ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე      ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ    გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს    გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ   მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ   უ ნ დ ა     ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო ,  ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, პოეზია, სექტემბერი, შემოდგომა, ჭილაძე

ნახვა: 104

გამოხმაურებები!

სადღაა ჭადრები, მოჭრეს, გაპუტეს ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 1 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters