მიგელ დე უნამუნო - ესპანეთის თანამედროვე მარაზმისათვის


   ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე რომ დავეხეტებოდი, სულ იმას ვფიქრობდი, ეგებ სადმე ეროვნულ დვრიტას მივაკვლიო-მეთქი, მაგრამ, რაც უფრო თავგამოდებით ვეძიებდი წმინდა ეროვნულსა და ტრადიციულს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რა ამაო იყო ჩემი გარჯა, ამ მუდმივად ცვალებად ხალხსა და მის კულტურაში თვითმყოფადისა და შეძენილის ერთმანეთისაგან გარჩევას რომ ვლამობდი. გარემოსთან შერწყმა-შეთვისების ისეთი უნარი გააჩნია ადამიანს, იმდენად ურთიერთგანპირობებულია მისი მოქმედებები და უკუმოქმედებები თუ კავშირები სამყაროსთან, რომ მართლაც დახლართულ ლაბირინთში ამოყოფ თავს, თუკი ეცდები და ერთი რომელიმე ადამიანის ანდა მთელი ხალხის ნიშანდობლივი თვისებების დადგენას მოინდომებ, მით უმეტეს, რომ მათი ცხოვრების ერთი წუთი მეორეს არა ჰგავს.
ამის მიუხედავად, მე მაინც ვცადე ასე თუ ისე დამეხასიათებინა ჩვენი თვითმყოფადობის არსი, გამერკვია, რანაირად შეძლო კასტილიელმა ერმა მისტიკაში თავისი ხასიათების სხვადასხვაობაზე მაღლა დამდგარიყო და მასში განსახიერებულიყო, რანაირად აღამაღლა რენესანსის ეპოქამ მაესტრო ლეონი სულის თავისუფლების ჭეშმარიტ მოძღვრებამდე, რომელსაც თვითჩაღრმავებისა და სამყაროსგან მოწყვეტის ინკვიზიტორულმა ტალღამ გადაუარა. ახლა კი ამ თვითჩაღრმავებისა და ეროვნულ ნიჟარაში ჩაკეტვის შედეგები განვიხილოთ.
ესპანეთის საზოგადოება ღრმა კრიზისს განიცდის; ამ საზოგადოების წიაღში ხდება შიდა შეთანხმებები, თანამდებობის პირთა ხშირი გადანაცვლება-გადმონაცვლება, ამას ემატება დაყოფა-დაქუცმაცებისაკენ ჩვენი მიდრეკილება და ბოლოს, ყოველივე ეს უიმედო მარაზმითაა დაღდასმული; ასეთი კრიზისის ვითარებაში მხოლოდ ჭეშმარიტ ეროვნულ ხასიათს შეეძლო დაძაბუნებულ ერში გაეძლო და კიდეც გამოვლენილიყო, თუმცა არცთუ ცოტანი არიან უკვე ხრწნის სტადიაში.

*

   ჯერ კიდევ ძალაშია ადრინდელი მეომრულ-მბრძანებლური სულისკვეთება, ოღონდ ეს კია, ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით ისე ცხოვრობს, ვითარცა ჯარისკაცი ყაზარმაში ანდა ვითარცა დონ კიხოტე, რომელიც თავისი მეკუჭნავისა და დისშვილის წყალობით ვითომდა ბრძენი ფესტონის თილისმის ძალით ამოქოლილი ბიბლიოთეკის გარეთ დარჩა. მაგრამ ჩვენში დროდადრო იფეთქებს ხოლმე რისხვაცა და სურვილიც ერთი კიდევ მოვაწყოთ ლაშქრობაო, და ასეთ ბედნიერ წუთებში ბუკის საომარი ხმაც გაისმის, თეატრალური მოწოდებებიც, შეურაცხყოფისთვის შური ვიძიოთო. ერთი სიტყვით, დიდ აურზაურს ავტეხთ ხოლმე, მაგრამ გაგვივლის ეს ციებ-ცხელება და ყველაფერი ისევ მიყუჩდება, ამგვარ ვითარებაში არ შეიძლება ან ქრისტეს ერთი მსახური არ გამოჩნდეს, ვინც თავის მოძღვრებს მოუწოდებს - თქვენი მაღალი მოვალეობის აღსრულების ჟამს ჭეშმარიტად წმინდა სულით აღივსენით და ომში მიმავალი მეომრები გაამხნევეთო, ანდა ისეთი მთავარსარდალი, ადგილობრივ მკვიდრთა სოფლებსა და საცხოვრისებს მიწასთან რომ მოასწორებს, როგორ გაბედეთ და იარაღს ხელი მოჰკიდეთო. ჩვენ კი ისევ ისე გვჯერა ჩვენი უდავო ქველობისა, ბნედიანისა არ იყოს, მარტო ენერგიის უეცარ მოზღვავებაში რომ ვლინდება და ცნობილ გენერალს „ყველაფერი ერთია!“ ლორდ ველინგტონზე ნაკლებ პატივს არ მივაგებთ.
ამ სულისკვეთებას თან ახლავს - ოღონდ რამდენადმე შერბილებული სახით, - შრომისადმი ზიზღი, რაც თავის მხრივ, უამრავ სიძნელეებს წარმოშობს.
ადრინდებულად აღგვაფრთოვანებს წმინდა ნების კულტი და პიროვნებებს უგუნური თვითნებობის მიხედვით ვაფასებთ, ერთნი აღმერთებენ სიჯიუტეს და გაქვავებულობას მუდმივობად ნათლავენ; მეორენი ხასიათთა სიღარიბეს უჩივიან და მასში მტკიცე ხასიათის ადამიანთა ნაკლებობას გულისხმობენ. ასეა თუ ისე, ხან უგუნური თვითნებობა გვმართავს და ხანაც ფატალური უნებისყოფობა.
   რაკი ასე აღგვაფრთოვანებს წმინდა სახის ნებისყოფა თუ ანარქისტული გამოხდომები და პატივისცემითაც ვეკიდებით მათ, სამუდამოდ განვამტკიცებთ ჩვენი ნების მიღმა მოქმედი სოციალური კანონების, კარგი ტონისა და ყალბი პირობითობის მძიმე ტვირთსაც, რაც ასე რიგად თრგუნავს ადამიანს, როგორი წინააღმდეგობაც უნდა გაუწიოს მან, მაგრამ ურომლისოდაც ფეხქვეშ ნიადაგს ვერა გრძნობს. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების ბრძანებას დამორჩილებულ დისციპლინაზე უფრო დიდი სიბრიყვე არ გამიგია. მათ კი „სახელოვანი ლიდერებიც“ ჰყავთ და ფარისევლებიც, რომელთა ვალია, ეამებათ თუ არ ეამებათ, მაინც ზარ-ზეიმით შეასრულონ თავიანთი სამსახური დღესასწაულებზე. ისინი კიდეც განკვეთენ და კიდეც აღასრულებენ კონფირმაციას, აგზავნიან ენციკლიკებსა და ბულას, დასაშვებია სქიზმაც, თავთავიანთი ორთოდოქსებიც ჰყავთ და ერეტიკოსებიც გამოუჩნდებათ ხოლმე, თან კრებებსაც იწვევენ. მოჩვენებითი ეგოისტური ინდივიდუალიზმისა და განსაკუთრებულობის ჭარბად შეგრძნებას ერთვის პიროვნულობის უქონლობა; შინაგანი დაუმორჩილებლობა მხარდამხარ მიჰყვება გარეგან დისციპლინირებულობას; ვასრულებთ, მაგრამ არ ვემორჩილებით.
   ამ საზოგადოებაში - სადაც ერთ კამარილიას მეორე სძულს სრულიად უმიზეზოდ, ისე რომ არც კი იცნობს, - ყველაზე სავალალოა ბარბაროსული დაქუცმაცებულობა, ხოლო აქედან იმაში ვეძებთ გამოსავალს, რომ ვქმნით მკაცრად დისციპლინირებულ კომიტეტებს, კომისიებსა და ქვეკომისიებს, ზედმიწევნით გაფორმებულ პროგრამებს და ვიგონებთ ათასგვარ სხვა სისულელეს; ისევე როგორც შორეულ წარსულში, ამ დაქუცმაცებულობას ემატება კიდევ რწმენაც რაღაც არაამქვეყნიურის, გარედან მიღებული კანონების, მთავრობისა, რომელსაც ხან ღმერთად სახავენ და ხანაც ეშმაკად, რადგან კანონის მორჩილ ჩვენს მანიქეველებს სჯერათ, ღმერთი ორბუნებოვანიაო.
   თანდათან ვხვდებით, რამდენად გვაკლია შინაგანი თავისუფლება, რადგან გვგონია სრულად ვსარგებლობთ გარეგნული თავისუფლებით, თუკი არავინ გვიკრძალავს. ჩვენი დღევანდელი ესპანეთის საზოგადოება ერთიანად მოიცვა უზომო ერთფეროვნებამ და ერთსახოვნობამ, მანვე მიიყვანა იგი მოდუნებამდე, საშინელი უხამსობა ტყვიასავით დააწვა და გასრისა ყოველივე.

*

   ჩვენი გონება ასევე შემოინახავს წარსულის მთელ მემკვიდრეობას თავისი დებეტითა და ნაღდით. სულ არ შენელებულა გათიშულობის ტენდენცია; იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა უკიდურესობისკენ ჩვენი ინსტინქტური ლტოლვა, რომ სავარაუდო შუალედური ხაზი მარტო ამ უკიდურესობათა შენაერთსღა წარმოადგენს, ასე რომ, შეიძლება კვიეტიზმით შეკაზმული რევოლუციონერობის, პროგრესულობისა და რეგრესულობის დომხალი კონსერვატულობადაც მოვნათლოთ; ერთნი წმინდა სახის ევოლუციისთვის იბრძვიან, მეორენი წმინდა სახის რევოლუციისთვის; ბოლოს ეს ყველაფერი იქითაა მიმართული, რომ მთლიანი გათიშონ და ჩამოუყალიბებელი ჩამოაყალიბონ.

   გათიშულობის ეს ტენდენცია მეტად კალეიდოსკოპურ წარმოდგენას რომ გვიქმნის ამ სამყაროზე, ისეთ წვრილმანებშიც იჩენს ხოლმე თავს, როგორიცაა, თუნდაც საგაზეთო წერილი, რომელიც მხოლოდ წინასწარ მოფიქრებული მახვილსიტყვაობის გამოსაჩენად იწერება, თუმცა კი მახვილსიტყვაობა შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს. გათიშულობის ამგვარ ტენდენციას სწორედაც მშვენივრად შეეფერება მისივე შედეგები, ეგებ ლამაზადაც სჭვივის დახვეწილი ფრაზებითა და სინტაქსური პერიოდებით გაწყობილი უაზრობა, ჩვენ აღტაცებაში მოვყავართ ლოგიკურ აზროვნებას, თუნდაც მასში ლოგიკის ნატამალიც არ იყოს, ხოლო წანამძღვრის კონკრეტული შინაარსი ხშირად მთელ შემდგომ დასკვნებს ეწირება; მარგალიტს მისი ასასხმელი ძაფი გვირჩევნია.
   საბედისწეროდაა გათიშული ჩვენში მეცნიერება და ხელოვნება და მათ წარმომადგენელთა შორისაც ღრმა უფსკრული ძევს. ამ გაბღენძილსა და გაფხორილ მეცნიერებს, მოლაყბეებს, ყველაფერს რომ სერიოზულად უყურებენ, მხატვრული გემოვნება და სილამაზის გრძნობა ღალატობთ, ხოლო ლიტერატორებს ჭეშმარიტად მეცნიერული კულტურა აკლიათ და ამიტომ ხანდახან ცუდად გადამუშავებულსა და ლამის მოუნელებელ ფსევდომეცნიერულ მსჯელობებს აფრქვევენ და ეს არის ყველაზე სავალალო. მეცნიერები იმაზე შფოთავენ, ვაითუ, ჩვენს მკაცრ აბსტრაქტულ მსჯელობათა უმწიკვლოებას ლაქა მოეცხოსო, კაზმულსიტყვაობას ერიდებიან და, ყველაფერი ლამის სქემამდე რომ დაჰყავთ, პირდაპირ ბოღმა დაგახრჩობს კაცს; ლიტერატორები კი მთავარსა და არსებითს გაურბიან, რაც კი არ მოსწონთ, და ამიტომაცაა, ამ ეშმაკეულ ლუდხანებშიც ვითომდა რომანტიკული ბოჰემა რომ ბუდობს, ინერგება მახვილსიტყვაობა და არა ნიჭი; ასე ეშვება გამშრალ ჭაში სათლი.

   ერთნი იმისთანა ფრაზებს აცხობენ, ლამის სისხლი რომ სდის და ხელიდან ხელში გადადის, მეორენი ფილიგრანულ არაბესკებს ხატავენ სილაში, ავდარი რომ უკვალოდ წაშლის. ბევრს ისიც სჯერა, ორიოდე პიესას თუ წავიკითხავ, მეც შევძლებ დრამების შეთხზვასო, ხოლო თუ რომანების კითხვით თვალებს დავიბრმავებ, აღარც მათი წერა გამიჭირდებაო; ერთი სიტყვით, თურმე ლიტერატორი რომ გახდე, ამისთვის მარტო ლიტერატურაც საკმარისი ყოფილა.
   მეცნიერება კომპილაციების, მეორე ხელიდან გამოსული და ჟურნალებიდან გადმომღერებული შრომების ხარჯზეღა ვითარდება, უშუალო კვლევის უუნარობა მხარდამხარ მიჰყვება შემოქმედებითი საწყისის უქონლობას და აი, ასე ვართ გაჩხერილნი მეცნიერულ უქმსიტყვაობასა და ფსევდოლიტერატურულ წვრილმანებს შორის. ამის გამოა, რომ ლიტერატურა და მეცნიერება ვეღარ გაგვიმიჯნია, რადგან მეცნიერება ყველასათვის მისაწვდომი რომ გახდეს, მიმზიდველ სამოსშიც უნდა წარმოსდგეს, ხოლო ლიტერატურამ განმანათლებლის ფუნქციები იკისროს. ჩვენი დღევანდელი კულტურის მდგომარეობაში ყოველგვარი დიფერენციაცია და სპეციალიზაცია ფატალურია, შენდაუნებურად ენციკლოპედისტი უნდა იყო; ის, ვინც მთელი გზნებით შეეჭიდება საქმეს, თავისი ძალა ცალმხრივად არ უნდა წარმართოს, კულტურის მხრივ ისეთ დღეში ვართ, როგორშიც არის ხოლმე ვაჭრობა მიყრუებულ სოფელში, სადაც ერთადერთი მაღაზიაა და ყოველგვარი საქონელი იქ იყიდება.
   დიდის მონდომებით ინერგება ინტელექტუალიზმი მთელი თავისი ორდინარული კონცეფციებით და აქედან მოდის იდეოფობიაც. ყველაფრის მიზეზი იდეებია, თვით სისტემაშიც კი, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. რა სიმარტივეა! ეს კონცეფციები მებრძოლი და დოგმატურია, ხოლო დოგმატიზმმა ისე გამოგვხრა, რომ თვით მასშიც კი გაჩნდა რაღაც ანტიდოგმატური. ჩვენ უთავბოლოდ ვფლანგავთ დროსა და ძალას სქოლასტიკურსა და კაზუისტურ პოლემიკაში; დისპუტებით კი მარტო პროვინციულ პრესას კაზმავენ.
   ეს ყველაზე უფრო თვალსაჩინოა ესპანური დუალიზმის უმაღლეს გამოვლინებაში - დონ კიხოტესა და სანჩოს სახეში. ერთი აბათილებს მეორეს. რა დიდებული, რა ცოცხალია მჭვრეტელობისა და უტოპიის საპირისპირო სანჩოპანსიზმი! რამდენი ვნება მოაქვს ამქვეყნად ყველაზე უფრო ანტიფილოსოფიურსა და ანტიიდეალურ საღ აზრს! საზოგადოებაში, სადაც დიდად ფასობს შეუიარაღებული თვალით ხედვა, საღი აზრი გიჟად აცხადებს ყველას, ვინც კი მიკროსკოპსა და ტელესკოპში იყურება; საღი აზრი იყენებს სიცილის არგუმენტს, რათა ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს დაანახოს რომელიმე შეხედულების შეუსაბამობა. „არა, რაც შემეხება მე, უკვე ვეღარ მომატყუებენ და გამაცურებენ ადრინდებულად!“ - წამოიძახებს სანჩო, როცა დაკარგავს ყველაზე უფრო ლამაზს, რაც კი გააჩნდა - რწმენას დონ კიხოტესას და აღთქმული კუნძულის იმედს.
   სანჩო რომ ისევ საჭურველმტვირთველად დარჩენილიყო, ოღონდ დონ კიხოტეს საჭურველმტვირთველად კი არა, არამედ ალონსო კეთილის მსახური გამხდარიყო, რას არ ჩაადენინებდა ის თავისი ჯანმრთელი, საღი აზრი!
მართლაც რომ დამამცირებელ სანახაობას წარმოადგენს ჩვენი ესპანური საზოგადოების გონებრივი და ზნეობრვი მდგომარეობა, მით უმეტეს, როცა მის გულისგულში ჩაიხედავ. ეს არის რაღაც საწყალობელი, ერთფეროვანი და უღიმღამო კოლექტიური შეგნება. მაგრამ ამაზე უფრო სავალალო ისაა, რომ ამ სულისშემხუთველ ატმოსფეროში ვიხრჩობით; გარეგნული გაბღენძილობის გაუხეშებული ქერქის ქვეშ იმალება სიცარიელე, უზომო უფერულობა და უხამსობა. ტაბოადასა და სილას უიმედო უგერგილობა ისევე არეკლავს გარემომცველ რეალობას, როგორც კალდერონის მძლავრი სისადავე. როცა ვკითხულობთ, რა ხმაური ატყდება ხოლმე რომელიმე მეცნიერული თუ ლიტერატურული მოვლენის ირგვლივ, ვთქვათ, პარიზში, ამ მართლაცდა ფუსფუსა ჭიანჭველების ბუდეში, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან სხვადასხვა ლიტერატურული სალონები თუ ათასნაირი მოძღვრებები, თან ყველაზე ექსტრავაგანტულიც კი, ხოლო მერე ფიქრით მოვბრუნდებით ჩვენკენ, მაშინ ვამჩნევთ, რა ღრმა კოლაფსში ჩავცვივნილვართ და გული გვტკივა.
ერთი განათლებული ესპანელი ოდნავ თუ განსხვავდება მისი ბადალი კულტურული ევროპელისგან, მაგრამ აბა, ნახეთ, რა უზარმაზარი სხვაობაა რომელიმე ესპანურ სოციალურ ჯგუფსა და მისივე მსგავს უცხოურს შორის! და მაინც, საზოგადოება ატარებს თავის თავში თავისივე წევრების ყველა ნიშან-თვისებას. ჩვენი საზოგადოების, ისევე როგორც მასში შემავალი ცალკეული ინდივიდუუმების დამახასიათებელი თვისებაა მეტად შენელებული ფსიქიკური რეაქცია; იგი ძალზე გვიან იღებს რაიმე შთაბეჭდილებას, - თუმცა ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, აღქმის უნარი არცთუ ურიგო აქვსო, მაგრამ სინამდვილეში ეს ზერელე აღგზნების მეტი არაფერია, - ასევე დაგვიანებით თავისუფლდება ამ შთაბეჭდილებისაგან; ჩვენ ვერც ახლის დროზე მიღებას ვასწრებთ და ვერც ძველთან დროზე განშორებას, იქნება ეს იდეა, ადამიანი თუ ჩვევა.
   ჩვენი ინტელექტუალური თუ მორალური ცხოვრების წიაღში არ არის ცოცხალი ნაკადი; ეს უფრო ხავსმოდებულ გუბესა ჰგავს, ვიდრე მჩქეფარე წყაროს, შიგ რომ ქვა ჩააგდო, ოდნავ თუ შეარხევს მის ზედაპირზე ლემნას, ანდა ფსკერიდან თუ წამოშლის ლამს და წყალს აამღვრევს. ასე რომ, ძილისმომგვრელი ატმოსფეროს მიღმა გადაჭიმულია სულიერი უდაბნო, შემზარავი უნაყოფობა; არსად არ იგრძნობა სიგრილე და სიცოცხლის სხვა ნიშანწყალი, არ არის ახალგაზრდობა.

*

   აი, რა არის საშინელი სათქმელი - არა გვყავს ახალგაზრდობა. ახალგაზრდები კი გვყავს, როგორ არა, მაგრამ ახალგაზრდობა არა გვყავს; არა გვყავს იმიტომ, რომ ფარულმა ინკვიზიციამ და ბებრულმა ფორმალიზმმა გასრისა იგი. ევროპის სხვა ქვეყნებში დროდადრო მაინც გაიელვებენ ხოლმე ახალ-ახალი, თუნდაც უმეტესწილად ცთომილი ვარსკვლავები, გაელვებისთანავე რომ ქრებიან, თითო დღის კერპებიც გამოჩნდებიან და სეზონის გენიოსებიც, ჩვენში კი ვერც ამას ნახავ, სულ ერთი და იმავე ფრაკებში გამოწყობილი, ერთი და იგივე ფრანტები ირევიან.
იტყვიან, ცოცხალი და ნაყოფისმომცემი ყლორტები ჩვენშიც ამოიყრის ხოლმე, თუმცა შეიძლება ერთბაშად ვერც შევამჩნიოთო, მაგრამ ისეა მოსწორებული და მოტკეპნილი ნიადაგი, რომ ღრმად ჩაგდებული თესლი გაქვავებულ ზედაპირს ვერ ამოხეთქავს და ყინულს ვერ გატეხს. ერთი ჩვენი თანამემამულე, რომელმაც ლამის სიბერეში შედგა ფეხი, მაგრამ მაინც შემორჩა რწმენა, ძალა და ჭაბუკური ენთუზიაზმი, ამტკიცებს, ჩვენში ახალგაზრდები მარტო ოცდაათ წლამდე იძლევიან იმედს, მერე კი ნამდვილ ყეყეჩებად გადაიქცევიან ხოლმე, უფრო სწორად, კი არ გადაიქცევიან, არამედ გადააქცევენო; მათ აშთობს ჩვენი ბრძანებასდამორჩილებული და ჩვენი სულელური გაფუყულობის უხეში და შეუვალი რუტინა. მათ ხომ კეთილმოსურნის თვალით, გამგებიანი მზერით არავინ შეხედავს; მაინცდამაინც სხვანაირები უნდათ რომ დაინახონ და არა ისეთები, როგორებიც არიან, ჩვენი შეუწყნარებლობის დახავსებული სული ვერაფრით შეგუებია იმას, რომ ყოველი ადამიანი თავისი არსისა და ბუნების თანახმად უნდა ვითარდებოდეს.
   ამას წინათ ერთმა კრიტიკოსმა წინადადება წამოაყენა, „ელ ესპანიოლას“ მეოთხე გვერდი დამწყებ, უცნობ მწერლებს დავუთმოთო, მოყვარულთა თეატრების მსგავსად. სულგრძელი ილუზია! მაშინ კი გამოვარჩევთ ნორჩ ყლორტებს? მერედა, ჩვენ ხომ სწორედ ის გვაკლია, რასაც კარლაილი ხალხის გმირობას ანდა საკუთარი გმირების ამოცნობის უნარს უწოდებდა. ვთქვათ კიდეც წამოიწყეს ყმაწვილებმა პატარა ჟურნალის გამოცემა, ვინ დააცლის, მისი ფურცლები უმალ აჭრელდება მყვირალა სახელებით. ინტელექტუალურ ცხოვრებაში, ისევე როგორც ტავრომაქიაში, ასევე ფორმალიზმით რომაა დაავადებული, თუ მოხუცი ტორეროს ლოცვა-კურთხევა არ მიიღე, ისე ნოველიეროდან ვერასოდეს გამოაღწევ.
   ახალგაზრდობისადმი ამ უსულგულო დამოკიდებულებას ემატება რაღაცნაირი ცრუმორწმუნეობრივი სერვილიზმი მირონცხებულთა მიმართ. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობდით დაუზოგავად, გახელებით გაგვეთელა და მოგვეშთო ნორჩი ყლორტები, ამოგვეძირკვა ამონაყარიცა და ნორჩი ბუჩქებიც, მაგრამ ხელიც არ დაგვიკარებია ბებერი მუხის ფითრების, კოჟრებისა და კორძებისათვის, თითქოს დიდი წმინდა და ხელშეუხები რამ ყოფილიყო! რამდენი ახალგაზრდა დაუღუპავს ჩვენს საზოგადოებას აყვავების ხანაში; ისინი ხომ მარტო იმას ხედავენ, რაც გაკეთებულა და გამოკვეთილა, მაგრამ ვერ ამჩნევენ იმას, რაც ჯერ კიდევ იქმნება. დაიღუპა ყველა, ვინც დროზე ვერ ჩაეწერა რომელიმე მასონურ ლოჟაში, თეთრი იქნებოდა, შავი, მწვანე, წითელი თუ ლურჯი.
   ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩვენი ერის სიღარიბის გამო ძალზე ჭირს ცხოვრებაში ფეხი მოიმაგრო და რაიმეს მიაღწიო. ახალგაზრდები ძალზე გვიან წყდებიან დედის კალთას, გვიან ფრინდებიან ბუდიდან, მერე კი მთელ თავის დაზოგილ ძალებს პატრონის ძებნას ანდომებენ. ვინც ამ ყინულის სავანიდან თავს გააღწევინებდა.
   ნიჭსა და ძალას არ ზოგავენ, ოღონდაც თამაშიდან არ გამოიყვანონ, ქამელეონებივით იცვლიან ფერს, მორუხო-მონაცრისფეროდაც კი გადაიქცევიან, რომ გარემომცველ ფონზე არ გამოარჩიონ და ამას მშვენივრად ახერხებენ, მაგრამ როცა ასე აქტიურად აგუებენ თავს გარემოს და გარემოს კი თავის თავს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მართლა ეგუებიან; ისინი უბრალოდ პასიურად ესადაგებიან ვითარებას.
   ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როცა კაცს შია, აღარც მხიარულებისთვის სცხელა. ჩვენი გონებრივი ჩამორჩენილობაც ხომ ეკონომიკური სიღატაკის ბრალია; ყველაზე უფრო ცოცხალი და ჭაბუკური ძალები იხარჯება მოწყობაზე, თბილი ადგილისთვის ბრძოლაზე; დაბეჯითებით ვიტყოდი, რომ სოციალურ ფენომენთა იერარქიაში პირველი, მთავარი და გადამწყვეტი მაინც ეკონომიკური პრინციპია.
   ჩვენი ეროვნული უბედურება, სხვათა შორის, იმდენად სიღარიბე არ არის, რამდენადაც ყოყლოჩინობა, არავინ შეგვატყოს, ღარიბები ვართო. საბრალო ალონსო კეთილს განა მარტო სარაინდო რომანების კითხვამ გამოუფიტა გონება, თუმც კი მათ კითხვაში ათენ-აღამებდა; ცხვრის ხორცით მომზადებულმა ოლის სიმწირემ უფრო ავნო, საღამოობით მუდამ ვინიგრეტს რომ მიირთმევდა, შაბათობით ქონიან ერბოკვერცხს და პარასკევობით კი მუხუდოს ფაფას, აბა, რა დაემართებოდა! დღემდე ძალაშია ლათინურის მასწავლებლის კაბრას აფორიზმი - შიმშილი და ჯანმრთელობაო. ხოლო ექიმი სანგრედო სულ მომხრეებს ეძებს, როცა დაბეჯითებით გაიძახის, სიმსივნეები სისხლის ძლიერი მოწოლის შედეგია, ბნედის შეტევები კი მოჭარბებული ჯანმრთელობის ბრალიაო, და დიეტას გვირჩევს! არც იფიქროთ სიმართლის თქმა! ვინც კი გაბედულად, ყოველგვარი წილადობილას გარეშე ამბობს სიმართლეს, სულით უძლურები და სკეპტიკოსები პესიმისტობას აბრალებენ. პირდაპირ ერთი სასეირო კომედია უნდა მოეწყოს, რომელშიც ხალხი თვითონვე გაითამაშებდა, ვითომ საქმის ჭეშმარიტი ვითარებისა ჩვენც არაფერი გაგვეგებაო.
   აღარც ახალგაზრდა ესპანეთია და აღარც სხვა რამ ამის მსგავსი, არსაიდან არ ისმის პროტესტის ხმაც კი, და თუ ისმის, ისიც მარტო კაფეებში, ოღონდ მაგიდებთან თავთავიანთთვის მიყუჟული მემუდმივეები ბუზღუნებენ და თავიანთ ნიჭსა და ძალას ფუჭად ფლანგავენ, მაგრამ იგივე კაფეს ეს პროტესტანტი ორატორები, რომელთა შორის არცთუ ცოტა მოიძებნება მგზნებარე და სიცოცხლით სავსე, - ხალხის წინაშე რომ წარსდგებიან, ისე მოიკუნტებიან და დადამბლავდებიან, ან კიდევ ისეთ უხამსობებს მოჰყვებიან, საზოგადოებრივი რუტინის ისეთ ლოდებს დაახვავებენ ხოლმე, გეგონებათ, მრავალთვალა ურჩხულის მზერამ მონუსხა და დააძაბუნაო.
   ჩვენ ისე მოვაშთობთ ხოლმე ახალგაზრდებს, არც კი ვეცდებით გავუგოთ, ვთხოვთ უკვე დადინჯებულები, ჩამოყალიბებულები და სრულქმნილები იყვნენ; როგორც ღმერთი ფარაონს, ჩვენც ისევე ჯერ დავაყრუებთ და მერე ვუძახით, მაგრამ როცა არ გვაგონებენ, შეურაცხყოფას ვაყენებთ. ჩვენი საზოგადოება ძველი და ოდინდელი პატრიარქალური მრავალრიცხოვანი ოჯახია. ვცხოვრობთ შორსმხედველთა გამგებლობაში, საქემთა ხელისუფლებას დაქვემდებარებულები და ვიტანჯებით ბებრების მიერ თავსმოხვეული შეხედულებებისგან, რომელთაც ახალგაზრდული სულისა აღარაფერი გაეგებათ და მარტო ბუზღუნებენ: „ნუ გვეჯახებით, ყმაწვილებო!“ სანამ მათივე პროტექტორატის ჩრდილში შეფარებულთაც იგივე არ დაემართებათ, რაც იმ ხალხს მოუვიდა, ვინც მანსანილიოს შეაფარა თავი. „აჰა, თქვენ ისევ ისე ახალგაზრდები ყოფილხართ, მაშ, დრო ჯერ კიდევ წინა გაქვთ!..“ - რაც ნიშნავს - „ჯერ ისე არ მოტეხილხართ, რომ ჩვენს რიგებში მიგიღოთ!“ - ნამსახურობის ნუსხას ააფარებენ და კიდეც გააჩუმებენ: აი, გზის ჩამკეტიც.ამასობაში თვითონ ახალგაზრდებიც ბერდებიან, უფრო სწორად, აღივსებიან ბებრული სულით, ჩამოყალიბდებიან, წელში მოიხრებიან, მწყობრში გასწორდებიან და წმინდანებივით კეთილზნიანებიც რომ გახდებიან, მერე უკვე შეიძლება ჩვენს საჭადრაკო დაფაზე პაიკებადაც განლაგდნენ, ხოლო თუ კიდევ გამგონე ბიჭებივითაც მოიქცევიან, მაშინ ეგებ რომელიმეს ლაზიერად გაყვანაც მოხერხდეს.
   სადაც ახალგაზრდობა არ არის, იქ არც ერთიანობის ჭეშმარიტი სული ტრიალებს, ცხოვრების უკიდეგანობა, ენერგიის უსაზღვრობა რომ ბადებს ხოლმე. კალაპოტში რომ ვეღარ ეტევა და ნაპირებზე გადმოდის; ჩვენშიც წარმოიქმნება საზოგადოებები, მაგრამ მაშინვე ქვავდება, რადგან ურთიერთობის დამყარების უუნარობა ჩვენი ერთი მთავარი თვისებაა. იგივე ურთიერთობის უუნარობა ხდება სექსუალური თვალსაზრისით, მამაკაცების ველური მიდრეკილებების, სასტიკი უხეშობისა და უხამსობის მიზეზიც, თუმცა მამაკაცი ბოლოს მაინც ვერ ერევა თავს და თოჯინასავით ასრულებს ქალის ყოველგვარ ახირებასა თუ ჟინს.
   მერედა რამხელა სულიერ ტკივილს გრძნობ კაცი, ურთიერთობის უუნარობისაგან მიყენებულ ზიანსა და ჩვენს შენიღბულ ველურობას რომ უყურებ! ჩავეფლობით ჭაობში და მერე კიდეც გვიკვირს, სხვა ქვეყნებში ათასგვარი სკოლები, სექტები და დაჯგუფებები რომ ჩნდება და ქრება, საიდუმლო კრებების, ჯგუფებისა და ჟურნალების ორომტრიალს რომ ვუყურებთ, სადაც ექსტრავაგანტური გამოხდომების მიღმაც კი ცხოვრების მძლავრი ფეთქვა იგრძნობა. ჩვენში კი ხალხი მარტო ოფიციალურად ერთიანდება და ისიც იმისთვის, რომ კამათებში ჩაებან, მოხსენებებით გამოვიდნენ, წყალ-წყალა სტატიები ბეჭდონ და ჰონორარები მიიღონ. მწერალთა და მხატვართა ასოციაციებიც არსებობს, მაგრამ ეს ხომ დალაქთა ამქარს უფრო ჰგავს; ეს არის ერთსა და იმავე დროს დამკრძალავი და ტერფსიქორეს თაყვანისმცემელთა კოოპერატივი და დამარხვის ხარჯებისა და ცოცხლების აცეკვების მეტი არაფერი ეკითხება.
   იმისათვის, რომ გაერთიანდე, გაერთიანების პრინციპებიც უნდა იცოდე და ისიც, რისთვის ერთიანდები, მაგრამ არც ერთი იციან და არც მეორე იქ, სადაც ბრძოლა გათიშვამდე მიგიყვანს, ხოლო შორსმხედველთა მმართველობა - დაგუბება-დაჭაობებამდე. აქ, ჩვენში, ყოველივე ჩაკეტილი და შემოზღუდულია. ამის ტიპური მაგალითი კი თუნდაც ჩვენი პერიოდული პრესაა. მწერალთა ძმობა თავისი ახალბედებითაც და ოსტატებითაც ერთგვარ ფალანგას წარმოადგენს, ძველი მეომრების მსგავსად, თავზე ფარწაფარებულები მიჯრით რომ დგანან და კაცი ვერ შეაღწევს მათს რიგებში, სანამ ერთგულების ფიცს არ დადებს, ანდა მათსავით აბგარ-აბჯარში არ გამოეწყობა, პრესა ხომ ნამდვილი ხავსმოდებული გუბეა, მარტო თავის თავში და თავისთვის რომ ცხოვრობს. აკი დღეს რედაქციებში ჯერ სხვა რედაქციებზე ფიქრობენ და მერე მკითხველზე; ჟურნალისტები მარტო ერთმანეთისთვის წერენ და მკითხველს სულაც არ იცნობენ, არ იცნობენ და არც ენდობიან. მდარე ხარისხის ლიტერატურამ წალეკა პრესა, თვით საუკეთესო ჟურნალისტებიც კი უფრო ლიტერატორები არიან და ათასჯერ წაკითხულს ხელახლა გვაკითხებენ. ცოცხალი ამბის, პირდაპირ ქუჩაში, ჩვენ თვალწინ რომ ხდება, უშუალოდ აღქმის უუნარობაა მიზეზი, რომ ნამდვილი ჟურნალისტები არა გვყავს. ბრჭყვიალა რიტორიკული კოსმეტიკისა და ღვლარჭნილობის მიზეზიც ესაა, მეტისმეტად დამტკბარ კოქტეილს რომ გვაგონებს. რეპორტიორი რედაქციაში ნამდვილი ხელზე მოსამსახურე ბიჭია. ჩვენი პრესა მთელი თავისი ავკარგიანობით უნდა შეისწავლო და როცა დაინახავ, ეს არის ჩვენივე საზოგადოების ზუსტი ასლი, შენდაუნებურად წამოიძახებ კიდეც, როცა გესმის, თუ რისთვის და როგორ ლანძღავენ: სახე უნდა შეიცვალო, ნუ აბრალებ სარკესაო.
   ჭეშმარიტი სარკე ჩვენი ერთფეროვნების, იღბლის ძიების, ჩვენი მლიქვნელობის, ჩამორჩენილობისა და უხამსობის ანარეკლია. ეს კი ჩვენივე სულისშემხუთველი, დახავსებული გარემოსა და ერთხელ დადგენილი შეგნების ნაყოფია; ყველაზე მეტად კი სასოწარმკვეთი პედანტიზმი.
ნაკლები სიზუსტე და პედანტიზმი და მეტი საფუძვლიანობა და მიზანდასახულება! სიდინჯე და არა გაბღენძილობა! მაგრამ ყველაზე უფრო კი მაინც თავისუფლება, თავისუფლება! ოღონდ ნამდვილი თავისუფლება და არა ოფიციალური! რამხელა ზიანს გვაყენებს იმის შიში, საზოგადოების, ამ ხახადაღებული ურჩხულის წინაშე სასაცილონი არ გამოვჩნდეთო!
სასტიკი სიძულვილით გვძულს ყოველგვარი სიახლე და ბრწყინვალება, ყოველგვარი გონიერი და ცოცხალი, სამაგიეროდ, მშვენივრად შევირგებთ ხოლმე, სერიოზულობით შეკაზმულ აბსურდს რომ მოგვართმევენ; არაფერი ეღობება წინ ყოველგვარ იდეოოსტრაკიზმს და თუმცა სამარცხვინო სტვენით მიაცილებენ, მაინც გამარჯვებულია. რამდენიც გინდა იმსჯელე პოლიედრულ ბიოლოგიაზე, ალგებრულ პათოლოგიაზე, სტრუქტურულ ფიზიოლოგიაზე, რომელიმე კლასის უმაღლეს ბრძნულ ხუთნიშნაზე, რაიმე უვნებელი სისულელის ჩადენაც დასაშვებია, მაგრამ ფრთხილად, სიტყვა არ დაგცდეთ კოლონიური ცხოვრების წეს-კანონებზე, ანდა შეჭოჭმანდეთ ჩვენს თანდაყოლილ ქველობაზე! ყურადღებით იყავით, უბრალოდაც არ ახსენოთ ჩვენი ფლოტი! დონ ხუან ვალერა რომ ამბობდა, სწორედ ისაა, ჩვენ მივემართებით სიბრიყვიდან პრეტენზიულობისაკენ.
   და ეტყობა, ბოროტება ღვივდება და ფუვდება; დღითი დღე მატულობს უვიცობა, მაგრამ ამაზე უარესია, თავადაც რომ არ იცის და სათავეს კი იღებს პატივმოყვარულ ნახევრადგანსწავლულობისაგან; ამასთან ყოველნაირად ლანძღავენ ფრანგულ ქარაფშუტობას და სახელს უტეხენ ფრანგულ ლარუსს, ბევრი ჩვენი სახელოვანი თანამემამულისთვის ინფორმაციის ამ ერთადერთ წყაროს, მადლობა ღმერთს, ვინც ლარუსს აკრიტიკებს და ლანძღავს, თავად ვანდერერსაც არ გასცილებია.
   საკუთარ თავზე იმოდენა წარმოდგენა გვაქვს, რომ აზრადაც არ მოგვივა, თავიდან დავიწყოთ და თუნდაც პოპულარული სამეცნიერო სახელმძღვანელოებიდან შევიძინოთ სულ მცირედი ცოდნა მაინც. თუკი ვინმე მოინდომებს, სხვა თუ არაფერი, ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს მეცნიერებაზე, ისიც ბოლოდან იწყებს, ის კი არ იცის, ჯერ მკვახე უნდა იყოს, რომ დამწიფდეს. მერე ჩავარდება ხოლმე რომელიმე აუტანელი პედანტი მასწავლებლის ხელში, რომელსაც მშვენივრად მოეხსენება ჩვენი განათლებული საზოგადოების ამბავი და ანბანური მეცნიერული ჭეშმარიტებიდან იწყებს ჩვენს გათვითცნობიერებას, დაწყებითი სკოლების მასწავლებლების სავალალო მდგომარეობა ხომ მარტოოდენ რიტორიკული მსჯელობის საგანი გახდა, რადგან სულის სიღრმეში მაინც უზომოდ გვძულს მასწავლებელიც და საერთოდ ეს პროფესიაც, ბავშვთა აღზრდა-განათლება ყველაზე ნაკლებ გვადარდებს.
   ჩვენ სწორედ ის მდიდარი გამოცდილება გვაკლია, ჩვენმა ავანტიურისტებმა რომ დააგროვეს „ოქროს საუკუნის“ ეპოქის ფლანდრიაში, იტალიაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს, ბობოქარი და ხიფათით სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათი საქმენიც ამის დასტური იყო. ჩვენ კი ამ გამოცდილებას ვერაფრით შევცვლით. აკი ჩვენ პათოლოგიური სიძულვილით გვძულს ყოველგვარი უბრალო სამუშაო, უშუალო, ჩაღრმავებული და დაკვირვებული კვლევა-ძიება; თვით ყველაზე უფრო შრომისმოყვარე კაციც კი ცოდნის ერთგვარ საცავ-საჭურჭლედ გადაიქცევა ხოლმე ანდა ნეხვის ხოჭოსავით აგუნდავებს ყოველგვარ უკანასკნელ მეცნიერულ სიახლეს.
   სულ იმაზე დაობენ, ვინ უფრო ადრე გაიგოო, და არა იმაზე, ვინ უფრო კარგად გაიგოო; უფრო მიღებულია ის, ვინც უკანასკნელი მოვლენების საქმის კურსშია, ვინც პირდაპირ პარიზიდან მიიღო წიგნები, ჯერ სტამბის საღებავიც რომ არ შეშრობია. ჩვეულებრივ ყოფაში, ყოველდღიური ურთიერთობისას, აზრების უკიდურესი სიმწირის გამო ჩვენს მეტყველებას პარაზიტებივით შეესია უხამსი სიტყვები, რომ რამენაირად მივჩქმალოთ ჩვენი სულიერი სიღატაკის ნაყოფი, ჩვენი გონებრივი სიმუნჯე; შინაარსიან საზრდოს მოკლებული გაუნათლებელი ჭკუის გამოა, რომ ტავერნების უწმაწური ანეკდოტებითა და მდაბალი მახვილსიტყვაობით ვირთობთ თავს, უხეშობისკენ ჩვენი ძვალ-რბილში გამჯდარი მიდრეკილებაა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ძველისძველი, ეროვნული რეალიზმის დამახასიათებელი ნიშანი. ამ სულიერ სიღატაკეს გარს კიდევ პოლიტიკური პოლიპიც შემოეზარდა და ამ ანემიურ მდგომარეობაში სამეტყველო ორგანოებიც მოდუნდა. წვრილმან პოლიტიკურ ყიდვა-გაყიდვაში ხომ თაღლითობა ჯაბნის საფუძვლიანობას და აქ იწყება კინკლაობაც. პოლიტიკური არარაობის ვირუსი ვრცელდება და იჭრება ეროვნული სულის ყოველგვარ გამოვლინებაში; და მაინც პოლიპი კრიზისულ მდგომარეობაშია; ძველი პარტიები თავიანთი დახავსებული ბრძანებასდამორჩილებლობის გამო მასაზრდოებელ წვენს ვეღარ იღებენ, ამიტომ ხმება და მიწას ეფინება, მერე კი ვითარცა დროის ნიშანი, კარგი ტონის მიმანიშნებელი, სკეპტიციზმითა და ელეგანტურობით გამორჩეული, ღვივდება მოდილეტანტო, მოქარაფშუტო, პლუტოკრატიული სირმებით მორთულ-მოკაზმული ნეოკონსერვატიზმი.
   მეორეს მხრივ, ყველაზე პოპულარული პარტიები ოფლად იღვრებიან, ოღონდ კი როგორმე თავისკენ მიიზიდონ იდეებს მოკლებული სულები, შექმნან უშინაარსო ფორმა, შეათავსონ შეუთავსებელი ატომები; მაშინ როცა, უცბად რომ ამოიყრიდეს ყლორტებს და გაზაფხულის მაცოცხლებელი წვენი მზარდი, სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის კვებას შეძლებდეს, შინაარსიც სტიქიურად დაიბადებოდა და შესატყვის ფორმასაც თვითონვე შეიძენდა.

*

   რა საერთო აქვს ყველაფერ ამას ეროვნულ დვრიტასთან, ოდინდელობასთან? ბევრი. ეს არის ანგარიშსწორება ძველთაძველი, ეროვნული ისტორიული სულისა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპეიზაციას. ეს გახლავთ ფარული ინკვიზიციის ნამოქმედარი. განსაკუთრებული ადამიანები, რომელთაც სხვა ეპოქაში შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ჩვენი წინსვლისთვის, ახლა ჩვენს დაკნინებას მოწმეებივით უყურებენ. ინკვიზიცია გახდა ჩვენი განცალკევების, ოდინდელი პროტექციონიზმის, ერის განსაკუთრებული ინდივიდუალიზაციის საშუალება. ინკვიზიცია იყო მიზეზი, რომ ჩვენში ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი რეფორმისტული ქვეყნების უმდიდრესმა ფლორამ, სადაც ჰყვაოდა და იფურჩქნებოდა მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი სექტები. ასე რომ, ახლა ჩვენში მარტოოდენ ბებერი მუხის გაკვერცხლილი და გამხმარ-გაშიშვლებული წვეროღა აწოწილა.
ყოველგვარი კლასის საბაჟოების მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ესპანეთის ევროპეიზაცია. თუმცა კი ზედაპირულად და მძიმედ, ჩვენს საუკუნეში ფრანგების შემოჭრის შემდეგ ამას შეიძლება აშკარად არა, მაგრამ მაინც დიდად შეუწყო ხელი ჩვენმა სამოქალაქო ომებმა. განვიცადეთ რა აღმავლობა 68-დან 74-მდე, მერე უკვე ღრმა კოლაფსში ჩავცვივიდით, ამასობაში კვლავ იჩინა თავი შიდა ინკვიზიციამ, რომელიც ოფიციალური თავისუფლების მიუხედავად არასდროს მოთვინიერებულა. მოღონიერდა ჩვენი ეროვნული, ოდინდელი მანკიერებანიც; გამოჩნდა, რომ თურმე სულ არ გვქონია იმის უნარი, რასაც ინგლისელები sympathy-ს (თანაგრძნობას) ეძახიან, უნარი, რომ გავუგოთ მოყვასს და ისეთი მივიღოთ, როგორიც არის, პარტიებს შორის დამოკიდებულებისას ჩვენც გველფებისა და გიბელინების მსგავსად ისევ ისე ვხელმძღვანელობთ აბსურდული პრინციპით - რომელი არა არს ჩემ თანა, იგი ჩემი მტერი არს. ყოველი ადამიანი მარტოა სხვებს შორის, ვითარცა უნაყოფო, ქვიშიან და უკაცურ უდაბნოში, სადაც საწყალობელი, ანემიურ ჯავშნებში გამომწყვდეული სულები დაძრწიან. იდეალის გრძნობასთან ერთად გაქრა რელიგიური გრძნობაც და ალბათ მარტო ხალხის წიაღშიღა თვლემს. ნეტავი, ეროვნული სულის რომელ კუნჭულში გაიტრუნა ის რელიგიური იდეალი, ასე რომ ჩქეფდა მისტიკაში და თავისუფლების სანუკვარ ლტოლვას აღვივებდა მაშინ, როცა ერს სიცოცხლე სწყუროდა! და დღემდე შემოგვრჩა ნაკლები შინაგანი თავისუფლება, ვიდრე ჩვენი განთქმული ფანატიზმის ეპოქაში გვქონდა; წმინდა ინკვიზიციის პროკურორები და მოხელეები ერთ შფოთს ატეხდნენ ხოლმე ჩვენი სერთუკიანი ეპისკოპოსებისა და ჩვენი საერო ცენზურის ბარბაროსობაზე, ეს ადამიანები, რომელთა სულში მთელი სიცოცხლის მანძილზე არც ერთხელ არ ანთებულა რელიგიური გრძნობის ნაპერწკალი, სახეზე ხელებს იფარებენ, გაფარჩხულ თითებს შორის იჭვრიტებიან, იმანჭებიან და გაჰკივიან: - „წაბილწეს!“ აჰ! საქმე ის არის, რომ ჩვენი ექსპანსიისა და გავლენათა გავრცელების ხანაში, როცა ჩვენი ოდინდელი ერი მთელს ქვეყნიერებაზე შლიდა კარვებს, იგი ღია იყო ყოველი მხრიდან მონაბერი ქარისთვის.
მაშინ კასტილიური სულის სიდიადე ის იყო, რომ იგი იდგა ქართა გზაჯვარედინზე და ამიტომაც გავრცელდა მთელს დედამიწაზე, მერე კი თავის ნიჟარაში ჩაძვრა და აქამდე სძინავს, სანამ ერი ნაყოფიერი იყო, საკუთარი თავი ვერ შეიცნო, როგორც ასეთი, თავისი სხვადასხვაგვარობის გამო, მისი რღვევა იმ დღეს დაიწყო, როცა ყვირილით „ჩემი მე! ჩემ მე-ს მართმევენ!“ მან მოინდომა საკუთარ თავში ჩაკეტილიყო.

   ეგებ ყველაფერი იღუპება? არა, ესპანეთის მომავალი თვლემს ჩვენი ისტორიული საზოგადოების სიღრმეში, ინტრაისტორიაში, შეუცნობელ ხალხში და იგი მანამდე არ გაიღვიძებს, სანამ ევროპიდან მონაბერი ქარი თუ ქარაშოტი არ გამოაფხიზლებს. იმის თქმა, ვითომ ხალხი დუმს, ლოცულობს და გადასახადს იხდისო, მხოლოდ ლიტონი სიტყვებია მათთვის, ვინც ხშირად იმეორებს ამას, ხოლო მათ შორის, ვინც ჩვენი ისტორიული ცხოვრების სიცარიელეში იხარჯება, უდავო ჭეშმარიტებად იქცა აზრი, ვითომ ჩვენი ხალხი შემაძრწუნებლად ტლანქი და უნიჭოა.
   ესპანეთი აღმოსაჩენია და მას აღმოაჩენენ მხოლოდ ჩვენი გაევროპელებული ესპანელები. ჩვენ არც ჩვენს პეიზაჟს ვიცნობთ, არც ჩვენს თანამემამულეებს და არც ჩვენი ხალხის ცხოვრებას. სულ არაფერი ვიცით პლებეური ლიტერატურის არსებობის შესახებ და არც არავინ მიუგდებს ყურს ბრმა მომღერლის ლექსს, ვერ შეამჩნევს საბაზრო წიგნებს, გაგრძელებები რომ აქვს და რეალის მეოთხედად იყიდება; მაშინ როცა სწორედ ესაა წერა-კითხვის უცოდინართა საზრდო, მარტო სხვების სმენას რომ არიან მიჩვეულნი. კაცი არ იკითხავს, რომელ წიგნებს ედებათ ჭვარტლი სამზარეულოს ქურებთან სოფლებში, ან რას კითხულობენ წრედ ჩამომსხდარი გლეხები დამარცვლით. და სანამ ერთი წყება ბიზანტიზმებს ნერგავს, მეორე კი უქმსიტყვაობაში ვარჯიშობს, ხალხი თავის ფანტაზიას ასაზრდოებს იმ გმირების თავგადასავლებით, რომელთაც ლამის მთელი ქვეყნიერება მოუვლიათ და აი, ასე ერწყმის ერთმანეთს თორმეტი პერის, ვალდოვანთა თუ ტირანტ თეთრის, ხოსე მარიას მამაცობისა და ჩვენი სამოქალაქო ომების გმირთა ამბები.
ამ ხალხს ჩვენი მოდური ლიტერატორების შესახებ არაფერი სმენია და უსაზღვრო და მდიდარი ცხოვრება კი აქვს. სწორედ ამ მოუქნელ ხალხში ბოგინობს კიდევ ის შეუცნობელი სული, შეუცნობლადვე რომ სძულთ.
როცა ამტკიცებენ, ხალხის კოლექტიურ სულში, volkgeist-ში არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მასში შემავალ ცალკეულ სულთა საერთო ჯამიაო, ამით იმას ამტკიცებენ, რომ აქ უნდა იგულისხმებოდეს ყველა მისი წევრის ხასიათიც; ასევე ამტკიცებენ კოლექტიური შარავანდედის არსებობასაც, საერთო სულის სიღრმესაც, სადაც ცოცხლობს და ვლინდება ყველა გრძნობა, სურვილი და სწრაფვა, თუმცა ისინი საბოლოოდ მაინც ვერ თანხმდებიან; რომ არ არსებობს რაიმე ინდივიდუალური აზროვნება, რომელიც თავის ანარეკლს ვერ პოულობს სხვათა აზროვნებაში, თუნდაც მის საპირისპიროშიც კი, რომ არსებობს ჭეშმარიტი ხალხური ქვეცნობიერება; კოლექტიური სული, თუკი იგი ცოცხალია, წარმოადგენს თითოეული მისი წევრის სულიერ კავშირს.

   როცა კაცი თავის თავში ჩაიკეტება, რამდენადაც შესაძლებელია, გაემიჯნება გარე სამყაროს და საკუთარი მოგონებებით, ისტორიით იწყებს ცხოვრებას, მიჰყვება თვითდაკვირვებასა და თვითშემეცნების ინტროსპექტულ კვლევას, მისი შემეცნება ქვეცნობიერის ფონზე ჰიპერტროფირდება, სამაგიეროდ, მდიდრდება ქვეცნობიერი, აცოცხლებს და ახალისებს გარემომცველი სამყაროს აღქმას, როგორც ხდება ხოლმე, როცა მინდორში გასეირნების მერე რაღაც გაურკვეველი შთაბეჭდილებით ვბრუნდებით შინ და სული აღსავსეა ჩვენივე შინაგანი ბუნების არსით, დედა-ბუნებასთან შეხება რომ აცოცხლებს, იგივე ემართება ხალხსაც, ნებაყოფლობითი განცალკევებისა და განდგომის დროს მის კოლექტიურ სულში ჰიპერტროფირდება ისტორიული შემეცნება სტიქიური ინტრაისტორიული ცხოვრების ხარჯზე, სუფთა ჰაერის უქონლობის გამო სული რომ ეხუთება; როცა ეროვნული აზროვნება თავს განადიდებს, იგი ახშობს ცხოვრების დაუნაწევრებელ ხმას, თავისთვის, ფარულად რომ მიედინება. არიან ხალხები, რომელთაც თავიანთი ეროვნული ჭიპის ჭვრეტისგან ჰიპნოზური ძილი ეუფლებათ და არარასღა ჭვრეტენ.
თავადვე ვგრძნობ, რომ ძალა აღარ შემწევს ეს აზრი ისე გამოვხატო, როგორც მინდა, როგორც ჩემს გონებაში დაცურავს გარკვეული კონტურების გარეშე, თან მეტაფორების დახვავებასაც ვერიდები, ოღონდ კი მკითხველის სულამდე მივიტანო ის აზრი, რომ ხალხის სიღრმისეული და უსაზღვრო ინტრა-ისტორიული ცხოვრება, როგორც კი ე.წ. ისტორიული კლასები მას ფეხქვეშ მოიგდებენ და გათელავენ, თითქოს ჩაკვდება ხოლმე, მაგრამ კვლავ მოიკრებს ძალას, გამოცოცხლდება, გახალისდება გარე სამყაროსთან კავშირში. მე ვისურვებდი მთელი ძალით შემეგონებინა მკითხველისთვის ეს აზრი - როცა ხალხის დაუოკებელ მასასა და რეგიონებს სიცოცხლისკენ, ცხოვრებისკენ მოვუწოდებთ და ვაფხიზლებთ, ამავე დროს, ერთად, შეთანხმებით, ფართოდ უნდა გავაღოთ სარკმელი ევროპის მინდვრებისკენ, რათა ჩვენს სამშობლოს დაუბეროს მაცოცხლებელმა ნიავმა, ჩვენ უნდა გავაევროპულოთ ჩვენი თავი და გავითქვიფოთ ხალხში, ამ ღრმა ხალხში, რომელიც ცხოვრობს ისტორიის მიღმა, მაგრამ არის ყველა კასტის საყრდენი, მისი პროტოპლაზმა; განსხვავდება და გამოირჩევა მხოლოდ ისტორიული კლასები და ინსტიტუტები და მხოლოდ ისინი გაახალგაზრდავდებიან, თუ ჩავყვინთავთ და გავითქვიფებით ხალხში.
   უნდა ვირწმუნოთ ჩვენთვის დამახასიათებელი თვითმყოფადობა, ვირწმუნოთ, რომ მუდამ დავრჩებით თავისთავადნი და დაე, მოვარდეს გარედან შმაგი თქეში, გვესხუროს მაცოცხლებელი წვიმა.

*

   სავალალოა, რომ ესპანეთში ხალხი არის ამომრჩეველთა და გადასახადის გადამხდელთა მასა. რაკი იგი არ უყვართ, არც სწავლობენ, და რაკი არ სწავლობენ, არც იცნობენ, რომ შეიყვარონ. ბაკალავრი კარასკო მტკიცედ თვლის სანჩოს „ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სულელად“, რამეთუ იგი ლაპარაკობს ანდერძზე, რომელიც არამც და არამც არ უნდა „დაირღვეს“. აქამდე არ ვიცით არც ჩვენი ხალხის ჩვევები, არც მისი ენა, გრძნობები და, საერთოდ, მისი ცხოვრება... და მაინც რამდენად ღრმად ეროვნულია პერედა, ოღონდ მაშინ კი არა, თავისი პასუხისმგებლობით ინტრიგებსა და სიუჟეტურ კვანძებს რომ ხლართავს ჩვენი ოდინდელი კლასიკოსების იმედზე და მათგანვე სესხულობს წიგნიერ ენას, არამედ მაშინ, როცა ტაქტიანად და ოსტატურად სარგებლობს უმდიდრესი საგანძურით ხალხისა, რომელთა შორისაც თავადვე ცხოვრობს.
    ნუთუ ხალხი უფრო ერთგულია ტრადიციისა, ვიდრე ისინი, ვინც ისტორიაში მოიკიდა ფეხი?.. რასაკვირველია, მაგრამ არა ამ თვალსაზრისით; მისი ტრადიცია მარადიულია; რამდენადაც მისი იდეალი უფრო ნაგრძნობია, ვიდრე ნაფიქრი და რაკი იგი არ იძენს განსაზღვრულ ფორმასა და საზღვრებს, ამიტომ ისინი, ვინც მარტო გეომეტრიულსა და ჩამოყალიბებადს უფრო ხედავენ, ერთმანეთში ურევენ მთელ ინტერპრეტაციებს და ამ იდეალზეც თავის ყაიდაზე მსჯელობენ.
   რაც შეეხება ჩვენს დიდებულ რევოლუციას, ესოდენ ეროვნულს, რაც უნდა ვთქვათ, ესოდენ ღრმად ეროვნულს, ერთი შეხედვით თითქოს გვეჩვენება, რომ გლეხობა მის წინააღმდეგ აღსდგა, სინამდვილეში ხომ იგი აღსდგა მის დასაგვირგვინებლად, უნდოდა განევრცო და დაესრულებინა. და აი, დღემდე ვერაფრით ვერ მოვუძებნეთ ახსნა ამ ძლიერ ამბოხს; თითქოს თვალწინ გვქონდა პროგრამები, ფორმულები, თეორიები და დოქტრინები, რომელთა მეშვეობით სცადეს აეხსნათ ეს მოვლენა იმათ, ვინც მის სათავეში მოექცა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც თქვა, და ეს უფრო ცოცხალ სიმართლეს ჰგავდა, რომ ეს რომელიმე პარტიისა კი არა, საერთოდ, მთელი ხალხის საქმე იყოო, და რომ მათ არავითარი პროგრამა არა ჰქონიათო. როდისღა შევისწავლით სიყვარულით ხალხის ამ აზავთებას, არავითარ ჩარჩოებში რომ არ თავსდება? ამ მოძრაობაზეც იგივე ითქმის, რაც XIII საუკუნეში იტალიურ რელიგიურ ქადაგებაზე; იგი აქციეს კლასიფიკაციის ობიექტად, ჩამოაყალიბეს, მიაკრეს იარლიყები, გაწმინდეს და დღეს ვეღარ ვხედავთ ამ ღრმად საერო, დემოკრატიულ და სახალხო ამბოხს, ამ პროტესტს ყოველგვარი მოხელეობის, ინტელექტუალიზმის, იაკობინიზმის, პარლამენტური უქმსიტყვაობის, ყოველგვარი არისტოკრატიზმისა და გამაუსახურებელი ცენტრალიზაციის წინააღმდეგ. ეს იყო უფრო ევროპული, ვიდრე ესპანური მოძრაობა, არაცნობიერის ცნობიერში, ინტრა-ისტორიის ისტორიაში შეჭრა, მაგრამ რაკი მაინც ისტორიულ ჩარჩოებში მოექცა და პროგრამა და ფორმა მიიღო, თავისი მნიშვნელობაც დაკარგა. რიღასთვის ვწეროთ ინტრაისტორიულ მომენტზე, თუკი მას მაინც ისტორიული ცრურწმენების თვალით ვუყურებთ? გადავდოთ ეს სხვა შემთხვევისათვის.

*

   უკვე დროა დავამთავრო ეს უთავბოლო მსჯელობა და უქმსიტყვაობა, რადგან ამაზე შეიძლება გაცილებით მეტი ითქვას, რაც უკვე ითქვა. მე მაინც მინდოდა კიდევ გამევრცო და გამეშალა ის აზრი, რომ გააზრებული და განსაზღვრული შეცნობა ეროვნულობის რეფლექსიებისა, რის ახსნასაც ისტორიულ წარსულში ეძებენ ანდა იქიდან მოყოლებული ასევე ისტორიულ აწმყოშიც რომ გრძელდება, ხალხის სულიერი გაღატაკების იარაღად გამოდგება მხოლოდ და მხოლოდ; რომ მუხლუხო უკვე პეპელად იქცა და დროა გამოფრინდეს პარკიდან; რომ ინდივიდებსა თუ ხალხში მარტო განსხვავებულობის დანერგვა, როცა ამასთან ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა ყველასთვის საერთო სარკოდას, ხელს უწყობს ინდივიდუალობის ზრდას სრული პიროვნულობის ხარჯზე; რომ ესპანეთის გონებრივი სიღატაკე სათავეს იღებს განცალკევებულობაში, ყოველგვარი დაშიფრული მოქმედებების წყალობით რომ აღმოვჩნდით, რაც გამოიხატება ინკვიზიტორულ პროტექციონიზმში, რომელმაც თავისივე აკვანში მოაშთო ჩვენი რეფორმაცია და ხელი შეუშალა ევროპის არენაზე გამოსვლას; რომ ინტრა-ისტორიაში შემოუფარგლავ და საძულველ მასასთან ერთად ცხოვრობს პრინციპი ღრმად ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური უნივერსალური პროტოპლაზმა; რომ მხოლოდ მაშინ, თუ გავუღებთ სარკმელს ევროპიდან მონაბერ ქარს, აღვივსებით კონტინენტური სულით, შევინარჩუნებთ რწმენას, რომ ამასთან ერთად არ დავკარგავთ ჩვენეულ პიროვნულობას და თუკი ვეზიარებით ევროპეიზაციას, ამით შევძლებთ ავაღორძინოთ ესპანეთი და თუ კიდევ ჩავყვინთავთ და გავითქვიფებით ხალხშიც, ერთიანად გადავახალისებთ ამ მორალურ უდაბნოს.

   გარედან მონაბერი ქარი განაახლებს ჩემს სისხლს, რაკი აღარ შევისუნთქავ ჰაერს, რითიც აქამდე ვსუნთქავდი, ვისურვებდი ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამეშალა და გამევრცო, მაგრამ, აი, დღეც მიიწურა, მე ხელში შემომრჩა მარტოოდენ დაქუცმაცებული შენიშვნები, ერთგვარი კრიალოსანი უძაფოდ, წამოტივტივდა მრავალი პრობლემა და გადაწყვეტილი კი არც ერთი არ არის; თუკი საღად მოაზროვნე მკითხველი საკუთარ მეთოდს მოიშველიებს, თავადვე შეავსებს ცარიელ ადგილებს. ვშიშობ, მე თვითონ რომ ვცადო ეს, ისევ ისე დავიბნევი და იმის მაგივრად, ერთხელ დასახულ გზაზე მტკიცედ ვიარო, კვლავ აქეთ-იქით გადავუხვევ-გადმოვუხვევ ჩემს წიაღსვლებში და ახალ-ახალ გზებსა და ბილიკებს დავუწყებ ტკეპნას, სწორედ ისევე, ძაღლმა რომ იცის წინ და უკან წანწალი... ამიტომ ახლა მირჩევნია ამით დავამთავრო, წერტილი არ დავსვა და ჩავთვალო, ვითომ მეც კმაყოფილი დავრჩი, თუკი მაინც მოვახერხებ და ერთ მკითხველს მაინც გავაგებინებ თუნდაც ერთ აზრს.
ღმერთმა ინებოს, ნამდვილმა ახალგაზრდობამ, თამამმა და თავისუფალმა, გაგლიჯოს ყულფი, ყელში რომ გვაქვს წაჭერილი და გვახრჩობს, ბოლო მოუღოს ამ ერთფეროვნებას, ამ გამაუსახურებელ ერთფეროვნებას, გულით მოეკიდოს ხალხის შესწავლის საქმეს, ხალხისა, რომელიც არის ჩვენი ყველას საყრდენი, თვალი და გული მიაპყროს პირენეის მიღმურ გავლენებს და არ ჩაიკეტოს ტრადიციული ისტორიის ამ გამომფიტველ ნიჟარაში, მეტისმეტად არ ჩაებღაუჭოს თავის ეროვნულ განსაკუთრებულობას, მაცოცხლებელი წვიმით განბანოს ახალგაზრდა კოსმოპოლიტური იდეალები, ინტრა-ოდინდელი სული, რომელსაც სძინავს და ელოდება გაღვიძებას.

ტეგები: Qwelly, literatura, novelebi, ესპანეთი, ლიტერატურა, მარაზმი, მიგელ, ნოველები, უნამუნო

ნახვა: 327

გამოხმაურებები!

თითქოს ჩვენზე წერს(ნაწილობრივ მაინც!)....საოცარია!....."უპატრონო" ქვეყნებო მსოფლიოსი,შეერთდით!!!.....იქნება იდეაა?!.....საოცარია,როცა კაცს საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე ასე შესტკივა გული!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters