ფრანც კაფკა - თავშესაფარი

ფრანც კაფკა - ამერიკა

ადგილი, სადაც ავტომობილი შეჩერდა, ჩანს, გარეუბნის ერთ-ერთი შორეული ქუჩა იყო, რადგან გარშემო სიჩუმე სუფევდა, ტროტუარის კიდეზე ბავშვები ჩაცუცქულიყვნენ და თამაშობდნენ. ერთი კაცი, რომელსაც ძველი ტანსაცმლის გროვა გადაეკიდებინა მხარზე, რაღაცას გაყვიროდა და თან სახლების ფანჯრებს ათვალიერებდა. დაღლილობისაგან კარლი თავს მოუსვენრად გრძნობდა, როცა ავტომობილიდან დილის მზის თბილი სხივებით გამთბარ ასფალტზე გადმოაბიჯა. – ნამდვილად აქ ცხოვრობ? – შესძახა რობინსონს მანქანაში. რობინსონმა, რომელსაც მთელი გზა მშვიდად ეძინა, გაურკვეველი ბურდღუნით დაუდასტურა და თითქოს ელოდა, როდის გადმოიყვანდა კარლი ავტომობილიდან. – მაშ მე აქ აღარაფერი მესაქმება. კარგად იყავი, – და ის იყო, დაღმართს დაუყვა, რომ რობინსონმა მიაძახა: – კი მაგრამ, კარლ, რას აპირებ? – და აღელვებული მანქანაში წამოიმართა, თუმცა მუხლები ჯერ კიდევ უკანკალებდა. – უნდა წავიდე, – უპასუხა კარლმა, რომელმაც შენიშნა, რა სწრაფად გამოკეთდა რობინსონი. – პერანგისამარა? – ჰკითხა მან.

– პიჯაკის ფულს როგორმე ვიშოვი, – უპასუხა კარლმა, რობინსონს გამამხნევებლად დაუკრა თავი, გამომშვიდობების ნიშნად ხელი მაღლა ასწია და მართლაც წავიდოდა, რომ არა მძღოლის შეხსენება: – ერთი წუთით მოითმინეთ, ბატონო! როგორც გამოირკვა, მძღოლი დამატებით საფასურს ითხოვდა, რადგან სასტუმროს წინ ლოდინიც ფული ღირდა. – ასეა, – მანქანიდან გამოსძახა რობინსონმა და მძღოლის სამართლიანი მოთხოვნა დაადასტურა, – მე ხომ იქ დიდხანს გელოდე. ცოტა კიდევ უნდა დაუმატო. – რა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა მძღოლმა. – ცხადია, ნეტავი კი მქონდეს კიდევ რამე, – და კარლმა ჯიბეები მოიქექა, თუმცა იცოდა, ამას აზრი არ ჰქონდა. – მე მხოლოდ თქვენგან შემიძლია ავიღო ფული, – უთხრა მძღოლმა და ფეხები ფართოდ გადგა, – ავადმყოფ კაცს ვერაფერს მოვთხოვ. შესასვლელში ახალგაზრდა ცხვირმოჭმული კაცი გამოჩნდა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა და მათ საუბარს უსმენდა. ერთი პოლიციელი შემოვლაზე იყო, შენიშნა პერანგისამარა კაცი და შეჩერდა. რობინსონმა, რომელმაც ასევე შენიშნა პოლიციელი, დაუფიქრებლად გამოსძახა ავტომობილის ფანჯრიდან: – ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი რიგზეა! – თითქოს შეიძლებოდა, ბუზივით მოეგერიებინა პოლიციელი. ბავშვებმა, რომლებიც პოლიციელს აკვირდებოდნენ, ახლა კარლსა და მძღოლსაც მიაქციეს ყურადღება და მათთან მიირბინეს. მოპირდაპირე ჭიშკარში მოხუცი ქალი იდგა და მათ მისჩერებოდა. – როსმან! – მოისმა მაღლიდან. ეს დელამარში იყო, რომელიც ბოლო სართულის აივნიდან იძახდა. ცის მოთეთრო ფონზე ბუნდოვნად ჩანდა, ეტყობა, დილის ხალათი ეცვა და თეატრალური ბინოკლით ათვალიერებდა ქუჩას. მის გვერდით წითელი ქოლგა იყო გაშლილი, რომლის ჩრდილშიც თითქოს ქალი იჯდა, – ალო, – გადმოსძახა ხმამაღლა, რომ ქვემოთ გაეგონათ, – რობინსონიც მანდ არის?

– დიახ, – უპასუხა კარლმა, რასაც რობინსონის უფრო ხმამაღალი «დიახ» მოჰყვა მანქანიდან. – ალო, – გამოეპასუხა დელამარში, – ახლავე ჩამოვალ! რობინსონმა მანქანიდან თავი გამოყო, – აი, მესმის კაცი! – დელამარშის მისამართით გამოთქმული ეს ქება მიმართული იყო კარლის, მძღოლის, პოლიციელისა და ყველას გასაგონად, ვინც კი ამას გაიგონებდა. ზემოთ, აივანზე, საითაც დაბნეულობის გამო ჯერ კიდევ იყურებოდნენ, თუმცა დელამარში უკვე წამოსული იყო, ქოლგის ჩრდილს გამოეყო ვეება ქალი წითელ თავისუფალ კაბაში, მოაჯირიდან ბინოკლი აიღო და ქვემოთ მდგომთ გადახედა, რომლებმაც მას თანდათან თვალი მოაშორეს. დელამარშის მოლოდინში კარლი ჭიშკარსა და ეზოში იყურებოდა, სადაც თითქმის უწყვეტ მწკრივად მისდევდნენ ერთმანეთს მტვირთავები; ყოველ მათგანს მხარზე მომცრო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ძალზე მძიმე ყუთი ჰქონდა შემოდგმული. მძღოლი თავის მანქანასთან მივიდა და, დრო რომ ამაოდ არ დაეკარგა, ჩვრით შუქფარების წმენდა დაიწყო. რობინსონი დაკვირვებით ისინჯავდა სხეულის ნაწილებს, გაკვირვებული ჩანდა, რომ ტკივილები მაინცდამაინც არ აწუხებდა, და თავდახრილი ფრთხილად შეუდგა ფეხზე შემოხვეული სქელი სახვევის შემოხსნას. პოლიციელს თავისი შავი ხელკეტი ორივე ხელით ეჭირა და ჩუმად, დიდი მოთმინებით იცდიდა, რაც პოლიციელისათვის ყველა შემთხვევაში აუცილებელია, – გინდ ჩვეულებრივი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გინდ ჩასაფრებისას. ამოჭმულცხვირიანი ახალგაზრდა ჭიშკრის ქვაზე ჩამოჯდა და ფეხები წინ გაიშვირა. ბავშვები ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდნენ კარლს; მიუხედავად იმისა, რომ იგი ყურადღებას არ აქცევდა, თავისი ცისფერი პერანგის გამო იქ მყოფთ შორის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანდა. დელამარშის ჩამოსვლას საკმაო დრო დასჭირდა, რაც სახლის სიმაღლეზე მეტყველებდა; დელამარში კი მარდად ჩამოვიდა, ხალათის კალთები თავისუფლად უფრიალებდა, – ბოლოს და ბოლოს, მოხვედით, – წამოიძახა გახარებულმა, მაგრამ ამავე დროს მკაცრად. მის ყო-

ველ ფართო ნაბიჯზე ხალათიდან წამით ფერადი ქვედა საცვალი გამოსჩანდა. კარლს ვერ გაეგო, რატომ დადიოდა დელამარში აქ, ქალაქში, ამ უზარმაზარ საიჯარო სახლში, ასე შინაურულად, თითქოს საკუთარ ვილაში ყოფილიყოს. რობინსონის არ იყოს, დელამარშიც ძალიან შეცვლილიყო. მის შავგვრემან, სუფთად გაპარსულ, საგულდაგულოდ მოვლილ, მსხვილ ყვრიმალებიან შთამბეჭდავ სახეს ქედმაღლური იერი დაჰკრავდა. ყოველივე ამას დაუმატეთ ოდნავ მოჭუტული თვალების მომნუსხველი გამოსხივება. ხალათი, მართალია, ძველი, დალაქავებული და დიდიც იყო, მაგრამ ამ უსახური სამოსის ფონზე თავს იწონებდა მძიმე აბრეშუმის მუქი ჰალსტუხი. – აბა? – შეკითხვით მიმართა ყველას ერთად. პოლიციელი მანქანას მიუახლოვდა და კაპოტს მიეყრდნო. კარლმა მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება. – რობინსონი ცოტა დაღლილია, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანს, კიბეებზე ასვლას შეძლებს. მძღოლი კი დამატებით გასამრჯელოს ელოდება, გარდა იმ თანხისა, რაც მე მგზავრობისათვის გადავუხადე. ახლა კი წავედი. ნახვამდის. – არსადაც არ წახვალ, – შეაჩერა დელამარშმა. – მეც ასე ვუთხარი, – მანქანიდან გამოსძახა რობინსონმა. – მე მაინც მივდივარ, – და კარლმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დელამარში დაეწია და ძალით მოაბრუნა. – აკი გითხარი, აქ დარჩები! – დაუყვირა კარლს. – დამანებეთ თავი, – კარლი მოემზადა, საჭიროების შემთხვევაში მუშტებით მოეპოვებინა თავისუფლება, თუმცა ისეთი ადამიანის წინააღმდეგ, როგორიც დელამარში იყო, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ აქ ხომ პოლიციელია, მძღოლი, ამ საერთოდ წყნარ ქუჩაზე დროდადრო მუშებიც მიდი-მოდიან. ნუთუ დაუშვებენ, რომ დელამარში მას უსამართლოდ მოექცეს? ოთახში მასთან პირისპირ დარჩენას არ ისურვებდა, მაგრამ აქ? დელამარშმა მშვიდად გადაუხადა ფული მძღოლს, რომელმაც მადლიერების ნიშნად რამდენჯერმე თავი მდაბ-

ლად დაუკრა და დაუმსახურებლად დიდი გასამრჯელო სწრაფად ჩაიდო ჯიბეში; შემდეგ რობინსონთან მივიდა და, ეტყობა, ურჩევდა, როგორ გადმოსულიყო უფრო მოხერხებულად მანქანიდან. კარლმა შეამჩნია, რომ არავინ უთვალთვალებდა. იქნებ დელამარშისათვის უკეთესია, თუ უსიტყვოდ გაუჩინარდება? ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, ცხადია, ასე აჯობებს. და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას. ბავშვები დელამარშს მისცვივდნენ, რომ კარლის გაქცევაზე გაემახვილებინათ მისი ყურადღება, მაგრამ მისი ჩარევა საჭირო აღარ გახდა, რადგან პოლიციელმა ჯოხი წინ გაიშვირა და დაიძახა: – შეჩერდი! – რა გვარი ხარ? – ჰკითხა, ჯოხი იღლიაში ამოიჩარა და ჯიბიდან ნელა ამოიღო უბის წიგნაკი. კარლმა პირველად შეათვალიერა ყურადღებით პოლიციელი: ეს იყო ჯან-ღონით სავსე კაცი, თუმცა თმა მთლიანად გასჭაღარავებოდა. – კარლ როსმანი, – უპასუხა მან. – როსმანი, – გაიმეორა პოლიციელმა, აშკარად მხოლოდ იმიტომ, რომ ნელი და დაკვირვებული კაცი იყო, კარლს კი, რომელსაც პირველად მოუხდა ამერიკული ხელისუფლების წარმომადგენელთან პირისპირ შეხვედრა, ეს გამეორება გარკვეული ეჭვის გამოხატულებად მოეჩვენა. მისი საქმე მართლაც არ უნდა იყოს სახარბიელოდ, რადგან, რობინსონიც კი, რომელსაც საკუთარი თავსატეხი არ აკლია, მანქანიდან უსიტყვოდ, ხელების მოძრაობით ანიშნებს დელამარშს, როგორმე მიეშველოს კარლს. მაგრამ დელამარში უარის ნიშნად ენერგიულად აქნევს თავს და თავის უზარმაზარ ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ჩარევას არ აპირებს. ჭიშკრის ქვაზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა ჭიშკრიდან ეს-ესაა გამოსულ ქალს წვრილად უხსნის საქმის მთელ ვითარებას. ბავშვები ნახევარწრედ შემორტყმიან კარლს და ჩუმად მისჩერებიან პოლიციელს. – მაჩვენე შენი საბუთები, – მიმართა კარლს პოლიციელმა. ეს ალბათ უბრალოდ ფორმალური კითხვა იყო – თუ კაცი უპიჯაკოდაა, ბევრი საბუთი ვერ ექნება თან. ამიტომ კარლმა გაჩუმება არჩია, რათა შემდეგ კით-

ხვაზე დაწვრილებით გაეცა პასუხი და ამით საბუთის უქონლობა მიეფუჩეჩებინა. მაგრამ შემდეგი კითხვა ასეთი იყო: – მაშ საბუთები არ გაქვს? – და კარლი იძულებული გახდა ეღიარებინა: – თან არ მაქვს. –ცუდია, – დაფიქრებულმა პოლიციელმა წრეს თვალი მოავლო და თავისი უბის წიგნაკის ყდაზე ორი თითით დააკაკუნა, – მუშაობ სადმე? – ჰკითხა ბოლოს. – ლიფტიორი ვიყავი, – უპასუხა კარლმა. – ლიფტიორი იყავი, მაშასადამე ახლა აღარ ხარ, ახლა რა სახსრებით ცხოვრობ? – ახალ სამუშაოს მოვძებნი. – ესე იგი, გაგათავისუფლეს? – დიახ, ერთი საათის წინ. – მოულოდნელად? – დიახ, – და კარლმა, თითქოს ბოდიშს იხდისო, ხელი მაღლა ასწია. მთელ ისტორიას აქ ვერ მოჰყვება, და ეს შესაძლებელიც რომ იყოს, განა უიმედო არ არის გადატანილი უსამართლობის მოყოლით მოსალოდნელი უსამართლობის თავიდან აცილება? და თუ ვერც შეფმზარეულის გულკეთილობამ და ვერც მსახურთუხუცესის წინდახედულებამ ვერ უშველა, თავისი უფლებები დაეცვა, აქ, ამ ქუჩაში შეკრებილი საზოგადოებისგან რისი იმედი უნდა ჰქონდეს? – და ასე, უპიჯაკოდ გაგათავისუფლეს? – ჰკითხა პოლიციელმა. – დიახ, ასე, – უპასუხა კარლმა; ესე იგი, სახელისუფლებო ორგანოები ამერიკაშიც ეკითხებიან იმის შესახებ, რაც ისედაც ნათელია. (როგორ ბრაზობდა მამა მოხელეების უაზრო შეკითხვებზე, ვიდრე მისთვის საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად დარბოდა!) კარლს ისღა უნდოდა, გაქცეულიყო, დამალულიყო სადმე და ეს შეკითხვები აღარ მოესმინა. ახლა კი პოლიციელმა სწორედ ის შეკითხვა დაუსვა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა და რომლის მოლოდინში ის ალბათ უფრო წინდაუხედავად იქცეოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოიქცეოდა.

– და რომელ სასტუმროში მუშაობდი? კარლმა თავი დახარა და არაფერი თქვა; ამ შეკითხვაზე არაფრით არ უნდოდა პასუხის გაცემა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ პოლიციელის თანხლებით კვლავ სასტუმრო «ოქსიდენტალში» დაბრუნდეს, რომ იქ დაკითხვა მოუწყონ, რისთვისაც მის მტერსა თუ მოყვარეს მოიწვევენ, რომ შეფმზარეულმა მისადმი ისედაც შესუსტებული ნდობა ბოლომდე დაკარგოს, როცა მას, ნაცვლად იმისა, რომ ბრენერის პანსიონატში მისულიყო, ბადრაგის თანხლებით დაინახავს, უპიჯაკოდ, მისი სავიზიტო ბარათის გარეშე, მსახურთუხუცესი გაგებით დააქნევს თავს, უფროსი პორტიე კი ღმერთს მადლობას შესწირავს, რომ ბოლოს და ბოლოს, საკადრისი მიუზღო თაღლითს. – სასტუმრო «ოქსიდენტალში» მუშაობდა, – თქვა დელამარშმა და პოლიციელს გვერდით დაუდგა. – არა, – დაიყვირა კარლმა და ფეხი დააბაკუნა, – ეს არ არის სიმართლე! – დელამარშმა დამცინავი ღიმილით გადახედა, თითქოს აფრთხილებდა, სხვა რაღაცეებიც მაქვს კიდევ სათქმელიო. კარლის მოულოდნელმა აფეთქებამ ბავშვები შეაშფოთა და დელამარშთან მიირბინეს, რომ კარლისათვის შორიდან ედევნებინათ თვალი. რობინსონს მანქანიდან თავი გამოეყო და დაძაბულობისგან სული გაენაბა; მხოლოდ დროგამოშვებით ახამხამებდა წამწამებს. ჭიშკრიდან მოთვალთვალე ახალგაზრდამ სიამოვნებისაგან ხელი ხელს შემოჰკრა, მის გვერდით მდგომმა ქალმა მუჯლუგუნით ანიშნა, ჩუმად იყავიო. სწორედ ამ დროს მტვირთავებმა სასაუზმოდ შეისვენეს. ხელში ყოველ მათგანს დიდი ქეთლი ეჭირა შავი ყავით, რომელშიც პურს აწებდნენ. რამდენიმე ტროტუარის კიდეზე ჩამოჯდა, ყავას ყველა ხმამღლა ხვრეპდა. – თქვენ, როგორც ჩანს, იცნობთ ამ ყმაწვილს? – ჰკითხა პოლიციელმა დელამარშს. – უკეთესად, ვიდრე ამას ვისურვებდი, – უპასუხა მან, – თავის დროზე ბევრი სიკეთე გავუკეთე, მან კი უმადურობით გადამიხადა, ამას ალბათ

თქვენც კარგად მიხვდებოდით იმ მოკლე დაკითხვიდან, რომელიც მას მოუწყვეთ. – ჰო, – თქვა პოლიციელმა, – კერკეტი კაკალი ჩანს. – სწორედ ასეა, – დაუმოწმა დელამარშმა, – მაგრამ ეს მისი ყველაზე ცუდი თვისება როდია. – ასეა საქმე? – დიახ, – ლაპარაკის ეშხში შესული დელამარში ჯიბეებში ხელებს ისე ამოძრავებდა, რომ მისი ხალათის კალთები აქეთ-იქით ფრიალებდა, – ნამდვილი გაიძვერაა. მე და ჩემი მეგობარი, – აი, იქ, მანქანაში რომ ზის, – შემთხვევით შევხვდით მას და გასაჭირში დავეხმარეთ, მაშინ ამერიკული ცხოვრების ყაიდაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ის-ისაა, ევროპიდან იყო ჩამოსული, სადაც ასევე ვერ ივარგა; და აი, თან წავიყვანეთ, ჩვენთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობა მივეცით, ყველაფერს ვუხსნიდით, გვინდოდა, სამუშაო გვეშოვა მისთვის, ვფიქრობდით, მიუხედავად ყველა საპირისპირო ნიშნისა, წესიერ ადამიანად ვაქცევდით, მაგრამ ერთ ღამეს გაუჩინარდა, უბრალოდ გაქრა, თან ისეთ გარემოებებში, რომ ამაზე მირჩევნია არაფერი ვთქვა. ასე იყო თუ არა? – ჰკითხა ბოლოს და ბოლოს, კარლს და პერანგის სახელოზე მოქაჩა. – უკან დაიხიეთ, ბავშვებო! – დაიძახა პოლიციელმა, რადგან ისინი ისე ახლოს მოსულიყვნენ, რომ დელამარში ერთს კინაღამ დაეჯახა. ამასობაში მტვირთავებმაც, რომლებსაც აქამდე ამ დაკითხვის მიმართ ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ, ყურები ცქვიტეს და კარლის გარშემო შეკრეს წრე, ისე რომ, იგი ახლა ერთი ნაბიჯითაც ვეღარ დაიხევდა უკან, თან ყურებში განუწყვეტლივ ესმოდა მათი გაუგებარი ყაყანი, რადგან ისინი, ჩანს, უხვად ურევდნენ სლავურ გამოთქმებს ინგლისურში. – გმადლობთ ინფორმაციისათვის, – პოლიციელი სამხედრო წესით მიესალმა დელამარშს, – ყოველი შემთხვევისათვის, წავიყვან და სასტუმრო «ოქსიდენტალში» ჩავაბარებ, – მაგრამ დელამარში შეეპასუხა: – თუ შეიძლება გთხოვოთ, რომ ეს ყმაწვილი ჯერჯერობით მე დამიტო-

ვოთ, მასთან კიდევ მაქვს რაღაც გასარკვევი და პირობას გაძლევთ, მერე თავად მივიყვან სასტუმროში. – ამას ვერ გავაკეთებ, – უპასუხა პოლიციელმა. – აი, ინებეთ ჩემი სავიზიტო ბარათი, – და დელამარშმა ბარათი გაუწოდა. პოლიციელმა ყურადღებით დახედა ბარათს და თავაზიანი ღიმილით განუცხადა: – არა, ეს არ არის საჭირო. თუ აქამდე კარლი ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა დელამარშისათვის, ახლა მასში თავისი ერთადერთი მხსნელი დაინახა. მართალია, მისი მცდელობა, როგორმე დაიხსნას კარლი პოლიციელისაგან, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი დაყოლიება გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე პოლიციელისა, რომ არ წაიყვანოს იგი სასტუმროში. და თუ კარლს მაინც მოუწევს სასტუმროში დაბრუნება, დელამარშთან ერთად ეს გაცილებით ნაკლები უბედურება იქნება, ვიდრე პოლიციელის თანხლებით. ჯერჯერობით კი არ უნდა შეიმჩნიოს, რომ დელამარშთან დარჩენა უჯობს, თორემ ყველაფერი დაიღუპება. და გულის ფანცქალით უყურებდა პოლიციელის ხელს, რომელიც ყოველ წამში შეიძლებოდა აღმართულიყო მის დასაჭერად. – ის მაინც ხომ უნდა გავიგო, რატომ გაათავისუფლეს ასე უეცრად? – იკითხა ბოლოს პოლიციელმა, ვიდრე დელამარში უკმაყოფილოდ იხედებოდა გვერდზე და სავიზიტო ბარათს ხელში სრესდა. – კი მაგრამ, ის სულაც არ გაუთავისუფლებიათ! – ყველასათვის მოულოდნელად წამოიძახა რობინსონმა, მძღოლს დაეყრდნო და მანქანიდან გამოყო თავი, – პირიქით, მას იქ შესანიშნავი ადგილი აქვს. საძინებლის უფროსია და შეუძლია, ვინც უნდა, ის შეიყვანოს იქ. მხოლოდ ესაა, რომ ძალიან დაკავებულია და თუ მასთან რაიმე საქმე გაქვს, დიდხანს უნდა ელოდო. სულ მსახურთუხუცესთან ან შეფმზარეულთანაა. გათავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არ ვიცი, რატომ თქვა ასე. ან რისთვის უნდა გაათავისუფლონ? სასტუმროში მძიმედ დავშავდი და ჩემი

სახლში წამოყვანა დაავალეს; და რადგან იმ წუთში უპიჯაკოდ იყო, ასევე წამოვიდა. იქ ხომ ვერ დავუცდიდი, ვიდრე პიჯაკს მოიტანდა. – მაშ ასე, – ხელები გაშალა დელამარშმა, თითქოს პოლიციელს საყვედურობდა, რომ ასე ცუდად ერკვეოდა ადამიანებში, და მისმა ამ ორმა სიტყვამ სრული სინათლე შეიტანა რობინსონის გაურკვეველ ჩვენებაში. – ეს სიმართლეა? – უკვე გაუბედავად იკითხა პოლიციელმა, – და თუ სიმართლეა, რატომ ამბობს, რომ გათავისუფლებულია? – შენ უნდა უპასუხო, – მიმართა დელამარშმა კარლს. კარლმა პოლიციელს გადახედა, რომელსაც ევალება, მოაგვაროს ურთიერთობა უცხო ადამიანებს შორის, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, და პოლიციელის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალა. არ უნდოდა ეცრუა და ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინა. ჭიშკარში ზედამხედველი გამოჩნდა, ტაში შემოჰკრა, რითაც მტვირთავებს ანიშნა, რომ კვლავ სამუშაოს უნდა შესდგომოდნენ. მათაც ქეთლებიდან ყავის ნალექი გამოღვარეს და ზლაზვნით უსიტყვოდ შევიდნენ შენობაში. – ასე ვერასოდეს ვერ დავამთავრებთ, – თქვა პოლიციელმა და უნდოდა კარლისათვის ხელი ჩაევლო. კარლმა უნებურად უკან დაიხია, იგრძნო თავისუფალი სივრცე, რომელიც მის უკან მტვირთავების წასვლის შედეგად გაჩნდა, შემოტრიალდა, ჯერ რამდენიმე დიდი ნახტომი გააკეთა და მერე უკანმოუხედავად მოკურცხლა. ბავშვებმა ერთდროულად წამოიყვირეს და გაქცეულს წინ გაშვერილი ხელებით რამდენიმე ნაბიჯზე უკან დაედევნენ. პოლიციელი უხმაურო, ძლიერი, ნავარჯიშები ნახტომებით გამოედევნა კარლს გრძელ, თითქმის უკაცურ დაღმართზე, და თან დროგამოშვებით გაიძახოდა: – დაიჭირეთ! – კარლის ბედად, ეს დევნა მუშათა კვარტალში ხდებოდა, მუშები კი ხელისუფლებასთან მწყრალად არიან. კარლი შუა ქუჩაში მირბოდა, რადგან აქ ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებოდა, და ხედავდა, როგორ ჩერდებოდნენ ტროტუარზე აქა-იქ მუშები და მშვიდად აყოლებდნენ მას თვალს, პოლიციელი კი მისძახოდა: – და-

იჭირეთ! – და თავის ხელკეტს კარლისაკენ იშვერდა. კარლს ისედაც არ ჰქონდა დიდი იმედი და ისიც თითქმის მთლიანად გადაეწურა, როცა გადამკვეთ ქუჩას მიუახლოვდნენ, სადაც ალბათ ასევე პატრული მორიგეობდა, და პოლიციელმა სასტვენს მთელი ძალით ჩაჰბერა. კარლის ერთადერთი უპირატესობა მისი ხალვათი ჩაცმულობა იყო. ის მიფრინავდა, უფრო სწორად, მიქროდა თავდაღმართში, ოღონდ, უძილობისა და დაღლილობის გამო ხშირად უნებლიეთ მეტისმეტად მაღალი ნახტომები გამოსდიოდა, რაც დიდ დროს ართმევდა და არაფერში რგებდა. გარდა ამისა, პოლიციელს ფიქრი არ სჭირდებოდა, მიზანი თვალში ჰქონდა ამოღებული, კარლისათვის კი სირბილი მეორეხარისხოვანი საქმე იყო, ის უნდა დაფიქრებულიყო, სწორი არჩევანი გაეკეთებინა და ყოველ წამს ახალ-ახალი გადაწყვეტილება მიეღო. ჯერჯერობით მისი ერთადერთი გეგმა ის იყო, როგორმე თავი აერიდებინა შესახვევებისათვის: ღმერთმა იცის, რას გადააწყდება იქ, ვინ იცის, პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში ამოყოს თავი; აჯობებს, ვიდრე ეს შესაძლებელია, ამ ქუჩას მიჰყვეს, რომელიც სადღაც იქ, ქვემოთ, ხიდს უერთდება, და წყლის ლივლივსა და მზის სხივების ათინათში თვალსაწიერიდან იკარგება. ის იყო, ამ გადაწყვეტილებით შეგულიანებულმა ძალები მოიკრიბა, რათა გადამკვეთი ქუჩა რაც შეიძლება სწრაფად მოეტოვებინა უკან, რომ წინ, სულ ახლოს, პოლიციელი დაინახა, რომელიც ჩრდილში მდებარე სახლის ჩამუქებულ კედელთან ჩასაფრებული, შესაფერის წუთს ელოდა თავდასასხმელად. ახლა ერთადერთი ხსნა სწორედ გადამკვეთი ქუჩა იყო, და როცა ამ ქუჩიდან ვიღაცამ სახელით დაუძახა, ჯერ ეგონა, მომეჩვენაო, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ყურებს ზუზუნი გაჰქონდა, ბევრი აღარ უფიქრია, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და პოლიციელებისათვის მოულოდნელად, მკვეთრად შეუხვია. ორი ნახტომიც არ ექნებოდა გაკეთებული, სახელით რომ დაუძახეს, ამასობაში სულ გადაავიწყდა, მეორე პოლიციელმაც დაუსტვინა, ეტყობა, ძალ-ღონის ნაკლებობას არ უჩიოდა, გამვლელებმაც თითქოს ფეხს აუჩქარეს, – უცებ პატარა კარიდან ვიღაცამ ხელი გამოყო და სიტყვებით:

– ჩუმად, გაჩუმდი! – კარლი ჩაბნელებულ შესასვლელში შეათრია. ეს იყო დელამარში. სულს ძლივს ითქვამდა, სახეზე ალმური ასდიოდა, თმები შუბლზე მისწებებოდა. ხალათი იღლიაში ამოეჩარა და პერანგისა და ქვედა საცვლის ამარა იყო. კარი, რომელიც სადარბაზოს შესასვლელი კი არ იყო, არამედ უსახური გვერდითი კარი, მაშინვე მიხურა და გადაკეტა. – ერთი წამი, – დელამარშმა თავი უკან გადასწია, კედელს მიეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა. კარლი მკლავებზე ჩამოეკიდა და თითქმის გონებადაკარგულმა სახე მის მკერდში ჩარგო. – იქ ისინი მირბიან, – მიაყურადა დელამარშმა და თითი კარისაკენ გაიშვირა. მართლაც, ორმა პოლიციელმა სახლს ჩაურბინა, მათი ნაბიჯები ცარიელი ქუჩის ქვაფენილზე ლითონივით კვესავდა. – მთლად ქანცგამოცლილი ხარ, – უთხრა დელამარშმა კარლს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოეთქვა სული და ხმას ვერ იღებდა. ფრთხილად დასვა იატაკზე, მის გვერდით ჩაიმუხლა და შუბლზე რამდენჯერმე გადაუსვა ხელი. – ახლა უკვე არა მიშავს, – თქვა კარლმა და ძლივს ძლივობით წამოდგა. – მაშინ წავედით, – დელამარშმა ხალათი კვლავ მოიცვა და დაღლილობისგან თავჩაქინდრული კარლი წინ გაიგდო. თან დროდადრო ანჯღრევდა, რომ გამოეფხიზლებინა. – მართლა დაიღალე? – ჰკითხა მერე, – შენ თავისუფლად მაინც გარბოდი, ურა ცხენივით, მე კი ამ დაწყევლილ გასასვლელებსა და ეზოებში ვიძრომიალე. მაგრამ, საბედნიეროდ, კარგი მორბენალი ვარ, – კარლს თავმომწონედ დაჰკრა ხელი ზურგზე, – ზოგჯერ სასარგებლოა პოლიციელებთან ასეთი შეჯიბრი. – მე მანამდეც დაღლილი ვიყავი, – თქვა კარლმა. – ცუდ სირბილს ვერაფრით გაამართლებ, – მიუგო დელამარშმა, – მე რომ არა, კარგა ხანია, მათ ხელში იქნებოდი.

– მეც ასე ვფიქრობ, – უთხრა კარლმა, – თქვენგან ძალიან დავალებული ვარ. – ოღონდაც, – უპასუხა დელამარშმა. გრძელი, ვიწრო დერეფნით მიდიოდნენ, რომელიც მუქი, ბრტყელი ფილებით იყო მოგებული. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, კიბის ასასვლელი გამოჩნდებოდა, ან სხვა, უფრო მოზრდილ დერეფანში გასასვლელი. მოზრდილები თითქმის არ ჩანდნენ, მხოლოდ ბავშვები თამაშობდნენ კიბის ცარიელ საფეხურებზე. მოაჯირთან პატარა გოგონა იდგა და ისე გულამოსკვნილი ტიროდა, რომ ცრემლებისაგან მთელი სახე უბრწყინავდა. როგორც კი დელამარშს მოჰკრა თვალი, დამფრთხალმა კიბეზე აირბინა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ზემოდან რამდენჯერმე გადმოიხედა და დარწმუნდა, რომ არავინ მისდევდა და არც არავინ აპირებდა გამოკიდებას. – წეღან დავეჯახე და წავაქციე, – სიცილით თქვა დელამარშმა და გოგონას მუშტი მოუღერა, ბავშვი კი ღრიალ-ღრიალით უფრო მაღლა ავარდა. ეზოებიც, რომელთა გავლითაც მიდიოდნენ, თითქმის მთლიანად უკაცრიელი იყო. მხოლოდ აქა-იქ დამტარებელი ორთვალა ურიკას მიაგორებდა, ქალი ჭასთან ტოლჩას წყლით ავსებდა, ფოსტალიონმა მშვიდი ნაბიჯებით გადაჭრა მთელი ეზო, ჭაღარაულვაშიანი მოხუცი, რომელიც მინის კარის წინ იჯდა და ფეხი ფეხზე გადაედო, ჩიბუხს ეწეოდა, საექსპედიციო კანტორის წინ ყუთებს ტვირთავდნენ, უქმად დატოვებული ცხენები თავებს გულგრილად იქნევდნენ, სამუშაო კომბინეზონიან კაცს ხელში ფურცელი ეჭირა და მუშაობას თვალს ადევნებდა; ერთ-ერთ კანტორაში, რომლის ფანჯარა გამოღებული იყო, მაგიდასთან მჯდომი მოსამსახურე შემობრუნდა და დაფიქრებულმა გაიხედა გარეთ, სადაც სწორედ კარლმა და დელამარშმა ჩაიარეს. – ამაზე წყნარ ადგილს კაცი ვერც ინატრებს, – შენიშნა დელამარშმა, – საღამოობით, ერთი-ორი საათი კი არის აქაც ხმაური, მაგრამ დღისით სანიმუშო წესრიგია, – კარლმა თავი დაუკრა, ეს სიწყნარე მეტისმეტად

მოეჩვენა, – სხვა ადგილზე ვერც ვიცხოვრებდი, – განაგრძო დელამარშმა, – ბრუნელდა ვერავითარ ხმაურს ვერ იტანს. იცნობ ბრუნელდას? მაშ, ახლა ნახავ. ყოველ შემთხვევაში გირჩევ, რაც შეიძლება წყნარად მოიქცე მასთან. როცა კიბეს მიუახლოვდნენ, რომელიც დელამარშის ბინაში ადიოდა, ავტომობილი უკვე წასული იყო. მოჭმულცხვირიანმა ახალგაზრდამ, რომელსაც კარლის დაბრუნება სრულებით არ გაჰკვირვებია, მოახსენა, რობინსონი კიბეზე ავიყვანეო. დელამარშმა უბრალოდ, თავი დაუკრა, თითქოს ის მისი მსახური ყოფილიყოს, რომელმაც თავისი ჩვეულებრივი მოვალეობა აღასრულა და კარლი, გაუბედავად რომ იყურებოდა მზიანი ქუჩისაკენ, კიბეზე აათრია, – ახლავე ავალთ, – იმეორებდა კიბეზე ასვლისას, მაგრამ მისი დანაპირები არა და არ სრულდებოდა, კიბის ერთ მარშს მეორე მოსდევდა, მხოლოდ მიმართულება იცვლებოდა შეუმჩნევლად. ერთხელ კარლი შეჩერდა კიდეც, არა დაღლილობის გამო, არამედ კიბეების უსასრულობით იმედდაკარგული, – ბინა მართლაც ძალიან მაღალზეა, – თქვა დელამარშმა, როცა აღმასვლა გააგრძელეს, – მაგრამ ამას თავისი უპირატესობა აქვს. გარეთ იშვიათად გამოდიხარ, მთელი დღე ხალათი გაცვია, ძალიან მყუდროდ ვართ. ცხადია, ამსიმაღლეზე არც სტუმრიანობა გვაწუხებს. «ნეტავი საიდან უნდა მოვიდნენ სტუმრები?» – გაიფიქრა კარლმა. ბოლოს, კიბის ბაქანზე, ჩაკეტილ კართან რობინსონი გამოჩნდა – ესე იგი, მოვედით; მაგრამ კიბე ჯერ არ დამთავრებულა, ნახევრად ჩაბნელებულ უჯრედში ზემოთ და ზემოთ მიიწევდა, და არაფერი მის მალე დასრულებაზე არ მიანიშნებდა. – ასეც ვიფიქრე, – ხმადაბლა თქვა რობინსონმა, თითქოს ტკივილი ისევ აწუხებდა, – რომ დელამარში მოგიყვანდა! როსმან, რა გეშველებოდა დელამარშის გარეშე?! – რობინსონი საცვლებისამარა იდგა, მხოლოდ ცდილობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სასტუმრო «ოქსიდენტალიდან» გამოყოლებული პატარა საბანი შემოეხვია. . გაუგებარი იყო, რატომ არ შედიოდა ბინაში, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ სასაცი-

ლო მდგომარეობაში მდგარიყო აქ, სადაც შესაძლოა, ვინმეს გამოევლო და დაენახა. – სძინავს? – იკითხა დელამარშმა. – არა მგონია, – უპასუხა რობინსონმა, – მაგრამ ვარჩიე, აქ დაგლოდებოდით. – ჯერ უნდა ვნახოთ, ხომ არ სძინავს, – და დელამარში გასაღების ჭუჭრუტანასთან დაიხარა. კარგა ხანს აქეთ-იქით ატრიალებდა თავს და უჭვრიტინებდა, ბოლოს გაიმართა და თქვა: – გარკვევით არ ჩანს, შტორები ჩამოშვებულია, დივანზე ზის, შეიძლება, სძინავს კიდეც. – რა, ავადაა? – იკითხა კარლმა, რადგან დელამარში ისე იდგა, თითქოს რჩევას ელოდა. მაგრამ ახლა აღშფოთებულმა შეუბრუნა კითხვა: – ავად? – ის ხომ არ იცნობს მას, – კარლის გამართლებას შეეცადა რობინსონი. რამდენიმე კარს იქით დერეფანში ორი ქალი გამოჩნდა, ხელებს გულდაგულ იწმენდდნენ წინსაფარზე, დელამარშისა და რობინსონისაკენ აპარებდნენ თვალს და ჩანს, მათზე ლაპარაკობდნენ. ერთი კარიდან სრულიად ახალგაზრდა ქალიშვილი გამოვარდა, ქალებს შუა ჩადგა და ორივეს ხელკავი გაუყარა. – საზიზღარი დედაბრები, – ხმადაბლა თქვა დელამარშმა, მაგრამ ალბათ უფრო ბრუნელდას გაღვიძების შიშით, – მალე პოლიციაში განვაცხადებ და ერთ-ორ წელიწადს დავისვენებ მათგან. ნუ იყურები იქით, – წაუსისინა კარლს, რომელიც ვერაფერს ცუდს ვერ ხედავდა იმაში, რომ ქალებისათვის ეცქირა, რაკი დერეფანში ბრუნელდას გამოღვიძებამდე უნდა ეცადათ. და თავი გაბრაზებით გაიქნია, – თითქოს დელამარშის მითითება იუკადრისა, და ამის ხაზგასასმელად ქალებთან მისვლა დააპირა, მაგრამ რობინსონმა სიტყვებით – როსმან, ფრთხილად! – სახელოში მოქაჩა და უკან გამოათრია, კარლის საქციელით ისედაც გაღიზიანებული დელამარში კი ქალიშვილის ხმამაღალმა კისკისმა ისე გა-

აცოფა, რომ ხელების ქნევით ქალებისაკენ გაიწია, რომლებიც, თითქოს უეცრად ქარმა წამოუბერაო, ისე გაუჩინარდნენ თავ-თავიანთ კარებში. – ხშირად მიწევს ასე აქაური დერეფნების წმენდა, – თქვა დელამარშმა და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა; მაგრამ უცებ კარლის სიჯიუტე გაახსენდა და მიმართა: – შენგან კი სულ სხვაგვარ საქციელს მოველი, თორემ შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა. ამ დროს ოთახიდან ვიღაცამ დაღლილი ხმით, წყნარად იკითხა: – დელამარშ? – დიახ, – უპასუხა დელამარშმა, კარს უწყინრად შეხედა და იკითხა: – შეიძლება შემოვიდეთ? – დიახ, დიახ, – გამოსძახეს იქიდან; დელამარშმა მის უკან მდგომ ორ მომლოდინეს გადახედა და კარი ნელა გამოაღო. სრულ სიბნელეში შეაბიჯეს. აივნის ფარდა – ოთახს არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა – იატაკამდე იყო დაშვებული და სინათლეს თითქმის არ ატარებდა. გარდა ამისა, ოთახი გავსებული იყო ავეჯით და ყველგან ტანსაცმელი ეკიდა, რაც კიდევ უფრო მეტად აბნელებდა მას. ჰაერი ჩახუთული იყო და მტვრის სუნი იდგა, რომელიც აქ ისეთ კუთხეებში დაგროვილიყო, ადამიანს ხელი რომ ვერ მიუწვდებოდა. პირველი, რაც კარლს შესვლისთანავე თვალში ეცა, იყო სამი სკივრი, რომლებიც ერთმანეთზე მიტყუპებული იდგა. დივანზე იწვა ქალი, ცოტა ხნის წინ აივნიდან რომ იყურებოდა. წითელი კაბა ტანზე მოღრეცოდა და გრძელი კუდივით დაშვებულიყო იატაკზე. ფეხებზე, რომლებიც თითქმის მუხლებამდე უჩანდა, სქელი თეთრი შალის წინდები ჰქონდა აქაჩული, ფეხსაცმელი კი არ ეცვა. – რა სიცხეა, დელამარშ, – თქვა, თავი შემოაბრუნა, ხელი ზარმაცად გაუწოდა, რომელმაც ის მაშინვე აიტაცა და მოწიწებით ეამბორა. კარლი თვალს ვერ აშორებდა მის ორმაგ ღაბაბს, თავის ყოველ მოძრაობაზე რომ მიდი-მოდიოდა. – ფარდები ხომ არ ავწიოთ? – ჰკითხა დელამარშმა.

– ოღონდაც ეგ არა, – თვალდახუჭულმა, სასოწარკვეთილი ხმით უპასუხა ქალმა, – უარესი იქნება. კარლი დივანის ბოლოში დადგა, რათა უკეთესად შეეთვალიერებინა ქალი, რომლის ჩივილი გადამეტებულად ეჩვენა, რადგან არც ისე განსაკუთრებულად ცხელოდა. – მოიცადე, მოხერხებულად მოგაწყობ, – მორიდებულად შესთავაზა დელამარშმა, საკინძი შეუხსნა და ყელი და გულმკერდის ზედა ნაწილი გაუთავისუფლა, ღია გულისპირში პერანგის თხელი, პირისფერი მაქმანი გამოჩნდა. – ეს ვინ არის? – იკითხა უეცრად ქალმა და კარლზე მიათითა, – ასე რატომ მომშტერებია? – მალე საქმეში გამოგვადგები, – უთხრა დელამარშმა კარლს და გვერდზე გასწია, თან ქალი დაამშვიდა: – ბიჭია, მოვიყვანე, რომ შენ მოგემსახუროს. – მე არავინ არ მჭირდება, – დაიყვირა ქალმა, – რატომ მოგყავს სახლში უცხო ხალხი? – კი მაგრამ, შენ ხომ ამდენ ხანს ოცნებობდი მსახურზე, – დელამარში მის ფერხთით ჩაცუცქდა, რადგან, მიუხედავად დივანის სიგანისა, ბრუნელდას გვერდით მისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. – ოჰ, დელამარშ, შენ არა და არ გინდა ჩემი გაგება. – ახლა ნამდვილად არ მესმის შენი, – მიუგო დელამარშმა და მისი სახე ხელებში მოიქცია, – მაგრამ არაფერია, თუ გინდა, ახლავე წავა აქედან. – რაკი აქ არის, დარჩეს, – კვლავ გამოეპასუხა ქალი და ქანცგაწყვეტილი კარლი ისეთი მადლიერი დარჩა ამ სიტყვებისა, რომლებიც, ალბათ, არც თუ დიდი კეთილგანწყობით იყო ნათქვამი, – მაგრამ როცა წარმოიდგინა ის უსასრულო კიბეები, რომლებზეც, შესაძლოა, ახლავე მოუწიოს თავქვე დაშვება, თავის საბანზე მშვიდად მძინარე რობინსონს გადააბიჯა და მიუხედავად გაბრაზებული დელამარშის ხელების ქნევისა, თქვა: – ყოველ შემთხვევაში, მადლობელი ვარ, რომ ცოტა ხნით აქ დარ-

ჩენის უფლება მომეცით. მთელი ოცდაოთხი საათია, თვალი არ მომიხუჭავს, თან ბევრი ვიმუშავე და ათასი სანერვიულოც შემხვდა. საშინლად დავიღალე. კარგად არც კი ვიცი, სად ვარ. მაგრამ ერთ-ორ საათს თუ დამაძინებთ, მერე თამამად შეგიძლიათ გამისტუმროთ აქედან და მეც სიამოვნებით წავალ. – შეგიძლია საერთოდ დარჩე აქ, – უთხრა ქალმა და ირონიულად დასძინა: – ადგილი, როგორც ხედავ, საკმარისზე მეტიც გვაქვს. – ესე იგი, უნდა წახვიდე, – უთხრა დელამარშმა, – ჩვენ არაფერში გვჭირდები. – არა, დარჩეს, – უკვე სერიოზულად უთხრა ქალმა. და დელამარშმაც, თითქოს ამ სურვილის ასასრულებლად, კარლს მიმართა: – მაშ, მოეწყვე სადმე. – შეუძლია ფარდებზე დაწვეს, ოღონდ ჩექმები გაიხადოს, რომ არ დახიოს. დელამარშმა აჩვენა კარლს ის ადგილი, რომელსაც ბრუნელდა გულისხმობდა. კარსა და სამ სკივრს შორის დიდ გროვად ეყარა ნაირ-ნაირი ფარდები. თუ ფარდებს წესიერად დაფენ – მძიმეები სულ ქვემოთ, უფრო მსუბუქები – ზემოდან, გამოაძრობ ამ გროვაში გაჩრილ ხის ლავგარდანებსა და რგოლებს, – ურიგო მოსასვენებელი არ გამოვა, მაგრამ კარლი მაშინვე დაწვა ამ არამდგრად მასაზე, რადგან ძილისწინა სამზადისისათვის ძალზე დაღლილი იყო და არც მასპინძლების ზედმეტად შეწუხება უნდოდა. უკვე თითქმის ღრმა ძილში იყო, როცა ყვირილი მოესმა; წამოიწია და დაინახა, რომ ბრუნელდა დივანზე იჯდა და მის ფერხთით დაჩოქილ დელამარშს ეხვეოდა. კარლმა თავი უხერხულად იგრძნო, ისევ დაწვა და ფარდებში ჩაყო თავი, რათა შეწყვეტილი ძილი გაეგრძელებინა. აქ რომ ორ დღეზე მეტს ვერ გაძლებს, ნათელია, მაგრამ მით უფრო სჭირდება კარგად გამოძინება, რათა მერე საღ გონებაზე სწრაფად და მშვიდად მიიღოს გადაწყვეტილება.

მაგრამ ბრუნელდამ მოასწრო კარლის შიშისაგან ფართოდ გახელილი თვალების დანახვა, რომლებმაც ერთხელ უკვე დააფრთხეს და წამოიძახა: – დელამარშ, სიცხეს ვეღარ ვუძლებ, ცეცხლი მეკიდება, უნდა გავიხადო, უნდა ვიბანაო, გაუშვი ორივე ოთახიდან, სადაც გინდა, დერეფანში, აივანზე, ოღონდაც კი თვალით აღარ დამენახვონ! საკუთარ ბინაში წუთითაც არ მაქვს მოსვენება. ნეტავი მე და შენ მარტო ვიყოთ, დელამარშ! ო, ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ აქ არიან! როგორ გაშოტილა ეს ურცხვი რობინსონი საცვლებისამარა ქალის თანდასწრებით! და ეს უცხო ბიჭი, ერთი წუთის წინ კინაღამ რომ შემჭამა თვალებით, ისევ დაწოლილა, რომ თვალი ამიხვიოს! მოაშორე ესენი აქედან, დელამარშ, ნერვებს მიშლიან, მაჯლაჯუნასავით მიხუთავენ სულს. ახლა თუ მოვკვდები, მათი ბრალი იქნება. – ახლავე წავლენ აქედან, შენ კი გაიხადე, – დელამარში რობინსონთან მივიდა, ფეხი გულზე დააბიჯა და შეანჯღრია. მაშინვე კარლსაც შეუძახა: – როსმან, ავდგეთ! ორივე აივანზე! და ვაი თქვენი ბრალი, თუ იქამდე შემოსულხართ, ვიდრე დაგიძახებენ! აბა, ცოცხლად, რობინსონ – და რობინსონი უფრო მაგრად შეანჯღრია, – შენ კი, როსმან, ფრთხილად იყავი, თორემ შენთვისაც მოვიცლი, – და ორჯერ შემოკრა ტაში. – რამდენ ხანს უნდებიან! – დაიყვირა ბრუნელდამ დივანიდან. გაჩაჩხული იჯდა, რათა უზომოდ გასქელებული სხეულისათვის მეტი თავისუფლება მიეცა, მხოლოდ ძალების უდიდესი დაძაბვით, ქშენა-ქშენითა და სვენებ-სვენებით მოახერხა ისე დახრილიყო, რომ წინდებისთვის ყელში ჩაევლო ხელი და ცოტათი მაინც ჩაეწია. ბოლომდე გახდა მის ძალებს აღემატებოდა, ეს დელამარშის საქმე იყო, და მას მოუთმენლად ელოდა. დაღლილობისაგან მთლიანად გათიშული კარლი ფარდების გროვიდან გამოძვრა და ნელა წავიდა აივნის კარისაკენ. ქსოვილის ერთი ნაგლეჯი ფეხზე შემოხვეოდა და გულგრილად მიათრევდა თან. დაბნეულობისაგან, ბრუნელდას რომ ჩაუარა, «ღამე მშვიდობისაც» კი უსურვა, დელამარშს, რომელმაც ფარდა ოდნავ გამოსწია, გვერდი ზანტად აუ-

არა და აივანზე გავიდა. კარლს მაშინვე რობინსონიც მიჰყვა, ისიც გამოუძინებელი, თავისთვის ბურდღუნებდა: – გამუდმებით აბუჩად აგდება! თუ ბრუნელდაც არ გამოვა, ისე აივანზე არ გავალ, – მიუხედავად ამისა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გავიდა გარეთ, სადაც, რაკი კარლი უკვე სავარძელში მოკალათებულიყო, მაშინვე ქვის იატაკზე გაიშოტა. კარლს რომ გამოეღვიძა, უკვე შებინდებულიყო. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღალი შენობების უკან მთვარემ ამოანათა. მხოლოდ უცნობი მიდამოს მოთვალიერებისა და სუფთა, გრილი ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ გააცნობიერა, სად იყო. როგორი წინდაუხედაობა გამოიჩინა, ყურად არ იღო არც შეფმზარეულის რჩევები, არც ტერეზეს გაფრთხილებები, საკუთარი შიშიც კი, ზის აქ მშვიდად დელამარშის აივანზე და ნახევარი დღე იძინა, თითქოს ფარდის იქით მისი უდიდესი მტერი, დელამარში არ იყოს. იატაკზე რობინსონი ზარმაცად გადატრიალდა და კარლს ფეხზე მოჰქაჩა, ჩანს, სწორედ მან გააღვიძა, რადგან უთხრა: – რა მძინარა ხარ, როსმან! აი, რას ნიშნავს უდარდელი ახალგაზრდობა. რამდენ ხანს აპირებ ძილს? გაცლიდი, მაგრამ, ჯერ ერთი, აქ, იატაკზე წოლა მომწყინდა, მეორეც, საშინლად მშია. გთხოვ, ცოტა ხანს წამოდექი, მანდ, სავარძლის ქვეშ, ცოტაოდენი საჭმელი გადავინახე და გამოვიღებ. რაღაც შენც შეგხვდება, – კარლი წამოდგა და დაინახა, როგორ მიხოხდა მუცლით რობინსონი იატაკიდან წამოუდგომლად სავარძელთან, ხელები სავარძლის ქვეშ შეყო და იქიდან მოვერცხლილი თასი გამოათრია, ისეთი, სავიზიტო ბარათებს რომ ინახავენ ხოლმე. ზედ შავი ძეხვის ნახევარი იდო, რამდენიმე წვრილი სიგარეტი, გახსნილი, მაგრამ ჯერ კიდევ სავსე კოლოფი ზეთში ჩაწყობილი სარდინებით და თითქმის მთლიანად გასრესილი, ერთმანეთზე შეწებებული კანფეტები. შემდეგ პურის მოზრდილი ნაჭერიც გაჩნდა, და რაღაც სუნამოს ფლაკონის მაგვარი, რომელშიც, ჩანს, სულაც არ იყო სუნამო, რადგან რობინსონმა

ის განსაკუთრებული კმაყოფილებით დაანახვა კარლს და ტუჩებიც კი მოილოკა. – ხედავ, როსმან, – უთხრა კარლს, თან სარდინს სარდინზე ყლაპავდა და ზეთიან ხელებს შალის ნაჭერზე იწმენდდა, რომელიც, როგორც ჩანს, ბრუნელდას დარჩენოდა აივანზე, –როგორ უნდა გადამალო ცოტაოდენი სასუსნავი, თუ არ გინდა, შიმშილით მოკვდე. იცი, აქ მე არაფრად მაგდებენ. და როცა სულ ძაღლივით გექცევიან, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დაიჯერებ, რომ ძაღლი ხარ. კიდევ კარგი, აქ ხარ, როსმან, დალაპარაკება მაინც შემიძლია ვიღაცასთან. ამ სახლში მე არავინ მელაპარაკება. ჩვენ ყველას ვძულვართ. და ყველაფერი ეს ბრუნელდას გამო ხდება. ის, რა თქმა უნდა, დიდებული დედაკაცია. მომისმინე, – კარლს ხელით ანიშნა, ახლოს მიწეულიყო და ჩასჩურჩულა: – ერთხელ შიშველი დავინახე. ოოო! – და ამ სასიხარულო ამბის გახსენებაზე კარლს ფეხებზე ჩქმეტა და წვალება დაუწყო, ვიდრე მან არ წამოიძახა: – ხომ არ გაგიჟდი, რობინსონ, – ხელები გადაუგრიხა და უკან მიაგდო. – შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, როსმან, – რობინსონმა პერანგიდან კისერზე თასმით ჩამოკიდებული ხანჯალი ამოაძვრინა, ქარქაშიდან ამოიღო და გამაგრებული ძეხვი გაჭრა, – შენ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი. მაგრამ სწორედ კარგ ადგილზე მოხვდი. დაჯექი. არ გინდა შენც ჭამო რამე? მაშინ მიყურე და მადაზე მოხვალ. არც დალევა გინდა? სულ არაფერი არ გინდა. არც ლაპარაკის ხასიათზე ხარ. მაგრამ ხომ სულერთია, ვისთან ერთად ზიხარ აივანზე, ოღონდ კი ვინმე იყოს. მე, მაგალითად, ხშირად მიწევს აივანზე ჯდომა. ბრუნელდას ეს ძალიან მოსწონს. საკმარისია, რამე მოუვიდეს თავში, – ხან სცივა, ხან სცხელა, ხან ეძინება, ხან თმა უნდა დაივარცხნოს, ხან კორსეტი გაიხსნას, ხან შეიკრას, – მე ყოველთვის აივანზე გამსვამენ ხოლმე. ზოგჯერ მართლაც იმას აკეთებს, რასაც ამბობს, მაგრამ უმეტესად წევს დივანზე, როგორც ამ დილას, და არ ინძრევა. ადრე ფარდას გავწევდი ხოლმე ოდნავ და ოთახში ვიჭყიტებოდი, მაგრამ მას მერე, რაც ერთხელ დელამარშმა ასეთი საქციელისთვის სახეზე რამდენჯერმე მათრახი გადამიჭირა, – ზუსტად ვი-

ცი, მას არ უნდოდა, ბრუნელდას თხოვნით გააკეთა ეს, – ხედავ ნაწიბურებს? – თვალთვალს ვეღარ ვბედავ. და ასე ვზივარ აქ აივანზე და ერთადერთი თავშესაქცევი ჭამაა. გუშინწინ, როცა საღამოს მარტო ვიყავი აქ, – მაშინ ჩემი ელეგანტური კოსტიუმი მეცვა, რომელიც, სამწუხაროდ, შენს სასტუმროში დარჩა – ეს ძაღლები, ოღონდ კი ადამიანს ძვირფასი ტანსაცმელი გახადონ! – აი ასე, მარტო რომ ვიჯექი აქ და გისოსებიდან ქვევით ვიყურებოდი, უცებ ისეთი სევდა შემომაწვა, ავქვითინდი. ამ დროს შემთხვევით, – მაშინვე არც კი შემიმჩნევია, – ბრუნელდა გამოვიდა თავის წითელ კაბაში – ეს კაბა ყველაზე მეტად უხდება – ერთხანს მიყურებდა და მერე მითხრა: «რობინსონ, რატომ ტირი?» მერე თავისი წითელი კაბის ბოლოთი ცრემლები მომწმინდა. ვინ იცის, რას გააკეთებდა კიდევ, დელამარშს რომ არ დაეძახნა და მაშინვე ოთახში არ შებრუნებულიყო. ცხადია, ვიფიქრე, ახლა ჩემი რიგია-მეთქი, და ფარდის გადაუწევლად ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, შევსულიყავი. და როგორ გგონია, რა თქვა ბრუნელდამ: «არა!» მითხრა: «ეს რა მოიგონე?» – რატომ რჩები აქ, თუ ასე გექცევიან? – ჰკითხა კარლმა. – მაპატიე, როსმან, მაგრამ სულელურ კითხვებს იძლევი, – მიუგო რობინსონმა, – შენც დარჩები აქ, უარესადაც რომ მოგექცნენ, მაინც. ისე, მე აქ არც ისე ცუდად მექცევიან. – არა, – უთხრა კარლმა, – აუცილებლად წავალ, შესაძლოა, ამ საღამოსაც. თქვენთან არ დავრჩები. – მაინც როგორ აპირებ ამ საღამოს წასვლას? – ჰკითხა რობინსონმა, პურს გული ამოსჭრა და სარდინებიანი კოლოფის ზეთში ჩააწო, – როგორ გინდა წახვიდე, როცა ოთახშიც კი ვერ შესულხარ? – კი მაგრამ, რატომ არ შეგვიძლია შესვლა? – ვიდრე არ დარეკავენ, შესვლა არ შეიძლება, – უპასუხა რობინსონმა, რომელიც ზეთიან პურს ფართოდ გაღებულ პირში იტენიდა, პეშვში პურიდან ჩამონადენ ზეთის წვეთებს იგროვებდა და შიგ დროდადრო პურს აწებდა, – აქ წესები სულ უფრო და უფრო მკაცრდება. თავიდან კარ-

ზე თხელი ფარდა ეკიდა. მართალია, გამჭვირვალე არ იყო, მაგრამ საღამოობით ჩრდილების დანახვა მაინც შეიძლებოდა. ბრუნელდას ეს არ მოსწონდა და მე მისი ერთ-ერთი თეატრალური მოსასხამი ფარდად გადავაკეთე და ძველი ფარდის ნაცვლად დავკიდე. ახლა ვეღარაფერს დაინახავ. ადრე ვეკითხებოდი ხოლმე, შეიძლებოდა თუ არა შესვლა, და გარემოებისდა მიხედვით, ან ჰოს მპასუხობდნენ, ან – არას. მაგრამ, მერე და მერე, ეტყობა, გადავამლაშე და ხშირად ვკითხულობდი. ბრუნელდამ ეს ვერ აიტანა – მიუხედავად სიმსუქნისა, ძალიან სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და გამუდმებით ნიკრისის ქარი, და ასე, დაადგინეს, რომ მე აღარ უნდა ვიკითხო, არამედ, როცა ჩემი შესვლის დრო მოვა, ზარს დააჭერენ ხელს. ზარს ისეთი ხმა აქვს, მაღვიძებს ხოლმე. ერთხელ თავშესაქცევად კატა მოვიყვანე, ზარის ხმამ ისე შეაშინა, რომ გაიქცა და აქამდე არ დაბრუნებულა. დღეს კი ჯერ არ დაურეკავთ; სხვათა შორის, როცა დარეკავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არამარტო შემიძლია შევიდე, არამედ უნდა შევიდე – და რაკი ამდენ ხანს არ რეკავენ, ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი. – ჰო, – თქვა კარლმა, – მაგრამ ის, რაც შენ გეხება, მე რატომ უნდა მეხებოდეს. და საერთოდ, ასე მხოლოდ იმას ექცევიან, ვინც ამას დაუშვებს. – კი მაგრამ, – წამოიძახა რობინსონმა, – შენ რატომ არ უნდა გეხებოდეს? ცხადია, ეს შენც გეხება. ასე რომ, დაიცადე აქ წყნარად ჩემთან ერთად, ვიდრე დარეკავენ. მერე ვნახავთ, როგორ წახვალ. – მაინც რატომ არ მიდიხარ აქედან? იმიტომ, რომ დელამარში შენი მეგობარია, თუ უფრო სწორად, იყო? განა ეს ცხოვრებაა? ბატერფორდში არ აჯობებდა, სადაც თავიდან აპირებდით წასვლას? ან სულაც კალიფორნიაში, სადაც მეგობრები გყავს? – ჰო, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, – და ვიდრე თხრობას გააგრძელებდა, თქვა: – ეს შენ გაგიმარჯოს, როსმან, – და სუნამოს ფლაკონიდან კარგად მოსვა, – მაშინ, შენ რომ ასე ვერაგულად მიგვატოვე, საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. პირველ დღეებში ვერავითარი სამუშაო ვერ

ვიპოვეთ. ისე, დელამარშს არც უნდოდა მუშაობა, ის კი იშოვიდა რამეს, მაგრამ სულ მე მაგზავნიდა საძებნელად, მე კი ბედი არ მწყალობს. ერთხელაც, აქეთ-იქით ხეტიალში, უკვე საღამო იქნებოდა, ქალის რედიკულს გადააწყდა. ლამაზი კი იყო, მძივებით ამოქარგული, მაგრამ თითქმის ცარიელი. მერე ბრუნელდას აჩუქა. შემდეგ მითხრა, კარდაკარ უნდა ვიაროთ და მოწყალება ვითხოვოთ, ამით შეიძლება, ცოტაოდენი რამ დავაგროვოთო, და ასე დავიწყეთ მოწყალების თხოვნა; უკეთესი შთაბეჭდილების მოსახდენად მე ბინის კართან ვმღეროდი. დელამარშს ხომ ძაღლის ბედი აქვს – ის იყო, მეორე ბინის კართან შევჩერდით, მდიდრული ბინა იყო, პირველ სართულზე, და მზარეულსა და მსახურს წავუმღერეთ – ვხედავთ, კიბეზე ამოდის ქალი, რომელსაც ეს ბინა ეკუთვნის, სწორედ ეს ბრუნელდა. ეტყობა, კორსეტი ისე მაგრად ჰქონდა შემოჭერილი, საფეხურებზე ვერ ამოდიოდა. მაგრამ რა ლამაზი იყო, როსმან! თეთრი ქათქათა კაბა ეცვა, ხელში კი – წითელი ქოლგა. ისეთი იყო, ჩასაყლაპავი, პირის ჩასატკბარუნებელი. ო, ღმერთო, რა ლამაზი იყო! დიდებული დედაკაცი! არა, მითხარი, საიდან ჩნდებიან მაინც ასეთები! რა თქმა უნდა, მოახლე და მსახური მაშინვე გამოეგებნენ და ხელით აიყვანეს კიბეზე. ჩვენ კარის მარჯვნივ და მარცხნივ დავდექით და მხედრულად მივესალმეთ, როგორც აქ იციან. ის წამით შეჩერდა, რადგან ჯერ კიდევ ვერ მოეთქვა სული, და არ ვიცი, როგორ მოხდა, – მე შიმშილისაგან ვეღარ ვაზროვნებდი, – ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი და მოსული იყო, და განსაკუთრებული კორსეტის წყალობით – მერე ერთხელ გაჩვენებ სკივრში – მკვრივი; მოკლედ, ოდნავ შევახე ხელი, ძალიან მსუბუქად, მხოლოდ თითებით. რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რომ ბოგანო მდიდარ ქალს მიეკაროს. თითქმის არც შევხებივარ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს მაინც შეხება იყო. და ვინ იცის, რა მოხდებოდა, დელამარშს რომ სილა არ გაეწნა ჩემთვის, თან ისეთი სილა, რომ მაშინვე ორივე ხელი ლოყებზე ვიტაცე. – აქამდეც მივიდა საქმე? – კარლი დააინტერესა ამბავმა და იატაკზე დაჯდა, – მაშ, ეს ბრუნელდა იყო?

– დიახ, ბრუნელდა, – მიუგო რობინსონმა, – შენ ხომ თქვი, მომღერალიაო? – ჰკითხა კარლმა. – რა თქმა უნდა, მომღერალია, და დიდი მომღერალიც, – მიუგო რობინსონმა, რომელიც ენით კანფეტებს ატრიალებდა და დროდადრო, პირიდან გამოვარდნილ კანფეტს თითით ისევ უკან იტენიდა, – მაგრამ მაშინ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით, მხოლოდ ვხედავდით, რომ მდიდარი და მომხიბლავი ქალი იყო. მან არაფერი შეიმჩნია, შეიძლება, არც უგრძვნია რამე, მე ხომ მხოლოდ თითის წვერები შევახე. მაგრამ დელამარშს თვალს არ აშორებდა. მანაც, როგორც სჩვევია, თვალი თვალში გაუყარა. მერე დელამარშს უთხრა: – შემოდი ერთი წუთით, – და ქოლგით კარზე მიუთითა. ორივენი შევიდნენ და მსახურებმა კარი მოხურეს. მე გარეთ დამტოვეს, გავიფიქრე, ალბათ მალე გამოვა-მეთქი და დელამარშის მოლოდინში საფეხურზე ჩამოვჯექი. მაგრამ დელამარშის ნაცვლად მსახური გამოვიდა და წვნიანით სავსე თასი გამომიტანა, – დელამარშის მოხერხებაა, – გავიფიქრე ჩემთვის. ვიდრე მე წვნიანს ვხვრეპდი, მსახური იქვე იდგა და რაღაც-რაღაცები მიამბო ბრუნელდაზე. მაშინ მივხვდი, რა შეიძლებოდა მოეტანა ჩვენთვის ამ შეხვედრას: ბრუნელდა გაცილებული ყოფილა, დიდი ქონების პატრონი და სრულიად დამოუკიდებელი! ყოფილ ქმარს, კაკაოს ფაბრიკის მფლობელს, ის თურმე ჯერ კიდევ უყვარს, მაგრამ ბრუნელდას მისი სახელის გაგონებაც არ უნდა. ქმარი ხშირად მოდიოდა მის ბინაში, ყოველთვის ძალზე ელეგანტურად, თითქოს საქორწილოდ გამოწყობილი, – ეს სრული სიმართლეა, ვიცნობ კიდეც, მაგრამ მსახური, მიუხედავად დიდი ქრთამისა, ვერ ბედავდა, ეკითხა ბრუნელდასათვის, უნდოდა თუ არა მისი მიღება. რადგან, რამდენჯერაც უკითხავს, იმდენჯერ ბრუნელდა სახეში ესროდა ხოლმე, რაც იმ წუთში ხელში მოჰყვებოდა. ერთხელ ცხელი წყლით სავსე სათბური ბოთლიც კი უსვრია და წინა კბილი ჩაუმტვრევია მისთვის. მაშ, როსმან, ხედავ, რა ამბებია! – შენ საიდან იცნობ იმ კაცს? – ჰკითხა კარლმა. – ზოგჯერ აქაც ამოდის ხოლმე, – უპასუხა რობინსონმა.

– აქაც? – გაკვირვების ნიშნად კარლმა იატაკს დაჰკრა ხელი. – ნამდვილად გასაკვირველია, – განაგრძო რობინსონმა, – მეც გამიკვირდა, როცა მსახურმა ამის შესახებ მიამბო. წარმოიდგინე, როცა ბრუნელდა სახლში არ იყო ხოლმე, მსახურს ეს კაცი მის ოთახში შეჰყავდა და მას სამახსოვროდ რაიმე პატარა ნივთი მიჰქონდა თან, სამაგიეროდ კი ბრუნელდას რაიმე ძალზე ძვირფას და დახვეწილ ნივთს უტოვებდა, მსახურს კი მკაცრად აფრთხილებდა, არ ეთქვა ბრუნელდასათვის, ვისგან იყო ეს ნივთი. მაგრამ ერთხელაც, როცა ამ კაცმა – როგორც მსახურმა თქვა და მეც მჯერა ეს – რაღაც ფასდაუდებელი ფაიფურის ნაკეთობა მოიტანა, ბრუნელდა რაღაცნაირად მიხვდა, ვისგანაც იყო ეს და იატაკზე დაანარცხა, ფეხებით გადაუარა, დააფურთხა ნამსხვრევებს და კიდევ ისეთი რაღაც გააკეთა, რომ მსახურმა ნამსხვრევები ზიზღით ძლივს გაიტანა ოთახიდან. – კი მაგრამ, რა დაუშავა ქმარმა ასეთი? – ჰკითხა კარლმა. – მართალი გითხრა, არ ვიცი, – მიუგო რობინსონმა, – მაგრამ, ჩემი აზრით, არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში, ქმარმა ეს თავადაც არ იცის. რამდენჯერმე მისაუბრია მასთან ამის თაობაზე. ყოველდღე იქ, ქუჩის კუთხეში მელოდება, რათა ახალი ამბები ვუამბო. თუ ვერ მივალ, ნახევარ საათს მელოდება და მერე მიდის. ეს ჩემთვის კარგი დამატებითი საშოვარი იყო, რადგან ის კაცი ახალი ამბებისათვის გულუხვად მიხდიდა. მაგრამ მას მერე, რაც ამის შესახებ დელამარშმა შეიტყო, მთელი გასამრჯელო მას უნდა ჩავუთვალო, ამიტომაც იშვიათადღა მივდივარ იმ კაცთან. – კი მაგრამ, რაღა უნდა იმ ქმარს? ხომ ხედავს, რომ ქალს მისი სახელის გაგონებაც არ სურს? – დიახ, – ამოიხვნეშა რობინსონმა, სიგარეტს მოუკიდა, და ხელის აქნევით ბოლი გაფანტა. შემდეგ თითქოს გადაწყვეტილება შეცვალა და დასძინა: – მე ვინ მეკითხება? მხოლოდ ის ვიცი, რომ ის კაცი ფულს არ დაიშურებდა, ოღონდ კი აქ, აივანზე წოლა შესძლებოდა ჩვენსავით.

კარლი წამოდგა, მოაჯირს დაეყრდნო და ქუჩაში გადაიხედა. მთვარე უკვე ამოსულიყო, მაგრამ ქუჩაბანდის სიღრმეში მისი შუქი ჯერ ვერ აღწევდა. ქუჩაში, დღისით სულ დაცარიელებული რომ იყო, ახლა უამრავი ხალხი ირეოდა, განსაკუთრებით სახლების შესასვლელებთან. ყველა ნელა, მძიმედ მოძრაობდა. კაცების პერანგები, ქალების ღია ფერის კაბები სუსტად ანათებდნენ სიბნელიდან; ყველა თავშიშველი იყო. გარშემო, აივნებზეც ხალხი გამოფენილიყო. ნათურის შუქზე, აივნის სიდიდის მიხედვით, მაგიდებს გარს შემოსხდომოდნენ ოჯახები. ზოგი, უბრალოდ, სავარძელში ისვენებდა, ზოგს კი მხოლოდ თავი გამოეყო ოთახიდან. მამაკაცებს ფეხები განზე გაედგათ, ტერფები კი მოაჯირის გისოსებს შორის ჰქონდათ გამოყოფილი და გაზეთებს კითხულობდნენ, რომლებიც თითქმის იატაკამდე იყო დაშვებული; ან ბანქოს თამაშობდნენ, როგორც ჩანს, უსიტყვოდ, მაგრამ ქაღალდს ხმაურით ატყლაშუნებდნენ მაგიდებზე; ქალებს მუხლებზე ხელსაქმე ედოთ და მხოლოდ დროდადრო მოავლებდნენ ხოლმე თვალს გარემოს; მეზობელ აივანზე განუწყვეტლივ ამთქნარებდა ერთი ქერა, კაფანდარა, თვალებგადმოკარკლული ქალი, თან პირზე იფარებდა თეთრეულის ნაჭერს, რომელსაც კემსავდა; ყველაზე პატარა აივანზეც კი ბავშვები დაჭერობანას თამაშს ახერხებდნენ, რითაც მშობლებს თავს აბეზრებდნენ. ოთახების უმეტესობაში გრამაფონები იყო ჩართული და იქიდან სიმღერები თუ საორკესტრო მუსიკა იღვრებოდა, მაგრამ არავინ უგდებდა ყურს, მხოლოდ ოჯახის უფროსის მინიშნებაზე ვიღაც შერბოდა ოთახში ფირფიტის შესაცვლელად. ზოგიერთ ფანჯარასთან უძრავად იდგა შეყვარებული წყვილი; კარლის მოპირდაპირე ფანჯარაშიც სწორედ ასეთი წყვილი იდგა. ვაჟს ცალი ხელი გოგონასათვის შემოეხვია, მეორით კი მკერდზე ეფერებოდა. – იცნობ რომელიმე მეზობელს? – ჰკითხა კარლმა რობინსონს, რომელიც ამასობაში წამომდგარიყო და, რადგან შეამცივნა, საბნის გარდა, ბრუნელდას შალიც შემოეხვია ტანზე.

– თითქმის არავის, და ეს არის სწორედ ყველაზე ცუდი, – მიუგო რობინსონმა და კარლი თავისკენ მიიზიდა, რომ ჩაეჩურჩულებინა: – თორემ საწუწუნო არაფერი მექნებოდა. ბრუნელდამ ხომ დელამარშის გამო ყველაფერი გაყიდა, რაც კი ებადა და მთელი თავისი ავლა-დიდებით ქალაქის გარეუბანში, ამ ბინაში გადმოსახლდა, რათა მთლიანად მას მიუძღვნას თავი და არავინ არ შეაწუხოს; სხვათა შორის, ეს დელამარშის სურვილიც იყო. – და მსახურებიც გაუშვა? – ჰკითხა კარლმა. – რა თქმა უნდა, – უპასუხა რობინსონმა, – აბა, სად უნდა მოეთავსებინა აქ მსახურები? ეს მსახურები ხომ ძალზე პრეტენზიული ხალხია; ერთხელ დელამარშმა ერთ-ერთ მსახურს ბრუნელდას თანდასწრებით ალიყური უთავაზა და ოთახიდან გააგდო. არაერთგზის გააწნა სილა, ვიდრე ის კაცი გარეთ გავარდებოდა; რა თქმა უნდა, დანარჩენი მსახურებიც მას შეუერთდნენ და კართან ხმაური ატეხეს. მაშინ დელამარში გავიდა მათთან (მე მაშინ მსახური არ ვიყავი, არამედ ოჯახის მეგობარი, მაგრამ მაინც მსახურებს დავუჭირე მხარი) და ჰკითხა: – რა გინდათ? – უხუცესმა მსახურმა, ვინმე ისიდორმა, უპასუხა: – თქვენთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო, ჩვენი პატრონი მოწყალე ქალბატონი ბრუნელდაა, – როგორც ხედავ, ისინი ბრუნელდას პატივს სცემდნენ. მაგრამ ბრუნელდას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, დელამარშთან მიირბინა – მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ისე დამძიმებული, როგორც ახლა – ყველას თვალწინ მოეხვია, აკოცა და «უსაყვარლესი დელამარში» უწოდა. «გააპანღურე ეს მაიმუნები აქედან», უთხრა ბოლოს. მაიმუნები – ცხადია, მსახურებს უწოდა ასე. წარმოიდგინე, რა სახეები მიიღეს მაშინ. შემდეგ ბრუნელდამ დელამარშს საფულეზე მოაკიდებინა ხელი, რომელიც ქამარზე ეკიდა; დელამარშმა საფულე გახსნა და მსახურების გასტუმრება დაიწყო. ბრუნელდას მონაწილეობა ამ ანგარიშსწორებაში იმით შემოიფარგლებოდა, რომ ქამარზე შებმული ღია საფულით იდგა იქ. დელამარშს ხშირად უწევდა საფულეში ხელის ჩაყოფა, რადგან ფულს ისე არიგებდა, რომ არ ითვლიდა, და არც ამოწმებდა, ვისთვის რამდენი უნ-

და მიეცა. ბოლოს განუცხადა: – რაკი ჩემთან ლაპარაკი არ გინდათ, ბრუნელდას სახელით გეტყვით: «ჩაალაგეთ თქვენი ბარგი-ბარხანა და ახლავე მოუსვით აქედან». ასე გაუშვა ისინი. ამის შემდეგ რამდენიმე პროცესი შედგა, ერთხელ დელამარშსაც მოუწია სასამართლოში გამოცხადება, მაგრამ ამის შესახებ დაწვრილებით არაფერი ვიცი. ეს იყო, რომ მსახურებთან გამომშვიდობების შემდეგ ბრუნელდას უთხრა: «აი, ახლა აღარც ერთი მსახური აღარ გყავს». მან კი უპასუხა: «მაგრამ რობინსონი ხომ აქ არის». დელამარშმაც მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა: «კეთილი, მაშ შენ იქნები ჩვენი მსახური». და ბრუნელდამ ლოყაზე ხელი მომითათუნა. თუ შემთხვევა მოგეცემა, როსმან, შენც მოათათუნებინე ლოყაზე ხელი. ვერ წარმოიდგენ, რა სასიამოვნოა ეს. – ესე იგი, დელამარშის მსახური გახდი? – შეაჯამა კარლმა. რობინსონმა კარლის ამ შეკითხვაში სიბრალული იგრძნო და უპასუხა: – მე მსახური ვარ, მაგრამ ამას ცოტა ვინმე თუ ამჩნევს. ხედავ, შენც კი არ იცოდი ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცოტა ხანი მაინც დაყავი ჩვენთან. ხომ ნახე, როგორ მეცვა, სასტუმროში რომ მოვედი წუხელ თქვენთან. უკეთესს ვერ ინატრებ. განა მსახურებს ასე აცვიათ? ოღონდ ეგაა, რომ ხშირად ვერ გავდივარ, მუდამ აქ უნდა ვიტრიალო, სახლში საქმეს რა გამოლევს. ერთი ადამიანისთვის აქ ბევრი სამუშაოა. როგორც შენც შეამჩნევდი, ოთახში უამრავი ნივთია; რაც გადმოსახლებისას ვერ გავყიდეთ, თან წამოვიღეთ. ცხადია, შეიძლებოდა ყველაფრის გაჩუქება, მაგრამ ბრუნელდა არაფერს გასცემს. წარმოიდგინე, რამხელა შრომა დასჭირდებოდა ამდენი რამის კიბეებზე ამოზიდვას. – რობინსონ, ეს ყველაფერი შენ ამოზიდე? – ჰკითხა კარლმა. – მაშ, სხვა ვინ ამოზიდავდა? – მიუგო რობინსონმა, – ერთი დამხმარე მუშაც იყო, მაგრამ ზარმაცი და უქნარა; ასე რომ, სამუშაოს მეტი წილი მარტომ შევასრულე. ბრუნელდა ქვემოთ იდგა, მანქანასთან. დელამარში ზემოთ აწესრიგებდა, სად რა უნდა დაედო, მე კი განუწყვეტლივ ზევით-ქვევით დავრბოდი. ორ დღეს მოვუნდით, ძალიან ბევრია, არა? მაგრამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი რამაა ოთახში, ყველა სკივრი

გატენილია და სკივრებს უკან კიდევ ჭერამდეა ერთმანეთზე დახვავებული. ერთი-ორი მუშა რომ დაექირავებინა გადმოსაზიდად, ყველაფერს სწრაფად გაართმევდნენ თავს, მაგრამ ბრუნელდა ჩემ გარდა თავის ნივთებს ვერავის ანდობდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მაშინ სამუდამოდ დავიზიანე ჯანმრთელობა, მე კი რა გამაჩნია სხვა, გარდა ჩემი ჯანმრთელობისა? როგორც კი ოდნავ დავიძაბები, მაშინვე მჩხვლეტს აქ და აქ და აქ. როგორ ფიქრობ, ის ბიჭები სასტუმროში, ის ლაწირაკები – სხვა რა შეიძლება მათ უწოდო – მომერეოდნენ მაშინ, მე რომ ჩემი ჯანი მქონოდა? მაგრამ რაც არ უნდა მომივიდეს, არც დელამარშსა და არც ბრუნელდას სიტყვასაც არ ვეტყვი, ვიშრომებ, ვიდრე შემეძლება, და როცა აღარ შემეძლება, დავწვები და მოვკვდები, და მხოლოდ მაშინ, გვიანღა მიხვდებიან, რომ ავად ვიყავი და მიუხედავად ამისა, მაინც სულ ვმუშაობდი და ვმუშაობდი და მათ სამსახურში ამომივიდა სული. ეჰ, როსმან, – თქვა ბოლოს და კარლის პერანგით მოიწმინდა ცრემლები. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰკითხა: – არ გცივა? პერანგის ამარა დგახარ. – მომისმინე, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – სულ წუწუნებ და წუწუნებ. არა მგონია, ავად იყო. სავსებით ჯანმრთელად გამოიყურები, მაგრამ სულ აივანზე რომ წევხარ, ათასი რამ მოგდის თავში. შეიძლება ზოგჯერ მართლაც გაქვს ჭვალი გულზე, მეც მჩხვლეტს ხოლმე ხანდახან, ყველას აქვს ეს. მაგრამ ასეთი წვრილმანის გამო ყველა წუწუნს რომ მოჰყვეს შენსავით, აივნები მტირალებით გაივსებოდა. – მე უკეთ ვიცი, – თქვა რობინსონმა და ამჯერად თავისი საბნის კუთხით მოიწმინდა თვალები, – ერთმა სტუდენტმა, ქირით რომ ცხოვრობს მეზობლად, ერთ ქალთან, რომელიც ჩვენც გვიმზადებდა საჭმელს, ერთხელ, ჭურჭელი რომ დავუბრუნე, მითხრა: «მომისმინეთ, რობინსონ, ავად ხომ არ ხართ?» მე აკრძალული მაქვს მეზობლებთან ლაპარაკი, ამიტომ ჭურჭელი დავაწყვე და წამოსვლა დავაპირე. ის კი უკან გამომყვა და მითხრა: «მომისმინეთ, ძმობილო, ნუ მიიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თქვენ ავად ხართ.» «მაპატიეთ, მაგრამ რა უნდა ვქნა?» ვკითხე მე. «ეს თქვენი საქმეა», მიპასუხა მან და გატრიალდა. დანარჩენებმა, მა-

გიდასთან რომ ისხდნენ, გაიცინეს; ჩვენ ხომ ყველგან მტრები გვყავს, და მეც წამოსვლა ვამჯობინე. – ესე იგი, იმ ადამიანებისა გჯერა, რომლებიც სულელად გთვლიან, მათი კი არა, ვისაც შენთვის სიკეთე სურს. – მაგრამ მე ხომ უკეთესად ვიცი, როგორ ვგრძნობ თავს, – განაგრძო რობინსონმა, და ისევ წუწუნს მოჰყვა. – შენ სწორედაც რომ არ იცი, რა გჭირს. რაიმე წესიერი სამუშაო უნდა მოძებნო, ნაცვლად იმისა, რომ აქ დელამარშს ემსახურო. რაც შენი მონათხრობიდან შევიტყვე და რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს სამსახური კი არა, ნამდვილი მონობაა. ამისი ატანა შეუძლებელია, გეთანხმები. შენ ალბათ ფიქრობ, რომ რაკი დელამარშის მეგობარი ხარ, ვერ მიატოვებ მას. ეს არ არის სწორი; თუკი ის ვერ ხვდება, რა უბადრუკ ცხოვრებას ეწევი მის გამო, მაშინ შენ არავითარი ვალდებულება არ გაკისრია მის წინაშე. – მაშ, შენი აზრით, როსმან, თუ ამ სამსახურს დავანებებ თავს, გამოვჯანმრთელდები? – უეჭველად, – მიუგო კარლმა. – უეჭველად? – კითხვა შეუბრუნა რობინსონმა. – ეჭვიც არ მეპარება, – ღიმილით მიუგო კარლმა. – მაშ ახლავე შემიძლია დავიწყო გამოკეთება, – და რობინსონმა კარლს ახედა. – კი მაგრამ, როგორ? – როგორ და, ჩემს სამუშაოს ამიერიდან ხომ შენ შეასრულებ, – უპასუხა რობინსონმა. – ეგ ვინ გითხრა? – შეეკითხა კარლი. – ეს კარგა ხნის გეგმაა. რამდენიმე დღეა ამაზე თათბირობენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ბრუნელდამ გამომლანძღა, რადგან ბინას წესიერად ვერ ვასუფთავებ. ცხადია, შევპირდი, ყველაფერს მოვაწესრიგებ-მეთქი. მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ამ მდგომარეობაში, მაგალითად, არ შემიძლია, ყველგან შევძვრე და მტვერი გამოვწმინდო. შუა

ოთახშიც კი შეუძლებელია კუდის მოქნევა, არამც თუ ავეჯსა და სანოვაგის ყუთებს შორის. თუ გინდა, წესიერად დაასუფთავო ყველაფერი, ავეჯიც უნდა დაძრა ადგილიდან, და ამას მარტო როგორ შევძლებ? გარდა ამისა, ყველაფერი ეს უხმაუროდ უნდა მოხდეს, რომ ბრუნელდა არ შეწუხდეს, ის კი თითქმის არასოდეს გადის ოთახიდან. მე კი დავპირდი, ყველაფერს დავასუფთავებდი, მაგრამ სინამდვილეში არ დამისუფთავებია. როცა ბრუნელდამ ეს შენიშნა, დელამარშს უთხრა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და კიდევ ერთი დამხმარე უნდა ავიყვანოთო, – მე არ მინდა, დელამარშ, – უთხრა მან, – ერთხელაც მისაყვედურო, რომ სახლს ვერ ვუძღვები. კარგად ხედავ, ჩემთვის დაძაბვა არ შეიძლება, რობინსონი კი ვერ ართმევს თავს საქმეს; თავიდან ყოჩაღად იყო და ყველაფერს ასწრებდა, ახლა კი გამუდმებით დაღლილია და უმეტესად კუთხეშია მიყუჟული. არა და ოთახი, რომელშიც ამდენი ნივთია, როგორც ჩვენთან, თავისთავად ვერ დალაგდება, – ამის შემდეგ დელამარში დაფიქრდა, რა უნდა მოემოქმედებინა, ასეთ სახლში ნებისმიერ ადამიანს ხომ ვერ შემოიყვან, გამოსაცდელი ვადითაც კი, ჩვენ ხომ ყოველი მხრიდან გვითვალთვალებენ. და რადგან მე შენი კარგი მეგობარი ვარ და რენელისაგან გამიგონია, როგორ იტანჯებოდი სასტუმროში, შენი თავი შევთავაზე. დელამარში მაშინვე დამეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისე უკმეხად მოექეცი, და ცხადია, მე გამიხარდა, რომ შევძელი სამსახური გამეწია შენთვის. შენთვის ეს ადგილი ზედგამოჭრილია, – ახალგაზრდა ხარ, ჯან-ღონით სავსე და მოხერხებული, მე კი აღარაფრად ვვარგივარ. ოღონდ არ იფიქრო, რომ უკვე მიღებული ხარ; თუ ბრუნელდას არ მოეწონები, ჩვენ არაფერში გვჭირდები. ასე რომ, ეცადე, ასიამოვნო ბრუნელდას, დანარჩენზე მე ვიზრუნებ. – და შენ რას გააკეთებ, თუ მე აქ მსახურად დავრჩები? – კარლმა შვება იგრძნო, პირველმა შიშმა, რობინსონის ნაამბობმა რომ გამოიწვია, გაუარა. ესე იგი, დელამარშს ცუდი განზრახვა არ აქვს მასთან დაკავშირებით, მხოლოდ მისი მსახურად ქცევა სურს – რაიმე უარესი განზრახვა

რომ ჰქონდეს, რობინსონს ენაზე არ დაადგებოდა. და თუ საქმე ასეა, მაშინ გადაწყვეტილია – კარლი ამაღამვე გამოემშვიდობება აქაურობას. ძალით ვერავის აიძულებ, იმუშაოს. და თუ ადრე აფიქრებდა ის ამბავი, შეძლებდა თუ არა სასტუმროდან გათავისუფლების შემდეგ მალევე შესაფერისი და შეძლებისდაგვარად მისაღები ადგილის პოვნას, რომ შიმშილისგან არ მომკვდარიყო, ახლა, იმასთან შედარებით, რასაც აქ უმზადებენ და რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, ყველაფერზე თანახმაა, უმუშევრობის ტვირთიც კი ურჩევნია აქ მსახურად მუშაობას. ოღონდ რობინსონისათვის ამის ახსნა სულაც არ არის საჭირო, მით უმეტეს, როცა მისი ყველა განსჯა ახლა იმ იმედს ემყარება, რომ კარლი მას ტვირთს შეუმსუბუქებს. – ასე რომ, – დაიწყო რობინსონმა, თან ლაპარაკს ხელების მოძრაობას აყოლებდა – იდაყვით მოაჯირს დაეყრდნო, – უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს აგიხსნი და მარაგს გიჩვენებ. შენ განათლებული ხარ და კარგი ხელწერაც გექნება; ახლავე შეგიძლია შეადგინო სია, რა გვაქვს. ბრუნელდას დიდი ხანია, ეს სურს. ხვალ თუ დილიდანვე კარგი ამინდი იქნება, ბრუნელდას ვთხოვოთ, აივანზე დაჯდეს, ამასობაში კი ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ოთახში, ისე, რომ მას არ შევაწუხებთ. ეს მთავარია, როსმან. ოღონდ კი ბრუნელდა არ შეწუხდეს. მას ყველაფერი ესმის. ჩანს, როგორც მომღერალს, მეტად მახვილი სმენა აქვს. მაგალითად, ვისკის კასრი უნდა გამოაგორო, რომელიც სკივრის უკან დგას; ამას უხმაუროდ ვერ მოახერხებ – კასრი მძიმეა, გარშემო კი უამრავი რამ აწყვია – ერთბაშად ვერ გამოაგორებ. ბრუნელდა ამ დროს მშვიდად წევს დივანზე და ბუზებზე ნადირობს, რომლებიც ძალიან აწუხებენ. გგონია, შენ ყურადღებას არ გაქცევს, და კასრს შენთვის მიაგორებ; ის ისევ მშვიდად წევს. მაგრამ უეცრად, როცა ამას სულ არ მოელი და როცა ყველაზე ნაკლებად ხმაურობ, წამოჯდება, ორივე ხელს დივანს დაარტყამს და ისეთ მტვერს აადენს, რომ მტვრის ღრუბელში აღარ ჩანს, – რაც აქ ვართ, დივანი არ გამიბერტყავს, ის ხომ სულ ზედ წევს – და ისეთ ყვირილს ატეხს, კაცი ვერ აჯობებს, და ყვირის ასე, საათობით. სიმღერა კი აუკრძალეს მე-

ზობლებმა, მაგრამ ყვირილს ვერავინ უკრძალავს, ყვირის და ყვირის; სხვათა შორის, ახლა ეს იშვიათად ხდება, მე და დელამარში ძალიან ვფრთხილობთ. თან ეს მისთვის საზიანოა. ერთხელ გული წაუვიდა, და მე – დელამარში წასული იყო – მეზობელი სტუდენტის მოყვანა დამჭირდა – მან დიდი ბოთლიდან რაღაც სითხე შეასხურა, ამან კი უშველა, მაგრამ იმ სითხეს ისეთი აუტანელი სუნი ჰქონდა, ახლაც იგრძნობ, თუ დივანთან ცხვირს ახლოს მიიტან. სტუდენტი, ცხადია, ჩვენი მტერია, როგორც ყველა აქ. შენც ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხა, არავისთან არ უნდა გააბა მასლაათი. – მომისმინე, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – ეს ძალიან ძნელი სამსახურია. კარგ ადგილზე კი გაგიწევია ჩემთვის რეკომენდაცია. – ფიქრი ნუ გაქვს, – მიუგო რობინსონმა და თვალდახუჭულმა თავი გადააქნია, რათა კარლის ყველა შესაძლო ეჭვი გაეფანტა, – ამ სამსახურს ისეთი უპირატესობა აქვს, როგორიც არც ერთ სხვა სამსახურს არ ექნება. ისეთი ქალის სიახლოვეს იქნები, როგორიც ბრუნელდაა, ზოგჯერ მასთან ერთად ერთ ოთახშიც მოგიწევს ძილი, ეს კი, როგორც ალბათ შენც ხვდები, ათასგვარ სიამოვნებას გპირდება. გულუხვად გადაგიხდიან, ფული აქ თავზე საყრელად აქვთ; მე არაფერს მიხდიდნენ, რადგან დელამარშის მეგობარი ვარ; ოღონდ, როცა ქალაქში გავდიოდი, ბრუნელდა ყოველთვის მაძლევდა რაღაცას, შენ კი, როგორც ყველა მსახურს, ისე გადაგიხდიან. შენ ხომ ხარ კიდეც მსახური. რაც მთავარია, მე ძალიან შეგიმსუბუქებ სამსახურს. პირველ ხანებში, ცხადია, არაფერს გავაკეთებ, ხომ უნდა დავისვენო, მაგრამ როგორც კი ძალას მოვიკრებ, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. ბრუნელდას მომსახურებას მე გავაგრძელებ – დავარცხნას, ჩაცმას – თუ დელამარში არ გააკეთებს ამას. შენი მოვალეობა იქნება დალაგება, საყიდლებზე სიარული და სხვა მძიმე საშინაო საქმეების მოგვარება. – არა, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – ყოველივე ეს მე არ მხიბლავს. – სისულელეებს თავი დაანებე, როსმან, – რობინსონმა კარლს სახე სახესთან მიუტანა, – ხელიდან ნუ გაუშვებ ამ შესანიშნავ შესაძლებლო-

ბას. სად იშოვი ასე უცებ სამუშაოს? ვინ გიცნობს? ვის იცნობ? ჩვენ, ორმა კაცმა, რომლებმაც ბევრი რამ გადავიტანეთ და დიდი გამოცდილებაც დავაგროვეთ, რამდენი კვირა ვიარეთ კარდაკარ, მაგრამ სამუშაო ვერ ვიშოვეთ. ეს არც ისე ადვილია, სასოწარკვეთილებამდე ძნელია. კარლმა თავი დაუკრა, გაუკვირდა, რა გონივრულად ლაპარაკობდა რობინსონი. მაგრამ მის რჩევებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა – არ უნდა დარჩეს აქ, ამ დიდ ქალაქში უთუოდ მოიძებნება მისთვის რაღაც ადგილი, მთელი ღამე – ეს კარგად იცის – ყველა სასტუმრო თუ რესტორანი გადატვირთულია, სტუმრებს კი მომსახურება სჭირდებათ, მას ხომ უკვე აქვს რაღაც გამოცდილება. შეეცდება, ჩქარა და შეუმჩნევლად მოეწყოს რომელიმე დაწესებულებაში. აი, მოპირდაპირე სახლში, ქვემოთ, პატარა რესტორანია, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა მოისმის. მთავარ შესასვლელზე დიდი ყვითელი ფარდაა ჩამოფარებული, რომელიც დროდადრო, ქარის დაბერვაზე, ქუჩაში გამოფრიალდება ხოლმე. სხვა მხრივ ქუჩაში უკვე სიწყნარეა. აივნების უმეტესობა ჩაბნელებულია, მხოლოდ მოშორებით მოჩანს აქა-იქ კიდევ სინათლე, მაგრამ საკმარისია, თვალი შეაჩერო, იქ მყოფნი წამოიშლებიან და ვიდრე ისინი ოთახში გაუჩინარდებიან, ოჯახის მამა უკანასკნელად მოავლებს ქუჩას მზერას და ნათურას აქრობს. «აი, კიდეც დაღამდა», გაიფიქრა კარლმა, «თუ კიდევ დავრჩები აქ, მათნაირი გავხდები.» და შემოტრიალდა, რომ კარზე ფარდა გადაეწია, – რას აპირებ? – რობინსონი კარლსა და ფარდას შორის ჩადგა. – უნდა წავიდე, – უთხრა კარლმა, – გამიშვი! გამიშვი! – ხელს ხომ არ შეუშლი, – წამოიძახა რობინსონმა, – ეს რა მოიგონე! – და კარლს ორივე ხელი კისერზე შემოხვია, მთელი სიმძიმით ჩამოეკიდა ზედ, მისი ფეხები თავის ფეხებს შორის მოიქცია და წამში ძირს დასცა. მაგრამ კარლმა, რომელმაც ლიფტიორებთან ურთიერთობაში რამდენიმე საბრძოლო ილეთი შეისწავლა, რობინსონს ნიკაპში მუშტი ამოარტყა, თუმცა მსუბუქად და ფრთხილად. მან კი სწრაფად და მთელი ძალით მუცელში მუხლი უთავაზა, მერე ორივე ხელი ნიკაპზე წაივლო და

ისეთი ღრიალი ამოუშვა, რომ მეზობელი აივნიდან კაცმა ხელი ხელს შემოჰკრა და უბრძანა: – წყნარად მანდ! – კარლი ცოტა ხანს უძრავად იწვა, რომ რობინსონის დარტყმით გამოწვეული ტკივილი გაეყუჩებინა. მხოლოდ სახე მიაბრუნა ფარდისაკენ, რომელიც მშვიდად და მძიმედ ეკიდა ჩაბნელებული ოთახის კარზე. ჩანს, ოთახში აღარავინაა, ალბათ დელამარში ბრუნელდასთან ერთად სადღაც გავიდა, და კარლი სრულიად თავისუფალია. რობინსონი კი, რომელიც ნამდვილი ყარაულის ძაღლივით იქცეოდა, საბოლოოდ მოიშორა თავიდან. ამ დროს შორიდან საყვირისა და დაფდაფის რიტმული ხმები გაისმა. ცალკეული შეძახილები მალე საყოველთაო ღრიალში გადაიზარდა. კარლმა თავი მიაბრუნა და დაინახა, რომ უცებ ყველა აივანი ისევ გამოცოცხლდა. ნელა წამოდგა, წელში ჯერ მთლად ვერ გაიმართა და მოაჯირს მძიმედ მიეყუდა. ქვემოთ, ტროტუარზე, ახალგაზრდები მწყობრში სამხედრო ნაბიჯით მიდიოდნენ. მაღლა აღმართულ ხელებში ფორმის ქუდები ეჭირათ, სახეები მკვეთრად მიებრუნებინათ უკან. ქვაფენილი ჯერ თავისუფალი იყო. ზოგი გრძელ ჯოხებზე დამაგრებულ ლამპიონებს აქნევდა აქეთ-იქით, რომლებიც მოყვითალო კვამლში იყო გახვეული. როცა მესაყვირეები და მედაფდაფეები სინათლის შუქზე გამოვიდნენ, კარლი განაცვიფრა მათმა მრავალრიცხოვნებამ. სწორედ ამ დროს უკნიდან ხმები შემოესმა; შემოტრიალდა და დაინახა დელამარში, რომელმაც მძიმე ფარდა ასწია, ოთახის სიბნელიდან კი ბრუნელდა გამოვიდა წითელ კაბაში, მხრებზე აჟურული მოსასხამით, მუქი ჩაჩიდან დაუვარცხნელი, მხოლოდ სახელდახელოდ აკრეფილი თმა მოუჩანდა, რომლის ბოლოები სახეზე ჩამოშლოდა. ხელში პატარა გაშლილი მარაო ეჭირა, რომლითაც არ ინიავებდა, არამედ გულში მაგრად იკრავდა. კარლმა გვერდზე ჩაიწია, რათა წყვილისათვის ადგილი დაეთმო. ცხადია, აქ დარჩენას ვერავინ აიძულებს, და თუ დელამარში მაინც შეეცდება, ბრუნელდა მაშინვე გაუშვებს, როგორც კი კარლი სთხოვს. ის ხომ ვერ იტანს კარლს, მისმა გამოხედვამ შეაშინა კიდეც. მაგრამ როგორც კი კარისკენ გადადგა ნაბიჯი, ბრუნელდამ ეს შეამჩნია და უთხრა: – საით

გაგიწევია, პატარავ? – დელამარშის მკაცრმა გამოხედვამ კარლი ადგილზე გააშეშა, ბრუნელდამ კი თავისკენ მიიზიდა, – არ გინდა გადახედო ქვემოთ პროცესიას? – ჰკითხა და მოაჯირთან თავის წინ ჩაიყენა, – იცი, რა ხდება აქ? – გაიგონა კარლმა ზურგს უკან მისი ხმა და უნებური მოძრაობით შეეცადა, თავი დაეღწია მისგან, მაგრამ უშედეგოდ. ნაღვლიანად გადახედა ქუჩას, თითქოს იქ ყოფილიყოს მისი მწუხარების მიზეზი. დელამარში ჯერ ბრუნელდას უკან იდგა, გულზე გადაჯვარედინებული ხელებით, მერე ოთახში შეირბინა და ბრუნელდას თეატრალური ბინოკლი გამოუტანა. ქვემოთ მუსიკოსებს პროცესიის მთავარი ნაწილი მოჰყვა. უზომოდ მაღალ კაცს მხრებზე ერთი ბატონი შემოესვა. ამ სიმაღლიდან მხოლოდ მისი პრიალა მელოტი თავი მოჩანდა, ზეაწეული ცილინდრით აქეთ-იქით სალამს არიგებდა. მის გარშემო პანელები მიჰქონდათ, რომლებიც ზემოდან სრულიად თეთრად ჩანდა; ეს სცენა ისე იყო ჩაფიქრებული, თითქოს პანელები ყოველი მხრიდან აკავებდნენ ამ ბატონს მსვლელობის თავზე. და რაკი ყველაფერი მოძრაობაში ხდებოდა, პანელების კედლები ხან დაიშლებოდა, ხან ისევ აეწყობოდა. ამ ბატონის ირგვლივ, მთელი ქუჩის სიგანე, თუმცა, რამდენადაც სიბნელეში შეიძლებოდა ამის გარჩევა, მცირე მონაკვეთი, მისი მიმდევრებით იყო სავსე, რომლებიც ტაშისცემით ალბათ მის სახელს გაიძახოდნენ. სახელი მოკლე იყო, მაგრამ საყოველთაო ხმაურისა და სიმღერის ფონზე – გაუგებარი. რამდენიმე კაცს, რომლებიც მოხერხებულად იყვნენ განაწილებული პროცესიაში, ავტომობილის ძლიერი შუქფარები მიჰქონდა, და ქუჩის ორივე მხარეს სახლებს მთელ სიმაღლეზე, ნელა აშუქებდნენ პროჟექტორებით. კარლის სიმაღლეზე შუქი აღარ ჭრიდა თვალს, მაგრამ დაბალი სართულების აივნებზე მდგომი ადამიანები, რომლებიც პროჟექტორის განათებაში ხვდებოდნენ, აჩქარებით ორივე ხელს იფარებდნენ თვალებზე. დელამარშმა ბრუნელდას თხოვნით მეზობელ აივანზე იკითხა, რას ნიშნავდა ეს მსვლელობა. კარლი დაინტერესდა, უპასუხებდნენ თუ არა,

ან რას უპასუხებდნენ. დელამარშმა მართლაც სამჯერ იკითხა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ის უკვე სახიფათოდ გადაიხარა მოაჯირზე, მეზობლებზე გაბრაზებულმა ბრუნელდამ ფეხი მსუბუქად დააბაკუნა და კარლმა მისი მუხლის შეხება იგრძნო. ბოლოს რაღაც პასუხი მაინც მოვიდა, მაგრამ იმავე წამს იმ ხალხით სავსე აივნიდან ხმამაღალი სიცილი გაისმა. საპასუხოდ დელამარშმა ისე დასჭექა რაღაც, მთელ ქუჩაზე ასეთი ხმაური რომ არ ყოფილიყო, გაკვირვებისაგან ყველა ყურებს დაცქვეტდა. ყოველ შემთხვევაში, ამან იმოქმედა და სიცილი მყის შეწყდა. – ხვალ ჩვენს ოლქში მოსამართლეს ირჩევენ და ის კაცი, პროცესიას რომ მიჰყავს, კანდიდატია, – თქვა დელამარშმა, რომელიც სრულიად წყნარად დაუბრუნდა ბრუნელდას, – არა, – წამოიძახა მერე და ბრუნელდას ალერსით ზურგზე ხელი დაარტყა, – ჩვენ საერთოდ აღარ ვიცით, რა ხდება ქვეყანაზე. – დელამარშ, – უპასუხა ბრუნელდამ და მეზობლების საქციელს მიუბრუნდა, – სიამოვნებით გადავიდოდი აქედან, ეს რომ ასე რთული არ იყოს! სამწუხაროდ, მე ამას ვეღარ გავუძლებ, – და ხშირი და ხმამაღალი ხვნეშით, დაბნეული, მოუსვენრად წიწკნიდა კარლის პერანგს, კარლი კი ცდილობდა, როგორმე შეუმჩნევლად მოეშორებინა მისი კოტიტა ხელები, რაც მოახერხა კიდეც, რადგან ბრუნელდა მას ყურადღებას არ აქცევდა – სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. მაგრამ კარლსაც მალე დაავიწყდა ბრუნელდა და ითმენდა მის მძიმე მკლავებს მხრებზე, რადგან ქუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დააინტერესა. მამაკაცების პატარა ჯგუფის მითითებით, რომლებიც კანდიდატის წინ მიაბიჯებდნენ და რომელთა საუბარი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი იყო, რაზეც მეტყველებდა ყოველი მხრიდან მათკენ ყურადღებით მიბრუნებული სახეები, მსვლელობა რესტორნის წინ შეჩერდა. ამ აქტიურ პირთაგან ერთ-ერთმა ხელი მაღლა ასწია, რითაც როგორც მასას, ასევე კანდიდატს რაღაც ანიშნა. ხალხი დადუმდა, კანდიდატმა კი, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა, წამომდგარიყო მისი დამტარებლის მხრებიდან, მაგრამ ისევ ეცემოდა, მოკლე სიტყვა წარ-

მოთქვა, თან ცილინდრს ელვისებური სისწრაფით იქნევდა აქეთ-იქით. ყოველივე ეს სრულიად გარკვევით ჩანდა, რადგან ყველა ავტომობილის შუქფარი ორატორისკენ იყო მიმართული, ასე რომ, ის განათებული ვარსკვლავის შუაგულში იდგა. აი, ახლა ნათლად გამოჩნდა, რა ინტერესით ადევნებდა თვალს მთელი ქუჩა ამ მოვლენას. აივნებზე, რომლებიც კანდიდატის მიმდევრებით იყო სავსე, სიმღერით მის სახელს სკანდირებდნენ და თან მხარდაჭერის ნიშნად გისოსებიდან გამოყოფილ ხელებს თავგამეტებით იქნევდნენ. დანარჩენი აივნებიდან ძლიერი საპასუხო სიმღერა გაისმა, თუმცა ეს დაპირისპირება ერთსულოვანი არ იყო, რადგან ისინი სხვადასხვა კანდიდატს ემხრობოდნენ. შემდეგ აქაური კანდიდატის ყველა მტერმა ერთობლივი სტვენა წამოიწყო, და აქა-იქ კვლავ გრამაფონებიც აახმიანეს. ცალკეულ აივნებს შორის პოლიტიკური დისკუსიებიც გაჩაღდა, რასაც ღამეული საათი განსაკუთრებულ სიმძაფრესა და მღელვარებას მატებდა. უმეტესობას უკვე საღამურები ეცვა და მხოლოდ ხალათები ჰქონდათ წამოსხმული. ქალები დიდ, მუქ შალებში გახვეულიყვნენ, უყურადღებოდ მიტოვებულ ბავშვებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით გამოდიოდნენ ჩაბნელებული ოთახებიდან, სადაც უკვე დასაძინებლად იწვნენ, – სახიფათო გასართობი გამოეძებნათ – აივნის მოაჯირზე ძვრებოდნენ. აქა-იქ განსაკუთრებით ემოციური დემონსტრანტები მოწინააღმდეგეებისაკენ ამოუცნობ საგნებს ისროდნენ. ზოგი ხვდებოდა მიზანში, ნასროლი საგნების უმეტესობა კი ფილაქანზე ეცემოდა, რასაც გაცხარებული წამოძახილები მოსდევდა. როგორც კი მსვლელობის ლიდერებს ხმაური შეაწუხებდა, მაშინვე მესაყვირეები და მედაფდაფეები მათგან მითითებას მიიღებდნენ, რის შემდეგაც მათი ყურისწამღები, დაუსრულებელი საყვირი ყოველგვარ ადამიანურ ხმას ახშობდა და სახლების სახურავებამდე აღწევდა. შემდეგ, უეცრად – დაჯერებაც კი ძნელია, – დაფდაფების ხმა წყდებოდა და, ჩანს, საგანგებოდ ამისათვის გაწვრთნილი ჯგუფი წამით ჩამოვარდნილ სიჩუმეში, ქუჩას პარტიის ჰიმნით აახმიანებდა – ფარების შუქზე კარგად მოჩანდა

თითოეულის ფართოდ გაღებული პირი – ვიდრე ამასობაში გონს მოსული მოწინააღმდეგე მხარე გაათმაგებული ძალით არ მორთავდა ყვირილს აივნებიდან და ფანჯრებიდან, და ქვედა პარტია, ზედაზე ხანმოკლე გამარჯვების შემდეგ, საბოლოოდ არ დადუმდებოდა. – როგორ მოგწონს, პატარავ? – ჰკითხა კარლს ბრუნელდამ, რომელიც მის უკან აქეთ-იქით წრიალებდა, რათა ბინოკლით რაც შეიძლება, უკეთესად დაენახა ყველაფერი. კარლმა პასუხად მხოლოდ თავი დაუკრა. ამასთან, შენიშნა, რომ რობინსონი აღელვებული უამბობდა დელამარშს ალბათ კარლის საქციელზე, რასაც დელამარში, ჩანს, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, და ცდილობდა, რობინსონი მარცხენა ხელით გვერდზე გაეწია, მარჯვენა კი ბრუნელდას წელზე ჰქონდა შემოხვეული, – არ გინდა ბინოკლით უყურო? – ჰკითხა ბრუნელდამ და კარლს გულზე ხელი დაჰკრა, იმის ნიშნად, რომ სწორედ ის ჰყავდა მხედველობაში. – ისედაც ვხედავ, – უპასუხა კარლმა. – სინჯე მაინც, უკეთესად დაინახავ. – კარგი მხედველობა მაქვს, ყველაფერს ვხედავ. როცა ბრუნელდამ ბინოკლი თვალებთან მიუტანა, კარლს ეს თავაზიანობად კი არ მიუღია, არამედ ხელის შეშლად, თუმცა ქალმა მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: – ოჰ! – მელოდიურად, მაგრამ მუქარით. ბინოკლი კი უკვე კარლის თვალებთან იყო და ის მართლაც ვერაფერს ხედავდა. – ასე ვერაფერს ვხედავ, – თქვა და შეეცადა, ბინოკლი მოეშორებინა, მაგრამ ქალს ბინოკლი მაგრად ეჭირა, კარლი კი ბრუნელდას მკერდზე მიდებულ თავს ვერც აქეთ აბრუნებდა და ვერც – იქით. – აი, ახლა კი დაინახავ, – უთხრა ბრუნელდამ და ბინოკლის ხრახნს მოუჭირა. – არა, ვერც ახლა ვხედავ, – და კარლმა გაიფიქრა, რომ თავისდა უნებურად მართლაც შეუმსუბუქა რობინსონს ტვირთი, რადგან ბრუნელდა თავისი აუტანელი ჭირვეულობით ახლა მასზე იყრიდა ჯავრს.

– როდის დაინახავ, ბოლოს და ბოლოს? – ხრახნის ტრიალი გააგრძელა ბრუნელდამ, კარლს ახლა მისი მძიმე სუნთქვა სახეში სცემდა, – ახლა? – ჰკითხა კიდევ ერთხელ. – არა, არა, არა! – დაიყვირა კარლმა, თუმცა ახლა, მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ხედავდა ყველაფერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ბრუნელდამ დელამარშზე გადაიტანა ყურადღება და ბინოკლი სწორად ვეღარ ეჭირა, კარლიც, მისდა შეუმჩნევლად, ახლა ბინოკლის ზემოდან იყურებოდა ქუჩაში. მერე კი საერთოდ მოეშვა კარლს და თვითონ დაიწყო ბინოკლით ცქერა. ქვემოთ, რესტორნიდან, მსახური გამოვიდა, რომელიც გამალებით დარბოდა შესასვლელთან და მსვლელობის ლიდერების შეკვეთებს იღებდა. ჩანდა, როგორ იყურებოდა ფეხის წვერებზე აწეული რესტორანში და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი კოლეგა გამოეხმო. ამ მუქთი სმა-ჭამის სამზადისი სულაც არ უშლიდა კანდიდატს ხელს ლაპარაკში. უზარმაზარი კაცი, რომლის მხრებზეც იჯდა კანდიდატი, დროდადრო, რამდენიმე წინადადების შემდეგ, ნელა ბრუნავდა ადგილზე, რათა ორატორის ხმას მიტინგის ყველა მონაწილემდე მიეღწია. კანდიდატი უმეტესად მოკრუნჩხული იჯდა, და ცდილობდა, თავისუფალი ხელისა და ცილინდრის მკვეთრი მოძრაობით მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა თავისი სიტყვებისათვის. მაგრამ დროდადრო, თითქმის თანაბარი შუალედებით, როცა შთაგონება ეწვეოდა ხოლმე, წამოიმართებოდა და ფართოდ გაშლილი ხელებით უკვე არა მხოლოდ ერთ ჯგუფს, არამედ მთელ ხალხს მიმართავდა, მიმართავდა მაცხოვრებლებს ყველაზე მაღალი სართულების ჩათვლით, თუმცა სრულიად ნათელი იყო, რომ ყველაზე დაბალ სართულებზეც კი აღარ ესმოდათ მისი; და თუნდაც ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, აღარავის ჰქონდა მისი მოსმენის სურვილი, რადგან ყოველ ფანჯარასა და ყოველ აივანს, სულ ცოტა, ერთი საკუთარი მყვირალა ორატორი მაინც ჰყავდა. ამასობაში რამდენიმე მიმტანმა რესტორნიდან ბილიარდის მაგიდისხელა ტაბლა გამოიტანა, რომელზეც მოელვა-

რე სავსე ბოკალები იდგა. მსვლელობის ხელმძღვანელები ორგანიზაციას უწევდნენ სასმელის დარიგებას, რაც მარშის ფორმით მიმდინარეობდა რესტორნის კართან. მაგრამ, თუმცა ბოკალები ტაბლაზე განუწყვეტლივ ივსებოდა, მთელ პროცესიას მაინც არ ჰყოფნიდა და ბარმენების ორი რიგი ტაბლის მარჯვნივ და მარცხნივ ხალხში გზას იკაფავდა, რომ სასმელი ყველასათვის მიეწოდებინა. კანდიდატმა, რა თქმა უნდა, გამოსვლა შეწყვიტა და შესვენებას ძალების აღსადგენად იყენებდა. ხალხისა და პროჟექტორების შუქისაგან მოშორებით, ზორბა კაცი ნელა დაატარებდა თავის ტვირთს აქეთ-იქით. მხოლოდ რამდენიმე უახლოესი თანამოსაგრე დაჰყვებოდა თან და თავაწეული ესაუბრებოდა. – შეხედეთ ერთი ამ პატარას, – თქვა ბრუნელდამ, – ისე გაერთო სანახაობით, რომ დაავიწყდა, სად არის, – და კარლისთვის მოულოდნელად, მისი სახე ორივე ხელით თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩახედა. თუმცა ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა, რადგან კარლმა მაშინვე მოიშორა მისი ხელები და გაბრაზებული, რომ წამით არ აძლევენ მოსვენებას, – თან ერთი სული ჰქონდა, გასულიყო ქუჩაში და ახლოდან ენახა ყველაფერი, – მთელი ძალით შეეცადა, გათავისუფლებულიყო ბრუნელდას მარწუხებისგან, თქვა: – გამიშვით, თუ შეიძლება. – შენ ჩვენთან დარჩები, – ქუჩისთვის თვალმოუშორებლად უთხრა დელამარშმა და მხოლოდ ხელით გადაუკეტა გზა. – გეყოფა, – უთხრა ბრუნელდამ და დელამარშს ხელი აქეთ გამოაწევინა, – ისედაც დარჩება, – და კიდევ უფრო მიიმწყვდია კარლი მოაჯირთან. მისგან რომ თავი დააღწიოს, უნდა წაეჩხუბოს. და კიდევაც რომ მოახერხოს ეს, რას მიაღწევს! მარცხნივ დელამარში უდგას, მარჯვნივ – რობინსონი ნამდვილი ტყვეა, – გიხაროდეს, რომ არ გაგდებენ აქედან, – უთხრა რობინსონმა, ბრუნელდას იღლიის ქვეშ ხელი გააძვრინა და კარლს მხარზე დაარტყა.

– არ აგდებენ? – გაიმეორა დელამარშმა, – გაქცეულ ქურდს არ აგდებენ, მას პოლიციას გადასცემენ, თუ წყნარად არ იქნება, ეს ხვალ დილითვე მოხდება. ამ წუთიდან კარლმა ქვემოთ მიმდინარე წარმოდგენის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. მხოლოდ იძულებით გადაიხარა ოდნავ მოაჯირზე, რადგან ბრუნელდას გამო წელში ვერ იმართებოდა. საკუთარი სადარდებლით თავგზააბნეული, დაბნეული იყურებოდა ქვევით, სადაც ოც-ოც კაციანი ჯგუფები რიგრიგობით მიდიოდნენ რესტორნის კართან, დაიტაცებდნენ ბოკალებს, შემოტრიალდებოდნენ, მხედრულად ესალმებოდნენ კანდიდატს, რომელიც საკუთარი თავით იყო დაკავებული, წამოიძახებდნენ პარტიულ მისალმებას, ცლიდნენ ბოკალებს და დგამდნენ ტაბლაზე ხმაურით, რაც ზემოთ არ ისმოდა, და ადგილს უთმობდნენ ახალ, მოუთმენლად მოყაყანე ჯგუფს. ხელმძღვანელების დავალებით ორკესტრი, რომელიც აქამდე რესტორანში უკრავდა, ქუჩაში გამოვიდა, მათი დიდი ჩასაბერი ინსტრუმენტები ჩაბნელებულ ბრბოში ელავდნენ, მაგრამ მათი მუსიკა ხმაურში იკარგებოდა. ქუჩა ახლა, ყოველ შემთხვევაში, რესტორნის მხარეს, ხალხით იყო სავსე. მორბოდნენ ზემოდან, საიდანაც კარლი დილით მანქანით მოვიდა, ამორბოდნენ ქვემოდან, ხიდის მხრიდან, და სახლების მობინადრეებიც კი ვერ უძლებდნენ ცთუნებას, პირადად ჩაბმულიყვნენ მოვლენებში, აივნებზე და ფანჯრებთან თითქმის მხოლოდ ქალები და ბავშვებიღა დარჩნენ, კაცები კი ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ სადარბაზოებიდან. მუსიკამ და გამასპინძლებამ უკვე დასახულ მიზანს მიაღწია, – საკმაო ხალხს მოეყარა თავი, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელსაც ორი გამნათებელი ამოსდგომოდა გვერდში, ხელის მოძრაობით შეაჩერა მუსიკა, ძლიერად დაუსტვინა, და მხარდამჭერებისგან მოწყობილ დერეფანში გამოჩნდა ზორბა დამტარებელი მხრებზე შემოსმული კანდიდატით. როგორც კი რესტორნის კარს მიუახლოვდნენ, კანდიდატმა, რომელსაც ახლა ძლიერად ანათებდა პროჟექტორების შუქი, თავისი ახალი

სიტყვა წამოიწყო. მაგრამ ახლა გაცილებით რთული ვითარება იყო, ვიდრე აქამდე, – ზორბა დამტარებელს ოდნავი განძრევის საშუალებაც კი არ ჰქონდა, რადგან მის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. უახლოესი მხარდამჭერები, რომლებიც აქამდე ყოველგვარ ხერხს მიმართავდნენ, რათა გაეძლიერებინათ კანდიდატის გამოსვლის ზემოქმედება, ახლა დიდი ძალისხმევის ფასად ინარჩუნებდნენ პოზიციას მის სიახლოვეს, ოციოდე მათგანი მთელი ძალით ჩასჭიდებოდა ზორბა დამტარებელს. მაგრამ ეს ჯანიანი კაცი ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა თავის ნებაზე, მასაზე ზემოქმედების მოხდენაზე კი, რისთვისაც გარკვეული ბრუნებით, ნაბიჯის წინ წადგმით ან უკან დახევით შეიძლებოდა მიეღწია, ფიქრიც ხომ ზედმეტი იყო. ბრბო უწესრიგოდ ქანაობდა, ადამიანები ერთმანეთზე იწვნენ, სწორად დგომა შეუძლებელი იყო. ახალმა ნაკადმა კანდიდატის მოწინააღმდეგეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ აქამდე დამტარებელი ახერხებდა, შეენარჩუნებინა პოზიცია რესტორნის კართან, ახლა, თითქოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ბრბოს დინებას მიჰყვა, რომელიც წინ და უკან დაატარებდა; კანდიდატი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, თუმცა გაუგებარი იყო, თავის პროგრამას წარმოადგენდა თუ შველას ითხოვდა; თუ მაყურებლებს თვალი არ ატყუებდა, კიდევ ერთი კანდიდატი გამოჩნდა, ან მეტიც, რადგან აქა-იქ წამიერად აფეთქებულ სინათლეზე ბრბოს თავზე გამოჩნდებოდა ხოლმე ორატორი, ფერმკრთალი სახით, რომელიც მუშტების ქნევით წარმოთქვამდა სიტყვას, მომხრეები კი ყვირილით გამოხატავდნენ მხარდაჭერას. – კი მაგრამ, რა ხდება აქ? – ჰკითხა დაბნეულმა კარლმა თავის გუშაგებს. – როგორ აღელვებს ეს ჩვენს პატარას! – უთხრა ბრუნელდამ დელამარშს და კარლს ნიკაპზე მოჰკიდა ხელი, რათა მისი თავი მიეზიდა. მაგრამ კარლი არ დაემორჩილა და ქუჩაში მიმდინარე პროცესებით სრულიად გონებაგაფანტული, ისე მკვეთრად შემობრუნდა, რომ ბრუნელდამ არამც თუ გაუშვა ხელი, არამედ უკან დაიხია და თავისუფლება მისცა, – უკვე საკმარისად ნახე, რაც ხდება, – უთხრა კარლის საქციელით აშ-

კარად გაბრაზებულმა, – შედი ოთახში, გაშალე ლოგინი და მოამზადე ყველაფერი ღამისათვის, – და ხელი ოთახისაკენ გაიშვირა. კარლს კარგა ხანია უნდოდა ოთახში შესვლა და სიტყვა არ შეუბრუნებია. ამ დროს ქუჩიდან მინის მსხვრევის ხმა მოისმა. კარლმა თავი ვერ შეიკავა და სწრაფად მიირბინა მოაჯირთან, რომ კიდევ ერთხელ ცალი თვალით გადაეხედა. მოწინააღმდეგემ წარმატებული დარტყმა მიაყენა კანდიდატს, თან გადამწყვეტიც, – კანდიდატის მომხრეთა პროჟექტორები, რომელთა ძლიერი განათება საშუალებას იძლეოდა, მთავარი პროცესები მაინც გაეშუქებინა, და ამრიგად, ყველაფერს მეტ-ნაკლებად ჩარჩოებში ინარჩუნებდა, – უკლებლივ და ერთდროულად დაიმსხვრა; კანდიდატი და მისი დამტარებელი ახლა ქუჩის სუსტი განათების ამარა აღმოჩნდნენ, რომელიც მკვეთრი სინათლის შემდეგ სრული წყვდიადის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მიახლოებითაც კი შეუძლებელი იყო იმის თქმა, სად იმყოფებოდა კანდიდატი, წყვდიადის მაცდუნებელი ძალა კი კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ქვემოდან, ხიდის მხრიდან, მძლავრი, მრავალხმიანი სიმღერა გაისმა. – განა არ გითხარი, რა უნდა გააკეთო ახლა? – თქვა ბრუნელდამ, – იჩქარე, დაღლილი ვარ, – დასძინა მან და ხელი ასწია, რის გამოც მკერდი ჩვეულებრივზე მეტად ამოებურცა. დელამარშმა, რომელსაც ხელი ისევ შემოხვეული ჰქონდა მისთვის, აივნის კუთხისკენ წაიყვანა. რობინსონი მათ მიჰყვა, რათა თავისი სადილის ნარჩენები მოეშორებინა, იქ რომ დატოვა. ახლა კი უნდა იხელთოს დრო, ქვემოთ ცქერის დრო არაა, ქუჩაში უკეთესად და უფრო ზუსტად ნახავს, რაც ხდება იქ, ვიდრე ზემოდან, – და კარლმა ორი ნახტომით გადაკვეთა წითლად განათებული ოთახი, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა და გასაღები – გამოღებული. უნდა იპოვოს, მაგრამ ვინ იპოვის ამ არეულობაში გასაღებს და თან იმ მოკლე, ძვირფას დროში, რაც კარლის განკარგულებაშია! ახლა უკვე კიბეზე უნდა იყოს, თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს. ის კი გასაღებს ეძებს! ეძებს ყველა უჯ-

რაში, სადაც კი ხელი მიუწვდება, მაგიდაზე, რომელზეც ათასგვარი ჭურჭელი, ხელსახოცები და დაწყებული საქარგავია მიყრილ-მოყრილი. მიირბინა სავარძელთან, რომელზეც ძველი ტანსაცმელი იყო დახვავებული – ხომ შეიძლება, მათში იყოს გასაღები, მაგრამ ამაოდ, ბოლოს მყრალ დივანს ეცა, რათა ყველა კუთხესა თუ ნაოჭში ეძებნა. შემდეგ ძებნას თავი დაანება და შუა ოთახში გაჩერდა. გასაღები ნამდვილად ბრუნელდას ექნება ქამარზე შებმული, გაიფიქრა. მას ხომ იმდენი რამ ჰკიდია ქამარზე, ძებნა ამაოა. და ბრმად დასტაცა ხელი ორ დანას, კარის საგდულებს შორის გაუყარა, ერთი ზევით, მეორე – ქვევით, რათა ორი ერთმანეთისაგან დაშორებული საყრდენი წერტილი ჰქონოდა. როგორც კი დააწვა, დანის პირები, ცხადია, შუაზე გადატყდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა, ნატეხებით უფრო მოხერხებულად იმუშავებს. და მთელი ძალით მოსწია, ხელები გაშალა, ფეხები ფართოდ გადგა, თან ხვნეშით აკვირდებოდა კარს. საკეტი დიდხანს ვერ გაუძლებდა დაწოლას – კარლმა სიხარულით იგრძნო, რომ კლიტე ემორჩილებოდა . საკეტი ხმაურით არ უნდა ამოვარდეს, თორემ აივანზე გაიგონებენ, ნელა უნდა გაიხსნას. ამიტომ კარლი დიდი სიფრთხილით მუშაობდა, მთელი გულისყურით ჩაჰკირკიტებდა საკეტს. – ერთი შეხედეთ, – გაიგონა უცებ დელამარშის ხმა. სამივე ოთახში იდგა, ფარდა მათ უკან უკვე გადაწეული იყო, ჩანს, კარლს გამოეპარა მათი შემოსვლა. მათ დანახვაზე დანებს ხელი უშვა. მაგრამ ახსნა-განმარტების ან მობოდიშების დრო არ იყო, რადგან კარგა ხნის დაგროვებულმა რისხვამ ერთბაშად იფეთქა დელამარშში და კარლს ეძგერა – მისი ხალათის გახსნილმა ქამარმა ჰაერში დაკლაკნილი ტრაექტორია შემოხაზა. ბოლო წამში კარლმა მოასწრო, თავდასხმა აერიდებინა, შეეძლო დანა გამოეძრო კარიდან და თავდაცვისათვის გამოეყენებინა, მაგრამ ამის ნაცვლად დაიხარა, შეხტა, დელამარშს ხალათის განიერ საყელოში სწვდა, ასწია, და რადგან დელამარშის ხალათი დიდი ზომისა იყო, თავზე მოხერხებულად წამოაფარა; მოულოდნელობისაგან დაბნეული დელამარში ჯერ ბრმად იქნევდა ხელებს, და მხო-

ლოდ ცოტა ხნის შემდეგ, მაგრამ უხერხულად, კარლს მუშტები დაუშინა ზურგში; მან კი, სახე რომ გადაერჩინა, თავი დელამარშის მკერდში ჩარგო. კარლი ითმენდა დარტყმებს, თუმცა ტკივილისაგან იკლაკნებოდა და დარტყმები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ან კი როგორ არ უნდა მოეთმინა, როცა წინ გამარჯვება ელოდა. ხელები თავზე შემოაჭდო, ისე რომ, ცერებს პირდაპირ თვალებზე აჭერდა. ავეჯის უწესრიგო გროვისკენ უბიძგა, თან ცდილობდა, ფეხის თითებით ხალათის ქამარი მისთვის ფეხებზე შემოეხვია და ძირს დაეგდო. მაგრამ რადგან მთელი მისი ძალები დელამარშის წინააღმდეგ იყო მიმართული, მით უფრო, რომ გრძნობდა, როგორ ძლიერდებოდა თანდათან მისი წინააღმდეგობა და მოწინააღმდეგის ძარღვიანი სხეული სულ უფრო და უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა, სრულებით დაავიწყდა, რომ დელამარშთან მარტო არ იყო. მალე გაახსენეს ეს: უცებ მუხლები მოეკეცა, რადგან რობინსონი ყვირილით დავარდა მის უკან იატაკზე და ფეხებში მოქაჩა. კარლმა ამოიხვნეშა და დელამარშს ხელი გაუშვა, რომელმაც კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ბრუნელდა მთელი თავისი კორპუსით, ფართოდ გადგმული ფეხებით, მუხლებში მოხრილი, შუა ოთახში იდგა და გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდა ამ ხელჩართულ ბრძოლას. ღრმად სუნთქავდა, თითქოს თვითონაც მონაწილეობდა ამ შეტაკებაში, თვალებს ჭუტავდა და მუშტებს ნელა იქნევდა. დელამარშმა ხალათის საყელო მკვეთრი მოძრაობით გადაიგდო თავიდან, და ახლა, რაკი მხედველობის უნარი დაიბრუნა, უკვე ბრძოლა კი აღარ მიმდინარეობდა, არამედ დასჯა. კარლს პერანგში ჩაავლო ხელი, იატაკს მოსწყვიტა, და – ზიზღისაგან არც კი შეუხედავს, – ისეთი ძალით მიანარცხა რამდენიმე ნაბიჯში მდგარ კარადას, რომ პირველ წუთებში კარლს მოეჩვენა, თითქოს ის აუტანელი ტკივილები ზურგსა და თავში, კარადასთან მიჯახებამ რომ გამოიწვია, პირდაპირ დელამარშის მუშტებიდან მოდიოდა. თვალთ დაუბნელდა და ამ წუთიერ სიბნელეში დელამარშის ხმამაღალი წამოძახილი გაიგონა: – არამზადა! – და როცა გონე-

ბადაკარგული კარადის გვერდით ჩაიკეცა, ყურებში გამოძახილივით ესმოდა ეს სიტყვები: «აბა, დამაცადე!» როცა გონს მოვიდა, მის ირგვლივ სრული წყვდიადი სუფევდა, ალბათ ჯერ კიდევ ღამე იყო, მხოლოდ აივნის ფარდიდან მთვარის სუსტი შუქი აღწევდა ოთახში. სამი მძინარის წყნარი ფშვინვა ისმოდა. ყველაზე ხმამაღლა ბრუნელდა ფშვინავდა, ძილშიც ისევე ფშვინავდა, როგორც დღისით, ლაპარაკისას. მაგრამ ადვილი არ იყო იმის დადგენა, რომელი მძინარე სად იმყოფებოდა, მთელ ოთახში მათი სუნთქვის შრიალი იდგა. ცოტათი რომ მიიხედ-მოიხედა, გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა მდგომარეობაში იყო და შეეშინდა, – თუმცა მთელ სხეულში აუტანელ ტკივილებს გრძნობდა, იმაზე არც კი უფიქრია, რომ შეიძლებოდა, სერიოზული დაზიანება ჰქონოდა მიღებული. ახლა კი თავში სიმძიმე იგრძნო, მთელი სახე, კისერი და გულმკერდი კი თითქოს სისხლით ჰქონდა დასველებული. სინათლე სჭირდება, რომ დაადგინოს, რა მდგომარეობაშია. იქნებ ისე სცემეს, რომ დაასახიჩრეს. მაშინ დელამარში სიამოვნებით გაუშვებს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს, მაშინ ხომ აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. უცებ ის ცხვირმოჭმული ყმაწვილი გაახსენდა, და ორივე ხელი სახეზე აიფარა. უნებურად კარისკენ მიტრიალდა და ხელების ცეცებით, ოთხზე იქით გაემართა. მალე თითები ჩექმაზე მოუხვდა, ჩექმას ფეხიც მოჰყვა. ეს რობინსონია, სხვა ვინ დაიძინებდა ჩექმებით? ალბათ უბრძანეს, კართან გარდიგარდმო დაწოლილიყო, რათა კარლისათვის გაქცევის საშუალება არ მიეცა. ჯერჯერობით გაქცევას არ აპირებს, მხოლოდ სინათლე სჭირდება. რაკი კარიდან ვერ გავა, აივანზე უნდა გავიდეს. სასადილო მაგიდა აშკარად სხვა ადგილზე იდგა. დივანი, რომელსაც კარლი, ცხადია, ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა, მისდა გასაოცრად ცარიელი იყო, ოთახის შუაგულში კი ერთმანეთზე დახვავებული ტანსაცმლის, საბნების, ფარდების, ბალიშებისა და ნოხების მაღალ, მაგრამ საკმაოდ მყარ გროვას გადააწყდა. ჯერ ეგონა, პატარა გროვა იყო, იმის

მსგავსი, დივანზე რომ ნახა საღამოს, და ალბათ იატაკზე გადმოგორდაო, მაგრამ ცოცვა რომ გააგრძელა, მისდა გასაკვირად მიხვდა, რომ აქ ამგვარი ნივთების თითქმის მთელი მთა წამომართულიყო, რომლებიც ეტყობა, სკივრიდან ამოულაგებიათ, სადაც ისინი დღისით ინახება. ცოცვით შემოუარა გროვას და მალე აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ეს ერთგვარ მოსასვენებელს წარმოადგენდა, რომლის თავზეც, როგორც ფრთხილი მოსინჯვის შედეგად დაასკვნა, დელამარში და ბრუნელდა განისვენებდნენ. ახლა იცის, ვის სად სძინავს და სასწრაფოდ აივნისაკენ აიღო გეზი. სულ სხვა სამყარო იყო იქ, ფარდის მიღმა, სადაც კარლი საჩქაროდ წამოდგა ფეხზე. ღამის სიგრილეში, სავსე მთვარის შუქზე, აივანზე რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა. ქუჩაში გადაიხედა, იქ სიჩუმე იყო, რესტორნიდან ჯერ კიდევ ისმოდა მუსიკის ხმა, მაგრამ უკვე დახშულად. კარის წინ კაცი ტროტუარს გვიდა, ქუჩაში, სადაც საღამოს საყოველთაო ყურისწამღებ ყაყანში შეუძლებელი იყო კანდიდატის წამოძახილების გარჩევა, ახლა გარკვევით ისმოდა ქვაფენილზე ცოცხის ფხაკუნი. მეზობელ აივანზე მაგიდამ გაიჭრიალა. იქ ვიღაც იჯდა და მეცადინეობდა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, პატარა სამკუთხა წვერით, რომელზეც კითხვისას განუწყვეტლივ ხელს ისვამდა, თან ტუჩებს სწრაფად ამოძრავებდა. იჯდა პატარა, წიგნებით სავსე მაგიდასთან, სახე კარლისაკენ ჰქონდა მიბრუნებული, კედლიდან მოხსნილი ნათურა, რომელიც ორ დიდ წიგნს შორის ჩაემაგრებინა, კაშკაშა შუქს ჰფენდა. – საღამო მშვიდობისა, – მიესალმა კარლი, რადგან მოეჩვენა, თითქოს ახალგაზრდამ მისკენ გამოიხედა. მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდა, რადგან ყმაწვილს ის აქამდე არც შეუმჩნევია, ახლა კი თვალები ხელით მოიჩრდილა, რათა დაენახა, ვინ მიესალმა, და რადგან მაინც ვერაფერი დაინახა, ნათურა ზევით ასწია, რათა მეზობელი აივანი გაენათებინა. – საღამო მშვიდობისა, – მიესალმა ისიც, წამით დაჟინებით მიაშტერდა, შემდეგ კი დასძინა: – და მერე?

– ხელს ხომ არ გიშლით? – ჰკითხა კარლმა. – ცხადია, ცხადია, – გამოეპასუხა ახალგაზრდა და ნათურა ადგილზე დააბრუნა. ამ სიტყვებით მან, კაცმა რომ თქვას, წერტილი დაუსვა გაბაასებას, მაგრამ კარლი მაინც არ მოშორდა აივნის იმ კუთხეს, საიდანაც ახლოს იყო ახალგაზრდასთან. ჩუმად უცქერდა, როგორ კითხულობდა ყმაწვილი, ფურცლავდა წიგნებს, დროდადრო სწრაფად დასწვდებოდა სხვა წიგნს, რაღაცას მოძებნიდა და რვეულში ინიშნავდა, რისთვისაც სახე საოცრად ახლოს მიჰქონდა რვეულთან. იქნებ ეს ახალგაზრდა სტუდენტია? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მეცადინეობს. სწორედ ასე იჯდა კარლი – რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ – სახლში მაგიდასთან მშობლებთან ერთად და გაკვეთილებს ამზადებდა, მამა გაზეთებს კითხულობდა ან რომელიღაც გაერთიანების საბუღალტრო საქმეებს აგვარებდა, ან კორესპონდენციას აწარმოებდა; დედა ხელსაქმით იყო დაკავებული, ნემსი და ძაფი ქსოვილიდან მაღლა ეჭირა. მამა რომ არ შეეწუხებინა, კარლს მხოლოდ რვეული და საწერი მოწყობილობა ედო მაგიდაზე, საჭირო წიგნები კი მარჯვნივ და მარცხნივ სავარძელში ჰქონდა ჩაწყობილი. რა სიმყუდროვე იყო იქ! რა იშვიათად შემოდიოდნენ უცხო ადამიანები იმ ოთახში! კარლს პატარაობიდანვე უყვარდა ცქერა, როგორ კეტავდა დედა საღამოობით კარს გასაღებით. რას წარმოიდგენდა მაშინ, თუ კარლი იქამდე მივიდოდა, რომ შეეცდებოდა, დანით გაეტეხა ვიღაცის კარი. და რა აზრი ჰქონდა მთელ მის სწავლა-განათლებას! ყველაფერი დაავიწყდა; კიდევაც რომ მიეცეს აქ სწავლის გაგრძელების საშუალება, ძალიან გაუჭირდება. მოაგონდა, რომ ერთხელ სახლში ერთი თვე ავად იყო; რა ძალისხმევა დასჭირდა გაცდენილის ანაზღაურებას! ახლა კი რამდენი ხანია, ინგლისური კომერციული კორესპონდენციის სახელმძღვანელოს გარდა არაფერი წაუკითხავს. – ახალგაზრდა, – გაიგონა უცებ კარლმა, – არ შეგიძლიათ სადმე სხვაგან დადგეთ? თქვენი დაჟინებული ცქერა საშინლად მიშლის ხელს.

ნუთუ არ შეიძლება, ღამის ორ საათზე ადამიანმა მშვიდად იმუშაოს აივანზე? გნებავთ რაიმე ჩემგან? – თქვენ სწავლობთ? – ჰკითხა კარლმა. – დიახ, დიახ, – უპასუხა კაცმა და მეცადინეობისათვის დაკარგული ეს წუთები წიგნების გადასალაგებლად გამოიყენა. – მაშინ აღარ შეგიშლით ხელს, – უთხრა კარლმა, – უკვე ოთახში შევდივარ. ღამე მშვიდობისა. კაცმა არც კი უპასუხა, ამ ხელისშემშლელი გარემოების თავიდან მოშორების შემდეგ დაუყოვნებლივ მიუბრუნდა მეცადინეობას და შუბლით მძიმედ დაეყრდნო მარჯვენა ხელს. ვიდრე ფარდას გადასწევდა, კარლს უცებ გაახსენდა, რისთვის გამოვიდა აივანზე. ჯერ ხომ არ იცოდა, რა მდგომარეობაში იყო. რატომ გრძნობდა თავზე ასეთ სიმძიმეს? ხელი თავზე მოიკიდა და გაკვირვებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ სისხლმდენი ჭრილობა კი არ ჰქონდა, როგორც ეს ბნელ ოთახში შეშინებულს მოეჩვენა, ეს იყო ჯერ კიდევ სველი, ჩალმისებური სახვევი. აქა-იქ ჩამოკიდებული მაქმანის ნარჩენების მიხედვით დაასკვნა, რომ ეს ბრუნელდას ძველი პერანგის ნაგლეჯი იყო, რომელიც რობინსონს დაუდევრად შემოეხვია მისთვის თავზე, ოღონდ გაწურვა დავიწყებია და ვიდრე კარლი უგონოდ იწვა, წყალს სახე და პერანგი დაესველებინა, რამაც ასე შეაშინა. – თქვენ რა, ისევ მანდ ხართ? – ჰკითხა ახალგაზრდამ და გამოხედა. – ახლა უკვე ნამდვილად მივდივარ, – უპასუხა კარლმა, – აქ მხოლოდ რაღაც მინდოდა მენახა, ოთახში საშინლად ბნელა. – კი მაგრამ, ვინ ხართ? – ჰკითხა ახალგაზრდამ, კალმისტარი გადაშლილ წიგნში ჩადო და მოაჯირს მიუახლოვდა, – რა გქვიათ? როგორ მოხვდით ამ ადამიანებთან? დიდი ხანია, რაც აქ ხართ? და რა უნდა გენახათ? მოატრიალეთ ნათურა, რომ დაგინახოთ. კარლი ასეც მოიქცა, მაგრამ ვიდრე უპასუხებდა, ფარდა კარგად ჩამოაფარა კარზე, რათა შიგნით არაფერი გაეგონათ, – მაპატიეთ, – უთხრა

მერე ჩურჩულით, – ასე ხმადაბლა რომ გელაპარაკებით. შიგნით თუ გაიგონებენ, ისევ აურზაური ატყდება. – ისევ? – ჰკითხა ახალგაზრდამ. – დიახ, აი, ამ საღამოს მაგრად წავეჩხუბე მათ და ეტყობა, გვარიანი კოპიც დამაჯდა, – და კარლმა კეფა ხელით მოისინჯა. – რაზე წაეჩხუბეთ? – ჰკითხა ახალგაზრდამ, და რადგან კარლმა მაშინვე არ უპასუხა, დასძინა: – შეგიძლიათ მშვიდად გამანდოთ ყველაფერი, რაც ამ ბატონების წინააღმდეგ გაქვთ გულში. მე ისინი სამივე მძულს, განსაკუთრებით კი ის თქვენი მადამი. მართალი გითხრათ, გამიკვირდება, თუ უკვე არ განგაწყვეს ჩემ წინააღმდეგ. მე იოზეფ მენდელი ვარ, სტუდენტი. – დიახ, – უპასუხა კარლმა, – თქვენზე კი მიამბეს უკვე, მაგრამ არაფერი ცუდი. თქვენ ერთხელ მგონი ფრაუ ბრუნელდასათვის გიმკურნალიათ, ასე არ არის? – დიახ, ასეა, – უპასუხა სტუდენტმა და გაეცინა, – დივანი ისევ ყარს? – ო, საშინლად. – ფრიად მოხარული ვარ, – უთხრა სტუდენტმა და ხელი თმაზე გადაისვა, – და ეგ კოპები რისთვის დაიმსახურეთ? – წავიჩხუბეთ, – უთხრა კარლმა და თან დაფიქრდა, როგორ აეხსნა ყველაფერი სტუდენტისათვის. შემდეგ ფიქრიდან გამოერკვა და ჰკითხა: – ხელს არ გიშლით? – ჯერ ერთი, – უპასუხა სტუდენტმა, – უკვე შემიშალეთ ხელი და, სამწუხაროდ, მე ძალზე ნერვიული ვარ, დასამშვიდებლად კი დრო მჭირდება. მას მერე, რაც თქვენ აივანზე აქეთ-იქით სიარული დაიწყეთ, ვეღარ ვმეცადინეობ. მეორეც, სამ საათზე ყოველთვის ვისვენებ. ასე რომ, მიამბეთ მშვიდად. ეს ჩემთვისაც საინტერესოა. – ყველაფერი მარტივადაა, – დაიწყო კარლმა, – დელამარშს უნდა, მისი მსახური გავხდე. მე კი არ მინდა. ამ საღამოსვე სიამოვნებით წავიდოდი. მაგრამ დელმარშმა არ გამიშვა, კარი ჩაკეტა, მე კარის გატეხა დავაპირე, და აი, ამაზე წავიჩხუბეთ. ჩემდა საუბედუროდ, ისევ აქ ვარ.

– გაქვთ რაიმე სხვა ადგილი? – ჰკითხა სტუდენტმა. – არა, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ კი აქედან წავიდე. – მომისმინეთ, – უთხრა სტუდენტმა, – ამას არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა? – ცოტა ხანს ორივე გაჩუმდა, – რატომ არ გინდათ ამ ხალხთან დარჩენა? – ჰკითხა მერე. – დელამარში ცუდი ადამიანია, – უთხრა კარლმა, – კარგა ხანია, მას ვიცნობ. ერთხელ მთელი დღე ვიარე მასთან ერთად და მოხარული ვიყავი, როცა დავშორდი. და ახლა მისი მსახური უნდა გავხდე? – ყველა მსახური რომ თქვენსავით წუნია იყოს ბატონების არჩევისას! – უთხრა სტუდენტმა და თითქოს ჩაიცინა, – იცით, მე დღისით გამყიდველი ვარ, ყველაზე უმცროსი გამყიდველი, უფრო სწორად, ხელზე მოსამსახურე მონტლის უნივერმაღში. ეს მონტლი, ეჭვი არ მეპარება, ნამდვილი თაღლითია, მაგრამ ეს სრულებითაც არ მაღელვებს. მხოლოდ ის მაცოფებს, რომ გროშებს მიხდიან. ასე რომ, შეგიძლიათ მომბაძოთ. – როგორ? – გაიკვირვა კარლმა, – დღისით გამყიდველი ხართ და ღამით სწავლობთ? – დიახ, – უპასუხა სტუდენტმა, – სხვა გზა არ მაქვს. უკვე ყველაფერი ვცადე, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ცხოვრების ეს წესი საუკეთესოა. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ სტუდენტი ვიყავი, დღისით და ღამით, და იცით, კინაღამ შიმშილით მოვკვდი, ბინძურ, ძველ სოროში მეძინა და მაშინდელი კოსტიუმით აუდიტორიაში შესვლას ვერ ვბედავდი. მაგრამ ეს წარსულს ჩაჰბარდა. – კი მაგრამ, ძილი? როდისღა გძინავთ? – ჰკითხა კარლმა და გაკვირვებით შეხედა სტუდენტს. – ძილი? – უპასუხა სტუდენტმა, – ძილი მერე, სწავლა-განათლებას რომ დავამთავრებ. ჯერჯერობით კი შავ ყავას ვსვამ, – მიტრიალდა, მაგიდის ქვემოდან დიდი ბოთლი გამოიღო, დაისხა ფინჯანში შავი ყავა

და ისე გადაკრა, როგორც წამალს გადაყლაპავენ ხოლმე სწრაფად, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად იგრძნონ გემო. – შესანიშნავი რამაა შავი ყავა, – თქვა სტუდენტმა, – სამწუხაროა, რომ შორს ხართ და ვერ მოგაწოდებთ. – მე შავი ყავა არ მიყვარს, – უთხრა კარლმა. – არც მე, – უპასუხა სტუდენტმა და გაიცინა, – მაგრამ რა მეშველებოდა უამისოდ. შავი ყავა რომ არა, მონტლი ერთი წუთითაც არ გამაჩერებდა. სულ მონტლი მაკერია პირზე, თუმცა მას წარმოდგენაც არ აქვს ჩემი არსებობის შესახებ. ზუსტად ვერ გეტყვი, როგორ გავძლებდი სამუშაოზე, იქ რომ ზუსტად ასეთი ბოთლი არ მქონდეს მომარაგებული. აქამდე არასოდეს გამიბედავს ყავის სმა შემეწყვიტა; მერწმუნეთ, უმისოდ მაშინვე დამეძინებოდა ჩემს სამუშაო ადგილზე. სამწუხაროდ, ეს შეამჩნიეს და «შავი ყავა» შემარქვეს. ეს სულელური ხუმრობაა, მაგრამ, ცხადია, ჩემი კარიერისათვის საზიანოა. – და როდის დაამთავრებთ სწავლას? – ჰკითხა კარლმა. – საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ, – უპასუხა სტუდენტმა და თავი დახარა. მერე მოაჯირს მოშორდა და კვლავ მაგიდას მიუჯდა, იდაყვებით გადაშლილ წიგნს დაეყრდნო, ხელები თმაში შეიყო და თქვა: – შესაძლოა, კიდევ ერთი-ორი წელი დამჭირდეს. – მეც ვაპირებდი სწავლას, – თქვა კარლმა, თითქოს ეს გარემოება მეტი ნდობის უფლებას ანიჭებდა მას, ვიდრე აწ დადუმებულმა სტუდენტმა გამოიჩინა მის მიმართ. – ჰო, – კარლი ვერ მიხვდა, ისევ თავის წიგნს მიუბრუნდა სტუდენტი თუ დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, – გიხაროდეთ, რომ სწავლაზე ხელი აიღეთ. მე, მართალი გითხრათ, რამდენიმე წელია, სწავლა უბრალოდ ჩვეულებად მექცა. მისგან ვერავითარ კმაყოფილებას ვერ ვიღებ და არც მომავლის რაიმე პერსპექტივა ჩანს. ანკი რა პერსპექტივაზე შეიძლება ლაპარაკი! ამერიკა ხომ სავსეა თაღლითი დოქტორებით.

– მე ინჟინერი მინდოდა გამოვსულიყავი, – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა კარლმა, თუმცა სტუდენტი თითქოს უკვე არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა. – და ახლა ამ ხალხს უნდა ემსახუროთ, – თქვა სტუდენტმა და წამით თავი ასწია, – ეს, ცხადია, გულს გტკენთ. სტუდენტის ეს დასკვნა, მართალია, სრულად ვერ ასახავდა სიმართლეს, მაგრამ კარლმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ამიტომ ჰკითხა: – ჩემთვისაც ხომ არ მოიძებნება რაიმე ადგილი მაგ უნივერმაღში? ამ შეკითხვამ სტუდენტი მთლიანად მოსწყვიტა თავის წიგნს; მას აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა კარლს ადგილის მოძებნაში დახმარებოდა, – სცადეთ, – უთხრა მან, – ან, უმჯობესია, არც შეეცადოთ. მონტლისთან რომ სამუშაო ვიშოვე, ეს ჩემი ცხოვრების ჯერჯერობით უდიდესი წარმატებაა. არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს სწავლასა და სამუშაოს შორის, ცხადია, სამუშაოს ავირჩევდი. რაც შემიძლია ვცდილობ, ასეთი არჩევანის აუცილებლობა არ დადგეს. – ასე ძნელია იქ ადგილის მოპოვება? – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კარლმა. – აბა რა გეგონათ, – უპასუხა სტუდენტმა, – აქ ბევრად იოლია ოლქის მოსამართლე გახდე, ვიდრე შვეიცარი მონტლისთან. კარლი გაჩუმდა. ამ სტუდენტმა, რომელიც მასზე გაცილებით გამოცდილი იყო და დელამარში კარლისათვის ჯერ უცნობ მიზეზთა გამო სძულდა, თვით კარლს კი არაფერს ცუდს არ უსურვებდა, – ვერც ერთი სიტყვა ვერ იპოვა, რომელიც წააქეზებდა მას, დაეტოვებინა დელამარში. გარდა ამისა, მან ხომ არაფერი იცის ჯერ იმ საფრთხეზე, პოლიციის მხრიდან რომ ემუქრება კარლს, და რომლისგანაც ის ასე თუ ისე დელამარშმა გადაარჩინა. – ხომ ნახეთ ამ საღამოს დემონსტრაცია, ქვემოთ რომ მიმდინარეობდა? ხომ ასეა? ვინც საქმეში არაა ჩახედული, იფიქრებს, რომ ამ კან-

დიდატს, გვარად ლობტერს, რაღაც შანსი აქვს, ან, ყოველ შემთხვევაში, ანგარიშგასაწევი კონკურენტია, არა? – პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, – უპასუხა კარლმა. – ეს დიდი შეცდომაა, – უთხრა სტუდენტმა, – მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, თვალი და ყური ხომ გაქვთ. ამ კაცს, უეჭველია, თავისი მტერ-მოყვარე ეყოლება. ეს ხომ გასაგებია თქვენთვის. ახლა კი იფიქრეთ, ამ კაცს, ჩემი აზრით, მცირე შანსიც კი არ აქვს, რომ აირჩიონ. მე შემთხვევით ყველაფერი ვიცი მის შესახებ. აქ, მეზობლად, ერთი კაცი ცხოვრობს, რომელიც მას იცნობს. ის არ არის უნიჭო კაცი და თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით, სწორედ შესაფერისი მოსამართლე იქნებოდა ამ ოლქისათვის. მაგრამ არავის ფიქრადაც კი არ მოუვა მისი არჩევა. ის ჩაფლავდება, ორიოდ დოლარს, რაც კი გააჩნია, საარჩევნო კამპანიაში ჩაყრის, და ყველაფერი ამით დამთავრდება. კარლი და სტუდენტი ერთხანს მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს. სტუდენტმა ღიმილით დაუკრა თავი და დაღლილი თვალები ხელით მოისრისა. – მაშ ასე, არ მიდიხართ ჯერ დასაძინებლად? – ჰკითხა შემდეგ, – მე მეცადინეობა უნდა გავაგრძელო. ხედავთ რამდენი მაქვს კიდევ დასამუშავებელი? – და სწრაფად გადაფურცლა ნახევარი წიგნი, რათა კარლისათვის წარმოდგენა შეექმნა იმ სამუშაოზე, რომელიც კიდევ ელოდა. – მაშ, ღამე ნებისა, – უთხრა კარლმა და თავი დაუკრა. – შემოიარეთ ერთხელ როგორმე ჩვენთან, – უთხრა სტუდენტმა, რომელიც კვლავ მიუჯდა მაგიდას, – ცხადია, თუ სურვილი გექნებათ. აქ ყოველთვის დიდი საზოგადოება დაგხვდებათ. საღამოს ცხრიდან ათ საათამდე მეც მექნება თქვენთვის დრო. – ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ დელამარშთან დავრჩე? – ჰკითხა კარლმა. – აუცილებლად, – უპასუხა სტუდენტმა და მაშინვე წიგნებში ჩარგო თავი. კარლს მოეჩვენა, თითქოს ეს სიტყვა სტუდენტს არ უთქვამს, არა-

მედ უფრო დაბალმა ხმამ წარმოთქვა, რომელიც მას ჯერ კიდევ ესმოდა ყურში. ნელა მივიდა ფარდასთან, კიდევ ერთხელ გადახედა სტუდენტს, რომელიც ახლა უძრავად იჯდა, როგორც წყვდიადით გარემოცული ნათელი წერტილი. და ოთახში შევიდა. იქ სამი მძინარის ქშენა შეეგება. ხელის ცეცებით გაჰყვა კედელს, მოძებნა დივანი და ისე მშვიდად გაიშალა ზედ, თითქოს ეს მისი ჩვეული მოსასვენებელი ყოფილიყოს. რაკი სტუდენტმა, რომელიც კარგად იცნობს დელამარშს და აქაურ გარემოებას, და გარდა ამისა, განათლებულიცაა, აქ დარჩენა ურჩია, დროებით ყოველგვარი ეჭვი თავიდან მოიშორა. სტუდენტივით მაღალი მიზნები არ ამოძრავებს, ვინ იცის, იქნებ ვერც სახლში მოეხერხებინა სწავლის ბოლომდე მიყვანა, და თუ ეს სახლშიც კი საეჭვო იყო, ვერავინ მოითხოვს მისგან, რომ აქ, უცხოეთში მოახერხოს. ისეთი ადგილის პოვნის იმედი კი, სადაც რაღაცას მიაღწევს და სადაც ჯეროვნად დააფასებენ მის მონდომებას, აქ მეტია, თუ დათანხმდება, დროებით ემსახუროს დელამარშს და წყნარად დაელოდება ხელსაყრელ შემთხვევას. ამ ქუჩაზე ბევრი საშუალო და უფრო დაბალი რანგის კანტორა უნდა იყოს, რომლებიც პერსონალის არჩევაში ალბათ მეტისმეტად მომთხოვნები არ იქნებიან. საქმე საქმეზე თუ მიდგება, სიამოვნებით იმუშავებს რომელიმე კანტორის შიკრიკად, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისაა გამორიცხული, წმინდა საკანტორო სამუშაოზე მიიღონ და ერთხელაც, კანტორის მუშაკის რანგში, საწერ მაგიდას მიუჯდეს და დროდადრო, ღია ფანჯარაში, ისე უდარდელად გაიხედოს, როგორც ის მოხელე, დელამარშთან ერთად რომ ნახა ამ დილით ეზოში. თვალები დახუჭა და თავში დამამშვიდებელმა აზრმა გაუელვა, რომ ჯერ ახალგაზრდაა და დელამარში როდესღაც გაუშვებს; მართლაცდა, რამდენ ხანს გასტანს ეს სამთა ერთობა? თუ რომელიმე კანტორაში მოახერხებს ადგილის შოვნას, მხოლოდ სამუშაოზე იფიქრებს და სტუდენტივით არ გაფანტავს ძალებს. თუ საჭირო გახდება, ღამითაც იმუშავებს კანტორაში, რასაც პირველ ხანებში მოსთხოვენ კიდეც კომერციული გამოცდილების უქონლობის გამო. მხოლოდ იმ საქმის ინტერესებზე იფიქრებს, რომელ-

საც უნდა ემსახუროს, და არანაირი სამუშაოს შესრულებაზე არ იტყვის უარს, არც ისეთზე, რასაც სხვა მოხელეები ღირსების შელახვად მიიჩნევენ. ასეთი კეთილშობილი აზრები უტრიალებდა თავში, თითქოს მისი მომავალი შეფი დივანთან იდგა და მის აზრებს კითხულობდა. ამ ფიქრებში ჩაეძინა, და მხოლოდ ერთხელ, ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში, ბრუნელდას ძლიერი ხვნეშა ჩაესმა, რომელსაც, ჩანს, ცუდი სიზმრები ტანჯავდა და საწოლში აქეთ-იქით ტრიალებდა.

ტეგები: Qwelly, kafka, ამერიკა, კაფკა, ლიტერატურა

ნახვა: 12

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters