წმიდა პოლიკარპე სმირნელი - ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ

      პოლიკარპე და მასთან ერთად ხუცესები[1] ღვთის ეკლესიას, რომელიც მკვიდრობს[2] ფილიპიაში. წყალობა და მშვიდობა გამრავლდეს თქვენთვის, ყოვლისპყრობელი ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტესაგან.

თავი I

      დიდად გავიხარე თქვენთან ერთად ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ შეწყნარებული გაქვთ ჭეშმარიტი სიყვარულის მბაძველობანი და როგორც თქვენ შეგფეროდათ წარმოავლინეთ სიწმინდის შესაფერისი ჯაჭვებით შეკრულნი, რომლებიც არის ღვთისა და ჩვენი უფლის ჭეშმარიტად რჩეულთა დიადემები. და რომ თქვენი რწმენის მტკიცე ძირი, პირველი დროიდანვე გაცხადებული, ვიდრე ამ ჟამამდე მყოფობს და ნაყოფიერებს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის ითმენდა ვიდრე სიკვდილის მოწევნამდე. რომელიც აღადგინა ღმერთმა, დაარღვია რა სალმობანი ჯოჯოხეთისანი (საქმე 2, 24).

      და რომელიც არ გიხილავთ, გწამთ გამოუთქმელი და დიდებული სიხარულით (I პეტრე 1, 8), რომელშიც მრავალს სურს შეღწევა, იციან რა რომ მადლით ხართ გამოხსნილნი. არა საქმეთაგან (ეფეს. 2, 5,8,9), არამედ ღვთის ნებით იესო ქრისტეს მიერ.

თავი II

      ამიტომ, შემოისარტყლეთ წელნი თქუენი (შდრ. I პეტრე 1, 13) და ემსახურეთ ღმერთს შიშითა და ჭეშმარიტებით. მიატოვეთ ცუდუბრალო ამაოდ მეტყველება და მრავალთა ცთომილება, ერწმუნეთ მას, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისცა მას დიდება (შდრ. I პეტრე 1, 21) და ტახტი მის მარჯვნივ. რომელსაც დამორჩილებულია ყველაფერი, ზეციური და ქვეყნიური (შდრ. ფილლიპ. 2, 10; II კორ. 4, 14). რომელსაც ყოველი სული მსახურებს. რომელიც მოდის ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად (საქმე 10, 42). რომლის სისხლსაც მოჰკითხავს ღმერთი მათ, რომლებმაც არ ირწმუნეს ის, ხოლო ვინც აღადგინა იგი მკვდრეთით, აღგვადგენს ჩვენც (II კორ. 4, 14), თუ აღვასრულებთ მის ნებას და ვივლით მისი მცნებებით, თუ შევიყვარებთ, რაც მან შეიყვარა, განვიშორებთ რა ყოველგვარ უსამართლობას, ანგარებას, ვერცხლისმოყვარეობას, ბოროტსიტყვა-ობასა (შდრ. დიდაქე 1,3) და ცრუმოწმეობას (შდრ. დიდაქე 1,3).

      ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ და ლანძღვას ლანძღვისა წილ, დარტყმას დარტყმისა წილ, წყევლას წყევლისა წილ. ხოლო გვახსოვდეს ის, რაც უფალმა თქვა, ასწავლიდა რა, რომ "ნუ განსჯით, რომ არ განისაჯოთ (მათე 7,1)".

      "მიუტევეთ და მოგეტევებათ" (ლუკა 6,37).

      "შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ" (მათე 5,7). "რა საზომითაც ზომავთ, იმავეთი გაიზომება თქვენთვის" (ლუკა 6,38).

      და რომ "ნეტარ არიან გლახაკნი და დევნილნი სიმართლის გამო, რადგან მათია ღვთის სასუფეველი"(მათე 5, 3,10; ლუკა 6,20).

თავი III

      ამათ, არა ჩემით აღძრული გწერ თქვენ სამართლიანობის შესახებ, ძმებო, არამედ მას შემდეგ, რაც თქვენ მომიწოდეთ მე. რადგან არც მე და არც სხვა ვინმე, რომელიც ჩემი მსგავსია, არ ძალუძს მიაღწიოს ნეტარი და განთქმული პავლეს სიბრძნეს, რომელიც თქვენ შორის იყო და პირისპირ, ზედმიწევნით და სარწმუნოდ ასწავლა ჭეშმარიტების სიტყვა მაშინ მცხოვრებ ადამიანებს. რომელმაც მას შემდეგ, რაც განგეშორათ, ეპისტოლეები მოგწერათ თქვენ, რომელშიც თუკი ჩაიხედავთ, შეძლებთ თქვენთვის მოცემულ რწმენაში წარმატებას. რომელიც არის დედა ყოველი ჩვენგანისა[3], რომელსაც მოსდევს იმედი და რომელსაც წინ უძღვის სიყვარული ღვთის, ქრისტეს და მოყვასისადმი. რადგან თუკი ვინმე ამათ შიგნით იქნება, აღუსრულებია მას სამართლიანობის მცნება, რადგან, ვისაც სიყვარული აქვს, ის შორს არის ყოველგვარი ცოდვისაგან.

თავი IV

      სათავე ყოველგვარი უბედურებისა არის ვერცხლისმოყვარეობა (შდრ. I ტიმ. 6,10). ამრიგად, ვიცოდეთ, რომ არაფერი შემოგვიტანია ქვეყანაში და არც არაფრის წაღება ძალგვიძს (შდრ. I ტიმ. 6,7). აღვიჭურვოთ სიმართლის საჭურველით და თავდაპირველად ჩვენს თავს ვასწავლოთ უფლის მცნებაში სვლა, შემდეგ კი თქვენს ცოლებს, მათთვის მიცემულ რწმენაში, სიყვარულსა და უბიწოებაში. რომ მთელი ჭეშმარიტებით უყვარდეთ თავისი ქმრები და თანაბრად, მთელი მოკრძალებით უყვარდეთ ყველა და შვილები აღზარდონ ღვთის შიშის სწავლებით. ქვრივები კეთილგონიერნი იყვნენ უფლის მცნების შესახებ. დაუცხრომლად იშუამდგომლონ ყველასათვის, შორს იყვნენ ცილისწამების, ბოროტსიტყვაობის, ცრუმოწმეობის, ვერცხლისმოყვა-რეობისა და ყოველგვარი ბოროტებისაგან. იცოდნენ, რომ საკურთხეველი[4] არიან ღვთისა და რომ (ღმერთი) ყველაფერს ხედავს და არაფერია დაფარული მისგან, არც აზრები, არც განზრახვები და არც რამ იმგვარი, რაც გულშია დაფარული.

თავი V

      ამრიგად, ვიცოდეთ, რომ ღმერთი არ დაუშვებს მის შეურაცხყოფას და გვმართებს მისი მცნებისა და დიდების შესაფერისად სვლა.

      მსგავსადვე, დიაკვნებიც უბიწონი იყვნენ მისი სამართლიანობის წინაშე, როგორც ღვთის და ქრისტეს დიაკვნები და არა ადამიანებისა. ნუ ცილისმწამებელნი, ნუ ორენოვანნი[5], უვეცხლონი (შდრ. დიდაქე 3,5), ყველაფერში თავშეკავებულნი, გულმოწყალენი, მზრუნველნი, უფლის ჭეშმარიტების შესაბამისად მავალნი, რომელიც გახდა ყველას მსახური, რომელსაც, თუკი სათნოვეყოფით ამჟამინდელ საუკუნეში, მივიღებთ აღთქმულს, როგორც დაგვპირდა ჩვენ, რომ აღგვადგენს მკვდრეთით და რომ, თუკი მის ღირსად ვიმოღვაწევებთ, მასთან ერთად თანავიმეფებთ კიდეც (II ტიმ. 2,12), თუ გვწამს.

      მსგავსადვე, ახალგაზრდებიც ყველაფერში უბიწონი იყვნენ. ყოვლის უწინარეს, სიწმინდის განმზრახველნი, ყოველგვარი ბოროტისაგან საკუთარ თავთა მომთოკველნი, რადგან კარგია ქვეყნიურ გულისთქმათა მოკვეთა[6], რადგან ყოველი გულისთქმა სულის წინააღმდეგ იბრძვის (I პეტრე 2,11). და ვერც მეძავები, ვერც სულმოკლენი, ვერც მამათმავალნი, ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ (I კორ. 6, 9-10), ვერც უჯერო საქმეების მოქმედნი.

      ამიტომ საჭიროა განეშოროთ ყველაფერ ამათგან და დაემორჩილოთ ხუცესებს და დიაკვნებს, როგორც ღმერთს და ქრისტეს. ქალწულებმა კი უბიწო და წმიდა სინდისით იცხოვრონ.

თავი VI

      ხოლო ხუცესები გულმოწყალენი და ყველაფერში თანამგრძნობნი იყვნენ. შეცთომილთა მომაქცეველნი, ყველა უძლურის მიმხედველნი, არ უგულებელყონ ქვრივი, ან ობოლი, ან უპოვარი, არამედ ყოველ ჟამს ღვთისა და კაცთა წინაშე კეთილს განიზრახვიდნენ. განშორებულნი ყოველგვარ რისხვას, პირმოთნეობას, უსამართლო მსჯავრს, შორს იყვნენ ყოველგვარი ვერცხლისმოყვარეობისაგან, ნუ მსწრაფლმრწმუნებელნი ვინმეს წინააღმდეგ, ნუ მკაცრნი მსჯავრში, იცოდნენ, რომ ყველანი თანამდები ვართ ცოდვისა.

      ამრიგად, თუ ვევედრებით უფალს, რომ გვაპატიოს ჩვენ, ჩვენც გვმართებს პატიება. რადგან უფლისა და ღვთის თვალთა წინაშე ვართ (იგავთა 3,4; რომ. 12,17); II კორ. 8,21) და ყველა უნდა წარდგეს ქრისტეს საყდართან და თითოეულმა სიტყვა უნდა მისცეს თავისთვის (რომ. 14, 10-12).

      ამრიგად, ასე ვმსახურებდეთ მას შიშითა და მთელი კრძალვით (ებრ. 12,25), როგორც თავად გვამცნო და გვახარეს ჩვენ მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა, რომლებმაც წინასწარ გვიქადაგეს ჩვენი უფლის მოსვლა. მოშურნენი ვიყოთ კეთილისათვის, განშორებული საცთურთაგან, ცრუ ძმებისა და იმ ადამიანებისაგან, რომლებიც თვალთმაქცურად იჩემებენ უფლის სახელს და აცდენენ რწმენაში განუმტკიცებელ ადამიანებს.

თავი VII

      რადგან ყოველი, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლას, ანტიქრისტეა (I იოანე 4, 2-3). და რომელიც არ აღიარებს ჯვრის მოწმობას, ეშმაკისაგან არის და რომელიც ამრუდებს უფლის სიტყვებს საკუთარ სურვილთა მიხედვით და ამბობს, რომ არ იქნება არც აღდგომა და არც სამსჯავრო, ის პირმშოა სატანისა.

      ამიტომ დავტოვოთ მრავალთა ამაოება და ცრუსწავლებანი, მოვიქცეთ დასაბამიდან ჩვენთვის გადმოცემული სიტყვისაკენ. ვიფხიზლოთ ლოცვებში და განვმტკიცდეთ მარხვებში (I პეტრე 4,7). ვედრებათა მიერ შევსთხოვოთ ყოვლისმხედველ ღმერთს ნუ შეგვიყვანს ჩვენ განსაცდელში (მათე 6,13), როგორც თქვა უფალმა, რომ სული მოსწრაფეა, ხოლო ხორცი უძლური (მათე 26,41).

თავი VIII

      ამრიგად, დაუცხრომელად განვმტკიცდებოდეთ ჩვენს იმედში და სამართლიანობის ჩვენეულ წინდში, რომელიც არის ქრისტე იესო, ვინც თავისი სხეულით ჩვენი ცოდვები იტვირთა ჯვარზე (I პეტრე 2,24), "რომელმან-იგი ცოდვაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუაი პირსა მისსა" (I პეტრე 2,22). არამედ ჩვენს გამო, რომ ვიცოცხლოთ მასში, ყველაფერს ითმენდა.

      ამრიგად, მივბაძოთ მის მოთმინებას და თუ ვევნებით მისი სახელის გამო, განვადიდებთ მას. რადგან ეს ნიმუში დაგვიდო მან ჩვენ თავისი თავის მიერ და ჩვენ ვერწმუნეთ მას.

თავი IX

      ამრიგად, მოგიწოდებთ თქვენ ყველას, დაემორჩილოთ სამართლიანობის სიტყვას და დავითმინოთ მთელი მოთმინებით, რაც თვალით იხილეთ კიდეც არა მარტო ნეტარ ეგნატეში, ზოსიმესა და რუფოსში, არამედ სხვა მორწმუნეშიც, თავად პავლესა და დანარჩენ მოციქულებში.

      გჯეროდეთ, რომ ყველა ისინი ფუჭად არ იღვწოდნენ (გალ. 2,2), არამედ რწმენითა და სამართლიანობით და რომ მათთვის შესაფერის სავანეში არიან უფალთან, რომელსაც თანაევნენ კიდეც, რადგან არა ამჟამინდელი საუკუნე შეიყვარეს, არამედ ჩვენთვის მომკვდარი და ჩვენს გამო ღვთის მიერ აღდგენილი[7].

თავი X

      ამრიგად, დაადგერით ამათში და შეუდექით უფლის მაგალითს, რწმენაში მტკიცე და შეურყეველნი იყავით, გიყვარდეთ თქვენი საძმო, ურთიერთისადმი გულმოდგინე იყავით ჭეშმარიტებით შეერთებულნი. უფლის სიმშვიდით შეეწიეთ ერთმანეთს, არავინ უგულებელყოთ. როცა შეგეძლებათ ქველმოქმედება, არ გადადოთ ის, რადგან მოწყალება განარინებს სიკვდილისაგან (ტობ. 4,10; 12,9). ერთმანეთისათვის დამთმობნი იყავით, რათა თქვენი საქციელი უყვედრელი იყოს წარმართთა შორის, რომ თქვენც იდიდოთ თქვენი კეთილი საქმეებისათვის და უფლის სახელიც არ მიეცეს ყვედრებას თქვენი მიზეზით.

      ვაი მას, ვის გამოც ყვედრებას ეძლევა უფლის სახელი. ასე რომ ყველას ასწავლეთ სიფხიზლე და თავშეკავება, რომლითაც თქვენ ცხოვრობთ.

თავი XI

      მე ძალიან ვწუხვარ ვალენტიუსის[8] გამო, რომელიც ხუცესი იყო ოდესღაც თქვენთან, რომელმაც დაივიწყა მისთვის ბოძებული წოდება. ამიტომ გევედრებით თქვენ უფრთხილდით ანგარებისმოყვარეობას, იყავით წმიდა და მართალი, თავშეკავებული ყოველგვარი ბოროტისაგან. ვისაც თავად არ შეუძლია ამისგან თავშეკავება, როგორ უქადაგებას ამას სხვებს? ვინც ანგარებას ეძლევა, ის იბილწება კერპთმსახურებით და ღირსია წარმართთა რიგებში აღრიცხვისა.

      ვინ არი იცის უფლის მსჯავრი, ნუთუ არ ვიცით, რომ წმიდანები განიკითხავენ ქვეყანას (I კორ. 6,2)? ამას ხომ პავლე ასწავლის. თუმცა მე არაფერი ამის მსგავსი არ შემინიშნავს თქვენში და არც გამიგია, რომელთა შორისაც მოღვაწეობდა ნეტარი პავლე და რომელთა შესახებაც ის ქებით იხსენიებს თავისი ეპისტოლის დასაწყისში[9].

      თქვენით ამაყობს ის ყველა ეკლესიაში, რადგან მხოლოდ თქვენ შეიცანით იმ დროს ღმერთი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით მაშინ ის. ასე რომ ძალიან ვწუხვარ ვალენტიუსსა და მის ცოლზე. ძმებო, ღმერთმა მისცეს მათ ჭეშმარიტი სინანული, ხოლო თქვენ კეთილგონიერნი იყავით ამაში. ნუ ჩათვლით მათ მტრებად (II თესალ. 3,15), არამედ ეცადეთ გამოასწოროთ ისინი, როგორც შემცდარი და მტკივნეული ასონი, რათა ჯანმრთელი იყოს მთელი თქვენი სხეული (I კორ. 12,26). მოიქცევით რა ასე, თქვენს თავებსაც აღაშენებთ.

თავი XII

      დარწმუნებული ვარ, რომ კარგად შეისწავლეთ წმიდა წერილი და არაფერია მასში თქვენთვის უცნობი. მე ვერ მივაღწიე ამას, მაგრამ ვიცი, რომ წერილში წერია: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4,5; ეფეს 4,26) და "მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე" (ეფეს. 4,26). ნეტარიან ის, ვისაც ახსოვს ეს. მწამს, რომ ასე იქცევით. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ და თავად მან, მარადიულმა მღვდელმთავარმა, ღვთის ძე იესო ქრისტემ წარმატება მოგცეთ თქვენს რწმენასა და ჭეშმარიტებაში, სიმშვიდესა და ურისხველობაში. მოთმინებასა და დიდსულოვნებაში, გამძლეობასა და უბიწოებაში. დაე, მოგცეთ თქვენ წილი და ნაწილი მის წმინდანთა შორის, ჩვენც თქვენთან ერთად და ყველას, რომლებიც ცხოვრობენ ცის ქვეშ, რომელთაც აქვთ რწმენა ჩვენს უფალ იესო ქრისტესა და მის მამაში, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. ილოცეთ ყველა წმინდანისათვის (ე.ი. ქრისტიანებისათვის, გ.ზ.), ილოცეთ მეფეთათვის, ხელისუფლებისა და მთავრებისათვის, რათა თქვენი ნაყოფი ყველასათვის ცხადი გახდეს და თქვენც სრულყოფილი იყოთ.

თავი XIII [10]

      მწერდით მე თქვენ და ეგნატე, რომ თუ ვინმე წავიდოდა სირიაში, მიეტანა იქ თქვენი წერილიც. როგორც კი ხელსაყრელ შემთხვევას ვიპოვი, მაშინვე შევასრულებ ამას, ან თვითონ, ან იმის მეშვეობით, რომელსაც გავგზავნი, რომ დესპანი იყოს ის თქვენი მხრიდანაც. ეგნატეს ეპისტოლე, რომელიც მან გამოგვიგზავნა და სხვა ეპისტოლეებიც, რომლებიც კი ჩვენთან იყო, გამოგიგზავნეთ თანახმად თქვენი თხოვნისა; ისინი ამ ჩვენს წერილს ერთვის. თქვენ შეგიძლიათ დიდი სარგებლობა მიიღოთ მათგან, რადგანაც ეს წერილები შეიცავენ რწმენას, მოთმინებას და ყოველგვარ დარიგებას ჩვენს უფალში.

      თუ რაიმეს დანამდვილებით გაიგებთ ეგნატესა და მისი თანამგზავრების შესახებ, ჩვენც შეგვატყობინეთ.

თავი XIV

      ეს დავწერე თქვენთვის კრესკენტის მიერ, რომელსაც ახლახან გიქებდით და ახლაც ვაქებ. იგი უზადოდ ცხოვრობდა ჩვენთან და იმედი მაქვს, რომ თქვენთანაც ასე იქნება. გთხოვთ, მისი დაც მიიღოთ, როდესაცც ის თქვენთან მოვა. კეთილად იდექით უფალ იესო ქრისტეში და მის მადლში. მისი მადლი იყოს ყველა თქვენგანზე, ამინ.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ


შენიშვნები

[1] - "პრესვიტერი" – მოციქულთა ეპოქაში პრესვიტერი ხშირად ეწოდებოდა ეპისკოპოსებს და პირიქით, ეპისკოპოსი – პრესვიტერებს. იხ. საქმ. მოც. XX, 17-18. 28; I პეტრე 5,2; ტიტე 1. 5,7; I ტიმ. 3. 1,2,7; 5,15 და სხვა. პრესვიტერებს უწოდებდნენ თავიანთ თავს თვით პეტრე და იოანე მოციქულები, იხ. I პეტრე 5,1; II იოანე 1,1; III იოანე 1,1. აღსანიშნავია, რომ პოლიკარპესთან უკვე გამიჯნულია სამი სასულიერო ხარისხი – ეპისკოპოსი, ხუცესი და დიაკონი.

[2] - "პარიკუსე" – ძვ. ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც "მსხემი", "მდგმური", "უცხოობაში მყოფი". ამით გამოიხატებოდა ქრისტიანთა შეგნება, რომ ისინი მსხემობაში იმყოფებოდნენ ამქვეყნად. შდრ. I პეტრე 1,17; ფილლიპ. 4,20.

[3] - შდრ. წმ. ეგნატი ანტიოქიელის ეფესელთა მიმართ გაგზავნილი ეპისტოლე: "რამეთუ დასაბამ ცხოვრებისა არს სარწმუნოება და სრულმყოფელი – სიყვარული" (იხ. საქ. ეკლ. კალენდ. 1986, თ. 14).

[4] - ქვრივები, რომლებიც ცხოვრობდნენ მორწმუნეთა შენაწირებით, იყვნენ, როგორც საკურთხეველი, რომელზედაც ეს შენაწირები წარედგინებოდა ღმერთს. შდრ. წმ. ეგნ. ანტიოქიელის ტრალისელთა მიმართ გაგზავნილი ეპისტოლე: "რომელნი ქალწულებით ცხონდებიან, პატივსცემდით მათ, ვითარცა მსხვერპლთა უფლისათა ღმრთისმოყვარეთა და პატიოსანთა ქურივთა, ვითარცა საკურთხეველთა ღმრთისათა" (იხ. საქ. ეკლ. კალენდ. 1986, გვ. 552).

[5] - შდრ. დიდაქე: "ნუ იქნები ორენოვანი, რადგან ორენოვნება მახეა სიკვდილისა" (2,4).

[6] - შდრ. დიდაქე 3,3: "ნუ აღივსები გულისთქმით".

[7] - იგულისხმება უფალი იესო ქრისტე, ვინც თავისი ჯვარცმით კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვის ტყვეობისაგან.

[8] - როგორც ტექსტის რუსული თარგმანის კომენტარშია მითითებული ანგარებისმოყვარეობით აღძრულმა ხუცესმა ვალენტიუსმა მოიპარა ფული, რაც ღარიბებისათვის იყო განკუთვნილი. დანაშაულში მას თანამონაწილედ ჰყავდა ცოლი.

[9] - იგულისხმება წმ. პავლემოციქულის "ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე".

[10] - აღნიშნული თავის თითქმის მთელი ტექსტი, რაც ბერძნულ ხელნაწერს აკლია, ციტირებულია ევსები კესარიელის ცნობილ შრომაში "საეკლესიო ისტორია" (III,36).

ტეგები: Qwelly, ეპისტოლე, პატროლოგია, პოლიკარპე_სმირნელი

ნახვა: 382

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters