აკა მორჩილაძე - მოსტ ვატერლოო

- ჰაი, პემ! როგორა ხარ?

- ჰაი, ჯორჯია, - არ ეცალა ჩემთვის, იმდენი ხალხი შეყრილიყო იქ. მაგრამ პემი ხომ ნამდვილი რეგი გოგოა. - ღილი აგწყვეტია.

მთელი დილა პერმში ვრეკავდით, მარტინა კი ამხედავდა, დამხედავდა და ჩაიცინებდა.

- ეს რა იყო? ამისთანა რა დაიჯახე?

მოკვდა ამაზე ფიქრით. მერე კი მომახსენა:

- რუსეთში კრიზისი იწყება. რუბლი ეცემა, როგორ ფიქრობ, ხომ არ დაგითხოვენ აქედან?

- მე ისედაც დათხოვილი ვარ. თუ დათხოვაა, შენ მიგაბრძანებენ. კი, კი დახურავს ბატონი პოლოსოვი. დახურავს.

- მე თავი ქუდში მაქვს, შენ იკითხე, - ხასიათს ვერ გაუფუჭებ. - მისმინე, რა კაცი იყო ეს ჩვენი პოლოსოვი?

- მე რა ვიცი?

- აი, შენ უფრო იცი. ყოველთვის ტურისტულ ბიზნესში იქნებოდა?

- არა, წესით, ისპალკომში იქნებოდა. მაგრამ ისპალკომი ხომ...

- რა არის ეგ ისპალკომი?

- რაღაც მერიის მსგავსი, - მშიოდა. - ხომ არ შეგვეჭამა რამე? შესვენების დრო აღარ მოვიდა?

- შენთან ერთად ჭამა საინტერესო არ არის, - წამოდგა მარტინა. - შენ სულ ერთი და იგივე გინდა. მისმინე, კომუნისტი იქნებოდა?

- ვინ?

- პოლოსოვი.

- აბა, ისპალკომში ვინ შეუშვებდა?

ასე ვლაზღანდარობდით. მერე ის ვკითხე, რისი კითხვაც მარტინას დანახვისთანავე მომინდებოდა ხოლმე: შერილი ხომ არ გამოჩენილა? არაო, არ გამოჩენილაო. გლაზგოში ამზადებდა რაღაც გამოფენასო. სადაური ბიძაშვილ-მამიდაშვილია? რამდენჯერაც ვკითხავ, არ გამოჩენილა და არ გამოჩენილაო.

- ისევ წითელი თმა აქვს?

- ალბათ. წითელი ჰქონდა? - სერიოზულად ჩაფიქრდა, - ხომ გაქვს მობაილის ნომერი? დაურეკე და ჰკითხე...

- იმ დღეს დავურეკე, სადღაც შორს იყო, ზღვაში...

მარტინამ ხელი ჩაიქნია:

- წამო, თითო რამე გავღეჭოთ.

გავღეჭეთ და რომ მოვბრუნდი, ზურამ დარეკა.

- სად დაიკარგე? - თითქოს ბედნიერი იყო.

- შენ თვითონ სად დაიკარგე?

- მე, ჯიგარო... აბა, რამდენი მიდევს ჯიბეში? მე, ჯიგარო, დილიდან ვსვამ...

- რა საინტერესო ენაა. ახლა ჩხუბობთ, თუ ეფერებით ერთმანეთს? - დაინტერესდა მარტინა.

- ვჩხუბობთ...

- მერე დავრეკო? - გაბრაზდა ზურა.

- არა, არა, თქვი...

- ვთქვი, რა, ეხლა ვიჭერ კებს, მოვდივარ შენთან, ჩამიჯდები და გამოვალთ ისევ ქვინზვეიზე და ჩავუჯდებით ჩვენსა...

- რა იშოვე?

- ტიშჩი დვესტი დვაცატ ტრი ფუნტა მიდევს ჯიბეში. გუშინ მთელი დღე გეძებდით.

- მოიგე?

- მოვიგე, ჩავაბი-ჩამოვაბი. არ მითქვამს, დათარსვის ამბავში...

- ვა?

- მა?

- მერე კები აუცილებელია?

- მაშ.

- რო გაგითავდება?

- რა კაცი ხარ... უნდა გამითავდეს. აბა, რა...

- გიჟიც მანდაა?

- აქაა. პაბიდან ვრეკავ. მორიგეობა გაუთავდა. კებით უნდა გამოგიაროთ, გადავწყვიტეთ.

- სამზე მეცლება.

- ეგ შენი აირიშიც წამოიყვანე.

- არ არი აირიში...

- ვინც არი...

- რას სვამთ?

- ყველაფერს. გარეთ დამხვდი, - ბედნიერი იყო. ნამდვილად. - ოღონდ არ დაიწყო მერე, ნაითქლაბიო. პაბის კაცი ვარ. თან ფეხბურთია, ხო იცი...

- რა ფეხბურთია?

- „არსნალ“, „აარსნაალ“, ოთხშაბათი ხოა. „ვესტ ჰემს“ ეთამაშება სახლში...

- მივდივართ?

- არა, შაბათს მივდივართ. ბილეთები შეკვეთილია, გადახდილია. „ჩელსიზე“ მივდივართ...

აი, რა კარგია, როცა მოიგებ. უცბად ხდება კარგი ბიჭი.

- დიდი შეხვედრაა, - ვუთხარი მარტინას. - მთელი ლონდონის ქართველობა იკრიბება. ელჩიც მოდის...

- დღეს?

- ჰო.

- მერე, ახლა გირეკავენ?

- მოსაწვევი ჰქონიათ ჩემთვის. შვიდზეა. მაგრამ სამზე უნდა გამიშვა. თაიგული, კოსტუმი...

ჩაეცინა კეთილ მარტინ დოჰერტის.

- წადი, ჰა, აქ სამია, რუსეთში - ექვსი. წადი, მაგრამ...

- დამოუკიდებლობის დღეა. რა ვქნა? - ვითომ შევწუხდი.

- დამოუკიდებლობის დღე?

- ჰო. არ ვიზეიმოთ?

- აუცილებლად. თქვენ რუსეთის დამოუკიდებლობის დღესაც ზეიმობთ ახლა?

- არა, რა რუსეთის.

- აბა, თქვენი იანვარში არ იყო?

კარგად კი ვიხითხითეთ ორივემ.

- მაინც მოერიდე, აღარაფერი დაიჯახო. ისედაც ბეწვზე ვკიდივართ, ხომ იცი, - კეთილი ჯეელია მარტინა.

- პოლოსოვის ჰალსტუხზე...

კები შინდისფერი „ტოიოტა“ იყო. იაზონი წინ გამოჭიმულიყო, მძღოლის გვერდით. ეს კი ნიშნავდა, რომ შინაურ კაცებად ეცნოთ ერთმანეთი. წინ ვინ ჩაგისვამს?

- nash brat, - ხელი გადახვია ხუჭუჭა მძღოლს, - nash brat. farux, bosniec. brat. mnagastradalni... ici, bljad, bosnia. bax, bux!

- ყველა მნაგასტრადალნი აქ შევიყარეთ, - თქვა ზურამ.

- vsex pabiom, bljad, - გაამაყდა იაზი. - ara, parux?

- სად მივდივართ?

- მშობლიურშია ბეისვოტერზე.

- arxitektoria, is ki ara, - არ ცხრებოდა იაზი. - daloi kraiova!

- კრაინა, - თქვა ფარუხამ.

- tfu karajich, yes? viva bosnia...

- ბევრს ნუ ლაპარაკობ, - გამახსენდა უცებ.

- chto?

- ეგ რა დამალევინე?

- რა იყო? - გაუხარდა ზურას.

- ის, რა გადამაყლაპეთ?

- glatnul, xom? ja toje glatnul,- ტაში შემოჰკრა იაზონმა, - ijaz toje glatnul, bljad. dumal chto samaliotom stal, bljad. mteli dejurstvis mere, sul megona, ro samalioti var. shen ra gegona?

ხელი ჩავიქნიე.

- lital, lital, - და კვლავ მძღოლს დაუტყაპუნა მხარზე ხელი, - haerodrom, niu-york, efendi...

- მე არ გადამიყლაპავს, - წაიბურტყუნა ზურამ.

- გალუცინატორი...

- არა, არ არის გალუცინატორი. შემეშალა მაშინ. სტიმულატორია. აი, ფიქრობ ქათამზე, ქათმის ამბავში ხარ...

- kvelgan samaljoti vikavi. pexebi ar mqonda. xelebi da isic jilezni, bljad. da ver indzrevi. xalxi mejda mucelshi. gazeti chitali... bljadi, rostbif ieli. barbekiu, xa-xa...shchas budim vodku. ti kagda glatnul, ra gamovida?

- ბევრი ხინკალი, - ვუთხარი მე.

- ai, bedi. bedi, da? xinkalam bil?

- არა, ქალაქი ვიყავი და მერე ხინკლები წამოვიდა. მფრინავი თეფშებივით დაჯდა ქალაქზე და დაფარა.

- ni ponial?

- ა ჩტო ტი პონიალ? - ჰკითხა ზურამ.

- znachit ti bil gorodom, xom bljad. i xinkal prilitsel. ara? ia bil samaliot, na haerodrom prilitsel. znachit shen ikavi haerodromi da me xinkali. ponial?

- ავადმყოფი კაცია, - გაუხარდა ზურას, - არ იდარდო...

- etat paren arxitektor i taqsistam rabotaet. damoi trista baksov pasilaet bliad. mame-pape. bevri gaaketebs? farux! jigar! - კვლავ მხარზე უტყაპუნებდა ხელს, - mi kamu pasilaem, ha, bliad?

მე კი ფანჯრიდან ვიცქირებოდი. რამდენი ფუნტი გავარდებოდა ამ სიყვარულში...

- ოქსფორდ სტრიტით მოხვედით?

- რავი, მოვდიოდით...

- გათოხლათ? ბეიკერ სტრიტზე იყავით?

- არა, რა გვათოხლა. ორმოცი ფუნტი მომეცით, ტუდა-აბრატნაო.

- რა არი, მარნეულის ტაქსია?

ფარუხა კი აწვება და იაზონის ფერებას უძლებს.

- მეძვირეა! - ვამბობ უცებ.

- მე ვარ მეძვირე, - უხარია ზურას.

- ეს იცი, ვინ არის? - იაზონზე ვანიშნებ.

- ვიცი, კოკ ლეინის აჩრდილი.

ვხითხითებთ.

- წავიდეთ ერთი იმ კოკ ლეინზეც. სად არის?

- არ ვიცი.

- vi, suki, shompoli gindat kvelas. farux vot budit moi drug, da bljad?

სამ-სამი კათხა რომ ჩავცალეთ, ზურამ დადუმებულ იაზს გადახედა და თქვა:

- ამას დაეძინება.

პაბი თანდათან იჭედებოდა. საღამოობით ეგრეა ხოლმე, რომ პაბებს ორი ტალღა აწყდება. ერთნი პირდაპირ სამსახურიდან შემოივლიან ხოლმე და შინ მერეღა მიდიან, მეორენი კი სახლში შევლენ, ივახშმებენ, ოჯახში იტრიალებენ და, ეგრე, ცხრისთვის შემოაღებენ კარს. მაგრამ დღეს ხომ ფეხბურთი იყო, ჰოდა, ადგილების თადარიგს ადრიდანვე დაიჭერდნენ. ეგრეც იყო და დახლს ვეღარც კი მიუდგებოდი, იყო ერთი გადაწოდებ-გადმოწოდება. ადრე ტროლეიბუსში რომ ბილეთს აწვდიდნენ, აქ ისე აწვდიან კათხებს.

- ორი ფაინთია, ხმას არ იღებს. - იაზი შეანჯღრია ზურამ.

- zria mi faruxa ni vziali. arxitektor... - წაიბურტყუნა იაზონმა და კათხას წაეპოტინა.

- თუ ძმა ხარ. მე თვითონ ვარ არქიტექტორი.

იაზს ჩაეძინა ტკბილი და უშფოთველი ძილით. როგორ იძინებენ ყაყანში? დიდი საიდუმლოა.

- მოდი, თითოსაც ავიღებ, - წამოდგა ზურა.

- მთვრალი ვარ, - ვაღიარე.

- ხო არ ჩაგვეფინა? - რა გაძლება აქვს, - თითო, დასაჭყანი.

- არა, მოიცა, დაიწყება, - ვფიქრობდი, რომ პირველი ტაიმის მიწურულს გამოვფხიზლდებოდი.

ზურამ ოთხი კათხა მოიტანა.

- რა ამბავია?

- თამაშის დროს ხომ არ წამოვდგებით? - ამის თქმა იყო და, ჯეელებიც შემოლაგდნენ თეთრ-წითელი შარფებით. შვიდნი იქნებოდნენ. უკვე კაი მაგარი მთვრალები და ფეხბურთის მომლოდინენი. დიდი ხორხოცით დაიძრნენ დახლისკენ და გზად ბევრს გაჰკრეს-გამოჰკრეს მხრები.

ერთ-ერთი მაგიდებს შუა გაჩერდა, შარფი აღმართა ორივე ხელით და შესძახა:

- აღსდექ. ვისაც სძულს ვესტ ჰემი![3]

- აღსდექ! - მაგიდას დაჰკრა მუშტი ზურამ და წამოვიშალეთ.

- აღსდექ! ვისაც სძულს ვესტ ჰემი! - მოისმა ახლა სხვა კუთხიდან და იქაც წამოცვივდნენ.

შარფიანმა დასჭივლა:

- ჰაიბერი ჰიროუზ, ჰაიბერი ჰიროუზ, ჰაიბერი ჰიროუზ!!![4]

- ჰიროუზ, ჰიროუზ, ჰიროუზ! - ბანი მისცა მთელმა პაბმა.

- ჩემი ტერიტორიაა, სულ ჯიგრები, - გაიფხორა ზურა და კათხა აღმართა:

- „აარსნალ“, „ააარსნალ“!

- When the circus comes to town, Harry Readknapp is a clawn.[5] - დასჭყივლეს იქიდან.

ამას დიდი ხარხარი მოჰყვა ყოველი მხრიდან და ძლივს იყო არ დავსხედით. ჯეელებიც განთავსდნენ სადღაც-სადღაც და იქიდან თუ წამოიყვირებდნენ რაღაცას.

- მოდი, უცბად დავლიოთ, ერთი მოყუდებით, - ფაინთი მიიყუდა ზურამ.

მეც მივიყუდე და საპირფარეშოც გამახსენდა. ზურგსუკნიდან კი მჭახე, გამბედავი, ბებრული ხმა მომესმა:

- აღსდექ, ვისაც სძულს მეთოფენი![6]

იქნებოდა, ასე, სამოცდაათისა, თავის დროზე არაერთი ფაინთის შემხვრეპი. წამოჭარხლებულს თეთრი თმა გასწეწოდა და აღმართულ ხელში შავი პიჯაკი ეპყრა.

საერთო ხარხარში ტაში დაუკრეს ამ მარტოხელა ბებერს და მეც დავუკარი. აი, ვაჟკაცი კაცი. მარტოა და თავისას ყვირის.

- გავარტყით ვესტ ჰემს! გავარტყით ვესტ ჰემს! მივაფსით ჰართსონს! - აყვირდნენ შარფიანები.

ბაბუა კი კვლავ იდგა და აღმართულ ხელში თავის გაქექილ პიჯაკს ჭმუჭნიდა.

- აღსდექ!

და უცებ მეორე ბოლოდანაც არ მოისმა?

- აღსდექ, ვისაც სძულს მეთოფენი! აღსდექ! - გამხდარი, სათვალიანი კაცი იყო, ასე რომ არ გენახა, ეგებ დოცენტიც გგონებოდა.

დახვეულ გაზეთს იქნევდა ხმალივით.

ორნი იყვნენ სულ მთელს ამხელა პაბში და მაინც თავისას აწვებოდნენ!

ეს სიტყვებია და, ზურა სკამზე შედგა და დაჰკივლა:

- ნომერი ერთი!..

- დევიდ სიმენი! - დაიღრიალა ვიღაცამ.

- ნომერი ექვსი!

- ტონი ადამსი! - სტვენა და ტაშისცემა ძლიერდება.

- ნომერი ცხრა!

- იან რაიტი! - აბა ეს იყო, თუ იყო.

- ნომერი ათი!

- დენის! დენის! დენის! ბერკამპ!

- აღსდექ, ვისაც სძულს არსენალი! - არ დაცხრა ბებერი და იმ დალოცვილმა დახლიდარმაც სწორედ ამ დროს აუწია ტელევიზორს.

- აი, ასეთი მინდა სახლში, - ჩამოქვეითდა ზურა. იაზს კი ეძინა. არც კი გატოკებულა ამ წივილ-კივილში. თავი ჩამოედო მაგიდის კიდეზე და თითებში „მეიფეარის“ ღერი ჩაწვოდა. რას იზამ? ციხის ჩვეულებები.

- მოდი, ორსაც მოვიმარაგებ, - წამოდგომა დააპირა ზურამ.

- თბილისში წავიდე? - წამოვისროლე უცებ.

ზურა აღარ წამომდგარა, თავისი მთვრალი თვალებით მომაშტერდა.

არ ვიცი, რა წაიკითხა ჩემს მთვრალ თვალებში, მაგრამ თქმით ვერაფერს ამბობდა.

- თბილისში? - მკითხა ბოლოს.

მხრები ავიჩეჩე.

- და ეს? - ხელი მოატარა მაგიდას.

ისევ მხრები ავიჩეჩე. რატომღაც შემეშინდა ჩემი ნათქვამისა.

- რა კაცი ხარ? არ გინდა ფეხბურთის ყურება?

- ის რომ გადამაყლაპა ამან, დამესიზმრასავით.

- მომისმინე! - საყელოში მწვდა ზურა, - სიზმრები სისულელეა...

- და დღისით?

- რა დღისით?

- სისულელეები დამესიზმრა.

- როდის იყო, ეგეთ რამეებს ლაპარაკობდი?

- ალბათ, აწი დავიწყებ.

- შენ იცი, როგორ გინდა? ქალი რო მღერის და სროლა რო ატყდება და ბრუს ვილისი მუცლიდან რო გამოუღებს რაღაც რკინებს. აი, იმ ქალივით გინდა, რომ ყოველდღე ხელი შეგიყონ მუცელში და რკინები გამოგიღონ. ყოველდღე მოკვდე და ყოველდღე გაცოცხლდე, იმიტომ, რომ საღამოს ისევ მოგკლან შუა კონცერტის დროს. აი, გუშინ მთელი ქვინზვეი ფეხით გამოვიარე, ფულის ასაღებად მოვდიოდი და ოცი პენსი მქონდა, მეტი არაფერი. ამ დილით ბილეთები შევუკვეთე სტემფორდ ბრიჯზე. გინდა, უელსში წავიდეთ ერთი კვირით? შენ კიდე მეუბნები, რომ ჩემი პატარა სიხარულები სისულელეა? იცი, რა? მე ამ პატარა სიხარულებს ვერ მოგცემთ. იცი, სად მეძინა ხოლმე? და, ვაბშე, შვილი არ მინახავს...

- ნახავ, კაცო, - წავიკრუტუნე.

- იცი, როგორ ვნახავ? აი, აქ ჩამოვიყვან და ჩემს პატარა სიხარულებს ვაჩუქებ. მაიცა, გაიზარდოს... - წამოდგა და დახლისკენ წაყანყალდა.

რა უნდა მეთქვა? უცბად ვერ ვპასუხობ ხოლმე.

ისევ სამი მოიტანა და თამაშიც დაიწყო.

- რა ვიცი, - ვეღარ ისვენებდა. - წადი...

- რო დავთვრები, გული ჰითროუსკენ მიწევს.

- სისულელეა. სიმთვრალე სიზმარზე უფრო დიდი სისულელეა.

- ვიცი.

- ჰოდა, თუ იცი, კონფლიქტოლოგია ისწავლე!

- yes, yes.. tfu, bljad,- იაზმა ლოყა შეინაცვლა მაგიდაზე.

- აი, ზერკალო რუსკოი რევოლუციი, - აღნიშნა ზურამ და თამაშიც დაიწყო. ჩვენ კი ვსვამდით და სულ ვფიქრობდი, ნეტავ ამდენი სად ეტევა-მეთქი. ჩვენზე არანაკლებ უჭირდა „არსენალს“, რომელმაც ერთი მომენტიც კი ვერ გაახერხა. შესვენებაზე ვიღაც ბიძაკაცი მოგვიჯდა. დაჰგვიანებოდა და ქსუტუნებდა.

- გახსოვთ ჩარლი ჯორჯი?[7] კლასელები ვართ. მე და ჩარლი. მე ფეხი მოვიტეხე და... ჩარლი კი ვარსკვლავი გახდა.

- სად არის ჩარლი ჯორჯი?

- არ ვიცი, - მოიწყინა ძიაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა - მეგობარი დაიღალა? - იაზონს გადახედა.

- eta chto bljad? bratia pontiici? - თავი წამოსწია იაზმა.

- გამოიძინე? - მივეფერეთ სახეარეულ იაზს.

- kapitalist! - დაუბღვირა ძიაკაცს.

- For „ARSENAL“,[8]- გაუღიმა იმანაც.

- tu mi, evrithing oqei,- ცერი აღმართა იაზმა, - chto za igra, amixseni ra xdeba?

- ჩარლის სხვა ჯიგარი ჰქონდა. ჩვენ კლასელები ვართ, - მიუგო ძიამ.

- slushai, kiriuxa,- განაცხადა საპირფარეშოდან მობრუნებულმა იაზმა, - kagda ia, samaliotam bil, garada bambil. tak chto eti xinkali ia pustil na tvoi gorod. na tibia, znachit...

- დაჯე რა, უყურე.

- chivo ia tam ni vidil. kvelaperi nanaxi maq... eg amatia, bliad.

- ჩვენს გოგიას რაღა, ვირის თავ-ფეხი?

- საიდან ხართ? - არ მოგვეშვა ძიაკაცი.

- ჯორჯია, ფორმერ სოვიეთ, - ვუთხარი ჩემთვის უმძიმესი სიტყვები.

- ქინქლაძე? - გახალისდა ძიაკაცი.

- net, stalin iosif vissarionovich,- დაასლოკინა იაზმა.

- ვიცი, ვიცი, - თავი დაიქნია, - ულვაშები.

- vaprosi est? ai, grecheski pasport imeiu. evroiunion, anderstend? aem evroiunion, zei ar Georgia jigar... Greece, Georgia...

- ჰო, ჰო, - მეორე ტაიმი იწყებოდა და ძიაკაცი მწყურვალს ჰგავდა.

- ia vont... ni slushait etat bliad,- ხელი ჩაიქნია იაზმა.

ჩვენ კი კვლავ ვსვამდით და ვყვიროდით. ვყვიროდით, ვსვამდით და ერთმანეთს ვკოცნიდით. „ვესტ ჰემი“ უძალიანდებოდა „არსენალს“ და ჩვენს მხარეს მჯდომი ბებერი მეორე ბოლოში მჯდომ სათვალიანს ამხნევებდა:

- ქომ ონ, ქომონ, ჰემერზ!

- ჩვენ არა ვართ კაი ბიჭები, - გამოვაცხადე უცებ - ჩვენ რომ კაი ბიჭები ვიყოთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვუბალეშჩიკებდით.

- ჰა-მეთქი, - გაბრაზდა ზურა.

და როცა თითქმის აღარაფერი რჩებოდა, რეი პარლოუ ფრთაზე გაიჭრა და საჯარიმოსკენ საშუალო, თუმც კი თავგანწირული კროსი გაუშვა. იქ შეყრილი თხუთმეტიოდე ფეხბურთელის გაოფლილი გორგალიდან იან რაიტმა თავის შავი, ვერაგი ფეხი გამოყო და ბურთს წაჰკრა. როგორ წაჰკრა, იცი? აჰა, თქვენი კარგიცო. ასე წაჰკრა და კარს უკანა ტერასებისკენ გაიქცა შეშლილი სახით. გოლ! გოლ! ბოლ ინ ზე ნეთ!

უჰ, რა ამბავი ატყდა! შენი ჭირიმე, შენი ჭირიმეო. დიდი მისალმებები ატყდა, მობარბაცე შარფიანი კი ბებერს მიადგა და შუათითი დაანახვა. ბებერი წამოდგა და ორივე ხელი ასწია მაღლა. ვიქტორიას ამბავში გაეჭიმა საჩვენებელი და შუა თითები და ყველას გვიჩვენებდა თავის ქიცინით, მე მაინც მოგებული ვარო. კაი მაგარი მთვრალი იყო.

და როცა ყველაფერი ჩამშვიდდა და თამაშის დამთავრებასაც აღარაფერი უკლდა, გაისმა მთვრალი, მაგრამ თამამი სიტყვები იქაურთათვის სრულიად უცნობი სიმღერისა. არ დაგიმალავთ, მე ვიდექი სკამზე და ვმღეროდი, უსმენოდ, უმელოდიოდ, თითქოს ჩემთვის, თითქოს „არსენალისთვის“ ანდა იმ მხიარული პაბისთვის.

ვმღეროდი ჰა, ჰა, ერთ წუთს, მაგრამ ხმა მიწყდებოდა და მერე ზურამ ჩამომათრია სკამიდან და ტაშისცემასა და სტვენაში გამომიყვანა გარეთ.

მე ვმღეროდი:

- ჩეემო კააარგო ქვეყანავ...

- წამოდი, ჩემთან დაგაძინებ, - მექაჩებოდა ზურა. იაზი პირდაპირ ტროტუარზე იჯდა და კეფა კედლისთვის მიებჯინა.

- kakoe nebo galuboe, - იმეორებდა დაუზარლად. ღამდებოდა.

- ვაბშე არ მეძინება, - ვიქაჩებოდი სხვა მხარეს.

- წამოდი, პარკში დავწვეთ ბალახზე.

- არ მინდა.

- agdgoma rodis ari? am kviras, a, bezbojniki?- იკითხა იაზმა, - svechu stavit nada, iq ro ari eklesia. u ivo doma,- ხელი გამოიშვირა.

- წამო რა პარკში?

- პარკში რა მინდა? სემთან წავიდეთ.

- ვინ სემთან, ტო, - შემანჯღრია ზურამ.

- ამის ბარიგასთან.

- on v balnice lijit, umirait, suka.

- რა?

- kaneshna, starim stal. endzreva, bliad.

- წამო, ჩავიაროთ, სიარულში ცოტას გამოხვალ.

- უნდა დავრეკო.

- რა დარეკო, წამოდი.

- ia astaius, - მოგვაძახა იაზმა.

- უნდა დავრეკო, სახლში წავედი.

- სად წახვედი?

- აი, მეტროში წავედი.

- მეტროში, არა, ჩემთან ავიდეთ, დაიძინე და დარეკე მერე.

- პერმში უნდა დავრეკო.

- პერმში კი არა... წამოდი.

- ჰო, კარგი, - გულში კი ვერაგულ გეგმას ვამზადებდი. იაზონი ისევ ქვაფენილზე იჯდა და უსტვენდა, „здравствуй, моя Мурка, здравствуй, дорогая...“

უცებ მოვწყდი ადგილს და გავიქეცი.

- მოიცა, - მომაძახა ზურამ, მაგრამ არ გავჩერებულვარ. მეტროს წითელ რგოლსა და წარწერა ქვინზვეის ვხედავდი და მორჩა - მოიცა!

არ გამომკიდებია, ძალიანაც კარგი. სული მოვითქვი, ბილეთი დავაძრე და სერიოზული კაცივით ჩავედი ბაქანზე. თითქოს მეძინებოდა. აჰ, ნეტავი შავი სათვალე მქონოდა, მაშინ ბევრი ვერავინ შეამჩნევდა ჩემს სიმთვრალეს. თუმცა, ვის რაში აინტერესებს, მთვრალი ვარ თუ ფხიზელი? დიდი არაფერი. აი, უკვე ვაგონში ვარ და ვიცი, რომ თხუთმეტ წუთში მშობლიურ შეფერდს ბუშზე ამოვყოფ თავს.

რატომ გამოვედი ვაგონიდან?

ეშმაკმა იცის.

აჰა, ნოტინგ ჰილ გეით. აქ რა მინდოდა. ჯანდაბას, აი, ასე, აქეთ ბაქანზე, იმ კიბეზე. მორჩა, გადავედით. მეტროთი სეირნობაც არ არის ურიგო საქმე. დავჯდეთ. არა, დაჯდომისას ჩაგეძინება. აჰა, ესე იგი, საით მივდივარ, ბეისვოტერზე, თუ... მოიცა, მოიცა, აჰა, ბეისვოტერზე. ესე იგი, შემდეგი პადინგტონია. დედა, რამხელა ზანგია...

ძალიან კარგი. პადინგტონი. რამხელაა ეს... ვიღაცისაშენებული. ან რამდენი ხალხია, სერ...

სერ!

არა. სერ, სამხრეთისკენ აქედან მიდის მატარებლები?

მიყვარს მგზავრები.

დაუჭერიათ... სქელ-სქელი წიგნები და აწვებიან ლონდონიდან.

გენაცვათ, ოჯახობავ.

აბა, ეს წვენი გავსინჯოთ. ცივია, მისს, ვითარცა თქვენი თვალები. საინტერესოა, სიქჰები სად არიან?

ააა, რატომ მოვედი? რატომ მოვედი და, აი, აბა, მიხსენ სტაფილოსფერო ჯიგარო. აი, ამიტომ მოვედი. მოიცა, მოიცა, სტაფილოსფერო და შავყურმილიანო. აი, ჩემი ბლოკნოტი. აჰა, ესეც, ასე. თქვენი ციფრების... სწორია, მერე. აჰა, ოთხი, შვიდი, ცხრა, სამი:

- მისმინე, ისევ წითელი თმა გაქვს?

- ვერ გიცანი.

- ეს მე ვარ, დემოკრატიას შეწირული ცხვირით...

- აჰა, პიტ... აი, კაცი. როგორა ხარ?

- მისმინე, სანამ რამეს გეტყოდე, მითხარი, რომელ ქვეყანაში ხარ?

- მგონი, ინგლისი ერქვა, ახლა ვერ გეტყვი დანამდვილებით...

- შენ გენაცვალე სიტყვა-პასუხში...

- რა?

- ჩემს ენაზე ვთქვი ორი სიტყვა... ინგლისი დიდია, შერილ...

- შოტლანდიაზე დიდი კია.

- აი, მისმინე. ახლა, პადინგტონზე ვდგავარ. არ ვიცი, საით მიდის აქედან მატარებლები, მაგრამ სადაც არ უნდა იყო, წამოვალ...

- ...წამოხვალ?

- აუცილებლად.

- იცი, რა? მგონია, რომ შენი წამოსვლა გაჭირდება.

- რატომ?

- ვერ უნდა იყო მთლად სამგზავროდ განწყობილი.

- მთვრალი არა ვარ.

- რატომ გადაწყვიტე, რომ უნდა წამოხვიდე?

- ძლივს რაღაც გადავწყვიტე...

- იცი, რა, პიტ? აბა, კარგად მიიხედ-მოიხედე. ნამდვილად პადინგტონზე დგახარ?

- ხურდები მითავდება, შერილ.

- მე ლონდონში ვარ. მგონია, რომ არ გეწყინება ამის გაგონება...

- მეშვიდე ბაქანი! მეშვიდე იქნება! აქ, ვდგავარ... როგორ გითხრა, ყველაფერი ერთნაირია!.. აი, მეთხუთმეტე სალარო! მეთხუთმეტე სალაროს ვხედავ! იქ...

- მიდი და დადექი მაგ მეთხუთმეტე სალაროსთან. თუ არსებობს, საერთოდ...

- და...

- დადექი...

- მე... შერილ...

- შეგიძლია?

- თმა ხომ ისევ წითელი გაქვს?

- ახლა - შავი.

- მართლა?

- მართლა.

- ჩაის დავლევდით. არც ეგ შავი თმა იქნება ცუდი...

- ჰო, თუმცა, ჩაისთვის გვიანიც კია, მაგრამ ეგებ სხვა რამისთვის ადრეც იყოს. ეცადე, რომ როგორმე მატარებელში არ ჩაჯდე.

- გინდა თქვა, რომ აქ მოხვალ?..

- მინდა ვთქვა, რომ შენ უცნაურად იქცევი...

მორჩა! გაითიშა! თფუ... ბარათი მაინც მქონოდა. თუმცა რა, დავახურდავებ. ოცი ფუნტისას ველაპარაკები და არ მომწყინდება. მაგრამ რატომ დავახურდავო? აი, სალარო. იქ დავდგები. დავდგები და მორჩა. თუ ვიცნობ შავთმიანს. თუ მოვა...

გადასარევია - სადგურზე შეხვედრა.

როგორც ძველ, შავ-თეთრ, გრძელპლაშიან და ქოჩრიან ფილმებში.

1999 წ.

ნახვა: 178

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters