ერიკ ემანუელ შმიტიყალბი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა ორი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული ემე ფავარი: ერთი გათხოვებამდე, მეორე - გათხოვების შემდეგ.

როცა ჟორჟმა გამოუცხადა, რომ ტოვებდა, ემეს რამდენიმე წუთი დასჭირდა, რათა დაედგინა, რომ ეს არც ღამის შემზარავი კოშმარი იყო და არც უკბილო ხუმრობა. ნუთუ მართლა ჟორჟი წარმოთქვამს ამ სიტყვებს? ნუთუ მართლა მე მომმართავს? ნუთუ მართლა მე ვარ მათი ადრესატი? როგორც კი დარწმუნდა, რომ ბედისწერამ ამჯერად ნამდვილად უმუხთლა, ემემ გადაწყვიტა გაერკვია, პირში სული ჯერ კიდევ ედგა თუ არა. ამ დიაგნოზის დასმას უფრო მეტი დრო მოანდომა: თითქოს გული გაუჩერდა, ძარღვებში სისხლი გაეყინა, შიგნეულობას სამარისებრი სიცივე დაეპატრონა, მზერაც გაუშტერდა, წამწამებს ვეღარ აფახურებდა... ჟორჟის სიტყვები კი მის სმენას მაინც აღწევდა: „გესმის, ძვირფასო, მე ასე ვეღარ გავაგრძელებ, მეტი აღარ შემიძლია, ყველაფერს აქვს დასასრული“. ჯერ კიდევ ხედავდა - პერანგზე იღლიების ქვეშ ოფლის რგოლები გაარჩია; ჯერ კიდევ გრძნობდა მის სურნელს, იმ ამაღელვებელ არომატს - მამაკაცის სხეულის, საპნისა და თეთრეულის ლავანდით გამძაფრებულ სუნს. გაკვირვებულმა, ლამის იმედგაცრუებულმა ემემ დაადგინა, რომ გადარჩა.

ჟორჟი კი ტკბილად, დაუზარლად, თავაზიანად და გულწრფელად განაგრძობდა ქადაგს და ლამობდა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნისთვის მიეღწია - ემესთვის ეუწყებინა, სამუდამოდ რომ ტოვებდა და თან დაერწმუნებინა, რომ ამაში კატასტროფული არაფერი იყო.

- ერთმანეთის გვერდიგვერდ ბედნიერები ვიყავით. ჩემს ცხოვრებაში განცდილ სიამოვნებისა და ნეტარების წუთებს შენ ერთადერთს უნდა გიმადლოდე. დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილის წინაც შენზე ვიფიქრებ, მაგრამ მე მყავს ოჯახი. განა შეიყვარებდი მამაკაცს, რომელსაც შეუძლია დაკრას ფეხი და უკანმოუხედავად მოქუსლოს? მამაკაცს, რომელიც არაფრად დაგიდევს ვალდებულებებს, ცოლსა და სახლს, შვილებსა და შვილიშვილებს?

ემე მზად იყო, ეღმუვლა - „კი, კი, მე ასეთიც მეყვარებოდი. შენგან მსგავს საქციელს ჩვენი შეხვედრის პირველი დღიდანვე მოველოდი,“ - მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პირში წყალი დაიგუბა. „რატომ უნდა ვატკინო გული? მთავარია, მოუშუშებელი ჭრილობა არ მივაყენო“. ჟორჟის ბედნიერება მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საკუთარი; განა ასე თავდავიწყებით არ უყვარდა ის ბოლო 25 წლის განმავლობაში?!

ჟორჟი განაგრძობდა: - ჩემი მეუღლე ყოველთვის ფიქრობდა, რომ სიბერეში საფრანგეთის სამხრეთში გადავბარგდებოდით და სიცოცხლის ბოლო წლებს იქ დავასრულებდით. პენსიაზე ორ თვეში გავდივარ, ამიტომ უკვე დავიჭირეთ თადარიგი და კანში ვილა შევიძინეთ. გადასვლას ზაფხულში ვგეგმავთ.

გამგზავრებაზე მეტად ემე ჟორჟის სიტყვებმა შეძრა: „სიცოცხლის ბოლო წლები“. ამას ამბობდა ჟორჟი, რომელიც მას ერთადერთ სიყვარულს უწოდებდა და საკუთარ ოჯახურ ცხოვრებას აღუწერდა, როგორც გაუსაძლის ციხეს. „სიცოცხლის ბოლო წლებმა“ ემეს შეაგნებინა, რომ ჟორჟი იმ სატუსაღოში თავს ჯერ კიდევ მეუღლედ და საკუთარი ბავშვების მამად მიიჩნევდა.

„...რომ ჩვენი ცხოვრების მიწურულს საფრანგეთის სამხრეთში გადავბარგდებოდით“, გამოდის, რომ ემე უბრალოდ გადახვევა, ჩანართი იყო და ისიც ფრჩხილებში ჩასმული. არც მეტი, არც ნაკლები: „...რომ ჩვენი ცხოვრების მიწურულს საფრანგეთის სამხრეთში გადავბარგდებოდით“. ჟორჟი მას მუდამ სამიჯნურო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა ყურში, მისი სხეული მუდამ ემესკენ ილტვოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც დროებით, წარმავალ გატაცებად დარჩა. „...რომ ჩვენი ცხოვრების მიწურულს საფრანგეთის სამხრეთში გადავბარგდებოდით“. საბოლოო ჯამში, მეორემ - მეტოქემ, შიშის ზარს რომ სცემდა და სულით ხორცამდე სძულდა, გაიმარჯვა. საკითხავია, იცოდა კი იმ მეორემ საკუთარი უძლეველობისა და ტრიუმფის შესახებ? ჰქონდა კი შეგნებული, რომ ქმართან ერთად კანში გადაბარგებით აქ განადგურებულ, შეშლილ, გადარეულ, სისხლისგან დაცლილ ქალს ტოვებდა, რომელიც მთელი ოცდახუთი წლის განმავლობაში მისთვის ამ ადგილის წართმევას ლამობდა და სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ ამ იმედს ეპოტინებოდა?

- მიპასუხე, ჩემო ძვირფასო, ამოიღე ხმა... რამე მაინც მითხარი.

ემემ ჟორჟს დაჟინებული მზერა მიაპყრო. მოულოდნელობისაგან თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა. ღმერთო, ამას რას ხედავს ჩემი თვალები? ჟორჟი მუხლებზე დაეცა? ჟორჟი ხელებს უსრესს? ღმერთო, კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებ? არა, დაუჯერებელია, ის საცაა ატირდება! რა უბედურებაა, ყოველთვის მან უნდა დამასწროს ქვითინი? ბოლოს და ბოლოს ეს საშინლად გამაღიზიანებელია. მისთვის გულის აჩუყებას ვერასოდეს ვახერხებდი იმიტომ, რომ ყოველთვის ჯერ მე მიწევდა მისი დამშვიდება. ძალიან მოსახერხებელია მამაკაცურად მოიქცე, როცა ეს შენ გაწყობს და ქალურად, როცა გადაწყვიტე, თავი კომფორტულად იგრძნო.

ემემ მის ფერხთით გართხმული სამოცი წლის ბებერი შეათვალიერა და ისეთი განცდა დაეუფლა, რომ მისთვის სრულიად უცხო მამაკაცის წინ აღმოჩნდა. მისი გონების მოაზროვნე ნაწილს რომ არ მიენიშნებინა, რომ ეს ჟორჟი იყო - ადამიანი, რომელსაც ოცდახუთი წლის განმავლობაში ეთაყვანებოდა, ყვირილით წამოხტებოდა: „თქვენ ვინ ბრძანდებით? ჩემს სახლში რას აკეთებთ? ვინ მოგცათ უფლება, ხელით შემეხოთ?“

სწორედ ამ დროს, როცა ემემ გაიფიქრა, რომ ჟორჟი შეიცვალა, თავადაც იგრძნო ცვლილება. ამ თმებშეღებილ მოზლუქუნე არაკაცს, ხელებსა და მუხლებს დუჟით რომ უსველებდა, ემემ ზემოდან დახედა და უეცრად მოულოდნელი მეტამორფოზა განიცადა - ემე ფავარი მეორე, სრულიად განსხვავებულ ემე ფავარად გარდაიქმნა. და ეს გახლდათ ემე ფავარი განშორების შემდეგ, სიყვარულისა უკვე რომ აღარ სჯეროდა.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა გადასვლა-გადმოსვლები ძველსა და ახალ ემეს შორის. თვითმკვლელობის მსუბუქი მცდელობის შემდეგ ძველმა ემემ ჟორჟთან ერთი ღამე მაინც გაატარა, მაგრამ, აი, უკვე აგვისტოში, როდესაც ჟორჟი სამხრეთში გადასახლდა, ახალი მთლიანად დაეპატრონა ძველს, მეტიც, სული გააფრთხობინა.

ის გაბრუებული იხსენებდა თავის წარსულს, „როგორ დავიჯერე, რომ ვუყვარდი? მას უბრალოდ ლამაზი, თავაზიანი და ბატისტვინა საყვარელი სჭირდებოდა.“

დიახ, დიახ ლამაზი, თავაზიანი და ბატისტვინა.

ემე ლამაზი ნამდვილად იყო. განშორებამდე ამას იმ ვაჟბატონს ყველა ეუბნებოდა. პირადად ემე კი საკუთარ გარეგნობას განსხვავებულად აფასებდა. როგორც ბევრმა ქალმა, ვერც ემემ მიიღო ღმერთისგან ძღვნად იმ ტიპის სილამაზე, რომელსაც თავად ეთაყვანებოდა. დაბალს, თუმცა ტანადსა და მომცრომკერდიანს ყოველთვის მწარედ შურდა მრგვალფორმიანი, მკერდსავსე ქალების. მეტიც, საკუთარი სიმაღლისა და აღნაგობის გამო არასრულფასოვნების კომპლექსიც კი განუვითარდა. განხეთქილების შემდეგ კი თვითშეფასების პრინციპი შეეცვალა და მიიჩნია, რომ „ნებისმიერი მამაკაცისთვის ზედმეტად კარგი იყო.“

რა თქმა უნდა, თავაზიანიც იყო. უდავოდ! და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის ფასი არ უწყოდა.

ემეს მამაკაცებისა არაფერი გაეგებოდა. გაზარდა დედამ, რომელმაც ნამდვილი მამის სახელი არასდროს გაუმხილა და შვილს მარად საყვედურობდა, ისე ექცეოდა, როგორც არსებას, რომელიც ხელს უშლიდა სუნთქვაში, უდარდელ ცხოვრებაში. და-ძმა არ ჰყოლია. როდესაც მდივნად აიყვანეს ჟორჟის საწარმოში, ემემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცდუნებას. ჟორჟს, ამ მოწიფულ და მასზე ბევრად უფროს მამაკაცს, გულუბრყვილო ემეს აზრით, ერთდროულად მამისა და საყვარლის ფუნქციებიც შეიძლებოდა ეკისრა. კი მაგრამ, მაშინ სად დაიბუდებს რომანტიზმი? ემე მიიჩნევდა, რომ არაფერი სჯობდა ისეთი მამაკაცის შეყვარებას, რომელიც მისთვის მიუწვდომელი იქნებოდა და ცოლად ვერასდროს გაყვებოდა...

სულელი? ემეში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანში, გონიერება და სისულელე მეზობლობდნენ, მაგრამ მათი გზები იშვიათად თუ გადაიკვეთებოდა; ორივე მათგანი დამოუკიდებელ პროვინციაში მბრძანებლობდა. აქედან გამომდინარე, ემე, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო რეგიონალური და არა ქვეყნის მასშტაბით ბრწყინავდა. მოკლედ რომ მოვჭრათ, ემე რაღაცაში შეიძლება ბრწყინვალე ყოფილიყო, რაღაცაში კი ბატისტვინა. აი, მაგალითად სამსახურში წუნს ვერ დასდებდით, ძალიანაც კომპეტენტური გახლდათ, სამაგიეროდ, ინტიმურ საქმეებში სრულიად უხერხემლო და უნიათო აღმოჩნდა. კოლეგებმა ათასჯერ ურჩიეს, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ამ ჟორჟთან. ყოველი მრჩეველი უარით გაისტუმრა, დაუმორჩილებლობა თითქოს ფიზიკურ სიამოვნებას განაცდევინებდა. „ ისინი გონების ენით მეტყველებენ, მე - გულის“, - იმშვიდებდა ხოლმე თავს.

ოცდახუთი წლის განმავლობაში ემე და ჟორჟი იზიარებდნენ სამსახურებრივ და არამც და არამც ცოლ-ქმრული ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ყოველდღიურობას. შეიძლება სწორედ ამის გამო იყო უფრო ტკბილი, ვნებიანი და ძვირფასი ის იშვიათი და მალული შეხვედრებიც. იგივე შეიძლება ითქვას მალულ კოცნებზეც სამუშაო ადგილზე. შეხვედრით მხოლოდ საღამოს, ემესთან თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ისიც ადმინისტრაციული საბჭოს მიერ მიღებულ გაუთავებელ გადაწყვეტილებებზე მსჯელობის მომიზეზებით. ოცდახუთი წლის განმავლობაში მათმა კავშირმა გაცვეთაც კი ვერ მოასწრო.

სამხრეთში დამკვიდრებიდან სამი თვის მიწურულს ჟორჟმა ემეს წერილი მისწერა. ყოველ კვირას გზავნილების ავტორს სულ უფრო და უფრო ემატებოდა მგზნებარება და გატაცება. განშორების ზემოქმედება? სიცარიელის განცდა?

ემე წერილებს ჯიუტად არ პასუხობდა. მათი ადრესატი ხომ უწინდელი ემე იყო და არა ამჟამინდელი? ეს უკანასკნელი თავისთვის გულცივად, უემოციოდ ასკვნიდა, რომ ჟორჟმა მეუღლესთან უკვე მოიწყინა. სიძულვილით გადაავლებდა ხოლმე მზერას ამ გადაჭედილ გვერდებს, სადაც წარსული დაუჯერებლად შელამაზებული იხატებოდა.

საწყალი პენსიონერი ბოდვას აუტანია. თუ ასე განაგრძო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ვერონაში გვიცხოვრია და რომეო და ჯულიეტა გვერქვა.

  *

ემემ ძველი სამსახური შეინარჩუნა. ახალი დირექტორი სასაცილო მამაკაცად აღიქვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უღიმოდა. ემემ გაძლიერებულ სპორტს მიჰყო ხელი. ახლა უკვე ორმოცდარვა წლის ქალს ბავშვის ყოლის სურვილი აქამდე ხმამაღლა არასდროს გაუცხადებია, ვინაიდან ჟორჟს უკვე ყავდა ისინი. ამ ასაკში კი შვილებზე ფიქრი სრულიად უადგილოა. საკითხავია, რისთვის?

- იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შეიწირონ, სისხლი გამიშრონ და ერთ მშვენიერ დღეს უგზო-უკვლოდ გაქრნენ, მე კი მარტო დამტოვონ? არა, დიდი მადლობა. ჩვენს პლანეტას, ადამიანთა უგუნურების წყალობით გარემოს დაბინძურებისგან სულს რომ ღაფავს, ზედმეტი გამოსაკვები ხალხი ნამდვილად არ სჭირდება. კრეტინი, სრული ქარაფშუტა უნდა იყო, ეს რომ ჩაიდინო.

რაღაც პერიოდში ემეს სამსახურს საქმეები ცუდად წაუვიდა. ჟორჟს, ყოფილ დირექტორს, მისტიროდნენ და სინანულით იხსენებდნენ. რეორგანიზაციასა და სოციალური პროექტების შემუშავებას შტატების შემცირება მოჰყვა. ემე ორმოცდაათი წლის ასაკში უმუშევარი აღმოჩნდა, თუმცა ამ ფაქტს დიდად არ გაუკვირვებია.

ემეს არა ერთი დებილური სტაჟირებისა და ინფანტილური კურსების გავლა მოუწია. ახალ სამსახურს ეძებდა, მაგრამ დიდი მონდომებისა და ენთუზიაზმის გარეშე. ერთხანს საერთოდ ჯიბეგაფხეკილი აღმოჩნდა. ემემაც დაავლო ხელი თავის ზარდახშას და ზედმეტი ნოსტალგიის გარეშე საიუველირო მაღაზიას მიადგა.

- რამდენად გნებავთ, გაყიდოთ, ქალბატონო?

- მე ამ საქმის არაფერი გამეგება, ბატონო. თქვენ უნდა დაადოთ ფასი.

- საქმე ისაა, რომ... აქ ვერაფერს ვხედავ ღირებულს, მაგალითად, ძვირფას ქვებს, ოქროსგან დამზადებულ მასიურ ნაკეთობებს... რომელიც მე საშუალებას მომცემდა... ეს იაფფასიანი ბიჟუტერიაა.

- ჰმ, დარწმუნებული ვიყავი. ეს „ძვირფასეულობა“ ხომ მისი ნაჩუქარია.

- უკაცრავად, ვის გულისხმობთ?

- ადამიანს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჩემი ცხოვრების მამაკაცი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა მსგავსი პრეტენზია. ჩუქებით კი თქვენ თვითონ ხედავთ, რასაც მჩუქნიდა. ესპანელი კონკისტადორები აბიაბრუებდნენ აგრერიგად ამერიკელ ინდიელებს. მე კი ისეთი სულელი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გაგიჟებით მომწონდა... გამოდის, რომ ამ ზარდახშის შიგთავსი სანტიმიც არ ღირს?

- დიახ.

- რა ნაძირალაა, არა?

- სიმართლე გითხრათ, ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო. ისე კი ცხადია, როცა მამაკაცს ქალი უყვარს...

- განაგრძეთ, გისმენთ.

- როცა ქალი გიყვარს, მსგავსი სამკაულების ჩუქებისგან თავს შეიკავებ...

- ხედავთ? ასეც ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი.

ემე ზეიმობდა. იუველირმა ის ფრაზა მიართვა, რომელსაც ჩვეულებისამებრ განსხვავებულ სიტუაციაში იყენებდა, როცა სურდა, მუშტარი ძვირადღირებული სამკაულის შეძენაზე დაეყოლიებინა.

ემეს საფულეს მხოლოდ რამდენიმე დაბალი მაჩვენებლის ბანკნოტი შეემატა, სამაგიეროდ, სიხარულის განცდისგან გულმკერდი დაებერა და მაღაზია თითქმის ბედნიერმა დატოვა. კომპეტენტურმა სპეციალისტმა ერთხელ და სამუდამოდ დაუდასტურა, რომ ჟორჟი აყროლებული ნაგავი იყო.

როგორც კი შინ დაბრუნდა, ემე კარადებს ეცა და ყველაფერი გადააქოთა. ჟორჟის მიერ მორთმეულ საჩუქრებს ერთად მოუყარა თავი. ნადავლი უბადრუკი აღმოჩნდა. ემემ ხარხარი ვერ შეიკავა. ბოცვრის ქურქი, ნეილონის, ბამბისა და ლატექსის საცვლები. ასპირინის აბის ზომის მაჯის საათი, ტყავგადაკრული, გაურკვეველი მარკის ბლოკნოტი, ჯერ კიდევ რომ ასდიოდა თხის სუნი. შლაპა, რომელსაც მხოლოდ ინგლისის სამეფო კარზე საქორწინო ცერემონიალის დროს თუ დაიკოსებდი თავზე. აბრეშუმის შარფი მოჭრილი იარლიყით.

ემე საწოლზე გაიშხლართა. არც კი იცოდა, ეცინა თუ ეტირა, საბოლოოდ მაინც ჩახველებით დაკმაყოფილდა. აი, ბატონო, ოცდახუთწლიანი გატაცების საზღაური, ოცდახუთწლიან ომში მოპოვებული ნადავლი-საგანძური...

ასე გაუბედურებულად თავი რომ არ ეგრძნო, გადაწყვიტა, ზიზღი ჟორჟის წინააღმდეგ წარემართა. საბაბით, რომ მეუღლეს სისტემატურ და გაუმართლებელ დანახარჯებზე ყურადღება არ გაემახვილებინა, ჟორჟს საყვარელთან დიდი ხელგაშლილობა არც არასდროს გამოუჩენია. ხელგაშლილობა? არა, ვბოდავ რაღაცას. მისაღებ, უფრო სწორად, დასაშვებ ზღვარსაც ვერ მიუახლოვდა. ამას ერთი სახელი აქვს მხოლოდ: წუწურაქობა. მე კიდევ მისით ვამაყობდი! თავს ვიწონებდი, ფულის გულისთვის კი არ ვყვარობ-მეთქი! სუფთა ბატი არ ვარ? სხვა რა შეიძლება მეწოდოს? მე, იდიოტს, მეგონა, რომ საყვარელ მამაკაცს აღვაგზნებდი, შთავაგონებდი, თურმე ძუნწის უზრუნველყოფაზე ვირჯებოდი...

ემე თუთიყუშების გალიას მიუახლოვდა, რომ საკვები დაეყარა და მზერა გალიის თავზე დაკიდებულ ნახატზე შეაჩერა. ცოფისგან ლამის დაიხრჩო.

- ჩემი პიკასო! ეს ნამდვილად იმის ნათელი დასტურია, რომ სრულ იდიოტად აღმიქვამდა.

ტილოზე გეომეტრიულ ფორმათა თამაში იყო აღბეჭდილი - სახის კროსვორდი, თვალი - აქ, ცხვირი - იქ, სადღაც ზემოთ, ყური - შუბლის ცენტრში. სავარაუდოდ ქალი იყო დახატული, ჩვილი ბავშვით. განა უცნაურად არ იქცეოდა იმ დღეს, როცა ეს შედევრი საჩუქრად მოართვა? ადამიანის ფერი არ ედო უბედურს. ტუჩები გაფითრებოდა, ქოშინისგან ხმა უწყდებოდა... ხელის კანკალით გაუწოდა ნახატი.

- ხარვეზის შევსება ვცადე, გამომართვი. ვერავინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც ხელგაშლილი არ ვიყავი შენთან.

- ეს რა არის?

- პიკასო.

ემემ ტილოს დაცვის მიზნით შემოხვეული ქსოვილი მოაცილა, ყურადღებით შეათვალიერა და თითქოს საკუთარი თავის დასარწმუნებლად იკითხა: - პიკასო?

- კი.

- ნამდვილი?

- კი.

დაბნეულ ემეს ვერ გაებედა, ტილოს ხელით შეჰხებოდა; შიშობდა, რომ ნახატი შეხებისთანავე გაქრებოდა. თავისთვის ხმადაბლა ჩაილუღლუღა: - განა ეს შესაძლებელია?... როგორ მოახერხე?

- გევედრები, ოღონდ ამას ნუ მკითხავ.

მაშინ ემემ მისი თავშეკავება იმ მამაკაცის მორიდებულობად აღიქვა, გველის ტყავში რომ გაძვრა და რაც ებადა, გაანიავა, ოღონდ საყვარელი ქალისთვის ღირსეული ძღვენი მიერთმია. მოგვიანებით ჟორჟის კურდღელივით დამფრთხალ სახეს რომ იხსენებდა, რატომღაც დაასკვნა, რომ მან ეს ნახატი მოიპარა. მიუხედავად ამისა, ჟორჟი მაშინ მაინც ძალიან ამაყი ჩანდა მორთმეული საჩუქრით... თანაც ისეთი გულწრფელი და პატიოსანი.

ემეს უსაფრთხოების მიზნით ურჩია, ტილო ყალბად გაესაღებინა.

- ჩემო ძვირფასო, უნდა გამიგო, შეუძლებელია, რომ ერთი უბრალო მდივანი, რომელიც იაფფასიან შენობაში ცხოვრობს, პიკასოს მფლობელი იყოს. ხალხი უბრალოდ დაგცინებს.

- მართალი ხარ.

- შეიძლება უარესიც მოხდეს, თუ ვინმემ იყნოსა, რომ ეს ნამდვილია, გაგქურდავენ. შენი საუკეთესო დაზღვევა ისაა, რომ მანამ, სანამ მის თავიდან მოშორებას არ გადაწყვეტ, ყველა უნდა მოატყუო, თითქოს კედელზე ერთი უბადრუკი იმიტაცია გიკიდია.

ასე და ამგვარად, იშვიათ სტუმრებს ემე ნახატს ასე წარუდგენდა: „ჩემი პიკასო ყალბია, რა თქმა უნდა,“ და მეტი დამაჯერებლობისათვის ფრაზის ბოლოს აუცილებლად ჩაიქირქილებდა.

დროის გასვლასთან ერთად ჟორჟის ეშმაკობა ემემ მთლად ეშმაკისეულად მონათლა. დიახ, ნამდვილად ეშმაკისეული უნდა იყო, რომ აიძულო ადამიანი, პიკასოზე ილაპარაკოს, როგორც ყალბზე და მხოლოდ თვითონ ერთადერთმა ირწმუნოს ნამუშევრის ორიგინალობა.

მიუხედავად ამისა, მომდევნო კვირებში ემე ურთიერთგამომრიცხავი, ორაზროვანი გრძნობებით იყო შეპყრობილი: ერთი მხრივ დარწმუნებული იყო, რომ კარგად გააცურეს, მეორე მხრივ კი პატარა იმედს მაინც ეპოტინებოდა, რომ ცდებოდა. ასეა თუ ისე, ერთი რამ მისთვის ცხადზე უცხადესი იყო: რაც უნდა ექადაგათ მის პიკასოზე, იმედგაცრუება მაინც გარდაუვალი იყო. იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ასე უსახსროდ დარჩა; ან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ერთ დღესაც მოუწევდა ჟორჟის დამსახურებისა და ხელგაშლილობის აღიარება.

ტილო იმ რინგად გარდაიქმნა, სადაც ძველი და ახალი ემე დაუნდობლად ებრძოდა ერთმანეთს. პირველს სჯეროდა სიყვარულის, მეორე კი ერთდროულად ჟორჟის სიყალბესაც ხედავდა და პიკასოსასაც.

ემეს სამსახურის შოვნის მცდელობა ყოველ ჯერზე კრახით მთავრდებოდა. შესაბამისად, უმუშევრობის დახმარებაც ნელ-ნელა კლებულობდა. მორიგ გასაუბრებაზე რომ მიდიოდა, არც კი ცდილობდა, თავი მომგებიანი კუთხით წარმოეჩინა. ყველა მისი კოზირი ხმარდებოდა მხოლოდ იმის მტკიცებას, რომ სულელი არ იყო და თავს ასე ადვილად არავის მოატყუებინებდა. პოტენციური დამქირავებლები ესაუბრებოდნენ მკაცრ, უკმეხ, უკვე კრიტიკულ ასაკში მყოფ, ფინანსური პრეტენზიების მქონე, თავის თავში ჩაკეტილ, რთული ხასიათის, უკომპრომისო ქალბატონს, რომელსაც სჯეროდა, რომ მთელ სამყაროს მისი ექსპლოატაცია ჰქონდა გადაწყვეტილი და ამის გამო აუტანლად აგრესიული ჩანდა. ამგვარად, ემემ შეუგნებლად, გაუცნობიერებლად თავადვე ამოშალა საკუთარი კანდიდატურა იმ შეჯიბრიდან, რომელში მონაწილეობა ჰქონდა განზრახული.

როცა უკანასკნელ დანაზოგს წირვა გამოუყვანა, ემე მიხვდა, სასწრაფოდ უნდა მიეღო რამე გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ სიღარიბეში ამოჰყოფდა თავს. ინსტინქტურად გაქანდა კომოდისკენ, სადაც ქვითრებს ინახავდა, ციებ-ცხელებით შეპყრობილმა კარგა ხანს იქექა უჯრებში, ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო ქაღალდის ფურცელს, სადაც ადრე ტელეფონის ნომერი მიაჩხაპნა და კანში დარეკა.

- ემე?

- კი, მე ვარ.

- რა მოხდა? შენ ძალიან კარგად იცი, რომ აქ, ჩემს მეუღლესთან დარეკვა გამორიცხულია.

ემემ დინჯად, აუჩქარებლად, რამდენიმე ფრაზით საკუთარი მდგომარეობის აპოკალიპტური სურათი დაუხატა. ცოტაც და ხვეწნა-მუდარას დაუწყებდა და თავს შეაცოდებდა, მაგრამ ახლად შეძენილი ცინიზმის ჯავშანი მას საკუთარი თავის შეცოდების უფლებას არ აძლევდა. ყურმილში ჟორჟის აჩქარებულ, ნერვიულ ქოშინსა და ფსუტუნს წყობიდან გამოჰყავდა.

- ჟორჟ, გთხოვ, დამეხმარე, - ამოღერღა ბოლოს ემემ.

- მიდი და შენი პიკასო გაყიდე, რაღას ელოდები?!

ემეს მოეჩვენა, რომ ნათქვამს ვერ მიუხვდა. რა? კიდევ გაბედა, რომ...

- ჰო, ჩემო პატარავ, გაყიდე პიკასო. სწორედ მსგავსი დღისთვის გაჩუქე. რახან შენი ცოლად შერთვა არ შემეძლო, ვიფიქრე, ფინანსურად მაინც უზრუნველვყოფ-მეთქი. ახლა კი მიდი და დროულად გაყიდე შენი პიკასო.

ემემ პირი მოკუმა, რომ არ ეღრიალა. ასე სიცოცხლის ბოლომდე იმბეცილი უნდა ვეგონოოოოო?

- ტანაევს მიაკითხე. ლისაბონის ქუჩა 21. ამ მისამართზე შევიძინე. ფრთხილად იყავი, არ მოგატყუონ. იკითხე ტანაევი-მამა. ახლა უნდა გავთიშო, ჩემი ცოლი მოდის. ნახვამდის, ჩემო პატარავ, და იცოდე, რომ სულ შენზე ვფიქრობ.

„გათიშა. ლაჩარი! ასეთი იყო ყოველთვის. აი, ალიყურიც ამას ჰქვია! თანაც როგორი მწარე! ახია ჩემზე! არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამერეკა.“

დამცირებული ემე ნახატის წინ დაერჭო და მთელი ღვარძლი მასზე გადმოანთხია.

- არასდროს, გესმის? არასდროს ცოცხალი თავით არ წავალ ვიღაც გამყიდველთან, რათა კიდევ ერთხელ პირში მომახალონ, რომ იდიოტი ვარ. რაც შეეხება ჟორჟს, ნაძირალაა! დიდი მადლობა.

მიუხედავად ამისა, ორი დღის შემდეგ, როცა გადაუხდელობის გამო ელექტროკომპანია შუქის ჩაჭრით დაემუქრა, ემემ იკადრა ტაქტიკის შეცვლა, ჩაჯდა ტაქსიში და მძღოლს უთხრა: - ტანაევთან წამიყვანეთ გეთაყვა, ლისაბონის ქუჩა 21.

მითითებულ მისამართზე ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია აღმოჩნდა. ემე მაინც გადმოვიდა ტაქსიდან, შეხვეული სურათი მოხერხებულად ამოიდო იღლიაში და სადარბაზოში შევიდა.

- ალბათ სადღაც შიგნით ან ერთი სართულით მაღლა მუშაობს.

მას შემდეგ, რაც კიბის ორივე მხარეს მაცხოვრებელთა სია ერთი ოთხჯერ მაინც გადაიკითხა, ემე ეცადა კონსიერჟი მოეძებნა, რათა მისთვის გამოეკითხა ტანაევის ახალი მისამართი, მაგრამ მალევე მოისაზრა, რომ მდიდრულ სახლებში, განსხვავებით ღარიბულებისგან, დასუფთავების ანონიმურ სამსახურს მიმართავდნენ.

წასვლამდე ემემ მაინც შეიარა ტანსაცმლის მაღაზიაში.

- მაპატიეთ, ტანაევ-მამას ვეძებ, მე მეგონა, რომ...

- ტანაევი? 10 წელი მაინც იქნება, რაც აქედან წავიდა.

- აჰ, შემთხვევით ხომ არ იცით, სად გადასახლდა?

- გადასახლდა? მსგავსი ადამიანები კი არ გადასახლდებიან ხოლმე, არამედ უგზო-უკვლოდ ქრებიან.

- ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ?

- როცა ნადავლი მოგროვებულია, ჩვეულ ალაგს უნდა გაეცალო, რათა ის საიმედო ადგილას გადამალო. ეშმაკმა უწყის, სად გადაბარგდა ტანაევი. ვითომ რუსეთში? შვეიცარიაში? არგენტინაში? ბერმუდის კუნძულებზე?

- იცით, რამდენიმე წლის წინ ნახატი მომყიდა...

- ო, ჩემო საწყალო!

რატომ „ჩემო საწყალო?“

გამყიდველმა შენიშნა, რომ ემეს სახიდან ფერები გაუჩინარდა და ინანა, ამდენი რომ იჭარტალა.

- ყური მიდგეთ, პატივცემულო ქალბატონო, მე ამ ნახატების არა გამეგება, რა. შესაძლოა თქვენი შენაძენი დიდებულია და დიდძალი ფულიც ღირს. მოითმინეთ ერთი წუთით, რაღაც უნდა მოგცეთ...

გამყიდველმა ქაღალდებით სავსე კოლოფში იქექა, იქექა და ბოლოს სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა.

- ინებეთ, მარსელ დე ბლამინტს მიაკითხეთ. ფლანდრიის ქუჩაზე. ის ნამდვილი ექსპერტია, დამიჯერეთ.

როდესაც მარსელ დე ბლამინტის ანტიკვარული სალონის ზღურბლს გადააბიჯა, ემეს საბოლოოდ გადაეწურა იმედი. მძიმე, სქელი ჟოლოსფერი ფარდები გარედან შემომავალ ნებისმიერ ხმაურს ახშობდა. გადაპრანჭულად მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ჩასმული მონუმენტური ტილოებისგან დათრგუნული ემე მიხვდა, რომ უცხო სამყაროში ამოყო თავი.

კეკლუცმა მდივანმა, თავზე შინიონი რომ დაეკოსებინა, ემეს რქისჩარჩოებიანი სათვალის ზემოდან ეჭვის თვალით გადმოხედა. ემემ უთავბოლოდ გადმოულაგა საქმის არსი, აჩვენა ტილოც. ბოლოს მრისხანე ამორძალმა ის ლაბორატორიაში გაიყვანა.

მარსელ დე ბლამინტმა, სანამ ტილოს მიაქცევდა ყურადღებას, ჯერ კლიენტი შეათვალიერა. ემეს დაეუფლა განცდა, რომ ჯერ ის ფასდებოდა თავით ფეხებამდე. დგინდებოდა მისი სამოსისა და სამკაულების სადაურობა და ზუსტი ღირებულება. თვით ნახატმა კი ექსპერტის მხოლოდ ერთი სწრაფი მზერა დაიმსახურა.

- სად არის სერთიფიკატები?

- სერთიფიკატები არ მაქვს.

- შეძენის აქტის დამადასტურებელი მოწმობა.

- ეს საჩუქარია.

- შეგიძლიათ თუ არა, ის მოწმობა მოიპოვოთ?

- არა მგონია. ის ადამიანი... სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

- გასაგებია. იქნებ გამყიდველმა დაგვიდასტუროს, ვისგან შეიძინეთ.

- ტანაევისგან,- წაილუღლუღა ემემ თითქმის დარცხვენით.

ბლამინტმა ცალი წარბი ასწია. თვალი უძირო ზიზღით გაევსო.

- საქმეს ცუდი პირი უჩანს, ქალბატონო.

- და მაინც, იქნებ შეძლოთ...

ტილოს ერთი მზერა შეავლო.

- თქვენ მართალი ბრძანდებით. ამას უთუოდ აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ყოფილა შემთხვევები, როცა არაჩვეულებრივმა ნამუშევრებმა ფრიად საეჭვო და შავბნელი მარშრუტის გავლის შემდეგ ჩვენთან ამოყო თავი. ტილოს, მხოლოდ და მხოლოდ ტილოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ექსპერტმა სხვა სათვალე მოირგო და პიკასოს მიუახლოვდა. ექსპერტიზა ხანგრძლივი გამოდგა; შეამოწმა ტილო, ეფათურა ჩარჩოს, გაზომა-გადაზომა, გამადიდებელი ლუპით უხილავი დეტალებიც შეისწავლა...დაიღალა... მცირე პაუზის შემდეგ ისევ განაახლა პროცედურა.

ბოლოს ხელისგულები მაგიდაზე დააწყო.

- კონსულტაციაში არაფერს გადაგახდევინებთ.

- რატომ ვითომ?

- აბა, რა საჭიროა ერთ უბედურებას მეორე დავამატოთ? ეს ტილო ყალბია.

- ყალბი?

- დიახ.

თავი უბედურად რომ არ ეგრძნო, ემემ ხუმრობა სცადა: - მეც ამას ვეუბნებოდი ყველას.

სახლში დაბრუნებულმა ემემ პიკასო ისევ თუთიყუშების გალიის ზემოთ დაკიდა და თავის ხელში აყვანა სცადა. მან გაიაზრა ის მარცხი, რომელიც მისმა სიყვარულმა, ოჯახურმა ცხოვრებამ თუ პროფესიულმა კარიერამ განიცადა. საძინებელში დიდი სარკის წინ საკუთარი სხეულის თვალიერებისას კი დააფიქსირა, რომ მისი სხეული სპორტისა და მაკრობიოტიკური დიეტის წყალობით ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მიმზიდველობას. და რამდენ ხანს შეიძლება ამან გასტანოს? ყოველ შემთხვევაში, სხეული, რომლითაც ასე ამაყობდა, ამჯერად მხოლოდ კარადის კარზე მიმაგრებული სარკისთვის იყო განკუთვნილი და სულაც არ აპირებდა ის ვინმესთვის მიენდო.

ემე სააბაზანო ოთახისკენ ქაფში ნებივრობის მტკიცე გადაწყვეტილებით გაემართა. მოგვიანებით ამას თვითმკვლელობის ბუნდოვანი სურვილიც დაერთო.

რატომაც არა? რაც უნდა თქვა, ეს უკვე გადაწყვეტილებაა. რას მიმზადებს ბედი მომავალში? სამუშაო მე არ გამაჩნია, არაფერს ვამბობ ფულზე, არც ქმარი მყავს და არც ბავშვები. საცაა სიბერეც მომიკაკუნებს კარზე და არც სიკვდილი დაახანებს გამოცხადებას. ლამაზი პროგრამაა, ვერაფერს იტყვი! თვითმკვლელობა ყველაზე ლოგიკური და გონივრული ნაბიჯია.

თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ემეს მხოლოდ ლოგიკამ მიაღებინა. თვითონ ამის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. მისი კანი აბაზანის თბილ ქაფიან წყალს ნატრობდა, პირი კი ნესვსა და სამზარეულოს მაგიდაზე დარჩენილ ლორის ნაჭრებზე ოცნებობდა...

ემემ უნაკლო ბარძაყების გარშემოწერილობა ხელისგულით გადაამოწმა, გაიშალა თმა, სრიალა აბრეშუმისებრი კულულები მხრებზე გადმოეყარა, მათმა სიჯანსაღემ სიამოვნება მოჰგვარა... ემემ ონკანი მოუშვა და აბაზანაში შუშხუნა აბები ჩაყარა. იქაურობა ევკალიპტის მათრობელა სურნელით გაიჟღინთა.

რა მოიმოქმედოს?

გადარჩენა სცადოს?

მოკვდეს?

კონსიერჟმა კარებზე დარეკა.

- ქალბატონო ფავარ, თქვენს სტუმრებისათვის განკუთვნილ საძინებელ ოთახს ხომ არ გააქირავებდით?

- მე არ მაქვს მსგავსი ოთახი.

- როგორ არ გაქვთ, აი, ის ოთახი, სტადიონს რომ გადაჰყურებს.

- ააა, მაგრამ იქ საკერავი და საუთოო მაგიდა მიდგას.

- იქ რომ საწოლი დავდგათ, ოთახს თავისუფლად მიაქირავებდით სტუდენტ გოგონებს. უნივერსიტეტი ხომ აქვე, ორ ნაბიჯზეა. დღე არ გავა, ვინმემ რომ არ მკითხოს, გასაქირავებელი ოთახი ხომ არ გეგულებათო... ეს საშუალებას მოგცემდათ, როგორმე თავი თვის ბოლომდე გაგეტანათ. სანამ ახალ სამსახურს იშოვით, რა თქმა უნდა.

სააბაზანო ოთახში შესულმა ემემ თავი ვალდებულად მიიჩნია, მამაზეციერისთვის მადლობა შეეწირა,- აქამდე მისი ხომ საერთოდ არ სწამდა, -პრობლემა ასე უმტკივნეულოდ რომ მოუგვარა.

  *

მომდევნო ათი წლის განმავლობაში ემე სტუმრებისათვის განკუთვნილ ოთახს სტუდენტებზე აქირავებდა, რომლებიც შორიახლო მდებარე უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

საპენსიო ასაკის მომლოდინე ემესთვის სოციალურ შემწეობას დამატებული ეს დამატებითი შემოსავალი სრულიად საკმარისი იყო, შიმშილით სული რომ არ ამოხდომოდა. ცოტა ხანში ოთახის გაქირავება პროფესიად მიიჩნია. მსურველებს გარკვეული ექსპერტიზის წარმატებით გავლის შემდეგ თანხმდებოდა და მალე გამოცდილი გამქირავებლის ექვსი მცნებაც გამოაცხო: 1. მოითხოვე ქირის გადახდა წინასწარ ერთი თვით ადრე. მოიპოვე მშობლების ზუსტი და გადამოწმებული კოორდინატები.

  1. ბოლო დღემდე დამქირავებელს მოექეცი, როგორც დაუპატიჟებელ სტუმარს.
  2. უფროსი დები ამჯობინე უმცროსებს. ისინი ბევრად უფრო მორჩილნი არიან.
  3. მსხვილი ბურჟუაზია გერჩივნოს მცირეს. ამ წრიდან გამოსულები უფრო ჰიგიენურები და მოვლილები არიან და ნაკლები სითავხედით გამოირჩევიან.
  4. არასოდეს უგდო ყური მათ მონაყოლს პირად ცხოვრებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თაყვანისმცემელთა ამოყვანასაც არ მოერიდებიან.
  5. ევროპელ გოგონებს აზიელები ამჯობინე. ისინი უფრო თავაზიანები, მოკრძალებულები და ხშირად მადლიერები არიან. არ არის გამორიცხული, საჩუქრებითაც გაგანებივრონ.

მართალია, ემე არც ერთ მდგმურს შეგნებულად არ დაუახლოვდა, მაგრამ სამაგიეროდ უზომოდ კმაყოფილი იყო, მარტოხელას ბედი თავიდან რომ აიცილა. მათთან რამდენიმე ფრაზის გაცვლა-გამოცვლა სრულიად საკმარისი იყო. გიჟდებოდა, როცა ამ ბატებს ცხადად მიანიშნებდა, რომ მათგან განსხვავებით უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა.

ცხოვრება ალბათ ამ ტემპით დიდხანს გააგრძელებდა დინებას, ერთ დღესაც ექიმს ემეს სხეულზე საეჭვო გამკვრივებები რომ არ აღმოეჩინა. დადგინდა, რომ მეტასტაზები თითქმის ყველა ორგანოს მოსდებოდა. დიაგნოზმა, რომელიც ემემ ექიმამდე თავად გამოუტანა საკუთარ თავს, ცხოვრება შეუმსუბუქა. გადარჩენისთვის გამუდმებული ბრძოლა უკვე აღარ დასჭირდებოდა. მის წინაშე მხოლოდ ერთადერთი დილემა იდგა: მიექირავებინა თუ არა სტუდენტებისთვის ამ სასწავლო წელს ოთახი?

ოქტომბერში ემემ ახალგაზრდა იაპონელ გოგონას, ქიმიის ფაკულტეტზე რომ სწავლობდა, ქირის ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.

ემე მოკრძალებულ და სიტყვაძვირ კუმიკოს ყველაფერში გამოუტყდა: - აი, რა ხდება, კუმიკო, მე ძალიან მძიმედ ვარ ავად და საავადმყოფოში დიდი ხნით მომიწევს დარჩენა. ვშიშობ, რომ თქვენი შეკედლება დიდი ხნით შევძლო.

გოგონას დარდმა ემე იმდენად გააკვირვა, რომ წამიერად თავისი სენიც კი გადაავიწყდა და კუმიკოს ცრემლები ქუჩაში უსახლკაროდ აღმოჩენის შიშს მიაწერა. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ იაპონელი სტუდენტი გოგონა ნამდვილად შეძრა ემეს უბედურებამ.

- მე თქვენ დაეხმარა. ყოველდღე თქვენ სანახავად საავადმყოფოში მოვიდა და გემრიელი საჭმელი მოიტანა. თქვენ მოგიარა. მე საერთო საცხოვრებელში იცხოვრა, მაგრამ თქვენთვის დრო ყოველთვის მოძებნა.

„საწყალი გოგონა, - გაიფიქრა ემემ თავისთვის, - მის ასაკში მეც ასეთივე მიამიტი და კეთილი ვიყავი. ჩემნაირ ცხოვრებას რომ გამოივლის, სხვანაირად აჭიკჭიკდება.

გრძნობათა მოზღვავების ამ უჩვეულო დემონსტრირებით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ და სრულიად განიარაღებულ ემეს ძალა და გამბედაობა აღარ ეყო, გაეგდო კუმიკო. ამიტომ ერთი წლით კიდევ დატოვა.

მალე ემე თითქმის საავადმყოფოში გადაცხოვრდა.

კუმიკო ყოველ საღამოს შეუვლიდა ხოლმე ემეს. კუმიკო გახლდათ მისი ერთადერთი მნახველი და მომკითხავი.

ემე მსგავს ყურადღებას არ იყო ჩვეული და არც კი იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ის კია, რომ კუმიკოს ღიმილი ხშირად გულს უხარებდა და აფიქრებინებდა, რომ კაცობრიობა არც ისეთი გარყვნილია, როგორიც ეგონა. იყო მომენტებიც, როცა იაპონელის მომღიმარი სახის დანახვაზე ემე წყობიდან გამოდიოდა და საკუთარ აგონიაში უცხოს შემოჭრას ამბოხს უცხადებდა. ნუთუ შეუძლებელია ადამიანი თავისთვის მშვიდად და წყნარად მოკვდეს? ემეს განწყობის მსგავს ცვლილებებს კუმიკო ავადმყოფობის პროგრესირებას მიაწერდა. შეუნელებელი თანაგრძნობით მომაკვდავს უხეშობასაც პატიობდა, ლანძღვა-გინებასაც და ცოფის შემოტევებსაც.

ერთ საღამოსაც იაპონელმა ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც თავად ვერ მიხვდა, მაგრამ ემეს მისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ექიმმა ავადმყოფს უთხრა, რომ შერჩეული მკურნალობის კურსი სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა და რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა. ემეს წარბიც არ შეუხრია, პირიქით, ერთგვარმა შვებამ მოიცვა, დაახლოებით ისეთმა, მებრძოლი მხარეები დაზავების შემდეგ რომ განიცდიან. მორჩა, აღარ დასჭირდება ბრძოლა, დამღლელი მკურნალობის კურსები ჰორიზონტიდან გაქრა. ბუნდოვანი იმედით გამოწვეულ ტანჯვა-წამებას წერტილი დაესვა. ემეს მხოლოდ ერთი რამ დარჩა - სიკვდილი. ამის გამო მკურნალობის უშედეგობისა და სრული მარცხის შესახებ კუმიკოს თითქმის აუღელვებლად აუწყა. იაპონელის რეაქცია უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცრემლები. ყვირილი, კოცნა-ხვევნა, ღმუილი, პაუზა, სიმშვიდე... ისევ ცრემლების ნიაღვარი. როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, კუმიკო მობილურს ჩააფრინდა და იაპონიაში სამ ადამიანს დაუკავშირდა. ნახევარი საათის შემდეგ ემეს ტრიუმფული ხმით გამოუცხადა, რომ ევროპაში ჯერ კიდევ უცნობ, მაგრამ მის მშობლიურ კუნძულზე ნაცად და ეფექტურ მკურნალობის კურსს სთავაზობდნენ.

ემე ინერტულად იწვა და დამღლელი მოთმინებით აკვირდებოდა გრძნობათა ამ უშრეტი ლავის დინებას. ერთი სული ჰქონდა, როდის დატოვებდა კუმიკო. ეს გომბიო ბედავს, უცილო სიკვდილი ჩაუშხამოს? რა გულით შეუძლია ასეთი წამება, გამოჯანმრთელებაზე საუბრის ჩამოგდებით?

ემემ შურისძიება გადაწყვიტა.

მეორე დღეს კუმიკომ თავისი ყვითელი ცხვირი პალატაში როგორც კი შემოყო, ემემ ფართოდ გაშალა ხელები და უხმო: - ჩემო ძვირფასო კუმიკო, მოდი, უნდა გადაგეხვიო.

ხანმოკლე სლუკუნისა და თბილი, მოსიყვარულე იაპონელის შიგადაშიგ ოხვრა-ხვნეშით გაწყვეტილი ალერსის შემდეგ ემე იაპონელს პათეტიკური ტონით ისეთ დიდ სიყვარულში გამოუტყდა, იფიქრებდით, კუმიკო ლამის მისი ღვიძლი ქალიშვილიაო. დიახ, ქალიშვილი, რომელიც მას არასდროს ჰყოლია, მაგრამ რომლის არსებობაზე იმდენი უოცნებია. დიახ, ქალიშვილი, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში გვერდიდან არ მოსცილებია და მარტოობის მძიმე წუთები შეუმსუბუქა... და აგრძნობინა, რომ ის ამქვეყნად ეული და მიუსაფარი არ არის.

- ოოო, ჩემო მეგობარო, ჩემო დიდო მეგობარო, ჩემო ერთადერთო.

მეგობრობის თემაზე ვარიაციების სიმრავლემ საბოლოოდ თვით ემესაც აუჩუყა გული, თავის მოკატუნებას შეეშვა და გულის დარდს გამოსავალი გაუხსნა - ენად გაიკრიფა: - როგორი კეთილი ხარ, კუმიკო, ისეთივე კეთილი და გულისხმიერი, როგორიც მე ვიყავი შენს ასაკში, როცა ადამიანთა გულწრფელობის, პატიოსნების, სიყვარულისა და მეგობრობის მწამდა. შენ ისეთივე მიამიტი ხარ, როგორიც მე იმ ხანად, ჩემო კეთილო კუმიკო, და ერთ დღესაც ისევე გაწბილებული აღმოჩნდები, როგორიც მე ვარ ამჟამად. იცი, ძალიან მეცოდები! გულწრფელად ვამბობ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. გამაგრდი, კუმიკო, გაუძელი, ეცადე, რაც შეიძლება დიდხანს იყო ისეთი, როგორიც ახლა ხარ; ღალატისა და იმედგაცრუების ჟამი აუცილებლად დადგება.

უეცრად ემე გონს მოეგო და ჩაფიქრებული გეგმაც მოაგონდა. შურისძიება! ემემ ისევ მოხსნა გუდას პირი: - მე მსურს, დაგაჯილდოვო, კუმიკო და მოგცე შანსი, გჯეროდეს, რომ დედამიწის ზურგზე კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არ გაწყვეტილან. საჩუქარი მოვიფიქრე შენთვის.

- არა, არა, არ უნდა.

- მე მხოლოდ ერთი ღირებული ნივთი მაბადია და გადავწყვიტე, ის შენ დაგიტოვო.

- არა, ქალბატონო ფავარ, არა და არა!

- კი, ნუ მეწინააღმდეგები. მე შენ ჩემს პიკასოს გიტოვებ.

ახალგაზრდა გოგონას გაოცებისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა.

- შენ აუცილებლად შეამჩნევდი ტილოს, რომელიც თუთიყუშების გალიის ზემოთ, კედელზე კიდია. ეს პიკასოა, ოღონდ ნამდვილი. კი ვამბობდი ყალბია-მეთქი, რათა მოშურნეებისა და ქურდების ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ თამამად შეგიძლია დამიჯერო, კუმიკო, რომ ეს პიკასოს ორიგინალია.

მოულოდნელობისაგან პირდაღებულ იაპონელს სახეზე მკვდრისფერი გადაეკრა.

ემეს წამიერად გააჟრჟოლა. ნეტა თუ სჯერა ჩემი? ხომ არ ეჭვობს, რომ ვატყუებ? გაეგება კი რამე ხელოვნების?

კუმიკოს წვრილი თვალებიდან ცრემლების ნიაღვარმა გადმოხეთქა. სასოწართმეული ხმამაღალ კვნესა-გოდებას მოჰყვა: - არა, ქალბატონო ფავარ, პიკასო თქვენ დატოვა, თუ გაყიდა. იაპონიიდან მე თქვენთვის ახალი წამლები ჩამოიტანა.

„უფ, მგონი დამიჯერა!“ - გაიფიქრა ემემ და განაგრძო: - ეს შენია, კუმიკო, შენი. დამიჯერე! მე ასე გადავწყვიტე. კარგი, გეყოფა. ახლა კი დროს ნუ დავკარგავთ. მე მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლე თუ დამრჩენია. შეხედე, გაჩუქების საბუთებიც მოვამზადე. ახლა გადი დერეფანში და ერთი-ორი მოწმე შემოიყვანე. ამგვარად, ამქვეყნიდან დამშვიდებული სინდისით წასვლას შევძლებ.

ექიმისა და მედდის თანდასწრებით ემემ საჭირო დოკუმენტები შეავსო. მოწმეებმა გაჩუქების აქტი ხელმოწერით დაადასტურეს. მთელი სხეულით მოცახცახე, აცრემლებულმა კუმიკომ საბუთი ჯიბეში ჩაიდო და ემეს მეორე დღისთვის გამოვლას შეჰპირდა.

კუმიკომ აუტანლად გააჯანჯლა წასვლა, სულ ჰაეროვანი კოცნები უგზავნა ემეს, სანამ დერეფნის სიღრმეში არ გაუჩინარდა.

მარტო დარჩენილ ემეს მონატრებული შვების განცდა დაეუფლა და ჭერზე მზერამიბჯენილს გაეღიმა.

„საბრალო სულელი გოგონა! - გაიფიქრა მან, - მიდი, იოცნებე რამდენიც გინდა, რომ მდიდარი ხარ. იფრინე ღრუბლებში, ეწიე მეცხრე ცას, მაგრამ ჯერ არც იცი, რა მოგელის. შენ ჩემზე უფრო იმედგაცრუებული აღმოჩნდები. აი, მაშინ იზლუქუნე რამდენიც გინდა. საამისო მიზეზი ნამდვილად გექნება. მანამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ ამიერიდან აღარასდროს დაგინახავ“.

ღმერთმა, რომლისაც ემეს არასდროს წამდა, ეტყობა შეისმინა მისი თხოვნა, ვინაიდან გამთენიისას გონება დაკარგა და რამდენიმე დღის შემდეგ მიიცვალა. საწყალი ერთხელაც ვერ მოეგო გონს. მორფინის დოზამ სამუდამოდ მიიბარა.

  *

ოთხი ათეული წლის მიწურულს ყველაზე მდიდარი ქალი იაპონიაში, საპარფიუმერიო მრეწველობის დედოფალი, დღეს უკვე ელჩი იუნისეფში, მიღწეული წარმატების, ხიბლის, ქარიზმის, ხელგაშლილობისა და კაცთმოყვარეობისთვის პრესის მიერ ფრიად დაფასებული მხცოვანი კუმიკო კრუკი ასე განმარტავდა საკუთარ ჰუმანიტარულ აქციებს: - მოგეხსენებათ, რომ ჩემი მოგების ნაწილს შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლას ვახმარ, ასევე - უპოვართათვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევას და მედიკამენტების დარიგებას. ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ფრანგი მეგობარი ემე ფავარი რომ არა, მე ამის გაკეთების საშუალება არ მომეცემოდა. მე სათუთად ვინახავ მასზე მოგონებას. სწორედ ემე ფავარმა, უკვე სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა, საჩუქრად მომართვა პიკასოს ორიგინალი ტილო, რომლის გაყიდვამ საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბების შანსი მომცა. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ემესთვის მე ერთი უბრალო ნაცნობი ვიყავი. მიუხედავად ამისა, მან დაჟინებით მთხოვა, რომ მის ფასდაუდებელ ძღვენს დავთანხმებოდი. იმ დღიდან მოყოლებული მე ყოველთვის მივიჩნევდი და ეს სავსებით ნორმალურად მესახება, რომ ჩემი ბიზნესის ნაწილს შეიძლებოდა სხვა უცნობებისათვის შვება მოეტანა. ის ქალბატონი, ემე ფავარი, ჩემს თვალში სიყვარულის ინკარნაციაა. მას ისე სწამდა ადამიანურობის, როგორც არავის. ეს და სხვა ღირებულება მე მემკვიდრეობით მისგან მერგო. თუ პიკასოს ტილოს არ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს თვისება გახლავთ მისგან ბოძებული ყველაზე ლამაზი საჩუქარი.

ტეგები: Qwelly, ნოველები, შმიტი

ნახვა: 13

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters