ცხოვრება და მოღვაწეობა

       მართლმადიდებელ მოძღვართა განსაკუთრებული ვალდებულებაა ჭეშმარტიების დაცვა და არაიშვიათად ვახსენებდით ამ დამცველობითი მოღვაწეობის ჟამს ისეთ დიდ სახელს, როგორიც გახლავთ წმ. ათანასე ალექსანდრიელი. მას შევეხებით ჩვენ ამჯერად და ალბათ რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნება ხსენებულ მოღვაწეს. მეტნაკლებად აქცენტი გვექნება მისი ცხოვრების იმ ნაწილზე, რაც კონკრეტულად არიანელობასთან პაექრობას უკავშირდება და რა თქმა უნდა როგორც ყველა საუბარში შევეხებით მის იმ უდიდესი მნიშვნელობის მქონე საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას რაც დღესაც ჩვენთვის ერთ-ერთი გზამკვლევია ჭეშმარიტი მოძღვრების შესწავლის გზაზე.

       ათანასე ალექსანდრიელის დამსახურება მრავალი კუთხით წარმოჩნდება, პირველ რიგში ათანასე როგორც საქმითი მოღვაწე, პრაქტიკულად შერკინებული უკეთურებასთან, და ეს უკეთურება ერთ-ერთი რიგითი უკეთურება რა თქმა უნდა არ გახლდათ, ეს იყო დამანგრეველი ძალის მქონე, კატასტროფული მიზანდასახულობის შეტევა ეკლესიის, ჭეშმარიტების წინააღმდეგ და აი ასეთ უმძიმეს ეპოქაში სწორედ ათანასე ალექსანდრიელს განეჩინა ხვედრი ჭეშმარიტების, საეკლესიო მოძღვრების და ამ მოძღვრებას მიდევნებული მთელი თაობების გადარჩენისა. ასე რომ პრაქტიკული კუთხით, საქმითი მოღვაწეობის თვალსაზრისით ათანასე ალექსანდრიელმა უდიდესი მნიშვნელობის წვლილი შეიტანა ეკლესიის ისტორიაში და შედეგად მთელ მომავალ თაობებს და დღევანდელ დღესაც დაგვიტოვა საკუთარი პიროვნების სახით უდიდესი ქედუხრელი მოღვაწის ნიმუში, მოღვაწისა რომლის გარეგანი შეხედულებით უთანასწორო ბრძოლა უკეთურების წინააღმდეგ ძლევამოსილად დაგვირგვინდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მას გვერდით ამოუდგნენ ისეთი ახოვანი მხედრები ჭეშმარიტებისა, როგორებიც გახლდათ წმ. კირილე იერუსალიმელი და კაბადოკიელი მამები.

       ცხოვრება ათანასესი მრავალი წყაროთი არის ჩვენთვის დღეისათვის მეტნაკლებად ცნობილი. პირველი და უმთავრესი წყარო თვით მისი შრომებია, სადაც პირველ პირში ათანასე ალექსანდრიელი არაიშვიათად, თუმცა არაპირდაპირ მაგრამ მაინც, საკუთარი ცხოვრების შესახებაც გვაუწყებს. მნიშვნელობა აქვს იმ შესავალს რაც მან წარუმძღვარა თავის სადღესასწაულო ეპისტოლეებს. არსებობს აგრეთვე ასეთი ძეგლი “ათანასეს ისტორია”, ლათინურად შემონახული მხოლოდ, “ჰისტორია ათანასი” ასე ეწოდება მას რაც სხვაგვარად, ტრადიციულად, ე.ი. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია უსათაურო ისტორიის სახელწოდებით იმიტომ, რომ ნაკლულევანია ეს ტექსტი, მას თავი და დასაწყისი შემორჩენილი არ აქვს. დიდი მნიშვნელობის მქონეა აგრეთვე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ხოტბითი ხასიათის სიტყვა ათანასესადმი, რიგით 21-ე სიტყვა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იმ 50 სიტყვეთში რაც ამ მოღვაწისგან ჩვენ შემოგვრჩა (ქართულადაც გახლავთ თარგმნილი ეს უმნიშვნელოვანესი სწავლება ათანასეს შესახებ, მისი ცხოვრების ხოტბითი სტილით წარმოჩენა და შეფასება თან გრიგოლ ღვთისმეტყველისგან, ასეთი უდიდესი მოღვაწისგან და საეკლესიო მამისგან). აგრეთვე გარკვეული ღირებულება განეკუთვნება კოპტურად შემონახულ ფრაგმენტებს ათანასეს შესახებ და ათანასეს სახელზე დაწერილი პანეგირიკისას, ანუ ხოტბითი ხასიათის ძეგლისას. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სხვადასხვა შენიშვნებს იმ დროინდელი თუ მოგვიანო პერიოდის საეკლესიო მოღვაწეებისას, მათ შორის საეკლესიო ისტორიკოსებისას.

       დღეისათვის ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნევა, რომ ათანასე დაიბადა დაახლოებით 295 წელს ალექსანდრიაში. აქვე მიიღო მან თავისი ეპოქისათვის შესაფერისი მაქსიმალური განათლება, როგორც კლასიკური ასევე საღვთისმეტყველო, მისი პიროვნების ფორმირება აქ შედგა და ათანასესგანვე დაწერილი შრომის (ჩვენ არაერთგზის ვახსენეთ ეს შრომა) “ანტონი დიდის ცხოვრების” შესავლიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ ათანასე, გარდა ამ წესით განათლების მიღებისა, როდესაც ის სკოლარული სასწავლებლიდან კლასიკურ განათლებას იძენდა და ამავე დროს საღვთისმეტყველო ფორმირებასაც ღვთისმეტყველთა შრომების შესწავლის შედეგად, პარალელურად უმჭიდროესი კავშირით, უმჭიდროესი ურთიერთობებით საზრდოობდა ეგვიპტის მონაზონებთან, კერძოდ თებაიდის მონაზვნებთან მას ქონდა უმჭიდროესი ურთიერთობა, რაც მოგვიანებითაც უაღრესად არსებითი გახდა მისი ცხოვრებისთვის, განსაკუთებით 50-იანი წლების მიწურულს IV საუკუნისა, 355 წლის შემდგომ, როდესაც კვლავ მოხდა მისი განდევნა არიანელთაგან ქალაქ ალექსანდრიიდან. სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით 5-6 წელი ინტენსიურად თანამოღვაწეობდა იგი ეგვიპტის მეუდაბნოეებთან და თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლი ათანასესი ამავე ეპოქას ეკუთვნის. მისმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა ლექცია, ათანასე დიაკონად დანიშნა 319 წელს და ფაქტობრივად მდივნად განაწესა იგი თავის, ალექსანდრიის ეკლესიაში, ე.ი. დიაკვნობის შემდგომ ათანასემ მდივნის მოვალეობაც იტვირთა და შეითავსა. სწორედ ამ ხარისხით, ამ თანამდებობით ახლდა ათანასე ალექსანდრეს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე, რის შესახებაც ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, და იქ ამ კრებაზე ათანასე ეკლესიის ისტორიის წინაშე პირველად წარმოჩნდება მონუმენტურ ფიგურად, მოღვაწედ, პიროვნებად, რომელსაც უკვე განდგომილთაგან, ერეტიკოსთაგან დიდი ანგარიში უნდა გაეწიოს. ამის შესახებ თვით ათანასე გვაუწყებს თავის შრომებში, განსაკუთრებით არიანელთა წინააღმდეგ მის ცნობილ ქადაგებაში, აგრეთვე ამას გვიდასტურებს ჩვენ სოკრატე სქოლასტიკოსი საეკლესიო ისტორიაში, რომ 325 წლის პირველ მსოფლიო კრებაზე ათანასე ალექსანდრე ალექსანდრიელის მდივნის სტატუსში და დიაკვნის ხარისხში წარმოდგენილი, უკვე მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ეკლესიისა. ხოლო სამი წლის შემდგომ 328 წელს იგი ალექსანდრე ალექსანდრიელის საეპისკოპოსო ღვაწლსაც განიკუთვნებს, განეკუთვნება ღვთისგან (თუმცა ზოგიეერთ გამოკვლევაში რატომღაც 326 წელია მითითებული დაბეჯითებით, თუმცა კარგად არის ცნობილი და ეს სპეციალურ ლიტერატურაში დადგენილია, რომ ალექსანდრე ალექსანდრიელის შემდგომ ათანასეს ეპისკოპოსობა ალექსანდრიაში იწყება 328 წლიდან). ეს ახალი სამოღვაწეო საქმე, ეპისკოპოსობის ღვაწლი და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა უაღრესად შრომატევადი და მძიმე იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არიანული ერესი მიუხედავად მსოფლიო კრებისგან დაგმობისა მაინც თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ძალმოსილებას იკრებდა, როგორც ამაზე ჩვენ დეტალურად გვქონდა მსჯელობა და ამ ძალასთან დაპირისპირება რა თქმა უნდა დიდი სირთულეების მომასწავებელი იყო. ამ დაპირისპირების წინაშე მდგომი ათანასეს პიროვნება ჩვენ რაღაცნაირად შორიდან, მიმსგავსებითად, აჩრდილისებრ შეგვიძლია წარმოვისახოთ, თითქოსდა დიდი კედლის, დიდი კლდის წინაშე მდგომი პიროვნებისა, და ეს კლდე უნდა გაირღვეს, თორემ იგი თუ წამოიქცა გასრესით ემუქრება დიდ სიმრავლეს ადამიანებისას. აი ამ კლდის დაძლევა, კლდის განკვეთა, მოსესებრ სულიერი კვერთხით ამ კლდის განპობა უეჭველად თავიდანვე დაისახა მიზნად ათანასე ალექსანდრიელმა, რადგანაც ვადევნებთ რა თვალს მის მოღვაწეობას, ჩვენ ოდნავ წაფორხილებასაც კი, ოდნავ შეყოყმანებასა და შეყოვნებასაც კი ჭეშმარიტების დაცვის გზაზე ვერსად აღმოვაჩენთ, ხოლო ასეთი სულიერი მხნეობა წინასწარი შინაგანი მობილიზებისა და პიროვნული შემოკრებითი განზრახვის გარეშე გონებისა და სხეულებრივ ძალთა შემოკრებითი განზრახვის გარეშე, საეჭვოა რომ განხორციელებულიყო. ათანასე, რა თქმა უნდა, იკურთხა რა ეპისკოპოსად და ალბათ კურთხევის წინა დღეებშიც ყოველივე აწონ-დაწონა, გაისიგრძეგანა და თავისი ღვაწლი და თავისი საქმე კონკრეტულად ამ დიდი ამოცანის შესრულებას დაუკავშირა, არიანული საფრთხისგან, არიანული ერესისგან ეკლესიური სიწმინდის გადარჩენას და შეუბღალავად გადაცემას მომდევნო თაობებისათვის. რა თქმა უნდა საკუთრივ არიანულ ერესთან დაპირისპირება თავისთავად იყო რთული, მაგრამ ამ სირთულეებს სრულიად წარმოუდგენელ სიდიდეს აძლევდა და სიმძიმეს ჰმატებდა ის პოლიტიკური მხარდაჭერა რაც საიმპერიო კარიდან არიანელებს ქონდათ. არიანელობის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად საიმპერიო კარის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ამიტომ გახლდათ ეს ბრძოლა უაღრესად მძიმე. მაგრამ ღვთის წინაგანგების განჭვრეტამ, ალექსანდრე ალექსანდრიელის შემდგომ (მისი მოღვაწეობაც რა თქმა უნდა ღვთის წინაგანგება გახლდათ) ღვთის წინაგანგების განჭვრეტამ ათანასე ალექსანდრიელს მისცა განსაკუთრებული ძალა. მან (ათანასემ) განჭვრიტა, რომ ეს ხვედრი მასზე დაკისრებული ღვთისგან სუფევს, ეს არ არის რიგითი, შემთხვევითი რამ სირთულე მისგან დასაძლევი, არამედ ესაა პრინციპული მნიშვნელობის ბრძოლა, ასპარეზობა, ჭეშმარიტებისათვის მოსაგრეობა, რაც იმ პერიოდში, იმ მონაკვეთში მეწინამძღვრედ და მხედართმთავრად სწორედ ათანასე ალექსანდრიელს გულისხმობდა, ღვთისგანვე ნაგულვები ამგვარად გახლდათ და აი ამის განჭვრეტა, რომ ეს ყოველივე საღვთო ხვედრია რა თქმა უნდა განსაკუთრებული ძალმოსილებით აღჭურვავდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მხედარს, საღვთო ბრძოლის მეწინამძღვრეს. ამიტომაა, რომ ათანასეს წინააღმდეგ თავიდანვე ამხედრდა უკეთურების, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მესაყვირენი და როგორც ყოველთვის ყველაზე უფრო ბასრი იარაღი ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლისა, უკეთურებას ცილისწამება ქონდა, იგივე იარაღი მოიმარჯვეს ათანასეს წინააღმდეგ, შეატყვეს რა, რომ ფიზიკური დაპირისპირებით, სულიერი, ფსიქოლოგიური ბრძოლით ვერაფერს დააკლებდნენ მას, პირიქით უფრო აწრთობდნენ მის პიროვნებას, უფრო შეუდრეკელსა და დაუმარცხებელს, უძლეველს ხდიდნენ და ქმნიდნენ მას. ამიტომ მოხმობილ იქნა ყველაზე ბასრი იარაღი ცილისწამებისა, დაუყონებლივ გავრცელდა მის შესახებ სხვადასხვა ცილისწამებანი და რა თქმა უნდა ეს ცილისწამებანი საიმპერიო კარის უმწვერვალეს საფეხურამდე აღიწეოდა და თვით იმპერატორის ყურამდეც. მისი მტრები, კონკრეტულად 335 წელს, შეიკრიბნენ ტვიროსში, სადაც გაიმართა ტვიროსის ანუ ტვირის სინოდი, რომელსაც როგორც ადრეც აღგვინიშნავდით, თავჯდომარეობდა ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ევსები კესარიელი, რაც უაღრესად სამწუხარო ფაქტი გახლავთ იმიტომ, რომ ამ პიროვნებას მნიშვნელოვანი დამსახურებანი აქვს საეკლესიო მწერლობის, ეკლესიის ისტორიის წინაშე და თავისი ამგვარი ქმედებით საკუთარ ცხონებას ყველაზე უფრო არსებითი გამოაკლო. ათანასეს წინააღმდეგ დაპირისპირებამ ამ კრებაზე როგორც იტყვიან იზეიმა და დასკვნა და შედეგი გახლდათ ის, რომ ათანასე ალექსანდრიის ეპისკოპოსობიდან გადააყენეს და ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორმა იგი გადაასახლა კიდეც ალექსანდრიიდან, რაც პირველი დევნულებაა ათანასესი. ჩვენ ამაზე ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი მსმენელებისას თუ რამდენი დევნულება და როდის მიიღო ათანასემ და რაოდენი ახოვანება აჩვენა მან ამგვარ შემოტევათა წინაშე. ასე რომ პირველი დევნულება მისი ხდება 335 წელს ტვიროსის სინოდის და სინოდალური დადგენილების შემდგომ და ათანასე პირველად ტოვებს საეპიკოპოსო კათედრას, საეპიკოპოსო საყდარს. მას ამ პერიოდისთვის მჭიდრო კონტაქტი ქონდა არა მხოლოდ, როგორც ადრე ვთქვით, ეგვიპტის მონაზონებთან, არამედ აგრეთვე დასავლეთთანაც, რომის მართლმადიდებლებთან, რომის პაპთან, თუმცა კონკრეტულად ამ პირველი დევნულების ჟამს ვერანაირი შეწევნა სხვათაგან რაიმე შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და არც ყოფილა მისთვის სირთულეების თავიდან ასაცილებლად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამ დროს ემთხვევა პერიოდი, როდესაც 337 წელს აღესრულება იმპერატორი კონსტანტინე და ცოტა ხნის შემდეგ, ამავე წლის 23 ნოემბერს, ათანასე ალექსანდრიელი უკან ბრუნდება თავის სამწყსოში, თავის ეპარქიაში. თუ პირველი დევნულება და განდევნა არის 335 წელს, პირველი დაბრუნება ათანასესი მოხდა 337 წლის 23 ნოემბერს. მაგრამ რა თქმა უნდა არიანელობა, როგორც ადრეც ავღნიშნავდით უფრო და უფრო ძლიერდება, ტრიუმფალური სვლა აქვს არიანელობას ამ დროისათვის და კვლავ სათავეში ამ ტრიუმფალური სვლისა ევსები ნიკომიდიელი, ნიკომიდიის ეპიკოპოსი გახლავთ, რომლის წაქეზებითაც მალევე შეიკრიბა ანტიოქიის სინოდი (თუ პირველი ტვიროსის სინოდი იყო, მეორე ესაა ანტიოქიის სინოდი), 339 წელს, ამ დროისათვის ევსები უკვე კონსტანტინოპოლის პატრიარქია, როგორდაც ის გახდა 338 წელს და აი ამ ანტიოქიის სინოდზე მოხდება მისი (ათანასეს) მეორეგზისი გადაყენება ეპისკოპოსობისგან, ხოლო მის ადგილზე, ე.ი. საეპიკოპოსო საყდარზე ანუ ალექსანდრიის ეპიკოპოსად არჩეულ იქნება განკვეთილი მღვდელი სახელად პისტოსი ან პისტი, და რადგან ამ უკანასკნელის კონსეკრაცია გარკვეულ პერიოდში შეუძლებელი გახდა, მათ გამოიყენეს ძალა და იძულებით კაბადოკიელი მოღვაწე გრიგოლი დაადგინეს ალექსანდრიაში ფაქტობრივად მთელი ამ ეპარქიის გამგებლად, ხოლო ათანასეს სხვა არაფერი არ დარჩენოდა გარდა ეპარქიიდან წასვლისა. ესაა მისი მეორე დევნულობა 339 წელს. ამჯერად ათანასე, თუ პირველად ის ტრევუსში მიდის, ამ მეორე დევნულობის ჟამს იგი რომს მიაშურებს, სადაც შეიკრიბება სინოდი 341 წელს, რომლის თავჯდომარეც გახლდათ პაპი იულიოს I, რომელმაც ყველაფერში უდანაშაულოდ სცნო ათანასე, აბსოლუტურად გაამართლა იგი ყველაფერში, მთლიანად დაუჭირა მას მხარი და ნიადაგი შეუმზადა ამ 341 წლის რომის სინოდმა გაცილებით დიდი მასშტაბის კრებას, რაც გაიმართა 343 წელს სარდიკიაში და რამაც კვლავ დაადასტურა მისი ეპისკოპოსობის ლეგიტიმურობა. თუმცა ათანასე მაინც ვერ ახერხებს ეგვიპტეში დაბრუნებას ზემოხსენებული გრიგოლ კაბადუკიელის გარდაცვალებამდე, რომელიც 345 წელს გარდაიცვლება და სწორედ მომდევნო წელს, 346 წლის 21 ოქტომბერს ათანასე კვლავ ბრუნდება ალექსანდრიაში, ესაა მისი მეორე დაბრუნება. თუ 339 წლის ანტიოქიის სინოდით მეორე დევნულობაში წავიდა ათანასე, 346 წლის 21 ოქტომბერს, ჯერ რომის სინოდისა და შემდეგ სარდიკიის დიდი კრების დადგენილებით იგი უფლებამოსილი ხდება, რომ გრიგოლ კაბადუკიელის სიკვდილის შემდეგ, 345 წლის შემდეგ, დაბრუნდეს მეორეგზის ქალაქ ალექსანდრიაში.

       ვითარება კვლავ შეუცვლელია, კვლავ ინტრიგები იხლართება მის გარშემო. ამ დროს იმპერიას მოგეხსენებათ განაგებს ორი ძმა, კონსტანცი და კონსტანციუსი, ამათგან ეს უკანასკნელი არიანელია, პირველი მართლმადიდბელი, რომელიც მფარველობს, პროტექტორატობას უწევს ათანასეს, მაგრამ იგი (კონსტანცი) აღესრულება 350 წელს, ხოლო კონსტანციუსი, რომელიც არიანელთა მხარდაჭერის სურვილითაა გამსჭვალული, ხდება ერთადერთი გამგებელი აღმოსავლეთისაც და დასავლეთისაც თავისი იმპერიისა. იგი არცთუ დიდად დაახანებს და ორ კრებას გამართავს, არლისა და მილანის ცნობულ კრებებს, 353 და 355 წლებში შესაბამისად, ათანასე ალექსანდრიელის დასაგმობად. ამ კრებებზე დაიგმობა კვლავ და ეს უკვე მესამეგზისი დაგმობაა და მესამეგზისი გადაყენებაა ათანასე ალექსანდრიელისა, და მის ნაცვლად შემოყვანილ იქნება ახალი უზურპატორი ალექსანდრიაში გიორგი კაბადუკიელი, წინარე გრიგოლ კაბადუკიელის შემდგომ. ეს მესამე დევნულობა ათანასესი, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ ამ საუბრის დასაწყისშიც მივანიშნებდით, ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი საღვთისმეტყველო მოღვაწეობისთვის, რადგანაც იგი იძულებულია რა დატოვოს თავისი ეპარქია, კონკრეტულად ქალაქი ალექსანდრია, თავს შეაფარებს ეგვიპტის მეუდაბნოეებს, ეგვიპტის უდაბნოებს და იქ იმყოფება იგი ექვსი წელი და ამ წლების მანძილზე წერს ათანასე ალექსანდრიელი ისეთ სახელგანთქმულ შრომებს როგორიცაა თავისი აპოლოგია კონსტანცისადმი, იგივე კონსტანციუსისადმი, აპოლოგია თავისი გაქცევის გამო (ასე შეიძლება ვთარგმნოთ), წერილი მონაზვნებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც გახლავთ “არიანელობის ისტორიას” (ესაა მოკლე სათაური ვრცელი სათაურისა რითაც ეს ძეგლი სპეციალურ ლიტერატურაშია ცნობილი). ამავე წლებში წერს იგი თავის ცნობილ “ანტონი დიდის ცხოვრებას”, რაც უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოდ ეკლესიის ისტორიაზე, განდეგილური, ასკეტური ღვაწლის გაფართოებაზე და იმ ზომამდე გავრცობაზე, რომ მონასტიციზმი, განდეგილობა, მეუდაბნოება არსებითი და განუყოფელი ნაწილი ხდება ეკლესიისა, საეკლესიო ისტორიისა. კიდევ სხვა შრომებიც, რაზეც ჩვენ მოგვიანებით ავღნიშნავთ, დაწერა ათანასემ. ამ ექვსწლიანი ციკლის მიწურულს მყისიერად შეიცვალა იმპერიაში ვითარება, როდესაც მოკვდა კონსტანციუსი 361 წელს და მისი ქვეშევრდომი და მისგან ასე ვთქვათ ხელთდასხმული გიორგი კაბადუკიელი მოკვდინებული იქნება 23 დეკემბერს ამავე წლისა, ხოლო ახალი იმპერატორი ივლიანე ყველა გადასახლებულ ეპისკოპოსს უკანვე მოუხმობს. ჩვენ ივლიანეზე შემდეგ კვლავ ვისაუბრებთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ ივლიანესგან ამ, ასე ვთქვათ კეთილი ჟესტის გამოვლენა იყო არა გულითადი სურვილი იმისა, რომ ჭეშმარიტებას გაემარჯვა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მიზანდასახულობა და სწრაფვა იქეთკენ, რომ მომხრეები მოეპოვებინა, თორემ ჩვენ ვნახავთ ივლიანე კონსტანციუსზე უფრო მეტად დაპირისპირებულიც აღმოჩნდება ჭეშმარიტებასთან, ეკლესიასთან, საერთოდ განუდგება იგი     ქრისტიანობას და წარმართობას აირჩევს ჭეშმარიტ სარწმუნოებად. ამიტომ ეწოდება მას განდგომილი, ივლიანე განდგომილი, მაგრამ კონკრეტულად ამ მომენტში, როდესაც იგი ხდება იმპერატორი, კეთილი შედეგი საკუთრივ ათანასეს მიმართ ის გახლდათ, რომ ათანასე გადასახლებიდან უკან ბრუნდება. ესაა მისი მესამე დევნულობიდან მესამეგზისი დაბრუნება.

       ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს თარიღები და ეს ეპოქალური მონაცვლეობანი ათანასეს ცხოვრებაში იმგვარად იყოს სწორედ აღქმული მსმენელისგან, როგორც ჩვენ ამას წარმოვადგენთ, რადგანაც აი ამ მრავალგზის დევნულებებზე ხასგასმით ყველაზე მეტად განვიზრახავთ იმის გამოკვეთას თუ რაოდენი ახოვანება გამოავლინა ათანასემ, რაოდენი შეუდრეკელობა, ჭეშმარიტების დაცვის საქმეში. კვლავ შეგახსენებთ, რომ მისი პირველი დევნულება იყო 335 წელს ტვიროსის კრების შემდეგ, პირველი უკან დაბრუნება კონსტანტინე დიდის აღსრულების შემდეგ 337 წლის 23 ნოემბერს. მეორეგზისი განდევნა მისი 339 წელს ანტიოქიის სინოდის მიერ და მეორეგზისი უკან დაბრუნება 346 წელს, მას შემდეგ რაც ჯერ რომის სინოდმა და შემდეგ სარდიკიის სინოდმა დაამტკიცეს მისი ეპისკოპოსობის ჭეშმარიტება. მესამ განდევნა უკვე იმპერატორ კონსტანციუსის დროს 353-355 წლებში გამართული ორი კრების, არლისა და მილანის კრებების შემდგომ და უკან დაბრუნება, რაზეც ამჯერად ვსაუბრობდით, 362 წლის 22 თებერვალს, ანუ დეკემბერში როდესაც მოკლულ იქნა გიორგი კაბადუკიელი, 361 წლის დეკემბერში, მყისვე, ფაქტობრივად ორ თვეში უკან ბრუნდება ათანასე ალექსანდრიელი.

       დაუყონებლივ, ყოველგვარი შესვენების გარეშე ათანასე იწყებს მისთვის ნიშანდობლივ მოღვაწობას საეკლესიო მშვიდობის დამყარებისთვის, გაერთიანებისთვის სხვადასხვა დაპირისპირებული ძალებისა, შემორიგებისთვის ე.წ. ნახევარ არიანელებისა. არიანელობისა და ეკლესიის ისტორიაში გამოიყოფა ასეთი ჯგუფი ნახევრად არიანელები, რომლებიც გულწრფელად ცდებოდნენ ზოგი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა მათი მოძღვრება ჯანსაღი იყო, ამას თვითონ ათანასე ალექსანდრიელი განმარტავს შესანიშნავად, რომ “არ უნდა დავუპირისპირდეთ, - ამბობს იგი, ისეთ მოღვაწეებს და კონკრეტულად იმ მომენტში მას მხედველობაში ყავდა მაგ. ბასილი ანკვირელი, რომლებიც მხოლოდ ტერმინოლოგიურად ავლენენ გარკვეულ სხვაობას ჩვენდამი, მაგრამ მოძღვრებით, მოღვაწეობით და სარწმუნოებრივი გამსჭვალულობით ერთნი არიან ჩვენთან, ერთგულნი არიან ჭეშმარიტებისა და ისინი ჭეშმარიტების წიაღში ჩვენთან უნდა შერთულ იყვნენ, შეუერთდეთ ერთიმეორეს ერთმთელად, და ერთ ეკლესიად წარმოვჩნდეთ ღვთის წინაშე”. აი ეს განზრახულობა და ამგვარი ქმედება ათანასესი, რომ ვინც კი შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტების წიაღში შემოკრებილ იქნენ შემოიკრიბონ მართლაც, ერთმთლიანად წარმოჩნდეს და განძლიერდეს ჭეშმარიტება, მართლმადიდებელი ეკლესია. აი ეს მიზანდასახულობა და პრაქტიკული მოქმედება ამ მიზანდასახულობის განსახორციელებლად რა თქმა უნდა არ ეჭაშნიკებოდა იმპერატორ ივლიანეს, მას სულაც არ ქონდა მიზნად დასახული ქრისტიანობის გაძლიერება, როდესაც გადასახლებულ ეპისკოპოსებს უკან მოუხმო. კვლავ ავღნიშნავთ ერთდერთი მიზანდასახულობა ივლიანესი გახლდათ თანამოაზრეთა მოპოვება, მაგრამ ათანასე რომელიც ყოველგვარი ამგვარი ამასოფლისეული პირფერობისგან და ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ თვალღებისგან, ანუ თვალთმაქცობისგან ყოვლითურთ თავისუფალი იყო, ცხადია ვერანაირად ივლიანეს გულს ვერ მოიგებდა და ამიტომაც ივლიანე თითქმის დაუყონებლივ კვლავ გააძევებს ათანასეს (ეს უკვე მეოთხეგზისი გაძევებაა ათანასესი) და განდევნის მას შემდეგი მიზეზით, რომ თითქოსდა ათანასე იყო მშვიდობის მოწინააღმდეგე და ამავე დროს უკვე ივლიანე, რომელიც თავისი წარმართული სარწმუნოების ერთგულებას დაუფარავად ავლენს, ათანასესადმი ასეთ ბრალდებასაც წარმოაჩენს, რომ ათანასე იყო მტერი ღმერთებისა. მოგეხსენებათ ივლიანეს იმპერატორობა იყო ძალიან ხანმოკლე, იგი 363 წელს, ე.ი. ერთი წლის შემდეგ განდევნის რა მეოთხეგზის ათანასე ალექსანდრიელს, გარდაიცვლება და ათანასე უკან ბრუნდება, მაგრამ მეხუთეგზის ხდება მისი, და ეს უკვე ბოლო დევნულებაა, 365 წელს კვლავ გადასახლება. ე.ი. 362 წელს მეოთხე დევნულობაში წავა და 363-364 წლებში უკან ბრუნდება, მაგრამ მომდევნო იმპერატორი ვალენსი ასევე დაპირისპირებული აღმოჩნდება მასთან, ვალენსი, რომელიც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველი ხდება 364-378 წლებში, 365 წელს მეხუთე დევნულობაში მიავლენს ათანასეს, თუმცა ეს გახლდათ ყველაზე ხანმოკლე დევნულობა ათანასესი იმიტომ, რომ ოთხი თვის შემდეგ უკან ბრუნდება, რადგანაც მრევლს უკვე ამ პერიოდში საკმაო გავლენიანობა აქვს მოპოვებული, ისინი ამხედრდებიან, ამბოხდებიან ათანასეს წინააღმდეგ გამოვლენილი უსამართლობის გამო. თუმცა ათანასე ფიზიკურადაც არ განშორებია დიდად ამ მეხუთე დევნულობის ჟამს თავის მრევლს, იგი ქალაქის შემოგარენში, ერთ-ერთ სახლში იყო დამკვიდრებული, ე.ი. ქალაქგარეთ მაგრამ ქალაქთან ახლოს და მრევლის აღშფოთების შემდგომ გახდება რა იმპერატორი იძულებული თავისი გადაწყვეტილების შეცვლისა, უკუხმობილი იქნება ათანასე და ისიც კვლავ აღდგება თავის უფლებებში და განაგრძობს თავის სამწყემსო მოვალეობას 366 წლის 1 თებერვლიდან. ამის შემდგომ მას საკუთრივ გადასახლებანი აღარ შეხებია და 2 მაისს 373 წლისა აღესრულება ჭეშმარიტად ვალმოხდილი (თუ ვინმეზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ეს ეპითეტი – ვალმოხდილი აღსრულება, უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ დაუღალავ, ქედუხრელ, შეუდრეკელ მოღვაწეზე, ახოვანებისა და მხნეობის მარადიულ ნიმუშზე).

      ჩვენც აქ შევჩერდებით დროებით, ათანასე ალექსანდრიელის შესახებ მსჯელობას აქ შევაჩერებთ და შემდგომ შეხვედრაზე უკვე საკუთრივ მისი შრომების შესახებ გვექნება საუბარი.

ტეგები: Athanatos, Patrology, Qwelly, ათანასე, ალექსანდრიელი, პატროლოგია

ნახვა: 490

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters