ჩვენი წინა საუბრის დასასრულს ვეხებოდით ტატიანე სირიელის მოძღვრებას მკვდართა აღდგომასთან დაკავშირებით და როგორც მივუთითეთ ამ სწავლების გადმოცემის უწინარეს, ანდა თანადროულად,  ტატიანე მკვეთრად უარყოფითად წარმოაჩენს და შესაბამისად განაქიქებს და კიცხავს სტოიკურ მოძღვრებას. ჩვენ ნაწილობრივ ეს საკითხი, საკუთრივ სტოიკოსებთან დაკავშირებით, თუ რატომ იგმობოდნენ ისისნი ეკლესიის მამათაგან მკაცრად, წინა საუბარში გადმოვეცით, ამჯერად კი პირველ რიგში მოვუხმობთ საკუთრივ ტატიანეს სიტყვებს და შემდგომ მის განმარტებას შევეცდებით.

      ტატიანე კერძოდ გვასწავლის (ამ მხარეზე მართლაც შეიძლება ითქვას რომ გვასწავლის, რადგან მისი ეს სიტყვები თანხვედრაშია და თანახმიერია ეკლესიის მამათა მოძღვრებასთან): "ამიტომ გვწამს, რომ ჟამთა აღსასრულს იქნება სხეულთა აღდგომა. არა ისე როგორც სტოიკოსები ასწავლიან, რომ ყოვლად უსარგებლოდ მარადის წარმოიქმნება და დაცხრება რაღაც ციკლური წრე-ბრუნვები (ჩვენ ამ ციკლურ წრე-ბრუნვებზე წინა საუბარში ვიმსჯელეთ), არამედ რაჟამს ერთგზის სრულიად დასრულდება ჩვენეული საუკუნენი, მხოლოდ კაცთა აგებულება შენარჩუნდება, რათა განისაჯონ. ხოლო განგვსჯის ჩვენ არათუ (აქ დასახელებულია ანტიკური ეპოქის ცნობილი პირები, რომლებიც მითოლოგიური სახისანი არიან) მინოსი ანდა რადამანტისი, არამედ თავად შემოქმედი ღმერთი იქნება ჩვენი მსაჯული". ეს პატარა მონაკვეთი, რაც ჩვენ მოვიტანეთ, ყველა თავისი ნიუანსით, თუნდაც თავისი ტერმინოლოგიური კუთხით და თავისი სამოძღვრო ასპექტითაც, მთლიანად მართლმადიდებლურია. ჩვენ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში საკუთრივ ღვთისმეტყველეური თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია ტატიანეს შემდეგ სიტყვებზე: "ყველაფერი დაცხრება, ყველაფერი მოისპობა, მხოლოდ კაცთა აგებულება შენარჩუნდება, რათა განისაჯნონ". სწავლების ეს ნაწილი, საკუთრივ ადამიანებთან დაკავშირებით, ანუ ანთროპოლოგიური სწავლება ტატიანესი ძალიან საყურადღებო გახლავთ, საყურადღებო გახლავთ იმ კუთხით, რაც ადამიანის მომავალს ეხება და არა მარტო ადამიანის, არამედ სამყაროს მომავალსაც. რა თქმა უნდა, ყოველთვის დაისმოდა და დღესაც დაისმის კითხვა, რა იქნება მომავალ საუკუნეში? ე.ი. განკითხვის შემდგომ მარადიულ საუკუნეში, მარადიულ მყოფობაში, რა იქნება სასუფეველში? იქნებიან თუ არა იქ ცხოველები, მცენარეები, ანუ მთელი ის აქსესუარი, რაც ადამიანს ამქვეყნად თან ახლავს, თუ მხოლოდ ადამიანური მყოფობა იქნება იქ ანგელოზებთან ერთად? ტატიანეს პასუხი როგორც ვხედავთ აბსოლუტურად გარკვეულია, რომ მხოლოდ ადამიანთა აგებულება შენარჩუნდება მეორედ მოსვლის ჟამს, ანუ აღდგომას, აღდგინებას, მხოლოდ ისინი ექვემდებარებიან, რათა განისაჯნონ. მხოლოდ ის რომ მიეთითებინა ტატიანეს ადამიანები იქნებიან მარტოოდენ აღდგომადნი და სხვა არავინ არ აღდგებაო, შეიძლებოდა ამ აზრს დამაჯერებლობა ნაკლები ჰქონოდა, მაგრამ იგი არგუმენტს გვთავაზობს, თუ რატომ მოხდება მხოლოდ ადამიანთა აღდგინება და მათი შენარჩუნება და არა სხვა ვინმესი, "იმიტომ, რომ უნდა განისაჯნონ". აღდგინება კაცობრიობისა, რომელიც დაცემულ მყოფობაში იყო, რომელმაც ღვაწლი განვლო, ანდა პირიქით ღვაწლს განერიდა და შესაბამისად ზოგმა სათნოებითი გეზი აღო ამ ცხოვრებაში, ზოგმა კი სიკეთეს ბოროტება შეაგება და ბოროტებისკენ გადაიდრიკა, მაშინ როცა ორივე მხარეს აქვს თანაბრად და ერთდროულად მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება, ზოგადად ნებელობა და ექვემდებარებიან აქედან გამომდინარე განსჯას, რა თქმა უნდა, ეს განსჯა უნდა აღსრულდეს კიდეც, უნდა შეფასდეს ყოველივე და შეფასებას ვინც ექვემდებარებიან სწორედ ისინი გადარჩებიან. აი ეს აზრია ჩადებული ტატიანეს ციტატაში, რომ ადამიანთა აღდგინებაც არ მოხდებოდა (დაახლოებით რომ განვაგრძოთ მისი მსჯელობის ლოგიკა) ისინი რომ განსჯას არ ექვემდებარებოდნენ, განკითვას რომ არ ექვმდებარებოდნენ. ვინც და რაც განკითვას არ ექვემდებარება, ის მოვლენა, ის არსი, მოკლებულია გონებას, მოკლებულია მოაზროვნეობას, მოკლებულია თავისუფალ ნებას. ხოლო აღდგინება და მეორედ მოსვლის ჟამი იმათთვისაა, ვინც განკითხვას და განსჯას ექვემდებარებიან. ამიტომ მეორედ მოსვლის ჟამს არ აღდგებიან არც ცხოველები, ასე ვთქვათ არ აღდგებიან არც მცენარეები, არც ეს მატერიალური, ხრწნადი და დაშლადი ნივთი იქნება წარდგენილი ღვთის წინაშე. ღვთის წინაშე წარდგენილნი იქნებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც ეთვისებათ, რომელთათვისაც მისადაგებულია განსჯა, რომლებზეც განსჯა უნდა აღსრულდეს. ვფიქრობთ ეს არგუმენტი ძალიან საყურადღებოა და ჩვენ როდესაც უფრო გვიან ეპოქებს შევეხებით საეკლესიო ლიტერატურისას, ალბათ ამ გამონათქვამისა და კონკრეტულად აქ ნაგულისხმევი არგუმენტის მოხმობა ვფიქრობთ კვლავ დაგვჭირდება. ამჯერად კი ამ ციტატასთან დაკავშირებით, რაც ვთქვით ამით დავასრულებთ.

      ტატიანე აღდგომას, აღდგომის რწმენას და საერთოდ აღდგომის გარდუვალობას სხვა კუთხითაც ასაბუთებს. ჩვენ სხვათაშორის აქვე ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვათ თუ რა ტერმინი უნდა მიესადაგოს კაცობრიობის სამომავლო მდგომარეობას, მკვდრობისა და დაცემულობისგან უხრწნელებაში დაბრუნებას, აღდგომა თუ აღდგინება? ზოგჯერ ამ ორი ტერმინის გაიგივებაში კატასტროფულ შეცდომას ხედავენ, რომ თითქოს არ შეიძლება ითქვას მაგალითად კაცობრიობის აღდგომა, რომ აღდგომა მხოლოდ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის გამომხატველი ცნებაა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. თავისთავად ცხადია, რამდენადაც ქართულმა ენამ ამ შემთხვევაში, ტერმინოლოგიური კუთხით, მკვეთრად შესამჩნევი გამომსახველობა აჩვენა, მართლაც რამდენადაც ეს ჩვენს მეტყველებაში მოსახერხებელია, შეგვიძლია ეს ორი მდგომარეობა გავმიჯნოთ და მაცხოვართან დაკავშირებით გამოვიყენოთ ტერმინი აღდგომა და კაცობრიობასთან დაკავშირებით ვთქვათ აღდგინება, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ თითქოს აღდგომა და აღდგინება არ შეიძლება გაიგივდეს და რომ აღდგომა არ შეიძლება ითქვას კაცობრიობისადმი. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ამგვარი გარჩევა მხოლოდ ქართულ ენაშია, თორემ სხვა ენებში და მათ შორის ბერძნულშიც, ტერმინი "ანასტასის" ანუ აღდგომა, სრულიად განურჩევლად და იგივეობრივად ითქმის მაცხოვართან დაკავშირებითაც და ასევე კაცობრიობის აღდგომის მიმართაც. ასე რომ თუ სხვა ენებში და მათ შორის ყველაზე მთავარში, ყველაზე მთავარ ტერმინოლოგიურ და საღვთისმტყველო ენაში, ეკლესიის მამათა ენაში - ბერძნულში, იგივეობრივი და ერთი და იგივე ტერმინი მოიხმობა ამ ორი მოვლენისადმი, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ აქ კატასტროფული ცთომილება დავინახოთ თუ აღდგომას ადამიანთა მიმართაც ვიტყვით. კვლავ დავძენთ, რომ ქართულმა ენამ, როგორც მრავალ შემთხვევაში დაუდასტურებია ამ ენას, რადგანაც აღნიშნული კუთხით მართლაც უფრო დაწვრილებითი გამოსმახველობა, ალბათ სხვა ენებისგან მიუღწეველი, გამოიჩინა და მოგვცა ტერმინი აღდგინება, გასამიჯვნად და გამოსახატავად იმისა, რომ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა თვით მისი ძალით ხდება, თვით მან საღვთო ბუნებით საკუთარი კაცება აღადგინა და თვითვეა პიროვნულად თავისი თავის კაცობრივად აღმდგენი და ზეცად ამამაღლებელი, ამ კუთხით მართლაც შეგვიძლია, უფრო გამოსმახველი რომ იყოს ჩვენი მსჯელობა, აღდგომა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით მოვიხმოთ და რამდენადაც კაცობრიობა თავისით ვერასოდეს ვერ აღდგება და მისი აღმადგინებელი უფალია, შესაბამისად აღდგინება კაცობრიობის მიმართ ვთქვათ. მაგრამ ამ ორი ტერმინის გამიჯვნა მხოლოდ გამომსახველობითი ნიშნით უნდა მოხდეს და არა იმ ნიშნით, რომ თითქოს ეს რაღაც დოგმატურ სხვაობას განაპირობებს.

      დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით, რომ კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების სამომავლოდ რწმენას ტატიანე ასედაც ასაბუთებს: "ისევე როგორც ქმნილი გავხდი, ადრე არარსებული და ქმნის გზით არსებობა მივიღე, ასევე ქმნილი და სიკვდილის გზით მეტად აღარ არსებული, ანუ მეტად აღარ ხილული, კვლავ ვიქნები. ისევე როგორც ადრე არარსებული შემდეგში შობილი გავხდი. თუნდაც რომ ცეცხლმა უჩინო ჰყოს ჩემი ხორცი და აორთქლებული ნივთიერება სამყარომ შეიწყნაროს, თუნდაც რომ მდინარეში ან ზღვაში მოვკვდე, თუნდაც რომ მხეცებმა დამგლიჯონ, მდიდარი მეუფის სავანეებში დავეუნჯები. თუმცა უბადრუკმა და უღვთომ არაფერი უწყის სამომავლო სიკეთეთა შესახებ, მაგრამ მეუფე ღმერთი, რაჟამს ინებებს, კვლავ აღადგენს თავდაპირველი სახით მხოლოდ მისთვის ხილულ არსებას". აქ მოტანილი ციტატის მთლად დამაბოლოებელ სიტყვებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მთელი ეს მონაკვეთი შესანიშნავი სწავლებაა მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით კაცობრიობისა და აქ უკვე შეიგრძნობა (შესაძლოა აქ გარკვეული ლიტერატურული ცოდნაც არსებობდა, ანდა დამოუკიდებლად მაგრამ ერთი სულიერების ქვეშ იყვნენ სხვადასხვა აპოლოგეტნი) ის მძლავრი არგუმენტი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების გარდუვალობის დასაბუთებისთვის, რაც გაცილებით უფრო ვრცლად, ფილოსოფიურად და ღრმად მოხმობილი აქვს უდიდეს აპოლოგეტს წმ. ათენაგორა ათენელს, რაზეც ჩვენ გვისაუბრია და რაზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით, უბრალოდ ხაზს გავუსვამთ იმ მსგავსებას, რომ ათენაგორაც სწორედ ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სრულიად არარსებული შევიქმენი, ჩემი შექმნის საფუძველი სიყვარულია, ღმერთმა სიყვარულით შემქმნა, შესაბამისად ჩემი მარადიულად არსებობის მოსურნეა იგი, და თუკი სრულიად არარსებული შევიქმენი ღვთის ძალით, იმავე ღვთის ძალით და მისივე ნებით როგორ არ შეიძლება, რომ მე უკვე შექმნილი შევნარჩუნდე? გაცილებით რთულია აბსოლუტურად არარსებულის არარსებობიდან შექმნა, ვიდრე უკვე შექმნილის შენარჩუნება, ანდა შექმნილის აღდგინება. დაზიანებული ჭურჭელი შეიძლება გავამთელოთ და თუ შევადარებთ რაოდენ რთულია აბსოლუტურად არარსებული ჭურჭლის შექმნა უკვე შექმნილის და შემდგომ დაზიანებულის გასწორებასთან შედარებით, აი ამ მხრივ ადვილი იქნება წარმოვიდგინოთ მართლაც რაოდენ გაცილებით იოლია უკვე შექმნილი ადამიანის შენარჩეუნება, ანდა აღდგინება სამომავლოდ, იმასთან შედარებით, რასაც გულისხმობს სრულიად არარსებულის შექმნა. აი ეს არგუმენტი მოაქვს ტატიანესაც და ამით ის იმ აპოლოგეტთა საღვთისმეტყველო წრეში ექცევა, რომელთა წინამძღვრადაც ჩვენ ათენაგორა ათენელი უნდა ვიგულისხმოთ.

      ზემორე ციტატაში ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ იმ ფრაზას, რომელიც აღდგინებას კონკრეტულად ეხება, ანუ როდესაც ტატიანე ამბობს, რომ "მეუფე ღმერთი რაჟამს ინებებს, კვლავ აღადგენს თავდაპირველი სახით" (იგულისხმება კაცობრიობას). რას ნიშნავს ეს კვლავ აღდგინება თავდაპირველი სახით? შეიძლება თავდაპირველი სახე ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვეცვალა და უფრო ზედმიწევნით გვეთარგმნა, რომ კვლავ აღადგენს დასაბამიერისკენ. ბერძნულში არის ასეთი ფრაზა "პროს ტო არხაიონ", საიდანაც "ტო არხაიონ" არის დასაბამიერება, ხოლო "პროს" გახლავთ წინდებული - კენ, მიმართ, დასაბამიერებისკენ, დასაბამში რაც იყო იმისკენ კვლავ აღადგენს. კვლავ აღდგინება ბერძნულში გამოიხატება კარგად ცნობილი თეოლოგიური ტერმინით "აპოკატასტასის". აი ეს აპოკატასტასი ანუ კვლავ აღდგინება, ძველ ქართულით კუალად გებაი, უაღრესად მნიშვნელოვანი ტერმინი გახლავთ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ტერმინი და მისი ძველი ქართული თარგმანები და ამ ტერმინში ნაგულისხმევი სხვადასხვა შინაარსი, ერთი მხრივ მართლმადიდებლური და მეორე მხრივ გაუკუღმართებული, ორიგენისტული, ვრცლად განგვეხილა და დაინტერესებულ მსმენელს მივუთითებთ, რომ მოიძიონ შესაბამისი მონაკვეთი ჩვენი წიგნისა "მართლმადიდებლური ხატმეტყველება", სადაც "აპოკატასტასისი" და მისი სინონიმური ტერმინები, ჩვენი შეძლებისამებრ დაწვრილებით გვაქვს განხილული. ხოლო ამ შემთხვევაში ტატიანესთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტატიანე ან გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი როგორც დასაბამში იყო კვლავ იმავე სახით აღდგება, რაც უკვე ორიგენისტული გაგება იქნებოდა აპოკატასტასისა ანუ კვლავ აღდგინებისა, ანდა შეიძლება ის გულისხმობდეს უკვე მართლმადიდებლური სარწმუნოების კვალად, როგორც ეს გამოთქმულია ბევრი ღვთისმეტყველის მიერ, რომ ის რაც ღირსეულია, ის რაც შენარჩუნების ღირსია, რასაც ღვთიურობის ბეჭედი არ გაჰქრობია და რაც წარწყმედას და მოსპობას არ ექვემდებარება, აი ყოველივე ეს კვლავ განახლდება, ჩამოიშორებს ჭუჭყსა და ბიწს და დასაბამიერი, თავდაპირველი, ცოდვამდელი ანუ უცოდველი სახით განახლდება. სამწუხაროდ ტატიანეს ფრაზა არის ძალიან მოკლე და რომელ შინაარსს დებდა ის ზემოთ მოტანილ ფრაზაში, ჩვენთვის ამ შემთხვევაში ამის დაკონკრეტება არც ისე იოლი გახლავთ. მაგრამ თვით ამ საკითხზე მსჯელობა, თუნდაც ამის ხაზგასმა, რომ კაცობრიობის აღდგინება ეს ნიშნავს არა ხელახლა შექმნას კაცობრიობისას, არამედ კაცობრიობის ღირსეული ნაწილის იმავე სახით კვლავ განახლებას, როგორადაც იგი იყო ადამში ცოდვამდე და როგორც უხრწნელებით, უკვდავებითა და ყველანაირი სათნოებით იყო შემკობილი ადამი ცოდვით დაცემამდე, რომ ამგავარად განახლდება კაცობრიობის ღირსეული ნაწილი, უკვე აქეთკენ ტატიანეს ამ ფრაზაში, რა თქმა უნდა, ნაბიჯი გადადგმულია და სწორედ აღნიშნულ ადგილს მოსდევს მსჯელობა, სამწუხაროდ უაღრესად მცდარი, ღვთის სიტყვისა და ღვთის სულის იგივეობის შესახებ. ჩვენ ადრე ავღნიშნავდით, რომ II ს-ში იყო ეს მკვეთრად გამოხატული ცთომილება ბევრ პირთან, ბევრ ავტორთან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იხელთებდნენ და ვერ იგუებდნენ და თავისი თავისთვის ვერ აცნობიერებდნენ სული წმინდის ჰიპოსტასურობას და სულს მიიჩნევდნენ როგორც მხოლოდ თვისებას მამისას, ანდა მეორე შემთხვევაში როგორც იმავე ძე ღმერთს, ოღონდ სხვა სახელის მქონეს. და აი ამ ცთომილების ერთ-ერთი წარმომადგენელი ტატიანეც გახლავთ, რომელიც ღვთის სულის, იგივე სულიწმინდის და ღვთის სიტყვის, იგივე ძე ღმერთის იგივეობას ცხადად გამოთქვამს, როდესაც ამბობს: "ზეციურმა სიტყვამ, რომელიც გახდა სული მამისგან და ლოგოსი სიტყვიერი ძალისგან (რას ნიშნავს ეს სიტყვიერი ძალისგან, ჩვენ ვერ ვაზუსტებთ, იმიტომ, რომ ლოგოსი იმავე სიტყვას ნიშნავს), მისი მშობელი მამის მიბაძვით შექმნა კაცი ხატად უხრწნელებისა, რომ ისევე როგორც უხრწნელება ღმერთთან არსებობს, მსგავსადვე ღვთის ნაწილს ზიარებულ კაცსაც უკვდავება ჰქონოდა". ამ შემთხვევაშიც თუ ღვთის ნაწილს ტატიანე პირდაპირი მნიშვნელობით ამბობს და არა გადატანითი, პირობითი გაგებით, მაშინ ღვთის ნაწილთან ზიარება გულისხმობს ღვთის ნაწილთან, ღვთის არსებასთან, პირდაპირი მნიშვნელობით ზიარებას, ანუ ღვთის არსების ქონას, რაც ასევე აბსოლუტურად არამართლმადიდებლური აზრი გახლავთ. მაგრამ დასაწყისი სიტყვებიც კი ამ კონტექსტისა, რომ ზეციური სიტყვა იგივეა რაც სული მამისა, უკვე თვალსაჩინო დოგმატურ ცთომილებას გვიჩვენებს საკუთრივ ერთარსება სამპიროვნული ღვთის მხრივ. თუმცა ამავე მონაკვეთთან დაკავშირებით ჩვენ ღირსეული მხარეც შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ადამიანის ღვთის ხატად დაბადება ეს იგივეა, რაც დაბადება ხატად უხრწნელებისა, რაც გვიანდელ ღვთისმეტყველთა მიერ უფრო გაშინაარსებულია და ამ საკითხს უფრო განმარტებითად ჩვენ მოგვიანებით ალბათ შევეხებით და განვიხილავთ. აქვე სხვათაშორის აშკარადაა თქმული ანგელოზთა შექმნის შესახებ და არა მხოლოდ ადამიანის შექმნის შესახებ, იმიტომ, რომ იყო ცალკეული მიმდინარეობანი, რომლებიც ანგელოზებს შეუქმნელად ანდა შექმნილად მაგრამ შობილებად აღიარებდნენ, ტატიანე კი მკვეთრად ამბობს, რომ "ლოგოსი კათა შექმნამდე ანგელოზთა შექმნელიც არის", რაც ასევე ეკლესიური სწავლებაა. თუნდაც ის აზრი, რომ ანგელოზური შესაქმე წინ უსწრებს ადამიანურ შესაქმეს, ამ მხრივაც ტატიანე ერთგულობს მართლმადიდებლურ მოძღვრებას.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, აღდგომა, პატროლოგია, ტატიანე, ქველი

ნახვა: 321

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters