ჩემი მეგობარი, ექიმი № დაიკარგა. ერთი ვერსიით – მოკლეს, მეორე ვერსიით ნოვოროსიისკში გემში ჩაჯდომისას დაიხრჩო, მესამე ვერსიით – ცოცხალია, ჯანმრთელადაა და ბუენოს-აირესშია.

      ასე იყო თუ ისე, ჩემოდანი, რომელშიც ეწყო სამი ღამის პერანგი, საპარსი ფუნჯი, ექიმ რაბოვის ჯიბის რეცეპტურა (1916 წ.), ორი წყვილი წინდა, პროფესორ მეჩნიკოვის ფოტოსურათი, გაქვავებული ფუნთუშა, რომანი „მარია ლუსიევა უცხოეთში“, ექვსი ფხვნილი პირამიდონი და ექიმის უბის წიგნაკი მისი დის ხელში მოხვდა.

      ექიმის დამ უბის წიგნაკი ფოსტით მე გამომიგზავნა და თან წერილი გამოაყოლა, რომელიც ასე იწყებოდა: „თქვენ ლიტერატორი და მისი მეგობარი ხართ, დაბეჭდეთ, რადგან საინტერესოა“... (ამას მოსდევდა ქალური მსჯელობა, რომ კითხვა სასარგებლოა, ნაწერი ცრემლებით იყო დალაქავებული).

      მე არ მიმაჩნია, რომ ეს დიდად საინტერესოა, – ზოგიერთი ადგილის ამოკითხვა საერთოდ შეუძლებელია (ექიმს საშინელი ხელწერა აქვს), მაგრამ უთავბოლო ჩანაწერებს მაინც ვბეჭდავ სრულიად უცვლელად, მხოლოდ თავებად დავყავი და დავასათაურე.

      თავისთავად ცხადია, ჰონორარს ბუენოს-აირესში გავუგზავნი ექიმ №-ს, როგორც კი შევიტყობ, რომ ნამდვილად იქ იმყოფება.

I - უსათაურო – მხოლოდ გოდება

      ბედისწერავ, რატომ მდევნი?! რა იქნებოდა, ასი წლის წინ დავბადებულიყავი, ან ასი წლის შემდეგ, ანდა ამქვეყნად სულაც არ გავჩენილიყავი? დღეს ერთმა ტიპმა მითხრა, სამაგიეროდ, შვილიშვილებისთვის ბევრი რამ გექნება მოსაყოლიო! რეგვენი! თითქოს საოცნებოდ მარტო ის მქონდეს, რომ შვილიშვილებს სიბერეში მოვუყვე, მესერზე როგორ ვეკიდე!.. თანაც, შვილიშვილებს ვინ ჩივის, შვილებიც არ მეყოლება, იმიტომ რომ, ასე თუ გასტანა, სულ მალე მომკლავენ... და მოგჭამა ჭირი შვილიშვილებმა. ჩემი სპეციალობა ბაქტერიოლოგიაა. ჩემი სიყვარულის საგანი – მწვანე ლამპა და წიგნები ჩემს კაბინეტში. ფენიმორ კუპერი, შერლოკ ჰოლმსი, ვეფხვები, თოფების ჭახაჭუხი, ნაპოლეონი, ომები და მეზღვაურ კოშკას გმირობა-მამაცობანი ბავშვობიდანვე მძულდა.

      ასეთი რამეებისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ჩემი მისწრაფება ბაქტერიოლოგიაა.

      ამასობაში კი...

      მწვანე ლამპა ჩაქრა. „სპირილეზურ დაავადებათა ქიმიოთერაპია“ იატაკზე გდია. შესახვევში ისვრიან. მორიგი, მეხუთე ხელისუფლებისგან მობილიზებული ვარ.

      ....................

II - იოდმა სიკვდილისგან მიხსნა

      ...დეკემბრის საღამო.

      მეხუთე ხელისუფლება დაამხეს, ხოლო მე კინაღამ სიცოცხლეს გამოვესალმე... საღამოს ხუთი საათისთვის ყველაფერი აირია. ყინავდა. ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში „იმათი“ ტყვიამფრქვევები კაკანებდა, დასავლეთ გარეუბნებში – „ჩვენი“ ტყვიამფრქვევები. ვიღაც შაშხანიანები გარბოდნენ. ნამდვილი დომხალია. მეეტლეებმა ჩაიარეს და გავიგონე, რომ თქვეს, ქალაქში ახალი ხელისუფლებააო...

      მითხრეს, თქვენი ნაწილი (რა ჩემია, ეშმაკსაც წაუღია!) ვლადიმირის ქუჩაზეაო. ვლადიმირის ქუჩაზე გავრბივარ, მაგრამ ვერაფერი გამიგია. ერთი ალიაქოთია. ყველას ვეკითხები „ჩემი“ ნაწილის ასავალ-დასავალს. ყველანი სადღაც მიქრიან, ჩემთვის არ სცალიათ. უეცრად ვხედავ, ვიღაცებმა ქუჩა გადაკვეთეს, წითელფოჩიანი ქუდები ახურავთ.

      – დაიჭირეთ! – დაიყვირეს წითელფოჩიანებმა, – არ გაუშვათ!

      გავიხედე, რომ დამენახა, დაჭერას ვის უპირებდნენ.

      თურმე მე მიპირებდნენ!

      ახლაღა მოვისაზრე, რა უნდა მექნა: შინისკენ უნდა მომეკურცხლა. ჰოდა, გავიქეცი. რა ბედნიერებაა, რომ მოვიფიქრე და შესახვევისკენ გავსხლტი. იქ კი ბაღი და მესერი დავინახე. მესერზე ავბობღდი.

      ისინი კი მიყვირიან:

      – გაჩერდი!

      ომის ამბებში თუმცა სრულიად გამოუცდელი გახლავართ, ინსტინქტით მაინც მივხვდი, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. მესერს გადავაბობღდი. ტრახ! ტრახ! – მომაყოლეს უკნიდან. ამ დროს, სად იყო და სად არა, ანჩხლი, ბალანაშლილი თეთრი ქოფაკი ჩემკენ გამოექანა, მაზარაზე მეცა და ფხრეწა დაუწყო. მესრიდან გადავეკიდე. ერთი ხელით ვკიდივარ, მეორეში იოდით სავსე ქილა მიჭირავს (200 გრ), საუცხოო გერმანული იოდი. ფიქრის დრო აღარ მქონდა. უკნიდან ფეხების ბრაგუნი მოისმოდა. ქოფაკი დამღუპავდა. ქილა მოვიქნიე და თავში ჩავცხე. ქოფაკი უმალ ჟღალფრად შეიღება და ყმუილით გაიძურწა. ბაღი გადავირბინე, კარი გამოვაღე და შესახვევში გავედი. იქაურობა დუმდა. შინისკენ გავეშურე...

      ...სული ჯერაც ვერ მომითქვამს!

      ...ღამით სამხრეთის მხრიდან ქვემეხებს ისროდნენ. არ ვიცი, ვისი ქვემეხები იყო. იოდი ძალიან მენანება.

III - 2 თებერვლის ღამე

      ენით აუწერელი რამ ხდება... ახალი ხელისუფლებაც გარეკეს. ამქვეყნად იმაზე უარესი არაფერი იქნებოდა. მადლობა ღმერთს. მადლობა...

      გუშინდლიდან მობილიზებული ვარ. არა, გუშინწინიდან. ერთი დღე და ღამე გაყინულ ხიდზე გავატარე. ღამით 15 გრადუსი იყო ნულს ქვემოთ (რეომიურით). ქარი ქროდა. ხიდის მალებში მთელ ღამეს უსტვენდა. მდინარის გაღმა ქალაქის შუქები ციმციმებდა, გამოღმა – დაბის შუქები. ჩვენ შუაში ვიყავით. მერე ყველანი ქალაქისკენ გაიქცნენ. ასეთი ზედახორა არასოდეს მინახავს. მხედრები. ქვეითები. ქვემეხებსაც მიათრევდნენ და სამზარეულოებსაც. სამზარეულოს მოწყალების და მიჰყვებოდა. მითხრეს, გალიციაში წაგიყვანენო. გაქცევა მაშინღა მოვისაზრე. ყველა დარაბა დახურული იყო, ყველა სადარბაზო შესასვლელი აფიცრული. მსხვილსვეტებიანი ეკლესიის წინ გავრბოდი. უკნიდან მესროდნენ, მაგრამ ვერ მომარტყეს. ვიღაცის ეზოში შევირბინე და ფარდულში დავიმალე. იქ ორ საათს ვიჯექი. მთვარე როცა ჩავიდა, გამოვედი. შინისკენ უკაცრიელ ქუჩებში გავრბოდი და ჩემს ბედ-იღბალზე ვფიქრობდი. ბედი დამცინის. ექიმი ვარ, დისერტაციას ვამზადებ და ღამე სხვის ეზოში ვირთაგვასავით ვიმალები! ზოგჯერ ვნანობ, მწერალი რომ არ ვარ, მაგრამ, აბა, ვინ დამიჯერებს! ჩემი ჩანაწერები ვინმეს ხელში რომ ჩაუვარდეს, დარწმუნებული ვარ, იფიქრებს, რომ ყველაფერი მოვიგონე.

      გათენებისას ქვემეხებს ისროდნენ.

IV - იტალიური გარმონი

      15 თებერვალი

      დღეს მხედართა პოლკი მოვიდა, მთელი კვარტალი დაიკავა. საღამოთი მე-2 ესკადრონიდან ჩემთან მიღებაზე ერთი ემფიზემიანი მეწვია. მისაღებში თავის რიგს ელოდა და დიდ იტალიურ გარმონზე უკრავდა. ეს ემფიზემატიკი საუცხოოდ უკრავს („მანჯურიის სოპკებს“), მაგრამ პაციენტები საშინლად წუხდნენ და ავადმყოფების გულისა და ფილტვების მოსმენაც შეუძლებელი გახლდათ. ურიგოდ მივიღე. ჩემი ბინა ძალიან მოეწონა. უნდა, რომ ოცეულის მეთაურთან ერთად შემომისახლდეს. მკითხა, გრამოფონი თუ გაქვთო?

      ემფიზემატიკს აფთიაქში წამალი ოც წუთში დაუმზადეს, თანაც უფასოდ. დიდებულია, ღმერთმანი!

      17 თებერვალი

      წუხელ მეძინა – ქვემოთ გრამოფონი მოიშალა.

      თვრამეტბეჭდიანი ქაღალდები ვიშოვე იმის თაობაზე, რომ ჩემთან არავინ არ უნდა შემოესახლებინათ. ერთი ქაღალდი სადარბაზო შემოსასვლელის კარზე მივაკარი, ერთი – კაბინეტის კარზე, ერთი – სასადილო ოთახის კარზე.

      21 თებერვალი

      შემომისახლეს...

      22 თებერვალი

      ...და მობილიზაციაშიც მომახვედრეს.

      ...მარტი

      მხედართა პოლკი ვიღაც ატამანთან საომრად გაემართა. პოლკს უკან გრამოფონიანი საზიდარი მიჰყვებოდა. უკრავდნენ ჰანგს – „ითხოვეთ სიმღერა“. გრამოფონი კარგი გამოგონებაა!

      გათენებისას ქვემეხებს ისროდნენ...

V

      ....................

      ....................

VI - საარტილერიო მომზადება და ჩექმები

      ....................

VII რა თქმა უნდა, წამიყვანეს

      ....................

      ....................

      ...ქვემეხებს......................

      ...და.....................

VIII - ხანკალის ხეობა

      სექტემბერი

      ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი სიზმარია. მრისხანე ღმერთმა მთები დაახვავა. ხეობებში ნისლები მიცურავს. მთის მწვერვალები საავდრო ღრუბლებს დაუბურავს. ღელე შმაგურად მოაგორებს...

      ...ამღვრეულ ტალღას.

      ავი ჩეჩენი ნაპირზე მოსხლტის

      და ლესავს ხანჯალს.

      უზუნ-ჰაჯი ჩეჩენ-აულშია. აული ზეგანზე შეფენილა მოლურჯო ნისლში გახვეული მთების ფონზე. ხანკალის ხეობაში გზას ურმები და ორთვალები ამტვერებენ. ყიზლარელი კაზაკები მარცხენა ფლანგზე მიდიან, ჰუსარები – მარჯვენა ფლანგზე. სიმინდის გათელილი მინდვრებიდან ბატარეები უზუნისკენ შრაპნელს ისვრიან. ჩეჩნები გააფთრებით ებრძვიან „თეთრ ეშმაკებს“. პატარა მდინარის მახლობლად, რომლის ნაპირას ცხენის გაბერილი ლეში გდია, ორთვალა ეტლზე თეთრი დროშა ფრიალებს, ზედ წითელი ჯვარია გამოსახული. გასისხლიანებული კაზაკები მოჰყავთ და ჩემ ხელში იხო-ცებიან.

      საავდრო ღრუბელი მთას მიეფარა, მზემ დააცხუნა, მათარა მოვიყუდე და მყრალ წყალს ხარბად დავეწაფე. მოწყალების დები დაფაცურობენ, საზიდრებში ჩაფენილ ნამჯაზე მწოლიარე დაჭრილებს წყალს ასმევენ, უძლურად ჩამოკიდებულ თავებს თეთრი ბინტით უხვევენ.

      ტყვიამფრქვევები გუნდ-გუნდად, ხმაშეწყობით გრიალებენ.

      ჩეჩნები აულიდან ისვრიან. თავგანწირვით იბრძვიან, მაგრამ არაფერი ეშველებათ. აულს აიღებენ და გადაწვავენ. ყუბანელ ქვეითთა სამ ბატარეას ორი უხეირო სამდუიმიანი ქვემეხით როგორ გაუმკლავდებიან...

      ჩეჩენთა პოლკი სიმინდის გადათელილი, გადამწვარი მინდვრიდან გამოიჭრა, მკვირცხლმა მხედრებმა თერგელ კაზაკებს ფლანგიდან ხორხისმიერი ყვირილით შეუტიეს.

      თერგელებმა კინაღამ პირი იბრუნეს, მაგრამ ყუბანელები წამოეშველნენ, ტყვიამფრქვევები კვლავ ააკაკანეს და მხედრები სიმინდის მინდვრების იქით ზეგანზე არეკეს, სადაც ბინოკლში მოჩანდა განწირული ქოხები.

      ღამე.

      სროლა თანდათან მინელდა. ბინდბუნდია. იდუმალი ჩრდილები ჩამუქდა, მერე ხავერდის ფარდა ჩამოეშვა და ვარსკვლავეთის უკიდეგანო ოკეანე გაჩახჩახდა. ნაკადული ბრაზიანად მიჩხრიალებს, ცხენები ფრუტუნებენ, ხოლო მარჯვნივ, ყუბანელთა ბატალიონებში, ალაგ-ალაგ ცეცხლი ბრიალებს. რაც უფრო ბნელდება, მიდამო უფრო შემზარავი ხდება და სულში ნაღველი ისადგურებს. ცეცხლი ჩვენც გვინთია, შეშა ტკაცუნობს, კვამლი ხან ჩემკენ მოიწევს, ხან გატრიალდება. მოცახცახე შუქში კაზაკებს სახეები უცნაური, ცვალებადი აქვთ. წყვდიადიდან გამოკრთებიან და კვლავ ბნელეთში ჩაინთქმებიან. ხოლო უკიდეგანო, კუნაპეტი ღამე ყველაფერს ეუფლება, ანცობს. სადღაც ლანძღვა-გინება გაისმის. ხეობა გრძელია. არავინ უწყის, ღამის ხავერდოვანი ფარდის მიღმა რა იმალება. ზურგი დაუცველია და მეჩვენება, რომ ზურგს უკან მუხის ტევრი ცოცხლდება. შესაძლოა, ჩოხიანი ჩრდილები იქიდან უკვე მოიწევენ, ცვრიან ბალახზე წახრილან, მოცოცავენ... თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, რომ გააფთრებული, სიძულვილისგან გაალმასებული ჩრდილები ყვირილით, ღრიალით გამოენთებიან და... ამინ!

      ფუ, ეშმაკმა დალახვროს!

      – თავდებად ვერ დადგები, – ფილოსოფიურად მიპასუხა ცეცხლთან მჯდარმა, მხედართა მესამე პოლკის მებრძოლმა, თერგელმა კაზაკმა, როცა დილეტანტური მოსაზრებანი გამოვთქვი, ეს ღამე საიმედო არ არის, ვინ იცის, რა ფათერაკს გვიმზადებს-მეთქი, – ხლანგიდან მოგვიხტებიან, ასეთი რამაც ყოფილა.

      ძირძიტა შენს ენას! „ხლანგიდან“! ღმერთო ჩემო! რა დღეში ვართ! ცხენები ნაკელს ღეჭავენ, შაშხანის ლულები ცეცხლის შუქზე ლაპლაპებს. „თავდებად ვერ დადგები“! წყვდიადი ჩანისლულა. უზუნ-ჰაჯი ბედკრულ აულშია...

      რაო, ლერმონტოვი ხომ არ ვარ! მე მგონი, ეს მისი სპეციალობაა. მე რა შუაში ვარ!

      ბრეზენტზე მოკრუნჩხული ვწევარ, მაზარა მახურავს, ალმასებით დაწინწკლულ ხავერდოვან თაღს ავცქერი და მღვრიე კაეშანი დამფარფატებს, თვალწინ მიკრთის მწვანე ლამპა, სინათლის რკალში მოქცეული პრიალა ფურცლები, კაბინეტის კედლები... ყველაფერი ყირამალა დგას! ღამის შემზარავ სიბნელეში ბრეზენტზე ვწევარ ათასი ვერსის აქეთ, ხანკალის ხეობაში გადმოკარგული...

      ბოლოს მაინც ვიძინებ, მაგრამ ეს რა ძილია? ხან აბაჟურიანი ლამპა მეზმანება, ხან ღამის უზარმაზარი აბაჟური და შიგ კოცონის მოცეკვავე ალი. ხან კალმის წყნარი წრიპინი ჩამესმის, ხანაც სიმინდის ცეცხლმოდებული ღეროების ტკაცუნი. ხან ძილის მღვრიე წყვდიადში ვიძირები, ხან შემკრთალი წამოვხტები. გაისმა ხმლების ჩახაჩუხი, ხორხისმიერი ხმები, აპრიალდა ხანჯლები, ვერცხლის მასრები... ოჰ!.. თავს დაგვესხნენ!

      ...არა! მომჩვენებია... ირგვლივ სიწყნარეა. ცხენები ფრუტუნებენ, შავი ნაბდები მწკრივებად ჩარიგებულა – დაქანცულ კაზაკებს სძინავთ... ნაკვერჩხლებს ნავლი ფარავს. აცივდა. შორს მკრთალად ირიჟრაჟა.

      არაადამიანურ დაღლილობას ვგრძნობ. ჩეჩნების ჯავრი აღარ მაქვს. ტყვიასავით დამძიმებული ქუთუთოები ვერ გამიხელია. კოცონი თვალთაგან მიქრება... „ხლანგიდან“ მოგვიხტებიან, ქათმებივით გაგვჟუჟავენ. გაგვჟუჟავენ და გაგვჟუჟონ. რა ბედენაა...

      ლერმონტოვი მძაგს. ყოველთვის მძაგდა. ჰაჯი. უზუნი. წითელყდიანი, ერთ ტომად. ყდაზე გამოსახულ ოქროსფერ, თვალგაშტერებულ ოფიცერს ეპოლეტები მხრებზე ფრთებივით ადგას. „შენ გიძღვნი – ლაღ შვილს ეთერისას“. ეთერიანი შუშა მზეზე გასკდა... რბილად, რბილად, ყრუდ ვიძირები სიბნელეში. ძილი თავს მართმევს.

IX - კვამლი და ბუმბული

      დამთავრდა. ზეგნიდან კვამლის შავი ბოლქვები ავარდა. თერგელები სიმინდის მინდვრების გადაღმა ჭენებით გაემართნენ. ტყვიამფრქვევი ისევ აგრიალდა და მალევე ჩაჩუმდა. ჩეჩენ-აული აიღეს.

      უკვე ზეგანზე ვართ. ცეცხლის სვეტები ცისკენ მიიწევს. თეთრი სახლები, ღობეები ბრიალებს. დაკლაკნილ ქუჩებში ცეცხლის ქარბორბალა მიქრის. კვამლის ცალკეული სვეტები ღრუბლად ერთდება და ეს ღრუბელი უკანა პლანისკენ, ოპერა „დემონის“ დეკორაციისკენ ნელა მიცურავს. მიწა ბუმბულით არის მოფენილი, ჰაერშიც ბუმბული ტრიალებს. მკვირცხლი სტანიცელები აულისკენ გრიგალივით მიქრიან და უკანვე ბრუნდებიან. უნაგირზე გადაკიდებულ ფეხებგაკრულ ქათმებსა და ბატებს კრიახ-გნიასი გააქვთ.

      ჩვენს ბანაკში დილიდანვე ლუკულუსის ნადიმია გამართული. ქვაბში თხუთმეტი ქათამი ჩაუძახეს. ოქროსფერ, მსუყე ბულიონში თითებს ჩაიკვნეტ. შუგაევი ქათმებს ისე ჟლეტს, როგორც მეფე ჰეროდე ყრმებს ჟლეტდა.

      მთის კალთებზე ნისლის ფთილები მიცურავს და ზედ ადნება, ხოლო მთათა შუა იდუმალ ღრმულს თავის მხედრებთან ერთად მიუყვება შურისძიებით გულანთებული, საიდუმლოებით მოცული უზუნი.

      თუნდაც თავს დავდებ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ახიც იქნება – აულები არ უნდა გადაწვა. ჩემთვისაც ცუდად დამთავრდება, მაგრამ ამ აზრს უკვე შევეგუე. ვცდილობ, თავი დავირწმუნო, რომ გრძელსა და ცუდ სიზმარს ვხედავ.

      ფერშალი გოლენდრიუკი ყოველთვის ჭკვიან კაცად მიმაჩნდა. წუხელ უკვალოდ დაიკარგა. თუმცა ამბავი არ დაუტოვებია, მივხვდი, რომ სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას, სახელდობრ, რკინიგზისკენ მიმავალ გზას; იმ რკინიგზის ბოლოს ქალაქია, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. „გამოძიების ჩატარება“ მიბრძანეს. სიამოვნებით. მედიკამენტების ყუთზე ვზივარ და გამოძიებას ვატარებ. გამოძიების შედეგი: ფერშალი გოლენდრიუკი უკვალოდ დაიკარგა ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ ღამეს. წერტილი.

X - ჩეჩნები გამოჩნდნენ

      სექტემბრის მცხუნვარე დღეა.

      ...აი, უბედურება! ჩემი რაზმი დავკარგე. ეს რანაირად უნდა მომხდარიყო? სულელური კითხვაა, აქ ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს. მოკლედ, რაზმი არსადაა.

      გავარვარებული მზე თავს გვადგას, ირგვლივ გადახრუკული ბალახია. გზაზე ურმის ძველი ნაკვალევი. ურმის ნაკვალევთან ორთვალა ეტლი დგას. ეტლში მე და შუგაევი ვსხედვართ, ხელში ბინოკლი მიჭირავს, მაგრამ, რაც მთავარია, ზეგანზე კაციშვილი არ ჩანს. რამდენიც გინდა, ატრიალე ცეისის მინები, ვერაფერს მიაგნებ. თითქოს ყველაფერი მიწაში ჩაინთქა. ათიათასიანი რაზმიც, ქვემეხებიანად, და ჩეჩნებიც. ხუთი ვერსის იქით ჩამწვარი ჩეჩენ-აული რომ არ ბოლავდეს, ვიფიქრებდი, რომ აქ სულიერი არასოდეს ყოფილა.

      შუგაევი ეტლში წამოიმართა, მარცხნივ გაიხედა, ზურგისკენ შეტრიალდა, მარჯვნივაც გაიხედა, უკანაც, წინაც და მაღლაც, მერე ეტლიდან ჩამოხტა და თქვა:

      – საქმე ჭაკადაა!

      უკეთესად ვეღარ იტყვი. ჩეჩნებს თუ გადავაწყდით, ვისაც ხუთი აული გადაუწვეს, რა დღეში ჩავცვივდებით, ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ. ამისთვის აუცილებელი არ არის, წინასწარმეტყველი რომ იყო... მეტი რა ჩარაა, უბის წიგნაკში ბოლომდე ჩავიწერ ყველაფერს. ეს საინტერესოა.

      გზა ალალბედზე განვაგრძეთ.

      ...ერთი ყორანი ზემოთ აფრინდა, მეორე ქვემოთ ჩაფრინდა, აგერ მესამეც. ნეტავი რას დასტრიალებენ? მივუახლოვდით. ბალახმოდებული, მიტოვებული გზის პირას ჩეჩენი წევს. ხელები გაუფარჩხავს, თავი უკან გადაუგდია. შავი ჩოხა შემოფხრეწია, ფეხშიშველაა. ხანჯალი არ ჰკიდია, აღარც ვაზნები უწყვია მასრებში. კაზაკები ყაირათიანი ხალხია, გოგოლის ოსიპის მსგავსი:

      – თოკიც გამოსადეგია.

      ჩეჩენს მარცხენა ღაწვის ქვემოთ შავი ნახვრეტი მოუჩანს. იქიდან მკერდზე ორდენის ლენტივით ჩამოჰფენია მზეზე გახუნებული სისხლის ნაკვალევი. ნახვრეტს ზურმუხტისფერი ბუზები ესევიან. ყორნები დაბლა დაეშვნენ, იქაურობას ბრაზიანი ყრანტალით დასტრიალებენ... გზას განვაგრძობთ!

      ...ცეისი ჰალუცინაციებს ბადებს! წინ ბორცვია, ხოლო ბორცვის მწვერვალზე ვენური სკამი მოჩანს! გარემო უდაბურია! ბორცვზე სკამი ვის უნდა აეტანა? ანდა რატომ?

      ...ბორცვს ფრთხილად ჩავუარეთ. არავინ ჩანს. იქაურობას გავცდით, სკამი კი ისევ ისე დგას.

      ცხელა. კიდევ კარგი, მათარა სავსე წამოვიღე.

      საღამო ხანი.

      ესეც ასე! გავებით. მთები სულ ახლოს, ორ ნაბიჯზეა. წინ ხეობა მოჩანს, ხოლო ხეობიდან მოისწრაფვიან. ცხენებს თითქოს ფრთები გამოსხმიათ! ვერცხლით მოსირმული ხმლის ქარქაშები ბრჭყვიალებს. საინტერესოა, ჩემი უბის წიგნაკი ხელში ვის ჩაუვარდება? მაშ ვეღარავინ წაიკითხავს? შუგაევს სახეზე მწვანე ფერი დასდებია. მეც, ალბათ, ასეთ დღეში ვარ. ჯიბეში ბრაუნინგი მექანიკურად მოვსინჯე. სისულელეა. ბრაუნინგი რას მიშველის? შუგაევი დაფაცურდა, ცხენების აჩქარებას აპირებდა, მაგრამ გაინაბა. რა სისულელეა. მათ ცხენებზე უკეთესს თვალი ვერსად ნახავს. აღალის ორი ცხენით სად გაექცევი? განძრევასაც ვერ მოასწრებ, ვიღაცა შაშხანას გადმოატრიალებს, მხარზე მიიყრდნობს და წირვას გამოგიყვანს.

      – ე-ჰე-ჰე, – ესღა თქვა შუგაევმა.

      შეგვამჩნიეს. გზა აამტვერეს. ჩვენკენ მოეშურებიან. ცხენები მოაჭენეს. თეთრ კბილებს აელვებენ, ვერცხლის მასრები უბრწყინავთ. მზეს ავხედე და გამოვემშვიდობე...

      ...უჩვეულო რაღაც ხდება!.. ზედ მოგვეჭრნენ, მაგრამ ცხენებს ჩვენს ირგვლივ აცეკვებენ და არას გვერჩიან. მარტო გნიასობენ:

      – ტა-ლა-გა-გა!

      ეშმაკმა უწყის, რა უნდათ. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ბრაუნინგის სახელურს ჩავჭიდე. დამცველი გადავწიე, სასროლად მოვამზადე. თუ დამატყვევებენ, პირში ვიკრავ. ასე დამარიგეს.

      ისინი კი ყაყანებენ, მკერდში ხელებს იბაგუნებენ, კბილებს აელვებენ, შორეთისკენ თითებს იშვერენ, რაღაცას გვანიშნებენ.

      – ა-ლა-მა-მი-ა... ბოლგატოე-ე!

      – შალი-აულ! გა-გო-გირ-გირ!

      შუგაევი ნაცადი კაცია. გამობრძმედილი. გამწვანებული სახე უცებ გაუღაღანდა. ხელების ქნევას მოჰყვა, გასაოცარ ენაზე ალაპარაკდა:

      – შალიო, ამბობ? ჰო-ო. ჩვენი შალი-აულში წავიდა? ჰო-ო, ჰო-ო. ბოლგატოე. ჩვენები სად არიან? იქ?

      ისინი გაიბადრნენ, საუცხოო კბილები გააელვეს. ხელებს იქნევენ, თავს აკანტურებენ.

      შუგაევს სახის ფერი საბოლოოდ დაეწმინდა.

      – მშვიდობიანები არიან! ბატონო ექიმო, მშვიდობიანები! მოუთვინიერებიათ. ამბობენ, რომ ჩვენები ბოლგატოეს გავლით შალი-აულისკენ წავიდნენ. გვთავაზობენ, გაგაცილებთო! აგერ, ჩვენებიც! ნაღდად ჩვენები არიან!

      გავიხედე – ფერდობის ბოლო ამტვერდა. კოლონის კუდი მოიკლაკნება. შუგაევი ცეისზე უკეთესად ხედავს.

      ჩეჩნები თვალგაშტერებულები იცქირებიან. ცეისს ესიყვარულებიან.

      – ბინოკლი მოეწონათ, – ჩაიცინა შუგაევმა.

      თავადაც ვხედავ, რომ მოეწონათ. ოჰ, როგორ მოეწონათ. კოლონას მალე მაინც დავეწეოდეთ! შუგაევი კოფოზე მიირწევა; მიმიხვდა, რას ვფიქრობდი. მამშვიდებს.

      – ნუ ღელავთ. აქ თითსაც არ დაგვაკარებენ. ჩვენები აგერ არიან, აგერ! ორი ვერსის მოშორებით რომ ყოფილიყვნენ, მაშინ კი... – შუგაევმა ხელი ჩაიქნია. ირგვლივ კი:

      – გირ... გირ!

      ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს. შუგაევს კი ესმის და თავადაც ელაპარაკება.

      ხელებითაც, ენითაც, ჩეჩნები გვერდით მოგვყვებიან, ხმლებს მოაჩხარუნებენ. ასეთი ბადრაგი არასოდეს მხლებია...

XI - კოცონთან

      აული იწვის. უზუნს მისდევენ. ღამით ცივა. ცეცხლს ვეფიცხებით. ხმლების სახელურებს ალი დასთამაშებს.

      ჩეჩნები ფეხმორთხმით სხედან, ჩემს მკლავზე გამოსახულ წითელ ჯვარს მონუსხულები უცქერენ. მოთვინიერებულნი არიან, დამორჩილებულნი, ჩვენი მოკავშირენი. შუგაევი თითებით, სიტყვით უყვება, რომ მე ყველაზე მთავარი, ყველაზე დიდი ექიმი ვარ. ისინი თავს უკანტურებენ, სახეზე მოწიწება ეხატებათ, თვალები უელავთ. მაგრამ ორი ვერსის მოშორებით რომ ვიყოთ...

XII

      ....................

XIII

      დეკემბერი

      ეშელონი მზადაა. ყველანი მთვრალები არიან. მეთაური, კაზაკები, კონდუქტორების ბრიგადა და, რაც მთავარია, მემანქანეც. 18 გრადუსი ყინვაა. თბილანა ვაგონები საყინულედ ქცეულა. ერთი ღუმელიც არსადაა. შუაღამისას დავიძარით, ვაგონის კარი გადავკეტეთ. რაც ხელში მოგვხვდა, იმით შევიფუთნეთ. ყველა სანიტარს სპირტი მე თვითონ დავალევინე. მაშ ხალხს ხომ არ დავღუპავდი! ვაგონი შეტოკდა. ქვემოთ ბორბლებმა გაიღრჭიალა და აკაკუნდა. დავიძარით.

      არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა და მერე გარეთ როგორ გავვარდი. ეს კი კარგად მახსოვს, თოვლში გახვეული ფერდობზე როგორ მივგორავდი, ვაგონები ერთმანეთს ჭახჭახით როგორ ასკდებოდა და ასანთის კოლოფებივით იჭყლიტებოდა. ალიონის მკრთალ შუქზე მოჩანდა, ხალხი ვაგონებიდან როგორ ცვიოდა. ირგვლივ გმინვა და ყვირილი გაისმოდა. თუმცა სემაფორი ენთო, მემანქანემ ეშელონი შემხვედრ მატარებელს შეაჯახა...

      შუგაევი მებრალება. ფეხი მოიტეხა.

      სადგურის ოთახში დაჭრილები დილამდე მოჰყავდათ. მე ჭრილობებს ვუხვევდი და დახოცილებს ვსინჯავდი...

      უკანასკნელს ჭრილობა როცა გადავუხვიე, ნამსხვრევებით დაფარულ ლიანდაგზე გავედი. ფერმიხდილ ცას თვალი შევავლე, ირგვლივ მიმოვიხედე...

      ფერშალი გოლენდრიუკი თვალწინ დამიდგა... მაგრამ სად ჯანდაბას წავალ! მე ხომ ინტელიგენტი ვარ.

XIV - დიდი მარცხი

      თებერვალი

      ყოველივე ქაოსმა მოიცვა. სადგური იწვოდა. მერე მატარებლით მივქროდი. ბოლო თბილანა ვაგონი აქეთ-იქით აწყდებოდა...

      ეს რა სიგიჟეა...

      ტალღამ აქამდე უწია........................

      ....................

      დღეს, როგორც იქნა, მოვისაზრე. ო, უკვდავო გოლენდრიუკო! კმარა სისულელე და სიგიჟე. ერთ წელიწადში იმდენი რამ გადამხდა, მაინ რიდს ათი ტომისთვის ეყოფოდა. მაგრამ მე არც მაინ რიდი ვარ და არც ბუსენარი. ყველაფერი ყელში ამომივიდა. ტილებმა გამომხრეს. ინტელიგენტი თუ ხარ, აუცილებელი არ არის, უსათუოდ იდიოტი იყო...

      კმარა!

      ზღვა თანდათან ახლოვდება! ზღვა! ზღვა!

      ....................

      წყეულიმც იყვნენ მეომარნი ამიერიდან უკუნისამდე!

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები

ნახვა: 1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters