ერიკ ემანუელ შმიტი - ყველაფერი, ბედნიერი რომ იყო

სიმართლე რომ გითხრათ, არც არაფერი მოხდებოდა, პარიკმახერი რომ არ გამომეცვალა.

ჩემი ერთი შეხედვით, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მშვიდად, ტაატით გაჰყვებოდა ჩვეულ დინებას, შვებულებიდან დაბრუნებული სტასის სახეს წარუშლელი შთაბეჭდილება რომ არ მოეხდინა. გაფურჩქნილი, მეტიც - ხელმეორედ დაბადებული და გაბრწყინებული მეჩვენა! ახალგაზრდობასთან გამოსამშვიდობებელ ასაკს მიღწეული, ოთხი ბავშვის მოვლა-პატრონობით დაღლილ-დაქანცული ქალაქელი ქალი თმის უბრალო, მოკლე ვარცხნილობას მშვენიერ, სპორტულ, დინამიკურ, მიმზიდველ ქერა არსებად გარდაექმნა. თავიდან ეჭვმა შემიპყრო და გავიფიქრე, წინ ჩამოყრილი თმის ბღუჯები იმიტომ დაიმოკლა, რომ წარმატებული პლასტიკური ოპერაციის ნაკვალევის დამალვა გადაუწყვეტია-მეთქი (სხვათა შორის, ამ ხერხს ყველა ჩემი დაქალი მიმართავს ლიფტინგის შემდეგ); მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, შევცდი. სახის კიდევ ერთხელ შეთვალიერების შემდეგ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა გამოვრიცხე და დავასკვენი, რომ სტასიმ უბრალოდ იდეალურ პარიკმახერს მიაგნო.

- იდეალურია, ჩემო ძვირფასო, იდეალური! გეტყვი მისამართსაც: ვიქტორ ჰიუგოს ქუჩა, „თმის ტაძარი“. მის შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ იცი, რას გეტყვი? ჩვენ, ქალებს ერთი უბედურება გვჭირს. რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ღრმად გვწამს, რომ ჩვენს პარიკმახერს ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. ზუსტად იმავეს ვფიქრობთ ქმრებზეც.

აბრის პრეტენზიულობისა და თავმომწონეობის გამო სარკასტული შენიშვნებისაგან თავი შევიკავე („თმის ტაძარი“ - როგორ უნდა მოგივიდეს თავში მსგავსი სახელი?!) და დავიმახსოვრე, რომ აღნიშნულ მისამართზე ვინმე დავიდისთვის მიმემართა.

- გენიოსია, ჩემო ძვირფასო! დამიჯერე, ნამდვილი გენიოსი.

იმავე საღამოს სამუელი ჩემი მომავალი მეტამორფოზის შესახებ გავაფრთხილე: - ვფიქრობ, ვარცხნილობის გამოცვლა ურიგო არ იქნება.

გაკვირვებული სამუელი რამდენიმე წამს მაკვირდებოდა: - რატომ? მე მგონია, რომ მშვენივრად გამოიყურები. ასეთი მომწონხარ.

- კარგი რა, შენ ყოველთვის კმაყოფილი ხარ. შენგან ადამიანი კრიტიკას ვერ ეღირსება.

- აბა, მისაყვედურე, მისაყვედურე იმისთვის, რომ უბრალოდ მომწონხარ. ისე, შეგიძლია გამანდო, რა აითვალწუნე შენს გარეგნობაში?

- კონკრეტულად არაფერი. უბრალოდ მსურს, შევიცვალო...

სამუელმა ყურადღებით მოისმინა ჩემი განცხადება, გეგონება, ქარაფშუტობის გარდა, მის უკან რამე სერიოზული და ფასეული მოსაზრება იმალებოდა. მისმა გამომცდელმა მზერამ ჯერ საუბრის თემა შემაცვლევინა, შემდეგ კი ოთახიც დამატოვებინა. ისე კი, სულაც არ მსურდა, მისი გამჭრიახობისა და შორსმჭვრეტელობის საცდელ ობიექტად ვქცეულიყავი. ჩემი მეუღლის ძირითად თვისებად მის ხშირად ზღვარგადასულ ყურადღებიანობას მივიჩნევ. უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ამისგან ვითრგუნები კიდეც: ჩემ მიერ წარმოთქმულ ყოველ ფრაზას გონების საცერში ატარებს, აანალიზებს და შემდეგ კი შიფრავს, თანაც ისეთი სერიოზულობითა და მონდომებით, რომ მეგობარ ქალებთან ხუმრობით არა ერთხელ წამომცდენია, არც მეტი არც ნაკლები, ცოლად საკუთარ ფსიქოანალიტიკოსს გავყევი-მეთქი.

- კარგი, რა. შენ მაინც ნუ წუწუნებ, - მპასუხობდნენ ისინი, - ფული ხომ არც ერთს არ გაკლიათ. ამას გარდა, სამუელი გონიერი და სიმპათიურია. უყვარხარ, ყოველთვის მზად არის, ყური დაგიგდოს, მეტი რაღა გინდა? იქნებ, ბავშვები?

- ო, არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არა.

- გამოდის, ყველაფერი გაქვს, რომ თავი ბედნიერ ადამიანად მიიჩნიო.

„ყველაფერი იმისათვის, ბედნიერი რომ იყო“ - ეს ფორმულა ყველაზე ხშირად მესმის ხოლმე. საინტერესოა მის უკან სხვებიც მოიაზრებიან თუ მარტო ჩემთვის აქვთ შემონახული. საკმარისია, საკუთარი აზრის გამოხატვა ვცადო და თავს ოდნავ მეტი თავისუფლება მივცე, უმალ მაჯახებენ: „ყველაფერი გაქვს, რომ თავი ბედნიერ ადამიანად მიიჩნიო.“ ამ დროს ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს მიყვირიან: „შენ მაინც ჩაიგდე ხმა, არ გაქვს წუწუნის უფლება!“ ისე, საკითხავია, რატომ აიკვიატეს, რომ ჩივილსა და მოთქმას ვაპირებ? უბრალოდ, ვცდილობ, ზუსტად და დამაჯერებლად, თან იუმორის მოშველიებით გადმოვცე იმ უხერხულობისა და უმწეობის განცდა, რომელიც ბოლო დროს ხშირად მეუფლება. შეიძლება ყველაფრის თავი და თავი ჩემი ხმის ტემბრია, დედაჩემისას რომ წააგავს ძალიან და მისგან ერთთავად ჩივილის, წუწუნისა და ოხვრის ნოტები გამოკრთის. შეიძლება სწორედ ეს აფიქრებინებს ადამიანებს, რომ დღენიადაგ ვვიშვიშებ. იქნებ მდიდარი მემკვიდრისა და წარმატებულად გათხოვილი ქალის სტატუსი მიკრძალავს საჯაროდ ოდნავ რთული მოსაზრებების გამოთქმას? ერთი-ორჯერ კი დამუფლებია განცდა, რომ მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, საიდუმლო შემენახა, ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვებში მაინც გაჟონა, მაგრამ ეს ეჭვი ხანმოკლე აღმოჩნდა, ისეთივე მყისიერი, როგორიც ჟრუანტელი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს ზედმიწევნით ვუწევდი კონტროლს. ჩემი, სამუელისა და კიდევ პროფესიული კონფიდენციალურობისადმი ერთგულებით დადუმებული თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე სპეციალისტის გარდა, მის შესახებ დედამიწის ზურგზე არავინ უწყოდა.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ მოვჭრი: ავდექი და ჰიუგოს ქუჩაზე მდებარე „თმის ტაძარს“ მივაშურე. იქ სტასის თავს მოხდენილი სასწაულის გახსენება დამჭირდა, რათა უდრტვინველად ამეტანა მიღება, რომელიც მომიწყვეს: თეთრ ხალათებში მოსილმა ქურუმებმა ამოსუნთქვის საშუალება არ მომცეს. ათასი შეკითხვა დამაყარეს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ რაციონთან დაკავშირებით; დაინტერესდნენ ჩემი სპორტული ცხოვრებითაც; დაწვრილებით მომათხრობინეს ჩემი თმის ისტორია დღიდან დაბადებისა. „თმის ბალანსის“ დადგენას სჭირდებოდა თურმე მსგავსი მიდგომა. ათი წუთის განმავლობაში ინდურ მუთაქებზე ბალახოვანი ნაყენის თანხლებით დამტოვეს, რომელსაც ნეხვის სუნი ასდიოდა. შემდეგ დავიდის კაბინეტის კარი შემიხსნეს. ამ უკანასკნელმა ისეთი ტონით მითხრა, მე მოგხედავთო, ვიფიქრე, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდის შემდეგ ნამდვილად საიდუმლო სექტაში გაწევრიანებას მიპირებს-მეთქი. ყველაზე საშინელი ის გახლდათ, რომ იძულებული ვიყავი, ყველასათვის მადლობა მომეხსენებინა.

ერთი სართულით მაღლა, სადა დიზაინის სალონში შემაბრძანეს. სტილს ალბათ კლიენტისთვის შემდეგი უნდა ეუწყებინა: „ყურადღება! მე ინდოელთა ათასწლოვანი სიბრძნით ვარ შთაგონებული“. აქ ფეხშიშველა ვესტალიების მთელმა არმიამ საკუთარი პროტექტორატის ქვეშ მომაქცია: პედიკური, მკვებავი, მასაჟი - სულო და გულო, ისურვეთ, რაც გნებავთ!

დავიდი გაათკეცებული ყურადღებით შეუდგა ჩემ შესწავლას, მე კი მის პერანგს ვათვალიერებდი, ბანჯგვლიან მკერდზე რომ შეეხსნა და თან საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ჭეშმარიტი პარიკმახერისთვის მკერდის გაღეღვა და თმის საფარის გამოფენა რა აუცილებელია-მეთქი. დავიდმა ვერდიქტის გამოტანა არ დაახანა: - თმას აუცილებლად დაგიმოკლებთ და ძირებს ოდნავ გაგიმუქებთ, შემდეგ მარჯვენა მხარეს გადმოვვარცხნით და გავასწორებთ, მარცხენაზე კი პირიქით, აგიფუებთ და მოცულობას შევძენთ. მივიღებთ ნამდვილ ასიმეტრიას, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საოცრად სწორნაკვთებიანი სახე ციხის საკანში გამომწყვდეულს დაემსგავსება. ჩვენ თქვენი ფანტაზია უნდა გავათავისუფლოთ. მეტი ჰაერი, მეტი მოულოდნელობაა საჭირო!

პასუხად მხოლოდ გავუღიმე. გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი გამბედაობა რომ მქონოდა, ერთს გვარიანად გავულაწუნებდი. ვერ ვიტან, როცა მიზანში არტყამენ. მძულს ადამიანი, ოდნავ მაინც თუ მიუახლოვდა ჩემს საიდუმლოს, თუ ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაცას ვმალავ. გავიფქრე, ბევრად აჯობებდა, მსგავსი შენიშვნები არაფრად ჩამეგდო, პირიქით - ეს Fფიგარო ჩემ სასარგებლოდ გამომეყენებინა და ახალი ვარცხნილობით საკუთარი თავისთვის საიდუმლოს უკეთ გადამალვის შანსი მებოძებინა.

- მაშ, გავუდგეთ თავგადასავლების გზას, - გამოვუცხადე დავიდს გამხნევების მიზნით.

- გნებავთ, თან თქვენს თითებსაც მივხედოთ?

- სიამოვნებით.

აი, სწორედ მაშინ იწყო ბედის ბორბალმა გამწარებული ტრიალი. დავიდმა ვინმე ნატალის უხმო, რომელიც შუშის თაროებზე ქილებისა და ფლაკონების გასწორება-დალაგებით იყო გართული და ჩემ დანახვაზე ყველაფერი ხელიდან დაუცვივდა.

ფლაკონების მსხვრევის ხმამ „თმის ტაძარში“ გამეფებული სიჩუმე დაარღვია. ნატალი ბოდიშების ლუღლუღით იატაკზე განერთხო და მიყენებული ზარალის ნაკვალევის გაქრობას შეუდგა.

- არ მეგონა, მასზე ასეთი ზემოქმედების ძალა თუ მქონდა, - გაიხუმრა დავიდმა.

თავის კანტურით კი დავეთანხმე, მაგრამ არც მე ვიყავი მთლად შტერი. მე ვიგრძენი ნატალის პანიკა. გეგონება იქიდან ვიღაცამ შემომიბერაო, კანიც კი ამეწვა. ნატალი, არც მეტი არც ნაკლები, ჩემმა დანახვამ დააფრთხო. რატომ? არა მგონია, რომ ერთმანეთს ვიცნობდეთ. სახეებს საკმაოდ კარგად ვიმახსოვრებ, უთუოდ გამახსენდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მოგონებების ქექვას შევუდექი.

როგორც იქნა, ფლაკონების მსხვრეველი ფეხზე წამოიმართა და დავიდმა დაშაქრული, მაგრამ ოდნავ გაღიზიანებული ხმით მიმართა: - ნატალი, მე და ქალბატონი გელოდებით.

ნატალი ისევ გაფითრდა და ხელები უაზროდ მოიფშვნიტა.

- მე... მე... დავიდ, ვერ ვგრძნობ თავს კარგად.

დავიდმა რამდენიმე წუთით დამტოვა და ნატალი გასახდელამდე მიაცილა. უკან სხვა თანამშრომლის თანხლებით დაბრუნდა.

- შაკირა მოგხედავთ.

- რა მოხდა, ნატალი ავადაა?

- როგორც ჩანს, ქალურმა პრობლემამ უხსენა თავი, - ზიზღით წარმოთქვა დავიდმა და ამ ზიზღის ადრესატი არა მარტო ნატალი, არამედ ყველა ქალი გახლდათ, ასევე მათი ხშირ შემთხვევაში გაუგებარი გუნება-განწყობა.

დავიდი მიხვდა, რომ ქალთმოძულეობამ სძლია. გონება მოიკრიბა და ისევ დაითაფლა.

„თმის ტაძრიდან“ გამოსვლისას თავი ვალდებულად მივიჩნიე, სტასის სიმართლე მეღიარებინა: ეს დავიდი მაკრატლისა და თმის ღებვის ნამდვილი გენიოსი გამოდგა.

ყველა ვიტრინის წინ ვჩერდებოდი და საკუთარ ანარეკლს ვაკვირდებოდი. არა, ეს უცხოღიმილიანი ქალი აშკარად ჩემს მოწონებას იმსახურებდა.

სამუელს, მოულოდნელობისაგან სუნთქვა შეეკრა, როცა სალონში გამოვეცხადე. უნდა ვაღიარო, რომ დეფილე საგულდაგულოდ მქონდა მოფიქრებული. ეფექტის მოსახდენად ცოტა ფეხიც ვითრიე. შედეგიც შესაფერისი მოვიმკე: სამუელი კომპლიმენტებს არ დამზარდა, თვალს ვერ მწყვეტდა, მერე დაიჟინა, „თეთრ სახლში“, ჩემ საყვარელ რესტორანში უნდა წაგიყვანოო; დაე, ყველამ ნახოს, რა ლამაზი ცოლი მყავსო.

სიხარულითა და ბედნიერებით მთვრალს მანიკურთან დაკავშირებული პანიკა საერთოდ ამომივარდა თავიდან. ისე, „თმის ტაძარში“ დასაბრუნებლად სულაც არ ვაპირებდი ლოდინს, სანამ თმა მომეზრდებოდა და მორიგი შეჭრა დამჭირდებოდა. გადავწყვიტე, დაწესებულების დანარჩენი მომსახურებითაც მესარგებლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ინციდენტი ისევ განმეორდა: ნატალის ჩემ გამოცხადებაზე სახე დაებრიცა, დაეღრიცა, დაინგრა და დაიშალა. შეტევა სამჯერ განუმეორდა. მოგვიანებით უკვე ცდილობდა, ახლოსაც არ გამკარებოდა, მომსახურებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, სალმითაც არ მესალმებოდა, უკანა ოთახს აფარებდა თავს.

ნატალის მსგავსი ქცევა თავიდან ძალიან მიკვირდა, მაგრამ საბოლოოდ მისმა პიროვნებამ დამაინტერესა. ეს ქალი ჩემი ვარაუდით ორმოცი წლის თუ იქნებოდა (ჩემსავით, სხვათა შორის), სახის რბილი ნაკვთები ჰქონდა, წელი - წვრილი, სამაგიეროდ, თეძოები - უკიდეგანო, ვიწრო, გამხდარი მხრები და ჯანიანი გრძელი ხელები. პროცედურისას მუხლებზე იჩოქებდა და ამ დროს მორჩილი და თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ულტრათანამედროვე, მოდურ დაწესებულებაში მუშაობდა, ვერ იტყოდით, მისი კოლეგებისგან განსხვავებით თავს ფუფუნებისა და კარგი ტონის მინისტრად მიიჩნევსო. პირიქით, უფრო ერთგულ მსახურს, თითქმის მონა-მორჩილს მაგონებდა... ჩემი დანახვისთანავე ასე რომ არ მოექუსლა, შეიძლებოდა სიმპათიურ ადამიანადაც კი მომენათლა... მახსოვრობის ყველა კუთხე-კუნჭულის გადამოწმების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენ აქამდე ერთმანეთი არასდროს გვენახა. ვერც მისი რომელიმე პროფესიული მარცხისა თუ წარუმატებლობის მიზეზი ვერ ვიქნებოდი. არა, ამაში ნამდვილად ვერ დამდებდა ბრალს, რადგან „თანამედროვე ხელოვნების ფონდში“, რომელსაც მე განვაგებ, მომსახურე პერსონალის დაკომპლექტებასთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია. მოკლედ, რამდენიმე სეანსი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, ნატალის შიში მეც რომ გადამდებოდა. ჯერ ერთი, მზად იყო ყველაფერი ეღონა, ოღონდ არ შემემჩნია. სინამდვილეში ჩემ მიმართ არც ზიზღით და არც ბოღმით არ იყო განწყობილი, უბრალოდ, როგორც კი თვალს მომკრავდა, გაუჩინარებას ამჯობინებდა. მე კიდევ, თითქოს გამიზნულად, ყოველ ჯერზე მისკენ გამირბოდა მზერა.

ერთ დასკვნამდე მივედი: ნატალი რაღაც საიდუმლოს მალავდა: როგორც გულჩახვეულობის ექსპერტი, ვიცი, რასაც ვამბობ. განაჩენის მართებულობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი.

ასე და ამგვარად ჩავიდინე გამოუსწორებელი რამ: ერთ მშვენიერ დღეს ნატალის ავედევნე.

„თმის ტაძრის“ გაყოლებაზე მდებარე ლუდხანის ჟალუზს ამოფარებული თანამშრომელთა გამოსვლას ვუთვალთვალებდი. თავზე უზარმაზარი შლაპა მეხურა, თვალებს სქელმინებიანი შავი სათვალე მიფარავდა. როგორც ვვარაუდობდი, ნატალი კოლეგებს გამოემშვიდობა და გეზი მეტროს ჩასასვლელისკენ აიღო. მე უკან მივყევი. მადლობა ღმერთს, საზრიანობა მეყო და ბილეთი წინასწარ შევიძინე.

არც ვაგონში და არც სხვა ხაზზე გადაჯდომისას, სანამ თავი მოკრძალებულად მეჭირა, ნატალის არ შევუმჩნევივარ. ცხადია, პიკის საათიც დამეხმარა გარკვეულწილად. ვაგონის ჩაქჩაქმა ხან აქეთ გადმომაგდო, ხან იქეთ, ხან ერთ მგზავრს შევეჩეხე, ხან მეორეს. ერთი სიტყვით, სულ მალე სიტუაცია აბსურდული და კომიკური მეჩვენა. წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში ქალს კი არა, მამაკაცსაც არ ავდევნებივარ ასე. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, ლამის მკერდიდან ამომივარდა. ბავშვობა გამახსენდა, როცა საჩუქრის ყუთს დავინახავდი ხოლმე და ინტერესი მიპყრობდა, რა სათამაშო იდო შიგ.

ნატალი იტალიის მოედანზე ჩამოვიდა და იქვე კომერციულ ცენტრში შევარდა. აი, აქ კი შემეშინდა, სადმე არ შევეფეთო-მეთქი. ადგილს ჩვეული ნატალი ლამის თვალდახუჭული მოძრაობდა თაროებს შორის და დაუჯერებელი სისწრაფით ყრიდა ჩანთაში ვახშმისთვის აუცილებელ პროდუქტს. აქაც ისევე კარგად ეგუებოდა გარემოს, როგორც ხალხით გადაძეძგილ მეტროს ვაგონში.

ბოლოს პროდუქტით დატვირთული ნატალი ბიუტ-ო-კაის ერთ-ერთ ქუჩას აუყვა. ეს ოდესღაც რევოლუციური უბანი მუშებისათვის განკუთვნილი მოკრძალებული სახლებით იყო გაშენებული. საუკუნის წინ სწორედ აქ იყრიდნენ თავს მიტოვებული, ცენტრიდან პერიფერიებისაკენ განდევნილი პროლეტარები. დღეს ახალი ბურჟუები მზად იყვნენ, აქ ცეცხლის ფასად ეყიდათ სახლები. დახარჯული ასტრონომიული თანხა მათ სასიამოვნო განცდას უქმნიდა, რომ პარიზის შუაგულში კერძო სახლის მფლობელები გახდნენ. ისე, საკითხავია, იყო კი შესაძლებელი ერთ უბრალო სტილისტს მსგავს უბანში ეცხოვრა?

დავმშვიდდი მხოლოდ მაშინ, როცა ნატალი აყვავილებული გაზონებითა და ხეივნებით დამშვენებულ მდიდრულ რეზიდენციებს გასცდა და ისევ ისე პროლეტარულად დარჩენილ ზონაში გავიდა. საწყობები, ფაბრიკები, ჯართის მთებიანი მოედნები... სტილისტმა ფიცრებით შეკრული, მზისაგან გახუნებული ალაყაფის კარები შეაღო და ეზოს სიღრმეში მდებარე ნაცრისფერდარაბებიანი უღიმღამო ნაგებობისკენ გაემართა.

ესეც ასე. ჩემი ძიება ჩიხში მოექცა. ხალისით კი ვიხალისე, მაგრამ გარკვევით ვერაფერი გავარკვიე. რა შეიძლებოდა კიდევ მომემოქმედა? ღილაკებზე ეზოში და მიმდებარე საწყობებში მცხოვრები ექვსი მობინადრის გვარი ამოვიკითხე. არაფერი ხელჩასაჭიდი! შემთხვევით ჩემი ყურადღება ერთი ცნობილი კასკადიორის გვარმა მიიქცია. გამახსენდა სატელევიზიო რეპორტაჟი ზუსტად ამ ეზოთი, სადაც ის თავის ილეთებს ხვეწდა.

და მერე რა?

წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე. თვალთვალმა ძალიან კი გამართო, მაგრამ ნანადირევით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნიდი. მაინც ვერ დავადგინე, ეს ქალი ჩემ დანახვაზე ასე ძლიერ რატომ იზაფრებოდა.

ის-ის იყო უკან დასაბრუნებელ გზას უნდა დავდგომოდი, როდესაც თვალი წარმოუდგენელ რამეს მოვკარი: კედელს რომ არ მივყრდნობოდი, ნამდვილად ძირს გავიშხლართებოდი. არა, ნუთუ ეს დასაშვებია? იქნებ გავგიჟდი და ჭკუა არ მომეკითხება?

თვალები დავხუჭე და უმალ გავახილე. იმ ილუზიის წაშლას ვეცადე, რომლის გონებაში ჩაბეჭდვა ჩემს წარმოსახვას გადაეწყვიტა. წინ გადმოვიხარე და დაჟინებით მივაშტერდი სილუეტს, რომელიც ცოტაც და ჩემ წინ ჩაივლიდა.

დიახ, ეს ნამდვილად ის იყო.

მე ეს-ეს არის სამუელი დავინახე. დიახ, ეს ნამდვილად სამუელი იყო, ჩემი მეუღლე, ოღონდ ოცი წლით გაახალგაზრდავებული.

ახალგაზრდა მამაკაცი უდარდელი ნაბიჯით მიუყვებოდა დაღმართს, წიგნებით გაძეძგილი ჩანთა ზურგზე ისე მსუბუქად მოეგდო, გეგონება ნახევრად ცარიელი სასპორტო ჩანთა მიაქვსო. ყურში გარჭობილი ყურსასმენიდან გადმოღვრილი მუსიკა შესანიშნავად ეხამებოდა მისი სხეულის მოძრაობის რიტმს.

წინ ჩამიარა. თავაზიანად გამიღიმა. ეზო გადაჭრა და ნატალის სახლში შერგო თავი.

რამდენიმე წუთი დამჭირდა, სანამ სხეული ავამოძრავე. ჩემმა ტვინმა მყისიერად აღიქვა და გადახარშა სიმართლე, რომელსაც ჩემი არსების რაღაც გარკვეულმა ნაწილმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და უკუაგდო. ეს ხელს მიშლიდა რეალობის აღიარებაში. საქმე ისაა, რომ როცა მოზარდმა ჩემ წინ ჩაიარა და მისი პრიალა კანი, უხვი სქელი თმა, გრძელი ფეხები, ძველბიჭური და ლახლახა სიარულის მანერა ვიხილე, მისკენ ძლიერმა ფიზიკურმა ლტოლვამ იფეთქა ჩემში. თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა. მომინდა, მისი თავი ხელებში მომექცია და ტუჩებზე დავწაფებოდი, დამეკბინა, შემეჭამა. ღმერთო, რა მემართება, მსგავს წადილს არასდროს შევუპყრივარ! არა, არა, სხვა დროს სრულიად განსხვავებულად ვიქცევი. საკუთარი მეუღლის ვაჟთან ამ სრულიად შემთხვევითმა შეხვედრამ ჩემში სასიყვარულო ეგზალტაცია გამოიწვია. ყმაწვილი ხომ ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც სამუელი ოცი წლის წინ. იმის ნაცვლად, რომ ნატალიზე მეეჭვიანა, მისი ვაჟიშვილის მკლავებში ნებივრობა მომინდა.

არა, რაც მართალია, მართალია, ნორმალურად რამის კეთების უნარს ნამდვილად მოკლებული ვარ. ეს ამბავიც, ალბათ, ამ მიზეზით დატრიალდა...

უკან დასაბრუნებელი გზის მოძებნას რამდენიმე საათი მოვანდომე.

სინამდვილეში სრულიად ბრმად, გაუაზრებლად ვიბოდიალე მანამ, სანამ შეღამებისას ტაქსის გაჩერებას არ მოვკარი თვალი: მივხვდი, სასწრაფოდ სახლის გზას რომ უნდა დავდგომოდი. საბედნიეროდ, იმ საღამოს სამუელი კონგრესზე შეყოვნდა, ასე რომ, დაკითხვისა და ახსნა-განმარტებების მოთხოვნის საშუალება არ მიეცა. არც მე მქონდა იმავეს თავი.

მომდევნო დღეებში დათრგუნულობის დამალვა მოგონილი თავის ტკივილით ვცადე. სამუელმა მოსვენება დაკარგა. ამჯერად სულ სხვა თვალით შევხედე იმ მზრუნველობას, ჩემ მიმართ რომ იჩენდა. ნეტა თუ მიხვდა, რომ ყველაფერი ვიცოდი? თავს დავდებ, რომ არა, და თუ მართლა ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორ ახერხებდა აგრერიგად ერთგულ ადამიანად წარმოეჩინა თავი?

ჩემი ფიზიკური მდგომარეობით დადარდიანებულმა მთლიანად შეცვალა მუშაობის განრიგი. გამონახა დრო, რათა ჩემთან ერთად ესადილა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, რაც ვნახე, არა მგონია, ჩემს ქმარში ეჭვი შემპარვოდა. სამუელის საქციელს მხოლოდ იდეალურს თუ ვუწოდებდი. თუ ჩემ დასამშვიდებლად თვალთმაქცობდა, მაშინ გამოდის, რომ დედამიწის ზურგზე უბადლო მსახიობი ყოფილა. ჩემ მიმართ გამოვლენილი ყურადღება და სითბო სრულიად ბუნებრივი ჩანდა. მას არ შეეძლო იმ შიშისა და შფოთის სიმულირება, ბოლო დღეებში რომ დარია ხელი, არც იმ შვების განსახიერება, რომელიც ეუფლებოდა, როგორც კი გაუმჯობესებას შემატყობდა.

საბოლოოდ თავად გავხდი ეჭვების მსხვერპლი. ის ფაქტი, რომ მისი ვაჟი დავინახე, ჩემთვის სრული ჭეშმარიტება გახლდათ და განხილვას არ ექვემდებარებოდა. რატომღაც ვირწმუნე, რომ სამუელი იმ ქალბატონს ახლაც სტუმრობდა. ნუთუ საქმის კურსშია? იცის კი, ნატალიმ შვილი რომ გაუჩინა? იქნებ, ეს ძველი კავშირია, მივიწყებული სასიყვარულო ისტორია, ჩემთან შეხვედრას რომ უძღოდა წინ? იქნებ იმ იმედგაწბილებულმა ნატალიმ ჩვენი მომავალი ქორწილის შესახებ რომ შეიტყო, სამუელს დაუმალა, მისგან ორსულად რომ იყო და შვილი თავისთვის დაიტოვა? საინტერესოა, რამდენი წლისაა ახლა ის ყმაწვილი? თვრამეტის, ვითომ?.. არა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოხდა მანამ, სანამ ჩვენ ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდებოდა... საბოლოო ჯამში ვირწმუნე, რომ ასეც იყო - სამუელის მიერ მიგდებული ქალი მუცლით ჩუმად მის ნაყოფს ატარებდა. სწორედ ეს თუ შეიძლება ჩემი დანახვით გამოწვეული პანიკური შიშის მიზეზად მიმეჩნია. მას სტანჯავდა სინდისის ქენჯნა. ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ცუდი გარეგნობა არ ჰქონდა. ჩემთვის ის უფრო მელანქოლიით დათრგუნულს წააგავდა.

მოგონილი, ერთკვირიანი გაუსაძლისი თავის ტკივილის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოკეთების დროც დადგა. შეიძლებოდა ტვინის ჭყლეტისათვის წერტილი დამესვა. სამუელს ვემუდარე, სამსახური არ გაეცდინა და დაკარგული დრო როგორმე აენაზღაურებინა. სამაგიეროდ, დამაფიცა, როგორც თავს შეუძლოდ ვიგრძნობდი, მისთვის დაუყოვნებლივ დამერეკა.

„ხელოვნების ფონდში“ საათზე მეტი აღარ შევყოვნდი. უბრალოდ მსურდა, თავი დამერწმუნებინა, რომ დაწესებულება უჩემოდაც მშვენივრად ფუნქციონირებდა.

გაუფრთხილებლად დავტოვე სამსახური. ფიქრით დიდხანს არ მიფიქრია: ავდექი და პარიზის საშოში ანუ მეტროში ჩავრგე თავი. როგორც კი მეტროში აღმოვჩნდი, გეზი იტალიის მოედნისაკენ ავიღე. თითქოს იმ უცნაურ და მუქარით აღსავსე ადგილთან დაკავშირება მხოლოდ მიწისქვეშა გზით თუ შეიძლებოდა.

საჭირო იყო, ყოველგვარი გეგმისა და წინასწარ გააზრებული სტრატეგიის გარეშე საკუთარი ჰიპოთეზა დამატებითი დეტალებით გამემყარებინა. იმ არაფრით გამორჩეულ, ყოველგვარ ხიბლს მოკლებულ ქუჩას, სადაც დედა-შვილი ცხოვრობდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მივაგენი. გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. ცალი თვალი ალაყაფის კარისკენ მეჭირა.

ნეტა რისი იმედი მქონდა? მეზობლებს უნდა მივდგომოდი და მეყბედა? ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია ვინმესთვის ნებისმიერი გზით უნდა დამეცინცლა?

ორსაათიანი სრულიად ფუჭი ლოდინის შემდეგ მოწევა მომინდა. უცნაური წადილია ქალისთვის, რომელსაც სიგარეტი პირში არასდროს ჩაუდია; არა, უბრალოდ ვიფიქრე, გაბოლება გამართობს-მეთქი. სინამდვილეში აი, რა გამოვიდა: ქმედებები, ბოლო ჟამს რომ დამჩემდა, ჩემთვის სრულიად უჩვეულო იყო - ვუთვალთვალე სრულიად უცხო ქალს, ვიკადრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ვიქექე ქმრის წარსულში, გრძელ სკამზე დასკუპებულმა მოლოდინში საათები გავატარე და ბოლოს პირში სიგარეტის გარჭობაც მოვინდომე.

წამოვდექი და სიგარეტის მაღაზიის ძებნას შევუდექი.

რომელი ფირმის სიგარეტი შევიძინო? ამ სფეროში ნამდვილად მაკლდა გამოცდილება.

- მეც იგივე მომეცით, - ვუთხარი გამყიდველს, რომელიც თავის მუდმივ მუშტარს ეს-ეს არის, მოემსახურა.

გამყიდველმა კოლოფი გამომიწოდა და ალბათ ელოდა, რომ ზუსტად იმდენს მივცემდი, რამდენადაც ეს კოლოფი იყო შეფასებული. ალბათ ნარკომანი თუ ვეგონე, ნებისმიერი დოზის სიამოვნების ადეკვატური ფასი ზედმიწევნით რომ უწყის. საფულედან ერთი ბანკნოტი დავაძრე და გავუწოდე. ჭიჭყინითა და ბუზღუნით უკან უამრავი ქაღალდის ფული და ასევე ზღვა ხურდა მომიყარა.

მოვტრიალდი და კინაღამ მას გადავუარე.

სამუელი.

უფრო სწორად, ახალგაზრდა სამუელი.

სამუელის ვაჟიშვილი.

ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას გაეცინა: - მაპატიეთ, მგონი დაგაფრთხეთ.

- არა, მე ვარ წინდაუხედავი. ვერ მოვისაზრე, რომ უკან შეიძლებოდა ვინმე მდგარიყო.

სამუელი გვერდით გალანტურად გადგა და გზა დამითმო. თვითონ პიტნის საწუწნი აბები შეიძინა. „მამამისივით თავაზიანი და ზრდილია,“- უნებლიეთ გავიფიქრე. ყმაწვილის მიმართ უზარმაზარი სიმპათია გამიჩნდა; მეტიც, რაღაც ენით აღუწერელი და გამოუთქმელი.

მისი სუნითა და ცხოველური სიახლოვით მთვრალს, ძალიან გამიჭირდა ასეთი უცაბედი განშორება.

ქუჩაში დავეწიე ყვირილით: - მესიე, მესიე, უკაცრავად...

საწყალს თავგზა აერია, ამ ხნის ქალმა „მესიეთი“ რომ მივმართე. ისე, რა საინტერესოა, რამდენი წლის ვეგონე? ახალგაზრდა მამაკაცმა იქაურობა მოათვალიერა, როცა დარწმუნდა, რომ ჩემი დაკვირვების ობიექტი თავად იყო, მოპირდაპირე ტროტუარზე შეჩერდა.

იმ წამსვე ტყუილი გამოვაცხვე: - მომიტევეთ, რომ გაწუხებთ. ჟურნალისტი გახლავართ და თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებს ვიკვლევ. ბოროტად ხომ არ გამოვიყენებ თქვენს დროს, რამდენიმე შეკითხვა რომ დაგისვათ? თუ თანახმა ხართ, რა თქმა უნდა.

- რამდენიმე კითხვა უნდა დამისვათ? სად? აქ? პირდაპირ ქუჩაში?

- შეიძლება კაფეში შევსულიყავით, რამე დაგველია, თან გვესაუბრა. აი, თუნდაც იქ, სადაც შემაშინეთ.

გაეღიმა. ჩანდა, რომ წინადადებით დაინტერესდა.

- რომელი გაზეთისთვის?

- „მონდში“ ვმუშაობ.

წამწამები დააფახურა. მივხვდი, რომ პრესტიჟიან გაზეთთან თანამშრომლობის პერსპექტივა ეამა.

- თანახმა ვარ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება თუ არა ადამიანმა პირადად მე თანამედროვე ახალგაზრდობის ტიპურ წარმომადგენლად მიმიჩნიოს.

- თქვენში მე თანამედროვე ახალგაზრდობის კი არა, საკუთარი თავის წარმომჩენს ვხედავ.

ჩემმა ფრაზამ ის საბოლოოდ მოათვინიერა და მორჩილად გამომყვა.

შევუკვეთეთ ყავა და მასლაათიც გაიბა.

- არაფერს არ ინიშნავთ?

- ვიწერ მაშინ, როცა ინფორმაცია მასშტაბურია და მახსოვრობა მღალატობს.

აღფრთოვანებული მზერა მომაპყრო. ცხადია, ჩემი მონაჩმახი მშვენივრად მოინელა.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- თხუთმეტის.

ჩემს ჰიპოთეზას ისარი პირდაპირ ფრთაში მოხვდა. თხუთმეტი წლის წინ ჩემი და სამუელის ალიანსი უკვე ორი წლის შემდგარი გახლდათ.

მოვიმიზეზე, რომ ყავას შაქარი აკლდა. გონს მოსაგებად ადგომა და გავლა-გამოვლა მჭირდებოდა.

- რას მოელით ცხოვრებისგან?

- ვგიჟდები კინემატოგრაფიაზე. ვოცნებობ რეჟისურაზე.

- თქვენი საყვარელი რეჟისორები დამისახელეთ.

მისთვის საინტერესო სიუჟეტით გამხნევებული ახალგაზრდა ენად გაიკრიფა. ამასობაში მეც მომეცა დრო, მორიგი შეკითხვა მომეფიქრებინა: - კინოთი გატაცება ოჯახიდან ხომ არ მოგდგამთ?

ყმაწვილმა ჩემს შეკითხვაზე გულიანად გაიცინა: - არა, ნამდვილად არა.

ყრმა სამუელს, როგორც მივხვდი, ეამაყებოდა გემოვნება და მისწრაფებები დამოუკიდებლად რომ გამოუმუშავდა და არა მემკვიდრეობით გადმოეცა.

- დედათქვენს არ მოსწონს ფილმები?

- დედაჩემს? მე ვიტყოდი, ის უფრო ტელესერიალების მოყვარულია. იცით ალბათ ეს ჩახლართული სიუჟეტები, დასასრული რომ არ უჩანს და წლობით შეიძლება გაგრძელდეს. თავისი ოჯახური საიდუმლოებებით, უკანონოდ შობილი ბავშვებით, სიყვარულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობებითა და მსგავსი რამერუმეებით...

- რა პროფესიისაა დედათქვენი?

- ერთი პერიოდი შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენდა თავს. საკმაოდ დიდხანს დავრდომილ მოხუცებს უვლიდა. ამჟამად სილამაზის სალონში მუშაობს.

- და მამათქვენი?

ახალგაზრდა თითქოს ჩაიკეტა.

- ეს შეკითხვაც თქვენი კვლევის ნაწილია?

- მერწმუნეთ, სულაც არ გაიძულებთ, რომ რამე საიდუმლო გათქვათ. შეგიძლიათ დამშვიდდეთ, თქვენ მხოლოდ მოგონილი სახელით იქნებით მოხსენიებული. პირადად მე არ ვაპირებ ისეთი რამის თქმას, ვინმეს თქვენი და თქვენი მშობლების ამოცნობის საშუალება მისცეს.

- მართლა? ეს გენიალურია!

- უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამოკიდებულება და ურთიერთობა მაინტერესებს მოზრდილთა სამყაროსთან, როგორ აღიქვამთ მას, და ბოლოს, როგორია მომავლის თქვენეული ხედვა. ამ მიზნით თქვენ და მამათქვენს შორის არსებული ურთიერთობა საინტერესოდ და მრავლისმთქმელად მესახება, თუ, რა თქმა უნდა, ის ცოცხალია. თუ გარდაცვლილია, მაშინ ბოდიშს მოგიხდით.

უცებ თავში გამკრა, რომ შესაძლოა ნატალიმ, სამუელის გაუჩინარება რომ გაემართლებინა, ვაჟს მისი სიკვდილი დააჯერა. კანკალი ამივარდა, საწყალი ბიჭუნა ასე უმოწყალოდ ჩიხში რომ მოვაქციე.

- არა, მამაჩემი ცოცხალია!

- აჰა, თგვენგან წავიდა? დაგტოვათ?

ყმაწვილი შეყოყმანდა. დილემის ამოხსნის სურვილი ტანჯავდა. არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში.

- არა, ხშირად ვხედავ... ისე, არ უყვარს, მის შესახებ რომ ლაპარაკობენ.

- რა ჰქვია?

- სამუელი.

ამის გაგონებამ ბოლო მომიღო, გამანადგურა და გამაცამტვერა. ეჭვი შემეპარა, რომ საერთოდ საუბრის გაგრძელებას შევძლებდი. ჩემი როლი ძნელად შესასრულებელი აღმოჩნდა. ისევ ნაცად მეთოდს მივმართე. ყავას სიტკბო აკლია-მეთქი, განვაცხადე და ბარისკენ გავეშურე. „მიდი, მიდი, უკან არ დაიხიო, რამე მოიფიქრე“.

უკან დაბრუნებულს ნორჩი სამუელი სრულიად სახეცვლილი დამხვდა. მოშვებული და გალაღებული მიღიმოდა. ეტყობოდა, რომ მზად იყო გუდისთვის თავი მოეხსნა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენი ვინაობა ანონიმური იქნება და მოგონილ სახელებს მოგვაკერებთ, არა? ასეთ შემთხვევაში შემიძლია ყველაფერს მოგიყვეთ.

- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე მე და თან ვცადე, სხეულის კანკალისთვის რამე მომეხერხებინა.

მან უკან ჩაიჩოჩა, დივანის საზურგეს მიეყრდნო და მოხერხებულად მოკალათდა.

- მამაჩემი არაჩვეულებრივი ვინმეა. თუმცა, ჩვენთან არ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია, დედაჩემი ძლიერ უყვარს.

- და რა მიზეზით არ ცხოვრობს თქვენთან?

- დაქორწინებულია.

- მეორე ქორწინებიდანაც ჰყავს ბავშვები?

- არა.

- მაშინ რატომ ვერ დაშორდება თავის მეუღლეს?

- იმიტომ, რომ ის გიჟია.

- უკაცრავად?

- სულიერად ავადმყოფია. მამაჩემი რომ გაშორდეს, თავს მოიკლავს. შეიძლება უარესიც კი ჩაიდინოს. ვფიქრობ, მამაჩემს ერთდროულად ეშინია და უყვარს ის. სამაგიეროდ, ჩვენ გვეპყრობა არაჩვეულებრივად. ყველა დაგვარწმუნა, ანუ მე, დედაჩემი და ჩემი დები, რომ სხვანაირად ცხოვრებას ვერ მოვახერხებდით.

- აჰა, გასაგებია. ესე იგი, დებიც გყავთ.

- დიახ, ორი მცირეწლოვანი და, ერთი ათისაა, მეორე - თორმეტის.

ბიჭი განაგრძობდა ყბედობას, მე კი თავი ისე მიგუგუნებდა, რომ მისი მონათხრობიდან სიტყვაც აღარ მესმოდა. მის ამბავს ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო, არა და სხვა ინტერესი მე არ მქონდა. თავში ერთი რამ მიტრიალებდა, რისგანაც მოსვენება დავკარგე - სამუელმა თავისთვის მეორე სრულყოფილი ოჯახი შექმნა. ჩემთან კი მხოლოდ იმის გამო შემორჩა, რომ სულიერად გაუწონასწორებელი ვიყავი.

შევძლებ კი ახლა ჩემი უცაბედი წასვლის გამართლებას? არ ვიცი, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი! ყოველ შემთხვევაში, ტაქსი გამოვიძახე.

ჩამოწეული შუშის უკან თავი უსაფრთხოდ როგორც კი ვიგრძენი, ცრემლებს თავისუფალი დინების საშუალება მივეცი.

  *

მომდევნო კვირებზე უარესი ცხოვრებაში არ მქონია.

დავკარგე ორიენტირები.

სამუელს აღვიქვამდი, როგორც გადამთიელსა და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს. ის, რაც მეგონა, რომ ნამდვილად ვიცოდი - ურთიერთპატივისცემა, რომელზეც ჩვენი ურთიერთობა იყო დაფუძნებული, ნდობა, რომელზეც ჩვენი სიყვარული ხარობდა და იფურჩქნებოდა - წამში გაქრა, გაუჩინარდა. სამუელი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, უყვარდა სხვა ქალი, მისგან სამი ბავშვი ჰყავდა.

განსაკუთრებით ბავშვების არსებობა მტანჯავდა. აქ ნამდვილად უმწეო და უუნარო აღმოვჩნდი. ქალი ბოლოს და ბოლოს მეტოქეა და სხვა არაფერი. გავეჯიბრებოდი ზოგიერთ საკითხშიც... მაგრამ ბავშვები?

დღეების განმავლობაში დილიდან საღამომდე გადაბმულად ვტიროდი. ვერც სამუელს დავუმალე ცრემლები. თავიდან დიალოგი მოსინჯა ჩემთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე მეხვეწა, ჩემი კერძო ფსიქიატრი მენახა.

- ჩემი ფსიქიატრი? რატომ მარტო „ჩემი ფსიქიატრი“?

- იმიტომ, რომ დადიოდი მასთან.

- რატომ მიმანიშნებ, რომ ის მარტო „ჩემი ფსიქიატრი“ იყო? ის არსებობდა იმისთვის, რომ ჩემთვის, მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ემკურნალა?

- მაპატიე. უბრალოდ წამომცდა შენი ფსიქიატრი-მეთქი. რა თქმა უნდა, უნდა მეთქვა „ჩვენი ფსიქიატრი“ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მას ორივენი ვსტუმრობდით.

- დიახ, ასე იყო.

- მასთან სიარული ორივესთვის სასარგებლო გამოდგა, იზაბელ, მისი დახმარებით საკუთარი თავი ვაღიარეთ ისეთებად, როგორებიც ვიყავით. დავემორჩილეთ ჩვენს ბედ-იღბალს. დავრეკავ და შენთვის მიღების საათს დავაზუსტებ.

- და რატომ გსურს, რომ მაინცდამაინც ფსიქიატრს მივმართო? მე არ ვარ გიჟი, - ვუყვირე.

- არა, მე არ მითქვამს, რომ გიჟი და გადარეული ხარ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როცა ადამიანს კბილი სტკივა, დახმარებისთვის სტომატოლოგს მიმართავს, როცა სულს უჭირს - ფსიქიატრს. გთხოვ, მენდე. მსგავს მდგომარეობაში ვერაფრით ვერ მიგატოვებ.

- რატომ ლაპარაკობ ასე? რა, ჩემ მიტოვებას აპირებ?

- საიდან მოიტანე? პირიქით, ამ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ-მეთქი.

- „ვერ მიგატოვებ“. მომესმა თუ რა?! ხომ თქვი. შენ ვერ მიგატოვებო?

- იზაბელ, შენ ნერვები მართლა ვერ გაქვს წესრიგში. ისეთი განცდა მეუფლება, რომ მე კი არ გამშვიდებ, პირიქით, გაღიზიანებ.

- არა, შენთან დავას აზრი არ აქვს!

- ჩემი საწინააღმდეგო რამე ხომ არ გაქვს? თქვი! თქვი და ყველაფერს დავუსვათ საბოლოო წერტილი.

- „ყველაფერს დავუსვათ საბოლოო წერტილი!“ ახლა კიდევ არ გამიმეორო, რომ ჩემ მიტოვებას არ აპირებ.

სამუელი გადამეხვია. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, გულში ნაზად ჩამიკრა. მკლავების ტყვეობაში ვიყავი მანამ, სანამ მოძრაობა არ შევწყვიტე და არ გავიტრუნე.

- მიყვარხარ, გესმის ჩემი? მე შენ არ მიგატოვებ. ეს რომ მდომოდა, დიდი ხნის წინ როგორმე მოვახერხებდი. მაშინ, როდესაც...

- ვიცი. არ არის საჭირო ამის შესახებ ლაპარაკი.

- პირიქით, დროდადრო ამის გახსენება ორივესთვის ჯობია.

- არა, არა. საჭიროა ტაბუ! იქ ვერავინ შევა! ახლოსაც ვერ ჩაივლის, მორჩა. გესმის? წერტილი!

სამუელმა ამოიოხრა.

მკერდსა და მხრებს მიტმასნილს მისმა ხმის თბილმა ტემბრმა ნელ-ნელა სიმშვიდე დამიბრუნა...

სამუელი როგორც კი სახლიდან გავიდოდა, მოსვენებას ვკარგავდი, ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ნუთუ ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მემკვიდრეობის, ჩემი ქონების გამო დარჩა?! ნებისმიერი უცხო ადამიანი დამიდასტურებდა ამ მოსაზრებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამომცემლო ჯგუფის ერთი უბრალო მრჩეველი იყო. მე კი მემკვიდრეობით რამდენიმე მილიონი ევრო და ზღვა უძრავი ქონება მერგო. ჩემთვის ასევე ცნობილი იყო სამუელის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ჩემი კაპიტალისადმი: ჩვენი ქორწინების შემდეგ მუშაობა თუ განაგრძო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდა მატერიალურად ცოლზე დამოკიდებული ყოფილიყო; დროდადრო ჩემთვის „საკუთარი ფულით“ შეძენილი საჩუქრები მოერთმია. რამდენჯერაც ფულის ჩუქება ვცადე, იმდენჯერ სასტიკი უარი მტკიცა. თავის დროზე დაიჟინა, ჩვენი კავშირი კონტრაქტით განემტკიცებინა, სადაც შავით თეთრზე თითოეული ჩვენგანის ქონება გამიჯნული იქნებოდა. სამუელი ჩემ თვალში ხარბი და ანგარებიანი მეუღლის სრული ანტიპოდი იყო. სწორედ ამიტომ გაუგებარია, რატომ დარჩა ჩემთან, თუ იქ, სადღაც მეუღლე და ბავშვები ელოდებოდნენ? იქნებ არც ისე ძლიერ უყვარდა ის ქალი, რომ მისი ცხოვრების თანაზიარი გამხდარიყო? შესაძლოა... ეს სულაც არ არის გამორიცხული, უბრალოდ სამუელმა ნატალის ამის გამხელა ვერ შეჰბედა... ღმერთო, რა ბანალური და არფრით გამორჩეული გარეგნობის ქალია... ჩემთან ქორწინება სამუელმა დამცავ იარაღად გამოიყენა, ის პარიკმახერი ქალი მოუშორებელ ტკიპასავით რომ არ მისწებებოდა. სინამდვილეში კი ჩემთან ყოფნა ურჩევნია... და ბავშვები? მე ხომ სამუელს მოხარშულს ვიცნობ! როგორ დათრგუნა ბავშვების გვერდით ცხოვრების სურვილი? ეს ხომ მამის პირდაპირი მოვალეობაა. როგორც ჩანს, ხელისშემშლელი მიზეზი ფრიად სერიოზული იყო... და რამ მიაღებინა მსგავსი გადაწყვეტილება? ნუთუ მე ვარ ყველაფრის თავი და თავი? მე ხომ მას ბავშვები ვერ გავუჩინე! იქნება სულმდაბლობა და სილაჩრეა მიზეზი? სულმდაბლობა, რომელსაც ყველა ჩემი მეგობარი ქალი მამაკაცის მთავარ ნიშან-თვისებად მიიჩნევს.

მოსაღამოვდა. ვერანაირ გამოსავალს ვერ მივაგენი, ერთი რამ კი დავასკვენი: სამუელის ვაჟი ჭეშმარიტებას ამბობდა: მე ნამდვილად ჭკუიდან შეშლილი ქალი ვიყავი.

ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. არც სამუელი იყო უკეთეს დღეში. უცნაური, დაღლილი... თვალები ამოუღამდა. შიშმა სახე დაუმახინჯა. ჩვენი სახლის კიბეზე ხვნეშა-ხვნეშით ამოდიოდა, სულს ძლივს ითქვამდა, სანამ ჩემს საძინებლამდე მოაღწევდა, საიდანაც უკვე თითქმის არ გამოვდიოდი. მესმოდა, როგორ მძიმედ სუნთქავდა.

მთხოვდა, გულწრფელად ამეხსნა ჩემი ტკივილისა და დარდის მიზეზი. მე კი ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირდა: აუცილებლად უნდა ვაკეთო იმის საწინააღმდეგო, რასაც ჩემგან მოელიან; როგორც წესი, სწორ გადაწყვეტილებას გვერდი უნდა ავუქციო. თქმა რად უნდა, მისთვის რომ ყველაფერი მომეთხრო, ან პირიქით, მე მეთხოვა, ჩემთვის გული გადაეშალა, კატასტროფას უდავოდ თავიდან ავიცილებდით...

უმოწყალო და უგრძნობი ვდუმდი, სამუელს კი პირსისხლიან მტრად მივიჩნევდი. რა მხრივ არ მივუდექი, რა კუთხით არ შევაფასე არსებული მდგომარეობა. ყოველ ჯერზე ერთ დასკვნამდე მივედი: სამუელი არც მეტი არც ნაკლები, მოღალატე იყო! ის შეურაცხყოფას აყენებდა ყველას - მეც, საყვარელსაც და საკუთარ შვილებსაც. ნუთუ მისთვის ბევრი რამ იყო ერთდროულად ძვირფასი, თუ არც არაფერი? ვისთან მქონდა საქმე - მერყევ თუ ცინიკოსთა შორის ყველაზე ცინიკოს ადამიანთან? ბოლოს და ბოლოს ვინ იყო სამუელი?

ეჭვებმა მომინელა, დამქანცა. საერთოდ დავიბენი, აღარც ჭამა მინდოდა და აღარც სმა; დავსუსტდი, ვიტამინების გადასხმებამდეც კი მივიდა საქმე.

სამუელიც ვერ გამოიყურებოდა ყოჩაღად. საკუთარ თავზე ზრუნვას შეეშვა. ტანჯულ მხარეს მხოლოდ მე წარმოვადგენდი. სამუელის შფოთვა და დარდი ჩემი სიამოვნების წყაროდ იქცა. იმ გადაღძუებულ საყვარელს დავემსგავსე, ბოლო შანსს რომ არ უშვებს ხელიდან და სასიყვარულო თამაშებში დაგროვილ გამოცდილებას მკაცრ გამოცდას უწყობს. აზრადაც არ მომსვლია, პირადი ეგოიზმი როგორმე დამეძლია და კატეგორიულად მომეთხოვა, მეუღლისთვისაც მიეხედათ.

...დოქტორი ფელდენჰაიმი, ჩემი ყოფილი ფსიქიატრი მეახლა. ცხადია, სამუელის მიერ იყო მოგზავნილი.

კი მსურდა, დამეღო პირი და ყველაფერი გადმომენთხია, მაგრამ ცდუნებას სამი სეანსი გავუძელი. აი, მეოთხეზე კი ყველაფერი დავფქვი. ფსიქიატრს ჩემი აღმოჩენა გავანდე: საყვარელი, ბავშვები, საიდუმლო ნავსაყუდელი - არაფერი არ გამომრჩენია.

- ბოლოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ნავთსაყუდელსაც მივადექით, - დაასკვნა ექიმმა, - ამოხეთქა იმან, რაც ასე გტანჯავდათ.

- ჰო? თქვენ ასე ფიქრობთ? უფრო თქვენი ცნობისმოყვარეობა ხომ არ დავაკმაყოფილე? ჩემთვის ეს აღსარება არაფერს არ ცვლის.

- ჩემო ძვირფასო იზაბელ, ძალიან გაგიკვირდებათ და შეიძლება დადებული ფიცის დარღვევის გამო ჩემს პროფესიასაც გამოვემშვიდობო, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე საქმის კურსში ვარ აგერ უკვე რამდენიმე წელია.

- ბატონო?

- ყველაფერი ვიცი დღიდან ფლორანის დაბადებისა.

- ფლორანის? ვინ არის ფლორანი?

- ბიჭი, თქვენ რომ დაკითხეთ, სამუელის შვილი.

ჩემი ოჯახისა და პირადი ბედნიერების დამანგრეველი ადამიანების ასეთმა უცერემონიო და ფამილარულმა ხსენებამ წყობიდან გამომიყვანა. შეუკავებელი ცოფი მომაწვა.

- სამუელმა გითხრათ?

- დიახ, როგორც კი ვაჟი შეეძინა. ვფიქრობ, ეს ერთობ მძიმე საიდუმლო იყო მისთვის.

- ურჩხული! ნამდვილი ურჩხული!

- ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, იზაბელ. ოდნავ მაინც თუ წარმოგიდგენიათ, რამდენად მძიმე და გაუსაძლისია ამჟამინდელი მდგომარეობა სამუელისთვის?

- ვფიქრობ, ხუმრობის ხასიათზე დადექით. სამუელს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ თავი ბედნიერ ადამიანად იგრძნოს.

- იზაბელ, შეგიძლიათ ასე სხვებთან ისაუბროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე კარგად ვარ ინფორმირებული. მე ისიც კი ვიცი, რომ თქვენ იმ უიშვიათესი სენით ხართ დაავადებული...

- გაჩუმდით.

- არა, იზაბელ, დუმილი მხოლოდ მეტ პრობლემებს შექმნის და გამოსავალს კი, სამწუხაროდ, არ გვთავაზობს.

- ყოველ შემთხვევაში, არავინ უწყის, რა არის ეს სინამდვილეში.

- ვაგინიზმი? სამუელმა მშვენივრად იცის, რას ნიშნავს ეს. მან ლამაზი, მხიარული, მიმზიდველი ქალი შეირთო ცოლად. მას დღესაც აღმერთებს, მაგრამ ფიზიკურ სიყვარულს დღემდე ვერა და ვერ ეღირსა; ცოლს არასდროს დაუფლებია, მასთან ერთდროული ორგაზმი არასდროს განუცდია. თქვენი სხეული მისთვის დახურულია, იზაბელ. მკურნალობის არაერთგზის მცდელობა სრულიად ფუჭი გამოდგა, თუ ვიფიქრებთ იმ დაუკმაყოფილებლობის განცდაზე, რომელიც მას დროდადრო ეუფლება.

- დროდადრო? წარმოიდგინეთ, ალბათ ყოველთვის, ყოველთვის! მე შევიძულე საკუთარი თავი, მაგრამ თქვენ გგონიათ ამით რამე შეიცვალა? ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ ჯობდა, ჩემგან წასულიყო, როგორც კი ამ პრობლემის პირისპირ აღმოვჩნდით ჯერ კიდევ 17 წლის წინ.

- და ის მაინც დარჩა. თუ იცით, რატომ?

- ვიცი, ჩემი მილიონების გამო!

- იზაბელ, გთხოვთ, ჩემთან მაინც ნუ იტყვით ამას.

- მე შეშლილი ვარ!

- იაზაბელ, გთხოვთ, ჩემთან თავი შეიკავეთ! გითხრათ, რატომ?

- იმიტომ, რომ შევეცოდე.

- არა, იზაბელ, თქვენ სამუელს უყვარხართ.

გავჩუმდი. მთელ სხეულზე თოვლის ქათქათა სუდარა გადამეფარა.

- დიახ, მას უყვარხართ. სამუელი ისეთივე მამაკაცია, როგორიც ყველა სხვა, ჩვეულებრივი ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც სურს, დროდადრო ქალის სხეულს დაეუფლოს და გაუჩინოს ბავშვები. გიმეორებთ, სამუელს უყვარხართ და ეს სიყვარული თქვენ მიმართ დღემდე არ განელებია. მან ვერ შეძლო თქვენთან განშორება. არ მგონია, ამის სურვილი ახლა დაებადოს. თქვენთან ქორწინებამ იგი ბერული ცხოვრებისათვის გასწირა. ამით აიხსნება მისი სურვილი, ბედი ოჯახურ წყვილს მიღმა ეცადა. ერთ მშვენიერ დღესაც ნატალის გადაეყარა: ფიქრობდა, რომ მასთან ურთიერთობა, შემდეგ ბავშვის გაჩენა თქვენთან განშორებას შეაძლებინებდა. მისი მცდელობა, თავად დარწმუნდით, ამაო აღმოჩნდა. ახალი ოჯახი აიძულა, მისგან შორს ეცხოვრა, ხშირ გაუჩინარებასაც შეაგუა. ცხადია, ბავშვებმა მთელი სიმართლე არ იციან, მაგრამ სამაგიეროდ, ნატალიმ მშვენივრად უწყის ყველაფერი და მზად არის, თამაშის წესებს დათანხმდეს. ასე რომ, ხვდებით ალბათ, მთელი ამ თექვსმეტი წლის მანძილზე სამუელისათვის ადვილი გადასაწყვეტი არაფერი ყოფილა. სამსახურში წელზე ფეხს იდგამს, ფული რომ იშოვოს და ორი ოჯახი დააპუროს, თან თქვენს საჩუქრებზეც იფიქროს. წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავს, ყველასთვის რომ მოიცალოს და ყურადღება არც ერთ ოჯახს არ მოაკლოს. სამუელს საკუთარი თავი არც ახსოვს, ის მხოლოდ თქვენზე, მხოლოდ სხვებზე ზრუნავს. ახლა ამას კიდევ ერთი რამ დაუმატეთ - მას დანაშაულის განცდა სტანჯავს. წარმოიდგინეთ, როგორია, ნატალისგან, საკუთარი შვილებისგან გამუდმებით შორს ცხოვრება. ის ამას საკუთარ თავს დღენიადაგ საყვედურობს. საყვედურობს საკუთარ თავს იმასაც, რომ ჯერ კიდევ როდიდან მოყოლებული გატყუებთ...

- რატომ ვერ გააკეთებს არჩევანს. გადაჭრას საკითხი ერთხელ და სამუდამოდ. წავიდეს მათთან. მე არ ვარ წინააღმდეგი.

- ვერ შეძლებს, იზაბელ.

- ვითომ რატომ?

- იმიტომ, რომ უყვარხართ.

- სამუელს?

- უყვარხართ თავდავიწყებით, უყვარხართ ნაზად და ვნებიანი სიყვარულით. ეს სიყვარული ხშირად აუხსნელია, მაგრამ დაუმსხვრეველი.

- სამუელს?!

- ისე არავინ ჰყვარებია დედამიწის ზურგზე, როგორც თქვენ.

ამ სიტყვებით დოქტორი ფელდენჰაიმი წამოდგა და წავიდა.

მთელი სხეული განახლებული, სრულიად ახალი სითბოთი გამევსო. საკუთარ თავთან და გაუცხოებულ სამუელთან ბრძოლას შევეშვი. სამუელს ვუყვარვარ, თანაც ისე ძლიერ, რომ თავისი ორმაგი ცხოვრების გამხელაც კი არ მაკადრა, საგულდაგულოდ გადამიმალა, ის მხოლოდ იმ ქალს მოახვია თავს. ამ უკანასკნელს კი ნამდვილად არ დაუშურია მისთვის სხეული და ბავშვებიც კი გაუჩინა.

სამუელი... სულმოუთქმელი, აღფრთოვანებული ვკიოდი. ერთი სული მქონდა, სანამ მის თავს ხელებში მოვიქცევდი, შუბლზე ვაკოცებდი და უნაკლო სიყვარულისთვის მოწიწებით მადლობას გადავუხდიდი. მეც გამოვუტყდებოდი ჩემს სიყვარულში, გამოვუტყდებოდი საზიზღარ და გულისამრევ თვითსიყვარულში. არ დავუმალავდი ჩემს ეჭვიან, ცოფიან, ჟინიან, შურიან სიყვარულს; ბინძურ სიყვარულს, ახლახან რომ განიწმინდა. სამუელი გაიგებს, რომ მშვენივრად მესმის მისი, რომ არაფრის დამალვა არ სჭირდება, რომ მზად ვარ, ჩემი ქონების ნაწილი მის ოჯახსაც ვუწილადო. მისი ოჯახი ხომ ჩემი ოჯახიცაა. დავუმტკიცებ, რომ ბურჟუაზიულ პირობითობებზე ბევრად მაღლა ვდგავარ. როგორც თვითონ, სხვათა შორის. ამას ვაცხადებ სიყვარულის სახელით.

შვიდ საათზე სტასიმ შემოირბინა. სურდა, გაეგო, როგორ ვგრძნობდი თავს. დამშვიდებული და ღიმილიანი რომ დავხვდი, ძალიან გაიკვირვა: - მიხარია, კვირების განმავლობაში მოთქმა-ტირილის შემდეგ მსგავს გუნებაზე რომ გხედავ. ვეღარ გიცნობს ადამიანი.

- ამაში „თმის ტაძარს“ ნამდვილად არ ვემადლიერები, - სიცილით მივუგე, - ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც იქნა, დავაფასე, არაჩვეულებრივ ადამიანს რომ გავყევი ცოლად.

- სამუელზე მეუბნები? ერთი მითხარი, რომელი ქალი იტყოდა მის ცოლობაზე უარს?

- ხომ გამიმართლა, არა?

- შენ? გამართლება არ ჰქვია ამას. ტუზი დაგეცა, ტუზი... ზოგჯერ მიჭირს ხოლმე, თავი შენს მეგობრად ვიგულო. შენ ხომ ყველაფერი გაქვს იმისათვის, რომ თავი ბედნიერ ადამიანად იგრძნო.

სტასი რვა საათზე წავიდა. გადავწყვიტე, დეპრესიისთვის საბოლოოდ მომეღო ბოლო და ძირს ჩავედი. მომინდა, მზარეულს ვახშმის მომზადებაში დავხმარებოდი.

ცხრა საათზე სამუელი არ ჩანდა, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, ნერვებს არ ავყოლოდი.

ათ საათზე კი ნერვები ნამდვილად ამეწეწა. სამუელს მობილურზე ოცამდე შეტყობინება დავუტოვე.

თერთმეტ საათზე მღელვარება და შიში გაუსაძლისი გახდა. ჩავიცვი. მანქანა გამოვიყვანე და გაუცნობიერებლად გეზი იტალიის მოედნისკენ ავიღე.

ბიუტ-ო-კაის უბანი. ალაყაფის კარი ფართოდ გაეღოთ. ნაცრისფერი სახლის გარშემო ხალხი ირეოდა.

ნაბიჯს ავუჩქარე. სახლში შევვარდი. ჰოლი თითქმის სირბილით გავიარე, სინათლისკენ გავქანდი და სავარძელში გაშხლართული ნატალი შემრჩა ხელში. გარს ბავშვები და მეზობლები შემოხვეოდნენ.

- სამუელი სად არის? - ვიკითხე.

ნატალიმ თავი წამოსწია. მიცნო. შავ თვალებში შიშმა გაიელვა.

- გემუდარებით, მიპასუხეთ, სად არის სამუელი? -გავიმეორე შეკითხვა.

- გარდაიცვალა. სულ ახლახან. ექვს საათზე... ფლორიანთან თამაშისას... გულის შეტევისგან.

ხომ შეიძლებოდა, ოდესმე რამეზე ნორმალური რეაქცია მქონოდა? იმის მაგივრად, რომ ადგილზე მოწყვეტით გავშხლართულიყავი ან მოთქმით მეტირა, მეწივლა, მეკივლა, ატირებულ ფლორიანს მივუბრუნდი, გულში ძლიერ ჩავიკარი და მის დამშვიდებას შევუდექი.

ტეგები: Qwelly, ნოველები, შმიტი

ნახვა: 11

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters