შრომათა მიმოხილვა

       ჩვენ კვლავ წმ. ირინეოსის შესახებ წარმოვადგენთ განხილვას. შეგახსენებთ, რომ წინა საუბარში უშუალოდ შევეხეთ მისი ცენტრალური შრომის, ხუთწიგნედის, პირველ წიგნს და იმ თემატიკას რაც ამ პირველ წიგნში განიხილებოდა ავტორის მიერ და როგორც დასასრულს ავღნიშნეთ დანარჩენი წიგნების შესახებაც ასეთ ზოგად ცნობებს ჩვენ შემდგომ საუბარში მოგაწვდიდით და ეს საუბარი ამჟამად მიმდინარეობს.

       ხსენებული შრომის მეორე წიგნი უკვე არის უარყოფა ვალენტინელთა და მარკიონიტთა გნოსტიკური წვალებისა. ანუ თუ წინა წიგნში ჩვეულებრივ ციტირება და გადმოცემა იყო მათი ცრუ მოძღვრებისა, მეორე წიგნში უკვე იწყება ამ მოძღვრებათა და ამ ციტატების უარყოფანი არგუმენტირების გზით, როგორც ეს საერთოდ აპოლოგეტებს სჩვეოდათ. ამიტომ ეს მეორე წიგნი გახლავთ ანტიერეტიკული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რაც, რა თქმა უნდა, თავისი ღირსებით იმსახურებს იმას, რომ დღესაც ითარგმნოს და მკითხველს და მსმენელს მიეწოდოს.

      რაც შეეხება მესამე წიგნს, იგი კვლავაც იმავე მწვალებლობებს უარყოფს უკვე საკუთრივ საეკლესიო ანუ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების და ამ ღვთისმეტყველებაში განსაკუთრებით ქრისტოლოგიის გზით. თუ როგორია წმ. ირინეოსის ქრისტოლოგია და ცენტრალური საკითხი ქრისტოლოგიაში მისთვის რა არის, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

      მეოთხე წიგნშიც კვლავ იგივე ერესებია უარყოფილი, ოღონდ ამჯერად საკუთრივ მაცხოვრის სიტყვათა გზით, და აგვირგვინებს ამ განხილვებს მეხუთე წიგნი, რაც ეხება კონკრეტულად ხორციელ აღდგომას, რასაც ყველა გნოსტიკოსი უარყოფდა და რაც თვით გნოსტიკური მოძღვრების საფუძველშივე იდო. შეუძლებელია, რომ მათ თავიანთი მოძღვრების ერთგულთ, ჰქონოდათ ოდესმე სასოება და რწმენა იმისა, რომ ისინი სასუფეველში დამკვიდრდებოდნენ და მარადიულად იცოცხლებდნენ. თუმცა ამით არ სრულდება ეს მეხუთე წიგნი, ბოლოს ირინეოსი საუბრობს ე.წ. მილენარიზმის შესახებ, რაც ჩვენ წმ. იუსტინე მარტვილთან დაკავშირებითაც განვიხილეთ და რაც II საუკუნეში ზოგჯერ გაკრთება ეკლესიის მამებთან, ღვთისმეტყველებთან. თუმცა მას შემდეგ, რაც მილენარიზმის არსი გამოიკვეთა და მხილებულ იქნა III ს-ის შუა წლებიდან, ეკლესიის მამების შრომებში, რა თქმა უნდა, არანაირი კვალი მისი გამოვლინებისა უკვე აღარ შეიმჩნევა.

      როდესაც ირინეოსი ყოველივე ზემოთქმულს განიხილავს და უარყოფს სისტემური წესით გნოსტიკურ მოძღვრებას, გნოსტიკოსთა შრომებს და ათასგვარა ერეტიკულ განშტობებეს, ცხადია მისთვის უმთავრესი წყაროები ამ მხილებათა ჟამს საკუთრივ გნოსტიკოსთა შრომები გახლავთ, რომლებსაც იგი დაწვრილებით აანალიზებს და ამხილებს, როცა მხილების აუცილებლობა დგება. მაგრამ მხილების ჟამს ირინეოსი, ცხადია, ეყრდნობა წინარე საეკლესიო ანტიერეტიკულ ტრადიციას. მართალია ამ ტრადიციის უდიდესი ნაწილი დღეს დაკარგული გახლავთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია უაღრესად ხელშესახები იყო თავის დროზე. კერძოდ მაგალითად დაკარგულია ირინეოსის მიერ მითითებული პაპიას ჰიერაპოლელის სიტყვები. პაპიას ჰიერაპოლელი მოციქულთა მოწაფე გახლდათ, რომელსაც დაწერილი ჰქონდა წიგნი “საუფლო სიტყვათა განმარტება”, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე მცირე ფრაგმენტია შემონახული ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაში. ირინეოსი ასევე უთითებს ანტიერეტიკულ ლიტერატურაში მცირე აზიის მოხუცებულთა სიტყვებს. ძნელია ამ ძეგლის რაობის დადგენა, თუმცა უაღრესად საყურადღებო ჩანს. რა თქმა უნდა, ძირითადი წყაროები მისთვის უნდა ყოფილიყო წმ. იუსტინე მარტვილის მონუმენტური “ერესების უარყოფა” და კონკრეტულად მარკიონის მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული შრომა ამავე სათაურით, მაგრამ ზემორე და კიდევ სხვა წყაროებიც ირინეოსისგან ყოველ ნაბიჯზეა გათვალისწინებული და საერთოდ მისი უდიდესი ერუდიცია, როგორც ეს ერთსულოვნად არის აღიარებული ძველი ავტორების მიერაც და თანამედროვე მკვლევართა მიერაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მოგვცემს საშუალებას ჩვენ, რომ მთლიანად გავისიგრძეგანოთ თუ რა მასშტაბის ერუდიცია ვლინდება მწიგნობრული თვალსაზრისით მის ზემოხსენებულ შრომაში.

      ერთ-ერთი მკვლევარი სხვათაშორის ირინეოსის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს ჩვენს მიერ ადრე განხილული თეოფილე ანტიოქიელის შრომას “ავტოლიკესადმი”, მაგრამ განსაკუთრებით ამ თეოფილე ანტიოქიელის დაკარგულ შრომებს, რომლებიც ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს შრომები გახლავთ ანტიერეტიკული ძეგლები “ჰერმოგენეს წინააღმდეგ” და “მარკიონის წინააღმდეგ”, რომელბიც დღეისათვის დაკარგულია. დავძენთ, რომ ამ შრომათა სახელწოდებანი ჩვენთვის ცნობილია ევსები კესარიელისგან. რაც შეეხება თეოფილეს ჩვენამდე მოღწეული შრომის, რომელიც თავში ვახსენეთ, მიმართებას წმ. ირინეოსის შრომასთან, მკველვართა აღიარებით ნაცნობობა და გათვალისწინება შეიძლებოდა სახეზე ყოფილიყო, მაგრამ მაინც მკვეთრი პარალელი მათ შორის ნაკლებად შეიმჩნევა. უფრო ხაზგასასმელია სწორედ ანტიერეტიკული თხზულებების გამოყენება, იქნებოდა ეს ანტიერეტიკული თხზულებები დაწერილი თეოფილესგან, ანდა წმ. იუსტინესგან თუ სხვა რომელიმე საეკლესიო მამისგან.

      ირინეოსის ამ შრომის დაცულობაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, მაგრამ უფრო დეტალურად ამჯერად ავღნიშნავთ, რომ იგი სრული ლათინური თარგმანითაა ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე ხელნაწერში და როგორც ასევე ერთსულოვნადაა მკვლევართაგან მიღებული, ეს თარგმანი უძველესია. ზოგი მკვლევარი უფრო წლების მიხედვითაც შემოსაზღვრავს თარგმანს და მიუთითებენ, რომ ეს თარგმანი შესრულებული უნდა იყოს ჩრდ. აფრიკაში 370-420 წლებში. თუმცა არის განსხვავებული შეხედულებაც, ისეთი დიდი ავტორიტეტის, როგორიც გერმანელი მკვლევარი ჰუგო კოხი გახლავთ (სხვათაშორის ეს ის მკვლევარია, რომელიც მეორე ცნობილ მკველვართან – შტიგლმაიერთან ერთად ასაბუთებდა არეოპაგეტული შრომების გვიანდელობას და მასზე პროკლე დიადოხოსის თხზულებათა გავლენას), ვინც სხვა თარიღს გვაწვდის ირინეოსის თხზულების ლათინური თარგმანისას, მისი აზრით ეს თარგმანი 250 წლამდეა შესრულებული. არგუმენტი არის ძალიან სოლიდური, მანამდეც ცნობილი, მაგრამ ნაკლებად ყურადღება მიქცეული, კერძოდ ის რომ ამ ლათინურ თარგმანს ირინეოსის შრომისას უკვე იმოწმებს წმ. კვიპრიანე კართაგანელი, რომელიც მოგეხსენებათ 50-იან წლებში აღესრულება მარტვილურად და შესაბამისად მისგან ნასარგბლევი ძეგლი უფრო ადრე დაწერილი უნდა ყოფილიყო. არიან მკვლევარნი, რომლებიც ლათინურ თარგმანს კიდევ უფრო აძველებენ და დაახლოებით 200 წლით ათარიღებენ, ფაქტობრივად ირინეოსის სიცოხლის მიწურულით, იმიტომ, რომ ირინეოსი დაახლოებით 203 წელს აღესრულა. რაც შეეხება ბერძნულ ორიგინალს, მისი მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები მეტნაკლებადაა შემორჩენილი და ეს ფრაგმენეტები ჩვენ გვხვდება წმ. იპოლიტე რომაელის, იმავე ევსები კესარიელის და განსაკუთრებით წმ. ეპიფანე კვიპრელის ანტიერეტიკულ შრომებში. საყურადღებოა ისიც, რომ ამ შრომის ზოგი ფრაგმენტი შემონახულია პაპირუსის გრაგნილებში. დავძენთ აგრეთვე იმასაც, რომ გარდა ლათინური, ზედმიწევნითი და სრული თარგმანისა, ჩვენამდე მოღწეულია ბოლო ორი წიგნის (ე.ი. მეოთხე და მეხუთე წიგნების) სომხური თარგმანი და მიიჩნევა, რომ ეს სომხური თარგმანი არის ზედმიწევნითი. აქვე ვახსენებთ სირიულ თარგმანსაც, რადგან სირიულად ცნობილია დაახლოებით 33 ფრაგმენტი ამ შრომისა და შესაბამისად მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი სირიულადაც უნდა ყოფილიყო თარგმნილი. თუმცა ასეთ დროს საფიქრებელია, რომ სომხურის ზედმიწევნითობა ბერძნულ ორიგინალთან საეჭვოა და ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობის უდიდეს ნაწილში, სომხური ეყრდნობა სირიულს.

      ჩვენ რამდენადაც სრულად გვსურს რომ წარმოვიდგინოთ ირინეოსის მოღვაწეობა და ღვთისმეტყველებას, რომელიც ნაწილობრივ დაწყებული გვაქვს, შემდეგ დავუთმოთ ყურადღება, ბარემ აქვე შევეხებით ირინეოსის მეორე შრომასაც, რომელიც ამგვარ სათაურს ატარებს “გაცხადება სამოციქულო სწავლებისა”. ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი, რომლის პუბლიკაციაც რამდენიმე გზის შესრულდა. ძირითადად ის ასევე ლათინური ტექსტითაა მოღწეული, თუმცა რამდენიმე გზის განხორციელდა თარგმნაც, შედარებით ბოლო ხანებში მაგალითად გამოიცა და ჩვენ თვითონაც გვაქვს ინგლისურად შესრულებული თარგმანი, ორიგინალის პარალელურად, აურაცხელი კომენტარებით, და მთელი ეს სისავსე მეცნიერული ლიტერატურისა ამ ძეგლის შესახებ და კვლევის ინტენსივობა უეჭველად სწამებს და ისედაც სათაურიდანვე გამჭირვალეა, რომ განსაკუთრებული ღირებულების ძეგლი უნდა ყოფილიყო იგი, უნდა ყოფილიყო, რადგან  მთლიანი სახით ორიგინალურ ანუ ბერძნულ ენაზე იგი შემონახული არ გახლავთ და მეტიც, დიდი ხნის მანძილზე საერთოდ ამ შრომის მხოლოდ სათაური იყო ცნობილი ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიიდან. არის იქ ერთგან ხსენებული ეს შრომა მე-5 წიგნის 26 თავში და მხოლოდ ეს იყო მკვლევართათვის ხელმისაწვდომი, სანამ 1904 წელს აღმოჩნდებოდა ამ თხზულების სრული სომხური თარგმანი, რომელიც მცირე ხნის შემდეგ, დაახლოებით 1907 წელს, ცნობილმა ტერ მიკირტიჩიანმა გამოაქვეყნა. ამ თარგმანის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ხსენებული ძეგლი, “გაცხადება სამოციქულო სწავლებისა” არის აპოლოგეტური ხასიათისა და შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი გადმოგვცემს ქრისტიანული სარწმუნოების არსს, ეს გახლავთ კერძოდ 4-42 თავები, და ამავე ნაწილში ჩვენ გვაქვს ღვთისმეტყველება ღვთის სამპიროვნების შესახებ, შესაქმის, ცოდვით დაცემის, მაცხოვრის განკაცების, გამოსყიდვის შესახებ და სხვა. ალბათ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამავე ნაწილში წარმოჩენილია ღვთის განსაკუთრებული ზედამხედველობა კაცობრიობის ისტორიაზე ადამიდან იესო ქრისტემდე. ესაა პირველი ნაწილი ამ შრომისა სახელწოდებით “სამოციქუო სწავლების გაცხადება”. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც მოიცავს თავებს 42-97, ეს ნაწილი მკითხველის წინაშე წარმოადგენს ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო სიტყვებს, რომლებიც სწამებენ ქრისტეს მიერ ჭეშმარიტებას. თვით ირინეოსის შემაჯამებელი სიტყვები, რაც ჩვენ ციტატის სახით შეგვიძლია მოვიტანოთ, ამგვარი გახლავთ: “თუკი წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ქვეყნად მოვლინებული ძე ღვთისა ჭეშმარიტად გამოიხსნის კაცთა მოდგმას, თუკი მათ გვაუწყეს ისიც, ქვეყნის რომელ ადგილას, როგორ და რა სახით მოივლინებოდა უფალი, თუკი მაცხოვარმა თვითვე აღასრულა ყველა ეს წინამორბედი მინიშნებანი მის შესახებ, შესაბამისად ჩვენც მისდამი (უფლისადმი) ჩვენი რწმენა ურყევ საფუძველზე უნდა დავაშენოთ და ეს ურყევი საფუძველი არის სწორედ ის, რომ რაც აქამდე ახდა ასევე ნაწინასწარმეტყველები იყო. შესაბამისად თუ ეს ნაწინასწარმეტყველები განმართლდნენ ჩვენ რამ უნდა დაგვაბრკოლოს, რომ მათდამი რწმენა ოდნავ მაინც შეგვერყეს. რაც გამართლდა ესაა სწორედ ყველაზე უფრო საიმედო საფუძველი ჩვენთვის, რომ ისინიც ასევე განმართლდება, რაც უფრო გვიანდელი ეპოქისათვის არის მათგან ნაწინასწარმეტყველები. ასე რომ მართებული უნდა იყოს ის, რაც სწამეს მოციქულებმა, რომლებიც უფლის მიერ მიმოიგზავნენ მთელ ქვეყანაზე და რომლებმაც იქადაგეს, რომ მოვიდა ძე ღვთისა, რათა დაეთმინა მას ვნება, ხოლო ვნების დათმენით გაეუქმებინა სიკვდილი და გამოვესყიდეთ ჩვენ”.

      ამ ძეგლის დასასრულს ირინეოსი მკითვხელებს მოუწოდებს რწმენასთან შეთანხმებული ცხოვრებისაკენ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, გამოვლენილია გულმოდგინება, რომ მკითხველი და მსმენელი მწვალებლური უღვთოებისგან განარიდოს.

      ეს შრომაც ვფიქრობთ დიდი ინტერესის გამომწვევი იქნება და მისი პუბლიკაცია და თარგმნა ქართულ ენაზე ჩვენი აზრით ასევე უსათუოდ უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ უადრესი ეპოქის სამოციქულო სწავლების შემცველი თხზულება გახლავთ. დაახლოებით იმ რანგის ძეგლია ეს, როგორიც გახლავთ იპოლიტე რომაელის ავტორობით ცნობილი მოციქულთა გადმოცემა ანუ მოციქულთა ტრადიცია.

      რაც შეეხება ირინეოსის სხვა შრომებს, მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენეტები გახლავთ მოღწეული, ჩვენ შეგვიძლია ეს ფრაგმენტები ჩამოვთვალოთ, პირველ რიგში თავისთავად ცხადია ის რაც უკვე წაკითხული იყო ჩვენგან, კერძოდ ირინეოსის ეპისტოლე ფლორინუსისადმი, რომელსაც თავისი სათაურიც აქვს, სადაც ეპისტოლეში განხილული საკითხი განსაზღვრულია, ეს გახლავთ საკითხი ერთმთავრობის შესახებ, ანუ იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტისა. ასევე ფლორინუსისადმი გაგზავნილი შრომა ოგდოადის შესახებ, რომლის ბოლო სიტყვები ციტირებულია ევსები კესარიელის მიერ. მცირე ფრაგმენტი ირინეოსის სხა ეპისტოლისა დაცულია იმავე ევსებისთან, რაც მას გაუგზავნია რომში მცხოვრები პირისადმი სახელად ბლასტუსიდად, რომელიც ფლორინუსის მსგავსად მომხრე იყო საეკლესიო ტრადიციაში და წეს-ჩვეულებაში სიახლეთა შემოტანისა ანუ ინოვაციებისა, რასაც, რა თქმა უნდა, ირინეოსი მკაცრად ეწინააღმდეგება. ამ ეპისტოლეს ეწოდება “განხეთქილების შესახებ” და ეს სათაური სწორედ ევსებისგან არის დამოწმებული მის საეკლესიო ისტორიის მე-5 წიგნის მე-20 თავის პირველ ქვეთავში.

      სირიულად არის შემორჩენილი ფრაგმენტი ირინეოსის ერთი ეპისტოლისა პაპი ვიქტორისადმი, სადაც ირინეოსი ურჩევს პაპს, რომ წინ აღუდგეს ფლორინუსს და ხელი შეუშალოს მისი ნაწერების გავრცელებას.

      ასევე ევსები გვაწვდის ფრაგმენტებს ირინეოსის წერილიდან პაპი ვიქტორისადმი აღდგმის დღის საკითხებზე და ეს ფრაგმენტები გახლავთ ძალიან საყურადღებო. ესაა ასევე ევსების საეკლესიო ისტორიის მე-5 წიგნის 23-24 თავებში, რომელთა თარგმნას დღესაც ქართულად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ვფიქრობთ დღესაც არ დაუკარგავთ მათ ღირებულება.

      და ბოლო ფრაგმენტი, რაც ჩვენთვის ცნობილია უკავშირდება ირინეოსის შრომას “შემეცნების შესახებ”, რა თქმა უნდა, დაკარგულს და სხვადასხვა მსჯელობათა მოკლე წიგნს, სადაც სხვათაშორის დამოწმებულია ეპისტოლე ებრაელთა მიმართ. ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ ირინეოსი ჩვეულებრივ მიიჩნევა, როგორც უარმყოფელი ამ ეპისტოლის პავლესეულობისა, და არის ასეთი აზრიც მკვლევართაგან, რომ ეს მოკლე წიგნი შესაძლოა საერთოდ ქადაგებთა კრებულსაც კი გულისხმობდეს ირინეოსისას. შესაბამისად ეს კრებული რომ ჩვენამდე მოღწეულიყო, უძველესი კრებული ქადაგებებისა სახეზე გვექნებოდა.

      აი ესაა დაახლოებით ის ყველაფერი, რაც ირინეოსის მოღვაწეობაზე, მის ბიოგრაფიაზე, მისი შრომების ფრაგმენტებზე შეგვეძლო გვეთქვა. ამჯერად ამით დავასრულებთ და შემდგომი საუბრიდან უკვე მართლაც მეტი დეტალურობით, იმ ცალკეული მინიშნებების უფრო გახსნით, რაც ადრე გვქონდა, ვისაუბრებთ წმ. ირინეოსის ღვთისმეტყველებაზე.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 375

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters