რომენ როლანი - სხვისი სახლი

← დასაწყისი 

ოქტომბერი.

   დადგა დრო, ბინაზეც მეფიქრა. ფეხი ვითრიე, სანამ შემეძლო, მაგრამ რაც უნდა უკან დაიხიო, ბოლოს მაინც უნდა გადახტე. მას შემდეგ, რაც კერიის ნაცვლად ნაცარიღა დამრჩა, ერთ დღეს აქ ვაღამებდი, მეორეს იქ, ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან. არ მაკლდა ხალხი, ვინც დროებით, ერთ ან ორი ღამით შემიხიზნებდა. სანამ ერთმანეთის უბედურებათა მოგონება ყველას მხრებზე გვაწვა, ჯოგივით ვცხოვრობდით და სხვის ბინაში თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში; მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საშიშროება გვშორდებოდა და ყველა თავის სხეულს საკუთარ ნაჭუჭში აბინავებდა. გარდა იმათი, ვისაც სხეული არ ჰქონდა, და ჩემი, რადგან ნაჭუჭი არ გამაჩნდა. სასტუმროში დაბინავება არ შემეძლო. მყავს ორი ვაჟი და ერთი ასული, ქალაქ კლამსის მოქალაქენი. ისინი ამის ნებას არ მომცემდნენ. იმიტომ კი არა, რომ ჩემს ორივე ვაჟს მამაშვილური სიყვარული შეაწუხებდა! თავი ხალხის ყბაში რად უნდა ჩაეგდოთ!.. მიუხედავად ამისა, არ ჩქარობდნენ ჩემს მიპატიჟებას. არც მე მეჩქარებოდა. ჩემი მოურიდებელი და პირდაპირი ლაპარაკი მათ ფარისევლობას ვერ ეგუება. აბა, ვნახოთ, რომელი გადადებს თავს? საბრალო ბიჭები! ჩემზე ნაკლები გაჭირვება როდი ადგათ. მათდა საბედნიეროდ, მარტინას, ჩემს ყოჩაღ გოგოს, მგონი, ნამდვილად ვუყვარვარ. ჯიუტად მოითხოვდა, მასთან წავსულიყავი... მაგრამ იქ ხომ ჩემი სიძეც არის. კარგად მესმის, რომ ფლორიმონს არავითარი საბუთი არა აქვს, თავის ოჯახში ჩემი ყოფნა ისურვოს. და აი, დაუწყეს ერთმანეთს გაბრაზებით ცქერა და თან მე მითვალთვალებდნენ. მე კი ყველას გავურბოდი. ასე მეგონა, ჩემს ბებერ სხეულს საჯარო ვაჭრობით ყიდდენ.

დროებით ბომონის ფერდობზე, ჩემს ქოხში მოვეწყვე. სწორედ იქ, სადაც ივლისში ბებერი ცუღლუტი ჭირს მოვუწექი. სასეირო სწორედ ის იყო, რომ იმ გამოთაყვანებულებმა ჯანმრთელობის დასაცავად ჯანსაღი სახლი დამიწვეს და დატოვეს ქოხი, სადაც სიკვდილი მესტუმრა. და მე, ვისაც უცხვირო ვაჟბატონისა არ მეშინია, ჩემს მიწურში, სადაც სამგლოვიარო აღაპის დოქები ეყარა, თავს მეტად კარგად ვგრძნობდი. მართალი გითხრათ, კარგად ვიცოდი, რომ არ ჯურღმულში ვერ დავიზამთრებდი. კარი ჩამოწოლილიყო, მინები დამსხვრეულიყო, სახურავიდან, როგორც ჭყინტი ყველის ქიშელიდან, უხვად მოედინება ღრუბლების წვენი. კი მაგრამ, დღეს ხომ არ წვიმდა; ხვალ კი... ხვალისა დაე ხვალემ იფიქროს. არ მიყვარს ხვალინდელ დღეზე თავის მტვრევა. და თუ სიძნელეს ისე ვერ გადავლახავ, როგორც მე მინდა, არც ამისათვის ვიკლავ თავს, ავიღებ და მომავალი კვირისათვის გადავდებ. მეუბნებიან: „გადადება რას გარგებს. ცუდია თუ კარგი, მაინც უნდა გადაყლაპო აბი“. „ვინ იცის, - ვეუბნები მე, - აბა ვინ მეტყვის, რომ რვა დღის შემდეგაც ეს ქვეყანა აქვე იქნება? და როგორი გულნატკენი დავრჩები, რომ ვიჩქარე აბის გადაყლაპვა, თუ რვა დღის შემდეგ მამა-ღმერთის საყვირებმა გვაუწყეს, რომ ბოლო მოეღო ამ ლამაზ ქვეყანას. მეგობარო, ერთი საათითაც ნუ გადადებ ბედნიერებას. ბედნიერება ჩაციებული უნდა დალიო. უსიამოვნებას კი შეუძლია დაიცადოს. თუ ბოთლი ამოშრება, მით უკეთესი“.

ასე რომ, დაველოდე, ან უკეთ რომ ვთქვა, ვალოდინე ის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან რომ უნდა მიმეღო. და ამ ხნის განმავლობაში ჩემი მყუდროება რომ არაფერს დაერღვია, სახლში ჩავიკეტე. ფიქრით თავს არ ვიკლავდი. ვბარავდი ბაღს, ვასუფთავებდი ბილიკებს, ვფოცხავდი ჩამოცვენილი ფოთლებით დაფარულ ნათესებს, ვსხლავდი ხეჭეჭურებს, ვმკურნალობდი ბებერი ხეების ფუფუას და იარებს; ერთი სიტყვით, ზამთრის ბუმბულის ქვეშ დასაძინებლად გამზადებულ ქალბატონ მიწას ვრთავდი. და მერე გასამრჯელოდ მსხლის ტოტზე მივიწყებულ თაფლა ან მოყვითალო ბარბარა მსხალს გვერდებზე ხელს მოვუთათუნებდი... ღმერთო, რა საამოა სურნელოვანი წვენით პირის გასველება და მთელი ხორხის სიგრძეზე ამ წვენის შეგრძნება... ქალაქში მხოლოდ სანოვაგისათვის მივდიოდი (ვიმარაგებდი სასმელ-საჭმელსაც და ახალ ამბებსაც). ჩემს შთამომავლობას ვერიდებოდი. შევუთვალე, რომ სამოგზაუროდ წავედი. ვერ დავიფიცავ, დამიჯერეს-მეთქი, მაგრამ როგორც მორჩილ შვილებს, ჩემი მხილება არ სურდათ. თვალხუჭობანას მოთამაშე ბიჭუნებს ვგავდით, ერთმანეთს რომ ეძახიან: „მგელო, მანდა ხარ?“ და თამაში რომ გაგვეხანგრძლივებინა, შეგვეძლო გვეპასუხა: „მგელი აქ არ არის, არა“... მაგრამ მარტინა გამოგვრჩა ანგარიშში. ქალი რომ თამაშობს, მუდამ ყალთაბანდობს. მარტინა ეჭვობდა, მარტინა მიცნობს და მალე მიხვდა ჩემს თვალთმაქცობას. არ უყვარს ხუმრობა, როცა საქმე მამაშვილურ, დაძმურ და სხვადასხვა მოვალეობებს ეხება.

ერთ საღამოს, როდესაც ქოხიდან გამოვდიოდი, გზაზე ჩემკენ მომავალი მარტინა დავინახე. მყისვე დავბრუნდი, კარი ჩავკეტე, კედელთან ჩავცუცქდი და გავინაბე. მოვიდა, კარზე აკაკუნა, მიძახა, მიყვირა. მე სუნთქვას ვიკრავდი (სწორედ ამ დროს ხველა მომინდა), ის კი განუწყვეტლივ ყვიროდა: - გააღე-მეთქი! ვიცი, აქა ხარ.

მუშტით და ქოშით კარზე იერიში მოჰქონდა. ვფიქრობდი. „ვახ, რა დედაკაცია! კარმა რომ ვერ გაუძლოს, ჩემი საქმე წასულია!“ ვიფიქრე, კარს გავაღებ და გადავეხვევი-მეთქი, მაგრამ ასე ხომ თამაში აღარ გამოვიდოდა. მე კი, როდესაც ვთამაშობ, ყოველთვის მინდა მოვიგო. გავჯიუტდი. მარტინამ კიდევ კარგა ხანს იყვირა და მერე მოეშვა. მესმოდა, გაუბედავი ნაბიჯით რომ მიდიოდა. დავტოვე ჩემი სამალავი და სიცილი მოვრთე. სიცილი და ხველა... სიცილი მახრჩობდა. სიცილით გავძეხი და ის იყო თვალებს ვიწმენდდი, როდესაც უკან, მაღლა კედლიდან მომესმა ხმა: - ერთი მითხარი, არა გრცხვენია?

კინაღამ დავეცი. შევხტი, თავი მოვაბრუნე და კედელს ჩაბღაუჭებული მარტინა დავინახე. მკაცრი თვალებით მიყურებდა და მითხრა: - ბებერო ოინბაზო, ხომ გამოგიჭირე?

- გავები. - ვუპასუხე გაოცებულმა.

და ორივემ ხარხარი მოვრთეთ. დარცხვენილი კარის გასაღებად წავედი. კეისარივით შემობრძანდა, მედიდურად ჩემ წინ დადგა, წვერში მწვდა და მითხრა: - პატიება ითხოვე.

- Mea culpa, - ვუთხარი მე.

(თქმით კი ვუთხარი, მაგრამ როგორც აღსარებაზე, გულში ვფიქრობდი: ხვალ ისევ თავიდან დავიწყებ-მეთქი).

სალახანა ჩემს წვერს არ ეშვებოდა, ექაჩებოდა და ბუზღუნებდა: - გრცხვენოდეს! გრცხვენოდეს. ბებრუხანა პაპა, წვერი გაგთეთრებია, ჭკუა კი ბავშვისა გაქვს.

ერთი-ორჯერ ზარის ენასავით მარჯვნივ და მარცხნივ, მაღლა და დაბლა მოქაჩა წვერი, მერე ხელი ლოყაზე მომითათუნა და მაკოცა.

- საძაგელო, რატომ არ მოდიოდი? - თქვა მან, - ხომ იცოდი, ცუდო, რომ გელოდი!

- ჩემო გოგონა, - ვუპასუხე მე, - ყველაფერს აგიხსნი...

- შინ ამიხსენი. აბა, აიბარგე, წავიდეთ!

- კი მაგრამ, მზად არა ვარ. დამაცადე, ჩემი ბარგი-ბარხანა შევკრა.

- რა ბარგი-ბარხანა? ღმერთო ჩემო, მოგეხმარები შეკვრაში.

ზურგზე ძველი სამოსი მომასხა, თავზე გაცვეთილი ფეტრის ქუდი ჩამომაფხატა, შემმოსა, მიმანჯღრ-მომანჯღრია და მითხრა: - აი, მოვრჩით! ეხლა კი, ნაბიჯით იარ!

ერთი წუთით მაცალე-მეთქი და საფეხურზე წამოვჯექი.

- როგორ! - წამოიძახა აღშფოთებულმა. - მეურჩები? ჩემთან წამოსვლა არ გინდა?

- არ გეურჩები, - ვუთხარი მე, - რა გაეწყობა, რადგან სხვა გზა არ მაქვს, უნდა წამოვიდე.

- რა თავაზიანი ბრძანდებით! - თქვა მან, - აი, შენი სიყვარული!

- ძალიან მიყვარხარ, ჩემო გოგონა, ძალიან, მაგრამ მერჩია ჩემთან მყოლოდი, ვიდრე სხვის სახლში გამოგყოლოდი.

- მაშ, მე სხვა ვარ?

- სხვისი ნახევარი ხარ.

- აპა, პა, პა! არა, - თქვა მან, - არც ნახევარი, არც მეოთხედი. მე მე ვარ. მე, მთლიანად, თავიდან ფეხებამდე. მისი ცოლი ვარ, ეგ მართალია, მაგრამ ის ჩემი ქმარია. მე ის მსურს, რაც მას უნდა, თუ იმასაც იგივე სურს, რაც მე მინდა. დამშვიდდი, სიხარულით ცას ეწევა, ჩემთან რომ დაბინავდე. ჰა! ჰა! აბა, ბიჭია და, ნუ გაუხარდება.

- მჯერა-მეთქი, - ვუთხარი: - როგორ არ მჯერა! ისევე გაუხარდება, როგორც ჩვენ გვიხარია, როდესაც ბატონ დე ნევერი თავის გარნიზონს ჩვენთან აბინავებს; მე ისინი ბევრჯერ დამიბინავებია, მაგრამ თვითონ არ მჩვევია სხვასთან დაბინავება.

- შეეჩვევი, - მითხრა მან, - მორჩი დავას! წავედით!

- კეთილი, მაგრამ ერთი პირობით.

- რაო, უკვე პირობებს მიდებ? ძალიან მალე შეეჩვიე.

- ჩემი სურვილისამებრ დამაბინავებ.

- გსურს, მტარვალი გახდე? კეთილი, იყოს ნება შენი.

- ფიცავ?

- ვფიცავ!

- და მერე...

- აბა, კმარა, ლაზღანდარა! იარე-მეთქი!

მკლავში ხელი ჩამავლო, ვუი, ვუი, რა მარწუხი მომიჭირა, ღმერთო ჩემო! რას გავაწყობდი, გზას მორჩილად გავუდექი.

სახლში მისვლისთანავე ჩემთვის გამზადებული ოთახი მიჩვენა. ძალიან თბილი ოთახი იყო: დუქნის უკან, მისი ფრთის ქვეშ; ყოჩაღი გოგო ისე მექცეოდა, როგორც ძუძუმწოვარა ბავშვს. ლოგინი მზად იყო: სუფთა ზეწრები და რბილი ბუმბული; მაგიდაზე ჭიქაში მანანების თაიგული იდო. მხიარული და აღელვებული გულში ვიცინოდი. მადლობა რომ გადამეხადა, გავიფიქრე: საყვარელ მარტინას გავაბრაზებ-მეთქი და მტკიცედ განვაცხადე: -მე ეს არ მომწონს.

განაწყენებულმა ქვედა სართულის ოთახები მაჩვენა. ყველაზე უარი ვთქვი და სხვენზე ერთი პატარა საკუჭნაო ავირჩიე. კივილი მორთო, მაგრამ ვუთხარი: - ჩემო ლამაზო, როგორც გენებოს; ან აქ მოვეწყობი, ანდა ჩემს ქოხში ვბრუნდები.

რას გააწყობდა, დათანხმდა, მაგრამ ყოველდღე დილიდან საღამომდე იერიშები მოჰქონდა: - აქ დარჩენა არ შეიძლება: დაბლა უკეთ იქნები, აბა, მითხარი, რა არ მოგწონს? მითხარი, კერპო, რატომ ჯიუტობ?

დაცინვით ვუპასუხებდი: - იმიტომ, რომ არ მინდა!

- წაწყმედამდე მიმიყვან, - ყვიროდა მარტინა, - მაგრამ კარგად ვიცი, ამას რატომ სჩადიხარ. დიდგულა და ამაყი ბრძანდები. არ გსურს დავალებული იყო შვილებისაგან. ჩემგან! ჩემგან! მზად ვარ მიგტყიპო.

- ამ გზით, - ვუთხარი მე, - მაიძულებდი მუჯლუგუნები გამომეტყუა შენთვის.

-უგულო! - მითხრა მან.

- ჩემო გოგონა!

-დიახ, დიახ, დატკბი, რაღა, კარგი ვარო! შორს თათები, საზიზღარო!

-ჩემო დიდო, თვალის ჩინო, ჩემო ტკბილო, საყვარელო!

- რაო? ოქროპირო, არშიყობას მიპირებ განა? შე ლაქუცა, ლაქლაქა და მატყუარა! მორჩები თუ არა დაღრანჯული პირით დაცინვას?

- ერთი შემომხედე. შენც იცინი.

- არა.

- იცინი.

- არა, არა, არა!

- მე კარგად ვხედავ... აი აქ.

თითი დავადე შეკავებული სიცილისაგან გამობერილ ლოყაზე; ვერ შეიკავა ხარხარი.

- არა, ეს მეტისმეტია, - თქვა მან, - შენზე გულმოსული ვარ, მძულხარ და იმის უფლება კი არა მაქვს, რომ გაგიბრაზდე. მინდა, არ მინდა, ამ ბებერმა მაიმუნმა თავისი მანჭიობით უნდა მაცინოს!.. მაგრამ იცოდე, მეჯავრები, ბოროტო, ღვთის გლახა და დაქცეული; თავი მაინც არტაბანად მოაქვს და შვილებთან ზვიადობს! არა, არა გაქვს ამის უფლება.

- ეგ ერთადერთი უფლებაა, რომელიც დამრჩა.

კიდევ ბევრი მწარე სიტყვა მაკადრა. მეც მივართვი არანაკლებ მწარე. ორივეს ენა გვაქვს გალესილი, სიტყვებს სალეს ქვაზე ვლესავთ; მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, როდესაც ზომას გადავდივართ, ან ის, ან მე ისეთ ხუმრობას დავაკვესებთ, რომ სიცილი წაგვსკდება და არ შეგვიძლია თავის შეკავება და ყველაფერი თავიდან დასაწყებია.

და როდესაც კარგა ხანს აქანავა თავისი პირის სარეკელა (დიდი ხანი იყო, რაც აღარ ვუსმენდი), ვუთხარი: - ახლა, მორჩი, გეყოს, კმარა, დაუკარი გასაყარი ნაღარა, ხვალ დავიწყოთ თავიდან.

მიპასუხა: - ღამე მშვიდობისა. მაშ, არ გინდა, არა?

ხმა აღარ გავეცი.

- ამაყო! ამაყო! - ორჯერ გაიმეორა.

- ცოტა ნელა. მომისმინე, ჩემო ცუგრუმელა, მართალია, ვარ ზვიადი, არტაბანი, ფარშავანგი და, რაც გნებავს, ყველაფერი, მაგრამ გულახდილად მითხარ ერთი, თუ გწამს ღმერთი, ჩემს ადგილას შენ რომ იყო, თავს როგორღა გაართმევდი?

ჩაფიქრდა და მერე მითხრა: - რასაც შენ შვრები, იმასვე გავაკეთებდი.

-აი, ხომ ხედავ! აბა, მაკოცე და ღამე ნებისა.

უკმაყოფილოდ მაკოცა და ბუზღუნით წავიდა: -ასეთი უბედურება გაგონილა განა, რომ ზეცისაგან მიეღოთ გოგრა ჩვენისთანა.

- ეგრე, ჩემო ლამაზო, პატარა, - ვუთხარი მე, - ჭკუა ზეცას ასწავლე, მე კი არა.

- კი ბატონო, გავირჯები, - თქვა მან, - მაგრამ, თუ გგონია, შენ შეგეშვები, ძალიან ცდები.

   მართლაც არ მომეშვა. მეორე დილითვე თავიდან დაიწყო. ვერ გეტყვით, რამდენი მიეზღო ზეცას, მაგრამ არაფერი დაკლებია ჩემს თავს.

*

   პირველ დღეებში თითქოს ქერის ორმოში ვიჯექი. თავს მევლებოდნენ. თვით ფლორიმონი განსაკუთრებული მზრუნველობით მივლიდა და უფრო მეტ პატივისცემას იჩენდა ჩემდამი, ვიდრე მჭირდებოდა. მარტინა ქმარს უთვალთვალებდა და ჩემს გამო ჩემზე მეტად ეჭვიანობდა. გლოდი თავის საამური კაკანით მატკბობდა. საუკეთესო სავარძელს მიდგამდა. მაგიდას რომ მივუსხდებოდით, პირველად კერძი მე მომდიოდა. მისმენდნენ, როდესაც ლაპარაკი მსურდა. ძალიან კარგად ვიყავი, ძალიან კარგად... უფ! მეტი არ შემეძლო! თავს ცუდად ვგრძნობდი. ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. სხვენის კიბეზე საათში ოცჯერ ჩამოვდიოდი, ავდიოდი და ისევ ჩამოვდიოდი. ყველას გული გავუწყალე. მარტინა დიდი მომთმენი ისედაც არ არის, და ყოველი ჩემი ნაბიჯის ხმაზე დამუნჯებული და მოკუნტული კრთოდა. ზაფხული რომ ყოფილიყო, გარეთ მაინც ვიყიალებდი. აქ კი მხოლოდ კედლებს ვაწყდებოდი. სუსხიანი შემოდგომა იდგა; მინდორ-ველს სქელი ნისლი ფარავდა, წვიმა დღე და ღამე ასხამდა და ასხამდა. ერთ ადგილზე მიჯაჭვული ვიყავი და ადგილიც ჩემი არ იყო. დასწყევლოს ღმერთმა! მაგ საბრალო ფლორიმონსაც ბრიყვული და ზვიადი გემოვნება ჰქონდა. მარტინას ეს არ აწუხებდა; მე კი ამ სახლში ავეჯი, საგნები, ერთი სიტყვით, ყველაფერი მტანჯავდა, გულს მირევდა, მეჩოთირებოდა. მინდოდა ყველაფრისათვის შემეცვალა ან ადგილი, ან ფორმა; ხელები მექავებოდა, მაგრამ პატრონი ფხიზლობდა; თითის წვერიც რომ შემეხო რომელიმე მისი საკუთრებისათვის, ერთ ბასტი-ბუბუს ატეხდა. განსაკუთრებით მეჯავრებოდა სასადილოში ორი მოღუღუნე მტრედითა და უშნო შეყვარებულთან მანჭია ქალიშვილით შემკული დოქი. მის შეხედვაზე გული მერეოდა; ფლორიმონს ვთხოვე, ეს დოქი მაგიდიდან მაშინ მაინც აეღოთ, როდესაც მე ვსადილობდი; ლუკმა ყელზე მადგებოდა, ვიხრჩობოდი. მაგრამ ხვადაგი (და ეს მისი ნება იყო) უარს მეუბნებოდა. ამ უხეირო ნაცოდვილარით ამაყობდა. ხელოვნების ყველაზე დიდი ნიმუში მისთვის სხვადასხვა ნამცხვრის ხუხულაა. ასე რომ, ჩემი ტანჯვა და ღრანჯვა მხოლოდ ამხიარულებდა ოჯახს.

   რა უნდა მექნა? ჩემს თავზე მეცინა? უდაოა, სულელი ვიყავი; მაგრამ ღამით ლოგინში მწვადივით ვტრიალებდი. ხოლო ტაფაზე, ე.ი. სახურავზე, წვიმა შეუჩერებლივ აკაკუნებდა. სხვენზე სეირნობას ვერ ვბედავდი, რადგან ჩემი მძიმე ნაბიჯები არყევდა მას. და აი, ერთხელ, როდესაც ლოგინზე ფეხშიშველა, ჩაფიქრებული ვიჯექი, ჩემს თავს ვუთხარი: „ჩემო ბრონიონ, არ ვიცი როდის, არ ვიცი როგორ, მაგრამ გავაოცებ ხალხს, კვლავ წამოვჭიმავ სახლს“. ესა ვთქვი და გავმხიარულდი: ზრახვას ვმალავდი. შვილებს, რა თქმა უნდა, არაფერი ვუთხარი; რომ მეთქვა, მეტყოდნენ, შენი შესაფერისი სახლი საგიჟეთიაო. კეთილი, მაგრამ ფული სად ვიშოვო? ორფეოსისა და ამფიონის შემდეგ ქვები ფერხულში არ ებმებიან, ერთმანეთს თავზე არ ასხდებიან და კედლებს და სახლებს მხოლოდ ქისების სიმღერის ხმაზე აშენებენ. ჩემს ქისას კი ხმა ჩაუწყდა, და ასე მგონია, საამური ხმა არც არასოდეს ჰქონია.

   უყოყმანოდ მეგობარ პაიარის ქისას მივმართე. გამოგიტყდებით, ამ კეთილ კაცს არაფერი შემოუთავაზებია. მაგრამ თუ მე მსიამოვნებს რომელიმე მეგობარს დახმარება ვთხოვო, ვფიქრობ, იმასაც გაუხარდება დამეხმაროს. როგორც კი გამოიდარა, დორნესისკენ გავსწიე. ცაზე ლეგა ღრუბლები ჩამოწოლილიყო. ნესტიანი, დაქანცული ქარი დიდი დასველებული ფრინველივით დაჰქროდა. ფეხებზე მიწა მეკვროდა, კაკლის ყვითელი ფოთლები მინდვრებზე ცვიოდნენ. შემკრთალმა პაიარმა ორიოდე სიტყვის თქმაც არ მაცალა. შემომჩივლა, საქმე ცოტა მაქვსო და მცირე შემოსავალზე, უფულობასა და ცუდ მუშტრებზე მოჰყვა წუწუნს. ასე რომ, ვუთხარი: - პაიარ, პაიარ, ხომ არ გინდა, ერთი გროში გასესხო!

   ნაწყენი ვიყავი. ჩემზე მეტად პაიარი იყო განაწყენებული. გაბუტულებმა ცივად განვაგრძეთ ბაასი. ვლაპარაკობდით ამაზე და იმაზე, მე გაბრაზებული, ის დარცხვენილი. ნანობდა თავის წუწურაქობას. საბრალო, ცუდი ბიჭი როდია; ვიცი, ვუყვარვარ; ფულსაც სიამოვნებით მომცემდა, თუ არაფერი დაუჯდებოდა; რომ დამეჟინებინა, მივიღებდი, რაც მინდოდა. აბა რა მისი ბრალია, თუ ტყავში ძუნწი მევახშეების სამი საუკუნე უზის. მაგრამ შეიძლება ფილისტერიც იყოს და ხელგაშლილიც, დროდადრო უთუოდ ასე ხდება, ანდა ამბობენ, რომ მომხდარა ასე. ყველა კეთილი ფილისტერის პირველი სიტყვა, როდესაც მის ქისას შეეხებიან, არის: „არა“. მეგობარი პაიარი ახლა რას არ მისცემდა, ოღონდ „კი“ ეთქვა, მაგრამ საჭირო საბაბი მიმეცა; ამაზე კი მე ვამბობდი „არას“. მეც თავმოყვარეობა მაქვს; მეგობარს რამეს რომ თხოვ, ასე მგონია, დიდ სიამოვნებას ვანიჭებ-მეთქი და თუ ყოყმანობს, მისი აღარაფერი მინდა; მით უარესი მისთვის! ასე რომ, გულდამძიმებულმა, ბრაზით სხვა რამეზე გადავიტანე ლაპარაკი. საუზმეზე უარი ვუთხარი (ამით მეტად შევაწუხე). ავდექი. თავჩაღუნული ზღურბლამდე მომყვა; მაგრამ კარის გაღების დროს ვერ მოვითმინე, ბებერ კისერზე ხელი მოვხვიე და გადავკოცნე. გულწრფელი კოცნითვე მიპასუხა და მორიდებით მითხრა: - კოლა, კოლაჯან, რამდენი გინდა?..

ვუპასუხე: - ლაპარაკი ზედმეტია ამაზე.

(ჯიუტი ვარ).

- კოლა, - განაგრძო დარცხვენილმა, - გესაუზმა მაინც.

- ჰო, ეგ სხვა საქმეა, - ვუთხარი მე, - კეთილი და პატიოსანი, ვისაუზმოთ.

   და დავსხედით ორნი, ვჭამეთ როგორც ოთხმა. მაგრამ გავჯიქდი, არა და არ გავახარე, რაც ერთხელ ვთქვი, აღარ გადავთქვი. მართალია, ჩემს თავს ვავნე, მაგრამ ისიც ხომ დავსაჯე.

   დავბრუნდი კლამსიში. ჩემი ბინა უმუშებოდ და უფულოდ უნდა ამეშენებინა. ეს ვერ შემაჩერებდა; რაც გოგრაში ჩამიდვია, ის უნდა გავაკეთო. გულმოდგინედ ნახანძრალის თვალიერება დავიწყე, გადავარჩიე ყველაფერი, რაც გამოდგებოდა. შემომწვარი ძელები, გაშავებული აგურები, ძველი რკინეულობა და ბუხრის მწმენდელის ჩაჩივით გაშავებული ოთხი ჩამოქცეული კედელი, მერე ჩუმჩუმად შევროშის ქვის სამტეხლოებს შევეჩვიე. ვჩიჩქნიდი, ვფხეკდი და ვღრღნიდი მიწის ძვალს, სისხლიან და ლამაზ ქვას, რომელიც ათბობს თვალს, ქვას, რომლის ძარღვებში თითქოს შედედებული სისხლი მიედინება. შესაძლოა, რომ ზოგჯერ, ტყეზე გავლისას, რომელიმე დრომოჭმულ მუხას სამუდამო სიმშვიდის მოპოვებაში დავეხმარე. იქნებ ეს აკრძალულიც იყო: ესეც შეიძლება, მაგრამ თუ მხოლოდ ის გავაკეთე, რაც ნებადართულია და შეიძლება, ცხოვრება გაჭირდება. ტყე იმიტომაა ქალაქის, რომ მოვიხმაროთ და, რა თქმა უნდა, ყველანი ვხმარობთ. მალულად, რასაკვირველია. ზომაც ვიცით, რადგანაც ვფიქრობთ: „ჩემს გარდა სხვაც არის“. მაგრამ, რამდენადაც ადვილია აღება, იმდენად ძნელია წაღება. მეზობლების წყალობით ამასაც თავი გავართვი: ერთმა ურიკა მათხოვა, მეორემ - ხარება, ვინ - ხელსაწყოები, ზოგი თვითონ დამეხმარა, რადგან დახმარება ფული არა ღირს. მოყვასს ყველაფერი შეგიძლია სთხოვო, თუნდაც ცოლი, მხოლოდ ფულს ნუ სთხოვ. რა გასაკვირია; ფული არის ის, რაც შეიძლება იმით შეიძინო, რაც გექნება, რაც შეიძლება მისი წყალობით გექნეს, ყველაფერი ის, რაზედაც ოცნებობ; დანარჩენი გაქვს, ანდა ვითომც არა გქონია.

   იმ დღიდან, როდესაც მე და ჩემმა რობინემ, იმავე ბინემ, პირველი ხარაჩოების აგება შევიძელით, სიცივეები დაიჭირა. გიჟს მეძახდნენ. ჩემი ბავშვები ყოველდღე მეჩხუბებოდნენ! უფრო მოწყალენი გაზაფხულამდე დაცდას მირჩევდნენ. არაფერს ვისმენდი, ყურს არავის ვუგდებდი; არაფერი მსიამოვნებდა ისე, როგორც ადამიანებისა და მმართველების გაბრაზება. ეჰ! ძალიან კარგად ვიცოდი, რომ მარტოხელა და ისიც ზამთარში სახლს ვერ ავიგებდი! მაგრამ მე მეყოფოდა კარავი, ან მარტო სახურავი, თუნდაც კურდღლის გალია. მართალი არის, ვარ გულზიარი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი ეს მსურს და მესიამოვნება. არა, ლაზღანდარაც ვარ, მიყვარს სხვებთან ბაასი; მაგრამ, ზოგჯერ ჩემს თავთანაც უნდა შემეძლოს საუბარი. ეს ყველა ჩემს მეგობართან საუბარს მირჩევნია. თავს ძალიან ვუფრთხილდები და მას რომ შევეყარო, მზად ვარ სუსხიან ქარში შიშველ-ტიტველმა ვიარო. დიახ, ჩემს თავთან თავისუფლად რომ მებაასა, ასე ჯიუტად ვცდილობდი სახლი ამეშენებინა, არ დაგიდევდით, ხალხი რას იტყოდა და შვილების ჭკუის დარიგებაზე მეცინებოდა.

  ვაიმე! ბოლოს სასაცილო თვითონ შევიქენ. ოქტომბრის მიწურულის ერთ დილას, როდესაც ქალაქი ჟინჟღლში ეხვეოდა და ქუჩებზე მოყინული მიწის დუჟი ვერცხლისფრად ბრწყინავდა, ხარაჩოზე ასვლისას ერთ ძელზე ფეხი დამიცდა და ტყლაშ!.. ძირს ბზრიალ-ტრიალით წამოვედი. ბინე აყვირდა: - კოლა მოკვდა!

   წამოსაყენებლად მოზვავდა ხალხი! შემრცხვა და ვთქვი: ეჰ! განზრახ გავაკეთე-მეთქი.

   მინდოდა თვითონვე ავმდგარიყავი, ვაიმე! ვაიმე! კოჭი, კოჭი! კვლავ დავეცი ხეიბარი... კოჭი მქონდა გადამტყდარი. საკაცით წამიღეს. გვერდით ცისკენ ხელებაპყრობილი მარტინა მომყვებოდა; გარს მეზობლის ქალები შემოხვეოდნენ და წუწუნებდნენ, მომხდარ ამბავზე ჭორაობდნენ; ეს პროცესია უფლის ძის იესოს დასაფლავების წმინდა სურათს მოგაგონებდათ. და მარიამები არ იღლებოდნენ ხელების ქნევით, ფეხების ბაკუნით, წივილითა და კივილით. ისეთი ბასტი-ბუბუ გაჰქონდათ, რომ მკვდარსაც გააღვიძებდნენ. მკვდარი არ ვიყავი, მაგრამ თავს ვიმკვდარუნებდი, რომ მთელი ეს თავდასხმა ზურგზე არ მომხვედროდა. ვიწექი მშვიდად, უძრავი, თავგადაგდებული. ცისკენ მქონდა მიშვერილი წვერი; ბრაზით ვსკდებოდი, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი.

ტეგები: Qwelly, rolani, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, როლანი

ნახვა: 196

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოჯანსაღებული კორონა და თითქმის დამეგობრებული ოპოზიცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2020.
საათი: 10:54pm 0 კომენტარი

      გასული კვირა 90 ათასის ფარგლებში დავასრულეთ - დღევანდელი მონაცემი კი 100 000-ს გასცდა - ცხადია, როგორც მიხვდით ეს კორონას ამბავია. დღის მთავარი თემა კლავ პანდემიამ ჩაიგდო ხელთ. ორდღიანი გამომზეურება წვიმით შეიცვლებაო ამბობენ და ხვალ და ზეგ, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კორონა ვირუსის ქართულ-მოქალაქეობრივი სტატისტიკა - 111818 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 92215, გარდაცვლილი - 1051, კარანტინში - 2102. დოლარი 3.3193 ლარი…

გაგრძელება

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters