საარტილერიო ცეცხლი ისევ გაძლიერდა. ბომბსაფარი ზანზარებდა. აფეთქებებს შორის ჩამოვარდნილ სიწყნარეში ჭუჭყი იფრქვეოდა.ა ამას მოსდევდა მოგუდული, ნერვებზე მოქმედი გრუხუნი. უცებ შესასვლელი ჩაბნელდა: საჭმელი მოიტანეს! გახარებულები იმით, რომ ჭკუიდან გადამყვანი მიყურადების გარდა, სხვა რამის გაკეთების შესაძლებლობაც გვეძლეოდა, ხარბად დავაცხერით მაკარონის წვნიანს. ამასობაში, მოსულები გვიყვებოდნენ, თუ რა ხდებოდა გარეთ. ჩემ გვერდით მჯდომმა ჯარისკაცმა თავი ასწია. საჭმლის ერთ-ერთი დამტარებელი საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა:

      - აქედან დაახლოებით ას მეტრში დაჭრილი ძაღლი იწვა. საცოდავად წკმუტუნებდა და უნდოდა, რომ გამოგვყოლოდა, მაგრამ ძლივს წამომდგარი ისევ დაეცა. სისხლი სდიოდა. ეშმაკმა უწყის, საიდან გაჩნდა იქ საწყალი. ალბათ, იერიშის დროს წინა ხაზზე გამოვარდა. ყველაფერთან ერთად, ბოლო მომენტში ეს ოხერი ტყვია ისარივით დაესო ქვაბს და გემრიელი წვნიანი დაიღვარა.

      ამ დროს ჩემი მეზობელი წამოდგა. ტლანქი და მოუქნელი იყო.

      - სად წევს ძაღლი? - უხეშად ჰკითხა მოქნილ ბერლინელს, რომელიც ამასობაში უკვე დეტალურად აღწერდა ადამიანის დაფლეთილი სხეულის შემაძრწუნებელ სურათს. გაოცებულმა და დაბნეულმა ამოხედა.

      - რომელი ძაღლი?

      - სისხლი რომ სდიოდა.

      - ახ, ის? ბრუსტვერს აქვე მარჯვნიდან მოუვლი, შემდეგ კი - დამაკავშირებელ სანგარს, იქამდე, სადაც 30.5-მილიმეტრიანი ქვემეხიდან ყუმბარა ჩამოვარდა. ცოტა მოშორებით, ქვემოთ ჩახვალ და იქ უნდა იწვეს.

      იურგენ ტამენი ისე ამოძვრა ბომბსფარიდან, სიტყვაც არ უთქვამს. გაოცებულმა ბერლინელმა ერთი წამით გააყოლა თვალი, „გიჟია!“ ჩაიბურტყუნა და დაფლეთილი გვამის შესახებ განაგრძო საუბარი.

      მაშინ პირველად მომხვდა თვალში იურგენ ტამენი. ჯერ მხოლოდ 14 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ამ ასეულში გაგვანაწილეს და წესიერად არც შემიხედავს ამ მაღალი, სიტყვაძუნწი ჯარისკაცისთვის აღმოსავლეთ ფრიზიიდან. ის ყოველთვის ჩუმად იჯდა კუთხეში და საერთო საუბრებში არ მონაწილეობდა.

      ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა, ხელში ძაღლი ეჭირა. ყურადღება არ მიუქცევია დანარჩენების დაცინვისათვის, თავის კუთხეში შეძვრა და ნაპოვნ ცხოველს დასტრიალებდა. მხოლოდ მაშინ უთხრა ბერლინელს მოკლედ და უხეშად, „მოკეტე!“, როცა ის ბოროტ ხუმრობებზე გადავიდა. შემდეგ ისე შეხედა, რომ ბერლინელს სუნთქვა შეეკრა. ჩუმად ვუყურებდი ყველაფერ ამას. მერე მისკენ გავხოხდი და ბინტების პაკეტი მივეცი, რათა ძაღლისთვის ის ადგილები გადაეხვია, რომლებიდანაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ერთი წამით დაჟინებით შემომხედა, შემდეგ კი მოკლედ თქვა: - სერიოზულად დაშავდა. საწყალი ცხოველი.

      გადახვევაში დავეხმარე. ნელ-ნელა ლაპარაკი გამიბა.

      - ჩემს კარ-მიდამოში ასეთი ძაღლი მყავს, - სასხვათაშორისოდ თქვა მან, - საუცხოოდ იცავს იქაურობას. მაშინ ორი წლის იყო. ახლა... ჰო, ახლა ოთხისაა. ნეტავ გაიზარდა? რასაკვირველია... - მოგონებებში ჩაიძირა. მისი კუთხოვანი სახე ერთი წამით უფრო რბილი და ახალგაზრდული გახდა. - ჩემს ცოლს ძალიან უყვარს. ერთმანეთს ვერ დააშორებ. მას უფრო უჯერებს, ვიდრე მე.

      - რამდენი ხნის დაქორწინებულები ხართ? - ვკითხე მე. გამოფხიზლდა და მკაცრი სახით, თითქმის არათავაზიანად მიპასუხა:

      - ნახევარი წელია. - შემდეგ ძაღლს საყელურზე წაავლო ხელი, თავი დახარა და მისი გადახვევა განაგრძო.

      რამდენიმე დღის შემდეგ წინა ხაზზე სხვებმა შეგვცვალეს. ჩვენი პოზიციიდან ბბარაკებამდე დაახლოებით ოთხი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. როდესაც შებინდებისას ერთად ვისხედით და ჩვენი ულუფები და წერილები დაგვირიგეს, სასიამოვნო განწყობაზე დავდექით. ჩვენს ჩალის ლეიბებზე ვიწექით, ვჭამდით, ვეწეოდით, ვკითხულობდით და ამბებს ვყვებოდით. ბარაკის შუაგულში სკატის მოყვარულები ისხდნენ კასრის ირგვლივ და ბანქოს თამაშობდნენ. მე ჩემი სატრფოს დამათრობელ, მონატრებით აღსავსე წერილს ვკითხულობდი. ამ დროს ფურცელზე ჩრდილი დაეცა. ზევით ავიხედე. ჩემ წინ იურგენ ტამენი იდგა. ხელში წერილი ეჭირა. ბოლო პერიოდში ჩვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ერთად მოგვქონდა ხოლმე საჭმელი და პური.

      - შენა, სწავლულო, - თქვა მან ენის ბორძიკით, - იცი?..

      - რა, იურგენ?- გავამხნევე მე.

      - ჰო, - უჭირდა საუბრის გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს, ამოღერღა: - სად მდებარეობს გერმანია?

      თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მან სწრაფად გააგრძელა ლაპარაკი: - აქედან რომელ მხარეს? აქეთ თუ იქით? თუ სად?

      ახლაღა მივხვდი, რა უნდოდა. ჩემი კომპასი ავიღე, შესაბამისად დავაყენე, შემდეგ კი ხელით ვაჩვენე:

      - იურგენ, იქ არის ჩვენი სამშობლო.

      მის თვალებში გაკვირვება და რაღაც სხვა, უცნაური გრძნობა იკითხებოდა. შემდეგ სწრაფად მოისვა ხელი შუბლზე და ნელა და მძიმედ წარმოთქვა: - დღეს ჩემი ნიშნობის დღეა. სამი წლის წინ...
შემობრუნდა და სწრაფად გახსნა წერილი. შემდეგ ისევ შებრუნდა და დიდხანს იდგა ჩუმად.

      სახით გერმანიისკენ იყო მიბრუნებული.

      ბოლოს ადგილს მოსწყდა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა გარეთ.

      ღამით უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა. მხოლოდ თვალები გავახილე, ისე კი გავიტრუნე. დავინახე იურგენ ტამენი, რომელიც ნახევრად იყო წამომჯდარი საწოლზე, თვალები გახელილი ჰქონდა, სახე კი - მოღრეცილი. ფანჯრის პატარა დარაბებიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და მის საწოლსა და სახეს ეცემოდა. ისე იწვა ყველასათვის ნაცნობი ხის საწოლის მეორე სართულზე, რომ სიბნელეში კარგად შემეძლო დავკვირვებოდი. საწოლის კარკასის სახელურს ანჯღრევდა. უცებ შეშინებული შეჩერდა და მიაყურადა. შემდეგ ისევ მტკივნეულად დაემანჭა სახე. წამოიმართა და რაღაც გრძნობით აღვსილი ისევ ლეიბზე დაეცა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სლუკუნი მომესმა. თუმცა ეს შეიძლება ქარი ყოფილიყო, რომელიც ჩვენი ბარაკის გარშემო წუოდა.

      ბოლოს ნახევრად წამოიმართა, ლეიბი სხვანაირად დადო, ბალიში ფეხებთან დაიდო და ნელა ისევ დაწვა. უცებ მივხვდი, რატომ მოიქცა ასე. გულში საოცარი გრძნობა ჩამეღვარა. ისე დაწვა, რომ მზერა სამშობლოსკენ ჰქონოდა მიპყრობილი...

      სახით გერმანიისკენ...

      იმ ღამით მეც მონატრებისა და ნოსტალგიის გრძნობა მომეძალა. ეს გრძნობა ისეთ ტკივილს მაყენებდა, რომ კბილს კბილზე ვაჭერდი. შემდეგ კი მარჯვნივ გავიხედე, სადაც მძინარე ტამენი იწვა.

      ბოლოს სიჩუმე ჩამოვარდა.

      ვფიქრობ, მეც ვიტირე. ზუსტად აღარ მახსოვს. მომავალში ხშირად მიწევდა ხოლმე ტირილი.

      იმ ღამით ჩემი შავგვრემანი სატრფო მესიზმრა...

      ოთხი კვირა ვისვენებდით. იურგენ ტამენი ზოგჯერ თავის კარ-მიდამოსა და დედაკაცზე მიყვებოდა. როდესაც ასეთი ამბის მოყოლისას გზააბნეული ჭურვის ყრუ აფეთქების ხმა გაისმოდა ხოლმე, შეეძლო, უცებ სრულიად დაბნეულს და გაოგნებულს ამოეხედა. ამ თვალების მზერამ მაშინ ომზე ნელ-ნელა სხვანაირად დამაფიქრა და სხვა კუთხით დამანახვა ის. ომი ჩემთვის უკვე აღარ იყო მხოლოდ ახალგაზრდული ჟინი და თავგადასავლის სურვილი.

      მოგვიანებით, როდესაც ლაზარეთში ვიწექი, ციებ-ცხელებისას ეს თვალები მოსვენებას არ მაძლევდა. ნაწამები ცხოველის მზერას მაგონებდა, რომელსაც არ ესმოდა, რას ერჩოდნენ.

      გვიან საღამოს სასადილოდან სახლში ვბრუნდებოდი. ნავთის კვამლისა და სკატის თამაშისას ატეხილი ღრიანცელის ფონზე ჩემს სატრფოს გრძელი წერილი მივწერე. ბედნიერს ჯიბეში მედო. ჩვენი ბარაკის წინ იურგენ ტამენი დავინახე. ძალიან აღელვებული მომეჩვენა. არ მინდოდა, რომ დავნახვებოდი და უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდო. ასეთი ადამიანები, მათი არამდგრადი სულიერი მდგომარეობის გამო, ძალიან მორცხვობენ ხოლმე. უცებ მისი ხმა გავიგონე. ჩვეულებრივისგან განსხვავებულად, გაბზარულად ჟღერდა. „ოჰ, ჩემი სამშობლოს ყვავილო“, იმეორებდა შეუჩერებლივ, „საყვარელო იავ!“.

      ია ეპოვა, ფრთხილად, გვირგვინივით ეჭირა თავის დიდ, უხეშ ხელებში. შემდეგ უცებ შემოტრიალდა. ვიფიქრე, რომ ჩემი მოსვლა გაიგო. მაგრამ ასე არ იყო. ია ზემოთ ჰქონდა აწეული, თითქოს ლოცულობსო და ძალიან თავისებურად, ჩუმად, უცნაური ხმით მღეროდა ძველ სიმღერას, რომელიც ნამდვილად დიდი ხნის წინ, მივიწყებულ სიყმაწვილის წლებში, თავისი სოფლის სკოლაში ესწავლა: „ჩემს სამშობლოში მინდა ისევ...“ და მეც დავინახე, რატომ შემობრუნდა ასე. ეს ის მიმართულება იყო, რომელიც მაშინ ვაჩვენე.

      მღეროდა თავის სიმღერას მარტის იმ ბნელ, ნესტიან საღამოს, სახით გერმანიისკენ მიბრუნებული.

      უცებ სიმღერა შეწყვიტა და გაწითლდა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო იყო. რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადადგა და შემდეგ ნელა გაემართა ბარაკისკენ. როდესაც მოგვიანებით მასთან მივედი, მთლიანად ჩაკეტილიყო თავის თავში და თითქმის არ მპასუხობდა. თუმცა თვალები თავისებურად უბრწყინავდა. თავის ნივთებში იქექებოდა და არაფერს ამბობდა.

      მაგრამ ძალიან გვიან მაინც მოვიდა ჩემთან. ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა და ჩუმად შემოიპარა. ძილ-ღვიძილში ვიყავი.

      - აიღე, გასინჯე ძეხვი, სახლისაა, - მიჩურჩულა მან.

      პასუხად, ნახევრად მძინარემ რამდენიმე სიტყვა ჩავილუღლუღე.

      თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ ამ დროს სწორედ ჩემს შავგვრემან სატრფოზე ვფიქრობდი, ამიტომ აღარ ავდექი.

      ღამით ჩვენი ბარაკის გარშემო ძლიერად ქროდა გაზაფხულის ქარი. ფანჯრები ჭრიჭინებდნენ და ხეები შრიალებდნენ.

      მეორე დილას იურგენ ტამენი ადგილზე აღარ იყო. ჩემი საწოლის გვერდით, ვიწრო კარადაზე დიდი შებოლილი ძეხვი იდო. იურგენმა ის წინადღეს მიიღო. გვერდით ბარათი იდო. იურგენის დაწერილი იყო. „სახლში უნდა წავიდე. მშვიდობით და ბედნიერად!..“ - ეწერა იქ. წერილი სწრაფად დავმალე. არ მინდოდა, იურგენის წასვლის ამბავი შეეტყოთ. როდესაც ფელდფებელი მოვიდა და იურგენის შესახებ შემეკითხა, თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს არაფერი ვიცოდი. თუმცა საღამოს უკვე ცნობილი გახდა, რომ იურგენი გაიქცა.

      სამი დღის შემდეგ უკან მოიყვანეს. ფერმკრთალი იყო და არც ერთს არ დაგველაპარაკა. მწყობრში დაგვაყენეს და ასეულის მეთაურმა მოგვახსენა, რომ იურგენი დეზერტირობის მცდელობისთვის ისჯებოდა და ჰაუპტვახტში მოათავსებდნენ. მაგრამ საღამოს მოულოდნელად თავდაცვის ზოლში გადაგვიყვანეს და ამიტომ სასჯელის ამოქმედება შეჩერდა.

      ჩვენს ბომბსაფარში თავიდან იურგენი თავისთვის იყო. ერთხელ, როდესაც სრულიად გულღიად და მეგობრულად ვთხოვე რაღაც, ნელ-ნელა ისევ გაიხსნა. მომიყვა, რომ არ იცოდა, რა გააკეთა იმ ღამეს. სულ ის აზრი უტრიალებდა თურმე, რომ საგაზაფხული თესვის დრო იყო, და ვეღარ გაუძლია ამისთვის. შეუჩერებლივ გარბოდა თურმე, საჭმლისა და სასმლის გარეშე...

      მისი გამოჯანმრთელებული ძაღლიც მასთან ერთად გარბოდა. ამით უცვნიათ. ის თავის ქმედებას არ ნანობდა, არც ამართლდებდა. საერთოდ არ იცოდა, რა გააკეთა. აუცილებლობის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

      კიდევ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე სამშობლოს შესახებ. თანდათანობით უფრო დავახლოვდით. ხშირად ჰყვებოდა თავისი ცოლის შესახებ, რომელიც ძალიან უყვარდა.

      ერთ საღამოს საგუშაგოზე იდგა. სიმშვიდე იყო. ნელ-ნელა ფრონტი აგრუხუნდა. ერთი პერიოდი ვკითხულობდი. უცებ მოულოდნელობისგან შევხტი. ძლიერი დარტყმა იყო. ბომბსაფარი ნანგრევებითა და ნამსხვრევებით აივსო. ჭურვი, როგორც ჩანს, ახლოს ჩამოვარდა. როდესაც სიტუაცია დამშვიდდა, გარეთ გამოვძვერით. ირგვლივ ნანგრევები და დაფლეთილი მავთულხლართები იყო მიმოფანტული. იურგენის ძაღლიც ჩვენთან ერთად მორბოდა და ადგილს ყნოსავდა. შემდეგ ყმუილი დაიწყო. ორ მორს შორის, სანგრის უკანა კედელზე მიკრული ეკიდა იურგენ ტამენი. მის უნიფორმაზე სისხლი უკვე შესქელებული და გამუქებული იყო. ნამსხვრევს მისთვის მკერდის მთელი მარცხენა მხარე გაეგლიჯა.

      ნელა ჩამოვხსენი და ღამით ცხედარს არ მოვშორებივარ. ძაღლი მობუზული იწვა მის ფეხებთან...

      მეორე დილას დავმარხეთ. ნისლიანი და ნესტიანი ამინდი იყო. ისე ჩავაწვინეთ, რომ თვალები სამშობლოსკენ ჰქონოდა მიპყრობილი.

      სახით გერმანიისკენ.

      შემდეგ მისი საათი და საფულე ჩავიდე ჯიბეში და მის ცოლს მძიმე წერილი მივწერე.

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ომი, რემარკი

ნახვა: 70

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters