აკა მორჩლაზე - თეატრი

   განა მოულოდნელობაა, რომ ხალხის ქალაქში შეიქმნა თეატრი; მოვიდა თეატრი, რომელმაც გადარია ქვეყანა და რომელმაც ლამის რელიგიის ფორმა მიიღო. პირველი ქართული პროფესიული თეატრალური დასი. ლამაზები, კარგები, მონდომებულები, საყვარლები. ნამდვილი ქართველი მსახიობები, მათგან ნასროლი სიტყვა, იმედისა და ერთობისა, პატიოსნებისა, სიყვარულისა. ეს საოცრება იყო. არა იმიტომ, რომ ისინი დიდი მსახიობები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთრივ თეატრი ნიშნავდა საქართველოსთვის ერთ ახალ გზას, ერთ ახალ ამოსუნთქვას, დიდსა და უსასრულოს.

იყო ასეთი დრო, რომ საქართველოში ყოველ შესახვევში თეატრი იყო. ის, რაც ადრე ხასიათში ჰქონდა ქართველობას, წარმოდგენის უნარი და სურვილი, ახლა გამხდარიყო საყოველთაო. მაგრამ იქამდე იყო ის პირველი პროფესიული დასი. ის შეიქმნა იმ დროებაში, როცა „დროება“ წერდა დასაწერს, როცა დასრულდა რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი, როცა საქალაქო რეფორმამ მისცა ხალხს ამოსუნთქვა.
   ჰოდა, მხოლოდ თბილისით ნუ შემოვსაზღვრავთ. ეს საქართველოს დასი იყო. პირველი ქართული თეატრალური დასის პირველი გასტროლები იყო განუმეორებელი ამბავი. ნამდვილი ჩვენებური გულის ამბავი.
დასმა პირველი წარმოდგენები გაზაფხულზე გამართა თბილისში, ზაფხული კი საგასტროლოდ აირჩია. მარშრუტი გრძელი გამოდიოდა და ლამის მთელ ზაფხულს დაიჭერდა: გორი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და მერე უკანა გზაზე ისევ ფოთი, ისევ ქუთაისი და ასარჩევად, ან ბორჯომი, ანდა ახალციხე. ეს თეატრალური დასი ისედაც დიდი არ იყო და გასტროლებისთვის სულ ცხრა მსახიობი იყო მზად - ხუთი კაცი და ოთხი ქალი. გასტროლების წინ კი ისეთი ვითარება შეიქნა, რომ რეჟისორმა და დასის საძირკვლის ჩამყრელმა გიორგი თუმანიშვილმა წაყოლა ვერ შეიძლო. კაცები და ქალები-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ჩვენში ბიჭებს და გოგოებს უფრო ეძახიან ამ ასაკის ხალხს. დასის უფროსი წევრი 27 წლისა იყო, დანარჩენები ოცი-ოცდაორისანი იქნებოდნენ. მოკლედ, საგასტროლო გუნდში შედიოდნენ ვასო აბაშიძე, ასიკო ცაგარელი, ზაალ მაჩაბელი, ნოდარ ჯორჯაძე, კოტე ყიფიანი, ბაბო კორინთელი, მაშო ყიფიანი, ნატო გაბუნია და მაკო საფაროვა. ეს ცხრა ადამიანი თამაშობდა სპექტაკლებს და, თუ საჭირო შეიქნებოდა, შეიძლებოდა გზადაგზა ვიღაცეების დამატება, ეს იოლი იყო ხოლმე მაშინ. მაგალითად, ქუთაისში კოტე მესხი დაემატებოდა ხოლმე და ასე. სცენის მოყვარეებს რა დალევდა საქართველოში, სცენაზე გაგოგმანების მსურველიც ბევრი იყო.
დასს თან ახლდა სუფლიორი - გიგო ყიფშიძე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი, კარგი მთარგმნელი, სხვათა შორის, იმიტომ, რომ მაშინ ყველა თარგმნიდა, კარგი კი სულ ერთი-ორი იყო. გიგო ყიფშიძე „ივერიაში“ ილიას მარჯვენა ხელი იყო წლების მანძილზე, ძალიან კარგი კაცი და სცენით აღტაცებული.
   როგორც ყველა ნამდვილ დასს, ამ დასსაც ჰყავდა თავისი ადმინისტრატორი, ეს იყო ადამ ჩუბინაშვილი; და, რაც მთავარია, დასს ჰყავდა პარიკმახერი. დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, გრიმიორი და ვიზაჟისტი. ეს იყო დავით ამირეჯიბი. მოკლედ, იმნაირი გვარ-სახელის ხალხი შეყრილიყო ამ დასში, რომ მათით თავად-აზნაურთა საკრებულოს დაკომპლექტება შეიძლებოდა. ეს იყო ღარიბი, თუმცა ძალიან კარგი და მხიარული დასი. აშკარა იყო, რომ მოგზაურობა იქნებოდა ძალიან მხიარული და სასიამოვნო. ეს იყო საექსკურსიო-შემეცნებითი სულის მატარებელი გასტროლი, იმიტომ, რომ ბევრი რამ თვითონ დასის წევრებისთვისაც აღმოჩნდა მოულოდნელი და სასიამოვნო და ძალიან გააფართოვა ამ ახალგაზრდების თვალსაწიერი. ასე იყო მაშინ საქართველოში.
როგორღაც ისე გამოდგა, რომ ზღვა არც ერთს არ ჰქონდა ნანახი.
მათ მთავარ ბარგს შეადგენდა ორი დიდი ზანდუკი. იქ ეწყო რეკვიზიტი და მერე გიორგი თუმანიშვილი ატანდა მატარებელს, თუკი რამ კიდევ დასჭირდებოდათ. პირველი გაჩერება იყო გორი, თბილისელებისთვის ყველაზე ახლო ქალაქი და ნატო გაბუნია საერთოდაც გორელი იყო და ძალიან ბევრი ამხანაგი ჰყავდათ მსახიობებს ამ ქალაქში.

   ერთი დელიკატური მომენტი ის იყო, რომ უბირი ხალხი და არაუბირი ტრადიციონალისტები ამბობდნენ, ქალის სცენაზე გამოსვლა არ შეიძლებაო, და ეს გოგოები ამ მხრივ ნამდვილი გმირები იყვნენ. გორი, საერთოდ, ერთ-ერთი აკვანია ქართული თეატრისა. ჰოდა, პირველი პროფესიული დასის პირველი ჩამოსვლა ამ ქალაქში გადაიქცა ნამდვილ საქალაქო ფესტივალად. ძალიან ბევრი მეგობარი დახვდათ სადგურზევე, რაც სრულიად არ იყო მოულოდნელი. მგონი, იმპერატორი რომ ჩამოსულიყო გორში, ამდენი ხალხი მაინც არ გამოვიდოდა სადგურზე, და იქვე დაიწყო ქართული გაწევ-გამოწევა, შენ ჩემთან დარჩი, შენ ჩემთან წამოდი და მთელი ამბავი. დასისთვის ბინა-ბინა დაყოფა არ შეიძლებოდა. ვითარება ისეთი იყო, რომ ამ მასპინძლობაში ერთმანეთს დაკარგავდნენ. საცხოვრებლად სამი ოთახი შეურჩიეს ზუბიაშვილების სახლში, რომელიც მერე მირზოევის ხელში გადავიდა. ასე ნაწილდებოდნენ: გოგოები ცალკე, ბიჭები ცალკე. რაღაც ძალიან ახალგაზრდული ამბავი იყო. სამი ოთახი საკმარისი იყო, ერთ ათ დღეს რჩებოდნენ გორში. თანაც, გამოსადეგი დარბაზი იყო საძებარი. მაშინ თეატრალური დარბაზები ქალაქებში არ იყო. ამ გასტროლების დროის დარბაზები და სცენები ძალიან შორსა დგას ნამდვილი თეატრალური დარბაზებისგან. მიმსგავსებულიც კი არ არის. საწარმოდგენოდ შესაძლოა რესტორანიც გამომდგარიყო, ან სკოლის დარბაზი. იპოვეს სათამაშო ადგილი გორის ძველ ხიდთან, როტონდა ერქვა და იქ მართავდნენ წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ.
   მოგეხსენებათ, საქართველოში როგორი დახვედრა და მასპინძლობა იციან და მით უმეტეს, ასეთი პირველი და თავისებურად უნიკალური მოვლენისა როგორი იქნებოდა. გორში მაშინ დრამატურგებიც კი ცხოვრობდნენ, დღეს დავიწყებულნი. მაგალითად, აღალო თუთაშვილი, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყავი გაიძრო. ასიკო ცაგარელი იგონებს: ძალიან უცნაური გასტროლი იყო, ფული არაფერში არ გვეხარჯებოდა, თუ ჩვენთვის რამეს არ ვიყიდდით ჩუმად, ვთქვათ, კეპს ან ჟილეტს, თორემ გვერდზე ვინ გაგვახედებდაო. ბილეთებზე იყო ნამდვილი წყვეტა. ისინი თამაშობდნენ ყოველდღე. მოუწიათ. შემოსავალი რჩებოდა დასს და ნაწილდებოდა, ხოლო ჭამა და ღამის გასათევი გამოდიოდა უფასო. ვინ იკადრებდა, გადაეხდევინებინა. იმხელა სიხარული იყო.
   ადამიანები მიდიოდნენ ამ წარმოდგენებზე, როგორც ჯადოსნობაზე.
აღალო უმართავდა ყოველდღე სადილებს, უკვე ეუხერხულებოდათ, ისე იხარჯებოდა. მთელი გორი ფეხზე იდგა - აბა, რა გჭირდებათ, აბა, როგორ გინდათ, აბა, სცენის ამბავი - ფარდა, მე მოვიტან ფარდას, შევკერავ. ასეთი ვითარება იყო. თეატრი ქმნიდა რაღაც ერთობას, მთელ ქალაქებს აერთიანებდა ხოლმე ძალიან უბრალო და ხალისიანი წარმოდგენების გარშემო. ნიკო დიასამიძე იყო ცნობილი გორელი მემამულე. ივანე მაჩაბლისა და აკაკის მეგობარი და ცნობილი თავისი სიფიცხით. მგონი, აკაკის სახუმარო ლექსიცა აქვს მის სიფიცხეზე. ფიცხი და პირდაპირ მთქმელი კაცი, რომელთან ლაპარაკიც ყველას უჭირდა. ჰოდა, ეს კაცი, როგორც მოსამსახურე, აყუდებული იყო ყოველდღე თავის მოურავთან ერთად ზუბიაშვილების სახლის წინ და როგორც კი ფანჯარაში გამოჩნდებოდა რომელიმე მსახიობი, ეძახდა: რა გავაკეთო თქვენთვის, მითხარით, ნუ გერიდებათო.
   გორით დაიწყო და აბა, ლიხს იქით როგორია. კოტე ყიფიანის გარდა, ყველანი პირველად ხედავდნენ იქეთა საქართველოს და თან მატარებლის ფანჯრიდან. ქუთაისისკენ სვლა, იმერეთის ბუნება და გორული ძღვენით გამოტენილი კუპეები. გორელებმა ხომ უხვად იციან ხოლმე. შეიძლება მრავალფეროვანი არ იყოს, მაგრამ რაც არის, ძალიან უხვი და ბარაქიანია. მგზავრობას თან ახლდა გადასარევი ქართლური ღვინოებიც და, მოკლედ, ეს იყო ერთი სიამოვნება. თანაც, იქ რომანები იყო გაბმული, ვასოს და მაკო საფაროვას ერთმანეთი უყვარდათ. მაგრამ ესე ყოველი დაავიწყდათ, როცა იხილეს ქუთაისის სადგური. იქ იყო კივილი და თაიგულების ყრა. კოტე მესხი სადგურში მივიდა მატარებლის ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე და მთელი ეს დრო ხალხის მწყობრად დაყენებას შეალია. მოწაფეები, ბარიშნები, აზნაურიშვილები, აფიცრები, ვაჭრები და დღესასწაული.
   იმ დროის ქუთაისი იყო სრულიად განსაკუთრებული ქალაქი და ყველაზე მოწინავეც მაშინდელ საქართველოში; საკმაოდ შეძლებულიც და მშვენივრად აწყობილი ქალაქი. იქ ცხოვრობდა ინტელიგენცია და ბურჟუაზია.
სასტუმრო საუკეთესო, რაღა თქმა უნდა, სართული გადაკეტილი. ეს იყო ბულვარის კიდეზე, და მგონი სასტუმროს ერქვა „ივერია.“ მერე იმ ადგილას იყო ხარაზოვის ცნობილი თეატრი. და ქუთაისშიც არ აღმოჩნდა ისეთი დარბაზი, რომ თეატრს ოდნავ მაინც მგვანებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ცირკის შენობა. ცირკის ფიცრული, უფრო სწორად რომ ვთქვათ. ხისგან შეკრული დროებითი ნაგებობა, რომელიც თუნუქით დაეხურათ და ხომ იყო ზაფხული და ძალიან ცხელოდა და ეს თუნუქი ხურდა და მთლად ხელს უთავებდა. ჰოდა, იყო შტოფებით წყლის ჩადგმა, სველი ხელბანდების მოტანა და მთელი ამბავი.
   ქუთაისში რომ „პეპოს“ თამაშობდნენ, ქალაქი ცარიელი იყო. ვინც შიგნით იყო, იყო, ვინც არა და ბულვარში იდგა და უსმენდა ცირკიდან გამომავალ სიცილ-ხარხარს. დახვედრა, რა თქმა უნდა, იყო ინტელიგენტურ-ბურჟუაზიული და აქაც პირველი, რაც გაგვიკვირდა და, გაგვიკვირდა საჭმელების გემოო. სხვანაირი გემო ჰქონდა აღმოსავლეთთან შედარებითო.
იმატებდა და იმატებდა მასპინძლობის რაღაცა გიჟური სურვილი. დილიდანვე ჩამწკრივებული გიმნაზიელები, გოგოები, ბიჭები, ყველანი - რა გავაკეთოთ თქვენთვისო? ცირკში მთელი რემონტი შეიქნა საჭირო, რომელსაც კოტე ყიფიანმა უხელმძღვანელა და მუშაობდნენ სულ მოხალისეები. სცენის მხარე უნდა გარემონტებულიყო, რომ იქ წარმოდგენა გათამაშებულიყო, შპალერის მოტანა, სახლში ჭაღების მოხსნა და იქ ჩამოკიდება. ვინ დაინანებდა? უხაროდა ყველას, იმიტომ რომ ეს მოვლენა იყო. პირველი იყო. უხაროდათ, რომ ხედავდნენ ამ ახალგაზრდა, ლამაზ ხალხს. უკეთესი რა უნდა ენახათ! ერთხელ მოვიდნენ ქუთაისელი ქალები და მოუტანეს მსახიობებს ცხრა ერთნაირი პერანგი, ხელით ნაკერი. შეუკერეს ლურჯი ნაჭრისგან - მეზღვაურებისას ჰგავდაო, ასიკო იგონებს, და მოვერცხლილი ახალციხური ღილებით და თეთრი კანტებით იყო დამშვენებულიო. ამათ ჩაიცვეს, როგორც ფორმა და ასე დადიოდნენ ქუთაისში. სრული აღტყინება და ბედნიერება და ვის რა ეჩუქებინა, აღარ იცოდა. საჩუქრები იყო ისეთიც, რომ მთელი სიცოცხლე გამოჰყვათ ქალებს.
   გზა იდო ბათუმისკენ თუ ფოთისკენ, მაგრამ ბათუმისკენ პირდაპირ ვერ წახვიდოდი: სულ წელიწადი, ცოტა მეტი იქნებოდა, რაც ბათუმი რუსეთის იმპერიას დარჩა თურქეთთან ბოლო ომის შემდეგ და ამიტომ იქით ჯერ რკინიგზა კი არა, კარგი გზაც არ იყო. ბათუმში წასასვლელად ჯერ ფოთში უნდა ჩასულიყავით, იქ დამჯდარიყავით გემზე და ზღვით მიგეღწიათ. ბათუმისა არ იყოს, ფოთიც სწრაფად მშენებარე ქალაქი იყო. მოკლედ, წინ ბევრი საქმე იყო, იმის მიუხედავად, რომ ქუთაისური მასპინძლობის შემხედვარე ამ ქალაქიდან წასვლა ძალიან ჭირდა, მაგრამ რას იზამდი. ჰო, ქუთაისში იქორწინეს ვასომ და მაკომ, იქავე, სასტუმროში. ეს იყო დასის პირველი წყვილი. მეორე წყვილი კი იყო ასიკო ცაგარელი და ნატო გაბუნია. ასე რომ, ყველაფერი მიდიოდა ძალიან მხიარულად და ისე, როგორც მიდის ხოლმე ახალგაზრდებში. ძალიან დასიცხულები მოდიოდნენ ქუთაისიდან, დასიცხულები და დაღლილები. მივიდნენ ფოთში და ფოთმა გააოცა ისინი, იმიტომ, რომ მოხვდნენ იქ, სადაც რიონი უერთდება ზღვას. ჰოდა, გოგოები ძალიან აღელდნენ, თავიდან რიონი ეგონათ ზღვა, იმიტომ რომ ძალიან ფართოვდებოდა იმ ადგილას, სადაც ზღვას უერთდებოდა. ორ კორტოხს არ ვიყავით გაცილებული იქითო და აქეთ კიდევ მოხვდნენ ზღვასთან. ფოთი იყო დახაზული ქალაქი. თბილისს მიჩვეულ ხალხს ფოთი აოცებდა. პატარა კი იყო, მაგრამ სწორი ქუჩებით. ასევე იყო ბათუმიც, რომელიც მერე ნახეს და ნეტა თბილისს ჰქონდეს ასეთი ქუჩები და პარკიო, ამბობდნენ. ამდენი ევროპელი კი, ფოთში რომ ირეოდა, ერთად არასდროს გვენახაო.
ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და მოულოდნელი. თან ზღვა, თან გემები. ბათუმისკენ მავალი გემი სულ სამი იყო. ერთს ერქვა „ბაბუშკა“, მეორეს - „დედუშკა“ და მესამეს - „რიონი“. პატარა გემები იყო და მოძრაობდა როგორც ტრანსპორტი ხალხისათვის ბათუმამდე.
ფოთში იშოვეს სკოლის დარბაზი.
   ქალაქში ორი მაგარი სასტუმრო იყო, ერთი ფრანგებისა - „შარკო“ და მეორე - „ალაინი“, სადაც ესენი დაბინავდნენ. და გამოჩნდა მასპინძელიც, ჯამბაკურ გურიელი, ბრწყინვალე თავადი. ფოთის გასტრონომიამ საერთოდ გადარია გოგო-ბიჭები, იმიტომ რომ აქ უკვე გამოჩნდა მეგრული და გურული ამბები. მაინც ოსმალურიც ერია ჩვენს საკვებში, მაგრამ რაოდენობამ საერთოდ წაგვლეკაო. საუზმეზე მოჰქონდათ ოთხი თავი საჭმელი და სადილზე - რვა. ეს ჩვეულებრივ დღეებში, როცა წარმოდგენა იყო და მათ დროსტარება და ქეიფი არ შეეძლოთ. ჯამბაკურ გურიელს ჰყავდა ცოლი, ელეონორა, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა და ეკითხებოდა, „ჩვენო ლამაზებო, ჩვენო კარგებო, ჩვენო ლამაზებო, ჩვენო კარგებო, რა გაგიკეთოთ?“ - ასე ხვდებოდა საქართველო თავის პირველ დასს თავის ქალაქებში. ერთ დღესაც ჯამბაკურმა გაშალა უგრძესი სუფრა ფოთის პარკში. დაიწყეს და დააღამდათ ამ სუფრაზე და როცა ეგონათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჯამბაკურმა - აბა, ახლა მოვიდა შამპანურის და სხვანაირი დროსტარების ჟამიო და დაიწყეს ნავების ერთმანეთზე გადაბმა და ტივების შეკვრა და აბა, შევცურეთ პალიასტომშიო. ასეთი ქეიფიც მოუწყო ამათ შუა წყალში. ეს იყო მართლა შთამბეჭდავი მსახიობებისთვის, იმიტომ, რომ მსგავს რამეებს აქამდე არასდროს გადაჰყროდნენ.
   ეს იყო პირველი მართლა პოპულარული ხალხი საქართველოში.
ესენი იყვნენ პირველები. დამხვდურები სახეზეც არ იცნობდნენ მათ, მაგრამ რახან ყველაფერი ხდებოდა ბუნებრივად და რახან ეს იყო თეატრი და ხელოვნება, ყველა მოვალედ რაცხდა თავს, მათთვის იმაზე მეტი მიეცა, რაც შეეძლო. იქ იყო ნომრებში პალიასტომის ლოქოს შემოყრა და რაღაც სიგიჟეები. ასე ხვდებოდნენ ღარიბ მოგზაურ არტისტებს საქართველოში.
ისევ პირადი საჩუქრები ჯამბაკურ გურიელისგან და, რა თქმა უნდა, გემი „ბაბუშკა“ და ბათუმი. ხოლო ბათუმი არის სულ სხვა ქალაქი. დიდი ნავსადგური, რუსული ადმინისტრაცია, „ვაენნი გარადოკი“, სადაც არის კარგი ქართული ოფიცრობა. აქ არიან ქართველები, უამრავი უცხოელი და აქ არიან ადგილობრივი მუსლიმი ქართველებიც, რომლებიც სულ ცოტა ხანია, რაც საზღვარს აქეთ მოხვდნენ. ყველაფერთან ერთად ბათუმი არის „პორტო-ფრანკო“, ანუ თავისუფალი ნავსადგური, სადაც არ არის გადასახადი და სადაც ყველაფერი არის წარმოუდგენლად იაფი. უბრალოდ, ჯერ არის ძალიან პატარა და მშენებარე. ცაგარელი იგონებს, ოცი წლის თავზე რომ ჩავედი ბათუმში, ამ ბათუმსა და იმ ბათუმს შორის, მე რომ პირველად ვიყავი, ისეთივე განსხვავება იყო, როგორიც თბილისსა და მცხეთას შორისო. სწრაფად გაიზარდა ეს ქალაქი და „პორტო-ფრანკოც“ ძალიან უწყობდა ამას ხელს იმ საწყის წლებში.
   ასიკო ცაგარელს თავისი ჯავრი ჰქონდა და განსაკუთრებით აღნიშნავს თავის მემუარებში, რომ ფრანგული ბოთლი კონიაკი ერთი მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, როცა თბილისში - ცხრა მანეთი და 50 კაპიკიაო. აი, ასეთი სხვაობა იყო ფასებში. მთელმა დასმა წლობით მოიშორა გარდერობის პრობლემა. ყველამ იყიდა ხუთ-ხუთი ხელი, ქალებმა კი ლამის ათ-ათი ხელი ტანსაცმელი ჩალის ფასად. აი, ასეთი ვითარება იყო. მაინც სამხედრო ქალაქი იყო ჯერჯერობით. ქალაქის თავი, გრადანაჩალნიკი იყო, პოლკოვნიკი ბერსი და ჰყავდა ქართველი ცოლი, ფატი და მათთან ყოფილა უდახვეწილესი საუზმეები. ძალიან კულტურული კაცი იყო ეს პოლკოვნიკი ბერსი. მაგრამ მთავარი ვინმეები მაინც გამოდგნენ პოლიცმეისტერი დურმიშხან ჟურული და მისი ცოლი ქეთევანი. როდესაც გემი მიადგა ნავსადგურს და მსახიობები ნაპირზე გადმოვიდნენ, იქ მდგომმა ჟურულმა უთხრა: მე ვარ ამ ქალაქის პოლიცმეისტერი და მე ვარ თქვენს განკარგულებაში!
დურმიშხან ჟურულს ჰყავდა ვაჟი, გიორგი ჟურული, მერე საკმაოდ ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და ქართული ნაწერების ცენზორი.
გიორგი ჟურული მაშინ იყო მოწაფე, აღტაცებული დასით და ისე მიწებებული ამ დასს, რომ ვერაფრით ვერ ააგლიჯეს იმ ათი დღის განმავლობაში. ბიჭი იყო და დასში კი ოთხივე გოგო კარგი იყო.
   ამ დროს ის უნდა გვახსოვდეს, რომ ფოთიდან ვასო აბაშიძე თბილისში გაბრუნდა, იმიტომ, რომ მამის ავადმყოფობის ამბავი შეატყობინეს. მისი როლები გიგო ყიფშიძემ დაიჭირა, სუფლიორად კი ხან ვის დაიმატებდნენ და ხან ვის და მოხალისე ბათუმშიც ბევრი იყო, იმათ შორის - გიორგი ჟურულიც. და უყურებდა, როგორ ასაჩუქრებდა მთელი ქალაქის ოფიცრობა და ბურჟუაზია ამათ ქალებს და მოუნდა, თვითონაც ეჩუქებინა რაღაც, მაგრამ გიმნაზიელს ჯიბეში იმდენი ფული არ ექნებოდა, რომ რაღაც ფასეული ეჩუქებინა და სახლში გამხელაც არ უნდოდა. ვის უნდა? ჰოდა, მოიგონა, მივიდა საყვავილეში და უთხრა, მამაჩემმა დამაბარა, ძალიან დიდი ყვავილების თაიგული გააკეთონ და გამოგატანონო. ფასი მარტო ყვავილს კი არ ჰქონდა იმ დროში, არამედ ლენტსაც, რომელიც თაიგულს ეხვია და რატომღაც ულენტოდ წამოიღო. თაიგული დამალა, მივიდა ნატო გაბუნიასთან და უთხრა, რომ დედამ გთხოვაო, დღეს ქართული კაბით უნდა მოვიდე სპექტაკლზე და, სცენაზე რომ ვარდისფერი სარტყელი გეკეთა, ის მათხოვეო. ნატომ, რა თქმა უნდა, გაატანა. კი გაუკვირდა, მაგრამ გაატანა.
მიჭრა-მოჭრა ეს სარტყელი გიორგიმ და გაუკეთა ლენტად თაიგულს. მაინც ბიჭი იყო, სულელი. მაინც ბავშვურად შეხედა და ეს თაიგული აჩუქა ნატოსვე. ნატო მოსწონდა, ესე იგი. კი გაუკვირდა ამას, თავისი სარტყელი იცნო. ამასობაში გაბედა მეყვავილემაც და 25 მანეთის ანგარიში, რაც კარგი ფულია, როცა ფრანგული კონიაკი მანეთ-ნახევარი ღირს, წარუდგინა პოლიცმეისტერს.
   გიორგი ჟურული მერე ცოტათი გამსახიობდა კიდეც.
ბათუმში სტამბა არ იყო და მსახიობებიც ხო ჰაიჰარა ხალხია, არ უფიქრიათ და ფოთიდან დაბეჭდილი აფიშები აღარ წამოუღიათ. ამიტომ აფიშები ვერ გააკრეს. გამოსავალი ისევ პოლიცმეისტერმა ჟურულმა იპოვა. თბილისის არ იყოს, ბათუმშიც დადიოდნენ წყლის დამტარებლები, ოღონდ თულუხჩები არ ერქვათ. ესენი ოსმალოები იყვნენ და სწორედ ამათ ასწავლეს მსახიობი ქალების გვარები და სპექტაკლების სათაურები. დადიოდნენ მთელ ქალაქში და დამტვრეული ქართულით ყვიროდნენ: საფაროვა, ყიფიანი, კორინთელი და გოგოებს სახუმარო ჩხუბი მოსდიოდათ, პირველად რომლის სახელი შესძახაო, იმიტომ რომ პირველი დაძახება უფრო ხმამაღალი იყო. დაინახავდნენ ამ წყლის დამტარებლებს და გავარდებოდნენ ხოლმე, ჩუქნიდნენ აბაზიანს, ჯერ ჩემი სახელი თქვიო და ასე აჯავრებდნენ ერთმანეთს. ქართველი ოფიცრობა სჩადიოდა საოცრებებს. როდესაც ქუთაისიდან მოაცილებდნენ დასს, იქ ბევრი მატარებელში შემოხტა და რიონამდე გამოჰყვა. ეს, საერთოდ, ქუთაისური ტრადიციაა, რიონამდე გამოყოლა ბოთლებით, მაგრამ იქ, ვინც მატარებელში ვერ შემოეტია, გამოჰყვნენ ეტლებით რიონამდე და გზადაგზა მოსძახოდნენ კუპეების ფანჯრებში. აი, ასეთი ამბავი იყო იქა. და ახლა ქართველმა ოფიცრობამ რა ქნა ბათუმში: იყო ასეთი კაპიტანი სიმონ აბდუშელიშვილი, ვაჩნაძეები იყვნენ ძმები და კიდევ ერთი იყო - კორინთელი. ქალები ქალაქში მარტო ვერ გადიოდნენ, იმიტომ, რომ ესენი საპატიო ბადრაგად დაჰყვებოდნენ ცხენდაცხენ. პატივისცემის გარდა, იქ, ცხადია, არშიყობაც იყო და თუ ქუთაისლები მატარებელს შემოახტნენ, ესენი ნავებით გამოუდგნენ გემს, როცა დასი უკვე მოდიოდა ბათუმიდან და იყო იქ თაიგულების შეყრა და სხვა ასეთი სიგიჟეები. ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი და ლამაზი.
ბათუმშივე ნახეს მსახიობებმა ქართველი ბეგები, ქართველი მუსლიმები, ქართველი თავადები - თავდგირიძეები, აბაშიძეები, ხიმშიაშვილები.
ჰოდა, შეაქეს. მათ მიიღეს ეს წარმოდგენა, მიუხედავად რელიგიური სიმკაცრისა, ოღონდ კი ღვინოს არა სვამდნენ და გადასარევ ყავაზე გვპატიჟებდნენ ხოლმეო, ძალიან დამახასიათებლად ეცვათ და ძალიან წვრილად და ბრძნულად გვეკითხებოდნენ ყველაფერს აქეთა საქართველოს შესახებ, რომელშიც უკვე თვითონაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ცოტა კი იცოდნენო.
   ერთ ხნიერ და თეთრწვერა ბეგს კი უთქვამს, კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ ეგ თქვენი ქუდები არ მომწონსო, ღორის დრუნჩსა ჰგავსო. მაშინ მოდური კარტუზები ეხურათ. ღორი მუსლიმისთვის, მოგეხსენებათ. მე გაჩუქებთ კარგ ქუდებსო და აჩუქა ოსმალური ფესკები და უთხრა, ამის მოხდა არ შეიძლებაო, ხელი უნდა მიიდო და ისე მიესალმო ყველასო და გვეხურა ჩვენც ეს ქუდები და დავდიოდით ქალაქში და გვეცვა ქუთაისელების შეკერილი ბლუზები და ვიყავით ბედნიერებიო. რა ჯობია ასეთ ბედნიერებას, მაგრამ ბედნიერება წამია და ტანჯვისაც უნდა ითქვას, იმ დროის ერთ-ერთი ტანჯვისაც.

ნახვა: 774

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters