ადამიანის გამოხსნის შესახებ

       წინა საუბარში ჩვენ შევჩერდით წმ. ირინეოსის იმ საღვთისმეტყველო სწავლებაზე, რაც ღვთის განკაცების საიდუმლოს უკავშირდება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის მამათა შორის ირინეოსმა წერილობითი ფორმით პირველმა მოგვცა ზედმიწევნითი ახსნა-განმარტება იმისა, თუ რატომ განხორციელდა ღმერთი და რატომ მოხდა ადამიანის გამოხსნა უშუალოდ ღვთის განკაცებით.

       ირინეოსი ხაზს უსვამს ორ უარსებითეს მომენტს (მასთან მესამე მომენტიცაა ხაზგასმული, მაგრამ ორი მათგანი ჭეშმარიტად არსებითია). პირველ მათგანზე ჩვენ უკვე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, თუმცა კვლავ გავიმეორებთ, რომ რამდენადაც შეცოდება ჩაიდინა ადამიანური ბუნების მქონე ქმნილებამ - ადამმა, ამ შეცოდების გამოსყიდვაც იმავე ადამიანური ბუნების მქონე არსისგან უნდა აღსრულებულიყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ ვინც შეცოდებას ჩაიდენს მანვე უნდა გამოისყიდოს ეს შეცოდება და რამდენადაც ბუნება, პიროვნებათა მიერ გაზიარებული ერთი ბუნება, ამ პიროვნებებს, რა თქმა უნდა, ერთი მეორეს ბუნებითად უკავშირებს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მათგანის შეცოდება მეორისგან გამოსყიდული, იმავე ადამიანისგან დაშვებული შეცოდების ადამინისგანვე გამოსყიდვად შეირაცხება და ამგვარი ქმედება ყოვლად სამართლიანია. შეუძლებელია, რომ ერთის შეცოდება სხვამ გამოისყიდოს. ამიტომ, რამდენადაც ადამმა შესცოდა ღვთის წინაშე და დაცემა აღსრულდა, ადამის შეცოდება ადამისვე ბუნების მქონეს უნდა გამოესყიდა. აქედან იკვეთება ერთი უეჭველი პოსტულატი იმისა, რომ გამომხსნელი აუცილებლად ადამიანური ბუნების მქონე, ადამის გენეტიკაში ჩართული უნდა ყოფილიყო. ეს ერთი, მაგრამ მეორეს, რომელსაც ასევე ავღნიშნავდით ჩვენ, მკვეთრი ხაზგასმა აქვს აგრეთვე ირინეოსსთან. საქმე ის გახლავთ, რომ მარტო ეს ერთი მხარე - ადამიანის მიერ ჩადენილი შეცოდების და შეცდომის ადამიანსგანვე გამოსყიდვა, რაც ჭეშმარიტი განმართლებაა ცოდვისგან და ცოდვის ბორკილთაგან თავის დახსნაა, თავის თავში ამგვარი, თავისთავად მართებული დებულება, აქილევსის ქუსლივით გადაულახავ სირთულეს შეიცავდა. საქმე ისაა, რომ ადამიანისგან ჩადენილი შეცოდება და ადამიანისგან საკუთარ თავზე მოწევნილი ცოდვისმიერი ბორკილი იმავე ადამიანს საკუთარი მოღვაწეობით უნდა გამოეხსნა და გამოესყიდა, თუმცა აქ ადამიანური ბუნება იგულისხმება. და როდესაც პიროვნულად ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ერთი პიროვნების მიერ ჩადენილი შეცდომა იმავე ბუნების მქონე სხვა პიროვნებამ უნდა გამოისყიდოს, რაც სამართლიანი იქნება, აი ამ გამოსყიდვის პროცესს ახლავს დაუძლეველი დაბრკოლება იმ ხრივ, რომ საკუთრივ ბორკილებაში მყოფი, საკუთრივ დაცემულობაში და ცოდვის ტყვეობაში მყოფი, სხვას ტყვეობისგან ვერ განათავისუფლებს. თუ მე თვითონ ტყვეობაში ვარ პიროვნულად, ასევე პიროვნულად სხვა დატყვევებულის გამოხსნას ვერაფრით ვერ აღვასრულებ, არადა ადამისგან ჩადენილი ცოდვა ცოდვისვე ტყვეობაში აქცევდა უკლებლივ ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ რაც ადამმა და ევამ შესცოდეს ამის შემდეგ კაცობრიობა იშვა მათი დაცემული ბუნებიდან, ცოდვამ რომ დასცა მათი ბუნება უხრწნელებიდან, უკვდავებიდან და ტკივილგანუცდელობიდან ხრწნადობამდე და მოკვდავობამდე, ამ მოკვდავი და დაცემული ანუ ცოდვის შემდგომ რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ადამიანური ბუნება ადამსა და ევაში, ამ ბუნებით იშვა მათგან ყველა შემდგომი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ადამის და ევას შთამომავალი, ჩანასახშივე ატარებს პირველცოდვას, ჩანასახშივე ატარებს ცოდვის შედეგს და ცოდვილიანობას, ანუ ეს იგივე ბორკილებია და ამიტომ ბორკილობას და ტყვეობას ყველა ადამიანი ჩანასახიდანვე ატარებს. ამრიგად ამგვარი პარადოქსი იქმნება, რომ გამომსყიდველი ადამიანური ბუნების შეცოდებისა იმავე ადამიანური ბუნების მქონე უნდა იყოს აუცილებლად და ესაა სამართლიანი გამოსყიდვა, მაგრამ გამომსყიდველი, ადამიანური ბუნების მქონე, აუცილებლად უნდა იყოს თვითონ ტყვეობისა და ბორკილების გარეთ, ანუ ცოდვისგან სრულიად განშორებული, უცოდველი და მხოლოდ მისგან შეიძლება პიროვნულად სხვისგან ჩადენილი ცოდვის, მისი ბუნების მქონე სხვა პიროვნებისგან ჩადენილი ცოდვის, მისგან გამოსყიდვა. ამგვარი პარადოქსი უკვე იმ მხარესაც გულისხმობდა, რომ ადამიანის ბორკილებიდან დახსნა არათუ ამავე ბუნების მქონე რომელიმე გვიანდელ შთამომავალს არ შეეძლო, რომელიც დაბადებითვე ამავე ბორკილებში იყო, არამედ არ შეეძლო არცერთ სხვა ქმნილებას, თუნდაც აღმატებულს, თუნდაც ანგელოზებს. გამოხსნა და თავდახსნა რომ ყოვლითურთ მტკიცე ყოფილიყო, გამომხსნელში არა მხოლოდ ცოდვილიანობა არ უნდა ყოფილიყო, არამედ ცოდვილიანობის შესაძლებლობაც კი. აი ეს მეორე მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ და ამაზე მკვეთრი ხაზგასმა და ამის უკვე საკუთარ საღვთისმეტყველო სწავლებაში აშკარად გამოხატვა ირინეოსის ერთ-ერთი უდიდესი საღვთისმეტყველო მიღწევა გახლავთ, რომ ადამიანის გამოხსნა უბრალოდ გამოხსნა კი არ უნდა ყოფილიყო, არაედ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი გამოხსნა, რაც შემდგომ გამორიცხავდა მის კვლავ დაცემას. ამგვარი გამოხსნა გულისხმობს ყოვლადმტკიცე გამოხსნას და თავისთავად ყოვლადმტკიცე გამოხსნა მხოლოდ იმისგანაა შესაძლებელი, ვინც მართლაც ყოვლითურთ მტკიცეა უცოდველობაში, ბუნებითად განშორებულია ცოდვისმიერ ბორკილებს, ანუ რომელშიც არა მხოლოდ ცოდვილიანობა და ბოროტება არ არის, არამედ ცოდვილიანობის, ბოროტების და დაცემის შესაძლებლობაც კი. აი აქედან გამომდინარეობს მტკიცე დასკვა ეკლესიური ღვთისმეტყველებისა იმის შესახებ, რომ თვით ანგელოზთა მიერაც კი ადამიანის ცოდვისგან გამოხსნა და ცოდვის ბორკილებისგან დახსნა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა, ანდა ეს რომ კიდეც განხორციელებულიყო, ამგვარი გამოხსნა არ იქნებოდა მტკიცე, არ იქნებოდა მტკიცე იმიტომ, რომ ანგელოზთა შორისაც ისევეა შესაძლებლობა ცოდვილიანობისა, როგორც ეს ადამიანთა შორის, რამდენადაც ყველა ქმნილება ბუნებითად იტევს თავის თავში (ამ შემთხვევაში საუბარია მოაზროვნე ქმნილებაზე) ცვალებადობას, ხოლო ცვალებადობა უკვე განაპირობებს შესაძლებლობას იმისას, რომ ქმნილებას აქვს არჩევანი ან სიკეთისკენ წარემატოს ან განუდგეს სიკეთეს, და სიკეთისგან განდგომა რამდენადაც იგივეა რაც ცოდვისკენ მიდრეკა, შესაბამისად შესაძლებლობა ცოდვილიანობისა, რა თქმა უნდა, ისევეა ანგელოზებშიც, თავისუფალი ნების მქონე არსებებში, როგორც ადამიანებში. ანგელოზებში რომ ცოდვით დაცემის შესაძლებლობა არ ყოფილიყო არც მოხდებოდა იქ დაცემა, არადა ვიცით, რომ პირველდაცემა სწორედ ანგელოზთა შორის მოხდა, როდესაც ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზი საკუთარი არჩევანით დაეცა, გაუკუღნართდა და მისი მიმხრობი და მასთან აზრობრივად და შეგნებით თანაზიართა დიდი სიმრავლე თან გაიყოლა. სადაც დაცემა ხდება იქ, რა თქმა უნდა, იმ ქმნილების ბუნებაში დაცემის შესაძლებლობა თავისთავად ცხადია სახეზეა, ხოლო დაცემის შესაძლებლობა ყველგან არის სახეზე, სადაც ბუნებითად არსებობს ცვალებადობის თვისება, ხოლო ქმნილება და ცვალებადობა ერთიდაიგივეა და ბუნებაში დევს ქმნილებისა ცვალებადობა, რადგანაც წარმოშობაა სწორედ ქმნილებისა ცვალებადობის საფუძველზე დაყრდნობილი, რომ არაფრობისგან არსებობაში შემოვიდა ნებისმიერი ქმნილება. ასე რომ მისი წარმოშობა სწორედ ცვალებადობის თვისებით განხორციელდა და ეს ცვალებადობის თვისება ყველა ქმნილებაში მარად ამოტვიფრულია და მარად წარუხოცელია. ასე რომ, კვლავ ავღნიშნავთ, ადამიანური ბუნების გაუკუღმართება პიროვნულად ადამ და ევას მიერ და დატყვევება ადამიანური ბუნებისა ცოდვის ბორკილებით, შეიძლებოდა გახსნილიყო და ეს იქნებოდა ერთადერთი სამართლიანი გამოხსნა ამ ტყვეობისგან, იმის მიერ, რომელიც იმავე ადამიანური ბუნების მქონე იქნებოდა და იტვირთებდა პასუხისმგებლობას ადამიანური ბუნების მიხედვით თავისი წინაპრისა, ანუ ადამიანის გამომხსნელი აუცილებლად ადამიანი უნდა ყოფილიყო. როცა ვამბობთ, რომ ადამიანის გამომხსნელი აუცილებლად ადამიანი უნდა ყოფილიყო, აქ ყოველთვის იგულისხმება ბუნებითი მდგომარეობა და არა პიროვნულობა. ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ტერმინები “ადამიანი”, “ღმერთი” და სხვა, უმრავლეს შემთხვევაში ბუნებას გულისხმობს, ზოგადობის აღმნიშვნელია და ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მათ პიროვნული გაგება აქვთ, ეს კონტექსტის მიხედვით გამჭირვალე უნდა იყოს, რომ მსჯელობაში ცდომილება არ შემოვიდეს. ამრიგად ერთი ეს არის, რომ ადამიანური ბუნების ცოდვისმიერი ტყვეობისგან გამოხსნა აუცილებლად ამ ბუნების მქონეს უნდა აღესრულებინა, მაგრამ ეს გამომხსნელი, ადამიანური ბუნების მქონე, უნდა ყოფილიყო, ყოვლად უცოდველი, რომ გამოხსნა ყოფილიყო მტკიცე, მყარი და გამომრიცხველი იმის, რომ კვლავ მომხდარიყო იგივე დაცემა. ხოლო მტკიცე და მყარი გამოხსნა მხოლოდ მისგან აღსრულდებოდა, ადამიანური ბუნების მქონე იმგვარი პირისგან, რომლის ბუნებაში არათუ ცოდვილიანობა არ იქნებოდა არანაირად, არამედ შესაძლებლობაც კი ცოდვილიანობისა. და რამდენდაც კი შესაძლებლობა ცოდვილიანობისა ყველა მოაზროვნე ქმნილებას, ყველაზე უფრო აღმატებულსაც კი, თან ახლავს და ერთადერთი ბუნებით განშორებული ცოდვისაგან, ბუნებითად რომ მასში ცოდვილიანობის შესაძლებლობაც კი ყოვლითურთ აღმოფხვრილია, მხოლოდ შემოქმედია, შესაბამისად ადამიანის ნამდვილი (ვგულისხმობთ ყოვლად მტკიცე და სამომავლოდ კვლავ დაცემის გამომრიცხველ გამოხსნას) გამოხსნის აღმასრულებლად გვევლინება თავად უფალი, მაგრამ არა ზეცით, არა განკაცების გარეშე, რაც არ იქნებოდა სამართლიანო გამოხსნა, არამედ ადამიანური ბუნების მიხედვით, ადამიანური ბუნების მიღებით და შესაბამისად ყოვლად უცოდველი ღმრთეებრი თვისებით ჯოჯოხეთის მისგან შემმუსრველობა საზეიმოდ აღსრულდება. კაცობრივი ბუნებით განკაცებულმა ღმერთმა ითავისა და განიკუთვნა ცოდვის შედეგად დაცემული ადამიანური ბუნება, მან უცოდველმა ყოვლადუცოდველად განიკუთვნა ცოდვის შედეგად დაცემული ბუნება კაცობრიობისა (არა დაუცემელი, ცოდვამდელი, რადგან ასეთ ბუნებას არც აღდგომა ჭირდებოდა) და ეს დაცემული ბუნება აკცობრიობისა აღადგინა თავდაპირველ უცოდველობაში, ანუ განსხსნა მისგან იმ პირველცოდვის ნასკვი. აი ამას გულისხმობს შემოკლებულად და ლაკონურად ირინეოს ლიონელი, როდესაც ამბობს: “ქრისტემ შეაერთა ადამიანი ღმერთთან, რადგან თუკი ადამიანივე არ დაძლევდა ადამიანის მოწინააღმდეგეს (ანუ ცოდვას, ცოდვის წარმომშობ ძალას - ეშმაკს), მაშინ სამართლიანად ვერ იძლეოდა მტერი. ამასთან გამოხსნა რომ ღვთივმონიჭებული არ ყოფილიყო (ე.ი. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო და ის არ ყოფილიყო უშუალოდ გამომხსნელი) მტკიცე არ იქნებოდა იგი ჩვენთვის”, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ დარჩებოდა ხელახალი დაცემის შესაძლებლობა. ამიტომ გამომხსნელი არის თავად ღმერთი, რომელშიც ცოდვილიანობის შესაძლებლობაც კი წარხოცილია. და ამ ორი თვისების თანაშერწყმითა და გამოხსნის აღსრულებით ხდება ის, რომ გამოხსნა ადამიანს ანიჭებს უხრწნელებას. აი ამ მესამე თვისებად, უხრწნელების მიღებას ადამიანის მიერ, წარმოაჩენს ამ მხარეს ირინეოსი, როდესაც ის განაგრძობს: “კიდევ, ღმერთს რომ არ შეერთებოდა კაცი ვერ შეძლებდა იგი უხრწნელებასთან ზიარებას. ასე რომ საჭირო იყო შუამდგომელი კაცსა და ღმერთს შორის, რომ მას თავისი ორმხრივი მთვისებლობით (ორმხრივი მთვისებლობა ეს გახლავთ უაღრესად ზედმიწევნითი თეოლოგიური დეფინიცია განკაცებული ღვთის - იესო ქრისტეს ორბუნებოვნებისა, რომ საღვთო ბუნებით იგი თვისებლობას ფლობს მამასთან და სულთან, ანუ თანაარსი და თანაბუნებაა მათთან, ხოლო კაცობრივი ბუნებით თვისებლობას ფლობს ყველა ადამიანთან, ანუ თანარსია, ერთბუნებაა, ერთარსებაა და თანაბუნებაა ყველა ჩვენთაგანთან. სწორედ ამას ნიშნავს ეს ორმხრივი მთვისებლობა, რის გარეშეც შუამდგომლობა ღმერთსა და კაცს შორის ვერ აღსრულდებოდა და ადამიანი ვერ შეურიგდებოდა ღმერთს, ვერ იქნებოდა შერიგებული ღმერთთან) ორივე მათგანი (იგულისხმება ღმრთეება და კაცება) სიყვარულისა და ერთზრახვისაკენ წარემართა, რაც ნიშნავს: ღვთისადმი წარედგინა კაცი, კაცთათვის კი საცნაურ ეყო ღმერთი”. ესაა წინა საფუძვლები იმის თეოლოგიური განმარტებისა, თუ რა არის ღვთის განკაცების საიდუმლოს რაობა, ხოლო შემდგომ განკაცების ჟამს რა აღსრულდა და გამოხსნა როგორ მოგვემადლა, სწორედ ამის განმარტებაა ირინეოსისგან მოცემული, რომელიც ამბობს: “და როგორც ერთი კაცის ურჩობის გამო, რომელიც დაუმუშავებელი მიწისგან პირველად შემზადდა, მრავალნი გახდნენ ცოდვილნი და განშორდნენ ცხოვრებას (ანუ ადამის დაცემამ ზიარად ყველა ადამიანს დაღუპვა და წარწყმედა დაუმკვიდრა), ასევე მორჩილებას ერთი კაცისას (იგულისხმება განკაცებული იესო ქრისტე), რომელიც პირველად იშვა ქალწულისაგან (აქ პირველობაზეცაა აქცენტი და ეს გარკვეული ანტიპარალელიზმია, რომ ადამიც პირველია ვინც მიწიდან შემზადდა, მაცხოვარიც პირველია, ვინც სულიერი მიწისგან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან იშვა და ეს პირველობა მარადპირველია, ანუ მეორეობა მას არ მოსდევს. ისევე როგორც ადამის გარდა მიწისგან არავინ შექმნილა, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მაცხოვრის გარდა, რა თქმა უნდა, არავინ შობილა) უნდა განემართლებინა მრავალნი და მიეცა მათთვის გამოხსნა. სწორედ ამიტომ სიტყვა ღვთისა კაცი გახდა. ღმერთმა (უკვე იწყება იმ მოძღვრების გამოთქმა, რასაც ჩვენ უკვე წინა საუბარში ავღნიშნავდით, რაც ცენტრალურია ირინეოსისთვის - მოძღვრება შემოკრების შესახებ, ანუ მოძღვრება იმის შესახებ, რომ განკაცებულმა ღმერთმა თავის კაცობრივ ბუნებაში მთელი კაცობრიობა შემოკრიბა) თავის თავში შემოკრიბა ადამიანის ძველი ქმნილება, რომ მოეკლა ცოდვა, გაეუქმებინა სიკვდილი, გაეცოცხლებინა კაცი”. სხვა ადგილას ამ სწავლებას ირინეოსი ასე გამოთქვამს: “ვინც შეგვძერწა ჩვენ დასაბამში, მოავლინა მან ბოლო ჟამს თავისი ძე, უფალი, რომელმაც აღასრულა მამის განჩინება, განხორციელდა ქალწულისაგან”. ჩვენ სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით ამ უკანასკნელ ფრაზას (განხორციელდა ქალწულისაგან) იგივე ტერმინია გამეორებული ირნეოსისგან, რაც წინადადების პირველ ფრაზაში. ბერძნულში გვაქვს უაღრესად საყურადღებო ტერმინი ზმნა “პლასსო”, რაც ძირითადი მნიშვნელობით ნიშნავს გამოძერწვას, თიხისგან რაიმე ჭურჭლის დამზადებას. აქედანაა პლასმა, პლასტიკა და ა.შ. ზოგჯერ ეს სიტყვა პრეფიქსირებულია და გამოითქმის როგორც “დიაპლასსო”, “დიაპლასმა”. ქართულად სხვადასხვაგვარად ითარგმნებოდა ეს სიტყვა, თუ შესაქმეს უკავშირდებოდა აღნიშნული ტერმინი ის ჩვეულებრივ ქართულად გადმოიცემოდა როგორც “დაბადებაი”, შეიძლებოდა გვეთარგმნა როგორც შექმნა, მაგრამ რამდენადაც ირინეოსი და საერთოდ ეკლესიის მამები არაიშვიათად მკვეთრად ამახვილებენ ყურადღებას ამა თუ იმ სიტყვის, ამა თუ იმ ტერმინის ეტიმოლოგიურ ძირზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ვამჯობინეთ, რომ შეძერწვად გვეთარგმნა ეს სიტყვა, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში ასევე ვთარგმნით მას, თუნდაც წმ. დიონისე არეოპაგელის შრომაში “ზეციური მღვდელმთავრობისათვის”. ამჯერადაც ამ ტერმინს გამოვიყენებთ, რომ მიწისგან ანუ თიხისგან გამოიძერწა ადამიანი, მაგრამ იგივე შეძერწვას, იგივე “პლასსსოს” იყენებს ირინეოსი მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ქალწულისგან კაცობრივად შობის აღნიშვნის ჟამს და აქ ის პარალელია გავლებული, რომ ადამი მიწისგან ანუ თიხისგან შეიძერწა და სულიერი მიწა, როგორც ავღნიშნეთ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლისგანაც მაცხოვარი კაცობრივად, ანუ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება, შემზადდა. ამიტომ იმავე ტერმინს იმის აღსანიშნავად იყენებს ირინეოსი, რომ როგორც ადამია განსაკუთრებული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში თავისი შესაქმით, რომ ყველა სხვა ადამიანი თავისი მშობლისგან იშვება, ადამი კი უშუალოდ მიწისგან ანუ თიხისგან შემზადდა ანუ შეიძერწა, მსგავსადვე ირინეოსის იმავე ტერმინის გამოყენება ხაზს უსვამს, რომ მაცხოვარიც ჩვეულებრივ სხვა ადამიანთა მსგავსად სპერმატული შობადობით კი არ ქმნილა, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, როგორც სულიერი მიწისგან, ადამისებრ პირველი შემზადდა და პირველი დარჩა მარადის. ამიტომ თუ ჩვენ ამ სიტყვას გამოვიყენებთ, მაშინ წინადადება ასე შეიძლებოდა გადმოგვეცა, რომ “ბოლო ჟამს თავისი ძე, უფალი, მოავლინა, რომელმაც აღასრულა მამის განჩინება, განხორციელდა ქალწულისაგან”, ანუ აქ განხორციელდას ნაცვლად პირდაპირი თარგმანით იქნებოდა “შეიძერწა ქალწულისაგან”. “შეიძერწა” ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სიმბოლური გამონათქვამია ხაზგასასმელად იმისა, რომ როგორც ადამი შეიძერწა პირველმიწისგან და პირველადობა ადამისა მარადიულია და ერთადერთობაა, ამგვარადვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, როგორც უკვე სულიერი მიწისგან და არა პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ნიადაგისგან, განხორციელდა ანუ სიმბოლურად შეიძერწა მაცხოვარი. ეს ტერმინი ცხადყოფს, რომ მაცხოვრის შობა ქალწულისგან არ არის სხვა ადამიანთა სპერმატული შობის მსგავსი და მას ამავე დროს არა მხოლოდ პირველადობა აქვს, არა მხოლოდ მარადიული პირმშოობა აქვს, არამედ ერთადერთობაც. შემდგომ ირინეოსი განაგრძობს: “განხორციელდა ქალწულისაგან (იმავე ტერმინს დავტოვებთ სირთულე რომ არ იყოს აღქმისას), დაამხო ჩვენი მოწინააღმდეგე და ამავე დროს სრულყო კაცი ხატად და მსგავსად ღვთისა”. ადამიანის ხატებისა და მსგავსების შესახებ მოძღვრება ირინეოსისა ჩვენ სხვა დროს წერილობითად საკმაოდ დაწვრილებით გვაქვს განხილული, დაინტერესებულ მსმენელს მივუთითებთ ჩვენს წიგნზე “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, სადაც დეტალური სარჩევი გვაქვს დართული და იქ სავსებით შესაძლებელია, რომ ყველა ის ადგილი, სადაც ირინეოსის ხატმეტყველებას განვიხილავთ, ზედმიწევნით შეუძლია მოიძიოს დაინტერესებულმა მკითხველმა. ამჯერად ამ ხატებაზე და მსგავსებაზე ყურადღებას, რა თქმა უნდა, ვერ გავამახვილებთ (ამას ჩვენ სხვა დროს სპეციალურ საუბრებს დავუთმობთ), ამჯერად მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ირინეოსის სწავლებით ღვთის განკაცება და ღვთის კაცობრივ ბუნებაში კაცობრიობის შემოკრება, ესაა ადამიანისათვის ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების აღდგინება.

გაგრძელება →

← სარჩევი

 

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 761

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters