წმინდა წერილის შესახებ

       ჩვენ კვლავ წმ. ირინეოსის ღვთისმეტყველებას განვიხილავთ. მკითვხელს და მსმენელს, ირინეოსის შრომებისა და ამ შრომებში დაუნჯებული ღვთისმეტყველებისა, შევახსენებთ იმ თემატურ დანაყოფებს, რითაც ჩვენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სწავლებას, წმ. ირინეოსის შრომებში ყველაზე უფრო მეტად აქცენტირებულს - მოძღვრებას შემოკრების შესახებ, განვიხილავდით. რა თქმა უნდა, ამ სწავლების განხილვას ჩვენეულ საუბრებში წინ უძღოდა საკუთრივ ყოვლადწმინდა სამების შესახებ ირინეოსისეული მოძღვრების წარმოჩენა, შემდგომ კი უკვე ის თემატური განაწილება საღვთისმეტყველო საკითხებისა, რაც უშუალოდ უკავშირდება შემოკრების შესახებ მოძღვრებას. უპირველესად, რა თქმა უნდა, მაცხოვრის შესახებ სწავლება, ანუ ქრისტოლოგია, შემდგომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება, ანუ მარიოლოგია, ამის შემდგომ ეკლესიის შესახებ მისეული სწავლება, ანუ ეკლესიოლოგია და ბოლოს, წინა საუბრის დასასრულს ჩვენ შევეხეთ ირინეოსის კონკრეტულ ციტატებს და გამონათქვამებს უწმიდესი ევქარისტიის შესახებ. კვლავ დაგვრჩა რამდენიმე თემატური საკითხი ირინეოსის ღვთისმეტყველების შედარებით სრულყოფილად წარმოჩენისათვის, რომლებსაც შევეცდებით, რომ ერთი-ორი საუბრის მანძილზე, ყველაზე უფრო არსებითს ამ თემატურ საკითხთაგან, ასევე შევეხოთ.

       ვფიქრობთ ცალკე გამოყოფას იმსახურებს წმ. წერილის შესახებ ირინეოსის სწავლებანი, ისევე როგორც კანონის საკითხი საღვთო წერილთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ეს არაერთგზის აღგვინიშნავს, როდესაც ამის აუცილებლობა იყო, რომ ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა კანონიკური ჩამონათვალი საუკუნეთა მანძილზე აბსოლუტურად იგივეობრივი არ გახლდათ. თანდათანობით ყალიბდებოდა კანონი და კანონის გვერდით არაკანონიკურ წიგნთაგან ის ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა კანონში ჩართულიყო, როგორც არა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თანაბარი კანონიკურ წიგნთა ღირსებისა, მაგრამ არცთუ რაიმე ცთომილების შემცველი და შესაბამისად დაშვებული ეკლესიისგან, როგორც ძველი აღთქმის წიგნთა ფარგლებში, ასევე ახალ აღთქმასთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ საკითხავად. ახალ აღთქმასთან დაკავშირებით ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ ამ კატეგორიისა არსებითად არის მხოლოდ მოციქულთა მოღვაწეობის ამსახველი საქმენი, რომელბიც, რა თქმა უნდა, კანონიკურ ახალ აღთქმაში არ შედის, ანუ თხრობითი ნაწილი, სადაც ნაკლებია, ანდა თითქმის საერთოდ არ არის დოგმატურ-საღვთისმეტყველო სწავლებანი, არამედ არის აღწერილობანი, ისტორიული მოვლენები, რაც, როგორც სათნო გადმოცემები, უდიდესწილად ეკლესიისგან შეწყნარებული გახლავთ. მაინც ახალი აღთქმის კანონთან დაკავშირებით მეტნაკლები ცვალებადობანი, თვით წიგნების ჩამონათვალის მხრივ, ასევე განხილულია ჩვენს მიერ. თუნდაც ”აპოკალიფსთან” დაკავშრებით ამ მხრივ საკმაო მერყეობანი იყო, ვიდრე V საუკუნემდე, ანდა იმ მხრივაც, რომ უადრეს პერიოდში ახალი აღთქმის კანონში შექონდათ ზოგი შრომა ეკლესიის მამისა და არა მციქულისა, მათ შორის კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე, აგრეთვე მისი “მოციქულთა განწესებანი”.

       რაც შეეხება ირინეოსის დამოკიდებულებას კანონისადმი, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასთან, ჩვენს მიერ განსახილველ ცენტრალურ შრომაში “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, ახალი აღთქმის კანონი წარმოდგენილია ოთხი სახარებით, პავლე მოციქულის ეპისტოლეებით, “საქმე მოციქულთა”-თი, იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეებით და მისი აპოკალიფსით. ამათთან ერთად ჩვენ გვხვდება პეტრეს პირველი ეპისტოლე და ერმის “მწყემსი”. ერმის “მწყემსზე” ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი საუბარი და მაშინაც ავღნიშნავდით, რომ ეს ძეგლი თავის დროზე ავტორიტეტული იყო, მაგრამ ეს მონაცემი, რომ წმ. ირინეოსი მას ახალი აღთქმის კანონს უკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის მნიშვნელობას თავისთავად ცხადია კიდევ უფრო ზრდის. ამ ერთ თავისებურებასთან ერთად, ირინეოსისგან მოცემული ახალი აღთქმის კაონიკური წიგნების ჩამონათვალისა, მეორე თავისებურება გახლავთ ის, რომ პავლე მოციქულის თოთხმეტი ეპისტოლიდან იგი არ ასახელებს “ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს”, რამდენადაც ის პავლესეულად არ მიაჩნია, მსგავსად სხვა ადრეული პერიოდის მოღვაწისა. აღვნიშნავთ აგრეთვე იმასაც, რომ ირინეოსი წერილს უწოდებს ახალ აღთქმას, ე.ი. ამგვარი სახელდება ბიბლიისა, რაც მოგვიანებით ფართოდაა გავრცელებული, ირინეოსთან უკვე გამოკვეთილია და შესამჩნევია. მისივე მითითებით ახალი აღთქმა ისევე ღვთივსულიერია, როგორც ძველი აღთქმა. ხოლო რაც შეეხება უკვე შედარებით უფრო ისტორიული მნიშვნელობის მონაცემებს ირინეოსის ხსენებულ ძეგლში, კერძოდ მაგალითად თუ როგორ შეიქმნა ოთხი სახარება, ამასთან დაკავშირებით ლიონის ეპისკოპოსის საკმაოდ ცნობილი სიტყვები უნდა მოვიტანოთ, რაც გახლავთ მისი შრომის III წიგნში, და რაც ქართულად სიტყვა-სიტყვით შეიძლება ასე ითარგმნოს: “მათემ ებრაელთა შორის, მათსავე მშობლიურ ენაზე, გამოაქვეყნა აგრეთვე წერილი სახარებისა, მაშინ როცა პეტრე და პავლე რომში მახარებლობდნენ და აფუძნებდნენ ეკლესიას. მათი მიცვალების შემდეგ პეტრეს მოწაფემ და განმმარტებელმა მარკოზმა პეტრეს სწავლებანი ასევე წერილობითად გადმოგვცა ჩვენ. ლუკამაც, პავლეს თანხმლებმა, მისგან (პვლესგან) ქადაგებული სახარება წიგნად დაგვიდო. შემდეგ იოანემ, უფლის მოწაფემ, რომელიც მიეყრდნო მის მკერდს, მანაც გამოაქვეყნა სახარება, როდესაც იმყოფებოდა აზიის ეფესოში”. ძალიან ლაკონურად, მაგრამ სავსებით გამჭირვალე მნიშვნელობის მქონე ტექსტით, ბუნდოვანების გარეშე, როგორც ვხედავთ წმ. ირინეოსი ჩვენ თვალნათლივ გვიჩვენებს თუ როგორ შეიქმნა ოთხი სახარება, და აქვე ხაზგასმულია ცნობა და უწყება იმის შესახებ, რომ მათეს ებრაულადაც დაუწერია სახარების ტექსტი.

       ალბათ დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით ჩვენ პირველთან სწორედ ირინეოსთან გვაქვს ასევე კონკრეტული და მნიშვნელობით სავსებით არაბუნდოვანი და გამჭირვალე გამონათქვამი, შეფასება და განმარტება, იმის შესახებ, რომ არსებობს ოთხი სახარება, რომ არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. ამასთან დაკავშირებით ირინეოსი კერძოდ ამბობს: “არ შეიძლება, რომ სახარებათა რიცხვი ან მეტი იყოს იმაზე რაც არის, ანდა ნაკლები. რადგანაც ოთხი კიდეა ამ ქვეყნისა, სადაც ჩვენ ვმკვიდრობთ, არის ოთხი უმთავრესი ქარი, რადგანაც ეკლესია განთესილია მთელ ქვეყანაზე, ხოლო ბურჯი და სიმტკიცე ეკლესიისა არის სახარება და სული ცხოვრებისა. მართებულია, რომ ოთხი ბურჯი (ოთხი სახარება) უნდა ჰქონდეს მას, რომლებიც (ბურჯები) ყოველ მხარეს მოჰბერავენ უხრწნელებას და აღატკინებენ ადამაინებს. აქედან ცხადია, რომ ყოველივეს შემქმნელმა სიტყვამ, რომელიც მჯდომარეოა ქერუბინთა ზედა და მპყრობელია ყოველივესი, რომელიც გაეცხადა ადამიანებს, მან მოგვანიჭა სახარება ოთხსახოვანი (ძველი ტერმინით ოთხხატედი) და ერთი სულით შემტკიცებული. მსგავსადვე დავითიც, რომელიც ეშურებოდა ამ სიტყვის მოვლინებას, ამბობს: “რომელი ჰზი ზედა ქერუბინთა განსცხადენ” (ფს. 79,2). ქერუბიმებიც ოთხი პირისახისანი არიან, ხოლო მათი პირისახენი ხატებია ძე ღმერთის მოქმედებისა”.

       აქ შემოდის უაღრესად მნიშვნელოვანი სახისმეტყველებითი განმარტება, ირინეოსისგან მოწოდებული, რომ ოთხსახოვნება ქერუბიმებისა გამოსახავს მაცხოვრის ოთხ მოქმედებას, ოთხ სამოქმედო თვისებას, და თუ რომელი რას შეესაბამება და ამავე დროს ქერუბიმის თითეული ხატი, მაცხოვრის ამა თუ იმ მოქმედების გამომსახველი, თავის მხრივ რომელი სახარებით არის გაცხადებული, ამ ყოველივეს ხსენებული ციტატის მომდევნო ნაწილში ირინეოსი ამგვარად გადმოგვცემს (ქერუბინთა ოთხსახოვნება და ოთხი ცხოველის გამოხატულება, მოგეხსენებათ არის ეზეკიელის წიგნში): “პირველი ცხოველი ამბობს (ეზეკიელი) მსგავსია ლომისა, რითაც აღნიშნა მან მისი ქმედითობა, ხელმწიფობა და მეუფება”. ანუ პირველი ხატი, პირველი სახე ანუ პირველი გამოხატულება ესაა ლომის გამოხატულება, ლომის სახე, როგორც ამას ეზეკიელი ამბობს, რომ პირველი ცხოველი, რასაც ისინი (ქერუბიმები) გამოსახავდნენ, არის ლომი, ლომის მსგავსება. ხოლო ირინეოსის განმარტებით ეს გამოსახულება ლომისა აღნიშნავს მაცხოვრის ქმედითობას, ხელმწიფობასა და მეუფებას. ეს თვისება, ეს მოქმედება, ეს სამოქმედო თვისება გამოისახება ლომით.

       "მეორე მსგავსია ხბოსი, რითაც წერილმა საჩინო-ჰყო ძე ღმერთის მღვდელთმოქმედებითი და სამღვდელო თვისება”. ანუ ხბო (გასაგებია თუ პარალელისთვის რატომ იყენებს მას ირინეოსი), როგორც დასაკლავი, შესაწირი, მღვდელმოქმედების სიმბოლოდ წარმოჩნდება, რამდენადაც მაცხოვარი თვითვეა ის მსხვერპლშენაწირი, რაც კაცობრიობის გამოხსნისათვის მამა ღმერთის წინაშე დაიდო, და თვითვეა მსხვერპლშემწირველი, მღვდელმოქმედი. ანუ მთელი მღვდელმსახურება, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ მღვდელმოქმედს, ვინც მსხვერპლშეწირვას აღასრულებს, და მეორე მხრივ თავად წმინდა მსხვერპლს, მაცხოვარს გამოსახავს, მაცხოვარია ყოველივე ამის დამფუძნებელი, თავის თავში აღმსრულებელი და ამიტომ ამბობს ირინეოსი, რომ მეორე ცხოველის სახე, რასაც ქერუბიმები ადარებენ, ხბოს სახე, შეესაბამება და სიმბოლურად გამოხატავს მაცხოვრის მღვდელმოქმედებით და სამღვდელო თვისებას.

       "მესამეა, - განაგრძობს ირნეოსი, ადამიანის პირისსახის მქონე, რითაც უცხადესად აღწერა წერილმა ძე ღმერთის კაცობრივად მოსვლა”. ე.ი. მესამე სახე ცხოველისა, რასაც ქერუბიმები ადარებენ მაცხოვრის განკაცების, მაცხოვრის კაცების, მის მიერ კაცობრივი ბუნების შემოსვის აღმნიშვნელია.

       "ხოლო მეოთხე, მსგავსი მფრინავი არწივისა, რითაც ეკლესიაზე დაფრენილი სულის მადლი გააცხადა წერილმა”. ანუ ქერუბინთა მეოთხე ცხოველის, ანუ არწივის სახეობა, გულისხმობს სულიწმიდის მადლს ეკლესიაზე “დაფრენილს”, არწივისებრ ეკლესიაზე დაბუდებულს, ეკლესიაში შთაბუდებულს და ეკლესიაში შთანერგილს.

       ესაა პარალელები, აქამდე მოწოდებული ირინეოსისგან, რაც განიჭვრიტება და დაინახება ქერუბინთა ოთხსახოვნებასა და მაცხოვრის ოთხ მოქმედებას შორის, მაგრამ სახარებანი რომელნი რომელს შეესაბამებიან, აი ესაა განმარტებული ხსენებული ციტატის მომდევნო ნაწილში, ირინეოსი კერძოდ აღნიშნავს: “ხოლო სახარებებიც, რომელთა შორისაც მჯდომარეა ქრისტე, ეთანხმებიან ზემოთქმულს. იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს”. იგულისხმება განკაცებული ღმერთის, რომელიც იესო ქრისტედ იწოდება, განკაცებამდელი დაუსაბამო შობა მამისგან, როდესაც ის მხოლოდ ღვთის ძე იყო და ძე კაცისა ჯერ კიდევ არა. კაცობრივ შობაზე უწინარესი შობის შესახებ ჩვენ არაერთგზის მოგვიცია განმარტება ეკლესიის მამებისა, რომ ძე ღმერთის მამისაგან შობაში ყოველთვის იგულისხმება ძე ღმერთის მარადიული, დაუსაბამო და შესაბამისად დაუბოლოებელი შობა მამისგან. ძე მარადის იშვება მამისგან, მარადის ძეა და მარადის შობილია მისგან და არა ის, რომ ეს პროცესი ოდესმე დასრულდება, რომ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ძე აღარ არის მამაში და მამა აღარ არის ძეში. ასე რომ დაუსაბამო და დაუსრულებელი შობა ძე ღმერთისა მამისგან, ანუ მისი საღმრთო შობა, კაცობრივ შობაზე უწინარესი, ირინეოსის სწავლებით დაინახება იოანეს სახარებაში და ეს შობა არის მაცხოვრის ხელმწიფურობის, მისი ღმრთული მეუფების გამოხატულება, შესატყვისია ქერუბინთა იმ გამოსახულებისა, რაც ლომის მსგავსებაა. ამრიგად ირინეოსის თქმით: “სახარებებიც, რომელთა შორისაც მჯდომარეა ქრისტე (ისევე როგორც ქერუბინთა შორისაა ის მჯდომარე), ეთანხმებიან ზემოთქმულს. იოანეს სახარება მამისაგან მის (ქრისტეს) ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს და ამბობს: “დასაბამად იყო სიტყვა და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუა იგი, ესე იყო დასაბამად ღმრთისა თანა”. ლუკას სახარება, რადგანაც იგი სამღვდელო თვისებისაა, იწყება ზაქარიასგან, მღვდლისგან, რომელიც სწირავდა ღმერთს (ანუ ლუკას სახარება შესაბამისია ხბოს სახოვნებისა). მათე ქადაგებს ქრისტეს კაცობრივ შობას, როდესაც ამბობს: “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი”, აგრეთვე “ხოლო იესუ ქრისტეს შობა ესრეთ იყო”. ამრიგად ეს სახარება კაცის სახოვანია (რამდენადაც განკაცებულ ღმერთზე მეტყველებს). ხოლო მარკოზმა მაღლიდან ადამიანებზე მოვლენილი წინასწარმეტყველური სულისგან ქმნა დასაბამი და თქვა “დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტესი, ვითარცა წერილს არს ესაია წინაისწარმეტყველისა”. ამით მარკოზმა გააცხადა სახარების მფრთოვანმყოფელი ხატი. ამიტომაც შემოკლებულად და გაკვრით გვაუწყებს იგი, რამეთუ წინასწარმეტყველურია ამგვარი თვისება (აქ სხვათაშორის დამოუკიდებლად ესეც მნიშვნელოვანია, თუ როგორია წინასწარმეტყვეური ენა, რომ იგი არის შემოკლებული და მინიშნებითი). თვით სიტყვა ღვთისა მოსეს წინარე მამათმთავრებს საღვთოდ და დიდებულად ეზრახებოდა, რჯულში მყოფთ კი სამღვდელო წესი განუყო. ამის შემდეგ კაცი გახდა იგი, მთელ ქვეყანას მოუვლინა ნიჭი სულიწმიდისა და დაგვიფარა ჩვენ თავისი ფრთებით. ასე რომ როგორიცაა მოქმედება ღვთის ძისა, იმგვარივეა ცხოველთა სახეც (იგულისხმება ქერუბიმების ცხოველთა სახეც), ხოლო როგორიცაა სახე ცხოველთა, იმგვარივეა თვისება სახარებისა. ოთხსახოვანია ცხოველები, ოთხსახოვანია სახარება და მოქმედება უფლისა. ამიტომაც ოთხი კათოლიკე (საყოველთაო) აღთქმა მიეცა კაცობრიობას, ერთი წარღვნისა, ნოესი, მშვილდზე, მეორე აბრაამისა, წინადაცვეთის ნიშანზე, მესამე რჯულდება მოსე ჟამს, ხოლო მეოთხე სახარებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ”.

       ეს ვრცელი და უაღრესად მნიშვნელოვანი ციტატა, რაც როგორც ვთქვით III წიგნშია ირინეოსის შრომისა, როგორც ვხედავთ ოთხ რიცხვედობას, ოთხ თავობას სახარებისას, აბსოლუტურ მნიშვნელობას განუკუთვნებს, რომ არც მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო სახარებანი და არც ნაკლები, იმ არგუმენტების შესაბამისად, რაც უკვე მოვიხმეთ, რომ ოთხია კიდე ქვეყნისა და ოთხია ქარი, რაც სულიერად იმას ნიშნავს, რომ სახარება ოთხივე მხარეს უნდა განეფინოს მთელ ქვეყანაზე და ოთხი ქარი იქნება მისი მიბერველი ანუ ოთხი ბურჯი, ანუ ეს ოთხი სახარება. მეორე მხრივ, რამდენადაც ქერუბიმები ოთხსახოვანი არიან და ოთხი ცხოველის მსგავსებას აღიბეჭდავენ, თითოეული ცხოველის მსგავსება კი მაცხოვრის ამა თუ იმ ქმედების გამომსახველია, მათვე ესა თუ ის სახარებაც შეესაბამება, რომ ქერუბინთა პირველი სახე ცხოველისა, ანუ მსგავსება ლომისა მაცხოვრის მეუფებრივ და ხელმწიფურ შობას და მის ხელმწიფურობას ცხადყოფს, რომ ის ბუნებითი ღმერთია, იმიტომ, რომ ბუნებით ღმერთ მამისგან შობილი ძეც, რა თქმა უნდა, ერთბუნებაა მამასთან, ერთღმერთია და ისიც ბუნებითი ღმერთია მამისებრ, ანუ ისიც ხელმწიფურია, მეუფებრივია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი და ბუნებითი ღმერთია სწორედ ჭეშმარიტი და ბუნებითი ხელმწიფე. ხოლო ამის შესაბამისი არის იოანეს სახარება, რომელიც ერთადერთი ხაზგასმით გვაუწყებს ჩვენ ძე ღმერთის იმ დასაბამში მყოფობაზე, ანუ მამისგან დაუსაბამო და მარადიულ შობაზე, რომ დასაბამში იყო სიტყვა ღვთისა. შემდგომ მეორე სახე ქერუბიმებისა ეს გახლავთ მსგავსება ხბოსი, ხოლო ხბო, როგორც გარკვეულწილად შესაწირავი, მღვდელმოქმედების სიმბოლოა და იმ ჭეშმარიტ და უდიადეს მსხვერპლს და ერთადერთ ბუნებით მსხვერპლს მოასწავებს, რომელიც არის თავად მაცხოვარი იესო ქრისტე, დაკლული და შეწირული კაცობრიობის გამოსახსნელად, რომელიც თვითვეა საკუთარი თავის შემწირველიც ანუ მღვდელმოქმედიც, ანუ ჭეშმარიტი მღვდელმოქმედების განმასახიერებელი. ხოლო ამის შესატყვისი სახარება, წმ. ირინეოსის სწავლებით, არის ლუკას სახარება, რადგანაც იგი სწორედ სამღვდელო თვისებისაა, იწყება რა ზაქარიას, მღვდლის, შესახებ უწყებით, რომელიც სწირავდა ღმერთს. შემდგომი სახე, როგორც აღნიშნული გვქონდა, კაცის მსგავსება, ადამიანის მსგავსება, მაცხოვრის განკაცებას მიუთითებს, ხოლო ამის შესახებ მაუწყებელი კონკრეტულად მათეს სახარებაა, რადგანაც იგი სწორედ მაცხოვრის ამქვეყნიური შობით იწყება, “წიგნი შობისა იესო ქრისტესი”. რაც შეეხება მეოთხე სახეობას, რაც გახლავთ არწივი და რაც სიმბოლურად ეკლესიაზე ზემოდან დაშვებულ და ზე დაფრენილ სულიწმიდის მადლს გამოსახავს, მაცხოვრისგან მონიჭებულს, მისი შესაბამისი არის მარკოზის სახარება, რადგანაც სწორედ მარკოზის სახარება იწყება სულიწმიდისგან მობერილი საწინასწარმეტყველო უწყების გადმოცემით, რადგანაც თქმულია: “დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი, ვითარცა წერილ არს ესაია წინაისწარმეტყველისა”, და როგორც ირინეოსი ამბობს ეს არის “ფრთოვამყოფელი ხატი”, ანუ ამ სიტყვებით მარკოზმა გააცხადა სახარების ფრთოვანმყოფელი ხატი.

       დავძენთ იმასაც, რომ ირინეოსის სწავლებით ეკლესია მოიცავს უცთომელ განმარტებას ბიბლიისას და ასეთი სახისმეტყველებითი გამონათქვამიც გვხვდება ირინეოსთან, რომ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ეს არის ორი ხე დანერგილები ეკლესიის ბაღში. მე-5 წიგნში კერძოდ ირინეოსი ამბობს: “ეკლესია ამა ქვეყანაზე სამოთხისებრ არის დანერგილი. ამიტომ ამბობს სული ღვთისა: “ყოვლისაგან ხის სამოთხისა სჭამოთ”, რაც ნიშნავს ჭამდეთ უფლის მთელი წერილიდან. მაგრამ ნუ ჭამთ ამპარტავნებით და ნუ გექნებათ კავშირი რაიმე ერეტიკულ გაუგებრობასთან”.

       კიდევ სხვა ციტატების მოხმობაც შეიძლებოდა ირინეოსის შრომიდან, კონკრეტულად წმ. წერილის შესახებ, თუმცა არსებითი და ამ შემთხვევაში ახალ აღთქმასთან და კონკრეტულად სახარებებთან დაკავშირებული მისი ცენტრალური სწავლება ჩვენ შეძლებისდაგვარად დავიმოწმეთ და განვმარტეთ კიდეც, რითაც ირინეოსის კონკრეტულად ბიბლილოგიური სახისმეტყველება ვფიქრობთ მსმენელისათვის სრულიად თვალსაჩინო უნდა იყოს.

← სარჩევი

 

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 811

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters