ლევ ტოლსტოი - კორნეი ვასილიევი

I

კორნეი ვასილიევი ორმოცდათოთხმეტი წლისა იყო, როცა უკანასკნელად ჩამოდიოდა სოფელში. სქელ, გრუზა თმებში ერთი ჭაღარაც არ ერია. მხოლოდ შავ ულვაშში შეჰპაროდა ოდნავ, ღაწვებთან. გადატკეცილი სახე უღაჟღაჟებდა; კისერი განიერი და მაგარი ჰქონდა. მთელ სხეულზე ქონი დასდებოდა მაძღრისი ქალაქური ცხოვრებისგან.

ოცი წლის წინ მოიხადა სამხედრო სამსახური და იქიდან ფულიანი დაბრუნდა. ჯერ პატარა დუქანი გამართა. მერე თავი დაანება და პირუტყვით ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. ჩერკასკში დადიოდა საქონლისთვის ანუ პირუტყვისთვის და მოსკოვში მოერეკებოდა.

სოფელ გაიში ქვის სახლი ედგა, რკინით გადახურული. შიგ ცხოვრობდა მისი მოხუცებული დედა, ცოლი და ორი შვილი – გოგო და ბიჭი; კიდევ ობოლი ძმისწული – თხუთმეტი წლის მუნჯი ბიჭუნა და მოჯამაგირე. კორნეი ორჯერ იყო ქორწინებაში. პირველი ცოლი ავადმყოფი შეხვდა და უშვილოდ გადაეგო. კორნეიმ, არცთუ ახალგაზრდა ქვრივმა, მეორედ იქორწინა – შეირთო ჯანსაღი, ლამაზი გოგონა, მარტოხელა ღარიბი დედაკაცის ქალიშვილი მეზობელ სოფლიდან. შვილები ამ მეორე ცოლისგან ჰყავდა.

კორნეიმ ისე ხელსაყრელ ფასად გაჰყიდა საქონლის ბოლო პარტია მოსკოვში, რომ სამი ათას რუბლამდე ფული მოუგროვდა. ნაცნობისგან შეიტყო, რომ მისი სოფლის შორიახლოს გაკოტრებული მემამულე იაფად ჰყიდის ტყეს. გადაწყვიტა ამ ახალი საქმისთვისაც მოეკიდა ხელი. ეს საქმე კარგად იცოდა – ჯერ კიდევ ადრე, სამხედრო სამსახურამდე ცხოვრობდა ტყეში; მოურავის თანაშემწედ იდგა ერთ ვაჭართან.

რკინიგზის სადგურთან, საიდანაც გზა გაისკენ უხვევს, კორნეი თანასოფლელს, ბრუციან კუზმას გადაეყარა. კუზმა მატარებლის ყოველ რეისს ხვდებოდა ხოლმე აქ თავისი საცოდავი მარხილით. თითო-ოროლა მგზავრს იშოვიდა და სოფელში ჩაიყვანდა. კუზმა ღარიბი იყო. ამიტომაც არ უყვარდა მდიდრები, მეტადრე კორნეი, ვისაც კორნიუშკად იცნობდა.

ჯუბაჩაში და ტყაპუჭში გამოწყობილი კორნეი, ხელში პატარა ჩემოდნით, სადგურის პარმაღზე გამოვიდა, შეჩერდა, წელში გაიმართა, ამოისუნთქა და მიიხედ-მოიხედა. წყნარი, მოღრუბლული დილა იდგა. ოდნავ ყინავდა.

– რაო, კუზმა ძია, მუშტარი ვერ გიშოვნია? – დაიძახა მან. – ხომ არ წამიყვანდი?

– რატომაც არა? მომე რუბლი და ჰაიდა.

– შვიდი გრივენიც გეყოფა.

– ამხელა მუცელი დაგიყენებია. ღარიბ კაცს კი ოცდაათი კაპიკი გინდა წასცინცლო.

– ჯანდაბას, ყაბულსა ვარ. – თქვა კორნეიმ, ჩაალაგა მარხილში ჩემოდანი და ფუთა. მერე მხარგაშლით მოთავსდა მარხილის უკანა დასაჯდომზე. კუზმა კოფოზე იჯდა.

– კეთილი, აბა ჰე!

მალე სადგურის ოღრო-ჩოღროებიდან მოსწორებულ გზაზე გავიდნენ.

– რა ხდება თქვენთან? ესე იგი, ჩვენთან კი არა, თქვენთან, სოფელში? – ჰკითხა კორნეიმ.

– აბა რა გითხრა, სასიკეთო ბევრი არაფერი.

– მაინც? დედაჩემს სული უდგას?

– უდგას. ამასწინათ ეკლესიაში ვნახე, ცოცხალია. შენი ახალგაზრდა ცოლიც ცოცხალია. რას გაუგებ? ახალი მოურავი აიყვანა.

კუზმამ ეს თქვა და რაღაც უცნაურად ჩაიცინა.

– ვინ მოურავი, პეტრა ხომ არა?

– პეტრა დასნეულდა. ევსტიგნეი ბელი აიყვანა კამენსკიდან.

– თქვა კუზმამ. – თავისი სოფლიდან, ესე იგი.

– მაშ ასე. – თქვა კორნეიმ. გაახსენდა: მართა რომ დანიშნა, ხალხში დედაკაცები რაღაცებს ჭორაობდნენ ევსტიგნეის გამო.

– ასეა, კორნეი ვასილიჩ, – თქვა კუზმამ, – ძალიან აიშვეს დედაკაცებმა ჩვენს დროში, აი.

– აბა რა გითხრა. – ჩაილაპარაკა კორნეიმ. – შენი ლურჯა კი მობერებულა. – დაამატა მხოლოდ იმისთვის, რომ შეეწყვიტა საუბარი.

– აღარც მე ვარ ახალგაზრდა. ასე რომ, პატრონს შეეფერება. – მიუგო კუზმამ, თან შოლტი გადაუჭირა გაქუცულ, მოღრეცილფეხებიან ლაფშას.

სადღაც შუაგზაზე ფუნდუკი იყო. კორნეიმ გააჩერებინა მარხილი, გადმოვიდა და ფუნდუკში შევიდა. კუზმამ ცხენი ცარიელი გობით მოატყუა და მოსართავი გაუსწორა. კორნეისკენ არც გაუხედია. თვითონ დამიძახოსო, ფიქრობდა.

– შემოდი, კუზმა ძია, – დაუძახა კორნეიმ, – თითო რამე დავლიოთ.

– კი, ბატონო. – უპასუხა კუზმამ. თან თავი ისე დაიჭირა, თითქოს მისთვის სულ ერთი იყო.

კორნეიმ ბოთლი არაყი მოატანინა და კუზმას დაუსხა. კუზმამ უზმოზე გადაჰკრა. შეზარხოშდა თუ არა, კორნეისკენ გადაიხარა და ყურში უწყო ჩურჩული სოფლის ჭორების შესახებ. თურმე სოფელში ჭორაობენ, რომ მისმა ცოლმა მართამ მოურავად ძველი შეყვარებული დაიყენა და სარეცელს იყოფს მასთან.

– მე რა, მე უბრალოდ შენ მეცოდები. – ლაყბობდა მთვრალი მუჟიკი. – არაა ლამაზი, ხალხი იცინის. ცოდვისა არ ეშინია, ეტყობა. ასეა, მაშ? ვეუბნები, დაუცადე, აცალე და ჩამოვა. ასეა, ჩემო ძმაო კორნეი ვასილიჩ.

კორნეი უსმენდა. სქელი წარბები სულ უფრო ეღუშებოდა და ჩრდილავდა მოელვარე, ნახშირივით შავ თვალებს.

– რას იტყვი, კიდევ ხომ არ დალევდი? – ესღა თქვა, როცა ბოთლი დაცალეს. – არა? მაშ წავედით.

მან გაისტუმრა დუქნის მეპატრონე და გარეთ გავიდა.

უკვე შებინდებული იყო, როცა შინ მივიდა. პირველი სწორედ ევსტიგნეი ბელი გამოეგება; კაცი, ვისზეც მთელი გზა განუწყვეტლივ ფიქრობდა. მიესალმა. ცოტა შეცბუნებული ევსტიგნეის თეთრუა სახე რომ დაინახა, მხოლოდ თავი გააქნია. «იცრუა ბებერმა ქოფაკმა, – გაიფიქრა წამით. თუმცა ვინ იცის? ჯანდაბას, ყველაფერს გავარკვევ».

კუზმა ცხენთან იდგა და თავის ცალ თვალს ევსტიგნეის უპაჭუნებდა.

– ესე იგი, ჩვენთან ცხოვრობ, არა? – ჰკითხა კორნეიმ.

– რა ვქნა, სადმე ხომ უნდა ვიმუშაო? – იყო პასუხი.

– სახლი გამთბარია, ხომ?

– აბა მაშ როგორ, მოხუცი გვყავს. – მიუგო ევსტიგნეიმ. კორნეი პარმაღზე გავიდა. კაცების ხმაზე წინკარში მართა გამოვიდა. ქმარს თვალი რომ მოჰკრა, სახეზე ალმურმა გადაჰკრა და

აჩქარებულად, თან განსაკუთრებული ალერსით მიესალმა.

– მე და დედამ, ლამის არი, ლოდინიც კი შევწყვიტეთ. – ეს თქვა და კორნეის შეჰყვა ოთახში.

– აბა რას მეტყვით? როგორ ცხოვრობთ უჩემოდ?

– ვართ ძველებურად. – თქვა ქალმა. ორი წლის გოგო, კაბაზე რომ ექაჩებოდა და ძუძუს ითხოვდა, ხელში აიტატა და დიდი, მტკიცე ნაბიჯებით წინკარში გავიდა.

მალე კორნეის დედაც გამოჩნდა. ისეთივე შავი თვალები ჰქონდა, როგორც კორნეის. თბილი ნაბდის ჩექმები ეცვა და ძლივს მოლასლასებდა.

– მადლობელი ვარ, რომ მოგვინახულე. – თქვა მან და აკანკალებული თავი გადაიქნია.

კორნეიმ უამბო დედას, თუ რა საქმეზე ჩამოვიდა. მერე კუზმა გაახსენდა და მის გასასტუმრებლად გავიდა. როგორც კი კარი შეაღო წინკარში გასასვლელად, იქვე, ეზოში გამავალ კართან, მართას და ევსტიგნეის მოჰკრა თვალი. ისინი ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. ქალი კაცს რაღაცას ეუბნებოდა. კორნეი შენიშნა თუ არა, ევსტიგნეი მაშინვე ეზოში გავარდა. მართა კი სამოვართან მივიდა და ღუმელის ახმაურებულ მილს გასწორება დაუწყო.

კორნეის ხმა არ გაუცია. გვერდი აუარა მის გადაზნექილ ზურგს, მარხილიდან ფუთა აიღო და კუზმა დიდ ქოხში შემოიპატიჟა ჩაიზე. ჩაის წინ მოსკოვური საჩუქრები ჩამოურიგა შინაურებს: დედას – შალის თავსაფარი, ფედკას – ნახატებიანი წიგნაკი, მუნჯ ძმისწულს – ჟილეტი, ხოლო ცოლს – საკაბე ჩითი. ჩაიზე კორნეი წარბშეჭმუხნული იჯდა და დუმდა. მხოლოდ დროდადრო თუ გაიღიმებდა უგემურად, როცა მუნჯი სასაცილოდ გამოხატავდა სიხარულს. საბრალო ბიჭს უსაზღვროდ უხაროდა ჟილეტი. დაკეცავდა, მერე ისევ გაშლიდა და იცვამდა. კორნეის რომ შეხედავდა, საკუთარ ხელს ჰკოცნიდა და იღიმებოდა.

ჩაისა და ვახშმის მერე კორნეი სწრაფად გავიდა ოთახში, სადაც მართასა და მცირეწლოვან გოგოსთან ერთად იძინებდა ხოლმე. მართა ქოხში დარჩა ჭურჭლის ასალაგებლად. კორნეი მარტო დაჯდა მაგიდასთან, იდაყვზე დაეყრდნო და ლოდინი იწყო. ცოლის მიმართ ბოღმა სულ უფრო და უფრო ითრევდა მის სულსა და გულს. ადგა, კედლიდან საანგარიშო ჩამოიღო; მერე ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო, რაშიც საქმიანი ჩანაწერები ჰქონდა, და ფიქრების გასაფანტად კითხვა დაიწყო. ანგარიშობდა, თან კარისკენ ეჭირა თვალი და ქოხს აყურადებდა.

რამდენჯერმე მოესმა: ქოხის კარი იღებოდა და ვიღაცა წინკარში გამოდიოდა. ოღონდ ეს არ ჰგავდა ქალის ნაბიჯებს. ბოლოს მოისმა მისი ნაბიჯების ჩქამი, კარი გაიღო და შემოვიდა – ღაჟღაჟა, ლამაზი, წითელკაბიანი. ხელში პატარა ეჭირა.

– ალბათ გზამ დაგქანცა. – თქვა ღიმილით, თითქოს ვერც კი ამჩნევდა კაცის მოღუშულ სახეს.

კორნეიმ ამოხედა და ანგარიში განაგრძო, თუმცა საანგარიშო მანდ აღარაფერი იყო.

– უკვე გვიანია. – თქვა ქალმა, გოგონა ჩამოსვა და ტიხარს იქით გავიდა. კაცს ესმოდა: ცოლი ლოგინს შლიდა და გოგონას აძინებდა.

«ხალხი იცინის, – გაახსენდა კუზმას სიტყვები, – ვეუბნები, მოითმინე...…». სუნთქვა ეკვროდა. ნელა წამოდგა. გაქუცული ფანქარი ჟილეტის ჯიბეში ჩაიდო. საანგარიშო ლურსმანზე ჩამოჰკიდა. პიჯაკი გაიხადა და ტიხართან მივიდა. ქალი იდგა პირით ხატებისკენ და ლოცულობდა. კაცი შეჩერდა და ლოდინი დაუწყო. ქალი დიდხანს იწერდა პირჯვარს, ვედრებას აღავლენდა და ლოცვებს ჩურჩულებდა. კაცს მოეჩვენა, რომ მან უკვე თქვა ყველა ლოცვა და განგებ იმეორებს მათ. მაგრამ აჰა, მან მდაბლად დახარა თავი, მერე გაიმართა, თავისთვის ჩაიჩურჩულა რომელიღაც ლოცვის სიტყვები და მობრუნდა ქმრისკენ.

– აგაშკას უკვე სძინავს. – თქვა მან და ღიმილით დაჯდა საწოლზე. საწოლმა გაიჭრაჭრუნა.

– ევსტიგნეი დიდი ხანია აქაა? – იკითხა კორნეიმ და კარში შემოვიდა.

ქალმა მშვიდი მოძრაობით ერთი სქელი ნაწნავი ზურგიდან მკერდზე გადმოიგდო და სხარტი თითებით დაუწყო სრესა. ქმარს პირდაპირ უყურებდა სახეში. თვალები უცინოდა.

– ევსტიგნეი? არც მახსოვს, ორი თუ სამი კვირაა.

– შენ ცხოვრობ მასთან? – ყრუდ ჩაილაპარაკა ქმარმა. ქალმა ხელი უშვა ნაწნავს, მაგრამ მაშინვე დაიჭირა და სრესა განაგრძო.

– რას არ მოიგონებენ! ვცხოვრობ ევსტიგნეისთან? – თქვა მან. განსაკუთრებით მკაფიოდ სიტყვა «ევსტიგნეი» გამოთქვა. – ამათაც მოიგონეს, რა. ვინ გითხრა?

– თქვი, მართალია თუ არა. – გამოსცრა კორნეიმ და ჯიბეში ჩაწყობილი ღონიერი ხელები მუშტებად შეეკუმშა.

– სისულელეა... ჩექმები გაგხადო?

– მე შენ გეკითხები. – გაუმეორა ქმარმა.

– რა კარგია? ევსტიგნეის დავხარბდი, არა? – თქვა ქალმა. – მაინც ვინ მოგატყუა?

– რას ელაპარაკებოდი წინკარში?

– რას ველაპარაკებოდი? კასრზე გვერგვია-მეთქი დასაჭედებელი. რას ჩამაცივდი?

– მე შენ გიბრძანებ, თქვი სიმართლე. მოგკლავ, უწმინდურო არამზადავ!

ეს თქვა და ნაწნავზე სტაცა ხელი. ქალმა ხელიდან გამოგლიჯა ნაწნავი. სახე ტკივილისგან მოეღრიცა.

– შენ ოღონდ კი მეჩხუბო. როდის მინახია შენს ხელში სიხარული? არ ვიცი, ყოველივე ეს სანამდე მივა.

– მაინც რას იზამ? – ჩაისისინა კაცმა და მიუახლოვდა.

– რად დამაპუტე ნახევარი ნაწნავი? შეხედე ამ ბღუჯებს. რას ჩამაცივდი? დიახაც მართალია, რომ...

მან ვერ დაასრულა. კაცმა სტაცა ხელი მკლავზე, ააგლიჯა საწოლს და დაუწყო რტყმევა თავზე, გვერდებზე, მკერდზე. რაც უფრო მეტს სცემდა, მით უფრო ემატებოდა მძვინვარება. ქალი

კიოდა, თავს იცავდა, ცდილობდა გაქცეულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა. გოგონას გამოეღვიძა და დედას მივარდა.

– დედიკო! – ღრიალებდა ბავშვი.

კორნეიმ სტაცა ხელი გოგონას, გამოგლიჯა დედას და კატის კნუტივით მოისროლა კუთხეში. გოგონამ დაიწივლა და სუნთქვა შეეკრა.

– არამზადავ, მომიკალი ბავშვი, ხომ? – კიოდა მართა და სურდა მიშველებოდა ბავშვს, ფეხზე წამოეყენებინა.

მაგრამ კაცი ისევ ჩააფრინდა და ისეთი ძალით დაარტყა გულმკერდში, რომ ქალი პირქვე დაემხო. კივილი შეწყდა. მხოლოდ ბავშვი ჩხაოდა განწირული ხმით და სულს ვეღარ იბრუნებდა.

დედაბერი, თავსაფრის გარეშე, გაჩეჩილი ჭაღარა თმებით, მოკანკალე თავით შემობარბაცდა. არც კორნეისთვის შეუხედავს, არც მართასთვის. მივიდა შვილიშვილთან, ცრემლებად რომ იღვრებოდა, და წამოაყენა.

კორნეი იდგა. მძიმედ სუნთქავდა და აქეთ-იქით იყურებოდა. თითქოს ძილ-ბურანიდან გამოდის და ვერ მიმხვდარაო, თუ სად და ვისთანაა.

მართამ თავი ასწია, დაიკვნესა და გასისხლიანებული სახე პერანგით მოიწმინდა.

– საძულველო ბოროტო კაცო! – ჩაილაპარაკა. დიახ, ვცხოვრობ ევსტიგნეისთან და ვცხოვრობდი მანამდეც. აჰა, მოდი, ჩამაძაღლე ბარემ. არც აგაშკაა შენი შვილი, მისგანა მყავს. – სწრაფად წარმოთქვა მან და სახეზე იდაყვი აიფარა დარტყმის მოლოდინში.

მაგრამ კორნეის თითქოს აღარაფერი ესმოდა. ქშინავდა მხოლოდ და აქეთ-იქით იყურებოდა.

– შეხედე, რა უქენი ბავშვს; ხელი მოტეხე. – თქვა დედაბერმა და უჩვენა ბავშვის ამობრუნებული და ჩამოკონწიალებული ხელი. გოგონა საცოდავად ჩხაოდა. კორნეი მიბრუნდა, ხმის ამოუღებლად წინკარში გავიდა და პარმაღისკენ გაეშურა. ეზოში ყინავდა. ცა ღრუბლებით იყო დაგრაგნილი. თოვლის ფიფქები ჭირხლად ედებოდა გახურებულ ლოყაზე და შუბლზე. კიბეზე ჩამოჯდა, მუჭით თოვლი მოხვეტა და შეჭამა. კარებიდან ისმოდა, თუ როგორ კვნესოდა მართა და რა საცოდავად ტიროდა პატარა გოგონა. შემდეგ გაიღო წინკარში გამომავალი კარი და გაიგონა, თუ როგორ გამოვიდა ოთახიდან მისი მოხუცი დედა, ბავშვით ხელში. დედაბერმა

წინკარი გამოიარა და ქოხში შევიდა. კორნეი ადგა და ოთახში შევიდა. ლამფა ბჟუტავდა მაგიდაზე. ტიხარს იქიდან მართამ კვნესას უმატა. კორნეიმ უხმოდ ჩაიცვა, ჩემოდანი აიღო, ჩაალაგა თავისი ნივთები და თოკით შეჰკრა.

– რისთვის მომკალი? რისთვის? რა დაგიშავე? – ჩაილაპარაკა მართამ საცოდავი ხმით.

კორნეიმ არ უპასუხა. აიღო ჩემოდანი და კარისკენ წავიდა.

– კატორღელო! ყაჩაღო! დაიცა, გგონია შენ კი არ განიკითხები? – ამჯერად სულ სხვა ხმით, ბოროტად წარმოთქვა მან. კორნეიმ არც ახლა უპასუხა. ფეხით შეაღო კარი და ისე ძლიერად გაიჯახუნა, რომ კედლები შეზანზარდა.

ქოხში რომ შევიდა, მუნჯი გააღვიძა და ცხენის შეკაზმვა უბრძანა. მუნჯი კარგა ხანს ვერ გამოერკვა ძილისგან. გაკვირვებით და დაბნეულად ათვალიერებდა ბიძას და ორივე ხელით ისწორებდა თმას. ბოლოს მიხვდა, თუ რას ითხოვდნენ მისგან, წამოვარდა, ჩაიცვა ნაბდის წაღები, დაკონკილი ჯუბაჩა, აიღო ფანარი და ეზოში გავიდა.

უკვე სრულიად გათენებული იყო, როცა კორნეი მუნჯთან ერთად გამოვიდა ჭიშკრიდან და

უკანვე დაადგა იმ გზას, რომლითაც საღამოს ჩამოვიდა კუზმასთან ერთად. სადგურზე სულ ბოლო წუთებში მიასწრო მატარებელს. მუნჯი ხედავდა, თუ როგორ აიღო კორნეიმ ბილეთი, როგორ დაავლო ხელი ჩემოდანს და ჩაჯდა ვაგონში; როგორ დაუქნია თავი და როგორ თანდათან გაუჩინარდა მატარებელი.

მართას, გარდა იმისა, რომ სახეზე კოპები აჩნდა, ორი ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული და თავი – გატეხილი. მაგრამ ძლიერი, ჯანსაღი, ახალგაზრდა სხეული ნახევარ წელიწადში გამთელდა და ცემისგან კვალიც აღარ დარჩა. აი გოგონა კი სამუდამოდ დასახიჩრდა. მას მკლავის ორი ძვალი ჰქონდა გადატეხილი. ამიტომ ხელი მოღრეცილი დარჩა.

კორნეის შესახებ კი, მისი იმღამინდელი წასვლის მერე, არავის არაფერი სმენია. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არავინ იცოდა.

 

 

II

გავიდა ჩვიდმეტი წელი. ყრუ შემოდგომა იდგა. მზე ირიბად ბჟუტავდა და საღამოს ოთხ საათზე უკვე ბინდდებოდა. ანდრეევოს ნახირი სოფელში ბრუნდებოდა. მწყემსი დათქმული ვადის შემდეგ, მარხვის კვირაძალში, წავიდა და სოფლის ნახირს ქალები და ბავშვები მწყემსავდნენ მორიგეობით.

ნახირი შვრიის სათიბებიდან ახალი გამოსული იყო ტალახიან, ორჩლიქიანი ნაკვალევით გადაჭრელებულ, ნაურმალებით გადახაზულ თემშარაზე და განუწყვეტელი ზმუილ-პეტელით უახლოვდებოდა სოფელს. ნახირის წინ მაღალი ტანის ბერიკაცი მიდიოდა. წვიმისგან გახუნებული, დაკერებული ზუბუნი ეცვა და დიდი ქუდი ეხურა. ოდნავ მოხრილ ზურგზე ტყავის ფუთა ეკიდა. წვერი და გრუზა თმა ჭაღარა ჰქონდა. სქელი წარბებიღა დარჩენოდა შავი. მიაბიჯებდა ტალახისგან დამძიმებულ ჩექმებით. სიარულში მუხის თავმოკაულ ჯოხს იშველიებდა.

როცა ნახირი წამოეწია, მოხუცი ჯოხს დაეყრდნო და შეჩერდა. ნახირს ახალგაზრდა ქალი მოერეკებოდა. თავზე ჯვალო ეხურა. ამოკეცილი ქვედაკაბა და მამაკაცის ჩექმები ეცვა. ცქვიტად გადარბოდა გზის ხან ერთ, ხან მეორე მხარეზე და თავს უყრიდა მიმოფანტულ ცხვრებსა და ღორებს. როცა მოხუცს გაუსწორდა, გოგო შეჩერდა და აათვალიერ-ჩაათვალიერა იგი.

– გამარჯობა, ბაბუ! – მიესალმა წკრიალა, ნაზი, ახალგაზრდული ხმით.

– ღმერთმა ჯანი მოგცეს, ყოჩაღო გოგო!

– რაო, შემოგაღამდა?

– ასე ჩანს. არაქათი გამომეცალა. – ხრინწიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა.

– შენც, ბაბუ, მწირთა სადგომში კი ნუ წახვალ, – ალერსიანად უთხრა გოგომ, – პირდაპირ ჩვენთან მოდი. მესამე ქოხია განაპირას. ჩემს დედამთილს მოხეტიალეები ისე უყვარს, რომ ქირას არც ახდევინებს.

– მესამე ქოხი? ზინოვეისა, ესე იგი. – თქვა ბერიკაცმა და როგორღაც გაუტოკდა შავი წარბები.

– შენ რა, იცნობ?

– ვყოფილვარ აქ... ერთ დროს...

– რა იყო, ფედიუშკა, რა დორბლი ჩამოგდის? ეს კოჭლი ხომ სულ უკან რჩება. – წამოიძახა

გოგომ და მიუთითა ფარის უკან კოჭლობით მომავალ სამფეხა ცხვარზე. მერე მარჯვენა ხელით წნელი აიქნია; რაღაც უცნაურად, ქვემოდან, მოღრეცილი მარცხენათი ჯვალო მოიძრო თავიდან და გაიქცა ჩამორჩენილი კოჭლი ცხვრისკენ. ცხვარი შავი ფერისა იყო, ერთიანად დასველებული. კორნეი გახლდათ ეს ბერიკაცი. გოგო კი სწორედ ის აგაშკა იყო, ვისაც კორნეიმ ჩვიდმეტი წლის წინ მკლავი გადაუმტვრია. ის ანდრეევკაში იყო გათხოვილი, შეძლებულ ოჯახში, გაიდან ოთხი ვერსის მოშორებით.

 

III

კორნეი ვასილიევი, ერთ დროს ძლიერ მდიდარი, ამაყი კაცი, გადაიქცა იმად, რაც ახლა იყო: ბებერ მწირად, ვისაც აღარაფერი გააჩნია; სრულიად არაფერი, გარდა იმ გაქუცული ტანსაცმლისა, რაიც ზედვე ეცვა; ჯარისკაცის ბილეთისა და ორიოდ პერანგისა ფუთაში.

მთელი ეს ცვლილება ისე თანდათან მოხდა, რომ ვერც გეტყოდათ – როდის და როგორ. ერთადერთი, რაც მან უთუოდ იცოდა და მტკიცედ სწამდა: მის უბედურებათა თავიდათავი მისი ბოროტი ცოლი იყო. მას გულს უკლავდა იმის გახსენება, რასაც ის წარმოადგენდა წარსულში. ხოლო როცა გაახსენდებოდა ეს, მაშინვე სიძულვილით ივსებოდა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ ჩვიდმეტწლიან უბედურებას აბრალიდა.

იმ ღამეს, როცა ცოლი სცემა, მემამულისკენ გაეშურა ტყის საყიდლად. მაგრამ ტყე გაყიდული დახვდა. მაშინ მოსკოვში დაბრუნდა და ლოთობას მისცა თავი. სმით ადრეც სვამდა; მაგრამ ახლა ორი კვირა ისე გადააბა, რომ არ გამოფხიზლებულა. როცა გამოფხიზლდა, პირუტყვით ვაჭრობა განაგრძო. მაგრამ საქმე არ წაუვიდა და ზარალი ნახა. მეორედ სცადა და ისევ უყისმათოდ. ასე რომ ერთ წელიწადში მისი სამი ათასისგან ოცდახუთი რუბლიღა დარჩა.

ქირით მუშაობა დაიწყო. თან სმას უხშირა. ჯერ ერთი წელი მოურავად იდგა პირუტყვით მოვაჭრესთან, მაგრამ ლოთობის გამო დაითხოვეს. შემდეგ ღვინით მოვაჭრის ადგილი იშოვა ნაცნობობით, მაგრამ ვერც იქ მოიკიდა ფეხი. გაანგარიშებებში შეეშალა და გამოუშვეს. შინ დაბრუნებისა რცხვენოდა; თან ცოლისადმი ბოღმა აჩერებდა. «უჩემოდაც იოლად გავლენ. იქნებ არც ბიჭია ჩემი.» – ფიქრობდა.

საქმეები უარესად და უარესად მისდიოდა. სმის გარეშე ახლა, უბრალოდ, აღარ შეეძლო. მოურავობას ვინღა ჩიოდა, ახლა საქონლის მწყემსობაც იკადრა. მერე ამაზედაც უარი უთხრეს.

რაც უფრო ცუდად მისდიოდა საქმეები, მით უფრო იბოღმებოდა ცოლზე.

უკანასკნელად უცნობ მეპატრონეს მიექირავა პირუტყვის მწყემსად. პირუტყვი ავად გახდა. კორნეი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მეპატრონე გაბრაზდა და ორივე დაითხოვა – მოურავიც და მწყემსიც.

მორჩა, აღარსად ღებულობდნენ და კორნეიმაც ხეტიალი გადაწყვიტა. მოიმზადა გამძლე ჩექმები, ჩანთა, შიგ ჩადო ჩაი და შაქარი, რვა რუბლი ფული და კიევში ჩავიდა. იქ არ მოეწონა და კავკასიას მიაშურა, ახალ ათონს. სანამ ჩავიდოდა, ციება დაემართა. დასუსტდა. რუბლი და სამოცდაათი კაპიკიღა დარჩა. არც ვინმე ნაცნობი სადმე – მაღლა ცა და დაბლა მიწა!

აი მაშინ გადაწყვიტა შინ დაბრუნება, ვაჟთან. «იქნებ ის აღარცაა ცოცხალი – ჩემი ბოროტი სული; – ფიქრობდა იგი, – ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ სიკვდილის წინ მაინც გადმოვულაგებ ყველაფერს. დაე იცოდეს უნამუსომ, თუ რა მიქნა!». ამ ფიქრებით გასწია შინისკენ.

ციებ-ცხელება დღეგამოშვებით მოუნაცვლებდა ხოლმე. ბერიკაცი სუსტდებოდა და სუსტდებოდა. უკვე ათ-თხუთმეტ ვერსზე მეტს ვეღარ გადიოდა დღეში. ორასი ვერსი ჯერ კიდევ გასავლელი რჩებოდა, როცა ფული გამოელია. გზა უკვე ქრისტეს სახელით განაგრძო და ღამეს მაწანწალების სადგომში ათევდა.

«გიხაროდეს, აი რას დამამგვანე!» – ეტყოდა ცოლს თავის გულში და, ძველი ჩვეულებისამებრ, მუშტებად შეეკვრებოდა ხოლმე აწ დაბერებული და დასუსტებული ხელები. მაგრამ აღარავინ იყო საცემი და აღარც მუშტებში იყო ძალა.

ორი კვირა მოანდომა მან ამ ორასი ვერსის გავლას. ბოლოს სრულიად ავადმყოფი და დასუსტებული, თავისი სოფლიდან ოთხი ვერსის მოშორებით, აგაშკას გადაეყარა; გოგოს, ვინც მის შვილად ითვლებოდა, თუმცა არ ყოფილა მისი შვილი; ვისაც მან ხელი მოტეხა.

ეგაა, რომ ვერც თვითონ იცნო, არც აქეთ უცნიათ.

 

 

IV

კორნეი ისე მოიქცა, როგორც აგათიამ უთხრა. ზინოვიანთ ეზოს რომ მიაღწია, ღამის გათევა სთხოვა. შემოუშვეს.

ქოხში რომ შევიდა, ჯერ ჩვეულებისამებრ ხატებთან პირჯვარი გადაიწერა და დამხდურებს მიესალმა.

– გაყინულხარ, ბაბუ! მოდი, მოდი ღუმელთან. – უთხრა დანაოჭებულმა, მხიარული სახის ბებერმა დიასახლისმა. თან მაგიდასთან ტრიალებდა.

აგათიას ქმარი, ახალგაზრდა მუჟიკი, მაგიდასთან იჯდა და ლამფაში ზეთს ასხამდა.

– დასველებულხარ კიდეც, ბაბუ! – დაუმატა მან. – სხვა რაღა დაგრჩენია, მოდი, გაშრი.

კორნეიმ ქურთუკი გაიხადა, ფეხზეც გაიძრო, ფეხსახვევი ღუმელის წინ ჩამოჰკიდა და თვითონაც ღუმელს მიუჩოჩდა.

ქოხში აგათია შემოვიდა დოქით ხელში. მან უკვე მოასწრო ნახირის მორეკვაც და დაბინავებაც.

– მოხეტიალე ბერიკაცი არ შემოსულა? – იკითხა მან. – ჩვენთან შემოვიპატიჟე.

– ჰოდა ისიც აგერაა. – უპასუხა მასპინძელმა და ღუმელისკენ მიუთითა, სადაც კორნეი იჯდა და გაძვალტყავებულ ფეხებს იმშრალებდა.

ჩაიზე კორნეისაც მოუხმეს. მან გაიჩოჩა მაგიდის კიდისკენ.

ჩაით სავსე ფინჯანი და შაქრის ნატეხი მოართვეს.

საუბარი ჩამოვარდა ამინდზე, მოსავლის აღებაზე. პური ვერ დაუბინავებიათ. მემამულეებს თივა დაუგროვდათ ყანებში. დაიწყებენ გატანას და ისევ წვიმა მოდის. მუჟიკებმა გაზიდეს. ბატონებს კი აუშმორდათ. ძნები მინდვრის თაგვებით და თრიებით აივსო.

კორნეიმ უამბო თივით სავსე ყანების შესახებ, გზაზე რომ ნახა. აგაშკამ მეხუთედ გაუვსო ფინჯანი ყვითელი ჩაით და მოართვა.

– არაფერია, დალიე, ბაბუ, შეგერგოს. – უთხრა მან მოხუცს უარის პასუხად.

– რა გჭირს ამ ხელზე? – ჰკითხა ბერიკაცმა, – არ გემორჩილება როგორღაც. – თან ფრთხილად

ჩამოართვა გავსებული ფინჯანი და წარბები გაატოკა.

– სულ პატარა იყო, რომ მოამტვრიეს. – მიუგო ენაწყლიანმა დედამთილმა. – მამამისს ჩვენი აგაშკას მოკვლა სურდა.

– კი, მაგრამ რატომ? – იკითხა კორნეიმ და გოგოს რომ შეხედა სახეზე, უცებ ევსტიგნეი ბელი მოაგონდა, ცისფერთვალება. ხელი, რითაც ფინჯანი ეკავა, ისე გაუტოკდა, რომ ნახევარი ჩაი დაექცა.

– გვყავდა გაიში ასეთი კაცი, მამამისი. კორნეი ვასილიევი ერქვა. მდიდარი იყო. ისე გაამაყდა, რომ სასტიკად სცემა ცოლი და ბავშვი კი დაასახიჩრა.

კორნეი დუმდა. წარბები გამალებით უტოკავდა. ხან დედაბერს შეხედავდა, ხან აგაშკას.

– რისთვის ნეტავი? – იკითხა და შაქარი მოკვნიტა.

– ვინ იცის. ჩვენს დაიკოზე ათას რამესა ჰყვებიან და ახლა შენ არკვიე. – ამბობდა დედაბერი. – მოურავის გამო მოხდა იქ რაღაცა. ახალგაზრდა მოურავი იყო, კარგი ბიჭი, ჩვენი სოფლელი. იქვე მოკვდა, მათ სახლში.

– მოკვდა? – ჩაეკითხა კორნეი და ჩაახველა.

– დიდი ხანია... მათგან წამოვიყვანეთ ჩვენი რძალი. კარგად ცხოვრობდნენ. პირველნი იყვნენ სოფელში, სანამ პატრონი იყო ცოცხალი.

– მას რაღა მოუვიდა? – ჰკითხა კორნეიმ.

– ისიც მოკვდა, ეტყობა. იმ დღიდან გაქრა. თხუთმეტი წელი იქნება.

– არა, მეტი. დედიკო მეტყოდა ხოლმე, ძუძუს სულ ახალი მოწყვეტილი მყავდიო.

– მერე? შენ გამწარებული არა ხარ მასზე, ხელი რომ... – დაიწყო კორნეიმ და უცებ დაისლუკუნა.

– განა ის უცხო ვინმეა, ის ხომ მამაა? კიდევ დალიე, გათბები. დაგისხა?

კორნეის პასუხი არ გაუცია. ის სლუკუნით ტიროდა.

– რა დაგემართა?

– არაფერი, ეს ისე... ღმერთო, შენ გვიშველე!

კორნეი აკანკალებულ ხელებით სვეტს და ფიცარნაგს მოეჭიდა და დიდი, გალეული ფეხებით ღუმელზე აძვრა.

– ერთი ამას დამიხედეთ. – უჩურჩულა დედაბერმა ვაჟს და თვალით ბერიკაცზე ანიშნა.

 

V

მეორე დღეს კორნეი ყველაზე ადრე ადგა, ღუმელიდან ჩამოძვრა, გაფშვნიტა გამხმარი ტანსაცმელი და ფეხსახვევი, გაჭირვებით მოირგო გახეშეშებული ჩექმები და თოფრაქი გადაიკიდა.

– რაო, ბაბუ, გესაუზმა ბარემ. – უთხრა დედაბერმა.

– მადლობელი ვარ. წავალ აწი მე.

– გუშინდელი კვერები მაინც წაიღე, თოფრაქში ჩაგილაგებ. კორნეიმ მადლობა უთხრა და დაემშვიდობა.

– შემოიარე, როცა მობრუნდები. ღვთის წყალობით, ცოცხლები ვიქნებით...

ეზოში შემოდგომის მძიმე ბურუსი იდგა. თითქმის ბნელოდა. მაგრამ კორნეიმ კარგად იცოდა გზა, მისი ყოველი აღმართდაღმართი, ყოველი ბუჩქი, ყოველი წნორი. ტყეებიც იცოდა აქაური, ამ მხარისაც და იმ მხარისაც. თუმცა ამ ჩვიდმეტი წლის მანძილზე ბებერი ხეები მოუჭრიათ და განუახლებით; ნორჩები კი გაზრდილან და დაბერებულან.

სოფელი გაი იგივე დარჩენილა, რაც იყო. მხოლოდ აქა-იქ ახალი სახლები ჩანდა. ზოგი მათგანი უწინ არ იყო. ზოგი კი ხისა იყო, აგურისა კი გამხდარიყო. კორნეის ქვის სახლი იგივე დარჩენილა, ოღონდ დაძველებულა. სახურავი დიდი ხნის შეუღებავი ჩანდა. კუთხეში აქა-იქ აგურიც ჩამოცვენილიყო. პარმაღიც ოდნავ დაქანებულიყო.

თავის ყოფილ სახლს რომ უახლოვდებოდა, მოჭრიალე ჭიშკრიდან ფაშატიანი ჭაკი გამოვიდა – ბებერი ლურჯა ლაფშა და ნაგრამი. ბებერი ლურჯა იმ ჭაკის ნამდვილი ასლი იყო, კორნეიმ რომ ჩამოიყვანა ბაზრობიდან, წასვლამდე ერთი წლით ადრე.

«ეს სწორედ ის უნდა იყოს, მას რომ მუცელში ჰყავდა მაშინ. ისეთივე დაბალი თეძო, იგივე ფართო მკერდი და ბანჯგვლიანი ფეხები» – გაიფიქრა მან.

ცხენებს შავთვალა ბიჭუნა დასარწყულებლად მიერეკებოდა. ბიჭს ახალი ქალამნები ეცვა. «ჩემი შვილიშვილი უნდა იყოს, ფედკას ვაჟი, ესე იგი. მას ჰგავს, შავთვალა» – ფიქრობდა კორნეი.

ბიჭმა ერთი კი შეხედა უცნობ ბერიკაცს და მალევე გაეკიდა ტალახში შეყოვნებულ ფაშატს. ბიჭს ძაღლი მოსდევდა, ისეთივე შავი, როგორც მათი ძველი მგელუკა.

«ნუთუ მგელუკაა?» – გაიფიქრა მან და იანგარიშა: ის ახლა ოცი წლისა უნდა ყოფილიყო.

პარმაღს მიაშურა და გაჭირვებით ამოიარა საფეხურები. აი აქ იჯდა მაშინ, როცა მოაჯირიდან თოვლი მოხვეტა და პირში ჩაიტენა. კორნეიმ კარი გააღო და წინკარში შევიდა.

– რას მოძვრები უკითხავად? – მოისმა ქალის ხმა ქოხიდან. მიხვდა, ვისი ხმაც იყო. აჰა ისიც – გამომშრალმა, დაძარღვულმა, დანაოჭებულმა დედაბერმა თავი გამოჰყო კარიდან. კორნეი ელოდა იმ ახალგაზრდა, ლამაზ მართას, ვინც შეურაცხჰყო იგი. მას სძულდა ის ქალი და სურდა გაეკიცხა. მაგრამ მის მაგივრად წინ ვიღაც დედაბერი ედგა.

– ოჰო, მოწყალება? შენც ფანჯარასთან ითხოვე. – ცივად დაიწრიპინა მან.

– მე მოწყალება არ მინდა. – მიუგო კორნეიმ.

– მაშ რა გინდა? რაღაზე მოსულხარ?

ეს თქვა და უცებ შეჩერდა. კორნეი მისი გამომეტყველებიდან მიხვდა: ის იცნეს.

– ათასი დაწანწალებს შენისთანა. გაუტიე აქედან. ღმერთი იყოს შენი მფარველი.

კორნეი კედელთან აიტუზა, ჯოხს დაეყრდნო და დაჟინებით ჩააცქერდა დედაბერს სახეში.

გაუკვირდა, რომ გულში აღარ იყო ძველი ბოღმა; სიძულვილი, ამდენი წელი რომ ატარა. უცებ რაღაც გულის ამაჩუყებელმა სისუსტემ მოიცვა მისი არსება.

– მართა, მოდი შევრიგდეთ.

– გაუტიე, გაუტიე, ღვთის მადლით. – სწრაფად და მტრულად უპასუხა დამხდურმა.

– მეტს არაფერს იტყვი?

– რაღა უნდა ვთქვა? გაუტიე, ღმერთმანი. ბევრი დაეხეტება შენნაირი, ეშმაკეული, მუქთამჭამელა.

ის სწრაფი ნაბიჯებით შებრუნდა ქოხში და კარი მიიჯახუნა.

– რატომ ლანძღავ? – მოისმა მამაკაცის ხმა და კარებში შემოვიდა ქამარში ნაჯახგარჭობილი შავგვრემანი მუჟიკი; ისეთივე, როგორიც იყო კორნეი ამ ორმოცი წლის წინათ. ოღონდ ცოტათი მომცრო ტანისა და გაცილებით გამხდარი. თვალები მასავით შავად უელავდა.

ეს სწორედ ის ფედკა იყო, ვისაც მან ჩვიდმეტი წლის წინ სურათებიანი წიგნაკი აჩუქა. ეს მან

უსაყვედურა დედას, ვინც არ შეიბრალა უპოვარი. მასთან ერთად, მასავით ქამარში ნაჯახგარჭობილი, შემოვიდა მუნჯი ძმისწული. ახლა ის დიდი, ქოსაწვერა, ნაოჭებიანი, დაძარღვული მამაკაცი იყო. გრძელი კისერი და მტკიცე, გამჭოლი მზერა ჰქონდა. ორივე მუჟიკს ესეც იყო ესაუზმა და ახლა ტყეში გადიოდნენ.

– ახლავე, ბაბუ. – თქვა ფიოდორმა და მიუთითა მუნჯს ჯერ ბერიკაცზე, შემდეგ ოთახზე და ხელით უჩვენა, თუ როგორ ჭრიან პურს. თვითონ ქუჩაში გავიდა, მუნჯი კი ქოხში მობრუნდა.

კორნეი იდგა და იდგა თავჩაქინდრული, კედელზე ატუზული და ჯოხზე დაყუდებული. დიდ სისუსტეს გრძნობდა და ძლივს იკავებდა ქვითინს. მუნჯი გამოვიდა ქოხიდან ცინცხალი შავი პურის დიდი, სურნელოვანი ნაჭრით, პირჯვარი გადაისახა და კორნეის გაუწოდა.

როცა კორნეიმ პური გამოართვა და ასევე პირჯვარი გადაიწერა, მუნჯი ქოხისკენ წავიდა, ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა, თითქოს უნდა გადანერწყვოსო. ამით გამოხატავდა საყვედურს ბიცოლასადმი. უცებ გაშეშდა, პირი დააღო, კორნეის მიაშტერდა, თითქოს იცნოო.

კორნეის აღარ შეეძლო ცრემლების შეკავება, ხიფთანის კალთა აიფარა სახეზე, მუნჯს ზურგი აქცია და პარმაღზე გავიდა. ის გრძნობდა რაღაც განსაკუთრებულ, გულის ამაჩუყებელ,

აღტაცებულ სურვილს შერიგებისა, თავის დამდაბლებისა ადამიანების წინაშე, მართას წინაშე, შვილის წინაშე, ყველა ადამიანის წინაშე და ეს გრძნობა სიხარულითა და ტკივილით უწეწავდა სულსა და გულს.

მართა ფანჯრიდან იყურებოდა და მშვიდად მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა ბერიკაცი სახლის კიდეს გასცდა და გაუჩინარდა.

როცა დარწმუნდა, რომ ბერიკაცი წავიდა, მართა დგანს მიუჯდა და ქსოვას შეუდგა. ბარე ათჯერ სცადა, მაგრამ ხელები აღარ ემორჩილებოდა. მერე გაჩერდა და ჩაფიქრდა. სცადა გაეხსენებინა, როგორი იყო წეღან კორნეი. იცოდა, რომ ეს ის იყო; სწორედ ის, ვინც ჰკლავდა მას, ხოლო მანამდე უყვარდა იგი. შეძრწუნებული იყო თავისი წეღანდელი მოქმედებით. არა, ის არა ჰქნა მან, რაც ეგების. მაგრამ როგორღა უნდა მოქცეულიყო? აკი მას არ უთქვამს კორნეი ვარო და დავბრუნდიო.

ამ ფიქრების მერე ისევ მიუბრუნდა მაქოს და საღამომდე ქსოვდა.

 

VI

საღამოთი კორნეიმ ძლივძლივობით მიაღწია ანდრეევკამდე და ისევ სთხოვა ზინოვიევებს ღამის გასათევი. მაშინვე კარი გაუღეს.

– რაო, ბაბუ, არ განაგრძე გზა?

– არა, დავსუსტდი. როგორც ჩანს, უკანვე დავბრუნდები.

ღამეს გამათევინებთ?

– ერთ ადგილას ვერ მოგისვენია. მოდი, გათბი.

მთელი ღამე ციებ-ცხელება ტანჯავდა. მხოლოდ გამთენიისას თვალები მილულა. როცა გამოეღვიძა, ყველანი თავ-თავის საქმეზე წასულიყვნენ. ქოხში მხოლოდ აგათია დარჩენილიყო.

ბერიკაცი ღუმელზე იწვა. ქვეშ მშრალი ხიფთანი ეგო, დედაბერმა რომ დაუფინა. აგათიას პურები ამოჰქონდა თონიდან.

– ჭკვიანო გოგოვ, – უხმო მოხუცმა მისუსტებულ ხმით, – მოდი ჩემთან.

– ახლავე, ბაბუ. – უპასუხა გოგომ. თან პურების ამოყრას განაგრძობდა. – ხომ არ გწყურია? იქნებ ბურახი გესიამოვნოს.

ბერიკაცს ხმა არ გაუცია.

როცა ბოლო პური ამოიღო, გოგო მივიდა ბერიკაცთან და ჩამჩით ბურახი მიუტანა. ბერიკაცი არ მობრუნებულა მისკენ და არ დაულევია. როგორც გულაღმა იწვა, ისევე დარჩა და ლაპარაკი დაიწყო:

– გაშა, – თქვა წყნარად, – ჩემი აღსასრული მოვიდა. სიკვდილი მინდა. მაპატიე, ღვთის გულისთვის.

– ღმერთი გაპატიებს. მე რა, შენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებია.

ბერიკაცი გაჩუმდა.

– და კიდევ აი რა: გამეგზავნე, ჩემო ჭკვიანო, დედაშენთან; უთხარი... ის მაწანწალა-თქვა... გუშინდელი მაწანწალა-თქვა...

მან სლუკუნი იწყო.

– განა შენ ჩვენებთან იყავი?

– ვიყავი... უთხარი, გუშინდელი მაწანწალა... მაწანწალათქვა... ისევ ქვითინი მოერია. ბოლოს ძალა მოიკრიბა და დაასრულა: ის გამოსამშვიდობებლად მოვიდა-თქვა.

მოხუცმა უბეში რაღაცის ძებნა დაიწყო.

– ვეტყვი, ბაბუ, ვეტყვი. მანდ რას ეძებ?

მოხუცს არაფერი უთქვამს. დაძაბვისგან სახე დაეჭმუხნა. ბოლოს თავისი მჭლე და ბალნიანი ხელით დაკეცილი ქაღალდი ამოიღო უბიდან და გოგოს გაუწოდა.

– აი ეს მიეცი იმას, ვინც გთხოვს. ჩემი სალდათობის ბილეთია. მადლობა ღმერთს, ცოდვები მომეხსნა.

მისმა სახემ საზეიმო გამომეტყველება მიიღო. წარბებმა აიწია. თვალები ჭერს მიაცივდა. ის დადუმდა.

– სანთელი! – ჩაილაპარაკა ისე, რომ ტუჩები არ გაუტოკებია.

აგათია მიხვდა. ხატებიდან მომწვარი ცვილის სანთელი აიღო, მოუკიდა და მიაწოდა. ბერიკაცმა ცერათითი შემოაჭდო და ისე დაიკავა.

აგათია წავიდა და მისი ბილეთი სკივრში შეინახა. როცა უკან მობრუნდა, მოხუცს სანთელი ხელიდან უვარდებოდა. გაშეშებული თვალები უკვე ვეღარაფერს ხედავდნენ. მკერდი აღარ სუნთქავდა. აგათიამ პირჯვარი გადაისახა, სანთელი ჩააქრო, სუფთა ხელსახოცი გამოიტანა და სახეზე დააფინა.

მართას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, სულ კორნეიზე ფიქრობდა. დილას ზუბუნი ჩაიცვა, თავშალი დაიხურა და წავიდა იმის გასაგებად, თუ სადაა გუშინდელი ბერიკაცი. ძალიან მალე შეიტყო, რომ მოხუცი ანდრეევკაშია. მართამ წნული ღობიდან ჯოხი გამოაძრო და გაუდგა გზას ანდრეევკასკენ. რაც უფრო უახლოვდებოდა სოფელს, მით უფრო შიში იპყრობდა. «გამოვემშვიდობები, სახლში წავიყვანთ, ცოდვას ავუშვებთ. დაე მოკვდეს მაინც თავის სახლში, თავის ვაჟთან.» – ფიქრობდა იგი.

როცა ქალიშვილის ეზოს მიადგა, ქოხთან ხალხის გროვა დაინახა. ერთნი წინკარში იდგნენ,

მეორენი ფანჯარასთან. უკვე ყველამ იცოდა, რომ სწორედ ის, სიმდიდრით განთქმული კორნეი ვასილიევი, ვინც ოციოდე წლის წინათ მთელ ოლქში ჰქუხდა, ღატაკ მწირად მოკვდა ქალიშვილის სახლში. ქოხიც ხალხით იყო გავსებული. ქალები ჩურჩულებდნენ, მერე სულს მოითქვამდნენ და ამოიოხრებდნენ.

მართა ქოხში შევიდა. ხალხი გაიწ-გამოიწია და გზა დაუთმო. ხატებს ქვემოთ ესვენა განბანილი, მოწესრიგებული, სუდარაგადაფარებული მკვდარი სხეული. მის თავზე საქმის მცოდნე ფილიპ კონონიჩი, მედავითნეთა მიბაძვით, ფსალმუნებს გალობდა.

უკვე შეუძლებელი იყო არ მიეტევებინა. არც ის, რომ პატიება არ ეთხოვა. მაგრამ კორნეის მკაცრი, მშვენიერი, დაბერებული პირისახის მიხედვით ვერ მიხვდებოდით: ჰპატიობდა იგი ბოლოს და ბოლოს, თუ ისევ განრისხებული იყო.

1905–1906 წწ.

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ნახვა: 19

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters