ გაუწიოს ისეთ გარემოებებს, რომლებსაც უზრუნველყოფილი, ტრადიციების ერთგული ადამიანები, ჩვეულებრივ, ან ვერ ხედავენ, ან მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ. სახიფათო სიტუაციას გენიალური ადამიანი იმ შეგნებამდე მიჰყავს, რომ მას უნარი შესწევს, გადააბიჯოს იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები მორიდებით გვერდს უვლიან. თუ შიზოიდური პიროვნება მთლად არ არის დაცლილი ემოციებისაგან და მხოლოდ კრძალვით ცდილობს მათ დამალვას, მაშინ ის გამორჩეულად მგრძნობიარე ადამიანის თვისებებს ავლენს და ვერ იტანს ერთფეროვნებას, ზედაპირულობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიზოიდურ პიროვნებას მწირი ემოციური სამყარო აქვს, იგი ნაკლებად გამოავლენს საკუთრივ ადამიანურ თვისებებს.

რელიგიასთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები უმთავრესად სკეპტიკოსები ან ცინიკოსები არიან, მახვილგონივრულად მსჯელობენ რწმენის «უაზრობაზე», კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ რიტუალების, ტრადიციებისა და ყოველგვარი ფორმალობის მიმართ; ისინი ცდილობენ, საერთოდ, ფხიზელი თვალით შეხედონ ყველაფერს, რასაც «იდუმალების» იერი დაჰკრავს, ახსნან ის «აუხსნელი» მოვლენები, რის შესაძლებლობასაც მათ უმთავრესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საკმაოდ ხშირად სთავაზობენ. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებები უმეტესად რაციონალისტები არიან, რომლებსაც განცდების გამოსახატავად აუცილებელი ორგანო არ გააჩნიათ, ამიტომ მათთან კამათი ამასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია.

მაგრამ შიზოიდების ამგვარი განწყობა რელიგიისა და რწმენის მიმართ ისე ჩანს, თითქოს იგი მათი იმედგაცრუებისათვის საჭირო, გაუცნობიერებელ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ისინი გაბედულად აცხადებენ უარს რწმენაზე, რათა იმედგაცრუებულები არ დარჩნენ; მალულად კი მაინც იმ «მტკიცებულების» მოლოდინში არიან, რომელიც მათ რწმენას აზიარებდა. შიზოიდური პიროვნებები ხშირად ნიჰილისტურად და დესტრუქციულად არიან განწყობილი და ეშმაკისეულ ნეტარებას გრძნობენ, როდესაც ახერხებენ, სხვებს რწმენაზე ხელი ააღებინონ. მაგრამ სხვა ადამიანების თავიანთ რწმენაზე მოქცევის სურვილი ისევ და ისევ ეჭვებს იწვევს: ხომ არ ეშინიათ მათ საკუთარ ურწმუნოებასთან მარტო დარჩენისა?! მძიმედ დაავადებული შიზოიდები მორწმუნეები ვერ გახდებიან, რადგან მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უსაფრთხოდ და არ განუცდიათ სიყვარული. ამიტომ ისინი ათეიზმისკენ იხრებიან ან ხშირად საკუთარ თავს ყველაფრის საზომად მიიჩნევენ: ამან კი მათში, შესაძლოა, მანიაკალური ზესთამჩენობის გრძნობა აღძრას და საკუთარი თავის გაღმერთებამდე მიიყვანოს. ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გარესამყაროს მიმართ საკუთარი ინტერესის უგულებელყოფა და ამ ინტერესის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება შიზოიდურ პიროვნებას ისეთ ძალას და მნიშვნელობას სძენს, რომელიც მთლიანად მოიცავს მის ცნობიერებას; თუმცა ზოგიერთი მათგანი რელიგიურობის განცდაში იმ უსაფრთხოებას ეძებს და პოულობს კიდეც, რომელიც მას არასოდეს განუცდია. მაგრამ ეს არ არის ღმერთისადმი პიროვნულად მიმართული, მოსიყვარულე და უმანკო რწმენა; ეს უფრო ის ზეპიროვნული, შეუცნობელი გრძნობაა, რომელსაც შიზოიდური პიროვნება პირობითად თავისუფალი ინდივიდის ღირსებას უპირისპირებს, ხოლო როგორც ადამიანი, ცნობიერებას იმ ჰუმანური ვალდებულებით აღუდგება წინ, რომელიც თავად აკისრია. ეთიკას და მორალს შიზოიდური პიროვნება ერთგვარად ეჭვის თვალით უყურებს. ის არაფრად დაგიდევთ ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი გადაჭარბებულია და მათ გამო ადამიანი თვითბრალდების გრძნობას განიცდის, მაშინ როცა თავად შიზოიდურ პიროვნებას, საერთოდ, ნაკლებად გააჩნია ეს გრძნობა. რაკი იგი ადამიანებთან კონტაქტს გაურბის, სოციალურ გარემოს ვერ ესადაგება და თვითგადარჩენის ეგოცენტრისტული ინტერესებით ცხოვრობს, შესაბამისად, შიზოიდური პიროვნება მხოლოდ იმას მიიჩნევს მართებულად, რაც მისთვის ხელსაყრელია; ამიტომ მას შეუძლია განივითაროს «მბრძანებლის მორალი», რომელიც მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება...

შიზოიდური პიროვნება სიძულვილს განიცდის «სუსტი» ადამიანების მიმართ, რომელთაც მორალური მოსაზრებები ამოძრავებთ. შიზოიდს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ დამოუკიდებლობას ლაჩრობისა და სიმხდალის გამო კარგავენ. მისი აზრით, ძლიერი პიროვნება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, ერთადერთ პრინციპს აღიარებს, რომლის თანახმადაც, «ძლიერი ადამიანი სიმარტოვეშიც ყველაზე ძლიერია». ამ პრინციპში ვლინდება მისი შესაძლებლობებიც და საფრთხეებიც.

მხოლოდ ძლიერ ადამიანს გააჩნია ძალა, ღირებულებად აქციოს საკუთარი გამორჩეულობა; სწორედ ესა აქვს წიგნის ამ თავს ეპიგრაფად წამძღვარებული. შედარებით სუსტი და უმწეო ადამიანი განუდგება გარესამყაროს, ცდილობს, პირადი ცხოვრება მოიწყოს და წონასწორობა ისე შეინარჩუნოს, რომ სხვა ადამიანები არ დასჭირდეს; ამ მიზანს იგი ხანდახან მხოლოდ ცხოველების ან საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღწევს. ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული, შიზოიდური პიროვნებები ხშირად დესტრუქციული, დამანგრეველი ქმედებებით გამოირჩევიან, ასოციალურები ხდებიან და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, თავიანთი მიზნებისათვის შეუძლიათ სხვა ადამიანების გამოყენება.

შიზოიდური მშობლები და აღმზრდელები ბავშვის მიმართ ნაკლებ სითბოსა და მზრუნველობას ავლენენ, მასთან არავითარი სიახლოვე არ აკავშირებთ და ადეკვატურად ვერ აღიქვამენ მის გრძნობებსა და განცდებს, ამასთან ეწინააღმდეგებიან ან ირონიულად ეკიდებიან მის ყოველ სურვილს და ემოციას. ასეთი მშობლები ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავენ და, რაკი მას აკვირდებიან კიდეც და მისი ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივებსაც იცნობენ, აიძულებენ, ადრეულ ასაკშივე მიეცეს თვითრეფლექსიას. ამ დროს ბავშვი ახლობლების გარემოცვაში საშინელ გულგრილობას გრძნობს და ითრგუნება მათი მოულოდნელი და მისთვის გაუგებარი რეაქციების გამო; ამრიგად, იგი თითქოს გამუდმებით განგაშის მოლოდინში იმყოფება. ამ ადამიანებისგან ბავშვი ვერ შეიგრძნობს სიყვარულს, ამიტომ მათდამი სიახლოვესაც ვერ გრძნობს.

მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობლები და აღმზრდელები ბავშვს თავდაპირველად ალერსიანად და სიყვარულით ექცევიან, მაგრამ მოგვიანებით კეთილგანწყობას დამცინავი ირონიის სახეს აძლევენ. ეს ბავშვს საშუალებას არ აძლევს, შეიგრძნოს, რომ მისი სიყვარული ახლობლებისადმი რაღაცას ნიშნავს, რადგან იცის, რომ მის გრძნობას სერიოზულად არავინ აღიქვამს («წარმოგიდგენიათ, ჩემს პატარა ვაჟბატონს უეცრად სიყვარულმა წამოუარა!» «ჩემს პატარა ქალბატონს, ეტყობა, უნდა რაღაც დამცინცლოს, რადგან დღეს მეტისმეტად ალერსიანია»).

საკუთარი პიროვნული სტრუქტურიდან გამომდინარე, შიზოიდები ხშირად ისეთ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ადამიანებთან მჭიდრო კონტრაქტს არ მოითხოვს, ამიტომ მათი ინტერესების სფეროს ზოგადთეორიული და ზუსტი მეცნიერებები შეადგენს. შიზოიდებს შორის ხშირად გვხვდებიან ასტრონომები, მათემატიკოსები, ინჟინრები. მეცნიერული კვლევისას მათ ადამიანებთან ურთიერთობა უშუალოდ არ უხდებათ, მათთან ფსიქოლოგიური ტესტირების მეთოდით, მიკროსკოპით ან რენტგენის აპარატის მეშვეობით ურთიერთობენ; პათანატომებს კი, საერთოდ, მიცვალებულებთან აქვთ საქმე. მათი სულიერი სფერო ადვილად გადაიქცევა ხოლმე ფიზიოლოგიური რეფლექსების თავმოყრის ადგილად, რის საფუძველზეც, შოპენჰაუერის მსგავსად, შეუძლიათ თქვან: «უფალო ღმერთო, თუ სადმე არსებობ, იხსენი ჩემი სული, თუკი ასეთი გამაჩნია». შიზოიდების ფსიქოლოგიაში ხშირად შეინიშნება რაღაცის აღმოჩენისა და ამოცნობის სურვილი, ამიტომ, როგორც ექიმები, ისინი უფრო მკვლევრები არიან, ვიდრე პრაქტიკოსი მკურნალები, და ხშირად განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ფსიქიატრიისა თუ მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართ. როგორც თეოლოგები, შიზოიდური პიროვნებები უფრო რელიგიური მეცნიერებებით ინტერესდებიან, ვიდრე ეკლესიის მსახურის პრაქტიკული საქმიანობით. შიზოიდები ხშირად ზურგს შეაქცევენ ხოლმე ადამიანებს და ცხოვრებას ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების სამყაროში იწყებენ, მერე ამ სამყაროს მგრძნობიარე მიკროსკოპის ან ტელესკოპის საშუალებით მიკრო და მაკროსკოპულად იკვლევენ.

ადვილი წარმოსადგენია, რა დიდ საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ მეცნიერული კვლევის შედეგად მოპოვებული ცოდნა ისეთი შიზოიდი მეცნიერის ხელში აღმოჩნდება, რომელიც გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას, ცხოვრებას აუტიზმით დაავადებული ადამიანის თვალით უყურებს და თან საკუთარი იდეების რეალურად განხორციელებას ცდილობს; როგორც ითქვა, შიზოიდები გარკვეული სფეროების მიმართ იჩენენ ნიჭსა და მიდრეკილებებს; ისინი პროფესიას იმ მოტივით ირჩევენ, რომ მათ, სახელდობრ, ამ სფეროში შეუძლიათ დაეუფლონ სუბიექტური გრძნობებისაგან თავისუფალ, საიმედო ცოდნას. ფილოსოფოსების რანგში შიზოიდები ხშირად ცხოვრებას მოწყვეტილი, აბსტრაქტულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უპირატესობას ზოგადთეორიულ აზროვნებას ანიჭებენ და არა პრაქტიკულ საქმიანობას.

პოლიტიკის სფეროში შიზოიდური პიროვნებები ზოგ შემთხვევაში რევოლუციური და ანარქისტული იდეების მგზნებარე მომხრეები არიან, ზოგჯერ კი უკიდურესად რეაქციული და რადიკალური თვალსაზრისების დამცველებად გვევლინებიან. შიზოიდებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკის მიმართ ინტერესს არ იჩენენ – «პოლიტიკა მათ არ ეხებათ». მათივე სოლიფსისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ აინტერესებთ საზოგადოება, როგორი სახისაც უნდა იყოს იგი.

შიზოიდურ პიროვნებებს უმთავრესად აბსტრაქტული, უსაგნო ხელოვნება იტაცებთ. ისინი ცდილობენ, ამ სფეროში მთელი იდუმალებით, სიმბოლურად გამოხატონ საკუთარი რთული შინაგანი გრძნობები და განცდები. მათ შორის ხშირად გვხვდებიან მკაცრი კრიტიკოსები, სატირიკოსები და კარიკატურისტები. მათი უჩვეულო სტილი ხშირად თავნებობით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისებს, მაგრამ ამასთან ორიგინალურიც არის და, ზოგ შემთხვევაში, მომავლის წინასწარმეტყველების ნიშნებსაც შეიცავს. რაკი ეს ადამიანები საზოგადოებას განუდგებიან, მის აზრს ანგარიშს არ უწევენ და მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს გამოხატავენ, ამიტომ შეუძლიათ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობების შექმნას შეუწყონ ხელი. შიზოიდური პიროვნებები ხშირად შეიგრძნობენ არსებულ გარემოებათა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, ყურადღებას ამახვილებენ სხვებისთვის შეუმჩნეველ მოვლენებზე და ისეთ სიტუაციებში გამოიჩენენ ხოლმე თავს, რომლებსაც სხვები ან ვერ აღიქვამენ, ან, საერთოდ, გაურბიან. ამიტომ შიზოიდურ პიროვნებათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები საშუალებას გვაძლევენ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის ბუნებას. ასეთი შიზოიდების საყოველთაო აღიარება მათივე სიცოცხლეში იშვიათად ხდება.

პროფესიულ საქმიანობას შიზოიდი პიროვნებები არცთუ დიდი გულისყურით ეკიდებიან, რადგან მათთვის, ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, რა იქნება მათი საარსებო წყარო. ისინი საკუთარი პროფესიის მიღმა ცხოვრობენ და მათი ინტერესების სფერო უმთავრესად გართობითა და სასიამოვნო გატაცებებით შემოიფარგლება. შიზოიდი პიროვნებები ხშირად სიამოვნებით ჰკიდებენ ხელს ისეთ სამუშაოს, რომელიც მარტოობას მოითხოვს და არ საჭიროებს ადამიანებთან კონტაქტს. ისინი, არცთუ იშვიათად, გატაცებულნი არიან ცხოველებით, მცენარეებით, მინერალებით. მათ ასევე მოსწონთ ელექტრიკოსის, ტრანსპორტის მუშაკისა და სხვა ისეთი პროფესიები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ქვეცნობიერად და სიმბოლურად, ასე ვთქვათ – ზოგადად, დაიკმაყოფილონ ადამიანებთან კონტაქტისა თუ ურთიერთობის მოთხოვნილება. უფრო დიდი მასშტაბის შიზოიდურ პიროვნებებს შეუძლიათ გახდნენ დიდი გარდაქმნების მოთავეები და ინიციატორები, რადგან ისინი სკეპტიკურად აღიქვამენ ადამიანის ყოფას და მოვლენებს ინფერნალურად განიცდიან; მარტოობისთვის განწირულ შიზოიდურ პიროვნებებს საკუთარი თავი იმ ზღვრულ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომლის გაცნობიერებასაც ვეღარ ახერხებენ.

ასაკთან ერთად, შიზოიდური პიროვნება სულ უფრო მარტოსული ხდება და მეტ უცნაურობებს ავლენს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მეტი გონიერებითაც გამოირჩევა. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, შიზოიდური პიროვნებები სხვებზე ადვილად ეგუებიან დაბერების პროცესს და სიმარტოვეს უკეთ იტანენ, რადგან დამოუკიდებლობას და იზოლაციას შეჩვეულნი არიან. ისინი ადრევე ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც შეუძლიათ ისე იცხოვრონ, რომ არ ჰქონდეთ კავშირი ადამიანებთან; ამასთან, მათ არც სიკვდილი აშინებთ და ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე, მხნედ აღიქვამენ მას, როგორც ფაქტს. რაკი შიზოიდური პიროვნებები გარესამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობით დიდად არ იწუხებენ თავს, ამიტომ დასათმობი და დასაკარგიც ბევრი არაფერი აქვთ; ისინი განსაკუთრებულ სიახლოვეს არავის, თვით საკუთარი თავის წინაშეც არ გრძნობენ, ამიტომ უფრო იოლად შეელევიან ხოლმე ყველას და ყველაფერს.

შიზოიდური პიროვნების პოზიტიურ თვისებებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, გაბედული ქმედებები საკუთარი თავის მიმართ, მისი, როგორც ინდივიდუუმის, ავტონომია. შიზოიდურ პიროვნებას უნარი შესწევს, გულგრილად, ობიექტურად დააკვირდეს ფაქტებს და კრიტიკულად, მიუკერძოებლად შეაფასოს ისინი. ამასთან, ჰყოფნის გამბედაობა, მოვლენები ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვას; ეს ყველაფერი კი მისი ხასიათის სიძლიერეზე მეტყველებს.

შიზოიდი ადამიანები ტრადიციებითა და დოგმებით არ იზღუდავენ დამოუკიდებლობას, თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ მანამ, სანამ ყველაფერს კარგად არ გადაამოწმებენ და არ გაიაზრებენ; ვერ იტანენ ვერავითარ სენტიმენტალობას, გაურკვევლობას და გრძნობებით კეკლუცობას; ნათლად, უკომპრომისოდ იცავენ თავის პრინციპებს და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ; მათ ირონიულ და სატირულ, მახვილ მზერას არ გამოეპარება სხვა ადამიანების სისუსტეები, ამიტომ ძალიან ძნელია შიზოიდების მოტყუება. ისინი ადამიანებთან ურთიერთობისას ხშირად «უგერგილოდ» გამოიყურებიან, რადგან ვერ იტანენ არაგულწრფელობას და სიყალბეს. შიზოიდები დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველგვარი ილუზიების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება; მათ სურთ საკუთარი ბედ-იღბალი თავადვე განკარგონ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეებრძოლონ ბედისწერას, რადგან ადამიანი მათთვის საკუთარი ბედის მჭედელია.

აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის შიზოიდური ადამიანები, რომლებსაც აშკარად გამოხატული შიზოიდური სტრუქტურა აქვთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხან, შესაბამისად – თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მათ ადამიანებისაგან განდგომა და დამოუკიდებლობა საკუთარ მონაპოვრად მიაჩნიათ, მაგრამ ამავე დროს სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ, რომლებისთვისაც მათი შეუპოვრობა ძნელი ასატანია. ასეთ ადამიანებს მრავლად ვხვდებით; მათ შორის არიან ასევე ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც სხვებზე მბრძანებლობენ და ადამიანებს ანგარიშგაუწევლად იყენებენ საკუთარი მიზნებისათვის.

აქაც და შემდგომაც, ცალკეული სტრუქტურული ტიპის «პოზიტიურ» წარმომადგენლებს ძალიან მოკლედ რომ აღვწერთ, ამის მიზეზი შემდეგია: ოთხი პიროვნული სტრუქტურის პრინციპული ხასიათის თვისებები ყველაზე თვალნათლივ მათი უკიდურესი ფორმების აღწერისას გამოვლინდება, რადგან ასეთ შემთხვევებში ყოველი სტრუქტურა, სავარაუდოდ, განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს. იმედია, ამის გამო არავინ განგვსჯის.

შიზოიდური ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, თვითგადარჩენისა და ავტარკიისაკენ სწრაფვის დროს, მოპირდაპირე სქესისადმი ერთგულების საკითხი კი არ უგულებელყოს, არამედ თავისი განვითარების პროცესში მისი ინტეგრირება მოახდინოს; ეს მას თავიდან ააცილებს «საკუთარი ღერძის გარშემო» ცალმხრივად ზღვარგადასულ ტრიალსა და ავადმყოფურ იზოლაციაში მოქცევას, რაც პიროვნებას ადამიანური ურთიერთობების სფეროდან, საერთოდ, გამორიცხავდა.

«ცუდია, როდესაც ადამიანი მარტოა», რადგან ურთიერთობების გარეშე იგი ძალიან ადვილად ხდება კაცთმოძულე. წიგნის უკანასკნელ თავში დავინახავთ, რომ ოთხივე პიროვნული სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ მიდრეკილება, შეიცნონ ნებისმიერი საპირისპირო ტიპის მიმზიდველობა. ამაში მინდა დავინახოთ ადამიანის ქვეცნობიერი სწრაფვა იმისაკენ, რომ მოახერხოს საკუთარი თავის შევსება და გათავისუფლდეს ავადმყოფური ცალმხრიობისაგან. ამიტომ უმართებულო იქნება, თუ ამ ოთხი მთავარი იმპულსიდან რომელიმე მათგანს გამოვრიცხავთ და უგულებელვყოფთ მასთან დაკავშირებულ შიშის ფაქტორს.

«მე»-საკენ გაბედული შემობრუნება და საკუთარი პიროვნების დავიწყების მამაცური მცდელობა იმის წინაპირობაა, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს მისთვის აგრერიგად სახიფათო სიმარტოვეს; მას ამ დროს ეძლევა შესაძლებლობა, ადამიანების კეთილგანწყობა და ურთიერთობა მიიჩნიოს არა ტვირთად, ბორკილად და საფრთხედ, არამედ შეიგრძნოს იგი, როგორც შინაგანი ღირებულება, გრძნობებისა და განცდების ერთობლივი განვითარება და საკუთარი, შეზღუდული «მე»-ს განვრცობა პარტნიორის მეშვეობით.

დამატებითი მოსაზრებები პიროვნებად ჩამოყალიბების შიშის შესახებ

მაგალითებმა დაგვანახა, როგორ გამოიყურება შიში და როგორ ხდება მისი დაძლევა დეპრესიული პიროვნებების მიერ. შიშის მეორე მთავარ ფორმას «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» ანუ საკუთარი არსებობის წინაშე შიში წარმოადგენს, რაც უშუალოდ «დაკარგვის» და «მარტო დარჩენის» შიშთან არის დაკავშირებული. ამრიგად, დეპრესიული პიროვნების შიში განსხვავდება შიზოიდის შიშისაგან, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე და მათდამი ერთგულება იწვევს. როდესაც ადამიანი არ ცდილობს პიროვნებად ჩამოყალიბებას ანუ ინდივიდუაციას, იგი საკუთარ თავს რაღაც ძალიან არსებითზე ეუბნება უარს და მას ცხოვრების ობიექტად აქცევს. როგორც ჩანს, დეპრესიული ადამიანები დანაშაულის გრძნობის მიმართ იმის გამო იჩენენ მზაობას, რომ არ სურთ დაუპირისპირდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სრულყოფილ პიროვნებებად იქცნენ. შევეცადოთ, განვაზოგადოთ დეპრესიული პიროვნების სურათი. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ინდივიდუაციის პროცესზე და ამაში საკუთარი თავისადმი მეტისმეტ ერთგულებას ხედავს, ამის ზოგადი შედეგი ის არის, რომ ამ დროს ნებისმიერი სხვა ადამიანის გადაჭარბებული შეფასება ხდება, ხოლო თავად დეპრესიული პიროვნება, შესაბამისად, ღირებულებას კარგავს. საკუთარი «მე»-ს ამგვარი უარყოფის დადებით მხარეს, უპირველეს ყოვლისა, დეპრესიული პიროვნების ისეთი თვისებები წარმოადგენს, როგორიცაა თანაგრძნობა და თანაგანცდა. იგი ყოველთვის სხვა ადამიანზე, მის მდგომარეობასა და ინტერესებზე ფიქრობს და მასთან იდენტიფიკაციას ახდენს. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო ღრმად ჩასწვდეს მეორე ადამიანის ბუნებას და «საკუთარი თავი გადაიტანოს სხვაში», რაც, ერთი შეხედვით, ერთობ პოზიტიურ თვისებას წარმოადგენს. მაგრამ დეპრესიული პიროვნება მერე თითქოს ვეღარ ახერხებს იდენტიფიკაციის ამ პროცესიდან გამოსვლას და საკუთარ თავს ვეღარ უბრუნდება. ამით იგი მთლიანად კარგავს საკუთარ თვითობას და, შესაძლოა, მეორე ადამიანის ექოდ გადაიქცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული მცნება: «გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი», მას არასწორად ესმის და ასე მოიაზრებს:

«გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარ თავზე მეტად». დეპრესიული პიროვნებების ამგვარ განწყობას სხვა ადამიანები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ამიტომ დეპრესიული ადამიანის მოლოდინი, რომ სხვებიც მასავით გულისხმიერებას, მგრძნობიარობას და თანადგომას გამოიჩენენ, ცხოვრებაში იშვიათად მართლდება. მას გამოცდილება, პირიქით, უჩვენებს, რომ სხვები უფრო თამამები და ეგოისტურები არიან, და ამით მეტ წარმატებას აღწევენ. სწორედ ამ დროს იქმნება კრიტიკული მდგომარეობა; ჩვენ უკვე აღვწერეთ, ადამიანმა როგორ აქციოს საკუთარი გაჭირვება სათნოებად, როგორ აამაღლოს თავისი საქციელი იდეოლოგიამდე, რათა შურს მოერიოს და ამის წყალობით მორალური უპირატესობა აღიქვას, როგორც ნუგეში; რადგან დიდი ღირსებაა, სხვაში უშურველად აღიარო ის, რასაც საკუთარ თავს უკრძალავ ან რისი მიღწევაც თავად არ შეგიძლია; მით უფრო, რომ ასეთი საქციელი შეესაბამება კოლექტიურ და რელიგიურ იდეალებს, რომლებსაც ქრისტიანულ მოძღვრებაში ვხვდებით.

დეპრესიული ადამიანის იდეოლოგია, ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად, ძნელად ექვემდებარება გადამოწმებას. იგი უკვე იმის გამო ვერ ამბობს უარს ამ იდეოლოგიაზე, რომ ძალიან ძვირად დაუჯდა თვითაღკვეთა და შურის დაძლევა, თან მორალურ კმაყოფილებასაც განიცდის ამის გამო; და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი თავად ხომ ვეღარ ჩაიდენს იმას, რასაც სხვებში ასე უარყოფს და განსჯის! ამას ემატება ისიც, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ არ იცის, როგორ ჩაერთოს გარესამყაროსთან და ადამიანებთან უამრავ ახალ ურთიერთობაში, რადგან საამისოდ ცხოვრებისეული ალღო აკლია, ეს კი მას კვლავ ძველი გზით მიაქანებს. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი სულ უფრო და უფრო იხლართება საკუთარი იდეოლოგიის ქსელში, რომელიც მისთვის არანაირად წარმოადგენს ხსნას, რადგან მან ამ დროს ისეთი სისუსტე უნდა გადალახოს, რომელსაც შიში ჰქვია. როგორც გოეთეს ზემოთ მოყვანილი ცოტატა გვამცნობს, ჭეშმარიტი სუბლიმაციის უნარი იშვიათად თუ არსებობს. ამ იდეოლოგიის მქონე თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი ვერ გათავისუფლდება შურისაგან, რადგან იგი მუდმივად შეიგრძნობს ამ ცხოვრების «უსამართლობის» სიმწარეს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მთელი რიგი ისეთი ჩვეულებრივი, უმნიშვნელო შემთხვევები, როცა დეპრესიული პიროვნების ქცევა ნევროზის სახით გამოვლინდება და მასზე ღრმა კვალს ტოვებს. მაგრამ დროული ყურადღების შემთხვევაში, ამას შეიძლება ეშველოს. მაგალითად, თუ დეპრესიულ პიროვნებას სტუმრები ჰყავს, ან თავად იმყოფება სტუმრად, მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ ის აგებს პასუხს სტუმრების გართობაზე, და, თუ სტუმრობა სათანადოდ არ ჩაივლის, არასრულფასოვნების ან დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ამ დროს თავად მის საქციელს სილაღე და უშუალობა აკლია და აზრად არ მოსდის, რომ სტუმრების გართობაში სხვებმაც უნდა შეიტანონ წვლილი; მან არ იცის, რომ ამ დროს ადამიანი შეიძლება თავს «ბედნიერად» გრძნობდეს, და, ამრიგად, მთელ პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში საკუთარ თავზე იღებს. ასეთ მტანჯველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი პაციენტი იმ დროს, როდესაც მეგობრებს უცხო ადამიანს აცნობდა. ის მეტისმეტად დაძაბული იყო და ეშინოდა, ვაითუ მის მეგობრებს ახლად გაცნობილი ადამიანი არ მოსწონებოდათ, ან მისი მეგობრებით ეს უკანასკნელი დარჩენილიყო უკმაყოფილო. ეს პიროვნება ვერც კონცერტზე ყოფნისას განიცდიდა სიამოვნებას, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, შემსრულებელთან, მეორე მხრივ კი – მაყურებელთან ახდენდა. მას ორმაგი შიში ეუფლებოდა იმის გამო, რომ ან შემსრულებელი ვერ გაამართლებდა მაყურებლის მოლოდინს და მას იმედს გაუცრუებდა, ან თავად შემსრულებელი დარჩებოდა უკმაყოფილო იმით, რომ მაყურებელმა იგი მქუხარე ტაშით არ დააჯილდოვა.

ამრიგად, პაციენტი არასოდეს განასახიერებდა საკუთარ თავს და მუდმივად შუალედურ პოზიციაში იდგა სხვა ადამიანებს შორის. იგი ამ დროს, გაუცნობიერებლად, ისევ და ისევ ადრინდელ სიტუაციებს იმეორებდა, როდესაც მხოლოდ გარშემომყოფთა განწყობას იზიარებდა და მათ წინაშე კმაყოფილებას გამოხატავდა. პაციენტი ამ დროს ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, რათა თავი ოდნავ მაინც დაცულად ეგრძნო და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა ის სიყვარული, რომელსაც ამ ადამიანებისაგან გრძნობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპრესიული პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ამ შემთხვევაში მოჩვენებითია და დიდად განსხვავდება შიზოიდური ადამიანისაგან. რაკი ეს უკანასკნელი ადამიანებთან არ კონტაქტობს, მათთან ნებისმიერი ურთიერთობა მის აღელვებას და აგრესიას იწვევს; დეპრესიული პიროვნების ურთიერთობა კი მეორე ადამიანთან მუდამ მოჩვენებითია; იგი ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ამ დროს განდიდების მანიით კი არ არის შეპყრობილი, არამედ მას საკუთარი სუსტი «მე» აიძულებს, თავისი ცხოვრების ნაცვლად, უმთავრესად სხვისი ცხოვრებით იცხოვროს.

ალბათ, ისიც გასაგებია, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დაიცვას საკუთარი «მე»-ს მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნებისაგან, რასაც იგი ქვეცნობიერად განიცდის და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია; სხვაგვარად, იგი ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს და, შესაძლოა, ყველაფერმა ამან სომატურ სიმპტომებში იჩინოს თავი. ასეთ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, თუ მათ რაიმე ავადმყოფობას აღმოუჩენენ და საავადმყოფოში მოხვდებიან; ამ დროს, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც მიეცემათ უფლება, რომ სხვებისგან იგრძნონ მზრუნველობა და არავისზე აღარ იდარდონ. ახლა მათ უკვე აღარ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და აღარ განიცდიან, რომ ავად გახდნენ და «საკუთარი თავი უარყვეს».

იმის გამო, რომ დეპრესიული პიროვნება არ არსებობს როგორც «დამოუკიდებელი სუბიექტი», მასში შური და უმწეობა წარმოშობს სიძულვილს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სხვებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს. დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან განთავისუფლება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდობიანი და უპრეტენზიო საქციელისათვის შესაბამის იდეოლოგიას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ სიმშვიდეს მოიპოვებს; მაგრამ ეს ისევ ის სახიფათო სიმშვიდეა, რომლის მიღმაც კვლავ ფარული აფექტების დაგროვება ხდება.

სახიფათოა ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გამარტივებულად ახდენს ადამიანის რომელიმე მთავარი იმპულსის აბსოლუტიზაციას და არ ცდილობს სხვა იმპულსების გათვალისწინებას; ამით იგი უფრო დამაჯერებლად ახდენს ადამიანების იზოლაციას. ადამიანის სულს, მის ქვეცნობიერს, გააჩნია თვისება, ყურადღება ცალმხრივობებზე გადაიტანოს; ეს კი ანტინომიურ ძალებს შორის არსებულ, იმ აგრერიგად ნაყოფიერ დაძაბულობას უქმნის საფრთხეს, რასაც ცხოვრება ჰქვია; ოღონდ ამის გაცნობიერება ჩვენი სიზმრების, არასწორი ქმედებების, პარტნიორებთან ურთიერთობების და, უპირველეს ყოვლისა, შიშის წყალობით ხდება. ასე, მაგალითად, მეტისმეტად თავმდაბალ და მშვიდობიან ადამიანს სხვაზე გადააქვს ის სიზმრები, რომლებშიც დათრგუნული განწყობა უკიდურესი სახით გამოვლინდება. მაგრამ ეს არის მინიშნება იმაზე, რისი ინტეგრაციაც მას საკუთარ თავში უნდა მოეხდინა. მსგავსი დამატებითი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა, პარტნიორის შერჩევის დროსაც არსებობდეს, რადგან ადამიანს ხშირად იზიდავს და ხიბლავს თავისი საპირისპირო ტიპი; იგი ვარაუდობს, რომ მასთან ურთიერთობის დროს ისწავლის იმას, რისი უნარიც ცხოვრებაში თავად არ გააჩნია, ახლა კი ასეთი შანსი მას, ასე თუ ისე, ეძლევა.

მთავარი ადამიანური იმპულსების განხილვის დროს, ჩვენ კვლავ ვხვდებით მოწმე იმისა, რომ ადამიანის ვერგანცდილი თუ დათრგუნული იმპულსი შინაგანად ან გარეგნულად მაინც გამოვლინდება. ზოგიერთ სიტუაციაში ან პარტნიორთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, დეპრესიულ ადამიანს არ ეყოს გამბედაობა, რომ საკუთარი თავი სუბიექტად წარმოაჩინოს; ეს კი გადაუჭრელ კონფლიქტს გამოიწვევს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც დეპრესიული პიროვნების შემწყნარებლობა თავის ზღვარს აღწევს, რის შედეგადაც მას ათასგვარი საქციელის ჩადენა შეუძლია. გამორიცხული არ არის, რომ დეპრესიულ ადამიანში დაგუბებულმა აფექტებმა ჯებირი გაარღვიოს და გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს. ამ დროს ჩვენი პიროვნების არაინტეგრირებული ნაწილი თითქოს გამოცალკევდება და არქაული ფორმით გამოვლინდება; ეს იმ ახალგაზრდა ქალის მაგალითზე დავინახეთ, რომელიც ჭამის და ქურდობის მანიით იყო შეპყრობილი.

დეპრესიული სტრუქტურის მქონე პიროვნებებს შორის არსებობენ სავსებით ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც სუსტი დეპრესიის ნიშნებს გამოავლენენ, მაგრამ მძიმე და უმძიმესი დეპრესიის შემთხვევებიც არცთუ იშვიათად გვხვდება. ამის შედეგად მივიღებთ დეპრესიული თვისებების შემდეგ კლასიფიკაციას: კონტემპლაცია (დაკვირვება), გონებით ჭვრეტა, მშვიდი ინტროვერტულობა, თავმდაბლობა, მორიდებულობა, მოთხოვნებისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დამუხრუჭება, სიმყუდროვის განცდის სურვილი, რეცეფციული პასიურობა, პასიური მოლოდინი (ბედნიერი და საამური ცხოვრების მოლოდინი), უიმედობა, დეპრესია, მელანქოლია. ამ ჩამონათვლის ბოლოს, არცთუ იშვიათად, დგას ხოლმე თვითმკვლელობა, სრული აპათია, გულგრილობა. ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს ადამიანი მხოლოდ დროებით გრძნობს შვებას და ეხსნება დეპრესია. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მძიმე სულიერი დაავადებაა და არ ჰგავს შიზოიდებისთვის დამახასიათებელ სულიერ მდგომარეობას, რაც მოწმობს, რომ ორივე დაავადების გენეზისი ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე იწყება; დეპრესიული, დამუხრუჭებული და მანიაკალური, ზეაღტაცებული ფაზების ურთიერთმონაცვლე პროცესები (მწუხარებიდან – აღფრთოვანებამდე) მთლიანად წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრებისეულ სივრცეს. მანიაკალურ ფაზაში გარკვეულ დროით აღარ არსებობს არავითარი დამუხრუჭება და აკრძალვა; დეპრესიული პიროვნება ამ დროს უჩვეულოდ აღტკინებული და მხიარულია, ყიდულობს უამრავ ნივთს, იღებს ვალებს და აღსავსეა ოპტიმიზმით, რის შემდეგაც იწყება დეპრესიის ფაზა; მხიარული განწყობა ქრება და პაციენტი კვლავ აპათიაში ვარდება. როდესაც ხდება გარკვეული რიტმული მონაცვლეობა პაციენტის ზეაწეულ განწყობასა და დათრგუნულ მდგომარეობას შორის, მის ცხოვრებაში იმედიანი გამონათების წუთებს განსაკუთრებით მკვეთრად ცვლის უიმედო სასოწარკვეთა, მაშინ როცა მელანქოლიის დროს მხოლოდ უიმედობა არსებობს.

დეპრესიული პიროვნებები ხშირად რელიგიურები არიან. რელიგიაში მათ ყველაზე მეტად ტანჯვისგან თავდახსნისა და მიმტევებლობის იდეა იზიდავთ. ტანჯვას და სევდას ისინი ხშირად მიჰყავს საყოველთაო ერთობის მისტიკურ განცდამდე, რასაც ისინი მედიტაციის გზით აღწევენ. გარდა ქრისტიანული რელიგიისა, რომელსაც, როგორც რწმენას, ისინი მორჩილებით ეზიარებიან, დეპრესიული პიროვნებები ხშირად მიმართავენ ბუდიზმს და სიამოვნებით იზიარებენ ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომის მისეულ იდეას. ამ ადამიანებს იზიდავთ რწმენის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც პიროვნებას თავდავიწყებისა და თვითაღკვეთისკენ მოუწოდებს. მათ სწამთ, რომ, მართალია, ამქვეყნიური ცხოვრება ვერ მოიწყეს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმქვეყნად იპოვიან ბედნიერებას და, რაც უფრო მეტად დაიმცირებენ ან დაამცირებინებენ სხვას თავს, იმქვეყნად მით უფრო ამაღლდებიან. იმქვეყნად სამართლიანობისა და ბედნიერების ზიარება თავდადებას და თვითაღკვეთას მოითხოვს, მაგალითად, ახალგაზრდების მძიმე მუშაობა მომვლელებად და ადამიანის ზრუნვასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები. დეპრესიული ადამიანები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარ რწმენაში მომხდარ ცვლილებებს, რაც გამოწვეულია თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებით. დეპრესიულ პიროვნებას რწმენა აძლევს ცხოვრების აზრს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებების ცალმხრივად, რაციონალურად დადასტურებული ფაქტები არყევენ ამ რწმენას, რადგან ისინი ცდილობენ რელიგიური გრძნობები ხან ფსიქოლოგიურ და მეტაფიზიკურ მოვლენებს «დაუკავშირონ», ხანაც წმინდა წარმოსახვითი აზროვნებით ახსნან. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ ეს მეცნიერებები, თავიანთი გამოთვლითი და კაუზალური მეთოდებით, ჩვენი ცხოვრების და სამყაროს მხოლოდ ერთ გარკვეულ ასპექტს შეიმეცნებენ; დეპრესიულ ადამიანს ასევე არ ესმის, რომ მეცნიერება, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბუნებასთან ბრძოლა შეადგენს, ადრე თუ გვიან, საკუთარ ხლართებში გაებმება. ამის ნიშნები კი უკვე შეიმჩნევა.

ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც აქვს მიდრეკილება დეპრესიისადმი, შესაძლოა, თავისი რელიგიურობით ღრმა შინაგანი სულიერება მოიპოვოს, რასაც იგი, არცთუ იშვიათად, მისტიკურ სამყაროში გადაჰყავს. სიკვდილს იგი უყურებს, როგორც ტანჯვისგან ხსნას და ამ დროს სიკვდილისადმი მორჩილებას ყველაზე ხშირად გამოხატავს.

«დაე, აღსრულდეს ნება შენი», – ეს სიტყვები მისთვის ბედისადმი მორჩილებას ნიშნავს და მასზე დიდი ძალა აქვს. დეპრესიული ადამიანი ბედისადმი სრულ შემგუებლურ განწყობას ყველაზე ხშირად amor fati-ს მნიშვნელობით გამოავლენს. იგი თავის ბედ-იღბალს მხოლოდ საკუთარ დანაშაულს უკავშირებს, მზადაა, გამოისყიდოს ყოველგვარი დანაშაული და ადვილად გახდეს იმ ადამიანის მსხვერპლი, ვინც მის ამ თვისებას ბოროტად გამოიყენებს.

ზნეობის სფეროში მიღებული წესებისა და აკრძალვების მნიშვნელობა მას სიტყვა-სიტყვით ესმის; ამის გამო დეპრესიული ადამიანი საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც აძლიერებს მასში თვითბრალდების გრძნობას. თვითაღკვეთით, ცხოვრებისგან განდგომით და თავის მსხვერპლად მოტანით იგი ცდილობს, გაექცეს გარესამყაროს და მასთან შეხლა-შემოხლას. როგორც ყოველთვის, ჩვენი სიცოცხლე ამ შემთხვევაშიც ბეწვის ხიდია, რომელზეც ადამიანმა გულწრფელობიდან სიყალბემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. შედარებით ნაკლებად დეპრესიული პიროვნებები სანიმუშო მშობლები და აღმზრდელები არიან და ადამიანებთან ურთიერთობას კარგად ახერხებენ. ისინი გრძნობენ ბავშვის განწყობას და ცდილობენ გაუგონ მას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და «დაკარგვის შიშის» გამო, მათ შეუძლიათ, ბავშვი ძალიან მიიჩვიონ, მეტისმეტ მზრუნველობას იჩენენ მის მიმართ, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება. ამასთან, ისინი ბავშვთან ხშირად ვერ იცავენ საჭირო დისტანციას, არათანმიმდევრულები არიან და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ სიმკაცრესაც ვერ იჩენენ; მათი ლმობიერება კი ბავშვს მხოლოდ ვნებს. თანაც ეს ადამიანები მას არავითარ მითითებებს არ აძლევენ, რადგან მისი სიყვარულის დაკარგვისა ეშინიათ. დეპრესიული ადამიანის მერყევი ხასიათი ნებისმიერი ურთიერთობისას ვლინდება. დედებს, რომლებსაც უიღბლო ბავშვობა ჰქონდათ, ხშირად აქვთ ასეთი განწყობა და ამბობენ: «მინდა, ჩემი შვილი უკეთეს პირობებში გაიზარდოს». ამის გამო ისინი თავიანთ შვილებს დათვურ სამსახურს უწევენ.

დეპრესიულ პიროვნებებს ისეთი საქმიანობა მოსწონთ, როდესაც ვინმეზე ზრუნავენ, ვინმეს ეხმარებიან ან რაიმე სამსახურს უწევენ. ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ თავი, ადამიანების მიმართ მოთმინება და გულისხმიერება გამოიჩინონ და, ამრიგად, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. მათ შორის ხშირად გვხვდებიან ექიმები და ფსიქოთერაპევტები, რადგან ეს პროფესიები აძლევს მათ შესაძლებლობას, თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინონ ადამიანების მიმართ. დეპრესიული პიროვნებები მოთმინებით გამოირჩევიან და, კარგი მებაღის მსგავსად, ლოდინის უნარი გააჩნიათ. ექიმის, ღვთისმსახურის ან პედაგოგის პროფესიის არჩევის დროს ისინი თავიანთი მოწოდებით ხელმძღვანელობენ და არა სახელის, ფინანსური კეთილდღეობის ან რაიმე გამორჩენის გამო. მათთვის ახლობელია აგრეთვე მეტყევის და მომსახურების სფეროს თანამშრომლის საქმიანობა, რომელიც ასევე ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება.

დეპრესიული ადამიანების სტრუქტურული სპეციფიკა სიზმრებში გამოვლინდება; სიზმრებში ადამიანის იმედგაცრუება და გარესამყაროსგან განდგომა განსაკუთრებით ხშირად ჭამის პრობლემებს უკავშირდება. დეპრესიული პიროვნებები ვერ ბედავენ საჭმელზე უარისთქმას. ისინი სიზმარში მიდიან გაშლილ სუფრასთან, მაგრამ იქ მათთვის ან ადგილი აღარ არის, ან ყველაფერი უკვე შეჭმულია. ასეთ სიტუაციებში დეპრესიული ადამიანის განცდები შეიძლება «ტანტალოსის ტანჯვას» შევადაროთ. ჭამის პრობლემა იმაშიც გამოიხატება, რომ სიზმარი იწყება სურვილით და იმპულსით, რომელსაც გზად აუცილებლად წინააღმდეგობა გადაეღობება. სიზმარში მყოფი ადამიანი ვერასოდეს აღწევს მიზანს. ვისაც შეთავაზებულის აღების უფლება არა აქვს, მას ისღა დარჩენია, საკუთარი სურვილების შესრულებას დაელოდოს. ეს ქმნის ფონს სამოთხისეული სიზმრების სივრცისათვის, რომელშიც ადამიანს მისთვის სასურველი ყველაფერი მიერთმევა. ასე ხდება დეპრესიულ პიროვნებაში სურვილისა და პასიური მოთხოვნების ურთიერთდაპირისპირება. დეპრესიულ პიროვნებას ასევე შეიძლება დაესიზმროს მეკობრეები და ავაზაკები, რომლებიც მას თავს ესხმიან. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც დეპრესიული პიროვნება ათვალსაჩინოებს საკუთარ გამოდევნილ განცდებსა და აზრებს ყაჩაღობისა და ქურდობის მიმართ, რაც მისთვის არაჯანსაღი და მიუღებელია. დეპრესიის დაწყებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც საკუთარი თავის ან სხვის მიმართ მოთხოვნების წაყენებას ეხება. ამ საკითხმა დეპრესიული ადამიანის სიზმარში შეიძლება, მაგალითად, შემდეგი სახე მიიღოს:

«მამასთან ერთად ვმოგზაურობ მთებში. ციცაბო ბილიკით მივდივართ. ზურგზე ჩანთა მაქვს აკიდებული; მის ბარგს და ქურთუკსაც მე მივათრევ».

დეპრესიულად განწყობილი, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანისათვის ამ დროს დამახასიათებელია გულისხმიერება და მზაობა, რათა მოყვასს დახმარების ხელი გაუწოდოს და მისი მდგომარეობა გაიზიაროს. ასეთ პიროვნებას შენდობის უნარი გააჩნია, მას შეუძლია დაელოდოს სიტუაციის მომწიფებას და თან ოდნავი ეგოიზმით გამოირჩევა. მისი ურთიერთობები ადამიანებთან ემოციებს ემყარება, თავმდაბალი და უპრეტენზიოა მათ მიმართ, მისთვის ხელსაყრელ პირობებზე ადვილად შეუძლია უარისთქმა. ცხოვრება დეპრესიულ პიროვნებას, პირიქით, მძიმე ეჩვენება, მაგრამ შეუძლია მდგომარეობა იუმორის მეშვეობით გააწონასწოროს და თქვას: «იუმორის დროს ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იცინის». დეპრესიული ადამიანი ხშირად ღრმად ღვთისმოსავია, თუმცა ამ დროს ყოველთვის ეკლესიური არ არის; ეს უფრო ცხოვრებისეული ღვთისმოსაობაა. მას სწამს, რომ ადამიანის ბედი ღმერთის ხელშია, და, ამასთან, მოსალოდნელ საფრთხეებსაც ხედავს. მაგრამ ცხოვრებაზე ხელის აღება არ სჩვევია, რადგან უყვარს იგი. მისი ყველაზე მთავარი სათნოება თმენისა და გაძლების უნარია. დეპრესიული პიროვნება, ალბათ, მოიწონებდა შპიტელერის აზრს, რომელსაც იგი თავის ნაწარმოებში, «პრომეთე და ეპიმეთევსი» გამოთქვამს: «მოკრძალებით შეაფასე საკუთარი თავი». ამით დეპრესიული პიროვნება ცდილობს, ჩრდილში იდგეს, ამიტომ მისი «აღმოჩენაა» საჭირო; ის ხშირად ღრმა და დამდგარ წყალს მოგვაგონებს. დეპრესიული პიროვნების ყველაზე მშვენიერ თვისებებს გულისხმიერება და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება წარმოადგენს; მიღწეულ წარმატებას იგი ნაკლებად მიაწერს საკუთარ ნიჭსა და უნარს, მას ღვთის წყალობად მიიჩნევს და «მორჩილებით» ცხოვრობს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.

დამატებითი მოსაზრებები ცვლილებების წინაშე შიშის შესახებ

შეიძლება ითქვას, რომ ჩვევები ჩვენი აკვიატებული აზრებისა და ქცევების დასაწყისზე მიგვანიშნებენ; დილით ადგომა, ჩაცმა თუ სხვა «სასურველი ჩვევები» ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება, მათი შესრულების დროს გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობს და ადვილად ღიზიანდება, თუ ამაში რაიმე უშლის ხელს. მაგრამ ეს ჩვევები ჩვენში არავითარ დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, ამიტომ მათ აკვიატებასაც ვერ დავარქმევთ. ჩვევები ადამიანს დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით უყალიბდება და მათი შეცვლა ან უგულებელყოფა შეუძლია, თუ ამას მოინდომებს ან მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვევებს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ჩვენს სოციალურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში; ისინი იმ წესრიგსა და ქცევის წესებს გვთავაზობენ, ყველანი ერთნაირად რომ ვიცავთ. აკვიატებულ აზრებსა და ქცევებზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში თავისდაუნებურად ისეთ საქციელს ჩადის, რაც მას უაზრობად მიაჩნია.

ჩვენ ხისტ აღმზრდელობით მეთოდებსაც გავეცანით და დავინახეთ, რომ მეტისმეტად ავტორიტარულმა და პრინციპულმა აღზრდამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარების პროცესში ობსესიური თვისებების გამოვლინებას შეუწყოს ხელი, მით უფრო, თუ ამ მეთოდების გამოყენებას ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ. როდესაც მშობლები ბავშვის არასასურველი ქცევის დათრგუნვას ცდილობენ, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ბავშვს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილება გაუჩნდეს და როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ შეუწყნარებლობა და დიქტატორულ-დოგმატური ჩვევები გამოავლინოს. ობსესიური ადამიანი პერფექციონიზმს სადღაც მაინც გამოავლენს და მისმა ქმედებამ ამ დროს, შესაძლოა, უმართებულო და არასასურველი სახე მიიღოს. ობსესიურ პიროვნებას სამყარო ყოველთვის ისეთად წარმოუდგენია, როგორსაც იგი თავის წარმოსახვაში ხედავს. რა ძალითაც იგი საკუთარ თავში თავდაპირველი ცხოვრებისეული საწყისის ჩახშობას შეეცდება, იმავე სიძლიერით გამოვლინდება ეს მცდელობა აკვიატებად; რადგან მხოლოდ «ქაოსზე» და მის მართვაზე მიმართული წესები და კანონები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს. აი, მაგალითად, კედელზე გვერდულად დაკიდებულმა სურათმა შეიძლება უკვე გააღიზიანოს კაცი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ამ დროს დარღვეულია ის წესი და კანონი, რომლის თანახმადაც სურათები უნდა დაიკიდოს.

«ნორმიდან» ნებისმიერი ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა შემდეგ საფრთხეებს გულისხმობს: თუ სურათებს ყოველთვის გვერდულად დაკიდებენ, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ხომ შეიძლება უწესრიგობამ მოიცვას ყველაფერი და კონტროლის სადავეები დაიკარგოს?! ობსესიური ადამიანების ზოგიერთი ქცევის წესი უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, დათრგუნული განწყობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, ისინი წვრილმანებზე ძალიან რეაგირებენ და ზოგჯერ სწორედ ეს წვრილმანი ხდება მათი «დასასრულის დასაწყისი». სისტემურობის სულ მცირე დარღვევის და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დათრგუნულმა გრძნობებმა მთელი ძალით ამოხეთქონ და იმ თოვლის გუნდასავით აგორდნენ, გამოდევნილი იმპულსების ზვავს რომ იწვევს.

გეოლოგებს ეკუთვნით ერთი პარადოქსული მოსაზრება, რომელიც ნათელს გახდის ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს: ადამიანი ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა, როდესაც მთის ქანებს თხრის; მაგრამ გათხრის დროს, შესაძლოა, «ქანის ძარღვი» დააზიანოს; ამიტომ გეოლოგების რჩევაა, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და «ძლიერად არ დავკრათ» წერაქვი მთის ქანს. ობსესიურ ადამიანს სწორედ ამ სიფრთხილის დაცვა უჭირს. პერფექციონიზმი აიძულებს, ისევ და ისევ დიდი სიზუსტით აღიქვას მოვლენები. ასეთი სიზუსტე აუცილებელია ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ფუნქციონირება ან მშენებლობის სტაბილურობა და სანდოობა. მაგრამ, რამდენადაც ეს სიზუსტე საჭიროა ასეთ სფეროებში, იმდენად ზღუდავს იგი შემოქმედებით აზროვნებას. მხოლოდ ობსესიურ ადამიანს შეუძლია სერიოზულად იკამათოს იმაზე, რამდენი ანგელოზი მოთავსდება ნემსის წვერზე. ობსესიური აზროვნება ადვილად შეიჭრება ტვინის სტერილურ ნეირონებში, ადგილს აღარ უტოვებს თავისუფალ შემოქმედებით ძალებს და მათი დამუხრუჭების მიზეზი ხდება. ობსესიურ პიროვნებას აუცილებლად მიაჩნია სავარაუდო შეცდომებისა თუ მცდარი ნაბიჯებისაგან თავის დაცვა; იგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს რაიმე საქმეში კორექტივების შეტანას და შეცდომების გასწორებას, რაც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს. ამის გამო ობსესიურ ადამიანებს გამუდმებით ემუქრებათ ის, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს და თვალსაზრისებს ad absurdum მიიყვანენ, თუმცა ამ დროს ცდილობენ, ისინი აბსოლუტურად გაამარტივონ და მნიშვნელოვანი გახადონ. მაგრამ, თუ მათ ამ ქმედებას უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ობსესიური ადამიანები ამით, შესაძლოა, ცხოვრებისეულ კანონს აღასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული, სანუკვარი აზრების წყალობით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევენ, ამით შესაძლებელი ხდება მათი რეალურად და ქმედითად შესწორება და შეჯერება, ეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომ განვითარებას და სტერილური მდგომარეობიდან გამოყვანას. ობსესიური ფრაზა «quod dixi, dixi», ანუ «რაც ერთხელ ვთქვი, ვთქვი, და აღარ გადავთქვამ!» გამორიცხავს შემდგომში განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ობსესიური პიროვნების შინაგან განწყობას კარგად გამოხატავს ექსპერიმენტული ფსიქოლოგის ფრაზა: «ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ვზომავთ, მაგრამ, რასაც ვზომავთ, ზუსტად ვზომავთ».

ობსესიური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგება «კიდევ ერთხელ გადამოწმების აუცილებლობა»; მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, გაზის სახელური ნამდვილად გადაკეტა თუ არა, ან წასვლის წინ ოთახის კარი ღია ხომ არ დარჩა. ამ დროს, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ობსესიურ პიროვნებაში თავი იჩინოს მძიმე აკვიატების სინდრომებმა, რომლებიც შემდგომში თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ამ აკვიატებებსაც ობსესიური ადამიანი ისე განიცდის, როგორც მის არსებობაში შეჭრილ «რაღაც უცხო ძალას», რომელიც მის დათრგუნვას ცდილობს და რომლის გამოც მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. როგორც კი ობსესიური ადამიანი ამ იძულებითი, აკვიატებული ქმედებების შესრულებაზე უარს იტყვის, მას უმალ გაურკვეველი შიში და მოუსვენრობა შეიპყრობს.

ობსესიურ ადამიანს ასევე ჩვევად აქვს, თავისთავს და სხვებს დაუმტკიცოს საკუთარი აკვიატებული აზრებისა და ქცევების რაციონალურობა და გონივრულად წარმოაჩინოს ისინი; ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობს, რა უძლურია იგი ამ არაბუნებრივი საქციელის წინაშე და როგორ არ შეუძლია წინ აღუდგეს მას, თუმცა ამის აღიარება არ სურს. როდესაც ვიღაც მისთვის უცხო ტუალეტში უნიტაზზე ქაღალდს აფენს, იქიდან გამოსვლისას კარის სახელურს იდაყვით აღებს და ამას ინფექციის საფრთხეს უკავშირებს, ეს ნამდვილად მისი შეგრძნებების გაზვიადების შედეგია, მაგრამ ამგვარი საქციელი, შესაძლოა, ინფექციის შიშში გადაიზარდოს, რის შედეგადაც ობსესიურ ადამიანს ყველგან ბაქტერიები ელანდება; ამით იგი საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეს ნელ-ნელა, უფრო და უფრო შემოსაზღვრავს და ამცირებს.

ამ ადამიანის შველა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იგი გააცნობიერებს თავისი აკვიატებების კონკრეტულ მიზეზებს, მერე კი მოახდენს საშიში და ამის გამო უგულებელყოფილი ცოცხალი იმპულსების ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში საქმე ობსესიური ადამიანის აგრესიულ და აფექტურ სექსუალურ იმპულსებს ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, ობსესიურ ადამიანს ხანგრძლივად უხდება თავის დაცვა მისთვის საძულველი იმპულსებისაგან, ამიტომ, შესაძლოა, იგი ამით უშუალოდ არ იყოს დაკავებული. ეს გარემოება ნათელს ჰფენს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ფანატიკურად იბრძვიან რაღაცის წინააღმდეგ: უმანკოებისათვის მებრძოლი ფანატიკოსი ყველგან სექსუალურ პრობლემებს ხედავს და გამუდმებით «ბილწ სექსუალობას» კიცხავს, თუმცა ამას «ზნეობრივი მოტივით» ხსნის. ასეთი რამ საერთოდ სჩვევია ობსესიურ ადამიანს, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უფრო ეთქმის, ვიდრე სიკეთის გულშემატკივარი.

ობსესიური სტრუქტურით გამორჩეული ერთი პიროვნება საათობით იჯდა ჩანჩქერის წინ და აღტაცებით შეჰყურებდა იმას, რისი უნარიც თავად არ გააჩნდა – ეს იყო ჩანჩქერის ვარდნა და წყლის ნაკადის მოძრაობა. ამ დროს მას იმის შიში არ ჰქონდა, რომ წყლის ვარდნას უეცრად რაღაც შეაჩერებდა და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ბუნებრივია, წარმავლობის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომები ობსესიურ პიროვნებებში დროსთან და ფულთან დამოკიდებულებაშიც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, წარმავლობასთან ერთად, ჩვენში იმის უნარსაც ძლიერად შევიგრძნობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მუდმივობისა და უსაფრთხოების ჩვენეული ილუზიის ძალა; მე ვიცი, როგორ განვკარგო საკუთარი დრო და ფული, რადგან ეს მხოლოდ ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ივო ანდრიჩი თავის რომანში «ფროილაინ» შესანიშნავად აღწერს ობსესიური პიროვნების ტრაგიკულ ბედს.

შემზარავია ამერიკის დამკრძალავი ბიუროების მიერ შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც, წარმავლობისა და სიკვდილის სრული უგულებელყოფა ხდება. აქ მიცვალებულებს ისე ოსტატურად რთავენ და ალამაზებენ, რომ ისინი ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ საქმეში კიდევ უფრო შორს მიდიან ის შეძლებული ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან თავიანთი მიცვალებულების გასაყინად, იმ იმედით, რომ, მეცნიერების განვითარების შედეგად, მომავალში შესაძლებელი გახდება მათი გალხობა და გაცოცხლება. მაგრამ უკვდავება ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც სიკვდილის შესახებ არაფერი უწყის?! საერთოდ, სიკვდილთან, მათ შორის საკუთართან, თანამონაწილეობა ადამიანის თვისებაა და მხოლოდ ამის წყალობით შეიგრძნობს იგი თავს ნამდვილ ადამიანად.

ახლა გვინდა, ობსესიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები ცხოვრების არსებით სფეროებთან მიმართებაში განვიხილოთ; რელიგიური თვალსაზრისით, ისინი დოგმატური და ორთოდოქსალური აზროვნების ადამიანები არიან და «სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი» შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. მამა ღმერთი მათ ხშირად მკაცრ და შურისმაძიებელ მსაჯულად წარმოუდგენიათ, რომელსაც ყველა პატრიარქალური თვისება ახასიათებს და უცილობელ რწმენას და მორჩილებას მოითხოვს. მაგრამ ობსესიური პიროვნებები უფრო ხშირად ცრურწმენებისა და მაგიური წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან; მათთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რწმენა. ცოდვების ფულით გამოსყიდვისა და ინდულგენციებით ვაჭრობა სწორედ ობსესიური ადამიანის ტვინიდან წამოსული იდეა უნდა იყოს. ლოცვების წაკითხვითა და რიტუალების შესრულებით ისინი უბრალოდ წესებს ემორჩილებიან და მათი გრძნობები ამ დროს ვერ სწვდებიან სულის შინაგან სიღრმეებს.

ნიკოლაი ლესკოვი მოთხრობაში «სკომოროხი პამფალონი» შთამბეჭდავად აღწერს ობსესიური ადამიანის პერფექციონისტულ ღვთისმოსაობას და მას უბრალო «სკომოროხის» ადამიანურ თვისებებს უპირისპირებს.

ობსესიური პიროვნებები ყოველთვის ზუსტად იცავენ ინსტიტუციონალურ წესებს თუ პრინციპებს და მექანიკურად, უაზროდ ასრულებენ მათ. რაც უფრო მეტად აცნობიერებენ შიშისგან თავდაცვის მნიშვნელობას, მით უფრო შეურიგებლები არიან ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ამ თავდაცვას საფრთხე შეექმნება. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ობსესიურ პიროვნებებს ყველაფერი აბსოლუტის რანგში აჰყავთ, მათ რწმენას გამუდმებით საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი საკუთარ თავს შეკითხვების დასმისა და ეჭვების გამოთქმის უფლებას არ აძლევენ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მათ შორის სასტიკი რელიგიური ომები; ამით უნდა იყოს გამოწვეული მათი ახალ-ახალი მცდელობებიც – ჩაახშონ და მოსპონ ადამიანში ყოველგვარი ეჭვი, თუმცა დაგუბებულმა გრძნობებმა, შესაძლოა, მკრეხელური აზრების სახით გადმოხეთქოს. ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკლესია ბოროტად იყენებს რელიგიას და ცდილობს, მორწმუნეებს შიშისა და დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს. ამით იგი ხელს უწყობს ადამიანებში ობსესიური სიმპტომების განვითარებას, რასაც რელიგიური ხასიათის ხშირი ნევროზები ადასტურებს. დღესდღეობით აშკარად შეინიშნება ადამიანების მცდელობა, გათავისუფლდნენ ეკლესიის მეურვეობისაგან და თავი დაიცვან მისი გავლენისაგან.

ობსესიური პიროვნებები ხშირად კრიზისს განიცდიან, როდესაც მათი მკაცრი პრინციპები, თვალსაზრისები და თეორიები ახალ მიღწევებს, ცოდნას და პროგრესს უპირისპირდება, რაც მათ ორიენტაციას საფრთხეს უქმნის, საკუთარი აზროვნების წესზე უარისთქმას აიძულებს და მათ უსაფრთხოებას ან ქონებას ემუქრება.

ობსესიური პიროვნებები, როგორც წესი, საიმედო, თანმიმდევრული და კარგი მშობლები არიან; მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამასთან, საკუთარი ფასეულობების დაცვას და ცხოვრებაში გატარებას ცდილობენ. მაგრამ ობსესიური თვისებების გართულებასთან ერთად, ისინი უკიდურეს სიჯიუტეს ავლენენ. ცნობილია მათი გამონათქვამები: «სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი შეიცვლება»; «ამის უფლებას ბავშვობაში ჩვენც არ გვაძლევდნენ»; «თუ ასეთი რამ ერთხელ კიდევ განმეორდა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება!» და ა.შ.

ობსესიური პიროვნებები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ასაკს და ხასიათს, ყველა თვალსაზრისით, უზღუდავენ მას სამოქმედო სივრცეს, და ამ საკითხებზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი მთავარი პრინციპები გამოიხატება ფრაზით: «ვინც ტყუილს ერთხელ იტყვის, მას აღარავინ დაუჯერებს». ისინი ხშირად იმეორებენ სიტყვებს: «მორჩა და გათავდა!» ობსესიური პიროვნებები თავიანთ «არას» პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკუთარი თვალსაზრისის გატარებას ახსნა-განმარტების გარეშე ცდილობენ, და ამ დროს ყოველგვარ წინააღმდეგობას გამორიცხავენ. ისინი ბავშვის აღზრდის პროცესში მისგან ბრმა მორჩილებას მოითხოვენ და შთააგონებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელია; ამასთან, ბავშვს სულ მცირე გადაცდომასაც ხშირად შეახსენებენ და მისდამი შეურიგებლები არიან; ხოლო ბავშვს, რომელიც უფროსებისაგან პატიებას დიდხანს ვერ ეღირსა, სასჯელის წინაშე შიშისა და დანაშაულის გრძნობა უძლიერდება.

ობსესიური პიროვნებები ძალიან ადრეულ ასაკში უწესებენ ბავშვს ქცევის ნორმებს; მათი აზრით, თუ მას თავის ნებაზე მიუშვებენ, ეს ცუდად იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს გამოცდა, რომლის დროსაც იგი გამოავლენს მისი ასაკისთვის სახიფათო თვისებებს; ამასთან, ბავშვს უყენებენ უამრავ მოთხოვნას, რომელთა სრულყოფილად შესრულება მას ძალიან ადრეულ ასაკში ევალება. ეს მოთხოვნები დაკავშირებულია უაზრო, პუნქტუალურ ქმედებებთან და წესრიგის პედანტურად დაცვასთან; მაგალითად, ბავშვისგან მოითხოვენ, რომ «მან ყველაფერი შეჭამოს, რასაც თეფშზე დაუდებენ». ამ დროს ბავშვს არა აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს და თქვას, რის და რამდენის ჭამა სურს. თუ იგი თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მაინც გამოიჩენს, მშობლები მასში მომავალ «მეამბოხეს» ხედავენ და ცდილობენ ბავშვში ეს «უკეთურება» დროულად აღმოფხვრან. მეტისმეტი მოთხოვნა, რომ «ბავშვმა ყველაფერი ადრევე უნდა ისწავლოს», მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. ბავშვმა იცის, რომ მშობლების სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ კარგად და წესიერად მოიქცევა; ესეც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ იგი პატივმოყვარე ან გულგატეხილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. შიში და მეტისმეტი მოთხოვნები ბავშვის ექსპანსიურ და აგრესიულ, უპირველეს ყოვლისა კი, მის სექსუალურ იმპულსებს ამუხრუჭებს. ადრეულ ასაკში იგი ჯერ ვერ მართავს თავის მოტორულ მოძრაობებს, რის გამოც, თავისდაუნებურად, ნივთებს აფუჭებს, ამტვრევს. ამ დროს მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვმა ასეთი საქციელი განგებ ჩაიდინა და მის ამ «განზრახვას» რაღაც დამანგრეველ თვისებას მიაწერენ. ასეთი მოპყრობის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარ სხეულს გადააბრალოს და მისდამი ნდობა დაკარგოს, რაც სამომავლოდ მის ტლანქ, მოუხეშავ და «დონდლო» მოძრაობებში გამოვლინდება. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე გავეცანით. ამგვარი აღზრდის მეთოდი ბავშვს ძირშივე უსპობს ყოველგვარი განვითარების უნარს, მშობლებს კი, უკეთეს შემთხვევაში, ლაღად აღმართული, ტოტებგაშლილი ხის ნაცვლად, მიწაზე გართხმული, ხვიარა მცენარე შერჩებათ ხელში. ობსესიური მშობლების მიზანს უფრო ბავშვის გაწვრთნა შეადგენს და არა მისი აღზრდა; ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად მარიონეტებად ყალიბდებიან. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს იჩენს მშობლების სადისტური თვისებები. ისინი ცდილობენ, ბავშვი შეურაცხყონ, მკაცრად დასაჯონ და მორჩილებას მიაჩვიონ, რათა თავიანთი ძალა აგრძნობინონ. ბავშვის «კუთხეში დაყენება» და ცემა-ტყეპა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს, სკოლაში და ოჯახში დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. «ბოდიშის მოხდა» და «პატიების თხოვნაც» («ასე აღარასოდეს მოვიქცევი») იმ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომლებიც ლახავს ბავშვის პიროვნულ ღირსებას, რადგან მისგან ამ დროს ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვს.

აღზრდის შეზღუდული მეთოდი ობსესიურ მშობლებს არ აძლევს საშუალებას, შვილები თავისუფალი ბავშვობით უზრუნველყონ, რომელიც თავად არ ღირსებიათ. ასეთი მშობლები განუხრელად იცავენ იმ ტრადიციას, რომელიც მათი აღზრდის საფუძველს შეადგენდა და მათივე საშინელი ტანჯვის მიზეზი იყო. ამის გამო ობსესიურ მშობლებს მწვავე კონფლიქტი აქვთ ახალგაზრდა თაობასთან, რადგან საკუთარი წეს-ჩვეულებების დათმობა არ სურთ. ეს ადამიანები კვლავაც განაგრძობენ «ნაცადი» მეთოდების გამოყენებას და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება წინ მიდის და თაობები იცვლება. ძველსა და ახალს შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ობსესიური ადამიანების აზრით, ახალგაზრდობას მათ თავიანთი ძალა და უპირატესობა შემდგომშიც უნდა დაუმტკიცონ; ამასთან, საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ თავს რაღაც ცოდვებს შეუნდობენ. და, რაკი თავს აბსოლუტურ ავტორიტეტებად მიიჩნევენ, ცდილობენ, ახალგაზრდებზე უცდომელი ადამიანების შთაბეჭდილება მოახდინონ.

ობსესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მწირი და უფერული სიზმრები ესიზმრებათ. ამასთან, ისინი ძნელად იმახსოვრებენ მათ, ისევე როგორც საერთოდ ძალიან უჭირთ სულის ღრმა და ქვეცნობიერი შრეების წვდომა.

ისინი სიზმრების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ და «ქაფს» უწოდებენ. ობსესიური პიროვნებების სიზმრებში ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო ტექნიკური და მექანიკური პროცესები ცვლის; ეს სიზმრები ნათელყოფს, რა შორს დგანან ობსესიური ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანური, ფიზიკური და ბუნებრივი მოვლენებისაგან. მათი სიზმრები ხშირად საჩოთირო, ანალური შინაარსისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების აკვიატებული ქცევები მათსავე ჰიგიენურ აღზრდას უკავშირდება. ობსესიური ადამიანების დამუხრუჭებული აგრესია სიზმრებში ბუნებრივი კატასტროფების სახით ვლინდება (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ჯებირის გარღვევა და ა.შ.); ხშირად გვხვდება იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის, ასევე ჩადენილი დანაშაულის თემატიკა, რომელიც ერთსა და იმავე სიზმარში წამოიჭრება.

ნაწილობრივ ობსესიური სტრუქტურის მქონე პიროვნებებს, ზემოხსენებულის გარდა, ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც ადამიანისაგან მოითხოვს სიზუსტეს, საიმედოობას. ამ პროფესიების ადამიანები უფრო მტკიცე ნებისყოფით, საფუძვლიანობით და მოთმინებით გამოირჩევიან, ვიდრე ინიციატივით, მოქნილი აზროვნებითა და შემოქმედებითი თავისუფლებით. ობსესიური ადამიანები გამორჩეულად სანდო პროფესიონალები არიან, თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან და, ზომიერი ობსესიური თვისებების შემთხვევაში, დიდ წარმატებებს აღწევენ; ამასთან, სასურველია, ისეთ საქმიანობას მიჰყონ ხელი, რომელიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპროვიზაციისაგან გაათავისუფლებს.

ობსესიური პიროვნებები უმთავრესად პედანტი, საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას მშვენივრად აცნობიერებენ. მათ შორის ვხვდებით ხელოსნებს, რომელთა ხელობაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ობსესიური პიროვნებები ხშირად მუშაობენ ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებად, იურისტებად, ფინანსისტებად, პედაგოგებად და სასულიერო პირებად; ისინი თანმიმდევრულად უძღვებიან ნებისმიერ გეგმურ სამუშაოს; ამ დროს ძალიან ძნელია დადგენა, სად გადის მათი პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ზღვარი. მაგალითად, ერთი მხრივ, შევხვდებით პასუხისმგებლობით აღსავსე, ჭეშმარიტების მაძიებელ მსაჯულს, მეორე მხრივ კი – პედანტ მოსამართლეს, რომელიც კანონს ჩაჰკირკიტებს და სიტყვა-სიტყვით განმარტავს. მისთვის დანაშაული დანაშაულია, ამიტომ არ აინტერესებს მისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივაცია; მისი აზრით, ამის ცოდნა შეარყევს სისტემის საფუძვლებს. ამრიგად, სისტემა მოსამართლეს არა მხოლოდ ძალაუფლებას ანიჭებს, არამედ განაჩენის გამოტანის დროს შინაგან სინდისსაც უხშობს.

სასულიერო პირი, შესაძლოა, მრევლისთვის სანიმუშო სულიერი მამაც იყოს და, იმავდროულად, ზნეობის დაუღალავი მქადაგებელიც, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთის ტანჯვით ემუქრება, მათში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავს.

ობსესიური ადამიანები ინტერესს ძირითადად ისტორიის მიმართ იჩენენ; გარდა საკუთრივ ისტორიისა, ისინი შეისწავლიან ხელოვნების, მედიცინის, ფილოსოფიისა და სხვათა ისტორიას; მათთვის ახლობელია გარდასული მოვლენები, ე.ი. ის, რამაც უკვე ჩაიარა, რაც დროის მდინარებას აღარ ემორჩილება და ამიტომ დროის მიღმა არსებობს. ობსესურ ადამიანებს ასევე იზიდავთ არქეოლოგია, ანტიკური ისტორია და გამოყენებითი დარგები; მათ შორის ვხვდებით ძველი პერიოდების შემსწავლელ ფილოლოგებს და პრეისტორიული ხანით დაინტერესებულ ისტორიკოსებს.

ობსესიურ პიროვნებებს განსაკუთრებით პოლიტიკა იზიდავთ. მათი ძალაუფლების მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სფეროში შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თვისებების რეალიზაცია ლეგიტიმურად მოახდინონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ობსესიური პიროვნება კონსერვატორული ბუნებით გამოირჩევა; იგი მზადაა, თავის პარტიას თუ არსებულ რეჟიმს ერთგულად ემსახუროს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი აზრით, ყველაფერი «ძველი» უკვე ნაცადი და გამოცდილია. ობსესიური პიროვნებისთვის მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება და ექსპერიმენტები.

გასაგები მიზეზების გამო, ობსესიურ პიროვნებას, ასაკთან ერთად, უძლიერდება მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცნობილია, რომ, ღრმა ცხოვრებისეული ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანს საერთოდ აქვს მიდრეკილება, შეინარჩუნოს ის, რაც მას ჯერჯერობით გააჩნია, და ამ გზით შეაჩეროს დროის მდინარება. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა, შესაძლოა, თავისი განწყობა მეტად უჩვეულო ქცევებით გამოხატოს. მას სურს, თავისი ძალაუფლება და პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალშიც შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ასაკის გამო აღარ შესწევს ძალა, კვლავაც იბრძოლოს მისთვის საძულველი სიახლეებისა და ახალგაზრდული წამოწყებების წინააღმდეგ. ობსესიურ პიროვნებას სიბერესთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს, რადგან აქამდე თუ იგი მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაზე და საკუთარი სურვილით მოქმედებდა, ახლა იმას უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვას და გათავისუფლდეს მისგან. იგი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შეუცვლელია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალები ელევა, იპოქონდრულ მდგომარეობაში ვარდება, თვითდაკვირვებას აწარმოებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ფანატიზმამდე მიჰყავს. იმის გამო, რომ ობსესიური პიროვნება მხოლოდ პოზიციების დათმობასა და ჩვეულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვერ აცნობიერებს დაბერების «სიკეთეს», რომელიც მას მოვალეობებისაგან ათავისუფლებს და შესაძლებლობას აძლევს, შეურიგდეს იმას, რაც ახლა მის თავს ხდება.

შესაძლოა, მეტისმეტმა სიჯიუტემ ობსესიური ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით მტანჯველი გახადოს; რაკი იგი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს, ამიტომ ხშირად სიკვდილთან სასტიკ ბრძოლაში ჩაებმება ხოლმე.

ობსესიური ადამიანები ზოგჯერ სწორედ სიბერეში აღწევენ პატრიარქალურ დიდებას და პატივისცემას და საკუთარი ფასეულობების სიმბოლოებიც კი ხდებიან. ამ დროს მათთვის სიკვდილი ბუნების კანონია, რის გამოც მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. სიკვდილი ის უკანასკნელი რეალობაა, რომლის წინაშეც, როცა ამის დრო დადგება, ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს და ღირსეული სიმშვიდით მიიღოს იგი. ობსესიური ადამიანები დროულად აგვარებენ თავიანთ საქმეებს და წინასწარ ადგენენ ანდერძს. ზოგი მათგანი, ანდერძში ჩაწერილი მითითებებით, ცდილობს საკუთარი ძალაუფლება სიკვდილის შემდეგაც აგრძნობინოს ადამიანებს. თუ ობსესიურ პიროვნებას საღი განსჯის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს, მაშინ იგი ცოცხალ გვამს ემსგავსება. გამოდევნილი სიკვდილის შიშს მასში ზედმეტი ნივთების შეგროვების სურვილი ჩაანაცვლებს. იგი გადასაგდებად ვერც ერთ ნივთს ვერ ელევა და გაურბის ყველაფერს, რაც მას წარმავლობას და დასასრულს შეახსენებს.

ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის გზა, რომელსაც ნაწილობრივ ობსესიური ადამიანი დაავადების უკიდურეს გამოვლინებამდე გაივლის. ამ დროს ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:

ძლიერი ხასიათის, ქმედითი ობსესიური ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მოვალეობის გრძნობით, ჩამოყალიბდება პატივმოყვარე, ჯიუტ, მოწუწუნე და ახირებულ პედანტად. იგი ხშირად ძალაუფლებისმოყვარული დესპოტისა და ავტოკრატის თვისებებით გამოირჩევა, რომელიც, აკვიატებული აზრებისა და ქცევების წყალობით, სრულად გამოავლენს ობსესიური დაავადების ყველა თავისებურებას. ბოლო ადგილს ამ გზაზე კატატონიით შეპყრობილი ადამიანი დაიკავებს.

სუსტი ხასიათის, არაქმედითი ობსესიური ადამიანი შემგუებლობით, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ცხოვრების წინაშე შიშით გამოირჩევა. ეს არის ეჭვიანი, მოყოყმანე, წუწუნა, მლიქვნელი, მშიშარა პედანტი და ასკეტი იპოქონდრიკი. ამ გზის ბოლოს მძიმე ობსესიით შეპყრობილი ადამიანები დგანან.

ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ობსესიურ ნიშნებს გამოავლენს, გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, ამტანობით და მოვალეობის გრძნობით; ამასთან, იგი მიზანსწრაფული და გამრჯეა. ვინაიდან ეს ადამიანი შორსმიმავალ მიზნებზეა ორიენტირებული, მას აღარ აინტერესებს მიღწეული წარმატებები და ამ წარმატებებით ტკბობა; თანმიმდევრული ხასიათის, სიყოჩაღისა და დაჟინებულობის წყალობით, მას რეალობის აღქმის უტყუარი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რაც შესაძლებლობას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს. როგორც წმინდა ადამიანური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით, ამ პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს: სიდარბაისლე, კორექტულობა, სანდოობა, ხასიათის სიმტკიცე და ჰიგიენურობა; გრძნობებს ერთობ თავდაჭერილად გამოხატავს, თუმცა თანადგომისა და დახმარების უტყუარი უნარით გამოირჩევა; ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვს და ადვილად არ გადაუხვევს ერთხელ დასახულ მიზანს; ახასიათებს საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, იცავს საკუთარ თვალსაზრისს, გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და ცდილობს, ობიექტური იყოს. რაინჰოლდ შნაიდერი თავის წიგნში «ფილიპ II» სწორედ ამ მასშტაბის, ძლიერი ტიპის ადამიანს აღწერს. მაგრამ ზომიერი ობსესიური თვისებების მქონე პიროვნებები საკუთარ თავს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათთვის საჭირო მუდმივობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მეტისმეტად ცალმხრივ მიმართულებას აძლევენ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ აღიარებული უნდა იყოს მათი შესაძლებლობების მუდმივობა. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ცხოვრების გარდაქმნის მზაობასთან მისი საპირისპირო იმპულსის ინტეგრაციასაც მოახდენდნენ და გაბედულად აღიარებდნენ იმას, რისგანაც თავს იცავენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმავლობის გრძნობას გააცნობიერებდნენ. ამ ტიპის ობსესიურმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ მათ მხოლოდ სურვილები როდი უნდა ამოძრავებდეთ, მოვლენების ზემოქმედება საკუთარ თავზეც უნდა იწვნიონ. მთლიანად ხალხის წინაშე კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – მათ აღმშენებლობის ტრადიცია უნდა შეინარჩუნონ. გარკვეული აზრით, ისინი «საზოგადოების ბურჯებს» წარმოადგენენ, თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვის პატივმოყვარე მიზნებს განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებად არ გადააქცევენ და მათზე უფრო ქმედით, საპირისპირო ძალებთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან.

დამატებითი მოსაზრებები აუცილებლობის წინაშე შიშის შესახებ

ისტერიული პიროვნებები ფსევდორეალობაში ცხოვრობენ და ეს მათთან დაკავშირებულ ყველა სფეროში წარმოვაჩინეთ. მათ მთავარ პრობლემას «რეალობა» წარმოადგენს, რომელსაც ისინი საკუთარი «როლების» შესრულებით ირიდებენ თავიდან ამ რეალობიდან გაქცევის დროს.

რელიგია მათთვის, პრაგმატულობიდან გამომდინარე, რწმენის ხასიათს იღებს, ამიტომ არასოდეს ვიცით, ასეთ ადამიანს ეკლესია სჭირდება თუ არა. ამ შემთხვევაში, ისტერიული პიროვნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვითარსი სინამდვილე და გარეგნული ფორმების დაცვა; მისთვის სანუკვარია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი მონანიებისა და აღსარების გზით გამოისყიდის ყველა ცოდვას და ახალშობილივით უცოდველი გახდება. იგი უფალს სიამოვნებით მიიჩნევს კეთილ მამად, რომელსაც ის განსაკუთრებით უყვარს, და ეს სიყვარული ოდესმე რაღაცაში აუცილებლად იჩენს თავს. ამ ადამიანების დარწმუნება ძალიან ადვილად შეიძლება დაპირებით, რომ ისინი აუცილებლად განიკურნებიან და ამისათვის არავითარი ძალისხმევა არ დასჭირდებათ. ამის გამო, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე რელიგიურ სექტებში: ფსიქოთერაპიული პაციენტები სიამოვნებით თანხმდებიან ჰიპნოზით მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ყველა სიძნელეს საკუთარი ძალისხმევის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადალახავენ.

ეთიკის საკითხებისადმი ისტერიულ პიროვნებებს ასეთივე გაურკვეველი განწყობა აქვთ. ისინი მზად არიან, ყველაფერი ვიღაცას ან რაღაცას დაუკავშირონ და «განტევების ვაცად» გამოაცხადონ, ოღონდ თავი არაფერში დაიდანაშაულონ. მათ არ გააჩნიათ თვითშეფასებისა და თვითკრიტიკის გრძნობა, რის გამოც კრიტიკული სიტუაციიდან იშვიათად გამოაქვთ გონივრული დასკვნები.

ისტერიული პიროვნებები, საბოლოო ჯამში, მაინც იმ ზოგადადამიანური თვისებების მატარებლები არიან, რომლებიც ჩვენ ყველას, რაღაცა ზომით, გვახასიათებს, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა გაიაროს ბავშვობისდროინდელი განვითარების ეტაპები, მისთვის დამახასიათებელი მიზნებითა და შიშებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ ნაკლს, ვიცით, როგორ ხდება ჩვენი დანაშაულის სხვებზე პროეცირება განტვირთვის მიზნით – თვით იმ საზოგადოებაშიც კი, სადაც მსგავსი პროეცირება დიდად სახიფათოა.

ასეთი პროეცირებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია «მტრის ხატის» შექმნა; ამ დროს ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მტერი იმისთვის უნდა გამოიგონოს, რომ ამით საკუთარი დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლდეს. ერები, რელიგიური გაერთიანებები და რასები, როგორც წესი, იმის პროეცირებას ახდენენ, რისი დანახვაც საკუთარ თავში არ სურთ; უზნეო ხელისუფალთა ხელში კი პროექციისადმი ადამიანის ამგვარი მზაობა, შესაძლოა, პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნით იქნეს გამოყენებული. ასეთი სახიფათო პროექციები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, ფსიქოდინამიურ ფონს ქმნის ომების, რასობრივი სიძულვილისა და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. დამთრგუნველი და დანაშაულებრივი წარსულისგან გათავისუფლება საყოველთაო ადამიანური მოთხოვნილებაა. დეპრესიული პიროვნებისაგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, ისტერიული პიროვნება ცდილობს, საკუთარი დანაშაული დაივიწყოს ან საერთოდ უარყოს. შეიძლება დაგვაფიქროს გერმანული ენის თავისებურებამ, რომელიც ერთი და იმავე სიტყვით («Vergehen»), დროის თვალსაზრისით «რაღაცის შეწყვეტას», «გაქრობას» აღნიშნავს, ხოლო ზნეობის თვალსაზრისით – «გადაცდომას» ან «დანაშაულს». ჰოდა, ისმის კითხვა: ქრება კი დროთა განმავლობაში ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის გრძნობა? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ჩვენთვის ერთობ მომგებიანი იქნებოდა.

მშობლებისა და აღმზრდელების როლში ნაწილობრივ ისტერიული ადამიანები აღფრთოვანებას იწვევენ. მათ შთაგონების დიდი ძალა გააჩნიათ, ამიტომ შეუძლიათ ბავშვი დაარწმუნონ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ღირს, რადგან იგი მშვენიერია. ეს ადამიანები თავიანთ გრძნობებს უფრო სპონტანურად ავლენენ, ვიდრე ზომიერად. შვილები ასეთი მშობლებით ამაყობენ და მათ მიმართ აღტაცებას ვერ მალავენ. ამ ადამიანების სახლში ყოველთვის «სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო» სუფევს; ამის გამო ბევრს შურს მათი, რა თქმა უნდა, იმ დრომდე, ვიდრე მიხვდებიან, რა განწყობა იმალება ამის მიღმა. ისტერიული ადამიანების მეტისმეტად რთული სტრუქტურა იმაში იჩენს ხოლმე თავს, რომ ისინი აღზრდის პროცესში ზომიერებას ვერ იცავენ. მათ საქციელში «განებივრება» და რაიმეს «აკრძალვა» ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ბავშვს ხშირად უჭირს ორიენტირება; მან არასოდეს იცის ზუსტად, რას მოიმოქმედებენ მშობლები, რადგან ამ დროს მათი საქციელი წუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული და ნაკლებად უკავშირდება ობიექტურ ფაქტებს. ამგვარი «მარტის ამინდის» განწყობა დამაბნევლად და ქაოტურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მასში ხშირად ცრუ მოლოდინებს აღძრავს. თუ მშობლებმა ბავშვს იმედი გაუცრუეს, დანაპირევი არ შეუსრულეს და მოითხოვენ, რომ რაღაცაზე უარი განაცხადოს, მას გაურკვეველ დაპირებებს აძლევენ და მისი ყურადღება შორეულ მომავალზე გადააქვთ, როდესაც ეუბნებიან: «აი, რომ გაიზრდები, მაშინ...» – ამით ცდილობენ, ბავშვს რაღაცაზე ძალით ათქმევინონ უარი, ნაცვლად იმისა, რომ საქმის ვითარება აუხსნან და თავისი საქციელის აუცილებლობა დაუსაბუთონ. ეს ბავშვში აჩენს იმ სახიფათო მოლოდინს, რომ მას სასწაულებრივი მომავალი ელის, რომელსაც ოდესღაც აღსრულება უწერია. ასე უწყობენ მშობლები ხელს ბავშვის ილუზორულ სურვილებსა და წარმოდგენებს, ნაცვლად იმისა, რომ რეალობასთან დააახლოვონ.

ამრიგად, ისინი ბავშვის ცხოვრებას სწორად არ წარმართავენ და მას მცირე გამოცდილებასაც არ აძლევენ, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ იგი მოგვიანებით საკუთარი თავით და ცხოვრებით იმედგაცრუებული დარჩეს. შვილები ასეთ მშობლებზე ძალიან მიჯაჭვულნი არიან, მაშინ როდესაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვი ერთი ხელის მოსმით მოიშორონ თავიდან, თუ ფიქრობენ, რომ იგი მძიმე ტვირთად აწვება ან გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. თუ ბავშვი ცდილობს, მშობლებს საკუთარი აზრები გაუზიაროს, ისინი კი მას ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდნენ, როდესაც სიყვარულს ეფიცებოდნენ. ისტერიული მშობლები ვერ იტანენ და პირად შეურაცხყოფად იღებენ კრიტიკას ბავშვის მხრივ. ისინი, პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის გამო, ძნელად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს ობსესიური ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ამას ძალაუფლებასა და პერფექციონიზმზე პრეტენზიის მიზეზით არიდებს თავს. თუ ბავშვი ისტერიულ მშობლებს საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ანგარიშს არ უწევენ მას, მშობლები არასოდეს მიდიან დათმობაზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ შვილისთვის მხოლოდ სიკეთე სურთ და ამისათვის დიდი მსხვერპლიც გაიღეს. შედეგად ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს საკუთარი უმადურობის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მშობლების თანაგრძნობით კმაყოფილი დარჩენილიყო.

სახიფათოა ასევე ისტერიული ადამიანების სურვილი, საკუთარი შვილები «თითით საჩვენებელ ბავშვებად» აღზარდონ. მათი აზრით, შვილებმა მშობლებს იმედი არ უნდა გაუცრუონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ამიტომ შვილები მხოლოდ მშობლების სახელსა და დიდებაზე უნდა ზრუნავდნენ. საერთოდ, ამ დროს მშობლების მხრივ არსებობს დიდი საფრთხე, რომ შვილს რაღაც როლის შესრულებას დააკისრებენ; ჯერ ერთი, მშობლები ბავშვს ბოროტად იყენებენ, რათა საკუთარი პრეტენზია წარმოაჩინონ, მეორეც, ბავშვმა ახლა მათ თავიანთი განუხორციელებელი ოცნებები უნდა შეუსრულოს. აქ მანეკენის მაგალითი უნდა გავიხსენოთ.

პოლიტიკაში ისტერიული პიროვნებები ხშირად ლიბერალური და რევოლუციური პარტიების წევრები არიან, რადგან, სენსაციების სიყვარულით თუ გაურკვეველი მომავლის გამო, ასეთსავე გაურკვეველ უკმაყოფილებას და მოლოდინებს გამოხატავენ. შიზოიდებთან შედარებით, ისტერიული ადამიანები მკაცრნი და თანმიმდევრულნი არიან, ხშირად გულუბრყვილოდ სჯერათ პროგრესის, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის «ახალი» და «სხვაგვარია». ამ მხრივ, ისინი ობსესიური ადამიანის აშკარა ანტიპოდს წარმოადგენენ, რომელიც ყველაფერ ძველს, როგორც უკვე «ცნობილსა» და «ნაცადს», ისე ებღაუჭება. ისტერიული პიროვნებები თავგამოდებული, გულმხურვალე პოლიტიკოსები და ორატორები არიან, რომლებსაც მხოლოდ დაპირებები ეხერხებათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეასრულონ წინამძღოლის როლი, ეძებონ ახალი გზები და წარმართონ მოვლენები, ვიდრე სულ პატარა შრომა მაინც გასწიონ საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ისტერიულ პიროვნებებს ადვილად შეუძლიათ ადამიანების ცდუნება, თავიანთი ამომრჩევლების სურვილების ამოცნობა და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: «apres moi le déluge» – «ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა». სრულიადაც არ ადარდებთ, რა მოჰყვება შემდეგ მათ მოქმედებებს. ისტერიული ადამიანები ყველანაირ რისკზე მიდიან, დამარცხების შემთხვევაში კი ყოველთვის ფეხზე დგებიან.

საზოგადოებაში ისტერიული ადამიანები იმ პროფესიებში არიან წარმატებულნი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს. ისინი მოხერხებულნი არიან და სიტუაციაზე სწრაფად რეაგირებენ, ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებენ, მათთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ და, იმავდროულად, თავიანთი პატივმოყვარეობისა თუ სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ. ისტერიულ ადამიანებს ნებისმიერი საქმე ეხერხებათ და ყველგან შეუძლიათ გამოიჩინონ თავი; ცდილობენ ჰქონდეთ წოდებები და მაღალი თანამდებობები, რომლებსაც სიმბოლოების მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ამ წოდებებთან და თანამდებობებთან ახდენენ, მაგრამ, ობსესიური ადამიანის მსგავსად, წოდებისა და თანამდებობის წინაშე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს მათთვის მხოლოდ შესაძლებლობაა საკუთარი ბრწყინვალე პიროვნების წარმოსაჩენად. ისტერიულ ადამიანებს ორდენები და ტიტულები სწორედ ამიტომ ხიბლავთ; ისინი წარმატებით მუშაობენ ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას და აკმაყოფილებს «საზოგადოებაში მათი ყოფნის» მოთხოვნილებას. ისტერიულ ადამიანებს შორის გვხვდებიან ენამჭევრი ვაჭრები და შთამაგონებელი გამყიდველები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ნიჭით – მუშტარს ჩაწოლილი საქონელი ხელსაყრელ ფასებში «შეასაღონ», ანდა ის მყიდველი, რომელსაც მხოლოდ ჰალსტუხის შეძენა უნდოდა, თავიდან ფეხებამდე შემოსილი გაუშვან მაღაზიიდან.

ისტერიული ადამიანები ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი მომხიბვლელობა, ფიზიკური უპირატესობა, მოხერხებულობა და სპონტანური მიზანდასახულობა, სადაც საქმე ეხება იმპროვიზაციას, სიურპრიზებს და მოულოდნელ გამარჯვებებს. მათ იზიდავთ ნებისმიერი პროფესია, რომელიც «დიდ სამყაროში» ცხოვრების იმედებს აღუძრავს, ან თუნდაც რაიმეთი დაკავშირებულია ამ სამყაროსთან. ასეთები არიან ფოტომოდელები, მანეკენები და ბიზნესმენები. მათ ასევე იზიდავთ ოქრომჭედლის, დიზაინერის ან სასტუმროს თანამშრომლის საქმიანობა. ისტერიულ პიროვნებას ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკითხის საქმიანი მხარე, ამიტომ თავად საქმის წარმატება მთლიანად იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთვისაც ეს საქმე კეთდება. ნიჭიერ ისტერიულ პიროვნებას შეუძლია თავისი გუნება-განწყობა, ხასიათის თვისებები, სურვილები, წარმოსახვის უნარი და სიხარული ხელოვნების დონეზე, უპირველეს ყოვლისა კი, მსახიობის ან მოცეკვავის როლში წარმოაჩინოს.

სიბერე და სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ის უცილობელი და უკანასკნელი რეალობაა, რომელსაც მუდმივად ვერ გაიხანგრძლივებ. ისტერიული პიროვნებები, რომლებსაც არ სჩვევიათ რეალობის აღქმა და აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა, ცდილობენ, ამ რეალობაზეც, რაც შეიძლება, დიდხანს დახუჭონ თვალი. ისინი არ უარყოფენ, რომ სიბერე და სიკვდილი არსებობს, მაგრამ არსებობს უფრო მეტად სხვებისთვის, ვიდრე კონკრეტულად მათთვის. ამიტომ ისტერიული ადამიანები ცდილობენ, დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობის ილუზია, და სწამდეთ მათ წინაშე მუდმივად არსებული, იმედიანი მომავლისა. ეს ადამიანები განსაკუთრებით წარმატებულად იყენებენ იმ მეთოდებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც მათ ხანგრძლივ ახალგაზრდობას ჰპირდება; მათ უმთავრესად ის მოძღვრებები იზიდავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.

ისტერიული პიროვნებები საკუთარი სიკვდილის ფაქტს გამორიცხავენ და ამას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ არ ჩქარობენ ანდერძის დაწერას, არ აწესრიგებენ თავიანთ საქმეებს და სიკვდილის შემდეგ ქაოსს ტოვებენ. ისინი, სიკვდილის მოახლოების შიშით, არცთუ იშვიათად, თითქოს, სრულიად სხვა ადამიანებად გარდაიქმნებიან და არაბუნებრივად იქცევიან. მათ საქციელზე გვახსენდება გამოთქმა: «ახალგაზრდა მეძავი სიბერეში პირმოთნე ხდებაო», და ვხვდებით, რომ ისინი ამ დროს რაღაც გამორჩენას მოელიან; ამიტომ ამ ადამიანების ასეთი უეცარი გარდაქმნა ნამდვილად ეჭვს იწვევს. ისტერიულ პიროვნებებს ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი ღირსეულად უნდა ბერდებოდეს; სამაგიეროდ, შესწევთ უნარი, საკუთარი წარსული გაიცისკროვნონ და მოგონებებით იცხოვრონ. ამასთან, ეს წარსული, სურვილისამებრ, გადაასხვაფერონ, მის შუაგულში იტრიალონ და მთავარი როლი შეასრულონ. ზოგი მათგანი იმასაც ახერხებს, რომ სიკვდილი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, ცხოვრების სცენიდან ჩამოსვლა შთამბეჭდავ სანახაობად გადააქციოს და ამ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი შეასრულოს.

ისტერიული პიროვნება უპირატესობას ანიჭებს ხელოვნების დარგებს და, რასაც ამ სფეროში ქმნის, უდავოდ დაამჩნევს ხოლმე კვალს; დროდადრო ავლენს მიდრეკილებას გაურკვეველი ექსჰიბიციონიზმისადმი; საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით, წერს წერილებს და თავის ავტობიოგრაფიას; მრავალფეროვნება, ორიგინალობა და სიცოცხლის ხალისი ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს განეკუთვნება; საქმის ფორმალური ნაწილი მისთვის ხშირად არცთუ ისე მნიშვნელოვანია; მას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ჰალუცინაციებისადმი, რომლებშიც იმალება ის საფრთხე, რომ ისტერიული პიროვნება მათ ჯანსაღ, ცხოვრებისეულ მიმართულებას კი არ აძლევს, არამედ თავისი ოცნებებისა და სურვილების სამყაროში შეუხმობს, რაც მას სულ უფრო აშორებს რეალობას. ამ დროს მხოლოდ ხელოვანს შეუძლია გამოიჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი.

ისტერიული პიროვნებების სიზმრები მათი სტრუქტურისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ პრობლემას წარმოადგენს და ხშირად სურვილების აღსრულების გულუბრყვილო ფორმით ვლინდება. ეს სიზმრები თავისთავად ილუზორულია; მათში რეალურად არსებული კანონები არ მოქმედებს, მოქმედება იქ ზღაპრული ხდომილებების სახით წარმოჩინდება და პრობლემების გადაჭრა უჩვეულოდ ხდება; მაგალითად, უკიდურესი საფრთხის დროს ადამიანს შეიძლება ფრთები გამოესხას და გაფრინდეს, რადგან ჯადოსნური თვისებები გააჩნია; ან ამ დროს სადღაც სიღრმიდან ზედაპირზე ამოიჭრება deus ex machina და იხსნის სიტუაციას. შიში სიზმარში ხანდახან ისე თრგუნავს ადამიანს, რომ იგი უეცრად უფსკრულის პირას აღმოჩნდება, რაც გვახსენებს სურათს – «მხედარი ბოდენზეეს თავზე». ისტერიული ადამიანები ხშირად ფერად, ცოცხალი ხდომილებებით აღსავსე, გრძელ სიზმრებს ხედავენ, რომლებიც მოგვიანებით კარგად ახსოვთ. დამახასიათებელია ისიც, რომ რთული სიზმრის ახსნას, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სიზმრის მნახველის ნაცვლად, სხვა ადამიანი კისრულობს.

ახლა შევეცდები, წარმოვადგინო ისტერიული პიროვნებების წრე; იგი იწყება ნაწილობრივ ისტერიული, ჯანმრთელი ადამიანით და მთავრდება იმ სტრუქტურული ტიპით, რომელიც ხასიათდება სუსტი და მძიმე ფსიქიური აშლილობით. ეს წრე დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება: ქმედითი, იმპულსური, ხაზგასმით პატივმოყვარე და თავკერძა ადამიანები;

ისტერიული ტიპები, რომელთაც აქვთ საკუთარი პიროვნების აღიარების ნარცისისეული მოთხოვნა და მოვლენების შუაგულში ყოფნის სურვილი; მეტისმეტად პატივმოყვარე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამავე წრეში შედიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ «ოჯახურ რომანთან» მიახლოებული ურთიერთობა, ერთი მხრივ, მამასა და ქალიშვილს, მეორე მხრივ კი – დედასა და ვაჟიშვილს შორის; ვითარსი ისტერიული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მორგებულ როლებს, რეალობიდან გაქცევისა და ავანტიურისტული ქმედებების გასათამაშებლად იყენებენ. არიან ასევე მარადიული «წიწკვები», ყმაწვილკაცები, კაცთმოძულე ქალები და ქალთმოძულე მამაკაცები. ეს უკანასკნელები უარს ამბობენ საკუთარ სქესზე და ხშირად ჰომოსექსუალები ხდებიან. ეს წრე მოიცავს ასევე «დასაჭურისებულ», დესტრუქციულ ქალებს, რომლებიც აშკარა სიძულვილს გამოხატავენ მამაკაცებისადმი, და დონ-ჟუანის ტიპის მამაკაცებს, რომელთაც ქალების მიმართ შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ. ისინი ქმნიან მძიმე ისტერიული დაავადებების სურათს, რომელიც ფობიებით, ფსიქიკური და სომატური სიმპტომატიკით გამოვლინდება, თუმცა ამის დადგენა თვალნათლივ ვერ ხერხდება, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (დამბლის ნიშნები).

ნაწილობრივ ისტერიული ტიპის ჯანმრთელ ადამიანს უყვარს რისკი, ხალისით ასრულებს თავის საქმეს, ყოველთვის მზადაა სიახლეების მისაღებად, მოქნილი, ხალისიანი და ხშირადმომხიბვლელია. ეხერხება იმპროვიზაცია, სიამოვნებით ატარებს ცდებს, კარგი თანამეინახეა და არ სჩვევია მოწყენილობა; მის გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება. უყვარს ახალი საქმეების წამოწყება და დიდ იმედებს ამყარებს ცხოვრებაზე. ასეთი ისტერიული ტიპი ნებისმიერი საქმის დასაწყისში დიდ შესაძლებლობებს და ხიბლს ხედავს, რასაც წიგნის ამ თავში წამძღვარებული სიტყვებიც გამოხატავს. ამ ტიპის ისტერიული ადამიანი, თავისი ქმედითი ხასიათის წყალობით, არღვევს ტრადიციებს და ძველ, დახავსებულ ნორმებს, ფლობს შთაგონების ძალას და იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი მომხიბვლელობა. იგი არაფერს აღიქვამს სერიოზულად, გარდა, ალბათ, საკუთარი თავისა, რადგან გაცნობიერებული აქვს ცხოვრების უმთავრესი მოვლენების პირობითობა. ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს «იმპულსების გამოვლინება» და «რაღაცის ამოქმედება» წარმოადგენს და არა დაგეგმილი საქმის ხანგრძლივად და მოთმინებით განხორციელება. მაგრამ სწორედ თავისი დაუთმენლობის, ცნობისმოყვარეობისა და წარსულისადმი ზერელე დამოკიდებულების წყალობით, შესწევს უნარი, დაინახოს და შეიცნოს ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავენ სხვა ტიპის ადამიანები.

ამრიგად, ისტერიული ადამიანი თავდაჯერებით და მამაცურად უყურებს ცხოვრებას, რომელიც მისთვის ნაირფერი თავგადასავლებითაა სავსე. ცხოვრების არსი მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ სურს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ქმედითი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს.

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

განვითარების დარღვევის მოდელები და კლასიფიკაციაtag:www.qwelly.com,2019-01-04:6506411:Topic:13511652019-01-04T15:35:10.903ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ბავშვის ნორმალური განვითარებიდან გადახრის ფსიქოლოგიური კვალიფიკაცია წარმოადგენს. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვის შემეცნებითი და ემოციური სფერო მუდმივი ცვლილებებისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ეს პროცესი ასაკობრივი თავისებურებებით ხასიათდება. ამავე დროს, ბავშვის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ის სენზიტიური ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მიმდინარეობს თვისობრივად ახალი გამოცდილების…

ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ბავშვის ნორმალური განვითარებიდან გადახრის ფსიქოლოგიური კვალიფიკაცია წარმოადგენს. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვის შემეცნებითი და ემოციური სფერო მუდმივი ცვლილებებისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ეს პროცესი ასაკობრივი თავისებურებებით ხასიათდება. ამავე დროს, ბავშვის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ის სენზიტიური ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მიმდინარეობს თვისობრივად ახალი გამოცდილების ათვისება და ახალი უნარების განვითარება. ამიტომ, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინება, რადგან აღნიშნულის გარეშე, შეუძლებელია, როგორც განვითარების ანომალიის კანონზომიერების ზუსტი შეფასება, კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა, ისე რეაბილიტაციისა და სწავლების სტრატეგიის სწორად შერჩევა.

ნორმალური განვითარებიდან გადახრა ხშირად განიმარტება როგორც ანომალური განვითარება, ანუ დიზონტოგენეზი (ნორმალური ონტოგენეზური განვითარების დარღვევა).

პრობლემურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

ცნობილია, რომ ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქო-სოციალური ფაქტორების ხანგრძლივი პათოლოგიური ზემოქმედება იწვევს ნორმალური განვითარებიდან გადახრას. განვითარების დარღვევები განსხვავდება გამომწვევი ფაქტორების ანუ ეტიოლოგიის, პათოგენეზური მექანიზმების, ფაქტორების ზემოქმედების პერიოდისა და ხანგრძლივობის მიხედვით. ამიტომ, განვითარების დარღვევების კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა შეუძლებელია განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის გარეშე.

განვითარების დარღვევების ცნობილ კლასიფიკაციებში ზოგადადაა გამოყოფილი ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები. ეს კლასიფიკაციები უფრო სამედიცინო ხასიათისაა და მათში, ძირითადად, განხილულია პრენატალური, პოსტნატალური და პერინატალური მიზეზები (Handbook of Psychiatry, 1969; ვ. ლებედინსკი, 1985; Developmental Disorders ed. S. Hooper, 1992). ა. კარის მიერ მოწოდებულ ორიგინალურ კლასიფიკაციაში (1999) ბავშვის განვითარებაზე მოქმედ ბიოლოგიურ მიზეზებთან ერთად აქცენტი გამახვილებულია მრავალ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.

ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებაში ა. კარი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს:

ფსიქოლოგიური პრობლემების წარმომშობი პრედისპოზიციური ანუ რისკ-ფაქტორები;

დამაჩქარებელი ანუ ბიძგის მიმცემი (ტრიგერები), ან ფსიქოლოგიური სირთულეების გამაძლიერებელი ფაქტორები;

ხელშემწყობი (შემანარჩუნებელი) მიზეზები ანუ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უკვე აღმოცენებული ფსიქოლოგიური პრობლემების გახანგრძლივებასა და განმტკიცებას;

დამცავი ფაქტორები, რომლებიც ამუხრუჭებს აღმოცენებული პრობლემების შემდგომ გაღრმავებას და გავლენას ახდენს პროგნოზსა თუ მკურნალობაზე.

ეს ფაქტორები ორ ზოგად სფეროდ ნაწილდება: პერსონალურად და კონტექსტუალურად. პერსონალური ფაქტორების ქვეშ იგულისხმება ბავშვის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური, ხოლო კონტექსტუალურში - ბავშვის ფსიქო-სოციალური გარემოს მახასიათებლები (ოჯახური, სკოლის, თანატოლების, დამხმარე ორგანიზაციების).

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების სტრუქტურა, შეიძლება, შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემების პრედისპოზიციური, დამაჩქარებელი, შემანარჩუნებელი და დამცავი ფაქტორები ა. კარის მიხედვით (1998)

პრედისპოზიციური ფაქტორები

პერსონალური პრედისპოზიციური ფაქტორები

ბიოლოგიური:

გენეტიკური მოწყვლადობა;

პრედა პოსტნატალური გართულებები;

ადრეული ასაკის ინსულტები, ტრავმები და ავადმყოფობა.

ფსიქოლოგიური:

დაბალი ინტელექტი;

რთული ტემპერამენტი;

დაბალი თვითშეფასება;

კონტროლის გარეგანი ლოკუსი.

კონტექსტუალური პრედისპოზიციური ფაქტორები

ადრეულ ბავშვობაში ბავშვი-მშობლის ურთიერთობის ფაქტორები:

მიჯაჭვულობის პრობლემები;

ინტელექტუალური განვითარების სტიმულირების ნაკლებობა;

ავტორიტარული მშობლები;

გულგრილი მშობლები;

ყველაფრის ნებადამრთველი მშობლები;

არათანმიმდევრული დისციპლინა;

ბავშვის ადრეულ ასაკში ოჯახური პრობლემების არსებობა:

მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები;

მშობლების ალკოჰოლოზმი და ნარკომანია;

მშობლების კრიმინალურობა;

ცოლ-ქმრული უთანხმოებანი და ძალადობა;

ოჯახური დეზორგანიზაცია;

დელიქვანტური და-ძმა.

ადრეული ბავშვობის სტრესი:

განშორება;

ახლობლის დაკარგვა;

ძალადობა;

ინსტიტუციონალური აღზრდა;

არახელსაყრელი სოციალური პირობები.

დამაჩქარებელი ფაქტორები

მწვავე ცხოვრებისეული სტრესი;

ტრავმა, ავადმყოფობა;

ძალადობა;

ცემა;

ახლობლის დაბადება ან დაკარგვა;

ცხოვრებისეული ციკლის გარდამავალი პერიოდები;

სკოლის გამოცვლა;

თანატოლების ან მეგობრების დაკარგვა;

ახლობლებთან განშორება ან მშობლების გაყრა;

მშობლების უმუშევრობა;

საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;

ეკონომიკური სირთულეები.

შემანარჩუნებელი ფაქტორები

პერსონალური შემანარჩუნებელი ფაქტორები

ბიოლოგიური ფაქტორები

ფსიქოფიზიოლოგიური სისტემების დეზინტეგრაცია

ფსიქოლოგიური ფაქტორები

დაბალი თვით-ეფექტურობა;

დისფუნქციური ატრიბუციული სტილი;

დაცვის მოუმწიფებელი მექანიზმები;

დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები.

კონტექსტუალური შემანარჩუნებელი ფაქტორები

მკურნალობის სისტემის ფაქტორები:

ოჯახის მიერ პრობლემის იგნორირება;

პრობლემის გადაწყვეტისადმი ამბივალენტურობა;

პრობლემასთან გამკლავებაში ოჯახის გამოუცდელობა;

ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვის უარყოფა;

მკურნალობაში ჩართულ პროფესიონალებს შორის კოორდინაციის არარსებობა.

ოჯახის სისტემის ფაქტორები:

პრობლემური ქცევის უნებლიე განმტკიცება;

არამდგრადი მიჯაჭვულობა;

ძალადობრივი ურთიერთობა და ავტორიტარული აღზრდა;

ოჯახის გათიშულობა და პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულება;

ჭარბი მზრუნველობა და ყველაფრის ნებადამრთველი აღზრდა;

არათანმიმდევრული დისციპლინა;

ბუნდოვანი კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის;

ტრიანგულაცია;

ქაოტური ოჯახი;

ცოლ-ქმრული უთანხმოებანი;

არასრული ოჯახი, მშობლების განქორწინება.

მშობლების ფაქტორები:

მშობლებს მსგავსი პრობლემა აქვთ;

მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები ან კრიმინალურობა;

ბავშვის განვითარებისადმი არაადეკვატური მოლოდინები;

მშობლების დაბალი თვითშეფასება;

მშობლების კონტროლის გარეგანი ლოკუსი;

მშობლების დაბალი თვით-ეფექტურობა;

დეპრესიული ან ნეგატიური ატრიბუციული სტილი;

მოუმწიფებელი დაცვის მექანიზმები;

დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები;

სოციალური კავშირების ფაქტორები:

მწირი სოციალური მხარდაჭერა;

ძლიერი ოჯახური სტრესი;

სოციალური წარუმატებლობა;

ბავშვისათვის არაადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე;

დასაქმების მცირე შესაძლებლობა;

ძალადობა საინფორმაციო საშუალებებში.

დამცავი ფაქტორები

პერსონალური დამცავი ფაქტორები

ბიოლოგიური ფაქტორები:

კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა;

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი;

ახალ გარემოსთან იოლი ადაპტაცია;

მაღალი თვითშეფასება;

კონტროლის შინაგანი ლოკუსი;

მაღალი თვით-ეფექტურობა;

ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი;

დაცვის მომწიფებული მექანიზმები;

დაძლევის ფუნქციური სტრატეგიები.

კონტექსტუალური დამცავი ფაქტორები

მკურნალობის სისტემის ფაქტორები:

ოჯახის მიერ პრობლემის მიმღებლობა;

ოჯახის მიერ პრობლემის გადაწყვეტაზე ვალდებულების აღება;

ოჯახის მსგავს პრობლემასთან გამკლავების გამოცდილება;

ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმის მიმღებლობა;

ოჯახსა და პროფესიონალებს შორის კარგი კოორდინაცია.

ოჯახის სისტემის ფაქტორები:

უსაფრთხო მიჯაჭვულობა;

ავტორიტარული აღზრდა;

მკაფიო, ცხადი ოჯახური კომუნიკაცია;

მოქნილი ოჯახური ორგანიზაცია;

მამის ჩართულობა;

ცოლ-ქმრული თანხმობისა და კმაყოფილების მაღალი ხარისხი.

მშობლების ფაქტორები:

ბავშვის განვითარებისადმი ადეკვატური მოლოდინები;

მშობლების ადეკვატური თვითშეფასება;

მშობლების კონტროლის შინაგანი ლოკუსი;

მშობლების მაღალი თვით-ეფექტურობა;

ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი;

მომწიფებელი დაცვის მექანიზმები;

ფუნქციური დაძლევის სტრატეგიები.

სოციალური კავშირების ფაქტორები:

ძლიერი სოციალური მხარდაჭერა;

ბავშვისათვის ადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე;

მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი.

ასაკობრივი განვითარების მახასიათებლებისა და განვითარების დარღვევის სიმპტომების მიმართება

განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს დიზონტოგენეზის სიმპტომებისა და ნორმალური განვითარების ასაკობრივი ნიშნების დიფერენცირებას. ნორმალური განვითარების სხვადასხვა პერიოდში ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს გარემოს მავნე ზემოქმედებაზე. ბუნებრივია, განვითარების დარღვევის შემთხვევაშიც, დიზონტოგენეზის სიმპტომებთან ერთად, სახეზეა ბავშვის ასაკობრივი განვითარებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.

განასხვავებენ ნერვულ-ფსიქიკური რეაგირების ოთხ ტიპს (ვ. კოვალიოვი, (1979):

რეაგირების სომატო-ვეგეტატური დონე (0-3 წელი) - ხასიათდება ვეგეტატური სიმპტომებით, როგორიცაა ძილის, მადის, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მატება;

რეაგირების ფსიქომოტორული დონე (4-10 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერდინამიკური ტიპის დარღვევებით, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, ტიკები, ენაბორძიკობა, ენურეზი;

რეაგირების აფექტური დონე (7-11 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა სახის შიშებით, იოლი აფექტური აგზნებადობით, ნეგატივიზმისა და აგრესიის გამოვლინებებით;

რეაგირების ემოციურ-იდეატორული დონე (11-16 წელი) - ხასიათდება პუბერტატის ასაკისათვის ჩვეული თავისებურებებით.

რეაგირების აღნიშნული დონეები, როგორც წესი, კონკრეტულ ასაკობრივ პერიოდებს შეესაბამება, თუმცა, ყოველ ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლებელია, მეტ-ნაკლები ხარისხით გამოვლინდეს რეაგირების ოთხივე დონე. ამიტომ გარემოს მავნე ზემოქმედებაზე რეაგირების ზემოაღნიშნული ტიპით დაყოფა პირობითია, რადგან ასეთ შემთხვევებში ასაკის შესაბამისი რეაგირების ტიპის უპირატესობაზეა საუბარი. განვითარების დარღვევების შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული ასაკობრივი პერიოდებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებაც; კრიტიკული, კრიზისული ანუ სენზიტიური პერიოდი წარმოადგენს განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის შუალედურ სტადიას. ამ დროს ჩნდება ბავშვის უკვე შეძენილ, დაუფლებულ უნარებსა და გარემოს გაზრდილ მოთხოვნებს შორის კონფლიქტი. გარემოსთან ბავშვი უკვე ვეღარ ურთიერთობს ძველი საშუალებებით, ახალი უნარები კი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, რეგრესი, ანუ წინა ასაკობრივ საფეხურზე დროებითი ჩამოცურების ფენომენი განვითარდეს. ნორმალური განვითარების ეს კანონზომიერება აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ანომალური განვითარების შეფასების დროს.

ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების და უნარების ნორმალური განვითარების კანონზომიერება და დარღვევა

ფუნქციის და განვითარების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური უნარის ჩამოყალიბების პროცესის რომელ ეტაპზე მოხდა მავნე ზემოქმედება. ამის მიხედვით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ განვითარების რა სახის ანომალიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ფსიქიკური ფუნქციის და უნარის მომწიფების სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: აღმოცენება, ჩამოყალიბება და განმტკიცება (Dennis, Burnes, 1994). უნარის მომწიფებაში შესაძლებელია გამოდიფერენცირდეს შემდეგი ასპექტები:

აღმოცენება:

აღმოცენების დრო – განვითარების ის ეტაპი, როდესაც პირველად ვლინდება კონკრეტული უნარი. ის შეიძლება იყოს დროული ან დაგვიანებული.

თანმიმდევრობა – უნარის აღმოცენების დრო სხვა უნარებთან მიმართებაში: რა თანმიმდევრობით ხდება კონკრეტული უნარის პირველი გამოვლინება. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც გულისხმობს უნარის აღმოცენების თანმიმდევრობის არევას სხვა უნარებთან მიმართებაში.

განვითარება:

ჩამოყალიბების ტემპი – უნარის განვითარების სისწრაფეა. ის შეიძლება იყოს ნორმალური, ან დროში გახანგრძლივებული.

სტრატეგია – უნარის გამოყენების გზა და საშუალებები. ის შეიძლება იყოს ჩვეული, ნორმალური ან შემოვლითი, რაც გულისხმობს უნარის გამოყენების ატიპურ, არაეფექტურ გზას.

გავარჯიშება – გულისხმობს საბოლოო კომპეტენციის მიღწევას, როდესაც უნარის ფუნქციონირება შედეგიანია და დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დეფიციტური – ამ დროს არ ხდება უნარის სრული ჩამოყალიბება და მის განხორციელებას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

განმტკიცება:

კონტროლი – უნარის კონტროლი გულისხმობს მის სრულად გამოყენების შესაძლებლობას მოკლე დროში შეფერხების გარეშე. კონტროლი შეიძლება იყოს ნორმალური ან სიმპტომური, რაც მიუთითებს უნარის დროებით დაქვეითებასა და დარღვევაზე.

შენარჩუნება – გულისხმობს უნარის ხანგრძლივად შენახვასა და გამოყენებას. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ ხერხდება განვითარებული უნარის ხანგრძლივად შენახვა.

განვითარების დარღვევის დიაგნოსტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა პერიოდში აღინიშნა ამა თუ იმ უნარის ასაკისათვის შეუსაბამო განვითარება და რა იყო მისი ქცევითი გამოვლინებები. ეს გვაძლევს ინფორმაციას ბავშვის არა მხოლოდ დეფიციტის, არამედ მისი შესაძლებლობების შესახებ და მეორეს მხრივ გვეხმარება დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ადეკვატურად გამოყენებაში.

განვითარების ფსიქოპათოლოგიის მოდელები

განვითარების ფსიქოპათოლოგიის მრავალფეროვანი თეორიებიდან სამი ძირითადი პროტოტიპული მოდელია გამოყოფილი: ნიშნების მოდელი, გარემოს მოდელი და ინტერაქციული მოდელი.

განვითარების დარღვევების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით ეს მოდელები მრავალი ვარიაციის სახით გვხვდება.

ნიშნების ანუ სტატუსის მოდელს სამედიცინო მოდელსაც უწოდებენ. მისი ძირითადი დებულება შემდგომში მდგომარეობს: დროის კონკრეტული პერიოდისათვის არსებული ნიშნებითა და სტატუსით შესაძლებელია ბავშვის შემდგომი პერიოდის სტატუსის წინასწარმეტყველება. ეს მოდელი არ არის ინტერაქციული ტიპის და, აქედან გამომდინარე, გარემოს გავლენის ეფექტს არ განიხილავს. ამ მოდელში განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული ნიშანი შეიძლება კიდეც ურთიერთქმედებდეს გარემოსთან, მაგრამ იგი გარემოს გავლენით არ იცვლებოდეს. ნიშნების ტრანსფორმაცია რთული ფენომენია. ნიშნები, შეიძლება, მოიცავდეს პროცესებს, დაძლევის უნარებს, რეაგირების ტენდენციებს, ტემპერამენტს, გენეტიკურ კოდებს და ა.შ. ამასთან, ნიშნები, შეიძლება, სწავლის პროცესში იქნას შეძენილი ინტერაქციის შედეგად. შეძენის შემდეგ იგი შედარებით უცვლელად რჩება და შემდეგი ინტერაქციის მერე არ ხდება მისი ტრანსფორმაცია.

გენეტიკური და ბიოლოგიური მიზეზების შედეგად აღმოცენებული ფსიქოპათოლოგიური პრობლემების გასარკვევად ეფექტურია ნიშნების მოდელი და მას ხშირად იყენებენ ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური მიზეზების კვლევისას. კონკრეტული ნიშანი პათოლოგიის კონკრეტული ტიპის გამომწვევია. ბავშვს, რომელიც ერთი ან რამდენიმე გენის ცვლილებითაა დაბადებული, ფსიქოპათოლოგიის ნიშნები მოგვიანებით უვლინდება. ამ შემთხვევაში პოტენციურ შედეგებზე გარემოს ზეგავლენის როლი უმნიშვნელოა. ამ მოდელს ნაკლიც გააჩნია:

ფსიქოპათოლოგია შეიძლება არ გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებიც კონკრეტული სტატუსის, ან ნიშნის მატარებელნი არიან. მაგ.: შიზოფრენიით დაავადებული მშობლების შვილს შიზოფრენია, შეიძლება, არ განუვითარდეს; მყიფე X სინდრომის მქონე ქალებს, შეიძლება, არ გამოუვლინდეთ დარღვევები, ისევე, როგორც ფენილკეტონურიის გენური მუტაციის მქონე ყველა პირს, შეიძლება, არ აღენიშნოს ფსიქოპათოლოგია ან განვითარების პრობლემები.

გარემოს მოდელი. ქცევაზე გავლენას ახდენს წარსული გამოცდილებაც. დროის კონკრეტულ მომენტში ზოგიერთი გარემო ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქცევაზე. მაგალითად, ადრეული ასაკის პერიოდში გარემოს ნეგატიური გავლენა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგვიანებით ასაკში. ასევე, ბავშვის განვითარებაზე მასტიმულირებელი და ყურადღებიანი გარემო დაბადებიდან პირველ წელს უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე მეორე წელს. ბავშვის კონკრეტული გამოცდილება შემდგომში ახდენს გავლენას მის ქცევასა და გარემოსადმი რეაგირებაზე.

ინტერაქციული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით (Lewis, 1972; Sameroff, Chandler, 1975) ბავშვის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც გარემო, ასევე ბავშვისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვის განვითარებაში ცვლილება ამ ორი ფაქტორის ფუნქციაა. განვითარების აღნიშნული მოდელის ცენტრალური საკითხია ტრანსფორმაცია. განარჩევენ ინტერაქციული მოდელის ორ ვარიანტს. პირველ შემთხვევაში ახალ ქცევებს ნიშნისა და გარემოს ურთიერთქმედება იწვევს და ამ ურთიერთქმედების შედეგად არ იცვლება არც ნიშანი, არც გარემო. ამ მოდელის მიხედვით ახა ლი ქცევები აღმოცენდება ძველი ქცევებისა და გარემოსთან მათი ინტერაქციის საფუძველზე; მაგრამ, ეს მხოლოდ ახალი ქცევების ძველ რეპერტუარზე დამატებაა. მეორე შემთხვევაში ახალი ქცევები აღმოცენდება გარემოსა და ნიშნის ურთიერთქმედებით, რის შედეგადაც იცვლება როგორც გარემო, ისე ნიშანი. ამ უკანასკნელ მიდგომას ლ. ვიგოტსკის მოდელი (1982) ეკუთვნის.

მორგების მოდელი (Thomas, Chess, 1977; Lerner, 1984). ამ მოდელის ძირითადი დებულების საფუძველია ბავშვის პრობლემების მახასიათებლებსა და გარემოს მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობა. შეგუების პრობლემები არა ბავშვის ბუნებაში, ან გარემოს მოთხოვნებშია, არამედ მათ შეუთავსებლობაში. მორგების მოდელის მიხედვით ფსიქოპათოლოგია ბავშვის ნიშნებისა და გარემოს შეუსაბამობის შედეგს წარმოადგენს.

ლ. ვიგოტსკის მოდელი. ანომალური ონტოგენეზური განვითარების შესასწავლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების ორი ფაქტორის - ბიოლოგიურისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურის ურთიერთმოქმედების გათვალისწინებას. განვითარების პროცესში იცვლება ფსიქიკური აქტივობის უზრუნველყოფის ნერვული მექანიზმები, ხოლო ბიოლოგიური და სოციალურფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება ცვლის ბავშვის ქცევას; ბავშვის გამოცდილება იცვლება გარემოსთან აქტიური ურთიერთმოქმედების პროცესში.

ვ. ლებედინსკიმ ლ. ვიგოტსკის დებულებებზე დაყრდნობით გამოყო ფსიქიკური განვითარების დარღვევის განმსაზღვრელი შემდეგი პარამეტრები:

• დარღვევის ფუნქციური ლოკალიზაცია. ლოკალიზაციის მი- ხედვით გამოიყოფა კერძო და ზოგადი დეფიციტი. კერძო დეფიციტი ფსიქიკური ფუნქციების (გნოზისის, პრაქსისის, მეტყველების), ხოლო ზოგადი დეფიციტი რეგულატორული სისტემების დარღვევას გულისხმობს, რაც ფსიქიკური აქტივაციის დონის, ყურადღების კონცენტრაციის, ემოციური სფეროს რეგულაციის, მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის დარღვევებში ვლინდება.

• დაზიანების დრო. განვითარების დარღვევის ტიპი დამოკიდე- ბულია ნერვული სისტემის დაზიანების პერიოდზე. დროითი ფაქტორის ქვეშ არა მხოლოდ დაზიანების მომენტი, არამედ ონტოგენეზში მოცემული ფუნქციის განვითარების პერიოდის ხანგრძლივობაც იგულისხმება. ბავშვის განვითარების პროცესში ფსიქიკური ფუნქციების ჩამოყალიბებისათვის განსხვავებული დროა საჭირო. ზოგიერთ ფუნქციას განვითარების ხანმოკლე ციკლი აქვს, ზოგს კი - ხანგრძლივი. ასე რომ, ონტოგენეზში ფსიქიკური ფუნქციები ჰეტეროქრონულად ვითარდება ანუ ფუნქციათა ჩამოყალიბება ერთდროულად კი არ ხდება, არამედ, თითოეულ მათგანს განვითარების მისთვის დამახასიათბელი დროითი ციკლი აქვს. მაგალითად, მოტორული ფუნქციის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება - დაბადებიდან 7 წლამდე, მაშინ, როცა მხედველობითი და ტაქტილური აღქმის ჩამოყალიბების ციკლი უფრო ხანმოკლეა - 3 წლამდე. ამავე დროს, განვითარების ყოველ ეტაპზე რომელიმე ფსიქიკური ფუნქციის ჩამოყალიბება დროში წინ უსწრებს სხვა ფუნქციების განვითარებას. მაგ.: ონტოგენეზის ადრეული პერიოდის წამყვანი ფუნქციაა აღქმისა და მეტყველების განვითარება და ამ ფუნქციების ჩამოყალიბება წინ უსწრებს პრაქსისის განვითარებას. განვითარების ადრეულ საფეხურზე აღქმის წამყვანი როლი პიაჟეს ცნობილ ფენომენებში ვლინდება. შემდგომში მიმდინარეობს საგნობრივი მოქმედებების უნარისა და პრაქსისის განვითარება. მოტორულ აქტივობაში სიტყვის მარეგულირებელი როლის გაზრდა იწვევს აღქმის, მეტყველების, ნებით მოტორულ ქმედებათა შორის ფუნქციური ურთიერთობის მნიშნვნელოვან ცვლილებას.

დროის პარამეტრში, ასევე, იგულისხმება განვითარების სენზიტიური პერიოდებიც. გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ ზღურბლი განსაკუთრებით დაბალია 0-3 წლამდე და 11-15 წლის ასაკში. ამ პერიოდებში განსაკუთრებით ხშირია რეგრესის მოვლენა. რეგრესი შეიძლება განიცადოს არა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა, არამედ უკვე ჩამოყალიბებულმა ფუნქციებმაც. აუცილებელია რეგრესის მოვლენისა და განვითარების დარღვევის განსხვავება, რადგანაც პირველ შემთხვევაში ფუნქციის განვითარების წინა დონეზე გადასვლა ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ფუნქციის უხეში, ან ნაწილობრივი დარღვევა.

განვითარებაში ჩამორჩენა არასდროს არაა ერთნაირი. ნერვული სისტემის დაზიანება, პირველ რიგში, იმ ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დარღვევას იწვევს, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში იმყოფება ჩამოყალიბების სენზიტიურ პერიოდში და განსაკუთრებულად მოწყვლადია.

• ურთიერთმიმართება პირველად და მეორად დეფექტებს შორის. ლ. ვიგოტსკის მიხედვით დეფექტს სისტემური აგებულება აქვს. პირველადი დეფექტი უშუალოდ უკავშირდება ანომალური განვითარების ბიოლოგიურ ფაქტორებს (მაგ. სმენის და მხედველობის დაზიანება, ბავშვთა ცერებრული დამბლა, გენეტიკური დარღვევები, თავის ტვინის დაზიანება და ა.შ.); მეორადი დეფექტი კი პირველადი დეფექტით განპირობებული ანომალური განვითარების პროცესის შედეგია. მაგ.: სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს პირველადი დეფექტი, ხოლო მეორადი დეფექტის სახით წარმოჩინდება მეტყველების განვითარების პრობლემები და კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. მეორადად შეიძლება დაირღვეს ის ფსიქიკური ფუნქციებიც, რომლებიც დაზიანების მომენტში განვითარების სენზიტიურ პერიოდში იმყოფება. მაგ.: სკოლამდელ ასაკში განსაკუთრებით მოწყვლადია ნებითი მოტორიკა და მეტყველება, ამიტომ სხვადასხვა დაზიანებისა და განსხვავებული პირველადი დეფექტების შემთხვევაში ხშირია მათი განვითარების დარღვევა.

• ფუნქციათაშორისი კავშირების დარღვევა. ონტოგენეზში ფუნ- ქციები არა იზოლირებულად, არამედ ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ვითარდება. ნორმალური განვითარების პროცესში ფუნქციას, შეიძლება, რამდენიმე სახის კავშირი ჰქონდეს სხვა ფუნქციებთან:

ფუნქციის დროებითი დამოუკიდებლობით ხასიათდება ონტოგენეზის ადრეული ეტაპი. მაგალითად, ლ. ვიგოტსკის მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტყველებისა და აზროვნების განვითარება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მეტყველების ფონეტიკური და აზრობრივი მხარეების განვითარების პროცესებიც.

ფუნქციის ასოციაციური კავშირებიც განვითარების ადრეულ ეტაპებს ახასიათებს. დროსა და სივრცეში სიახლოვის მიხედვით, სხვადასხვა მოდალობის შთაბეჭდილებები ერთ მთლიან ასოციაციურ კომპლექსებად ერთიანდება. შეიძლება, ეს ასოციაციური კომპლექსები სხვადახვა სირთულის იყოს, თუმცა, ასეთი სახის კავშირები ფსიქიკური ფუნქციების სუსტ დიფერენციაციაზე მიუთითებს.

ფუნქციათა შორის იერარქიული კავშირები ყალიბდება საგნობრივი მოქმედებების დაუფლებისა და სოციალური ურთიერთობის პროცესში. ფუნქციათა შორის იერარქიული და მრავალდონიანი კავშირები გულისხმობს ფუნქციის წამყვანი, მარეგულირებელი და ფონური, ტექნიკური დონეების გამოდიფერენცირებას; ფუნქციის განხორციელებაში ყოველ მათგანს შესატყვისი დანიშნულება გააჩნია.

ნორმალური სისტემოგენეზის პირობებში სახეზეა ყველა ტიპის კავშირი, რომლებიც ასახავენ ფსიქიკური ფუნქციების ფუნქციური ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებს. ფსიქიკური ფუნქციების გართულება თუ ფუნქციური სტრუქტურის შეცვლა გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმდინარეობს და ჰეტეროქრონიის კანონს ემორჩილება.

განვითარების დაღვევისას ადგილი აქვს ფუნქციათა შორის კავშირების დარღვევას. მაგ.: როდესაც ფუნქცია მოწყვეტილია სხვა ფსიქიკურ ფუნქციებს და დამოუკიდებლად ვითარდება, ფუნქციის დროებით დამოუკიდებლობას მისი იზოლირებული განვითარება ცვლის. განვითარების დარღვევის დროს ასოციაციური კავშირები მაღალი ინერტულობით ხასიათდება, რის შედეგადაც ხდება მათი პათოლოგიური ფიქსაცია, ვეღარ ხერხდება ფუნქციის გართულება და მისი იერარქიულ კავშირებში ჩართვა. ირღვევა ფუნქციათა განვითარების ჰეტეროქრონულობის კანონი და ადგილი აქვს ასინქრონიას, ანუ განვითარების დისპროპორციას; ერთი ფუნქციის განვითარების ციკლის დარღვევა იწვევს სხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დეფიციტს. შეიძლება, ადგილი ჰქონდეს განვითარების ცალკეული პერიოდის ჩამორჩენას ანუ რეტარდაციას; ან ცალკეული ფუნქციების ნაადრევ, იზოლირებულ განვითარებას - აქსელერაციას.

აღნიშნული მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა სახის განვითარების დარღვევის ჩამოყალიბებაში.

განვითარების ფსიქოპათოლოგიის შეფასება

განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკაში ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება. შეფასების პროცედურის დროს ხდება დარღვევის ტიპის განსაზღვრა, ბავშვის ინდივიდური პრობლემის იდენტიფიკაცია, ინტერვენციის (ჩარევის) შერჩევა და შედეგების განჭვრეტა.

იმის მიხედვით, თუ ვისთან ურთიერთობს, ბავშვის ქცევა იცვლება სიტუაციურად. ამიტომ, შეფასებისათვის მხოლოდ ერთი პროცედურის გამოყენება არ იქნება მართებული; ბავშვის შეფასებისას ასევე მიზანშეუწონელია ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს გამოყენება. ინფორმაციის მიღება მეტად მნიშვნელოვანია იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში და პირობებში ურთიერთობს ბავშვთან. ამავე დროს, აუცილებელია, შეფასების, როგორც მრავალგანზომილებიანი სისტემის განსაზღვრა, რომლის მიზანია სხვადასხვა სფეროში და პირობებში ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიკაცია. ასეთი მრავალმხრივი შეფასება საშუალებას იძლევა დავინახოთ თუ ინტერვენციის როგორი სახეა საჭირო მოცემულ კონტექსტში. ერთსა და იმავე ბავშვთან ინტერვენციის ტიპის შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბ. აშენბახი ბავშვის დამაკმაყოფილებელი შეფასების მიზნით გამოყოფს 5 განზომილებას. თითოეული განზომილების ფარგლებში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა პერიოდისათვის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის.

მრავალგანზომილებიანი შეფასების მოდელი გულისხმობს: მშობლის ანგარიშს, მასწავლებლის ანგარიშს, კოგნიტურ შეფასებას, ფიზიკურ შეფასებასა და უშუალოდ ბავშვზე დაკვირვებას.

ბავშვის შეფასების მიზანია მისი სირთულეებისა თუ პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და დახმარების სტრატეგიის განსაზღვრა. რაიმე სისტემის მიხედვით იდენტიფიკაციის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან განსხვავების მიზნით კატეგორიზაციასა და კლასიფიკაციას ეფუძნება. ამიტომ, ბავშვის მდგომარეობის იდენტიფიკაცია და მისი სხვა ბავშვის მდგომარეობისაგან განსხვავება შეუძლებელია კლასიფიკაციის გარეშე. კლასიფიკაცია კი მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზეა შესაძლებელი და ტაქსონომიას გულისხმობს.

ტაქსონომია კლასიფიკაციის მეცნიერებაა, რომელიც გარკვეული წესით ჯგუფის ელემენტების (ტაქსონების) ქვეჯგუფებად (ტაქსებად) გამოყოფას გულისხმობს ისე, რომ ამ ქვეჯგუფებს მკაფიო საზღვრები ჰქონდეს და სხვადასხვა ქვეჯგუფში შემავალი ელემენტები არ ფარავდნენ ერთმანეთს. პრაქტიკაში ტაქსონომია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი.

კლასიფიკაციის ფუნქცია

ადამიანის განვითარების დარღვევების კლასიფიკაციას შემდეგი დანიშნულება აქვს:

უზრუნველყოფს თეორიის, გაგებისა და ახსნის საფუძვლებს;

აღწერს მდგომარეობას და ხელს უწყობს მის შესახებ ინფორმაციის შეკრებას;

უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, სახელდების საერთო სისტემას მოვლენების, ნიშნებისა და სიმპტომების აღსანიშნავად;

განსაზღვრავს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და დარღვეულ მდგომარეობებს შორის კავშირს;

ახდენს მდგომარეობის წინმსწრები და შემდგომი მოვლენების იდენტიფიკაციასა და ხელს უწყობს მკურნალობის ტიპის განსაზღვრას;

იძლევა პროგნოზისა და მდგომარეობის კონტროლის საშუალებას.

მიდგომები შეფასებისადმი

განასხვავებენ კლასიფიკაციის აღწერით, დიაგნოსტიკურ და მულტივარიაციულ მიდგომებს. მათ შესაფასებლად ყველა შემთხვევაშია აუცილებელი იმ კრიტერიუმების გათვალისწინება, რომელთა საფუძველზეც ფასდება აღნიშნული მიდგომა.

დიაგნოსტიკა ხორციელდება სიმპტომების, ნიშნების აღწერით და ამ სიმპტომების კონკრეტულ სინდრომში გაერთიანებით. ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან მსგავსი სიმპტომები ახასიათებს განსხვავებულ სინდრომებს. დიაგნოსტირებისათვის საჭიროა იმ საერთო ფაქტორის მოძიება, რომელიც სიმპტომებს სინდრომში გააერთიანებს და კონკრეტული დიაგნოზის ფარგლებში მოაქცევს. დიაგნოზი წარმოადგენს მდგომარეობის შესახებ დასკვნას სისწორის გარკვეული ალბათობის ხარისხით, რაც დამოკიდებულია აღნიშნული მდგომარეობის შესახებ ცოდნასა და ემპირიულ ფაქტებზე. სიტყვა „დიაგნოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განსხვავებას“ ან „ორს შორის გარჩევას“.

დიაგნოსტიკური დასკვნები ვალიდური, ანუ ვარგისიანი უნდა იყოს, შესაბამისად უნდა არსებობდეს მათი ვალიდობის დადგენის გზები. როდესაც დიაგნოზის დადგენა საფეხურებრივად ხდება და მკურნალობა ინიშნება, აუცილებელია, რომ იგი მოიცავდეს მისი წინმსწრები მოვლენებისა და გამოწვეული შედეგების აღწერას; შესაბამისად, დიაგნოსტიკური პროცესი შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:

მდგომარეობის „პათოგენეზის“ ან ეტიოლოგიის აღწერა - იდენტიფიკაცია, თუ როგორ და რა მიზეზით აღმოცენდა მდგომარეობა;

მდგომარეობის განვითარების შესაძლებელი მიმართულების განსაზღვრა;

დიაგნოზი - დასკვნა მოცემული მდგომარეობის შესახებ, იმის განსაზღვრა, თუ რა დაავადება აქვს პაციენტს;

მკურნალობის განსაზღვრა კონკრეტული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

პროგნოზი - როგორ განვითარდება მდგომარეობა მკურნალობის ფონზე და მისი შეწყვეტის შემდეგ;

ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება;

დიაგნოზის შემოწმება შედეგების შეფასებით.

აღწერითი მიდგომა

ამჟამად გავრცელებულია ორი საერთაშორისო სადიაგნოსტიკო სისტემა - DSM-IV, ამერიკული და ICD-10, საერთაშორისო, შემუშავებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. DSM-IV მრავალგანზომილებიანი კატეგორიალური სისტემაა. სხვადასხვა მდგომარეობის განმასხვავებელი სიმპტომები და ნიშნები 5 განზომილებაზეა აღწერილი.

I განზომილება - კლინიკური სინდრომები. ამ განზომილებაზე აღწერილია სხვადასხვა ფსიქიური აშლილობები და მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გარდა პიროვნული აშლილობებისა და გონებრივი ჩამორჩენილობისა.

II განზომილება - პიროვნული აშლილობები; გონებრივი ჩამორჩენილობა. ამ განზომილებაზე აღწერილია პიროვნული აშლილობები და გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ხარისხების მიხედვით.

III განზომილება - ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა. ამ განზომილებაზე მოცემულია სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც არ კლასიფიცირდება როგორც ფსიქიური აშლილობა. ამავე დროს, მრავალი სომატური თუ ნერვული დაავადება შეიძლება მნიშვნელოვან კავშირში იყოს სხვადასხვა სახის ფსიქიურ აშლილობასთან.

IV განზომილება - გარემოს და ფსიქოსოციალური პრობლემები. ამ განზომილებაზე აღწერილია ის ფსიქოსოციალური პრობლემები, რაც შეიძლება კავშირში იყოს ფსიქიურ აშლილობასთან ან გავლენა მოახდინოს მის მკურნალობასა და პროგნოზზე.

V განზომილება - ფუნქციონირების გლობალური შეფასება (ადაპტაციის ხარისხი). ამ განზომილებაზე ფასდება ინდივიდის ზოგადი ფუნქციონირების დონე, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და დასაქმების ასპექტებს. ბავშვთა და მოზარდთა დარღვევები, ისევე როგორც სხვა ძირითადი დიაგნოზები გარდა გონებრივი ჩამორჩენილობისა აღწერილია I განზომილებაზე.

ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები DSM-IV-ის მიხედვით:

გონებრივი ჩამორჩენილობა:

(მოთავსებულია II განზომილებაზე)

317. მსუბუქი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-50-70, თუმცა შეუძლია გარემოს სოციალურ მოთხოვნებთან გამკლავება.

318.0 საშუალო - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-35-55, ესაჭიროება პერიოდული დახმარება.

318.1 ძლიერი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-20-35, ესაჭიროება მუდმივი დახმარება, შეუძლია ელემენტარული ჩვევების დასწავლა;

318.2 მძიმე - 20-ზე დაბალი IQ; ესაჭიროება მოვლა და მუდმივი ზედამხედველობა.

319. გონებრივი ჩამორჩენილობა, სიმძიმის დადგენა შეუძლებელია

განვითარების პერვესიული დარღვევები

299.00 აუტიზმი - კომუნიკაციური ჩვევების დარღვევა, სოციალური ურთიერთობებისა და ქცევის დარღვევა, აფექტური სფეროს დარღვევა და გარემოს მიმართ გულგრილობა, რაც ვლინდება დაბადებიდან 30 თვემდე;

299.80 რეტის სინდრომი;

299.10 ბავშვობის დეზინტეგრაციული აშლილობა;

299.80 ასპერგერის სინდრომი;

299.80 განვითარების პერვესიული დარღვევა (დაუზუსტებელი), რომელიც არ თავსდება აუტიზმის კრიტერიუმებში.

დასწავლის უნარის დარღვევები

315.0 კითხვის უნარის განვითარების დარღვევები - კითხვის მწირი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; კითხვის ჩვევების ათვისების გაძნელება, ენობრივი და მეტყველების დარღვევები;

315.1 მათემატიკური უნარის განვითარების დარღვევა - მწირი არითმეტიკული ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით ან სხვა ფაქტორებით; არითმეტიკის ათვისების გაძნელება;

315.2 წერის უნარის განვითარების დარღვევები - მწირი წერითი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; წერის ათვისების გაძნელება;

315.9 დასწავლის უნარის დაქვეითება - ყველა სხვა, დაუზუსტებელი.

კომუნიკაციის დარღვევები

315.31 ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - აზრის გამოთქმის გაძნელება და სიტყვების სიმწირე;

315.32 შერეული იმპრესიული (რეცეპტული)-ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - მეტყველების გაგების და აზრის სიტყვებში ჩამოყალიბების სიმწირე;

315.39 ფონოლოგიური დარღვევა (არტიკულაციის განვითარების დარღვევა) - არტიკულაციის გაძნელება, ბგერების მწირი არტიკულაცია, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან;

307 ენაბორძიკობა

307.9 კომუნიკაციის სხვა, დაუზუსტებელი დარღვევები.

მოტორული ჩვევების დარღვევა

315.4 კოორდინაციის განვითარების დარღვევა - მოძრაობათა კოორდინაციის სიმწირე;

ყურადღების დეფიციტისა და ქცევითი აშლილობა

314.XX ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი - ასაკთან შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა;

314.01 კომბინირებული ტიპი;

314.0 უპირატესად უყურადღებო ტიპი;

314.1 უპირატესად იმპულსური ტიპი;

314.9 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევა - ყველა სხვა, დაუზუსტებელი.

312. XX ქცევითი აშლილობა - ქცევის დარღვევის მუდმივი გამოვლინება, როდესაც სხვების უფლებები და სოციალური ნორმები სისტემატურად ირღვევა; ვლინდება აგრესიის სახით ჯგუფებში და ინდივიდურად;

312.81 დასაწყისი ბავშვობაში

312.82 დასაწყისი ყმაწვილობაში

312.89 დასაწყისის განსაზღვრა შეუძლებლია

313.81 ოპოზიციური დევიანტური აშლილობა - ნეგატიური და მავნე ქცევის გამოვლინება სოციალური ნორმების დარღვევის გარეშე.

312.9 ქცევის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა

კვებითი აშლილობა

52.52 პიკა - არასაკვები ნივთიერებების მუდმივად საკვებად გამოყენება;

307.53 ჩვილობის ღეჭვის დარღვევა;

307.59 ჩვილობის და ბავშვობის კვების სხვა, დაუზუსტებელი აშლილობები.

სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა

302.6 ბავშვობის სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა - სქესთან დაკავშირებული ინტენსიური დისტრესი და მისი შეცვლის სურვილი;

302.6 სქესობრივი იდენტიფიკაციის სხვა დარღვევები

ტიკური აშლილობა

307.23 ჟილ დე ლა ტურეტის დაავადება - მრავლობითი მოტორული და ვოკალური ტიკები;

307.22 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა - ან მოტორული, ან ვოკალური ტიკები;

307.21 გარდამავალი ტიკური აშლილობა - ზემოაღნიშნული ტიკები, მაგრამ არა უმეტეს 12 თვის ხანგრძლივობით;

307.20 სხვა ტიკური აშლილობა.

გამოყოფის აშლილობა

787.6 ენკოპრეზი - უნებლიე დეფეკაცია შეკრულობით;

307.7 შეკრულობის გარეშე

307.6 ენურეზი - უნებლიე შარდვა.

ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა აშლილობა

309.21 დაშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა;

313.23 ელექტიური მუტიზმი - ერთ ან რამდენიმე სოციალურ სიტუაციაში ურთიერთობისათვის ენის გამოყენების აკრძალვა;

313.89 მიჯაჭვულობის რეაქტიული დარღვევა ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკში - სხვებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაძნელება 5 წლამდე, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან;

307.3 სტერეოტიპული მოძრაობების აშლილობა;

313.9 ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა

ICD-10 დაავადებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემაა, რომელიც ასევე კატეგორიალურია და მრავალგანზომილებიანი. სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების სიმპტომები და განმასხვავებელი კრიტერიუმები 6 განზომილებაზეა აღწერილი.

I განზომილება – კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები. ამ განზომილებაზე მოთავსებულია ფსიქიური და ქცევითი აშლილობები გარდა ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევებისა, რომლებიც II განზომილებაზეა წარმოდგენილი და გონებრივი ჩამორჩენილობისა, რომელიც III განზომილებაზეა მოთავსებული. ბავშვობისა და მოზარდობის განვითარების, ქცევითი და ემოციური აშლილობების კლინიკური სინდრომებიც ამ განზომილებაზეა წარმოდგენილი.

II განზომილება - ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები. ამ განზომილებაზე წარმოდგენილი მდგომარეობების კოდირება აღწერითი ხასიათისაა. ფსიქიკურ განვითარებაში სპეციფიკური შეფერხებების დიაგნოსტირება და კოდირება მათი ეტიოლოგიისგან დამოუკიდებლად ხდება ამ განზომილებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს პედაგოგიური მიშვებულობა და არასრულფასოვანი სწავლება.

III განზომილება - ინტელექტის დონე. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის აქტუალური ინტელექტუალური ფუნქციონირების დონე. ამ შემთხვევაშიც, კოდირება აღნიშნულ განზომილებაზე ხდება მიუხედავად ეტიოლოგიური ფაქტორისა და პროგნოზისა. კერძოდ, მიუხედავად სოციალურ-კულტურული დეპრივაციისა, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, დაავადებისა (მაგ. დაუნის სინდრომი), გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტირება III განზომილებაზე ხდება და აღწერითი ხასიათისაა. განმსაზღვრელი ფაქტორებისა და პროგნოზის კოდირება კი დამატებით IV, V, და VI განზომილებაზე ხდება.

IV განზომილება - სომატური მდგომარეობა. ამ განზომილებაზე კლასიფიცირდება სომატური და ნერვული სნეულებები და მოცემულია მათი სინდრომების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები.

V განზომილება - თანმხლები ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები. ამ განზომილებაზე აღწერილია ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფსიქიური აშლილობის აღმოცენებაზე ან შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მკურნალობისა და დახმარების დაგეგმვისას.

VI განზომილება - ფსიქოსოციალური პროდუქტულობის დარღვევის ზოგადი შეფასება. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის ფსიქიკური, სოციალური და შრომითი ფუნქციონირების ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქიური აშლილობით, ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევით და გონებრივი ჩამორჩენილობით.

ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები ICD-10-ის მიხედვით:

I განზომილება: კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები

F84 განვითარების ზოგადი დარღვევები

F84.0 ბავშვთა აუტიზმი F84.1 ატიპური აუტიზმი F84.2 რეტის სინდრომი

F84.3 ბავშვთა ასაკის სხვა დეზინტეგრაციული აშლილობები

F84.4 ჰიპერაქტიური დარღვევა გონებრივ ჩამორჩენილობასა და სტრეოტიპულ მოძრაობებთან ერთად

F84.5 ასპერგერის სინდრომი

F84.8 განვითარების სხვა ზოგადი დარღვევები

F84.9 განვითარების ზოგადი დარღვევები,დაუზუსტებელი

F90-F98 ქცევითი და ემოციური აშლილობები, რომლებიც ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში იწყება:

F90 ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F90.0 აქტივობისა და ყურადღების დარღვევა

F90.1 ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა F90.8 სხვა ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F90.9 დაუზუსტებელი ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F91 ქცევითი აშლილობა

F91.0 ქცევითი აშლილობა მხოლოდ ოჯახურ გარემოში

F91.1 არასოციალიზებული ქცევითი აშლილობა

F91.2 სოციალიზებული ქცევითი აშლილობა

F91.3 ოპოზიციური-გამომწვევი ქცევითი აშლილობა

F91.8 სხვა ქცევითი აშლილობა

F91.9 დაუზუსტებელი ქცევითი აშლილობა

F92 შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F92.0 დეპრესიული ქცევითი აშლილობა

F92.8 სხვა შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F92.9 დაუზუსტებელი შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F93 ბავშვობის ასაკის ემოციური აშლილობა

F93.0 ბავშვთა ასაკის შფოთვითი აშლილობა, დაკავშირებული განშორების შიშთან

F93.1 ბავშვთა ასაკის შფოთვით-ფობიური აშლილობა

F93.2 ბავშვთა ასაკის სოციალური შფოთვითი აშლილობა

F93.3 და-ძმასთან კონკურენციის აშლილობა

F93.8 ბავშვთა ასაკის სხვა ემოციური აშლილობა

F93.9 ბავშვთა ასაკის დაუზუსტებელი ემოციური აშლილობა

F94 სოციალური ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება

F94.0 ელექტიური მუტიზმი

F94.1 ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა

94.8 ბავშვთა ასაკის სხვა სოციალური ფუნქციონირების დარღვევა

94.9 დაუზუსტებელი ბავშვთა ასაკის სოციალური ფუნქციონირების დარღვევა

F95 ტიკური აშლილობა

F95.0 ტრანზიტორული ტიკური აშლილობა

F95.1 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა

F95.2 დე ლა ტურეტის სინდრომი

F95.8 ტიკური სხვა აშლილობები

F95.9 დაუზუსტებელი ტიკური აშლილობა

F98 ქცევითი და ემოციური სხვა აშლილობები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში დასაწყისით

F98.0 არაორგანული წარმოშობის ენურეზი

F98.00 პირველადი ენურეზი, დაუზუსტებელი

F98.01 პირველადი ღამის ენურეზი

F98.02 პირველადი დღის (და ღამის) ენურეზი

F98.03 მეორადი ენურეზი, დაუზუსტებელი

F98.04 მეორადი ღამის ენურეზი

F98.05 მეორადი დღის (და ღამის) ენურეზი

F98.1 არაორგანული წარმოშობის ენკოპრეზი

F98.2 ბავშვობისა და მოზარდობის კვების აშლილობა

F98.3 ბავშვობისა და მოზარდობის არასაკვები ნივთიერებების მიღების აშლილობა (პიკა)

F98.4 სტერეოტიპული მოძრაობის აშლილობა

F98.5 ენაბორძიკობა

F98.6 უწესრიგო მეტყველება

F98.8 ბავშვობისა და მოზარდობის სხვა დაზუტებული ქცევითი და ემოციური აშლილობები (მასტურბაცია, ფრჩხილების კვნეტა, ცხვირში თითით ჩიჩქნა; თითის წოვა).

F98.9 ბავშვობისა და მოზარდობის დაუზუსტებელი ქცევითი და ემოციური აშლილობები

II განზომილება: ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები XX ფსიქიკური აშლილობის გარეშე

F80 მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები

DSM-ის და ICD-ის დადებითი მხარეები:

კომპლექსურობა - აღწერილია მდგომარეობათა ფართო სპექტრი, რომლებიც დეტალურადაა დიფერენცირებული და გაერთიანებულია კატეგორიებში;

საერთო ლექსიკონი - კლასიფიკაცია უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, რომლის საშუალებითაც ხდება ბავშვთა მდგომარეობის იდენტიფიკაცია;

სანდოობა - სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან გარჩევა მაღალი სანდოობის დონითაა შესაძლებელი;

კროს-კულტურული გამოყენების შესაძლებლობა - შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის კლინიცისტების მონაცემებისა და დაკვირვებების ერთმანეთთან შედარება.

DSM-IV-ის ICD-10-ის უარყოფითი მხარეები:

ორივე სისტემა კატეგორიალურია. კატეგორიალური ტიპის კლასიფიკაცია ზუსტი და სანდოა მაშინ, როდესაც სადიაგნოსტიკო კლასი ჰომოგენურია, კლასებს შორის მკაფიო საზღვრებია და სხვადასხვა კლასი გამორიცხავს ერთმანეთს. DSM-IVსა და ICD-10 –ში ფსიქიკური აშლილობების კატეგორიები არ არის დისკრეტული, არა აქვს მკაფიო საზღვრები და სხვადასხვა კატეგორიის წევრები მკვეთრად შეიძლება არ გამორიცხავდნენ ერთმანეთს. ასევე, ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის წევრები ჰეტეროგენული ჯგუფია; მიუხედავად მსგავსი დიაგნოსტიკური ნიშნებისა, მასში შემავალი ინდივიდები განსხვავდებიან და მათი დიაგნოსტირება გარკვეული ხარისხის ალბათობით ხდება;

როდესაც მდგომარეობა აშკარა და გარკვეულია (მაგ. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს), სანდოობა მაღალია, მაგრამ, თუ მდგომარეობა ნაკლებად აშკარაა ( მაგ. ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე), სანდოობის ხარისხი ბევრად მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მდგომარეობების, მაგ. დასწავლის უნარის დარღვევების შესახებაც;

ბავშვობისა და ყმაწვილობის ასაკის დიაგნოზებში დროში სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის;

დიაგნოსტიკურ სისტემებს მდგომარეობის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში, მდგომარეობის პათოლოგიზაციაში მოქცე ვის უხეში ტენდენცია აქვს. ბავშვების უმეტესობას შერეული მდგომარეობები აქვს და სახელმძღვანელოში აღწერილი კლასტერები სუფთა სახით მათ მცირე ნაწილს უვლინდება; შერეული მდგომარეობების გამო დიაგნოზი სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის თავსდება. კლინიცისტებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ კატეგორიალური შეფასებები ზუსტი არ არის;

დიაგნოზები, ნაწილობრივ, სქემატურ ხასიათს ატარებს. აქცენტი ძირითად „კლინიკურ სინდრომზე“ კეთდება და, მიუხედავად სხვა განზომილებების არსებობისა, არ ხდება ბავშვის ყოველმხრივი შეფასება;

დიაგნოზი ნაკლებად ითვალისწინებს განვითარების პერსპექტივას, კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს. (A.Carr, 1997; Harris, 1995). ამ პრობლემის დასაძლევად DSM-IV-თღში ნაცადია კულტურული და ეთნიკური განსხვავებების გათვალისწინება დიაგნოსტირებისას. სპეციალურ დამატებაში მოცემულია სპეციფიკური სინდრომები, დამახასიათებელი განსხვავებული კულტურებისთვის, ასევე გავრცელებული სინდრომების შესაძლო კულტურული ვარიაციები.

მულტივარიაციული მიდგომა

ეს მიდგომა, მდგომარეობების ძირითადი კლასტერებისა და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნების იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს სტატისტიკურ ანალიზს. იგი მთლიანად ეფუძნება სტატისტიკურ პროცედურას და ნაკლებად ეყრდნობა პროფესიულ ექსპერტულ მოსაზრებას. აღნიშნულმა მიდგომამ ბავშვთა დარღვევების ორი ფართო განზომილება მოგვცა (კლასტერების ჯგუფები). პირველი მოიცავს „ქცევით“ პრობლემებს და განისაზღვრება როგორც „ექსტერნალიზებული“, დაკავშირებულია აგრესიასთან და მის გამოვლინებებთან: მაგ. ჩხუბი, ურჩობა, ბანდიტურ დაჯგუფებაში გაერთიანება. მეორე განზომილებით პიროვნების პრობლემები განისაზღვრება როგორც “ინტერნალიზებული”, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ჩაკეტილობასთან და ვლინდება მაგ. ტირილში, წუხილში, სევდასა და დეპრესიაში. ეს მიდგომა ჩამოყალიბდა Achenbach, Hewith-ის, Jenkins-ის, Quay-სა და Werry-ის კვლევების საფუძველზე (Cullinan, 1983). მათ გამოყვეს მდგომარეობათა კლასტერები. მდგომარეობა აღწერილია ყოველი კლასტერის ფარგლებში და ეთანხმება ემპირიულ მონაცემებსა და დაკვირვებებს:

არასოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: ჩხუბობს, ურტყამს, სცემს, ძალადობს, აშინებს, დასცინის, ურჩევნია უმცროსებთან ურთიერთობა, გამომწვევია, ურჩი, თავხედი, გაუფრთხილებელი, აქვს სიბრაზისა და სიჯიუტის შეტევები, გულგრილია, ხმაურიანი, ნეგატიური, მოუსვენარი, იტყუება, არაკეთილსინდისიერია, ჭირვეული, ზედმეტად აქტიური.

სოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: აცდენს სკოლას, სახლიდან გარბის, იპარავს სხვებთან ერთად, იპარავს სახლიდან, თაღლითობს, იტყუება, ერთიანდება ბანდიტურ დაჯგუფებაში, შენიშნულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ყურადღების დეფიციტი: ყურადღების მწირი კონცენტრაცია, ყურადღების მცირე მოცულობა, ცუდი კოორდინაცია, მეოცნებე, მოუხერხებელი, პასიური, უინიციატივო, მოუსვენარი, ცქმუტავს, სწრაფად გადაერთვება, არ ამთავრებს საქმეს, იმპულსურია, ადვილად წყინდება, ჰიპერაქტიურია, ინერტულია.

შფოთვა, განმარტოება (ჩაკეტვა): დაძაბულია, მორცხვი, დეპრესიული, გამოირჩევა ძლიერი შფოთვით, მშიშარაა, სევდიანი, გაუბედავი, მგრძნობიარე, წუხს, ხშირად ტირის, ნაკლებად თვითდარწმუნებულია, ადვილად უცრუვდება იმედი, აქვს უმაქნისობისა და უვარგისობის განცდა.

„შიზოიდი“ (გულცივი): ჩაკეტილია, ცივი, არაგულისხმიერი, გაუბედავი, სევდიანი, მორცხვი, გულჩათხრობილი, არეული, დახურული, არ საუბრობს, აქვს ინტერესის ნაკლებობა.

სოციალური შეუსაბამობა: მწირი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, განმარტოებულია, მორცხვი, გაუბედავი, იგნორირებულია ტოლების მიერ, ურთიერთობს უფროსებთან.

ფსიქოტური აშლილობა: აბნეულია, უცნაური, აქვს განმეორებადი მეტყველება, მხედველობითი ან სმენითი ჰალუცინაციები, უცნაური იდეები და ქცევები.

მოტორული ზეაქტიურობა: მოუსვენარია, იმპულსური, ჰიპერაქტიური, აგზნებული, არ შეუძლია დაცდა, ბევრს ლაპარაკობს, უცნაურ ხმებს უშვებს.

მულტივარიაციული მიდგომის დადებითი მხარეები:

ეს მიდგომა აღწერს იმ მდგომარეობებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია კლინიცისტების მიერ, ე.ი. ეყრდნობა რეალურ გამოვლინებებს და არა ჰიპოთეტურ კონსტრუქტებს;

ის რანჟირების ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იზომება ბავშვის ნორმიდან გადახრა;

ის იძლევა დარღვევის სხვადასხვა კონტექსტში განხილვის საშუალებას.

მულტივარიაციული მიდგომის უარყოფითი მხარეები:

ვინაიდან ეს მიდგომა აღწერით კვლევებს ეყრდნობა, დგება მათი სანდოობისა და ვალიდობის პრობლემა;

აღნიშნული სკალებით ინდივიდის მთლიანი მდგომარეობის განსაზღვრა ძნელია, მაგ. ც.ნ.ს.-ის დაზიანების მქონე, დასწავლის უნარის დაქვეითების თუ დისლექსიის მქონე ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია;

დარღვეული ქცევა დამოკიდებულია იმ სპეციფიკურ პირობებზე, რომელშიც ხდება მისი განსაზღვრა. მიუხედავად მსგავსებისა, ერთ სიტუაციაში მიღებული მონაცემი, შეიძლება, არათავსებადი იყოს სხვა სიტუაციაში მიღებულ მონაცემთან.

თუ ერთმანეთს შევადარებთ მულტივარიაციულ და კატეგორიალურ მიდგომებს, დავინახავთ, რომ ექსტერნალიზებუ ლი და ინტერნალიზებული განზომილებები Achenbach-ის Child Behavioral Cheklist-ში ეთანხმება ICD-ისა და DSM-ის დიაგნოზებს. ამავე დროს, ის ბავშვები, რომლებიც ამ განზომილებათა კიდეებში ხვდებიან, DSM და ICD კატეგორიალური სისტემებით ვერ კლასიფიცირდებიან. ექსტერნალური და ინტერნალური მახასიათებლები პოპულაციაში ნორმალურად ნაწილდება, ამიტომ ბავშვთა უმრავლესობას პრობლემები ორივე განზომილებაში აქვს. მულტივარიაციული მიდგომებით იოლია ხშირი, გავრცელებული სინდრომების იდენტიფიკაცია, მაგრამ ძნელად ხერხდება შედარებით იშვიათი სინდრომების განსაზღვრა; ეს უკანასკნელნი უკეთესად განისაზღვრება კატეგორიალური სისტემით (მაგ. როგორიცაა აუტიზმი, ან ენკოპრეზი). კატეგორიალური სისტემები, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება DSM და ICD, სასარგებლოა ისეთი სინდრომების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა განვითარების პერვესიული აშლილობები, ტიკები და ერთეული სიმპტომების გამოვლინება - პიკა, ღამის პანიკური შიშები.

კლინიკურ პრაქტიკაში, ბავშვის სტატუსის დასადგენად, ქცევისა და სწავლის პრობლემების მრავალგანზომილებიანი შეფასება აუცილებელია. სანდო და ვალიდური მონაცემების მიღების მიზნით წარმატებით იყენებენ ქცევის შესაფასებელ კითხვარებს, უნარების თუ განვითარების შესაფასებელ ტესტებს, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას.

ემპირიული მიდგომა

ეს მიდგომა მულტივარიაციული მიდგომის ვარიანტია და Edelbrock-ის, Achenbach-ისა და McConaughy-ის სახელებს უკავშირდება. იგი ეყრდნობა შემდეგ ფსიქომეტრულ პრინციპებს:

შეფასება უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტულ პროცედურას;

ბავშვის ყოველი ასპექტის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციის მრავალი წყარო;

ტესტირების შედეგები რაოდენობრივ მონაცემებს უნდა იძლეოდეს;

ქულები უნდა გვიჩვენებდეს მოცემული ინდივიდის ადგილს მის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში;

გათვალისწინებულ უნდა იქნეს განვითარების ფაქტორები;

შეფასება უნდა იყოს ვალიდური და სანდო.

აღნიშნული კრიტერიუმები, ზოგადად, შეფასების ყველა სისტემისთვისაა მოწოდებული. ეს მრავალგანზომილებიანი მიდგომა 5 განზომილებას მოიცავს: 1 - მშობლები, 2 - მასწავლებლები, 3 - კოგნიტური შეფასება, 4 - ფიზიკური შეფასება, 5 - ბავშვის პირდაპირი შეფასება.

სამივე საკლასიფიკაციო სისტემას გააჩნია სუსტი და ძლიერი მხარეები. ბავშვებს ხშირად აქვთ კომპლექსური პრობლემები, რის გამოც ვერ ხერხდება ვერც მულტივარიაციული და ვერც კატეგორიალური შეფასების გამოყენება. DSM და ICD კლასიფიკაცია შეიძლება, მოსახერხებელი იყოს კვლევისა და კლინიკური პრაქტიკისათვის, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ისეთი სანდოობა და ვალიდობა, რომელიც მათი საყოველთაოდ გამოყენების გარანტი იქნებოდა. აღნიშნული სისტემები პიროვნების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს; ისინი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მხოლოდ შესაბამისად მომზადებული ფსიქიატრებისა და კლინიკური ფსიქოლოგების მიერ.

აქედან გამომდინარე:

ორივე მიდგომა - კატეგორიალური და მულტივარიაციული - გამოიყენება ბავშვის ქცევისა და განვითარების შეფასებისას;

კატეგორიალური მიდგომები უფრო სანდო და ეფექტურია კვლევითი მიზნებისათვის;

მულტივარიაციული მიდგომები უფრო ეფექტურია ბავშვის სირთულეების თავის ასკობრივ ჯგუფთან მიმართებაში განსასაზღვრად.

ეთიკური თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ დიაგნოზი იწვევს ბავშვების პათოლოგიზაციას. დიაგნოზში ყურადღება მახვილდება უარყოფით მხარეებზე, დარღვევებზე და არ მოიცავს ბავშვის დადებით, ძლიერ მხარეებს. ტრადიციული დიაგნოსტიკის პროცესი ბავშვში იწვევს დეფექტურობის აღქმას და სტიგმატიზაციას, რადგანაც ძირითადი აქცენტი მის პათოლოგიასა და დეფიციტზე კეთდება. დიაგნოზი უნდა მოერგოს მხოლოდ მდგომარეობის აღწერას, შესაბამის მკურნალობას, ან სტრატეგიის დაგეგმვას. იგი არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვისა და მისი ოჯახისათვის „იარლიყის მიწებების“ საბაბს. მდგომარეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განისაზღვროს და მოიცავდეს არა მხოლოდ ბავშვის დეფიციტის აღწერას, არამედ მის ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებსაც.

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოების გამოყენება დიაგნოსტირებისათვის შესაძლებელია მხოლოდ გავარჯიშებული და კლინიკურად გამოცდილი სპეციალისტებისათვის. DSM-IV-სა და ICD-10-ს გამოყენება დაუშვებელია მექანიკურად არაპროფესიონალების მიერ. ეს სისტემები შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმძღვანელო (გაიდლაინი) კლინიკური დასკვნების გასაკეთებლად და კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობის ინტერპრეტაციისათვის.

განვითარების დარღვევების კლასიფიკაცია

განვითარების დარღვევების, კერძოდ კი აუტიზმისა და გონებრივი ჩამორჩენილობისადმი აქტიურ ინტერესს დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „დასწავლის უნარის დაქვეითება“ მხოლოდ 1960-იან წლებში იქნა შემოღებული, ლიტერატურაში სწავლის სპეციფიკური პროფილის მქონე ბავშვები უკვე 1800-იანი წლებიდანაა აღწერილი; უკვე 1700-იანი წლებიდან გვხვდება გონებრივი ჩამორჩენილობის სულით ავადმყოფებისაგან განსხვავების მცდელობა; ასევე, მრავალი მცდელობა არსებობდა განვითარების დარღვევების სხვადასხვა ფსიქიატრიულ ნომენკლატურაში ჩართვისა და პირველადი ფსიქიკური აშლილობებისგან მათ გამოსაცალკევებლად. დღეისათვის, DSM-ში, განვითარების დარღვევები I განზომილებაზეა მოთავსებული.

Achenbach-ი (1985) აღნიშნავდა, რომ კლასიფიკაცია გულისხმობს დაკვირვებადი მდგომარეობების ჯგუფებად და ტიპებად სისტემურ მოწესრიგებას. იგი განასხვავებს ზოგად კლასიფიკაციას და ტაქსონომიას. ეს უკანასკნელი სხვადასხვა კლასებს შორის შინაგანი განსხვავებების ასახვას ნიშნავს. ცხადია, რომ ეს შინაგანი განსხვავებები განისაზღვრება სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრებითა და მათი კომბინაციით. ასეთ პარამეტრებს მიეკუთვნება ეტიოლოგია, სპეციფიკური ქცევები, ფიზიკური მახასიათებლები.

მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, კლასიფიკაციის სისტემას ბევრი დადებითი მხარე აქვს. Blashfield-ი (1984) თვლიდა, რომ კლასიფიკაციის ადეკვატური სისტემა უზრუნველყოფს რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სიმპტომების სახესა და რაოდენობას, პროგნოზს, მკურნალობას, მკურნალობის შედეგებს, კომორბიდულ მდგომარეობებს, ეტიოლოგიურ ვარაუდებს. სხვადასხვა მკვლევრები კლასიფიკაციის სისტემისთვის შემდეგი მახასიათებლების აუცილებლობას აღნიშნავენ:

უნდა იყოს მარტივი;

უნდა ეყრდნობოდეს ფართო გამოყენების განსაზღვრებებს და ფართო სპექტრის ცვლადებს;

ასახავდეს მოცემულ სფეროში უპირატესად გავრცელებულ კლინიკურ და თეორიულ შეხედულებებს;

მისი გამოყენება უნდა იყოს ადვილი.

ამავე დროს, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვს გამოთქვამდა კლასიფიკაციის სისტემის გამოყენების სარგებლიანობასთან დაკავშირებით. Huschka (1941) იცავდა იდეოგრაფიულ მიდგომას და თვლიდა, რომ კლასიფიკაციის სისტემაში ინდივიდური განსხვავებების იგნორირება ხდება, რის გამოც ბრკოლდება განვითარების დარღვევების გაგება. Szasz-ი (1978) თვლიდა რომ დიაგნოზი პიროვნების მნიშვნელოვან სოციალურ სტიგმატიზაციას იწვევს.

ამრიგად, კლასიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კლასიფიკაციის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის, ვალიდობისა და კლინიკური ვარგისიანობის კრიტერიუმებს. Cantwell-მა (1988) აღნიშნა, რომ სანდოობისა და ვალიდობის საკითხები უპირველესი მნიშვნელობისაა ნებისმიერი კლასიფიკაციის სისტემისათვის. კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია:

გამოყენებული განსაზღვრებების სიზუსტე;

შესასწავლი შერჩევითი ერთობლიობის ბუნება;

რამდენადაა გათვალისწინებული შერჩევითი ერთობლიობის ცვლადები - სქესი, ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.;

განვითარების კანონზომიერება.

საკლასიფიკაციო მოდელები

განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების კლასიფიკაცია ორ ძირითად მიდგომას ეყრდნობა:

1. კლინიკური დასკვნის მიდგომის საფუძველს წარმოადგენს სფეროს სპეციალისტების კლინიკური დაკვირვებები და დასკვნები; ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის კლასიფიკაციაში სწორედ აღნიშნული მიდგომა დომინირებს და მასვე ეფუძნება DSM და ICD. აღნიშნული მიდგომა ნაკლებად სისტემატიზებულია; კლასიფიკაციური სქემა ჰიპოთეზების წამოყენებას გულისხმობს, მათი შემოწმება კი პირდაპირი გზით ვერ ხერხდება. კლინიკური დასკვნის მიდგომის ნაკლი მისი მეთოდოლოგიური სისუსტე, დაბალი ვალიდობა და სანდოობაა. მიდგომის საკლასიფიკაციო სქემების კლინიკური ვარგისიანობა საკმაოდ შეზღუდულია, რადგან განვითარების ფსიქოპათოლოგია არა რომელიმე, არამედ მრავალ ურთიერთმოქმედ ცვლადთანაა დაკავშირებული.

2. ემპირიული კლასიფიკაციის ტექნიკა. ეს მიდგომა ეფუძნება ქცევის რაოდენობრივ მახასიათებლებს და, „სულ ან არაფრის“ კატეგორიების საწინააღმდეგოდ, ფსიქოპათოლოგიის „პროტოტიპული“ პროფილების შექმნას ცდილობს. აღნიშნული საკლასიფიკაციო სისტემის გამოყენებამ გამოავლინა განვითარების სპეციფიკური დარღვევების ჰეტეროგენულობა. კლინიკური დასკვნის მიდგომასთან შედარებით მისი უპირატრესობის მიუხედავად, ემპირიულ მიდგომასაც გააჩნია ნაკლი. მულტივარიაციული კლასიფიკაციის ტექნიკის სიმარტივე ძალზე მიმზიდველია, რის გამოც მკვლევრებს „გულუბრყვილო ემპირიზმისაკენ“ უბიძგებს. ემპირიული კლასიფიკაციის მეთოდზე დაფუძნებული მოდელის ადეკვატურობა და სიძლიერე დამოკიდებულია თეორიულ ორიენტაციაზე, პოპულაციისა და ცვლადების შერჩევაზე. მაგ. თუ პოპულაციის შერჩევითი ერთობლიობა კარგად არ არის განსაზღვრული, ნაკლებად კონტროლდება დამოუკიდებელი ცვლადები, ხოლო დამოკიდებული ცვლადები თეორიული საფუძვლის მიხედვით არაა შერჩეული, მაშინ ემპირიული ანალიზის საფუძველზე მიღებული განზომილებები და ჯგუფები სხვა პოპულაციაში, ან სხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად არ გამოდგება.

ვ. ლებედინსკის კლასიფიკაცია

ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების დარღვევის მახასიათებლებს. კერძოდ, აღნიშნული კლასიფიკაციის საშუალებით ხდება განვითარების ანომალიის ტიპის დიფერენცირება არა ნოზოლოგიური პრინციპით, არამედ დარღვევის ეტიო-პათოგენეზისა და ფსიქოლოგიური სტრუქტურის საფუძველზე. ვ. ლებედინსკი გამოყოფს ფსიქიკური დიზონტოგენეზის შემდეგ ვარიანტებს: განუვითარებლობა, შეფერხებული განვითარება, დაზიანებული განვითარება, დეფიციტური განვითარება, დამახინჯებული განვითარება, დისჰარმონიული განვითარება.

• განუვითარებლობის ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია დაზიანების ადრეული - პრეან პოსტნატალური პერიოდი, რაც განაპირობებს თავის ტვინის სისტემების ტოტალურ ჩამოუყალიბებლობას. განვითარების ამ ტიპის დარღვევას ახასიათებს, ერთის მხრივ, ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების გარკვეული ხარისხით ჩამოყალიბება, მეორეს მხრივ, უმაღლესი, სიმბოლური ფუნქციების განვითარების დარღვევის გამო სათანადოდ ვეღარ ვითარდება ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციებიც (მეტყველების და აზროვნების განვითარების დარღვევა იწვევს ასაკის შესაბამისი განვითარების დეფიციტს აღქმასა და მოტორიკიაში). განუვითარებლობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: ნერვულ-ფსიქიკური განუვითარებლობის ტოტალურობით და ფსიქიკური დეფექტის იერარქიულობით. ტოტალურობა გულისხმობს მოუმწიფებელ სომატურ ფუნქციებსა და ჩამოუყალიბებელ მეტყველებას, მეხსიერებას, აზროვნებას, სენსომოტორულ და პიროვნულ-ემოციურ სფეროებს. იერარქიულობის ქვეშ იგულისხმება შედარებით ჩამოყალიბებული ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების ფონზე მეტყველებისა და აზროვნების განვითარების დარღვევა და ინტელექტუალური ფუნქციების განსაკუთრებული მოშლა. ამასთან, ეს ორივე ნიშანი შეუქცევადია.

განუვითარებლობის ტიპურ მოდელს გონებრივი ჩამორჩენილობა წარმოადგენს.

• შეფერხების ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია შემეცნებითი და ემოციური სფეროს განვითარების შენელება, ფუნქციათა განვითარების ციკლის დროში გაწელვა. განვითარების შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური, ფსიქოგენური, რეზიდუალური ხასიათის ცერებრულორგანული ფაქტორებით.

განვითარების შეფერხებისათვის დამახასიათებელია ორი ნიშანი: დაზიანების მოზაიკურობა - ზოგიერთი ფსიქიკური ფუნქციის განვითარება დეფიციტურია, ხოლო ზოგიერთი ფუნქცია კი შენახულია. ძირითადად, შენელებულია ელემენტარული, ბაზისური უნარების მომზადება (მაგ. ნატიფი მოტორიკა, ფონოლოგიური ანალიზი, ვიზუალურ-სივრცითი გარჩევა).

შეფერხების ტიპს შეიძლება განსაზღვრავდეს შემდეგი სახის დარღვევები: 1. ფსიქიკური ფუნქციების დინამიკური პარამეტრების დეფიციტი (აქტივაციის დონე, ნერვული პროცესების აგზნება-შეკავების მოქნილობა, მდგრადობა); 2. ფსიქიკური ფუნქციების პარციალური დეფიციტი (მეტყველების, გნოზისის, პრაქსისის); 3. აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტი, რომლებიც უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებას, დაგეგმვას, კონტროლს, გადართვას.

შეფერხების ტიპურ მოდელს მიეკუთვნება და სწავლის უნარის დარღვევა, დისლექსია.

• დეფიციტური განვითარება დაკავშირებულია ანალიზატორული სისტემების - სმენის, მხედველობის, მამოძრავებელი სისტემის პირველად დარღვევებთან. ანალიზატორის პირველადი დეფექტი იწვევს იმ ფუნქციების განვითარების დარღვევას, რომლებიც მასთან უშუალოდაა დაკავშირებული და ამავე დროს, აფერხებს იმ ფუნქციების განვითარებასაც, რომლებიც ამ დარღვეულ ფუნქციასთან არის დაკავშირებული. დეფიციტური განვითარების ტიპური მოდელია ცერებრული დამბლა, სიბრმავე, სმენის დაქვეითება.

• დაზიანებული განვითარების პათოგენეზის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მავნე ზემოქმედება ხდება სიცოცხლის უფრო გვიანდელ პერიოდში (2-3 წელი), როდესაც თავის ტვინის სისტემების უმეტესობა უკვე ჩამოყალიბებულია. დიზონტოგენეზის ამ ტიპის მოდელია დემენცია, როდესაც ხდება ფუნქციათა შორის რთული იერარქიული კავშირების რღვევა, ინტელექტისა და ქცევის შეუქცევადი რეგრესი.

• დამახინჯებულ განვითარებას ერთდროულად ახასიათებს განუვითარებლობის, ცალკეული ფუნქციების შეფერხებული და აქსელერირებული განვითარების ნიშნები. ასეთი ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პერვესიული აშლილობა, კერძოდ, აუტიზმი.

• დისჰარმონიული განვითარებისათვის დამახასიათებელია ზოგიერთი ფუნქციური სისტემის განვითარების შეფერხება და ზოგის პარციალური აქსელერაცია. დარღვევის საფუძველია კონსტიტუციური, მემკვიდრეობით მიღებული, ან ადრე შეძენილი ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების დისპროპორციული განვითარება. აღნიშნული ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პიროვნების აშლილობები და ფსიქოპათია.

თამარ გაგოშიძე
წიგნიდან: ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები
თბილისი, 2007