ვირჯინია ვულფი - სახლი მოჩვენებებით

რა დროსაც არ უნდა გაგღვიძებოდა, კარების დახურვის ხმას გაიგონებდი. ოთახიდან-ოთახში დადიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი, რაღაცას ეხებოდნენ, რაღაცაში იხედებოდნენ, რაღაცას ეძებდნენ, ხან აქ, ხან იქ - მოჩვენებების წყვილი.

„აი, აქ დავტოვეთ,“ - ამბობდა ქალი. - „ჰო, და აქაც.“ - დასძენდა კაცი. - „ეს ზემოთ იყო,“ - ბუტბუტებდა ქალი. - „და ბაღში,“ - ჩურჩულებდა კაცი. - „წყნარად, - იმეორებდა ორივე - არ გავაღვიძოთ.“

მაგრამ თქვენ ჩვენ არ გვაღვიძებდით. არა. „ისინი რაღაცას ეძებენ, აი, ფარდები გადასწიეს. - იტყვი და თვალებით ერთ-ორ გვერდს გადაიკითხავ. - როგორც იქნა იპოვეს,“ - დარწმუნებული შვებით ამოისუნთქავ და გვერდის არეზე ფანქარს შეაჩერებ. და შემდეგ, კითხვისაგან დაღლილი, წიგნს გადადებ, მიმოიხედავ, სახლში არავინაა, კარები ჩარაზულია, ტყის მტრედები კმაყოფილი ღუღუნებენ და ფერმიდან სალეწი მანქანის გუგუნი ისმის. „რისთვის მოვედი აქ? რისი პოვნა მსურს?“ ხელები ცარიელი მაქვს. „შეიძლება ზედა სართულში?“ სხვენში ვაშლებია. და ისევ ქვემოთ: იქ ყველაფერი ძველებურად უძრავადაა. მხოლოდ წიგნი ჩაცურებულა ბალახებში.

ის სასტუმრო ოთახში იპოვეს. ისინი არასოდეს არავის დაუნახავს. ფანჯრის მინები აირეკლავდა ვაშლებს, აირეკლავდა ვარდებს, მწვანე ბალახებს. როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდნენ, ვაშლი ოდნავ შესამჩნევად შემობრუნდა ყვითელი გვერდით. კარები ღიაა, აი რაღაცას აგებენ იატაკზე, რაღაცას აკრავენ კედელზე, ჭერზე ჰკიდებდნენ - რას? ხელები ცარიელი მაქვს. ტოროლას ჩრდილი გაკრთა ნოხზე. სიჩუმის უღრმესი ჭიდან ტყის მტრედის ღუღუნი აღწევდა. „აქ, აქ, აქ - ნაზად ძგერდა სახლის გული. საგანძურია დამარხული. ოთახი...“ უცებ სახლი გაირინდა. ესე იგი, დამარხულ განძს ეძებდნენ?

სინათლე მაშინვე გაიცრიცა. მაშ გარეთ? ბაღში? მაგრამ ხეები წყვდიადს ქსოვდნენ მზის მოხეტიალე სხივისთვის. ნატიფი, მსუბუქი სხივი, წყვდიადის ცივად გამკვეთი, ჩემი განმთანგველი სხივი მინის იქით ციმციმებდა. სიკვდილი იყო მინა, სიკვდილი იდგა ჩვენ შორის. ასობით წლის წინ ის პირველად ქალს ეწვია, სახლი დააობლა, ფანჯრები ამოგმანა, ოთახები წყვდიადით აავსო. კაცმა მიატოვა სახლი, მიატოვა ქალი და ჩრდილოეთში წავიდა, შემდეგ აღმოსავლეთში, იხილა სამხრეთის ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები, დაუბრუნდა ცივ კერას ბორცვების ძირას. „აქ, აქ, აქ, - სახლის გული სიხარულით ძგერდა. - განძი შენია.“

ქარი ბობოქრობს ხეივანში, ხეები ირხევიან, იზნიქებიან. მთვარის სხივები ჩქაფუნობს და ველურად იღვრება წვიმაში. ფანჯრებიდან კი სინათლის თანაბარი შუქი აღწევს. გაფიჩხებული სანთელი წყნარად იწვის. ორი მოჩვენება დახეტიალობს სახლში, ფანჯრებს აღებენ, ჩურჩულებენ, ეშინიათ არ გაგვაღვიძონ, თავიანთ სიხარულს ეძებენ.

„აქ გვეძინა ჩვენ,“ - ამბობს ქალი, - „და რამდენს ვკოცნიდით ერთმანეთს“- დასძენს კაცი. „ვიღვიძებდით დილით,“ - „ფანჯრის მიღმა შევერცხლისფერებული ხეები“ - „ზედა სართულში“ - „ბაღში,“ - „ზაფხულობით“ - „თოვლიან ზამთარში“ სახლის სიღრმეში ერთმანეთის მიყოლებით იხურება კარები, რბილად, გულის ძგერასავით.

სულ უფრო ახლოვდებიან, ზღურბლზე გაირინდნენ, ქარი უბერავს, წვიმის წვეთები ბალახზე ლიცლიცებენ. თვალებს წყვდიადი გვიფარავს. ნაბიჯების ხმა არ გვესმის, ვერ ვხედავთ ლედის, თავის ლანდისებრ მოსასხამს რომ გვაფარებს. მისი ხელები ფარანს ფარავენ. „შეხედე, სუნთქვას ამოაყოლებს კაცი, - რა მაგრად სძინავთ. ბაგეებზე სიყვარული აქვთ აღბეჭდილი.“

მაღლა აწეული ვერცხლის ლამპებით ხელში, გადმოიხრებიან, დაჟინებით, ხანგრძლივად ჩამოგვცქერიან. დიდხანს დგანან ასე. ქარი დაბერავს, სანთლის ალი ციმციმებს, იხრება. მთვარის ველური სხივები იატაკზე და კედლებზე დაკრთიან, ერთმანეთს ერწყმიან და დახრილ სახეებს დასთამაშებენ, ჩაფიქრებულ სახეებს, სახეებს, რომლებიც ჩაძინებულებს აკვირდებიან, გულში ჩამალულ სიხარულს ეძებენ.

„აქ, აქ, აქ.“ სიამაყით ძგერს სახლის გული. „რა ხანია“ - ოხრავს ის. „ისევ მომაგენი“ „აქ, - ბუტბუტებს ქალი, ჩვენ აქ გვეძინა, ბაღში, ვიცინოდით, სხვენში ვაშლებს ვაწყობდით. აქ დავტოვეთ ჩვენი საგანძური. მათი ლამპების შუქი ჩემს ქუთუთოებს ეხება. „აქ, აქ, აქ“ ველურად ძგერს სახლის გული. მე ვიღვიძებ და ვყვირი: „აჰ, ეს არის თქვენი დამარხული განძი? ნათელი გულში.“

 

ორშაბათი თუ სამშაბათი

ზანტად და გულგრილად, წერო ნარნარად მიაპობს სივრცეს ფრთებით, მისთვის ნაცნობი გზით, ტაძრის გუმბათსა და ცას შორის. ცა, თეთრი და შორეული, თავის თავში ჩანთქმული, განუწყვეტლივ ჩნდება და ქრება ღრუბლებს მიღმა, მუდამ ახალი და მუდამ უცვლელი. ტბა? გადმოჩქაფუნდი ნაპირებიდან! მთა? ოჰ, საოცრება - მზე მის ფერდებს ოქროსფერს ჰფენს! მთა დნება. და აი, უკვე გვიმრები ან თეთრი ფრთები, და უსასრულოდ და უსასრულოდ...

წყურვილი ჭეშმარიტებისა, მისი წინათგრძნობა, გულმოდგინე ძიება სიტყვებისა, მარადიული წყურვილი, (ყვირილი მარცხნივ იწყება, კიდევ ერთი მარჯვნივ, ბორბლები ცერად გარბიან, ომნიბუსები ერთმანეთს ეჯახებიან, რკინის გროვად ხვავდებიან) მარადიული წყურვილი, (საათის თორმეტი მკაფიო ჩამოკვრა იუწყება, რომ შუადღეა. ოქროსფერ შუქად იღვრება სინათლე, ფუთფუთებენ ბავშვები) ჭეშმარიტების მარადიული წყურვილი. წითლად გიზგიზებს ტაძრის გუმბათი, ხეზე თითქოს მონეტები ჰკიდია, კვამლი მიიზლაზნება სახურავებს ზემოთ, ყეფა, ხმაური, ყვირილი „იყიდება რკინა“ - და ჭეშმარიტება?

მარაოდ ფეხები, კაცების და ქალების, შავ და ოქროსფერ აბლაბუდად დაჭიმულები (ასეთი ნისლიანი ამინდი - შაქრით? - არა, გმადლობთ - მომავლის საზოგადოება) ბუხარში ცეცხლი აბრიალდება და ოთახს წითლად აკაშკაშებს, გარდა შავი სილუეტებისა და მათი მოელვარე თვალებისა, ამ დროს კი გარეთ ფურგონს ცლიან, მისს ლიპუჩინსკი ჩაის სვამს თავის მაგიდასთან, ვიტრინის სარკე ბეწვის ქურქს ინახავს...

უმწეო, მშრალ ფოთოლს ქარი კუთხეებში ერეკება, ბორბლებზე ანარცხებს, ვერცხლისფერი წვეთებით დანამული, სადღაც დროებით თავშესაფარს ჰპოვებს, შემდეგ ისევ უსახლკაროდ რჩება, თავის მსგავსებთან ერთად ხვდება გროვაში, ისევ მიმოიფანტებიან, განიბნევიან, თითო-თითოდ ფარფატებს, ეცემა, მიწას ერევა და აღორძინდება - და ჭეშმარიტება?

ბუხართან ოცნებობ, თეთრ მარმარილოს ფილას მიშტერებული. მისი სპილოსძვლისფერი სიღრმეებიდან სიტყვები გამოდიან, შავ ფერს კარგავენ, ფორმას იძენენ, ახლოვდებიან. წიგნი დავარდა, ალში, კვამლში, წამიერად ნაპერწკალი - თუ ლივლივი, მარმარილოს ფილა იხრება, ქვემოთ მინარეთები და ინდოეთის ზღვა, ციურ ლაჟვარდში იძირები, ხედავ ვარსკვლავების ციმციმს, ჭეშმარიტება? კმაყოფილი ხარ მიახლოებით?

ზანტად და გულგრილად ბრუნდება წერო, ცა ვარსკვლავებს ვუალში ჰხვევს, ხანაც აშიშვლებს.

 

დაუწერელი რომანი

ასეთი მწუხარე გამომეტყველება საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაზეთიდან მზერა ამ საწყალი ქალის სახეზე გადაგეტანა - არაფრით გამორჩეულზე - რომ არა ასეთი გამოხედვა, რომელიც მას ლამის ადამიანური ხვედრის სიმბოლოდ აქცევდა. ცხოვრება ისაა, რასაც ადამიანების თვალებში ხედავ, ცხოვრება ისაა, რასაც ისინი სწავლობენ და როცა ისწავლიან, თუმცა კი ძალიან ცდილობენ დამალონ, ვეღარასოდეს ახერხებენ მის დავიწყებას. რისას? ალბათ იმისას, რომ ცხოვრება ცხოვრებაა. ხუთი სახე მოპირდაპირე მხარეს, ხუთი ზრდასრული ადამიანის სახე - თითოეულ სახეზე ცოდნაა აღბეჭდილი. უცნაურია, როგორ ცდილობს ხალხი ამის დამალვას! ყველა სახეზე თავშეუკავებლობა იკითხება: მოკუმული ტუჩები, მილულული თვალები. თითოეული მათგანი ცდილობს დამალოს ან დაამციროს თავისი ცოდნის მნიშვნელობა. ერთი ეწევა, მეორე კითხულობს, მესამე რაღაც ჩანაწერს ამოწმებს ბლოკნოტში, მეოთხე კედელზე გაკრულ რკინიგზის რუკას მისჩერებია, მეხუთე კი, რა საშინელებაა, ეს მეხუთე ხომ საერთოდ არაფერს აკეთებს. ის ცხოვრებას უყურებს. ჰო, მაგრამ, ჩემო საწყალო, უიღბლო ქალბატონო, იქნებ შენც მიგეღო თამაშის წესები, იქნებ შენც დამალულიყავი!

ვითომც გაეგონოს, ამოიხედა, გვერდი ოდნავ იცვალა და ამოიოხრა. თითქოსდა მებოდიშებოდა და იმავდროულად მეუბნებოდა: „თქვენ რომ იცოდეთ,“ - შემდეგ ისევ ცხოვრებისკენ გაიხედა. „მაგრამ მე სწორედაც რომ ვიცი,“ - ვუპასუხე უსიტყვოდ და ზრდილობის გულისთვის „თაიმზს“ ჩავხედე. მე ყველაფერი ვიცი. „გუშინ პარიზში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას გერმანიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის... სენიორ ნიტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი... დონკასტერში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა. ჩვენ ყველამ ვიცით, „თაიმზმა“ იცის, მაგრამ თავს ისე ვაჩვენებთ, თითქოს არ ვიცოდეთ. ჩემი მზერა კვლავ გაზეთს ზემოთ გაცურდა, მას შეაჟრჟოლა, მკვეთრი მოძრაობით ხელი ზურგსუკან წაიღო, ბეჭებს შორის მოიფხანა და თავი გადააქნია. კვლავ ჩემი ცხოვრების უზარმაზარ რეზერვუარში ჩავიყურყუმალავე. „აიღეთ რაც გსურთ, - განვაგრძე მე - დაბადებები, სიკვდილები, ქორწინებები, სამეფო კარის ქრონიკები, ჩიტების ჩვევები, ლეონარდო და ვინჩი, სანდჰილის მკვლელობა, მაღალი ხელფასები და ცხოვრების ღირებულება. ოჰ, აიღეთ რაც გსურთ“, გავიმეორე. „ეს ყველაფერი „თაიმზშია.“ კვლავ უსაზღვროდ უხალისოდ დაიწყო თავის აქეთ-იქით ქნევა, სანამ მისი თავი, ბრუნვისაგან დაქანცული, ბზრიალასავით არ გაირინდა.

ისეთი მწუხარებისგან, რომლითაც ისაა შეპყრობილი, „თაიმზით“ ვერ დაიცავ თავს. მაგრამ სხვების თანდასწრებით ურთიერთობას ვერ დაამყარებ. ცხოვრებისგან თავდასაცავად საუკეთესო რამ იქნებოდა გაზეთი აკურატულად დაგეკეცა შრაშუნა, სქელ კვადრატად, რომელიც თვით ცხოვრებისათვისაც შეუღწევადი იქნებოდა. ასეც მოვიქეცი და სწრაფად ავიხედე ზევით, ახლა უკვე საკუთარი ფარით დაცულმა. მაგრამ მისმა მზერამ ფარშიც გამოაღწია, დაჟინებით მიყურებდა თვალებში, თითქოს მათ სიღრმეში მხნეობის თუნდაც ნატამალს ეძებდა, რათა მიწასთან გაესწორებინა. მხოლოდ მისი მკვეთრი მოძრაობებიც კი ყველა იმედს გიცრუებდა, ყოველგვარ ილუზიებს გიქარწყლებდა.

და ასე, ჩავიგრიალეთ სურეი და სასექსის საზღვარი გადავკვეთეთ. მაგრამ მე, ცხოვრებაზე თვალგაშტერებულმა, ვერ შევამჩნიე როგორ ჩავიდნენ დანარჩენი მგზავრები ერთმანეთის მიყოლებით და თუ არ ჩავთვლით კაცს, რომელიც გაზეთს კითხულობდა, კუპეში მხოლოდ ორნი დავრჩით. აი, „სამი ხიდის“ სადგურს მივადექით. მატარებელი ღოღვა-ღოღვით შევიდა სადგურზე და გავჩერდით. აპირებდა თუ არა კაცი ჩასვლას? არც კი ვიცოდი რომელი მენატრა - ბოლოს ვინატრე დარჩენილიყო. სწორედ იმ წამს წამოდგა, უხეშად დაჭმუჭნა გაზეთი, როგორც უკვე უსარგებლო რამ, კარები ფართოდ გამოაღო და მარტო დაგვტოვა.

საწყალი ქალი ცოტათი ჩემკენ გადმოიხარა და უღიმღამო, უფერული საუბარი გამიბა იმაზე, თუ რომელ სადგურებს გავდიოდით, თავის ისტბორნელ ძმებზე, რომ ზამთარი იმ წელიწადს - უკვე აღარ მახსოვს, რომელ წელზე ლაპარაკობდა - ადრე დადგაო, თუ გვიან დადგაო. და ბოლოს, ფანჯარაში გაიხედა და დაინახა - რა უნდა დაენახა - მხოლოდ ცხოვრება - სუნთქვას ამოაყოლა: „სახლიდან წასვლა ყველაფერზე უარესია.“ რაღაცას მივუახლოვდით, ახლა გაირკვევა რა უღრღნის გულს: „ჩემი რძალი, - რაღაც ლიმონივით მწარე იგრძნობოდა მის ხმაში და მე კი არა, უფრო საკუთარ თავს მიმართა ბურტყუნით, რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე „სისულელეაო“ იძახის, და სხვებიც ასე ამბობენ.“ ლაპარაკისას ცქმუტავდა, თითქოს ზურგის კანი ხორცის მაღაზიის ვიტრინაში გამოდებული გაპუტული ქათამივით ჰქონოდეს.

- აუ, რა ძროხაა! - შეწყვიტა ნერვიულად, თითქოსდა მინდორში მობალახე ზანტმა ძროხამ დააფრთხო და ზედმეტი გულახდილობისგან იხსნა. შემდეგ შეაჟრჟოლა, ადრინდებურად უხერხული, მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სპაზმის შემდეგ ბეჭებს შორის ადგილი უხურდა, თუ ექავებოდა. ისევ მომეჩვენა, რომ მასზე უბედური ქალი ამქვეყნად არ იყო და ისევ ვუსაყვედურე, თუმცა, არცთუ წინანდებური თავდაჯერებით, რადგან თუკი უბედურებას მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი მე ვიცოდი, მაშინ მისი განსჯაც აღარ შეიძლებოდა.

- რძლები, ისინი ხომ... - დავიწყე მე.

ტუჩები მოეკუმა, თითქოს შხამიანი სიტყვების ამოფრქვევას აპირებენო, მაგრამ იმავე მდგომარეობაში დარჩნენ. მხოლოდ ის იყო, რომ ხელთათმანები გაიძრო და ფანჯრის რაფიდან ჭუჭყის გადაწმენდა დაიწყო. საგულდაგულოდ წმენდდა, თითქოს უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ მოეცილებინა, მაგრამ რა? ლაქები თუ რაღაც გადამდები სნება. თუმცა, ლაქა არა და არ სცილდებოდა. ქალი უკან გადაიწია, ისევ შეაჟრჟოლა და ხელი ისევ ზურგისკენ წაიღო, როგორც უკვე ველოდი. არ ვიცი რამ მაიძულა ხელთათმანი გამეძრო და ჩემს მხარეზე ფანჯრის წმენდა დამეწყო. ერთ ადგილზე იქაც იყო პატარა ლაქა. როგორ არ ვწმინდე, მაგრამ ვერაფრით მოვაშორე. შემდეგ მეც ჟრჟოლამ დამიარა, მკლავი მოვხარე და ხელი ბეჭებს შორის წავიღე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი კანიც ხორცის მაღაზიის ვიტრინაში გამოდებული გაპუტული ქათმის კანივით იყო დანესტიანებული. ბეჭებს შორის ერთი ადგილი მექავებოდა - გაწებილი, უმი ხორცის შეგრძნება მაღიზიანებდა. მივწვდებოდი კი ხელით? მალულად შევეცადე ამის გაკეთებას. ქალმა შემამჩნია. უსაზღვრო ირონია, უსაზღვრო მწუხარება გაკრთა მის სახეზე და მიინავლა. მაგრამ გამიზიარა, გამიმხილა თავისი საიდუმლო, გადამდო თავისი სნება და რაღა საჭირო იყო სიტყვები? საზურგისკენ გადავიხარე ჩემს კუთხეში, მისი თვალებისგან თავი დავიფარე და მხოლოდ გორაკებს და ღარტაფებს, ზამთრის პეიზაჟის ნაცრისფერებს და მეწამულისფერებს გავცქეროდი. მე წავიკითხე მისი გზავნილი, გავშიფრე მისი საიდუმლო, ჩემკენ მომართული მისი მზერის ქვეშ.

რძალს ჰილდა ჰქვია? ჰილდა? ჰილდა? ჰილდა მარში - გაფურჩქნილი, მკერდსავსე, დარბაისელი ქალბატონი. ჰილდა ტაქსს კარის ზღურბლთან ხვდება. ფული მომზადებული აქვს. „საწყალი მინი, ასეთი ჩამომხმარი არასოდეს ყოფილა - შარშანდელი მოსასხამიც შემოაცვდა. რამდენს გასწვდება ჩვენს დროში ორბავშვიანი ქალი. არა, მინი, მე მომზადებული მაქვს, ინებეთ მძღოლო - თქვენი რაღაცები ჩემთან არ გაგივათ. შემოდით, მინი, მე შენც შემოგიტანდი, არამცთუ შენს კალათს - და ისინი სასადილოში შედიან. - აი, დეიდა მინი, ბავშვებო“.

დანები და ჩანგლები ნელა ეშვებიან ზემოდან ქვემოთ. ისინი (ბობი და ბარბარა) სკამებიდან ჩამოდიან, დინჯად იწვდიან ხელს, კვლავ სკამებს უბრუნდებიან. ლუკმასა და ლუკმას შორის თვალებდაჭყეტილი იმზირებიან (მაგრამ ჩვენ ამას გამოვტოვებთ. გამოვტოვებთ სამშვენისებს, ფარდებს, ფაიფურის თეფშებს სამყურას ფოთლებში, მწვანე, სწორკუთხა ყველს, თეთრ, კვადრატულ ნამცხვრებს. გამოვტოვებთ - თუმცა არა, მოიცადეთ! შუა სადილობისას ისევ აჟრჟოლებს, ბობი, რომელსაც პირში კოვზი აქვს, თვალებდაჭყეტილი მისჩერებია. „სწრაფად დაამთავრე მაგ პუდინგის ჭამა, ბობ.“ მაგრამ ჰილდა უკმაყოფილოა. „რატომ იკრუნჩხება ასე?“ ვტოვებთ, ვტოვებთ, სანამ ზედა სართულზე ამავალი კიბის მოედანს მივაღწევთ. საფეხურებზე სპილენძია გადაკრული, ლინოლეუმი გაცვეთილია. ოჰ, როგორც იქნა! პატარა საძინებელი ისტბორნის სახურავებს გადაჰყურებს, მუხლუხოს ზურგივით ზიგზაგისებურ სახურავებს - აქეთ-იქით მიმავალი წითელი და ყვითელი ზოლები მუქი ლურჯი შიფერებით) ახლა კი, მინი, კარი ჩაკეტილია. ჰილდა მძიმე ნაბიჯებით ჩადის სარდაფში, შენ კი შენი კალათის თასმას ხსნი, უბადრუკ ღამის ხალათს საწოლზე დებ, გვერდიგვერდ აწყობ ბეწვისქობიან ქეჩის ფლოსტებს. სარკე, - არა, სარკეს თავს არიდებ. გულდაგულ აძრობ ქინძისთავებს ჩალის ქუდიდან. ნიჟარის კოლოფში ხომ არ იქნება რაიმე? ანჯღრევ მას, მარგალიტის საკინძი - იგივე, რაც შარშან, - ეს არის სულ. შემდეგ აცემინებ, ოხრავ და ფანჯარასთან ჯდები. დეკემბერია, ნაშუადღევი, სამი საათი. ჟინჟღლავს. ერთი სინათლე დიდი საგალანტერიო მაღაზიის მინის სახურავის ქვეშ, ძალიან დაბლიდან ანათებს, მეორე - მაღლიდან, მსახურების საწოლი ოთახიდან. ეს მეორე ქრება. აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც შეიძლება უყუროს. წამიერი სიცარიელე და, შემდეგ რაზე ფიქრობ? (მოდი, გავხედავ, მოპირდაპირე მხარეზე მჯდარს - ჩაძინებულია, ან იქნებ თავს აჩვენებს, ვითომ სძინავს. რაზე შეიძლება ფიქრობდეს დღის სამ საათზე ფანჯარასთან მჯდარი? ჯანმრთელობაზე, ფულზე, კანონპროექტებზე, კონცხებზე, ღმერთზე? დიახ, სკამის სულ კიდეში მჯდარი მინი მარში ისტბორნის სახურავებს გადაჰყურებს და ღმერთს ევედრება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. შეიძლება მინაც გაწმინდოს, თითქოსდა იმისთვის, რომ ღმერთი უკეთ დაინახოს. მაგრამ რომელ ღმერთს ხედავს? ვინ არის მინი მარშის ღმერთი? ისტბორნის მიყრუებული ადგილების ღმერთი, შუადღის სამი საათის ღმერთი? სახურავებს მეც ვხედავ, ვხედავ ცასაც, მაგრამ ღმერთის ხილვა? უფრო პრეზიდენტ კრიუგერს ჰგავს, ვიდრე პრინც ალბერტს - ეს არის ყველაზე უკეთესი რამ, რაც მისთვის შემიძლია გავაკეთო. და მე ვხედავ მას, სკამზე მჯდარს, შავი სერთუკით და არც ისე მაღლა. ერთი-ორი ღრუბელი შეიძლება გავუხერხო ჩამოსაჯდომად. შემდეგ მის ხელს, ღრუბელზე გადაწოლილს, კვერთხი უჭირავს. თუ ეს ხელკეტია? შავი, სქელი, ხორკლიანი. სასტიკი, უჯიათი ბებერი - მინის ღმერთი. სწორედ ის არ უგზავნის ქავილებს, ლაქებს და კრუნჩხვებს? ამისთვის ლოცულობს? ცოდვის კვალი - აი, რის წაშლას ცდილობს ფანჯრიდან. აბა რა, მას ხომ ცოდვა ადევს კისერზე - დანაშაული აქვს ჩადენილი.

დანაშაულები ჩემებურად მაქვს დახარისხებული. ტყეები ჩაიქროლებენ, გაიელვებენ. ზაფხულობით მაჩიტები, გაზაფხულის პირას - ფურისულები. განშორება - ოცი წლის წინ იქნებოდა? გატეხილი ფიცი? არა, მინი ასეთი არ არის!.. ის ერთგული იყო. როგორ უვლიდა დედას! მთელი თავისი დანაზოგი საფლავის ქვაზე დახარჯა - გვირგვინები მინის ხუფის ქვეშ - ნარგიზები ქილაში. მაგრამ მე გადავუხვიე. დანაშაული - ისინი იტყოდნენ, რომ მან გულის ხვაშიადი არავის გაანდო, საიდუმლო ღრმად ჩაიმარხა გულში - სქესის საიდუმლო, ასე იტყოდნენ ისინი, ნასწავლი ხალხი. მაგრამ რა სისულელეა მას კიდევ სქესის პრობლემები აჰკიდო. არა, უმალ ასე იქნებოდა. ოცი წლის წინ, როცა კროიდონის ქუჩას მიუყვებოდა, საგალანტერიო ფარდულის სარკის მინის უკან ელექტროშუქზე გაელვებულმა იისფერმა ლენტებმა მიიპყრო მისი მზერა. ვიტრინასთან შეყოვნდა - შვიდი იყო დაწყებული. თუ გაიქცეოდა, სახლში მისვლას მოასწრებდა. მინის მბრუნავ კარს მიაწვა. გახურებული ვაჭრობის დრო. დახლები ლენტებით იყო სავსე. სული მოითქვა, ერთი თავისკენ მიიწია, მეორეს, ტვიფრული, ამობურცული ვარდებით, თითებით შეეხო. არ არის საჭირო ამორჩევა, არ არის საჭირო ყიდვა. ყოველი დახლი სიურპრიზს გიმზადებს. „შვიდ საათამდე არ ვკეტავთ“ - და უკვე შვიდია. ის გარბის, მიქრის, და აი, უკვე სახლშია, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია! მეზობლები - ექიმი - ჩვილი ძმა - ჩაიდანი - დაითუთქა - საავადმყოფო - მოკვდა - თუ მხოლოდ თავზარი და დანაშაულის გრძნობა? ჰო, მაგრამ, ამ დეტალებს ხომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს! აი, ეს არის, რისი ზიდვაც უწევს, ამ სირცხვილის, დანაშაულის, ცოდვის და ამას მუდამ ბეჭებს შორის გრძნობს.

„ჰო, თითქოს თავს მიქნევს ის. სწორედ ასე იყო ყველაფერი.“

იყო თუ არა, და თუ იყო, რა იყო, ეს ჩემი საქმე არ არის. მე სხვა რამ მაინტერესებს. იისფერი ლენტები საგალანტერიოს ფარდულში - ეს საკმარისია. შესაძლოა ცოტა იაფფასიანი, ცოტა ბანალური, რადგან დანაშაულები იმდენია, შენ მხოლოდ აირჩიე, მაგრამ რამდენი (მოდი ერთხელ კიდევ გავიჭვრიტები პირდაპირ - ისევ სძინავს, ან შეიძლება თავს აჩვენებს ისე, რომ სძინავს! მიტკალივით თეთრი, გაცვეთილი სახე, მოკუმული პირი - სიჯიუტის ნიშანი, ამას კი ნაკლებად იფიქრებდი, - სქესზე არანაირი მინიშნება) დანაშაული არაა შენი დანაშაული. შენი ხომ იაფფასიანი დანაშაული იყო, მხოლოდ ზღვა მოგიწია დიდი საწყაულით. ახლა ეკლესიის კარი იღება, ხის მაგარი სკამი იღებს მას. მუხლს იყრის მუქ ფილებზე, ყოველდღე, ზამთარში, ზაფხულში, ალიონზე თუ შებინდებისას (ახლაც იქ არის) ლოცულობს. მისი ცოდვები ეცემიან, ეცემიან, ეცემიან - გამუდმებით. და ყველა - ლაქაზე. ის გასივდა, გაწითლდა, გიზგიზებს. ამ დროს აჟრჟოლებს. პატარა ბიჭები თითს იშვერენ მისკენ. „ბობი დღეს ლანჩისას“ მაგრამ ყველაზე უარესი ხანშიშესული ქალები არიან.

ახლა მართლაც აღარ შეგიძლია იჯდე და ილოცო - წასვლის დროა. კრიუგერი ღრუბლებს ქვემოთ ჩაიძირა. ისე წარიხოცა, თითქოს მხატვრის ფუნჯმა გადაუარა ოდნავ შავგარეული ნაცრისფერი საღებავით. კეტის კიდეც კი წაიშალა. სწორედ ასე ხდება ყოველთვის! როგორც კი დაინახავ, როგორც კი იგრძნობ მის არსებობას, ვიღაც ჩაგეჭრება. ამჯერად ეს ჰილდაა.

როგორ გძულს ის! იქამდე დავიდა, რომ სააბაზანოს კარსაც კი კეტავს ღამით, შენ კი მხოლოდ ცივი წყლის გადავლება გინდა, შფოთიანი, უძილო ღამის შემდეგ, როცა გეჩვენება, რომ დაბანა გიშველის. საუზმისას კი ჯონი და ბავშვებიც იქვე არიან - ყველაზე უარესი სუფრასთან ჯდომაა, თან ხანდახან სტუმრებიც მოდიან. გვიმრა ადამიანთა თვალთაგან მთლად ვერ დაგიფარავს - ისინიც ყველაფერს ხვდებიან და შენ გარეთ გადიხარ, სანაპიროზე დახეტიალობ, სადაც ნაცრისფერი ტალღებია და ქაღალდები ქარდაქარ დაფრენენ, მინის მწვანე საფარქვეშ ორპირი ქარები ზუზუნებენ, სკამები ორი პენსი ღირს. რა ამბავია! თორემ მღვდლების ქადაგებას მოუსმენდა კაცი. ოჰ, ეს ზანგი - ეს უცნაური კაცი - თუთიყუშებიანი კაცი - პატარა, საცოდავი არსებები! ნუთუ აქ არავინაა ისეთი, რომ ღმერთზე ფიქრობდეს? სწორედ აქ, პირსს ზემოთ, კვერთხით ხელში, მაგრამ არა, ცა მთლიანად ნაცრისფერია და თუ სადმე გამოკრთება სილურჯე, თეთრი ღრუბლები მაშინვე ფარავენ მას და მუსიკა - ეს სამხედრო ორკესტრია. რის დაჭერას ლამობენ? და იჭერენ? როგორ მიშტერებიან ბავშვები! ჰოდა, ახლა კი სახლისაკენ უკუსვლით - „სახლისაკენ უკუსვლით!“ სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა, ისინი შეიძლება იმ ბაკენბარდებიან მოხუც კაცსაც წარმოეთქვა. - არა, არა, სინამდვილეში მას არაფერი უთქვამს, მაგრამ მნიშვნელობა ყველაფერს აქვს. - კარებზე მიყუდებული პლაკატები - ფირნიშები ვიტრინებს ზემოთ, - ლოყაწითელი ვაშლები კალათებში - ქალების თავები საპარიკმახეროების ფანჯრებს მიღმა - ყველა ამბობს: „მინი მარში“და უცებ: „კვერცხი გაიაფდა!“ ყოველთვის ასე ხდება! მე ის ჩანჩქერისკენ მიმყავდა, პირდაპირი გზით სიგიჟისაკენ, ის კი რულმორეული ცხვრის ფარასავით, მოტრიალდება და ჩემს თითებს შორის სხლტება. კვერცხი გაიაფდა. მიწაზე მაგრად მიჯაჭვულ საწყალ მინი მარშს დანაშაულები, უბედურებები, აღტაცებები თუ შეშლილობები არ ეხება. არასოდეს დაუგვიანია სადილზე, არასოდეს მიუსწრია წვიმას ისე, რომ მაკინტოში არ სცმოდეს. არასოდეს დავიწყნია, რომ კვერცხი გაიაფდა. და აი, მან სახლს მიაღწია, ფეხსაცმელებს იწმენდს შესასვლელთან.

სწორად შევძელი წაკითხვა? მაგრამ ადამიანის სახე - ადამიანის სახე მთელ სიგრძეზე გაშლილ გაზეთს ზემოთ მეტს იტევს, მეტს მალავს. ახლა თვალები გახელილი აქვს, მზერა - გარეთ მიმართული. და, ადამიანის ხედვა, - როგორ უნდა გამოვხატო ზუსტად - თიშავს - აშორებს - და როგორც კი ღეროს შეეხები, პეპელა უკვე მიფრინავს, პეპელა, რომელიც საღამოობით ყვითელ ყვავილებს დაჰფარფატებს. გაინძრევი, ხელს ასწევ, და ის უკვე მიფარფატებს, მაღლა, შორს. არ ავწევ ხელს. დაე, ასე იყოს, ილივლივე, იფარფატე, სიცოცხლე, სული, გონი - რაც უნდა გერქვას - მინი მარში - და მეც ჩემს ყვავილზე - და ქორი ალიონზე, - განმარტოებით, სხვანაირად რად ეღირებოდა ჩვენი ცხოვრება. აფრენა, ლივლივი საღამოთი, დღისით, ლივლივი ალიონზე, ანავარდება, აფრენა! და ისევ დაჯდომა. მარტოხელა, უხილავი, მაგრამ ყოვლისმხედველი - მის ქვემოთ კი ისეთი სიწყნარეა, ისეთი მშვენება. არაფერს ხედავდე, არაფერზე წუხდე. სხვების თვალები ჩვენი საპყრობილეა, მათი აზრები - ჩვენი გალიები. ჰაერი შენ ზემოთ, ჰაერი შენ ქვემოთ. და მთვარე და უკვდავება... მაგრამ მე ზეციდან მიწაზე ვადენ ზღართანს. შენც? აი, შენ, კუთხეში რომ ხარ, რა გქვია? - ქალი - მინი მარში, მგონი, ასე გეძახიან, ხომ? აი, ისიც, თავის ყვავილებს მაგრად ჩაფრენია, ჩანთას ხსნის და იქედან ნიჟარას იღებს - კვერცხი - ვინ თქვა, რომ კვერცხი გაიაფდა? შენ თუ მე? ჰო, შენ თქვი, სახლისკენ რომ მივდიოდით, გახსოვს, მაშინ, როცა მოხუცმა ჯენტლმენმა მოულოდნელად ქოლგა გაშალა - თუ დააცემინა? ასე იყო თუ ისე, კრიუგერი წავიდა, შენ კი სახლში „უკუსვლით“ მიდი და შესასვლელთან ფეხსაცმელები გაიწმინდე. ასე იყო. ახლა კი ჯიბის ცხვირსახოცი გადაგიფენია მუხლებზე და მასზე კვერცხების პატარა, დაკბილულ ნაჭუჭებს ყრი - რუკის ფრაგმენტები - თავსატეხი. ნეტავ, აწყობა შემეძლოს! ნეტავ, შენ წყნარად იჯდე. მუხლები შეანძრია, რუკა ისევ ფრაგმენტებად იქცა. ქვემოთ, ანდების ფერდობებზე მარმარილოს თეთრი ლოდები მიხტუნავენ, მიჰქრიან, სასიკვდილოდ ლეწენ თავის გზაზე ესპანელი გამრეკების ურდოებს - დრეიკის[3] ნადავლს, ოქრო და ვერცხლი. მაგრამ დავუბრუნდეთ... რატომ, საით? მან კარი გამოაღო, ქოლგა დგარზე დადო - ეს ხომ თავისთავად. ისე, როგორც შემწვარი ხორცის სუნი სარდაფიდან რომ აღწევს. წერტილი, წერტილი, წერტილი. მაგრამ, რაც ახლა ვერ მომიშორებია, რაც მე თავჩაღუნულმა, თვალდახუჭულმა, მებრძოლის სიმამაცით და ხარის სიშმაგით უნდა განვდევნო, მივყარ-მოვყარო, ეს, რა თქმა უნდა, გვიმრების უკან მყოფი ხალხია, მოგზაური ვაჭრები. მთელი ამ ხნის მანძილზე მათ იქ ვმალავდი იმის იმედად, რომ ისინი როგორღაც გაქრებოდნენ, ან კიდევ უკეთესი, გამოჩნდებოდნენ - სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი ჩემი თხრობა სიმდიდრესა და მაღალფარდოვნებას, ბედსა და ტრაგიკულობას იძენს, როგორც უნდა იყოს კიდეც მოთხრობაში და ამ მოძრაობაში თან გაიყოლებს ორს, თუ სამს არა, მოსიარულე მოვაჭრეს და მთელ ჭალას აზიური შროშანებისა. „აზიური შროშანის რტოებმა მხოლოდ ნაწილობრივ დაფარეს მოსიარულე ვაჭრები“ შქერები რომ ყოფილიყო მთლიანად დაფარავდნენ და თან მეც გამახარებდნენ თავისი თეთრი და წითელი ფერებით - აი, რა მიზიდავს მე, აი, რისკენ ვილტვი. მაგრამ ისტბორნის შქერები - დეკემბერში - მარშების მაგიდაზე. არა, არა, ვერ გავბედავდი, მათ უფრო ქერქი და ფურჩალი, გვიმრა და გვირისტი შეეფერებათ. შეიძლება, მოგვიანებით, ზღვასთან მომეცეს წუთიერად ხელსაყრელი შემთხვევა. უფრო მეტიც, სურვილს ვყავარ ატანილი ბროლის წახნაგებს და გამჭვირვალე სიმწვანეს გავაღწიო, პირდაპირ მჯდომი კაცი ავათვალ-ჩავათვალიერო - მხოლოდ ერთი კაცი, იქნებ ღმერთმა შემაძლებინოს. ეს ხომ ჯეიმზ მოგრიჯია, მარშები ჯიმის რომ ეძახიან? (მინი, უნდა დამპირდე, რომ კრუნჩხვას შეწყვეტ, სანამ მასთან დაკავშირებით ვარკვევ რაღაცებს) ჯეიმზ მოგრიჯი ვაჭრობს, მოიცა, რით, ღილებით? მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა - დიდები და პატარები, გრძელ ფანერზე, ზოგი შადრევნის კუდივით, სხვები მქრქალი ოქროსფერი, ზოგი მთის ბროლის, სხვები მარჯნის - მაგრამ ხომ გითხარით, მათი დრო ჯერ არ დამდგარა. მას სიარული უწევს და ხუთშაბათობით, როცა ისტბორნში ჩადის, მარშებთან სადილობს. წითელი სახე, პატარა თვალების მშვიდი მზერა - მთლად ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ დაარქმევ - მისი უსაშველო მადა (ასე უფრო საიმედოა, მინისკენ არც გაიხედავს, სანამ პურით წვენს არ ამოაშრობს) ხელსახოცი კუთხით საყელოში აქვს შეკეცილი. მაგრამ, ეს მეტისმეტად პრიმიტიულია. მკითხველისთვის შეიძლება მისაღებიც იყოს, მე კი არ მომწონს. მოდი, მოგრიჯების კერაზე გადავინაცვლოთ, ისიც მოვიყვანოთ მოძრაობაში. ჰო, კვირაობით ჯეიმზი თვითონ შეაკეთებს ხოლმე ოჯახის წევრების ფეხსაცმელებს. კითხულობს „ჭეშმარიტებას“[4] და მისი გატაცება? ვარდები - და მისი ცოლი, ყოფილი ექთანი - ძალიან საინტერესოა - ღვთის გულისათვის, ერთ ქალს მაინც დავარქმევ ჩემთვის მოსაწონ სახელს. მაგრამ არა, ის გონების არდაბადებულ ბავშვებს ეკუთვნის, უკანონოდ დაბადებულებს, მაგრამ, ამის გამო, არანაკლებად საყვარლებს, ჩემი შქერების არ იყოს. და რამდენი მათგანი კვდება თითოეულ ბოლომდე დაწერილ რომანში - ყველაზე საუკეთესოები, ყველაზე საყვარლები, მოგრიჯი კი ცხოვრობს და ცხოვრობს. ეს ცხოვრების ბრალია. აი, მინი კვერცხს მიირთმევს მოპირდაპირე მხარეს გრძელ სკამზე ჩამომჯდარი რკინიგზის ხაზის განშტოების მეორე ბოლოსთან. - ლუისი უკვე გავიარეთ? - სადღაც ჯიმი უნდა იყოს...რას იკრუნჩხება?

იქ მოგრიჯი უნდა იყოს - ცხოვრების შეცდომა. ცხოვრება თავის კანონებს გვკარნახობს. ცხოვრება გზას გვიღობავს, ცხოვრება გვიმრების უკანაა, ცხოვრება ტირანია, მაგრამ არა ჭირვეული. არა, არა, გარწმუნებთ საკუთარი ნებით მივედი მასთან. ღმერთმა იცის, რომელმა ძალამ მიმიზიდა მისკენ გვიმრებისა და ჭურჭლის, დაწინწკლული მაგიდისა და დასვრილი ბოთლებისგან. მე მივედი დაუძლეველი სურვილის გამო, რომ ძლიერ სხეულს, ბრგე ხერხემალს მივკვროდი, - ყველგან, სადაც კი შევძლებდი შეღწევას და ფეხის მოკიდებას მის სხეულში, მოგრიჯი - კაცის სულში. მტკიცე ჩონჩხი, ვეშაპივით ძლიერი ხერხემალი, ალვასავით სწორი, ნეკნები გატოტვილი, კანი - მაგრად დაჭიმული ბრეზენტი, წითელი ნაკეცები კისერზე, გული - ძლიერი ტუმბო და ამ დროს ზემოდან გადმოშვებული მუქი, კუბის ფორმის ხორცის ნაჭრები და გადმოთქრიალებული ლუდი, ისევ სისხლმა რომ უნდა შეიწოვოს - და ასე მივედით თვალებამდე. შროშანებს მიღმიდან ისინი რაღაცას ხედავენ: შავს, თეთრს, დაღვრემილს. აი, ისევ თეფშს მიაშტერდნენ. შროშანებს მიღმიდან ხანშიშესულ ქალს უყურებენ. „მარშის და, ჰილდა უფროა ჩემი ყაიდის,“ ახლა მაგიდის გადასაფარებელი. „მარშს ეცოდინება მორისებს რა სჭირთ,“ საფუძვლიანად ვიმსჯელოთ ამაზე. აი, ყველიც, და ისევ თეფშზე, შეაბრუნა, უზარმაზარი თითები - ახლა პირდაპირ მჯდომი ქალი „მარშის და-ძმას ოდნავაც არ ჰგავს: გასაცოდავებული, ხანში შესული მდედრი...ქათმებს კარგად უნდა აჭამო...უზენაესი ჭეშმარიტება...რას იკრუნჩხება? რამე არასწორად ვთქვი? ოჰ, რა უბედურებაა, რა უბედურებაა, რა უბედურებაა, ეს ხანში შესული ქალები.“

(დიახ, მინი, მე ვიცი, რომ შენ მოიკრუნჩხე, მაგრამ, ერთი წუთით, - ჯერ, ჯეიმზ მოგრიჯი.) რა უბედურებაა, რა უბედურებაა, რა უბედურებაა! რა მშვენიერი ხმაა! თითქოს გამომშრალ ფიცარზე ხის ჩაქუჩს ურტყამდნენ, თითქოს გულის ძგერა იყოს ძველი ვეშაპმჭერისა, როცა სქელი ტალღები აწყდება და წყალს მღვრიე მწვანე ფერი აქვს. „რა უბედურებაა, რა უბედურებაა“ - ეს დაკრძალვის ზარია ტანჯულ სულთათვის, რათა დააწყნაროს და ანუგეშოს ისინი, სუდარაში გახვიოს სიტყვებით: „მშვიდობით, ღმერთმა გაბედნიეროს“ და შემდეგ: „რამე ხომ არ გესიამოვნებათ?“ და თუმცა მოგრიჯი ისევ დაკრეფს მისთვის ვარდებს თავის ბაღში, ეს უკვე დამთვრებულია, სამუდამოდ. შემდეგ რა იქნება? „ქალბატონო, მატარებელს ვერ მიუსწრებთ.“ ისინი ხომ არ აყოვნებენ.

ასეთები არიან ადამიანები, ასეთი სიტყვები იწვევენ გამოძახილს. აი, წმინდა პავლეს ტაძარი და ავტომობილები. მაგრამ ჩვენ ნამცეცებს ვიბერტყავთ. ოჰ, მოგრიჯ, ხომ არ დარჩებოდით? აჰ, უკვე დროა? თქვენ უნდა ისეირნოთ ისტბორნში ნაშუადღევს პატარა ეტლით? თქვენ ხართ ის კაცი მწვანე მუყაოს ყუთების ბარიკადებს მიღმა, ხან ფარდები რომ აქვს ჩამოშვებული და ხან ცერემონიულად ზის სფინქსის მზერით და არის მასში ყოველთვის რაღაც, რაც აკლდამას, მესაფლავეების ბიუროს თუ კუბოს მოგაგონებს, ცხენი და მეეტლე კი წინ, ბინდ-ბუნდში იკარგებიან? მითხარით, რა, გთხოვთ. მაგრამ კარი ჯახუნით იკეტება. ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობით, მოგრიჯ!

ჰო, ჰო, ახლავე მოვდივარ. პირდაპირ სახლის ზემო სართულში. წამიერად შევყოვნდები. თავში პირდაპირ დომხალი მაქვს, როგორი მორევი ითრევს ამ ურჩხულებს, ტალღები ბობოქრობენ, წყალმცენარეები ირწევიან და აქ მწვანე, იქ შავი, ქვიშას ეხეთქება, მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, დანალექი თავისთავად დაიწმინდება და თვალები ისევ წყნარი, ნათელი ხდება და ბაგეები წასულებისთვის ლოცვას აღავლენენ, აღაპს ატარებენ მათი სულების მოსაგონებლად, რომელთაც ამიერიდან ვეღარასოდეს შევხვდებით.

ჯეიმზ მოგრიჯი უკვე მკვდარია, სამუდამოდ წასული. იცი რა, მინი, „ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია.“ თუკი მან ეს თქვა - (აბა ერთი შევხედო. კვერცხის ნაჭუჭს დამრეცი ფერდობისკენ ისვრის), რა თქმა უნდა, მან ეს თქვა, როცა საწოლი ოთახის კედელს მიეყრდნო და პატარა ბურთულებს წიწკნიდა, არშიად რომ ჰქონდა შემოვლებული შინდისფერ ფარდას. მაგრამ, როცა საკუთარ თავს ელაპარაკები, ვის ელაპარაკები? დაკრძალული სული, სული სულ უფრო და უფრო ღრმად შერეკილი ყველაზე მთავარ მიწისქვეშეთში, სწორედ ის მე, რომელიც ბერად აღიკვეცა, და დატოვა სააქაო. შესაძლოა ეს სიმხდალეა, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვენიერია, როცა ის ფანრის ქნევით განუწყვეტლივ დაქრის აღმა-დაღმა ბნელ კორიდორებში. „ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია“ - ამბობს მისი სული. - და ეს კაცი, რომელიც სადილობს - ჰილდა - ბავშვები.“ ღმერთო ჩემო, როგორ ქვითინებს! ეს სულია, თავის ხვედრს რომ დასტირის. გაქელილი სული, რომელიც ლამობს ნოხებში მიიკუნჭოს, თანდათან რომ ილევიან, - უბადრუკი საყრდენი - წარმავალი სამყაროს გალეული ნაკუწები, სადაც არყოფნაში გადადის ყველაფერი: სიყვარული, ცხოვრება, რწმენა, ქმარი, ბავშვები და ვინ იცის რა ბრწყინვალება და სიკაშკაშე ქალიშვილობისას ნაოცნებარი: „არა, ჩემთვის არ არის, ჩემთვის არ არის.“

და რა რჩება, მრგვალი ფუნთუშები, გაქუცული ბებერი ძაღლი? მძივის ხელსახოცები, ალბათ, და ერთადერთი ნუგეში - საცვლები. მინი მარშს რომ მანქანამ გადაუაროს და საავადმყოფოში წაიყვანონ, თვით ექთნებს და ექიმებს გააოცებდა... აი, აქ არის პერსპექტივა, აქ არის ხილვა, აქ არის შორეთი, - ლურჯი ლაქა ქუჩის სულ ბოლოს, თუმცა, ჩაის ჯერ კიდევ არომატი აქვს, მრგვალი ფუნთუშა ცხელია და ძაღლი - „ბენი, შენს ადგილზე წადი, შვილო, აბა ნახე დედამ რა მოგიტანა“ და იღებ რა ხელთათმანებს გაცვეთილი ცერა თითით, კიდევ ერთხელ ცდილობ უგულებელყო დემონი, სულ უფრო და უფრო რომ გიახლოვდება, ხვრელებიდან მოძვრება, ციხესიმაგრის კედლებს ამაგრებ, აქეთ-იქით დაატარებ ნაცრისფერაბრეშუმისძაფიან ნემსს.

აქეთ-იქით, წინ და უკან ქსოვ აბლაბუდას, რომლითაც თვით ღმერთი - ჩუ, ჩუ, ღმერთზე ნუ ფიქრობ. რა მაგარი ნაკერია! უნდა ამაყობდე შენი ნაკერით. დაე, ნურაფერი შეაშფოთებს მას, დაე, ნათელი რბილად დაეფინოს და ღრუბლებმა გამოაჩინონ შიგა სამოსი პირველი მწვანე ფოთლებისა, დაე, ბეღურამ, ტოტზე ჩამომჯდარმა, მასზე ჩამოკიდებული წვიმის წვეთი ჩამობერტყოს...ზემოთ რატომ აიხედე? რა იყო მიზეზი - ბგერა თუ გაელვებული აზრი? ოჰ, ღმერთო! ისევ შენს საქციელს ვუბრუნდებით, იისფერ ლენტას სარკის მინის მიღმა? მაგრამ ჰილდა მოვა. შერცხვენა, დამცირება - ოჰ! ამოვქოლოთ ეს ნაპრალი!

მინი მარში ხელთათმანს დაკემსავს და უჯრაში დებს. შემდეგ მტკიცე გამომეტყველებით კეტავს უჯრას. მისი სახის ანარეკლს სარკეში ვხედავ. ტუჩები მოკუმული აქვს, ნიკაპი მაღლა აწეული. შემდეგ თასმას იბნევს ფეხსაცმელზე, თავის ყელს ეხება. რას წარმოადგენს მისი ბროში? ფითრს თუ ფრთებს? და საერთოდ რა ხდება? თუ ძალიან არ ვცდები, მაჯისცემა აგიჩქარდა. გადამწყვეტი წამი ახლოვდება. ძაფები გადაჯვარედინდება - წინ ნიაგარაა. ეს კრიზისული მომენტია. ღმერთი გფარავდეს. წინ! გამაგრდი! გამაგრდი! უკან არ დაიხიო! გაბედულად! ღვთის გულისათვის, ნუ დაელოდები პასიურად! აი, კარები, გააღე! მე შენკენ ვარ! ხმა ამოიღე! შეები მას! სული ამოხადე!

- ოჰ, უკაცრავად! დიახ, ეს ისტბორნია. ახლავე დაგეხმარებით ჩამოღებაში. აბა, სახელურით ვცადო (და მაინც, მინი, თუმცა ვცდილობთ თავი მოვიკატუნოთ, მე შენ გაგშიფრე - შენს შესახებ ახლა ყველაფერი ვიცი).

- მთელი ეს ბარგი თქვენია?

- არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა.

(და მაინც, რატომ იყურები აქეთ-იქით? ჰილდა არ მოვა სადგურზე შენს შესახვედრად. არც ჯონი. მოგრი კი, ახლა სადღაც ისტბორნის იქეთა მხარეს მიქრის.) - მე ჩემს ბარგთან მოვიცდი, მემ. ასე უფრო საიმედოა. ის დამპირდა, რომ დამხვდებოდა. ოჰ, აი, ისიც. ჩემი ვაჟიშვილი.

და ისინი ერთად მიდიან.

ჰო, მაგრამ, მე თავგზა მერევა... მინი, ამას კი არ მოველოდი! უცნაური ახალგაზრდა კაცი... მოიცათ! მე ვეტყვი მას - მინი! - მისს მარშ! თუმცა, არ ვიცი. და მისი ლაბადაც რაღაც საეჭვოდ იბზიკება, როცა დაბერავს. მაგრამ ეს არასწორია, ეს უხამსობაა... შეხედე, როგორ იხრება მინისკენ, როცა ალაყაფის კარებს უახლოვდებიან. მინიმ ბილეთი მოძებნა. მაგრამ ეს რა ხუმრობაა? და ისინი გზას მიუყვებიან, გვერდიგვერდ მიდიან, შორს... აი, ასე, ჩემი სამყარო ინგრევა. რაზე ვდგავარ? რა ვიცი? ეს სრულებითაც არ არის მინი. და მოგრიჯიც არასოდეს ყოფილა? და მე თვითონ ვინღა ვარ? და ცხოვრებაც ისეთი ცარიელია, როგორც გამოხრული ძვალი.

და მაინც, უკანასკნელად მათი ხილვა: ტროტუარიდან ჩამოდიან და მინი მასთან ერთად დიდ შენობას უვლის გარს, რაც მე აღტაცებას მგვრის, - ისევ პირთამდე მავსებს. იდუმალებით მოცული უცნობები! დედა და ვაჟიშვილი. ვინ ხართ თქვენ? რატომ მიუყვებით ქუჩას? სად დაიძინებთ ამაღამ? სად დაიძინებთ ხვალ? ოჰ, როგორ ტრიალებს და ზვირთდება - ისევ მიმაქროლებს. კვალში ვუდგები მათ. მანქანები აქეთ-იქით დაქრიან. კაშკაშა სინათლე იფრქვევა, იღვრება. ვიტრინების სარკის მინები. მიხაკები, ქრიზანთემები. სურო ბნელ ბაღებში. მერძევეების ურმები კარებთან. სადაც არ უნდა წავიდე თქვენ გხედავთ საიდუმლოებით მოცულო უცნობებო. ვხედავ, როგორ უხვევთ მოსახვევში. დედები და ვაჟიშვილები. თქვენ, თქვენ, თქვენ. ფეხს ვუჩქარებ, კვალში გიდგებით. ეს კი, ჩემი შეტყობით, ზღვა უნდა იყოს. ნაცრისფერი პეიზაჟი, ფერფლივით მქრქალი. ტალღები შრიალებენ და ბუტბუტებენ. მუხლს რომ ვიყრიდე, რიტუალებს რომ ვასრულებდე, ეს უძველესი ახირებები რომ მქონდეს, მხოლოდ თქვენ, ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ გცემდით თაყვანს. თუ მკლავებს გავშლიდი, მხოლოდ შენ მოგეხვეოდი, შენ ჩაგიკრავდი გულში - სათაყვანო სამყაროვ!

ტეგები: Qwelly, novelebi, ვულფი, ნოველები

ნახვა: 8

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters