ფაფასავით ათქვეფილი, ჩაშავებული ქარბუქი ალმაცერმა, მკრთალმა ცეცხლმა გაფხრიწა და ცხენთა გრძელი, მუქი დრუნჩები ღრუბლიდან უმალ გამოიჭრა.

      ბახ. მერე ცეცხლმა მეორედაც იჭექა. აბრამს ცხენის უფორმო დრუნჩი და საზარელი მკერდი დაეჯახა და ღრმა თოვლში გადაისროლა. გადაკოტრიალდა, მაგრამ შაშხანა ხელიდან არ გაუშვია... მერე დაბეჟილ-დალეწილი წამოდგა და მარგალიტების კორიანტელი აასვეტა.

      სიცივე არ უგრძნია, პირიქით, მთელ სხეულში ძალზე მშრალმა მხურვალებამ ჩაურბინა, მერე ფეხისგულებამდე ოფლმა დაასხა. იგრძნო, რომ სიკვდილის შიშმა აიტანა და ეს იმიტომ დაემართა.

      ქარბუქმა და შიშის ალმურმა თვალები ამოუგლისა და რამდენიმე წამს ვეღარაფერს ხედავდა. ცივი და შავი ქარბუქი ირიბად მოქშუოდა და თვალწინ ცეცხლოვანი რგოლები აუცურდა.

      – ერთი ისროლე... ისროლე, ძაღლის ნაშობო, – ზემოდან გაისმა ხმა და აბრამი მიხვდა, რომ ეს ხმა ცხენზე მჯდომს ეკუთვნოდა.

      აბრამს რატომღაც შავ ღუმელში მობრიალე ცეცხლი, კედელზე ჩამოკიდებული დაუმთავრებელი აკვარელი, ზამთრის დღე, თავისი ბინა, ჩაი და სითბო გაახსენდა. მიხვდა, რომ სწორედ უაზრო და საშინელი რამ მოხდა, რაც დაფეთებულს ელანდებოდა, როცა საგუშაგოზე გაფაციცებული იდგა და ქარბუქის კორიანტელს გასცქეროდა. ისროლოს? ოჰ, არა, სროლას არც აპირებდა. აბრამმა შაშხანა თოვლზე მიაგდო და ცახცახით ამოიხვნეშა. სროლა ამაო გახლდათ, ქარბუქის შეთხელებულ სვეტებში ცხენთა დრუნჩები გამოჩხერილიყო, მოშორებით შავად მოჩანდა საგუშაგო ჯიხური და ძონძების რუხ გროვასავით იდგა ერთმანეთზე ახორხლილი ფიცრის ფარები. სულ ახლოს გაკრთა მეორე გუშაგის, სტრელცოვის მუქი, უფორმო ფიგურა და წვეტიანი ჩაბალახი, ხოლო მესამე, შჩუკინი, გამქრალიყო.

      – რომელი პოლკიდან ხარ? – გაისმა ჩახლეჩილი ხმა.

      აბრამმა ამოიოხრა, თვალები მაღლა აღაპყრო, ალბათ, უნდოდა, ცა ერთი წამით მაინც დაენახა, მაგრამ ზემოდან შავი და ცივი ფიფქები ცვიოდა, ქარბუქის სვეტები მაღლა ხრახნივით მიიწევდა, ხოლო ცა სრულებით არ ჩანდა.

      – ახლავე აგალაპარაკებ! – კვლავ გაისმა მაღლა, მაგრამ ახლა მეორე მხრიდან და აბრამმა იგრძნო, დაგუბებული ბრაზი ქარბუქის ზმუილთან ერთად როგორ მიეჭრა. ხელის აფარება ვეღარ მოასწრო, სახესთან რაღაც შავმა და მაგარმა ფრინველივით გაუქროლა, შემდეგ ყბა, ტვინი და კბილები საშინელმა, მწვავე ტკივილმა გაუჩეხა და მოეჩვენა, რომ მთელი თავი ცეცხლმა გაუმსჭვალა.

      – ა-ა-ა-ა, – ცახცახით ამოიყვირა აბრამმა, პირში ფაფად ქცეული ძვლები აუხრაშუნდა და მლაშე სისხლმა სული შეუხუთა.

      იმავე წამს ელექტროფარნის მკრთალ, მტრედისფერ კონუსში დაფლეთილმა სტრელცოვმა გაიელვა და პირქვე გაშოტილი, ნამქერში გახვეული მესამე გუშაგი, შჩუკინიც მკაფიოდ გამოჩნდა.

      – რომელი პოლკიდან ხარ? – შეჰკივლა ქარბუქმა.

      აბრამმა იცოდა, რომ მეორე დარტყმა პირველზე საშინელი იქნებოდა, ამოიხვნეშა და უპასუხა:

      – ყარაულთა პოლკიდან.

      სტრელცოვი გაქრა, მერე ისევ განათდა.

      ქარბუქის ხორხოშელები მოელვარე შუქის კონუსში ღმუილით მოქროდა, ხტოდა და ბზრიალებდა.

      – ეუ! ურია გააბეს! – ფარნის უკან სიბნელე გაკვეთა ვიღაცის ხმამ, ხოლო ფარანი შემოტრიალდა. სტრელცოვი ჩააბნელა და დიდი, ამობურცული თვალი აბრამს ჩააშტერა. აბრამმა თავისი გასისხლიანებული ხელები, ცხენზე მჯდარის უზანგში შეყოფილი ფეხი და ხის ბუდიდან გამოჩრილი წვეტიანი ლულა დაინახა.

      – ურია, ურია! – სიხარულით ჩაიბუხუნა გრიგალმა ზურგს უკან.

      – მეორეც? – ხარბად გამოეხმაურა ბოხხმიანი.

      აბრამს მხოლოდ მარცხენა ყურიდან ესმოდა, მარჯვენა კი, ისევე როგორც ლოყა და ტვინი, მთლად ჩაჰკვდომოდა. მან ტუჩებიდან შედედებული, სლიპინა სისხლი ხელით მოიწმინდა და ცეცხლოვანმა ტკივილმა მარცხენა ლოყიდან მკერდსა და გულში ჩაურბინა. ფარანმა აბრამი სანახევროდ ჩააბნელა, ხოლო სტრელცოვი თავით ფეხებამდე გაანათა. უნაგირიდან სტრელცოვს ხელი ჩამოსწვდა და ფაფახი მოაძრო. ქუდმომძვრალს თმის ბღუჯა აეყალყა. სტრელცოვმა თავი გადააქნია, პირი გააღო და ქარბუქის გრიალში სუსტი ხმით თქვა:

      – უ-უ, ბანდიტებო, თქვენი სული აძაღლდეს.

      შუქი მაღლა აიჭრა, მერე აბრამის ფეხებისკენ დაეშვა. სტრელცოვს ყრუდ ჩასცხეს. შემდეგ ცხენის დრუნჩი კვლავ წინ გამოიჭრა.

      ორივენი – აბრამიცა და სტრელცოვიც – აჩხორილი ფარების გვერდით კვლავ ფარნის ცისფერი შუქით განათებულნი იდგნენ, მათ წინ კი ცხენებიდან ჩამოქვეითებული რუხმაზარიანები ირეოდნენ. კონუსში ხან ხელში ჩაბღუჯული შაშხანა გამოჩნდებოდა, ხან წითელფოჩიანი და სირმიანი ფაფახები, ხანაც აჩხარუნებული, გაღრღნილი, მოთეთრო ლაგამი.

      ორი შუქი ციმციმებდა, სადგურზე – თეთრი, ცივი და მაღლა აზიდული, მეორე – დაბლა გაწოლილი, თოვლში ჩაფლული, იქითა მხარეს, ლიანდაგს გადაღმა. სულ უფრო სუსტად, სულ უფრო თხლად თოვდა, ქშუილ-გრიალი აღარ გაისმოდა, შენელებული ქარბუქის ბოლქვები შუქის კონუსში თანაბრად მოფრინავდა და ფარებთან მდგარებს სახესა და კისერში მშრალი, ცივი ხორხოშელა ეყრებოდა.

      სტრელცოვი თითქოს სახეზე წითელ ნიღაბაფარებული იდგა, – თავხედობისათვის დიდხანს, დაუზოგავად სცემდნენ და თავი მთლად დაუფეფქვეს. იგი ცემისგან გაშმაგდა, ტკივილს სრულებით ვეღარ გრძნობდა, ერთი თვალი ჩასისხლიანებოდა, მეორით მძულვარედ იცქირებოდა, ნაღრძობი ხელებით შტაბელს ეყრდნობოდა, პირიდან თან სისხლს ანთხევდა და თან ამბობდა:

      – უჰ, ბანდიტებო... უჰ, თქვენი დედა... ყველას ხელში ჩაგიგდებენ, ყველას დაგვხვრეტენ, ყველას...

      დროდადრო კონუსში შავრევოლვერიანი კაცი შევარდებოდა და სტრელცოვს რევოლვერის ტარით სცემდა. სტრელცოვი სუსტდებოდა, ღმუოდა, მოდუნებული ფეხები უსხლტებოდა, შტაბელს ხელებით ებღაუჭებოდა და თავს ასეღა იმაგრებდა.

      – ჩქარა!

      – მალე!

      სადგურზე მანათობელი შუქის მხარეს სროლის ხმა გაისმა, ერთმა ჯერმა მარაოსავით ჩაიგრიალა და შეწყდა.

      – ჰა, გვესროლეთ, გვესროლეთ, ჩქარა! – ყვიროდა ხმაჩახლეწილი სტრელცოვი, – ტყუილად ნუღარ გვაწამებთ.

      სტრელცოვი პერანგისა და დალიანდაგებული შარვლის ამარა იდგა, მაზარა და ჩექმები აღარ ეცვა, როცა ფეხები დაუსხლტებოდა, ჩამოჩაჩული ფეხსახვევები უკან დასთრევდა. აბრამს კი დაძონძილი მაზარა და თექის ჩექმები ეცვა, არავინ დახარბებულა და მარჯვენა ჩექმის გახეული ცხვირიდან ოქროსფერი ნამჯა ისევ ისე უწყინრად გამოსჩროდა.

      აბრამს ისეთი სახე ჰქონდა, არავის არასოდეს უნახავს.

      – ურია იცინის! – გაიოცა წყვდიადმა კონუსის უკან.

      – გავაცინებ მაგას, – უპასუხა ბოხხმიანმა.

      აბრამი თვალებში არც ღიტინს გრძნობდა, არც ტკივილს, ცრემლები თავისით ჩამოსდიოდა, ხოლო პირი ისე ჰქონდა ჩახეული, თითქოს რაღაცაზე გაეღიმა და ასევე გაღიმებული დარჩაო. ღილებჩახსნილი მაზარის კალთები გაშლოდა და ხელებით რატომღაც თავისი შავი შარვლის კანტს ჩასჭიდებოდა, დუმდა და ამობურცულ, დამაბრმავებელ თვალს უცქეროდა.

      „მაშ ყველაფერი დასრულდა, – ფიქრობდა იგი, – რაც მეგონა, რომ მოხდებოდა, არ ამცდა. ვერც აკვარელს და ვერც ცეცხლს თვალით ვეღარასოდეს ვნახავ. აღარაფერი მეშველება, ნუღარაფერს ველი – ყოველივე გათავდა“.

      – აბა, ჰე, – გამაფრთხილებლად შესძახა წყვდიადმა, კონუსი მარცხნივ გადაიწია და შავი აღსასრული სიბნელეში, გუშაგთა პირისპირ, შაშხანების ნახვრეტებში შეიმალა. აბრამს ძალ-ღონე ერთბაშად გამოელია, ფეხები ჩაეკეცა და თოვლში ჩაუცურდა. ამიტომ აღსასრულის გაელვება სრულებით არ უგრძნია.

* * *

      ქარბუქი ლიანდაგს ბზრიალით გაუყვა და ერთ საათში ყველაფერი შეიცვალა. ზემოდან და აქეთ-იქიდან ხორხოშელა აღარ ცვიოდა. შორს, დათოვლილ ველებს ზემოთ ღრუბლები გაიხლიჩა, მიიფანტ-მოიფანტა და მათ შორის ოქროსფერი მთვარის კიდე დროდადრო გამოანათებდა ხოლმე. ამ დროს ველზე რძისფერი, მზაკვრული ათინათი გაწვებოდა, რელსები შორეთისკენ მიიკლაკნებოდა, ხოლო ერთმანეთზე ახორხლილი ფარები შავად და შემზარავად მოჩანდა. სადგურზე მაღლა მოციმციმე შუქი სუსტდებოდა, რელსებთან მანათობელი მოყვითალო შუქი კი უცვლელი რჩებოდა. აბრამმა თავდაპირველად ეს შუქი დაინახა, ქუთუთოები გააპო და თვალგაშტერებული ძალზე დიდხანს უცქეროდა. შუქი არ იცვლებოდა, მაგრამ აბრამს ქუთუთოები ხან ეღებოდა, ხან ეხურებოდა და ამიტომ ეჩვენებოდა, რომ ეს შუქი ციმციმებდა და ინაბებოდა.

      აბრამს თავში უცნაური, გულდამძიმებული, აუხსნელი და დუნე აზრები უტრიალებდა. ფიქრობდა, ჭკუაზე რატომ არ შევცდი, რა სასწაული მოხდა, ყვითელი შუქი რატომ ანათებსო...

      ფეხებს მომსხვრეულივით მიათრევდა, თოვლს იდაყვებით ჩიჩქნიდა, ტყვიით გახვრეტილ მკერდს მიაჩოჩებდა და სტრელცოვისკენ ძალიან დიდხანს მიხოხავდა. ხუთ ნაბიჯს ხუთი წუთი მოანდომა. როცა მიხოხდა, სტრელცოვს ხელი მოუთათუნა და დარწმუნდა, რომ უკვე გაყინულიყო. თოვლში ჩაფლულ გვამს მოსცილდა და განზე გაფოფხდა, თან ცდილობდა, ყვითელი შუქი თვალთაგან არ დაჰკარგოდა.

* * *

      – ვინა ხარ? ღმერთო ჩემო, ვინა ხარ? – იკითხა შეშინებულმა ქალმა და კარის სახელურს დაეჯაჯგურა, – მარტო ვარ, ღმერთმანი, ბავშვი ავად მყავს. წადით აქედან, სადგურში წადით.

      – შემომიშვი, გესმის, შემომიშვი, დაჭრილი ვარ, – დაჟინებით იმეორებდა აბრამი. ხმა გამოშრობოდა, დაწვრილებოდა და უღუღუნებდა. კარს ეჭიდებოდა, მაგრამ ხელი არ ემორჩილებოდა და უცურდებოდა. ყველაზე უფრო იმისი ეშინოდა, რომ ქალი კარს ჩაკეტავდა, – დაჭრილი ვარ, გესმით, – იმეორებდა იგი.

      – ვაი, სახე რას გიგავს, – უთხრა ქალმა და კარი გამოაღო.

      აბრამი წინკარში მუხლებზე ჩაჩოქილი შეჩერდა. ქალს თვალები ჩაუცვივდა. იგი ხოხვით მომავალს ჩაშტერებით უცქეროდა. აბრამი კი წინ, ყვითელი შუქისკენ იყურებოდა და ამ შუქს ახლა სულ ახლოს ხედავდა. შუქი სამხაზიან ნათურაში შიშინებდა.

* * *

      ღამე საბოლოოდ გამთენიისას გაღაღანდა. გაყინული ცა ერთიანად ვარსკვლავებით მოიჭედა. თოვლში ჩაფლულ მიწას ცის უმაღლესი წერტილიდანაც და მდუმარე ტყის იქით გადაჭიმული შორეთიდან, ჰორიზონტიდანაც, ჯვრებად, ბუჩქებად, კვადრატებად მიმობნეული ბღუჯა-ბღუჯა ვარსკვლავები ჩამოსცქეროდა. ყინულოვანი ცის დასალიერთან კი ნაირფერი გვირგვინით შემობურული მთვარე ქათქათებდა.

      ლიანდაგის გვერდით, სადარაჯო ჯიხურში, სულის შემხუთველი მხურვალება ჩაბუდებულიყო, ხოლო დაუცხრომელი ყვითელი შუქი კვლავ ძუნწად ენთო.

      რკინიგზის დარაჯის ცოლი მაგიდასთან მიდგმულ სკამზე ძილგამკრთალი იჯდა და ყვითელი შუქის მიღმა, ღუმლისკენ იცქირებოდა, სადაც აბრამი იწვა, ზედ ძონძები ჰქონდა წაფარებული და ხიხინით სუნთქავდა.

      მხურვალება ტვინიდან ფეხებისკენ ტალღებად მიემართებოდა, მერე მკერდში ბრუნდებოდა და გულში მოკიაფე ყინულოვანი სანთლის ჩაქრობას ლამობდა. სანთელი კი რიტმულად იკუმშებოდა და ფართოვდებოდა, წამებს თანაბრად და წყნარად ითვლიდა. აბრამს სანთლის ხმა არ ესმოდა, იგი სამხაზიან ლამპაში მოციმციმე შუქის თანაბარ შიშინს უსმენდა, თანაც ეჩვენებოდა, რომ შუქი მის თავში ენთო, ჰოდა, აბრამი ამ შუქს უყვებოდა, ქარბუქი ხრახნივით როგორ ტრიალებდა, ლოყასა და ტვინს ტკივილი როგორ უბურღავდა და თოვლით მინამქრული სტრელცოვი შტაბელთან როგორ ეგდო. აბრამს უნდოდა, სტრელცოვი ნამქრიდან ამოეთრია და ღუმელზე დაეწვინა, მაგრამ იგი მძიმე იყო და ნამქრიდან მისი გამოთრევა მიწაში ჩასობილი პალოს ამოძრობასავით ჭირდა. აბრამს უნდოდა, დამღუპველი ყვითელი ცეცხლი თავიდან ამოეგლიჯა და გადაეგდო, მაგრამ ცეცხლი შიგ ჯიუტად იჯდა და ყველაფერს ბუგავდა, რაც გავარვარებული თავის შიგნით იყო. ყინულის ისარი გულში წამების თვლას წყვეტდა და სიცოცხლის საათი უცნაურ, უკუღმა სვლას იწყებდა, მხურვალების ნაცვლად თავიდან ფეხებისკენ სიცივე მიემართებოდა, სანთელი თავში გადაინაცვლებდა, ხოლო ყვითელი ცეცხლი გულში ჩაბუდდებოდა და აბრამის დალეწილი სხეული ტერციის რიტმით, წყვეტილად, სიცოცხლის ძგერასთან შეუთავსებლად იწყებდა ცახცახს. აბრამს ცხვრის ქურქი აღარ ჰყოფნიდა და უნდოდა, დარაჯის ჯიხური ჭერამდე ქურქებით გავსებულიყო, თავად ამ ქურქების ქვეშ მოკრუნჩხულიყო და ტანქვეშაც გავარვარებული აგურები ამოეწყო.

* * *

      გავიდა წლები. ჰოდა, სასიხარულო, თუმცა არაბუნებრივი რამ მოხდა: კლუბში შეშა მოიტანეს. შეშა ნედლი კი იყო, მაგრამ ცეცხლი ნედლ შეშასაც ეკიდება და ეს შეშაც აბრიალდა. ღუმლის პირას ცეცხლის მახინჯი ჭინკები ხტოდნენ, ალმური მიცურავდა და ნაძვის ხის ჩამჭკნარ ყვავილწნულებზე ცეკვავდა, პორტრეტის ლენტებს, იატაკსა და ბრონიას სახეს დასთამაშებდა. ბრონია ღუმლის პირას ჩაცუცქულიყო, მუხლებზე ხელები შემოეჭდო, ბეწვიანი ჩექმის ცხვირები ცეცხლის ჭინკებისათვის მიეფიცხებინა და ალს ჩაშტერებოდა. თავზე წაკრული წითელი თავშალი ყაყაჩოსფრად უბრიალებდა.

      დანარჩენები ნახვრეტებიან სკამებზე ნახევარწრედ ისხდნენ და გრუზნის ორატორობას უსმენდნენ. იაკი ბოხი ხმით ჰყვებოდა იერიშების, სუსხიანი ღამეების, ცხარე ბრძოლების ამბავს. მისი ნაამბობიდან დაასკვნიდით, იაკი მამაცი და გულგაუტეხელი კაციაო. მართლაც მამაცი გახლდათ. თხრობას როცა მორჩა, წელწვრილ, ნაცრისფერ ვედროში ჩააპურჭყა, აშმორებული თამბაქოს იაფფასიანი პაპიროსი მოქაჩა და პირიდან მყრალი კვამლი გამოაბოლქვა.

      – ახლა აბრამს ვთხოვოთ, – თქვა ბრონიამ, – აბრამი ხომ ნამდვილი პროფესორია. მასაც შეუძლია, საინტერესო რაიმე გვიამბოს. აბრამ, თქვენი ჯერია, – იგი მოკრძალებით ლაპარაკობდა, იმიტომ რომ აბრამი ცოტა ხნის წინ იყო მოსული და როგორც ახალ კაცს, თქვენობით მხოლოდ მას მიმართავდა.

      ტანმორჩილი, ბეღურასავით გაბურძგნილი აბრამი უკანა რიგიდან გამოვიდა და ცეცხლის შუქზე წინ წამოდგა. დაბამბული ქურთუკი ეცვა, ოდესღაც ფქვილით მოვაჭრენი რომ ატარებდნენ. შარვალი ხომ მთელ მუშფაკში გამორჩეული ემოსა. ის კი არა, ეს შარვალი, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ერთადერთი ყოფილიყო. ყავისფერ ტოტებზე უცნაური მწვანე ფერი გადაჰკრავდა, ზემოთ ფართო და ქვემოთ ვიწრო გახლდათ. შარვლის მარცხენა ტოტი ფეხსაცმელს რატომღაც ვერ უფარავდა, მაღლა ჰქონდა აწეული და ნაცრისფერი წინდის ზოლი მოუჩანდა.

      შარვლის პატრონს ყურთ აკლდა, ამიტომ მორცხვ ღიმილს სახიდან არასოდეს იცილებდა, ხოლო როცა დასჭირდებოდა, მარცხენა ყურზე ხელს მიიფარებდა ხოლმე.

      – აბრამ, თქვენი ჯერია, – ხმამაღლა უთხრა მას ბრონიამ, როგორც ყველანი ელაპარაკებოდნენ, – თქვენ, ალბათ, არ გიბრძოლიათ, ამიტომ საერთოდ მოგვიყევით რაიმე...

      აბურძგნილმა ბეღურამ ღუმელს თვალი შეავლო და მოყოლა დაიწყო, თან ხმას იდაბლებდა, რათა უფრო ხმამაღლა არ ელაპარაკა, ვიდრე საჭირო იყო. მერე და მერე თხრობამ აიყოლია, ცეცხლსა და ბრონიას ყაყაჩოსფერ თავშალს უცქეროდა და გატაცებით ჰყვებოდა. უნდოდა, რომ მონათხრობით ყველაფერი გადმოეცა: ქარბუქის კორიანტელი, ცხენთა დრუნჩების უეცარი გამოჩენა, როგორია უფორმო, შემზარავი შიში, როცა ყოველგვარი იმედი გადაწურულია და სიკვდილი გიახლოვდება. ყარაულთა პოლკის ორ გუშაგზე მესამე პირში ლაპარაკობდა, წარბებაწეული სიბრალულით ამბობდა, ერთი მათგანი თავდამსხმელებმა ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს, ის კი გადარჩა და ყვითელი შუქისკენ მანამდე მიხოხავდა, სანამ რკინიგზის დარაჯის ჯიხურს არ მიაღწიაო. ისიც მოჰყვა, დარაჯის ცოლმა როგორ მოუარა, მერე კი ჰოსპიტალში ექიმი როგორ ამბობდა, ამის გადარჩენა შეუძლებელიაო. გუშაგი კი გადარჩა... აბრამს მარცხენა ხელი ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი, ხოლო მარჯვენა ხელს ცეცხლისკენ ისე იშვერდა, თითქოს სურათს ცეცხლი უხატავდა. როცა მოყოლა დაასრულა, ღუმელს შეძრწუნებულმა ჩახედა და თქვა:

      – სულ ესაა...

      ყველანი ერთხანს დუმდნენ.

      იაკმა აბრამს ყავისფერ შარვალზე მოწყალედ დახედა და თქვა:

      – ასეთი რამ ხდებოდა... როგორ არა... უკრაინაში რაღა არ ხდებოდა. ეგ ამბავი ვის გადახდა?

      ბეღურა ცოტა ხანს დუმდა, მერე მორცხვად უპასუხა:

      – მე გადამხდა.

      ერთხანს იყუჩა და შემდეგ დაუმატა:

      – ბიბლიოთეკაში წავალ.

      თქვა ეს და კარისკენ კოჭლობით გაემართა.

      კლუბში მყოფები მისკენ მიტრიალდნენ. ყველანი დიდხანს, თვალმოუშორებლად უცქეროდნენ ყავისფერ შარვალს, სანამ აბრამი დიდ დარბაზს თავიდან ბოლომდე გადაჭრიდა და კარს მიეფარებოდა.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველა

ნახვა: 2210

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters