ანტონ ჩეხოვი - ხტუნია

I

ოლგა ივანოვნას თავის ქორწილში ყველა მეგობარი და ახლობელი ჰყავდა მოწვეული.

– შეხედეთ ერთი, არის მასში რაღაცა! ასე არაა? – ეუბნებოდა ის თავის მეგობრებს და ქმარზე უთითებდა. თითქოს სურდა აეხსნა, თუ რატომ მისთხოვდა ასე უბრალო, ერთობ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ადამიანს.

მისი ქმარი, ოსიპ სტეპანიჩ დიმოვი, იყო ექიმი, ტიტულოვანი მრჩევლის ჩინით. მსახურობდა ორ საავადმყოფოში. ერთში ზეშტატიან ორდინატორად, მეორეში – პროზექტორად.

ყოველდღე, დილის ცხრიდან შუადღემდე, იღებდა ავადმყოფებს და მუშაობდა პალატაში. ნაშუადღევს კი ეტლით გადადიოდა მეორე საავადმყოფოში, სადაც ჰკვეთდა მიცვალებულებს. მწირი იყო მისი კერძო პრაქტიკა – ხუთას რუბლამდე წელიწადში. ეს იყო და ეს. სხვას ვერაფერს იტყოდი მასზე.

სულ სხვა იყო ოლგა ივანოვნა და მისი ნაცნობ-მეგობრები. ისინი როდი იყვნენ ასე ჩვეულებრივნი და უბრალონი. თითოეული მათგანი რაღაცით იყო გამორჩეული და რამდენადმე ცნობილი, სახელგანთქმული. ხოლო თუ ჯერჯერობით მთლად ვერა, საამისოდ

მოწოდებული და იმედისმომცემი მაინც.

აჰა დრამატული თეატრის მსახიობი, დიდი, კარგა ხნის აღიარებული ტალანტი; დახვეწილი, ჭკვიანი და თავდაჭერილი ადამიანი; ბრწყინვალე დეკლამატორი, ოლგა ივანოვნას მხატვრულ კითხვას რომ ასწავლიდა.

ეს კი – ოპერის მომღერალი; გულკეთილი სქელუა, გრძნობამორევით რომ არწმუნებდა ოლგა ივანოვნას, შენვე ღუპავ შენს ტალანტსო; სიზარმაცე რომ არა, შესანიშნავი მომღერალი დადგებოდიო.

აი რამდენიმე მხატვარი ჟანრისტის, ანიმალისტის და პეიზაჟისტის – რიაბოვსკის მეთაურობით. ის ძალიან ლამაზი, ქერა ყმაწვილია, ოცდახუთი წლის. წარმატებული გამოფენები ჰქონდა და თავისი ახალი სურათი ხუთას რუბლად გაჰყიდა. ის უსწორებდა ხოლმე ოლგა ივანოვნას ეტიუდებს და ამბობდა, მისგან შეიძლება რიგიანი მხატვარი დადგესო.

ეს კიდევ – მევიოლინოე, საკრავს რომ აკვნესებდა და გულწრფელად აღიარებდა, ჩემს ნაცნობ ქალთაგან მხოლოდ ოლგა ივანოვნას შეუძლიაო აკომპანირება.

ეს კი ლიტერატორია, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი თავისი მოთხრობებით და პიესებით.

კიდევ ვინ? აი თუნდაც ეს ვასილი ვასილიჩი – ბატონი, მემამულე, დილეტანტ-ილუსტრატორი და ვინიეტისტი, ძალუმად რომ გრძნობდა ძველ რუსულ სტილს, ბილინას და ეპოსს. ქაღალდზე, ფაიფურზე და გამურულ საინებზე ის პირდაპირ სასწაულებს ატრიალებდა.

აი ამ არტისტულ, თავისუფალ და ბედის ნებიერ საზოგადოებაში, რომელსაც, მართალია, დახვეწილობა და თავდაჭერილობა არ აკლდა, მაგრამ ვიღაც ექიმის არსებობა მხოლოდ ავადმყოფობისას ახსენდებოდა, და რომელსაც დიმოვის გვარი ზუსტად იმასვე ეუბნებოდა, რასაც სიდოროვის ან ტარასოვისა; აი, ამ საზოგადოებაში დიმოვი უცხო, ზედმეტი და პაწაწინა ჩანდა, თუმცა ტანმაღალიც იყო და მხარბეჭიანიც.

გეგონებოდა, სხვისი ფრაკი აცვია და წვერიც მოურავისგან თუ უსესხიაო. ვთქვათ და მწერალი ყოფილიყო ან მხატვარი, იტყოდი: თავისი წვერით ზოლას მოგვაგონებსო.

მსახიობი არწმუნებდა ოლგა ივანოვნას: ჩალისფერ თმებით და სადედოფლო ტანისამოსით ტანაყრილ ალუბლის ხეს ჰგავხარ, გაზაფხულზე თეთრად აფეთქებულსო.

– არა, ყური მიგდეთ! – უპასუხებდა მას ოლგა ივანოვნა და ხელს ხელზე ჰკიდებდა. – მაინც როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? მომისმინეთ, მომისმინეთ...

უნდა გითხრათ, რომ მამა დიმოვთან ერთად მუშაობდა საავადმყოფოში. როცა საბრალო ავად გახდა, დიმოვი აღამებდა და ათენებდა მის ლოგინთან. როგორი თავგანწირვაა!

მისმინეთ, რიაბოვსკი... თქვენც, მწერალო, მისმინეთ. ეს ძალიან საინტერესოა. მოიწით ახლოს. რამხელა თავგანწირვაა, რაოდენ გულწრფელი თანაგრძნობა!

მეც ღამეები არ მეძინა და ვიჯექი მამასთან...

და უცებ: გაგიხარიათ, როგორც სიჩაუქემ გაიხარა! ჩემმა დიმოვმა პირდაპირ წერტილში არ მოარტყა?!

ხომ მართალია, ბედი უცნაური რამ არის.

მამის სიკვდილის მერე ის ხანდახან მოდიოდა ჩემთან, მხვდებოდა ქუჩაში... და უცებ, ერთ მშვენიერ საღამოს – ჰოპლა! – არც აცია, არც აცხელა, ხელი არ მთხოვა?...

მთელი ღამე ვიტირე და თვითონაც შემიყვარდა ჯოჯოხეთურად...

და აი, როგორც ხედავთ, გავხდი მეუღლე.

– ხომ მართალია? მასში არის რაღაც ძლიერი, მძლავრი, დათვისებური! ახლა მისი სახე ჩვენგან მიბრუნებულია სამი მეოთხედით. ცუდადაა განათებული. მაგრამ როცა მოტრიალდება, თქვენ შეხედეთ მის შუბლს.

რიაბოვსკი, თქვენ რას იტყოდით მის შუბლზე? დიმოვ, ჩვენ შენზე ვსაუბრობთ, – დაუძახა მან ქმარს, – მოდი აქ, გამოუწოდე პატიოსანი მარჯვენა რიაბოვსკის... აი ასე. იყავით მეგობრები.

დიმოვმა ალალად და გულუბრყვილოდ გაიღიმა, გამოუწოდა ხელი რიაბოვსკის და თქვა: «ძალიან მოხარული ვარ. ერთი ჩემი თანაკურსელი იყო რიაბოვსკი. თქვენი ხომ არ ყოფილა რამე?»

 

II

ოლგა ივანოვნა ოცდაორი წლისა იყო, დიმოვი ოცდათერთმეტისა.

მშვენივრად აეწყო მათი ცხოვრება ქორწილის შემდეგ. ოლგა ივანოვნამ სტუმრების მისაღები ოთახის კედლები თავისი და სხვისი ეტიუდებით მორთო. ზოგი ჩარჩოში იყო, ზოგი უჩარჩოოდ. როიალისა და ავეჯის გვერდით ჩინური ქოლგები, მოლბერტები, ჭრელა-ჭრულა ნაჭრები, ხანჯლები, პატარა ბიუსტები და ფოტოსურათები ჩამოამწკრივა.

სასადილო ოთახი მოწება საბაზრო სურათებით, ჩამოჰკიდა ჩოგნები და ნამგლები, კუთხეში მიაყუდა ცელი და ფოცხი. ოთახი რუსული გემოვნებით მოეწყო.

საძინებელი გამოქვაბულ-მღვიმეს დაამგვანა. ჭერი და კედელი მუქი მაუდით მოაფარდაგა. საწოლის თავზე ვენეციური სანათური დაჰკიდა. კარებთან კი ალებარდიანი ფიგურა დადგა. ყველანი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდებმა მშვენიერი კუთხე მოიწყვეს.

ოლგა ივანოვნა ლოგინიდან ყოველდღე თერთმეტ საათზე დგებოდა და როიალზე უკრავდა; ანდა, თუკი მზიანი დღე იყო, ზეთით ხატავდა. შემდეგ, პირველი საათისთვის, თავის მკერავთან მიდიოდა.

მას და დიმოვს ფული ცოტა ჰქონდათ. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ხშირად გამოჩენილიყო ახალ-ახალ კაბაში და საზოგადოება მოეხიბლა, ის და მისი მკერავი წაიეშმაკებდნენ ხოლმე. ძალიან ხშირად ძველი, გადაღებილი კაბიდან, ტულის, მაქმანის, პლუშის და აბრეშუმის სულ უბრალო ნაჭრებისგან გამოჰყავდათ რაღაც საოცრებანი, გადასარევი რამეები. კაბა კი არა, ოცნება პირდაპირ!

მკერავიდან ოლგა ივანოვნა, ჩვეულებრივ, რომელიმე ნაცნობ მსახიობ ქალს გაუვლიდა, რათა გაეგო თეატრის სიახლეები და ეზრუნა ახალი პიესის პირველი წარმოდგენის ან ბენეფისის დასასწრები ბილეთისთვის.

აქედან მხატვრის სახელოსნოში ან სურათების გამოფენაზე მიეჩქარებოდა. შემდეგ კი ჰაიდა – ცნობილი პერსონისკენ! შინ ეპატიჟებოდა ან ვიზიტს უნიშნავდა, ანაც, უბრალოდ, წაემუსაიფებოდა. და ყველგან მხიარულად, კეთილმეგობრულად ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ის ასეთი კარგია, გულში ჩასაკრავია, განუმეორებელია...

ყველასთან, ვისაც გამოჩენილ და დიდ ხელოვანად თვლიდა, მიღებული იყო შინაურად, ტოლად. თან ყველანი ერთხმად უწინასწარმეტყველებდნენ: ასეთი ტალანტის, გემოვნებისა და გონების პატრონისგან დიდი შედეგი იყო მოსალოდნელი, თუ ნიჭს არ გაფანტავდა.

მღეროდა ოლგა ივანოვნა, უკრავდა როიალზე, ხატავდა საღებავებით, ძერწავდა, მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში. მაგრამ ყოველივე ამას აკეთებდა არა ასე თუ ისე, არამედ ნიჭიერად. ილუმინაციას სანათურებით გააწყობდა, მოირთვებოდა თუ ვიღაცას ჰალსტუხს შეუხვევდა, ყველაფერი მხატვრულად, გრაციულად და საყვარლად გამოსდიოდა.

მაგრამ არსად მისი ტალანტი ისე არ ბრწყინავდა, როგორც მის იშვიათ უნარში, სწრაფად გასცნობოდა და დაახლოებოდა გამოჩენილ ადამიანებს. საკმარისი იყო ვინმეს ოდნავ მაინც გაეთქვა სახელი და საზოგადოება აელაპარაკებინა, რომ მაშინვე გაიცნობდა მას, დაიმეგობრებდა და შინ მოიწვევდა. ყოველი ახალი ნაცნობობა მისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. აღმერთებდა გამოჩენილ ადამიანებს, ეამაყებოდა ისინი და ღამღამობით ესიზმრებოდა; სწყუროდა ისინი და წყურვილს ვერ იკლავდა.

ძველები მიდიოდნენ და დავიწყებას ეძლეოდნენ. მათ ცვლიდნენ ახლები. მაგრამ მათაც ჩქარა ეჩვეოდა ან იმედები უცრუვდებოდა და ხარბად იწყებდა ახალ-ახალი გენიოსების ძებნას. პოულობდა და კვლავ ეძიებდა.

კი, მაგრამ რისთვის?

ხუთ სააზე შინ სადილობდა ქმართან ერთად. ქმრის უბრალოებაზე, საღ გონებაზე და გულკეთილობაზე ჭკუას ჰკარგავდა. ანაზდად წამოხტებოდა, აღტაცებული გადაეხვეოდა და თავზე ჰკოცნიდა.

– შენ, დიმოვ, ჭკვიანი, კეთილშობილი ადამიანი ხარ, – ეტყოდა – მაგრამ ერთი დიდი ნაკლი გაქვს. სულ არ გიზიდავს ხელოვნება. მუსიკასაც უარყოფ და ფერწერასაც.

– მე არ მესმის ისინი. – უპასუხებდა ქმარი მორიდებულად.

– მე მთელი ჩემი ცხოვრება ბუნებისმეტყველებასა და მედიცინას ვსწავლობდი. ხელოვნებისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

– მაგრამ ეს ხომ საშინელებაა, დიმოვ!

– რატომ? შენმა ნაცნობებმა არ იციან ბუნებისმეტყველება და მედიცინა, მაგრამ შენ ამას ნაკლად არ უთვლი მათ. ყველას თავ-თავისი საქმე აქვს. მე არ მესმის პეიზაჟი და ოპერა, მაგრამ ასე ვფიქრობ: რაკი ჭკვიან ადამიანთა ერთი ნაწილი მათ უძღვნის მთელ ცხოვრებას, ხოლო მეორე ნაწილი მათთვის დიდძალ თანხას იხდის, მაშასადამე, ისინი საჭიროა. მე ისინი არ მესმის, მაგრამ ვერგაგება არ ნიშნავს უარყოფას.

– მოდი, ჩამოგართვა ეგ პატიოსანი ხელი!

ნასადილევს ოლგა ივანოვნა ნაცნობებთან მიდიოდა, მერე კი თეატრში ან კონცერტზე. შინ ნაშუაღამევს ბრუნდებოდა. ასე ყოველდღე.

ოთხშაბათობით საღამოებს მართავდა. ამ საღამოებზე მასპინძელი და სტუმრები არც ქაღალდს თამაშობდნენ და არც ცეკვავდნენ. ისინი ხელოვნებით ერთობოდნენ: დრამატული თეატრის მსახიობი მხატვრულად კითხულობდა. მომღერალი მღეროდა. მხატვრები ხატავდნენ ალბომებში, რომლებიც უზღვავი რაოდენობით ჰქონდა ოლგა ივანოვნას. მევიოლინოე უკრავდა. თვით მასპინძელი კი ხატავდა, ძერწავდა, მღეროდა და აკომპანირებდა. მხატვრულ კითხვას, მუსიკას და სიმღერას შორის შუალედებში საუბრობდნენ და კამათობდნენ ლიტერატურაზე, თეატრზე, ფერწერაზე.

ქალბატონები არ ჰყავდათ ხოლმე: ოლგა ივანოვნას ყველა ქალი, აქტრისებისა და თავისი მკერავის გარდა, მოსაწყენ და უხამს ადამიანებად მიაჩნდა.

არც ერთი საღამო არ ჩაივლიდა ისე, რომ მასპინძელი ყოველ ზარზე არ წამომხტარიყო და არ ეთქვა გამარჯვებულის იერით:

«ეს ისაა!». «ის» ნიშნავდა რომელიღაც ცნობილ პერსონას. დიმოვი მათ შორის არ იყო ხოლმე. არც ვინმეს ახსოვდა მისი არსებობა. მაგრამ ზუსტად თორმეტის ნახევარზე იღებოდა სასადილო ოთახში გამომავალი კარი, გამოჩნდებოდა დიმოვი თავისი კეთილი, გაუბედავი ღიმილით და ხელების ფშვნეტით ამბობდა:

«ბატონებო, გთხოვთ წაიხემსოთ.»

ყველანი სასადილო ოთახში გადადიოდნენ და ყოველთვის სუფრაზე ერთსა და იმავეს ხედავდნენ: ხამანწკებიან კერძს, შაშხის ან ხბოს ხორცის ნაჭერს, სარდინებს, ყველს, ხიზილალას, სოკოებს, არაყს და ორ გრაფინ ღვინოს.

– ჩემო საყვარელო მეტრდოტელო! – ამბობდა ოლგა ივანოვნა და აღტაცებისგან ტაშს შემოჰკრავდა. – შენ, უბრალოდ, მომხიბვლელი ხარ! ბატონებო, შეხედეთ მის შუბლს! დიმოვ, შებრუნდი პროფილში. ბატონებო, შეხედეთ: სახე ბენგალიურ ვეფხვისაა, გამომეტყველება კი ირმისა – კეთილი და საყვარელი... უჰ, საყვარელო!

სტუმრები მიირთმევდნენ; თან დიმოვს უყურებდნენ და ფიქრობდნენ: «მართლაც, დიდებული ვაჟკაცია.» მაგრამ მალევე ავიწყდებოდათ იგი და განაგრძობდნენ ლაპარაკს თეატრზე, მუსიკაზე, ფერწერაზე.

ბედნიერად გრძნობდნენ თავს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი ცხოვრებაც მშვენივრად მიდიოდა. მაგრამ თაფლობისთვის მესამე კვირა არათუ ბედნიერი, მწუხარეც კი იყო. დიმოვს საავადმყოფოში წითელი ქარი გადაედო. ექვსი დღე ლოგინში დაჰყო და თავისი ლამაზი შავი თმების ბოლომდე შეჭრა მოუწია. იჯდა ოლგა ივანოვნა მის სიახლოვეს და გულამოსკვნილი ტიროდა.

მაგრამ როცა ავადმყოფი გამოკეთდა, ცოლმა გადახოტრილი თავი თეთრი ცხვირსახოცით წაუკრა და დაიწყო მისგან ბედუინის გადახატვა. ორივენი გამხიარულდნენ.

როცა ჯანზე მოსულმა ისევ დაიწყო საავადმყოფოში სიარული, მესამე დღეს ახალი უსიამოვნება შეემთხვა.

– ბედი არ მწყალობს, დედი! – შესჩივლა სადილობისას მეუღლეს. – დღეს ოთხი გაკვეთა მქონდა და ერთბაშად ორი თითი გავიჭერი; და ეს მხოლოდ შინ შევამჩნიე.

ოლგა ივანოვნას შეეშინდა. მან კი გაიღიმა და თქვა, რომ ეს არაფერია; რომ მას ხშირად ემართება ასეთი რამ გაკვეთის დროს.

– საქმე გამიტაცებს ხოლმე, დედი, და ვიფანტები.

ოლგა ივანოვნა შეშფოთებული იყო. ცხედრით მოწამვლისა ეშინოდა და ღამღამობით ღმერთს ევედრებოდა.

მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. კვლავ განახლდა ბედნიერი ცხოვრება; ცხოვრება უღრუბლო და უშფოთველი. ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი იყო. წინ კი გაზაფხული ელოდათ, უკვე რომ უღიმოდა შორიდან მათ და ათას სიხარულს ჰპირდებოდა. ბედნიერებას დასასრული არ უჩანდა!

აპრილში, მაისში და ივნისში – აგარაკი ქალაქიდან შორს, სეირნობანი, ეტიუდები, თევზაობა, ბულბულები. შემდეგ კი, ივლისიდან თვით შემოდგომამდე – მხატვართა მოგზაურობა ვოლგაზე. ამ მოგზაურობაში société-ს განუყრელ წევრად იქნება ოლგა ივანოვნაც.

მან უკვე შეიკერა ტილოს ორი საგზაო კოსტუმი. შეიძინა გზისთვის საღებავები, ფუნჯები, ტილოები და ახალი პალიტრა.

თითქმის ყოველდღე მოდიოდა მასთან რიაბოვსკი, რომ ენახა: რა წარმატებას მიაღწია ოლგა ივანოვნამ ფერწერაში. როცა ქალი უჩვენებდა თავის ნამუშევრებს, ის ღრმად ჩაიწყობდა ხელებს ჯიბეებში, მაგრად მოკუმავდა პირს და ქშენით იტყოდა:

– ესეც ასე... ეს თქვენი ღრუბელი ყვირის. ის საღამოსფრად არაა განათებული. წინა ხედი როგორღაც შებოჭილია და რაღაცა, იცით, ვერაა რიგზე... ამ თქვენს ქოხმახს კი რაღაცა აწვება და წუწუნებს... აი ეს კუთხე უფრო უნდა დამუქდეს. საერთოდ კი არაა ურიგო... ვაქებ.

და რაც უფრო გაუგებრად ლაპარაკობდა მხატვარი, მით უფრო ადვილად უგებდა მას ოლგა ივანოვნა.

 

 

III

სამების მეორე დღეს, ნასადილევს, სანოვაგითა და კანფეტებით ხელდამშვენებულმა დიმოვმა ცოლს მიაკითხა აგარაკზე. უკვე ორი კვირა არ ენახა მეუღლე და ძლიერ მოენატრა.

იჯდა ვაგონში და თვალებით ეძებდა დიდ ჭალაში თავის აგარაკს. შიმშილსა და დაღლილობას გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ივახშმებდა ცოლთან ერთად და როდის დასაძინებლად მიეგდებოდა. ამიტომ სიამოვნებით უმზერდა თავის ფუთას, რაშიც გახვეული იყო ხიზილალა, ყველი და თეთრთევზა.

როცა აგარაკს მიაღწია, მზე უკვე ჩადიოდა. მოხუცმა მოახლემ მოახსენა, რომ ქალბატონი შინ არაა და რომ ისინი სადაცაა უნდა მოვიდნენ.

აგარაკი უსახური რამ იყო: სამი ოთახი, საწერი ქაღალდით აწებებული დაბალი ჭერითა და უსწორმასწორო, ღრიჭოებიანი იატაკით.

ერთ ოთახში იდგა საწოლი. მეორეში სკამებზე და ფანჯრებზე ეყარა ტილოები, ფუნჯები, გაქონილი ქაღალდი, მამაკაცის პალტოები და ქუდები. მესამეში კი დიმოვმა აღმოაჩინა სამი უცნობი მამაკაცი. ორი – წვერებიანი, შავგვრემანი, ხოლო მესამე – სუფთად გაპარსული,

მსუქანი. ეტყობოდა, მსახიობი იყო.

მაგიდაზე სამოვარი თუხთუხებდა.

– რა გნებავთ? – ჰკითხა მსახიობმა ბოხი ხმით. თან კუშტად ათვალიერებდა დიმოვს. – ოლგა ივანოვნა გნებავთ? მოითმინეთ, ახლავე მოვა.

დიმოვი დაჯდა და ლოდინი დაიწყო. ერთ-ერთმა შავგვრემანმა, ზანტად და უხალისოდ რომ უყურებდა მას, ჩაი დაისხა და ჰკითხა:

– ჩაის ხომ არ დალევდით?

დიმოვს კიდეც სწყუროდა და კიდეც შიოდა. მაგრამ მადის გაფუჭებას მოერიდა და უარი თქვა ჩაიზე.

მალე ნაბიჯების ხმა და ნაცნობი სიცილი მოისმა. კარი გაიღო და ოთახში სირბილით შემოიჭრა ოლგა ივანოვნა. ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა და ხელში ყუთი ეჭირა. კვალდაკვალ მოჰყვა მხიარული, ლოყებღაჟღაჟა რიაბოვსკი დიდი ქოლგითა და დასაკეცი სკამით.

– დიმოვ! – დაიკივლა ოლგა ივანოვნამ და სიხარულისგან გაბრწყინდა. – დიმოვ! – გაიმეორა მან. თავი მკერდზე მიადო და ხელებიც ზედ მიაწყო. – ეს შენა ხარ! რატომ ამდენი ხანი არ ჩამოხვედი? რატომ? რატომ?

– როდისღა, დედი? მე სულ დაკავებული ვარ. ხოლო თავისუფალი როცა ვარ, მაშინ უკვე მატარებლების განრიგი აღარ უდგება.

– მე კი ისე გამიხარდა შენი ნახვა! შენ სულ, სულ მესიზმრებოდი და მეშინოდა, ავად არ გახდეს-მეთქი. ოჰ, რომ იცოდე, რა საყვარელი ხარ, რა დროულად ჩამოხვედი! შენ უნდა მიშველო. მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ჩემი ხსნა. დამიგდე ყური, ხვალ აქ უაღრესად ორიგინალური ქორწილია. – განაგრძობდა ის სიცილით; თან ქმარს ჰალსტუხს უხვევდა. – ცოლს ირთავს სადგურის ახალგაზრდა ტელეგრაფისტი, ვინმე ჩიკილდეევი. მშვენიერი ახალგაზრდაა... როგორ გითხრა... საკმაოდ ჭკვიანი. გამოხედვაში აქვს, ხომ იცი, რაღაც ძლიერი და თავისებური... შეიძლება მისგან ახალგაზრდა ვარიაგი დაიხატოს. ჩვენ ყველანი, მოაგარაკეები, დაგვპატიჟა და ჩვენც პატიოსნად შევპირდით, რომ მოვალთ... კაცია არცთუ მდიდარი, მარტოსული, გაუბედავი და, რასაკვირველია, მკრეხელობა იქნებოდა ჩვენგან მისი გაწბილება. წარმოგიდგენია? წირვის შემდეგ ჯვრისწერა! შემდეგ ეკლესიიდან ფეხით პატარძლის ბინამდე... გესმის? ჭალა, ჩიტების ჟღურტული, მზის ხალები ბალახზე... და ჩვენ ყველანი ფერადი

ხალებით ღია მწვანე ფონზე... უაღრესად ორიგინალურია, ფრანგი ექსპრესიონისტების გემოვნებას ეხმაურება. მაგრამ, დიმოვ, რითი წავიდე ეკლესიაში? – ჰკითხა ოლგა ივანოვნამ და თვალებზე ცრემლი მოაწვა. – მე აქ არაფერი მაქვს, სრულიად არაფერი! არც კაბა, არც ყვავილები, არც ხელთათმანები... შენ უნდა მიხსნა! რაღაი ჩამოხვედი, ესე იგი, თვით ბედისწერა გაკისრებს მიხსნა. აიღე, ჩემო ძვირფასო, გასაღები, გაემგზავრე შინ და ჩამოხსენი გარდერობიდან ჩემი ვარდისფერი კაბა. შენ ის გახსოვს, სულ პირველი ჰკიდია... შემდეგ საკუჭნაოში, მარჯვნიდან, იატაკზე ნახავ მუყაოს ორ ყუთს. ზედას რომ გახსნი, იქ სულ ტული, ტული და ტულია; და კიდევ ნაირ-ნაირი ნაჭრები. ჰოდა მათ ქვეშ ყვავილებია.

ყვავილები ფრხილად ამოიღე. ეცადე, სულიკო, არ დაჭმუჭნო. შემდეგ მე თვითონ ამოვარჩევ... ხელთათმანებიც იყიდე.

– კეთილი, – თქვა დიმოვმა. – ხვალვე წავალ და გამოვაგზავნი.

– როგორ თუ ხვალ?! – წამოიჭრა ოლგა ივანოვნა და გაკვირვებით შეხედა. – ხვალ როგორღა მოასწრებ? ხვალ პირველი მატარებელი ცხრა საათზე გადის, ჯვრისწერა კი თერთმეტზეა. არა, ჩემო ტურფავ, დღესვე; უთუოდ დღესვე! ხვალ შენ თუ ვერ მოგიხერხდეს ჩამოსვლა, მაშინ გამოაგზავნე.

აბა რაღას უცდი? სადაცაა სამგზავრო მატარებელი მოვა. არ დაგაგვიანდეს, სულიკო.

– კეთილი.

– ოჰ, როგორ მიძნელდება შენი გაშვება! – თქვა ოლგა ივანოვნამ და თვალზე ცრემლი მოადგა. – რა სულელი ვარ, რომ შევპირდი ტელეგრაფისტს!

დიმოვმა სწრაფად დალია ჭიქა ჩაი, დაიხურა ქუდი და გაუბედავი ღიმილით გასწია სადგურისკენ. ხიზილალა, ყველი და თეთრთევზა კი ორმა შავგვრემანმა ჯეილმა და მსუქანმა მსახიობმა მიირთვეს.

 

IV

ივლისის წყნარ, მთვარიან ღამით ოლგა ივანოვნა გემბანზე იდგა და ხან ვოლგას გადაჰყურებდა, ხანაც მის ლამაზ ნაპირებს. გვერდით რიაბოვსკი ედგა და ეუბნებოდა, რომ შავი ჩრდილები წყალზე – ეს ჩრდილები კი არაა, სიზმარია.

«როცა ამ ფანტასტიურად მოელვარე, ჯადოსნურ წყალს უყურებ, – განაგრძობდა მხატვარი, – როცა უყურებ უფსკერო ზეცას და სევდიან, ჩაფიქრებულ ნაპირებს, ჩვენი ცხოვრების ამაოებას და რაღაც ამაღლებულის, ნეტარქმნილის არსებობას რომ ღაღადებენ, კარგია მიეცე თავდავიწყებას, აღარ არსებობდე, მოგონებად იქცე.» «წარსული უხამსია და უინტერესო, მომავალი – უმნიშვნელო, ხოლო ეს საოცარი, ჩვენი ცხოვრების ერთადერთი ღამე მალე დამთავრდება, მარადისობას შეერწყმება. მაშ, რაღასთვის უნდა იცხოვრო?»

ოლგა ივანოვნა კი ყურს უგდებდა ხან რიაბოვსკის ხმას, ხან ღამის მჩუმარებას და სწამდა, რომ უკვდავია, მარად იცოცხლებს. წყლის ფირუზოვანი ფერი, ადრე არასოდეს რომ არ ენახა, ცა, ნაპირები, შავი ჩრდილები და აურაცხელი სიხარული, გულს რომ უვსებდა – ყოველივე ეს არწმუნებდა, რომ მისგან დიდი მხატვარი დადგებოდა; რომ სადღაც, ამ სიშორეთა მიღმა, მთვარიანი ღამის იქით, უსაზღვრო სივრცეში ელის მას წარმატება, დიდება, ხალხის სიყვარული...

როცა დიდხანს, გარინდებული იყურებოდა შორს, მას ეჩვენებოდა ზღვა ხალხი, კოცონები, მუსიკის საზეიმო ხმები, აღტაცების ყიჟინა და თვით საკუთარი თავი თეთრ კაბაში, ხალხის მიერ ყოველი მხრიდან ნასროლ ყვავილებში.

იმასაც ფიქრობდა, რომ მის გვერდით, ქიმზე მიყრდნობილია ნამდვილად დიდი ადამიანი, გენიოსი, ღვთის რჩეული... ყველაფერი, რაც მას აქამდე შეუქმნია, მშვენიერია, ახალია, არაჩვეულებრივია. ყველაფერი, რასაც იგი შექმნის მომავალში, როცა, დავაჟკაცების კვალად, კიდევ უფრო განმტკიცდება მისი იშვიათი ნიჭი, იქნება გამაოგნებლად, განუზომლად დიდი. ეს ეტყობა მის სახეს, გამოთქმის მანერას, ბუნებასთან დამოკიდებულებას.

ჩრდილებზე, საღამოურ ტონებზე, მთვარის კაშკაშზე ის ლაპარაკობს როგორღაც განსაკუთრებულად, თავის ენაზე; იმგვარად, რომ უნებურად იგრძნობ ბუნებაზე მისი ძალაუფლების ხიბლს.

თავადაც როგორი ლამაზია, ორიგინალური! მისი დამოუკიდებელი, თავისუფალი, ყოველივე ყოფითზე აღზევებული ცხოვრებაც ფრინველის ცხოვრებასა ჰგავს...

– აცივდა. – თქვა ოლგა ივანოვნამ და შეკრთა.

რიაბოვსკიმ თავისი საწვიმარი მოახურა და მწუხარე სახით თქვა:

– თქვენ მე დამიპყარით! მონა ვარ თქვენი! მაინც როგორი მომხიბვლელი ხართ დღეს!

ის თვალს არ აშორებდა ქალს. მზერა ისე ჰქონდა ამღვრეული, რომ ქალი თვალს ვეღარ უსწორებდა.

– უგონოდ მიყვარხართ!... – ჩურჩულებდა კაცი და მისი ცხელი სუნთქვა ქალს ლოყას უწვავდა. – თქვენ ოღონდ ბრძანეთ და მე თავს არ ვიცოცხლებ... ხელოვნებას მივაგდებ... – ბოდავდა აღელვებული. – ოღონდაც შემიყვარეთ, შემიყვარეთ...

– ნუ ამბობთ ასე, – თქვა ოლგა ივანოვნამ და თვალები მინაბა, – მე მეშინია. მერე დიმოვს რა ვუყო?

– რატომ დიმოვი? დიმოვი რა შუაშია? რა მესაქმება მე დიმოვთან? ეს ვოლგაა, მთვარე, სილამაზე, ჩემი სიყვარული, ჩემი აღტაცება... და არავითარი დიმოვი არ არსებობს... ოჰ, მე არ ვიცი... არ მჭირდება წარსული... მიბოძეთ მე წამი... ერთადერთი წამი!

ოლგა ივანოვნას გული აჩქარებით უცემდა. სურდა ეფიქრა ქმარზე. მაგრამ მთელი წარსული თავისი ქორწინებით, დიმოვით, საღამოს წვეულებებით ახლა პაწაწკინტელად, უმნიშვნელოდ, უფერულად, უაზროდ და შორეულზე შორეულად ეჩვენებოდა...

მართლაცდა ვინაა დიმოვი? რა ესაქმება მას დიმოვთან? და, საერთოდ, არსებობს კი ბუნებაში დიმოვი, თუ სიზმარია მხოლოდ?

«მას, უბრალო და ჩვეულებრივ ადამიანს, ის ბედნიერებაც ეყოფა, რაც უკვე მიიღო. – ფიქრობდა ის და თვალებზე ხელებს იფარებდა. – დაე განმიკითხონ იქ, დამწყევლონ. აი მე კი ყველას ჯინაზე ავდგები და დავიღუპები! აი ავდგები და დავიღუპები!.. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო. ღმერთო, რა საშინელია და რა კარგი!»

– რას იტყვი, რას? – ლუღლუღებდა მხატვარი. თან ეხვეოდა და ხარბად უკოცნიდა ხელებს, რითაც ქალი მის მოგერიებას ცდილობდა ვითომ. – გიყვარვარ? კი? ო, რა ღამეა! სასწაულის ღამე!

– დ-დიახ, როგორი ღამეა! – დაიჩურჩულა ქალმა და შეხედა კაცს ცრემლებით გაბრწყინებულ თვალებში. შემდეგ უცებ მიმოიხედა, მოეხვია კაცს და მაგრად აკოცა ტუჩებში.

– კინეშმას ვუახლოვდებით! – თქვა ვიღაცამ გემბანის მეორე მხარეზე.

გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა. მებუფეტემ ჩაიარა.

– მომისმინეთ, – მიმართა მას ოლგა ივანოვნამ. თან იცინოდა, თან ტიროდა ბედნიერებისგან. – ღვინო მოგვიტანეთ.

მღელვარებისგან ფერდაკარგული მხატვარი სკამზე იჯდა. ანაზდად შეხედა ოლგა ივანოვნას მაღმერთებელი, მადლიერი თვალებით. შემდეგ დახუჭა თვალები და დაქანცული ღიმილით თქვა:

– დავიღალე.

და თავით მიეყრდნო ქიმს.

 

 

V

იყო ორი სექტემბრის თბილი და წყნარი, მაგრამ მოღრუბლული დღე. დილაადრიან ვოლგაზე მსუბუქი ბურუსი იდგა. ხოლო ცხრა საათისთვის წვიმამ დაიწყო ცრა. არც არავითარი იმედი იყო გამოდარების.

ჩაიზე რიაბოვსკი ოლგა ივანოვნას ეუბნებოდა, რომ ფერწერა ყველაზე უმადური და ყველაზე მოსაწყენი ხელოვნებაა; რომ ის არაა მხატვარი და მხოლოდ ბრიყვებს ჰგონიათ ნიჭიერი. და უცებ, არაფრის გამო, ხელი სტაცა დანას და დაკაწრა თავისი საუკეთესო ეტიუდი.

ჩაის მერე ის პირქუშად იჯდა ფანჯარასთან და ვოლგას გადაჰყურებდა. მდინარე აღარ ბრწყინავდა; მოღუშული, ხეშეში, ცივი იერი გადაჰკრავდა. ყველაფერი, ყველაფერი ნაღვლიანი, მოწყენილი შემოდგომის მოახლოებას იუწყებოდა. თითქოს სანაპიროს მდიდრული მწვანე ხალიჩები, სხივების ალმასებრი ანარეკლები, გამჭვირვალე ლურჯი შორეთი, ყველაფერი კოპწია და სადღესასწაულო – თითქოს ყველაფერი ეს ახლა ბუნებამ აკრიფა ვოლგიდან და სკივრში ჩაალაგა მომავალ გაზაფხულამდე.

ყორნები დაფრინავდნენ ვოლგის სიახლოვეს და თითქოს გამოჯავრებით ყრანტალებდნენ:

«სიტიტვლე... სიტიტვლე...» რიაბოვსკი უსმენდა მათს ჩხავილს და ფიქრობდა, რომ ის უკვე გამოშრა და ნიჭი დაკარგა; რომ ყოველივე ამქვეყნად პირობითი, შედარებითი და ბრიყვულია... და... და რომ არ იყო საჭირო ამ ქალთან გადაჯაჭვა... ერთი სიტყვით, მხატვარი უქეიფოდ შეიქნა და მოიჟამა.

ოლგა ივანოვნა კი იჯდა ტიხარს იქით, საწოლზე. თითებით აწვალებდა თავის მშვენიერ ჩალისფერ თმებს. ოცნებით ხან სტუმრების მისაღებ ოთახში იყო, ხან საძინებელ ოთახში, ხანაც ქმრის კაბინეტში. თავს წარმოიდგენდა თეატრში, მკერავთან, გამოჩენილ ადამიანებთან.

ნეტავ რას შვრებიან ისინი ახლა? ახსოვთ თუ არა ოლგა ივანოვნა? სეზონი უკვე დაიწყო და დროა საღამოს წვეულებებზეც იფიქროს. მაგრამ დიმოვი? საყვარელი დიმოვი! როგორ გაუბედავად და ბავშვური საყვედურით იწერება, ჩქარა ჩამოდიო! ყოველთვე უგზავნის ცოლს სამოცდათხუთმეტ რუბლს. ხოლო როცა მისწერა, მხატვრებისგან ასი რუბლი ვისესხეო, ეს ასიც გამოუგზავნა. როგორი კეთილი, დიდსულოვანი ადამიანია!

მოგზაურობამ მოქანცა ოლგა ივანოვნა. მან მოიწყინა. უნდოდა, რაც შეიძლება ჩქარა გასცლოდა ამ კაცებს, სინესტის სუნს და ჩამოებერტყა ფიზიკური უსუფთაობის გრძნობა, რაიც ასე აწუხებდა გლეხურ ქოხებში ცხოვრებისა და სოფელ-სოფელ მომთაბარეობის გამო.

ეჰ, რიაბოვსკიმ პატიოსანი სიტყვა მისცა მხატვრებს, რომ მათთან ერთად იცხოვრებს აქ ოც სექტემბრამდე, თორემ დღესვე შეიძლებოდა აქედან აბარგება. და რა კარგი იქნებოდა ეს!

– ღმერთო ჩემო, – დაიკვნესა რიაბოვსკიმ, – ბოლოს და ბოლოს ვეღირსებით თუ არა მზეს? მზიანი პეიზაჟის ხატვას უმზეოდ ხომ ვერ გავაგრძელებ?

– შენ ღრუბლიანი პეიზაჟის ეტიუდიც გაქვს. – შეახსენა ოლგა ივანოვნამ და გადატიხრულიდან გამოვიდა. – ხომ გახსოვს: მარჯვენა პლანზე ტყე, მარცხენაზე კი ძროხების ჯოგი და ბატები. ახლა შენ მისი დამთავრება შეგეძლო.

– ეჰ, – შეიჭმუხნა მხატვარი, – დამთავრება! ნუთუ ისე ბრიყვი გგონივართ, რომ თვითონ არ ვიცოდე რა გავაკეთო.

– შენ მე ადრე ასე არ მექცეოდი! – ამოიოხრა ოლგა ივანოვნამ.

– ძალიანაც ცუდი!

ოლგა ივანოვნას სახე აუთრთოლდა. ადგა, ღუმელისკენ გადაჯდა და ატირდა.

– ახლა ცრემლებიღა მაკლდა. გაჩუმდით! მეც ათასი მიზეზი მაქვს ტირილისთვის, მაგრამ არა ვტირი.

– ათასი მიზეზი! – იფეთქა ოლგა ივანოვნამ. – უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ მე გბორკავთ. დიახ! – თქვა მან და აქვითინდა. – მართალი თუ გინდათ, თქვენ გრცხვენიათ ჩვენი სიყვარულის გამო. სულ იმას ცდილობთ, რომ მხატვრებმა ვერ შეამჩნიონ. მაგრამ ამის დაფარვა შეუძლებელია და მათ დიდი ხანია ყველაფერი იციან.

– ოლგა, მე თქვენ ერთ რამესა გთხოვთ, – თქვა მხატვარმა მუდარის ტონით და ხელები გულზე დაიწყო, – მხოლოდ ერთადერთ რამეს: ნუ მტანჯავთ! მეტი არაფერი მჭირდება თქვენგან!

– მაგრამ დაიფიცეთ, რომ ისევ გიყვარვართ!

– ეს აუტანელია! – გამოსცრა კბილებში მხატვარმა და წამოხტა. – ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ვოლგაში გადავვარდები ან ჭკუიდან შევიშლები! თავი დამანებეთ!

– ბარემ მომკალით, მომკალით! – დაიკივლა ოლგა ივანოვნამ. – მომკალით!

ის ისევ აქვითინდა და ტიხარს იქით გადავიდა. ჩალის სახურავზე წვიმა აშრიალდა.

რიაბოვსკიმ თავში იტაცა ხელები და მოჰყვა ბოლთისცემას. შემდეგ კი მტკიცე გამომეტყველებით, თითქოს ვიღაცას რაღაც უნდა დაუმტკიცოსო, ქუდი დაიხურა, მხარზე თოფი გადაიკიდა და ქოხიდან გავიდა.

მისი წასვლის მერე ოლგა ივანოვნა დიდხანს იწვა საწოლზე და ტიროდა. ჯერ თავის მოწამვლას ფიქრობდა, რათა რიაბოვსკის მკვდარი დახვედროდა. შემდეგ ფიქრებით ისევ სასტუმრო ოთახში, ქმრის კაბინეტში გადაინაცვლა და წარმოიდგინა: როგორ გაუნძრევლად ზის დიმოვის გვერდით და ტკბება ფიზიკური დასვენებით და სისუფთავით; როგორ ზის საღამოთი თეატრში და უსმენს მაზინის. ცივილიზაციის, ქალაქური ხმაურის და გამოჩენილი ადამიანების მონატრებამ იფეთქა მის გულში.

ქოხში მოახლე შემოვიდა და აუჩქარებლად შეუდგა ღუმელის ანთებას სადილის გასაკეთებლად. ჭვარტლის სუნი დადგა და ჰაერი კვამლისგან გალურჯდა. შემოდიოდნენ მხატვრები მაღალყელიანი დასვრილი ჩექმებით და წვიმისგან დასველებული სახეებით; ათვალიერებდნენ ეტიუდებს და გულს იკეთებდნენ: ვოლგას ავდარშიაც თავისი ხიბლი აქვსო. კედელზე იაფფასიანი საათი წიკწიკებდა. გათოშილი ბუზები შეგროვილიყვნენ წინა კუთხეში ხატებთან და ბზუოდნენ. და ისმოდა, თუ როგორ დახოხავდნენ ლოგინის ქვეშ საძაგელი ტარაკანები...

რიაბოვსკი დაბრუნდა მზის ჩასვლის ჟამს. ქუდი მაგიდაზე დააგდო. ფერმიხდილი, დატანჯული, დასვრილი ჩექმებით დაეგდო ძელსკამზე და თვალები დახუჭა.

– მე დავიღალე... – თქვა მან და წარბები ასწია, თითქოს თვალის გახელას ცდილობსო.

ოლგა ივანოვნამ გადაწყვიტა მოფერებოდა და ამით ეჩვენებინა, რომ აღარ უწყრებოდა. ამიტომ მივიდა მასთან, უხმოდ აკოცა და ქერა თმებზე სავარცხელი ჩამოუსვა. დავარცხნა მოუნდა მისი.

– რა მოხდა? – ჰკითხა კაცმა, გველნაკბენივით შეკრთა და თვალები გაახილა. – რა მოხდა? მე თქვენ გთხოვთ თავი დამანებოთ!

მან ქალი ხელებით მოიცილა და მოშორებით დადგა. ქალს მოეჩვენა, რომ მისი სახე წუხილსა და ზიზღს გამოხატავდა.

ამ დროს მოახლეს ორივე ხელით ფრთხილად მოჰქონდა რიაბოვსკისთვის საინი კომბოსტოს წვნიანით და ოლგა ივანოვნამ დაინახა, თუ როგორ დასველდა მისი ცერათითები წვნიანით.

ეს ტურტლიანი მოახლე ქალი მეტისმეტად მოჭერილი ქამრით; ეს შჩი, რასაც ხარბად ხვრეპდა

რიაბოვსკი; ეს ქოხი, მთელი ეს ცხოვრება, ასე რომ უყვარდა სიმარტოვისა და მხატვრული უწესრიგობისთვის, ახლა საშინელებად მოეჩვენა ოლგა ივანოვნას.

მან უცებ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ცივად თქვა:

– ჩვენ ცოტა ხნით უნდა დავშორდეთ, თორემ მოწყენილობისგან შეიძლება მართლა წავიჩხუბოთ. მე ეს მომწყინდა. დღესვე მივემგზავრები.

– რითი? ჯოხის ცხენით?

– დღეს ხუთშაბათია. ესე იგი, ცხრის ნახევარზე გემი მოვა.

– ჰო, არა? კი, კი... რა გაეწყობა, წადი... – თქვა რბილად რიაბოვსკიმ, თან ხელ-პირს დიდი პირსახოცით იმშრალებდა. – შენ აქ მოგწყინდა და საქმეც აღარაფერი გაქვს. კაცი დიდი თავკერძა უნდა იყოს, რომ აქ გაგაჩეროს. წადი, ოცის მერე კი შევხვდებით. ოლგა ივანოვნა მხიარულად ალაგებდა ბარგს. ლოყებიც კი აენთო სიამოვნებისგან. «ნუთუ ეს სინამდვილეა?» – ეკითხებოდა თავის თავს. ნუთუ მალე ხატვას შეუდგება სასტუმრო ოთახში, დაიძინებს საძინებელ ოთახში და ისადილებს მუშამბიან მაგიდაზე?

წყენამ გაუარა და აღარც მხატვარზე ბრაზობდა.

– საღებავებსა და ფუნჯებს შენ გიტოვებ, რიაბუშა. – ამბობდა. – რაც მოგრჩება, ჩამომიტან... იცოდე, უჩემოდ არ გაზარმაცდე, ცხვირი არ ჩამოუშვა, იმუშავე. ყოჩაღი ბიჭი მყავხარ, რიაბუშა!

ცხრა საათზე რიაბოვსკიმ გამოსამშვიდობებლად აკოცა; და ეს, როგორც ქალი მიხვდა, იმისთვის, რომ გემზე, მხატვრების თანდასწრებით, აღარ ეკოცნა. მერე ნავმისადგომამდე მიაცილა.

მალე გემიც ჩამოდგა და ქალი გაემგზავრა.

ორნახევარ დღე-ღამეში ოლგა ივანოვნა უკვე შინ იყო. სასტუმრო ოთახში, აქედან კი სასადილო ოთახში ფარფლებიანი ქუდითა და ვატერპრუფით შემოვიდა. მღელვარებისგან მძიმედ სუნთქავდა.

დიმოვი უსერთუკოდ, შეხსნილ ჟილეტით იჯდა მაგიდასთან და დანას ჩანგალზე ლესავდა. წინ თეფშით შურთხი ედო.

ბინაში შემოსვლის დროს ოლგა ივანოვნა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელია ყველაფრის დამალვა ქმრისთვის; რომ ამას მოახერხებს და შეძლებს. მაგრამ ახლა, როცა დაინახა ფართო, გაუბედავი, ბედნიერი ღიმილი და გაბრწყინებული, გახარებული თვალები, იგრძნო: ამ კაცის მოტყუება მუხანათობა და საზიზღრობაა; და რომ ეს ისევე არ ძალუძს, როგორც ცილისწამება, ქურდობა ან მკვლელობა. ანაზდად გადაწყვიტა მოეთხრო მისთვის ყველაფერი, რაც მოხდა. ქმარმა აკოცა და გადაეხვია. ცოლმა კი მის წინ დაიჩოქა და სახე ხელებში ჩარგო.

– რა იყო, რა, დედი? – ჰკითხა ქმარმა ნაზად. – მოგენატრე? ქალმა ასწია თავი. სახე სირცხვილისგან ეწვოდა. ქმარს დამნაშავე, მავედრებელი თვალები მიაპყრო, მაგრამ შიშისა და სირცხვილისგან სიმართლე ვერ თქვა.

– არაფერი... ეს ისე...

– დავსხდეთ. – შესთავაზა ქმარმა, წამოაყენა და მაგიდასთან დასვა. – აი ასე... შურთხი მიირთვი. მოგშივდებოდა, საბრალოვ. ქალი ხარბად ისუნთქავდა მშობლიურ ჰაერს და შურთხს შეექცეოდა. ქმარი კი სიყვარულით უმზერდა და მხიარულად იცინოდა.

 

VI

სადღაც შუა ზამთრიდან დიმოვი თანდათან მიხვდა, რომ რქებს ადგამდნენ. თვალს ვეღარ უსწორებდა ცოლს, თითქოს თვითონ ყოფილიყო დამნაშავე. ძველებურად აღარ ახარებდა მასთან შეხვედრა. ცოლთან პირისპირ დარჩენას თავს არიდებდა. ამიტომ ხშირად მოჰყავდა სადილად თავისი ამხანაგი კოროსტელევი, პატარა კაცი, მოკლედ შეკრეჭილ თმით და გაცრეცილ სახით. ეს კაცი ოლგა ივანოვნასთან საუბრის დროს დაბნეულობისგან პიჯაკის ღილებს აწვალებდა ხოლმე – ჯერ იხსნიდა, მერე ისევ იკრავდა. შემდეგ კი იწყებდა მარჯვენა ხელით მარცხენა ულვაშის სრესას.

სადილზე ექიმები ამბობდნენ, რომ დიაფრაგმის აწევისას ხანდახან გულის მუშაობა ფერხდება; რომ მრავლობითი ნევრიტები ბოლო დროს ძალიან ხშირია; ანდა რომ გუშინ დიმოვმა გაჰკვეთა გვამი ავთვისებიანი ანემიის დიაგნოზით, არადა კუჭისქვეშა ჯირკვლის კიბო კი აღმოუჩინა. ეტყობოდა, ორივენი განგებ საუბრობდნენ მედიცინის თემაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ოლგა ივანოვნასთვის ჩუმად ყოფნის საშუალება მიეცათ; იმის საშუალება, რომ არ ეცრუა.

ნასადილევს კოროსტელევი როიალს მიუჯდებოდა ხოლმე. დიმოვი კი ამოიოხრებდა:

– ეჰ, ძმაო, რაც არი, არი! დაუკარ რაღა, ოღონდ რამე სევდიანი...

კოროსტელევი მხრებს მაღლა აქაჩავდა, ფართოდ განალაგებდა თითებს კლავიშებზე, იღებდა რამდენიმე აკორდს და იწყებდა სიმღერას ტენორით:

«Укажи мне такую обитель,
Где русский мужик не стонал»

დიმოვი კი ისევ ამოიოხრებდა, შუბლს მუჭზე ჩამოდებდა და ჩაფიქრდებოდა.

ბოლო დროს ოლგა ივანოვნა მეტისმეტად მოურიდებლად იქცეოდა. ყოველ დილას მოჟამულ ხასიათზე იღვიძებდა და ფიქრობდა, რომ რიაბოვსკი აღარ უყვარს; რომ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა.

მაგრამ ყავის მერე ის აზრი ეუფლებოდა, რომ რიაბოვსკიმ მას ქმარი დააკარგვინა და ახლა აღარც ქმარი ჰყავს, აღარც რიაბოვსკი.

შემდეგ იხსენებდა ნაცნობთა ნაამბობს, რომ რიაბოვსკი გამოფენისთვის ამზადებს რაღაც გამაოგნებელს, პეიზაჟის ნარევს რაღაც პოლენოვისებურთან; და რომ მის სახელოსნოში ამ სურათით ყველა აღტაცებულია.

ეს კი, ფიქრობდა ქალი, მხატვარმა ხომ მისი გავლენით შექმნა? და, საერთოდაც, მისმა გავლენამ ხომ რიაბოვსკი ბევრად შეცვალა უკეთესობისკენ? მისი გავლენა ისე სასიკეთო და არსებითია, რომ არამც და არამც არ შეიძლება რიაბოვსკის მიტოვება. ამან შეიძლება ის დაღუპოს კიდეც.

იმასაც იხსენებდა, რომ უკანასკნელად რიაბოვსკი მასთან მოვიდა რაღაც ნაცრისფერწინწკლებიანი სერთუკით და ახალი ყელსახვევით. თან ნაზად ეკითხებოდა: «ლამაზი ვარ?». და ის, ასე ნატიფი, გრძელკულულებიანი და ცისფერთვალება, მართლაც, ძალიან ლამაზი იყო (ან იქნებ ეჩვენებოდა ასე) და ალერსიანადაც ეპყრობოდა ქალს.

ბევრ რამეს იხსენებდა და ფიქრობდა ოლგა ივანოვნა. მერე იცვამდა და ძლიერ აღელვებული მიიჩქაროდა რიაბოვსკის სახელოსნოში.

მხატვარი ხვდებოდა მხიარული სახით, თან აღტაცებული თავისი მართლაც დიდებული სურათით. ცმუკავდა, ქარაფშუტობდა და სერიოზულ კითხვებზე სულ ხუმრობით იძლეოდა პასუხებს.

ოლგა ივანოვნა ეჭვიანობდა და სძულდა სურათი, მაგრამ თავაზიანობის გამო ხუთი წუთით მდუმარედ დადგებოდა სურათის წინ. ამოიოხრებდა, როგორც ამოიოხრებენ ხოლმე კერპის წინაშე, და წყნარად იტყოდა:

– არა, ჯერ არაფერი ამის მსგავსი შენ არ შეგიქმნია! იცი, შიშიც კი მიპყრობს!

შემდეგ იწყებოდა ვედრება, რომ ჰყვარებოდა, არ მიეტოვებინა, შებრალებოდა საწყალი, უბედური ქალი. ქვითინებდა, ხელებს უკოცნიდა კაცს, სთხოვდა სიყვარულზე დაეფიცა; უმტკიცებდა, რომ მისი კეთილი გავლენის გარეშე მხატვარი გზას აცდებოდა და დაიღუპებოდა. ასე გაუფუჭებდა განწყობილებას და თვითონაც დამცირებული მიეშურებოდა მკერავთან ან ნაცნობ მსახიობ ქალთან ბილეთზე საზრუნავად.

თუ მხატვარი სახელოსნოში არ დახვდებოდა, მაშინ წერილს უტოვებდა: დღეს მოდი, თორემ უთუოდ თავს მოვიწამლავო. შეშინებული მხატვარი მოდიოდა და სადილად რჩებოდა. ქმარს აღარ ერიდებოდა და ქალს გაბედულად ელაპარაკებოდა. ქალიც ასევე პასუხობდა.

ორივენი გრძნობდნენ, რომ ხელ-ფეხს უბორკავენ ერთმანეთს; რომ ერთმანეთის დესპოტები და მტრები არიან. ბრაზობდნენ და ამ სიბრაზეში კი ვერ გრძნობდნენ, რომ ორივენი უწესოდ იქცეოდნენ; და რომ თვით თმაშეკრეჭილი კოროსტელევიც კი ხვდებოდა ყველაფერს.

ნასადილევს რიაბოვსკის ეჩქარებოდა გამომშვიდობება და წასვლა.

– სად მიდიხართ? – ეკითხებოდა ოლგა ივანოვნა წინკარში და ამრეზით შეხედავდა.

კაცი შუბლის შეჭმუხვნით და თვალების დახრით ასახელებდა რომელიმე ქალბატონს, საერთო ნაცნობს. აშკარად ეტყობოდა, რომ ამით დასცინოდა ქალის ეჭვიანობას, სურდა გული მოეკლა მისთვის.

ქალი საძინებელ ოთახში მიდიოდა და ლოგინში წვებოდა. ეჭვიანობის, წყენის, დამცირების და სირცხვილის გრძნობის გამო ბალიშს ღრღნიდა და ხმამაღლა ქვითინებდა.

ასეთ დროს დიმოვი ტოვებდა კოროსტელევს სასტუმრო ოთახში, მიდიოდა საძინებელში და შეცბუნებული, დაბნეული ეუბნებოდა ხმადაბლა:

– ხმამაღლა ნუ ტირიხარ, დედი... რა საჭიროა? ამაზე უნდა გაჩუმდე... არ უნდა მოაჩვენო, რომ... იცი, რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება.

ოლგა ივანოვნამ არ იცოდა, როგორ დაეოკებინა თავისი მძაფრი ეჭვიანობა, რისგანაც უკვე საფეთქლებში სტეხდა. თან ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლება საქმის გამოსწორება. ამიტომ პირს იბანდა, ნამტირალევ სახეს იპუდრავდა და ნაცნობ ქალბატონისკენ მიფრინავდა. რიაბოვსკის მასთან რომ ვერ ნახულობდა, ახლა სხვა ქალთან გარბოდა; შემდეგ მესამესთან გადადიოდა.

თავიდან რცხვენოდა ამის გაკეთების, მაგრამ შემდეგ მიეჩვია და ისეც ხდებოდა, რომ ერთ საღამოს ყველა ნაცნობ ქალს შემოირბენდა რიაბოვსკის საძებნელად.

და ამას ყველანი ხვდებოდნენ.

ერთხელ მან უთხრა რიაბოვსკის თავისი ქმრის გამო: «ეს კაცი მთრგუნავს თავისი დიდსულოვნებით!»

ეს ფრაზა ისე მოეწონა, რომ რიაბოვსკისთან მისი რომანის მცოდნე მხატვრებს წარამარა უმეორებდა ხელის ენერგიული მოძრაობით: «ეს კაცი მთრგუნავს თავისი დიდსულოვნებით!»

ცხოვრება ისეთივე თანმიმდევრობით ედინებოდა, როგორც გასულ წელს. ოთხშაბათობით საღამოები იმართებოდა. მსახიობი კითხულობდა, მხატვრები ხატავდნენ, მევიოლინოე უკრავდა, მომღერალი მღეროდა. თორმეტის ნახევარზე კი, როგორც წესი, იღებოდა სასადილო ოთახში გამომავალი კარი და გაღიმებული დიმოვი ამბობდა: «გთხოვთ, ბატონებო, წაიხემსოთ.»

ოლგა ივანოვნა ძველებურად ეძიებდა დიდ ადამიანებს. პოულობდა, ვერ კმაყოფილდებოდა და ისევ ეძიებდა. კვლავინდებურად ყოველდღე გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ. მაგრამ დიმოვს

აღარ ეძინა, როგორც წინა წელს. იჯდა თავის კაბინეტში და მუშაობდა. წვებოდა სამ საათზე. დილის რვაზე კი უკვე ფეხზე იდგა. ერთხელ საღამოთი, როცა ქალი თეატრში წასასვლელად ემზადებოდა და სარკის წინ ფუსფუსებდა, საძინებელ ოთახში შემოვიდა დიმოვი. ეცვა ფრაკი და ეკეთა თეთრი ყელსახვევი. გაუბედავად იღიმებოდა და, როგორც ადრე, სიხარულით შესცქეროდა ცოლს თვალებში. სახე უბრწყინავდა.

– დღეს დისერტაცია დავიცავი. – თქვა. თან დაჯდა და მუხლებზე ხელები მოისვა.

– დაიცავი? – თქვა ოლგა ივანოვნამ.

– ჰო! – გაიცინა ქმარმა და გადაიწია, რათა სარკეში ცოლის სახე დაენახა. ცოლი კი განაგრძობდა ზურგშექცევით დგომას და ვარცხნილობის სწორებას.

– ჰო! – გაიმეორა მან. – იცი, ძალიანაც შესაძლებელია შემომთავაზონ პრივატ-დოცენტურა ზოგად პათოლოგიაში, ისეთი სუნი უდის.

ბედნიერ, გაბრწყინებულ სახეზე ეტყობოდა, რომ ცოლს აპატიებდა ყველაფერს, აწმყოსაც და მომავალსაც, დაივიწყებდა ყოველივეს, ოღონდაც გაეზიარებინა ქმრის სიხარული და ზეიმი.

მაგრამ ოლგა ივანოვნას არ ესმოდა, რას ნიშნავს პრივატ-დოცენტურა და ზოგადი პათოლოგია; თან თეატრში ეჩქარებოდა და აღარაფერი უთქვამს.

ქმარი იჯდა ორიოდე წუთი. მერე დამნაშავესავით გაიღიმა და გავიდა.

 

VII

ეს იყო უმძიმესი დღე.

დიმოვს ძლიერ სტკიოდა თავი. დილით ჩაი არ დაულევია. არც სამსახურში წასულა. მთელი დღე იწვა თავის კაბინეტში თურქულ ტახტზე.

ოლგა ივანოვნა, ჩვეულებისამებრ, პირველ საათზე რიაბოვსკისკენ გაეშურა. უნდა ეჩვენებინა მისთვის თავისი ეტიუდი nature morte[14]და ეკითხა, თუ რად არ მოვიდა გუშინ. ეტიუდის სისუსტეს თავადაც ხვდებოდა; მაგრამ დახატა მხოლოდ იმისთვის, რომ მხატვართან მისვლის საბაბი ჰქონოდა.

ზარის მიუცემლად შევიდა მასთან. როცა წინკარში კალოშებს იხდიდა, სახელოსნოდან მოესმა ფრთხილი გადარბენისა და ქალის კაბის შარიშურის ხმა. მაშინვე შეიხედა სახელოსნოში და ყავისფერი ქვედაკაბის ბოლოსღა ჰკიდა თვალი, რამაც წამით გაიელვა და იატაკამდე შავი კალენკორით დაფარული დიდი სურათისა და მოლბერტის უკან გაუჩინარდა.

საეჭვო აღარაფერი იყო: ქალი იმალებოდა. რამდენჯერ თვითონ ოლგა ივანოვნას შეუფარებია თავი ამ სურათისთვის!

რიაბოვსკი დაიბნა. თითქოს გაუკვირდა მისი მოსვლაც. ორივე ხელი მისკენ გამოიშვირა და ნაძალადევი ღიმილით თქვა:

– ააა! ძლიერ მოხარული ვარ თქვენი ნახვის. ახალს რას მეტყოდით?

ოლგა ივანოვნას ცრემლით აევსო თვალები. შერცხვა, გული აეწვა. ახლა არაფრისდიდებით არ ეტყოდა სათქმელს ამ უცხო ქალის, მეტოქის, მატყუარის თანდასწრებით, სურათს რომ ამოჰფარებია და ალბათ ღვარძლიანად დასცინის.

– ეტიუდი მოგიტანეთ. – თქვა მან გაუბედავად, ხმადაბლა და ტუჩები აუთრთოლდა.

– ააა... ეტიუდი?

მხატვარმა აიღო ხელში ეტიუდი, შეათვალიერა, თან მეორე ოთახში გავიდა, ვითომ მექანიკურად.

ოლგა ივანოვნა მორჩილად მიჰყვა უკან.

– Nature morte... პირველი სორტი, – ბუტბუტებდა ის და რითმებს ეძებდა, – კურორტი... ჩორტი

... პორტი...

სახელოსნოდან მოისმა ფრთხილი ნაბიჯების ხმა და კაბის ნაცნობი შარიშური. ესე იგი, ის წავიდა.

ოლგა ივანოვნას მოუნდა ხმამაღლა ეკივლა, რაღაც მძიმე საგანი ჩაერტყა მხატვრისთვის თავში და წასულიყო, მაგრამ აცრემლებული ვეღარაფერს ხედავდა. სირცხვილისგან დაპატარავდა და თავს ოლგა ივანოვნად კი არ გრძნობდა, არამედ რაღაც მწერად.

– მე დავიღალე... – მოთენთილად ჩაილაპარაკა მხატვარმა. თან ეტიუდს უყურებდა და თავს შეაქანებდა ხოლმე თვლემის მოსაგერიებლად. – ეს, რასაკვირველია, კარგია; მაგრამ დღესაც ეტიუდი, გასულ წელსაც ეტიუდი, ერთი თვის შემდეგაც იქნება ეტიუდი... ნუთუ არ მოგწყინდათ? მე თქვენს ადგილას თავს დავანებებდი ფერწერას და გულისყურით ჩავუჯდებოდი მუსიკას ან სხვა რამეს. თქვენ ხომ მუსიკოსი ხართ და არა მხატვარი?! მაგრამ იცით, მე ისე დავიღალე! ახლავე ვუბრძანებ ჩაი მოგართვან... ჰა?

ის გავიდა ოთახიდან და ოლგა ივანოვნას ესმოდა, თუ როგორ უბრძანებდა რაღაცას თავის ლაქიას. გამომშვიდობების თავი აღარ ჰქონდა. არც ახსნა-განმარტების მოსმენა შეეძლო.

ტირილი ყელში ებჯინებოდა. ამიტომ მასპინძლის დაბრუნებამდე სწრაფად გაიარა წინკარი, ჩაიცვა კალოშები და ქუჩაში გავიდა.

აქ კი თავისუფლად ამოისუნთქა და იგრძნო, რომ სამუდამოდ განთავისუფლდა რიაბოვსკისგანაც, ფერწერისგანაც, მძიმე სირცხვილისგანაც, რისი ალმურიც ასე წვავდა სახელოსნოში. მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია!

ის წავიდა მკერავთან, შემდეგ ბარნაისთან, ვინც მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა. ბარნაიდან ნოტების მაღაზიაში გაუტია. თან სულ იმას ფიქრობდა, თუ როგორ დაუწერს რიაბოვსკის ცივ, მაგარ, ღირსეულ წერილს და როგორ გაემგზავრება გაზაფხულზე დიმოვთან ერთად ყირიმში. აი იქ კი საბოლოოდ დააღწევს თავს წარსულს და დაიწყებს ახალ ცხოვრებას.

შინ გვიან საღამოს დაბრუნდა. ტანსაცმელიც არ გამოუცვლია, ისე ჩაუჯდა სასტუმრო ოთახში წერილს. რიაბოვსკიმ მას აკადრა, მხატვარი არ ხარო. სამაგიეროდ ახლა დაუწერს, რომ ისიც ყოველ წელს ერთსა და იმავეს ხატავს და ყოველდღე ერთსა და იმავეს ამბობს; რომ ის გაიყინა და მისგან აღარაფერი გამოვა, გარდა იმისა, რაც უკვე გამოვიდა.

იმასაც დაწერს, რომ ის ბევრი რამით ოლგა ივანოვნასგანაა დავალებული; და თუ მისი საქმე წინ

ვეღარ მიდის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოლგა ივანოვნას კეთილ გავლენას აბათილებენ ნაირ-ნაირი გაურკვეველი ქალბატონები. ხოლო მათგან ერთერთი დღეს სურათის უკან იმალებოდა.

– დედი! – მოისმა ამ დროს კაბინეტიდან. დიმოვის მისუსტებული ხმა ისე, რომ კაბინეტის კარი არ გაღებულა. – დედი!

– რა გინდა?

– დედი, ჩემთან ნუღარ შემოხვალ. თუ რამე გინდა, მხოლოდ კარს მოუახლოვდი ხოლმე. აი რა... მესამე დღეა, რაც საავადმყოფოში დიფტერიტი გადმომედო და ახლა... ვერა ვარ კარგად. წადით ჩქარა კოროსტელევთან.

ოლგა ივანოვნა ქმარს, როგორც ყველა ნაცნობ მამაკაცს, გვარით მიმართავდა და არა სახელით. მისი სახელი, ოსიპი, არ მოსწონდა, რადგან აგონებდა გოგოლის ოსიპს და კალამბურს:

«Осип охрип, а Архип осип».

ახლა კი დაიკივლა:

– ოსიპ, ეს შეუძლებელია!

– წადით, მე ცუდადა ვარ... – თქვა კარს იქეთ დიმოვმა. ისმოდა, თუ როგორ მივიდა ისევ ტახტთან და დაწვა. – წადით! – ყრუდ მოისმა მისი ხმა.

«ეს რა ხდება? – გაიფიქრა ოლგა ივანოვნამ. – ეს ხომ საშიშია!»

მან ანგარიშმიუცემლად აიღო სანთელი და შევიდა თავის საძინებელში. იქ გონს მოეგო და ანაზდად სარკეში ჩაიხედა. იქიდან უყურებდა ქალი – ფერმკრთალი, შეშინებული, გრძელსახელოიან ჟაკეტში, ყვითელი არშიებით მკერდზე და უცნაური მიმართულების ზოლებით ქვედაკაბაზე.

საკუთარი თავი საზარელი და საძაგელი ეჩვენა.

უცებ ტკივილამდე შეეცოდა დიმოვი, მისი უსაზღვრო სიყვარული ცოლისადმი, მისი ახალგაზრდა სიცოცხლე. შეებრალა მისი დაობლებული ლოგინიც კი, რაზეც უკვე დიდი ხანია აღარ წოლილა. აგონდებოდა მისი ჩვეულებრივი, გაუბედავი, მორჩილი ღიმილი. მწარედ აქვითინდა და მუდარის წერილი მისწერა კოროსტელევს.

იყო ღამის ორი საათი.

 

VIII

როცა დილის რვა საათზე ოლგა ივანოვნა უძილობისგან გაბრუებული, დაუვარცხნელი, დაუშნოებული და სახეზე დამნაშავის გამომეტყველებით გამოვიდა საძინებელი ოთახიდან, წინკარში მას ჩაუარა ვიღაც შავწვეროსანმა ბატონმა; ალბათ, ექიმმა.

იქაურობა წამლების სუნით ჰყარდა. კაბინეტის შესასვლელთან იდგა კოროსტელევი და მარჯვენა ხელით მარცხენა ულვაშს ისრესდა.

– მომიტევეთ, მაგრამ მასთან მე თქვენ ვერ შეგიშვებთ. – პირქუშად უთხრა მან ოლგა ივანოვნას. – შეიძლება გადაგედოთ. კაცმა რომ თქვას, აღარცაა საჭირო თქვენთვის. ის მაინც ბოდვებშია.

– მას ნამდვილი დიფტერიტი სჭირს? – ჩურჩულით ჰკითხა ოლგა ივანოვნამ.

– ვინც წინ გარბის, უარესის ღირსია! – ჩაილუღლუღა კოროსტელევმა და ოლგა ივანოვნას კითხვა უპასუხოდ დატოვა.

– იცით, როგორ დაემართა? სამშაბათს ავადმყოფ ბიჭს მილაკით ამოსწოვა დიფტერიტის აპკები. რა ძალა ადგა? სისულელეა! ... აი ასე სულელურად...

– საშიშია? ძალიან? – ჰკითხა ოლგა ივანოვნამ.

– დიახ, ამბობენ მძიმე ფორმააო. შრეკის მოყვანა დაგვჭირდება, ისე ჩანს.

მოდიოდნენ ექიმები. ჯერ პატარა ტანისა მოვიდა, წითური, ცხვირა, ებრაულად რომ უქცევდა; შემდეგ – მაღალი, წელში მოხრილი, ბანჯგვლიანი, პროტოდიაკონს რომ ჰგავდა; ბოლოს კი – ახალგაზრდა, მეტისმეტად მსუქანი, ლოყებღაჟღაჟა, სათვალიანი. ისინი ამხანაგის სარეცელთან მორიგეობდნენ. კოროსტელევი თავისი მორიგეობის შემდეგ შინ არ მიდიოდა, რჩებოდა და აჩრდილივით დაძრწოდა ოთახებში. მოახლეს ჩაი მოჰქონდა მორიგე ექიმებისთვის და წამდაუწუმ გარბოდა აფთიაქში. ამიტომ ოთახებს ვინღა მიალაგებდა? სიჩუმე და მოწყენილობა სუფევდა.

ოლგა ივანოვნა იჯდა თავის საძინებელში და ფიქრობდა, რომ ღმერთმა მოუვლინა სასჯელი ღალატისთვის, ქმრის მოტყუებისთვის. ჩუმი, უშფოთველი, შეუცნობელი არსება, თავისი გაუბედაობით სახედაკარგული, უხასიათო, ზედმეტი სიკეთისგან დაუძლურებული, ყრუდ იტანჯებოდა აქვე ახლოს, ტახტზე და არაფერს ჩიოდა. ერთიც რომ დაეჩივლა, თუნდაც ბოდვების დროს, მაშინ მორიგე ექიმები მიხვდებოდნენ: აქ მხოლოდ დიფტერიტი როდი იყო მიზეზი!

ეკითხათ კოროსტელევისთვის. მან იცის ყველაფერი. ტყუილად როდი უყურებს თავისი მეგობრის ცოლს ასეთი თვალებით. თითქოს ის იყოს მთავარი, ნამდვილი ბოროტმოქმედი, ხოლო დიფტერიტი – მხოლოდ თანამონაწილე.

ოლგა ივანოვნას უკვე აღარ ახსოვდა აღარც მთვარიანი საღამო ვოლგაზე, აღარც სიყვარულის ახსნა, აღარც პოეტური ცხოვრება ქოხში. ახსოვდა მხოლოდ ერთი რამ: შიშველი ავხორცობის, ნებიერების გამო თავიდან ფეხებამდე ამოისვარა ისეთ ლაფში, რასაც ვერასოდეს ჩამოირეცხავს.

«ოჰ, რა საშინლად ვიცრუე» – ფიქრობდა ის, როცა აგონდებოდა თავისი შფოთიანი სიყვარული რიაბოვსკისთან. – ღმერთმა დასწყევლოს ყოველივე ეს!»

ოთხ საათზე ის სადილობდა კოროსტელევთან ერთად. კოროსტელევი არაფერს პირს არ აკარებდა. მხოლოდ წითელ ღვინოს მოყლუპავდა ხოლმე და მოღუშული იჯდა. ქალიც არაფერს ჭამდა. ხან ფიქრებში ლოცულობდა და ღმერთს აღუთქვამდა: ოღონდ კი დიმოვი გადარჩეს და ისევ შეიყვარებს მას. მარად ერთგული ცოლი იქნება მისი.

ხან სულ სხვა ფიქრები წაიღებდა, კოროსტელევს შეხედავდა და ფიქრობდა: «ნუთუ მოსაწყენი არაა იყო ასე უბრალო, არაფრით გამორჩეული, უცნობი კაცი; ისიც ასეთი გაცრეცილი სიფათით

და ცუდი მანერებით?». ხანაც ეჩვენებოდა: სადაცაა ღმერთი მოაკვდინებს იმის გამო, რომ ავადმყოფობის გადმოდების შიშით ერთხელაც არ შესულა ქმართან კაბინეტში. საერთოდ კი რაღაც უსიამოვნო გრძნობა იპყრობდა, რომ ცხოვრება უკვე მოეშალა და მას ვეღარაფრით გაასწორებდა...

ნასადილევს ბინდ-ბუნდი ჩამოწვა. როცა ოლგა ივანოვნა სასტუმრო ოთახში გავიდა, კოროსტელევი ტახტზე იყო წამოწოლილი. თავქვეშ აბრეშუმის ბალიში ჰქონდა ამოდებული, ოქროსფერ ძაფით ნაკემსი. «ქხი-პუაა..., – ხვრინავდა ის, – ქხი-პუაა»

ექიმებიც, სამორიგეოდ რომ მოდიოდნენ და ისევ მიდიოდნენ, ვერ ამჩნევდნენ ამ უწესრიგობას. უცხო ადამიანი, სასტუმრო ოთახში რომ ეძინა და ხვრინავდა, ეტიუდები კედლებზე, ეს უცნაური ვითარება, ქალბატონის დაუვარცხნელობა და უდიერი ჩაცმულობა – ყოველივე ეს ახლა აღარავის აინტერესებდა. ერთ ექიმს ანაზდად რაღაცაზე გაეცინა. ეს სიცილი ისე უცნაურად და გაუბედავად გაჟღერდა, რომ ექიმი კინაღამ შეწუხდა.

როცა ოლგა ივანოვნა მეორედ შევიდა სასტუმრო ოთახში, კოროსტელევს აღარ ეძინა. ის იჯდა და ეწეოდა.

– მას ცხვირის ღრუს დიფტერიტი აქვს. – თქვა ხმადაბლა.

– უკვე გულიც ცუდად მუშაობს. კაცმა რომ თქვას, ვერაა საქმე კარგად.

– თქვენც ადექით და შრეკთან გაგზავნეთ კაცი. – თქვა ოლგა ივანოვნამ.

– იყო უკვე. სწორედ მან შენიშნა, რომ დიფტერიტი ცხვირშია გადასული. ეეჰ, ბოლოს და ბოლოს ვინაა შრეკი. კაცმა რომ თქვას, რა შეუძლია შრეკს? ის შრეკია, მე კოროსტელევი, ესაა და ეს.

დრო საშინლად იწელებოდა. ოლგა ივანოვნა გაუხდელად იწვა ანგრეულ ლოგინში და თვლემდა. ეზმანებოდა, ვითომ იატაკიდან ჭერამდე მთელი ბინა უშველებელი რკინის ნაჭრითაა გაჭედილი და საკმარისია ამ რკინის გარეთ გატანა, რომ ყველამ სიხარული და შვება იგრძნოს. როცა გამოერკვა, მიხვდა: ეს რკინა კი არაა, დიმოვის ავადმყოფობაა.

«Nატურე მორტე, პორტი, – ფიქრობდა ის და ისევ ებინდებოდა გონება, – სპორტი, კურორტი... შრეკზე როგორღა იქნება? შრეკი, გრეკი, ვრეკი, კრეკი... ნეტავ სად არიან ახლა ჩემი მეგობრები? თუ იციან ჩემი უბედურების ამბავი? უფალო, შეგვიწყალე... გვიშველე. შრეკი, გრეკი...»

და ისევ რკინა... დრო გრძლად იჭიმებოდა. ქვედა სართულზე საათი გახშირებით წიკწიკებდა.

ისმოდა ზარის ხმა. მოდიოდნენ ექიმები. შემოვიდა მოახლე ცარიელჭიქიანი ლანგრით და ჰკითხა: «ქალბატონო, ლოგინის გაშლას ხომ არ მიბრძანებთ?»

პასუხი რომ არ მიიღო, გავიდა. ქვემოთ საათმა დარეკა. ეზმანა წვიმა ვოლგაზე. და ისევ ვიღაც შემოვიდა საძინებელში. ეტყობოდა, უცხო უნდა ყოფილიყო. ოლგა ივანოვნა წამოხტა და შეიცნო კოროსტელევი.

– რომელი საათია? – ჰკითხა ქალმა.

– სამი სრულდება.

– როგორაა საქმე?

– როგორ იქნება! მოვედი, რომ გითხრათ... თავდება.

ის ასლუკუნდა, ჩამოჯდა ლოგინზე ქალის გვერდით და ცრემლები სახელოთი მოიწმინდა.

ქალმა უცებ ვერ გაიგო, მაგრამ მთლად გაფითრდა და ნელა შეუდგა პირჯვრის წერას.

– თავდება... – გაიმეორა კაცმა სუსტი ხმით და ისევ ასლუკუნდა. – კვდება, რადგან მსხვერპლად შესწირა თავი... როგორი დანაკარგია მეცნიერებისთვის! – თქვა გულისტკივილით. – ის ჩვენს შორის დიდი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო! როგორი ნიჭით დაჯილდოებული! როგორ გვეიმედებოდა! – განაგრძობდა კოროსტელევი ხელების მტვრევით. – უფალო ღმერთო ჩემო, ასეთ მეცნიერს დღეს სანთლით ვერ იპოვი... ოსკა დიმოვ, ოსკა დიმოვ, ეს რა ჰქენი! აი-აი-აი, ღმერთო ჩემო!

სასოწარკვეთილმა კოროსტელევმა სახეზე ხელები აიფარა და თავი გადააქნია.

– ან როგორი ზნეობრივი ძალა იყო! – განაგრძობდა ის და, ეტყობოდა, სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა ვიღაცაზე. – კეთილი, წმინდა, მოსიყვარულე! ადამიანი კი არა, თვალი პატიოსანი! ემსახურებოდა მეცნიერებას და ემსხვერპლა მას. ხარივით მუშაობდა დღე და ღამე. არავინ მას არ ზოგავდა, არავინ! და ახალგაზრდა მეცნიერი, მომავალი პროფესორი იძულებული იყო ეძებნა კერძო პრაქტიკა და ღამღამობით რაღაცეები ეთარგმნა ხოლმე, რათა ეწია ხარჯები... აი ამ მურდალი ჩვრებისა და ჭინჭებისათვის!

კოროსტელევმა ზიზღით შეხედა ოლგა ივანოვნას, ჩაავლო ხელები ზეწარს და ბოღმისგან გაგლიჯა, თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე.

– არც თვითონ ზოგავდა თავს, არც სხვები ზოგავდნენ. ეჰ, მართლა რა არი, კაცმა რომ თქვას!

– დიახ, იშვიათი ადამიანი იყო! – თქვა ვიღაცამ ბოხი ხმით სასტუმრო ოთახში.

ოლგა ივანოვნას თვალწინ დაუდგა მთელი თავისი ცხოვრება, მასთან გატარებული; თავიდან ბოლომდე! და უცებ მიხვდა, რომ ის მართლაც არაჩვეულებრივი, იშვიათი და დიდი ადამიანი იყო ყველა იმასთან შედარებით, ვისაც კი იცნობდა. და როცა გაახსენდა, თუ როგორ ექცეოდნენ დიმოვს მისი აწ განსვენებული მამა და თანამშრომლები, მიხვდა: ყველა ისინი მასში მომავალ დიდ მეცნიერს ხედავდნენ. კედლები, ჭერი, ლამფა და ხალიჩა დამცინავად უკრავდნენ თვალს, თითქოს სურდათ ეთქვათ: «დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!»

ქალი ტირილით გამოვარდა საძინებლიდან. სასტუმრო ოთახში გვერდი აუარა ვიღაც უცნობ მამაკაცს და შეიჭრა ქმრის კაბინეტში. ის იწვა უძრავად თურქულ ტახტზე, წელამდე ზეწარგადაფარებული, საშინლად დამჭკნარი, გამხდარი. სახეზე მონაცისფრო-ყვითელი დაჰკრავდა; ფერი, რომელიც არასოდეს არა აქვთ ცოცხლებს! მხოლოდ შუბლის, შავი წარბების და ნაცნობი ღიმილის მიხედვით შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ეს დიმოვი იყო.

ოლგა ივანოვნამ სწრაფად მოუსინჯა მკერდი, შუბლი და ხელები. მკერდი ჯერაც თბილი იყო.

მაგრამ შუბლი და ხელები უსიამოვნოდ გაციებულიყვნენ. ნახევრადგახელილი თვალებიც უყურებდნენ არა ოლგა ივანოვნას, არამედ ზეწარს.

– დიმოვ! – დაუძახა ქალმა ხმამაღლა. – დიმოვ!

სურდა აეხსნა მისთვის, რომ მოხდა შეცდომა; რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა; რომ ცხოვრება კიდევ შეიძლება იყოს ლამაზი და ბედნიერი; რომ ის იშვიათი, არაჩვეულებრივი, დიდი ადამიანია; და რომ სიცოცხლის ბოლომდე მას ეთაყვანება, მასზე ილოცებს წმინდა შიშით.

– დიმოვ! – ეძახოდა ის, ანჯღრევდა მის მხრებს და ვერ წარმოედგინა, რომ დიმოვი ვეღარასოდეს გაიღვიძებდა.

– დიმოვ, ჰაუ დიმოვ!

სასტუმრო ოთახში კოროსტელევი მოახლეს ეუბნებოდა:

– ამას რაღა კითხვა უნდა? მიდით ეკლესიის საგუშაგოში და იკითხეთ, სად ცხოვრობენ

დავრდომილნი. აი ისინი განბანენ ცხედარს და წაასვენებენ კიდეც. ყველაფერს იზამენ, რაც საჭიროა.

1892

 

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

ნახვა: 23

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters